You are on page 1of 17

ხორხე ლუის ბორხესი - უკვდავი

       სოლომონი ამბობს: არაფერია ამქვეყნად ახალი.თუკი პლატონის


წარმოდგენით, ყოველგვარი ცოდნა მხოლოდ გახსენებაა, მაშინ
სოლომონის თქმით, ყოველგვარი სიახლე მხოლოდ დავიწყებაა.
ფრენსის ბეკონი, ესეები, LVIII ლონდონში, 1929 წლის ივნისის
დასაწყისში, ბიბლიოგრაფიული იშვიათობებით მოვაჭრემ, ჯოზეფ
კარტაფილუსმა პრინცესა დე ლუსინჟს შესთავაზა რომის პაპისეული
„ილიადის“ ექვსი მცირე ფორმატის ტომი (1715-1720). პრინცესამ
შეიძინა ეს ტომები და ვაჭარს გაესაუბრა. პრინცესას თქმით, ეს იყო
გამოფიტული, ქარდაკრული მამაკაცი რუხი თვალებით, ნაცრისფერი
წვერითა და უჩვეულოდ კონტურმორღვეული ნაკვთებით. სათქმელს
გამოხატავდა სწრაფი, თუმცა დაუხვეწავი და არაკორექტული
მეტყველებით სხვადასხვა ენაზე. სულ რამდენიმე წუთში
ფრანგულიდან ინგლისურზე გადავიდა, ინგლისურიდან -
სალონიკური ესპანურისა და მაკაოს პორტუგალიურის უცნაურ
ნაზავზე. ოქტომბერში პრინცესამ ხომალდ „ზევსის“ ერთი მგზავრისგან
შეიტყო, რომ კარტაფილუსი გემზე გარდაცვლილა სმირნაში
დაბრუნებისას და კუნძულ იოსზე დაუსაფლავებიათ. „ილიადას“
მეექვსე ტომში პრინცესამ ვრცელი ხელნაწერი იპოვა. აი, ინგლისურად
დაწერილი და ლათინიზმებით სავსე ამ ტექსტის სიტყვასიტყვითი
ვერსია: I რამდენადაც მახსოვს, ჩემი ტანჯვა-წამება დაიწყო თებეს
ასკარიბჭიან ბაღში იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. წითელი
ზღვის სანაპიროზე განთავსებული ლეგიონის ტრიბუნი ვიყავი
ბერენისში და უკვე გამოვლილი მქონდა (ყოვლად წარუმატებლად)
მცირე ხნის წინანდელი ეგვიპტური ომები. იქ ციებ-ცხელებამ და
მაგიამ მრავალი კაცი იმსხვერპლა, კეთილშობილურად რომ
მიელტვოდნენ ფოლადისპირიან იარაღს. მავრიტანელები
დამარცხდნენ. მეამბოხე ქალაქების მიწები სამუდამოდ გადავიდა
პლუტონური ღმერთების მფლობელობაში; დამორჩილებული
ალექსანდრია ამაოდ ელოდა კეისრის წყალობას. იმ ერთ წელიწადში
ლეგიონებმა გამარჯვება იზეიმეს, მე კი მხოლოდ თვალი თუ მოვკარი
მარსის ხატებას. ამ დანაკარგმა ძალზე დამამწუხრა და, ალბათ სწორედ
ამიტომაც გადავეშვი უკვდავთა საიდუმლო ქალაქის ძიებაში
მოძრავქვიშიანი, საშინელი უდაბნოების გავლით.
   როგორც ვთქვი, ჩემი ტანჯვა თებეს ბაღებში დაიწყო. იმ ღამით
საერთოდ არ მიძინია, რადგან ჩემს გულში ბრძოლა გაჩაღებულიყო.
ბოლოს ავდექი, განთიადამდე მცირე ხნით ადრე.
ჩემს მონებს ეძინათ, მთვარე უსასრულო ქვიშის ფერისა იყო.
აღმოსავლეთიდან გასისხლიანებული მხედარი მომიახლოვდა. მთლად
ილაჯგაწყვეტილი, ცხენიდან ჩამოხდა და ლათინურად მომმართა.
მისუსტებული და, იმავდროულად, დახარბებული ხმით შემეკითხა
სახელს მდინარისა, ამ ქალაქის კედლებს რომ ელამუნებოდა. ეს
წვიმებით ნასაზრდოები ეგვიპტეა-მეთქი, ვუთხარი. „მე სხვა მდინარეს
ვეძებ, - წამოიძახა გაგულისებით, - საიდუმლო მდინარეს, რომელიც
ადამიანებს სიკვდილისგან წმენდს“. მკერდიდან შავი სისხლი სდიოდა.
მითხრა, - ჩემი სამშობლო განგის გადაღმა მდებარე მთაშიაო. თურმე
იმ მთაზე ხმა გავარდნილა, რომ ის, ვინც დასავლეთისკენ ივლის
ქვეყნიერების კიდემდე, მივა მდინარესთან, რომელშიც უკვდავების
წყალი მიედინება. მერე ისიც თქვა: მდინარის გაღმა ნაპირზე
უკვდავთა ქალაქია, ბასტიონებით, ამფითეატრებითა და ტაძრებით
მდიდარიო.
სანამ ირიჟრაჟებდა, მოგზაური მოკვდა. მე კი გადავწყვიტე, მომეძებნა
ის ქალაქიცა და მისი მდინარეც. ჯალათის მიერ დაკითხულმა
ზოგიერთმა მავრიტანელმა ტყვემ დაადასტურა მხედრის ნაამბობი:
ერთ მათგანს გაახსენდა ელიზიური ველი დედამიწის შორეულ
კიდეზე, სადაც ადამიანთა სიცოცხლე მარადიულად გრძელდება;
მეორემ გაიხსენა მწვერვალები, საიდანაც პაქტოლი მოედინება და
სადაც ადამიანთა სიცოცხლე ასობით წელიწადს არ წყდება. რომში
დაველაპარაკე ფილოსოფოსებს, რომელთა აზრით, ადამიანთა
სიცოცხლის გახანგრძლივება ნიშნავს მისი კვდომის გახანგრძლივებას
და მის თავს დატეხილ სიკვდილთა რაოდენობის ზრდას. არ ვიცი,
ოდესმე თუ მჯეროდა უკვდავთა ქალაქის არსებობისა. ვფიქრობ, მისი
პოვნის მცდელობა უკვე საკმარისად ბევრს მავალებდა. გეტულის
პროკონსულმა ფლავიუსმა ორასი ჯარისკაცი გამომიყო ამ სარისკო
წამოწყებისთვის. გარდა ამისა, დავიქირავე რამდენიმე კაცი, რომლებიც
აცხადებდნენ, გზა ვიცითო, და რომლებიც შემდეგ პირველები
გამექცნენ.
მომდევნო მოვლენებმა იმდენად დაგვიმახინჯა პირველი დღეების
ხსოვნა, რომ შეუძლებელია ამ უკანასკნელთა თანმიმდევრული
აღდგენა. არსინოედან დავიძარით და თაკარა უდაბნოში შევედით.
გავიარეთ ტროგლოდიტების ქვეყანა, - იმათი, ვინც გველებს ჭამენ და
ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან; გავიარეთ გარამანტები,
რომელთაც საერთო ქალები ჰყავთ და რომლებიც ლომებით
იკვებებიან; აუგილები, რომლებიც მხოლოდ ქვესკნელს ეთაყვანებიან.
შემოვიარეთ სხვა უდაბნოებიც: შავი ქვიშების უდაბნო, სადაც
მოგზაურმა უნდა იმარჯვოს და ღამით იაროს, რადგანაც დღისით
აუტანელი პაპანაქებაა. შორიდან გავარჩიე მთა, რომელიც თავის
სახელს აძლევს ოკეანეს და რომლის ფერდობებზე იზრდება შხამთა
გამანეიტრალებელი რძიანა, ხოლო მწვერვალზე ცხოვრობენ სატირები
- ავხორცობას მიძალებული ტლანქი, ველური მოდგმა. ის, რომ ამ
ბარბაროსული ქვეყნების შუაგულში, სადაც დედამიწა ძუძუს აწოვებს
ურჩხულებს, შეიძლებოდა მდგარიყო ასეთი სახელგანთქმული ქალაქი,
წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ასე ვაგრძელებდით გზას, რადგან
დაბრუნება ჩვენთვის პატივისამყრელი იქნებოდა. ზოგიერთს, უაზროდ
გაბედულს, მთვარისკენ სახემიქცეულს ეძინა. ისინი სულ მალე ციებ-
ცხელებამ მოაშთო. წყლის ორმოებიდან შესმულმა გაფუჭებულმა
წყალმა ბევრს სიგიჟე და სიკვდილი მოუვლინა. მერე დაიწყო
დეზერტირობა, ცოტა ხნის შემდეგ - ამბოხებებიც. მათ ჩასახშობად
სისასტიკეს არ ვერიდებოდი და სამართლიანადაც ვიქცეოდი. მალე
ცენტურიონმა გამაფრთხილა, რომ მეამბოხეები, რომლებსაც ერთი
სული ჰქონდათ, როდის იძიებდნენ შურს ერთ-ერთი მათგანის
ჯვარცმისთვის, ჩემს მოკვდინებას გეგმავდნენ.
რამდენიმე ერთგულ ჯარისკაცთან ერთად ბანაკიდან გავიქეცი.
უდაბნოში, სამუმებსა და უკიდეგანო ღამეებში ერთმანეთს მოვწყდით.
სხეული კრიტულმა ისარმა განმიწონა. რამდენიმე დღეს უწყლოდ
ვიხეტიალე, რამდენიმე ან - ერთ გრძელზე უგრძეს, მზით,
წყურვილითა და წყურვილის შიშით გამრავლებულ დღეს. ჩემი
მგზავრობა ცხენს მივანდე. ერთ გამთენიას ჰორიზონტის ხაზი კოშკებმა
და პირამიდებმა დაკბილა. აუტანელი ოცნება ამეკვიატა: ერთი პატარა,
მოწესრიგებული ლაბირინთი, რომლის შუაგულში ჭა იქნებოდა. ჩემი
ხელები თითქმის ეხებოდა მას, თვალები ხედავდა, მაგრამ წინ ისეთი
ჩახლართული და თავგზისამბნევი მისახვევ-მოსახვევები იყო, რომ
ვიცოდი: სანამ იქამდე მივაღწევდი, მოვკვდებოდი.
II
   როცა, ბოლოს და ბოლოს, ღამის კოშმარს გამოვერიდე, აღმოვაჩინე,
რომ ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული და ვიწექი ჩვეულებრივი
საფლავის ზომის წაგრძელებულ, მთის კაუსტიკურ ფერდობზე
ამოჭრილ ქვის ნიშაში. ღრმულის გვერდები ნესტიანი იყო და ისევე
გაეპრიალებინა დროს, როგორც ადამიანის ხელს. გული მტკივნეულად
მიფეთქავდა და წყურვილი მშაშრავდა. თავი ავწიე და მილეული ხმით
შევყვირე. მთის ძირში მიედინებოდა უხმაურო, უწმინდური, ქვიშითა
და კაჭრით სავსე ნაკადი. მოპირდაპირე ნაპირზე ღიად და
თვალისმომჭრელად ანათებდა მზის პირველ ან უკანასკნელ სხივებში
გახვეული უკვდავთა ქალაქი. ვხედავდი ფორტიფიკაციებს, თაღებს,
ფრონტონებს, ფორუმებსა და ამ ყველაფრის საძირკველს - ქვის ზეგანს.
მთაცა და ხეობაც ერთიანად დაეწინწკლა ას თუ მეტ უსწორმასწორო,
ჩემი ნიშის მსგავს ნიშას. ჩანდა ქვიშაში ამოთხრილი ცარიელი
ორმოები, საიდანაც ამოდიოდნენ შიშველი, ნაცრისფერკანიანი და
წვერგაუპარსავი მამაკაცები. რაღაცნაირად მეცნენ: იმ
ტროგლოდიტების ცხოველურ შტოს ეკუთვნოდნენ, სპარსეთის ყურის
სანაპიროებსა და ეთიოპიის გამოქვაბულებს რომ მოსდებიან. არ
გამკვირვებია არც ის, რომ არ მეტყველებდნენ, და არც ის, რომ
გველებს სანსლავდნენ.
საშინელმა წყურვილმა უგუნური გამბედაობით ამავსო. ჩემი
შეფასებით, სულ ოცდაათიოდე ნაბიჯი მაშორებდა ქვიშას. თვალები
დავხუჭე და, ზურგს უკან ხელებშეკრული, მთის ფერდობზე
დავქანდი. გასისხლიანებული სახე წყალში ჩავყავი და პირუტყვივით
დავიწყე წყლის სვლეპა. სანამ კიდევ ერთხელ დავინთქმებოდი ძილსა
და ბოდვაში, ყოვლად გაუგებრად ვიმეორებდი რამდენიმე ბერძნულ
სიტყვას: „ზელეიას მკვიდრნი, მდიდარი ტროელები, ვინც ბნელი
აისეპოს წყალს ეწაფება...“.
ვერ ვიტყვი, რამდენმა დღემ და ღამემ ჩაიარა ამ მდგომარეობაში.
ასეთი მოწყვეტილი და უძლური საიმისოდ, რომ ღრმულების
თავშესაფარს დავბრუნებოდი, შიშვლად გაწოლილი უცნობ ქვიშაზე,
მთვარესა და მზეს ვანდობდი ჩემი დაუცველი ბედ-იღბლის
გადაწყვეტას. თავიანთ ბარბაროსობაში ბავშვურად მიამიტი
ტროგლოდიტები მშველოდნენ, რომ არც მოვმკვდარიყავი და არც
მეცოცხლა. ამაოდ ვევედრებოდი, მომკალით-მეთქი. ერთ დღესაც,
ბოლოს და ბოლოს, ზურგს უკან გაბაწრული ხელები გავითავისუფლე
იმით, რომ თოკი კლდის ბასრ კიდეზე ხახუნით გადავჭერი. ამის
შემდეგ შევძელი წამოვმდგარიყავი, მეთხოვა ან მომეპარა ჩემი
პირველი გულისამრევი ლუკმა: გველის ხორცი! - მე, მარკუს
ფლამინიუს რუფუსს! რომის ერთ-ერთი ლეგიონის სამხედრო
ტრიბუნს!
იმ წყურვილით ატანილს, მენახა უკვდავთა ქალაქი, ხელი შემეხო
იმისთვის, რაც ადამიანურ ქალაქზე მეტი იყო, თვით ძილიც კი არ
მეკარებოდა. და თითქოს ტროგლოდიტები მიზანს მიმიხვდნენო - არც
მათ ეძინათ. თავდაპირველად მეგონა, მითვალთვალებდნენ,
მოგვიანებით კი ვიფიქრე, ჩემი შეუძლოდ ყოფნა გადაეცა მათ,
როგორც ძაღლებს გადაეცემათ ხოლმე განწყობა. ბარბაროსთა
სოფლიდან წასვლისთვის ყველაზე საჯარო მომენტი შევარჩიე: დაისი,
როდესაც თითქმის ყველა მამაკაცი გამოდიოდა თავ-თავისი
ღრმულიდან თუ ნაპრალიდან და მზერადაცარიელებული გაჰყურებდა
დასავლეთს. ხმამაღლა ვილოცე, - არა იმდენად ტროგლოდიტების
განწყობის მოსაპოვებლად, რამდენადაც იმისთვის, რომ ისინი ჩემი
დანაწევრებული მეტყველებით დამეფრთხო. ამის შემდეგ ქვიშით
ამოვსებული მდინარის კალაპოტი გადავიარე და გეზი ქალაქისკენ
ავიღე. ორი-სამი კაცი შეცბუნებული გამომყვა. ტანმორჩილები იყვნენ,
თავიანთი ტომის სხვა წარმომადგენლებივით, და უფრო ანტიპათიას
იწვევდნენ, ვიდრე შიშს. გვერდი უნდა ამევლო არაერთი
უსწორმასწორო ღრმულისთვის, რომლებიც ძველ კარიერებად
მივიჩნიე. ვეებერთელა მასშტაბებით შეცდომაში შეყვანილს, ქალაქი
გაცილებით ახლოს მეგონა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა.
დაახლოებით შუაღამისას ფეხი დავადგი ქალაქის კედლის შავ ჩრდილს
- ყვითელ ქვიშაზე პროვოცირებულ ბომონურ ფორმებს. ჩემი სვლა
ერთგვარმა საკრალურმა ზაფრამ შეაყოვნა. იმდენად სძულს კაცთა
მოდგმას სიახლეცა და უდაბნოც, რომ მე გამახალისა ერთი
ტროგლოდიტის დანახვამ, რომელიც აქამდე გამომყოლოდა. თვალი
დავხუჭე და დაუძინებლად დაველოდე განთიადს.
   უკვე ვთქვი, ქალაქი კლდოვან ზეგანზე იდგა-მეთქი. ამ ზეგნის
სიდიდე, თავისი ფრიალო კალთებით, ისეთივე ძნელი გასაზომი იყო,
როგორიც თვით ქალაქის კედლები. ამაოდ დავიწყე მისი შემოვლა
დაღლილი ნაბიჯებით - შავ საძირკველს არსად ეტყობოდა თვით
უმცირესი უსწორმასწორობა, ხოლო თანაბრად აზიდულ კედლებს -
თუნდ ერთი კარი. დღის სიმძიმემ მიბიძგა შევყუჟულიყავი ქვაბულში,
რომლის უკანა კედელთან ჭა აღმოჩნდა. ჭის წყვდიადიდან ამოდიოდა
კიბე, რომელსაც ქვემოთ ჩავყევი და აღმოვჩნდი ჭუჭყიანი დერეფნების
ლაბირინთში, რომელმაც ვეებერთელა, განუსაზღვრელად
მომრგვალებულ დარბაზში გამიყვანა. ცხრა კარი გადიოდა
სარდაფისებრ სივრცეში, აქედან რვა კარით ხვდებოდი ლაბირინთში,
რომელიც იმავე დარბაზში გაბრუნებდა, მეცხრე კარს კი გაჰყავდი სხვა
ლაბირინთში, რომელიც, თავის მხრივ, უერთდებოდა მეორე მრგვალ
დარბაზს - პირველის იდენტურს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი
დარბაზი იყო იქ: მათ ჩემი ტანჯვა და მღელვარება ამრავლებდა.
გარშემო მტრული სიჩუმე იდგა, ვირტუალურად - სრული, თუ არ
ჩავთვლით მიწისქვეშა ქარს, რომლის გამომწვევი მიზეზი ვერაფრით
აღმოვაჩინე. ქვის ამ ღრმა აბლაბუდაში არავითარი ბგერა არ ისმოდა.
თვით წყლის ფოლადისფერი, თხელი ნაკადებიც კი უხმაუროდ
მიედინებოდა ქვის ნაპრალებში. საშინელება იყო, როგორ მივეჩვიე ამ
განუსაზღვრელ სამყაროს. უკვე დაუჯერებელი ჩანდა, რომ კიდევ
რაიმეს შეიძლება ეარსება საერთოდ, ცხრაკარიანი სარდაფისა და
გრძელი დერეფნების გარდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიხეტიალე მიწის
ქვეშ. მხოლოდ ის ვიცი, რომ დროდადრო, როცა დაბნეულად
ვოცნებობდი სახლზე, ბარბაროსთა საზარელ სოფელს ყურძნის
მტევნებში ჩაძირულ ჩემს მშობლიურ ქალაქთან ვაერთიანებდი.
ერთი დერეფნის ბოლოს გზა გადამიღობა არცთუ
გაუთვალისწინებელმა კედელმა და - შორეული სინათლეც დამეცა.
შუქით დატბორილი მზერა ზემოთ შევმართე და იქ, თავბრუდამხვევ
სიმაღლეზე, ცის მრგვალი ნაფლეთი დავინახე - იმდენად ლურჯი,
რომ უკვე მეწამულში გადადიოდა. რკინის საფეხურების მთელი წყება
ზემოთ, ჭის თავისკენ მიემართებოდა. დაქანცულობისგან კუნთები
მომდუნებოდა, მაგრამ მაინც ავუყევი კიბეს. მხოლოდ დროდადრო
ვჩერდებოდი, რათა ტლანქად ავქვითინებულიყავი სიხარულისგან.
ნელ-ნელა დავიწყე ფრიზებისა და კაპიტელების, სამკუთხა
ფრონტონებისა და თაღების გარჩევა. ასე შემიძღვა
ურთიერთგადახლართული ლაბირინთების შავი საუფლო ბრწყინვალე
ქალაქში. თავდაპირველად აღმოვჩნდი ერთგვარ პატარა მოედანზე,
უფრო უკეთ - შიდაეზოში, რომელსაც ერთი არათანაბარკუთხეებიანი
და არათანაბარი სიმაღლის შენობა შემორტყმოდა. სწორედ ამ
ჰეტეროგენურ[95] ნაგებობას ეკუთვნოდა მრავალი სვეტი და გუმბათი.
უნიკალურ მონუმენტში ყველაზე მეტად განმაცვიფრა მისი
კონსტრუქციის უკიდურესმა სიძველემ. ვიგრძენი, რომ ის თვით
ადამის მოდგმამდე, თვით ქვეყნიერების გაჩენამდე არსებობდა. მისი
თვალში საცემი სიძველე - თუნდაც რაღაცნაირად საშინელი
საყურებელი - თითქოს უკვდავი ოსტატების გარჯის შედეგი იყო. ჯერ
ფრთხილად, მერე უფრო და უფრო განურჩევლად, ბოლოს კი
სასოწარკვეთით დავდიოდი ამ ლაბირინთული სასახლის კიბის
უჯრედებსა და მოზაიკურ იატაკზე. მოგვიანებით შევნიშნე, რომ
კიბეების საფეხურთა სიგანე ერთნაირი არ იყო და სწორედ ამით
იხსნებოდა ჩემი უკიდურესი დაქანცვა. „ეს სასახლე ღმერთების
ნახელავია“ - აი, ჩემი პირველი აზრი. როდესაც კიდევ მოვინახულე
დაუსახლებელი ადგილები, აზრიც დავაზუსტე: „ღმერთები,
რომლებმაც ეს ყველაფერი ააგეს, დაიხოცნენ“. მერე კი, როცა შენობის
თავისებურებებს ჩავუფიქრდი, ჩემს თავს ვუთხარი: „ღმერთები,
რომლებმაც აქაურობა ააგეს, შეშლილები იყვნენ“. ვიცი, ეს იმ
გაუგებარი საყვედურის ტონით ვთქვი, ქენჯნას რომ ესაზღვრებოდა, -
უფრო ინტელექტუალური საშინელების განცდით, ვიდრე გრძნობადი
შიშით. დიადი სიძველის განცდას სხვებიც დაემატა: უსასრულობის,
დამთრგუნველობისა და საშინელების, რთული ირაციონალობის
განცდები. ბნელი ლაბირინთი გამოვლილი მქონდა, თუმცა,
რეალურად, უკვდავთა ბრწყინვალე ქალაქმა შემაძრწუნა და
უკუმაგდო. ლაბირინთი მიზანმიმართულად აგებული სახლია,
რომელმაც უნდა დააბნიოს იქ მოხვედრილი ადამიანი. ამ მიზანს
ემსახურება უკიდურესად სიმეტრიული მისი არქიტექტურა. ამ
სასახლის არქიტექტურას კი, მხოლოდ ნაწილობრივ რომ
დავათვალიერე, არავითარი მიზანი არ ჰქონდა. აქ იყო დერეფნები,
რომლებსაც არსად არ მიჰყავდი; მიუწვდომლად მაღალი ფანჯრები,
დრამატულად დიდი კარები, რომლებიც ბერულ სენაკებსა ან ცარიელ
მაღაროებში გადიოდა; არგაგონილი თავდაყირა დაკიდებული კიბეები
შესაბამისად ამოტრიალებული საფეხურებითა და მოაჯირებით. სხვა
კიბეები - ჰაერიდან პირდაპირ რომელიმე მონუმენტურ კედელზე
მიბჯენილი - ორი-სამი უჯრედის შემდეგ გუმბათის მაღალ სიბნელეში
წყდებოდა. არ ვიცი, სწორ მაგალითებს ვიძლევი თუ არა, მხოლოდ ის
ვიცი, რომ მრავალი წლის განმავლობაში ისინი სიზმრებს
მიწამლავდნენ. აღარც ის ვიცი, ობიექტურად არსებულ რეალობას
აღწერს რომელიმე სახასიათო შტრიხი თუ საკუთრივ ჩემს ღამეებში
შობილი ერთ-ერთი ფორმაა. „ეს ქალაქი იმდენად თავზარდამცემია,
რომ თვით მისი არსებობა, თავისთავად ის ფაქტი, რომ მან თვით
საიდუმლო უდაბნოს შუაგულშიც კი გაძლო, ბილწავს წარსულსა და
მომავალს და რაღაცნაირად რეპუტაციას ულახავს ვარსკვლავებსაც.
სანამ ეს ქალაქი აქ დგას, არავინ იქნება ამქვეყნად ბედნიერი ან
მამაცი“, - ვფიქრობდი ჩემთვის. არ მსურს მისი აღწერა,
ჰეტეროგენური სიტყვების ქაოსი, ვეფხვის სხეული თუ კბილებით
პირამოვსებული ხარი, ორგანოები, მონსტრუოზულად შეერთებული
და მაინც ერთმანეთის მოძულე თავები: ასეთი შეიძლება იყოს
დაახლოებითი აღწერილობა.
ვერ ვიხსენებ ვერც იმ ეტაპებს, რომელთა გამოვლამაც მომიწია უკანა
გზაზე, ვერც ჩემს სვლას მტვრიან, ნესტიან მიწისქვეშეთში. მხოლოდ
ის ვიცი: ყველგან მოუშორებლად თან მდევდა შიში იმისა, რომ
როდესაც ბოლო ლაბირინთიდან გავაღწევდი, ისევ გულისამრევ
უკვდავთა ქალაქში ამოვყოფდი თავს. სხვა არაფერი მახსოვს.
მეხსიერების ეს დაკარგვა, ახლა უკვე დაუძლეველი, ალბათ
ნებაყოფლობითი იყო. ისიც შესაძლებელია, რომ იქიდან იმდენად
უსიამოვნო გარემოებებში გამოვიქეცი, რომ დავიფიცე, მათ გონებიდან
განვდევნი-მეთქი.
III

   ვინც ყურადღებით წაიკითხა ჩემი ტანჯვის ამბავი, გაიხსენებს, რომ


ტროგლოდიტების ტომის ერთი წარმომადგენელი ძაღლივით ამედევნა
კედლების დაკბილულ ჩრდილში. უკანა გზაზე, როდესაც ბოლო
სარდაფიდანაც ამოვედი, ის კაცი ზედ ქვაბულის გამოსასვლელთან
დამხვდა. ქვიშაში იწვა, მოუქნელად ხატავდა და შლიდა სიმბოლოებს,
სიზმრის ასოების მსგავსს, ზუსტად იმ წამს რომ ერწყმიან ერთმანეთს
და ბუნდოვანდებიან, როდესაც მათმა მნახველმა ის-ისაა უნდა
გაშიფროს. თავდაპირველად ვიფიქრე, ეს ერთგვარი ბარბაროსული
დამწერლობაა-მეთქი. მერე მივხვდი: აბსურდული იყო იმის დაშვება,
რომ დამწერლობას შექმნიდა კაცი, რომელსაც არასოდეს ესწავლა
მეტყველება. თანაც, არც ერთი მოხაზულობა არ ჰგავდა მეორეს, რამაც
სავსებით გამორიცხა (ან ძალზე შორს გადასწია) შესაძლებლობა, რომ
იგი სიმბოლოებს ხატავდა. კაცს ქვიშაზე გამოჰყავდა ისინი, უყურებდა
და ასწორებდა, მერე კი, თითქოს თავისივე თამაშით გაღიზიანებული,
ხელისგულით და იდაყვით შლიდა. ქვემოდან ამომხედა, მაგრამ,
მგონი, ვერ მიცნო. მაინც იმდენად დიდი იყო შვება, რომელიც
ვიგრძენი (ან, ეგებ, ჩემი მარტოობა იყო ასეთი უკიდეგანო და
შემაძრწუნებელი), რომ ნამდვილად ვიფიქრე: ეს პირველყოფილი
ტროგლოდიტი, გამოქვაბულში რომ წევს და ამომცქერის, მე
მელოდება-მეთქი. მზე ველს ათბობდა. როცა სოფლისკენ მიმავალ
გზას დავადექით, პირველი ვარსკვლავების ქვეშ ქვიშა ფეხს წვავდა.
ტროგლოდიტი ჩემ წინ მიაბიჯებდა. იმ ღამეს გადავწყვიტე
მესწავლებინა მისთვის სიტყვების გამოცნობა ან თვით გამეორებაც კი.
აქედან პირველის უნარი ძაღლებსა და ცხენებსაც ხომ შესწევთ-მეთქი,
ვფიქრობდი, ხოლო მეორე ბევრ ჩიტს შეუძლია, ვთქვათ, კეისრების
ბულბული. რაოდენ მწირიც უნდა იყოს ადამიანის გაგება, მაინც
ყოველთვის აღემატება ამ არამოაზროვნე არსებებისას. ტროგლოდიტის
მოკრძალებულმა წარმოშობამ და მდგომარეობამ მეხსიერებაში
ამომიტივტივა არგოსი - მოხუცი, მომაკვდავი ძაღლი „ოდისეადან“.
ამიტომაც დავარქვი ეს სახელი და ვცადე, მისთვისაც მესწავლებინა.
კიდევ და კიდევ, მაგრამ ამაოდ. ვერ მიშველა ვერანაირმა საშუალებამ,
სიმკაცრემ, შეუპოვრობამ. უმოძრაოს და მზერადაშრეტილს, თითქოს
არც კი ესმოდა ბგერები, რომელთა შესმენინებასაც ვცდილობდი. სულ
რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ჩემგან, მაგრამ უზარმაზარი მანძილით
მოწყვეტილს ჰგავდა. პატარა, ნაცემი, ლავაში გამოჭრილი სფინქსივით
იწვა ქვიშაზე და საშუალებას აძლევდა ცას ეტრიალა მის ზემოთ
ცისკრის პირველი სხივიდან მწუხრის უკანასკნელ ჭიატამდე.
უბრალოდ, წარმოუდგენელი ჩანდა, როგორ ვერ მოეხელთებინა ჩემი
განზრახვა! გამახსენდა ეთიოპიელების რწმენა, რომ მაიმუნები
შეგნებულად არ მეტყველებენ, რათა შრომა ვერავინ აიძულოს. მეც
არგოსის დუმილი უნდობლობას ან შიშს მივაწერე. ამ ცოცხალ სურათს
სხვები შეენაცვლა, კიდევაც უფრო უჩვეულო. წარმოვიდგინე, რომ მე
და არგოსი სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობდით; წარმოვიდგინე, რომ
ერთნაირი აღქმა გვქონდა, მაგრამ არგოსი განსხვავებულად აწყობდა,
სხვანაირ საგნებს აგებდა მათგან; წარმოვიდგინე, რომ მისთვის,
შესაძლოა, საგნები კი არ არსებობდნენ, არამედ სწრაფი
შთაბეჭდილებების მუდმივი, თავბრუდამხვევი თამაში; წარმოვიდგინე
სამყარო მეხსიერების, დროის გარეშე. გავეთამაშე ისეთი ენის
შესაძლებლობას, რომელშიც არ არსებობს ნაცვალსახელები, არის
მხოლოდ უპიროვნო ზმნები ან არაუღლებადი ზედსართავები. ბევრმა
დღემ ჩაიარა ამ წარმოდგენებში, დღეებთან ერთად - წლებმაც, სანამ
ერთ დღესაც მოხდა რაღაც ისეთი, რაც ძალიან ჰგავდა სიხარულს:
ციდან ნელმა, ძლიერმა წვიმამ დაუშვა. ღამით უდაბნოში შეიძლება
ციოდეს, მაგრამ ის ღამე ნამდვილი გახურებული ქვაბივით იყო.
მესიზმრა, რომ თესალიის ერთ-ერთი მდინარე (რომლის წყლებს მე
ოქროს თევზი დავუბრუნე) ჩემს გადასარჩენად მოდიოდა. მესმოდა,
როგორი დგაფუნით მოუყვებოდა წითელ ქვიშას და როგორ ევლებოდა
შავ კლდეს. ჰაერის სიგრილემ და წვიმის შხაპუნმა გამაღვიძა. შიშველი
გავვარდი გარეთ წვიმის მისასალმებლად. ღამე იცრიცებოდა. ჩემი არ
იყოს, ყვითელი ღრუბლების ქვეშ ტროგლოდიტების ტომიც ექსტაზით
შეჰხაროდა ციდან მოღვარღვარე ნაკადებს: ღმერთით ატანილ
კორიბანტებს ჰგავდნენ. არგოსს თვალები ცისკენ აღეპყრო და
გმინავდა, წყალი წანწკარით ჩამოსდიოდა სახეზე, - არა მხოლოდ
წვიმა, არამედ ცრემლებიც (როგორც მოგვიანებით შევიტყვე). „არგოს!
- ვიყვირე მე, - არგოს!“ მერე კი, თითქოს მრავალი წლის წინ
დავიწყებულ-დაკარგულ რამეს იგონებსო, ოდნავ გაკვირვებულმა
არგოსმა ენის ბორძიკით წარმოთქვა: „არგოს, ულისეს ძაღლი“.
რამდენიმე წამის შემდეგ კი ისე განაგრძო, რომ ჩემთვის არ შეუხედავს:
„ეს ძაღლი ნეხვის გროვაზე წევს“.
ჩვენ ასეთი მზადყოფნით ვიღებთ რეალობას. იქნებ იმიტომ, რომ
ვგრძნობთ: არაფერია რეალური. არგოსს ვკითხე, რამდენი რამ იცოდა
„ოდისეადან“. ბერძნულის გაგება გაუძნელდა და შეკითხვის გამეორება
მომიხდა.
„ძალიან ცოტა. ყველაზე მწირ რაფსოდიაზე უფრო ნაკლები. მას
შემდეგ თერთმეტმა ასწლეულმა განვლო, რაც უკანასკნელად დავწერე
ეგ“.
IV

   იმ დღეს ყველაფერს მივხვდი. ტროგლოდიტები უკვდავები იყვნენ,


ჩქერალი და მისი ქვიშანარევი წყლები კი - ის მდინარე, მხედარი რომ
ეძებდა. რაც შეეხება ქალაქს, რომლის სახელი განგამდე მივიდა,
უკვდავებმა ის თითქმის ცხრაასი წლის წინ დაანგრიეს, ხოლო
დანგრეული ქალაქის ნამსხვრევებისგან იმავე ადგილზე ააშენეს
არეულ-დარეული ქალაქი, რომელშიც მე ვიხეტიალე, - პაროდია თუ
ანტითეზა ქალაქისა, რომელიც, იმავდროულად, იყო ტაძარი, აგებული
იმ ირაციონალური ღმერთებისთვის, ქვეყნიერებას რომ მართავენ, და
იმათთვისაც, ვის შესახებაც ჩვენ არაფერი ვუწყით, გარდა იმისა, რომ
ადამიანს არ ჰგვანან. ამ ქალაქის დაფუძნება წარმოადგენდა
უკანასკნელ სიმბოლოს, რომლამდეც უკვდავები დაეშვნენ. იგი
აღნიშნავს წერტილს, რომელზეც - თუ გავითვალისწინებთ მთელ მათ
ამაო ძალისხმევას - მათ გადაწყვიტეს ეცხოვრათ საკუთრივ აზრში,
წმინდა სპეკულაციაში. ჯერ ეს ბაკანი ააგეს, შემდეგ მიატოვეს და
გამოქვაბულებში დასახლდნენ. ამ თვითდანთქმაში ისინი ვერც კი
ამჩნევდნენ ფიზიკურ სამყაროს. ამ ყველაფერს ისე მიხსნიდა
ჰომეროსი, როგორც ბავშვს უხსნიან ხოლმე. მიამბო თავის
ხანდაზმულობაზეც და იმ მოგზაურობაზეც, რომელიც განახორციელა,
როცა ულისესავით შეიპყრო განზრახვამ, მოენახულებინა იმ ადამიანთა
მოდგმა, რომელმაც არ იცოდა, რა იყო ზღვა, არ ჭამდა დამარილებულ
ხორცს და წარმოდგენა არ ჰქონდა ნიჩბებზე. მან ერთი საუკუნე
იცხოვრა უკვდავთა ქალაქში და როცა ეს უკანასკნელი დაანგრიეს,
სწორედ მანვე ურჩია მეორე ქალაქის აგება. ამან არ უნდა
გაგვაკვირვოს: ხმები დადის, რომ მას შემდეგ, რაც ხოტბა შეასხა
ილიონის ომს, ჰომეროსმა ბაყაყებისა და გომბეშოების ომსაც უმღერა.
იმ ღმერთივით იყო, რომელმაც ჯერ კოსმოსი შექმნა, მერე -
ქაოსი. არაფერია ღირსშესანიშნავი უკვდავად ყოფნაში. კაცობრიობის
გამოკლებით, ყველა არსება უკვდავია, რადგან მათ სიკვდილისა
არაფერი იციან. ღვთაებრივი, საშინელი და გაუგებარი სწორედაც იმის
ცოდნაა, რომ უკვდავი ხარ. შემჩნეული მაქვს, რომ რელიგიის
მიუხედავად, საკუთარი უკვდავების რწმენა უჩვეულოდ იშვიათია.
ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები - ყველა აცხადებს რწმენას
უკვდავებაში, მაგრამ მოწიწება, რომელსაც მიაგებენ სიცოცხლის
პირველ საუკუნეს, ამტკიცებს, რომ მათ ჭეშმარიტად მხოლოდ ამ ასი
წლისა სწამთ, რაკი ყოველივე დანარჩენს სამარადისოდ გადააბარეს
დასჯა ან დაჯილდოება, იმისდა მიხედვით, რაც ადამიანმა
მოიმოქმედა, სანამ ცოცხალი იყო. ჩემი აზრით, გაცილებით მისაღებია
ბორბალი, რომელიც ფიგურირებს ინდოეთის ზოგიერთ რელიგიაში. ამ
ბორბალზე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული,
თითოეული ცხოვრება წინა ცხოვრების შედეგია და, თავის მხრივ,
განაპირობებს მომდევნოს, თუმცა ვერც ერთი ცხოვრება ვერ
განსაზღვრავს მთლიანს... საუკუნეობრივი არსებობით ნასწავლმა
უკვდავთა რესპუბლიკამ მიაღწია ტოლერანტობის პიკს, თითქმის
ზიზღისაც კი. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ დროის უსასრულოდ
გრძელ პერიოდში ყველას ყველაფერი ემართება. როგორც
დამსახურებულ მისაგებელს თავისი გარდასული და მომავალი
სათნოებებისთვის, ყოველი კაცი იმსახურებდა ყოველგვარ სიკეთეს,
თუმცა, იმავდროულად, ყოველგვარ ღალატსაც მის წარსულში და
მომავალში ჩადენილი ყველა ბოროტებისთვის. იღბალზე
დამყარებული თამაშებისა არ იყოს, თავები და კუდები თანაბრდებიან,
ასევე გონიერება და სიჩლუნგეც აბალანსებს ერთმანეთს. შესაძლოა, ელ
სიდის უხეში ლექსი არის საპირწონე, რომელსაც ითხოვს ეკლოგების
ერთადერთი ეპითეტი ან რომელიმე მაქსიმა ჰერაკლიტედან. ყველაზე
სწრაფწარმავალი აზრი ემორჩილება უხილავ გეგმას და შეიძლება
ასრულებდეს ან აგვირგვინებდეს ფარულ ჩანაფიქრს. ვიცი ადამიანები,
რომლებსაც ჩაუდენიათ ბოროტება იმისთვის, რომ მისგან სიკეთე
გამოსულიყო მომავალ ან, შესაძლოა, უკვე გამოვიდა გარდასულ
საუკუნეებში... ამ კუთხით დანახული ყველა ჩვენი ქმედება
სამართლიანია, თუმცა, იმავდროულად, უმნიშვნელოც. არ არსებობს
არავითარი სულიერი ან ინტელექტუალური ღირსებები. ჰომეროსმა
შექმნა „ოდისეა“, მაგრამ უსასრულო დროში, უსასრულო გარემოებებსა
და საგანთა მუდმივ ცვალებაში შეუძლებელია, ეს პოემა ერთხელ მაინც
არ შექმნილიყო. არავინ არ არის ვიღაც. ერთადერთი უკვდავი
ადამიანი ყველა ადამიანია. კორნელიუს აგრიპასი არ იყოს, მე ვარ
ღმერთი, გმირი, ფილოსოფოსი, დემონი და ქვეყნიერება, რაც
მოიარებითი გზაა იმის სათქმელად, რომ მე არ ვარ. ცნებამ
ქვეყნიერებისა, როგორც ზედმიწევნით ზუსტი კომპენსირების
სისტემისა, უზარმაზარი გავლენა მოახდინა უკვდავებზე. უპირველეს
ყოვლისა, ამან ისინი უგრძნობელი გახადა შებრალების, როგორც
ასეთისადმი. მე ვახსენე ძველი სამტეხლოები, მდინარის გაღმა ნაპირი
რომ დაეწინწკლათ. ერთი ადამიანი ჩავარდა ამ ჭებიდან უღრმესში,
თუმცა ტკივილით ვერ ეტკინებოდა, ვერ მოკვდებოდა, აი, წყურვილი
კი ნამდვილად თანგავდა. მხოლოდ სამოცდაათი წლის შემდეგ
ჩაუგდეს თოკი ამოსაყვანად. თვითონაც დიდად არ ანაღვლებდა
საკუთარი ბედი. მთელი მოწყალება, რასაც მისი სხეული - მორჩილი
შინაური ცხოველი - ყოველთვიურად ითხოვდა, იყო რამდენიმე
საათის ძილი, ცოტაოდენი წყალი და ხორცის ერთი ნაგლეჯი. მაგრამ,
დე, ნურავინ ნუ წარმოიდგენს, რომ ჩვენ უბრალო ასკეტები ვიყავით.
არ არსებობს ისეთი კომპლექსური სიამოვნება, როგორიცაა აზრი, და
ჩვენც სწორედ აზრს მივუძღვენით თავი. დროდადრო, რაღაც
უჩვეულო სტიმულს შეიძლებოდა მივებრუნებინეთ ფიზიკური
სამყაროსკენ (როგორც, ვთქვათ, იმ გამთენიას - წვიმის ძველისძველ-
სტიქიურ სიამოვნებას). მაგრამ ეს მცირე გადახრები ძალზე იშვიათი
იყო. ყველა უკვდავს ჰქონდა სრული სიმშვიდის უნარი. მახსოვს ერთი,
რომელიც არასოდეს მინახავს ფეხზე მდგარი და რომლის მკერდზე
ჩიტმა ბუდე გაიკეთა.
   იმ მოძღვრების დასკვნათა შორის, რომლის მიხედვითაც არ
არსებობს საგანი, რომელიც არ წონასწორდებოდეს მეორე საგნით, არის
ერთი დასკვნა, რომელსაც დიდი თეორიული მნიშვნელობა არა აქვს,
მაგრამ რომელმაც X საუკუნის დასაწყისში თუ ბოლოში ჩვენ მთელს
დედამიწაზე გაგვფანტა. ის შეიძლება შეჯამდეს ამ სიტყვებში:
„არსებობს მდინარე, რომელიც იძლევა უკვდავებას. უნდა არსებობდეს
სხვა მდინარეც, რომელიც უკვდავებას წყვეტს“. მდინარეთა რიცხვი არ
არის უსასრულო. უკვდავი მოგზაური, რომელიც ქვეყნიერებას უვლის,
ერთხელაც ყველა მდინარიდან შესვამს წყალს. ჩვენ გადავწყვიტეთ
გვეპოვა ის მდინარე.
სიკვდილი - ან მისი ხსენება - ადამიანებს მშვენიერს ან პათეტიკურს
ხდის. მათი მოჩვენებითობა გულისამაჩუყებელია. ნებისმიერი აქტი,
რომელსაც განახორციელებენ, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. არ
არსებობს სახე, რომელიც გაბუნდოვანების ან ჩაქრობის პირას არ დგას,
როგორც სიზმარეული ხატები. მოკვდავთა სამყაროში ყველაფერს
უკანდაუბრუნებელი და შემთხვევითი ღირებულება ადევს. მეორე
მხრივ, უკვდავთა სამყაროში ნებისმიერი მოქმედება თუ აზრი ექოა
გარდასული მოქმედებებისა თუ აზრების ყოველგვარი ხილული
საწყისის გარეშე, ისევე როგორც ერთგული წინამაუწყებელი სხვების,
რომლებიც გამეორდება მომავალში, მარად და მარად. არაფერია
ისეთი, რაც თითქოსდა ჩაკარგულია დაუღალავ სარკეებს შორის.
ვერაფერი მოხდება ერთადერთხელ, არაფერს ემუქრება სამუდამოდ
დაკარგვის აბსოლუტური საფრთხე. სევდიანი, პირქუში,
ცერემონიული - ასეთი რამეებისადმი უკვდავები მოწიწებას არ
ატარებენ. ტანგიერის ჭიშკრებთან ჰომეროსი და მე ჩვენ-ჩვენს გზებს
გავყევით. მგონი, არც კი დავმშვიდობებივართ ერთმანეთს.
V

   ახალ საუფლოებში, ახალ იმპერიებში ვიხეტიალე. 1066 წლის


შემოდგომაზე სტამფორდ ბრიჯთან ვიბრძოლე, თუმცა აღარ მახსოვს,
ჰაროლდის რიგებში ვიდექი და მალე გავიზიარე მისი ბედი თუ
ბედუკუღმართი ჰარალდ ჰარდრადას, რომელმაც სულ ექვსი ფუტი ან
ოდნავ მეტი ინგლისური მიწა დაიპყრო. ჰიჯრით VII საუკუნეში,
ბულაკის გარეუბანში ყოფნისას, მწყობრი კალიგრაფიით გადავწერე (აწ
დავიწყებულ ენაზე და ჩემთვის უცნობი ანბანით) სინდბადის შვიდი
მოგზაურობა და ქალაქ ბრასის ისტორია. სამარყანდის ციხის
შიდაეზოში ხშირად ვთამაშობდი ჭადრაკს, ბიკანირში ასტროლოგიას
ვასწავლიდი ისევე, როგორც ბოჰემიაში. 1638 წელს კოლცვარში
ვიყავი, მოგვიანებით - ლაიფციგში. აბერდინში, 1714 წელს,
გამოვიწერე რომის პაპისეული „ილიადას“ ექვსი ტომი. ვიცი, რომ
ხშირად ვკითხულობდი სიამოვნებით. 1729 წელს თუ დაახლოებით ამ
პერიოდში ვიმსჯელეთ ამ პოემის წარმოშობის შესახებ მე და
რიტორიკის პროფესორმა სახელად, ვგონებ, ჯამბატისტამ. მისი
არგუმენტები შეუდავებლად მივიჩნიე. 1921 წლის 4 ოქტომბერს, გემი
„პატნა“, რომელსაც ბომბეიში მივყავდი, ნაპირს შეეჯახა ერიტრეას
სანაპიროზე. ნაპირზე გადავედი. გამახსენდა სხვა დილები დიდი ხნის
წარსულიდან, როცა ასევე გადავყურებდი წითელ ზღვას. მაშინ
რომაელი ტრიბუნი ვიყავი, ხოლო ლეგიონერები ციებ-ცხელებას,
მაგიასა და უმოქმედობას გადაჰყვნენ. ქალაქგარეთ წყარო დავლანდე
და, როგორც მჩვეოდა, მის ანკარა წყალს დავეწაფე. მერე კი, როცა
ციცაბო ნაპირზე ავდიოდი, ეკლიან ხეზე ხელის ზურგი გავიკაწრე.
მიუჩვეველი ტკივილი უკიდურესად მწვავე აღმოჩნდა. უნდობლად,
უსიტყვოდ და სიხარულით ვუმზერდი სისხლის წვეთის მშვენიერ
ფორმირებას გაკაწრულ ადგილზე. „მე ისევ მოკვდავი ვარ, -
ვუმეორებდი ჩემს თავს კიდევ და კიდევ, - ისევ ყველა სხვა ადამიანს
ვგავარ“. იმ ღამეს გათენებამდე მეძინა.
...ერთმა წელიწადმა განვლო და ისევ გადავიკითხე ეს ფურცლები.
შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი ჭეშმარიტების საზღვრებს არ
სცილდებიან, თუმცა პირველ თავებში და ზოგიერთ აბზაცშიც, ვგონებ,
ერთგვარი სიყალბე აღმოვაჩინე. ეს, ალბათ, გამოიწვია სიტუაციური
დეტალების ზედმეტმა გამოყენებამ, პოეტებისგან შეძენილმა წერის
მანერამ. ამ პროცესში ყველაფერს სიყალბე ედება, რაკი უამრავი
დეტალი შეიძლება იყოს საკუთრივ მოვლენაში და არა ხსოვნაში...
მაინც მჯერა, რომ აღმოვაჩინე უფრო პირადული და შინაგანი მიზეზი,
რომელსაც გავამხელ და არად ჩავაგდებ საფრთხეს, რომ ფანტასტად
შემრაცხონ. ამბავი, რომელიც აქ გადმოვეცი, არარეალური ჩანს,
რადგან მასში ურთიერთგადახლართულია ორი ადამიანის
გამოცდილება. პირველ თავში მხედარს სურს შეიტყოს სახელი
მდინარისა, თებეს კედლებთან რომ მიედინება. ფლამინიუს რუფუსი,
რომელმაც ქალაქს „ასკარიბჭიანი“ უწოდა, მხედარს ეუბნება, რომ
მდინარეს „ეგვიპტე“ ჰქვია. არადა, ამ განაცხადთაგან არც ერთი არ
ეკუთვნის რუფუსს, არამედ უფრო ჰომეროსს, რომელიც „ილიადაში“
არაორაზროვნად ახსენებს „თებე ჰეკატომპილოსს“, ხოლო „ოდისეაში“
ნილოსს გამუდმებით მოიხსენიებს „ეგვიპტედ“ პროტევსისა და
ოდისევსის პირით. მეორე თავში, როდესაც რომაელი უკვდავების
წყალს შესვამს, რამდენიმე სიტყვას წარმოთქვამს ბერძნულად. ეს
სიტყვებიც ჰომეროსისეულია. მათი მოძებნა გემების სახელგანთქმული
კატალოგის ბოლოში შეიძლება. შემდეგ, თავბრუდამხვევ სასახლეში,
იგი ახსენებს „საყვედურს, რომელიც თითქმის ქენჯნა იყო“. ეს
სიტყვებიც ჰომეროსისაა, რომელმაც იწინასწარმეტყველა მსგავსი
საშინელება. ასეთი ანომალიები მაწუხებდა, სხვები - უფრო
ესთეტიკური ხასიათის - ჭეშმარიტების პოვნის საშუალებას
მაძლევდნენ. ამ უკანასკნელი ტიპის ძაფები ისინჯება ბოლო თავში,
სადაც წერია, რომ სტამფორდ ბრიჯთან ვიბრძოდი, ბულაკში
სინდბად-მეზღვაურის მოგზაურობების ამბავი გადავწერე, ხოლო
აბერდინში პაპისეული „ილიადას“ ტომები გამოვიწერე. ტექსტი
ამბობს: „ბიკანირში ასტროლოგიას ვასწავლიდი ისევე, როგორც
ბოჰემიაში“. ამ განაცხადთაგან არც ერთი არ არის ყალბი,
ნიშანდობლივი კი ისაა, რომ სწორედ ეს ამბები ამოვირჩიე ჩასაწერად.
მათგან პირველი მეომარს შეეფერება, თუმცა შემდეგ ჩანს, რომ
მთხრობელისთვის ყურადსაღებია არა იმდენად ომი, რამდენადაც
ადამიანთა ბედი. მომდევნო „ფაქტები“ კიდევ უფრო საგულისხმოდ
ჟღერს. ისინი ფურცელზე ბნელმა, თუმცა ელემენტარულმა მიზეზმა
გადამატანინა: ვიცოდი, რომ ეს პათეტიკური ფაქტები იყო. მაშინ კი არ
ჟღერს პათეტიკურად, როცა მათ რომაელი ფლამინიუს რუფუსი ჰყვება,
არამედ მაშინ, როდესაც ჰომეროსი გადმოგვცემს. უცნაურია, რომ XIII
საუკუნეში ჰომეროსმა სინდბადის - მეორე ულისეს - თავგადასავლები
ჩაწერა, ხოლო მრავალი ასწლეულის შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოაჩინა
ისეთი ფორმები, როგორიცაა მისი საკუთარი „ილიადა“, თანაც -
ჩრდილოეთის სამეფოში და ბარბაროსულ ენაზე. რაც შეეხება ფრაზას,
რომელიც შეიცავს სახელს „ბიკანირ“, მასში ჩანს, რომ იგი შექმნილია
ბელეტრისტის მიერ, რომელსაც - გემების კატალოგის ავტორისა არ
იყოს - ბრწყინვალე სიტყვების მფლობელობა სურდა.
    რამდენადაც დასასრული ახლოვდება, ხსოვნაში სახეები აღარ ჩანს,
ჩანს მხოლოდ სიტყვები. უცნაური არ არის, რომ დრომ შეიძლება
ერთმანეთში არიოს სახეები, რომლებიც ოდესღაც მე გამომხატავდა, და
ისინი, რომლებიც იყო სიმბოლოები პიროვნებისა, ამდენი საუკუნის
განმავლობაში რომ მომყვებოდა ყველგან. მე ჰომეროსი ვიყავი, მალე
კი, ულისესი არ იყოს, აღარავინ ვიქნები, მალე ყველა ადამიანად
ვიქცევი, ანუ - მოვკვდები.
P.S. (1950): ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციას მოჰყვა კომენტარები,
რომელთა შორის ყველაზე საგულისხმოა (თუ ყველაზე თავაზიანი არა)
ის, რომელიც ბიბლიურადაა სახელდებული: „მრავალფეროვანი
საფარველი“ (მანჩესტერი, 1948). ეს კომენტარი ეკუთვნის დოქტორ
ნაჰუმ კორდოვეროს უკიდურესად მდგრად კალამს და ასამდე გვერდს
მოიცავს. მასში ლაპარაკია ბერძნულ ანთოლოგიებზე, გვიან-
ლათინური ტექსტების ანთოლოგიებზე, იმ ბენ ჯონსონზე, რომელმაც
თავისი თანამედროვეები განსაზღვრა ამონარიდებით სენეკადან,
ალექსანდრ როსის, ჯორჯ მურისა და ელიოტის ოსტატობიდან,
დაბოლოს, იმ „ამბიდან, რომელიც მიეწერება ბიბლიოგრაფიული
იშვიათობებით მოვაჭრე ჯოზეფ კარტაფილუსს“. პირველ თავში იგი
აღნიშნავს მოკლე ჩანართებს პლინიუსიდან; მეორეში - თომას დე
კუინსიდან; მესამეში - იმ წერილიდან, დეკარტმა რომ მისწერა ელჩ
პიერ შანუს; დაბოლოს, ბერნარდ შოუდან. ამ „ჩარევებიდან“
გამომდინარეობს, რომ მთლიანი დოკუმენტი საეჭვოა და
არამართლმაგვარი.
ჩემი აზროვნებისთვის ამგვარი დასკვნა მიუღებელია. „რამდენადაც
დასასრული ახლოვდება, - წერდა კატაფილუსი, - ხსოვნაში სახეები
აღარ ჩანს, ჩანს მხოლოდ სიტყვები“. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები -
კონტექსტიდან ამოღებული და დამახინჯებული; სხვა ადამიანთა
სიტყვები: აი, განგაშის ის სიგნალები, რომლებიც კარტაფილუსს
საათებმა და საუკუნეებმა დაუტოვა.

You might also like