You are on page 1of 11

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება

მოარული აზრია, რომ ვაჟა-ფშაველას განსაკუთრებული ადგილი უკავია


ქართულ მწერლობაში. მისი მხატვრული აზროვნება იმდენად თვითმყოფადია, რომ
ვაჟა-ფშაველას ვერ შევადარებთ ვერც ერთ სხვა ქართველ მწერალს. არაერთმა
ქართველმა კრიტიკოსმა მიუძღვნა საინტერესო გამოკვლევები ვაჟა-ფშაველას
შემოქმედებას და, შესაბამისად, არსებობს მისი ნაწარმოებების არაერთი
ინტერპრეტაცია.
გერონტი ქიქოძე მიუთითებდა, რომ ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობას ორი
მთავარი წყარო აქვს: ერთი მათგანია ეგრეთ წოდებული ანიმიზმი, ანუ რწმენა, რომ
ყოველი საგანი ბუნებაში გასულიერებულია. იმისდა მიუხედავად, შენიშნავს
გერონტი ქიქოძე, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ეწინააღმდეგება მთელი
ბუნების გასულიერების იდეას, ანიმისტური წარმოდგენები ბოლო დრომდე
ცოცხლობდა ჩვენში, განსაკუთრებით კი მთის პროვინციებში, კერძოდ, ფშავ-
ხევსურეთში, სადაც ქრისტიანულმა სარწმუნიებამ ფეხი ვერ მოიკიდა.
ვაჟას მსოფლმხედველობის მეორე წყარო, გერონტი ქიქოძის აზრით, მას
მწიგნობრული გზით ჰქონდა შეთვისებული, სპინოზას, გოეთეს, ფოერბახის
ნაწერების გაცნობის შედეგად და ეს არის პანთეიზმი, ანუ წარმოდგენა, რომ მთელი
ბუნება ღვთაებრივი სულითაა გაჟღენთილი და რომ ღმერთი არ არსებობს
ბუნებისგან დამოუკიდებლად, მის გარეშე. ეს წარმოდგენები ხორცშესხმულია ვაჟა
პოეტურ სახეებში. „როდესაც ვაჟა, _ წერს გ. ქიქოძე, _ მდუმარე და რაღაცის
მომლოდინე მთებს ეკითხება, რატომ არ მღერით, მთებოო, როდესაც ის ამბობს,
ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინიო, როდესაც ის მომაკვდავ იას
აჩივლებინებს, თუ გამაჩინე, უფალო, დიდი დღე რად არ მომეო, როდესაც ის
სინანულს გამოთქვამს, რომ ადამიანად გაჩნდა და არა წვიმის წვეთად, რომელიც
ორთქლდება, რათა ხელახლა ღრუბელთ გულმკერდის მძივად იქცეს, ამით მას სურს
თავისი ორიგინალური მსოფლშეგრძნება გადმოსცეს, დიდად განსხვავებული
თანამედროვე ბუნებისმეტყველების მექანისტური მსოფლმხედველობისაგან“. აქვე გ.
ქიქოძე იმოწმებს ვაჟა-ფშაველას მეგობრის, ალ. სალარიძის მონათხრობს იმის
შესახებ, რომ ვაჟაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ცნობილი რუსი
პოეტის, ევგენი ბარატინსკის ლექსმა `გოეტეს სიკვდილზე~, სადაც რუსი პოეტი
ამბობს, რომ გოეთე ბუნების სუნთქვით ცხოვრობდა, რომ მისთვის გასაგები იყო
ნაკადულის ლიკლიკი და მცენარეთა ფოთლების საუბარი! და ა.შ. ბოლოს,
სალარიძის თქმით, „მთელი მთა სიხარულისა ამოსკდა ლუკას გულიდან,

1
ციბრუტივით ტრიალებდა ჩემს ოთახში და გაიძახოდა: _ აი ჩემი სარკე, მე ვიპოვნე
ჩემი თავი. ლუკა _ ეს ჩანასახშივე გენიალური გლეხი, ბუნების შეგრძნობასა და
გაგებაში ორივე ფეხით იდგა სპინოზას პანთეისტურ თვალსაზრისზე და ღმერთად
მიაჩნდა სამყაროს გასულიერებული სუბსტანცია“.
უნდა ითქვას, რომ გერონტი ქიქოძის ამ შეხედულებებმა ფართო გავრცელება
ჰპოვა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში და შემდგომ არაერთხელ
მსჯელობდნენ ვაჟა-ფშაველას ანიმიზმისა და პანთეიზმის შესახებ. მაგრამ შეიძლება
ვიმსჯელოთ მხოლოდ იმის შესახებ, რომ ვაჟას შემოქმედებაში ბუნების საგნების
გასულიერება წააგავს ანიმიზმს, მაგრამ არ არის ანიმიზმი. როდესაც ვაჟა
ალაპარაკებს ბუნების უსულო საგნებს, ეს სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა
ბუნების მხატვრული ასახვის ხერხი და ამიტომ შეიძლება ვიმსჯელოთ ბუნების
ხედვისა და ასახვის განსაკუთრებული, ვაჟასეული ალეგორიული მანერის, მაგრამ
არა ანიმიზმის შესახებ.
ახლა განვიხილოთ, რა არგუმენტები მოჰყავს გ. ქიქოძეს, როდესაც მსჯელობს
ვაჟა-ფშაველას პანთეიზმის შესახებ.
„თავისი პანთეისტური მსოფლმხედველობის გამოსახატავად ვაჟა-ფშაველა
მიმართავს ხალხურ წარმართულ წარმოდგენებს; ის ბუნებას ადამიანისადმი
მტრულად განწყობილი გენიებით _ დევებით და მათთან მებრძოლი კეთილი
სულებით _ კოპალა-იახსარებით ასახლებს. ეს დუალიზმი ფილოსოფიურ და
ეთიკურ ხასიათს ღებულობს, ცხოვრება სინათლის და სიბნელის, ბოროტებისა და
სიკეთის დაუსრულებელი ჭიდილის სახითაა წარმოდგენილი(„მთიულის სიმღერა“):

მზეო. რა ცოტა ხანს გხედავთ, მოხვალ. თავს დაგვეფარები...


რა მალევ დაგვემალები! ბოროტს თან დასდევს მოსისხლე
ეცდი მზის ჩასვლას, სიბნელევ, ბოროტი აბირებული...

... მიუხედავად... მუდმივი ბრძოლისა სიბნელესა და სინათლესა, ბოროტებასა და


სიკეთეს შორის, ბუნება მაინც რაღაც ღვთაებრივი ჰარმინიითაა გამსჭვალული... ვაჟა-
ფშაველა მჭევრმეტყველურად გვარწმუნებს, რომ ბოლოს სამყაროს კონტრასტები
მაინც ერთმანეთს უთანხმდებიან და უზენაეს მშვენიერებას ქმნიან. ბუნება
მბრძანებელიც არის და თავისივე თავის მონაც, სიკეთის მომხვეჭიც და ავის მქნელიც,
პირიმზის გამხარებელიც და ზვავის ჩამომშვავებელიც, მაგრამ მაინც ლამაზია და
მაინც სიტურფით ჰყვავის“.

2
ალბათ, ეს თვალსაზრისიც არაა გასაზიარებელი, რადგან ვაჟა-ფშაველას არ
ჩამოუყალიბებია ფილოსოფიური სისტემა, რომელშიც გამოვლინდებოდა მისი
რწმენა იმისა, რომ „ბუნება ღვთაებრივი სულითაა გაჟღენთილი და რომ ღმერთი არ
არსებობს ბუნებისგან დამოუკიდებლად, მის გარეშე“. ვაჟა-ფშაველა პოეტია,
რომელიც ასახავს თავის ნაწარმოებებში ბუნებას როგორც პოეტი, ანუ ხატოვნად
(ხელოვნების სპეციფიკის შესაბამისად), წარმოაჩენს ბუნების მოვლენათა
ურთიერთკავშირს და ა.შ. მაგრამ როგორ გაიაზრებდა ვაჟა-ფშაველა ბუნებას
რეალურად, ეს სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში ვაჟას მსოფლმხედველობისა და
მისი შემოქმედების გაიგივება მართებული არ იქნება.
საერთოდ, ყველა ხელოვანს რომ მივაწეროთ რეალური რწმენა იმისა, რაც
ასახულია მათ შემოქმედებაში, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ამიტომ ვაჟას არ უნდა
მივაწეროთ არც ანიმიზმი, და არც პანთეიზმი.
სამართლიანად აღნიშნავდა აკაკი ბაქრაძე: „მას მერე, რაც ვაჟას შემოქმედების
კვლევა დაიწყო, რაგინდარა –იზმი არ მიუწერიათ მისთვის _ ჰილოძოიზმი ,
პანთეიზმი, პაგანიზმი და თქვენ წარმოიდგინეთ, ათეიზმიც კი. ისე,... არც იყო ეს
მოულოდნელი. იმ უცნაურ სამყაროში, ვაჟა-ფშაველამ რომ შექმნა, თავისუფლად
იპოვით საკვებს ყოველგვარი –იზმისთვის. პოეტის უკიდეგანო ფანტაზია და ნიჭი
თანაბარი ძალით ჭვრეტდა და გრძნობდა სულიერსა და უსულოს, ხორციელსა და
უხორცოს, რეალურსა და ირეალურს, მიწიერსა და ზეციერს“.
ამიტომ უფრო ადეკვატური იქნება, ვიმსჯელოთ ვაჟა-ფშაველას მიერ
შექმნილი განსაკუთრებული მხატვრული სამყაროს შესახებ ისე, რომ არ ვეძიოთ
მასში არავითარი –იზმი.
გ. ქიქოძე მართებულად შენიშნავს, რომ უეჭველია ვაჟას იდეური ერთობა
ილიასა და აკაკის საზოგადოებრივ მიზნებთან და მოღვაწეობასთან. უეჭველია, რომ
ყოველი მასალა, ყოველი მოვლენა ვაჟას მიერ, უპირველეს ყოვლისა, ეთიკური
თვალთახედვითაა შეფასებული და განსახიერებული. ამ მხრივაც მისი პოზიცია
არსებითად ილიასა და აკაკის პოზიციაა, ესე იგი, ვაჟა ჩართულია იმდროინდელ
საზოგადოებრივ მოძრაობაში, როგორც მისი აქტიური წევრი.
მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო მკვლევარი გრ.
კიკნაძე აღნიშნავდა, რომ „ვაჟა-ფშაველამ თავის ნაწარმოებთა შინაარსს ახალი აზრი
და მიმართულება მისცა. ჩვენს ადრინდელ და ვაჟას თანამედროვე მწერლობაში
შეუნელებელი იყო ინტერესი ისეთი მონაცემებისადმი, რომლებსაც ქვეყნის ისტორია
ინახავდა და აშუქებდა (ამას მოწმობს ილიას და, განსაკუთრებით, აკაკის მთელი
შემოქმედება). მაგრამ ქართულ ლიტერატურაში იშვიათად იყო მოხმობილი

3
მითოლოგიური სამყარო. სწორედ ვაჟამ გაამახვილა მკითხველის თვალი და სმენა
„დევთა სახილველადა“ და მათი ღრიალის მოსასმენად; მის შემოქმედებაში გამოჩნდა
და აწინასწარმეტყველდა ლაშარის ჯვარი; ვაჟამ მიანიჭა სიზმრისეულ ხილვებს და
მოჩვენებებს რეალობის ძალა; მის შემოქმედებაში გაინაბა, ამღერდა და აქვითინდა
მთელი ბუნება ისეთი შეუნელებელი რეალობით, როგორც ეს მითებისთვის არის
დამახასიათბელი. ვაჟა-ფშაველა პირდაპირ შეიჭრა მითოლოგიაში და მითთა აზრისა
და მნიშვნელობის შესაფასებლად მოამზადა ქართველი მკითხველი და ქართული
კრიტიკა. ამ გზით _ ქართულ ლიტერატურასთან ერთიანობის ვითარებაში _ თავისი
უჩვეულო ხატოვანებითა და განცდითი შინაარსით ქმნიდა ვაჟა ახალ სამყაროს“.
გრ. კიკნაძე ყურადღებას ამახვილებს ვაჟას შემოქმედების იმ ასპექტზე, რომ აქ
მრავლად გვხვდება სიზმრის მოტივი. სიზმარს ვაჟასთან წინასწარმეტყველური
მნიშვნელობა აქვს. კიდევ უფრო დიდი ადგილი უკავია მის ნაწარმოებებში ხილვებსა
და ჩვენებებს. ეს ჩვენებები, მკვლევრის თვალსაზრისით, იმდენად ბევრია, რომ ვაჟას
მთელი შემოქმედება ასეთ ჩვენებათაგან ამოზრდილად და მათზე
დაყრდნობილადაც კი მოიაზრება.
ვაჟა-ფშაველას პოემების შინაარსი, გრ. კიკნაძის თქმით, უაღრესად
სოციალურია. მართალია, მწერალი ასახავს ადამიანის ქცევას თანამედროვე და უფრო
შორეული მთის საზოგადოებრივ ვითარებაში, მაგრამ მისი ინტერესი ამ
საკითხისადმი იმდენად ღრმაა და ფართო, რომ მოიცავს ყოველი დროისთვის
უაღრესად აქტუალურ პრობლემას _ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის
პრობლემას.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ალუდა ქეთელაური“ და
„სტუმარ-მასპინძელი“. რაკი ეს ნაწარმოებებში საზოგადოება _ თემია, ამდენად,
ლიტერატურულ კრიტიკაში განიხილებოდა თემისა და პიროვნების ურთიერთობის
საკითხი. კრიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ პოემების თემაა დაპირისპირება
თემს, როგორც საზოგადოების კერძო ტიპსა და პიროვნებას შორის. ალუდა
ქეთელაური და ჯოყოლა არღვევენ თემის ადათებს და სწორედ ამის შედეგია
ალუდას გაძევება თემიდან და ჯოყოლას განაპირება.
გრ. კიკნაძის აზრით, არც ერთ და არც მეორე პერსონაჟს სულაც არა აქვთ
განზრახული ადათის დარღვევა. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ თემის წევრები
ძალადობენ, დაბრმავებულები არიან და ან თვით არღვევენ ადათს, ან
სავალდებულოდ იმას აცხადებენ, რასაც ათასწლოვანი ადათობრივი სამართალი არ
გულისხმობს.

4
მტრის მკლავის მოჭრა არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ადათობრივი
სამართლის ნორმა. ამ ჩვეულების სავალდებულობის ცნობიერება არა აქვს ალუდას:
რაად სწყრებიან ხევსურნი, „წესი არ არის მტრის მოკვლა,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?! თუ ხელ არ მასჭერ დანითა“.
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი ვაი ეგეთას სამართალს,
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა~ მონათლულს ცოდვა-ბრალითა!

მკვლევარი აქვე აქვე აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ამ ჩვეულებათაგან გადახვევა


პიროვნების ღირსებას მოწმობს. მაგალითად, ვაჟას პოემაში „ივანე კოტორაშვილის
ამბავი“ მთავარი გმირი შემდეგნაირადაა დახასიათებული:
ღონესთან ჭკუაც დიდ ჰქონდა, მტერს რო მოკვლიდის, იტყოდის:
გული ხომ ედვა ლომისა, `ვეღარა ვჯიჯგნი, მცხვენია,
მეტად ლამაზად იცოდა მკვდარს რო მარჯვენა მოვაჭრა,
წესი და რიგი ომისა. რა ჭკვაში მოსახდენია!
მას არა ჰქონდა წესადა რა ბიჭობაა, უსულოს
მტრისად მოეჭრა მარჯვენა; ლეშს კიდევ სისხლი ვადინო~.

„მაშასადამე, _ ასკვნის მკვლევარი, _ მკლავის მოჭრა არ არის ადათობრივი


ნორმა. ალუდა ქეთელაურის შემთხვევაში მთავარია, რომ ის შეიჭრა სარწმუნოებრივ
სფეროში, მისი ნორმა დაარღვია და ამიტომაც დაისაჯა. ასეთი ქცევისთვის კი
პიროვნება დაისჯებოდა ყოველნაირ საზოგადოებრივ ფორმაციაში და არა მხოლოდ
თემური წყობილების პირობებში. საკითხის არსი უფრო მკაფიო გახდება, თუ
ნაცვლად თემისა და პიროვნების ურთიერთობის პრობლემისა, ვიმსჯელებთ
საზოგადოების და პიროვნების ურთიერთობის შესახებ. ამით პოემაში დასმული
საკითხი უფრო განზოგადებულ სახეს მიიღებს“.
ლიტერატურულმა კრიტიკამ თემისა და პიროვნების დაპირისპირების კიდევ
უფრო აშკარა მაგალითად მიიჩნია „სტუმარ-მასპინძელში“ ასახული სიტუაცია.
ჯოყოლამ და აღაზამ უღალატეს თემს, ქისტების მოსისხლე მტერს უმასპინძლეს და
ეს თითქოს საკმარისია იმისთვის, რომ აქ დავინახოთ თემის ათასწლოვანი ადათის
უარყოფა. მაგრამ, გრ. კიკნაძის მტკიცებით, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა მართალი.
თუმცა თემს გამომუშავებული ჰქონდა ტრადიცია მტრისადმი მტრულად
დახვედრისა,
მაგრამ მტერს მტრულად მოექეც,
თვითონ უფალმა ბრძანაო,

5
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო...
ამბობს ხალხი `სტუმარ-მასპინძელში~.

„ამგვარად, _ ასკვნის გრ. კიკნაძე, _ ამ ადათის არსებობა უეჭველია. მაგრამ


თემშივე არსებობს ტრადიცია ვაჟკაცის პატივისცემისა და, ამასთანავე, მის გვერდით
განმტკიცებულია ტრადიცია სტუმართმოყვარეობისა, ტრადიცია, რომ სტუმარი
უნდა დაიცვა და უჭირისუფლო. ამას მოწმობს აღაზასადმი მიმართული ჯოყოლას
სიტყვები: `აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა“.
უფრო მკაფიოდ ჩანს ამ ადათის ძალა ჯოყოლას სიტყვებში:
ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა
...უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ.
ანდა:
დღეს სტუმარია ეგ ჩემი.
თუნდ ზღვა ემათოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა და ა.შ.

მაშასადამე, თემში არსებობს ადათი მტრის მტრულად დახვედრისა და, ამასთანავე,


მოქმედებს ადათი სტუმრის პატივისცემისა. ამათგან არც ერთ ადათს არ გაურბიან
ვაჟას გმირები. ჯოყოლა სრულიადაც არ ზრუნავს ზვიადაურის, როგორც მტრის
დაცვაზე:
მე გთხოვ, გაუშვა, მუსაო.
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.

ამგვარად, ჯოყოლა აღიარებს იმ ადათს, რომლის თანახმადაც ოჯახიდან


გასული სტუმრის მიმართ ისევ ძალაში შედის სისხლის აღების წესი. ჯოყოლას
აზრადაც კი არ მოსდის, უღალატოს თემს. საერთო მტერთან შეტაკებისას ის იშვიათ
გამბედაობას იჩენს.

6
გრ. კიკნაძის შეხედულებით, ვაჟას პერსონაჟები რომელიმე ადათის დარღვევას
არ ცდილობენ და, მაშასადამე, არ შეიძლება ისინი თემის უძველესი ტრადიციების
მოწინააღმდეგეებად ჩავთვალოთ.
საქმე ისაა, რომ თვით თემი შეიცავს ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ
ტრადიციებსა და ადათებს. სწორედ ამიტომ პიროვნება შეიძლება ტრაგიკულ
მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ვაჟას გმირებმა არ იციან ადათი, თუ როგორ უნდა
მოიქცეს ადამიანი მაშინ, როდესაც მტერი ესტუმრება. რომელ ადათს უნდა მისდიოს
მან, სტუმართმოყვარეობისა თუ სისხლის აღებისა? ამ კითხვებზე არ არის მოცემული
პასუხი თვით თემის ადათებში. აქედან გამომდინარეობს, რომ პიროვნება თემის
ტრადიციების მოწინააღმდეგე კი არ არის, არამედ თვითონვე ხდება თემში
არსებული წინააღმდეგობის მსხვერპლი.
ვაჟა-ფშაველამ, გრ. კიკნაძის შენიშვნით, გვიჩვენა, რომ პიროვნების ტრაგედია
აღმოცენებულია საზოგადოების შიგნით არსებული წინააღმდეგობის საფუძველზე.
თემური წყობილების მაგალითზე მწერალი აშუქებს ყველა საზოგადოებრივი
წყობილებისთვის ძალზე აქტუალურ პრობლემას.
„გველის მჭამელის“ გრ. კიკნაძისეული ანალიზი ასევე საინტერესო და
ორიგინალურია. მკვლევრის თვალსაზრისით, ამ პოემაში ვაჟა გვიჩვენებს, თუ რა
ძალები გააჩნია ადამიანს, რომელთა მეოხებითაც მას შეუძლია ჩასწვდეს გარე
სამყაროს რაობას და გაერკვეს მის საიდუმლოებებში. გავრცელებულია აზრი, _
აღნიშნავს გრ. კიკნაძე, _ რომ „გველის მჭამელის“ ძირითადი პრობლემაა პრობლემა
სიბრძნისა, ადამიანის ყოვლისმცოდნეობისა, ყოვლისმცოდნების შესაძლებლობისა
და რომ ყოვლისმცოდნეობის განსახიერებას მინდია წარმოადგენს.
მინდიას სიბრძნეზე მიუთითებს პოემის ის პასაჟები, რომლებშიც ნათქვამია,
რომ ქაჯეთში მყოფმა, მან თვითმკვლელობის მიზნით შეჭამა გველის ერთი ნაჭერი
და `გამეცნიერდა გლეხია~. მინდიამ მოიპოვა მკურნალობის უნარი იმით, რომ
მცენარეთა ენა გასაგები გახდა მისთვის. სხვებისთვის მიუწვდომელი უნარების
წყალობით იმარჯვებს მინდია მტერზე, როდესაც ხალხი განსაცდელშია.
როდესაც მინდია გადაუხვევს ამ გზას, როდესაც დაიწყებს „თავის რწმენასთან
მოქცევას მელაობითა“, მაშინ დაკარგავს უნარს მცენარეთა და ფრინველთა ენის
გაგებისა და აღარც მტერზე გამარჯვების უნარი შერჩება. მეტიც, ის ჩვეულებრივ
ადამიანებზე უფრო ნაკლებფასოვანი აღმოჩნდება.
არის თუ არა საკმარისი ეს ნიშნები, რათა მინდიას ყოვლისმცოდნეობაზე
ვისაუბროთ? _ კითხულობს გრ. კიკნაძე.

7
მართალია, მინდიას ესმის ბუნების ენა, მაგრამ „შეუძლია“ განა ნიშნავს, რომ
მან „იცის“? არა! მინდიამ საზოგადოდ კი არ იცის, რა რისი წამალია, არამედ ესმის,
როდესაც ყვავილები საკუთარ თავს სთავაზობენ.
ცნობილია, რომ დაავადებული ცხოველი მიდის, არჩევს და პოულობს
გარკვეულ მცენარეს, რომელიც მას კურნავს. მაგრამ აქ ცოდნაზე, როგორც ასეთზე,
ლაპარაკი არ შეიძლება. ასეთი ფაქტები, საზოგადოდ, ადამიანისთვისაც არ არის
უცხო.
ის უნარი, რაც ცხოველებს, გარკვეული თვალსაზრისით, უპირატესობას
ანიჭებს, ადამიანმა ვეღარ შეინარჩუნა. მის ცხოვრებაში ინსტინქტის ადგილი დაიკავა
ინტელექტმა.
მინდიამ კი არ იცის, არამედ მას აქვს უნარი, შეიგრძნოს და მიხვდეს. მინდიამ
ბუნების კანონები კი არ იცის, არამედ იგი უბრალოდ ხვდება ბედსა თუ უბედობას,
ამა თუ იმ წამოწყების ვარგისობა-უვარგისობას. მინდიას გონება ცოდნაზე
ორიენტირებული არ არის. ასეთი გზა მიზნის მიღწევისა არ არის ცოდნის გზა. ის
ბრმა გზაა, მიუხედავად იმისა, რომ მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნას. ეს ნამდვილი
ცოდნა არ არის იმიტომაც, რომ ის სხვათათვის მისაწვდომი არაა, სხვებისთვის მისი
გადაცემა შეუძლებელია. (გააჩნია ცოდნის ტიპს. ესაა განსაკუთრებული ცოდნა,
რომელიც ისეთი გზით იქნა მოპოვებული, რომ ცხადია, მისი გადაცემა სხვებისთვის
მინდიას არ შეეძლო, მინდიას თანამოძმეებისთვის არსებობდა მაგიური ცოდნის
მოპოვების ერთადერთი გზა _ ქაჯების საჭმელის შეჭმისა. ხომ არ აუფასურებს
კიკნაძისეული ინტერპრეტაცია პოემის ვაჟასეულ ჩანაფიქრს? გარდა ამისა, მინდიამ
შეიძინა არა ცოდნა, არამედ _ უნარი, ის, რასაც ნიჭს ან გენიას ვუწოდებთ _ მისი
გადაცემა სხვებისთვის კი შეუძლებელია. როდესაც საუბრობენ მინდიას სიბრძნის
შესახებ, რა თქმა უნდა, არ გულისხმობენ ადამიანურ ცოდნას, რომელიც
გადაცემადია სხვებისთვის).
მინდიას გამეცნიერება არც თავისი შინაარსით და არც თავისი საფუძვლით
ჭეშმარიტი ცოდნა არაა. მაგალითად, მან არც კი იცის, რომ ისეთი მოქმედება,
რომელსაც მისგან მისი ცოლი, მზია მოითხოვს, მისი უნარის დაკარგვას გამოიწვევს.
მას მხოლოდ გული აბრკოლებს. მხოლოდ მისი გული ეწინააღმდეგება მცენარეთა
მოჭრას და ცხოველთა დახოცვას.
მინდიას ცოდნა მოპოვებული არა აქვს იმ გზით, რომლითაც ნამდვილი ცოდნა
შეიძინება. ცოდნის დაკარგვაც ისე არ შეიძლება, როგორც ამას მინდიას შემთხვევაში
აქვს ადგილი. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მინდიას შეუძლია გაიგოს ის, რაც
სხვებისთვის არაა მისაწვდომი და მიაღწიოს იმას, რასაც სხვები ვერ ახერხებენ?!

8
მართალია, ვაჟასთან მინდიას მოქმედებას ინტელექტი არ განაგებს, მაგრამ სრულიად
ნათელია, რომ „გველის მჭამელში“ წარმოდგენილია ბუნების წვდომისა და საჭირო
მოქმედების განხორციელების გრძნობითი გზა. აქ ცხადად ჩანს ვაჟას აზრი, რომ
ბუნებასთან სიახლოვე თავისებური გზით არის შესაძლებელი. ეს გზაა ინტუიციის
გზა.
ინტუიციით ბუნების წვდომის პრობლემა დგას მკაფიოდ „გველის მჭამელში“.
ვაჟამ დაგვანახა, რომ გარდა გონებისა, არის სხვა საშუალებაც _ და ხშირად
საუკეთესო საშუალებაც _ გარემოში გარკვევისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ
მოქმედებისა. ეს არის მოქმედება ინტუიციის კარნახით.
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ინტუიტური მოქმედება ეწინააღმდეგება ანდა
გამორიცხავს გონების კანონით მოქმედებას? ეს საკითხიც დგას `გველის მჭამელში~.
ჩალხია განსჯის მინდიას მოქმედებას სწორედ გონების თვალით, მარტივი
ლოგიკით:
ვსთქვათ, სიბრალული კარგია
ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი...
კაცის კვლა ყველასა სჭარბობს,
თუნდ მტერი იყოს ყოველთი,
მაშ, აღარც უნდა კაცს ვკლავდეთ…

ასეთია ლოგიკა, მაგრამ მინდია მტერს, კაცს კლავს. აქ წინააღმდეგობაა,


ჩალხიას აზრით. ეს შენიშვნა თითქოს სამართლიანია, აღნიშნავს გრ, კიკნაძე, მაგრამ
სიბრალული არ ნიშნავს საკუთარ არსებობაზე ხელის აღებას. არ მოკლა ის, რასაც
ზიანი არ მოაქვს, არ მოჭრა ხე _ არ ნიშნავს, რომ თავი არ დაიცვა მტრისგან. ის, რაც ან
ვინც თავდამსხმელია და მომსპობი, თვით უნდა მოისპოს. ეს სამართლიანია. ამ
გაგებით, მინდიას პოზიცია თანმიმდევრულია და ჩალხიას შენიშვნა ძალას კარგავს.
ადამიანს ესაჭიროება შეშა; ვაჟკაცნი ვერ გახდებიან „ყმაწვილნი უხორცოდ
დაზრდილნი“, მინდია კი ხეს არ ჭრის, ნადირს არ ხოცავს. ის ფიქრობს, რომ ადამიანი
უნდა დასჯერდეს „ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა“. ამითაც გაიტანს თავს.
რა დაემართება ადამიანს, მინდიას გზას რომ გაჰყვეს? ზოგი ფიქრობს, რომ ასე
ადამიანი დაიღუპება. მინდია ფიქრობს, რომ _ არა. მისი აზრით, ადამიანი უფრო
ბედნიერიც იქნება, თუ მკვლელობაზე აიღებს ხელს. გრ. კიკნაძის თქმით, ეს აზრი, ეს
შეხედულება ცხოვრებისა და ადმიანის შესახებ უფრო კეთილშობილურია, ვიდრე
შეხედულება, რომელიც ადამიანის არსებობის საჭიროებით ამართლებს სისასტიკეს
და მკვლელობას.

9
ამგვარად, ასკვნის გრ. კიკნაძე, უნდა ვიფიქროთ, რომ `გველის მჭამელში~
ნაჩვენებია ადამიანთა განსხვავებული ბუნება, რომ აქ არაა წინააღმდეგობა იმის გამო,
რომ სისათუთის გვერდით მტრის მოსპობაა ამოცანად დასახული.
საბოლოო ანგარიშში, მკვლევრის მითითებით, ვაჟამ გვიჩვენა ის განსხვავება,
რომელიც ინტუიციასა და ინტელექტს შორის არსებობს, როდესაც ეს უკანასკნელი
ვიწროა და შეზღუდული. ადამიანის ინტუიციას ზნეობრივი სახე აქვს. მისი
წარმმართავი პრინციპი ჰუმანურობაა. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი გონებაც ამ
პრინციპით ხელმძღვანელობს, მაშინ გამორიცხულია ინტუიციასთან მისი
დაპირისპირება.
რაც შეეხება „ბახტრიონს“, გრ. კიკნაძე საგანგებო მნიშვნელობას უთმობს
პოემის ბოლო თავს, რომელშიც შეინიშნება ზღაპრის ნიშან-თვისებები, მაგრამ მაინც
განსხვავდება ზღაპრისგან.
საქმე ისაა, ამბობს გრ. კიკნაძე, რომ ჩვეულებრივ ზღაპარში აქცენტი
გადატანილია საკუთრივ ამბავზე ისე, რომ ამ ამბის განვითარების პერიპეტიები არ
წარმოადგენს მთქმელის საგანგებო ინტერესის საგანს. ამიტომ ზღაპრის ამოცანას არ
წარმოადგენს მკითხველის თუ მსმენლის დარწმუნება ნაამბობის ნამდვილობაში.
„ბახტრიონის“ ის ეპიზოდი, სადაც დაჭრილი ლუხუმის განკურნების ამბავია
გადმოცემული, დეტალიზაციისკენ მისწრაფების გამო ვერ ეტევა ზღაპრული
გადმოცემის ფარგლებში. ამასთანავა, ის სხვაგვარია მიზანდასახულობითა და არსით.
აქ მხოლოდ ის კი არაა ნათქვამი, რომ ლუხუმს გველმა უმკურნალა, არამედ _
დაწვრილებითაა დახატული გველის ბუნების შეცვლის პროცესი. თუ ხალხური
პოეზია მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ „ლუხუმდ გველ შამეეჩვია, _ მუხლს
ულოკს, უკურნისაო“. ვაჟა-ფშაველა დაწვრილებით ახასიათებს რთულ ვითარებას.
გველი წყლულს ულოკდა, ლუხუმს, თავისი ცრემლით „მკერდს უსველებდა
მხედარს“, საჭმელიც მიჰქონდა მისთვის, წყალსაც უზიდავდა და ღამღამობით
ზღაარსაც უამბობდა.
ასეთი დაწვრილებითი აღწერა, სამართლიანად შენიშნავს გრ. კიკნაძე,
დამაჯერებლობას ანიჭებს ამ დაუჯერებელ ამბავს და ამგვარად იხსნება გზა
დარწმუნებისკენ. ასეთი დეტალებით ავსებული მონათხრობი უკვე მთლიანად
ზღაპარი არაა, ის ნამდვილი ამბის შთაბეჭდილებამდე აღწევს, ანუ ზღაპრული
შინაარსი თითქმის რეალურის დონემდეა აყვანილი. რეალობის ასეთი გრძნობა არის
საფუძველი იმ განსხვავებისა, რომელიც არსებობს ზღაპრულსა და მითურს შორის.
დაუჯერებელი აქ დამაჯერებლობის სახით გვევლინება. აქ გრ. კიკნაძე ადარებს ვაჟას
პოემის ამ ეპიზოდს ძველ ბერძნულ მითებს, რომლებშიც ასევე დეტალურად,

10
დამაჯერებლად არის გადმოცემული დაუჯერებელი _ ოლიმპის ბინადართა
ცხოვრების ფაქტები.
ამავე ხერხს მიმართავს ვაჟა-ფშაველა ქადაგის წინასწარმეტყველებისა და
ამხედრებული ლაშარის ჯვრის ხილვის გადმოცემისას. „ვერა ჰნახეთა, ბატონი წინ
მიგვიძღვება ცხენითა“ _ შესძახებს ლაშქარს თავისივე ხილვით აღფრთოვანებული
ლუხუმი და მხედრებისგანაც გვესმის ნაირნაირი ჩვენების თხრობა, რომელთაგან
ყოველ მათგანს დამაჯერებელი ფაქტის ძალა აქვს მინიჭებული ვაჟას მიერ სწორედ
იმის წყალობით, რომ ეს ხილვები უაღრესად დეტალიზებულია.
ხელოვნებაში ფანტასტიკურს იშვიათად შეუძენია დამაჯერებლობის ისეთი
ხარისხი, როგორსაც მან ვაჟა-ფშაველას შედევრებში მიაღწია. ის არა მარტო
მისდევდა, არამედ თვითონაც ქმნიდა სინამდვილეს, რომელიც ჩვენს აზროვნებასა და
ლიტერატურაში ვაჟა-ფშაველას მიერ შექმნილი სამყაროს სახით მოგვევლინა.

11

You might also like