You are on page 1of 5

გუმილიოვი ნიკოლაი

მკითხველი

თარგმანი რუსულიდან - თეიმურაზ ქურდოვანიძე.

პოეზია მკითხველისათვის არის თავისი პიროვნების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება


და ხორციელდება სიტყვის – მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთადერთი
იარაღის – მეშვეობით. ყველაფერი, რაც ნათქვამია რომელიღაც პეიზაჟის ან ბუნების
მოვლენის პოეტურობის თაობაზე, მიგვითითებს მხოლოდ მათ პოეტურ მასალად
გამოყენების შესაძლებლობაზე ან ანიმისტურ პლანში პოეტსა და ბუნებას შორის
წარმოქმნილ ძალზე შორეულ ანალოგიაზე. იგივე ითქმის ადამიანის სიტყვით
გამოუხატველ მოქმედებებსა და გრძნობებზე. ისინი შეიძლება უმშვენიერესი იყოს,
როგორც პოეზიისაგან მინიჭებული შთაბეჭდილება, მაგრამ ვერ იქცევიან ლექსად, რადგან
ყველაფერი მშვენიერი, რაზეც ადამიანს ხელი მიუწვდება, პოეზია არ არის. ლექსის
ფონეტიკის ვერავითარი საშუალებით ვერ გადმოიცემა ვიოლინოსა თუ ფლეიტის
ჭეშმარიტი ხმები, ვერავითარი სტილისტური ხერხით ვერ დახატავ მზის ელვარებას,
ქარის ქროლვას.
პოეზია და რელიგია ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა. ერთიც და მეორეც ადამიანისგან
სულიერ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ არა პრაქტიკული მიზნის სახელით, როგორც ეთიკა
და ესთეტიკა, არამედ უზენაესის, მათთვის უცნობის სახელით. ეთიკა ადამიანს აგუებს
საზოგადოებაში ცხოვრებას, ესთეტიკა ადამიანის სიამოვნების უნარის გაზრდისკენ
ისწრაფის. რელიგია და პოეზია ადამიანის უმაღლეს არსებად გარდაქმნას
ხელმძღვანელობს. რელიგია მიმართულია კოლექტივისადმი. მისი მიზნების
განხორციელება, იქნება ეს ზეციური იერუსალიმის აშენება, ალაჰის საყოველთაო
განდიდება, ნირვანაში მატერიის განწმენდა, მოითხოვს საერთო ძალისხმევას, პოლიპების
თავისებურ მუშაობას, რათა წარმოიქმნას მარჯნის რიფები. პოეზია ყოველთვის
მიმართულია პიროვნებისადმი. მაშინაც კი, როცა პოეტი ელაპარაკება ბრბოს, – იგი
ესაუბრება ბრბოს თითოეულ წევრს ცალკე. პიროვნებისაგან პოეზია იმავეს მოითხოვს,
რასაც რელიგია – კოლექტივისაგან. პირველ რიგში, თავისი ერთადერთობისა და
ყოვლისშემძლეობის აღიარებას. მეორეც, თავისი ბუნების სრულყოფას. პოეტს, რომელმაც
შეიცნო «ბალახთა გაურკვეველი სუნი», სურს, რომ იგივე იგრძნოს მკითხველმაც. მას
უნდა, რომ «ვარსკვლავური წიგნი გასაგები იყოს» ყველასთვის და «მას ესაუბ-როს ზღვის
ტალღა». ამიტომ პოეტი შემოქმედების წუთებში უნდა ფლობდეს რომელიღაცა
შეგრძნებას, მანამდე გაუცნობიერებელსა და ფასეულს. ეს მასში ბადებს
კატასტროფულობის გრძნობას, ეჩვენება, რომ ამბობს თავის უკანასკნელ და ყველაზე
მთავარ სათქმელს, რომლის შეუცნობლად დედამიწის გაჩენაც არ ღირდა. ეს სავსებით.
განსაკუთრებული გრძნობაა, ზოგჯერ ისეთი თრთოლვით აღსავსე, რომ იგი ხელს
შეუშლიდა ლაპარაკს, თუ არა მისი თანმხლები გამარჯვებულობის გრძნობა. იმის შეგნება,
რომ ქმნი სიტყვათა სრულყოფილ შეთანხმებებს, იმათ მსგავსს, რომლებიც ოდესღაც
მკვდრებს აცოცხლებდა, კედლებს ანგრევდა. ეს ორი გრძნობა ცუდი პოეტებისთვისაც
1
ნაცნობია. ტექნიკის შესწავლა მათ აიძულებს იშვიათად გამოჩნდნენ, მაგრამ დიდ
შედეგებს კი მიაღწიონ.
პოეზია ყოველთვის ცდილობდა პროზისაგან განცალკევებას. ტიპოგრაფიული (უწინ
კალიგრაფიული) გზითაც, ყოველი სტრიქონის დიდი ასოთი დაწყებით, ნათლად
გამოხატული ბგერითი რიტმითაც, რითმითაც, ალიტერაციითაც და სტილისტურადაც,
როცა განსაკუთრებულ «პოეტურ» ენას აყალიბებდა (ტრუბადურები, რონსარი,
ლომონოსოვი) და კომპოზიციურადაც, როცა აზრის მოკლედ გამოხატვას ახერხებდა და
ეიდოლოლოგიურადაც – სახეების არჩევით. და პროზა ყველგან უკან მისდევდა პოეზიას,
ამტკიცებდა, რომ მათ შორის, ფაქტობრივად, არ არის განსხვავება, მსგავსად ღარიბისა,
რომელიც მეგობრობის სახელით უკან დასდევს მდიდარ ნათესავს. ბოლო ხანს მისი
მცდელობა თითქოს წა-რმატებით დაგვირგვინდა. ერთი მხრივ, [ფრანგების] ფლობერის,
ბოდლერის, რემბოს ხელწერამ მას ბედის რჩეულის მანერები შესძინა, მეორე მხრივ –
პოეზიას არასოდეს დავიწყებია, რომ &ლტსიახლე&გტ მისი არსებობის უცილობელი
პირობაა. ამიტომ დაუღალავად ეძიებს ზემოქმედების ახალ-ახალ საშუალებებს და აი,
მიადგა კიდეც აკრძალულ უბანს [ინგლისელების] ვორდსვორდის სტილში, ბაირონის
კომპოზიციაში, თავისუფალ ლექსში და ა.შ. და დაწერილობაშიც კი, რაკი პოლ ფორი
თავის ლექსებს ბეჭდავს წინადადებაში, როგორც პროზას.
ვფიქრობ, შეუძლებელიც არის პროზასა და პოეზიას შორის ზუსტი საზღვრის გავლება,
როგორც ვერ ვიპოვით მას ხეხილსა და მინერალებს შორის, ცხოველებსა და ხეხილს
შორის. თუმცა ჰიბრიდული ინდივიდების არსებობა არ ამცირებს წმინდა ტიპს.
პოეზიასთან მიმართებაშიც მისი უახლესი მკვლევარები უკვე შეთანხმდნენ. ინგლისში
ისევ მეფობს კოლრიჯის აქსიომა, რომელიც პოეზიას განსაზღვრავს, როგორც «საუკეთესო
სიტყვებს საუკეთესო წესრიგით». ხოლო საფრანგეთში თ. დე ბანვილისა: პოემა ის არის,
რაც უკვე შექმნილია და არ შეიძლება შესწორება. ამ ორ განსაზღვრებას შეუერთდა
მალარმეც, რომელმაც თქვა: «პოეზია ყველგანაა, სადაც ჩანს სტილის გარეგნული
ძალისხმევა».
სიტყვით საკუთარი თავის გამოხატვისას პოეტი ყოველთვის მიმართავს ვიღაცას,
რომელიღაც მსმენელს. ხშირად ეს მსმენელი თავადაა და აქ ჩვენ საქმე გვაქვს პიროვნების
ბუნებრივ გაორებასთან. ზოგჯერ რომელიღაც მისტიკური თანამოსაუბრე ჯერ კიდევ
მოუსვლელი მეგობარი ან შეყვარებულია, ზოგჯერ ეს ღმერთია, ბუნება, ხალხი...
ეს – შემოქმედების წუთებში. თუმცა არავისთვის, მითუმეტეს პოეტისთვის, საიდუმლო არ
არის, რომ ყოველი ლექსი თანამედროვეთა, ზოგჯერ შთამომავალთა შორის პოულობს
ცოცხალ რეალურ მკითხველს. ეს მკითხველი სრულიადაც არ იმსახურებს იმ გაკიცხვას,
რომელსაც ხში-რად იღებს პოეტებისგან. სწორედ მკითხველთა წყალობით იბეჭდება
წიგნები, იქმნება რეპუტაციები, სწორედ მან შეგვაძლებინა ჰომეროსოს, დანტეს, შექსპირის
წაკითხვა. გარდა ამისა, არც ერთმა პოეტმა არ უნდა დაივიწყოს, რომ თავად იგი სხვა
პოეტებთან მიმართებაში ასევე მხოლოდ მკითხველია. თუმცა ჩვენ ყველანი მსგავსი ვართ
იმ ადამიანისა, ვისაც უცხო ენა სახელმძღვანელოებით აქვს ნასწავლი. ჩვენ შეგვიძლია
ვილაპარაკოთ, მაგრამ არ გვესმის, როცა ჩვენ გველაპარაკებიან. აურაცხელი
სახელმძღვანელო არსებობს პოეტებისათვის, მაგრამ სახელმძღვანელო
2
მკითხველებისათვის არ იძიება. პოეზია ვითარდება, ერთი მიმართულება ცვლის მეორეს,
მკითხველი კი იგივე რჩება, და არავინ არ ცდილობს შემეცნების ფარნით გაანათოს მისი
ბნელი მკითხველური სულის ქუჩაბანდები. სწორედ ამით დავკავდებით ახლა.
პირველ ყოვლისა, ყოველი მკითხველი ღრმად არის დარწმუნებული თავის
ავტორიტეტულობაში: ერთი – იმიტომ, რომ პოლკოვნიკის წოდებამდე მიაღწია, მეორე –
იმიტომ, რომ მინერალოგიაში წიგნი დაწერა, მესამე – იმიტომ, რომ იცის, აქ არავითარ
ეშმაკობას არა აქვს ადგილი: «მოგწონს – მაშასადამე, კარგია, არ მოგწონს – გასაგებია, არ
ვარგა; პოეზია ხომ ღმერთების ენაა, ერგო, მე მასზე მსჯელობა სრულიად თავისუფლად
შემიძლია». ასეთია საზოგადო წესი, მაგრამ შემდგომ ურთიერთობებში მკითხველები სამ
ძირითად ტიპად იყოფიან: გულუბრყვილო, სნობი და ეგზალტირებული. გულუბრყვილო
პოეზიაში ეძებს სასიამოვნო მოგონებებს: თუ ბუნება უყვარს – იგი კიცხავს პოეტებს,
რომლებიც ბუნებაზე არ წერენ, თუ სოციალისტი, დონ ჟუანი ან მისტიკოსია – იგი ლექსებს
თავისი სპეციალობის მიხედვით ეძებს. მას სურს ლექსებში მოიძიოს თავისთვის ნაცნობი
სახეები და აზრები, იმ საგნების ხსენებას ელოდება, რომელიც მოსწონს. თავის
შთაბეჭდილებებზე ცოტას ლაპარაკობს და, ჩვეულებისამებრ, არაფრით არ ასაბუთებს
თავის შეხედულებებს. საერთოდ, საკმაოდ კეთილმოსურნეა, თუმცა ბრმა მძვინვარების
შეტევებისკენ მისწრაფებული, როგორც ყოველიბალახის მძოველი. ასეთი ტიპი
გავრცელებულია ძველი ყაიდის კრიტიკოსთა შორის.
სნობი თავს მიიჩნევს განათლებულ მკითხველად: მას უყვარს პოეტის ხელოვნებაზე
საუბარი. როგორც წესი, მან იცის რომელიღაც ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ
და ლექსის კითხვის დროს მას აკონტროლებს. სწორედ მისგან შეიძლება გაიგოთ, რომ X
დიდი პოეტია იმიტომ, რომ რთული სიტყვებით აწყობს ლექსს, Y – იმიტომ, რომ ახალ
სიტყვებს ქმნის, ძ – იმიტომ, რომ განმეორებებით აღელვებს მკითხველს. იგი თავის აზრებს
მრავალსიტყვაობით გამოხატავს და ზოგჯერ საინტერესოდ საუბრობს, თუმცა მხოლოდ
ერთ, იშვიათად ორ ან სამ ხერხზე და მსჯელობისას აუცილებლად უშვებს სავალალო
შეცდომებს. ასეთი ტიპი მხოლოდ და მხოლოდ ახალი სკოლის კრიტიკოსთა შორის
გვხვდება.
ეგზალტირებულს პოეზია უყვარს, მაგრამ ვერ იტანს პოეტიკას. ადრეულ ასაკში იგი
გვხვდებოდა კაცობრიული სულის სხვა უბნებშიც. სწორედ ის მოითხოვდა პირველი
ექიმების, ანატომების, ღვთაებრივი წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნისათვის
თავგადადებულთა დაწვას. ასეთი ტიპი გვხვდებოდა მეზღვაურთა შორისაც, რომელიც
უსტვენდა პირველ გემს, რადგან თვლიდა, რომ მეზღვაურს რაღაც ხეების დაწვით კი არ
უნდა აემოძრავებინა გემის ბორბლები, არამედ ღვთისმშობლისაგან ვედრებით უნდა
გამოეთხოვა ზურგის ქარი. ყოველი სფეროდან გამოძევებული ასეთი მკითხველი
მხოლოდ ლექსებით გატაცებულთა შორის შემორჩა. იგი ლაპარაკობს ლექსის სულზე,
ფერსა და გემოზე, მის სასწაულებრივ ძალაზე, ანდა, პირიქით, პოეტის
მოდუნებულობაზე, გულცივობასა თუ გულთბილობაზე. იგი იშვიათად გვხვდება და ისიც
თავად პოეტთა შორის, რადგან მას სულ მეტად და მეტად ავიწროებენ მკითხველის
ზემონახსენები ტიპები.

3
სურათი სავალალოა, არა? და თუ პოეტური შემოქმედება არის სიტყვის მეშვეობით ერთი
სულის მეორეთი განაყოფიერება, ბუნებრივი განაყოფიერების მსგავსად, მაშინ იგი
გვაგონებს კაინიტების [მინერალი] მიმართ ანგელოსების სიყვარულს, ან, სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, – უბრალო პირუტყვთმავლობას. თუმცა, შესაძლოა, იყოს სხვა მკითხველი,
მკითხველი–მეგობარი. ეს მკითხველი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაზედაც მას პოეტი
ელაპარაკება, იგი თითქოს ამ ლექსის დამწერად იქცევა, გვახსენებს მას ინტონაციებით,
მოძრაობებით. იგი შემოქმედების წამს განიცდის მთელი თავისი სირთულითა და
სიმძაფრით. მან მშვენივრად იცის, როგორ არის დაკავშირებული პოეტის მიღწევები
ტექნიკასთან და მხოლოდ ტექნიკის სრულყოფილება გვევლინება იმის ნიშნად, რომ
პოეტი ღვთისგან არის მადლცხებული... მას ვერ მოატყუებ ნაწილობრივი მიღწევებით, ვერ
მოისყიდი სიმპათიური სახით. მის შეგნებაში მშვენიერი ლექსი მკვიდრდება, როგორც
გარდაუვალი ფაქტი, გარდაქმნის მას, განსაზღვრავს მის გრძნობებსა და მოქმედებებს.
მხოლოდ ასეთი მკითხველის არსებობის პირობებში ასრულებს პოეზია თავის
საყოველთაო დანიშნულებას – გააკეთილშობილოს ადამიანთა მოდგმა. ასეთი მკითხველი
არის, მე ნამდვილად შემხვდა ერთი და ვფიქრობ, ადამიანთა სიჯიუტე და დაუდევრობა
რომ არა, ბევრი შეიძლებოდა დამგვანებოდა მას.
მე რომ [ამერიკელი] ბელლამი ვიყო, დავწერდი რომანს მომავლის მკითხველის
ცხოვრებაზე. მე ვილაპარაკებდი მკითხველთა მიმართულებებსა და ბრძოლაზე,
მკითხველმტრებზე, რომლებიც ააშკარავებენ პოეტთა არასაკმარის ღვთაებრიობას,
[იტალიელი] დ»ანუნციოს ჯიოკონდას მსგავს მკითხველებზე, ელენე სპარტანელის
მკითხველებზე, რომელთა დასაპყრობად უნდა სჯობნიდე ჰომეროსს.
საბედნიეროდ, მე ბელლამი არა ვარ და ქვეყანაზე ერთი უვარგისი რომანით ნაკლები
იქნება.
პოეტისაგან რისი მოთხოვნაც შეუძლია მკითხველს და უნდა მოითხოვოს კიდეც, ის ამ
წიგნის საგანია. მაგრამ იგი პოეტებს ვერ ასწავლის ლექსის წერას, მსგავსად იმისა, რომ
ასტრონომიის სახელმძღვანელოს არ შეუძლია ციური მნათობების შექმნა ასწავლოს.
თუმცა პოეტებისთვის იგი უკვე შექმნილი თხზულებების შესამოწმებლად მაინც შეიძლება
გამოდგეს. ასევე იმ მომენტში, რომელიც წინ უძღვის შემოქმედებას. იგი პოეტს
შესაძლებლობას მისცემს, აწონოს, საკმარისად სისხლსავსეა მისი გრძნობა, მიმწიფდა
ხასიათი და ძლიერია ღელვა, თუ ამჯერად თავშეკავება და ძალების მოსაკრებად უკეთესი
დროის დალოდება სჯობს. ნაწარმოები მაშინ კი არ უნდა დაიწეროს, როცა ამის საშუალება
არის, არამედ, როცა საჭიროა. სიტყვა «შეიძლება» პოეზიის კვლევის ყველა უბნიდან უნდა
გადააგდო.
[ფრანგი ფერმწერი] დელაკრუა ამბობს: «საჭიროა დაუღალავი შრომა საკუთარი
ხელოვნების ტექნიკის შესასწავლად, რათა მასზე შემოქმედების დროს არ იფიქრო».
ჭეშმარიტად. ან სრულიად არაფერი არ უნდა იცოდე ტექნიკაზე, ან კარგად იყო
დაუფლებული მას. თექვსმეტი წლის ლერმონტოვმა დაწერა «ანგელოზები» და მხოლოდ
ათი წლის შემდეგ შეძლო დაეწერა მისი ტოლფასი ლექსი. მაგრამ, სამაგიეროდ,
«ანგელოზი» ერთი იყო, 40- და 41 წლებში დაწერილი ყველა ლექსი კი – მშვენიერი. ლექსი,
ისევე, როგორც ზევსის თავიდან დაბადებული ათინა პალადა, პოეტის სულიდან ჩნდება
4
და განსაკუთრებულ ორგანიზმად გადაიქცევა და, როგორც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს,
მასაც აქვს თავისი ანატომია და ფიზიოლოგია. უპირველესად ჩვენ ვხედავთ სიტყვათა,
ლექსის ამ ხორცის, შეხამებას. მათი თვისებები და ხარისხი შეადგენენ სტილისტიკის
საგანს. შემდეგ ვხედავთ, რომ ამ შეხამებაში გაერთიანებული სიტყვები ერთმანეთს
ავსებენ. ისინი გარკვეულ შთაბეჭდილებასაც გვიქმნიან და ლექსის ჩონჩხიც მოჩანს.
შემდეგ მის კომპოზიციასაც ვხედავთ. მომდევნო ეტაპზე ჩვენთვის ვარკვევთ ხასიათის
ბუნებას, იმ შეგძნებას, რომელმაც პოეტს შემოქმედებისაკენ უბიძგა, ლექის პირველ
სისტემას და ამ გზით ვეუფლებით ეიდოლოლოგიას. ბოლოს (თუმცა ყველაფერი ეს
ერთდროულად ხდება), ჩვენს ყურადღებას იპყრობს ლექსის ბგერითი მხარე (რიტმი,
რითმა, ხმოვანთა და თანხმოვანთა შეთანხმება), რომელიც, სისხლის მსგავსად,
გადაესხმება მას ძარღვებში, და ჩვენც უკვე მისი ფო-ნეტიკის რაობას ვარკვევთ. ყველა ეს
ხარისხი დამახასიათებელია თითოეული ლექსისათვის, ყველაზე გენიალურისა და
ყველაზე დილეტანტურისათვის, მსგავსად იმისა, როგორც ანატომიური გაკვეთა
ცოცხლისაც შეიძლება და მკვდრისაც. მაგრამ ორგანიზმში, რომელიც გარკვულწილად
სრულყოფილია, ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინა-რეობს და ლექსის დაწვრილებითი
ანატომირებისას ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ – არის თუ არა მასში ყველაფერი,
რაც საჭირო და საკმარისია იმისათვის, რომ იცოცხლოს.
მისი ცხოვრების კანონები კი, ანუ მისი ნაწილების ურ-თიერთმოქმედება განსაკუთრებით
უნდა შევისწავლოთ. თუმცა მისკენ სავალი გზა ჯერ თითქმის არ არის გაკვალული.
1921

You might also like