You are on page 1of 5

ანაქრონიები

მეოცე საუკუნის თვალსაჩინო ფრანგი ლიტერატურათმცოდნე ჟერარ ჟენეტი


ისტორიასა და თხრობის თანამიმდევრობას შორის შეუსაბამობებს ანაქრონიებს
(ბერძნ. ana _ გადა..., xronos _ დრო) უწოდებს. ანაქრონიაა, როცა მთხრობელს
რამდენიმე დღით უკან გადავყავართ ან პირიქით, წინ უსწრებს მოვლენებს.
შესაბამისად, თავისი სახელი აქვს ყველა ამ თხრობით ხერხსაც. მაგალითად,
მოვლენების წინსწრებას (როდესაც მთხრობელი გაკვრით ახსენებს მოსახდენს)
პროლეფსისი (pro _ წინ, lipso _ გამოტოვება) ჰქვია. პროლეფსისია, როცა “სურამის
ციხის” მთხრობელი ამბობს: “დეეხსენ, გაიზარდოს მანამ ზურაბი <...> ჩვენ კიდევ
შევხვდებით იმას, როდესაც ის იქნება მშვენიერი ყმაწვილი კაცი, სიამპარტავნე
მამისა, ნუგეში დედისა და ოცნება ბევრ ლამაზთა ქალთა”; ხოლო ამბავს, რომელიც
თხრობის მომენტამდე მოხდა და რომელსაც გვამცნობს მთხრობელი, ანალეფსისი
ეწოდება.
ანაქრონიამ შეიძლება წარსულში ან მომავალში გადაინაცვლოს თხრობის
მომენტიდან გარკვეულ მანძილზე. ამ შემთხვევაში თხრობა წყდება და ანაქრონია
იწყება. ამ დროით მანძილებს ჟერარ ჟენეტი ანაქრონიის მანძილს უწოდებს, თუმცა
ანაქრონიამ ასევე შეიძლება მოიცვას ისტორიის მოვლენათა დროში მეტ-ნაკლებად
განფენილი დიაპაზონი, რასაც ჟენეტი ანაქრონიების განფენილობას უწოდებს.
მაგალითად, როცა მთხრობელი თავის ბავშვობისდროინდელ თავგადასავალს
იხსენებს, მანძილი შესაძლოა 30 წელიც იყოს, თავად თავგადასავალს კი სულ
რამდენიმესაათიანი განფენილობა ჰქონდეს. დაახლოებით ასეთ შემთხვევასთან
გვაქვს საქმე აკაკი წერეთლის “ჩემს თავგადასავალში”, როდესაც იგი ათეულობით
წლის მანძილით დაშორებულ ამბავს გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ სცემა
მამამისმა, როსტომ წერეთელმა, ახალდდანიშნული ფოსტის უფროსი _ ამბავს,
რომელსაც სულ რამდენიმე წუთის განფენილობა ჰქონდა.
პროლეფსისის კლასიკური ნიმუშია ე.წ. ანონსი, როდესაც მთხრობელი
მომავალში მოსახდენს მოკლედ გადმოგვცემს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია
ლიტერატურაში. პროლეფსისის მაგალითია მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი
კვაჭანტირაძის” პირველივე თავში მთხრობლის სიტყვები: “რა იცოდნენ
სილიბისტრომ, ან პუპიმ, ან ბარდღამ, თუნდ ხუხუმ და თუნდაც ნოტიომ, რომ
მათს მკითხაობასა და ოცნებაში სიმართლის ნატამალიც იყო ჩაქსოვილი, და რომ
წრიპინა და მჩხავანა კვაჭიკო მომავალში მათ სავსებით გაუმართლებდა იმედებს და
კიდევაც გადააჭარბებდა”. ასევე, პროლეფსისის გარკვეული სახეობაა
დასათაურების კლასიკური ხერხი, ვთქვათ “დონ კიხოტიდან:” “თავი XXV, სადაც

1
აღწერილია ყოვლად უცნაური ამბები, სიერა მორენაში რომ შეემთხვა სახელოვან
ლამანჩელ რაინდს, და სინანული, რომელიც მან ბელტენებროსის მიბაძვით
იტვირთა”.
დროითი ხანგრძლივობა
ჟერარ ჟენეტის “თხრობით დისკურსში” ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია
თხრობის “ხანგრძლივობისა” და მასში მოთხრობილი ისტორიის “ხანგრძლივობას”
შორის დაპირისპირებაც. სწორედ ამ გასაყარზე წარმოიშვება თხრობის ტემპი, ეს
ტემპი კი განისაზღვრება დროით ხანგრძლივობასა (ისტორიის ხანგრძლივობა,
რომელიც წამებში, საათებში და ა.შ. იზომება) და სივრცით მანძილს (ანუ ტექსტის
სიდიდეს, რომელიც სტრიქონებში და გვერდებში იზომება) შორის
ურთიერთმიმართებით. შესაბამისად, იზოქრონული, ანუ თანადროული თხრობა
გამოვა თხრობა თანაბარი ტემპით, სადაც არც აჩქარებაა, არც შენელება, სადაც
ურთიერთმიმართება “ისტორიის ხანგრძლივობა/თხრობის სიგრძე, მანძილი”
ყოველთვის უცვლელი რჩება. რეალურად, ასეთი თხრობა არ არსებობს, იგი
მხოლოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტის სახით შეიძლება არსებობდეს, რადგან
ძნელია წარმოვიდგინოთ ისეთი თხრობის არსებობა, რომელიც ტემპის არანაირ
ვარიაციას არ დაუშვებდა. თხრობას შეუძლია გაძლოს ანაქრონიების გარეშე, მაგრამ
ანიზოქრონიების, ანუ რიტმის ეფექტების გარეშე იგი ვერ გაძლებს. თხრობითი
ტემპების შკალა რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე მაღალი (ჩქარი) ტემპი ელიფსისი
იქნება, რასაც თხრობის ნულოვანი სეგმენტი შეესაბამება გარკვეული
ხანგრძლივობის ისტორიაში (როდესაც წლების მანძილზე მომხდარი მოვლენების
ნაცვლად მთხრობელი ორი სიტყვით კმაყოფილდება. მაგ., “გავიდა წლები”,
“გამოხდა ხანი” და სხვ.), ყველაზე დაბალი ტემპი კი აღწერითი პაუზა იქნება,
როდესაც ნარატიული დისკურსის რომელიღაც სეგმენტი ნულოვან დიეგეზისს
შეესაბამება.
ყველა აღწერა როდი ქმნის პაუზას თხრობაში. ჟენეტი არ გულისხმობს ზოგადად
აღწერას, არამედ აღწერით პაუზას, რომელიც არც ნებისმიერი პაუზაა და არც
ნებისმიერი აღწერა.
ჟენეტი ნარატიული მოძრაობის ოთხ ძირითად ფორმას ოთხ ნარატიულ
მოძრაობას უწოდებს. ესენია ორი უკიდურესი წევრი, ელიფსისი და აღწერითი
პაუზა და ორიც შუალედური: სცენა, ყველაზე ხშირად დიალოგური, სადაც
პირობითად ხდება თხრობისა და ისტორიის თანაზომიერობის რეალიზება და ის,
რასაც ინგლისურენოვანი კრიტიკა summary-ს უწოდებს, ანუ რეზიუმე. ჟენეტი ამ
ოთხი მოძრაობის დროით პარამეტრებსაც გამოსახავს ფორმულების მეშვეობით,

2
სადაც “იდ” ისტორიის დროს აღნიშნავს, “თდ” კი ფსევდო, პირობით დროს, ანუ
თხრობის დროს:
პაუზა: “თდ”=n, “იდ”=0. შესაბამისად: “თდ” ∞ > “იდ”
სცენა: “თდ”=“იდ”
რეზიუმე: “თდ”<“იდ”
ელიფსისი: “თდ”=0, “იდ”= n. შესაბამისად: “თდ” ∞ < “იდ”.
იდ________________________________________________

თდ________________________________________________

პაუზა სცენა რეზიუმე ელიფსისი


პროზაში რეზიუმე ყველაზე გავრცელებული ხერხი იყო სცენიდან სცენაზე
გადასასვლელად. პაუზა კი აღწერაა, თუმცა, ზოგიერთ მწერალთან აღწერა
შეიძლება სულაც არ იყოს პაუზა. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის “კაცია,
ადამიანი?!” ერთი უზარმაზარი პაუზით იწყება, ეს ტიპიური, ზედროითი პაუზაა,
სადაც მთხრობელი მხოლოდ ინფორმაციით მკითხველის უზრუნველყოფას ისახავს
მიზნად. ამბავი ერთ ადგილზე დგას, იქ არ ჩანან, ანუ ნულოვანი როლი აქვთ
პერსონაჟებს, სამაგიეროდ მთხრობელი და მკითხველი რჩებიან ერთი-ერთზე,
მაშინ, როდესაც ნაწარმოების გმირები, ჟენეტის თქმისა არ იყოს, ელოდებიან
მომენტს, როდესაც მთხრობელი მისცემს მათ მოქმედებაში ჩართვის საშუალებას.
“ეხლა, ბატონებო შიგ სახლში ვეწვიოთ თავადს თათქარიძესა. ეს კი უნდა
მოგახსენოთ, რომ, თუ ვეწვევით, ფრთხილად უნდა ვიყვნეთ”, ამბობს მთხრობელი,
დაცარიელებულ, სპეციალურად მომზადებულ სივრცეში მიგვიძღვება და
პერსონაჟების გამოჩენამდე ყველაფერს გვათვალიერებინებს. თუმცა, არსებობს
აღწერები, რომელიც ნამდვილ თხრობად იქცევა და მას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ
პაუზას. ჟერარ ჟენეტს ამის სანიმუშოდ მოჰყავს მარსელ პრუსტის “აღწერები”,
რომლებსაც აღწერა მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგან ეს ცალკე
ისტორიაა, ესაა აქტიური ჭვრეტა, სადაც აღმქმელი იმდენად იჭრება აღწერაში, რომ
იგი ამბად იქცევა. შესაბამისად, აღწერითი პაუზა მასთან ნარაციაში ითქვიფება.
ელიფსისი
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელიფსისებზე პრაქტიკულად ტექსტის ნულოვანი
წილი მოდის. დროის თვალსაზრისით, ელიფსისების ანალიზი დაიყვანება
ისტორიის დროში დაშვებული ხარვეზების განხილვაზე და პირველი კითხვა,
რომელიც ჩნდება, იმის გარკვევას ეხება, ვიცით ამ ხარვეზების ხანგრძლივობა
(განსაზღვრული ელიფსისი), თუ არა (განუსაზღვრელი ელიფსისი). ფორმალური
3
თვალსაზრისით გამოიყოფა: ა) ექსპლიციტური ელიფსისები – როცა მთხრობელი
ამბობს კონკრეტულ თარიღს, ვთქვათ, “სამი წლის შემდეგ”. ბ) იმპლიციტური
ელიფსისები – ანუ ისეთები, რომელთა არსებობაც ტექსტში არაა მანიფესტირებული
და მკითხველმა შეიძლება გამოითვალოს ქრონოლოგიური წყვეტების ან ნარატიულ
თანმიმდევრობაში ვარდნების მიხედვით. გ) ჰიპოთეტური ელიფსისი. ესაა ყველაზე
იმპლიციტური ელიფსისი, რომლის ლოკალიზებაც შეუძლებელია (“გამოხდა ხანი”,
“მას შემდეგ დიდი დრო გავიდა”).

სცენა
19-ე საუკუნის ლიტერატურაში მოქმედების მთავარი მომენტები ემთხვეოდა
თხრობის ყველაზე ინტენსიურ მომენტებს, ანუ სცენებს, მაშინ, როდესაც ხდებოდა
ნაკლებად არსებითების რეზიუმირება. მიხეილ ჯავახიშვილის “გივი შადურში” ე.წ.
“შავი კლდის” რამდენიმეწამიანი ეპიზოდი ძალზე დეტალურადაა აღწერილი და 2-
3 გვერდზე გაშლილი, მაშინ, როდესაც ამ სცენის მომდევნო წლები ორ
წინადადებაშია ჩატეული: “იმ დღიდან თერთმეტი წელიწადი გავიდა.
დავვაჟკაცდი, მავმწიფდი და ის ალაგი – შავი კლდე – ხუთასჯერ მაინც გადავსერე”.
შეიძლება ითქვას, რომ რომანული კანონის რიტმი პრაქტიკულად ყალიბდებოდა
არადრამატული რეზიუმესა (რომელიც მოლოდინსა და დაკავშირებას ემსახურება)
და დრამატული სცენის მონაცვლეობით, რომლის როლიც მოქმედების
განვითარებაში გადამწყვეტია. მაგალითისთვის, ილიას “გლახის ნაამბობში” ერთ-
ერთი ცენტრალური სცენაა გაბროს მიერ დათიკოს მოკვლის სცენა, რომელსაც
მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოქმედების განვითარებაში, რადგან მეორადი
მთხრობელი იძულებული ხდება ამის შემდეგ სხვა მხარეს შეაფაროს თავი.
დანარჩენი ამბები უკვე მოკლე-მოკლე რეზიუმეებითაა მოთხრობილი. მართალია,
მის მონათხრობში ბევრი დეტალიც არის, მაგრამ, დროის თვალსაზრისით,
რამდენიმე წლის ამბავი ორიოდე წინადადებაშია თავმოყრილი: “პირველი
წელიწადი მშვიდობით დავყავ, მეორე წელიწადს კი კახეთმა დამცადა და ციებ-
ცხელება შემეყარა. ორ-სამ თვეს თავს დამანებებდა და პატარა რომ
მოვჯობინდებოდი, ისევ მომიბრუნდებოდა ხოლმე. <...> სამი წელიწადი ამ
ყოფაში ვიყავ”.

განმეორებითობა
პირველ რიგში განვიხილოთ ის, რასაც ჟენეტი ნარატიულ განმეორებითობას
უწოდებს (ანუ თხრობისა და დიეგეზისის ურთიერთმიმართება სიხშირის,
განმეორების მიხედვით). ესაა ნარატიული ტემპორალობის ერთ-ერთი
4
უმნიშვნელოვანესი სახეობა, რომელსაც ჩვეულებრივი ენის დონეზე გრამატიკოსები
ასპექტის კატეგორიას უწოდებენ. მოთხრობილი მოვლენებისა (ისტორიის) და
ნარატიული გამონათქვამების (თხრობის) “განმეორების” შესაძლებლობებს შორის
მყარდება ურთიერმიმართებათა სისტემა, რომელიც a priori შეიძლება დავიყვანოთ 4
შესაძლო ტიპზე და ამ ტიპების სპეციფიკას განსაზღვრავს 2 ფაქტორი: 1. მეორდება
თუ არა მოვლენა. 2. მეორდება თუ არა გამონათქვამი. სქემატურად რომ ვთქვათ: ა)
თხრობას შეუძლია ერთხელ გადმოსცეს ის, რაც ერთხელ მოხდა. ამას შეგვიძლია
ვუწოდოთ სინგულატიური თხრობა. ასეთ თხრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც
ვკითხულობთ ილია ჭავჭავაძის “სარჩობელაზედ”: “ჯალათმა თავი გააყოფინა
ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი”; ბ) n რაოდენობით გადმოსცეს ის, რაც n-
ჯერ მოხდა (ესეც, არსებითად, სინგულატიური თხრობაა, რადგან სინგულატივი
ორმხრივი განმეორებების რაოდენობებით კი არა, ამ რიცხვის თანაფარდობით
განისაზღვრება). ამის ნიმუშად გამოდგება ისეთი სიტუაცია, სადაც ავტორი ყოველ
ჯერზე თავიდან აღწერს, მაგალითად, პერსონაჟის საუზმობის პროცესს; გ) n-ჯერ
გადმოსცეს ის, რაც ერთხელ მოხდა (გამეორებათა ამგვარ ტიპს ჟენეტი
განმეორებით თხრობას უწოდებს და მას XX საუკუნის ბევრი ნაწარმოები ემყარება.
საკმარისი იქნება დავასახელოთ რიუნოსკე აკუტაგავას “უსიერ ტყეში”, უილიამ
ფოლკნერის “ხმაური და მძვინვარება”, გრემ სვიფტის “უკანასკნელი
განკარგულებები”. ამ ტიპის ნაწარმოებთა ჩამოთვლა უსასრულობამდე შეიძლება.
ეს ხერხი უკანასკნელ წლებში საეჭვოდ პოპულარული გახდა ქართულ
ლიტერატურაშიც); დ) ერთხელ გადმოსცეს n-ჯერ მომხდარი მოვლენა, რისი
ნიმუშიცაა, მაგალითად, გამოთქმა “მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე
დროს ვსაუზმობდი”. თხრობის ასეთ ტიპს, რომელშიც ერთი ნარატიული
ფრაგმენტი ერთი და იმავე მოვლენის რამდენიმე განსხვავებულ შემთხვევას
მოიცავს, ჟენეტი იტერატიულს უწოდებს. იტერატივთან გვაქვს საქმე, როცა გივი
შადურის მონათხრობში ვკითხულობთ: “ზაფხულ-შემოდგომას ყირიმში
ვცხოვრობდით, ზამთარ-გაზაფხულს კი პეტერბურგში ვატარებდით. წელიწადი
წელიწადს მოსდევდა. მე ვსიძობდი, ცოლი ცოლობდა, სიდედრი სიდედრობდა“.

You might also like