You are on page 1of 39

1

35 კილო იმედი

ვერ ვიტან სკოლას.

ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.

არა, უფრო მეტადაც...

გამიმწარა ცხოვრება.

შეიძლება ითქვას, რომ სამი წლის ასაკამდე ვიყავი ბედნიერი. კარგად აღარც მახსოვს, მაგრამ
მგონი, ასე იყო... ვთამაშობდი, ჩემი საყვარელი მულტფილმის, „სამი მურა დათვის“
ვიდეოკასეტას დღეში ათჯერ ვატრიალებდი, ვხატავდი, მილიარდ თავგადასავალს ვიგონებდი
ჩემი პლუშის ამუნია გროდუდუსთვის, რომელზეც დღესაც ჭკუა მეკეტება. დედა ჰყვება, რომ
საათობით ვიკეტებოდი ჩემს ოთაში, დიალოგი მქონდა გამართული საკუთარ თავთან და
გახარებული, ბოლო ხმაზე გავკიოდი. ამ მოგონებებიდან ვასკვნი, რომ ბედნიერი ვიყავი.

ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ყველა და ყველაფერი მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ


ყველა და ყველაფერსაც უყვარდათ ერთმანეთი...მაგრამ შემისრულდა სამი წელი და ხუთი თვე
და ბრახ! სკოლაც გამოჩნდა.

როგორც ახლა ვიხსენებ, იმ დილით ძალიანაც კმაყოფილი გავემართე სკოლაში. მანამდე


მშობლებმა, ვინ იცის, რამდენჯერ გამიმეორეს: „როგორ გაგიმართლა, ძვირფასო, შენ ხომ
ნამდვილ სკოლაში მიდიხარ“, „შეხედე, რა მაგარი ახალი ჩანთა გაქვს! აი, ამით წახვალ შენს
ლამაზ სკოლაში“... ბლა ბლა ბლაა... მგონი, არ მიტირია (ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და უფრო
ის მაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა იქ სათამაშოები და ლეგოები...). თურმე, სკოლიდანაც
შესანიშნავ ხასიათზე დაბრუნებულვარ, აღფრთოვანებულიც კი. სადილის დრო იყო, კარგადაც
გეახელით და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, რათა სასწრაფოდ მომეყოლა გროდუდუსთვის, რა
გადასარევად გავატარე დილა.

მაშინ რომ მცოდნოდა, ეს ჩემი ბედნიერი ბავშვობის უკანასკნელი წუთები იყო, შევეცდებოდი,
როგორმე უფრო გამეხანგრძლივებინა მისით მიღებული სიამოვნება, უფრო ნელ-ნელა
დამეგემოვნებინა, რადგან სწორედ ამის შემდეგ დადგა ყველაფერი თავდაყირა...

– აბა, წავედით! – მითხრა დედამ.

– სად?

– როგორ თუ სად, სკოლაში.

– არა.

– რა არა?

2
– არ წამოვალ.

– რაო? ვითომ რატომ?!

– იმიტომ, რომ აღარ ვაპირებ სკოლაში სიარულს. ვნახე, მანდ რაც ხდება და საერთოდ არ
დამაინტერესა. ოთახში იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელ-შესაკეთებელი. გროდუდუს დიდი ხნის
წინ დავპირდი, რომ მისთვის ავაგებ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც დაეხმარება
ადვილად იპოვოს ჩემი საწოლის ქვეშ ჩაფლული ყველა ძვალი. მე კი ჯერ კიდევ ვერ გამოვნახე
ამისთვის დრო.
დედა ჩაიმუხლა, მე თავი დავხარე. ის დაჟინებით მთხოვდა სკოლაში წასვლას, მე ტირილი
დავიწყე.

მან წამომაყენა, მე ღრიალი მოვრთე.

ჰოდა, ალიყურმაც არ დააყოვნა. მაშინ პირველად გამარტყა დედამ.

ესეც ასე!

ესეც შენი სკოლა!

ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი კოშმარი.

ამ დღის შემდეგ, ალბათ, მილიარდჯერ მაინც მომიხდა ამ ისტორიის მოსმენა, როდესაც ჩემი
მშობლები მას უყვებოდნენ თავიანთ მეგობრებს, აღმზრდელებს, მასწავლებლებს,
ფსიქოლოგებს, ლოგოპედებს და მიმართულების მრჩევლებს. და ყოველ ჯერზე მაგონდებოდა,
რომ მაინც ვერ შევძელი გროდუდუსთვის ძვლის დეტექტორის შექმნა.

ახლა ცამეტი წლის ვარ და მეექვსე კლასში ვსწავლობ. მთლად კარგად არ არის საქმე, ხომ?
ახლავე აგიხსნით ყველაფერს. თქვენ კი, თუ არ შეწუხდებით, თითებზე გადაითვალეთ.
ვივაჟკაცე და ორჯერ ჩავრჩი ერთსა და იმავე კლასში: მეორესა და მეექვსეში.

სკოლამ ნამდვილ დრამად აქცია ჩემი ოჯახის ყოფა. წარმოიდგინეთ -დედა ტირის და მამა
ილანძღება. ან პირიქით, ახლა დედა იწყებს ლანძღვას და მამა დუმს. ძალიან მაწუხებს და
მაუბედურებს მათი ამ დღეში დანახვა, მაგრამ რა ვქნა? რა შემიძლია გავაკეთო? ან რა უნდა
ვთქვა ამ დროს? არაფერი. არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან პირი თუ გავაღე, ეს კიდევ
უარესი იქნება. მათაც თითქოს აღარაფერი აქვთ სათქმელი და თუთიყუშებივით მხოლოდ
ერთი და იგივეს იმეორებენ:

– იმუშავე!

– იმუშავე! იმუშავე! იმუშავე!

– იმუშავე!

3
კარგი ბატონო, გავიგე. ასეთი იდიოტიც არ ვარ! ძალიანაც მინდა მუშაობა, მაგრამ ამ
მოწყენილობას რა ვუყო? სკოლაში რაც ხდება, ჩემთვის ყველაფერი ჩინურია, ერთ ყურში შედის
და მეორიდან გადის. მოკლედ, რომელ ექიმთან აღარ მიმიყვანეს: ჯერ თვალისო, მერე ყურისო,
ბოლოს ტვინისაც გამოძებნეს და უამრავი ტყუილად დაკარგული დროის შემდეგ გამოიტანეს
დასკვნა, რომ თურმე, კონცენტრაციის პრობლემა მქონია. ახალი ამბავი! ეს ხომ მეც მშვენივრად
ვიცოდი, ეკითხათ და პასუხს არ დავამადლიდი. არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც
არაფერი მჭირს. უბრალოდ, არ მიყვარს და არ მაინტერესებს ეს სკოლა.

არ მაინტერესებს და მორჩა. სულ ეგ არის.

სკოლაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი ბედნიერი. ეს იყო პირველ კლასში,
როდესაც მარი მასწავლებელი მასწავლიდა. მე მას არასოდეს დავივიწყებ.

ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობ, ვხვდები, რატომ აირჩია მარიმ მასწავლებლობა. მას სურდა,
საშუალება ჰქონოდა, მუდამ ეკეთებინა ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა
ცხოვრებაში, ანუ ჩხირკედელაობა, ხელმარჯვეობა, სხვადასხვა საინტერესო რამის გამოგონება
და შექმნა. მარი მაშინვე შევიყვარე, პირველივე დღის პირველივე დილიდან. ის ატარებდა
საკუთარი ხელით შეკერილ ტანსაცმელს, თავის მოქსოვილ ჯემპრს და მისივე ფანტაზიით
შექმნილ სამკაულს. ყოველდღე რაღაც მიგვქონდა სახლში: მაგალითად, დაჭმუჭნილი
ფურცლისგან გაკეთებული ზღარბი, კატა რძის ბოთლით ხელში, წრუწუნა კაკლის ნაჭუჭში,
მობილური ტელეფონები, ნახატები, ნაძერწები, სხვადასხვა კოლაჟები...ეს იყო მასწავლებელი,
რომელიც არ ელოდა დედის დღეს, რათა რამე მოგვეფიქრებინა. ის ამბობდა, რომ
წარმატებული მხოლოდ ის დღე იყო, როდესაც ჩვენ რაღაც ახალს ვქმნიდით. ახლა, ამ
ყველაფრის გახსენებისას, მეჩვენება, რომ სწორედ ეს ბედნიერებით სავსე წელი გახდა ყველა
ჩემი შემდგომი უბედურების საწყისი, რადგან ზუსტად მაშინ მივხვდი ერთ მარტივ
ჭეშმარიტებას: ამქვეყნად ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემი ხელები და ის, რაც მათი
მეშვეობით შეიძლება შევქმნა.

ძალიან კარგად ვიცი, რომ დავალებული ვარ მარისგან. სულ მცირე, პირველი კლასის დახურვის
გამო მაინც. იმის გამოც, რომ მან გამიგო და მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. მან იცოდა, რომ
თვალზე მაშინვე ცრემლი მადგებოდა, როდესაც საკუთარი სახელის დაწერას მთხოვდნენ; რომ
ზეპირად ვერაფერს ვსწავლობდი და ჩემთვის საბავშვო ლექსის წარმოთქმაც ტანჯვა იყო.
სასწავლო წლის მიწურულს, ბოლო დღეს, მასთან გამოსამშვიდობებლად მივედი. ყელი
გამომშრალი მქონდა, გული მეკუმშებოდა და ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. საჩუქარი გავუწოდე.
ეს იყო ძალიან მაგარი, ფანქრების ჩასაწყობი ყუთი მრავალფუნქციური უჯრებით, სადაც
შეეძლო ბევრი რამ შეენახა. მაგალითად, საკალმეები, ქაღალდის სარჭები თუ საშლელები.
რამდენიმე საათის განმავლობაში ვამზადებდი და ვფუთავდი ამ საჩუქარს. სამაგიეროდ,
დავინახე, როგორ ესიამოვნა ის ჩემს საყვარელ მასწავლებელს და ზუსტად ჩემსავით აღელდა,
შემდეგ კი მითხრა:

– გრეგუარ, მეც მაქვს შენთვის საჩუქარი...

სქელი წიგნი აიღო:

4
– მომავალ წელს დიდებთან ერთად იქნები მადამ დარეს კლასში და ბევრი, ძალიან ბევრი უნდა
იმეცადინო... იცი, რატომ?

თავი გავაქნიე.

– იმიტომ, რომ შეძლო იმ ყველაფრის კარგად წაკითხვა, რაც ამ წიგნში წერია...

როცა შინ დავბრუნდი, დედას სათაურის წაკითხვა ვთხოვე. მან სქელი წიგნი მუხლებზე დაიდო
და თქვა:

– „ათასი იდეა პატარა ხელმარჯვეებისათვის“ – ოჰ, ოჰ, წარმოდგენაც არ მინდა, აქ რა


არეულობა დატრიალდება!

დანახვისთანავე შევიძულე მადამ დარე. მძულდა მისი ხმა, მანერები და უაზრო მისწრაფება
მოსწავლეების გამორჩევისკენ. მიუხედავად ამისა, მაინც ვისწავლე კითხვა, იმიტომ, რომ
ძალიან მინდოდა კვერცხის ნაჭუჭისგან ბეჰემოტის გაკეთება, როგორც ეს მარის ნაჩუქარი
წიგნის 124-ე გვერდზე ეწერა.

პირველი კლასის ბოლოს მარის ჩემი აკადემიური მოსწრების ფურცელში ჩაუწერია:

„ამ ბიჭს გამჭრიახი გონება და ჯადოსური თითები აქვს, მაგრამ გულჩათხრობილია. შეიძლება
მასთან მუშაობა და წარმატების მიღწევა“.

ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად, განათლების მუშაკმა წყალწაღებული არ


მიწოდა.

***

სხვათა შორის, უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომელთაც ჩემსავით გულზე არ


ეხატებოდათ სკოლა. აი თქვენ, მაგალითად, კაცმა რომ გკითხოთ, გიყვართ თუ არა სკოლა,
თავს დავდებ, რომ მაშინვე „არას“ უპასუხებთ. სუპერბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყო, ამ
შეკითხვას დადებითად რომ უპასუხო. ან, იქნებ, იმდენად კარგი მოსწავლეებიც მოიძებნონ,
რომელთათვისაც, უბრალოდ, ჰობია ყოველ დილით თავიანთი ნიჭიერების გამოცდა. ჰოდა, რა
გამოდის... სინამდვილეში უყვარს ვინმეს სკოლა? არავის. და რამდენს ეზიზღება? არც ისე
ცოტას. სწორედ ასეა. ქვეყნად ჩემსავით წყალწაღებული მოსწავლეებიც არიან, მასწავლებლები
მერხზე რომ დააკაკუნებენ და ეს კიდევ ჯობიაო, რომ იტყვიან. მოსწავლეები, რომლებსაც
ქრონიკული მუცლის ტკივილი აწუხებთ.

5
მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვალები უკვე დაჭყეტილი
მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ, თანდათან როგორ იმატებს და იმატებს
მუცლის ტკივილი. ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული
ისე მერევა, თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში.ამ დროს საუზმე
ნამდვილი ტანჯვაა. მართლა არაფრის გადაყლაპვის თავი არ მაქვს, მაგრამ რადგან დედაჩემი,
ტრადიციულად, თავზე მადგას, იძულებული ვარ, რამდენიმე ლუკმა ორცხობილა შევჭამო.
ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე.თუ შემთხვევით
რომელიმე კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირ
ზელდაზე წამოვიწყეთ, მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან იკლებს, სხვა შემთხვევაში
კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდესაც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის
თავისებური სუნი პირდაპირ ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი
იგივე რჩება. – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში ჩამდის და
გულს მირევს.

ჩემს მუცელში ტკივილის ბურთი დნობას ოთხი საათიდან იწყებს და საბოლოოდ ქრება,
როდესაც სახლის კარს ხელახლა შევაღებ. ჩემი მშობლების სამსახურიდან დაბრუნების დროს,
ტკივილი თავიდან წამოყოფს ხოლმე თავს. მით უმეტეს, სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ თუ
არა, კითხვებით მიკლებენ იმის შესახებ, თუ როგორ გავატარე დღე, რა მოხდა ახალი და
დღიურში ნიშნების გადასამოწმებლად ჩანთაში მიძვრებიან. თუმცა, ამ დროს ტკივილი
იმდენად მძაფრი აღარაა და მოწოლილი ბურთიც ნაკლებად მძიმეა, რაც ალბათ იმით
აიხსნება, რომ, ასე თუ ისე, მივეჩვიე ჩემს ოჯახურ კრიზისს.

არა, საბოლოოდ მაინც უნდა ვაღიარო, რომ წეღან ვიცრუე. არაფერსაც არ მივეჩვიე...ეს კრიზისი
მეტისმეტად გაიწელა, ერთ ამბავს მეორე მიჰყვა და ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი. აღარ
ვიცი, რა ვიღონო. ვეღარ ვუძლებ ამ სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ ჩემს მშობლებს ერთმანეთი
აღარ უყვართ, მაგრამ ხალხში ამას არ აღიარებენ. სამაგიეროდ, სახლში არ აკლებენ
ერთმანეთს ლანძღვა-გინებას. ყოველ საღამოს „კონცერტები“ აქვთ გამართული. ჰოდა,
რადგანაც ჩხუბის წამოსაწყებად მიზეზია საჭირო, ხშირად საბაბად მე და ჩემს დამპალ ნიშნებს
გვიყენებენ. ჩემი აზრით, ეს არის ორივეს ყველაზე დიდი შეცდომა. დედა, როგორც წესი, მამას
საყვედურობს, რომ მას არასოდეს აქვს დრო საკუთარი შვილის მისახედად. მამა კი, თავის
მხრივ, პასუხობს, რომ დედის მოვალეობა ბავშვის აღზრდაა და არა- მისი გატუტუცება.

როგორ მომბეზრდა, ღმერთო, როგორ მომბეზრდა...

ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი როგორ ამომივიდა ყელში.

ასეთი შემთხვევებისთვის ერთი ხერხი მაქვს – ყურებს ვიხშობ და ყურადღება მთლიანად


ხელსაქმეზე გადამაქვს. მაგალითად, „ლეგო სისტემით“ კოსმოსურ ხომალდს ვაგებ, ანაკინ
სკაიუოკერისთვის, ან მეკანოთი ვაწყობ აპარატს, რომლითაც კბილის პასტის ტუბის დაპრესვა
იქნება შესაძლებელი, ან პატარა ხის ფიცრებით გიგანტურ პირამიდას ვაგებ. ამასობაში,
საშინაო დავალებების შესრულების დრო მოდის და ჩემი ტანჯვა-წამებაც თავიდან იწყება. თუ
დედა დამიჯდება დასახმარებლად, ბოლოს აუცილებლად ტირილით ამთავრებს, ხოლო თუ
მამა, – მაშინ უეჭველად მე ვტირი.

6
არ მინდა, ამ მონათხრობიდან ჩემს მშობლებზე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, ან იფიქროთ,
რომ ცუდად მექცევიან. არა, არა! პირიქით, ძალიან მაგრები არიან, ჰო, მაგრები... მშობლები
მართლა ნორმალურები მყავს, რას ამბობ! უბრალოდ, ყველაფერი სკოლის ბრალია, ის
აფუჭებს საქმეს. სხვათა შორის, სწორედ ამ კრიზისის და დაძაბული საღამოების თავიდან
ასაცილებლად, კარგი გამოსავალი ვიპოვე და ეს ბოლო წელია, ჩემს უბის წიგნაკში
დავალებების მხოლოდ ნახევარს ვინიშნავ. ეს, მართლაც რომ, ერთადერთი გონივრული
გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ამის თქმა ვერაფრით გავბედე კოლეჯის
დირექტორისათვის, როდესაც მის კაბინეტში აღმოვჩნდი ცრემლით სავსე თვალებით. აი, ასეთი
სულელი ვარ!

ისე, კარგი ვქენი, რომ გავჩუმდი. ეს გასიებული ინდაური გამიგებდა, თუ რა?! ვერაფერსაც ვერ
გამიგებდა. ამიტომაც გამრიცხა სკოლიდან მომდევნო თვეში.
სპორტის გაკვეთილის გამო გამომაგდო.

უნდა ვაღიარო, რომ სპორტსაც თითქმის ისევე ვერ ვიტან, როგორც სკოლას.ზუსტად ვიცი,
თქვენ უფრო გამიგებთ და მიხვდებით, რომ მე და სავარჯიშო ხალიჩა ერთმანეთისთვის არ
ვართ შექმნილები. მე არც მაღალი ვარ, არც მოსული და არც ძლიერი. უფრო ზუსტად რომ
ვთქვა, დაბალი ვარ, უღონო და გაწრიპული.

ზოგჯერ წამომივლის, სარკის წინ ვდგები, დოინჯს შემოვირტყამ და კუნთებს ვძაბავ. ცოტა
უცნაური სანახავი კი ვარ, კაცს ეგონება, ჭიაყელა ბოდიბილდინგში ვარჯიშობს, ან ტიპი
ლეგიონერ ასტერიქსად გადაქცევას ლამობსო. ერთი შეხედვით, იქნებ მხარბეჭიანიც
მოვჩვენებოდი ვინმეს, მაგრამ გამოვძვრებოდი თუ არა სხვისი ტყავიდან, ხელში მხოლოდ და
მხოლოდ ერთი ლაჩარი და ვაიგმირი შემრჩებოდა ხოლმე. ყოველთვის ეს აზრები მომდის
თავში, როდესაც სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ.

დიახ, ვაღიარებ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს თავს ვერ ვართმევ, კი ბატონო. მაგრამ, მე თუ
მკითხავთ, რაღაცებზე თვალი თუ არ დახუჭე, საერთოდ მოგეღება ბოლო და გაბანძდები. იგივე
ლოგიკის მიხედვით, შარშან, ყველაზე უსარგებლო საგანზე – სპორტის გაკვეთილზე „დავხუჭე
თვალი“. რაკი ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე, ისიც უნდა დავწერო, რომ ერთხელ მაგარი
სასაცილო ამბავი გადამხდა თავს. საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში არ მიცინია ისე გულით და არ
მიხარხარია ისე გიჟურად, როგორც იმ დღეს, მადამ ბერლურონის გაკვეთილზე, სპორტულ
დარბაზში.

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

– გრეგუარ დიუბოსკი, – წარმოთქვა მან, ისე რომ ცხვირი არ ამოუყვია საკლასო ჟურნალიდან.

– ვარ!

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა, კუჭი ამეშლებოდა და ყველას წინაშე თავი
მომეჭრებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.

წინ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ყურში მაშინვე ბავშვების ქირქილი ჩამესმა.

7
ამჯერად ისინი ჩემს უცოდინრობაზე კი არა, სიარულის მანერაზე იცინოდნენ. იმ დღეს
სპორტული ფორმა სახლში დამრჩა, თან ამ სემესტრში მესამედ და ტანსაცმელი ბენჟამენის
ძმისგან ვითხოვე, რომ არ დავსჯილიყავი და გაკვეთილების შემდეგ არ დავეტოვებინე (წელს
უკვე იმდენჯერ ვარ ამ მეთოდით დასჯილი, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ
ასწრებს). სამწუხაროდ, ბენჟამენის ძმა მწვანე გიგანტის, ჰალკის კლონი აღმოჩნდა და მისი
სიმაღლე ერთი მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრი იყო.

ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ვცურავდი ამ XXლ ზომის ტანსაცმელში და 45 ზომის


სპორტულ ფეხსაცმელში, რომელიც ნამდვილად არ მიჭერდა. აშკარად წარუმატებელი იდეა
იყო...

– ეს რა ჯანდაბა ჩაგიცვამს? – „დედაშვილური მზრუნველობა“ ჩანდა მადამ ბერლურონის


ღრიალში.

მე თავი მოვისულელე და ვუთხარი:

– ჰო, არც მე მესმის, მასწ, არადა, წინა კვირას კარგად მქონდა... ვერაფერი გავიგე...

ბრაზისგან ლამის გასკდა:

– ფეხები მიადგით და წინ ორჯერ გადატრიალდით.

პირველი ყირა კატასტროფულად ცუდად გამომივიდა და ცალი ფეხსაცმელიც გამძვრა.


გავიგონე, როგორ დამცინეს კლასელებმა და მათი გულის გასახარად, მეორე ფეხსაცმელიც
მოვიშორე. პირდაპირ ჭერში ვისროლე.
წამოდგომისას ტრუსი გამომიჩნდა, რადგან შარვალი ნახევრად ჩამძვრალი მქონდა. მადამ
ბერლურონი გაცეცხლებული იყო, ბავშვები კი სიცილით იხოცებოდნენ. ამჯერად ეს არ იყო
ბოროტი სიცილი, ეს იყო ისეთი გულიანი ხარხარი, როგორიც მხოლოდ ცირკში შეიძლება
წაგსკდეს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ ამ სპორტული დარბაზის კლოუნი გავმხდარიყავი –
მადამ ბერლურონის პირადი მასხარა. როდესაც სხვებს აცინებ, გული შენც გითბება და
ნარკომანივით გიჩნდება მოთხოვნილება, კიდევ უფრო მეტჯერ და მეტჯერ გააცინო.

მადამ ბერლურონმა უკვე იმდენჯერ დამსაჯა, რომ ჩემს დღიურში თავისუფალი ფურცელი აღარ
დარჩა. საბოლოოდ, იმდღევანდელი ამბის გამო, სკოლიდანაც გამომაგდეს, მაგრამ ამას
საერთოდ არ ვნანობ. ამის წყალობით, სკოლაში ყოფნის პერიოდში პირველად ვიგრძენი თავი
გამოსადეგად.

იმ ამბის შემდეგ ენითაუწერელი რამ მოხდა – თუ ადრე, არასპორტულობის მიზეზით, არავის


სურდა ჩემი გუნდში აყვანა, ახლა, ჩემ გამო, ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ, რადგან
მაიმუნობებით მოწინააღმდეგეებს ვაბნევდი და არეულობა შემქონდა მათ რიგებში. მახსოვს,
ერთ დღეს ფეხბურთს ვთამაშობდით და კარში დამაყენეს. წარმოიდგინეთ, მე და მეკარეობა!
ბურთის მოახლოვებისას, ბადეზე ისე მივძვრებოდი, როგორც გაცოფებული მაიმუნი გალიის

8
კედლებზე და მასავით ვღრიალებდი. ხოლო ბურთს, თამაშში დაბრუნების ნაცვლად, უკან
ვაგდებდი. აი, ასე მაგრად ვისვრი მიზანში!

იმ თამაშში ერთხელ ბურთის აღებაც კი ვცადე და წინ გადავხტი. რა თქმა უნდა, ბურთს არც კი
შევხებივარ. სამაგიეროდ, როდესაც წამოვდექი, პირი მთელი ბღუჯა ბალახით მქონდა
გამოტენილი. ალბათ, იმ ძროხას ვგავდი, ბალახს რომ ცოხნის და თან „მუუუს“ გაიძახის. ჩემმა
კლასელმა კარენ ლელიევრმა სიცილისგან შარვალში ჩაიფსა, მე კი ისევ დავისაჯე და
გაკვეთილების შემდეგ მთელი ორი საათით დამტოვეს. თუმცა, მაინც ღირდა, რა!

გაგდებით კი ბრინჯაოს ცხენის გამო გამაგდეს.

სხვათა შორის, ამ ამბავმა მართლაც აღმაშფოთა, რადგან ამჯერად არაფერი მიეშმაკია. იმ


გაკვეთილზე უზარმაზარ, ბლაგვ მოწყობილობაზე მუშტებზე დაყრდნობით გადახტომა
დაგვევალა. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, სტარტიც ცუდად ავიღე და გადახტომითაც ცუდად
გადავახტი. ალე ჰოოპ!..საბოლოოდ კი... გამიგებთ ალბათ, რისი თქმაც მინდა. ერთი ადგილი
სასტიკად მომეჭეჭყა. ბავშვებს ეგონათ, „აუუოუუუუუ“-ს ძახილით მათ გასაცინებლად
ვიკლაკნებოდი, ამიტომაც არ დააყოვნეს და ხარხარი ატეხეს. მადამ ბერლურონმა კი პირდაპირ
დირექტორთან წამათრია. ტკივილისგან ორად ვიყავი მოკეცილი, მაგრამ ტირილით არ
მიტირია.

არ მინდოდა, მათთვის სიამოვნება მიმენიჭებინა.

არც ჩემმა მშობლებმა დამიჯერეს. მას შემდეგ კი, რაც ჩემი გამობუნძულების ამბავი შეიტყვეს,
ნამდვილი კონცერტი მოაწყვეს. ცხოვრებაში პირველად ვნახე, რომ ისინი ასე შეთანხმებულად,
ერთი მიმართულებით ყვიროდნენ, თან მთელი გულით.

როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ოთახში გამიშვეს, მივხურე კარი და იატაკზე დავჯექი. თავს
შემოვუძახე და არჩევანის საშუალება მივეცი: „გრეგუარ, შენ შეგიძლია, ახლა ადგე, საწოლზე
აძვრე და ტირილით გული იჯერო. ვერც გაგამტყუნებ, რადგან შენი ცხოვრება არაფრად ღირს
და თავადაც ნამდვილი არარაობა ხარ. ამიტომ ახლავე, აქვე რომ მოკვდე, ღირსიც იქნები.
მეორე ვარიანტიც გაქვს – ადექი და რამე ააშენე“. იმ საღამოს დიდი ურჩხული გამოვძერწე,
მთელი თავისი სიბინძურეებით და „ბანჯგვლიანი-ბერლურონი“ დავარქვი. ბოლოს კი
გემრიელად ავკუწე.

გარწმუნებთ, ეს არ იყო ყველაზე დიდი ბოროტება, რისი ჩადენაც მაშინ შემეძლო. სამაგიეროდ,
არ ვიტირე და ბალიში დასველებას გადავარჩინე.

***
ერთადერთი, ვინც ამ მძიმე პერიოდში გვერდით დამიდგა და მანუგეშა, ბაბუა იყო. პრინციპში,
ეს არც გამკვირვებია, რადგან მას შემდეგ, რაც წამოვიზარდე და მის ხელსაწყოებით სავსე

9
ფარდულში დავიწყე სიარული, ბაბუაჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
ამიტომაც ყოველთვის მქონდა მისი იმედი.

ბაბუა ლეონის ფარდული მთელი ჩემი ცხოვრებაა. ეს არის ჩემი თავშესაფარიც და ალი-ბაბას
საიდუმლო გამოქვაბულიც. ზოგჯერ, როცა ბუზღუნა ბებია შარლოტი ნერვებს მოგვიშლის
ხოლმე, ბაბუა შემომიბრუნდება და მეჩურჩულება:

– არადა, ალბათ, როგორ უნდა ჩვენთან ჩაძმაკაცება?!

წყნარად ვმუშაობთ და არ ვიმჩნევთ ბებოს სარკაზმს:

– ლეონ, როგორც ჩანს, უკვე ბიჭის მოწამვლაც მოგისწრია...

ბაბუა მხრებს იჩეჩს და პასუხობს:

– გეხვეწები, რა, შარლოტ, გემუდარები! მე და გრეგუარს აქ განმარტოება გვიყვარს, რათა


წყნარად ჩავფიქრდეთ რაღაც-რაღაცებზე.

– შეიძლება დავინტერესდე, მაინც რაზე ფიქრობთ ხოლმე?

– მე ჩემს წარსულზე ვფიქრობ და გრეგუარი – თავის მომავალზე.

ბებია მაშინვე ტრიალდება და ბუზღუნ-ბუზღუნით მიდის:

– სჯობდა, დავყრუებულიყავი და ამ სისულელეებისათვის არ მესმინა.

– ისედაც უკვე ყრუ ხარ, ჩემო ძვირფასო. – ბაბუ ყოველთვის ასე პასუხობს.

ბაბუა ლეონიც ჩემსავით ჩხირკედელაა, ოღონდ იმ განხვავებით, რომ ის ჭკვიანიცაა. სკოლაშიც


ძალიან მაგარი ყოფილა, ყველა საგანში საუკეთესო. ერთხელ გამიმხილა, რომ კვირაობით
არასოდეს მეცადინეობდა, იმიტომ, რომ უბრალოდ, არ ჰქონდა ამის სურვილი. წარმოიდგინეთ,
რას ნიშნავს, როცა კლასში საუკეთესო ხარ მათემატიკაშიც, ფრანგულშიც, ლათინურშიც,
ინგლისურშიც და ისტორიაშიც. ერთი სიტყვით, ყველაფერში. ჩვიდმეტი წლის ასაკში
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. იმდროინდელ საფრანგეთში იქ მოხვედრა ურთულესი
ამბავი იყო. ამის შემდეგ უზარმაზარი ნაგებობები ააშენა: ხიდები, ავტომაგისტრალები,
გვირაბები, კაშხლები და ა.შ... როდესაც ვთხოვე, დაეზუსტებინა, მაინც რას აკეთებდა ამ
მიმართულებით, ბაბუმ მაშინვე სიგარეტს მოუკიდა და ისე მიპასუხა, თითქოს ხმამაღლა
ფიქრობსო:

– არ ვიცი. არასოდეს დავინტერესებულვარ ჩემი ფუნქციის ზუსტი განმარტებით. მოდი, ასე


ვთქვათ: ჩემი მოვალეობა გეგმების გადახედვა და საკუთარი აზრის გამოთქმა იყო.
გაკმაყოფილებს ეს პასუხი?

– როგორ? მეტი არაფერი?

10
– დიახ, მხოლოდ ეს და მეტი არაფერი... მაგრამ ამ საქმეს ასე ზერელედ ნუ შეხედავ, ჩემო ბიჭო!
აქ ერთ სიტყვასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ შენ იტყვი, რომ კაშხალი გამძლე იქნება და
ის ჩამოიშლება, ყველას თვალში ბრიყვი გამოჩნდები. დამიჯერე, ასეა.

ბაბუას ფარდული ის ადგილია, სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს. თუმცა ისე დიდი
ვერაფერია. წარმოიდგინეთ ბაღის სიღრმეში ჩაკარგული, ფიცრებითა და ხვეული ბურბუშელით
გამოტენილი პატარა ქოხი, სადაც ზამთარში საშინლად ცივა, ზაფხულში – მეტისმეტად ცხელა.
მიუხედავად ამისა, შანსს არ ვუშვებ ხელიდან იქ გასაქცევად, რათა ხის ნაჭრებითა და
ნამდვილი ხელსაწყოებით ვიჩხირკედელაო, ვუყურო, როგორ მუშაობს ბაბუა ლეონი (ამჯერად
ის ავეჯს ამზადებს, როგორც ჩანს, რესტორნისათვის), რჩევა ვკითხო სხვადასხვა საკითხზე, ან
სულაც ისე, უბრალოდ მივიდე. რა მიზეზი სჭირდება იმ ადგილას მისვლას, სადაც ყველაფერი
ასეთი ახლობელი და მშობლიურია. საკმარისია, ჩამოჯდე და დაისვენო. ცოტა ხნის წინ სკოლის
სუნზე გესაუბრეთ, რომელიც ჩემში გულისრევას იწვევდა. აქ კი ყველაფერი პირიქითაა.
შემოვდივარ თუ არა ამ ვიწრო, ნესტიან მიწურში, ნესტოებს, რაც შემიძლია, ვბერავ, რომ
კარგად შევიგრძნო ბედნიერების სურნელი. ეს არის ნარჩენების, ცხიმის,
ელექტრორადიატორის, რკინის შესადუღებლის, ხის წებოს, თუთუნის და სხვა ათასი რამის
სუნი. მაგიჟებს ეს სურნელი! საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ოდესმე ლაბორანტი გავხდები
და ახალ სუნამოს გამოვიგონებ, რომელსაც „ფარდულის წყალს“ დავარქმევ. ყოველთვის
დავყნოსავ, როცა ცხოვრებაში პრობლემები მექნება.

როცა ბაბუამ გაიგო, რომ მეორე კლასში ჩავრჩი, მუხლებზე დამისვა და კურდღლისა და კუს
ამბავი მომიყვა. ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვეხუტებოდი მაშინ და რა ტკბილი
მეჩვენებოდა მისი ხმა:

– ხედავ, ჩემო ბიჭო? ერთ ცენტსაც არავინ დადებდა ამ ბეჩავ კუზე. ის ხომ მეტისმეტად ნელია...
მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, სწორედ მან გაიმარჯვა. და როგორ ფიქრობ, რითი
მოიპოვა მან ეს გამარჯვება? მხოლოდ თავისი შემართებისა და სიმამაცის წყალობით. შენც
ასეთი მამაცი და ყოჩაღი ხარ, გრეგუარ... ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მინახავს შენი
შესაძლებლობები. მინახავს, საათობით როგორ იდექი სიცივეში და ხის ნაჭერს ბოლოებს
უთლიდი, ან როგორ ღებავდი შენს მაკეტებს... ჩემთვის შენც ამ კუსავით მებრძოლი ხარ.–
სკოლაში არც არაფრის გათლას გვთხოვენ და არც გაპრიალებას! – ვუპასუხე ქვითინით. –
მხოლოდ ისეთ რაღაცებს მოითხოვენ, რისი გაკეთებაც შეუძლებელია.

მოგვიანებით, როდესაც ბაბუამ შეიტყო, რომ მეექვსე კლასშიც ჩავრჩი, ასე ტკბილად
ნამდვილად აღარ ამღერებულა.

იმ დღეს ჩვეულებისამებრ მივედი მათთან, მაგრამ ბაბუამ სალამზე სალმითვე არ მიპასუხა.


მდუმარედ ვჭამეთ, სადილს ყავაც დავაყოლეთ, ბაბუა კი არც ფიქრობდა სახლიდან ფეხის
მოცვლას.

– ბაბუა ლეონ!

– რა გინდა?

11
– არ მივდივართ ფარდულში?

– არა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ დედაშენმა ცუდი ამბავი შემატყობინა...

– ...

– შენი ვერაფერი გავიგე! ამბობ, რომ სკოლას ვერ იტან, მაგრამ ყველაფერს აკეთებ, რათა, რაც
შეიძლება, დიდი ხნით მოგიხდეს იქ დარჩენა...

არაფერი მიპასუხია.

– მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, არც ისეთი წყალწაღებული ხარ, როგორც ამას შენზე ამბობენ... თუ
ხარ, ჰა?

ამჯერად მკაცრად მელაპარაკებოდა.

– ჰო, ვარ.

– ოოჰ, აი რა მიშლის ნერვებს ყველაზე მეტად! რასაკვირველია, იმის თქმა გაცილებით


ადვილია, რომ არაფრისმაქნისი და არარაობა ხარ! აბა რა! აი, სად უშვებ საბედისწერო
შეცდომას! რა მარტივია, იფიქრო, რომ დაწყევლილი ხარ და არაფერი გამოგივა! და რას
აპირებ? შემდეგ კლასებშიც უნდა ჩარჩე?! ასე თუ გააგრძელებ, ბაკალავრიატში ოცდაათი წლის
ასაკში ჩააბარებ!

ყურთბალიშის კუთხეს ხელში ვჭმუჭნიდი და თავის აწევას ვერაფრით ვბედავდი.

– არა რა, არ მესმის შენი! ყოველ შემთხვევაში, მოხუცი ლეონის იმედი აღარ გქონდეს! მე
პირადად, იმ ხალხს ვაფასებ, რომელთაც თავიანთი ცხოვრების მიხედვის უნარი აქვთ! ვერ
ვიტან წუწუნა უქნარებს, რომლებსაც უდისციპლინობის გამო სკოლიდან აგდებენ! აზრი არა
აქვს შენთან საუბარს! როგორ უნდა მოახერხო, რომ ერთხელ ჩარჩე და მეორედ გაგრიცხონ?!
ბრავო! დიდებულია! გილოცავ! როგორ მეგონა, რომ ყოველთვის მექნებოდა შენი დაცვის
სურვილი... ყოველთვის! შენს მშობლებს ვემუდარებოდი, ერწმუნათ შენი, შენს ნაცვლად
ბოდიშებს ვიხდიდი, გიცავდი და გამხნევებდი! ახლა კი, აი, რას გეტყვი, მეგობარო: გაცილებით
ადვილია, უბედური იყო, ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერების მისაღწევად. კარგად
მომისმინე: არაფრად მიმაჩნია ის ადამიანი, რომელიც ადვილ გზას აირჩევს. ლაჩრების ატანა
არ მაქვს! მთავარია, ბედნიერი იყო, ამის დედაც! ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო!

ბაბუას ხველა აუტყდა. ბებომ მაშინვე მოირბინა, მე კი გამოვედი.

12
ფარდულში შევიარე. ძალიან მციოდა. ძველ ბიდონზე ჩამოვჯექი და დავფიქრდი, საკუთარი
ცხოვრების მისახედად რისი გაკეთება შემეძლო. ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რაღაცის აშენებას
რომ გადაწყვეტ, მაგრამ აღმოაჩენ, რომ ამისთვის არაფერი გაგაჩნია: არც პროექტი, არც
მოდელი, არც გეგმა, არც მასალა და ხელსაწყოები. სულ არაფერი. გული ისეთი დამძიმებული
მქონდა, რომ ტირილიც ვერ შევძელი. ბაბუაჩემის სამუშაო მაგიდაზე ერთი სიტყვა ამოვჭერი
ჩემი ჯიბის დანით, მერე კი ისე წავედი სახლში, რომ არავის დავმშვიდობებივარ.

***

ამჯერად ოჯახური კრიზისი უფრო ხანგრძლივი, მოსაწყენი და ხმაურიანი აღმოჩნდა. ივნისის


მიწურული იყო და არც ერთ კოლეჯს სურდა ჩემი სასექტემბროდ მიღება. ჩემი მშობლები
ბრაზისგან თმას იგლეჯდნენ. ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა. ყოველდღე ნელ-ნელა
ვიხრებოდი მხრებში. ჩემი ჭკუით, ამ გზით თანდათან დაპატარავებას შევძლებდი, და ბოლოს
იქნებ სულაც გაქრობაც კი მომეხერხებინა. ამგვარად ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით
მოგვარდებოდა.

11 ივნისს გამრიცხეს. მთელი დღე სახლში გავატარე. დილით მეხუთე არხს და ტელემარკეტს
ვუყურე (რა უცნაურ რაღაცებს ყიდიან ამ ტელემარკეტებში). შუადღის შემდეგ ხან ძველი
კომიქსების მეათასედ გადაკითხვით ვირთობდი თავს და ხან დეიდა ფანის ნაჩუქარ 5000
ნაწილიან პაზლს ვაწყობდი.

ეს გასართობები მალევე მომბეზრდა. რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რითიც ხელების


დასაქმებას შევძლებდი. ამ ამოცანით შეპყრობილმა მოვიარე მთელი სახლი. ვცდილობდი,
რაიმე მწყობრიდან გამოსული ნივთი აღმომეჩინა, რომელსაც შევაკეთებდი ან შევალამაზებდი.
უცებ მომაგონდა, რომ ხშირად მომისმენია, უთოობისას დედა როგორ წუწუნებდა, რომ ოცნებად
ექცა, დამჯდარს შეესრულებინა ეს საქმე და ფეხზე არ ჩამომწყდარიყო. ასე რომ, პრობლემასაც
მივაგენი.

საუთოო მაგიდას ის ფეხი მოვაძვრე, რომელიც მის ჩამოვარდნას უშლიდა ხელს, გადავზომე და
ჩვეულებრივი სამუშაო მაგიდის მსგავსად ოთხი ხის ფეხი მივუმაგრე. შემდეგ გასულ კვირას
სახლის წინ ნაპოვნ ძველ, გორგოლაჭებიან მაგიდას პატარა ბორბლები დავაძვრე და იმ სკამს
მივამაგრე, რომელსაც აღარავინ იყენებდა. უთოს დასადები პლატოც მოვაწყვე. დედამ
ახლახანს შეცვალა უთოს მოდელი და არჩევანი მულინექსის ფირმაზე შეაჩერა; რადგან ამ
ფირმის უთოები ორთქლზე მუშაობენ, ვიფიქრე, რომ უფრო გამძლე პლატოც დასჭირდებოდა.
ამ ოპერაციებს სრული ორი დღე მოვანდომე. ამის შემდეგ გაზონის საკრეჭზე მივიტანე იერიში.
თავდაპირველად ნაწილ-ნაწილ დავშალე, გულმოდგინედ გავწმინდე და შემდეგ ისევ
ფრთხილად ავაწყვე. ეს ხელსაწყო, ფაქტობრივად, ყიდვისთანავე, პირველივე ამუშავებისას
გამოვიდა მწყობრიდან. მამას უჭირდა დაჯერება, რომ მის შეკეთებას შევძლებდი, თავად კი

13
ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ არ ღირდა შემკეთებელთან წაღება – პრობლემა მისი
გაუწმენდავობა იყო.

იმ საღამოს გაცილებით მშვიდ გარემოში ვისადილეთ. დედამ, მადლობის ნიშნად, ჩემი


საყვარელი ყიყლიყოები შემიბრაწა. ამჯერად მამას ტელევიზორი არ ჩაურთავს.

საუბარი პირველად სწორედ მამამ წამოიწყო:

– ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, პატივცემულო, რომ მიუხედავად შენი რეპუტაციისა, საკმაოდ


ნიჭიერი ხარ... და რა გიყოთ, რით დაგეხმაროთ? სკოლა რომ არ გიყვარს, ფაქტია. მაგრამ იცი
თუ არა, რომ იქ სწავლა თექვსმეტ წლამდე ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა?

თავი დავუქნიე.

– ეს ერთსა და იმავე წრეზე ბრუნვას გავს: რაც უფრო ნაკლებს მუშაობ საკუთარ თავზე, მით
მეტად იძულებ სკოლას; და რაც უფრო მეტად იძულებ, მით ნაკლებს მუშაობ... ასეთი ხერხით
როგორ უნდა დააღწიო მისგან თავი?

– მეც ხომ გავხდები თექვსმეტი წლის, ჰოდა, მაშინვე ხელებს დავიკაპიწებ...

– მაგაზე არც იოცნებო! გგონია, ვინმე აგიყვანს სამსახურში?

– ვიცი, რომ არავინ ამიყვანს. მაგრამ რაღაცებს გამოვიგონებ, ახალ პროდუქტს შევქმნი... თავის
სარჩენად ბევრი ფული არ დამჭირდება.

– ეგ სისულელე არ დაიჯერო! რა თქმა უნდა, სულაც არ არის საჭირო, ბიძია პისკუსავით


მდიდარი იყო მაგრამ ყოველდღიური საჭიროებისთვისაც იმდენი ფული დაგჭირდება, ვერც კი
წარმოგიდგენია. ხოლო თუ საქმის წამოწყებასაც დააპირებ, ხელსაწყოების, სახელოსნოს და
სატვირთო მანქანის შეძენაც მოგიწევს... ცოტაა? თუმცა, შევეშვათ ფულზე საუბარს. ყველაზე
ნაკლებად ეგ მადარდებს. ახლა უფრო მნიშვნელოვანი შენი სწავლაა... გრეგუარ, შემომხედე და,
თუ შეიძლება, ნუ იჯღანები! არაფერი გამოვა, თუ მინიმალურ განათლებას ვერ მიიღებ.
წარმოიდგინე, რომ მაგარ რაღაცას იგონებ. ატესტატი ხომ მაინც უნდა აიღო, რომელიც
აუცილებლად სწორი ფრანგულით უნდა შეავსო... ამასთან, გამოგონებებს შენ ასე ადვილად ნუ
უყურებ... უამრავი რამ დაგჭირდება: გეგმები, სქემები... ყველა წვრილმანი
გასათვალისწინებელი გექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი იდეა იდეად დაგრჩება...

– ასე გგონია?

– მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ.

საგონებელში ჩავვარდი. არ მომწონდა, რასაც ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მართალი


იყო.

14
– იცით, მე უკვე მაქვს ერთი გამოგონება, რომლის წყალობითაც შეიძლება გავმდიდრდე. უფრო
მეტიც, იმდენი ფული ვიშოვო, რომ მეც, თქვენც და ჩემმა შვილებმაც კი უზრუნველად
გავატაროთ ცხოვრება.

– არ გაგვიმხელ, რა გაქვს მხედველობაში? – ღიმილით მკითხა დედამ.

– შემომფიცებთ, რომ ამ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავთ?

– რა თქმა უნდა. – ერთხმად წამოიძახეს.

– ჯერ დაიფიცეთ.

– ვფიცავ.

– მეც.
– არა დედა, შენც გაიმეორე „ვფიცავ“!

– კარგი, ვფიცავ!

– მშვენიერია, მაშინ გეტყვით. მოკლედ, ასეა საქმე: მხედველობაში მაქვს სპეციალური,


მხოლოდ იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი, რომლებიც მთებში დადიან, ან
კლდეებზე დაცოცავენ... მას დამატებითი, პატარა, მოძრავი ქუსლი ექნება, რომელსაც ასვლის
დროს მიიმაგრებ, ვაკეზე კი მოიხსნი. ჩამოსვლის დროს ქუსლი იგივე პოზიციაში კი არა, წინ,
ფეხის თითებქვეშ უნდა მოათავსო, რათა ყოველთვის შეინარჩუნო წონასწორობა.

მშობლები დამეთანხმნენ, რომ არ იყო ცუდი იდეა.

– ჭკვიანური რაღაც მოუფიქრებია. – აღნიშნა დედამ.

– რომელიმე მაღაზიასთან დაკავშირება ხომ არ გეცადა, მაგალითად, „დეკატონთან“...

ვგრძნობდი, რომ მშობლები ჩემი ამბებით დაინტერესდნენ და ეს უდიდეს სიამოვნებას


მანიჭებდა. ბედნიერი წუთები მამის სიტყვებმა გააფუჭა:

– შენი ჩინებული იდეის კომერციულ პროდუქტად გადაქცევისათვის საჭიროა, რომ კარგად


ერკვეოდე მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ეკონომიკაში. როგორც ხედავ, ისევ იმ თემას
დავუბრუნდით, რის შესახებაც ახლახანს გვქონდა საუბარი...

ივნისის ბოლომდე აჟიტირებული ვიყავი. ჩვენს ახალ მეზობლებს ბაღის გაწმენდაშიც


დავეხმარე. იმდენი სარეველა ბალახი ამოვძირკვე, რომ თითები ძალიან დამისივდა და
გამიმწვანდა. მეგონა, ჰალკის ხელებს ვუყურებდი და არა ჩემსას.

ჩვენს მეზობლებს, მესიე და მადამ მარტინოებს, ერთი ვაჟი ჰყავდათ, შარლი, რომელიც ჩემზე
ერთი წლით უფროსი თუ იქნებოდა. მაინცდამაინც ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს. დღედაღამ

15
კომპიუტერს იყო მიჯაჭვული ან თავის იდიოტურ სერიალებს უყურებდა. მხოლოდ ხანდახან თუ
შემეკითხებოდა, რომელ კლასში ვისწავლიდი მომავალ წელს და ამით შემოიფარგლებოდა
ჩვენი სიტყვიერი კონტაქტი. ეს ბიჭი თანდათან ძალიან მაღიზიანებდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში დედაჩემი ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, რათა როგორღაც


ეპოვნა სასწავლო დაწესებულება, რომელიც სიკეთეს გამოიჩენდა და სასექტემბროდ ჩემს
მიღებაზე დაგვთანხმდებოდა.

ყოველ დილით ტონობით ბროშურა გვხვდებოდა საფოსტო ყუთში. პრიალა ქაღალდზე


დაბეჭდილი ფოტოებით ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ ამა თუ იმ კოლეჯის
უპირატესობებისათვის.

ეს იყო პათეტიკა და ხალხის გაბრიყვების მცდელობა. ბროშურებს თავის კანტურით


ვფურცლავდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ ახერხებდნენ ამდენი მომღიმარი
ბავშვის გამოჭერას სურათის გადასაღებად. თავადვე დავასკვენი, რომ, უეჭველად, ან ფული
გადაუხადეს, ან, ეს-ესაა, შეატყობინეს, რომ მათი ფრანგულის მასწავლებელი უფსკრულში
გადაიჩეხა. თვალში მხოლოდ ერთი სკოლა მომივიდა, მაგრამ ის ვალენსის მხარეს, პეტაუშნოკ-
ლეზუაში მდებარეობდა. ფოტოებზე ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ
მერხებზე არ ისხდნენ და სულელური ღიმილი არ დასთამაშებდათ სახეზე. სურათები
გადაღებული იყო სათბურში, მცენარეების დარგვის პროცესში, ან დაწესებულების გვერდით,
ეზოში, ხის ფიცრების გამოჭრისას. არც ერთი მათგანი არ იღიმებოდა. ეტყობოდათ, რომ
საქმეზე იყვნენ კონცენტრირებულები. ეს იყო ტექნიკური ლიცეუმი, რომელიც, ერთი შეხედვით,
საინტერესო მეჩვენა.

მუცლის ტკივილი წინასწარ გაფრთხილების გარეშე მიბრუნდებოდა.

მესიე მარტინოსგან საქმიანი წინადადება მივიღე: გასამრჯელოს სანაცვლოდ ძველი შპალერის


ჩამოხევაში უნდა დავხმარებოდი; რასაკვირველია, უარი არ მითქვამს. კილუტუს მაღაზიაში
წავედით და ორი ორთქლით ასაძრობი აპარატი ვიქირავეთ. მადამ მარტინო და შარლი სადღაც
გაემგზავრნენ არდადეგების გასატარებლად. ჩემი მშობლებიც სულ სამსახურში იყვნენ. ამიტომ
მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება გვქონდა.

უდავოდ კარგად გავაკეთეთ ჩვენი საქმე, თუმცა დაღლილობას ნუ იკითხავთ! ყველაზე დიდი
პრობლემა სიცხემ შეგვიქმნა. შუა ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა ჩრდილში ოცდაათი
გრადუსია, ადვილი არ არის ცხელ ორთქლში მუშაობა... უკეთესი საუნა რაღა გინდა!
ცხოვრებაში პირველად სწორედ მაშინ გავსინჯე ლუდი და საშინლად არ მომეწონა.

ერთ დღეს ბაბუა ლეონიც მოვიდა საქმეში ხელის წასაკრავად. აქვე ახლოს ჩაუვლია და
დავუნახივართ. მესიე მარტინო აღფრთოვანდა ამ ამბით. „ჩვენ ხელმარჯვე ოსტატები ვართ,
თქვენ კი, მესიე დიუბოსკ, ნამდვილი ხელოვანი ბრძანდებით“, – აღნიშნა მან. მართლაც, ბაბუამ
ერთი ხელის მოსმით გადაჭრა სანტექნიკისა და ელექტროობის ერთი შეხედვით, საჭოჭმანო
პრობლემები; ჩვენ ამ დროს დასიცხული შუბლიდან ოფლის მსხვილ-მსხვილ წვეთებს
ვიწმენდდით და გულს გინებით ვიოხებდით. მესიე მარტინო დაუსრულებლად ილანძღებოდა
ლათინურ სტილში: „მძღნერუს მძღნერა მძღნერუმ მძნერორუმ მძღნერის მძღნერის“.

16
საბოლოოდ ჩემმა მშობლებმა ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ჟან-მულენის კოლეჯში
ჩამწერეს. თავიდან დიდად არ უნდოდათ ჩემი იქ გაგზავნა, რადგან ეს კოლეჯი მაინცდამაინც
კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა. როგორც გაირკვა, ვერც სწავლის მაღალი დონით
დაიკვეხნიდა და ვერც მოსწავლეების სანიმუშო ყოფაქცევით; მაგრამ ეს იყო ერთადერთი
სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამ ეტაპზე ჩემს მიღებას დასთანხმდა. სხვა არჩევანი არ
გვქონდა.

სანამ მშობლები ჩემს სასკოლო დოსიეს შეავსებდნენ, მე ავტომატური ფოტოს გადასაღებად


გავემართე. ყველა ფოტოზე უშნოდ გამოვედი. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ჟან-მულენის
კოლეჯში კმაყოფილებიც კი უნდა ყოფილიყვნენ მათი ახალი მოსწავლით. აბა რა! ყოველ
ფეხის ნაბიჯზე ხომ ვერ შეხვდებით ცამეტი წლის, მეექვსე კლასელ ტიპს, რომელსაც ჰალკის
ხელები და ფრანკენშტეინის თავი აქვს! არ არის პატარა ამბავი...

ამასობაში ივლისიც თავის სტიქიაში შევიდა. მე კი შპალერის გაკვრა და ფუნჯით კანტების


გავლებაც ვისწავლე (ვისწავლე ასევე სიტყვა „კანტი“). ავითვისე ქაღალდის რულონად დახვევა,
ასევე, სხვადასხვა მანიპულაციები ბუშტუკების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. წებოს
ამბებშიც ძალიან დავოსტატდი. ბაბუას ელექტროსადენების გადარჩევასა და მოსინჯვაშიც
დავეხმარე:

– ამუშავდა?

– არა.

– ახლა?

– არა.

– ჯანდაბა. არც ახლა?

– ახლა კი.

ივლისში ასევე ვისწავლე სენდვიჩის მომზადება, გადავღებე ყველა კარი, შევცვალე


ელექტროჩამრთველები და მთელი თვე რადიო „თავგასიებულებს“ ვუსმენდი. როგორ არ
მინდოდა ამ ყველაფრის დასრულება! ვოცნებობდი,სექტემბერში ახალ ხარაჩოზე
შემოვმდგარიყავი, ახალ უფროსთან ერთად... აი, ამაზე ვფიქრობდი სოსისიანი სენდვიჩის
ჭამისას: კიდევ სამი წელი უნდა გავძლო, მერე კი სულ კარგად ბრძანდებოდეთ!

როდის გაივლის ეს სამი წელი!

ამას გარდა, კიდევ იყო რაღაც, რაც მოსვენებას მიკარგავდა – ბაბუა ლეონის ჯანმრთელობა. ის
უფრო და უფრო ხშირად და ხანგრძლივად ახველებდა. ბებომ პირობა ჩამომართვა, რომ ბაბუს
სიგარეტის მოწევისთვის თავს დავანებებინებდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ჩემს თხოვნაზე
ასეთი პასუხი მივიღე:

17
– ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი, ტოტო, მით უმეტეს, რომ ორი პარასკევიღა დამრჩენია.

ლამის გამაგიჟა ამ სიტყვებმა.

– ცუდად მსჯელობ, ტოტო. ეგ სიამოვნება კი ნამდვილად შეგიმცირებს დღეებს!

ბაბუა გამხიარულდა და ხუმრობის ხასიათზე მოვიდა:

– შენ ის მითხარი, ტოტო, როდის აქეთ აძლევ თავს უფლებას, რომ ტოტო დამიძახო?

ყოველთვის, როდესაც ბაბუ ასე მიცინოდა, კიდევ ერთხელ მახსენდებოდა, რომ ის იყო
ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. მას, უბრალოდ, არ ჰქონდა
სიკვდილის უფლება. ამას ვერასოდეს შევეგუებოდი.

სარემონტო სამუშაოების დასრულების ბოლო დღეს, მესიე მარტინომ მე და ბაბუ ძალიან კარგ
რესტორანში დაგვპატიჟა. კაცებმა ყავას ზედ თითო მოზრდილი, სქელი სიგარაც დააყოლეს.
იმის წარმოდგენასაც ვერ ვბედავ, როგორ მოხვდებოდა გულზე ჩვენს საყვარელ ბებია
ლოლოტს ბაბუას ამ დღეში დანახვა...

დამშვიდობებისას მეზობელმა კონვერტი გამომიწოდა:

– აიღე, შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე...

მაშინვე არ გამიხსნია. მხოლოდ მაშინ ჩავხედე, როდესაც სახლში დავბრუნდი და ჩემს


საწოლზე ჩამოვჯექი. კონვერტში ორასი ევრო აღმოჩნდა. ოთხი ნარინჯისფერი კუპიურა...
მოულოდნელობისგან თავზარი დამეცა: ცხოვრებაში ამდენი ფული ერთად არასოდეს მენახა.
გადავწყვიტე ჩემი მშობლებისთვის არაფერი მეთქვა. არ მინდოდა, ნერვები მომშლოდა
დაგროვებითი ანაბრის სარგებლიანობაზე შეგონებების მოსმენით. ფული ისეთ ადგილას
დავმალე, რომ თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა იქ მოძებნა. შემდეგ კი ბევრი ვიფიქრე და
ვიფიქრე...

რა შეიძლებოდა მეყიდა ამ თანხით? მაკეტების მასალა? (ამისთვის ყოველთვის ღირს ტყავის


გაძრობა) ახალი კომიქსები? ვებ პროგრამა „ასი ექსტრაორდინალური ნაგებობა“ ხომ არა?
„ტიმბერლენდის“ მარკის ქურთუკი? ან იქნებ „ბოშის“ ფირმის პორტატული ელექტროხერხი?

ამ ოთხმა ფურცლის ნაგლეჯმა დიდი თავსატეხი გამიჩინა. 31 ივლისის საღამოს, როდესაც


სახლი დავკეტეთ და ზღვაზე არდადეგების გასატარებლად წავედით, ასე საგულდაგულოდ
შერჩეული სამალავის გასახსენებლად მთელი საათი დავკარგე. მე და დედა აქეთ-იქით
ვაწყდებოდით – ის თავისი წინაპრების ნაანდერძალი ვერცხლის შანდლით ხელში დარბოდა.
უცებ წარმოვიდგინე, უცხო თვალისთვის რა სასაცილოები ვიქნებოდით ორივე. ქურდების
მოხერხებულობა აშკარად გვაკლდა...

18
***

აგვისტოში უცნაური და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პირიქით, თვე უსაშველოდ


გაიწელა და მოწყენილობისგან ლამის სული ამომხდა. ჩემმა მშობლებმა წელსაც ბრეტანში
იქირავეს სახლი და მე ამჯერადაც დამევალა არდადეგების შთაბეჭდილებებით რვეულის
შევსება – ეს თხზულება უნდა გამხდარიყო ჩემი მეექვსე კლასში დაბრუნების საშვი...
საათები გადიოდა კალმის ღრღნასა და თოლიების ცქერაში. ვოცნებობდი, თოლიად
გადავქცეულიყავი. ვნატრობდი, რომ შორეულ თეთრ-წითელ ფანართან მივფრენილიყავი.
ოცნებებში მე და ჩემი მეგობარი მერცხალი, სექტემბრის თვეში, მაგალითად ოთხ რიცხვში, –
როგორ დაემთხვა სკოლაში დაბრუნების თარიღს, – ერთად მივფრინავდით თბილ ქვეყნებში.
წარმოვიდგენდი, როგორ ვსერავდით ოკეანეებს, ჩვენ ორნი, ერთად, როგორ...

რეალობაში თავის გაქნევით დავბრუნდი. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მათემატიკის


ამოცანას – უაზრო ბოდვას თაბაშირის ტომრებზე და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ფრენის
სურვილი. თოლიას შეეძლო, ჩემთვის ყველა უსიამოვნება დაევიწყებინა. რა კარგი იქნებოდა –
ტყაპ! და დიდ თეთრ სკინტლს დაეფარა ჩემი რვეულის გვერდი, რომელიც ვერაფრით შევავსე.

ვფიქრობდი ყველა შესაძლო ვარიანტზე, რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა ეს შვიდი


თაბაშირის ტომარა...

მოკლედ, მაგრად ვიოცნებე, რა!

მშობლები დიდად არ ადევნებდნენ თვალყურს ჩემს მუშაობას. ეს მათი არდადეგებიც იყო და


არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, ამ პაპანაქებაში ჩემს ბატიფეხურზე ემტვრიათ თავი.
მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდნენ დაჟინებით: ყოველ დილით ჩავკეტილიყავი ჩემს ოთახში
და ტრაკი არ ამეწია იმ სკამიდან, რომელიც საწერი მაგიდის უკან იდგა.

სინამდვილეში არაფერს ჰქონდა აზრი. ამ დაწყევლილ რვეულს უცნაური ნახატებით და


ესკიზებით ვავსებდი. მოწყენით სულაც არ ვიწყენდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რასაც
ვაკეთებდი, ამაო იყო. ჩემთვის ვამბობდი: რა მნიშვნელობა აქვს, აქ ვიჯდები თუ არა? ყოფნა
თუ არყოფნა, აქ თუ არსად, რა განსხვავებაა? (თქვენც დამეთანხმებით, რომ შეიძლება
მათემატიკაში ტლუ ვარ, მაგრამ ფილოსოფიაში ვისაც უნდა შემეჯიბროს).

შუადღისას დედასთან ან მამასთან ერთად გავდიოდი სანაპიროზე. ორივესთან ერთად –


არასოდეს. ესეც ერთგვარი დასვენების სახე იყო: ისე გაენაწილებინათ დრო, რომ
იძულებულები არ ყოფილიყვნენ, მთელი დღე აეტანათ ერთმანეთი. მათ შორის აშკარად რაღაც
უსიამოვნო ხდებოდა; მათი ქცევებიდან ნათლად იკითხებოდა, რომ ერთმანეთს ვეღარ
უგებდნენ. ზოგჯერ რეპლიკებით ისე იკბინებოდნენ, რომ ვერც ერთი ვეღარ ვიღებდით ხმას და
სიჩუმეში ვიძირებოდით... ჩვენ ვიყავით მუდამ ცუდ გუნებაზე მყოფი ოჯახი. მე კი ვოცნებობდი

19
ბევრ სიცილსა და ისეთ მხიარულ საუზმეებზე, როგორსაც კარაქის რეკლამებში აჩვენებენ
ხოლმე. მაგრამ მშობლების გასამხიარულებლად არაფერი მომდიოდა თავში.

ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა, ბოლოსდაბოლოს, ჩვენი არდადეგები დასრულდა და


ჩემოდნების ჩალაგებისა და სახლის მოწესრიგების დრო დადგა, თითქოს ახლა მივდიოდით
დასასვენებლად, სუფთა ჰაერზე გავდიოდით და არა პირიქით... რა იდიოტობაა, წახვიდე ასე
შორს და მხოლოდ იმისთვის დახარჯო ამდენი ფული, რომ უკან დაბრუნება გაგიხარდეს!

***

სახლში დაბრუნებისთანავე დედა თავის შანდლებს ეცა, მე – ჩემს ფულს (ახლა უკვე შემიძლია
გაგანდოთ, რომ კუპიურები დავახვიე და სათამაშო მეომრის ფარს უკან შევაცურე).

ფოთოლცვენა დაიწყო და მეც განმიახლდა მუცლის ტკივილი.

გადაწყდა – ჟან-მულენის კოლეჯში მივდიოდი.

კლასში მე არც ყველაზე უფროსი ვიქნებოდი და არც – ყველაზე უტვინო. ასე რომ,
სადარდებელი არაფერი იყო. მშვიდად ველოდი მოვლენების განვითარებას. განზრახული
მქონდა, ჩემთვის ვყოფილიყავი და სკოლის ყოჩებისათვის თავი ყველანაირად ამერიდებინა.
უარი ვთქვი „ტიმბერლენდის“ მაისურის შეძენაზე, რადგან ვეჭვობდი, რომ დიდხანს ვერ
შემრჩებოდა მთელი...

სკოლაში წასვლა ძველებურად ავად აღარ მხდიდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ იქაურობა
სკოლის შთაბეჭდილებას არ მიტოვებდა. უფრო მეგონა, რომ ცხოველთა საშენში მივდიოდი,
სადაც მხეცებს დილიდან საღამომდე აყურყუტებდნენ...მოკლედ, არ იყო ჩემი საშველი, რა!
შოკირებული ვიყავი ზოგიერთი მოსწავლის მასწავლებლისადმი მიმართვის ფორმებით.
ვცდილობდი, რაც შეიძლება, ნაკლები მემოძრავა, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიმეპყრო და
დღეებს ვითვლიდი.

შუა ოქტომბერში დედაჩემის ბრაზმა პიკს მიაღწია. ის ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ფრანგულის
მასწავლებელი აღარ მყავდა (ახლაც არ ვიცი, ქალი იყო თუ კაცი). ჩემი დღიურის დანახვაც აღარ
შეეძლო. მეუბნებოდა, დღითიდღე შტერდებიო. მისი აზრით, თივით პირგამოტენილ ცხოველს
ვემსგავსებოდი. ვერ ხვდებოდა, რატომ არასოდეს მომქონდა ქულები. განსაკუთრებით
ისტერიკაში ვარდებოდა, როდესაც ხუთ საათზე ჩემს წასაყვანად მოსული ხედავდა, სავაჭრო
გალერეის თაღებქვეშ როგორ ეწეოდნენ რაღაც ბალახებს ჩემი ასაკის ბიჭები.

მოკლედ, ჩვენს ოჯახში ისევ დიდი კრიზისის ეპოქა დადგა – კრიზისის, ცრემლების და
წვინტლების...

20
ამ ყველაფრის შედეგად პანსიონი გავიჩალიჩე.

ერთ-ერთი მშფოთვარე საღამოს შემდეგ მშობლებმა ერთხმად გადაწყვიტეს ჩემი პანსიონში


გაგზავნა. რა მაგარია! მთელი ღამე სიმწრით კბილებს ვაკრაჭუნებდი.

დადგა ოთხშაბათი. ბებიასთან და ბაბუასთან წავედი. ბებომ კარტოფილი ისე შემიწვა, როგორც
მე მიყვარს. ბაბუას კი სიტყვაც არ დაუძრავს. არასასიამოვნო გარემო შეიქმნა. ყავის შემდეგ
ფარდულისკენ გავემართეთ. ბაბუა სიგარეტს მოუკიდებლად ატრიალებდა პირში.

– მოწევას თავი დავანებე, – გამანდო მან, – ხომ იცი, ამას ჩემს გამო არ გავაკეთებდი, უფრო ჩემი
კაპასი ცოლის თავიდან მოსაშორებლად გადავწყვიტე ასე.

გამეცინა.

ბაბუამ კარის ანჯამების სახრახნისით ჩამაგრება დამავალა; და ბოლოს, როდესაც გონება


მთლიანად მივმართე ამ საქმისაკენ, ჩუმი ხმით გამიბა საუბარი:

– გრეგუარ!

– ჰო, ბაბუ.

– როგორც გავიგე, პანსიონში გიშვებენ...

– ...

– არ მოგწონს ეს ამბავი, ხომ?

გაჩუმება მერჩივნა. აღარ მინდოდა, მეორე კლასელი პატარა ბავშვივით ღრიალი დამეწყო.

ბაბუამ გამომართვა კარის სახელური, რომელიც ხელში მეჭირა, გადადო, თავი მისკენ
შემაბრუნებინა და ნიკაპით დამიჭირა:

– მომისმინე, ტოტო, კარგად მომისმინე! მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია! ვიცი,
როგორ გეზიზღება სკოლა და ისიც ვიცი, რაც შენს სახლში ხდება. უფრო სწორად, ვეჭვობ. შენს
მშობლებზე მინდა გითხრა, რომ რაც მათ შორის ხდება... წარმომიდგენია, რა უსიამოვნო უნდა
იყოს ყოველდღე ამის გაძლება...
სახე მომექცა.

– უნდა მენდო, გრეგუარ. პანსიონის ამბავი ჩემი იდეა იყო, ეს აზრი მე ჩავაწვეთე დედაშენს... ნუ
მიყურებ ასე. ვფიქრობ, რომ შენთვის უკეთესი იქნება, ცოტა ხნით თუ მოშორდები აქაურობას,
ჰაერს ჩაყლაპავ, თვალს წყალს დაალევინებ. ასე მგონია, სული გეხუთება შენი მშობლების
ხელში. შენ მათი ერთადერთი ვაჟი ხარ. შენს გარდა არავინ ჰყავთ და შენს იქით ვეღარაფერს
ხედავენ. აზრადაც არ მოსდით, რამხელა ზიანს გაყენებენ ამდენი კირკიტით. არაფრის აზრზე

21
არ არიან. ვფიქრობ, ამ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს... მათ ჯერ თავიანთი
ურთიერთობები უნდა დაალაგონ და მერე ინერვიულონ შენზე და შენთან დაკავშირებულ
საკითხებზე. მე... ოჰ, არა გრეგუარ, ნუ გაქვს ასეთი სახე... მე არც მიფიქრია შენთვის ტკივილის
მოყენება. ჩემო დიდო ბიჭო, უბრალოდ მინდოდა, რომ შენ... ოჰ, ჯანდაბა! მუხლებზეც კი ვეღარ
დაგისვამს კაცი, იმხელა ხარ! მოიცა, შენ თვითონ გამიშალე მკლავები, ამჯერად მე
ჩაგეხუტები... არა, გემუდარები, ნუ ტირი. ამას ვეღარ გავუძლებ...

– დამწუხრებული არ ვარ, ბაბუა ლეონ, უბრალოდ, ცრემლები თავისით მომდის...

– ოჰ, ჩემო დიდო და ჩემო სულ პაწაწინავ... მოდი, დავამთავროთ ამაზე საუბარი. ახლა თავი
ხელში აიყვანე, ორივე გავყოჩაღდეთ. თუ ყიყლიყოების ჭამა გინდა, დამეხმარე, რომ ჟოზეფის
ავეჯი დროულად დავასრულო... მიდი, აიღე სახრახნისი.

ცხვირი სახელოთი მოვიწმინდე.

შემდეგ, როცა მე უკვე მეორე კარს შევები და სრულ სიჩუმეში ვიყავით ჩანთქმულები, ბაბუამ
დაამატა:

– ერთ რამესაც გეტყვი და ამის შესახებ მეტად აღარ დაგელაპარაკები. ძალიან მნიშვნელოვან
რამეს გეუბნები: მინდა იცოდე, რომ თუ შენი მშობლები ჩხუბობენ ხოლმე, ეს შენი ბრალი
საერთოდ არ არის. ეს მხოლოდ მათი ბრალია და მეტი არავისი. ვერავინ გაიგებს ორი
ადამიანის ამბავს, შენ კი არაფერ შუაში ხარ, გესმის ჩემი? არავითარ შემთხვევაში არ იგრძნო
თავი დამნაშავედ; გარწმუნებ, კლასში საუკეთესო მოსწავლეც რომ იყო და ცხრამეტ-ოც ქულაზე
ნაკლებ ნიშანს არ იღებდე, ისინი მაინც ასე იკამათებდნენ. უბრალოდ, ამისთვის სხვა საბაბის
პოვნა დასჭირდებოდათ. სულ ეს არის.

არაფერი მიპასუხია. ჟოზეფის ავეჯზე „ბონდექსის“ პირველი ფენა გადავუსვი.

***

შინ დაბრუნებისას ვნახე, რომ ჩემი მშობლები ბროშურებში იქექებოდნენ და კალკულატორზე


თითებს აკაკუნებდნენ. მე უცებ წარმოვიდგინე, რომ კომიქსებში ვცხოვრობდით და თავზე შავი
კვამლი გვადგა, სადაც ჩვენი საუბრიდან იწერებოდა სიტყვები. მშობლებს მივესალმე და ნელ-
ნელა საძინებლისკენ გავემართე, მაგრამ მათ არ გამიშვეს.

– გრეგუარ, ერთი, აქ მოდი!

ხმაზე შევატყვე, რომ მამა ხუმრობის ხასიათზე არ იყო.

22
– ჩამოჯექი.

მე მშიოდა და მხოლოდ სოსისზე მეფიქრებოდა.

– როგორც უკვე იცი, მე და დედაშენმა შენი პანსიონში გაგზავნა გადავწყვიტეთ.


თვალები დავხარე. ჩემთვის ვფიქრობდი: „მადლობა ღმერთს, რომ რაღაცაზე მაინც მოახერხეთ
შეთანხმება! აქამდე სად იყავით? მაინცდამაინც ასეთი უბადრუკი საკითხის ირგვლივ უნდა
მოგეხერხებინათ გაერთიანება?“

– წარმომიდგენია, როგორ არ მოგხიბლა ამ იდეამ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა და ვეღარაფერს


შევცვლით. ხომ ხედავ, ჩიხში შევედით.სკოლაში არაფერს აკეთებ, გაგრიცხეს, არავის უნდა შენი
მიღება, ჩვენი კვარტლის კოლეჯი კი სათვალავში ჩასაგდებადაც არ ღირს. ასე რომ სხვა
გამოსავალს ვერ ვხედავ... შენ შეიძლება არც იცი, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. უნდა
გესმოდეს, რომ შენს გამო მე და დედაშენი ახლა ძალიან ვიჭირვებთ ფინანსურად. მთელი
ძალით ვიჭერთ ქამრებს...

გონებაში მეცინებოდა: „უღრმესი მადლობა, ბატონებო! რა საჭირო იყო?! ყელამდე ვარ თქვენი
პატივისცემით! მეტისმეტად კეთილები ბრძანდებით! ფეხებიც ხომ არ დაგიკოცნოთ?“

მამაჩემი განაგრძობდა:

– არ გაინტერესებს ის ადგილი, სადაც მიდიხარ?

– ...

– დაგვცინი თუ რა ხდება?

– არა.

– მაშინ, ყველაფერი გარკვეულია და შენც ცოტა აზრზე მოდი! ეს ამბავი ნამდვილ თავსატეხად
გვექცა. დედაშენმა მთელი შუადღე ტელეფონთან გაატარა, მაგრამ უშედეგოდ. ვერ ვიპოვეთ
ისეთი დაწესებულება, რომელიც მიმდინარე წელს მიგიღებს და გაკვეთილებზეც დაგასწრებს,
რომელიც...

– მე მხოლოდ იქ თუ წავალ... – მოულოდნელად გავაწყვეტინე.

– სად „იქ“?

– იქ.

მე მათ გავუწოდე ფლაერი, შრომაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებით. დედამ ხელახლა


მოირგო სათვალე:

23
– სად არის ეს? ვალენსიდან ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, ჩრდილოეთის მხრიდან...
გრანშამის ტექნიკური ლიცეუმი... ეს კოლეჯიც კი არ არის...

– როგორ არა, კოლეჯიც აქვთ.

– შენ საიდან იცი? – მკითხა მამამ.

– დავრეკე და გავიგე.

– შენ დარეკე?

– დიახ, მე.

– ეს როდის? როდის მოხდა?

– სანამ არდადეგებზე გავემგზავრებოდით.

– მართლა? დარეკე და ამბები მოიკითხე? კი მაგრამ, რატომ მოიქეცი ასე?


– უბრალოდ, პირობების გაგება მინდოდა...

– და ახლა რას აპირებ?

– რა ვიცი, არაფერს.

– აქამდე რატომ არაფერი გვითხარი?

– იმიტომ,რომ ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა. შეუძლებელია!

– რა არის შეუძლებელი? რატომ არაფერი გამოვა?

– იმიტომ, რომ მოსწავლეებს დოსიეების მიხედვით არჩევენ. ჩემი დოსიე, კი იცით, რა


სახარბიელოცაა. ისეთი პატარა და არაფრისმთქმელია, რომ მოინდომონ, ცეცხლსაც ვერ
მოუკიდებენ...

ჩემი მშობლები ხმას არ იღებდნენ. მამაჩემი გრანშამის პროგრამას კითხულობდა და დედაჩემი


ოხრავდა...

მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი გაკვეთილებზე, მესამე დღესაც და იმის მომდევნო


დღესაც...

ნელ-ნელა ვხვდებოდი, ზუსტად რასაც ნიშნავდა გამოთქმა – „სული გამიმწარდა“.

ზუსტად ასე იყო – გავმწარდი. სული გამიმწარდა.

24
ვიცოდი, რომ ამ კოლეჯში ჩემი მოღვაწეობის დასასრული ახლოვდებოდა და ყველაფერი
ფეხებზე მეკიდა.

ადრეც ხომ არ ვიკლავდი თავს და ახლა სულ აღარაფერს ვაკეთებდი. აღარც იდეები მომდიოდა
თავში და აღარც რამის სურვილი მქონდა. ყველაფერზე გული ავიყარე. ჩემს ლეგოებს ერთად
მოვუყარე თავი, მუყაოს ყუთში ჩავაწყვე და პატარა ბიძაშვილს, გაბრიელს, გავატანე.
ტელევიზორს თვალს არ ვაშორებდი; კილომეტრებად გაწელილ კლიპებს ვუყურებდი.
შემეძლო, დღის უდიდესი ნაწილი ჩემს საწოლზე წამოწოლილს გამეტარებინა. აღარც
ვჩხირკედელაობდი. ხელები სულელურად ეკიდა ჩემს გაფშეკილ სხეულს. ზოგჯერ
მეჩვენებოდა, რომ აღარც სული მედგა. ხანდახან თუ ავმოძრავდებოდი, ისიც ტელევიზორის
სხვა არხზე გადასართველად, ან წვენის ბოთლზე თავსახურის მოსახსნელად.

უშნო ხომ ვიყავი, ახლა ნელ-ნელა ვშტერდებოდი კიდეც. მართალი ყოფილა დედაჩემი. მალე
სუფრასთან ადამიანურად სადილობის ნაცვლად თივის ცოხნას დავიწყებდი.

ბებიასა და ბაბუასთან წასვლის სურვილიც გამიქრა. ისინი თავაზიანები კი იყვნენ, მაგრამ მაინც
არაფერი ესმოდათ. მეტისმეტად მოხუცდნენ და ალბათ იმიტომ. ასეც რომ არ ყოფილიყო,
ბაბუა ლეონი როგორ უშველიდა ჩემს პრობლემებს? ვერაფრით. როგორც ვატყობ, ის
თავიდანვე ვერ მიგებდა. არც იცის, რას ნიშნავს ნამდვილი პრობლემა. ჩემს მშობლებს კი, ჯობს,
საერთოდ თავი დავანებოთ... მათთვის შესაფერის სიტყვასაც ვერ ვპოულობ... ნამდვილი
ზომბები არიან!

მინდოდა, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რაც დარტყმას მიაყენებდა მათ. რისი გაკეთება
შეიძლებოდა? არც კი ვიცი – თუნდაც ერთი განსაკუთრებული სიტყვა, ღიმილი, ჟესტი... რაღაც
ასეთი.

ვიჯექი და ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა.

– სულ დამივიწყე, ტოტო, არა?

– ჰმმ... დღეს, რაღაც, არ მქონდა გამოსვლის სურვილი...

– და მერე, ჟოზეფი? შენ ხომ დახმარებას დამპირდი მისი ავეჯის შეკეთებაში? სადაცაა, უნდა
დავუბრუნო.
ვაი! ეს საერთოდ გადამვარდა გულიდან!

– ბოდიში, ბაბუ. აუცილებლად მოვალ. ახლავე წამოვალ.

– არ არის პრობლემა, ტოტო, ნუ გამოფრინდები, მოვასწრებთ!

მადლობის ნიშნად, ჟოზეფი ბარაქიანი და გემრიელი ვახშმით გაგვიმასპინძლდა. მე ვეზუვის


ვულკანივით მასიური ტარტარი მივირთვი, რომელშიც ათასი რამ იყო გარეული: სალათის
ფურცლები, ხახვი, მწვანილი, წიწაკა. მნიამ. ბაბუა ლეონი მიყურებდა და იღიმებოდა:

25
– კარგი სანახავი ხარ, ტოტო. სამწუხაროდ, ზოგჯერ შენი მოხუცი წინაპარი ექსპლუატაციას
გიწევს, მაგრამ, სამაგიეროდ, შენს გემოზე შეგიძლია გამოძღე.

– ბაბუ, შენ თვითონ რატომ არაფერს ჭამ?

– რა ვიცი, არ ვარ მშიერი... ბებიაშენი მეტისმეტად მომეძალა საუზმეზე ამ დილით. თან


ჟოზეფის იმედიც არ მქონდა, მაინცდამაინც...

ვახშმის შემდეგ პირდაპირ შიდა სამზარეულოს სანახავად წავედით. აურაცხელი ტაფა და ქვაბი
ვნახე. ამას გარდა: უზარმაზარი ჩამჩები, კატაპულტის მსგავსი ხის კოვზები, ძალიან ბასრი,
ზომების მიხედვით დაწყობილი ათამდე დანა...

ჟოზეფმა უცებ წამოიძახა:

– შეხედეთ, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნოთ – ტიტი, ჩვენი ახალწვეული! მშვენიერი ბიჭუნაა!
მთავარია, თავზე მაღალი ქუდი დაიხუროს და შეფმზარეულობაზე იფიქროს, და ნახავთ,
რამდენიმე წელიწადში „მიშლენის“ ის უქნარა კრეტინები აქ თუ არ მობრძანდებიან და ლაქუცს
დაუწყებენ. ამას მე გეუბნებით! გამარჯობა არ უნდა თქვა, ტიტი?

– გამარჯობა.

ბიჭი საქმეში იყო გართული. ათასი მილიარდი კილო კარტოფილი ჰქონდა გასარჩევი. თუმცა,
მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილი სახით იჯდა. მალე მისი ფეხები კარტოფილის
ნათალების გორამ დაფარა. ამის დანახვაზე გავიფიქრე: „ეს ბიჭი, წესით, თექვსმეტი წლის კი
უნდა იყოს უკვე...“

ბაბუამ სახლის წინ ჩამომსვა, მაგრამ ცოცხალი თავით არ წყვეტდა ჩემს დამოძღვრას იმის
შესახებ, თუ როგორ მიმეწერა წერილი გრანშამის კოლეჯის დირექტორისთვის:

– ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც წესი და რიგია, კარგი?

– კი, კი.

– არაფერს მიაქციო ყურადღება: არც შეცდომებს, არც სტილს, არც – შენს ბატიფეხურ ნაწერს...
საერთოდ არაფერზე ინერვიულო... მხოლოდ ის დაწერე, რაც ნამდვილად გულში გაქვს, კარგი?

– კარგი, კარგი...

იმავე საღამოს შევუდექი წერას. ცხოვრებაში არ მიჯღაბნია ამდენი. თერთმეტი ნაწერი


მოვისროლე ნაგვის ურნაში. ბოლოს ძალიან მოკლე წერილი გამომივიდა, რომელსაც
უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო გრანშამის სკოლის დირექტორო,

26
ძალიან მინდა თქვენი სკოლის მოსწავლე გავხდე, მაგრამ ვიცი რო ამის შანსი არა მაქვს რადგან
ძალიან ცუდი სასკოლო დოსიე მაქვს.
სარეკლამო პუბლიკაციების მიხედვით მგონია რო თქვენს სკოლას უნდა ქონდეს მექანიკური
საამქროები, ხის სახელოსნოები, ინფორმატიკის კაბინეტები, სათბური და ა.შ...

მე ვფიქრობ რო ცხოვრებაში ქულები არაფერს არ ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან


მინდა გრანშამში მოვხვდე რადგან ჩემი აზრით მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი
ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი.

შეხვედრამდე!

გრეგუარ დიუბოსკი

P.S. N1: ცხოვრებაში პირველად ვიხვეწები ასე სკოლაში წასვლას. ჩემს თავს ვეკითხები ავად ხომ
არა ვარ მეთქი.

P.S. N2: გიგზავნით ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყოს გეგმას. 7 წლის ვიყავი ეს ხელსაწყო რო
გამოვიგონე“.

როდესაც წერილი გადავიკითხე, ძალიან აბდაუბდა მეჩვენა, მაგრამ გამბედაობა აღარ მეყო,
მეცამეტედ დამეწყო თავიდან.

წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა იმ დირექტორის თავში, როდესაც ამ წერილს წაიკითხავდა.


უეჭველად ამას გაიფიქრებდა: „ღმერთო, რა შტერი ბავშვია, რა ჯანდაბაა?!“ – შემდეგ ამ
წერილისგან გუნდას გააკეთებდა და ნაგვის ურნაში მოისროდა. იმწუთას ლამის გადავიფიქრე
გაგზავნა, მაგრამ გამახსენდა, რომ ბაბუა ლეონს სიტყვა მივეცი და აღარ მომინდა, კიდევ
ერთხელ გამეცრუებინა მისთვის იმედი.

წერილი კოლეჯიდან დაბრუნებისთანავე გადავაგზავნე. შემდეგ სავახშმოდ დავჯექი და თან იმ


ბროშურას ვათვალიერებდი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ კოლეჯის დირექტორი
ქალბატონი ყოფილა და არა – ბატონი. აი, ამას ჰქვია ვირობა! ტუჩს ვიკვნეტდი და თავს უშვერი
სიტყვებით ვილანძღავდი: – ნამდვილი ვირი ხარ რა, იდიოტი კუბში!

იმედის რა გითხრათ და 35 კილოგრამი მთხლე კი ნამდვილად გახლავართ...

შემდეგ, ტუსენის (ყველა წმინდანის) არდადეგები დაიწყო. მე ორლეანში გავემგზავრე, დეიდა


ფანისთან. ბიძაჩემის კომპიუტერზე ვთამაშობდი, შუაღამემდე არ ვიძინებდი და მთელ დილას
საწოლში ნებივრობაში ვატარებდი. მანამდე ვქაჩავდი, სანამ ჩემი პატარა დეიდაშვილი
ლოგინში არ შემომიხტებოდა ყიჟინით:

„იეგო, იეგო! გრეგუარ, იეგოები არ ვითამაშოთ? ადე, იეგო მინდაა...“

ამ ოთხი დღის განმავლობაში რა აღარ ავუშენე ლეგოებით: ჯერ გარაჟი, გემი, შემდეგ – მთელი
სოფელი... ყოველთვის, როდესაც რამეს ავაწყობდი, თავიდან კმაყოფილი იყო, სიგიჟემდე

27
მოსწონდა, მერე კი ბახ! და მთელი ძალით იატაკზე ახეთქებდა, თან ისე, რომ კონსტრუქცია
ათას პაწაწინა ნაწილად დაშლილიყო. პირველად ამან ძალიან გამანერვიულა და გამაბრაზა,
მაგრამ როცა მისი საოცარი კისკისი ჩამესმა, სრულიად დამავიწყდა ჩემი ორი დაკარგული
საათი. ვგიჟდებოდი ბავშვების უდარდელ სიცილზე. ახალი ენერგიით მავსებდა.

აუსტერლიცის სადგურზე ჩემს დასახვედრად დედა მოვიდა. მანქანაში ჩავსხედით თუ არა,


მომახალა:

– შენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?

– კარგით.

– გრანშამის დირექტორმა დარეკა გუშინ. თანახმაა, მიგიღოს, თუმცა მანამდე პატარა ტესტის
ჩაბარება მოგიწევს...
– ფუუჰ, ამას თუ კარგ ამბავს ეძახი... ტესტის ჩაბარება რომ შემეძლოს! ესღა მაკლდა! ყველის
ჭამა ხომ არ გგონია?! და ცუდი ამბავი რაღაა?

– ბაბუაშენია ცუდად, საავადმყოფოში წევს.

ვიცოდი. გული მიგრძნობდა. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ცუდი ამბავი ბაბუს ეხებოდა.

– სერიოზულადაა საქმე?

– ჯერ არ ვიცით. რაღაც დაავადება აქვს და ჯერჯერობით აკვირდებიან. ძალიან სუსტად არის.

– მისი ნახვა მინდა.

– არა, ჯერ არ შეიძლება. ამ ეტაპზე მასთან არავის შეუშვებენ. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ძალები
უნდა მოიკრიბოს და ფეხზე დადგეს.

დედა ტიროდა.

***

ჩქაროსნულ მატარებელში, თვალის გადასავლებად წამოღებული გრამატიკის წიგნის გადაშლა


აზრადაც არ მომსვლია. ფიქრებისათვის თავის მოყრა მიჭირდა. მატარებელი უზარმაზარი,
კილომეტრებზე გაჭიმული ელექტრომავთულების გასწვრივ მიჰქროდა და ყოველი ბოძის
შეხვედრისას ჩუმად ვიმეორებდი: „ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ...
ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ... ბაბუა ლეონ...“ ხოლო ბოძებთან

28
მისვლამდე ამას ვამბობდი: „არ მოკვდე, ბაბუა ლეონ, დარჩი ჩვენთან. ძალიან მჭირდები, ბებია
შარლოტსაც სჭირდები, უშენოდ როგორ უნდა იცხოვროს? ძალიან გაუბედურდება. ანდა, ჩემზე
არ ფიქრობ? არ მოკვდე, რა! უბრალოდ, არ გაქვს სიკვდილის უფლება! მე ხომ ჯერ ისევ პატარა
ვარ. მინდა, რომ გაზრდილი და დავაჟკაცებული მნახო. მინდა, შენც იამაყო ჩემით. მე ხომ ახლა
ვიწყებ ცხოვრებას და შენი გვერდში დგომა აუცილებლად დამჭირდება. თანაც, თუკი ოდესმე
დავქორწინდები, მინდა, რომ შენც იცნობდე ჩემს ცოლსა და შვილებს. მათაც უნდა იარონ შენს
ფარდულში, მისი სურნელი შეიგრძნონ. მინდა, რომ...“

ჩამეძინა.

***

ვალენსის მატარებლის სადგურში ერთი ბატონი დამხვდა. გზაში, სანამ სკოლამდე


მივიდოდით, დავადგინე, რომ ის იყო გრანშამის მებაღე, ანუ, თანამედროვე ენით
„ექსტერიერის დიზაინერი“.

ძალიან მომწონდა ჯდომა მის პატარა სატვირთო მანქანაში, რომელსაც საწვავის და გამხმარი
ფოთლების სუნი ასდიოდა.

პანსიონის სხვა მობინადრეებთან ერთად ვისადილე. ყველანი მეტისმეტად აყლაყუდები და


ჩაფსკვნილები მეჩვენებოდნენ. კარგად კი მექცეოდნენ. ლამის შლანგით მისხამდნენ წვნიანს
ღრმა თეფშში. მალულად, მოსაწევად საუკეთესო ადგილები მიჩვენეს. ამიხსნეს, რომ თუ
ბუფეტის მომსახურე პერსონალთან კარგი ურთიერთობა გექნებოდა, დამატებითი ულუფა
გარანტირებული გქონდა, გოგოების საცხოვრებელ ოთახებშიც აგიშვებდნენ სათადარიგო
კიბით, მასწავლებლების ჩვევებსაც დაგამუღამებინებდნენ და ბევრ სხვა რამესაც ისწავლიდი
მათგან...

აქ ხშირად იცინოდნენ – ხმამაღლა და სულელურად. ეს არ იყო ბოროტი სიცილი – უფრო


ბავშვური და მიამიტი.

სასადილოს პერსონალს ლამაზი, მაგრამ კოჟრიანი ხელები ჰქონდა, ფრჩხილებქვეშ კი ცხიმი


დაგროვებოდა. საჭმელად შესულს გამომკითხეს, რატომ ვიყავი აქ.

– იმიტომ, რომ სხვა არცერთი კოლეჯი არ შემეფერება.

ვერ გამიგეს.

– არცერთი?

29
– ჰო, არცერთი.

– თავშესაფრის მოძებნა არ გიცდია?

– როგორ არა, თავშესაფარშიც ვიყავი, მაგრამ ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ცუდ გავლენას
ვახდენდი სხვა მოსწავლეებზე.

რომელიღაცამ ზურგზე ხელი მომიტყაპუნა:

– კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს კლუბში, პატარა კაცო!

მერე მე ვთქვი, რომ მეორე დილით ტესტი მქონდა ჩასაბარებელი.

– თუ ასეა, აქ რაღას ყურყუტებ, შე ეშმაკის ფეხო! წადი და გამოიძინე. ხვალ კარგ ფორმაში უნდა
იყო!

გამიჭირდა ჩაძინება. მერე კი უცნაური სიზმარი ვნახე. მე და ბაბუა ლეონი რომელიღაც მაგარ
პარკში ვიყავით, მაგრამ ბაბუა ძალიან მიშლიდა ნერვებს. ჩემს ტანსაცმელში იჩხრიკებოდა და
განუწყვეტლივ მეკითხებოდა – „მითხარი, სად არის ჩემი სიგარეტი, ჰკითხე მათ, სად
დამალეს...“

საუზმეზე ერთი ლუკმაც არ გადამივიდა ყელში. მუცელი გაქვავებულივით მქონდა. ცხოვრებაში


ასე ცუდად არ ვყოფილვარ, მუცელიც ასე არასდროს მტკენია. ნელა ვსუნთქავდი, შუბლზე
ოფლის წვეთები მიბრწყინავდა. ერთდროულად მციოდა და მცხელოდა.

ერთ პატარა საკლასო ოთახში შემიყვანეს და კარგა ხნით მარტო დამტოვეს. ისიც კი გავიფიქრე,
ხომ არ დამივიწყეს-მეთქი.

ბოლოს ერთი ქალბატონი შემოვიდა და დიდი რვეული გადმომცა შესავსებად. სიტყვები და


წინადადებები ჩემ თვალწინ აცეკვდნენ. ინჩიბინჩი არ გამეგებოდა. იდაყვები მაგიდაზე
დავაწყვე და თავი ხელებში ჩავრგე; უნდა მესუნთქა, დავმშვიდებულიყავი და დავცლილიყავი ამ
მღელვარებისგან. უცებ მერხზე ძველ მიმოწერებს მოვკარი თვალი. ერთი წერდა: „მე დიდი
ძუძუები მიყვარს“, მეორეს გვერდით მიუწერია : „მე მირჩევნია ენას კბილი დავაჭირო“. ამან
ცოტა გამახალისა, გამეცინა და მუშაობას შევუდექი.

თავიდან კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ რაც მეტს ვფურცლავდი, მით უფრო მიჭირდა
პასუხების პოვნა. თანდათან პანიკა მეწყებოდა. ყველაზე მეტად ერთი რამდენიმეხაზიანი
პარაგრაფი მერთულა. პირობაში ეწერა: „იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომები ტექსტში“. ეს
რაღაც საშინელება იყო, ვერცერთ მათგანს ვერ ვპოულობდი. ღმერთო ჩემო, რა უბადრუკი
ვიყავი! ტექსტი სავსე იყო შეცდომებით, მე კი ვერაფერს ვპოულობდი. ყელში ბურთი მქონდა
გაჩხერილი, რომელიც ნელ-ნელა ზემოთ ამოდიოდა და ცხვირშიც ნემსივით რაღაც
მჩხვლეტდა. თვალები ფართოდ გავახილე. ვერ დავუშვებდი, რომ მეტირა. არ მინდოდა
ტირილი, არ მინდოდა, გესმით ჩემი?

30
თუმცა, მიუხედავად ძალისხმევისა, ერთი მსხვილი ცრემლი მაინც ჩამომიგორდა და დანახვაც
ვერ მოვასწარი, ისე დაეცა რვეულზე... ნაბიჭვარი! რაც შეიძლება ძლიერად ვაკრაჭუნებდი
კბილებს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სადაც იყო, ვიხუვლებდი. რა ჯებირი შეაკავებდა ამ ემოციას!

ისედაც კარგა ხანი იყო, ტირილს ვიკავებდი და ვცდილობდი, რაღაცებზე ფიქრისთვის თავი
ამერიდებინა. ვითომ ბევრი რამ მივივიწყე კიდეც, მაგრამ ზოგჯერ დგება დრო, როდესაც
ყველაფერი, რაც კი გონებაში ჩაგიმარხავს, თავიდან აღმოცენდება და ტანს იყრის. სწორედ
ამიტომ ვიცოდი, რომ თუკი იმ მომენტში თავს ვერ მოვერეოდი და ავტირდებოდი, ვეღარაფერი
შემაჩერებდა, ყველა კაეშანი ერთად გამახსენებდა თავს: გროდუდუ, მარი, ის წლები, როდესაც
უკანასკნელი მოსწავლე ვიყავი, სკოლაში გამეფებული სულელური წესები, ჩემი მშობლები,
რომელთაც ერთმანეთი აღარ უყვარდათ, სახლში გატარებული ყველა მოსაწყენი დღე, და
ბოლოს, საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში მწოლიარე და ცხვირში მილებგაყრილი ბაბუა
ლეონი, რომლის სიცოცხლის დღეები ნელ-ნელა ილეოდა...

ტირილის ზღვარზე ვიყავი და ტუჩებს ისე ვიკვნეტდი, ლამის სისხლი მდიოდა. უცებ თითქოს
რაღაც ხმა ჩამესმა: – რას აკეთებ, ტოტო, ეს არის ჩვენი შეთანხმება? თავი დაანებე ავტოკალმის
ძროხასავით ცოხნას და საქმეს მიხედე!

აი, ჭკუიდანაც ვიშლები... ჰალუცინაციები დამეწყო! ჰეი, თქვენ, ზემოთ, მგონი, შეცდით... მე არა
ვარ ჟანა დ’არკი. მე ერთი პატარა მაჩანჩალა ვარ, რომელიც ცდილობს, თავისი არეული
ცხოვრება როგორმე მოაწესრიგოს.

– კარგი, ბატონო იერემია, გამაფრთხილეთ, როცა თქვენი აზრების გაქანებული ეტლის


შეჩერებას გადაწყვეტთ. იქნებ მაშინ მაინც წაგვეჩალიჩა ცოტა!

საერთოდ როგორ უნდა ამეხსნა ეს ამბავი? ოთახს თვალი კარგად მოვავლე, რომ სადმე კამერა
ან მიკროფონი აღმომეჩინა, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ნეტა, მეოთხე განზომილებაში ხომ არ
მოვხვდი?

– ბაბუა ლეონ, შენ ხარ?

– აბა ვინ ვიქნები, შე ყეყეჩო... რომის პაპი?

– მაგრამ... ეს ხომ შეუძლებელია...

– რას გულისხმობ?

– შენ რომ... სადღაც ხარ და იქიდან მელაპარაკები...

– სისულელეებს ნუ ამბობ, ტოტო, შენც მშვენივრად იცი, რომ ყოველთვის აქ ვიყავი. ეს ხომ
ძალიან სახალისოა! ცოტა გონება მოიკრიბე! აიღე ფანქარი და გამიხაზე ყველა ნაუღლები
ზმნა. ახლა იპოვე მათი შესაბამისი ქვემდებარე... აი ასე... დააკავშირე პატარა ისრით... ძალიან
კარგია. დაფიქრდი, ყველა მეტყველების ნაწილი დროსა და პირში შეთანხმებული უნდა იყოს.
ყოჩაღ! ახლა კრებითი სახელები გახაზე. იპოვე მათი განსაზღვრება და შეუთანხმე. ყველაფერი

31
შეუთანხმე ერთმანეთს. ზედსართავებზეც გადავიდეთ. უცნაურად არ გეჩვენება ეს
განსაზღვრება „მოხარშული“ – სიტყვა „სუფრასთან“? „გაწყობილი სუფრა“. ხომ ხედავ,
ყველაფერი გამოგდის, თუ ცოტა ტვინს გაანძრევ და ყურადღებას მოიკრებ. ახლა რამდენიმე
ფურცლით უკან გადმოშალე, საშინელი შეცდომები შევამჩნიე შენს დაანგარიშებებში. ხომ იცი,
რა მახვილი თვალი მაქვს. აბა, გადახედე ამ განყოფილებას... კიდევ ერთხელ... კიდევ! რაღაც
დაგავიწყდა. ყოჩაღ, აღმოაჩინე, კარგია! ახლა მეოთხე გვერდს დავუბრუნდეთ, თუ შეიძლება...

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მღვიძარს მეძინა. ერთდროულად


სუპერკონცენტრირებულიც ვიყავი და მოშვებულიც. თითქოს ღრუბლებზე ვიჯექი და ისე
ვწერდი. ნამდვილად უჩვეულო შეგრძნება იყო.

– ესეც ასე! ახლა კი დაგტოვებ, ტოტო, მხოლოდ შეცდომების გასწორებაღა დაგრჩა და ამ


საქმეში ჩემზე გაცილებით ძლიერი ხარ... დიახ, დიახ, მართალს ვამბობ. ახლა დაგტოვებ,
მაგრამ ორთოგრაფიას ყურადღება მიაქციე, კარგი? გაიხსენე, ახლახანს როგორ ვაკეთებდით:
პატარა ისრები და შეთანხმება. წარმოიდგინე, რომ სიტყვების პატრული ხარ. სანამ თავის
ადგილს მიუჩენ, ყველა სიტყვას საბუთები უნდა მოსთხოვო:

– „ჰეი, თქვენ, მანდ, რა გქვიათ?

– ზედსართავი სახელი. – ვისთან ერთად მგზავრობთ, ჩემო ბიჭო? – „ძაღლებთან“ ერთად. –


კეთილი, ამ შემთხვევაში, თქვენ რისი გაკეთება მოგიწევთ? – მრავლობითი რიცხვის ნიშნის
მიმატება. – მშვენიერია, მართალი ბრძანდებით, განაგრძეთ მოძრაობა“. მიმიხვდი, რისი თქმაც
მინდოდა?

– მიგიხვდი. – ვუპასუხე მე.

– ხმამაღლა ნუ საუბრობთ, ახალგაზრდავ! – წამოიძახა მეთვალყურემ. ჩუმად იმუშავეთ.


სიტყვაც არ გავიგონო!

ორმოცდაჩვიდმეტჯერ მაინც გადავიკითხე და შემდეგ დავაბრუნე რვეული. დერეფანში ერთიც


წავიჩურჩულე:

– ბაბუა ლეონ, ისევ აქ ხარ?

პასუხი არავინ გამცა.

მოგვიანებით ისევ ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. კავშირი აღარ შედგა.

ბაქანზე ჩემი მშობლების თავებს თვალი მოვკარი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა.

– გარდაიცვალა? – პირდაპირ ვიკითხე. – მოკვდა, ხომ?

– არა, ცოცხალია, – მიპასუხა დედამ, – მაგრამ, კომაშია.

32
– რამდენი ხანია?

– დღეს დილიდან.

– გამოვა ამ მდგომარეობიდან? გამოიღვიძებს?

მამას სახე მოექცა. დედა კი მხრებში ჩამაფრინდა და ცრემლებად დაიღვარა.

***

ბაბუა საავადმყოფოში არ მომინახულებია. არც არავინ მისულა იქ. ეს აკრძალული იყო, რადგან
ნებისმიერ, ჩვენს ყველაზე პატარა მიკრობსაც კი შეეძლო მისი სიკვდილი გამოეწვია.

სამაგიეროდ, ბებოს ვესტუმრე და დავინახე თუ არა, შოკში ჩავვარდი. ძალიან დასუსტებული და


მოტეხილი მეჩვენა. ლურჯ, საშინაო ხალათში იყო გახვეული და ოდნავ იღიმებოდა.
იდიოტივით ვიდექი შუა სამზარეულოში და არ ვიცოდი რა მექნა, როდესაც ბებომ ერთი აზრი
მომაწოდა:

– გრეგუარ, მიდი, ცოტა წაიმუშავე! ხელი შეავლე ხელსაწყოებს და ააგუგუნე. მოეფერე ხის
ნაჭრებს, გამოელაპარაკე მის ნივთებს და დაამშვიდე, უთხარი, რომ მათი პატრონი მალე
აუცილებლად დაუბრუნდებათ.
ის ჩუმად, უხმოდ ტიროდა.

შევედი. სამუშაო მაგიდაზე გადაჯვარადინებული ხელები დავაწყვე და როგორც იქნა, მეც


ავტირდი. ერთად ამოვუშვი ამ ხნის განმავლობაში დაგუბებული ცრემლები. არ ვიცი, რამდენი
ხანი დავყავი ასეთ მდგომარეობაში. ერთი საათი? იქნებ ორი, ან სამიც...? არ ვიცი.

როცა წამოვდექი, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. თითქოს, აღარც ცრემლი შემრჩენოდა და
აღარც მწუხარება. ცხვირის მოსახოცად, იატაკზე დაგდებულ ძველ, გაპოხილ ჩვარს დავწვდი და
სწორედ მაშინ მომხვდა თვალში ის ერთი სიტყვა, რომელიც ადრე ხის ნაჭერზე ამოვტვიფრე –
„დამეხმარე“.

***

33
გრანშამში მიმიღეს.

არც გამხარებია და არც მწყენია. გამგზავრებით და, როგორც ბაბუა ლეონი იტყოდა, „ჰაერის
გამოცვლით“ კი ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი. ჩანთა ჩავალაგე და ჩემი ოთახის კარი ისე
მოვიხურე, უკან აღარც მიმიხედავს. დედას ვთხოვე, ბატონი მარტინოს მოცემული ფული ბანკში,
ჩემს ანგარიშზე შეეტანა. მისი დახარჯვის სურვილი გამიქრა. საერთოდ, აღარაფრის სურვილი
შემრჩა. უფრო სწორად, რაც მართლა მინდოდა, ის შეუძლებელი იყო. უკვე ვხვდებოდი, რომ
ცხოვრებაში ყველაფერს ფულით ვერ იყიდდი.

მამამ ისარგებლა იმით, რომ მორიგი გასვლა ჰქონდა რეგიონში და ჩემს ახალ სკოლამდე
გამომყვა. მანქანაში ბევრი არ გვისაუბრია. ვიცოდით, რომ ჩვენი გზები მალე გაიყრებოდნენ.

– დამირეკეთ, როგორც კი რამე ახალს შეიტყობთ, კარგი?

მამამ თავი დამიქნია და მოუქნელად მომეხვია.

– გრეგუარ!

– ბატონო.

– არა, არაფერი. უბრალოდ მინდოდა, მეთქვა, ეცადე, ბედნიერი იყო-მეთქი. შენ ამას
ნამდვილად იმსახურებ. ვიცი, შენთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ დამიჯერე, ყოველთვის
ვიცოდი, რომ კარგი ტიპი იყავი... ჰო,მართლა მაგარი ტიპი ხარ!

დამშვიდობებისას, მამამ ძლიერად ჩამომართვა ხელი.

***

კლასში სუკეთესო მოსწავლე ვერ გავხდი. ისევ ყველაზე ჩამორჩენილთა რიგებში ვეწერე. ამ
საკითხზე ღრმად თუ ჩავფიქრდებოდი, მეჩვენებოდა, რომ მართლაც ვიმსახურებდი
უკანასკნელი მოსწავლის წოდებას. თუმცა, მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი...
ერთ დღეს ფრანგული ენის მასწავლებელმა, მადამ ვერნუმ, ჩვენი ნამუშევრები დაგვიბრუნა
ტექსტის გააზრებაში. ოცი ქულიდან ექვსი მქონდა მიღებული.

– ვიმედოვნებ, შენი გამოგონილი ბანანის გასაფცქვნელი ხელსაწყო უფრო შედეგიანი


გამოდგა... – მითხრა მასწავლებელმა და ოდნავ გამიღიმა.

ვფიქრობ, ჩემი გამოგონებისა და იმ წერილის წყალობით, რომელიც თავის დროზე სკოლაში


გამოვაგზავნე, ჩემზე უფრო კარგი წარმოდგენა ჰქონდათ, ვიდრე სინამდვილეში ვარ და უფრო

34
მეტსაც მოელოდნენ. ყველამ გაიგო, რომ, ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი ბედენა ვიყავი,
მაგრამ გამოსწორების დიდი სურვილი მქონდა.

სამაგიეროდ, სახვით ხელოვნებასა და ხელმარჯვეობაში ბადალი არ მყავდა. განსაკუთრებით


ამ უკანასკნელში. ეგ კი არა, მასწავლებელსაც კი ვჯობდი. როდესაც მოსწავლეებს რამე არ
გამოსდიოდათ, რჩევისთვის პირველად ჩემთან მოდიოდნენ. თავიდან მესიე ჟუგლე ცუდად
შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ შემდეგ მანაც მოსწავლეებს მიბაძა და წამდაუწუმ რჩევას
მეკითხებოდა. პირდაპირ ტვინი წაიღო, რა!

ჩემი სუსტი წერტილი ისევ სპორტის გაკვეთილი იყო. ისედაც ხომ არც ერთ საგანში არ
ვბრწყინავდი, მაგრამ აქ აშკარად თვალშისაცემი იყო ჩემი უნიჭობა, რადგან სპორტული
აქტივობები, ჩემ გარდა, ყველას უყვარდა და კარგადაც გამოსდიოდათ. ყველაფერში მარცხი
მომდიოდა. ამას შეგუებულიც ვიყავი,მე ხომ ვერც დავრბოდი, ვერც ვხტებოდი, ვერც
ვყვინთავდი, ვერც ბურთს ვიჭერდი და მიზანში სროლაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო
საუბარი... არაფერი გამომდიოდა. სრული არარაობა. მოქნილობაში აქლემიც კი მაჯობებდა.

ბავშვები „ზრდილობიანად“ მამკობდნენ და ჭრილობაზე მარილს მაყრიდნენ:

– ჰეი, დიუბოსკ, არ გაგვიმხელ,როგორ დაიყენე ასეთი კუნთები?

ან ასე:

– ფრთხილად, ბიჭებო, ნახტომის გასაკეთებლად დიუბოსკი ემზადება! ბინტის მომარაგება არ


დაგავიწყდეთ!

დედა კვირაში ერთხელ მაინც მირეკავდა. პირველად ყოველთვის იმას ვეკითხებოდი, რამე
სიახლე ხომ არ იყო. ერთ დღესაც დედას მოთმინება გამოელია:

– გრეგუარ, მისმინე, გეყოფა! აღარასოდეს დამისვა ეს შეკითხვა. შენც იცი, რომ თუკი რამე
იქნება, აუცილებლად მაშინვე შეგატყობინებ. შენ შესახებ მომიყევი, შენს მასწავლებლებზე,
ამხანაგებზე, ყველაფერზე, რასაც აკეთებ...

არადა, მისთვის არაფერი მქონდა სათქმელი. თავს ძალას ვატანდი ერთი-ორი სიტყვის
გადასაბმელად, მერე კი რამეს ვიმიზეზებდი და საუბარს ვწყვეტდი. რაც ბაბუას არ ეხებოდა,
ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის.

***

35
კარგად ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ერთი წუთითაც არ ვყოფილვარ. მთრგუნავდა ის ფაქტი, რომ
ბაბუა ლეონისთვის არაფრის გაკეთება შემეძლო. არადა, მის გამო მთები უნდა გადამედგა,
შუაზე გავხლეჩილიყავი და ნელ ცეცხლზე შევმწვარიყავი. თუ საჭირო გახდებოდა, მხარზე
შევისვამდი და მთელ დედამიწას მოვატარებდი, საკუთარ გულს ამოვიღებდი მკერდიდან მის
გადასარჩენად და რასაც გინდა, იმას გავუძლებდი... მაგრამ, აი – ვერაფერს ვაკეთებდი!
ლოდინის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა.
აუტანელ მდგომარეობაში ვიყავი. ბაბუა ყოველთვის მეხმარებოდა, როდესაც მჭირდებოდა, მე
კი ვერაფერს ვაკეთებდი მისთვის. სულ ვერაფერს.

ეს სპორტის გაკვეთილებიც რომ გამეჩხირა... იმ დღეს, კვანძებიან თოკზე აცოცება დაგვავალეს.


საშინელებაა. მას შემდეგ, რაც ექვსი წელი შემისრულდა, ვცდილობ, თოკზე აცოცება ვისწავლო,
თუმცა, არაფერი გამომდის. ერთხელაც არ გამომსვლია. კვანძებიანი თოკი ჩემი გოლგოთა იყო.

როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, მომომ წამოიყროყინა:

– მოდით, შეხედეთ, ახლა ინსპექტორი გაჯეტი თავის ახალ წინდებს გვაჩვენებს.

ბოძის სიმაღლეს შევავლე თვალი და ჩემთვის ჩავიჩურჩულე:

„ბაბუა ლეონ, კარგად მომისმინე! ძალიან მინდა ამ თოკზე ასვლა. ეს შენ გამო უნდა გავაკეთო,
მხოლოდ შენ გამო, გესმის ჩემი?“

მესამე კვანძზე ასვლის შემდეგ ძალა გამომეცალა. მეტი აღარ შემეძლო. სიმწრისგან კბილებს
ვაკრაჭუნებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს წვრილ მკლავებზე ყველის მძიმე
თავები მეკიდა. მეოთხე კვანძი, მეხუთე... არა, უნდა შევეშვა. გაუსაძლისი გახდა. მაგრამ მე ხომ
პირობა დავდე! შევქანდი და წონასწორობა ფეხებით შევინარჩუნე. არა, ძალა აღარ მყოფნიდა.
ნელ-ნელა დავიწყე ხელის გაშვება. სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ ქვემოთ ჩემი კლასის
ბიჭებს წრე შეეკრათ და თვალს არ მაშორებდნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა წამოიძახა:

– მიდი, დიუბოსკ, მიაწექი!

კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა. შუბლიდან ჩამოგორებული ოფლის წვეთები თვალებს


მიწვავდა, ხელებზე კი ცეცხლი მეკიდა.

– დიუ-ბოსკ! დიუ-ბოსკ! დიუ-ბოსკ! – ღრიალებდნენ ბავშვები ჩემს გასამხნევებლად.

მეშვიდე კვანძზე შევჩერდი. ვგრძნობდი, რომ გული მიმდიოდა.

ქვემოთ ის სიმღერა დასცხეს, რომლითაც ერთ-ერთი ანიმაციური ფილმი იწყებოდა.

„ჰეი, მანდ ვინ არის?... ინსპექტორი გაჯეტი...

36
აი, თურმე ვინ არის... ინსპექტორი გაჯეტი!...“

ისინი მამხნევებდნენ, როგორც შეეძლოთ, მაგრამ მარტო ეგ რომ ყოფილიყო საკმარისი...

ორი კვანძიღა მრჩებოდა. ჯერ ერთ ხელზე დავიფურთხე, მერე – მეორეზე. „ბაბუა ლეონ,
შეხედე, სად ამოვედი. მე ჩემს ძალას და სურვილებს გიგზავნი. მიიღე! ახლა ეს ყველაფერი
ძალიან გჭირდება. შენ შენი ცოდნით უკვე დამეხმარე, ამიტომ, რაც მაქვს, ყველაფერს შენ
გიგზავნი: ჩემს ახალგაზრდობას, ჩემს გამბედაობას, ჩემს სუნთქვას, ჩემს პატარა, მებრძოლ
კუნთებს... წაიღე, რა, ბაბუა ლეონ, ყველაფერი წაიღე, გევედრები!“

ბარძაყებში სისხლის მოძრაობა შემიჩერდა. სახსრებს ვეღარ ვგრძნობდი. წინ ერთი კვანძიღა
იყო.

„მიდი! მიდიიი! მიდიიიიი!!!“

ბავშვებმა ბოლომდე აიწყვიტეს. ყველაზე ხმამაღლა მასწავლებელი ღრიალებდა. მე


დავიყვირე: „გამოფხიზლდით“, და ბოძის ბოლო წვერს ჩავეჭიდე. ქვემოთ რაც ხდებოდა,
სრული სიგიჟე იყო.მე ცრემლები ვერ შევიკავე – ცრემლები, რომელიც ერთდროულად
სიხარულმაც გამოიწვია და ტკივილმაც.
ჩამოვსრიალდი, უფრო სწორად, თითქმის ჩამოვვარდი. მომომ და სამუელმა დამიჭირეს და
ჰაერში ამაგდეს.

„ჰეი, მანდ ვინ არის?... ინსპექტორი გაჯეტი...

აი, თურმე ვინ არის... ინსპექტორი გაჯეტი!..“

ყველა მღეროდა.

მე გონება დავკარგე.

ამ დღის შემდეგ ძალიან შევიცვალე. გაცილებით გაბედული, აქტიური და მტკიცე ხასიათის


გავხდი, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი.

ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, მისაღებში ტელევიზორის ყურების ნაცვლად,


სასეირნოდ გავდიოდი. მოვლილი მქონდა ახლომახლო სოფლები, ტყეები და მინდვრები.
ძალიან დიდხანს დავდიოდი, ნელა და ღრმად ვსუნთქავდი. სულ ერთი და იგივე სიტყვები
მიტრიალებდა თავში, რომლითაც ბაბუას მივმართავდი: „ეს ყველაფერი შენთვის მინდა, ბაბუა
ლეონ; ისუნთქე, სუფთა ჰაერი ისუნთქე! შეიგრძენი მიწისა და ნისლის სუნი. მეც აქა ვარ. მე
ვიქნები შენი ფილტვები, სუნთქვა და გული. ნება მომეცი, შენთვის ყველაფერი გავაკეთო და
მიიღე ჩემგან ეს ძღვენი“.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბაბუს შორიდან, დისტანციურად ვუტარებდი ხელოვნურ


სუნთქვას.

37
ბოლო დროს კარგად ვიკვებებოდი, ბევრი მეძინა, ხეებს ვეხუტებოდი, მეზობლის ცხენებს
ვეფერებოდი, ხელით ვზელდი ცხელ ფუნას და ჩემთვის ვჩურჩულებდი: „ესეც წაიღე,
სასარგებლო იქნება შენთვის“.

ერთ საღამოს დედამ დამირეკა. გულმა მაშინვე რეჩხი მიყო, როგორც კი ოთახში ჩემს
დასაძახებლად შემოსული მეთვალყურე დავინახე.

– არ არის კარგი ამბები, ჩემო ბიჭო! ექიმებმა ყოველგვარი მცდელობა შეწყვიტეს, რადგან
არავითარი შედეგი არ არის.

– ასე ხომ მოკვდება?!

საერთო საცხოვრებლის დერეფანში მთელი ხმით ვღრიალებდი:

– ხელების ჩამოშვების მეტი არაფერი იცით, ეს ხომ ყველაზე ადვილი გამოსავალია!

ყურმილი მაშინვე დავკიდე.

ამ საღამოს შემდეგ მორჩა კინო! თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა!

ყველაფერ იმის ნაცვლად, რასაც ადრე ვაკეთებდი, მისაღებში ბიჭებთან ერთად მაგიდის
ფეხბურთის თამაში დავიწყე; ცუდად ვსწავლობდი და თითქმის აღარც ვლაპარაკობდი.
ცხოვრებაზე გული მქონდა აყრილი. ჩემს გონებაში ბაბუა უკვე მკვდარი იყო, ამიტომ როდესაც
მშობლები მირეკავდნენ, დალაპარაკების ნაცვლად, ჯანდაბაში ვაგზავნიდი.

იმ ღამეს, ბოლო ცვლის მორიგემ ოთახში ამომაკითხა. უკვე ლოგინში ვიყავი და


მუშტებშეკრულს მეძინა. გასაღვიძებლად მთელი ძალით შემანჯღრია:

– ჰეი, გამოფხიზლდი, ჯიგარო...

– რა ხხ..., რა ხხხდებაა?
– შენ გეძახიან ტოტოს?

– ამას რატომ მეკითხებით?

თვალები მოვიფშვნიტე.

– იმიტომ, რომ ქვემოთ ეტლში მჯდომი ბებერია მოსული, რომელიც ახურებს, რომ თავისი
ტოტოს ნახვა უნდა. შემთხვევით შენ ხომ არ გეძებს?

ოთხი სართული ტრუსისამარამ, სირბილით ჩავირბინე; უკვე პატარა ბავშვივით ვბღაოდი.

ის სასადილოს კარის წინ მელოდა, გვერდით თეთრხალათიანი კაცი ედგა, გადასხმის აპარატით
ხელში. ბაბუა ლეონი მიღიმოდა.

38
მე ისე ვქვითინებდი, რომ გაღიმებაც ვერ შევძელი.

– ხალათი მაინც შემოგეცვა, ტოტო, არ გაცივდე.

და, როგორც იქნა, გავიღიმე.

39

You might also like