You are on page 1of 7

ედგარ პო - მალსტრემში დანთქმა

გზანი ღვთისა ბუნებასა და, ეგრეთცა, განგებულებაში არა არიან ჩვენი გზანი; ვერცა ვერასდროს
ვემსგავსებით მას, რამეთუ განუზომელი, დაულეველი და მიუწვდომელი არიან საქმენი მისნი, რომელთა
სიღრმე უფრორე უსაზმოა, ვინემ დემოკრიტეს ჭა.
ჯოზეფ გლენვილი

წარაფის უმაღლეს წვეროს მოვატანეთ. მოხუცი კაცი, როგორც ჩანს, ისე მოქანცულიყო, რომ ენა ვეღარ
მოებრუნებინა რამდენსამე წუთს.
- არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, - თქვა ბოლოს, - ჩემი ბიჭებიდან ყველაზე უმრწემესისამებრ ამ
ბილიკზე იოლად ამოგიძღვებოდით, მაგრამ, ასე, სამი წლის წინ ამბავი დამემართა, უბრალო მოკვდავს
ჯერ რომ არ გადახდომია, ან, უფრო სწორად, ამბის მთქმელი არავინ გადარჩენილა ცოცხალი. ექვსი
საათი გასტანა ამ სასიკვდილო განსაცდელმა და სული და ხორცი შემირყია. ღრმად მოხუცებული
გგონივართ ალბათ, მაგრამ არა - ერთი დღე არ დაღამებულიყო და კუპრივით შავი თმა ვერცხლისფერი
გამიხდა, მომიუძლურდა მუხლი, ნერვები დამისუსტდა, უბრალო რამეზე ახლა კანკალი მომეკიდება
ხოლმე, საკუთარი ჩრდილისაც კი მეშინია - აი, ამ შემაღლებული ადგილიდან, რომ გადავიხედავ თავბრუ
მეხვევა იმწუთასვე.
მოხუცი შეუშფოთებლივ იწვა „შემაღლებული ადგილის“ კიდესთან, სხეულის უმეტესი ნაწილით
გადაკიდებულიყო ამ ჩაქანებულ და მოლიპულ ალაგზე და თავს იდაყვითღა იმაგრებდა. ეს
„შემაღლებული ადგილი“ იყო ასე, ას ორმოცდაათი თუ ას სამოცი ფუტი სიმაღლის შავად მბზინავი
ქარაფი, კლდოვანი უფსკრულიდან ამოზიდულიყო ეს ქარაფი და ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ხუთი, ექვსი
იარდითაც ვერ მივუახლოვდებოდი მის ნაპირს. ჩემი თანამგზავრი ასეთ ყოფაში რომ დავინახე, გული
გადამიქანდა, პირქვე დავემხე და ბუჩქებს ჩავეჭიდე. მაღლა ცის შეხედვას ვეღარ ვბედავდი, ვაითუ ქარის
კვეთებამ მთას საძირკველი შეურყიოს-მეთქი. კარგა ხანს გასტანა ასე, სანამ გონს მოვედი; ვაჟკაცობა
მოვიკრიბე და წამოვჯექი, იქაურობას თვალი მოვავლე.
- ეგ არაფერია, - დამამშვიდა მოხუცმა, - იმიტომაც ამოგიყვანეთ აქ, რომ ეს ხედი უკეთ დაინახოთ და
თხრობისას თვალწინ გქონდეთ არემიდამო.
- ახლა კი, - განაგრძო თავისი გამორჩეული, უშფოთველი კილოთი, - ახლა კი ვართ ცოტათი
დაცილებული ნორვეგიის სანაპიროს. ნორლანდიის ვრცელი მხარის იმ ადგილას, ლოფოდენი რომ ჰქვია,
მის მკაცრ კუთხეში, სამოცდამერვე განედზე ვიმყოფებით. ქუში ჰელსეგენის სახელითაა ცნობილი ეს მთა.
თუ თავბრუ გესხმით, ბალახს მოეჭიდეთ... ასე... ქვემოთ გაიხედეთ, ნისლის ზოლს იქით, ზღვისკენ.
თავგაბრუებული მივჩერებოდი ოკეანის უკიდეგანო სივრცეს, ისეთი მელნისფერი დაჰკრავდა წყალს, რომ
მომაგონდა ნუბიელი გეოგრაფის სიტყვები Mare Tenebrarum-ის გამო.

ენა ვერ იტყვის, იმდენად სევდის აღმძვრელი და მივარდნილი გამოჩნდა სახედი. სანამდისაც
წვდებოდა თვალი, მარჯვნივ და მარცხნივ, ქვეყნიერების მცველ ზღუდისამებრ გაწოლილიყო შემზარავად
ჩაშვებული ფრიალო წარაფი, მისი პირაშკმულობა უფრორე მომატებულიყო ტალღების ზათქითა და
ყმუილით; სწორედ პირდაპირ იმ კონცხისა, რომლის წვეროს მოვქცეოდით, ზღვაში, დაახლოებით ხუთი
თუ ექვსი მილის მოშორებით თალხისებრ მოჩანდა პატარა კუნძული, ანუ, სწორად რომ ვთქვათ,
ზვირთების მძვინვარებისდა კვალად მის მდებარეობასღა ხვდებოდა კაცი. ამ მიწიდან ორი მილის
დაცილებით წამომართულიყო სხვა - შედარებით მომცრო, სულ კლდოვანი, მწირი და მრუმე კლდეებით
შემოზღუდული მთა.
- აი, იმ შორეულ კუნძულს, - განაგრძო მოხუცმა, ვურგს ეძახიან ნორვეგიელები. ჩვენგან უფრო ახლოს -
მოსკეა. ამბაარენი ერთი მილით ჩრდილოეთითაა. იქით კი ისლესენი, ჰოთჰოლმი, კაიდჰელმი, სუარვენი
და ბუქჰოლმი მდებარეობს. მოსკესა და ვურგს შუა, ზემოთ -ოტეჰოლმი, ფლიმენი, სანდფლესენი და
სტოკჰოლმი. ესენი ამ ადგილების ნამდვილი სახელებია. მაგრამ ამათთვის სახელების შერქმევა ვის რად
დასჭირდა, ეს მე არ ვიცი და ვერც თქვენ გაიგებთ ალბათ როდესმე. არაფერი გესმით, წყალს რა
ემართება, თუ ხედავთ? თითქმის ათი წუთი გავიდა, რაც ლოფოდენის შიდა მხრით წამოსულებმა
ჰელსეგენის წვეროს მოვაღწიეთ, ასე რომ, სანამ აქედან ზღვა უცებ თვალწინ არ გადაგვეშალა, მისთვის აქ
ამოსვლამდე ერთხელაც არ მოგვიკრავს თვალი. სიტყვა არ გაესრულებინა ჯერ კიდევ მოხუცს, ამერიკულ
პრერიებში ბიზონის ჯოგის ღრიალის მაგვარი მაღალი, თანდათან მზარდი ხმიანობა ამომესმა. იმ წუთას
დავინახე, როგორც მეზღვაურები ეძახიან, ოკეანის „ჭრა“. წყლის ეს ნაწილი დინებად გადაიქცა და ჩემ წინ
თავბრუდამხვევი სიჩქარით იძრა აღმოსავლეთისაკენ. ხუთიოდ წუთში მრისხანედ აბობოქრდა მთელი ზღვა
ვურგამდე მოტანებული; მაგრამ მეტადრე მოსკესა და სანაპიროს შუა გაჰქონდა ზრიალი. ათას
საწინააღმდეგო დინებად დაიხვია აქ მთელი ეს ნაშაში და ნაბრძოლი სივრცე წყლისა, მერე შლეგური
კრუნჩხვებით უეცრად ჩაიხვია აუარება გიგანტურ ჭავლად და ასე მსწრაფლ ძირისძირამდე მიიხვევ-
მიიძირებოდა სტვენით, ზვირთცემითა და გურგურით; ასერიგად წყალი მხოლოდ ციცაბოდან მიგელავს
რამე უფსკრულში. ცოტა ხნის შემდეგ სრულიად შეიცვალა სურათი. მოსწორდა მთელი ზედაპირი,
ერთიმეორის მიყოლებით გაქრა ყველა მორევი და სადაც არ იყო ადრე, იქ გამოჩნდა მრავლისმრავალი,
მოგრძო-მოგრძო ქაფოვანი ზოლი, მერე ეს უთვალავი ხაზი კარგა შორს გაიჭრა, ერთსახად შენივთდა და
სპირალისებურად ჩაიხვია ბევრი წაპირქვავებული ტალღა, თითქოსდა ზღვას ახლა სხვა, უფრო ვრცელი
ზვირთის ამოგორება დაუპირებიაო. უცებ - მთლად უცებ ნათლად და საცხადოდ დავინახე ერთი მილის
უმეტესი დიამეტრის ორმო, მოელვარე შხეფების ფართო წრე შემოვლებოდა ამ ღურღუმელის კიდეს,
მაგრამ ერთი წვეთიც არ ხვდებოდა შემზარავ ხახაში, რომლის შიდა სივრცე იყო სადა, კუპრივით შავი,
პრიალა კედელი. ორმოცდაათი გრადუსით დაქანებულიყო ეს კედელი ჰორიზონტთან მიმართებით და
გულისამრევი სიჩქარით ბრუნავდა და ბრუნავდა. რყევითა და რწევით უმატებდა შემაძრწუნებელ ხმას.
ღრიალშერთულ ყმუილს - მსგავსი ამისა ნიაგარის უდიდეს ჩანჩქერსაც არ აღუმაღლებია ცად. თხემით
ძირამდე ზრიალი მოიღო მთამ, ირყეოდა ქარაფი. სახე ვერ მიმებრუნებინა და ზარდაცემული ჩავფრენოდი
მწირ ჯოყარს.
- სწორედ ესაა - ვუთხარი ბოლოს მოხუცს, სხვა რა უნდა იყოს: მალსტრემის გიგანტური მორევია.
- ჰო, ასე ეძახიან ხანდახან, - მიპასუხა ამ კაცმა, - ჩვენ, ნორვეგიელებს, მისთვის მოსკე-სტრემი
შეგვირქმევია, მოსკეს კუნძულის მიხედვით, აი იქ რომაა, შუაში. მორევის შესახებ დაწერილსა და
გაგონილს არ მოვემზადებინე იმისთვის, რასაც ვხედავდი. იონას რამუსი შედარებით გამოწვლილვით კი
მოგვითხრობს, მაგრამ ამ მონათხრობით სრულიად ვერ ვგებულობთ ამ სურათის მომაჯადოებლობას თუ
შემზარაობას, ანუ იმას, განუცდელი გრძნობა რომ მოიცავს ღურღუმელის ცქერით მთლად გაოგნებულ
კაცს. საიდან, რა წერტილიდან გადახედა აქაურობას ხსენებულმა ავტორმა - არ ვიცი. არც ის ვიცი, თუ რა
დროს გახლდათ აქ ამოსული. ყოველ შემთხვევაში, ჰელსეგენის წვეროზე არ იყო ნამყოფი ეს კაცი და არც
ქარიშხალი უნდა ყოფილიყო იმ დღეს. დეტალებს რაკიღა გვამცნობს, მისი მონათხრობიდან შეიძლება
რამდენიმე წინადადების მოყვანა, თუმცა ამ სანახაობით აღძრული შთაბეჭდილების გადმოცემა ვერაა
სრული.
„ლოფოდენსა და მოსკეს შუა, - მოგვითხრობს იონას რამუსი, - წყლის სიღრმე ოცდათხუთმეტი - ორმოცი
ფატომია, მაგრამ მეორე მხარეს, ვერისკენ (ვურგისკენ) წყალი იმდენად თხელდება, მთლად წყნარ
ამინდშიც ვერც რა ხომალდი ვერ გადაურჩება აქაურ კლდეებს. მოქცევის ჟამს დინება ლოფოდენისა და
მოსკეს შუა სანაპიროს გასაოცარი სიჩქარით მოწყდება, მისი ზათქი ძლივსღა შეედრება შემოგარენის
გამაყრუებელი, უსაზარლესი ჩანჩქერის გრიალს. ფართო და უძიროა ეს ღურღუმელი თუ უფსკრულოვანი,
დინებით მიტაცებული გემი უსათუოდ დაინთქმება, კლდოვან ფსკერზე, დაიმსხვრევა ნაფოტებად. მისი
ნამსხვრევებიღა ამოტივტივდება წყლის შმაგობის მინელებისდა კვალად. მაგრამ წყნარ ამინდშიც საათის
მეოთხედიღა გრძელდება მოქცევისა და მიქცევის შუა ხანი, მერე ისევ გააფთრდება თანდათანობით ზღვა.
ისედაც მალი დინება ქარბორბალას დროს უფრო მძვინვარებს და ნორვეგიული მილის სიახლოვეზე იქ
მისვლა საშიშია. ღურღუმელში დაენთქმებიან გაუფრთხილებლობით აქ მოხვედრილი ნავები თუ
ხომალდები. ასევე ხშირად ემსხვერპლებიან მის მრისხანებას ვეშაპნი - ენა ვერ იტყვის, რა გამწარებულის
ღმუილითა და ღრიალით ამაოდ იბრძვიან თავის გამოსახსნელად. ერთხელ, დათვი მიცურავდა
ლოფოდენიდან მოსკეს მხარეს, დინებამ მიიტაცა და გადაამზღვრია, თვით სანაპიროზე მოისმოდა მისი
შემზარავი ღრიალი. ნაძვისა და ფიჭვის ვეებერთელა ტოტებს რომ ჩაიხვევს დინება, მერე ამოისვრის
სრულიად დაჩეჩქვილს, მთლად ბუძგებდაფარულს, ცხადია, ფსკერი ალესილი კლდოვანია, რასაც ზედ
ელეწება ხის მორები. დინების მიზეზია ზღვის მოქცევა და მიქცევა, ასე რომ, აქ ყოველ ექვს საათში
მატულობს და კლებულობს წყალი, 1645 წლის ყველიერის კვირა დღით ტალღა წამოიმართა ისეთი
ზათქითა და ფეთებით, რომ სანაპიროზე მიწას დაენარცხა ზოგიერთი დიდი ნაგებობა“. სიღრმეს თუ
იკითხავთ, ვერასგზით მივმხვდარვარ, თუ როგორ შეიძლებოდა მისი გაგება ღურღუმელის უშუალო
სიახლოვეს. შესაძლოა, მართლაც „ორმოცი ფატომი“ იყო მოსკეს ან ლოფოდენის სანაპიროსთან სრუტის
რამე ალაგი. ბევრად ღრმა უნდა იყოს მოსკე-სტრემის შუაგული; ჰელსეგენის უმაღლესი წვეროდან
უფსკრულის წიაღისთვის ერთი თვალის მოვლება იქნება საკმარისი ამის გასაგებად. მაშინ იმ სიმაღლიდან
მოღრიალე ფლეგეტონოს მაცქერალს ღიმი მომგვარა პატივცემული იონას რამუსის გულუბრყვილო
შეძრწუნებამ. მართლაცდა, რა გასაკვირი იყო ვეშაპებისა და დათვის ამბავი - ამ მომაკვდინებელი
მიზიდულობის არეალში უდიდესი სახაზო გემიც რომ მოხვედრილიყო, ისევე გადარჩებოდა, როგორც
მღილი გამძვინვარებულ ზღვაში.
ამ ფენომენის ახსნის ცდები, რამდენადაც მახსოვს, საკმაოდ დამაჯერებელი ჩანდა, ახლა კი პირიქით -
მეტისმეტად სათუო და საეჭვო მეჩვენებოდა. ასე წერდნენ ამ ადგილის გამო - ღურღუმელი და კიდევ სამი
მომცრო მორევი ფეროს კუნძულებს შორის „მხოლოდ მოქცევისა და მიქცევის კვალობაზე აღიძვრის.
ტალღები რომ აზვირთდება და ჩაცხრება, მაშინ კლდეებსა და თავთხელზე წყალი მოიმატებს, ჩანჩქერის
სახეს მიიღებს; ეს უდიდესი დინება რაც უფრო მაღლა აიჭრება, მერე მით უფრო დაბლა ჩაიქცევა. ამ
მოვლენის ბუნებრივი შედეგია მორევი თუ ღურღუმელი, რომელსაც ძალუძს მძლავრად შეისრუტოს
ყველაფერი“, - ბრიტანული ენციკლოპედიიდანაა ეს სიტყვები. კირჩერისა და სხვების მიხედვით,
მალსტრემის უფსკრული დედამიწის მეორე ნახევარსფეროს ისეთ შორეულ მხარეს გამოდის, როგორიცაა
ვთქვათ ბოტნის ყურე. ჰაიჰარად ამტკიცებენ ამას. ეს ამბავი რომ ვუხსენე, მეგზურმა ასე მიპასუხა - გამაოცა
კი მისმა სიტყვებმა - თითქმის საყოველთაო არისო ეს შეხედულება ნორვეგიელებში. თავად ყოველთვის
სხვანაირად ფიქრობდა. ამ მოსაზრების გაზიარება, - ასე აღიარა, - არ შეეძლო; და მეც ვეთანხმები -
ქაღალდზე დაწერილი ამბავი გვჯერა, მაგრამ მთლად გაუგებარი, აბსურდულიც კია ამ მოღრიალე
უფსკრულის წინარე მდგომი კაცისთვის.
- საკმაო დრო გქონდათ ღურღუმელის სამზერად, - მითხრა მოხუცმა, - ამ კლდეს შემოვუაროთ და თავი
შევაფაროთ, მაშინ ზღვის ღრიალი ასერიგად აღარ ამოაღწევს და გიამბობთ ერთ ამბავს იმის დასტურად,
რომ მე ვიცი რაღაც მოსკე-სტრემზე. მისი სურვილისამებრ დავჯექი და მან განაგრძო: - ასე, სამოცდაათი
ტონა წყალწყვის იალქნიან ხომალდს ვფლობდით ერთ დროს მე და ჩემი ორი ძმა. ჩვეულებრივ, მოსკეს
იქით, კუნძულებს შუა ვთევზაობდით, ვურგის ახლოს: ტალღების მომძლავრებისას თევზი ბლომად იცის იქ
და ხელსაყრელი წუთი უნდა შეარჩიოს კაცმა, თუკი ეყოფა ვაჟკაცობა. ლოფოდენის სანაპიროს
მცხოვრებთაგან ჩვენ სამნიღა მივაშურებდით მუდამდღე ამ კუნძულებს, სხვანი კი ქვემოთ, სამხრეთით
თევზაობდნენ ხოლმე. ხმელეთ-ხმელეთ თუ ივლით, იქით დიდი გზაა გასავლელი, თევზი იქ ყოველთვისაა
და რაკიღა ხიფათი ნაკლებია, უფრო ეტანებიან იმ არემიდამოს. ამ კლდოვანში კი იშვიათი თევზია,
დორანი ადგილებიცაა და ხვავრიელადაც მოჰყვება ხოლმე ბადეს. და სხვანი, ნაკლებ მოხერხებულნი
კვირას რომ მოუნდებოდნენ, იმდენს ერთ დღეში ვიჭერდით. მართლაცდა, თავზე ხელაღებულთა იყო ეს
საქმე, სასწორზე შევაგდებდით ხოლმე თავს, შრომის სანაცვლოდ გულოვნებით ვიხვეჭდით დოვლათს.
სანაპიროზე ერთი ყურე გვქონდა შერჩეული ხომალდის სადგომად - აქედან, დაახლოებით, ხუთი მილით
იქნება ზემოთ, ასეთი იყო ჩვენი გზა: კარგ ამინდში, ზღვის თხუთმეტწუთიანი სიმშვიდის დროს ღურღუმელს
შორიდან მოვუვლიდით და იქ გადავკვეთდით მოსკე-სტრემის მთავარ დინებას, სადაც მორევი ნაკლებად
მძვინვარებს. ჩვეულებრივ იმ ადგილს დაველოდებოდით ბობოქრობის ჩათავებას და შინ
გამოსაბრუნებლად ღუზას მერე ამოვიღებდით. საკმაო სიძლიერის ზურგქარი თუ არ ქროდა, გულის
შეუჯერებლად არასოდეს გავუდგებოდით გზას და მართლაც, მხოლოდ ზოგჯერ თუ მოგვატყუებდა გუმანი.
ექვს წელიწადში სულ ორჯერ მოხდა, ნიავი რომ აღარ იძროდა, მთელი დღე მოგვიხდა ღუზაზე დარჩენა.
ამ ადგილებში კი უქარო ამინდი იშვიათად იცის, ერთხელ, მოვედით თუ არა ქარიშხალი ამოვარდა,
თითქმის მთელი კვირა ვეღარ დავბრუნდით და კინაღამ შიმშილმა გაგვათავა. ასეთი მძლავრი დინება,
რომ გადაგვეჭრა, ამაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ისედაც ცოტა დააკლდა და ყოველგვარი მცდელობის
მიუხედავად, ლამის შორს ზღვაში გაგვიტაცა ტალღებმა (წყალმა ისეთი გააფთრებით გვატრიალა და
გვატრიალა, რომ ბოლოს ღუზა მოგვეშალა და ფსკერით მიითრეოდა), მაგრამ ბოლოს იმ საპირისპირო
დინებაში მოვხვდით, ხან ერთი მხრიდან რომ მოიჭრება და ხან მეორედან, და ერთი ლიეთი ქვემოთ,
ფლიმენთან გამოვედით. იქ კი, ბედად, უკვე მოვახერხეთ, ღუზის გამაგრება.დარშიც რა არ გადამხდენია
ამ ადგილას, რომელი ერთი მოვყვე, მაგრამ დღემდე სულ ჩვენ ვჯობნიდით მოსკესტრემს. თუმცა ზოგჯერ
კბილით მეჭირა სული ზღვის დაშოშმინების უწინ ან მერე მიტანებულს. ხან ქარი გვიღალატებდა და
ცოტასღა გავივლიდით. დინებაც ხელს გვიშლიდა ხომალდის მართვაში, თვრამეტი წლის ბიჭი ჰყავდა
უფროს ძმას, თავად მე - ორი ჩასკვნილი ვაჟკაცი. დიდად გვშველოდნენ ისინი ნიჩბის მოსმასა თუ
თევზაობაში. ჩვენ კი ვიგდებდით ხიფათში თავს, მაგრამ გული არ გვეუბნებოდა ჩვენი ბიჭების წაყვანას ამ
საშიშარ საქმეზე. მართლაც, საზარელი საფრთხე ელოდა იმას, ვინც ამ მხარეში გაბედავდა
თევზაობას. კიდევ ორიოდე დღეც და სრული სამი წელი იქნება გასული ამ ამბის მერე. ეს მოხდა 18...
წლის ივლისის ათს. აქამომდე ასეთი შემზარავი ქარიშხალი ჯერ არ მოვლენილა ცით და აქაური ხალხი
არასოდეს დაივიწყებს იმ დღეს; დილიდან საღამომდე ქროდა სამხრეთ-დასავლეთის შეუცვლელი და
საამური სიო, მზეს კაშკაში გაჰქონდა და მეზღვაურებში სულ უხუცესიც ვერ განსჭვრეტდა იმ ცოდვის
ტრიალს. სამნი, ჩემი ორი ძმა და მე, დაახლოებით 2 საათზე კუნძულებთან გავჩერდით. მალე საუცხოო
თევზით კარგად დავიტვირთეთ და ყველამ შევნიშნეთ, ჯერ არასდროს გვითევზავიაო ასე ხვავრიელად.
ზუსტად შვიდს უჩვენებდა ჩემი საათი, როცა ღუზა ამოვიღეთ და შინ გამოვეშურეთ, ასე რომ,
ჩვეულებისამებრ, რვისთვის, სიწყნარის ჟამს უნდა გადაგვეჭრა მოსკე. დავიძარით, ხომალდის მარჯვნიდან
ქარმა დაუბერა, ცოტა ხანიც და სწრაფად გავცურეთ, არც კი მოგვლანდებია რამე საშიშროება, რაკიღა
იოტისოდენი საბაბიც არ გვქონდა ამისთვის. ანაზდად, მთლად მოულოდნელად ნიავი მოიჭრა ჰელსეგენის
მხრიდან. ფრიად უჩვეულო, არნახული ამბავი მოხდა. თავად არ ვიცი რად - უგუნებოდ შევიქენი. ქარის
მიმართულებით წავიყვანეთ ხომალდი, მაგრამ შემხვედრი დინების გამოისობით ვეღარ წავიწიეთ და ის
იყო, ვუთხარი ძმებს მივბრუნდეთ-მეთქი ღუზის ჩასაგდებად, რომ უკან წამდაწამ მზარდი, ერთადერთი,
ტყვიისფეროვანი ღრუბელით დაიფარა მთელი ჰორიზონტი.
წინიდან მომქროლავი ნიავი უცებ ჩადგა, სრულიად აღარ იძროდა ჰაერი. მხოლოდ ზღვა გვარყევდა
ყოველი მხრიდან. დრო აღარ იყო ფიქრისა. ოციოდე წამიც და მოგვეახლა ქარბორბალა და ცაზე
დაყრილმა ღრუბლებმა წყლის შხეფების კორიანტელთან ერთად ისე ჩამოაბნელა არემიდამო, რომ
ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით ხომალდზე მყოფნი. მაშინდელი ქარიშხლის ამბავს ვერა ენა ვერ აღწერს,
ნორვეგიის უხნეს მეზღვაურსაც არ ახსოვს მისი მსგავსი. სანამ ქარაშოტი ჩვენამდე მოაღწევდა, იალქნები
სულ ჩამოვხსენით, მაგრამ თითქოს წამის უმალესად მოახერხესო, პირველივე კვეთებამ ორივე ანძა
გადაგვიტეხა და გადაამსხვრია. უფროსი ძმა ზღვაში გადაიყოლა მთავარმა ანძამ - თადარიგი დაეჭირა
ვითომ და იმაზე მიება თავი.ნაფოტივით დაცურავდა ჩვენი პატარა ხომალდი. ერთი სიბრტყისა ჰქონდა
მთელი გემბანი. ჩვეულებრივ, სულ მიკრულ-მიხურული იყო წინა მხარეს დატანებული მცირე ლუკი,
ბობოქარ სტრემს შეჭიდებული ხალხისთვის სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. ღიად რომ დაგვრჩენოდა ან
მცირე წინდაუხედაობის გამო იმ წუთას ჩავიძირებოდით; მართლაც, რამდენსამე წამს ხომალდი მთლად
შეიმალა წყალში. ჩემი უფროსი ძმა მაშინ როგორ გადარჩა, ვერ გეტყვით, ვისღა უნდა ეთქვა ჩემთვის.
თავად, ხელი გავუშვი თუ არა წინა აფრას გემბანზე გავიშხლართე, ჭვინტის გვერდს ფეხი მივაბჯინე და
რაც ძალა და ღონე მქონდა, რგოლს ჩავეჭიდე მეწინავე ანძის გადანატეხის ახლოს. ჭკუამიუტანებლად
გავაკეთე ყველაფერი. ეჭვი არაა, ჩემ ადგილას მყოფი კაცი უკეთესს ვერ იქმოდა, რა ფიქრის თავი უნდა
მქონოდა ასეთ ქარაშოტში. თითქმის ორი წუთი სულ დავიძირეთ-მეთქი, ასე მეგონა, მთელი ეს ხანი
დავყავი სუნთქვაშეკრულმა და რგოლს ჩაბღაუჭებულმა. ვეღარ გავძელი, რგოლსავე ხელჩაჭიდებული
წამოვდექი და ამგვარად წყალს ზემოთ ამოვყავი თავი. უცებ გუბიდან გამოსული ძაღლივით შეიქნია ტანი
ჩვენმა პატარა ხომალდმა და რამდენადმე დაუსხლტა ზღვის მრისხანებას. თავტანდაკარგული ვიყავი და
თავის საშველად მინდოდა ვაჟკაცობის მოკრება, რომ ვიგრძენი ვიღაც მკლავზე მომეპოტინა. უფროსი ძმა
იყო თურმე. გული გამეღო, აკი ეჭვი აღარ მეპარებოდა, ტალღამ გაიტაცა-მეთქი, მაგრამ შავად შემეღება
სიხარული, როგორც კი მომიახლოვდა და ერთი სიტყვა ჩამომძახა -„მოსკე-სტრემი“.
ჩემს გულის ხეთქვას ვინ გაიგებს, - ცხროიანივით კანკალმა ამიტანა თავით ფეხამდე. მივხდი, თუ რა
უნდოდა ეთქვა ამ ერთი სიტყვით, იმასაც მივხდი - სურდა მეც მცოდნოდა ეს ამბავი. პირდაპირ სტრემის
ხახაში მიგვათრევდა ახლა ქარაშოტი, კაცი არ იყო ჩვენი მშველელი! თუნდაც სულ წყნარი ამინდისას
კარგა ზემოდან შემოვუვლიდით ხოლმე სტრემის დინებას. ჯერ აქ შევჩერდებოდით და ზღვის ჩაწყნარების
მთლიან მოლოდინში ყურადღებით ვიყავით. მაგრამ ახლა, ასეთი ქარიშხლის დროს სწორედ ამ
ღურღუმელაში მივიმზღვრეოდით. „ნამდვილად, - ასე გავიფიქრე, - ზუსტად სიწყნარის ჟამს მივაღწევთ,
კია რაღაც იმედი“. იმწუთას შევუკურთხე ფუჭად დამაიმედებელ თავს. ცხადზე ცხადი იყო, ისევე
გადავრჩებოდით, როგორც ქორის კლანჭებში წიწილა. ქარიშხალის პირველი შემოტევა შენელდა, ანუ,
შესაძლოა, რაკიღა ზურგქარით მოვცურავდით, იმდენად ვეღარ ვგრძნობდით მის ძალას. მაგრამ
რამდენიმე წამით ქარიშხალმა ჩაახშო ტალღები და ააქაფა ზღვა. ცოტა ხნის შემდეგ წამოიმართნენ
მთასავით ზვირთები, ცარგვალსაც ასევე გასაოცარი ცვლილება დასტყობოდა, მელნისფრად შეფერილიყო
სულ ერთიანად, მაგრამ დაახლოებით ჩვენ ზემოთ უცებ მოიღო მრგვალი ნათელი ცისპირისა, ასეთ
ნათელს - უძირო გამჭვირვალ ლაჟვარდს - ცხოვრებაში არ შევსწრებივარ, ამ ღიობის წიაღ კი სავსე
მთვარეს გადასდიოდა ჯერაც უნახავი ბრკიალი. დიდებული შარავანდი დაეფინა ირგვლივ ყველაფერს -
და ჰოი, ღმერთო, სურათი გადამეშალა თვალწინ!
ერთხელ თუ ორჯერ ვცადე გამოვლაპარაკებოდი ძმას, მაგრამ როგორღა მოვახერხებდი, როცა სულ
მატულობდა გრუხუნი და თუმცა მთელი ხმით ჩავძახოდი, ერთი სიტყვაც ვერ გავაგონე. თავი გააქნია
ანაზდად, გადაფითრდა, ხელი გაიშვირა, თითქოს მეუბნებოდა, ყური უგდეო! პირველად ვერ მივხდი, რა
უნდოდა, მაგრამ მალე გამიელვა შემზარავმა ეჭვმა. პატარა ჯიბიდან ამოვიღე საათი. მთვარის შუქზე
დავხედე და სიმწრის ცრემლმორეულმა შორს, წყალში მოვისროლე. საათი გაჩერებულიყო და შვიდს
უჩვენებდა ისევ! სიწყნარის ჟამს გაევლო და ახლა ჩვეული ძალით მძვინვარებდა სტრემის
მორევი! ხომალდი თუ კარგადაა გამართული და კეთილნახელავია, გადაუტვირთავიცაა, ყოველთვის
მიხლტის ხოლმე ქარბორბალათი წამოშლილი ზვირთების ზემოთ. ზღვის უნახავი კაცისთვის გასაოცარი
ამბავია, - „მოაჯდაო“, იტყვიან მეზღვაურები. ასე რომ, კარგად ვუმკლავდებოდით აბობოქრებულ
სტიქიონს ჯერხნობით. მაგრამ უცებ გიგანტური ტალღა წამოგვადგა კიჩოს მხრიდან და მაღლა-მაღლა,
თითქმის ცის პირამდე ჩვენც აგვიყოლია. თავისი აზვირთებისდა კვალად, საკუთარი თვალით რომ არ
მენახა, ვერ დავიჯერებდი ტალღის ასეთ აყალყებას. მერე კი დაბლა ჩამოგვაქანა სრიალით და
დავყვინთეთ. სისუსტე და გულისრევა მომეძალა. თვალშეუდგამი მთის წვეროდან სიზმარეული ვარდნის
დროს შეიგრძნობს ამას კაცი. ხომალდი რომ ტალღის ზემოთ იყო მოქცეული, სწრაფად მიმოვიხედე,
საკმაო გამოდგა ერთი თვალის მოვლება. ჩვენ პირდაპირ, დაახლოებით, მეოთხედ მილზე გამოჩნდა
მოსკე-სტრემი - ყოველდღიური სახედისაგან მთლად განსხვავებული სურათი. სწორედ ასე არ ჰგავს ახლა
ეს მორევი საწისქვილე წყალს. რომ მცოდნოდა, სად ვიყავით და რა მოგველოდა, რაც უნდა ყოფილიყო,
ვერ ვიცნობდი ამ ადგილს. შეძრწუნებულმა ჩემდა უნებურად დავხუჭე თვალი. წებოიანივით გამიხდა
ქუთუთოები. ორი-სამი წუთი იქნებოდა გასული, ზვირთების ჩაცხრომა ვიგრძენი უეცრად და ქაფმა
დაგვფარა. მკვეთრად მარცხნივ მიბრუნდა ხომალდი და მერე უცებ გადაქანდა ახალი მიმართულებით.
მაშინვე გულის გამგმირავ ხმად გადაიქცა ზღვის ხაფი ღრიალი - სწორედ ამდაგვარ ხმაურს გამოსცემს
მრავალი ათასი გემის ერთდროულად ამუშავებული საშინელი მილი. ღურღუმელის გარშემოწერილ ზოლში
მოვქცეულიყავით ახლა. ასე გავიფიქრე, რაღა თქმა უნდა, ცოტა კიდევ და ჩავიმსხვრევით-მეთქი ქვემოთ,
უფსკრულში, მქრქალადღა რომ მოჩანდა - ისე საშინლად გვატრიალებდა მორევი. თითქოს სულაც არ
დაძრულიყო ხომალდი, და ვეებერთელა ზვირთის პირზე მიხლტოდა ჰაერის ბუშტივით. მარჯვენა მხრით
მისგომოდა ახლა უფსკრულს, ხოლო უკიდეგანო ოკეანის ზედაპირი მბრუნავი კედელივით
წამომართულიყო ჩვენსა და ჰორიზონტს შუა.
უცნაური კია, მაგრამ ამჟამად, მორევის ხახაში ჩავარდნილი, უფრო სრულ ჭკუაზე ვიყავი, ვიდრე მასთან
მიახლოებისას. პირველად ასერიგად შემბოჭველმა შიშმა უკვე ამიშვა თავის შემზარავი კლანჭები და ასე
ვფიქრობდი, ეს შიში კი არა, სასოწარკვეთილი კაცის დაძაგრული ნერვებია-მეთქი. ღმერთმანი, არას
ვიკვეხნი, სრულ სიმართლეს გეუბნებით, ეს ამკვიატებოდა: მართალია, კი ვკვდები, მაგრამ ასეთი
სიკვდილი ბრწყინვალე რამაა, საკუთარი სიცოცხლე როგორღა მადარდებს ამ ღვთაებრივი გამოვლინების
მაცქერალ კაცს-მეთქი. ამ აზრმა რომ გამიელვა, მგონია, კიდევაც წამოვინთე სირცხვილით. ცოტახნის
შემდეგ ძალზე მომინდა ღურღუმელის მოკვლევა. მართლაც მსურდა შევწიროდი უფსკრულის სიღრმის
შეცნობას და უფრო იმაზე მწყდებოდა გული, ვეღარასოდეს მოვუთხრობ-მეთქი სიყრმის მეგობრებს ამ
საოცრებას. რაღა თქმა უნდა, კია საკვირველი, სასიკვდილოდ გადადებულ კაცს ასეთი უცნაური ფანტაზია
რომ მოუვა თავში, მაგრამ მერე ხშირად მიფიქრია, ჭკუა დამაკარგვინა ხომალდის ბრუნვამ-მეთქი.
სხვათა შორის, კიდევ ერთმა გარემოებამ მომიყვანა გონს. ქარი შესუსტებულიყო, რაკიღა აქ ვეღარ
მწვდებოდა. ხომ ნახეთ, ოკეანეს დონესთან შედარებით საკმაოდ დაბლაა ის ქაფოვანი არშია, რომელიც
მაშინ მთასავით მაღალ, შავ ზღუდეთ წამოგვდგომოდა თავს. გააფთრებული ზღვის უნახავ კაცს
გაუძნელდება იმის წარმოდგენა, თუ რა თავზარდამცემი, ხელფეხშემბოჭველი და გონების დამხშველია
ასეთი დამაბრმავებელი, მომაშთობელი, გამაყრუებელი, ერთდროული კვეთება ქარაშოტისა და წყლის
კორიანტელის. ღურღუმელში მოქცეულებს მნიშვნელოვანწილად მოგვშვებოდა ეს გასაჭირი. ყოველთვის
რომ ეკრძალებათ განაჩენის გამოტანამდე საპყრობილეში, ასეთ შეღავათს აძლევენ სიკვდილმისჯილებს.
მორევის კიდეს რამდენი წრე დავარტყით, ვერ გეტყვით, ირგვლივ გვატრიალებდა წყალი, უფრო
დავფრინავდით, ვიდრე დავცურავდით, თანდათანობით, მეტად და მეტად ვუახლოვდებოდით მორევის
შუაგულს, უკვე მთლად ახლოს ვიყავით მის შემზარავ შიდა კიდესთან. მთელი ეს ხანი რგოლისთვის ხელი
არ გამიშვია. კიჩოზე მიყუჟულიყო ჩემი ძმა, მაგრად მიმაგრებულ წყლის პატარა კასრს ჩასჭიდებოდა.
ყველაფერი რომ გადაცვივდა გრიგალის პირველივე კვეთებისას, გემბანს შერჩენოდა ეს ერთი საგანი.
ორმოს კიდეს რომ დავუახლოვდით, კასრს ხელი გაუშვა, მომვარდა და რგოლს ეცა შეძრწუნებული. რახან
მომცრო იყო ეს რგოლი და რგოლი და ორი კაცი ხელს ვერ მოკიდებდა, მთელი ძალ-ღონით ლამობდა
ჩემს მოცილებას. ასე არასდროს შევწუხებულვარ, თუმცა კი მივხვდი, გიჟი იყო ამწუთას, ხელქმნილიყო
შიშნაჭამი. ადგილს რა მნიშვნელობა ჰქონდა, რგოლი ვერაფერს გვიშველიდა, ეს კარგად ვიცოდი.
გავეცალე და კიჩოზე იმ კასრს მივუჩოჩდი, თუმცა მალიად დაბრუნავდა ხომალდი, მაგრამ მაინც
შეენარჩუნებინა საკმაო მდგრადობა ჯერხანად. მხოლოდ აქეთ-იქით ირწეოდა მორევის ძალუმი ტრიალის
გამოისობით, ასე რომ, მაინც და მაინც არ გამჭირვებია ამის გაკეთება. დავმაგრდი თუ არა ამ ახალ
ადგილას , ძალზე გადაქანდა ხომალდი მხარმარჯვნივ და ლაწალუწით, ცხვირით უფსკრულში გადაეშვა.
მეყსეულად ლოცვა აღვუვლინე ღმერთს, ყველაფერი გათავდა-მეთქი, ასე გავიფიქრე.
რეტი მომგვარა ასეთი სიჩქარით ვარდნამ, ჩემდა უნებურად ჩავეჭიდე კასრს და თვალი დავხუჭე. გახელას
ვეღარ ვბედავდი რამდენსამე ხანს, ასე ველოდი, წამიც და ყველაფერი დაილეწება-მეთქი. მაგრამ წამი
წამს მისდევდა. ცოცხალი ვიყავი, შენელდა დანთქმა, თავს შემუვუძახე და ისევ გავახილე თვალი.
ხომალდის ისეთივე მოძრაობა შევიცანი, როგორიც მაშინ, ქაფოვან ზოლს რომ მოჰყვებოდა, ოღონდ ამ
განსხვავებით, ახლა უფრო დაბლა დაშვებულიყო. მიმოვიხედე და იმ შიშის, საზაროებისა და
აღფრთოვანების გრძნობას რა დამავიწყებს. ასე ჩანდა, თითქოს რაღაც ჯადოთი შუა გამოკიდებულიყო
ხომალდი ამ ფართო, თვალუწვდომელი ორმოს პირზე. მისი მეტისმეტად პრიალა გვერდები შავი ხისა
ეგონებოდა კაცს, მაგრამ განსაცვიფრებელი სიჩქარით რომ ბრუნავდა წყალი, ღრუბლის წრიულ ღიობში
გამოტანებულ სავსე მთვარის სხივებს მელნისფერი კედლები შემზარავად გადაეთანებინა და მათი
ოქროსფერი ნათება უფსკრულის უშორეს კუნჭულებსაც ჩასწვდომოდა. პირველად, მეტად
შეჩქვიფებულს, არ მქონდა ყველაფრის წვრილად მოკვლევის თავი. შესაზარელი სურათის დიდებული
გაელვება - აი, რისი დანახვაც მოვასწარი. მაგრამ ცოტა ოდნავ გონსმოსულმა ქვემოთ ჩავიხედე ჩემდა
უნებურად. მთელი სახედი ნათლად გამოჩნდა, რაკიღა მორევის დამრეც ზედაპირს დაკიდებოდა და
თავქვე ჩაყირავებულიყო ხომალდი. ასე რომ, გემბანი პარალელურად მოსდიოდა წყლოვან კედელს.
კედლის დახრილობა კი ორმოცდახუთ გრადუსს წააჭარბებდა და ამგვარად, ხომალდი თითქოს
გვერდულად გაწოლილიყო. მაგრამ ეს კი შევნიშნე, ვითომც სწორეზე ვყოფილიყავით, სხეულის შემაგრება
არც ახლა მიჭირდა და ეს გამოეწვია, როგორც ჩანს, ჩვენი ბრუნვის დიდ სიჩქარეს. მთვარის სხივებს
თითქმის ჩამოეტანებინა უფსკრულის ძირამდე; მაგრამ რაკიღა აქ ყველაფერი განუჭვრეტელ ნისლს
შეებურა და ჯადოსნურ ცისარტყელას ციმციმი გაჰქონდა იმ ვიწრო, მოკონწიალე ხიდის მსგავსად,
მუსულმანური მითოლოგიის მიხედვით ერთადერთი ხიდი რომაა დროსა და მარადიულობას შორის -
მართლაც ვეღარაფერს ვარჩევდი. ეს ნისლოვანება ანუ წყლის შხეფების კორიანტელი ეჭვი არაა, ორმოს
ფსკერზე გიგანტური ურთიერთშემხვედრი კედლების შეჯახებით იყო შექმნილი. ზეცას წვდებოდა ბურუსის
წიაღით ამოღწეული ისეთი ღმუილი, რომ ენა ადვილად ვერ იტყვის. ზემო ქაფოვანი ზოლი რომ
მოვიტოვეთ, პირველადვე, საკმაოდ დიდი მანძილით ჩამოვქანდით, მაგრამ თანაბარზომიერი არ იყო ეს
დაშვება. ვტრიალებდით, სულ უთანაბროდ ვტრიალებდით და ეს თავბრუდამხვევი რწევა და ფეთება
ზოგჯერ ასეული იარდის, ხანაც მორევის სრულ წრეზე გვიხდებოდა. თუმცა ყოველი მობრუნებისას ვარდნა
არ იყო მალი, მაგრამ კარგა შესამჩნევად ვეშვებოდით.
მიმოვიხედე. ფართო, შავი ხის მინაგვარ პრიალა ზედაპირზე მივქროდით და ამასაც ვამჩნევდი,
მარტოოდენ ჩვენი ხომალდი არ ჩავარდნილა მორევში. ორივე მხარეს, ზემოთაც და ქვემოთაც ჩანდა
გემების ნამსხვრევები, სამშენებლო მორევი, კოტები, პატარ-პატარა საგნები, ისეთი როგორიცაა ავეჯის,
ყუთების, კასრების ნამუსრევი. თქვენ უკვე იცით, პირვანდელი შიშის ზარის სანაცვლოდ, ახლა მეტად
ვიყავი გაოცებული, მთელი გულისყურით ვაკვირდებოდი გარშემო მორიალე უამრავ საგანს. ალბათ
ბოდვამ თუ მომიცვა რაკიღა სიამოვნებით ვფიქრობდი, რომელი უფრო მალე ჩამოეშვება-მეთქი იმ
ქაფოვან ზოლს გადმოსხლეტილი. „ნაძვის ხეა, - წარმოვთქვი ერთხელ ნება-უნებლივ, - ცხადია, სწორედ
ეს იქნება, ახლა რომ დაყვინთავს შემზარავ უფსკრულში და გაქრება“. იმედი გამიცრუვდა, რადგან
დავინახე, როგორ ამოტრიალდა ჰოლანდიური სავაჭრო ხომალდი, გამოუსწრო, ქვემოთ ჩამოქანდა,
ვცადე ასე რამდენჯერმე და ჩემი წინასწარმეტყველება ერთხელაც არ ასრულდა, სულ მოვტყუვდი,
დაბოლოს ამ ფაქტის - გამოთვლებში ხელმოცარულობის მიზეზის გამორკვევისას, სული ყელში მომებჯინა,
გულმა დოლაბივით დამიწყო ბრუნვა.
შიშს არ მოვუცვივარ ისევ, იმედის ჟრუანტელმა დამიარა - ერთწილ მეხსიერება, ერთწილ ახლანდელი
დაკვირვება იყო საფუძველი ამ იმედისა. ლოფოდენზე გამორიყული საგნები წამომაგონდა, მოსკე-
სტრემით ჯერ შესრუტული და მერე ამოგდებული. მათი უმეტესობა მთლად დამსხვრეული, დაგლეჯილი და
დაჩეჩქვილი იყო, ერთი სიტყვით, ნამსხვრევებად ქცეულიყვნენ. მაგრამ ნათლად ესეც გამახსენდა:
ზოგიერთი სრულიად მთელი ამოეგდო წყალს. ამისდა კვალად კაცი იფიქრებდა, ის დაელეწინებოდა
მორევს, რომელიც სრულიად შეიწოვებოდა; სხვა კი ღურღუმელში ან უფრო გვიან ვარდებოდა ან,
შესაძლოა, კიდევ რაღაცის გამო შიგ ნელა ეშვებოდა, ასე რომ, ზოგჯერ ვერ ჩააღწევდა ფსკერს დინების
თუ მოქცევის გამოისობით. მაშინვე აზრმა გამიელვა, ზემოთ ის დაულეწავი საგანი ამოტივტივდება ხოლმე,
სხვაზე გაცილებით უფრო ადრე რომ დაინთქა, ანუ, უფრო მალიად შეისრუტა წყალმა-მეთქი. სამი
მნიშვნელოვანი გარემოება შევნიშნე აგრეთვე. ჯერ ერთი, საგანი რაც უფრო დიდი იყო, მით უფრო
სწრაფად ჩაიკარგებოდა ღურღუმელში; კიდევ, ერთნაირი მოცულობის ორი სხეულიდან, სფერული მალე
ჩაქანდებოდა; და მესამე, ერთნაირი ზომის ორი სხეულიდან ცილინდრული ფორმისა იძირებოდა უფრო
ნელა. ხიფათს გადარჩენილს რამდენჯერ მისაუბრია ამ თემაზე ჩვენი ოლქის მხცოვან მასწავლებელთან და
მაშინ გავიგე ეს სიტყვები - „ცილინდრი“ და „სფერო“. იმ კაცმა ამიხსნა, თუმცა ყველაფერი კარგად არ
მახსოვს: ასეთი ყოფილა თურმე მცურავი საგნების თვისება. მიჩვენა კიდეც, თუ როგორაა რომ ცილინდრი
უფრო ძნელად დაინთქმება მორევში და იმავე მოცულობის ყველა სხვაგვარი აღნაგობის საგნისგან
განსხვავებით, მისი ძირამდე დაშვება შედარებით საძნელოა.
კიდევ ერთი გარემოება შევნიშნე, რამაც დამარწმუნა, დაკვირვებებში არ შევმცდარვარ-მეთქი და
გული მომეცა. აი რა: ყოველი მობრუნებისას ისეთ საგნებს ჩავუვლიდით, როგორიცაა კასრი ან ფიცარი,
ან ხომალდის ანძა. პირველად რომ გავახილე თვალი, უმეტესობა ჩვენი ხომალდის დონეზე იყო, ახლა კი
ამ საკვირველ მორევში ზემოთ მოქცეულიყვნენ და ცოტაღა შეცვლილიყო მათი პირვანდელი მდებარეობა.
უკვე ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა და აღარ ვმერყეობდი; გადავწყვიტე, ხელი რომ მქონდა
ჩაკიდებული, იმ კასრზე მაგრად მიმება თავი, გადამეჭრა თოკი, რომლითაც ეს კასრი იყო დამაგრებული
და ხომალდიდან გადავშვებულიყავი. ხელით ვანიშნე ძმას, მომხედე-მეთქი, ვუთითებდი ახლოს მცურავ
კასრებზე, ყველაფერი ვიღონე, რაც კი შემეძლო, რომ გაეგო, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი. დაბოლოს
მეგონა, მიმიხვდა, რასაც ვანიშნებდი, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილად აზრზე მოვიდა თუ არა, თავი გააქნია.
სასოწარკვეთილმა, იმ ადგილიდან ფეხი აღარ მოიცვალა. დიდი სურვილის მიუხედავად, იმასთან ვერ
მივიდოდი. ფრიად შეწუხებულმა ბედის ანაბარად დავაგდე, კასრს მივები იმავე ბაწრით, რომლითაც ის
კიჩოზე იყო მიმაგრებული და აღარ დამიყოვნებია, წყალში გადავეშვი.
იმედი არ გამცრუებია. როგორც მოველოდი, სწორედ ისე მოხდა, რაკიღა ამ ამბის მთხრობელი ცოცხალი
ვარ, ცხადია, თავი დამიღწევია განსაცდელისთვის. თუ როგორ გადავრჩი, უკვე იცით. ცოტაღა მაქვს
სათქმელი, მალე გავასრულებ ამბავს. საათი იქნებოდა, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები, რაც
ხომალდიდან ფეხი ვიშორე და გადავხტი. ამის შემდეგ ჩვენი ნავჭურჭელი კარგად ძალზე ჩაეშვა ქვემოთ,
სამჯერ თუ ოთხჯერ ამოტრიალდა კიდეც, თან ჩაიტანა ჩემი საყვარელი ძმა და უცებ ცხვირით დაყვინთა
ქაფოვან ქაოსში. იმ ადგილთან შედარებით, სადაც ხომალდიდან გადმოვხტი, მე და იმ კასრმა,
რომელზეც მიბმული ვიყავი, უფსკრულის შუაწყალს ან შეიძლება ცოტა უფრო დაბლაც მივატანეთ. მორევმა
აქ უცებ შეიცვალა სახე. სულ უფრო მეტად ამოიზიდა ღურღუმელის პიტალო, გვერდები, უფრო და უფრო
მინელდა მორევის ტრიალი, მალე ცისარტყელაც გაქრა. ცა მოწმენდილიყო, ქარი აღარ ქროდა.
დასავალი გადაენათებინა სავსე მთვარეს, ოკეანის ზედაპირზე აღმოვჩნდი, თვალწინ გადამეშალა
ლოფოდენის მთელი სანაპირო. ცოტა უფრო იქით დავინახე ის არემიდამო, სადაც უნდა ყოფილიყო
მოსკე-სტრემი. სიწყნარის ჟამი დამდგარიყო, მაგრამ მაინც მთასავით აყალყებულიყო ქარიშხალ
მოთეული ზღვა. გააფთრებით წამიღო სტრემის დინებამ რამდენიმე წუთში გამიტანა მეთევზეთა
სიახლოვეს. მთლად ქანცმიწყვეტილი ნავზე ამიყვანეს და (თუმცა გადარჩენილი ვიყავი) ტან-იოგში
დაშლილმა ხმა ვეღარ ამოვიღე. ნავზე ჩემი სიყრმის მეგობრები იყვნენ, მაგრამ შავეთში ნამგზავრი
კაცივით ვეღარ მიცნეს. როგორც ახლა ხედავ - ასე გავთეთრებულვარ. ისეც მითხრეს, მთლად შეგცვლიაო
სახე. მოვყევი, რაც გადამხდა. არ დამიჯერეს, თქვენც ხომ გიამბეთ ყოველივე, მაგრამ ვეჭვობ,
გულმხიარული ლოფოდენელი მეზღვაურების დარად, ვერც თქვენ ირწმუნებთ ჩემს ამბავს.

You might also like