You are on page 1of 30

კალვინო იტალო

ქვეყნიერების მეხსიერება და სხვა კოსმოკომიკური ისტორიები

თარგმანი იტალიურიდან – ნოდარ ლადარია

ავტორისაგან

თანამედროვე მეცნიერება აღარ გვაძლევს წარმოსადგენად ადვილ სახეებს. სამყარო,


რომელიც ჩვენს წინაშე იხსნება, ყოველგვარი შესაძლებელი წარმოდგენის მიღმა
დგას. და მაინც, პროფანში, რომელიც სამეცნიერო წიგნებს კითხულობს (მე კი,
მაგალითად, პროფანი ვარ და ასტრონომია, კოსმოგონია და კოსმოლოგია მიტაცებს),
ხანდახან რაიმე ფრაზა აუცილებლად რაღაც ხილულ წარმოდგენას იწვევს.
რამდენიმე ასეთი წარმოდგენის დაჭერა და შემდეგ მისი მოთხრობაში განვითარება
ვცადე: ეს განსაკუთრებული, კოსმოკომიკური ჟანრის მოთხრობა უნდა ყოფილიყო.

ზოგმა კრიტიკოსმა ეს ჩემი მოთხრობები ახალი ტიპის სამეცნიერო ფანტასტიკად


განსაზღვრა. უნდა ვაღიარო, რომ მე არა ვარ სამეცნიერო ფანტასტიკის
მოწინააღმდეგე, პირიქით, სხვათა მსგავსად მეც გატაცებით ვკითხულობ მას და
სიამოვნებასაც ვიღებ, მაგრამ მგონია, რომ სამეცნიერო-ანტასტიკური ნაწარმოებები
ჩემი მოთხრობებისაგან სრულიად გასხვავებულ პრინციპებზეა აგებული. პირველი,
უკვე მრავალი კრიტიკოსის მიერ შემჩნეული განსხვავება ისაა, რომ სამეცნიერო
ფანტასტიკა მომავალს განიხილავს, მაშინ როცა ჩემი ყოველი მოთხრობა შორეულ
წარსულს ეფუძნება და თითქოსდა წარმოშობის მითს ქმნის. მაგრამ მხოლოდ ეს
არაა: სულ სხვანაირია სამეცნიერო მონაცემთა და ფანტასტიკურ გამონაგონს შორის
დამოკიდებულება. სამეცნიერო მონაცემს ვიყენებ როგორც შთამაგონებელ სტიმულს,
რათა წარმოსახვის ჩვეულ ფორმებს დავაღწიო თავი და ჩვეული ყოველდღიურობაც
ჩვენი საერთო გამოცდილების საზღვრებს მიღმა განვიხილო. ამისგან განსხვავებით,
ვფიქრობ, სამეცნიერო ფანტასტიკა იმას ცდილობს, რომ დაგვიახლოვოს ის, რაც
შორეული და წარმოსადგენად ძნელია, მოგვცეს ყოველივე ამის რეალისტური
განზომილება და ასე თუ ისე შემოიყვანოს ეს ჩვენი წარმოსახვის ჰორიზონტში,
რომელიც უკვე მიღებული გამოცდილების ნაწილია.

ტერმინი კოსმოკომიკური ერთგვარად ჩემი განზრახვის მაჩვენებელია. ერთ სიტყვაში


ორი ზედსართავი შევაერთე – კოსმიური და კომიკური – რითაც ვეცადე ჩემს
გულთან ახლო მყოფი სხვადასხვა საგნების შეერთებას. კოსმიურ ელემენტში მე
იმდენად კოსმოსური სივრცის დღევანდელ აქტუალობაზე მინიშნებას კი არ
ვგულისხმობ, რამდენადაც გაცილებით უფრო ძველ რეალობასთან ჩემი
დაკავშირების მცდელობას. პირველყოფილი ადამიანისა და კლასიკოსებისათვის
კოსმიური გრძნობა მეტად ბუნებრივი იყო. ჩვენ კი დიდ და რჩეულ საგნებთან
შესახვედრად გვჭირდება ეკრანი ან ფილტრი – სწორედ ესაა კომიკურის ფუნქცია.
კომიკურ გამოხატულებას დიდებული ისტორია აქვს კლასიკური ლიტერატურის
სტილთა უძველეს კლასიფიკაციაში. მაგრამ არა მგონია, ამაზე ვფიქრობდი, როცა

1
ჩემს მოთხრობებს კომიკური ვუწოდე. შესაძლოა, უფრო მარტივად ვფიქრობდი
მუნჯი კინოს დროინდელ კომიკურ ფილმებზე, ანდა კომიქსებზე, სადაც
კარიკატურული და ემბლემატური თოჯინა სხვადასხვა სიტუაციაში ხვდება, მაგრამ
მისი თავგადასავალი მაინც საერთო სქემას მისდევს. ესე იგი, სტილიზაციის,
ფორმალური დაზუსტების, შესაძლოა, სრულიად შეუდარებელ მაგალითებზე
ვფიქრობდი.

კოსმოკომიკური მოთხრობების გმირი ერთი და იგივე პერსონაჟია, ქფწფქ, რომლის


განსაზღვრა ძნელია, რადგანაც მის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ისაა ნათქვამი,
ადამიანია ეს თუ არა: შესაძლოა ასეთად მისი წარმოდგენა მხოლოდ იმ დროიდან
შეიძლება, როცა კაცთა მოდგმა იწყებს არსებობას. უფრო დანამდვილებით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცხოველიც ყოფილა (მაგალითად,
დინოზავრი). უფრო ადრე კი არ ჩანს ვინ იყო და როგორი იყო. მხოლოდ იმის თქმა
შეიძლება, რომ იყო და იქ იყო. რამდენი წლისაა? იმის გამო, რომ არ არსებობს
მილიონობით ან მილიარდობით წლის წინათ მომხდარი მოვლენა, რომლის მომსწრე
არ ყოფილა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეტ-აკლებად თვით ქვეყნიერების კბილა
უნდა იყოს. საკმარისია, თხრობა გაკვრით შეეხოს მზის სისტემის ფორმირებას ან
გეოლოგიურ კატაკლიზმებს, რომ იმწამსვე გამოხტება ჩვენი პერსონაჟი და
მოგვითხრობს, რომ თვითონაც იქვე ყოფილა.

სხვადასხვა კოსმოგონიურ თეორიებს Qfwfq- სახით დასამტკიცებლად მუდამ მზად


მყოფი მოწმე ჰყავთ: იგი ხან ბავშვობის, ხანაც ყრმობის მოგონებებს იშველიებს ამა
თუ იმ წინააღმდეგობრივი და ერთმანეთის საპირისპირო ჰოპოთეზების
დასადასტურებლად. მისი ყოველი თავგადასავალი თავის თავშია ჩაკეტილი: Qფწფქ
პერსონაჟიც კი არაა, ეს უბრალოდ ხმაა, თვალსაზრისია, ადამიანის თვალია (ან
თვალის ჩაკვრაა), იმ სამყაროსკენ მიმართული, რომელიც სულ უფრო და უფრო
შეუვალი ხდება სიტყვისა და გამოსახულებისთვის.

ყოველი კოსმოკომიკური მოთხრობა, როგორც უკვე ვთქვი, რომელიმე სამეცნიერო


წიგნში ამოკითხული ფრაზიდან იღებს სათავეს – იქ, სადაც გამოსახულება ახერხებს
ფორმის პოვნას, განვითარებასა და საკუთარი ავტონომიური ცხოვრების დაწყებას.
საზოგადოდ, ეს კოსმოლოგიის, ფიზიკის, გენეტიკის დარგში შექმნილი წიგნებია,
მაგრამ შეიძლება სხვა, უფრო აბსტრაქტული, მათემატიკური ან ფილოსოფიური
ტექსტებიც იყოს. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვა, რომ საკითხავს არასოდეს ვირჩევ
განგებ, რომ შთაგონება მივიღო. არა, მე ცნობისმოყვარეობის გამო ვკითხულობ,
შიგადაშიგ – როგორც ყველა, ვინც სპეციალურ გამოკვლევას არ ეწევა – და ხშირად
ერთი საგნიდან მეორეზე ნახტომით გადავდივარ. მაგრამ სანამ ჩემში ასტრონომიის
ტალღა გრძელდება, ასტრონომიულ წიგნებს ვკითხულობ, რადგან სწორედ
ასტრონომია მაინტერესებს, თუმცა კი არ ვფიქრობ, რომ მას რომელიმე მოთხრობის
დასაწერად გამოვიყენებ. მოთხრობები დამოუკიდებლად იბადებიან და თავიანთ
შინაგან დინამიკას ემორჩილებიან. ამ დინამიკას ხანდახან გარეგანი სტიმულისგან
წარმოქმნილი ნაკადებიც ერთვის.

ბოლო მოთხრობებში ქფწფქ ქრება, ასევე ქრება მოკლე მეცნიერული შესავლები,


რომლებიც ყოველი ისტორიის ქუდს შეადგენდა. სქემა, რომელსაც აქამდე დაწერილი
მოთხრობები მისდევდა, ახლა უკვე სულ სხვანაირი თხრობით იცვლება, რომელიც
არსებითად რომელიმე ლოგიკურ კონსტრუქციას ან დედუქციურ მსჯელობას
2
ეყრდნობა. კოსმოკომიკური მოთხრობების გამოცდილება ამოწურულია: იწყება სხვა,
რომლის საფუძველს უკვე სამეცნიერო წიგნში ნაპოვნი შემთხვევითი სათავე კი არა,
არამედ უფრო არსებითი და მკაცრი, თუმც კი ირონიული პარადოქსის ეკრანს
ამოფარებული დებულება წარმოადგენს. ჯერ არ ვიცი, სად წამიყვანს ამ გზის
შემდგომი განვითარება: გზის აღმოჩენა სვლის პროცესში მიყვარს და ყოველ
მოსახვევში რაღაც საკვირველს ველი, რაღაც უცნაურ პეიზაჟს, თუნდაც ახალ
სიძნელეს, ახალ დაბრკოლებას, რომლის დაძლევაც იქნება საჭირო.

ოთხი ისტორია მთვარის შესახებ

მანძილი მთვარემდე

სერ ჯორჯ ჰ. დარვინის თანახმად, ოდესღაც მთვარე დედამიწასთან ძალიან ახლოს


იყო. თანდათანობით მას ზღვის მოქცევებმა და მიქცევებმა უბიძგეს შორს: სწორედ იმ
მოქცევებმა და მიქცევებმა, რომელთაც მთვარე იწვევს დედამიწის წყლებში და
რომელთა გამო ჩვენი პლანეტა ნელ-ელა კარგავს ენერგიას.

– ასე იყო, მაშ! – წამოიძახა მოხუცმა Qfwfq–მ, – თქვენ არ გეხსომებათ, მე კი მახსოვს.


მთვარე სულ მუდამ ლამის ზედ გვაჯდა, უშველებელი: სავსემთვარეობის ღამეები
დღესავით ნათელი იყო, ოღონდაც კარაქისფერი სინათლით; ახალმთვარეობისას კი
ჩვენი თანამგზავრი ცაში ისე დაგორავდა, როგორც ქარით გატაცებული შავი ქოლგა;
როცა მზარდი მთვარე იყო, მისი რქების ბოლოები ისე დაბლა მოჩანდა, თითქოს ეს–
ესაა კონცხის ბიბილოს წამოედება და სამუდამოდ გაეჩხირებაო. მაგრამ ფაზების
ცვლის მთელი მექანიზმი დღევანდელისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა: იმის გამო,
რომ მზისგან დაშორება სულ სხვა იყო, თანაც ორბიტები და კიდევ აღარ მახსოვს,
რაღაცის დახრილობა; დაბნელებებიც, – დედამიწა და მთვარე ხომ თითქმის
ერთმანეთს მისწებებოდნენ, – ყოველ წუთში დაბნელება ხდებოდა: აბა, ხომ ვერ
წარმოვიდგენთ, რომ ამგვარ მდგომარეობაში ამ ორ არსებას ერთმანეთის დაჩრდილვა
ვერ მოეხერხებინა.

ორბიტა? რა თქმა უნდა ელიფსური იყო, ჰო, ელიფსური: ჩვენს თავზე ოდნავ
დამრეცდებოდა, მერე კი თანდათანობით იჭრებოდა მაღლა. ზღვის მოქცევაც, როცა
მთვარე ზედ დაადგებოდა, ისე ამოიწეოდა ხოლმე, რომ ვერაფერი აჩერებდა. იყო
ისეთი დაბალი-დაბალი მთვარისა და მაღალ-მაღალი ზღვის ღამეები, რომ მთვარის
დასველებას ზღვის წყალში ერთი გოჯი აკლდებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ –
რამდენიმე მეტრი. მთვარეზე ასვლა თუ გვიცდია? როგორ არა: საკმარისი იყო
ქვემოდან ნავით მისდგომოდი, ფიცრის კიბე აგეყუდებინა და აცოცებულიყავი.

წერტილი, სადაც მთვარე ყველაზე დაბლა იდგა ხოლმე, თუთიის კლდეების


სრუტესთან მდებარეობდა. იქით იმდროინდელი ნიჩბიანი ნავებით გავეშურებოდით
ხოლმე. ნავები მრგვალი და ბრტყელი იყო, კორპის მუხისგან გამოთლილი. შიგაც
ბევრნი ვეტეოდით: მე, კაპიტანი Vhd Vhd, მისი ცოლი, ჩემი ყრუ ბიძაშვილი, ზოგჯერ
– პატარა გოგონა, სახელად Xlthlx, რომელიც მაშინ თორმეტიოდე წლისა უნდა
ყოფილიყო. იმ ღამეებში წყალი წყნარი იყო, ვერცხლისფერი გადაჰკრავდა და კაცს
3
სინდიყი ეგონებოდა. შიგაც მოიისფრო თევზები დაცურავდნენ: მთვარის
მიზიდულობას ვერ უმკლავდებოდნენ და ყველანი ზედაპირზე ტივტივებდნენ
რვაფეხებთან და ზაფრანისფერ მედუზებთან ერთად. ირგვლივ სულ პაწაწინა
სულიერები დაფარფატებდნენ ჰაერში – წვრილი კიბორჩხალები, კალმარები,
სიფრიფანა და გამჭვირვალე წყალმცენარეები და მარჯნის ყლორტები. ესენი ზღვას
წყდებოდნენ და მთვარის კირქვიან ჭერს ეკიდებოდნენ, ან სულაც სივრცეში
რჩებოდნენ უსაყრდენოდ, როგორც ფოსფორით მოციალე მწერების გუნდები,
რომლებსაც ბანანის ფოთლებით ვიგერიებდით.

ჩვენი სამუშაო შემდეგში მდგომარეობდა: ნავში ფიცრის კიბე გვქონდა – ერთს ეჭირა,
მეორე ზედ ფოფხდებოდა, მესამე კი ნიჩბების დახმარებით ნავს პირდაპირ მთვარის
ქვეშ აყენებდა. ამისათვის იყო ბევრი ხალხი საჭირო (მე მხოლოდ ყველაზე
მნიშვნელოვანნი დავასახელე). ვინც კი კიბის წვერს აღწევდა, როგორც კი ნავი
მთვარეს მიადგებოდა, შეშინებული ყვიროდა: გააჩერე, გააჩერე! თორემ თავს
მივარტყამ!. ეს მხოლოდ გარეგანი შთაბეჭდილება იყო, როცა ხედავდი, რომ ეს
უშველებელი რამ გიახლოვდება ზემოდან, ბასრი ქიმებითა და ნაპრალების
მოუპრიალებელი, ხერხივით დაკბილული კიდეებით სავსე. ახლა ალბათ
სხვანაირადაა, მაგრამ მაშინ მთვარეს, უფრო ზუსტად კი მთვარის ფსკერს თუ
მუცელს, ერთი სიტყვით, იმ ნაწილს, რომელიც დედამიწისკენ იყო მოშვერილი და
ლამის ზედ ეხახუნებოდა, წვეტიანი ქერცლისაგან შედგენილი ქერქი ფარავდა.
სწორედ რომ თევზის მუცელს ჰგავდა და სუნიც, მახსოვს, ისეთივე ჰქონდა, თუკი
მთლად თევზისა არა, ოდნავ უფრო ნაზი, აი, შებოლილ ორაგულს რომ უდის.

სინამდვილეში, თუ კიბის წვერზე, უკანასკნელ საფეხურზე იდექი და გაჭიმული


ინარჩუნებდი წონასწორობას, მთვარე ისეთ მანძილზე ჩაგივლიდა, რომ გაწვდილი
ხელით მისწვდებოდი. კიბის ზომა საგულდაგულოდ შევარჩიეთ (იმხანად ეჭვიც არ
გვქონდა, რომ გვშორდებოდა). ერთადერთი ის იყო, ხელის შეხებისას უნდა
ყოფილიყავი ფრთხილად. მე ისეთ ქერცლს ვირჩევდი ხოლმე, რომელიც
შესახედავად მაინც იყო მტკიცე და საიმედო (ასვლა ყველას გვიწევდა რიგ-იგობით,
ხუთი ან ექვსი კაცისაგან შემდგარ ჯგუფებად), ჯერ ცალ ხელს ჩავავლებდი, შემდეგ –
მეორეს და იმწამსვე ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ კიბეც და ნავიც,
როგორ მათავისუფლებდა მთვარის მოძრაობა დედამიწის მიზიდულობისაგან.
მართლაც, მთვარეს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ უცებ გიტაცებდა. ამას იმ წამს
გრძნობდი, როცა დედამიწის მიზიდულობის არიდან მთვარისაში გადადიოდი: ამ
დროს ერთბაშად უნდა წამოწეულიყავი, ან ყირაზე გადასულიყავი და ისე ჩაგევლო
ხელი მთვარის რომელიმე ქერცლისთვის. მერე ფეხები უნდა მიგებჯინა და მთვარის
ზედაპირზე მაგრად დამდგარიყავი. დედამიწიდან თუ გიცქერდნენ, თავდაყირა
ჩამოკიდებულის ჰგავდი, მაგრამ შენთვის ჩვეული მდგომარეობა იყო. ერთადერთ
უცნაურობად ის ჩაითვლებოდა, რომ როცა თავს მაღლა სწევდი, გადყირავებულს
ხედავდი ზღვის მოკაშკაშე ზედაპირს, ნავი და მეგობრები კი თავქვე ისე
კონწიალობდნენ, როგორც ყურძნის მტევანი მორჩზე.

ამგვარ ნახტომებში ნამდვილ ნიჭს ჩემი ყრუ ბიძაშვილი ავლენდა: როგორც კი მისი
მოუხეშავი ხელები მთვარის ზედაპირს შეეხებოდა (ის ყოველთვის პირველი
ხტებოდა კიბიდან), იმწამსვე ფაქიზი და მარჯვე ხდებოდა. მყისიერად პოულობდა
ხელის ჩასავლებ ადგილს, უფრო მეტიც, ისე ჩანდა, თითქოს მხოლოდ

4
ხელისგულებით ეწებებოდა დედამიწის თანამგზავრის ქერქს. ერთხელ ისიც კი
მომეჩვენა, რომ ახტომის წამს თვით მთვარე შეეგება მას შემხვედრი მოძრაობით.

ასეთივე მოხდენილად ბრუნდებოდა დედამიწაზე, თუმცა ეს მოქმედება კიდევ უფრო


რთული იყო. ჩვენ ამ დროს რაც შეიძლება მაღლა უნდა ავმხტარიყავით
ზეაპყრობილი ხელებით (ეს თუ მთვარიდან შეხედავდი, თორემ დედამიწიდან უფრო
წყლის სიღრმეში ჩაყვინთვას ჰგავდა ქვევით გაწვდილი მკლავებით). მოქმედება
თავისი არსით იგივე იყო, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში არ გვქონდა კიბე და
მთვარეზე არანაირი საყრდენი არ მოიპოვებოდა. მაგრამ ჩემი ბიძაშვილი, იმის
მაგიერ, რომ ამხტარიყო, თავს მთვარის ზედაპირისკენ ხრიდა, როგორც მალაყის
დროს, და ხელების დაკვრით იწყებდა ხტუნვას. ჩვენ, ნავზე მდგომნი, მას ისე
ვხედავდით, თითქოს ხელში მთვარის უზარმაზარი ბურთი ეჭირა და
ხელისგულებით ათამაშებსო, სანამ მისი ფეხები იმდენად არ დაშორდებოდა
მთვარეს, რომ კოჭში ხელის ჩავლებასა და მის ნავში დაბრუნებას ვახერხებდით.

ახლა კი იმას შემეკითხებით, რა ჯანდაბა გვესაქმებოდა მთვარეზე, ჰოდა, მეც


აგიხსნით. მთვარის რძეს ვაგროვებდით დიდი კოვზითა და ბადიით. მთვარის რძე
ძალიან მკვრივი იყო, ხაჭოსავით. ქერცლსა და ქერცლს შორის ნაპრალებში
წარმოიქმნებოდა, სადაც ფერმენტაციას განიცდიდა მიწიერი წარმოშობის სხვადასხვა
სხეულები და ნივთიერებები, მთვარეზე იმ ტრამალებიდან, ტყეებიდან და
ლაგუნებიდან აფრენილნი, რომელთა თავზეც ჩაივლიდა ხოლმე ჩვენი თანამგზავრი.
რძეს, არსებითად, შეადგენდა მცენარეული წვენები, ბაყაყების თავკომბალები,
ბიტუმი, ოსპის მარცვლები, ფუტკრის თაფლი, ამიდის კრისტალები, ზუთხის
ქვირითი, ობი, ყვავილის მტვერი, ჟელატინი, ჭიაყელები, ფისი, პილპილი,
მინერალური მარილები, სხვადასხვა საწვავი მასალა. საკმარისი იყო კოვზი იმ
ქერცლებს შორის შეგეყო, რომლებიც მთვარის გამხმარ ზედაპირს ფარავდა, რომ უკან
აუცილებლად უძვირფასესი ტალახით სავსეს ამოიღებდი. რა თქმა უნდა, წმინდა
მდგომარეობაში ეს ნივთიერება არ მოიპოვებოდა. წიდა ბევრი იყო: ფერმენტაციის
დროს (როცა მთვარე უდაბნოთა მშრალი ჰაერით სავსე არეებს გადაუფრენდა ხოლმე)
ყველა სხეული თანაბრად როდი იშლებოდა. ზოგი რამ ისევე რჩებოდა მთვარის
ზედაპირში გარჭობილი ბრჭყალები და ხრტილები, ლურსმნები, ზღვის ცხენები,
თხილის ნაჭუჭი და ხეშეში ღეროები, დანა–ჩანგლის ტარები, სათევზაო კაუჭები,
შიგადაშიგ სავარცხელიც კი ხვდებოდა. ამიტომაც ამ პიურეს შეგროვების შემდეგ
აუცილებლად თავის მოხდა სჭირდებოდა და საწრეტში გატარება. მაგრამ ძნელი ეს
კი არ იყო, არამედ მისი დედამიწაზე ჩამოტანა. ამას ასე ვაკეთებდით: კოვზში
ჩარჩენილ მთვარის რძეს ყოველ ჯერზე ზემოთ ვისროდით, კოვზსაც ისე
ვხმარობდით ორივე ხელით, როგორც ლოდსატყორცნს. ხაჭო მაღლა აფრინდებოდა
და თუ ნასროლი საკმაოდ ძლიერი იყო, ჭერს ანუ ზღვის ზედაპირს მიეტყეპებოდა.
ზღვაში ჩავარდნილი, ტივტივებდა და მისი ნავში ამოტანა უკვე ადვილი იყო. ამ
სროლაშიც ჩემი ყრუ ბიძაშვილი განსაკუთრებულ ნიჭსა და მოხერხებას ავლენდა:
მაჯაც უჭრიდა და თვალიც. მარჯვე მოქნევით მთვარის ხაჭოს პირდაპირ იმ ბადიაში
ჩაუძახებდა, რომელიც ნავში დარჩენილ ამხანაგებს ეჭირათ. მე კი ზოგჯერ მარცხი
მომდიოდა ხოლმე – კოვზში დაგროვილი რძე სუსტი ნასროლის გამო მთვარის
მიზიდულობის გადაულახავად მეყრებოდა თვალში.

5
ჯერ ყველაფერი არ მითქვამს იმაზე, რითაც გამოირჩეოდა ჩემი ბიძაშვილი. მთვარის
რძის გამოღება მთვარის ქერცლიანი ქერქიდან მისთვის მართლაც რომ თამაში იყო:
კოვზის მაგიერ ქერცლსა და ქერცლს შორის ხანდახან შიშველ ხელს ჩაჰყოფდა
ხოლმე, ან თუნდაც თითს. რაღაც სისტემის თანახმად კი არ მოქმედებდა, არამედ
შემთხვევას აყოლილი, ჯერიდან ჯერზე, ერთი ადგილიდან მეორეზე ნახტომით
გადადიოდა, თითქოს მთვარეს ეხუმრებაო, მისი გაკვირვება სურს, ან სულაც
უღიტინებსო. და სადაც კი ხელს დაჰკრავდა, რძე ისე ამოასხამდა, როგორც თხის
ჯიქნიდან. ჩვენ ისღა გვრჩებოდა, უკან მივყოლოდით და კოვზებით მოგვეგროვებინა
ნივთიერება, რომელსაც იგი ხან აქ და ხან იქ ნაკადებად ამოასხმევინებდა ხოლმე
მთვარეს. მაგრამ ეს ყველაფერი თითქოსდა ჰაიჰარად ხდებოდა, რადგანაც ჩემი ყრუ
ბიძაშვილის მოქმედება არასოდეს ემორჩილებოდა რომელიმე ცხადად ჩაფიქრებულ
პრაქტიკულ გეგმას. მაგალითად, ზოგიერთ ადგილს მხოლოდ იმიტომ ეხებოდა, რომ
შეხებაში გემოს ატანდა: ქერცლებს შორის ნაპრალები და შიშველი ნაოჭები, სადაც
მთვარის გული მოჩანდა. ზოგჯერ ჩემი ბიძაშვილი ამ ადგილებს ხელს კი არ ახებდა,
არამედ – თავისი ნახტომების კარგად გათვლილ მოძრაობაში – ფეხის ცერს
დაჰკრავდა (მთვარეზე ფეხშიშველი ადიოდა) და გვეგონა, რომ ეს მისთვის
სიამოვნების მწვერვალი იყო, თუ იმ ჟღურტულით ვიმსჯელებდით, ყელიდან რომ
ამოსდიოდა, და კიდევ შემდგომი ნახტომებით.

მთვარის ნიადაგი ერთგვაროვნად ქერცლიანი არ ყოფილა. ხანდახან მკრთალი


თიხისაგან შედგენილი არაწესიერი ფორმის მოლიპული ზონებიც მოჩანდა. ყრუ
ბიძაშვილს ეს რბილი ადგილები მალაყებზე ან მართლაც რომ ფრინველისებრ
ფრენაზე შთააგონებდა, თითქოსდა მთელი სხეულით სურდა მთვარის რბილობში
ჩაფლობა. ისე გაერთობოდა ხოლმე, რომ ზოგჯერ თვალსაც მიეფარებოდა. მთვარეზე
ისეთი ტერიტორიებიც არსებობდა, რომელთა გამოსაკვლევად არც
ცნობისმოყვარეობა გაგვაჩნდა და არც საჭიროება. სწორედ იქ ქრებოდა ხოლმე ჩემი
ბიძაშვილი. ამიტომაც მიჩნდებოდა აზრი, რომ ყველა ეს მალაყი და ნახტომი, რითაც
ჩვენს თვალწინ თავს გაიგიჟებდა ხოლმე, მხოლოდ მომზადება და პრელუდია იყო
რაღაც იდუმალისათვის, რაც იმ დაფარულ ადგილებში უნდა მომხდარიყო.

რაღაც განსაკუთრებული განწყობა გვეუფლებოდა იმ ღამეებში თუთიის კლდეებით


გარშემორტყმულ უბეში. ეს განწყობა, თუმც მხიარული, მაინც ოდნავ დაძაბული იყო,
თითქოს თავისქალაში ტვინის მაგიერ მთვარის მიზიდულობის გავლენით
ამოტივტივებულ თევზს ვგრძნობდით. ასე მივცურავდით ნავით, თან ვუკრავდით
და ვმღეროდით. კაპიტნის ცოლი ჩანგზე უკრავდა: გრძელი მკლავები ჰქონდა და იმ
ღამეებში გველთევზებივით მოვერცხლილი, იღლიები კი – ზღვის ზღარბებსავით
ბნელი და იდუმალი. ჩანგის ბგერაც ისეთი ტკბილი და მკვეთრი იყო, რომ თავის
შეკავება თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომაც გაბმულად ვბღაოდით, რითაც
იმდენად მუსიკას კი არ ვუთანხმებდით ამ ბღავილს, რამდენადაც ჩანგის
ბგერებისაგან ვიცავდით საკუთარ სმენას.

ზღვის ზედაპირზე გამჭვირვალე მედუზები გამოდიოდნენ, ოდნავ გააჟრჟოლებდათ


და მერე მთვარისკენ აფრინდებოდნენ გრეხითა და სავსავით. პატარა Xlthlx მათი
ჰაერში დაჭერით ერთობოდა, თუმცა კი ადვილი არ იყო. ერთხელ, როცა თავისი
პაწია მკლავები ერთი მათგანის ჩასავლებად გასწია, უცებ წამოხტა და თვითონაც
ჰაერში დაეკიდა. ძალიან გამხდარი იყო, ამიტომ მთვარის მიზიდულობის

6
დასაძლევად და კვლავ მიწაზე დასაბრუნებლად სულ რამდენიმე მისხალი წონა
აკლდა: ასე ფრენდა მედუზებით გარშემორტყმული და ზღვის თავზე დაკიდებული.
ჯერ შეეშინდა, ატირდა, მერე გაიცინა, მერე კი თამაშს მოჰყვა და ჰაერში ხან პატარა
თევზს ჩაბღუჯავდა, ხან რომელიმე ნიჟარას. ზოგს პირისაკენ მიაქანებდა და ჩაკბეჩას
ლამობდა. ჩვენ ნიჩბებს ვუსვამდით, რომ მუდამ მის ქვეშ ვყოფილიყავით: მთვარე
წინ მიიწევდა თავის ელიფსურ ორბიტაზე და მაღლა ზეცაში იყოლიებდა ზღვის
ფაუნის ამ ღრუბელს, დარგოლილი წყალმცენარეების გრძელ შლეიფს და მათ შორის,
შიგ შუაგულში გამოკიდებულ პატარა გოგონასაც. Xlthlx- ორი წვრილი კიკინა ჰქონდა
და ისინიც, მთვარისკენ გაწვდილი, თითქოს მისგან დამოუკიდებლად ფრენდა
ჰაერში. შიგადაშიგ სხმარტალებდა და ტლინკებს ყრიდა, რათა მთვარის
გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და გრძელი წინდები (სანდლები აფრენისას
დაეკარგა) ნელ-ელა ჩამოუცურდა ფეხებიდან და დედამიწის მიმართულებით
ჩამოეკიდა. ჩვენ კიბეზე აცოცებულნი ვცდილობდით ხელი გვევლო მათთვის.

ჰაერში გამოკიდებული ცხოველების ჭამა კარგი იდეა გამოდგა: რაც უფრო მეტ წონას
იძენდა Xlthlx, მით მეტად ეშვებოდა დედამიწისკენ. უფრო მეტიც, რადაგანაც მას
ყველა სხეულზე მეტი მასა ჰქონდა, მოლუსკები, წყალმცენარეები, პლანქტონი
გრავიტაციის ძალით მის გარშემო იყრიდა თავს და მალე გოგონა მთლიანად
დაიფარა პატარა კაჟოვანი ნიჟარებით, ქიტინის ჯავშნებით, ბაკნებითა და ზღვის
ბალახეულობით. და რაც უფრო იკარგებოდა ამ გროვაში, მით უფრო
თავისუფლდებოდა მთვარის მიზიდულობისაგან, სანამ ბოლოს და ბოლოს წყლის
ზედაპირს არ შეეხო და არ ჩაყვინთა.

მაშინვე ნიჩბები მოვუსვით მის საშველად. მისი სხეული დედამიწის მიზიდულობამ


საბოლოოდ დაისაკუთრა და ძალიან გაგვიძნელდა ყოველივე იმის მოცილება, რაც კი
ზედ მიეკრო. თავზე სათუთი მარჯნები მოჰხვეოდა, თმებიდანაც სავარცხლის ყოველ
მოსმაზე ლიფსიტებისა და პაწაწინა კიბორჩხალების წვიმა სცვიოდა. თვალები რაღაც
მოლუსკების ნიჟარებით ჰქონდა დაბეჭდილი, რომლებიც მისაწოვრებით
აჰკრობოდნენ ქუთუთოებს. ყელსა და მკლავებზე რვაფეხათა საცეცები მოსდებოდა.
სიფრიფანა კაბაც უკვე თითქოს მხოლოდ წყალმცენარეებითა და ზღვის ღრუბლებით
იყო მოქსოვილი. ძირითადი დანაკრობისაგან ჩვენ გავათავისუფლეთ, მაგრამ
თვითონ მთელი კვირის განმავლობაში იფხეკდა ტანიდან ზღვის ზღარბების ნემსებსა
და ციცქნა მოლუსკებს. მაგრამ კანში ჩანერგილი ერთუჯრებიანი არსებები
სამუდამოდ შერჩნენ. ასე რომ, ვინც კარგად არ იცნობდა მას, იფიქრებდა, მთელი კანი
ჭორფლის მსუბუქი დანაფიფქით აქვსო დაფარული.

ასეთი დაძაბული იყო მთვარისა და დედამიწის სიახლოვე მათი მიზიდულობის


ძალთა ზედდების გამო. მეტსაც გეტყვით: სხეული, რომელიც თანამგზავრიდან
დედამიწაზე ეცემოდა, გარკვეული დროის განმავლობაში მთვარის ძალას
ინარჩუნებდა და ჩვენი სამყაროს ბუნებრივ წესრიგს უარყოფდა. მეც კი, მიუხედავად
საკმარისი ზომისა და წონისა, როცა მაღლა ვიყავი, მერე კარგა ხანს მიჭირდა მიწიერი
განზომილებების შეჩვევა. მოქანავე ნავზე მტევნებად ჩამოკიდებული მეგობრებიც
იძულებულნი იყვნენ, მკლავებზე მომჭიდებოდნენ და ძალით შევეკავებინე, სანამ მე
თავდაღმა დაკიდებული არ ვცდილობდი ზეცისკენ აშვერილი ფეხებით საყრდენის
პოვნას.

7
– მოგვეჭიდე! მაგრად მოგვეჭიდე! – მიყვიროდნენ. მეც ამ ალიაქოთში ზოგჯერ Vhd
Vhd–ს მრგვალ და მკვრივ ძუძუს მოვავლებდი ხელს და ეს შეხება კეთილი და
საიმედო იყო, ლამის ისეთივე მიზიდულობა ჰქონდა, როგორც თვით მთვარეს,
განსაკუთრებით, როცა თავდაყირა მყოფი იმასაც ვახერხებდი, რომ მეორე ხელით
წელზე მოვხვეოდი. მაშინ კვლავ ვუბრუნდებოდი მშობლიურ სამყაროს და ნავის
ფსკერზე ვეცემოდი, კაპიტანი Vhd Vhd კი ჩემს მოსასულიერებლად თავზე ერთ სათლ
წყალს მასხამდა ხოლმე.

ასე დაიწყო კაპიტნის ცოლთან ჩემი გამიჯნურებისა და ჩემი ტანჯვის ისტორია.


რადგანაც მაშინვე შევამჩნიე, ვისკენ მიიწევდა ასე დაჟინებით ქალბატონის მზერა:
როცა ჩემი ბიძაშვილის ხელები ასე დანდობილად ეყრდნობოდა დედამიწის
თანამგზავრის ზედაპირს, მე ქალბატონს ვაშტერდებოდი ხოლმე და მის თვალებში
ვკითხულობდი აზრებს, რომლებთაც ჩემი ყრუ ბიძაშვილის მთვარესთან
გაშინაურება იწვევდა. და როცა ყრუ თავის იდუმალ მთვარეულ კვლევებში
ერთობოდა, ვხედავდი, რა აფორიაქება ეტყობოდა ხოლმე ქალბატონს, თითქოსდა
ეკლებზე იჯდა. ახლა კი ნათელი იყო, როგორ ეჭვიანობდა ქალბატონი Vhd Vhd
მთვარის, ხოლო მე კი ჩემი ყრუ ბიძაშვილის მიმართ. ქალბატონ Vhd Vhd–ს
ბრილიანტის თვალები ჰქონდა, მთვარის შეხედვაზე გამოწვევით სავსენი
ციმციმებდნენ, თითქოს ამბობდნენ: ვერ მოგართვეს! ვერ დაეპატრონები მას! . და მე
თავს გარიყულად ვგრძნობდი.

ეს ყველაფერი ყველაზე ნაკლებად ჩემს ყრუ ბიძაშვილს ადარდებდა. როცა მას


ქვემოთ ჩამოსვლაში ეხმარებოდნენ – როგორც უკვე აგიხსენით, ფეხებზე მოჭიდებით
– ქალბატონი Vhd Vhd ყოველგვარ თავშეკავებას კარგავდა და ცდილობდა, რომ
მთვარიდან დაბრუნებული მაინცდამაინც მის სხეულს აჰკრობოდა და მთელი
სიმძიმით დასწოლოდა. ამ დროს თავისი გრძელი ვერცხლისფერი მკლავებით
ეხვეოდა ხოლმე. მე ამ დროს გულში ჩხვლეტას ვგრძნობდი (მაშინ, როცა მე
ვეჭიდებოდი ხოლმე მის სხეულს, ის რბილი და დამყოლი იყო, მაგრამ არა ისეთი წინ
გაჭრილი და დაძაბული, როცა საქმე ჩემს ბიძაშვილს ეხებოდა). თვით ჩემი
ბიძაშვილი კი სრულიად გულგრილი იყო, ჯერაც თავის მთვარეულ აღტაცებაში
ჩაკარგული.

კაპიტანსაც ვაკვირდებოდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტა თავისი ცოლის


საქციელს თუ ამჩნევს-მეთქი? მაგრამ არანაირი გამომეტყველება არ ჩნდებოდა ამ
მარილით დახრულსა და ფისით გაპოხილი ნაოჭებით დაღარულ სახეზე. რადგანაც
ჩემი ყრუ ბიძაშვილი უკანასკნელი ეშვებოდა მთვარიდან, მისი დაბრუნება ყველა
ნავისათვის წასვლის ნიშანი იყო. მაშინ უჩვეულოდ მზრუნველი მოძრაობით Vhd Vhd
ნავის ფსკერიდან ჩანგს იღებდა და ცოლს აწვდიდა ხოლმე. ცოლიც ვალდებული იყო,
გამოერთმია და რამდენიმე ნოტი გამოეცა. ყრუსაგან მისი მზერის ჩამოშორება
ყველაზე კარგად სწორედ ჩანგის ბგერებს შეეძლო. მეც ვიწყებდი იმ მელანქოლიური
სიმღერის სოლოს, რომელიც ამბობს: ყველა თეთრი თევზი ტივტივებს, ტივტივებს;
ყველა შავი თევზი ფსკერზეა, ფსკერზეა. ბიძაშვილის გარდა ყველანი ბანს
მაძლევდნენ.

ყოველ თვეს, როგორც კი დედამიწის თანამგზავრი იმ ადგილს შორდებოდა, ჩემი


ყრუ ბიძაშვილი მიწიერ საგნებს სცილდებოდა და განმარტოებულ განკერძოებაში
შედიოდა. მხოლოდ სავსემთვარეობის მოახლოებას გამოჰყავდა გარინდებიდან.
8
ერთხელაც მოვახერხე, რომ მთვარეზე ამსვლელთა რიგში არ შევსულიყავი და ნავში,
კაპიტნის ცოლის სიახლოვეს დავრჩი. და აჰა, როგორც კი ჩემი ბიძაშვილი კიბეზე
აცოცდა, ქალბატონმა Vhd Vhd-მ თქვა:

– დღეს მეც მსურს, მაღლა ავიდე!

არასოდეს მომხდარა, რომ კაპიტნის ცოლი მთვარეზე ასულიყო. მაგრამ Vhd Vhd-ს არ
დაუშლია მისთვის. პირიქით, შეაგულიანა კიდეც და ხელითაც წაუბიძგა, თითქოს
ეუბნებოდა, მიდი, მიდიო. მაშინ ყველანი მივვარდით მოსახმარებლად და მეც
უკნიდან მეჭირა. ჩემს ხელში მრგვალი და რბილი იყო. ხელისგულებითა და სახით
ვაწვებოდი და ისე ვიჭერდი, ხოლო როცა მთვარის სფეროსაკენ აიწია მთელს ჩემს
არსებას ამ დაკარგული შეხების გამო სიმწარე მოედო. იმდენად, რომ მივყევი და
დავიყვირე:

– მეც გავყვები ცოტა ხნით, მისახმარებლად!

რკინის მკლავებმა შემაჩერა:

– შენ აქ დარჩები, აქაც ბევრი საქმეა, – მიბრძანა კაპიტანმა ხმის აუმაღლებლად.

ამ დროისთვის ყველას განზრახვა სრულიად აშკარა იყო. მაგრამ მე არ


გავჯინიანებულვარ, პირიქით, დღემდე არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი
ზუსტად გამოვიცანი. უეჭველია, რომ კაპიტნის ცოლი დიდი ხანია ამწიფებდა
მთვარეზე ჩემს ყრუ ბიძაშვილთან ერთად განმარტოების სურვილს (ან, ყოველ
შემთხვევაში, იმას, რომ მისთვის დაეშალა მთვარესთან განმარტოება), მაგრამ,
შესაძლოა, მისი გონება უფრო ამბიციურ მიზანს ისახავდა, და ეს მიზანი, შესაძლოა,
ყრუსთან ერთად იყო დაგეგმილი: ერთად ასულიყვნენ მაღლა და იქ მთელი თვის
განმავლობაში დარჩენილიყვნენ. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ჩემს ბიძაშვილს
სიყრუის გამო კაპიტნის ცოლის ახსნა–განმარტებებიდან ვერაფერი გაეგო და ვერც
იმას მიმხვდარიყო, რომ ქალბატონის სურვილის საგანი თვითონ იყო. კაპიტანი კი?
მხოლოდ იმას ელოდა, როდის გათავისუფლდებოდა ცოლისაგან. ამიტომაც, როგორც
კი ცოლი მაღლა დაიგულა, მაშინვე ვიხილეთ, როგორ დამორჩილდა თავის
მიდრეკილებებს და მანკიერებაში ჩაეფლო. ჰოდა, მივხვდით, რატომაც არაფერი
მოუმოქმედებია ცოლის შესაჩერებლად. ოღონდ, იცოდა კი თავიდანვე, რომ მთვარის
ორბიტა ნელ–ნელა ფართოვდებოდა?

ჩვენგან ვერავინ ეჭვსაც ვერ აიღებდა. ყრუ, შესაძლებელია, მხოლოდ ყრუ თუ


ხვდებოდა ამას: ჩანასახოვანი ფორმით, რომლითაც იგი წვდებოდა საგანთა არსში,
შეიძლება წინასწარ გრძნობდა, რომ იმ ღამეს სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა
მთვარეს. ამიტომაც გადაიკარგა თანამგზავრის იდუმალ ადგილებში და იქიდან არ
გამოსულა, სანამ ნავში დაბრუნების ჟამმა არ მოაწია. კაპიტნის ცოლსაც დიდხანს
მოუხდა მისი დევნა: ვხედავდით, როგორ დარბოდა აქეთ–იქით ქერცლიან ვაკეზე.
ერთ წამს კი შეჩერდა და ჩვენ, ნავში მყოფებს, შემოგვაჩერდა, თითქოს
გვეკითხებოდა, ხომ არ გინახავთო?

მართლაც რაღაც უჩვეულო ხდებოდა იმ ღამეს. ზღვის ზედაპირი, იმის მაგიერ რომ
დაძაბულიყო, როგორც, ჩვეულებრივ, სავსემთვარეობისას, იმის მაგიერ რომ
გუმბათივით აღმართულიყო ზეცისაკენ, ახლა მოშვებულიყო, თავისთვის ნებიერად
9
გაშხლართულიყო დაბლა, თითქოს მთვარის ანდამატს თავისი ძალის დიდი ნაწილი
დაეკარგა. შუქიც ისეთი აღარ იყო, როგორც წინანდელი სავსემთვარეობებისას: ახლა
ღამის ბნელი თითქოსდა გასქელებულიყო. ზევით აცოცებული ამხანაგებიც ალბათ
გრძნობდნენ, რაც ხდებოდა. მართლაც, შიშით სავსე თვალები მოგვაპყრეს. და მათი
და ჩვენი მკერდიდან ერთდროულად აღმოხდა ყვირილი:

– მთვარე! მთვარე გვშორდება!

ეს ყვირილი ჯერაც არ მიჩუმებულიყო, რომ მთვარეზე ჩემი ბიძაშვილი გამოჩნდა.


მორბოდა. არც შეშინებული ჩანდა და არც გაკვირვებული: ხელები მთვარის
ზედაპირს დააბჯინა ჩვეული მალაყისათვის, მაგრამ ჰაერში ამხტარი იქვე დარჩა
დაკიდებული, როგორც ერთხელ უკვე შეემთხვა პატარა Xlthlx-ს. ერთხანს
ისხმარტალა მთვარესა და დედამიწას შორის, გადაყირავდა, ხელები გაასავსავა,
როგორც ძლიერ დინებასთან მებრძოლმა მოცურევემ, და უჩვეულოდ ნელა გაეშურა
ჩვენი პლანეტისაკენ.

მთვარეზე ასული სხვა მეზღვაურებიც სასწრაფოდ მიჰყვნენ მის მაგალითს. არავინ


ფიქრობდა იმაზე, რომ ნავამდე მიეტანა მთვარეზე შეგროვილი რძე და არც კაპიტანი
საყვედურობდა ამისთვის. უკვე ისედაც დიდხანს დაყოვნდნენ, უკვე მანძილიც
საკმაოდ გაზრდილიყო და მისი გადალახვა ძნელდებოდა. როგორც არ ცდილობდნენ,
ჩემი ბიძაშვილის ფრენისა თუ ცურვისთვის მიებაძათ, უსუსურად ეპოტინებოდნენ
სიცარიელეს.

– შექუჩდით! ბრიყვებო! შექუჩდით! – იყვირა კაპიტანმა. ამ ბრძანების გაგონებაზე


მეზღვაურები დაჯგუფებასა და ერთიანი მასის შექმნას ეცადნენ, რათა ერთობლივი
ძალებით მიეღწიათ დედამიწის მიზიდულობის არემდე. რამდენიმე ხანში
სხეულებისგან შემდგარი ჩანჩქერი დგაფუნით ჩავარდა ოკეანეში.

ნავები მათ შესაგროვებლად მიისწრაფოდნენ.

– მოიცადეთ, ქალბატონი სადაა! – ვიყვირე. კაპიტნის ცოლიც შეეცადა გადმოხტომას,


მაგრამ ცაში მთვარიდან რამდენიმე მეტრის დაშორებაზე ატივტივდა, სუსტად
უსვამდა ჰაერში თავის ვერცხლისფერ მკლავებს. მე კიბეზე ავცოცდი და დახმარების
ამაო მცდელობით ვაწოდებდი ჩანგს.

– ვერ ვწვდები! უნდა ვუშველოთ! – ვიყვირე და ხელში ჩანგჩაბღუჯული წამოვიწიე.


ჩემს მაღლა მთვარის უშველებელი დისკო უკვე ის აღარ იყო, რაც ადრე, იმდენად
დაპატარავებულიყო, უფრო მეტიც, თანდათან იკუმშებოდა, თითქოსდა ჩემი მზერა
უბიძგებდა შორეთისაკენ. და გათავისუფლებული ზეცა უფსკრულივით აღებდა
პირს, მის სიღრმეში კი ვარსკვლავები მრავლდებოდნენ და ღამეც თავზე სიცარიელის
მდინარეს მაფრქვევდა, აფორიაქებითა და თავბრუსხვევით მავსებდა.

მეშინია, – ვიფიქრე, – მეშინია, ვერ გადავხტები. მშიშარა ვარ . და სწორედ ამ წამში


გადავხტი. თავგანწირული მივცურავდი ცაში, ჩემი ქალბატონისკენ ვიწვდიდი ჩანგს.
ის კი არ მიახლოვდებოდა, საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებდა და ხან
გულგრილ სახეს მაჩვენებდა და ხანაც ბეჭებს.

10
– შევერთდეთ! – დავიყვირე. უკვე ვწვდებოდი, წელზე ვეხვეოდი, ჩემს სხეულს
მისაზე ვაჭდობდი. – შევრთდეთ და ასე დავეშვათ!

ძალებს მის უფრო მჭიდროდ მოსახვევნად ვძაბავდი, გრძნობებს კი – ამ ხვევნის


უფრო სავსედ აღსაქმელად. გვიანღა შევამჩნიე, რომ თუმცა გამოვიყვანე იგი
დაკიდული მდგომარეობიდან, მაგრამ კიდევ უფრო შორს ვუბიძგე მთვარისკენ.
ნუთუ შეუგნებლად მოხდა ეს? თუ თავიდანვე ასეთი იყო ჩემი განზრახვა? ჯერ ვერ
ვახერხებდი აზრის დალაგებას და უკვე ყვირილი აღმომხდა:

– მე, მე დავრჩები შენთან მთელი თვით! უფრო მეტიც: შენზე! – აღტყინებული


ვღრიალებდი. – მე შენზე მთელი თვით!

და სწორედ ამ წამს მთვარის ზედაპირზე დაცემამ შეწყვიტა ჩვენი ხვევნა. ცივსა და


აქერცლილ ნიადაგზე მე ერთ მხარეს გადავგორდი, ის – სხვაგან.

მზერა ავწიე, როგორც ყოველთვის, როცა მთვარის ზედაპირზე ვდგებოდი ხოლმე.


იმედი მქონდა, რომ ზემოთ უსასრულო ჭერივით გადაჭიმულ მშობლიურ ზღვას
აღმოვაჩენდი. ახლაც ვნახე, დიახ, ახლაც ვიხილე ეს ჭერი მაგრამ ბევრად უფრო
მაღალი და ბევრად უფრო შემოსაზღვრული კლდეთა, სანაპიროთა და კონცხთა
კონტურებით. ნავებიც რამდენად უფრო მცირენი მოჩანდნენ, ამხანაგთა სახეების
გარჩევა კი შეუძლებელი იყო და მათი ხმებიც დასუსტებულიყო! მცირე მანძილიდან
კი ბგერა მომესმა. ქალბატონმა Vhd Vhd-მ თავისი ჩანგი იპოვა და ტირილივით
მწუხარე აკორდით ეალერსებოდა.

ხანგრძლივი თვე დაიწყო. მთვარე ნელა ბრუნავდა დედამიწის გარშემო. ცაში


დაკიდებულ გლობუსზე უკვე ჩვენს ნაცნობ ნაპირს კი არ ვხედავდით, არამედ
უფსკრულივით ღრმა ოკეანეების ნელ მოძრაობას, გავარვარებული ქვებით მოფენილ
უდაბნოებს, ყინულით დაფარულ კონტინენტებს, ვეება ქვეწარმავლებით
მოფუთფუთე ტყეებს, ჩქარი მდინარეებით დასერილი მაღალი ქედების კლდოვან
კედლებს, ჭაობში ჩაფლულ ქალაქებს, ტუფის ნეკროპოლისებს, თიხისა და ტალახის
იმპერიებს. სიშორე ყოველივეს ერთსა და იმავე ფერს ანიჭებდა: უცხო პერსპექტივები
ყოველ გამოსახულებას აუცხოებდა. სპილოების ჯოგები და კალიების გუნდები
კვეთდნენ ერთნაირად ვრცელსა და ხშირი მცენარეულობით დაფარულ ველებს და
მათ შორის განსხვავების დაჭერა ძნელი იყო.

ალბათ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი: ოცნება ამიხდა და ჩემს ქალბატონთან ვიყავი


განმარტოებული. მთვარესთან გაშინაურება, რომლის გამოც ასე მშურდა ჩემი ყრუ
ბიძაშვილისა და ქალბატონ Vhd Vhd-სი ახლა ჩემი ერთადერთი და განსაკუთრებული
საზღაური იყო. წინ მთვარის დღეთა და ღამეთა მთელი თვე გველოდა,
თანამგზავრის ქერქი ჩვეული მომჟავო რძით გვკვებავდა, ჩვენი მზერაც მაღლისკენ
მიიწევდა, იქ, სადაც ჩვენი მშობლიური სამყარო გადაჭიმულიყო, ბოლოს და ბოლოს
გამოკვლეული მთელი თავისი მრავალფეროვნებით, მიწიერთა მიერ არნახული
პეიზაჟებით, ან უჭვრეტდა მთვარის მიღმა ზეცის დახრილ ტოტებზე დაკიდებულ
სინათლის მომწიფებული ნაყოფებივით დიდრონ ვარსკვლავებს და ეს ყოველივე
ჩვენს ყველაზე უფრო კაშკაშა ოცნებებს აღემატებოდა, მაგრამ მაინც, მაინც, მაინც
ტყვეობა იყო.

11
მხოლოდ დედამიწას დავტრიალებდი ფიქრით. მხოლოდ დედამიწის წყალობით
ხდებოდა, რომ ყოველი ჩვენგანი ის იყო, ვინც იყო და არა სხვა ვინმე. აქ, ზემოთ,
დედამიწისაგან მოწყვეტილი თითქოსდა მე აღარ ვიყავი ის მე და არც ის იყო ჩემთვის
ის პირვანდელი სატრფო. მოუთმენლად ველოდი დედამიწაზე დაბრუნებას და მისი
დაკარგვის შიშით მაკანკალებდა. ჩემი სიყვარულის ოცნება მხოლოდ წამით
განხორციელდა, როცა მთვარესა და დედამიწას შორის გამოკიდულნი და ერთმანეთს
ჩახვეულნი ვბზრიალებდით სივრცეში. თავის მიწიერ მიწიერობას მოკლებული ჩემი
სიყვარული ახლა მხოლოდ მტანჯველ ნოსტალგიას გრძნობდა იმის მიმართ, რაც
გვაკლდა: სადღაც, რაღაც, მანამდე, მერე.

ამას მე ვგრძნობდი. ის კი? როცა ჩემს თავს ვეკითხებოდი ამას, გაორებული ვიყავი.
რადგანაც ჩემი სატრფოც მხოლოდ დედამიწაზე ფიქრობდა. ეს, შესაძლოა, კეთილი
ნიშანი ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს მიღწეული თანხმობა, მაგრამ შეიძლება იმასაც
მიანიშნებდა, რომ ყოველივე ამაო იყო, რომ მხოლოდ ჩემი ყრუ ბიძაშვილისკენ იყო
მიმართული მისი სურვილები. და მაინც არაფერი. ძველ პლანეტას არც უყურებდა.
ფერმკრთალი დაიარებოდა მთვარის ვაკეებზე, რაღაცას ბუტბუტებდა და ჩანგს
ეალერსებოდა, თითქოსდა თავის დროებით (როგორც მე მეგონა) მთვარეულ
მდგომარეობასთან შეგუებული. ნიშნავდა ეს, რომ ჩემს მეტოქეზე გავიმარჯვე? არა,
დავმარცხდი. საბოლოოდ დავმარცხდი. რადგანაც ჩემი ქალბატონი მიხვდა, რომ ყრუ
ბიძაშვილს მხოლოდ მთვარე უყვარდა, ამიტომაც ერთადერთი, რაც ჩემს ქალბატონს
სურდა, მთვარედ ქცევა და ამ ზეადამიანური სიყვარულის საგანთან გაიგივება იყო.

როგორც კი მთვარემ ჩვენი პლანეტის გარშემო სრული ბრუნი გააკეთა, კვლავ


თუთიის კლდეებს ზემოთ აღმოვჩნდით. შიშით ვიცანი ისინი: ჩემს ყველაზე შავბნელ
ვარაუდებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მანძილის გამო ასე შემცირებულებს
ვიხილავდი. გუბეს დამსგავსებულ ზღვაში ჩვენი ამხანაგებიც დაბრუნდნენ
თავიანთი ნავებით, ოღონდ უკვე უსარგებლო ფიცრის კიბეები აღარ მოჰქონდათ თან.
სამაგიეროდ, ყოველი ნავიდან წვერში კაუჭგამობმული გრძელი ჭოკების ტყე
წამოიმართა. თითოეულს, ვისაც ასეთი ჭოკი ეჭირა, ალბათ მთვარის ხაჭოს
უკანასკნელი ნარჩენების მოფხეკის იმედი ამოძრავებდა, ან ჩვენს უბედურებაში
მცირედი დახმარების სურვილი მაინც. მაგრამ მაშინვე ცხადი შეიქნა, რომ ჭოკების
სიგრძეც არაა საკმარისი მთვარის მისაღწევად. ამიტომაც სულ მალე დაგდებული
ჭოკები საწყალობლად ატივტივდნენ ზღვის ზედაპირზე. ამ არეულობაში რამდენიმე
ნავმაც დაკარგა წონასწორობა და გადაბრუნდა. მაგრამ სწორედ ამ მომენტში ერთ–
ერთი ნავიდან წამოიწია გაცილებით უფრო გრძელმა ჭოკმა. ალბათ ბამბუკისა იყო,
ბამბუკის მრავალი და მრავალი შეკრული ან ერთმანეთში ჩადებული ღეროსაგან
შედგენილი. მის ასაწევად დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, რათა ნავის რყევას არ
გაეწყვიტა ეს წვრილი ჭოკი, თანაც დიდი ძალა და მოხერხება, რათა ვერტიკალურ
სიმძიმეს ნავი არ გადაეწონა.

და აჰა, მივხვდით, რომ ჭოკის წვერი მალე მისწვდებოდა მთვარეს, ვნახეთ როგორ
შეეხო და მიებჯინა მთვარის ზედაპირს, ცოტა უბიძგა კიდეც, ცოტა კი არა, კარგა
ძლიერადაც უბიძგა, თითქოსდა უფრო მეტად დააშორა დედამიწას. მერე კვლავ უკან
ჩაიწია და კიდევ ერთხელ დაჰკრა მთვარის ზედაპირს. და მაშინ ვიცანი, მაშინ
ვიცანით მეც და ჩემმა ქალბატონმა: ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს, თუ არა ჩემი ყრუ
ბიძაშვილი, რომელიც უკანასკნელად ეთამაშებოდა მთვარეს, თითქოსდა ჭოკის

12
წვერზე აცეკვებდა მას. და ისიც შევამჩნიეთ, რომ ეს სიყოჩაღე არაფერს
ემსახურებოდა, არანაირ პრაქტიკულ მიზანს არ ისახავდა, უფრო მეტიც,
შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დედამიწისგან კიდევ უფრო შორს მიერეკებოდა
მთვარეს, თან მიჰყვებოდა მის თანდათანობით დაშორებას, შორეულ ორბიტაზე
მიაცილებდა. ესეც ჩემი ბიძაშვილის თვისება იყო, რადგან ვერ წარმოედგინა,
მთვარის სურვილის, მისი ბუნების, მისი მისწრაფებისა და ბედისწერის წინააღმდეგ
წასულიყო ოდესმე. და თუ მთვარე ახლა დედამიწას შორდებოდა, ჩემი ყრუ
ბიძაშვილი ტკბებოდა ამ დაშორებით, როგორც ადრე მთვარის სიახლოვით
ტკბებოდა.

რაღა უნდა ექნა ამ შემთხვევაში ქალბატონ Vhd Vhd-ს? მხოლოდ ახლა გამოჩნდა
ყველაზე აშკარად, რომ ჩემი ყრუ ბიძაშვილის მიმართ მისი სიყვარული უბრალო
ახირება კი არა, დაურღვეველი აღთქმა იყო. თუ ჩემი ბიძაშვილის სიყვარულის
საგანი ახლა შორეული მთვარე იყო, კაპიტნის ცოლიც მთვარესავით შორს
დარჩებოდა მთვარეზევე. ამას მაშინ მივხვდი, როცა დავინახე, რომ ნაბიჯსაც არ
დგამდა ბამბუკისკენ. მხოლოდ მაღლა დედამიწისკენ იშვერდა ჩანგს და სიმებს
ეთამაშებოდა. ვამბობ, ვნახე–მეთქი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი წამით
თვალის კუთხით დავიჭირე მისი გამოსახულება, რადგან როგორც კი ჭოკი მთვარის
ზედაპირს შეეხო, მე იმწამსვე გავიქეცი მასზე მოსაჭიდებლად და უკვე გველივით
სწრაფი მივცოცავდი ზევით ბამბუკის რგოლებზე, მაღლა მივიწევდი მკლავებისა და
მუხლების ძალით, გაიშვიათებულ სივრცეში წონადაკარგული, თითქოსდა თვით
ბუნების ძალამ მიბრძანა დედამიწაზე დაბრუნება და დამავიწყა მიზეზი, რომელმაც
ოდესღაც მთვარეზე ამიყვანა. იქნებ, სულაც არ დამვიწყებია, არამედ საბოლოოდ
შევიგნე ეს მიზეზიც და მისი უიღბლო შედეგიც. ამასობაში კი ჩემი აღმასვლა იმ
წერტილს მიუახლოვდა, როცა უკვე ძალის მოდება აღარ მჭირდებოდა, არამედ უნდა
მივნდობილიყავი დედამიწის მიზიდულობის ძალას და თავისუფლად
ჩავსრიალებულიყავი ქვევით. აქ კი ჭოკი ათას ნაწილად დაიმსხვრა და მეც
თავდაყირა ჩავვარდი ზღვაში.

ეს ტკბილი დაბრუნება იყო, ხელახლა ნაპოვნი სამშობლო, მაგრამ ერთადერთი ჩემი


ფიქრი მხოლოდ დაკარგული ქალბატონის გამო ტკივილი იყო და ჩემი თვალებიც
უკვე სამუდამოდ მიუღწეველ მთვარეს მისჩერებოდა მის სახილველად. ვიხილე
კიდეც. იქ იყო, სადაც დავტოვე, სწორედ ჩვენს თავებს ზემოთ ქვიშაზე იწვა და
არაფერს ამბობდა. მთვარის ფერი მისცემოდა. გვერდზე ჩანგი მიეკრო და ნელა და
იშვიათად ჩამოჰკრავდა სიმებს. კარგად მოჩანდა მკერდის, მკლავების, წელის ფორმა.
ასე მახსოვს იგი და ახლაც, როცა მთვარე ამ შორეულ და ბრტყელ დისკოდ გადაიქცა,
ყოველთვის ვუშტერებ თვალებს მის პირველივე უწვრილეს ლებანს და რაც უფრო
იზრდება, მით უფრო მეჩვენება, რომ ვხედავ ჩემს ქალბატონს ან რაღაც მის მსგავსს,
მაგრამ მის გარდა სხვა არაფერს, ათასგვარი სხვადასხვანაირი სახით. მას, რომელიც
მთვარეს მთვარეობას ანიჭებს და რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აყმუვლებს
ძაღლებს და მათთან ერთად მეც.

სოკოსავით მთვარე

13
სერ ჯორჯ დარვინის თანახმად, მთვარე დედამიწას ჩამოშორდა მზიური მოქცევის
შედეგად. მზის მიზიდულობამ იმოქმედა ყველაზე მსუბუქი ქანისაგან
(გრანიტისაგან) შედგენილ საფარველზე, როგორც სითხეზე. ამ საფარველის ერთი
მოზრდილი ფრაგმენტი ახადა და მოსწყვიტა ჩვენს პლანეტას. დიდი ნაწილი
წყლებისა, რომლებიც მანამდე მთლიანად ფარავდა დედამიწას, მთვარის
მოწყვეტისაგან წარმოქმნილ ღრმულში – წყნარ ოკეანეში – ჩაინთქა, ხოლო
დარჩენილი გრანიტის ფენა გაშიშვლდა, დანაწევრდა და კონტინენტებად იქცა.
მთვარის გარეშე, თუმც კი დედამიწაზე მაინც მოხდებოდა სიცოცხლის ევოლუცია, ის
სულ სხვა გზით წარიმართებოდა.

– ჰო, ჰო, ახლა რომ მეუბნებით, მეც მახსენდება! – შესძახა მოხუცმა Qfwfq-მ. – როგორ
არა? მთვარე სწორედ რომ სოკოსავით ამოიზარდა წყლისქვეშიდან. მე ზუსტად იმ
ადგილზე მივცურავდი ნავით. უცებ ვგრძნობ, რაღაცა მაწვება ქვემოდან.

– ჯანდაბა! მარჩხობი! – ვყვირი, მაგრამ უკვე რაღაცნაირი მოთეთრო ბექობის


მწვერვალზე ვიმყოფები. მე და ჩემი ნავი. ანკესიც მშრალზე დარჩა და კაუჭიც.

ახლა ადვილია ამის მოყოლა. აბა, მაშინ მენახეთ, თუ შეძლებდით ამ ფენომენების


წინასწარმეტყველებას! რა თქმა უნდა, იმ დროსაც იყვნენ, ვინც მომავლის მიერ
ჩვენთვის შემონახული საშიშროების შესახებ გვაფრთხილებდა. ახლა უკვე შეიძლება
იმის თქმა, რომ ვიღაცეები ბევრ რამეს მიხვდნენ, მარტო მთვარის შესახებ კი არა, ეს
ყველასათვის მოულოდნელი იყო – არამედ ამის შემდეგ მაღლა ამოზიდულ მიწებზე.
ამ თემაზე მრავალი მოხსენება წაიკითხა, მაგალითად, Oo-მ, მიქცევათა და მოქცევათა
ობსერვატორიის ინსპექტორმა, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. ესეც ჩვენდა
საბედნიეროდ, თორემ ამან გამოთვლებში დიდი შეცდომა დაუშვა და პირადადაც
ზღო.

იმხანად ჩვენი გლობუსის მთელი ზედაპირი წყლით იყო დაფარული, არანაირი


ხმელეთი არ არსებობდა. ამქვეყნად ყველა საგანი ბრტყელი და ურელიეფო იყო,
ზღვაც – მარჩხი და მტკნარი წყლის ვეება გუბე, რომელშიც ჩვენ ნავებით
დავცურავდით და ქაშაყს ვიჭერდით.

ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, ინსპექტორმა Oo-მ ივარაუდა, რომ


დედამიწას უდიდესი ცვლილებები ელოდა. მისი თეორია იმაში მდგომარეობდა, რომ
ჩვენი პლანეტის სფერო სულ მალე ორ ნაწილად უნდა დაყოფილიყო – კონტინენტად
და ოკეანედ. კონტინენტზე წარმოიქმნებოდა მთები და წყლის ნაკადები, თანაც ეს
ყველაფერი უხვი მცენარეულობით დაიფარებოდა. ჩვენგან იმათ, ვინც კი ხმელეთზე
მოხვდებოდა, წინ გამდიდრების უსასრულო შესაძლებლობები გაეხსნებოდა, ხოლო
ოკეანეები სულ მალე ცხოვრებისათვის გამოუსადეგარი გახდებოდა, თუ არ
ჩავთვლით მათ დამახასიათებელ განსაკუთრებულ ფაუნას. რაც შეეხება ჩვენს
სიფრიფანა ნავებსა და გემებს, მათ უძლიერესი ქარიშხლები მოუღებდა ბოლოს.

თქვენ კი ეს მითხარით, ვინ მიიღებდა გულთან ახლოს ამ აპოკალიფსურ


წინასწარმეტყველებას? წყლის თხელ ფენაზე გადიოდა მთელი ჩვენი ცხოვრება და

14
ვერანაირ ცვლილებას ვერ წარმოვიდგენდით. ყოველი ჩვენგანი საკუთარი ნავით
მოგზაურობდა: მე მეთევზის მოთმინებით აღსავსე საქმიანობით ვიყავი დაკავებული,
მეკობრე Bm Bn იხვების მწყემსებს უსაფრდებოდა ლერწმის ტევრებში, ახალგაზრდა
გოგონა, Flw მარდად დაასრიალებდა თავის კანოეს. ჩვენგან რომელი წარმოიდგენდა,
რომ სარკესავით მოკრიალებული ზღვის ტრამალიდან ტალღა ამოიზრდებოდა,
თანაც წყლისა კი არა – გრანიტის ქვასავით მტკიცე ტალღა – და თან გაგვიყოლებდა?

ახლა კი დალაგებულად მოვყვეთ. იქ, მწვერვალზე პირველი მე აღმოვჩნდი. პირღია


დავრჩი მშრალზე. მესმოდა ზღვიდან მოღწეული ამხანაგების ყვირილი: ერთმანეთს
ატყობინებდნენ, ჩემსკენ ხელს იშვერდნენ და დამცინოდნენ. მაგრამ მათი სიყვები
ჩემამდე თითქოს იმქვეყნიდან აღწევდა:

– შეხეთ, იქ ზემოთ, Qfwfq! ხა-ხა-ხა!

ქვის კუზი, რომელზედაც დავრჩი, ადგილზე არ ყოფილა გაჩერებული: ზღვაზე


დაჰქროდა და ბილიარდის ბურთივით ბრუნავდა. არა, ვერ ავხსენი: მიწისქვეშა
ტალღა იყო, რომელიც სადაც კი გაივლიდა, ქანის ფენას ხალიჩასავით მაღლა სწევდა,
მერე, როგორც კი ტალღა ჩაივლიდა, ეს ფენა კვლავ ძველ ადგილას ეშვებოდა. მაგარი
ის იყო, რომ მე, ამ მყარი მოქცევის მიერ ზეატყორცნილი და შეკავებული, კვლავ
წყალში კი არ ვვარდებოდი, როგორც კი ამაღლება ადგილს იცვლიდა, არამედ მის
მწვერვალზე ვრჩებოდი სრულ წონასწორობაში, მის გზას მივყვებოდი და ჩემს
გარშემო ვხედავდი მშრალზე დარჩენილ ახალ–ახალ თევზებს, რომლებიც
პირდაფჩენილები იბრძოდნენ სიცოცხლისათვის თანდათანობით მზარდ მოთეთრო
ხმელეთზე.

რას ვფიქრობდი? რა თქმა უნდა, ინსპექტორ Oo-ს თეორიები არ მადარდებდა (მისი


სახელი ყურმოკვრით მქონდა გაგონილი) – ჩემი ერთადერთი ფიქრი თევზაობის
ახალი შესაძლებლობა იყო, ჩემს წინაშე ასე მოულოდნელად გახსნილი: ნავის ქაშაყით
ასავსებად ხელის გაწვდენაც კმაროდა. სხვა ნავებიდან წამოსული გაკვირვებისა და
დაცინვის შეძახილები ახლა უკვე წყველად და მუქარად იქცა. მეთევზეები ქურდს და
მეკობრეს მეძახდნენ: აქამდე წესად იყო დამკვიდრებული, რომ ყოველი ჩვენგანი
თავის განსაკუთრებულ არეში თევზაობდა და სხვაზე გაპიროვნებულ ადგილას
გადასვლა დანაშაულად ითვლებოდა. მაგრამ ახლა ვიღა გააჩერებდა ამ მოძრავ
ხმელეთს? ჩემი ბრალი კი არ იყო, რომ ჩემი ნავი ივსებოდა, მათი კი ცარიელი
რჩებოდა.

სცენა ასეთი იყო: გრანიტის ბურთი მოსხმარტალე თევზების გუნდით


გარშემორტყმული მიგორავდა ზღვის ზედაპირზე და ნელ-ნელა იზრდებოდა. მე
ჰაერშივე ვიჭერდი თევზებს. უკან შურით აღვსილი ამხანაგების ნავები მომდევდნენ
და ჩემი ციხესიმაგრის აღებას ცდილობდნენ შეტევით. მაგრამ მანძილი იზრდებოდა
და მდევნელთაგან ვერც ერთს ვერ შეეძლო მისი გადალახვა. მათ თავზე უკვე მწუხრი
ეშვებოდა და ღამის ბნელი ნთქავდა მათ ნელ-ნელა, ხოლო იქ, სადაც მე
ვიმყოფებოდი, მზე დაუღლელად ანათებდა და მარადიული შუადღე იდგა.

ქვის ტალღაზე მხოლოდ თევზები არ ამთავრებდნენ სიცოცხლეს. ყოველივე, რაც კი


წყლის ზედაპირზე ტივტივებდა, მოძრავ ხმელეთს ასკდებოდა: მშვილდოსნებით
დატვირთულ კანოეთა ფლოტილიები, საკვებით სავსე კარჭაპები, მეფეთა,

15
უფლისწულთა და მათი ამალის გადამყვანი ბუკენტავრებივით მოუქნელი
გონდოლები. სრბოლისას ჰორიზონტი ხიმინჯებზე შემდგარი ქალაქების ნატიფი
სილუეტებით იხატებოდა, მაგრამ ისინიც წამში დამტვრეულ ფიცრებად, გაბნეულ
ნამჯად და ქათმების კრიახად იქცეოდა. ეს უკვე ფენომენის შინაგანი ბუნების ცხადი
ნიშნები იყო: ჩვენი სამყაროს ზედაპირზე აღმოცენებული საგნების სათუთ ფენას
სულ მალე უარყოფა ელოდა, მას მოძრავი უდაბნო შეცვლიდა, რომლის განუხრელი
სვლა სიცოცხლის ყოველ გამოვლენას თავდაყირა დააყენებდა და არსებობიდან
გამორიცხავდა. უკვე ესეც გამოდგებოდა გაფრთხილებად ჩვენთვის და,
განსაკუთრებით, ინსპექტორისთვის. მაგრამ მე, ვიმეორებ, მომავლის შესახებ არანაირ
ვარაუდს არ ვაგებდი: მთელი ჩემი საზრუნავი საკუთარი წონასწორობის შენარჩუნება
იყო და კიდევ უფრო ფართო, საყოველთაო წონასწორობის გადარჩენა, რომელსაც
ჩემს თვალწინ ეშლებოდა საძირკველი.

ყოველი დაბრკოლებიდან, რომელსაც ქვის ტალღა ნამსხვრევებად აქცევდა, თავზე


ათასგვარი ძველმანების, საჭირო საგნების, დიადემების წვიმა მეყრებოდა. ჩემს
ადგილზე მყოფი სინდისის ქენჯნას მიუჩვეველი ადამიანი (როგორც ეს ცხადად
გამოჩნდა შემდგომში) მაროდიორობას მიეცემოდა. მე კი – ხომ მიცნობთ? – ამას ვერ
ვიზამდი. პირიქით, სრულიად საწინააღმდეგო ფიქრმა შემიპყრო: ასე ადვილად
შეგროვებული ქაშაყი კვლავ საბრალო მეთევზეებს გადავუყარე. იმიტომ კი არა, კაი
კაცად გამოვჩენილიყავი მათ თვალში, უბრალოდ, ერთადერთი გზა, წინააღმდეგობა
გამეწია იმისათვის, რაც ხდებოდა, იმაში მოვნახე, რომ ზარალის ანაზღაურება და
მსხვერპლთა დახმარება დავიწყე. მოძრავი მთის მწვერვალიდან ვყვიროდი:

– თავს უშველეთ! გაიქეცით! გზა მიეცით!

თუკი გადატრიალებულ ხიმინჯებზე მიმწვდებოდა ხელი, ვცდილობდი


შემეკავებინა, რომ კვლავ ფეხზე დამდგარიყვნენ, როცა მთა ჩაივლიდა. საბრალო
მიტოვებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ვუნაწილებდი იმას, რაც
შეჯახებებისა და ნგრევების შედეგად ჩემს ირგვლივ იყრებოდა. ამის იმედი მქონდა:
ახალი წონასწორობა წარმოიქმნებოდა იმ ვითარების წყალობით, რომ მაღლა
მწვერვალზე მე ვიმყოფებოდი. ბედნიერი ვიყავი, რომ ქვის ტალღას თავისი
უბადრუკი აღმოცენების ბოროტებასთან ერთად ჩემს საქმეთა სიკეთეც გადაჰქონდა –
ერთიც და მეორეც ერთი და იმავე ბუნებრივი ფენომენის ორი სხვადასხვა ასპექტი
იყო, ჩემი და სხვისი ნების ზედდება.

და მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერს ვახერხებდი. ხალხი ჩემს ყვირილს ვერ


იგებდა და ტალღას თავს არ არიდებდა, ხიმინჯები ხელის ყოველ მიკარებაზე
ინგრეოდა, ჩემს მიერ ნასროლი ნივთები წყალში მცურავ უბედურთა შორის ჩხუბს
იწვევდა და კიდევ უფრო ამძაფრებდა უწესრიგობას.

ერთადერთი კეთილი საქმე, რომელიც გამომივიდა, ის იყო, რომ მეკობრე Bm Bn-ს


ხელში ჩავარდნისგან ვიხსენი იხვების გუნდი. უმეცარი მწყემსი არხეინად
მიცურავდა ლერწმიანში თავისი მსუბუქი პიროგით და ვერ ხედავდა მისკენ
გასაგმირად გაშვერილ შუბს. ქვის ტალღაზე ამხედრებულმა სწორედ სულზე
მივუსწარი და ყაჩაღის მკლავი შევაჩერე. ქში, ქში – შევუძახე იხვებს, რომლებიც
სამშვიდობოს გაფრინდნენ. მაგრამ Bm Bn, როგორც კი მის ზემოთ აღმოვჩნდი,
იმწამსვე თავს დამესხა და მომეჭიდა. ამ წუთიდან უკვე ორნი ვიყავით ქვის ტალღაზე

16
და სიკეთესა და ბოროტებას შორის წონასწორობა, რომლის გადარჩენასაც
თავგანწირული ვცდილობდი, საბოლოოდ დაირღვა.

Bm Bn-თვის აქ ამოსვლა მხოლოდ საბაბი იყო ახალი ყაჩაღობისთვის,


ბრაკონიერობისთვის, აოხრებისთვის. გრანიტის ტალღა განაგრძობდა ამა ქვეყნის
შეუგნებელსა და უგრძნობ უარყოფას. მაგრამ მასზე უკვე ამხედრდა გონება,
რომელიც ამ უარყოფას საკუთარი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნებდა. მე კი უკვე
დედამიწის ბრმა კატაკლიზმის კი არა, მეკობრის ტყვე ვიყავი. რა უნდა მექნა ამ ორი
გაერთიანებული ნების შესაჩერებლად? ქვასა და ყაჩაღს შორის არჩევანში,
ვგრძნობდი, რომ ქვის მხარეს ვიყავი, რაღაც იდუმალი გრძობით ის ჩემს მოკავშირედ
მიმაჩნდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ შემეერთებინა მისთვის ჩემი სუსტი ძალები,
რათა ამელაგმა Bm Bn-ს ძალადობა და უტიფრობა.

არც მაშინ შეცვლილა ვითარება, როცა ტალღის მწვერვალზე Fლწ–ც აღმოჩნდა. მის
მოტაცებას ისე დავესწარი, რომ თითის მოძრაობითაც ვერ შევეშველე, რადგან Bm Bn-
მ კუპატივით შემკრა. Flw მშვიდად მისრიალებდა თავისი კანოეთი ლოტოსებსა და
ისლის ღეროებს შორის. Bm Bn–მ ჰაერში გრძელი ქამანდი დაატრიალა და მოიტაცა
იგი. მაგრამ Flw ნაზი და უწყინარი გოგონა იყო და ადვილად შეურიგდა ამ
პირუტყვის ტყვეობას.

მე კი ვერ ვურიგდებოდი და ვუთხარი:

– აქ იმისთვის არა ვარ, რომ შანდლის მაგივრობა გაგიწიო, Bm Bn. გამიხსენი ხელ-
ფეხი და წავალ.

ყაჩაღმა ოდნავ მოაბრუნა თავი.

– ჯერაც აქა ხარ? – იკითხა. – ხარ თუ არა ხარ, სულაც ფეხებზე მკიდია. წადი, ზღვაში
გადახტი და, თუ გინდა, დამხრჩვალხარ.

ხელ–ფეხი გამიხსნა.

– მე წავალ, მაგრამ ჩემს სახელს კიდევ გაიგონებ, – ვუთხარი და მერე ჩუმად


ჩავჩურჩულე Flw-ს. – დამელოდე, მოვალ და გაგათავისუფლებ.

ზღვაში გადახტომა დავაპირე, მაგრამ იმავე წუთში დავინახე ვიღაც, ზღვაზე


ოჩოფეხებით მომავალი. ჩვენი ტალღის მოახლოებისას თავი არ აურიდებია,
პირიქით, შესახვედრად გამოემართა. ოჩოფეხები დაემსხვრა, თვითონ კი გრანიტზე
დავარდა.

– ზუსტად გამოვთვალე, – თქვა. – ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ: ინსპექტორი Oo


მოქცევათა და მიქცევათა ობსერვატორიიდან.

– სწორედ დროზე მოგვისწარით, ინსპექტორო, შეგიძლიათ მირჩიოთ, რა ვქნა, –


ვთქვი მე. – აქ მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ წასასვლელად ვემზადებოდი.

– სასტიკად შეცდებოდით, – დამარიგა ინსპექტორმა. – ახლავე აგიხსნით, რატომაც.

17
და ფაქტებით უკვე დამტკიცებული თავისი თეორიის გადმოცემას შეუდგა:
კონტინენტთა მოსალოდნელი წარმოქმნა უკვე დაიწყო დედამიწის ქერქის ამ
შებერილობით, რომელზედაც ჩვენ ვიმყოფებოდით. ჩვენს წინაშე ახალი
დაუსრულებელი შესაძლებლობების ხანა იშლებოდა. პირღია ვუსმენდი.
მდგომარეობა მართლაც იცვლიდა სახეს. ადრე თუ ნგრევისა და მოოხრების ბირთვზე
მეგონა თავი, სინამდვილეში, ათასგზის უფრო უხვი და მდიდარი მიწიერი
ცხოვრების ახალ შესაძლებლობათა კვირტზე ყოფნა ვიგრძენი.

– ამიტომაც, – საზეიმოდ დაასკვნა ინსპექტორმა, – მეც თქვენ გიერთდებით.

– თუკი მე ვისურვებ შენს აქ დატოვებას! – შეუღრინა Bm Bn-მ.

– დარწმუნებული ვარ, დავმეგობრდებით, – განაცხადა Oo-მ. – ჩვენ დიდი


კატაკლიზმები გველის და ჩემი გამოკვლევები და გამოთვლები მოგვცემენ მათი
მართვის უნარს. უფრო მეტიც, ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნებთ მათ.

– და არა მარტო ჩვენს სასარგებლოდ! – ვიყვირე. – ინსპექტორო, თუ ყოველივე ის,


რასაც თქვენ ამბობთ, მართალია, თუ ეს დიდი იღბალი ჩვენ გვხვდა წილად,
როგორღა შევძლებთ ჩვენს მსგავსთა გამორიცხვას? უნდა ვამცნოთ ყველას, ვინც კი
გზად შეგვხვდება! ჩვენთან უნდა ამოვიდნენ!

– მოკეტე, ბრიყვო! – და Bm Bn-მ შიგ კუჭში ჩამავლო ხელი. – თუ არ გინდა ახლა


თავდაყირა იმ ტალახში გადაგიშვა, საიდანაც ამოხვედი! აქ მე ვარ და ვინც მე მინდა,
მორჩა და გათავდა! ხომ მართალი ვარ, ინსპექტორო?

Oo-სკენ შევბრუნდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასში მოკავშირეს ვიპოვიდი ამ


ყაჩაღის წინააღმდეგ.

– ინსპექტორო, ხომ მართალია, რომ თქვენს გამოკვლევებში ეგოიზმი არ


გამოძრავებდათ? არ დაუშვებთ, რომ Bნ Bნ–მ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს...
ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა.

– მართალი გითხრათ, თქვენს შინაურ საქმეებში არ ვერევი: თანაც არ ვიცი, რა


უძღოდა წინ ამ ყველაფერს. მე ტექნიკური მუშაკი ვარ. თუ აქ, როგორც მგონია, ეს
ბატონი უფროსობს, – და თავი Bm Bn-კენ გაიშვირა, – მაშინ მას მინდა წარვუდგინო
ჩემს გამოთვლათა შედეგები.

ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთი იმედგაცრუება ვიგრძენი, როგორც მოულოდნელი


ღალატისას. არა თვით ინსპექტორის, რამდენადაც მის წინასწარმეტყველებათა გამო.
კონტინენტზე განვითარებული მომავალი ცხოვრების აღწერას განაგრძობდა:
გვიხატავდა ქვის საძირკველზე დაფუძნებულ ქალაქებს, გზებს, რომლებზედაც
აქლემები, ცხენები, კატები და ქარავნები იმოძრავებდნენ, ოქროსა და ვერცხლის
საბადოებს, სანდალისა და წითელი ხის ტყეებს, სპილოებს, პირამიდებს, კოშკებს,
საათებს, მეხამრიდებს, ტრამვაის, ამწეებს, ლიფტებს, ცათამბჯენებს, ეროვნულ
დღესასწაულებზე გამოფენილ დროშებსა და ალმებს, კინოებისა და თეატრების
ფასადებზე ფერად–ფერად მანათობელ წარწერებს, რომლებიც დიდი ზეიმების
დღეებში მარგალიტის ყელსაბამებზე აირეკლებოდა. ყველანი ვუსმენდით: Flw
მოჯადოებული ღიმილით, Bm Bn – ფლობის წადილისაგან გაფართოებული

18
ნესტოებით. მაგრამ ჩემში ეს ზღაპრული ამბები უკვე არავითარ იმედს აღარ
იწვევდნენ, რადგანაც მხოლოდ ჩემი მტრის მარადიულ ძალაუფლებას
მოასწავებდნენ და მეტს არაფერს – ეს ყოველივე კი კმაროდა, რომ ყოველ სასწაულს
პრიალა, ყალბი და ვულგარული მბზინვარება შეჰპარვოდა.

ეს ვუთხარი Flw-ს, როცა დანარჩენები თავიანთ პროექტებში იყვნენ გართულნი.

– ისევ ქაშაყის მჭერთა ჩვენი უბრალო ცხოვრება ჯობია, – ვუთხარი, – ვიდრე მთელი
ეს ბრწყინვალება, რომლის ფასი Bm Bn-ის მონობით უნდა გადავიხადოთ! – და
შევთავაზე, ჩემთან ერთად გაქცეულიყო, მეკობრე და ინსპექტორი კი მომავალ
კონტინენტზე მიეტოვებინა. – ვნახოთ, მარტონი როგორ გაართმევენ თავს.

დავარწმუნე კი? Flw, როგორც გითხარით, მორჩილი არსება იყო, პეპლის ფრთასავით
სიფრიფანა. ინსპექტორის მიერ დახატული პერსპექტივა აჯადოებდა, მაგრამ Bm Bn-
ის პირუტყვული ბუნება ეზიზღებოდა. ჩემთვის ძნელი არ ყოფილა, მეკობრის
წინააღმდეგ განმეწყო იგი. დამთანხმდა და გამომყვა.

გრანიტის ამონაზარდი ახლა კიდევ უფრო ამობურცულიყო დედამიწის სიღრმიდან


და დაუძლეველად მიიწევდა მზისკენ. უფრო მეტიც, მზისკენ მიმართული მხარე
განუწყვეტლივ ფართოვდებოდა, რის შედეგად, ქვემოთა მხარე სულ უფრო
ვიწროვდებოდა, თითქოს ჩრდილში დარჩენილ ქვის კონუსს ყელში წაუჭირესო.
სწორედ ამ ცრუ ფეხით თუ ღეროთი ვისარგებლეთ და სამხრეთის შუქს გამოვექეცით.

– დრო მოვიდა! – ვუთხარი Flw-ს და ხელი დავავლე, როცა დავიწროებულ კონუსზე


მივსრიალებდით. – ან ახლა, ან არასოდეს!

ეს სიტყვები მოწოდებასავით ხმამაღლა წარმოვთქვი და არც ვიცოდი რა სიზუსტით


შეესაბამებოდა მათი აზრი სინამდვილეს. როგორც კი გავშორდით ცურვით იმას რაც
ახლა უკვე ჩვენი პლანეტის გიგანტურ ანასხლეტს ჰგავდა, რომ წყალმაც და მიწამაც
რყევა იწყო. მზის მიერ მიზიდული გრანიტის მასა ბაზალტის საფუძველს წყდებოდა.
უზარმაზარი კლდის ბურთი, ზემოდან მობრტყელებული და ფოროვანი, ქვემოდან
კი თითქოსდა დედამიწის შიგნეულობიდან გამონაყოლი ლორწოთი მოსვრილი,
მინერალების ძარღვებითა და გაცივებული ლავით დაღრღნილი, მოლუსკებისა და
კიბორჩხალების კოლონიები ცანცარა წვერის მსგავსად რომ გამობმოდა,
ფოთოლივით მსუბუქად აფრინდა ცაში. წარმოქმნილ ნაპრალში დედამიწაზე
დარჩენილი წყლის მასები ჩანჩქერებად მიექანებოდა – შორს კი კუნძულები,
ნახევარკუნძულები და ზეგნები შიშვლდებოდა.

ამ ახლადაგაჩენილ მაღლობებზე ავცოცდი, Flw-ს უსაფრთხო ადგილას ამოთრევაც


მოვახერხე, მაგრამ ჯერაც ვერ მოვწყიტე თვალი სამყაროს ცაში აფრენილ ნატეხს,
რომელიც უკვე ცაში ბრუნვა-ტრიალს შეუდგა და თანდათანობით გვშორდებოდა.
ჯერ კიდევ მოვასწარი Bm Bn-ს წყევლა-კრულვის გაგონება, რომლითაც ინსპექტორს
ლანძღავდა.

– ესაა შენი კვლევა და გამოთვლა, შე იდიოტო!

მაგრამ ამ დროს ბრუნვითი მოძრაობის წყალობით დედამიწის ნაგლეჯის


კუთხოვანება და უსწორმასწორობა თანდათანობით იტკეპნებოდა და ისიც

19
ერთგვაროვანი ბურთის ფორმას ღებულობდა. უკვე მზეც ჩადიოდა და სფერო,
რომელსაც მალე მთვარეს დაარქმევდნენ სახელად, ღამის ბინდით მოცული,
ინარჩუნებდა მის შორეულსა და მკრთალ ანარეკლს.

– ორივემ ის მიიღო, რისი ღირსიც იყო! – წამოვიძახე, რადგან მეგონა, რომ Flw კარგად
ვერ მიმხვდარიყო მდგომარეობის ცვლილებას. – ის არ იყო ინსპექტორის მიერ
ნაწინასწარმეტყველები კონტინენტი. თუ წინათგრძნობა არ მღალატობს, კონტინენტი
ესაა, ჩვენს ფეხქვეშ რომ ჩნდება.

ფოთლები, მდინარეები, ხეობები, წელიწადის დროები და ქარები სახეს უქმნიდნენ


წყლიდან ამოწვერილ ხმელეთს. უკვე სექვოიების ტყეებიდან ღია სივრცეზე
გამოდიოდნენ მომავლის მაცნეები, პირველი იგუანოდონები. Flw თითქოსდა
ყველაფერს ბუნებრივად აღიქვამდა: ტოტიდან ანანასი მოწყვიტა, ხის ტანს
მიამსხვრია მისი ქერქი, წვნიან რბილობში ჩაასო კბილები და სიცილით ჩაბჟირდა.

დღემდე ასე წავიდა საქმე, როგორც უკვე იცით. ეჭვი არ მეპარება, რომ Flw
ცხოვრებით კმაყოფილია. ნეონის ცეცხლით გაცისკროვნებულ ღამეში დასეირნობს
შინშილას რბილ ქურქში გახვეული, ირგვლივ შემოჯარულ ფოტოკამერებს უღიმის.
მე კი ვეკითხები ჩემს თავს: ეს სამყარო მართლა ჩემია თუ არა?

ზოგჯერ მთვარეს შევცქერი და ვფიქრობ მთელს ამ უდაბურობაზე, სიცივესა და


სიცარიელეზე, რომელიც სასწორის მოპირდაპირე პინას ამძიმებს და ჩვენს ამ
უბადრუკ ფუფუნებას საყრდენად ევლინება. თუ დროზე გადავხტი, ეს მხოლოდ
შემთხვევითობა იყო. ვიცი, რომ მთვარის მადლიერი უნდა ვიყო იმისთვის, რასაც
დედამიწაზე ვფლობ – რადგან არარსებულის წყალობით ჩნდება არსებული.

რბილი მთვარე

ჰ. გერსტენკერნის გამოთვლების თანახმად, რომლებიც შემდგომ ჰ. ალფვენმა


განავითარა, დედამიწის კონტინენტები სხვა არა არის რა, თუ არა ჩვენი პლანეტის
ზედაპირზე დავარდნილი მთვარის ფრაგმენტები. თავდაპირველად მთვარეც მზის
გარშემო მბრუნავი პლანეტა უნდა ყოფილიყო, სანამ დედამიწასთან დაახლოებამ
მისი ორბიტის ცვლილება არ გამოიწვია. დედამიწის გრავიტაციული ველის
ზეგავლენით მთვარე კიდევ უფრო მოგვიახლოვდა და ჩვენს გარშემო მბრუნავ
ორბიტაზე გადაინაცვლა. გარკვეულ მომენტში ურთიერთმიზიდულობამ ორივე
ციური სხეულის ზედაპირის დეფორმაცია გამოიწვია, წარმოიშვა ძლიერი ტალღები,
მათი ქიმიდან წყდებოდა ნატეხები და ისინი დედამიწასა და მთვარეს შორის
სივრცეში ბრუნავდა. განსაკუთრებით მრავლად იყო მთვარის მატერიის
ფრაგმენტები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს დედამიწაზე ვარდებოდა. მოგვიანებით
ჩვენი ზღვების მოქცევათა წყალობით მთვარემ დაშორება დაიწყო, სანამ თავის

20
ახლანდელ ორბიტას არ მიაღწია. მაგრამ მთვარის მასის გარკვეული ნაწილი, ალბათ
ნახევარი, დედამიწაზე დარჩა და კონტინენტები წარმოშვა.

– ახლოვდებოდა, – გაიხსენა Qfwfq-მ, – შინ დაბრუნებისას შევამჩნიე, როცა


ფოლადისა და მინის კედლების გადაღმა ავიხედე და დავინახე: ეს უკვე აღარ იყო
ჩვეულებრივი სინათლე, აი, ყოველ საღამოს რომ ციმციმებს, იმათი მსგავსი,
დედამიწაზე რომ ანთებენ, როცა გარკვეულ საათს ცენტრალურ სადგურში ბერკეტს
გადასწევენ ხოლმე, ან კიდევ უფრო შორეული, ზეციური, მაგრამ მაინც ჩვეული,
ყოველ შემთხვევაში ისეთი, ყოველივე დანარჩენის სტილსა და გარეგნულ სახეს რომ
არ ეწინააღმდეგება, – აწმყო დროში ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც იმ შორეულ დროს
ვგულისხმობ, – ჰოდა, იმას ვამბობ, დავინახე, რომ ყველა დანარჩენ ქუჩისა თუ ზეცის
სინათლეს აღარ ჰგავდა, წყვდიადის შეზნექილ რუკაზე საკუთარ რელიეფს იძენდა,
უკვე წერტილი კი აღარ იყო, თუნდაც მოზრდილი, როგორც, მაგალითად, მარსი ან
ვენერაა, მსგავსი პაწაწინა ჭრუჭრუტანისა, საიდანაც შუქი იღვრება, არამედ სივრცის
ნამდვილ ნაგლეჯად ქცეულიყო, ფორმასაც კი იღებდა, თუმცა არც მთლად კარგად
ჩამოყალიბებულს, რადგან მისი კონტურები მაინცდამაინც მკვეთრი არ იყო და
წესიერ ნაკვთს ვერ საზღვრავდა, ერთი სიტყვით, დავინახე, რომ საგნად ქცეულიყო.

ამან რაღაც გრძნობა მომგვარა. რადგანაც ეს ისეთი საგანი იყო, რომ თუმც გაუგებარი
რჩებოდა, რისგან იყო შექმნილი, ან იქნებ სწორედ იმის გამო, რომ ეს გაუგებარი იყო,
ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა საგნისაგან განსხვავებული ჩანდა, სულ არ ჰგავდა
პლასტმასის, ნეილონის, ქრომირებული ფოლადის, კოტონის, სინთეზური რეზინის,
პლექსიგლასის, ალუმინის, ვინავილის, ებონიტის, თუთიის, ასფალტის, ასბესტის,
ბეტონის საგნებს, იმ ძველსა და კეთილ ნივთებს, რომელთა შორის დავიბადეთ და
გავიზარდეთ. ეს რაღაც შეუსაბამო, რაღაც უცხო იყო. ვხედავდი, როგორ
ახლოვდებოდა, თითქოს მედისონ ავენიუზე ჩამწკრივებულ ცათამბჯენებს უნდა
გასწორებოდა (მე მაშინდელზე გეუბნებით, ჩვენი დროის მედისონ ავენიუსთან
შეუდარებელზე), თითქოს ზეცის იმ დერეფანში სურდა შემოსვლა, რომელიც
კარნიზების ტეხილი წირით იხაზებოდა შუქის არილში. თითქოს გაგნიერებას
ესწრაფოდა და ცდილობდა, თავს მოეხვია ამ ჩვეული პეიზაჟისთვის არა მარტო
თავისი შეუსაბამო ფერის სინათლე, არამედ თავისი მოცულობა, წონა და სრულიად
უადგილო არსი. და მაშინ ვიგრძენი, დედამიწის მთელ ზედაპირს მოჭიქულ
სიბრტყეებს, ფოლადის არმატურებს, რეზინის იატაკებს, ბროლის გუმბათებს
როგორ დაუარა ერთიანმა ჟრუანტელმა.

სიჩქარეს ვუმატე, რამდენადაც ამის საშუალებას ქუჩის მოძრაობა მაძლევდა, შევედი


გვირაბში და მანქანა ობსერვატორიისკენ წავიყვანე. სიბილა იქ მეგულებოდა,
ტელესკოპს მიწებებული თვალით. ჩვეულებრივ, არ უყვარდა, როცა სამუშაო დროს
ვესტუმრებოდი ხოლმე, როგორც კი დამინახავდა, იმწამსვე შეწუხებულ სახეს
იღებდა. მაგრამ იმ საღამოს არა, იმ საღამოს თავიც არ აუწევია: აშკარა იყო, ჩემს
მოსვლას ელოდებოდა.

ნახე? – ეს სულელური კითხვა იქნებოდა, მაგრამ იძულებული გავხდი, ტუჩზე


მეკბინა, რომ არ მეთქვა, იმდენად მაინტერესებდა მისი აზრი.

– დიახ, პლანეტა მთვარე კიდევ უფრო მოგვიახლოვდა, – თქვა სიბილამ, თუმცა


არაფერი მიკითხავს. – ეს წინასწარ ნავარაუდები ფენომენია.

21
ცოტა გულზე მომეშვა.

– ისიც ხომ არაა ნავარაუდები, რომ კვლავ დაგვშორდება, – ვიკითხე.

სიბილას კვლავ მოეხუჭა ცალი თვალი და ტელესკოპში იყურებოდა.

– არა,–თქვა, – აღარასოდეს დაგვშორდება.

არაფერი მესმოდა. – გინდა თქვა, რომ დედამიწა და მთვარე ტყუპ პლანეტებად


იქცნენ?

– მინდა ვთქვა, რომ მთვარე პლანეტა აღარაა და დედამიწას მთვარე ჰყავს.

სიბილას სჩვეოდა სიტყვის ბანზე აგდება, რითაც საშინლად მაღიზიანებდა ხოლმე.

– აბა, ეს რა მსჯელობაა, – გავაპროტესტე, – განა ყველა პლანეტა ისეთივე პლანეტა


არაა, როგორც სხვები?

– და შენ ამას პლანეტას ეძახი? მე ვგულისხმობ, დედამიწის მაგვარ პლანეტას. აბა,


შეხედე! – სიბილა ტელესკოპს მოშორდა და ხელით მომიხმო. – მთვარე ვერასოდეს
იქცევა ჩვენს სადარ პლანეტად.

მის ახსნა–განმარტებას არ ვუსმენდი. ტელესკოპით გადიდებული მთვარე ყველა


თავისი დეტალით წარმომიდგა თვალწინ, უფრო ზუსტად მისი მრავალი დეტალი
შევამჩნიე იმდენად არეული ერთმანეთში, რომ რაც უფრო დიდხანს
ვათვალიერებდი, ნაკლებად ვხვდებოდი, როგორ იყო მოწყობილი. მხოლოდ იმ
შთაბეჭდილების გამოთქმა შემეძლო, რასაც სანახაობა აღძრავდა ჩემში და ეს
შთაბეჭდილება მომნუსხველი ზიზღი იყო. უპირველეს ყოვლისა, შემიძლია
მოვიხსენიო რაღაც მწვანე ძარღვები, რომლებიც მთვარის სხეულს სერავდა –
ზოგიერთ ადგილას უფრო ხშირი იყო და ქსელივით გამოიყურებოდა. მაგრამ ეს
დეტალი, სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანდა,
ნაკლებად მხვდებოდა თვალში, რადგან დანარჩენი, უფრო ზოგადი და არსებითი
თვისებები მხედველობით აღქმას საერთოდ გაურბოდა, იქნებ, იმ თითქოს ნესტიანი
ციმციმის მიზეზით, ზედაპირის მილიარდობით ფორიდან ან, ასე ვთქვათ,
მუწუკიდან, ანდა ზოგიერთ ადგილას გავრცელებული დვრილის ან მისაწოვარის
მსგავსი შებერილობიდან რომ ჟონავდა. აჰა, მეც დეტალებზე გავამახვილე
ყურადღება, რაც, ერთი შეხედვით, აღწერის სუბიექტური მეთოდია, სინამდვილეში
კი მისი ეფექტურობა ძალიან შეზღუდულია, რადგან მხოლოდ ერთობლივი
განხილვა – მაგალითად, მთვარის აგებულების იმ ქვედაფენისა, რომელიც
შესიებულიყო და ასე ჭიმავდა გარეთა მკრთალ ქერქს, ადგილ–ადგილ კი
შეხორცებებისა და ნაწიბურების მსგავს იარებს ამჩნევდა, თითქოს მთელი მთვარე
ერთმანეთს ცუდად შეზრდილი ცალკეული ნაწილებისაგან შედგებაო – ჰოდა, იმას
ვამბობ, რომ ამ დეტალების მხოლოდ ერთობლივი განხილვა მოგვცემს ამ თითქოს
ავადმყოფი ორგანოს ნათელ სურათს და გაგვაგებინებს, რა ბუნებისაა თუნდაც ის
ხშირი მოშავო ბალნის მსგავსი ტყე, რომელიც ერთ–ერთ ნაფლეთს მოსდებია.

22
სამართლიანად მიგაჩნია, რომ ჩვენს მსგავსად ამანაც მზის გარშემო იტრიალოს? –
მეუბნებოდა სიბილა. – დედამიწა გაცილებით უფრო ძლიერია: ბოლოს და ბოლოს,
მთვარეს თავისი ორბიტიდან გადახრის და მიიზიდავს. თანამგზავრი გვეყოლება.

შევეცადე, არ გამემჟღავნებინა სულიერი შეშფოთება. ვიცოდი, რითაც მიპასუხებდა


სიბილა: ვერ დამალავდა საკუთარ ქედმაღლობას, თუ არა ცინიზმს, როგორც ერთი
ვინმე, ვისაც ვერაფრით გააკვირვებ. მგონი, ასე ჩემს წასაქეზებლად იქცეოდა (უფრო
მეტიც, ამის იმედი მაქვს, რადგან ეს ნამდვილი გულგრილობით რომ ყოფილიყო
გამოწვეული, ჩემი შეშფოთება მხოლოდ გაიზრდებოდა).

– ეე–ე... – წამოვიწყე. ვცდილობდი, ისე ამეგო შეკითხვა, რომ, ერთი მხრივ, მხოლოდ
ობიექტური ცნობისმოყვარეობა გამომეხატა, მეორე მხრივ კი იძულებული გამეხადა
სიბილა, რამე ისეთი ეპასუხა, რითაც ჩემი მღელვარება ოდნავ მაინც დაცხრებოდა
(ჯერ კიდევ მქონდა მისგან ამის იმედი, ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ მისი სიმშვიდე
მანუგეშებდა). – და სულ მუდამ ასე იტრიალებს ჩვენს თვალწინ?

– ეს არაფერია, – მომიგო. – კიდევ უფრო მოგვიახლოვდება, – აქ პირველად გაიღიმა. –


არ მოგწონს? მაგრამ როცა ვხედავ, როგორი განსხვავებულია, როგორ არა ჰგავს არც
ერთ ნაცნობ ფორმას და დედამიწამ კი დაიპყრო იგი, დაისაკუთრა და ასე ჰყავს
შებორკილი, არ ვიცი, მე მომწონს. მგონია, რომ ლამაზია.

ახლა კი ჩემი სულიერი მდგომარეობის გამჟღავნებას უკვე აღარ მოვრიდებივარ.

– განა საშიში არ იქნება ჩვენთვის? – ვკითხე.

სიბილამ ტუჩები მოწკურა და ეს გამომეტყველება მე უკვე ნაკლებად მომწონდა.

– ჩვენ დედამიწაზე ვიმყოფებით. დედამიწას შესწევს ძალა, თავის გარშემო


დამოუკიდებლად იყოლიოს პლანეტები, როგორც მზემ. განა შეუძლია მთვარეს რამე
დაუპირისპიროს ამას: ან მასა, ან გრავიტაციული ველი, ან დამოუკიდებელი ორბიტა,
ან საკუთარი შედგენილობა? მთვარე რბილია, ძალიან რბილი. დედამიწა კი მყარია
და მტკიცე. დედამიწას უჭირავს.

– მთვარე კი?

– ოჰ, მას დედამიწის ძალა მოარჯულებს.

დაველოდე, სანამ სიბილა ობსერვატორიაში თავის ცვლას მორჩებოდა, რომ შინ


მიმეცილებინა.

ნიჟარები და დრო

23
დედამიწაზე სიცოცხლის შესახებ მოწმობები, ძალიან ძუნწი და იშვიათი
კემბრიამდელი პერიოდისთვის, მოულოდნელად ძალიან უხვი ხდება დაახლოებით
520 მილიონი წლის წინანდელი დროიდან მოყოლებული. მართლაც, კემბრიულ და
ორდოვიკულ პერიოდებში ცოცხალ ორგანიზმებს უყალიბდება კიროვანი ნიჟარები,
რომლებიც ნამარხების სახით ნარჩუნდება გეოლოგიურ ფენებში.

– როგორ ფიქრობთ, ვინ შეგიშვათ განზომილებაში, რომელშიც ყველანი ცხოვრობთ


და ისე გაეჩვიეთ, რომ გგონიათ, თითქოს მასში და მისთვის დაიბადეთ, ვინ
გაგიხსნათ მისი კარი? მე ვიყავი, – გაისმა Qfwfq-ს ხმა ნიჟარის ქვეშიდან, – მე,
საწყალობელი მოლუსკი, თუმცა კი განწირული ვარ, ერთი მეორის მიყოლებით
განვიცადო ჩემი ცხოვრების ყველა წამი, მე, დაუსრულებელი აწმყოს მარადიული
ტუსაღმა. ნეტა რას იკატუნებთ თავს, თითქოს რამეს მიხვდით? მაინც ვერ გაიგებთ,
რას ვამბობ. დროის შესახებ გეუბნებით. მე რომ არა, არც დრო იქნებოდა.

რადგანაც, კარგად გამიგეთ, მე აზრადაც არ მომდიოდა, როგორი უნდა ყოფილიყო


დრო, ანდა ოდესმე თუ შეიძლებოდა, რამე ყოფილიყო დროის მსგავსი. დღეები და
ღამეები ტალღებივით მიტყლაშუნებდნენ, დაუსრულებელნი, ერთმანეთის მსგავსნი
ან შემთხვევითი განსხვავებებით აღნიშნულნი. ამ ერთგვაროვან ცვალებადობაში
ვერც მიმართულებას და ვერც ნორმას ვერ დააწესებდი. მაგრამ ნიჟარის აშენება
განვიზრახე და ამაში უკვე რაღაც იყო დროსთან დაკავშირებული. მინდოდა, ჩემი
აწმყო გამემიჯნა სხვა დანარჩენ აწმყოთა მწვავე ხსნარისაგან. მისი გარეთ გამოტანა,
ცალკე გადადება მოვისურვე. აწმყო ზედ მაწყდებოდა თავისი მრავალსახეობით და ამ
სახეთა შორის ვერ ვამჩნევდი ვერავითარ მიმდევრობასა და წესრიგს: ტალღები,
ღამეები, შუადღეები, მოქცევები, ზამთრები, მთვარის ფაზები, მიქცევები, ზაფხულის
ბუნიობები. მეშინოდა, არ დავკარგულიყავი, იმდენივე მე–ში არ ავრეულიყავი,
რამდენიც აწმყოს ნატეხი არსებობდა და რამდენიც თავზე მეყრებოდა ერთი მეორეს
ედებოდა და, რამდენადაც ვიცოდი, შესაძლოა ეს ნატეხები ერთდროულიც
ყოფილიყო და ყოველ მათგანს ჩემი ერთდროული მე-ს ცალკეულ ნაგლეჯში
ეცხოვრა.

საჭირო იყო, რამე ნიშნები შემეტანა ამ განუზომელ გრძლიობაში: დამეწესებინა


რაღაც ინტერვალების ანუ რიცხვების სერია. კიროვანი ნივთიერება, რომელსაც
გამოვყოფდი და ნელ–ნელა საკუთარი თავის გარშემო ვატრიალებდი, სწორედ ასეთი
რამ იყო, რაც უწყვეტად გრძელდებოდა, მაგრამ ამავე დროს თავის სპირალურ
ბრუნვაში ერთი მარყუჟის საზღვარს მეორე მარყუჟის საზღვრისაგან გამოყჰოფდა. და
მეც, რადგან რაღაცის დათვლა მსურდა, ამ მარყუჟების დათვლა შემეძლო. ერთი
სიტყვით, მე მხოლოდ ისეთი დროის წარმოება მინდოდა, რომელიც სულ მთლად
ჩემი იქნებოდა, მხოლოდ ჩემს მიერ მოწესრიგებული და ჩაკეტილი: საათი, რომელიც
არავის წინაშე არ იქნებოდა ანგარიშვალდებული იმისათვის, რასაც აღნიშნავდა და
ითვლიდა. მინდოდა, მეწარმოებინა ჩემი სპირალური დრო, უხანგრძლივესი,
უწყვეტი, მინდოდა ჩემი სპირალი დაუსრულებლად განმეგრძო.

მთელს ძალებს ამაზე ვხარჯავდი და მარტოც არ ვიყავი: ამავე დროს სხვა ბევრიც
ცდილობდა საკუთარი დაუსრულებელი ნიჟარის შექმნას. მე შევძლებდი ამას თუ
სხვა რომელიმე, მნიშვნელობა არ ჰქონდა: საკმარისი იყო, რომელიმე ჩვენგანს მაინც
შეექმნა უსასრულო სპირალი და დროც არსებობას დაიწყებდა, სწორედ ეს იქნებოდა
დრო. მაგრამ ახლა ყველაზე ძნელად სათქმელს მივუახლოვდი (ეს კი უფრო ძნელია,
24
ვიდრე შეურიგდე იმას, რომ ახლა თქვენს წინაშე ვარ და ვლაპარაკობ): დრო,
რომელიც ფეხზე ვერ დგება, თავის თავს ანადგურებს, ქვიშის ნაპირივით იშლება,
მარილის კრისტალებივით დანაწევრებული, მარჯნის რიფივით დატოტილი, ზღვის
ღრუბელივით დასვრეტილი (იმას კი არ გეტყვით, რომელი ნასვრეტიდან, რომელი
ღრიჭოდან მოვაღწიე თქვენამდე). უსასრულო სპირალის აგება არ გამოდიოდა:
ნიჟარა იზრდებოდა, იზრდებოდა, მაგრამ უცებ ჩერდებოდა და ვეღარ
გრძელდებოდა. სამაგიეროდ, სხვაგან სხვა იწყებოდა. ყოველ წამს ათასობით ნიჟარა
ჩნდებოდა სხვადასხვა ადგილას, ათასობით ნიჟარა განაგრძობდა ზრდას თავისი
განვითარების ყოველი მომენტიდან, მაგრამ ადრე თუ გვიან ყოველი მათგანი
ჩერდებოდა და ტალღებს მიჰქონდათ ცარიელი გარსი.

ამაო შრომა იყო. დრო უარს ამბობდა გაგრძელებაზე, მყიფე ნივთიერება იყო,
დამსხვრევისთვის განწირული. ჩვენ კი მხოლოდ დროის ილუზია გვქონდა,
რომელიც მხოლოდ ნიჟარის პაწაწინა სპირალის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს
დროის ნაფლეთები იყო, ერთმანეთისაგან განცალკევებული და დაშლილი,
ერთმანეთთან დაუკავშირებელი და შეუსაბამო.

ქვეყნიერების მეხსიერება

სწორედ ამისათვის გიხმეთ, მიულერ. ახლა, როცა ჩემი თხოვნა გადადგომის შესახებ
მიღებულია, თქვენ ჩემი მემკვიდრე გახდებით. დირექტორის თანამდებობაზე თქვენი
დანიშვნა დაუყოვნებლივ იქნება სისრულეში მოყვანილი. ვერ დამაჯერებთ, რომ
მთვარიდან ჩამოვარდით: კარგა ხანია, რაც ჩვენში ეს ჭორი დადის და თქვენს
ყურამდეც იქნება მისული. გარდა ამისა, უეჭველია, რომ ჩვენი ორგანიზაციის
ახალგაზრდა კადრებს შორის, თქვენ, მიულერ, ყველაზე მომზადებული
ბრძანდებით. თქვენ – შეიძლება ითქვას – იცნობთ ჩვენი სამუშაოს ყველა
საიდუმლოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. არა, მათქმევინეთ: ჩემი ინიციატივით კი
არ გესაუბრებით, არამედ უფროსობამ დამავალა. მხოლოდ რამდენიმე საკითხია
თქვენთვის უცნობი და ახლა დადგა ჟამი, მიულერ, როცა ეს საკითხებიც უნდა
გაგაცნოთ. თქვენ, სხვათა შორის, როგორც ყველა დანარჩენს, მიგაჩნიათ, რომ ჩვენი
ორგანიზაცია უკვე მრავალი წლის განმავლობაში ამზადებს დოკუმენტაციის ცენტრს,
რომლის მსგავსი არასოდეს ჩაფიქრებულა ან განხორციელებულა. ეს უნდა იყოს
გიგანტური დავთარი, რომელიც მოიცავს და მოაწესრიგებს ყოველივეს, რაც კი
ცნობილია თითოეული პიროვნების, სულიერისა და საგნის შესახებ, გენერალური
ინვენტარი არა მარტო აწმყოსი, არამედ წარსულისა, ყველაფრისა, რაც კი მომხდარა
ქვეყნიერების დასაბამიდან, ერთი სიტყვით, ყველაფრის ერთდროული და ზოგადი
ისტორია, ან, უფრო სწორად, ყოველი განვლილი წამის კატალოგი. ფაქტობრივად,
სწორედ ამაზე ვმუშაობთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებასაც მივაღწიეთ:
ჩვენს პერფობარათებზეა არა მარტო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი
ბიბლიოთეკების, არქივებისა და მუზეუმების შინაარსი, არა მარტო ყველა ქვეყნის
ჟურნალ–გაზეთები წლების მიხედვით, არამედ და ჰოც – პიროვნებიდან

25
პიროვნებამდე, ადგილ-ადგილ შეგროვებული დოკუმენტაციაც. მთელი ეს მასალა
არსებითამდე დაყვანის, კონდენსაციის, მინიატურიზაციის პროცესს განიცდის და არ
ვიცით, როდის შეწყდება ეს პროცესი. ყველა არსებული და შესაძლებელი
გამოსახულება არქივირებულია მიკროფილმების ციცქნა რგოლებზე, მაგნიტური
ფირის პაწაწინა კასეტებზე შეგროვდა ჩაწერილი და ჩაწერადი ბგერები და ხმაურები.
ჩვენ განზრახული გვაქვს კაცთა მოდგმის ცენტრალიზებული მეხსიერების
კონსტრუირება და მისი მოქცევა რაც შეიძლება შეზღუდულ სივრცეში, რათა ჩვენი
ტვინის ინდივიდუალური მეხსიერების ყაიდაზე ავაგოთ ის.

თუმცაღა რა საჭიროა, ეს ყოველივე თქვენ გაგიმეოროთ. ჩვენთან ხომ იმიტომ


მოხვდით, რომ გაიმარჯვა ჩვენს კონკურსზე წარდგენილმა თქვენმა პროექტმა,
ბრიტანეთის მუზეუმი ერთ თხილის გულში. ჩვენთან, მართალია, შედარებით მცირე
ხანს მუშაობთ, მაგრამ ჩვენი ლაბორატორიების ფუნქციონირებაში ჩემზე არანაკლებ
კარგად ერკვევით, თუმცა კი ფონდის დირექტორის ადგილი მიჭირავს. არც
არასოდეს დავთმობდი ამ ადგილს, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მაგრამ ძალებმა მიმტყუნა.
ჩემი ცოლის იდუმალი გაქრობის შემდეგ რაღაც დეპრესია დამემართა და ამ
კრიზისიდან ვეღარ გამოვდივარ. ჩვენი ხელმძღვანელობის სამართლიანი
გადაწყვეტილება იყო ჩემი შეცვლა და ამით მათ ჩემი სურვილიც გაითვალისწინეს.
მაშასადამე, ჩემი ვალია საქმის კურსში ჩაგაყენოთ და ჩვენი დაწესებულების
საიდუმლოებები გაგიხსნათ, რაც აქამდე დაფარული იყო თქვენთვის.

თქვენ ჩვენი მუშაობის ჭეშმარიტი მიზანი არ იცით. მიულერ, ჩვენ ყველაფერს


ქვეყნიერების ბოლოსთვის ვაკეთებთ. ვმუშაობთ დედამიწაზე სიცოცხლის
მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, რათა ყოველივე ამაო არ აღმოჩნდეს.
ვცდილობთ, მთელი ჩვენი ცოდნა სხვას გადავცეთ, თუმცა არ ვიცით, ვინ იქნება ეს
სხვა და რა ეცოდინება.

შემიძლია სიგარა შემოგთავაზოთ? პროგნოზმა, რომ ჩვენი პლანეტა


სიცოცხლისათვის, ან ყოველ შემთხვევაში, ადამიანის არსებობისთვის
გამოუსადეგარი გახდება, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება არანაირი
შთაბეჭდილება არ მოახდინოს ჩვენზე. ყველამ ვიცით, რომ მზემ თავისი სიცოცხლის
შუახანს მიაღწია. რაც უნდა კარგად წავიდეს საქმე, ასე, ოთხი ან ხუთი მილიარდი
წლის შემდეგ ყველაფერი მაინც დასრულდება. ცოტა ხანში ეს პრობლემა
თავისთავადაც დადგებოდა. სიახლე ისაა, რომ ბოლო ჟამი, სინამდვილეში,
გაცილებით უფრო ახლოსაა და დასაკარგი დრო აღარა გვაქვს. აი, სულ ესაა. ჩვენი
სახეობის გადაშენება, რა თქმა უნდა, საკმაოდ ნაღვლიანი პერსპექტივაა, მაგრამ ამაზე
ტირილი სრულიად ამაო იქნებოდა, როგორც რომელიმე ინდივიდუალურ
სიკვდილზე სინანული. (სულ ჩემი ანჯელას გაქრობაზე ვფიქრობ, მაპატიეთ ეს
აღელვება). მილიონობით უცნობ პლანეტაზე, უეჭველია, ჩვენი მსგავსი არსებები
ბინადრობენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კი არა, სწორედ მათი
შთამომავლები მოგვიგონებენ და გააგრძელებენ ჩვენს საქმეს. მნიშვნელოვანია, მათ
ჩვენი მეხსიერება გადავცეთ – ცენტრალიზებული მეხსიერება, იმ ორგანიზაციის
მიერ მომზადებული, რომლის დირექტორადაც მალე თქვენ დაგნიშნავენ, მიულერ.

ნუ შეგეშინდებათ. თქვენი მუშაობის სფერო იგივე დარჩება, რაც აქამდე იყო. სხვა
პლანეტებისათვის ჩვენი მეხსიერების გადაცემის სისტემას ჩვენი ორგანიზაციის სხვა
შტო იკვლევს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და ისიც არ გვეხება, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ
26
ოპტიკური საშუალებები აკუსტიკურზე უფრო მისაღებია, ან პირიქით. შეიძლება
ისეც მოხდეს, რომ შეტყობინებებს კი არ გადასცემენ, არამედ რომელიმე უსაფრთხო
ადგილას შეინახავენ, მაგალითად, დედამიწის ქერქის ქვეშ: ჩვენი პლანეტის
მოხეტიალე რელიქტი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ექსტრაგალაქტიკურ
არქეოლოგთა მიერ იქნეს ნაპოვნი და გამოკვლეული. ჩვენი საქმე არც კოდის ან
კოდების არჩევაა: ისეთი განშტოებაც არსებობს, რომელიც მხოლოდ ამ საკითხს
შეისწავლის, ანუ ცდილობს გასაგები გახადოს ჩვენი საინფორმაციო ბლოკი იმის
მიუხედავადაც კი, თუ რომელ ლინგვისტურ სისტემას გამოიყენებენ მისი
მპოვნელები. თქვენთვის, როგორც ხვდებით, არაფერი შეიცვლება, გარდა მომავალი
პასუხისმგებლობისა. ჰოდა, ახლა ამაზე მსურს გაგესაუბროთ.

რა იქნება კაცთა მოდგმა გადაშენების მომენტში? – ინფორმაციის გარკვეული


რაოდენობა საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ, ეს რაოდენობა სასრული და
დასრულებული იქნება, რადგანაც ვეღარ განახლდება და ვერც გაიზრდება.
გარკვეული დროის განმავლობაში ქვეყნიერებას საშუალება მიეცა, არა მარტო
შეეგროვებინა და გადაემუშავებინა ინფორმაცია, არამედ შეექმნა და წარმოეშვა ის იქ,
სადაც ადრე ვერაფერი იქნებოდა ისეთი, რაც ვინმეს რასმე შეატყობინებდა: ეს
აღმოჩნდა დედამიწაზე არსებული სიცოცხლე და, განსაკუთრებით, კაცთა მოდგმა,
მისი მეხსიერება, შესატყობინებლად და დასამახსოვრებლად გამიზნული მისი
გამოგონებები. ჩვენი ორგანიზაცია იმის გარანტიას იძლევა, რომ ინფორმაციის ეს
რაოდენობა არ გაიბნევა დამოუკიდებლად იმისაგან, იპოვნიან მას სხვები, თუ არა.
დირექტორის საზრუნავია, რომ გარეთ არაფერი დარჩეს, რადგანაც თუ რამე გარეთ
დარჩება, თითქოს არც არასოდეს უარსებია. ამავე დროს, დირექტორის საზრუნავია
საქმე ისე მოაწყოს, თითქოს არასოდეს უარსებია ყოველივე იმას, რამაც შეიძლება
დაბრკოლება შეუქმნას ან ჩრდილი მიაყენოს სხვა უფრო არსებით საგნებს, რაც,
საბოლოო ჯამში, კი არ გაზრდიდა ინფორმაციას, არამედ უსარგებლო უწესრიგობასა
და ხმაურს გამოიწვევდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგად მოდელს, რომლის
მიხედვითაც იქნება დახარისხებული ინფორმაციის ერთობლიობა; მოდელს,
რომლის საშუალებითაც ერთი ინფორმაციიდან მოიპოვება სხვაც, რომელსაც არ
ვიძლევით, ან, შესაძლოა, არც გვაქვს. ერთი სიტყვით, რაკი რაღაც ინფორმაციას არ
ვიძლევით, გამოდის, იმაზე მეტ ინფორმაციას ვიძლევით, ვიდრე იმ შემთხვევაში
გამოვიდოდა, რომ მიგვეცა. ჩვენი მუშაობის საბოლოო შედეგი უნდა იყოს მოდელი,
რომელშიც ყველაფერი უნდა იძლეოდეს ინფორმაციას, ისიც კი, რაც არ არის.
მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეცოდინება ყველაფერი იმაზე, რაც ოდესმე ყოფილა,
რასაც მართლაც ჰქონია მნიშვნელობა, ანუ ის, თუ რა ყოფილა ნამდვილად, რა
ყოფილა ჭეშმარიტად, რადგანაც ჩვენი დოკუმენტაციის საბოლოო შედეგი იქნება
ყოველივე იმის ერთობლიობა, რაც არის, იყო და იქნება. დანარჩენი კი არაფერია.

რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაში არის წუთები – და ეს ალბათ თქვენც გიგრძვნიათ,


მიულერ – როცა ცდილობ იფიქრო, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა,
რაც ჩვენს რეგისტრაციას გაურბის, რომ მხოლოდ ის არსებობს ჭეშმარიტად, რაც
კვალის დაუტოვებლად ქრება, ხოლო ყოველივე ის, რასაც ჩვენი კატალოგი შეიცავს,
მხოლოდ მკვდარი ნაწილია – ნარჩენი და წიდაა. დგება წუთი, როცა ერთი
დამთქნარება, ბუზის გაფრენა, ოდნავი ქავილი ერთადერთ საუნჯედ გვეჩვენება
სწორედ იმიტომ, რომ სრულიად გამოუყენებელია, ერთხელ და სამუდამოდ
მოცემული და მაშინვე დავიწყებული, ქვეყნიერების მეხსიერებაში ჩაბუდების

27
მოსაწყენ ბედს ჩამოშორებული. ვის შეუძლია გამორიცხოს შესაძლებლობა, რომ
ქვეყნიერება აგებულია დაურეგისტრირებელი წამების წყვეტილ ბადეზე, ხოლო
ჩვენი ორგანიზაცია კი მის მხოლოდ ნეგატიურ ანაბეჭდს, ცარიელ ჩარჩოსა და
უმნიშვნელობას აკონტროლებს?

მაგრამ ჩვენი პროფესიული სიგიჟე სწორედ ესაა: როგორც კი რაღაცაზე ვაფიქსირებთ


ყურადღებას, იმწამსვე მისი კატალოგში ჩადება გვსურს. უნდა ვაღიარო, რომ ხშირად
მეც ასე დამმართნია და კატალოგში შემიყვანია მთქნარება, მუწუკები, ერთმანეთთან
დაუკავშირებელი იდეების ასოციაციები, უდარდელი სტვენა. თანაც ყველაზე
კვალიფიცირებული ინფორმაციის პაკეტში შემინახავს ისინი. დირექტორის
თანამდებობას, რომლის დაკავებაც თქვენ მალე მოგიწევთ, ეს პრივილეგია აქვს:
შეგეძლებათ პირადი კვალი დაამჩნიოთ ქვეყნიერების მეხსიერებას. კარგად
მისმინეთ, მიულერ: თვითნებობაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე კი არ
გელაპარაკებით, არამედ ჩვენი მუშაობის გარდუვალ კომპონენტზე. მიუკერძოებლად
ობიექტური, დაუმახინჯებელი ინფორმაციის მასა შეიცავს რისკს, რომ
სინამდვილისაგან დაშორებულ სურათს შეგვიქმნის, გააყალბებს იმას, რაც ყოველი
ცალკეული სიტუაციისათვის ყველაზე სპეციფიკურია. დავუშვათ, რომ სხვა
პლანეტიდან მოგვივიდა წმინდა ფაქტობრივი მონაცემების შემცველი უწყება,
რომელიც თავისთავად ცხადი და ნათელია: მაშინ ყურადღებას არ მივაქცევთ, ვერც
კი შევამჩნევთ მას. მხოლოდ იმ უწყებას, რომელიც რაღაც გამოუხატველს, რაღაც
საეჭვოს, ნაწილობრივ გაუშიფრავს შეიცავს, შეუძლია გადმოლახოს ჩვენი
ცნობიერების ზღურბლი, გვაიძულოს წაკითხვა და განმარტება. ეს აუცილებლად
უნდა გავითვალისწინოთ: დირექტორის მოვალეობაა, მისცეს შეგროვილი და
შერჩეული ინფორმაციის ერთობლიობას სუბიექტურობის მსუბუქი ელფერი. ის
ოდნავი საეჭვოობა ან რისკი, რომელიც აუცილებელია დამაჯერებლობისათვის. ამის
თქმა მსურდა თქვენთვის, სანამ საქმეებს გადმოგცემდით: დღემდე შეგროვილ
მასალაში აქა–იქ ჩემი ხელის ანაბეჭდიც შეიმჩნევა, რა თქმა უნდა, უკიდურესად
ფრთხილი. აქა–იქ მიმობნეულია შეფასებები, ქარაგმები, სიცრუეც კი.

სიცრუე მხოლოდ ერთი შეხედვით გამორიცხავს ჭეშმარიტებას. თქვენ მოგეხსენებათ,


რომ ხშირ შემთხვევაში სიცრუე – მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსისთვის პაციენტის
მიერ ნათქვამი ტყუილები – მეტ-ნაკლებად მიუთითებს ჭეშმარიტებაზე. ასევე იქნება
მათთვის, ვისაც ჩვენი უწყების ინტერპრეტირება მოუწევს. მიულერ, ამას უკვე
ხელმძღვანელობის დავალებით კი არ გეუბნებით, არამედ ჩემი პირადი
გამოცდილების საფუძველზე, როგორც კოლეგა კოლეგას, ადამიანი ადამიანს.
მისმინეთ: სიცრუე ის ჭეშმარიტი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ უნდა გადავცეთ.
ამიტომაც არ დამიშლია სიცრუის ერთგვარად მოზომილი ჩართვა იქ, სადაც ეს არ
გაართულებდა უწყებას, არამედ გაამარტივებდა მას. განსაკუთრებით, საკუთარი
თავის შესახებ მიცემულ ცნობებს რაც შეეხება, იქ მივიჩნიე ჩემი თავი
უფლებამოსილად, უხვად მომეწოდებინა ყალბი დეტალები (ეს, როგორც მგონია,
არავის შეუშლის ხელს). მაგალითად, ჩემი და ანჯელას ცხოვრება ავიღოთ: ისე
აღვწერე, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო – დიდი სიყვარულის ისტორია,
რომელშიც მე და ანჯელა ერთმანეთის მარადიულ ტრფიალად გამოვჩნდებოდით,
ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად ბედნიერნი, ვნებიანნი, ერთგულნი.
სინამდვილეში ზუსტად ასე არ ყოფილა, მიულერ: ანჯელა მე ანგარიშით გამომყვა და
მერე მალევე ინანა. ჩვენი ცხოვრება უბადრუკობათა და წვრილმან საზიზღრობათა

28
მიმდევრობა იყო. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც დღითი–დღე ხდება?
ქვეყნიერების მეხსიერებაში ანჯელას ხატება სრულყოფილი და დასრულებულია,
მისი დამახინჯება არაფერს ძალუძს და მეც დედამიწის ისტორიაში ყველაზე
საშურველ მეუღლედ დავრჩები.

თავიდან მხოლოდ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე მონაცემთა


შელამაზება მიწევდა. გარკვეულ მომენტში ეს მონაცემები, რომლებიც ჩემს თვალწინ
ანჯელას ყოველდღიური დაკვირვებით (შემდეგ კი ფარული თვალთვალითა და
ჯაშუშობით) მრავლდებოდა, სულ უფრო და უფრო წინააღმდეგობრივ და
ორაზროვან სახეს იღებდა, ყოველგვარ ამაზრზენ ეჭვებს ამართლებდა. რა უნდა
მექნა, მიულერ? ნუთუ უნდა დამერღვია ანჯელას უკვე შექმნილი სახე – ასეთი
ნათელი და ადვილად გადასაცემი, მოყვარული და სიყვარულის აღმძვრელი, განა
უნდა დამებნელებინა ჩვენი კატალოგის ყველაზე ბრწყინვალე გვერდი? დღითი–დღე
ვშლიდი ამ მონაცემებს. მაგრამ მეშინოდა, რომ ანჯელას საბოლოო სახის ირგვლივ
დარჩებოდა რაღაც მითითება, რაღაც ნაგულისხმევი ცნობა, რაღაც კვალი, საიდანაც
შესაძლებელი გახდებოდა იმის დადგენა, თუ როგორ მოქმედებდა და რას
წარმოადგენდა ანჯელა თავის ეფემერულ სიცოცხლეში. მთელს დღეებს
ლაბორატორიაში ვატარებდი და ვარჩევდი, ვსპობდი, ვტოვებდი მონაცემებს. ეჭვიანი
ვიყავი, მიულერ. არა, ეფემერულ ანჯელას არ ვეჭვიანობდი, ეს ჩემთვის უკვე
წაგებული თამაში იყო – ინფორმაციულ ანჯელას ვეჭვიანობდი, რომელიც
ქვეყნიერების მთელს ხანგრძლივობას გაუძლებდა.

ინფორმაციული ანჯელას სრული უმანკოების უპირველესი პირობა ის იყო, რომ


ცოცხალ ანჯელას არ გაეგრძელებინა თავის გამოსახულებაზე გავლენა. სწორედ მაშინ
გაქრა ანჯელა და ყოველგვარი ძებნა ამაო აღმოჩნდა. რა საჭიროა, მიულერ,
მოგითხროთ, როგორ ნაჭერ–ნაჭერ მოვიშორე თავიდან მისი გვამი. დაწყნარდით, ამ
დეტალებს ჩვენი მუშაობის მიზნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,
რადგანაც ქვეყნიერების მეხსიერებას მე უბედნიერეს მეუღლედ და შემდეგ იმ
უნუგეშო ქვრივად დავრჩები, რომელსაც ყველა თქვენ იცნობთ. მაგრამ მაინც ვერ
მოვიპოვე სიმშვიდე: ინფორმაციული ანჯელა მაინც ინფორმაციათა სისტემის
ნაწილად რჩებოდა, ხოლო ეს ინფორმაცია შეიძლება ინტერპრეტირებული
ყოფილიყო ან გადაცემის ნაკლოვანებათა, ან დეკოდერის ბოროტი განზრახვის
გამო როგორც ორაზროვანი დაშვება, ცილისწამება, ვარაუდი. გადავწყვიტე, ჩვენი
კატალოგიდან ამომეშალა ყველა ის პიროვნება, ვისთანაც ანჯელას შეიძლება
ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგი ჩვენი კოლეგის
კვალიც კი არ დარჩება ქვეყნიერების მეხსიერებაში, თითქოსდა მათ არც არასოდეს
უარსებიათ.

თქვენ გგონიათ, იმიტომ გეუბნებით ამას, რომ თანამზრახველობა გთხოვოთ,


მიულერ? არა, მიზეზი ეს არ გახლავთ. მე იმ უკიდურესი ზომების შესახებ უნდა
მოგახსენოთ, რომელთა მიღებაც დამჭირდა, რათა ჩემი ცოლის შესაძლებელი
საყვარლის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია ამოშლილიყო ჩვენი კატალოგიდან. არ
მადარდებს, რა შედეგს გამოიღებს ეს პირადად ჩემთვის. ჩემი დარჩენილი
სიცოცხლის წლები უსასრულოდ მცირეა მარადისობასთან შედარებით, რომელთანაც
ანგარიშგებას ვარ ჩვეული. ის, რაც მე ჭეშმარიტად ვიყავი, უკვე ერთხელ და
სამუდამოდ დავადგინე და პერფობარათებზე გადავიტანე.

29
ხოლო თუ ქვეყნიერების მეხსიერებაში არაფერია გასასწორებელი, მაშინ ისღა
დაგვრჩენია, რომ შევასწოროთ რეალობა იქ, სადაც იგი არ თანხვდება ქვეყნიერების
მეხსიერებას. როგორც ჩემი ცოლის საყვარლის არსებობა წავშალე
პერფობარათებიდან, ასე უნდა ამოვშალო იგი ცოცხალთა სიიდანაც. ჰოდა, სწორედ
ამიტომ ამოვიღებ ახლა ამ იარაღს, თქვენ დაგიმიზნებთ, მიულერ, დავაჭერ ჩახმახს
და მოგკლავთ.

30

You might also like