You are on page 1of 18

„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, გამოცემები, მინიატურები, ილუსტრაციები,

თარგმანები

რუსთველმა და მისმა პოემამ _ ტექსტმა და ინტერპრეტაციამ _ არეკლა საქართველოს


ისტორიული ვითარება; საქართველოს ტრაგიკული ხვედრის შესაბამისად, რუსთველმა და მისმა
პოემამ გადაიტანეს გასხვისება, გაყალბება...
ამიტომაც ვეფხისტყაოსანმა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები
განიცადა. ყოველი ხელნაწერი განსხვავებული ვარიანტითაა შემონახული, გამოცემებიც
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ თავისთავად იბადება კითხვა, რომელი ხელნაწერები და
გამოცემები იმსახურებენ ნდობას? ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენისათვის პრინციპული
მნიშვნელობისაა პოემის ხელნაწერთა ტექსტის ისტორიის შესწავლა-კლასიფიკაცია, რასაც
რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით
შეგახსენებთ პოემის ძირითად ხელნაწერებს, გამოცემებს, მინიატურებს.
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთა და გამოცემათა ისტორია საუკუნეებს მოითვლის, ტექსტის
თარგმნის ისტორიასაც უკვე ორ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და, ცხადია, მისი
პოპულარიზაციის საქმეში სწორედ მის თარგმანებს მიუძღვით წვლილი. იგი ითარგმნა მსოფლიო
მრავალ ენაზე, ზოგიერთ ენაზე რამდენიმე თარგმანია შესრულებული როგორც პროზაული, ისე
პოეტური. ზოგიერთ ენაზე მხოლოდ ფრაგმენტული თარგმანები არსებობს.
ცნობილია, რომ ვეფხისტყაოსნის ტექსტის გადაწერაზე ძირითადად სამეფო და დიდგვაროვან
ფეოდალთა ოჯახები ზრუნავდნენ, რადგან ხელნაწერის დამზადება დიდ ხარჯებთან იყო
დაკავშირებული. ამიტომ ხელნაწერთა დიდი ნაწილი სწორედ მათი ბიბლიოთეკებიდან შემოგვრჩა.
ამჟამად ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები სხვადასხვა ადგილას ინახება, ძირითადად ისინი
თავმოყრილია ხელნაწერთა ინსტიტუტში, რამდენიმე მათგანი საზღვარგარეთაა დაცული. კერძოდ,
XVII საუკუნის ხელნაწერებიდან ორი ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში - მზეხათუნისეული
(W-17) და თარხანმოურავისეული (W-27); პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში - 1702 წელს
ყაზანთ ბეჟუას ქალის ალას გადაწერილი P-10. შალვა ამირანაშვილის მოსაზრებით,
ვეფხისტყაოსნის ყველაზე ძველი მინიატურები სწორედ პარიზულ ხელნაწერშია შემონახული.
თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც.
ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები გვიანდელია, XVII-XIX საუკუნეებისა. უძველესი
ფრაგმენტული ხელნაწერი XVI საუკუნეს განეკუთვნება, ხოლო პოემის ტექსტის უძველესი
ფრაგმენტები წარწერილია ხელნაწერებზე: მე-14 საუკუნის საეკლესიო სადღესასწაულო კრებულზე
S-3480: „ვა, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა, ყოვლი შენი მონდობილი
ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა“; მე-10 საუკუნის ბერთის სახარების მინაწერი ბერი იორდანეს მიერ:
„მართლად იტყვის მოციქული: შშ შეიქმს სიყვარულსა“; ამავე რიგშია განსახილველი ვანის ქვაბების
კედლებზე წარწერილი ორი სტროფი ნესტან-დარეჯანის მიერ ქაჯეთის ციხიდან მიჯნურისათვის
მიწერილი წერილიდან - XV საუკუნის მეორე ნახევრითაა დათარიღებული. აგრეთვე, წარწერილი
„დავითნის“ ხელნაწერზე H-1796. „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები მხედრულითაა შესრულებული
და მათი უმრავლესობა კალიგრაფიული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, ზოგიერთზე შეიძლება
ითქვას შესანიშნავი ნიმუშიც. ზოგიერთი ხელნაწერის არშიები ოქროთია დაფერილი, ზოგჯერ
გამოსახულია ორნამენტები, ცხოველები, ფრინველები. მაგ., ამგვარია გიორგი მეთერთმეტის
დაკვეთით ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი ხელნაწერი. მდიდრულად ორნამენტიზებული და
შემკული ხელნაწერი იმთავითვე მიუთითებს, რომ იგი ან სამეფო საგვარეულოს კუთვნილებაა, ან
შეძლებული დიდგვაროვანი ფეოდალისა, რომლებმაც არაფერი დაიშურეს შესანიშნავი ხელნაწერის
შესაქმნელად.
სამეცნიერო ლიტერატურაში ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები რედაქციული თვალსაზრისით, ანუ
სტროფული შედგენილობისა და თანმიმდევრობის, სათაურების ადგილისა და წაკითხვების,
ხელნაწერებში დაცული საერთო ტექსტის ვარიანტების მიხედვით, დალაგებულია ოთხ ძირითად
ჯგუფად: 1. სამეფო ოჯახის ბიბლიოთეკიდან მომდინარე, რომელსაც ძველი რედაქციის შემცველი
ხელნაწერები განეკუთვნება; 2. ვახტანგისეული რედაქცია და მისგან მომდინარე ხელნაწერები; 3.
ვეფხისტყაოსნის ე. წ. „არტანუჯული რედაქციის“ ხელნაწერები; 4. 1841 წლის გამოცემიდან
მომდინარე ხელნაწერები; აგრეთვე, გამოიყოფა კიდევ ორი ჯგუფი: შერეული, კომპილაციური
რედაქციის ხელნაწერები და ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტები. ეს კლასიფიკაცია სარგის ცაიშვილს
ეკუთვნის. მარიამ კარბელაშვილმაც ოთხი რედაქცია გამოყო სტილისტური თვალსაზრისით: 1.
სამეფო სახლის, 2. ზაზასეული, 3. ბებურიშვილისეული და 4. მზეხათუნისეული.
თითოეულ ხელნაწერს ან დამკვეთისა და პატრონის, ან გადამწერის სახელი აქვს შერქმეული;
მაგ., XVII საუკუნეში იოსებ ტფილელის მიერ გადაწერილი ზაზა ციციშვილის კუთვნილება ორივეს
სახელითაა ცნობილი (Q1082); 1680 წლისა ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი, გიორგი მეთერთმეტის
კუთვნილება იყო; 1688 წლისა (S-2829) სახლთუხუცესის პაპუნა (პაპუა) ბებურიშვილისეული; XVII
საუკუნისა - ნაკაშიძისეული; ე. წ. ქუთაისური - დათეშიძისეული, აგრეთვე, „გურგენასეული“; XVIII
ს. დასაწყისის რამდენიმე ხელნაწერი - ილია ჭავჭავაძისეული, პოლიევქტოს კარბელაშვილისეული,
ხოვლელისეული, ბიძინა მაყაშვილისეული; XVIII საუკუნისა - კეზელიანთ ხელნაწერი, XIX ს.
დამდეგის 1802 წლის ბირთველ თუმანიშვილის მიერ გადაწერილი და სხვა მრავალი.

ორიოდე სიტყვით გადამწერთა შესახებ. სამეცნიერო ლიტერატურაში სამი ტიპის გადამწერს


გამოყოფენ: 1. გადამწერი ზუსტ ასლს აკეთებს და გადასაწერ ტექსტში არ შეაქვს შესწორებები; 2.
გადამწერი არის რედაქტორი, როდესაც იგი ტექსტში ერევა, შეაქვს შესწორებები, დამატებები, იღებს
ისეთ სტროფებს, ზოგჯერ მთელ თავს ტექსტიდან, რომლებიც მას ზედმეტად მიაჩნია; 3. გადამწერი
არის რესტავრატორი, როდესაც იგი ცდილობს თავისი პოზიციებიდან აღადგინოს დაზიანებული
ტექსტი. ამათგან ყველაზე ნაკლები ცვლილებები შექვს პირველი ჯგუფის გადამწერს, შეიძლება
ითქვას, მის გადაწერილ ტექსტში დაშვებულია მხოლოდ უნებლიე შეცდომები. ამიტომ უმეტესად
სწორედ ამგვარი ხელნაწერია ყველაზე ფასეული. მთავარია, გაირკვეს საიდანაა გადაწერილი მის
მიერ შერჩეული გადასაწერი ტექსტი. საშიშნი არიან მეორე და მესამე ჯგუფის გადამწერები. ისიც
ცნობილია, რომ ყოველი ეპოქა თავისი დროის შესაბამისად კითხულობს ნებისმიერ მხატვრულ
ნაწარმოებს, მათ შორის, ვეფხისტყაოსანს, და არა მხოლოდ კითხულობს, არამედ ასწორებს კიდეც
მას, შეაქვს ცვლილებები თავისი შეხედულებისამებრ. ამიტომაც გაჩნდა განსაკუთრებით სადავო და
მსოფლმხედველობრივად მნიშვნელოვანი ადგილების ამდენი ვარიანტული წაკითხვა. ტექსტის
დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის მიერ არის გადაწერილი იგი, როგორია
გადამწერი, ასლის გადამღები გადამწერი თუ რედაქტორ-გადამწერი ან რესტავრატორ-გადამწერი.
ხელნაწერი წარმოაჩენს გადამწერის პიროვნებას, რის დასტურადაც შეიძლება ნანუჩას შესახებ
ნათქვამი დავიმოწმოთ, რომ მას პოემის ტექსტში საკუთარი სტროფები და თავები ჩაურთავს, რასაც
ტექსტი დაუმახინჯებია. ყოველი გადამწერი თავისი ინდივიდუალური ხელწერით შემოდის
მკითხველის ცნობიერებაში. ცხადი ხდება მისი მიზანდასახულობა ტექსტის გადაწერისას იმის
მიხედვით, თუ რა ცვლილებები შეიტანა მასში.
როგორც ხელნაწერები, ისე გამოცემები რედაქციული თვალსაზრისით ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან, ორივეგან არის ვრცელი და მოკლე რედაქციები. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებში
შეინიშნება შეგნებული თუ შეუგნებელი ვარიანტული ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია
მომდევნო საუკუნეებში ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით, იდეოლოგიური და
პოლიტიკური მრწამსით, მაგრამ არსებითად პოემის ხელნაწერთა ახალ ტექსტს სტილისტური
ხასიათის ნაირკითხვები ქმნის. ასე, რომ ხელნაწერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან
სტილისტური რედაქციული თავისებურებით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს
განსხვავებული წაკითხვები მიუთითებენ, თუ რომელი წაკითხვაა ადრეული, რომელი -
გვიანდელი.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ხელნაწერებს სამ ჯგუფად ყოფენ შესრულების ტექნიკის
გათვალისწინებით, ანუ იმის მიხედვით, თუ როგორი მხატვრული ღირებულება აქვს თითოეულ
მათგანს: 1. პირველ ჯგუფში გაერთიანებულია ის ხელნაწერები, რომლებშიც შემონახულია
არშიების ორნამენტები, ზოგჯერ გეომეტრიული დეკორით შემკული, მაგრამ მათ პოემის ტექსტთან
არაფერი აქვთ საერთო; 2. მეორე ჯგუფშია მამუკა თავაქალაშვილისეული ხელნაწერი, რომელსაც
ხელთ არ ჰქონია სხვა მინიატურები პოემისა, ანუ მინიატურისტი დამოუკიდებლად მუშაობდა. რაც
მთავარია, იგი თავისუფალია ირანული მინიატურების ტრადიციისაგან; 3. მესამეა სოლომონ
მეფისეული ხელნაწერის ჯგუფი, რომელშიც 87 მინიატურაა მოთავსებული, ისინი არაა
შესრულებული ქართული სტილით, უფრო სპარსული მინიატურული ხელოვნებისათვისაა
დამახასიათებელი.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მინიატურებიანი ხელნაწერები, რადგან მინიატურები
ტექსტის ინტერპრეტაციად შეიძლება მივიჩნიოთ. მათგან დავასახელებთ რამდენიმეს: 1. საგარეო
საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში დაცულ ხელნაწერს - H-2074, რომლის მინიატურები, უცნობი
მხატვრის მიერ შესრულებული, XVI-XVII საუკუნეებითაა დათარიღებული; 2. 1646 წლის მამუკა
თავაქალაშვილისეულს (H-599) და 3. XVIII საუკუნის I ნახევრისას სოლომონ მეფისეულს (S-5006); ამ
უკანასკნელში 87 მინიატურაა მოთავსებული, რომლებსაც ორ ნაწილად ყოფენ: 1. პირველი 24
მინიატურა, რომლებიც უფრო ფაქიზი და ტექნიკურად შედარებით სრულყოფილი ნამუშევრებია, 2.
ხოლო დანარჩენი მხატვრული და ტექნიკური თვალსაზრისით ნაკლებია, უფრო სუსტი
ნამუშევრებია; ამ ხელნაწერის მინიატურების პირველმა მკვლევარმა გორდეევმა აღნიშნა, რომ
პირველი ნაწილი ირანელი ოსტატი-ხელოვანის მიერაა შესრულებული, ხოლო მეორე ნაწილი მისი
მიბაძვით, აგრეთვე სპარსულ ყაიდაზე, უფრო სუსტი, მინიატურების ოსტატობას ნაკლებ
დაუფლებული პირის მიერ არის დასურათებული. შალვა ამირანაშვილმა საგანგებოდ შეისწავლა ეს
მინიატურები და იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ორივე ჯგუფის მინიატურათა შემსრულებელი
ქართველი უნდა ყოფილიყო, რომელთაგან პირველს შესანიშნავად ჰქონდა ათვისებული
სამინიატურო ხელოვნების ტრადიციები და მხატვრული ხერხები, მეორე შედარებით გამოუცდელ
მინიატურისტად მიიჩნია. მეცნიერმა მთელი ეს მინიატურები ქართული სამინიატურო მხატვრობის
იმ მიმდინარეობას მიაკუთვნა, რომელიც სეფევიდთა პერიოდის ირანული ხელოვნების
ფორმებისაგან იყო დავალებული. რაც შეეხება თავაქალაშვილისეულ ხელნაწერს დართულ
მინიატურებს, ისინი - სულ 38 - განსხვავებული სტილითაა შესრულებული. ყოველ მინიატურას
აქვს წარწერა, რომელიც განმარტავს მინიატურაზე გამოსახულ სიუჟეტს. აქვე უნდა ითქვას შოთა
რუსთველის იმ მინიატურულ პორტრეტთა შესახებ, რომლებიც მოთავსებული ყოფილა მამუკა
თავაქალაშვილისეულ და თეკლესეულ ხელნაწერებში.

ვეფხისტყაოსნის გამოცემებს შორის საეტაპო იყო პირველი გამოცემა, 1712 წელს


განხორციელებული ვახტანგ მეექვსის მიერ, რომლის ღირებულებას ზრდის თვით ვახტანგის
„თარგმანება ვეფხისტყაოსნისა“. მეცნიერი და სწავლული მეფის ამ ნაშრომის ღირებულების შესახებ
ბევრი რამ დაიწერა რუსთველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში; იგი მიჩნეულია
რუსთველოლოგიის ლიტერატურათმცოდნეობითი დისციპლინის ფუძემდებლურ შრომად,
რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია რუსთველოლოგიური პრობლემატიკის კვლევა. ამ
გამოცემამ საფუძველი ჩაუყარა პოემის სტამბურ გამოცემათა ტრადიციას. პირველიდან მეორე
გამოცემამდე 129 წელი გავიდა.
შოთა რუსთველის პოემა იბეჭდებოდა სხვადასხვა ადგილას, მაგ., მეორე გამოცემა 1841 წელს
განხორციელდა სანკტ-პეტერბურგში ბროსეს, ფალავანდიშვილისა და დავით ჩუბინაშვილის მიერ;
ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში ორ-ორჯერ, ახალსენაკში, ბერლინში,
პარიზში... იყო წლები, როდესაც რამდენიმე გამოცემა განხორციელდა, მაგ., 1899 და 1927 წლებში _
სამ-სამჯერ; 1937 წელს - ოთხჯერ; 1966 წელს - ექვსჯერ; 1986 წელს - სამჯერ. ვახტანგისეული
პუბლიკაციის შემდგომი გამოცემებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბროსე-
ფალავანდიშვილი-ჩუბინაშვილის, გ. ქართველიშვილისეული, რომელიც ვეფხისტყაოსნის ტექსტის
დამდგენი კომისიის მიერ იყო მომზადებული და ამ კომისიის წევრები იყვნენ XIX საუკუნის 70-80-
იანი წლების ცნობილი მწერლები, მოღვაწეები, მეცნიერები; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო
1937 წლის იუბილესთვის, ვეფხისტყაოსნის დაწერიდან 750 წლის აღსანიშნავად, აკადემიური
ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა, რომელიც მაშინ ვერ განხორციელდა
და მოგვიანებით - 50-იან წლებში გამოვიდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო 1966 წლის რუსთაველის
საიუბილეოდ შემუშავებული ტექსტი, რომელმაც ერთხანს კანონიკური სახეც კი მიიღო, შემდგომ
ხანებში მხოლოდ იგი იბეჭდებოდა. ამ წელს განხორციელდა ვეფხისტყაოსნის პირველი
მინიატურული გამოცემაც. 1988 წელს გამოიცა აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ
დადგენილი ტექსტი, კომისიისა, რომელიც 1962 წლიდან არსებობს საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნულ აკადემიაში. ამ გამოცემას მოჰყვა მრავალი კრიტიკული შენიშვნა, რომელთა
გათვალისწინება მართლაც რომ აუცილებელი იყო მომდევნო გამოცემისას. საქართველოში
შექმნილი მდგომარეობის გამო კომისიის მიერ მომზადებული ტექსტის შესწორებული გამოცემის
განხორციელება ძალიან დაგვიანდა.
ყოველივე ეს აჩვენებს იმას, რომ რუსთველის პოემა და მასში დასმული პრობლემები
მარადიულია, ხოლო ჩვენს დღევანდელობაში ზოგიერთებისაგან გამოთქმული სკეპტიციზმი, რომ
რუსთაველის ეპოქა დასრულდა, მის სიდიადეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, სწორედ იმითაა იგი
უკვდავი, რომ ყოველდღიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მისით დაინტერესებულნი არიან
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, უყვართ, აფასებენ და სწავლობენ მას, სწავლობენ მისგან, რაც
კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ქმედითად ეხმიანება ვეფხისტყაოსანი მსოფლიო
ლიტერატურის მხატვრულ-ესთეტიკურ სააზროვნო სისტემებს.

ახლა უფრო დეტალურად რამდენიმე ხელნაწერის შესახებ:


1. 1646 წლის 13 თიბათვიდან 18 აგვისტომდე მამუკა თავაქალაშვილს, იმერეთის მეფის მდივანს,
ვეფხისტყაოსანი ლევან დადიანის კარზე ტყვეობისას გადაუწერია [H-599]. 1820 წელს იგი აზნაურ
გრიგოლ ანთაძეს ეკუთვნოდა, რასაც მოწმობს ხელნაწერს დართული მინაწერი. შემდეგ კი
ხელნაწერი კორინთელს ჰქონია და ეს ჯერ კიდევ იმ კომისიისთვის იყო ცნობილი, რომელიც XIX
საუკუნის 80-იან წლებში მუშაობდა ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენაზე, რომელსაც იონა
მეუნარგია ხელმძღვანელობდა. 1380-ე სტროფთან, ავთანდილის თათბირის შემცველ სტროფთან
გაკეთებული გადამწერის ერთადერთი ჩანაწერი კინოვარითაა შესრულებული, რომელშიც
გადამწერი მამუკა მდივანი ღმერთს ევედრება. ე. თაყაიშვილმა ივარაუდა, რომ ეს სწორედ ის მამუკა
მდივანი, თავაქალაშვილი თუ თავაქარაშვილია, რომელმაც XVII საუკუნეში გალექსა „შაჰ-ნამეს“
ერთ-ერთი ნაწილი „ზააქიანი“ ისევ ლევან II დადიანის კარზე ტყვეობისას. აღწერილობაში
აღნიშნულია, რომ ხელნაწერში ჩართულია სპარსული სტილით შესრულებული 39 მინიატურა,
რომლებიც საკმაოდ რთულ სცენებს ასახავს. მიუხედავად სპარსული სტილისა, შინაარსი
არსებითად სწორადაა გააზრებული და ქართული სამყაროა ასახული; მისივე დაკვირვებით, პოემის
ტექსტი ვრცელია და შეიცავს ნანუჩა ციციშვილის ჩანართ-დანართებს, რომლებიც, აგრეთვე,
შემკულია მინიატურებით. დეტალურად აქვს აღწერილი შოთა რუსთველის მინიატურა. ექვთიმე
თაყაიშვილმა ყურადღება გაამახვილა კინოვარით შესრულებული დასაწყისის დასათაურებაზე:
„ამბავი დასაწყისი პირველი. ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთა, ტარიელს და
ნესტან დარეჯანს ვეფხისტყაოსნობით უხმობენ“ [თაყაიშვილი, 1968: 30]. მანვე მიაქცია ყურადღება
დასაწყისის სტროფთა შედგენილობას. აღნიშნა, რომ ხელნაწერი ამ ნაწილში დეფექტური არ არის,
ამიტომ დასვა კითხვა, ხომ არ იყო მამუკასეული ხელნაწერის დედანი დეფექტური? ან ეკუთვნის
თუ არა გამოტოვებული სტროფები რუსთველს, თუ უფრო გვიანდელი ჩანართია? ექვთიმე
თაყაიშვილის აზრით, ეჭვს იწვევს მე-15 სტროფი, რომელშიც ავტორი საკუთარი სიყვარულის
შესახებ საუბრობს. რაც შეეხება სტროფთა თანმიმდევრობას, ჩუბინაშვილის გამოცემასთან
შედარებით, ექვთიმე თაყაიშვილს ამ ხელნაწერის დასაწყისის თანმიმდევრობა მიაჩნია
მართებულად. შემდგომმა კვლევა-ძიებამ და ტექსტოლოგიურმა დაკვირვებებმა ზოგიერთი
სტროფის ადგილი დააზუსტა და შინაარსი უფრო მისაღები, აღქმადი გახადა. სარგის ცაიშვილის
დასკვნით, ხელნაწერი მთლიანობაში ვეფხისტყაოსნის პირველ რედაქციაში, ძველი რედაქციების
შემცველ ხელნაწერთა რიგში თავსდება, ხოლო რედაქციათა კლასიფიკაცია თვით სარგის ცაიშვილს
ეკუთვნის [ცაიშვილი, 1984: 393].
2. ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი, რომელიც
სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა და ქართლის მეფის გიორგი XI-ის დაკვეთით იყო გადაწერილი. მისი
აღწერილობა მოცემულია II ტომში [თაყაიშვილი, 1912: 573-582]. ესაა 1679-1680 წლებში ბეგთაბეგის
მიერ გადაწერილი H-54, რომლის გადაწერის თარიღი ორგვარადაა აღნიშნული ხელნაწერში, ესაა
გიორგი XI-ის მეფობის მეოთხე ინდიქტიონი, რომელიც, ექვთიმე თაყაიშვილის გათვლით, 1679
წელს შეესაბამება, ხოლო ქორონიკონით ეს იყო 368, რაც 1680 წელს შეესაბამება. ვრცელ მინაწერში
გადამწერს მოთხრობილი აქვს გიორგი XI-ისთვის განკუთვნილი ხელნაწერის ისტორია, აღნიშნული
აქვს, რომ მეფეს დიდი ხარჯი გაუწევია ხელნაწერის ღირსეულად შესამკობად, გასალამაზებლად,
ბორდიურების მდიდრულად მოსახატად, რათა იგი ვეფხისტყაოსნის სხვა ხელნაწერთაგან
გამორჩეული ყოფილიყო. გადამწერი აღნიშნავს, რომ ვეფხისტყაოსნის ასეთი მდიდრული
ხელნაწერი არც ერთ სხვა მეფეს არ ჰქონია. ეს ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილმა შეაძენინა წერა-
კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მან შეაფასა კიდეც ეს ხელნაწერი, რომელიც გამოირჩევა
დღემდე ცნობილ ხელნაწერთა შორის სპარსული ყაიდის პირველხარისხოვანი სამკაულებით
არშიებზე. მიუხედავად ხელნაწერის იშვიათი სილამაზის ორნამენტული შემკულობისა, ექვთიმე
თაყაიშვილის შენიშვნით, ტექსტი რედაქციული თვალსაზრისით და სისწორით მაინცდამაინც არ
გამოირჩევა და მასში ნანუჩა ციციშვილის ხელწერა აშკარად იგრძნობა. გიორგი XI-სეული
ხელნაწერი მოსკოვში ჰქონია წაღებული, სავარაუდოდ, ვახტანგ მეექვსის ოჯახს, რომელიც 1724
წლიდან უკვე რუსეთში იმყოფებოდა და ცხოვრობდა. ხელნაწერს აქვს მინაწერი, რომლის
მიხედვით დგინდება, რომ 1791 წელს ერეკლე II-ის სახლთუხუცესის გრიგოლ ჩოლოყაშვილის
შვილს, ქაიხოსროს, ერეკლე მეფის თანამედროვე კახეთის სახლთუხუცესსა და ამილახვარს,
მოსკოვში „უშოვნია“ ვეფხისტყაოსნის ეს ხელნაწერი, ე. ი. შეუძენია და 1795 წელს [სხვების
მითითებით - 1793 წელს] საქართველოში დაბრუნებულა და წიგნიც ჩამოუტანია [ცაიშვილი, 1984:
3887-388]. მაგრამ შემდეგ ეს ხელნაწერი წიგნი აღმოჩნდა ერთი ქვრივი ქალის ხელში, რომლისგანაც
შეისყიდა ხელნაწერი საზოგადოებამ. ეს ქვრივი ქალი გვარად ყაზახაშვილი ყოფილა. 1917 წლის
რევოლუციის შემდეგ მძიმე სოციალური ვითარების გამო დედამ ერთ-ერთი ვაჟი ექვთიმეს
მიუგზავნა და სთხოვა ხელნაწერის დაბრუნება, უცხოელები კარგ ფასად იყიდიანო. მან დაარწმუნა
ყმაწვილი, რომ ეს ხელნაწერი უძვირფასესი საგანძური იყო ქართველი ერისათვის. საბოლოოდ,
ხელნაწერში 200 მანეთი კიდევ გადაუხადეს ყოფილ პატრონს და ხელნაწერის თავგადასავალიც ასე
დასრულდა. ხელნაწერი იმით გამოირჩევა, რომ მას მოსდევს გადამწერის საკმაოდ ვრცელი
ბოლოსიტყვაობა. ხელნაწერს დართული ეს ვრცელი მინაწერი თუ ანდერძი გადამწერისა
საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს. ექვთიმე
თაყაიშვილისეული აღწერილობა სწორედ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ბოლოსიტყვაობა
აღწერილობაში მთლიანად ჩაურთო და მას შეფასებაც მისცა. ექვთიმე თაყაიშვილს დამოწმებული
აქვს ბოლოსწინა ფურცელზე დაწერილი ხუთი ოთხსტრიქონიანი შაირით დაწერილი ქება გიორგი
მეთერთმეტისა; აგრეთვე, ბოლო ფურცლის პირველ და მეორე გვერდებზე პოემის გმირთა ქებაა
მოცემული, რაც, ფაქტობრივად, პოემის პერსონაჟთა შეფასებაცაა.
3. შემდეგი ხელნაწერი, რომლის აღწერილობა განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს, არის
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნის მინიატურებიანი
ხელნაწერი XVIII საუკუნისა, წერეთლისეული ხელნაწერის სახელით ცნობილი S-5006; მისი ძველი
ნომერი იყო S-4758; ექვთიმე თაყაიშვილისეულ აღწერილობაში და შემდეგ მოგონებებში ჩართულია
მისი მოპოვების უაღრესად საინტერესო, ზოგჯერ ღიმილისმომგვრელი ისტორია. მასში 87 ფერადი
მინიატურაა ჩართული. იგი გადაწერილია სპარსულ გასანთლულ ქაღალდზე, რის გამოც გარჩეული
არ იყო, ტყავზე იყო თუ ქაღალდზე გადაწერილი; ერთხანს მცდარად მიაჩნდათ, რომ ხელნაწერი
ტყავის მასალაზე იყო გადაწერილი. მინიატურები რამდენიმე მხატვრის მიერაა შესრულებული.
მისი გადამწერიც და მინიატურების ავტორებიც უცნობია. ხელნაწერს არ ახლავს ანდერძი და
შესაბამისად, არ ვიცით, როდის ან ვისი დაკვეთით გადაიწერა და მოიხატა იგი. რედაქციული
თვალსაზრისით ხელნაწერი ორ პლასტს შეიცავს. პირველი ნაწილი, ავთანდილის ფრიდონთან
გამგზავრებამდე და ბოლო ნაწილი, ინდო-ხატაელთა ამბიდან მოყოლებული ბოლომდე, ვრცელი
რედაქციიდანაა გადაწერილი, ხოლო დანარჩენი, პოემის ძირითადი ტექსტის მეორე ნაწილი,
ვახტანგისეული გამოცემიდანაა გადაწერილი [ცაიშვილი, 1957: 55-61]. იონა მეუნარგიამ ხელნაწერი
ხელის მიხედვით მე-18 საუკუნით დაათარიღა. ექვთიმე თაყაიშვილმა ეს თარიღი შეცვალა და მე-17
საუკუნის II ნახევარს მიაკუთვნა, ხოლო სარგის ცაიშვილმა ეჭვმიუტანლად დაასაბუთა, რომ
ხელნაწერის ტექსტის ნაწილი ვახტანგის გამოცემიდანაა გადაწერილი, რაც იმას მოწმობს, რომ
ხელნაწერი 1712 წლის შემდგომდროინდელია. უნდა აღინიშნოს, რომ მასში ტარიელისა და
ფარსადანის სახელები სპარსული ფორმითაა მოცემული: ტარიალ და ფარსიდან; აგრეთვე,
საინტერესოა სტროფი, რომელიც არც რუსთველს ეკუთვნის და არც სარგის თმოგველს: „ეს ამბავი
დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად“ [თაყაიშვილი, 1968: 27]
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ვეფხისტყაოსნის ეს ხელნაწერი სამეცნიერო ლიტერატურაში
წერეთლისეული ხელნაწერის სახელითაა ცნობილი და მას მეტად საინტერესო ისტორია-
თავგადასავალი აქვს, რაც თვით ექვთიმე თაყაიშვილს აქვს მოთხრობილი როგორც ხელნაწერის
აღწერილობაში, ასევე თავის მოგონებებში. 1879 წლის 21 თებერვალს გაზეთმა „დროებამ“
გამოაქვეყნა ცნობა, რომ კნეინა პელაგია წერეთლისას აქვს ძველი წიგნები, რომელთა შორის
გამოირჩევა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი, შემკული ულამაზესი მინიატურებით. აღნიშნული იყო
ისიც, რომ ტექსტი შეიცავდა ვრცელ ვარიანტს. ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა
ჯგუფმა, ვეფხისტყაოსნის ახალი, აკადემიური გამოცემის მომზადების ინიციატორებმა, ამ
გაზეთიდანვე თხოვნით მიმართეს საზოგადოებას, რომ მათთვის ეთხოვებინათ პოემის
ხელნაწერები. ამ ცნობას გამოეხმაურა გრიგოლ დავითის ძე გურიელი და რედაქციას ამცნო, რომ
ბიძამისს, ქაიხოსრო გურიელს, წინაპართაგან გადმოეცა შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის
უძვირფასესი ხელნაწერი მინიატურებითურთ. იგი ვარაუდობდა, რა თქმა უნდა, გადაჭარბებით,
რომ ეს ხელნაწერი უნდა იყოს ან პირველი ხელნაწერი, ავტორის ხელიდან გამოსული, ან მისგან
გადანაწერი. იგი იმასაც ამცნობდა ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიას, რომ
ხელნაწერი ჰქონდა მის ბიძაშვილს პელაგია გურიელის ქალს, ნესტორ წერეთლის მეუღლეს და
ურჩია კომისიას, მისთვის მიემართა თხოვნით, ცხადია, იგი თხოვებაზე უარს არ იტყოდა. ამ ცნობას
ახლდა შემდეგი შინაარსის სარედაქციო შენიშვნა, რომ ვეფხისტყაოსნის რამდენიმე ხელნაწერი იყო
მინიატურებიანი, რომელთა ფასი ოქროთი განისაზღვრებოდა.
ექვთიმე თაყაიშვილის მონათხრობის მიხედვით, ერთ-ერთი ამგვარი ხელნაწერი პოემისა ჰქონდა
იმერეთის მეფე სოლომონ პირველს, რომელსაც ვაჟები ადრე გარდაეცვალა, ხელნაწერი დარჩა მეფის
ასულს დარეჯან ბატონიშვილს, რომლის შვილი იყო ივანე აბაშიძე. XVIII საუკუნის II ნახევარში
სოლომონ I-ის დავალებით ვეფხისტყაოსნის ძველი, დაზიანებული ხელნაწერი, შემკული
შესანიშნავი მინიატურებით, განუახლებიათ. განახლებისას ტექსტი ხელახლა გადაუწერიათ,
მინიატურები კი ძველი ხელნაწერიდან ახალში გადაუტანიათ. რადგან მათი ფორმატი
განსხვავებული იყო, - მინიატურები უფრო მცირე ზომის ქაღალდზე ყოფილა შესრულებული,
ვიდრე თვით ტექსტი, - ამიტომ მისთვის არშიები შემოუწებებიათ და წიგნის ზომაზე დაუყენებიათ.
ზოგიერთი მინიატურა კი დაზიანებული ყოფილა და ამიტომ ახალ ხელნაწერში აღარ
გადაუტანიათ, მაგრამ დაუმატებიათ ერთი ახალი მინიატურა. ტექსტის ის ნაწილი, რომელიც ძველ
ხელნაწერს აკლდა, ვახტანგ VI-ის მიერ 1712 წელს დაბეჭდილი გამოცემის მიხედვით შეუვსიათ.
პოემის ბოლოში კი გაგრძელებებიც დაურთავთ სხვა ხელნაწერებიდან. ეს ახლადგადაწერილი და
მინიატურებით შემკული ვეფხისტყაოსანი მიართვეს სოლომონ მეფეს. ხელნაწერი შემდეგ
აღმოჩნდა მეფის ასულის დარეჯანის ხელში, რომლის მეუღლე იმერელი თავადიშვილი ქაიხოსრო
აბაშიძე იყო. სწორედ მათი შვილი იყო ივანე აბაშიძე, რომელიც 1819 წლის იმერეთის აჯანყებაში
მონაწილეობდა. აჯანყების დროს რუსებმა შეიპყრეს მონაწილეებიც და დარეჯან სოლომონ მეფის
ასულიც. რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, ხოლო აჯანყების მონაწილენი, დამარცხებული
ქაიხოსრო გურიელი და ივანე აბაშიძე ოსმალეთში გადაიხვეწნენ. ივანე აბაშიძემ იცოდა, რომ
იმერეთში მის ოჯახს დაარბევდნენ და ძვირფასი საოჯახო რელიქვიები თან წაუღია; მათ შორის
აღმოჩნდა სოლომონ მეფის ნაქონი ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი. ეს ხელნაწერი შემდგომში
გურიელების ოჯახში ინახებოდა და იგი მზითვად წაიღო ქაიხოსრო გურიელის ასულმა პელაგიამ,
რომელიც საჩხერეში ნესტორ წერეთელზე იყო გათხოვილი.
1880 წელს ხელნაწერის პატრონმა იგი დიმიტრი ყიფიანის ხელით დროებით გადასცა
ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენ კომისიას, რომელმაც მუშაობის დამთავრების შემდეგ
ხელნაწერი პატრონს დაუბრუნა. კომისიამ ხელნაწერთა მოკლე დახასიათებები გამოაქვეყნა გაზეთ
„დროებაში“ 1881 წელს. ამ ხელნაწერის მფლობელი შემდგომში გამხდარა გიგო წერეთელი, რომლის
ვაჟიშვილს, ფრიდონს, ხელნაწერი რესტავრაციის მიზნით თბილისში ჩამოუტანია და კარგ ყდაში
ჩაუსმევინებია. როდესაც ფრიდონ წერეთელი ეტლით შინ ბრუნდებოდა, წიგნი ეტლში დარჩენია.
ის ცნობილი ქართველი ვაჭრის, ფორაქიშვილის, ერთ ნოქარს უნახავს და ფორაქიშვილისთვის
გადაუცია. ფორაქიშვილმა მყისვე ექვთიმე თაყაიშვილს დაუწყო ძებნა, რათა ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეეძინა. ექვთიმე შინ არ დახვედრია, რის შემდეგაც
ნოქარმა ეს ხელნაწერი ფორაქიშვილის სიძეს, დავით სარაჯიშვილს მიუტანა. მან სამი თუმანი
გადაუხადა ხელნაწერში. მცირე ხნის შემდეგ დავით სარაჯიშვილმა სადილად მიიპატიჟა ექვთიმე
თაყაიშვილი, რომელსაც შესვლისთანავე ხელნაწერი აჩვენა. ექვთიმემ ჩვეული სიდინჯით აიღო
ხელნაწერი წიგნი და დავით სარაჯიშვილს უთხრა, რომ წიგნს თან წაიღებდა და კარგად
შეისწავლიდა, სარაჯიშვილიც დასთანხმდა, ოღონდ ერთი პირობით, მალე უნდა დაებრუნებინა,
რადგან ბარონ დე ბაისათვის უნდა ეჩუქებინა.
აქვე უნდა გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილის დამოკიდებულება ქართველი თავადიშვილების
საქციელისადმი, რომლებიც ყველაზე ძვირფას საჩუქარს უცხოელს მიართმევდნენ ხოლმე. იგი ასეთ
ფაქტს ვერ ეგუებოდა და ქართველთა უდიდეს ნაკლად მიაჩნდა. ექვთიმე ამასთან დაკავშირებით
იხსენებს რამდენიმე ფაქტს: 1. ერთმა თავადიშვილმა ერეკლეს ნაქონი თოფი, რომლითაც კოხტა
ბელადი მოკლა ასპინძის ომში, მეფისნაცვალს მიართვა. მან უკანვე დაუბრუნა შემდეგი სიტყვებით:
„ეს თქვენთვის ძვირფასი სახსოვარია და თქვენთანვე უნდა დარჩესო“; 2. ალექსანდრე ორბელიანმა,
1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულების მოთავემ და მონაწილემ, ვორონცოვს აჩუქა
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი XVII საუკუნისა, საიდანაც შემდგომში გაგარინმა
გადმოიღო შოთა რუსთველის სურათი. ეს ხელნაწერი შემდგომში აღმოჩნდა ვორონცოვის არქივში,;
საბედნიეროდ, იგი დაკარგვას გადაურჩა; 3. ვლაქერნის ღვთისმშობლის ცნობილი ხატი რუსეთის
იმპერატორს ალექსანდრე II-ს აჩუქეს ქართველებმა, მაგრამ მან არ იჩუქა, როგორც ძვირფასი განძი
ქართველებისათვის, და უკან დააბრუნა. ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვით, სწორედ ასეთ რამეს
აპირებდა დავით სარაჯიშვილი, როდესაც ბარონ დე ბაისათვის უნდოდა ვეფხისტყაოსნის
საუკეთესო ხელნაწერის ჩუქება. ბარონი დე ბაი დილეტანტი იყო კულტურაში, სიძველეებს
ეძიებდა, აგროვებდა, მაგრამ როგორც მეცნიერი, ღირებულებით არ გამოირჩეოდა. დავით
სარაჯიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილს რამდენჯერმე მიაკითხა ხელნაწერის წასაღებად, მაგრამ
ექვთიმე ერთსა და იმავეს პასუხობდა, რომ ჯერჯერობით ხელნაწერი დეტალურად შესწავლილი არ
ჰქონდა და ვერ გაატანდა. ამასობაში დავით სარაჯიშვილი დე ბაისთან ერთად საზღვარგარეთ
გაემგზავრა, თუმცა, სარაჯიშვილის მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი ექვთიმესთან ხელნაწერის
დასაბრუნებლად ხშირად გზავნიდა კაცს. ექვთიმე თაყაიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ საქმისთვის
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეხედა და ხელნაწერი ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს გადასცა. მან მისი აღწერილობაც გამოსცა.
საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა დავით სარაჯიშვილმა ისევ მოიკითხა ხელნაწერი, მაგრამ
ექვთიმე თაყაიშვილმა უთხრა, რომ მისი სახელით შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებას და აღწერილობაც გამოსცა. თან აჩვენა კიდეც აღწერილობის ტომი,
რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ხელნაწერი საზოგადოებას დავით სარაჯიშვილმა შესწირა. დავით
სარაჯიშვილს გაუცინია და ხელნაწერისთვის თავი დაუნებებია. სწორედ ამ დროს მიიღო
ხელნაწერმა კატალოგში პირველი, ადრინდელი ნომერი S-4758.
ექვთიმე თაყაიშვილი ხელნაწერის თავგადასავალს აგრძელებს, რადგან იგი კიდევ ერთხელ
აღმოჩნდა განსაცდელის წინაშე. ერთხელ ექვთიმეს ესტუმრნენ ძმები წერეთლები, წარმოსადეგი,
ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები, აგრეთვე ზრდილობიანი სიტყვა-პასუხით
გამორჩეულნი. მათ უამბეს ხელნაწერის ისტორია, როგორ ერგოთ მემკვიდრეობით, შემთხვევით
როგორ დარჩათ ეტლში და სთხოვეს, ცოტა ხნით ეთხოვებინა მათთვის ეს ხელნაწერი, რათა
დედამისი დაერწმუნებინათ, რომ ხელნაწერი დაკარგული არ იყო. ექვთიმე თაყაიშვილმა მათ
აუხსნა, რომ ეს ხელნაწერი სხვისი ნაყიდი იყო და ამჟამად იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. ბოლოს ექვთიმე იძულებული გახდა, დაეწერა
წერილი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმის სახელზე, რის საფუძველზეც ძმებმა დროებით
წაიღეს ხელნაწერი. მაგრამ წერეთლებმა ხელნაწერი აღარ დააბრუნეს. ამასობაში ექვთიმე
თაყაიშვილს საჩხერეში არქეოლოგიურ გათხრებზე მოუხდა წასვლა, სადაც იგი შეხვდა წერეთელზე
გათხოვილ ელისაბედ წულუკიძის ასულს, რომელთან სტუმრობისას ექვთიმემ შეიცნო ძმები
წერეთლები და მათი მისამართით საყვედური გამოთქვა. ძმებმა სირცხვილისაგან ვეღარაფერი
თქვეს, მაგრამ დაჰპირდნენ, რომ მალე ჩაუტანდნენ წიგნს თბილისში. ექვთიმე თაყაიშვილმა
თბილისში დაბრუნებისთანავე მოიკითხა წიგნი, რომლის შესახებაც თანამშრომლებმა მოახსენეს,
რომ უკვე მოიტანესო. ექვთიმემ დაათვალიერა წიგნი. იგი ამჯერად ფრიდონ წერეთლის
შემოწირულობად გატარდა მუზეუმის საინვენტარო დავთარში 5006 ნომრად. ხელნაწერში,
რომელიც ამჯერად ექვთიმეს აღარ გადაუთვალიერებია, 87 მინიატურიდან 10 ისე ოსტატურად იყო
ამოჭრილი, რომ ხელნაწერს არაფერი ეტყობოდა. 1911 წლის ბოლოს ექვთიმე თაყაიშვილმა
ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელშიც ექვთიმეს ამცნობდა, რომ ვიღაც
სომეხს, ანტიკვარიატის მოყვარულს, მასთან მიუტანია ვეფხისტყაოსნის უძვირფასესი
მინიატურები გასაყიდად. უორდროპმა წერილთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილს მათი
ფოტოპირებიც გადაუგზავნა. ექვთიმემ იგი მაშინვე იცნო და შეადარა წერეთლისეულ ხელნაწერს
და დარწმუნდა, რომ ეს ვიღაცას ამოჭრილი ჰქონდა სწორედ ამ ხელნაწერიდან. ოლივერ
უორდროპმა ამ ხელნაწერის ისტორია იცოდა, რადგან ხელნაწერი მარჯორისათვის უჩვენებიათ
თბილისში ყოფნისას. ექვთიმე თაყაიშვილმა სთხოვა ოლივერ უორდროპს, შეეძინა ეს სურათები და
გამოეგზავნა მისთვის. 1912 წლის იანვარში ვაჭრებმა სურათები თბილისში ჩამოიტანეს და
ექვთიმეს მიუტანეს. საზოგადოებამ 275 მანეთი გადაუხადა ამ სურათებში ვაჭრებს, ხოლო თვით
მინიატურები ისევ ჩააკრეს ხელნაწერში. ამჟამად იგი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში, S ფონდშია დაცული ნომრით 5006 [თაყაიშვილი, 1968].
სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ხელნაწერი არაერთგზის გამხდარა მსჯელობის საგანი თავისი
განსაკუთრებული თავგადასავლისა და მრავალმხრივი ღირებულების, კერძოდ, კოდიკოლოგიური
და ტექსტოლოგიური ღირებულების გამო; მათ შორის გამოირჩევა თვით ექვთიმე თაყაიშვილის
აღწერილობა; სხვადასხვა მიზანდასახულობით მას იკვლევდნენ სარგის ცაიშვილი, შალვა
ამირანაშვილი და სხვები თავიანთ სამეცნიერო შრომებში [ცაიშვილი 1984: 374-375; ამირანაშვილი,
1966: 17-24].
4. ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა, აგრეთვე, ელენე თარხან-მოურავისეული სახელით ცნობილი
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი, რომელიც დაცულია ოქსფორდში, ბოდლის
ბიბლიოთეკის უორდროპისეულ კოლექციაში - W-27. როგორც ალ. ბარამიძე აღნიშნავს,
აღწერილობის დედანი აღმოაჩნდა ექვთიმე თაყაიშვილის მემკვიდრეს, ლიდა პოლტარაცკაიას,
ხოლო დასაბეჭდად მოამზადა და რედაქციას გადასცა იოსებ მეგრელიძემ. პირველად ეს
აღწერილობა გამოქვეყნდა 1962 წელს ჟურნალ „მნათობში“ [თაყაიშვილი, 1962: 139-142], საიდანაც
გადაიბეჭდა ექვთიმე თაყაიშვილის „რჩეული ნაშრომების“ I ტომში [თაყაიშვილი, 1968: 43-48]. ამ
ხელნაწერსაც საინტერესო ისტორია აქვს. იგი პოლიევქტოს კარბელაშვილის თაოსნობით შეიძინა
ერისთავის ასულმა ელენემ, თარხან-მოურავის მეუღლემ. ელენე თბილისიდან ყირიმში
გადასახლდა და იალტის მახლობლად ქუჩუკ-ლამბადში თავის მამულში ცხოვრობდა. 1912 წელს
ექვთიმე თაყაიშვილი ელენეს ესტუმრა, მისი მიზანი ხელნაწერი წიგნის წამოღება და სხვა ძველი
ნივთების ნახვა იყო. მაგრამ ელენეს ხელნაწერი სევასტოპოლის ბანკში ჰქონდა შენახული და
ექვთიმეს დაჰპირდა, რომ ხელნაწერს უთუოდ გაუგზავნიდა თბილისში. აგრეთვე, დატოვებდა
ანდერძს თავისი ძვირფასი ისტორიული ღირებულების მქონე ნივთების საქართველოს საისტორიო
და საეთნოგრაფიო მუზეუმისათვის გადასაცემად. მოგვიანებით ელენეს სიძე, იოსებ დადიანი,
სტუმრად ყოფილა ქუჩუკ-ლამბადში ელენესთან, რომელსაც ეს ხელნაწერი შეუძლევია სიძისთვის,
რათა ექვთიმე თაყაიშვილისათვის გადაეცა. მაგრამ იოსებს რაღაც მიზეზთა გამო მაშინ იგი არ
წაუღია, რასაც შემდეგში ნანობდა. მაგრამ ეს ხელნაწერი იოსებ დადიანმა იყიდა სტამბოლში და
1923 წლის 16 ივლისს პარიზში მყოფ ექვთიმეს გადასცა. ექვთიმე თაყაიშვილმა ამ ხელნაწერის
ტექსტი შეუდარა სარგის კაკაბაძის 1913 წლის პირველ გამოცემას, რადგან იმ დროისათვის ეს იყო
ერთადერთი გამოცემა, რომელსაც ჩამატებები და გაგრძელებები ჰქონდა, ხელნაწერი კი ვრცელი
რედაქციისაა. კოდიკოლოგიური საკითხების დადგენისას ე. თაყაიშვილმა დასვა საკითხი
ხელნაწერის გადამწერის შესახებაც, თუმცა, ხელნაწერი წიგნის მონაცემები მისი დადგენის
საშუალებას არ იძლეოდა [თაყაიშვილი, 1968: 43-48].
ვეფხისტყაოსნის ე.წ. არტანუჯული ვარიანტის შესახებ, ე. თაყაიშვილის აზრით, თუკი იგი
საერთოდ არსებობდა, ძნელია მსჯელობა მხოლოდ პეტრე ლარაძის გადაწერილი ასლის მიხედვით,
რადგან ძველი ფორმა არაა „მეფა“, რომელიც „მეფის“ ნაცვლად გვხვდება და რომელიც პირველად
ვახუშტის აქვს გამოყენებული; იგი-ს ნაცვლად იგა, ე. ი. აქ შეინიშნება რუსული ენის გავლენის
შედეგად დამკვიდრებული ახალი ფორმები; ძველ ხელნაწერებს არ ახასიათებთ „და“ კავშირის
გამოტოვება მეოთხე ტაეპის წინ, ეს XVIII საუკუნემდე არ იყო მოსალოდნელი; ნახევარხმოვან უ-ს
გამოყენება, რაც პირველად ანტონ პირველმა შემოიღო; უცხო მოყმის არაბეთში გამოჩენის
ამსახველი სტროფი ხელნაწერში უხერხულ ვარიანტს შეიცავს: „ჯდა მტირალი წყალის პირსა“, რაც
ძველი ქართული ენის ნორმებს არ შეესაბამება; ზოგჯერ შეცვლილია ლექსიკური ერთეულიც:
„მივაჭირვე“ შეცვლილია სიტყვით „შევაწუხე“ და სხვ., თუმცა, შესაძლოა პეტრე ლარაძემ ძველი
ხელნაწერი გადაწერა, მაგრამ ეს ცვლილებები თავად შეიტანა თავის გადაწერილ ტექსტში, რაც
შეიძლება დადასტურდეს პეტრე ლარაძისავე გადაწერილი ძველი ტექსტებით. ამგვარი
ცვლილებები და ორთოგრაფიული შესწორებები შეჰქონდათ XVIII-XIX სს. საუკეთესო გადამწერებს,
მაგ., დავით რექტორს; ე. თაყაიშვილი ფიქრობს, რომ ლარაძე არ ცვლიდა ტექსტის
თანმიმდევრობასა და რაოდენობას, რაც ძველ ხელნაწერში იყო. მისი აზრით, ე. წ. არტანუჯული
ვარიანტის, უფრო კი ლარაძის ასლის მიხედვით პეტრე ლარაძის გადაწერილი ტექსტის ღირსება
ისაა, რომ მასში არაა ყველა ძველ ხელნაწერში არსებული ჩანართი სტროფები და დანართები;
მაგრამ მისი მნიშვნელობა არ აღემატება ვახტანგისეულ გამოცემას. ჩვენთვის ამჯერად მთავარი
ისაა, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა შენიშნა ვეფხისტყაოსნის ე. წ. არტანუჯული ვარიანტის
ხელნაწერად მიჩნეული ნუსხის თავისებურებები, კერძოდ, შედგენილობა, ორთოგრაფიული
ვარიანტები, რომელთა არსებობა ხელნაწერში მთლიანად აქარწყლებს ამ ვარიანტის სიძველის
შესახებ გავრცელებულ ლეგენდებს. თუმცა კ. კეკელიძემ, ა. შანიძემ, ს. ცაიშვილმა ტექსტზე
დაკვირვებისა და სხვა რედაქციებთან//ვარიანტებთან შედარების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ე. წ.
არტანუჯული ვარიანტის არსებობა ლეგენდურია [ცაიშვილი, 1984: 323].
არტანუჯული ვარიანტის შესახებ საკმაოდ მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა შეიქმნა.
ექვთიმე თაყაიშვილის დასკვნებს ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთა მემკვიდრეობაში სწორ
ორიენტირებაში შემდგომი კვლევებისას განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა და მას
ითვალისწინებდნენ კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ს. ცაიშვილი, რომლებმაც შეისწავლეს ხელნაწერებთან
დაკავშირებული კოდიკოლოგიური საკითხები. იგი მიჩნეულია ვახტანგისეული გამოცემის
სახესხვაობიდან მომდინარედ. პირველი, ვინც ამ თემას შეეხო და საფუძვლიანად განიხილა,
ალექსანდრე სარაჯიშვილი იყო [სარაჯიშვილი, 1914-1915: 103]. მან ეს შრომა მოხსენების სახით
წაიკითხა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე 1914 წლის 27
მარტს. ალ. სარაჯიშვილმა ერთმანეთს შეუდარა ე. წ. არტანუჯული ვარიანტის ხელნაწერები,
კერძოდ პეტრე ლარაძის გადაწერილი და გიორგი თუმანიშვილის მიერ ნარედაქციევი, ანა
ალექსანდრეს ასულის, ამილახვრის ქვრივის საზოგადოებისათვის შეწირული ხელნაწერი,
რომელიც აღმოჩნდა პეტრე ლარაძის ხელნაწერის დედანი. ალ. სარაჯიშვილმა იგი
ამილახვრისეული ხელნაწერის სახელით მოიხსენია და აღნიშნა, რომ იგი არის ვახტანგისეული
გამოცემის პირი, „რაიცა სჩანს პოემის ტექსტიდან [იგივე 1589 ხანა] და ვახტანგის „თარგმანიდან“,
რომელიც დაერთვის პოემას. წიგნი გადაწერილია დავით რექტორის ხელით, მისის შვენიერის
მრგვალის მხედრულით, რასაც ცხად ჰყოფს მისივე მინაწერი პოემის ბოლოს“ [სარაჯიშვილი, 1914-
1915: 3]. მინაწერს მოსდევს თუმანიშვილის ხელით მინაწერი, რომ იგი გიორგი თუმანოვმა აჩუქა
კნეინა ბარბარე ქობულოვისას [იქვე]. 1867 წლის 3 ივლისს ბარბარე ქობულოვისას გაუკეთებია
მინაწერი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გიორგი თუმანოვმა დავით რექტორს გადააწერინა
ხელნაწერი, მაგრამ თავად შეუსწორებია და კნეინა ბარბარეს ეს შესწორებული ვარიანტი ძლიერ
მოსწონებია. სწორედ ეს ხელნაწერი შეუდარა პეტრე ლარაძის გადაწერილს ალ. სარაჯიშვილმა და
დაასკვნა, რომ არტანუჯული ხელნაწერი, ფაქტობრივად, არის ამილახვრისეული ხელნაწერი,
რომელიც ენით, სტილით, შინაარსით, მართლწერით ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამახინჯებული
ვერსიაა. მისი სიტყვით, იგი „სრულებით არა ჰგავს რუსთაველის წერის მანერას“ [იქვე: 29]. რაც
შეეხება ხელნაწერის არტანუჯულობას, ალ. სარაჯიშვილი ფიქრობს, რომ ეს აზრი შესაძლოა პეტრე
ლარაძისა იყოს და საგანგებოდ მოფიქრებული, მკითხველი უფრო ენდობოდა არტანუჯულ
ვარიანტს, რადგან შოთა რუსთველი სამცხის მკვიდრად მიაჩნდაო და „იქ ნაპოვნი უძველესი
ხელთნაწერი ვეფხისტყაოსანი ძალიან უახლოვდება თავის სათავეს, ეგების თვით რუსთაველის
ნაწერიც იყოსო“ [იქვე: 30]. მისივე შეხედულებით, ე. წ. ლეგენდა არტანუჯული ვარიანტის
არსებობის შესახებ მოწმობს იმას, რომ ყოველ ეპოქაში, კერძოდ, XIX საუკუნეშიც იყო შესაძლებელი
ვეფხისტყაოსნის ტექსტის შერყვნა და მასში ყალბი სტროფების ჩამატება. საინტერესოა, რომ ს.
ყუბანეიშვილმა შემწყნარებლურად განიხილა ე. წ. არტანუჯული ვარიანტის არსებობა და
განაცხადა, რომ პეტრე ლარაძე ამ ხელნაწერთან დაკავშირებულ ამგვარ ლეგენდას არ შექმნიდაო.
მაგრამ ალექსანდრე ბარამიძის, უფრო კი სარგის ცაიშვილის კვლევებმა და დაკვირვებებმა
წარმოაჩინეს ექვთიმე თაყაიშვილისა და ალ. სარაჯიშვილის დებულებათა სისწორე ე. წ.
არტანუჯულ ვარიანტთან დაკავშირებით

ვეფხისტყაოსნის გამოცემები. საქართველოში XVIII საუკუნის დამდეგს, ვახტანგ მეექვსის


ჯანიშინობის დროს, დიდი კულტურულ-ლიტერატურული და მწიგნობრული საქმიანობა გაიშალა.
ვახტანგი ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ საქმიანობაში უაღრესად
მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებდა. ასეთი უდიდესი ღირებულების მქონე ფაქტი იყო
1709 წელს თბილისში, სიონთან ახლოს, ქართული სტამბის დაარსება, სადაც ვახტანგმა და მისმა
გარემოცვამ ქართული წიგნების ბეჭდვას მიჰყვეს ხელი. თავდაპირველად საღვთისმეტყველო-
სასულიერო ხასიათის წიგნები დაიბეჭდა, ხოლო 1712 წელს შოთა რუსთველის უკვდავი პოემის
პირველი გამოცემა განხორციელდა, რამაც ერის კულტურულ ცხოვრებაზე დადებითი გავლენა
იქონია.
ვეფხისტყაოსნის გამოცემებს შორის საეტაპო იყო 1712 წელს ვახტანგ მეექვსის მიერ
განხორციელებული პირველი გამოცემა, რომლის ღირებულებას ზრდის თვით ვახტანგის ნაშრომი
„თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა“. მისი როლი რუსთველოლოგიურ
მეცნიერებაში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, განუსაზღვრელია, რადგან მან ბევრ საკამათო
საკითხს მოჰფინა ნათელი. ვახტანგმა თავადვე აღნიშნა ნაშრომის სახელწოდებაში, რომ იგი
ვეფხისტყაოსნის პირველი განმარტებაა - „თარგმანი პირველი“, აქამდე პოემის განმარტება არავის
უცდია. მეცნიერი და სწავლული მეფის ამ ნაშრომის ღირებულების შესახებ ბევრი რამ დაიწერა
რუსთველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში; იგი მიჩნეულია ერთ-ერთი
ლიტერატურათმცოდნეობითი დისციპლინის, რუსთველოლოგიის, ფუძემდებლურ შრომად,
რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია რუსთველოლოგიური პრობლემატიკის კვლევა. ამ
გამოცემამ საფუძველი ჩაუყარა პოემის სტამბურ გამოცემათა ტრადიციასაც. ისიც უნდა ითქვას, რომ
ვახტანგ მეექვსის ამ ნაშრომით კიდევ ორ მეცნიერულ დისციპლინას - ტექსტოლოგიას და
ლიტერატურის თეორიას - ჩაეყარა საფუძველი.
უწინარეს ყოვლისა, ორიოდე სიტყვით წიგნის გაფორმების შესახებ: ყურადღებას იქცევს წიგნის
გაფორმება და მხატვრობა. მხატვრული და ტექნიკური თვალსაზრისით იგი იმ დროისათვის
ცნობილი ხელნაწერი წიგნების ტრადიციას აგრძელებს, მისი დიზაინი დახვეწილი გემოვნებითაა
შესრულებული და მასში გამოყენებული ქართული შრიფტი, ფორზაცთან ერთად, ქართულ
მხატვრულ-ესთეტიკურ პრინციპებს შეესაბამება, ქართული ხელნაწერების გადამწერთა
ხელოვნებას თანხვდება. ვახტანგისეული გამოცემიდან ოციოდე ცალია შემონახული, რომელთაგან
ნაწილი თბილისში, ნაწილი სანკტ-პეტერბურგში ინახება. აკად. აკაკი შანიძემ 1937 წელს აღადგინა
ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი, განახორციელა მისი სტერეოტიპული გამოცემა, რომელსაც
დაურთო გამოკვლევა. ასევე, შემდეგშიც, 1975 წელს კიდევ ერთხელ განხორციელდა შოთა
რუსთველის პოემის პირველი გამოცემის სტერეოტიპული გამოცემა.
პირველი გამოცემის ერთ-ერთი უდიდესი მოამაგე იყო მიქაელი, რომელიც ვახტანგის სტამბაში
მოღვაწეობდა. თავფურცელზე მისი სახელი მოიხსენიება, როგორც გამოცემის გამმართველისა:
„გაიმართა ხელითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელისათა ქალაქსა ტფილისისასა
ქრისტეს აქეთ ათას შვიდას და თორმეტსა დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდიათას ორას ოცსა“.
იგი მიუთითებდა, რომ ეს გამოცემა გამიზნული იყო „უგბილთა ფრიად სასწავლოდ“. მიქაელის
სიტყვით, ვეფხისტყაოსნის გამოცემამ დიდი სიხარული გამოიწვია ქართველ კულტურულ
საზოგადოებაში.
ვეფხისტყაოსნის 1712 წლის გამოცემას თავად ვახტანგი ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ბეჭდვა
დასრულდა 1712 წლის 23 აპრილამდე, იმ დრომდე, როდესაც ვახტანგი შაჰის მოთხოვნით ირანში
გაემგზავრა, რასაც ვახტანგის ბატონიშვილად მოხსენიება მოწმობს; ბატონიშვილად ვახტანგი
სწორედ სპარსეთში ჩასვლამდე იხსენიებოდა.
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები და გამოცემები მოცულობის თვალსაზრისით ერთმანეთისაგან
განსხვავდება, ორივეგან არის ვრცელი და მოკლე რედაქციები. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებში
შეინიშნება შეგნებული თუ შეუგნებელი ვარიანტული ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია
მომდევნო საუკუნეებში ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით, იდეოლოგიური და
პოლიტიკური მრწამსით, მაგრამ არსებითად პოემის ხელნაწერთა ახალ ტექსტს სტილისტური
ხასიათის ნაირკითხვები ქმნის. ასე რომ, ხელნაწერები ერთმანეთისაგან განსხვავდება
სტილისტური რედაქციული თავისებურებით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს
განსხვავებული წაკითხვები მიუთითებს, თუ რომელი წაკითხვაა ადრეული, რომელი _ გვიანდელი.
ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთა მონაცემების საფუძველზე გამოყოფილი ორი რედაქციიდან ძველი
ხელნაწერები ვრცელი რედაქციისაა, ხოლო ვახტანგისეული პირველი ბეჭდური რედაქცია _ მოკლე.
სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, თუ რომელი, ვრცელი თუ მოკლე, რედაქციით
სარგებლობდნენ გამოცემის მომზადებისას.
სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია შეხედულება, რომლის მიხედვით ვეფხისტყაოსნის
ვახტანგისეული გამოცემა კრიტიკულად დადგენილი ტექსტია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ
ვახტანგს იმ სტროფთა კომენტარებიც გაუკეთებია, რომლებიც დაბეჭდილი არაა; ეს კი იმას
მიუთითებს, რომ ვახტანგს ხელთ ვრცელი რედაქცია უნდა ჰქონოდა და კომენტარებიც ამ ტექსტის
საფუძველზე გაუკეთებია. სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ მოკლე ხელნაწერული
რედაქციები ვახტანგისეულისაგან მომდინარეობს და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ვეფხისტყაოსნის პირველი გამოცემის ღირებულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს
ვახტანგის გამოკვლევა-კომენტარები, რომლებშიც ასახულია განმმარტებლის, ვახტანგ მეექვსის
ლიტერატურულ-ესთეტიკური და მსოფლმხედველობრივი შეხედულებანი. როგორც ჩანს, ეს
კომენტარები გამიზნული იყო იმ პოლემიკის ჩასაცხრობად, რომელიც პოემის ირგვლივ
დროდადრო ჩნდებოდა საზოგადოებაში. ვახტანგის ნაშრომი 600-მდე სტროფის განმარტებას
შეიცავს, მათში აღძრულია რუსთველოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები. მათგან
განსაკუთრებული ღირებულებისაა ვეფხისტყაოსნის ალეგორიული თარგმანების საკითხი.
ვახტანგმა წამოაყენა დებულება, რომ ვეფხისტყაოსანი „საღმთოც იყო და საეროც“, ხოლო
რუსთველური სიყვარული ერთდროულად გულისხმობს ღვთაებრივ სიყვარულს ალეგორიული
თვალსაზრისით და ცოლქმრულ სიყვარულს მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით.
სიყვარულის ვახტანგისეული გააზრება შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ კონცეფციასა და
რენესანსულ აზროვნებას თანხვდება, კერძოდ, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიასა“ და
პეტრარკას სონეტებში წარმოსახულ სიყვარულის კონცეფციას ეხამება. ვახტანგი ამბობდა: „აწ ესე
მისმინეთ, ვეფხისტყაოსანი მე ასე მითარგმნია და თუმცა უწესოდ იყოს და ანუ უკეთ სცნოთ ვინმე,
თქვენცა სთარგმნეთ. მრავალთა ორთა და სამთა უთარგმნია, ერთი მე ასე მივხვდი და მითქუამს:
რაც რუსთველისა იმას გარდა არა მითქვამს რა და ვინც გინდა იმან სთარგმნეთ“. სარგის ცაიშვილმა
აღნიშნა: „დაკვირვებული თვალი აშკარად შეამჩნევს, რომ ვახტანგ VI აქ მხოლოდ და მხოლოდ
საკუთარი კომენტარის ღირსებას ეხება“. უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგისეულ ამ შეხედულებას
ყველა მეცნიერი არც ამჟამად იზიარებს და „საღმთოს“ პოემაში ვერ ხედავს. მნიშვნელოვანია ის
ფაქტი, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ძირითადად ვახტანგისეული კომენტარების
ლექსიკოლოგიური ღირებულება, ხოლო მისი კონცეპტუალური მნიშვნელობა ჯერ კიდევ
სათანადოდ განსაზღვრული არაა.
ვახტანგს თავის კომენტარებში აღძრული აქვს ვეფხისტყაოსნის ფაბულის ორიგინალობის
საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან იგი პოემის დასაწყისის იმ სტროფს
უკავშირდება, რომელშიც „სპარსული“ და „ქართული“ ერთმანეთს უპირისპირდება; კერძოდ: „ესე
ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელიხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები...“ ამასთან დაკავშირებით ვახტანგმა
განაცხადა: „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება, ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც“, რაც შოთა
რუსთველის პოემის დასაწყისში მოცემული დებულებების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
სავსებით ნათელია და ამჟამად საბოლოდ დადგენილია, რომ შოთა რუსთველის ეს სიტყვები
ნამდვილად არ მიუთითებს სპარსულ ფაბულას, იგი არაა ისტორიულ-ლიტერატურული ცნობა,
არამედ იგი პოემის ალეგორიულ ფენაზე მიუთითებს. ვახტანგის თვალსაზრისით, თამარ მეფის
ბრძანებით შოთა რუსთველმა „სპარსთ კაი მელექსეობის ბაძზედ“ შექმნა პოემა, რომლის ამბავიც და
ლექსიც „თვითან გააკეთა“.
ვახტანგისეული თვალსაზრისის მიხედვით „სპარსული“ ტროპულად გასააზრებელია და იგი
გეოგრაფიული სახელი, ტოპონიმი არ არის, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო მარს იგი სწორედ ასე
ჰქონდა გააზრებული. აღვნიშნავთ, რომ აქ „სპარსული - ქართული“, როგორც პოლისემანტიკური
ცნებები, მრავალმხრივი მეტაფორული აზროვნების გამოხატულებაა, რადგან ლიტერატურულ-
სახეობრივ და მხატვრულ-ესთეტიკურ ფენომენს, დროსივრცულ პოეტიკას მოიცავს, ფორმის
თვალსაზრისითაც იგი განსხვავებულ არსობრივ ღირებულებას გულისხმობს, ამავე დროს,
მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკურ-იდეოლოგიური, ფილოსოფიური, სოციალური,
ფსიქოლოგიური, ზნეობრივ-ეთიკური დატვირთვა აქვს. კერძოდ, სტროფის პირველ ტაეპში
ნახსენები „სპარსული ამბავი“ - „ქართულად ნათარგმანები“ ის ოპოზიციური წყვილია, რომელშიც
რამდენიმე რიგის დაპირისპირება მოიაზრება. მთლიანად სტროფი გულისხმობს პოემის
ლიტერატურულ-ესთეტიკური პრინციპების ერთიანობას, რომელშიც შეზავებულია აღმოსავლური
ტროპული სისტემა და ქრისტიანული სახისმეტყველება; ქართული საერო//სეკულარული
მწერლობა ეროვნულ და ქრისტიანულ ჰიპოდიგმურ-პარადიგმულ სახისმეტყველებას ემყარება,
რასაც ემატება აღმოსავლეთის ქვეყნების ლიტერატურისათვის დამახასიათებელი
თვალისმომჭრელი მეტაფორული აზროვნების გამოვლინება და აღმოსავლურ-ქრისტიანული
სიმბოლიკა, წინაქრისტიანული მითოპოეტური გამომსახველობითი საშუალებები. იგი
გულისხმობს მაჰმადიანურისა და ქრისტიანულის დაპირისპირებას რელიგიურ-იდეოლოგიური და
მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით; „სპარსული“ არის გარეშე, უცხო, წარმართული,
მაჰმადიანური, „ქართული“ - საღვთო, ქრისტიანული. „სპარსული - ქართული“ სიუჟეტთან,
ფაბულასთან, თემატურობასთან ერთად, ფორმასაც გულისხმობს. სტროფი ყურადღებას იქცევს
ეთიკურ-ზნეობრივი პრინციპების გადმოცემის თვალსაზრისით: „ქართულად ნათარგმანები“
გულისხმობს, რომ პოემაში ასახული სიყვარული და ქორწინება სპარსულისაგან განსხვავებულია,
ქართულია. „სპარსული - ქართული“ ქალის ადგილის თვალსაზრისითაც ერთმანეთს
უპირისპირდება. იგი არის სოციალური და კულტუროლოგიური ღირებულებისა, რადგან
საქართველოში არაძალადობრივი, ანუ თავისთავადი კულტურა, ე. ი. ქართული კულტურა, და
ძალადობრივი კულტურა, ე. ი. საქართველოსთვის უცხო, სპარსული კულტურა, უპირისპირდება
ერთმანეთს. ქართული სამყაროსათვის „სპარსულით“ კულტურული ძალადობა გამოხატება. ეს
ანტინომია ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ფენომენსაც მოიცავს. ვეფხისტყაოსანში „სპარსული“
ფაბულურია, ამბავს უკავშირდება, ხოლო „ქართული“ მხატვრულ-ესთეტიკურ არსსა და რაობას,
მსოფლმხედველობრივ-იდეურ სამყაროს გულისხმობს. ყოველივე ამის საფუძველს ვახტანგისეული
კომენტარი იძლევა. ვახტანგის კომენტარებში კიდევ მრავალი საინტერესო რუსთველოლოგიური
საკითხია აღძრული.
ვეფხისტყაოსნის პირველმა გამოცემამ ტრაგიკული ხვედრი განიცადა, რადგან ტირაჟის დიდი
ნაწილი განადგურდა XVIII საუკუნის 20-იან წლებში სპარს-ოსმალთა მიერ თბილისის გადაწვისას
თუ სხვა მიზეზების გამო. საბედნიეროდ, გადარჩა პირველი გამოცემის 20 ცალი, რომელთა
გათვალისწინება ყოველთვის იქნება საჭირო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დადგენისას.
პოემის პირველმა გამოცემამ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, რასაც მოწმობს 1888 წლის გამოცემაზე
მუშაობისას ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის განცხადება, რომ ყველაზე სანდო ტექსტი
ვახტანგისეული რედაქციააო.
პირველი გამოცემიდან მეორემდე, 1841 წლამდე, 129 წელი გავიდა. შოთა რუსთველის პოემა
იბეჭდებოდა სხვადასხვა ადგილას, მაგ., მეორე გამოცემა 1841 წელს განხორციელდა სანკტ-
პეტერბურგში ბროსეს, ფალავანდიშვილისა და დავით ჩუბინაშვილის მიერ; ვეფხისტყაოსანი
დაიბეჭდა ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში ორ-ორჯერ, ახალსენაკში, ბერლინში, პარიზში... იყო
წლები, როდესაც რამდენიმე გამოცემა განხორციელდა, მაგ., 1899 და 1927 წლებში - სამ-სამჯერ; 1937
წელს - ოთხჯერ; 1966 წელს - ექვსჯერ; 1986 წელს - სამჯერ. ვახტანგისეული პუბლიკაციის
შემდგომი გამოცემებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბროსე-ფალავანდიშვილი-
ჩუბინაშვილის, გ. ქართველიშვილისეული, რომელიც ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი
კომისიის მიერ იყო მომზადებული და ამ კომისიის წევრები იყვნენ XIX საუკუნის 70-80-იანი წლების
ცნობილი მწერლები, მოღვაწეები, მეცნიერები; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1937 წლის
იუბილესთვის, ვეფხისტყაოსნის დაწერიდან 750-ე წლის აღსანიშნავად, აკადემიური ტექსტის
დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა, რომელიც მაშინ ვერ განხორციელდა და
მოგვიანებით - 50-იან წლებში გამოვიდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო 1966 წლის რუსთაველის
საიუბილეოდ შემუშავებული ტექსტი, რომელმაც ერთხანს კანონიკური სახეც კი მიიღო, რადგან
იუბილეს მომდევნო ხანებში მხოლოდ იგი იბეჭდებოდა. ამ წელს განხორციელდა ვეფხისტყაოსნის
პირველი მინიატურული გამოცემაც. 1988 წელს გამოიცა ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის
დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული ტექსტი, კომისიისა, რომელიც 1962 წლიდან არსებობს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ამ გამოცემას მოჰყვა მრავალი კრიტიკული
შენიშვნა, რომელთა გათვალისწინება მართლაც რომ აუცილებელი იყო მომდევნო გამოცემისას.
საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო კომისიის მიერ მომზადებული ტექსტის
შესწორებული გამოცემის განხორციელება ძალიან დაგვიანდა. ეს შესწორებული ტექსტი გამოიცა
2005 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაციის მიერ, ოღონდ იგი
პოპულარულ გამოცემათა რიგს განეკუთვნება და მეცნიერული გამოცემა არ არის.
ყოველივე ეს აჩვენებს იმას, რომ რუსთველის პოემა და მასში დასმული პრობლემები
მარადიულია, ხოლო ჩვენს დღევანდელობაში ზოგიერთებისაგან გამოთქმული სკეპტიციზმი, რომ
რუსთველის ეპოქა დასრულდა, მის სიდიადეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, სწორედ იმითაა იგი
უკვდავი, რომ ყოველდღიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მისით დაინტერესებულნი არიან
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, უყვართ, აფასებენ და სწავლობენ მას, სწავლობენ მისგან, რაც
კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ქმედითად ეხმიანება „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო
ლიტერატურის მხატვრულ-ესთეტიკურ სააზროვნო სისტემებს, თანამედროვეობას.
ილუსტრაციები.
ვეფხისტყაოსნის ილუსტრირება XIX საუკუნეში დაიწყო. პირველი ილუსტრირებული გამოცემა
1888 წელს განხორციელდა, ეს გიორგი ქართველიშვილის მიერ გაწეული მეცენატობით დაბეჭდილი
ტექსტი იყო, რომელიც მდიდრულად იყო დასურათებული უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის, მიერ.
XX საუკუნეში პოემის ილუსტრაციები შეასრულეს ლადო გუდიაშვილმა, სევერიან მაისაშვილმა,
სერგო ქობულაძემ, უჩა ჯაფარიძემ, ნათელა იანქოშვილმა, ლევან ცუცქირიძემ, ირაკლი თოიძემ,
რუსუდან ფეტვიაშვილმა, თამარ აბაკელიამ, ირაკლი ოჩიაურმა, ქეთი მატაბელმა, ლორეტა
შენგელია-აბაშიძემ და სხვებმა. განსაკუთრებით მომრავლდა ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები XXI
საუკუნის დასაწყისში.

დავით გურამიშვილისა და ანტონ კათალიკოსის შეხედულებანი შოთა რუსთველისა და


ვეფხისტყაოსნის შესახებ

XVII-XVIII საუკუნეების ქართველმა მწერლებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება შოთა


რუსთველისა და მისი პოემის, ვეფხისტყაოსნის, მიმართ, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა
ენიჭება რუსთველოლოგიური აზრის განვითარებისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეულია
დავით გურამიშვილისა და ანტონ კათალიკოსის თვალსაზრისი.
დავით გურამიშვილი, საზოგადოდ, ქართული პოეზიის, კერძოდ შოთა რუსთველის შესახებ
თავის შეხედულებებს „დავითიანის“ დასაწყისში გამოთქვამს, რაც სამეცნიერო ლიტერატურაში
ვეფხისტყაოსნის ალეგორიულ გააზრებად არის მიჩნეული:
ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა,
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და (გურამიშვილი 1980: 58).
გურამიშვილის დამოწმებული სტროფის მიხედვით, პოემა გაიაზრება ორგვარად: 1. სიმბოლურ-
ალეგორიულად და იგავურად; 2. ჩვეულებრივ სამიჯნურო რომანად, ამქვეყნიური იდეალების
გამომხატველ პოემად, რომელიც ყოველი დონის მკითხველისთვის გასაგები იქნება.
გურამიშვილი შოთა რუსთველს იგავური ხის დამრგველად, ხოლო მის პოემას ალეგორიულ-
იგავურ ნაწარმოებად მიიჩნევს. რუსთველის პოემა სიმბოლურად, იგავურად და ალეგორიულად
უნდა განიმარტოს და გავიაზროთ, რადგან მასში ჩაქსოვილი სიბრძნე არაა ყველასთვის
მისაწვდომად ნათქვამი. ამიტომ მისი სიმბოლურ-ალეგორიული და იგავური საფუძველი
დაფარულია, მან „ფესვ ღრმა-ჰყო“, დაფარა იგი, მაგრამ საღვთისმეტყველო აზროვნებას მიჩვეული
და ღვთისმეტყველებაში განათლებული ადამიანი მას ჩასწვდება; ის, ვისაც არ შეუძლია ამ სიღრმის
წვდომა, პოემა მისთვისაც გასაგები იქნება საამქვეყნო ინტერპრეტაციით გასააზრებლად.
ალეგორიულად: ხის ნაყოფი ორგვარია, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიწევს მას, ნაყოფს ორივეს
მისცემს.
გურამიშვილის დასკვნით, რუსთველის მსგავსი ლექსი არავის შეუქმნია. აქ იგულისხმება პოემის
სალექსო ფორმა, თექვსმეტმარცვლიანი შაირი, რომელსაც, მართალია, ადრეც ვხვდებით
სასულიერო პოეზიაში, კერძოდ, საგალობლებში, მაგრამ ის ჰარმონიულობა და სისადავე არავის
მიუნიჭებია მისთვის, რაც რუსთველმა მიანიჭა. გარდა ამისა, ეს ფორმა სწორედ რუსთველის პოემის
შემდეგ გახდა პოპულარული და, ფაქტობრივად, მისი შემდგომი ეპოქა შაირის ტყვეობაში მოექცა.
ასევე, უაღრესად ფასეულია შოთა რუსთველის ანტონ პირველისეული შეფასება, რომლის
შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდა. ამჟამად ეს
შეიცვალა ანტონის რუსთველოლოგიური აზროვნებისადმი სწორი მიდგომის საფუძველზე. ადრე
ფიქრობდნენ, რომ ანტონი რუსთველის პოეზიას აკრიტიკებდა და ერთხანს მისი პოემის
განადგურებასაც სწამებდნენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა შრომებმა დაადასტურეს, რომ პოემის
განადგურება ანტონს არ შეეძლო, რადგან იმ დროს, როცა სპარს-ოსმალთა შემოსევების შედეგად
ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებული სტამბა განადგურდა და პოემის პირველი გამოცემის ტირაჟის
დიდი ნაწილი მტკვარში გადაყარეს, იგი მცირეწლოვანი იყო.
რაც შეეხება რუსთველის ანტონისეულ შეფასებას, იგი ძალიან საყურადღებოა, რადგან მისი
თქმით, შოთა რუსთველი ბრძენი პოეტია, ხოლო ბრძენი საღვთისმეტყველო საზრისს გულისხმობს
და ანტონის სიტყვები მოწმობს რუსთველის პოემის იგავურ-ალეგორიულობასა და სიმბოლურობას.
გარდა ამისა, თვით ანტონი აღნიშნავს, რომ რუსთველი თუ მოინდომებდა, მაღალ ღვთისმეტყველი
იქნებოდაო. მაღალ ღვთისმეტყველს კი იგი მისტიკური აზროვნების მიმდევარს, საიდუმლო
ღვთისმეტყველების წვდომის უნარის მქონეს უწოდებს. მანვე იგი ფილოსოფოსად მიიჩნია, რასაც
საღვთისმეტყველო საზრისი აქვს. ასეთი სახელდება _ მაღალ ღვთისმეტყველ _ მხოლოდ დავით
აღმაშენებლის მისამართით გამოიყენა ანტონმა. ისიც აღსანიშნავია, რომ ანტონმა მისი პოემა
სპარსთა ენის მეტყველად მიიჩნია, რაც საერო, გამონაგონ ამბავზე დაფუძნებული მხატვრული
თხზულების შექმნას გულისხმობს. ამ პერიოდში საეროს სპარსულის სახელით აღნიშნავდნენ, რაც
ამაოების სახელითაც იხსენიებოდა. სწორედ ესაა აღნიშნული ანტონის იმ სტროფში, რომელშიც
შოთა რუსთველია შეფასებული. ანტონს მიაჩნია, რომ იგი ამაოსთვის დაშვრა, ე. ი. საერო
ნაწარმოები დაწერა, რაც სამწუხაროა; ე. ი. ანტონს მხედველობაში თხზულების შინაარსი ჰქონდა.
ამავე დროს, ამ თხზულებაში ჩაქსოვილი სიბრძნე, საღვთისმეტყველო საფანელი საუკუნეების
განმავლობაში ქართველმა მკითხველმა სწორად ვერ გაიგო, რაც დასანანია.
შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის-მოყუარე ფრიად,
ფილოსოფოსი, მეტყუელი სპარსთა ენის;
თუ სამ სწადოდა, - ღმრთის-მეტყუელიცა მაღალ;
უცხო საკჳრველ პიიტიკოს-მესტიხე;
მაგრა ამაოდ დაჰშურა, საწუხ არს ესე (ანტონ ბაგრატიონი 1980: 281).
ასე რომ, ანტონს მოეხსნა ის ბრალდება, რომელიც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ჰქონდა
წაყენებული. „წყობილსიტყვაობაში“ ჩართულმა სტროფმა, რომელშიც შოთა რუსთველია
შეფასებული, გაფანტა არსებული მცდარი შეხედულება, რომ ანტონმა ვეფხისტყაოსნის
ხელნაწერები და გამოცემები გაანადგურა.

You might also like