You are on page 1of 265

1

ბაბილონის გოდოლი

გოდოლი შინყარის დაბლობზე, ხმელეთზე რომ ყოფილიყო გადებული, მისი ერთი ბოლოდან
მეორეში გასვლას ორდღიანი მგზავრობა დასჭირდებოდა. რადგანაც გოდოლი ცისკენაა
აღმართული, ფუძიდან კენწერომდე ასვლას სრული თვე და კიდევ ნახევარი სჭირდება, ისიც იმ
შემთხვევაში, თუ კაცს ტვირთი არ ამძიმებს. მაგრამ გოდოლზე ადამიანები ცარიელი ხელებით
იშვიათად ადიან. მათი უმეტესობის აღმასვლას აგურით დატვირთული ურიკები ანელებს,
რომლებსაც ზემოთ ექაჩებიან. ურიკაზე აგურების დატვირთვის შემდეგ ოთხი თვე გადის, სანამ
მას გოდლის ახალი ნაწილის ასაგებად გადმოალაგებენ.

***

ჰილალუმმა მთელი ცხოვრება ელამში გაატარა და ბაბილონს მხოლოდ ელამური სპილენძის


მყიდველად იცნობდა. სპილენძის ზოდებით დატვირთული ნავები ქარუნს დაუყვებოდა და
ქვედა ზღვამდე ჩადიოდა, საიდანაც ევფრატისკენ მიემართებოდა. ჰილალუმი და სხვა
მემაღაროეები ვაჭრების დატვირთული კანჯარების ქარავანთან ერთად ხმელეთით
მგზავრობდნენ. მტვრიანი ბილიკებით პლატოს დაუყვნენ, დაბლობები გადაჭრეს და არხებითა
და კაშხლებით დასერილი მწვანე ველებისკენ გაემართნენ.

გოდოლი მანამდე არავის ენახა. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა დანიშნულების ადგილამდე
მრავალი ლიგა(ლიგა – ძველად გამოყენებული მანძილის საზომი ერთეული. თავდაპირველად
აღნიშნავდა მანძილს, რომლის გავლაც ადამიანს ერთ საათში შეეძლო. სხვადასხვა ქვეყანაში
და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ლიგა სხვადასხვა მანძილს აღნიშნავდა და საშუალოდ
მერყეობდა 4-დან 6 კილომეტრამდე.) ჰქონდათ გასავლელი: მათ თვალწინ მოცახცახე ჰაერში
სელის ღეროსავით წვრილი და მერხევი ხაზი იმ ტალახის ფუფხიდან ამოზრდილიყო,
რომელიც თავად ბაბილონი აღმოჩნდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ფუფხი თანდათან
ქალაქის ძლევამოსილ გალავნად გადაიქცა, მაგრამ მგზავრთა მზერა მაინც მხოლოდ
გოდლისკენ მიპყრობილიყო. როცა მოახერხეს და თვალები მიწისკენ დახარეს, ქალაქის გარეთ
გოდლისგან დატოვებული ნაკვალევი დაინახეს: თვით ევფრატი ახლა ფართო, მიწის სიღრმეში
ჩაწეულ კალაპოტში მიედინებოდა, რომელიც აგურებისთვის საჭირო თიხის მოსაპოვებლად
ამოეთხარათ. ქალაქის სამხრეთით გამოსაწვავ ღუმელთა არაერთი რიგი გაემწკრივებინათ,
თუმცა ყველა მათგანი ჩამქრალიყო.

სანამ ქალაქის კარიბჭეებს უახლოვდებოდნენ, გოდოლი ყველაზე მასიურ ნაგებობად გადაიქცა,


რაც კი ჰილალუმს ოდესმე ენახა: ერთადერთი სვეტი მთელ ტაძარზე განიერი იქნებოდა, თუმცა
ჰაერში ისეთ სიმაღლეზე ატყორცნილიყო, რომ თანდათან წვრილდებოდა და უჩინარდებოდა.
თავი ყველას მაღლა აღეპყრო და მზისგან დასაცავად თვალები მოეჭუტა.

2
ჰილალუმს მეგობარმა ნანნიმ მუჯლუგუნი გაჰკრა და გამოაფხიზლა.

– ამ რაღაცაზე უნდა ავიდეთ? სულ ბოლომდე?

– გასათხრელად უნდა ავიდეთ... რა უჩვეულოა.

მემაღაროეებმა დასავლეთ კედლის მთავარ კარიბჭეს მიაღწიეს, საიდანაც სხვა ქარავანი


გამოდიოდა. სანამ მოგზაურები კედლის ნაწყალობევი ჩრდილის ვიწრო ზოლში შექუჩდნენ,
მათმა მეთაურმა ბელიმ კარიბჭის კოშკების თავზე მდგომ მცველებს ასძახა:

– ჩვენ ელამის მიწიდან მოხმობილი მემაღაროეები ვართ.


მცველებს სიხარული დაეტყოთ. ერთ-ერთმა ჩამოსძახა:

– თქვენ ხართ ისინი, ვინც ცის კაბადონი უნდა გათხარონ?

– ჩვენ ვართ.

***

მთელი ქალაქი ზეიმობდა. დღესასწაული რვა დღის წინ დაიწყო, როცა გზას უკანასკნელი აგური
გაუყენეს, და კიდევ ორი დღე გაგრძელდებოდა. ქალაქი დღისითა და ღამით მხიარულებას,
ცეკვასა და ნადიმობას მოეცვა.

მეაგურეების გარდა ურიკების გამწევებიც მუშაობდნენ – ადამიანები, რომელთაც გოდოლზე


არაერთი ასვლისგან ფეხის კუნთები დაბერვოდათ. ყოველ დილას ახალი ეკიპაჟი იწყებდა
აღმასვლას; ოთხი დღე ადიოდნენ, შემდეგ თავის ტვირთს გამწევთა ახალ ეკიპაჟებს
გადასცემდნენ და მეხუთე დღეს ცარიელი ურიკებით ქვემოთ ბრუნდებოდნენ. ასეთი
ეკიპაჟებისგან შემდგარი ჯაჭვი გოდლის კენწეროს სწვდებოდა, მაგრამ ახლა ქალაქთან ერთად
მხოლოდ ყველაზე ქვედა ეკიპაჟები ზეიმობდნენ. გოდლის ზედა ნაწილებში მცხოვრებლებთან
ყველასთვის სამყოფი ღვინო და ხორცი წინასწარ გაგზავნეს, რათა ნადიმი მთელ სვეტზე
გავრცელებულიყო.

საღამოს ჰილალუმი და სხვა ელამელი მემაღაროეები ქალაქის მთავარ მოედანზე გაშლილ,


ხორაგით დამძიმებულ ერთ-ერთ მაგიდასთან, თიხის სკამებზე ჩამოსხდნენ. მემაღაროეები
გამწევებს ემუსაიფებოდნენ და გოდოლზე ეკითხებოდნენ.

ნანნიმ თქვა:

3
– ვიღაცამ მითხრა, რომ გოდლის წვერზე მომუშავე კალატოზები ყოველი აგურის
ჩამოვარდნაზე ქვითინებენ და სიმწრით თმას იგლეჯენ, რადგან ამ აგურის შემცვლელის ატანას
ოთხი თვე დასჭირდება, მაგრამ როცა კაცი სასიკვდილოდ გადმოვარდება, არავინ იმჩნევს.
მართლა ასეა?

ერთ-ერთმა, შედარებით ენაწყლიანმა გამწევმა ლუგატუმმა თავი გააქნია.

– არა, მოგონილია. გოდოლზე აგურების უწყვეტი ქარავანი მიედინება; კენწეროს


ყოველდღიურად ათასობით აგური აღწევს. კალატოზებისთვის ერთი აგურის დაკარგვა
არაფერს ნიშნავს, – ლუგატუმი წინ გადმოიხარა, – მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც
კალატოზები ადამიანის სიცოცხლეზე მეტად აფასებენ: ქაფჩა.

– რატომ?

– თუ კალატოზს ქაფჩა ჩამოუვარდა, ახლის ამოტანამდე სამუშაოს ვეღარ ასრულებს. თვეების


განმავლობაში საკვებს ვერ გამოიმუშავებს, რის გამოც ვალის აღება უწევს. ქაფჩის დაკარგვა
ნამდვილ ვაებას იწვევს. მაგრამ თუ ადამიანი გადავარდა და მისი ქაფჩა დარჩა, დანარჩენები
გულის სიღრმეში შვებას გრძნობენ. შემდეგს, ვისაც ქაფჩა ჩამოუვარდება, შეუძლია ზედმეტი
იარაღი აიღოს, მუშაობა გააგრძელოს და ვალები თავიდან აიცილოს.

ჰილალუმი გაოგნდა და გონებაში ელვის სისწრაფით დაიწყო გადათვლა, რამდენი წერაქვი


ჰქონდათ წამოღებული. უცებ გონება გაუნათდა:

– ეგრე არ იქნება. ხომ შეუძლიათ, ზედმეტი ქაფჩები თავიდანვე წაიღონ? მათი სიმძიმე
არაფერი იქნება იმ აგურებთან შედარებით, რასაც ზემოთ ეზიდებიან. თანაც, რასაკვირველია,
კაცის დაკარგვა სერიოზულ დაგვიანებას ნიშნავს, თუ ზემოთ სათადარიგო კალატოზები არ
ჰყავთ – უნდა დაიცადონ, ქვემოდან ახალი კაცი როდის ავა.

ყველა გამწევმა ერთდროულად გადაიხარხარა.

– ამას ვერ გავაცურებთ, – ჩაიხითხითა ლუგატუმმა და ჰილალუმს მიუბრუნდა, – ესე იგი,


აღმასვლას დღესასწაულის დასრულებისთანავე დაიწყებთ?

ჰილალუმმა ჯამიდან ლუდი მოსვა.

– კი. მითხრეს, რომ დასავლეთის მიწებიდან მოსული მემაღაროეებიც შემოგვიერთდებიან,


თუმცა ჯერ არავინ მინახავს. მათგან ვინმეს იცნობ?

– დიახ, ეგვიპტედ წოდებული მიწიდან არიან, მაგრამ თქვენსავით ოქროს არ ეძებენ. ქვას
მოიპოვებენ.

– ელამში ქვასაც ვთხრით, – ჩაერთო ღორის ხორცით პირგამოტენილი ნანნი.

– ოღონდ მათსავით არა. ეგენი გრანიტს ჭრიან.

4
– გრანიტს? – ელამში კირქვა და ალებასტრი მოიპოვებოდა, მაგრამ არა – გრანიტი, –
დარწმუნებული ხარ?

– ეგვიპტეში ნამყოფი ვაჭრები ჰყვებოდნენ, რომ იქაურებს კირქვითა და გრანიტის უშველებელი


ბლოკებით ნაშენი ქვის ზიქურათები(ზიქურათი – შუამდინარული არქიტექტურისთვის
დამახასიათებელი ნაგებობა, რომელსაც მთავარი ღვთაების სახელზე აგებდნენ.
წარმოადგენდა ერთმანეთზე დალაგებული წაკვეთილი პირამიდების კოშკს.) და ტაძრები აქვთ
და გრანიტისგან უზარმაზარი ქანდაკებებიც გამოუთლიათ.

– მაგრამ გრანიტი ძალიან ძნელი დასამუშავებელია.

ლუგატუმმა მხრები აიჩეჩა.

– მათთვის არა. სამეფო კარის არქიტექტორები ფიქრობენ, რომ როცა ცის კამარას მიადგებით,
ასეთი ქვისმჭრელები გამოგადგებათ.

ჰილალუმმა თავი დაუქნია. შეიძლებოდა, მათი დახმარება მართლა დასჭირვებოდათ. ზუსტად


არავინ იცოდა, რა სახის სამუშაო დახვდებოდათ.

– მათ შეხვედრიხარ?

– არა, ჯერ არ ჩამოსულან, მაგრამ რამდენიმე დღეში ველოდებით. თუმცა შეიძლება


დღესასწაულის დამთავრებამდე ვერ ჩამოასწრონ. ამ შემთხვევაში თქვენ, ელამელები, მარტო
დაიწყებთ ასვლას.

– თქვენც ხომ გამოგვყვებით?

– დიახ, ოღონდ მხოლოდ პირველი ოთხი დღე. შემდეგ უკან უნდა დავბრუნდეთ, თქვენ კი,
იღბლიანები, გზას გააგრძელებთ.

– იღბლიანებად რატომ მიგაჩნივართ?

– მწვერვალამდე ასვლა მთელი გულით მინდა. ერთხელ უფრო ზემოთ მომუშავე ეკიპაჟებს
გავყევი გამწევად და თორმეტი დღის სავალ სიმაღლემდე ავედი, მაგრამ უფრო ზემოთ არ
ვყოფილვარ. თქვენ გაცილებით შორს ახვალთ, – ლუგატუმმა სევდიანად გაიღიმა, – თქვენი
მშურს. ზეცის კამარას საკუთარი ხელით შეეხებით.

ზეცის კამარასთან შეხება. წერაქვებით მისი გახსნა. ამ ფიქრებმა ჰილალუმი ააღელვა.

– შურის საფუძველი არ გაქვს... – დაიწყო ახსნა.

– მართალია, – შეაწყვეტინა ნანნიმ, – როცა ჩვენს საქმეს დავამთავრებთ, ცის კაბადონს ყველა
შეეხება.

5
***

მომდევნო დილას ჰილალუმი გოდლის სანახავად გაეშურა. მის ფუძეზე გარშემორტყმულ


უზარმაზარ მოედანს მიადგა. მოედნის ერთ მხარეს ტაძარი წამომართულიყო, რომელიც სადმე
განცალკევებით რომ მდგარიყო, შთამბეჭდავი ნაგებობა იქნებოდა, მაგრამ გოდლის გვერდით
ყველასთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.

ჰილალუმი სვეტის უსაზღვრო სიმტკიცეს გრძნობდა. გადმოცემების მიხედვით, გოდოლი ისე


იყო აგებული, რომ ნებისმიერ ზიქურათზე უფრო გამძლე ყოფილიყო; მთლიანად გამომწვარი
აგურით იყო ნაშენები მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ზიქურათებისთვის მზეზე გამომშრალ
ტალახის აგურებს იყენებდნენ და გამომწვარ აგურებს მხოლოდ მოპირკეთებისთვის
იმეტებდნენ. აგურებს ერთმანეთთან ფისით ადუღაბებდნენ, რომელიც გამომწვარ თიხაში
ღრმად აღწევდა და თავად აგურებივით მტკიცე შეერთებას ქმნიდა.

გოდლის ფუძე ჩვეულებრივი ზიქურათის ორ იარუსს ჰგავდა. პირველი კვადრატული,


უზარმაზარი იარუსის თითო გვერდი ორას წყრთას(წყრთა – დაახლოებით 50 სანტიმეტრი.)
აღწევდა, სიმაღლე კი – ორმოცს. სამხრეთ ფასადს სამმაგი კიბე მიუყვებოდა. პირველ იარუსზე
ზემოდან მეორე დონე დაეშენებინათ, უფრო მცირე ზომის იარუსი, რომელსაც ზემოთ მხოლოდ
ერთი კიბე მიუყვებოდა. თავად გოდოლი სწორედ მეორე იარუსიდან იწყებოდა.

თითო გვერდის სიგრძე სამოცი წყრთა იყო და კვადრატული სვეტი ზემოთ ისე ატყორცნილიყო,
თითქოს მთელი ზეცის სიმძიმეს აკავებსო. გოდოლს გვერდიდან ამოკვეთილი დამრეცი ბაქანი
მიუყვებოდა, რომელიც სვეტს გარს ისე ერტყმოდა, როგორც მათრახის სახელურზე
გადახვეული ტყავის ზონარი. თუმცა, არა – ხელახლა შეთვალიერების შემდეგ ჰილალუმმა
შენიშნა, რომ სინამდვილეში გოდოლს ერთმანეთში გადახლართული ორი ბაქანი შემოხვეოდა.
თითოეული ბაქნის გარეთა კიდეს არც ისე სქელი, მაგრამ ბაქნის მოჩრდილვისთვის
საკმარისად განიერი სვეტების რიგი საზღვრავდა. ჰილალუმმა გოდოლს თვალი ააყოლა და
დააკვირდა, როგორ ენაცვლებოდა ერთმანეთს აგურისა და ბაქნის ზონები და ასე
გრძელდებოდა იქამდე, სადამდეც თვალი სწვდებოდა. თუმცა, თავად გოდოლი სულ უფრო და
უფრო მაღლა, მზერისთვის მიუწვდომელ სივრცეში მიიწევდა; ჰილალუმმა თვალები აახამხამა,
მოჭუტა და თავბრუ დაეხვა. რამდენიმე ნაბიჯით უკან წაბარბაცდა და მხრების აჩეჩით
შეტრიალდა.

ჰილალუმს ის ისტორია გაახსენდა, ბავშვობაში რომ უყვებოდნენ – წარღვნის შემდეგ მომხდარი


ამბავი. მასში მოთხრობილი იყო, რომ ერთხელ ადამიანები დედამიწის ოთხივე კუთხეს
მოედვნენ და ისეთ მიწებზე დასახლდნენ, სადაც მანამდე არავის მიეღწია; სამყაროს
კიდეებამდე გაცურეს და ნახეს, როგორ ვარდებოდა ნისლში ოკეანე ქვემოთ, ღრმა უფსკრულის
შავ წყლებთან შესაერთებლად. მაშინ ადამიანებმა გაიაზრეს დედამიწის მასშტაბები და ის

6
პატარა მოეჩვენათ, ამიტომ სურვილი გაუჩნდათ ენახათ, რა ხდებოდა დედამიწის კიდეებს
მიღმა, იაჰვეს შექმნილი დანარჩენი სამყაროს ნახვა მოუნდათ. როცა ცისკენ იყურებოდნენ,
აინტერესებდათ იაჰვეს სამყოფელი, რომელიც ზეციური წყლების საცავის ზემოთ
მდებარეობდა. მრავალი საუკუნის წინ გოდლის, ზეცისკენ აღმართული სვეტის მშენებლობა
დაიწყო. ეს იყო კიბე, რომლითაც ადამიანები იაჰვეს ნაღვაწის სანახავად ზემოთ
იმოგზაურებდნენ, თავად იაჰვე კი კაცთა საქმეების დასათვალიერებლად ჩამოვიდოდა.
ჰილალუმს ყოველთვის შთაგონებით ავსებდა იმის წარმოდგენა, როგორ მუშაობდა ათასობით
ადამიანი შეუსვენებლად, თუმცა მაინც სიხარულით, რადგან მათი შრომა იაჰვეს უკეთ გაცნობას
ემსახურებოდა. ძლიერ გაიხარა, როცა ბაბილონელები მემაღაროეების საპოვნელად ელამში
მოვიდნენ. მაგრამ ახლა, როცა აქ იდგა, მისი შეგრძნებები ერთიანად აჯანყდნენ, თითქოს
დაუჟინიათ, ასეთ სიმაღლეზე არაფერმა არ უნდა ააღწიოსო. როცა ნაგებობას ზემოთ
აჰყურებდა, თავს მიწაზე მდგომარედ ვეღარ გრძნობდა.

ასეთ რაღაცაზე უნდა ავიდეს ზემოთ?

***

ასვლის დაწყების დილას მეორე იარუსი თავიდან ბოლომდე რიგებად ჩამწკრივებული


ორთვლიანი ურიკებით იყო გადავსებული. ბევრი მათგანი მხოლოდ სხვადასხვა საჭმლით
დაეტვირთათ: ქერით, ხორბლით, ოსპით, ხახვით, ფინიკით, კიტრით, პურითა და გამომშრალი
თევზით სავსე ტომრებით. იქვე იყო წყლით, ფინიკის ღვინით, ლუდით, თხის რძითა და პალმის
ზეთით სავსე აურაცხელი რაოდენობის, უზარმაზარი თიხის ქილები. სხვა ურიკები თითქოს
ბაზარზე გასაყიდად გამზადებული საქონლით დაეტვირთათ: ბრინჯაოს ჭურჭლეული,
ლერწმის კალათები, ქსოვილთა ხვეულები, ხის მაგიდები და სკამები. ერთ ჩასუქებულ ხარსა და
თხას ქურუმები ისეთ თავსაბურავებს აცვამდნენ, რომ გარეთ ვერაფერი დაენახათ და ასვლისას
სიმაღლის არ შეშინებოდათ. მწვერვალამდე მიღწევისას მათ მსხვერპლად შესწირავდნენ.

სხვა ურიკები მემაღაროეთა წერაქვებით, უროებითა და მცირე სამჭედლოს გასაწყობად საჭირო


აღჭურვილობით დაეტვირთათ. მათ ოსტატს დამატებით ბლომად ურიკების ხითა და ლერწმის
ძნებით დატვირთვა ებრძანებინა.

ლუგატუმი ერთ-ერთი ურიკის გვერდით იდგა და ხის ნაჭრებზე გადაჭერილ თოკებს ამოწმებდა.
ჰილალუმი მიუახლოვდა.

– ეს ხე საიდანაა მოტანილი? ელამიდან წამოსვლის შემდეგ ტყე არ მინახავს.

– ტყე ჩრდილოეთითაა. მაშინ გააშენეს, როცა გოდლის მშენებლობა დაიწყო. მოჭრილი ხე-ტყე
აქამდე ევფრატით ჩამოაქვთ.

7
– მთელი ტყე დარგეს?

– გოდლის დაწყებისას არქიტექტორებმა იცოდნენ, რომ ღუმლების უწყვეტად მუშაობისთვის


იმაზე გაცილებით მეტი შეშა გახდებოდა საჭირო, ვიდრე ამ დაბლობზე იშოვიდნენ, ასე რომ,
ტყე გააშენებინეს. ცალკე ეკიპაჟები არსებობს, რომელთა მთავარი სამუშაო ტყის წყლით
მომარაგება და ყოველი მოჭრილი ხის ნაცვლად ახლის დარგვაა.

ჰილალუმი ყურებს ვერ უჯერებდა.

– და მთელ საჭირო ხე-ტყეს ასე შოულობთ?

– უდიდეს ნაწილს. ჩრდილოეთით სხვა ბევრი ტყეც გაჩეხეს და მასალა მდინარით ჩამოიტანეს,
– ლუგატუმმა ურიკის თვლები შეამოწმა, ხელში მომარჯვებულ ტყავის მათარას საცობი მოხსნა
და თვალსა და ღერძს შორის მცირეოდენი ზეთი ჩაასხა.

მოსაუბრეებს ნანნი მიუახლოვდა. მზერა წინ გადაშლილი ბაბილონის ქუჩებისთვის მიეპყრო.


– აქამდე ამ სიმაღლეზეც კი არ ვყოფილვარ – მთელ ქალაქს ზემოდან დავყურებ.

– არც მე, – უთხრა ჰილალუმმა, ლუგატუმმა კი უბრალოდ გაიცინა.

– წავედით. ყველა ურიკა მზადაა.

მალე ყველა კაცი ორ-ორად დააწყვილეს და ურიკებთან გაანაწილეს. კაცები ურიკების გამწევ
ჯოხებს შორის იდგნენ. ჯოხებს გასაქაჩად თოკების მარყუჟები ჰქონდა მობმული. მემაღაროეთა
სატარებელი ურიკები გამოცდილი გამწევების ურიკებს შორის იყო შერეული, რათა ყველას
ზომიერი სიჩქარე შეენარჩუნებინა. ლუგატუმისა და მეორე გამწევის ურიკა ჰილალუმისა და
ნანნის ურიკას მიჰყვებოდა.

– გახსოვდეთ, – გააფრთხილა ლუგატუმმა, – თქვენ წინ მიმავალ ურიკას, სულ მცირე, ათი
წყრთით უნდა ჩამორჩებოდეთ. კუთხესთან მოხვევისას მთელ სიმძიმეს მარჯვნივ მდგომი კაცი
ექაჩება, ამიტომ ადგილებს ყოველ ერთ საათში გაცვლით.

გამწევებმა ბაქანზე ურიკების აყვანა დაიწყეს. ჰილალუმი და ნანნი დაიხარნენ და თავისი


ურიკის თოკები მხრებზე გადმოიტარეს. ერთდროულად წამოდგნენ და ურიკის წინა ნაწილი
მიწიდან წამოწიეს.

– აბა, გაქაჩეთ, – დაუძახა ლუგატუმმა.

თოკებიანად წინ გადაიხარნენ და ურიკაც ამოძრავდა. სიჩქარის აკრეფის შემდეგ გაქაჩვა


საკმაოდ ადვილი ჩანდა და იარუსზე მოძრაობა დაიწყეს. მალე ბაქანს მიადგნენ და ისევ
ძლიერად გადახრა მოუხდათ.

– ესაა მსუბუქი ურიკა? – ჩაიბუტბუტა ჰილალუმმა.

8
ბაქანი საკმარისად განიერი იყო იმისთვის, რომ თუ ადამიანს გასწრება დასჭირდებოდა,
ურიკისთვის გვერდი აევლო. ზედაპირი აგურით იყო მოპირკეთებული, ურიკების თვლებს კი
საუკუნეთა მანძილზე ორი ღრმა ღარი დაეტოვებინათ. ბრჯენებიანი ჭერი ორივე მხრიდან
კვადრატული აგურებით იწყებოდა, რომელთა შრეები ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავდა და
ცენტრში ერთდებოდა. მარჯვენა მხარეს სვეტები იმდენად განიერი იყო, რომ მთელ ბაქანს
ლამის გვირაბის შესახედაობას აძლევდა. თუ ადამიანი გვერდით არ გაიხედავდა, გოდოლზე
ყოფნის შეგრძნება ალბათ არც დაეუფლებოდა.

– მაღაროში მუშაობისას მღერით? – იკითხა ლუგატუმმა.

– თუ ქვა რბილია, – უპასუხა ნანნიმ.

– მაშინ თქვენი რომელიმე მაღაროული სიმღერა დასცხეთ.

მოწოდებამ მალე სხვა მემაღაროეებამდე მიაღწია და სულ მალე მთელი რაზმი ერთხმად
ამღერდა.

***

ჩრდილების დამოკლებასთან ერთად სულ უფრო ზემოთ მიიწევდნენ. მზისგან მოფარებულ


ბაქანზე გარს მხოლოდ სუფთა ჰაერი ერტყათ და უფრო მეტად გრილოდა, ვიდრე მიწის პირას,
ქალაქის ვიწრო ხეივნებში, სადაც შუადღის ხვატს ხვლიკების დახოცვა შეეძლო, შიგადაშიგ
ქუჩაზე რომ გადაირბენდნენ ხოლმე. მოაჯირიდან გადახედვის შემთხვევაში მემაღაროეები მუქ
ევფრატსა და მზის შუქზე მბზინავი არხებით დასერილ, მრავალი ლიგის მანძილზე გადაჭიმულ
მწვანე ველებს ხედავდნენ. ქალაქი ბაბილონი თაბაშირით გადათეთრებული, მჭიდროდ
მიწყობილი ქუჩებისა და შენობების ჩახლართულ, თვალისმომჭრელ ფიგურას წარმოადგენდა.
ქალაქის სულ უფრო და უფრო მცირე ნაწილი ჩანდა, თითქოს გოდლის ფუძისკენ მოცოცავსო.

ჰილალუმი ისევ მარჯვენა თოკს ექაჩებოდა, კიდესთან ახლოს, როდესაც ერთი დონით ქვედა
ბაქნიდან ყვირილი შემოესმა. გაიფიქრა, ხომ არ გავჩერდე და ქვემოთ ჩავიხედოო, მაგრამ
ტემპის დაგდება არ უნდოდა, თანაც ქვედა ბაქანს კარგად მაინც ვერ დაინახავდა.

– რა ხდება მანდეთ? – გასძახა მათ უკან მომავალ ლუგატუმს.

– ერთ თქვენებურ მემაღაროეს სიმაღლის ეშინია. პირველად ამსვლელებში შიგადაშიგ


ასეთებიც გამოერევიან ხოლმე. ისინი, ვინც იატაკს არიან ჩაფრენილები და აღმასვლა არ
შეუძლიათ. თუმცა, ასე სწრაფად არც ისე ბევრს დამართვია.

ჰილალუმს კარგად ესმოდა, რაზე საუბრობდა ლუგატუმი.

9
– მსგავსი შიში ჩვენც ვიცით, მემაღაროეებმა. ზოგი კაცი მაღაროში ჩასვლას ვერ ახერხებს
ცოცხლად დამარხვის შიშით.

– მართლა? – ამოსძახა ლუგატუმმა, – აქამდე არ მსმენოდა. შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს
სიმაღლეზე?

– ვერაფერს ვგრძნობ, – მაგრამ როგორც კი ნანნის გახედა, სიმართლეს ორივე მიხვდა.

– ხელებში შენც მღელვარება გივლის, ხომ? – ჩაიჩურჩულა ნანნიმ. ჰილალუმმა მტევნები თოკის
უხეშ ბოჭკოებზე შეიწმინდა და თავი დაუქნია, – მეც ვგრძნობდი ცოტა ხნის წინ, როცა კიდესთან
ახლოს სიარული მიწევდა.

– იქნებ ხარისა და თხის მსგავსად ჩვენც კაპიუშონები წამოვიმხოთ, – ხუმრობით ჩაიბუტბუტა


ჰილალუმმა.

– როგორ გგონია, კიდევ უფრო მაღლა რომ ავალთ, სიმაღლის ჩვენც შეგვეშინდება?

ჰილალუმი ჩაფიქრდა. ცუდად ენიშნა, რომ მათმა ერთმა მეგობარმა შიში ასე მალე იგრძნო.
სცადა, ავი ფიქრები თავიდან მოეშორებინა; ათასობით ადამიანი უშიშრად მიაბიჯებდა ზემოთ.
ნამდვილი სისულელე იქნებოდა, ერთი კაცის შიშის სხვებზე გადადება რომ დაეშვათ.

– უბრალოდ მიუჩვევლები ვართ. სიმაღლესთან მისაჩვევად წინ თვეები გვაქვს. როცა


მწვერვალს მივაღწევთ, ვინატრებთ, ნეტავ უფრო მაღალი იყოსო.

– არა, – შეეპასუხა ნანნი, – არა მგონია, ამის კიდევ უფრო შორს თრევა ვინატრო.

ორივემ გაიცინა.

***

საღამოს ქერის, ხახვისა და ოსპისგან დამზადებული კერძები ჭამეს და გოდლის სისქეში


შეჭრილ ვიწრო დერეფნებში დაიძინეს. მეორე დილით ახალგაღვიძებულ მემაღაროეებს
ფეხები ისე სტკიოდათ, სიარულს ძლივს ახერხებდნენ. გამწევებს სიცილად არ ჰყოფნიდათ და
კუნთების დასაზელად მალამო ჩამოურიგეს, ბარგი კი ისე გადაინაწილეს, რომ მემაღაროეების
ტვირთი შეემსუბუქებინათ.
ბაქნის კიდიდან გადახედვისას ჰილალუმს უკვე მუხლები ეკვეთებოდა. ამ სიმაღლეზე ქარი
განუწყვეტლივ უბერავდა და, სავარაუდოდ, სიმაღლის მატებასთან ერთად კიდევ უფრო
გაძლიერდებოდა. ჰილალუმს აინტერესებდა, ნეტავ უყურადღებობით გოდლიდან ვინმე თუ

10
გადავარდნილაო. ვარდნაც როგორი იქნებოდა! ძირს დაცემამდე კაცი ალბათ ლოცვის
წარმოთქმას მოასწრებდა. ამის გაფიქრებაზე ტანში გასცრა.

მემაღაროეების ფეხების ტკივილს თუ არ ჩავთვლით, მეორე დღე პირველის მსგავსი იყო. ახლა
გაცილებით შორს ხედავდნენ და მათ ქვემოთ გადაშლილი თვალუწვდენელი ხმელეთი
გამაოგნებელ სანახაობას ქმნიდა; მინდვრების მიღმა განფენილ უდაბნოებსაც ხედავდნენ,
ქარავნები კი მწერების მწკრივს ჰგავდნენ. სიმაღლის შიშის გამო სვლა აღარც ერთ მემაღაროეს
არ შეუწყვეტია, ასე რომ, ზემოთ მთელი დღის განმავლობაში შეუფერხებლად მიიწევდნენ.

მესამე დღეს მემაღაროეთა ფეხების მდგომარეობა არაფრით გაუმჯობესებულა და ჰილალუმი


თავს ხეიბარ მოხუცად გრძნობდა. ფეხების ტკივილმა მხოლოდ მეოთხე დღეს დაიწყო
შემსუბუქება და თავდაპირველი ტვირთი უკან გადმოიბარეს. აღმასვლა საღამომდე
გაგრძელდა, შემდეგ კი გამწევების მეორე ეკიპაჟს შეხვდნენ, რომლებიც დაღმავალ ბაქანზე
ცარიელ ურიკებს მოაქანებდნენ. დაღმავალი და აღმავალი ბაქნები გოდოლზე ერთმანეთთან
შეუხებლად მიიკლაკნებოდა, თუმცა მათ გოდოლში გაჭრილი დერეფნები აკავშირებდათ.
როდესაც ორი ეკიპაჟი ერთმანეთის სიღრმეში საკმარისად შეიჭრებოდა, გამწევები ამ
დერეფნებით მეორე მხარეს გადადიოდნენ და ურიკებს ცვლიდნენ.

მემაღაროეებს მეორე ეკიპაჟის გამწევები გააცნეს და ის ღამე ყველამ ერთად, ჭამასა და


საუბარში გაატარა. მეორე დილით პირველმა ეკიპაჟმა ცარიელი ურიკები ბაბილონში
დასაბრუნებლად გაამზადა, ლუგატუმი კი ჰილალუმსა და ნანნის გამოემშვიდობა.

– თქვენს ურიკას მოუარეთ. გოდლის მთელი სიმაღლე აქვს ავლილი, თან იმაზე მეტჯერ, ვიდრე
ნებისმიერ ადამიანს.

– ურიკისაც გშურს? – ჰკითხა ნანნიმ.

– არა, იმიტომ რომ მწვერვალამდე მიღწევის შემდეგ მთელი გზა უკან უნდა ჩამოიაროს. მე მაგას
ვერ გავუძლებდი.

***

დღის ბოლოს, როდესაც მეორე ეკიპაჟი გაჩერდა, ჰილალუმისა და ნანნის უკან მომავალი
გამწევი რაღაცის საჩვენებლად მიუახლოვდა. კუდდა ერქვა.

– ასეთი სიმაღლიდან მზის ჩასვლა არასდროს გინახავთ. მოდით, შეხედეთ, – გამწევი კიდესთან
მივიდა, ჩამოჯდა და ფეხები გარეთ გადაჰკიდა. შენიშნა, რომ დანარჩენი ორი ყოყმანობდა, –
ახლოს მოდით. თუ გინდათ, შეგიძლიათ დაწვეთ და კიდის მიღმა ისე გადაიჭყიტოთ.

11
ჰილალუმს არ უნდოდა, შეშინებულ ბავშვს დამსგავსებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით დაატანა
ძალა, რომ იმ უფსკრულის პირას ჩამომჯდარიყო, რომელიც ქვემოთ ათასობით წყრთაზე
ეშვებოდა. მუცელზე გაწვა და კიდეს თავით მიუახლოვდა. ნანნიც შეუერთდა.

– როცა მზე ჩასვლას დააპირებს, გოდლის ფერდს ჩახედეთ.

ჰილალუმმა ქვემოთ ჩაიხედა, მაგრამ მზერა კვლავ სასწრაფოდ ჰორიზონტზე გადაიტანა.

– აქაური მზის ჩასვლა რით გამოირჩევა?


– აბა, დაფიქრდით: როცა მზე დასავლეთის მთების მწვერვალებს მიღმა იძირება, შინყარის
დაბლობზე სიბნელე ჩამოწვება ხოლმე. მაგრამ აქ ჩვენ მთების მწვერვალებზე მაღლა ვართ,
ამიტომ მზის დანახვა ისევ შეგვიძლია. ჩვენთან რომ დაღამდეს, მზე ქვემოთ კიდევ უფრო
ღრმად უნდა ჩაეშვას.

ჰილალუმმა პირი დააღო.

– მთების ჩრდილი ღამის დასაწყისის მანიშნებელია. მიწაზე ღამე უფრო მალე ჩამოწვება,
ვიდრე აქ.

კუდდამ თავი დაუქნია.

– შეგიძლიათ უყუროთ, როგორ ამოხოხდება ღამე გოდოლზე, მიწიდან ცამდე. სწრაფად


მოძრაობს, მაგრამ მის დანახვას მაინც შეძლებთ, – მზის წითელ დისკოს კიდევ ცოტა ხანს
უყურა, შემდეგ ქვემოთ ჩაიხედა და ანიშნა, – აი!

ჰილალუმმა და ნანნიმ ქვემოთ ჩაიხედეს. უზარმაზარი სვეტის ფუძესთან ციცქნა ბაბილონი


უკვე ჩრდილში გახვეულიყო. შემდეგ სიშავე გოდოლზე ამოცოცდა, თითქოს ფარდა ქვემოდან
ზემოთ ჩამოიშალაო. თავიდან ისე ნელა მოძრაობდა, რომ ჰილალუმს წამების დათვლა
შეეძლო, მაგრამ მოახლოებისას ჩრდილი აჩქარდა, მათ სამყოფელს თვალის დახამხამებაში
ჩაუქროლა და კაცები ბინდში დატოვა.

ჰილალუმი გადატრიალდა და ზემოთ აიხედა. მოასწრო დაენახა, როგორ სწრაფად ახოხდა


სიბნელე გოდლის დარჩენილ ნაწილზე. თანდათან ცა ჩამუქდა, მზე კი სამყაროს კიდის ქვეშ,
სადღაც შორს ჩაეშვა.

– მაგარი სანახაობაა, არა? – ჩაილაპარაკა კუდდამ.

ჰილალუმმა არაფერი უპასუხა. პირველად მიხვდა, რას წარმოადგენდა ღამე: თავად დედამიწის
ჩრდილი, რომელიც ცისკენ იტყორცნება.

***

12
კიდევ ორდღიანი აღმასვლის შემდეგ ჰილალუმი სიმაღლეს თანდათან მიეჩვია. მიუხედავად
იმისა, რომ ერთი ლიგის სიმაღლეს აღარაფერი აკლდათ, უკვე ახერხებდა, ბაქნის კიდესთან
მისულიყო და ქვემოთ ჩაეხედა. კიდესთან ერთ-ერთ სვეტს მიეყრდნო და წინ ფრთხილად
გადაიწია, რათა ზემოთ აეხედა. შენიშნა, რომ გოდოლი გლუვ სვეტს აღარ ჰგავდა.

კუდდას ჰკითხა:

– თითქოს ზემოთ სულ უფრო სქელდებაო. ეგ როგორ?

– უფრო კარგად დააკვირდი. გვერდებიდან გადმოშვერილი ხის აივნებია. ყველა


კვიპაროსისგანაა დამზადებული და სელის თოკებით ჩამოკიდული.

ჰილალუმმა თვალები მოჭუტა.

– აივნები? რაში სჭირდებათ?

– ზედ მიწა ყრია, რომ ხალხმა მცენარეების გახარება შეძლოს. ასეთ სიმაღლეზე წყალი უკვე
ძნელად იშოვება, ამიტომ ძირითადად ხახვი მოჰყავთ. უფრო ზემოთ, სადაც ხშირად წვიმს,
ლობიოსაც ნახავ.
საუბარში ნანნი ჩაერია:

– როგორ შეიძლება ზემოთ წვიმდეს და ის წვიმა აქამდე არ აღწევდეს?

კუდდა ამ შეკითხვამ გააკვირვა.

– როგორ და, სანამ ძირს ეცემა, ჰაერშივე ორთქლდება, რა თქმა უნდა.

– ჰო, როგორ ვერ მივხვდი, – მხრები აიჩეჩა ნანნიმ.

მომდევნო დღის ბოლოს უკვე აივნებამდე ააღწიეს. აივნები ბრტყელ პლატფორმებს


წარმოადგენდა, რომლებიც ხახვის მჭიდრო რიგებით იყო დაფარული და რომელთაც ზემოთ,
აივნების შემდეგი წყების ქვეშ მიმაგრებული მძიმე თოკები აკავებდა. თითოეულ დონეზე,
გოდლის შიდა ნაწილში, რამდენიმე ვიწრო ოთახი მდებარეობდა, რომლებშიც გამწევთა
ოჯახები ცხოვრობდნენ. ქალები შესასვლელებთან ისხდნენ და ტუნიკებს კერავდნენ, ან გარეთ
გამოსულები ბაღში ფუსფუსებდნენ და მიწიდან ბოლქვებს იღებდნენ. ბავშვები ბაქნებზე
ერთმანეთს აღმა-დაღმა დასდევდნენ, გამწევების ურიკებს შორის ზიგზაგებს უვლიდნენ და
აივნების კიდის გასწვრივ უშიშრად დარბოდნენ. გოდლის მცხოვრებლებს მემაღაროეთა
გამორჩევა არ უჭირდათ, უღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ.

ვახშმის დრო რომ მოვიდა, ყველა ურიკა შეჩერდა და ადგილობრივებისთვის განკუთვნილი


საკვებისა და სხვა საქონლის გადმოლაგება დაიწყო. გამწევები საკუთარ ოჯახებს შეეგებნენ და

13
მემაღაროეები ვახშმად დაპატიჟეს. ჰილალუმმა და ნანნიმ კუდდას ოჯახთან ერთად ჭამეს –
გამომშრალი თევზით, პურით, დაძველებული ღვინითა და ხილით დიდად ისიამოვნეს.

ჰილალუმი ხედავდა, რომ გოდლის ეს ნაწილი ერთგვარ პატარა ქალაქს წარმოადგენდა,


რომელიც ორ ქუჩას, ანუ აღმავალ და დაღმავალ ბაქნებს შორის ზოლად გაეშენებინათ. აქ იყო
ტაძარიც, სადაც სადღესასწაულო რიტუალები ტარდებოდა, და აქ იყვნენ მაგისტრებიც,
რომლებიც სადავო საკითხებს წყვეტდნენ. ქალაქს არ აკლდა მაღაზიებიც, რომლებსაც
ქარავანი ამარაგებდა. რა თქმა უნდა, ქალაქი ქარავნისგან განუყოფელი იყო – ერთმანეთის
გარეშე არსებობა არც ერთს არ შეეძლო. თუმცა, ნებისმიერ ქარავანი მაინც
მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი – გზას ერთ ადგილას იწყებს და სხვაგან ამთავრებს. ეს
ქალაქი მუდმივ საცხოვრისად არასდროს ყოფილა ჩაფიქრებული, ის უბრალოდ საუკუნეების
მანძილზე გაწელილი მოგზაურობის ერთ ნაწილს წარმოადგენდა.

ვახშმის შემდეგ ჰილალუმმა კუდდას და მის ოჯახს ჰკითხა:

– ბაბილონში ოდესმე ყოფილხართ?

კუდდას ცოლმა, ალიტუმმა, უპასუხა:

– არა, რატომ უნდა წავსულიყავით? იქამდე გრძელი გზაა, აქ კი ყველაფერი გვაქვს, რაც
გვჭირდება.

– მიწაზე გავლის სურვილი საერთოდ არ გაქვთ?

კუდდამ მხრები აიჩეჩა.

– ჩვენ სამოთხისკენ მიმავალ გზაზე ვცხოვრობთ; ჩვენი შრომის წყალობით ეს გზა კიდევ უფრო
წინ მიიწევს. როცა გოდოლს დავტოვებთ, ამას აღმავალი ბაქნით ვიზამთ და არა – დამავალით.

***
გზის გაგრძელებასთან ერთად ის დღეც დადგა, როცა კიდის მიღმა გადახედვისას გოდოლი
ზემოთაც და ქვემოთაც ერთნაირი ჩანდა. ქვემოთ, გოდლის ღერო თითქოს ხმელეთს
მიღწევამდე უჩინარდებოდა. ძირის მსგავსად, მემაღაროეები მწვერვალის დანახვისგანაც შორს
იყვნენ. გოდლის გარდა არაფერი ჩანდა. როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ ყურება შიშის
მომგვრელი იყო, რადგან სიმყარის შეგრძნების გაქრობას იწვევდა – თითქოს მიწასთან კავშირი
დაკარგეს. გოდოლი ჰაერში გამოკიდებულ ძაფს დაემსგავსა, რომელიც არც ხმელეთთან იყო
მიმაგრებული და არც ზეცასთან.

გოდოლზე ასვლის ამ მონაკვეთში იყო მომენტები, როდესაც ჰილალუმს სასოწარკვეთა


იპყრობდა და თავს ამ სამყაროში შეცდომით მოხვედრილად და გაუცხოებულად გრძნობდა.
თითქოს მიწამ ორგულობისთვის უკუაგდო, ხოლო ზეცა მის მიღებას უკადრისობდა. ნატრობდა,

14
იაჰვეს რაიმე ნიშანი მიეცა, გაეგებინებინა, რომ მათ კადნიერ წამოწყებას იწონებდა;
სხვანაირად როგორ უნდა გაჩერებულიყვნენ ისეთ ადგილას, რომელიც სულისთვის ასეთ ცოტა
სივრცეს ტოვებდა?

გოდლის მცხოვრებლები ასეთ სიმაღლეზეც კი არ გრძნობდნენ საკუთარი მდგომარეობის გამო


მოუსვენრობას. მემაღაროეებს ყოველთვის თბილად ეგებებოდნენ და კაბადონთან მისვლის
შემდეგ საკუთარ საქმეში წარმატებას უსურვებდნენ. ღრუბლების ტენიან ნისლში
ცხოვრობდნენ, ზემოთაც და ქვემოთაც შტორმებს ხედავდნენ, ჰაერიდან მოსავალს კრეფდნენ
და ოდნავადაც კი არ შიშობდნენ, რომ ადამიანებისთვის შეუფერებელ ადგილას
იმყოფებოდნენ. არანაირი ღვთიური მოწყალება ან წახალისება არ ჩანდა, თუმცა ამ ხალხს ეჭვი
წამითაც კი არ იპყრობდა.

კვირების გასვლასთან ერთად მზე და მთვარე თავიანთი ყოველდღიური მოგზაურობისას სულ


უფრო და უფრო დაბალ ზენიტს ირჩევდნენ. მთვარე თავის ვერცხლისფერ სხივებს გოდლის
სამხრეთ ნაწილს ჰფენდა და ზემოდან იაჰვეს თვალივით დაჰყურებდა. კიდევ ცოტა ხანში უკვე
ზუსტად იმავე დონეზე იყვნენ, როგორზეც – მთვარე. პირველი ციური სხეულის სიმაღლეს
მიაღწიეს. მთვარის ნაყვავილარ სახეს თვალებმოჭუტულები მისჩერებოდნენ და გაოგნებულები
აკვირდებოდნენ მის თვალწარმტაც მოძრაობას, რომელსაც არანაირი საყრდენი არ
სჭირდებოდა.

შემდეგ მზეს მიუახლოვდნენ. ზაფხული იდგა, სეზონი, როცა მზე ბაბილონს თითქმის თავზე
დაჰყურებს, ასეთ სიმაღლეზე კი გოდოლთან ახლოს ჩაივლიდა ხოლმე. გოდლის ამ სექციაში
არც ოჯახები ცხოვრობდნენ და არც აივნები გაემართათ, რადგან სიცხე ქერს ხრუკავდა.
გოდლის აგურები აქ უკვე ფისით კი არ იყო შედუღაბებული, რომელიც მზეზე დარბილდებოდა
და ჩამოიღვენთებოდა, არამედ თიხით, რომელიც სიცხისგან ლამის გამომწვარიყო. შუადღის
ხვატისგან თავდასაცავად ბაქნის კიდის გაყოლებაზე სვეტები თანდათან ფართოვდებოდა,
ბოლოს კი თითქმის უწყვეტ კედლად იქცეოდა და ბაქანს გვირაბად აქცევდა, რომელშიც
მსტვინავ ქარსა და ოქროსფერ სინათლეს მხოლოდ ვიწრო ღარები უშვებდა.

გამწევთა ეკიპაჟები აქამდე დროის თანაბარი პერიოდებით მოძრაობდნენ, მაგრამ ახლა


ცვლილებები გახდა საჭირო. მოძრაობას ყოველ დილით სულ უფრო და უფრო ადრე იწყებდნენ,
რათა ტვირთის ტარება სიბნელეში მოესწროთ. როცა მზის დონეს გაუთანაბრდნენ, მხოლოდ
ღამით გადაადგილდებოდნენ. დღისით, გაშიშვლებულები და ცხელი ნიავისგან
ოფლმოდინებულები დაძინებას ცდილობდნენ. მემაღაროეებს ეშინოდათ, რომ ჩაძინება რომც
მოეხერხებინათ, სიცხისგან მოხარშულები ცოცხლად გაღვიძებას ვეღარ შეძლებდნენ. მაგრამ
გამწევებს ეს გზა არაერთხელ აევლოთ და ერთი კაციც კი არ დაეკარგათ. საბოლოოდ მზის
დონეს ასცდნენ და ყველაფერი თანდათან ისეთივე მდგომარეობას დაუბრუნდა, როგორც
გოდლის ქვედა ნაწილში იყო.

ახლა დღის სინათლე ქვემოდან ზემოთ ანათებდა, რაც უზომოდ არაბუნებრივი ჩანდა. აივნებში
ფიცრები ამოეძროთ, რათა მასში მზის შუქს შეეღწია, მიწა კი მხოლოდ ბილიკებზე
დარჩენილიყო. მცენარეები ზრდასთან ერთად გვერდით და ქვემოთ მიიწევდნენ და კიდიდან
ისე იხრებოდნენ, რომ მზის სხივებს შეხვედროდნენ.

15
შემდეგ ვარსკვლავების დონეს მიუახლოვდნენ, პატარა, ციმციმა სფეროებს, რომლებიც ყველა
მხარეს ერთნაირად მიმობნეულიყო. ჰილალუმი ელოდა, რომ ისინი უფრო მჭიდროდ
იქნებოდნენ ჩალაგებულები, მაგრამ მიუხედავად იმ მრავალი წვრილი ვარსკვლავისა,
რომლებიც მიწიდან არც კი ჩანდნენ, საკმაოდ მეჩხრად გაფანტულიყვნენ. ყველა ერთ
სიმაღლეზე არ ეკიდა – შემდეგი რამდენიმე ლიგის სიმაღლე თანაბრად დაეკავებინათ. ძნელი
სათქმელი იყო, რამდენად შორს იყვნენ, რადგან მათ ზომას არაფერი მიანიშნებდა, მაგრამ
ხანდახან ზოგიერთი მათგანი მეტისმეტად ახლოს ჩაიქროლებდა ხოლმე და ნათელს ხდიდა,
რომ გასაოცარი სისწრაფით მოძრაობდნენ. ჰილალუმი მიხვდა, რომ ცის ყველა ობიექტი
ასეთივე მაღალი სიჩქარით დაქროდა, რათა სამყაროს ერთი კიდიდან მეორემდე მოგზაურობა
ერთ დღეში მოესწრო.

დღის განმავლობაში ცა იმაზე გაცილებით მკრთალი ცისფერი იყო, ვიდრე მიწიდან ჩანდა, რაც
ცის კაბადონთან მიახლოებაზე მიანიშნებდა. ცაზე დაკვირვებისას ჰილალუმი დაიბნა, როცა
შენიშნა, რომ ვარსკვლავებს დღისითაც ხედავდა. მზის კაშკაშის დროს დედამიწიდან მათი
დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ მათ ამჟამინდელ სიმაღლეზე ვარსკვლავები გამოკვეთილად
ჩანდნენ.

ერთ დღეს ნანნი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და აცნობა:

– გოდოლს ვარსკვლავი დაეჯახა!

– რა?! – შიშით შეპყრობილმა ჰილალუმმა აქეთ-იქით მიმოიხედა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,


თითქოს მუშტი უთავაზესო.

– არა, ახლა კი არა, ადრე, საუკუნეზე მეტი ხნის წინ. კოშკის ერთ-ერთი მცხოვრები ჰყვება
ამბავს; მისი პაპა შეესწრო.

დერეფნებში შევიდნენ და ბრძნული გამომეტყველების ბერიკაცის გარშემო შემოკრებილ


მემაღაროეებს წაადგნენ.

– ... აქედან დაახლოებით ნახევარი ლიგით ზემოთ, აგურებში ჩაესო. მისი დატოვებული
ნაიარევის ნახვა ახლაც შეგიძლიათ; გიგანტურ ნაყვავილარს ჰგავს.

– ვარსკვლავს რა დაემართა?

– იწვოდა, შიშინებდა და ისე ძლიერად კაშკაშებდა, რომ თვალს ვერ გაუსწორებდი. კაცები მის
ამოგლეჯას ფიქრობდნენ, იქნებ თავისი გზა გააგრძელოსო, მაგრამ ისე ვარვარებდა, ვერავინ
მიუახლოვდებოდა და ვერც მის ჩაქრობას ბედავდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ გაგრილდა და
შავი ციურმეტალის ბოლქვად გადაიქცა. იმხელა იყო, რომ კაცი ხელებს ძლივს შემოაწვდენდა.

– მაგხელა? – გაიოცა ნანნიმ. როცა ვარსკვლავები მიწაზე ეცემოდნენ, დაცემის ადგილას


ზოგჯერ ყველაზე უზადო ბრინჯაოზე უფრო მტკიცე ციურმეტალის პატარა ლოდებს
პოულობდნენ. მეტალი არც დნებოდა, არც იგრიხებოდა, ასე რომ, სიწითლემდე ავარვარებდნენ
და უროთი ამუშავებდნენ; მისგან ამულეტებს ამზადებდნენ.

16
– ნამდვილად, ასეთი ზომის ციური სხეული დედამიწაზე არც კი სმენოდათ. წარმოგიდგენიათ,
მისგან რა იარაღების დამზადება შეიძლებოდა?!

– იარაღების გამოჭედვა არ გიცდიათ, ხომ? – ჰკითხა შეძრწუნებულმა ჰილალუმმა.

– აჰ, არა. კაცებს მასთან შეხების ეშინოდათ. კოშკიდან ყველა ქვემოთ დაეშვა, იაჰვეს
ქმნილებათა შეწუხებისთვის მის სასჯელს ელოდნენ. მრავალი თვე იცადეს, მაგრამ არანაირი
ნიშანი არ გამოჩენილა. საბოლოოდ დაბრუნდნენ და ვარსკვლავი კედლიდან ამოგლიჯეს. ახლა
ქვემოთ, ქალაქის ტაძარში ინახება.

სიჩუმე ჩამოწვა. ბოლოს ერთმა მემაღაროემ თქვა:

– გოდლის შესახებ გადმოცემებში ეს ამბავი არასდროს მსმენია.

– ეს დანაშაული იყო – ისეთი, რომელზეც არ ლაპარაკობენ.


***

რაც უფრო ზემოთ მიიწევდნენ, ცა კიდევ უფრო ღიავდებოდა, ბოლოს კი ერთ დილით,
ახალგაღვიძებულმა და კიდესთან მისულმა ჰილალუმმა გაოგნებისგან შეჰყვირა: ის, რაც ერთ
დროს გაფერმკრთალებული ცა ეგონათ, მათ თავს ზემოთ გადაჭიმული თეთრი ჭერი აღმოჩნდა.
ახლა უკვე იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ცის კაბადონის გარჩევა შეეძლოთ – მთელ ცაზე
გადაკრულ უზარმაზარ ჯავშანს ჰგავდა. მემაღაროეები ჩურჩულით საუბრობდნენ და კაბადონს
იდიოტებივით შესცქეროდნენ, გოდლის მცხოვრებლები კი მათ დასცინოდნენ.

როცა აღმასვლა განაგრძეს, უკვე იმით გაოცდნენ, რამდენად ახლოს მისულიყვნენ კაბადონთან.
მისი ზედაპირის სიცარიელემ თვალი აუხვიათ და იქამდე არ გამოჩნდა, სანამ ლამის თავებით
არ მიეჯახნენ. ახლა უკვე, ცისკენ აღმასვლის გარდა, ერთგვაროვანი სიბრტყისკენაც
მიიწევდნენ, რომელიც ყველა მხარეს, თვალუწვდენელ მანძილზე გადაჭიმულიყო.

ამ სანახაობამ ჰილალუმს ყველა გრძნობა აუფორიაქა. ზოგჯერ, როცა ცის კამარას უყურებდა,
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სამყარო როგორღაც ამოყირავდა და თუ სადმე ფეხი
წაუცდებოდა, ზემოთ, კამარისკენ დაეცემოდა. როცა კაბადონი მართლა მის თავზემოთ
აღმოჩნდა, მისი შთამბეჭდავი სიმძიმე იგრძნო. მთელი სამყაროს ზომის ფენას წარმოადგენდა,
თუმცა ჰაერში ყოველგვარი საყრდენის გარეშე გამოკიდულიყო. ამის გამო ჰილალუმს გაუჩნდა
შიში, რომელიც მაღაროში ჩასვლისას არასდროს უგრძნია: შიში, რომ ჭერი თავზე
ჩამოექცეოდა.

იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ცის კამარა აგონებდა კლდის ვერტიკალურ ზედაპირს,
რომელიც ჰილალუმის წინ წარმოუდგენელ სიმაღლეზე ამოშვერილიყო; უკან მოტოვებული
მკრთალი ხმელეთი მეორე ასეთივე კლდე იყო, გოდოლი კი მათ შორის გაბმულ დაჭიმულ
ბაგირად წარმოედგინა. ან, რაც ყველაზე უარესი იყო, წამიერად უჩნდებოდა შეგრძნება, რომ

17
"მაღლა" და "დაბლა" აღარ არსებობდა და მისმა სხეულმა აღარ იცოდა, რომელი
მიმართულებით უნდა მიზიდულიყო. სიმაღლის შიშს წააგავდა, მაგრამ გაცილებით უარეს
შეგრძნებას იწვევდა. ხშირად მოუსვენარი ძილიდან ფხიზლდებოდა და აღმოაჩენდა, რომ
ოფლში გაწურულს თითები მოკრუნჩხვოდა და აგურის იატაკზე ჩაჭიდებას ცდილობდა.

ნანნის და ბევრ სხვა მემაღაროესაც თვალები ჩაწითლებოდა, თუმცა არავინ ამბობდა, ძილში
ხელს რა უშლიდა. აჩქარების ნაცვლად, წინსვლა შენელდა, რასაც მათი მეთაური ბელი
ვარაუდობდა კიდეც – კამარის დანახვამ შემართების მაგივრად მოუსვენრობა დათესა.
გამოცდილი გამწევები მემაღაროეების შენელებით თანდათან ღიზიანდებოდნენ. ჰილალუმს
აინტერესებდა, ასეთ პირობებში ცხოვრებისგან როგორი ადამიანები იჭედებიანო. ჭკუიდან
როგორ არ იშლებოდნენ? აქაურობას ეჩვეოდნენ? მყარი ცის ქვეშ დაბადებულ ბავშვებს რომ
ფეხი მიწაზე დაედგათ, ყვირილს მორთავდნენ?

ალბათ ადამიანები ასეთ ადგილას ცხოვრებისთვის არ იყვნენ შექმნილნი. თუ თავად ბუნება


ზღუდავდა ზეცასთან მათ მიახლოებას, ადამიანები მიწაზე უნდა დარჩენილიყვნენ.

როცა გოდლის კენწეროს მიაღწიეს, ორიენტაციის დარღვევა გაუქრათ, ან, შეიძლება, ახალ
შეგრძნებებს შეეჩვივნენ. აქ, მწვერვალის კვადრატულ პლატფორმაზე მდგომი მემაღაროეები
ყველაზე გასაოცარ სცენას შეჰყურებდნენ, რაც კი ოდესმე ადამიანის თვალს უნახავს: შორს, მათ
ქვემოთ, თვალუწვდენელ მანძილზე გადაშლილი მიწისა და ზღვის გობელენი ნისლით
შებურვილიყო. ზუსტად მათ ზემოთ კი თავად სამყაროს სახურავი, ცის ყველაზე ზედა გამყოფი
ზღვარი გამოკიდებულიყო და ცხადყოფდა, რომ მათი ახლანდელი ადგილმდებარეობა
უმაღლესი წერტილი იყო, რომლის მიღწევაც შეეძლოთ. ეს იყო ადგილი, საიდანაც იაჰვეს
ქმნილების ყველაზე დიდი ნაწილის ერთბაშად დანახვა შეიძლებოდა.

ქურუმებმა იაჰვეს სახელზე ლოცვა აღავლინეს; მადლობა შესწირეს, რომ ამდენის დანახვის
უფლება მისცა და პატიება სთხოვეს იმის გამო, რომ უფრო მეტის ნახვის სურვილი ჰქონდათ.
***

იქ, სულ ზემოთ, აგურები ჩაემწკრივებინათ. გავარვარებული ქვაბებიდან ამოვარდნილი ფისის


მძაფრი სუნი იგრძნობოდა. ყველაზე მიწიერი სურნელი იყო, რაც კი მემაღაროეებს ბოლო ოთხი
თვის განმავლობაში შეეგრძნოთ და მათი ნესტოები სასოწარკვეთით ცდილობდნ, ეს ჰაერი რაც
შეიძლება ხარბად შეესუნთქათ, სანამ ქარი საამურ სუნს გაფანტავდა. აქ, მწვერვალზე,
ოდესღაც დედამიწის ნაპრალებიდან მოპოვებული მასალა ახლა უკვე გამყარებულიყო და
აგურებს მტკიცედ აწებებდა ადგილზე – ხმელეთს ზეცისკენ კიდური აღემართა.

აქ უკვე კალატოზები მუშაობდნენ, ფისში ამოგანგლული კაცები, რომლებიც დუღაბს ურევდნენ


და მძიმე აგურებს ერთმანეთზე ოსტატური სიზუსტით აწყობდნენ. ამ კაცებს სხვებზე ნაკლებად
ჰქონდათ უფლება, კამარის დანახვისას საკუთარი თავისთვის თავბრუსხვევის უფლება მიეცათ,
რადგან გოდოლი ვერტიკალური ღერძიდან ერთი თითის სიმსხოზეც კი არ უნდა გადახრილიყო.
კალატოზები საკუთარი დავალების დასასრულს უახლოვდებოდნენ და, როგორც იქნა,
ოთხთვიანი აღმასვლის შემდეგ, მემაღაროეები მზად იყვნენ, თავიანთ საქმეს შესდგომოდნენ.

18
მალე ეგვიპტელებიც მოვიდნენ. მუქკანიანები და მსუბუქი აღნაგობისანი იყვნენ, ნიკაპებს კი
მეჩხერი წვერი უფარავდათ. დოლერიტის უროებით, ბრინჯაოს იარაღებითა და ხის სოლებით
სავსე ურიკებს ექაჩებოდნენ. მათი მეთაური სენმუტი ელამელების მეთაურ ბელისთან
კაბადონში შეღწევის გზებზე თათბირს შეუდგა. ეგვიპტელებმა, ისევე, როგორც ელამელებმა,
მოტანილი ავლადიდებიდან ქურა ააწყვეს, რათა გათხრებისას დაბლაგვებული იარაღების
ხელახლა გამოჭედვა შესძლებოდათ.

თავად კამარამდე ერთი ხელის გაწვდენაღა დარჩენილიყო. თუ ვინმე ახტებოდა და ხელს


შეავლებდა, მის ცივ და გლუვ ზედაპირს გრძნობდა. თითქოს ნატიფად თლილი გრანიტისგან
შედგებოდა, ხელშეუხებელი და ყოველგვარ მახასიათებელ ნიშანს მოკლებული. პრობლემასაც
სწორედ ეს ქმნიდა.

დიდი ხნის წინ იაჰვემ წარღვნა მოავლინა, წყლები ერთდროულად გამოუშვა ზემოდანაც და
ქვემოდანაც. ზეციური წყლები ცის კაბადონის წყალსაშვები კარიბჭეებიდან ჩამოიქცა.

ახლა კი ადამიანები კამარას ახლოდან უყურებდნენ და ვერანაირ წყალსაშვებ კარიბჭეებს ვერ


ამჩნევდნენ. ზედაპირს ყველა მიმართულებით ათვალიერებდნენ, მაგრამ არც შესასვლელი
ჩანდა, არც ფანჯრები და არც რაიმე ნაპრალი გრანიტის ამ უწყვეტ ფირფიტაში.

როგორც ჩანდა, მათი გოდოლი კამარას რეზერვუარების შუაში შეხვდა, რაც ნამდვილად
სასიხარულო დამთხვევა იყო. წყალსაშვები კარიბჭე რომ დაენახათ, რეზერვუარის დაცლის
რისკზე წასვლა მოუწევდათ. ეს შინყარისთვის წვიმას ნიშნავდა, უჩვეულო სეზონზე და თან
იმაზე ძლიერ წვიმას, ვიდრე ზამთარში იცის; მთელი ევფრატის გასწვრივ წყალდიდობას
გამოიწვევდა. სავარაუდოდ, წვიმა რეზერვუარის დაცლის შემდეგ შეწყდებოდა, მაგრამ
ყოველთვის არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ იაჰვე მათ დასჯიდა და წვიმას იქამდე
გააგრძელებდა, სანამ კოშკი არ დაინგრეოდა და ბაბილონს ტალახი არ წალეკავდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიბჭეები არსად ჩანდა, საფრთხე მაინც არსებობდა. შეიძლებოდა,
კარიბჭეებს მოკვდავთა თვალისთვის შეუმჩნეველი ღრიჭოები ჰქონოდა და რეზერვუარი
ზუსტად მათ თავზემოთ ყოფილიყო. ან შეიძლება რეზერვუარები იმდენად უზარმაზარები იყო,
რომ თუნდაც უახლოესი წყალსაკეტი კარიბჭე მრავალი ლიგის მოშორებით ყოფილიყო,
რეზერვუარი მაინც მათ ზემოთ მდებარეობდა.

დიდხანს კამათობდნენ, რა ვქნათო.

– უეჭველია, რომ იაჰვე გოდოლს არ გადარეცხავს, – ამტკიცებდა ქურდუზა, ერთ-ერთი


კალატოზი, – გოდოლი რომ მკრეხელობა იყოს, იაჰვე აქამდე გაანადგურებდა. არადა, ამდენი
საუკუნეა ვაშენებთ და იაჰვეს უკმაყოფილების უმცირესი ნიშანიც კი არ დაგვინახავს. იაჰვე
ნებისმიერ რეზერვუარს იქამდე დააცარიელებს, სანამ ჩვენ შევაღწევთ.
– ამ წამოწყებას იაჰვე რომ ასეთი სიამოვნებით უყურებდეს, კაბადონში შესაღწევად ჩვენთვის
უკვე კიბე იქნებოდა გამზადებული, – შეეწინააღმდეგა ელამელი ელუტი, – იაჰვე არც
დაგვეხმარება და არც ხელს შეგვიშლის; თუ რეზერვუარს გავხვრეტთ, თავსხმა გველის.

19
ჰილალუმს ასეთ დროს თავისი ეჭვების გულში შენახვა არ შეეძლო.

– და იქნებ წყალი უსაზღვროა? – იკითხა მან, – შეიძლება, იაჰვემ არ დაგვსაჯოს, მაგრამ


საშუალება მოგვცეს, სასჯელი საკუთარ თავს თავად მოვუვლინოთ.

– ელამელო, – მიმართა ქურდუზამ, – კოშკზე ახალამოსული კი ხარ, მაგრამ მაგაზე მეტს მაინც
უნდა ხვდებოდე. ჩვენ იაჰვეს მიმართ სიყვარულის გამო ვშრომობთ, მთელი ცხოვრება ასე
გავატარეთ, ისევე, როგორც ჩვენი მამების მრავალმა თაობამ. შეუძლებელია, ჩვენნაირი
მართალი ადამიანები მკაცრად დაისაჯონ.

– მართალია, რომ მხოლოდ უმწიკვლო მიზნები გვამოძრავებს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენი
შრომაც ბრძნულია. ნუთუ ადამიანებმა ნამდვილად სწორი გზა აირჩიეს, როცა საკუთარი
მშობელი მიწიდან მოშორებით ცხოვრება გადაწყვიტეს? იაჰვეს არასდროს უთქვამს, რომ ეს
სწორი არჩევანი იყო. ახლა ზეცის მიჯნაზე ვდგავართ და მზად ვართ, შიგნით შევიდეთ,
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, თავზემოთ წყალი გვადგას. თუ არასწორი გზა გვაქვს არჩეული,
საიდან ვიცით, რომ იაჰვე ჩვენი შეცდომებისგან დაგვიცავს?

– ჰილალუმი სიფრთხილეს გვირჩევს და მეც ვეთანხმები, – თქვა ბელიმ, – უნდა დავრწმუნდეთ,


რომ სამყაროს არც მეორე წარღვნას მოვუვლენთ და არც თუნდაც შინყარისთვის დამაზიანებელ
წვიმებს. ეგვიპტელ სენმუტს მოვეთათბირე და ის ქმნილებები მაჩვენა, რომლებსაც საკუთარი
მეფეების სამარხებს ბეჭდავენ. მჯერა, რომ მათი მეთოდებით შევძლებთ, გათხრის დაწყების
შემდეგ თავი დავიცვათ.

***

ქურუმებმა ხარი და თხა მსხვერპლად შესწირეს ცერემონიისას, რომლის დროსაც უამრავი


წმინდა სიტყვა წარმოითქვა და გუნდრუკი დაიწვა, შემდეგ კი მემაღაროეები თავის საქმეს
შეუდგნენ.

კაბადონთან მიღწევამდე დიდი ხნით ადრე გახდა ნათელი, რომ უროებითა და წერაქვებით
ჩვეულებრივი თხრა გამოუსადეგარი იქნებოდა: ჰორიზონტალურად თხრის შემთხვევაშიც კი
გრანიტში დღეში ორი თითის სიმსხოზე მეტად ვერ წაიწევდნენ წინ, ხოლო ზედა
მიმართულებით თხრა გაცილებით ნელი იქნებოდა. ამის ნაცვლად ცეცხლის გამოყენება
გადაწყვიტეს.

თან მოტანილი შეშით ცის კამარის ერთი წერტილის ქვემოთ კოცონი დაანთეს და ცეცხლს
მთელი დღის განმავლობაში განელების საშუალება არ მისცეს. ალის სიმხურვალემ ქვა
დაბზარა. ცეცხლის მინავლების შემდეგ მემაღაროეებმა ქვას წყალი შეასხეს, რითაც ის კიდევ
უფრო დაიბზარა. ამის შემდეგ უკვე შეეძლოთ, ქვა დიდ ნატეხებად დაენაწევრებინათ,

20
რომლებიც გოდოლზე მძიმედ ვარდებოდა. ამგვარად ყოველ იმ დღეს, როდესაც კოცონს
ანთებდნენ, თითქმის ერთი წყრთით მიიწევდნენ წინ.

გვირაბი პირდაპირ ზემოთ კი არ მიიწევდა, არამედ კიბის დახრილობით, რათა გოდლიდან


გვირაბში შესასვლელამდე კიბეების ბაქანი აღემართათ. ცეცხლის მეთოდით თხრა გვირაბის
იატაკსა და კედლებს გლუვ ზედაპირს უტოვებდა; უკან რომ არ ჩამოსრიალებულიყვნენ, კაცები
ფეხქვეშ ხის საფეხურების კარკასს აგებდნენ. გვირაბის ბოლოს კოცონის შესაკავებლად
გამომწვარი აგურების პლატფორმას იყენებდნენ.

როცა გვირაბმა კამარაში ათი წყრთის სიღრმეზე შეაღწია, მუშაობა ჰორიზონტალურად


გააგრძელეს, გვირაბი გააგანიერეს და ოთახი გამოჭრეს. როცა მემაღაროეებმა ცეცხლის მიერ
შესუსტებული ქვის ნატეხები მთლიანად გამოიტანეს, მუშაობას ეგვიპტელები შეუდგნენ. ისინი
ცეცხლს არ იყენებდნენ. მხოლოდ თავისი დოლერიტის ბურთებითა და უროებით
შეიარაღებულებმა გრანიტის სასრიალო კარის დამზადება დაიწყეს.

თავდაპირველად ერთ-ერთი კედლიდან გრანიტის უზარმაზარი ბლოკის გამოჭრაზე მუშაობა


დაიწყეს. ჰილალუმმა და სხვა მემაღაროეებმა მიხმარება სცადეს, მაგრამ მეტისმეტად რთული
აღმოჩნდა: ქვის გამოჭრა მისი ჩამოთლით შეუძლებელი იყო. ერთადერთ გზად პატარ-პატარა
ნამსხვრევების აცლა რჩებოდა, რასაც უროთი მხოლოდ ერთნაირი სიმძლავრის დარტყმები
სჭირდებოდა, უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი კი უშედეგო იქნებოდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ბლოკი მზად იყო. ლოდი კაცზე მაღალი და გაცილებით განიერი
გამოდგა. იატაკიდან მის მოსაწყვეტად ფუძესთან ნაპრალები გაჭრეს და შიგნით მშრალი ხის
სოლები შეარჭეს. შემდეგ პირველი სოლები მეორე, უფრო მცირე ზომის სოლებით შუაზე
გადახლიჩეს და ბზარებში წყალი ჩაასხეს ისე, რომ ხე გაჯირჯვებულიყო. რამდენიმე საათში
ბზარები ქვაში ჩაიზარდა და ბლოკი საბოლოოდ გათავისუფლდა.

ოთახის უკანა ნაწილთან, მარჯვენა მხარეს, მემაღაროეებმა ვიწრო, აღმავალი დერეფანი


გამოჭრეს, ხოლო შესასვლელის წინ იატაკში დაახლოებით ერთი წყრთის სიღრმის დაღმავალი
არხი ჩაჭრეს. ამგვარად, ზუსტად შესასვლელის წინ უწყვეტი ციცაბო ბაქანი შეიქმნა. ამ ბაქანზე
ეგვიპტელებმა გრანიტის ბლოკი მოათავსეს, ზემოთ, გვერდით დერეფანში აათრიეს, სადაც
ძლივს ეტეოდა, და მის შესაკავებლად მარცხენა კედლამდე ტალახის ბრტყელი აგურების რიგი
გაამწკრივეს. ბაქანზე თითქოს ძირს გაწოლილი საყრდენი სვეტი შექმნეს.

ახლა, როცა წყლების შესაკავებლად ჩამოსასრიალებელი ლოდი თავის ადგილზე მოთავსდა,


მემაღაროეებისთვის გვირაბის თხრის გაგრძელება ადვილი იყო. თუ შემთხვევით რეზერვუარის
კედელს შეტეხდნენ და გვირაბში ზეციური წყლების ნაკადი მოვარდებოდა, აგურებს სათითაოდ
ამოტეხდნენ, ლოდი ქვემოთ ჩამოსრიალდებოდა, იატაკის ჩაღრმავებაში ჩაეშვებოდა და
გამოსასვლელს მთლიანად ამოქოლავდა. თუ წარღვნა ისეთი ძალით მოვარდებოდა, რომ
კაცებს გვირაბიდან ერთიანად გამოდევნიდა, ტალახის აგურები თანდათან წყალში
გაიხსნებოდა და ლოდი ქვემოთ მაინც ჩამოსრიალდებოდა. წყალი შეკავდებოდა და
მემაღაროეებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, გვირაბის თხრა ისეთი მიმართულებით
გაეგრძელებინათ, რომ რეზერვუარისთვის გვერდი აექციათ.

21
გვირაბის გასაგრძელებლად მემაღაროეებმა ისევ ცეცხლის მეთოდს მიჰყვეს ხელი და მუშაობას
ოთახის შორეულ ბოლოში შეუდგნენ. კაბადონის შიგნით ჰაერის დინების შესანარჩუნებლად
ხარის ტყავები ხის მაღალ ჩარჩოებზე გადაეკრათ და გოდლის მწვერვალზე, გვირაბის
შესასვლელის ორივე მხარეს ირიბად დაემაგრებინათ. ამგვარად, კაბადონის ქვემოთ მუდმივად
მქროლავ ქარს მიმართულება ეცვლებოდა და გვირაბში შედიოდა, სადაც ცეცხლს ინარჩუნებდა,
ხოლო ჩაქრობის შემდეგ ჰაერს წმენდდა და მემაღაროეებს შეეძლოთ, გვირაბის თხრა კვამლის
ჩასუნთქვის გარეშე გაეგრძელებინათ.

ჩამოსაცურებელი ლოდის თავის ადგილას მოთავსების შემდეგ ეგვიპტელებს მუშაობა არ


შეუწყვეტიათ. სანამ მემაღაროეები თავიანთ წერაქვებს გვირაბის ბოლოს უღერებდნენ,
ეგვიპტელები ქვაში კიბეების გამოკვეთაზე იხარჯებოდნენ, რათა დროებითი, ხის საფეხურები
მუდმივით ჩაენაცვლებინათ. ამ საქმესაც ხის სოლების მეშვეობით აკეთებდნენ და როცა
ციცაბო იატაკიდან ბლოკებს აძრობდნენ, მათ ადგილას საფეხურები რჩებოდა.

***

მემაღაროეები მუშაობდნენ და გვირაბს სულ უფრო აგრძელებდნენ. გვირაბი ყოველთვის


ზევით მიიწევდა, მაგრამ გეზს გიგანტური ნაკერის ძაფივით მუდმივად იცვლიდა ისე, რომ
მთავარი მიმართულება მაინც იგივე დარჩენილიყო. ჩამოსასრიალებელი კარებისთვის სხვა
ოთახებიც გამოკვეთეს, ამგვარად, თუ რეზერვუარში შეიჭრებოდნენ, წყლით მხოლოდ გვირაბის
სულ ზედა განყოფილება დაიტბორებოდა. კამარის ზედაპირზე არხები გაჭრეს, რომლებზეც
ბილიკები და პლატფორმები დაკიდეს. ამ პლატფორმებიდან, გოდლიდან საკმაოდ
მოშორებით, გვერდითი გვირაბები გათხარეს, რომლებიც მთავარ გვირაბს სიღრმეში
უერთდებოდა. გვერდითი გვირაბები ჰაერის მოძრაობას და მთავარი გვირაბის სიღრმიდან
კვამლის გამოტანას უზრუნველყოფდა.

თავდაუზოგავი შრომა წლები გრძელდებოდა. გამწევთა ეკიპაჟები აგურების ნაცვლად გვირაბის


თხრისთვის საჭირო ხესა და წყალს ეზიდებოდნენ. ხალხი კაბადონის შიგნით, გვირაბებშიც
დასახლდა, დაკიდულ ბაქნებზე კი ქვემოთ მზარდი ბოსტნეულის მოყვანა დაიწყეს.
მემაღაროეებიც იქ, სამოთხის საზღვართან ცხოვრობდნენ; ზოგი დაოჯახდა და ბავშვების
აღზრდას მიჰყო ხელი. მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა დადგა ფეხი უკან, მიწაზე.

***

22
სახეზე სველტანსაცმელშემოხვეულმა ჰილალუმმა ხის საფეხურებიდან ქვემოთ, ქვის კიბეზე
ჩამოაბიჯა. გვირაბის ბოლოს კოცონს შეშა ის-ის იყო დაამატა. ცეცხლი კიდევ რამდენიმე საათი
გაძლებდა, თავად კი ქვედა გვირაბებში დაიცდიდა, სადაც ჰაერი კვამლით არ იყო
გასქელებული.

შემდეგ მსხვრევის შორეული ხმა გაისმა, თითქოს მთის ლოდი ორად გაიპოო, რასაც გაბმული
გრგვინვა მოჰყვა. სულ მალე გვირაბს წყლის ნაკადი მოაწყდა.

ჰილალუმი ერთ წამს ელდისგან გაიყინა. შემაძრწუნებლად ცივი წყალი ფეხებზე ეკვეთა და
წააქცია. კაცი წამოდგა, ღრმად ჩაისუნთქა და წინ გადახრილმა სცადა, საფეხურებს
ჩაბღაუჭებოდა.

რეზერვუარი შეტეხეს.

ყველაზე ზედა კართან უნდა ჩასულიყო, სანამ დაიხურებოდა. ფეხები საფეხურებზე სახტუნაოდ
ექაჩებოდნენ, მაგრამ ჰილალუმმა იცოდა, რომ ნახტომის შემთხვევაში წონასწორობას ვერ
შეინარჩუნებდა და ბობოქარი ნაკადი რომელიმე კედელს სასიკვდილოდ მიანარცხებდა.
რამდენადაც შეეძლო სწრაფად, მაგრამ მხოლოდ სათითაო საფეხურზე მიაბიჯებდა.

ფეხი რამდენჯერმე დაუცდა, ზოგჯერ ათზე მეტ საფეხურზეც კი ჩამოსრიალდებოდა ხოლმე.

ქვის საფეხურები ზურგს უფხაჭნიდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. დარწმუნებული იყო, რომ
გვირაბი ჩამოიქცეოდა და ქვეშ მოიყოლებდა, ან სულაც მთელი კამარა ჩამოშვავდებოდა,
ფეხქვეშ ცა პირს დააღებდა და ზეციურ წვიმასთან ერთად თავადაც დედამიწისკენ ვარდნას
დაიწყებდა. იაჰვეს სასჯელმა უწიათ – მეორე წარღვნა.

ჩამოსასრიალებელ კარამდე რამდენი რჩებოდა? გვირაბი თითქოს უსასრულოდ გაიწელა და


წყალი ქვემოთ ახლა კიდევ უფრო სწრაფად მოჩქეფდა. ჰილალუმი საფეხურებს უკვე
სირბილით მიუყვებოდა.

მოულოდნელად წაიფორხილა და დამდგარ წყალში შედგაფუნდა. კიბის ძირამდე მიეღწია და


ჩასასრიალებელი კარის ოთახში აღმოჩნდა, სადაც წყალი მუხლს ზემოთ სწვდებოდა.

წამოდგა და ორი სხვა მემაღაროე, დამქიია და აჰუნი დაინახა, რომლებმაც ჰილალუმი ის-ის იყო
შენიშნეს. ლოდის წინ იდგნენ, რომელსაც გასასვლელი ჩაეხერგა.

– არა! – აღმოხდა ჰილალუმს.

– დახურეს, – დაიყვირა დამქიიამ, – არ დაგვიცადეს!


– სხვებიც მოდიან? – უიმედოდ გამოსძახა აჰუნიმ, – იქნებ ბლოკის გადაგორება მოვახერხოთ.

– მეტი არავინაა, – უპასუხა ჰილალუმმა, – მეორე მხრიდან მიწოლა არ შეუძლიათ?

23
– ჩვენი არ ესმით, – აჰუნიმ გრანიტს ურო შემოსცხო, თუმცა წყლის ჩუხჩუხმა უროს ხმა
სრულიად დაახშო.

ჰილალუმმა მომცრო ოთახს თვალი მოავლო და მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ერთი ეგვიპტელი
პირქვე ტივტივებდა.

– კიბეებიდან ჩამოგორებისას მოკვდა, – დაუყვირა დამქიიამ, – ვერაფერს ვიღონებთ?

აჰუნიმ მზერა ზემოთ აღაპყრო.

– იაჰვე, შენ დაგვიფარე.

წყლის დონე იმატებდა, სამივე იდგა და სასოწარკვეთილი ლოცულობდა, მაგრამ ჰილალუმმა


იცოდა, რომ ლოცვა ამაო იყო: ბედისწერამ უწიათ. იაჰვეს კაცთათვის არ უთხოვია გოდლის
აშენება ან კამარის გახვრეტა; ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადამიანებს ეკუთვნოდათ და ამ
წამოწყებაშიც ისევე დაიღუპებოდნენ, როგორც ნებისმიერ მიწიერ საქმიანობაში.
ღვთისმოშიშობა საკუთარი საქმიანობის შედეგებისგან ვერ დაიცავდა.

წყალი მკერდამდე მისწვდათ.

– ზემოთ წავიწიოთ, – დაიყვირა ჰილალუმმა.

გვირაბს დიდი წვალებით აუყვნენ, წყალს დინების საპირისპირო მიმართულებით მიაპობდნენ,


ისიც თითქოს მათ ქუსლებთანვე იმატებდა სიმაღლეში. გვირაბების გამანათებელი რამდენიმე
ჩირაღდანი უკვე ჩამქრალიყო, ასე რომ გზას წყვდიადში მიიკვლევდნენ და ლოცვებს ისე
ბუტბუტებდნენ, რომ საკუთარი ხმა თვითონაც არ ესმოდათ. გვირაბის ბოლოს ხის საფეხურები
უკვე ადგილიდან მოგლეჯილიყო და ქვემოთ გვირაბი ჩაეხერგა. ხის ბარიკადებს გვერდი
აუარეს, უსაფეხურო, ქვის გლუვ დამრეცს მიადგნენ და წყალს დაელოდნენ, რომ ზემოთ
აეტივტივებინა.

უკვე უსიტყვოდ იცდიდნენ. დაქანცულებმა ლოცვა შეწყვიტეს. ჰილალუმმა წარმოიდგინა, რომ


იაჰვეს საყლაპავში გაჩხერილიყო, როცა ყოვლისშემძლე ღვთაება ზეციურ წყლებს დაწაფებოდა
და მზად იყო, ცოდვილები გადაეყლაპა.

წყალი ზემოთ მიიწევდა და კაცებიც თან მიჰყავდა, სანამ ჰილალუმმა ხელის აწევისას ჭერი არ
შეიგრძნო. უზარმაზარი ნაპრალი, რომლიდანაც წყალი მოღელავდა, ზუსტად მის გვერდით
იყო. ჰაერის მხოლოდ პატარა ჯიბეღა დარჩენილიყო. ჰილალუმმა დაიყვირა:

– როდესაც წყლით ბოლომდე გაივსება, შეგვიძლია ზეცისკენ გავცუროთ.

ზუსტად არ იცოდა, გაიგონეს თუ არა. წყალი უკვე ჭერს აღწევდა, მანაც ჰაერის ბოლო ყლუპი
ჩაისუნთქა და ნაპრალში შეცურა. ზეცასთან იმაზე ახლოს დაიღუპებოდა, ვიდრე ნებისმიერი
სხვა ადამიანი აქამდე.

24
ნაპრალი მრავალი წყრთის სიგრძეზე გრძელდებოდა. როგორც კი მას გასცდა, ქვის ფენა
გამოეცალა და აფართხალებული ხელებით ჩასაჭიდი ვეღარაფერი ნახა. ცოტა ხანს გრძნობდა,
როგორ მიაქანებდა ნაკადი, მაგრამ შემდეგ უკვე ამაშიც აღარ იყო დარწმუნებული. გარშემო
მხოლოდ სიშავე ეხვია და კიდევ ერთხელ დაეუფლა ის აუტანელი თავბრუსხვევა, რომელიც ცის
კამარის პირველად დანახვისას იგრძნო: ვერც ერთ მიმართულებას ვეღარ არჩევდა, ისიც კი არ
იცოდა, საით იყო "მაღლა" და "დაბლა". ხელებსა და ფეხებს წყალს გამეტებით ურტყამდა,
მაგრამ არ იცოდა, წინ ოდნავ მაინც თუ მიიწევდა.
შეიძლება მდგარ წყალში ტივტივებდა ან დინება დიდი სიჩქარით მიაქანებდა; სიცივის მეტს
ვერაფერს გრძნობდა. სინათლეც არსად დაუნახავს. ნუთუ ამ რეზერვუარს ზედაპირი არ
გააჩნდა, რომ მისკენ გაცურვა მაინც ეცადა?

შემდეგ ისევ ქვას მიეხეთქა. მტკიცე ზედაპირზე ხელებით ნაპრალი შეიგრძნო. ნუთუ ისევ საწყის
ადგილს დაუბრუნდა? რაღაც ძალამ შიგნით შეისრუტა და ჰილალუმს წინააღმდეგობის გაწევის
ღონე აღარ შეარჩინა. გვირაბში მოხვდა, რომლის ხან ერთ კედელს მიეხეთქებოდა, ხან მეორეს.
უსაშველოდ ღრმა იყო, ყველაზე ღრმა შახტას ჰგავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სადაც
იყო ფილტვები დაუსკდებოდა, თუმცა დინებას ბოლო არ უჩანდა. ბოლოს სუნთქვა მეტად
ვეღარ შეიკავა, ტუჩები გაეხსნა და ჰაერი გარეთ გამოექცა. იძირებოდა და მის გარშემო
დასადგურებული წყვდიადი ფილტვებში უძვრებოდა.

უეცრად მის წინ გადახსნილი კედელი გამოჩნდა. წყლის აჩქარებული დინებაც სწორედ იქით
მიაქანებდა; წყლის ზემოთ ჰაერი იგრძნო, შემდეგ კი ყველანაირი გრძნობა დაკარგა.

***

როცა ჰილალუმი გონს მოვიდა, თავი სველ ქვაზე ედო. ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ხელებთან
წყალს გრძნობდა. გვერდზე გადაბრუნდა და ამოიგმინა; ყველა კიდური სტკიოდა, შიშველი
ეგდო და კანის დიდი ნაწილი ნაფხაჭნებით დაფარვოდა ან სისველით დანაოჭებოდა, მაგრამ
ჰაერს მაინც სუნთქავდა.

გარკვეული ხანი გავიდა და ბოლოს ადგომა შეძლო. მის ფეხებთან წყალი სწრაფი დინებით
მიჩქეფდა. ერთი მიმართულებით გადაბიჯებისას იგრძნო, რომ წყალი ღრმავდებოდა, მეორე
მხარეს კი ფეხით მშრალ ქვას შეეხო. რამდენადაც მიხვდა, ფიქალი უნდა ყოფილიყო.

წყვდიადი იდგა, როგორც უჩირაღდნო მაღაროში. დახეთქილი თითის წვერებით მიწაზე გზა
გაიკვლია, სანამ ის კედლად არ აღიმართა. ნელა, ბრმა არსებასავით წინ და უკან დახოხავდა.
წყლის წყარო იპოვა – დიდი ხვრელი მიწაში. გაახსენდა: რეზერვუარიდან ზემოთ სწორედ ამ
ხვრელმა ამოანთხია. კიდევ რამდენიმე საათი დახოხავდა. უზარმაზარ მღვიმეში იყო.

25
იმ ადგილს მიაგნო, სადაც იატაკი თანდათან ზევით მიიწევდა. იქნებ ასასვლელი იყო?
შეიძლება, ზეცამდე მისასვლელი გზა მაინც ეპოვა.

ჰილალუმმა ცოცვა განაგრძო; წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი ხანი გავიდა და არც ის


აინტერესებდა, რომ თავის ნაკვალევს ვერ მიაგნებდა, რადგან უკან დაბრუნებას მაინც ვერ
მოახერხებდა. როცა შეეძლო, აღმავალ გვირაბებს მიუყვებოდა, როცა სხვა გზა არ ჰქონდა –
დამავლებს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად ბევრი წყალი ყლაპა, უკვე
წყურვილს გრძნობდა; შიმშილსაც.

ბოლოს სინათლე დაინახა და გარეთ გავარდა.

შუქმა თვალები ძლიერად დაახუჭინა. მუხლებზე დაეცა, მაგრად შეკრული მუშტები სახეზე
აეფარებინა. ნუთუ იაჰვეს სხივოსნებას ხედავდა? ნუთუ მისი თვალები ამ სინათლის დანახვას
გაუძლებდნენ? რამდენიმე წუთის შემდეგ თვალების გახელა შეძლო და უდაბნო დაინახა.
მღვიმიდან რაღაც მთების ფუძესთან გამოსულიყო, ჰორიზონტზე კი ქვები და ქვიშა
გადაჭიმულიყო.

ნუთუ ზეცა ზუსტად დედამიწისნაირი იყო? ვითომ იაჰვემ ასეთ ადგილას დაიდო ბინა? იქნებ
იაჰვეს შექმნილი სამყაროს სხვა სამეფოში, დედამიწის ზემოთ გაშენებულ სხვა მიწაზე მოხვდა,
ხოლო თავად იაჰვე კი კიდევ უფრო მაღლა სახლობდა?

მის ზურგს უკან, მთის მწვერვალებთან, მზე გამოკიდებულიყო. ჩადიოდა თუ ამოდიოდა? ამ


ადგილას დღე და ღამე საერთოდ თუ არსებობდა?
ჰილალუმი ქვიშიან რელიეფს თვალებმოჭუტული მიაშტერდა. ჰორიზონტზე რაღაც ხაზი
მოძრაობდა. ქარავანი იყო?

იქით გაიქცა და ხმაჩახლეჩილი გაჰყვიროდა, სანამ ქოშინმა გაჩუმება არ აიძულა. ქარავნის


ბოლოს მიმავალმა ფიგურამ შეამჩნია და მთელი მწკრივი შეაჩერა. ჰილალუმი ისევ გარბოდა.

ის, რომელმაც ჰილალუმი დაინახა, კაცს ჰგავდა და არა – სულს; უდაბნოში მოგზაურის
შესაფერისად ეცვა. წყლის მათარა გაემზადებინა. ჰილალუმმა რამდენიც შეძლო დალია, თან
ქოშინის დაოკებას ცდილობდა.

ბოლოს და ბოლოს კაცს მიუბრუნდა და აღმოხდა:

– ეს რა ადგილია?

– ყაჩაღები დაგესხნენ თავს? ჩვენ ერექისკენ მივდივართ.

ჰილალუმი გაშტერდა.

– ჩემს შეცდენას ცდილობთ! – დაუღრიალა. კაცმა უკან დაიხია და ისე მიაჩერდა, თითქოს მზის
დარტყმისგან ჭკუიდან შეშლილს უყურებსო. ჰილალუმმა დაინახა, რომ ამბის გასარკვევად
კაცები ქარავნის სხვა ნაწილებიდანაც მოიწევდნენ, – ერექი ხომ შინყარშია!

26
– დიახ, შინყარშია. შენ სადმე სხვაგან მიემგზავრებოდი? – მეორე კაცს ხელში კომბალი
მოემარჯვებინა.

– მე მოვედი... ვიყავი... – ჰილალუმი გაჩერდა, – ბაბილონი თუ გაგიგიათ?

– აჰ, მანდ მიდიხარ? ერექის ჩრდილოეთითაა. მათ შორის გზა ადვილი გასავლელია.

– გოდოლზე თუ გსმენიათ?

– რა თქმა უნდა – ზეცისკენ აღმართული სვეტი. ამბობენ, მის მწვერვალზე მყოფი ხალხი ცის
კამარაში გვირაბს თხრისო.

ჰილალუმი ქვიშაზე დაეცა.

– ცუდად ხარ? – ორმა მექარავნემ ერთმანეთს რაღაც გადაუბუტბუტა და სხვებთან


მოსათათბირებლად წავიდა. ჰილალუმი მათ აღარ უყურებდა.

შინყარში იყო. დედამიწაზე დაბრუნდა. ზეციური წყლის რეზერვუარების ზემოთ ააღწია და ისევ
მიწაზე მოხვდა. ნუთუ აქ იაჰვემ მოიყვანა, რომ უფრო ზედა ადგილებამდე ვეღარ მიეღწია?
თუმცა ჰილალუმი კვლავ ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავდა, არაფერი მოწმობდა, რომ ის იაჰვემ
შეამჩნია. არ უგრძნია რაიმე სასწაული, რომლითაც იაჰვემ აქ გააჩინა. მხოლოდ ის იცოდა, რომ
უბრალოდ ცის კამარიდან ზემოთ აცურა და მღვიმეში ქვემოდან შეაღწია.

როგორღაც, ზეციური კაბადონი მიწის ქვემოთ მდებარეობდა. თითქოს ერთმანეთთან მიჯრით


იყვნენ და ამავდროულად მრავალი ლიგით დაშორებოდნენ. ეს როგორ შეიძლებოდა? როგორ
მოხდა, რომ ასეთი შორეული ადგილები ერთმანეთს ეხებოდა? ამაზე ფიქრმა ჰილალუმს თავი
აატკივა.

შემდეგ უცებ მიხვდა. საბეჭდი ცილინდრი. რბილი თიხის ფირფიტაზე გაგორებისას


ნაკვეთებიანი ცილინდრი ანაბეჭდს ტოვებდა, რომელიც მთლიან სურათს ქმნიდა. ორი ფიგურა
შეიძლება ფირფიტის საპირისპირო ბოლოებზე ჩანდეს, მაგრამ ცილინდრის ზედაპირზე ისინი
ერთმანეთის გვერდითაა გამოსახული. სამყარო სწორედ ასეთი ცილინდრია. ადამიანებს ზეცა
და დედამიწა ისე წარმოედგინათ, როგორც ფირფიტის საპირისპირო ბოლოები, რომელთა
შორისაც ცა და ვარსკვლავებია გაჭიმული; არადა, სინამდვილეში, სამყარო, რაღაც გასაოცარი
გზით, მრგვლადაა დახვეული ისე, რომ ზეცა და მიწა ერთმანეთს ეხებიან.

ახლა უკვე ცხადი იყო, რატომ არ ჩამოშალა იაჰვემ გოდოლი და რატომ არ დასაჯა ადამიანები
იმისთვის, რომ მათთვის დაწესებული საზღვრების გადალახვა სცადეს: იმიტომ, რომ ყველაზე
გრძელი მოგზაურობაც კი მათ მხოლოდ იმ ადგილამდე მიიყვანდა, საიდანაც დაიწყეს.
მრავალსაუკუნოვანი ჯაფის შედეგადაც კი იმაზე მეტს ვერაფერს ეზიარებოდნენ, რაც მათთვის
უკვე გაცხადებული იყო. თუმცა, თავისი წამოწყებით ადამიანები იაჰვეს ქმნილების
წარმოუდგენელ ოსტატურობას შეავლებენ თვალს და დაინახავენ, თუ როგორაა სამყარო

27
მოწყობილი. ამ მოწყობით იაჰვეს ქმნილება თან ხილული იყო და თან თვალთაგან სამუდამოდ
დაფარული.

ამგვარად, ადამიანებს თავისი ადგილი ეცოდინებათ. ჰილალუმი ფეხზე წამოდგა. ფეხები


უთრთოდა, ქარავნის მეთაურებს ეძებდა. ბაბილონში დაბრუნდებოდა. ალბათ ლუგატუმს ისევ
ნახავდა. გოდოლზე მყოფებთან ამბავს გაგზავნიდა. სამყაროს ფორმის შესახებ აცნობებდა.

28
გაიაზრე

ყინულის უხეშ ფენას სახით ვეხახუნები, თუმცა სიცივეს ვერ ვგრძნობ. ვერაფერს ვეჭიდები,
ხელთათმანები სრიალებს. ზემოთ ადამიანები ჩანან, აქეთ-იქით დარბიან, მაგრამ არაფერი
შეუძლიათ. მუშტებით ყინულის გატეხას ვცდილობ, მაგრამ მკლავები შენელებული კადრივით
მოძრაობენ, ფილტვებიც თითქოს დასკდნენ, გონება მებინდება და ისეთი შეგრძნება
მეუფლება, გეგონება, წყალში ვიხსნები...

ყვირილით ვიღვიძებ. გულს ბაგაბუგი გაუდის. საბანს ვიხდი და საწოლის კიდეზე ვჯდები.

იმ წამებს აქამდე ვერ ვიხსენებდი. მხოლოდ ყინულში ჩავარდნა მახსოვდა; ექიმმა მითხრა, რომ
დანარჩენი მოგონებები ჩემმა გონებამ დათრგუნა. ახლა უკვე მახსოვს. ყველაზე საშინელი
კოშმარი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს.

ზეწარში ფრჩხილებს ვასობ და ვგრძნობ, როგორ ვკანკალებ. ვცდილობ, დავმშვიდდე და ნელა


ვისუნთქო, მაგრამ ქოშინი თავის გზას მაინც პოულობს. ისეთი ცხადი ხილვა იყო, რომ ვიგრძენი.
ვიგრძენი, როგორია, როცა კვდები.

იმ წყალში თითქმის ერთი საათი გავატარე. როცა, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ამოყვანა შეძლეს,
მცენარეს უფრო ვგავდი, ვიდრე რამე სხვას. გამოვკეთდი? ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც
საავადმყოფომ თავისი ახალი წამალი ტვინის ასეთი ძლიერი დაზიანების მქონე ადამიანზე
გამოსცადა. იმოქმედა?

***

იგივე კოშმარი, ისევ და ისევ. მესამედ ნახვის შემდეგ ვხვდები, რომ ძილი აღარასდროს
მეღირსება. გათენებამდე დარჩენილ საათს ნერვიულობაში ვატარებ. ასეთი შედეგი მივიღე?
გონებას ვკარგავ?

ხვალ საავადმყოფოში რეზიდენტთან ყოველკვირეული შემოწმების დღე მაქვს. ვიმედოვნებ,


ჩემს კითხვებზე პასუხები ექნება.

***

29
მანქანით დაუნთაუნ ბოსტონში შევდივარ. ნახევარ საათში ექიმი ჰუპერი ჩემს ნახვას ახერხებს.
საპროცედურო ოთახში ყვითელი ფარდის მიღმა, საგორებელ საწოლზე ვზივარ. წელის დონეზე
კედლიდან ჰორიზონტალური, ბრტყელი ეკრანია გამოშვერილი. ეკრანი გვირაბისებრ
მხედველობაზეა მორგებული და ჩემი კუთხიდან არაფერი ჩანს. ექიმი კლავიატურაზე რაღაცას
კრეფს, სავარაუდოდ, ჩემს დოსიეს ხსნის, შემდეგ კი გამოკვლევას იწყებს. სანამ კალამ-ფანრით
გუგებს მიმოწმებს, კოშმარებზე ვუყვები.

– ლეონ, უბედურ შემთხვევამდეც თუ ნახულობდი? – ჯიბიდან პატარა ჩაქუჩს იღებს და


იდაყვებზე, მუხლებსა და კოჭებზე მსუბუქად მირტყამს.
– არასდროს. წამლის გვერდითი ეფექტია?

– გვერდითი ეფექტი არა. K ჰორმონის თერაპიამ მრავალი დაზიანებული ნეირონის


რეგენერაცია გამოიწვია, ეს კი უზარმაზარი ცვლილებაა, რასაც შენი გონება უნდა შეეჩვიოს.
კოშმარები, ალბათ, უბრალოდ ამ პროცესის ერთ-ერთი ნიშანია.

– სამუდამოა?

– არა მგონია, – მიპასუხა კაცმა, – როდესაც შენი ტვინი ამ აღდგენილ ნეირონულ გზებს შეეჩვევა,
გამოკეთდები. აბა, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერზე მიიდე და შემდეგ აქ, ჩემს თითთან
მოიტანე.

ასეც ვიქცევი. შემდეგ მთხოვს, ყველა თითი ცერზე მსუბუქად, რაც შეიძლება ჩქარა დავირტყა.
შემდეგ სწორ ხაზზე უნდა გავიარო, თითქოს სიფხიზლის გამოცდას ვაბარებ. შემდეგ
გამოკითხვას იწყებს.

– დაასახელე ჩვეულებრივი ფეხსაცმლის ნაწილები.

– ლანჩა, ქუსლი, თასმები. მმმ, კიდევ თვალები – ნახვრეტები, რომლებშიც თასმები ეყრება,
ასევე ენა, თასმების ქვემოთ...

– კარგი. გაიმეორე რიცხვი: სამი ცხრა ერთი შვიდი ოთხი...

– ...ექვსი ორი.

ექიმი ჰუპერი ამას არ ელოდა.

– რა?

– სამი ცხრა ერთი შვიდი ოთხი ექვსი ორი. ჩემი პირველი გამოკვლევის დროსაც ეგ რიცხვი
გამამეორებინეთ, როცა ჯერ კიდევ ჰოსპიტალიზებული ვიყავი. ალბათ პაციენტების
შემოწმებისას ამ ციფრებს ხშირად იყენებთ.

– წესით, არ უნდა დაგემახსოვრებინა; დაუყოვნებელი გახსენებისთვის გამიზნული ტესტია.

30
– განზრახ არ დამიმახსოვრებია. თავისით ჩამებეჭდა გონებაში.

– მეორე შემოწმებისას რა რიცხვიც გამოვიყენე, ისიც გახსოვს?

მცირე ხანს ვჩუმდები.

– ოთხი ნული რვა ერთი ხუთი ცხრა ორი.

გაკვირვებულია.

– ადამიანების უმეტესობა მხოლოდ ერთი მოსმენით ამდენ ციფრს ვერ იმახსოვრებს. რამე
მნემონიკური ხრიკები იცი?

თავს ვიქნევ.

– არა. ტელეფონის ნომრებსაც ყოველთვის ავტოამკრეფში ვინახავ.

ტერმინალთან მიდის და ციფრების კლავიატურაზე რაღაცას კრეფს.

– აბა ეს სცადე.

თოთხმეტციფრიან რიცხვს მეუბნება და მეც ვიმეორებ.


– როგორ ფიქრობ, შებრუნებულადაც შეგიძლია?

ციფრებს უკუთანმიმდევრობით ვიმეორებ. შუბლს ჭმუხნის და ჩემს დოსიეში რაღაცას კრეფს.

***

ფსიქიატრიული განყოფილების ერთ-ერთ გასასინჯ ოთახში ტერმინალის წინ ვზივარ.


გონებრივ შესაძლებლობათა ტესტების ჩასატარებლად ექიმმა ჰუპერმა ყველაზე ახლოს ეს
ადგილი იპოვა. კედელზე პატარა სარკე კიდია – უკან ალბათ ვიდეოკამერაა დამალული. ვიღიმი
და სარკეს ხელს ვუქნევ, იქნებ მართლა ვიდეოს იღებს. ფულის გასანაღდებელ აპარატებში
ჩამალულ კამერებთანაც ყოველთვის ასე ვიქცევი.

ექიმი ჰუპერი ჩემი ტესტების ამობეჭდილი შედეგებით მოდის.

– მაშ ასე, ლეონ... ძალიან კარგი შედეგები გაქვს. ორივე ტესტში ოთხმოცდამეცხრამეტე
პროცენტილში მოხვდი.

31
ყბა ჩამომივარდა.

– მეხუმრებით.

– არა, არ გეხუმრები, – თავადაც ვერ იჯერებს, – ეს რიცხვი არ უჩვენებს, სწორად რამდენ


კითხვას უპასუხე; ეს ნიშნავს, რომ საერთო პოპულაციასთან შედარებით...

– ვიცი, რასაც ნიშნავს, – ზერელედ შევაწყვეტინე, – სკოლაში რომ შეგვამოწმეს, სამოცდამეათე


პროცენტილში ვიყავი, – ოთხმოცდამეცხრამეტე პროცენტილი. საკუთარ თავს ვუღრმავდები და
ვცდილობ, რაიმე ნიშანი ვიპოვო. ნეტავ რას უნდა ვგრძნობდე?

მაგიდაზე ჯდება და ისევ ამობეჭდილ შედეგებს ჩასცქერის.

– კოლეჯში არასდროს გისწავლია, ხომ?

ყურადღება ექიმზე გადამაქვს.

– ვსწავლობდი, მაგრამ დასრულებამდე შევეშვი. განათლების შესახებ ჩემი წარმოდგენები


პროფესორებისას არ ემთხვეოდა.

– გასაგებია, – ალბათ ჩემი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ გამომრიცხეს, – რაც უნდა იყოს,
აშკარაა, რომ უდიდესი პროგრესი გაქვს. მცირე გაუმჯობესება შეიძლება ასაკთან ერთად
მოსულიყო, მაგრამ ძირითადი ნაწილი K ჰორმონის თერაპიის შედეგი უნდა იყოს.

– გვერდითი ეფექტიც ასეთი უნდა.

– მოიცა, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდები. ტესტის შედეგები იმის პროგნოზირების საშუალებას


არ იძლევა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი რამდენად კარგად გამოგივა, – სანამ ექიმი ჰუპერი
არ მიყურებს, თვალებს ზემოთ ვატრიალებ. რაღაც გასაოცარი ხდება, ის კი გაცვეთილი
ჭეშმარიტების მეტს ვერაფერს მეუბნება, – დამატებით რამდენიმე ტესტის ჩატარება მინდა.
შეგიძლია, ხვალ გამოიარო?
***

ჰოლოგრაფის რეტუშირებაში ვარ გართული, როცა ტელეფონი რეკავს. ტელეფონსა და


კონსოლს შორის არჩევანის გაკეთებისას ვორჭოფობ, შემდეგ ჭოჭმანით ტელეფონისკენ
ვიხრები. ჩვეულებრივ, მონტაჟის პროცესში ზარებს ავტომოპასუხეს შევატოვებ ხოლმე, მაგრამ
ახლა ხალხს უნდა გავაგებინო, რომ სამუშაოს დავუბრუნდი. საავადმყოფოში წოლის პერიოდში
ბლომად სამუშაო დავკარგე – შტატგარეშე მუშაობის ერთ-ერთი რისკი. ტელეფონს ვეხები და
ვამბობ:

– "გრეკო ჰოლოგრაფიკსი", ლეონ გრეკო გესაუბრებათ.

32
– სალამი, ლეონ, ჯერი ვარ.

– გამარჯობა, ჯერი. რა ხდება? – ჯერ კიდევ ეკრანზე გამოსახულ სურათს, ერთმანეთში ჩამჯდარ
სპირალურ კბილანებს ვაკვირდები. ურთიერთთანამშრომლური მოქმედების გაცვეთილი
მეტაფორაა, მაგრამ კლიენტს თავისი რეკლამისთვის ზუსტად ეს უნდოდა.

– დღეს ფილმის ნახვა არ გინდა? მე, სიუ და ტორი "მეტალის თვალებზე" წასვლას ვაპირებთ.

– ამ საღამოს? ეჰ, არ შემიძლია. ამაღამ "ჰანინგ ფლეიჰაუსში" ერთი ქალი-მსახიობის შოუს


ბოლო წარმოდგენაა, – კბილანის კბილები დაფხაჭნილია და დაზეთილს ჰგავს. თითოეულ
ზედაპირს კურსორით ვნიშნავ და კლავიატურაზე გამოსახულების შესასწორებელ პარამეტრებს
ვკრეფ.

– რა წარმოდგენაა?

– "სიმპლექტიკი" ჰქვია. გარითმული მონოლოგია, – ახლა განათებას ვარეგულირებ და


კბილების ერთმანეთთან ჩაჭდობის ადგილას ჩრდილებს ვაცილებ, – გინდა, წამოხვიდე?

– რაღაც შექსპირისეული სოლილოკვიუმია?(დრამაში გამოყენებული ტექნიკა, როდესაც


პერსონაჟი საკუთარ თავს ელაპარაკება და თავის ფიქრებსა და ემოციებს ხმამაღლა აღწერს.)

ზედმეტი მომივიდა. ასეთი განათებით გარე კიდეები მეტისმეტად იკაშკაშებს. არეკლილი


სინათლის ინტენსივობის ზედა ზღვარს ვუთითებ.

– არა, ცნობიერების ნაკადის ნიმუშია და ოთხ განსხვავებულ წყობაშია დაწერილი, იამბიკო


მათგან მხოლოდ ერთ-ერთია. კრიტიკოსებმა ამ წარმოდგენას "tour de force"(ფრანგული
ფრაზეოლოგიზმი, აღნიშნავს უმაღლეს ოსტატობას, სანიმუშოობას.) უწოდეს.

– არ ვიცოდი, პოეზია ასე თუ გიყვარდა.

რიცხვების კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ კომპიუტერს შუქჩრდილების ხელახლა


გამოთვლას ვაცდი.

– ჩვეულებრივ, არ მიყვარს, მაგრამ ეს მართლა საინტერესო ჩანდა. შენ რას ფიქრობ?

– გმადლობ, მაგრამ მგონი ისევ ფილმს ავირჩევთ.

– კი ბატონო. კარგად გაერთეთ. იქნებ შემდეგ კვირაში შევიკრიბოთ, – ერთმანეთს


ვემშვიდობებით, ტელეფონს ვთიშავ და ველოდები, კომპიუტერი გამოთვლას როდის
დაასრულებს.

33
უცებ ვიაზრებ, რაც მოხდა. სერიოზული სამონტაჟო სამუშაოს შესრულება ტელეფონზე
ლაპარაკის პარალელურად არასდროს შემეძლო, მაგრამ ამჯერად საერთოდ არ გამჭირვებია,
გონება ორივე საქმეზე ერთდროულად მიმეპყრო.

ნუთუ სიურპრიზები არასდროს დამთავრდება? როდესაც კოშმარები შეწყდა და დამშვიდება


შევძელი, პირველი, რაც შევამჩნიე, კითხვისა და გააზრების სიჩქარის ზრდა იყო. თაროზე
შემოწყობილი იმ წიგნების წაკითხვაც კი შევძელი, რომელთა დაწყებაც ყოველთვის მინდოდა,
მაგრამ დროს ვერასდროს ვპოულობდი. უფრო რთულ, ტექნიკურ მასალაზეც იგივე ხდებოდა.
ადრე, კოლეჯში, შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ რაც მაინტერესებდა, ყველაფრის სწავლა არ
შემეძლო. ახლა კი ძალიან მამხიარულებს იმაზე ფიქრი, რომ მგონი, უკვე შემიძლია; რამდენიმე
დღის წინ სიხარულით ვიყიდე ერთი იღლია წიგნები.

ისიც აღმოვაჩინე, რომ ერთდროულად ორ საქმეზე კონცენტრირებასაც ვახერხებ; ასეთ რამეს


ვერასდროს წარმოვიდგენდი. სამუშაო მაგიდასთან ვდგები და ისე ხმამაღლა ვღრიალებ,
თითქოს ჩემმა საყვარელმა ბეისბოლის გუნდმა თრიფლ ფლეითი გამაოცა. ზუსტად ასეთი
შეგრძნება მაქვს.

***

ჩემი შემთხვევა მთავარმა ნევროლოგმა, ექიმმა შიმ გადაიბარა. ალბათ უნდა, რომ თავის
დამსახურებებად მიიწეროს. ამ კაცს ნორმალურად არც ვიცნობ, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს
წლებია, მისი პაციენტი ვარ.

დასალაპარაკებლად თავის კაბინეტში მისვლა მთხოვა. თითებს ერთმანეთს აჭდობს და


იდაყვებით სამუშაო მაგიდას ეყრდნობა.

– გონებრივი შესაძლებლობების გაზრდის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?

რა უაზრო კითხვაა.

– ძალიან კმაყოფილი ვარ.

– კარგია, – ამბობს ექიმი ში, – ჯერჯერობით კ ჰორმონის თერაპიის გვერდითი ეფექტი არ


აღმოგვიჩენია. უბედური შემთხვევით გამოწვეული ტვინის დაზიანებისთვის არანაირი
მკურნალობა აღარ გჭირდება, – თავს ვუქნევ, – თუმცა, გონებრივ შესაძლებლობებზე ჰორმონის
ეფექტის უკეთ შესასწავლად კვლევას ვატარებთ. თუ სურვილი გაქვს, გვინდა ჰორმონის კიდევ
ერთი ინიექცია გაგიკეთოთ და შედეგებს დავაკვირდეთ.

ჩემს ყურადღებას მყისვე იქცევს. როგორც იქნა, რაღაც ისეთი თქვა, რის მოსმენაც ღირს.

34
– თანახმა ვარ.

– ხომ გესმის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კვლევის მიზნებისთვისაა და არა -


მკურნალობისთვის? შეიძლება, შენი გონებრივი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდით
იხეირო, თუმცა, სამედიცინო კუთხით, შენი ჯანმრთელობისთვის ეს საერთოდ აღარაა საჭირო.

– მესმის. როგორც ვხვდები, თანხმობის ფორმას უნდა მოვაწერო ხელი.

– დიახ. კვლევაში მონაწილეობისთვის გარკვეული კომპენსაციაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, –


რიცხვს ასახელებს, მაგრამ ყურადღებით არც კი ვუსმენ.

– საკმარისი იქნება, – იმაზე ვფიქრობ, სადამდე შეიძლება მივიდე და სიამოვნებისგან


მაჟრჟოლებს.

– ასევე გვინდა, რომ ხელი კონფიდენციალურობის შეთანხმებასაც მოაწერო. აშკარაა, რომ ეს


წამალი აღმაფრთოვანებელ შედეგებს იძლევა, მაგრამ არ გვინდა, რაიმე განცხადება
ნაადრევად გაკეთდეს.

– რა თქმა უნდა, ექიმო ში. აქამდე თუ მიუღია ვინმეს დამატებითი ინექციები?

– რა თქმა უნდა; საცდელი ვირთხასავით კი არ გცდით. გარწმუნებ, არანაირი მავნე გვერდითი


ეფექტი არ გამოვლენილა.

– რა სახის ეფექტები განვითარდა?

– ჯობს, შენს გონებაში მოლოდინები არ ჩავნერგოთ: შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ის


სიმპტომები გაქვს, რომლებსაც მე ვახსენებ.

"ექიმმა უკეთ იცის" სტანდარტულ პოზაში ში თავს კომფორტულად გრძნობს. უკან არ ვიხევ.

– ის მაინც თუ შეგიძლიათ მითხრათ, მათი გონებრივი შესაძლებლობები რამდენად


გაუმჯობესდა?

– ყველა ინდივიდი განსხვავებულია. სხვების გამოცდილებამ შენს მოლოდინზე გავლენა არ


უნდა მოახდინოს.

უკმაყოფილებას ვმალავ.

– ძალიან კარგი, ექიმო.

35
***

თუ შის არ უნდა, რომ K ჰორმონზე რამე მითხრას, თავად გავარკვევ. ჩემი სახლის
ტერმინალიდან ქსელში შევდივარ. FDA (Food and Drug Adminstration – აშშ-ის საკვებისა და
წამლის ადმინისტრაცია. მარეგულირებელი ორგანო, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა
სამკურნალო მედიკამენტების გამოყენებაზე ნებართვის გაცემა.)-ის საჯარო ბაზას ვხსნი და
მათი ამჟამინდელი ასმ-ების, ანუ ახალი საკვლევი მედიკამენტების შესახებ იმ განაცხადებს
ვათვალიერებ, რომლებმაც ადამიანებზე ცდების დაწყებამდე FDA -ის ნებართვა უნდა მიიღოს.

K ჰორმონის შესახებ განაცხადი "სორენსენ ფარმასეუტიკალსს" შეუტანია, კომპანიას, რომელიც


ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონების რეგენერაციის მასტიმულირებელი სინთეზური
ჰორმონების კვლევებზე მუშაობს. უჟანგბადოდ დატოვებულ ძაღლებსა და ბაბუინებში
ჩატარებული ცდების შედეგებს თვალს ვავლებ: ყველა ცხოველი სრულად გამოჯანმრთელდა.
გამოვლინდა დაბალი ტოქსიკურობა, ხანგრძლივმა დაკვირვებამ კი რაიმე გვერდითი ეფექტი
არ გამოავლინა.

ტვინის ქერქის ნიმუშების შესწავლით საკამათო შედეგები მიიღეს. ტვინდაზიანებულ


ცხოველებს უფრო მრავალდენდრიტიანი(დენდრიტი – ნერვული უჯრედის, ნეირონის მორჩი,
რომლითაც ის სხვა ნეირონებს უკავშირდება.) ნეირონები გაეზარდათ, მაგრამ წამლის
ჯანმრთელ რეციპიენტებში ცვლილებები არ განვითარებულა. მკვლევრების დასკვნა: K
ჰორმონი მხოლოდ დაზიანებული ნეირონების ჩანაცვლებას იწვევს და არა ჯანმრთელებისას.
ტვინდაზიანებულ ცხოველებში ახალი დენდრიტები უვნებელი ჩანდა – PET(PET –
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, ადამიანის შინაგანი ორგანოების გამოკვლევის ერთ-
ერთი მეთოდი.) სკანირებამ ტვინის მეტაბოლიზმის რაიმე ცვლილება არ გამოავლინა და
გონებრივი შესაძლებლობების ტესტზე ცხოველთა შედეგები არ შეცვლილა.

ადამიანებში კვლევის ჩატარებისთვის შემუშავებულ განაცხადში "სორენსენის" მკვლევარები


წარადგენდნენ პროტოკოლებს, რომელთა მიხედვითაც წამალი ჯერ ჯანმრთელ პირებში უნდა
გამოეცადათ, შემდეგ კი რამდენიმე ტიპის პაციენტებში: ინსულტგადატანილ ადამიანებში,
ალცჰაიმერით დაავადებულებში და იმ პირებში – ჩემნაირებში – რომლებიც მყარ ვეგეტატიურ
მდგომარეობაში(მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა – თავის ტვინის ძლიერი დაზიანებით
გამოწვეული ქრონიკული უგონო მდგომარეობა.) იმყოფებოდნენ. ამ კვლევების პროგრესის
ანგარიშებთან წვდომა არ მაქვს – მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ვინაობა ანონიმურია, ამ
ჩანაწერების შემოწმების ნებართვა მხოლოდ კვლევაში მონაწილე ექიმებს აქვთ.

ცხოველების კვლევები ადამიანებში გონებრივი შესაძლებლობების გაზრდას ნათელს ვერ


ჰფენს. ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ გონებრივ შესაძლებლობებზე გავლენა ჰორმონის მიერ
ჩანაცვლებული ნეირონების რაოდენობის პროპორციულია, რაც, თავის მხრივ, თავდაპირველი
დაზიანების მოცულობაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ღრმა კომაში მყოფ პაციენტებში
ყველაზე დიდი გაუმჯობესება უნდა განვითარდეს. რასაკვირველია, ამ თეორიის
დასამტკიცებლად სხვა პაციენტების პროგრესის ნახვა მჭირდება. მოცდა მომიწევს.

36
შემდეგი შეკითხვა: არსებობს პლატო, თუ ჰორმონის ყოველი შემდეგი დოზა შემდგომ
გაუმჯობესებას იწვევს? ამ კითხვაზე პასუხს ექიმებზე ადრე მე შევიტყობ.

***

არ ვნერვიულობ. უფრო მეტიც, თავს საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობ. პირქვე ვწევარ და


ძალიან ნელა ვსუნთქავ. ზურგს ვერ ვგრძნობ. ადგილობრივი ანესთეზია გამიკეთეს და შემდეგ
ხერხემალში კ ჰორმონის ინიექცია შემიშვეს. ინტრავენური არ იმუშავებდა, რადგან ჰორმონი
ჰემატოენცეფალურ ბარიერს(ბარიერი სისხლსა და ტვინის ქსოვილებს შორის.) ვერ გადის.
პირველი ასეთი ინიექციაა, რაც მახსოვს, თუმცა მეუბნებიან, რომ ადრე ორი ასეთივე უკვე
გამიკეთეს: პირველის დროს ჯერ კიდევ კომაში ვიყავი, მეორის დროს კი, მართალია, კომა უკვე
დაძლეული მქონდა, მაგრამ კოგნიტური უნარები ჯერ არ დამბრუნებოდა.

***

კვლავ კოშმარები. ყველა მათგანი ძალადობრივი არაა, მაგრამ ყველაზე უცნაური,


გამაოგნებელი სიზმრებია, რაც კი ოდესმე მინახავს. ზოგჯერ მათში ვერაფერს ვცნობ. ხშირად
ყვირილით ვიღვიძებ და საწოლში ვფართხალებ. მაგრამ ამჯერად ის მაინც ვიცი, რომ გაივლის.

***

ამჟამად საავადმყოფოში რამდენიმე ფსიქოლოგი მაკვირდება. საინტერესო სანახავია, როგორ


შეისწავლიან ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს. ერთი ექიმი ჩემს უნარებს ცალკეულ
კომპონენტებად აღიქვამს, როგორიცაა დასწავლა, შენარჩუნება, გამოყენება და გადაცემა.
მეორე ექიმი მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების, ლინგვისტური კომუნიკაციისა და
სივრცული ვიზუალიზაციის კუთხით მაკვირდება.

ამ სპეციალისტების შემხედვარე ჩემი კოლეჯის წლები მახსენდება: ყველა მათგანს თავისი


ფავორიტი თეორია აქვს და ცდილობს მტკიცებულებები ამ თეორიას მოარგოს. ახლა კიდევ

37
უფრო ნაკლებად მჯერა მათი, ვიდრე – მაშინ; ისევ ვერაფერს მასწავლიან. ჩემი შედეგების
ანალიზისთვის მათი არც ერთი კატეგორიზაცია არ გამოდგება, რადგან – ამის უარყოფას აზრი
აღარ აქვს – ყველაფერში თანაბრად ძლიერი ვარ.

შემიძლია განტოლებების ახალი კლასი, რომელიმე უცხო ენის გრამატიკა ან ძრავის მუშაობის
პრინციპი შევისწავლო; ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ერთმანეთს ერგება, გონების ყველა
ნაწილი ერთმანეთთან მოხდენილად თანამშრომლობს. არც ერთ შემთხვევაში არ მჭირდება
წესების დაზეპირება და შემდეგ მათი მექანიკურად გამოყენება. უბრალოდ, სისტემის ქცევას
ერთიანად აღვიქვამ, როგორც ერთი მთლიანის. რა თქმა უნდა, ყველა დეტალსა და ცალკეულ
ნაბიჯშიც ვერკვევი, მაგრამ მათ იმდენად მცირე კონცენტრაცია სჭირდება, რომ თითქმის
ყველაფერს თავისთავად ვხვდები.

***

კომპიუტერული უსაფრთხოების გადალახვა მოსაწყენი საქმეა; უკვე მესმის, რატომაა


მიმზიდველი ეს საქმიანობა მათთვის, ვისაც საკუთარი სიჭკვიანის გამოწვევის წინაშე თავის
შეკავება უჭირს, თუმცა ამ საქმიანობას ინტელექტუალურად ესთეტიკურს ნამდვილად ვერ
ვუწოდებ. დაახლოებით იგივეა, ჩაკეტილი სახლის ყველა კარს რომ ჩამოუარო და საკეტებს
დაეჯაჯგურო, სანამ არასწორად დამონტაჟებულს არ მიაგნებ. სასარგებლო ქმედებაა, მაგრამ
არც ისე საინტერესო.

FDA -ის დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევა ადვილი აღმოჩნდა. საავადმყოფოს ერთ-ერთ იმ
კედლის ტერმინალს წავეთამაშე, რომელშიც ვიზიტორებისთვის საინფორმაციო პროგრამაა
გაშვებული და რუკებსა და პერსონალის ცნობარს აჩვენებს. პროგრამიდან სისტემურ დონეზე
შევაღწიე და სატყუარა პროგრამა ჩავწერე, რომელიც მომხმარებლის შესვლის ფანჯრის
იმიტაციას წარმოადგენდა. ტერმინალი ასეთ მდგომარეობაში დავტოვე. საბოლოოდ თავისი
რომელიღაც ფაილის შესამოწმებლად ერთ-ერთმა ჩემმა ექიმმა შემოიარა. სატყუარამ მისი
პაროლი უარყო და შემდეგ ნამდვილი შესასვლელი ფანჯარა გახსნა. ექიმმა შესვლა ხელახლა
სცადა და ამჯერად წარმატებას მიაღწია, მაგრამ მისი პაროლი ჩემს სატყუარაში დარჩა.

ექიმის ანგარიშით უკვე FDA -ს პაციენტების მონაცემთა ბაზასთან წვდომა მაქვს. I ფაზის
კვლევებით, ჯანმრთელ მოხალისეებში, ჰორმონმა ეფექტი არ გამოავლინა. ამჟამად მიმდინარე
II ფაზის კვლევები უკვე სულ სხვა საქმეა. აქ თავმოყრილია ყოველკვირეული ანგარიშები
ოთხმოცდაორი პაციენტისა, რომელთაგან თითოეულს საიდენტიფიკაციო კოდი აქვს
მინიჭებული და რომელთა უმეტესობა ინსულტის ან ალცჰაიმერის მსხვერპლია, რამდენიმე
კომის შემთხვევაცაა. უკანასკნელი ანგარიშები ჩემს ვარაუდს ამყარებს: ტვინის უფრო ძლიერი
დაზიანების მქონე პაციენტებში გონებრივი შესაძლებლობები ყველაზე მეტად იზრდება. PET
სკანირება ტვინის მომატებულ მეტაბოლიზმს აჩვენებს.

38
ცხოველების კვლევებში რატომ არ გამოვლინდა მსგავსი პრეცედენტი? ვფიქრობ
ანალოგიისთვის კრიტიკული მასის კონცეფცია გამოდგება. ცხოველები სინაფსების(სინაფსი –
ნეირონის შეერთების ადგილი მეორე ნეირონთან, კუნთთან ან სხვა ქსოვილთან, სადაც ხდება
იმპულსის გადაცემა.) რაოდენობით გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ დგანან. მათი
ტვინები მხოლოდ მინიმალურ აბსტრაქციას უზრუნველყოფს და დამატებითი სინაფსებისგან
ვერანაირ სარგებელს ნახულობენ. ადამიანები ამ კრიტიკულ მასას აჭარბებენ. მათი ტვინები
სრულყოფილ თვითშემეცნებას უზრუნველყოფს და – როგორც ეს ჩანაწერები მიუთითებს –
ახალი სინაფსების შესაძლებლობებს სრულად იყენებენ.

ყველაზე საინტერესო იმ ახალდაწყებული კვლევების ჩანაწერებია, რომლებიც რამდენიმე


მოხალისე პაციენტზე ტარდება. ჰორმონის დამატებითი ინექციები ნამდვილად იწვევს
გონებრივი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას, მაგრამ ეფექტი ამ შემთხვევაშიც საწყისი
დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. მცირე ინსულტგადატანილი პაციენტები გენიოსის
დონესაც კი ვერ აღწევენ, მძიმე დაზიანების მქონენი კი კიდევ უფრო შორს მიდიან.
ღრმა კომის მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან ჯერჯერობით მე ერთადერთი ვარ,
რომელმაც მესამე ინიექცია მიიღო. აქამდე შესწავლილ ნებისმიერ პაციენტზე მეტი ახალი
სინაფსი შევიძინე; ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება შეკითხვა, თუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს
ჩემი გონებრივი შესაძლებლობები. როცა ამაზე ვფიქრობ, გულს ბაგაბუგი გაუდის.

***

კვირა კვირას მისდევს და ექიმებთან თამაში სულ უფრო გულის გამაწვრილებელი ხდება. ისე
მექცევიან, თითქოს ვიღაც გამოშტერებული სავანტი ვიყო: პაციენტი, რომელიც მაღალი
გონებრივი განვითარების ნიშნებს ავლენს, მაგრამ მაინც პაციენტია. ნევროლოგებისთვის
მხოლოდ PET სკანირების გამოსახულებების წყარო და, შიგადაშიგ, თავზურგტვინის სითხის
სინჯარა ვარ. ფსიქოლოგებს შესაძლებლობა აქვთ, ინტერვიუების წყალობით ჩემი ფიქრების
შესახებ მეტი შეიტყონ, მაგრამ ჩემზე მაინც ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორც ადამიანზე,
რომელსაც რაღაც რიგზე ვერ აქვს, ჩვეულებრივ კაცზე, რომელსაც თავისი განსაკუთრებული
ნიჭის დაფასება არ შეუძლია.

არადა, სინამდვილეში, თავად ექიმები ვერ აფასებენ სწორად იმას, რაც ხდება.
დარწმუნებულები არიან, რომ რეალურ ცხოვრებაში გონებრივი სამუშაოს გაძლიერება
მედიკამენტით შეუძლებელია და ჩემი შესაძლებლობები მხოლოდ გონებრივი უნარების
კვლევის შედეგების გასაზომი ხელოვნური სახაზავით ფასდება; მთელ თავის დროს ამ
კვლევებს ახარჯავენ. თუმცა, სახაზავი ჩემი მდგომარეობისთვის არა მხოლოდ არაბუნებრივი
საზომია, არამედ შეუფერებლად მოკლეცაა: ჩემი მუდმივად სრულყოფილი შედეგები მათ
არაფერს ეუბნება, რადგან შედარების საშუალება არ აქვთ – ზარის ფორმის მრუდზე ასეთ
კიდურა წერტილში არავის მოუღწევია.

39
რასაკვირველია, ტესტების შედეგები რეალური ცვლილებების მხოლოდ ჩრდილს აჩვენებს.
ნეტავ შეეძლოთ ექიმებს იმის შეგრძნება, რაც ჩემს თავში ხდება: რამდენ ისეთ რამეს
შევიმეცნებ ახლა, რაც ადრე ჩემი გონების მიღმა რჩებოდა, და რამდენნაირად შემიძლია ამ
ახალი ინფორმაციის გამოყენება. ჩემი გონებრივი შესაძლებლობები ლაბორატორიული
ფენომენისგან ძალზე შორს დგას – ის პრაქტიკული და გამოყენებითია. ჩემი თითქმის
სრულყოფილი გახსენებისა და კორელაციების დამყარების უნარის წყალობით შემიძლია
სიტუაცია მყისიერად შევაფასო და ჩემი მიზნებისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი
მოქმედებათა მსვლელობა ავარჩიო; არასდროს ვორჭოფობ. ჩემთვის გამოწვევას მხოლოდ
თეორიული საკითხები წარმოადგენს.

***

რასაც არ უნდა შევისწავლიდე, ყველაფერში კანონზომიერებებს ვამჩნევ. მე


გეშტალტს(გეშტალტი (გერმ. Gestalt – პიროვნება, ხატი, ფორმა) – ფსიქოლოგიაში ერთიანი
ფორმა, სტრუქტურა, რომელიც არ დაიყვანება მის შემადგენელ კომპონენტებზე. ) აღვიქვამ,
მელოდიასა და ნოტებს ვხედავ ყველაფერში: მათემატიკასა და მეცნიერებაში, ხელოვნებასა და
მუსიკაში, ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში. ტექსტების კითხვისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,
როგორ დახტიან ავტორები ერთი აზრიდან მეორეზე და იმ კავშირებს ეპოტინებიან,
რომლებსაც ვერ ხედავენ. იმ ბრბოს ჰგვანან, რომელიც მუსიკის წაკითხვის უნარს მოკლებულია,
ბახის სონატას მისჩერებია და ცდილობს ახსნას, როგორ გადადის ერთი ნოტი მეორეში.

თავადაც დიდებული ეს კანონზომიერებები კიდევ უფრო მეტის შეცნობის მადას აღმიძრავს.


სხვა თარგებიც მელოდებიან, როდის აღმოვაჩენ, სულ სხვა მასშტაბის გეშტალტები. ამ
დანარჩენების მიმართ ჯერ მე თვითონაც ბრმა ვარ, მათთან შედარებით ჩემი ყველა სონატა
მონაცემთა იზოლირებული წერტილებია. ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს, რა ფორმა
შეიძლება ამ გეშტალტებს ჰქონდეთ, მაგრამ თანდათან გავარკვევ. მათი პოვნა და გააზრება
მსურს. ასე ძალიან არასდროს არაფერი მნდომებია.

***

მოწვეულ ექიმს კლაუსენი ჰქვია და დანარჩენი ექიმებივით არ იქცევა. ამ კაცის მანერებით თუ


ვიმსჯელებთ, პაციენტებთან კეთილგანწყობილი ადამიანის ნიღბის მორგებას უნდა იყოს
მიჩვეული, თუმცა დღეს თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს. ჰაერს მეგობრული

40
საუბრით არხევს, მაგრამ დანარჩენი ექიმებივით უზადოდ გულგრილი ხმით მეტყველება არ
გამოსდის.

– ლეონ, ეს ტესტი შემდეგნაირად ტარდება: სხვადასხვა სიტუაციის რამდენიმე აღწერას


წაიკითხავ, რომელთაგან თითოეული რაღაც პრობლემას ეხება. ყოველი მათგანის შემდეგ უნდა
მითხრა, თავად შენ ამ პრობლემას როგორ გადაჭრიდი.

თავს ვუქნევ.

– ასეთი ტესტი აქამდეც გამივლია.

– შესანიშნავია, შესანიშნავი, – რაღაც ბრძანებას კრეფს და ჩემ წინ ეკრანი ტექსტით ივსება.
სცენარს ვკითხულობ: პრობლემა დაგეგმვასა და პრიორიტეტების დალაგებას ეხება.
რეალისტური სიტუაციაა, რაც უჩვეულოა; ასეთი ტესტის შედეგი მკვლევრების უმეტესობის
გემოვნებისთვის მეტისმეტად პირობითია. პასუხის გაცემას განზრახ მცირედით ვაყოვნებ,
თუმცა კლაუსენი ჩემი სისწრაფით მაინც გაოცებულია.

– ძალიან კარგია, ლეონ, – კომპიუტერზე კლავიშს აჭერს, – აბა, ეს სცადე.

დანარჩენ სცენარებზე გადავდივართ. სანამ მეოთხეს ვკითხულობ, კლაუსენი დიდი


სიფრთხილით ცდილობს, პროფესიონალური დისტანცია დაიჭიროს. ამ პრობლემის ჩემეული
გადაჭრის გზა ექიმის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუმცა, ცდილობს, ეს არ
მაგრძნობინოს. სცენარი საოფისე პოლიტიკასა და დაწინაურებისთვის გაჩაღებულ დაუნდობელ
კონკურენციას ეხება.

უცებ ვხვდები, ვინცაა კლაუსენი: მთავრობის წარმომადგენელი ფსიქოლოგია, ალბათ


სამხედროებთან მუშაობს, სავარაუდოდ CIA(ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტო.)-ის კვლევისა და განვითარების სამსახურში. ამ ტესტმა უნდა
შეამოწმოს, რამდენად შეუძლია K ჰორმონს სტრატეგების წარმოება. ჩემთან თავს
კომფორტულად ამიტომ ვერ გრძნობს: ჯარისკაცებთან და სამთავრობო მოხელეებთან
მუშაობასაა შეჩვეული, ანუ იმ ადამიანებთან, რომელთა საქმეც ბრძანებების შესრულებაა.

სავარაუდოდ, CIA-ს სურს, კიდევ უფრო მეტი ცდა ჩაატაროს ჩემზე; შეიძლება სხვა პაციენტებზეც
იმავეს აკეთებენ, გააჩნია ვის როგორი შედეგები აქვს. ამის შემდეგ თავისი რიგებიდან
მოხალისეებს აარჩევენ, მათ ტვინებს ჟანგბადოვან შიმშილს მოუწყობენ და შემდეგ K
ჰორმონით უმკურნალებენ. რასაკვირველია, არ მინდა, სადაზვერვო სააგენტოს რესურსი
გავხდე, მაგრამ მათი ინტერესის აღსაძრავად უკვე საკმარისი შესაძლებლობები გამოვავლინე.
ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემი უნარები შევნიღბო და ამ კითხვას არასწორად ვუპასუხო.

პასუხად უხეირო გამოსავალს ვთავაზობ და კლაუსენი იმედგაცრუებული ჩანს. ამის


მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ. სცენარებზე ახლა უკვე მეტ დროს ვხარჯავ და უფრო სუსტად
ვპასუხობ. უვნებელ შეკითხვებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნებია შერეული: ერთი მტრულ
კორპორაციულ გადატრიალებას ეხება, სხვა – ქვანახშირის სადგურის მშენებლობის
საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზებას. ყველა ასეთ შეკითხვას არასწორად ვპასუხობ.

41
ტესტის დასრულების შემდეგ კლაუსენი მათავისუფლებს; უკვე რეკომენდაციების
ჩამოყალიბებას ცდილობს. ჩემი ნამდვილი უნარები რომ მეჩვენებინა, სადაზვერვო სააგენტო
დაუყოვნებლივ ამიყვანდა. არაერთგვაროვანი შედეგები მათ სურვილს შეასუსტებს, მაგრამ
საბოლოოდ აზრს მაინც არ შეიცვლიან; პოტენციური სარგებელი იმდენად დიდია, რომ K
ჰორმონზე თვალს ვერ დახუჭავენ.

ჩემი მდგომარეობა სრულიად შეიცვალა; როდესაც CIA ცდის ობიექტად ჩემს შენარჩუნებას
გადაწყვეტს, თანხმობა მხოლოდ ფორმალობა იქნება. გეგმები უნდა დავსახო.

***

ოთხი დღე გავიდა. ში გაკვირვებული მეკითხება:

– კვლევიდან გასვლა გინდა?

– დიახ, დაუყოვნებლივ. მუშაობას ვუბრუნდები.

– თუ კომპენსაციაზეა საქმე, დარწმუნებული ვარ რამეს...

– არა, ფული არაფერ შუაშია. უბრალოდ, ამდენი ტესტი მეყოფა.

– ვიცი, გარკვეული ხნის შემდეგ ეს ტესტები დამღლელი ხდება, მაგრამ უამრავ რამეს
ვსწავლობთ და შენს მონაწილეობას ძალზე ვაფასებთ, ლეონ. ეს არ არის უბრალოდ...

– ვიცი, რამდენს სწავლობთ ამ ტესტებით. ჩემს გადაწყვეტილებას ეს ვერ შეცვლის –


გაგრძელება არ მინდა.

ში ისევ ხმის ამოღებას აპირებს, მაგრამ ვაწყვეტინებ:

– ვიცი, რომ კონფიდენციალურობის შეთანხმება ძალაშია. თუ გინდათ, რომ კიდევ რაიმე


ხელმოწერით დავადასტურო, დოკუმენტი გამომიგზავნეთ, – ვდგები და კარისკენ მივდივარ, –
მშვიდობით, ექიმო ში.

***

42
ში ორი დღის შემდეგ მირეკავს.

– ლეონ, გამოკვლევებისთვის უნდა მოხვიდე. სულ ახლახან მაცნობეს: სხვა საავადმყოფოში K


ჰორმონით ნამკურნალებ პაციენტებში გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

იტყუება; ასეთ რამეს ტელეფონით არასდროს მეტყოდა.

– რა ტიპის გვერდითი ეფექტები?

– მხედველობის დაკარგვა. მხედველობის ნერვის ზომის მკვეთრი მომატება განვითარდა, რასაც


მხედველობის გაუარესება მოჰყვა.
CIA დაავალებდა მას შემდეგ, რაც კვლევიდან ჩემი წამოსვლის ამბავს გაიგებდნენ.
საავადმყოფოში დაბრუნებისთანავე ში გონებრივად ქმედუუნაროდ გამომაცხადებს და
მზრუნველობის ქვეშ დამტოვებს. შემდეგ სახელმწიფო კვლევით დაწესებულებაში
გადამიყვანენ.

ხმაში განგაშშეპარული ვპასუხობ:

– ახლავე წამოვალ.

– კარგი, – ში კმაყოფილია, რომ ადვილად დამარწმუნა, – შეგვიძლია, მოსვლისთანავე


გამოგიკვლიოთ.

ტელეფონის გათიშვისთანავე ტერმინალთან მივდივარ და FDA -ის მონაცემთა ბაზაში უახლეს


ინფორმაციას ვამოწმებ. არსადაა ნახსენები არც მხედველობის ნერვის და არც რაიმე სხვა
გვერდითი მოვლენა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში გვერდითი ეფექტის განვითარების
შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ თუ რამე ასეთი მოხდა, თავად აღმოვაჩენ.

ბოსტონიდან წასვლის დროა. ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. საბანკო ანგარიშებს წასვლის შემდეგ
დავაცარიელებ. ჩემი სტუდიის აღჭურვილობის გაყიდვა კიდევ უფრო ბევრ ფულს მომიტანდა,
მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი იმდენად დიდია, რომ ტრანსპორტირება გაჭირდება; მხოლოდ
რამდენიმე პატარა ნივთი მიმაქვს. მზადებაში უკვე რამდენიმე საათია გასული, როცა
ტელეფონი ისევ რეკავს – შის აინტერესებს, სად ვარ. ამჯერად ავტომოპასუხეს ვაცდი, ზარი
მიიღოს.

– ლეონ, მანდ ხარ? ექიმი ში ვარ. უკვე კარგა ხანია, გელოდებით.

ერთხელაც დარეკავს, შემდეგ კი ჩემ წასაყვანად თეთრხალათიან სანიტრებს ან, რაც უფრო
სავარაუდოა, ნამდვილ პოლიციელებს გამოგზავნის.

43
***

რვის ნახევარია. ში ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და ჩემ შესახებ ახალ ამბებს უცდის. გასაღებს
ვატრიალებ და საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულ მანქანას ადგილიდან ვძრავ.
შიმ უკვე ნებისმიერ წამს შეიძლება შეამჩნიოს კონვერტი, რომელიც მისი კაბინეტის კარის ქვეშ
შევაცურე. კონვერტის გახსნისთანავე მიხვდება, რომ ჩემგანაა.

გაუმარჯოს, ექიმო ში.

როგორც ვხვდები, მეძებთ.

ერთ წამს გაოგნდება, მაგრამ გონს მალე მოეგება და დაცვის სამსახურს სასწრაფოდ
დაავალებს, მთელ შენობაში მომძებნონ და ყველა გამავალი მანქანა შეამოწმონ. შემდეგ
წერილის კითხვას განაგრძობს.

შეგიძლიათ ჩემს ბინასთან მომლოდინე სანიტრები უკან გაიწვიოთ; არ მინდა, მათი ძვირფასი
დრო ფუჭად დაიხარჯოს. თუმცა, ალბათ, გადაწყვეტილი გექნებათ, პოლიციას ჩემზე ძებნა
გამოაცხადებინოთ. აქედან გამომდინარე, თავს უფლება მივეცი და სატრანსპორტო
დეპარტამენტის კომპიუტერში ისეთი ვირუსი შევუშვი, რომელიც ჩემი ავტომობილის ნომრის
მოთხოვნის ყოველი მცდელობისას ინფორმაციას შეცვლის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩემი
მანქანის აღწერილობა გადასცეთ, მაგრამ თქვენ ხომ არც კი იცით, როგორ გამოიყურება ის, ხომ
ასეა?! ლეონი

პოლიციას დაურეკავს, რომ პროგრამისტებმა იმ ვირუსზე იმუშაონ. ჩემი წერილის


ამპარტავნული ტონის, ამ წერილის საავადმყოფოში მიტანით გაწეული ზედმეტი რისკისა და იმ
ვირუსის გამჟღავნების გამო, რომელიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა, დაასკვნის,
რომ აღმატებულობის კომპლექსით ვარ შეპყრობილი.

თუმცა, ში შეცდება. ამ ქმედებების მთავარი მიზანი ისაა, რომ პოლიციამ და CIA-მ სათანადოდ
ვერ შემაფასონ, რის შემდეგაც შემიძლია იმედი მქონდეს, რომ ადეკვატურ უსაფრთხოების
ზომებს არ მიიღებენ. სატრანსპორტო დეპარტამენტის კომპიუტერიდან ჩემი ვირუსის
გაწმენდის შემდეგ პოლიციის პროგრამისტები ჩემს პროგრამირების უნარებს შეაფასებენ,
როგორც კარგს, მაგრამ არა – უზადოს, რის შემდეგაც სარეზერვო ბაზებს ჩატვირთავენ ჩემი
ავტომობილის ნამდვილი სალიცენზიო ნომრის საპოვნელად. ეს პროცესი მეორე ვირუსს
გაააქტიურებს, გაცილებით უფრო კომპლექსურს. მეორე ვირუსი აქტიურ მონაცემთა ბაზასაც
შეცვლის და სარეზერვოებსაც. პოლიცია კმაყოფილი იქნება, რომ ჩემი ნამდვილი ნომერი
იპოვეს და მთელ დროს წყლის ნაყვაში გაატარებენ.

ჩემი შემდეგი მიზანია კ ჰორმონის კიდევ ერთი ამპულის მოპოვება. ამ ქმედებით, სამწუხაროდ,
CIA ჩემს რეალურ შესაძლებლობებს კარგად გაიაზრებს. წერილი რომ არ გამეგზავნა, პოლიცია
ჩემს ვირუსს უფრო გვიან აღმოაჩენდა. იმ დროს უკვე მიხვდებოდნენ, რომ ვირუსის

44
განადგურებისას განსაკუთრებით მკაცრი უსაფრთხოების ზომები უნდა მიეღოთ. ამ
შემთხვევაში შეიძლება ჩემი სალიცენზიო ნომერი მათი ჩანაწერებიდან ვეღარც წამეშალა.

ამასობაში სასტუმროში რეგისტრაციას გავდივარ და ოთახის ქსელური ტერმინალიდან


ვმუშაობ.

***

FDA -ის დახურული მონაცემთა ბაზა გავტეხე. კ ჰორმონის კვლევის სუბიექტების მისამართები
და FDA -ის შიდა მიმოწერები ვნახე. კ ჰორმონზე კლინიკური შეზღუდვაა გამოცხადებული:
ჯერჯერობით შემდგომი ცდები აკრძალულია. CIA დაიჟინებდა, რომ სანამ FDA რამეს
გააგრძელებს, ჯერ მე შემიპყრონ და შესაძლო საფრთხე შეაფასონ.

FDA -მ ყველა საავადმყოფოს სთხოვა, არსებული ამპულები კურიერების მეშვეობით


დააბრუნონ. სანამ ამას მოასწრებენ, ერთი ამპულა უნდა ვიშოვო. უახლოესი პაციენტი
პიტსბურგშია. ხვალ, ადრიან დილას დაგეგმილ ფრენაზე ადგილს ვჯავშნი. შემდეგ პიტსბურგის
რუკას ვამოწმებ და კომპანია "პენსილვანია კურიერს" დაუნთაუნის მიდამოებში მდებარე
საინვესტიციო ფირმიდან ამანათის აღებას ვუკვეთავ. ბოლოს სუპერკომპიუტერთან რამდენიმე
საათის გასატარებლად ვრეგისტრირდები.

***

ნაქირავები მანქანა პიტსბურგის ერთ-ერთი ცათამბჯენის კუთხესთან მყავს გაჩერებული.


ქურთუკის ჯიბეში მიკროსქემა და მასთან მიერთებული პატარა კლავიატურა მიდევს. ქუჩას იმ
მხარეს გავყურებ, საიდანაც კურიერი უნდა გამოჩნდეს. ქვეითთა ნახევარი ჰაერის მფილტრავ
თეთრ ნიღბებს ატარებს, მაგრამ ხილვადობა კარგია.

ორი გზაჯვარედინის იქით ახალი მოდელის ფურგონს ვხედავ, რომელსაც გვერდიდან


"პენსილვანია კურიერი" აწერია. მანქანა ძლიერი უსაფრთხოებით ვერ დაიკვეხნის. FDA ჩემ
გამო არც ისე ღელავს. მანქანიდან გადმოვდივარ და ცათამბჯენისკენ მივაბიჯებ. მალე
ფურგონიც მიახლოვდება, ჩერდება და მძღოლი გადმოდის. როგორც კი შენობაში შედის, მე
მანქანაში ვძვრები.

45
საავადმყოფოდან ახლახან წამოვიდა. მძღოლი ახლა შენობის მეორმოცე სართულისკენ
მიემართება. ჰგონია, რომ საინვესტიციო ფირმიდან წამოსაღები ამანათი ელოდება. სულ
მცირე, კიდევ ოთხი წუთი ვერ დაბრუნდება.

ფურგონის იატაკზე დადუღებულია დიდი სეიფი, რომელსაც ფოლადის ორშრიანი კედლები და


კარი აქვს. კარზე პრიალა ფირფიტაა მიმაგრებული. სეიფი მაშინ იღება, როცა მძღოლი ამ
ფირფიტის ზედაპირზე ხელისგულს ადებს. ფირფიტას გვერდით შესაერთებელიც აქვს,
რომელსაც მისი დაპროგრამებისთვის იყენებენ.

წუხელ "ლუკას სექიურითი სისთემზის" მომსახურების მონაცემთა ბაზა გავტეხე. ეს ის


კომპანიაა, რომელიც "პენსილვანია კურიერისთვის" ხელის ანაბეჭდიან საკეტებს ამზადებს.
მონაცემთა ბაზაში დაშიფრული ფაილი ვიპოვე, რომელიც მათი საკეტების გამოსართველ
კოდებს შეიცავს.

უნდა ვაღიარო, რომ კომპიუტერული უსაფრთხოების მიღმა შეღწევა ზოგადად არაესთეტიკური


სამუშაოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პროცესის ზოგიერთი ნაწილი პირდაპირაა
დაკავშირებული მათემატიკის ძალზე საინტერესო პრობლემებთან. მაგალითად, დაშიფვრის
ხშირად გამოყენებული მეთოდის გატეხას სუპერკომპიუტერის რამდენიმეწლიანი შრომა
სჭირდება. თუმცა, რიცხვთა თეორიის ერთ-ერთი მორიგი ჩხრეკისას უკიდურესად დიდი
რიცხვების ფაქტორინგის მოსახერხებელ ტექნიკას მივაკვლიე. ამ ტექნიკის საშუალებით
სუპერკომპიუტერს შიფრის სქემის გატეხა რამდენიმე საათში შეუძლია.

ჯიბიდან მიკროსქემას ვიღებ და კაბელით ფირფიტაში ვაერთებ. თორმეტციფრიან კოდს ვკრეფ


და საცავის კარი ფართოდ იღება.

***

სანამ ამპულითურთ ბოსტონში ვბრუნდები, ქურდობის საპასუხოდ FDA ქსელთან


დაკავშირებული კომპიუტერებიდან ყველა შესაფერის ფაილს შლის – როგორც მოსალოდნელი
იყო.

ამპულასა და პირად ნივთებთან ერთად მანქანით ნიუ-იორკში მივემგზავრები.

***

46
ფულის საშოვნელად ყველაზე იოლი გზა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, აზარტული
თამაშებია. დოღზე ფსონების დადება საკმაოდ მარტივია. შემიძლია ზედმეტი ყურადღების
მიპყრობის გარეშე ზომიერი ოდენობის თანხა მოვიგო და შემდეგ ბირჟაზე დაბანდებით თავი
გავიტანო.

ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე ყველაზე იაფფასიან ბინაში ვჩერდები, მთავარია, რომ


ქსელთანაა მიერთებული. ფულის დასაბანდებლად რამდენიმე ყალბი იდენტობა შევქმენი და
მათ სახელს ხშირად შევცვლი. გარკვეულ დროს უოლ-სტრიტზე გავატარებ, რომ ბროკერების
სხეულის ენაზე დაკვირვებით მოკლევადიანი და მაღალმოგებიანი შესაძლებლობები
გამოვავლინო. კვირაში მხოლოდ ერთხელ წავალ; სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებს უნდა
მივხედო – გეშტალტები ჩემს ყურადღებას ითხოვენ.

***

ჩემი გონების განვითარებასთან ერთად ვითარდება სხეულის კონტროლის უნარიც. მცდარია


შეხედულება იმის შესახებ, თითქოს ევოლუციის პროცესში ადამიანმა გონებრივი
შესაძლებლობების სანაცვლოდ ფიზიკური უნარები გაწირა. სხეულის ფლობაც გონებრივი
სამუშაოა. მიუხედავად იმისა, რომ ძალა არ მომმატებია, ჩემი კოორდინაცია
საშუალოსტატისტიკურზე ბევრად უკეთესია. ამბიდექსტრიც( ბიდექსტრი – ადამიანი, რომელიც
მარჯვენა და მარცხენა კიდურებს ერთნაირად კარგად იყენებს.) კი ვხდები. უფრო მეტიც, ჩემი
კონცენტრაციის უნარი ბიოუკუკავშირის ტექნიკას ძალზე ეფექტურს ხდის. შედარებით
ხანმოკლე პრაქტიკის შემდეგ უკვე შემიძლია, გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა ჩემს
ნებაზე მოვიმატო ან დავწიო.

***

სპეციალურ პროგრამას ვწერ, რომელსაც შეუძლია სურათებზე ჩემი სახის ამოცნობა და ჩემი
სახელის ყოველი ხსენების მოძებნა, შემდეგ ამ პროგრამას ვირუსში ვათავსებ ქსელში
გამოქვეყნებული ყველა საჯარო ფაილის სკანირებისთვის.

CIA ახალი ამბების ეროვნულ გამოშვებებში ჩემს სურათს გამოფენს და უკიდურესად საშიშ,
გაქცეულ შეშლილ პაციენტად მომნათლავს; ალბათ მკვლელობასაც დამაბრალებენ. ვირუსი
ჩემს ფოტოს გაურკვეველი გამოსახულებით ჩაანაცვლებს. მსგავს ვირუსს FDA -ის და CIA-ის
კომპიუტერებშიც ვნერგავ, რათა რეგიონულ პოლიციებში ჩამოტვირთულ ჩემს სურათებს
მივაგნო. წესით ჩემი ვირუსები მათი პროგრამისტების მოგონილ ნებისმიერ დაცვას უნდა
დაუძვრეს.

47
ეჭვგარეშეა, რომ ში და სხვა ექიმები CIA-ის ფსიქოლოგებთან კონსულტაციებს გადიან და
ცდილობენ გამოიცნონ, სად შეიძლებოდა წავსულიყავი. ჩემი მშობლები მკვდრები არიან,
ამიტომ CIA ყურადღებას მეგობრებისკენ მიაპყრობს და გამოკითხავს, ხომ არ დავკავშირებივარ
რომელიმე მათგანს; იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში დავაპირებ მეგობრებთან
დაკონტაქტებას, ყოველ მათგანზე ზედამხედველობას დააწესებენ. მათ პირად ცხოვრებაში
უხეშად შეიჭრებიან, მაგრამ ეს პრობლემა არც ისე სწრაფ მოგვარებას საჭიროებს.

არა მგონია, CIA-მ ჩემს საპოვნელად თავის რომელიმე აგენტს კ ჰორმონით უმკურნალოს.
როგორც ჩემს შემთხვევაში დამტკიცდა, უაღრესად ჭკვიანი პიროვნების კონტროლი ძალზე
რთულია. თუმცა, სხვა პაციენტებს მაინც თვალს ვადევნებ იმ შემთხვევისთვის, თუ მთავრობამ
მათი გადაბირება გადაწყვიტა.

***

საზოგადოების განმეორებად თარგებს დიდი ძალისხმევის გარეშე, თავისთავად ვამჩნევ.


ქუჩაში მივაბიჯებ, ვუყურებ, როგორ მიიჩქარიან ადამიანები თავიანთ საქმეზე და ქვეტექსტები
სიტყვის უთქმელადაც კი შესამჩნევია. ახალგაზრდა წყვილს გვერდით ვუვლი. ერთი მათგანის
მოწიწება მეორის მოთმინებას ისხლეტს. მღელვარება ფეთქავს და შემდეგ სულ უფრო
მყარდება – ერთ ბიზნესმენს ცოტა ხნის წინ მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი შეაქვს
და თავისი ზემდგომის შიში იპყრობს. ქალს ხელოვნური ქსოვილის მანტია მოუსხამს, რომელიც
ძვირფასი ნაწარმის გვერდით ჩავლისთანავე მხრებიდან უცურდება.
როგორც ყოველთვის, ადამიანების მიერ შესრულებული როლების ამოცნობა მხოლოდ
საბოლოო მოწიფულობის შემდეგ შეიძლება. ჩემთვის ეს ადამიანები სათამაშო მოედანზე
მოფუთფუთე ბავშვებს ჰგვანან; მათი სერიოზული იერი ღიმილს მგვრის და სირცხვილი
მიპყრობს იმის გახსენებისას, რომ უწინ თავადაც ასე ვიქცეოდი. მათი აქტივობა მათთვისაა
შესაფერისი, მაგრამ მე მათში მონაწილეობას ვერ ავიტანდი. როცა დავკაცდი, ბავშვური
საქმეები გვერდით გადავდე. ჩვეულებრივი ადამიანების სამყაროს მხოლოდ იმდენად შევეხები,
რამდენადაც საკუთარი თავის რჩენისთვის დამჭირდება.

***

ყოველკვირეულად მრავალი წლის განათლებას ვიღებ და კიდევ უფრო დიდი ზომის თარგებს
ვაწყობ. ადამიანურ ცოდნას ჩემ წინ გადაშლილი გობელენივით ვუყურებ ისეთი ფართო ხედით,
როგორითაც ჯერ არავის დაუნახავს; შემიძლია დიზაინში ის ხარვეზები ამოვავსო, რომლებიც

48
სწავლულებს არასდროს შეუმჩნევიათ და ქსოვილის სტრუქტურა იმ ადგილებში გავამდიდრო,
რომლებიც მანამდე სრულყოფილი ეგონათ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ყველაზე ნათელი თარგები ახასიათებს. ფიზიკაში


სასიამოვნო ერთგვაროვნებაა არა მარტო ძირითადი ძალების დონეზე, არამედ მათი
მასშტაბისა და დანიშნულების გათვალისწინებითაც კი. ისეთი კლასიფიკაციები, როგორებიცაა
"ოპტიკა" და "თერმოდინამიკა", მხოლოდ ფსიქიატრიული პაციენტების ხალათებია, რომლებიც
ფიზიკოსებს მრავალი ურთიერთგადაკვეთის დანახვაში ხელს უშლის. ესთეტიკა რომ გვერდით
გადავდოთ, ურიცხვი პრაქტიკული გამოყენებაც ყურადღების მიღმაა დარჩენილი; ინჟინრებს
წლების წინ შეეძლოთ სფერულად სიმეტრიული გრავიტაციული ველების ხელოვნურად შექმნა.

თუმცა, ამის გააზრების შემდეგაც კი არ ვაპირებ ასეთი ან რაიმე სხვა მოწყობილობა თავად
შევქმნა. ხელით ასაწყობი ძალიან ბევრი კომპონენტი დამჭირდება, რომელთა შეძენა რთულიც
იქნება და დიდ დროსაც წაიღებს. უფრო მეტიც, ასეთი მოწყობილობის რეალურად შექმნა
არანაირ კმაყოფილების გრძნობას არ მომანიჭებს, რადგან ისედაც ვიცი, რომ იმუშავებს, ახალი
გეშტალტების შეცნობისკენ გზის განათებაში კი ვერაფრით დამეხმარება.

***

ექსპერიმენტის სახით პოემის ნაწილს ვწერ; პირველი სიმღერის დასრულების შემდეგ შევძლებ,
ხელოვნების ყველა მიმართულების თარგების გაერთიანებისთვის სწორი სტრატეგია ავირჩიო.
ექვს თანამედროვე და ოთხ ძველ ენას ვიყენებ. ისინი ადამიანის ცივილიზაციის ყველაზე
მნიშვნელოვან მსოფლმხედველობებს მოიცავენ. თითოეული ენა განსხვავებულ შინაარსობრივ
ელფერსა და პოეტურ ეფექტებს იძლევა; ზოგიერთი მათგანი ერთმანეთში სასიამოვნოდ
გადადის. ლექსის თითოეული სტრიქონი ნეოლოგიზმს შეიცავს, რომელიც სხვა ენაში
ნაბრუნები სიტყვით მეორე სიტყვის განდევნით იბადება. პოემის დამთავრებას რომ ვაპირებდე,
მიღებული ნაწარმოები იქნებოდა "ფინეგანის ქელეხი" გამრავლებული პაუნდის
"კანტოებზე(კანტო (იტალიურად სიმღერა) – გრძელი ეპიკური პოემის დაყოფის ფორმა, პოემის
შემადგენელი ძირითადი ნაწილები. )".
***

მუშაობას CIA მაწყვეტინებს; ხაფანგის დაგებას ცდილობენ. ორთვიანი უშედეგო მცდელობის


შემდეგ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ ჩვეულებრივი მეთოდებით ვერ მიპოვიან და უფრო
გადამჭრელ ზომებს მიმართეს. ახალ ამბებში აცხადებენ, რომ ჭკუაშერყეული მკვლელის
მეგობარ გოგონას ბრალად წაუყენეს მკვლელის წაქეზება და გაქცევაში დახმარება. ქალს კონი
პერიტი ჰქვიაო – მას გასულ წელს ვხვდებოდი. საქმე თუ სასამართლომდე მივიდა, უეჭველად

49
ხანგრძლივ სასჯელს მიუსჯიან. CIA იმედოვნებს, რომ ამას არ დავუშვებ. ელიან, რომ რამე ისეთ
მანევრს შევასრულებ, რაც გამომააშკარავებს და ხელში ჩამიგდებენ.

კონის საქმის წინასწარი მოსმენა ხვალაა. იმდენს იზამენ, რომ დროებით გირაოთი გამოუშვან,
თუნდაც – მცველის თანხლებით, რათა მასთან კონტაქტის საშუალება მომეცეს. შემდეგ მისი
ბინის გარშემო არეალს გადაცმული აგენტებით გატენიან და დამიცდიან.

***

ეკრანზე პირველი გამოსახულების რედაქტირებას ვიწყებ. ჰოლოგრამებთან შედარებით ეს


ციფრული ფოტოები თითქმის არაფერია, მაგრამ თავის დანიშნულებას ასრულებენ. გუშინ
გადაღებულ ფოტოებზე კონის საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, მის წინ გამავალი ქუჩა და
მიმდებარე გზაჯვარედინებია გამოსახული. ეკრანზე კურსორს ვამოძრავებ და გარკვეულ
ადგილებზე სამიზნის ნიშანს ვხატავ: ფანჯარაზე, რომლის შიგნითაც სინათლე ჩამქრალია,
მაგრამ ფარდები – გახსნილი; მოპირდაპირე მხარეს, დიაგონალზე მდგარ შენობაზე; შენობის
უკანა მხარეს, ორი კვარტალის იქით მდგომ გარემოვაჭრეზე.

სულ ექვს ადგილს ვნიშნავ – იმათ, სადაც წუხელ, კონის საკუთარ ბინაში დაბრუნებისას, CIA-ის
აგენტები იცდიდნენ. საავადმყოფოში ჩემი ყოფნის პერიოდში ჩაწერილი ვიდეოების
წყალობით აგენტებმა იციან, რა უნდა ეძებონ ყველა საეჭვო მამაკაც გამვლელში:
თავდაჯერებული, თანაბარი სიარული. მათმა მოლოდინმა მათსავე საწინააღმდეგოდ იმუშავა;
გრძელი ნაბიჯებით გავალაჯე, თავი ავაკანტურე და ხელების ქნევა შევამცირე. ეს და კიდევ
უჩვეულო სამოსი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ ტერიტორიაზე გავლისას ჩემთვის
ყურადღება არ მოექციათ.

ერთ-ერთი ფოტოს ბოლოში აგენტების მიერ ერთმანეთთან კავშირისთვის გამოყენებულ


რადიოსიხშირესა და გამოყენებული ალგორითმის დეტალებს ვაწერ. სამუშაოს დასრულების
შემდეგ სურათებს CIA-ის დირექტორთან გადავცემ. მინიშნება ცხადია: მისი შენიღბული
აგენტების მოკვლა ნებისმიერ დროს შემიძლია, თუ აქედან არ მოაშორებენ.

კონისთვის ბრალდების მოხსნისა და CIA-ის მხრიდან ყურადღების სამუდამო მოშორებისთვის


ცოტა მეტი მუშაობა დამჭირდება.

***

50
კვლავ თარგების ამოცნობა, მაგრამ ამჯერად – უფრო ჭარბი მრავალფეროვნების. ანგარიშების,
მემორანდუმებისა და მიმოწერების ათასობით გვერდი; თითოეული პუანტილისტური ნახატის
ერთ ცალკეულ ფერად წერტილს წარმოადგენს. ამ პანორამიდან ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და
ვაკვირდები ხაზებისა და კიდეების ამოზრდასა და ერთიან თარგად გაერთიანებას. ჩემ მიერ
დასკანირებული მეგაბაიტები გამოკვლეული პერიოდის ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილს
შეადგენენ, მაგრამ მაინც საკმარისია.

ჩემი აღმოჩენა სავსებით ჩვეულებრივია, ჯაშუშური რომანის სიუჟეტზე გაცილებით


პრიმიტიული. CIA-ის დირექტორმა იცოდა, რომ ტერორისტული ჯგუფი ქალაქ ვაშინგტონის
მეტროს სისტემის დაბომბვას აპირებდა. მან ტერორისტებს გეგმის განხორციელების
საშუალება მისცა, რათა შემდეგ კონგრესისგან ამ ჯგუფის საწინააღმდეგოდ უკიდურესი ზომების
გამოყენების ნებართვა მიეღო. მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ვაჟიც ერია და
CIA-ის დირექტორმა ტერორისტების საკითხის მოგვარებაში სრული თავისუფლება მიიღო.
მართალია, მისი გეგმები CIA-ის ჩანაწერებში გაცხადებული არსადაა, მაგრამ საკმაოდ
გარკვევით იგულისხმება. შესაბამის მემორანდუმებში მხოლოდ ირიბი მინიშნებებია და ისინიც
უვნებელი დოკუმენტების ზღვაშია ჩაკარგული; საგამოძიებო კომიტეტმა ყველა დოკუმენტი
რომ წაიკითხოს, მტკიცებულებები დანარჩენ ხმაურში ჩაიფანტება, მაგრამ მამხილებელი
მემორანდუმების კარგად გაფილტვრის შემთხვევაში პრესის დარწმუნება ადვილი იქნება.

მემორანდუმების სიას CIA-ის დირექტორს ვუგზავნი შემდეგი მინაწერით: არ შემაწუხოთ და არ


შეგაწუხებთ. მიხვდება, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს.

ამ მცირე ეპიზოდმა სამყაროს საქმიანობის შესახებ ჩემი შეხედულება გაამყარა; ამჟამინდელ


მოვლენებზე ინფორმაციის მიღება რომ გამეგრძელებინა, ყველგან უკანონო ქმედებებს
აღმოვაჩენდი, მაგრამ არც ერთი მათგანი საინტერესო არ იქნებოდა. ისევ სწავლას
გავაგრძელებ.

***

სხეულის კონტროლის უნარი იზრდება. ახლა უკვე შემიძლია, ძალიან თუ მომინდება, ანთებულ
ნაკვერჩხალზე გავიარო ან მკლავში ნემსები შევირჭო. თუმცა, აღმოსავლური მედიტაციისადმი
ჩემი ინტერესი მხოლოდ ფიზიკური კონტროლისთვის მისი გამოყენებით შემოიფარგლება.
ჩემთვის არანაირი მედიტაციური ტრანსი არ არის ისეთი საინტერესო, როგორც
ელემენტარული მონაცემებიდან გეშტალტების აწყობისას ჩემი გონებრივი მდგომარეობა.

51
***

ახალ ენას ვქმნი. ჩვეულებრივი ენების საზღვრებს მივაღწიე და მათი შეზღუდულობა შემდგომ
პროგრესში უკვე ხელს მიშლის. მათ არ აქვთ საკმარისი ძალა, რომ ჩემთვის საჭირო
კონცეფციები გამოხატონ; თავად მათსავე განსაზღვრის არეში გაურკვევლობა და მოუქნელობა
სუფევს. მეტყველებისთვისაც კი არ გამოდგებიან, არათუ ფიქრისთვის.

ამჟამად არსებული ლინგვისტური თეორია უსარგებლოა. ძირითად ლოგიკას გადავაფასებ და


ჩემი ენისთვის შესაფერის ატომურ კომპონენტებს დავადგენ. ამ ენას ექნება მათემატიკასთან
თანაგამომხატველობითი დიალექტის მხარდაჭერა – ნებისმიერ მათემატიკურ გამოსახულებას,
რომელსაც დავწერ, შემეძლება ლინგვისტური ეკვივალენტი მოვუძებნო. თუმცა, მათემატიკა ამ
ენის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი იქნება და არა – მთავარი. ლაიბნიცისგან განსხვავებით,
სიმბოლური ლოგიკის ლიმიტებს ვაღიარებ. ჩემ მიერ დაგეგმილი დანარჩენი დიალექტები
თანაგამომხატველი იქნება ესთეტიკისა და კოგნიციის ჩემეულ აღნიშვნებთან. ეს პროექტი დიდ
დროს წაიღებს, მაგრამ საბოლოო შედეგი ჩემს ფიქრებს გაცილებით უფრო ნათელს გახდის.
ჩემი მთელი ცოდნის ამ ენაზე გადათარგმნის შემდეგ ის თარგები, რომლებსაც ვეძებ, თვალწინ
დამიდგება.

***

მუშაობას დროებით ვაჩერებ. სანამ ესთეტიკის აღნიშვნებს შევიმუშავებ, ყველა იმ ემოციის


ლექსიკონი უნდა შევქმნა, რომელთა წარმოდგენაც შემიძლია.

ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით გაცილებით მეტ ემოციას ვიცნობ; ვხედავ, როგორი


შეზღუდულია მათი დიაპაზონი. არ უარვყოფ იმ სიყვარულისა და მღელვარების ნამდვილობას,
რომლებსაც ადრე თავადაც ვგრძნობდი, მაგრამ ახლა უკვე ვხედავ, სინამდვილეში რასაც
წარმოადგენდნენ. ბავშვობისდროინდელი გატაცებებისა და დეპრესიის მსგავსად, ისინიც
მხოლოდ წინამორბედები იყვნენ იმისა, რასაც ახლა განვიცდი. ჩემი ვნებები ახლა უფრო
მრავალწახნაგოვანია; საკუთარი თავის შესწავლის ზრდასთან ერთად ემოციების
კომპლექსურობა ელვის სისწრაფით იზრდება. ჩემი სამომავლო ამოცანების გადაჭრას ვერც კი
ვცდი, სანამ ახალი ემოციების სრულყოფილად აღწერას არ მოვახერხებ.

რასაკვირველია, სინამდვილეში გაცილებით ნაკლებ ემოციას ვგრძნობ, ვიდრე შემიძლია. ჩემი


განვითარება შეზღუდულია გარშემომყოფების გონებრივი შესაძლებლობებით და იმით, რომ
საკუთარ თავს მათთან ურთიერთობის უფლებას იშვიათად ვაძლევ. კონფუცისეული
კონცეფცია, "რენი" მახსენდება. სიტყვა "კეთილმოსურნეობა" მის აზრს არასაკმარისად
გადმოსცემს, რადგან ის თავისი არსით ადამიანური მოვლენაა, მისი დათესვა მხოლოდ
სხვებთან ურთიერთობაში შეიძლება და ცალკეულ ადამიანს მისი გამომჟღავნება არ შეუძლია.
ეს მხოლოდ ერთია ამ სიტყვის მრავალ თვისებათაგან. და აი, მე აქ ვარ ხალხთან ერთად,
უამრავი ადამიანით გარშემორტყმული, რომელთაგან არც ერთთან არ შემიძლია ურთიერთობა.

52
ჩემი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანს რაც შეუძლია იყოს, იმის მხოლოდ მცირე ნაწილი
ვარ.

საკუთარი თავის სიბრალულით ან ნარცისიზმით თავს არ ვიბრმავებ: ჩემი ფსიქოლოგიური


მდგომარეობის შეფასება უკიდურესი ობიექტურობითა და თანმიმდევრულობით შემიძლია.
ზუსტად ვიცი, რომელი ემოციური რესურსები მაქვს, რომლები მაკლია და თითოეულს
რამდენად ვაფასებ. არაფერს ვნანობ.

***

ჩემი ახალი ენა თანდათან ფორმას იძენს. ის გეშტალტებზეა ორიენტირებული, რაც


ფიქრისთვის იდეალურს, თუმცა წერის ან ლაპარაკისთვის მოუხერხებელს ხდის.
ტრანსკრიპციის შემთხვევაში ის არა წრფივად ჩამწკრივებული სიტყვების, არამედ გიგანტური
იდეოგრამის ფორმას მიიღებდა, რომელიც გონებამ ერთიანად უნდა შეიწოვოს. ასეთ
იდეოგრამას შეუძლია სურათზე უკეთ გამოხატოს ის, რისი გამოხატვაც ათას სიტყვასაც კი არ
შეუძლია. თითოეული იდეოგრამის სიფაქიზე მასში მოთავსებული ინფორმაციის მოცულობას
შეესაბამება; მთელი სამყაროს აღმნიშვნელი კოლოსალური იდეოგრამის შესწავლით თავს
ვირთობ.

ნაბეჭდი ფურცელი ამ ენისთვის მეტისმეტად მოუქნელი და სტატიკურია; მის ნიადაგად


მხოლოდ ვიდეო ან ჰოლოგრამა თუ გამოდგება, რომელიც დროში ცვალებად გრაფიკულ
გამოსახულებას აჩვენებს. ადამიანის ხორხის შეზღუდული გამტარუნარიანობის
გათვალისწინებით ამ ენის სალაპარაკოდ გამოყენებაზე ფიქრიც კი არ ღირს.

***

უძველესი და თანამედროვე ენების ფუჭი სიტყვებისგან გონება მიდუღს, მათი სიტლანქით


ვიტანჯები და მახსენდება, რომ ჩემი იდეალური ენით შესაძლებელი იქნება, ჩემი ამჟამინდელი
ტანჯვა საკმარისი გესლის შემცველი ტერმინებით გამოვხატო.

ხელოვნური ენის დასრულებას ვერ ვახერხებ; ჩემს ხელთ არსებული ინსტრუმენტებისთვის


მეტისმეტად დიდი ქმნილებაა. ამ საქმიანობაზე კონცენტრირებაში გატარებულმა კვირებმა
სასარგებლო ვერაფერი მომიტანა. შევეცადე, უკვე შექმნილი მოუმწიფებელი ენის გადაწერითა
და ბუთსტრეპინგით(ბუთსტრეპინგი – თვითაწყობა, თვითრეგულირებადი პროცესი, რომელიც
გარე ჩარევის გარეშე, თავისთავად მიმდინარეობს.) უფრო სრული ვარიანტები შემექმნა. თუმცა,
ყოველი ახალი ვერსია საკუთარ არაადეკვატურობას უსვამს ხაზს და მაიძულებს, ჩემი
საბოლოო სამიზნე კიდევ უფრო გავაფართოვო, რის გამოც ის წინააღმდეგობრივი უსასრულო

53
რეგრესის ბოლოში მოთავსებულ მიუწვდომელ გრაალად იქცევა. ეს იგივეა, მისი შექმნა ex
nihilo((ლათინური) არაფრისგან.) რომ მეცადა.

***

ჩემს მეოთხე ამპულაზე ვფიქრობ, გონებიდან ვერ ვიცილებ: ამჟამინდელ პლატოზე ჩემი
ყოველი იმედგაცრუება მახსენებს, რომ ახალი სიმაღლეების მიღწევის შესაძლებლობა კიდევ
მაქვს.

რასაკვირველია, მნიშვნელოვანი რისკებიც არსებობს. შეიძლება ეს ინიექცია აღმოჩნდეს ის,


რომელიც ტვინის დაზიანებას ან ჭკუიდან შეშლას გამოიწვევს. ეს ცდუნება ალბათ
ეშმაკისეულია, მაგრამ დიდია. შეწინააღმდეგების მიზეზს ვერ ვპოულობ.

ინიექციას საავადმყოფოში ან თუნდაც საკუთარ ბინაში, მაგრამ ვინმეს თანდასწრებით რომ


ვიკეთებდე, უსაფრთხოების გარკვეული ზომები მაინც მექნებოდა. თუმცა, როგორც მე
წარმომიდგენია, ინიექცია ან წარმატებული იქნება, ან შეუქცევად ზიანს მომაყენებს, ასე რომ,
უსაფრთხოების ამ ზომებს უგულებელვყოფ.

სამედიცინო მომარაგების კომპანიას სათანადო აღჭურვილობას ვუკვეთავ და ხერხემალში


ინიექციისთვის მოწყობილობას ჩემი ხელით ვაწყობ. სრული ეფექტის გამოვლენას შეიძლება
დღეები დასჭირდეს, ამიტომ საკუთარ ოთახში ვიკეტები. არაა გამორიცხული, რომ
ძალადობრივი რეაქციები გამომივლინდეს; ოთახიდან მსხვრევად ნივთებს ვაშორებ და
საწოლზე ღვედებს ვამაგრებ. ოთახიდან გასულ ნებისმიერ ხმაურს მეზობლები
ნარკომომხმარებლის ყმუილად მონათლავენ.

ინიექციას ვიკეთებ და ვიცდი.

***

ტვინში ცეცხლი მიკიდია. ხერხემლიდან მთელ ზურგზე ალი მედება და ვგრძნობ, რომ
აპოპლექსიასთან(აპოპლექსია – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევით
გამოწვეული დამბლა.) ახლოს ვარ. დავბრმავდი, დავყრუვდი, შეგრძნებები დამიქვეითდა.

54
ჰალუცინაციები მეწყება. ისეთი უჩვეულო სიცხადითა და კონტრასტით ვხედავ, რომ მათ
ილუზორულობას ვაცნობიერებ. თავს დამტრიალებენ ენით აღუწერელი საშინელებები, არა
ფიზიკური ძალადობის, არამედ ფსიქიკური წამების სცენები.

მენტალური აგონია და ორგაზმი. ტერორი და ისტერიული სიცილი.

სულ მცირე ხნით აღქმა მიბრუნდება. იატაკზე ვგდივარ და ხელები თმაში მაქვს წავლებული,
გარშემო თმის ამოგლეჯილი ბღუჯებია მიმოყრილი. ტანსაცმელი ოფლით გაჟღენთილა.
ენაზეც მიკბენია; ყელი გამშრალი მაქვს – ვვარაუდობ, რომ ყვირილისგან. კრუნჩხვებმა
სხეულზე დიდი სილურჯეები დამიტოვა და კეფის დაჟეჟილობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
წესით, შერყევაც უნდა მქონდეს, თუმცა ვერაფერს ვგრძნობ. არ ვიცი, საათები გავიდა თუ
წამები...

შემდეგ მხედველობა ისევ მებინდება და ბღავილი ბრუნდება.

კრიტიკული მასა.

გამომჟღავნება.

საკუთარი ფიქრების მექანიზმს ვიაზრებ. ვხვდები, ზუსტად როგორ ვიცი და ჩემი ცოდნა
რეკურსიულია. საკუთარი თავის გაცნობის უსასრულო პროცესს ვეზიარები, მაგრამ არა ნაბიჯ-
ნაბიჯ წინსვლით, არამედ ზღვრის გააზრებით. რეკურსიული კოგნიციის ბუნება ჩემთვის უკვე
ნათელია. ტერმინმა "თვითშეცნობა" ჩემთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

Fiat logos(დაე იქმნას სიტყვა.). ჩემს გონებას იმ ენის მიხედვით ვეცნობი, რომლის
გამომხატველობითი უნარი ჩემ მიერ აქამდე წარმოდგენილ ნებისმიერ ენაზე დიდია. როგორც
ღმერთმა შექმნა წესრიგი ქაოსისგან, ისევე ვქმნი ჩემს თავს ხელახლა ამ ენიდან. ეს არის
თვითაღმწერი და თვითცვალებადი მეტაენა; მას არა მხოლოდ ფიქრების აღწერა, არამედ
საკუთარი ოპერაციების ნებისმიერ დონეზე აღწერა და მოდიფიცირებაც შეუძლია. ალბათ რას
არ მისცემდა გიოდელი(კურტ გიოდელი (1906-1978) – ავსტრიელ-ამერიკელი ლოგიკოსი,
მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, არასრულობის ორი თეორიის ავტორი. ) ამ ენის სანახავად,
რომელშიც მტკიცების მოდიფიცირება მთელი გრამატიკის მორგებას იწვევს.

ამ ენის მეშვეობით შემიძლია დავინახო, როგორ მუშაობს ჩემი გონება. იმას არ დავიჟინებ,
თითქოს საკუთარი ნეირონების იმპულსებს ვხედავ – ასეთი მტკიცება ჯონ ლილის(ჯონ
კანინგემ ლილი (1915-2001) – ამერიკელი ექიმი, ნეირომეცნიერი და ფსიქოანალიტიკოსი.
იკვლევდა ცნობიერების ბუნებას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ფსიქოდელიური
მედიკამენტებით.) და მის სამოციანი წლების LSD-ექსპერიმენტებს ახასიათებდა. ის, რაც მე
შემიძლია, გეშტალტების აღქმაა. ვხედავ, როგორ წარმოიქმნებიან და ურთიერთქმედებენ
გონებრივი სტრუქტურები. ვხედავ, როგორ ვფიქრობ და იმ განტოლებებსაც ვხედავ, რომლებიც
ამ ჩემს ფიქრს გამოსახავენ, ასევე ვხედავ, როგორ ვიაზრებ ამ განტოლებებს და შემდეგ იმასაც
ვხედავ, როგორ გამოხატავენ განტოლებები ჩემ მიერ მათ გააზრებას.

ვიცი, როგორ წარმოქმნიან ისინი ჩემს ფიქრებს. ამ ფიქრებს.

55
***

თავდაპირველად ამდენი სიახლით დაქანცული და საკუთარი თავის შეცნობით პარალიზებული


ვარ. რამდენიმე საათი მჭირდება, სანამ ჩემი პიროვნების აღმწერი ინფორმაციული
წყალდიდობის კონტროლს მოვახერხებდე. თანდათან ყველაფერი ჩემს მენტალურ
პროცესებში ინტეგრირდება, რათა ჩვეულებრივი საქმიანობისას გამოვიყენო. მეტი დრო
დამჭირდება, სანამ ამ ყველაფრის ეფექტურად და დაუძაბავად გამოყენებას ვისწავლი, ანუ ისე,
როგორც მოცეკვავე იყენებს თავის კინესთეზიურ(კინესთეზია – სხეულისა და მისი ნაწილების
მოძრაობისა და მდგომარეობის შეგრძნება.) ცოდნას.

ყველაფერს, რაც ჩემი გონების შესახებ ერთ დროს თეორიულად ვიცოდი, ახლა უმცირეს
დეტალებში ვხედავ. სექსის, აგრესიის, თვითგადარჩენის ქვედინებები, რომლებიც ჩემი
ბავშვობისდროინდელი ამბებითაა სახეცვლილი, რაციონალურ ფიქრებად ინიღბება და ხან
მათვე ეჯახება. ჩემი ყოველი გუნება-განწყობილების მიზეზს და ყველა გადაწყვეტილების უკან
მდგომ მოტივს ვხედავ.

რაში შემიძლია ამ ცოდნის გამოყენება? ჩემს ხელთაა ყველაფერი ის, რასაც ტრადიციულად
"პიროვნების ტიპს" უწოდებენ; ჩემი ფსიქიკის ზედა დონის ასპექტები განსაზღვრავენ, თუ ვინ
ვარ ახლა. შემიძლია, ჩემი გონება მრავალგვარ მენტალურ თუ ემოციურ მდგომარეობაში
გავგზავნო, თუმცა კონტროლი არ დავკარგო და საწყისი მდგომარეობა აღვადგინო. ახლა, როცა
სრულად გავერკვიე იმ მექანიზმებში, რომლებიც ორ საქმეზე ერთდროულად მუშაობის
საშუალებას მაძლევდა, შემიძლია ჩემი ცნობიერება დავყო და ერთდროულად მთელი
კონცენტრაცია და გეშტალტების ამოცნობის უნარი ორ ან მეტ პრობლემას დავუთმო, თან ისე,
რომ ყველა მათგანის მეტაგააზრება შევძლო. არის რამე, რაც არ შემიძლია?!

***

საკუთარი სხეულს ახლიდან ვეცნობი, თითქოს ამპუტირებული ტაკვის ნაცვლად უეცრად


მესაათის ხელი დაამაგრესო. ნებითი კუნთების კონტროლი უკვე ტრივიალურ საქმედ იქცა –
არაადამიანური კოორდინაციის უნარი მაქვს. ის უნარები, რომელთა განვითარებასაც,
ჩვეულებრივ, ათასობით განმეორება სჭირდება, შემიძლია ორ ან სამ გამეორებაში ავითვისო.
ვპოულობ ვიდეოს, რომელშიც პიანისტის ხელი უკრავს და სულ მცირე ხანში შემიძლია, მისი
თითების მოძრაობა კლავიშების გარეშე გავიმეორო. კუნთების შერჩევითი დაჭიმვა და

56
მოდუნება ძალასა და მოქნილობას მმატებს. ცნობიერი ან რეფლექსური მოქმედებისთვის
კუნთოვანი რეაგირების დრო ოცდათხუთმეტი მილიწამია. აკრობატიკის ან საბრძოლო
ხელოვნებათა სასწავლად სულ მცირე ვარჯიში დამჭირდება.

თირკმლის ფუნქციის, საკვები ნივთიერებების შეწოვისა და ჯირკვლების სეკრეციის


სომატური(სომატური – სხეულის, სხეულთან დაკავშირებული.) აღქმა შემიძლია. იმასაც კი
ვაცნობიერებ, რა როლს თამაშობენ ნეიროტრანსმიტერები(ნეიროტრანსმიტერი – ნივთიერება,
რომელიც ნერვული დაბოლოებიდან გამოიყოფა და გადასცემს იმპულსს ერთი ნეირონიდან
მეორეს.) ჩემს ფიქრებში. ცნობიერების ამგვარი მდგომარეობა იმაზე უფრო ინტენსიურ
გონებრივ აქტივობას მოითხოვს, ვიდრე ნებისმიერი ადრენალინით სტიმულირებული
სტრესული სიტუაცია; ჩემი გონების ნაწილი ისეთ მდგომარეობას ინარჩუნებს, როგორიც
ნებისმიერ ნორმალურ გონებასა და სხეულს რამდენიმე წუთში მოკლავდა. ჩემი გონების
პროგრამირების შეცვლის შემდეგ აღვიქვამ ყველა იმ ნივთიერების მოდინებასა და
უკუმიქცევას, რომლებიც ჩემი ემოციური რეაქციების გაშვებას, ყურადღების მიპყრობას ან
გარემოსადმი ჩემი დამოკიდებულების ნატიფად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფენ.

***

შემდეგ გარეთ ვიხედები. გარს მარტყია დამაბრმავებელი, მხიარული და თან შიშის მომგვრელი
სიმეტრია. თარგებში იმდენი რამაა ჩაქსოვილი, რომ მთელი სამყარო, სადაცაა, ერთიან
სურათად გადაიქცევა. საბოლოო, მთავარ გეშტალტს ვუახლოვდები: კონტექსტს, რომელშიც
ყველანაირი ცოდნა თავსდება და ნათელი ეფინება, მანდალას(მანდალა – ინდუისტურ და
ბუდისტურ სიმბოლიკაში, სამყაროს აღმნიშვნელი წრიული ფიგურა.), სფეროთა მუსიკას,
კოსმოსს.

გასხივოსნებას ვცდილობ, ოღონდ არა სულიერს, არამედ რაციონალურს. მის მისაღწევად კიდევ
უფრო შორს უნდა წავიდე, მაგრამ ამჯერად სამიზნე თითებიდან გამუდმებით ვეღარ
გამისხლტება. ჩემი გონების ენით ჩემსა და გასხივოსნებას შორის მანძილის ზუსტი გამოთვლაა
შესაძლებელი. საბოლოო დანიშნულების წერტილს უკვე ვხედავ.

***

ახლა უკვე შემდეგი ნაბიჯები უნდა დავგეგმო. პირველ რიგში, თვითგადარჩენისთვის საჭირო
რამდენიმე მარტივი გაუმჯობესება მჭირდება; საბრძოლო ხელოვნებებში ვარჯიშით დავიწყებ.

57
შესაძლო შეტევების შესასწავლად რამდენიმე ტურნირის ჩანაწერს ვუყურებ მიუხედავად იმისა,
რომ მხოლოდ დაცვით მოქმედებებს გამოვიყენებ; შემიძლია, იმდენად ჩქარა ვიმოძრაო, რომ
ყველაზე სწრაფი შემტევი ტექნიკის მქონე თავდამსხმელთანაც კი ავიცილო კონტაქტი. ეს
საშუალებას მომცემს, თავიც დავიცვა და ქუჩის ნებისმიერი დამნაშავე განვაიარაღო იმ
შემთხვევაში, თუ თავს დამესხმებიან. ამასობაში დიდი ოდენობის საჭმელი უნდა მივიღო, რათა
ჩემი გონების გაზრდილი კვებითი მოთხოვნილება დავაკმაყოფილო, იმის მიუხედავადაც კი,
რომ ჩემი მეტაბოლიზმი უფრო ეკონომიურად მოქმედებს. თმასაც გადავიპარსავ, რათა თავში
სისხლის მიმოქცევის გაზრდის საპასუხოდ გამოსხივების გზით გაგრილება გაუმჯობესდეს.

შემდეგ უკვე მთავარი მიზანის ჯერია: თარგების გაშიფვრა. ჩემი გონების შემდგომი
წინსვლისთვის ერთადერთ შესაძლებლობად ხელოვნური გაუმჯობესებები რჩება. მჭირდება
გონებისა და კომპიუტერის პირდაპირი დაკავშირება, რაც გონების ჩამოტვირთვის საშუალებას
მომცემს, მაგრამ ამის განსახორციელებლად ახალი ტექნოლოგია უნდა შევქმნა. ციფრულ
გამოთვლებზე დაფუძნებული ნებისმიერი სისტემა არასაკმარისი იქნება; ჩემს გონებაში
მოთავსებული მასალა ნანომასშტაბის სტრუქტურებზე დაფუძნებულ ნეირონულ ქსელებს
საჭიროებს.

როცა ძირითად იდეებს ვაწესრიგებ, გონებას მულტიპროცესინგზე ვუშვებ: ჩემი გონების ერთი
სექცია მათემატიკის იმ მიმართულებაზე მუშაობს, რომელიც ქსელის ქცევას გამოსახავს; მეორე
სექცია თვითაღმდგენ ბიოკერამიკულ მასალაში მოლეკულური დონის ნეირონული გზების
ფორმირებისა და რეპლიკაციის პროცესის შემუშავებაზე მუშაობს; მესამე ცდილობს
ჩამოაყალიბოს ტაქტიკა, რომელიც კერძო, კვლევისა და განვითარების ინდუსტრიულ ჯგუფებს
იმის წარმოებაში დაეხმარება, რაც მე მჭირდება. დროს ვერ დავკარგავ: მე მხოლოდ თეორიულ
და ტექნიკურ შოკისმომგვრელ გარღვევას წარვადგენ და ჩემი ახალი ინდუსტრია თავისით
აეწყობა.

***

გარე სამყაროში გავდივარ, რათა საზოგადოებას ხელახლა დავაკვირდე. ემოციების


გამომხატველი ჟესტების ენა, რომელიც ოდესღაც ვიცოდი, ახლა ურთიერთდაკავშირებული
განტოლებების მატრიცით შეცვლილა. ადამიანებს, საგნებს, დაწესებულებებსა და იდეებს
შორის ძალების ხაზები იგრიხება და გრძელდება. ინდივიდები ტრაგიკულად ჰგვანან
მარიონეტებს, დამოუკიდებლად ცოცხლობენ, მაგრამ მაინც იმ ქსელით არიან შებუდრულები,
რომლის დანახვაზეც უარს ამბობენ; რომ მოინდომონ, შეუძლიათ წინააღმდეგობაც გასწიონ,
მაგრამ ამას ძალიან ცოტა აკეთებს.

ახლა ბარში ვზივარ. ჩემგან სამი სკამის მოშორებით ამ ტიპის დაწესებულებისთვის


დამახასიათებელი მამაკაცი კლიენტი ზის, რომელიც გარშემო იყურება და ბნელ კუთხეში

58
წყვილს ამჩნევს. იღიმის, ბარმენს ანიშნებს, რომ მასთან მივიდეს და წყვილის შესახებ ჩუმი
გასაუბრებისთვის ბარმენისკენ იხრება. მოსმენა არ მჭირდება იმის მისახვედრად, რას ამბობს.

ბარმენს იოლად, დიდი მცდელობის გარეშე ატყუებს. კომპულსური მატყუარაა – იმიტომ კი არ


იტყუება, რომ უკეთესი ცხოვრება უნდა, არამედ სხვების ადვილად გაცურების უნარით ხარობს.
იცის, რომ ბარმენი უყურადღებოდ უსმენს და სულ ოდნავ ინტერესს ამჟღავნებს – ნამდვილად
ასეა – მაგრამ ისიც იცის, რომ ბარმენი გაასულელა – რაც ასევე ჭეშმარიტებაა.

სხვების სხეულის ენისადმი ჩემი მგრძნობიარობა იმდენად გაიზარდა, რომ მსგავსი


დაკვირვებების გაკეთება შეხედვის ან ხმის გარეშე შემიძლია, კანში გამოღწეული ფერომონების
სურნელის მეშვეობით. გარკვეულწილად ჩემი კუნთები ამ კაცის კუნთების დაძაბულობასაც კი
შეიგრძნობენ, ალბათ მათი ელექტრული ველის წყალობით. ამ არხებს ზუსტი ინფორმაციის
გადმოცემა არ შეუძლიათ, თუმცა მიღებული შთაბეჭდილებები განზოგადებისთვის საკმარის
საფუძველს იძლევა და ზოგად ქსელს დამატებით ფაქტურას ანიჭებს.

ჩვეულებრივ ადამიანებს ამ გამოსხივებების აღქმა ქვეცნობიერად შეუძლიათ. ვიმუშავებ, რომ


ამ ინფორმაციასთან უფრო ჰარმონიული დამოკიდებულება დავამყარო; შემდეგ ალბათ იმასაც
ვცდი, რომ საკუთარი გამოხატვები ცნობიერით გავაკონტროლო.

***

დაახლოებით ისეთი უნარები განვივითარე, ტაბლოიდებში რეკლამირებულ გონების


კონტროლის სქემებს რომ წააგავს. ჩემი სომატური გამოსხივებების კონტროლი საშუალებას
მაძლევს, სხვებში ზუსტად სასურველი რეაქციის პროვოცირება მოვახდინო. ფერომონებითა და
კუნთების დაძაბვით შემიძლია სხვა ადამიანში ბრაზი, შიში, სიმპათია ან სექსუალური აღგზნება
გამოვიწვიო. ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ მოვიპოვო მეგობრები და გავლენა
მოვახდინო ადამიანზე.

სხვებში თვითშენარჩუნებადი რეაქციის გამოწვევაც კი შემიძლია. გარკვეული რეაგირების


კმაყოფილების გრძნობასთან ასოცირებით შემიძლია ბიოუკუკავშირის მსგავსი დადებითი
გაძლიერების მარყუჟი შევქმნა; ადამიანის ორგანიზმი რეაქციას თავისით გააძლიერებს. ამ
უნარს კორპორაციების პრეზიდენტებზე გამოვიყენებ, რათა ჩემი წარმოებების მხარდაჭერა
შევქმნა.

სიზმრებს, ჩვეულებრივი გაგებით, ვეღარ ვხედავ. ისეთი არაფერი გამაჩნია, რასაც ქვეცნობიერი
შეიძლება უწოდო და ტვინის ყველა ფუნქციას თავად ვაკონტროლებ, ამრიგად, სწრაფი ძილის
ფუნქციები მოძველდა. არსებობს მომენტები, როდესაც ტვინზე კონტროლი დროებით
ხელიდან მისხლტება, მაგრამ მათ სიზმრებს ვერ დაარქმევ, ალბათ უფრო მეტაჰალუცინაციები
თუ შეგვიძლია ვუწოდოთ. ნამდვილი წამებაა. ეს არის პერიოდები, რომლის დროსაც დაშლილი

59
ვარ: ვხვდები, როგორ წარმოქმნის ჩემი გონება უცნაურ ხილვებს, მაგრამ პარალიზებული ვარ
და ვერ ვრეაგირებ. ვერც კი ვცნობ, რას ვხედავ; ტრანსფინიტური თვითრეფერენციები და
მოდიფიკაციები, რომლებიც ჩემთვისაც კი აბსურდული ჩანს.

ჩემი გონება ტვინის რესურსებს გადასახადებს აკისრებს. ასეთი ზომისა და კომპლექსურობის


ბიოლოგიურ სტრუქტურას ძლივს შეუძლია თვითშემცნობი ფსიქიკის შენარჩუნება. მაგრამ
თვითშემცნობი ფსიქიკა, გარკვეულწილად, თვითრეგულირებადიცაა. ჩემს გონებას
ხელმისაწვდომი რესურსების სრული გამოყენების საშუალებას ვაძლევ, მაგრამ მათ მიღმა აღარ
ვუშვებ. თუმცა, რთული ამოცანაა: ბამბუკის ისეთ გალიაში ვარ გამოკეტილი, რომელიც არც
დაჯდომის საშუალებას მაძლევს და არც წელში გაშლის. მოდუნებას ან სრულად გაშლას თუ
შევეცდები, აგონია, შეშლილობა მელოდება.

***

ჰალუცინაციები. ვხედავ, როგორ წარმოიდგენს ჩემი გონება იმ შესაძლო კონფიგურაციებს,


რომლის მიღებაც შეუძლია, და შემდეგ კოლაფსში ვარდება. საკუთარი ბოდვების მოწმე ვარ,
ხილვების, თუ რა ფორმის მიღება შეუძლია ჩემს გონებას, როდესაც საბოლოო გეშტალტებს
დავეუფლები.

მივაღწევ სრულ თვითშეცნობას? შემიძლია საკუთარი მენტალური გეშტალტების


კომპონენტების აღმოჩენა? შევაღწევ სახეობრივ მეხსიერებაში? ვიპოვი მორალის შიდა
ცოდნას? შეიძლება დავადგინო, დასაშვებია თუ არა გონება მატერიისგან სპონტანურად
წარმოიქმნას და გავარკვიო, რა აკავშირებს ცნობიერებას დანარჩენ სამყაროსთან. შეიძლება
ვნახო, თუ როგორ უნდა შეერწყას ერთმანეთს სუბიექტი და ობიექტი: ნულოვანი გამოცდილება.

ან შეიძლება აღმოვაჩინო, რომ ტვინის გეშტალტის წარმოქმნა შეუძლებელია და საჭიროა


რაღაც ჩარევა. შეიძლება, სული დავინახო, ცნობიერების ისეთი ინგრედიენტი, რომელიც
ფიზიკურზე მაღლა დგას. ღმერთის არსებობის დადასტურება? სიცოცხლის არსსა და ხასიათს
ჩავწვდები.

გავსხივოსნდები. ალბათ როგორი ეიფორიული გამოცდილებაა.

ჩემი გონება კვლავ საღ მდგომარეობას უბრუნდება. საკუთარ თავს აღვირი უნდა დავუმოკლო.
როცა მეტაპროგრამირების დონეზე სრულ კონტროლს ვფლობ, ჩემი გონება თვითშეკეთებას
უზადოდ ასრულებს; შემიძლია, ბოდვის ან ამნეზიის მდგომარეობიდან ცნობიერება სრულად
აღვიდგინო. მაგრამ თუ მეტაპროგრამირების დონეზე მეტისმეტად ღრმად შევედი, გონება
შეიძლება არასტაბილურ სტრუქტურად გადაიქცეს. მაშინ უკვე უბრალო შეშლილობაზე
გაცილებით შორს შევტოპავ. ჩემს გონებას საკუთარი რეპროგრამირების დიაპაზონის მიღმა
მოძრაობა უნდა ავუკრძალო.

ეს ჰალუცინაციები მიმტკიცებენ ჩემს განზრახვას ხელოვნური ტვინის შექმნის შესახებ.


მხოლოდ ასეთი სტრუქტურით შევძლებ ამ გეშტალტების რეალურად აღქმას, სიზმარში ნახვის

60
ნაცვლად. გასხივოსნების მისაღწევად კიდევ ერთ კრიტიკულ მასას უნდა გადავაჭარბო, ასეთივე
ნეირონული ანალოგებით.

***

თვალებს ვახელ: ორი საათი, ოცდარვა წუთი და ათი წამია გასული მას შემდეგ, რაც თვალები
დავხუჭე, დასასვენებლად და არა – დასაძინებლად. საწოლიდან ვდგები.

ტერმინალზე ჩემი აქციების მდგომარეობას ვამოწმებ. ბრტყელ ეკრანს ვუყურებ და ადგილზე


ვიყინები.

ეკრანი მიყვირის. მეუბნება, რომ გაუმჯობესებული გონების მქონე კიდევ ერთი ადამიანი
არსებობს.

ჩემი დაბანდებებიდან ხუთი ზარალზე წავიდა; დანაკარგი არც ისე მკვეთრია, მაგრამ
საკმარისია იმისთვის, რომ ბროკერების სხეულის ენით შევამჩნიო. ანბანურ სიას მივუყვები და
ვამჩნევ, რომ ღირებულებადაკარგული კორპორაციების დასახელებების პირველი ასოებია კ, ე,
გ, ო და რ. გადაჯგუფებით სიტყვა "გრეკო" მიიღება.

ვიღაც შეტყობინებას მიგზავნის.

კიდევ ვიღაცაა ჩემნაირი. ალბათ კიდევ ერთი კომატოზური პაციენტი იყო, რომელმაც კ
ჰორმონის მესამე ინიექცია მიიღო. FDA -ის მონაცემთა ბაზიდან საკუთარი ფაილი იქამდე
წაშალა, ვიდრე ბაზას მე მივადგებოდი და თავისი ექიმების ანგარიშებში ყალბი მონაცემები
შეაპარა ისე, რომ ვერაფერი შეენიშნათ. ჰორმონის დამატებითი ამპულა მანაც მოიპარა და FDA -
ის მიერ ფაილების დახურვაში თავისი წვლილი შეიტანა. სანამ ხელისუფლებისთვის მისი
ასავალ-დასავალი უცნობი იყო, ჩემს დონეს მიაღწია.

ალბათ ჩემი ყალბი იდენტობების მიერ განხორციელებული დაბანდებების მანერით მიცნო.


ამისთვის უკვე კრიტიკული ზღვრისთვის უნდა გადაებიჯებინა. უკვე იმდენად განვითარებულია,
რომ უეცარი და ზუსტი ცვლილებები გამოიწვია, რითაც მაზარალა და ჩემი ყურადღება
მიიპყრო.

ბირჟის მონაცემებს სხვადასხვა წყაროებში ვამოწმებ; ჩემი დაბანდებების შესახებ მონაცემები


სწორია, რაც ნიშნავს, რომ ჩემმა მოწინააღმდეგემ უბრალოდ ჩემს ანგარიშზე არსებული
ღირებულებები კი არ შეასწორა, არამედ ხუთი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი კორპორაციის
გაყიდვების თავისებურებები შეცვალა მხოლოდ იმისთვის, რომ სიტყვა აეწყო. საკმაოდ
ეფექტური დემონსტრირებაა. არა მგონია, ადვილი გასაკეთებელი იყოს.

61
სავარაუდოდ, მკურნალობა შედარებით ადრე დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ ჩემზე გაცილებით
წინაა, მაგრამ რამდენად წინ? მისი სავარაუდო პროგრესის გააზრებას ვიწყებ და ახალ
ინფორმაციას მოპოვებისთანავე დავამატებ.

მთავარი შეკითხვა: მეგობარია თუ მტერი? ძალის მხოლოდ კეთილგანწყობილი


დემონსტრირება მოახდინა, თუ ჩემი განადგურების განზრახვის? ჩემი დანაკარგები ზომიერი
მოცულობის იყო; მე უფრო უნდა შევშფოთდე, თუ მის მიერ მანიპულირებული კორპორაციები?
იმის გათვალისწინებით, თუ კიდევ რამდენნაირად შეეძლო ჩემი ყურადღების მიპყრობა, უნდა
ვივარაუდო, რომ, გარკვეულწილად, მაინც მტრულადაა განწყობილი.

ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ ვარ. კიდევ ერთი მაქინაციის ან სასიკვდილო შეტევისთვის


სუსტი ვარ. უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ ადგილს შევიცვლი. აშკარაა, უკიდურესად
მტრული განწყობა რომ ჰქონდეს, უკვე მკვდარი ვიქნებოდი. შეტყობინების გამოგზავნა იმას
ნიშნავს, რომ ჩემთან თამაში უნდა. მასთან თანაბარი პირობები უნდა აღვიდგინო: ჩემი
ადგილმდებარეობა დავმალო, მისი ვინაობა გავიგო და შემდეგ კომუნიკაციის დამყარება
ვცადო.

ქალაქს შემთხვევითად ვარჩევ: მემფისი. ეკრანს ვთიშავ, ვიცვამ, სამგზავრო ჩანთაში ბარგს
ვალაგებ და ბინაში შენახულ მთელ ნაღდ ფულს ვუყრი თავს.

მემფისის სასტუმროში ქსელურ ტერმინალთან ვიწყებ მუშაობას. პირველ რიგში რამდენიმე


ვირტუალური ტერმინალით ჩემს აქტივობებს ვნიღბავ. პოლიციის ჩვეულებრივი
ანალიტიკოსისთვის ჩემი ოპერაციები ისე გამოჩნდება, თითქოს იუტას სხვადასხვა
წერტილიდან იღებს სათავეს. სამხედრო დაზვერვა კვალმა შეიძლება ჰიუსტონის
ტერმინალამდე მიიყვანოს; მაგრამ მემფისამდე გზის გამოკვლევა ჩემთვისაც კი რთული
ამოცანა იქნებოდა. თუ კვალს ჰიუსტონამდე მიყვნენ, იქაურ ტერმინალში დაყენებული ჩემი
განგაშის სისტემა შემატყობინებს.

***

თავისი იდენტობის გამამჟღავნებელი რამდენი მინიშნება წაშალა ჩემმა ტყუპისცალმა? FDA -ის
ფაილებში უშედეგო ძებნის შემდეგ სხვადასხვა ქალაქის საკურიერო მომსახურებათა ფაილების
შემოწმებას დავიწყებ და კ ჰორმონის კვლევის პერიოდში FDA -დან საავადმყოფოებამდე
მიტანილ გზავნილებს მოვძებნი. ამის შემდეგ საავადმყოფოს ჩანაწერებში თავის ტვინის მძიმე
დაზიანების მქონე შემთხვევებს გადავქექავ და უკვე რაღაც ხელჩასაჭიდი მექნება.
ამ მონაცემებიდან რაიმეს პოვნა რომც შევძლო, დიდ ხეირს მაინც ვერ ვნახავ. მთავარი მაინც
დაბანდების სქემების შესწავლა და გაძლიერებული გონების კვალის შემჩნევაა. ამას დრო
დასჭირდება.

62
***

მას რეინოლდსი ჰქვია. წარმოშობით ფენიქსიდანაა და მისი საწყისი პროგრესი ჩემსას ძალიან
ემთხვევა. მესამე ინიექცია ექვსი თვისა და ოთხი დღის წინ მიიღო, რითაც თხუთმეტი დღით
გამასწრო. ყველაზე აშკარა ჩანაწერები არც კი წაუშლია. მიცდის, როდის ვიპოვი. ჩემი
გამოთვლებით, ზეკრიტიკულ ზღვარზე უკვე თორმეტი დღე გაატარა – ჩემზე ორჯერ მეტი.

საინვესტიციო სქემებში მის ხელს უკვე ვხედავ, მაგრამ რეინოლდსის ადგილმდებარეობის


დადგენა ტიტანურ შრომას მოითხოვს. ქსელში უამრავ ჩანაწერს ვამოწმებ იმ ანგარიშების
გამოსავლენად, რომლებშიც მან შეაღწია. ჩემს ტერმინალზე თორმეტი ხაზი მაქვს გახსნილი.
ორ საცალხელო კლავიატურასა და ხორხის მიკროფონს ვიყენებ, ასე რომ, სამ დავალებაზე
ერთდროულად მუშაობა შემიძლია. ჩემი სხეულის უმეტესი ნაწილი უმოძრაოდაა;
დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, ნორმალურ სისხლის მიმოქცევას, კუნთების
რეგულარულ შეკუმშვა-მოდუნებას და რძემჟავას დროულ მოცილებას უზრუნველვყოფ.
ამასობაში კი ყველა მოძიებულ მონაცემს ვიწოვ, ნოტებში მელოდიებს ვსწავლობ, ქსელში
გავრცელებული ტრემორის ეპიცენტრის დადგენას ვცდილობ.

საათები გადის. ორივე ჩვენგანი გიგაბაიტობით მონაცემს ამუშავებს, ერთმანეთს წრეზე


ვუვლით.

***

ფილადელფიაშია. ჩემს ჩასვლას ელოდება.

ტალახიანი ტაქსით რეინოლდსის ბინისკენ მივეშურები.

რეინოლდსის მიერ გასულ თვეებში შესწავლილი მონაცემთა ბაზებისა და სააგენტოების


მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი პირადი სამეცნიერო კვლევები ეხება ტოქსიკური ნარჩენების
მოშორებისთვის განკუთვნილ ბიოინჟინერიით შექმნილ მიკროორგანიზმებს, პრაქტიკული
სინთეზისთვის აუცილებელ ინერციულ შემაკავებლებსა და სხვადასხვა სტრუქტურების
საზოგადოებებში ინფორმაციის ქვეცნობიერ გავრცელებას. სამყაროს გადარჩენას გეგმავს.
სურს, რომ ის საკუთარი თავისგან დაიცვას. შესაბამისად, ჩემზე არც ისე დადებითი წარმოდგენა
აქვს.

63
გარე სამყაროს საკითხებისადმი არანაირი ინტერესი არ გამომივლენია და ჩვეულებრივი
ადამიანების დასახმარებლად არაფერი გამომიკვლევია. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს,
მეორე მიიმხროს. მე სამყაროს მხოლოდ ჩემი მიზნების მეორეხარისხოვან დანამატად
აღვიქვამ, ის კი ვერ დაუშვებს, რომ გაზრდილი გონებრივი შესაძლებლობების მქონე
ინდივიდმა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. გონებისა და
კომპიუტერის დაკავშირების ჩემეულ გეგმებს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება და
ხელისუფლებასა და ხალხში ისეთ რეაქციებს გამოიწვევს, რომლებიც რეინოლდსის გეგმებს
ხელს შეუშლის. როგორც ერთ ანდაზაშია, რადგან მასთან არ ვარ, მის წინააღმდეგ ვარ.

ჩვენ რომ გაძლიერებული გონებებისგან შემდგარი საზოგადოების წევრები ვიყოთ, ადამიანური


კომუნიკაციის ბუნება სულ სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ არსებულ საზოგადოებაში ჩვენ ორნი
შეუქცევადად ვიქეცით ჯაგერნაუტებად, რომელთა აზრითაც ჩვეულებრივთა ქმედებები
სათვალავში ჩასაგდები არაა. ერთმანეთისგან თორმეტი ათასი მილის დაშორებითაც რომ
ვცხოვრობდეთ, ერთმანეთის უგულებელყოფას ვერ შევძლებდით. პრობლემა უნდა მოგვარდეს.

ორივემ თამაშების რამდენიმე რაუნდი გამოვიარეთ. ერთმანეთის მოკვლა ათასი გზით


შეგვეძლო გვეცადა, კარის სახელურზე ნეიროტოქსინით გაჯერებული დიმეთილ სულფოქსიდის
წასმით დაწყებული, სამხედრო, მკვლელი სატელიტების ქირურგიული სიზუსტით
განხორციელებული დარტყმით დამთავრებული. ორივეს შეგვეძლო, ფიზიკური არეალიცა და
ქსელიც უთვალავი შესაძლებლობის ძებნაში წინასწარ გაგვეფართოებინა და ერთმანეთისთვის
მახეები დაგვეგო. მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არ ჩაუდენია რაიმე მსგავსი და არც ასეთი
ხაფანგების შემოწმების საჭიროება გვიგრძნია. ეს შესაძლებლობები მეტოქის შემდეგი ნაბიჯის
გამოცნობისა და ფიქრში გაჯიბრების უსასრულო რეგრესიამ გადაფარა. გადამწყვეტი იქნება ის
სამზადისი, რომლის პროგნოზირებასაც რომელიღაც ჩვენგანი ვერ მოახერხებს.

ტაქსი ჩერდება; მძღოლს ფულს ვუხდი და შენობასთან მივდივარ. ელექტროსაკეტი ჩემ წინ
იღება. ქურთუკს ვიხდი და კიბეების ოთხ წყებას ავდივარ.

რეინოლდსის ბინის კარიც ღია მხვდება. შესასვლელიდან მისაღებში გავდივარ და ციფრული


სინთეზატორიდან ჰიპერაჩქარებული პოლიფონია მესმის. აშკარაა, თავისი ნახელავია; ხმები
ისეა მოდულირებული, რომ ჩვეულებრივი სმენა ვერ შენიშნავს და მეც კი მიჭირს, მათში რაიმე
სტრუქტურა დავინახო. ალბათ მაღალი ინფორმაციული სიმკვრივის მქონე მუსიკის
ექსპერიმენტია.

ოთახში დიდი სატრიალო სკამი დგას, ზურგით ჩემკენ. რეინოლდსი არ ჩანს და თავის სომატურ
გამოსხივებებს ლამის კომის დონემდე თრგუნავს. ვანიშნებ, რომ იქ ვარ და მისი ვინაობაც ვიცი.

რეინოლდსი.;

დადასტურება.

გრეკო.;

64
სკამი ნელა და მსუბუქად ტრიალდება. მიღიმის და გვერდით მდგარ სინთეზატორს თიშავს.
კმაყოფილება.

სასიამოვნოა შენთან შეხვედრა.;

კომუნიკაციისთვის ნორმალური ადამიანების სომატური ენის ფრაგმენტებს ვცვლით –


ჩვეულებრივი ენის შემოკლებულ ვერსიას. თითოეული ფრაზა წამის მეათედს მოითხოვს.
სინანულს ვანიშნებ.

სამწუხაროა, რომ მტრებად ვხვდებით.;

ნაღვლიანი თანხმობა, შემდეგ ვარაუდი.

ნამდვილად. წარმოიდგინე, შეთანხმებულად მოქმედების შემთხვევაში როგორ შევძლებდით


სამყაროს შეცვლას. ორი გაძლიერებული გონება. რამდენ შესაძლებლობას ვკარგავთ.;

მართალია. ერთობლივი საქმიანობის შემთხვევაში ისეთი მიღწევები გვექნებოდა, ცალ-ცალკე


რომ ვერც ერთი ვერ შევწვდებით. ნებისმიერი თანმშრომლობა უკიდურესად ნაყოფიერი
იქნებოდა: რამხელა კმაყოფილებას მომანიჭებდა თუნდაც უბრალო საკითხის განხილვა ისეთ
ადამიანთან, რომელიც სისწრაფეში არ ჩამომივარდება, შეუძლია ჩემთვის ახალი იდეა
შემომთავაზოს და იგივე მელოდიები მოისმინოს, რომლებიც მეც მესმის. მასაც იგივე სურს.
ორივეს ტკივილს გვაყენებს იმაზე ფიქრი, რომ ამ ოთახს მხოლოდ ერთი დატოვებს ცოცხალი.

შემოთავაზება.
გინდა, გასულ ექვს თვეში ნასწავლი ერთმანეთს გავუზიაროთ?;

იცის, რასაც ვუპასუხებ.

ხმამაღლა ვილაპარაკებთ, რადგან სომატურ ენას ტექნიკური ლექსიკონი არ გააჩნია.


რეინოლდსი სწრაფად წარმოთქვამს ხუთ სიტყვას. შინაარსით ისინი უფრო მეტად
დახუნძლულია, ვიდრე ნებისმიერი ლექსის მთელი სტროფი – თითოეული სიტყვა მყარ
საყრდენს წარმოადგენს, რომელზეც შემიძლია ნაბიჯი დავადგა მას შემდეგ, რაც წინა
სიტყვიდან ყველაფერს გამოვწურავ. ერთიანობაში ისინი სოციოლოგიის რევოლუციური
ხედვაა. სომატური ენის მეშვეობით მანიშნებს, რომ ეს მისი ერთ-ერთი პირველი მიღწევა იყო.
მსგავსი რამ მეც გავიაზრე, თუმცა განსხვავებული ფორმულირებით. სასწრაფოდ შვიდი
სიტყვით ვპასუხობ, რომელთაგან ოთხი ჩემი და მისი ხედვების განსხვავებას აჯამებს, ხოლო
სამი ამ განსხვავებების ნაკლებად ხილულ შედეგებს აღწერს. მპასუხობს.

ასე ვაგრძელებთ. ორ მგოსანს ვგავართ, რომლებიც ერთიმეორეს შემდეგი სტროფის შეთხზვაში


იწვევენ და ერთად ქმნიან ცოდნის ეპიკურ პოემას. რამდენიმე წამში თანდათან ვჩქარდებით.
ერთმანეთის პარალელურად ვსაუბრობთ, მაგრამ თან ყოველი წვრილმანი გვესმის, ვიწოვთ,
ვასკვნით და ვპასუხობთ უწყვეტად, ერთდროულად, სინერგიულად.

65
***

მრავალი წუთი გადის. მე მისგან ვსწავლობ ბევრს და ის – ჩემგან. გამომაცოცხლა იმ იდეების


უეცარმა მოზღვავებამ, რომელთა მნიშვნელობის სრული გააზრებისთვის დღეები
დამჭირდებოდა. თუმცა, იმავდროულად, სტრატეგიულ ინფორმაციასაც ვაგროვებთ: მე მისი
გამოუთქმელი ცოდნის საზღვრების შეფასებას ვცდილობ, ჩემსას ვადარებ და მისი შესაბამისი
შეფასებების სიმულირებას ვახდენ. არც ერთს არ გვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი მალე
დასრულდება; ინფორმაციის მიმოცვლა კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს ჩვენს იდეოლოგიურ
განსხვავებებს.

რეინოლდსს იმ სილამაზისთვის თვალიც კი არ მოუკრავს, რომელსაც მე ვეზიარე; მშვენიერ


სანახაობათა წინ იდგა და ვერ ამჩნევდა. ერთადერთი გეშტალტი, რომელიც მის შთაგონებას
იწვევს, ისაა, რომელსაც მე ყურადღება არ მივაქციე: პლანეტის სოციუმის, ბიოსფეროს
გეშტალტი. მე სილამაზის მოყვარული ვარ, ის – კაცობრიობის. თითოეული ჩვენგანი ფიქრობს,
რომ მეორემ ხელიდან დიდი შესაძლებლობები გაუშვა.

მას არ უხსენებია თავისი გეგმა, რომლის მიხედვითაც გლობალური გავლენის ქსელი უნდა
შექმნას და სამყაროში კეთილდღეობა დაამყაროს. მის შესასრულებლად უამრავ ადამიანს
დაიქირავებს, რომელთაგან ზოგს უბრალოდ გონებრივ შესაძლებლობებს მოუმატებს, ზოგს კი
თვითშემეცნების მეტაუნარით დააჯილდოვებს. რამდენიმე მათგანი რეინოლდსისთვის
საფრთხის შემცველი იქნება.

ნორმალურებისთვის ამხელა რისკზე რატომ მიდიხარ?;

გასხივოსნებული რომ იყო, ნორმალურებისადმი შენი გულგრილობა გამართლებული


იქნებოდა; შენს სამფლობელოს მათთან არანაირი გადაკვეთის წერტილი არ ექნებოდა. მაგრამ
სანამ მე და შენ მათი საქმეების ჯერ კიდევ გვესმის, უგულებელყოფა არ შეგვიძლია.;

ჩვენს მორალურ პოზიციებს შორის მანძილს ზუსტად ვზომავ და მათ შეუთავსებელ ხაზებს
შორის დაძაბულობას ვგრძნობ. მას მოტივაციას არა უბრალოდ თანაგრძნობა ან ალტრუიზმი
აძლევს, არამედ რაღაც ისეთი, რომელიც ორივეს მოიცავს. მეორეს მხრივ, მე მხოლოდ
ქვეცნობიერზე ვკონცენტრირდები.

გასხივოსნებით მიღებულ სილამაზეზე რას იტყვი? საერთოდ არ გიზიდავს?;


ხომ იცი, ცნობიერების გასხივოსნების შესანარჩუნებლად რა სახის სტრუქტურა იქნება საჭირო.
ვერანაირ მიზანს ვერ ვხედავ, საჭირო ინდუსტრიების დაფუძნებისთვის იმდენი დრო
დავხარჯო, რაც გასხივოსნების მიღწევას სჭირდება.;

ის გონებრივ შესაძლებლობებს ისე აღიქვამს, როგორც იარაღს, მე კი – როგორც დანიშნულების


წერტილს. კიდევ უფრო მაღალი შესაძლებლობები აღარაფერში გამოადგება. ამჟამინდელი

66
დონით ადამიანთა სამყაროშიც და მის მიღმაც ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავლის პოვნა
შეუძლია. მას მხოლოდ ამ გამოსავლის განხორციელებისთვის საჭირო დრო დასჭირდება.

დისკუსიის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ორმხრივი შეთანხმებით, ვიწყებთ.

ჩვენი შეტევების დროის შერჩევისას მოულოდნელობის ეფექტზე საუბარს აზრი არ აქვს; ჩვენი
ცნობიერება წინასწარი გაფრთხილებით იმაზე ბასრი ვერ გახდება, ვიდრე უკვე არის. როცა
ბრძოლას ერთობლივი შეთანხმებით ვიწყებთ, კეთილშობილების გამოვლინება კი არაა,
არამედ გარდაუვალის აღიარება.

ჩვენი დასკვნების საფუძველზე შექმნილი ერთმანეთის მოდელებში ნაპრალები და ხარვეზებია:


შინაგანი ფსიქოლოგიური განვითარების პროცესები და აღმოჩენები, რომლებიც ჩვენ
გავაკეთეთ. აქამდე იმ სივრცეებიდან არც ექოს გამოუღწევია და არც თოკები გამოჭიმულა
მსოფლიო ქსელთან დასაკავშირებლად.

მე ვიწყებ.

მასში ორი გამაძლიერებელი მარყუჟის შექმნაზე ვკონცენტრირდები. ერთი ძალზე მარტივია:


სისხლის წნევას ზემოთ ძალიან სწრაფად და ძალიან მაღლა სწევს. შემოწმების გარეშე ერთი
წამიც რომ გაჩერდეს, ეს მარყუჟი მის სისხლის წნევას ინსულტის დონემდე – ალბათ 400-მდე ან
300-ზე ზემოთ მაინც – ასწევდა და ტვინის კაპილარებს გახეთქავდა.

რეინოლდსი მას დაუყოვნებლივ ამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩვენი საუბრიდან
გამოჩნდა, სხვებში ბიოუკუკავშირის მარყუჟების ჩართვის საკითხი არასდროს გამოუკვლევია,
მომხდარს მაინც სწორად ხვდება, რის შემდეგაც გულისცემას ანელებს და სისხლძარღვებს
მთელ სხეულში იფართოებს.

თუმცა ჩემი რეალური შეტევა მეორე, უფრო ფარული მარყუჟია. ეს ის იარაღია, რომელზე
მუშაობასაც რეინოლდსის ძებნის დაწყებისთანავე შევუდექი. ეს მარყუჟი მისი ნეირონების მიერ
ნეიროტრანსმიტერების ანტაგონისტების ჭარბ გამომუშავებას იწვევს და სინაფსებში ნერვული
იმპულსების გავლას ბლოკავს, რითაც ტვინის მუშაობა ჩერდება. ამ მარყუჟის გამოსხივებას
მეორეზე გაცილებით მაღალი ინტენსივობით ვცდილობ.

აშკარა შეტევის მოგერიების მცდელობამ რეინოლდსის კონცენტრაციის ოდნავი შესუსტება


გამოიწვია, რომელიც მომატებული სისხლის წნევის ეფექტებითაა შენიღბული. ერთი წამის
შემდეგ მისი ორგანიზმი ეფექტს თავისით აძლიერებს. რეინოლდსი შოკირებულია იმის
გააზრებით, რომ მისი ფიქრები ბუნდოვანდება. ზუსტი მექანიზმის ძებნას იწყებს. მალე იპოვის,
მაგრამ მის გულდასმით შესწავლას დიდი ხნით ვერ შეძლებს.

როცა მისი ტვინის ფუნქციები ნორმალურ დონეზე დავა, მისი გონებით მანიპულირებას
ადვილად შევძლებ. სხვადასხვა ჰიპნოზური ტექნიკით შესაძლებელია მთელი ის ინფორმაცია
ამოვაფრქვევინო, რასაც მისი გაძლიერებული გონება ფლობს.

67
მის სომატურ გამოხატულებებს ვაკვირდები და ვხედავ, როგორ ეურჩებიან რეინოლდსის
დეგრადირებად გონებრივ შესაძლებლობებს. რეგრესი აშკარად სახეზეა.

თუმცა უცებ ჩერდება.

რეინოლდსი წონასწორობას აღწევს. გაოგნებული ვარ. თვითგაძლიერებადი მარყუჟის გაწყვეტა


შეძლო. ყველაზე ჩახლართული შემტევი სისტემა შეაჩერა, რომლის აწყობაც შემეძლო.

შემდეგ უკვე მიღებული ზიანის გამოსწორებას იწყებს. უკვე შესუსტებული უნარებითაც კი


ახერხებს, რომ ნეიროტრანსმიტერების ბალანსი აღადგინოს. რამდენიმე წამში რეინოლდსი
თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდება.

მისთვის მეც გამჭვირვალე ვიყავი. ჩვენი საუბრიდან მიხვდა, რომ გაძლიერებად მარყუჟებს
ვიკვლევდი და სანამ კავშირი გვქონდა დამყარებული, ზოგადი საწინააღმდეგო მექანიზმი
შეიმუშავა ისე, რომ ვერ შევნიშნე. შემდეგ ჩემი გააქტიურებული შეტევის კონკრეტულ
დეტალებს დააკვირდა და ისწავლა, როგორ უნდა უკუექცია მისი ეფექტები. მისი გამჭრიახობით,
სიჩქარითა და შენიღბვის უნარით გაოცებული ვარ.

ჩემს უნარებს აღიარებს.

ძალზე საინტერესო ტექნიკაა; შესაფერისიც, შენი თვითშეწოვის გათვალისწინებით. ვერც კი


შევამჩნიე, როდის...; მოულოდნელად სრულიად სხვა სომატურ სიგნალს უშვებს, რომელიც
მეცნობა. მაშინ გამოიყენა, როდესაც სამი დღის წინ სასურსათო მაღაზიაში გვერდით ჩამიარა.
გასასვლელი ხალხით იყო გაჭედილი, გარშემო მედგნენ მოხუცი ქალბატონი, რომელიც
სასუნთქი ნიღბის უკან ქოშინებდა და მჟავათი გაბრუებული გალეული თინეიჯერი, რომელსაც
თხევადი კრისტალის ფსიქოდელიური ფორმების გამოსახულებიანი პერანგი ეცვა. რეინოლდსი
ჩემ უკან გასხლტა, გონება პორნოჟურნალების დახლისკენ ჰქონდა მიპყრობილი. მისმა
სამეთვალყურეო სისტემამ ჩემი გაძლიერებადი მარყუჟების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა,
თუმცა ჩემი გონების უფრო დეტალური სურათი კი დაუხატა.

ამგვარ შესაძლებლობას ველოდი. ჩემს ფსიქიკას ფორმულირებას ვუცვლი და


არაპროგნოზირებადობის მისაღწევად რანდომულ ელემენტებს ვამატებ. ჩემი გონების
განტოლებები ახლა ოდნავღა წააგვანან ჩემს ჩვეულებრივ ცნობიერებას, რითაც რეინოლდსის
ვარაუდებს ძირს ვუთხრი და ფსიქიკაზე ორიენტირებულ მის ნებისმიერ იარაღს ეფექტურობას
ვუკარგავ.

ღიმილის ეკვივალენტურ სიგნალს ვაგზავნი.

საპასუხოდ რეინოლდსიც მიღიმის.

ოდესმე თუ გიფიქრია...; უეცრად ის მხოლოდ სიჩუმეს გამოსცემს. რაღაცის თქმას აპირებს,


მაგრამ ვერ ვხვდები, რის. შემდეგ მისი ჩურჩული მესმის:

– ...თვითგანადგურების ბრძანებებზე, გრეკო?

68
სანამ ამას ამბობს, ჩემს გონებაში შექმნილ მის რეკონსტრუქციაში დარჩენილი ნაპრალები
პირამდე ივსება და გადმოდის, მის შესახებ ჩემი ცოდნა ფერადდება. "სიტყვას" გულისხმობს.
წინადადებას, რომელიც წარმოთქმისთანავე მსმენელის გონებას ანადგურებს. რეინოლდსი
ამტკიცებს, რომ ეს მითი სინამდვილეა და ყველა გონებაშია ჩაშენებული ასეთი გამშვები; რომ
ყოველი ადამიანისთვის არსებობს წინადადება, რომელსაც მისი იდიოტამდე, შეშლილამდე,
კატატონიკამდე დეგრადირება შეუძლია. იმასაც ამტკიცებს, რომ ჩემი ასეთი წინადადება იცის.

იმ წამსვე ყველა სენსორულ შემავალ გზას ვიხშობ და მოკლევადიანი მეხსიერების


იზოლირებულ ბუფერში ვიკეტები. შემდეგ ჩემი ცნობიერების სიმულატორს ვაშენებ, რომელიც
შემომავალ სიგნალებს მიიღებს და შენელებული სიჩქარით შეიწოვს. მე, როგორც
მეტაპროგრამისტი, სიმულატორის განტოლებებს არაპირდაპირ გავაკონტროლებ. სენსორულ
ინფორმაციას საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა მისი უსაფრთხოება
დადასტურდება. თუ სიმულატორი განადგურდება, ჩემი ცნობიერება მაინც იზოლირებული
დარჩება, ავარიის გამომწვევი პროცესის კვალს გავყვები და დავადგენ, თუ რა ნაბიჯები იქნება
საჭირო ჩემი ფსიქიკის ხელახალი პროგრამირებისთვის.

სანამ რეინოლდსი ჩემს სახელს წარმოთქვამს, უკვე ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს
მოთავსებული. მისი შემდეგი წინადადება შეიძლება განადგურების ბრძანება იყოს. ახალ
სენსორულ შემომავალ სიგნალებს ას ოცი მილიწამის დაგვიანებით ვიღებ. ადამიანური გონების
ჩემეულ ანალიზს ხელახლა ვამოწმებ და რეინოლდსის მტკიცების დამადასტურებელ ფაქტებს
ვეძებ.

ამასობაში მსუბუქად, სასხვათაშორისოდ ვპასუხობ.

მიდი, გამოუშვი შენი საუკეთესო დარტყმა.;

ნუ ღელავ, მთლად ენის წვერზე არ მადგას.;

ჩემი ძებნა რაღაც შედეგს იძლევა. საკუთარ თავს ვუკურთხებ: ჩემი ფსიქიკის დიზაინში ძალიან
ნატიფი უკანა შესასვლელია, რომლის შესამჩნევადაც საკმარისი გონებრივი აღჭურვილობა არ
გამაჩნდა. მაშინ, როდესაც ჩემი იარაღი ინტროსპექციითაა შექმნილი, მისი იარაღი მხოლოდ
მანიპულატორის ნახელავი შეიძლება იყოს.

რეინოლდსმა იცის, რომ დამცავი ზღუდეები ავაშენე; შეუძლია მის გამშვებ ბრძანებას ჩემი
დაცვის გადალახვა? გამშვები ბრძანების მოქმედების მექანიზმის შესწავლას განვაგრძობ.

რას ელოდები?;

დარწმუნებულია, რომ დამატებითი დრო დაცვითი ხაზის შექმნაში ვერ დამეხმარება.

სცადე და გამოიცანი.;

რა დიდ გულზეა. ნუთუ მართლა შეუძლია, ადვილად გამაცუროს?

69
ნორმალურ ადამიანებზე გამშვების თეორიულ აღწერილობას ვადგენ. ერთი ბრძანებით
შესაძლებელია კრიტიკულ ზღვარს მიუღწეველი გონება tabula rasa-დ((ლათ.) სუფთა დაფა.)
აქციოს, თუმცა გაძლიერებული გონებისათვის გაურკვეველი ხარისხის მოდიფიკაცია იქნება
საჭირო. წაშლის პროცესს გამორჩეული სიმპტომები აქვს, რომელთა შესახებ ჩემი სიმულატორი
გამაფრთხილებს, მაგრამ ეს ჩემ მიერ გამოთვლადი პროცესების სიმპტომებია. თავისი არსით,
განადგურების ბრძანება არის სპეციფიკური განტოლება, რომლის წარმოდგენაც ჩემს უნარებს
აღემატება; იქნებ სიმულატორის მდგომარეობის დიაგნოსტირებამ ჩემი მეტაპროგრამირების
კოლაფსი გამოიწვიოს?

განადგურების ბრძანება ნორმალურებზე თუ გამოგიყენებია?; იმის გამოთვლას ვიწყებ, თუ რა


არის საჭირო განადგურების მოდიფიცირებული ბრძანების შესაქმნელად.

ერთხელ, ექსპერიმენტის სახით, ნარკომოვაჭრეზე. შემდეგ სამხილები საფეთქელში


მიყენებული დარტყმით შევნიღბე.;

ცხადი ხდება, რომ ასეთი ბრძანების შექმნა კოლოსალური მასშტაბის საქმეა. გამშვების
შესაქმნელად ჩემი გონების საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო; ვაანალიზებ, თუ რა შეიძლება
იცოდეს ჩემ შესახებ. როგორც ჩანს, ჩემი რეპროგრამირების გათვალისწინებით, მისი ცოდნა
არასაკმარისი იქნება, მაგრამ შეიძლება დაკვირვების ისეთ ტექნიკებს ფლობდეს, რომლებიც
ჩემთვის უცნობია. ცხადად ვიაზრებ, რომ გარე სამყაროს შესწავლით გარკვეული უპირატესობა
მოიპოვა.

ამის გაკეთება ბევრჯერ მოგიწევს.;

მისი სინანული აშკარაა. მის გეგმას კიდევ რამდენიმე სიკვდილის გარეშე განხორციელება არ
უწერია: კიდევ უნდა გაწიროს რამდენიმე ნორმალური ადამიანი და რამდენიმეც – თავისი
გაძლიერებული ასისტენტი, რომელთაც უფრო მაღალი სიმაღლეების მიღწევის ცდუნება
ექნებათ და რეინოლდსს განზრახვაში ხელს შეუშლიან. ბრძანების გამოყენების შემდეგ
რეინოლდსს შეეძლება მათი – ან ჩემი – გადაპროგრამირება სავანტებად, რომლებსაც ვიწროდ
ფოკუსირებული განზრახვები და შეზღუდული მეტაპროგრამირების უნარები ექნებათ. ასეთი
სიკვდილები მისი გეგმისთვის გაღებული გარდაუვალი მსხვერპლია.

არ ვამტკიცებ, რომ წმინდანი ვარ.;


უბრალოდ მხსნელი.

ნორმალურებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ტირანია, რადგან შეცდომით ერთ-ერთ თავისიანად


მიიჩნევენ, საკუთარ განსჯას კი არასდროს ენდობოდნენ. ვერასოდეს დაუშვებენ, რომ
რეინოლდსი თავისი ამოცანისთვის შესაფერისია. ადამიანების საქმიანობის მისეული
გადაწყვეტილებები ოპტიმალურია, მათი სიხარბე და ამბიციები კი – გაუმჯობესებული
გონებისთვის შეუსაბამო.

რეინოლდსი ხელებს დრამატულად სწევს, საჩვენებელი თითი გაშვერილი აქვს, თითქოს


რაღაცაზე მიანიშნებსო. მისი განადგურების ბრძანების შექმნისთვის ჯერ საკმარისი

70
ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ამჯერად მხოლოდ დაცვაზე ფიქრი შემიძლია. თუ მის შეტევას
გავუძლებ, შეიძლება ჩემი შეტევის განხორციელების დრო მომეცეს.

თითი ისევ ზემოთ აქვს აღმართული და ამბობს:

– გაიაზრე.

თავდაპირველად ვერაფერსაც ვერ ვიაზრებ. შემდეგ თავზარდაცემული ვხვდები.

ბრძანება წარმოსათქმელად არ შეუქმნია. ის სულაც არ არის სენსორული გამშვები. ის


მეხსიერების გამშვებია: ბრძანება ცალ-ცალკე სრულიად უვნებელი იმ აღქმების ჯაჭვია,
რომლებიც გონებაში ნელი მოქმედების ნაღმებივით ჩამინერგა. ამ მოგონებების შედეგად
ჩამოყალიბებული გონებრივი სტრუქტურები ახლა ერთ თარგზე ეწყობიან და იმ გეშტალტს
ქმნიან, რომელიც ჩემს დაშლას განსაზღვრავს. "სიტყვას" თავადვე ვგრძნობ.

ჩემი ტვინი დაუყოვნებლივ უსწრაფეს მუშაობას იწყებს. სიკვდილის გააზრება ჩემდაუნებურად


მეცხადება. ასოციაციების გაწყვეტას ვცდილობ, მაგრამ ამ მოგონებების დათრგუნვა
შეუძლებელია. ჩემ მიერ გაცნობიერების შედეგად პროცესი გარდაუვალ სახეს იღებს და დიდი
სიმაღლიდან გადავარდნილი ადამიანის მსგავს სცენას საკუთარი თვალებით ვუყურებ.

რამდენიმე მილიწამი გადის. სიკვდილი თვალწინ მიელავს.

"სასურსათო მაღაზიის სურათი, როდესაც რეინოლდსმა გვერდით ჩამიარა". ფსიქოდელიური


პერანგი ბიჭზე; რეინოლდსმა დაპროგრამებული გარემოს სურათებით აზრი ჩამინერგა და
უზრუნველყო, რომ ვითომ "რანდომულად" გადაპროგრამებული ჩემი ფსიქიკა მაინც
მოწყვლადი დარჩენილიყო. მაშინვე იცოდა.

დრო აღარაა. მხოლოდ ისღა შემიძლია, რომ საკუთარი თავის რანდომული მეტაპროგრამირება
გაფაციცებული სისწრაფით მოვახდინო. სასოწარკვეთილი ქმედებაა, რომელმაც შეიძლება
დამასახიჩროს.

"უცნაური, მოდულირებული ხმები, რომლებიც რეინოლდსის ბინაში შემოსვლისას გავიგონე".


საბედისწერო სიგნალები ჯერ კიდევ მაშინ შევისრუტე, სანამ დაცვით ზღუდეებს აღვმართავდი.

ჩემს ფსიქიკას ნაწილებად ვგლეჯ, მაგრამ დასკვნა მაინც ნათლად ჩანს, გამოსავალი ბასრია.

"მე თვითონ, სიმულატორის აწყობით". იმ დაცვითი სტრუქტურების შექმნამ გეშტალტის


ცნობისთვის საჭირო პოზიცია მომანიჭა.

მის აღმატებულ ძლიერებას ვაღიარებ. მის მიზნებს კარგად ეხამება. მხსნელს პრაგმატიზმი
უფრო შეეფერება, ვიდრე ესთეტიზმი.

მაინტერესებს, სამყაროს გადარჩენის შემდეგ რას აპირებს.

71
"სიტყვას" ვხვდები და იმ მექანიზმსაც, რომლითაც ის მუშაობს, შემდეგ კი ვიშლები.

ნულზე გაყოფა

ნულზე გაყოფის შედეგად უსასრულოდ დიდი რიცხვი როდი მიიღება. მიზეზი მარტივია:
გაყოფა განსაზღვრულია, როგორც გამრავლების შექცეული ოპერაცია – რამეს თუ ნულზე გაყოფ
და შემდეგ ნულზევე გაამრავლებ, კვლავ საწყისი რიცხვი უნდა მიიღო. უსასრულოდ დიდი
სიდიდის ნულზე გამრავლებით კი მხოლოდ ნული მიიღება, სხვა არაფერი. არ არსებობს ისეთი
რიცხვი, რომლის ნულზე ნამრავლიც არანულოვან პასუხს მოგვცემდა. სწორედ ამიტომ, ნულზე
გაყოფის შედეგი, პირდაპირი მნიშვნელობით, "განუზღვრელია".

1a

მისის რივასი რომ მიუახლოვდა, რენე ფანჯრიდან იყურებოდა.

– ერთ კვირაში გიშვებენ? ეგ რა დარჩენაა... უფალმა უწყის, რომ აქედან დიდი ხნით ფეხს ვერ
გავადგამ.

რენემ ნაძალადევი, ზრდილობიანი ღიმილით უპასუხა:

– დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდხანსაც არ დაგტოვებენ.

მისის რივასს საავადმყოფოს მანიპულატორის სახელით იცნობდნენ. ყველამ იცოდა, რომ


თითოეული მისი მცდელობა სხვების დასანახად იყო გამიზნული, თუმცა პერსონალი მაინც
გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, ვაითუ ერთხელაც მიზანს მიაღწიოსო.

– ჰაჰ. ჩემს მოშორებაზე იოცნებონ! იცი, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თუ რეაბილიტაციის


პროცესში პაციენტი მოკვდება?

– დიახ, ვიცი.

– ბრმაც დაინახავს, რომ მარტო ამაზე ღელავენ. მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა...

რენემ ზურგი აქცია და ყურადღება კვლავ ფანჯრისკენ გადაიტანა. უყურებდა, თვითმფრინავი


ცაზე კონდენსირებულ კვალს როგორ ტოვებდა.

72
– მისის ნორვუდ! – გამოსძახა ექთანმა, – თქვენი მეუღლე მოვიდა.

რენემ მისის რივასს კვლავ თავაზიანი ღიმილით შეხედა და ოთახიდან გავიდა.

1b

კარლმა ხელი კიდევ ერთგან მოაწერა და, როგორც იქნა, ექთნებმა საბუთები დასამუშავებლად
წაიღეს.

გაახსენდა, რენე აქ როგორ მოიყვანა და პირველივე გასაუბრებაზე კითხვები როგორ დააყარეს.


ყველას სტოიკური მოთმინებით უპასუხა.

– დიახ, მათემატიკის პროფესორია. მის სახელს "ვინ ვინ არის" ჩამონათვალშიც წააწყდებით.

– არა, მე ბიოლოგი ვარ.

და

– სასაგნე მინების ყუთი სახლში დამრჩა, არადა, მჭირდებოდა.

– არა, მას არ ეცოდინებოდა.

შემდეგ კი, როგორც ელოდა

– დიახ, მართალია. დაახლოებით ოცი წლის წინ, დოქტორანტურაზე სწავლისას.

– არა, გადახტომა ვცადე.

– მაშინ მე და რენე ერთმანეთს ჯერ არ ვიცნობდით.

და ასე, დაუსრულებლად.

სამაგიეროდ, გასაუბრების შედეგად ყველა დარწმუნდა, რომ კარლი საიმედო, მზრუნველი


მეთვალყურე იქნებოდა და რენეს მკურნალობის სახლში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იმ დროს რომ იხსენებს, კარლს გაოცების აბსტრაქტული შეგრძნება ეუფლება. ერთი ეპიზოდის
გარდა, მთელი ამ გაწამაწიისას დეჟა ვუ საერთოდ არ უგრძნია. გამუდმებით საავადმყოფოსთან,
ექიმებთან, ექთნებთან ურთიერთობა უწევდა, თუმცა თან მხოლოდ ერთი განცდა სდევდა –
თავს უეცრად დატეხილი მოსაწყენი რუტინისგან გამოწვეული გახევება.

73
2

ერთი გავრცელებული ხრიკის შედეგად "მტკიცდება", რომ ერთი ორის ტოლია. დამტკიცება
რამდენიმე განსაზღვრებით იწყება: "დავუშვათ, a=1 და b=1", საბოლოოდ კი სრულდება
დასკვნით, რომ "a=2a", ანუ ერთი უდრის ორს. ხრიკის შუაგულში შეუმჩნევლადაა მიმალული
ნულზე გაყოფა. ზუსტად იმ ნაწილიდან მოყოლებული, მთელი დამტკიცება საზღვრებს ანგრევს
და ყველა მათემატიკურ წესსა თუ კანონზომიერებას გამოუსადეგარს ხდის. ნულზე გაყოფის
დაშვება მხოლოდ ერთისა და ორის ტოლობას კი არა, ნებისმიერი ორი რიცხვის – არ აქვს
მნიშვნელობა, ნამდვილი იქნება თუ წარმოსახვითი, რაციონალური თუ ირაციონალური –
იგივეობას ამტკიცებს.

2a

როგორც კი შინ მივიდნენ, რენე სამუშაო მაგიდას მიუჯდა და ყველა ფურცელი ისე
ამოატრიალა, რომ ნაწერი მხარე ქვემოთ მოუქცია. დაუფიქრებლად დაახვავა ყველაფერი
ერთად. როგორც კი გროვიდან რომელიმე ფურცელი აფრიალდებოდა და ნაწერი
გამოჩნდებოდა, რენე იჯღანებოდა. ერთხელ ისიც იფიქრა, ხომ არ დავწვაო, მაგრამ ამგვარ
საქციელს ახლა სიმბოლური შინაარსიღა თუ ექნებოდა. წინასწარ დასახულ მიზანს ფურცლების
დაუწვავადაც მიაღწევდა, ისიც საკმარისი იქნებოდა, ხელნაწერებისთვის აღარასდროს შეეხედა.

ამგვარ აკვიატებულ ქცევას ექიმები ახსნას, ალბათ, მოუძებნიდნენ. რენე მოიღუშა – იმ


გამოშტერებულების პაციენტობა შეურაცხყოფად მიაჩნდა. მოაგონდა, რომ თვითმკვლელობის
მცდელობის აღკვეთის მიზნით პალატაში გამოკეტეს; სავარაუდოდ, სანიტრებიც ყოველ წამს
თვალყურს ადევნებდნენ. მედიდურ, იოლად გასაშიფრ ექიმებთან საუბრებიც გაახსენდა. მისის
რივასივით მანიპულატორი არ ყოფილა, თუმცა მათგან თავის დახსნა არ გასჭირვებია.
საკმარისი იყო, გეთქვა, კარგად მესმის, რომ არ გამოვჯანმრთელებულვარ, თუმცა უკვე უკეთ
ვარო, რომ საავადმყოფოდან გამოწერას წინ თითქმის აღარაფერი ედგა.

2b

74
ზღურბლთან შემდგარმა კარლმა რენეს წამიერად გახედა, შემდეგ კი დერეფანს დაუყვა. ორი
ათეული წლის წინ თავადაც საავადმყოფოდან გამოწერეს. მშობლებმა მიაკითხეს და
წამოიყვანეს. შინისაკენ მგზავრობისას დედამისმა უაზროდ წამოისროლა, შენი დანახვით
ყველანი ძალიან გაიხარებენო. თავი ძლივს შეიკავა, რომ მხარზე შემოხვეული მისი ხელი
უხეშად არ ჩამოეცილებინა.

რენეს ზუსტად ისე ეპყრობოდა, როგორც თვითონ ისურვებდა, რეაბილიტაციისას


მოპყრობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მისი მეუღლე ქმართან შეხვედრაზე არ
თანხმდებოდა, მაინც ყოველდღე აკითხავდა, რათა იმ წამს, რა წამსაც რენე მის ნახვას
მოისურვებდა, იქვე ყოფილიყო. დროდადრო საუბრობდნენ, ხან უბრალოდ ახლომახლო
დასეირნობდნენ. ყველაფერს უნაკლოდ აკეთებდა და ხვდებოდა, რომ რენე მის საქციელს
აფასებდა.

მის დაუღალავი მცდელობებს ვალდებულების გრძნობის გარდა სხვა აღარაფერი


ასაზრდოებდა.

Principia Mathematica-ში ბერტრან რასელი და ალფრედ უაიტჰედი(ბრიტანელი


მათემატიკოსები, ლოგიკოსები და ფილოსოფოსები.) შეეცადნენ, ფორმალურ ლოგიკაზე
დაყრდნობით მათემატიკის მტკიცე საფუძველი შეექმნათ. ამოსავალ წერტილად რამდენიმე
აქსიომა აარჩიეს და მათ მიხედვით მზარდი სირთულის თეორემები ჩამოაყალიბეს. 362
გვერდზე უკვე საკმარისი მასალა ჰქონდათ იმის დასამტკიცებლად, რომ "1+1=2".

3a
ნათესავის სახლში ბოდიალისას შვიდი წლის რენემ მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ
გლუვ იატაკზე სრული კვადრატები აღმოაჩინა და მაშინვე მოიხიბლა. ერთი ეული ფილა,
ორფილიანის ორი წყება, სამფილიანის – სამი, ოთხიანის – ოთხი: ყველა ერთად ერთ მთლიან
კვადრატად ლაგდებოდა. რა თქმა უნდა. რომელი მხრიდანაც არ უნდა შეგეხედა, ყველგან ერთი
კანონზომიერება ჩანდა. მეტიც – ყოველი მომდევნო კვადრატი წინას კენტი რაოდენობის
ფილებით აღემატებოდა. ეს ნამდვილი გასხივოსნება იყო. დასკვნა ამოთქმას მოითხოვდა –
იატაკი სისწორის განსახიერებას წარმოადგენდა და საკუთარ უტყუარობას ჩამოქნილი, გრილი
ფილებით ამტკიცებდა. მარმარილოს წყობა, ქვებს შორის დარჩენილი მყიფე საზღვრები... ამ
სიზუსტის მნახველ რენეს გააჟრჟოლა.

75
მოგვიანებით სხვაგვარი გასხივოსნებებიც განიცადა და ბევრ სხვა მწვერვალსაც მიაღწია.
ოცდასამი წლისამ გამაოგნებელი სადოქტორო დისერტაცია წარადგინა, ხმაურიანი
ნაშრომებიც მრავლად გამოაქვეყნა. ხალხი მას ფონ ნოიმანს(ჯონ ფონ ნოიმანი – ავსტრია-
უნგრეთში დაბადებული ამერიკელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.) ადარებდა. უნივერსიტეტები
მის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ებრძოდნენ. ამ ორომტრიალს რენე ყურადღებას არ
აქცევდა. მთელი მისი გონება სწორედ იმ სისწორის გააზრებას მოეცვა, რასაც ყოველი ახალი
თეორემის განხილვისას გრძნობდა – მარმარილოს იატაკის მსგავს სისწორეს, ფილების
წყობისმაგვარ სიზუსტეს.

3b

კარლი გრძნობდა, რომ იმ ადამიანად, რასაც ამჟამად წარმოადგენდა, თვითმკვლელობის


მცდელობისა და ლორასთან შეხვედრის შემდეგ იქცა. საავადმყოფოდან გამოწერისას ისეთ
ხასიათზე იყო, არავის დანახვა არ უნდოდა, თუმცა მისმა ერთმა მეგობარმა რაღაცნაირად
მოახერხა და ლორა გააცნო. თავიდან კარლმა იგი ახლოსაც არ გაიკარა, თუმცა გოგო
მეტისმეტად მიზანდასახული აღმოჩნდა. სანამ კარლი ხელისკვრით იშორებდა და ტკივილს
აყენებდა, ლორა სიყვარულით პასუხობდა. როგორც კი კარლი განიკურნა, ლორამ
თავისუფლად წასვლის საშუალება მისცა. მასთან ნაცნობობის წყალობით კარლმა ემპათიის
ძალა შეიგრძნო და შეიცვალა.

მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ ლორა სხვაგან გადავიდა, თვითონ კი უნივერსიტეტში


დარჩა და ბიოლოგიის დოქტორობა განიზრახა. ცხოვრებაში კვლავ არაერთი კრიზისი თუ
გულისგამბზარავი დარტყმა განიცადა, თუმცა სასოწარკვეთილება აღარ დაუფლებია.

ლორას გახსენებისას კარლი აღტაცებული ფიქრობდა, რა შესანიშნავი პიროვნება იყო. სწავლის


დასრულების შემდეგ მასთან აღარ უსაუბრია. ნეტავ, რა ბედი ეწია? ნეტავ, კიდევ ვინ შეიყვარა?
მალევე შეიცნო, როგორი იყო და როგორი არ იყო სიყვარული, და ამ გრძნობას საოცრად
აფასებდა.

ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში მათემატიკოსებმა ევკლიდურისაგან განსხვავებული


გეომეტრიის შესწავლას მოჰკიდეს ხელი. ამგვარი ალტერნატიული მიდგომები უკიდურესად
აბსურდულ შედეგს განაპირობებდა, თუმცა კონტრადიქციას არ შეიცავდა. მოგვიანებით

76
დამტკიცდა, რომ არაევკლიდური გეომეტრიული მსჯელობანი ევკლიდურს შეესაბამებოდა –
თუკი დაუშვებდი, რომ ევკლიდური გეომეტრია არანაირ ლოგიკურ ხარვეზს არ შეიცავდა, მაშინ
ამ დაშვებიდან გამომდინარეობდა, რომ არაევკლიდური გეომეტრიაც უხარვეზო იყო.

თუმცა თავად იმის მტკიცება, რომ ევკლიდური გეომეტრია წინაღობას არ შეიცავდა,


მათემატიკოსებს ხელიდან უსხლტებოდათ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მხოლოდ იმის
დამტკიცება მოხერხდა, რომ თუ არითმეტიკა ლოგიკურად თავსებადია, მაშინ ევკლიდური
გეომეტრიაც თავსებადი ყოფილა.

4a

თავიდან, მთელი ამ ამბის დაწყებისას, ახალი აღმოჩენა რენეს უწყინარ თავის ტკივილზე
ოდნავ სერიოზულად თუ მიაჩნდა. დერეფანს გაუყვა და პიტერ ფაბრისის კაბინეტის ღია კარზე
დააკაკუნა.

– პიტ, ერთი წუთით გცალია?

ფაბრისიმ სკამს უბიძგა და მაგიდას მოაშორა.

– ჰო, რენე. რა ხდება?

რენე კაბინეტში შევიდა. ხვდებოდა, ფაბრისის რა რეაქციაც ექნებოდა. აქამდე რჩევა ან


დახმარება ფაკულტეტის არცერთი თანამშრომლისთვის არ უთხოვია. ყოველთვის პირიქით
იყო. თუმცა, რა მნიშვნელობა ჰქონდა...

– ერთ სამსახურს ვერ გამიწევ? რამდენიმე კვირის წინ რომ რაღაც გითხარი, ფორმალიზმზე
ვმუშაობ-მეთქი, გახსოვს?

პიტმა თავი დაუქნია.

– ჰო, თეორია, რომლის მიხედვითაც აქსიომათა სისტემის ცვლილებაც შესაძლებელი


იქნებოდა.

– მართალი ხარ. ჰოდა, ერთი-ორი დღის წინ რაღაც სასაცილო დასკვნებამდე მივედი.
ისეთებამდე, რომ ახლა მთელი ჩემი ფორმალიზმი ერთი დიდი კონტრადიქციაა. შეგიძლია,
გადახედო?

ფაბრისის სახემ ზუსტად ის ემოცია გამოხატა, რომელსაც რენე ვარაუდობდა.

77
– ესე იგი, შენ გინდა, რომ... ჰო, აბა რა. სიამოვნებით.

– ძალიან კარგი. საწყის რამდენიმე გვერდზე ის მაგალითები ამოვწერე, რომლებიც პრობლემას


შეიცავენ. ნაშრომის დანარჩენი ნაწილი უბრალოდ გამოყენებული წყაროების ჩამონათვალია, –
ფაბრისის ფურცლების თხელი შეკვრა გადასცა, – წერილობით იმიტომ მოგიტანე, რომ
ვიფიქრე, დალაპარაკების შემთხვევაში საკითხს ჩემი თვალით შეხედავს და იმას დაინახავს,
რასაც მე ვხედავ-მეთქი.

– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – ფაბრისიმ საწყის გვერდებს გადახედა, – აზრზე არ ვარ, რამდენ
დროს წაიღებს.

– სასწრაფო არაა. როცა საშუალება მოგეცემა, უბრალოდ, გადახედე, რომელიმე ჩემი დაშვება
საეჭვოდ ხომ არ გამოიყურება, ან რამე მსგავსი. ნაშრომზე მუშაობას კვლავ ვაგრძელებ და რამე
ახალს თუ აღმოვაჩენ, შენც გეტყვი, კარგი?

ფაბრისიმ გაიღიმა.

– ამ შუადღისასვე მოხვალ და მეტყვი, ვიპოვე, შეცდომა სადაც იყოო.

– მეეჭვება. მაგის აღმოჩენას სხვა თვალის შევლება სჭირდება.


პიტერმა ხელები გაშალა.

– ვნახოთ, მე ვცდი.

– გმადლობ, – ნაკლებად სარწმუნოდ ეჩვენებოდა აზრი, რომ ფაბრისი მის შემუშავებულ


ფორმალიზმს ჩასწვდებოდა, თუმცა ახლა ვინმე ისეთი უფრო სჭირდებოდა, ვინც ნაშრომის
მექანიკურ ასპექტებს შეამოწმებდა.

4b

კარლმა რენე კოლეგის მოწყობილ წვეულებაზე გაიცნო. მისმა არაფრის მთქმელმა,


უმეტესწილად უემოციო სახემ მაშინვე მიიქცია კარლის ყურადღება. შეუვალი იერის
მიუხედავად, წვეულების განმავლობაში ორჯერ რენეს ღიმილი გამოიჭირა, ერთხელ კი –
მოღუშულობა. ამ წამებში ისე ჩანდა, თითქოს ამგვარი გამომეტყველების პატრონს სხვაგვარი
გრძნობის გამოხატვა არ უნდა შეძლებოდა. კარლი გაოცებული შესცქეროდა – მოღიმარი რენეს
შემხედვარეს ეგონა, რომ მას უკვე იცნობდა. მსგავსი შეგრძნება ეუფლებოდა წარბშეკრულის, ან
თუნდაც, არაფრის გამომხატველი ნაკვთების დანახვისასაც. უკვირდა, როგორ ახერხებდა ერთი
სახე ამდენი განსხვავებული და იმავდროულად, ნაცნობი ემოციის გამოხატვას, დანარჩენ დროს
კი არაფერს ამჟღავნებდა.

78
რენეს შესაცნობად, მისი ნაკვთების მიერ გადმოცემული გრძნობის შესასწავლად დიდი დრო
დასჭირდა, თუმცა არასდროს უნანია – ნამდვილად ღირდა.

ახლა კი კარლი სამუშაო კაბინეტში, საკუთარ სავარძელში იჯდა, კალთაში "საზღვაო


ბიოლოგიის" უახლესი გამოცემა ედო და დერეფნის მეორე მხრიდან მომავალ ფურცლების
შრიალის ხმას უსმენდა. რენე მთელი საღამო მუშაობდა და იმედგაცრუების უფრო და უფრო
ხმამაღალი შეძახილი ამოხდებოდა ხოლმე, თუმცა სახით კვლავინდებურად არაფერს
გამოხატავდა – კარლმა რომ ბოლოს შეავლო თვალი, რენეს ჩვეული, უმეტყველო იერი ჰქონდა.

კარლმა ჟურნალი განზე გადადო, სავარძლიდან წამოდგა და რენეს სამუშაო ოთახისკენ


მიმავალმა დერეფანი გადაჭრა. მის ცოლს მაგიდაზე ტომეული გაეშალა, რომლის გვერდები
იეროგლიფურ გამოსახულებებს აეჭრელებინა, კომენტარები კი რუსულად ჰქონდა დართული.

რენემ ფურცლების ნაწილს თვალი შეავლო, თითქმის შეუმჩნევლად დაიბღვირა და ნაწერები


გვერდზე გადადო. ტომი ხმაურით დახურა. კარლს მისი ბუტბუტი შემოესმა – "გამოუსადეგარი".
რენემ წიგნი თაროზე დააბრუნა.

– ასე თუ გააგრძელებ, წნევა აგიწევს, – წაეხუმრა კარლი.

– ნუ მეუფროსები.

კარლი შეცბა.

– არ გეუფროსები.

რენე მიუტრიალდა და მრისხანედ შეხედა.

– მე თვითონაც კარგად ვიცი, პროდუქტიული მუშაობა როდის შემიძლია და როდის – არა.

კარლს გააცია.
– კარგი, აღარ შეგაწუხებ, – უკან დაიხია.

– მადლობა, – რენე კვლავ თაროებს მიუბრუნდა. კარლი ოთახიდან გავიდა და გზადაგზა იმის
ამოცნობას ცდილობდა, მრისხანე მზერაში რა იმალებოდა.

79
1900 წელს, მათემატიკის მეორე საერთაშორისო კონგრესზე დევიდ ჰილბერტმა ის ოცდასამი
პრობლემა წარმოადგინა, რომელთა გადაჭრა, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენდა. მის სიაში მეორე ნომრად არითმეტიკის თავსებადობის დამტკიცება იყო
მითითებული. ამგვარი მტკიცებულების არსებობა უმაღლესი მათემატიკის დიდი ნაწილის
თავსებადობასაც უზრუნველყოფდა. მტკიცების მთელი არსი იმის გარანტი იყო, რომ ერთი
ვერასოდეს გაუტოლდებოდა ორს. ამ საკითხის მნიშვნელობას მათემატიკოსთა მხოლოდ
მცირედი ნაწილი იზიარებდა.

5a

სანამ ფაბრისი რამეს იტყოდა, რენემ უკვე იცოდა, რასაც მოისმენდა.

– ამაზე დიდი სიგიჟე არსად მინახავს. ის სათამაშო ხომ იცი, ჩვილი ბავშვები რომ ერთობიან –
სხვადასხვა კვეთის ფიგურები სხვადასხვა ჭრილში რომ უნდა გააძვრინო? შენი ფორმალური
სისტემის კითხვა ზუსტად იმისთვის თვალყურის დევნებას ჰგავდა, როგორ იღებს ვიღაც ამ
ფიგურებს და ყოველ ჭრილში სრულყოფილად ათავსებს.

– ანუ, შეცდომა ვერ იპოვე?

ფაბრისიმ თავი გააქნია.

– მე ვერა. ზუსტად იგივე წრეში ჩავიჭედე, რაშიც შენ – სხვაგვარად ვეღარ ვფიქრობდი.

რენემ იმ წრეს უკვე დააღწია თავი – პრობლემის გადასაჭრელად სრულიად ახალი მიდგომა
მოიფიქრა, თუმცა შედეგი კვლავ იგივე იყო – კონტრადიქცია.

– რას ვიზამთ. მადლობა, რომ სცადე.

– კიდევ ვინმეს აპირებ რომ გადაახედო?

– ჰო, ბერკლიში გავგზავნი, კალაჰანთან. გასულ გაზაფხულზე გამართული კონფერენციიდან


მოყოლებული აქტიური მიმოწერა გვაქვს.

ფაბრისიმ თავი დაუქნია.

– მისი ბოლო ნაშრომი ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ რამეს იპოვი, მეც მითხარი –


ცნობისმოყვარეობა მკლავს.

რენე "ცნობისმოყვარეობის" ნაცვლად რამე უფრო მრავლისმომცველ სიტყვას იტყოდა.

80
5b

ნუთუ რენე საკუთარმა ნამუშევარმა გააწბილა? კარლმა იცოდა, რომ მისი ცოლისთვის
მათემატიკა რთული არასოდეს ყოფილა – გონებრივი გამოწვევა იყო და სხვა არაფერი. ნუთუ
პირველად გადააწყდა ისეთ პრობლემას, რომელმაც დააბნია და რომლის გადაჭრის გზა ვეღარ
იპოვა? ნუთუ მათემატიკას მასზე ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო? თავად კარლი
ექსპერიმენტატორი უფრო იყო. რენეს მათემატიკურ კვლევებს ღრმად არ ეძიებოდა. სულელურ
აზრად კი მოეჩვენა, მაგრამ იქნებ რენეს იდეები გამოელია?

მისი ცოლი უკვე ზრდასრული იყო იმისათვის, რომ უნიჭიერესი ბავშვიდან


საშუალოსტატისტიკურ უფროსად გადაქცევას მისთვის გული გაეტეხა. მეორე მხრივ,
მათემატიკოსთა დიდი ნაწილის უმთავრესი აღმოჩენები მათ ახალგაზრდობაზე, ოცდაათიან
წლებამდე ასაკზე მოდიოდა – შეიძლება, რენე იმას გაეწბილებინა, რომ ამ სტატისტიკამ
რამდენიმე წლით კი დააგვიანა, თუმცა ბოლოს მაინც წამოეწია.

ნაკლებსავარაუდო იყო. გონებაში ნაჩქარევად გადაამოწმა რენეს მდგომარეობის რამდენიმე


შესაძლო ახსნა. იქნებ, აკადემიურ საქმიანობას ცინიკურად უყურებდა? გული აიცრუა, რადგან
მისი კვლევები მეტისმეტად ვიწრო სპეციალიზაციისთვის იყო განკუთვნილი? ან, უბრალოდ,
მუშაობა ყელში ამოუვიდა?

კარლს ვერ დაეჯერებინა, რომ რენეს ქცევა მსგავსმა სადარდებელმა შეცვალა. შეეძლო,
წარმოედგინა, რა პასუხს მიიღებდა, რომელიმე ვარაუდი მართალი რომ აღმოჩენილიყო, თუმცა
მის მიერ წარმოსახულიდან სინამდვილეს კარგად ვერაფერი ერგებოდა. რენე რასაც არ უნდა
გამოეცვალა, კარლი ჯერ ვერაფერს ხვდებოდა და სწორედ ეს იყო, რაც გულს უწუხებდა.

1931 წელს კურტ გიოდელმა ორი თეორემა წამოაყენა. პირველი მათგანის ძირითადი სათქმელი
ისაა, რომ მათემატიკა იმგვარ მტკიცებებს მოიცავს, რომლებიც შეიძლება ჭეშმარიტია, თუმცა
ამ ჭეშმარიტების დამტკიცება არსებითად შეუძლებელია. არითმეტიკის მარტივი ფორმალური
სტრუქტურის მსგავსი სისტემებიც კი გაჯერებულია ზუსტი, აზრიანი, ერთი შეხედვით,
ეჭვმიუტანელი მტკიცებებით, თუმცა მათი დამტკიცება ვერცერთი ფორმალური გზით ვერ
ხერხდება.

მისი მეორე თეორემის მიხედვით, არითმეტიკის თავსებადობის საკითხიც სწორედ ამგვარ


მტკიცებათა რიცხვს მიეკუთვნება. არითმეტიკის აქსიომებისა და ფორმალური ხერხების

81
გამოყენებით თავსებადობის დამტკიცება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას,
არითმეტიკას, როგორც ფორმალურ სისტემას, არ ძალუძს იმის უზრუნველყოფა, რომ
წინადადება "1=2" ყოველთვის მცდარი იქნება. მსგავსი კონტრადიქცია შეიძლება არც
არასდროს გამოვლინდეს, თუმცა იმის მტკიცება, რომ ნამდვილად არასდროს გამოვლინდება,
შეუძლებელია.

6a
კარლი რენეს სამუშაო ოთახში კიდევ ერთხელ შებრუნდა. რენემ მაგიდას მზერა მოსწყვიტა და
ქმარს ახედა.

კარლმა მტკიცედ წამოიწყო:

– რენე, აშკარაა, რომ...

ქალმა სიტყვა გააწყვეტინა.

– გინდა, გაიგო, რა მაწუხებს? კარგი, გეტყვი, – რენემ სუფთა ფურცელი გამოაძვრინა და ისევ
მაგიდასთან მოკალათდა, – მოიცა, ერთი წუთი მადროვე.

კარლმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, თუმცა რენემ ხელის აქნევით გააჩუმა, ღრმად
ამოიოხრა და წერას შეუდგა.

ჯერ ქაღალდის შუაში, მთელ სიგრძეზე სწორი ხაზი გაავლო და ფურცელი ორ სვეტად გაჰყო.
პირველი სვეტის ზემო კიდეში რიცხვი "1" დაწერა, მეორე სვეტთან კი "2". მათ ქვემოთ სწრაფად
შეუდგა სიმბოლოების ჯღაბნას. ყოველი სტრიქონი სხვადასხვა აღნიშვნების ერთ გრძელ
წყებად გადაიქცა. წერისას კბილებს აღრჭიალებდა – თითქოს ყოველი სიმბოლოს
გამოსაყვანად ცარცით საწერ დაფას ფრჩხილებით ფხოჭნიდა.

ფურცლის ორი მესამედი რომ გაავსო, რენე გრძელი წყებიდან თანდათან მოკლე წყებებზე
გადაერთო. "ახლა კი დიდოსტატური შტრიხის დროა", გაიფიქრა მან. წერისას გაიაზრა, რომ
ფურცელს მეტისმეტად ძლიერად აწვებოდა და ფანქარზე მჭიდროდ შემოხვეული თითები
მოადუნა. მომდევნო სტრიქონის დასრულებისას ორივე სვეტის წყება იდენტურად
გამოიყურებოდა. ფურცლის ბოლოს, გამყოფ შუახაზზე მტკიცედ მიაწერა "=" ნიშანი.

ნამუშევარი კარლს მიაწოდა. ქმარმა რენეს თვალი შეავლო და მზერით მიანიშნა, რომ
ვერაფერი გაეგო.

– ფურცლის ზემო ნაწილს შეხედე, – კარლი დაჰყვა, – ახლა ქვემოთ ნახე.

კაცი მოიქუფრა.

82
– ვერაფერს ვხვდები.

– ფორმალური მსჯელობის ისეთი ჯაჭვი აღმოვაჩინე, რომელიც საშუალებას იძლევა,


რომელიმე რიცხვი სხვა ნებისმიერ რიცხვს გაუტოლო. მაგ ფურცელზე მტკიცდება, რომ ერთი
და ორი ერთმანეთს უდრის. რომელი ორი რიცხვიც გინდა, აარჩიე – მე დაგიმტკიცებ, რომ
ერთმანეთის ტოლია.

კარლი თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდა.

– ნულზე გაყოფაა, არა?

– არა. აქ არანაირი აკრძალული მოქმედება არ შემისრულებია, არცერთი არასწორად


განსაზღვრული პირობა არ გამომიყენებია, არც შეფარულად ნაგულისხმევი დამოუკიდებელი
აქსიომები. მსგავსი არაფერი. მტკიცება ისეთს არაფერს ეფუძნება, რაც აკრძალულია.

კარლმა თავი გააქნია.

– მოიცა. ერთი და ორი სხვადასხვა რამე რომაა, ცხადია.

– ჰო, მაგრამ ფორმალურად ერთი და იგივეა. რაც ხელში გიჭირავს, სწორედ ამას ამტკიცებს.
მხოლოდ ის მეთოდები გამოვიყენე, რაც უდავო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული.
– ჰო, მაგრამ შედეგად კონტრადიქცია მიიღე.

– მართალია. ეს იმას ნიშნავს, რომ არითმეტიკა, როგორც ფორმალური სისტემა,


არათავსებადია.

6b

– ანუ საკუთარ შეცდომას ვერ პოულობ? ამას გულისხმობ, ხომ?

– არა, არ მისმენ. გგონია, ამის გამო ვარ გამწარებული? მტკიცებაში შეცდომა არაა.

– მაშინ რა, გგონია, რომ რაც უდავო ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, იქაა რამე ხარვეზი?

– ზუსტად.

– დარწ... – შეჩერდა, მაგრამ გვიანი იყო. რენემ მრისხანედ შეხედა. ჰო, რა თქმა უნდა,
დარწმუნებული იყო. კარლი იმაზე ფიქრობდა, რენეს სიტყვები რას მოასწავებდა.

83
– ახლა ხვდები? – ჰკითხა რენემ, – ამ მტკიცებით მათემატიკის უდიდესი ნაწილი ქარწყლდება,
უაზრობად იქცევა.

ქალი უფრო და უფრო ეგზნებოდა, შეძრწუნების პირას იყო. კარლი სიტყვებს ფრთხილად
არჩევდა.

– ასე რატომ გგონია? მათემატიკა კვლავაც მუშაობს. სამეცნიერო და ეკონომიკურ სამყაროს შენი
მტკიცება ხელის ერთი მოსმით ხომ ვერ გაანადგურებს.

– ვერ გაანადგურებს, იმიტომ, რომ მათ მიერ გამოყენებული მათემატიკა მხოლოდ ფანდია,
მნემონიკური ხრიკი, როგორც, მაგალითად, თითის სახსრებით იმის გამოთვლა,
ოცდათერთმეტი დღე რომელ თვეშია.

– მთლად ასეც არაა.

– ვითომ, რატომ? ახლანდელ მათემატიკას რეალობასთან საერთო აღარაფერი აქვს. ისეთი


უაზრო ტერმინები, როგორიც წარმოსახვითი და უსასრულოდ მცირე რიცხვებია... ახლანდელ
წყეულ შეკრებას თითებით დათვლასთან აღარაფერი აკავშირებს. ხელს შეხედავ და
რწმუნდები, რომ ერთს თუ ერთს დაუმატებ, ორია, მაგრამ ფურცელზე შემიძლია ერთისა და
ერთის შეკრების პასუხად უსასრულოდ ბევრი ვარიანტი გამოგიყვანო – ყველა ერთნაირად
მართებული და, შესაბამისად, ყველა ერთნაირად მცდარიც. შემიძლია, ყველაზე მოხდენილი
თეორემა ჩამოგიყალიბო, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავს, მაგრამ ეს თეორემა უშინაარსო
გამოსახულების გარდა არაფერი იქნება, – მწარე სიცილი წასკდა, – პოზიტივისტების აზრით,
მთელი მათემატიკა ტავტოლოგიაა. სასტიკად ცდებოდნენ: მთელი მათემატიკა
კონტრადიქციაა.

კარლმა სცადა, სხვა მხრიდან მოევლო.

– მოიცადე. წარმოსახვითი რიცხვები რომ ახსენე... რატომ გგონია, რომ შენი აღმოჩენა
წარმოსახვითი რიცხვების შემოღებაზე უარესია? მათემატიკოსებს ხომ სჯეროდათ, რომ იმ
რიცხვებს შინაარსი არ გააჩნდათ, თუმცა ახლა მათემატიკის საფუძვლებშივე იყენებენ. ეს
მტკიცებაც წარმოსახვით რიცხვებს ჰგავს.

– არა, არ ჰგავს. მათი წყალობით ამონახსნთა სიმრავლე და კონტექსტი უფრო გაფართოვდა,


ჩემს ნამუშევარში კი კარგი არაფერი ყრია. წარმოსახვითმა რიცხვებმა მათემატიკას რაღაც
ახალი შესძინა, ეს ფორმალიზმი კი უკვე არსებულ ცოდნას ხელმეორედ განსაზღვრავს.

– ჰო, მაგრამ კონტექსტს თუ შეცვლი და სხვაგვარად შეხედავ...

რენემ თვალები გადაატრიალა.

– არა! ეს მტკიცებაც ზუსტად იმ აქსიომებისაგან გამომდინარეობს, რომლიდანაც შეკრება.


არანაირი სხვაგვარი შეხედვა აქ არ არსებობს. სიტყვაზე მენდე.

84
7

1936 წელს გერჰარდ გენცენმა(მეოცე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ლოგიკოსი და


მათემატიკოსი) მათემატიკის თავსებადობის მტკიცებულება წარმოადგინა, თუმცა მტკიცება იმ
საკამათო ტექნიკაზე ააგო, რასაც ტრანსფინიტურ ინდუქციას უწოდებენ. ასეთი ტექნიკა
დამტკიცების ფართოდ გავრცელებულ მეთოდთა შორის არ მოიაზრება და რთული
დასაჯერებელი იყო, რომ არითმეტიკის თავსებადობის გარანტად გამოდგებოდა. იმისათვის,
რომ თავისთავად ცხადი რამ დაემტკიცებინა, გენცენმა საეჭვოს ჭეშმარიტება დაუშვა.

7a

ბერკლიდან კალაჰანმა დარეკა, თუმცა სანუგეშო ვერაფერი შეატყობინა. უთხრა, შენი ნაშრომის
შემოწმებას კვლავ გავაგრძელებ, თუმცა მგონია, რომ რაღაც ძირფესვიანად შემარყეველ,
შემაშფოთებელ ამბავს უტრიალებო. იმის გაგებაც სურდა, ფორმალიზმის გამოქვეყნებას თუ
აპირებო; მტკიცებაში რამე ისეთი შეცდომა რომ ყოფილიყო, რაც რენესაც გამორჩა და მასაც,
მათემატიკოსთა საზოგადოების სხვა წევრებს ნამდვილად არ გამოეპარებოდათ.

სიტყვები რენემდე თითქოს ვერც აღწევდნენ. კალაჰანთან საუბრისას ჩაიბურტყუნა, კიდევ


შეგეხმიანებიო. ბოლო დროს, განსაკუთრებით კი კარლთან კამათის შემდეგ, ხალხთან საუბარს
ვერ აწყობდა. ფაკულტეტის დანარჩენი წევრები მასთან შეხვედრას თავს არიდებდნენ. მთელი
მისი ძალისხმევა სადღაც გაქრა. წინა ღამით კოშმარი ესიზმრა – თითქოს ისეთი ფორმალიზმი
ჩამოაყალიბა, რომელიც ნებისმიერი შემთხვევითი ცნების მათემატიკურად თარგმნის
შესაძლებლობას იძლეოდა, შემდეგ კი დაამტკიცა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი იგივური
რამაა.

რაღაც აფრთხობდა – შიში იმისა, რომ გიჟდებოდა. გონება ებინდებოდა და სიგიჟემდე


თითქმის აღარაფერი აშორებდა.

რა გამოშტერებული ქალი ხარო, დაიტუქსა თავი. არასრულობის თეორემის გამოქვეყნების


შემდეგ გიოდელს თავი ხომ არ მოუკლავს?

ჰო, მაგრამ ის თეორემა ხომ უმშვენიერესი, უწმინდესი, უდახვეწილესი რამ იყო მათ შორის, რაც
რენეს ოდესმე უნახავს.

85
საკუთარი მტკიცება მასხრად იგდებდა, აბითურებდა, როგორც თავსატეხების წიგნში
ჩამალული ჩამჭრელი ამოცანა, რომელიც გახარებდა, შეცდომაში გამოგიჭირე, ახლა მიბრუნდი
და გაარკვიე, სად ჩაფლავდიო; მიბრუნებას ძლივს მოასწრებდი და კიდევ ერთხელ მოგახლიდა,
სხვაგანაც გამოგიჭირეო.
მისი აზრით, კალაჰანი მათემატიკაზე ფორმალიზმის სამომავლო გავლენაზე დაფიქრდებოდა.
მათემატიკის დიდ ნაწილს არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნდა – მხოლოდ
ფორმალური თეორიის სახით არსებობდა, რომელსაც ინტელექტუალური მშვენიერების გამო
შეისწავლიდნენ. მაგრამ ამას მალე ბოლო მოეღებოდა. თეორია, რომელიც საკუთარ თავს
ეწინააღმდეგებოდა, უაზრობად იქცეოდა და მათემატიკოსების უმრავლესობაც ზიზღით
შეაქცევდა ზურგს.

რენეს სინამდვილეში იმის შეგრძნება აცოფებდა, რომ ინტუიციამ უღალატა. ეს ოხერი თეორემა
აზრიანად გამოიყურებოდა. თავისებური, დამახინჯებული თვალსაზრისით, ჭეშმარიტადაც კი.
მას ეს ესმოდა, იცოდა, რატომაც იყო ჭეშმარიტი, მისი სჯეროდა.

7b

კარლს რენეს დაბადების დღე მოაგონდა და გაეღიმა.

– არ მჯერა! საიდან იცოდი? – რენე კიბეზე ჩამორბოდა და ხელით სვიტერი მოჰქონდა.

იმ ზაფხულს შვებულება შოტლანდიაში გაატარეს. ედინბურგის ერთ მაღაზიაში რენემ თვალი


სვიტერს დაადგა, თუმცა არ უყიდია. კარლმა ჩუმად გამოიწერა და ცოლის ტანსაცმლის უჯრაში
ისე დამალა, რომ დილით ეპოვა.

– რა ცოდნა უნდოდა, ისედაც ადვილად ამოსაცნობი ხარ, – გააჯავრა. ორივემ იცოდა, რომ ასე
არ იყო, მაგრამ კარლს მოსწონდა მისი გაბრაზება.

ყველაფერი ორი თვის წინ მოხდა. სულ რაღაც ორი თვის წინ.

ამჟამინდელი ვითარება სასწრაფო ცვლილებას მოითხოვდა. კარლი ცოლის სამუშაო ოთახში


შევიდა და სკამზე მჯდომარე რენეს წააწყდა – მზერა ფანჯრისთვის გაეშტერებინა.

– თუ გამოიცნობ, ჩვენთვის რა მოვიფიქრე!

რენემ ამოხედა.

– რა?

86
– ამ უქმეებისთვის ბალტიმორში ნომერი დავჯავშნე. შეგვეძლება, დავისვენოთ და საერთოდ
არაფერი ვაკეთოთ...

– გთხოვ, გეყოფა, – გააწყვეტინა რენემ, – ვიცი, რის მიღწევასაც ცდილობ, კარლ. გინდა, რომ
რამე სასიამოვნოზე გადამატანინო ყურადღება, რომ ამ ფორმალიზმზე აღარ ვიფიქრო, მაგრამ
არაფერი გამოვა. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვყავარ გამოჭერილი.

– კარგი, რა, კარგი, – მკლავებში ხელი წაავლო და სკამიდან აყენება მოუნდომა, მაგრამ რენემ
მოიშორა. კარლი წამიერად გაიყინა. უეცრად ცოლი მიუბრუნდა და მზერა მიალურსმა.

– იცი, რომ ბარბიტურატების მიღება მინდოდა? ნეტავ, გონებაჩლუნგი ვყოფილიყავი, რომ


მსგავსი რამეები აზრადაც არ მომსვლოდა.

შემცბარმა კარლმა აღარ იცოდა, რა უნდა ეთქვა, და ესღა უთხრა:


– ცოტა ხნით მაინც რომ სცადო დასვენება, არ გინდა? არაფერი დაგიშავდება და შეიძლება,
გონებითაც სხვა რამეზე გადაერთო.

– ვერაფერზე გადავერთვები. არაფრით არ გინდა გაიგო.

– ჰოდა, ამიხსენი.

რენემ ამოისუნთქა და სხვა მხარეს მიბრუნდა. ფიქრობდა.

– თითქოს ყველაფერი, რასაც ვხედავ, ყვირილით მახსენებს, რომ კონტრადიქციას წავაწყდი, –


უპასუხა, – ყოველ წამს რიცხვებს ვუტოლებ ერთმანეთს.

კარლი მდუმარედ იდგა. შემდეგ, თითქოს მოულოდნელად გონება გაუნათდაო, თქვა:

– კლასიკური ფიზიკის სპეციალისტებსაც ასე დაემართათ, როდესაც კვანტურ მექანიკას


გადააწყდნენ. თეორია, რომლისაც ყოველთვის გჯეროდა, ჩანაცვლდა, ყველა მტკიცებულება კი
ახალი თეორიის სასარგებლოდ მიანიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ თეორია უაზროდ ჟღერს.

– არა, არაფერი მსგავსი, – თითქმის ზიზღით იუარა, – მტკიცებულებებს ჩემს მტკიცებასთან


არაფერი აკავშირებს, აქ ყველაფერი ა პრიორია.

– რა განსხვავებაა? შენი მსჯელობა, გარკვეულწილად, მტკიცებულება არაა?

– ღმერთო, მეხუმრები? რა განსხვავებაა და ერთისა და ორის ტოლფასოვნებაზე გამოთვლები


ერთს მეუბნება, ინტუიცია კი – მეორეს. ჩემს გონებაში განსხვავებული რაოდენობები აღარ
არსებობს, ყველაფერი ერთნაირად აღიქმება.

– ამის უტყუარობის თავადაც არ გჯერა, – წარმოთქვა კარლმა, – სინამდვილეში, მსგავსი რამის


განცდა შეუძლებელია. რაღა ეგ და რაღა საუზმემდე ექვსი დაუჯერებელი ამბის

87
დაჯერება(ალუზიაა ლუის კეროლის ნაწარმოების "ელისი სარკისმიღმეთში" ერთ-ერთ
ეპიზოდზე.).

– საიდან იცი, რისი განცდა შემიძლია და რისი – არა?

– ვცდილობ, გაგიგო.

– აღარ შეწუხდე.

კარლს მოთმინების ფიალა აევსო.

– კარგი, – ოთახიდან გავიდა და ჯავშანი გააუქმა.

მას მერე თითო-ოროლა სიტყვასღა თუ გაცვლიდნენ. მხოლოდ მაშინ საუბრობდნენ, როცა


აუცილებლობა მოითხოვდა. სწორედ ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ იყო, კარლს რომ სახლში
ჩანაწერების ყუთი დარჩა. მანქანა მოაბრუნა და სახლისკენ წამოვიდა. შინ მოსულს მაგიდაზე
რენესგან დატოვებული წერილი დახვდა.

კარლმა მაშინვე ორი რამ იგუმანა. პირველი მაშინ გაიაზრა, სახლში რომ თავქუდმოგლეჯილი
დარბოდა და შეშინებული ფიქრობდა, ქიმიის ფაკულტეტიდან ციანიდი ხომ არ აუღიაო. ისიც
გაიაზრა, რომ რადგან რენეს ასეთი საქციელის მიზეზს ვერ ხვდებოდა, ვერც თანაუგრძნობდა.

მეორე აზრი საძინებლის კარზე ბრახუნისას გააცნობიერა. რენეს ყვირილით უხმობდა და დეჟა
ვუს განცდა დაეუფლა. თითქოს იმ ერთადერთ ეპიზოდში შეძლო ცოლისთვის გაეგო, და
მაშინაც ყველაფერი გროტესკულად უკუღმართი მოეჩვენა. გაახსენდა, ერთ დროს თავადაც
როგორ გამოიკეტა კარის იქით მხარეს, შენობის სახურავზე; გაახსენდა, როგორ აბრაგუნებდა
კარზე მისი მეგობარი და ეძახდა, ამას ნუ იზამო. ახლა, საძინებლის კართან მდგომს
სირცხვილისგან პარალიზებული, იატაკზე გართხმული რენეს ქვითინი შემოესმა – სწორედ
ისევე, როგორც ოდესღაც თავად ქვითინებდა, კარის სხვა მხარეს.

ჰილბერტმა ერთხელ თქვა: "მათემატიკური მსჯელობაც თუ მცდარია, სადღა შეიძლება


ჭეშმარიტებასა და სიცხადეს მივაგნოთ?"

8a

88
თვითმკვლელობის მცდელობა ცხოვრებისეულ დაღს დაასვამდა? რენე ამაზე ფიქრობდა.
სამუშაო მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს კუთხეები გაუსწორა. იმ დღიდან მოყოლებული,
ხალხი – ალბათ, გაუთვითცნობიერებელი ხალხი – ქარაფშუტად და მერყევად მიიჩნევს?
კარლისთვის არასდროს უკითხავს, მსგავსი შიშები შენც თუ გდევდაო. ალბათ, იმიტომ, რომ არ
სურდა, არშემდგარი ნახტომისაგან დატოვებული იარა განეახლებინა. შემთხვევა წლების წინ
მოხდა და კარლი დღეს ვისაც არ უნდა ენახა, მასზე ყველა იტყოდა, ჯანმრთელი ადამიანიაო.

რენე საკუთარ თავზე იმავეს ვერ იტყოდა. ჯერჯერობით იმის უნარიც არ ჰქონდა, მათემატიკური
საკითხი გასაგები ენით გამოეთქვა. ისიც კი არ იცოდა, ოდესმე კვლავ შეძლებდა თუ ვერ. მის
კოლეგებს რომ ასეთ დღეში დაენახათ, მაშინვე იტყოდნენ, ტალანტი დაუკარგავსო.

მაგიდის მილაგებას რომ მორჩა, რენე კაბინეტიდან გამოვიდა და სასტუმრო ოთახში შეაბიჯა.
აკადემიურ წრეებში მისეული ფორმალიზმის გავრცელების შემდეგ მათემატიკის
საყოველთაოდ მიღებული საფუძვლების საგულდაგულო გადასინჯვა გახდება საჭირო, მაგრამ
თავად ფორმალიზმი მხოლოდ ერთეულებზე თუ მოახდენს ისეთ გავლენას, როგორიც რენეზე
მოახდინა. უმრავლესობა სიახლეს ფაბრისივით მიიღებს – მტკიცების ჯაჭვს მექანიკურად
გაუყვებიან, სარწმუნოდ მიიჩნევენ და სულ ეგ იქნება. იმ უმცირესობას, რომელიც თეორიას
რენესავით მძაფრად მიიღებს, კონტრადიქცია, მისი ინტუიციური შეგრძნება შეიპყრობს.
კალაჰანი მათ რიგებში იქნება. რენე ფიქრობდა, ნეტავ, გამოწვევას როგორ უმკლავდებაო.

რენემ მაგიდის ქვემო თაროზე დაფენილ მტვერში კლაკნილი თარგი მოხატა. უწინ უნებურად
მრუდის პარამეტრიზაციას შეუდგებოდა, მის ზოგიერთ მახასიათებელს შეამოწმებდა. ახლა
ამგვარი საქციელი უაზროდ ეჩვენებოდა. ვიზუალიზაციის ძველი უნარი თავზე დაენგრა.

ბევრის მსგავსად, თავად რენეც ყოველთვის იმ აზრზე იყო, რომ მათემატიკა საკუთარ წესრიგს
სამყაროსგან კი არ იღებდა, არამედ სამყაროში გარკვეული წესრიგი შეჰქონდა. ფიზიკური
ობიექტები ერთმანეთს ვერ ედრებოდნენ – არ არსებობდა მეტი ან ნაკლები, მსგავსი ან
არამსგავსი. უბრალოდ არსებობდნენ, იყვნენ იქ, სადაც იყვნენ. მათემატიკა მათგან
აბსოლუტურად დამოუკიდებლად არსებობდა, თუმცა ერთეულთა დასახასიათებლად
სემანტიკური წესრიგის, სხვადასხვა კატეგორიათა და ურთიერთკავშირთა შემოღების
შესაძლებლობას იძლეოდა. არანაირ თანდაყოლილ ხარისხობრივ მაჩვენებელს იგი არ
აღწერდა, მხოლოდ სავარაუდო ინტერპრეტაციის უნარი ჰქონდა.

ეს იყო და ეს. როგორც კი მათემატიკას ფიზიკურ ობიექტებს გამოაცლიდი, იგი მაშინვე


არათავსებადად იქცეოდა, ფორმალური თეორიიდანაც არათავსებადობის გარდა აღარაფერი
რჩებოდა. მათემატიკა ემპირიული მეცნიერება იყო, მეტი არაფერი, ასეთი მეცნიერებისადმი
ინტერესი კი რენეს არ გააჩნდა.
ახლა რაღა ეკეთებინა? რენე ერთს იცნობდა, აკადემიურ საქმიანობას მხოლოდ იმიტომ შეეშვა,
რომ ტყავის ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა სურდა. ცოტას დაისვენებს, აზრებს მოიკრებს.
ბოლო ხანებში კარლიც სწორედ ამაში დახმარებას ცდილობდა.

89
8b

კარლის მეგობრებს შორის ერთი-ორი გოგოც იყო – ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები,


მარლენი და ანნე. წლების წინ, როდესაც მარლენმა თვითმკვლელობაზე ფიქრი დაიწყო,
დასახმარებლად ანნეს კი არა, კარლს მიმართა. რამდენიმე ღამე გვერდიგვერდ გაატარეს,
ისხდნენ, საუბრობდნენ ან მდუმარებას ინაწილებდნენ. კარლმა იცოდა, რომ მისი და მარლენის
ერთად ყოფნის გამო ანნე მალულად გულში შურს დაატარებდა; უკვირდა, სხვის გვერდით
ყოფნა რატომ ამჯობინაო. ანნეს შეკითხვას მარტივი პასუხი ჰქონდა – სწორედ ის, რაც
სიმპათიასა და ემპათიას განასხვავებს.

მთელი ცხოვრების მანძილზე კარლს მსგავს შემთხვევებში მსურველისთვის ნუგეში


არაერთხელ შეუთავაზებია. ცხადია, მთხოვნელს სიხარულით ეხმარებოდა, მაგრამ უფრო დიდი
მიზეზიც ჰქონდა – მართებულად მიაჩნდა, სხვის ადგილას ყოფილიყო, ის განეცადა, რასაც სხვა
განიცდიდა.

ბოლო დღეებამდე ყოველთვის ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ თანაგრძნობა მისი ხასიათის
განუყოფელი ნაწილია. ამ თვისებას აფასებდა და იცოდა, რომ, უპირველეს ყოვლისა,
ემპათიურობით გამოირჩეოდა. მაგრამ ახლა რაღაც ისეთს შეეჩეხა, რასაც აქამდე არ
წაწყდომოდა; რაც მის ჩვეულ ინსტინქტს საყრდენს აცლიდა და ანადგურებდა.

რენეს დაბადების დღეს ვინმეს კარლისთვის რომ ეთქვა, ორ თვეში ასეთი გრძნობა
დაგეუფლებაო, სასაცილოდაც არ ეყოფოდა, ამ აზრს მაშინვე უკუაგდებდა. რა თქმა უნდა,
მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, ოღონდ წლები სჭირდება – კარლმა კარგად იცოდა, დროს რაც
შეეძლო. მაგრამ ორი თვე?

ექვსწლიანმა ქორწინებამ რენეს მიმართ სიყვარული განდევნა. კარლს ამის გააზრების გამო
საკუთარი თავი სძულდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა – მისი ცოლი შეიცვალა და კაცს მისი
აღარც ესმოდა და ვეღარც ის გაეგო, როგორ მოპყრობოდა. რენეს ინტელექტუალური და
ემოციური ცხოვრება ერთმანეთში იყო ჩაწნულ-ჩახლართული, ამ უკანასკნელზე კი კარლს ხელი
არ მიუწვდებოდა.

მიმტევებლობის რეფლექსურმა რეაქციამ მოკლედ მოუჭრა, რომ ადამიანს ყოველი კრიზისის


დროს თანადგომას ვერ მოსთხოვ. კაცს თუ ცოლი უცებ გონებრივად დაუავადდება, მისი
მიტოვება ცოდვა იქნება, თუმცა – მისატევებელი ცოდვა; დარჩენა კი იმის დასტურად მიიღება,
რომ სხვაგვარ ურთიერთობაზე – რაღაც ისეთზე, რაზეც ყველა ვერ წავიდოდა –
გადასასვლელად მზად ხარ. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილ კაცს კარლი ვერ გაკიცხავდა. თუმცა
ერთი ამოუთქმელი შეკითხვა არ შორდებოდა – მე თვითონ რას ვიზამდი? აქამდე ამ კითხვას
ყოველთვის ერთ პასუხს სცემდა: დავრჩებოდი.

90
თვალთმაქცი.

რაც ყველაზე უარესია, მსგავსი რამ თავადაც გამოეცადა. საკუთარ ტკივილში ისე იყო
შთანთქმული, ვიღაც ყოველთვის თან დასდევდა და პატრონობდა; სხვების მოთმინების უნარს
ცდიდა. რენესთან დაშორება გარდაუვალი იყო, ოღონდ ამ ცოდვას საკუთარ თავს ვერასდროს
აპატიებდა.

9
ერთხელ ალბერტ აინშტაინმა თქვა: "რადგან მათემატიკური მსჯელობანი რეალობას ასახავენ,
მათგან სიცხადეს ნუ მოელით. და თუ მსჯელობა ცხადია, მაშასადამე, რეალობას არ ასახავს".

9a=9b

რენეს მოსვლისას კარლი სამზარეულოში ტრიალებდა, სადილისთვის ბარდას ჩენჩოებს


აცლიდა.

– ერთი წუთით გცალია, რომ დაგელაპარაკო?

– ჰო, – მაგიდას მიუსხდნენ. ჩაფიქრებულმა რენემ ფანჯრიდან გაიხედა – როდესაც სერიოზული


საკითხის განხილვას აპირებდნენ, ასე სჩვეოდა. კარლს უეცრად შეეშინდა იმის, რის თქმასაც
რენე აპირებდა. სანამ ცოლი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდებოდა, არ აპირებდა ეთქვა, რომ
მიტოვებას უპირებდა. რამდენიმე თვე კიდევ ჰქონდა. ჯერ მეტისმეტად ნაადრევი იყო.

– ვიცი, რომ ვერ გაგრძნობინებდი...

"არა", – ლოცულობდა კარლი, – "ოღონდ ნუ იტყვი. გთხოვ, არა".

– მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით დარჩი.

გულგაგლეჯილმა კარლმა თვალები დახუჭა, თუმცა რენე კვლავ ფანჯარაში იყურებოდა.


მისთვის თქმა რთული, ურთულესი იქნებოდა.

რენე კვლავ ალაპარაკდა:

– ის, რაც ჩემს თავში ხდებოდა... – შეჩერდა, – მსგავსი ვერაფერი წარმომედგინა. ჩვეულებრივი
დეპრესია რომ ყოფილიყო, ვიცი, რომ ადვილად გამიგებდი და ორივე ერთად მოვერეოდით.

91
კარლმა თავი დაუქნია.

– თუმცა რაც გადავიტანე, იმას ჰგავდა, თეოლოგს რომ დაემტკიცებინა, რომ ღმერთი არ
არსებობს. როდესაც რამეს კი არ უფრთხი, არამედ იცი, რომ ეჭვმიუტანელი ფაქტია.
სულელურად ჟღერს?

– არა.

– ისეთი გრძნობაა, რომელსაც ვერ გადმოგცემდი; რისიც ღრმად, მალულად მჯეროდა, თუმცა
სიმართლე არ აღმოჩნდა და ტყუილი სწორედ მე გავამჟღავნე.

კარლმა პირი დააღო, რათა ეთქვა, რომ ზუსტად იცოდა, რასაც რენე გულისხმობდა და თავადაც
უგრძნია ის, რაც რენემ განიცადა, თუმცა თავი მოთოკა – ეს იყო ემპათია, რომელიც მათ
ერთმანეთთან კი არ აკავშირებდა, კიდევ უფრო აშორებდა, ამიტომ ვერაფერსაც ვერ ეტყოდა.

შენი ცხოვრების ამბავი

მამაშენი ჩემთვის შეკითხვის დასმას აპირებს. ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წამია
და მინდა, მთელი ყურადღება მოვიკრიბო, ყოველი დეტალი აღვიქვა. მე და მამაშენმა საღამო
ერთად გავატარეთ – ვისადილეთ, წარმოდგენას დავესწარით და შინ სულ ახლახან
დავბრუნდით. შუაღამე უკვე გადასულია. სახლის შიდა ეზოში გავდივართ, რათა სავსე მთვარეს
თვალი შევავლოთ. შემდეგ მამაშენს ვეუბნები, რომ ცეკვა მინდა. ისიც დამყვება და ვცეკვავთ –
მთვარის შუქში გახვეული, ოცდაათ წელს გადაცილებული წყვილი ბავშვებივით ვირწევით.
ღამის სიგრილეს საერთოდ ვერ ვგრძნობ. მერე მამაშენი მეკითხება:

– გინდა, ბავშვი გვყავდეს?

მე და მამაშენი ორი წლის დაქორწინებულები ვართ და ელის ავენიუზე ვცხოვრობთ. აქედან


გადასახლებისას შენ მეტისმეტად პატარა იქნები, რომ ძველი ბინა გახსოვდეს, მაგრამ აქ
გადაღებულ ფოტოებს დაგათვალიერებინებთ, აქ გადამხდარ ამბებს გიამბობთ. ამ ღამის
შესახებაც მოგიყვებოდი – ღამის, როდესაც ჩაისახე – ოღონდ ამისთვის შესაფერისად მხოლოდ
ის დრო მგონია, როდესაც თავად იქნები ფეხმძიმედ. ეს დრო კი არასოდეს დადგება.

უფრო ადრე ვერ გეტყვი – მცდელობას აზრიც არ ექნება. ერთი წამითაც ვერ მოგიხელთებ და
მშვიდად ვერ დაგსვამ, რომ ასეთი რომანტიკული – ან შენი სიტყვებით, წირპლიანი – ისტორია
მოგიყვე. კარგად მახსოვს, თორმეტის რომ იქნები, თავადვე მომახლი ამქვეყნად შენი
მოვლინების შენეულ შეხედულებას.

– მარტო იმიტომ გამაჩინე, რომ უფასო მოახლე გეშოვა და ვინმეს დასაქირავებლად ფული არ
გეხადა, – მწარედ მეტყვი და კარადიდან მტვერსასრუტს გამოათრევ.

92
– მართალი ხარ, – დაგეთანხმები, – ცამეტი წლის წინ ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს ხალიჩები
მექნებოდა დასასუფთავებელი. გამოვთვალე, ბავშვის გაჩენა ყველაზე იაფი და მარტივი
გამოსავალი იქნება-მეთქი. ახლა კი, კეთილი ინებე და საქმეს მიხედე.

– დედაჩემი რომ არ იყო, შენი საქციელი არალეგალური იქნებოდა, – მეტყვი, ბუზღუნით


გამოშლი სადენს და დენში შეაერთებ.

ეს ყველაფერი ბელმონტ სტრიტზე მოხდება. მე საკმარისად დიდხანს ვიცოცხლებ და


მოვესწრები ორივე სახლში უცხოების დაბინავებას – იმაშიც, სადაც ჩაისახები, და იმაშიც, სადაც
გაიზრდები. მე და მამაშენი პირველს შენი მოვლინებიდან რამდენიმე წელში გავყიდით,
მეორის გაყიდვა კი შენი წასვლის მერე მალევე მარტოს მომიწევს. იმ დროისთვის ნელსონთან
ერთად ფერმაში გადავბარგდები, მამაშენი კი იმ ქალთან იცხოვრებს... რა ჯანდაბაც ჰქვია...

კარგად ვიცი, ეს ამბავი როგორც დამთავრდება. დასასრულზე ბევრს ვფიქრობ. იმაზეც ბევრს
ვფიქრობ, ყველაფერი როგორ დაიწყო – წლების წინ, როდესაც ორბიტაზე ხომალდები
გამოჩნდნენ, მდელოებზე კი – არტეფაქტები. მთავრობას მათ შესახებ კრინტიც არ დაუძრავს,
ტაბლოიდებმა კი ყველაფერი გამოაქვეყნეს, რაც აზრად მოუვიდათ.

სწორედ მაშინ დამირეკეს და შეხვედრაზე შემითანხმდნენ.

***
კაბინეტის კართან, დერეფანში მომლოდინეები შევნიშნე. უცნაური წყვილი იყო; ერთს
სამხედრო უნიფორმა ეცვა და თმაც სამხედრო ყაიდაზე შეეჭრა. ალუმინის პორტფელს
დაატარებდა. გარემოს თითქოს კრიტიკული თვალით უმზერდა. მეორის ხშირი წვერ-ულვაში და
ველვეტის სამოსი მეცნიერის ამოცნობას აადვილებდა. იქვე, განცხადებების დაფაზე აკრულ,
ერთმანეთში არეულ ფურცლებში იქექებოდა.

– როგორც ვხვდები, პოლკოვნიკი უებერი(ალუზიაა ცნობილ ისტორიაზე: როდესაც აფრიკის


კვლევისასს დევიდ ლივინგსტონი დაიკარგა, მის მოსაძებნად ჰენრი მორტონ სტენლი
გაემართა. შავკანიანების გარემოცული პიროვნების დანახვისას სტენლიმ მსგავსი კითხვით
მიმართა – "როგორც ვხვდები, დევიდ ლივინგსტონი...".), არა? – ჯარისკაცს ხელი ჩამოვართვი, –
ლუიზ ბენქსი.

– დოქტორო ბენქს, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან გასაუბრებისათვის დრო გამონახეთ, –


მიპასუხა.

– სამადლობელი არაფერია. ოღონდ ფაკულტეტის სხდომას ავცდე და...

პოლკოვნიკმა უებერმა თანმხლებზე მიმანიშნა.

– გაიცანით, დოქტორი გარი დონელი – ფიზიკოსი, ტელეფონზე საუბრისას რომ ვახსენე.

93
– გარი დამიძახეთ, – მთხოვა ხელის ჩამორთმევისას, – თქვენი მოსაზრების მოსმენას
მოუთმენლად ველი.

ჩემს კაბინეტში შევედით. სტუმრებისათვის განკუთვნილი მეორე სკამიდან წიგნების გროვა


მოვაშორე და ყველანი დავსხედით.

– როგორც მითხარით, გინდათ, რომ ჩანაწერს მოვუსმინო. ვვარაუდობ, საქმე


უცხოპლანეტელებს უნდა ეხებოდეს.

– მე მხოლოდ ჩანაწერის მოწოდება შემიძლია, – მომიჭრა პოლკოვნიკმა უებერმა.

– კარგი, მაშ, მოვუსმინოთ.

პოლკოვნიკმა უებერმა პორტფელიდან მაგნიტოფონი ამოიღო და ჩართო. გაურკვეველი ხმა


გაისმა, დაახლოებით ისეთი, სველი ძაღლი ბეწვის გასაშრობად ტანს რომ შეიბერტყავს.

– აბა, რას გვეტყვით? – მკითხა.

სველ ძაღლთან შედარება ჩემთვის შევინახე.

– ჩანაწერი რა პირობებში შეიქმნა?

– თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ გავამხილო.

– ამის ცოდნა ხმის ინტერპრეტირებაში დამეხმარებოდა. უცხოპლანეტელის დანახვა


მოახერხეთ? საუბრისას რამეს აკეთებდა?

– მხოლოდ ჩანაწერის გადმოცემის საშუალება მაქვს.

– იმის თქმით, რომ უცხოპლანეტელი ნახეთ, ვერავითარ საიდუმლოს ვერ გასცემთ,


საზოგადოება ისედაც ვარაუდობს, რომ ნახეთ.

პოლკოვნიკი უებერი არც შერხეულა. მხოლოდ ეს მკითხა:

– ლინგვისტური მახასიათებლების შესახებ რამე მოსაზრება გაქვთ?


– აშკარაა, მათი სამეტყველო აპარატი ადამიანის აპარატისგან არსებითად განსხვავდება.
ვვარაუდობ, ეს არსებები ადამიანებს საერთოდ არ უნდა ჰგავდნენ, ასეა?

პოლკოვნიკი კვლავ შეწინააღმდეგებას აპირებდა, თუმცა გარი დონელიმ დაასწრო:

– ამ ჩანაწერზე დაყრდნობით რამე დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ?

94
– ისეთი არაფრის. მეეჭვება, ამ ხმების გამოსაცემად ხორხს იყენებდნენ, თუმცა ეს მათ
გარეგნობაზე საერთოდ არაფერს მეუბნება.

– რამე... რამე თუნდაც ოდნავ მეტი იქნებ კიდევ გვითხრათ? – ჩამეძია პოლოვნიკი უებერი.

შევატყვე, რომ სამოქალაქო პირებთან საუბარს მაინცდამაინც ჩვეული არ იყო.

– მხოლოდ ის, რომ ანატომიური განსხვავებების გამო ჩვენსა და მათ შორის კონტაქტის
დამყარება ნამდვილად გაჭირდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმის გამოსაცემად
ადამიანური სამეტყველო აპარატი არ გამოდგება. ისიც კი არ ვიცი, მათი ბგერების ჟღერადობის
აღქმა ადამიანის ყურს შეუძლია თუ არა.

– ინფრა ან ულტრაბგერით სიხშირეებს გულისხმობთ? – მკითხა გარი დონელიმ.

– მთლად არა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის სასმენი სისტემა აბსოლუტურ
აკუსტიკურ მოწყობილობას არ წარმოადგენს. ის ისეა მოწყობილი, რომ ხორხისმიერი ბგერების
აღქმა მაქსიმალურად გააადვილოს. უცხოპლანეტელთა სამეტყველო აპარატს რაც შეეხება, აქ
ვერაფერს ვიტყვი, – მხრები ავიჩეჩე, – საკმარისად ხანგრძლივი პრაქტიკა თუ გვექნა, იქნებ მათ
მიერ წარმოთქმულ ფონემებს შორის განსხვავებების ამოცნობა ვისწავლოთ, თუმცა შეიძლება
ისეც აღმოჩნდეს, რომ ჩვენს ყურს უბრალოდ არ შეუძლია იმ წვრილმანი მახასიათებლების
აღქმა, რომელიც მათთვის გარკვეულ აზრს ატარებს. ასეთ შემთხვევაში, მათი ნათქვამის
გასაგებად ხმის სპექტროგრაფის გამოყენება მოგვიწევს.

პოლკოვნიკი მომიბრუნდა:

– დავუშვათ, ერთსაათიანი ჩანაწერი მოვიპოვე და გადმოგეცით. რა დრო დაგჭირდებათ იმის


განსასაზღვრად, ეს ხმოვანი სპექტროგრაფი დაგვჭირდება თუ არა?

– რამდენი დროც არ უნდა მქონდეს, მხოლოდ ჩანაწერზე დაყრდნობით ვერაფერს ვიტყვი.


უშუალოდ უცხოპლანეტელებს უნდა გავესაუბრო.

პოლკოვნიკმა თავი გააქნია.

– შეუძლებელია.

ვცადე, ზრდილობიანად მიმეხვედრებინა:

– რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ უცნობი ენის შესასწავლად ერთადერთი გზა ამ
ენის მცოდნესთან დალაპარაკებაა. შეკითხვების დასმას, საუბრის გაბმას, მსგავს რამეებს
ვგულისხმობ. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ასე რომ, თუკი უცხოპლანეტელთა ენის შესწავლა
გინდათ, საველე ლინგვისტიკაში გამოცდილი ვინმე უნდა იპოვოთ – არ აქვს მნიშვნელობა, მე
ვიქნები თუ სხვა – და სთხოვოთ, უცხოპლანეტელს დაელაპარაკოს. მხოლოდ ჩანაწერები
საკმარისი არაა.

95
პოლკოვნიკი მოიღუშა.

– როგორც მიგიხვდით, თქვენი აზრით, ჩვენს გადაცემებზე დაკვირვებით უცხოპლანეტელები


ადამიანურ ენას ვერ ისწავლიან.
– მეეჭვება. არაადამიანთათვის ადამიანური ენის სწავლების გზამკვლევი დასჭირდებათ. ან ეს
განსაკუთრებული ინსტრუქცია, ან ადამიანებთან ურთიერთობა. რომელიმე მათგანით მაინც
რომ უზრუნველყოთ, სატელევიზიო პროგრამებიდანაც ისწავლიდნენ, მაგრამ სხვაგვარად ისინი
ამოსავალ წერტილს ვერ იპოვიან.

ამ სიტყვებმა პოლკოვნიკი დააინტერესა. ცხადი გახდა, რა ფილოსოფიითაც ცხოვრობდა –


უცხოპლანეტელებმა რაც ნაკლები იციან, მით უკეთესი. პოლკოვნიკის გამომეტყველება გარი
დონელიმაც ამოიცნო და თვალები აატრიალა. ღიმილი შევიკავე.

პოლკოვნიკი ჩამეკითხა:

– ვთქვათ, უცხო ენას ამ ენის მცოდნესთან საუბრით ითვისებთ. მისთვის ინგლისურის


სწავლების გვერდის ავლა შესაძლებელია?

– იმაზეა დამოკიდებული, თავად უცხო ენის მცოდნეები რამდენად მოწადინებულნი არიან.


თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სანამ მავარჯიშებენ, ერთ-ორ სიტყვას თავადაც
შეისწავლიან, მაგრამ თუ მხოლოდ ის უნდათ, რომ თავიანთი ენა გამაცნონ, მაშინ ბევრს
ვერაფერს შეიმეცნებენ. მეორე მხრივ, თუ საკუთარი მეტყველების გაზიარების ნაცვლად
ინგლისურის ათვისება მოინდომეს, საქმე მნიშვნელოვნად გართულდება.

პოლკოვნიკმა თავი დამიქნია.

– ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ შეგეხმიანებით.

***

მთელი ცხოვრების განმავლობაში, შეხვედრის დასათქმელი ზარი მნიშვნელობით მეორე


ადგილზე იყო. პირველზე, რა თქმა უნდა, სამთო მაშველების ზარი იქნება. იმხანად მე და
მამაშენი წელიწადში, დიდი-დიდი, თითო სიტყვას თუღა გავუცვლით ერთმანეთს. თუმცა,
როგორც კი ტელეფონზე ლაპარაკს დავასრულებ, პირველ რიგში, სწორედ მამაშენს დავურეკავ.

მანქანაში ერთად ჩავსხდებით და გვამის ამოსაცნობად წამოვალთ. მდუმარე, ხანგრძლივი


მგზავრობა. მორგი მახსოვს – მთლიანად ფილებით მოპირკეთებული და უჟანგავი ლითონით
სავსე. მაცივრის ზუზუნი და ანტისეპტიკის სუნი. სანიტარი სუდარას გადაგაძრობს და შენს სახეს
გამოაჩენს. რაღაცას დაუმახინჯებია, თუმცა მე მაინც გიცნობ, რომ შენ ხარ.

96
– ჰო, ისაა, – ვიტყვი, – ჩემი გოგოა.

მაშინ ოცდახუთი წლისა იქნები.

***

სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა სამკერდე ნიშანი შემიმოწმა, დავთარში რაღაც ჩაიწერა


და კარიბჭე გააღო. ყველგანმავალი ავტომობილით ბანაკში შევგორდი – კარვების მომცრო
სოფელში, რომელიც არმიას მზისგან შეტრუსულ საძოვარზე გაეშენებინა. ბანაკის ცენტრში
უცხოპლანეტელთა ერთ-ერთი მოწყობილობა გაჩერებულიყო, რომელსაც
"სარკისმიღმეთს(ლუის კეროლის ნაწარმოებში ჯადოსნური ზღვარი ფანტასტიკურ და რეალურ
სამყაროებს შორის. )" ეძახდნენ.

იმ მოხსენების მიხედვით, რომელსაც მეც დავესწარი, შეერთებულ შტატებში სულ ცხრა ასეთი
აპარატი იყო, მთელ მსოფლიოში კი – ას თორმეტი. "სარკისმიღმეთი" ორმხრივი კავშირის
გასაბმელ მოწყობილობას წარმოადგენდა – სავარაუდოდ, ორბიტაზე მყოფ ხომალდებს
უკავშირდებოდა. არავინ იცოდა, უცხოპლანეტელები ჩვენთან პირისპირ საუბარს რატომ
გაურბოდნენ – ალბათ, ტილებს უფრთხოდნენ. ყოველ "სარკისმიღმეთს" მეცნიერთა წყვილი –
ფიზიკოსი და ლინგვისტი – ემსახურებოდა. აქაურ სადგურზე მე და გარი დონელი ვმუშაობდით.

გარი მანქანის დასაყენებელ მოედანზე მელოდებოდა. ბეტონის ბარიკადებით აგებულ წრიულ


ლაბირინთს გავუყევით და უზარმაზარ კარავს მივადექით, "სარკისმიღმეთს" რომ
გადაფარებოდა. კარვის წინ სკოლის ფონოლოგიის(ფონოლოგია – ლინგვისტიკის
მიმართულება, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის
განმასხვავებელ ფუნქციას.) ლაბორატორიიდან წამოღებული ხელსაწყოებით სავსე ურიკა იდგა
– ინსტრუმენტები წინასწარ გამოვაგზავნე, რათა არმიელებს გაჩხრეკა-შემოწმება მოესწროთ.

გარეთვე გაემართათ სამფეხებზე შემდგარი სამი ვიდეოკამერა, რომელთა ლინზები ქსოვილში


ამოჭრილი სარკმლით კარვის სიღრმეში იმზირებოდნენ. ყველაფერს, რასაც გარი და მე
გავაკეთებდით, უთვალავი თვალი დაინახავდა, რომელთა შორის სამხედრო დაზვერვაც
იქნებოდა. გარდა ამისა, ვალდებულნი ვიყავით, ყოველდღიური მოხსენებები წარგვედგინა.
დამატებით, მე ისიც უნდა შემეფასებინა, რა დონეზე ფლობდნენ უცხოპლანეტელები
ინგლისურს.

გარიმ კარვის კალთა ასწია, შეაკავა და ხელით შემიპატიჟა.

97
– აქეთ მობრძანდით, – ისე შესძახა, როგორც ცირკში მიმპატიჟებლებს სჩვეოდათ, – დატკბით
იმ საოცარი ქმნილებებით, რომელთა მსგავსი ამ ღვთით კურთხეულ დედამიწას არასოდეს
უნახავს.

– და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მონეტის ფასად, – წავიბუტბუტე და კარავში შევაბიჯე. ჩემი


შესვლისას სარკისმიღმეთში არაფერი ჩანდა, მხოლოდ ათი ფუტის სიმაღლისა და ექვსი ფუტის
სიგანის მორკალული სარკე გავარჩიე. სარკისმიღმეთის წინ, გარუხებულ ბალახზე თეთრი
პულვერიზატორით აქტივაციის არე მოენიშნათ. შიგნით მხოლოდ მაგიდა, ორი გასაშლელი
სკამი და ელექტროჩამრთველი დაეტოვებინათ, რომლის მეორე ბოლო გარეთ განთავსებულ
გენერატორს უერთდებოდა. კარვის კიდეების გაყოლებაზე ჩასობილ სვეტებზე ჩამოკიდებული
ფლუორესცენტული ნათურების ზუზუნი სიცხისაგან გასავათებული მწერების ბზუილს
ერწყმოდა.

გარიმ და მე ერთმანეთს გადავხედეთ. მოწყობილობებით დატვირთულ ურიკას მაგიდისკენ


ვუბიძგეთ. როგორც კი თეთრ ზღვარს გადავაბიჯეთ, სარკისმიღმეთი გამჭვირვალდა – თითქოს
შებურული შუშის მიღმა მიმალული ვიღაც სინათლეს თანდათან უმატებდა. მინის მიღმა
მოქცეული სივრცე თითქოს გაღრმავდა – მეჩვენებოდა, რომ მასში შებიჯება შემეძლო. როგორც
კი სარკისმიღმეთი სრულად განათდა, იქაურობა ნახევარწრიული ოთახის დიორამას(დიორამა
– აქ: შუშის საცავში განთავსებული სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელი.) დაემსგავსა.
ოთახში რამდენიმე მოზრდილი საგანი გამოიკვეთა – ალბათ, ავეჯი იყო – თუმცა
უცხოპლანეტელები არსად ჩანდნენ. მრუდე შორეულ კედელთან კარი მოჩანდა.

ფაციფუცით ჩავრთეთ ყველა მოწყობილობა: მიკროფონები, ხმოვანი სპექტროგრაფი,


პორტატული კომპიუტერი და დინამიკი. სანამ მათ დავტრიალებდით, თვალს მალიმალ
სარკისმიღმეთისკენ ვაპარებდი და უცხოების გამოჩენას ველოდი. მოლოდინის მიუხედავად,
უცხოპლანეტელის გამოჩენისთანავე შევხტი.

შვიდი კიდურის კვეთაზე შეკრულ კასრს წააგავდა. წრიული სიმეტრიით აგებული სხეულის
ნებისმიერი კიდური ფეხიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ხელიც. ჩემ წინ აღმართული სხეული
ოთხი ფეხით გადაადგილდებოდა, დანარჩენი სამი არამომიჯნავე მკლავი კი ფერდებზე
შემოეხვია. გარიმ მაშინვე "ჰეპტაპოდად" მონათლა.

ვიდეოჩანაწერები ნანახი კი მქონდა, მაგრამ მაინც პირღია დავრჩი. კიდურებზე ერთი სახსარიც
კი არ შეიმჩნეოდა. ანატომების ვარაუდით, მათ სიმყარეს ჩვენებური ხერხემლისმაგვარი
სტრუქტურა უზრუნველყოფდა. თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო აგებული, კიდურები
ჰეპტაპოდის სხეულს შეწყობილად, ტაატით, სითხისებურად გადააადგილებდნენ. მოლივლივე
ფეხებზე დაყრდნობილი "ტორსი" საჰაერო ბალიშებს მინდობილი გემივით ირწეოდა.

ჰეპტაპოდის სხეულის ზემო ნაწილს შვიდი უქუთუთოო თვალი წრიულ წყებად შემოვლებოდა.
არსებამ უკან დაიხია და იმ კარისკენ დაიძრა, საიდანაც შემოვიდა; შიშინისმაგვარი ხმა ამოუშვა,
ოთახის შუაგულისკენ დაბრუნდა და თან კიდევ ერთი ჰეპტაპოდიც მოიყვანა. შემაძრწუნებელი,
თუმცა, იმავდროულად, ლოგიკურიც იყო, რომ მთელი ამ მოძრაობის განმავლობაში ერთხელაც
არ მიტრიალებულა – როდესაც ყოველმხრივ თვალი გასხია, "წინს" ნებისმიერი მიმართულება
შეიძლება ნიშნავდეს.

98
გარი ჩემს გამომეტყველებას აკვირდებოდა.

– მზად ხარ? – მკითხა.

ღრმად ჩავისუნთქე.

– ამათ კი ვეყოფი.

საველე სამუშაოებში მონაწილეობა მანამდეც არაერთხელ მიმეღო, ამაზონიას ვიკვლევდით,


მაგრამ აქამდე ყოველთვის ბილინგვისტურ კავშირს ვამყარებდით – ხან ჩემი ინფორმანტების
მწირი პორტუგალიურით ვსარგებლობდი, ხანაც, ადგილობრივი მისიონერების წყალობით, იქ
მცხოვრებთა ენის საფუძვლებს ვეცნობოდი. ეს ჩემი პირველი ჭეშმარიტად მონოლინგვისტური
გაცნობითი შეხვედრა იქნებოდა, თუმცა თეორიულად ყველაფერი კარგად იყო ახსნილ-
გაწერილი.

სარკისმიღმეთს მივუახლოვდი. შუშის მეორე მხარეს მომლოდინე ჰეპტაპოდმა ჩემი მოძრაობა


გაიმეორა. იმდენად ნათლად ვხედავდი, რომ გამაჟრჟოლა. ცხადად ვარჩევდი მისი რუხი კანის
ქსოვილის ნაყშს – ხავერდოვან ამობურცულობებს, რომლებიც მარყუჟივით იხვეოდა და
სპირალურად იკლაკნებოდა. სარკისმიღმეთიდან ჩემამდე არანაირი სუნი არ აღწევდა, რაც
ვითარებას კიდევ მეტ უცნაურობას სძენდა.

საკუთარ თავზე მივანიშნე და ნელა წარმოვთქვი:

– ადამიანი.

შემდეგ ხელი გარისკენ გავიშვირე.

– ადამიანი.

ბოლოს თითი სათითაოდ მივმართე ჰეპტაპოდებისკენ და ვკითხე:

– თქვენ ვინ ხართ?

არანაირი რეაქცია. კიდევ ერთხელ ვცადე. კვლავ იგივე გავიმეორე.

ერთმა ჰეპტაპოდმა ცალი მკლავი ასწია, ოთხი კიდურა წანაზარდი ერთად შეკრა და თავისი
სხეულისკენ მიმითითა. ესეც დიდი მიღწევა იყო. ზოგიერთ კულტურაში ინდივიდები რამეზე
მისანიშნებლად ნიკაპს იყენებენ; ამ ჰეპტაპოდს ჩემთვის რაღაცის მისახვედრებლად კიდურები
რომ არ გამოეყენებინა, ვერ გავიგებდი, რომელ ჟესტს ჩავჭიდებოდი. სუსტი, მოცახცახე ხმა
მომესმა – დავინახე, უცხოპლანეტელის სხეულის ზემოთა ნაწილში რომელიღაც ღრუ როგორ
შეირხა: მესაუბრებოდა. შემდეგ მკლავი თანმხლებისკენ გაიშვირა და კვლავ ცახცახით
ამოიქშინა.

99
კომპიუტერისკენ მივბრუნდი. მონიტორზე ორი ვიზუალურად იდენტური სპექტროგრაფი ჩანდა,
რომლებიც ხმოვანი ცახცახის გამოსახულებას წარმოადგენდნენ. ჩანაწერი უკან გადავახვიე.
საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ მივუთითე და კიდევ ერთხელ წარმოვთქვი "ადამიანი". შემდეგ
გარიზეც იგივე მოვიმოქმედე, ბოლოს კი ჰეპტაპოდისკენ გავიშვირე ხელი და ჩანაწერი ჩავრთე.
დინამიკებიდან ქშენა გაისმა.

ჰეპტაპოდმა კიდევ წამოიქშინა. ახალი ნალაპარაკევის სპექტროგრაფის ბოლო ნაწილის


მიხედვით, თითქოს რაღაცას მიმეორებდა. პირველ ჩანაწერს თუ [ქშენა1]-ს დავარქმევდით,
მაშინ ამას [ქშენა2 ქშენა1] უნდა რქმეოდა.

იმაზე ვანიშნე, რაც, ალბათ, ჰეპტაპოდის სკამი უნდა ყოფილიყო.

– ეგ რა არის?

ჰეპტაპოდი გაჩუმდა, შემდეგ თავადაც "სკამზე" მიმანიშნა და კიდევ დამელაპარაკა. ახალი


სპექტროგრაფი წინა ორს არაფრით წააგავდა: ესეც [ქშენა3]. "სკამს" ხელმეორედ მივუბრუნდი
და [ქშენა3] ჩავრთე.

ჰეპტაპოდი გამომეპასუხა. სპექტროგრაფის გამოსახულებაზე დაყრდნობით, [ქშენა3 ქშენა2]-ს


ამბობდა. ოპტიმისტური ვარაუდი: ჰეპტაპოდი მიდასტურებდა, სწორად წარმოთქვამო, რაც,
თავის მხრივ, ჰეპტაპოდისა და ადამიანის დისკურსიული მახასიათებლების თავსებადობისკენ
მიანიშნებდა. პესიმისტური ვარაუდი: დამცინავი სიცილისაგან ხველა აუტყდა.

სპექტროგრაფის გარკვეული ნაწილები გამოვაცალკევე და დროებითი აღნიშვნები დავურთე:


[ქშენა1]-ს "ჰეპტაპოდი" დავარქვი, [ქშენა2]-ს – "დიახ", [ქშენა3]-ს კი "სკამი". შემდეგ ეს სამივე
ხმოვანება ერთი ფრაზით დავასათაურე: "ენა – ჰეპტაპოდი A".

გარი მიყურებდა.

– ეს "A" რაღას ნიშნავს?

– თუკი ჰეპტაპოდები სხვაგვარადაც მეტყველებენ, ამ ენის სხვებისგან გამორჩევაში


დამეხმარება, – ავუხსენი. თავი დამიქნია.

– მოდი, ახლა ცოტა გავერთოთ და ასეთი რამ ვცადოთ, – ორივე ჰეპტაპოდზე რიგრიგობით
მივანიშნე და ვცადე, [ქშენა1]-ის მაგვარი ხმა გამომეცა – "ჰეპტაპოდი". ხანგრძლივი სიჩუმის
შემდეგ ჯერ ერთმა ჰეპტაპოდმა წარმოთქვა რაღაც, შემდეგ მეორეც აჰყვა და სულ სხვა
ჟღერადობა ამოუშვა. არცერთის სპექტოგრაფი წინა გამოსახულებებს არ დაემთხვა. გადაჭრით
ვერ ვიტყოდი, მე მელაპარაკებოდნენ თუ ერთმანეთში საუბრობდნენ, რადგან სახე არცერთს არ
ჰქონდა და საით იყვნენ მიბრუნებულები, ვერ ვხვდებოდი. კიდევ ერთხელ ვცადე, [ქშენა1]
ამომეშვა, მაგრამ აღარ გამომხმიანებიან.

– ოდნავადაც ვერ მივამსგავსე, – წავიბუზღუნე.

100
– იმითაც შეძრული ვარ, რომ ასეთი ხმების გამოცემა შეგიძლია, – მითხრა გარიმ.

– ეს რა არის, შენ ჩემს "ცხენირმის მოძახილს" უნდა მოუსმინო. მთელი მათი მოდგმა
უკანმოუხედავად გამირბის.

უცხო ქშენის წარმოთქმა კიდევ არაერთხელ ვცადე, მაგრამ არცერთი ჰეპტაპოდი ისე არ
გამომპასუხებია, რომ მათი ნალაპარაკევიდან რამე ამომეცნო. მხოლოდ მაშინ მაღირსეს
დასტური, როდესაც "ჰეპტაპოდის" ჩანაწერი მოვასმენინე – [ქშენა2]-ით მიპასუხეს, რაც "დიახ"-ს
ნიშნავდა.

– ანუ, ჩანაწერების გარეშე არაფერი გამოვა? – მკითხა გარიმ.

თავი დავუქნიე.

– დროებით მაინც.

– ახლა რაღა ვქნათ?


– ჯერჯერობით, იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ "ნახე, რა საყვარლები არიან" ან "რაებს
აკეთებენ-ს" არ ამბობენ. მერე ვნახოთ, იქნებ ჰეპტაპოდების ერთმანეთში საუბრიდან
რომელიმე ამ სიტყვათაგანიც ამოვიცნოთ, – სკამზე ჩამოსაჯდომად მივიპატიჟე, – კარგად
მოეწყვე, მუშაობა კიდევ დიდხანს მოგვიწევს.

***

1770 წელს კაპიტან კუკის ხომალდი "ინდევორი" ავსტრალიას ქუინსლენდის სანაპიროსთან


მიადგა. სანამ ეკიპაჟის ნაწილი ხომალდის შეკეთებაზე ზრუნავდა, კუკმა მკვლევართა გუნდი
წაიყოლა და აბორიგენებს გადააწყდა. ერთ-ერთმა მეზღვაურმა იქაურებს ხტუნია
ცხოველებისკენ ანიშნა, საკუთარ ნაშიერს ჩანთით რომ დაატარებდნენ და ჰკითხა, ამათ რა
ჰქვიათო. ადგილობრივების პასუხის, "კენგურუს" გამო, იმ დროიდან მოყოლებული, კუკი და
მისი მეზღვაურები ცხოველებს ამ სახელით მოიხსენიებდნენ. მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ,
რომ აბორიგენებმა მათი ნალაპარაკევი ვერ გაიგეს და უბრალოდ ჰკითხეს "რა თქვი?"

საწყის კურსზე შეკრებილ სტუდენტებს ამ ამბავს ყოველწლიურად ვუყვები. თითქმის


დარწმუნებული ვარ, რომ მოგონილი ისტორიაა – სტუდენტებს ამასაც ვუმხელ – თუმცა
კლასიკური ანეკდოტი კია. რა თქმა უნდა, ჩემი სტუდენტები არც იმ სასაცილო
თავგადასავლების მოსმენაზე იტყვიან უარს, რაც ჰეპტაპოდებთან გადამხდება და დარჩენილი
საგანმანათლებლო კარიერის განმავლობაში ჩემს ლექციებს ზუსტად ამიტომაც აირჩევენ. მეც
ავდგები და ძველ ჩანაწერებს ვაყურებინებ, სადაც ჩანს, როგორ ვჯახირობ "სარკისმიღმეთთან";
სხვა ლინგვისტების მიერ მოწყობილ ვიდეოსესიებსაც გავაცნობ – ყურადსაღები ჩანაწერებია

101
და უცხოპლანეტელები თუ კიდევ გვეწვევიან, მათთან კონტაქტის დასამყარებლად გამოდგება,
თუმცა სახალისო ისტორიები მათგან არ გამოდნება.

პირადად ჩემთვის, როდესაც საქმე უცხო ენის შესწავლისას გადამხდარ ისტორიებზე მიდგება,
ბავშვების მიერ სიტყვების აღქმისას გამოვლენილი დამთხვევები სიცილის უშრეტი წყაროა. ის
შუადღე მახსოვს – მაშინ ხუთი წლის იქნები – საბავშვო ბაღიდან რომ მოხვალ. სანამ მე
სტუდენტების ნაშრომებს გავასწორებ, შენ გასაფერადებლების გაფერადებით იქნები
გართული.

– დე, – იმ ხმით მკითხავ, რომელიც სათხოვარისთვის გაქვს განკუთვნილი, – შეიძლება, რაღაც


გთხოვო?

– კი, შეიძლება, პაწაწინა. მიდი, მთხოვე.

– შეიძლება... მმმ... მოვუკიდო?

გასასწორებელ ნაწერს თვალს მოვწყვეტ.

– რას გულისხმობ?

– შარონმა თქვა, მომკიდებელი ვიყავიო.

– ჰოო? ისიც გითხრა, რას მოუკიდა?

– უფროსი დის ქორწილი რომ იყო, შარონმა ასე თქვა, მხოლოდ ერთ პიროვნებას უნდა
ჰქონდეს... მმმ... მოკიდების ნება და ქორწილში მე მოვუკიდეო.

– აა, მივხვდი. ანუ, შარონი ხელისმომკიდე იყო?

– ჰო, ზუსტად. შეიძლება, მეც ვიყო ხელისმომკიდებელი?

***

გარი და მე ფაბრიკატებით აწყობილ შენობაში შევედით, სადაც "სარკისმიღმეთის"


სამუშაოების საოპერაციო ცენტრია განთავსებული. შიგნით ყველაფერი ისე მოჩანდა, თითქოს
ყველანი ერთი დიდი შეტევისთვის, ან პირიქით – ევაკუაციისთვის ემზადებოდნენ: სამხედრო
ყაიდაზე თმაშეჭრილი ჯარისკაცები იმ მიდამოს რუკებს დასტრიალებდნენ, ან უზარმაზარ
ელექტრომოწყობილობებს უსხდნენ და მიკროფონიან ყურსასმენებში საუბრობდნენ.
პოლკოვნიკ უებერის ოთახისკენ წაგვიძღვნენ – შენობის სიღრმეში განთავსებულ კაბინეტს
კონდიციონერი აგრილებდა.

პოლკოვნიკს პირველი დღის აღმოჩენების შესახებ მოკლედ მოვახსენეთ.

102
– მაინცდამაინც შორს ვერ წასულხართ, – გვისაყვედურა.

– იმისათვის, რომ წინ უფრო სწრაფად წავიწიოთ, ერთი მოსაზრება მაქვს, – ვუთხარი, – ოღონდ
მეტი მოწყობილობის შემოსატანად თქვენი ნებართვა გვჭირდება.

– რა მეტი მოწყობილობა?

– ციფრული კამერა და დიდი მონიტორი გვინდა, – ჩემეული მონახაზი გავაცანი, – მინდა, ენის
ათვისების პროცესი წერითი მეთოდით გავამდიდრო. ვაპირებ, მონიტორზე სიტყვები
გამოვსახო, ციფრული კამერა კი მათი ნაწერის გადასაღებად დამჭირდება. იმედი მაქვს,
ჰეპტაპოდები მხარს ამიბამენ.

უებერმა მონახაზი იჭვნეულად შეათვალიერა.

– რატომ გგონიათ, რომ ასე აჯობებს?

– აქამდე მათთან ისე ვსაუბრობდი, როგორც რასასთან, რომელსაც დამწერლობა არ გააჩნია.


შემდეგ აზრად მომივიდა, რომ მათ დამწერლობაც უნდა ჰქონდეთ.

– მერე?

– აზრების წერით გადმოცემის უნარი თუ აქვთ, მათი დამწერლობა საზოგადო კანონებს უნდა
შეესაბამებოდეს, რაც, ფონემების ამოცნობის ნაცვლად, გრაფემებთან მუშაობის საშუალებას
მოგვცემს და საქმეს გაგვიადვილებს. ნაბეჭდ წინადადებაში ასოების ამოკრეფა უფრო
მარტივია, ვიდრე ბგერების ამოცნობა იმავე წინადადებაში, ოღონდ დაწერილის ნაცვლად –
წარმოთქმულში.

– გასაგებია, – მითხრა, – და მათთვის საპასუხო მინაწერის ჩვენებას როგორ აპირებთ? იმავე


სიტყვებს გამოუსახავთ, რასაც თავად გიჩვენებენ?

– ძირითადად. სიტყვებს შორის გამოტოვებებს თუ იყენებენ, ჩვენ მიერ შედგენილი ნებისმიერი


წინადადება გაცილებით აზრიანი იქნება, ვიდრე ხმოვანი ფრაზა, რომლის შეკოწიწებაც
ჩანაწერებიდან მოგვიწევდა.

სკამის საზურგეზე გადაწვა.

– როგორც მოგეხსენებათ, გვინდა, რომ ჩვენი ტექნოლოგიების შესახებ რაც შეიძლება ცოტა
იცოდნენ.

– გასაგებია, მაგრამ საკონტაქტოდ რაღაც მოწყობილობებს ხომ უკვე ვიყენებთ? თუ წერით


ურთიერთობაზე გადავერთვებით, დარწმუნებული ვარ, საქმე უფრო სწრაფად დაიძვრება,
ვიდრე მხოლოდ ხმოვანი სპექტროგრაფების შემთხვევაში.

103
პოლკოვნიკი გარის მიუბრუნდა.

– რას იტყვი?

– კარგი იდეა მგონია. ოღონდ ერთი რამ მაფიქრებს – იქნებ ჰეპტაპოდებმა ჩვენი
მონიტორებიდან წაკითხვა ვერც შეძლონ. მათი "სარკისმიღმეთი" სულ სხვაგვარი
ტექნოლოგიითაა შექმნილი, ვიდრე ჩვენი ეკრანები. რამდენადაც ვიცით, არც პიქსელებს
იყენებენ, არც ზოლოვან გამოსახულებებს და არც კადრების ცვალებადობას.

– შენი აზრით, ჩვენი ვიდეოეკრანების ზოლოვანი ტექნიკა ჰეპტაპოდებს ნაწერის აღქმაში ხელს
შეუშლით?

– შეიძლება, – მიუგო გარიმ, – ვცადოთ და ვნახავთ.

უებერი ჩაფიქრდა. ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ის რთული გადაწყვეტილების


წინაშე იდგა; თუმცა, როგორც ჯარისკაცებს სჩვევიათ, საბოლოო არჩევანს მალევე მიაგნო.

– მოწყობილობებს მიიღებთ. გარეთ რომ გახვალთ, სერჟანტს დაელაპარაკეთ და უთხარით,


რისი მოტანაც გინდათ. ხვალისთვის ყველაფერი მზად უნდა გქონდეთ.

***

ზაფხულის ის დღე მახსოვს – თექვსმეტის ხარ. ოღონდ ამჯერად პაემანზე წასვლის


მოლოდინით ნატანჯი შეყვარებული შენ კი არა, მე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად შენც
დაიცდი, ცნობისმოყვარეობა არ მოგასვენებს, ისე ძლიერ გენდომება გაიგო, ჩემი კავალერი
როგორ გამოიყურება. სტუმრად მეგობარი გეყოლება – ქერა გოგო, რომელსაც იშვიათი სახელი,
როქსი ჰქვია. იქაქანებთ და იხითხითებთ.

– შეიძლება, სურვილი მოგაწვეთ, რომ დაუყოვნებლივ გაჭოროთ, – გეტყვით და დერეფნის


სარკეში ჩემს ანარეკლს შევათვალიერებ, – თავი შეიკავეთ და ჩვენს წასვლამდე არაფერი
თქვათ.

– ნუ გეშინია, დედა, – დამამშვიდებ, – ისე ვიზამთ, რომ ის ვერაფერს მიხვდება. როქსი, მკითხე,
ამაღამ როგორი ამინდი იქნებაო და ჩემი პასუხით მიხვდები, დედაჩემის შეყვარებულზე რასაც
ვფიქრობ.

– კარგი, – აგყვება როქსი.

– არა, არავითარ შემთხვევაში, – შეგეწინააღმდეგებით.

104
– დამშვიდდი, დედა. ვერაფერს მიხვდება. ყოველთვის ასე ვიქცევით.

– როგორ მომეშვა გულზე...

მოგვიანებით ნელსონი გამოჩნდება – ჩემს წასაყვანად შემოივლის. ერთმანეთს გაგაცნობთ და


სახლის წინ, ვერანდაზე, სასხვათაშორისო ლაპარაკს შევყვებით. ნელსონი საშინლად
სიმპათიურია და არჩევანს აშკარად მიწონებ. უკვე წასვლას ვაპირებთ, რომ როქსი უმწიკვლოდ
გადმოგილაპარაკებს:

– რას ფიქრობ, ამაღამ როგორი ამინდი იქნება?

– მდუღარე, – უპასუხებ.
დასტურის ნიშნად როქსი თავს გიქნევს. ნელსონი იკითხავს:

– მართლა? მეგონა, გამოაცხადეს, ეგრილებაო.

– ამინდთან დაკავშირებით მეექვსე გრძნობა მიმძაფრდება, – ეუბნები. გამომეტყველებაზე


ვერავინ შეგატყობს, რას გულისხმობ, – ეგ გრძნობა მკარნახობს, რომ საშინლად ჩამოცხება.
კიდევ კარგი, შესაფერისად გამოეწყე, დედა.

თვალს გისწორებ და ღამე მშვიდობისას გისურვებ.

ნელსონის მანქანისკენ მიმავალს გახალისებული მკითხავს:

– რაღაც გამოვტოვე, არა?

– შიდა ხუმრობაა, – ჩავიბუტბუტებ, – ოღონდ ახსნას ნუ მომთხოვ.

***

"სარკისმიღმეთთან" გამართული მორიგი სესიისას უკვე ნაცად პროცედურას მივყვებით,


მხოლოდ ამჯერად, სიტყვის წარმოთქმასთან ერთად, კომპიუტერის ეკრანით ნაწერსაც
ვაჩვენებთ. "ადამიანის" თქმასთან ერთად ეკრანზე წარწერა "ადამიანი" ჩნდება და ასე შემდეგ.
როგორც იქნა, ჰეპტაპოდებს გავაგებინეთ, რაც გვინდა და მათაც მომცრო სადგამზე ბრტყელი,
მრგვალი ეკრანი აღმართეს. საუბარს რომ მორჩებოდა, ერთი ჰეპტაპოდი სადგამის ჭრილში
კიდურს ჩამალავდა და ეკრანზე ბატიფეხური, გაურკვეველი ნაჯღაბნი ამოხტებოდა.

105
მალე რუტინაში ჩავეშვით. ორი პარალელური ჩამონათვალი შევადგინე: ერთი – წარმოთქმული
ქშენის მიხედვით, მეორე კი – ნაწერის. პირველი შთაბეჭდილება მკარნახობდა, რომ მათი
დამწერლობა ლოგოგრაფული იყო – თავისტკივილი გამიჩნდა. იმედი მქონდა, მათი ენის
ასათვისებლად ანბანური დამწერლობის გაშიფვრასთან მოგვიწევდა შერკინება.
ლოგოგრამებში, შესაძლოა, ფონეტიკური ინფორმაციაც იმალებოდა, თუმცა მისი ამოთხრა,
ანბანურ სისტემასთან შედარებით, გაცილებით რთული იქნებოდა.

"სარკისმიღმეთთან" მიახლოების წყალობით იმის შესაძლებლობაც მქონდა, ჰეპტაპოდის


სხეულის ნაწილებზე მიმენიშნებინა და მათი დასახელება გამეგო: კიდურები, თითები,
თვალები... ტანის ქვედა ნაწილში ღრუ აღმოაჩნდათ, რომელიც მჭიდროდ მიწყობილი
ძვლოვანი წანაზარდებით იყო აღჭურვილი – ალბათ, საკვებად იყენებდნენ, მეორეს კი,
სხეულის ზედა ნაწილში რაც ჰქონდათ, სასუნთქი და სამეტყველო ფუნქცია ერგო. სხვა ნაპრალი
არსად მოჩანდა. სავარაუდოდ, პირი ანუსის დანიშნულებასაც ითავსებდა, თუმცა ამგვარი
საკითხები სამომავლოდაც მოიცდიდა.

ვცადე, ინფორმანტებისაგან გამეგო, რომელიმესთვის პირადად როგორ მიმემართა – საკუთარი


სახელი ან რამე მსგავსი თუ ჰქონდათ. რასაკვირველია, ენით გამოუთქმელი ქშენით მიპასუხეს,
ამიტომ, ჩემი და გარის ტანჯვის შესამსუბუქებლად, გადავწყვიტე, მათთვის ფლაპერი და
რასბერი მეწოდებინა. იმედი მქონდა, ოდესმე მათ ერთმანეთისგან გარჩევას შევძლებდი.

***
მომდევნო დღეს, სანამ "სარკისმიღმეთის" კარავში შევიდოდით, გარისთან ახალი იდეა
განვიხილე.

– ამ სესიის განმავლობაში შენი დახმარება დამჭირდება, – ვუთხარი.

– კარგი. რა უნდა გავაკეთო?

– ზოგი ზმნა უნდა გავაცნოთ, ამისათვის კი მესამე პირის ფორმის გამოყენება ყველაზე იოლია.
დამეხმარები, რომ რამდენიმე მოქმედება განასახიერო, სანამ მე ზმნის წერილობით ფორმას
კომპიუტერით ვაჩვენებ? თუ ბედმა გაგვიღიმა, ჰეპტაპოდები მიგვიხვდებიან და თავიანთ
ზმნებს თავადაც გვასწავლიან. უამრავი რეკვიზიტი მოვიმარაგე, შეგიძლია, ისინიც გამოიყენო.

– კარგი, – გარიმ სახსრები გაატკაცუნა, – მზად რომ იქნები, მითხარი.

თავიდან მარტივი გარდაუვალი(გრამატიკულად, გარდაუვალ ზმნას პირდაპირი დამატება არ


შეეწყობა, გარდამავალი კი დამატებას შეიცავს.) ზმნებით დავიწყეთ: დადის, ხტის,
ლაპარაკობს... გარი თითოეულ მოქმედებას ყოველგვარი დარცხვენის გარეშე, ხალისიანად
ასრულებდა. ვიდეოკამერების სიახლოვე საერთოდ არ თრგუნავდა. საწყისი რამდენიმე ზმნის
მერე ჰეპტაპოდებს მივმართე, თქვენ ამას როგორ აღწერთ მეთქი. მალევე მიმიხვდნენ:
რასბერიმ, გარის მიბაძვით, ის მოქმედებები გვიჩვენა, რაც ჩვენეული მოძრაობის

106
ჰეპტაპოდისეულ ექვივალენტს წარმოადგენდა; ფლაპერი კი, მასთან შეწყობილად, ყოველ ამ
მოქმედებას თავიანთი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული სიტყვით გვაცნობდა და ხმამაღლაც
წარმოთქვამდა.

ნალაპარაკევის სპექტროგრაფში ის სიტყვა ამოვიცანი, რომელიც ჩემს ცნობარში "ჰეპტაპოდის"


სახელით მქონდა დამახსოვრებული. ხმიანობის დანარჩენი ნაწილი, სავარაუდოდ, თავად
ზმნის აღსაწერად გამოიყენებოდა. როგორც ჩანდა, არსებითი სახელებისა და ზმნების
ანალოგი მათაც ჰქონდათ. მადლობა ღმერთს.

ნაწერს რაც შეეხება, იქ ყველაფერი ასე ნათელი სულაც არ იყო. თითოეულ მოქმედებას, ორის
ნაცვლად, მხოლოდ ერთი ლოგოგრამა ერთვოდა. თავიდან ვიფიქრე, მათთვის, ალბათ,
მხოლოდ "დადის" დაწერაც კმარა, სუბიექტი ისედაც ნაგულისხმევია-მეთქი. ოღონდ, თუ ეს
მართლა ასე იყო, რაში სჭირდებოდა ფლაპერს "ჰეპტაპოდი დადის" წარმოთქმა მაშინ,
როდესაც დაწერით მარტო "დადის" წერდა? პარალელიზმს(პარალელიზმი – აქ: წინადადების
დამოუკიდებელი, თანაბარმნიშვნელობიანი ნაწილების ერთმანეთთან შეწყობა.) რატომ არ
ინარჩუნებდა? მოგვიანებითღა აღმოვაჩინე, რომ ლოგოგრამების ნაწილი "ჰეპტაპოდის"
აღმნიშვნელ სიმბოლოს წააგავდა, თუმცა რომელიმე მხარეს რამდენიმე ზედმეტი შტრიხი
ემჩნეოდა. ახალი ვარაუდით, მათეული ზმნის წარმოება არსებით სახელზე აფიქსის(აფიქსი –
სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაერთვის ფუძეს და ცვლის სიტყვის გრამატიკულ ან
ლექსიკურ მნიშვნელობას.) დართვით შეიძლებოდა. ასეთ შემთხვევაში, კვლავ აუხსნელი
რჩებოდა, რატომ წერდა ფლაპერი არსებით სახელს ზოგჯერ განყენებულად, ზოგჯერ კი – არა.

გადავწყვიტე, გარდამავალ ზმნებზე გადავსულიყავით – დამატების შემოღებით შინაარსს მეტი


სიცხადე მოეფინებოდა. ჩემ მიერ მომარაგებულ რეკვიზიტებში ვაშლი და პურის ნაჭერიც იყო.

– კარგი, – მივუბრუნდი გარის, – მოდი, ეგენი ჯერ იმათ აჩვენე და მერე ცოტა შეჭამე. ვაშლით
დაიწყე და პური მერე მიაყოლე.

გარიმ "გოლდენ დელიშესზე(ვაშლის ჯიში. )" მიანიშნა და შემდეგ ჩაკბიჩა, მე კი ამასობაში


მონიტორზე შეკითხვა გამოვსახე – "ამას რას ეძახით?". პურზეც ზუსტად ასევე მოვიქეცით.

რასბერი გაუჩინარდა და მალევე დაბრუნდა, თან ჟელატინის ელიფსოიდი და რაღაც მოიტანა,


რაც გიგანტურ კაკალსაც წააგავდა და გოგრასაც. რასბერიმ გოგრაზე მიგვანიშნა, ფლაპერმა კი
შესაბამისი სახელი ამოთქვა და ლოგოგრამაც გვიჩვენა. შემდეგ რასბერიმ გოგრა ფეხებს შორის
მოიქცია. კნატაკნუტის ხმა გაისმა – გოგრას ნაკბეჩი დასტყობოდა – ნაჭუჭს შიგნით სიმინდის
მსგავსი მარცვლები აღმოჩნდა. ფლაპერმა დაილაპარაკა და ეკრანზე მოზრდილი ლოგოგრამა
გამოაჩინა. როგორც კი წინადადებაში ახსენეს, "გოგრის" სპექტოგრაფი შეიცვალა – ალბათ,
ბრუნვის ნიშნის გამო. უცნაური ლოგოგრამა გამოისახა: რამდენჯერმე შევათვალიერე და ის
გრაფიკული ელემენტები ამოვიცანი, ინდივიდუალურ ლოგოგრამებს, "ჰეპტაპოდსა" და
"გოგრას" რაც აღნიშნავდა, ოღონდ ამჯერად ორივე სიმბოლო თითქოს ერთმანეთს
შედუღაბებოდა. ამ ნაერთს თან ახლდა რამდენიმე ახალი მონასმი, რაც ალბათ "ჭამას"
აღწერდა. ნუთუ რამდენიმესიტყვიან ლიგატურას(ლიგატურა – პოლიგრაფიაში რამდენიმე ასოს
გადაბმას აღნიშნავს.) ვუმზერდი?

107
გოგრის შემდეგ ჟელატინის კვერცხის ხმოვანი და წერილობითი დასახელებაც გაგვანდეს და
მისი მირთმევის აღმწერი სიტყვაც გაგვაცნეს. იმ ხმოვანი სპექტროგრაფის გაანალიზება უკვე
შევძელი, რომელიც წინადადების "ჰეპტაპოდი ჭამს ჟელატინის კვერცხს" წარმოთქმისას
შეიქმნა; "ჟელატინის კვერცხს", როგორც მოსალოდნელი იყო, ბრუნვის ნიშანიც ერთვოდა,
თუმცა ამჯერად სიტყვათა წყობა წინა წინადადებისაგან განსხვავდებოდა. წერილობითმა
ფორმამ – კიდევ ერთმა უზარმაზარმა ლოგოგრამამ – ცალკე თავის ტკივილი გაგვიჩინა.
იმდენად დიდი იყო, რომ მასში რამე ნაცნობის შესამჩნევად გაცილებით მეტი დრო დამჭირდა.
ინდივიდუალური ლოგოგრამების უბრალო შენადნობს კი არა, უცნაურ ნაერთს ვუყურებდი; მის
ქვემო ნაწილში თითქოს ჰეპტაპოდის ლოგოგრამა წაწოლილიყო, ზემოდან კი ჟელატინის
კვერცხის ამოყირავებული ლოგოგრამა დაეშენებინათ.

– ვაა, – არსებითი სახელისა და ზმნის მარტივი შეხამების გამომხატველ ნაწერს კიდევ ერთხელ
შევავლე თვალი. აქამდე ყველაფერი შეუთავსებელი მეჩვენებოდა, თუმცა უცებ გავაცნობიერე,
რომ "ჰეპტაპოდი" ყოველ ლოგოგრამაში მონაწილეობდა. პირველივე შეხედვით იმიტომ ვერ
ვცნობდი, რომ ზოგან ამოყირავებულად ეწერა და თანხმლებ ზმნაში იყო ჩაწნული.

– მაგარი ხუმრობა გცოდნიათ, ბიჭებო, – წავილაპარაკე.

– რა მოხდა? – მკითხა გარიმ.

– მათ ხელნაწერში სიტყვები გამოცალკევებულად არ იწერება. წინადადება ისეა შედგენილი,


რომ ყველა ლოგოგრამა ერთ მთლიანობად იკვრება. ლოგოგრამებს ისე ატრიალებენ და
ასხვაფერებენ, როგორც უნდათ. მოდი, ამას შეხედე, – ავუხსენი, რასაც ვგულისხმობდი,
ამოყირავებული ლოგოგრამები ვაჩვენე.

– თუმცა, როგორც არ უნდა იყოს სიტყვა ამოტრიალებული, მაინც ერთნაირი სიმარტივით


კითხულობენ, – თქვა გარიმ. ჰეპტაპოდებისაკენ მიბრუნდა და განცვიფრებით შეათვალიერა, –
ნეტავ, ამგვარი სტილი მათი სხეულის რადიალური სიმეტრიით ხომ არაა განპირობებული? მათ
ხომ "წინ" მიმართულება არ გააჩნიათ და იქნებ, ნაწერიც ასეა შედგენილი? რა ძალიან ფაქიზია.

ყურებს ვერ დავუჯერე – ისეთ ტიპთან ვმუშაობდი, რომელმაც სიტყვა "ფაქიზს" ზმნიზედა
"ძალიან" დაურთო.

– ჰო, საინტერესო ხერხია, – მივუგე, – მაგრამ, იმავდროულად, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი
წინადადებების მათებურ ენაზე აწყობა გაგვიძნელდება. ვერ ავდგებით, მათ ფრაზებს
ცალკეულ სიტყვებად ვერ დავჩეხავთ და მერე რამე ახალს ვერ შევაკოწიწებთ. რამე აზრიანის
მიწერა თუ გვინდა, ჯერ მათი ხელწერის წესები უნდა ვისწავლოთ. უწყვეტობის იმავე
პრობლემას ვეჯახებით, რასაც მაშინ წავაწყდით, როდესაც ჩვენი სათქმელის გადმოცემა მათი
ნალაპარაკევის დანაწევრებითა და მიღებული სიტყვების შეერთებით დავაპირეთ; ოღონდ,
ამჯერად, წერით განზომილებაში.

"სარკისმიღმეთში" მომლოდინე ფლაპერსა და რასბერის გავხედე და ამოვიოხრე:

– საქმის იოლად მოგვარების გზას არ გვიტოვებთ, ხომ?

108
***
სიმართლე რომ ითქვას, ჰეპტაპოდები სრული მოწადინებით გვეთანამშრომლებოდნენ.
მომდევნო დღეებში თავიანთი ენის გაცნობა ხალისით განაგრძეს, ჩვენ კი მეტი ინგლისური
აღარ გვისწავლებია. პოლკოვნიკი უებერი და მთელი მისი ამალა მათი საქციელის მოტივებში
ჩასაწვდომად თავს იმტვრევდნენ, მე კი, სხვა "სარკისმიღმეთებთან" მომუშავე ლინგვისტებთან
ერთად, ვიდეოკონფერენციით იმას განვიხილავდი, მათი ენის შესახებ რა შევიტყვეთ.
ერთმანეთს ცოდნას ვუზიარებდით. ვიდეოკონფერენციამ სამუშაო გარემოში დისონანსი
შემოიტანა: ჰეპტაპოდების "სარკისმიღმეთთან" შედარებით ჩვენი ეკრანები პრიმიტიულად
მეჩვენებოდა, შესაბამისად, საკუთარ კოლეგებს უფრო შორეულ არსებებად აღვიქვამდი, ვიდრე
უცხოპლანეტელებს. საცნაური შორეულად მოჩანდა, უცნაური კი იქვე, ხელის ერთ გაწვდენაზე.

იმ წამამდე, როდესაც საკმარისი გვეცოდინებოდა, რათა ჰეპტაპოდებისთვის გვეკითხა, რატომ


გვესტუმრნენ, ან ფიზიკა იმდენად გაგვეგებინებინა, რომ თავიანთი ტექნოლოგიების შესახებ
მოეთხროთ, ჯერ კიდევ დიდი დრო რჩებოდა. ჯერ კვლავ საძირკველზე ვმუშაობდით:
ფონემები/გრაფემები, ლექსიკონი, სინტაქსი... ყველა "სარკისმიღმელი" ჰეპტაპოდი ერთსა და
იმავე ენაზე საუბრობდა, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, საერთო საინფორმაციო ბაზა
შეგვედგინა და კოორდინირებულად გვემუშავა.

აზრთა სხვადასხვაობას ჰეპტაპოდების "ხელწერა" იწვევდა. უფრო სწორად, ხელწერა სულაც არ


იყო – ერთმანეთში ჩახლართულ გრაფიკულ გამოსახულებათა გროვას უფრო ჰგავდა.
ლოგოგრამები არც მწკრივად იყო დალაგებული, არც სპირალურად და არც წრფივი სახით.
წინადადების ასაწყობად ფლაპერი და რასბერი იმდენ ლოგოგრამას აწნავდნენ ერთმანეთში,
რამდენიც აზრის გამოსათქმელად იყო საჭირო და ერთ მთლიან, გიგანტურ კონგლომერატად
კრავდნენ.

წერის ამგვარი მანერა პრიმიტიულ სიმბოლოთა სისტემას მაგონებდა, რომლის დახმარებით


გადმოცემული აზრის გასაგებად მკითხველს სათქმელის კონტექსტი უნდა სცოდნოდა. ამგვარი
სისტემები ინფორმაციის ჩასაწერად მეტისმეტად მწირ შესაძლებლობებს იძლეოდა, თუმცა ის
აზრიც დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ ტექნოლოგიური განვითარების ამჟამინდელ
საფეხურამდე ასასვლელად ჰეპტაპოდები მხოლოდ ზეპირსიტყვიერებას იშველიებდნენ. ამ
გაუგებარი ვითარების ასახსნელად სამი ვარაუდი გვქონდა: პირველი – ჰეპტაპოდებს ნამდვილი
წერითი სისტემაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი თანდასწრებით მას არ იყენებდნენ (პოლკოვნიკი
უებერი ამ მოსაზრებისკენ იხრებოდა); მეორე – ტექნოლოგია, რომელსაც იყენებდნენ,
ჰეპტაპოდებს არ გამოუგონიათ – ეს არსებები გაუნათლებლები იყვნენ, რომლებიც სხვის მიერ
შექმნილი ტექნოლოგიით სარგებლობდნენ; მესამის, ჩემთვის ყველაზე საინტერესოს
მიხედვით კი ჰეპტაპოდები ორთოგრაფიის არაწრფივ სისტემას იყენებდნენ და სწორედ ეს იყო
მათი ჭეშმარიტი ხელწერაც.

109
***

ის შელაპარაკება მაგონდება, რომელიც მაშინ მოგვივა, მეთერთმეტე კლასში ახალგადასული


რომ იქნები. კვირა დილა იქნება; მე კვერცხის თქვეფით ვიქნები გართული; შენ, საუზმის
მოლოდინში, მაგიდასთან იჯდები. წინა ღამის წვეულებაზე სიცილ-კისკისით მომიყვები.

– ეეჰ... – იტყვი, – თურმე, რომ ამბობენ, სხეულის წონას მნიშვნელობა აქვსო, მართალი
ყოფილა. ბიჭებზე მეტი არ დამილევია, მაგრამ ისე გავილეწე.

ვეცდები, არაფერი შევიმჩნიო და ჩვეულებრივი გამომეტყველება შევინარჩუნო. მართლა


გულით ვეცდები. თუმცა შენ მაინც აბუზღუნდები:

– ოო, კარგი რა, დე.


– რა იყო?

– ჩემხელა რომ იყავი, შენც ზუსტად ასე არ იქცეოდი?

მსგავსი არასოდეს ჩამიდენია, მაგრამ ვიცი, ეს რომ გითხრა, ჩემ მიმართ პატივისცემას
მთლიანად დაგაკარგვინებ.

– ხომ იცი, მანქანის ტარება კი არა, ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომაც...

– ღმერთო, ვიცი. შენ რა, იდიოტი გგონივარ?

– არა, რა თქმა უნდა, არა.

თუმცა ის კი მგონია, რომ ჩემგან აშკარად, მტკივნეულად განსხვავებული ხარ. ის წამი


გამახსენებს, რომ ჩემს ასლად არ იქცევი; გადასარევი გოგო იქნები, მზესავით ნათელი, თუმცა
ის არა, ვისაც საჩემოდ შევქმნიდი.

***

სამხედროებმა "სარკისმიღმეთის" სიახლოვეს სამუშაო ოთახის მოსაწყობად ტრაილერი


დაგვითმეს. ტრაილერისკენ მიმავალ გარის თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მისკენ გავიქეცი.

110
– სემასიოგრაფული(სემასიოგრაფია – ლინგვისტიკის განშტოება, რომელიც შეისწავლის
სიტყვებისა და ფრაზების შინაარსობრივ მხარეს. ხანდახან "სემანტიკის" სინონიმადაც
იყენებენ. ) წერითი სისტემა ჰქონიათ, – მყისვე მივაძახე, როგორც კი მივუახლოვდი.

– უკაცრავად?! – დაიბნა გარი.

– მოდი და გაჩვენებ, – ჩემი სამუშაო ოთახისკენ მივიპატიჟე. შევედით თუ არა, დაფასთან


მივედი და ცარცით წრე დავხატე, რომელსაც დამრეცი მკვეთი ზოლი ორ ნაწილად ჰყოფდა.

– ეს რას აღნიშნავს?

– "აკრძალვა"?

– მართალია, – დაფაზე "აკრძალვა" დავწერე, – ეს სიტყვაც იმავე შინაარს ატარებს, თუმცა


საუბრისას ორივეს წარმოსათქმელად ერთსა და იმავე ბგერებს ვიყენებთ.

გარიმ თავი დამიქნია:

– კარგი.

– ენათმეცნიერები ასეთ წერას, – ნაწერ სიტყვაზე მივანიშნე, – "გლოტოგრაფულს" უწოდებენ,


რადგან ის სიტყვის ჟღერადობას შეესაბამება. ადამიანთა ნებისმიერი ენა ამ კატეგორიის
ნაწილია; ხოლო ეს სიმბოლო, – ზოლით გაკვეთილ წრეზე მივუთითე, – "სემასიოგრაფული"
წერის ნიმუშია, ვინაიდან ისეთ შინაარს ატარებს, რომელსაც სიტყვის ჟღერადობასთან
არაფერი აკავშირებს – სიმბოლოს შემადგენელ შტრიხებსა და ბგერებს შორის არანაირი
შესაბამისობა არ არსებობს.

– შენი აზრით, ჰეპტაპოდთა მთელი მწერლობა ამისნაირია?


– ჯერჯერობით რაც ვნახე, იმაზე დაფუძნებით ასე მგონია. ნახატებით არ წერენ, უფრო რთული
სისტემა აქვთ, წინადადების აგების საკუთარი წესებით. რაღაც ვიზუალური სინტაქსის მსგავსი,
რომელიც მათი სამეტყველო ენის სინტაქსისგან სრულიად განცალკევებულია.

– ვიზუალური სინტაქსი? რამე მაგალითით ვერ ამიხსნი?

– ახლავე, – სამუშაო მაგიდას მივუჯექი და რასბერისთან გუშინდელი ნალაპარაკევის


ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი კადრი ჩავრთე; მონიტორი ისე მივაბრუნე, რომ გარის კარგად
შეეხედა, – მეტყველებისას არსებით სახელს ბრუნვის ისეთი ნიშანი დაერთვის, რომელიც
მიუთითებს, სუბიექტზეა საუბარი თუ ობიექტზე. წერის დროს საქმე სხვაგვარადაა – არსებითი
სახელის სუბიექტურობა-ობიექტურობას მისი აღმნიშვნელი ლოგოგრამის ზმნის მიმართ
მდებარეობა განაპირობებს. შეხედე, – ყურადღება ერთ-ერთ გამოსახულებაზე
გავამახვილებინე, – როდესაც "ჰეპტაპოდი" და "ისმენს" ასე არიან განლაგებულნი, ანუ როცა ეს
შტრიხები პარალელურია, ასეთი ჩანაწერი ნიშნავს, რომ მოქმედებას ჰეპტაპოდი ასრულებს, ის
ისმენს, – შემდეგ განსხვავებული აღნიშვნა ვაჩვენე, – ხოლო როცა ასე არიან, მართობული

111
შტრიხებით, ესე იგი, ჰეპტაპოდს უსმენენ. ამგვარი მორფოლოგია რამდენიმე სხვა ზმნასაც
შეესატყვისება.

– ესეც კიდევ ერთი ფლექსიური მაგალითი, – ჩანაწერის სხვა ნაწილი ამოვარჩიე, – სამეტყველო
ენაში ეს ლოგოგრამა დაახლოებით "გასაგებად მესმის", "მკაფიოდ მესმის" ნიშნავს. ამ
ლოგოგრამაში "ისმენს" ზმნის დამახასიათებელი დეტალები ხომ გეცნობა? იმის მიხედვით,
რის თქმა გინდა – იმის, რომ ჰეპტაპოდს ესმის მკაფიოდ თუ იმის, რომ ჰეპტაპოდის ხმა
გასაგებად ისმის – აქაც შესაძლებელია ლოგოგრამა "ჰეპტაპოდს" შეუთავსო ზუსტად ისევე,
როგორც წინა შემთხვევაში. განსაკუთრებით საინტერესო კი იცი, რა არის? "მკაფიოდ მესმის"
ფრაზაში "მესმის" ზმნის მოდულაცია კერძო შემთხვევა არაა. ამჩნევ იმ ტრანსფორმაციას, რაც
მათ გამოიყენეს?

გარიმ კვლავ თავი დამიქნია და ხელით ეკრანზე მაჩვენა:

– მგონი, "მკაფიოობის" გამოსათქმელად შუა შტრიხების სიმრუდე შეცვალეს.

– სწორია. ამგვარი მოდულაცია ზმნების დიდ ნაწილზე ვრცელდება. თუკი ჰეპტაპოდებს


"ნათლად ვხედავ" ფრაზის თქმა მოესურვებათ, საკმარისია, ზმნა "ვხედავ" ამგვარად
გარდაქმნან. იგივე ითქმის "ვკითხულობ"-ზე და კიდევ უამრავ სხვაზეც. მაგრამ სიმრუდის
ცვლილებას სამეტყველო ენაში ანალოგი არ მოეძებნება. სიმარტივისთვის, წარმოთქმისას
ზმნებს პრეფიქსს უმატებენ, თუმცა "ვხედავ" და "ვისმენ" ზმნას სხვადასხვა წინსართები აქვთ.
სხვა მაგალითების ჩვენებაც შემიძლია, მაგრამ მთავარ არსს უკვე ჩაწვდი. მათი გრამატიკა ორ
სხვადასხვა განზომილებაშია განფენილი.

ჩაფიქრებული გარი ბოლთის ცემას მოჰყვა.

– ადამიანურ წერით სისტემებში რამე მსგავსი გვაქვს?

– მათემატიკური განტოლებები, მუსიკალური და საცეკვაო აღნიშვნები... თუმცა ჩვენ მათ


მხოლოდ ვიწრო სპეციალობებში ვიყენებთ. მაგალითად, მათი დახმარებით ამ საუბარს ვერ
ჩავიწერთ. თუმცა, მგონია, ჰეპტაპოდთა წერითი სისტემა კარგად რომ ვიცოდეთ, საუბრის
ჩანაწერის შექმნაც მოხერხდებოდა. ჩემი აზრით, მათი დამწერლობა სრულყოფილი,
საყოველთაო გამოყენების გრაფიკული ენაა.

გარი შეიჭმუხნა.

– ანუ, მათი ნაწერი ნალაპარაკევისგან სრულებით განსხვავდება, ცალკე ენაა, არა?!

– ჰო. თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად აჯობებს, წერით ენას "ჰეპტაპოდი B" ვუწოდო,


სამეტყველოს კი განსხვავებული სახელი, "ჰეპტაპოდი A" შევუსაბამო.

– ერთი წამით მოიცა. ერთი ენაც ხომ საკმარისია, ორი რაღაში გვჭირდება? უსარგებლო შრომა
მოგვემატება, ორივეს სწავლით ზედმეტ თავის ტკივილს გავიჩენთ.

112
– ინგლისურის მართლწერის მსგავსად? – ვკითხე, – ენის ევოლუციის მთავარი საზრუნავი
შესწავლის სიმარტივე სულაც არაა. ჰეპტაპოდებისათვის წერასა და მეტყველებას შეიძლება
ისეთი განსხვავებული კულტურული თუ შემეცნებითი როლი ეკისრებოდეთ, რომ ორი
განცალკევებული ენის შემოღება უფრო გონივრული იყოს, ვიდრე ერთი ენის ორი
განსხვავებული მიმართულების გამოყენება.

ამან ჩააფიქრა.

– ვხვდები, რასაც გულისხმობ. მათი აზრით, ალბათ, ჩვენი ნაწერია ნაზედმეტარი, რადგან
მეორე საკომუნიკაციო არხის რესურსს ტყუილად ვფლანგავთ.

– სავსებით შესაძლებელია, მართალი იყო. იმის დადგენა, წერისათვის სხვა ენას რატომ
იყენებენ, მათ შესახებ ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

– რამდენადაც მესმის, მათი წერითი ენიდან მიღებულ ცოდნას სამეტყველო ენის შესასწავლად
ვერაფერში გამოვიყენებთ.

ამოვიოხრე.

– ჰო, ადამიანს თავში პირველად სწორედ ეს აზრი მოუვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ არც
"ჰეპტაპოდი ა"-ს უგულებელყოფა შეიძლება და არც "ჰეპტაპოდი ბ"-ს. ორმხრივი მიდგომა უნდა
შევინარჩუნოთ, – ეკრანზე მივანიშნე, – დაგენიძლავები, ორგანზომილებიანი გრამატიკის
შესწავლა ძალიან წაგვადგება, როდესაც მათეულ მათემატიკურ აღნიშვნებს მივადგებით.

– კარგი შენიშვნაა. მათემატიკაზე სასაუბროდ უკვე მზად ვართ?

– ჯერ არა. სანამ სხვა რამეზე გადავალთ, ჯერ ეს წერითი სისტემა უკეთ უნდა გავიცნოთ, –
დავინახე, რა თეატრალურად გამოხატა იმედგაცრუება და გამეღიმა, – მოთმინება, მოწყალეო
ბატონო. მოთმინება დიდებული ხელოვნებაა.

***

ექვსი წლისა იქნები, მამაშენს რომ ჰავაიში გასამართ კონფერენციაზე დასასწრებად


გამოიძახებენ. მასთან ერთად ჩვენც წავალთ. ისეთი აღფრთოვანებული იქნები, რომ
სამგზავრო სამზადისს რამდენიმე კვირით ადრე შეუდგები. ქოქოსებზე, ვულკანებსა და
სერფინგზე ათას რამეს გამომკითხავ და სარკის წინ ჰულას(ჰულა – პოლინეზიური ცეკვის
სახეობა, რომელიც ჰავაის კუნძულებზე გავრცელდა.) ცეკვაშიც წაივარჯიშებ. ჩემოდანს შენი
საყვარელი ტანსაცმლითა და სათამაშოებით გამოტენი და მთელ სახლში ახრიგინებ, რათა
გაარკვიო, შეუსვენებლად ტარებას რამდენ ხანს შეძლებ. რადგან შენთან ადგილი საერთოდ

113
აღარ იქნება, მთხოვ, ჯადოსნური დაფა(ალუმინის ფხვნილით ამოვსებული ჰერმეტული გარსი,
რომელსაც გამჭვირვალე ზედაპირი აქვს. გამოიყენება მრავალჯერად სახატავ დაფად. )
წამოგიღო – უმისოდ ხომ, უბრალოდ, ვერ ძლებ.

– ამდენი რამე არ დაგჭირდება, – გეტყვი, – იქაც უამრავი გასართობია, ამ სათამაშოებისთვის


მაინც ვერ მოიცლი.

საგონებელში ჩავარდნილი მოიღუშები. წარბებს შორის, დაძაბული ფიქრისაგან, ნაოჭები


დაგაჩნდება. საბოლოოდ, ჩემს რჩევას დაჰყვები, თუმცა მოლოდინი გაგიასკეცდება.

– აუჰ, ნეტავ, უკვე ჰავაიზე ვიყო... – დაიწუწუნებ.

– მოთმინება ზოგჯერ ჭკვიანური საქციელია, – გეტყვი, – ვინც მოითმენს, დრო როცა მოვა,
უფრო მეტსაც მოიგებს.

ტუჩებს ნაწყენი გაბუშტავ.

***

მომდევნო მოხსენებაში ვარაუდი გამოვთქვი, რომ "ლოგოგრამა" არაზუსტი ტერმინი იყო;


ჩვენეული განმარტების მიხედვით, გამოსახულებები სასაუბრო ერთეულის შესატყვისს
წარმოადგენდნენ, თუმცა ჰეპტაპოდების შემთხვევაში საქმე სხვაგვარად ჩანდა. ტერმინ
"იდეოგრამის(იდეოგრამა – გამოსახულება, რომელიც რაიმეს არსს გამოხატავს და ენების
ცვალებადობის მიუხედავად, ძირითადად, უცვლელია. მაგალითად, რიცხვები.)" გამოყენებას
მოვერიდე – წარსული გამოცდილების მიხედვით, მას სხვა დატვირთვა ჰქონდა. მის ნაცვლად
"სემაგრამის" შემოღებას მივემხრე.

ჩვენი აზრით, სემაგრამა დაახლოებით იმავე ფუნქციას ატარებდა, რა ფუნქციასაც ადამიანურ


ენებში ნაწერი სიტყვა ასრულებს: დამოუკიდებელ ერთეულს საკუთარი შინაარსი ჰქონდა,
სხვებთან ერთად გამოყენება კი უსასრულო წინადადებების შექმნის შესაძლებლობას
იძლეოდა. მკაცრი განსაზღვრება ვერ მოვუფიქრეთ, თუმცა არა უშავს – არც ის განუსაზღვრავს
სრულყოფილად ვინმეს, ადამიანურ ენებში გამოყენებული "სიტყვა" რას ნიშნავს.

ყველაფერი კიდევ უფრო იბურდებოდა, როდესაც საქმე "ჰეპტაპოდი B-ს" წინადადებებზე


მიდგებოდა. ამ ენას არანაირი წერილობითი პუნქტუაცია არ გააჩნდა: სინტაქსი სემაგრამების
ურთიერთწყობის წესშივე იყო ჩაშენებული და ამის გამო, სამეტყველო კადენციის(კადენცია –
მელოდიური საქცევი, რომელიც ჟღერად ნაწარმოებს (აქ: საუბარს) დაბოლოების ხასიათს
აძლევს. ) აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა. არ არსებობდა არც არანაირი მარჯვე წესი,
რომლის წყალობითაც წინადადებაში ქვემდებარე-შემასმენლის წყვილის გამოყოფა იქნებოდა

114
შესაძლებელი. თავად "წინადადება" იმდენი სემაგრამის ერთობლიობას ნიშნავდა, რამდენიც
ჰეპტაპოდს მოეპრიანებოდა. ერთადერთი, რითაც წინადადება, პარაგრაფი და გვერდი
შეიძლებოდა განგვესხვავებინა, ზომა იყო.

როდესაც "ჰეპტაპოდი B-ს" მიხედვით შედგენილი წინადადება მნიშვნელოვნად იზრდებოდა,


მნახველზე ნიშანდობლივ გავლენას ახდენდა. ენის ამოხსნაში რომ არ ვყოფილიყავი
ჩაფლული, ნაწერი გაკრული ხელით დახატულ უცნაურ, ერთმანეთთან ჩახუტებულ ჩოქელებად
მომეჩვენებოდა, რომლებიც, მთლიანობაში, ეშერისეულ ბადეს ქსოვდნენ, თან ისე, რომ
ყოველი ჩოქელას დგომი დანარჩენებისაგან მხოლოდ ოდნავ თუ განსხვავდებოდა. ყველაზე
დიდ წინადადებებს ფსიქოდელიური აფიშის მსგავსი ზემოქმედება ჰქონდა: თვალის
ამაწყლიანებელი და მაჰიპნოზებელი.

***

სწავლის დასრულების დღეს გადაღებული შენი ფოტო მაგონდება. კამერის წინ პოზიორობ,
აკადემიის ოთხკუთხა ქუდი გვერდულად გახურავს, კეკლუცობ. ცალი ხელით მზის სათვალეს
ისწორებ, მეორე თეძოზე გაქვს შემოდებული და მანტიის მოსასხამის კიდე განზე გაქვს გაწეული
– მანტიის შიგნით უსახელო მაისური და შორტი გიჩანს.

გამოსაშვები საღამო მახსოვს. დაძაბული ხარ, რადგან ნელსონი, მამაშენი და ის ქალი – რა


ჯანდაბაც ჰქვია – შენ სიახლოვეს ერთად ტრიალებენ, თუმცა ეგ უმნიშვნელო იქნება. მთელი იმ
უქმეების განმავლობაში შენს კურსელებს მაცნობ და გამუდმებით მათ ეხუტები, მე კი
აღტაცებისგან დამუნჯებული ვივლი. ვერ ვიჯერებ, რომ შენ, ზრდასრული ქალი, უკვე ჩემზე
მაღალი და ისეთი ლამაზი, რომ გული მჩხვლეტს, იგივე პატარა გოგო იქნები, რომელიც ხელში
ამყავდა, რათა წყლის შადრევანს მიწვდომოდა; იგივე გოგო, ჩემს საძინებელში რომ
იპარებოდა, კარადაში იქექებოდა და კაბაში, ქუდსა და ოთხ შარფში გამოხვეული
გამოფრატუნდებოდა.

ცერემონიის მერე ფინანსურ ანალიტიკოსად დაიწყებ მუშაობას. არაფრით მესმის, იქ რა


გესაქმება, ვერ ვიგებ, ფულმა რით მიგიზიდა, სამუშაოს არჩევისას რატომ მიანიჭე ამხელა
მნიშვნელობა ხელფასს. უკეთესი იქნებოდა, რამე ისეთი გეპოვა, რასაც ფულადი ანაზღაურების
გარეშეც ხალისით გააკეთებდი, თუმცა შენთან არ დავიწუწუნებ. დედაჩემსაც არასოდეს ესმოდა,
სკოლაში ინგლისურის მასწავლებლობაზე უარი რატომ ვთქვი. შენ იმას გააკეთებ, რაც
სიამოვნებას მოგანიჭებს – ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება.

***

115
დროის გასვლასთან ერთად, ყოველ "სარკისმიღმეთთან" მომუშავე ჯგუფი მთელი შემართებით
ცდილობდა ჰეპტაპოდთა ელემენტარული მათემატიკური და ფიზიკური ტერმინოლოგია
შეესწავლა. ერთობლივად ვმუშაობდით – ლინგვისტები უმთავრეს ყურადღებას სწავლების
პროცესს უთმობდნენ, ფიზიკოსები კი ინფორმაციას აანალიზებდნენ. ფიზიკოსებმა,
უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციისათვის, მათემატიკურ საფუძველზე შექმნილი ძველი
სისტემებიც გვაჩვენეს, ოღონდ ის სისტემები რადიოტელესკოპით გამოყენებისთვის იყო
განკუთვნილი. მოგვიხდა, პირისპირ კავშირისთვის გადაგვეკეთებინა.

არითმეტიკის საწყისებს ალღო იოლად ავუღეთ, თუმცა გეომეტრიასა და ალგებრაში დიდ


დაბრკოლებას გადავაწყდით. ჰეპტაპოდთა ანატომიის გათვალისწინებით, ვცადეთ, მართკუთხა
საკოორდინატო სისტემის ნაცვლად სფერული გამოგვეყენებინა, თუმცა უშედეგოდ.
ჰეპტაპოდებს ვერ გავაგებინეთ, რის მიღწევა გვსურდა.

ფიზიკის სწავლებაც ცუდად მიდიოდა. წარმატებას მხოლოდ კონკრეტული ტერმინების


ათვისებაში მივაღწიეთ; მაგალითად, ელემენტთა დასახელებებში. პერიოდული ცხრილის
არაერთგზის აღწერა მოგვიხდა, სანამ ჰეპტაპოდები ძირითად არსს ჩაწვდებოდნენ. თუმცა
როგორც კი რამე უფრო აბსტრაქტულზე გადავდიოდით, ჩვენს საუბარს აზრი ეკარგებოდა.
ვცადეთ, მათთვის ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები გაგვეცნო, როგორიცაა მასა ან
აჩქარება. ამ გზით გვინდოდა ტერმინთა ჰეპტაპოდისეული შესატყვისები გაგვეგო, თუმცა
ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდით – გვთხოვდნენ, ნათლად გამოგვეთქვა, რა
გვინდოდა. ინფორმაციის გადაცემის ამა თუ იმ საშუალების განსხვავებულ აღქმასთან
დაკავშირებული პრობლემა რომ თავიდან აგვეცილებინა, ფიზიკურ დემონსტრირებასთან
ერთად ნახაზები, ფოტოები და ანიმაციებიც ვცადეთ – ყველა ხერხი არაეფექტიანი გამოდგა.
ერთი ადგილის ტკეპნის დღეები კვირებად გადაიქცა და ფიზიკოსების იმედგაცრუებამაც იმატა.

მათგან განსხვავებით, ლინგვისტებმა მეტ წარმატებას მივაღწიეთ. სამეტყველო ენის,


"ჰეპტაპოდი ა-ს" გაშიფვრის საქმეში წინ წავიწიეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი საუბარი
ადამიანური ენის წყობის პრინციპებს არ ემთხვეოდა – თვით ქვეწყობილი პირობითი
წინადადებაც კი სიტყვათა უწესრიგო განლაგებით ხასიათდებოდა, რაც ადამიანური ენის
"უნივერსალურობას" უგულებელყოფდა, თუმცა გასაგები იყო, ჯერჯერობით მაინც. ისიც
აღმოვაჩინეთ, რომ ჰეპტაპოდებს ახასიათებდათ ძირითადი სათქმელის ირგვლივ
რამდენიმეშრიანი წინადადების აწყობა, რაც ადამიანურ გონებას მალევე აყრევინებდა ფარ-
ხმალს. თავისთავადი მანერა ჰქონდათ, მაგრამ არა – მიუწვდომელი.

გაცილებით უფრო საინტერესოდ გვეჩვენებოდა "ჰეპტაპოდი ბ-სთვის" დამახასიათებელი


ახალაღმოჩენილი მორფოლოგიური და გრამატიკული პროცესები, რომლებსაც პირწმინდად
ორგანზომილებიანი ბუნება ჰქონდათ. სეგრეგამის ბრუნებისას ფლექსიის ხაზგასასმელად ხან
ზოგიერთ შტრიხთა დახრილობის, სიგანისა თუ დატალღულობის ცვლილება გამოიყენებოდა,
ხან ორი რადიკალის ფარდობითი ზომის განსხვავებულობა, ხანაც სხვა რადიკალის მიმართ
მდებარეობა ან მასთან დაშორება.

116
კიდევ უამრავი სხვა ხერხიც ჰქონდათ, რომლებიც არასეგმენტურ გრაფემებს იყენებდნენ – მათი
განცალკევება სემაგრამის დანარჩენი ნაწილისგან არ შეიძლებოდა. მიუხედავად ადამიანურ
წერაში ასეთი ხერხების არსებობისა, ჰეპტაპოდების მეთოდს კალიგრაფიულ სტილთან საერთო
არაფერი ჰქონდა. მათთვის სიტყვების მნიშვნელობა მწყობრი, მკაცრი გრამატიკით
განისაზღვრებოდა.

ჰეპტაპოდებს გამუდმებით ვეკითხებოდით, დედამიწაზე რატომ ჩამოვიდნენ. ყოველ ჯერზე


ერთნაირად გვპასუხობდნენ: "ვნახოთ", "დავათვალიეროთ". მართლაც, დროდადრო
ამჯობინებდნენ, უბრალოდ ვეთვალიერებინეთ – მდუმარედ გვიყურებდნენ და კითხვებზე
პასუხის გაცემით თავს არ იწუხებდნენ. შეიძლება, მეცნიერები იყვნენ, შეიძლება – ტურისტები.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მითითებები გამოგვიგზავნა, კაცობრიობის შესახებ რაც
შეიძლება, მცირე ინფორმაცია გაუმჟღავნეთო – ფიქრობდნენ, რომ სამომავლოდ
მოლაპარაკებები თუ გაიმართებოდა, ადამიანების შესახებ ინფორმაციას რამე სხვაში
გაცვლიდნენ. მითითებებს ისე დავემორჩილეთ, ამისთვის არანაირი ძალისხმევის გაღება არ
დაგვჭირვებია: ჰეპტაპოდებს არასოდეს არაფერი უკითხავთ. ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ,
მეცნიერები თუ ტურისტები, საშინლად არაცნობისმოყვარე ტიპები გამოდგნენ.

***

მახსოვს, ერთხელ სავაჭრო ცენტრში წავალთ, რომ შენთვის ახალი ტანსაცმელი ვიყიდოთ.
ცამეტი წლის იქნები. ერთ წამს თუ სავარძელში პატარა ბავშვივით მოურიდებლად ხარ
გადაშხლართული, მეორე წამს კისრის სასხვათაშორისო, კარგად შეთვისებული მოძრაობით
თმას ნამდვილი მოდელივით გადაიყრი.

სანამ მანქანას დავაყენებ, რჩევებით მავსებ.

– კარგი, დე, ერთ-ერთი საკრედიტო ბარათი მომეცი და ორ საათში შესასვლელთან შევხვდეთ.

გავიცინებ.

– შანსი არაა. ჩემი ბარათები ჩემთან დარჩება.

– მეხუმრები, ხო? – გაღიზიანების განსხეულებად იქცევი. მანქანიდან გადმოვალთ და სავაჭრო


ცენტრის შესასვლელისკენ დავიძვრებით. როცა დარწმუნდები, რომ ჩემს სიტყვას არ ვცვლი,
გეგმებს სწრაფად გადააწყობ.

– ჰო, კარგი, კარგი. თუ გინდა, წამომყევი, ოღონდ ცოტათი ჩამომრჩი, თითქოს ერთად არ ვართ.
რომელიმე მეგობარს თუ შევხვდი, გავჩერდები და დაველაპარაკები, მაგრამ შენ გზა
გააგრძელე, კარგი? მოგვიანებით წამოგეწევი.

117
ერთ ადგილას გავჩერდები.

– უკაცრავად?! მე დაქირავებული მსახური კი არ ვარ! და არც რომელიღაც მუტანტი ნათესავი,


რომლის სიმახინჯისაც შეიძლება გრცხვენოდეს.

– ჰო, მაგრამ, დე... არ მინდა, რომ ერთად დაგვინახონ.

– რას ამბობ? შენს მეგობრებს ხომ ისედაც ვიცნობ – სახლშიც გვესტუმრნენ.

– მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, – ისე მეტყვი, თითქოს არ გჯერა, რომ ამის ახსნა მაინც
გიწევს, – ახლა საყიდლებზე ვართ.

– ძალიან ცუდი.
ფეთქდები:

– ჩემს გასახარებლად ერთ წვრილმან თხოვნასაც არ მისრულებ! საერთოდ არ გენაღვლები!

არადა, სულ ცოტა ხნის წინ საყიდლებზე ერთად ხალისით მივდიოდით. ყოველთვის
განცვიფრებული გავიფიქრებ, რა სწრაფად ინაცვლებ მოზარდობის ერთი ეტაპიდან მეორეში.
შენ გვერდით ცხოვრება მოძრავი სამიზნისთვის სროლას დაემსგავსება – ყოველთვის იმაზე
შორს იქნები, ვიდრე მგონია.

***

"ჰეპტაპოდი ბ"-ს მიხედვით შედგენილ წინადადებას დავაკვირდი, რომელიც სულ ცოტა ხნის
წინ, ჩვეულებრივი კალმისა და ფურცლის დახმარებით დავწერე. ჩემი ხელით დაწერილი სხვა
წინადადებების მსგავსად, ესეც უფორმოდ გამოიყურებოდა, თითქოს ვიღაცამ ჰეპტაპოდური
მოხაზულობა ჩაქუჩით დალეწა და შემდეგ ზერელედ შეაწებაო. ასეთი მოუხეშავი სემაგრამებით
სავსე ფურცლები მთელ სამუშაო მაგიდას ფარავდა და ვენტილატორის ყოველი
შემოქროლებისას უმისამართოდ იფანტებოდა.

იმ ენის შესწავლა, რომელსაც სასაუბრო ანალოგი არ მოეპოვებოდა, უცნაურად მეჩვენებოდა.


იმის ნაცვლად, გამოთქმაში მევარჯიშა, თვალებს მთელი ძალით ვხუჭავდი და ვცდილობდი,
ქუთუთოების შიდა მხარეს სემაგრამები დამეხატა.

კარზე კაკუნი გაისმა. სანამ რამეს გავძახებდი, გარი შემოვარდა. სახეზე საზეიმო
გამომეტყველება ეფინა.

118
– ილინოისმა ფიზიკაში გამეორებას მიაღწია.

– მართლა? რა მაგარია. როდის მოახერხეს?

– რამდენიმე საათის წინ. ვიდეოკონფერენცია სულ ახლახან დავასრულეთ. მოდი, გაჩვენებ, რაც
მოხდა, – ნახატებით აჭრელებული დაფის წაშლა დაიწყო.

– არ იდარდო, მანდ საჭირო მაინც არაფერი წერია, – გავამხნევე.

– მშვენიერია, – ცარცის ნატეხს დაავლო ხელი და დიაგრამა დახაზა:

– კარგი. ეს ის გზაა, რასაც სინათლის სხივი ჯერ ჰაერში, შემდეგ კი წყალში გაივლის. სანამ
წყლის ზედაპირამდე მიაღწევს, სხივი პირდაპირი მიმართულებით ვრცელდება. რადგან წყალს
ჰაერისგან განსხვავებული გარდატეხის მაჩვენებელი აქვს, სხივი მიმართულებას იცვლის.
მსგავსი რამ აქამდეც ხომ გსმენია?

თავი დავუქნიე:

– კი, მსმენია.

– იმ გზას, რომელსაც სინათლის სხივი მიჰყვება, ერთი საინტერესო თვისება აქვს – ამ ორ


წერტილს შორის არსებული მანძილის უსწრაფესად დამფარავი მარშრუტია.

– უფრო ნათლად?

– ერთი წამით წარმოიდგინე, რომ სხივი ამ მიმართულებით წასულიყო, – დიაგრამაზე


დაშტრიხული მონაკვეთი დაამატა:

– ეს ჰიპოთეზური გზა იმაზე მოკლეა, რომელსაც სხივი გაივლის; თუმცა რადგან სინათლე
წყალში უფრო ნელა ვრცელდება, ვიდრე ჰაერში, ამ ახალი გზის მეტი წილი კი წყალქვეშაა,
დაშტრიხული მარშრუტის დაფარვას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე იმ გზისა, რასაც
სხივი ირჩევს.

– კარგი, გასაგებია.

– ახლა წარმოიდგინე, რომ სხივი სხვა მიმართულებით მიდის, – ნახატს დაშტრიხული ტეხილი
მიამატა:

– ეს ტეხილი წყალქვეშ მოქცეული ნაწილის მინიმიზაციას ითვალისწინებს, თუმცა ამის ხარჯზე


მთლიანი მანძილი იზრდება. სინათლის სხივი ამ გზის დაფარვასაც მეტ დროს მოანდომებს,
ვიდრე ბუნებრივად არჩეულისა.

გარიმ ცარცს ხელი გაუშვა და დიაგრამაზე გათეთრებული თითებით მიმანიშნა:

119
– ნებისმიერი ჰიპოთეზური მარშრუტი უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე რეალურად
არჩეული. სხვა სიტყვებით რომ გითხრა, გზა, რომელსაც სხივი ირჩევს, ყველაზე სწრაფია
შესაძლო გზებს შორის. ესეც ფერმას უმცირესი დროის პრინციპი.

– ჰმმ... საინტერესოა. ჰეპტაპოდებიც ამით დაინტერესდნენ?

– ზუსტად. ილინოისის "სარკისმიღმეთთან" მუშაობისას მურჰედმა ფერმას პრინციპის ანიმაცია


გაუშვა და ჰეპტაპოდებმაც ყველაფერი გაიმეორეს. ახლა ცდილობს, სიმბოლური აღნიშვნებიც
მოიშველიოს, – გაიკრიჭა, – ძლიერი სიფაქიზეა თუ რა ოხრობაა?

– კი, სიფაქიზეს ჰგავს, ოღონდ აქამდე ფერმას პრინციპი რატომ არ მსმენია? – საქაღალდეს
თვალი გადავავლე; იქ ის ძირითადი ფიზიკური თემატიკა იყო წარმოდგენილი, რომლის
განხილვაც ჰეპტაპოდებთან კომუნიკაციის გაღრმავებაში დაგვეხმარებოდა, – აქ სულ პლანკის
მასასა და წყალბადის ატომის ბრუნვა-შეტრიალებაზეა საუბარი, სინათლის გარდატეხა
ნახსენებიც კი არაა.

– არასწორად განვსაზღვრეთ, რისი ცოდნა გამოგადგებოდათ, – დარცხვენისა და უხერხულობის


გარეშე მიპასუხა გარიმ, – ნიშანდობლივია, რომ გარდამტეხ ეპიზოდად ფერმას პრინციპი იქცა;
მიუხედავად იმისა, რომ იოლი ასახსნელია, მათემატიკური აღწერისათვის კალკულუსია
საჭირო, თანაც ჩვეულებრივი კალკულუსი კი არა, არამედ ვარიაციული აღრიცხვა. არადა,
გვეგონა, გარღვევის მოსახდენად გეომეტრიისა თუ ალგებრის რამე მარტივი თეორემაც
იკმარებდა.

– ჰო, ნამდვილად ნიშანდობლივია. შენი აზრით, ჰეპტაპოდებისათვის და ჩვენთვის სიტყვა


"მარტივი" სხვადასხვა რამეს ნიშნავს?

– ზუსტად. და სწორედ ამიტომ სული მიმდის, ისე მინდა ვნახო, ფერმას პრინციპის მათეული
აღწერა როგორ გამოიყურება, – თან მელაპარაკებოდა და თან ბოლთას სცემდა, – თუკი
ვარიაციული აღრიცხვა უფრო ემარტივებათ, ვიდრე ალგებრის მათეული ექვივალენტი, ნათელი
მოეფინება, ფიზიკაზე საუბრისას ამდენ გაურკვევლობას რატომ ვაწყდებით; იმათ
მათემატიკურ სისტემაში, ჩვენთან შედარებით, ყველაფერი ყირამალა იდგება, – თემების
ჩამონათვალზე მანიშნა, – გარანტიას გაძლევ, მაგის გადახედვა მოგვიწევს.

– შენი აზრით, ფერმას პრინციპიდან ფიზიკის სხვა მიმართულებებზე გადასვლას შეძლებთ?

– სავარაუდოდ. ფიზიკის არაერთი პრინციპი წააგავს ფერმასას.

– მაგალითად, ლუიზის "უმცირესი სამუშაო სივრცის პრინციპი"? როდის აქეთ გახდა ფიზიკა
ასეთი მინიმალისტური?
– ჰო, სიტყვა "უმცირესმა" შეიძლება ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს. ფერმას უმცირესი დროის
პრინციპი არასრულია. გარკვეულ გარემოებებში სინათლე ისეთ გზას ირჩევს, რომელსაც უფრო
მეტი დრო მიაქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ შესაძლო ვარიანტს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი,
რომ სინათლე ყოველთვის ექსტრემალურ მარშრუტს ირჩევს: ისეთს, რომელსაც ან უმცირესი
დრო სჭირდება, ან უდიდესი. მინიმუმსა და მაქსიმუმს საერთო მათემატიკური თვისებები აქვთ,

120
ამრიგად, ორივეს აღწერა ერთი განტოლებით შეიძლება. სიზუსტე რომ შევინარჩუნო, ფერმას
პრინციპი მინიმუმის პრინციპი სულაც არაა, უფრო ისაა, რასაც "ვარიაციულ" პრინციპს
უწოდებენ.

– მერე, ასეთი "ვარიაციული" პრინციპი სხვაც ბევრი არსებობს?

თავი დამიქნია.

– ფიზიკის ნებისმიერ მიმართულებაში. ფიზიკის თითქმის ყველა კანონი ვარიაციული


პრინციპის სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს. ერთადერთი, რაც ამ პრინციპებს განასხვავებს,
სამიზნე ცვლადია, რომლის მაქსიმიზაცია თუ მინიმიზაცია უნდა შესრულდეს, – მკლავი ისე
მოიქნია, თითქოს ფიზიკის ყველა დარგი მის წინ, მაგიდაზე იყო ჩამორიგებული, – ოპტიკაში,
სადაც ფერმას პრინციპს იყენებენ, სამიზნე ცვლადი დროა, დრომ უნდა მიიღოს ექსტრემალური
მნიშვნელობა. მექანიკაში სხვა ცვლადებია, ელექტრომაგნეტიზმში – კიდევ სხვა. თუმცა
მათემატიკურად ყველა ეს პრინციპი მსგავსია.

– ფერმას პრინციპის მათეულ მათემატიკურ აღწერას თუ მოიპოვებთ, სხვა პრინციპების


აღწერის უნარსაც შეიძენთ?

– ღმერთო, იმედი მაქვს, კი. მგონი, იმ ჭუჭრუტანას მივადექით, საიდანაც შეგვიძლია, მთელ მათ
ფიზიკას შევავლოთ თვალი. უნდა აღვნიშნოთ, – ბოლთის ცემა შეწყვიტა და მომიბრუნდა, – ჰეი,
ლუიზ, წამო, ერთად ვისადილოთ. მე დაგპატიჟებ.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.

– კარგი, – დავთანხმდი ბოლოს.

***

როგორც კი სიარულს ისწავლი, ყოველდღიური მტკიცებულებები სწორედ მაშინ დამარწმუნებს


ჩვენი ურთიერთობის ასიმეტრიულობაში. შენ სულ სადღაც გაქცევისკენ გეჭირება თვალი და
ყოველ ჯერზე, როდესაც კარის ზღურბლს წამოჰკრავ ფეხს ან მუხლს გაიჩხაპნი, შენს ტკივილს
საკუთარივით ვიგრძნობ. თითქოს გაუთვალისწინებელი კიდური გამომება, დანამატი, რომლის
სენსორული ნერვული სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა მოტორული ყველა ჩემს
ბრძანებას უგულებელყოფს. რა უსამართლობაა – ჩემივე პიროვნების მიხედვით შექმნილი
მოძრავი ვუდუ-თოჯინა უნდა ვშვა. როდესაც ბავშვის გაჩენაზე ვთანხმდებოდი, კონტრაქტში
ამაზე არაფერი უთქვამთ. ნუთუ შეთანხმების ნაწილი ამასაც ითვალისწინებდა?

121
მოგვიანებით ის დროც დადგება, როცა მოცინარს გნახავ: მეზობლის ლეკვთან თამაშის
სურვილით ატაცებული ჩვენი ეზოების გამყოფ მესერს წაეპოტინები და ისეთი კისკისი
აგივარდება, სლოკინს დაგაწყებინებს. ლეკვი პატრონის სახლს შეაფარებს თავს, შენც
თანდათან ჩაწყნარდები და სულს მოითქვამ. სულ მალე ლეკვი ისევ გამოჩნდება, მესერს
მოუახლოვდება და თითებს კვლავ გაგილოკავს; დაიწივლებ და ისევ აკისკისდები. ყველაზე
საოცარი ხმიანობა იქნება მათ შორის, რის წარმოდგენაც კი შემიძლია; ხმიანობა, რომელიც
თავს შადრევნად ან ნაკადულად მაგრძნობინებს.

ნეტავ ამ ხმის გახსენებას მაშინ ვახერხებდე, როცა შენი უდარდელი აგდებულობა და თავის
შორს დაჭერა გულს მომიკლავს.
***

ფერმას პრინციპის ახსნის გარდამტეხი მომენტის შემდეგ სამეცნიერო ტერმინების შესახებ


საუბარმა უფრო შედეგიანი სახე მიიღო. ჰეპტაპოდთა მთელი ფიზიკა ასე ხელის ერთი მოსმით
იოლად გასაგები არ გამხდარა, თუმცა წინ უწყვეტად მივიწევდით. გარის მოსაზრების
მიხედვით, ფიზიკის ჩვენეული აღქმისგან განსხვავებით, მათ, მართლაც, ყველაფერი ყირამალა
ესმოდათ. ის მახასიათებლები, რომლის განსასაზღვრად ჩვენ ინტეგრალურ აღრიცხვას
ვიყენებდით, ჰეპტაპოდებისათვის საბაზისო ერთეულს წარმოადგენდნენ. მაგალითად, რასაც
ჩვენი ფიზიკის ტერმინოლოგიით მაცდურად მარტივი სახელი, "მოქმედება" ერქვა,
შინაარსობრივად "კინეტიკურ და პოტენციურ ენერგიათა შორის სხვაობის დროის მიმართ
ინტეგრალს" წარმოადგენდა, ოღონდ რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. რაც ჩვენთვის კალკულუსი
იყო, მათთვის ელემენტარული გახლდათ.

ამის საპასუხოდ, იმ ტერმინთა განსასაზღვრად, რაც ადამიანის გონებისათვის უმარტივესი და


ფუნდამეტურია – როგორიცაა, მაგალითად, სიჩქარე – ჰეპტაპოდები ისეთ მათემატიკას
იყენებდნენ, რაც, გარის მტკიცებით, "უმაღლეს აბდაუბდას" მიაგავდა. ფიზიკოსებმა
საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ჰეპტაპოდებისა და ადამიანების მათემატიკა ერთმანეთის
ტოლფასი იყო; მიუხედავად იმისა, რომ საკითხს სრულიად სხვადასხვაგვარად უდგებოდნენ,
ორივე სისტემა ერთი და იგივე ფიზიკური სამყაროს აღსაწერად გამოიყენებოდა.

თავიდან კი ვცადე, ფიზიკოსების მიერ შედგენილ განტოლებებში გავრკვეულიყავი, თუმცა


არაფერი გამომივიდა. ვერაფრით მოვიხელთე, რა შინაარსს ატარებდა ფიზიკური ტერმინი
"მოქმედება"; საერთოდ ვერ ჩავწვდი, ამგვარ ტერმინს საბაზისო მნიშვნელობა როგორ
შეიძლებოდა ჰქონოდა. სამაგიეროდ, ჩემთვის უფრო გასაგები შეკითხვების ფორმულირება
მოვახერხე: ჰეპტაპოდებს ისეთი რა მსოფლმხედველობა ჰქონდათ, რომ სინათლის სხივის
გარდატეხის აღწერის ყველაზე მარტივ ხერხად ფერმას პრინციპი მიაჩნდათ? სამყაროს რა
აღქმა განაპირობებდა, რომ მათთვის ერთი შეხედვისთანავე ცხადი იყო, რას წარმოადგენდა
მინიმუმი და რას – მაქსიმუმი?

122
***

თვალები მამასავით ლურჯი გექნება და არა – ჩემსავით წყალწყალა ყავისფერი. მაგ თვალებს
ბიჭებიც ისე მიაშტერდებიან, როგორც მე ვაშტერდებოდი – კვლავაც ვაშტერდები – მამაშენის
მზერას; მათაც ისევე გააოცებ და მოაჯადოებ ცისფერი თვალებისა და მუქი თმის თითქოსდა
შეუსაბამო კომბინაციით, როგორც მე გამაოცა და მომაჯადოვა მამაშენმა – ის კვლავაც მაოცებს
და მაჯადოებს. ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.

მახსოვს, თხუთმეტი წლისა მამაშენთან გატარებული უქმეების მერე სახლში როგორი


განცვიფრებული დაბრუნდები იმ დაკითხვის გამო, რომელიც მან შენი იმჟამინდელი
შეყვარებულის გამო მოგიწყო. დივანზე გაიშოტები და ყველა იმ ნიშანს ჩამომითვლი, რომელიც
მამაშენის ჭკუასთან მწყრალობაზე მიუთითებს.

– იცი, რა მითხრა? ასე თქვა, ვიცი, მაგ ჭაბუკებს რაც უნდათო, – თვალებს აატრიალებ, – გგონია,
მე არ ვიცი?!

– მაინცდამაინც ნუ გაუბრაზდები, – დაგამშვიდებ, – მამაშენია და ასეთ აზრებს თავს ვერ


არიდებს.
უკვე მინახავს, მეგობრებთან თავი როგორ გიჭირავს, ამიტომ არ მეშინია, რომ რომელიმე ბიჭი
შენი გულუბრყვილობით ისარგებლებს. საქმე საქმეზე თუ მიდგა, საპირისპირო რამ უფრო
საფიქრებელია და ეგ კი ნამდვილად მაღელვებს.

– უნდა, რომ კვლავ პატარა ბავშვივით მომეპყროს. მას მერე, რაც მკერდი წამომეზარდა,
წარმოდგენა არ აქვს, ჩემთან როგორ უნდა მოიქცეს.

– ჰო, ეგ სიახლე მისთვის ნამდვილი დარტყმა გამოდგა. დრო მიეცი, რომ აზრზე მოვიდეს.

– უკვე წლები გავიდა, დედა. რამდენი დროღა მივცე?

– მამაჩემი რომ მოვა აზრზე, მერე გეტყვი.

***

ლინგვისტთა ერთ-ერთი ვიდეოკონფერენციისას მასაჩუსეტსის "სარკისმიღმეთში" მომუშავე


სისნეროსმა საინტერესო კითხვა წამოჭრა: "ჰეპტაპოდი ბ" ენაში თუ არსებობდა გარკვეული
რიგითობა, რომელსაც სემაგრამების წყობა ემორჩილებოდა? უკვე ვიცოდით, რომ "ჰეპტაპოდი
ა-ს" შემთხვევაში მიმდევრობას თითქმის არანაირი როლი არ ენიჭებოდა; როდესაც ჰეპტაპოდს

123
ვთხოვდით, ნათქვამი გაემეორებინა, თუკი იგივე სიტყვათა წყობას არ დავიჟინებდით, მანამდე
ნათქვამს, ალბათ, სულ გადასხვაფერებული მიმდევრობით გვეტყოდა. ნუთუ რიგითობა
"ჰეპტაპოდი ბ-ს" დამწერლობის გამოყენებისასაც ასეთივე უმნიშვნელო იყო?

მანამდე ყურადღებას მხოლოდ იმაზე ვამახვილებდით, თუ როგორ გამოიყურებოდა


"ჰეპტაპოდი ბ-ს" წესებით შედგენილი სრული წინადადება. ჩვენი ძირითადი მოსაზრებით,
წინადადების სემაგრამების წაკითხვისას საწყის წერტილს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა –
მთლიანი სათქმელის ამოსაკითხად კვანძის ნებისმიერი ნაწილიდან შეიძლებოდა დაგეწყო და
მასში ჩატოტვილ ფრაზებს უნდა მიჰყოლოდი. ოღონდ ეს მართებული წაკითხვის დროს იყო.
წერის დროს რა ხდებოდა?

ფლაპერთან და რასბერისთან ბოლო შეხვედრის დროს მათ ვთხოვე, დასრულებული


სემაგრამის ნაცვლად ეჩვენებინათ, აზრს თანდათან როგორ აწყობდნენ. დამთანხმდნენ. ამ
სესიის ვიდეოჩანაწერის განხილვისას კომპიუტერში შენახული ტრანსკრიპტიც მოვიშველიე.

საუბრის ერთ-ერთი უგრძესი მონაკვეთი ამოვარჩიე. ფლაპერის ნალაპარაკევი იყო, რომლის


მიხედვითაც მათ პლანეტას ორი მთვარე ჰქონდა, რომელთაგან ერთი მეორეს ზომით
მნიშვნელოვნად აღემატებოდა; პლანეტის ატმოსფერო სამი უმთავრესი ელემენტისგან
შედგებოდა: აზოტისგან, არგონისაგან და ჟანგბადისგან. პლანეტის თხუთმეტი ოცდამერვედი
ნაწილი წყლით იყო დაფარული. ნალაპარაკევის საწყისი ნაწილი სიტყვასიტყვით რომ
მეთარგმნა, რაღაც ასეთი გამოვიდოდა: "არატოლ-ზომიანი ქვოვანი-თანმდევი მთავარი-და-
მეორე".

ვიდეოჩანაწერი ისე გადავახვიე, რომ დროის მიხედვით საუბრის ტექსტს დამთხვეოდა. ფირი
ჩავრთე და ობობას მელნოვანი აბრეშუმით დაწნულ სემაგრამების ქსელს მივადევნე თვალი.
რამდენჯერმე გადავახვიე და გავუშვი. საბოლოოდ ჩანაწერი ზუსტად ისე შევაჩერე, რომ
პირველი შტრიხი დასრულებული სახით ჩანდა, მეორის შექმნა კი ჯერაც არ დაწყებულიყო.
ეკრანზე ერთადერთი ტალღოვანი ხაზი გამოისახა.

პირველი შტრიხისა და დასრულებული წინადადების შედარებისას მივხვდი, რომ ეს შტრიხი


სათქმელის რამდენიმე მდგენელის ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას. "ჟანგბადის"
სემაგრამაში იწყებოდა და ელემენტის რაობას, სხვა ელემენტებისაგან განსხვავებას
განსაზღვრავდა; შემდეგ ქვემოთ ეშვებოდა და იმ მორფემად გვევლინებოდა, რომელიც ორი
მთვარის ზომის შედარების ფუნქციას კისრულობდა; ბოლოს კი ალივით იმართებოდა და
"ოკეანის" სემაგრამის ხერხემალს წარმოქმნიდა. ცალკე აღებული შტრიხი ერთი უბრალო
მონასმი იყო, თუმცა ფლაპერის ნაწერში პირველად სწორედ ის ჩნდებოდა. ეს კი იმისკენ
მიუთითებდა, რომ ვიდრე პირველ შტრიხს შექმნიდა, ჰეპტაპოდს უკვე უნდა სცოდნოდა, მთელ
წინადადებას როგორ ააწყობდა.

დანარჩენი შტრიხებიც წინადადების რამდენიმე წევრის შექმნაში მონაწილეობდნენ. ისე იყვნენ


გადახლართულები, ერთი მათგანიც კი რომ მოგეშორებინათ, მთელი წინადადების არსი
იცვლებოდა. ჰეპტაპოდები სათქმელს თითო-თითო სემაგრამობით არ აწყობდნენ; ცალკეული
სემაგრამების შინაარსის მიუხედავად, მთავარ საშენად მაინც შტრიხებს იყენებდნენ. მსგავსი
მაღალხარისხოვანი გადაჯაჭვულობა კალიგრაფიულ წყობაში ადრეც მენახა, კერძოდ, არაბულ

124
ანბანში, თუმცა იმ შემთხვევაში დახელოვნებული კალიგრაფების წინასწარ გათვლილ
სამუშაოსთან მქონდა საქმე. ასეთი ჩახლართული გამოსახულების შექმნა, თანაც
იმავდროულად, საუბრის წარმართვის დარი სიჩქარით, არავის შეეძლო. ყოველ შემთხვევაში,
ადამიანთაგან არავის.

***

რომელიღაც კომიკოსი ქალის გამოსვლისას ერთი ხუმრობა მოვისმინე. რაღაც ასეთი იყო:
"ზუსტად არ ვიცი, ბავშვის გასაჩენად მზად ვარ თუ არა. ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც უკვე
ჰყავს ბავშვები, რჩევა ვკითხე: დავუშვათ, შვილები შემეძინა. რომ გაიზრდებიან, რაც
ცხოვრებაში ცუდი შეემთხვევათ, ვაითუ, ყველაფერში მე დამადანაშაულონ-მეთქი. გაეცინა და
მომიგო, ეგ ‘ვაითუ’ რა საჭიროაო".

ჩემი უსაყვარლესი ხუმრობაა.

***

გარი და მე ერთ პატარა, ადგილობრივ ჩინურ რესტორანში ვისხედით, რომელსაც ხშირად


ვსტუმრობდით, როცა ბანაკიდან თავის დაღწევა გვინდოდა. ჯერ ჩემს საყვარელ აპეტაიზერს,
ქვაბაკრულას შევექეცით: კომბოსტოში გახვეულ და ხახვით შეზავებულ სურნელოვან ღორის
ხორცს, რომელიც სეზამის ზეთთან ერთად მოგვართვეს.

საჭმელი სოიოს სოუსსა და ძმარში ჩავაწე და გარის ვკითხე:

– აბა, "ჰეპტაპოდი ბ-ს" შესწავლის მხრივ რას შვრები?

გარიმ ჭერს ალმაცერად ახედა. ვცადე, მისი მზერა დამეჭირა, მაგრამ თვალი ამარიდა.

– შეეშვი, არა? – ვკითხე, – აღარც კი ცდილობ.

ვითარებას შესანიშნავად შეეწყო – ცხვირი დიდოსტატურად ჩამოუშვა.

125
– ენებში უნიჭო ვარ, – აღიარა, – მეგონა, "ჰეპტაპოდი ბ-ს" ათვისება მათემატიკის სწავლას
უფრო ემსგავსება და არა სხვა ენაზე საუბარს-მეთქი, მაგრამ შევცდი. ჩემთვის ძალიან უცხო ენა
გამოდგა.

– მათთან ფიზიკაზე სალაპარაკოდ გამოგადგება.


– ჰო, ალბათ, მაგრამ რაც ის გარდამტეხი დამთხვევა აღმოვაჩინეთ, ფონს რამდენიმე
ფრაზითაც იოლად გავდივარ.

ამოვიოხრე.

– მგონი, ყველაფერი სამართლიანადაა: ვაღიარებ, მათემატიკის სწავლაზე მეც ხელი ავიღე.

– ანუ, ბარი ბარში ვართ?

– ბარი ბარში ვართ, – ჩაი მოვსვი, – თუმცა ფერმას პრინციპზე შენთვის რაღაც მინდოდა
მეკითხა. რაღაც მეუცნაურება, მოსვენებას არ მაძლევს, მაგრამ ზუსტად – რა, არ ვიცი, ხელიდან
მისხლტება. თითქოს მთლად ფიზიკის კანონივით არ ჟღერს.

გარის თვალები აუბრჭყვიალდა.

– სანაძლეოს დაგიდებ, ვიცი, რასაც გულისხმობ, – საკვები ჩხირებით ქვაბაკრულა ორად გაჭრა,
– გარდატეხაზე აქამდე მხოლოდ მიზეზ-შედეგობრიობის თვალსაზრისით თუ გიფიქრია: წყლის
ზედაპირთან შეხება მიზეზია, მიმართულების ცვლილება კი – შედეგი. ფერმას პრინციპი
უჩვეულოდ იმიტომ გეჩვენება, რომ ის სინათლის ქცევას მიზნისკენ სწრაფვის კუთხით
აანალიზებს. თითქოს სინათლის სხივისათვის ნაბოძები მცნებაა: არა გადაუხვიო იმ გზიდან,
რომელიც მიზნამდე მისაღწევად საკმარ დროს მინიმუმამდე ან მაქსიმუმამდე მიიყვანს.

დავფიქრდი.

– მიდი, განაგრძე.

– ეს ფიზიკის ფილოსოფიის უძველესი საკითხია. მას შემდეგ, რაც ათას ექვსასიანებში ფერმამ
პრინციპი ჩამოაყალიბა, ხალხი გამუდმებით ამ პრინციპზე მსჯელობს. პლანკმა განხილვას
ტომებიც კი მიუძღვნა. ფიზიკური კანონები თუ ზოგადად მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს აღწერს,
ფერმას შემოღებულის მსგავსი ვარიაციული პრინციპი მიზანზეა მომართული, თითქმის
ტელეოლოგიურია.

– ჰმმ, საკითხის გაანალიზების საინტერესო გზაა. მოიცა, დასაფიქრებლად ერთი წუთი


მჭირდება, – მარკერი ამოვაძვრინე და ქაღალდის ხელსახოცზე იმ დიაგრამის ასლი დავხატე,
რაც ადრე გარიმ დაფაზე გამოსახა, – კარგი, – ხმამაღლა ვფიქრობდი, – დავუშვათ, სინათლის
სხივის მიზანი გზის უსწრაფესად დაფარვაა. როგორ ახერხებს სხივი ამდენს?

126
– მმმ... თუ ანთროპომორფული პროექციის გადმოსახედიდან შევხედავთ, სინათლეს მოუწევს,
ყველა შესაძლო გზა შეამოწმოს და გამოიანგარიშოს, თითოეული მათგანი რა დროის
მოითხოვს, – ლანგრიდან უკანასკნელი ქვაბაკრულაც ამწაპნა.

– ამის გასაკეთებლად კი, – სიტყვა ჩამოვართვი, – სინათლის სხივმა უნდა იცოდეს, საბოლოო
დანიშნულების წერტილი სადაა. მიზნის ცვალებადობასთან ერთად უსწრაფესი გზაც
შეიცვლება.

გარიმ თავი დამიქნია.

– მართალია. თუკი მიზანი არჩეული არაა, "უსწრაფესი გზა" უშინაარსო სიტყვებია. ამა თუ იმ
გზასთან დაკავშირებული დროის გამოსათვლელად იმის ცოდნაც საჭიროა, ამ გზაზე რას
შეიძლება შეხვდე. მაგალითად, წყლის ზედაპირი სადაა.

ხელსახოცზე მიხატულ დიაგრამას მივაჩერდი.

– თან სინათლის სხივმა ეს ყველაფერი წინასწარ, მოძრაობის დაწყებამდე უნდა იცოდეს, არა?

– ასე ვთქვათ, – დამეთანხმა გარი, – სხივს არ შეუძლია, რამე ტრაექტორიით მოძრაობა


დაიწყოს და შემდეგ კურსში ცვლილებები შეიტანოს, რადგან ასეთნაირად შემდგარი გზა
უსწრაფესი ვერ იქნება.
ყველანაირი გამოთვლა მოგზაურობის დაწყებამდე უნდა მოასწროს.

ჩემთვის ჩავფიქრდი: სინათლის სხივმა მანამ უნდა იცოდეს, საბოლოო დანიშნულების პუნქტი
სადაა, ვიდრე მოძრაობას დაიწყებს. მივხვდი, რასაც მაგონებდა. გარის შევხედე.

– სწორედ ეს არ მასვენებდა.

***

კიდევ ერთი ამბავი მახსოვს. თოთხმეტი წლის ხარ. საძინებლიდან გამოხვალ და თან
ჩარჩომოხატულ კომპიუტერს გამოიტან. სასკოლო პროექტზე მუშაობ.

– დე, ისეთ ვითარებას რა ჰქვია, როდესაც ორივე მონაწილე მხარე მოგებიან მდგომარეობაშია?

ჩემი კომპიუტერის ეკრანსა და ნაშრომს, რომელზეც მაშინ ვიმუშავებ, თვალს მოვწყვეტ.

– ურთიერთსასარგებლო შეთანხმებას გულისხმობ?

127
– რაღაც ტექნიკური სახელი აქვს, მათემატიკური ტერმინია. გახსოვს, მამა რომ გვესტუმრა და
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ლაპარაკობდა? მაშინ ახსენა.

– თითქოს მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რა ჰქვია.

– უნდა გავარკვიო. სოციალური კვლევის შესახებ წარსადგენ მოხსენებაში მჭირდება. სანამ არ


გავიგებ, რა ჰქვია, ვერც ტერმინთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოვძებნი.

– ბოდიში, არ მახსოვს. მამაშენს რატომ არ ურეკავ?

შენი გამომეტყველების შემხედვარე ვხვდები, სათანადოზე მეტი ძალისხმევის გაღებას გთხოვ.


იმ დროისათვის შენსა და მამაშენს შორის ურთიერთობა დაიძაბება.

– შენ ვერ დაურეკავ და ჰკითხავ? ოღონდ არ უთხრა, რომ მე მჭირდება.

– თავადაც მშვენივრად დაუკავშირდები.

აიმრიზები.

– ღმერთო. დედა, საშინაო დავალებაში დახმარებას ვეღარ ვეღირსე, რაც შენ და მამა გაიყარეთ.

საოცარია, როგორ ახერხებ და ყველა სიტუაციაში გაყრას როგორ აკვეხებ.

– დავალების მომზადებაში სულ გეხმარებოდი.

– ჰო, მილიონი წლის წინ, დედა.

ამ წამოძახილსაც გავატარებ.

– რომ შემეძლოს, ახლაც დაგეხმარებოდი, მაგრამ ტერმინი არ მახსოვს.

გაბუსხული კვლავ შენს ოთახში მიიმალები.

***

როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, დროს "ჰეპტაპოდ ბ-ს" შესწავლას ვუთმობდი; არ


ჰქონდა მნიშვნელობა, სხვა ლინგვისტებთან ვიყავი თუ მარტო. "ჰეპტაპოდ ა-სგან"
განსხვავებით, სრულიად ახალი, უცნაური სემასიოგრაფული ენით შესრულებული აზრების
წაკითხვამ ჩამითრია; წერაში მიღწეული ჩემი წარმატებები თავად მევე აღმაფრთოვანებდა.
დროთა განმავლობაში ჩემ მიერ შედგენილი წინადადებები უფრო გამომხატველი, უფრო
დახვეწილი გახდა. ისეთ მდგომარეობამდე მივაღწიე, როდესაც ზედმეტი ფიქრი მაბრკოლებდა
და ფიქრის გარეშე უკეთ ვწერდი. იმის ნაცვლად, რომ წერის დაწყებამდე საგულდაგულოდ

128
ამეწონ-დამეწონა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, შტრიხების მოსმით ვიწყებდი; თითქმის
ყოველ ჯერზე საწყისი შტრიხები მოქნილი სიზუსტით ერწყმოდა იმას, რის თქმაც განზრახული
მქონდა. ჰეპტაპოდებისათვის დამახასიათებელი უნარები მივითარდებოდა.

უფრო საინტერესოდ კი ის მესახებოდა, რომ "ჰეპტაპოდ ბ-ს" გამოისობით აზრთა მდინარება


შემეცვალა. ჩემთვის ფიქრი შინაგანი ხმით საუბარს ნიშნავდა; სპეციალურ ტერმინებს თუ
მოვიშველიებ, ჩემი ფიქრები ფონოლოგიურად იყო დაშიფრული. როგორც წესი, შინაგანი ხმა
ინგლისურად ლაპარაკობდა, თუმცა ეს აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენდა. უფროსი
კლასების დასრულების შემდეგ, ზაფხულში, რუსულის შესასწავლ უკიდურესად დატვირთულ
კურსს ვესწრებოდი. ზაფხულის ბოლოსკენ ფიქრითაც რუსულად ვფიქრობდი და სიზმრებსაც ამ
ენაზე ვნახულობდი. ოღონდ, ორივე შემთხვევაში სამეტყველო რუსულს ვიყენებდი. სხვა ენა,
თუმცა იგივე მოვლენა: მდუმარე ხმა კვლავ ხმამაღლა ჟღერდა.

ლინგვისტურად და იმავდროულად, არაფონოლოგიურად აზროვნების ტიპზე ფიქრი


ყოველთვის მიზიდავდა. ერთი მეგობარი მყავდა, რომლის მშობლებიც ყრუები იყვნენ;
ამერიკული ნიშნების ენის გარემოში გაიზარდა. ერთხელ მითხრა, ფიქრისას ინგლისურს კი არა,
ანე-ს ვიყენებო. დიდხანს მიკვირდა, ნეტავ, რა შეგრძნებაა, როდესაც ფიქრებს ხელებით
გამოხატავ, შინაგანი ხმის ნაცვლად შინაგან ზედმეტ წყვილ ხელს ესაუბრები-მეთქი.

"ჰეპტაპოდი B-ც" იმავე განცდას მიჩენდა, რასაც უცხო ენა: აზრები გრაფიკული შიფრით
იმოსებოდნენ. დღის განმავლობაში ტრანსისმაგვარი წამებიც დგებოდა, როდესაც ფიქრისას
შინაგან ხმას კი არ ველაპარაკებოდი, გონების თვალით ფანჯარაზე მოხატული ჭირხლის
მსგავს სემაგრამებს ვხედავდი.

დახელოვნებასთან ერთად სემაგრაფულმა დიზაინმა სრულყოფილი ფორმა მიიღო –


ერთდროულად რამდენიმე რთული აზრის გადმოცემაც შევძელი; თუმცა აზროვნების პროცესის
სიჩქარეს ამით არაფერი მომატებია. წინ გაჭრის ნაცვლად გონება სემაგრამების მთავარ
საფუძველში, სიმეტრიაში დაბუდებულ წონასწორობას ინარჩუნებდა. სემაგრამები თითქოს
ენაზე მეტს წარმოადგენდნენ; მანდალებს(მანდალა – ბუდიზმსა და ინდუიზმში
გავრცელებული სულიერი და რიტუალური სიმბოლო, რომელიც სამყაროს შეესატყვისება.)
ჰგავდნენ. მედიტაციის მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ისეთ გზებს ვჭვრეტდი, სადაც
მიზეზები და შედეგები თანდათან ერთმანეთის ადგილს იკავებდნენ. აზრთა წყობას რაიმე
დამახასიათებელი მიმართულება არ გააჩნდა, არ არსებობდა ერთ კერძო გზაზე მოძრავი
"ფიქრთა მატარებელი"; მსჯელობის პროცესში ჩართულ ყოველ ნაწილაკს თანაბარი
ძალმოსილება ჰქონდა, ყველა ერთდროულად თანაარსებობდა.

***

129
სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ჰოსნერს, შეერთებული შტატების
მეცნიერთათვის იმის გაცნობა ევალებოდა, ჰეპტაპოდებთან რა განრიგით უნდა გვემუშავა.
ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილ ოთახში ვისხედით და მის ლექციას ვისმენდით.
მიკროფონები გამორთული გვქონდა, ასე რომ, გარის და მე შეგვეძლო კომენტარები ისე
გაგვეცვალა, ჰოსნერის საუბარში არ ჩავჩრილიყავით. ვიდეოკონფერენციის დროს გარიმ
თვალები იმდენჯერ გადაატრიალა, საფუძვლიანად ავღელდი, მზერა არ გაიფუჭოს-მეთქი.

– აქამდე მოსასვლელად რამე მიზეზი უნდა ჰქონოდათ, – მიკროფონიდან იღვრებოდა


დიპლომატის ხმა, რომელსაც ლითონის ჟღერადობა დაჰკრავდა, – მადლობა ღმერთს, როგორც
ვატყობთ, ჩვენი დაპყრობა არ აქვთ განზრახული. მაგრამ თუ ამ მიზნით არ მოსულან, მაშინ
რატომ მოვიდნენ? მზვერავები არიან? ანთროპოლოგები? მისიონერები? რა მოტივებითაც
უნდა ხელმძღვანელობდნენ, რაღაც ისეთი ჩვენც უნდა გვქონდეს, რასაც შევთავაზებდით.
იქნებ, მზის სისტემაში მინერალების მოპოვების ნებართვა სჭირდებათ? ან ჩვენ შესახებ
ინფორმაციის მოძიება? შეიძლება, დედამიწელებისთვის საკუთარი ქადაგების აღსავლენად
მოვიდნენ. ყველაფერი შეიძლება – დარწმუნებული ვარ, მიზეზი უნდა არსებობდეს.

– ჩემი აზრით, ვაჭრობა მათი უმთავრესი მიზანი არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ
ვევაჭრებით. უბრალოდ, იმის დაზუსტება გვინდა, აქ რატომ არიან და რა გვაქვს ისეთი, რასაც
ჩვენგან ელიან. როგორც კი ეს ინფორმაცია გვექნება, ვაჭრობაზე საუბარსაც მერე დავიწყებთ.

– ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ჰეპტაპოდებთან დაპირისპირება არ გვჭირდება. ეს ის


ვითარება არაა, როდესაც მათი სარგებელი აუცილებლად ჩვენს ზარალს ნიშნავს, ან პირიქით.
თუკი სწორ პოზიციას შევარჩევთ, ორივე მხარე, ჩვენც და ჰეპტაპოდებიც, მოგებული
დავრჩებით.

– ანუ, იმას ამბობ, რომ არანულოვანჯამიან თამაშს ვთამაშობთ? – ყალბი ურწმუნობით იკითხა
გარიმ, – ღმერთო ჩემო.

***

– არანულოვანჯამიანი თამაში.

– ჰა? – საძინებლისკენ მიმავალი გეზს იცვლი და პირს კვლავ ჩემკენ იბრუნებ.

– როცა ორივე მხარე მოგებიან მდგომარეობაშია... ახლა გამახსენდა. არანულოვანჯამიანი


თამაში ჰქვია.

– ეგაა! – წამოიძახებ და კომპიუტერში ჩაიწერ, – მადლობა, დე!

130
– მგონი, ეგ ტერმინი აქამდეც ვიცოდი, – გეტყვი, – მამაშენთან ცხოვრების ამდენ წელიწადს
ჩემთვისაც ხომ უნდა დაეტოვებინა რაღაც.

– ვიცოდი, რომ იცოდი, – მიპასუხებ. სწრაფად, მოულოდნელად ჩამეხუტები. შენს თმას ვაშლის
სურნელი ექნება, – ყველაზე მაგარი ხარ.

***

– ლუიზ...
– მმმ... ბოდიში, ფიქრებში გავერთე. რას მეუბნებოდი?

– გეკითხებოდი, მისტერ ჰოსნერზე რა აზრის ხარ-მეთქი?

– მასზე საერთოდ არ მიფიქრია.

– ერთხელ მეც ვცადე: მთავრობას ყურადღებას არ მივაქცევ და რამდენ ხანში შემეშვება-მეთქი,


მაგრამ არ შემეშვა.

გარის სიტყვების დასტურად, ჰოსნერი ჩმახვას განაგრძობდა:

– თქვენი უპირველესი მოვალეობა იმაზე ფიქრია, რაც უკვე შეისწავლეთ. ყველაფერი


გადაქექეთ, რაც შეიძლება გამოგვადგეს. რამე მინიშნება ხომ არ შეგიმჩნევიათ, რა სურთ
ჰეპტაპოდებს? რას აფასებენ?

– უჰ, საკითხისთვის ამ კუთხით არასოდეს შეგვიხედავს, – წავილაპარაკე, – თუმცა ახლა


დაუყოვნებლივ ასე მოვიქცევით, სერ.

– სამწუხარო ისაა, რომ მართლა ასე მოქცევა მოგვიწევს, – შენიშნა გარიმ.

– შეკითხვები გაქვთ? – იკითხა ჰოსნერმა.

ფორტ უერთის "სარკისმიღმელმა" ლინგვისტმა, ბურგჰარტმა სიტყვა ითხოვა.

– ამ საკითხზე ჰეპტაპოდებთან უამრავჯერ გვისაუბრია. გვიმეორებენ, რომ აქ დასაკვირვებლად


არიან და გარიგების დასადებად ეს ინფორმაცია გამოუსადეგარია.

– ჩვენი დარწმუნება უნდათ, – მიუგო ჰოსნერმა, – მაგრამ დაფიქრდით, რამდენად მართალს


ამბობენ. ვიცი, რომ ჰეპტაპოდებმა შემთხვევით შემოგვირბინეს, რომ ცოტა ხნით გაგვესაუბრონ.

131
ეს, მათი მხრივ, შესაძლოა, ტაქტიკური მანევრი იყოს. ხვალ რომ მათთან დალაპარაკებაზე
უარი ვთქვათ...

– რამე საინტერესოს თუ იტყვის, შემაღვიძე, – მთხოვა გარიმ.

– არადა, ზუსტად ახლა ვაპირებდი შენთვის იგივე რამ მეთხოვა.

***

იმ დღეს, გარიმ ფერმას პრინციპი პირველად როცა ამიხსნა, ისიც ახსენა, რომ ფიზიკის
თითქმის ყველა კანონი ვარიაციული პრინციპის სახით შეიძლება ჩამოყალიბდესო. თუმცა,
ფიზიკის კანონებზე ფიქრისას ადამიანები ამჯობინებენ, მიზეზ-შედეგობრივი ფორმულირება
გამოიყენონ. ჩემთვის ეს გასაგებია: ფიზიკური მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანები
აღიქვამენ – ვთქვათ, კინეტიკური ენერგია ან აჩქარება – ობიექტს დროის მოცემულ მომენტში
აღწერენ და მოვლენათა ქრონოლოგიურ, მიზეზ-შედეგობრივ განვითარებამდე მივყავართ:
ერთ მოვლენას მეორე მოსდევს, მიზეზი და შედეგი ჯაჭვურ რეაქციას წარმოქმნის, რომელიც
წარსულიდან მომავლისკენ მიემართება.

ამის საპირისპიროდ, მახასიათებლები, რასაც ჰეპტაპოდები მიიჩნევენ საბაზისოდ –


მაგალითად, "მოქმედება" ან ყველაფერი ის, რაც ინტეგრალით ხასიათდება – აზრს მხოლოდ
დროის გარკვეული მონაკვეთისთვის ატარებენ. მათეული ხედვა მოვლენებს თეოლოგიური
თვალსაზრისით აანალიზებდა: დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში მომხდარ უწყვეტ
მოვლენაზე დაკვირვებისას დამკვირვებელს შეეძლო ამოეცნო ის წინაპირობა, რომელიც
მოვლენის მსვლელობისას კმაყოფილდებოდა – ან მინიმიზაციის ამოცანა გადაიჭრებოდა, ან
მაქსიმიზაციისა. მიზნის მისაღწევად დამკვირვებელმა საწყისი და საბოლოო წერტილების
მდებარეობაც იცოდა. ვიდრე მიზეზები ამოქმედდებოდნენ, მას ყველა შედეგი წინასწარ უნდა
განესაზღვრა.

ჩემთვის თანდათან მათი მიდგომაც გასაგები ხდებოდა.

***

– რატომ? – კიდევ ერთხელ მკითხავ. მაშინ სამის იქნები.

132
– იმიტომ, რომ შენი ძილის დროა, – გიპასუხებ. იმდენს კი მივაღწევ, რომ უკვე ნაბანავები და
პიჟამაში გამოწყობილი იქნები, თუმცა მეტს ვეღარაფერს ვახერხებ.

– არ მეძინება, – ჭირვეულად დაიწუწუნებ. წიგნების თაროსთან ჩამოდგები და ვიდეოჩანაწერს


დაავლებ ხელს; ნახვას აპირებ. ყურადღების გადამტანი უახლესი ტაქტიკაა, რათა საძინებელში
არ გაგამგზავრო.

– მნიშვნელობა არ აქვს, მაინც უნდა დაწვე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მე დედაშენი ვარ და ასე ვამბობ.

მართლა ასე გეტყვი? ღმერთო! მესროლეთ ვინმემ.

მოგიხელთებ, იღლიაში ამოგიდებ და საწოლისკენ წაგაბრძანებ. შენ მოთქმით ეცდები, თავი


შემაცოდო, მაგრამ ერთადერთი, რასაც ყურს დავუგდებ, ჩემი საკუთარი ბრაზია. ბავშვობაში
ჩემთვის წარმოთქმული ყველა ფიცი, რომ დედობისას შვილის თითოეულ შეკითხვას
გულისხმიერად ვუპასუხებდი, მას გონიერ, საკუთარი აზრის მქონე პიროვნებად აღვიქვამდი,
უკვალოდ გამქრალა; ჩემს საკუთარ დედას ვემსგავსები. რამდენიც არ უნდა გავუძალიანდე, ამ
მოლიპულ, საბედისწერო ფერდობზე ფეხის დასხლეტისგან ვერაფერი გადამარჩენს.

***

მომავლის ცოდნა შესაძლებელი იყო? უბრალოდ განჭვრეტა კი არა, არამედ გაცნობიერებული,


სრული სიცხადით ცოდნა ყოველი იმ წვრილმანისა, რაც უნდა მომხდარიყო? გარიმ ერთხელ
მითხრა, რომ ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებს დროითი სიმეტრია ახასიათებდა და ფიზიკის
თვალსაზრისით, წარსულსა და მომავალს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობდა. ამ
მოცემულობის გათვალისწინებით, შეკითხვის სავარაუდო პასუხად "დიახ, თეორიულად
შესაძლებელია" გამოდგებოდა, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, უმრავლესობა "არას"
უპასუხებდა და მიზეზად თავისუფალ ნებას მოიშველიებდა.

ამ საკითხს ბორხესისეული ამბის ფაბულასავით აღვიქვამ: წარმოიდგინეთ პიროვნება,


რომელიც "მარადისობის წიგნთან" დგას – წარსულისა და მომავლის ყოველი მოვლენის
აღმწერ დავთართან. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მცირე შრიფტითაა ნაბეჭდი, წიგნი მაინც
უზარმაზარია. ლუპამომარჯვებული ფოთლისსიმსხო ქაღალდს მანამდე ფურცლავს, სანამ
საკუთარი ცხოვრების ამბავს არ მიადგება. იმ აბზაცსაც პოულობს, სადაც აღწერილია,
"მარადისობის წიგნს" როგორ ფურცლავს. მზერა მომდევნო სვეტზე გადააქვს, რომელშიც

133
აღწერილია, იმავე დღეს რას გააკეთებს – წიგნში აღწერილი ინფორმაციით გულმოცემული
დოღის ცხენის, "დაუდევარის" გამარჯვებაზე ას დოლარს ჩამოდის და ამით ქონებას იოცმაგებს.

მის გონებაში გაჩენილი პირველი აზრი კარნახობს, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც წიგნში
წერია, თუმცა რადგან ბუნებით მეამბოხეა, მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს, დოღის ცხენებზე
ფსონს საერთოდ აღარ ჩამოვიდეს.

ყველაფერი სწორედ აქ იხლართება! "მარადისობის წიგნი" მცდარი ვერ იქნება. სვეტში


აღწერილი მოვლენები იმის გათვალისწინებითაა შედგენილი, რომ წამკითხველი ჭეშმარიტი –
და არა შესაძლო – მომავლის შესახებ ინფორმაციას შეიძლება წინასწარაც გაეცნოს. ეს რომ
ბერძნული მითი ყოფილიყო, გარემოებები ისე მიეწყობოდნენ, რომ მას რაც არ უნდა ეცადა,
ბედისწერა მაინც აღსრულდებოდა; მითოლოგიური წინასწარმეტყველებანი უკიდურესად
ბუნდოვანია, "მარადისობის წიგნში" კი ყველაფერი ნათლადაა მითითებული. ვერავითარი
გარეგანი ძალა ინდივიდს ვერ აიძულებს ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც წიგნში
წერია. ლოგიკური წინააღმდეგობა იქმნება – განსაზღვრების თანახმად, "მარადისობის წიგნი"
ჭეშმარიტი უნდა იყოს, თუმცა იმის მიუხედავად, წიგნში რა წერია, წამკითხველს საბოლოო
გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის თავად უწევს და შეუძლია, სხვაგვარი გეზი აიღოს. ეს
ორი ფაქტი ერთმანეთს რანაირად იგუებდა?

ალბათ, უმრავლესობა იტყოდა, რომ ვერანაირად ვერ იგუებდა. ზემოთ აღწერილი ლოგიკური
წინააღმდეგობის გამო, "მარადისობის წიგნის" მსგავსი ტომეულის არსებობა შეუძლებელია.
ზოგს, შესაძლოა, უკან დასახევი გზის მოსატოვებლად, ეთქვა, რომ "მარადისობის წიგნის"
არსებობა შესაძლებელი კი იყო, ოღონდ მას მკითხველი ვერ უნდა მიწვდენოდა – ტომეული
განსაკუთრებულ წიგნთსაცავში შეინახებოდა და მასში ჩახედვის უფლება არავის ექნებოდა.

თავისუფალი ნების არსებობა და მომავლის ცოდნა ერთმანეთს ვერ დაუზავდებოდნენ; პირადი


გამოცდილების წყალობით კი თავისუფალი ნების რეალურობაში ყველანი დარწმუნებულები
ვიყავით. ნებისყოფა ხომ ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია?

იქნებ, ვცდებოდით? იქნებ, მომავლის შემეცნება ადამიანის პიროვნებას ცვლიდა? იქნებ,


მყოფადი დროის გააზრება ინდივიდში ვალდებულების გრძნობას აჩენდა, რომელიც
მიზანმიმართულად გვიბიძგებდა იმ საქციელისკენ, რაც სამომავლოდ უნდა ჩაგვედინა?

***

სამუშაო დღის მიწურულს გარის სამუშაო ოთახში შევიარე.

– მე მოვრჩი. არ გშია?

– როგორ არა. დამელოდე, – მითხრა, კომპიუტერი გამორთო და რაღაც ფურცლებს თავი


მოუყარა, შემდეგ შემომხედა, – ვახშამზე შინ ხომ არ დამეწვეოდი? ყველაფერს მე თვითონ
მოვამზადებ.

ეჭვით შევხედე:

134
– შენ რა, მზარეულობა გეხერხება?

– მარტო ერთი კერძის, – გამომიტყდა, – თუმცა, მართლა კარგად გამომდის.

– მშვენიერია, – დავთანხმდი, – ამ თამაშში მონაწილეობას მეც მივიღებ.

– ძალიან კარგი. ოღონდ პროდუქტის საყიდლად უნდა გამომყვე.

– ასე ძალიან თუ უნდა შეწუხდე...


– მაღაზია სახლის გზაზეა. ერთი წუთიც არ დაგვჭირდება.

ცალ-ცალკე მანქანებით წავედით. ის – წინ, მე – უკან. ავტოსადგომზე მკვეთრად რომ შეუხვია,


კინაღამ გავცდი. სასურსათო მაღაზიასთან შევჩერდით. დიდი არ იყო, თუმცა დახვეწილი
დელიკატესები უხვად ჰქონდათ. უჟანგავი ლითონის თაროებზე ერთმანეთის გვერდით
შემოეწყოთ სამზარეულოს ნაირ-ნაირი მოწყობილობები და მინის მაღალი ქილები, რომელიც
უცხოური საკვებით იყო სავსე.

სანამ გარი ქორფა რეჰანს, პომიდორს, ნიორსა და ლინგუინის(იტალიური პასტის სახეობა,


ფეტუჩინის მსგავსი. სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც "პატარა ენა".) აგროვებდა, მე
ფეხდაფეხ დავყვებოდი.

– აქვე თევზის მაღაზიაცაა. ცინცხალი მოლუსკები იქ ვიშოვოთ, – შემომთავაზა.

– ჭკვიანურია.

სამზარეულოს ჭურჭლის რიგს ჩავუარეთ. თვალებს თაროებზე ვაცეცებდი – საპილპილეები,


ნივრის საჭყლეტები, სალათის მაშები... საბოლოოდ, მზერა ხის სასალათე ჯამზე შევაჩერე.

სამი წლის რომ იქნები, სამზარეულოს დახლზე შემოდებულ ჭურჭლის სამშრალებელ ტილოს
დაქაჩავ და სასალათეს თავზე გადმოიმხობ. ვეცდები, ჰაერში დავიჭირო, მაგრამ ვერ
მოვასწრებ. ჯამის კიდე შუბლის ზემო ნაწილზე დაგეცემა და ჭრილობას დაგამჩნევს. ნაკერის
დადება დაგჭირდება. სანამ საავადმყოფოს მოსაცდელში ჩვენს ჯერს საათობით ველოდებით,
მოქვითინესა და ცეზარის სანელებლებში ამოთხვრილს მამაშენი და მე ერთად გაკავებთ.

ხელი გავიწვდინე და თაროდან ჯამი ავიღე. ძალა არავის დაუტანებია, რომ ასე მოვქცეულიყავი.
ეს მოძრაობაც იმასავით მტკიცე იყო, როდესაც შენკენ მომქროლავი ჯამის დაჭერა ვცადე –
მართებული ინსტინქტი, რომელსაც უნდა მივყოლოდი.

– ასეთ სასალათეს სიამოვნებით გამოვიყენებდი.

გარიმ ჯამს თვალი შეავლო და გადაწყვეტილება თავის დაქნევით მომიწონა.

– ხომ ხედავ, რა კარგია, რომ მაღაზიაში შემოვირბინეთ.

135
– ჰო, კარგია, – სალაროს რიგში ჩავდექით.

***

ამ წინადადებას დააკვირდით: კურდღელი საჭმელად მზადაა. თუკი კურდღელს დამატებად


აღიქვამთ, ფრაზის მთავარი სათქმელი ის იქნება, რომ კურდღლის ხორცისგან დამზადებული
სადილის მირთმევა უკვე შეიძლება; თუ კურდღელს სუბიექტად შევხედავთ, მაშინ წინადადება
პატარა გოგოს მიერ დედის წასაქეზებლად ნათქვამ სიტყვად იქცევა, რათა, ბოლოს და ბოლოს,
მან კურდღლის საკვებისთვის განკუთვნილი სათავსო გახსნას და შვილს ცხოველის დაპურების
ნება მისცეს. ორი განსხვავებული სათქმელი – ალბათ, გარკვეულწილად,
ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის გამომხატველიც. თუმცა ვერავინ იტყვის, ამ წინადადების
სწორი ინტერპრეტაცია რა უნდა იყოს – ჭეშმარიტი მნიშვნელობა კონტექსტზეა
დამოკიდებული.

სინათლის სხივისთვის დამახასიათებელ ფენომენსაც დააკვირდით – სხივი წყლის ზედაპირს


ერთი კუთხით ეცემა, წყალში კი სხვა კუთხით ვრცელდება. ამ ფენომენის ასახსნელად თუ
იტყვით, რომ გარდატეხის ინდექსებს შორის განსხვავებამ სხივს მიმართულება შეაცვლევინა,
სამყაროს ადამიანივით აღიქვამთ; თუ იტყვით, რომ სხივმა ისეთი მარშრუტი აირჩია, რომელიც
საბოლოო წერტილთან უსწრაფესად მისვლას უზრუნველყოფს, მაშინ სამყაროს თქვენეული
ხედვა ჰეპტაპოდებისას ემთხვევა. ორი სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია.

ჩვენი ფიზიკური სამყარო ენა იყო, რომელსაც ორაზროვანი გრამატიკა ახასიათებდა. ყოველი
ფიზიკური მოვლენა ორი სრულიად განსხვავებული გზით შეიძლებოდა გამოთქმულიყო: მიზეზ-
შედეგობრივით და ტელეოლოგიურით; ორივე მართებული გახლდათ, კონტექსტის
მიუხედავად, მთლიანად ვერცერთს ვერ უგულებელყოფდით.

როდესაც ადამიანთა და ჰეპტაპოდთა წინაპრებს ცნობიერების პირველი ნაპერწკალი


გაუკრთათ, ორივე რასამ ერთი და იგივე ფიზიკური სამყარო შეიცნო, თუმცა სხვადასხვაგვარად;
ამ განსხვავებულობამ, საბოლოოდ, სამყაროს ორი თავისთავადი აღქმის ჩამოყალიბება
განაპირობა. ადამიანებს საფეხუროვანი ცნობიერება განუვითარდათ, ჰეპტაპოდებს კი –
ერთბაში. ჩვენ მოვლენებს გარკვეული მიმდევრობით აღვიქვამდით, მიზეზებითა და
შედეგებით ვიყავით გარშემორტყმულნი; ისინი ყველაფერს ერთიანად აანალიზებდნენ და
მიზანსწრაფულობის სამყაროში ცხოვრობდნენ – მინიმიზაციისა თუ მაქსიმიზაციისადმი
მიზანსწრაფულობის სამყაროში.

136
***

გამუდმებით ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ – შენს სიკვდილს. მძინარეს მგონია, რომ სწორედ
მე ვარ ის, ვინც კლდეზე მიცოცავს – წარმოგიდგენია? მე! – შენ კი სამი წლის ხარ და ზურგზე
მოკიდებულ ბოხჩაში მიზიხარ. იმ ბაქნისგან, სადაც დასასვენებლად გავჩერდებით, რამდენიმე
ფუტიღა გვაშორებს, თუმცა ვერ ითმენ და სანამ მივცოცავ, ბოხჩიდან ძვრები. მე გიბრძანებ,
რომ გაჩერდე, თუმცა, რა თქმა უნდა, არ მიჯერებ. ვგრძნობ, შენს ბობღვასთან ერთად ბოხჩის
წონასწორობა როგორ იცვლება. მხარზე ჯერ შენი მარცხენა ფეხი მეხება, შემდეგ – მარჯვენაც.
გიყვირი, თუმცა შენს ჩასაჭერად ხელს ვერ ვითავისუფლებ. შენი ფეხსაცმლის ლანჩების
ტალღოვან თარგს ვამჩნევ – კლდეზე მიცოცავ. ტერფქვეშ კენჭები ჩამოგეშლება, დასრიალდები
და გვერდით ისე სწრაფად ჩამიქროლებ, რომ კუნთის გატოკებასაც ვერ ვასწრებ. ქვემოთ
ვიხედები და ვხედავ, უფსკრულში როგორ უჩინარდები.

მოულოდნელად, მორგში ვარ. მორიგე სახიდან სუდარას გაძრობს და ვხვდები, რომ ოცდახუთი
წლისას შემოგცქერი.

– კარგად ხარ?

საწოლზე წამომართული ვზივარ – მოუსვენარი მოძრაობებით გარი გამიღვიძებია.

– ჰო, კარგად ვარ. რამდენიმე წამით ვერ მივხვდი, სად ვიყავი და დავფრთხი.

ძილ-ბურანში მყოფმა მითხრა:

– შემდეგ ჯერზე შენს სახლში დავრჩეთ.

ვაკოცე.

– ნუ ბრაზობ, შენთანაც სიმყუდროვეა.

ზურგით მის მკერდს ვეკვრი და ვიძინებ.


***

სამი წლის ხარ და ციცაბო ხვეულ კიბეზე მივაბიჯებთ. ხელში მთელი ძალით ჩაგაფრინდები,
თუმცა მტევანს ითავისუფლებ.

– მე თვითონ ავალ, – დაჟინებით მოითხოვ და ნათქვამის დასამტკიცებლად მარტო ასვლას


შეუდგები. სიზმარი სწორედ მაშინ გამახსენდება. სანამ გაიზრდები, ამგვარი სცენის გადატანა
უამრავჯერ მომიწევს. შენი ურჩი ბუნებიდან გამომდინარე თითქმის დარწმუნებული ვარ,
ცოცვისადმი სიყვარული ჩემმა დაუოკებელმა სურვილმა გაგიღვივა, რომ როგორმე

137
საფრთხისაგან დამეცავი. ჯერ საბავშვო მოედანზე მოწყობილი საცოცი კედელი, შემდეგ
სამეზობლოს ირგვლივ რკალად ჩარიგებულ ხეებზე ძრომიალი, მერე მთამსვლელთა კლუბის
კლდოვანი კედლები, საბოლოოდ კი ნაციონალური პარკის ფრიალო ციცაბოები.

***

წინადადების უკანასკნელი რადიკალი დავასრულე, ცარცი დავდე და სკამზე ჩამოვჯექი.


საზურგეზე გადავწექი და თვალი "ჰეპტაპოდი ბ-ს" მიხედვით შედგენილ გიგანტურ
წინადადებას შევავლე, მთელ დაფას რომ ფარავდა. მომეხერხებინა და რამდენიმე რთული
ფრაზა ერთმანეთში მოქნილად ჩამეხლართა.

ამგვარი წინადადების შეთვალიერებისას კარგად მესმოდა, ჰეპტაპოდებმა სემასიოგრაფული


წერითი სისტემა რატომ განივითარეს – სახეობას, რომელსაც ერთბაში აღქმის უნარი ჰქონდა,
ასეთი სისტემა უკეთ მიესადაგებოდა. საუბარი მათთვის შემზღუდველი პროცესი იყო, რადგან
მოითხოვდა, სიტყვები ერთმანეთის მიყოლებით, რიგრიგობით წარმოეთქვათ. წერის
შემთხვევაში ამგვარი შეზღუდვისგან თავისუფლდებოდნენ – ფურცელზე ყოველი მონასმი
ერთიანად აღიქმებოდა. წერისათვის რატომ უნდა გახვეულიყვნენ გლოტოგრაფიის საგიჟეთის
ხალათში, რომელიც ისეთივე თანმიმდევრულ წყობაზე იყო აგებული, როგორზეც – საუბარი?
ასეთი სისტემის განვითარება აზრადაც არ მოსვლიათ. სემასიოგრაფული დამწერლობა
ფურცლის ორივე განზომილებას თავისდა სასარგებლოდ ბუნებრივად იყენებდა – იმის
ნაცვლად, რომ მორფემები სათითაოდ გამოესახათ, მათ განკარგულებაში მთელი ფურცელი
იყო, რომელზეც შეეძლოთ ყველაფერი ერთიანად დაეტანათ.

რადგან "ჰეპტაპოდი ბ-ს" წყალობით თანადროულ შემეცნებას ვეზიარე, "ჰეპტაპოდი ა-ს"


გრამატიკის ახსნაც შემეძლო – რაც თანმიდევრულობაზე აწყობილ ჩემს გონებას
გაუმართლებლად ჩახლართული ეჩვენებოდა, სინამდვილეში იმისთვის ყოფილა გამიზნული,
რომ საუბრის საფეხუროვანებისათვის მეტი მოქნილობა მიენიჭებინა. შედეგად, "ჰეპტაპოდი ა"
უკეთ მესმოდა, თუმცა ის მაინც "ჰეპტაპოდი ბ-ს" არასრულყოფილ შემცვლელს წარმოადგენდა.

კარზე კაკუნი გაისმა და გარიმ თავი შემოყო:

– პოლკოვნიკი უებერი წუთი-წუთზე გამოჩნდება.

დავიჯღანე.

– კარგი.

138
უებერი ფლაპერთან და რასბერისთან გასამართ სესიაზე დასასწრებად მოდიოდა. მე
თარჯიმნობა უნდა მეკისრა – საქმე, რომელშიც არც არაფერი გამეგებოდა და არც არაფერი
მეპიტნავებოდა.

გარიმ შემოაბიჯა და კარი მიხურა. სკამიდან წამომწია და მაკოცა.


გავუღიმე.

– ცდილობ, მის მოსვლამდე გამამხნევო?

– არა, ვცდილობ, თავი გავიმხნევო.

– ჰეპტაპოდებთან დალაპარაკება არც ახლა გაინტერესებს და არც არასდროს გაინტერესებდა,


ხომ? ამ პროექტს მხოლოდ იმიტომ დათანხმდი, რომ ლოგინში შეგეტყუებინე.

– რა მახვილი მზერა გქონია.

თვალებში ჩავხედე.

– ეჭვიც არ შეგეპაროს, – ვუთხარი.

***

ერთი თვის რომ იქნები, ღამის ორ საათზე ლოგინიდან გამოვფოფხდები, რომ გაჭამო. საბავშვო
კუთხეში "ჩვილის სუნი" იტრიალებს – გამომწვარი ადგილების დასაამებელი საცხისა და
პუდრის არომატი, რომელსაც გამონაცვალი საფენების შესაგროვებლად განკუთვნილი,
კუთხეში მიმდგარი ყუთიდან ამომავალი მსუბუქი სიმყრალეც შეუერთდება. შენი საწოლის
კიდეს ჩამოვეყრდნობი, ჭიჭყინა სხეულს ავიტატებ და სარწეველა-სკამზე ჩამოვჯდები, რომ
გამოგკვებო.

სიტყვა "infant"(ამ სიტყვით ახალშობილს მოიხსენიებენ.) ლათინურიდან მოდის და "ლაპარაკის


უუნაროს" აღნიშნავს, თუმცა შენ ერთ რამეს მაინც ნათლად, დაუღალავად და
დაუბრკოლებლად გამოთქვამ – "ვიტანჯები". ვაღმერთებ იმ გამომსახველობას, რომელსაც
გამოთქმისას იყენებ. როცა ტირი, ხორცშესხმული ბრაზი ხარ, შენი სხეულის ყოველი უჯრედი
მრისხანებას აფრქვევს. სასაცილოა: მშვიდად ყოფნისას თითქოს სინათლეს ასხივებ და ვინმემ
რომ შენი პორტრეტის დახატვა მოისურვოს, მოვითხოვ, შარავანდედითაც შეგმოსოს, მაგრამ თუ
რამე გაწუხებს, ყურისწამღებად გაჰკივი – ასეთ დროს რომ დაგხატონ, სახანძრო განგაშის
სიგნალი მოგიხდება.

139
ცხოვრების იმ ეტაპზე შენთვის არც წარსული იარსებებს და არც მომავალი; სანამ გაჭმევ, შენს
ცნობიერში არც წარსულში განცდილ სიამეთა მოგონება იტრიალებს და არც იმის სამომავლო
მოლოდინი, რომ წვალებას შეგიმსუბუქებ. ძუძუს წოვისას სხვა ყველაფერი გაქრება, სამყარო
მოწესრიგდება. ერთადერთი, რასაც აღიქვამ, "ახლაა" – მხოლოდ აწმყო დროში იცხოვრებ.
ხშირ შემთხვევაში, შენი ეს თვისება შურსაც კი აღძრავს.

***

ჰეპტაპოდები არც თავისუფლები არიან და არც შეზღუდულები – იმ აზრით არა, რა აზრითაც ეს


ცნებები გვესმის. საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით არ მოქმედებენ, თუმცა არც უმწეო
მანქანებს ჰგვანან. ადამიანებისგან ჰეპტაპოდების ცნობიერების განმასხვავებელი მხოლოდ ის
კი არაა, რომ მათი მოქმედება ისტორიულ მოვლენებს შეესაბამება, არამედ ისიც, რომ მათეული
მოტივები ისტორიის მიზნებს ეხამება. ისინი ქრონოლოგიას ქმნიან.
თავისუფლება ილუზორული ცნება არაა. თანმიმდევრული ცნობიერებისთვის მას გასაგები
მნიშვნელობა აქვს. თანადროული აღქმის მქონე არსებებისთვის კი ის, მართალია, შინაარსს
მოკლებულია, თუმცა ძალდატანებით თავსმოხვეულიც არ ეთქმის. უბრალოდ, სხვაგვარად
აღიქმება, ესაა და ეს; მეორენაირ აღქმას არც რამით აღემატება და არც ჩამოუვარდება. იმ
სახელგანთქმულ ოპტიკურ ილუზიას ჰგავს, ნახატზე მნახველისგან პირმიქცეული, მიმზიდველი
ახალგაზრდა ქალიც რომ მოჩანს და ცხვირდამეჭეჭებული ბებრუხანაც, რომელსაც ნიკაპი
მკერდზე მიუბჯენია. "სწორი" ინტერპრეტაცია არ არსებობს; ორივე ერთნაირად მართებულია.
თუმცა ორივეს ერთდროულად ვერ აღიქვამ.

მსგავსად ამისა, მომავლის შესახებ ცოდნა და თავისუფალი ნება ურთიერთშეუთავსებელნი


იყვნენ. თავისუფალი ნების გამოვლენის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნებოდა, თუკი
მომავლის შეცნობაზე უარს ვიტყოდი და პირიქით – თუკი მომავალი უკვე შევიმეცნე, მას ვეღარ
გადავუხვევდი, მის წინააღმდეგ ვეღარაფერს გავაწყობდი, მიღებული ცოდნის გაზიარებასაც კი
ვერ შევძლებდი. ვინც მომავალი შეიტყო, მასზე არ საუბრობს. ვინც "მარადისობის წიგნი"
წაიკითხა, არასდროს არაფერს გაამხელს.

***

სესიის ჩანაწერის სანახავად ფორტ-უერთის "სარკისმიღმეთიდან" გამოგზავნილი ფირი


გავუშვი. დიპლომატიური მოლაპარაკებისთვის წარგზავნილი ვიღაც ტიპი ჰეპტაპოდებს
ესაუბრებოდა, ბურგჰარტი კი თარჯიმნობას ითავსებდა.

140
ის ტიპი ადამიანთა მორალურ მრწამსზე საუბრობდა და ცდილობდა, სანამ უშუალოდ
"ალტრუიზმის" ახსნაზე გადავიდოდა, ჯერ ნიადაგი შეემზადებინა. ვიცოდი, რომ
მოლაპარაკების საბოლოო შედეგი ჰეპტაპოდებისათვის უკვე ცხადი იყო, თუმცა განხილვაში
მაინც მოწადინებით მონაწილეობდნენ.

ეს ვითარება რომ ვინმე საქმეში ჩაუხედავისთვის ამეხსნა, მკითხავდა, თუ ჰეპტაპოდებმა უკვე


იციან, რას იტყვიან ან რას გაიგონებენ, ენას საერთოდ რაღატომ იყენებენო? საფუძვლიანი
შეკითხვაა. ოღონდ ენა მხოლოდ საურთიერთო საშუალება ხომ არაა? მოქმედების
გამომხატველიცაა. წარმოთქმის აქტის თეორიის თანახმად, წინადადებები, როგორიცაა
"დაკავებული ხარ", "ამ ხომალდს სახელს ვანიჭებ" ან "სიტყვას ვიძლევი" პერფორმაციულ
გამოთქმებს მიეკუთვნება – მთქმელი მოქმედებას მხოლოდ სიტყვის წარმოთქმით თუ
შეასრულებს. ამგვარი აქტებისათვის იმის წინასწარ ცოდნა, რაც უნდა ითქვას, არაფერს ცვლის.
საქორწინო ცერემონიაზე დამსწრეებმა იციან, რომ აუცილებლად მოისმენენ ფრაზას "ცოლ-
ქმრად გაცხადებთ", თუმცა სანამ ამ სიტყვებს მღვდელი არ წარმოთქვამს, ცერემონია
დასრულებულად არ მიიჩნევა. პერფორმაციული გამოთქმისას თქმა და ქმნა ერთია.

ჰეპტაპოდებისათვის ყველა ენა პერფორმაციული იყო. მათი ენა ინფორმაციის


შესატყობინებლად კი არა, სათქმელისთვის ხორცის შესასხმელად გამოიყენებოდა.
რასაკვირველია, ყოველთვის იცოდნენ, საუბრისას რა ითქმებოდა, თუმცა საუბრის გამართვა
მაინც საჭირო იყო იმისათვის, რომ ცოდნა სიმართლედ ქცეულიყო.

***

– გოგონამ ჯერ მამა დათვის ფაფა გასინჯა, თუმცა ჯამი ბრიუსელური კომბოსტოთი სავსე
აღმოჩნდა, არადა, ამ კომბოსტოს ვერ იტანდა.

გაიცინებ.
– არა, ეგრე არაა!

დივანზე გვერდიგვერდ ვისხდებით, კალთაში კი თხელყდიანი, ფასგაბერილი წიგნი გვექნება


გადაშლილი.

კითხვას განვაგრძობ:

– შემდეგ გოგონა დედა დათვის ფაფას მიადგა, მაგრამ იქ ისპანახი დახვდა; არადა, ისპანახიც
სძულდა.

ჩემს შესაჩერებლად წიგნის გვერდს ხელს დააფარებ.

141
– ისე უნდა წაიკითხო, როგორც წერია!

– ზუსტად იმას ვკითხულობ, რაც წერია, – გეტყვი უცოდველად.

– არა, არ კითხულობ. ზღაპარში ასე არაა.

– თუ იცი, ამ ზღაპარში როგორცაა, რაღას მაკითხებ?

– მოსმენა მინდა!

***

პოლკოვნიკთან გასაუბრების აუცილებლობას მის ოთახში მომუშავე კონდიციონერი თითქმის


სრულად ანაზღაურებდა.

– მათ სურთ, რომ გარკვეულ მიმოცვლაში ჩაერთონ, – ავუხსენი, – თუმცა ვაჭრობა არაფერ
შუაშია. ჩვენ რაღაც უნდა მივცეთ, სანაცვლოდ კი ისინიც რაღაცას გადმოგვცემენ. წინასწარ
არცერთი მხარე არ გაამჟღავნებს, რის გაცემას აპირებს.

პოლკოვნიკ უებერს წარბთან მცირე ნაოჭი გაუჩნდა.

– ანუ საჩუქრების გაცვლა უნდათ?

ვიცოდი, რაც უნდა მეპასუხა.

– ამ პროცესს "საჩუქრების გაცვლასავით" არ უნდა შევხედოთ. ჯერჯერობით, არ ვიცით,


ტრანზაქცია ჰეპტაპოდებისთვისაც იმავე შინაარს ატარებს თუ არა, რასაც ჩვენთვის – რამის
გაჩუქება.

– საჩუქრების შესახებ რამე... – საჭირო სიტყვის მოსაძებნად შეფერხდა, – მინიშნებებს ვერ


ჩავაწვეთებთ, რათა იცოდნენ, რა გვინდა?

– საჩუქრების გაცვლისას თვითონ ასე არ იქცევიან. ვკითხე, რაც გვჭირდება, იმის ჩუქების
თხოვნით რომ მოგმართოთ, შეიძლება-მეთქი? მიპასუხეს, შეძლებით შეიძლება, მაგრამ
გადმოსაცემ საჩუქარზე მაინც არაფერს გეტყვითო, – უეცრად გამახსენდა, რომ
"პერფორმაციული" მორფოლოგიურად "პერფორმანსს" ენათესავებოდა, რაც ზუსტად
ეხამებოდა შეგრძნებას, როდესაც საუბრისას ზუსტად იცი, რა უნდა ითქვას – დადგმულ
პერფორმანსში მონაწილეობის მსგავსად.

142
– თხოვნით მიმართვა იმის შანსებს გაგვიზრდის, რომ სასურველი საჩუქარი მივიღოთ? – მკითხა
პოლკოვნიკმა უებერმა. სცენარის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა მისთვის
განკუთვნილ აბზაცებს მაინც სწორად მიჰყვებოდა.

– კაცმა არ იცის, – მივუგე, – თუმცა, რადგან მათ მსგავსი არაფერი ახასიათებთ, მეეჭვება.

– თუ ჯერ ჩვენს საჩუქარს მივაწვდით, მისი ღირებულება საპასუხო საჩუქარზე რამე გავლენას
იქონიებს? – პოლკოვნიკმა იმპოვიზაციისკენ გადაუხვია, თუმცა ამ ერთადერთი და
განუმეორებელი წარმოდგენის რეპეტიცია უამრავჯერ მქონდა გავლილი.

– არა, – ვუპასუხე, – რამდენადაც ამის თქმა შესაძლებელია, გასაცვლელ საჩუქართა


ღირებულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

– ნეტავ, ჩემი ნათესავებიც ასე აზროვნებდნენ, – მშრალად წაიბუზღუნა გარიმ.

პოლკოვნიკი მას მიუბრუნდა.

– მათთან ფიზიკის განხილვისას რამე ახალ დასკვნამდე ხომ არ მისულხართ? – ზუსტად


სცენარის მიხედვით გაწერილ დროს ჰკითხა.

– ახალში კაცობრიობისთვის ახალს თუ გულისხმობთ, არა, – მიუგო გარიმ, – ჰეპტაპოდებს


რუტინიდან გადახვევა არ ახასიათებთ. რამეს თუ ვაჩვენებთ, საპასუხოდ თავიანთ
ფორმულირებასაც გაგვიმხელენ, თუმცა ამაზე მეტისთვის ხალისი აღარ ეყოფათ და აღარც
კითხვებზე გვიპასუხებენ.

ადამიანური საზომებით უშუალო, შინაარსიანი საუბარი "ჰეპტაპოდი ბ-ს" გადმოსახედიდან


რიტუალურ განმეორებადობას წარმოადგენდა.

უებერი მოიღუშა.

– კარგი, ვნახოთ, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სიახლეზე რას იტყვის. იქნებ, საჩუქრების


გადაცემის ცერემონიის მსგავსი რამ მოვაწყოთ.

ფიზიკური მოვლენების მსგავსად, რომელთაც მიზეზ-შედეგობრივი ან ტელეოლოგიური


ინტერპრეტაცია შეიძლება შეესაბამოს, ლინგვისტურ მოვლენებსაც ორგვარი შინაარსი აქვთ –
ინფორმაციის გადაცემისა და გეგმის ხორცშესხმისა.

– მგონი, კარგი აზრია, პოლკოვნიკო, – ვუთხარი.

უმრავლესობა ამ ნათქვამის ორაზროვნებას ვერ ჩასწვდებოდა. ხუმრობა იყო, რომელზეც


მხოლოდ ვიწრო წრეში გაიცინებდნენ – ოღონდ, ახსნას ნუ მთხოვთ.

143
***

მიუხედავად იმისა, რომ "ჰეპტაპოდ ბ-ს" გამოყენებაში დავოსტატდი, ვიცი, რომ რეალობას
ჰეპტაპოდებივით არ აღვიქვამ. ჩემი ცნობიერი ადამიანურ გარსში, თანმიმდევრულ ენებშია
გამოკეტილი და უცხოპლანეტელთა ენას რა ძლიერადაც არ უნდა დავეწაფო, სრულად მაინც
ვერ გარდავიქმნები. ჩემი მსოფლმხედველობა ადამიანისა და ჰეპტაპოდის აღქმათა ამალგამაა.

სანამ "ჰეპტაპოდი ბ-თი" ფიქრს ვისწავლიდი, მოგონებები მოკიდებული სიგარეტის ფერფლად


ქცეული იმ მილაკივით იზრდებოდნენ, რომელსაც ჯერ კიდევ საღი ნაწილისაგან მკრთალი
ნაპერწკალი მიჯნავდა. ეს ნაპერწკალი ჩემი ცნობიერი იყო და აწმყოს მიუთითებდა.
"ჰეპტაპოდი ბ-ს" ათვისების შემდეგ ახალი მოგონებები ერთმანეთს გიგანტური აგურებივით
მიეწყო, რომელთაგან თითოეული წლობით დროს მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ აგურები
არც რამე წესრიგს ემორჩილებოდნენ და არც მჭიდროდ ებჯინებოდნენ ერთმანეთს, სულ მალე
ხუთდეკადოვანი შუალედი მოზომეს. ეს ის პერიოდია, როდესაც "ჰეპტაპოდი ბ" საკმარისად
კარგად ვიცი, რომ მის მიხედვით ვიაზროვნო – მოგონებები ფლაპერთან და რასბერისთან
ინტერვიუებით იწყება და ჩემს სიკვდილამდე გრძელდება.

ჩვეულებრივ, "ჰეპტაპოდი ბ" მხოლოდ ჩემს მოგონებებზე ახდენს გავლენას – ცნობიერება ისევ
ისე მიღოღავს, როგორც უწინ; მბჟუტავი ნაპერწკალი კვლავ წინ მიიწევს, ოღონდ იმ
განსხვავებით, რომ ახლა მის წინაც და უკანაც დანაცრებული მოგონებებია – ნამდვილი წვით
აღარაფერი იწვის. თუმცა დროდადრო დგება წამი, როდესაც ყველაფერს "ჰეპტაპოდი ბ"
განაგებს. ასეთ დროს წარსულსაც და მომავალსაც ერთდროულად აღვიქვამ. ცნობიერება
ნახევარი საუკუნის დამტევ ნაკვერჩხალს ემსგავსება, რომელიც დროის მიღმა ვარვარებს. და
სწორედ ასეთ წამებში ვგრძნობ, რომ მთელი ეპოქა თანადროულია; ასეთი წამები ჩემი
ცხოვრების მხოლოდ დარჩენილ ნაწილს, შენს ცხოვრებას კი სრულად მაგრძნობინებენ.

***

ის სემაგრამები გამოვსახე, რომლებიც "პროცესი საბოლოო-წერტილი ჩვენ-ჩათვლით" აზრს


გამოხატავდა. ჩვენებურად, "მოდი, დავიწყოთ" დავწერე. რასბერიმ დასტურით მიპასუხა და
ნახატების ჩვენება დაიწყო. ჰეპტაპოდების მეორე ეკრანზე მოხაზულობათა მთელი წყება
გამოჩნდა, რომელიც სემაგრამებისა და განტოლებებისაგან შედგებოდა; ჩვენს ერთ-ერთ
ეკრანზეც იმავეს ვაჩვენებდით.

"საჩუქრების გაცვლის" მეორე სესია იყო, რომელსაც ვესწრებოდი. ამგვარი შეხვედრა,


მთლიანობაში, მერვედ იმართებოდა და ვიცოდი, რომ უკანასკნელიც აღმოჩნდებოდა.

144
"სარკისმიღმეთის" კარავს ბევრი სტუმარი სწვეოდა. ფორტ-უერთელი ბურგჰარტიც აქ იყო,
გარიც, ერთი ბირთვული ფიზიკოსიც, რამდენიმე რჩეული ბიოლოგიც და ანთროპოლოგიც,
მაღალჩინოსანი სამხედროებიც და დიპლომატებიც. კიდევ კარგი, იქაურობის გასაგრილებლად
კონდიციონერიც გამართეს. ამ გამოსახულებათა აღმწერ ჩანაწერებს მოგვიანებით
შევისწავლიდით, რათა გამოგვეკვლია, ჰეპტაპოდების "საჩუქარი" რას წარმოადგენდა. ჩვენ
ლასკოს მღვიმის(საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში არსებული მღვიმე, რომელიც
გამოირჩევა პალეოლითის ხანის მხატვრობით.) მოხატულობა "ვაჩუქეთ".

ყველანი ჰეპტაპოდების მეორე ეკრანის ირგვლივ შევგროვდით. ვცადეთ, სწრაფად მონაცვლე


სიმბოლოებზე დაკვირვებით მათში ჩაშიფრული არსის ნამცეცი მაინც განგვეჭვრიტა.

– წინასწარი შეფასება? – იკითხა პოლკოვნიკმა უებერმა.

– ეს საპასუხო საჩუქარი არაა, – უპასუხა ბურგჰარტმა. წინა გაცვლისას ჰეპტაპოდებმა ის


ინფორმაცია გადმოგვცეს, რაც ადრე ჩვენ შესახებ ჩვენვე მივაწოდეთ. სახელმწიფო
დეპარტამენტი ამან გაამძვინვარა, თუმცა არანაირი საფუძველი არ გვქონდა, გვეფიქრა, რომ
შეურაცხყოფა მოგვაყენეს; იმის მტკიცებულებად კი გამოდგებოდა, რომ გაცვლის პროცესში
ღირებულებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ჰეპტაპოდებისაგან კოსმოსური ძრავის,
ცივი სინთეზის ან მსგავსი სანუკვარი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჯერაც რჩებოდა.

– არაორგანულ ქიმიას წააგავს, – ბირთვულმა ფიზიკოსმა მოასწრო და სანამ სხვა


გამოსახულება ჩაანაცვლებდა, რაღაც განტოლებაზე მიგვითითა.

გარიმ თავი დააქნია.

– შეიძლება, მასალათა ტექნოლოგიაა(ფართო დისციპლინა, რომელიც ნედლი მასალებისაგან


პროდუქტის შექმნასთან ერთად თავად პროდუქტის ფორმის შემუშავებასაც გულისხმობს ისე,
რომ ნაწარმს პრაქტიკული გამოყენება მოეძებნოს.), – შენიშნა.

– იქნებ, ბოლოს და ბოლოს, რამე სახეიროს ვეღირსეთ, – წარმოთქვა პოლოვნიკმა უებერმა.

– მე ცხოველებისნახატიანი გამოსახულებების დათვალიერება მერჩივნა, – ისე წავიჩურჩულე,


რომ მხოლოდ გარის გაეგონა და ტუჩები დავბუშტე. გაიღიმა და მუჯლუგუნი გამკრა. მართალი
რომ ვთქვა, მერჩივნა, წინა ორი გაცვლის მსგავსად, ჰეპტაპოდებს ქსენობიოლოგიის კიდევ
ერთი ლექცია ჩაეტარებინათ – მათზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ ყველა იმ რასას შორის,
რომლებსაც ისინი გადაეყარნენ, ჩვენ მათთან ყველაზე ახლოს მდგომნი ვიყავით;
ჰეპტაპოდების ისტორიის შესახებ შექმნილ კიდევ ერთ პრეზენტაციასაც სიამოვნებით
დავესწრებოდი – როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ისტორიაში უამრავი ლოგიკური
უცნაურობა შეიმჩნეოდა, თუმცა ძალიან საინტერესოდ კი მეჩვენა. ნამდვილად არ მინდოდა,
ჰეპტაპოდებს ახალი ტექნოლოგიის შესახებ ცოდნა გადმოეცათ; არ მინდოდა იმის ნახვა, რასაც
მისი გამოყენებით ჩვენი მთავრობები დაატრიალებდნენ.

145
ინფორმაციის გაცვლის განმავლობაში რასბერის შევცქეროდი – უცნაური არაფერი შემიმჩნევია.
ძველებურად გაუნძრევლად იდგა. არანაირი ნიშანწყალი იმისა, რაც მალე მოხდებოდა, არსად
ჩანდა.

მომდევნო წუთში ჰეპტაპოდების ეკრანი დაცარიელდა; კიდევ ცოტა დრო და ჩვენსასაც იგივე
დაემართა. გარიმ და იქ შეკრებილ მეცნიერთა უმრავლესობამ ციცქნა ვიდეოეკრანის ირგვლივ
მოიყარა თავი, სადაც ჰეპტაპოდების მიერ გადმოცემული საჩუქრის ვიდეოჩანაწერი გადიოდა.
მესმოდა, როგორ მსჯელობდნენ, მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალისტისთვის მოეხმოთ თუ
არა.

პოლკოვნიკი უებერი მოგვიბრუნდა.

– თქვენ ორმა, – ხელი ჩემკენ და ბურგჰარტისკენ გამოიშვირა, – შემდეგი გაცვლისთვის დრო და


ადგილი დაუთქვით, – შემდეგ ზურგი შეგვაქცია და დანარჩენებთან ერთად ჩანაწერის
სანახავად მივიდა.

– უკვე გავრბივარ, – წავილაპარაკე. ბურგჰარტს ვკითხე:

– ამ პატივს საკუთარ თავზე თქვენ აიღებთ, თუ მე მივხედო?

ვიცოდი, "ჰეპტაპოდი ბ-ს" ცოდნაში ბურგჰარტი არაფრით ჩამომივარდებოდა.

– შენი "სარკისმიღმეთია", – მიპასუხა, – შენვე შეუბერე.

გადამცემ კომპიუტერს მივუჯექი.

– სანაძლეოს დაგიდებ, უნივერსიტეტში სწავლისას ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ არმიაში


თარჯიმნობას გამოჰკრავდი ხელს.

– ნაღდია, – მითხრა, – ახლაც არ მჯერა.

ჩვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა ისე ჟღერდა, თითქოს შენიღბული ჯაშუშები ვიყავით,
ერთმანეთს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შევხვდით და ყველაფერს საგულდაგულოდ
ვწონიდით.

პროექციული ასპექტის მოდულაციის გამოყენებით სემაგრამები დავწერე. "ადგილი გაცვლა-


გადაცემა საუბარი ჩვენ-ჩათვლით".

რასბერიმ მიპასუხა. ჩემი მოღუშვის ჯერიც დამდგარიყო. ბურგჰარტმა წამოიძახა:

– ამით რას მიანიშნებს?

როლს თავი შესანიშნავად გაართვა.

146
დასაზუსტებელი შეტყობინება გავუგზავნე. რასბერიმ კვლავ წინანდელი პასუხი გამცა. თვალს
ვადევნებდი, ოთახიდან როგორ გასრიალდა. ამ აქტის დასრულების მაუწყებელი ფარდის
ჩამოშვების დრო მოსულიყო.

პოლკოვნიკმა უებერმა ნაბიჯი წინ წამოდგა.

– რა ხდება? სად მიდის?

– ასე თქვა, რომ ჰეპტაპოდები მიდიან, – მივუგე, – მარტო თვითონ კი არა, ყველა მიდის.

– ახლავე მოუხმე. ჰკითხე, ამგვარ საქციელს როგორ ხსნის.

– მმმ... მგონი, რასბერის პეიჯერი არ აქვს, – ვუპასუხე. "სარკისმიღმეთში" არსებული ოთახი ისე
უეცრად გაქრა, რომ ნანახთან შესაგუებლად ჩემს თვალებს კარგა ხანი დასჭირდათ – შუშის
მიღმა კარვის მეორე ბოლო მოჩანდა. "სარკისმიღმეთი" გამჭვირვალე გახდა. ჩანაწერის
ეკრანთან ყველა მიჩუმდა.

– რა ჯანდაბა ხდება? – შესძახა პოლკოვნიკმა უებერმა.

გარი "სარკისმიღმეთს" მიუახლოვდა, ირგვლივ შემოუარა და მეორე მხარეს მოექცა. ზედაპირს


ცალი ხელი დაადო. იმ ადგილას, სადაც მისი თითები შუშას შეხვდა, მკრთალი ოვალები
გამოისახა.

– მგონი, – წამოიწყო, – სულ ახლახან შორეულ მანძილებზე ტრანსმუტაციის მომსწრენი


გავხდით.

გამომშრალ ბალახზე მძიმე ნაბიჯების ბრაგუნი მომესმა. კარავში ჯარისკაცი შემოვარდა,


სირბილისაგან დაძაბულმა სული მოითქვა, უზარმაზარი რაცია დააძრო და:

– პოლკოვნიკო, გიკავშირდებათ...

უებერმა რაცია გამოსტაცა.

***

მახსოვს, ერთი დღისას როგორ შეგათვალიერებ. მამაშენს ნაჩქარევ შეხვედრას დაუნიშნავენ


სამშობიაროს კაფეტერიაში და იქ მოუწევს წასვლა, შენ შენს კალათში იწვები, მე კი თვალს ვერ
მოგწყვეტ.

მშობიარობის შემდეგ თავს გამოწურულ ტილოდ ვიგრძნობ. იმის გახსენებაზე, ფეხმძიმობისას


როგორი გასიებული ვიყავი, შეუსაბამოდ პატარა მომეჩვენები; მზად ვიყავი, დამეფიცა, რომ იქ
იმხელა სივრცე იყო, შენზე დიდი, უფრო მოზრდილი ვინმეც თავისუფლად დაეტეოდა. სანამ
გაგიპუტკუნდება, გრძელი, გამხდარი ხელები და ფეხები გექნება; ჯერაც ლურჯ-წითელი სახით,
შეშუპებული, ჩამოშვებული ქუთუთოებით გნომს ემგვანები, თუმცა მალე ანგელოზად იქცევი.

147
მუცელზე თითს გადაგისვამ – შენი კანის უჩვეულო სინაზე განმაცვიფრებს; აბრეშუმშიც რომ
შეგფუთნო, ალბათ, უხეშ ტილოდ მოგეჩვენება. შემდეგ მოიკრუნჩხები, სხეულს დაჭიმავ,
ფეხებს რიგრიგობით მოიქნევ და იმ მოძრაობას ვიცნობ, რომელიც ჩემს მუცელში მრავალჯერ
მიგრძნია. აი, თურმე, როგორ გამოიყურება.

გამორჩეული, დედაშვილური კავშირის ამ დასტურის ხილვა, შეგნება იმისა, რომ სხეულით შენ
გატარებდი, მახალისებს. მანამდე შენთვის თვალიც რომ არ მომეკრა, ჩვილების ზღვაში
გამოგარჩევდი: არა, ის არა. არც ეს. მგონი, იქაა.

კი, ნამდვილად ისაა. ჩემი გოგონა.

***
უკანასკნელი "საჩუქრების გაცვლის" მერე ჰეპტაპოდები აღარ გვინახავს. "სარკისმიღმეთი"
მსოფლიოს ყველა წერტილში ერთდროულად გამჭვირვალდა და მათი ხომალდებიც
ორბიტიდან გაქრნენ. შუშის შემდგომმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ის გამომდნარი, სრულიად
ინერტული კვარცისგან იყო ჩამოსხმული. ბოლო გაცვლისას მიღებული ინფორმაცია ზეგამტარი
მასალის ახალ კლასს აღწერდა, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს ცნობები იაპონიაში
ახლადდასრულებული კვლევის შედეგებს ზუსტად იმეორებდა – ამჯერად ისეთი არაფერი
მოუციათ, რაც კაცობრიობისთვის სიახლე იქნებოდა.

ჰეპტაპოდების წასვლის მიზეზს ვერასოდეს მივაკვლიეთ ისევე, როგორც ვერც მათი მოსვლის
მოტივს ვერ ჩავწვდით და ვერც იმას, მათ მოქმედებას რა განაპირობებდა. ამ კითხვებზე პასუხი
ჩემს ახლებურ ცნობიერებასაც არ შემოუთავაზებია. სავარაუდოდ, ჰეპტაპოდთა საქციელის
ახსნა თანმიმდევრულობის გადმოსახედიდანაც შეიძლებოდა, თუმცა ვერაფერს გავხდით.

მათ მსოფლმხედველობას კიდევ სიამოვნებით ვეზიარებოდი, რათა ის მეგრძნო, რასაც ისინი


გრძნობდნენ. ალბათ, ამის შემდეგღა ჩავინთქმებოდი მოვლენათა გარდაუვალობაში, როგორიც
არ უნდა ყოფილიყო ის, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მის კიდე-კიდე მევლო. ამ
მიზანს ვეღარასდროს მივაღწევდი. "სარკისმიღმეთთან" მომუშავე ყველა ლინგვისტის
მსგავსად, მეც ჰეპტაპოდების ენის შესწავლას განვაგრძობ, თუმცა მათი აქ ყოფნისას მიღწეულ
წარმატებაზე წინ ვერცერთი ვეღარ წავიწევთ.

ჰეპტაპოდებთან მუშაობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მამაშენს შევხვდი და "ჰეპტაპოდი ბ"


შევისწავლე – ამ ორმა მოვლენამ განაპირობა ის, რომ შიდა ეზოში მანათობელი მთვარის
სხივებში გახვეული უკვე გიცნობ. საბოლოოდ, მრავალი წლის შემდეგ, მამაშენსაც დავკარგავ და
შენს თავსაც. ამჟამინდელისგან მხოლოდ ჰეპტაპოდების ენა გადამირჩება. ამიტომ ყველაფერს
ყურადღებით ვაკვირდები, თითოეულ წვრილმანს ვინიშნავ.

თავიდანვე ვიცოდი, სად დავასრულებდი და ჩემი გზაც შესაბამისად შევარჩიე. ოღონდ საით
მივიწევ – უკიდურესი ბედნიერებისკენ თუ ტანჯვისკენ? მინიმუმს ვესწრაფვი თუ მაქსიმუმს?

148
თავში სწორედ ეს ფიქრები მიტრიალებს, როდესაც მამაშენი მეკითხება:

– გინდა, ბავშვი გვყავდეს?

ვუღიმი და ვპასუხობ:

– ჰო.

მისი მკლავებიდან თავდახსნილი სახლს ვაფარებ თავს. მომყვება. ხელიხელჩაკიდებულები


მივდივართ. შენ უნდა შეგქმნათ – სიყვარულის ნაყოფი.

სამოცდათორმეტი ასო

ბავშვობისას რობერტის საყვარელი სათამაშო თიხის თოჯინა იყო, რომელსაც წინ სიარულის
გარდა არაფერი შეეძლო. სანამ მისი მშობლები ბაღში შეკრებილი სტუმრების გამხიარულებაზე
ზრუნავდნენ, მათთან ერთად ვიქტორიას გადედოფლებას ან ჩარტისტების(გაერთიანება,
რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არჩევნებში ხმის უფლების მინიჭება იყო.)
რეფორმებს განიხილავდნენ, რობერტი სახლის დერეფნებში მარშით მოარულ თოჯინას
დასდევდა, კუთხეებთან მიახლოებისას გეზს უცვლიდა, განზე აბრუნებდა ან საიდანაც მოვიდა,
ისევ იქით უშვებდა. თოჯინა არც ბრძანებებს ემორჩილებოდა და ვერც ვერაფერს შეასმენდი –
კედელს რომ მისჯახებოდა, პატარა თიხუნია სვლას ჯიუტად განაგრძობდა და ხელ-ფეხს
თანდათანობით ისე დაილეწავდა, კიდურები უფორმო შვერილებს დაემსგავსებოდა. რობერტი
ხანდახან საკუთარი თავის განადგურების ნებასაც აძლევდა. ისე, გასართობად. კიდურები რომ
ბოლომდე გაუნადგურდებოდა, სათამაშოს აიღებდა, სახელს ამოაცლიდა და მყისიერად
გააშეშებდა. შემდეგ თოჯინას კვლავ დრეკად გუნდად აქცევდა, ფიცარზე გააბრტყელებდა და
სხვაგვარ ფორმას გამოჭრიდა: ახალ სხეულს ხან მოღრეცილი ფეხი ჰქონდა, ხან ერთი ფეხი
მეორეზე გრძელი იყო. სახელს ისევ ფიგურაში ჩაჩურთავდა, მაგრამ თოჯინა სწრაფად
ყირავდებოდა და წრიულად დაღოღავდა.

რობერტს ძერწვა კი არ ახალისებდა, სახელის შესაძლებლობის საზღვრებს ამოწმებდა.


ჩხირკედელაობისას იმას იკვლევდა, რამდენი რამ უნდა დამართვოდა სხეულს, რომ სახელს
მისი გაცოცხლების უნარი აღარ ჰქონოდა. დრო რომ დაეზოგა, წვრილმანი სამშვენისების
გამოძერწვისთვის თავს იშვიათად იწუხებდა. სახელის შესამოწმებლად ტლანქი სხეულიც
კმაროდა.

თოჯინის გარდა სხვა სათამაშოც ჰქონდა, ოთხფეხა. საგულდაგულოდ მოხატული ფაიფურის


ცხენი კოხტად გამოიყურებოდა, თუმცა რობერტს მხოლოდ მისი სახელი აინტერესებდა, ცდებს

149
ატარებდა. ცხენის სახელს მოძრაობის დაწყებისა და დასრულების ბრძანებების ცნობა შეეძლო
და დაბრკოლებებისათვის გვერდის ავლის უნარიც შესწევდა. ამ სახელს რობერტი საკუთარ
ნახელავ ფორმებში ტენიდა; იმისათვის, რომ ბრძანებებს ემუშავა, თიხის უბრალო გროვასთან
შედარებით უფრო ნატიფად ნაძერწი სხეული იყო საჭირო; ამის გამო რობერტი ვერასოდეს
ახერხებდა ისეთი ფიგურის შექმნას, რომელსაც სახელი გააცოცხლებდა. ოთხივე ფეხს კი ცალ-
ცალკე ძერწავდა და სხეულს მერეღა ამაგრებდა, მაგრამ მიერთების ადგილას დარჩენილ
ნაწიბურებს ვერ აქრობდა – სახელი სხეულს ერთ მთლიანობად ვერ აღიქვამდა.

სახელებს გულდასმით იკვლევდა, ცდილობდა, ის მარტივი ცვლილებები ეპოვა, რაც


ორფეხიანობას ოთხფეხიანობისგან განასხვავებდა, ან სხეულს იოლ ბრძანებებს
დაუმორჩილებდა. თუმცა სახელები ერთმანეთს არაფრით ჰგავდნენ, გარდა იმისა, რომ ორივე
შემთხვევაში პერგამენტის ნაგლეჯზე ექვსეულების თორმეტ რიგად დაწყობილი
სამოცდათორმეტი ციცქნა ებრაული ასო გამოესახათ. ბავშვობაში ეჩვენებოდა, რომ ასოთა
წყობა არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილებოდა.

***

ტრეველიან მასწავლებელი მერხებს შორის დაძრწოდა, ამიტომ ყველა მეათეკლასელი,


რობერტ სტრატონის ჩათვლით, გასუსული იჯდა.

– ლანგდეილ, სახელთა დოქტრინა ჩამომიყალიბე!

– ყველა ქმნილება ღვთის სახე და ხატია... და, მმმ, ყველა...

– მოეშვი მაგ საცოდავ ბურტყუნს. თორბარნ, შეგიძლია, სახელთა დოქტრინა ჩამოგვიყალიბო?


– რამეთუ ყოველი ქმნილება სახე და ხატია ღვთისა, ყოველი სახელიც უზენაესი ღვთიური
სახელის გამოძახილია.

– საგნის ჭეშმარიტი სახელი რაღაა?

– სახელი, რომელიც ღვთიურს ისევე მიემგვანება, როგორც საგანი მიემსგავსება უფალს.

– ჭეშმარიტი სახელი როგორ მოქმედებს?

– საგანს უზენაესი ძალის მსგავსი ძალით ავსებს.

– სწორია. ჰოლიველ, ხელწერათა დოქტრინა რას წარმოადგენს?

150
საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის გაკვეთილი შუადღემდე გაგრძელდა. რადგან შაბათი დღე
იყო და მოსწავლეებს სკოლაში სხვა საქმე აღარ ჰქონდათ, როგორც კი ტრეველიან
მასწავლებელმა გაკვეთილი დაასრულა, ჩელტენჰემის სკოლის ბიჭები წამში აორთქლდნენ.

რობერტმა ჯერ საერთო საცხოვრებელში შეირბინა, შემდეგ კი სკოლის საზღვართან დათქმულ


შეხვედრაზე ლაიონელის სანახავად წავიდა.

– დღეს ჩემს ლოდინს ბოლო მოეღება, არა? დაცდა კიდევ ხომ აღარ მიწევს? – ჰკითხა
რობერტმა.

– ხომ გითხარი, დღეს-მეთქი?!

– კარგი, მაშინ წავიდეთ.

ორი ბიჭი ლაიონელის სახლამდე მისასვლელ მილ-ნახევრიან გზას გაუყვა.

ჩელტენჰემში სწავლის დაწყების პირველ წელს რობერტი ლაიონელს თითქმის არ იცნობდა.


ლაიონელი მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც სკოლაში სახლიდან დადიოდა, ამიტომ
რობერტი, საერთო საცხოვრებლის სხვა მდგმურების მსგავსად, ამრეზით უყურებდა. ერთხელ,
არდადეგებისას, ბრიტანეთის მუზეუმის დასათვალიერებლად წასული რობერტი იქ ლაიონელს
გადაეყარა. რობერტს მუზეუმი უყვარდა: მყიფე მუმიები და უშველებელი სარკოფაგები;
იხვნისკარტას ფიტული და დასპირტული ქალთევზა; სპილოს ეშვებით, ხარირმისა და
რქაეულის რქებით დაფარული წვეტიანი კედელი. იმ დღეს რობერტი სტიქიათა სულების
გამოფენას ათვალიერებდა და თან იმ ფირფიტას კითხულობდა, რომელიც ახსნა-განმარტებას
იძლეოდა, გამოფენილ ელემენტალთა შორის სალამანდრა რატომ არ იყო. უეცრად გვერდით
მდგომში ამოიცნო ლაიონელი, რომელიც ჭურჭელში გამომწყვდეულ უნდინას(წყლის
ელემენტალის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც პირველად პარაცელსუსმა გამოიყენა.
უნდინებს ქალად გამოსახავდნენ. ) მიშტერებოდა. ერთმანეთს დაელაპარაკნენ და გამოირკვა,
რომ მეცნიერება ორივეს აინტერესებდა. სწრაფად დამეგობრდნენ.

ქუჩას მიუყვებოდნენ და თან მოზრდილ ქვას ფეხით ერთმანეთს უგორებდნენ. ლაიონელმა


ქვას ფეხი ამოჰკრა და გაიცინა – მისი დარტყმული რობერტს კოჭებშუა გაუძვრა.

– ერთი სული მქონდა, სკოლიდან როდის გამოვაღწევდი, – თქვა ლაიონელმა, – კიდევ რამე
დოქტრინა და მეტს ვეღარ გავუძლებდი.

– თავს რატომ იწვალებენ და იმ საგანს "საბუნებისმეტყველო ფილოსოფიას" რატომ


უწოდებენ? – გაიკვირვა რობერტმა, – აღიარონ, რომ თეოლოგიის კიდევ ერთი გაკვეთილია,
ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან და ეგაა.

ცოტა ხნის წინ ორივემ წიგნი შეიძინა – "სახელდების სახელმძღვანელო ბიჭებისთვის",


რომლის მიხედვითაც თანამედროვე მესახელეები ღმერთსა და უზენაეს სახელებზე
მიწებებულნი აღარ იყვნენ. უახლესი მოსაზრების მიხედვით, ფიზიკურ სამყაროსთან ერთად
სიტყვობრივი სამყაროც არსებობდა და სათანადო სახელის შერჩევა ორივე სამყაროს

151
დაფარული შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას იძლეოდა. იმჟამინდელი მიდგომით,
საგანს ერთი "ჭეშმარიტი სახელი" კი არ გააჩნდა, ობიექტს, მისი ფორმიდან გამომდინარე,
რამდენიმე სხვადასხვა დასახელების შეთვისება შეეძლო; ასეთ სახელებს "ევონიმები"
ეწოდებოდა. გარდა ამისა, მიიჩნეოდა, რომ სხეულის მოყვანილობის ცვალებადობის
მიუხედავად, მდგრადობას უმარტივესი სახელებიც ინარჩუნებდნენ – ბავშვობისდროინდელი
მოსიარულე თოჯინა ამ აზრის თვალსაჩინო მტკიცებულება იყო.

ლაიონელის სახლს მიაღწიეს. მზარეულს დაჰპირდნენ, სადილზე ცოტა ხანში მოვალთო და


უკანა ეზოსკენ გავარდნენ. ეზოში საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების სათავსო აეგოთ, რომელიც
ლაიონელს საკუთარი ცდების ჩასატარებელ ლაბორატორიად გადაეკეთებინა. ჩვეულებრივ,
რობერტი მეგობარს განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც ხშირად შეუვლიდა ხოლმე, თუმცა
ბოლო ხანებში ლაიონელი გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტს უძღვებოდა. მხოლოდ ახლაღა
შეემზადა, რომ რობერტისათვის ცდის შედეგი გაენდო. თანაკლასელს სთხოვა, კიდევ ცოტა
ხნით აქ იყავიო, თვითონ კარში გაუჩინარდა და შესვლის ნება მერეღა დართო.

სათავსოს ყოველი კედლის გასწვრივ გრძელი თარო იყო მოწყობილი. მათზე დახვავებული
შუშის კოლბებისა და მწვანე მინისგან ჩამოსხმული საცობდახურული ქილების გვერდით
მოწესრიგებულად ეწყო ქვებისა და მინერალების ნიმუშები. ერთ ბეწო სივრცეს თითქმის
მთლიანად ავსებდა დალაქავებული, ალაგ-ალაგ ამომწვარი მაგიდა, რომელზეც ლაიონელს
ექსპერიმენტისათვის აუცილებელი აპარატი მოეწყო – შტატივზე დამაგრებული რეტორტას
ფსკერი წყლით სავსე ავზში იყო ჩაშვებული, თავად ავზი კი იდო სამფეხა სადგამზე, რომელსაც
ქვემოდან ზეთის სანათი ჰქონდა შენთებული. ავზის ტემპერატურას ვერცხლისწყლის
თერმომეტრი ზომავდა.

– შეხედე, – მიიპატიჟა ლაიონელმა.

რობერტი წინ გადაიხარა, რომ რეტორტას შიგთავსი კარგად შეეთვალიერებინა. ჯერ მოეჩვენა,
რომ იქ ქაფის მეტი არაფერი იყო – ნანახმა შავი ლუდის კათხის ზედაპირზე მოგდებული
ბუშტუკების სქელი ფენა გაახსენა; თუმცა უფრო ყურადღებით რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ
რაც ბუშტუკები ეგონა, ჯვარედინად განლაგებულ ზოლებს შორის დარჩენილი მბზინავი სივრცე
იყო. ქაფში ჰომუნკულუსები გაარჩია – სპერმატოზოიდური ჩანასახები. თითოეული სხეული
გამჭვირვალე გახლდათ, თუმცა ერთიანობაში მათი მომსხო თავები და გაჩხინკული კიდურები
ერთმანეთს მიწებებოდა და მკრთალ, ხშირ ქაფს ქმნიდა.

– ამაში ჩაანძრიე და ცეცხლი შეუნთე? – ჰკითხა რობერტმა. ლაიონელმა წაუთაქა. რობერტმა


გაიცინა და დასაშოშმინებლად ხელები ასწია.

– არა, მართლა. ნამდვილი სასწაულია. როგორ მოახერხე?

ნაამებმა ლაიონელმა აუხსნა:

– მთავარია, სწორი ბალანსი დაიჭირო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ტემპერატურა ზუსტად


განსაზღვრულ დონეზე შეინარჩუნო, თუმცა, თუ ზომაში გაზრდაც გინდა, საკვები ნივთიერება

152
ზუსტად უნდა გააზავო. ნაზავი მეტისმეტად თხელი თუ იქნა, იშიმშილებენ, ზედმეტად
ნოყიერის შემთხვევაში კი მოღონიერდებიან და ერთმანეთს დაერევიან.

– მეღადავები?!

– სერიოზულად გეუბნები. ჩემი თუ არ გჯერა, წიგნები წაიკითხე. მახინჯები სპერმატოზოიდებს


შორის ჩხუბის გამო იბადებიან. დაზიანებულმა სპერმამ კვერცხუჯრედამდე თუ მიაღწია, გონჯი
ბავშვი გაჩნდება.

– მეგონა, ეგეთები იმიტომ ჩნდებოდნენ, რომ ორსულობისას მათი დედა ვიღაცამ შეაშინა.

რობერტმა მოგვიანებითღა შენიშნა, რომ პაწაწკინტელა სხეულები ძლივს დასანახად


იკრუნჩხებოდნენ. მიხვდა, რომ ქაფს მათი ერთობლივი მოძრაობა არხევდა.

– ზოგზე ეგრეცაა. მაგალითად, ბანჯგვლიანი ან მუწუკიანი ბავშვები იმის გამო ჩნდებიან, რაც
შენ თქვი. თუმცა უმკლავებო ან უფეხებო ჩვილები, ან ისეთები, რომლებსაც დაღრეცილი
კიდურები აქვთ, ქვეყანას ნაცემი სპერმატოზოიდისაგან ჩასახვის შედეგად ევლინებიან.
გადამეტებულად ყუათიან ნაერთს ამიტომაც არ ვაძლევ. მითუმეტეს, ახლა წასასვლელიც
არსად აქვთ და სულ მთლად გაშმაგდებიან. ეგეთი დაუდევრობით მალე ყველა დაგეხოცება.

– რამხელა შეგიძლია გაზარდო?

– მეტად, ალბათ, ვეღარ გავზრდი, – მიუგო ლაიონელმა, – კვერცხუჯრედს თუ არ მიაღწიეს, მათი


ცოცხლად შენარჩუნება რთულია. ერთგან წავიკითხე, საფრანგეთში მუშტისხელაც გაზარდესო.
ოღონდ, იმათ საუკეთესო აღჭურვილობა ჰქონდათ. მე მარტო ის მინდოდა გამეგო, საერთოდ
თუ გამომივიდოდა რამე.

რობერტი ქაფს მიაჩერდა. პრეფორმიზმის(ერთ დროს პოპულარული, თუმცა ამჟამად მცდრად


მიჩნეული თეორია, რომლის მიხედვითაც ჩანასახი ზრდასრული ადამიანის ზუსტი ასლია და
ადამიანად მხოლოდ ზომაში მატების შედეგად ყალიბდება.) დოქტრინა გაახსენდა,
ტრეველიან მასწავლებელი ტვინში ძალად რომ ტენიდა – ყოველი ცოცხალი არსება დიდი ხნის
წინ, ერთრდოულად შეიქმნა; ჩვენს დროში დაბადებულები შეუმჩნევლად მცირეს ზომაში
ზრდის შედეგად ჩნდებიანო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰომუნკულები ქვეყანას სულ ცოტა ხნის
წინ მოევლინენ, უთვალავი წლისანი იყვნენ. ისინი მუდამ არსებობდნენ, კაცობრიობის მთელი
ისტორიის განმავლობაში – წინაპრებიდან თაობებს გადაეცემოდნენ, გაჩენის საკუთარ რიგს
უცდიდნენ.

უფრო ზუსტად, მხოლოდ ისინი კი არ იცდიდნენ, რობერტსაც იმავე მოლოდინის გამოცდა


მოუწია, ვიდრე დაიბადებოდა. ექსპერიმენტი მამამისს რომ ჩაეტარებინა, ეს ციცქნა ფიგურები,
რასაც რობერტი ხედავდა, მისი ჯერაც დაუბადებელი დები და ძმები იქნებოდნენ. ბიჭმა იცოდა,
რომ კვერცხუჯრედამდე სანამ არ მიაღწევდნენ, მათ არანაირი შეგრძნება არ გააჩნდათ, თუმცა
მაინც იმაზე ჩაფიქრდა, ნეტავ, რა განცდა დაეუფლებოდათ, გონი რომ ჰქონდეთო. საკუთარი
თავი მათნაირად წარმოიდგინა – მისი ყოველი ძვალი და ორგანო ჟელატინივით ნაზი და
გამჭვირვალე იქნებოდა; უსასრულოდ ბევრ თავისნაირ დედმამიშვილს შორის ჩაეკვეხებოდა.

153
რას იგრძნობდა, როდესაც გამჭვირვალე ქუთუთოებიდან გამოიხედებოდა და შორეთში
ამართულ მთაში ადამიანს, საკუთარ ძმას ამოიცნობდა? რა ფიქრი გაუელვებდა, როცა
გაიაზრებდა, კვერცხუჯრედამდე რომ მიეღწია, თავადაც იმ კოლოსივით ვეებერთელა და მყარი
სხეული ექნებოდა? რა გასაკვირი იყო, რომ ერთმანეთს ებრძოდნენ.

***

რობერტ სტრატონმა სახელდების შესწავლა კემბრიჯში, ტრინიტი კოლეჯში განაგრძო. სწორედ


იქ გაეცნო იმ დროში დაწერილ საუკუნოვან კაბალისტურ ტექსტებს, როდესაც მესახელეებს
ჯერაც "ბა’ალეი შემ-ს" უწოდებდნენ, ავტომატონებს კი "გოლემს". ეს სწორედ ის ტექსტები იყო,
რომლებმაც სახელთა მეცნიერებას საფუძველი ჩაუყარა: "სეფერ იეზირა(ებრაულიდან
ითარგმნება, როგორც "წიგნი შექმნისა". ებრაული ეზოთერიზმის ერთ-ერთი უძველესი, აწ უკვე
განადგურებული ნიმუში. )", ელიაზარ ვორმსელის "სოდეი რაზაიიამეთორმეტე-მეცამეტე
საუკუნეში გერმანიაში მოღვაწე რაბინის, ელიაზარ ვორმსელის მიერ დაწერილი წიგნი,
რომელშიც ხელნაწერის სახით პირველადაა აღწერილი გოლემის შექმნის ინსტრუქცია. )",
აბულაფიას "ჰაიეი ჰა-ოლამ ჰა-ბა"(მეცამეტე საუკუნის ესპანეთში დაბადებული ებრაელი
მოაზროვნისა და კაბალისტის მიერ შექმნილი ტექსტი, რომელიც მკითხველს
წინასწარმეტყველებაში დახელოვნებას ჰპირდებოდა.). შემდეგ ალქიმიურ ტრაქტატებშიც
გაიწაფა, საიდანაც ფილოსოფიურ და მათემატიკურ კონტექსტში ანბანური გარდაქმნების
ტექნიკის გამოყენება შეისწავლა: ლულის "Ars Magna(მეცამეტე საუკუნეში მაიორკას სამეფოში
(დღევანდელი ესპანეთის ტერიტორია) დაბადებული ლოგიკოსის, მწერლის, თეოლოგის,
მისტიკოსისა და მათემატიკოსის მთავარი ნაშრომი. )", აგრიპას "De Occulta
Philosophia(გერმანელი თეოლოგის, სწავლულისა და ოკულტისტის, ჰაინრიხ კორნელიუს
აგრიპას ნაშრომი, სადაც განხილულია კაბალას, ელემენტალების, ღვთის სახელების კავშირი
სხვა დარგებთან, მათ შორის, ალქიმიასთანაც. )" და დის "Monas Hieroglyphica(ინგლისელი
მათემატიკოსის, ასტრონომის, ასტროლოგისა და ოკულტისტი ფილოსოფოსის, ჯონ დის
ნაშრომი, რომელშიც მოცემულია ჯონ დის მიერ შექმნილი ეზოთერული სიმბოლოს ახსნა. )".

იქ შეიტყო, რომ ყოველი სახელი რამდენიმე სხვადასხვა ეპითეტის კომბინაციით მიიღება,


რომელთაგან თითოეული გარკვეულ მახასიათებელსა თუ უნარს განსაზღვრავს. ეპითეტი
ყველა იმ სიტყვის – ცოცხალი და მკვდარი ენებიდან ამოკრეფილი
კოგნატებისა(ლინგვისტიკაში ასე ჰქვია სიტყვებს, რომელთაც საერთო ეტიმოლოგიური ფუძე
აქვთ.) და ეტიმონების(ამოსავალი სიტყვა, რომლიდანაც წარმოიშვა ამა თუ იმ ენის რომელიმე
სიტყვა.) – შედგენის შედეგი იყო, რომელიც ობიექტს სასურველ თვისებას მიანიჭებდა. ასოების
შერჩევითი ჩანაცვლების ან გადანაცვლებადობის გზით ამ სიტყვებიდან ძირითადი არსის
გამოწურვა შეიძლებოდა, რომელიც შემდგომ მახასიათებლის ეპითეტად გამოიყენებოდა.
გარკვეულ შემთხვევებში ეპითეტები ტრიანგულაციის ფუძეობასაც ითავსებდნენ, რაც იმგვარი
ეპითეტის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა, რომელიც არცერთ ენაში აღწერილი არ იყო.

154
მთელი ეს პროცესი ინტუიციასა და ფორმულებს თანაბრად მოითხოვდა; ასოთა საუკეთესო
გადანაცვლებადობის შერჩევა ფასდაუდებელი უნარი იყო, რომელიც არსად ისწავლებოდა.

ნომინალურ ინტეგრაციასა და ფაქტორიზაციაზე დაფუძნებული თანამედროვე ხერხებიც


შეისწავლა. პირველი მათგანი იმის საშუალებას იძლეოდა, რომ მძლავრი და
გამომსახველობითი ეპითეტების სიმრავლეში ერთი შეხედვით გაუთვითცნობიერებელი ასოთა
წყობის ჩახლართვით მსურველს სიტყვა მიეღო; მეორე მათგანის წყალობით კი შესაძლებელი
იყო სიტყვა მდგენელ ეპითეტებად დაეშალათ. ინტეგრაციის ყოველ შემთხვევას შესაბამისი
ფაქტორიზაცია როდი მოეძევებოდა – ძალმოსილი სახელების რეფაქტორიზაციის შედეგად
შეიძლებოდა ისეთი ეპითეტებიც აღმოეჩინათ, რომლებიც განსხვავდებოდნენ იმათგან, საწყისი
სიტყვის შესადგენად რაც გამოიყენეს; ასეთი ეპითეტების სასარგებლოობას სწორედ ეს
თვისება განაპირობებდა. ზოგიერთი სახელი კი რეფაქტორიზაციას საერთოდ ვერ გუობდა,
ამიტომ მესახელეებს სულ ახალ-ახალი გზების ძიება უწევდათ, რათა სიტყვაში დამალულ
საიდუმლოებამდე შეეღწიათ.

იმ დროს სახელდება თითქმის რევოლუციურ ეტაპზე იყო. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ
ორი ტიპის სახელი არსებობდა: სხეულთათვის სიცოცხლის მიმცემი და თილისმად
გამოსაყენებელი. ჯანმრთელობის დამცველი თილისმები მფლობელს დაზიანებასა და
ავადმყოფობას არიდებდნენ, ხოლო ზოგიერთი სახლს – ხანძრისგან, გემს კი ჩაძირვისგან
იცავდა. მოგვიანებით ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი თანდათან გაბუნდოვნდა, რამაც
ყურადსაღები შედეგები გამოიწვია.

ჯერ კიდევ ნორჩი მეცნიერების, თერმოდინამიკის პრინციპების მიხედვით, სითბო და მუშაობა


ურთიერთგარდამქმნი მოვლენები იყო. სწორედ ამ მეცნიერებამ ახსნა, გარემოდან სითბოს
შთანთქმის გზით ავტომატონები სასიცოცხლო ენერგიას როგორ იღებდნენ. ამ მიგნების
წყალობით, ერთმა ბერლინელმა სახელმაისტერმა ახალი ტიპის თილისმა შექმნა, რომელიც
სხეულს უნარს ანიჭებდა, სითბო ერთი არეალიდან შეესრუტა და სხვაგან გამოეტყორცნა. ამ
თილისმების წყალობით, სამაცივრე მოწყობილობები უფრო მარტივად იწყობოდა და უფრო
ეფექტიანადაც მუშაობდა, ვიდრე ძველი, აქროლადი სითხის აორთქლებაზე აწყობილი
დანადგარები. ახალმა პროექტმა დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. იმავდროულად,
თილისმებმა ავტომატონების გაუმჯობესებაც გააადვილეს: ედინბურგელმა მესახელემ ისეთი
თილისმა შექმნა, რომელიც ნივთს დაკარგვისაგან იცავდა, შედეგად კი ახალი საოჯახო
ავტომატონი დააპატენტა, რომელიც საგნებს მათთვის განკუთვნილ ადგილზე აბრუნებდა.

სწავლის დასრულების შემდეგ სტრატონი ლონდონში დასახლდა და მესახელის


თანამდებობაზე მოეწყო "კოუდის მრეწველობაში" – ინგლისში ავტომატონების უდიდეს
მწარმოებელში.

***

155
პარიზული თაბაშირისგან გამოძერწილი უახლესი ავტომატონი საკუთარ შემოქმედს,
სტრატონს, ფეხდაფეხ მიჰყვა, როგორც კი იგი ქარხნის შენობაში შევიდა. აგურის ვეებერთელა
ნაგებობა შუშის სახურავით სრულდებოდა. სივრცის ნახევარი ლითონის ჩამოსასხმელად
გამოიყენებოდა, მეორე ნაწილი კი კერამიკის დასამუშავებლად. ორივე ნახევარს დაკლაკნილი
მარშრუტი ქსელავდა, რომელიც სხვადასხვა ოთახებს აერთიანებდა და რომელსაც
ნედლეულისაგან დასრულებული ავტომატას წარმოების პროცესი მიჰყვებოდა. სტრატონმა და
მისმა ავტომატონმა კერამიკის განყოფილებაში შეაბიჯეს.

დაბალი ვარცლების მწკრივს ჩაუარეს – იქ აყალო იზილებოდა. ყველა ვარცლი თიხის


სხვადასხვა სახეობას შეიცავდა, ყველგან გავრცელებული წითელი თიხით დაწყებული, სუფთა
თეთრი კაოლინით დასრულებული. საზელი ჭურჭლის წყება ერთ რიგად ჩაწყობილ უზარმაზარ
კათხებს ჰგავდა, რომელთაც თითქოს თხელი შოკოლადი ან მკვრივი ნაღები მოსდებია
პირამდეო. ილუზიას მხოლოდ მინერალის მკვეთრი სუნი არღვევდა. თიხის საზელი ნიჩბები
მოძრავ ლილვს კბილანებიანი ბორბლით უკავშირდებოდნენ, თავად ლილვი კი შუშის
სახურავქვეშ, ოთახის მთელ სიგრძეზე იყო გაჭიმული. ოთახის ბოლოს ავტომატონი ძრავა იდგა
– რკინისაგან გამოწრთობილი გოლიათი, რომელიც ამძრავ ბორბალს დაუღალავად
ატრიალებდა. გვერდით რომ ჩაუარა, სტრატონმა ჰაერში მსუბუქი სუსხი შეიგრძნო – ძრავა
გარემოდან სითბოს შთანთქავდა.

მომდევნო ოთახში თიხას ფორმას აძლევდნენ. კირის თეთრი ყალიბები, რომლებიც


სხვადასხვა ავტომატონთა მოხაზულობას ინახავდა, კედლებს ფარავდა. ოთახის ცენტრალურ
ნაწილში წინსაფრიანი სკულპტორი ქარგლები ეულად ან წყვილად მუშაობდნენ – ჭიის პარკს
ჰგავდნენ, საიდანაც ავტომატა უნდა დაბადებულიყო.

ყველაზე ახლოს მოფუსფუსე სკულპტორს მბიძგავის ყალიბი ეჭირა – ფართოთავიანი


ოთხფეხასი, რომელიც მაღაროებში მუშაობდა და წიაღისეულით დატვირთულ ურიკას
აწვებოდა. ახალგაზრდა კაცი საქმეს მოსწყდა და ახალმოსულს ჰკითხა:

– ვინმეს ეძებთ, სერ?

– მისტერ უილოუბისთან შეხვედრა მაქვს დათქმული, – უპასუხა სტრატონმა.

– ბოდიშს გიხდით, აქამდე რომ ვერ მივხვდი. დარწმუნებული ვარ, მალე მოვა, – კაცი კვლავ
თიხას მიუბრუნდა. ჰაროლდ უილოუბი პირველი ხარისხის ოსტატი სკულპტორი იყო;
სტრატონი მას რჩევის მოსასმენად ეახლა, საკუთარი ავტომატონების გამოსაძერწად
მრავალჯერადი ყალიბის გამოყენების თაობაზე. მის მოსვლამდე ფორმებს შორის უსაქმოდ
დაყიალობდა. თანმხლები ავტომატონი გაუნძრევლად იდგა და შემდგომ ბრძანებას ელოდა.

უილოუბი ლითონის საწრთობი განყოფილების კარიდან შემოვიდა. მეტალის ჩამომსხმელის


სიმხურვალისაგან სახე ასწითლებოდა.

156
– დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მისტერ სტრატონ, – წარმოთქვა, – რამდენიმე კვირის
განმავლობაში ვმუშაობდით ბრინჯაოს მოწყობილობის შექმნაზე და ჩამოსხმა დღეს მოგვიწია.
ასეთ დროს ბიჭებს მარტო ვერ დავტოვებდი.

– სავსებით გასაგებია, – უპასუხა სტრატონმა.

უილოუბის მეტი დრო აღარ დაუკარგავს, მაშინვე ახალ ავტომატონს მიეჭრა.

– ეს ისაა, რისთვისაც მური ამდენი თვის მანძილზე მოგვტაცეთ? – მური იმ ქარგალს ერქვა,
რომელიც სტრატონს პროექტის განხორციელებაში ეხმარებოდა.

სტრატონმა თავი დაუქნია.

– ბიჭმა შესანიშნავად იმუშავა, – სტრატონის მითითებების შესაბამისად მურმა ერთი


ძირითადი თარგის გამოყენებით უამრავი სხეული შექმნა: საყალიბე თიხა არმატურას მიამაგრა
და ამ ხერხის წყალობით თაბაშირის სხვადასხვა ფორმები გამოძერწა, რომელზეც შემდგომ
სტრატონი სახელებს ცდიდა.

უილოუბიმ სხეული შეისწავლა.


– დეტალები კარგადაა დამუშავებული. მშვენივრად გამოიყურება... მოიცა, ეს რა არის... –
ავტომატონის ხელებისკენ მიანიშნა; ტრადიციული ნიჩბებისა თუ ხელჯაგების ნაცვლად
მტევანზე თითები ზედმიწევნით ზუსტად გამოეკვეთათ – ორივე მკლავს ცერი და ოთხი
განცალკევებული, დამოუკიდებელი თითი ამშვენებდა, – ახლა არ მითხრა, რომ ესეც მუშაობს.

– მართალს ბრძანებთ, მუშაობს.

უილობის ურწმუნობის შემჩნევას დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა.

– მაჩვენე.

სტრატონმა ავტომატონს მიმართა:

– თითები მოხარე.

ავტომატონმა ორივე ხელი შემართა და თითები წყვილ-წყვილად, რიგრიგობით მოღუნა,


შემდეგ მკლავები ჩამოუშვა.

– გილოცავთ, მისტერ სტრატონ, – მიმართა სკულპტორმა. ავტომატონის თითების უკეთ


შესასწავლად ჩაიცუცქა, – იმისათვის, რომ სახელს დაემორჩილონ, ყოველი სახსარი მოძრავი
უნდა იყოს?

– დიახ. ამგვარი ფორმის შესაქმნელი დასაშლელი, მრავალჯერადი ყალიბის გამოკვეთას


შეძლებთ?

157
უილოუბიმ ენა რამდენჯერმე გააწკლაპუნა.

– სახლაფორთო საქმე კი იქნება, – მიუგო, – ყოველი ჩამოსხმისთვის შეიძლება ერთჯერადი


ყალიბიც გამოდგეს. თუმცა მრავალჯერადზეც რომ შევთანხმდეთ, კერამიკა ფასს ძალიან
გაზრდის.

– ვფიქრობ, ხარჯის გაწევად ღირს. ნება მიბოძეთ, დაგიმტკიცოთ, – სტრატონმა ავტომატონს


მიმართა, – აი, იმ ყალიბის გამოყენებით სხეული შექმენი.

ავტომატონი უახლოესი კედლისკენ წაბაჯბაჯდა და იმ ყალიბს დასწვდა, რომელზეც


სტრატონმა მიანიშნა. ფაიფურის მომცრო "შიკრიკი" გამოდგა. ავტომატონის ფუსფუსით
დაინტერესებულმა რამდენიმე ქარგალმა საქმეს თავი მიანება; უყურებდნენ, ნაწილებს როგორ
ეზიდებოდა და სამუშაო სივრცეში აგროვებდა. შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას მოათავსა
და ბაწრით მჭიდროდ დაამაგრა. იმის დანახვისას, ავტომატონის თითები ბაწარს რა
ოსტატურად ახვევდა და კვანძავდა, სკულპტორთა სახეებს მოწიწება დაეტყო. ბოლოს
ავტომატონმა გამზადებული ყალიბი ასწია და თხევადი თიხის ჩასასხმელად წაიღო.

– საკმარისია, – ბრძანა უილოუბიმ. ავტომატონი შედგა, მუშაობა შეწყვიტა და წინანდებურად


გაუნძრევლად დადგა. უილოუბიმ ყალიბი შეამოწმა და სტრატონს ჰკითხა:

– შენ გამოწვრთენი?

– დიახ. იმედი მაქვს, მური ლითონის დამუშავებასაც ასწავლის.

– ისეთი სახელები გაქვს, ახალი უნარის ათვისებას რაც შეაძლებინებს?

– ჯერ არა. თუმცა, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ასეთი
სახელების მთელი კლასი არსებობს – ყოველი ცალკეული უნარისათვის ისეთი სახელი,
რომელიც ხელით მარჯვედ მუშაობაში გაწაფავდა.

– მართლა? – უილოუბიმ შენიშნა, რომ დანარჩენი სკულპტორებიც მათ უმზერდნენ და


დაუცაცხანა, – თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ, ისედაც ბევრი დავალება გაქვთ, – ქარგლები
სასწრაფოდ საქმეს მიუბრუნდნენ, უილოუბი კი სტრატონს მიუტრიალდა, – ჩემს კაბინეტში
წავიდეთ და დანარჩენზე იქ ვისაუბროთ.

– ძალიან კარგი, – "კოუდის მრეწველობის" ჩახლართულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ


განყოფილებებში მიმავალ უილოუბის ადევნებულმა სტრატონმა ავტომატონს უკან მიყოლა
უბრძანა. შენობის წინა ნაწილისკენ გადაინაცვლეს. სანამ ოთახს მიაღწევდნენ, ჯერ სტრატონის
სახელოსნოს გავლა მოუხდათ, რომელიც ზუსტად მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის
უკან მდებარეობდა. როგორც კი უილოუბის კაბინეტში შევიდნენ, სტრატონმა სკულპტორს
ჰკითხა:

– ჩემს ავტომატონს რამეს უწუნებთ?

158
უილოუბიმ სამუშაო მაგიდაზე შემოწყობილ თიხის წყვილ ხელს გადახედა. მაგიდის უკან,
კედელზე, ქინძისთავით მიემაგრებინათ ნახატთა მთელი სერია, რომელზეც ხელის სხვადასხვა
პოზიცია იყო გამოსახული.

– ადამიანის ხელმარჯვეობასთან მეტოქეობით საოცარ შედეგს მიაღწიე. თუმცა, მე ის მაწუხებს,


რომ პირველი უნარი, რაც შენს ახალ ავტომატონს შეასწავლე, სკულპტურაა.

– თუ ის გაღელვებთ, რომ სკულპტორთა ჩანაცვლებას ვცდილობ, სადარდებელი არაფერი


გაქვთ. ეს ჩემი მიზანი სულაც არაა.

– ჩემთვის დიდი ნუგეშია, – უპასუხა უილოუბიმ, – მაშინ, რაღა სკულპტურა ამოირჩიე?

– ეს ხომ მიხვეულ-მოხვეული გზის პირველ ნაბიჯია. საბოლოოდ, მინდა, ავტომატონური


ძრავების წარმოება ისე გაიაფდეს, ოჯახთა უმრავლესობამ ერთის შეძენა მაინც შეძლოს.

პასუხმა უილოუბი განაცვიფრა.

– ღვთის გულისათვის, ძრავები რაში უნდა გამოიყენონ?

– თუნდაც, მექანიკური საქსოვი დაზგების ასამუშავებლად.

– საუბარი საით მიგყავთ?

– ოდესმე საფეიქრო ფაბრიკებში მომუშავე ბავშვები გინახავთ? ქანცის გაცლამდე ტანჯავენ.


ფილტვები ბამბეულის მტვრით აქვთ ამოტენილი და ისე არიან დაავადმყოფებულები,
ფიქრსაც კი ვერ გაივლებ, რომ ზრდასრულობამდე მიღწევას შეძლებენ. ქსოვილი ჩვენი მუშების
ჯანმრთელობის ხარჯზეა იაფი. ისინი მაშინ გაცილებით უკეთ იყვნენ, როდესაც
შინამრეწველობას მისდევდნენ.

– შინამრეწველობისათვის თავის მინებება სწორედ მექანიკურმა დაზგებმა აიძულა. უკან


როგორღა დააბრუნებს?

აქამდე სტრატონს ამაზე ლაპარაკის საშუალება არ მისცემია, ამიტომ თანამოსაუბრის


გამოჩენით გახარებულმა ხალისიანად აუხსნა:

– ავტომატონური ძრავები ყოველთვის ძვირი ღირდა. მსხვილი სამრეწველოების შექმნა, სადაც


თავმოყრილი მრავალი დაზგის ასამუშავებლად ნახშირზე მომუშავე უზარმაზარი გოლიათის
შრომას იყენებდნენ, ზუსტად ამან განაპირობა. ჩემი ავტომატონის მსგავსი მოწყობილობა
ძრავების ფასს დასწევდა. მქსოველს იმის შესაძლებლობა თუ ექნა, რამდენიმე დაზგის
ასამოქმედებლად მომცრო ავტომატონური ძრავა შეიძინოს, მრეწველობა ისევ სახლებში
გადაინაცვლებს. ხალხი რიგიან შემოსავალსაც მიიღებს და აღარც ფაბრიკის პირობებით
დაიტანჯება.

159
– თავად დაზგის ფასი არ გამოგრჩეთ, – ისე შემწყნარებლურად წარმოთქვა უილოუბიმ, თითქოს
დასცინოდა, – მექანიკური დაზგები გაცილებით ძვირია, ვიდრე ძველებური ხელის მანქანები.
– ჩემი ავტომატონები ლითონის ნაწილების წრთობაშიც გამოდგება, რამაც შეიძლება
მექანიკური დაზგების ფასიც შეამციროს და სხვა მოწყობილობებისაც. ვიცი, ეს მიღწევა პანაცეა
არაა, თუმცა მწამს, რომ იაფი ძრავები ხელოსნებს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას
გაუჩენს.

– რეფორმატორული ზრახვები თქვენზე დადებითად მეტყველებს, თუმცა, ნება მომეცით,


შეგახსენოთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები სოციალური სენის სამკურნალოდ უფრო მარტივი
გზებიც არსებობს: სამუშაო საათების შემცირება, პირობების გაუმჯობესება... არაა საჭირო,
მთელი სამრეწველო სისტემა გაანადგუროთ.

– ჩემი აზრით, ეს გზა რესტავრაცია უფროა, ვიდრე განადგურება.

ამ სიტყვებმა უილოუბი წყობიდან გამოიყვანა.

– მთელი ეს საუბარი იმაზე, რომ ოჯახურ წარმოებას მივუბრუნდეთ, კარგია და თავშესაქცევი,


მაგრამ სკულპტორებს რა ბედი ეწევათ? თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით, ავტომატონები
სამუშაოს გარეშე დაგვტოვებენ. აქ ხალხი მუშაობს, რომელმაც შეგირდობასა და წვრთნას
წლები შეალია. ოჯახს რა აჭამონ?

სტრატონი ასეთი მძაფრი შეტევისთვის მზად არ აღმოჩნდა.

– სახელდების ჩემს უნარს ძალიან აზვიადებთ, – ვითარების განმუხტვა სცადა. სკულპტორი


კვლავ შეუვალი სახით უმზერდა. სტრატონმა განაგრძო: – ამ ავტომატონებს უნარის ათვისების
უკიდურესად მწირი შესაძლებლობა აქვთ. ყალიბების გამოყენებას კი მოახერხებენ, მაგრამ
ახლის შექმნისა არაფერი გაეგებათ. ძერწვისა და გამოთლის ჭეშმარიტი ხელოვნება კვლავ
სკულპტორთა შრომაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე
რამდენიმე ქარგალს ხელმძღვანელობდით, რომ უზარმაზარი ბრინჯაო ჩამოგესხათ.
ავტომატონები ასე შეთანხმებულად ვერასოდეს იმოქმედებენ. მათ მხოლოდ მექანიკური,
ერთგვაროვანი საქმის შესრულება შეუძლიათ.

– კაცი კარგი სკულპტორი როგორღა დადგება, თუ მთელი შეგირდობა იმას უყურა, მათ
გასაკეთებელს ავტომატონი როგორ აკეთებს? ჩემს პატივსაცემ პროფესიას მარიონეტების
ოსტატობაში ვერ გავცვლი.

– მსგავსი არაფერი მოხდება, – თავდაჭერილობას სტრატონიც კარგავდა, – თქვენივე ნათქვამს


დააკვირდით: პატივი, რომლის შენარჩუნებასაც ასე ესწრაფვით, სწორედ ისაა, რაც
მქსოველებსა და მრთველებს დიდი ხნის წინ წაერთვათ. მჯერა, ავტომატონები სხვა
პროფესიებს კეთილშობილებას შემატებენ, თქვენსას კი ბევრი არაფერი დააკლდება.

უილოუბის მისი ნათქვამი თითქოს არც გაუგონია.

160
– თავად ის მოსაზრებაც კი, რომ ავტომატონები ავტომატონებს შექმნიან!.. უბრალოდ,
მკრეხელური კი არა, გარდაუვალი უბედურების მომასწავებელია. იმ ლექსში როგორაა, ცოცხები
წყლის მოსატანად რომ დარბიან და აურზაურს იწვევენ?

– "Der Zauberlehrling(იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოები ჯადოქრისა და მისი მოწაფის


შესახებ, რომელმაც სიზარმაცის გამო ცოცხი მოაჯადოვა და წყალი აზიდინა, თუმცა,
ყველაფრის დატბორვის მიუხედავად, შელოცვის ახსნა ვეღარ შეძლო. ამის ნაცვლად, სცადა,
ცოცხი ნაჯახით გაეპო, შედეგად კი ორივე ნაპობი წყლის მოსატანად გავარდა. ასე
გრძელდებოდა მანამ, სანამ ცოცხები თავად ჯადოქარმა არ შეაჩერა.)-ს" გულისხმობთ? –
ჰკითხა სტრატონმა, – უსაფუძვლო შედარებაა. ეს ავტომატონები, ადამიანის ჩარევის გარეშე,
იმდენად მოკლებულნი არიან გამრავლების უნარს, შეკამათება საიდან დავიწყო, აღარც ვიცი.
მოცეკვავე დათვს უფრო იოლად მიიღებენ ლონდონის ბალეტში...

– თუ გადაწყვეტთ, ბალეტის მოცეკვავე ავტომატონი შექმნათ, ჩემგან სრულ მხარდაჭერას


მიიღებთ, თუმცა ამ მოხელოსნო ავტომატონების წარმოებაში ჩემი იმედი არ გქონდეთ. ამ
საქმეს ვეღარ განაგრძობთ.

– ბოდიშს გიხდით, სერ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება მოქმედების თავისუფლებას ვერ


წამართმევს.
– სკულპტორის დახმარების გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. მურს უკან გამოვიხმობ,
დანარჩენ ხელოსნებს კი ამ პროექტში თქვენს დახმარებას ავუკრძალავ.

სტრატონმა უკან დაიხია.

– თქვენი რეაქცია სრულიად შეუსაბამოა.

– მე კი მგონია, რომ სავსებით შესაბამისია.

– მაშინ სხვა მრეწველობაში დასაქმებულ სკულპტორებს მოვძებნი.

უილოუბი მოიღუშა.

– სკულპტორთა ამქრის მეთაურს დაველაპარაკები და ვურჩევ, ჩვენს ყველა წევრს აუკრძალოს


თქვენი დახმარება ამ ავტომატონების შექმნაში.

სტრატონმა იგრძნო, სისხლი როგორ მოაწვა.

– ვერ დამაშინებთ, – თქვა, – როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით, თუმცა ჩემს მიზანზე ხელს ვერ
ამაღებინებთ.

– ვგონებ, ჩვენი საუბარი ამით დასრულდა, – უილოუბი კარისკენ გაეშურა, – წარმატებას


გისურვებთ, მისტერ სტრატონ.

– თქვენც წარმატებას გისურვებთ, – გაცხარებით დაემშვიდობა სტრატონი.

161
***

მეორე დღეს, შუადღის ხეტიალისას, სტრატონმა ლამბეთს ჩაუარა – უბანს, სადაც "კოუდის
მრეწველობა" იყო განთავსებული. რამდენიმე კვარტალის გავლის შემდეგ ადგილობრივ
ბაზრობაზე შეიარა; ხანდახან, კალათში დაკლაკნილ გველთევზებსა და გადასაფარებლებზე
გამოფენილ საათებს შორის ავტომატონ თოჯინებსაც გადაეყრებოდა და შედარებით ახალი
მოდელების თვალიერებით ბავშვობის გატაცებას იხსენებდა. იმ დღეს მოჩხუბარი თოჯინების
უხმარ წყვილს გადააწყდა. ერთი მოგზაურ-მკვლევარივით იყო მოხატული, მეორე კი –
ველურივით. სანამ მათ უყურებდა, გარემოვაჭრეთა ნაცნობი მოძახილი ჩაესმა, რომლებიც
ერთმანეთს ცინგლმდინარი კაცის ყურადღების მისაპყრობად ეჯიბრებოდნენ.

– ვხედავ, თქვენმა ჯანმრთელობის ამულეტმა დაგაღალატათ, სერ, – მიმართა ერთმა,


რომელსაც დახლზე მომცრო, კვადრატული თუნუქის ნაჭრები ჩაემწკრივებინა, – თქვენ
მაგნეტიზმის მკურნავი ძალა გიშველით, რომელიც ექიმ სეჯვიკის პოლარიზებულ აბებშია
შენახული!

– სისულელეა! – გამოეხმაურა მოხუცი ქალი, – ახლა თქვენთვის მანდრაგორას ფესვის ნახარში


იქნებოდა მისწრება, გამოცდილი და მოქმედი! – გამჭვირვალე სითხით სავსე მათარა აღმართა,
– რაც ეს გამოვწურე, მას მერე ძაღლიც კი ჯანმრთელადაა! ამას ვერაფერი აჯობებს.

რადგან სხვა თოჯინები არსად ჩანდა, სტრატონი ბაზრობას გაეცალა და გზა განაგრძო.
ფიქრებით კვლავ უილოუბისთან გუშინდელ შელაპარაკებას მიუბრუნდა. სკულპტორთა
პროფკავშირის თანადგომის გარეშე დამოუკიდებელი ხელოსნის დაქირავება მოუწევდა. ასეთ
ხალხთან აქამდე არ ემუშავა და ცოტა მიკითხვ-მოკითხვა არ აწყენდა; ისე ჩანდა, რომ
დამოუკიდებელი მუშები ისეთ სხეულებს ქმნიდნენ, რომლებიც მხოლოდ საჯარო
კუთვნილებად ქცეულ სახელებს ემორჩილებოდა, თუმცა ზოგიერთი ამ ნიღაბს განზრახ
ირგებდა, რომ შემდეგ პატენტი გაეყალბებინა და უკანონო პროდუქტი შეექმნა. როგორც არ
უნდა ყოფილიყო, მათთან ურთიერთობა სტრატონის რეპუტაციას სამუდამო ლაქად
შერჩებოდა.

– მისტერ სტრატონ.

სტრატონმა აიხედა. მის წინ ჩია, ღონიერი ტანის, სადად გამოწყობილი კაცი იდგა.

– დიახ... გიცნობთ, სერ?

– არა, სერ. მე დევისი ვარ. ლორდ ფილდჰარსტის სამსახურში გახლავართ, – სტრატონს ბარათი
მიაწოდა, რომელსაც ფილდჰარსტის ნიშანი ამშვენებდა.

162
ედუარდ მეიტლანდი, ფილდჰარსტის მესამე გრაფი, სახელგანთქმული ზოოლოგი და
შედარებითი ანატომიის მცოდნე, სამეფო საზოგადოების წევრი იყო. სტრატონს სამეფო
საზოგადოების სხდომაზე მისი გამოსვლა მოესმინა, თუმცა ერთმანეთი არასოდეს გაუცვნიათ.

– რით გემსახუროთ?

– როგორც კი მოახერხებთ, თქვენი ამჟამინდელი პროექტის თაობაზე ლორდ ფილდჰარსტს


თქვენთან დალაპარაკება სურს.

სტრატონს გაუკვირდა, ლორდმა ამ პროექტის შესახებ საიდან შეიტყოო.

– კაბინეტში ხომ არ შემომივლიდით?

– ასეთ საკითხებზე საუბრისას ლორდი ფილდჰარსტი განცალკევებით შეხვედრას ამჯობინებს,


– სტრატონმა წარბები ასწია, თუმცა დევისს მეტის ახსნით თავი აღარ შეუწუხებია, – ამ საღამოს
თავისუფალი ბრძანდებით?

უჩვეულო, თუმცა, მეტად პატივსაცემი მიპატიჟება მიიღო.

– რასაკვირველია. გთხოვთ, ლორდ ფილდჰარსტს ჩემი აღტაცება გადაეცით.

– საღამოს რვისთვის შენობასთან ეტლი დაგელოდებათ.

დევისი საკუთარ ქუდს შეეხო და გაუჩინარდა.

დათქმულ დროს დევისი ეტლით ეწვია. მდიდრული მოწყობილობა იყო: ლაქგადასმული


წითელი ხით მოპირკეთებულ სალონს პრიალა თითბერი და ხავერდის გადასაკრავი
ამშვენებდა. გამწევიც ძვირად ღირებული მექანიზმი იყო – ბრინჯაოს რაში, რომელსაც ნაცნობ
ადგილებში მისასვლელად მეეტლის მითითებები არ სჭირდებოდა.

მგზავრობისას დასმული შეკითხვები დევისმა ზრდილობიანად აირიდა თავიდან. ცხადად


ჩანდა, რომ ლორდის მსახური არ იყო; არც მდივანი. სტრატონს ვერაფრით გადაეწყვიტა, ვინ
შეიძლებოდა ყოფილიყო. ეტლი ლონდონს გასცდა. სადღაც სოფელში იმდენი იარეს, ვიდრე
დარინგტონ ჰოლს არ მიადგნენ – იმ რეზიდენციათაგან ერთ-ერთს, რომელიც ფილდჰარსტების
საგვარეულოს ეკუთვნოდა.

შენობაში რომ შეაბიჯეს, დევისი სტრატონს ფოიეში გაუძღვა და დახვეწილი გემოვნებით


მორთულ სამკითხველომდე მიაცილა. კარი ისე მიხურა, ოთახში არ შეჰყოლია.

სამკითხველოს მაგიდასთან ფართომკერდიანი კაცი იჯდა, რომელსაც აბრეშუმის პიჯაკი ემოსა


და ასეთივე ჰალსტუხი ეკეთა. დიდრონ, სიმსუქნისაგან ნაკეცებგაჩენილ ლოყებს ჭაღარა
ქილვაშები აბურდულ ჩარჩოდ ევლებოდა. სტრატონმა მაშინვე იცნო.

163
– ლორდ ფილდჰარსტ, ჩემთვის დიდი პატივია.
– ჩემთვისაც სასიამოვნოა, მისტერ სტრატონ. ამ ბოლო დროს ბრწყინვალე პროექტზე
მუშაობთ.

– ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით. არ მეგონა, ჩემს პროექტს სახელი ასე თუ გაუვარდებოდა.

– ძალას არ ვზოგავ, რომ ამგვარ საკითხებს არ ჩამოვრჩე. გთხოვთ, მიამბეთ, რამ გიბიძგათ, რომ
ამგვარი ავტომატონები შეგექმნათ.

სტრატონმა იაფი სამრეწველო ძრავების გეგმა გაანდო. ფილდჰარსტი მთელი გულისყურით


უსმენდა და დროდადრო საყურადღებო შენიშვნებსაც ურთავდა.

– ღირსეული მიზანი გქონიათ, – წარმოთქვა მოწონებით, – ამგვარი ფილანტროპული


მოტივების აღმოჩენა ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა იმიტომ, რომ ჩემი ახლანდელი
პროექტისათვის დამხმარეს ვეძებდი და მინდა, ეს თქვენ გთხოვოთ.

– დიდი პატივია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.

– მადლობას მოგახსენებთ, – ფილდჰარსტს საზეიმო იერი დაედო, – უდიდესი მნიშვნელობის


საკითხია. ოღონდ, სანამ წვრილმანებს გაგანდობდეთ, მინდა, დამპირდეთ, რომ რასაც
გიამბობთ, ყველაფერს საიდუმლოდ შეინახავთ.

სტრატონმა თვალი თვალში გაუყარა.

– ჯენტლმენურ სიტყვას გაძლევთ, არაფერს გავთქვამ.

– გმადლობ, მისტერ სტრატონ. გთხოვთ, აქეთ წამობრძანდით, – ფილდჰარსტმა


სამკითხველოს უკანა კედელში ჩაშენებული კარი გააღო და მოკლე დერეფანს დაუყვნენ.
დერეფნის ბოლოს ლაბორატორიას მიადგნენ; გრძელ, საგულდაგულოდ გაპრიალებულ
სამუშაო მაგიდას რამდენიმე განყოფილება ჰქონდა და ყოველი მათგანი მიკროსკოპითა და
თითბრის მბზინავ ბუდეში მოქცეული რაღაც ინსტრუმენტით იყო აღჭურვილი, რომელზეც
წყვილად მართობული სამი რგოლი ამობურცულიყო, რათა ინსტრუმენტი მარტივად აეწყოთ.
განაპირა განყოფილების მიკროსკოპთან მოხუცი კაცი იდგა და რაღაცას ჩაშტერებოდა.
სტუმრების შესვლისას თავი ასწია.

– მისტერ სტრატონ, დარწმუნებული ვარ, დოქტორ ეშბორნს იცნობთ.

მოულოდნელობისაგან გაშეშებულ სტრატონს ენა დაება. სტრატონის სტუდენტობისას


ნიკოლას ეშბორნი ტრინიტიში ასწავლიდა, თუმცა წლების წინ უნივერსიტეტს შეეშვა, რათა,
როგორც ხმები დადიოდა, არაორთოდოქსული საკითხები გამოეკვლია. სტრატონს ის ერთ-ერთ
ყველაზე ხალისიან მასწავლებლად დაამახსოვრდა. წლებს მისთვის თითქოს სახე
დაევიწროებინათ, ისედაც მაღალი შუბლი კიდევ უფრო გაემაღლებინათ, თუმცა ფხიზელი
თვალები კვლავ ძველებურად უელავდა. მოსულებისკენ გამოემართა – სიარულისას
ორნამენტებით დამშვენებული სპილოს ძვლისგან დამზადებულ ყავარჯენს ეყრდნობოდა.

164
– სტრატონ, მიხარია, რომ კიდევ შეგხვდი.

– მეც მიხარია, სერ. ნამდვილად არ ველოდი, აქ თუ გნახავდით.

– ამ საღამოს კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა მოელოდე, ჩემო ბიჭო. თავი შეიმზადე, –
ფილდჰარსტს მიუბრუნდა, – გნებავთ, დავიწყოთ?

ლაბორატორიის სიღრმისკენ მიმავალ ფილდჰარსტს გაჰყვნენ. ის კიდევ ერთ კარში შეუძღვა და


კიბეს მიაღწიეს.

– ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს აქვთ


ინფორმაცია – სამეფო საზოგადოების წევრებსაც ვგულისხმობ და პარლამენტისასაც, ხუთი
წლის წინ პარიზის მეცნიერებათა აკადემიას თავად მივეცი გაუთქმელობის აღთქმა. ფრანგებს
ინგლისელი მეცნიერებისგან მათი ცდის გარკვეული შედეგების დამოწმება სურდათ.

– მართლა?

– თავადაც ხომ წარმოგიდგენია, რა ამრეზით ითხოვეს. თუმცა, თავადაც კარგად ხვდებოდნენ,


რომ ეს საკითხი ეროვნულ შუღლზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. როგორც კი ვითარებას
გავეცანი, მაშინვე დავთანხმდი.

სამეულმა სარდაფამდე ჩააღწია. კედელში ჩატანებული გაზის სანათები სინათლეს აფრქვევდა


და სარდაფის ზომას ააშკარავებდა. ჭერი ქვის სვეტებს ეყრდნობოდა, რომლებიც ჯვროვან
კამარას კრავდნენ. მკვიდრად ნაგები ხის მაგიდები გრძელ სარდაფში მწკრივებად
დაელაგებინათ და თითოეულ მათგანზე დაახლოებით აბაზანის ვარცლის სიდიდის ავზი
შემოედგათ. თუთიისგან შეკრული ავზების ოთხივე მხარეს მინის სარკმელი ჩანდა, რომელთა
წყალობით შიგთავსზე – მოჩალისფრო, გამჭვირვალე სითხეზე დაკვირვება შეიძლებოდა.

სტრატონი ყველაზე ახლოს მდგომ ავზს მიუახლოვდა. ცენტრში რაღაც ისე ტივტივებდა,
თითქოს სითხის ნაწილი მკვრივ ჟელედ შეიკრაო. ჩრდილებით აჭრელებული ფსკერის ფონზე
იმის გარჩევა ჭირდა, ავზში რა დაცურავდა, ამიტომ სტრატონმა სხვა მხრიდან შემოუარა და ისე
ჩაიმუხლა, რომ სარკმელში, გაზის ფანრის შუქზე, ყველაფერი დაენახა. შედედებული მასა
ადამიანის მკრთალი სხეული აღმოჩნდა – ლაბასავით შუქგამტარი და მუცლად მყოფი
ნაყოფივით მოკრუნჩხული.

– დაუჯერებელია, – წაიჩურჩულა სტრატონმა.

– ჩვენ მას მეგაფეტუსს ვუწოდებთ, – აუხსნა ფილდჰარსტმა.

– სპერმატოზოიდიდან გაზარდეთ? ამას ათწლეულები დასჭიდებოდა.

– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამდენი დრო არ წაუღია. რამდენიმე წლის წინ ორმა
პარიზელმა ბუნებისმეტყველმა, დიუბისონმა და ჟილმა სპერმატოზოიდის ჰიპერტროფიული

165
ზრდის მეთოდი შეიმუშავა. საკვები ნივთიერების დაჩქარებული შეშხაპუნება ორ კვირაში
ნაყოფს ასეთ ზომამდე ზრდის.

სტრატონმა თავი ჯერ წინ დახარა, შემდეგ – უკან გადასწია, და გაზის სანათის სხივის
გარდატეხის უმნიშვნელო ცვლილება შენიშნა – მეგაფეტუსის შინაგანი ორგანოების საზღვრები
გამოიკვეთა.

– ეს არსება... ცოცხალია?

– ცოცხალია, მაგრამ უგრძნობია, სპერმატოზოიდის მსგავსად. ორსულობის პერიოდს


ვერანაირი ხელოვნური ზრდა ვერ ჩაანაცვლებს. სწორედ კვერცხუჯრედში მიმდინარე
სასიცოცხლო პროცესები ანიჭებენ ნაყოფს ცნობიერებას, პიროვნებად დედის გავლენა აქცევს.
ჩვენ მხოლოდ ზომის მატებას მივაღწიეთ, – ფილდჰარსტმა მეგაფეტუსზე მიანიშნა, – დედისავე
გავლენით იღებს პიგმენტებსა და გარეგნულ იერსახეს. ჩვენს მეგაფეტუსებს სქესის გარდა
არანაირი განმასხვავებელი ნიშან-თვისება არ გააჩნიათ. ყოველი მამრი იმის მსგავსად
გამოიყურება, რაც ნახეთ, მდედრებიც იდენტურები არიან. ერთი სქესის სხვადასხვა ნაყოფთა
შესწავლისას შეუძლებელია გაარჩიო, რომელი რომელია, მიუხედავად იმისა, მათი მამები
რამდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მხოლოდ ზუსტი ჩანაწერებისა და აღრიცხვის
წყალობით ვარჩევთ.

სტრატონი ფეხზე წამოდგა.

– მაშ, ამ ცდის ძირითადი მიზანი რაღაა, თუკი ხელოვნური საშვილოსნოს შექმნა არა?

– სახეობათა მდგრადობის შემოწმება, – იმის გააზრებაზე, რომ სტრატონი ზოოლოგი არ იყო,


მასპინძელმა ახსნა განაგრძო, – ლუპების ოსტატებს შეუზღუდავი მადიდებელი უნარის
მიკროსკოპის შექმნა რომ შეეძლოთ, ბიოლოგები ნებისმიერი არსების სპერმატოზოიდში
ჩაშენებულ მომავალ თაობებსაც შეისწავლიდნენ და გამოიკვლევდნენ, გარეგნული იერი
უცვლელია თუ იცვლება და ამით ახალი სახეობების წარმოქმნას განაპირობებს. ამ
უკანასკნელი შემთხვევის აღმოჩენისას იმასაც განსაზღვრავდნენ, ცვლილება ნაბიჯ-ნაბიჯ
ხდება თუ მყისიერად.

– თუმცა, ქრომატული აბერაციის გამო ნებისმიერი ხელსაწყოს მადიდებელი უნარი ზედა


ზღვარს ვერ სცდება. მესიე დიუბისონმა და ჟილმა კარგ ხერხს მიაგნეს – თავად ნაყოფს
ზრდასრული ადამიანის სხეულის სიდიდემდე ხელოვნურად ზრდიან. როგორც კი ფეტუსი
საკმარის ზომას მიაღწევს, მისგან სპერმატოზოიდის სინჯის აღება და მომავალი თაობის
მეგაფეტუსად ქცევაც შესაძლებელია, – ფილდჰარსტმა მწკრივის მორიგი მაგიდისკენ
გადაინაცვლა და მასზე შემოდგმულ ავზზე მიუთითა, – ამ პროცესის განმეორება საშუალებას
გვაძლევს, ნებისმიერი სახეობის დაუბადებელი თაობები შევისწავლოთ.

სტრატონმა ირგვლივ მიმოიხედა. ავზთა წყებამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

– ანუ, "დაბადებათა" შორის ინტერვალი ისე შეკუმშეს, რომ გენეალოგიური მომავლის


წინასწარი განჭვრეტა შესაძლებელი გახდა?

166
– ზუსტად.

– რა სიმამაცეა! ცდის შედეგებმა რა გამოავლინა?

– ექსპერიმენტი ბევრ სახეობაზე ჩატარდა. გარეგანი ცვლილება არცერთ შემთხვევაში არ


შეხვედრიათ. თუმცა, როდესაც ადამიანთა ნაყოფზე მუშაობდნენ, უცნაურ დასკვნამდე
მივიდნენ. დიდი-დიდი, ხუთი თაობის შემდეგ მამრ ნაყოფებს სპერმატოზოიდი უქრებოდათ,
მდედრებს კი – კვერცხუჯრედი. საბოლოოდ, განვითარების ხაზი სტერილური თაობით
სრულდებოდა.

– ვგონებ, მსგავსი რამ მათთვის არც მთლად მოულოდნელი იქნებოდა, – სტრატონმა ჟელეს
გუნდებს თვალი შეავლო, – ყოველი ციკლის შემდეგ ორგანიზმთა რომელიმე მახასიათებელი
ილევა და სუსტდება. ლოგიკურია, რომ გარკვეულ ზღვრამდე მიღწევისას მემკვიდრული თაობა
ისე დაუძლურდებოდა, განმეორებადი პროცესი შეწყდებოდა.

– დიუბისონისა და ჟილის თავდაპირველი მოსაზრებაც სწორედ ეგ იყო, – დაადასტურა


ფილდჰარსტმა, – თავიანთი შემუშავებული ტექნიკის გაუმჯობესება სცადეს, თუმცა მომავალი
თაობების მეგაფეტუსებს შორის არც ზომაში განსხვავება შეიმჩნეოდა და არც –
სიცოცხლისუნარიანობაში. სპერმატოზოიდთა თუ კვერცხუჯრედთა რაოდენობა თანდათან არ
შემცირებულა – ბოლოსწინა თაობის ჩათვლით, ყველა თანაბრად ნაყოფიერი იყო.
სტერილურობის ფაზა წინასწარი ნიშნების გარეშე დგებოდა.

– სხვა ანომალიაც გამოიკვეთა: ზოგიერთი სპერმატოზოიდი ოთხ თაობას იძლეოდა, ზოგი –


ნაკლებს, თუმცა სხვადასხვაობა მარტო ნიმუშთა შორის შეიმჩნეოდა და მხოლოდ ერთი
ინდივიდისთვის არასოდეს გამოვლენილა. ისეთი შემთხვევები შეისწავლეს, როდესაც მამაც
დონორობდა და ვაჟიც, და აღმოაჩინეს, რომ მამის სპერმატოზოიდს ზუსტად ერთით მეტი
თაობის შექმნა შეეძლო. რამდენადაც ვიცი, ზოგიერთი დონორი უკვე ხანდაზმული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ნიმუშებში რაოდენობრივად ბევრად ნაკლები სპერმატოზოიდი
შეინიშნებოდა, მათ მაინც უფრო მეტი თაობის გაჩენის უნარი ჰქონდათ, ვიდრე მათ ვაჟებს,
რომლებიც ცხოვრების აქტიურ ეტაპზე იყვნენ. სპერმის გენეტიკურ სიმძლავრესა და დონორის
ჯანმრთელობასა თუ მხნეობას შორის არანაირი კორელაცია არ გამოვლენილა. საპასუხოდ,
დამოკიდებულება მხოლოდ იმ თაობებს შორის დადგინდა, რომლებიც ერთი დონორიდან
წარმოიშვნენ.

ფილდჰარსტმა დაასრულა და სტრატონს დაფიქრებით შეხედა.

– სწორედ ამ საგონებელში იყო აკადემია, როდესაც დამიკავშირდნენ და მთხოვეს, დამედგინა,


სამეფო საზოგადოებაც მათ მსგავს შედეგებამდე თუ მივიდოდა. განსხვავებული დონორები
მოვიძიეთ, საამებით(სკანდინავიის ქვეყნებსა და რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი.)
დაწყებული, ჰოტენტოტებით(ნამიბიის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი.) დასრულებული, თუმცა ჩვენი შედეგი
მათსას ზუსტად დაემთხვა. ვთანხმდებით, რომ ამ მიგნებებს, საბოლოოდ, ერთი დასკვნა

167
მოსდევს: ადამიანთა რასას მხოლოდ იმის პოტენციალი აქვს, რომ თაობათა ფიქსირებული
რაოდენობა შვას, ამჟამად კი საბოლოო თაობამდე ხუთი ციკლიღა გვაშორებს.
***

სტრატონი ეშბორნს იმ მოლოდინით მიუბრუნდა, რომ ის არ მოატყუებდა და ეტყოდა,


გაბითურებენო, თუმცა ჭარმაგ სახელმდებელს პამპულაობისა არაფერი ეტყობოდა.
სტრატონმა მზერა ისევ მეგაფეტუსისკენ გადაიტანა და მოსმენილის გააზრებამ შუბლი
შეუჭმუხნა.

– თქვენი შეფასება თუ სწორია, მსგავსი შეზღუდვა სხვა სახეობებსაც უნდა ახასიათებდეს.


თუმცა, რამდენადაც მსმენია, ჯერ არცერთი სახეობა ამგვარად არ გადაშენებულა.

ფილდჰარსტმა თავი დაუქნია.

– მართალი ხართ. მაგრამ ქანების გათხრის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება გვაქვს,


რომლის მიხედვითაც სახეობა გარკვეული ხნით გარეგნობაშეუცვლელად ცოცხლობდა, შემდეგ
კი უცაბედად სხვა სახეობა ანაცვლებდა. კატასტროფის თეორიის მიმდევრების აზრით, ამგვარი
მკვეთრი გადაშენების მიზეზი მძლავრი სტიქიური ძვრებია. პრეფორმიზმიდან მიღებული
ცოდნის წყალობით ახალი ახსნა გვაქვს – გადაშენება სახეობათა ციკლის უკანასკნელ
საფეხურამდე მიღწევამ განაპირობა. გარკვეული თვალსაზრისით, შემთხვევითი კი არა,
ბუნებრივი გზით დაიღუპნენ, – მკლავი იმ კარისკენ გაიშვირა, საიდანაც შემოვიდნენ, – ზემოთ
ხომ არ ავიდეთ?

წინ მიმავლებს ადევნებულმა სტრატონმა იკითხა:

– და ახალი სახეობები რაღამ წარმოშვა? თუკი არსებული სიცოცხლისგან არ განვითარებულან,


სპონტანურად შეიქმნენ?

– ეგ ჯერაც გაურკვეველია. ჩვეულებრივ, სპონტანურად მხოლოდ უმარტივესი ცხოველები


ჩნდებიან: მატლები და სხვა ჭიაყელებისებრი არსებები, რომელთა წარმოშობასაც სითბოს
ზემოქმედება განაპირობებს. კატასტროფისტების მიერ ნახსენებ მოვლენებს – წყალდიდობებს,
ვულკანურ ამოფრქვევებს, კომეტათა დაჯახებას – უზარმაზარი ენერგიის გამოთავისუფლება
მოჰყვებოდა. ალბათ, სწორედ ამგვარ ენერგიას შეეძლო მატერია ისე სიღრმისეულად
გარდაექმნა, რომ ორგანიზმთა სრულიად ახალი რასის სპონტანური თაობა წარმოეშვა, რაც
წინაპრების გენშიც იქნებოდა შენახული. თუ ეს მოსაზრება დადასტურდა, კატაკლიზმები
მასობრივი განადგურების კი არა, ახალი სახეობების წარმოქმნის გამომწვევი ყოფილა.

ლაბორატორიაში დაბრუნდნენ თუ არა, ორივე ხანში შესული კაცი სავარძლებში ჩაესვენა.


სტრატონი მეტისმეტად აღტყინებული იყო, მათ მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ამიტომ ფეხზე
დარჩენა ამჯობინა.

168
– თუ ყოველი სახეობა იმავე კატაკლიზმის შედეგად შეიქმნა, საიდანაც ადამიანი იშვა,
სავარაუდოდ, ისინიც სასიცოცხლო ციკლის მიწურულში უნდა იყვნენ. რომელიმე სხვა
სახეობაში გადაშენების კვალი ხომ არ გამოვლენილა?

ფილდჰარსტმა თავი გააქნია.

– ჯერ არაფერი გვაქვს. ჩვენი აზრით, განსხვავებულ სახეობებს გადაშენების სხვადასხვა ვადა
აქვთ, რომელიც მათ ბიოლოგიურ კომპლექსურობასთანაა კავშირში. გავრცელებული აზრით,
ადამიანი ყველაზე რთული ორგანიზმია, შესაბამისად, სპერმატოზოიდში ამ რთული
ორგანიზმის შედარებით ნაკლები სახეობაა ჩაშენებული.

– იმავე ლოგიკით, – შეეწინააღმდეგა სტრატონი, – ადამიანური კომპლექსურობა სხეულს


ხელოვნურად დაჩქარებული ზრდისთვის შეუთავსებლად აქცევს. შეიძლება, სახეობის
არსებობის კი არა, თავად პროცესის ზღვარს მიაღწიეთ.

– მართებული შენიშვნაა, მისტერ სტრატონ. ცდები იმ არსებებზეც გრძელდება, რომლებიც


ადამიანის აღნაგობასთან ყველაზე ახლოსაა – შიმპანზეებზე და ორანგუტანგებზე.
სამწუხაროდ, ჩვენს კითხვაზე პასუხის მისაღებად, შეიძლება, წლები დაგვჭირდეს; თუ
ამჟამინდელი ინტერპრეტაცია სწორია, ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებების
ლოდინისთვის საკმარისი დრო არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა გადავწყვიტოთ, რა გზით წავალთ.

– დიახ, მაგრამ ხუთი თაობა საუკუნეზე მეტ ხანს მოიცავს... – უცხადესის გამორჩენით
შეცბუნებულ რობერტს სიტყვა გაუწყდა. რა თქმა უნდა, ყველა ერთ ასაკში ხომ არ ხდება
მშობელი.

მისი იერის შემხედვარე ფილდჰარსტი ყველაფერს მიუხვდა.

– ხომ ხვდებით, ერთი და იმავე ასაკის დონორებისაგან მიღებული სპერმის ნიმუში ერთსა და
იმავე სიდიდის თაობას რატომ არ იძლევა: ზოგიერთი გენეტიკური ხაზი სასრულ წერტილს
დანარჩენებზე მალე აღწევს. ისეთ დინასტიაში, სადაც კაცები გვიან ხდებიან მამები, ხუთი
თაობა შესაძლოა ორ ნაყოფიერ საუკუნესაც ნიშნავდეს, მაგრამ ეჭვგარეშეა, ისეთი
სამემკვიდრეოებიც იარსებებს, რომლებიც განაყოფიერების უნარს სხვებზე სწრაფად
დაკარგავენ.

სტრატონმა გონების თვალით ამ მოვლენის შესაძლო შედეგები შეაფასა.

– დროთა განმავლობაში უნაყოფობა ყველასათვის ცხადი გახდება. პანიკამ, შეიძლება,


დასასრულამდე კარგა ხნით ადრეც იფეთქოს.

– ნამდვილად. აჯანყებებს ჩვენი სახეობის გაქრობა ისევე მარტივად შეუძლია, როგორც


უნაყოფობას. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ დროს ამხელა მნიშვნელობას.

– თქვენ რა გამოსავალს გვთავაზობთ?

169
– ვრცელი განმარტებისთვის დოქტორ ეშბორნს უნდა მივმართო, – წარმოთქვა ფილდჰარსტმა.

ეშბორნი წამოდგა და ინსტინქტურად ლექციის ჩამტარებელი პროფესორის პოზა მიიღო.

– ხომ გახსოვთ, ხის ავტომატონების შექმნის მცდელობა რა მიზეზით ჩავარდა?

მოულოდნელმა შეკითხვამ სტრატონს სუნთქვა შეუკრა.

– რადგან სწამდათ, რომ ხის ბუნებითი შემადგენლობა არცერთ იმ ფორმას არ შეეგუებოდა,


რასაც ჩვენ მივანიჭებდით. ახლა ცდილობენ, მასალად რეზინი გამოიყენონ, თუმცა ორივე
შემთხვევა ერთნაირი კრახით დასრულდა.

– სწორია. მაგრამ თუკი ხის ბუნებითი შემადგენლობა ერთადერთი დაბრკოლებაა, ცხოველის


გვამს რატომ არ ვიყენებთ, რომ სახელით გავაცოცხლოთ? სხეულის ფორმა ხომ იდეალურადაა
შედგენილი?

– მეტისმეტად შავბნელი გაზრახვაა; ვერც კი წარმომიდგენია, რომ ამგვარ ცდას წარმატების


რაიმე ალბათობა ჰქონდეს. ვინმეს მსგავსი ექსპერიმენტი ჩაუტარებია?

– დიახ, თუმცა ყველა ჩაფლავდა. ამრიგად, კვლევის ორი ძირითადი მიმართულება უშედეგო
გამოდგა. ნუთუ ეს იმას ნიშნავდა, რომ სახელთა გამოყენებით ორგანულ მატერიას ვერ
გავაცოცხლებდით? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მივატოვე ტრინიტი.

– და რა აღმოაჩინეთ?

ეშბორნმა შეკითხვა ხელის აქნევით მოიგერია.


– მოდი, ჯერ თერმოდინამიკის განხილვით დავიწყოთ. უახლეს კვლევებს თვალს ადევნებდი?
მაშინ გეცოდინება, რომ სითბოს ფრქვევის დონე სითბურ დონეზე უწესრიგობის ზრდის
მაჩვენებელია. ამის საპირისპიროდ, როდესაც ავტომატონი გარემოდან სითბოს შთანთქავს,
რათა მისთვის დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, წესრიგიც იზრდება. ეს ფაქტი ჯერ კიდევ
დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ ვარაუდს მიმტკიცებს, რომლის მიხედვითაც ლექსიკური
წესრიგი თერმოდინამიკულს განაპირობებს. თილისმის ლექსიკური წესრიგი იმ წესრიგს
აძლიერებს, რასაც სხეული ისედაც ფლობს, საბოლოოდ კი ეს ზიანისაგან დაცვას იწვევს.
სხეულის წესრიგს მაცოცხლებელი სახელის ლექსიკური წესრიგიც ზრდის, რაც ავტომატონს
სამოძრაო ძალას ანიჭებს.

– მომდევნო შეკითხვა, რომელსაც შევეჭიდე, შემდეგი იყო: წესრიგის ზრდა ორგანულ


მატერიაზე როგორ აისახებოდა? რადგან სახელები მკვდარ ქსოვილებს ვერ აცოცხლებდა,
ცხადი იყო, რომ სითბურ დონეზე ორგანული მატერია რანაირ რეაქციას არ ამჟღავნებდა.
მაგრამ, იქნებ, სხვა დონზე გაემჟღავნებინა? თავადვე დაფიქრდით: მოზვერი ავზში
მოთავსებულ ჟელატინამდე შეიძლება შემცირდეს, ანუ ავზშიც იგივე სხეული იქნება, რისგანაც
მოზვერი შედგება, მაგრამ რას ექნება უფრო მეტი წესრიგი – მოზვერს თუ ჟელატინს?

– რასაკვირველია, მოზვერს, – სტრატონს საფიქრალი მიეცა.

170
– რასაკვირველია. ფიზიკური სტრუქტურის წყალობით, ორგანიზმში მეტი წესრიგია. და რაც
უფრო რთულია თავად ორგანიზმი, მით მეტია წესრიგის ხარისხი. ჩემი ჰიპოთეზაც სწორედ ეს
იყო – ორგანული მატერიის წესრიგის ზრდა ფორმის ცვლილებაზე მტკიცებულებად
აისახებოდა. მაგრამ ცოცხალ ორგანიზმთა სხეულს ხომ ისედაც იდეალური ფორმა აქვს?!
მომდევნო შეკითხვა სწორედ ეს იყო: რას აქვს სიცოცხლე, მაგრამ ჯერ არ აქვს ფორმა?

მოხუც სახელმდებელს სტრატონისთვის აღარ დაუცდია, კითხვას თავადვე გასცა პასუხი:

– ცხადია, გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედს. კვერცხუჯრედი ხომ იმ ძირითად სასიცოცხლო


პრინციპებს მოიცავს, რაც, საბოლოოდ, ახალი არსების შექმნასაც განაპირობებს, თუმცა
თავისთავადი ფორმა მას არ გააჩნია. ჩვეულებრივ, კვერცხუჯრედი იმ ფეტუსის შესაბამის
ფორმას იღებს, რომელსაც სპერმატოზოიდი ჩასახავს. შემდეგი ნაბიჯი ბუნებრივად
გამოიკვეთა, – ეშბორნი შეჩერდა და სტრატონს მომლოდინედ მიაცქერდა.

სტრატონი დაიბნა, რა ეპასუხა, არ იცოდა. ეშბორნს იმედგაცრუება დაეტყო და თვითონ


განაგრძო:

– შემდეგი ნაბიჯი სახელის გამოყენებით კვერცხუჯრედიდან ემბრიონის ხელოვნური გამოზრდა


გახლდათ.

– დიახ, მაგრამ თუკი კვერცხუჯრედი გაუნაყოფიერებელია, – შეეპასუხა სტრატონი, – მანამდე


ხომ არანაირი სხეული არ იარსებებს, რასაც გამოზრდიდით?

– მართალია.

– იმას გულისხმობთ, რომ სხეული ერთგვაროვან გარემოშიც შეიძლება შეიქმნას?


შეუძლებელია.

– ამის მიუხედავად, რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ ჰიპოთეზის დამტკიცებაზე


ვმუშაობდი. სახელის გამოცდა ჯერ ბაყაყის გაუნაყოფიერებელ კვერცხზე ვცადე.

– ბაყაყის კვერცხში სახელი როგორ ჩააშენეთ?

– სინამდვილეში, არაფერი ჩამიშენებია, სპეციალურად ჩამოსხმული ნემსის საშუალებით


გავლენა მოვახდინე, – ეშბორნმა სამუშაო მაგიდის ორ განყოფილებას შორის მოქცეული ყუთი
გახსნა. პატარა თარო გამოჩნდა, რომელზეც ინსტრუმენტები წყვილ-წყვილად ეწყო. ყოველი
მათგანი შუშის გრძელი ნემსით ბოლოვდებოდა. ზოგიერთ ხელსაწყოზე საქსოვი ჩხირივით
ფართო ნემსი დაემაგრებინათ, ზოგიერთზე – კანქვეშ წამლის შესაშხაპუნებელი შპრიცივით
წამახული. ეშბორნი ყველაზე მოზრდილი წყვილიდან ერთ-ერთს დასწვდა და სტრატონს
დასათვალიერებლად გადააწოდა. შუშის ნემსი მთლად გამჭვირვალე არ იყო, თუმცა ის კი
ჩანდა, რომ რაღაც ხალებიანი ბირთვის მსგავსს შეიცავდა.

ეშბორნმა განუმარტა:

171
– ერთი შეხედვით, სამედიცინო იმპლანტი შეიძლება გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში სახელის
გადამცემია, ამასაც ზუსტად ის ფუნქცია აკისრია, რაც სახელგამოსახული ქაღალდის ჭრილში
შეცურებას. ვაი, რომ პერგამენტთან კალმის მიტანაზე გაცილებით დიდი შრომა სჭირდება.
ამგვარი ნემსის შესაქმნელად შავი შუშის ღერო გამჭვირვალე მინის გარსში უნდა მოათავსო,
თან ისე, რომ საჩხვლეტად მიტრიალებულ ინსტრუმენტზე სახელი მკაფიოდ იკითხებოდეს.
ამის მერე ორივე მინა ერთმანეთს მჭიდროდ უნდა შეუდუღდეს, შენადნობს კი, კიდევ უფრო
დასაწვრილებლად, სიგრძეზე წელავენ. დახელოვნებული მეშუშე სახელის ყოველ დეტალს
შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, ნემსი რამდენად დაწვრილდება. სწორედ ამგვარი მეთოდით
მიიღება ნემსი, რომლის განივკვეთშიც სახელია შენახული.

– თავად სახელს როგორ ქმნიდით?

– დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილოთ. ახლა იმის ცოდნაც კმარა, რომ ერთადერთ


მართებულ ინფორმაციად სქესობრივ ეპითეტს ვიყენებდი. გეცნობათ?

– მსმენია, – იმ იშვიათ ეპითეტთა რიცხვში გადიოდა, რომელიც დიმორფული ბუნებით


ხასიათდებოდა, ანუ მამრობითი ვარიანტიც ჰქონდა და მდედრობითიც.

– ცხადია, სახელის ორგვარი ვარიანტი მჭირდებოდა, რათა ქალთა თაობაც გაჩენილიყო და


ვაჟთა თაობაც, – ყუთში შენახული ნემსების წყვილისკენ მიანიშნა.

სტრატონმა შენიშნა, რომ ნემსი თითბრის კორპუსს უმაგრდებოდა, ბუნიკით კი მიკროსკოპის


ქვეშ განლაგებულ სასაგნე მინას სწვდებოდა. ნაჭდევი ბორბლები, სავარაუდოდ, ნემსის
კვერცხუჯრედის დასაკავშირებლად გამოიყენებოდა. ინსტრუმენტი თავის ადგილზე დააბრუნა.

– თქვენ ბრძანეთ, რომ სახელის ჩაშენება კი არა, მისით მხოლოდ ზეგავლენის მოხდენა
გჭირდებოდათ. იმას გულისხმობთ, რომ ბაყაყის კვერცხისათვის ნემსის შეხება სავსებით
საკმარისია? ნემსის მოცილებით გავლენაც ხომ არ სრულდებოდა?

– დიახ, სავსებით საკმარისია. სახელი კვერცხში შეუქცევად პროცესს ააქტიურებს. სახელთან


გახანგრძლივებულ კონტაქტს აღარანაირი დამატებითი სარგებელი არ მოუტანია.

– მერე, ამგვარი კვერცხიდან თავკომბალა იჩეკებოდა?

– სახელების შემუშავების საწყის ეტაპზე – არა. პირველადი ცდების შედეგად მხოლოდ იმას
მივაღწიე, რომ კვერცხის ზედაპირზე სიმეტრიული ჩაღრმავებები ჩნდებოდა. თუმცა,
სხვადასხვა ეპითეტის გამოცდის შემდეგ იმდენი შევძელი, კვერცხისთვის სხვადასხვა ფორმა
მიმეცა, რომელთაგან ზოგი ბაყაყის ემბრიონს ზედმიწევნით წააგავდა. საბოლოოდ, იმ სახელს
მივაგენი, რომელიც კვერცხს უბრალო თავკომბალას ფორმას კი არ აძლევდა, მომწიფებისა და
გამოჩეკის უნარიც ჰქონდა. ამგვარი გზით გამოჩეკილი თავკომბალა ჩვეულებრივ ბაყაყად
იზრდებოდა ისე, რომ სახეობის სხვა წარმომადგენლებისგან ვერავინ გაარჩევდა.

– ბაყაყის იმ სახეობისათვის ევონიმი გამოიგონეთ, – შესძახა სტრატონმა.

172
ეშბორნს გაეღიმა.

– რამდენადაც გამრავლების ეს მეთოდი სქესობრივ შეწყვილებას არ მოიცავს, მე სხვა ტერმინს


ვიყენებდი – "პართენოგენეზისს".

სტრატონმა რიგრიგობით შეათვალიერა ისიც და ფილდჰარსტიც.

– ახლა ნათელია, პრობლემიდან თავის დასაღწევად რა გზაც დაგისახავთ. ამ კვლევის


ლოგიკური დასკვნა ერთია – ადამიანთა სახეობის ევონიმის აღმოჩენა განგიზრახავთ. გსურთ,
კაცობრიობამ მარადიულ სიცოცხლეს სახელდების წყალობით მიაღწიოს.

– ვხედავ, რომ ამგვარი ხერხი დიდად გაღელვებთ, – მიუგო ფილდჰარსტმა, – მოსალოდნელიც


იყო: თავიდან მეც და დოქტორმა ეშბორნმაც, და საერთოდ ყველამ, ვინც კვლევის შესახებ
შეიტყო, იგივე ვიგრძენით. იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები ხელოვნურად ჩაისახებიან, არავის
აღაფრთოვანებს. გადარჩენის სხვა გზის შემოთავაზება შეგიძლიათ? – სტრატონს ხმა არ
ამოუღია და ფილდჰარსტმაც განაგრძო, – ყველა, ვინც კი დოქტორ ეშბორნის და დიუბისონ-
ჟილის ნაშრომს გაეცნო, ჩვენ გვემხრობა – არანაირი სხვა გზა არაა.

სტრატონმა საკუთარ თავს შეახსენა, რომ მეცნიერის შესაფერისი უშფოთველი


დამოკიდებულება უნდა შეენარჩუნებინა.

– მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ, სახელი რა მხრივ უნდა გამოიყენოთ? – იკითხა.

პასუხის გაცემა ეშბორნმა ითავა:

– როდესაც ქმარს ცოლის განაყოფიერების უნარი არ ექნება, ექიმს მიმართავს. ექიმიც ქალის
მენსტრუალურ სისხლს შეაგროვებს, კვერცხუჯრედს გამოყოფს, სახელით გავლენას მოახდენს
და შემდეგ კვლავ საშვილოსნოში მოათავსებს.

– ასეთი ხერხით ჩასახულ ბავშვს ბიოლოგიური მამა არ ეყოლება.

– მართალია, მაგრამ ასეთ ვითარებაში მამის ბიოლოგიური წვლილი ძალიან უმნიშვნელო


საკითხია. მომავალი დედა მეუღლეს საკუთარი შვილის მამად აღიქვამს, მისი წარმოსახვა კი
ნაყოფს ცოლ-ქმრის გარეგნულ მახასიათებლებს მიანიჭებს. ამას ვერაფერი შეცვლის. იმის
ხსენება, რომ სახელით ზემოქმედება გაუთხოვართათვის დაშვებული არ იქნება, საჭიროდ არც
კი მიმაჩნია.

– დარწმუნებულნი ხართ, რომ ამ გზით ჯანსაღი ბავშვი დაიბადება? – იკითხა სტრატონმა, –


ვგონებ, ზუსტად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, – ყველამ კარგად უწყოდა წინა საუკუნის
საზარელი მცდელობის შესახებ, როდესაც უკეთესი ბავშვების დაბადების იმედით ქალებს
ფეხმძიმობისას აჰიპნოზებდნენ.

ეშბორნმა თავი დაუქნია.

173
– ბედმა გაგვიღიმა იმ მხრივ, რომ კვერცხუჯრედი მეტისმეტად მგრძნობიარეა მასზე
ზემოქმედების მიმართ. ნებისმიერი სახეობის სხეულთათვის ევონიმთა მხოლოდ მცირე
სიმრავლე არსებობს. გავლენის მომხდენი სახელის ლექსიკური წესრიგი სახეობის
სტრუქტურულ წესრიგს ზუსტად თუ არ მიესადაგა, ჩანასახში ისე სიცოცხლე არ შთაიბერება. ეს
იმის საჭიროებას სულაც არ გამორიცხავს, რომ ფეხმძიმობისას დედამ ნათელი და მშვიდი
გონება უნდა შეინარჩუნოს – დედა თუ უგუნებოდ იქნა, სახელით ზეგავლენა მთავარი დამნაშავე
არაფერში იქნება. სამაგიეროდ, კვერცხუჯრედის მაღალმგრძნობელობა იმის გარანტიას
იძლევა, რომ ჩანასახი ყველა შემთხვევაში კარგად განვითარდება, გარდა ერთისა.

სტრატონი შეშფოთდა:

– ის ერთი რომელია?

– თავად ვერ ხვდებით? სახელით შექმნილ ბაყაყებში ეს ნაკლი მხოლოდ მამრებში


გამოვლინდა – სტერილურები იყვნენ, მათ სპერმატოზოიდში არანაირი წინაჩანასახოვანი
ფორმა არ აღმოჩნდა. შედარებისათვის, მდედრებს ნაყოფიერების უნარი არ დაუკარგავთ: მათი
კვერცხების გასანაყოფიერებლად ტრადიციული მეთოდიც ვარგოდა და სახელით ზეგავლენაც.

სტრატონმა შვება იგრძნო.

– ანუ, სახელის მამრისეული ვარიანტი არასრულყოფილია. სავარაუდოდ, სახელის მამრულ და


მდედრულ ვარიანტს, სქესობრივი ეპითეტის გარდა, კიდევ რაღაც განასხვავებს.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ მამრული ვარიანტი წუნს შეიცავს, –
მიუგო ეშბორნმა, – მე კი ასე არ ვფიქრობ. დაფიქრდით: განაყოფიერების უნარის მქონე
მდედრი და მამრი, შესაძლოა, ექვივალენტურად მივიჩნიოთ, მაგრამ მათ ერთი მახასიათებელი
რადიკალურად განასხვავებთ; მდედრის სიცოცხლისუნარიანი კვერცხუჯრედი მხოლოდ ერთი
ორგანიზმია, მამრის სიცოცხლისუნარიანი სპერმა კი უამრავი – მამა და ყველა მისი
პოტენციური შვილი. ამ მხრივ თუ შევხედავთ, სახელის ორი ვარიანტი ზუსტად მოქმედებს –
ორივე ერთი ორგანიზმის შესაქმნელადაა განკუთვნილი, თუმცა მხოლოდ მდედრის სხეული
შეესაბამება ერთ ცოცხალ სხეულს. ამიტომაცაა მდედრი ნაყოფიერი, მამრი კი – არა.

– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, – სტრატონს ფიქრმა გაჰკრა, რომ ორგანულ დონეზე


სახელდების გამოსაყენებლად დიდი თავისმტვრევა მოუწევდა, – სხვა სახეობის ევონიმებიც
ხომ არ გამოგიგონებიათ?

– ოცამდე სახეობას გავწვდით. წინ სწრაფად წავიწიეთ. ადამიანის შესაფერის სახელზე მუშაობა
სულ ახლახან დავიწყეთ და როგორც აღმოჩნდა, დანარჩენ სახელებთან შედარებით
უკიდურესად რთული საქმეა.

– ამ წამოწყებაში რამდენი მესახელე მონაწილეობს?

– მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა, – მიუგო ფილდჰარსტმა, – რამდენიმეს


სამეფო საზოგადოებაში მივაწვდინეთ ხმა, საფრანგეთის აკადემიამაც რამდენიმე მოგვაშველა.

174
სწორად გამიგეთ, სახელებს ამჟამად ვერ გავამხელ, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
რომ გვერდში ინგლისის რჩეული მესახელეები გვიდგანან.

– მომიტევეთ ეს შეკითხვა, მაგრამ მე რატომ დამიკავშირდით? თქვენ მიერ დასახელებულ


კატეგორიაში არ გავდივარ.

– ჯერ ხანგრძლივი კარიერა არ გაქვს, – უპასუხა ეშბორნმა, – მაგრამ სახელთა ტიპი, რომელიც
შეიმუშავე, უნიკალურია. ავტომატათა უმთავრესი განმასხვავებელი ფორმა და ფუნქცია
გახლდათ: ზოგი კარგად ცოცავდა, ზოგი – თხრიდა, თუმცა ორი სხვადასხვა საქმე არცერთს არ
ეხერხებოდა. შენს ქმნილებებს კი მრავალმხრივი ინსტრუმენტის, ადამიანური ხელების
გამოყენება შეუძლიათ – სხვას რას შესწევს უნარი, ქანჩის მოჭერასაც გაუმკლავდეს და
პიანინოზეც დაუკრას? ხელების სიმკვირცხლე გონებაგამჭრიახობის ფიზიკური გამოვლინებაა,
სახელს კი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, ეს ორივე თვისება უნდა ახასიათებდეს.

– ამგვარი მოქნილობის აღმოსაჩენად მოქმედ სახელმდებთა კვლევებს ფარულად


ვაკვირდებოდით, – განაგრძო ფილდჰარსტმა, – როგორც კი გავარკვიეთ, რას მიაღწიე, მაშინვე
გამოგარჩიეთ.

– ისე, – სიტყვა ჩამოართვა ეშბორნმა, – ჩვენი ყურადღება სწორედ იმით მიიპყარით, რითაც
სკულპტორებში ვნებათაღელვა გამოიწვიეთ: თქვენი სახელების წყალობით ავტომატონებმა,
წინანდებურთან შედარებით, უფრო ადამიანური იერი შეიძინეს. ახლა კი გეკითხებით: თანახმა
ხართ, შემოგვიერთდეთ?

სტრატონი ჩაფიქრდა. ალბათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება იყო, რაც მესახელესთვის


შეიძლებოდა მიენდოთ და ჩვეულებრივ, ასეთ შესაძლებლობას მაშინვე ხელს სტაცებდა; სანამ
ახლა დასტურს მისცემდა, გადაწყვეტილების მართებულობაში დასარწმუნებლად კიდევ ერთ
შეკითხვაზე პასუხის გაცემა სჭირდებოდა.

– ამ მიპატიჟებით დიდ პატივს მდებთ, მაგრამ ხელმარჯვე ავტომატონებს რა ბედი ეწევათ? მე


მჯერა, რომ იაფი ძრავები მუშათა კლასის ცხოვრებას გააუმჯობესებს.

– საყურადღებო მიზანია, – შენიშნა ფილდჰარსტმა, – და თავს ნებას ვერ მივცემ, ამ მიზნისკენ


სწრაფვა შეგიზღუდოთ. პირიქით, მთელი გულით გისურვებთ, მოქნილი ხელებისათვის
სრულყოფილი ეპითეტი იპოვოთ. ოღონდ მთელი ეს სოციალური რეფორმა ამაო აღმოჩნდება,
თუ ჯერ ჩვენი სახეობის გადარჩენაზე არ ვიზრუნეთ.
– ცხადია, თუმცა არ მინდა, ხელმარჯვეობის სახელების მიერ შემოთავაზებული პოტენციალი
ყურადღების მიღმა დარჩეს. შეიძლება, ჩვეულებრივი მუშებისათვის ძველი ღირსების
დასაბრუნებლად ამაზე უკეთესი შესაძლებლობა აღარც მოგვეცეს. რა ფასი ექნება ჩვენს
გამარჯვებას, თუკი სახეობის გადარჩენა ამგვარი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებით
დასრულდება?

– კარგი ნათქვამია, – შეაქო ფილდჰარსტმა, – ნება მომეცით, ასეთი რამ შემოგთავაზოთ:


იმისათვის, რომ დრო შედეგიანად გამოიყენოთ, სამეფო საზოგადოება ხელმარჯვე
ავტომატონების განვითარებისთვის გვერდში იმდენად დაგიდგებათ, რამდენადაც საჭირო

175
იქნება: იგულისხმება ინვესტორების დაცვა და ასე შემდეგ. მჯერა, დროს ამ ორ პროექტს შორის
ბრძნულად გაანაწილებთ. ცხადია, ბიოლოგიური სახელდების შესახებ არსად უნდა თქვათ.
ასეთი პირობა ხელს გაძლევთ?

– დიახ. კეთილი, ჯენტლმენებო, თანახმა ვარ, – ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

***

უილოუბისთან უკანასკნელი შეკამათების შემდეგ რამდენიმე კვირა გასულიყო. სტრატონი და


ის ერთმანეთს გვერდით თუ ჩაუვლიდნენ, ცივადღა ესალმებოდნენ. პროფკავშირის წევრ
სკულპტორებთან ურთიერთობა რობერტს თითქმის არ უწევდა – კაბინეტში იჯდა და მთელ
დროს ასოთა გადაწყობას ახმარდა, რათა ხელმარჯვეობის უკეთესი ეპითეტებისთვის
მიეკვლია.

საწარმოში წინა შესასვლელით შევიდა. წესისამებრ, მომლოდინე კლიენტები კატალოგს


სწორედ იქ ფურცლავდნენ. ის დღე საშინაო ავტომატების სიმრავლით გამოირჩეოდა – ყველა
ერთი და იმავე მოდელის ძრავით იყო აღჭურვილი. სტრატონმა თვალი შეავლო, კლერკი
ყველას სწორ სახელს როგორ ანიჭებდა.

– დილა მშვიდობისა, პირს, – შესძახა, – ეს ამდენი ავტომატონი აქ რას აკეთებს?

– "რეგენტის" სახელის გაუმჯობესებული ვარიანტი შექმნეს, – უპასუხა კლერკმა, – უახლესი


მოდელის შესაძენად ხალხი მოგვაწყდა.

– შუადღეს ძალიან დაკავებული იქნები, – ავტომატონის სასახელე განყოფილების კლიტის


გასახსნელი გასაღები იმ სეიფში ინახებოდა, რომლის გასაღებადაც, თავის მხრივ, კოუდის ორი
მენეჯერის საქმეში ჩართვა იყო საჭირო. მენეჯერებს შუადღეობით სეიფის ხანგრძლივი დროით
გაღება დიდად არ ეპიტნავებოდათ.

– დარწმუნებული ვარ, დროულად მოვრჩები.

– ნორჩ დიასახლისს ხომ ვერ ეტყვით, რომ სახვალიოდ დამხმარეს ვერ გაუგზავნით?

კლერკს გაეღიმა:

– რამეში ბრალს მდებთ, სერ?

– არა, არაფერში, – ჩაიხითხითა სტრატონმა. შესასვლელი დარბაზის უკან განლაგებული


კაბინეტებისკენ მიტრიალდა და უილოუბის შეეჩეხა.

176
– იქნებ, სეიფის ღიად დატოვებაც გვიბრძანოთ, – წარმოთქვა სკულპტორმა, – რათა იმ
დიასახლისებს უსიამოვნება არ შეემთხვათ. ვხედავ, ერთადერთი რამ გადარდებთ – როგორმე
ჩვენს საზოგადოებას ძირი გამოუთხაროთ.

– დილა მშვიდობისა, ოსტატო უილოუბი, – უგულოდ მიუგო სტრატონმა. სცადა, გვერდი აექცია,
მაგრამ კაცმა გზა ჩაუხერგა.

– მაცნობეს, რომ კოუდი მზადაა, პროფკავშირის არაწევრებს თქვენი დახმარების ნება მისცეს.

– მართალია, თუმცა გარწმუნებთ, საქმეს მხოლოდ ყველაზე სუფთა რეპუტაციის


სკულპტორებთან ვიჭერ.

– თითქოს ეგეთები არსებობდნენ... – დამცინავად თქვა უილოუბიმ, – უნდა მოგახსენოთ, რომ


ჩვენს სავაჭრო გაერთიანებას ვურჩიე, პროტესტის ნიშნად კოუდში გაფიცვა წამოეწყოთ.

– რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არ ამბობთ, – სკულპტორთა უკანასკნელი გაფიცვიდან,


რომელიც შეხლა-შემოხლით დასრულდა, უკვე ათწლეულები გასულიყო.

– სერიოზულად ვამბობ. საქმე რომ კენჭისყრამდე მისულიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემსასაც


მივაღწევდი: სკულპტორები, ვისთანაც თქვენი ნამუშევრის შესახებ მისაუბრია, მეთანხმებიან იმ
საფრთხეების შესახებ, რასაც თქვენი ავტომატონები გვიქადის. სამწუხაროდ, ამქრის მეთაურმა
საკითხი კენჭის საყრელად არ გაიტანა.

– აჰა, ანუ, თქვენეულ შეფასებას არ იზიარებენ.

ამ სიტყვებზე უილოუბი მოიღუშა.

– აშკარაა, სამეფო საზოგადოება თქვენ სასარგებლოდ ჩაერია და საძმო დაარწმუნა, რომ


ამისთვის შესაფერისი დრო არ იდგა. ძლიერი მხარდამჭერები მიგიმხრიათ, მისტერ სტრატონ.

სტრატონი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.

– სამეფო საზოგადოებას ჩემი კვლევა მნიშვნელოვნად მიაჩნია.

– ალბათ, ასეა, თუმცა იმასაც ნუ ირწმუნებთ, რომ ყველაფერმა ჩაიარა.

– გეუბნებით, უსაფუძვლოდ მმტრობთ, – მტკიცედ მიმართა სტრატონმა, – როგორც კი ნახავთ,


სკულპტორები ავტომატონს რაოდენ კარგად იყენებენ, მაშინვე მიხვდებით, რომ თქვენს
პროფესიას არაფერი ემუქრება.

პასუხად უილოუბიმ მხოლოდ დაუბღვირა და ზურგი აქცია.

177
***

ლორდ ფილდჰარსტთან შეხვედრისას სტრატონმა მაშინვე ჰკითხა, სამეფო საზოგადოება


დაპირისპირებაში ჩაერთო თუ არაო. ფილდჰარსტის სამკითხველოში იყვნენ. გრაფმა ვისკი
ჩამოისხა.

– ჩაერთო, დიახ, – მიუგო, – სკულპტორთა საძმოს კი დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მაინც
ინდივიდებისგან შედგება, რომელთა ცალ-ცალკე გადარწმუნება ნამდვილად შესაძლებელია.

– გადარწმუნებაში რას გულისხმობთ?

– სამეფო საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პროფკავშირის ხელმძღვანელობის წევრები


ჯერჯერობით გაუხსნელ დანაშაულში, კონტინენტზე სახელის მეკობრულ გამოყენებაში იყვნენ
გარეულნი. სკანდალის თავიდან ასარიდებლად ხელმძღვანელობა დაგვთანხმდა, გაფიცვების
შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღონ, ვიდრე თქვენი წარმოების შედეგს არ იხილავენ.

– დახმარებისთვის მადლობელი ვარ, ლორდ ფილდჰარსტ, – დარცხვენით წარმოთქვა


სტრატონმა, – უნდა ვაღიარო, წარმოდგენა არ მქონდა, სამეფო საზოგადოება ამგვარ ხერხებს
თუ იყენებდა.

– ცხადია, საჯარო განხილვისას საზოგადოება ამგვარ საკითხებზე არ საუბრობს, – ლორდმა


ფილდჰარსტმა ბიძასავით გაუღიმა, – მეცნიერების განვითარება ყოველთვის სწორ გზას როდი
მიჰყვება, მისტერ სტრატონ. სამეფო საზოგადოებას დროდადრო უწევს, ოფიციალურ არხებთან
ერთად არაოფიციალურიც მოიშველიოს.

– ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას.

– საზოგადოების მსგავსად, სკულპტორთა საძმომაც, შესაძლოა, ფორმალურად არანაირი


გაფიცვა არ წამოიწყოს და ამის ნაცვლად, შემოვლითი ტაქტიკით შემოგვიტიოს; დავუშვათ,
ანონიმურად გაავრცელოს ბროშურები, რომელთა საშუალებითაც ხალხი თქვენს
ავტომატონებს არ მიიღებს, – ვისკი მოწრუპა, – ჰმმ... მგონი, აჯობებს, ოსტატ უილოუბის ვინმე
ისეთი მივუჩინო, თვალს რომ არ მოაშორებს.

***

178
დარინგტონ ჰოლის სტუმართათვის განკუთვნილ ფრთაში, სადაც ლორდ ფილდჰარსტის
მითითებებით მომუშავე სხვა მესახელეებიც ცხოვრობდნენ, სტრატონს საცხოვრებლად ერთი
ოთახი დაუთმეს. ყველა იქ შეკრებილი – ჰოლკომბიც, მილბარნიცა და პარკერიც – საკუთარი
პროფესიის უბადლო მცოდნე იყო; მიუხედავად იმისა, რომ ეშბორნისგან ბიოლოგიური
სახელდების ტექნიკას ჯერ კიდევ სწავლობდა და ამიტომ ჯერჯერობით დიდი ვერაფრით
გამოირჩეოდა, მათ მხარდამხარ მუშაობას სტრატონი მაინც დიდ პატივად მიიჩნევდა.

ორგანული მიმღებისათვის განკუთვნილი სახელი ბევრ ისეთ ეპითეტს იყენებდა, რაც


ავტომატონთა სახელებშიც ხშირად მეორდებოდა, თუმცა ეშბორნმა ინტეგრაციისა და
ფაქტორიზაციის სრულიად ახლებური სისტემა შეიმუშავა, რომელიც ასოთა გადაწყობის
უთანამედროვეს მეთოდებზე იყო აგებული. სტრატონი თავს ისე გრძნობდა, თითქოს კვლავ
უნივერსიტეტში მიბრუნდა და მთელი სახელდება ხელახლა უნდა ესწავლა. თუმცა, ისიც
თვალსაჩინო იყო, რომ ეს ტექნიკა სახეობათა შესაფერისი სახელის სწრაფად მიგნებას
განაპირობებდა. ლინეის კლასიფიკაციის სისტემის მიერ გამოკვეთილი მსგავსებების
გამოყენებით, მკვლევარს საშუალება ეძლეოდა, ერთი სახეობიდან სხვაზე გადართულიყო.

სტრატონმა სქესობრივი ეპითეტების შესახებაც ბევრი სიახლე შეიტყო. ამ ეპითეტებს,


ტრადიციულად, ავტომატონისათვის მამრის ან მდედრის მახასიათებლის მისანიჭებლად
იყენებდნენ. მანამდე მხოლოდ ერთი ასეთი სიტყვა იცოდა და განცვიფრებული დარჩა,
როდესაც გაიგო, რომ მრავალ ვერსიათა შორის ყველაზე მარტივი სცოდნია. სქესობრივი
ეპითეტი სრულად იყო გამოკვლეული, თუმცა მესახელეთა საზოგადოებაში ამ თემას არასდროს
განიხილავდნენ. უფრო მეტიც – ამბობდნენ, ასეთი ეპითეტის გამოყენების პირველი შემთხვევა
ჯერ კიდევ ბიბლიურ დროს მოხდა, როდესაც იოსების ძმებმა საზიარო მდედრი გოლემი
შექმნეს და ამ გზით ნამდვილ ქალთან სქესობრივი ურთიერთობის აკრძალვას თავი აარიდეს.
ამგვარ ეპითეტთა განვითარება საუკუნეების განმავლობაში, მალულად გრძელდებოდა,
კონსტანტინოპოლიდან დაწყებულმა მოვლენამ ლონდონის საროსკიპოებამდეც ჩააღწია –
სპეციალიზებულ ბორდელებში მსურველს ავტომატონი მეძავების თანამედროვე ვერსიას
სთავაზობდნენ. სტეატიტისგან(სტეატიტი ნივთიერებაა, რომელსაც იღებენ ტალკის
დამუშავების ნარჩენებისგან.) ჩამოთლილი, კარგად გაპრიალებული, სხეულის
ტემპერატურამდე გამთბარი და სურნელოვანი ნელსაცხებლებით გაჟღენთილი სხეულები
ფასით მხოლოდ ინკუბებსა(მამაკაცის სხეულის დემონს, რომელიც მძინარე ქალებთან
სქესობრივ კავშირს ამყარებდა, მითოლოგიურ გადმოცემებში ინკუბი ეწოდებოდა.) და
სუკუბებს(სუკუბიც დემონია, ოღონდ ქალის ფორმის. იგი მძინარე ვაჟებთან წვებოდა.)
ჩამოუვარდებოდნენ.
მათი პროფესია ამ მდაბიური წიაღიდან აღმოცენდა. მეძავთა გასაცოცხლებელი სახელები
ადამიანთა სექსუალობის მძლავრ ეპითეტებს შეიცავდნენ – ქალისასაც და კაცისასაც. იმ
ავხორცობის ცალკე გამოყოფით, რომელიც სახელის ორივე ფორმას ახასიათებდა,
მესახელეებმა მოახერხეს და მამაკაცურობისა თუ ქალურობის პირველყოფილი ეპითეტები
ჩაიჭირეს, თანაც, უფრო დაწმენდილი სახით, ვიდრე ცხოველების შექმნისას მიღებულნი.
სწორედ ეს ეპითეტები აღმოჩნდა ბირთვი, რომლის ირგვლივაც სასურველ სახელს აგებდნენ.
საქმიანობამ სულ უფრო და უფრო ფართო სახე მიიღო.

თანდათანობით, სტრატონმა საკმარისი შეითვისა, რომ ადამიანის სავარაუდო სახელის


აღმოჩენასთან დაკავშირებულ ცდებში მონაწილეობა მიეღო. დანარჩენ მესახელეებთან

179
გუნდურად მუშაობდა. შესაძლო სახელთა თვალუწვდენელ ხეს ერთმანეთში ინაწილებდნენ –
შესასწავლ ტოტებს საზღვრავდნენ, უნაყოფოებისკენ აღარ იხედებოდნენ, იმათ კი, რომლებიც
ყველაზე ნაყოფიერად მოჩანდა, თავს დასტრიალებდნენ.

მესახელეები ქალებისგან – როგორც წესი, ჯანმრთელი მოახლეებისგან – მენსტრუალურ


სისხლს ყიდულობდნენ. საცდელი სახელით ზეგავლენის მოსახდენად საჭირო ადამიანურ
კვერცხუჯრედს სწორედ ამ გზით იღებდნენ. ზეგავლენის შემდეგ მიკროსკოპს ჩაჰკირკიტებდნენ
და იკვლევდნენ, ადამიანის ფეტუსმა როგორი ფორმა მიიღო. სტრატონმა იდეა წამოჭრა,
კვერცხუჯრედი მდედრობითი მეგაფეტუსებისგან გამოვყოთო, მაგრამ ეშბორნმა შეახსენა, რომ
გამეტა სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც მას ცოცხალი ქალის სხეულიდან
მოიპოვებდნენ. ბიოლოგიის ძირითადი დებულება გახლდათ, რომ სიცოცხლის პრინციპის
წყარო მდედრი იყო – არსება, რომელიც შთამომავლობას სულს შთაბერავდა, მამრები კი
სხეულზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ფუნქციათა ამგვარი დანაწილების გამო გამრავლების
უნარი ცალკე არცერთ სქესს არ გააჩნდა.

რა თქმა უნდა, ეშბორნის აღმოჩენამ ეს შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეარბილა: მამრის


თანამონაწილეობა აუცილებელი აღარ იყო, რადგან განსხეულებისთვის ლექსიკური
ზემოქმედებაც კმაროდა. როგორც კი იმ სახელს მიაგნებდნენ, რომელიც ადამიანის ნაყოფის
წარმოქმნას შეუწყობდა ხელს, გამრავლებას თავს მხოლოდ ქალებიც გაართმევდნენ.
სტრატონმა გაიაზრა, რომ ამ აღმოჩენას სიხარულით შეეგებებოდნენ ქალები, რომლებსაც
სქესობრივი გადახრები ახასიათებდათ – საპირისპირო სქესის ნაცვლად, თავიანთი მსგავსნი
მოსწონდათ. სახელი მათთვისაც ხელმისაწვდომი თუ იქნებოდა, იქნებ, რამე საკუთარი
საზოგადოებაც კი შეექმნათ, რომლის წევრებიც პართენოგენეზით გამრავლდებოდნენ. ამგვარი
საზოგადოება ნაზი სქესისთვის ნიშანდობლივი ფაქიზი შეგრძნებების გაასმაგებული
გამძაფრების წყალობით აყვავდებოდა თუ წევრთა დაუოკებელი პათოლოგიის გამო კრახს
განიცდიდა? ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო.

სანამ სტრატონიც შეუერთდებოდათ, მესახელეებმა ისეთი სახელები აღმოაჩინეს, რომელთაც


კვერცხუჯრედში ჰომუნკულუსთან მიმსგავსებული სხეულის ჩამოყალიბება შეეძლოთ.
დიუბისონისა და ჟილის მეთოდის გამოყენებით, ასეთ სხეულებს ადიდებდნენ, რათა
დაწვრილებითი გამოკვლევის ჩატარების საშუალება ჰქონოდათ. წარმონაქმნები
ავტომატონებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ადამიანებს – კიდურები ერთმანეთში შეხორცებული
თითებისგან შეკრული ნიჩბებით ბოლოვდებოდა. ხელმარჯვეობის ეპითეტის წყალობით
სტრატონმა თითების განცალკევება და სხეულთა ზოგადი ფორმის დახვეწა შეძლო. სანამ ის
შრომობდა, მთელი იმ დროის განმავლობაში ეშბორნი გამუდმებით არასტანდარტული
მიდგომის საჭიროებაზე საუბრობდა.

– ავტომატონის მოქმედებათა თერმოდინამიკა წარმოიდგინეთ, – წარმოთქვა ერთ-ერთი


განხილვის დროს, – წიაღის მომპოვებელი ძრავები მადანს თხრიან, მოსამკალი ძრავები
ხორბალს მკიან, შეშისმჭრელები – ხე-ტყეს მოიპოვებენ; თუმცა არცერთი ეს მოქმედება,
რაოდენ სასარგებლოც არ უნდა გვეჩვენებოდეს, წესრიგს არ შობს. მათი მამოძრავებელი
ყოველი სახელი, სითბოს მოქმედებაში გარდაქმნით, თერმულ დონეზე წესრიგს ქმნის, თუმცა
უმრავლეს შემთხვევაში, ავტომატონების შრომის გამოყენებას თვალისათვის შესამჩნევი
უწესრიგობა მოაქვს.

180
– საინტერესო მოსაზრებაა, – ფიქრიანად წარმოთქვა სტრატონმა, – საკითხს ამ კუთხით თუ
შევხედავთ, გონებაში ავტომატონთა შესაძლებლობების შემზღუდავი უამრავი ძველი ნაკლი
ამოგვიტივტივდება: მათ არ ძალუძთ, მიყრილი ყუთები ერთმანეთს, ადრინდელ წყობასთან
შედარებით, უფრო მოხდენილად დააწყონ, არც იმის უნარი გააჩნიათ, მოპოვებული
წიაღისეული შემადგენლობის მიხედვით დაახარისხონ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ სამრეწველო
სახელთა ჩვენთვის ცნობილი ტიპები, თერმოდინამიკული გადმოსახედიდან, მძლავრი არაა.

– ზუსტად! – ეშბორნმა იმ მასწავლებლის აღტაცებით შესძახა, რომელიც მოულოდნელად


ძალიან ნიჭიერ მოწაფეს წააწყდა, – კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლითაც ხელმარჯვეობის
სახელთა თქვენეული კლასი მათგან განსხვავდება. ავტომატონისთვის დახვეწილი სამუშაოს
შესრულების უნარის მინიჭებით, თქვენმა სახელებმა წესრიგი მხოლოდ თერმულ დონეზე კი არ
ჩამოაყალიბა, არამედ ვიზუალურ დონეზეც განავრცო.

– ამით მილბარნის აღმოჩენებს წააგავს, – თქვა სტრატონმა. მილბარნმა საშინაო ავტომატონი


შექმნა, რომელსაც შეეძლო, ნივთები მათთვის განკუთვნილ ადგილზე დაებრუნებინა, –
თვალისათვის შესამჩნევი წესრიგის ჩამოყალიბება მის მექანიზმსაც შეუძლია.

– მართალია. ამ მსგავსებაზე დაყრდნობით, ერთი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებაცაა შესაძლებელი,


– ეშბორნი წინ გადაიხარა, – დავუშვათ, მოვახერხეთ და თქვენ ორის მიერ შექმნილი სახელების
საერთო მახასიათებელი ეპითეტი გამოვყავით; ეპითეტი, რომელსაც წესრიგის განვრცობა ორ
სხვადასხვა დონეზე შეუძლია. გარდა ამისა, ისიც დავუშვათ, რომ ადამიანთა სახეობის ევონიმი
აღმოვაჩინეთ და ეპითეტის ჩაშენება სახელშიც შევძელით. რას ფიქრობთ, ამ სახელით
გავლენის მოხდენის შედეგად ქვეყანას რა მოევლინება? ტყუპებიო, არ მითხრათ, თორემ თავში
წაგითაქებთ.

სტრატონს გაეცინა.

– გავბედავ, მოგახსენოთ, რომ იმაზე უკეთ მესმის, ვიდრე გგონიათ. თქვენი აზრით, თუკი
არაორგანულ მიმღებთან გამოყენებისას სახელს ორ სხვადასხვა დონეზე თერმოდინამიკული
წესრიგის შემოტანა შეუძლია, ორგანულ მიმღებთან მიმართებაში ორი თაობის წარმოქმნის
უნარიც ექნება. ასეთი სახელის წყალობით იმ მამრების გაჩენაც გახდება შესაძლებელი,
რომელთა სპერმატოზოიდი წინაჩანასახოვან ფეტუსს შეიცავს. თავად მამრები ნაყოფიერნი
იქნებიან, თუმცა მათი თანამონაწილეობით დაბადებული ნებისმიერი ვაჟი სტერილური
დარჩება.

მასწავლებელმა ტაში შემოჰკრა.

– ნამდვილად: წესრიგი, რომელიც წესრიგს წარმოშობს! საინტერესო ჩანაფიქრია, არა? მისი


მეოხებით, ჩვენი რასის გადასარჩენად საჭირო სამედიცინო ჩარევათა რიცხვს გავანახევრებთ.

– ფეტუსთა ორ თაობაზე მეტის დაბადებასთან დაკავშირებით რას იტყვით? რა მახასიათებელი


უნდა ჰქონდეს ავტომატონს, რომ მისი სახელი საჭირო ეპითეტს შეიცავდეს?

181
– ვშიშობ, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად თერმოდინამიკული მეცნიერება ჯერ კიდევ
განუვითარებელია. არაორგანული მიმღებისათვის, მაინც, რა შეიძლება წარმოქმნიდეს კიდევ
უფრო მაღალი დონის წესრიგს? იქნებ, ავტომატონთა შეთანხმებული მუშაობა? ჯერჯერობით,
არ ვიცით, თუმცა, ალბათ, დრო რომ მოვა, გვეცოდინება.

სტრატონმა ის შეკითხვა ამოთქვა, რომელიც კარგა ხანი აწვალებდა:

– დოქტორო ეშბორნ, ჯგუფში როდესაც მიღებდით, ლორდმა ფილდჰარსტმა კატასტროფული


მოვლენებისას სახეობების დაბადების ალბათობაზე ისაუბრა. შესაძლებელია თუ არა, რომ
სახეობათა მთელი რიგი სახელდების საშუალებით შეიქმნას?

– აჰ, თეოლოგიის საზღვრებს მივადექით. ახალი სახეობების წარმოშობა ისეთი წინაპრების


არსებობის აუცილებლობას ქმნის, რომელთა რეპროდუქციულ ორგანოებშიც შთამომავალთა
ურიცხვი რაოდენობა ინახება; ასეთ სხეულებს ყველაზე მაღალი დონის წესრიგი ახასიათებთ,
რისი წარმოსახვაც კი შეგვიძლია. პირწმინდად ფიზიკურ პროცესს ასეთი მაღალხარისხოვანი
წესრიგის ჩამოყალიბება შეუძლია თუ არა? არცერთი ბუნებისმეტყველს არ შეუქმნია მექანიზმი,
რომელიც ამგვარ მოვლენას შესაძლებელს გახდიდა. მეორე მხრივ, რადგან ვიცით, რომ
ლექსიკურ პროცესს წესრიგის წარმოშობა ხელეწიფება, უამრავი ახალი სახეობის ქვეყანაზე
მოსავლენად განუსაზღვრელი ძალაუფლების მატარებელი სახელის გამოყენება იქნებოდა
საჭირო. სახელდების ამგვარი ოსტატობა ღვთიურ შესაძლებლობებს უტოლდება. შესაძლოა,
ღვთიურობის განმარტებაც კია. ეს ის შეკითხვაა, სტრატონ, რომელზე პასუხიც იქნებ არასდროს
გვეღირსოს, თუმცა ამ ფაქტს უფლებას ვერ მივცემთ, ჩვენს ამჟამინდელ ქმედებებზე გავლენა
მოახდინოს. შესაძლოა, კაცობრიობა სწორედ სახელის გამოყენებით წარმოიშვა; შესაძლოა –
არა. მე იმის მჯერა, რომ სახელი ახლა ჩვენი არსებობის გასახანგრძლივებელი საუკეთესო გზაა.

– გეთანხმებით, – კვერი დაუკრა სტრატონმა, ცოტა ხანში კი დაამატა, – გამოგიტყდებით,


მუშაობისას, მეტწილად, გადანაცვლებებსა და სხვადასხვა კომბინაციის ცდებში ვარ ჩაკარგული
და ჩვენი მცდელობის სრული სიდიადე გონებიდან მვარდება. იმაზე ფიქრი, წარმატების
შემთხვევაში რას მივაღწევთ, გამომაფხიზლებლად მოქმედებს.

– მეც სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ, – გამოუტყდა ეშბორნი.

***

სამრეწველოში, საკუთარ სამუშაო მაგიდასთან მიმჯდარი სტრატონი ქუჩაში მოწოდებული


ბროშურის კითხვას შეუდგა და თვალები კინაღამ დაუელამდა. ტლანქად დაბეჭდილ ტექსტში
ასოები გადღაბნილიყო.

182
"ადამიანი უნდა ბატონობდეს სახელზე, თუ სახელი – ადამიანზე? დიდი ხნის წინ
კაპიტალისტებმა სახელები მოხვეტეს, თავიანთ სკივრებში გამოკეტეს, პატენტებითა და
კლიტით ჩარაზეს და დღეს სიმდიდრეს ამ ცარიელი ასოების ფლობის წყალობით აგროვებენ,
ჩვეულებრივ კაცს კი ყოველი შილინგისათვის ოფლის ღვრა უწევს. ანბანს ხელს მანამ არ
გაუშვებენ, ვიდრე მისგან უკანასკნელ პენისაც არ გამოწურავენ. ამის შემდეგღა მოგვიგდებენ.
ასე როდემდე უნდა ვაბოგინოთ?"

სტრატონმა მთელ ბროშურას კიდევ ერთხელ გადახედა, მაგრამ ახალი არაფერი აღმოუჩენია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში გამუდმებით ასეთი ნაწერების კითხვა უწევდა და უბრალო
ანარქისტულ ლაყბობად მიაჩნდა. ლორდ ფილდჰარსტის თეორიას, რომ სკულპტორები ამ
ბროშურებს სტრატონის საქმიანობის საზიანოდ გამოიყენებდნენ, ჯერჯერობით არანაირი
მტკიცებულება არ ამყარებდა. მისი ხელმარჯვე ავტომატონების საჯარო წარდგენა შემდეგი
კვირისთვის იყო დანიშნული, იმ დროისათვის კი უილოუბი უკვე ვეღარ მოსწვდებოდა, მის
წინააღმდეგ ხალხის ამხედრებას, ალბათ, ვეღარ მოახერხებდა. სტრატონს აზრად მოუვიდა, ეგ
კი არა, იქნებ, საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბროშურები მე თვითონაც
დავარიგოო. ნაწერში აღწერდა, მიზნად მაქვს, ავტომატონთა უპირატესობანი ყველასათვის
ხელმისაწვდომი გავხადო და სწორედ ეს განაპირობებს განზრახვას, ჩემს შექმნილ სახელთა
პატენტი საგულდაგულოდ დავიცვა, რათა ლიცენზიის შეძენა მხოლოდ კეთილსინდისიერმა
საწარმოებმა შეძლონო. იქნებ, სლოგანიც გამოეყენებინა: "ავტონომია ავტომატონების
წყალობით", ან რამე ამგვარი.

კაბინეტის კარზე დაუკაკუნეს. სტრატონმა ბროშურა სანაგვეში ჩაუძახა.

– მობრძანდით.

მგლოვიარესავით გამოწყობილი, გრძელწვერა კაცი შემოვიდა.

– მისტერ სტრატონი ბრძანდებით? – იკითხა, – ნება მომეცით, წარმოგიდგეთ. მე ბენჯამინ


როთი მქვია, კაბალისტი ვარ.

სტრატონს წამიერად მეტყველების უნარი წაერთვა. ჩვეულებრივ, ახალმოსულის მსგავს


მისტიკოსებს სახელდების, როგორც მეცნიერების შესახებ არსებული თანამედროვე
შეხედულება შეურაცხყოფად მიაჩნდათ, მესახელეობა კი იდუმალი რიტუალის
სეკულარიზაციად. სტრატონს აზრადაც არ გაუვლია, რომ ასეთი სტუმარი შეიძლებოდა
სწვეოდა.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– შევიტყე, რომ ასოთა გადანაცვლების საქმეში წინ მნიშვნელოვნად წაიწიეთ.

– მადლობას მოგახსენებთ, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თქვენნაირი პიროვნება ამ


საკითხით დაინტერესდებოდა.

როთმა უგერგილოდ გაიღიმა.

183
– პრაქტიკული გამოყენებით დაინტერესებული არც გახლავართ. კაბალისტის მიზანი ღვთის
უკეთ შეცნობაა, მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზა კი იმ ხელოვნების შესწავლაა, რომლის
მიხედვითაც ღმერთი ქმნის. სხვადასხვა სახელთა გამოყენებით ვმედიტირებთ, რათა
ცნობიერებით ექსტაზს მივაღწიოთ; რაც უფრო ძალმოსილია სახელი, მით უფრო
ვუახლოვდებით უზენაესს.

– გასაგებია, – სტრატონს თავში გაუელვა, ნეტავ, რას იფიქრებს, როდესაც შექმნადობის


მისაღწევად ბიოლოგიური სახელდების პროექტის შესახებ გაიგებსო, – გთხოვთ, განაგრძეთ.

– ხელმარჯვეობის თქვენეული ეპითეტების წყალობით გოლემს სხვა გოლემის, ანუ თავისი


მსგავსის გამოძერწვა შეუძლია. იმ არსების შექმნის უნარის მქონე სახელი, რომელსაც, თავის
მხრივ, სხვა არსების შექმნა ძალუძს, ღმერთთან იმაზე ახლოს მიგვიყვანდა, ვიდრე ეს ოდესმე
მოგვიხერხებია.

– ვშიშობ, ჩემი ნამუშევრის შესახებ მცდარი წარმოდგენა გაქვთ, თუმცა პირველი არ


ბრძანდებით, ვინც ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. ყალიბთა გამოყენების უნარი ავტომატონს
საკუთარის მსგავსი არსების შემქმნელად სულაც არ აქცევს. ამისათვის უამრავი სხვა
მახასიათებელიც საჭიროა.

კაბალისტმა თავი დაუქნია.

– კარგად მესმის. მე თვითონ, კვლევებისას, ეპითეტს მივაგენი, რომელიც რამდენიმე სხვა


აუცილებელ უნარს მოიცავდა.

სტრატონი ინტერესმა ერთბაშად მოიცვა და წინ გადაიხარა. სხეულის შექმნის შემდგომი


ნაბიჯი სახელით მისი გაცოცხლება იქნებოდა.

– თქვენი ეპითეტი ავტომატონს წერის საშუალებას აძლევს? – თავად მის მიერ შექმნილ
ავტომატონს ფანქრის ჩაბღუჯვა სულ ადვილად შეეძლო, თუმცა უმარტივეს ნიშანსაც ვერ
ამოჩხაპნიდა, – როგორ მოახერხეთ, რომ ავტომატონს წერისათვის საკმარისი ხელმარჯვეობა
უბოძეთ, ყალიბთან მუშაობისთვის კი – არა?

როთმა თავი მოკრძალებით დახარა.

– ჩემი ეპითეტი წერის უნარს ან ზოგადად, მტევნის მოქნილობას არ ანიჭებს. მისი წყალობით
გოლემს, უბრალოდ, იმ სახელის დაწერა შეუძლია, რომელმაც გააცოცხლა, მეტი არაფრის.

– აჰ, გასაგებია, – ესე იგი, ეპითეტი რამე უნარის ათვისებისთვის საკმარის გამჭრიახობას კი არა,
ერთ უბრალო თანდაყოლილ უნარს ანიჭებდა. სტრატონმა სახელმდები ასოების იმ წყობის
წარმოდგენა სცადა, რომელიც ავტომატონს ნიშანთა გარკვეული მიმდევრობის ინსტინქტურად
გამოსახვის საშუალებას მისცემდა, – ძალიან საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ, რამდენადაც
ვხვდები, ფართო გამოყენება ვერ მოუძებნეთ, არა?

184
როთს სახეზე მტკივნეული ღიმილი დაეტყო. სტრატონი მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა.
სტუმარმა სცადა, ეს წამონასროლი ხუმრობაში გაეტარებინა.

– შეიძლება, ასეც დაასკვნათ, – არ დაუმალავს როთს, – თუმცა ჩვენ სხვაგვარი აღქმა გვაქვს.
ჩვენთვის ამ ეპითეტის ფასს, ისევე, როგორც სხვებისას, ის კი არ განსაზღვრავს, გოლემს რა
სასარგებლო უნარს ანიჭებს, არამედ ის, ექსტაზის რა მდგომარეობის მიღწევის
შესაძლებლობას გვაძლევს.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ხელმარჯვეობის ეპითეტების მიმართ ინტერესიც სწორედ
ამან განაპირობა?

– დიახ. ვიმედოვნებ, თქვენი ეპითეტების გაზიარებაზე უარს არ გვეტყვით.

სტრატონს აქამდე არასოდეს ენახა კაბალისტი, რომელიც მსგავსი თხოვნით მიმართავდა. ისიც
აშკარა იყო, არც როთი ჩანდა მაინცდამაინც კმაყოფილი იმით, რომ პირველობა ერგო. სანამ
ვითარებას წონიდა, რობერტს ხმა არ ამოუღია.

– ყველაზე მძლავრი სახელებით მედიტირების შესაძლებლობა რომ მიიღოს, კაბალისტი


ვალდებულია თუ არა, გარკვეულ რანგს მიაღწიოს?

– დიახ, ცხადია.

– ანუ, სახელებთან წვდომა გეზღუდებათ?

– აჰ, არა. ბოდიშს გიხდით, სწორად ვერ მიგიხვდით. სახელში დაბუდებული ექსტაზური
მდგომარეობის მიღწევა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როდესაც პიროვნება
მედიტაციისათვის საჭირო ტექნიკას სრულად აითვისებს. საიდუმლოდ თავად ამ ტექნიკას
ვინახავთ. შესაბამისი წვრთნის გარეშე ამგვარი ხერხების გამოყენებამ შეიძლება სიგიჟე
გამოიწვიოს. თავად სახელებს – თვით ყველაზე ძლევამოსილთაც კი – ახალბედათათვის
ექსტაზის მისაღწევი არანაირი უნარი არ გააჩნია. სახელები ხომ, თიხისათვის სიცოცხლის
მიმნიჭებლის გარდა, სხვა არაფერია.

– სხვა არაფერია, – გაიმეორა სტრატონმაც. მართლაც, რა განსხვავებული თვალთახედვა


ჰქონდათ, – რადგან ასეა, ვშიშობ, ჩემს სახელთა გამოყენების უფლებას ვერ მოგცემთ.

მოღუშულმა როთმა თავი გააქნია, თითქოს ზუსტად ამგვარ პასუხს ელოდაო.

– ფულის შოვნა გინდათ.

ახლა უკვე სტრატონს მოუხდა, მოსაუბრის უტიფრობა გადაეყლაპა.

– ფული ჩემთვის მთავარი არ არის, თუმცა, ჩემს ხელმარჯვე ავტომატონებთან დაკავშირებით


გეგმები მაქვს დაწყობილი, მათ განსახორციელებლად კი აუცილებელია, რომ პატენტი არ
დაირღვეს. გეგმების შესრულებას რისკს ვერ შევუქმნი და სახელს განურჩევლად ყველას ვერ
დავურიგებ, – სიმართლე რომ ითქვას, ლორდ ფილდჰარსტთან მომუშავე მესახელეებს უკვე

185
ყველაფერი გაანდო, თუმცა ისინი ხომ ჯენტლმენები იყვნენ, რომელთაც სიტყვა დადეს, რომ
უფრო დიდ საიდუმლოებას შეინახავდნენ. მისტიკოსებთან ასე თავდაჯერებით ვერ იქნებოდა.

– შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ თქვენს სახელს, ექსტაზის მიღწევის გარდა, სხვა მიზნით არ
გამოვიყენებთ.

– ბოდიშს გიხდით. თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მეტისმეტად დიდი


რისკის გაწევას მთხოვთ. ყველაზე მეტი, რაც ახლა შემიძლია, იმის შეხსენებაა, რომ პატენტი
შეზღუდული დროით მოქმედებს; როგორც კი ვადა გაუვა, სახელს, როგორც მოისურვებთ, ისე
გამოიყენებთ.

– ამას ხომ წლები დასჭირდება!

– ცხადია, გესმით, რომ ამქვეყნად სხვა ადამიანებიც არიან, რომელთა მისწრაფებანი არ უნდა
უგულებელყოთ.

– რამდენადაც ვხედავ, კომერციული გათვლები სულიერ გამოღვიძებას ხელს უშლის. შევცდი,


როდესაც იმის იმედად გეახელით, რომ სხვა პასუხს მივიღებდი.
– უსამართლოდ განსჯით, – შეეპასუხა სტრატონი.

– უსამართლოდ? – როთმა ბრაზი თვალნათლივ გამოამჟღავნა, – თქვენ, "მესახელეები", ღვთის


სადიდებლად განკუთვნილ საშუალებას იპარავთ და საკუთარი ჯიბის გასასქელებლად
იყენებთ. მთელი თქვენი საქმიანობა ისაა, რომ "იეზირას" ფულში ცვლით. არანაირი უფლება
არ გაქვთ, სამართლიანობაზე მელაპარაკოთ.

– ერთი წუთით...

– მადლობას გიხდით, რომ დრო დამითმეთ, – როთი გაუჩინარდა.

სტრატონმა ამოიოხრა.

***

მიკროსკოპის ოკულარებში ჩამძვრალმა სტრატონმა მარეგულირებელი რგოლი ისე


მოატრიალა, რომ ნემსი ზუსტად კვერცხუჯრედის კიდეს მიებჯინა. უეცარმა ტალღამ
კვერცხუჯრედს ისე გადაურბინა, როგორც მოულოდნელი შეხებით დამფრთხალი მოლუსკი
შეკეცავს საცეცებს – სფერო ციცქნა ჩანასახად გარდაიქმნა. სტრატონმა ნემსი გამოსწია,
კორპუსიდან მოხსნა და მის ნაცვლად ახალი მოათავსა. შემდეგ სასაგნე მინა შემთბარ

186
ინკუბატორში შეინახა და მიკროსკოპში სხვა ჩადო, რომელზეც ხელუხლებელი კვერცხუჯრედი
იდო. კვლავ მიკროსკოპისკენ დაიხარა, რათა სახელით ზეგავლენა კიდევ ერთხელ მოეხდინა.

მცირე ხნის წინ მესახელეებმა ისეთ სახელს მიაგნეს, რომელიც ადამიანის ჩანასახისგან
განუსხვავებელ სხეულს ქმნიდა, თუმცა ასეთი სხეულები ვერ ცოცხლდებოდნენ: გაუნძრევლად
იყვნენ და არც გამღიზიანებლებზე რეაგირებდნენ. შეთანხმდნენ, სახელი ადამიანის
არაფიზიკურ თვისებებს ზუსტად ვერ აღწერსო. შესაბამისად, სტრატონი და მისი კოლეგები
დაუღალავად ცდილობდნენ, ადამიანის გამორჩეულობის მახასიათებლებისთვის თავი
მოეყარათ და ისეთი ეპითეტები გამოეწურათ, რომლებიც საკმარისად გამომხატველობითი
იქნებოდნენ, რათა საჭირო თვისებები აღეწერათ, და იმავდროულად, საკმარისად
შეკვეცილნიც, რომ ფიზიკურ ეპითეტებს სამოცდათორმეტასოიან სახელად შერწყმოდნენ.

სტრატონმა ინკუბატორში უკანასკნელი მინაც მოათავსა და ჟურნალში სათანადო შენიშვნები


ჩაიწერა. სანემსე სახელები უკვე ამოეწურა და ერთი დღე უნდა მოეცადა, ვიდრე ახალი
ჩანასახები მომწიფდებოდნენ და გამოცოცხლების ცდებისთვის ვარგისები შეიქნებოდნენ.
გადაწყვიტა, საღამოს დარჩენილ ნაწილს ზემოთ, მისაღებ ოთახში გავატარებო.

კაკლის ხით მოპირკეთებულ ოთახში შესვლისას აღმოაჩინა, რომ ფილდჰარსტი და ეშბორნი


ტყავის სავარძლებში მოკალათებულიყვნენ, სიგარებს ეწოდნენ და ბრენდის წრუპავდნენ.

– ოჰ, სტრატონ, – შესძახა ეშბორნმა, – შემოგვიერთდით.

– სიამოვნებით, – სტრატონი ბარისკენ გაემართა, გამჭვირვალე დეკანტერიდან ცოტაოდენი


ბრენდი დაისხა და ნაცნობებს შეუერთდა.

– ლაბორატორიიდან ახლა ამოხვედით, სტრატონ? – მოიკითხა ფილდჰარსტმა.

სტრატონმა თავი დაუქნია.

– რამდენიმე წუთის წინ უახლესი სახელებით ზეგავლენა მოვახდინე. გული მიგრძნობს,


ბოლოდროინდელ გადანაცვლებებს სწორი მიმართულებით მივყავარ.
– ოპტიმისტურად მხოლოდ თქვენ არ ხართ განწყობილი; სწორედ ახლა განვიხილავდი
დოქტორ ეშბორნთან, რამდენად გავიფართოვეთ თვალსაწიერი მას შემდეგ, რაც ამ გამოწვევას
შევეჭიდეთ. ამჟამინდელი ვითარებით, ისე ჩანს, რომ ევონიმი უკანასკნელი თაობის
დაბადებამდე კარგა ხნით ადრე გვექნება, – ფილდჰარსტმა სიგარა მოქაჩა და საზურგეზე ისე
გადაწვა, რომ თავი სავარძლის შალითაზე მიასვენა, – ეს გასაჭირი, შესაძლოა, საბოლოოდ
სასიკეთოც კი აღმოჩნდეს.

– სასიკეთო? რა მხრივ?

– როგორც კი ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას კონტროლს დავუქვემდებარებთ, საშუალება


მოგვეცემა, ღარიბებს იმხელა ოჯახები აღარ ჰყავდეთ, რამხელაც დღეს ჰყავთ.

სტრატონი შეცბა, თუმცა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია.

187
– ამაზე არ მიფიქრია, – სიტყვებს ფრთხილად არჩევდა.

ეშბორნსაც ოდნავი გაოცება დაეტყო.

– არ ვიცოდი, ასეთი პოლიტიკის დანერგვას თუ აპირებდით.

– ამის აქამდე სათქმელად სათანადო დრო არც ყოფილა, – მიუგო ფილდჰარსტმა, – როგორც
ამბობენ, წიწილებს გამოჩეკამდე არ ითვლიანო.

– დიახ, რა თქმა უნდა.

– თქვენც ხომ მეთანხმებით, რომ ამ გეგმას უსაზღვრო პოტენციალი აქვს. მცირე განხილვა იმის
თაობაზე, ვინ შეიძლება იყოლიოს შვილი და ვინ არა, და მთავრობა ერის რასობრივ ფონდს
დაუზიანებლად შეინარჩუნებს.

– რასობრივ ფონდს რამე ემუქრება? – ჰკითხა სტრატონმა.

– თავადაც შენიშნავდით, რომ დაბალი ფენის ხალხის გამრავლების ტემპი დიდებულთა და


კეთილშობილთა ტემპს მნიშვნელოვნად აღემატება. ღირსება არც უბირ ხალხს აკლია, თუმცა
შნო და გამჭრიახობა არასაკმარისად აქვთ. ამგვარი გონებრივი ჩამორჩენილობა კი საკუთარ
თავს კვებავს: დაბალ ფენაში დაბადებული ქალი ზუსტად თავისნაირ შვილს აღზრდის.
მდაბიოთა კლასის დიდი ნაყოფიანობის შედეგად კი ჩვენი ერი სულ მალე უდიერი ყეყეჩების
ბრბოდ გადაიქცევა.

– ანუ, დაბალ ფენას სახელის ზეგავლენის უფლება ჩამოერთმევა?

– მთლად არა. ცხადია, არც თავიდანვე: როგორც კი ნაყოფიერების შემცირების შესახებ


სიმართლე გამჟღავნდება, მდაბიოებს სახელის ზეგავლენა რომ აეკრძალოთ, აჯანყებისკენ
ჩვენივე ხელით გავრეკავთ. ცხადია, დაბალ ფენას ჩვენს საზოგადოებაში თავისი როლი
დაეკისრება, მთავარია, მათი რიცხოვნობა გაკონტროლდეს. ჩემი ხედვით, პოლიტიკის
განხორციელება რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ უნდა დაიწყოს – იმ დროისთვის ხალხს უკვე
კარგად ეცოდინება, სახელით ზეგავლენის მოხდენა განაყოფიერებისთვის როგორ უნდა იქნას
გამოყენებული. სწორედ მაშინ – შესაძლოა, მოსახლეობის აღწერის თანხლებითაც კი – უნდა
შემოვიღოთ შეზღუდვა, რომელიც წყვილს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის შვილის ყოლის
ნებას მისცემს. იქიდან მოყოლებული, მოსახლეობის სიდიდესა და შედგენილობას
სახელმწიფო დაარეგულირებს.

– ნუთუ ამგვარი სახელის გამოსაყენებლად ეს ყველაზე შესაფერისი გზაა? – ჰკითხა ეშბორნმა, –


ჩვენი მიზანი სახეობის გადარჩენა იყო და არა კლასობრივი პოლიტიკის დანერგვა.

– პირიქით, წმინდა სამეცნიერო საკითხია. სახეობის გადარჩენასთან ერთად, ჩვენი მიზანი


თავად სახეობის სიჯანსაღის შენარჩუნებაცაა, რომელიც მოსახლეობის სათანადო
შედგენილობის წყალობით მიიღწევა. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. ყველაფერი რომ

188
სხვაგვარად იყოს და მშრომელთა მცირე რაოდენობა გვაწუხებდეს, მაშინ ზუსტად ამის
საწინააღმდეგო პოლიტიკას გავატარებდით.

სტრატონმა სიტყვის ჩართვა გაბედა:

– იქნებ, ღარიბებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამ უფრო დახვეწილი თაობის


აღზრდა გამოიწვიოს?

– იაფი ძრავებით წამოწყებულ ცვლილებებს გულისხმობთ, არა? – ღიმილიანი სახით ჰკითხა


ფილდჰარსტმა. სტრატონმა თავი დაუქნია, – შესაძლოა, თქვენმა და ჩემმა რეფორმებმა
ერთმანეთი განამტკიცოს. დაბალი ფენის რიცხოვნობის შემცირებამ მათთვის ცხოვრების
დონის ამაღლება უნდა გაამარტივოს. თუმცაღა, იმის მოლოდინს ნუ შეიქმნით, რომ
ეკონომიკური გაუმჯობესება გონებრივ შესაძლებლობებზეც აისახება.

– რატომაც არა?

– კულტურის თვითკმარი ბუნების შესახებ ნუ დაივიწყებთ, – მიუგო ფილდჰარსტმა, – ჩვენ


ვნახეთ, რომ ყველა მეგაფეტუსი ერთნაირია, თუმცა იმის უარყოფას არავინ დაიწყებს, რომ
ერების მოსახლეობა ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ფიზიკურად, ასევე
ტემპერამენტითაც. ეს ყველაფერი მხოლოდ დედისეული გავლენის შედეგი შეიძლება იყოს:
სწორედ დედის საშვილოსნოა ის ჭურჭელი, რომელშიც სოციალური გარემო ყალიბდება.
მაგალითისთვის, ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება პრუსიელთა შორის გაატარა, ბუნებრივია,
ისეთ ბავშვს გააჩენს, პრუსიული თვისებები რომ ექნება; ამგვარად, უბრალო ხალხის ეროვნული
მახასიათებელი, ბედის ცვალებადობის მიუხედავად, საუკუნეებს გაუძლებს. რეალურობას
მოკლებული იქნება ფიქრი, რომ ღარიბების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

– როგორც ზოოლოგი, ამ საკითხებში ჩვენზე გათვითცნობიერებული ბრძანდებით, –


წარმოთქვა ეშბორნმა და მზერით სტრატონს ენა ჩააგდებინა, – თქვენს მოსაზრებას ვენდობით.

საღამოს დარჩენილი ნაწილი საუბარში გაატარეს, ოღონდ თემატიკას ხშირად ცვლიდნენ.


სტრატონი მთელი ძალით ცდილობდა, წუხილი მიეჩქმალა და მეგობრული იერი
შეენარჩუნებინა. ბოლოს და ბოლოს, ფილდჰარსტი გამოემშვიდობა თუ არა, სტრატონი და
ეშბორნი ლაბორატორიაში დაეშვნენ, რომ მოეთათბირათ.

– რა ადამიანს დავპირდით მხარდაჭერას?! – კარის მიხურვისთანავე აღმოხდა სტრატონს, –


კაცს, რომელიც ხალხს პირუტყვივით ეპყრობა.

– ასე შეძრულებიც არ უნდა ვიყოთ, – ამოიოხრა ეშბორნმა. ლაბორატორიის ერთ-ერთ


ტაბურეტზე ჩამოჯდა, – ჩვენი ჯგუფის უმთავრესი ამოცანა ხომ ადამიანებისთვის იმ
პროცედურის მორგება გახლდათ, რომელიც მხოლოდ ცხოველებისთვის იყო განკუთვნილი.

– ოღონდ არა პირადი თავისუფლების ხარჯზე! ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

189
– ნუ ფხუკიანობ. ახლა ჯგუფის მიტოვებით რას მიაღწევ? იმის გათვალისწინებით, რამხელა
წვლილი მიგიძღვის ჩვენი მიზნის მიღწევის საქმეში, თამაშიდან გასვლით ადამიანის, როგორც
სახეობის, მომავალს მხოლოდ საფრთხეს თუ შეუქმნი. გარდა ამისა, საბოლოო მიზანს შენი
დახმარების გარეშე თუ ვუწიეთ, ლორდ ფილდჰარსტის პოლიტიკის დანერგვას წინ მაინც
ვერაფერი აღუდგება.

სტრატონმა სცადა, თავი ხელში აეყვანა. ეშბორნი მართალი იყო; ამას თავადაც ხვდებოდა.
ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ კი თქვა:

– აბა, რა გზას დავადგეთ? ვინმე ისეთი გეგულება, ვისაც დავუკავშირდებით – პარლამენტის


წევრები, ვინც ლორდ ფილდჰარსტის მიერ შემუშავებული პოლიტიკის წინააღმდეგ
გაილაშქრებს?

– ვგონებ, დიდებულთა და კეთილშობილთა უმრავლესობა ამ საკითხთან დაკავშირებით მის


მოსაზრებას გაიზიარებს, – ეშბორნმა შუბლი თითის წვერებზე დაასვენა. წამიერად ბებრული
იერი დაედო, – წინასწარ უნდა მივმხვდარიყავი. შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც კაცობრიობა
ერთ სახეობად აღვიქვი.
მას შემდეგ, რაც დავინახე, საერთო მიზნის მისაღწევად ინგლისი და საფრანგეთი რა
შეთანხმებულად მუშაობდნენ, დამავიწყდა, რომ განხეთქილება მხოლოდ ერებს შორის როდი
ხდება.

– სახელი ფარულად მუშათა კლასს რომ მივცეთ? ნემსების დამზადებასა და სახელით


ზეგავლენის მოხდენას დამოუკიდებლადაც შეძლებენ.

– იქნებ, გამოუვიდეთ კიდეც, მაგრამ ზეგავლენის მოხდენა ფაქიზი პროცედურაა, რომელიც


ლაბორატორიაში უნდა განხორციელდეს. თანაც, ეჭვი მეპარება, საჭირო მასშტაბის ოპერაციის
ჩატარება მთავრობის ყურადღების მიპყრობის გარეშე მოხერხდეს. ყველაფერი გამჟღავნდება
თუ არა, მართვის სადავეებს ისევ მთავრობა აიღებს.

– რამე ალტერნატივა არსებობს?

სანამ ფიქრობდნენ, ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა, რომელიც ეშბორნმა დაარღვია:

– ჩვენი ის განხილვა გახსოვს, სახელს ფეტუსის ორი თაობის შექმნა რომ შეუძლია?

– ნათლად.

– დავუშვათ, ასეთი სახელი შევქმენით, მაგრამ ლორდ ფილჰარსტთან მის უჩვეულო თვისებაზე
არაფერი ვთქვით.

– მზაკვრული ჩანაფიქრია, – შესძახა გაოგნებულმა სტრატონმა, – ამ სახელის გავლენით


დაბადებული ყველა ბავშვი ნაყოფიერი იქნება და სახელმწიფო შეზღუდვების გარეშე
შეძლებენ გამრავლებას.

190
ეშბორნმა თავი დაუქნია.

– სანამ მოსახლეობის კონტროლისკენ მიმართული ზომები ამოქმედდება, ეს სახელი ფართოდ


უნდა გავრცელდეს.

– ჰო, მაგრამ იმის შემდგომ თაობას რაღა ეშველება? სტერილურობა ხელახლა იჩენს თავს და
გამრავლებას თუ მოინდომებს, მუშათა კლასი კვლავ მთავრობის იმედად დარჩება.

– მართალია, – დაეთანხმა ეშბორნი, – ასე მხოლოდ ხანმოკლე გამარჯვებას თუ ვიზეიმებთ.


ალბათ, უფრო გრძელვადიანი გამოსავალი შედარებით ლიბერალური პარლამენტი იქნებოდა,
მაგრამ ჩემს თვალსაწიერს სცდება იმის ცოდნა, ეს როგორ მოვახერხოთ.

სტრატონი კვლავ იმაზე დაფიქრდა, იაფ ძრავებს რა ცვლილებების გამოწვევა შეეძლო; თუკი
მუშათა კლასის მდგომარეობა ზუსტად იმ მხრივ გაუმჯობესდებოდა, როგორც თავად ეგონა,
იქნებ, დიდებულებიც დარწმუნებულიყვნენ, რომ სიღარიბე განუკურნებელი სულაც არაა.
მაგრამ თუნდაც ყველაფერი ზუსტად მიწყობილიყო, პარლამენტის გადარწმუნებას წლები
დასჭირდებოდა, – რა მოხდება, თუკი სახელის პირველადი ზეგავლენით მრავალი თაობის
ჩასახვას შევძლებდით? სტერილურობამდე უფრო მეტი დრო გავიდოდა და შანსი
გაიზრდებოდა, რომ მანამდე უფრო ლიბერალური სოციალური პოლიტიკაც დამკვიდრდებოდა.

– ოცნებებში გადაეშვი, – ცივი წყალი გადაასხა ეშბორნმა, – მრავალი თაობის გადაცემას ისეთი
ტექნიკური სირთულეები ახლავს, უმალ იმაზე ჩამოვალ ნაძლევს, რომ ფრთებს გამოვისხამთ
და გავფრინდებით. ორი თაობაც კი ამბიციური განაცხადია.

გვიან ღამემდე საუბრობდნენ და სტრატეგიას სახავდნენ. ჭეშმარიტი სახელი რომ რამე სხვით
შეენიღბათ და ლორდ ფილდჰარსტისთვის შეეტყუებინათ, კვლევის შედეგები უსასრულოდ
უნდა გაეყალბებინათ. საიდუმლოების შენახვაზე რომ არაფერი ვთქვათ, უთანასწორო
რბოლაში მოუწევდათ ჩართვა – თავად ურთულესი სახელი უნდა მოეპოვებინათ მაშინ,
როდესაც დანარჩენ მესახელეებს შედარებით იოლად ხელმისაწვდომი ევონიმიც წარმატებას
მოუტანდა. შანსები რომ მეტ-ნაკლებად გაეთანაბრებინათ, ეშბორნსა და სტრატონს სხვების
გადმობირება მოუწევდათ – მათი დახმარების იმედი რომ ჰქონოდათ, იქნებ, ცალკე
დარჩენილთა კვლევისთვის ხელის შეუმჩნევლად შეშლაც მოეხერხებინათ.

– როგორ გგონია, ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს მეცნიერთა ჯგუფის რომელი წევრი


იზიარებს? – ჰკითხა ეშბორნმა.

– მილბარნის ნდობა შეიძლება. დანარჩენებზე ვერაფერს ვიტყვი.

– ვერაფრით გავრისკავთ. მოკავშირის ძიებისას იმაზე მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,


ვიდრე ლორდი ფილდჰარსტი იჩენდა, გუნდის შეკრება რომ ჰქონდა გადაწყვეტილი.

– გეთანხმები, – მიუგო სტრატონმა, შემდეგ კი თავი ისე გააქნია, თითქოს რაღაცას ვერ
იჯერებდა, – ახლა ვცდილობთ, საიდუმლო ორგანიზაციის წიაღში საიდუმლო ორგანიზაცია
შევქმნათ. ნეტავ, ჩანასახთანაც ასე მარტივად იყოს საქმე.

191
***

მეორე დღეს, მზის ჩასვლის ხანს, როდესაც ხილ-ბოსტნეულის უკანასკნელმა გამყიდველმაც


აშალა დახლი და ურიკა შინისკენ გზას გაუყენა, სტრატონი უესტმინსტერის ხიდის მიდამოებში
დახეტიალობდა. საყვარელ კლუბში სულ ახლახან გაუმასპინძლდნენ ვახშმით და
დანაყრებული მიაბიჯებდა "კოუდის მრეწველობისკენ". დარინგტონ ჰოლში გატარებულმა წინა
საღამომ დათრგუნა და დღეს ლონდონს ადრიანად დაუბრუნდა, რათა ლორდ ფილდჰარსტს,
რაც შეიძლება, იშვიათად გადაყროდა. უნდოდა, იმდენად დამშვიდებულიყო, დანამდვილებით
სცოდნოდა, რომ გამომეტყველება არ გათქვამდა.

ეშბორნთან საუბარი გაახსენდა – ორდონიანი წესრიგის შესაქმნელად საჭირო ეპითეტის


გამოყოფის პირველი განხილვა. მსგავსი ეპითეტის პოვნა იმ დროისათვის უკვე არაერთხელ
სცადა, თუმცა მიზნის უკიდურესად რთული ბუნებიდან გამომდინარე, ხელი მოეცარა, ყველა
მცდელობა უნაყოფოდ დასრულდა. თამასამ ახლა კიდევ უფრო აიწია: წინანდელი სამიზნე
საკმარისი უკვე აღარ იყო, ორი თაობა მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს თუ
დააკმაყოფილებდა. თაობათა რიცხვის თუნდაც თითო ერთეულით ზრდა ფასდაუდებელ
სარგებელს მოიტანდა.

კვლავ მის მიერ შექმნილი ხელმარჯვეობის სახელების თერმოდინამიკულ ქცევაზე ჩაფიქრდა:


სითბური დონის წესრიგი ავტომატონს სიცოცხლეს ანიჭებდა და უნარს აძლევდა, წესრიგი
ხილულ დონეზეც შეექმნა. წესრიგი წესრიგს შობდა. ეშბორნის მოსაზრებით, წესრიგის
შემდგომი დონე ავტომატონებს შეთანხმებულად მუშაობას შეაძლებინებდა. ნუთუ ეს
შესაძლებელი იყო? იმისათვის, რომ მხარდამხარ ემუშავათ, ავტომატონებს ერთმანეთთან
საუბარი უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ისინი მუნჯები იყვნენ. ნეტავ, კიდევ თუ არსებობდა რამე
ხერხი, რომელიც ავტომატონთა კომპლექსურ ქცევას ერთმანეთს შეუხამებდა?

უეცრად გააცნობიერა, რომ უკვე "კოუდის მრეწველობასთან" მისულიყო.

ირგვლივ უკვე სიბნელე იდგა, თუმცა თავის კაბინეტამდე მისასვლელი გზა მშვენივრად
ახსოვდა. სტრატონმა შენობის წინა კარი შეაღო, მოსაცდელში შეაბიჯა და სხვა კაბინეტებს
ჩაუარა.

მესახელეთა კაბინეტებამდე მიმავალ დერეფანს რომ მიაღწია, მისი კაბინეტის კარის


მოჭიქული მინიდან გამომავალ სინათლეს მოჰკრა თვალი. გაზის განათება ნამდვილად
გამორთო? კარი შეაღო და დანახულმა ადგილზე მიაყინა.

მაგიდის წინ, იატაკზე, პირქვე ამობრუნებული კაცი ეგდო, რომლისთვისაც ხელები ზურგს უკან
შეეკრათ. სტრატონი სასწრაფოდ მიუახლოვდა – ბენჯამინ როთი, კაბალისტი, მკვდარი

192
დაუხვდა. სტრატონმა ისიც შენიშნა, რომ კაცისთვის რამდენიმე თითი მოემტვრიათ – სანამ
იმქვეყნად გაისტუმრებდნენ, აწამეს.
ფერწასული და მოცახცახე სტრატონი ძლივს წამოდგა. კაბინეტში ენით აუწერელი არეულ-
დარეულობა გამეფებულიყო. ვიღაცას წიგნის თაროები მოეშიშვლებინა, წიგნები კი მუხის
იატაკზე უწესრიგოდ მიმოეფანტა. მაგიდაზე აღარაფერი იდო, შორიახლოს კი
თითბრისსახელურიანი უჯრები ახორხლილიყო – გაძარცული და აყირავებული. მიმოფანტული
ფურცლების კვალი, კარის გავლით, სახელოსნოსკენ მიემართებოდა; შეძრწუნებული
სტრატონი ამ კვალს მიჰყვა, რათა ენახა, იქ რა სურათი დახვდებოდა.

მისი ხელმარჯვე ავტომატონი გაენადგურებინათ; ქვედა ნაწილი იატაკზე ეგდო, დანარჩენი კი


დაენაწევრებინათ, ბათქაშად დაეფშვნათ და მტვრად ექციათ. მაგიდაზე, სადაც ცოტა ხნის წინ
თიხისაგან ნაძერწი ხელის მოდელები ეწყო, ახლა ნაგვის გროვაღა მოჩანდა. კედლებიდან
მტევნის მოყვანილობის გამომსახველი ნახაზები ჩამოეფხრიწათ. სტრატონმა იქაურობა
ყურადღებით მიმოათვალიერა და შენიშნა, რომ ჩამონახევი ქაღალდები სანათის ზეთით
გაეჟღინთათ.

ზურგსუკნიდან ხმა შემოესმა და მოტრიალდა, რომ კაბინეტისკენ გაეხედა. კაბინეტის კარმა


გაიჯახუნა და მის უკან მიმალულმა მხარბეჭიანმა კაცმა სინათლეზე გამოაბიჯა. სტრატონის
მოსვლიდან მოყოლებული, იქ იდგა.

– კარგია, რომ მოხვედი, – წარმოთქვა და სტრატონს მტაცებლური, მკვლელის მზერა მიაპყრო.

სტრატონი სახელოსნოს უკანა კარს ეცა და მეორე დერეფანში გავარდა. სმენით ხვდებოდა, რომ
მოსდევდნენ.

ჩაბნელებულ შენობაში მირბოდა, გზად გვერდს უქცევდა სახელოსნოებში მიწყობილ მაგიდებს,


რომლებზეც კოქსი და რკინა, რეტორტები და ყალიბები მიმოფანტულიყო. სივრცეს მხოლოდ
შუშის ჭერიდან ჩამომავალი მთვარის შუქი ანათებდა. ლითონის დამამუშავებელ
განყოფილებაში შევარდა. რომელიღაც ოთახში წამიერად შედგა, რომ ცოტა სული მოეთქვა და
ახლაღა მიხვდა, მის ნაბიჯებს ყურისწამღები ექო რომ სდევდა. თავის გადასარჩენად
გადაწყვიტა, სირბილზე ხელი აეღო და სადმე მიმალულიყო. მდევრის ნაბიჯების ხმა სადღაც
შორს მიწყდა. ალბათ, მანაც ჩუმად ჩასაფრება გადაწყვიტა.

სტრატონმა მიიხედ-მოიხედა, რომ დასამალად ხელსაყრელი ადგილი ეპოვა. ირგვლივ


ოთახებში მხოლოდ წარმოების სხვადასხვა საფეხურზე მიტოვებული, თუჯის ავტომატონები
მოჩანდა. იმ ოთახში, სადაც ახლა იყო, ავტომატონს ჩამოსხმიდან გამოყოლილ ზედმეტობებს
აცილებდნენ, სხეულს მოუსწორებდნენ და საბოლოო სახეს აძლევდნენ. ახლოს ვერსად
დაიმალებოდა. ის იყო, გასვლა დააპირა, რომ ავტომატონის ფეხებს შეზრდილ შაშხანებს
მოჰკრა თვალი. გულდასმით შეათვალიერა და სამხედრო მოწყობილობა ამოიცნო.

ასეთ ავტომატონებს საბრძოლო განყოფილების დაკვეთით ამზადებდნენ: შეიარაღებული


მანქანები, რომლებსაც ჩაშენებული ქვემეხის დამიზნება-სროლის უნარიც ჰქონდათ და
შაშხანების თვითგადატენვა და ინტენსიური ცეცხლის გახსნაც შეეძლოთ. საძაგელი
ქმნილებები იყვნენ, თუმცა ყირიმში ფასდაუდებელი როლი შეასრულეს – მათ გამომგონებელს

193
პერობაც კი ებოძა. სტრატონმა იარაღის ასამოქმედებელი არცერთი სახელი არ იცოდა –
სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენდა – მაგრამ სხეულის მხოლოდ ის ნაწილი
ემორჩილებოდა ბრძანებას, სადაც შაშხანა იყო ჩამაგრებული; თავად შაშხანა ჩვეულებრივი
მექანიზმით იყო აწყობილი. უსულო სხეულს თუ საჭირო მიმართულებით მიატრიალებდა,
იქნებ, ჩახმახისთვის თითი თავადვე გამოეკრა.

ამ სულელური აზრისთვის საკუთარ თავს შეუკურთხა. ვაზნები არსად იყო. გვერდით ოთახში
გადაიპარა.

თავი შესაფუთ განყოფილებაში ამოჰყო – ირგვლივ ფიჭვისგან შეკრული ყუთები და ნამჯა


მოფანტულიყო. ყუთებს შორის ჩამუხლული შორეული კედლისკენ გაფოფხდა. ფანჯრიდან
ქარხნის ეზოს მოჰკრა თვალი – დასრულებული და შეფუთული ავტომატონები სწორედ იქიდან
გაჰქონდათ. თავადაც ეზოში რომ მოხვედრილიყო, გარეთ მაინც ვერ გააღწევდა – ღამღამობით
ეზოს ჭიშკარს რაზავდნენ. გასაქცევად ერთადერთ გზად ქარხნის მთავარი შემოსასვლელიღა
ესახებოდა, მაგრამ ისევ იმ დერეფანს რომ გაჰყოლოდა, რითაც აქამდე მოვიდა, შეიძლება,
მკვლელს გადაჰყროდა. აჯობებდა, კერამიკის განყოფილებაში გადაცოცებულიყო და წინა
კარამდე ასე მიეღწია.

შესაფუთი განყოფილების შესასვლელიდან ფეხის ხმა შემოესმა. სტრატონი ყუთების გროვის


მიღმა ჩაიმალა თუ არა, რამდენიმე ფუტის მოშორებით ამოჭრილ გვერდით კარს თვალი
მერეღა მოჰკრა. კარი, რამდენადაც შეეძლო, უჩუმრად შეაღო, შეძვრა და ზურგს უკან მოხურა.
ნეტავ, მდევარმა თუ შენიშნა? კარში ამოჭრილი ცხაურიდან გაიჭყიტა; არავინ ჩანდა. მოეშვა –
შეუმჩნევლად გამოპარულა. მკვლელი, ალბათ, შესაფუთ განყოფილებას ჩხრეკდა.

სტრატონმა იქაურობას თვალი მოავლო და მაშინვე მიხვდა, რა შეცდომაც დაუშვა. კერამიკის


განყოფილებისკენ მიმავალი კარი საპირისპირო კედელთან უნდა ეძებნა. საწყობში
გამომწყვდეულიყო, რომელშიც დასრულებული ავტომატონები ჩაემწკრივებინათ. ოთახს სხვა
გასასვლელი არ გააჩნდა. ვერც კარს ჩაკეტავდა. საკუთარი თავი მახეში თავადვე გააბა.

იქნებ, რამე ისეთი მაინც ეპოვა, რაც იარაღად გამოადგებოდა? ავტომატონთა შორის მიწისკენ
დაქანებული მემაღაროე მანქანებიც შენიშნა, რომელთა კიდურებიც უზარმაზარი წერაქვებით
ბოლოვდებოდა, თუმცა თავად ხელსაწყოს პირი ავტომატონის სხეულში იყო ჩახრახნილი.
ვერაფრით მოაძრობდა.

სტრატონს ესმოდა, როგორ აღებდა მკვლელი სხვა გვერდით კარებს და საწყობებს ჩხრეკდა.
მოულოდნელად, გვერდით მიმდგარი მებარგული ავტომატონი შენიშნა, რომლის მთავარი
ფუნქცია მოწყობილობების თრევა იყო. ანთროპომორფული გარეგნობა ჰქონდა და საწყობში
მისნაირი ავტომატონი სხვა არ მოიპოვებოდა. სტრატონს ერთი აზრი მოუვიდა.

მებარგულის კეფა მოჩხრიკა. მებარგულთა სახელები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გახდა
საზოგადო გამოყენებისა, ამიტომ სახელის ჩასადებ ჩაღრმავებას კლიტე არ ედო. ლითონის
ჰორიზონტალური ჭრილიდან ქაღალდის კუთხე ამოჩრილიყო. სტრატონმა მოსასხამის
ჯიბიდან უბის წიგნაკი და ფანქარი ამოაძვრინა – მათ მუდამ თან ატარებდა – და სუფთა

194
ფურცელს მომცრო ნაწილი მოახია. სიბნელეში სამოცდათორმეტი ასოს ნაცნობი კომბინაცია
ნაჩქარევად მიჯღაბნა და ფურცელი ვიწრო ოთხკუთხედად დაკეცა.

მებარგულს წაუჩურჩულა:

– მიდი და კართან, რაც შეიძლება, ახლოს დადექი.

თუჯის სხეული წამოიმართა და კარისკენ გაემართა. რბილად მიდიოდა, თუმცა მაინცდამაინც


სწრაფიც არ ეთქმოდა. მკვლელს შეიძლება საწყობში შემოვარდნა ნებისმიერ წამს მოესწრო.

– სწრაფად, – წაუსისინა სტრატონმა. მებარგული დაემორჩილა.

როგორც კი ავტომატონი კარს შეეხო, სტრატონმა ცხაურიდან დაინახა, რომ მდევარი


შემოსასვლელს გარე მხრიდან მოსდგომოდა.

– გზიდან ჩამომეცალე, – დაიყვირა კაცმა.

მორჩილი ავტომატონი კარს მოსცილდა და ნაბიჯის უკან გადადგმა დააპირა, თუმცა სტრატონი
ეცა და ძველი სახელი ამოგლიჯა. მკვლელი კარს მოაწვა, მაგრამ სტრატონმა ჭრილში ახალი
სახელი ღრმად ჩატენა.

მებარგული კვლავ წინ დაიძრა, ოღონდ ამჯერად სწრაფი, მოუქნელი სვლით – რობერტის
ბავშვობისდროინდელი სათამაშო, თუმცა – დიდი ზომისა. მაშინვე კარს მიეჯახა, მაგრამ
არაფერი შეიმჩნია, მიწოლის ძალით კარს გაღების საშუალებას არ აძლევდა. რამდენჯერაც
კარს მიეხლებოდა, რკინის ხელები მუხის ზედაპირზე ახალ ნაჭდევს ტოვებდა. რეზინი,
რომელიც ფეხსაცმლის მაგივრობას უწევდა, აგურის იატაკზე მძიმედ ბრაგუნობდა. სტრატონი
საწყობის სიღრმეში შეიკუნტა.

– შეწყვიტე, – ბრძანა მკვლელმა, – ჰეი, შენ, სიარული შეწყვიტე! შეწყვიტე!


ავტომატონი კვლავ მსვლელობას აგრძელებდა, ადამიანის ბრძანება თითქოს არც გაუგონია.
კაცი კარს მოაწვა, თუმცა ამაოდ. შემდეგ სცადა, მხრით დასჯახებოდა და შეენგრია, მაგრამ
ყოველი ბიძგისას ავტომატონი მხოლოდ ოდნავ დასრიალდებოდა, თუმცა სწრაფი ნაბიჯის
წყალობით, კარამდე მისვლას დროულად ასწრებდა და კაცს შიგნით არ უშვებდა.

შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. კარს იქითა მხრიდან აღარავინ აწვებოდა, თუმცა მალე ცხაურს
რაღაც მიენარცხა – კაცი გზის გაკვალვას ძალაყინით ცდილობდა. ცხაური ჩამოძვრა და მის
ნაცვლად ღიობი დარჩა. კაცმა ხელი გადმოჰყო და ავტომატონის კეფაზე მოაფათურა. რა
წამსაც მებარგულის თავი წინ გადაქანდებოდა, მკვლელი თითებით სახელის მიწვდომას
ლამობდა, მაგრამ ვერაფერი მოიხელთა. ქაღალდი მეტისმეტად ღრმად შევარდნილიყო.

მკლავი გაუჩინარდა, სამაგიეროდ, მოშიშვლებულ ადგილში მკვლელის სახე გამოჩნდა.

– თავი ჭკვიანი გგონია, არა? – შემოსძახა და თვალს მიეფარა.

195
სტრატონი ოდნავ დამშვიდდა. მკვლელმა ფარ-ხმალი დაყარა? მთელი წუთი მიიწურა და
სტრატონმა იმაზე დაიწყო ფიქრი, ახლა რა გავაკეთოო. შეეძლო, აქ მჯდარიყო და დილამდე
ეცადა, სანამ ფაბრიკას არ გააღებდნენ; იმ დროისათვის უკვე ბევრი ხალხი მოვიდოდა და
მკვლელს გაპარვა მოუწევდა.

უეცრად, ღიობში ისევ მკლავი გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად სითხით სავსე ჭურჭელიც მოიტანა.
ავტომატონის თავზე რაღაც ჩამოიღვენთა და ზურგისკენ ჩაიღვარა. მკლავი კვლავ გაქრა და
სტრატონს ასანთის გაკვრის ხმა მოესმა. თვალი ნაპერწკალს მოჰკრა. ჩალეწილ ადგილას კაცმა
ასანთიანი ხელი შემოჰყო და ავტომატონს შეახო.

ოთახში დამაბრმავებელმა სინათლემ იფეთქა. ავტომატონის თავი და ბეჭები ალში გაეხვა.


სანათის ზეთი იწვოდა. სანახაობამ სტრატონს თვალები აატკივა – იატაკსა და კედლებს
მოდებული ბნელი და ნათელი ერთად როკავდნენ; საწყობი დრუიდთა რომელიღაც რიტუალის
ადგილს დაემსგავსა. სიმხურვალემ ავტომატონი კიდევ უფრო ააჩქარა – სალამანდრების
ქურუმი თავბრუდამხვევად ცეკვავდა და ტემპს თანდათან კიდევ უფრო უმატებდა.
მოულოდნელად გახევდა: ალი მის სახელსაც მისწვდა და ასოები გადასანსლა.

ცეცხლი ნელ-ნელა ჩაცხრა. სტრატონმა თვალი გაახილა – მჭახე შუქს შეჩვეულ მზერას მთელი
ოთახი წყვდიადით სავსე ეჩვენებოდა. დანახვით ბევრი არაფერი დაუნახავს, სმენით უფრო
მიხვდა, რომ კაცი კვლავ კარს აწვებოდა.

– ახლა ყველაფერს დავასრულებთ.

სტრატონმა სცადა, გასხლტომოდა და გარეთ გავარდნილიყო, მაგრამ მკვლელმა ხელი სტაცა,


იატაკზე მოისროლა და თავში მუშტიც მიაყოლა.

შეგრძნებები მაშინვე დაუბრუნდა, მაგრამ მკვლელს უკვე იატაკზე, სახით ძირს მიელურსმა,
ცალი მუხლით კი ბეჭებზე აწვებოდა. შემდეგ სტრატონს მაჯიდან ჯანმრთელობის თილისმა
წააწყვიტა, ხელები კი ზურგს უკან ისე ღონივრად შეუკრა, რომ თოკის ბოჭკოებმა მაჯის კანი
გადაუყვლიფა.

– რა წამხდარი ადამიანი უნდა იყო, რომ ასეთ საქმეს დათანხმდე, – ძლივს ამოთქვა აგურის
იატაკზე ლოყამიბჯენილმა სტრატონმა.

მკვლელმა ჩაიფხუკუნა.

– ხალხი ავტომატონებისგან საერთოდ არ განსხვავდება: ქაღალდის ნაგლეჯებზე წაწერილი


სათანადო რიცხვები მიეცი და რასაც უბრძანებ, ყველაფერს გააკეთებს.

კაცმა ზეთის სანათი აანთო. ოთახი შუქით აივსო.


– მეტი რომ გადაგიხადო, შემეშვები?

– ვერა. ცოტა ჩემს რეპუტაციაზეც ხომ უნდა ვიზრუნო, არა? მოდი, საქმეს მივხედოთ, –
სტრატონის მარცხენა ხელის ნეკა თითს დასწვდა და უხეშად გადაამსხვრია.

196
ისეთმა ძლიერმა ტკივილმა გამსჭვალა, რომ რამდენიმე წამი სტრატონი მის გარდა სხვას
ვეღარაფერს გრძნობდა. საკუთარი შეკივლება შორიდან ჩაესმა. შემდეგ მის ყურამდე კაცის
ლაპარაკმაც მიაღწია:

– კითხვებზე გულახდილად მიპასუხე. შენი ნაშრომის ასლებს სახლში ინახავ?

– ჰო, – სიტყვებს ძლივძლივობით ამოთქვამდა, – სამუშაო მაგიდაზე, სამკითხველოში.

– სადმე რამე ასლი კიდევ ხომ არაა? ვთქვათ, იატაკის ქვეშ?

– არა.

– ზემოსართულელ შენს მეგობარს ასლი არ ჰქონია, მაგრამ იქნებ ვინმე სხვას აქვს?

უფლება არ ჰქონდა, მკვლელი დარინგტონ ჰოლზე დაეგეშა.

– არავის არაფერი აქვს.

კაცმა ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოაცალა. სტრატონს ესმოდა, რა გულარხეინად ფურცლავდნენ


მის ნაწერს.

– წერილები ხომ არ გამოგიქვეყნებია? კოლეგებთან მიმოწერები ან რამე ასეთი?

– ისეთი არაფერი, რასაც ვინმე ჩემი ნაშრომის აღსადგენად გამოიყენებდა.

– მატყუებ, – კაცმა სტრატონის არათითი მოიხელთა.

– არა! მართალს გეუბნები! – ხმაში შერეულ სასოწარკვეთას ვეღარაფერი მოუხერხა.

სტრატონმა მკვეთრი ბრახუნი გაიგო და ბეჭებიდან სიმძიმე მოსცილდა. თავი ფრთხილად


ასწია და იქაურობა მოათვალიერა. თავდამსხმელი მის გვერდით უგონოდ ეგდო, იქვე ახლოს კი
დევისი იდგა, რომელსაც ხელში ტყავის ხელკეტი ეჭირა.

დევისმა იარაღი შეინახა და თოკის გასახსნელად დაიხარა.

– ძალიან დაშავდით, სერ?

– ერთი თითი მომტეხა. დევის, აქ როგორ...?

– ლორდ ფილდჰარსტმა მაშინვე აქეთ გამომგზავნა, როგორც კი გაიგო, უილოუბიმ საქმე


ვისთანაც დაიჭირა.

197
– მადლობა ღმერთს, ზუსტად საჭირო დროს მოხვედი, – სტრატონმა საკუთარი მდგომარეობის
მთელი ირონია ახლაღა შეიცნო: მისი გადარჩენა სწორედ იმ კაცის წყალობით მოხერხდა, ვის
წინააღმდეგაც შეთქმულებას ხლართავდა. იმდენად მადლიერი იყო, სხვა აღარაფერი
ანაღვლებდა.

დევისი ფეხზე წამოდგომაში მიეხმარა და უბის წიგნაკი მიაწოდა, შემდეგ თოკი მოიმარჯვა და
მკვლელის გაკოჭვას შეუდგა.

– ჯერ თქვენი კაბინეტისკენ გავემართე. იქ რომ ტიპია, ვინ არის?


– ვინ არის და... ვინ იყო და ბენჯამინ როთი, – სტრატონმა თავში იმდენი ძალა გამონახა, რომ
კაბალისტთან შეხვედრის შესახებ მოეყოლა, – წარმოდგენა არ მაქვს, აქ რას აკეთებდა.

– ყველა რელიგია ფანატიზმის მარცვლებს შეიცავს, – დევისი თან ლაპარაკობდა და თან


ნასკვების სიმაგრეს ამოწმებდა, – რადგან სახელი თქვენი ნებით არ დაუთმეთ, ალბათ,
მართებულად მიიჩნია, საკუთარი ნებით აეღო და თქვენს კაბინეტში ამიტომაც შეიპარა. მისდა
საუბედუროდ, ამ ვაჟკაცმა სწორედ იქ წაასწრო.

სტრატონის მთელი არსება სინდისის ქენჯნამ მოიცვა.

– როთმა რაც მთხოვა, უნდა მიმეცა.

– წინასწარ ხომ არ იცოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა.

– აღმაშფოთებელი უსამართლობაა, რომ მაინცდამაინც ის მოკვდა. ამ საქმესთან არაფერი


აკავშირებდა.

– ყოველთვის ასეა, სერ. წამოდით, თქვენს ხელს მივხედოთ.

***

დევისმა სტრატონს თითზე არტახი დაადო და თან დამაჯერებლად უმტკიცებდა, სამეფო


საზოგადოება ისე მოაგვარებს ამღამინდელი მოვლენებით გამოწვეულ გაუგებრობას, ხმაური
არ ატყდებდაო. სტრატონის კაბინეტში მიმოფანტული, სანათის ზეთით დათხვრილი
ფურცლები სკივრში მოაგროვეს, რათა სამრეწველოდან შორს წასულ სტრატონს, უქმობის ჟამს,
მათი გამოცხრილვა არ გასჭირვებოდა. სკივრის ჩალაგებას რომ მორჩნენ, ეტლიც მოვიდა,
რომელსაც სტრატონი უკან, დარინგტონ ჰოლში უნდა წაეყვანა. დევისიც მისი წასვლის დროს
გაემგზავრა, ოღონდ მას ლონდონში მიეჩქარებოდა და ტრანსპორტად სამგზავრო ძრავა
გამოიყენა. სანამ სტრატონი ქაღალდებით სავსე სკივრიანად ეტლში იჯდა, დევისი გარეთ

198
დაფუსფუსებდა, მკვლელის სამომავლო ბედის განმსაზღვრელ განკარგულებებს გასცემდა და
კაბალისტის გვამის დასვენებაზე ზრუნავდა.

მთელი მგზავრობის განმავლობაში სტრატონი ბრენდის მათარიდან ცოტ-ცოტას წრუპავდა,


რათა აწეწილი ნერვები დაემშვიდებინა. დარინგტონ ჰოლში მისვლისას სიმშვიდე იგრძნო; იქაც
იმალებოდა გარკვეული საფრთხეები, მაგრამ სტრატონმა ის მაინც იცოდა, რომ მკვლელს
არავინ მიუქსევდა. საკუთარ ოთახთან მიახლოებისას შფოთვა გამოფიტვამ ჩაანაცვლა. ღრმად
ჩაეძინა.

მომდევნო დილით თავს გაცილებით მხნედ გრძნობდა. მზად იყო, სკივრში ჩაყრილი
ფურცლები დაეხარისხებინა. სანამ დასტებად აწყობდა, რათა საბოლოოდ ისე აეკინძა,
როგორც თავიდან იყო, სტრატონმა წიგნაკი იპოვა, რომელიც არ ეცნო. მის ფურცლებზე
ებრაული ასოების მიმდევრობანი ინტეგრაციისა და ფაქტორიზაციის ნაცნობი ხერხის
გამოყენებით გამოესახათ და განმარტებებიც ებრაულადვე დაერთოთ. როგორც კი მიხვდა, რომ
ხელში როთის კუთვნილი წიგნაკი ეჭირა, დანაშაულის გრძნობამ ხელახლა შემოუტია; ეტყობა,
მკვლელმა ჩხრეკისას აღმოუჩინა და სტრატონის ნაშრომებთან ერთად დასაწვავად მიაგდო.

გვერდით გადადებას უპირებდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია: აქამდე კაბალისტის


ჩანაწერები არასოდეს ენახა. ტერმინოლოგიის დიდი ნაწილი არქაული იყო, თუმცა ნაწერში
მაინც საკმარისად კარგად გაერკვა. მაგიურ ფორმულებსა და ემანაციურ(რელიგიურ-
ფილოსოფიური ტერმინი ემანაცია ღვთაებრივი საწყისიდან მთელი სამყაროს გამოშლას
აღნიშნავს.) დიაგრამებს შორის იმ ეპითეტსაც წააწყდა, რომელიც ავტომატონს საკუთარი
სახელის დაწერის უნარს ანიჭებდა. წაკითხვისთანავე მიხვდა, რომ როთის მიღწევა იმაზე უფრო
ელეგანტური იყო, ვიდრე თავიდან ეგონა.

ეპითეტი კონკრეტულ ფიზიკურ მოქმედებათა ნაკრებს კი არ აღწერდა, რეფლექსურობის ზოგად


არსს ეფუძნებოდა. ამგვარი ეპითეტის შემცველი სახელი ავტონიმად იქცეოდა: სახელად,
რომელიც სახელს თავად ქმნის. ჩანაწერის მიხედვით, სახელი ლექსიკურ ბუნებას ნებისმიერ
სხეულთან ურთიერთქმედებისას გამოამჟღავნებდა. გაცოცხლებულ არსებას მის დასაწერად
ხელების ქონაც კი არ სჭირდებოდა; ეპითეტს თუ სწორად ჩააშენებდი, ფლოქვების ტალახში
დგაფუნით სახელის დაწერას ფაიფურის ცხენიც კი შეძლებდა.

სტრატონის ხელმარჯვეობის ეპითეტთან შეხამებით როთის ეპითეტი ავტომატონს ყველა იმ


უნარს მისცემდა, რაც გამრავლებისთვის იყო აუცილებელი. ავტომატონს იმის შნო ექნებოდა,
თავისი მსგავსი სხეული გამოეძერწა, სახელი თავადვე დაეწერა და სხეული ამგვარად
გაეცოცხლებინა. თუმცა იმას კი ვეღარ მოახერხებდა, რომ ახალი ქმნილებისათვის სკულპტურა
ესწავლებინა – ავტომატონებს ხომ საუბარი არ შეუძლიათ. ავტომატონამდე, რომელსაც
საკუთარი თავის შექმნა ადამიანის ჩარევის გარეშე ნამდვილად შეეძლო, კვლავ ბევრი შრომა
რჩებოდა, თუმცა, ეჭვგარეშეა, კაბალისტებს ეს მიღწევაც აღაფრთოვანებდა.

სტრატონს უსამართლობად მოეჩვენა, რომ ავტომატონების გამრავლება ადამიანებისაზე


მარტივი იყო. თითქოს, ავტომატონთა თვითშექმნის ამოცანას მხოლოდ ერთხელ ამოხსნაც
ჰყოფნიდა, ადამიანებისთვის კი ეს თავსატეხი სიზიფეს შრომას ემსგავსებოდა, რადგან ყოველი
შემდგომი თაობა უფრო და უფრო ჩახლართული სახელის გამოყენებას საჭიროებდა.

199
უეცრად, სტრატონი მიხვდა, რომ ისეთი სახელი კი არ სჭირდებოდა, რომელიც ფიზიკურ
კომპლექსურობას გააორკეცებდა, არამედ ისეთი, რომელიც ლექსიკური დუპლიკაციის
საშუალებას იძლეოდა.

დაბრკოლების გადასაჭრელად ავტონიმი გამოდგებოდა, რომლის ზეგავლენის შედეგად


შექმნილ ჩანასახში თავისივე სახელი იქნებოდა შენახული.

თავდაპირველი იდეა, რომ სახელის ორი ვარიანტი უნდა არსებულიყო, ახლაც ძალაში
იქნებოდა – ერთით მამრი ფეტუსები ჩაისახებოდნენ, მეორით – მდედრობითი. ამგვარი
ჩასახვით დაბადებული ქალები წინაპრებივით ნაყოფიერნი იქნებოდნენ. ნაყოფიერებას
მამრებიც შეინარჩუნებდნენ, ოღონდ არა ისეთს, როგორიც ადრე ახასიათებდათ – მათ
სპერმატოზოიდში ფეტუსის წინასახე არ იარსებებდა, სამაგიეროდ, იარსებებდა ორი
სახელიდან ერთ-ერთი; იმ სახელთა ანარეკლი, რომელიც შუშის ნემსისგან წარმოიშვა. როცა
ასეთი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედამდე მიაღწევდა, სახელი ახალ ჩანასახს წარმოქმნიდა.
სახეობა სამედიცინო ჩარევის გარეშე განაგრძობდა გამრავლებას, რადგან საჭირო სახელს
საკუთარ წიაღში შეინახავდნენ.

მისი და დოქტორ ეშბორნის წინანდელი მოსაზრებით, გამრავლების უნარის მქონე ცხოველის


შექმნა იმასაც ნიშნავდა, რომ ამ ცხოველისათვის პრეფორმირებული ჩანასახიც უნდა
მიენიჭებინათ, რადგან სწორედ ასე მოქმედებდა ბუნება. სხვა შესაძლებლობა ზუსტად ამიტომ
გამორჩათ: ცხოველის არსის შემცველი სახელი თუ იარსებებდა, მაშინ გამრავლება სხვა
არაფერი იქნებოდა, სახელის ასლის შექმნის გარდა. საკუთარი სხეულის ანალოგის მაგივრად
კი ცოცხალი ორგანიზმი ლექსიკური ანალოგის მატარებელი იქნებოდა.

კაცობრიობა სახელის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმიც გახდებოდა და თავად სახელის


შედეგიც. ყოველი თაობა ერთდროულად ჭურჭელიც იქნებოდა და შიგთავსიც –
თვითწარმოქმნადი რევერბერაციის(რევერბერაცია – დახურულ სივრცეში ბგერის ჟღერადობის
შენარჩუნება მას შემდეგ, რაც ხმაურის საწყისი წყარო გაქრება.) ექო.

სტრატონს თვალწინ ის დღე წარმოუდგა, როდესაც კაცობრიობა საკუთარი არსებობის


გადამწყვეტი თავად იქნებოდა, როდესაც სახეობის გადარჩენასა თუ დაღუპვას ადამიანთა
საქციელი განაპირობებდა, ნაცვლად იმისა, რომ გადაშენების მიზეზი წინასწარგანსაზღვრული
სასიცოცხლო ციკლის ამოწურვა გამხდარიყო. სხვა სახეობები, გეოლოგიური დროის
დინებასთან ერთად, გაიფურჩქნებოდნენ და დაჭკნებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ყვავილებს
ემართებათ სეზონური ცვალებადობის გამო, თუმცა კაცობრიობა იმდენი ხანი იარსებებდა,
რამდენსაც მოისურვებდა.

თანაც, ნაყოფიერების კონტროლს ვერავინ ვერავის დაუწესებდა; ყოველ შემთხვევაში,


ინდივიდებს შეუნარჩუნდებოდათ იმის თავისუფლება, თავად გადაეწყვიტათ, რამდენი შვილი
გაეჩინათ. როთს საკუთარი ეპითეტის გამოყენება ამგვარად არ უფიქრია, მაგრამ სტრატონს
იმედი ჰქონდა, რომ კაბალისტს მისი ზრახვები ღირსეულად მოეჩვენებოდა. იმ დროისათვის,
როდესაც ავტონიმთა ჭეშმარიტი ძალა გაცხადდება, მილიონობით ადამიანისაგან შემდგარი
თაობა უკვე სახელის წყალობით ივლის ქვეყანაზე და ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს,

200
გამრავლება კონტროლს დაუქვემდებაროს. ლორდი ფილდჰარსტი – ან მისი მემკვიდრეები –
ცოფებს გაყრიან და ოდესღაც საზღაურსაც მიიღებს, მაგრამ სტრატონი ამისთვის მზად იყო.

სამუშაო მაგიდას მიაშურა, საკუთარი უბის წიგნაკი და როთის ჩანაწერები გადაშალა და


გვერდიგვერდ დადო. ცარიელ ფურცელზე იმ იდეების ჩამოწერას შეუდგა, რომლებიც
შესაძლებლობას მისცემდა, როთის ეპითეტი ადამიანის ევონიმისთვის შეეთავსებინა.
სტრატონის გონებაში ასოები აფარფატდნენ – იგი იმგვარ წყობას ეძებდა, რომელიც ადამიანის
სხეულის აღმნიშვნელიც იქნებოდა და საკუთარი თავისაც: სახეობის ონტოგენური(ორგანიზმის
ინდივიდუალურ განვითარებას ჩანასახოვანი სახიდან სიცოცხლის ბოლომდე ონტოგენეზი
ეწოდება.) კოდისა.

ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია

ოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ თემაზე პირველი კვლევის ანგარიში
გამოსაქვეყნებლად რედაქტორებთან წარადგინეს, ამიტომ დროულია, კიდევ ერთხელ
დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელზეც მაშინ ფართო დებატები გაიმართა: რა როლი აკისრია
ადამიანთა მეცნიერებებს ეპოქაში, რომელშიც სამეცნიერო კვლევა-ძიების საზღვრები
ადამიანის აღქმადობის საზღვრებს გასცდა?

ეჭვგარეშეა, ჩვენს მრავალ გამომწერს ახსოვს, როგორ წაიკითხეს ისეთი სტატიები, რომელთა
ავტორებმაც პირველებმა წარმოადგინეს მათ მიერ აღწერილი შედეგები. მაგრამ როცა
ექსპერიმენტულ მეცნიერებაში დომინანტური პოზიციები თანდათან მეტაადამიანებმა
დაიკავეს, მათ თავიანთი აღმოჩენების მხოლოდ ცნტ-ის (ციფრული ნერვული ტრანსფერი)
გამოყენებით გაზიარებას თანდათან მოუხშირეს, რის შედეგადაც ჟურნალებს ადამიანების
ენაზე ნათარგმნი მეორეული ანგარიშებიღა შერჩათ. ცნტ-ის გარეშე ადამიანებს არ შეეძლოთ
არც არსებული მიღწევების სრულად გააზრება და არც კვლევების ჩატარებისთვის საჭირო
ახალი ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენება, ამასობაში კი მეტაადამიანები ცნტ-ის
დახვეწას აგრძელებდნენ და სულ უფრო მეტად ეყრდნობოდნენ მას. ადამიანებისთვის
განკუთვნილი ჟურნალები უბრალოდ პოპულარიზაციის საშუალებებად დეგრადირდა და
კარგად ამ საქმესაც ვერ ართმევდა თავს, რადგან უახლესი აღმოჩენების თარგმანები ყველაზე
ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანებსაც კი საგონებელში აგდებდა.

მეტაადამიანების მეცნიერების უამრავ სარგებელს არავინ უარყოფს, მაგრამ მკვლევარმა


ადამიანებმა მისი ერთ-ერთი საზღაური მაშინ გაიაზრეს, როცა მიხვდნენ, რომ მეცნიერებაში
ორიგინალურ წვლილს ვეღარასდროს შეიტანდნენ. ზოგიერთმა მეცნიერმა სფერო მთლიანად
მიატოვა, ხოლო მათ, ვინც დარჩნენ, მთელი ყურადღება ორიგინალური კვლევებიდან
ჰერმენევტიკაზე, ანუ მეტაადამიანების სამეცნიერო შრომის ინტერპრეტირებაზე გადაიტანეს.

თავდაპირველად პოპულარობა ტექსტობრივმა ჰერმენევტიკამ მოიპოვა, რადგან


მეტაადამიანების პუბლიკაციები უკვე ტერაბაიტობით დაგროვილიყო და მათი თარგმანები,
მართალია, დაშიფრული იყო, მაგრამ მთლად არაზუსტიც არ უნდა ყოფილიყო. ამ ტექსტების

201
გაშიფვრა მხოლოდ ოდნავ თუ წააგავს ტრადიციული პალეოგრაფების სამუშაოს, მაგრამ
პროგრესი გრძელდება: ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა ქსოვილოვან
შეთავსებადობაზე ათი წლის წინ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჰამფრისის მიერ
გაშიფრული ვერსიის ვალიდურობა.

მეტაადამიანების მეცნიერებაზე დაყრდნობით შექმნილი მოწყობილობების გავრცელებამ


საფუძველი დაუდო არტეფაქტების ჰერმენევტიკას. მეცნიერებმა ამ არტეფაქტების
"უკუინჟინერიას" მიჰყვეს ხელი – მათი მიზანი არა კონკურენტი პროდუქციის შექმნა, არამედ
უბრალოდ არტეფაქტების მოქმედების ფიზიკური პრინციპების გარკვევა იყო. ყველაზე
გავრცელებული ტექნიკაა ნანოსადენების ხელსაწყოების კრისტალოგრაფიული ანალიზი,
რომელიც ხშირად მექანოსინთეზის შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

კვლევების ახალი და ჯერჯერობით ყველაზე სპეკულაციური მიმართულებაა მეტაადამიანების


კვლევითი დაწესებულებების დისტანციური აღმოჩენა. ამ ძიების უკანასკნელი სამიზნეა გობის
უდაბნოს ქვეშ ბოლო ხანებში ჩამონტაჟებული "ექსაკოლაიდერი", რომლის იდუმალი
ნეიტრინული გამოსხივება დიდი კამათის საგანი გახდა. (ნეიტრინოების პორტატიული
დეტექტორი, რა თქმა უნდა, მეტაადამიანების კიდევ ერთი არტეფაქტია, რომლის მუშაობის
პრინციპებიც უცნობი რჩება.)

მთავარ კითხვად რჩება, საერთოდ ღირს თუ არა მეცნიერების მიერ ამ საკითხების კვლევა.
ზოგიერთები ამ მცდელობებს დროის ფლანგვად მიიჩნევენ და ადარებენ მკვიდრი
ამერიკელების მიერ ბრინჯაოს დნობაზე დროის დაკარგვას მაშინ, როდესაც ევროპელების მიერ
შემოტანილი ფოლადის მზა იარაღები უკვე ხელმისაწვდომია. ეს შედარება უფრო შესაფერისი
იქნებოდა, ადამიანები და მეტაადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში რომ იყვნენ
ჩაბმულნი, მაგრამ დღევანდელი სიჭარბის ეკონომიკის პირობებში ასეთი კონკურენციის
ნიშნები არ შეიმჩნევა. სინამდვილეში, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ აქამდე
არსებული ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი კულტურების მაღალგანვითარებულ
კულტურებთან შეჯახების შემთხვევებისგან განსხვავებით, ადამიანებს ასიმილაცია ან
გადაშენება არ ემუქრებათ.

ადამიანის ტვინის მეტაადამიანის ტვინად გარდაქმნა კვლავ შეუძლებელია; იმისთვის, რომ


თავის ტვინი ცნტ-სთან თავსებადი იყოს, სუგიმოტოს გენური თერაპია ემბრიონში
ნეიროგენეზის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. ასიმილაციის მექანიზმის ასეთი ნაკლებობა
ნიშნავს, რომ მეტაადამიანი ბავშვის ადამიანი მშობლები მძიმე არჩევანის წინაშე დგებიან:
საშუალება მისცენ თავის ბავშვს, ცნტ-ის დახმარებით ურთიერთობა დაამყაროს
მეტაადამიანების კულტურასთან და უყურონ, როგორ უცხოვდება მათი შვილი, ან ბავშვის
ჩამოყალიბების წლებში შეზღუდონ მისი ცნტ-სთან წვდომა, რაც მეტაადამიანების შემთხვევაში
დაახლოებით ისეთი დანაკარგია, როგორიც კასპარ ჰაუზერმა(გერმანელი ახალგაზრდა,
რომელიც 1828 წელს ნიურნბერგის ქუჩებში გამოჩნდა და ამტკიცებდა, რომ მთელი ცხოვრება
სრულ იზოლაციაში, ერთ პატარა, მიწისქვეშა ოთახში გამოკეტილმა გაატარა.) გადაიტანა.
გასაკვირი არაა, რომ იმ მშობლების წილი, რომლებიც თავისი შვილისთვის სუგიმოტოს გენურ
თერაპიას ირჩევენ, ბოლო წლებში თითქმის ნულამდე დაეცა.

202
შედეგად, სავარაუდოა, რომ ადამიანთა კულტურა მომავალში თავის გადარჩენას შეძლებს და
ამ კულტურის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო ტრადიციებია. ჰერმენევტიკა
მეცნიერული კვლევის სრულიად ლეგიტიმური მეთოდია და ადამიანთა ცოდნას ისევე
ამდიდრებს, როგორც ორიგინალური კვლევები. უფრო მეტიც, ადამიანმა მკვლევრებმა
შეიძლება ისეთ გამოყენებებს მიაგნონ, რომლებიც მეტაადამიანებს ყურადღების მიღმა
დარჩათ – საკუთარი უპირატესობების გამო ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ ჩვენთვის
დამახასიათებელ სირთულეებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთმა მეცნიერულმა
კვლევამ გონებრივი შესაძლებლობების გამაძლიერებელი ისეთი განსხვავებული თერაპიის
იმედი მოგვცა, რომელიც ინდივიდებს საკუთარი გონების მეტაადამიანურ დონემდე
ეტაპობრივი გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. ასეთი თერაპია შეასრულებდა ხიდის
ფუნქციას ჩვენი სახეობის ისტორიაში ყველაზე დიდი კულტურული გაყოფის
აღმოსაფხვრელად, თუმცა მეტაადამიანებს ასეთი შესაძლებლობის შემდგომი კვლევა-ძიება
შეიძლება აზრადაც არ მოუვიდეთ. თუნდაც მხოლოდ ეს შესაძლებლობა ამართლებს
ადამიანთა კვლევების გაგრძელების აუცილებლობას.

მეტაადამიანური მეცნიერების მიღწევებმა არ უნდა შეგვაშინოს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,


რომ ტექნოლოგიები, რომლებმაც მეტაადამიანების არსებობა შესაძლებელი გახადა,
თავდაპირველად ადამიანებმა გამოიგონეს, თანაც ისეთებმა, რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები არ
იყვნენ.

ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა

ეს არის ამბავი კაცზე, რომელსაც ნილ ფისკი ერქვა, და იმაზე, თუ როგორ შეიყვარა მან ღმერთი.
ნილის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა საშინელი და ამავდროულად ჩვეულებრივი
მოვლენა: მისი ცოლის, სარას სიკვდილი. ქალის გარდაცვალების შემდეგ ნილი ისეთმა დარდმა
მოიცვა, რომელიც მტანჯველი აღმოჩნდა არა მხოლოდ თავისი უსაზღვრობით, არამედ იმის
გამოც, რომ კაცს უწინდელი ტკივილები განუახლა და გაუმძაფრა. ცოლის სიკვდილმა აიძულა,
ღმერთთან თავისი ურთიერთობა ხელახლა შეესწავლა და ამისთვის დაიწყო მოგზაურობა,
რომელიც მას სამუდამოდ შეცვლიდა.

ნილი თანდაყოლილი ანომალიით დაიბადა, რის გამოც მისი მარცხენა ბარძაყი სახსარში გარე
როტაციით ტრიალდებოდა და თან მარჯვენაზე რამდენიმე ინჩით მოკლე იყო. ამ
მდგომარეობის სამედიცინო დასახელება ბარძაყის პროქსიმალური ფოკუსის დეფიციტი იყო.
იმ ხალხის უმეტესობა, ვისაც ცხოვრებაში ხვდებოდა, მიიჩნევდა, რომ ნილის მდგომარეობაზე
პასუხისმგებელი ღმერთი იყო, მაგრამ ნილის დედა ნილზე ორსულობისას ერთ
გამოცხადებასაც კი არ შესწრებია; ნილის მდგომარეობა ორსულობის მეექვსე კვირაზე კიდურის
არასწორი განვითარების შედეგი იყო და მეტი არაფრის. ნილის დედის აზრით, მთავარი
დამნაშავე ნილის მამა იყო, რომელსაც რომ არ მიეტოვებინა, მისი შემოსავლის წყალობით
ნილისთვის კორექციული ოპერაციის გაკეთებას მოახერხებდნენ; თუმცა, ეს აზრი ხმამაღლა
არასდროს გამოუთქვამს.

203
ბავშვობაში ხანდახან ნილს აინტერესებდა, ღმერთი ხომ არ მსჯისო, მაგრამ თავის
უბედურებაში უმეტესად მაინც თანაკლასელებს ადანაშაულებდა. მათი გულგრილი სიბოროტე,
მათი ინსტინქტური უნარი, მსხვერპლის ემოციურ ჯავშანში სისუსტე მაშინვე შეენიშნათ, მათი
სადიზმით გამყარებული მეგობრობა – ეს ყველაფერი ნილს თავიდანვე ადამიანურ ქცევებად
ეჩვენებოდა და არა – ღვთიურად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თანაკლასელები ნილის
დაცინვისას ღმერთის სახელს ხშირად იყენებდნენ, ბიჭმა კარგად იცოდა, რომ მათ ქცევაში ის
არ იყო დამნაშავე.

ნილი ღმერთის დადანაშაულების ხაფანგში არ ებმებოდა, მაგრამ არც მის სიყვარულში


გადავარდნილა. არც აღზრდა და პიროვნული თვისებები კარნახობდა იმას, რომ გაძლიერების
ან ნუგეშის თხოვნით ღმერთზე ელოცა. სხვადასხვა განსაცდელი, რომლებიც გაზრდის
პროცესში გამოიარა, მხოლოდ შემთხვევითი ან ადამიანური წარმოშობის იყო და მათთან
დაპირისპირებაშიც მკაცრად მხოლოდ ადამიანურ რესურსებს ეყრდნობოდა. ის იმ ზრდასრულ
ადამიანად ჩამოყალიბდა, რომელიც, ბევრი სხვის მსგავსად, ღმერთის ქმედებებს
აბსტრაქტულად მიიჩნევს, სანამ მათ საკუთარ თავზე არ იწვნევს. ანგელოზთა გამოცხადება ის
მოვლენა იყო, რომლებიც მხოლოდ სხვა ადამიანთა ცხოვრებაში ხდებოდა და ნილამდე
მხოლოდ ღამის საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით აღწევდა. თავად მისი ცხოვრება
სრულიად ყოფითი იყო: მდიდრული საცხოვრებელი კორპუსის სუპერინტენდანტად მუშაობდა,
მობინადრეთაგან ქირის ფულს აგროვებდა და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებების
შეკეთებას უზრუნველყოფდა; მისი გადმოსახედიდან მოვლენები, ავად თუ კარგად, ყოველთვის
თავისი გზით ვითარდებოდა და ზემოდან ჩარევა საჭირო არასდროს გამხდარა.

ასეთი იყო მისი ცხოვრებისეული გამოცდილება ცოლის სიკვდილამდე.

არაფრით გამორჩეული გამოცხადება იყო – სხვებზე მცირე მასშტაბის, მაგრამ სხვა


ყოველმხრივ ჩვეულებრივი: ზოგისთვის წყალობა მოიტანა, ზოგისთვის კი – უბედურება. ამ
შემთხვევაში ანგელოზს ნათანაელი ერქვა და ცენტრალურ სავაჭრო უბანში გამოჩნდა. შედეგად
ოთხი სასწაულებრივი განკურნება მოხდა: ორ პაციენტში კარცინომა გაქრა, ერთ
პარაპლეგიის(პარაპლეგია – ქვედა კიდურების ფუნქციის მოშლა.) მქონე პირს ზურგის ტვინი
აღუდგა, ხოლო ბოლო ხანებში დაბრმავებულ ერთ ადამიანს მხედველობა დაუბრუნდა. კიდევ
ორი სასწაული დაავადებისგან განკურნებას არ უკავშირდებოდა: საფოსტო გადაზიდვების
სატვირთო, რომლის მძღოლსაც ანგელოზის დანახვაზე გული წაუვიდა, ქვეითებით სავსე
ტროტუარზე შევარდნამდე თავისით გაჩერდა; ერთი კაცი კი ანგელოზის გამგზავრებისას
სინათლის სვეტში მოყვა, რამაც თვალები კი წაუშალა, მაგრამ მისი ღვთისმოსაობა
უზრუნველყო.
ნილის ცოლი, სარა ფისკი, რვა მსხვერპლიდან ერთ-ერთი იყო. ქალს გამოტყორცნილი მინის
ნამსხვრევი მოხვდა მას შემდეგ, რაც ანგელოზის აფრიალებული ცეცხლის ფარდამ იმ კაფეს
ფანჯარა ჩაამსხვრია, სადაც სარა საჭმელად შესულიყო. რამდენიმე წუთში სისხლისგან
დაიცალა და კაფეს სხვა კლიენტებს, რომლებსაც პატარა ნაკაწრიც კი არ დამჩნევიათ, სხვა
არაფერი შეეძლოთ გარდა იმისა, რომ მისი ტკივილითა და შიშით სავსე მოთქმისთვის ესმინათ
და ბოლოს მისი სულის ზეცისკენ აღმასვლისთვის ედევნებინათ თვალი.

204
ნათანაელს რაიმე კონკრეტული გზავნილი არ მოუტანია. ანგელოზის გამოსათხოვარი
სიტყვები, რომლებიც გამოცხადების მთელ მიდამოზე გუგუნით გაისმა, ტიპური "იხილეთ ძალა
ღვთისა" იყო. იმ დღის რვა მსხვერპლიდან სამის სული სამოთხეში მიიღეს, ხუთი – არა.
დაახლოებით ისეთივე თანაფარდობაა, როგორც ყველა სხვა მიზეზით გარდაცვლილთა
სულების შემთხვევაში. სამედიცინო დახმარება სამოცდაორ ადამიანს დასჭირდა სხვადასხვა
დაზიანებისთვის, დაწყებული ტვინის შერყევებიდან და დაფის აპკის გახევიდან,
დამთავრებული ისეთი დამწვრობებით, რომლებიც კანის გადანერგვას საჭიროებდნენ. საერთო
ქონებრივი ზარალი 8.1 მილიონ დოლარად შეფასდა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებმა
საერთოდ არ აანაზღაურეს. ათობით ადამიანი ღვთისმოშიში მლოცველი გახდა, ზოგი
მადლიერების, ზოგი კი – შიშის გამო.

აი, ნილ ფისკი მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა.

***

გამოცხადების შემდეგ ხშირად მოწმეები ჯგუფურ შეხვედრებს აწყობენ და განიხილავენ,


როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ყველასთვის საერთო შემთხვევის შემდეგ. ასეთი შეხვედრები
ნათანაელის უკანასკნელი გამოცხადების მოწმეებმაც გამართეს და მასზე დასწრება
გარდაცვლილების ოჯახის წევრებსაც შეეძლოთ, ასე რომ, ნილმა შეკრებებზე სიარული დაიწყო.
თავყრილობა თვეში ერთხელ იმართებოდა ერთ-ერთი დიდი ეკლესიის მიწისქვეშა ოთახში;
ლითონის გასაშლელი სკამები რიგებად ჩაემწკრივებინათ, ოთახის ბოლოში კი მაგიდაზე ყავა
და დონატები იდო. მკერდზე ყველას მისაწებებელი ბარათი ეკრა, რომელზეც ფლომასტერით
სახელი ეწერა.

შეხვედრის დაწყების მოლოდინში ჯგუფის წევრები იდგნენ, ყავას სვამდნენ და ერთმანეთს


ემასლაათებოდნენ ხოლმე. ნილთან მოსაუბრე ადამიანების უმეტესობა ვარაუდობდა, რომ
მისი ფეხის მდგომარეობა გამოცხადების შედეგი იყო და კაცს ყოველთვის უწევდა აეხსნა, რომ
მოწმე კი არა, ერთ-ერთი მსხვერპლის ქმარი იყო. ეს ამბავი დიდად არ აწუხებდა. თავისი ფეხის
ამბის ახსნას მიჩვეული იყო. თავად შეხვედრების ტონი გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა,
როცა მონაწილეები გამოცხადებისას საკუთარ რეაქციებზე ლაპარაკობდნენ: უმეტესობა თავის
ახალნაპოვნ ღვთისმოშიშობაზე ყვებოდა და მგლოვიარეებს არწმუნებდა, რომ მათაც იგივე
უნდა ეგრძნოთ.

დარწმუნების ასეთ მცდელობებზე ნილის რეაქცია იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვინ


ლაპარაკობდა. როცა ჩვეულებრივი მოწმე მოძღვრავდა, ღიზიანდებოდა. როცა ღვთის მიმართ
სიყვარულისკენ ვიღაც ისეთი მოუწოდებდა, ვინც სასწაულებრივად განიკურნა, ამ ადამიანის
წახრჩობის სურვილს ძლივს იკავებდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ აფორიაქდა, როცა
ასეთივე მოწოდება ერთი კაცისგან, ტონი კრეინისგან მოისმინა; ტონის ცოლიც გამოცხადებისას
გარდაცვლილიყო, კაცი კი ახლა ყოველი მოძრაობით ჰაერში მორჩილებას ასხივებდა. ჩუმი,

205
ცრემლნარევი ხმით ჰყვებოდა, როგორ იპოვა თავისი ადგილი, როგორც ღმერთის ერთ-ერთმა
მორჩილმა, და ნილსაც იმავეს გაკეთებას ურჩევდა.

ნილი შეხვედრებზე სიარულს არ წყვეტდა – რაღაცნაირად თავს სარას მიმართ ვალდებულად


გრძნობდა, რომ ამ შეკრებებზე დასწრება გაეგრძელებინა – თუმცა, სხვა ჯგუფიც აღმოაჩინა და
მათთანაც დაიწყო სიარული, რადგან მის შეგრძნებებს უფრო მეტად შეეფერებოდა:
მხარდაჭერის ჯგუფი მათთვის იყო განკუთვნილი, ვინც რომელიმე გამოცხადებისას საყვარელი
ადამიანი დაკარგეს და ამის გამო ღმერთზე ბრაზობდნენ. ადგილობრივი საზოგადოებრივი
ცენტრის ერთ-ერთ ოთახში ყოველ ორ კვირაში იკრიბებოდნენ და იმ მწუხარებასა და ბრაზზე
საუბრობდნენ, რომელიც შიგნიდან უდუღდათ.

ყველა დამსწრე ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას ინარჩუნებდა იმის მიუხედავად, რომ


ღმერთის მიმართ ნაირგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათგან, ვინც ადამიანის
დაკარგვამდე მორწმუნენი იყვნენ, ნაწილი იმავე გრძნობის შენარჩუნებას გაჭირვებით
ცდილობდა, ხოლო მეორე ნაწილმა ღვთისადმი მოწიწება თვალის დახამხამებაში დაკარგა.
დანარჩენებში, რომლებიც ღვთისმოსაობით არასდროს გამოირჩეოდნენ, ნაწილი თავის
შეხედულებას კიდევ უფრო იმყარებდა, სხვები კი თითქმის შეუძლებელ ამოცანას,
ღვთისმოშიშად გახდომას უპირისპირდებოდნენ. ნილი, თავისდა გასაოცრად, ამ უკანასკნელ
კატეგორიაში აღმოჩნდა.

ყველა სხვა არაღვთისმოშიში ადამიანის მსგავსად, ნილსაც არასდროს დაუხარჯავს ბევრი დრო
იმაზე ფიქრში, თუ საბოლოოდ სად მოხვდებოდა მისი სული. ყოველთვის ვარაუდობდა, რომ
მისთვის საბოლოო დანიშნულების პუნქტი ჯოჯოხეთი იყო და ამ აზრს ეგუებოდა. ყველაფერი
ამისკენ მიუთითებდა და ჯოჯოხეთიც, სიმართლე რომ ითქვას, მოკვდავთა სამყაროზე
ფიზიკურად უარესი ადგილი არ იყო.

ჯოჯოხეთი ღმერთისგან სამუდამო გამოძევებას ნიშნავდა, მეტს არაფერს; ამ ჭეშმარიტების


დანახვა ნებისმიერს შეეძლო იმ შემთხვევებისას, როდესაც ჯოჯოხეთი საკუთარ თავს
გამოამჟღავნებდა ხოლმე, ასეთი რამ კი არც ისე იშვიათი იყო; მიწა თითქოს გამჭვირვალე
ხდებოდა და ჯოჯოხეთი შეგეძლო ისე დაგენახა, თითქოს იატაკში გაჩენილ ხვრელში
იყურებიო. დაკარგული სულები ცოცხლებისგან განსხვავებულად არ გამოიყურებოდნენ და
მათი მარადიული სხეულები მოკვდავებისას ჰგავდა. მათთან ურთიერთობა არ შეგეძლო –
ღმერთისგან მათი განდევნა იმას ნიშნავდა, რომ მოკვდავთა სიბრტყის აღქმა აღარ შეეძლოთ,
რადგან აქ ჯერ კიდევ მისი ქმედებები იგრძნობოდა – მაგრამ სანამ გამომჟღავნება
გრძელდებოდა, შეგეძლოთ მათი ზუსტად ისეთივე ლაპარაკი, სიცილი ან ტირილი მოგესმინათ,
როგორსაც მათ სიცოცხლეში გაიგონებდით.

ამ გამჟღავნებების საპასუხოდ ხალხის რეაქცია სრულიად სხვადასხვანაირი იყო. მორწმუნეთა


უმეტესობას გაორებული გრძნობები იპყრობდა, ოღონდ არა რაიმე საშიშის დანახვის, არამედ
იმის შეხსენების გამო, რომ მარადისობა სამოთხის გარეთაც არსებობდა. მათგან განსხვავებით,
ნილი იმ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნებოდა, რომლებშიც არაფერი იცვლებოდა; რამდენადაც
ნილი ამჩნევდა, დაკარგულ სულთა ჯგუფები თავს იმაზე უბედურად არ გრძნობდნენ, ვიდრე
თვითონ და არც მათი არსებობა ჩანდა იმაზე უარესი, ვიდრე თავად ნილისა – მოკვდავთა

206
სიბრტყეში. უფრო მეტიც, ცოტა უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო – ნილის მარადიული
სხეული თანდაყოლილი სიმახინჯეებისგან გათავისუფლდებოდა.

რასაკვირველია, ყველამ იცოდა, რომ სამოთხე შეუდარებლად უკეთესი ადგილი იყო, მაგრამ
ნილისთვის ის ყოველთვის იმდენად მიუწვდომელი ჩანდა, რომ მასზე ისევე არ ფიქრობდა,
როგორც სიმდიდრეზე, პოპულარობაზე ან გლამურულ ცხოვრებაზე. მისნაირი
ადამიანებისთვის სწორედ ჯოჯოხეთი იყო ის ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ მიდიოდნენ.
ამიტომ აზრს ვერ ხედავდა საკუთარი ცხოვრების ისე გადაწყობაში, რომ ჯოჯოხეთისთვის თავი
აერიდებინა. თანაც, ვინაიდან მის ცხოვრებაში მანამდე ღმერთს არანაირი როლი არ უთამაშია,
მისგან განდევნისაც არ ეშინოდა. საერთოდ არ აშინებდა ყველანაირი გარე ჩარევის გარეშე
ცხოვრების პერსპექტივა ისეთ სამყაროში, სადაც მოულოდნელი წარმატება და მარცხი ვიღაცის
ნებას არ ექვემდებარებოდა.

ახლა, როცა სარა სამოთხეში იყო, ნილის სიტუაცია შეიცვალა. ახლა ყველაზე მეტად კვლავ
ცოლთან შეხვედრა უნდოდა და ზეცაში მოხვედრის ერთადერთი გზა ღმერთის მთელი გულით
შეყვარება იყო.

***

ეს ნილის ისტორიაა, რომლის სწორად მოთხრობისათვის აუცილებელია კიდევ ორი ადამიანის


თავგადასავლის გაცნობა, რომელთა გზებიც საბოლოოდ ნილის გზასთან გადაიკვეთა. მათგან
პირველი ჯენის რაილია.

ის, რასაც ხალხი ნილის გაცნობისას ვარაუდობდა ხოლმე, ჯენისს ნამდვილად გადახდა.
როდესაც ჯენისის დედა მასზე რვა თვის ორსული იყო, საჭეზე კონტროლი დაკარგა და
სატელეფონო ბოძს შეასკდა მოულოდნელად წამოსულ სეტყვაში, როცა მოწმენდილი ციდან
მუშტის სიმსხო ყინულების ცვენა დაიწყო და გზა ისე დაფარა, თითქოს გიგანტური
საკისარიდან(საკისარი – მექანიკური ნაკეთობა, ღერძს ან სხვა მოძრავ კონსტრუქციას
მოცემული სიმტკიცით და უზრუნველყოფს ბრუნვას, რხევას ან წრფივ მოძრაობას. შედგება
გარე რკალის შიგნით მოთავსებული მრავალი პატარა ბურთულისგან.) ბურთულები
გადმოცვივდაო. შეშინებული, მაგრამ უვნებლად გადარჩენილი ქალი ჯერ კიდევ მანქანაში
იჯდა, როდესაც ჰაერში მოფარფატე ვერცხლისფერი ალის ბურთულა დაინახა – როგორც
მოგვიანებით აღმოჩნდა, ანგელოზი ბარდიელი. ქალი გაშეშდა, მაგრამ არა იმდენად, რომ
საშვილოსნოში უცნაური შეგრძნება ვერ შეემჩნია. მოგვიანებით ულტრაბგერითმა გამოკვლევამ
აჩვენა, რომ ჯერ კიდე დაუბადებელ ჯენის რაილის ფეხები აღარ ჰქონდა; ფარფლისებური
ტერფები პირდაპირ ბარძაყის ფოსოდან ეზრდებოდა.

გოგოს ცხოვრება შეიძლებოდა ისევე წარმართულიყო, როგორც ნილისა, რომ არა


ულტრაბგერიდან ორ დღეში მომხდარი ამბავი. ჯენისის მშობლები სამზარეულოს მაგიდასთან

207
ისხდნენ და მოთქვამდნენ, ისეთი რა დავაშავეთ, ეს სასჯელი რომ დაგვემსახურებინაო,
როდესაც უეცრად ხილვა მოევლინათ: მათ წინაშე ოთხი გარდაცვლილი ნათესავის
გადარჩენილი სულები გამოცხადდნენ და სამზარეულო ოქროსფერი ნათებით აავსეს.
გადარჩენილები არასდროს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი ნეტარი ღიმილი ნებისმიერ
შემხედვარეს უშფოთველობას უნერგავდა. იმ წუთიდან მოყოლებული რაილიების ოჯახი
დარწმუნებული იყო, რომ მათი ქალიშვილის მდგომარეობა სასჯელს არ წარმოადგენდა.

შედეგად, ჯენისი ისე გაიზარდა, რომ თავის უფეხებობას საჩუქრად მიიჩნევდა; მშობლებმა
გოგოს აუხსნეს, რომ ღმერთმა მას განსაკუთრებული დავალება მისცა, რადგან ამ ამოცანის
შესრულების ღირსად ჩათვალა; ჯენისმაც დაიფიცა, რომ მას არ უმტყუნებდა. სიამაყის ან
გაჯიუტების გარეშე, ჯენისი თავის პასუხისმგებლობად მიიჩნევდა, სხვებისთვის ეჩვენებინა,
რომ მისი მდგომარეობა სისუსტეს კი არა, სიძლიერეს გამოხატავდა.

ბავშვობაში თანასკოლელები მას ყოველთვის ჩვეულებრივად იღებდნენ; როცა ასეთი ლამაზი,


თავდაჯერებული და ქარიზმატული ხარ, ბავშვები ვერც კი ამჩნევენ, რომ ეტლით
გადაადგილდები. მხოლოდ მოზარდობისას მიხვდა, რომ ჯან-ღონით სავსე სხეულის
პატრონები არ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მისი მხრიდან დარწმუნება სჭირდებოდათ. უფრო
მნიშვნელოვანი იყო ნაკლოვანებების მქონე სხვა ადამიანებისთვის მიეცა მაგალითი იმის
მიუხედავად, თუ სად ცხოვრობდნენ და ღმერთის შეხება გამოსცადეს თუ არა. ჯენისმა
მსმენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ადამიანებს არწმუნებდა, რომ მათ აქვთ ის ძალა, რომელსაც ღმერთი მათგან მოითხოვს.

დროთა განმავლობაში ქალმა რეპუტაცია და მიმდევრები მოიპოვა. ფულს წერითა და სიტყვით


გამოსვლებით გამოიმუშავებდა და თავისი გზავნილების ხელშეწყობისთვის არაკომერციული
ორგანიზაციაც დააარსა. ხალხი წერილებს უგზავნიდა და მადლობას უხდიდა მათი ცხოვრების
შეცვლისთვის; ამ წერილების მიღება ჯენისს ისეთი სისავსის შეგრძნებას ანიჭებდა, როგორიც
ნილს არასდროს გამოუცდია.

ასეთი იყო ჯენისის ცხოვრება იქამდე, სანამ თავადაც ანგელოზ რაშიელის გამოცხადების მოწმე
გახდებოდა. სახლში შედიოდა, როდესაც რყევები დაიწყო; თავიდან იფიქრა, რომ რაიმე
ბუნებრივმა მიზეზმა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიურად აქტიურ უბანში არ
ცხოვრობდა. ამიტომ შესასვლელთან შეჩერდა და დაიცადა, სანამ ბიძგები ჩაცხრებოდა.
რამდენიმე წამის შემდეგ ცაში ვერცხლისფერი კაშკაში დაინახა და სანამ გონებას დაკარგავდა,
მიხვდა, რომ ანგელოზს ხედავდა.

ჯენისმა გაღვიძებისას თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიურპრიზი იხილა: საკუთარი ორი
გრძელი, კუნთებშესხმული და სრულად მოფუნქციონირე ფეხი.

პირველი წამოდგომისას დაიბნა: იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. ასეთ სიმაღლეზე
ხელების გაშლის გარეშე წონასწორობის შენარჩუნება ძალზე ამაღელვებელი იყო,
იმავდროულად ტერფებით მიწის შეგრძნებამ უცნაური, მაგრამ სასიამოვნო ემოციები მოჰგვარა.
ქუჩაში დაბნეულად მოსიარულე ჯენისის პოვნისას მაშველებმა იფიქრეს, რომ ქალი ჯერ კიდევ
ვერ გამოსულიყო შოკიდან, სანამ მან მომხდარი არ აუხსნა, იმით გაოცებულმა, რომ
თანამოსაუბრეებს თვალებში პირდაპირ უყურებდა და არა ქვემოდან.

208
როდესაც გამოცხადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა, ჯენისის ფეხების
აღდგენა წყალობად შეფასდა და ისიც თავისი ბედის მიმართ მოკრძალებულ მადლიერებას
გამოხატავდა. მხარდაჭერის ჯგუფის პირველ შეხვედრაზე კი თანდათან დანაშაულის გრძნობა
შეეპარა. შეხვედრაზე ჯენისი კიბოთი დაავადებულ ორ ადამიანს შეხვდა, რომელიც რაშიელის
გამოცხადებას შეესწრო; განკურნებასთან ასე ახლოს იყვნენ, მაგრამ იმედები მწარედ
გაუცრუვდათ, როცა სასწაული მათ არ შეეხოთ. ჯენისს უკვირდა, რატომ მიიღო წყალობა მან და
არა სხვებმა.

ჯენისის ოჯახი და მეგობრები ფეხების აღდგენას ღვთის მიერ მისთვის დაკისრებული


დავალების ბრწყინვალე შესრულებისთვის ჯილდოდ აღიქვამდნენ, მაგრამ თავად
ჯენისისთვის ასეთი ინტერპრეტაცია სხვა კითხვას ბადებდა. ნუთუ მას უნდოდა, რომ ჯენისს
საქმიანობა შეეწყვიტა? რა თქმა უნდა, არა. მისიონერობა ჯენისის ცხოვრების მთავარ
მიმართულებას წარმოადგენდა და არ არსებობდა ადამიანების ზღვრული რაოდენობა,
რომლებისთვისაც თავისი ხმა უნდა მიეწვდინა. ქადაგების გაგრძელებაზე უკეთესს საკუთარი
თავისა და სხვებისთვის ვერაფერს მოიმოქმედებდა.

ჯენისის ეჭვები გამოცხადების შემდეგ პირველი სიტყვით გამოსვლისას გაიზარდა, როცა ბოლო
ხანებში პარალიზებული და ეტლს მიჯაჭვული ადამიანების წინაშე უნდა ესაუბრა. ჩვეული,
შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვა; დამსწრეებს არწმუნებდა, იმის საკმარისი ძალა გაქვთ,
რომ მოსალოდნელი სირთულეები დასძლიოთო; კითხვა-პასუხის დროს ჰკითხეს, ფეხების
აღდგენა იმის ნიშანი ხომ არ არის, რომ გამოცდა უკვე ჩააბარეო. ჯენისმა არ იცოდა, რა ეპასუხა;
იმას ვერ დაჰპირდებოდა, რომ მათი იარები ერთ დღეს წაიშლებოდა. იმაზე მინიშნებას, რომ
უფლისგან ჯილდო მიიღო, დაზარალებულებად დარჩენილების კრიტიკად ჩათვლიდნენ, რაც
ნამდვილად არ უნდოდა. მათთვის მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, რომ არ იცოდა, რატომ
განიკურნა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ამ პასუხით ვერ დაკმაყოფილდნენ.

ჯენისი სახლში აფორიაქებული დაბრუნდა. თავისი როლის კვლავ სწამდა, მაგრამ მსმენელის
ნდობის ყველაზე დიდი წყარო დაკარგა. როგორ უნდა შთაეგონებინა ღმერთის
შეხებაგამოვლილი სხვა ადამიანები, რომ თავიანთი უბედურება სიძლიერედ აღექვათ მაშინ,
როცა ასეთ მდგომარეობაში თავად უკვე აღარ იმყოფებოდა?

შესაძლოა, ახლანდელი სიტუაციაც მისი ერთ-ერთი გამოწვევა და ღმერთის სიტყვის


გავრცელების უნარის გამოცდა იყო. აშკარა იყო, რომ ღმერთმა ამოცანა წინანდელთან
შედარებით გაურთულა; ალბათ, ფეხების აღდგენა ის დაბრკოლება იყო, რომელიც უნდა
გადაელახა ზუსტად ისევე, როგორც მანამდე მათი დაკარგვა გადალახა.

ასეთი ინტერპრეტაციის სიმცდარე მომდევნო სიტყვით გამოსვლაზევე დადასტურდა. ამჯერად


აუდიტორიაში ნათანაელის გამოცხადების მოწმეები ისხდნენ; ასეთ ჯგუფებთან სალაპარაკოდ
ხშირად იწვევდნენ იმის იმედით, რომ დამაშვრალნი მისგან მხნეობას მოიკრეფდნენ. რთული
საკითხისთვის გვერდის ავლის ნაცვლად ლაპარაკი პირდაპირ იმ გამოცხადების შესახებ
მოყოლით დაიწყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავად შეესწრო. ახსნა, რომ ერთი შეხედვით
სასარგებლო შედეგის მიუხედავად, ამ მოვლენის გამო თავადაც სირთულეს შეეჯახა. ახლა
ჯენისსაც მათ მსგავსად მანამდე ხელუხლებელი რესურსები უნდა გამოეყენებინა.

209
მიხვდა, რომ არასწორი რაღაც თქვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დარბაზში მჯდომი ერთი კაცი,
რომელსაც უსწორმასწორო ფეხი ჰქონდა, წამოდგა და ჯენისს შეეპასუხა: ნუთუ მართლა
ფიქრობდა, რომ ფეხების აღდგენა მისი ცოლის დაკარგვას შეედრებოდა? ჯენისი საკუთარ
განსაცდელებს მართლა ამ კაცის ტანჯვის გვერდით დააყენებდა?

ჯენისმა სცადა, იქვე დაერწმუნებინა, რომ ასე არ ფიქრობდა და ვერც კი წარმოედგინა, რა დიდ
ტკივილს განიცდიდა კაცი. მაგრამ ღმერთს ის კი არ სურს, რომ ყველა ერთნაირი განსაცდელის
წინაშე დადგეს, არამედ თითოეული ადამიანი საკუთარს დაუპირისპირდეს, რაც უნდა იყოს ეს
განსაცდელიო, განაგრძო ჯენისმა. ნებისმიერი განსაცდელის სიმძიმის შეფასება სუბიექტური
საკითხი იყო და ორი ადამიანის გამოცდილების შედარების საშუალება არ არსებობდა. იმ
ხალხს, რომელთა განსაცდელიც კაცისაზე უფრო მძიმე ჩანდა, ისევე უნდა თანაეგრძნოთ
მისთვის, როგორც თავად ამ კაცს სხვებისთვის, რომელთა ტანჯვაც მისაზე ნაკლები
ეჩვენებოდა.

კაცი არაფერში დაეთანხმა. მისი აზრით, ჯენისმა ისეთი რამ მიიღო, რაც ნებისმიერი სხვისთვის
გასაოცარი წყალობა იქნებოდა, ის კი მაინც წუწუნებდა. კაცი შეხვედრიდან ისე გავარდა, რომ
ჯენისის ახსნას ბოლომდე აღარ მოუსმინა.

ეს კაცი, რა თქმა უნდა, ნილ ფისკი იყო. ნილს ჯენის რაილის სახელი მთელი ცხოვრება ესმოდა,
ყველაზე ხშირად იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის დარწმუნებას ცდილობდნენ, ფეხთან
დაკავშირებული შენი უიღბლობა ღვთისგან მოვლენილი ნიშანიაო. ეს ხალხი ჯენისს ისე
ახსენებდა, როგორც მისაბაძ მაგალითს და ნილს ეუბნებოდა, რომ ფიზიკურ ნაკლზე სწორი
რეაგირება ზუსტად ისაა, როგორც ჯენისი რეაგირებდა. ნილი ვერ უარყოფდა, რომ უფეხობა
გაცილებით უარესი იყო, ვიდრე მისი დამახინჯებული ბარძაყი. სამწუხაროდ, ცხოვრების
საუკეთესო პერიოდებშიც კი ჯენისის დამოკიდებულება ნილისთვის იმდენად უცხო იყო, რომ
მისგან ვერაფრის სწავლა ვერ მოახერხა. ახლა კი, როცა თავად ღრმა გლოვაში იყო ჩაძირული
და ვერაფრით გამოეცნო, რატომ მიიღო ქალმა ისეთი საჩუქარი, რომელიც არ სჭირდებოდა,
ნილს ჯენისის სიტყვები შეურაცხმყოფელი ეჩვენებოდა.

მომდევნო დღეებში ჯენისი ეჭვებმა კიდევ უფრო შეიპყრო. ვერაფრით გადაეწყვიტა, რას
ნიშნავდა მისი ფეხების აღდგენა. ნუთუ მიღებულ ძღვენზე უმადურობით პასუხობდა? იქნებ ეს
ერთდროულად წყალობაც იყო და გამოცდაც? შეიძლება, სასჯელი ყოფილიყო იმის
საჩვენებლად, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი საკმარისად კარგად ვერ გაართვა. ბევრი
შესაძლებლობა არსებობდა და ვერაფრით ხვდებოდა, რომელი მათგანი დაეჯერებინა.

***

210
არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ნილის ამბავში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმის
მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთს მხოლოდ ნილის მოგზაურობის დასასრულს შეხვდნენ.

ითენი რელიგიურ, თუმცა არც ისე ღრმადმორწმუნე ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები ღმერთს
საშუალოზე უკეთესი ჯანმრთელობისა და კომფორტული ფინანსური მდგომარეობის გამო
მადლობას სწირავდნენ, თუმცა არც გამოცხადებას შესწრებიან და არც რაიმე ხილვა
მოვლენიათ. უბრალოდ სჯეროდათ, რომ ღმერთი პირდაპირ ან არაპირდაპირ იყო
პასუხისმგებელი მათ ბედნიერ ყოფაზე. მათი ღვთისმოსაობა სერიოზული გამოცდის წინაშე
არასდროს დამდგარა და შეიძლებოდა არც დამდგარიყო; ღმერთის მიმართ მათ სიყვარულს
არსებული სტატუს ქვოთი მათი კმაყოფილება განაპირობებდა.

თუმცა, ითენი მშობლებს არ ჰგავდა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან დარწმუნებული იყო, რომ ღმერთს
მისთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა გამზადებული და ნიშანს ელოდა, რომ გაეგო, რა იყო
მისი მისია. ძალიან გაუხარდებოდა, მქადაგებელი რომ გამხდარიყო, მაგრამ ხვდებოდა –
არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება არ გააჩნდა. მისი გაურკვეველი შეგრძნებები და
მოლოდინები საკმარისი არ იყო. ერთი სული ჰქონდა, რაიმე ღვთაებრივს შეხვედროდა და
თავისი ცხოვრებისთვის მიმართულება მიეცა.

შეეძლო, რომელიმე წმინდა ადგილას წასულიყო, იქ, სადაც, აუხსნელი მიზეზით,


გამოცხადებები რეგულარულად ხდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ასეთი საქციელი მისი
მხრიდან კადნიერება იქნებოდა. წმინდა ადგილები, როგორც წესი, უკანასკნელი თავშესაფარი
იყო იმ სასოწარკვეთილი ხალხისათვის, რომლებიც ან სასწაულებრივ განკურნებას ეძიებდნენ
სხეულის აღსადგენად, ან სამოთხისთვის თვალის შევლებას – სულის აღსადგენად; ითენი კი
სასოწარკვეთილი არ იყო. გადაწყვიტა, თავის გზას გაჰყოლოდა, იმ იმედით, რომ ერთ დღესაც
მიზანი უფრო ცხადი გახდებოდა. სანამ ის დღე დადგებოდა, ცდილობდა, რაც შეიძლება
რიგიანი ცხოვრებით ეცხოვრა: ბიბლიოთეკარად მუშაობდა, ცოლად მოიყვანა ქალი, სახელად
კლერი, და ორი ბავშვი აღზარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა,
რომ ბედისწერის ნიშანი არ გამოჰპაროდა.
ითენმა მტკიცედ დაიჯერა, ჩემი დრო მოვიდაო, როდესაც რაშიელის გამოცხადებას შეესწრო –
ზუსტად იმავეს, რომელმაც მრავალი მილის მოშორებით ჯენის რაილის ფეხები დაუბრუნა.
როცა ეს მოხდა, ითენი მარტო იყო; სადგომზე გაჩერებული მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც
მიწამ ზანზარი დაიწყო. ინსტინქტურად მიხვდა, რომ გამოცხადება იწყებოდა; მუხლებზე
უშიშრად დაეცა, მხოლოდ გამოცოცხლებასა და აღტკინებას გრძნობდა იმის გაფიქრებაზე, რომ
მალე საკუთარ დანიშნულებას გაიგებდა.

ერთი წუთის შემდეგ მიწა გაჩერდა. ითენმა გარშემო მიმოიხედა. მხოლოდ რამდენიმეწუთიანი
ლოდინის შემდეგ წამოდგა ფეხზე. ასფალტზე მოზრდილი ნახეთქი გაჩენილიყო, რომელიც
ზუსტად მის წინ იწყებოდა და ქუჩას კლაკნით მიუყვებოდა. ნაპრალი თითქოს კონკრეტულ
მიმართულებას აჩვენებდა, ითენიც ამ მიმართულებას გაჰყვა და რამდენიმე კვარტალი
გაირბინა, სანამ სხვა გადარჩენილებს არ შეხვდა – ქალი და კაცი ზუსტად მათ ფეხქვეშ
გაჩენილი, საშუალო ზომის ნაპრალიდან ამოფოფხებას ცდილობდნენ. ითენმა მათთან ერთად
დაიცადა, სანამ მაშველები არ მოვიდნენ და უსაფრთხო ადგილას არ გადაიყვანეს.

211
ითენი ამ ამბის შემდეგ დაწყებულ მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრებს ესწრებოდა და რაშიელის
გამოცხადების სხვა მოწმეებს ხვდებოდა. რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში მოწმეებს
შორის გარკვეული კანონზომიერებები ამოიცნო. რა თქმა უნდა, არსებობდნენ
დაზარალებულები და ისინი, ვინც სასწაულებრივად განიკურნა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც,
რომელთა ცხოვრებაც სხვაგვარად შეიცვალა: იმ ქალსა და კაცს, რომლებსაც პირველად შეხვდა,
ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაინიშნენ. ერთმა ქალმა, რომელიც ჩამოშლილი კედლის
ქვეშ მოჰყვა და მაშველებმა გადაარჩინეს, შთაგონება იპოვა და გადაუდებელი დახმარების
ექიმი გახდა. ერთმა ბიზნესმენმა ისეთი ალიანსი გააფორმა, რომელმაც კარს მომდგარი
გაკოტრებისგან იხსნა, ხოლო სხვა საქმოსანმა, რომლის ბიზნესიც განადგურდა, გამოცხადება
იმის ნიშნად მიიღო, რომ საქმიანობის სტილი უნდა შეეცვალა. ისე ჩანდა, რომ ითენის გარდა
ყველამ მოახერხა და მიხვდა, თუ რა დატრიალდა მათ თავს.

ითენს ხილული გზით არც წყევლა მოვლენია და არც წყალობა, ამიტომ არ იცოდა, ზუსტად რა
შეტყობინება გამოუგზავნა ღმერთმა. ცოლმა, კლერმა შესთავაზა, იქნებ გამოცხადება იმის
ნიშნად უნდა მიიღო, რომ რაც გაქვს, ის უნდა დააფასოო, მაგრამ ითენს ეს ახსნა არ
აკმაყოფილებდა და ამტკიცებდა, რომ მაგ მიზანს ყველა გამოცხადება ემსახურება, სადაც არ
უნდა იყო, მაგრამ რადგან გამოცხადებას თავად შეესწრო, ის რაღაც უფრო დიდი
მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო. გონებიდან ვერ იცილებდა აზრს, რომ რაღაც
შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, რომ არსებობდა სხვა მოწმე, რომელსაც წესით უნდა
შეხვედროდა, მაგრამ ვერ შეხვდა. ეს გამოცხადება უნდა ყოფილიყო ის ნიშანი, რომელსაც
აქამდე ელოდა; ასე უბრალოდ ვერ უგულებელყოფდა. მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა, რა უნდა
გაეკეთებინა.

ითენმა საბოლოოდ გამორიცხვის მეთოდს მიმართა: ყველა მოწმის სია ხელში ჩაიგდო და
ისინი გადახაზა, ვინც საკუთარ ცხოვრებაში გამოცხადების მნიშვნელობას ახსნა უკვე მოუძებნა.
ფიქრობდა, რომ დანარჩენებიდან ერთ-ერთი ისეთი უნდა ყოფილიყო, რომლის ბედიც
როგორღაც მის ბედისწერასთან იყო გადაჯაჭვული. დაეჭვებულთა და დაბნეულთაგან ერთ-
ერთი იქნებოდა ის, ვისაც ითენი უნდა შეხვედროდა.

როცა სახელების გადახაზვა დაასრულა, სიაში მხოლოდ ერთიღა დარჩა:

ჯენის რაილი.

***

ნილი საჯაროდ ყოველთვის ახერხებდა, თავისი მწუხარება ისე შეენიღბა, როგორც ზრდასრულ
ადამიანს ეკადრება, მაგრამ თავის ბინაში მარტო დარჩენისას მისი ემოციების ჩამკეტი
კარიბჭეები ფართოდ იხსნებოდა. სარას არყოფნის შეგრძნება ყველაზე ცხადად ამ დროს
ეუფლებოდა, ნილი იატაკზე ემხობოდა და ქვითინებდა. ბურთივით მოკუნტული მისი სხეული

212
სლოკინნარევი ქვითინით თრთოდა, ცრემლები და ლორწო სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა, სულ
უფრო მზარდი მტანჯველი ტკივილი კი აუტანელ ტალღებად აცხრებოდა თავს ისე ძლიერად,
რომ მანამდე ვერც კი წარმოიდგენდა. წუთების ან საათების შემდეგ ტკივილი გაუვლიდა და
ქანცგამოცლილი ჩათვლემდა ხოლმე. მეორე დილით კი დგებოდა და სარას გარეშე კიდევ ერთი
დღის გატარების პერსპექტივას თვალს უსწორებდა.

ნილის მეზობელმა მოხუცმა ქალმა მისი დაწყნარება სცადა და უთხრა, რომ ტკივილი დროთა
განმავლობაში შემცირდებოდა და მართალია, ცოლს არასდროს დაივიწყებდა, მაგრამ
ცხოვრების გაგრძელებას მაინც მოახერხებდა. შემდეგ ვინმე სხვას შეხვდებოდა და ერთ დღესაც
ბედნიერებას მასთან იპოვიდა; ღმერთის სიყვარულს ისწავლიდა და როცა დრო მოვიდოდა,
ზეცისკენ გაეშურებოდა.

ამ ქალს კეთილი ზრახვები ამოძრავებდა, მაგრამ ნილი ისეთ მდგომარეობაში არ იყო, რომ მის
სიტყვებს დაემშვიდებინა. სარას არყოფნას ღია ჭრილობასავით შეიგრძნობდა და ის აზრი, რომ
ოდესმე მისი დაკარგვის ტკივილს ვეღარ იგრძნობდა, უბრალოდ შორეულად კი არა,
ფიზიკურად შეუძლებლადაც კი მიაჩნდა. თავის მოკვლას რომ ეს ტანჯვა დაესრულებინა, არც კი
იყოყმანებდა, მაგრამ ამით სარასგან სამუდამოდ განცალკევდებოდა.

სუიციდის თემა მხარდაჭერის ჯგუფების შეხვედრებზე რეგულარულად განიხილებოდა და ადრე


თუ გვიან ვიღაც აუცილებლად ახსენებდა რობინ პირსონს, ქალს, რომელიც შეხვედრებზე
ნილის გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე დადიოდა. რობინის ქმარი ანგელოზ მაქათიელის
გამოცხადებისას კუჭის კიბოთი დაავადდა. ქალი ქმრის პალატაში გადაბმულად რამდენიმე
დღეს ატარებდა ხოლმე, თუმცა კაცი მოულოდნელად მოკვდა, როცა ცოლი სარეცხისთვის ცოტა
ხნით სახლში დაბრუნებულიყო. ექთანმა რობინს უთხრა, რომ სული ზეცისკენ გაემართა,
რობინმაც მხარდაჭერის ჯგუფის შეკრებებზე სიარული დაიწყო.

მრავალი თვის შემდეგ რობინი შეხვედრაზე მრისხანებისგან აცახცახებული მივიდა. მის


სახლთან ახლოს ჯოჯოხეთის გამომჟღავნება მომხდარიყო და ქალს თავისი ქმარი დაკარგულ
სულებს შორის დაენახა. ექთანს თავზე დაადგა და მანაც აღიარა, იმისთვის მოვიტყუე, რომ
ღმერთის სიყვარული გესწავლათ და თუ თქვენი ქმარი ვერა, თქვენ მაინც
გადარჩენილიყავითო. შემდეგ შეხვედრაზე რობინი აღარ გამოჩენილა, ხოლო მომდევნოზე
ჯგუფმა შეიტყო, რომ ქმართან შესახვედრად ქალს თავი მოეკლა.

სიკვდილის შემდეგ რობინისა და მისი ქმრის ურთიერთობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა,
თუმცა წარმატებული მაგალითები არსებობდა: ზოგიერთი წყვილი ახერხებდა, სუიციდის
შემდეგ კვლავ ბედნიერად შეხვედროდნენ ერთმანეთს. მხარდაჭერის ჯგუფში იყვნენ
დამსწრეები, რომელთა მეუღლეებიც ჯოჯოხეთში ჩაეშვნენ. ისინი ხშირად საუბრობდნენ, რომ
დილემის წინაშე იდგნენ და ცოცხლად დარჩენასა და მეუღლესთან ხელახლა შეხვედრის
სურვილს შორის არჩევანს ვერ აკეთებდნენ. ნილი მათ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ მათი
ისტორიების მოსმენისას შური იპყრობდა: სარა რომ ჯოჯოხეთში წასულიყო, თვითმკვლელობა
ნილის ყველა პრობლემას მოაგვარებდა.

ამას ნილისთვის სამარცხვინო თვითაღიარება მოჰყვა. მიხვდა, არჩევანი რომ ჰქონოდა, სარა
სამოთხეში წასულიყო და თავად ჯოჯოხეთში თუ ორივე ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო, ამ

213
უკანასკნელ ვარიანტს აირჩევდა: ერჩივნა, რომ სარა ღმერთისგან განდევნილი ყოფილიყო,
ვიდრე მასთან განშორებას შეგუებოდა. იცოდა, რომ ეგოისტურად ფიქრობდა, მაგრამ გრძნობას
ვერაფერს მოუხერხებდა: სჯეროდა, რომ სარას შეეძლო ორივე ადგილას ეპოვა ბედნიერება,
თავად კი ბედნიერი მხოლოდ სარასთან იქნებოდა.

ქალებთან ნილის უწინდელი გამოცდილება არასდროს ყოფილა სახარბიელო. ბართან


ჯდომისას ქალთან ფლირტაობას ხშირად იწყებდა, თუმცა როგორც კი წამოდგებოდნენ და მისი
მოკლე ფეხი გამომზეურდებოდა, ქალს ყოველთვის რაღაც სხვა საქმე ახსენდებოდა. ერთხელ
ერთი ქალი, რომელსაც რამდენიმე კვირა ხვდებოდა, დაშორდა და თან აუხსნა, რომ მის ფეხს
დეფექტად არ თვლიდა, მაგრამ როცა სადმე საჯაროდ ერთად იყვნენ, სხვა ადამიანები
ვარაუდობდნენ, რომ ნილთან ყოფნის გამო ქალსაც რაღაც სჭირდა, ჰოდა, ალბათ, ნილიც
ხვდებოდა, რომ ქალის მიმართ ეს დიდი უსამართლობა იყო.

ნილის ცხოვრებაში სარა ერთადერთი ქალი იყო, რომლის ქცევაც ოდნავაც არ შეცვლილა,
რომლის გამოხედვას სიბრალულის, შიშის ან თუნდაც გაკვირვების ნატამალიც კი არ
დასტყობია, როდესაც მისი ფეხი პირველად იხილა. მხოლოდ ამ მიზეზის გამოც კი
შეიძლებოდა მიხვედრა, რომ ნილი მასზე ჭკუას დაკარგავდა; როცა ქალის პიროვნება ყველა
მხრიდან გაიცნო, მასზე უკვე თავიდან ფეხებამდე შეყვარებული იყო და რადგან სარასთან
ყოფნისას ნილის საუკეთესო თვისებებიც ყველაზე მეტად მჟღავნდებოდა, ქალსაც შეუყვარდა
ნილი.

ნილს გაუკვირდა, როდესაც სარამ უთხრა, მორწმუნე ვარო. რელიგიურობისა არაფერი


ეტყობოდა – ეკლესიაში არ დადიოდა და, ნილის მსგავსად, არ მოსწონდა იმ ადამიანთა
უმეტესობის დამოკიდებულებები, რომლებიც დადიოდნენ – მაგრამ თავისებურად, ჩუმად იყო
ღმერთის მადლიერი, რომ ასეთი ცხოვრება არგუნა. ნილის მოქცევა არასდროს უცდია;
ამბობდა, რომ ღვთისმოსაობა ან შიგნიდან მოდიოდა, ან საერთოდ არა. ღმერთის ხსენების
მიზეზი იშვიათად ჰქონდათ და უმეტეს შემთხვევებში ნილი ადვილად წარმოიდგენდა, რომ
ღმერთზე სარას შეხედულებები მის საკუთარს ემთხვეოდა.

თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ სარას მორწმუნეობა ნილზე გავლენას არ ახდენდა.
პირიქით, ნილისთვის ცნობილ მიზეზთაგან სარა საუკეთესო მიზეზი იყო ღმერთის
შესაყვარებლად. თუ უფლის სიყვარულმა სარას ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში წვლილი
შეიტანა, მაშინ მნიშვნელოვანი რამ ყოფილა. ქორწინების წლების განმავლობაში ცხოვრებაზე
ნილის შეხედულება გაუმჯობესდა და ის და სარა ერთად რომ მოხუცებულიყვნენ, ალბათ იმ
წერტილსაც მიაღწევდა, როცა ღმერთის მიმართ მადლიერებას იგრძნობდა.

სარას სიკვდილმა ეს კონკრეტული შესაძლებლობა მოსპო, მაგრამ ნილისთვის ღმერთის


შეყვარების გზა საბოლოოდ არ გადაუკეტავს. ცოლის სიკვდილი ნილს შეეძლო იმის
შეხსენებად მიეღო, რომ ცხოვრებაში დარჩენილი ათწლეულების იმედად ყოფნა არ შეიძლება.
შეიძლებოდა იმის გააზრებას შეეძრა, რომ ერთად სიკვდილის შემთხვევაში თავად მისი სული
დაიკარგებოდა და ის და სარა ერთმანეთს სამარადისოდ დაშორდებოდნენ. შეეძლო, სარას
სიკვდილი გამოსაფხიზლებელ გაფრთხილებად მიეღო და მიმხვდარიყო, რომ სანამ შანსი
კიდევ ჰქონდა, ღმერთი უნდა შეეყვარებინა.

214
ამის ნაცვლად ნილმა ღმერთი შეიძულა. სარა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წყალობა იყო და
ის ღმერთმა წაართვა. და ის სანაცვლოდ სიყვარულს ელოდა? ნილისთვის ეს იგივე იყო,
გამტაცებელს ცოლის დაბრუნების სანაცვლოდ სიყვარული რომ მოეთხოვა. მორჩილება კიდევ
შეიძლებოდა, მოეხერხებინა, მაგრამ წრფელი, გულიდან წამოსული სიყვარული როგორ? ასეთ
გამოსასყიდს ვერ გადაიხდიდა.

ამ პარადოქსის წინაშე მხარდაჭერის ჯგუფის რამდენიმე წევრი იდგა. ერთ-ერთმა დამსწრე


კაცმა, სახელად ფილ სოუმსმა, სწორად შენიშნა, რომ ამას თუ წამოყენებულ პირობად
განიხილავდი, წარუმატებლობისთვის იყავი განწირული. ღმერთს რაღაც შედეგის მისაღებად
ვერ შეიყვარებდი, თავად ის უნდა გყვარებოდა. თუ ღმერთის სიყვარულში შენი საბოლოო
მიზანი ცოლთან ხელახლა შეხვედრა იყო, ამით ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას საერთოდ არ
აჩვენებდი.

მხარდაჭერის ჯგუფის ერთი წევრი ქალი, ვალერი ტომაზინო ამბობდა, რომ წესით, არც კი უნდა
ეცადათ. ქალს ჰუმანისტური მოძრაობის ერთი წიგნი წაეკითხა; მოძრაობის წევრები არასწორად
მიიჩნევდნენ იმ ღმერთის სიყვარულს, რომელიც ხალხს ამდენ ტკივილს აყენებდა და
ადამიანებს მოუწოდებდნენ, საკუთარი მორალური შეგრძნებებით ემოქმედათ და არა
მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით(მეტაფორა, რომელიც აღნიშნავს სასურველი ქცევის
გამოსაწვევად ჯილდოსა და სასჯელის კომბინაციის გამოყენებას.). ეს ის ხალხი იყო, რომელიც
ღმერთს ამაყად უკუაგდებდა და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიემგზავრებოდა.

ჰუმანისტური მოძრაობის ერთი პამფლეტი ნილს თვითონაც წაკითხული ჰქონდა; ყველაზე


მეტად რაც დაამახსოვრდა, დაცემულ ანგელოზთა ციტატები იყო. დაცემული ანგელოზების
გამოცხადება იშვიათი იყო და არც კარგი იღბალი მოჰქონდა და არც – ცუდი. ისინი ღმერთის
მითითებით კი არ მოქმედებდნენ, უბრალოდ მოკვდავთა სიბრტყეს გზად გაივლიდნენ, როცა
თავიანთ წარმოუდგენელ საქმეებზე მიემგზავრებოდნენ. გამოჩენის შემთხვევაში ხალხი მათ
კითხვებს დააყრიდა ხოლმე: უფლის ზრახვები თუ უწყოდნენ? რატომ აჯანყდნენ? დაცემული
ანგელოზების პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: "პირადი გადაწყვეტილებები თქვენ
თვითონ მიიღეთ. ჩვენ ასე მოვიქეცით. თქვენც იმავეს გაკეთებას გირჩევთ".

ჰუმანისტური მოძრაობის წევრებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და სარა რომ არა, ნილიც იმავე
არჩევანს გააკეთებდა. მაგრამ ნილს სარას დაბრუნება სურდა, ამის ერთადერთ გზად კი
ღმერთის შეყვარების მიზეზის პოვნა რჩებოდა.
მხარდაჭერის ჯგუფის წევრებს ღვთისმოსაობის დასაშენებლად რაიმე საძირკვლის პოვნა
სჭრდებოდათ, ამიტომ შვებას ჰგვრიდათ იმის ცოდნა, რომ მათ საყვარელ ადამიანებს არ
უტანჯიათ, როდესაც უფალმა წასაყვანად მოაკითხათ, და მყისიერად დაიღუპნენ. ნილი ამასაც
კი ვერ ჩაებღაუჭებოდა: სარას მინამ საზარელი ჭრილობები მიაყენა. რა თქმა უნდა, უარესიც
შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთი წყვილის მოზარდი ვაჟიშვილი ანგელოზის გამოცხადებისგან
გაჩენილ ხანძარში აღმოჩნდა გამოკეტილი და სანამ მაშველები მის გათავისუფლებას
შეძლებდნენ, სხეულის ოთხმოც პროცენტზე მეტის მძიმე დამწვრობა მიიღო. მოგვიანებით მისი
გარდაცვალება ნამდვილი წყალობა იყო. მასთან შედარებით სარას ნამდვილად გაუმართლა,
მაგრამ არა იმდენად, რომ ნილს ღმერთი შეყვარებოდა.

215
ნილი მხოლოდ ერთ გზაზე ფიქრობდა, რაც ღმერთის მადლიერს გახდიდა – მას ნილისთვის
სარა უნდა ეჩვენებინა. მხოლოდ მისი ღიმილის ხელახლა დანახვაც კი განუზომელ ნუგეშად
მოევლინებოდა; გადარჩენილი სული მანამდე არასდროს სწვევია და ხილვა ახლა გაცილებით
დიდი მნიშვნელობის იქნებოდა, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერ სხვა ეტაპზე.

მაგრამ ხილვები მხოლოდ იმიტომ არ ჩნდება, რომ ადამიანს სჭირდება. ნილთანაც არაფერი
გამოჩენილა. ღმერთისკენ გზა თავად უნდა ეპოვა.

ნათანაელის გამოცხადების მოწმეთა მხარდაჭერის ჯგუფის შემდეგ შეკრებაზე ნილმა ბენი


ვასკესის მოძებნა სცადა – იმ კაცისა, ვისაც ზეციურმა ნათელმა თვალები წაუშალა. ბენი
შეხვედრებს არც ისე ხშირად ესწრებოდა, რადგან სხვა შეხვედრებზე სიტყვით
გამოსვლებისთვის ხშირად იწვევდნენ; გამოცხადების შედეგად უთვალებოდ დარჩენილი
ადამიანი იშვიათობა იყო, რადგან ზეციური ნათელი მოკვდავთა სიბრტყეში მხოლოდ მცირე
დროით, სამოთხიდან ანგელოზის გამოსვლისა და უკან შებრუნების მომენტში ჩნდებოდა. ასე
რომ, უთვალებოები პოპულარულები ხდებოდნენ და რელიგიურ ჯგუფებში სიტყვის
გამოსვლისთვის მათზე მაღალი მოთხოვნა იყო.

ბენი ახლა ჭიაყელასავით უსინათლო იყო – არა მხოლოდ თვალები და თვალბუდეები აკლდა,
მის თავის ქალასაც კი ისეთი ფორმა ჰქონდა, რომ ასეთი წარმონაქმნებისთვის ადგილი
საერთოდ არ იყო დარჩენილი და ღაწვები პირდაპირ შუბლს უერთდებოდა. სინათლემ,
რომელმაც მისი სული სრულყოფილებას მაქსიმალურად მიუახლოვა, სხეულიც გარდაუქმნა;
გავრცელებული აზრით, ასეთი მაგალითები ხაზს უსვამდა, რომ სამოთხეში ფიზიკური სხეული
ზედმეტია. მიმიკების შეზღუდული მრავალფეროვნების მიუხედავად, ბენი ყოველთვის ნეტარ,
აღტაცებულ ღიმილს ინარჩუნებდა.

ნილს იმედი ჰქონდა, ბენი ისეთ რამეს ეტყოდა, რაც ღმერთის შეყვარებაში დაეხმარებოდა.
ბენი ზეციურ სინათლეს აღწერდა, როგორც უსაზღვროდ ლამაზ სანახაობას, სრულყოფილ
დიდებულებას, რომელიც ყველანაირ ეჭვს ამარცხებს. ის წარმოადგენდა უდავო
მტკიცებულებას, რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს, ახსნას, რომელიც ისეთივე ცხადია, როგორც
1+1=2. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბენს ზეციური სინათლის ეფექტის აღსაწერად
მრავალი შედარების გამოყენება შეეძლო, ამ ეფექტს თავისი სიტყვებით მაინც ვერ იმეორებდა.
ისედაც ღვთისმოსავ ადამიანებს ბენის აღწერები აღაფრთოვანებდათ, მაგრამ ნილისთვის ეს
ყველაფერი იმედგამაცრუებლად ბუნდოვანი იყო. ამის გამო, რჩევის მისაღებად სხვა გზას
დაადგა.

ეზიარე საიდუმლოებასო, ამბობდა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი. თუ ღმერთის


შეყვარებას შეძლებ მიუხედავად იმისა, რომ შენი კითხვები პასუხგაუცემელია, უკეთეს შედეგს
მიაღწევო.

"აღიარე, რომ შენ ის გჭირდება", ნათქვამი იყო ნილის ნაყიდ პოპულარულ წიგნში სულიერების
რჩევების შესახებ. "როდესაც მიხვდები, რომ თვითკმარობა ილუზიაა, მაშინ მიაღწევ
მზადყოფნას".

216
"სრულად მიენდე", ამბობდა მქადაგებელი ტელევიზორიდან. ტანჯვის მიღებაა ის, რითაც შენს
სიყვარულს დაამტკიცებ. შეიძლება შეგუებამ ამ ცხოვრებაში შვება არ მოგიტანოს, მაგრამ
წინააღმდეგობის გაწევა შენს სასჯელს მხოლოდ გააუარესებს.

სხვადასხვა ინდივიდისთვის ეს სტრატეგიები წარმატებული გამოდგა; ნებისმიერი მათგანის


სრულად გათავისებამ შეიძლება ადამიანი ღვთისმოსავი გახადოს. მაგრამ ამ წესების მიღება
ყოველთვის ადვილი არაა და ნილიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც მათი შესრულება
შეუძლებელი ეჩვენებოდა.
ბოლოს ნილმა სარას მშობლებთან დალაპარაკება სცადა, რაც ხაზს უსვამდა, რამდენად
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო: მათთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
მართალია, სარა უყვარდათ, მაგრამ ხშირად კიცხავდნენ იმის გამო, რომ თავის
ღვთისმოშიშობას უფრო აშკარად არ ამჟღავნებდა, ხოლო როცა სრულიად ურწმუნო კაცზე
გათხოვდა, ნამდვილი შოკი მიიღეს. თავად სარა საკუთარ მშობლებს ყოველთვის მეტისმეტად
მკაცრ განმსჯელებად მიიჩნევდა და ნილის მიმართ მათმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ ეს
შეხედულება კიდევ უფრო გაუმყარა. მაგრამ ახლა ნილი მათთან რაღაც საერთოს გრძნობდა –
ბოლოს და ბოლოს, ისინიც და თავად ნილიც სარას გლოვობდნენ. ამგვარად, სარას მშობლებს
გარეუბანში, კოლონიური არქიტექტურის სტილის სახლში ესტუმრა იმ იმედით, რომ ამ
მწუხარების ჟამს რამით დაეხმარებოდნენ.

როგორ ცდებოდა! თანაგრძნობის ნაცვლად სარას სიკვდილში დადანაშაულება მიიღო. ამ


დასკვნამდე სარას დაკრძალვის შემდგომ რამდენიმე კვირაში მისულიყვნენ; მათი აზრით,
სარას წაყვანა ნილისთვის შეტყობინების გამოგზავნას ემსახურებოდა და ეს დანაკარგი
მხოლოდ იმიტომ განიცადეს, რომ ნილი ღვთისმოშიში არ იყო. სარას მშობლებს, უწინდელი
განმარტებების მიუხედავად, სჯეროდათ, რომ ნილის ფეხის დეფორმირება ღმერთის
ნამოქმედარი იყო და ეს სასჯელი რომ სწორად მიეღო, სარა შეიძლებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი
ყოფილიყო.

მათი რეაქცია არ უნდა გაჰკვირვებოდა: მთელი ცხოვრება ხალხი მის ფეხს სულიერ
მნიშვნელობას ანიჭებდა იმის მიუხედავად, რომ ღმერთი არაფერ შუაში იყო. ახლა, როცა
უბედურება ღმერთის უეჭველი მონაწილეობით შეემთხვა, გარდაუვალი იყო, რომ ვიღაც ამას
ყოველთვის ნილისთვის მოვლენილ დამსახურებულ სასჯელად მიიჩნევდა. სრულიად
შემთხვევითი იყო, რომ ნილმა აღნიშნული აზრი მაშინ მოისმინა, როცა ყველაზე მტკივნეული
იყო და შეიძლებოდა, მასზე დიდი გავლენა მოეხდინა.

ნილი არ ფიქრობდა, რომ მისი სიდედრ-სიმამრი მართლები იყვნენ, მაგრამ იმაზეც დაფიქრდა,
უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მათი აზრი დაეჯერებინა. ფიქრობდა, იქნებ ცხოვრება იმ ზღაპარში
უკეთესია, რომელშიც მართალნი ჯილდოს იღებენ, ხოლო ცოდვილნი – სასჯელს, (მიუხედავად
იმისა, რომ უცოდველობისა და ცოდვილობის კრიტერიუმები მისთვის გაურკვეველი იყო) ვიდრე
ისეთ რეალობაში ცხოვრება, სადაც სამართლიანობა საერთოდ არ არსებობსო. ამ შემთხვევაში
მოუწევდა, საკუთარი თავი ცოდვილის როლზე აეყვანა და ტყუილი არც ისე ნუგეშის მომგვრელი
გამოდგებოდა, მაგრამ ერთ ჯილდოს მაინც ჰპირდებოდა, რასაც პირადი მორალი ვერ აძლევდა:
მისი დაჯერება სარასთან ხელახლა შეახვედრებდა.

217
ზოგჯერ ადამიანს ცუდმა რჩევამაც კი შეიძლება სწორი მიმართულებისკენ მიუთითოს. სწორედ
ასე მოხდა, როდესაც სიდედრ-სიმამრის ბრალდებებმა საბოლოოდ ნილი ღმერთს მიუახლოვა.

***

ქადაგებებისას ჯენისისთვის არაერთხელ უკითხავთ, ნატრობდა თუ არა, რომ ფეხები ჰქონოდა


და ისიც ყოველთვის გულწრფელად პასუხობდა, რომ არა, არ ნატრობდა. კმაყოფილი იყო
იმით, როგორიც იყო. ზოგჯერ ამ კითხვის დამსმელი შენიშნავდა, რომ ვერ მოენატრებოდა ის,
რაც არასდროს გამოუცდია და ფეხებით რომ დაბადებულიყო და ისინი შემდეგ დაეკარგა,
შეიძლება, სხვანაირად ეფიქრა. ჯენისს ამ აზრის უარყოფა არც უცდია. მაგრამ გულახდილად
ამბობდა, რომ არასრულფასოვნებას ან სხვა ადამიანების მიმართ შურს საერთოდ ვერ
გრძნობდა; უფეხებობა მისი იდენტობის ნაწილი იყო. პროთეზებით თავი არასდროს
შეუწუხებია და რომც ეარსება ისეთ ქირურგიულ პროცედურებს, რომლებიც ფეხებს შესძენდა,
მაინც უარს იტყოდა. არასდროს უფიქრია, რომ შეიძლებოდა ღმერთს მისთვის ფეხები
აღედგინა.

ფეხების ერთ-ერთი მოულოდნელი გვერდითი ეფექტი კაცების მხრიდან მომატებული


ყურადღება იყო. წარსულში მხოლოდ ისეთ კაცებს იზიდავდა, ვისაც ამპუტირების ფეტიში ან
წმინდანების კომპლექსები აწუხებდა; ახლა კი მისკენ ყველანაირი კაცი მოიწევდა. ამრიგად,
როცა ითენ მიდის ყურადღება პირველად შეამჩნია, ესეც რომანტიკული ბუნების ეგონა, რაც
განსაკუთრებით შემაწუხებელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ითენს ცოლი ჰყავდა.

ითენმა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრებზე ჯენისთან გამოლაპარაკება დაიწყო, შემდეგ მის


საჯარო გამოსვლებზე სიარულსაც მოუხშირა. ხოლო როდესაც ჯენისი სადილზე დაპატიჟა,
ქალმა პირდაპირ ჰკითხა, რა განზრახვა გამოძრავებსო, ითენმაც თავისი თეორიის შესახებ
მოუთხრო. ზუსტად არ იცოდა, რა მხრივ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მათი ბედისწერა
ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ჯენისი კაცის აზრს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მისი
თეორია ხელაღებით არ უკუაგდო. ითენმა აღიარა, რომ ჯენისის კითხვებზე პასუხები თავადაც
არ იცოდა, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა, ყველაფერი ეღონა და ქალს მათ პოვნაში
დახმარებოდა. ჯენისი ფრთხილად დათანხმდა, რომ ითენს თავისი ცხოვრების აზრის პოვნაში
დაეხმარებოდა, თავის მხრივ ითენი დაპირდა, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა.
ერთმანეთთან რეგულარულად შეხვედრა და გამოცხადებების მნიშვნელობაზე საუბარი
დაიწყეს.

ამასობაში ითენის ცოლი, კლერი, ანერვიულდა. ითენი არწმუნებდა, რომ ჯენისის მიმართ
არანაირი რომანტიკული გრძნობა არ გააჩნდა, მაგრამ ამან ცოლის შფოთვას ვერაფერი
უშველა. ქალმა იცოდა, რომ უჩვეულო გარემოებებს ინდივიდებს შორის კავშირების
ჩამოყალიბება სჩვევია და შიშობდა, რომ ჯენისთან ითენის ურთიერთობა – რომანტიკული
იქნებოდა თუ არა – მათ ქორწინებას საფრთხეს შეუქმნიდა.

218
ითენმა ჯენისს შესთავაზა, რომ როგორც ბიბლიოთეკარს, შეეძლო კვლევაში დახმარებოდა.
არც ერთ მათგანს არ გაეგონა ისეთი შემთხვევის შესახებ, როცა ღმერთმა ერთი
გამოცხადებისას ადამიანზე ნიშანი დატოვა, ხოლო სხვა გამოცხადებისას ეს ნიშანი წაშალა.
ითენი უწინდელ მაგალითებს ეძებდა იმ იმედით, რომ მათ შეეძლოთ, ჯენისის შემთხვევისთვის
ნათელი მოეფინათ. არსებობდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები ცხოვრების
მანძილზე სასწაულებრივად რამდენჯერმე განიკურნენ, მაგრამ მათი უნარშეზღუდულობა ან
დაავადება ყოველთვის ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული და არა – გამოცხადებისას
მიღებული. ერთი გადმოცემის მიხედვით, არსებობდა კაცი, რომელიც საკუთარი ცოდვების გამო
დაბრმავდა და მოგვიანებით, ცხოვრების წესის შეცვლის შემდეგ, მხედველობა აღუდგა, თუმცა
ეს ამბავი ქალაქურ ლეგენდად მიიჩნეოდა.

ამ გადმოცემაში სიმართლის მარცვალი რომც ყოფილიყო, ჯენისის სიტუაციისთვის შესაფერის


პრეცედენტს მაინც არ წარმოადგენდა: მას ხომ ფეხები დაბადებამდე გაუქრა, შესაბამისად,
რაღაც ქმედებებისთვის მიღებული სასჯელი ვერ იქნებოდა. იქნებ ჯენისის მდგომარეობა
დედამისის ან მამამისის მიერ ჩადენილი რაიმე ცოდვის საპასუხო სასჯელი იყო? იქნებ ფეხების
აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ მისმა მშობლებმა საბოლოოდ შვილის განკურნება დაიმსახურეს?
თავად ჯენისი ამ თეორიას ვერ იჯერებდა.

ჯენისის გარდაცვლილი ნათესავები ხილვად რომ გამოცხადებულიყვნენ, ჯენისი თავისი


ფეხების აღდგენასთან დაკავშირებით დამშვიდდებოდა. ფაქტი, რომ ისინი არსად ჩანდნენ,
ქალს ეჭვებს უჩენდა, მაგრამ ვერც იმას იჯერებდა, რომ ეს სასჯელი იყო. შეიძლება, შეცდომა
მოხდა და ეს სასწაული სხვისთვის იყო განკუთვნილი; შეიძლება, გამოცდა იყო იმის დასანახად,
როგორი რეაქცია ექნებოდა ასეთ გულუხვ საჩუქარზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მოქმედების
მხოლოდ ერთი გზა ჩანდა: უაღრესი მადლიერებითა და თავმდაბლობით ამ ძღვენის უკან
დაბრუნება უნდა შეეთავაზებინა. ამისათვის პილიგრიმობაში უნდა წასულიყო.

პილიგრიმები დიდ მანძილებს გადიოდნენ, წმინდა ადგილებს სტუმრობდნენ და


სასწაულებრივი განკურნების იმედით გამოცხადებას უცდიდნენ. მსოფლიოს უდიდეს ნაწილში
ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრება ეცადა და გამოცხადებას არასდროს შესწრებოდა, წმინდა
ადგილებში კი რამდენიმეთვიანი, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმეკვირიანი ლოდინი იყო საჭირო.
პილიგრიმებმა იცოდნენ, რომ განკურნების შანსები კვლავ ძალიან დაბალი იყო; მათგან, ვინც
გამოცხადებას საკმარისად დიდხანს ელოდა და ბოლოს ესწრებოდა კიდეც, უმრავლესობა
მაინც არ იკურნებოდა. მაგრამ ხშირად უბრალოდ ანგელოზის ხილვაც კი აბედნიერებდათ და
სახლში დაბრუნებულები უკეთესად იყვნენ მზად იმისათვის, რაც წინ ელოდათ, იქნებოდა ეს
გარდაუვალი სიკვდილი თუ ხეიბრად ცხოვრება. რა თქმა უნდა, გამოცხადების შემდეგ
ცოცხლად დარჩენით ბევრი მათგანი უკვე მადლიერი რჩებოდა – როგორც წესი, ყოველი
გამოცხადებისას რამდენიმე პილიგრიმი მაინც იღუპებოდა.

ჯენისს სურდა, რომ რაც უნდა ყოფილიყო, საბოლოო შედეგს შეჰგუებოდა. თუ ღმერთი მის
წაყვანას ჩათვლიდა საჭიროდ, მზად იყო. თუ ღმერთი ფეხებს კვლავ წაართმევდა, ჯენისი
თავის ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდა. თუ ღმერთი ფეხებს შეუნარჩუნებდა, ჯენისი
იმედოვნებდა, რომ იმ ეპიფანიას მაინც მიიღებდა, რომელიც საკუთარი ღვთიური საჩუქრის
შესახებ დამაჯერებლად საუბრისთვის სჭირდებოდა.

219
თუმცა, ყველაზე მეტად იმის იმედი ჰქონდა, რომ მისთვის მოვლენილ სასწაულს ღმერთი უკან
წაიღებდა და ვინმე ისეთს მოუვლენდა, ვისაც ნამდვილად სჭირდებოდა. არავისთვის
შეუთავაზებია, თან წაყოლოდნენ იმ იმედით, რომ მის მიერ დაბრუნებული სასწაული მათზე
გადავიდოდა – მეტისმეტად თავდაჯერებული საქციელი იქნებოდა, მაგრამ შინაგანად თავის
პილიგრიმობას იმათთვის ვედრებად მიიჩნევდა, რომლებსაც წყალობა სჭირდებოდათ.

მეგობრები და ოჯახის წევრები ჯენისის გადაწყვეტილებამ დააბნია და მის განზრახვას


ღმერთში ეჭვის შეტანად აღიქვამდნენ. როცა ამბავი გავრცელდა, უამრავი წერილი მიიღო –
ზოგი შეშფოთებას გამოხატავდა, ზოგი გულგატეხილობას, ზოგი კი აღფრთოვანებას იმით, რომ
ჯენისი ასეთი მსხვერპლის გაღებას აპირებდა.

ითენი ჯენისის გადაწყვეტილებას სრულად უჭერდა მხარს და თავადაც აღტაცებული იყო. ახლა
უკვე ესმოდა, რა დანიშნულება ჰქონდა რაშიელის გამოცხადებას მისთვის – გამოცხადებამ
მიანიშნა, რომ მისი მოქმედების დრო დამდგარიყო. ითენის ცოლი, კლერი, მთელი
მონდომებით ცდილობდა, ქმრისთვის წასვლა გადაეფიქრებინა, ხაზს უსვამდა, არც კი იცი
რამდენი ხანი მოუნდები, მე და ჩვენს შვილებსაც გვჭირდებიო. ითენს ამწუხრებდა ის ფაქტი,
რომ ცოლის მხარდაჭერის გარეშე უწევდა გამგზავრება, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
პილიგრიმობაში უნდა წასულიყო და შემდეგი გამოცხადებისას გაიგებდა, რა სურდა ღმერთს
მისგან.

***

სარას მშობლებთან სტუმრობამ ნილი ბენი ვასკესთან ადრინდელ საუბარზე ხელახლა


დააფიქრა. ბენის სიტყვებიდან აზრი ვერ გამოიტანა, მაგრამ მისი ღვთისმოსაობის ურყეობამ
ნილზე შთაბეჭდილება მოახდინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა უბედურება შეემთხვეოდა
მომავალში – ღმერთის მიმართ ბენის სიყვარული არასოდეს განელდებოდა და სიკვდილის
შემდეგ ზეცისკენ ამაღლდებოდა. ამ ფაქტმა ნილს ერთი მცირე შესაძლებლობის შესახებ
შთააგონა, რომელიც იმდენად არამიმზიდველი იყო, რომ მანამდე ამაზე ფიქრი არც კი
უნდოდა. ახლა კი, როცა მისი სასოწარკვეთა თანდათან იზრდებოდა, ეს შესაძლებლობა სულ
უფრო მიზანშეწონილი ეჩვენებოდა.

ყოველ წმინდა ადგილს ჰყავს ისეთი პილიგრიმები, რომლებიც სასწაულებრივ განკურნებას კი


არა, ზეციური სინათლის დანახვას ელტვიან. ისინი, ვინც ამ ნათელს დაინახავდნენ, სიკვდილის
შემდეგ ყოველთვის სამოთხეში მიიღებოდნენ იმის მიუხედავად, თუ როგორი ეგოისტური
მოტივები ამოძრავებდათ მანამდე; იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სურდათ, გაორებული
მდგომარეობა დასრულებულიყო და საყვარელ ადამიანებს კვლავ შეხვედროდნენ, და
ისეთებიც, რომლებმაც ცოდვებით სავსე ცხოვრება გამოიარეს და შედეგებისგან გაქცევა
სურდათ.

220
წარსულში არსებობდა გარკვეული ეჭვი, ნამდვილად შეეძლო თუ არა ზეციურ ნათელს ხსნის
გზაზე ყველანაირი სულიერი დაბრკოლების მოხსნა. კამათი შეწყდა ბარი ლარსენის
შემთხვევის შემდეგ – ეს იყო სერიული მკვლელი და მოძალადე, რომელიც თავისი უკანასკნელი
მსხვერპლის სხეულის თავიდან მოშორებისას უეცრად ანგელოზის გამოცხადებას შეესწრო და
ზეციური ნათელი იხილა. ლარსენის სიკვდილით დასჯისას მისი სულის სამოთხისკენ
აღმასვლა იხილეს, რასაც მის მსხვერპლთა ოჯახების რისხვა მოჰყვა. მღვდლებმა მათი
დამშვიდება სცადეს, არწმუნებდნენ – ყველანაირი მტკიცებულების გარეშე – რომ ზეციურმა
სინათლემ ლარსენს მრავალი სიცოცხლისთვის სამყოფი სასჯელი მოუვლინა, მაგრამ
მღვდლების სიტყვებმა ვერავინ ანუგეშა.

ნილისთვის ეს ნიშნავდა, რომ შეეძლო მოკლე გზა ეპოვა და ფილ სოუმსის მტკიცებისთვის
პასუხი გაეცა; ეს ერთადერთი გზა იყო, რომლითაც შეეძლო, ღმერთზე მეტად სარა ჰყვარებოდა
და მასთან ხელახლა შეხვედრა მოეხერხებინა. მხოლოდ ამგვარად შეეძლო, ეგოისტად
დარჩენილიყო და მაინც სამოთხეში მოხვედრილიყო. სხვებმა ეს შეძლეს და იქნებ, მასაც
მოეხერხებინა. შეიძლება არც ისე სამართლიანი, მაგრამ პროგნოზირებადი გზა მაინც იყო.

შინაგანად ნილს ეს იდეა ზიზღს გვრიდა – დაახლოებით იმას ჰგავდა, დეპრესიის


განსაკურნებლად ტვინი რომ გამოერეცხა. თავიდან ვერ იშორებდა იმ აზრს, რომ მისი
პიროვნება იმდენად შეიცვლებოდა, რომ საკუთარ თავს დაკარგავდა. შემდეგ გაახსენდა, რომ
სამოთხეში მსგავს ტრანსფორმაციას ყველა გადიოდა; ხსნილი სულები თვალების გარეშე
დარჩენილებს ჰგავდნენ იმ განსხვავებით, რომ სხეულები აღარ გააჩნდათ. ამის გააზრებამ
ნილს უფრო ნათლად წარმოუჩინა, თუ რისკენ მიისწრაფოდა: მნიშვნელობა არ ჰქონდა, ღვთის
სიყვარულს ზეციური სინათლის დანახვით ეზიარებოდა თუ ცხოვრების ბოლომდე დაუღალავი
მცდელობით, სარასთან საბოლოოდ შეხვედრის შემდეგ ყველაფერი ისე ვერ აღდგებოდა,
როგორც მოკვდავთა სიბრტყეში. ზეცაში ორივე განსხვავებულები იქნებოდნენ და მათი
ერთმანეთის მიმართ სიყვარული შეერეოდა იმ სიყვარულს, რომელსაც ხსნილი სულები
ყველაფრის მიმართ გრძნობდნენ.

ამ ყველაფრის გააზრებას ნილისთვის სარასთან ხელახლა შეხვედრის სურვილი არ


გაუნელებია. სინამდვილეში უფრო გაამძაფრა კიდეც, რადგან ეს ნიშნავდა, რომ მიზნის
მიღწევის რა გზაც არ უნდა გამოეყენებინა, შედეგი მაინც ერთი და იგივე იქნებოდა. მოკლე გზა
ზუსტად იმავე დანიშნულების წერტილამდე მიიყვანდა, რომელთანაც – ტრადიციული.

მეორე მხრივ, ზეციური სინათლის ძიება გაცილებით რთული და სახიფათო იყო, ვიდრე
ჩვეულებრივი პილიგრიმობა. ზეციური სინათლე მხოლოდ მაშინ ჟონავდა, როცა ანგელოზი
მოკვდავთა სიბრტყეში შემოდიოდა ან მას ტოვებდა. ვინაიდან ანგელოზის პირველი გამოჩენის
ადგილის პროგნოზირების გზა არ არსებობდა, სინათლის მაძიებლები ანგელოზის გამოჩენის
შემდეგ მასთან უნდა მოქუჩებულიყვნენ და იქამდე გაჰყოლოდნენ, სანამ უკან არ
გაემგზავრებოდა. იმისათვის, რომ სინათლის ვიწრო სვეტში მოხვედრის შანსი გაეზარდათ,
გამოცხადების პერიოდში ანგელოზს რაც შეიძლება ახლოს მისდევდნენ; იმის მიხედვით, თუ
რომელ ანგელოზს ეხებოდა საქმე, მისი დევნისას შეიძლებოდა საჭირო გამხდარიყო
ტორნადოს ყელის, მოვარდნილი წყლის ზვირთების ან მიწის შუაზე გამხლეჩი ნაპრალის

221
სიახლოვეს დარჩენა. სინათლის მადევართაგან ბევრი იღუპებოდა, წარმატებას ცოტანი თუ
აღწევდნენ.

წარუმატებელ სინათლის მადევართა სულების შესახებ სტატისტიკის შეგროვება რთული იყო,


ვინაიდან ასეთ ექსპედიციებს ბევრი მოწმე არ ჰყავდა, თუმცა არსებული მონაცემები სანუგეშოს
არაფერს ამბობდა. ჩვეულებრივი პილიგრიმებიდან, რომლებიც სასურველ განკურნებას ვერ
იღებდნენ, დაახლოებით ნახევარს სამოთხეში იღებდნენ. მათგან განსხვავებით, სინათლის
ყოველი მაძიებელი, რომელიც მიზანს ვერ აღწევდა, ჯოჯოხეთში ეშვებოდა. შეიძლება
სინათლის დევნას მხოლოდ უკვე დაკარგული სულების მქონენი განიზრახავდნენ ხოლმე, ან,
შესაძლოა, ასეთ ვითარებაში სიკვდილი თვითმკვლელობად ფასდებოდა. ნებისმიერ
შემთხვევაში, ნილისთვის ცხადი იყო, რომ ასეთ მცდელობაზე წასვლისას ნებისმიერი
შედეგისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

მთელ ამ წამოწყებას "ყველაფერი ან არაფერი" ხასიათი ჰქონდა, რაც ნილს ერთდროულად


აშინებდა და იზიდავდა. ღმერთის შეყვარების მცდელობაში სიცოცხლის ჩვეულებრივად
გაგრძელების პერსპექტივა სულ უფრო მეტად აგიჟებდა. შეიძლება, ათწლეულები ეცადოს და
წარმატებას ვერ მიაღწიოს. შეიძლება, ამხელა სიცოცხლე არც კი აქვს დარჩენილი; როგორც ამ
ბოლო დროს ხშირად ახსენებდნენ ხოლმე, გამოცხადებები სულის შესამზადებელი
გაფრთხილებების როლს ასრულებდა, რადგან სიკვდილი შეიძლება ნებისმიერ დროს გეწვიოს.
შეიძლებოდა, მეორე დღესვე მომკვდარიყო, ჩვეულებრივი გზებით კი ახლო მომავალში
ღმერთის შეყვარების შანსი არ არსებობდა.

ჯენის რაილის მაგალითისადმი ნილის უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით


ალბათ ირონიულია, რომ ნილმა გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მიიღო, როცა პოზიცია თავად
ჯენისმაც შეიცვალა. ნილი საუზმეს მიირთმევდა, როცა შემთხვევით გაზეთში სტატიას წააწყდა
ჯენისის პილიგრიმობის გეგმების შესახებ; მისი მყისიერი რეაქცია სიბრაზე იყო: კიდევ რამდენი
წყალობა სჭირდება იმ ქალს, რომ დაკმაყოფილდეს? ცოტა დიდხანს დაფიქრების შემდეგ
ნილმა გადაწყვიტა, რომ თუ ჯენისი, რომელმაც წყალობა მიიღო, მართებულად მიიჩნევდა ამ
წყალობის ბუნების გასარკვევად ღმერთის დახმარება მოეძებნა, მაშინ არ არსებობდა მიზეზი,
რომ იგივე არ გაეკეთებინა ნილსაც, რომელსაც ასეთი საშინელი უბედურება შეემთხვა. ამის
გააზრება საკმარისი იყო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
***

წმინდა ადგილები არასტუმართმოყვარე ადგილები იყო: ერთი მათგანი შუა ოკეანეში მდებარე
ატოლს წარმოადგენდა, მეორე – ოცი ათასი ფუტის სიმაღლის მთებში მდებარეობდა. ის,
რომლისკენ წასვლაც ნილმა გადაწყვიტა, უდაბნოში იყო, დაბზარული ტალახით სავსე ვრცელ
არეალში, რომელიც ყოველი მიმართულებით მრავალი მილის მანძილზე გადაჭიმულიყო;
სრულიად უკაცრიელი, მაგრამ სხვებთან შედარებით მაინც ადვილად ხელმისაწვდომი ადგილი
პილიგრიმებში პოპულარობით სარგებლობდა. წმინდა ადგილის შესახედაობა აშკარა
მაგალითს წარმოადგენდა იმისა, თუ რა ხდება, როცა ზეციური და მიწიერი სამყაროები
ერთმანეთს ეხებიან: რელიეფი ლავის დინებებს, პირდაფჩენილ ნაპრალებსა და ციური
ობიექტების დაცემის შედეგად გაჩენილ კრატერებს ნაირგვარად დაეღარა. ისედაც მწირი

222
მცენარეულობა მალე კვდებოდა და მხოლოდ იმ დროის ინტერვალებში იზრდებოდა, სანამ
წყალდიდობის ან ქარიშხლისგან მოტანილი მიწა ისევ მთლიანად გადაირეცხებოდა.

პილიგრიმები მთელ ამ მიდამოში დასახლებულიყვნენ და კარვებითა და ტურისტული


სატვირთოებით დროებითი სოფლები გაეშენებინათ; ყველა მათგანი ცდილობდა გამოეცნო
ადგილმდებარეობა, რომელიც ანგელოზის დანახვის შანსებს გაზრდიდა, ხოლო დაზიანების ან
სიკვდილისას – შეამცირებდა. წინა წლებში დატოვებული და საჭიროებისამებრ ხელახლა
აშენებული, ქვიშის ტომრებით აგებული მომრგვალებული ბარიკადები გარკვეულ დაცვას
უზრუნველყოფდა. უბანზე მიმაგრებული სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მეხანძრეების
სამსახურები უზრუნველყოფდა, რომ გზები მუდმივად გაწმენდილი ყოფილიყო და მაშველების
მანქანებს დანიშნულების ადგილამდე შეუფერხებლად ემოძრავათ. პილიგრიმებს ან საკუთარი
საჭმელ-სასმელი მოჰქონდათ, ან ადგილობრივი მოვაჭრეებისგან ყიდულობდნენ
გადაჭარბებულ ფასად; ნაგვის გატანის გადასახადს ყველა იხდიდა.

სინათლის მადევრებს ყოველთვის ყველგანმავალი მანქანები ჰყავდათ, რათა როცა დრო


მოვიდოდა და ანგელოზის ადევნება დასჭირდებოდათ, უხეშ რელიეფზე გადაადგილება არ
გასჭირვებოდათ. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ასეთ მანქანებს მარტო ატარებდა, ვისაც არა –
ორ, სამ ან ოთხკაციან ჯგუფებს ქმნიდნენ. ნილს არ სურდა, რომ სხვა ადამიანზე
დამოკიდებული მგზავრი ყოფილიყო და არც სხვების ტარების პასუხისმგებლობის აღება
უნდოდა. ეს შეიძლებოდა დედამიწაზე მისი საბოლოო მოქმედება ყოფილიყო, ამიტომ
სიმარტოვე ერჩივნა. სარას დაკრძალვის ხარჯებმა მათი დანაზოგები ამოწურა, ამიტომ ნილმა
მთელი ქონება გაყიდა და შესაფერისი მანქანა შეიძინა: პიკაპი პროტექტორებით უხვად
დაფარული საბურავებითა და ზემძლავრი ამორტიზატორებით.

დანიშნულების ადგილას მისვლისთანავე ნილმაც იმის კეთება დაიწყო, რასაც ყველა


სინათლის მაძიებელი აკეთებდა: თავისი მანქანით მთელი ტერიტორიის შემოვლას შეუდგა და
სცადა, იქაურ ტოპოგრაფიას კარგად გასცნობოდა. წმინდა ადგილის პერიმეტრზე სწორედ ერთ-
ერთი ასეთი გასვლისას შეხვდა ითენს; ითენმა ხელების ქნევით მისი ყურადღების მიქცევა
სცადა მას შემდეგ, რაც 80 მილით დაშორებული უახლოესი სასურსათო მაღაზიიდან
დაბრუნებისას მანქანა გაუჩერდა. ნილი მანქანის ამუშავებაში დაეხმარა და შემდეგ, ითენის
დაჟინებული მოთხოვნით, სავახშმოდ გაჰყვა. როცა მივიდნენ, ჯენისი ადგილზე არ დახვდათ,
რამდენიმე კარვით მოშორებული პილიგრიმების მოსანახულებლად წასულიყო; ნილი
თავაზიანად უსმენდა, სანამ ითენი მზა საჭმელს ათბობდა პროპანის ბოთლზე და თავის
თავგადასავალსა და წმინდა ადგილზე მოსვლის მიზეზებს უყვებოდა.

როცა ითენმა ჯენის რაილის სახელი ახსენა, ნილმა გაოცების დამალვა ვეღარ შეძლო. ქალთან
ხელახლა ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდა და ბოდიშის მოხდით წასვლა დააპირა. დაბნეულ
ითენს უხსნიდა, სხვასაც შევპირდი შეხვედრას და გადამავიწყდაო, როცა ჯენისიც თავზე
წამოადგათ.

ნილის აქ დანახვამ დააბნია, მაგრამ დარჩენა სთხოვა. ითენმა აუხსნა, რატომ დაპატიჟა ნილი
ვახშამზე, ჯენისმაც მოუთხრო, როგორ შეხვდა წინათ ნილს. შემდეგ ნილს ჰკითხა, წმინდა
ადგილზე რამ მოგიყვანაო. როცა ნილმა უპასუხა, სინათლის მაძიებელი ვარო, ითენმა და
ჯენისმა იმ წამსვე დარწმუნება დაიწყეს, იქნებ გადაიფიქროო. ითენის თქმით, ნილი ამგვარად

223
თითქმის თავს იკლავდა, არადა თვითმკვლელობაზე უკეთესი ვარიანტები ყოველთვის
არსებობდა. ჯენისის თქმით, ზეციური ნათელის დანახვა პასუხი არ იყო, ღმერთს ეს არ სურდა.
ნილმა მასზე ზრუნვისთვის ცივი მადლობა გადაუხადა და იქაურობა დატოვა.

ლოდინის კვირების განმავლობაში ნილი ყოველ დღეს წმინდა ადგილის გარშემო მანქანით
სიარულში ატარებდა. ხელმისაწვდომი იყო რუკები, რომლებიც ყოველი გამოცხადების შემდეგ
ახლდებოდა, მაგრამ იქაურობის საკუთარი მანქანით შემოვლას რუკები ვერ ჩაანაცვლებდა.
ზოგჯერ რთულ რელიეფზე მანქანით სიარულში აშკარად გამობრძმედილ სინათლის მაძიებელ
კაცს ნახავდა – სინათლის მაძიებელთა აბსოლუტური უმრავლესობა კაცი იყო – და რელიეფის
ამა თუ იმ ტიპთან დაკავშირებით რჩევებს ეკითხებოდა. ზოგიერთი მათგანი ამ უბანზე
რამდენიმე გამოცხადების დროს ყოფილიყო, წინა მცდელობებისას ვერც წარმატებისთვის
მიეღწია და არც მარცხი განეცადა. სიხარულით გასცემდნენ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ
უნდა ადევნებოდი ანგელოზს, საკუთარ თავზე კი არაფერს ჰყვებოდნენ. ნილს უცნაურად
ეჩვენებოდა მათი საუბრის ტონი, რომელშიც იმედი და უიმედობა ერთდროულად იგრძნობოდა
და აინტერესებდა, თავად მისი ლაპარაკიც ასე თუ ჟღერდა.

ითენს და ჯენისს დრო სხვა პილიგრიმების გაცნობით გაჰყავდათ. ჯენისის მდგომარეობაზე


ყველას განსხვავებული რეაქცია ჰქონდა: ზოგს ის უმადურად მიაჩნდა, ხოლო სხვებს მისი
დიდსულოვნება აღაფრთოვანებდა. ითენის ისტორია უმეტესობას საინტერესოდ ეჩვენებოდა,
რადგან ის იმ მცირერიცხოვან პილიგრიმებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სასწაულებრივ
განკურნებას კი არა, რაღაც სხვას ეძებდნენ. უმეტესწილად, ხანგრძლივი ლოდინის პერიოდში
ერთმანეთის მიმართ გაჩენილი მეგობრული გრძნობა აძლებინებდათ.

ნილი თავისი მანქანით დასეირნობდა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთით ღრუბლების გროვა


გამოჩნდა და რაციითაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ გამოცხადება დაიწყო. ყურსაცობების
დასამაგრებლად და ჩაფხუტის ჩამოსაცმელად გაჩერდა; როცა ეს სამზადისი დაასრულა, უკვე
გაელვებები გაჩნდა და ანგელოზთან ახლოს მყოფმა სინათლის მაძიებელმა გადმოსცა, რომ
ბარაკიელი იყო და სავარაუდოდ ჩრდილოეთით მოძრაობდა. ნილმა მანქანა
აღმოსავლეთისკენ მიატრიალა და მთელი სიჩქარით გაეშურა.

წვიმა ან ქარი არსად ჩანდა, მხოლოდ მუქი ღრუბლები, რომლიდანაც ელვა გამოკრთებოდა
ხოლმე. რაციაში სხვა სინათლის მაძიებელმა ანგელოზის მიმართულებისა და სიჩქარის ახალი
მაჩვენებლები გადმოსცა და ნილმა ჩრდილო-აღმოსავლეთით განაგრძო სვლა, რათა
ანგელოზს წინ დახვედროდა. თავიდან შტორმამდე დარჩენილ მანძილს იმის მიხედვით
ზომავდა, თუ რამდენ ხანში აღწევდა ქუხილი მის მანქანამდე, მაგრამ მალე გაელვებები ისე
გახშირდა, რომ ცალკეული გამონათებისა და გრუხუნის ერთმანეთთან დაკავშირებას ვეღარ
ახერხებდა.

შენიშნა, რომ ორი სხვა სინათლის მაძიებლის მანქანა უახლოვდებოდა. ჩრდილოეთისკენ მის
პარალელურად განაგრძეს სვლა კრატერებით უხვად დაჩხვლეტილ მიწის მონაკვეთზე –
შედარებით მცირე ჩაღრმავებებს ზემოდან ხტუნვით ევლებოდნენ, უფრო მოზრდილებს კი
გვერდს უქცევდნენ. ელვის ღერძები მიწაზე მათ გარშემო უკვე ყველა მხარეს ეცემოდა, მაგრამ,
როგორც ჩანდა, ისინი ნილისგან სამხრეთით იწყებოდნენ; ანგელოზი ზუსტად მის უკან იყო და
უახლოვდებოდა.

224
დამაყრუებელ გრგვინვას ყურსაცობებიც ვერ აკავებდა. ნილი გრძნობდა, რომ თმა ყალყზე
დაუდგა, რადგან მის გარშემო ელექტრული მუხტი გროვდებოდა. უკანა ხედვის სარკეში
იყურებოდა, ცდილობდა, ანგელოზის ადგილმდებარეობას მიმხვდარიყო და თან
აინტერსებდა, ნეტავ რამდენად ახლოს ვარო.

ნილის მხედველობის ველი გაელვებების შემდგომი ლაქებით ისე გადაივსო, რომ მათ შორის
ნამდვილი ელვის კლაკნილებს ვეღარ არჩევდა. თვალებმოჭუტული სარკეში შესცქეროდა
ელვარებას და მიხვდა, რომ ერთ მთლიან, მოპულსირე, მაგრამ უწყვეტ ელვას უყურებდა.
უკეთესი ხილვისთვის მძღოლის გვერდითი სარკე ზემოთ აატრიალა და ელვის წყარო დაინახა –
ბნელი ღრუბლების ფონზე აკაშკაშებული მოფუთფუთე, დაკლაკნილი ცეცხლოვანი მასა:
ანგელოზი ბარაკიელი.

სწორედ მაშინ, სანამ ნილი ნანახისგან გაშეშებული და პარალიზებული იყო, მისი მანქანა ერთ-
ერთი ბასრ კლდოვან შვერილს წამოეგო, ჰაერში ავარდა და უზარმაზარ ლოდს შეასკდა.
დარტყმის ძალა მანქანის მარცხენა წინა ნაწილზე მოვიდა და თუნუქის ფირფიტასავით
დაჭმუჭნა. მძღოლის ნაკვეთურში შეჭრილმა მეტალის ნაჭერმა ნილს ორივე ფეხი გადაუმტვრია
და მარცხენა ბარძაყის არტერია გაუჭრა. ნილს ნელი, მაგრამ გარანტირებულად სასიკვდილო
სისხლდენა დაეწყო.

განძრევა არც უცდია; იმ მომენტში ტკივილს არ გრძნობდა, მაგრამ როგორღაც ხვდებოდა, რომ
ოდნავი მოძრაობაც კი მტანჯველ ტკივილს გამოიწვევდა. აშკარა იყო, რომ მანქანაში
ჩაჭედილიყო და ასე რომც არ ყოფილიყო, ბარაკიელს ვეღარ დაედევნებოდა. უმწეოდ გააყოლა
თვალი, თუ როგორ შორდებოდა ელვა და შტორმი.

ამ სანახაობის შემყურე ატირდა. სინანულსა და თვითსიძულვილს ერთდროულად გრძნობდა


და საკუთარ თავს წყევლიდა იმის გამო, რომ ამ გეგმის წარმატების იმედი ჰქონდა. რომ
გადარჩენილიყო, ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის მუდარას არ დაიშურებდა და პირობას
დადებდა, რომ მთელ ცხოვრებას ღვთის სიყვარულის შესწავლაში გაატარებდა, მაგრამ იცოდა,
რომ დაპირებებით ვეღარ ივაჭრებდა და ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა
დაებრალებინა. სარას ბოდიში მოუხადა, რომ მასთან ხელახლა შეხვედრის შანსი დაკარგა და
თავისი სიცოცხლე სარისკო წამოწყებას შესწირა იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხო თამაშის
წესები აერჩია. ლოცულობდა, სარას გაეგო, რომ ნილის მთავარი მოტივაცია მის მიმართ
სიყვარული იყო, და ეპატიებინა.

ცრემლების მიღმა შენიშნა, რომ მისკენ ქალი მორბოდა – ჯენის რაილი ამოიცნო. მიხვდა, რომ
ავარია ჯენისისა და ითენის ბანაკიდან ასიოდე ფუტში მოსვლოდა. თუმცა, ქალი ვერაფრით
დაეხმარებოდა. ნილი გრძნობდა, რომ სისხლისგან იცლებოდა და იცოდა, რომ მაშველთა
მანქანის მოსვლამდე ვერ იცოცხლებდა. მიხვდა, რომ ჯენისი ეძახდა, მაგრამ ყურები ისე
დაგუბებოდა, რომ არაფერი ესმოდა. ქალის უკან ითენიც გამოჩნდა და მანქანისკენ გამოიქცა.

შემდეგ სინათლემ გაიელვა და ჯენისი ისე მოწყვეტით დავარდა, თითქოს ურო შემოსცხესო.
თავიდან ნილს ეგონა, რომ ქალს მეხი დაეცა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ჭექა-ქუხილი უკვე

225
შეწყვეტილიყო. როცა ქალი ფეხზე წამოდგა და მისი ორთქლადენილი და ლამის მთლიანად
გადასწორებული სახე გამოჩნდა, ნილი მიხვდა, რომ ჯენისს ზეციური სინათლე დასცემოდა.

ნილმა ზემოთ აიხედა, მაგრამ ღრუბლების მეტი ვერაფერი დაინახა; სინათლის სვეტი
გამქრალიყო. ღმერთი თითქოს მასხრად იგდებდა. ის ჯილდო, რომლის მოსაპოვებლადაც
ნილმა სიცოცხლე გაწირა, ღმერთმა აჩვენა, მაგრამ მაინც მისგან მიუწვდომელ მანძილზე
დატოვა, თანაც იმ ადამიანს მიანიჭა, რომელსაც ის არ სჭირდებოდა და არც კი უნდოდა.
ღმერთმა ერთი სასწაული ჯენისზე ფუჭად ერთხელ უკვე დახარჯა და ახლაც იმავეს აკეთებდა.

სწორედ ამ მომენტში ღრუბლებიდან სინათლის კიდევ ერთი სხივი გამოიჭრა და მანქანაში


გამოკეტილ ნილს დაეცა.

სინათლე ათასი ჰიპოდერმიული ნემსივით ჩაერჭო და ხორცსა და ძვლებამდე ჩაატანა.


ნათელმა თვალები გაუქრო და გადააქცია არსებად, რომელიც მანამდე კი ხედავდა, მაგრამ
ხედვისთვის არ იყო შექმნილი. ამავდროულად სინათლემ ნილს ღმერთის სიყვარულის ყველა
მიზეზი გაუმხილა.

ნილს ის უყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი უყვარდეთ. ამ


სიყვარულის აღსაწერად სიტყვა "უპირობოც" კი არასაკმარისია, რადგან თავად ეს სიტყვა
გარკვეული პირობის არსებობას გულისხმობდა, თუმცა სიტყვა "პირობის" არსი მისთვის
საერთოდ აღარ არსებობდა: სამყაროს ყველა ფენომენი სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი
სიყვარულის აშკარა მიზეზი. არ არსებობდა მდგომარეობა, რომელიც ამ სიყვარულის
წინაღობად გამოდგებოდა, ყველაფერი ღმერთის მიმართ მადლიერების, სიყვარულის კიდევ
უფრო გაღრმავების მიზეზი იყო. ნილი იმ მწუხარებაზე დაფიქრდა, რომელმაც სუიციდურ
უგუნურებამდე მიიყვანა და კიდევ იმ ტკივილსა და შიშზე, რომელიც სარამ სიკვდილამდე
გამოიარა – ღმერთი მაინც უყვარდა არა მათ მიერ გამოვლილი ტანჯვის მიუხედავად, არამედ ამ
ყველაფრის გამო.

უწინდელი ყველანაირი ბრაზი, გაორება და პასუხების მიღების სურვილი უკუაგდო. მადლიერი


იყო მანამდე გადატანილი ტკივილებისთვის, ნანობდა, რომ ამ ტკივილს ღვთის საჩუქრად ვერ
აღიქვამდა და ეიფორიას მოეცვა იმის გამო, რომ ახლა თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას ეზიარა.
გაიაზრა, როგორი დაუფასებელი საჩუქარი იყო სიცოცხლე და რომ ყველაზე კეთილშობილნიც
კი ვერ აცნობიერებდნენ მოკვდავთა სამყაროს დიდებულებას.

ნილისთვის საიდუმლო უკვე ამოხსნილიყო, რადგან უკვე ესმოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი
სიყვარული იყო, თვით ტკივილიც კი... განსაკუთრებით – ტკივილი.

ამგვარად, რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ნილი საბოლოოდ სისხლისგან დაიცალა, მისი
სული ხსნისთვის ჭეშმარიტად მზად იყო.

ღმერთმა ის მაინც ჯოჯოხეთში გაუშვა.

226
***

ითენმა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა. დაინახა ზეციური ნათელით გარდაქმნილი


ნილი და ჯენისი და უთვალო სახეებზე ღვთის განუზომელი სიყვარულიც წაიკითხა. უყურებდა,
როგორ მოიწმინდა ცა და დაბრუნდა მზის სინათლე. ნილის ხელი ეჭირა და სასწრაფოს
მოსვლას ელოდა, როცა ნილი მოკვდა და დაინახა, როგორ დატოვა სულმა სხეული და ზეცისკენ
გაემართა, თუმცა მალევე ჯოჯოხეთისკენ დაეშვა.

ჯენისმა ეს ვერ დაინახა, რადგან ამ დროისთვის თვალები უკვე აღარ ჰქონდა. ითენი იყო
ერთადერთი მოწმე და მანაც გაიაზრა, რომ სწორედ ეს იყო ღმერთის მიერ მისთვის
მინიჭებული ცხოვრების აზრი: ჯენისს აქამდე უნდა გამოყოლოდა და ის დაენახა, რასაც თავად
ჯენისი ვერ დაინახავდა.

როდესაც ბარაკიელის გამოცხადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა,


აღმოჩნდა, რომ გამოცხადებას სულ ათი ადამიანი ემსხვერპლა: ექვსი – სინათლის მაძიებლებს
შორის და ოთხი – ჩვეულებრივი პილიგრიმი. ცხრა პილიგრიმი სასწაულებრივად განიკურნა;
ზეციური ნათელი მხოლოდ ჯენისმა და ნილმა იხილეს. არ არსებობდა იმის სტატისტიკა, თუ
რამდენმა პილიგრიმმა იგრძნო, რომ მისი ცხოვრება გამოცხადების შედეგად შეიცვალა, თუმცა
ითენი თავის თავს სწორედ ასეთად მიიჩნევდა.

სახლში დაბრუნების შემდეგ ჯენისმა ქადაგებები განაახლა, მაგრამ მისი სიტყვით


გამოსვლების თემა შეიცვალა. ის აღარ ჰყვება იმის შესახებ, რომ ფიზიკური ნაკლის მქონეებს
საკუთარი ნაკლოვანებების გადალახვისთვის საჭირო უნარები გააჩნიათ; ამის ნაცვლად, სხვა
უთვალოთა მსგავსად, ისიც ღმერთის ქმნილებათა უზომო სილამაზეზე ლაპარაკობს. ბევრი
ადამიანი, რომლისთვისაც ადრე ჯენისი შთაგონების წყარო იყო, ახლა იმედგაცრუებას
გრძნობს, თითქოს სულიერი ლიდერი დაკარგესო. როდესაც ჯენისი ისე ქადაგებდა, როგორც
თავადაც ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანი, მისი სათქმელი იშვიათი იყო, მაგრამ ახლა,
უთვალებო ჯენისის აზრები უკვე ჩვეულებრივ ქადაგებად იქცა. მიუხედავად ამისა, აუდიტორიის
შემცირებაზე ქალი საერთოდ არ ღელავს, რადგან მთელი არსებითაა დარწმუნებული იმაში,
რასაც ქადაგებს.

ითენმა სამსახური მიატოვა და მქადაგებელი გახდა, რათა თავადაც მოეთხრო საკუთარი


გამოცდილების შესახებ. მისი ცოლი, კლერი, ქმრის ახალ მისიას ვერ შეეგუა, საბოლოოდ
მიატოვა კიდეც და შვილებიც თან წაიყვანა, თუმცა ითენი ცხოვრების მარტო გაგრძელების
წინააღმდეგი არ იყო. ნილ ფისკის თავს გადახდენილი ამბის თხრობის წყალობით ბლომად
მიმდევრები გამოუჩნდა. ხალხს ეუბნება, რომ სამართლიანობას სიკვდილის შემდეგ იმაზე
მეტად არ უნდა ელოდნენ, ვიდრე მოკვდავთა სამყაროში, თუმცა, ამას იმისთვის არ ამბობს,
რომ უფლის თაყვანისცემაზე ხალხს გული აუცრუოს; პირიქით, ყველას მოუწოდებს, ღმერთი
შეიყვარონ. მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ადამიანებს ღმერთის სიყვარულზე არასწორი
წარმოდგენა არ შეექმნათ და თუ სურთ, რომ ღმერთი უყვარდეთ, მზად უნდა იყვნენ, ეს მისი
განზრახვების მიუხედავად მოახერხონ. ღმერთი არ არის სამართლიანი, ღმერთი არ არის

227
კეთილი, ღმერთი არ არის მოწყალე და ამის გააზრება აუცილებელია ჭეშმარიტი
ღვთისმოსაობისთვის.

თავად ნილი, ითენის ქადაგებებს რომ უსმენდეს, მის გზავნილებს სრულად გაიგებდა. ნილის
დაკარგული სული ითენის სწავლების განსახიერებაა.
იქ მცხოვრებთა უმეტესობისთვის ჯოჯოხეთი დედამიწისგან დიდად არ განსხვავდება; მთავარი
სასჯელი სინანულია იმის გამო, რომ სიცოცხლეში ღმერთი საკმარისად ვერ შეიყვარეს და ამ
სასჯელს ბევრი ადვილად უძლებს. თუმცა, ნილისთვის ჯოჯოხეთს მოკვდავთა სიბრტყესთან
საერთო არაფერი აქვს. კაცის მარადიულ სხეულს სრულფასოვანი ფეხები აქვს, თუმცა მათ
არსებობას ლამის ვერც კი ამჩნევს; თვალები აღუდგა, მაგრამ მათ გახელას ვერ ახერხებს.
ზეციური სინათლის დანახვამ შეაძლებინა, რომ მოკვდავთა სიბრტყეში ყველაფერში ღმერთის
არსებობა დაენახა, მაგრამ ასევე მიანიჭა უნარი, სრულად გაეაზრებინა, რომ ჯოჯოხეთი
ღმერთისგან დაცლილი იყო. ყველაფერი, რასაც ნილი ხედავს, ესმის ან ეხება, თრგუნავს და
მოკვდავთა სამყაროსგან განსხვავებით, ეს ტკივილი ღმერთის სიყვარულის ერთ-ერთი ფორმა
კი არაა, არამედ მისი არარსებობის შედეგი. ნილი იმაზე მეტ ტანჯვას უძლებს, ვიდრე
ცხოვრების პერიოდში, თუმცა მისი რეაქცია მაინც ღმერთის სიყვარულია.

ნილს სარა ისევ უყვარს და ისევე ენატრება, როგორც მანამდე. იმის გააზრება, რომ მასთან
ხელახლა შეხვედრასთან ასე ახლოს იყო, ყველაფერს კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. იცის,
რომ მისი ჯოჯოხეთში გაგზავნა თავისივე ქმედებების შედეგი არ იყო; იცის, რომ ამის მიზეზი
არ არსებობდა და არც რაიმე ღვთიურ მიზანს ემსახურებოდა. მაგრამ უფლის მიმართ მის
სიყვარულს არაფერი ამცირებს. იმის შესაძლებლობა რომც არსებობდეს, რომ სამოთხეში
მიიღონ და მისი ტანჯვა დასრულდეს, ამის იმედი მაინც არ ექნება; ასეთი სურვილები აღარ
უჩნდება.

ნილმა ისიც კი იცის, რომ ღმერთმა მის შესახებ არაფერი იცის და საპასუხოდ არ უყვარს. ნილის
გრძნობებზე გავლენას ესეც ვერ ახდენს, რადგან უპირობო სიყვარული სანაცვლოდ არაფერს
ითხოვს, მათ შორის არც საპასუხო სიყვარულს.

და მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთში მრავალი წელი ისე გაატარა, რომ ღმერთმა მის შესახებ
არაფერი იცის, კაცს ის მაინც უყვარს. ასეთია ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის ბუნება.

დანახვა და მოწონება: დოკუმენტური

"სილამაზე ბედნიერების პირობაა"

სტენდალი

ტამერა ლაიონსი, პემბლტონის პირველი კურსის სტუდენტი:

228
ვერ ვიჯერებ. გასულ წელს კამპუსს ვესტუმრე და ამაზე ერთი სიტყვაც კი არ გამიგია. ახლა აქ
მოვდივარ და აღმოვაჩინე, რომ ხალხს უნდა, კალი სავალდებულო გახადოს. კოლეჯში სწავლის
დაწყებას სულმოუთქმელად რომ ველოდი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამის მოშორება იყო,
რომ, ხო ხვდებით, ყველა დანარჩენისნაირი გავმხდარიყავი. რომ მცოდნოდა, თუნდაც მცირე
შანსი არსებობდა იმისა, რომ ამის შენარჩუნება მომიწევდა, ალბათ სხვა კოლეჯს ავირჩევდი.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თაღლითურად გამაცურეს.

მომავალ კვირას თვრამეტის ვხდები და კალის გამორთვას იმავე დღეს ვაპირებ. თუ კენჭისყრის
შედეგად სავალდებულოს გახდიან, არც კი ვიცი, რა უნდა ვქნა. შეიძლება სხვა კოლეჯში
გადავიდე, ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ხალხს ჩამოვუარო და
დავარწმუნო, კენჭისყრაში მხარი "არა-ს" დაუჭირონ. შეიძლება რამე კამპანიაზე ვიმუშაო.

მარია დესოუზა, მესამე კურსის სტუდენტი, ორგანიზაციის, "სტუდენტები საყოველთაო


თანასწორობისთვის (სსთ)", პრეზიდენტი:
ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია. პემბლტონის უნივერსიტეტს აქვს ეთიკური ქცევის კოდექსი,
რომელიც თავად სტუდენტებმა შექმნეს და ყველა ახალი სტუდენტი ჩარიცხვისას თანხმდება,
რომ ამ კოდექსს დაიცავს. ჩვენი ინიციატივით ამ კოდექსში დამატებითი მოთხოვნა ჩაიწერება,
რომლის მიხედვითაც სტუდენტები ვალდებულები იქნებიან, სწავლის პერიოდში კალიაგნოზია
გამოიყენონ.

ამ გადაწყვეტილებამდე "ვიზაჟის" სათვალეების ვერსიის გამოშვებამ მიგვიყვანა. ეს არის


პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ხალხს სათვალით შეხედო და ისიც გაჩვენებს,
როგორ შეიძლება ესა თუ ის ადამიანი გამოიყურებოდეს კოსმეტიკური ქირურგიის შემდეგ.
ხალხის ნაწილში ეს პროგრამა გართობის ახალ მეთოდად იქცა, ხოლო კოლეჯის ბევრი
სტუდენტი მას შეურაცხმყოფლად მიიჩნევს. როცა ხალხმა მასზე, როგორც უფრო ღრმა
საზოგადოებრივი პრობლემის სიმპტომზე ლაპარაკი დაიწყო, ვიფიქრეთ, რომ ამ ინიციატივის
წამოწყების დრო იყო.

ეს უფრო ღრმა საზოგადოებრივი პრობლემა კი ლუქიზმია(ლუქიზმი (ინგლ. Lookism) –


ადამიანის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გარეგნობის გამო.). უკვე ათწლეულებია,
ადამიანები რასიზმსა და სექსიზმზე თავისუფლად ლაპარაკობენ, მაგრამ ლუქიზმზე საუბარს
ჯერ კიდევ ერიდებიან. არადა, არამიმზიდველი ადამიანების მიმართ დამკვიდრებული ეს
წინასწარგანწყობები უკიდურესად ფართოდაა გავრცელებული. ხალხი ასე იქცევა და ამას
სწავლაც არ უნდა, რაც საკმაოდ ცუდია. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ ტენდენციას ებრძოლოს,
თანამედროვე საზოგადოება მას კიდევ უფრო აძლიერებს.

ხალხის განათლება და ამ პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება აუცილებელია, მაგრამ


არა – საკმარისი. სწორედ აქ ჩნდება ტექნოლოგიის ადგილი. შეგვიძლია კალიაგნოზია
მომწიფების დამხმარე ერთგვარ საშუალებად მივიჩნიოთ. ის შესაძლებლობას გაძლევს ის
გააკეთო, რაც ისედაც იცი, რომ სწორია: ზედაპირს ყურადღება არ მიაქციო და უფრო ღრმად
ჩაიხედო.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, კალი საყოველთაო გახდეს. აქამდე კალის მოძრაობა კოლეჯებში
მცირე მასშტაბით იყო წარმოდგენილი და მხოლოდ დაინტერესებულ პირთათვის განკუთვნილ

229
რიგით წრედ რჩებოდა. მაგრამ პემბლტონი სხვა კოლეჯებს არ ჰგავს და ვფიქრობ, რომ აქაური
სტუდენტები კალისთვის მზად არიან. თუ ინიციატივა აქ წარმატებით განხორციელდება, სხვა
კოლეჯებს და საბოლოოდ მთელ საზოგადოებას მაგალითს მივცემთ.

ჯოზეფ ვაინგარტნერი, ნევროლოგი:

ამ მდგომარეობას ასოციაციურ აგნოზიას ვუწოდებთ, რომელიც აპერცეფციულისგან


განსხვავდება. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანის ვიზუალური აღქმის უნარს კი არ ცვლის, არამედ
მხოლოდ ნანახის ცნობის უნარს. კალიაგნოზიკი სახეებს სრულყოფილად აღიქვამს;
თავისუფლად შეუძლია, ერთმანეთისგან გაარჩიოს წაწვეტებული და შეწეული ნიკაპი, სწორი და
კეხიანი ცხვირი, გლუვი და დაღარული კანი, მაგრამ ამ განსხვავებების საპასუხოდ არანაირ
ესთეტიკურ რეაქციას არ განიცდის.

კალიაგნოზია შესაძლებელი გახდა თავის ტვინში გარკვეული ნეირონული გზების არსებობის


გამო. ყველა ცხოველს აქვს შესაძლო მეწყვილის რეპროდუქციული პოტენციალის შეფასების
კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების ამოცნობისათვის ერთგვარი ნეირონული "ქსელები"
ჩამოყალიბდა. ადამიანთა სოციალურ ურთიერთობებში მთავარი როლი ჩვენს სახეებს აკისრია,
ასე რომ, ჩვენი ნეირონული ქსელები ყველაზე მეტად მომართულია იმის შესაფასებლად, თუ
როგორაა გამოვლენილი ადამიანის რეპროდუქციული პოტენციალი მის სახეზე. ამ ნეირონული
ქსელის მუშაობას თქვენ აღიქვამთ როგორც გრძნობას, რომ ადამიანი არის ლამაზი, უშნო ან
რაღაც შუალედური მათ შორის. ამ მახასიათებლების შემაფასებელი ნეირონული გზების
დაბლოკვით კალიაგნოზიის ჩართვას ვახერხებთ.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად სწრაფად იცვლება მოდა, ზოგი ადამიანი ვერ იჯერებს,
რომ არსებობს ლამაზი სახის აბსოლუტური მახასიათებლები. თუმცა, აღმოჩნდა, რომ როდესაც
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ადამიანებს სთხოვენ, რომ ფოტოები მათზე
გამოსახული ადამიანის მიმზიდველობის მიხედვით დაალაგონ, საკმაოდ ცალსახა
კანონზომიერება შეინიშნება. გარკვეული სახეებისადმი უპირატესობის მინიჭება ძალზე პატარა
ასაკის ბავშვებშიც კი ვლინდება. ეს გვეხმარება, დავადგინოთ ლამაზის სახის ნაკვთების ისეთი
თავისებურებები, რომლებიც ყველას წარმოდგენაში საერთოა.

ყველაზე აშკარა მახასიათებელი ალბათ კანია. ის დაახლოებით იგივე როლს ასრულებს,


როგორსაც კაშკაშა ბუმბული ფრინველებში ან მბზინავი ბეწვით დაფარული ტყავი – სხვა
ძუძუმწოვრებში. კარგი კანი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო
ინდიკატორია და მას ყველა კულტურაში აფასებენ. აკნე შეიძლება სერიოზული არ იყოს,
მაგრამ მისი გამოვლინება სერიოზულ დაავადებას ჰგავს, სწორედ ამიტომაა ყველა
ჩვენთაგანისთვის არასასიამოვნო.

კიდევ ერთი მახასიათებელი სიმეტრიაა; შეიძლება ვინმეს მარცხენა და მარჯვენა ნახევრებს


შორის მილიმეტრის განსხვავება ვერ აღვიქვათ, მაგრამ გაზომვებმა აჩვენა, რომ ყველაზე
მიმზიდველებად შეფასებული ინდივიდები ამავდროულად ყველაზე სიმეტრიულებიც არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გენები ყოველთვის სიმეტრიისკენ ილტვიან, განვითარების
პროცესში მისი მიღწევა ძალზე რთულია; ნებისმიერ გარე სტრეს-ფაქტორს, როგორიცაა ცუდი

230
კვება, დაავადება და პარაზიტები, სხეულის ზრდის პროცესში ასიმეტრიის გამოწვევა
ახასიათებს. სიმეტრია ასეთი სტრესორების მიმართ გამძლეობაზე მიუთითებს.

სხვა მახასიათებლები სახის პროპორციებს ეხება. ჩვენ ძირითადად სახის ისეთი პროპორციები
გვიზიდავს, რომელიც მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა. რასაკვირველია, ეს
დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პოპულაციის ნაწილი ხარ, მაგრამ საშუალო
არითმეტიკულთან სიახლოვე, როგორც წესი, კარგი გენეტიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელია.
საშუალო მაჩვენებლებიდან გადახრები, რომლებიც ადამიანებს მუდმივად იზიდავს, მხოლოდ
ისინია, რომლებიც მეორეული სასქესო ნიშნების გადაჭარბებულად გამოხატვას ემსახურება.

საბოლოო ჯამში, კალიაგნოზია ასეთ თავისებურებებზე რეაქციის უნარის დაკარგვაა და მეტი


არაფერი. კალიაგნოზიკები არც მოდის მიმართ არიან ბრმები და არც სილამაზის კულტურული
სტანდარტების მიმართ. თუ შავი ტუჩსაცხი პოპულარულია, კალიაგნოზია ამას არ დაგავიწყებს,
თუმცა შეიძლება ვერ შეამჩნიო განსხვავება იმ ლამაზ სახეებსა და ჩვეულებრივ სახეებს შორის,
რომლებიც ამ ტუჩსაცხს ატარებენ. თუ განიერ ცხვირს შენ გარშემო ყველა დასცინის, მაშინ ამას
შენც შეამჩნევ.
ამგვარად, თავად კალიაგნოზია გარეგნობაზე დაფუძნებულ დისკრიმინაციას ვერ აღმოფხვრის.
თუმცა, ის შანსებს შედარებით ათანაბრებს. ის შინაგან წინასწარგანწყობას აქრობს, ანუ
ტენდენციას, რომ ასეთი დისკრიმინაცია თავისთავად წარმოიშვას. ამგვარად, თუ გინდა, რომ
ხალხს გარეგნობის უგულებელყოფა ასწავლო, ისეთი მძიმე ბრძოლა აღარ მოგიწევს.
იდეალური იქნებოდა, თუ ეს ბრძოლა დაიწყებოდა ისეთი გარემოს შექმნით, სადაც
კალიაგნოზია ყველამ მიიღო, შემდეგ კი მომწიფდებოდა ისეთი სოციალური ცვლილებები,
რომლის შედეგადაც გარეგნობა საერთოდ აღარ დაფასდებოდა.

ტამერა ლაიონსი:
აქ ხალხი ხშირად მეკითხება, როგორი იყო "სეიბრუკში" სიარული და კალისთან ერთად
გაზრდა. გულახდილად რომ ვთქვა, როცა პატარა ხარ, დიდი არაფერია; როგორც იზრდები, ის
გგონია ნორმალური. ვიცოდით, რომ არსებობდა რაღაც ისეთი, რასაც სხვა ადამიანები
ხედავდნენ და ჩვენ – ვერა, მაგრამ ცნობისმოყვარეობის მეტს არაფერს ვგრძნობდით.

მაგალითად, მე და ჩემი მეგობრები ფილმებს ვუყურებდით და ვცდილობდით გამოგვეცნო, ვინ


იყო კარგი შესახედაობის და ვინ – არა. ვითომ ვარჩევდით, მაგრამ სინამდვილეში ვერ
ვახერხებდით. ყოველ შემთხვევაში, მათ სახეებზე შეხედვით – ვერა. უბრალოდ იმით
ვხვდებოდით, თუ ვინ იყო მთავარი პერსონაჟი და ვინ – მისი მეგობარი; ვიცოდით, რომ
მთავარი პერსონაჟი მეგობარზე უკეთესი გარეგნობის უნდა ყოფილიყო. ყოველთვის ასე არ იყო,
მაგრამ, როგორც წესი, ადვილად მიხვდებოდი, როცა ისეთ რაღაცას უყურებდი, სადაც მთავარი
პერსონაჟი კარგი გარეგნობის არ უნდა ყოფილიყო.

აი, როცა ასაკი გემატება, თანდათან გაწუხებს. სხვა სკოლელებთან ერთად თუ ერთობი, თავს
უცნაურად გრძნობ, რადგან შენ კალი გაქვს და მათ – არა. იმიტომ არა, რომ ამას ყველა
გაგრძნობინებს, უბრალოდ, მაინც გახსენდება, რომ არსებობს რაღაც, რისი დანახვაც არ
შეგიძლია. შემდეგ მშობლებთან ჩხუბს იწყებ, რადგან ნამდვილი სამყაროს დანახვაში ხელს
გიშლიან. თუმცა, მათთან ერთად არსად დადიხარ.

231
რიჩარდ ჰამილი, "სეიბრუკის სკოლის" დამაარსებელი:

"სეიბრუკი" მოსახლეთა კოოპერატივის დანამატად აღმოცენდა. თავდაპირველად ალბათ


ოცდახუთამდე ოჯახი გვყავდა, რომელთაც სურდათ, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული
თემი შეექმნათ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენი ბავშვებისთვის ალტერნატიული სკოლის
დაარსების შესაძლებლობაზე ვმსჯელობდით, როცა ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვებზე მედიის
არასასურველი ზეგავლენა ახსენა. ყველას მოზარდი შვილი კოსმეტიკურ ქირურგიას ითხოვდა,
რათა მოდელებს დამსგავსებოდნენ. მშობლები ყველა ღონეს ხმარობდნენ, მაგრამ შვილებს
სამყაროსგან იზოლაციაში ვერ მოაქცევ, მათ ვიზუალური ობსესიის კულტურაში ცხოვრება
უწევთ.

დაახლოებით ის დრო იყო, როდესაც კალიაგნოზიის იურიდიული ბარიერები საბოლოოდ


მოიხსნა და ჩვენც ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ. კალის ჩვენს შესაძლებლობად ვხედავდით: რა
მოხდებოდა, რომ ისეთ გარემოში გვეცხოვრა, სადაც ხალხი ერთმანეთს გარეგნობის მიხედვით
არ აფასებს? რა მოხდებოდა, თუ შვილებს ასეთ გარემოში გავზრდიდით?

სკოლამ თავდაპირველად მუშაობა მხოლოდ ჩვენი კოოპერატივის ოჯახთა ბავშვებისთვის


დაიწყო, მაგრამ მალე სხვა კალიაგნოზიური სკოლების შესახებაც გავრცელდა ამბავი და სულ
მალე ხალხი დაინტერესდა, თუ შეეძლოთ ბავშვები სკოლაში შემოეყვანათ საბინაო
კოოპერატივში გაწევრიანების გარეშე. საბოლოოდ "სეიბრუკი" კოოპერატივისგან
განცალკევებულ კერძო სკოლად ჩამოვაყალიბეთ და მისი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ სანამ
ბავშვი სკოლაში ივლიდა, კალიაგნოზია მშობლებსაც მიეღოთ. სკოლის დამსახურებით აქ
კალიაგნოზიური საზოგადოება ყვავის.

რეიჩელ ლაიონსი:
ტამერას მამამ და მე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, სანამ გოგოს ამ სკოლაში შეყვანას
გადავწყვეტდით. საზოგადოების წევრებს ვესაუბრეთ და განათლების მიმართ მათი მიდგომა
მოგვეწონა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება თავად სკოლაში სტუმრობამ მიმაღებინა.

"სეიბრუკში" ჩვეულებრივზე მეტი სტუდენტია სახის ანომალიებით, როგორიცაა ძვლის


სიმსივნეები, დამწვრობები და თანდაყოლილი მდგომარეობები. მახსოვს, პირველი
სტუმრობისას თორმეტი წლის ბავშვების კლასის პრეზიდენტის არჩევნებს შევესწარი;
ბავშვებმა ერთი გოგო აირჩიეს, რომელსაც სახის ნახევარი დამწვრობის ნაწიბურებით ჰქონდა
დაფარული. საკუთარი მდგომარეობა ოდნავაც არ აწუხებდა და პოპულარული იყო იმ
ბავშვებში, რომლებიც სხვა ნებისმიერ სკოლაში ალბათ სამუდამოდ გარიყავდნენ. სწორედ
მაშინ ვიფიქრე, რომ მინდოდა, ჩემი გოგონა სწორედ ასეთ გარემოში გაზრდილიყო.

გოგონებს ყოველთვის ეუბნებიან, რომ მათი ფასეულობა გარეგნობასთან არის


დაკავშირებული; თუ ისინი ლამაზები არიან, მათი მიღწევები ყოველთვის ზვიადდება,
საწინააღმდეგო შემთხვევაში კი კნინდება. უფრო მეტიც, ზოგ გოგოს იმასაც კი ჩასჩიჩინებენ,
რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ გარეგნობაც კმარა, რის გამოც ისინი
თავიანთ გონებრივ განვითარებაზე აღარ ზრუნავენ. მინდოდა, ტამერა ასეთი სახის
ზეგავლენისგან დამეცვა.

232
სილამაზე პასიური მდგომარეობაა. მაშინაც კი, როცა მის მოსაპოვებლად იღწვი, პასიური
მდგომარეობისთვის შრომობ. მინდოდა, ტამერას საკუთარი თავი დაეფასებინა იმით, რის
გაკეთება შეუძლია თავისი გონებითა და სხეულით, და არა დეკორატიული ღირებულებების
გამო. არ მინდოდა, პასიური ყოფილიყო და მიხარია, რომ სწორ გზას დაადგა.

მარტინ ლაიონსი:

წინააღმდეგი არ ვარ, თუ ზრდასრულობისას ტამერა კალის მოშორებას გადაწყვეტს. არასდროს


გვდომებია, მისთვის არჩევანის უფლება წაგვერთმია. მაგრამ მოზარდობის პერიოდის
გადალახვა ისედაც საკმარისზე მეტ სტრესთანაა დაკავშირებული; თანატოლთა მხრიდან
ზეწოლამ შეიძლება ქაღალდის ჭიქასავით გაგჭყლიტოს. მუდმივად იმაზე ფიქრი, თუ როგორ
გამოიყურები, გაჭყლეტის კიდევ ერთი გზაა და ნებისმიერი რამ, რასაც ამ ზეწოლის
შემსუბუქება შეუძლია, ჩემი აზრით, კარგია.

როცა უკვე დიდი ხარ, გარეგნობასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გასამკლავებლად უკეთ


ხარ შეიარაღებული. საკუთარ ტყავში თავს უკვე კომფორტულად, თავდაჯერებულად და
დაცულად გრძნობ. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი იყო
იმის მიუხედავად, "კარგი შესახედაობის" ხარ თუ არა. რა თქმა უნდა, მოწიფულობის ამ დონეს
ყველა ერთსა და იმავე ასაკში არ აღწევს. ზოგისთვის ეს პერიოდი თექვსმეტი წლის ასაკში
დგება, ზოგი კი ამ მდგომარეობას ოცდაათ წლამდე ან უფრო გვიანდელ ასაკამდე ვერ
მოიპოვებს. თუმცა, იურიდიულად მიღებული და უმრავლესობისთვის დასაშვები ასაკი
თვრამეტი წელია, როცა ყველას ენიჭება უფლება, საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს და შენც
აღარაფერი გრჩება გარდა იმისა, რომ შვილს ენდო და უკეთესის იმედი იქონიო.

ტამერა ლაიონსი:
ჩემთვის ცოტა უცნაური დღე იყო. კარგი, მაგრამ უცნაური. ამ დილით კალი გამოვირთე.

გამორთვა ადვილი იყო. ექთანმა რაღაც სენსორები მომამაგრა, ჩაფხუტი დამახურა და


ადამიანთა სახეების უამრავი სურათი მაჩვენა. შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში
კლავიატურაზე რაღაცას კრეფდა და ბოლოს თქვა: "კალი გამოგირთე". აი, ასე, უბრალოდ.
მეგონა, რომ ასეთ დროს რამეს გრძნობდი, მაგრამ თურმე – არაფერს. შემდეგ კვლავ სურათები
მაჩვენა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერმა სწორად ჩაიარა.

როცა სახეებს ისევ შევხედე, ზოგიერთი მათგანი... სხვანაირი იყო. თითქოს კაშკაშებდნენ,
უფრო ცოცხლები იყვნენ თუ რაღაც ეგეთი. ძნელი აღსაწერია. ექთანმა მოგვიანებით ჩემი
კვლევის შედეგები მაჩვენა, სადაც აღწერილი იყო, რამდენად ფართოვდებოდა ჩემი გუგები,
რამდენად კარგად ატარებდა ჩემი კანი ელექტრულ იმპულსს და ეგეთი რაღაცები. იმ სახეების
დროს, რომლებიც განსხვავებულები მომეჩვენა, ყველა ეს მონაცემი იცვლებოდა. ექთანმა
მითხრა, რომ ეს ლამაზი სახეები იყო.

233
მითხრა, რომ სხვა ადამიანების გარეგნობას თავიდანვე შევნიშნავდი, მაგრამ საკუთარი
გარეგნობის მიმართ რეაგირებას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, საკუთარ
სახეს იმდენად ხარ მიჩვეული, რომ მალევე ვერ არჩევ.
და მართლაც, როცა სარკეში პირველად ჩავიხედე, ზუსტად იგივენაირად გამოვიყურებოდი,
როგორც ადრე. მას შემდეგ, რაც ექიმისგან დავბრუნდი, უნივერსიტეტში ხალხი სხვანაირად
გამოიყურება, თუმცა ჩემს გარეგნობაში რაიმე განსხვავება ჯერ არ შემიმჩნევია. მთელი დღე
სარკეებში ვიყურები. გარკვეულ ხანს იმის მეშინოდა, რომ მახინჯი ვიყავი და ჩემი სიმახინჯე
ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გამოვლენილიყო, როგორც გამონაყარი ან რამე ეგეთი. ამიტომ
სარკეს მივაშტერდებოდი და ვიცდიდი ხოლმე, თუმცა არაფერი ხდებოდა. ამიტომ
გადავწყვიტე, რომ ალბათ მართლა მახინჯი არ ვარ, თორემ აქამდე შევამჩნევდი, მაგრამ ეს
ნიშნავს, რომ არც ძალიან ლამაზი ვარ, თორემ ამასაც შევნიშნავდი. ეს ნიშნავს, რომ ალბათ
აბსოლუტურად ჩვეულებრივი ვარ, ხომ ხვდებით? ზუსტად საშუალო გარეგნობის. მგონი არა
უშავს.

ჯოზეფ ვაინგარტნერი:

აგნოზიის გამოწვევა ტვინის სპეციფიური დაზიანების სიმულირებას ნიშნავს. ამას


პროგრამირებადი ფარმაცევტული საშუალების, ნეიროსტატის მეშვეობით ვახერხებთ;
შეგიძლიათ ისე შეხედოთ, როგორც მაღალი სელექციურობის მქონე ანესთეზიურ საშუალებას,
რომლის აქტივაცია და დამიზნება მთლიანად დინამიურ კონტროლს ექვემდებარება.
ნეიროსტატის აქტივირება-დეაქტივირებას პაციენტზე ჩამოხურული ჩაფხუტის გავლით
სიგნალების გადაცემით ვახდენთ. ჩაფხუტი ასევე უზრუნველყოფს სომატური პოზიციების
ინფორმაციის გადაცემას, რითაც ნეიროსტატის მოლეკულები საჭირო ადგილას
კონცენტრირდებიან. ეს საშუალებას გვაძლევს, ნეიროსტატი თავის ტვინის ქსოვილის
კონკრეტულ სექციაში გავააქტიუროთ და იქ ნერვული იმპულსები დადგენილი ზღვრული დონის
ქვემოთ შევინარჩუნოთ.

ნეიროსტატი თავდაპირველად ეპილეფსიის მქონე პაციენტებში გულყრების კონტროლისა და


ქრონიკული ტკივილის შემსუბუქებისთვის შეიქმნა; ის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ
მდგომარეობების მძიმე შემთხვევებსაც კი ვუმკურნალოთ და არც ის გვერდითი მოვლენები
მივიღოთ, რომლებიც მთლიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ წამლებს ახასიათებთ.
მოგვიანებით შემუშავდა სხვა პროტოკოლები, რომლებიც ეხებოდა ნეიროსტატის გამოყენებას
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, ნარკოდამოკიდებულების და სხვა მრავალი დარღვევის
სამკურნალოდ. იმავდროულად, ნეიროსტატი უკიდურესად მძლავრი ინსტრუმენტი გახდა
თავის ტვინის ფიზიოლოგიის შესწავლის საქმეში.

ტვინის სპეციალური ფუნქციების შესწავლის ერთი მეთოდი, რომელსაც ნევროლოგები


ტრადიციულად იყენებდნენ, არის სხვადასხვა დაზიანების შედეგად განვითარებულ
დეფიციტებზე დაკვირვება. აშკარაა, რომ ეს ტექნიკა შეზღუდულ შესაძლებლობებს იძლევა,
რადგან ტრავმის ან დაავადების შედეგად განვითარებული დაზიანება ხშირად მრავალ
ფუნქციურ უბანს მოიცავს. ამისგან განსხვავებით, ნეიროსტატი შეგვიძლია გავააქტიუროთ
ტვინის უმცირესი ზომის უბანში და მივიღოთ იმდენად ლოკალიზებული დაზიანების
სიმულაციის ეფექტი, როგორიც ბუნებრივად ვერასდროს მოხდებოდა. ხოლო როდესაც

234
ნეიროსტატის მოქმედებას შეაჩერებ, "დაზიანება" ქრება და ტვინი ნორმალურ
ფუნქციონირებას უბრუნდება.

ამგვარად, ნევროლოგებმა შეძლეს სხვადასხვა სახის აგნოზიების გამოწვევა. ჩვენთვის ყველაზე


რელევანტურია პროზოპაგნოზია – სახის მიხედვით ადამიანის ცნობის უნარის დაკარგვა.
პროზოპაგნოზიის მქონე პირი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვერ სცნობს, სანამ ისინი ხმას არ
ამოიღებენ; ფოტოზე საკუთარ სახესაც კი ვერ არჩევს. ეს არ არის კოგნიტური ან აღქმითი
პრობლემა. პროზოპაგნოზიკს შეუძლია ხალხი ამოიცნოს მათი ვარცხნილობით, ჩაცმულობით,
სუნამოთი ან სიარულის მანერითაც კი. დეფიციტი მხოლოდ სახეების ამოცნობის უნარით
შემოიფარგლება.

პროზოპაგნოზია ყოველთვის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ჩვენს ტვინს
სახეების ვიზუალური დამუშავების სპეციალური "ქსელი" გააჩნია; სახეებს ყველაფერ
დანარჩენისგან განსხვავებულად ვუყურებთ. თანაც, ვიღაცის სახის ცნობა სახის ვიზუალური
დამუშავების მხოლოდ ერთ-ერთი ამოცანაა; მის გარდა არსებობს სპეციალური ქსელები,
რომლებიც დაკავშირებულია სახის გამომეტყველების დადგენასთან და ადამიანის მზერის
მიმართულების ცვლილების ამოცნობასთანაც კი.

პროზოპაგნოზიის მქონე ადამიანების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი


ისაა, რომ მიუხედავად სახის ამოცნობის უნარის დაკარგვისა, მათ მაინც გააჩნიათ საკუთარი
აზრი, ეს სახე მიმზიდველია თუ არა. როდესაც მათ სთხოვეს, ფოტოები სახეების
მიმზიდველობის მიხედვით დაელაგებინათ, დაახლოებით ისევე დააწყვეს, როგორც სხვა
ადამიანებმა. ნეიროსტატის გამოყენებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მკვლევრებს
საშუალება მისცა, სახეების სილამაზის შეცნობაზე პასუხისმგებელი ნევროლოგიური ქსელი
ეპოვათ, რამაც საბოლოოდ კალიაგნოზიის გამოგონებამდე მიგვიყვანა.

მარია დესოუზა:
სსთ-მ სტუდენტთა სამედიცინო მომსახურების ოფისში დამატებითი ნეიროსტატული
ჩაფხუტების შეტანა უზრუნველყო და მოაგვარა, რომ იქ მისულ ნებისმიერ მსურველს
კალიაგნოზია შესთავაზონ. წინასწარ ჩაწერაც კი არ გჭირდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს
მიხვიდე. ჩვენ ყველა სტუდენტს მოვუწოდებთ, სცადონ, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით რომ
ნახონ, როგორია. თავიდან ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როცა ვერავის ხედავ, როგორც კარგი
გარეგნობისას ან მახინჯს, მაგრამ დროთა განმავლობაში აცნობიერებ, რამდენად დადებით
გავლენას ახდენს ეს ფაქტი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე.

ბევრი ადამიანი ნერვიულობს, რომ კალი მათში ასექსუალიზმს ან რამე მსგავსს გამოიწვევს,
მაგრამ სინამდვილეში ფიზიკური სილამაზე მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ადამიანს
მიმზიდველს ხდის. ადამიანის გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, გაცილებით მნიშვნელოვანია
მისი ქმედებები – რას ამბობს და როგორ ამბობს, მისი ქცევა და სხეულის ენა. ასევე, როგორ
რეაგირებს შენზე? პირადად ჩემთვის, ბიჭში ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორია, როცა ის
ჩემით დაინტერესებული ჩანს. უკუკავშირის მარყუჟივითაა; ხედავ, რომ გიყურებს, შემდეგ ის
ხედავს, რომ უყურებ, რის შემდეგაც ყველაფერი მთიდან დაგორებული გუნდასავით
ვითარდება. კალი ამას არ ცვლის. თანაც, ფერომონების მთელი ქიმიაც ჩართულია; ცხადია,
კალი არც მათ მოქმედებაში ერევა.

235
ხალხი იმაზეც წუხს, რომ კალი ყველას სახეს ერთნაირს გამოაჩენს, მაგრამ არც ესაა სიმართლე.
ადამიანის სახე ყოველთვის ასახავს პიროვნულ თვისებებს და კალი ამას კიდევ უფრო ნათლად
წარმოაჩენს. ხომ გაგიგონიათ ის გამოთქმა, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ საკუთარ სახეზე
პასუხისმგებელი შენ ხარ? კალისთან ერთად ხვდები, რომ ნამდვილად ასეა. ზოგიერთი სახე
სრულიად გამოცარიელებული ჩანს, განსაკუთრებით – ახალგაზრდა და ბუნებრივად ლამაზი
სახეები. ფიზიკური სილამაზის გარეშე ეს სახეები უბრალოდ მოსაწყენი ხდება. მაგრამ
პიროვნული თვისებებით დატვირთული სახეები ისევე კარგად გამოიყურებიან, როგორც ადრე,
შეიძლება უკეთესადაც კი. თითქოს მათ შესახებ რაიმე აუცილებელ ინფორმაციას კითხულობო.

ხალხის ნაწილი რეგულირებითაც ინტერესდება. ჩვენ არაფერ მსგავსს არ ვაპირებთ. მართლაც


არსებობს პროგრამა, რომელიც მზერის თავისებურებების მიხედვით საკმაოდ ზუსტად
ამოიცნობს, ადამიანი კალიაგნოზიაკია თუ არა. მაგრამ ეს უამრავ მონაცემს მოითხოვს და
უნივერსიტეტის უსაფრთხოების კამერებს საკმარისად კარგი გადიდების უნარი არ აქვთ.
ამისთვის ყველამ პირადი კამერა უნდა ატაროს და შემდეგ მონაცემები გააზიაროს.
შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ვფიქრობთ, რომ როცა ადამიანები კალის
ცდიან, მის სარგებელს თავადვე დაინახავენ.

ტამერა ლაიონსი:

გაირკვა, რომ ლამაზი ვარ!

რა კარგი დღეა! დილით გაღვიძებისთანავე სარკისკენ გავექანე; თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი
და შობის დილა გათენდა. მაგრამ ისევ არაფერი; ჩემი სახე კვლავ ჩვეულებრივი ჩანდა.
მოგვიანებით (იცინის) საკუთარი თავის მოულოდნელად გამოჭერაც კი ვცადე და სარკესთან
ჩუმად მივიპარე, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ასე რომ, ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი და
უკვე, როგორ გითხრათ, ბედთან შესაგუებლად ვემზადებოდი.

მაგრამ ამ ნაშუადღევს ჩემს თანამეოთახე ინასთან და რამდენიმე სხვა გოგოსთან ერთად


საერთო საცხოვრებლიდან გარეთ გავედი. კამპუსის მეორე მხარეს ერთ სასადილოში წავედით,
სადაც მანამდე არასდროს ვყოფილვარ. მაგიდასთან ვისხედით, ვლაპარაკობდით, მე აქეთ-
იქით ვიყურებოდი და ვხედავდი, როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები, როცა კალი აღარ
გაქვს. უცებ ვხედავ ერთ გოგოს, რომელიც მიყურებს და ვფიქრობ: "რა ლამაზია". და შემდეგ,
(იცინის) ძაან სისულელედ მოგეჩვენებათ, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ სასადილოს ეს კედელი
მთლიანად სარკე ყოფილა და საკუთარ თავს ვუყურებდი!

ვერც კი აღვწერ, გულზე იმდენად მომეშვა. სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ინამ მკითხა, ასე
რამ გაგაბედნიერაო, მე უბრალოდ თავი გავიქნიე. ტუალეტში გავედი, რომ ცოტა ხნით სარკეში
საკუთარი თავისთვის მეყურებინა.

ასე რომ, ნამდვილად კარგი დღე იყო. მართლა ძალიან მომწონს, როგორც გამოვიყურები.
ძალიან კარგი დღე იყო.

236
ჯეფ უითროპი, მესამე კურსის სტუდენტი, საუბრობს სტუდენტური დებატებისას:
რასაკვირველია, გარეგნობის მიხედვით ადამიანების განსჯა არასწორია, მაგრამ ეს
"დაბრმავება" გამოსავალი არ არის. გამოსავალი განათლებაა.

კალის ცუდთან ერთად ბევრი კარგიც მიაქვს. ის მხოლოდ მაშინ არ მუშაობს, როცა
დისკრიმინაციის საფრთხე არსებობს, სილამაზის შეცნობის უნარსაც მთლიანად გართმევს.
უამრავი სიტუაციაა ისეთი, როდესაც მიმზიდველი სახის ყურება არავის ვნებს. კალი
საშუალებას აღარ გაძლევს, რომ ასეთი სიტუაციები განასხვავო, მაგრამ განათლება ამას
შეგვაძლებინებს.

ვიცი, ვიღაც იტყვის, ტექნოლოგია ხომ კიდევ უფრო დაიხვეწებაო.

შეიძლება ერთ დღესაც თქვენს ტვინში ექსპერტული სისტემის ჩანერგვა მოახერხონ, რომელიც
იმსჯელებს: "ახლანდელი სიტუაცია შესაფერისია იმისთვის, რომ სილამაზე შეიგრძნო? თუ კი,
მიდი, ისიამოვნე. თუ არა, ყურადღება არ მიაქციო". და ეს კარგია? ეს იქნება ის "მომწიფებაში
დამხმარე საშუალება", რომელსაც წამდაუწუმ გაიძახიან?

არა, არ იქნება. ეს არ იქნება სიმწიფე. ეს იქნება მდგომარეობა, როცა ექსპერტულ სისტემას


საშუალებას აძლევ, გადაწყვეტილებები შენ ნაცვლად მიიღოს. მოწიფულობა ნიშნავს, დაინახო
განსხვავებები, მაგრამ მიხვდე, რომ მათ მნიშვნელობა არ აქვთ. ამისთვის კი არანაირი
ტექნოლოგიური მოკლე გზა არ არსებობს.

ადეშ სინგჰი, მესამე კურსის სტუდენტი, საუბრობს სტუდენტური დებატებისას:

არავინ ამბობს, რომ ექსპერტ სისტემას გადაწყვეტილებების შენ მაგივრად მიღების უფლება
უნდა მისცე. კალი შენ ნაცვლად არაფერს წყვეტს; არაფრის გაკეთებას არ გიზღუდავს.
მოწიფულობას რაც შეეხება, ამას სწორედ მაშინ ამტკიცებ, როცა კალის ირჩევ.

ყველამ იცის, რომ ფიზიკურ სილამაზეს ღირსებასთან არაფერი აქვს საერთო; განათლებამ ამას
მიაღწია. მაგრამ საუკეთესო განზრახვების მიუხედავადაც კი ხალხი ლუქიზმს არ შეშვებია.
ვცდილობთ, მიუკერძოებლები ვიყოთ, ვცდილობთ, ადამიანის გარეგნობამ ჩვენზე გავლენა არ
მოახდინოს, მაგრამ ჩვენი ავტონომიური რეფლექსების დათრგუნვა არ შეგვიძლია და ყველა,
ვინც ამტკიცებს, რომ ამას ახერხებს, თავს იტყუებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: არ იქცევით
სხვადასხვანაირად, როდესაც მიმზიდველ და ნაკლებად მიმზიდველ ადამიანებს ხვდებით?

ამ საკითხზე ჩატარებული ყველა კვლევა ერთსა და იმავეს აჩვენებს: გარეგნობა ხალხს


საშუალებას აძლევს, წინ წაიწიონ. თავს ვერაფერს ვუხერხებთ და კარგი გარეგნობის
ადამიანები უფრო კომპეტენტურები, უფრო გულწრფელები და სხვებზე უფრო ღირსეულები
გვგონია. აქედან სიმართლეს არც ერთი არ შეესაბამება, მაგრამ მათი გარეგნობა ასეთ
შთაბეჭდილებას გვიტოვებს.

კალი არაფრის წინაშე არ გაბრმავებს; სიბრმავეს სილამაზე იწვევს. კალი დანახვის საშუალებას
გაძლევს.

237
ტამერა ლაიონსი:
ბოლო დროს კამპუსში კარგი გარეგნობის ბიჭებს ვათვალიერებ. კარგი გასართობია; უცნაური,
მაგრამ მაინც გასართობი. აი, მაგალითად, იმ დღეს კაფეტერიაში ვიყავი და რამდენიმე
მაგიდის იქით ერთი ბიჭი დავინახე. სახელი არ ვიცოდი, მაგრამ წამდაუწუმ მისკენ
ვტრიალდებოდი და ვუყურებდი. მის სახესთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულს ვერ
აღგიწერთ, მაგრამ სხვებისგან მაინც ბევრად გამორჩეული ჩანდა. მისი სახე მაგნიტივით
მოქმედებდა, ჩემი თვალები კი კომპასის ისარივით, რომელიც მაგნიტისკენ მიიწევს.

მას შემდეგ, რაც გარკვეული ხანი ვუყურე, მივხვდი, რომ ადვილად შემეძლო წარმომედგინა,
როგორი კარგი ადამიანი იყო! მასზე არაფერი ვიცოდი, მისი ლაპარაკიც კი არ მესმოდა, მაგრამ
მაინც მისი გაცნობა მინდოდა. ცოტა უცნაური იყო, მაგრამ არა – ცუდი გაგებით.

"ამერიკის კოლეჯთა ქსელის" "ედუნიუსის" გამოშვებიდან:

პემბლტონის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელ კალიაგნოზიასთან დაკავშირებული


ინიციატივის შესახებ: "ედუნიუსმა" მოიპოვა მტკიცებულება, რომ საზოგადოებასთან
ურთიერთობის ფირმა "უაიატ/ჰეიესმა" პემბლტონის ოთხ სტუდენტს რეგისტრაციის გვერდის
ავლით ფული გადაუხადა, რათა თანაკლასელებისთვის ინიციატივის მხარდაჭერა
გადაეფიქრებინათ. ჩვენი მტკიცებულება მოიცავს "უაიატ/ჰეიესის" შიდა მემორანდუმს,
რომელიც მიუთითებს, რომ უნდა მოეძებნათ "კარგი გარეგნობისა და მაღალი რეპუტაციის
მქონე სტუდენტები", ასევე სააგენტოდან "პემბლტონის" სტუდენტებისთვის გადახდის
დამდასტურებელი ჩანაწერები.

ფაილები გაიგზავნა "სემიოტექ ვორიორზში", დამოუკიდებელ ჯგუფში, რომელიც


მედიავანდალიზმის მრავალ ქმედებაზეა პასუხისმგებელი.

როდესაც ამ ამბავთან დაკავშირებით "უაიატ/ჰეიესს" დავუკავშირდით, მათ საჯარო განცხადება


გამოსცეს და ეს დარღვევა შიდა კომპიუტერულ სისტემებს დააბრალეს.

ჯეფ უინთროპი:

დიახ, "უაიატ/ჰეიესმა" ნამდვილად გადამიხადა, მაგრამ ეს არ იყო გარიგება; მათ არასდროს


უკარნახიათ ჩემთვის, რა უნდა მეთქვა. უბრალოდ, საშუალება მომცეს, კალის საწინააღმდეგო
კამპანიისთვის მეტი დრო დამეთმო, რასაც ისედაც ვიზამდი, უმცროსი სტუდენტების
მეცადინეობით ფულის შოვნა რომ არ დამჭირვებოდა. მე მხოლოდ ჩემს გულწრფელ
შეხედულებას გამოვხატავდი: მგონია, რომ კალი ცუდი აზრია.

კალის საწინააღმდეგო კამპანიის რამდენიმე წარმომადგენელმა მთხოვა, რომ ამ საკითხზე


საჯაროდ აღარ ვილაპარაკო, რადგან ეს საერთო მიზანს ზიანს აყენებს. ძალიან ვწუხვარ, რომ
ასე ფიქრობენ, რადგან ეს უბრალოდ ad hominem(არგუმენტებზე პასუხის ნაცვლად პირადად
ოპონენტზე შეტევა.) შეტევაა. თუ ფიქრობდით, რომ ჩემი არგუმენტები აქამდე ლოგიკური იყო,

238
არაფერი შეცვლილა. მაგრამ ვხვდები, რომ ზოგი ადამიანი განსხვავებას ვერ ამჩნევს და მე ისე
მოვიქცევი, როგორც საერთო მიზანს გამოადგება.

მარია დესოუზა:
ამ სტუდენტებს თავიანთი კავშირები ნამდვილად უნდა დაერეგისტრირებინათ. ყველანი
ვიცნობთ ხალხს, რომლებიც მოსიარულე კავშირები არიან. მაგრამ ახლა, როცა ვინმე
ინიციატივის კრიტიკას დაიწყებს, ხალხი მათ ჰკითხავს, ვინმე ფულს უხდის თუ არა. საჯარო
რეაქცია კალის საწინააღმდეგო მოძრაობას აშკარად ზიანს აყენებს.

მე კომპლიმენტად ვიღებ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ინიციატივას ვიღაცა იმდენად საინტერესოდ


მიიჩნევს, რომ პიარ-კომპანიას ქირაობს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ წესის შემოღება
სხვა სკოლებზეც მოახდენდა გავლენას; ამ ამბავმა დაადასტურა, რომ კორპორაციებიც იგივეს
ფიქრობენ.

უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისთვის "კალიაგნოზიის ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტი


მოვიწვიეთ. აქამდე დარწმუნებულები არ ვიყავით, რამდენად გვინდოდა ეროვნულ დონეზე
მოუშავე ჯგუფის ჩართვა, რადგან მათ სხვა აქცენტები აქვთ და ჩვენ – სხვა; ისინი უფრო მეტად
ფოკუსირებულნი არიან მედიაში სილამაზის გამოყენებაზე, სსთ კი, უპირატესად, სოციალური
სამართლიანობის საკითხითაა დაინტერესებული. მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ რა რეაქცია
ჰქონდათ სტუდენტებს "უაიატ/ჰეიესის" ქმედებაზე, ცხადი გახდა, რომ მედია-მანიპულაციის
პრობლემას შეუძლია ჩვენი საბოლოო მიზნამდე მიყვანა. ინიციატივის დამტკიცებისთვის ჩვენი
შანსია, რომ სარეკლამო კამპანიების საწინააღმდეგო ბრაზი გამოვიყენოთ. ამას მოგვიანებით
სოციალური თანასწორობაც მოჰყვება.

ამონარიდი "კალიაგნოზიის ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტის, უოლტერ ლამბერტის


"პემბლტონში" წარმოთქმული სიტყვიდან:

მაგალითად ავიღოთ კოკაინი. თავისი ბუნებრივი ფორმით კოკას ფოთლები სასიამოვნოა,


მაგრამ არა ისეთი დოზით, რომ პრობლემა გამოიწვიოს. თუმცა, თუ გადაამუშავებ და გაწმენდ,
ისეთ შენაერთს იღებ, რომელიც სიამოვნების რეცეპტორებს არაბუნებრივი სიმძლავრით
ეძგერება. სწორედ მაშინ ხდება მიჩვევა.

რეკლამის მწარმოებლების წყალობით სილამაზემაც მსგავსი პროცესი გამოიარა. ევოლუციამ


მოგვანიჭა ნეირონული ქსელი, რომელიც კარგ გარეგნობაზე რეაგირებს – შეგვიძლია მას
ვიზუალური ქერქის სიამოვნების რეცეპტორი ვუწოდოთ – და ბუნებრივ გარემოში ის
სასარგებლო იყო. მაგრამ თუ აიღებ მილიონიდან ერთ, გამორჩეული კანისა და ძვლოვანი
სტრუქტურის ადამიანს, დაუმატებ პროფესიონალურ გრიმსა და რეტუშირებას, მაშინ უკვე
ბუნებრივ სილამაზეს აღარ ვუყურებთ. ეს ფარმაცევტული ხარისხის სილამაზეა, გარეგნობის
კოკაინი.

ბიოლოგები ამას "ზენორმალურ სტიმულს" უწოდებენ; აჩვენეთ დედა ჩიტს პლასტმასის


გიგანტური კვერცხი და საკუთარი ნამდვილი კვერცხების ნაცვლად ის სწორედ დიდი კვერცხის
ინკუბაციას შეეცდება. მედისონ ავენიუმ ჩვენი გარემო ასეთი სახის სტიმულებით, ვიზუალური
ნარკოტიკით გააჯერა. ჩვენი სილამაზის რეცეპტორები იმაზე მეტ სტიმულაციას იღებენ,

239
რამდენის გადასამუშავებლადაც ევოლუციურად ჩამოყალიბდნენ. უფრო მეტს იღებენ ერთ
დღეში, ვიდრე ჩვენი წინაპრები – მთელი ცხოვრების მანძილზე. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ
სილამაზე ჩვენს ცხოვრებას ნელნელა ანგრევს.

როგორ? ზუსტად ისე, როგორც ნარკოტიკი ხდება პრობლემა: სხვა ადამიანებთან ჩვენს
ურთიერთობას ცვლის. ჩვეულებრივი ადამიანების გარეგნობით უკმაყოფილო ვხდებით,
რადგან ისინი სუპერმოდელებს ვერ შეედრებიან. ორგანზომილებიანი გამოსახულებები უკვე
საკმარისად პრობლემურია, მაგრამ ახლა, სათვალეებით, სარეკლამო კომპანიებს უკვე
შეუძლიათ სუპერმოდელი პირდაპირ თვალწინ დაგიყენონ და მასთან თვალებით კონტაქტიც
დაამყარო. კომპიუტერული პროგრამების მწარმოებლები გთავაზობენ ქალღმერთებს,
რომლებიც კალენდარში ჩანიშნულ შეხვედრებს შეგახსენებენ. ყველას გვსმენია იმ კაცების
შესახებ, რომლებსაც ნამდვილ მეგობარ გოგონებს ვირტუალურები ურჩევნიათ, მაგრამ
პრობლემა მხოლოდ ამ კაცებს არ ეხებათ. თითოეული ჩვენგანი რაც უფრო დიდ დროს ატარებს
თვალის მომჭრელი ციფრული მოჩვენებების გარემოში, მით უფრო უარესდება ჩვენი
ურთიერთობები რეალურ ადამიანებთან.

თანამედროვე სამყაროში ცხოვრება თუ გვინდა, ამ გამოსახულებებს თავს ვერ ავარიდებთ. ეს


ნიშნავს, რომ ამ მავნე ჩვევასაც ვერ გადავაგდებთ, რადგან სილამაზე ნარკოტიკია და მისგან
თავის შეკავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ ყოველთვის თვალდახუჭული ივლი.

ასე იყო აქამდე. ახლა უკვე შეგიძლია, დამატებითი ქუთუთოები დაიხმარო. ისეთები,
რომლებიც ამ ნარკოტიკს ბლოკავს, მაგრამ ზოგადად მხედველობას არ გიზღუდავს. სწორედ
ესაა კალიაგნოზია. ზოგიერთი მას გადაჭარბებად მიიჩნევს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ზუსტად
საკმარისია. ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენი ემოციური რეაქციებით მანიპულირებენ,
ამიტომ, სამართლიანია, რომ თავდასაცავად ჩვენც ტექნოლოგიას გამოვიყენებთ.

ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ უზარმაზარი გავლენა მოახდინოთ. "პემბლტონის"


სტუდენტობა ყოველთვის ყველა პროგრესული მოძრაობის წინა ხაზზე იდგა; რასაც აქ
გადაწყვეტთ, მთელი ქვეყნის სტუდენტობისთვის მაგალითი გახდება. ამ ინიციატივის
მხარდაჭერით და კალიაგნოზიის დანერგვით, სარეკლამო კომპანიებს გააგებინებთ, რომ
ახალგაზრდებს აღარ სურთ, მათით მანიპულირებდნენ.

"ედუნიუსის" გამოშვებიდან:
"კალიაგნოზიის ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტის, უოლტერ ლამბერტის სიტყვით
გამოსვლის შემდეგ გამოკითხვები აჩვენებს, რომ "პემბლტონის" სტუდენტთა 54%
კალიაგნოზიის ინიციატივას მხარს უჭერს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების
შედეგად კი საკუთარ სკოლაში მსგავს ინიციატივას მხარს დაუჭერდა სტუდენტთა 28%; ეს
მაჩვენებელი გასული თვის მონაცემთან შედარებით 8%-ითაა მომატებული.

ტამერა ლაიონსი:

მგონი კოკაინთან შედარებით ცოტა გადააჭარბა. ვინმეზე გსმენიათ, რომ რეკლამის დოზის
მისაღებად რაღაცებს იპარავს და შემდეგ ყიდის?

240
მაგრამ მგონი იმ საკითხში მართალია, როცა ადარებს, თუ როგორ გამოიყურებიან კარგი
გარეგნობის ადამიანები რეკლამებში და რეალურ ცხოვრებაში. ჩვეულებრივ ხალხზე უფრო
კარგი გარეგნობისანი კი არ არიან, არამედ კარგ შესახედაობას რაღაც სხვა გზებით იძენენ.

აი, მაგალითად, იმ დღეს კამპუსის მაღაზიაში ვიყავი; ელფოსტა უნდა შემემოწმებინა და


როდესაც სათვალეები გავიკეთე, რეკლამა დავინახე. რაღაც შამპუნის რეკლამა იყო, მგონი
"ჯოისანსის". მანამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ კალის გარეშე სულ სხვანაირი იყო. მოდელი
ისეთი... თვალს ვერ ვწყვეტდი. იმას არ ვამბობ, რომ იგივე რამ ვიგრძენი, რაც კაფეტერიაში
სიმპათიური ბიჭის დანახვისას; ამ მოდელის გაცნობის სურვილი არ გამჩენია. უფრო სხვა
შეგრძნება იყო... თითქოს მზის ჩასვლას ან ფეიერვერკებს უყურებო.

უბრალოდ ვიდექი და რეკლამას ალბათ ხუთჯერ მაინც ვუყურე, რომ იმ მოდელი ბიჭისთვის
კიდევ ერთხელ შემეხედა. არა მგონია, რომ ადამიანს შეუძლია ასე... როგორ გითხრათ...
გრანდიოზულად გამოიყურებოდეს.

მაგრამ ამის გამო ადამიანებთან ლაპარაკს ხომ არ შევწყვეტ იმ მიზნით, რომ მთელი დრო
რეკლამის სათვალეებში ყურებაში გავატარო? რეკლამებს საკმაოდ მძაფრი გავლენა აქვთ,
მაგრამ რეალური ადამიანის დანახვისას რასაც განიცდი, იმას ვერც კი შეედრება. თანაც, ვერც
იმას ვიტყვი, რომ იმწამსვე სურვილი მიჩნდება, წავიდე და რის რეკლამასაც აკეთებენ,
ყველაფერი ვიყიდო. თავად პროდუქციას ყურადღებას არც კი ვაქცევ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ
საოცარი სანახაობებია.

მარია დესოუზა:
ტამერას რომ აქამდე შევხვედროდი, შეიძლებოდა მეცადა, კალის გამორთვა გადამეფიქრებინა.
მეეჭვება, წარმატებისთვის მიმეღწია; თავის გადაწყვეტილებაზე საკმაოდ მტკიცედ დგას. ამის
მიუხედავადაც კი, ის კალის სასარგებლო შედეგების თვალსაჩინო მაგალითია. როცა მას
ელაპარაკები, ამას აუცილებლად შეამჩნევ. მაგალითად, ერთ მომენტში ვუთხარი, როგორი
იღბლიანი ხარ-მეთქი და მან მიპასუხა: "რატომ, ლამაზი რომ ვარ?" და ამ პასუხში
აბსოლუტურად გულწრფელი იყო! თითქოს თავის სიმაღლეზე ლაპარაკობდა. შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ ქალი კალის გარეშე, რომელიც ამას იტყვის?

ტამერას საკუთარი გარეგნობის შესახებ სრულიად გულუბრყვილო წარმოდგენა აქვს: არც


გადაჭარბებულად აფასებს და არც მორიდებულად, შეუძლია საკუთარი თავი აღწეროს,
როგორც "ლამაზი" ისე, რომ არ შერცხვეს. ჩემი აზრითაც საკმაოდ ლამაზია და მისნაირი
გარეგნობის ბევრ ქალში შემიმჩნევია უცნაური ქცევა, თავმომწონეობის მსგავსი, ტამერა კი
ასეთი არაა. სხვებს ყალბი თავმდაბლობა ახასიათებთ, რომელსაც ადვილად ამოიცნობ, მაგრამ
ტამერას არც ესა აქვს, რადგან ბუნებრივად თავმდაბალია. წარმოუდგენელია, რომ ასეთად
კალის გარეშე გაზრდილიყო. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთივე დარჩება.

ანიკა ლინდსტრომი, მეორე კურსის სტუდენტი:

241
ჩემი აზრით, ეს რაღაც კალი საშინელი იდეაა. მომწონს, როცა ბიჭები მამჩნევენ და იმედი
ძალიან გამიცრუვდება, თუ ასე აღარ იზამენ.

მგონია, რომ მთელი ეს რაღაც, გულწრფელად რომ გითხრათ, იმ ხალხისთვისაა, ვინც კარგად
არ გამოიყურება და ცდილობს, თავი უკეთ იგრძნოს. ამას კი მხოლოდ იმით მოახერხებენ, თუ
სხვა ისეთ ადამიანებს დასჯიან, რომლებსაც ის აქვთ, რაც მათ არა. ეს უსამართლობაა.

რომ შეეძლოთ, ვის არ ენდომებოდა, რომ ლამაზი იყოს? ნებისმიერს ჰკითხეთ, თუნდაც იმ
ადამიანებს, ვინც ამ წამოწყების უკან არიან. დაგენაძლევებით, ყველა იტყვის, რომ უნდათ. რა
თქმა უნდა, სილამაზე იმასაც ნიშნავს, რომ ზოგჯერ ნაძირლებიც გეხვევიან, მაგრამ ნაძირლები
ყოველთვის არსებობდნენ, ეს ცხოვრების ნაწილია. იმ მეცნიერებმა ბიჭების ტვინში
ნაძირლობის ნეირონული ქსელის გამორთვა რომ მოახერხონ, მაშინ ყველანაირად მხარს
დავუჭერ.

ჯოლინ კარტერი, მესამე კურსის სტუდენტი:


ინიციატივას მხარს ვუჭერ, რადგან მგონია, კალის თუ ყველა გამოიყენებს, დიდი შეღავათი
იქნება.

ხალხი ჩემი გარეგნობის გამო კარგად მექცევა და ჩემს ნაწილს ეს მოსწონს, მაგრამ მეორე
ნაწილით სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, რადგან არაფერი გამიკეთებია, ასეთი დამოკიდებულება
რომ დამემსახურებინა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ კაცები ყურადღებას მაქცევენ, მაგრამ
ვინმესთან ნამდვილი კავშირის შეგრძნება ძნელია. როცა ვიღაც ბიჭი მომწონს, სულ იმაზე
ვფიქრობ, მე უფრო ვაინტერესებ თუ ჩემი გარეგნობა. ზოგჯერ ძნელი მისახვედრია, რადგან,
ხომ იცით, თავიდან ყველა ურთიერთობა შესანიშნავად მიდის. მხოლოდ მოგვიანებით
ხვდებით, ერთმანეთთან თავს კომფორტულად გრძნობთ თუ არა. ჩემს წინა შეყვარებულთანაც
ასე იყო. როცა ზღაპრულად არ გამოვიყურებოდი, უკმაყოფილო იყო, რის გამოც სრულ
თავისუფლებას ვერასდროს ვგრძნობდი. მაგრამ როცა ეს გავიაზრე, მასთან უკვე საკმაოდ
დაახლოებული ვიყავი, ამიტომ მტკივნეული გამოდგა იმის აღმოჩენა, რომ ნამდვილ მე-ს ვერ
მხედავდა.

სხვა საკითხია, სხვა ქალებთან როგორ გრძნობ თავს. მგონი, ქალების უმეტესობას ეს არ
მოსწონს, მაგრამ მაინც, საკუთარ გარეგნობას ყოველთვის სხვებისას ადარებ. ზოგჯერ მგონია,
რომ კონკურსზე ვარ, არადა, არ მინდა, რომ ასე იყოს.

კალიზე ერთხელ დავფიქრდი, მაგრამ მგონი შედეგი არ ექნება, თუ ყველამ არ გამოიყენა;


მარტო მე რომ მიმეღო, სხვების მხრიდან ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა.
მაგრამ კამპუსში ყველას რომ კალი ჰქონდეს, მეც სიამოვნებით გამოვიყენებდი.

ტამერა ლაიონსი:

ჩემს თანამეოთახე ინას სკოლისდროინდელ ალბომს ვათვალიერებინებდი და ჩემი და ჩემი


ყოფილის, გარეტის ყველა ფოტოს გადავხედეთ. ინას მასზე ყველაფრის გაგება უნდოდა, მეც
ვუყვებოდი. ვუთხარი, რომ სკოლის ბოლო წელი მთლიანად ერთად გავატარეთ, მოვუყევი,

242
როგორ მიყვარდა და მინდოდა, რომ ერთად დავრჩენილიყავით, მაგრამ მას კოლეჯში წასვლის
შემდეგ თავისუფლება და სხვა გოგონებთან შეხვედრა სურდა. ამ დროს ინამ მკითხა: "მოიცა,
ამან მიგატოვა შენ?"კარგა ხანი დამჭირდა, სანამ ბოლომდე ამოვათქმევინე; ორჯერ მთხოვა,
დამპირდი, რომ არ გაბრაზდებიო. ბოლოს გამომიტყდა, გარეტი არც ისე კარგი გარეგნობისააო.
ჩემი აზრით, საშუალო შესახედაობისა იყო, რადგან კალის გამორთვის შემდეგ ჩემთვის ის
დიდად არ შეცვლილა, მაგრამ ინა მიმტკიცებდა, საშუალოზე ბევრად უარესი გარეგნობა აქვსო.

რამდენიმე სხვა ბიჭის სურათი მოძებნა, რომლებიც, მისი აზრით, დაახლოებით


გარეტისნაირად გამოიყურებოდნენ. მათ შემთხვევაში ვხვდებოდი, რომ არც ისე სიმპათიურები
იყვნენ. რაღაც შტერული სახეები ჰქონდათ. შემდეგ გარეტის სურათს ახლიდან შევხედე და
მივხვდი, რომ რაღაც ასეთი მის სახესაც ეტყობოდა, მაგრამ მის შემთხვევაში ეს ნიშნები
საყვარლად ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

ალბათ, მართალია, რასაც ამბობენ – სიყვარული რაღაცით კალის წააგავს. როცა ვიღაც გიყვარს,
კარგად ვერ ხედავ, როგორ გამოიყურება. მე ისეთ გარეტს არ ვხედავ, როგორსაც სხვები, რადგან
მის მიმართ გრძნობები ჯერ კიდევ მაქვს.

ინამ მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ მისნაირი გარეგნობის ბიჭს შენნაირი გარეგნობის გოგოსთან
დაშორება შეეძლოო. ისიც თქვა, რომ სკოლაში, სადაც კალი სავალდებულო არ იყო,
სავარაუდოდ, გარეტი ჩემთან პაემანსაც კი ვერ ეღირსებოდა. ერთგვარად, სხვადასხვა დონეზე
ვიდგებოდით.

ამაზე ფიქრი უცნაურ შეგრძნებებს მიჩენს. როცა მე და გარეტი ვხვდებოდით, ყოველთვის


ვფიქრობდი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი. იმას კი არ ვამბობ, რომ ბედისწერის
მჯერა, უბრალოდ მეგონა, რომ ჩვენ ორს შორის რაღაც ძალიან სწორი ურთიერთობა
არსებობდა. ახლა კი უცნაურია იმის შეგრძნება, რომ შეიძლებოდა ერთ სკოლაში გვესწავლა და
ერთად არ ვყოფილიყავით, რადგან კალი არ გვქონდა. ისიც ვიცი, რომ ინა დარწმუნებული არაა.
მაგრამ არც მე ვარ დარწმუნებული, რომ ცდება.

იქნებ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უნდა მიხაროდეს, კალი რომ მქონდა, რადგან მისი
საშუალებით მე და გარეტი ერთად ვიყავით. ზუსტად არ ვიცი.

"ედუნიუსის" გამოშვებიდან:

კოორდინირებული შეტევის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტთა კალიაგნოზიური


ორგანიზაციების ათზე მეტი საიტის მუშაობა შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ
პასუხისმგებლობას არავინ იღებს, ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ დამნაშავეები რევანშს
იღებენ გასულ თვეს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც "ამერიკის კოსმეტიკური ქირურგიის
ასოციაციის" საიტი კალიაგნოზიის საიტით ჩანაცვლდა.

ამასობაში "სემიოტექ ვორიორზმა" თავისი ახალი კომპიუტერული ვირუსის,


"დერმატოლოგიის" გამოშვება გამოაცხადა. ვირუსმა მთელ მსოფლიოში ვიდეოსერვერების
დაინფიცირება დაიწყო, რის შედეგადაც გადაცემების დროს გამოსახულება ისე იცვლება, რომ

243
ადამიანების სახეებსა და სხეულებზე აკნე, ვარიკოზული ვენები და სხვა მსგავს
მდგომარეობათა ნიშნები ჩნდება.

უორენ დევიდსონი, პირველი კურსის სტუდენტი:


კალის გამოყენებაზე სკოლის პერიოდშიც ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი, მშობლებთან ამ
საკითხზე სიტყვა როგორ ჩამომეგდო. ასე რომ, როცა აქ კალის შემოთავაზება დაიწყეს,
გადავწყვიტე, მეცადა. (მხრებს იჩეჩს). ნორმალურია.

უფრო სწორად, ნორმალურზე უკეთესია. (ყოყმანობს) ჩემი გარეგნობა არასდროს მომწონდა.


უმაღლეს სკოლაში სწავლის დროს გარკვეული პერიოდი სარკეში საკუთარი თავის დანახვაც კი
მძულდა. მაგრამ კალისთან ერთად დიდად არ მაღელვებს. ვიცი, რომ სხვებისთვის
იგივენაირად გამოვიყურები, მაგრამ ეს იმდენად აღარ მანაღვლებს, როგორც ადრე. თავს
იმითაც უკეთ ვგრძნობ, რომ მუდმივად არ მახსენდება, ადამიანთა ნაწილს სხვა ადამიანებზე
ბევრად უკეთესი გარეგნობა რომ აქვს. აი, მაგალითად: ბიბლიოთეკაში ერთ გოგოს
კალკულუსის საშინაო დავალებაში ვეხმარებოდი და შემდეგ მივხვდი, რომ ის იყო, ვინც ადრე
ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა. ჩვეულებრივ, მის სიახლოვეს ავნერვიულდებოდი, მაგრამ
კალისთან ერთად მასთან დალაპარაკება საერთოდ არ გამჭირვებია.

არ ვიცი, შეიძლება ფიქრობს, რომ საფრთხობელას ვგავარ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ
მასთან საუბრისას მე არ ვგრძნობდი თავს საფრთხობელად. კალის მიღებამდე მგონი საკუთარ
თავს მეტისმეტ ყურადღებას ვაქცევდი, რაც ყველაფერს აუარესებდა. ახლა უფრო თავისუფლად
ვარ.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ახლა თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ ან რამე ეგეთი. იმაშიც
დარწმუნებული ვარ, რომ კალი ყველას ვერ დაეხმარება, მაგრამ მე ნამდვილად დამეხმარა,
რომ ადრინდელივით ცუდად აღარ ვიყო, რაც ცოტას არ ნიშნავს.

ალექს ბიბესკუ, რელიგიურ სწავლებათა პროფესორი "პემბლტონში":

ადამიანთა ნაწილი მთლიანად უარს ამბობს კალიაგნოზიასთან დაკავშირებულ დებატებზე და


მას მიიჩნევს ზედაპირულ კინკლაობად იმის შესახებ, თუ ვის როგორი გრიმი უნდა ეკეთოს და
ვინ უნდა იაროს პაემნებზე. მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, ნახავთ, რომ საკითხი
გაცილებით ღრმაა. ის წარმოაჩენს სხეულის შესახებ ძველისძველ ამბივალენტურ
დამოკიდებულებას, რომელიც უძველესი დროიდან მოყოლებული დასავლური ცივილიზაციის
ნაწილი იყო.

ჩვენს კულტურას საძირკველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა, სადაც ფიზიკური სილამაზე და


სხეული მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა. თუმცა, ჩვენს კულტურაში ასევე მტკიცედაა შემოჭრილი
მონოთეისტური ტრადიცია, რომელიც სულის სასარგებლოდ სხეულის ღირებულებას აკნინებს.
ეს უძველესი ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსები ამჯერად უკვე კალიაგნოზიასთან
დაკავშირებულ დებატებში იჩენს თავს.

244
ვვარაუდობ, რომ კალის მხარდამჭერთა უმეტესობა თავს თანამედროვე, სეკულარულ
ლიბერალებად მიიჩნევს და არ აღიარებს, რომ მონოთეიზმის გავლენის ქვეშ არიან. მაგრამ
შეხედეთ, კიდევ ვინ უჭერს მხარს კალიაგნოზიას: კონსერვატიული რელიგიური ჯგუფები.
არსებობს სამივე დიდი მონოთეისტური მრწამსის – იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის –
მიმდევართა თემები, სადაც უკვე დაიწყეს კალის გამოყენება იმისთვის, რომ ახალგაზრდა
წევრები გარეშე პირთა მომხიბვლელობის მიმართ უფრო რეზისტენტულნი გახადონ. ეს არ
არის შემთხვევითი თანხვედრა. შეიძლება კალის ლიბერალმა მხარდამჭერებმა არ გამოიყენონ
ისეთი ფრაზები, როგორიცაა "ხორციელ ცდუნებებთან გამკლავება", მაგრამ გარკვეულწილად
ფიზიკურის დაკნინების ზუსტად იმავე ტრადიციას მიჰყვებიან.

რეალურად, კალის მხარდამჭერთაგან მხოლოდ "ახალგონების ბუდისტებს" შეუძლიათ იმის


მტკიცება, რომ მონოთეიზმის გავლენისგან თავისუფლები არიან. ეს არის სექტა, რომელიც
კალიაგნოზიას გასხივოსნებული აზროვნებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რადგან კალი
ადამიანში ილუზორული განსხვავებების აღქმას აღკვეთს. მაგრამ "ახალგონების" სექტა მზადაა
მედიტაციაში დასახმარებლად ნეიროსტატის ფართო გამოყენებისთვის, რაც სრულიად სხვა
მასშტაბის რადიკალური პოზიციაა. მეეჭვება, რომ თანამედროვე ლიბერალებში ან
კონსერვატორებში ამ იდეის მიმართ დადებითად განწყობილი ბევრი ადამიანი ნახოთ!

ასე რომ, როგორც ხედავთ, ეს კამათი მხოლოდ რეკლამებსა და კოსმეტიკას კი არ ეხება, არამედ
ცდილობს დაადგინოს, გონებასა და სხეულს შორის როგორი ურთიერთობაა მისაღები. უფრო
მეტად ვახდენთ თვითრეალიზებას, როცა ჩვენი ბუნების ფიზიკურ ნაწილს ვთრგუნავთ? ეს,
დამეთანხმებით, საკმაოდ სიღრმისეული შეკითხვაა.

ჯოზეფ ვაინგარტნერი:
კალიაგნოზიის აღმოჩენის შემდეგ ზოგიერთი მკვლევარი დაინტერესდა, შეიძლებოდა თუ არა
ისეთი ანალოგიური მდგომარეობის შექმნა, რომელიც სუბიექტს რასისა და ეთნიკურობის
მიმართ ბრმას გახდიდა. მრავალი რამ სცადეს – კატეგორიებისადმი დისკრიმინაციის
სხვადასხვა დონის დათრგუნვა სახის ამოცნობას შეუხამეს და ასე შემდეგ – მაგრამ შედეგად
მიღებული დეფიციტი ყოველთვის არადამაკმაყოფილებელი იყო. ჩვეულებრივ, საცდელი
პირები მხოლოდ მსგავსი გარეგნობის ინდივიდებს ვეღარ ასხვავებდნენ. ერთი ცდის შედეგად
ფრეგოლის სინდრომის კეთილთვისებიანი ვარიანტიც კი განვითარდა, რის შედეგადაც
სუბიექტს ყველა შემხვედრი თავისი ოჯახის რომელიმე წევრში ეშლებოდა. სამწუხაროდ,
სასურველი არაა, რომ ყველას საკუთარი ძმასავით მოექცე, ასე პირდაპირი მნიშვნელობით.

როდესაც ნეიროსტატული მკურნალობა ფართოდ დაინერგა ისეთი მდგომარეობების


სამკურნალოდ, როგორიცაა კომპულსიური ქცევა, ბევრმა ადამიანმა იფიქრა, რომ გონების
კონტროლი საბოლოოდ შესაძლებელი გახდა. ადამიანები თავიანთ ექიმებს ეკითხებოდნენ,
შეეძლოთ თუ არა მეუღლეში ისეთივე სექსუალური გემოვნება ჩაენერგათ, როგორიც თავად
სურდათ. მედიის ექსპერტები შიშობდნენ, რომ შესაძლებელი გახდებოდა მთავრობის ან
კორპორაციების მიმართ ერთგულების, ან იდეოლოგიური და რელიგიური რწმენის
დაპროგრამება.

ფაქტი ისაა, რომ ადამიანთა ფიქრების შინაარსზე წვდომა არ გვაქვს. შეგვიძლია


პიროვნულობის ფართო ასპექტების მონახაზი შევადგინოთ, შეგვიძლია ტვინის ბუნებრივ

245
სპეციალიზაციებთან თავსებადი ცვლილებები განვახორციელოთ, მაგრამ ეს ყველაფერი
უაღრესად მსხვილმარცვლოვანი შესწორებებია. არ არსებობს ნეირონული გზა, რომელიც
იმიგრანტების მიმართ სიძულვილზეა პასუხისმგებელი, არც ტერფების ფეტიშზე ან
მარქსისტულ დოქტრინაზე. ტვინის ნამდვილი პროგრამირება თუ შევძელით, მაშინ
"რასობრივი სიბრმავის" შექმნასაც შევძლებთ, მანამდე კი ჩვენი მთავარი იმედი განათლებაა.

ტამერა ლაიონსი:

დღეს საინტერესო გაკვეთილი მქონდა. "იდეების ისტორიაში" ერთი პროფესორის ასისტენტი


გვყავს, ანტონი, რომელმაც აგვიხსნა, რომ მიმზიდველი ადამიანის აღსაწერად ჩვენ მიერ
გამოყენებული მრავალი სიტყვა ადრე მაგიასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, სიტყვა
"შარმი" თავდაპირველად ჯადოსნურ შელოცვას ნიშნავდა, ისევე, როგორც სიტყვა "გლამური".
კიდევ უფრო აშკარაა ეს კავშირი ისეთ სიტყვებში, როგორებიცაა "მომაჯადოებელი" და
"მომნუსხველი". ანტონის სიტყვებზე ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ მართლა მაგიას წააგავს:
კარგი გარეგნობის ადამიანს რომ დაინახავ, ისეთი რაღაც გემართება, თითქოს შეგილოცესო.

ანტონმა ისიც მოგვითხრო, რომ ერთ დროს მაგიას ძირითადად სიყვარულისა და სურვილის
გამოსაწვევად იყენებდნენ. ეს გასაკვირი არაა, როცა ამ სიტყვებზე – "შარმსა" და "გლამურზე"
ფიქრობ. სილამაზის დანახვა სიყვარულის შეგრძნებას წააგავს. ერთი შეხედვითაც კი შეიძლება
გეგონოს, რომ ვიღაც კარგი გარეგნობის ადამიანი მართლა მოგწონს.

მე კი იმაზე დავფიქრდი, ხომ არ შეიძლება, მე და გარეტი ისევ ერთად ვიყოთ-მეთქი. იმიტომ,


რომ თუ გარეტს კალი არ აქვს, იქნებ ისევ შევუყვარდე? ხომ გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ
ერთად ყოფნის საშუალება კალიმ მოგვცა? იქნებ სინამდვილეში პირიქით, კალი გვაშორებს
ერთმანეთს? იქნებ გარეტს ჩემი დაბრუნება მოუნდეს, თუ დაინახავს, სინამდვილეში როგორ
გამოვიყურები.

ზაფხულში გარეტი თვრამეტის გახდა, მაგრამ კალი არ გამოურთავს, რადგან დიდ ყურადღებას
არ აქცევდა. ახლა "ნორთროპში" სწავლობს. ჰოდა, მეც დავურეკე, უბრალოდ როგორც
მეგობარმა; სხვა რაღაცებზე საუბრისას ისიც ვკითხე, "პემბლტონის" კალი-ინიციატივასთან
დაკავშირებით რას ფიქრობდა. მიპასუხა, რომ ვერ ხვდებოდა, ამხელა აურზაური რის გამო
ატყდა, შემდეგ ვუთხარი, როგორ მომწონს კალის გარეშე ცხოვრება და შევთავაზე, იქნებ შენც
სცადო, რათა ორივე მხარე შეაფასო-მეთქი. დამეთანხმა, კარგი აზრიაო. არ შევიმჩნიე, მაგრამ
სინამდვილეში ძალიან ავღელდი.

დანიელ ტალია, "პემბლტონის" შედარებითი ლიტერატურის კურსის პროფესორი:


სტუდენტთა ინიციატივა ფაკულტეტის წევრებს არ ეხება, მაგრამ ცხადია, რომ თუ ის
დამტკიცდა, ფაკულტეტიც წნეხის ქვეშ მოექცევა, რომ კალიაგნოზია მათაც მიიღონ. ასე რომ,
მგონი სულაც არაა ნაადრევი, ჩემი აზრი გამოვხატო და ვთქვა, რომ კატეგორიულად
ვეწინააღმდეგები.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება


პოლიტკორექტულობა მასობრივ ისტერიაში გადაიზარდოს. კალის მხარდამჭერებს

246
კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ მათი ქმედებები საზოგადოების
ინფანტილიზაციას ახდენს. უბრალოდ ის აზრიც კი, რომ სილამაზე რაღაც ისეთია, რისგანაც
თავი უნდა დავიცვათ, შეურაცხმყოფელია. ამის შემდეგ სტუდენტურმა ორგანიზაციამ შეიძლება
მუსიკალური აგნოზიის საყოველთაო მიღება მოითხოვოს, რათა თავი ცუდად არ ვიგრძნოთ,
როცა ჩვენზე ბევრად ნიჭიერ მომღერლებსა და მუსიკოსებს ვუსმენთ.

როცა ოლიმპიელი ათლეტების შეჯიბრებებს უყურებთ, თქვენი თვითშეფასება ეცემა? რა თქმა


უნდა, არა. პირიქით, გაოცებასა და პატივისცემას გრძნობთ; გიხარიათ, რომ ასეთი გამორჩეული
ინდივიდები არსებობენ. რატომ არ შეიძლება, რომ სილამაზის შემთხვევაშიც იგივე ვიგრძნოთ?
რატომ და, ფემინიზმი ასეთი რეაქციისთვის ბოდიშის მოხდას გვაიძულებდა. მას ესთეტიკის
პოლიტიკით ჩანაცვლება სურს და რამდენადაც ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწია,
იმდენად გავღარიბდით ჩვენ.

მსოფლიო კლასის სილამაზის გვერდით ყოფნა ისეთივე ამაღელვებელია, როგორც მსოფლიო


კლასის სოპრანოს მოსმენა. თავისი უპირატესობებით მხოლოდ ბუნებისგან დაჯილდოებული
ინდივიდები არ სარგებლობენ. ამას ჩვენ ყველანი ვაკეთებთ. უფრო სწორად, ყველას
შეგვიძლია. საკუთარი თავისთვის ამ შესაძლებლობის წართმევა დანაშაული იქნებოდა.

ორგანიზაცია "ხალხი ეთიკური ნანომედიცინისთვის" მიერ დაკვეთილი რეკლამა:

ხმა: გეუბნებიან მეგობრები, რომ კალი ძაან მაგარია და მისი გამოყენება ჭკვიანურია? მაშინ
იქნებ ჯობდეს, იმ ადამიანებს დაელაპარაკოთ, რომლებიც კალისთან ერთად გაიზარდნენ.

"მას შემდეგ, რაც კალი გამოვირთე, შეუხედავი ადამიანის პირველად დანახვისას შევცბუნდი.
ვიცოდი, რომ სულელური რეაქცია მქონდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. კალი
პიროვნულ მომწიფებაში არ დამხმარებია, პირიქით, ამაში ხელს მიშლიდა. მომიწია, ხალხთან
ურთიერთობა თავიდან მესწავლა".

"გრაფიკული მხატვრობის სწავლა დავიწყე. დღედაღამ ვმუშაობდი, მაგრამ არაფერში


მადგებოდა. მასწავლებელმა მითხრა, რომ შესაფერისი თვალი არ მაქვს და რომ კალიმ
ესთეტიკური ზრდა შემიჩერა. რაც დავკარგე, უკვე ვეღარასდროს დავიბრუნებ".

"კალის ქონა იგივე იყო, თითქოს გონებაში მშობლები მესხდნენ და ჩემს ფიქრებს ცენზურას
ადებდნენ. ახლა, როცა კალი მოვიშორე, მივხვდი, რამდენად სასტიკი მოპყრობის ქვეშ
ვცხოვრობდი".

ხმა: თუ კალიაგნოზიით გაზრდილი ხალხი მას რეკომენდაციას არ უწევს, ეს რაღაცას ნიშნავს,


არა?

მათ არჩევანი არ ჰქონდათ, მაგრამ შენ გაქვს. ტვინის დაზიანება არასდროსაა კარგი აზრი,
მიუხედავად იმისა, თუ რას გეუბნებიან მეგობრები.

მარია დესოუზა:

247
არც კი გვსმენია ამ ორგანიზაციის შესახებ, "ხალხი ეთიკური ნანომედიცინისთვის" რომ ჰქვიათ,
ამიტომ გარკვეული მოკვლევა ჩავატარეთ. ბლომად ჩხრეკა დაგვჭირდა, მაგრამ საბოლოოდ
აღმოვაჩინეთ, რომ სახალხო ორგანიზაცია კი არა, ინდუსტრიის პიარ-ფრონტია. ბოლო დროს
კოსმეტიკის მწარმოებელი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა და ეს ორგანიზაცია შექმნა.
რეკლამაში მონაწილე ადამიანებთან დაკავშირება ვერ შევძელით, ამიტომ არ ვიცი, მათი
ნათქვამის რაიმე ნაწილი მაინც თუ შეესაბამება სიმართლეს. გულწრფელები რომც
ყოფილიყვნენ, ისინი ტიპურ შემთხვევებს არ წარმოადგენენ. კალის გამორთვის შემდეგ ხალხის
უმეტესობა თავს შესანიშნავად გრძნობს. ნამდვილად არსებობენ გრაფიკული ხელოვანები,
რომლებიც კალისთან ერთად გაიზარდნენ.

ერთ რეკლამას მახსენებს, რომელიც კარგა ხნის წინ ვნახე – სამოდელო სააგენტოს ჰქონდა
გამოქვეყნებული მაშინ, როცა კალის მოძრაობა ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რეკლამაზე
უბრალოდ ფოტომოდელის სურათი იყო და წარწერა: "თუ ამ სილამაზეს ვეღარ დაინახავ, ვინ
უფრო მეტს დაკარგავს, ის თუ შენ?" ამ ახალ კამპანიასაც იგივე გზავნილი აქვს, ფაქტობრივად
ამბობენ, "ინანებ!" მაგრამ იმ ადრინდელი რეკლამის გაფხორილი ტონისგან განსხვავებით,
ახლა უფრო შეწუხებული და გამაფრთხილებელი იერი შესძინეს. კლასიკური პიარია: ლამაზი
ჟღერადობის სახელის უკან დაიმალე და ისეთი შთაბეჭდილება შექმენი, თითქოს მესამე მხარე
ხარ, რომელსაც მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესი აღელვებს.

ტამერა ლაიონსი:
ჩემი აზრით, ძაან იდიოტური რეკლამა იყო. იმის თქმა არ მინდა, რომ ინიციატივის მომხრე ვარ
– არ მინდა, რომ ხალხმა მის მიღებას მხარი დაუჭიროს – მაგრამ ადამიანები მის წინააღმდეგ
არასწორი მიზეზითაც არ უნდა აძლევდნენ ხმას. კალისთან ერთად გაზრდა დახეიბრებას არ
იწვევს. არავის აქვს მიზეზი, რომ ვეცოდებოდე ან რამე. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სწორედ
ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხმა ინიციატივის წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა: სილამაზის
დანახვაში არაფერია ცუდი.

მოკლედ, გარეტს ისევ ვესაუბრე. მითხრა, რომ ეს-ესაა კალი გამოირთო. ჯერჯერობით
ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ცოტა უცნაური შეგრძნებააო. ვუთხარი, რომ მეც იგივე
გამოვიარე. ისე, როგორი სასაცილოა, ძირძველი პროფესიონალივით ველაპარაკებოდი, არადა
სულ რამდენიმე კვირაა, რაც კალი მოვიშორე.

ჯოზეფ ვაინგარტნერი:

ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც მკვლევრებმა კალიაგნოზიის შესახებ დასვეს,


"სიჭარბის" ეფექტს ეხებოდა: აქვს თუ არა კალის რაიმე გავლენა სახის მიღმა სილამაზის
აღქმაზე. უმეტესწილად, პასუხი არის "არა". კალიაგნოზიიანი ადამიანი ისევე იღებს
სიამოვნებას სხვა რაღაცების ყურებით, როგორც დანარჩენი ხალხი. ამის მიუხედავად,
გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ.
მაგალითად, წარმოიდგინეთ ისეთივე ეფექტი, როგორსაც პროზოპაგნოზიისას ვხედავთ. ერთმა
პროზოპაგნოზიკმა, რომელიც რძის პროდუქტების ფერმაში მუშაობდა, აღმოაჩინა, რომ თავის
ძროხებს ინდივიდუალურად ვეღარ ცნობდა. მეორემ შენიშნა, რომ მანქანების მოდელებს

248
ვეღარ არჩევდა, წარმოგიდგენიათ? ეს შემთხვევები მიუთითებს, რომ ზოგჯერ სახის ამომცნობ
მოდულს სხვა ამოცანებისთვისაც ვიყენებთ. შეიძლება არ ვფიქრობდეთ, რომ რაღაც სახეს
ჰგავს – მაგალითად, მანქანა – მაგრამ ნევროლოგიურ დონეზე მას ისევე ვექცევით, როგორც
სახეს.

კალიაგნოზიის მქონეებშიც შეიძლება არსებობდეს მსგავსი მოვლენა, მაგრამ ვინაიდან


კალიაგნოზია პროზოპაგნოზიაზე უფრო ნატიფი ეფექტია, ნებისმიერი სიჭარბის გამოვლინება
უფრო ძნელი გასაზომია. მაგალითად, მოდის ტენდენციების როლი მანქანის ვიზუალში
გაცილებით დიდია, ვიდრე სახეებში, და ნაკლებად არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რომელი
მანქანებია უფრო მიმზიდველი. შეიძლება, არსებობდეს კალიაგნოზიკი, რომელსაც არ
მოსწონს გარკვეული მანქანები, რომლებიც კალის გარეშე მოეწონებოდა, მაგრამ ასეთი ჩივილი
ჯერ არავის გამოუხატავს.

ამას გარდა, სილამაზის ამომცნობი მოდული სიმეტრიისადმი ჩვენს ესთეტიკურ რეაქციაში


მონაწილეობს. სიმეტრიას ბევრ სიტუაციაში ვაფასებთ – მხატვრობა, სკულპტურა, გრაფიკული
დიზაინი – მაგრამ იმავდროულად ასიმეტრიაც მოგვწონს. ხელოვნებისადმი ჩვენი რეაქციის
ჩამოყალიბებაში უამრავი ფაქტორი მონაწილეობს და ჯერ არ არსებობს კონსენსუსი იმასთან
დაკავშირებით, თუ როდის რომელი მაგალითია წარმატებული.

საინტერესო იქნებოდა იმის შესწავლა, კალიაგნოზიურ საზოგადოებაში მართლა იზრდებიან


თუ არა უფრო ნაკლები რაოდენობით ნიჭიერი ვიზუალური ხელოვანები, მაგრამ იმის გამო, რომ
საერთო პოპულაციაში ძალიან ცოტა ასეთი ინდივიდი გვყავს, სტატისტიკურად სარწმუნო
კვლევის ჩატარება ძნელია. დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ კალიაგნოზიის მქონენი
ზოგიერთ პორტრეტზე უფრო მოკრძალებულად რეაგირებენ, მაგრამ ეს თავისთავად გვერდით
ეფექტს არ წარმოადგენს; პორტრეტის მხატვრობა თავისი გავლენის ნაწილს მაინც სუბიექტის
გარეგნობით აღწევს.

რასაკვირველია, ხალხის ნაწილისთვის ნებისმიერი ეფექტი მეტისმეტი იქნება. სწორედ ესაა


მიზეზი, რომლის გამოც მშობლების ნაწილს საკუთარ შვილებზე კალიაგნოზიის გამოყენება არ
სურთ: მათ უნდათ, რომ მათმა შვილებმა შეძლონ და მონა ლიზა სრულად დააფასონ და იქნებ
მისი მსგავსი შექმნან კიდეც.

მარკ ესპოზიტო, "უოტერსტონის კოლეჯის" მეოთხე კურსის სტუდენტი:


ამ "პემბლტონში" მგონი სულ გაგიჟდნენ. მეგონა, რაღაც ხუმრობისთვის ემზადებიან-მეთქი. აი,
ხო ხვდებით რა, ბიჭს გოგოსთან შეხვედრა რომ გაუჩარხო და უთხრა, რო ძაან მაგარი გოგოა,
მაგრამ სინამდვილეში ძაღლს ახვედრებ, ოღონდ თვითონ ვერ ხვდება, იმიტომ, რომ შენი
სჯერა. ასე მართლა სასაცილო იქნებოდა.

მაგრამ ამ კალის ნაღდად არასდროს გავიკეთებ. მინდა ლამაზ გოგოებს ვხვდებოდე. რატომ
უნდა გამოვიყენო ისეთი რამ, რაც ჩემს სტანდარტებს დაბლა დასწევს? კი ბატონო, ზოგ ღამეს
ყველა კაი ნაშა დაკავებულია და ნარჩენებიდან უნდა აირჩიო, მაგრამ ლუდი ხომ მაგისთვის
არსებობს? მაგრამ მუდმივად ლუდის სათვალეებით სიარული ნაღდად არ მინდა.

ტამერა ლაიონსი:

249
წუხელ მე და გარეტმა ტელეფონით ისევ ვილაპარაკეთ და ვთხოვე, ვიდეოზე გადავრთოთ, რომ
ერთმანეთი დავინახოთ-მეთქი. კარგიო, და ვიდეო ჩავრთეთ.

არ შევიმჩნიე, მაგრამ სინამდვილეში კარგა ხანს ვემზადებოდი.

ინამ მაკიაჟის გაკეთება მასწავლა, მაგრამ კარგად არ გამომდის, ამიტომ ტელეფონში ის


პროგრამა ჩავწერე, რომელიც შენს სახეს ისე აჩვენებს, თითქოს შეღებილი ხარ. მსუბუქ დონეზე
დავაყენე და მგონი ჩემი გარეგნობა მართლა შეცვალა. შეიძლება ცოტა ზედმეტიც მომივიდა,
არ ვიცი, გარეტმა რამდენად შეამჩნია, მაგრამ უბრალოდ მინდოდა, რაც შეიძლება ლამაზი
ვყოფილიყავი.
ვიდეოს ჩართვისთანავე მისი რეაქცია დავინახე. თითქოს თვალები გაუფართოვდა. "მართლა
ძალიან კარგად გამოიყურები", მითხრა გარეტმა. მადლობა-მეთქი. შემდეგ დაიმორცხვა და
თავის გარეგნობაზე რაღაც იხუმრა, მაგრამ ვუთხარი, რომ მისი გარეგნობა მომწონდა.

ცოტა ხანს ვიდეოზარით ვისაუბრეთ და მუდმივად ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა.


მსიამოვნებდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ისევ ჩემთან ერთად ყოფნაზე ფიქრობდა,
მაგრამ შეიძლება უბრალოდ მომეჩვენა.

შემდეგი საუბრისას შეიძლება შევთავაზო, ერთ შაბათ-კვირას ჩამომიაროს ან მე თვითონ


ვესტუმრო "ნორთროპში". მაგარი იქნება. თუმცა, მანამდე მაკიაჟის გაკეთება აუცილებლად
უნდა ვისწავლო.

ვიცი, არ არსებობს გარანტია, რომ ჩემთან ურთიერთობის ხელახლა დაწყება ენდომება. კალის
გამორთვამ მის მიმართ ჩემი სიყვარული არ შეამცირა, ჰოდა, იქნებ არც მისი სიყვარული
დამიბრუნოს? იმედი მაინც მაქვს.

ქეითი მინამი, მესამე კურსის სტუდენტი:


ყველა, ვინც ამბობს, რომ კალის მოძრაობა ქალებისთვის კარგია, მჩაგვრელების პროპაგანდას
ავრცელებს: ამტკიცებენ, რომ დამორჩილება დაცვაა. კალის მომხრეებს უნდათ, სილამაზის
მფლობელი ქალების დემონიზება მოახდინონ. სილამაზეს შეუძლია, მის მფლობელებს
ისეთივე სიამოვნება მიანიჭოს, როგორიც მის აღმქმელებს, მაგრამ კალის მოძრაობა აიძულებს
ქალებს, თავისი გარეგნობის გამო სინდისის ქენჯნა იგრძნონ. ეს უბრალოდ მორიგი
პატრიარქალური სტრატეგიაა ქალების სექსუალობის დასათრგუნად და ამ ანკესზე კვლავ
ბევრი ქალი წამოეგო.

რასაკვირველია, სილამაზე ჩაგვრის იარაღად ხშირად გამოიყენებოდა, მაგრამ სილამაზის


აღმოფხვრა გამოსავალი არაა; ხალხს მათი განცდების შეზღუდვის გზით ვერ გაათავისუფლებ.
ფაქტობრივად ორუელური მიდგომაა. სინამდვილეში ქალებზე ორიენტირებული სილამაზის
კონცეფცია გვჭირდება, ისეთი, რომელიც ყველა ქალს თავს კარგად აგრძნობინებს და არა
ისეთი, რომელიც უმრავლესობას დანაშაულის გრძნობით ავსებს.

ლოურენს სატონი, მეოთხე კურსის სტუდენტი:

250
კარგად მესმოდა, რაზე ლაპარაკობდა უოლტერ ლამბერტი თავის გამოსვლაში. მის ადგილას
ცოტა სხვა სიტყვებით ჩამოვაყალიბებდი, მაგრამ ბოლო ხანებში ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც
მან გაუსვა ხაზი. კალი ამ ინიციატივამდე გაცილებით ადრე, რამდენიმე წლის წინ მივიღე,
რადგან მინდოდა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე ვკონცენტრირებულიყავი.

იმას არ ვგულისხმობ, რომ მხოლოდ მეცადინეობა მაინტერესებს; მეგობარი გოგონა მყავს და


კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. შეიცვალა რეკლამების მიმართ
დამოკიდებულება. ადრე ჟურნალების დახლთან ჩავლისას ან სატელევიზიო რეკლამის
ყურებისას ყოველთვის ვგრძნობდი, როგორ მიიზიდებოდა ჩემი ყურადღება რეკლამისკენ.
თითქოს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემს აღგზნებას ცდილობენო. აუცილებლად სექსუალურ
აღგზნებას არ ვგულისხმობ, მაგრამ ცდილობდნენ, რაღაცნაირად, შინაგანი სიამოვნება მიეღო.
მე ავტომატურად ვცდილობდი შეწინააღმდეგებას და სასწრაფოდ ისევ იმ საქმეს
ვუბრუნდებოდი, რასაც მანამდე ვაკეთებდი, მაგრამ გონება მაინც მეფანტებოდა და ამ
ყურადღების გამფანტავი ფაქტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დიდ ენერგიას
მართმევდა, რომელიც შემეძლო, სხვაგვარად გამოეყენებინა.

მაგრამ ახლა, როცა კალი მაქვს, ამ მიზიდულობას აღარ ვგრძნობ. კალიმ ყურადღების
გამფანტავი ფაქტორებისგან გამათავისუფლა და ენერგია დამიბრუნა. ასე რომ, ორივე ხელით
მხარს ვუჭერ.

ლორი ჰარბერი, "მაქსველის კოლეჯის" მესამე კურსის სტუდენტი:


კალი ქვეშაფსიებისთვისაა. ვფიქრობ, ბრძოლა უნდა შეგეძლოს. კიდევ უფრო დამახინჯდი.
ლამაზ ხალხს ამის დანახვა სჭირდება.

ცხვირი დაახლოებით ერთი წლის წინ მოვიშორე. ქირურგიული თვალსაზრისით გაცილებით


რთული პროცესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს; ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნო და რამე,
თმის რაღაც ნაწილი უფრო სიღრმეში უნდა გადაინერგო, მტვერი რომ შეაკავოს. ამ ძვალს რომ
ხედავთ (თითით იკაკუნებს) ნამდვილი არაა, კერამიკაა. ნამდვილი ძვალი რომ შიშვლად
დატოვო, ინფექციის რისკი დიდია.

მომწონს, ხალხს რომ ვაფრთხობ; ზოგჯერ ვიღაცას, პირდაპირი მნიშვნელობით, მადას


ვუკარგავ, თუ ჭამის დროს მხედავენ. მაგრამ მთავარი ხალხის დაფრთხობა არაა. მთავარია,
როგორ შეიძლება მახინჯმა ლამაზი მისსავე თამაშში დაამარცხოს. ქუჩაში გავლისას მე უფრო
მეტი ხალხი მიყურებს, ვიდრე ლამაზ ქალს. მოდელის გვერდით რომ დამინახო, ვის უფრო
შეამჩნევ? მე, რა თქმა უნდა, მე. განზრახ არა, მაგრამ პირველი მაინც მე დამინახავ.

ტამერა ლაიონსი:

წუხელ მე და გარეტმა ისევ ვილაპარაკეთ და ბოლოს საუბარში იმ საკითხს მივადექით,


რომელიმე ჩვენგანი ვინმეს ხვდებოდა თუ არა. მე ვითომ არაფერი, სასხვათაშორისოდ
აღვნიშნე, რამდენიმე ბიჭს შევხვდი, მაგრამ სერიოზული არაფერია-მეთქი.

251
მერე მასაც ვკითხე. თითქოს დაიმორცხვა, მაგრამ საბოლოოდ ამოთქვა, რომ ცოტა არ იყოს,
კოლეჯის გოგოებთან დამეგობრება იმაზე მეტად უჭირდა, ვიდრე ელოდა. ახლა ფიქრობს, რომ
ეს მისი გარეგნობის გამო ხდება.

მე ვუთხარი: "შანსი არაა". მაგრამ არ ვიცოდი, კიდევ რა მეთქვა. ჩემს ნაწილს უხაროდა, რომ
გარეტი ჯერ სხვა არავის ხვდებოდა, სხვა ნაწილს ეცოდებოდა, კიდევ სხვას კი უბრალოდ
უკვირდა. რატომ და, ჭკვიანია, მხიარული, ძაან კარგი ბიჭია და ამას უბრალოდ იმიტომ არ
ვამბობ, რომ მასთან ვიყავი. სკოლაში პოპულარული იყო.

მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რაც ინამ მითხრა ჩემსა და გარეტზე. როგორც ჩანს, ჭკუა და იუმორი
საკმარისი არ არის, რომ ვიღაცებმა თავიანთ წრეში მიგიღონ – მათნაირად კარგად უნდა
გამოიყურებოდე კიდეც. და თუ გარეტი ლამაზ გოგოებს ელაპარაკებოდა, შეიძლება ისინი
თავის თანასწორად არც აღიქვამდნენ.

საუბრისას ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგან მგონი, ამ თემაზე ლაპარაკი თვითონ


არ უნდოდა. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, თუ რომელიმე სტუმრობას გადავწყვეტდით,
ნამდვილად ჯობდა, მე ვსტუმრებოდი "ნორთროპს" და არა ის – აქაურობას. რა თქმა უნდა,
იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდება, მაგრამ იმაზეც ვიფიქრე, რომ თუ მის
უნივერსიტეტში ხალხი ერთად დაგვინახავს, შეიძლება თავი უკეთ იგრძნოს. იმიტომ, რომ ვიცი,
ზოგჯერ ეს კარგად მუშაობს: თუ მაგარ ტიპთან ერთად ატარებ დროს, თავს შენც მაგარ ტიპად
გრძნობ და სხვებსაც მაგარი ტიპი ჰგონიხარ. ანუ ძაან მაგარი ტიპი კი არ ვარ, მაგრამ მგონი
ხალხს ჩემი გარეგნობა მოსწონს, ასე რომ, მგონი ეს იმუშავებს.

ელენ ჰაჩინსონი, სოციოლოგიის პროფესორი "პემბლტონში:


დიდ პატივს ვცემ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ეს ინიციატივა წამოაყენეს. მათი იდეალიზმი
გულში ჩამწვდომია, მაგრამ მათი მიზნების მიმართ შერეული გრძნობები მაქვს.

ჩემი ასაკის ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, მეც მომიწია შევგუებოდი იმას, თუ რა გავლენას
ახდენს დრო ჩვენს გარეგნობაზე. თავიდან მიჩვევა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ შემდეგ იმ
მდგომარეობას მივაღწიე, როცა ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ. ვერ უარვყოფ, რომ
მაინტერესებს, როგორი იქნება მხოლოდ კალიანი ადამიანებისგან შედგენილი საზოგადოება;
შეიძლება, იქ ჩემი ასაკის ქალი ოთახში სხვა, ახალგაზრდა ქალის შემოსვლისას უჩინარი არ
გახდეს.

მაგრამ მენდომებოდა თუ არა კალის მიღება ახალგაზრდობისას? არ ვიცი. დარწმუნებული ვარ,


ასაკის მატებასთან დაკავშირებულ გარკვეულ სტრესს მომიხსნიდა, მაგრამ ახალგაზრდობისას
მომწონდა, როგორც გამოვიყურებოდი. ამაზე უარის თქმა არ მენდომებოდა. დარწმუნებული არ
ვარ, ასაკში შესვლასთან ერთად დადგებოდა თუ არა ჩემთვის ის მომენტი, როცა კალის
სარგებელი მის უარყოფით მხარეს გადაწონიდა.
ამ სტუდენტებმა კი საკუთარი ახალგაზრდული სილამაზე შეიძლება არც არასდროს დაკარგონ.
ახალ-ახალი გენური თერაპიების მეშვეობით ალბათ შეძლებენ, რომ ახალგაზრდულად
ათწლეულების განმავლობაში, შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გამოიყურებოდნენ. შეიძლება
არც კი დასჭირდეთ ისეთი კორექციები, როგორებიც მე გამოვიყენე; ამ შემთხვევაში კალის

252
მიღება გვიან ასაკშიც კი არ ააცილებს ტკივილს. ის აზრი, რომ შეიძლება ახალგაზრდობის ერთ-
ერთ მთავარ სიამოვნებაზე ნებაყოფლობით თქვან უარი, გამაღიზიანებელია. ზოგჯერ მინდა,
კარგად შევანჯღრიო და ვუთხრა: "არა! ნუთუ ვერ ხვდები, რა სიმდიდრეს ფლობ?"

ყოველთვის მომწონდა ახალგაზრდების სურვილი, ებრძოლათ იმისთვის, რისიც სჯერათ.


სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვეთანხმები კლიშეს, თითქოს ახალგაზრდობა
ახალგაზრდა ადამიანებზე ფუჭად იხარჯება. მაგრამ ეს ინიციატივა კლიშეს რეალობასთან
მიაახლოებს, რაც ძალიან არ მინდა.

ჯოზეფ ვაინგარტნერი:

კალიაგნოზია ერთი დღით ვცადე; მოკლე ხნით ბევრნაირი აგნოზია გამომიცდია.


ნევროლოგების უმეტესობა ასე იქცევა, რათა ეს მდგომარეობები უკეთ შევისწავლოთ და
პაციენტებს უკეთ გავუგოთ. მაგრამ კალიაგნოზიას დიდი ხნით ვერ მივიღებდი, თუნდაც
მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტების მიღება მიწევს.

კალიაგნოზიასა და ადამიანის ჯანმრთელობის ვიზუალურად შეფასებას შორის გარკვეული


კავშირი არსებობს. რა თქმა უნდა, კალი არ გაბრმავებს ისეთი რაღაცების მიმართ, როგორიცაა
კანის ტონუსი და კალის მქონე ადამიანსაც ისევე შეუძლია დაავადების სიმპტომების ამოცნობა,
როგორც სხვა დანარჩენებს. ამას ზოგადი კოგნიციაც საკმარისად კარგად ახერხებს. მაგრამ
ექიმი პაციენტის შეფასებისას უმცირესი სიგნალის მიმართაც კი მგრძნობიარე უნდა იყოს;
ზოგჯერ დიაგნოზის დასმისას ინტუიციას მიყვები, ასეთ სიტუაციაში კი კალიაგნოზია ხელის
შემშლელი იქნება.

რა თქმა უნდა, არაგულწრფელი ვიქნები, იმის მტკიცება რომ დავიწყო, თითქოს კალიაგნოზიის
მიღებაში მხოლოდ პროფესიული ვალდებულებები მიშლის ხელს. უფრო შესაფერისი
შეკითხვაა, გამოვიყენებდი თუ არა კალიაგნოზიას, მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევებზე რომ
ვმუშაობდე და პაციენტებთან შეხვედრა არასდროს მიწევდეს? ამ კითხვაზე ჩემი პასუხია "არა".
ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, ლამაზი სახის დანახვა მსიამოვნებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ
საკმარისად მომწიფებული ვარ იმისთვის, რომ ამან ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არ
იქონიოს.

ტამერა ლაიონსი:
ვერ ვიჯერებ, გარეტმა კალი ისევ ჩაირთო.

წუხელ ტელეფონით ვლაპარაკობდით, ჩვეულებრივ ამბებზე; ვკითხე, ვიდეოს ჩართვა ხომ არ


გინდა-მეთქი. კარგიო, და ჩვენც ჩავრთეთ. და უცებ მივხვდი, რომ ისე აღარ მიყურებდა, როგორც
ადრე. ვკითხე, ხო ყველაფერი რიგზეა-მეთქი. სწორედ მაშინ მითხრა, რომ კალი ხელახლა
ჩაირთო.

თქვა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი გარეგნობით კმაყოფილი არ ვარო. ვკითხე, ამასთან
დაკავშირებით ვინმემ რამე ხომ არ გითხრა, რადგან თუ ასეა, ასეთებს ყურადღება არ უნდა
მიაქციო-მეთქი, მაგრამ მითხრა, არაო. უბრალოდ არ მოსწონს, რასაც სარკეში ჩახედვისას

253
გრძნობს. მე არ დავეთანხმე. "რას ამბობ, ძაან საყვარელი ხარ", ვუთხარი. ვცადე
დამერწმუნებინა, რომ კიდევ ეცადა. ვუთხარი, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე კალის
გარეშე მეტი დრო უნდა გაეტარებინა. მიპასუხა, რომ ამაზე იფიქრებს, მაგრამ არ ვიცი, რას
იზამს.

მოკლედ, საუბრის მერე ჩემს სიტყვებზე ვფიქრობდი. იმიტომ ვუთხარი, რომ კალი არ მომწონს,
თუ იმიტომ, რომ მინდა ისეთს მხედავდეს, როგორიც ვარ? არ უარვყოფ, რომ მომწონდა,
როგორც მიყურებდა და იმედი მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს
ხომ იმას არ ნიშნავს, რომ თანმიმდევრული არ ვარ, ხომ ასეა? ყოველთვის კალის მომხრე რომ
ვყოფილიყავი და გარეტის შემთხვევაში გამონაკლისი დამეშვა, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა,
მაგრამ მე კალის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ არაფერს ვაშავებ.
ეჰ, ვის ვატყუებ? ჩემი მიზნების გამო მინდოდა, გარეტს კალი გამოერთო და არა იმიტომ, რომ
კალის ვეწინააღმდეგები. პრინციპში, კალის წინააღმდეგი იმდენად არ ვარ, რამდენადაც მისი
სავალდებულოდ მოთხოვნის. არ მინდა, რომ კალიზე უფლებები სხვებმა გადამიწყვიტონ: არც
მშობლებმა და არც სტუდენტურმა ორგანიზაციებმა. მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კალი
უნდათ, რატომაც არა?! ასე რომ, ვიცი, გარეტს უნდა ვაცადო, თვითონ გადაწყვიტოს.

უბრალოდ, გაწბილებული ვარ. მთელი გეგმა მქონდა, გარეტი ჩემით მოინუსხებოდა და


მიხვდებოდა, რამხელა შეცდომა დაუშვა. იმედგაცრუებული ვარ, სულ ესაა.

არჩევნების წინა დღეს მარია დესოუზას სიტყვით გამოსვლიდან:

მივადექით იმ მომენტს, როდესაც ჩვენი გონების რეგულირება შეგვიძლია. მთავარი შეკითხვაა,


როდისაა მართებული ამის გაკეთება? ავტომატურად არ უნდა დავთანხმდეთ იმას, თითქოს
ბუნებრივი საუკეთესოა, არც თვალდახუჭულებმა უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი ბუნების
გაუმჯობესება შეგვიძლია. ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ თვისებებს ვაფასებთ და რომელია
საუკეთესო გზა მათ მისაღწევად.

მე ვამბობ, რომ ფიზიკური სილამაზე რაღაც ისეთია, რაც აღარ გვჭირდება. კალი არ ნიშნავს,
რომ ლამაზად აღარავინ მოგეჩვენება. როდესაც გულწრფელ ღიმილს დაინახავ, სილამაზეს
დაინახავ. როდესაც სიმამაცის ან სულგრძელობის გამოვლინებას დაინახავ, სილამაზეს
დაინახავ. და რაც მთავარია, როცა შეხედავ იმას, ვინც გიყვარს, სილამაზეს დაინახავ. კალი
მხოლოდ ზედაპირული, ყურადღების გამფანტავი ფაქტორებისგან დაგიცავს. ნამდვილი
სილამაზე ისაა, რომელსაც სიყვარულის თვალებით ხედავ, მას კი წინ ვერაფერი გადაეფარება.

არჩევნების წინა დღეს ორგანიზაციის, "ხალხი ეთიკური ნანომედიცინისთვის",


წარმომადგენლის, რებეკა ბოიერის სატელევიზიო სიტყვით გამოსვლიდან:

ხელოვნურ გარემოში შეიძლება შექმნათ სრულად კალიანი საზოგადოება, მაგრამ რეალურ


სამყაროში ასპროცენტიან დამყოლობას ვერასდროს მიაღწევთ. სწორედ ესაა კალის სისუსტე.
კალი კარგად მუშაობს, თუ ის ყველას აქვს, მაგრამ ერთი ადამიანიც თუა მის გარეშე
დარჩენილი, მას ყველა დანარჩენთან შედარებით უპირატესობა ენიჭება.

254
კარგად იცით, რომ ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც კალის არ მიიღებს. წარმოიდგინეთ, რისი
გაკეთება შეეძლება იმ ხალხს. მენეჯერმა შეიძლება მიმზიდველი თანამშრომლები
დააწინაუროს და შეუხედავები დააქვეითოს, მაგრამ თქვენ ამას ვერ შენიშნავთ. მასწავლებელმა
შეიძლება მომხიბვლელი მოსწავლეები დააჯილდოვოს და ულამაზოები დასაჯოს, მაგრამ ვერც
ამას მიხვდებით. ყველანაირი დისკრიმინაცია, რომელიც ასე გძულთ, თქვენ თვალწინ მოხდება
ისე, რომ წარმოდგენაც არ გექნებათ.

რასაკვირველია, შესაძლოა, ასეთი არაფერი მოხდეს. მაგრამ რომ შეიძლებოდეს ადამიანების


ნდობა, კალის საჭიროება თავიდანვე არ დადგებოდა. რეალურად, ის ხალხი, ვისაც ასეთი
ქმედებების მიმართ მიდრეკილება აქვს, უფრო მეტად შეეცდება ეს ჩაიდინოს, თუ ეცოდინება,
რომ მათი გამოჭერის შანსი არ არსებობს.

თუ ასეთი ლუქიზმი გაძრწუნებთ, როგორ შეგიძლიათ, თავს კალის მიღების უფლება მისცეთ?

ზუსტად თქვენ ხართ ისეთი ადამიანები, რომლებმაც მსგავსი ქმედების შემთხვევაში განგაში
უნდა ატეხონ, მაგრამ თუ კალის მიიღებთ, ასეთ ქცევებს ვერც კი ამოიცნობთ.

თუ დისკრიმინაციასთან ბრძოლა გინდათ, თვალები ფართოდ გაახილეთ.

"ედუნიუსის" გამოშვებიდან:

"პემბლტონის" უნივერსიტეტის კალიაგნოზიის ინიციატივა კენჭისყრაში დამარცხდა –


სამოცდაოთხი პროცენტი ოცდათექვსმეტის წინააღმდეგ.
წინასწარი გამოკითხვები ბოლო დღეებამდე აჩვენებდა, რომ ინიციატივას უმრავლესობა მხარს
უჭერდა. მრავალმა სტუდენტმა, რომელიც ინიციატივას თავდაპირველად მხარს უჭერდა,
აღნიშნა, რომ აზრი რებეკა ბოიერის – ორგანიზაციიდან "ხალხი ეთიკური ნანომედიცინისთვის"
– გამოსვლის მოსმენის შემდეგ შეიცვალა, არადა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს
ორგანიზაცია კალიაგნოზიის მოძრაობის მოწინააღმდეგე კოსმეტიკურ საშუალებათა
მწარმოებლების დაარსებულია.

მარია დესოუზა:

რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ეს ინიციატივა


საკმაოდ ამბიციური იყო. ის პერიოდი, როდესაც უმრავლესობა მხარს გვიჭერდა, მხოლოდ
უეცარი, დროებითი წარმატება იყო და იმ ხალხზე ნაწყენი ვერ ვიქნები, ვინც აზრი შეიცვალა.
მთავარი ისაა, რომ გარეგნობის მნიშვნელობაზე ხალხი ყველგან ლაპარაკობს და კალის
მიღებაზე სერიოზულად ახლა უფრო მეტი ფიქრობს.

თანაც, ჩვენ ამით არ ვჩერდებით; შემდეგი რამდენიმე წელი ძალზე ამაღელვებელი იქნება.
სათვალეების მწარმოებელმა ახლახან წარადგინა ახალი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია
ყველაფერი შეცვალოს. მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა ჩააშენონ სათვალეებში კონკრეტულ
ადამიანზე სპეციალურად მორგებული სომატური პოზიციონირების გადამცემები. ეს ნიშნავს,
რომ ნეიროსტატის გადაპროგრამებისთვის აღარანაირი ჩაფხუტი და ექიმთან ვიზიტი აღარ

255
დაგჭირდებათ; უბრალოდ შეგიძლიათ, სათვალე გაიკეთოთ და ის თავის საქმეს შეასრულებს. ეს
ნიშნავს, რომ შეგიძლია კალი ჩაირთო და გამოირთო ნებისმიერ დროს.

ამრიგად, ხალხს შეუძლია აღარ შეეშინდეს, თითქოს სილამაზეს სამუდამოდ ემშვიდობებიან.


ამის ნაცვლად, შეგვიძლია პოპულარიზება გავუწიოთ იდეას, რომ სილამაზე გარკვეულ
სიტუაციებში დასაშვებია და სხვებში – არა. მაგალითად, ხალხს შეუძლია სამუშაო ადგილას
კალი ჩართული ჰქონდეს, მაგრამ მეგობრების გარემოში გამორთოს. მგონი ადამიანები კალის
სასარგებლო შედეგებს აცნობიერებენ და მის დროებით გამოყენებაზე უარს არ იტყვიან.

მე ვიტყოდი, რომ საბოლო მიზანია, კალი თავაზიან საზოგადოებაში სწორად მოქცევის წესად
განიხილებოდეს. პირად სივრცეში კალის გამორთვა ყველას შეუძლია, მაგრამ საჯარო
ურთიერთობებში დამკვიდრებული წესი ლუქიზმისგან თავისუფლება გახდება. სილამაზის
დაფასება თანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთქმედება იქნება, რომელსაც მხოლოდ მაშინ
გამოიყენებ, როდესაც ორივე მხარე დათანხმდება, მფლობელიც და მიმღებიც.

"ედუნიუსის" გამოშვებიდან:

"პემბლტონის" კალიაგნოზიის ინიციატივის უახლესი ცნობები: "ედუნიუსმა" შეიტყო, რომ


"ხალხი ეთიკური ნანომედიცინისთვის" წარმომადგენლის, რებეკა ბოიერის სიტყვით
გამოსვლის ტრანსლაციისას გამოყენებული იყო ციფრული მანიპულაციის უახლესი ფორმა.
"ედუნიუსმა" მიიღო ფაილები "სემიოტექ ვორიორზისგან", რომელიც შეიცავს სიტყვით
გამოსვლის ორი ვერსიის ჩანაწერს: ორიგინალს – "უაიატ/ჰეიესის" კომპიუტერებიდან
მოპოვებულს – და ტრანსლირებულ ვერსიას. ფაილებში ასევე შედიოდა "სემიოტექ
ვორიორზის" მიერ ჩატარებული ანალიზი ორ ვერსიას შორის არსებული განსხვავებების
შესახებ.

ეს განსხვავებები ძირითადად მის ბოიერის ხმის ინტონაციის, სახის გამომეტყველების და


სხეულის ენის გაძლიერებას მოიცავს. მის ბოიერის გამოსვლის თავდაპირველი ვერსიის
მაყურებლები მას აფასებენ, როგორც უბრალოდ კარგ ორატორს, ხოლო დამონტაჟებული
ვერსიის მაყურებლები მას აღწერენ, როგორც ბრწყინვალე გამომსვლელს, გასაოცრად
დინამიკურსა და დამაჯერებელს. "სემიოტექ ვორიორზი" ასკვნის, რომ "უაიატ/ჰეიესმა"
შეიმუშავა რაღაც ახალი პროგრამა, რომელსაც შეუძლია პარალინგვისტური სიგნალების
რეგულირება მაყურებლებში მაქსიმალური ემოციური რეაქციის გამოსაწვევად. ეს მკვეთრად
ზრდის პრეზენტაციების ჩანაწერთა ეფექტურობას, განსაკუთრებით სათვალეებით ყურებისას,
და, სავარაუდოდ, სწორედ "ხალხი ეთიკური ნანომედიცინისთვის" მიერ მისმა გამოყენებამ
გამოიწვია ის, რომ კალიაგნოზიის ინიციატივის მრავალმა მხარდამჭერმა აზრი შეიცვალა.

უოლტერ ლამბერტი, "კალიაგნოზიის ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტი:


მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შევხვედრივარ, რომელსაც
ისეთი ქარიზმა აქვს, როგორიც მათ მის ბოიერს მიანიჭეს სიტყვით გამოსვლისას. ასეთი
ადამიანები ერთგვარ რეალობის დამრღვევ ველს ასხივებენ, რომელიც საშუალებას აძლევთ,
თითქმის ნებისმიერი რამ დაგაჯერონ. მათი შემხედვარე შეძრული ხარ, დათანხმდები, რომ
საფულე გახსნა ან ნებისმიერი რამ გააკეთო, რასაც ისინი გთხოვენ. მხოლოდ მოგვიანებით
გახსენდება ყველანაირი პროტესტი, მაგრამ უმეტესად უკვე ძალზე გვიანია. და ახლა

256
გულწრფელად მეშინია, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება კორპორაციებმა ამ ეფექტს
კომპიუტერული პროგრამით მიაღწიონ.

ეს სხვა არაფერია, თუ არა ზენორმალური სტიმულები, ზუსტად ისეთივე, როგორიც უზადო


სილამაზე, მაგრამ კიდევ უფრო სახიფათო. სილამაზისგან დაცვის საშუალება გვქონდა, მაგრამ
"უაიატ/ჰეიესმა" მდგომარეობის სირთულე ახალ დონეზე აიყვანა. ასეთი დამაჯერებლობისგან
თავდაცვა გაცილებით უფრო რთული იქნება.

არსებობს ტონალური აგნოზია, ანუ აპროზოდია, რომელიც ხმის ინტონაციის მოსმენის უნარს
გაკარგვინებს; მხოლოდ სიტყვები გესმის და არა ის, თუ როგორ წარმოთქვამენ მათ. კიდევ
არსებობს აგნოზია, რომელიც სახის გამომეტყველების აღქმის უნარს გაკარგვინებს. ამ ორი
მდგომარეობის მიღება მსგავსი მანიპულაციისგან დაგიცავთ, რადგან სიტყვით გამოსვლას
მხოლოდ მისი შინაარსის მიხედვით შეაფასებთ. მისი გადმოცემის თავისებურებები თქვენთვის
უხილავი დარჩება. მაგრამ ამ აგნოზიებს რეკომენდაციას ვერ გავუწევ. მათ კალისნაირი შედეგი
არ ექნებათ. თუ ხმის ტონალობას ვერ აღიქვამ და ადამიანის გამოხედვას ვერ არჩევ,
ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება დაგიმახინჯდეს. რაღაც მაღალფუნქციური აუტიზმის
მსგავს მდგომარეობაში ჩავარდები. ჩვენი ასოციაციის რამდენიმე წევრი პროტესტის ნიშნად ამ
ორივე აგნოზიის მიღებას გეგმავს, მაგრამ არავინ ელის, რომ ხალხი მათ მაგალითს აჰყვება.

ამრიგად, ეს ნიშნავს, რომ როდესაც ეს პროგრამა ფართო გამოყენებისთვის გავრცელდება,


ყველა მხრიდან საოცრად დამაჯერებელი მეტყველების წინაშე აღმოვჩნდებით –
რეკლამებიდან, პრეს-რელიზებიდან და მქადაგებლებისგან. პოლიტიკოსების ან
გენერლებისგან ბოლო ათწლეულების ყველაზე გულის ამაჩქროლებელ გამოსვლებს
მოვისმენთ. აქტივისტები და საპროტესტო ჯგუფებიც კი გამოიყენებენ, რათა მმართველ ფენას
ძალიან არ ჩამორჩნენ. როდესაც ამ პროგრამის დიაპაზონი ძალზე გაფართოვდება, ფილმებშიც
კი გამოიყენებენ: თავად მსახიობის უნარებს მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან ყველა
შესრულება არაამქვეყნიური იქნება.

ზუსტად იგივე რამ მოხდება, რაც სილამაზის შემთხვევაში: გარემო ზენორმალური


სტიმულებით გაჯერდება, რაც რეალურ ადამიანებთან ჩვენ ურთიერთობაზე გავლენას
მოახდენს. როდესაც ტელეგადაცემაში ყველა გამომსვლელს უინსტონ ჩერჩილის ან მარტინ
ლუთერ კინგის ორატორული ეფექტი აქვს, ბლაგვად და არადამაჯერებლად მოგვეჩვენებიან
ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პარალინგვისტურ სიგნალებს მხოლოდ საშუალო
დონეზე იყენებენ. აღარ დაგვაკმაყოფილებს ის ხალხი, ვისთანაც ცხოვრებაში ვურთიერთობთ,
რადგან ისინი ისეთი მომაჯადოებლები არ იქნებიან, როგორც ჩვენს სათვალეებში მბზინავი
პროექციები.

უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ნეიროსტატის გადაპროგრამების სათვალეები ბაზარზე მალე


გამოვა.

შემდეგ უკვე შეიძლება, ხალხს მოვუწოდოთ, უფრო ძლიერი აგნოზიების გამოყენება სცადონ
მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიდეოებს უყურებენ. ეს შეიძლება ერთადერთი გზა იყოს, რომ
ბუნებრივი ადამიანური ურთიერთობები შევინარჩუნოთ: რეალური ცხოვრების მიმართ ჩვენი
ემოციური რეაქციები უნდა გადავარჩინოთ.

257
ტამერა ლაიონსი:
ვიცი, როგორ შეიძლება ეს ჟღერდეს, მაგრამ... კალის უკან დაბრუნებაზე ვფიქრობ.

გარკვეულწილად ეს იმ ვიდეოს გამოა. იმას არ ვამბობ, რომ კოსმეტიკის კომპანიებს არ უნდათ,


რომ ხალხმა ეს გააკეთოს და მე მათზე ვბრაზობ. ასე არაა, მაგრამ ახსნა მიჭირს.

მათზე მართლაც ვბრაზობ, რადგან ხალხის მანიპულირებისთვის ეშმაკური ხერხი გამოიყენეს;


არასამართლიანი წესებით ითამაშეს. მაგრამ ამან მიმახვედრა, რომ გარეტის მიმართ
დაახლოებით იმავეს ვაკეთებდი. ყოველ შემთხვევაში, ვაპირებდი მაინც. მის დასაბრუნებლად
საკუთარი გარეგნობის გამოყენებას ვცდილობდი. გარკვეულწილად, ესეც უსამართლო თამაშია.

არ ვფიქრობ, რომ სარეკლამოებივით ცუდი რამ ჩავიდინე. გარეტი მიყვარს, მათ კი მხოლოდ
ფული კეთება ადარდებთ. მაგრამ თუ გახსოვთ, სილამაზეზე, როგორც ერთგვარ მაგიურ
შელოცვაზე რომ ვლაპარაკობდი? ის უპირატესობას განიჭებს და მგონი, ძალიან ადვილია, რომ
ასეთი რამ არასწორად გამოიყენო. კალი კი ადამიანს ასეთი შელოცვის საწინააღმდეგო
იმუნიტეტს ანიჭებს. ამიტომ მივხვდი, რომ წინააღმდეგი არ უნდა ვიყო, თუ გარეტსაც უნდა,
თავი დაიცვას, რადგან ამ უპირატესობის გამოყენებას საერთოდ არ უნდა ვცდილობდე. თუ მას
დავიბრუნებ, მინდა, რომ ეს სამართლიანად მოხდეს, იმით, რომ ნამდვილად ვუყვარდე.

ვიცი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან კალი დაიბრუნა, აუცილებელი არაა, მეც იგივე გავაკეთო.
სახეების რეალურად დანახვა ძალიან მომწონს. მაგრამ თუ გარეტი იმუნური გახდება, მგონია,
რომ მეც იმავენაირად უნდა მოვიქცე. ხომ ხვდებით, თანაბარ სიტუაციაში რომ ვიყოთ. და თუ
ერთად ვიქნებით, შეიძლება ის ახალი სათვალეებიც გამოვიყენოთ, ყველა რომ ლაპარაკობს.
შემდეგ შეგვეძლება, კალი მაშინ გამოვრთოთ, როცა მარტოები ვიქნებით.

თან მგონია, რომ კალი სხვა მიზეზების გამოც მიზანშეწონილია. ის მაკიაჟის კომპანიებიც და
სხვა დანარჩენებიც უბრალოდ ცდილობენ, ისეთი რაღაცის საჭიროება გაგიჩნდეს, რაც
საერთოდ არ დაგჭირდებოდა, ისინი რომ სამართლიანად თამაშობდნენ. ეს არ მომწონს. თუ
რეკლამა აღმაფრთოვანებს, ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა შესაბამის განწყობაზე ვარ და არა –
ნებისმიერ დროს, როცა მათ უნდათ. თუმცა, სხვა აგნოზიების მიღებას არ ვაპირებ, როგორიც აი
ის, ტონალური აგნოზიაა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა. მერე შეიძლება, ახალი სათვალეები
როცა გამოვა.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მშობლებს ვეთანხმები, კალით რომ აღმზარდეს. მაინც მგონია, რომ
შეცდნენ. ეგონათ, სილამაზისგან გათავისუფლება უტოპიის შექმნას ხელს შეუწყობდა, მაგრამ
მე ამის საერთოდ არ მჯერა. სილამაზე არაა პრობლემა. პრობლემაა ის, თუ როგორ არასწორად
იყენებს ხალხის ნაწილი სილამაზეს. კალი კი სწორედ ამაშია გამოსადეგი; გიცავს. არ ვიცი,
შეიძლება ეს ჩემი მშობლების დროს პრობლემა არ იყო, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად
ისეთი პრობლემაა, რომელთანაც გამკლავება გვიწევს.

258
ავტორის კომენტარები

ბაბილონის გოდოლი

ამ მოთხრობის დაწერა მეგობართან საუბარმა შთამაგონა, როცა მან ბაბილონის გოდლის


მითის ის ვერსია ახსენა, რომელსაც ებრაულ სკოლაში ასწავლიდნენ. იქამდე მხოლოდ
ძველაღთქმისეული გადმოცემა ვიცოდი, რომელმაც ჩემზე არც ისე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა. მაგრამ მითის უფრო ვრცელ ვერსიაში გოდოლი იმდენად მაღალია, რომ მასზე
ბოლომდე ასვლას ერთი წელი სჭირდება და როდესაც იქიდან ადამიანი ვარდება და იღუპება,
არავინ გლოვობს, მაგრამ ერთი აგურის ჩამოვარდნაზეც კი კალატოზები მოთქვამენ, რადგან ამ
აგურის შემცვლელის ატანას მთელი წელი დასჭირდება.

ლეგენდის ორიგინალი ღმერთის მიმართ ურჩობის შედეგებზეა. თუმცა, ჩემს გონებაში ამბავმა
ცაში გამოკიდებული ფანტასტიკური ქალაქის სახე მიიღო, რომელიც მაგრიტის ნახატს, "ციხე-
კოშკს პირენეებში" მაგონებდა. ლეგენდის ასეთი ხედვის გამბედაობამ დამატყვევა და დავიწყე
ფიქრი, როგორი იქნებოდა მსგავს ქალაქში ცხოვრება.

ტომ დიშმა ამ მოთხრობას "ბაბილონური სამეცნიერო ფანტასტიკა" უწოდა. წერისას ამგვარად


არ მიფიქრია – ბაბილონელებმა ნამდვილად საკმარისი იცოდნენ ფიზიკასა და ასტრონომიაზე,
რომ ეს მოთხრობა ზღაპრულ გამონაგონად მიეჩნიათ – მაგრამ ვხვდები, ტომი რასაც
გულისხმობს. პერსონაჟები შეიძლება რელიგიურები არიან, მაგრამ ინჟინერიას უფრო
ეყრდნობიან, ვიდრე ლოცვებს. მოთხრობაში არ ჩანს არც ერთი ღვთაება; ყველაფერი, რაც
ხდება, წმინდად მექანიკური ტერმინებით აიხსნება. მიუხედავად აშკარად განსხვავებული
კოსმოლოგიისა, მოთხრობაში აღწერილი სამყარო ჩვენსას სწორედ ამ თვალსაზრისით
მოგვაგონებს.

გაიაზრე

ეს ამ კრებულის უძველესი მოთხრობაა და შეიძლებოდა არც არასდროს გამოცემულიყო, რომ


არა სპაიდერ რობინსონი, ჩემი ერთ-ერთი ინსტრუქტორი კლარიონში(კლარიონი – სამეცნიერო
ფანტასტიკისა და ფენტეზის დამწყები მწერლებისათვის განკუთვნილი ექვსკვირიანი კურსი,

259
რომელიც ჯერ მიჩიგანის უნივერსიტეტში, ამჟამად კი სან დიეგოს კალიფორნიის
უნივერსიტეტში იმართება.). გამომცემლებთან პირველი დაგზავნისას ბლომად უარი მივიღე,
მაგრამ სპაიდერმა დამარწმუნა, რომ კიდევ მეცადა მას შემდეგ, რაც რეზიუმეში კლარიონიც
ჩამეწერებოდა. მოთხრობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანე და ხელახლა გავაგზავნე.
მეორე ჯერზე გაცილებით უკეთესი რეაგირება მოჰყვა.

ამ მოთხრობის პირველი თესლი მაშინ ჩაიყარა, როცა კოლეჯში ჩემი თანამეოთახის


შემთხვევით წამოსროლილ ფრაზას მოვკარი ყური. მაშინ სარტრის "გულისრევას"
კითხულობდა, რომლის მთავარი გმირი ვერაფერში ხედავს აზრს. ჩემი თანამეოთახე
დაინტერესდა, ნეტავ, პირიქით, როგორი იქნება – რასაც ხედავ, ყველაფერში აზრს რომ
პოულობდეო. ჩემთვის ეს იდეა რაღაც გაძლიერებულ აღქმის უნართან ასოცირდებოდა, რასაც,
თავის მხრივ, განსაკუთრებულ გონებრივ შესაძლებლობებამდე მივყავართ. იმ მდგომარეობაზე
დავფიქრდი, როცა რაოდენობრივი გაუმჯობესებები – უკეთესი მეხსიერება, კანოზომიერებათა
უფრო სწრაფი ამოცნობა – უკვე თვისობრივად განსხვავებულ, ფუნდამენტურად სხვანაირ
კოგნიციის მდგომარეობამდე მიდის.

ისიც მაინტერესებდა, შესაძლებელია თუ არა ბოლომდე გავიგოთ, როგორ მუშაობს ჩვენი


გონება. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ჩვენთვის ჩვენივე გონების ბოლომდე შეცნობა
შეუძლებელია და ისეთი შედარებები მოყავთ, როგორიცაა, "შენს სახეს საკუთარი თვალებით
ვერ დაინახავ". ჩემთვის არც ისე დამაჯერებელი არგუმენტი იყო. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ
სინამდვილეში მართლაც არ შეგვიძლია ჩვენი გონების მუშაობა ბოლომდე გავიაზროთ
(გააჩნია, რას დავარქმევთ "გააზრებას" და "გონებას"), მაგრამ ჩემს დასარწმუნებლად
გაცილებით უფრო დამაჯერებელი არგუმენტი იქნება საჭირო.

ნულზე გაყოფა

არსებობს ცნობილი ფორმულა, რომელიც ასე გამოიყურება:

როდესაც პირველად ვნახე, როგორ მიიღება ეს ფორმულა, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.


შევეცდები აგიხსნათ, რატომ.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ფიქცია მოგვწონს, არის მოულოდნელი, თუმცა მაინც გარდაუვალი
დასასრული. ეს თვისება დიზაინშიც ელეგანტურობის მაჩვენებელია: გამოგონება, რომელიც
ძალიან ჭკვიანურია და ამავდროულად სრულიად ბუნებრივი გეჩვენება. რა თქმა უნდა, ვიცით,
რომ ასეთი დასასრულები სინამდვილეში სულაც არაა გარდაუვალი; ისინი მხოლოდ ადამიანის
მოხერხებულობის წყალობით ჩანან ასეთები, მხოლოდ დროებით.

ახლა ისევ ზედა ფორმულას დავუბრუნდეთ. ნამდვილად საოცარია. შეიძლება ამ რიცხვებთან,


ე-სთან და ი-სთან წლობით იმუშაო და თითოეული მათგანი ათობით სხვადასხვა კონტექსტში

260
გამოიყენო ისე, რომ ვერც კი მიხვდე, ისინი ამგვარად თუ იკვეთებიან. მაგრამ როცა ამ
ფორმულის მიღებას ნახავთ, ხვდებით, რომ ის გარდაუვალია და მხოლოდ ასე შეიძლება იყოს.
ისეთი აღტაცება დაგეუფლებათ, თითქოს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მიაგენით.

მეჩვენებოდა, რომ იმის მტკიცებულება, თითქოს მათემატიკა არათავსებადია და მისი


გასაოცარი სილამაზე მხოლოდ ილუზიაა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება
შეიტყო.

შენი ცხოვრების ამბავი

ეს მოთხრობა ფიზიკის ვარიაციული პრინციპების მიმართ ჩემი ინტერესის შედეგად იშვა. ეს


პრინციპები ჯერ კიდევ იმ დროიდან მაოცებდა, როცა პირველად შევისწავლე, მაგრამ ვერ
ვხვდებოდი, რაიმე ასეთი როგორ გამომეყენებინა მოთხრობაში, ვიდრე არ ვნახე პოლ ლინკეს
ერთი მსახიობის წარმოდგენა, "როცა ცოცხალი ხარ, დრო მიფრინავს". დადგმაში მთავარი
პერსონაჟის ცოლი ძუძუს კიბოს ებრძვის. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა
ვარიაციული პრინციპის გამოყენებით მომეყოლა ამბავი, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი
გარდაუვალ მომავალზე. რამდენიმე წლის შემდეგ ამ იდეას დაემატა ჩემი მეგობრის ფრაზა
მისი ახალშობილი შვილის შესახებ და მოთხრობის ბირთვიც შეიკრა.

ფიზიკით დაინტერესებულთათვის უნდა აღვნიშნო, რომ მოთხრობაში განხილულ ფერმას


უმცირესი დროის პრინციპში გამოტოვებულია მისი კვანტურ-მექანიკური საფუძვლები. ამ
პრინციპის კვანტურ-მექანიკური ფორმა თავისებურად საინტერესოა, მაგრამ მე ვარჩიე
კლასიკური ვერსიის მეტაფორული შესაძლებლობები გამომეყენებინა.

რაც შეეხება მოთხრობის თემას, მისი საუკეთესო შეჯამება, რაც მე მინახავს, "სასაკლაო ნომერი
ხუთის" საიუბილეო, 25-ე გამოცემისთვის დართულ კურტ ვონეგუტის წინასიტყვაობაშია.
"სტივენ ჰოკინგისთვის... მტანჯველი აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ მომავლის გახსენება არ
შეგვიძლია. მაგრამ მომავლის გახსენება ახლა ჩემთვის საბავშვო სპექტაკლია. მე ვიცი, რა
დადგება ჩემი უმწეო, მიმნდობი ჩვილებისგან, რადგან ისინი ახლა უკვე ზრდასრულები არიან.
მე ვიცი, რა მოუვა ჩემს უახლოეს მეგობრებს, რადგან ბევრი მათგანი ახლა უკვე ან პენსიაზეა, ან
მკვდარი... სტივენ ჰოკინგს და ყველა სხვა, ჩემზე ახალგაზრდას ვეტყვი, ‘მოთმინება იქონიეთ.
თქვენი მომავალი თქვენთან მოვა და ფეხებთან იმ ძაღლივით დაგიწვებათ, რომელიც გიცნობთ
და უყვარხართ, ვინც არ უნდა იყო’".

სამოცდათორმეტი ასო

261
ეს მოთხრობა მაშინ დაიბადა, როცა შევნიშნე კავშირი ორ ისეთ იდეას შორის, რომლებიც
მანამდე ერთმანეთთან დაუკავშირებელი მეგონა. პირველი მათგანი გოლემი იყო.

გოლემის შესახებ ალბათ ყველაზე ცნობილ ამბავში პრაღელი რაბინი ლიოვი თიხის
ქანდაკებას სიცოცხლეს შთაბერავს, რათა მან ებრაელები დაიცვას და სიკვდილით დასჯისგან
იხსნას. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი თანამედროვეობაში გამოიგონეს და სულ რაღაც 1909 წლით
თარიღდება. ამბები, რომლებშიც გოლემი საშინაო საქმეებში დამხმარე იმ მსახურადაა
მოხსენიებული, რომელიც ამ დავალებას სხვადასხვა წარმატებით ართმევს თავს, 1500-იან
წლებიდან იღებს სათავეს, მაგრამ ისინი მაინც არაა უძველესი წყარო, სადაც გოლემია
მოხსენიებული. მეორე საუკუნით დათარიღებულ გადმოცემებშიც რაბინები გოლემებს
სიცოცხლეს სძენდნენ, ოღონდ არა რაიმე პრაქტიკული დანიშნულებით, არამედ უბრალოდ
ასოთწყობაში საკუთარი ოსტატობის საჩვენებლად; ისინი სიცოცხლის შექმნით ღმერთის
შეცნობას ესწრაფვოდნენ.

ენის კრეაციონისტული ძალის თემატიკა სხვა დროსაც განხილულა, თანაც ჩემზე ჭკვიანი
ხალხის მიერ. გოლემების შესახებ განსაკუთრებით ის ფაქტი მეჩვენებოდა საინტერესოდ, რომ
ტრადიციულად მათ ლაპარაკი არ შეუძლიათ. ვინაიდან ისინი ენის მეშვეობით იქმნებიან, ეს
ნაკლი რეპროდუქციის შეზღუდულობასაც ნიშნავს. გოლემს რომ ენის გამოყენება შეეძლოს,
ფონ ნოიმანის მანქანასავით(ავტონომიური რობოტების ტიპი, რომელსაც გარემოში ნაპოვნი
მასალების გამოყენებით თავისივე ასლის აწყობა შეუძლია. ) თვითგამრავლების უნარსაც
შეიძენდა.

მეორე იდეა, რომელიც გონებაში მიტრიალებდა, იყო პრეფორმაცია – თეორია, რომ მშობლების
ღეროვან უჯრედებში უკვე სრულად ფორმირებული ორგანიზმები არსებობენ. ამჟამად ამ იდეის
უკუგდება და სასაცილოდ აგდება უკვე ადვილია, მაგრამ ერთ დროს საკმაოდ აზრიანი თეორია
ჩანდა. ის იყო მცდელობა, გადაეჭრა პრობლემა, თუ როგორ შეუძლიათ ცოცხალ ორგანიზმებს
საკუთარი ასლის შექმნა: იდეა, რომელიც მოგვიანებით ფონ ნოიმანის მანქანების წყარო გახდა.
მივხვდი, რომ ამ ორი იდეით ერთი და იმავე მიზეზის გამო ვიყავი დაინტერესებული და
გადავწყვიტე, რომ მათ შესახებ უნდა დამეწერა.

ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია

ეს ძალიან მოკლედ მოთხრობა ბრიტანული სამეცნიერო ჟურნალის, Nature-სთვის დაიწერა.


2000 წელს Nature-ს ჰქონდა რუბრიკა "მომავლები"; ყოველ კვირას სხვადასხვა მწერალი მოკლე
მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებდა მომდევნო ათასწლეულში მოსალოდნელი განვითარებების
შესახებ. Nature გამომცემლობა თორ ბოოკს-ის შორეული კორპორატიული ბიძაშვილი
აღმოჩნდა, ამიტომ "მომავლების" მთავარმა რედაქტორმა დოქტორ ჰენრი ჯიმ პატრიკ ნილსენ

262
ჰეიდენს სთხოვა, რეკომენდაცია გაეწია რუბრიკის პოტენციური კონტრიბუტორებისთვის.
პატრიკი იმდენად კეთილი აღმოჩნდა, რომ ჩემი სახელი ახსენა.

ვინაიდან ნაწარმოები სამეცნიერო ჟურნალში უნდა გამოქვეყნებულიყო, მის თემად თავად


სამეცნიერო ჟურნალის არჩევა ბუნებრივი მეჩვენა. დავიწყე ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა
ასეთი ჟურნალი ზეადამიანური გონებრივი შესაძლებლობების გამოჩენის შემდეგ. ერთხელ
უილიამ გიბსონმა თქვა: "მომავალი უკვე აქაა, უბრალოდ არათანაბრადაა გადანაწილებული".
მსოფლიოში არსებობს ხალხი, რომელსაც შეიძლება გაგონილი კი ჰქონდეს კომპიუტერული
რევოლუციის შესახებ, მაგრამ ამ ფაქტს მხოლოდ ისე უყურებს, როგორც სადღაც სხვაგან, სხვა
ხალხთან მიმდინარე პროცესს. ვვარაუდობ, რომ ეს ასე დარჩება იმის მიუხედავად, თუ როგორი
ტექნოლოგიური რევოლუციები გველის წინ.

(შენიშვნა სათაურის შესახებ: მოთხრობა პირველად დაიბეჭდა Nature-ის რედაქტორების მიერ


შერჩეული სათაურით; მე ვარჩიე, რომ ამ გამოცემაში მისი თავდაპირველი სათაური
აღმედგინა.)

ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა

ანგელოზების შესახებ დაწერა პირველად მაშინ მომინდა, როცა ფილმი "წინასწარმეტყველება"


ვნახე, გრეგორი უაიდენის მიერ დაწერილი და გადაღებული თრილერი ზებუნებრივ
თემატიკაზე. დიდხანს ვცდილობდი ისეთი ამბის დაწერას, რომელშიც ანგელოზები
პერსონაჟები იქნებოდნენ, მაგრამ ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე, რომელიც ბოლომდე
მომეწონებოდა; წინ წასვლა მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხე, რაც დავიწყე ფიქრი
ანგელოზებზე, როგორც საზარელი ძალის მქონე ფენომენებზე, რომელთა გამოცხადება
ბუნებრივ კატაკლიზმებს წააგავდა. (ქვეცნობიერად ალბათ ენი დილარდზე ვფიქრობდი.
მოგვიანებით გამახსენდა, რომ ერთხელ დაწერა, ხალხს რომ უფრო დიდი რწმენა ჰქონდეს,
ტაძრებში წირვაზე უსაფრთხოების ჩაფხუტით ივლიდნენ და თავებს საეკლესიო მერხებზე
მიიბამდნენო.)

ბუნებრივ კატასტროფებზე ფიქრმა უდანაშაულოთა ტანჯვაზე ფიქრამდე მიმიყვანა. გატანჯულ


ადამიანებს რელიგიური გადმოსახედიდან სულ ნაირნაირ რჩევებს სთავაზობენ ხოლმე, თუმცა
აშკარაა, რომ ერთი პასუხი ყველას ვერ დააკმაყოფილებს; ის, რაც ერთ ადამიანს შვებას გვრის,
ვიღაც სხვისთვის უეჭველად აღმაშფოთებელი აღმოჩნდება. მაგალითისთვის იობის წიგნიც
გამოდგება.

ჩემთვის იობის წიგნში ერთ-ერთი არადამაკმაყოფილებელი ნაწილი ის არის, რომ ბოლოს


ღმერთი იობს ასაჩუქრებს. თავი დავანებოთ იმ შეკითხვას, თუ რამდენად შეუძლიათ ახალ
ბავშვებს ძველების კომპენსირება. მაინც რატომ აღუდგინა ღმერთმა იობს ქონება? რატომაა
დასასრული ბედნიერი? წიგნის მთავარი გზავნილია, რომ სათნოება ყოველთვის

263
დამსახურებულად არ ჯილდოვდება; კარგ ადამიანებს ცუდი ამბები ემართებათ. იობი ამას
ეგუება, მაინც სათნოებას ავლენს და ბოლოს ჯილდოს იღებს. ეს ხომ მთავარ სათქმელს
ეწინააღმდეგება?

ჩემთვის იობის წიგნის რწმუნებებს გამბედაობა აკლია: ავტორს რომ მართლა იმის ჩვენება
სდომებოდა, რომ სათნოება ყოველთვის არ ფასდება, წიგნის დასასრულს ხომ იობი ისევ
ყველაფრისგან გაყვლეფილი უნდა დარჩენილიყო?

დანახვა და მოწონება: დოკუმენტური

ფსიქოლოგებმა ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩატარეს: კოლეჯში გასაგზავნ ყალბ აპლიკაციას


აეროპორტში ტოვებდნენ, თითქოს ვიღაც მოგზაურს დარჩა. აპლიკაციაში მოცემული
ინფორმაცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო, თუმცა შიგადაშიგ გამოგონილი აპლიკანტის
ფოტოს ცვლიდნენ. აღმოჩნდა, რომ თუ აპლიკანტი მიმზიდველი იყო, მპოვნელი უფრო ხშირად
აგზავნიდა ამ აპლიკაციას ფოსტით. ალბათ ეს აღმოჩენა გასაკვირი არაა, მაგრამ კიდევ
ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენზე გარეგნობა; უფრო
მიმზიდველ ადამიანებს ვანიჭებთ უპირატესობას ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა მათ არასდროს
შევხვდებით.

თუმცა, სილამაზის უპირატესობათა შესახებ ნებისმიერ კამათს თან ახლავს სილამაზის


ტვირთის ხსენება. ეჭვიც არ მეპარება, რომ სილამაზეს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს,
მაგრამ ასეა ყველაფრის შემთხვევაში. რატომაა ხალხი უფრო თანაგრძნობით გამსჭვალული
სილამაზესთან დაკავშირებული სიმძიმეების მიმართ, ვიდრე, დავუშვათ, სიმდიდრის
სირთულეების? იმიტომ, რომ სილამაზე ისევ თავის მაგიას იყენებს: უარყოფითი მხარეების
განხილვისასაც კი სილამაზე მის მფლობელებს უპირატესობას ანიჭებს.

ჩემი ვარაუდით, ფიზიკური სილამაზე ჩვენ გარშემო იქამდე იარსებებს, სანამ თვალები და
ყურები გვექნება. მაგრამ კალიაგნოზია თუ ოდესმე შესაძლებელი გახდება, პირადად მე
აუცილებლად ვცდი.

264
Table of Contents
ბაბილონის გოდოლი ................................................................................................................................ 2
გაიაზრე...................................................................................................................................................... 29
ნულზე გაყოფა.......................................................................................................................................... 72
შენი ცხოვრების ამბავი ........................................................................................................................... 92
სამოცდათორმეტი ასო.......................................................................................................................... 149
ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია .................................................................................................... 201
ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა .......................................................................................................... 203
დანახვა და მოწონება: დოკუმენტური ................................................................................................ 228
ავტორის კომენტარები.......................................................................................................................... 259
ბაბილონის გოდოლი .................................................................................................................... 259
გაიაზრე ............................................................................................................................................ 259
ნულზე გაყოფა ................................................................................................................................ 260
შენი ცხოვრების ამბავი ................................................................................................................. 261
სამოცდათორმეტი ასო .................................................................................................................. 261
ადამიანთა მეცნიერების ევოლუცია ............................................................................................ 262
ჯოჯოხეთი ღმერთის არყოფნაა .................................................................................................. 263
დანახვა და მოწონება: დოკუმენტური ........................................................................................ 264

265

You might also like