You are on page 1of 202

Contents

I ..................................................................................................................................................................... 3
2 .................................................................................................................................................................. 31
3 .................................................................................................................................................................. 94
4 ................................................................................................................................................................ 147
I

პალაცო ფალკონიერი იტალიის ერთ-ერთი პატარა ტბის კონცხზეა განთავსებული. ახლა


ივნისის მიწურულია და ქვიან ზედაპირზე გუშაგებივით მდგარ, პატარ-პატარა ჯგუფებად
გაბნეულ ფიჭვებსა და კვიპაროსებს მსუბუქი ბრიზი არხევს. მშვენიერი და ალბათ დიდებულიც
კია ბაღი, რომლის მკვეთრი ფორმები და მუქი ჩრდილები პალაცოს ასეთივე მოქუფრულ
განწყობას კარგად ერწყმის.

შენობის მაღალი ფანჯრები, რომელთაც აბრეშუმის ფარდები ამშვენებს, ტბას გაჰყურებს.


აღმოსავლეთის ფლიგელს ერთ დროს საბანკეტოდ იყენებდნენ, ახლა კი საკონფერენციო
დარბაზის ფუნქცია აქვს. დარბაზის ცენტრში, არტდეკოს მძიმე ჭაღის ქვეშ, გრძელ მაგიდაზე,
რემბრანტ ბუგატის ბრინჯაოს პანტერა დგას.

მაგიდას თორმეტი კაცი უზის, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულები, თუმცა ძვირად
ღირებულ სამოსზე ეტყობათ, რომ წარმატებულები უნდა იყვნენ. მათი უმეტესობა
ორმოცდაათიდან სამოცდაათ წლამდე იქნება. კაცმა რომ თქვას, მათი სახეები არაფრით
გამორჩეული და დასამახსოვრებელი არ არის, თუმცა თითოეულს აშკარად ახასიათებს
არაორდინარული სიფხიზლე.

მთელი დილა საუბარში გადის – ლაპარაკობენ რუსულად და ინგლისურად. ენებს ყველა


მათგანი კარგად ფლობს. შემდეგ ტერასაზე მორთმეულ მსუბუქ ლანჩს მიირთმევენ: ხემსს,
ტბის ორაგულს, ჩაცივებულ თეთრ ღვინოს – ვერნაჩას, ახალ ლეღვსა და გარგარს. ლანჩის
შემდეგ თორმეტივე ყავას მიირთმევს, ათვალიერებენ ნიავით აშრიალებულ არემარეს ტბის
ირგვლივ და ბაღში სეირნობენ. აქ დაცვის თანამშრომლები არ არიან, რადგან უსაფრთხოების
ასეთ დონეზე ნებისმიერი გარეშე პირი მაღალი რისკის მატარებელია. კაცები მალევე
საკონფერენციო დარბაზში ბრუნდებიან. დღევანდელი დღის წესრიგის თემა მარტივია: ევროპა.

პირველი სიტყვით გამოდის გარუჯული კაცი, რომელსაც ასაკი არ ეტყობა. აქეთ-იქით იყურება
და ამბობს:
– ჯენტლმენებო, დილით უკვე განვიხილეთ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი.
ვისაუბრეთ ფინანსურ ნაკადებსა და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გაკონტროლება. ამ
შუადღით კი მსურს განსხვავებულ თემას შევეხო, – ოთახი ბნელდება და თორმეტი თავი
ჩრდილოეთ კედელზე დამონტაჟებული ეკრანისკენ ტრიალდება. ეკრანზე ჩანს ხმელთაშუა
ზღვის პორტი კონტეინერმზიდებითა და ამწეებით.

– ჯენტლმენებო, დღესდღეობით პალერმო ევროპაში კოკაინის მიწოდების მთავარი პუნქტია,


რაც მექსიკური ნარკოკარტელებისა და სიცილიური მაფიის სტრატეგიული ალიანსის შედეგია.

– სიცილიელებს კიდევ აქვთ რაიმე გავლენა? – კითხულობს ჩასკვნილი კაცი მომხსენებლისგან


მარცხნივ. – მეგონა დღეს ნარკოვაჭრობას მატერიკული სინდიკატები აკონტროლებდნენ.

– ასეც იყო. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ კარტელები მხოლოდ სამხრეთიტალიური


რეგიონის, კალაბრიას, ნდრანგეტასთან მუშაობდნენ. ბოლო თვეებში კი კალაბრიელებსა და
სიცილიელი გრეკოს კლანს შორის ომია გაჩაღებული.

ეკრანზე ჩნდება კაცის სახე ცივი თვალებითა და ფოლადის ხაფანგის მსგავსი, ოდნავ გახსნილი
ტუჩებით.

– სალვატორე გრეკომ ცხოვრება მიუძღვნა თავისი ოჯახის გავლენის გაზრდას, რომელმაც


ოთხმოცდაათიანებში, მატეოს ოჯახის წევრის მიერ სალვატორეს მამის მოკვლის შემდეგ, კოზა-
ნოსტრაში ადგილი დაკარგა. ოცდახუთი წლის შემდეგ სალვატორემ მატეოს ოჯახის ყველა
წევრს მიაგნო და დახოცა. მატეო და მისი მოკავშირე მესინის ოჯახი ყველაზე გავლენიანი
სიცილიური კლანებია. ცნობილია, რომ სალვატორემ პირადად მოკლა მინიმუმ სამოცი
ადამიანი, ასობით ადამიანის სიკვდილი კი შეუკვეთა. ახლა ორმოცდაათი წლის არის,
შეუზღუდავად აკონტროლებს პალერმოს და იქაურ ნარკობაზარს. მსოფლიოში გაბნეული მისი
ობიექტები წლიურად ოციდან ოცდაათ მილიარდამდე გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს,
ჯენტლმენებო, რომ ის, პრაქტიკულად, ერთ-ერთი ჩვენგანია.

დამსწრეებს შორის გაკვირვებით გამოწვეული მხიარულების მსგავსი ხმები ისმის.

– სალვატორე გრეკოს შემთხვევაში მთავარი პრობლემა მკვლელობისა და წამებისკენ


მიდრეკილება როდია, – განაგრძობს კაცი. – როდესაც მაფიოზები მაფიოზებს ხოცავენ, ეს
ყველაფერი თვითმწმენდავი ღუმლის მუშაობის პრინციპს ემსგავსება, მაგრამ ბოლო პერიოდში
ის სხვა გავლენიანი ხალხის მკვლელობებსაც უკვეთს. ამ დროისთვის უკვე მოკლულია ორი
მოსამართლე, ოთხი ჩინოვნიკი – ყველანი თავიანთ მანქანებში აფეთქდნენ და ასევე ორსული
ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი ბინის წინ მოკლეს. ბავშვიც გარდაიცვალა.
ცოტა ხნით ჩუმდება და ეკრანზე აკვირდება გარდაცვლილ ქალს, რომელიც ქვაფენილზე,
სისხლის გუბეში წევს.

– თქმაც კი არ სჭირდება იმას, რომ ამ მკვლელობებს გრეკოებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.


პოლიციის ნაწილი მოსყიდულია, მეორე ნაწილი დაშინებული, მოწმეები კი მოშორებული.
გაუთქმელობის კოდექსი – ომერტა – ყველაფერზე მაღლა დგას. ეს კაცი თავის მიზნებსა და
სურვილებში სრულიად ხელშეუხებელია. ერთი თვის წინ შუამავალი გავუგზავნე შეხვედრის
სურვილით. მინდოდა, რაღაც ფორმის შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ამის საჭიროებას
ვგრძნობდი. ევროპის ამ კუთხეში მისი მოქმედებები ზედმეტად გააქტიურდა და უკვე ჩვენს
ინტერესებსაც საფრთხეს უქმნის. გრეკომ მალევე მიპასუხა. მომდევნო დღეს მივიღე
დაბეჭდილი პაკეტი. – ეკრანზე გამოსახულება იცვლება. – როგორც თავად ხედავთ, პაკეტში
ჩემი შუამავლის თვალები, ყურები და ენა იდო. შეტყობინება გასაგებია. არანაირი შეხვედრა,
არანაირი საუბარი, არანაირი შეთანხმება.

მაგიდასთან მსხდომები საზარელ კადრებს რამდენიმე წამით უსიტყვოდ აკვირდებიან. შემდეგ


მზერას კვლავ მოსაუბრისკენ მიმართავენ.

– ჯენტლმენებო, სალვატორე გრეკოსთან დაკავშირებით სასწრაფოდ გვაქვს გადაწყვეტილება


მისაღები. ის სახიფათო და უკონტროლო ძალაა, რომელსაც კანონით ვერაფერს უხერხებენ.
მისი კრიმინალური აქტივობები და სოციალური ქაოსი საფრთხეს უქმნის სრულიად ხმელთაშუა
ზღვის სექტორს. გთავაზობთ, სამუდამოდ გამოვთიშოთ ის თამაშიდან.

კაცი დგება, გვერდითა მაგიდასთან მიდის და უკან ლაქისზედაპირიანი ანტიკვარული ყუთით


ბრუნდება, საიდანაც შავი ველვეტის პატარა აბგას იღებს, ხსნის და შიგთავსს მაგიდაზე
ალაგებს. სპილოს ძვლისგან დამზადებული ოცდაოთხი პატარა თევზია – ნახევარი მოყვითალო
შეფერილობის, ნახევარიც მუქწითლად შეღებილი. თითოეული დამსწრე სხვადასხვა ორივე
ფერის წყვილს იღებს.

მერე ველვეტის აბგა წრეზე მიდის, თითოეული შიგ თითო თევზს დებს, ხოლო როცა სრულ წრეს
მოივლის, აბგა კვლავ მომხსენებელთან ბრუნდება და ის კიდევ ერთხელ გადმოაწყობს აბგის
შიგთავსს მაგიდაზე. თორმეტი წითელი თევზი – ერთხმად მიღებული სიკვდილის განაჩენი.

ორი კვირის შემდეგ, საღამოს, ვილანელი პარიზის მეთექვსმეტე რაიონში, კერძო კლუბ
„ჟასმინის“ ვერანდაზე ზის. აღმოსავლეთით ბულვარ სუშეზე მანქანების გადატვირთული
მოძრაობაა, დასავლეთით კი ბულონის ტყე და ოტეის იპოდრომი მოჩანს. კლუბის ბაღს
შემოვლებული აქვს აყვავილებული ჟასმინის გაზონი და ახლა ყვავილის სურნელი თბილ
ჰაერში იბნევა. მაგიდების უმეტესობა დაკავებულია, თუმცა მოსაუბრეთა ხმები არ ისმის.
სინათლე იკლებს, ღამე ახლოვდება.

ვილანელი დიდ ყლუპად სვამს თავის „გრეი-გუსისა“ და „მარტინის“ კოქტეილს და გარემოს


აკვირდება. მის ყურადღებას განსაკუთრებით გვერდით მაგიდასთან მჯდომი წყვილი იქცევს.
ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდები უნდა იყვნენ. ბიჭს ელეგანტურად აცვია, გოგონა კი
კოპწიაობით ფისოს წააგავს. ვინ არიან ერთმანეთისთვის? და-ძმა? კოლეგები? საყვარლები?

და-ძმანი არ უნდა იყვნენ, – გადაწყვეტს ვილანელი, – მათ შორის არასაოჯახო,


თანამზრახველთათვის დამახასიათებელი ოდნავი დაძაბულობა იგრძნობა. სამაგიეროდ,
მდიდრები ნამდვილად იქნებიან, ამის მაგალითი გოგონას აბრეშუმის სვიტერია, რომლის მუქი
ოქროსფერიც კარგად ეხამება მის თვალის ფერს. ახალი არ უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად
„შანელია“. თან, სვამენ ვინტაჟურ „ტაიტინგერს“, რაც „ჟასმინში“ საკმაოდ ძვირი ღირს.

ბიჭი ვილანელის მზერას ამჩნევს და ბოკალს რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს,


კომპანიონს რაღაცას უჩურჩულებს და ისიც ვილანელისკენ ცივად, შემფასებლურად იყურება.

– ხომ არ შემოგვიერთდებოდით? – ეკითხება გოგონა. ეს თანაბრად არის მოპატიჟებაც და


გამოწვევაც.

ვილანელი თვალის დაუხამხამებლად აკვირდება. ჰაერში მსუბუქი ბრიზი იგრძნობა.

– სავალდებულო არ არის, – ამბობს ბიჭი თავის მზერასავით მშვიდი ღიმილით.

ვილანელი დგება და ჭიქას იღებს.

– სიამოვნებით. მეგობარს ველოდებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, აგვიანდება.

– თუ ასეა... – ბიჭი დგება. – მე ოლივიე ვარ, ეს კი ნიკაა.

– ვილანელი.

საკმაოდ შაბლონური საუბარი გამოდის. ვილანელი არკვევს, რომ ოლივიეს ცოტა ხნის წინ
სახელოვნებო ვაჭრობა დაუწყია, ნიკა კი პერიოდულად მსახიობად მუშაობს. ნათესავები არ
არიან, თუმცა უახლოეს პერსპექტივაში არც საყვარლების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მიუხედავად ამისა, არის რაღაც ეროტიკული მათ ურთიერთობაში და იმაშიც, თუ როგორ
მოიზიდეს მათ ვილანელი თავიანთ ორბიტაზე.

– მე კი ტრეიდერი ვარ, – ამბობს ვილანელი, – ვალუტა, კაპიტალბრუნვა და მისთანები, –


სიამოვნებს, როცა ამჩნევს, რომ მოსაუბრეთა სახეებიდან ცნობისმოყვარეობა ქრება. ცხადია,
შეუძლია საათობით ისაუბროს ტრეიდინგზე, მაგრამ აშკარაა, რომ მის მსმენელებს ეს არ სურთ.
სამაგიეროდ, უყვება ვერსალის ბინაზე, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს და
საიდანაც ის ყოველდღიურად მუშაობს. ეს ბინა საერთოდ არ არსებობს, მაგრამ მისი აღწერა
დეტალურად შეუძლია – აივანზე ფოლადის რიკულებისა და იატაკზე სპარსული ხალიჩის
ჩათვლით. ეს ყალბი ისტორია უკვე იდეალურადაა შეთხზული, ამგვარი ტყუილი კი ვილანელს
სიამოვნებას ანიჭებს.

– ჩვენ მოგვწონს შენი სახელი, შენი თვალები და თმა. განსაკუთრებით კი, შენი ფეხსაცმელი, –
ამბობს ნიკა.

ვილანელი იცინის და თასმებიან ატლასის „ლაბუტინებს“ წინ სწევს. შემდეგ ოლივიეს მზერას
ამჩნევს და წარმოიდგენს, როგორ ეხება ბიჭის ხელი მის სხეულს და ისე ეპყრობა მას, როგორც
რაღაც ლამაზ, საკოლექციო ნივთს. ფიქრობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს.

– რაზე გეცინება? – ეკითხება ნიკა, თავს ოდნავ ხრის და სიგარეტს უკიდებს.

– სასაცილოები ხართ, – ამბობს ვილანელი და ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ამ


ოქროსფერ მზერაში ჩაძირვა და ამ კვამლიანი ტუჩების შეგრძნება. უკვე კარგად ერთობა. იცის,
რომ ეს ოლივიესა და ნიკასაც სურთ და ფიქრობენ, რომ ეთამაშებიან. ვილანელიც აძლევს მათ
ამ თამაშის უფლებას. საინტერესოა, რამდენად შორს წავა მათი მანიპულაციები.

– წინადადება მაქვს, – ამბობს ოლივიე და სწორედ ამ მომენტში ციმციმებს ვილანელის


მობილურის ეკრანი. შეტყობინების მხოლოდ ერთი სიტყვა წერია: საკმარისია. უემოციოდ
დგება, ნიკასა და ოლივიეს უყურებს, თუმცა ახლა მისთვის არც ერთი აღარ არსებობს,
უსიტყვოდ ტოვებს მაგიდას და ერთ წუთზე ნაკლებ დროში თავისი „ვესპათი“ ავტომობილების
ნაკადს ერწყმის.

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ მოკლეტექსტური შეტყობინების ავტორს პირველად
შეხვდა – კაცს, რომელსაც დღემდე კონსტანტინის სახელით იცნობს. მაშინ სულ სხვა დრო იყო,
თავად ოქსანა ვორონცოვა ერქვა, ცენტრალურ რუსეთში, პერმის უნივერსიტეტის ფრანგული
ენისა და ლინგვისტიკის სტუდენტად იყო რეგისტრირებული და ექვს თვეში ფინალური
გამოცდებიც უნდა დაეწერა. თუმცა, დიდი ალბათობით, უნივერსიტეტის დერეფნებში შესვლა
აღარასოდეს მოუწევდა, რადგან მალევე, უკვე წინა წლის შემოდგომაზე, ურალის მთების
ცენტრში, „დობრიანკას“ ქალთა საპყრობილეში მოხვდა მკვლელობის ბრალდებით.

პორტ-დე-პასისთან მდებარე ვილანელის ბინამდე „ჟასმინიდან“ ხუთი წუთის სავალია. 30-იანი


წლების დიდი, უფერული და ჩუმი შენობაა კარგად დაცული მიწისქვეშა ავტოფარეხით. „ვესპას“
თავისივე „აუდი ტე-ტე როდსტერის“ გვერდით აჩერებს, შემდეგ კი ლიფტით მეექვსე
სართულზე ადის – აივლის კიბის რამდენიმე საფეხურს და მანსარდის ბინას უახლოვდება,
რომლის შესასვლელი კარიც ვიზუალურად სხვა კარისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა
სქელი ფოლადითაა დამზადებული და აღჭურვილია სპეცშეკვეთით დამზადებული
ელექტრონული საკეტი სისტემით.

ბინა, მიუხედავად სიძველის მცირედი კვალისა, საკმაოდ კომფორტული და ტევადია.


კონსტანტინმა ვილანელს ამ ბინის გასაღები და საბუთები ერთი წლის წინ გადასცა. ვილანელს
წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ცხოვრობდა აქ მანამდე, თუმცა მისი გადმოსვლის მომენტში
ბინაში უკვე ყველაფერი მოწყობილი იყო, ხოლო აქ არსებული გაყვანილობების, მათ შორის,
საყოფაცხოვრებო ნივთების სიძველით, ივარაუდა, რომ ვინმე ასაკოვანის უნდა ყოფილიყო.
არაფერი შეუცვლია, ოთახების ღია მწვანე და ცისფერი კედლები კვლავაც ძველებურად იყო,
ისევე როგორც გაურკვეველ ავტორთა პოსტიმპრესიონისტული ნახატები.

შინ სტუმრებს საერთოდ არ იღებს – პროფესიული შეხვედრებისთვის კაფეები და საჯარო


პარკები არსებობს, სექსუალური ტკბობისთვის კი – სასტუმროები, თუმცა ვინმეს რომ ამ ბინაში
შემოეხედა, ვილანელზე შეთხზულ ლეგენდაში სრულიად დარწმუნდებოდა. მისი მეტალის
კორპუსიანი ლეპტოპი, რომელიც კაბინეტში დევს, ჩვეულებრივი, სამოქალაქო დაცვითი
სისტემით არის აღჭურვილი, რომელსაც ნებისმიერი დამწყები ჰაკერი გატეხს, თუმცა ამ
შემთხვევაში მასში, ტრეიდინგის უინტერესო დოკუმენტაციის გარდა, ვერაფერს მიაგნებს.
არაფერი საინტერესო არ მოიძებნება არც თავად კაბინეტში. ბინაში ვერ ნახავთ ვერც
მუსიკალურ სისტემას, რადგან ვილანელისთვის მუსიკა, ყველაზე კარგ შემთხვევაში,
გამაღიზიანებელი, უარეს შემთხვევაში კი, სასიკვდილო საფრთხის შემცველი რამ არის. სიჩუმე
უსაფრთხოების გარანტიაა.

საპყრობილეში არაადამიანური პირობები იყო. გარდა იმისა, რომ საზიზღრად კვებავდნენ,


ნებისმიერ მცირე დარღვევაზეც კი კარგა ხნით „შიზაში“ მარტოს კეტავდნენ, მდინარე
დობრიანკიდან მონაბერი გამყინავი ქარი კი დაწესებულების ყველა კუთხეში აღწევდა. იქ
ყოფნის სამი თვის თავზე ოქსანას საკნიდან გამოსვლა უბრძანეს, ყოველგვარი ახსნა-
განმარტების გარეშე ციხის ეზოში გამოიყვანეს და უთხრეს, სატვირთო მანქანის საბარგულში
ასულიყო. ორი საათის შემდეგ, პერმის მხარის სიღრმეში, მძღოლი გაყინულ მდინარე
ჩუსოვაიაზე გადებულ ხიდთან გაჩერდა და უსიტყვოდ მიუთითა დაბალ, სახელდახელოდ
აგებულ ჯიხურზე, რომლის გვერდითაც შავი ყველგანმავალი „მერსედესი“ იდგა. ჯიხურში
მაგიდა, ორ სკამი და ნავთის გამათბობელი იდგა.
ერთ-ერთ სკამზე იჯდა მძიმე, რუხ ქურთუკში გამოწყობილი კაცი, რომელიც ოქსანას უყურებდა.
ციხის გახეხილი უნიფორმა ეცვა, ჩამომხმარი სახე და პირქუში დაუმორჩილებლობის
გამომხატველი მზერა ჰქონდა.

– ოქსანა ბორისოვნა ვორონცოვა, – თქვა და მაგიდაზე დადებულ საქაღალდეში ჩაიხედა, –


ასაკი: ოცდასამი წელი და ოთხი თვე. ბრალდებულია სამმაგ მკვლელობაში მრავალი
დამამძიმებელი გარემოებით.

ქალი იცდიდა და ფანჯრის პატარა კვადრატული ჩარჩოდან თოვლიან ტყეს გაჰყურებდა.


მოსაუბრე საკმაოდ ჩვეულებრივი კაცი ჩანდა, თუმცა მისი მანიპულირება ალბათ მაინც
შეუძლებელი იქნებოდა.

– ორ კვირაში სასამართლო გაიმართება, – განაგრძო კაცმა, – დამნაშავედ გცნობენ და


სიკვდილით დაგსჯიან. თეორიულად ისიც შეიძლება, რომ მომდევნო ოცი წელი
განსაკუთრებული სიმძიმის კოლონიაში გაატარო. „დობრიანკა“ მასთან შედარებით ნამდვილი
კურორტია.

ოქსანას ემოცია არ ეტყობოდა. კაცმა უცხოურ სიგარეტს მოუკიდა. ამ სიგარეტის სანაცვლოდაც


საპყრობილეში ერთი კვირის განმავლობაში დამატებით საჭმელს მიიღებდი, თუმცა ამჯერად
ქალმა უარის ნიშნად დინჯად გააქნია თავი.

– მოკლულია სამი კაცი. ერთს კისრამდე აქვს ყელი გამოჭრილი, ორს კი სახეში აქვს ნასროლი.
პერმის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტის ბოლო კურსის
სტუდენტისთვის აშკარად შეუფერებელი საქციელია, თუკი, რა თქმა უნდა, ეს გოგონა
სპეცრაზმის ახლო ბრძოლის ინსტრუქტორის შვილი არ არის, – თქვა და ნაფაზი დაარტყა. –
უფროს სერჟანტ ბორის ვორონცოვს მშვენიერი რეპუტაცია ჰქონდა მანამ, სანამ საქმეს
ბანდიტებთან დაიჭერდა, რის გამოც საბოლოოდ ზურგში ტყვიაც დაახალეს და მომაკვდავი
ქუჩაში ძაღლივით მიაგდეს. ვერ ვიტყვი, რომ გროზნოსა და პერვომაისკის ვეტერანისთვის
შესაფერისი სიკვდილია.

კაცმა მაგიდის ქვემოდან თერმოსი და ორი მუყაოს ჭიქა გამოიღო. სითხეს ნელა ასხამდა და
ცივი ჰაერი მუქი ჩაის სურნელით იჟღინთებოდა. შემდეგ ერთი ჭიქა გოგონას გაუწოდა.

– „ძმები“ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ულმობელი კრიმინალური დაჯგუფებაა რუსეთში, –


თქვა და თავი გააქნია. – რაზე ფიქრობდი, როცა სამი მათგანის მოკვლა გადაწყვიტე?
ოქსანამ დამცინავი სახით გვერდზე გაიხედა.

– კარგია, რომ „ძმებამდე“ პოლიციამ გიპოვა, თორემ ახლა აქ არ ვილაპარაკებდით, –


სიგარეტის ნამწვი ძირს დააგდო და გასრისა, – თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მშვენივრად იმუშავე.
მამას კარგად მოუმზადებიხარ.

ისევ კაცს შეხედა. შავგვრემანი და საშუალო სიმაღლის, ალბათ ორმოც წელს მიტანებული
იქნებოდა და მშვიდი, თითქმის კეთილმოსურნე მზერა ჰქონდა.

– თუმცა, მთავარი წესი დაარღვიე. დაგიჭირეს.

გოგომ ჩაი ფრთხილად მოსვა, მაგიდაზე სიგარეტს გადასწვდა და ერთ ღერს მოუკიდა.

– და შენ ვინ ხარ?

– მე ვარ ის, ვისაც შეგიძლია თავისუფლად ესაუბრო, ოქსანა ბორისოვნა. თუმცა მანამდე მინდა
დამიდასტურო, რომ ის, რაც აქ წერია, სიმართლეა, – მან ქურთუკის ჯიბიდან გადაკეცილი
ფურცელი ამოიღო და გაშალა. – დედაშენი, რომელიც უკრაინელი იყო, ფარისებრი ჯირკვლის
სიმსივნით დაიღუპა მაშინ, როცა შენ შვიდი წლის იყავი და დიდი ალბათობით, ამის მიზეზი
თორმეტი წლის წინ მომხდარი ჩერნობილის კატასტროფა გახდა. დედის სიკვდილიდან სამ
თვეში მამაშენი ჩეჩნეთში გაგზავნეს, შენ კი პერმში, სახაროვის სახელობის ბავშვთა
თავშესაფარში ჩაგაბარეს. თავშესაფარაში თვრამეტი თვე გაატარე. მასწავლებლებმა შენიშნეს,
რომ განსაკუთრებით კარგად სწავლობდი, თუმცა არც ის გამოჰპარვიათ, რომ ძილში შარდის
შეუკავებლობა გახასიათებდა და სხვა ბავშვებთან, პრაქტიკულად, არ ურთიერთობდი.

გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და ჰაერში გრძელი, რუხი კვამლი გაუშვა. შემდეგ ენის წვერით
ზედა ტუჩთან იარას ოდნავ შეეხო, თუმცა იარაც და ჟესტიც ქურთუკიანი კაცისთვის სრულიად
გასაგები აღმოჩნდა.

– ათი წლის რომ იყავი, მამაშენი ისევ გაიწვიეს, ამჯერად დაღესტანში. შენ სახაროვის ბავშვთა
სახლში დაბრუნდი, თუმცა სამ თვეში საერთო საცხოვრებელში ხანძრის გაჩენის გამო პერმის
მეოთხე მუნიციპალური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გაგგზავნეს. მამაშენის
ჩამოსვლის შემდეგ, მიუხედავად შენი თერაპევტის წინააღმდეგობისა, რომელმაც სოციოპათიის
– დისოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაგისვა, მაინც შინ, მამასთან გაგიშვეს.
მომავალ წელს სწავლა დაიწყე ინდუსტრიული რაიონის საშუალო სკოლაში, სადაც კვლავ თავი
გამოიჩინე უნარებით, განსაკუთრებით კი ენების შესწავლა გეხერხებოდა, თუმცა მეგობრები
ისევ არ გყავდა და ყველანაირ ურთიერთობას თავს არიდებდი. ასევე, გარეული იყავი
რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტში. ეჭვობდნენ, რომ მათი ნაწილის ინიციატორი თავად
იყავი.

თუმცა გარკვეული ტიპის სიახლოვე ჩამოგიყალიბდა ფრანგული ენის მასწავლებელთან, მის


ლეონოვასთან, და ძალიან გაღიზიანდი, როცა გაიგე, რომ ლეონოვა გვიან ღამით, ავტობუსის
გაჩერებასთან გააუპატიურეს. ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების
გამო, მალევე გაუშვეს. ის ექვსი კვირის შემდეგ მულიანკას მდინარესთან იპოვეს. შოკირებულს
გონება ჰქონდა დაკარგული და სისხლისგან იცლებოდა – ვიღაცამ დანით კასტრაცია გაუკეთა.
ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა დამნაშავის ამოცნობა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის
შენს ჩვიდმეტი წლის იუბილემდე ცოტაღა რჩებოდა.

ოქსანამ ნამწვი ძირს დააგდო.

– ამ ყველაფრით, რისი თქმა გინდა?

კაცს თითქმის გაეღიმა.

– მინდა ვახსენო ის ოქროს მედალიც, რომელიც ეკატერინბურგის უნივერსიადაზე


რევოლვერიდან სროლაში მოიპოვე, როცა პირველ კურსზე იყავი.

გოგონამ მხრები აიჩეჩა და სკამზე შესწორდა.

– ჩვენში დარჩეს და, კლუბ „პონიში“ ის სამი კაცი რომ მოკალი, რა იგრძენი?

გოგომ კაცს თვალებში უემოციოდ ჩახედა.

– კარგი, ჰიპოთეზურად ვიმსჯელოთ. რას იგრძნობდი?

– მაშინ ალბათ კმაყოფილებას, კარგად შესრულებული სამუშაოს გამო. ახლა კი... – ისევ მხრები
აიჩეჩა და დაამატა: – არაფერს.
– ესე იგი, მაგ „არაფრისთვის“ ხარ მზად, ოცი წელი ბერეზნიკიში, ან რომელიმე მის მსგავს
ქალაქში გაატარო?

– ამ სიშორეზე იმიტომ მომიყვანე, რომ ეგ გეთქვა?

– საქმე ის არის, ოქსანა ბორისოვნა, რომ შენისთანა ადამიანები მსოფლიოს პრობლემაა. ისინი
დაბადებიდანვე უსინდისოები არიან და არც ერთ შემთხვევაში არ აწუხებთ დანაშაულის
გრძნობა, – ისევ სიგარეტი აანთო და სკამის საზურგეს მიეყრდნო, – მაგრამ, იმავდროულად,
თქვენი არსებობა აუცილებელია. მტაცებლების არსებობა, რომლებიც შიშისა და თავშეკავების
გარეშე შეასრულებენ წარმოუდგენელ დავალებებს. თქვენ ევოლუციისთვის აუცილებელი
ელემენტები ხართ.

ამ სიტყვებს ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა. კაცის სიტყვებმა დაადასტურა ის, რასაც ოქსანა ამდენ
ხანს ეჭვობდა – რომ დაბადებიდანვე განსაკუთრებული იყო. ფანჯრიდან გარეთ მომლოდინე
ავტომობილსა და დაცვას გახედა, შემდეგ კი ენის წვერით ისევ იარას შეეხო.

– აბა, რა გინდათ ჩემგან? – იკითხა მან.

კონსტანტინმა ყველა დეტალი გააცნო და სავარაუდო მომავალზე ესაუბრა. მთელი ამ დროის


განმავლობაში ოქსანას სახეზე არაფერი დასტყობია, თუმცა შინაგანად ისეთივე დაძაბული
იყო, როგორიც მშიერი.

პარიზში მზის სხივებს ბინდი ფარავს. ვილანელი სამუშაო მაგიდის უჯრიდან „ეფლის“ ახალ
ლეპტოპს იღებს, შეფუთვას ხსნის და რამდენიმე წუთში „ჯიმეილის“ საფოსტო ყუთში
შეტყობინებას კითხულობს სათაურით: ჯეფი და სარა – შვებულების ფოტოები. შეტყობინებაში
ორი აბზაცია, რომელსაც მიბმული აქვს კაიროს უამრავი ფოტო.

გამარჯობა!

საუკეთესო დრო გავატარეთ. პირამიდები ძალიან მაგარია! სარამ კი კვირას აქლემით


გაისეირნა (ნახეთ ფოტოები). თვითმფრინავი დაეშვება შვიდ საათსა და ორმოცდაორ წუთზე,
სახლში ალბათ ათს რომ თხუთმეტი დააკლდება, მაშინ ვიქნებით. საუკეთესო სურვილებით,
ჯეფი.
P.S. ეს სარას ახალი ელფოსტის მისამართია: SMPrice88307@gmail.com

ყურადღებას არ აქცევს ასოებსა და სიტყვებს, ვილანელი მხოლოდ ციფრების კომბინაციას


აკოპირებს. ეს პაროლია, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ფოტოებში დაშიფრულ
ინფორმაციას ხსნის. ვილანელს ახსენდება ერთი ინდოელი სისტემური ინჟინრის სიტყვები,
რომელმაც ამ მეთოდის გამოყენება ასწავლა. „დაშიფრული შეტყობინებები კარგია, მაგრამ
თუნდაც ვერავინ შეძლოს მათი გატეხა, მაინც იქცევს ყურადღებას. უმჯობესია შეტყობინებაში
შიფრის არსებობა სრულიად წარმოუდგენელი იყოს“.

ფოტოებს ხსნის. მაღალი გაფართოებისაა და დიდი რაოდენობის ინფორმაციასაც ინახავს. ათ


წუთში უკვე სრული ტექსტი აქვს ამოღებული, რომელსაც ერთიან დოკუმენტად ტვირთავს.

მეორე შეტყობინებას ჰქვია სტივის მობილური და კიდევ უფრო მოკლეა. მასზე მიბმულია ექვსი
ფოტო სამოყვარულო საფეხბურთო მატჩიდან. ვილანელი იმავე პროცესს იმეორებს, თუმცა
ამჯერად ტვირთავს პორტრეტებს, რომლებიც ერთი ადამიანისაა. ბნელი, თითქმის შავი
თვალები აქვს, ტუჩები კი მაგრად აქვს მოკუმული. ეს გამოხედვა საიდანღაც ეცნობა. მალე
ხვდება, რომ ის ნანახი აქვს სარკეში, საკუთარ თვალებში. დოკუმენტის სათაურია სალვატორე
გრეკო.

ვილანელის ერთ-ერთი უნიკალური თვისება, რითაც მან ამჟამინდელი დამსაქმებლები


მოხიბლა, ფოტოგრაფიული მეხსიერებაა. ის ნახევარი საათის განმავლობაში კითხულობს
გრეკოს დოსიეს და ყოველი გვერდი ისეთი სიზუსტით ამახსოვრდება, თითქოს ნაწერი კვლავ
თვალწინ ედოს. ეცნობა პოლიციის ჩანაწერებს, სასამართლოს ოქმებსა და ინფორმატორთა
წერილებს. ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ მას სალვატორეს პიროვნებაზე ზოგადი
შთაბეჭდილება უკვე ჩამოუყალიბდა, გრეკოს გავლენებზე, შიდა კრიმინალურ საკითხებზე,
ხასიათის ნიშნებსა და უსაფრთხოების ანალიზზე.

ამავე აღწერიდან ირკვევა, რომ გრეკოს პათოლოგიურად სძულს ყურადღების ცენტრში ყოფნა
და მასობრივი კომუნიკაციების ეპოქაშიც კი გენიალურად ახერხებს მუდმივად ჩრდილში
დარჩენას. იმავდროულად, არ კლებულობს მისი რეპუტაციული გავლენა რეგიონში, სადაც
მკვლელობა და წამება ყოველდღიური საქმიანობაა. გრეკო ყველას სათანადოდ პასუხობს, ვინც
კი წინ გადაუდგება. გამოირჩევა სისასტიკით და შეუძლია მთელი ოჯახი ერთიანად
ამოწყვიტოს. მასთან შეგზავნილ ინფორმატორებს კი ყელგამოღადრულებსა და ჭრილობაში
ენაგამოყოფილებს პოულობენ.
ვილანელი გახედავს ქალაქს, ეიფელის კოშკსა და საღამოს ცას. მარჯვნივ რუხი მონპარნასია.
ვილანელი გრეკოზე ფიქრობს და წარმოიდგენს საზარელი ქმედებებითა და ზრახვებით სავსე
ამ პიროვნებას. შეიძლება კი მისი რომელიმე თვისების მისსავე საწინააღმდეგოდ გამოყენება?

ქალი კიდევ ერთხელ ყურადღებით კითხულობს ყველა დოკუმენტს და თითოეულ წინადადებას


მაქსიმალური კონცენტრაციით ეცნობა. გრეკოს მთავარი რეზიდენცია პალერმოს მთაგორიან
სოფელში მდებარეობს და ნამდვილი ციხესიმაგრეა, რომელსაც გრეკოს უერთგულესი
გარემოცვა იცავს. აქ ცხოვრობს მისი ცოლი, კალოჯერა, რომელიც სახლს იშვიათად ტოვებს.
ერთადერთი ქალიშვილი მეზობელ სოფელში ცხოვრობს და იქ მამის კონსილიერეს უფროს
ვაჟზეა გათხოვილი. ამ რეგიონში თავიანთ დიალექტზე საუბრობენ და ისტორიულად
სხვებისგან განცალკევებულად ცხოვრობენ. ისინი, ვისთან შეხვედრაც გრეკოს სურს, – კლანის
წევრები, პოტენციური მოკავშირეები, მკერავი და დალაქი, – ფერმის სახლში მოდიან, სადაც
მათ საგულდაგულად ჩხრეკენ და, საჭიროების შემთხვევაში, იარაღს ართმევენ. როდესაც გრეკო
სახლს ტოვებს და პალერმოში საყვარელს სტუმრობს, მუდამ თან ახლავს შეიარაღებული
მძღოლი და მინიმუმ ორი მცველი. როგორც ირკვევა, შინიდან რაიმე განსაზღვრული განრიგის
მიხედვით არასოდეს გადის.

ვილანელის ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს ერთი დოკუმენტი. ეს ხუთი წლის


წინანდელი იტალიური გაზეთის „კორიერე-დელა-სერას“ სტატიის ნაწყვეტია, რომელშიც
საუბარია ინციდენტზე, რომელიც რომში, ამავე გაზეთის ჟურნალისტს თავს გადახდა. ბრუნო
დე სანტის თქმით: „მე რესტორან „ტრასტევერედან“ გამოვდიოდი, როდესაც უეცრად ჩემკენ
მომავალი მანქანა დავინახე – ის ქუჩაზე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა. შემდეგ
საავადმყოფოში გამეღვიძა. გამიმართლა, რომ გადავრჩი“.

დე სანტის ეს სავალალო შემთხვევა, სავარაუდოდ, უკავშირდება „კორიერეში“ მის მიერ ერთი


თვით ადრე გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ის ახალგაზრდა სიცილიელ სოპრანოზე, ფრანკა
ფარფალიაზე, წერდა. ჟურნალისტი აკრიტიკებდა ფარფალიას იმის გამო, რომ ის მილანში, ლა-
სკალას თეატრის აკადემიაში სწავლისას ფულად დახმარებას იღებდა გრეკოსგან –
„ორგანიზებული დანაშაულის სახელგანთქმული ბოსისგან“.

ჟურნალისტმა აშკარად დიდი სიმამაცე და პირდაპირობა გამოავლინა, თუმცა ვილანელს დე


სანტისი არ აინტერესებს. საინტერესო და დასაფიქრებელია, რა გახდა ფარფალიასადმი
გრეკოს ასეთი ხელგაშლილობის მიზეზი? ოპერის სიყვარული, ადგილობრივი ნიჭიერი
ახალგაზრდა გოგონას ხელშეწყობა, თუ რაღაც სხვა, ბევრად მიწიერი სურვილი?

ინტერნეტში ფარფალიას უამრავი ფოტო იძებნება. ამაყი და თავდაჯერებული გამოხედვა აქვს,


ოცდაექვსი წლის ასაკთან შედარებით უფრო ზრდასრულად გამოიყურება. რამდენიმე ფოტო
მის პირად ვებგვერდზეც დევს, სადაც ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მის კარიერას, გამოსვლების
მიმოხილვებსა და მომდევნო რამდენიმე თვის განრიგს. სანამ ვილანელი განრიგს
ათვალიერებს, თითი ტუჩის იარასთან მიაქვს, შემდეგ ლინკს აწვება და პალერმოს „თეატრო-
მასიმოს“ ვებგვერდზე გადადის.

ოქსანას წვრთნამ თითქმის ერთ წელს გასტანა.

თავიდან ყველაზე რთული იყო. ექვსი კვირის განმავლობაში მას ფიზიკურ მომზადებასა და
უიარაღო ხელჩართულ ბრძოლაში ავარჯიშებდნენ და ეს ყოველივე ესექსის სანაპიროზე, ყველა
მხრიდან მქროლავი ქარის ფონზე, ხდებოდა. ის აქ დეკემბრის დასაწყისში მოიყვანეს,
ინსტრუქტორად დაუნიშნეს ვინმე ფრენკი – საზღვაო არმიის ყოფილი ინსტრუქტორი,
რომელიც სამოც წლამდე ასაკის სიტყვაძუნწი კაცი იყო და ჩრდილოეთის ზღვასავით ცივი
გამოხედვა ჰქონდა. მას მუდმივად გაცრეცილი სპორტული ჟაკეტი და ძველი სპორტული
ფეხსაცმელი ეცვა და არაფერი იცოდა ოქსანას შესახებ, რომელსაც დობრიანკაში გატარებული
დროის შემდეგ ძალა საერთოდ აღარ შერჩენოდა. ფრენკი დაუნდობელი იყო, არაფერი
აინტერესებდა, გარდა დავალების შესრულებისა – ოქსანა საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა.
ამასობაში კი, უკაცრიელ ადგილებში გამუდმებით სირბილი, გამყინავ ქარში ვარჯიში და
ფეხსაცმელზე მოკრული წებოვანი ტალახი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.

თუმცა, მონდომების წყალობით, წინ მიიწევდა. იცოდა, რომ რუსულ სასჯელაღსრულების


სისტემაში დაბრუნებას ყველაფერი, მათ შორის, გადაღლილობისგან სიკვდილიც სჯობდა.
მთელი ამ კურსის განმავლობაში ცხოვრობდა ნისენის ცივ ქოხში, რომელიც ხრეშითა და
ტალახით დაფარულ კუნძულზე მდებარეობდა. თავად კუნძული კი მატერიკს მეოთხედი მილის
სიგრძის დამბით უკავშირდებოდა. აქ ცივი ომის პერიოდში პირველი განგაშის სადგური იყო
განთავსებული და მისი აპოკალიფსური ატმოსფერო დღემდე იგრძნობოდა.

პირველ ღამეს ოქსანას ისე შესცივდა, რომ ვერც კი იძინებდა, თუმცა შემდეგ გადაღლილობამ
თავისი გაიტანა და მომდევნო დღეს, უკვე საღამოს ცხრა საათზე, პლედის ქვეშ მკვდარივით
მიიძინა. ფრენკი ყოველ დილით ფოლადის კარს შემოანგრევდა და მთელი დღის რაციონს
შიგნით ყრიდა, რაც, ძირითადად, მოიცავდა წყალსა და კონსერვირებულ ხორცსა და
ბოსტნეულს. შემდეგ ოქსანა მაისურს, სპორტულ შარვალსა და ფეხსაცმელს იცვამდა,
რომლებიც წინა დღის ვარჯიშის შემდეგ ჯერაც სველი იყო და ორსაათიანი გარბენიც იწყებოდა.
ამ დროის განმავლობაში ის კუნძულს წრეებს ურტყამდა, ან რუხი და ცივი სანაპიროს გასწვრივ
დარბოდა. შემდეგ ქოხში ბრუნდებოდა, ჩაის ადუღებდა და კონსერვირებულ რაციონს პატარა
ჰექსამინის ქურაზე აცხელებდა. მზის ამოსვლისთვის ისინი კვლავ გარეთ იყვნენ და ტალახის
ზელა მანამ გრძელდებოდა, სანამ ოქსანას გადაღლილობისგან გულისრევა არ დაეწყებოდა.

უკვე შუადღით, როცა ბინდი ახლოვდებოდა, ხელჩართულ ორთაბრძოლაში ვარჯიშობდნენ.


წლების განმავლობაში ფრენკს შემუშავებული ჰქონდა საკუთარი ტექნიკა, რომელიც
აერთიანებდა ჯიუ-ჯიცუს, ქუჩის ჩხუბსა და სხვა საბრძოლო მიმართულებებს. ის აქცენტს
აკეთებდა სისწრაფესა და იმპროვიზაციაზე, ვარჯიში კი, ძირითადად, მიმდინარეობდა
მუხლამდე წყალში, რომლის ფსკერიც ტალახითა და ხრეშით იყო დაფარული. მას შემდეგ, რაც
ფრენკი მიხვდა, რომ ოქსანა ინგლისურში მოიკოჭლებდა, თავიდან ბოლომდე პრაქტიკაზე
გადაერთო. ოქსანას მამასთან სპეცრაზმის საბაზისო სწავლება ჰქონდა გავლილი, თუმცა
ფრენკი მისი მხრიდან დარტყმის ყველა მცდელობას მარტივად ბლოკავდა და ყოველ ჯერზე
ყინულოვან წყალში აგდებდა.

ოქსანა თვლიდა, რომ არავინ სძულდა ისე, როგორც ყოფილ სამხედრო ინსტრუქტორს. არც
პერმის ბავშვთა სახლსა და არც დობრიანკაში არ ყოფილა ვინმე ისეთი, ვინც ისე ამცირებდა და
ისე შეურაცხყოფდა, როგორც ამას ფრენკი ახერხებდა. ის იყო ოქსანა ბორისოვნა ვორონცოვა
და ცხოვრობდა წესებით, რომლებსაც ცოტა თუ გაიგებდა. ის მზად იყო, სათანადო პასუხი გაეცა
ამ ანგლისკი უბლიუდოკისთვის, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

წვრთნების ბოლო კვირის ერთ შუადღეს, ისინი მოახლოებული მოქცევის ფონზე კვლავ წყალში
ვარჯიშობდნენ. ფრენკს ეჭირა „გერბერის“ რვადუიმიანი დანა ალესილი პირით, ოქსანა კი
შეუიარაღებელი იყო. ფრენკი სწრაფად მოძრაობდა და ერთ მომენტში დანა სახესთან ისე
ახლოს მოუქნია, რომ ოქსანამ მისგან გამოწვეული ჰაერის ტალღის შეხება იგრძნო. საპასუხოდ
ფრენკის დანიანი ხელის ქვეშ გაძვრა და ნეკნებში ხელი გაარტყა. ამან მეტოქე წამიერად
შეაჩერა და როცა „გერბერი“ მეორედ მოიქნია, ოქსანა უკვე მისგან შორს იდგა. წინ და უკან
მოძრაობდნენ, თითქოს ცეკვავდნენ და ოქსანას სხეული ტვინზე სწრაფად მოქმედებდა. შემდეგ
ნახევარბრუნით კაცის მაჯა დაიჭირა, მოძრაობის მიმართულებით გაჰყვა და კვანტი გამოსდო.
როგორც კი ფრენკი წყალში ჩავარდა და ხელების უღონოდ ქნევას მოჰყვა, ოქსანამ იარაღიან
ხელზე ფეხი გაჰკრა და დანა გააგდებინა. „ჯერ გააკონტროლე იარაღი, შემდეგ კი მისი
მფლობელი“, – ასწავლა მამამ. ოქსანა ინსტრუქტორს ზემოდან მოექცა, სახეზე ხელისგული
დააჭირა და უყურებდა, როგორ იხრჩობოდა. სასიამოვნო იყო აგონიაში მყოფი ფრენკის ყურება,
თუმცა უნდაოდა, ფრენკი გადარჩენილიყო, რათა მისი გამარჯვება ეღიარებინა. ამიტომ
ნაპირზე ამოათრია და როცა გვერდზე გადაბრუნებისა და წყლის ამოხველების შემდეგ
კისერთან „გერბერი“ მიუტანა, ფრენკმა მხოლოდ ოდნავ დაუკრა თავი, რაც დანებებას
ნიშნავდა.

ერთი კვირის შემდეგ მის წასაყვანად კონსტანტინი ჩამოვიდა. ოქსანა მას


ზურგჩანთაგადაკიდებული, დამბის ტალახიან ბილიკზე ელოდა.

– კარგად გამოიყურები, – უთხრა კაცმა, როცა მისი უჩვეულოდ თავდაჯერებული დგომა და


ქარისა და მარილის ზემოქმედებით შეცვლილი ნაკვთები შენიშნა.

– ჩვეულებრივი ფსიქოპათია, – უთხრა ფრენკმა.

– რას ვიზამთ, იდეალური არავინაა, – მიუგო კონსტანტინმა.


ორი დღის შემდეგ ოქსანა გერმანიაში გადაფრინდა, სადაც სამკვირიანი სწავლა მიტენვალდში,
„ნატოს“ სპეცდანიშნულების დივიზიონთან ერთად, უნდა გაევლო. ცრუ ისტორიის თანახმად,
ის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის სტაჟიორი
იყო, რომელსაც ამ სწავლების ფარგლებში უნდა აეთვისებინა ტყვედ ჩავარდნისგან თავის
არიდების ტექნიკა და უნარები. სწავლების მეორე ღამეს, როდესაც სქელ თოვლში ეძინა,
უეცრად ვიღაცის ხელი მისი საძილე ტომრის ელვაშესაკრავს შეეხო. წყვდიადში ჩუმი, თუმცა
მრისხანე ბრძოლა გაჩაღდა, მომდევნო დღეს კი „ნატოს“ ორი ჯარისკაცი მთებიდან
ვერტმფრენით გაუშვეს. ერთ მათგანს მკლავის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, მეორისთვის კი
ხელისგულში დანა ჩაესოთ. ამის შემდეგ ოქსანა აღარავის შეუწუხებია.

გერმანიის შემდეგ პირდაპირ ფორტ-ბრეგში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ამერიკის შეერთებული


შტატების სამხედრო დანაყოფში წაიყვანეს, სადაც მას დაკითხვაზე გამძლეობის პროგრამა
უნდა გაევლო. პროგრამა თავიდან ბოლომდე წამებაზე იყო აგებული და მასში მონაწილეები
მაქსიმალური სტრესისა და შფოთვის მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. მისვლისთანავე
ოქსანა კაცმა მცველებმა გააშიშვლეს და გამოკეტეს გაჩახჩახებულ, უფანჯრო ოთახში, სადაც
კედელზე მხოლოდ ერთი კამერა იყო დამონტაჟებული. დრო გადიოდა, თითოეული საათი
უსასრულოდ ეჩვენებოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა – მხოლოდ წყალს აძლევდნენ,
ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი პირდაპირ იატაკზე უწევდა. საკანში
საზარელი სუნი იდგა, მუცელი შიმშილისგან უბუყბუყებდა, ხოლო რამდენჯერაც ძილი
დააპირა, იმდენჯერ ოთახი მოიცვა ან თეთრი ხმაურის ვიბრაციამ, ან ყურის წამღები
განმეორებადი გაურკვეველი ფრაზების ხმამ.

საბოლოოდ, მეორე დღეს (თუ ეს უკვე მესამე დღე იყო?) თავზე ტომარა ჩამოაფარეს და
დასაკითხ ოთახში გაიყვანეს, სადაც დამტვრეული რუსულით მოსაუბრე რამდენიმე ადამიანი
საათობით ცდილობდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას, სანაცვლოდ კი საჭმელს
სთავაზობდნენ. დაკითხვებს შორის სხვადასხვა დამამცირებელი პოზების მიღებას
აიძულებდნენ, ოქსანა კი უძილობისა და შიმშილის გამო რაღაც მომენტში ტრანსის მსგავს
მდგომარეობაშიც ჩავარდა – უკვე ყველანაირი შეგრძნება და აღქმის უნარი დაკარგული ჰქონდა.
იაზრებდა მხოლოდ იმას, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც დასრულდებოდა და რომ საბოლოოდ
იქაურობა ურალის მთების კოლონიაზე უარესი მაინც არ იყო. იმ დროისთვის, როცა გამოცდა
ოფიციალურად დასრულდა, ოქსანა გულის სიღრმეში ამ ყველაფრის გამო გულისამრევ
სიამოვნებასაც კი გრძნობდა.

ამას მოჰყვა შემდგომი კურსები. ერთი თვე უკრაინაში, კიევის სამხრეთით იარაღის
გამოყენებაში ავარჯიშებდნენ, შემდეგ კი სამი თვე რუსეთის სნაიპერთა სკოლაში გაატარა.
ოღონდ, ეს არ ყოფილა მაღალპროფილური დაწესებულება სადღაც მოსკოვის შემოგარენში,
სადაც „ალფასა“ და „ვიმპელს“ წვრთნიდნენ. ბევრად მიყრუებული სკოლა გახლდათ
ეკატერინბურგში, რომელსაც კერძო დაცვის კომპანია კურირებდა და რომლის
ინსტრუქტორებიც შეკითხვებს არასოდეს სვამდნენ. რუსეთში დაბრუნებისას ოქსანას უცნაური
შეგრძნება დაეუფლა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინმა უზრუნველყო სამშობლოში მისი
სრულიად სხვა ადამიანად დაბრუნება. ბოლოს და ბოლოს, ეკატერინბურგი ას მილზე ნაკლებ
მანძილზე იყო იმ ადგილიდან, სადაც გაიზარდა.

ნელ-ნელა ყალბ ვინაობასაც შეეჩვია და ამით სიამოვნების მიღებაც ისწავლა.

– ოფიციალურად, ოქსანა ვორონცოვა აღარ არსებობს, – აცნობა მას კონსტანტინმა. – პერმის


რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მან
დობრიანკაში, საკანში თავი ჩამოიხრჩო და ის სახელმწიფოს ხარჯებით ინდუსტრიულ
სასაფლაოზე დაკრძალეს. დამიჯერე, ის დიდად არავის ახსოვს და მის ამბავს არავინ
კითხულობს.

„სევერკას“ სნაიპერთა სკოლა მიტოვებულ ქალაქში იყო აშენებული. საბჭოთა დროს აქ


ფუნქციონირებდა კვლევითი ცენტრი, რომელიც რადიაციის ზემოქმედებას შეისწავლიდა, ახლა
კი აქაურობა ქალაქ-მოჩვენებად ქცეულიყო. მისი მოსახლეობა კი მხოლოდ რეალური ზომის
სამიზნე მანეკენები იყვნენ, რომლებიც სტრატეგიულად განლაგებულიყვნენ ფანჯრების უკან
და დაჟანგული ავტომობილების საჭეებთან. მეტად ჩუმი და საზარელი ადგილი იყო, რომლის
მყუდროებასაც მხოლოდ ცარიელ შენობებს შორის სტვენით მქროლავი ქარი არღვევდა.

ოქსანა, ძირითადად, ტაბელურ დრაგუნოვზე ვარჯიშობდა, თუმცა მალე სპეციალური


სნაიპერული შაშხანა, ვინტორეზი აითვისა, რომელიც გამორჩეულად მსუბუქი იყო და
ინტეგრირებული მაყუჩი ჰქონდა, რაც მას ქალაქში გამოსაყენებლად იდეალურ იარაღად
აქცევდა. „სევერკიდან“ წამოსვლის დროისთვის ოქსანას ვინტორეზიდან ათასჯერ მაინც
ჰქონდა გასროლილი და უკვე რამდენიმე წამიღა სჭირდებოდა საიმისოდ, რომ ხელსაყრელი
პოზიცია დაეკავებინა, იარაღი ბუდიდან ამოეღო, სადგამზე მოეთავსებინა, შეეფასებინა ქარის
სიჩქარე და სხვა ვექტორები და გაესროლა პირდაპირ თავის ან სხეულის კორპუსისკენ („ერთი
გასროლა და ერთი სიკვდილი“, – ამბობდა ხოლმე მისი ინსტრუქტორი). ამ ყველაფერს კი
ოთხასი მეტრიდან ახერხებდა.

ოქსანა იაზრებდა, რომ იცვლებოდა და ეს მოსწონდა. წარმოუდგენლად გააუმჯობესა


ყურადღება, გარემოს აღქმა და რეაქციის სისწრაფე. ფსიქოლოგიურად თავს სრულიად მტკიცედ
გრძნობდა და იმავდროულად ყოველთვის იცოდა, რომ გარშემო მყოფებისგან
განსხვავდებოდა. ვერ გრძნობდა იმას, რასაც დანარჩენები. მისთვის უცხო იყო ტკივილი და
მძაფრი შეგრძნებები, მათ ნაცვლადაც ოქსანას მხოლოდ გულგრილობა ახასიათებდა. კარგად
ისწავლა სხვათა ემოციური რეაგირებების იმიტაცია – მათი შიშების, ეჭვებისა და
სიყვარულისადმი უიმედო სწრაფვის ათვისებაც შეძლო, რასაც თავად რეალურად არასოდეს
აღიქვამდა. ამასთან, კარგად ხვდებოდა, რომ საიმედო კამუფლაჟის შესაქმნელად ნორმალური
ადამიანის ნიღბის მორგებაც აუცილებელი იქნებოდა.
ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო ადამიანებით მანიპულირება, სექსი
კი ამისთვის საუკეთესო საშუალება ჩანდა და ოქსანასაც მადა გაეხსნა. თუმცა თავად პროცესზე
მეტად, რომელიც ასევე სიამოვნებას ანიჭებდა, ის ფსიქოლოგიური დომინაცია უფრო
სიამოვნებდა, რომელიც ამ ყველაფერს ახლდა. საყვარლებად კი ყოველთვის სერიოზულ
ხალხს არჩევდა. მის ნადავლებს შორის იყვნენ სკოლის ორივე სქესის მასწავლებლები, მამის
კოლეგა სპეცრაზმიდან, ყაზანის სამხედრო აკადემიის სტუდენტი გოგონა, რომელიც მისი
სპარინგპარტნიორი იყო უნივერსიადაზე; ყველაზე სასიამოვნო ობიექტი კი მისივე
ფსიქოთერაპევტი იყო, რომელიც ოქსანას პირველ კურსზე მიუჩინეს. ოქსანას არასოდეს
ოდნავადაც კი არ გასჩენია სურვილი, ვინმეს მოსწონებოდა. უნდოდა მხოლოდ ის, რომ
ჰქონოდათ მისი სურვილი. უდიდეს სიამოვნებას იღებდა, როდესაც მსხვერპლის თვალებში
წინააღმდეგობის უკანასკნელი ყინულიც ლღვებოდა, რაც აგრძნობინებდა, რომ ძალაუფლების
გადაცემა წარმატებით დასრულდა.

ამ ყველაფრის პარალელურად, მუდმივად მოთმინებითა და ყურადღებით აკვირდებოდა


კონსტანტინი, რომელიც ოქსანასთან ყოველთვის ინარჩუნებდა პროფესიულ დისტანციას,
თუმცა, როდესაც ზეწოლა აუტანელი ხდებოდა და ოქსანა ცივად მოითხოვდა მარტო დარჩენას,
კონსტანტინიც გულისხმიერებას იჩენდა.

– უქმეები აიღე, – უთხრა მას ერთხელ ლონდონში, – გაისეირნე, ქალაქი დაათვალიერე და ახალ
სახელზე იფიქრე. ოქსანა ვორონცოვა აღარ არსებობს.

სწავლება ნოემბრისთვის თითქმის დასრულდა. ის ამ დროს პარიზის უბან ბელევილში საეჭვო


სასტუმროში ცხოვრობდა და ყოველდღე ბიზნესცენტრ „ლა-დეფენსში“ მიდიოდა, სადაც
ინდური წარმომავლობის ახალგაზრდა კაცი ასწავლიდა სტენოგრაფიას – კომპიუტერულ
ფაილებში საიდუმლო ინფორმაციის დაშიფვრის მეთოდს. სწავლების ბოლო დღეს
კონსტანტინიც გამოჩნდა. სასტუმროს ანგარიში გაისტუმრა და ოქსანა მარცხენა სანაპიროზე,
ვოლტერზე მდებარე ბინაში წაიყვანა.

ბინის პირველი სართული მოკრძალებულად, თუმცა ელეგანტურად იყო მოწყობილი.


კონსტანტინმა ფანტინედ გააცნო პატარა, მკაცრი იერის, სამოც წელს მიტანებული ქალი,
რომელიც მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი. ფანტინე ოქსანას დააკვირდა და თითქოს ასე
ერთი შეხედვით ვერ მოიხიბლა. შემდეგ ოთახში გავლა სთხოვა. სპორტულ ფეხსაცმელში,
ჯინსის შარვალსა და გაცრეცილ მაისურში გამოწყობილმა გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო,
თუმცა ნათქვამს დაემორჩილა. ქალი რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებოდა, შემდეგ კი
კონსტანტინს მიუბრუნდა და მხრები აიჩეჩა.

ასე დაიწყო ოქსანას გარდასახვის ბოლო ეტაპი. საცხოვრებლად ორი ქუჩის მოშორებით,
ოთხვარსკვლავიან სასტუმროში გადავიდა და ყოველდღე საუზმეზე ამ ბინის პირველ
სართულზე ფანტინესთან მოდიოდა, შემდეგ კი დილის ცხრა საათზე მანქანა აკითხავდათ.
პირველ დღეს ჰაუსმანის ბულვარზე, „გალერი-ლაფაიეში“ წავიდნენ, ფანტინე ოქსანას წინ
მიუძღოდა და, პრაქტიკულად, ყველა მაღაზია შემოატარა. აიძულებდა მოესინჯა ნებისმიერი
სამოსი – ყოველდღიური, ოფიციალური, საღამოს კაბები... ტანსაცმელს ისე ყიდულობდა, რომ
ოქსანას აზრს არც ეკითხებოდა. მომდგარ და მყვირალა ფერის ტანსაცმელს, როგორიც ოქსანას
მოსწონდა, ფანტინე ზედაც არ უყურებდა და, შესაბამისად, არც ყიდულობდა.
– ვცდილობ, პარიზულ სტილს შეგაჩვიო, chérie (ძვირფასო (ფრანგ.).). მოსკოველი ქუჩის
ქალივით ჩაცმას ხომ ისედაც ახერხებ?

დღის ბოლოსთვის მანქანა ახალი პაკეტებით იყო სავსე. ოქსანას ნელ-ნელა მოსწონდა თავისი
დაუნდობელი და მკაცრი მენტორი. მომდევნო კვირას ფეხსაცმლის მაღაზიები და მოდის
სახლები შემოიარეს, დაესწრნენ ჩვენებებს და პრეტ-ა-პორტეს, ასევე ეწვივნენ ვინტაჟურ
უნივერმაღს სენ-ჟერმენზე და მოდის მუზეუმს „პალე-გალერის“. ყოველ ნივთს ფანტინე
კომენტარებით ამკობდა: ეს მოდური, ჭკვიანური და ელეგანტურია, ის კი სულელური, უგემოვნო
და წარმოუდგენლად ვულგარული. „პლას-დე-ვიქტუარზე“ დალაქს უთხრა, ყველაფერი ისე
გაუკეთე, როგორც გეტყვი და ოქსანას სურვილებს ყურადღებას ნუ მიაქცევო. ბოლოს ფანტინემ
ოქსანა სარკესთან მიიყვანა. გოგონამ მოკლედ შეჭრილ თმაზე ხელი გადაისვა. აშკარად
მოსწონდა ამ ქალის მიერ შექმნილი ვიზუალი: მოტოციკლისტის საავტორო ქურთუკი, ზოლიანი
მაისური, ჯინსის დაბალწელიანი შარვალი და ჩექმა კოჭის სიმაღლეზე. ნამდვილ პარიზელს
დამსგავსებოდა.

მოგვიანებით, შუადღით, პარფიუმერიულ ბუტიკში შეიარეს ფობურ-სენ-ონორის ქუჩაზე.

– აირჩიე, – უთხრა ფანტინემ, – ოღონდ, ჭკვიანურად. ათი წუთის განმავლობაში ოქსანა ამ


ელეგანტურ მაღაზიაში დააბიჯებდა, შემდეგ კი მინის ერთ-ერთ ვიტრინასთან შეჩერდა.
კონსულტანტი რამდენიმე წამით დააკვირდა და თითქმის ჩურჩულით ჰკითხა:

– Vous permettez, mademoiselle? (ნებას მომცემთ, მადმუაზელ? (ფრანგ.).) – და თხელი ფლაკონი


გაუწოდა, რომელსაც თავზე წითელი ლენტი ჰქონდა შემოვლებული. ოქსანამ სუნამო მაჯაზე
იპკურა და შეიგრძნო გაზაფხულის ნორჩი სურნელება, რომელიც რაღაც უფრო ღრმა და მუქი
ტონებით ბალანსდებოდა.

– ამას „ვილანელი“ ჰქვია, – უთხრა კონსულტანტმა, – გრაფინია დუბარის საყვარელი სუნამო


იყო. 1793 წელს მას გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ კი პარფიუმერიულმა სახლმა
ამ სუნამოს ეს წითელი ლენტი დაამატა.

– მაშინ ფრთხილად უნდა ვიყო, – უთხრა ოქსანამ.

ორი დღის შემდეგ, როდესაც სასტუმროდან წამოსაყვანად მასთან კონსტანტინი მოვიდა,


ოქსანამ უთხრა:

– სხვათა შორის, ჩემთვის ახალი სახელი შევარჩიე.

პალერმოს პიაცა-ვერდს ქუსლიანი ფეხსაცმლით კვეთს – ქვაფენილზე კაკუნი ისმის. ვილანელი


სიცილიისა და ალბათ, იტალიის ყველაზე დიდ ოპერის თეატრს უახლოვდება და ახლოდან
აკვირდება. პიაცაზე უამრავი პალმის ხეა, რომელთაც თბილი სიო სასიამოვნოდ აშრიალებს.
შესასვლელთან, კიბის ორივე მხარეს ბრინჯაოს ლომები დგას. ვილანელს „ვალენტინოს“
საღამოს კაბა აცვია და იდაყვებამდე სიგრძის „ფრატელი ორსინის“ საოპერო ხელთათმანი
უკეთია. კაბა წითელია, თუმცა იმდენად მუქი, რომ თითქმის შავში გადადის. მხარზე „ფენდის“
წვრილყურიანი ხელჩანთა აქვს გადაკიდებული. საღამოს სინათლეში სახე ფერმკრთალი
მოჩანს. თმა დიდი, ორნამენტებიანი სამაგრით აქვს შეკრული. გლამურულად გამოიყურება,
თუმცა შედარებით ნაკლებად თვალში საცემად, ვიდრე „თეატრო-მასიმოში“ შეკრებილი
საზოგადოება, რომლებიც „ვერსაჩეთი“ და „დოლჩე და გაბანათი“ არიან შემოსილები და ახლა
დერეფანში დასეირნობენ.

ამაღამ განსაკუთრებული დღეა, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოპერას, პუჩინის „ტოსკას“


წარმოადგენენ და თან მასში მთავარ როლს ადგილობრივი სოპრანო ფრანკა ფარფალია
თამაშობს.

ვილანელი პროგრამას ყიდულობს და შესასვლელიდან ვესტიბიულისკენ მიდის. აქაურობა


მალე ივსება. ყველგან საუბრის ზუზუნი და ჭიქების ფრთხილი შეხების ხმები ისმის. ჰაერი
ძვირად ღირებული პარფიუმერიის სურნელითაა გაჯერებული. მარმარილოთი მოპირკეთებულ
კედლებს ბრების განათებები ღია ლიმონისფერში წარმოაჩენს. ვილანელი ბართან მიდის,
მინერალურ წყალს უკვეთს და ამ დროს ამჩნევს, როგორ აკვირდება გამხდარი, შავგვრემანი
მამაკაცი.

– შემიძლია რაიმე უფრო... საინტერესო შემოგთავაზოთ? – ეკითხება ის, სანამ ვილანელი


წყლის საფასურს იხდის. – მაგალითად, შამპანური?

ქალი იღიმის. მისი შეფასებით, კაცი ოცდათხუთმეტი წლის უნდა იყოს, პლუს-მინუს ერთი-ორი
წელი. პირქუში, თუმცა საკმაოდ კარგი გარეგნობისაა. უზადო ღია ნაცრისფერი პერანგი და
თხელი პიჯაკი აცვია – სავარაუდოდ, „ბრიონი“. მის იტალიურში სიცილიური აქცენტი, მზერაში
კი ოდნავი მუქარა შეიმჩნევა.

– არა, – ამბობს ვილანელი, – გმადლობ.

– მოდი, გამოვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურად ლაპარაკობთ, იტალიელი არ ხართ.


ფრანგი?
– დაახლოებით. გრძელი ისტორიაა.

– ანუ პუჩინის ოპერები მოგწონთ?

– რა თქმა უნდა, – ბუტბუტებს ვილანელი, – თუმცა, ლა ბოჰèმე მირჩევნია.

– ეგ იმიტომ, რომ ფრანგი ხართ, – კაცი ხელს უწვდის, – ლეოლუკა მესინა.

– სილვიანა მორელი.

– რამ მოგიყვანათ პალერმოში, მადმუაზელ მორელი?

ერთი სული აქვს, ეს საუბარი შეწყვიტოს და ოდნავ გვერდით იწევა, თუმცა კაცი მიჰყვება, რაც
შესაძლოა უარესი შედეგით დასრულდეს. – მეგობრებთან ჩამოვედი.
– რომელ მეგობრებთან?

– ვშიშობ, არ გეცოდინებათ.

– გაგიკვირდებათ, იმდენს ვიცნობ და მენდეთ, აქ მეც ყველა მიცნობს.

ვილანელი ნახევრად ბრუნდება, სახეზე მსუბუქი ღიმილი ესახება და გასასვლელისკენ მიიწევს.

– მომიტევეთ, სინიორ მესინა, მაგრამ ჩემი მეგობრები მოვიდნენ, – ეუბნება, თუმცა დიდად
დამაჯერებლად არ გამოსდის და ამის გამო გულში საკუთარ თავსაც უწყრება. ხალხის მასაში
შედის. ლეოლუკა მესინას აშკარად ეტყობოდა, რომ ძალადობისგან შორს არ იდგა, რაც
ვილანელს ანდომებს, რომ ამ კაცმა რაც შეიძლება მალე დაივიწყოს მისი სახე.

ახლა იმაზე ფიქრობს, მოვა თუ არა პრემიერაზე გრეკო. წინ მიიწევს და შემხვედრ სახეებს
აკვირდება. კონსტანტინის ადგილობრივმა ინფორმატორმა თეატრის რამდენიმე
თანამშრომლის მოსყიდვა შეძლო და გაარკვია, რომ მაფიის ბოსი, როგორც წესი, ყველა
პრემიერას ესწრება და მუდმივად ერთსა და იმავე ლოჟაში მარტო ჯდება, მცველები კი გარეთ
იცდიან. სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო დაზუსტებით იმის დადგენა, მოვიდოდა თუ არა
დღევანდელ პრემიერაზე, თუმცა რადგან მისი პროტეჟე ფარფალია მთავარ პარტიას მღერის,
მოსვლის ალბათობა, წესით, დიდი უნდა იყოს.

კონსტანტინის ხალხმა ვილანელისთვის ადგილი იმ ლოჟის გვერდით დაჯავშნა, სადაც გრეკო


ჯდება ხოლმე. პირველი რიგია, პრაქტიკულად, სცენაზე მიდგმული. ათ წუთში ფარდა დაეშვება,
ვილანელის მეზობელი ლოჟა კი ჯერაც ცარიელია. ქალი წითელი ხავერდით გაწყობილ
კაბინაში შედის, რომელიც ბოლომდე პრივატული აშკარად არ არის. ამ ალისფერი სკამიდან,
რომელსაც წინ, მკერდის სიმაღლეზე, რბილი მოაჯირი მიუყვება, ვილანელი, პრაქტიკულად,
მთელ დარბაზს ხედავს და იმავდროულად, მისი დანახვაც ყველას შეუძლია. მიუხედავად ამისა,
როგორც კი სინათლე ჩაქრება, ლოჟა საიდუმლო სამყაროდ გადაიქცევა და ვერავინ შეამჩნევს,
რა ხდება შიგნით.

ამ დაბურულ და საიდუმლო სამყაროში ვილანელი ხელჩანთიდან იღებს „რუგერის“


ავტომატურ რევოლვერს ინტეგრირებული „გემტექის“ მაყუჩით და მის მჭიდს 22-კალიბრიანი,
დაბალი საწყისი სიჩქარის ტყვიებით ავსებს. შემდეგ იარაღს ჩანთაში აბრუნებს. ჩანთას იქვე,
იატაკზე, მარცხნივ მდებარე ლოჟისგან გამყოფ ტიხართან დებს.

მას შემდეგ, რაც ვილანელად გარდაისახა, ცხრა თვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში ორი
კაცი მოკლა. თითოეული პროექტი კონსტანტინის ერთსიტყვიანი შეტყობინებით იწყებოდა,
რომლის შემდეგაც დროდადრო აწვდიდნენ დამხმარე დოკუმენტაციას, ვიდეოკლიპებს,
ბიოგრაფიებსა და მისთვის უცნობი წყაროების დაკვირვების შედეგად ნაწარმოებ ანგარიშებს.
დაგეგმვა დაახლოებით ოთხ კვირას გრძელდებოდა, ამ პერიოდში სრულიად ატყობინებდნენ,
თუ რა ლოგისტიკურ დახმარებას მიიღებდა და სათანადო ყალბი საიდენტიფიკაციო
მონაცემებითა და იარაღით მის აღჭურვასაც უზრუნველყოფდნენ.
პირველი სამიზნე იორგოს ვლახოსი იყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში რადიოაქტიურ
„კობალტ-60“-ის ყიდვას აპირებდა. სავარაუდოდ, მისი საბოლოო მიზანი ათენში ბინძური
ბომბის აფეთქება იყო. მის მოსაკლავად ვილანელმა შპ-5 გამოიყენა და ტყვია პირდაპირ
მკერდში დააჭედა მაშინ, როცა კაცი პირეოსის პორტში ერთი მანქანიდან მეორეში ჯდებოდა.
რუსული „ვინტორეზიდან“ ვილანელმა 325 მეტრზე გაისროლა. ამ მომენტამდე მთელი ღამე
საწყობის სახურავზე, ბრეზენტის ქვეშ, გაატარა. მკვლელობით გამოწვეულ სიამოვნებას
მოგვიანებით, სასტუმროს ოთახშიც გრძნობდა, როცა ახსენდებოდა, თუ როგორ გამოჰკრა
სასხლეტს თითი და როგორ დაეცა უსულოდ სამიზნეში ამოღებული ობიექტი.

მეორე მსხვერპლი ბალკანელი პოლიტიკოსი, დრაგან ჰორვატი აღმოჩნდა, რომელიც


ადამიანებით ვაჭრობის ქსელს აკონტროლებდა. მან შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა სამუშაო
სახლში წაიღო – ეს კი ლამაზი, ჰეროინზე შემჯდარი, ჩვიდმეტი წლის თბილისელი გოგონა იყო.
მოულოდნელად, ჰორვატს გოგონა შეუყვარდა და ევროპის დედაქალაქების ძვირად ღირებულ
სავაჭრო ცენტრებში მასთან ერთად დაიწყო მოგზაურობა. წყვილის საყვარელი ქალაქი,
უქმეების გასატარებლად, ლონდონი იყო. სწორედ იქ შეეჩეხა ვილანელი მას ბეისვოტერ-
სტრიტზე ერთ-ერთ გვიან საღამოს, სადაც ჰორვატმა მხოლოდ გაუაზრებლად გაუღიმა და
გვიანღა შენიშნა დანით მიყენებული წვივის შიდა ჭრილობა და გადაჭრილი არტერია. ხოლო
სანამ ის ქვაფენილზე გართხმული სისხლისგან იცლებოდა, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ
მყოფი ქართველი გოგონა დაცარიელებული თვალებით დაჰყურებდა და მაჯაზე უაზროდ
ატრიალებდა ოქროს სამაჯურს, რომელიც იმავე შუადღეს ჰორვატმა უყიდა ნაითსბრიჯში.

მკვლელობებს შორის ვილანელი პარიზის ბინაში ცხოვრობდა, ქალაქს სწავლობდა, მისით


ტკბებოდა და საყვარლებთან დროს ატარებდა. ამ ურთიერთობებს ყოველთვის ერთი და იგივე
სქემა ჰქონდა: ნადირობა, ერთად გატარებული რამდენიმე დღე-ღამე და მოულოდნელი
გაუჩინარება. პარტნიორების ცხოვრებიდან ვილანელი ისევე უცებ ქრებოდა, როგორც
ჩნდებოდა.

ყოველ დილით ბულონის ტყეში დარბოდა, მონპარნასში ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშებს ესწრებოდა და


სნაიპერის პრაქტიკას გადიოდა სენ-ქლაუდის მსროლელთა კლუბში. პარალელურად, უხილავი
ხელი იხდიდა მის გადასახადებს და აწარმოებდა ტრეიდინგს, საიდან მიღებული შემოსავალიც
„სოსიეტე-ჟენერალის“ მის მიმდინარე ანგარიშზე ირიცხებოდა.

– დახარჯე, რამდენიც გინდა, – უთხრა კონსტანტინმა. – ოღონდ, თვალში არავის გაეჩხირო.


იცხოვრე მდიდრულად, ოღონდ არა მეტისმეტად. კვალი არ დატოვო.

ასეც იქცეოდა. წყლის ზედაპირზე რგოლებს არ აჩენდა. გახდა მონოქრომული არმიის


პროფესიონალი წევრი და წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის ან რა ძალას გამოჰქონდა სასიკვდილო
განაჩენი მათთვის, ვისაც ხოცავდა, ამას კონსტანტინსაც არ ეკითხებოდა, რადგან იცოდა,
პასუხს ვერ მიიღებდა, თუმცა დიდად არც აინტერესებდა. მისთვის მთავარი სხვა რამ იყო:
როგორც იქნა, დადასტურდა ის, რასაც ამდენ ხანს ფიქრობდა – ვილანელი იყო
განსაკუთრებული და სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო შეარჩიეს. ის განსხვავდებოდა
სხვებისგან და გახლდათ მტაცებელი – ევოლუციური მექანიზმი, იმ ელიტის წევრი,
რომლისთვისაც არ არსებობდა მორალური პრინციპები. ეს ცოდნა არსებობდა მასში და დიდი,
მუქი ვარდივით იშლებოდა.
ნელ-ნელა ივსება „თეატრო-მასიმო“. ვილანელი თავის სავარძელზე ზის და პროგრამას
ათვალიერებს. სახეს ლოჟებს შორის არსებული ტიხრის ჩრდილი უფარავს. შუქები ქრება,
წარმოდგენა იწყება და მთელი დარბაზი ერთიანად ჩუმდება. როდესაც თბილი
აპლოდისმენტების ფონზე დირიჟორი ჯოხს აიქნევს, ვილანელს ესმის, როგორ შემოდის ვიღაც
გვერდითა ლოჟაში, თუმცა იქით არ იხედება და როცა პირველი აქტის დასაწყისში სცენაზე
ფარდა იწევა, ის მოაჯირს ეყრდნობა და სცენისკენ იხედება.

წუთი წუთს მისდევს, დრო საშინლად ზანტად გადის, თითქოს სრულად შთანთქავს პუჩინის
მუსიკას, თუმცა ვერაფერს გრძნობს. მთელი ყურადღება გვერდითა ლოჟაში მჯდომ კაცზე აქვს
გადატანილი. თავს აძალებს, რომ იქით არ გაიხედოს, რადგან იცის, იქიდან ხიფათი ელის.
დროდადრო კეფასთან ცივ შეხებას გრძნობს და იცის, ამ მომენტში კაცი უყურებს, აკვირდება.
საბოლოოდ მიწყდა ჰიმნ Te Deumi-ს აკორდები, პირველი აქტი მთავრდება – ალისფერ-
ოქროსფერი ფარდა სცენაზე ეშვება.

დარბაზში შუქები ინთება და იქაურობა ანტრაქტის დაწყებისთანავე კვლავ ხმაურით ივსება.


ვილანელი ოპერით მონუსხულივით გაშეშებული ზის, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დგება და
ლოჟიდან გადის. პერიფერიული მზერით ამჩნევს მცველებს, რომლებიც უქმად, მაგრამ
ყურადღებით დგანან. დერეფანში გადის.

პირდაპირ ბარს უახლოვდება, კვლავ მინერალურ წყალს ყიდულობს, თუმცა არ სვამს – ჭიქა
უბრალოდ უჭირავს. ვესტიბიულის ბოლოდან ლეოლუკა მესინა მისკენ მოდის. ისე, თითქოს
კაცი არც შეუმჩნევია, ვილანელი ფოიედან გადის და ოპერის შემოსასვლელ კიბესთან დგება.
სიცხე ჯერ ისევ იგრძნობა, ცა ზღვის თავზე ღია ვარდისფერი, ვილანელის თავზე კი მუქი
იისფერია. რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სტვენით ჩაუვლის და მისი მისამართით
კომპლიმენტებს ამბობენ ადგილობრივ დიალექტზე.

მეორე აქტის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე ვილანელი ლოჟაში ბრუნდება და თავის
ადგილს იკავებს. ისევ ახერხებს, რომ გრეკოსკენ არ გაიხედოს და მთლიანად სპექტაკლზე
კონცენტრირდეს. საკმაოდ დრამატული სიუჟეტია, მომღერალ ქალ ტოსკას მხატვარი –
კავარადოსი – შეუყვარდება, რომელსაც შეცდომით აბრალებენ პოლიტიკური დამნაშავის
გადამალვას. მას პოლიციის შეფი, სკარპია, აკავებს. კავარადოსს სიკვდილით დასჯა მოელის,
თუმცა სკარპია ტოსკას გარიგებას სთავაზობს – თუ დანებდება, კავარადოსს გაათავისუფლებს.
ტოსკა თანხმდება, თუმცა, როდესაც სკარპია უახლოვდება, დანას იშიშვლებს და კაცს კლავს.

ფარდა ეშვება, ამჯერად ვილანელი მარცხნივ იხედება და გრეკოს ისე უღიმის, თითქოს
პირველად ხედავდეს. მალე ქალის ლოჟის კარზე აკაკუნებენ. ის ტრიალდება და გრეკოს ერთ-
ერთ ჩასკვნილ მცველს ხედავს. დონ სალვატორე კითხულობს, დაეწვევა თუ არა ქალბატონი
ჭიქა ღვინოზეო, ამბობს მცველი. ვილანელი ჯერ რამდენიმე წამს ფიქრობს, შემდეგ კი თავს
უკრავს და კაცთან ერთად ლოჟიდან გადის. დერეფანში მეორე მცველიც ხვდებათ, რომელიც
ვილანელს თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს. ვილანელმა ხელჩანთა ლოჟაში დატოვა და
ახლა მხოლოდ ათლეტურ სხეულზე მომდგარი „ვალენტინოს“ კაბით არის. მცველები
ერთმანეთში მზერას ცვლიან და სრულიად გასაგებია, რასაც ფიქრობენ. თავიანთი ბოსისთვის
აქამდეც არაერთი ქალი მიუყვანიათ. ჩასკვნილი კაცი ვილანელს გრეკოს ლოჟისკენ მიანიშნებს:
– Per favore, Signorina (მობრძანდით, სინიორინა (იტალ.).)...

როგორც კი ლოჟაში შედის, კაცი ფეხზე დგება. საშუალო სიმაღლისაა, ტილოს ძვირად
ღირებული პიჯაკი აცვია, სახიდან მომაკვდინებელი სიმშვიდე გამოსჭვივის და იღიმის ისე, რომ
თვალებში ემოცია არ ეტყობა.

– გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი თავდაჯერებულობა, – ამბობს ის, – მაგრამ შევნიშნე, როგორი


მოხიბლული იყავით წარმოდგენით. მეც მიყვარს ოპერა და ვიფიქრე, ჭიქა „ფრაპატოთი“
გავუმასპინძლდები-მეთქი. ჩემი ვენახებიდან არის და ხარისხზე პასუხს ვაგებ.

ვილანელი მადლობას უხდის, დრამატულად სვამს ცივი ღვინის ერთ წვეთს და კაცს სილვიანა
მორელის სახელით ეცნობა.

– მე კი სალვატორე გრეკო გახლავართ, – მის ხმაში შეკითხვის ტონი იგრძნობა, თუმცა ქალის
რეაქცია აგრძნობინებს, რომ მასზე სილვიანას არაფერი სმენია. ქალი ეუბნება, რომ „თეატრო-
მასიმოში“ პირველად არის.

– როგორ მოგეწონათ ფარფალია?

– დიდებულია. კარგი მსახიობი და საოცარი სოპრანო.

– მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ, რადგან მის განათლებაში გარკვეული წვლილი მეც მაქვს
შეტანილი.

– რა კარგია, რომ ამის შედეგს აშკარად ხედავთ.

– Il bacio di Tosca.
– უკაცრავად?

– Questo é il bacio di Tosca – „ეს ტოსკას კოცნაა!“ – ამბობს ის, როცა სკარპიას კლავს.

– რა თქმა უნდა! მომიტევეთ, მაგრამ ჩემი იტალიური...

– საკმაოდ გამართულია, სინიორინა მორელი, – ეუბნება და კვლავ ის ნახევარღიმილი.

ვილანელი უარის ნიშნად თავს აქნევს.

– მე ასე არ ვთვლი, სინიორ გრეკო, – მისი ერთი ნაწილი საუბრობს, მეორე კი იმაზე ფიქრობს,
თუ როგორ შეარჩევს სწორ დროს და როგორ იპოვის ევაკუაციისთვის ხელსაყრელ გზას.
პირისპირ დგას სამიზნესთან და ისევ მარტოა. კონსტანტინი მუდმივად აფრთხილებდა, რომ
ყოველთვის ასე იქნებოდა. არავინ დაეხმარება, მხოლოდ შორს, მისგან მოწყვეტილად თუ
იდგება ვინმე, თუმცა რაიმე ოფიციალური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. საქმეს
თავიდან ბოლომდე თავად უნდა გაართვას თავი. არც საკნიდან გამოიყვანს ვინმე და არც
ავტომობილით დაელოდებიან გარეთ, რათა აეროპორტისკენ სწრაფად გააქროლონ.
საუბარს განაგრძობენ. ვილანელი სასაუბრო ენას არასტანდარტულად იყენებს. ძირითადად,
ფრანგულად ფიქრობს, თუმცა ხანდახან ეღვიძება და ხვდება, რომ სიზმარი რუსულად ნახა.
პერიოდულად, როცა დაძინებას აპირებს, ყურში სისხლის მოძრაობის ხმა ჩაესმის, რომელიც
გაჯერებულია უწყვეტი პოლიგლოტური კივილით. ამ მომენტებში ის პარიზის ბინაშია მარტო
და უკვე რამდენიმე საათი გატარებული აქვს ინგლისურ ენაზე ინტერნეტში ძრომიალში. ახლა
ამჩნევს, რომ ფიქრობს იტალიურად, მცირედი სიცილიური აქცენტით. ეს გააზრებულად არ
ხდება, იტალიური ენა, უბრალოდ, გონებაში ექოდ ჩაესმის. საინტერესოა, დარჩა კი მასში რაიმე
ოქსანა ვორონცოვასგან? კიდევ არსებობს ის პატარა რუსი გოგონა, რომელიც ბავშვთა სახლში
შარდის სუნით გაჟღენთილ ლოგინში იწვა და შურისძიებაზე ფიქრობდა? თუ თავიდან
ბოლომდე ვილანელად – ევოლუციის რჩეულ იარაღად – იქცა?

ხვდება, რომ გრეკოს სურს იგი. რაც მეტად თამაშობს პარიზელი ცისფერსისხლიანის,
უცოდველთვალება გოგონას როლს, მით უფრო მატულობს კაცის სურვილი. ის ჰგავს ნიანგს,
რომელიც წყალმცენარეებს ამოფარებული აკვირდება, როგორ უახლოვდება გაზელი წყლის
კიდეს. „საინტერესოა, როგორ გაგრძელდება საღამო?“ – ფიქრობს ვილანელი. ალბათ,
ვახშმით, რომელიმე ისეთ რესტორანში, სადაც მას კარგად იცნობენ და სადაც მცველები
მეზობელ მაგიდას დაიკავებენ. შემდეგ მძღოლი მოაკითხავთ და რომელიმე პატარა უბანში,
ძველ ბინაში ავლენ?

– ეს ლოჟა ყველა პრემიერაზე ჩემთვისაა დაჯავშნილი, – ეუბნება გრეკო, – გრეკოები ჯერ კიდევ
ჰაბსბურგებამდე იყვნენ პალერმოს არისტოკრატები.

– როგორც ჩანს, დღეს ძალიან გამიმართლა.

– ბოლო აქტზეც დარჩებით?

– სიამოვნებით, – ბუტბუტებს ვილანელი და ორკესტრის ხმაც გაისმის.

ოპერა გრძელდება და ვილანელი ისევ მოქმედებას აკვირდება. ელოდება იმ მომენტს,


რომელიც საბოლოოდ დგება. სრულდება დიდებული დუეტი Amaro sol per te და საფინალო
ნოტებიც გაისმის. დარბაზში ყველა ფეხზე დგას, ტაშს უკრავენ და გაჰყვირიან: Bravi! Brava
Franca! – ეს ხმები შენობის ყველა კუთხიდან ექოდ მოისმის. ვილანელიც სხვებთან ერთად
უკრავს ტაშს, შემდეგ თვალებაციმციმებული გრეკოსკენ ბრუნდება და მათი თვალები
ერთმანეთს ხვდებიან. გრეკო, თითქოს იმპულსურად, მის ხელს იღებს და კოცნის. ვილანელი
წამით თვალებში უყურებს კაცს, შემდეგ ხელი კეფისკენ მიაქვს, სამაგრს იხსნის – გრძელ თმას
მხრებზე ჩამოიშლის... ხელს ოდნავ წინ სწევს და... სამაგრის წვრილი წვერი გრეკოს მარცხენა
თვალში შედის.

კაცს თვალები შოკისა და ტკივილისგან უფართოვდება. ვილანელი მინიატიურულ დგუშს თითს


აჭერს და მისი ტვინისკენ ვეტერინარული ეტორფინის მომაკვდინებელ დოზას უშვებს, რაც
მომენტალური დამბლის გამომწვევია. ვილანელი კაცის სხეულს იატაკზე აწვენს და აქეთ-იქით
იხედება. მისი ლოჟა ცარიელია, ოდნავ მოშორებით კი, აქედან ძლივს რომ ჩანს, ხანში შესული
წყვილი სცენას თეატრის ბინოკლით აკვირდება. ყველას მზერა ფარფალიასა და კავარადოსის
როლის შემსრულებლებისკენაა მიმართული. სცენაზე ორივენი აპლოდისმენტების ტალღის
ქვეშ დგანან გაუნძრევლად. ვილანელი მოაჯირიდან ხელს სწევს თავისი ლოჟისკენ და
ხელჩანთას იღებს. წესით, მაყუჩის დამსახურებით, „რუგერის“ ხმა ვერავინ უნდა გაიგონოს,
ხოლო დაბალი სიჩქარის 22-კალიბრიანი ტყვია გრეკოს ტილოს პიჯაკზე ჭრილობის კვალსაც კი
არ დატოვებს.

ნელ-ნელა აპლოდისმენტების ხმა წყდება. ამასობაში ვილანელი იარაღს ზურგს უკან იჭერს და
ლოჟიდან შეშფოთებული სახით გადის. როდესაც მცველები შიგნით შემოდიან და იატაკზე
გართხმულ უფროსთან იხრებიან, ვილანელი კიდევ ორჯერ გაისვრის, ამ ორ ჩუმ გასროლას
შორის ინტერვალი ერთ წამზე ნაკლებია და ორივე კაცი ხალიჩაზე გორდება. მათი კეფებიდან
სისხლი წვრილად იღვრება, ორივე უკვე მკვდარია. ამას მოსდევს რამდენიმე ხანგრძლივი წამი
და ვილანელი მკვლელობებით გამოწვეულ იმ აღმაფრენასა და სიამოვნებას გრძნობს,
რომელსაც მუდმივად ჰპირდება სექსი, თუმცა ყოველთვის ვერ აძლევს. შემდეგ ღრმად
ჩაისუნთქავს, „ვალენტინოს“ კაბას შეისწორებს, „რუგერს“ ხელჩანთაში აბრუნებს, მხრებში
იმართება და ლოჟიდან გადის.

– არ მითხრათ, რომ უკვე მიდიხართ, სინიორინა მორელი!

ვილანელს გული მძიმედ უცემს. მისკენ ვიწრო დერეფანში ავაზის შემართებით მოიწევს
ლეოლუკა მესინა.

– სამწუხაროდ, ასეა.

– ძალიან ცუდი. და ბიძაჩემს საიდან იცნობთ?

ქალი გაკვირვებული უყურებს.

– დონ სალვატორეს ვგულისხმობ. წეღან მისი ლოჟიდან გამოხვედით.

– ძველი ნაცნობები ვართ. ახლა კი მაპატიეთ, სინიორ მესინა...

კაცი ვილანელს წამით აკვირდება, შემდეგ წინ ჩაუვლის, ლოჟას უახლოვდება და კარს აღებს.
როდესაც უკან ბრუნდება, ხელში იარაღი უჭირავს. ვილანელი შენიშნავს, რომ ეს 9-
მილიმეტრიანი „ბერეტა შტორმია“, თავად კი კაცის თავის სიმაღლეზე უკვე გამზადებული აქვს
„რუგერი“.

მცირე ხნით ასე, იარაღშემართულები დგანან, შემდეგ კაცი თავს უკრავს და „ბერეტას“ ძირს
უშვებს.

– მოაშორე ეგ, – ეუბნება ბრძანების ტონით.

ქალი არ იძვრის. ოპტიკურ სამიზნეში კაცის ცხვირი აქვს ამოღებული და ამ დღის მეოთხე
სიცილიური ტვინის გასახვრეტად ემზადება.
– მომისმინე, მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჭვარი მკვდარია, გესმის? მაგრამ რამდენიმე წამში
ფარდა დაეშვება და აქაურობა ხალხით გაივსება. თუ აქედან გაღწევა გინდა, იარაღი შეინახე და
მომყევი.

რაღაც ინსტინქტი ვილანელს კარნახობს, რომ ამ ნათქვამს დაუჯეროს. რამდენიმე წამში უკვე
გარბიან დერეფანში, ჩაივლიან მოკლე კიბეს და პარტერის გაყოლებაზე, ალისფერი ქსოვილით
მორთულ დერეფანში აღმოჩნდებიან.

– ხელი მომკიდე, – ეუბნება კაცი და ვილანელიც ემორჩილება. გზად უნიფორმიანი შვეიცარი


ხვდებათ. მესინა ესალმება და უღიმის. – ნაადრევად გვტოვებთ, სინიორ?

– მგონი ასეა.
დერეფნის ბოლოს, პირდაპირ გრეკოს ლოჟის ქვეშ, მესინა კედლების მსგავს
ალისფერზედაპირიან კარს აღებს და ვილანელი პატარა ვესტიბიულში შეჰყავს, საიდანაც
ფარდაჩამოფარებული გასასვლელით ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში აღმოჩნდებიან.
ვილანელი ხვდება, რომ ეს კულისებია. აქა-იქ დეკორაციებსა და მეცხრამეტე საუკუნის სამოსში
გამოწყობილ მსახიობებს ხედავს. ისმის ორკესტრის ხმაც.

კაცი ვილანელს მხრებზე ხელს ხვევს და ნაჩქარევად გაჰყავს ვიწრო გასასვლელით, შემდეგ
აგურის კედელსა და ციკლორამას შორის მიუძღვება და როცა კულისებს ტოვებენ, უკნიდან
მუშკეტების ხმა ისმის. კავარადოსს კლავენ.

კიდევ რამდენიმე დერეფნის გავლა უწევთ – ამჯერად უფრო ცარიელების, რომელთა


კედლებზეც ცეცხლმაქრი საშუალებები და საევაკუაციო გეგმები კიდია. ბოლოს კაცი უკანა
კარიდან გადის და ისინი პიაცა-ვერდიზე აღმოჩნდებიან. მაშინვე მანქანების ხმაური და
იისფერი ცა ეგებებათ. იქვე, ავტოსადგომზე, ფოლადის ბოძთან, შავი მოტოციკლი „ემ-ვი
აგუსტა“ დგას. ვილანელი მესინას უკან ჯდება და მალევე ძრავას გრუხუნის ფონზე ღამეს
ერწყმიან.

რამდენიმე წუთში პოლიციის პირველი სირენების ხმაც ისმის. ლეოლუკა „აგუსტას“


აღმოსავლეთით მიაქროლებს. მოსახვევებში დაწოლილი, საკმაოდ მოხერხებულად შედის და
ვილანელი გზად მხოლოდ პრიალა ზღვის ზედაპირსა და პორტის განათებებს ამჩნევს.
გამვლელებიც აკვირდებიან მგლურნაკვთებიან კაცს და ალისფერ კაბაში გამოწყობილ ქალს,
თუმცა ეს პალერმოა და დიდად ყურადღებას არავინ აქცევთ. ვიწრო ქუჩების თავზე გასაშრობად
გაკიდული სარეცხი მოჩანს, ფანჯრებიდან კი საოჯახო კერძების სუნი გამოდის. ბოლოს
აღმოჩნდებიან ჩაბნელებულ მოედანზე, მიტოვებული კინოთეატრისა და ბაროკოსფასადიანი
ეკლესიის ტერიტორიაზე.

მესინა მოტოციკლს სადგამზე აყენებს და ქალი ეკლესიის გვერდით შეჰყავს, სადაც ჭიშკარს
აღებს და ისინი მიცვალებულთა ქალაქში, ადგილობრივ სასაფლაოზე აღმოჩნდებიან. საოჯახო
საფლავებსა და მავზოლეუმებს ღამის ჩრდილები ავბედითად ეფინება.
– აქ დაკრძალავენ სალვატორეს, როცა სხეულიდან შენს ტყვიას ამოუღებენ და ოდესმე აქ
დამკრძალავენ მეც, – ამბობს მესინა.

– თქვი, რომ მისი სიკვდილი გაგიხარდა.

– შენ რომ არა, ამის გაკეთება მე მომიწევდა. ჩვეულებრივი un animale (ცხოველი (ფრანგ.).) იყო.
ზღვარი აღარ იცოდა.

– მის ადგილს შენ დაიკავებ?

მესინა მხრებს იჩეჩს.

– ვინმე ნამდვილად დაიკავებს.

– ჩვეულებრივი რუტინაა, არა?

– რაღაც მაგდაგვარი. მაგრამ შენ?.. ვისზე მუშაობ?

– ამას მნიშვნელობა აქვს?

– აქვს, თუკი შემდეგი მე ვიქნები, – ამბობს და პატარა „ბერეტას“ სამხრე კაბურიდან იღებს.
იარაღს ქალს უმიზნებს. – იქნებ სჯობს ახლავე მოგკლა?

– მიდი, გარისკე, – ეუბნება ვილანელი და „რუგერს“ იმარჯვებს.

მცირე ხნით ასე დგანან, შემდეგ ქალი წინ მიიწევს და კაცის ქამარს ხელს ჰკიდებს.

– დავზავდეთ?
სექსი მოკლეხნიანი და ცხოველურია. მთელი ამ დროის განმავლობაში „რუგერი“ არ დაუშვია.
ბოლოს იარაღიან ხელს წონასწორობის შესანარჩუნებლად კაცის მხარს ჰკიდებს და მისი
პერანგის კიდით დასვრილ ადგილებს იმშრალებს.

– ახლა? – კითხულობს კაცი და ერთდროულად აღტაცებითა და ზიზღით უმზერს. ბინდში


ვილანელის ზედა ტუჩზე შრამს ამჩნევს, რაც ქალს კიდევ უფრო ცივად და მკაცრად წარმოაჩენს,
ვიდრე მანამდე ჩანდა.

– ახლა შენ წახვალ.

– ოდესმე კიდევ შეგხვდები?

– ილოცე, რომ არა.

კაცი მცირე ხნით აკვირდება, შემდეგ კი შორდება და „აგუსტა“ ღმუილით ერწყმის ღამეს.
ვილანელი საფლავებს შორის დაღმართზე ეშვება და სვეტებიან მავზოლეუმთან პატარა
მოსწორებულ ზედაპირთან ჩერდება. „ფენდის“ ხელჩანთიდან იღებს „ბრიკეტის“ სანთებელას,
დაკუჭულ ლურჯ ბამბის კაბას, ძალიან თხელ სანდლებს და ტილოს ჯიბე-ქამარს, რომელშიც
500 ევრო, თვითმფრინავის ბილეთი, პასპორტი და საკრედიტო ბარათი დევს. ბარათი ვინმე
ირინა სკორიკისაა – უკრაინაში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქის.

ვილანელი სწრაფად გამოიცვლის ტანსაცმელს და „ვალენტინოს“ კაბასთან ერთად სილვიანა


მორელისთან ასოცირებულ ყველა დოკუმენტს, მწვანე კონტაქტურ ლინზებსა და შავ პარიკს,
რომელიც დღეს დილით მოირგო, ცეცხლს უკიდებს. ელოდება, სანამ ყველაფერი ჩაიწვება,
შემდეგ კი ფერფლსა და ნარჩენებს კვიპაროსის ტოტით ბუჩქებში მიმოაბნევს.

ისევ დაღმართს მიუყვება და უახლოვდება ჟანგიან ჭიშკარს, საიდანაც ვიწრო ბილიკი გადის.
ბილიკი მალე უფრო ფართო, შედარებით დატვირთული გზით იცვლება, რომლითაც ვილანელი
დასავლეთით, ქალაქის ცენტრამდე მიდის. ოცი წუთის შემდეგ პოულობს იმას, რასაც ეძებდა:
ერთ-ერთი რესტორნის უკან მდგარ დიდ, ბორბლებიან ნაგვის ყუთს, რომელსაც თავზე
სამზარეულოს ნარჩენები აყრია. ვილანელი საოპერო ხელთათმანებს იკეთებს, ამოწმებს, ვინმე
ხომ არ უყურებს, შემდეგ ნაგავში იქექება და მისი სიღრმიდან რამდენიმე პაკეტი ამოაქვს. ერთ-
ერთს ხსნის და „ფენდის“ ხელჩანთასა და „რუგერს“ მოლუსკებისა და თევზის თავებით
აყროლებულ პაკეტში ათავსებს. შემდეგ პაკეტს ურნაში აბრუნებს და ზემოდან ნაგავს აყრის.
ბოლოს ხელთათმანებსაც იშორებს და მთელ ამ ოპერაციაზე ნახევარ საათზე ნაკლებ დროს
ხარჯავს. როდესაც ყველაფერს ამთავრებს, აუჩქარებლად აგრძელებს გზას დასავლეთით.
მომდევნო დილას, დღის თერთმეტ საათზე, პოლიციის განყოფილების წინ, პიაცა-ოლიველას
კაფეში, ბართან კოლეგასთან ერთად ყავას სვამს პაოლო ველა. გრძელი დილა გამოვიდა. ჯერ
„თეატრო-მასიმოს“ კორდონს აკონტროლებდა, უზრუნველყოფდა, რომ ბრბოს დისტანცია
დაეცვა, შემდეგ კი თეატრი დანაშაულის ადგილად იქცა და უკვე მთელმა პალერმომ იცოდა,
რომ დონ სალვატორე გრეკო მოკლეს. ჭორები დადის, რომ ეს მის ოჯახურ ბიზნესს
უკავშირდებოდა და რომ მკვლელი ქალი იყო, თუმცა ჭორები ყოველთვის დადის.

– ერთი ამას შეხედე, – სუნთქვას ამოაყოლებს ველა და მცირე ხნით გრეკოს მკვლელობა
სრულიად ავიწყდება. მისი კოლეგა მის მზერას თვალს აყოლებს და დატვირთულ ქუჩაზე
ახალგაზრდა, ლურჯსარაფნიან ქალს ამჩნევს. აშკარაა, რომ ტურისტია. ის რამდენიმე წამით
მტრედების აფრენას აკვირდება, ტუჩები ოდნავ ეხსნება, რუხი თვალები უნათდება და დილის
ნათელი მოკლედ შეჭრილ თმას უელვარებს.

– მადონა თუ მეძავი? – ეკითხება ველას კოლეგა.

– აშკარად მადონა.

– მაშინ შენთვის ზედმეტად კარგია, პაოლო.

კაცი იღიმის. მზით განათებული ქუჩა წამით იყინება. შემდეგ მოედნის თავზე მტრედები
იწყებენ ფრენას, ქალი მოგრძო ფეხების რხევით გზას აგრძელებს და ბრბოში იკარგება.

ვილანელი პარიზში, ლუვრის სამხრეთის ფრთაში, ფანჯრის რაფასთან ზის. შავი ქიშმირის
სვიტერი, ტყავის ქვედაკაბა და დაბალყელიანი ჩექმა აცვია. თაღოვან ფანჯარაში ზამთრის
ნათელი აღწევს და მის წინ მდგარ ქანდაკებას აცისკროვნებს. ეს რეალური ზომის „ამურის
კოცნით გაცოცხლებული ფსიქეაა“, რომელიც იტალიელი მოქანდაკის, ანტონიო კანოვას
მეთვრამეტე საუკუნის ბოლო წლების ქმნილებაა.

ლამაზი რამ არის. გაცოცხლებული ფსიქეა ფრთოსანი საყვარლისკენ იხრება, ხელებს კეფაზე
შემოხვევს, კუპიდონი კი ნაზად იჭერს მის თავსა და მკერდს. თითოეული ჟესტი სიყვარულის
განსახიერებაა, მაგრამ ვილანელი, რომელიც ერთი საათია, აქ მოსულ და წასულ სტუმრებს
ათვალიერებს, ამ ქანდაკებაში უფრო ბნელ შინაარსს ხედავს. ეგებ კუპიდონი ფსიქეას ყალბი
უსაფრთხოების შეგრძნებას უქმნის, სინამდვილეში კი მისი გაუპატიურება უნდა? ან იქნებ
ფსიქეა სექსუალურად მანიპულირებს მასზე და თავს პასიურ და ფემინურ არსებად წარმოაჩენს?

უცნობი გამვლელები ქანდაკებას რომანტიკულ ქმნილებად აღიქვამენ. აგერ, ახალგაზრდა


წყვილი მის იმიტაციასაც ახდენს – იცინიან. ვილანელი აკვირდება, როგორ მსუბუქდება
გოგონას მზერა და როგორ ნელდება მისი წამწამების მოძრაობა. მისი ღიმილი ოდნავი,
მორცხვი გამოხედვით იცვლება. პრაქტიკულად, ვილანელი უცხო ხალხთან უსიტყვოდ
საუბრობს და მათ მომავალსაც კი ხედავს. მთელი თავისი ოცდაექვსწლიანი სიცოცხლის
განმავლობაში კარგად ისწავლა ადამიანური ემოციების გამოხატვა. სინაზე, თანაგრძნობა,
მწუხარება, სინდისის ქენჯნა, შოკირება, ნაღველი... ვილანელს არც ერთი მათგანი არ
შეუგრძნია, მაგრამ კარგად ისწავლა მათი იმიტირება.

– ძვირფასო! აი, სად ყოფილხარ.

ვილანელი ზევით იხედება. ეს ანა-ლაურა მერსეა. როგორც ყოველთვის, დააგვიანა და ახლა


ბოდიშის გამომხატველი ღიმილით დაჰყურებს. ვილანელი უღიმის, ისინი ერთმანეთს
შეუხებლად გადაკოცნიან და გალერეის პირველ სართულზე „კაფე მოლენისკენ“ მიდიან. აანა-
ლაურა ამბობს:

– გინდა საიდუმლო გითხრა? ოღონდ, არავისთან წამოგცდეს!

ანა-ლაურას ვილანელისთვის ყველაზე მეტად შეესაბამება ცნება, რასაც მეგობარი ჰქვია.


რაოდენ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ერთმანეთი სილამაზის სალონში გაიცნეს. ანა-ლაურა
ლამაზი ექსტროვერტია და საკმარისზე მეტად მარტოსულიც ეთქმის. მან საზოგადოებასთან
ურთიერთობის კომპანია თავისზე თექვსმეტი წლით უფროს, საკმაოდ მდიდარ კაცთან
ქორწინებაზე გაცვალა. ჟილ მერსიეს ფინანსთა სამინისტროში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია
და მეტისმეტად ხშირად მუშაობს ზეგანაკვეთურად, მისი უდიდესი ვნება კი თავისი ღვინის
სარდაფი და მეცხრამეტე საუკუნის მოოქრული საათების პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი
კოლექციაა.

ანა-ლაურას კი გართობა უნდა, რასაც ჟილის მოსაწყენ ცხოვრებასა და საათებში ვერ პოულობს.
ამ მომენტში, სანამ რესტორნის კიბეზე ადიან, მან უკვე უამბო ვილანელს იმ ახალი ინტრიგის
შესახებ, რომელიც ლათინური კაბარეს ერთ-ერთ მოცეკვავესთან, ცხრამეტი წლის ბრაზილიელ
ბიჭთან, აქვს ჩახლართული.
– უბრალოდ, ფრთხილად იყავი, – ეუბნება ვილანელი, – დასაკარგი ბევრი გაქვს. შენი ეგრეთ
წოდებული მეგობრები კი, თუ გაიგეს, რომ აქეთ-იქით დაძვრები, ყველაფერს ჟილს
ჩაუკაკლავენ.

– მაგაში კი მართალი ხარ. მაშინვე ჩამიშვებენ, – ანა-ლაურა ღრმად ამოისუნთქავს და


ვილანელს მკლავს გაუყრის, – რა საყვარელი ხარ. არასოდეს მკიცხავ და ყოველთვის ჩემზე
ზრუნავ.

ვილანელი ქალს მკლავზე ხელს უჭერს.

– ვზრუნავ და არ მინდა რამე დაგიშავდეს.

სინამდვილეში ვილანელი ანა-ლაურას ახლობლობას კონკრეტული მიზნებისთვის იყენებს. მას


კარგი კავშირები აქვს სხვადასხვა მაღალი წრის ხალხთან და ვილანელიც, როგორც მისი
კომპანიონი, უპრობლემოდ დაიშვება საუკეთესო კლუბებში, დახურულ წვეულებებზე, მოდის
გამორჩეულ ჩვენებებსა და რესტორნებში. ამასთან, ორი ქალი შედარებით ნაკლებად საეჭვოა,
ვიდრე ერთი. მეორე მხრივ, ანა-ლაურას სექსუალური თავაშვებულობის გათვალისწინებით,
ადრე თუ გვიან, ჟილს ამას აუცილებლად გააგებინებენ და ამ შემთხვევაში შესაძლოა ჟილმა
ღალატში თანამზრახველად ვილანელიც მიიჩნიოს. მას კი მაღალი თანამდებობის
ჩინოვნიკთან საქმის გაფუჭება ყველაზე ნაკლებად სჭირდება.

– დღეს „ნიკეის“ სააქციო ინდექსს რატომ არ ადგენ, ან ტრეიდინგის სხვა რომელიმე საქმით
რატომ არ ხარ დაკავებული? – ეკითხება ანა-ლაურა, როცა საბოლოოდ მაგიდასთან სხდებიან.

ვილანელი იღიმის.

– სუპერკაპიტალისტებსაც კი სჭირდებათ დასვენების დღე. თან იმ შენი ბიჭის შესახებაც


მინდოდა გამეგო, – აქეთ-იქით იყურება და აკვირდება პრიალა ვერცხლისა და შუშის
ზედაპირებს, ყვავილებს, ნახატებს, სხივთა ოქროსფერ გამას. ფანჯრებს მიღმა ცა უკვე რუხ
ფერებს იძენს, „კარუსელ-გარდენსი“ კი თითქმის დაცარიელებულა.

სანამ მიირთმევენ, ანა-ლაურა თავისი ახალი სიყვარულის შესახებ ჰყვება, თუმცა ვილანელი
ფიქრებით სულ სხვაგან არის. მდიდრული ცხოვრება, საავტორო სამოსი – ყველაფერი ძალიან
კარგია, მაგრამ უკვე რამდენიმე თვე გავიდა პალერმოს ოპერაციიდან და ვილანელს ერთი სული
აქვს ისევ აუჩქარდეს გული მოქმედების მოლოდინით. თანაც იმის დადასტურება სურს, რომ
ორგანიზაციისთვის ის ღირებული და საუკეთესო აგენტია.
ნახევარი პლანეტის იქით, კვლავ „დობრიანკის“ კოლონიას ხედავს.

– ღირდა ამ ყველაფრად? – ეს ჰკითხა ერთხელ კონსტანტინმა. თავის ცხოვრებას თვალს რომ


გადაავლებს, ვილანელი ფიქრობს იმ ყველაფერზე, რაც დათმო მამამისის სიკვდილზე შურის
საძიებლად. თავის მხრივ, მამამისმაც ცუდად დაამთავრა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა,
ვილანელმა იცოდა, რომ რამდენჯერაც უნდა დაბრუნებულიყო წარსულში, ნებისმიერ
შემთხვევაში, მაინც ასე მოიქცეოდა.

„ძმებთან“ მომხდარ გაუგებრობამდე მამამისი ახლო ბრძოლის ინსტრუქტორად მუშაობდა და


მართალია ბორის ვორონცოვი იდეალური მამა არ ყოფილა, იოლად ნებდებოდა მეძავებსა და
სასმელს, ომში წასვლამდე კი ოქსანა ბავშვთა სახლში მიაბარა, მაგრამ მაინც მისი სისხლი და
ხორცი და ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც დედის სიკვდილის შემდეგ დარჩა.

დაბადების დღის ან ახალი წლის საჩუქრებით არასოდეს ანებივრებდა, თუმცა მამა საკუთარი
თავის დაცვასა და ბევრ სხვა რამეს ასწავლიდა. ოქსანას კარგად ახსოვდა მასთან ერთად
გატარებული დღეები ტყეში, ჭიდაობა თოვლში, სამსახურებრივი რევოლვერით – ძველი
„მაკაროვით“ – ლუდის ქილებისთვის სროლა და სპეცრაზმისთვის დამზადებული მაჩეტეთი
ტოტების კაფვა. მაჩეტე თავიდან ძალიან არ მოსწონდა – მძიმე და მოუხერხებელ იარაღად
ეჩვენებოდა, მაგრამ მამამ ასწავლა, რომ საჭირო დროს მასზე უკეთესი ცოტა რამ თუ იყო.
მთავარია შეარჩიო მომენტი, დანარჩენს კი, წონისა და ფორმის დახმარებით, მაჩეტე თავად
ახერხებს.

მკვლელებს ადვილად მიაგნო. მათ ყველა იცნობდა და ასეც უნდა ყოფილიყო. მამამისმა
„ძმების“ გაცურება გადაწყვიტა, მათ კი სამაგალითოდ დასაჯეს: ესროლეს და მისი სხეული
ქუჩაში დატოვეს. მომდევნო საღამოს ოქსანა პუშკინის ქუჩაზე კლუბ „პონიში“ შევიდა. „ძმები“ –
სამივენი – ბართან ისხდნენ და სიცილით სვამდნენ, თუმცა როცა ოქსანა მიუახლოვდათ,
ღიმილი გაუქრათ და გაჩუმდნენ. გოგოს სამხედრო ქურთუკი, სუპერმარკეტში ნაყიდი ჯინსი
ეცვა და მართალია შლიუხას არ ჰგავდა, მაგრამ მეძავივით კი იქცეოდა.

ოქსანა ცოტა ხანს მათ წინ იდგა და გამომწვევი მზერით რიგრიგობით აკვირდებოდა. ბოლოს
ჩაიმუხლა, მკლავები იღლიებს შორის ზურგისკენ გასწია, ზურგზე დაკიდებული კაბურიდან
მაჩეტე ამოაძვრინა და მუხლებქვეშ ზუსტად ისე მოიქნია, როგორც მამამ ასწავლა.
ნახევარკილოგრამიანი ტიტანიუმის ფოლადი დაუბრკოლებლად შეესო პირველი კაცის კისერს,
შემდეგ კი მეორის ყურს. მესამემ ხელი ქამრისკენ წაიღო, თუმცა ოქსანას ამ დროისთვის უკვე
„მაკაროვი“ მოემარჯვებინა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, ესმოდა მხოლოდ პანიკური ქოშინი
და უკანდახეული ხალხის კივილი.
კაცს დაღებულ პირში ესროლა. რამდენიმე წამით კაცი გაუნძრევლად იდგა და ოქსანას
შეჰყურებდა. კეფაზე შერჩენილ თეთრ ძვალთან სისხლი და ტვინის ნარჩენი მოჩანდა. შემდეგ
ფეხები მოეკეცა და იატაკზე დაეცა პირველი კაცის წინ, რომელიც რატომღაც კვლავ ცოცხალი,
მაგრამ სასოწარკვეთილი მუხლებზე იდგა და ნიკაპის ქვეშ დაღებული ჭრილობიდან
მილკშეიკის ბოლო წვეთების ხვრეპის ხმა ამოსდიოდა. ჯერაც ცოცხალი იყო მესამე კაციც. ის
წითელ ტბაში ემბრიონის პოზაში იწვა, ფეხებს უაზროდ აქნევდა და ხელით ყბის კიდესთან
ჩარჭობილ მაჩეტეს ეჭიდებოდა.

ოქსანა აკვირდებოდა და გაღიზიანებას გრძნობდა იმის გამო, რომ კაცი არ კვდებოდა, თუმცა
კიდევ უფრო გამაღიზიანებელი იყო მუხლებზე მდგომი კაცი და მისი მარწყვის „მაკფლარის“
ხრუპუნი. ოქსანა მის გვერდით დაიხარა, „კოსმოს“ ჯინსის შარვალი სისხლით გასვარა და კაცის
ტუჩებზე შეკითხვა ამოიკითხა.

– მე მისი შვილი ვარ, ნაბოზარო! – ჩასჩურჩულა, მაკაროვის ლულა კისერზე მიაბჯინა და


სასხლეტს თითი გამოჰკრა. გასროლას კვლავ საშინლად ძლიერი ხმა მოჰყვა და კაცის ტვინი
აქეთ-იქით გაიფანტა. სამაგიეროდ, მილკშეიკის ხმაც მიწყდა.

– Chérie!

ვილანელი თვალებს ახამხამებს და რესტორანი კვლავ თავის ფორმებს იბრუნებს.

– ბოდიში, რაღაცაზე ჩავფიქრდი... რა მითხარი?

– ყავა?

ვილანელი მისკენ თავაზიანად დახრილ მიმტანს უღიმის.

– პატარა ესპრესო, გეთაყვა.

– გულწრფელად მითხარი, ძვირფასო, რაზე ფიქრობ ასეთ მომენტებში? ვინმე ისეთი ხომ არ
გყავს, ვისზეც მე უნდა ვიცოდე?

– არა. ნუ ღელავ, ამას პირველი შენ გაიგებ.


– დიდი იმედი მაქვს. ხანდახან ძალიან იდუმალი ხარ. იცი, ხშირად უნდა გავიდეთ სადმე,
ოღონდ მოდის ჩვენებებსა და საყიდლებს არ ვგულისხმობ. აი... – ქალი შამპანურის ბოკალს
თითს ააყოლებს, – უფრო მხიარულ ადგილებს ვგულისხმობ. შეგვიძლია წავიდეთ „ზერო-
ზეროში“ ან „ეკნონუში“ და ახალი ხალხი გავიცნოთ.

ჩანთაში ვილანელის ტელეფონი ბზუის. შეტყობინებაში ერთი სიტყვაა: დაუკავშირდი.

– უნდა გავიქცე. სამსახურის საქმეა.

– ოჰ, კარგი რა, ვივი, აუტანელი ხარ. ყავაც კი არ დაგილევია.

– არა უშავს.

– ძალიან მოსაწყენი ხარ.

– ვიცი. ბოდიში.

ორი საათის შემდეგ ვილანელი პორტ-დე-პასისთან, თავისი სხვენის ბინაში, კაბინეტში ზის.
ფანჯრებს მიღმა ცას ფოლადის ფერი აქვს.

ელექტრონული შეტყობინება მოიცავს რამდენიმე ხაზს ვალ-დ’იზერის სათხილამურო


კურორტის შესახებ და მიბმული აქვს უამრავი ფოტო, რომელთა გადმოტვირთვისა და
გაშიფვრის შემდეგაც ვილანელი ეკრანზე სხვადასხვა კუთხიდან აკვირდება ადამიანის სახეს. ამ
სახეს ისევე იმახსოვრებს, როგორც ტექსტს. ის ახალი სამიზნეა.

„ტემზ-ჰაუსი“. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის, MI5-ის, სათავო ოფისი, მილბენკი,


ვესტმინისტერი. მესამე სართულზე, უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ოფისის ფანჯრიდან
ევა პოლასტრი ლამბეტ-ბრიჯსა და ქარის ზემოქმედებით შერხეულ მდინარის ზედაპირს
დაჰყურებს. ეს-ესაა შერეული გრძნობების ფონზე გაიგო, რომ ორსულად არ არის.

გვერდითა კომპიუტერთან მისი მოადგილე, საიმონ მორტიმერი, ჩაის ფინჯანს ლამბაქზე


დგამს.
– შემდეგი კვირის სია, – ამბობს ის, – გავიაროთ?

ევა სამკითხველო სათვალეს იხსნის და თვალებს ისრესს. მისი ქმარი, ნიკო, მას ბრძნულ
თვალებს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ევა მხოლოდ ოცდაცხრა წლისაა, ქმარი კი თითქმის
ათი წლით უფროსი. ის და საიმონი ერთად ორ თვეზე მეტია მუშაობენ. მათი დეპარტამენტი –
პ3 – გაერთიანებულ ანალიტიკურ ჯგუფში შედის, რომლის მიზანიც გაერთიანებულ სამეფოში
შემოსული „მაღალი რისკის“ შემცველი ფიზიკური პირებისგან მომდინარე საფრთხის შეფასება
და, საჭიროების შემთხვევაში, საქალაქო პოლიციისთვის სპეციალიზებული დახმარების
გაწევაა.

დიდწილად ეს წამგებიანი საქმიანობაა, რადგან პოლიციის რესურსები შეზღუდულია,


სპეციალიზებული დახმარება კი ძვირი ჯდება. ამასთან, მცდარ შეფასებას კატასტროფული
შედეგები მოჰყვება. როგორც მისმა ყოფილმა განყოფილების უფროსმა, ბილ ტრეგარონმა
ერთხელ თავისი კარიერის რადიკალურად დაღმასვლამდე უთხრა, თუკი ფიქრობ, რომ შენი
თავის ტკივილი მქადაგებელი ექსტრემისტია, ესე იგი, ჯერ მკვდარი ექსტრემისტი არ
გინახავსო.

– გისმენ, – ეუბნება ევა საიმონს.

– პაკისტანელი მწერალი ნასრინ ჯილანი, რომელიც ოქსფორდში ამ კვირის ხუთშაბათს


მოხსენებით გამოდის. მას სიკვდილით ემუქრებიან.

– სერიოზული ამბავია?

– საკმაოდ სერიოზული. სპეცოპერაციების მართვის დეპარტამენტმა მის დასაცავად


რამდენიმეკაციანი ჯგუფი გამოყო.

– განაგრძე.

– რეზა მოკრი, ირანელი ბირთვული ფიზიკოსი. აქაც სრული უსაფრთხოებაა


უზრუნველყოფილი.

– გასაგებია.
– მერე გვყავს ეს რუსი კედრინი. აქ კი დარწმუნებული არ ვარ.

– რაში?

– იმაში, თუ რაოდენ სერიოზულად უნდა აღვიქვათ. პოლიციას ხომ ვერ მოვთხოვთ ჰითროუში
ჩამოსულ ყველა გარეკილ პოლიტიკურ თეორეტიკოსს კუდში სდიოს?

ევა თავს უკრავს. აჩეჩილი თმითა და უმაკიაჟოდ ის ახლა ისეთ ადამიანს ჰგავს, რომლისთვისაც
სხვათა აზრი საკუთარ გარეგნობაზე თითქოს სრულიად უმნიშვნელოა. ჰგავს აკადემიურ
პერსონალს, ან წიგნის მაღაზიაში მომუშავე ქალს, თუმცა მისი სიმშვიდე და მტკიცე მზერა სულ
სხვა რამეზე მეტყველებს.

მისი კოლეგები ევა პოლასტრის მონადირედ იცნობენ – ქალად, რომელიც უკან იოლად არ
იხევს.

– ვინ მოითხოვა კედრინის დაცვა? – კითხულობს ის.

– „ევრაზია იუ-ქეიმ“ – ჯგუფმა, რომელმაც ამ სტუმრობის ორგანიზება ითავა. რაღაცები


ჩავიწერე და გავარკვიე, რომ...

– ვიცი, ვინც არიან.

– მაშინ ისიც გეცოდინება, თუ რას ვგულისხმობ. უფრო მეტად შეშლილები არიან, ვიდრე
სახიფათოები. ისტერიკაა ატეხილი ევროპისა და რუსეთის იდუმალი კავშირის შესახებ,
რომელიც თითქოს კორუფციულ ამერიკას უპირისპირდება.

– ვიცი, გიჟურად ჟღერს, თუმცა არც მხარდამჭერების ნაკლებობას განიცდიან, მათ შორის,
კრემლში.

– ეს ვიქტორ კედრინი კი მათი სახეა.

– ის მთავარი იდეოლოგი და ამ მოძრაობის სახეა. აშკარად ქარიზმატული ტიპია.


– მაგრამ ლონდონში საფრთხე არ ემუქრება. ხომ ასეა?

– შესაძლოა კი. შესაძლოა არა.

– ვინ უნდა წავიდეს ასეთ რისკზე? მართალია, ამერიკელებს მასზე ჭკუა არ ეკეტებათ, მაგრამ
ჰაი-ჰოლბორნზე მის მოსაკლავად დრონს ნამდვილად არ გაუშვებენ.

– მანდ რჩება?

– კი, სასტუმროში, სახელად „ვერნონი“.

ევა თავს უკრავს.

– ალბათ მართალი ხარ. მისტერ კედრინის დაცვით პოლიციას ნუ შევაწუხებთ, თუმცა მგონია,
მის გამოსვლას მაინც უნდა დავესწროთ, არა? თან, როგორც ვიცი, „ევრაზია იუ-ქეის“
წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

– ქონვეი-ჰოლი. შემდეგი პარასკევი.

– ძალიან კარგი. შემახსენე.

საიმონი თავაზიანად უკრავს თავს. ოც წელს მცირედით არის გადაცილებული, თუმცა


მანერებით შუა საუკუნეების მქადაგებელს ჰგავს.

ევა ავტორიზაციას გადის სისტემაში, რომელსაც ის მსშს-ს, ანუ მაღალი საფრთხის შემცველთა
სიას უწოდებს. ეს სია ხელმისაწვდომია მეგობარი სპეცსამსახურებისა და ასევე პოტენციური
მეგობარი სპეცსამსახურებისთვის, მათ შორის, რუსული ეფ-ეს-ბესა და პაკისტანური სი-აი-
დისთვის. აქ მოცემულია საერთაშორისო დაქირავებული მკვლელების ჩამონათვალი. საუბარია
არა ადგილობრივ მოძალადეებსა და „მოვიდა-წავიდა“ სნაიპერებზე, არამედ უმაღლესი
ეშელონის მკვლელებზე, რომელთაც პოლიტიკური მიზნებით ქირაობენ, შესაბამისად, ჰყავთ
მეტად შეძლებული დამკვეთები. სიის ზოგიერთი პუნქტი დეტალურადაა ჩაშლილი, ზოგიც
კოდურ სახელს ატარებს – გამოძიებისა და დაკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე.

უკვე ორი წელია ევა აწარმოებს პერსონალურ სიას, სადაც შეტანილი აქვს ის შემთხვევები, როცა
გავლენიანი ხალხის მკვლელების კვალის მოძიება ვერ მოხერხდა. ყველაფერი იწყება დრაგან
ჰორვატით – ბალკანელი პოლიტიკოსით, რომელიც განსაკუთრებით ამაზრზენი კაცი იყო და
ადამიანებით ვაჭრობის საქმეს კურირებდა, თუმცა ეს ვერ დაეხმარა ბილ ტრეგარონს,
რომელსაც ცენტრალურ ლონდონში, ცხვირწინ მოუკლეს ჰორვატი. ტრეგარონი
თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გაუშვეს პროვინციულ ჩელტენჰემში, სახელმწიფო
კომუნიკაციების მთავარ სამსახურში, მისი მოადგილე ევა კი P3-ის ხელმძღვანელი გახდა.

ჰორვატი მოკლეს ლონდონში, ჩვიდმეტი წლის საყვარლის, ჰეროინზე დამოკიდებული


თბილისელი გოგონას, ირმა ბერიძის თვალწინ. ოფიციალური ინფორმაციით, ის ლონდონში
მაღალი რანგის სავაჭრო დელეგაციას ჩამოჰყვა, რეალურად კი მთელი დღე ირმასთან ერთად
საყიდლებზე დადიოდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს, როცა იაპონური რესტორნიდან გამოსულები
ცუდად განათებულ ბეისვოტერ-სტრიტზე მიაბიჯებდნენ, მოულოდნელად ჰორვატს ვიღაც
უცნობი დაეჯახა.

საკეს ზემოქმედებით გახალისებულმა ჰორვატმა ვერაფერი გაიაზრა და უცნობს ბოდიშიც კი


მოუხადა. კაცმა საკმაოდ გვიან შენიშნა, რომ სხეულში დანის პირი ჰქონდა შერჭობილი.
ჭრილობიდან გადმოსული სისხლი საზარდულზე ეღვრებოდა, შოკირებულს პირი დაეღო და
ქვაფენილისკენ ეშვებოდა. ცალი ხელი უღონოდ ედო წვივის გაწყვეტილ არტერიაზე. ორ წუთზე
ნაკლებ დროში გარდაიცვალა.

როდესაც თხუთმეტი წუთის შემდეგ იაპონელი ბიზნესმენების ჯგუფმა რესტორანი დატოვა,


ირმა ისევ იქ, ათრთოლებული და აკანკალებული იდგა. იაპონელები ინგლისურად იდეალურად
ნამდვილად არ საუბრობდნენ, ირმამ კი ენა საერთოდ არ იცოდა. ამიტომ სასწრაფო
დახმარების გამოძახებაში კიდევ ათი წუთი დაიკარგა. ტრავმირებული ირმა ჯერ ირწმუნებოდა,
რომ არაფერი ახსოვდა, თუმცა ქართველი თარჯიმნის დახმარებით ჩატარებულ დაკითხვაზე,
რომელიც პოლიციის განყოფილება SO15-ში გაიმართა, გოგონამ მხოლოდ ერთი დეტალის
გახსენება შეძლო და თქვა, თუ არ ვცდები, დრაგან ჰორვატი ქალს უნდა მოეკლაო.

პროფესიონალი ქალი მკვლელი უიშვიათესი რამ არის. სამსახურის დაწყების შემდეგ ევას
მხოლოდ ორი ასეთი ქალის შესახებ სმენია. საიდუმლო მონაცემების მიხედვით, მარია
გოლოვკინას ეფ-ეს-ბე საზღვარგარეთ ოპერაციებისთვის იყენებდა. ის რუსეთის პნევმატური
იარაღით მსროლელთა ნაკრებშიც ირიცხებოდა ათენის ოლიმპიადაზე, თუმცა არსებობს
ვარაუდი, რომ გოლოვკინა სპეციალურ წვრთნებს კრასნოდარის სპეცრაზმის ბაზაზე გადიოდა.
მეორე კი იყო სერბი ქალი ელენა მარკოვიჩი, რომელსაც კლან „ზემუნთან“ კავშირს მიაწერენ.
თუმცა ჰორვატის ლიკვიდაციას ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებდა, რადგან პოლიტიკოსის
მკვლელობის მომენტისთვის ორივე თავადაც უკვე მკვდარი იყო. ჰორვატის მკვლელობამდე
წელიწადზე მეტი ხნით ადრე გოლოვკინა ბრაიტონ-ბიჩზე მდებარე სასტუმროს ტანსაცმლის
კარადაში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ოთხი თვით ადრე კი მარკოვიჩი ბელგრადში, მანქანაში
დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. შესაბამისად, თუ ირმა ბერიძე არ ცდებოდა,
დედამიწაზე ახალი მკვლელი ქალი დააბიჯებდა და ეს ევას განსაკუთრებით აინტერესებდა.

თავადაც არ იცის, რატომ. ალბათ იმიტომ, რომ არ შეუძლია დაუშვას, რომ სხვას სიცოცხლეს
უსპობს და მცირედ აღტაცებასაც გრძნობს იმ ქალის წარმოდგენისას, რომლისთვისაც
მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავია. ის, ვინც ყოველ დილით იღვიძებს, ყავას იკეთებს,
ტანსაცმელს არჩევს, შემედგ კი გარეთ გადის და ცივსისხლიანად, სრულიად უცნობ ადამიანს
კლავს. საამისოდ რაღაც განსაკუთრებულად უჩვეულო ფსიქოპათი უნდა იყო, თუ ასეთად უნდა
დაიბადო? ან ეგებ ნებისმიერი ქალი, სათანადო დაპროგრამების შემთხვევაში, პროფესიონალ
ჯალათად იქცევა?

ბილისგან P3-ის ხელმძღვანელობის გადმობარებისთანავე ევამ დეტალურად დაიწყო ქალი


მკვლელების შესწავლა და რამდენიმე შემთხვევა სათავისოდ მოინიშნა კიდეც. პირველი ეხება
გერმანიაში ალექსანდრ სიმონოვის მკვლელობას. ეს გახლდათ რუსი ოლიგარქი, რომელზეც
ეჭვობდნენ, რომ ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს აფინანსებდა, სანაცვლოდ კი ნავთობისა
და გაზის ხელსაყრელ ხელშეკრულებებს უფორმებდნენ. მკვლელმა ფრანკფურტის
„ალტინვესტ-ბანკის“ სათავო ოფისის წინ, FN P90-დან სიმონოვს მკერდში ექვსჯერ ესროლა. მას
მოტოკურიერის წყალგაუმტარი ქურთუკი ეცვა და დაბურული ჩაფხუტი ეხურა. შემდეგ მალევე
მოახტა BMW G650X მოტოციკლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით უამრავი
თვითმხილველი დაჰკითხეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „იქმნებოდა შთაბეჭდილება“,
თითქოს მკვლელი ქალი იყო.

მეორე შემთხვევა აშკარად არ უკავშირდებოდა პოლიტიკას. მოკლულია სიცილიური მაფიის


ბოსი, სალვატორე გრეკო, რომლის მკვლელობაშიც, მრავალთა აზრით, პირდაპირ თუ ირიბად,
მისი ძმისწული, ლეოლუკა მესინაა გარეული. გრეკოს კლანს ახლა სწორედ ის მეთაურობს.
თუმცა პრესაში რამდენჯერმე ახსენეს ფრაზა – „ქალი წითელ კაბაში“. იტალიურ მაფიასთან
ბრძოლის დეპარტამენტის განცხადებით, გრეკო პალერმოში, „თეატრო-მასიმოს“ პირად
ლოჟაში, საოპერო წარმოდგენის შემდეგ მკვდარი იპოვეს. გრეკო მოკლული იყო ახლო
გასროლით, ორი დაბალსიჩქარიანი 22-მილიმეტრიანი ტყვიით. მის გვერდითვე იწვა მისი ორი
პირადი მცველი, რომლებსაც თავის ქალაში თითო ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი.

ცნობილია, რომ იმ ღამით თეატრში ლეოლუკა მესინაც იმყოფებოდა. თვითმხილველმა ის


ბართან შავგვრემან ქალთან ერთად იხილა, ქალს წითელი კაბა ეცვა. ირკვევა ისიც, რომ ოპერის
მიმდინარეობისას ისინი ერთად არ ისხდნენ, თუმცა ვიდეოკამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს,
როგორ გადის მესინა ფარდის დაშვებიდან მალევე კულისებში, მის უკან კი ძნელად გასარჩევად
მოჩანს შავგვრემანი ქალი წითელ კაბაში, რომელიც თეატრის პროგრამას სახეზე მარაოს
მსგავსად იფარებს. მისი სახე არ ჩანს, ბუნდოვანია.

ევა ფიქრობს, რომ ეს ყოველივე დამთხვევა არ უნდა იყოს. ქალი აშკარად ითვალისწინებდა
ვიდეოკამერების არსებობას. ამასთან, უცნაურია ერთი დეტალი, რომელიც იტალიურ
გამოძიებას არ გაუსაჯაროებია: მანამ, სანამ გრეკოს მოკლავდნენ, მის სხეულში ხელნაკეთი
ხელსაწყოთი ტრანკვილიზატორის მომაკვდინებელი დოზა პირდაპირ მარცხენა თვალიდან
შეუშვეს. ამ ხელსაწყოს ფოტო ონლაინდოსიეში მოიძებნება. ეს არის საკმაოდ საშიში ვიზუალის
მქონე მოგრძო, ოდნავ მოხრილი, წვრილი რეზერვუარი, რომლის შიგნითაც პატარა დგუშია
დამონტაჟებული.

საინტერესოა, რაში დასჭირდა მკვლელს ამ ხელსაწყოს გამოყენება მანამ, სანამ გრეკოს


იარაღიდან ესროდა? ამ შეკითხვაზე პასუხს ევა საქმის გაცნობის პირველი დღიდანვე ეძებს,
მაგრამ ჯერ ვერაფერს მიაკვლია. რაში დასჭირდა საჯარო ადგილზე მკვლელს დროის კიდევ
უფრო გაწელვა? არ ჯობდა, საქმე რაც შეიძლება მალე მოემთავრებინა? მისი პოვნა ხომ
ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ?

ევა მაშინაც ამ შეკითხვების პასუხებზე ფიქრობს, როცა ფლინჩლიში, თავის ბინაში ბრუნდება.
რვას რამდენიმე წუთი უკლია. მისი ქმარი, ნიკო, ბრიჯის კლუბშია წასული. კვირაში სამ საღამოს
იქ ახალგაზრდებს ავარჯიშებს. მან ევას ღუმელში პოლონური pierogi დაუტოვა. ევა
კულინარიაში დიდად ძლიერი არ არის, განსაკუთრებით კი „ტემზ- ჰაუსში“ გატარებული მძიმე
დღის შემდეგ ვერ იტანს მზადებას.

საჭმელს ღუმლიდან იღებს, ჭამს და თან ბი-ბი-სიზე რვასაათიან საინფორმაციო გამოშვებას


უყურებს. მაყურებლებს აღმოსავლეთიდან წამოსული ცივი ფრონტის შესახებ აფრთხილებენ
(„დარწმუნდით, რომ თქვენი ქვაბები წესრიგშია!“), უჩვენებენ არაფრისმომცემ სიუჟეტს
ეკონომიკაზე, რის შემდეგაც ეკრანზე მოსკოვში გამართული აქციის კადრები ჩანს. ძნელად
გასარჩევია ტრიბუნასთან მდგომი სილუეტი, რომელიც თოვლით დაფარულ მოედანზე
შეკრებილებს ემოციურად მიმართავს, თუმცა მის ქვეშ აშკარად წერია: Виктор Кедрин.

ევა წინ იხრება და ჩანგალზე აცმული pierogi ხელში უშეშდება. მიუხედავად უხარისხო
გამოსახულებისა, ვიქტორ კედრინის ქარიზმა მაინც აშკარად თვალში საცემია. ევა ცდილობს
რეპორტიორის ხმის მიღმა კაცის სიტყვები გაიგონოს, თუმცა აქციის კადრებს მალევე
ანაცვლებს ისტორია კნუტის შესახებ, რომელიც ჩიხუახუამ იშვილა.

ჭამის დასრულების შემდეგ ევა საგარეო ტანსაცმელს იხდის, იცვამს ჯინსის შარვალს, სვიტერსა
და ელვაშესაკრავიან საწვიმარ ქურთუკს. შედეგით დიდად კმაყოფილი არა არის, მაგრამ ახლა
ამაზე თავის შეწუხებას არ აპირებს. ბინას ათვალიერებს, უყურებს წელამდე სიმაღლის წიგნის
თაროებს, ვიწრო დერეფანსა და სამზარეულოში გაშლილ საშრობზე გადაკიდებულ
ტანსაცმელს. „თუ ოდესმე დავორსულდები, – ეუბნება ფიქრებში საკუთარ თავს, – აუცილებლად
დაგვჭირდება გაფართოება“. რამდენიმე წამით თავს უფლებას აძლევს იფიქროს ნეთერჰოლ-
გარდენსში მდებარე წითელი აგურის გრაციოზულ კერძო სახლებზე აქედან ფეხით ხუთი წუთის
სავალზე რომ მდებარეობს. იდეალური იქნებოდა რომელიმე ერთსართულიანი ბინა, თუმცა ეს
იმდენადვე რეალურია, რამდენადაც ის, რომ მან და ნიკომ ბუკინგემის სასახლე შეიძინონ.
უშიშროების სამსახურის ოფიცრისა და სკოლის მასწავლებლის ხელფასი საამისოდ საკმარისი
ნამდვილად არ არის. ხოლო თუ არსებული რესურსით გაფართოება სურთ, მაშინ ცენტრიდან
სადმე გარეუბანში, ბარნეტში ან ტოტერიჯში გადასვლა მოუწევთ. ევა თვალებს ისრესს. ამაზე
ფიქრიც კი საშინლად ღლის.

ქურთუკს ელვაშესაკრავით იკრავს და სახლიდან გადის. კლუბი ათი წუთის სავალზეა. გზად
აღმოსავლეთიდან მონაბერ ცივ ფრონტზე ფიქრობს, რომელიც, როგორც ჩანს, ყინვისა და
თოვლის გარდა, საფრთხის მომტანიც იქნება.

დღეს ვესტ-ჰემპსტიდის ბრიჯის კლუბში ტურნირი იმართება. შენობა მალე ივსება. სათამაშო
ოთახში მაუდით დაფარული მაგიდები და პლასტმასის სკამები დგას. ქუჩის სიცივის შემდეგ აქ
საკმაოდ თბილა. სტუმრები ბართან საუბრით არიან გართული.

ევა მალევე ამჩნევს ქმარს, ნიკო პოლასტრის, რომელიც გუნდში სამ დამწყებ მოთამაშესთან
ერთად ზის. ყურადღებიანი მზერა და მინიმალისტური მოძრაობები აქვს. მათი
ჟესტიკულაციებით ევა შორიდანაც კი ამჩნევს, თუ როგორ ღელავენ ახალბედები და როგორ
ცდილობენ ნიკოსთვის თავის მოწონებას. ქერა აჩეჩილთმიანი გოგონა სვლას აკეთებს. ნიკო
წამით აკვირდება, შემდეგ კარტს უბრუნებს და თავაზიანად უღიმის. გოგონა ჯერ დაბნეული
ჩანს, თუმცა შემდეგ ხელს პირზე იფარებს და მაგიდასთან ყველანი იცინიან.

ნიკოს ბუნებისგან მომადლებული მომხიბვლელობა და იუმორის გრძნობა აქვს. ჩრდილოეთ


ლონდონის იმ სკოლაში, სადაც ის მათემატიკას ასწავლის, მოსწავლეებს შორის საკმაოდ
პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ იქ, ძირითადად, მოზარდები სწავლობენ. კლუბში ის
ოთხ უფროს ინსტრუქტორს შორის ერთ-ერთია და კლუბის წევრებიც ღიად პაექრობენ მისი
სიმპათიის მოსაპოვებლად. თვით ვეტერანებიც სიამოვნებით დნებიან, როცა ნიკო მათი
მისამართით საქებარ სიტყვებს წარმოთქვამს მათი ოსტატობის ან გამოცდილების მოწონების
გამო.

ევა ნიკოს ოთხი წლის წინ შეხვდა, მაშინ, როცა კლუბს შემოუერთდა. ამ დროისთვის ბრიჯის
თამაშის დახელოვნებაზე მეტად ახალი სოციალური კავშირები სჭირდებოდა, რაც
განსხვავებული იქნებოდა „ტემზ-ჰაუსის“ დაძაბული, თავის თავში ჩაკეტილი სკის
ატმოსფეროსგან. ამასთან, მცირედით ისიც ეიმედებოდა, რომ კლუბში შეხვდებოდა ვინმე
ელეგანტურ მამაკაცს, რომლის სილუეტსაც ჯერ შორიდან ძნელად გასარჩევად ლანდავდა და
რომელიც მის ფიქრებში ვესტ-ენდის ერთ-ერთი რესტორნის კიბის საფეხურებზე წინ
მიუძღოდა.

ამასობაში, ბრიჯის კლუბში წევრების საშუალო ასაკი ორმოცდაათს აღემატებოდა და არც


ხსენებული სილუეტის პატრონი ჩანდა სადმე. პენსიაზე გასული ბუღალტრის ან დაქვრივებული
სტომატოლოგის გაცნობა რომ ნდომოდა, კლუბი ზედგამოჭრილი ადგილი იქნებოდა, თუმცა აქ
ორმოც წლამდე ასაკის სიმპათიური მამაკაცის პოვნა ძალიან გაგიჭირდებოდათ. პირველ დღეს
კლუბში ნიკო არ ყოფილა, ევა და სხვა ახალწვეულები კი მისის შაპირომ, კლუბის
ლურჯთმიანმა მდივანმა ჩაიბარა.

პირველი გამოცდილებით იმედგაცრუებული ევა მომდევნო კვირას კლუბში მისვლაზე ბევრს


ჭოჭმანობდა, თუმცა მაინც წავიდა და ნიკოც იქ დახვდა. მაღალი კაცი, ჭკვიანი წაბლისფერი
თვალებითა და მეცხრამეტე საუკუნის კავალერიის ოფიცრის ულვაშით. მან თავიდანვე ხელი
მოჰკიდა ევას სწავლებას, სხვა ორ მოთამაშესთან ერთად მაგიდასთან დასვა და რამდენიმე
დარიგების განმავლობაში მისი მეწყვილის როლი შეასრულა. შემდეგ დანარჩენები დაითხოვა,
მაუდის მწვანე მაგიდის ზემოდან ევას გახედა და ჰკითხა:

– აბა, ევა, ჯერ კარგი ამბავი გითხრა, თუ არც ისე კარგი?

– მგონი, ჯერ არც ისე კარგი სჯობს.

– კეთილი. თამაშის ძირითადი პრინციპები აშკარად გესმის. ბავშვობაში თამაშობდი?

– დიახ, ჩემი მშობლები თამაშობდნენ.

– და გამარჯვებაც ძალიან გიყვარს.

ევა კაცს თვალებში უყურებს.

– ეს ასეთი შესამჩნევია?

– სხვებისთვის შესაძლოა არა. ასევე გიყვარს თაგვის როლში ყოფნა, მე კი შენში უფრო მელას
ვხედავ.
– ეს კარგია?

– შესაძლოა კარგიც იყოს. ოღონდ რაღაც ასპექტებში მოიკოჭლებ.

– კოჭლი მელა ვარ?

– ზუსტად. თუ სტრატეგიულად თამაშს აპირებ, აუცილებლად კარგად უნდა დაიმახსოვრო,


ვისთან რომელი კარტია. მეტოქეების თამაშზე უნდა კონცენტრირდე, სვლებს ყურადღება
მიაქციო და დაითვალო.

– სწორია, – ევა მის სიტყვებს აანალიზებს, – და კარგი ამბავი რაღაა?

– კარგი ამბავი ის არის, რომ აქვე, ხუთი წუთის სავალზე, ძალიან კარგი პაბი მეგულება.

ევას ამაზე გაეცინა. მოგვიანებით, იმავე წელს, იქორწინეს.

მისი დღევანდელი პარტნიორი ახალგაზრდა, ალბათ ცხრამეტი წლის, ბიჭია, რომელიც ერთ-
ერთია იმ სამი მოსწავლიდან, რომლებიც იმპერიალ-კოლეჯიდან კლუბს შემოდგომაზე
შემოუერთდნენ. ბიჭს ოდნავ შეშლილი მეცნიერის იერი დაჰკრავს, თუმცა შესანიშნავი
მოთამაშეა და კლუბში ეს ყველაზე მეტად ფასობს.

თავდაპირველი ორჭოფობის შემდეგ ევა აქ მოსვლას უკვე ყოველ ჯერზე მოუთმენლად ელის.
ზოგიერთი წევრი მას მშობლად და ერთ-ორ შემთხვევაში ბებია-ბაბუადაც ეკუთვნის, თუმცა
„ტემზ-ჰაუსის“ შემდეგ აქაურ ინტელექტუალურ შერკინებებზე მაინც ყოველთვის სიამოვნებით
თანხმდება.

საღამოს დასრულებისას ის თავის პარტნიორს მადლობას უხდის, ჯამურად მეოთხე ადგილზე


გავიდნენ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ბიჭი უხერხულად უღიმის და ეცლება. გასასვლელთან
ნიკო ევას საწვიმარი ქურთუკის ჩაცმაში ისე ეხმარება, თითქოს „შანელის“ ლაბადას აცმევდეს.
ეს მცირედი რაინდული ჟესტი, ცხადია, ყურადღების მიღმა არ დარჩებათ კლუბის ქალ წევრებს,
რომლებიც ევას ეჭვიან მზერას აყოლებენ.
– როგორ ჩაიარა შენმა დღემ? – ეკითხება ევა ქმარს შინისკენ მიმავალ გზაზე და მკლავზე ხელს
მაგრად ჰკიდებს. ეეს-ესაა თოვა დაიწყო და ევა წამწამებზე ჩამოყრილ ფიფქებს თვალების
ხამხამით იშორებს.

– უფროსკლასელები ალბათ დიფერენციალურ აღრიცხვას უკეთ გაიგებდნენ, ღამის ორ


საათამდე Final Attrition 2-ს რომ არ თამაშობდნენ. თუმცა შეიძლება ვცდები. შენ რა ქენი?

ევა პასუხის გაცემისგან ოდნავ თავს იკავებს.

– შენთვის თავსატეხი მაქვს. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ.

ნიკომ იცის, სადაც მუშაობს იგი, თუმცა ზედმეტი შეკითხვებით არასოდეს აწუხებს. ევა ხშირად
ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოადგებოდათ მის დამსაქმებლებს ნიკოს გონიერება, თუმცა
როცა „ტემზ-ჰაუსის“ უფერულ დერეფნებში მოსიარულე ნიკოს წარმოიდგენს, იზაფრება. არა, ეს
მისი სამყაროა და არ სურს, რომ ის ნიკოსიც იყოს.

კრაკოვის უნივერსიტეტში წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხის


მოპოვების შემდეგ ნიკომ და მისმა მეგობარმა, მაცეკმა, ფურგონით ევროპაში მოგზაურობა
დაიწყეს. ამ ფურგონში ეძინათ და ქვეყნიდან ქვეყანაში ბრიჯის, ჭადრაკის, პოკერისა და ყველა
იმ სხვა ტურნირში მონაწილეობისთვის დადიოდნენ, სადაც ფულადი პრიზი იყო დაწესებული.
წელიწად-ნახევარში ჯამში მილიონ ზლოტზე მეტის მოგროვება შეძლეს. მაცეკმა თავისი წილი
ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში დახარჯა, ძირითადად, ვარშავაში, მაზოვიცკაზე მდებარე
„პაშა-ლაუნჯის“ გოგონებზე, ნიკო კი ლონდონში წავიდა.

– გისმენ, – ამბობს ის.

– კარგი. თეატრის ლოჟაში, წარმოდგენის დასრულების შემდეგ ნაპოვნია სამი მამაკაცის გვამი –
მაფიის დონი და მისი ორი მცველი. ყველას იარაღიდან აქვს ნასროლი, თუმცა დონს მანამდე
თვალიდან შეუყვანეს დამბლის გამომწვევი ტრანკვილიზატორი. ეს რაში დასჭირდათ? ისიც
მცველებივით რატომ არ მოკლეს?

ნიკო თავიდან ჩუმადაა.

– ჯერ რომელი მოკლეს?


– ვფიქრობ, რომ მცველები. ვარაუდობენ, რომ მკვლელი დონის ძმისწული უნდა იყოს,
რომელიც მაყუჩს იყენებდა. ახლო მანძილიდან, დაბალკალიბრიანი პისტოლეტიდანაა
ნასროლი.

– კორპუსში?

– დონი – კი, მცველები კი კეფაში. პროფესიონალური ნამუშევარია.

– და ის შპრიცი, თუ რაც იყო, რითაც მსხვერპლი გაანეიტრალეს, როგორია?

– განახვებ.

ევა ხელჩანთიდან ფოტოს ასლს იღებს. მცირე ხნით ქუჩის ლამპიონის ქვეშ ჩერდებიან. თოვა
არ წყდება.

– საშინელი სანახავია, – ამბობს ნიკო და ულვაშებიდან თოვლს იშორებს, – თუმცა ჭკვიანურიც.


შესაძლოა ძმისწული არაფერ შუაშია. ამ საქმეში ქალიც არის გარეული?

ევა გაკვირვებული უყურებს.

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– მკვლელის უმთავრესი მიზანი იარაღთან ერთად ლოჟაში შეღწევა იქნებოდა. მცველები კი


ძლიერი და გამოცდილები ბიჭები ჩანან, რომლებიც ლოჟაში მარტივად არავის შეუშვებდნენ.

– მერე?

– თუმცა შეიძლება შეეშვათ კიდეც, თუ... – ნიკო ჯიბიდან კალამს იღებს, – ნახე. თუკი ამ შპრიცს
მცირედ დამჭერს მივახატავთ, რას მივიღებთ?
ევა ფოტოასლს დასცქერის.

– ჯანდაბა! ეს როგორ გამომეპარა? – ახლა კი ხმა ჩურჩულით ეცვლება: – ეს ქალის თმის


სამაგრია, ამის დედაც.

ნიკო თვალებში უყურებს.

– აბა, ამ საქმეში ქალიც არის გარეული?

ვილანელი შარლ დე გოლის აეროპორტის ბიზნესკლასის მოსაცდელში დაშიფრულ მოკლე


ტექსტურ შეტყობინებას კითხულობს, საიდანაც არკვევს, რომ, როგორც შეთანხმდნენ, ის და
კონსტანტინი ერთმანეთს ლონდონში, ორ საათზე, კაფე „ლა-სპეციაში“ გრეის-ინ-როუდზე
ხვდებიან. მობილურს ჩანთაში აბრუნებს და ყავას სვამს. მოსაცდელში თბილა, პრიალა
კედლებს თეთრი და რუხი ფერები დაჰყვება და მათ ზედაპირზე შუქი დიდი ფოთლების
ფორმებად იშლება. ფანჯრებს მიღმა თითქმის ასფალტზე გამდნარი თოვლისფერი ცა მოჩანს.

ვილანელი ყალბი პასპორტით მგზავრობს. ის ახლა მანონ ლეფევრია – ფრანგული


საინვესტიციო ბიულეტენის თანაავტორი, რომელიც ლონდონში მასთან თანამშრომლობით
დაინტერესებულ, ერთ-ერთი ვებგვერდის რედაქტორს უნდა შეხვდეს. პროფესიონალურად
გამოიყურება, საშუალო სიგრძის ლაბადით, ჯინსის ვიწრო შარვლითა და კოჭებამდე
ფეხსაცმლით. უმაკიაჟოდაა, თუმცა, ამინდის მიუხედავად, მაინც მზის სათვალეს ატარებს.
აეროპორტები სავსეა ფოტოგრაფებითა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებით,
რომლებიც სახის ამომცნობი ტექნიკით არიან აღჭურვილი.

„ეარ-ფრანსის“ სტიუარდი მოსაცდელში შემოდის და ბიზნესკლასის მგზავრებს ბორტისკენ


მიუძღვება. ვილანელის ადგილი აირბასის ერთ-ერთ წინა სკამზეა დაჯავშნილი და მართალია
მისი ვიზუალი სრულიად აშკარად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თანამოსაუბრეებს არ
ეძებს, მაგრამ კაცს, რომელიც ილუმინატორთან ზის და თვითმფრინავის ბუკლეტს
ათვალიერებს, თვალებზე მაინც ეტყობა, რომ მასთან საუბრის გაბმა სურს. ქალი ყურადღებას
არ აქცევს, ჯიბიდან იღებს 4გ ინტერნეტით უზრუნველყოფილ პლანშეტს, ყურსასმენებს ირგებს
და ვიდეოკლიპს რთავს.

ვიდეოკლიპში ნაჩვენებია განსხვავება პისტოლეტის ორ ტყვიას შორის, რომლებსაც ადამიანის


სხეულის იმიტაციისთვის შექმნილ გამჭვირვალე ბალისტიკურ ჟელატინს ესვრიან. ერთ-ერთი
ტყვია რუსული წარმოებისაა, მეორე კი ამერიკულია. ორივე შემთხვევაში ტყვიები უდიდეს
კინეტიკურ ენერგიას გამოიმუშავებენ და ჟელატინში ღრმად რჩებიან, რაც ვილანელისთვის
საგულისხმო ფაქტორია, რადგან მას გადატვირთულ ურბანულ სივრცეებში მოუწევს მუშაობა,
სადაც სიკვდილი ერთი გასროლით უნდა დადგეს. თავს მეტი რისკის უფლებას ვერ მისცემს.

იღუშება, ვერ გადაუწყვეტია რომელი ტყვია აირჩიოს: რუსული ტყვია სხეულში მოხვედრის
შემდეგ ფართოვდება, ყვავილივით იშლება და მისი მოქმედება ძვლებამდე ატანს. ამერიკული
კი, არ იშლება, არამედ განსხვავებული სიმძიმის ცენტრის გამო, ბოლომდე პირდაპირ
მოძრაობს და მომაკვდინებელ ჭრილობაში ღრმად რჩება. ორივე ტყვიას თავისი
მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.

– თუ შეიძლება თქვენი ელექტრონული მოწყობილობა გამორთეთ, მადმუაზელ.

ეს გამცილებელია, რომელსაც მუქი ლურჯი სადა პერანგი აცვია.

– ცხადია, – ცივი ღიმილით პასუხობს ვილანელი, ეკრანს თიშავს და ყურსასმენებს იხსნის.

– კარგი ფილმია? – შანსს არ უშვებს ხელიდან გვერდით მჯდომი მამაკაცი.

ის ვილანელმა ჯერ კიდევ ბიზნესკლასის მოსაცდელში შენიშნა. 40 წლამდე ასაკის, საოცრად


სიმპათიური კაცია, რომელიც დიზაინერის მიერ შემოსილ მატადორს ჰგავს.

– უბრალოდ, რაღაც მაღაზიის კატალოგს ვათვალიერებდი.

– თქვენთვის გსურთ რამის ყიდვა?

– არა, სხვისთვის.

– რაიმე განსაკუთრებულია?

– დიახ, სიურპრიზის გაკეთება მინდა.


– ზოგ მამაკაცს ძალიან უმართლებს, – კაცი მუქი წაბლისფერი თვალებით აკვირდება, – თქვენ
ლუსი დრეიკი ხართ, არა?

– უკაცრავად?

– ლუსი დრეიკი, მოდელი.

– უკაცრავად, მაგრამ არა.

– როგორ... – კაცი თვითმფრინავის ჟურნალს იღებს და სუნამოების კატალოგზე შლის, – ეს


თქვენ არ ხართ?

ვილანელი ჟურნალში იხედება. მოდელი მართლაც ძალიან ჰგავს მას, თუმცა ლუსი დრეიკს
ელვარე მწვანე თვალები აქვს. სუნამო კი, რომელსაც რეკლამას უკეთებს, არის Printemps, რაც
ფრანგულად გაზაფხულს ნიშნავს. შემდეგ ვილანელი სათვალეს იხსნის და რუსული
ზამთარივით ცივ, ნაცრისფერ თვალებს ააშკარავებს.

– მომიტევეთ, – ამბობს კაცი, – შემშლია.

– ამას კომპლიმენტად მივიღებ. ლამაზი გოგონაა.

– ნამდვილად, – ამბობს და ხელს უწვდის, – ლუის მარტინი.

– მანონ ლეფევრი, – ეუბნება ვილანელი და დაჰყურებს ჟურნალს, რომელიც ახლა მათ შორის,
სამკლავურზე დევს, – თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მითხარით, როგორ იცანით ეს მოდელი?

– ამ ბიზნესში ვარ. მე და ჩემს ცოლს სააგენტო გვაქვს, სახელად „ტემპესტი“. ასევე გვაქვს
ფილიალები პარიზში, ლონდონში, მილანსა და მოსკოვში.

– და ლუსი დრეიკი თქვენი მოდელია?

– არა, ის მგონი „პრემიერშია“, თუმცა, როგორც ვიცი, ამ ბოლო დროს ბევრს აღარც მუშაობს.
– მართლა?

– დიახ, მსახიობობა უნდა და ფიქრობს, რომ რეკლამებში ხშირი გამოჩენის შემდეგ მას
სერიოზულად აღარ აღიქვამენ.

– ნიჭიერია?

– სხვათა შორის, როგორც მოდელი, ნიჭიერია, რაც საკმაოდ იშვიათია. როგორც მსახიობი კი... –
მხრებს იჩეჩს, – არ ვიცი. თუმცა ადამიანები ხშირად არ აფასებენ თავიანთ რეალურ ნიჭს. ასე არ
არის? იმაზე ოცნებობენ, როგორებიც ვერასოდეს გახდებიან.

– თქვენ ესპანელი ხართ? – ვილანელი საუბარს მიმართულებას უცვლის და ზოგადიდან პირად


შეკითხვაზე გადადის.

– დიახ, თუმცა ესპანეთში იშვიათად ვარ. ძირითადად, პარიზში ან ლონდონში ვცხოვრობთ.


თქვენ იცნობთ ლონდონს?

ვილანელი მის შეკითხვაზე ფიქრობს. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ლონდონის ცნობად


ბრუტალური შეუიარაღებელი ორთაბრძოლის ექვსკვირიანი კურსი ესექსის ჭაობებში, ან
ნორსვუდში გატარებული ორი კვირა მდევრისგან მანქანით გაქცევის ვარჯიშში? ან ძაღლების
კუნძულზე, ვეტერანი მძარცველისგან საკეტების გატეხის ათვისება?

– მცირედით, – პასუხობს.

მიმტანი შამპანურით ბრუნდება, მარტინი ჭიქას იღებს, ვილანელი კი თავისთვის მინერალურ


წყალს უკვეთს.

– მოდელობაზე უნდა დაფიქრდეთ, – ეუბნება კაცი, – კარგი ნაკვთები და მზერა გაქვთ,


რომლისგანაც გამოსჭვივის: წადი შენი!

– დიდი მადლობა.
– დამიჯერეთ, ეს კომპლიმენტია. რას საქმიანობთ?

– ფინანსურ სფეროში ვარ. ვშიშობ, ნაკლებად გლამურული სამუშაო მაქვს. და... თქვენი ცოლიც
მოდელი იყო?

– ელვირა? თავიდან კი, თან ძალიან წარმატებულიც, თუმცა ახლა კლიენტებთან მე მაქვს
ურთიერთობა, ის კი ბექოფისშია.

საუბარი მოსალოდნელ მიმართულებას იძენს. ვილანელი თავისი ალტერ ეგოს, მანონ


ლეფევრის პირადი ცხოვრების გამჟღავნებისგან თავს იკავებს და ამიტომ მარტინს რაც
შეიძლება მეტ ინფორმაციას სძალავს „ტემპესტის“ შესახებ. ის კი ორ Veuve Clicquot-ს მესამე,
ნახევრად დაცლილ ჭიქასაც ამატებს და მხიარულად საუბრობს. თან შიგადაშიგ ვილანელის
მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებს და ფლირტის დონესაც ზრდის.

ვილანელი რაღაც მომენტში იმასაც ფიქრობს, ხომ არ შეიძლება, რომ ეს კაცი MI5-ის ან
საფრანგეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი იყოს, თუმცა ეს ნაკლებად
სავარაუდოა, რადგან ვილანელს ლონდონის ბილეთი წინასწარ არ დაუჯავშნია, შემთხვევითი
ტაქსი დაიჭირა ბულვარ ჰაუსმანზე, გალერი-ლეფაიეს წინ და ბილეთი აეროპორტში ნაღდი
ფულით იყიდა. თვალთვალის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები ასევე მოიცავდა
A1 გზატკეცილზე ავტოგასამართ სადგურთან გაჩერებას და პარიზიდან გამოყოლილი
სავარაუდო მდევრის შემოწმებას. თანაც, როცა ის ბიზნესკლასის მოსაცდელში შევიდა,
მარტინს რეგისტრაციაც გავლილი ჰქონდა და უკვე იქ იჯდა. გარდა ამისა, ყველაზე
მნიშვნელოვანი – ინსტინქტი, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის მომენტში ყველაზე უკეთ
ეხმარება, ეუბნება, რომ კაცი ნამდვილად არ თამაშობს. ის აშკარად თავმომწონე
გულთამპყრობელია. მარტინივით ნარცისიზმით შეპყრობილ მამაკაცებში ვილანელი
ყოველთვის ერთ კომიკურ დეტალს ამჩნევს – მათ მუდმივად ჰგონიათ, რომ სიტუაციას
აკონტროლებენ. ასე ხდება სამსახურში, საუბრებში, სექსში.

კონსტანტინი კაფეში, ბარის წინ, სახით გასასვლელი კარისა და გრეის-ინ-როუდისკენ ზის.


მაგიდაზე „ივნინგ-სტანდარტი“ სპორტულ გვერდზე აქვს გადაშლილი და პერიოდულად
კაპუჩინოს სვამს. როდესაც ვილანელი შემოდის და ჩექმებიდან თოვლს იბერტყავს, კაცი თავს
მაღლა სწევს და მზერით ანიშნებს, რომ მის პირდაპირ დაჯდეს. ეს მშრალი მისალმება
შეხვედრას ყოველგვარ რომანტიზმს უკარგავს. არავინ აქცევს ყურადღებას ახალგაზრდა ქალს,
რომელსაც იაფფასიანი ლაბადა აცვია და ნაქსოვი მომრგვალებული ქუდი ახურავს. ის ჩაის
უკვეთს და საოცრად ხმადაბალ დიალოგში ერთვება. ვინმემ რომ მათი მოსმენა სცადოს,
იმედგაცრუებული მხოლოდ მუსიკის დაბალ ხმასა და „გაჯიას“ ყავის მადუღარის პერიოდულ
ხრიალს გაიგონებს.
ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ კლიენტები მოდიან და მიდიან, ისინი გამართული
რუსულით, სწრაფად, ლოგისტიკისა და იარაღის შერჩევის საკითხებს განიხილავენ.
კონსტანტინი გამუდმებით უარობს, თუმცა საბოლოოდ ვილანელის წინადადებას თანხმდება.
ფიქრობს, რომ „წესით უნდა გამოვიდეს“. ბოლოს მეორე კაპუჩინოსაც უკვეთს და კოვზით ურევს.

– პალერმოს ამბავმა ძალიან შემაშფოთა, – ეუბნება ქალს, – წინდაუხედავი საქციელი იყო


მთელი ქალაქის მესინას მოტოციკლით შემოვლა. შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად
დამთავრებულიყო.

– იმპროვიზაციას მივმართე. ყველაფერს ვაკონტროლებდი.

– კარგად მომისმინე: სრულიად უსაფრთხოდ არასოდეს ხარ და ბოლომდე არასოდეს არავის


უნდა ენდო!

– არც შენ?

– შეგიძლია მე მენდო, ვილანელ, მაგრამ შენი რაღაც ნაწილი გამუდმებით საფრთხეს უნდა
გრძნობდეს და შეკითხვებს სვამდეს. ეგ რაღაც ნაწილი ბოლომდე არც მე უნდა მენდობოდეს.
უბრალოდ, მინდა, რომ ცოცხალი გადარჩე. გესმის? ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ
კარგად მუშაობ, არამედ იმიტომაც, რომ...

ჩუმდება იმით გაღიზიანებული, რომ წამიერად მისმა მზრუნველობამ პირადი ხასიათი შეიძინა.
ჩუსოვაიას მდინარესთან, იმ ჯიხურში მათი პირველი შეხვედრიდან მოყოლებული, გრძნობდა
კონსტანტინი ამ ქალის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ შერწყმულ სექსისა და სიკვდილის
დინებებს და იცოდა, რომ ის წყურვილი, რაც ამ ქალს ამოძრავებდა, შესაძლოა მისთვის
დამღუპველი ყოფილიყო. წამიერად ვილანელი თითქმის დაუცველი მოეჩვენა.

– განაგრძე.

კონსტანტინი სავსე კაფეს თვალს ავლებს.

– მომისმინე. ამჟამად შენი არსებობის შესახებ, არავინ არაფერი იცის, თუმცა იმ მოვლენებმა,
რაც ამ კვირაში მოხდება, შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ბრიტანელებმა გულში ჩადება
იციან და თუ მცირედ მიზეზს მაინც მისცემ, მათი სადაზვერვო სამსახურები ყველაფერს
გააკეთებენ, რათა ჩაგავლონ და სამაგიერო გადაგიხადონ.
– ყველაფერი ასე სერიოზულად არის?

– ძალიან. ჩვენი დამქირავებლები ის ხალხი არაა, რომლებიც გადაწყვეტილებას მარტივად


იღებენ, თუმცა ეს კაცი უნდა მოკვდეს.

ვილანელი მაგიდის მელამინიან ზედაპირზე დაღვრილ ჩაიში თითით V-ს გამოსახავს.

– ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, ვინ არიან ჩვენი დამქირავებლები?

– ეს ის ხალხია, ვინც წყვეტს იმას, თუ როგორ დაიწერება ისტორია. ჩვენ კი მათი ჯარისკაცები
ვართ, ოქსანა. ჩვენ მომავლის ფორმირება გვევალება.

– ოქსანა მკვდარია, – ბუტბუტებს ქალი.

– ვილანელმა კი უნდა იცოცხლოს.

თავს უკრავს და ზამთრის მკრთალ ნათელში ჩაძირულ კაფეშიც კი აშკარად ჩანს, როგორ
ციმციმებს მისი თვალები.

მოგვიანებით, საუს-ოდლი-სტრიტის თავში, მეიფეარში, ის დასავლეთით იყურება. იატაკიდან


ჭერამდე აყვანილი ფანჯრებიდან რუხი ცა მოჩანს. ხეები ნაცრისფერია. თოვლის ფიფქები
მშვიდად ეცემა მინის ზედაპირს.

ბოლო სართულზე მდებარე ეს ბინა ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტზეა გაფორმებული.


ვილანელს აქ ტელევიზორი და ხელოვნების დონეზე შესრულებული ხმოვანი სისტემა აქვს,
რომელსაც საერთოდ არ იყენებს, სამზარეულო კი ათასგვარი პროდუქტითაა სავსე, რომელსაც
მხოლოდ იშვიათად თუ შეეხება. მომდევნო ორმოცდარვა საათის განმავლობაში უმეტეს დროს
აქ, საძინებელში, „ჩარლზ იმზის“ თეთრი ტყავის სავარძელში გაატარებს და დაიცდის. არის
მომენტები, როცა მარტოობა აუტანელი ხდება, თუმცა ახლა მხოლოდ სიცარიელეს გრძნობს.
არც ბედნიერებას და არც უბედურებას. გრძნობს მოსალოდნელი მოქმედებების ექოს.
კონსტანტინი, ცხადია, თავის საქმეს გააკეთებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ორნი დარჩებიან: ის
და კედრინი.

ოქსანა თითით ტუჩთან შერჩენილ თითქმის უხილავ იარას ეხება. ექვსი წლის იყო, როცა მამამ
შინ კალიფი მოიყვანა. წინა პატრონის გამოგდებულ მონადირე ძაღლს ძალიან შეუყვარდა
ოქსანას დედა, რომელიც იმ დროს უკვე საშინლად ავადმყოფობდა. ძაღლი მას გვერდიდან არ
სცილდებოდა, ოქსანას კი სურდა, რომ კალიფს ისიც ჰყვარებოდა. ერთ დღესაც აფოფხდა
რკინის ლოგინზე, რომელზეც დედამისი სიცოცხლის ბოლო, უფრო და უფრო ტკივილით სავსე
დღეებსა და ღამეებს ატარებდა და სახით მიეკრა თხელ პლედში გახვეულ ძაღლს. კალიფი
აგრესიულად წამოხტა და გოგონას ბასრი კბილები ჩაავლო.

ბევრი სისხლი დაიღვარა. ოქსანას ტუჩი, რომელზეც მეზობელ ბინაში მცხოვრებმა სამედიცინო
ფაკულტეტის სტუდენტმა ანესთეზიის გარეშე იმუშავა, ნელა ხორცდებოდა. ბავშვები
გაკვირვებულები უცქერდნენ მას, ხოლო იმ დროისთვის, როცა იარა თითქმის შეუმჩნეველი
გახდა, ოქსანას დედა უკვე მკვდარი იყო, მამა ჩეჩნეთში გაგზავნეს, თავად კი სახაროვის
ბავშვთა სახლში მიაბარეს.

ვილანელს მარტივად შეეძლო პლასტიკური ოპერაციის გაკეთება და თავისი ტუჩისთვის


ბუნებრივად განსაზღვრული იდეალური ფორმის დაბრუნება, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან
იარა ერთადერთია, რაც თავისი წინა ცხოვრებიდან დარჩა და ახალი ცხოვრებიდან მისი წაშლა
არ სურდა.

სრულიად მოულონელად დაუოკებელი სექსუალური ლტოლვა იპყრობს. თეთრ ტყავზე


გვერდულად წვება, თეძოებს მაგრად აკრავს ერთმანეთს და მკლავებს პატარა მკერდზე
შემოიკრავს. რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალებდახუჭული, ამ პოზაში წევს. კარგად
ცნობს შიმშილს, რომელსაც ახლა გრძნობს და ზუსტად იცის, რომ დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში, ის უფრო და უფრო გაძლიერდება.

შხაპს იღებს, იცვამს და თმას კეფაზე იკრავს. ლიფტით უხმოდ ჩადის პირველ სართულზე.
ქუჩაში მანქანების საბურავების ასფალტზე შეხების მსუბუქი ხმა ისმის, თუმცა ადამიანები არ
ჩანან. შორიახლოს მხოლოდ ერთი მეძავი დგას, ლეოპარდის ხელოვნური ბეწვის ქურთუკსა და
მაღალ პლატფორმიან ფეხსაცმელში. ის ტილნი-სტრიტის კუთხეში იცდის და მოთმინებით
აკვირდება სასტუმრო „დორჩესტერის“ შესასვლელს. ვილანელი ყურადღებით არჩევს
მარშრუტს, საუს-ოდლი-სტრიტიდან ჰილ-სტრიტზე უხვევს, შემდეგ კი თაღის ქვეშ გადის და
ვიწრო ქუჩით უახლოვდება ერთ პატარა მოედანს, რომელიც ზომით სახლის ეზოს უფრო
წააგავს. მისი ერთი მხარე იმ გალერეის ფანჯრების მიღმა არსებული შუქით არის განათებული,
რომელშიც ახლა კერძო ჩვენება იმართება. ფანჯრებში მხოლოდ ერთი ფიგურა ჩანს:
კვარცხლბეკზე მდგარი კვერნის ფიტული, რომელიც საკონდიტრო ბრჭყვიალებით არის
დაფარული.
ვილანელს ეს ბრჭყვიალები ბაქტერიების ფოტოებს აგონებს, თუმცა საერთო ჯამში,
ინსტალაციისა თუ ქანდაკების – რაც უნდა იყოს იგი – მთავარი აზრი მისთვის გაუგებარი რჩება.

– შემოდიხართ?

კითხულობს ქალი, რომელსაც გალერეის კარი ოდნავ შეუღია და ცდილობს შიგნით სიცივე არ
შევიდეს. ორმოც წელს მიტანებული, ჩალისფერთმიანი ქალია, რომელსაც საღამოს კაბა აცვია
და თმა კეფასთან აქვს შეკრული.

ვილანელი მხრებს იჩეჩს, გალერეაში შედის და თითქმის მომენტალურად კარგავს ამ ქალს.


გალერეა სოლიდური სტუმრებით არის სავსე, რომელთა ნაწილიც ნახატებს აკვირდება, ზოგიც
შეჯგუფებული დგას და საუბრობენ. მათ შორის მოძრაობენ მიმტანები, კანაპეებითა და ცივი
პროსეკოთი. ვილანელი ლანგრიდან ერთ ჭიქას იღებს და კუთხეში დგება. ნახატები
რეპორტიორთა ფოტოების მიახლოებულ რეპროდუქციასა და კინოკადრების გაცრეცილ
ვერსიებს წააგავს. ხშირია ჯგუფად მდგომი, ავბედითი მოტივის მქონე ადამიანების
გამოსახულებებიც, რომელთა ნაწილსაც სახეები წაშლილი აქვს. ვილანელი აკვირდება
მამაკაცს, რომელსაც ველვეტისსაყელოიანი ქურთუკიან აცვია. ის მასთან ახლოს დგას და ერთ-
ერთ ნახატს აკვირდება. ნახატზე გამოსახულია მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი ქალი. მას
სახეზე კამერის განათებით გამოწვეული შოკი აღბეჭდვია და პაპარაცის ლინზაზე ხელის
აფარებას ცდილობს.

ვილანელი აკვირდება კაცის გამომეტყველებას და მის იმიტაციას ცდილობს. არ უნდა, რომ


ვინმემ მისი არაბუნებრიობა შენიშნოს. სურს, სანამ სასმელს დაცლის, მაქსიმალურად
შეუმჩნეველი დარჩეს.

– აბა, რას ფიქრობთ?

ეს ის ქალია, რომელმაც შემოიყვანა. ველვეტისსაყელოიანი კაცი შემდეგ ნახატთან გადადის.

– ამ ნახატზე ვინ არის გამოსახული? – კითხულობს ვილანელი.

– საქმეც ეგ არის. არ ვიცით. შესაძლოა, კინოვარსკვლავია, რომელიც ფილმის პრემიერაზე


მიდის, ან მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც მალე სიკვდილით დასჯიან.

– მკვლელი რომ იყოს, ბრონირებული ფურგონით მოიყვანდნენ და თან ხელბორკილები


ექნებოდა დადებული.
ქალი ვილანელს, მის პარიზულ ვარცხნილობასა და „ბალენსიაგას“ მოტოციკლისტის ქურთუკს
აკვირდება და უღიმის.

– პირადი გამოცდილება გალაპარაკებთ?

ვილანელი მხრებს იჩეჩს.

– ალბათ მსახიობია დიდების ბოლო წლებში და, სავარაუდოდ, ტრუსი არ აცვია.

ამ სიტყვებს ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვება. როცა ქალი კვლავ ლაპარაკს იწყებს, ხმის ტემბრი
საგრძნობლად ეცვლება.

– რა გქვიათ? – კითხულობს იგი.

– მანონი.

– კარგი, მანონ, ეს ღონისძიება ორმოც წუთში დასრულდება და გალერეას დავკეტავ. შემდეგ კი,
ვფიქრობ, კარგი იქნება, ბერკელი სტრიტზე, „ნობუში“ ყვითელკუდას საშიმის თუ მივირთმევთ.
რას იტყვით?

– კეთილი, – პასუხობს ვილანელი.

მისი სახელია სარა და წინა თვეში ოცდათვრამეტი წელი შეუსრულდა. საუბრობს


კონცეპტუალურ ხელოვნებაზე და ვილანელი თავს უქნევს, თუმცა არ უსმენს. აკვირდება მისი
ხმის ტემბრს, რომელიც პერიოდულად იცვლება და ძალიან ხიბლავს ეს. ხიბლავს ის მცირედი
ასაკობრივი ნაოჭებიც, რომლებიც ქალს თვალების ირგვლივ ეტყობა და ხიბლავს მისი
სერიოზულობა. სარა ახსენებს ანა ივანოვნა ლეონოვას – ინდუსტრიული უბნის საშუალო
სკოლის მასწავლებელს – ერთადერთ ზრდასრულს, მამამისის გარდა, რომლის მიმართაც
ნამდვილ მიზიდულობას გრძნობდა.

– განა ეს კარგი არ არის? – ეკითხება სარა.


ვილანელი თავს უკრავს და უღიმის. აკვირდება უმი თევზის პრიალა, ვერცხლისფერ კანს მანამ,
სანამ მას კბილებს შორის მოიქცევს. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ზღვას ჭამს. ირგვლივ
მცირედით არის განათებული პრიალა ალუმინის, შავი ლაქისა და ოქროსფერი ზედაპირები.
ისმის მუსიკის დაბალი ხმაც. საუბარი განსხვავებულ მიმართულებებს იძენს, სარას ტუჩები
ფორმებს იცვლის, მისი თვალები ვილანელის თვალებს ხვდება, თუმცა ვილანელს მხოლოდ
ანა ივანოვნას ხმა ჩაესმის.

ორი წლის განმავლობაში მასწავლებელი მას გამორჩეული აკადემიური შესაძლებლობების


გამოვლენაში ეხმარებოდა და მოთმინებით იტანდა მის სოციალურ განდგომილობას. ერთ
დღესაც ანა ივანოვნა სკოლაში არ მოვიდა. როგორც გაირკვა, მას, სკოლიდან შინისკენ მიმავალ
გზაზე, ავტობუსის გაჩერებასთან თავს დაესხნენ და გააუპატიურეს. პოლიციის განყოფილებაში
ქალმა მოძალადის აღწერა შეძლო და დააკავეს კიდეც თვრამეტი წლის, მისი ყოფილი
მოსწავლე, რომან ნიკონოვი, რომელიც თავისი მიზნების შესახებ მეგობრებთან ლაყბობდა და
ამბობდა, რომ აპირებდა გაუთხოვარი მასწავლებლისთვის ეჩვენებინა, თუ რას ნიშნავდა
„ნამდვილი კაცი“. მიუხედავად ამისა, პოლიციამ ნიკონოვი, ფორმალური საფუძვლების
არარსებობის გამო, გაათავისუფლა.

– მანონ! – გრძნობს, როგორ ჰკიდებს სარა ცივ ხელს. – აქ ხარ?

– ბოდიში. ჩავფიქრდი. ვიღაც გამახსენე.

– ვიღაც?

– ჩემი სკოლის მასწავლებელი.

– იმედია, კარგი ადამიანი იყო.

– ნამდვილად. თან ძალიან ჰგავხარ, – ცხადია, ეს სიცრუეა. საერთოდ არაფრით ჰგავდა. ეს რამ
ათქმევინა?

– ბავშვობა სად გაატარე, მანონ?

– სენტ-ქლაუდში, პარიზის შორიახლოს.


– მშობლებთან?

– მამასთან. დედა შვიდი წლის ასაკში დამეღუპა.

– ღმერთო ჩემო. რა საშინელებაა!

ვილანელი მხრებს იჩეჩს.

– ეს დიდი ხნის წინ იყო.

– როგორ...

– სიმსივნე. შენზე რამდენიმე წლით ახალგაზრდა იქნებოდა, – ისევ ზღაპრები, რომლებიც ახლა
ვილანელის ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორიც ტანსაცმელი, რომელსაც იცვამს, იხდის და
შემდეგ მომდევნო ჩაცმამდე კარადაში კიდებს.

– ვწუხვარ.

– საჭირო არ არის, – ვილანელი ხელს ითავისუფლებს და მენიუში იხედება. – შეხედე! მარწყვის


საკეს ჟელატინი. აუცილებლად უნდა გავსინჯოთ.

ყოველთვის გული სწყდებოდა იმის გამო, რომ ბნელოდა, როცა რომან ნიკონოვს მულიანკას
მდინარის პირას, ტყეში კასტრაციას უკეთებდა და მისი გამომეტყველება კარგად ვერ დაინახა.
თუმცა თავად მომენტი კარგად ახსოვს.

ტალახის სუნი და „რიგას“ მოპედის გამონაბოლქვი. ბიჭს თავზე ხელი მოჰკიდა და


ძალდატანებით დაამხო მუხლებზე. შემდეგ იყო დანა, რომლითაც კვერცხები მოაჭრა და
შეღონებული ყვირილის ხმები, რომლებიც მდინარის ხეობაში ვრცელდებოდა.

სარა გალერეის თავზე, მომცრო ბინაში ცხოვრობს. სახლამდე ხელიხელჩაკიდებულები მიდიან


და გზად ახალდაფენილ თოვლზე მუქ ნაფეხურებს ტოვებენ.
– კარგი, ნახატები გასაგებია, მაგრამ ეს რაღაა? – ეკითხება ვილანელი და გალერეის ვიტრინაში
მდგარ ინსტალაციაზე მიანიშნებს.

სარა შესასვლელი კარის კლავიატურაზე კოდს კრეფს.

– არ ვიცი... ეს ფიტული ხუმრობით გაკეთებული საჩუქარია. ბრჭყვიალები კი სამზარეულოში


ვიპოვე და შემდეგ ეს ორი რამ გავაერთიანე. სასაცილოა, არა? რას ფიქრობ?

ვილანელი ზედა სართულზე მიჰყვება ვიწრო კიბით.

– ანუ სრულიად არაფერს გამოხატავს?

– შენ როგორ გგონია?

– მე არაფერი მგონია. საერთოდ არ მაინტერესებს.

– აბა, რას...

ვილანელი გვერდულად აბრუნებს, კედელზე მიაკრავს და ტუჩებში კოცნით აჩუმებს.


ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ სარა მაინც გაკვირვებული ჩანს.

კარგა ხნის შემდეგ, როცა სარა იღვიძებს, აისის პირველი სხივების ფონზე ვილანელის ზურგის
სილუეტს ხედავს. შემდეგ მკლავზე ეხება და თითებს დელტისებურ კუნთსა და ბიცეფსზე
უსვამს.

– რა თქვი, რას ვსაქმიანობო? – დაინტერესებული ხმით კითხულობს ქალი.

– არაფერი მითქვამს.

– არც აპირებ?
ვილანელი თავს უკრავს.

– კიდევ შევხვდებით?

ვილანელი უღიმის და სარას ლოყაზე ეხება. ნაჩქარევად იცვამს, გარეთ ქორფა თოვლი და
სიჩუმე ეგებება. შაუს-ოდლი-სტრიტის ბინაში დაბრუნებული მაშინვე ტანსაცმელს იხდის და
იძინებს.

იღვიძებს შუადღით. სამზარეულოში „ფორტნემ-ენდ-მეისონის“ ნახევრად სავსე, ჯერაც თბილი


ყავადანი დგას. შემოსასვლელ კართან კი საშუალო ზომის პაკეტები აწყვია, რომლებიც აქ
კონსტანტინმა დატოვა.

ვილანელი პაკეტებს ხსნის. შიგნით კუს ბაკნისჩარჩოიან, ღია ნაცრისფერლინზიან სათვალეს,


ბეწვის კაპიუშონიან საწვიმარ ქურთუკს, შავ მაღალყელიან სვიტერს, კუბოკრულ ქვედაკაბას,
ბამბის შავ კოლჰოტსა და ელვაშესაკრავიან ჩექმას პოულობს. ყველაფერს იცვამს, ოთახში
გადი-გამოდის და ახალ სამოსს ეგუება. შემდეგ გაგრილებულ ყავას სვამს და ბინიდან პარკ-
ლეინის გავლით ჰაიდ-პარკის მიმართულებით მიდის.

ისევ ეს რუხი ცა, რომლის ფონზეც ფოთოლგაცვენილი ხეივნები და მუხები კიდევ უფრო მუქი
ყავისფერი ჩანს. ადრიანი შუადღეა, მაგრამ სინათლე უკვე იკლებს. ვილანელი ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი და თავდახრილი, გამდნარი თოვლით დასველებულ ხეივანში მიდის. აქ სხვა
ადამიანებიც არიან, მაგრამ ის მათ, პრაქტიკულად, ვერ ამჩნევს. ბინდში აქა-იქ მდგარი
ქანდაკებები მოჩანს, თუმცა თოვლის საფრის ქვეშ მათი დეტალები ძნელად შესამჩნევია.
ვილანელი სერპენტაინის ხიდის დასაწყისში, მოაჯირთან მცირე ხნით ჩერდება და ქვევით
იყურება. ყინულის თხელი ფენის ქვეშ ჩაშავებული მდინარის ის წყვდიადისებური სიღრმე
იპყრობს, რომელიც ასეთ დღეებში განსაკუთრებით იზიდავს.

– მიმზიდველია, არა?

იმით გაოცებული, რომ მისი ფიქრები ასეთი სიზუსტით გაიმეორეს, ვილანელი ბრუნდება და
ხედავს დაახლოებით ოცდაათი წლის, გამხდარ მამაკაცს, რომელსაც ტანზე მომდგარი, ტვიდის
საყელოაწეული ქურთუკი აცვია.

– ცურვას არ ვაპირებ.
– ხომ მიხვდით, რაც ვიგულისხმე. To sleep: perchance to dream... – მშვიდი თვალები აქვს –
მდინარის მსგავსად შავი.

– შექსპირი გიყვართ?

კაცი მოაჯირიდან თოვლს სახელოთი გადაყრის, მხრებს იჩეჩს და ამბობს:

– ცხელ წერტილებში კარგი კომპანიონია.

– ჯარისკაცი ხართ?

– ვიყავი.

– და ახლა?

კაცი მზერას კენსინგტონის შორეული ნათებისკენ მიმართავს.

– ახლა... შეიძლება ითქვას, მკვლევარი.

– კეთილი. წარმატებებს გისურვებთ... – უხელთათმნო ხელებს ვილანელი ერთმანეთს


უახლოებს, სახესთან მიაქვს და იორთქლავს, – ბნელდება, ჩემი წასვლის დროა.

– შინისაკენ? – კაცი იმგვარად უღიმის, თითქოს რაღაც ინტიმურ ხუმრობას უზიარებდეს.

– დიახ. მშვიდობით.

კაცი ხელს მაღლა სწევს.


– დროებით.

ქურთუკში გახვეული ვილანელი კაცს შორდება. დიდი ამბავი, ერთი რიგითი თავხედი
იქნებოდა, რომელსაც მასთან გამოლაპარაკება მოუნდა, თუმცა იცის, რომ ეს ასე არ არის. კაცის
მკაცრი ინგლისური ტემბრი ამის დაჯერებაში ხელს უშლის. თან, თითქოს საიდანღაც
ეცნობოდა კიდეც. შესაძლოა ეს კაციც ესწრებოდა მდევრისგან გაქცევის იმ კურსებს, რომლისგან
მიღებულ ცოდნასაც ვილანელი, პრაქტიკულად, მუდმივად, გაუაზრებლად იყენებს. ან იქნებ
MI5-დან არის?

მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და უკან იხედება – ხიდს აკვირდება. კაცი არსად ჩანს, თუმცა
მის სიახლოვეს მაინც აშკარად გრძნობს. ჩრდილოეთით, ყველაზე ახლო გასასვლელისკენ
მიდის და კიდევ ერთ მკვეთრ მოსახვევში შედის. ცდილობს, სავარაუდო მდევარს კვალი
აურიოს. არავინ მოჰყვება, არც ნაბიჯების ხმა ისმის, თუმცა, თუ ეს სერიოზული ხალხია, მათ
აუცილებლად ეყოლებათ ძირითადი სამუშაო ჯგუფი და დამხმარე, სტატიკური დაზვერვის
ნაწილი, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუ ის ძირითად ჯგუფს
დაშორდა.

ვილანელი აღმოსავლეთით, ბეისვოთერ-როუდის გავლით მარმარილოს თაღისკენ მიდის. არ


გარბის, თუმცა საკმარისად ჩქარა საიმისოდ, რომ ნებისმიერ მდევარს ნაბიჯის აჩქარებისკენ
უბიძგოს. რამდენიმე წამით ავტობუსის გაჩერებაზე, თითქოსდა სულის მოსათქმელად,
ჩერდება და ფრთხილად აკვირდება არემარეს, ეძებს სავარაუდო დამკვირვებელს, რომელიც,
მაგალითად, ქუჩის მხატვრის ფორმაში იქნება გადაცმული. არაფერი ჩანს, თუმცა, თუ მას MI5-
ის ერთ-ერთი A4 ჯგუფი უთვალთვალებს, ისინი არც გამოჩნდებიან.

თავს ძალას ატანს, რომ მშვიდად ისუნთქოს და მარმარილოს თაღის მიწისქვეშა


გადასასვლელში ჩადის, სადაც საკმაოდ ბევრი დერეფანია და მდევრის დაკარგვაც საკმაოდ
ადვილია. როდესაც კამბერლენდ-გეიტის საფეხურებზე ამოდის, ეჯვეარ როუდს აკვირდება,
შემდეგ წინ მიიწევს, ერთ-ერთი სპორტული მაღაზიის წინ ჩერდება და ვიტრინის ანარეკლში
მიწისქვეშა გადასასვლელს აკვირდება. ცოტა ხანში ას მეტრზე ოდნავ მეტს გადის ორატორის
კუთხისკენ და მეტროსადგურს უახლოვდება. დასავლეთის მიმართულებით მიმავალი
ცენტრალური ხაზის პლატფორმაზე მატარებელში ხალხი ადის, თუმცა რჩება რამდენიმე
მგზავრი – ახალგაზრდა ქალი რუხი საწვიმარი ქურთუკითა და ზურგჩანთით და შუახნის
ხელიხელჩაკიდებული წყვილი.

ვილანელი მესამე მატარებელში ადის, ქვინსვეის სადგურამდე მიჰყვება და პლატფორმაზე


კარის დაკეტვის ბოლო მომენტში გამოდის. პლატფორმის მეორე მხარეს გადადის და
მატარებელს აღმოსავლეთის მიმართულებით, ბონდ-სტრიტამდე მიჰყვება. გარეთ გამოსული,
ტაქსის იჭერს და მძღოლს დეივის-სტრიტამდე მიყვანას სთხოვს. შემდეგი ათი წუთის
განმავლობაში მეიფეირის გავლით მძღოლს ვიწრო ქუჩებით სიარულისკენ მიუთითებს. უკანა
ხედვის სარკეში ხედავს რუხ BMW-ს, რომელიც მოჰყვებათ, თუმცა გამაღიზიანებელი ღმუილით
მალევე უხვევს კარზონ-სტრიტზე. შემდეგ სარკეში ჩნდება შავი Ford Ka, რომელიც კარგა ხანს არ
სცილდებათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი შესახვევი გაიარეს. როდესაც კლარჯ-მიუზის
შესახვევში შედიან, ვილანელი მძღოლს ორმოცდაათ-ფუნტიანს აძლევს და ახალ
ინსტრუქციებს აწვდის. ოცდაათი წამის შემდეგ ტაქსი შუა გზაში ნელ-ნელა ჩერდება და ძრავას
აქრობს. ვილანელი უკანა კარიდან გადმოდის, ესმის Ka-ს სიგნალი – ჩანს, მძღოლი
გაღიზიანებულია. აგურის შენობებს შორის ვიწრო გასასვლელში არავინ მიჰყვება, ხოლო, როცა
ხუთ წუთში უკან ბრუნდება, აქაურობა ისევ ცარიელია.

„შესაძლოა, არც არავინ მომყვებოდა“, – მოგვიანებით ეუბნება ვილანელი საკუთარ თავს საუს-
ოდლი-სტრიტის ბინაში. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? თუ მის შესახებ ბრიტანულმა
დაზვერვამ უკვე იცის, ყველაფერი ისედაც დამთავრებულია. არანაირი დაკავებები, უბრალოდ
სპეცრაზმი ეწვევა – შესაძლოა დანაყოფ E-დან, ბოლოს კი მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე
კრემაციას ჩაუტარებენ. კონსტანტინის თქმით, სწორედ ასე მუშაობენ ბრიტანელები და
ვილანელს მათთან არსებული მწირი გამოცდილება საპირისპიროში დარწმუნების საფუძველს
ნამდვილად არ აძლევს.

თუმცა ჯერჯერობით არანაირი დანაყოფი E არ ჩანს. ვილანელი ცდილობს ხიდთან მომხდარი


შეხვედრა და შემდგომი მოვლენები „იმზის“ ტყავის თეთრ სავარძელში ავაზასავით
წამოწოლილმა დაივიწყოს, როცა მომაკვდავი მზის სხივების ფონზე ვარდისფერ შამპანურ
„ალექსანდრე II“-ს მიირთმევს. არც ძვირად ღირებული და არც რამით გამორჩეული სასმელია,
თუმცა ის სრულიად აშკარად ასახავს ვილანელის ყველა იმ ოცნებას, რომელსაც მის წინა
ცხოვრებაში ახდენა არ ეწერა.

თან მის ახლანდელ ხასიათსაც შეესაბამება. ჩაკეტილი, სრულიად იზოლირებულია და


ფიქრობს მხოლოდ მომდევნო დღის ოპერაციაზე. მთელი სხეული მოლოდინებით აქვს
აღსავსე. აკვირდება ჭიქის შიგნით მოთამაშე შამპანურის ბუშტებს, გრძნობს შიმშილს,
რომელიც ბოლომდე არასოდეს უცხრება და ტყავის ზედაპირზე მოუსვენრობს. შესაძლოა
მოგვიანებით ისევ გავიდეს ქუჩაში სექსის საძიებლად. ეს რამდენიმე საათს მაინც გააყვანინებს.

ევა უკმაყოფილოდ ზუზუნებს.

– რომელი საათია?

– შვიდს უკლია თხუთმეტი წუთი. ისევე, როგორც ყოველ დღეს, ამ დროს.


ევა ქმრის კისრისა და მხრის თბილ კუთხეში სახეს ყოფს და ძილის უკანასკნელ ნაწილაკებს
ეპოტინება. მალე ყავის აპარატის ხველების ხმას რადიო 4-ის დილის გადაცემა „დღე“ ერწყმის.
ღამის განმავლობაში ევამ გადაწყვიტა, რომ ვიქტორ კედრინისთვის დაცვითი ჯგუფი შო1
მიემაგრებინა.

– ყავა მზადაა, – იძახის ნიკო.

– კარგი, ახლავე მოვალ.

სააბაზანოდან გამოდის და უკვე მერამდენედ ტერფით ეჯახება დაბალ, მინისკარიან მაცივარს,


რომელიც ერთი თვის წინ ნიკომ „იბეიზე“ შეიძინა.

– ჯანდაბა, ნიკო! კარგი რა, აუცილებელია, რომ ეს რაღაც აქ იდგას?

ნიკო თვალებს ისრესს.

– თუ ყოველ დილით რძიანი ყავის მირთმევა გსურს, კი, მიშკა. თან, სხვაგან სად დავდგა?
სამზარეულოში ადგილი არ არის.

მას შემდეგ, რაც რწმუნდება, რომ ჟალუზები ბოლომდე ჩამოწეულია, ევა ტრადიციულად,
გაუფრთხილებლად იხდის საღამურს და საცვლებს დაეძებს.

– მეეჭვება, რომ რძის პატარა ბოთლის გასაგრილებლად სტანდარტული სამედიცინო მაცივარი


გვჭირდებოდეს. სამზარეულოში კი ადგილი იმიტომ არ არის, რომ ის შენი ხარახურით არის
სავსე.

– აჰა, ესე იგი, ეს ხარახურა ახლა ჩემი გახდა?

– აბა, ვისია შვედური კულინარიული წიგნები და მზის ელემენტებზე მომუშავე მიკროტალღური


ღუმელი?

– ჯერ ერთი, ეს დანიური წიგნებია, მერე მეორეც, ეგ ღუმელი საკმაოდ ეკონომიურია.


– სად? ლონდონში? სადაც მზე წელიწადში თერთმეტი თვის განმავლობაში არ ჩანს? ან ეგ
ყველაფერი სამზარეულოდან უნდა მოვაშოროთ, ან სადმე უფრო ნაკლებად მისაღებ, თუმცა
უფრო დიდ სახლში გადავიდეთ.

– ვერსად გადავალთ.

ევა ნაჩქარევად იცვამს.

– რატომ?

– ფუტკრების გამო, – პასუხობს და ღია ნაცრისფერ პერანგზე მუქ ყავისფერ ჰალსტუხს იკრავს.

– კარგი რა, ნიკო. ისევ ამ წყეულ ფუტკრებზე არ დამაწყებინო ლაპარაკი. ბაღში ვეღარ გავდივარ
და მეზობლებიც მათი მომაკვდინებელი ნესტრის შიშით დაზაფრულები არიან.

– ერთ რამეს გეტყვი, მიშკა: თაფლი. ამ ზაფხულს თითოეული სკიდან თხუთმეტი კილო
თაფლის აღებას შევძლებთ. ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონეს უკვე ველაპარაკე და...

– ვიცი, ვიცი, რომ ამას მნიშვნელობა აქვს მომავლისთვის და შენი ხუთწლიანი ეკონომიკური
გეგმაც მახსოვს, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც ხდება აქ და ახლა. ამ პირობებში,
უბრალოდ, ვერ ვკონცენტრირდები.

ვიწრო დერეფანში გადიან და გვერდით ჩაუვლიან ჟურნალის „ასტრონომია დღეს“ ნომრების


დასტას, ძველისძველ მუყაოს ყუთს, რომელსაც აწერია: „ოსცილოსკოპიური
აღჭურვილობა/კათოდური სხივის მილი“ და კიბეზე ჩადიან.

– მგონი, ხელმძღვანელობა ზედმეტად გღლის, ევოჩკა. ცოტა უნდა განიტვირთო, – ამბობს ნიკო
და სარკეში კიდევ ერთხელ ისწორებს ჰალსტუხის კვანძს, თაროდან რვეულებს იღებს და
„გლედსტოუნის“ დიპლომატში აწყობს. – ამაღამ კლუბში, ტურნირზე ხომ დროულად მოხვალ?

– წესით, კი.
ევა იმედოვნებს, რომ თუ კედრინს ჯგუფ შო1-ს მიამაგრებს, მის ლექციასა თუ პოლიტიკურ
ყრილობაზე დასწრების ვალდებულება აღარ ექნება.

ევა ქურთუკს იცვამს, ნიკო „ტემზ-ჰაუსის“ მიერ დამონტაჟებულ ბოლო თაობის სიგნალიზაციას
რთავს, სახლიდან ხელიხელჩაკიდებულები გამოდიან, სიცივეში პირიდან ორთქლს უშვებენ და
ფინჩლი როუდის მეტროსადგურისკენ მიემართებიან.

„ტემზ-ჰაუსში“, P3-ის ოფისში საიმონ მორტიმერი შეუვალი მზერით დებს ყურმილს.

– არაფერი გამოვა, თუ უფრო საფუძვლიანად არ ამიხსნი, რატომ შეიცვალე აზრი კედრინთან


დაკავშირებით, – ეუბნება ის ევას. – შეტყობინებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება.

ევა თავს აქნევს.

– უაზრობაა. შო1-ს ნახევარი დღით ადრე მიღებული შეტყობინების შემთხვევაშიც


უპრობლემოდ უნდა შეეძლოს ჯგუფის გამონახვა. საქმეს ჩვენ ვართულებთ თუ ისინი?

– რამდენადაც ვხვდები, ჩვენ. უჭირთ შო1-ის გამოყოფა მხოლოდ...

– მხოლოდ რა?

– ასე ვთქვათ, მხოლოდ „ქალურ ინტუიციაზე“ დაყრდნობით.

ევა გაოცებული უმზერს.

– სერიოზულად?

– სერიოზულად.

ახლა თვალებს ხუჭავს.


– სამაგიეროდ, კარგი ამბავია ის, რომ შენ შენი ეჭვების შესახებ ხმამაღლა განაცხადე, რაც,
საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაგეხმარება.

– ალბათ მართალი ხარ, მაგრამ კარგი რა... „ქალური ინტუიცია“? მე ხომ ანგარიშში მხოლოდ ის
დავწერე, რომ ვფიქრობ, თავდაპირველად არასათანადოდ შევაფასე კედრინის მიმართ
არსებული პოტენციური საფრთხე-მეთქი.

– მაინც რატომ შეიცვალე აზრი?

ევა ეკრანზე „იზვესტიას“ ერთ-ერთ სტატიას ხსნის.

– კარგი, აი, შეხედე, ეს ტექსტი მისი გამოსვლიდანაა, რომელიც წინა თვეს ეკატერინბურგში
შედგა. გითარგმნი: „ჩვენი დაუძინებელი მტერი, რომელთანაც სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლაში ვართ ჩაბმულები და რომელსაც არასოდეს დავნებდებით, არის ამერიკული
ჰეგემონია ყველა თავისი გამოვლინებით. ატლანტიზმი, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებების
ყალბი...“ – პირდაპირი თარგმანი ამ სიტყვისა არის „მუხანათური“ – „...იდეოლოგია და
ფინანსური ელიტის დიქტატურა“.

– საკმაოდ სტანდარტული ტექსტია, არა?

– გეთანხმები, მაგრამ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი


ნაწილი მას მესიად აღიქვამს. მესიებს კი ექსპლუატაციის მცირე ვადა აქვთ და ძალიან
სახიფათოები არიან.

– მაშინ იმედი ვიქონიოთ, რომ კონვეი-ჰოლში თავის სიტყვას მშვიდობიანად წარმოთქვამს და


აქედან მალევე მოუსვამს.

– იმედია, – ევა თვალებს მოისრესს, – ალბათ, აჯობებს იქ მეც წავიდე. დიდად არ მინდა,
მაგრამ... – „იზვესტიას“ სტატიას ხურავს, – საიმონ, შეიძლება რაღაც გკითხო?

– რა თქმა უნდა.
– როგორ ფიქრობ, ჩემს ჩაცმულობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ შევიტანო? ქალურ
ინტუიციაზე გაკეთებულმა მაგ კომენტარმა ჩამაფიქრა. ნეტავ, შეუფერებელი ვიზუალი ხომ არ
მაქვს?

საიმონი იღუშება.

– არა, ეგ კომენტარი შენ ყველაზე ნაკლებად შეგეფერება, თუმცა შენს ადგილზე „ტემზ-ჰაუსის“
თავისუფალი სტილიდან მცირედ გადახვევებზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი და „მარკს-ენდ-
სპენსერის“ კლასიკური განყოფილებიდან სხვა მიმართულებითაც გავიხედავდი, – ამას, ცოტა
არ იყოს, აღელვებული ამბობს. – შენი ქმარი რას ფიქრობს?

– უჰ, ნიკოს მოდის პირადი სამყარო აქვს. ის მათემატიკის მასწავლებელია.

– გასაგებია.

– უბრალოდ, არ მინდა, ჩვენი განყოფილების ავტორიტეტი დაზარალდეს, საიმონ. ჩვენ


სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და აუცილებელია, რომ სერიოზულად აღგვიქვამდნენ.

კაცი თავს უკრავს.

– ხვალ შუადღით რას აკეთებ?

– განსაკუთრებულს არაფერს. რატომ მეკითხები?

– იცი, არ მინდა სტერეოტიპები გავამყარო, მაგრამ საყიდლებზე ხომ არ წავსულიყავით?

სასტუმრო „ვერნომი“ ექვსსართულიანი, რუხი ქვით ნაგები შენობაა, რომელიც ჰაი-ჰოლბორნის


ჩრდილოეთით დგას. კლიენტების უმეტესობა მისი ექსტერიერის მსგავსად უფერული და
უინტერესოა, ამიტომ მისაღების მენეჯერი, ჯერალდ უოტსი, მარტივად და სიამოვნებით
ამჩნევს სასტუმროში შემოსულ მომხიბვლელ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც ბეწვით
გაწყობილი ქურთუკი აცვია, ხოლო მისი თვალები, სათვალის ოდნავ დაბურული მინების მიღმა,
საოცრად კაშკაშა და პირდაპირია. გამართულად საუბრობს, თუმცა შეიმჩნევა ფრანგულისა და,
სავარაუდოდ, აღმოსავლეთევროპულის მცირედი აქცენტი. მისაღების მაგიდასთან ხუთწლიანი
მუშაობის შემდეგ ჯერალდი ამ საქმეში თავს ექსპერტად მიიჩნევს.

რამდენადაც საკრედიტო ბარათიდან არკვევს, მისი სახელია ჯულია ფანინი. ამის აღნიშვნა
უადგილოა, თუმცა მაინც სიამოვნებით ამჩნევს, რომ ქალს საქორწინო ბეჭედი არ უკეთია.
ჯერალდი 416-ე ოთახის გასაღებს აწვდის და ცდილობს, მათი თითები რაც შეიძლება უკეთ
შეეხოს ერთმანეთს. მოეჩვენა, თუ ქალმაც ასეთივე ჟესტით უპასუხა? ჯერალდი თანაშემწეს
ანიშნებს, რომ ჩანთები ოთახში აიტანოს, თავად კი სიამოვნებით აკვირდება ლიფტისკენ
მიმავალი სტუმრის თეძოების ნაზ რხევას.

რედ-ლაიონ-სქვეარზე ევა შვიდ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე მიდის. კონვეი-ჰოლში ამ


დროისთვის უკვე ორასამდე ადამიანია შეკრებილი. იმ ხალხის უმეტესობა, რომლებიც აქ
ვიქტორ კედრინის ლექციის მოსასმენად არიან, უკვე მთავარ დარბაზში სხედან. რამდენიმე
სტუმარი ხის პანელებით მორთულ კედლებთან დგას და საუბრობს. დანარჩენები კი გალერეაში
დასეირნობენ. დამსწრეთა უმეტესობა მამაკაცია, თუმცა შეიმჩნევა რამდენიმე წყვილიც და
ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც კედრინის პორტრეტიანი მაისურები აცვიათ. გამოირჩევა
ასევე ორივე სქესის რამდენიმე პერსონა, რომლებსაც, სხვებისგან განსხვავებით, შავი სამოსი
აცვიათ და ზედ მუსიკალური, მისტიკური, პოლიტიკური თუ ყველა ამ თემატიკასთან
ერთობლივად დაკავშირებული ნახატები აქვთ გამოსახული.

ევა აქეთ-იქით იყურება, თავს უხერხულად გრძნობს, თუმცა არა სახიფათოდ. დერეფანი მალევე
ივსება. აქ განსხვავებული ტომის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, რადგან
ამ ინდივიდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ყველანი ცალკე მდგომ კასტას მიეკუთვნებიან.
კედრინის აუდიტორიას არ გააჩნია ხმის უფლება. ეს განყენებული საზოგადოებაა. ევა კიბით
გალერეის ზედა იარუსზე ადის და სცენაზე მდგარი ტრიბუნის მარჯვენივ ერთ-ერთ სკამზე
ჯდება. უეცრად შინაგანი განგაშის ფონზე ახსენდება, რომ ნიკოსთან დარეკვა დაავიწყდა, რათა
გაეფრთხილებინა, რომ ტურნირზე მისვლას ვერ შეძლებდა. ამიტომ ნაჩქარევად იწყებს
ჩანთაში ტელეფონის ძებნას.

არ ეუბნება, სად არის და რატომ ვერ ახერხებს ტურნირზე მისვლას, თუმცა ნიკო, როგორც
ყოველთვის, ზედმეტ შეკითხვებს არ უსვამს. არასოდეს გამოხატავს უკმაყოფილებას მისი
არყოფნის ან გვიანობამდე მუშაობის გამო. მიუხედავად ამისა, ევა ახლა ნიკოს ხმით ხვდება,
რომ ის აშკარად იმედგაცრუებულია. კლუბის წევრების წინაშე მისი არყოფნის გამო
მობოდიშება პირველად არ მოუწევს. ამიტომ ფიქრობს, რომ ნიკოს მოთმინებასაც აქვს
საზღვარი და როგორღაც დანაშაული უნდა გამოისყიდოს. ეგებ „ევროსტარს“ მოასხდნენ და ამ
უქმეებზე პარიზში წავიდნენ? იქირაონ ნომერი რომელიმე პატარა სასტუმროში და ქალაქში
ხელიხელჩაკიდებულებმა ისეირნონ? ალბათ თოვლის ფონზე ეს ძალიან რომანტიკული
იქნება.
დერეფანში შუქი ნელ-ნელა ქრება, სცენაზე გამოდის კაცი, რომელსაც თმა ცხენის კუდად აქვს
შეკრული და ტრიბუნასთან მიკროფონს ასწორებს.

– მეგობრებო, მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ბოდიშს გიხდით ჩემი ინგლისურის გამო. მსურს
სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი და კოლეგა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან. ქალბატონებო და ბატონებო... ვიქტორ კედრინი.

კედრინი საკმაოდ წარმოსადეგია – ფართო მხრებითა და წვერით. ველვეტის ქურთუკი და


ფლანელის შარვალი აცვია. დარბაზში აპლოდისმენტები და მხიარული შეძახილები ისმის. ევა
ჩანთიდან მობილურს იღებს და ტრიბუნასთან მდგარ კედრინს ფოტოს უღებს.

– გარეთ ცივა, – იწყებს კედრინი, – თუმცა დამიჯერეთ, რუსეთში მეტი სიცივეა, – ამბობს და
გამომჭკნარი ფოთლის მსგავსი მოყავისფრო თვალებით იღიმის, – ახლა კი მსურს გაზაფხულზე
გელაპარაკოთ. რუსულ გაზაფხულზე.

სრული სიჩუმე.

– მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა ერთი მხატვარი, სახელად ალექსეი სავრასოვი, რომელიც,


სხვათა შორის, თქვენი ჯონ კონსტებლის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ბევრი სხვა რუსი
ხელოვანის მსგავსად, სავრასოვიც მეგობრობდა ალკოჰოლსა და უიმედობასთან. საბოლოოდ,
სიღარიბეში დაიღუპა, თუმცა მანამდე შესანიშნავი პეიზაჟების სერიის დახატვა მოასწრო.
მათგან ყველაზე ცნობილს ეწოდება „ჭილყვავები დაბრუნდნენ“. განსაკუთრებით გამორჩეული
ნახატი არ არის, ჩვეულებრივი პეიზაჟია, გაყინული ტბორით, დათოვლილი მიწითა და შორს
მდგარი ტაძრით, თუმცა ჩანს, რომ ხეების ტოტებზე ჭილყვავები უკვე ბუდეებს აშენებენ.
ზამთარი ილევა და გაზაფხული დგება.

მეგობრებო, სწორედ ეს არის ჩემი მოწოდება: გაზაფხული დგება! რუსეთში ცვლილებებს


სულმოუთქმელად ელიან. ვგრძნობ, რომ იგივე ხდება ევროპაშიც. დროა დასრულდეს
კაპიტალიზმისა და ცრუ ლიბერალიზმის მრავალწლოვანი ამერიკული დიქტატურა.
სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ უძველესი სამყაროს ტრადიციებსა და მისწრაფებებს. ამიტომ
გეუბნებით: შემოგვიერთდით! შტატებს თავისთვის ჰქონდეს პორნოგრაფია, სისხლისმსმელი
კორპორაციები და არაფრის მომცემი სამომხმარებლო და რაოდენობრივი კულტი. რუსეთსა და
ევროპას ერთობლივად ძალუძთ ააშენონ ახალი იმპერია, რომელიც ჩვენი უძველესი
კულტურების ჭეშმარიტ და ტრადიციულ საფუძვლებს დაეფუძნება.

ევა აუდიტორიას აკვირდება. დამსწრეები თანხმობის ნიშნად თავს აქნევენ და მათ თვალებში
კედრინის მიერ დაპირებული ოქროს ხანის დაუოკებელი რწმენა შეიმჩნევა. პირველ რიგში,
ცენტრში, ევა ამჩნევს მასზე ოდნავ ახალგაზრდა ქალს შავ სვიტერსა და კუბოკრულ
ქვედაკაბაში. ქალის სილამაზე შორიდანაც თვალში საცემია. ევა იმპულსურად აახლოებს
კამერის ობიექტივს და ქალს პროფილში, როცა მას ოდნავ აქვს ტუჩები გახსნილი და კედრინს
ყურადღებით უსმენს, ფოტოს უღებს.

ლექცია აქტიურ ტემპში გრძელდება. კედრინი იხსენებს კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც
აგრეთვე ახალ იმპერიაზე ოცნებობდა და, არც მეტი, არც ნაკლები, ასახელებს ათასწლოვან
რაიხს, თუმცა ნაცისტებს იქვე აკრიტიკებს მწვავე რასიზმისა და არასაკმარისი გააზრების
უნარის გამო. მისი თქმით, ამ ყველაფრიდან გამონაკლისია შშ-ის ჯარისკაცების
იდეალიზმისადმი ერთგულება, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ეს
სიტყვები ერთ-ერთი დამსწრე შუახნის მამაკაცისთვის მეტისმეტი აღმოჩნდება, ის ფეხზე
წამოდგება და სცენის მიმართულებით გაურკვეველ ფრაზებს ყვირის.

რამდენიმე წამში ჩრდილებიდან კვაზი სამხედრო სამოსში გამოწყობილი ორი სილუეტი


გამოდის, კაცს ხელს ჩაავლებენ და დარბაზიდან დერეფანში ძალით გაჰყავთ. ნახევარ წუთში
ორივე უკან ბრუნდება, ხალხი კი მათ კმაყოფილი ოვაციებით ეგებება.

კედრინი ნეტარებით იღიმის.

– ერთი ასეთი ყოველთვის გამოერევა ხოლმე, არა?

ჯამში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საუბრობს. წარმოაჩენს ჩრდილოეთ


ნახევარსფეროს მოწყობის თავისებურ მისტიკურ, ავტორიტარულ ხედვას. ევა ზიზღისა და
აღტაცების ერთობლიობას გრძნობს. კედრინი ქარიზმატული და ეშმაკისეულად
დამაჯერებელია. ეჭვი არ ეპარება, რომ აქ დამსწრეთაგან ბევრი მისი ერთგული მიმდევარი
გახდება. ევროპაში ის დიდად პოპულარული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა რუსეთში მის
მომხრეთა არმია მუდმივად იზრდება, რასაც ემატება ქუჩის მოჩხუბრების ერთგული ჯგუფი,
რომლებიც მზად არიან მისი სურვილების შესასრულებლად.

– და, მეგობრებო, დავასრულები იმით, რითაც დავიწყე. ჩემი მარტივი გზავნილია: გაზაფხული
მოდის. ახლოსაა განთიადი. ჭილყვავები დაბრუნდნენ. დიდი მადლობა.

მთელი აუდიტორია, როგორც ერთი, ფეხზე დგება და ოვაციების ფონზე მქუხარედ უკრავს ტაშს.
კედრინი მცირე ხნით ტრიბუნასთან რჩება, შემდეგ დამსწრეებს თავს უკრავს და სცენას ტოვებს.
ევა მეორე იარუსიდან აკვირდება, ნელ-ნელა როგორ იცლება დარბაზი. ყველას ისეთი სახე
აქვს, თითქოს ეს-ესაა სიზმრიდან გამოიღვიძეს. რამდენიმე წუთში ღონისძიების ცხენისკუდიანი
წამყვანი და კედრინი იმ ორ ჯარისკაცთან ერთად გამოდიან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ
უკმაყოფილო მამაკაცი დარბაზიდან გაიყვანეს. დარბაზში დარჩენილი თაყვანისმცემლები
კედრინს მაშინვე უახლოვდებიან. თითოეული ცდილობს მას რაღაც უთხრას ან ხელი
ჩამოართვას. ის ლამაზი ქალი კი დანარჩენებისგან განცალკევებით იცდის და
გამოკვეთილნაკვთებიან კატისებურ სახეზე მსუბუქი ღიმილი დასთამაშებს. „მე რომ ასე ჩავიცვა
ბიბლიოთეკარს დავემსგავსები, – ფიქრობს ევა, – როგორ ახერხებს ეს პატარა ფაშისტი
პრინცესა, რომ ოდრი ჰეპბერნს ჰგავდეს?“

აშკარაა, რომ კედრინმა გამოსვლისას ეს ქალი შენიშნა. ახლაც მისკენ იხედება და ისე უღიმის,
თითქოს ანიშნებს, ცოტა ხანს დამელოდე, ამ ხალხს მივხედავ და შემდეგ მთელ ყურადღებას
შენ დაგითმობო. მალევე, თმაგადაპარსული მცველების გაკვირვებული მზერის ფონზე, ეს ორნი
დიალოგს გააბამენ. ქალის ჟესტები, მისი თავის მოძრაობა და ოდნავ წამოწეული პატარა
მკერდი, ცხადად წარმოაჩენს მის ხელმისაწვდომობას, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ხელის
ჩამორთმევით შემოიფარგლება, ქურთუკს იცვამს და სიბნელეში უჩინარდება.

ევა დარბაზიდან ერთ-ერთი ბოლო გამოდის. ცოტა ხანს ავტობუსის გაჩერებასთან იცდის.
კედრინი და მისი თანმხლები პირები შენობას ტოვებენ. ევა მათ უსაფრთხო მანძილზე
მიჰყვება. მალევე ოთხი კაცი რედ-ლაიონ-სტრიტზე არგენტინულ სტეიკ-ჰაუსში შედის, სადაც,
როგორც ჩანს, მათ უკვე ელოდებიან.

ევა გადაწყვეტს, რომ ამ ღამისთვის უკვე საკმარისად იმუშავა და ჰოლბორნის


მეტროსადგურისკენ მიდის. ათის ნახევარია, აშკარაა, რომ ბრიჯის ტურნირს ვეღარ მიუსწრებს,
სამაგიეროდ შეუძლია კლუბში ორმაგი არაყი და შტოშის წვენი დალიოს და უყუროს, როგორ
თამაშობს ნიკო ბოლო რამდენიმე დარიგებას. ასეა თუ ისე, ძალიან უცნაური დღე იყო და
განტვირთვა ნამდვილად სჭირდება.

ათს თხუთმეტი წუთი აკლია, როცა ვილანელი უკვე კმაყოფილია იმით, რომ რუსები
დაბანაკდნენ, სცილდება კარის ჩარჩოს, საიდანაც სტეიკ-ჰაუსს აკვირდებოდა და უკან,
სასტუმროში ბრუნდება. მისაღებში შესული ლიფტის მიმართულებით მიდის, სახეს ბეწვიანი
კაპიუშონი უფარავს, გზად კი ჯერ თავის ცვლაში მყოფ ჯერალდ უოტსს ეშმაკურად უღიმის და
ტყავის ხელთათმნიან ხელს უქნევს.

416-ე ნომერში ადის, საკვოიაჟს ხსნის, ამოაქვს ქირურგიული ხელთათმანების პაკეტი, ხსნის და,
ტყავის ხელთათმანების ნაცვლად, მათ იკეთებს. შემდეგ კიდევ ერთი დაბეჭდილი
პოლიეთილენის პაკეტიდან ფრჩხილისოდენა მიკროგადამცემსა და პაწაწინა საოფისე
პლასტილინს იღებს. ამ ყოველივეს ქურთუკის ჯიბეში ათავსებს, ოთახიდან გამოდის და კიბით
მეხუთე სართულზე ადის, სადაც თითქოსდა 521-ე ოთახთან, კედელზე დაკიდებულ ნახატს
ასწორებს და ისევ კიბით მეექვსე სართულზე ადის, სადაც კიბე უკვე მთავრდება და ვილანელი
უახლოვდება სახურავზე ასასვლელ ღია კარს. სახურავზე ასული ნაჩქარევად ათვალიერებს აქ
დამონტაჟებულ საკვამურებსა და საევაკუაციო კიბეებს და მალევე მეოთხე სართულზე
ბრუნდება.

ოთახში დაბრუნებული „აიპოდის“ ზომის დეციმეტრული დიაპაზონის მიმღებს რთავს და ერთ


ყურსასმენს იკეთებს. როგორც მოსალოდნელი იყო, გაურკვეველი შიშინის გარდა, არაფერი
ესმის. ვილანელი მიმღებს ჯიბეში იდებს, მეორე ყურსასმენი ჯერ ისევ ჰაერში ქანაობს და
საკვოიაჟიდან წყალგაუმტარ პაკეტს იღებს, რომელშიც კონსტანტინისთვის შეკვეთილი
ნივთები აწყვია: პოლიმერულკორპუსიანი ცხრამილიმეტრიანი რევოლვერი „ჩიზეტ-75“ და
მაყუჩი „აისის-2“. ვილანელს ურჩევნია, იარაღს მსუბუქი მოქმედების უნარი ჰქონდეს. ამ
კონკრეტულ რევოლვერს ერთჯერადი მოქმედებისას სასხლეტზე გამოკვრის წონა ერთი
კილოგრამი აქვს, ორმაგი გამოკვრისას კი – ორი.

კარგად იცის, რომ სასტუმროს ოთახში მკვლელობა კომპლექსური პროცესია. გარდა იმისა, რომ
სამიზნე მალევე უნდა გაანეიტრალო, ყველანაირად უნდა უზრუნველყო, რომ სხვები არ
დაზიანდნენ, აგრეთვე მაქსიმალურად უნდა დაახშო ყველა ხმა – ტყვიის გასროლის იქნება, თუ
დახმარების თხოვნის. ტყვიის კვალი არ უნდა დარჩეს კედლებზე, და რაც მთავარია,
სასტუმროს სხვა ბინადრებზე.

ასე რომ, მას შემდეგ, რაც ჩეხურ იარაღს მაყუჩს მოარგებს, მას რუსული ტყვიებით – „ჩორნაია
როზათი“ (შავი ვარდით) – ტენის. ეს ოქსიგენული სპილენძისბუდიანი ტყვიები სამიზნესთან
შეჯახების შემდეგ ექვსსექციიანი მოქმედებით ხასიათდება და შიგნით გვირგვინის მსგავსად
იშლება. შედეგად, შეღწევადობის სიჩქარე მცირდება, დარტყმის სიმძლავრე კი იზრდება და ამ
კუთხით „შავ ვარდს“ ვერც ერთი ტყვია ვერ შეედრება.

ვილანელი იცდის, მშვიდად სუნთქავს, მომავალი მოქმედებების გონებაში წარმოდგენას


ცდილობს და ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს.

ყურსასმენებში ესმის, სტუმრებმა ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე უსურვეს, ასევე გაიგონა


სიცილისა და კარის დახურვის ხმები. ვილანელი ისევ იცდის და ნახევარ საათში სასურველ
ბგერებსაც ისმენს: რუსულ საუბარს.

– ხუთი წუთით ჩემთან შევიდეთ. „სტარაია მასკვას“ ერთი ბოთლი მაქვს და ხვალინდელი
გეგმები განვიხილოთ.
ვილანელი ფიქრობს. ერთი მხრივ, რაც უფრო მთვრალები იქნებიან, უმჯობესია, მეორე მხრივ
კი, საქმის გაჭიანურებაც არ ივარგებს. ესმის თანხმობის გამომხატველი ბუტბუტი და კარის
დახურვის ხმა.

ისევ იცდის. უკვე ღამის პირველ საათს გადაცილებულია, როცა მცველები ოთახიდან ხმაურით
გამოდიან. თუმცა საინტერესოა, რამდენად მთვრალია კედრინი? ემახსოვრება ის დიდთვალება
გოგონა, რომელიც კონვეი-ჰოლში გაიცნო? ვილანელი სასტუმროს ტელეფონს იღებს და 521-ე
ოთახის ნომერს კრებს. ესმის ზანტად წარმოთქმული: – და?

ინგლისურად პასუხობს:

– მისტერ კედრინ? ვიქტორ? იულია ვარ. ჩვენ ლექციის შემდეგ ვისაუბრეთ. მითხარით, რომ
მოგვიანებით დამერეკა. და აი... უკვე მოგვიანებით არის.

სიჩუმე.

– სად ხარ?

– აქ. სასტუმროში.

– კარგი. ოთახის ნომერი ხომ გითხარი?

– დიახ, ამოვალ.

ქალი ქურთუკს იცვამს. საკვოიაჟში ახლა მხოლოდ სამხილებისთვის განკუთვნილი


პოლიეთილენის პაკეტი დევს. მის შიგთავსს ვილანელი საკვოიაჟში ყრის და თავად ჩემოდანს
კარადაში ინახავს. სამხილების პაკეტს ქურთუკის შიდა ჯიბეში ინახავს, შემდეგ ქურთუკის
სახელოში რევოლვერს მალავს და გარედან მის მაყუჩს ხელისგულით იჭერს.

როცა უკვე 521-ე ოთახის წინ დგას, კარზე მსუბუქად აკაკუნებს. მცირედი პაუზის შემდეგ კარი
ოდნავ იღება. სახეაწითლებულ კედრინს თმა გაჩეჩილი, პერანგი კი ნახევრად შეხსნილი აქვს.
სტუმარს მოჭუტული თვალებით აკვირდება.

– შეიძლება შემოვიდე? – ვილანელი თავს გვერდზე ხრის და კედრინს აკვირდება.


კაცი ნახევრად ირონიულად უკრავს თავს, ხელებს ფართოდ შლის და ქალი ოთახში შეჰყავს. ეს
ოთახი ვილანელისას ჰგავს, თუმცა ოდნავ დიდია და ჭერზე უშნო, მოოქრული ჭაღი კიდია.

– ქურთუკი გაიხადე, – ეუბნება კედრინი და საწოლზე მძიმედ ჯდება, – და ჩვენთვის სასმელი


მოიტანე.

ვილანელი ქურთუკს იხდის, „ჩიზეტს“ სახელოში ტოვებს და იქვე, სავარძელზე აგდებს.


ტუმბოზე „სტარაია მასკვას“ ცარიელი ბოთლი და ოთხი დასვრილი ჭიქა დგას. ვილანელი
მაცივარს ამოწმებს, საყინულეში ნახევარლიტრიან „სტალიჩნაიას“ პოულობს. თავსახურს
ხსნის, არაყს ორ ჭიქაში საკმაოდ ბლომად ასხამს, კედრინის მზერას მზას აგებებს და ერთ ჭიქას
უწვდის.

– სადღეგრძელო უნდა ვთქვა, – ამბობს კედრინი ნამძინარევი ხმით და ქალის მკერდისკენ


იყურება, – სადღეგრძელო აუცილებელია. გაუმარჯოს სიყვარულსა და სილამაზეს!

ვილანელი უღიმის.

– მე ვსვამ „დაქცეული სახლის... – იწყებს რუსულად, – და იმ უბედობის“ (ანა ახმატოვა


„უკანასკნელი სადღეგრძელო“ – ვასილ გულეურის თარგმანი.)...

კაცი ჯერ გაკვირვებული უყურებს, წამით სახეზე ერთდროულად აღებეჭდება გაოცება და


მელანქოლია, შემდეგ კი ახმატოვას ლექსს თავად აგრძელებს:

– „ერთად ყოფნისა და მაინც მარტოობის, – არაყს სვამს, – შენს სადღეგრძელოს ვსვამ ახლა“...

ისმის ჯოხის გადატეხის მსგავსი ხმა და კედრინი კვდება. მისი მარცხენა ნესტოდან სისხლი
იღვრება.

– ...შენს სადღეგრძელოს ვსვამ ახლა, – ვილანელი ლექსს ლუღლუღით ამთავრებს. შემდეგ


მიცვალებულს ზეწარს აფარებს, ნაჩქარევად იცვამს ქურთუკს და ოთახიდან გამოდის.
რამდენიმე მეტრში პირისპირ ხვდება კედრინის ერთ-ერთ ფართომხრებიან დამქაშს, რომელიც
მოღუშული იყურება და იაფფასიანი სუნამოს სურნელი ასდის.
– ჩშშ, – ჩურჩულით ეუბნება ვილანელი, – ვიქტორს სძინავს.

კაცი თვალებს ჭუტავს – აშკარად ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და სადღაც შეეშალა.
ცდილობს ქალის მიღმა გაიხედოს, თუმცა ზედმეტად გვიან იაზრებს, რომ „გლოკ-19“, რომელიც
დილით მძღოლს გამოართვა, სამხრე კაბურაში აქვს და არა ხელში. ამასობაში კი ვილანელი
მის ცხვირზემოთ ორჯერ გაისვრის და კაცი ნელ-ნელა მუხლებზე ეშვება. იმწამსვე ვილანელი
მფრინავის ქურთუკში ხელს ავლებს და კაცს ოთახში აცურებს. კაცი სასტუმროს ოთახის
ხალიჩაზე ზურგით, როგორც უვარგისი საქონლის ხორცი, ისე ენარცხება.

წამით ვილანელი სხეულის გადამალვაზე ფიქრობს, თუმცა ხვდება, რომ ეს უფრო მეტ დროს
დააკარგვინებს, ვიდრე მოაგებინებს. ამ დროს ოთახში ტელეფონი რეკავს და ხვდება, რომ
წასვლის დროა. კიბისკენ მიმავალი ვილანელი მოკლული მცველის კოლეგასა და კიკინიანს
გვერდით ჩაუვლის. ისინი უკვე კედრინის ოთახისკენ გარბიან. ოთახში შეხედვაც საკმარისია
საიმისოდ, რომ უკან მობრუნდნენ და დერეფანში ვილანელს გაეკიდნონ.

ქალი უკვე მეექვსე სართულზეა, ისევ ზევით მიიწევს და მალე ღამის წყვდიადს უერთდება.
სახურავი სრულიად გადათეთრებულია ახალმოსული თოვლისგან. უბერავს ცივი ქარბუქი.
ვილანელს უკნიდან უკვე მეტალის ჭრაჭუნის ხმა ესმის და ხვდება, რომ თხუთმეტ წამზე
ნაკლები დრო აქვს.

სახურავის კარი ფართოდ იღება და ქვემოდან ორი კაცი ამოდის. ერთი მარცხნივ გარბის, მეორე
– მარჯვნივ. ღიად დატოვებული კარი გამყინავ სიცივეში ქანაობს. სახურავზე არავინ ჩანს.
თოვლზე შერჩენილი ნაფეხურები მოაჯირამდე მიდის, რომლის მიღმაც უკუნი სიბნელეა.

კვალის შემჩნევისთანავე ორივენი საკვამურისკენ იწყებენ მოძრაობას და მის უკან ჩერდებიან.


შემდეგ შედარებით ახალგაზრდა ნელი, ავაზის ნაბიჯებით სახურავის მოაჯირამდე მიდის,
ქვემოთ იხედება და თავის მცირედი მოძრაობით კიკინიანს რაღაცას ანიშნებს. ძლივს
გასარჩევად მოჩანს ვილანელის სილუეტი და მისი ბეწვიანი კაპიუშონი. კაცები ფიქრობენ, რომ
ვილანელი მათგან ზურგით, საკვამურთან დგას და მათ ვერ ამჩნევს.

ორივენი იარაღებს იმარჯვებენ და ქურთუკის კაპიუშონის მიმართულებით შვიდჯერ გაისვრიან.


სილუეტი მაინც არ ეცემა, რის გამოც ისინი ერთმანეთს გაოცებულები შეჰყურებენ. წამიც და მათ
თავის ქალებში თითქმის ერთდროულად შედის ტყვიები – ეს მათ უკან კიბეს ამოფარებულმა
ვილანელმა გაისროლა.

ორი მამაკაცის სხეული შეყვარებულებივით ეხუტება ერთმანეთს და სახურავის ზედაპირისკენ


ეშვება. ვილანელი მილზე ჩამოკიდებულ ქურთუკს იღებს და გვამებს აღტაცებით აკვირდება.
ეჭვი არ ეპარება, რომ შავი ტყვიის ზემოქმედებით ორივე მათგანის ტვინის ფუნქციონირება
უკვე შეწყვეტილია. ტყვიას უნდა გაეღწია მათ მოგონებებში, ინსტინქტებსა და ემოციებში,
თუმცა თითქოს სიცოცხლის რაღაც ნაპერწკალი ჯერ ისევ ღვივის, მაგრამ ისიც მალევე ქრება.

ვილანელი სახურავზე, თოვლის გალიაში დგას და იმ უდიდესი ძალაუფლების შეგრძნებით


ტკბება, რომელსაც ხშირად ჰპირდება სექსი, თუმცა ამას მხოლოდ წარმატებული მკვლელობის
შემდეგ აღწევს. ტკბება იმის გააზრებით, რომ დგას მის მიერ მოკლული ორი კაცის გვამს შორის
და ერთმანეთში შერწყმულ შავში, თეთრსა და წითელში გადაწყვეტილ ქალაქს ზემოდან
აკვირდება. წყვდიადი, თოვლი და სისხლი. ალბათ სამყაროს ამგვარად აღსაქმელად
აუცილებელია, რომ იყო რუსი.

უეჭველია, რომ ეს შაბათი, ევა პოლასტრის ცხოვრებაში ყველაზე უარესია. ფაქტობრივად, მის
თვალწინ მოკლეს ოთხი კაცი, ლონდონში კი უმაღლესი დონის მკვლელი დააბიჯებს. MI5-ის
ხელმძღვანელობა ჭკუაზეა შეშლილი და კრემლშიც მინისტრთა საბჭო მოიწვიეს. აშკარაა, რომ
„ტემზ-ჰაუსში“ მის კარიერას დანძრეული აქვს.

როცა ოფისიდან დარეკეს და სასტუმროს ოთახში მოკლული ვიქტორ კედრინის შესახებ


შეატყობინეს, ევა ჯერ ისევ ლოგინში იწვა. თავიდან ეგონა, რომ გული წაუვიდოდა, თუმცა
შემდეგ, სანამ სააბაზანომდე მიღწევას ცდილობდა, დერეფანში გაჭედილი ნიკოს ველოსიპედი
დაინახა და პირდაპირ შიშველ ფეხებზე აერია გული. იმ დროისთვის, როცა ნიკო მასთან
მივიდა, საღამურში გამოწყობილი ევა იატაკზე იჯდა, სახე გაჰფითრებოდა და კანკალებდა.
მოგვიანებით, როცა ორივენი სამზარეულოში ისხდნენ, საიმონმაც დარეკა. შეხვედრა სასტუმრო
„ვერნონში“ დათქვეს. ევამ როგორღაც მოახერხა ჩაცმა და სასტუმრომდე მისვლა.

რედ-ლაიონ-სტრიტზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და პოლიცია მათ განცალკევებას


დანაშაულის ადგილიდან სპეციალური ლენტით ცდილობდა. გამოძიებას ხელმძღვანელობდა
მთავარი ინსპექტორი გარი ჰარსტი, რომელსაც ევა მანამდეც იცნობდა. მისი დახმარებით ევა
უშუალოდ მკვლელობის ადგილამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა, შემდეგ კი
ინსპექტორმა მას დამტკბარი ჩაი დაუსხა. ევამ ჩაი დალია.

– უკეთ ხარ?

– დიახ. გმადლობ, გარი, – ამბობს და თვალებს ხუჭავს. – ღმერთო, რა საძაგლობაა.

– ნამდვილად. მძიმე ვითარებაა.


– აბა, რა გვაქვს?

– ოთხი გვამი. გვამი ნომერი ერთი: ვიქტორ კედრინი – რუსი, უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაპოვნია საკუთარ ოთახში. მასთან ერთად ასევე ნაპოვნია გვამი ნომერი ორი: ოცდაათ წლამდე
ასაკის, სავარაუდოდ, დაქირავებული დაკუნთული მცველი. სახურავზე ასევე გვაქვს გვამები
ნომერი სამი და ნომერი ოთხი. ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ვიტალი ჩუვაროვი უნდა იყოს –
კედრინის სავარაუდო პოლიტიკური თანამოაზრე, რომელიც უფრო მეტად ორგანიზებულ
დანაშაულთან კავშირით არის ცნობილი. მეოთხე, კიდევ ერთი დაკუნთული მცველი უნდა იყოს.
კედრინის გარდა, ყველას „გლოკ 19“ ჰქონდა. სახურავზე იმ ორმა შვიდჯერ გაისროლა.

– ალბათ, იარაღი ინგლისში იშოვეს.

ინსპექტორი მხრებს იჩეჩს და ამბობს:

– არ გაუჭირდებოდათ.

– ესე იგი, ფიქრობდნენ, რომ საფრთხე ელოდათ.

– შესაძლოა. ან, უბრალოდ, იარაღთან ერთად თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ.


გამოიცვლი და ზევით ავიდეთ? იქ კიდევ ერთი კაცი გელოდება „ტემზ-ჰაუსიდან“.

– საიმონი?

– დიახ.

– კარგი. სად გამოვიცვალო?

– აი, იქ მოვაწყვეთ გასახდელი, – კაცი თითით ანიშნებს, – მეც ერთ წუთში შემოგიერთდებით.

ევას გასახდელში „ტაივეკის“ კომბინეზონს, ნიღაბს, ხელთათმანებსა და ბახილებს აძლევენ.


როდესაც სრულიად გამოეწყობა და გარეთ გამოდის, შფოთვის შემოტევას გრძნობს. ხშირად
უნახავს მკვლელობის სცენები ფოტოებზე, თუმცა გვამებთან პირდაპირი შეხება არასოდეს
ჰქონია.

თუმცა ახერხებს თავის ხელში აყვანას და სანამ საიმონი მის წინ აუღელვებლად და
ოფიციალური სახით დგას, ცდილობს ყველა დეტალი შეამჩნიოს და დაიმახსოვროს: ტყვიების
განაცრისფერებული კვალი, შავი სისხლის ზოლები და მიცვალებულთა გაყინული მზერა.
კედრინი გაშტერებული შეჰყურებს ჭერს, სახე ოდნავ მოღუშვია და ისეთი გამომეტყველება
აქვს, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო.

– რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე, – ეუბნება საიმონი.

ევა თავს აქნევს.

– ჩემი უნდა გამეტანა. სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

– შენ შენი ეჭვების შესახებ განაცხადე, მათ კი, უბრალოდ, არ დაგიჯერეს.

ის-ისაა ევამ უნდა უპასუხოს, რომ ამ დროს კიბის სათავიდან ინსპექტორი ეძახის და თავისკენ
იხმობს.

– ვიფიქრე, დაგაინტერესებდა. ჯულია ფანინი, ოცდაექვსი წლის. ამ დილით ადრიანად დატოვა


სასტუმრო. ლოგინში არ წოლილა, თუმცა მეოთხე სართულზე, თავის ოთახში, ჩანთა დატოვა.
ახლა მასზე კრიმინალისტები მუშაობენ.

– მიმღებში რას ამბობენ? – ეკითხება ევა.

– ამბობენ, რომ ქალი ნამდვილი მზეთუნახავია. მალე ვიდეოკამერების ჩანაწერებსაც


ამოვიღებთ.

უეცრად ევას გონებას ბნელი გააზრება სწვდება. მაშინვე კომბინეზონის ქვეშ ხელს ყოფს და
პიჯაკის ჯიბიდან მობილურს იღებს, მერე კი ლექციაზე გადაღებული ქალის ფოტოს
ინსპექტორს უჩვენებს.
– შესაძლოა, რომ ის იყოს?

ინსპექტორი გაკვირვებული უყურებს.

– ეგ საიდან გაქვს?

ევა ლექციის ამბავს უყვება, თუმცა შუა გზაში ინსპექტორის მობილური რეკავს, ის ევას ხელის
აწევით აჩუმებს და უცნობს მოღუშული, უსიტყვოდ უსმენს.

– კარგი, – ამბობს ბოლოს, – აღმოჩნდა, რომ საკრედიტო ბარათი, რომელიც ქალმა გუშინ
გამოიყენა, ერთი კვირის წინ, გეტვიკის აეროპორტში, ნამდვილ ჯულია ფანინს მოჰპარეს.
თითის ანაბეჭდები გვაქვს და იმედია, ოთახში დატოვებული ჩანთიდან დნმ-ის აღებას
შევძლებთ. ვიდეოჩანაწერებიც როგორღაც დაგვეხმარება. შეგიძლია აქ დარჩე?

– რამდენი ხნითაც საჭირო იქნება, – ევა საიმონს უყურებს, – ვშიშობ, საყიდლებზე წასვლის
გადადება მოგვიწევს.

ნაშუადღევს ევას „ტემზ-ჰაუსში“ იბარებენ. იმაზე ეკითხებიან, რატომ არ თვლიდა


თავდაპირველად კედრინის დაცვას აუცილებლად და მოგვიანებით აზრი რატომ შეიცვალა.
შემდეგ ისმენენ მის მონათხრობს პოლიციის გამოძიების შესახებ და საბოლოოდ ათდღიან
შვებულებაში უშვებენ, რასაც, დიდი ალბათობით, მისი ჩამოქვეითება ან სხვა თანამდებობაზე
გადაყვანა მოჰყვება.

სახლში ვერაფრით ისვენებს. არადა, უამრავი საქმე დაუგროვდა: დასუფთავება, დალაგება,


დახარისხება, თუმცა გულს ვერაფერს უდებს. ამიტომ თოვლით დაფარულ ჰემპსტიდ-ჰითზე
გადის და სეირნობს. პერიოდულად მობილურს ამოწმებს. ნიკოს ყველაფერს რამდენიმე
სიტყვით მოუყვა და მასაც შეკითხვები არ დაუსვია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევამ კარგად იცის,
თუ რა სირთულეებს ქმნის სადაზვერვო სამსახური ოჯახურ ცხოვრებაში. მართალია, ეს
ყველაფერი თავიდანვე ჰქონდა გააზრებული, მაინც არ ეგონა, თუ გარკვეულ თემებზე მისი
სიჩუმე ასეთი შემაწუხებელი იქნებოდა და ნიკოსა და მას შორის არსებულ ნდობის ფაქტორს
ასე მძიმედ შეარყევდა.

ქორწინების პირველ პერიოდშივე შეთანხმდნენ, რომ ევას სამუშაო საათები „ტემზ-ჰაუსს“


ეკუთვნოდა, ხოლო ის საღამოები და ღამეები, რომლებსაც სამსახურის შემდეგ ერთად
იზიარებდნენ, ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი სამსახური.
მიუხედავად ამისა, კედრინის მკვლელობამ შხამივით შეაღწია მისი ცხოვრების ყველა ფორში.
ამ ღამითაც, ნაცვლად იმისა, რომ დღისით გაჩენილი ბზარის ამოსავსებად ნიკოსთან ერთად
ლოგინში ეკოტრიალა და სიყვარულით დაკავებულიყო, გვიანობამდე კომპიუტერთან იჯდა და
ინტერნეტში მკვლელობის შესახებ ყველანაირ ახალ ინფორმაციას მაქსიმალურად ეცნობოდა.

ცხადია, ჟურნალ-გაზეთებმა თავ-თავიანთი ვერსიები გაავრცელეს. „ობზერვერი“ მკვლელობაში


„მოსადის“ კვალს ხედავს, „სანდი-ტაიმსი“ კი ვარაუდობს, რომ კედრინის მკვლელობის ამბავი
შესაძლოა კრემლიდან იყოს დაკვეთილი, რადგან მის ფაშისტურ გამოსვლებს იქაური
პრეზიდენტიც კი შეუწუხებია.

ტრადიციულად, მშრალ ფაქტებს ეყრდნობა პოლიცია და ცხადია, არაფერს ამბობენ


ეჭვმიტანილ ქალზე. ოთხშაბათს დილით კი, როცა ევას ტოსტი უკვე იბრაწება, – როგორც წესი,
საუზმეს ნიკო ამზადებს ხოლმე, თუმცა ახლა ის უკვე სამსახურშია, – მას ინსპექტორი ჰარსტი
ურეკავს.

საკვოიაჟში ნაპოვნ თმაზე კრიმინალისტების მიერ ჩატარებული დნმ-ის ანალიზის შედეგად


ნაპოვნია დამთხვევა ბრიტანულ მონაცემთა ბაზებთან. ჰითროუს აეროპორტში უკვე დააკავეს
ეჭვმიტანილი და ევას ეკითხებიან, შეუძლია თუ არა ამოსაცნობად პედინგტონ-გრინის
პოლიციის განყოფილებაში მივიდეს.

პასუხობს, რომ შეუძლია და უცებ, სანამ ყურმილს დაკიდებს, სახანძრო სიგნალიზაცია


ირთვება. ევა დამწვარ ტოსტს სალათის მაშით იღებს და მასთან ერთად პირდაპირ ნიჟარაში
მოისვრის, სამზარეულოს ფანჯარას აღებს და ამაოდ ცდილობს ცოცხის ტარით სიგნალიზაციის
გამორთვას. „სახლის საქმეებში შარიანი ვარ, – ფიქრობს პარალელურად, – ალბათ, კარგიც
არის, რომ ორსულად არ ვარ“. თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს შორეულ
პერსპექტივად უკვე აღარ ეჩვენება.

პედინგტონ-გრინის პოლიციის განყოფილება ბრუტალური შესახედაობის, უკაცრიელი


ნაგებობაა, რომელიც ადამიანთა შფოთვით გაჯერებული ჰაერით არის დამძიმებული.
მიწისქვეშა სართულზე განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ ჰყავთ ტერორიზმში
ეჭვმიტანილი პირები, დაკითხვის ოთახი კი შიგნიდან ნაცრისფერია, განათებულია თეთრი
ნათურებით და ერთ კედელს თითქმის მთლიანად იკავებს ცალმხრივი სარკე. სარკესთან ევა და
ჰარსტი სხედან, მათ პირდაპირ კი დაკავებული. ეს სწორედ ის ქალია, რომელიც ევამ კედრინის
ლექციაზე ნახა.

ელოდა, რომ ტრიუმფალური შეგრძნება დაეუფლებოდა, თუმცა ისევე როგორც კონვეი-ჰოლში,


ახლაც მისი სილამაზით არის განცვიფრებული. ოცდახუთ წლამდე ასაკის ქალს ოვალური,
გამოყვანილყვრიმალიანი სახე და მუქი და ბზინვარე, მოკლედ შეჭრილი თმა აქვს. აცვია
უბრალოდ: ჯინსის შავი შარვალი და რუხი მაისური, რომელიც მის თხელ მხრებსა და კოხტა,
პატარა მკერდს გამოკვეთს. დაღლილი და საკმაოდ დაბნეული ჩანს, თუმცა გრაციოზულობას
ინარჩუნებს. უცებ ევას თავისი უფორმო კაპიუშონიანი პულოვერისა და დაუვარცხნელი თმის
გამო სირცხვილის გრძნობა ეუფლება. საინტერესოა, რას გაიღებდა ამ ქალის სილამაზის
სანაცვლოდ? საკუთარ გონებას?

ჰარსტი დაკავებულს ეცნობა და წარუდგენს „კოლეგას შიდა სტრუქტურიდან“, შემდეგ ხმის


ჩამწერს რთავს და საკუთარ უფლებებს აცნობს ქალს, რომელმაც ადვოკატის მომსახურებაზე
უარი თქვა. ახლა, როდესაც ევა მას უყურებს, ხვდება, რომ სადღაც შეეშალათ, რადგან ეს ქალი
ისეთივე მკვლელია, როგორიც თავად. პოლიციის მთელი გამოძიება ჩაშლის პირასაა.

– თუ შეიძლება გაგვეცანით, – ეუბნება ჰარსტი.

ქალი ხმის ჩამწერი მოწყობილობისკენ იხრება.

– ჩემი სახელია ლუსი დრეიკი.

– პროფესია?

ქალი თვალს ევასკენ აპარებს. ამ ჩაკეტილი ოთახის განათების ფონზეც კი მისი თვალები
მკვეთრი ზურმუხტისფერია.

– მსახიობი ვარ. მსახიობი და მოდელი.

– და როგორ აღმოჩნდით წინა პარასკევს ღამით, რედ-ლაიონ-სტრიტზე მდებარე სასტუმრო


„ვერნონში“?

ლუსი დრეიკი ჩაფიქრებული აკვირდება საკუთარ ხელებს, რომლებიც წინ, მაგიდაზე აქვს
დაწყობილი.

– შეიძლება თავიდან დავიწყო?


ევას პირდაპირ გული უსკდება. აშკარაა, რომ გააცურეს მთელი პოლიცია და პირველ რიგში ის,
თუმცა იმავდროულად გათამაშებული სპექტაკლის ოსტატობითაც მოხიბლულია.

ლუსი ჰყვება, რომ ყველაფერი მის აგენტთან განხორციელებული სატელეფონო ზარით


დაიწყო. რეკავდა ერთ-ერთი, როგორც თავად ამბობდა, საპროდიუსერო კომპანიის
წარმომადგენელი. მისი კომპანია გეგმავდა სატელევიზიო სერიალის გადაღებას ადამიანური
ქცევის სხვადასხვა ასპექტის შესახებ და ამასთან დაკავშირებით ეძებდნენ მომხიბვლელ,
თავდაჯერებულ ახალგაზრდა მსახიობ ქალს, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ
ექსპერიმენტში უნდა მიეღო მონაწილეობა და შეესრულებინა განსხვავებული ტიპის როლები.
გადაღებები ლონდონსა და ლოს-ანჯელესში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა,
წარმატებულ კანდიდატებს კი დღეში ოთხი ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდიდნენ.

– ყველაფერი, ცოტა არ იყოს, საეჭვო ჩანდა, – ამბობს ლუსი, – თუმცა, ჰონორარისა და


საკუთარი თავის ეკრანზე გამოჩენის სურვილის გათვალისწინებით, გასაუბრებაზე მისვლა
გადავწყვიტე. ამიტომ ჩემს სახლთან ახლოს, მეტროსადგურ „ქვინს-პარკში“ ჩავედი და
სასტუმრო „სენტ-მარტინ-ლეინისკენ“ გავემგზავრე. იქ ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატი
იცდიდა, რეჟისორიც იქ იყო – ვინმე პიტერი, რომელიც, ვფიქრობ, აღმოსავლეთევროპელი უნდა
ყოფილიყო. ასევე მახსოვს ოპერატორი, რომელიც ყველაფერს კამერით იღებდა. კანდიდატებს
რიგრიგობით გვეძახდნენ.

– ჩემი ჯერი რომ დადგა, პიტერმა რამდენიმე სცენის გათამაშება მთხოვა. პირველი სცენა ასეთი
იყო: სასტუმროში მივდიოდი და რეგისტრაციას გავდიოდი და თან მიმღებში მომუშავე ბიჭს
ვეპრანჭებოდი. მეორე სცენაში კი, ერთ-ერთი ლექციის ორატორს უნდა გავცნობოდი და,
პრაქტიკულად, შემება. მთელი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ თავი მაქსიმალურად
მომხიბვლელად და მიმზიდველად წარმომეჩინა, თან არც ქუჩის ქალს დავმსგავსებოდი. ასეა
თუ ისე, მაქსიმალურად მოვინდომე და როცა სცენების გათამაშებას მოვრჩით, პიტერმა
მითხრა, რომ ქვევით ჩავსულიყავი, კუბურ ჩაიხანაში დავმჯდარიყავი და რაც მინდოდა, ის
შემეკვეთა. ასეც მოვიქეცი, ორმოცი წუთის შემდეგ კი თავადაც ჩამოვიდა და მახარა, რომ ყველა
კანდიდატის ნახვის შემდეგ, მათ მე შემარჩიეს.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში „პიტერი“ ლუსის სრულ ინსტრუქტაჟს უტარებდა.


მიაწოდეს ტანსაცმელი, რომელიც ექსპერიმენტების დროს უნდა სცმოდა და ამ ჩაცმულობაში
არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეტანა რაიმე სახის ცვლილება. ასევე აცნობეს, რომ პარასკევს
შუადღით, უნდა მისულიყო სასტუმრო „ვერნონში“, ჯულია ფანინის სახელზე
რეგისტრირებული საკრედიტო ბარათით თანხა გადაეხადა და ერთი ღამე სასტუმროს ოთახში
გაეტარებინა. პიტერი მიაწვდიდა შესაბამის საკრედიტო ბარათს და ჩანთას, რომელიც ოთახში
უნდა შეენახა და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაეხსნა.
ჩანთის ოთახში დატოვების შემდეგ იქვე, ქუჩის კუთხეში, რედ-ლაიონ-სქვეარზე კონვეი-ჰოლში
უნდა წასულიყო და 8 საათზე ჩანიშნული ვიქტორ კედრინის ლექციაზე დასასწრები ერთი
ბილეთი ეყიდა. ლექციის შემდეგ პირადი კონტაქტი უნდა დაემყარებინა კედრინთან, მოეხიბლა
იგი და გვიან ღამით, სასტუმროს ოთახში შეხვედრაზე დაეყოლიებინა. ამის შემდეგ მას სკვერის
კუთხეში შეხვდებოდა პიტერი, რომელიც მისგან მიიღებდა სასტუმროს ოთახის გასაღებ-
ბარათს, თავად კი ტაქსით შინ, ქვინს-პარკში დაბრუნდებოდა.

ლუსის ასევე უთხრეს, რომ მეორე დილით პიტერი ადრიანად გამოუვლიდა და ჰითროუს
აეროპორტში წაიყვანდა, მისცემდა ლოს-ანჯელესის ბილეთს, სადაც სათანადო ხალხი
დახვდებოდა, სასტუმროში დააბინავებდა და მეორე გადაღების დეტალებს გააცნობდა.

– ყველაფერი ასე მოხდა? – ეკითხება ჰარსტი.

– დიახ, დილის 6 საათზე გამომიარა და ლოს-ანჯელესის პირველი კლასის ბილეთი მომცა. 9


საათისთვის უკვე ჰაერში ვიყავი. აეროპორტში დამხვდა მძღოლი, რომელმაც „შატო-მარმონში“
მიმიყვანა, სადაც მაცნობეს, რომ გადაღებები ჩაიშალა, თუმცა მე მაინც შემეძლო სასტუმროში
დარჩენა. ამ შესაძლებლობით ვისარგებლე და რამდენიმე სამსახიობო აგენტს შევხვდი. გუშინ
შუადღით კი ჰითროუში დავბრუნდი, სადაც... ჩემდა გასაკვირად, მკვლელობის ბრალდებით
დამაპატიმრეს.

– ნუთუ?

– დიახ, ძალიან გამიკვირდა, – ამბობს ლუსი და ცხვირს იჭმუხნის, – აქ დამწვარი ტოსტის სუნი
რატომ დგას?

ერთი საათის შემდეგ, ევა და ჰარსტი პოლიციის განყოფილების უკანა გასასვლელთან, კიბის
საფეხურებზე დგანან და აკვირდებიან, როგორ გამოდის უნომრო BMW ავტოსადგომიდან და
ქვინს-პარკისაკენ მიემართება. ჰარსტი ეწევა, ევა კი, როცა წინ BMW ჩაუვლით, უკანასკნელად
ავლებს თვალს კონვეი-ჰოლში ფოტოზე აღბეჭდილი ქალის უნაკლო პროფილს.

– როგორ ფიქრობ, შევძლებთ მივიღოთ ამ პიტერის გარეგნობის აღწერილობა? – კითხულობს


ევა.

– მეეჭვება. როცა ლუსი გამოიძინებს, ცხადია, მასთან ერთად ფოტორობოტზე ვიმუშავებთ,


მაგრამ არა მგონია, რამე გამოვიდეს. ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო დაგეგმილი.
– და დარწმუნებული ხარ, რომ თავად ეს გოგო არაფერშია გარეული?

– კი. რა თქმა უნდა, მის ბიოგრაფიას დეტალურად შევამოწმებთ, თუმცა მგონია, რომ
ერთადერთი, რაც ამ გოგომ დააშავა, თავისივე გულუბრყვილობა იყო.

ევა თავს უკრავს.

– ძალიან უნდოდა, რომ ეს ყველაფერი მართალი ყოფილიყო. წარმატებული გასაუბრება, დიდ


ეკრანზე გამოჩენის შანსი...

– ნამდვილად, – ჰარსტი სიგარეტს ბეტონის სველ საფეხურზე აქრობს, – ყველაფერი


იდეალურად დაგეგმა და გაგვაცურა.

ევა იღუშება.

– შენი აზრით, როგორ აღმოჩნდა ლუსის თმა იმ საკვოიაჟში, რომელიც მას არც კი გაუხსნია?

– ჩემი აზრით, პიტერმა ლუსის თმის რამდენიმე ღერი გასაუბრების დროს აიღო, მაგალითად,
მისი სავარცხლიდან. შემდეგ მკვლელს გადასცა და მანაც საკვოიაჟში მოათავსა. მე კი შენთან
ასეთი შეკითხვა მექნებოდა: რატომ ლოს-ანჯელესი? რატომ შეიწუხეს თავი და გოგონა ლოს-
ანჯელესში გაუშვეს? ყველაფერი ხომ ისედაც დაგეგმილი იყო?

– მაგ კითხვაზე პასუხი მარტივია, – პასუხობს ევა, – აუცილებელი იყო, რომ ის მთავარ სცენას
მოშორებოდა. არსებობდა რისკი, რომ მკვლელობის შესახებ ლუსი გაზეთიდან ან
ინტერნეტიდან შეიტყობდა და მაშინვე პოლიციაში თავის ამბავს მოჰყვებოდა. ამიტომ დასვეს
თერთმეტსაათიან ფრენაზე და მკვლელობის ამბავიც სწორედ ამ პერიოდში, შაბათ დილით
გახმაურდა. შედეგად, ლუსი არა მხოლოდ გამოეთიშა მოქმედებას, არამედ მკვლელმა და მისმა
გუნდმა საკმარისი დროც მიიღეს კვალის დასაფარად და გასაქრობად.

ჰარსტი თავს უკრავს.

– ხოლო რადგანაც ათავსებენ „სანსეტ-ბულვარში“...


– ის ამ სასტუმროში საკმარისი დროით რჩება. ცხადია, კვლავაც არსებობს მცირედი რისკი, რომ
მან კედრინის მკვლელობის შესახებ საიდანღაც შეიტყოს, მაგრამ ეს მისთვის მაინც მსოფლიოს
მეორე ბოლოში მომხდარი ამბავია, თან ჯერ ჰოლივუდელი აგენტები ჰყავს სანახავი და
უპირველესად სწორედ ამაზე ფიქრობს.

– ხოლო, როცა ყველაფერი მზად არის, ჩვენ კი დნმ-ის ტესტის პასუხებს ვიგებთ, ლუსის
პირდაპირ ლანგარზე მორთმეულს გვახვედრებენ, – კაცი თავს აქნევს, – უნდა დავაფასოთ მათი
სითავხედეც.

– გეთანხმები. თუმცა, ასეა თუ ისე, ვიღაც ქალმა ჩვენ თვალწინ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე
მოკლა. შეგვიძლია ვიდეოკამერის ჩანაწერები კიდევ ერთხელ ვნახოთ?

– ცხადია.

ჩანაწერები ერთიან, უხმო ვიდეორგოლად არის შეკრული. ლუსი დრეიკი სასტუმროს ფოიეში
შედის. ქურთუკი აცვია, ხელში კი საკვოიაჟი უჭირავს და სანამ რეგისტრირდება, მისი ქცევებით
აშკარა ხდება, რომ ვიღაცას ეპრანჭება. შემდეგ ლიფტით მეოთხე სართულზე გამოდის და 416-ე
ოთახში შედის. ლუსი სასტუმროს საკვოიაჟის გარეშე, კაპიუშონწამოფარებული ტოვებს.

– კარგი, გავჩერდეთ, – ამბობს ევა, – აქ ვხედავთ მას ბოლოჯერ, ხომ ასეა? ამის შემდეგი
ქურთუკიანი ქალი ნამდვილი მკვლელია.

– გეთანხმები, – ეუბნება ჰარსტი.

კაცი ვიდეოს 16-ჯერ ანელებს. კადრები ტაატით ცვლიან ერთმანეთს. კაპიუშონიანი სილუეტი
სასტუმროში შემოდის, გადღაბნილ ხელს მიმღები მაგიდისკენ იქნევს და მალევე კადრიდან
ქრება. მისი სახე არ ჩანს. შემდეგ უკვე დერეფანში დადის.

– აი, კედრინის ოთახთან, ნახატზე ხმის ჩამწერს ამაგრებს, – ამბობს ჰარსტი, – ხვდება, რომ
კამერა უღებს, მაგრამ არ ნერვიულობს. იცის, რომ სახეს ვერ დავინახავთ. აღიარე, ევა, ძალიან
კარგად მუშაობს.

– ხმის ჩამწერიდან ან სადმე ახლომახლოდან თითის ანაბეჭდები ვერ აიღეთ?


– კარგად დააკვირდი, ქირურგიული ხელთათმანი აცვია.

– შენი დედაც, – სუნთქვას აყოლებს ევა.

ჰარსტი წარბებს სწევს.

– ნაბოზარი მკვლელია და მის გამო მე სამსახურს ვკარგავ. ხელში უნდა ჩავიგდო, ცოცხალი ან
მკვდარი.

– წარმატებებს გისურვებ, – ეუბნება ჰარსტი.

კლებერ-ევენიუს აპარტამენტში ჟილ მერსე და მისი მეუღლე ენ-ლორე სტუმრებს იღებენ,


რომელთა შორისაც შეხვდებით შიდა ვაჭრობის დეპარტამენტის უმცროს მინისტრს,
საფრანგეთის მსხვილი ჰეჯ-ფონდის დირექტორსა და ხელოვნების მიმართულებით პარიზის
ყველაზე მნიშვნელოვანი სააუქციონო სახლის ვიცე-პრეზიდენტს. კომპანიის
გათვალისწინებით, ჟილმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ სტუმრებს უმაღლეს დონეზე
დახვედროდა. კერძები ელისეის მინდვრებზე მდებარე რესტორან „ფუკედან“ მოიტანეს, ღვინო
კი – 2005 წლის „პულინი-მონრაშე“ და 1998 წლის „ოტ-ბრიონი“ – ჟილის პირადი, ზედმიწევნით
სრულყოფილი მარნიდანაა. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი დარბაზში განათების დონეს,
ხოლო ყველაზე უკეთ განათებულია კარადა მოოქრული საათითა და ბუდენის პეიზაჟების
სერიის „ტრუველის სანაპიროების“ ორი პეიზაჟი, რომელთა ფალსიფიკაციაც ვიცე-
პრეზიდენტმა მალევე შენიშნა და ამის შესახებ თავისზე ახალგაზრდა კომპანიონ მამაკაცს
ყურში ჩასჩურჩულა.

მამაკაცებს შორის საუბარი ჩვეულ მიმართულებებს იძენს: მიგრანტები, სოციალისტების


ფინანსური გულუბრყვილობა, რუსი მილიარდერები, რომელთა გამოც ვალდ-იზარსა და ილ-
დე-ეს საზაფხულო კერძო სახლებზე ფასები იზრდება და აგრეთვე, ოპერის ახალი სეზონი.
პარალელურად მათმა ცოლებმა და ვიცე-პრეზიდენტის მეგობარმა განიხილეს ფიბი ფილოს
ახალი კოლექცია, გლამურული „პრიმარკის“ პიჟამები, რაიან გოსლინგის ბოლო ფილმი და
საქველმოქმედო საღამო, რომელსაც ჰეჯ-ფონდის დირექტორის ცოლი მართავს.

სტუმართა დასაბალანსებლად ენ-ლორეს მიერ დაპატიჟებული ვილანელი მოწყენილობისგან


კვდება. უმცროსი მინისტრი, რომლის მუხლიც ვილანელისას მაგიდის ქვეშ უკვე რამდენჯერმე
შეეხო, მას ტრეიდერის ყოველდღიურ საქმიანობაზე ეკითხება, რაზეც ქალი ზოგადი ფრაზებით
პასუხობს.

– აბა, როგორია ლონდონი? – კითხულობს კაცი. – მანდ ნოემბერში ვიყავი. საქმე ბევრია?
– დიახ, იმდენი საქმეა, ლამისაა თავი მოვიკლა, თუმცა სხვა მხრივ, კარგია: თოვლით
დაფარული ჰაიდ-პარკი, საშობაო განათებები, ლამაზი ვიტრინები...

– და საღამოობით? – შეკითხვა აშკარად ჰაერშია გამოკიდებული.

– საღამოობით წიგნს ვკითხულობდი და ადრიანად ვიძინებდი.

– მარტო? „პრიმარკის“ პიჟამით? – ამჯერად ვილანელის მუხლს მისი ხელი ეხება.

– ზუსტად. ვშიშობ, მოსაწყენი და ჩემს სამსახურზე დაქორწინებული გოგო ვარ. იცით, რა


მაინტერესებს? თქვენს მეუღლეს ამგვარ ვარცხნილობას ვინ უკეთებს? ძალიან მომწონს
დატალღული თმა.

უმცროსი მინისტრის ღიმილს უხერხულობა ემატება და ვილანელს ხელს აშორებს. წუთები


გადის, ჭიქები და თეფშები იცლება და კვლავ ივსება, წრეზე ჩამოატარებენ ელისეის სასახლის
ჭორებს და ორმოცდაათწლიანი დაძველების „არმანეკს“. საბოლოოდ, მიღება მთავრდება და
სტუმრებს ქურთუკებს ურიგებენ.

– წამო, – ეუბნება ენ-ლორე ვილანელს და მკლავში ხელს ჰკიდებს, – ჩვენც წავიდეთ.

– დარწმუნებული ხარ? – ლუღლუღებს ვილანელი და იხედება ჟილისკენ, რომელიც დარჩენილ


ღვინის ბოთლებს თავსახურებს ახურავს და მიმტანებს ინსტრუქციებს აძლევს.

– რა თქმა უნდა, – სისინებს ენ-ლორე, – ახლავე აქედან თუ არ გავიქეცი, ავკივლდები. შენ კი,
რომ გიყურებ, თავგადასავლების მოყვარული გოგო უნდა იყო.

ხუთი წუთის შემდეგ ორნი ვილანელის ვერცხლისფერი „აუდი-როდსტერით“ ტრიუმფალურ


თაღთან მაღალი სიჩქარით უხვევენ. ცივა და ბნელა, ჰაერში კი თოვლის ფანტელები
ვერცხლისფრად კიაფობენ. მანქანას სახურავი გადახდილი აქვს, ხმის გამაძლიერებლებიდან კი
ელიოზ ლეტისეს ხმა გუგუნებს.
– სად მივდივართ? – ყვირის ვილანელი, რომელსაც თმას გამყინავი ქარი უფრიალებს. ახლა
უკვე ელისეის მინდვრების გასწვრივ მიქრიან.

– სულერთია, – პასუხობს ენ-ლორე, – უბრალოდ, მივდივართ.

ვილანელი სიჩქარის პედალს ფეხს აჭერს, იცინის და პარიზის ღამის წყვდიადს ერწყმის.

იძულებითი შვებულების ბოლო დღეს, ევას ბინასთან, საფოსტო ყუთში შეტყობინება ხვდება.
წერილი დაწერილია პალმალზე, კლუბ „თრეველერზის“ ბლანკიან ფურცელზე გაკრული
ხელით და მაქსიმალურად ლაკონიურად:

გთხოვთ, მობრძანდეთ ხვალ დილით, თერთმეტის ნახევარზე, „ბი-ქიუ ოპტიკსის“ ოფისში,


მესამე სართულზე, გუჯ-სტრიტის მეტროსადგურის თავზე. როდესაც მოხვალთ, ეს წერილიც
თან იქონიეთ. ეს მკაცრად კონფიდენციალურია.

ევა წერილს რამდენჯერმე კითხულობს. აშკარად „თრეველერზის“ ბლანკია, რაც აფიქრებინებს,


რომ მის ავტორს კავშირი აქვს სპეცსამსახურებთან ან უცხო ქვეყნის ორგანოებთან. ის ფაქტი კი,
რომ შეტყობინება ხელით არის დაწერილი, მისი ავტორის ელექტრონული ფოსტისადმი
უნდობლობას ადასტურებს. ცხადია, შესაძლოა ეს ხუმრობაც იყოს, მაგრამ ამისთვის თავს ვინ
შეიწუხებდა?

მომდევნო დილას, ათის ნახევარზე, ევა სახლიდან გადის და ნიკოს სამზარეულოს მაგიდასთან
ტოვებს, სადაც ბროშურები და ინსტრუქციებია გაშლილი. ახლა ის სხვენში მინიატიურული
ჰიდროპონური ფერმის მოწყობის ხარჯებსა და სავარაუდო სარგებელს ითვლის. ეს ფერმა უნდა
განათდეს ეკონომიური LED ნათურებით და იქ პეკინური კომბოსტო და ბროკოლი უნდა
დაირგოს.

„ბი-ქიუ ოპტიკსის“ ოფისამდე ტოტენჰემ-ქორთ-როუდია გასავლელი. ამას ევა გუჯ-სტრიტის


მეტროსადგურიდან გამოსვლის შემდეგ მიხვდა, როცა ავეჯის მაღაზია „ჰილზის“ წინ იდგა.
სადგური – პირველ სართულზე და ოფისები – მეორეზე, ყავისფერი, პრიალა ფილებით არის
დაფარული, ზედა სართულებზე უკვე ბინებია განლაგებული, მესამე სართულის ოფისები კი
ქვემოდან მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუმცა, როდესაც ზარს რეკავს, მეორე მხრიდან მომენტალურად ესმის საპასუხო ჭრიალი. მეორე
სართულამდე კიბე ადის. აქ ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს სათავო ოფისია, საიდანაც
მესამე სართულზე კიდევ უფრო წვრილი კიბე მიუყვება. შეღებულია „ბი-ქიუ ოპტიკსის“ ოფისის
კარი. ევა თავს ოდნავ სულელურად გრძნობს, მაგრამ კარს მაინც აწვება და სწორედ ამ
მომენტში მისკენ მკრთალ ნათელში დიდ პალტოში გამოწყობილი მაღალი კაცი მოაბიჯებს.

– მის პოლასტრი? მადლობა მობრძანებისთვის.

– მისის პოლასტრი. თქვენ ვინ ხართ?

– რიჩარდ ედვარდსი, მისის პოლასტრი. მომიტევეთ.

მცირედი დაბნეულობის შემდეგ, ევამ კაცი იცნო. ის მოსკოვის რეზიდენტურის ყოფილი


ხელმძღვანელია, ამჟამად კი MI6-ში რუსულ მიმართულებას უდგას სათავეში. ეს კაცი
სადაზვერვო სამყაროში საკმაოდ დიდი სახელის პატრონი გახლავთ.

– ბოდიში ამ ჯაშუშური სცენარისთვისაც.

გაოგნებული ევა თავს აქნევს.

– შემოდით, დაბრძანდით.

შიგნით შედის. ოფისი ცივი და მტვრიანია. ფანჯრის ჭუჭყიანი მინებიდან თითქმის არაფერი
ჩანს. აქ დგას მხოლოდ ერთი ძველისძველი სამუშაო მაგიდა, რომელზეც „კოსტას“ ყავის ორი
მუყაოს ჭიქა დევს, და ორიც დაჟანგული გასაშლელი სკამი.

– რძით, მაგრამ შაქრის გარეშე. სწორად გამოვიცანი?

– დიახ, სწორია. გმადლობ, – ევა ერთ ყლუპს სვამს.

– „ტემზ-ჰაუსში“ თქვენი მდგომარეობის შესახებ შევიტყვე, მისის პოლასტრ.

– უბრალოდ, ევა, თუ შეიძლება.


კაცი თავს უკრავს. ფანჯრებიდან შემოსული ბინდნარევი სინათლის ფონზე მას სახე საკმაოდ
მკაცრი უჩანს.

– პირდაპირ საქმეზე გადავალ. გადაწყვიტეს, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ
ვიქტორ კედრინის მკვლელობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. თავდაპირველად პოლიციას
მისი მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა არ მოსთხოვეთ, შემდგომ კი პოზიცია შეიცვალეთ, თუმცა
თქვენი გადაწყვეტილება დაიბლოკა. მართალი ვარ?

ევა თავს უკრავს.

– ძირითადში, კი.

– ინფორმაცია მაქვს, – და აქ მოგიწევთ, უბრალოდ, სიტყვაზე მენდოთ, – რომ ამ შემთხვევაში


პრობლემა არ ყოფილა არც ადმინისტრაციული გართულებები და არც დეპარტამენტის
ბიუჯეტი.

„ტემზ-ჰაუსში“, ისევე როგორც ვოქსჰოლ კროსში, არიან ისეთები, რომლებსაც გამიზნული


ჰქონდათ, კედრინი დაცვის გარეშე დარჩენილიყო.

ევა გაოცებული უყურებს.

– ანუ, ამბობთ, რომ სადაზვერვო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები კედრინის


მოსაკლავად გაერთიანდნენ?

– რაღაც მაგდაგვარი მოხდა.

– მაგრამ... რატომ?

– მოკლედ თუ გეტყვით, არ ვიცი, თუმცა წნეხი საკმაოდ გაიზარდა. იმის თქმა, იყო ეს
დაკავშირებული იდეოლოგიურ საკითხთან, კორუფციასთან თუ, რასაც რუსები ეძახიან,
კომპრომატთან, ანუ შანტაჟთან, შეუძლებელია, თუმცა კედრინის გაჩუმების მოსურნე
ადამიანებისა და ორგანიზაციების რაოდენობა ცოტა ნამდვილად არ ყოფილა. მას სურდა
ახალი, ფაშისტური სუპერსახელმწიფოს შექმნა, რომელიც მტრულად იქნებოდა განწყობილი
დასავლეთისადმი. ცხადია, ეს გეგმა ხვალ და ზეგ ვერ განხორციელდებოდა, მაგრამ სცადეთ და
მომავლის პერსპექტივებს შეხედეთ.

– ანუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის უკან პროდასავლური, პროდემოკრატიული


ჯგუფი იდგეს?

– აუცილებელი არაა. შესაძლოა საქმე გვქონდეს რომელიმე ულტრამემარჯვენე


დაჯგუფებასთან, – კაცი ტოტენჰემ-ქორთ-როუდზე მანქანების ნაკადს აკვირდება, – წინა
კვირაში... ასე ვთქვათ, ძველი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით, რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრს ვესაუბრე. დავპირდი, რომ რადგან კედრინი ბრიტანულ მიწაზე მოკლეს, ჩვენ
აუცილებლად ვიპოვით მის მკვლელს. ეს პირობა მიიღო, თუმცა საკმაოდ ცხადად გამაგებინა,
რომ მკვლელის დაჭერამდე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური მტრობა იარსებებს.

ახლა ევასკენ ბრუნდება.

– ევა, მინდა, რომ ხვალვე მიხვიდეთ „ტემზ-ჰაუსში“ და დაწეროთ განცხადება გათავისუფლების


შესახებ, რომელსაც ისინი დაგიკმაყოფილებენ. ამის შემდეგ კი, მინდა ჩემთან იმუშაოთ.
ოღონდ, არა ვოქსჰოლ-კროსზე, არამედ აქ, ამ ოფისში, რომელიც, ისე მოხდა, რომ ჩვენს
საკუთრებაშია. თქვენ მიიღებთ სადაზვერვო სამსახურის უფროსის ხელფასს, გეყოლებათ
მოადგილე და სრული ტექნიკური მხარდაჭერა. თქვენი მისიაა, ყველა აუცილებელი
საშუალების გამოყენებით, დაადგინოთ ვიქტორ კედრინის მკვლელის ვინაობა. ამის შესახებ
ისაუბრებთ მხოლოდ თქვენი გუნდის წევრებთან, პასუხისმგებელი კი მხოლოდ ჩემ წინაშე
იქნებით. თუ დაგჭირდებათ დამატებითი პერსონალი, სათვალთვალო ჯგუფები ან შეიარაღება,
ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი გავლით მოგეწოდებათ. პრაქტიკულად, თქვენ იმუშავებთ ისე,
თითქოს მტრის ტერიტორიაზე იმყოფებით და იმოქმედებთ მოსკოვის წესებით.

ევა ცდილობს ფიქრებს როგორღაც თავი მოუყაროს.

– რატომ მე? – კითხულობს იგი. – ბუნებრივია, თქვენ...

– აბსოლუტურად პირდაპირ თუ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩემს სანაცნობოში ერთადერთი ხართ,


ვისზეც კომპრომატები არ არსებობს. არ ვიცი, დანამდვილებით ასეა თუ არა, მაგრამ
მაქსიმალურად დეტალურად გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას და დავასკვენი, რომ ამ
დავალებისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ.
– გმადლობ.

– მადლობას ნუ მიხდით. ეს იქნება მეტად ძნელი და სახიფათო გზა. ვინც უნდა იყოს მკვლელი,
– და ბოლო რამდენიმე გახმაურებული, საერთაშორისო დონის მკვლელობის შემსრულებელი,
ბევრის აზრით, ქალია, – ის ღრმად არის ამ ყველაფერში ჩაფლული და ძალიან, ძალიან
კარგადაა დაცული, – ახლა ის ცივ და ცარიელ ოთახს თვალს ავლებს. – წინ გრძელი ზამთარი
გველის.

ევა გაუნძრევლად დგას. თავბრუსხვევის მსგავსი შეგრძნება ეუფლება და ეჩვენება, რომ


სამყარო შენელდა. მცირე ხნით ხმას არც ერთი არ იღებს.

– თანახმა ვარ, – ამბობს ევა. – მოვძებნი. რადაც უნდა დამიჯდეს, ვიპოვი.

რიჩარდ ედვარდსი თავს უკრავს და ხელს უწვდის. ევა ხელს ართმევს და ხვდება, რომ ამის
შემდეგ ძველებურად აღარაფერი იქნება.

უკვე თითქმის საღამოს შვიდი საათია, როცა მსუქპანდა დატონ-როუდზე წვიმით დასველებული
შენობიდან გამოდის. ივნისში შანხაიში მუდმივად დიდი რაოდენობით ნალექი მოდის და
თავსხმა წვიმებიც ხშირია. ქუჩები და ქვაფენილები პრიალებს, მანქანები ზუზუნით მიდი-
მოდიან, გამოყოფენ გამონაბოლქვს, მსუქპანდას კი, რომელიც უკვე აღარც ახალგაზრდაა და,
მით უმეტეს, არც ათლეტური აღნაგობის, ოფლისგან სველი მაისური მალე ზურგზე მიეკრობა.

თუმცა კარგი დღე გამოვიდა. მან და მისმა ჯგუფმა, „თეთრმა დრაკონმა“ წარმატებული ფიშინგ-
შეტევა განახორციელა ბელორუსული კომპანიის „ტალაჩინ-აეროსფეისის“ ვებგვერდზე.
გადმოწერეს კომპანიის კუთვნილი მონაცემები, მოიპარეს პაროლები და შიდა ფაილები. არც
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციით გართობაზე უთქვამთ უარი.

„თეთრი დრაკონის“ არსებობის რვაწლიანი ისტორიის განმავლობაში მათ გატეხეს ას


ორმოცდაათამდე სამხედრო და კორპორაციული ბაზა. მათი სამიზნე ჯერ ამერიკის
შეერთებული შტატები იყო, ბოლო პერიოდში კი რუსეთსა და ბელორუსს გადასწვდნენ. სხვა
მსხვერპლების მსგავსად სერიოზული წინააღმდეგობა არც „ტალაჩინს“ გაუწევია. ერთი კვირის
წინ ერთ-ერთი ქვედა რგოლის თანამშრომელმა მიიღო ელექტრონული წერილი, რომლის
ავტორიც, თითქოსდა კომპანიის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. წერილი
თანამშრომელს ახალი დაცვის სისტემის გაცნობის მიზნით ლინკზე გადასვლას სთავაზობდა.
რეალურად, ეს ლინკი შეიცავდა ZeroT downloader-ს – მსუქპანდას მიერ შექმნილ დისტანციური
მართვის ინსტრუმენტს, რისი მეშვეობითაც ჯგუფის წევრებს „ტალაჩინის“ საოპერაციო
ფაილებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ.

იმის გამო, რომ ფაილები მოიცავს ინფორმაციას გასაიდუმლოებული რეაქტიული საჰარო


ხომალდების შესახებ, ეს განსაკუთრებით დააინტერესებს მსუქპანდას დამკვეთებს პეკინში.
„თეთრი დრაკონი“ ხომ, უბრალოდ, რამდენიმე ჰაკერისა და ანარქისტის დესტრუქციული
დაჯგუფება არ არის. ეს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სერიოზული
კიბერდანაყოფია, რომელიც კონკრეტული მიზნებით მოქმედებს და უტევს უცხოურ
კორპორაციებს, სამხედრო სადაზვერვო სისტემებსა და ინფრასტრუქტურას. დატონ-როუდზე
მდებარე უფერული შენობა აღჭურვილია არაერთი მძლავრი სერვერით, მაღალსიჩქარიანი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით და ამ ყოველივეს გასაგრილებლად აუცილებელი სისტემებით.
მსუქპანდა ჯგუფის ხელმძღვანელია და სინამდვილეში ის ვიცე-პოლკოვნიკი ცჟან ლეი
გახლავთ. სწორედ მან მოიფიქრა ჯგუფის სახელწოდებაც. ჩინური სიმბოლიზმის თანახმად,
მთვარისფერი დრაკონი განასახიერებს არამიწიერ, მრისხანე ძალას. ეს არის სიკვდილისა და
გაფრთხილების ნიშანი.

სამსახურებიდან შინისკენ მიმავალ ხალხსა და წებოვან სიცხეს ყურადღებას არ აქცევს და


მსუქპანდა საღამოს ბინდში აუჩქარებლად მიუყვება პუდონის რაიონს. თან აღტაცებით
ათვალიერებს ქალაქის მთავარ ცათამბჯენებს. თვალს შეავლებს შანხაი-თაუერის პრიალა
მინის სვეტს, მსოფლიოს ფინანსური ცენტრის ვერცხლისფერ-მოლურჯო ზედაპირს და
უშველებელ, პაგოდის მსგავს ცინ-მაო-თაუერს. ყველა ეს შენობა შედარებით ნაკლებად
შთამბეჭდავია ქვემოდან, ქუჩის ზედაპირიდან, სადაც მათხოვრები ნაგავში იქექებიან, თუმცა
ახლა მსუქპანდას ეს ყოველივე ნაკლებად აწუხებს.

ის მრავალმხრივი და, შეიძლება ითქვას, გენიალური გონების პატრონია. ცხადია,


მომაკვდინებელი კიბერმებრძოლი გახლავთ, თუმცა წარმატებამ მსუქპანდა კარდინალურად
სტრატეგიულ შეცდომამდეც მიიყვანა: არ დააფასა მეტოქე. სანამ ის და მისი გუნდი უცხოური
კორპორაციების ინტელექტუალურ საკუთრებას გულმოდგინედ ჩხრეკდა და ტერაბაიტობით
საიდუმლო ინფორმაციას პეკინში გზავნიდა, არც მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურები და
კერძო დაცვის კომპანიები ისხდნენ უქმად. მათი ანალიტიკოსებიც აგროვებდნენ ინფორმაციას:
მათ შეძლეს IP მისამართების იდენტიფიცირება, შეისწავლეს და გაშიფრეს „თეთრი დრაკონის“
მიერ გამოყენებული პროგრამების შინაარსი და კლავიატურაზე მათი თითოეული ღილაკის
დაჭერის კვალს მიჰყვნენ.

მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, მსუქპანდასა და მისი გუნდის წევრების ვინაობები,


ზედა ეშელონებს გადაეცა. ჯერჯერობით არც რომელიმე დასავლური და არც რუსული
მთავრობები ღიად არ დაჰპირისპირებიან პეკინს და არც სახალხო განმათავისუფლებელი
არმია დაუდანაშაულებიათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მონაცემების ქურდობაში,
რადგან ეს დიპლომატიურ ფიასკოსა და შესაბამისად, უდიდეს ზიანს გამოიწვევდა, თუმცა
ზოგიერთი ადამიანი ამ საკითხს შედარებით ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვამს. „თეთრი
დრაკონის“ მოქმედებებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი
დოლარის ზარალი გამოიწვია. შესაბამისად, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც ერთად ყოფნის
შემთხვევაში ნებისმიერ სახელმწიფოზე ბევრად ძლიერები არიან, გადაწყვიტა, რომ
მოქმედების დრო დადგა.

ორი კვირის წინ, შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ დარტმუტში ხმის მიცემის ობიექტი სწორედ ვიცე-
პოლკოვნიკი ცჟან ლეი იყო. ველვეტის აბგაში ჩაწყობილი ყველა თევზი კი წითელი აღმოჩნდა.

ერთ კვირაში შანხაიში ვილანელი ჩაფრინდა.

მსუქპანდა პუდონის რაიონში ადამიანთა მოსიარულე მასასა და დიზელის გამონაბოლქვის


კვამლს შორის დუნჩან-როუდის-დოკისკენ მიაბიჯებს. თავის დროზე მდევრისგან თავის
დაღწევის ტექნიკას სწავლობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბოლოს ამ მიმართულებით რაიმე
პრაქტიკა ჰქონდა, მრავალი წელი გავიდა. ახლა ის თავის ტერიტორიაზეა, მისი მტრები კი სხვა
კონტინენტებზე არიან გაბნეულები და ისინი მხოლოდ გამჭვირვალე პაროლებს ამოფარებული
მოციმციმე მომხმარებლების სახელებია. მსუქპანდას სერიოზულად არასოდეს უფიქრია იმაზე,
რომ მის ქმედებებს შესაძლოა მომაკვდინებელი შედეგები მოჰყოლოდა.

ალბათ სწორედ ამიტომ ვერ შენიშნა დოკისკენ მიმავალ გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი
ოფიციალურ შარვალსა და პიჯაკში, რომელიც მას ოფისის დატოვებიდან მოყოლებული,
რამდენიმე მეტრით უკან მიჰყვებოდა. ცოტა ხნის წინ მან მობილურზე მოკლედ ისაუბრა,
შემდეგ კი დონჩან-როუდის სწრაფი ნაბიჯით მოასიარულე ბრბოში გაუჩინარდა. შესაძლოა,
უყურადღებობის მიზეზი ისიც იყოს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ცჟან ლეის გონება ახლა სულ სხვაგან
არის. ეს კიბერჯაშუშთა პრინცი ინახავს ერთ ისეთ საიდუმლოს, რომელიც არც ერთმა მისმა
კოლეგამ არ იცის და რომელიც ისეთივე შემაწუხებელი და მძაღეა, როგორც მდინარე
ხუანპუდან პერიოდულად წამოსული, საკანალიზაციო ნარჩენების სუნი.

წინ იხედება და ძლივს გასარჩევად ხედავს ბუნდის გაცისკროვნებულ პანორამას – ერთი


კილომეტრი სიგრძის სანაპიროს, რომელზეც ძველი შანხაის ღირსშესანიშნაობებია
განლაგებული. უინტერესოდ მოავლებს თვალს ყოფილ ბანკებსა და სავაჭრო კანტორებს,
სადაც ეს კოლონიალური ძალაუფლების ამსახველი ნაგებობები ახლა მდიდრულ
სასტუმროებს, რესტორნებსა და კლუბებს ჩაუნაცვლებია და სწორედ აქ ატარებენ დროს
მდიდარი ტურისტები და ფინანსური ელიტა. მას კი აინტერესებს მხოლოდ ის, რაც მოოქრული
ფასადის მიღმა მდებარეობს.
სამხრეთ ბუნდის ტერმინალზე მსუქპანდა დოკს ტოვებს, თვალს მოავლებს არემარეს, თუმცა
ვერც ამჯერად ამჩნევს მდევარს, რომელიც ახლა სასტუმროს თანამშრომლის ფორმაში
გამოწყობილი ახალგაზრდა ქალია და მისი მარშრუტის შესახებ თანამზრახველს მობილურით
ატყობინებს. თხუთმეტი წუთის შემდეგ მსუქპანდა ბუნდს უკვე უკან მოიტოვებს და ახლა ძველი
ქალაქისგან რადიკალურად განსხვავებულ, ვიწრო ქუჩებით სავსე, გამონაბოლქვისა და ქუჩის
საკვების ცხიმის სურნელით გაჯერებული უბნისკენ მიიწევს. აღარსად ჩანს ბუნდის
მონუმენტური ბრწყინვალების კვალი. ბნელი ქუჩების თავზე სარეცხის თოკები და
ელექტროკაბელები კიდია, ჩაცუცქული გამყიდველი ქალების კარვები წვიმისგან დასველებული
პროდუქტიითაა სავსე, პატარა, კარზე ბამბუკისფარდიან მაღაზიებში კი ყალბი ანტიკვარიატი
და ძველებური, გოგონების ფოტოებიანი კალენდრები იყიდება. მსუქპანდა უხვევს კუთხეში, აქ
სკუტერზე მჯდარი სუტინიორი მიანიშნებს ოდნავ განათებული კუთხისკენ, სადაც ახალგაზრდა
მეძავები მწკრივად დგანან და ჩურჩულებენ.

მსუქპანდა ნაბიჯს უჩქარებს, გული გამალებით უცემს, გვერდით ჩაუვლის ყველა ცდუნებას და
მიემართება დანფენ-როუდის კუთხეში მდგარი სამსართულიანი შენობისკენ. შესასვლელ კარზე
ოთხციფრიან კოდს კრებს, კარი იღება. კკაცი შენობაში შედის. მის წინ მიმღებ მაგიდასთან
საშუალო ასაკის ქალი ზის. ქალის გაშეშებულ ღიმილში კოსმეტიკური ქირურგიის კვალი
შეიმჩნევა.

– ბატონო ლიუნ, – ამბობს ქალი ფართო ღიმილით და ლეპტოპში იხედება, – თუ შეიძლება,


ზემოთ და მარჯვნივ მიბრძანდით. – ქალისთვის ცნობილია, რომ ლიუნი ნამდვილი სახელი არ
არის და ეს მსუქპანდამაც იცის, თუმცა დანფენ-როუდზე მდებარე სახლში აქაური ეტიკეტი
მოქმედებს.

პირველი სართული შედარებით ტრადიციულ სექსუალურ სიამოვნებებს ეთმობა. მსუქპანდა


კიბეს მიუყვება და ცალი თვალით იხედება ვარდისფრად განათებულ ოთახში, სადაც ხედავს
თოჯინის საღამურში გამოწყობილ გოგონას.

მეორე სართული უფრო ვიწრო სპეციალიზაციებად იყოფა. მსუქპანდას უემოციო, ახალგაზრდა


ქალი ეგებება, რომელსაც მწვანესა და თეთრში გადაწყვეტილი სამოსი აცვია, თეთრი
თავსაბურავი, სამედიცინო პირბადე და პოლიეთილენის გამჭვირვალე წინსაფარი უკეთია,
რომელიც მოძრაობის დროს შრიალებს. მკერდზე საკინძით დამაგრებულ აბრაზე კი აწერია:
ექთანი ვუ.

– დაიგვიანე, – ეუბნება ქალი ცივი ხმით.

– ბოდიში, – ჩურჩულებს მსუქპანდა, რომელიც აღგზნებისგან უკვე თრთის.


ექთან ვუს მოღუშული სახით შეჰყავს ოთახში, სადაც დგას საკაცე ბორბლებზე,
დამონტაჟებულია რამდენიმე მონიტორი და ვენტილატორი. ჭერზე დამაგრებული განათებების
მკრთალი შუქის ქვეშ ალუმინის ლანგარზე ქირურგიული ხელსაწყოებიც მოჩანს.

– გაიხადე და დაწექი, – უბრძანებს ქალი და მიანიშნებს საავადმყოფოს ვარდისფერ ხალათზე,


რომელიც მსუქპანდას ჩასქელებულ ბაყვებს სულ ოდნავ ფარავს. გაშიშვლებული
გენიტალიებით ის საკაცეზე წვება და შინაგანად ღრმა, ამაღელვებელი დაუცველობის განცდა
ეუფლება.

ექთანი ვუ მსუქპანდას კიდურებს ჯერ ტილოს ადებს, შემდეგ კი ზემოდან ღვედს მჭიდროდ
გადაუჭერს. ასე მიაკრავს კაცის მკერდს, წვივებს, კოჭებს და ბოლო ღვედს კისერზეც მოუჭერს.
შემდეგ ცხვირსა და პირზე შავი რეზინის ჟანგბადის ნიღაბს უკეთებს და მსუქპანდას სუნთქვა
უფრო მკაფიო და მძიმე ხდება.

– ხვდები, რომ ეს ყოველივე ისევ შენთვისვე კეთდება, ხომ ასეა? – ამბობს ექთანი ვუ. –
რამდენიმე პროცედურა, რომელიც გჭირდება, ზედმეტად ინვაზიურია და შესაძლოა
მტკივნეულიც იყოს.

მსუქპანდა ნიღბიდან ოდნავ ამოხვნეშას ახერხებს და თვალებს პანიკურად აქეთ-იქით აცეცებს.


წამიერად, თავისი სახიდან რამდენიმე დუიმში ამჩნევს როგორ იწევა ექთანი ვუს წინსაფარი და
როგორ უშიშვლდება ფეხები, რომელთა შორისაც მსუქპანდა ხედავს მომდგარ, სამხედრო
ტრუსების მსგავს საცვლებს.

– ახლა კი, – ამბობს ექთანი და მსუქპანდას ლატექსის ხელთათმანების ტკაცანის ხმა ესმის, –
შარდის ბუშტი უნდა დაგიცალოთ. ამიტომ გაგპარსავ და კათეტერს დაგიდგამ.

მსუქპანდას ესმის წყლის ხმა, გრძნობს როგორ მატულობს მისი სისხლის ტემპერატურა და
ექთანი ქირურგიული სამართებლით მისი ბოქვენის თმის პარსვას იწყებს. მალე მსუქპანდას
პენისი ოდნავ წამოიწევა და მარიონეტივით იწყებს რხევას. ქალი სამართებელს გვერდით
გადადებს და სამშრიანი სამედიცინო ნიღბის მიღმიდან კაცს ჩაფიქრებული თვალებით
უყურებს. ექთანი ვუ ლანგრიდან ფიქსატორიან პინცეტს იღებს, რამდენიმე წამით მსუქპანდას
თვალწინ აჩერებს და შემდეგ მის ბასრ კბილებს მსუქპანდას სათესლე პარკის ძირში მოუჭერს.
მსუქპანდა ექთანს აღტაცებით შეჰყურებს, ლოყებზე უკვე ცრემლები სდის და შემდეგ, თითქოს
სრულიად შემთხვევით, კვლავ ნებას რთავენ, წამით თვალი შეავლოს ექთანის საშოს რბილ
ზედაპირს. ესმის მეტალის ხმა, გრძნობს როგორ ადის პინცეტი ზევით, წამის შემდეგ კი
ფეხებშორის და ანუსთან მგზნებარე მხურვალება ეუფლება.
– შეხედე, რის გაკეთებას მაიძულებ, – გაღიზიანებული ხმით ბურტყუნებს ექთანი ვუ და
უჩვენებს სკალპელს, რომელსაც ალაგ-ალაგ სიწითლე ემჩნევა. – ახლა ნაკერის დადება
მომიწევს.

ქალი სტერილურ პაკეტს ხევს, შიგნიდან ქირურგიულ მონოძაფს იღებს და გაკერვას იწყებს.
ნემსის ყოველ გაყრაზე მსუქპანდა მძიმედ ქოშინებს და როცა ექთანი ვუ ქირურგიულ ნასკვენს
მჭიდროდ მოუჭერს, ენით აღუწერელი სიამოვნება ეუფლება. ამ თავხედობის გამო
სახემოღუშული ექთანი ვუ თირკმლის ფორმის, ყინულებით სავსე ლანგრიდან ქრომირებულ
ზონდს იღებს და ძლიერად შეჰყავს იგი მსუქპანდას სწორ ნაწლავში. კაცი თვალებს ხუჭავს.
ახლა უკვე იმ განზომილებაშია, სადაც საშინელება და ექსტაზი ერთმანეთს ბნელ, მრისხანე
მორევში ერწყმის.

შემდეგ კი უეცრად და უხმოდ, ექიმი ვუ სადღაც ქრება. მსუქპანდა ღრმა ძილიდან


ახალგამორკვეულივით ნელ-ნელა ახელს თვალებს და ოთახს ათვალიერებს. მალე მის წინაშე
ჩნდება სრულიად სხვა ადამიანი, რომელსაც ექიმ ვუს მსგავსად აცვია, ისეთივე პირბადე და
ხელთათმანები უკეთია, თუმცა მსუქპანდა ამჩნევს, რომ მისი თვალები ექთანი ვუს
თვალებივით ღია წაბლისფერი კი არა, გამყინავი რუხი, რუსული ზამთრის ფერია.

მსუქპანდა ქალს გაოცებული აკვირდება. პროცესის ახალი მონაწილე სცენარიდან გადახვევას


ნიშნავს, რასაც ის აშკარად არ ელოდა.

– ვშიშობ, საქმე უკვე სერიოზულად არის, – ეუბნება ქალი ინგლისურად, – მე ამიტომაც


დამიძახეს.

მსუქპანდას თვალები შიშნარევი მოლოდინით ივსება. თეთრი ქირურგი ქალი? კლინიკა


აშკარად საკუთარ თავს გადაახტა.

ვილანელი მსუქპანდას მზერით ხვდება, რომ მისი ნათქვამი გაიგო. გასაკვირი არც არის. კაცმა,
რომელიც, თითქმის ათი წელია საერთაშორისო კორპორაციების კონფიდენციალურ ფაილებს
ეცნობა, ინგლისური სრულყოფილად უნდა იცოდეს. ქქალი ჩანთიდან ცხრა დუიმის სიგრძის
ალუმინის ცილინდრს იღებს, მსუქპანდას რეზინის ნიღბის სადინარს ჟანგბადის ავზისგან
გამოაძრობს და მას ცილინდრზე მიაერთებს.

სუფთა ნახშირჟანგს არც გემო აქვს და არც სუნი. ადამიანის ორგანიზმის ჰემოგლობინი მას
ჟანგბადისგან ვერც გაარჩევს. როდესაც მსუქპანდას ნესტოებს გაზის პირველი ცივი ნაკადი
სწვდება, კაცი გრძნობს, როგორ სწყდება რეალობასთან დამაკავშირებელ ძაფებს. ოც წამში
უკვე აღარ სუნთქავს.

როდესაც ვილანელი რწმუნდება, რომ მსხვერპლი მკვდარია, მის რეზინის ნიღაბს კვლავ
ჟანგბადზე მიაერთებს. უეჭველია, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ცჟან ლეის დონის პიროვნების გვამს
მაქსიმალური სიზუსტით ჩაუტარებენ ექსპერტიზას და სიკვდილის მიზეზსაც მალე დაადგენენ,
თუმცა კვალის ოდნავი არევა მაინც შესაძლებელია.

ვილანელი ჩაიმუხლება და იატაკზე გართხმულ ექთან ვუს აკვირდება. როდესაც ლატექსის


ხელთათმნიანი ხელი პირზე მიაფარა და კისერში კანქვეშა ინიექციისთვის განკუთვნილი
ნემსით ეტორფინის მკაცრად განსაზღვრული დოზა შეუყვანა, ახალგაზრდა შანხაელ ქალს
მცირედი კვნესა აღმოხდა და ვილანელის მკლავებზე გადაწვა. თვალები ჯერ ისევ
განცვიფრებული აქვს, თუმცა მშვიდად სუნთქავს. ნახევარ საათში კვლავ გონზე მოვა.

ნამუშევრის ბოლო შტრიხის შესასრულებლად ვილანელი ექთან ვუს ტრუსებს ხდის და


მსუქპანდას თავზე ადებს. შემდეგ ნაღდი ფულით ნაყიდი იაფფასიანი მობილურით კაცს
სხვადასხვა კუთხიდან ფოტოებს უღებს და მაშინვე უგზავნის ელექტრონული ფოსტით
წინასწარ განსაზღვრულ ბევრ გავლენიან ჩინელ ბლოგერს. პეკინის მაღალჩინოსნები ამ
ისტორიას კი ნამდვილად ვეღარ დამალავენ.

თუკი არსებობს მსოფლიოს ყველა ბორდელისთვის დამახასიათებელი ერთი საერთო წესი, ეს


არის ის, რომ შესული კლიენტები გამოსულებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეხვდნენ.
ვილანელი, ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ, ქვევით კიბით ჩადის და სწორედ ამ უკანა
გასასვლელით გადის ქუჩაში, რომელიც ჯერ ისევ სველია და ტურისტებითა და მოსეირნე
ოჯახებითაა სავსე. არავინ ამჩნევს დასავლური გარეგნობის ქალს კეპითა და პატარა
ზურგჩანთით. ცხადია, უახლოეს დღეებსა და კვირებში, ზოგიერთი მათგანი, ძველ ქალაქსა და
აქაურ ვიწრო ქუჩებში, ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება და ისინიც იძულებული იქნებიან
გაიხსენონ ქალი, რომლის კეპსაც თითქოს „ნიუ-იორკ იანკისის“ ემბლემა ეხატა, მუქი
ყავისფერი თმა ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული, ხოლო ქალის აღწერილობა საბოლოოდ
ყველას აფიქრებინებს, რომ ის ამერიკელია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც პოლიცია და ვერც
სადაზვერვო სამსახური მისი სახის დადგენას ვერ შეძლებს.

ათწუთიანი სეირნობა სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ ვილანელმა მობილური, მისი


ელემენტი და სიმბარათი თავიდან მოიშოროს. ახლა ისინი სხვადასხვა რესტორნის ნაგვის
ურნებში განისვენებენ. სამედიცინო ხალათი, ხელთათმანები, პირბადე და წინსაფარი კი
ალუმინის ცილინდრთან და რამდენიმე მძიმე ქვასთან ერთად მდინარე ჰუანგპუს ფსკერზეა.

რამდენიმე საათის შემდეგ ვილანელი შანხაის ექსკლუზიური ფრანგული კონცესიის უბანში,


მეათე სართულის ბინაში, დეკორატიულსადგამებიან აბაზანაში წევს და ცოტა ხნის წინ
ჩადენილ მკვლელობაზე ფიქრობს. წყალი სტეფანოტისის სურნელით არის გაჯერებული.
ირგვლივ ჭაობისფერი მწვანე კედლები აჰკვრია, აბრეშუმის ფარდებს კი მსუბუქი ბრიზი არხევს.

როგორც ყოველთვის, ასეთ სიტუაციებში, მისი ემოციების ნაკადი ხან იმატებს, ხანაც იკლებს.
კვლავ გრძნობს სამუშაოს სათანადოდ შესრულებით გამოწვეულ სიამოვნებას. ყველაფერი
კარგად დაგეგმა, სამიზნე დეტალურად შეისწავლა და საქმე ბოლომდე აკურატულად, უმაღლეს
დონეზე შეასრულა. შეძლებდა ვინმე სხვა მსუქპანდას ასე სუფთად და უნაკლოდ მოშორებას?
ვილანელი იხსენებს მსხვერპლთან ერთად გატარებულ ბოლო წამებს, მის თვალებში ნანახ
გაოცებას, შემდეგ – აღიარებას, შეგუებას და საუკუნო სიღრმეებში გადანაცვლების მომენტს.

სასიამოვნოა საკუთარი როლის მნიშვნელობის გააზრებაც. ის ახლა თითქოს მბრუნავი


სამყაროს ცენტრში დგას და ცხადად იაზრებს, რომ ბედისწერის იარაღია, რაც ნიშნავს იმას,
რომ ის არის არა დაწყევლილი, არამედ კურთხეული. ეს ყოველივე კი ოქსანა ვორონცოვას მიერ
ტანჯვაში გატარებული წლების საპირწონედ ფრიად მისაღები კომპენსაციაა.

ყველა ამ ტანჯვას შორის კი განსაკუთრებით მტკივნეული მისი ფრანგულის მასწავლებლის, ანა


ივანოვნა ლეონოვას, შემთხვევა იყო. ეს მარტოხელა, ოცდაათ წელს მიტანებული ქალი,
აღტაცებული რჩებოდა ოქსანას შესაძლებლობებით და ოდნავ ყურადღებასაც კი არ აქცევდა
მის უხეშობასა თუ უტიფრობას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ყველანაირად ცდილობდა,
ოქსანასთვის თვალი აეხილა და პერმის რუხი პეიზაჟების მიღმა არსებული სამყარო
დაენახვებინა. ისინი უქმეებზე ანას მომცრო ბინაში ხვდებოდნენ და განიხილავდნენ კოლეტსა
და ფრანსუა საგანს. ერთ მშვენიერ დღეს კი ჩაიკოვსკის სახელობის თეატრსაც ესტუმრნენ,
სადაც „მანონ ლესკო“ ნახეს.

ოქსანას სიამოვნებდა მასწავლებლის ყურადღება. მისთვის არასოდეს არავის დაუთმია ამდენი


დრო. მალე მიხვდა, რომ ანა ივანოვნა აძლევდა რაღაც ისეთს, რაც ძალიან ახლოს იდგა
სიყვარულთან. გონებრივად ოქსანა იაზრებდა ამ ემოციას და იცოდა ისიც, რომ შეეძლო მისი
აღქმა, თუმცა სრულიად განცალკევებით იდგა ის ფიზიკური სურვილი, რაც ხშირად, გვიან
ღამემდე სიფხიზლეში ამყოფებდა და აფიქრებინებდა მასწავლებელზე, რომელთან
სიახლოვის წყურვილსაც მხოლოდ შიგადაშიგ, მცირედი მზერით თუ გამოხატავდა.

პრობლემა ის არ ყოფილა, რომ ახალგაზრდა ოქსანას ამ დროს სექსის გამოცდილება არ


ჰქონდა, პირიქით – უკვე არაერთხელ მოესინჯა როგორც კაცებთან, ისე ქალებთან. არც მათი
მანიპულირება უჭირდა, თუმცა ანასთან ის სრულიად სხვაგვარ სიახლოვეზე ოცნებობდა, რაც
არაფრით ჰგავდა ბარ „მოლოტოვის“ უკან, მოტოციკლისტებთან ღლაბუცს, ან „ცუმის“ დაცვის
წევრი ქალის უხეშ ენას (ამ ქალმა ოქსანას ერთხელ ქურდობაზე წაასწრო და დუმილის
სანაცვლოდ ტუალეტში შეიყვანა და კაბინაში მის ბაყვებს შორის სახე ჩარგო).
ანასთან სერიოზული ნაბიჯის გადადგმა მან მხოლოდ ერთხელ სცადა. ეს მოხდა მაშინ, „მანონ
ლესკოს“ საღამოს, როცა აივანზე, უკანა რიგში ისხდნენ და საოპერო წარმოდგენის
დასასრულისკენ ოქსანამ მასწავლებელს თავი მხარზე დაადო. ანამ საპასუხოდ მას ხელი
მოჰხვია და ამ მომენტში ოქსანა იმგვარი ემოციით აღივსო, რომ სუნთქვაც კი გაუჭირდა.

მათ ირგვლივ არ ცხრებოდა პუჩინის მუსიკა, ოქსანამ კი ხელი ანას მკერდთან მიიტანა. ანამ
ნაზად მოიშორა მისი ხელი, თუმცა რამდენიმე წამში ოქსანამ ზუსტად იგივე გაიმეორა, რაზეც
იდენტური პასუხი მიიღო. ეს იყო სცენა, რომელზეც მანამდე ძალიან ბევრჯერ უფიქრია.

– შეწყვიტე, – ჩუმად უთხრა ანამ.

– არ მოგწონვარ? – ჩურჩულით ჰკითხა ოქსანამ.

მასწავლებელმა ამოიხვნეშა.

– ოქსანა, რა თქმა უნდა, მომწონხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ...

– რომ რა? – ტუჩები შეხსნა გოგონამ და სიბნელეში ანას თვალებს დაუწყო ძებნა.

– ეს არ ნიშნავს... ამას.

– ჰოდა, შენი დედაც! შენიც და შენი სულელური ოპერისაც! – კბილებს შორის გამოცრა ოქსანამ,
მაშინვე წამოხტა და გასასვლელისკენ გაქანდა. სირბილით ჩაირბინა კიბე და გავარდა ქუჩაში,
სადაც ქალაქი ღამის სიბნელეს მოეცვა და მანქანების განათებების ფონზე თოვლის
ფანტელები ცვიოდა. კომუნისტიჩესკაიას პროსპექტზე გამყინავი ქარიც უბერავდა. სწორედ ამ
მომენტში მიხვდა ოქსანა, რომ ქურთუკი თეატრში დარჩა.

თუმცა ზედმეტად განრისხებული იყო საიმისოდ, რომ ამისთვის ყურადღება მიექცია. რატომ არ
სურდა ის ანა ივანოვნას? კარგი იყო მთელი ეს კულტურული ღონისძიებები, მაგრამ ოქსანას
უნდოდა, რომ მისდამი ანას თავაზიანობა, მოთმინება და სათნოება სექსუალურ წყურვილში
გადაზრდილიყო.

თუმცა ანამ მოახერხა ამ წინააღმდეგობის გადალახვა, მიუხედავად იმისა, რომ გულის


სიღრმეში, ისიც იმავეს გრძნობდა და ოქსანამ ეს ძალიან კარგად იცოდა, რადგან მან კარგად
იგრძნო, როგორ ფეთქავდა ქალის გული მისი ხელის ქვეშ. სწორედ ამაზე ფიქრობდა თეატრის
შესასვლელ კართან, სანამ ხელები ჯინსის შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო. ამ დროს
გულდაწყვეტილმა ერთი ღრმად ამოიხვნეშა და ყინულით დაფარულ ტროტუარზე მუხლებზე
დაემხო.

ანამ მას ჩაიკოვსკის თეატრში მომხდარი ამბავი აპატია, თუმცა ოქსანამ ეს ბოლომდე ვერ
მოახერხა და ამის შემდეგ მათ ურთიერთობაში აშკარა ბრაზნარევი ნაპრალი გაჩნდა.

სიტუაცია საბოლოოდ დამძიმდა ანაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ.


ოქსანამ რომან ნიკონოვი ტყეში, მამამისის საბრძოლო დანის გამოყენებით სათანადოდ
დასაჯა. თუმცა, ნიკონოვი სიკვდილს გადაურჩა, რაც ოქსანას გეგმებში სულაც არ შედიოდა. სხვა
მხრივ კი, ყველაფერი იდეალურად შეასრულა.

ოქსანასთვის არავის არაფერი უკითხავს. ბუნებრივია, ერჩივნა მისი მსხვერპლი შოკის ან


სისხლის დაკარგვის შედეგად მომკვდარიყო, მაგრამ იმაზე ფიქრი მაინც დიდ სიამოვნებას
ჰგვრიდა, რომ ნიკონოვი სიცოცხლის ბოლომდე მილის დახმარებით მოშარდავდა. შემდეგ
მთელი ეს ამბავი ანა ლეონოვას წინ ისე დაულაგა, როგორც კატებს მოჰყავთ ხოლმე სახლში
მათ მიერ დაგლეჯილი ჩიტები.

ანას რეაქციამ ოქსანას სამყარო საბოლოოდ გაანადგურა. იმედი ჰქონდა, რომ იხილავდა
მადლიერებას, აღტაცებასა და კმაყოფილებას, პასუხად კი ანა მხოლოდ გაყინული თვალებით
უყურებდა, რომლებშიც უტყვი საშინელება ირეკლებოდა. როგორც აღმოჩნდა, ანამ იმავე წამს
პოლიციაში მხოლოდ იმიტომ არ დარეკა, რომ კარგად იცოდა, რა ელოდა ოქსანას ქალთა
კოლონიაში, თუმცა ამიერიდან აღარც მისი ნახვა სურდა და არც მასთან ლაპარაკი.

ამ უსამართლობამ და დანაკარგის მტანჯველმა შეგრძნებამ ოქსანა თვითმკვლელობის


სურვილამდე მიიყვანა. გადაწყვეტილი ჰქონდა, აეღო მამამისის „მაკაროვი“, მისულიყო
ანასთან სახლში და ტყვია პირდაპირ შუბლში დაეხალა. სურდა კომსომოლსკის პროსპექტზე
მდებარე ეს ბინა ტვინის ნაფლეთებითა და სისხლის წვეთებით ყოფილიყო დასვრილი, თუმცა
ჯერ ალბათ ანასთან სექსით დაკავდებოდა, რადგან 9-მილიმეტრიანი რევოლვერი მოხიბვლის
საკმაოდ ეფექტიან საშუალებად ეჩვენებოდა.

საბოლოოდ ოქსანამ არაფერი გააკეთა, თუმცა მისი ის ნაწილი, რომელსაც ასე ძლიერ სურდა
ანა, სამუდამოდ მოკვდა.

შანხაის აპარტამენტში, სურნელოვან წყალში მწოლიარე ვილანელი გრძნობს დიდი ხნის წინ
განცდილი ეიფორიისა და მელანქოლიის ერთობლიობას. შემდეგ თავს აბრუნებს, ფანჯრის
მიღმა ფრანგული კონცესიის შენობების სახურავებზე ჩამოწოლილ ბინდს აკვირდება და
ჩაფიქრებული ზედა ტუჩზე ოდნავ იკბენს. ფანჯრის წინ, „ლალიკის“ ლარნაკში თეთრი
იორდასალმები აწყვია, რომელთა მსუბუქი ფოთლებიც ოდნავ შეხსნილია.

იცის, რომ ახლა უნდა ჩაიმალოს და არსად გამოჩნდეს. იცის, რომ სექსის საძიებლად
ნადირობის დრო არ არის, მაგრამ იცის ისიც, რომ შიმშილი, რომელიც ახლა დაუფლებია,
დროდადრო მხოლოდ გაძლიერდება და უფრო ძნელად ასატანი გახდება. აბაზანიდან
გადმოდის, ორთქლში გახვეული ფანჯარასთან დგება და წინ გაშლილ უსაზღვრო
შესაძლებლობებზე ფიქრობს.

კლუბ „აკვარიუმში“ მხოლოდ შუაღამის შემდეგ მიდის. კლუბი მდებარეობს ყოფილი კერძო
ბანკის სარდაფში, ჩრდილოეთ ბუნდის რაიონში და იქ შესვლა მხოლოდ პირადი
კონტაქტებითაა შესაძლებელი. ვილანელს „აკვარიუმის“ შესახებ უამბო იაპონელი უძრავი
ქონების დეველოპერის ცოლმა, რომელიც ჰუანპუს რაიონის სპასალონ „ნახევარკუნძულში“
გაიცნო. ელეგანტურმა, ლაქლაქის მოყვარულმა ქალმა, მისის ნაკამურამ, ვილანელს გაანდო,
რომ აქ პარასკევს საღამოობით დავდივარო და „უფრო ხშირად მარტო, ვიდრე ქმართან
ერთად“, – დაამატა მრავლისმეტყველი გამოხედვით.

ცხადია, კლუბის შესასვლელში მდგომი კაცისთვის მიკი ნაკამურას სახელი ცნობილია. ის


ვილანელს შიგნით შეუძღვება და სპირალური კიბით ქვევით, ოდნავ განათებული დარბაზისკენ
ჩაჰყავს. აქაურობა ხალხითაა სავსე, მათი საუბრების ხმას კი მუსიკის მოგუდული ბგერები
ფარავს.

რამდენიმე წამით ვილანელი კიბის დასაწყისთან ჩერდება და გარემოს აკვირდება. ყველაზე


მეტად იატაკიდან კედლამდე ასული სარკე იპყრობს, რომელიც სიგანეში, ალბათ ათი მეტრი
იქნება. მასში, სადღაც მუქი ლურჯი ზედაპირის სიღრმეში, მუქი სილუეტი იკვეთება. შემდეგ
ჩნდება მეორეც, ბოლოს კი ვილანელი ხვდება, რომ ზვიგენების აკვარიუმს უყურებს. ცურვით
ჩაივლიან თავჩაქუჩა და რიფის ზვიგენი, მათ კანს კი წყალქვეშა განათება დამატებით
ატლასისებურ პრიალებას მატებს.

განცვიფრებული ვილანელი აკვარიუმის მინას უახლოვდება. კლუბში იგრძნობა სიმდიდრის


სუნი – წითელი ჟასმინის, სურნელოვანი ეთერზეთებისა და დიზაინერთა სუნამოებით
გაჯერებული სხეულების არომატი. აკვარიუმში ვეფხვისებრი ზვიგენი ჩნდება და ვილანელს
გაყინული მზერით გამოხედავს.

– მკვდარი თვალები, – ამბობს მიკი ნაკამურა, რომელიც მოულოდნელად გაჩნდა მის გვერდით,
– უამრავ კაცს ვიცნობ ასეთი გამოხედვით.
– ასეთებს ყველანი ვიცნობთ, – ეუბნება ვილანელი, – და არა მარტო კაცებს.

მიკი უღიმის.

– გამიხარდა რომ მოხვედი, – ბუტბუტებს და ვილანელის აბრეშუმის შავ ციპაოს თითს უსვამს. –
ეს კაბა „ვივიენ ტამია“, არა? შესანიშნავია.

ვილანელი მიკის ღიმილითვე პასუხობს და სამოსს უქებს. შემდეგ კიდევ ერთხელ ამოწმებს
დარბაზში მყოფებს და ცდილობს საეჭვო პირები ამოიცნოს, თუმცა ყველა თვალი, ვინც მას
ამჩნევს, მალევე კარგავს მისდამი ინტერესს და უჩვეულოდ არავინ ეჩვენება.

საბოლოოდ მის ყურადღებას იპყრობს თეთრ მოკლე მაისურსა და მინი ქვედაკაბაში


გამოწყობილი, კოხტა ტანის გოგონა. მიკი ვილანელის მზერას თვალს აყოლებს.

– ვხვდები რასაც ფიქრობ. ვინ აუშვა დაბმული ძაღლები, არა?

– მშვენიერი გოგონაა, – ამბობს ვილანელი.

– გოგონა? სიმართლე თუ გაინტერესებს, ეს ჯენი ჩოუა – ელის მაოს ერთ-ერთი ტრანსვესტიტი.

– ელის მაო ვინ არის?

– ამ კლუბისა და მთელი ამ შენობის მეპატრონე, რომელიც პროსტიტუციით შანხაის ერთ-ერთი


უმდიდრესი ქალია.

– საკმაოდ საქმიანი ქალი ჩანს.

– შეიძლება ასეც ითქვას. ყოველ შემთხვევაში, მასთან საქმის გაფუჭება ნამდვილად არ ღირს.
მოდი, სასმელზე დაგპატიჟებ. აქ საზამთროს შესანიშნავ „მარტინის“ აკეთებენ.

– ალბათ შესანიშნავი გრადუსითაც.


– მოდუნდი, საყვარელო, – ეუბნება მიკი, – და ისიამოვნე.

ქალი მას სცილდება და უახლოვდება არტ-დეკოს სტილის ბარს, რომლის მეორე მხარესაც
წარმოსადეგი ახალგაზრდა მამაკაცი კოქტეილებს ამზადებს. ამ დროს ვილანელი თავისივე
ნებით რამდენიმე ჩინელი ახალგაზრდა მამაკაცის ჟესტიკულაციების ობიექტი ხდება. მათ
სხეულის თითოეულ დუიმს დიზაინერული სამოსი უფარავთ.

– არა მგონია, ის გქონდეს, რაც მათ სურთ, – ეუბნება მსუბუქი ხმა გვერდიდან, – სამაგიეროდ, მე
მაქვს ის, რაც გსურს შენ.

ვილანელი ჯენი ჩოუს ლამაზ, დახრილ თვალებს აკვირდება.

– რას გულისხმობ?

– მაქსიმალურ ქალურ სიახლოვეს. ტუჩებში კოცნას, ბევრ წოვას და ლოკვას, ბოლოს კი


გემრიელ სადილს.

– ამაღამ არ ღირს. ძალიან დამღლელი დღე მქონდა.

ჯენი მისკენ იხრება და ვილანელი თმიდან მონაბერ ჟასმინის სურნელს გრძნობს.

– კიბორჩხალები მყავს, – ეუბნება ჩურჩულით.

ვილანელი წარბებს მაღლა სწევს.

– არა, სულელო! მაცივარში, ჩემს ქალურ ბაღში კი არა! ძალიან ძვირად ღირებული თმიანი
კიბორჩხალები.

ამასობაში მიკი „მარტინის“ ორი ჭიქით ბრუნდება, ერთს ვილანელს აწვდის და


დემონსტრაციულად არ იმჩნევს ჯენის.
– მსურს ვიღაც გაგაცნო, – ეუბნება ვილანელს, მკლავში ხელს ჰკიდებს და მიჰყავს.

– თმიანი კიბორჩხალები რაღაა?

– ადგილობრივი დელიკატესია, – პასუხობს მიკი, – განსხვავებით მაგ პატარა მეძავისგან.

ქალი ვილანელს საკმაოდ წარმოსადეგ ახალგაზრდა მალაიზიელ მამაკაცს აცნობს, რომელსაც


ჩითის ნაოჭებიანი პიჯაკი აცვია.

– ეს ჰოვარდია, – ამბობს მიკი და აშკარად ეტყობა, რომ ღელავს იმაზე, მოეწონება თუ არა
ვილანელს კაცი, – ჰოვარდ, გაიცანი ასტრიდი.

ერთმანეთს ხელს ართმევენ და ვილანელი თავისი მორიგი ლეგენდის დეტალებს იხსენებს. ის


ახლა ოცდაშვიდი წლის ასტრიდ ფეკამია, რომელიც ფრანგულენოვან ბიულეტენ „ბილან 21-ში“
მესვეტედ მუშაობს და ყველა სხვა ლეგენდის მსგავსად, ცხადია, ესეც დეტალურად არის
შექმნილი. ვინმე თუ მოისურვებს და მადმუაზელ ფეკამს ინტერნეტში დაძებნის, აღმოაჩენს,
რომ ის უკვე ორი წელია, რაც „ბილან 21-ის“ ჟურნალისტ-რედაქტორია და ნავთობქიმიურ
ფიუჩერსებზე სპეციალიზდება.

თუმცა ამჟამად ჰოვარდი ზედმეტად არის დაკავებული მიკისთვის კომპლიმენტების თქმით და


ამგვარი წვრილმანების შესამჩნევად არ სცალია.

– ნამდვილი ფუქსია ხარ! – სუნთქვას ამოაყოლებს კაცი და ოდნავ შორიდან უმზერს „ერვ
ლეჟერის“ კოქტეილის კაბას, – შენთვის იდეალური ფერია.

ვილანელი ფიქრობს, რომ იდეალური კი არა, საძაგელი ფერია. მიკი კი, თავისი
სპილოსძვლისფერი კანით ფუქსიას კი არა, ჰოვარდის დედას უფრო წააგავს. თუმცა ჰოვარდს
ალბათ სწორედ ეს მოსწონს.

– და თქვენ რას საქმიანობთ? – კითხულობს ვილანელი. – სამოდელო ბიზნესში ხართ?

– პრინციპში, არა. სინტიანდიში კონცეპტუალური სპასალონი მაქვს.


– ნამდვილი სამოთხეა, – ამოისუნთქავს მიკი, – ქვების ბაღი და „ევიანის“ წყლის შადრევანი
აქვთ. ასევე ჰყავთ ბუდისტი ბერები, რომლებიც ჩაკრებს გაგიხსნიან და ვარცხნილობას
გაგიკეთებენ.

– მიმზიდველად ჟღერს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ჩაკრები პირთამდე გადაჭედილია.

– მაშინ, – უღიმის ჰოვარდი, – აუცილებლად უნდა გვესტუმროთ.

როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ვილანელი წყვილს მარტო ტოვებს და ჭიქით ხელში


კლუბში დასეირნობს და აი, ისევ ზვიგენების პირისპირ აღმოჩნდება. მალე კი მასთან ჯენი ჩოუ
მიდის.

– წამომყევი, – ეუბნება ჯენი, რომლის ნაკვთები მთვარისებრი ნათების ქვეშ ოდნავ მოჩანს, –
ვიღაცას შენი ნახვა უნდა.

– ვის?

– წამოდი, – უმეორებს და გამხდარ ხელს ჰკიდებს.

დაბინდულ ალკოვში მარტო ზის ქალი, რომელიც მობილურში შეტყობინებებს კითხულობს.


აზიური გარეგნობა აქვს და როცა ვილანელს ხედავს, ჯენის ხელის აქნევით იშორებს.
ვილანელი ამჩნევს, რომ ქალს ღია ზურმუხტისფერი თვალები აქვს.

– ჯენი მართალი ყოფილა, – ამბობს იგი, – ნამდვილი ლამაზმანი ხარ. არ ჩამოჯდები?

ვილანელი, თანხმობის ნიშნად, თავს ოდნავ უკრავს. ქალის მესაკუთრული მანერებით ხვდება,
რომ ეს სწორედ ელის მაო უნდა იყოს.

– აბა, როგორ მოგწონს ჩემი კლუბი?

– მშვენიერია. როგორც ჩანს, აქ ბევრი საინტერესო ხდება.


– კი, აქაურობა საინტერესო ნამდვილად არის, – ამბობს ქალი და მწვანე თვალებში
მხიარულების ნაპერწკალი უკრთება. – ჩაის არ დალევ? პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ
მაგ „მარტინის“ ერთი ჭიქაც საკმარისია.

– კარგი იქნებოდა. ჰო, მართლა, მე ასტრიდი მქვია.

– გიხდება ეგ სახელი. მე, როგორც იცი, ელისი ვარ. რას საქმიანობ, ასტრიდ?

– ფინანსური პროგნოზირებით ვარ დაკავებული. საინვესტიციო ბიულეტენში ვწერ.

ელის მაო იღუშება.

– მართლა?

– დიახ, – ვილანელი თვალს არ აცილებს, – ნამდვილად ასეა.

– ბევრჯერ შევხვედრივარ ფინანსისტებს, ასტრიდ, და დამიჯერე, შენ არც ერთს არაფრით


ჰგავხარ.

– აბა, ვის ვგავარ?

– რაც ჯერჯერობით ვნახე, უფრო ჩემს თავს მაგონებ.

ვილანელი უღიმის და ცდილობს ელისის ცივი ხმის ტემბრი მთელი სხეულით შეიგრძნოს.
ქალის მიმიკებსა და ყვრიმალებს დაყოლებულ, ნიკაპთან მომრგვალებულ ნაკვთებში არის
რაღაც ისეთი, რაც ვილანელს საფრთხეს აგრძნობინებს და კარგად იცის, რომ პერიოდულად ამ
საფრთხის შეგრძნება, რაც მისი მუდმივი სიფრთხილიდან გამომდინარეობს, პრაქტიკულად,
აუტანელი ხდება.

ელისი მობილურს დახედავს, შემდეგ ფეხზე დგება და მის შუაღამისფრად მოლურჯო კაბას
ისეთივე პრიალება დაჰყვება, როგორიც ზვიგენებს აკვარიუმში. ელისთან ერთად ვილანელი
ბოლო სართულის ბინაში ადის, სადაც ოქროსფერი გასაშლელი გასახდელი დგას, კედელზე კი
მუქ ფერებში შესრულებული თანამედროვე ნახატი კიდია. ოთახში დომინირებს დრამატული
ვიზუალის უზარმაზარი ფანჯრის მინა, რომელიც სმოგით დაფარულ ქალაქს გადაჰყურებს.
– აზიის მეძავი. ასე ეძახდნენ შანხაის და ეს დღემდე ჭეშმარიტებაა. ეს ბინა, კლუბი და მთელი
შენობა სექსის ფასად არის შეძენილი. ჩაის ხომ დალევ? – ქალი ტუმბაზე მდგარ სანათზე
მიანიშნებს. – ეს „ვერცხლის ნემსია“, ფუდინგის პროვინციიდან. ვფიქრობ, მოგეწონება.

ვილანელი გამოწვდილი ნაყენის ერთ ყლუპს სვამს და მის სურნელოვან, წვიმის წვეთების
მსგავს არომატს შეიგრძნობს.

– შემიძლია ძალიან გაგამდიდრო, – ეუბნება ელისი, – მე ისეთი კლიენტები მყავს, რომლებიც


შენთან გატარებულ ერთ ღამეში უამრავ ფულს გადაიხდიან.

ვილანელი ქალაქში გამეფებულ ღამეს აკვირდება, გრძნობს ქალის სუნამოსა და თმის


სურნელს.

– და შენ, ელის? შენ რამდენს გადაიხდიდი ჩემში, ახლა და ახლავე?

ელისი აკვირდება და ფრთხილად უღიმის.

– ორმოცდაათი ათას კუაის.

– ასი ათასი, – ეუბნება ვილანელი.

ელისი ჩაფიქრებული გადახრის თავს, უახლოვდება და მის პირისპირ დგება. მწვანე და რუხი
თვალები ერთმანეთს ხვდება. – ასი ათასი კუაის სანაცვლოდ, – ამბობს და ვილანელს
აბრეშუმის საყელოს უხსნის, – ჩემი გაოცება მოგიწევს.

ვილანელი თავს უკრავს. სანამ ელისი ციპაოს ხდის, ვილანელი უმოძრაოდ დგას. შემდეგ
თვალებს ხუჭავს და გრძნობს, როგორ ეშვება მისი მხრებიდან აბრეშუმის კაბა. ელისი ხდის
საცვლებსაც და ახლა შიშველი, ფეხებქვეშ იატაკის ჭრაჭუნს გრძნობს. ცდილობს წარმოთქვას
ელისის სახელი, მაგრამ სანაცვლოდ ამბობს – „ანა“, ხოლო, როცა სურს ჩურჩულით უთხრას
„გამჟიმე“, ამბობს „მომკალი“.

ოთხი დღის შემდეგ ევა პოლასტრი და საიმონ მორტიმერი პუდონის აეროპორტის


კონდიციონერით გაგრილებული ჰაერიდან ქუჩაში გამოდიან, სადაც 30 გრადუსი სიცხეა და
ტაქსის ელოდებიან. შუაღამეა. გამონაბოლქვით გაჯერებული ნესტი ტალღასავით ეჯახებათ,
ევა კი გრძნობს, როგორ უსველდება თავის კანი, „ეიჩ-ენდ-ემის“ ბამბის ბლუზა კი ნელ-ნელა
მხრებზე ეკვრის.

ორფლებით დაფარული და თმააჩეჩილი ევა კარგად ხვდება, რომ მისი გარეგნობის ქალებს
ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. იმ ერთი საათის განმავლობაში, რაც თვითმფრინავის
დაჯდომიდან გავიდა, მას ზედიზედ ორჯერ მხოლოდ ერთმა კაცმა შეხედა და ისიც ჩინეთის
საბაჟო სამსახურის თანამშრომელი იყო, რომელიც პასპორტებს ამოწმებდა. ალბათ ევას
ინტენსიურმა მზერამ დააინტერესა. ისიც და საიმონიც „ბრითიშ-ეარვეიზის“ ყველა სხვა
მგზავრთან შედარებით ასაკოვნები ჩანან, გარედან კი, დაკვირვებული თვალისთვის ცოლ-
ქმარსაც ჰგვანან.

საიმონი ალერსიანად უყურებს, ევას კი ის მოაგონებს შაშვს, ან შოშიას – რომელიმე იმ ჩიტს,


რომელსაც მკაცრი თვალები, წაწვეტებული ნისკარტი აქვს და რომელიც პერიოდულად
გაზონზე პატრულირებს. სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებსა და ამგვარ ფრინველებს
აშკარად აქვთ რაღაც საერთო, გაძლიერებული დაკვირვების უნარი.

ევას საკუთარი გარეგნობა აფიქრებს და აფორიაქებს.

– როგორ ფიქრობ, ლამაზი ვარ? – ჰკითხა ერთხელ დედას, კემბრიჯში კრიმინოლოგიისა და


სამოსამართლეო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხვამდე ცოტა ხნით ადრე.

– ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ხარ, – უპასუხა დედამ.

იმის თქმა კი, რომ ევა ლამაზი იყო, მხოლოდ მისმა პოლონური წარმოშობის ქმარმა,
მათემატიკის მასწავლებელმა, ნიკომ მოახერხა.

– ბალტიის ზღვის ფერი თვალები გაქვს, – უთხრა ერთხელ და ფერმკრთალ ლოყაზე თითი
დაუსვა. – მათი ფერი წყალზე დაღვრილ საწვავს მაგონებს.

– რა სისულელეებს ლაპარაკობ.

– მხოლოდ მაშინ, როცა სექსი მინდა.


– სულელი და გარყვნილი ხარ.

ნიკომ მხრები აიჩეჩა.

– აბა, ცოლად საჭმლის მოსამზადებლად კი არ მომიყვანიხარ.

უკვე ენატრება.

მწვანე „ფოლკსვაგენ-სანტანას“ ტაქსის იჭერენ და საიმონი მძღოლს სასტუმროს მისამართს


კარნახობს.

– არ ვიცოდი, მანდარინზე თუ ლაპარაკობდი, – ეუბნება ევა.

საიმონი გაუპარსავ, უხეშნაკვთებიან სახეზე ხელს დაისვამს.

– უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვსწავლობდი, მაგრამ, თუ ეს ტიპი ახლა საუბარს გამიბამს,


ნამდვილად ჩავფლავდები.

– იცის მაინც, სად არის სასტუმრო „ზღვის ფრინველი“?

– მგონი კი. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მაშინვე ყველაფერს მიხვდა.

– მაშ, ვნახოთ, როგორია სასტუმრო, რომელსაც რიჩარდ ედვარდსმა მოკრძალებული უწოდა.

ევა და საიმონი აქ მკაცრად არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. შესაბამისად,


შანხაიში MI6-ის არც ერთი თანამშრომელი არ დახვედრიათ. მათი ამჟამინდელი სტატუსი
თავიდან ბოლომდე არასტანდარტულია. მას შემდეგ, რაც ედვარდსმა კედრინის მკვლელობის
გამოძიების საქმეზე მუშაობაზე დაიყოლია, ევა თავის არც ერთ ყოფილ კოლეგას არ
დაჰკავშირებია. ის უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველდღე მიდის მეტროსადგურ
„გუჯ-სტრიტის“ თავზე მდებარე ძველისძველ ოფისში, სადაც მრავალ ჭირნახულ საიმონთან
ერთად მანამ უყურებს კომპიუტერის ეკრანს და იქექება საიდუმლო ფაილებში, სანამ
გადაღლილობისგან თავი არ უსკდება და დაძაბულობისგან თვალები არ ეწვის. ამ ყველაფერს
კი აკეთებს იმისთვის, რომ მიაგნოს თუნდაც მცირედ, მინიშნების საპოვნელად არსებული
მინიშნების მაგვარ ხელმოსაჭიდს, რომლის დახმარებითაც შეძლებს და გავა ვიქტორ კედრინის
მკვლელ ქალზე.

თუმცა ჯერ ვერაფერს მიაგნო. დააიდენტიფიცირა რამდენიმე მაღალი რეპუტაციის მქონე


პოლიტიკოსისა და კრიმინალის მკვლელობის შემთხვევები, რომლებშიც თითქოსდა ქალი იყო
გარეული და ასევე ის მკვლელობები, რომლებშიც დანამდვილებით ქალმა ისროლა. ბევრჯერ
ნახა ლონდონის იმ სასტუმროს ვიდეოკამერების ჩანაწერებიც, სადაც კედრინი რჩებოდა. ამ
ჩანაწერებში ჩანდა მკვლელის მოძრაობა, თუმცა გარდა იმისა, რომ კადრები გაურკვეველი და
ბუნდოვანი იყო, ეკრანზე ნახავდით მხოლოდ მკვლელის სილუეტს და არა სახეს.

როდესაც კიბერსამყარო უკვე აღარ აკმაყოფილებდა, ევა რეალურ ცხოვრებაში გაბმულ


კავშირებს მიჰყვა, რომლებიც კედრინის შემთხვევიდან გამომდინარეობდა, თუმცა ყოველ
ჯერზე, თითქოს თავიდან საიმედოდ დაწყებული ძიება საბოლოოდ ახალ-ახალი ბარიერებით
მთავრდებოდა. არც მოწმეები, არც ნივთიერი მტკიცებულებები, არც ბალისტიკური მონაცემები,
ფულის ან კორესპონდენციის კვალი. რაღაც მომენტში ყველა ნიშანწყალი უიმედოდ ქრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ პრაქტიკულად ვერ მიიწევს, ევა თითქოს მაინც გრძნობს ქალს,
რომელზეც ნადირობს. მას ხანდახან „ჩორნაია როზას“ – ანუ შავ ვარდს უწოდებს. სწორედ ასე
ჰქვია იმ 9-მილიმეტრიან რუსულ ტყვიას, რომლითაც კედრინი მოკლეს. შავი ვარდი, ევას
ვარაუდით, ოცდახუთ წლამდე უნდა იყოს. ფიქრობს, რომ ის საკმაოდ გონიერი და
მარტოსულია. იდეალურად აქვს განვითარებული ემოციების კონტროლის უნარი და შეუძლია
გაუძლოს ნებისმიერი სიმძიმის სტრესს. დიდი ალბათობით, ის უბრალოდ სოციოპათია,
რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ემოციურობასა და თანაგრძნობის უნარს. ცოტა ან
საერთოდ არც ერთი მეგობარი არ ეყოლება, მისი ურთიერთობები კი მხოლოდ ცხოველური,
მანიპულაციური და სექსუალური ხასიათის იქნება. სავარაუდოდ, მკვლელობა მისთვის
ცხოვრებისეული მნიშვნელობის აქტია, ყოველი ახალი მსხვერპლის მოშორებით კი მისი
ხელშეუხებლობის დონე უფრო და უფრო იზრდება.

ოცდაოთხი საათიც არ გასულა მას შემდეგ, რაც რიჩარდ ედვარდსი მეტროსადგურის თავზე
მდებარე ოფისში გაუფრთხილებლად გამოცხადდა.

– აქაურობას საერთოდ ვინმე ალაგებს? – იკითხა და ირგვლივ ამრეზით მიმოიხედა.

– კი, საიმონი ალაგებს ხოლმე, მე – იშვიათად. ბოდიში, რომ „ვოქსჰოლ კროსის“ დონეს ვერ
ვაკმაყოფილებთ. მტვერსასრუტის ტომრები უკვე შევუკვეთეთ.
– კარგია, რამის მოლოდინი მაინც გვქონია. მანამდე კი... – მან კალთაზე დადებული
დიპლომატი გახსნა და შიგნიდან ამოიღო ორი გაცვეთილი პასპორტი, თვითმფრინავის
ბილეთები და რეისების განრიგი, – ამაღამ ჩინეთში მიფრინავთ. ვიღაცამ შანხაის სამხედრო
კიბერჯგუფის მეთაური მოკლა და ვფიქრობთ, რომ საქმეში ქალია გარეული.

ხუთ წუთში სრულად უყვება ვიცე-პოლკოვნიკ ცჟან ლეის ამბავს.

– თქვენი მისიაა, – ეუბნება ევას, – პირდაპირი კონტაქტი დაამყაროთ ჩინეთის სახელმწიფო


უსაფრთხოების სამსახურთან და ჩვენგან ნათლად გადასცეთ, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს
არც ცჟანის მკვლელობის დაგეგმვასთან, არც დაკვეთასთან და არც შესრულებასთან. გარდა
ამისა, უნდა შესთავაზოთ მაქსიმალური მხარდაჭერა მკვლელობის გამოძიების საქმეში და
გაანდოთ ჩვენი ეჭვებიც მკვლელ ქალზე.

– უსაფრთხოების სამსახურში ვინმე კონკრეტულს უნდა დავუკავშირდე?

– დიახ. მისი სახელია ცინ იანი. მოსკოვიდან ვიცნობ, სადაც იქაურ რეზიდენტურას
ხელმძღვანელობდა. კარგი კაცია, დღემდე ვინარჩუნებთ არაოფიციალურ კონტაქტს და უკვე
იცის, რომ ჩადიხართ.

– არ გაუკვირდება, ადგილობრივ ოფიციალურ სტრუქტურებს არც ერთი რომ არ


წარმოვადგენთ? მით უმეტეს, რომ ამ საქმეს, ალბათ უკვე ოფიციალურადაც იძიებენ.

– მიხვდება, რომ, გარემოებების გათვალისწინებით, ამჟამად არაოფიციალურად მოქმედება


გვირჩევნია.

– და MI6-დან საერთოდ არავის დავუკავშირდებით?

ედვარდსი ადგა, ჭუჭყიან ფანჯარას მიუახლოვდა და შორს ქუჩაში მოძრავი მანქანების ნაკადს
გახედა.

– უსაფრთხოების მიზნებისთვის, უნდა ვიმოქმედოთ იმ ვარაუდით, რომ ახლა საერთაშორისო


ოპერაციაში ვართ ჩართულები. თუ იმ ქალმა შანხაიში მკვლელობა ჩაიდინა, ეს ნიშნავს იმას,
რომ იქ აუცილებლად ეყოლება თანამზრახველები. ასეთები შესაძლოა ჩვენი ხალხის რიგებშიც
იყვნენ. ამიტომ არავის ნდობა არ ღირს.
– და დაზვერვის მაგ თანამშრომელს რამდენად შეგვიძლია ვენდოთ?

– ცინ იანს? არაფერს დაკარგავთ, თუ პოტენციურ მკვლელ ქალზე მას ყველაფერს მოუყვებით.
ჩვენ გვინდა მისი დაჭერა და მასაც იგივე სურს, – თქვა, ყავა დაცალა და მუყაოს ჭიქა ნაგვის
ურნაში მოისროლა.

კარი გაიღო.

– აი, დარწმუნებული ვარ, რომ „გუჯ-სტრიტის“ მეტროსადგურში ჯოჯოხეთის პორტალია


გახსნილი, – თქვა საიმონმა, მხრიდან ლეპტოპის ჩანთა ჩამოიხსნა და სამუშაო მაგიდაზე
დადო. – ეს-ესაა თავი „ბაფის“ პერსონაჟი მეგონა... – უეცრად ჩუმდება, – ოჰ, გამარჯობა,
რიჩარდ.

– გამარჯობა, საიმონ. დილა მშვიდობისა.

– შანხაიში მივდივართ, – ეუბნება ევა და ფიქრობს, თუ რა ჯანდაბა უნდა უთხრას ამ


ყველაფერზე ნიკოს.

– ერთი ამას შეხედე, – ამბობს საიმონი და ტაქსიში ფანჯრის მინას ჩამოწევს. მანქანაში ღამის
თბილი ჰაერი აღწევს, – რა კოლოსალურია.

ნამდვილად ასეა. ისინი ახლა ნანპუს ხიდს უახლოვდებიან, რომლის ორივე მხარეს საქმიანი
კვარტალებია გაშენებული, ხოლო მაღალი შენობების უთვალავი ფანჯარა შორიდან მუქი
იისფერი ცის ფონზე დაკიდებულ ოქროს წვეთებს წააგავს. ამ შთამბეჭდავი ხედის შემყურე ევას
ყველანაირი დაღლილობა ავიწყდება. აქ ყველაფერი ფულსა და მოგებაზე მეტყველებს.
ცხადად შეგიძლია იხილო ეს მომენტი ცამდე აწვდენილ შენობებსა და შეიგრძნო ღამის ჰაერში
გაბნეულ დიზელის სუნში. შიმშილი, მაღალი ფსონები და დიდძალი მოგება.
დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. საჭიროა უფრო... უფრო მეტი.

ამ შთაბეჭდილების სისწორეში რწმუნდება ხიდის გადაკვეთის შემდეგაც. ამ ხიდის ქვეშ ნავები


დაცურავენ და მათი მცირედი ნათება მდინარის მუქ ზედაპირზე ყვითელ წერტილებად მოჩანს.
მარჯვნივ უკვე გაცისკროვნებული და დიდებული ბუნდია აღმართული.

– თავს როგორ გრძნობ? – კითხულობს ევა.


საიმონი ოდნავ წინ გადმოიხრება. კალთაზე კრემისფერი პიჯაკი აქვს გადაკეცილი.

– არ ვიცი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი უცნაურობა მოხდა.

– აი, სადღაც იქ არის, – ჩურჩულებს ევა, – ჩვენი შავი ვარდი.

– დარწმუნებით არ ვიცით, რომ ჰაკერი სწორედ მან მოკლა.

– კარგი რა, ნამდვილად ის იქნებოდა.

– დავუშვათ, ასე იყო. ამ ქალაქში რატომ უნდა დაეხეტებოდეს?

– ვერ ხვდები?

– სიმართლე გითხრა, ვერა.

– მე მელოდება, საიმონ.

– ახლა კი ნამდვილად შერეკილივით ლაპარაკობ. მოდი, ამას ფრენის შემდგომ დღეღამური


რიტმის დარღვევას დავაბრალებ.

– აგერ ნახავ.

საიმონი თვალებს ხუჭავს. ხუთ წუთში უკვე სასტუმროში არიან.

მხოლოდ სასტუმროს ნომერში, რომლის მოთეთრო კედლებსაც ერთი ვადაგასული კალენდარი


ამშვენებს, ევა თავს ნიკოზე ფიქრის უფლებას აძლევს.
ედვარდსის ოფისიდან წასვლის შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი საშინელი იყო. რა თქმა
უნდა, ევას შეეძლო შეეთხზა რაიმე ახალი ტყუილი, მაგრამ სანაცვლოდ ნიკოს უბრალოდ
უთხრა, რომ რამდენიმე დღით უნდა წასულიყო, რაზეც ნიკომ მოკლედ უპასუხა – „გასაგებია“ და
ყურმილი დაკიდა. ახლა მას წარმოდგენა არა აქვს, სად არის ევა, ან როდის დაბრუნდება. ევა კი
ახლა ფანჯრიდან იყურება და ხედავს ქუჩას, მის მიღმა შავად მოლივლივე წყალს, რომლის
ზედაპირზეც აქა-იქ მკრთალად განათებული მცურავი სახლები მოჩანს.

უყვარს ნიკო, მაგრამ მას გულს ძალიან სტკენს, რაც კიდევ უფრო მეტად აბრაზებს, რადგან,
მიუხედავად ნიკოს სიბრძნისა და უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, ევას თავი მაინც
მის მფარველად წარმოუდგენია, ეს კი მას სიმართლისგან – რეალობისგან იცავს. ამ
სიმართლის არსებობა ნიკომაც კარგად იცის, მაგრამ ურჩევნია მის სიღრმეებში არ ჩაიხედოს. ეს
რეალობა არის სრულიად ბნელი, იდუმალი სამყარო და ის ახლა თავიდან ბოლომდე ეკუთვნის
ქალს, რომელზეც ევა ამჟამად ნადირობს.

– სუჩჟოუ-კრიკზე მდებარე სასტუმრო „ზღვის ფრინველში“ რჩებიან, – ამბობს კონსტანტინი, –


წუხელ შევიდნენ.

ვილანელი თავს უკრავს. ისინი ახლა ფრანგულ კონცესიაში, მეათე სართულის ბინაში
იმყოფებიან. მაგიდაზე, რომელსაც ისინი უსხედან, დგას „ტიბეტის მყინვარის“ მინერალური
წყლის ერთი ბოთლი, ორი ჭიქა და ერთი შეკვრა სიგარეტი „კოსმოსი“.

– რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არაოფიციალურად არიან, – განაგრძობს კონსტანტინი, – „ზღვის


ფრინველი“, შანხაის სტანდარტებით, ჩვეულებრივი სოროა.

ვილანელი ერთფეროვან ცას აკვირდება.

– რას ფიქრობ, რატომ ჩამოვიდნენ?

– მაგ კითხვაზე პასუხი ორივემ კარგად ვიცით. როგორც მაშინ გითხარი, ეგ პოლასტრი კედრინის
სიკვდილის შემდეგ ლონდონში უამრავ შეკითხვას სვამდა. თუ ახლა აქ ჩამოვიდა, ერთმანეთს
ყველაფერი უკვე ლოგიკურად ებმის.

– ანუ ან ძალიან ჭკვიანია, ან უმართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლოდან უნდა


დავაკვირდე.
– არა. ეს უგუნური საქციელი იქნება. დარწმუნებული ვარ, პოლასტრის არანაირი რეალური
ხელმოსაჭიდი არ აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საფრთხეს არ შეგვიქმნის. ის მე
მომანდე, შენ კი პარიზში დაბრუნდი. ეს ოპერაცია დასასრულებელია. ჰაკერი მკვდარია და
ახლა, უბრალოდ, უნდა გაუჩინარდე.

– მაგას ვერ ვიზამ.

კონსტანტინის გამოხედვა მკაცრდება.

– ძალიან არ მინდა, ჩვენმა ურთიერთობამ ასეთი მიმართულება შეიძინოს და ჩემს ნებისმიერ


გადაწყვეტილებას შემდგომი განხილვები მოჰყვეს.

– ვიცი. ისიც ვიცი, რომ გინდა შენი მკვლელი თოჯინა ვიყო, რომელსაც პერიოდულად ყუთიდან
ამოიღებ, მომართავ, მსხვერპლს დაუმიზნებ და ბახ! მერე კი ისევ ყუთში ჩამაბრუნებ, –
ვილანელი კაცს თვალებში უყურებს, – ბოდიში, მაგრამ უკვე სხვა პრინციპებით ვმოქმედებ.

– მაგას ვხედავ. რა პრინციპებს გულისხმობ?

– მსურს ვიაზროვნო და ვიფიქრო ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს შეეფერება.

კონსტანტინი თვალს არიდებს.

– კარგი რა, ვილანელ, ახლა გრძნობებზე ლაპარაკი არ დამიწყო. შენ უფრო მაღლა დგახარ.
ჩვენ უფრო მაღლა ვდგავართ.

– ვითომ?

– დიახ. ჩვენ სამყაროს რეალურად აღვიქვამთ და ვიცით, რომ ეს არის ადგილი, სადაც
მოქმედებს ერთადერთი კანონი: თვითგადარჩენა. თვითგადარჩენა კი ჯერჯერობით საკმაოდ
კარგად გამოგდის. ასე არ არის?

– შესაძლოა.
– და რატომ არის ასე? იმიტომ, რომ რამდენიმე უნებლიე შეცდომის შემდეგ წესებს
დაემორჩილე. ლონდონში რა გითხარი?

ვილანელი გაღიზიანებული იხედება გვერდზე.

– ...რომ არასოდეს ვარ სრულიად უსაფრთხოდ და რომ არავის არ უნდა ვენდო.

– ნამდვილად. ამას კარგად თუ დაიმახსოვრებ, არაფერი დაგემუქრება, – ამბობს კონსტანტინი


და სიგარეტს იღებს, – დაგავიწყდება და – დაგენძრევა.

წარბებშეკრული ვილანელი აივნის მინის კარს უახლოვდება და ფართოდ აღებს. ოთახში


ნესტიანი ჰაერი შემოდის – საკუთარ ჯანმრთელობაზე ღელავ? – ეკითხება კონსტანტინი და
„კოსმოსს“ უკიდებს. – მე მაინც ვფიქრობ, რომ შუბლში დაჭედებული ტყვია უფრო მეტად
სანერვიულოა.

ვილანელი მისკენ იხედება. თამბაქოს ეს სუნი ახსენებს მოსკოვში ერთად გატარებულ პირველ
დღეებს. მაშინ კონსტანტინი დღეში ერთ შეკვრაზე მეტს ეწეოდა.

– და ვინ აპირებს, რომ ეგ ტყვია დამაჭედოს? ევა პოლასტრი? მეეჭვება.

– დამიჯერე, ვილანელ, მისი ხალხი დაუფიქრებლად მოგკლავს. საკმარისია პოლასტრიმ


ედვარდსთან სიტყვა დაასველოს და MI6 მაშინვე დანაყოფ E-ს გამოგზავნის. სწორედ ამიტომ
ახლავე უნდა გაქრე აქედან. შანხაი დიდი ქალაქია იმ შემთხვევაში, თუ ხარ ჩინელი, მაგრამ თუ
ასე არ არის, ის პატარა ქალაქად გადაიქცევა. მაგ ქალს ნებისმიერ ადგილზე შეიძლება წააწყდე.

– ნუ ღელავ, ეს არ მოხდება. თუმცა ვიცი, როგორ მივუახლოვდე და როგორ გავარკვიო, რა


ინფორმაციას ფლობს იგი.

– ნუთუ? – კონსტანტინი სუნთქვას სიგარეტის კვამლს ამოაყოლებს და კვამლი ჰაერში მსუბუქ


ბრიზად გაიბნევა. – იქნებ მეც გამაგებინო?

ვილანელი ასეც იქცევა. მის მონაყოლს კი ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვება.


– ზედმეტად სახიფათოა, – ამბობს ბოლოს კონსტანტინი. – ზედმეტად ბევრი
გაუთვალისწინებელი ფაქტორით. ვრისკავთ, რომ სრულიად არააუცილებელი ყურადღება
მივიპყროთ.

– ერთხელ მითხარი, რომ ამგვარი ოპერაციები შენი სპეციალიზაციაა. კარგად მახსოვს როგორ
ამბობდი, რომ შიში, სექსი და ფული სამი ყველაზე დიდი არგუმენტია.

– საკმაოდ სახიფათოა, – იმეორებს კონსტანტინი.

ვილანელი მის გამოხედვას თვალს არიდებს.

– ასეთი შანსი შესაძლოა აღარც მოგვეცეს. მისი გამოუყენებლობა, უბრალოდ, არ შეიძლება.

კონსტანტინი დგება, აივანზე გადის, სიგარეტს ბოლომდე ეწევა და მცირე ხნის შემდეგ ნამწვს
ჰაერში მოისვრის.

– თუ ასე მოვიქცევით, – ამბობს ის, – შენ განზე გადგები და მე ვიმოქმედებ. თანახმა ხარ?

ვილანელი მკაცრი მზერით უღიმის.

– ჯანდაბა, – ამბობს ევა და მობილურს ჩასცქერის, – ცუდი დასაწყისია.

– რა ხდება? – კითხულობს საიმონი.

ევა აულაგებელ ლოგინზე ზის. პატარა ოთახში ბამბუკის ავეჯი დგას, ფანჯრიდან კი ხედი
პატარა ყურეზე იშლება. ევას ღია ჩემოდნიდან მისი საცვლები მოჩანს და ახლაღა ნანობს,
საიმონს შეხვედრა ვესტიბიულში რომ არ დაუთქვა.

– ჰარსტია, – ამბობს და საიმონს მობილურს აწვდის, – ფანინის საკრედიტო ბარათის კვალი


ქრება.
მთავარი ინსპექტორი, გარი ჰარსტი, ვიქტორ კედრინის მკვლელობის საქმის მთავარი
გამომძიებელია. ბოლო პერიოდში ის იკვლევდა ამ შემთხვევის ერთ ასპექტს, რომელსაც
თითქოსდა კედრინის მკვლელის შეცდომა უნდა გამოევლინა. როგორც აღმოჩნდა, ლუსი
დრეიკის მიერ გამოყენებული ბარათის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა ჯულია
ფანინმა, რომელსაც იგივე შეტყობინება ბანკში არ გაუკეთებია. შესაბამისად, სასტუმროში
ბარათი უპრობლემოდ გამოიყენეს.

სწორედ ამ შეუსაბამობამ დააბნია ჰარსტი, განსაკუთრებით ფანინის განცხადების შემდეგ,


როცა თქვა, რომ ბანკის ცხელ ხაზზე დარეკა და დაკარგული ბარათის შესახებ აცნობა. ეს
მტკიცდება მისი მობილურის ზარების ისტორიითაც. როგორც აღმოჩნდა, ბანკს საკრედიტო
ბარათებთან დაკავშირებული მომსახურება მიბარებული აქვს გარე კომპანიაზე, რომელიც
ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, სვინდონში საქმიანობს და სატელეფონო საკონსულტაციო
მომსახურებას ასრულებს. ჰარსტმა გაარკვია, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა
ბარათის დაკარგვის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ბარათი დაბლოკა. ორი კვირის
განმავლობაში კი ამ ბარათიდან, ანგარიშის განულებამდე, გაიხარჯა ათასობით გირვანქა
ტანსაცმელზე, სასტუმროს მომსახურებასა და ავიაბილეთებზე. სწორედ აქ იჭედება გამოძიება.
ჰარსტი შემდეგ ტექსტს იწერება:

ამჟამად ვმუშაობ 90+-ის თანამშრომლებთან, რომელთაც შეეძლოთ ჯ.ფ.-ს ზარისთვის


ეპასუხათ. თუმცა ჩანაწერების უმეტესობა წაშლილია. მეეჭვება, რამეს მივაგნო.

– სასწაული რომ მოხდეს და რამეს მიაგნოს, მაინც ჩიხში ვართ, – ამბობს საიმონი და ევას
მობილურს უბრუნებს.

ევა ტელეფონს ჩანთაში დებს.

– წამოდი, ის ცინ იანი ვნახოთ. ტაქსი უკვე მოსული უნდა იყოს.

2009 წელს გახსნილი სასტუმრო „ნახევარკუნძული“ ბუნდში ბოლო სამოცდაათი წლის


განმავლობაში აგებული პირველი შენობაა, რომელიც შიშის მომგვრელად გრანდიოზულია.
ვესტიბიულს არტდეკოს სტილში გამოყვანილი კოლონები ამშვენებს და სპილოს ძვლისა და
ძველი ოქროს ნამდვილი სიმფონიაა. იატაკზე ხალიჩებია მიმობნეული და სრული სიჩუმეა.
თეთრუნიფორმიანი მედერეფნე ბიჭები მიმღებ მაგიდასა და თითქმის უხმო ლიფტებს შორის
ნაჩქარევად მიმოდიან.

პიტნისფერი საზაფხულო კაბა, რომელიც ახლა ევას აცვია, ინტერნეტკატალოგში აღწერილი


იყო, როგორც „მოსახერხებელი საზაფხულო სამოსი ოფისისთვის“, თუმცა ლიფტის სარკეში
აღმოაჩინა, რომ მოსახერხებლთან საერთო არაფერი აქვს. ეს კაბა უსახელოა, ევამ კი დღეს
ბანაობისას იღლია ოდნავ გაიჭრა და ახლაც საშინლად ექავება. ისე გამოდის, რომ ჩინეთის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანთან საუბრისას მარჯვენა მკლავი
ერთხელაც არ უნდა ასწიოს.

ცინ იანი მარტოა სასტუმროს ლუქსში. უშველებელი ოთახი აქვს, რომლის ზღვისფერი
ფარდების მიღმაც ხედი მდინარეზე იშლება, ოდნავ მოშორებით კი პუდონის ცათამბჯენები
ჩანს.

– მისის პოლასტრი, მისტერ მორტიმერ. ძალიან მოხარული ვარ თქვენი აქ ყოფნით.

– გმადლობთ, რომ მიღებაზე დაგვთანხმდით, – ეუბნება ევა. ის და საიმონი


აბრეშუმისზედაპირიან სავარძლებში სხდებიან.

– რიჩარდ ედვარდსთან მხოლოდ დადებითი მოგონებები მაკავშირებს. იმედი მაქვს,


ჯანმრთელობას არ უჩივის.

თავაზიანი მოკითხვები რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება. ცინი მორიდებული


ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აცვია ღია ნაცრისფერი პიჯაკი, ინგლისურად ოდნავი
ამერიკული აქცენტით ლაპარაკობს, პერიოდულად კი სახეზე ადამიანთა ქცევებით შეწუხებული
კაცის მელანქოლია გადაჰკრავს ხოლმე.

– ცჟან ლეის მკვლელობა... – იწყებს ევა.

– დიახ, გისმენთ, – ამბობს კაცი და თითების წვერებს ერთმანეთს უახლოებს.

– გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობას არანაირი კავშირი არა აქვს არც ამ
მკვლელობის დაკვეთასთან, არც დაგეგმვასთან და არც შესრულებასთან. ჩვენ თქვენს
სამსახურთან რამდენიმე სადავო საკითხები ნამდვილად გვაქვს, კერძოდ კი ეს ეხება „თეთრი
დრაკონის“ მოქმედებებს. რამდენადაც ვიცი, ეს დაჯგუფება ჩინეთის სამხედრო ძალების
შემადგენლობაში შედის, თუმცა უთანხმოებას ჩვენ ამ გზით არც ერთ შემთხვევაში არ
გადავწყვეტდით.

ცინი იღიმის.
– მისის პოლასტრი, მცდარი ინფორმაცია გქონიათ, თუ ფიქრობთ, რომ „თეთრ დრაკონს“
ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან რაიმე აკავშირებს. ეს უბრალოდ
არეულობის გამოწვევის სურვილით აღტკინებულ ადამიანთა ჯგუფია, რომელიც არავის
დავალებით არ მოქმედებს.

ევა დიპლომატიურად თავს უკრავს. კარგად იცის, რომ კიბერშეტევებთან დაკავშირებით


ნებისმიერი მიმართულებით ეს ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა.

– ჩვენ შანხაიში იმისთვის ჩამოვედით, რომ შეძლებისდაგვარად ნებისმიერი ფორმით


დაგეხმაროთ, – ამბობს საიმონი, – განსაკუთრებით ვიცე-პოლკოვნიკ ცჟანის მკვლელის
პოვნასთან დაკავშირებით.

– ვშიშობ, ის უბრალოდ ბატონი ცჟანი იყო.

– დიახ, მომიტევეთ. ალბათ რიჩარდ ედვარდსი უკვე გაცნობებდათ ჩვენს ვარაუდს ქალ
მკვლელზე?

– დიახ, ასეა. ჩემთვის ვიქტორ კედრინის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები მეტ-


ნაკლებად ცნობილია.

ევა სავარძლიდან ოდნავ წინ იხრება.

– მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცჟან ლეისა და კედრინის მკვლელი
ერთი და იგივე ქალია, რომელიც მარტო კი არა, რომელიღაც ძლევამოსილი ორგანიზაციის
დახმარებით მოქმედებს.

– ეს ნამდვილად პირდაპირ საქმეზე გადასვლაა, მისის პოლასტრი. შეიძლება ვიკითხო, რა


ჰქონდათ საერთო ვიქტორ კედრინსა და ცჟან ლეის ისეთი, რაც ამ ორგანიზაციას მათი...
ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას მიაღებინებდა?

– ამ ეტაპზე დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, თუმცა კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ
არც ცჟან ლეის და არც ვიქტორ კედრინის მკვლელობებთან ჩვენ და ჩვენს ამერიკელ კოლეგებს
არანაირი კავშირი არ გვაქვს.
ცინი ხელებს კალთაზე ილაგებს.

– ჩემთვის თქვენი ეს განცხადება მისაღებია.

უეცრად ევა იღლიასთან ქავილს გრძნობს და გონებას პანიკური შიში იპყრობს – სავარძელს
სისხლის კვალი ხომ არ შერჩა?

– შეიძლება თქვენთან გულახდილი ვიყო? – კითხულობს იგი.

– დიახ, გეთაყვა.

– რიჩარდ ედვარდსი ფიქრობს და ჩვენც მის მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ ამ მკვლელობების


უკან დგას უცნობი საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზნები და დღის წესრიგიც ჩვენთვის
უცნობია. არც ის ვიცით, რამდენი წევრი ჰყავს და ვინ არის ეს ხალხი, თუმცა ვეჭვობთ, რომ მათ
თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ ჩვენს სტრუქტურებშიც, მათ შორის MI5-ში, სადაც
მეც ვმუშაობდი. იმავეს ვფიქრობთ სხვა სადაზვერვო სამსახურებზეც.

ცინი წარბებს კრავს.

– მაინც ვერ ვხვდები, მე როგორ უნდა დაგეხმაროთ.

ევა გრძნობს, რომ მოლაპარაკებების სადავეები ხელიდან ეცლება.

– ერთადერთი გზა, რომელსაც ახლა შეგვიძლია დავადგეთ, ფულის ნაკადების მოძრაობაა.


მისტერ იან, ხომ არ იცით ვინმე, ან ხომ არ გაქვთ ეჭვი ვინმეზე დასავლეთის უსაფრთხოების
სამსახურებში, ვისაც შეიძლება ჩემ მიერ აღწერილი ორგანიზაციისგან ანაზღაურება ჰქონდეს
მიღებული?

სიჩუმე.

ხანგრძლივი პაუზა.
ევა გრძნობს, რომ საიმონი ამ უადგილო შეკითხვით შოკირებულია.

ცინს სახეზე კვლავ არაფერი ეტყობა.

– მგონი, აჯობებს ჩაი შევუკვეთოთ, – ამბობს ბოლოს.

– ჩემი შავი კარდიგანი არ გინახავს? – კითხულობს ვილანელი. – „ანაბელ ლის“ მარგალიტის


ღილებით.

პასუხად ელის მაოს კრუტუნი ისმის. ახლა ლოგინში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად წევს. კაცს
მკვეთრი ნაკვთები და ნავარჯიშები სხეული აქვს, რომელიც ცხიმწასმულივით პრიალებს. კაცის
ხელი აბრეშუმის ზეწრის ქვეშ, ელისის ფეხებს შორის რიტმულად მოძრაობს. შუადღის სამის
ნახევარია.

– დარწმუნებული ვარ, სადღაც აქ დავდე, – ბურტყუნებს ვილანელი. გაღიზიანებული ელისი


მუცელზე ბრუნდება, – კარგი რა, მოდი, შემოგვიერთდი.

– არა, საყიდლებზე უნდა გავიდე.

– ახლა?

ვილანელი მხრებს იჩეჩს.

– ხომ იცი, როგორი მოთხოვნადია კენი, – ეუბნება ელისი, – ძალიან დაგვავალა, ჩვენთვის დრო
რომ გამონახა.

ვილანელმა კენის ისტორია ელისისგან იცის. ის ჰონკონგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და


სილვია პლათის გვიანი პერიოდის პოეზიაზე სამაგისტრო ნაშრომსაც წერდა, თუმცა შემდეგ
ერთ-ერთი სასტუმროს საუნაში მისი ტალანტი შენიშნეს და მალე კენ ჰუნგი ჩინეთის ყველაზე
ცნობილ პორნოვარსკვლავად იქცა.

ამასობაში კენმა დაბარებულივით გადაიძრო ზეწარი.


– ქალბატონებო, აქ რაღაც ქვა კიდია!

ელისი ხვნეშის.

– ღმერთო დიდებულო, ზუსტად ისეთია, როგორიც იმ ფილმებში. არა, უფრო დიდი!


საყვარელო, მოდი, ოდნავ მაინც ჩამოკარი.

– ბოდიში, მაგრამ ახლა ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ჩემი შავი კარდიგანია, – იღუშება
ვილანელი, – ხომ არ იცი, სად შეიძლება შევიძინო სამზარეულოს კარგი ჭურჭელი?

– შეგიძლია სცადო „პუტუა-პარლორი“ ჩანჰუა-ლუზე, – ამბობს ელისი, რომელიც ახლა ჩინეთის


ყველაზე ცნობილ პენისს მონუსხული უყურებს, – ცხობისთვის საჭირო ინვენტარს ყოველთვის
მანდ ვყიდულობ. ვგიჟდები ნაიჯელაზე.

ერთი საათის შემდეგ ვილანელი უკვე „პუტუა-პარლორის“ რიგებს შორის მიაბიჯებს და


სათვალთვალო კამერების პოზიციებს აკვირდება. ეს სარესტორნო ბიზნესზე გათვლილი
უშველებელი სივრცეა, სადაც იყიდება ყველაფერი, რაც სამზარეულოშია საჭირო. დგას ჭერამდე
ასული დახლები სავსე ტაფებით, ჩვეულებრივი და ორთქლით ხარშვის ქვაბებით, საცხობი
ინვენტარითა და თუნუქის ჭურჭლით. ცალკე დგას ნამცხვრებისა და ჟელეს გასაოცარი
ფორმები. მთლიანი რიგი უკავია ვოკებს, სადაც შეხვდებით როგორც ყველაზე პატარა, –
კრევეტის ზომის, – ისე ჯაკუზისხელა ვოკს, რომელშიც მთლიანი ხარი ჩაეტევა.

აქ კლიენტები თითქმის არ არიან. მხოლოდ მწვადის მაყალთან მდგარი ახალგაზრდა წყვილი


კამათობს ჩუმად, ერთი შეწუხებული სახის კაცი დიმსამის მოსამზადებელ ბამბუკის ჭურჭელს
ურიკაში დებს, შედარებით ასაკიანი ქალი კი თავისთვის რაღაცას დუდღუნებს და ნესვის
კოვზებს არჩევს.

ბოლო რიგში ვილანელი პოულობს იმას, რასაც ეძებდა: ყასბის დიდ ნაჯახებს. კარგად
გალესილი ეს დანები განკუთვნილია სქელგარსიანი ხილისა და ბოსტნეულისთვის, ასევე
მოსახერხებელია დასაკეპად და დასანაწევრებლად. მის ყურადღებას იპყრობს ჩუკაბოჩო –
ადგილობრივი წარმოების ყასბის ნაჯახი, რომელსაც 700-გრამიანი ნახშირბად-მეტალის პირი
და დაზოლილზედაპირიანი ხის სახელური აქვს. სახელური იდეალურად ერგება ხელს. ორი
წუთის შემდეგ კოქტეილის ექვსი ჭიქისა და რამდენიმე დასაკეცი ქოლგის საფასურს იხდის და
მაღაზიიდან გამოდის. ვიდეოკამერებისთვის კი სრულიად უცნობი რჩება, როგორ გაუჩინარდა
ჩუკაბოჩო მისი ხელჩანთის ძირში.
– კარგი, ვაღიარებ, – ამბობს ევა, – ვნერვიულობ.

– რა მოხდა, პაემანზე აქამდე არასოდეს ყოფილხარ?

– ეს პაემანი არ არის. უუბრალოდ, პირისპირ ვხვდები ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის


უფროსს.

– კი ბატონო, ეგრე იყოს. არადა, მგონი მოსწონხარ.

– საიმონ, ძალიან გთხოვ, რა. ნუღარ დამიმატებ. ამ კაბაში თავს საშინლად უხერხულად
ვგრძნობ და ამ ტუფლებით სიარულიც მიჭირს.

– დიდებულად გამოიყურები. სად უნდა შეხვდე?

– ათ წუთში ქვემოთ. მომაკითხავს. შენ რას აპირებ?

– ვიფიქრე, ბუნდში გავისეირნებ-მეთქი, – მხრებს იჩეჩს საიმონი, – შეიძლება სადმე კოქტეილიც


მოვწრუპო.

– ჭკვიანად მოიქეცი. ჩავალ, ქვემოთ დავუცდი.

– კარგად გაერთე!

ევა მას გესლიანად გახედავს, ხოლო როცა სარკეში ბოლოჯერ ჩაიხედავს, აღიარებს, რომ ამ
„ლილიან ცჟანის“ კოქტეილის კაბასა და „მერი ცინის“ ქუსლიან ახალ ფეხსაცმელებში
მართლაც მშვენივრად გამოიყურება. სასტუმროს სტილისტმა რაღაც შავი მაგიის გამოყენებით
იმდენიც შეძლო, რომ მისი გაჩეჩილი თმა როგორღაც ფრანგული ხვეულისთვის
დაემსგავსებინა.

– ზედმეტი მაკიაჟი ხომ არ მისვია?


– არა! მორჩა, წადი!

ეს დაპატიჟება ევასთვის ცოტა მოულოდნელი იყო. „ნახევარკუნძულში“ დასმულმა შეკითხვებმა


თითქოს ცინ იანთან მისი ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა. ჯაშუშები, თავიანთი კოლეგების
მიმართაც კი მკაცრად გაწვრთნილები არიან საიმისოდ, რომ ჯაშუშობის ფაქტი აღიარონ. კიდევ
ერთი საათი ცჟან ლეის მკვლელობაზე ილაპარაკეს, ევამ მას კედრინის მკვლელის შესახებ
წინასწარ შედგენილი დოსიე წარუდგინა, შემდეგ კი იანმა შეხვედრა მოულოდნელად
დაასრულა და ის და საიმონი ვესტიბიულში გააცილა.

იქ, არტდეკოს გრაციოზულობის ფონზე საქმიან სამოსში გამოწყობილი მობიზნესმენო


ადამიანები კვლავ დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. ხელის ჩამორთმევის შემდეგ კი, როცა ისინი
უკვე გასასვლელის სვეტთან იდგნენ, უცებ იანმა ევა შეაჩერა.

– მისის პოლასტრი, მინდა შანხაი დაგათვალიერებინოთ. ამ საღამოს დაკავებული ხომ არ


ხართ?

– არა, – უპასუხა გაოცებულმა ევამ.

– შესანიშნავია. რვა საათზე, სასტუმროსთან გამოგივლით.

მადლობის სათქმელად ევამ პირი დააღო, თუმცა კაცი უკვე გაუჩინარებულიყო.

ზუსტად რვაზე მოვიდა. ზის სკუტერზე, აცვია მუქი შავი პიჯაკი და საყელოშეხსნილი თეთრი
პერანგი. საერთოდ აღარ ჰგავს სადაზვერვო სამსახურის იმ ოფიცერს, რომელსაც ევა რამდენიმე
საათის წინ ელაპარაკა.

– მისის პოლასტრი, თქვენ... შთამბეჭდავად გამოიყურებით, – ღიმილით ეუბნება კაცი და ევას


აბრეშუმის ლენტით შეკრულ ახალდაკრეფილი იების პატარა თაიგულს აწვდის.

ევა იხიბლება, თუმცა მაშინვე ახსენდება ნიკო, რომელიც დედამიწის მეორე ბოლოში მოწყენილ
თინეიჯერებს მათემატიკას ასწავლის და მაშინვე სინდისის ქენჯნას გრძნობს. იანს მადლობას
უხდის, იების თაიგულს ხელსახოცში ახვევს და ჩანთაში დებს.
– მზად ხართ? – ეკითხება კაცი და ჩაფხუტს აწვდის.

– მზად ვარ, – ამბობს ევა და სავარძელზე გვერდულად ჯდება – სწორედ ისე, როგორც მისი
დაკვირვებით, შანხაელი ქალები იქცევიან.

მანქანებს შორის მიქრიან, აღმოსავლეთით ნანცინ- როუდზე გადიან და ერწყმიან შანხაის


ყველაზე დატვირთულ, გამონაბოლქვით სავსე რაიონს. იანი მანქანებს შორის მოხერხებულად
მანევრირებს, შემდეგ კი სკუტერს შუქნიშნის წითელ შუქზე ნაჩქარევად აჩერებს.

სანამ ევა ზის, სკუტერი კი მათ ქვეშ ზუზუნებს, უეცრად ტროტუარზე, მისი მიმართულებით
მოსიარულე კარგი აგებულების გამხდარ, ახალგაზრდა ქალს ხედავს, რომელსაც ჯინსის
შარვალი და მარგალიტის ღილებიანი შავი კარდიგანი აცვია, მუქი ქერა თმა კი კეფასთან აქვს
შეკრული. ქალს საკმაოდ მკაცრი, მტაცებლური ნაკვთები აქვს.

ევა რამდენიმე წამით აკვირდება. აქამდეც უნახავს იგი თუ, უბრალოდ, დეჟავუ აქვს? თითქოს
ქალი ამჩნევს მის მზერას. ძალიან ლამაზია, თუმცა ევას აქამდე არავისთან შეუმჩნევია ასეთი
არაადამიანური სიცარიელე თვალებში. როდესაც შუქნიშანზე მწვანე ინთება, სკუტერი იძვრის
და წამით ევას ეჩვენება, რომ ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა.

ხუთი წუთის შემდეგ გზაჯვარედინზე გადიან და უშველებელი, არტდეკოს სტილში ნაგები


შენობის წინ ჩერდებიან, რომლის თავზეც ნეონით განათებული სვეტია აღმართული.
შესასვლელი დერეფნის თავზე აბრა წარწერით „პარამაუნტი“ ბინდში კაშკაშებს.

– გიყვართ ცეკვა?

– მე... დიახ, – პასუხობს ევა, – ნამდვილად მიყვარს.

– „პარამაუნტი“ შანხაის ცნობილი რელიკვიაა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან. მაშინ


საცეკვაოდ ყველა აქ მოდიოდა: განგსტერები, საზოგადოების მაღალი ფენის
წარმომადგენლები, ლამაზი ქალბატონები...

ევა იღიმის.

– ისე საუბრობთ, თითქოს მაგ დღეების დაბრუნებას ნატრობდეთ.


კაცი სკუტერს გასაღებით კეტავს.

– საინტერესო დრო იყო, თუმცა არც დღესაა ნაკლები. წამოდით.

ევა მასთან ერთად შედის მისაღებში, რომლის კედლებზეც სეპიას ფერებში შესრულებული
ფოტოები კიდია, პატარა ლიფტით კი მეოთხე სართულზე ადიან. საცეკვაო დარბაზი მოოქრულ-
მოწითალო შიგთავსიან მუსიკალურ ზარდახშას წააგავს. სცენაზე შუახნის ქალი დგას,
იატაკამდე დაშვებული კაბა აცვია და ხავერდოვანი ხმით Bye Bye Blackbird-ს მღერის. საცეკვაო
მოედანზე რამდენიმე ენერგიული წყვილი ქვიქსტეპს ცეკვავს.

იანს ევა მაგიდასთან მიჰყავს და ორ „კოკა-კოლას“ უკვეთს.

– ჯერ საქმით დავიწყოთ, არა? – ეკითხება.

– დიახ, – ეთანხმება ევა და ტკბილი სასმლის ერთ ყლუპს სვამს. უცნობი წყვილი მათ გვერდით
უსიტყვოდ ჩაივლის.

– ის, რასაც ახლა გეტყვით, აღარასოდეს გამეორდება, კარგი?

ევა თავს აქნევს.

– ეს საუბარი არასოდეს შემდგარა. ჩვენ, უბრალოდ, ცეკვასა და ძველი შანხაის ღამის


ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით.

იანი ევასკენ იხრება და თავს ოდნავ წინ სწევს.

– ჩვენი განსვენებული მეგობარი, რამდენადაც თქვენთვისაც ცნობილია, ქალაქის ძველ უბანში


მოკლეს. ის მაზოხიზმით, კერძოდ კი ქირურგიული ფეტიშიზმით იყო გატაცებული. ეს
ჩვენთვისაც ცნობილი იყო. ამ ადგილს დაახლოებით ექვს კვირაში ერთხელ სტუმრობდა და
პროფესიონალ სექსმუშაკს ფულს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის სიმულაციის
სანაცვლოდ უხდიდა. თავის ამ გატაცებას მკაცრად ასაიდუმლოებდა. მისმა კოლეგებმა ამაზე
არაფერი იცოდნენ.
– თუმცა, როგორც მივხვდი, საკმარისად არ ასაიდუმლოებდა, რადგან ის თქვენი
დეპარტამენტის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია.

– ნამდვილად.

ევა გულში სასიამოვნოდ შენიშნავს ერთ საინტერესო ფაქტს: იანმა, პრაქტიკულად აღიარა, რომ
ცჟან ლეი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა.

– ესე იგი, საქმე გვაქვს ორგანიზაციასთან, რომელსაც შეეძლო გრძელვადიანი სადაზვერვო


ოპერაციის ჩატარება... – ევა წამით ჩუმდება, – ან რომელსაც ხელი მიუწვდება თქვენი
დეპარტამენტის ინფორმაციაზე.

იანი იღუშება.

– მეორე ვარიანტი მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი. განვიხილავთ პირველს.

ევა ოდნავ უკრავს თავს.

– ასეა თუ ისე, ეს არის უდიდესი ძალაუფლების მქონე ორგანიზაცია საკმაოდ გრძელი


ხელებით.

– დიახ. ასევე არ მჯერა, ამასთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ ბრიტანელებს ან ამერიკელებს,


რადგან წარმოქმნილი ეკონომიკური შედეგები უბრალოდ...

– კატასტროფული იქნებოდა? – სიტყვას აშველებს ევა.

– დიახ, ზუსტად ასეა.

– გაქვთ რაიმე ვარაუდი, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან?


– ჯერჯერობით არა, თუმცა არც რუსული კვალის გამორიცხვა იქნება მართებული, მით უმეტეს,
თუ გავითვალისწინებთ თქვენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ვიქტორ კედრინის მკვლელობაზე
პასუხისმგებელიც ეს ორგანიზაცია უნდა იყოს. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი
შევიტყოთ მათ მიერ გამოგზავნილ ქალზე. ვიცით, რომ ის შენობაში უკანა კარიდან შევიდა და
გათიშა სექსმუშაკი, რომლის მეტსახელი ექთანი ვუა. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ თავს ქალი
დაესხა. ამ ქალმა კი ჩვენი საერთო მეგობარი ნახშირჟანგით მოწამლა.

– სიკვდილის გამომწვევ მიზეზში დარწმუნებული ხართ? ხომ შეიძლებოდა შეცდომა თავად


ექთანს დაეშვა? დარწმუნებული ვარ, მას აირებთან მუშაობის პროფესიული გამოცდილება არ
ექნებოდა.

– ერთადერთი გაზი, რომელსაც ის „პაციენტებთან“ იყენებდა, სუფთა ჟანგბადია. ყველა ავზი


შევამოწმეთ და ამაში დავრწმუნდით. ესეც რომ არა, სინამდვილეში ეს სექსმუშაკისთვის
შეთავსებითი სამუშაოა, ძირითადად კი პუდონის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო
დაწესებულებაში სწორედ რომ ექთანად მუშაობს. შესაბამისად, კარგად იცოდა, რასაც
აკეთებდა. თან, ნახშირბადის მონოქსიდის ზემოქმედების კვალიც აშკარაა.

– ალუბლისფერი ტუჩები და კანი?

– ზუსტად. პათოლოგოანატომს ეჭვიც არ შეჰპარვია.

– თუმცა არსად ჩანს CO-ს ავზი, არა?

– არა. მკვლელმა ის თან წაიღო.

– მაგ ვუს რა აფიქრებინებს, რომ თავდამსხმელი ქალი იყო?

– ახსოვს, რომ, როდესაც მან უკნიდან ხელი მოუჭირა, ზურგზე ქალის მკერდის შეხება იგრძნო.
უცნობის ხელიც, რომელიც პირზე მიეფარა, მართალია ძლიერი იყო, მაგრამ კაცისას
ნამდვილად არ ჰგავდა.

– ამაში დარწმუნებულია?
– სრულებით. ასევე გამოჩნდა კაცი დანფენ-როუდზე, რომელსაც შენობის უკანა გასასვლელთან
დახლი უდგას. მან კარგად იცის ამ შენობის დანიშნულება და იმასაც ხვდება, რომ ამ კარიდან
მხოლოდ მამაკაცები გამოდიან. ამიტომ იქიდან გამოსულმა ქალმა მისი ყურადღება მიიპყრო.

– გარეგნობა არ ახსოვს?

– არა. ამბობს, რომ მისთვის ყველა ევროპელი ერთნაირია. ახსოვს მხოლოდ ის, რომ ქალს
თავზე „ნიუ-იორკ იანკისის“ კეპი ეხურა.

– ჩვენი მკვლელი საკმაოდ კარგად ინიღბება. კედრინის მკვლელობის მასალები რამეში


დაგეხმარათ?

– გამოგვადგა და ამის გამო წარმოუდგენლად მადლიერი გახლავართ, მისის პოლასტრი.


სასტუმროს ვიდეოჩანაწერები დანფენ-როუდზე მომუშავე ხალხს ვაჩვენეთ. ზოგიერთი ამბობს,
რომ შესაძლოა იმ დღეს ამ გარეგნობის ქალი მართლაც ნახეს.

– თუმცა დარწმუნებულები არ არიან?

– სამწუხაროდ, არა.

– არ მიკვირს. გამოსახულება მეტად დაბალი ხარისხისაა და სახე საერთოდ არ ჩანს.

– ასეა თუ ისე, მაინც დიდად მადლიერები ვართ. ასევე ვამოწმებთ ვიზებს, საზღვრის კვეთებს
და ვესაუბრებით ყველას – სასტუმროებში, კლუბებში, რესტორნებსა და სხვა ადგილებში, სადაც
შესაძლოა, რომ უცხოელი შესულიყო.

– დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აკეთებთ, რაც შესაძლებელია.

– ნამდვილად, – იღიმის იანი, – ახლა კი... არ ვიცეკვოთ?

„მარტინი-პიტაიათი“ ხელში საიმონი „სტარ-ბარის“ ერთ-ერთი იშვიათი ცარიელი


სავარძლისკენ მიიწევს, რომელსაც, როგორც ჩანს, ზებრას ტყავი აქვს გადაკრული. კლუბში
ხმამაღლა მოლაპარაკეებში ნიკი მინაჯის Boss Ass Bitch გუგუნებს. აქაურობა მალე ივსება.
საიმონს „დიზელის“ ჯინსის შარვალი და ბამბის თხელი პიჯაკი აცვია, რომლის მარჯვენა
ჯიბეშიც „ლოუნლი ფლენეთის“ გზამკვლევი უდევს. სწორედ აქ ამოიკითხა ამ კლუბის შესახებ
(„სავსეჯიბიანი მიგრანტების საყვარელი დაწესებულება“).

რა თქმა უნდა, ამას ევასთან არასოდეს აღიარებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის მისი
ბოსია, ეს კი ცინ იანის ტერიტორია, თუმცა საიმონი აშკარად ნაწყენია იმის გამო, რომ ევამ
გადაკვირთაც კი არ შესთავაზა, იანთან ერთად ქალაქის დასათვალიერებლად წამოდიო.
ბუნებრივია, ევას დაბრუნების შემდეგ, ამის განხილვას არ აპირებს, მაგრამ თავაზიანობის გამო
მაინც რომ შეეთავაზებინა, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. მოსწონს ევა ოდნავ გაუაზრებელი
და ცოტა მფარველობითი გრძნობითაც (თუმცა მოდის მისებრი აღქმა... ღმერთო ჩემო!) და არც
ის აბეზარი ტიპაჟია, რომელიც ქალ ბოსს ვერ შეეგუებოდა, მაგრამ მიუხედავად მისი უდიდესი
ინტელექტუალური შესაძლებლობებისა, პერიოდულად ევა ნამდვილად გამაღიზიანებლად
იქცევა.

საიმონი ხელოვნური ინდიფერენტულობით ზებრის ტყავის სავარძელში ეშვება და კოქტეილს


დიდ ყლუპად მოსვამს. „სტარ-ბარის“ ინტერიერი შანხაის კვალობაზეც კი ზედმეტად
ექსტრავაგანტურია. ზურმუხტისფერ კედლებზე ნახევრად ეროტიკული ნახატები კიდია, აქვეა
შავი მარმარილოს ბუხარი, ჭერზე კი ფორტუნის სტილის უშველებელი ჭაღი კაშკაშებს. საერთო
შეფასება: აბსურდული, განსხვავებული და წარმოუდგენლად ვულგარული.

„მარტინი“ ვულკანისებურად ძლიერია. ის ეხება საიმონის გემოვნების რეცეპტორებს, ჯერ


მოტკბო არომატი იპყრობს, შემდეგ კი „ბერი ბროს #3-ის“ ჯინის გრადუსი შთანთქავს. საიმონი
თვალებს ოდნავ ხუჭავს და მთლიანად მიენდობა კოქტეილის სექსუალურ და მომნუსხველ
ზემოქმედებას. სიამოვნებს „პიტაიას“ სიტკბო და გრეიპფრუტის ოდნავ შესამჩნევი სიმწარე.
„ჩემი კარგიც...“ – ბუტბუტებს და მისი ტვინი სიამოვნებით იჟღინთება. აი, ის, რაც სჭირდებოდა.
ახლა მის ირგვლივ ტივტივებს ყველაფერი – კლუბში მოცეკვავე სტუმრები, მეგობრები,
კოლეგები, საყვარლები... რატომ ხდება ყოველთვის ასე? რატომ ატარებს დროს ყველა სხვა
შესანიშნავად, თავიანთი გადაჭარბებული ხელფასების ხარჯზე, საიმონი კი მათგან
მოშორებით, სრულიად უჩინარი რჩება?

– სულ მარტო ხარ?

თავიდან საიმონი ვერ ხვდება, რომ შეკითხვის ადრესატი თავად არის. შემდეგ თვალებს ახელს
და მის წინ მდგარ შავთმიან სილუეტს ამჩნევს, რომელიც ბასრი პატარა კბილებით უღიმის.

– მგონი ასეა.

– ალბათ აქ ახალი ხარ, თორემ აუცილებლად დაგიმახსოვრებდი.


– მე საიმონი მქვია. აქ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, – აკვირდება თანამოსაუბრის კოხტად
გამოყვანილ მკერდს მოკლე მაისურის ქვეშ, მკვრივ მუცელს, მომდგარ ჯინსის შარვალსა და
ლამაზ ფეხსაცმელებს ფეხზე გრძლად შემოხვეული თასმებით. უდავოა, რომ მასზე ლამაზ
არსებას ცხოვრებაში არ შეხვედრია.

– გამარჯობა, – ეუბნება გოგონა, – მე ჯენი ვარ.

ცინ იანი დიდებული მოცეკვავეა. მოონ ღივერ-ის ვიოლინოს პარტიის მღელვარე ტალღოვანი
ბგერების ფონზე ის გრაციოზულად ცეკვავს ვალსს და იატაკზე ევას სხვადასხვა
მიმართულებით დაატარებს. ცალი ხელით ქალის ხელი მსუბუქად უპყრია, მეორე კი მის
მოშიშვლებულ ზურგზე უდევს. ევა კმაყოფილია, რომ კაბისა და ფეხსაცმელების ყიდვა მაინც
მოახერხა – მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა.

– ეს იყო დიდი უთანასწორობის პერიოდი. ხალხს ძალიან უჭირდა.

– ვიცი, მაგრამ მაგ ეპოქას ასევე ახასიათებდა ელეგანტურობა... გლამური.

– ჩინურ კინოს თუ იცნობთ, მისის პოლასტრი?

– ვშიშობ, რომ არა.

– ძალიან მიყვარს ერთი ფილმი, „ღვთაება“ ჰქვია და 30-იან წლებში შანხაიშია გადაღებული.
მუნჯური და მეტად სევდიანი ფილმია. მასში თამაშობს ერთი ძალიან ლამაზი და ტრაგიკული
მსახიობი ქალი, რუან ლინგუ. სახის მიმიკებითა და მოძრაობებით ემოციებს საოცრად
წარმოაჩენს.

– დიდებულია.

– მან ოცდაოთხი წლის ასაკში, წარუმატებელი სიყვარულის გამო, თავი მოიკლა.

– ღმერთო ჩემო, რა ტრაგედიაა.


– ნამდვილად. დღეს კი, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც სიყვარულის გამო თავს მოიკლავდა.
ფულის კეთებით ზედმეტად არიან დაკავებულნი.

– მგონი რომანტიკოსი ბრძანდებით, მისტერ ცინ.

– ასეთები ცოტანი დავრჩით და სრულიად გასაიდუმლოებულად ვმუშაობთ.

– ჯაშუშებივით? – შენიშნავს ევა.

ამაზე ორივეს ეღიმება. Moon River დასასრულისკენ მიდის, სცენა ნეონის ნათურებით
ყინულისფრად ნათდება და მომღერალი The Girl from Ipanema-ის შესავალს იწყებს.

– ფოქსტროტი, – ამბობს ცინი, – რაც მეტად მიყვარს.

– ვწუხვარ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თქვენს პარტნიორს ორივე ფეხი მარცხენა აქვს.

– მართლა ორივე ფეხი მარცხენა გაქვთ?

– არა, უბრალოდ, ასეთი გამოთქმა არსებობს. ძალიან მოუხერხებელი ვარ.

– ამას თქვენზე ვერასოდეს ვიტყოდი, მისის პოლასტრი.

ნახევარი საათის შემდეგ ისევ სკუტერით მიქრიან შანხაის მრავალფეროვან ნეონის განათებებს
შორის. ევა დროს კარგად ატარებს. აშკარაა, რომ ცინი მრავალმხრივი ინტერესების მქონე
კაცია. უყვარს ჰუნანის სამზარეულო, ძველი ჩინური ფილმები, მუსიკაში კი პოსტ-პანკს
გამოარჩევს. როგორც თავად ამბობს, მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფია განგ ოფ ფოურ, ანუ
ოთხი კაცის ბანდა. გგანმარტავს, როგორ შემეძლო ასეთი სახელწოდების წინაშე გულგრილი
დავრჩენილიყავიო.

იმავდროულად, ევა კარგად ხედავს, რომ ამ მომხიბვლელი გარეგნული სამყაროს მიღმა


იმალება ფოლადივით მტკიცე და მკაცრი ცინ იანი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, რთულ,
მაგრამ პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩერდებიან არაფრით გამორჩეულ დაწესებულებასთან ერთ-ერთ მეორეხარისხოვან ქუჩაზე.
ცინი კარს აღებს თუ არა, მაშინვე ცხიმის სუნი ეცემათ. აქ თითქმის ყველა ერთმანეთს უყვირის,
სამზარეულოდან კი ქვაბებისა და ვოკების ჭახაჭუხი ისმის. უცებ დაწესებულებიდან გამოსული
ერთ-ერთი კლიენტი კარის ჩარჩოში მდგომ ევას უხეშად ეჯახება. ცინი ევას მხარში ხელს
ჰკიდებს და პატარა დახლისკენ მიჰყავს. დაბალი, მოხუცი ქალი ცხიმიანი წინსაფრით, მათ წინ
ჩნდება და წყვილს პლასტმასის ზედაპირიანი მაგიდისკენ მიანიშნებს. შემდეგ ევას
წაწვრილებული თვალებით გახედავს და ცინს მანდარინზე რაღაცას უყვირის.

– ამბობს, რომ უსირცხვილო კაცი ვარ, – ეუბნება ცინი ევას, – რადგან ფიქრობს, რომ ქუჩიდან
წამოგიყვანე.

ევას ეცინება.

– აქაურ მენიუში გასარკვევად თქვენი დახმარება დამჭირდება.

კაცი კედელზე გაკრულ გრძელ ლენტებს ათვალიერებს.

– რას იტყვით ბრინჯის ღვინოში მომზადებულ ხარბაყაყაზე?

საბოლოოდ თანხმდებიან, რომ შეუკვეთონ ცხარე, შამფურზე შემწვარი კრევეტები და ძირათი


შეკაზმული დაბრაწული ნეკნები. ამ ყოველივეს კი ცივ ლუდს აყოლებენ. საბოლოოდ კი, ეს ევას
ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ვახშამი გამოდგება.

– დიდი მადლობა, – ამბობს ის, როცა უკვე მეტის ჭამა აღარ შეუძლია, – ფანტასტიკური იყო.

– ნამდვილად არა უშავდა, – ეთანხმება კაცი, – თან საკმაოდ ინტიმური გარემოა.

ევა მის ნათქვამს კარგად ხვდება. აქაური ხმაურის გათვალისწინებით, პრაქტიკულად,


შეუძლებელია მათ საუბარს ვინმე ისმენდეს.

– თქვენთვის რაღაც მაქვს, – ეუბნება ცინი, მაგიდის ქვეშიდან კონვერტს იღებს და ევას
კალთაზე უდებს.
– მე თქვენ ჩემს კარიერას განდობთ, მისის პოლასტრი. თუ მართალი ხართ და ჩვენ საერთო
მტრის – თქვენ მიერ ნახსენები ორგანიზაციის – წინაშე ვდგავართ, ერთობლივად უნდა
ვიმოქმედოთ. თუმცა მეეჭვება მე პეკინში ვინმემ მომისმინოს. ამიტომ...

– თქვენი კარგად მესმის, – პასუხობს ევა ჩუმი ხმით, – და მადლობას გიხდით. არ


დაგაღალატებთ.

საიმონი დარწმუნებულია. შესაძლოა ეს იყოს ჯენის ხელების, მისი ყვრიმალების


მოყვანილობის ან ტუჩების დამსახურება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. დარწმუნებულია,
რომ გონება დაკარგა.

ჯენი უყვება, რომ ძიძების სააგენტოში მუშაობს და ცხოვრობს ერთსაძინებლიან ბინაში,


ინიანში, თეატრალური ცენტრის გვერდით. საუბრისას ჯენს მისთვის თვალი არ მოუშორებია.
ასე საიმონისთვის არასოდეს არავის შეუხედავს. ეს მსუბუქი და დამატყვევებელი მზერაა,
რომელიც გრძელი, მოთმინებით მოხამხამე ყავისფერი წამწამებიდან გამოსჭვივის.

უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა ერთი გოგონა,


რომელიც უკულელეს ბენდში უკრავდა. მას და საიმონს პერიოდულად ერთად ეძინათ, თუმცა
საიმონი ვერასოდეს ხვდებოდა, რას მოელოდა გოგონა მისგან. საბოლოოდ მათი ურთიერთობა
მეგობრობაში გადაიზარდა და, როგორც აღმოჩნდა, ეს ორივესთვის მისაღები მდგომარეობა
იყო. რაღაც პერიოდი საიმონს საკუთარ ორიენტაციაში ეჭვი ეპარებოდა და მისით
დაინტერესების ნება მისცა ერთ მამაკაც ლექტორს – შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტს,
რომელსაც განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა გრეგორიანული სიმღერებისა და
სპანკინგისკენ, თუმცა წარმატებული არც ეს მცდელობა გამოდგა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ
სექსზე ხელი ჩაექნია და სწავლაზე კონცენტრირებულიყო. უნივერსიტეტი ფრიადებზე
დაამთავრა და აღეძრა რაღაც ამოუცნობის მიღწევის სურვილი, რისიც მაშინ თავადაც არ
ესმოდა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა
მარტოხელა ცხოვრებით უსექსოდ და უმუშევარი. ბოლოს მეგობარმა ხუმრობით MI5-ის
ვაკანსია გაუგზავნა და დაზვერვაში მისვლის პირველი დღიდანვე იქაურობა მის სახლად იქცა.

ჯენის უთხრა, რომ აქ „საქმეზეა“ ჩამოსული და, როგორც ჩანს, ჯენი ამ პასუხმა დააკმაყოფილა.
ის საიმონს ეკითხება მისი სიმპათიებისა და ანტიპათიების, საყვარელი ფილმების,
ვიდეოკლიპებისა და მუსიკალური ჯგუფების, ცნობილი ადამიანების, საყიდლებისა და მოდის
შესახებ. ყველა სხვა ადამიანისგან ეს შაბლონური შეკითხვები საიმონისთვის
გამაღიზიანებელი იქნებოდა, მაგრამ ჯენის სრულიად მონუსხული ებაასება.

ორი ულუფა „მარტინი-პიტაიას“ შემდეგ (ჯენი მხოლოდ „სპრაიტს“ სვამს) საცეკვაოდ გადიან.
კლუბში, ძირითადად, კომერციული პოპი ისმის. ჯენი ყველა სიმღერის ტექსტს ჰყვება. საიმონი
საუკეთესო მოცეკვავე ნამდვილად არ არის, თუმცა საცეკვაო მოედანზე იმდენი ხალხია, რომ,
პრაქტიკულად, მხოლოდ ადგილზე მოძრაობისა და თავის ქნევის შესაძლებლობა ეძლევა.
შემდეგ მუსიკის ტემპი იცვლება, ხდება უფრო მშვიდი და საიმონი ნელი მოძრაობით ჯენის
თეძოებთან ადებს ხელებს. უახლოვდება და გრძნობს მისი თმის სურნელს.
სიმთვრალემორეული საიმონი ჯენისთან ერთად ირხევა, გოგონაც ხელებს იმ პიჯაკის შიგნით
შეყოფს, რომლის მაგიდასთან დატოვებაც, მოპარვის შიშით, საიმონმა არ გარისკა. კაცი
გრძნობს მკერდის სიახლოვეს, გული გამალებით უცემს, თავს ოდნავ დაბლა სწევს და ტუჩებს
საფეთქელთან თმას ახებს. არ ელოდება, რომ გოგონა მალევე უპასუხებს, თუმცა ცდება. ჯენი
თავს ოდნავ აბრუნებს და ტუჩებზე შეხსნილი ტუჩებით ეხება.

კოცნის და საიმონი მისი ენის რბილ შეხებას გრძნობს. მთელი სხეული ისეთი მღელვარებით
ეძაბება, რომ სადაცაა გული წაუვა. შემდეგ ჯენი ტუჩებით მის ლოყაზე გადადის და პატარა
კბილებით ყურის ბიბილოზე ოდნავ ჰკბენს და ეუბნება ჩურჩულით:

– მე ყოველთვის გოგონა არ ვყოფილვარ.

საიმონმა იცის. ამის მტკიცებულება ცოტა ხნის წინ მის თეძოებს შორის იგრძნო.

– არა უშავს, ჯენი, – ამბობს ის, – სრულიად არა უშავს.

„ზღვის ფრინველში“ დაბრუნებული ევა საიმონის ოთახის კარზე აკაკუნებს, თუმცა კარი
დაკეტილი ხვდება. როგორც ჩანს, ჯერ ისევ გარეთ ერთობა. იმედია, კარგ დროს ატარებს, –
ფიქრობს ევა. ის ძალიან კარგი მეგობარი და კოლეგაა, თუმცა კარგი იქნებოდა, ხანდახან მაინც
რომ განიტვირთოს.

თავის ოთახში ევა ცინის მიცემულ კონვერტს იღებს, ხსნის და შიგნით ერთ A4-ის ფორმატის
ფურცელს პოულობს, რომელზეც ორ საერთაშორისო ბანკს შორის განხორციელებული
ფულადი გადარიცხვის სქემაა. ბანკებისა და ანგარიშების მფლობელთა იდენტიფიცირება
მხოლოდ შესაბამისი რიცხვითი კოდებით არის შესაძლებელი. გადარიცხულია 17 მილიონი
გირვანქა.

ევა რამდენიმე წამით ფურცელს აკვირდება და ცდილობს მისი მნიშვნელობის ხარისხი


შეაფასოს.

შემდეგ კონვერტში აბრუნებს და საკვოიაჟში კეტავს. რამდენადაც მისთვის ცნობილია, ცინი


ხვალ პეკინში ბრუნდება. ცხადია, ცჟან ლეის მკვლელობის საქმის გამოძიება გაგრძელდება,
თუმცა შანხაიში მათ ყოფნას აზრი აღარ აქვს. ის და საიმონიც, დროა ლონდონში დაბრუნდნენ
და რიჩარდ ედვარდსი ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ. ასევე დასალაგებელი აქვს
ურთიერთობა ნიკოსთანაც. ოჰ, რა კარგია შინ დაბრუნება. თუმცა ისიც აშკარაა, რომ მის რაღაც
ნაწილს ნამდვილად მოენატრება შანხაი: მისი მდიდრული სიუცხოვე, მრავალფეროვანი
სურნელი და უამრავი ფერი. და კიდევ, ევა იძულებულია აღიაროს, რომ მცირედით ცინ იანიც
მოენატრება.

იმ საღამოს ამბებს, განსაკუთრებით კი ცეკვის ეპიზოდს, ხელახლა იხსენებს ლოგინში. ღია


ფანჯრიდან მსუბუქი ნიავი შემოდის და მდინარე სუჟოუ კრიკის მძაღე სუნი შემოაქვს. ძილი არ
ეკიდება.

საიმონი სიფხიზლესა და სიზმარს შორის ტივტივებს და გრძნობს ისეთ სიმშვიდეს, რომლის


არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ჯენი მისკენ ბრუნდება, ხელებს მის თავს
ზემოთ სწევს და ეუბნება ჩურჩულით:

– დამპირდი, რომ მოგეწონები, რომ მხოლოდ სექსისთვის არ გამომიყენებ: – ბახ-ბახ და კარგად


მეყოლე ჯენი...

– მომეწონები? – უნდა, რომ უთხრას საიმონმა. – მე ხომ მიყვარხარ. შენ ხარ ის ყველაფერი, რაც
კი ოდესმე მდომებია. მივატოვებ ჩემს სამსახურს, ჩემს ქვეყანას, ოღონდ შენთან ერთად
ცხოვრების გაზიარება შემეძლოს.

თუმცა არაფერს ამბობს, მხოლოდ მარცხენა ფერმკრთალ ძუძუზე ნაზად კოცნის. ჯენი მცირე
ხნით აკვირდება, შემდეგ კი წამწამების ფახუნით კერტს თითებით ოდნავ ისრესს და ისევ
ხელახლა იწყებენ.

მცირე ხნის შემდეგ საიმონი იღვიძებს და ნახევრად დახუჭული თვალებით აკვირდება, როგორი
სიფრთხილით მოძრაობს შიშველი ჯენი ოთახში. გრძელი თმა მხრებზე აქვს ჩამოყრილი და
კოხტა თეძოებს ოდნავ არხევს. როდესაც აქ მოიყვანა, საიმონი ამ ბინის უბრალოებით
მოიხიბლა. აქ იდგა იაფფასიანი კამოდი, მაკიაჟის მაგიდა, თოჯინა „ბარბის“ ვარდისფერი
ფარდები, ზეწარი და „ჰელოუ კიტის“ პოსტერი კედელზე. ახლა ჯენი მის ტანსაცმელს ეხება,
თითს აყოლებს ოთახის ერთადერთ სკამზე გადაკიდებულ პიჯაკს. შემდეგ გამხდარი ხელი
სადღაც ქრება და ისევ ჩნდება. ჯენის ხელში საიმონის მობილური უჭირავს. ჯერ რამდენიმე
წამით აკვირდება, შემდეგ ისევ ჯიბეში დებს. საიმონი ამ სცენას ემოციურად აღიქვამს. როგორც
ჩანს, თავად ჯენის ასეთი მდიდრული ნივთის შეძენის ფუფუნება არ აქვს.

შემდეგ ჯენი უსწრაფესად იცვამს ტრუსს, ჯინსის შარვალს, მოკლე მაისურს, სპორტულ
ფეხსაცმელებს და ფეხის წვერებზე ფრთხილად უახლოვდება საიმონს. საიმონი თავს
იმძინარებს. ჯენი უახლოვდება და მისკენ სახით იხრება. საიმონი უკვე მის სუნთქვას გრძნობს,
შემდეგ კი გოგონა აშკარად უკან იხევს და უჩუმრად შორდება. საიმონი თვალებს ახელს და
ხედავს, რომ ჯენი ხელს ისევ მისი პიჯაკის ჯიბეში ყოფს, იქიდან მობილური ამოაქვს და
სწრაფად ტოვებს ოთახს.

შოკირებული საიმონი მცირე ხნით ვერ ინძრევა. შემდეგ ლოგინიდან დგება, როტანგის ჟალუზს
მაღლა სწევს და წამიერად, ლამპიონის განათების ქვეშ ხედავს, რომ ჯენი ქუჩაში
თავქუდმოგლეჯილი გარბის.

მაშინვე იცვამს, ნაჩქარევად ჩადის ვიწრო კიბით და ქუჩაში გარბის. სანამ ლოგინში იყვნენ,
იწვიმა და გარეთ ახლა სველი ასფალტის სუნი დგას. საიმონი გარბის მანამ, სანამ სუნთქვა არ
უძნელდება და ოფლით დასველებული პერანგი მკერდზე არ ეკრობა.

თუმცა აი, ჯენიც – ის სადღაც წინ ჩანს. საიმონი მისკენ გარბის. რა ჯანდაბაა, ამის დედაც?! რა
ჯანდაბა?! როგორ მოხდა, რომ სამყაროს უძველესი აფერის მსხვერპლი გახდა? ევამ ან რიჩარდ
ედვარდსმა მომხდარზე რაიმე მაინც რომ გაიგონ, საიმონს აღარაფერი ეშველება. ერთი საქმეა
არაპროფესიონალიზმი – კლუბის ტრანსგენდერის ანკესზე წამოგება, მეორე კი
შეურაცხყოფები, რომელთა მოსმენაც მოუწევს. კარგი რა, ყვერებიანი ნაშა? წარმოუდგენია, რა
სულელად გამოჩნდება.

არა, შეუძლებელია. აუცილებლად უნდა დაეწიოს და მობილური წაართვას. საიმონი ხალხის


მასაში გარბის. თუმცა... იქნებ... იქნებ ჯენი მართლა ის იყო, ვინც ეგონა და, უბრალოდ, ძვირად
ღირებული ნივთით მოხიბლულმა, იოლი ფულის შოვნის ცდუნებას ვეღარ გაუძლო? ღმერთო,
გთხოვ, – ლოცულობს საიმონი გულში, – ოღონდ ეს იყოს სიმართლე, ოღონდ შემეძლოს მისი
პატიება, – ასე ფიქრობს, რადგან კარგად იცის, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლეში
ვეღარასოდეს გამოცდის იმ ღვთაებრივ ნეტარებას, რომელიც ჯენის ხელებისა და ფეხების
სიახლოვეს განიცადა.

ქუჩები თანდათან ვიწროვდება და ხალხიც ნაკლებადაა, ლამპიონებს კი სუსტი ნათების


ნათურები ცვლის, რომლებიც მშენებარე შენობებს შორის თოკებზე დაუკიდიათ. შიგადაშიგ
ვიღაცები ჯენისა და საიმონს აკვირდებიან. ჯერ კიდევ მუშაობს რამდენიმე სწრაფი კვების
კარავი, აქა-იქ ნაკვერჩხალზე შიშინებს ვოკები, საიმონი კი ნაბიჯს ოდნავ ანელებს, რათა არ
დაეჯახოს მაგიდას, რომელზეც პლასტმასის ჯამში რამდენიმე დაკლაკნილი, ცოცხალი არსება
მოჩანს.

ჯენი დაახლოებით ორმოცი მეტრით წინ არის. ღმერთო, რა სწრაფია. ახლა რაღაც
ახალაშენებული შენობების ტერიტორიაზე არიან, სადაც დეკორატიული აგურის კედლები
ერთმანეთს პატარ-პატარა, გაუნათებელი ქუჩებით უკავშირდება. აქ, პრაქტიკულად, არავინ
არის, ჯენი თუ შემობრუნდება, საიმონს აუცილებლად დაინახავს.
ჩრდილებში იმალება და საათს ამოწმებს. უკვე ღამის ორი საათია. ძალიან უნდა, ერთი სული
აქვს, ჯენის დევნას თავი გაანებოს, მაგრამ არ გამოსდის. სიმართლე უნდა გაიგოს.

ერთ-ერთი შენობის შესასვლელთან ჯენი კარის ზარს ხელს აჭერს. დაახლოებით ოცდაათ წამში
შიგნიდან მკრთალი შუქი გამოანათებს და საიმონი ხვდება, რომ სიტუაცია ყველაზე უარესი
სცენარით განვითარდა. კარიდან გამოსული კაცი ჩინელი არ არის. რუსი ან
აღმოსავლეთევროპელი უნდა იყოს. თავიდან ბოლომდე, ყველა დეტალზე ეტყობა, რომ
სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია. საიმონი შორიდანაც კი ამჩნევს შეუვალ
ძლევამოსილებას, რომელსაც უცნობი ასხივებს. დამენძრა, – ამბობს, როცა ჯენი კაცს აწვდის
მის მობილურს, რომელიც სპეციალურად MI6-ის თანამშრომლებისთვის არის დამზადებული, –
სერიოზულად, ბოლო დონეზე დამენძრა.

თუმცა ახლა ისეა აღელვებული, რომ შიშს საერთოდ ვერ გრძნობს. ამიტომ საიმონი
მაქსიმალურად ცდილობს დაიმახსოვროს კაცის აგებულება და ნაკვთები. შემდეგ, როცა ჯენი
კაცთან ერთად სახლში უჩინარდება, ფრთხილად უახლოვდება შესასვლელს და ეძებს ქუჩის
დასახელებას ან ნომერს. ვერც ერთს ვერ პოულობს, თუმცა მაინც დარწმუნებულია, რომ ამ
ადგილს სხვა დროსაც მოაგნებს.

საიმონი გაიფიქრებს, რომ ევას უთხრას, თითქოს მობილური, უბრალოდ, დაკარგა და


ქურდობასა და ჯენიზე კი სიტყვა არ დასცდეს. თუმცა კარგად იცის, რომ ტყუილის თქმა არ
ეხერხება და ალბათ ევას მაინც სრულ სიმართლეს ეტყვის, შემდეგ კი სამსახურიდან
გათავისუფლების განცხადებას დაწერს, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევა და ევა ალბათ
გაგზავნის ლონდონში, სადაც უეჭველად მოელის საშინლად არასასურველი საუბარი რიჩარდ
ედვარდსთან. მოსალოდნელია ისიც, – რაზე ფიქრიც საიმონს გულს უკუმშავს, – რომ ის
ჯენისთან მიაგზავნონ, რათა მასთან სიახლოვით მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს.

სახლიდან ორმოცდაათ მეტრშია, როცა უეცრად ვიღაც მის სახელს იძახის.

ჩერდება, თავიდან დარწმუნებულია, რომ მოეჩვენა, თუმცა ნესტიან ჰაერში მალე კიდევ
ერთხელ გაისმის ჩუმი და მკაფიო ხმა. – ნუთუ ჯენია? მაგრამ როგორ? ის ხომ ფიქრობს, რომ
საიმონი ახლა ბინაშია და სძინავს?

– საიმონ, აქეთ!
ხმა მისგან მარცხნივ, ჩაბნელებული კუთხიდან მოდის. საიმონი ამ ხმას გულის ფრთხიალით
მიჰყვება და რამდენიმე გაუბედავ ნაბიჯს დგამს. უეცრად ღამის წყვდიადში აქაურობისთვის
შეუფერებელ, ფრანგული სუნამოს არომატს გრძნობს.

– მანდ ვინ არის? – კითხულობს აკანკალებული ხმით.

შემდეგ მხოლოდ წამიერად ამჩნევს ბნელში გამკრთალ სილუეტს და აპრიალებულ ჩუკაბოჩოს,


რომელიც მაღლიდან ეშვება. ნაჯახის ბასრი პირი საიმონის კისერს ისეთი სიძლიერით ხვდება,
რომ თავს კინაღამ ბოლომდე აწყვეტს.

ფეხის თითებზე აწეული ვილანელი გვამს მატადორივით უახლოვდება და თვალები


ეშმაკისეულად უელავს. საიმონის კიდურები ოდნავ ფართხალებს, კისრიდან კი ბუყბუყის ხმა
ისმის და შავი სისხლი ჩქეფს. ვილანელი აკვირდება ამ სცენას და გრძნობს სიამოვნების ისეთ
მომძლავრებას, რომ ლამისაა მუხლებზე დაემხოს. რამდენიმე წამით ადგილზე დგას, შემდეგ
იხრება, საიმონის კისერიდან ჩუკაბოჩოს იღებს, პოლიეთილენის პაკეტში დებს, სისხლით
დათხვრილ ქირურგიულ ხელთათმანებსაც შიგნით ათავსებს და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით
შორდება.

ათ წუთში საცხოვრებელი კორპუსის წინ დატოვებულ „კიმკოს“ სკუტერზე ჯდება, საკეტს ხსნის,
ძრავას ქოქავს და ჩრდილოეთის მიმართულებით მიქრის. ვიწრო ქუჩებით მოძრაობს მანამ,
სანამ მდინარე ნან სუჟოუ ლუს სანაპიროს არ მიადგება. სწორედ ამ მდინარის შავ მორევში
აღმოჩნდება პოლიეთილენის პაკეტი. ლამაზი ღამეა – იისფერი ცა, მუქ ოქროსფერში
ჩაძირული ქალაქი და... ვილანელი ცხადად შეიგრძნობს სიცოცხლეს. ინგლისელი ჯაშუშის
მოკვლამ რაღაც სიცარიელე შეუვსო. მართალია, ცჟან ლეის მოშორებამ პროფესიონალური
სიამოვნება მოჰგვარა, მაგრამ ამ მკვლელობას სათანადო მუხტი მაინც აკლდა. საიმონ
მორტიმერის მკვლელობით კი ძირეულ პრინციპებს დაუბრუნდა. ეს იყო სასტიკი, ხელოვნების
დონეზე შესრულებული მკვლელობა. პრაქტიკაში გამოყენებული ჩუკაბოჩო საკმაოდ წააგავდა
იმ სპეცრაზმის მაჩეტეს, რომლის ხმარებასაც ვილანელს მამა თინეიჯერობისას ასწავლიდა.
ერთი შეხედვით ორივე მოუხერხებელი ჩანს, თუმცა, თუ სათანადოდ გამოიყენებ, ლეტალურ
იარაღად გადაიქცევა.

მისი მოქმედების მთელი სილამაზე ის იყო, რომ ვილანელს სხვა გზა არ ჰქონდა. კონსტანტინმა
ჯენის უბრძანა, დარწმუნებულიყო, რომ უკან არავინ მოჰყვებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი,
ინგლისელისთვის ნარკოტიკი შეეპარებინა. თუმცა პატარა მეძავმა ყველაფერი აურ-დაურია,
ხოლო მას შემდეგ, რაც საიმონ მორტიმერმა კონსტანტინი დაინახა, მისი ცოცხლად დატოვება
უკვე აღარ შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავს სწორედ ასე გაიმართლებს. ეს მკვლელობა,
დიდი ალბათობით, „ტრიადას“ მიეწერება, რომლის წევრებიც ტრადიციულად მკვლელობის
იარაღად ყასბის ნაჯახს იყენებენ. პოლასტრი ცხადად და მკაფიოდ მიხვდება ამ შეტყობინებას,
ხოლო ყველა სხვა დანარჩენისთვის – პოლიციისა და ჟურნალისტებისთვის, საიმონ
მორტიმერი ერთ რიგით ტურისტად ჩაითვლება, რომელიც, უბრალოდ, არასწორ დროს
არასწორ ადგილზე მოხვდა.

ის-ისაა ვილანელი სამხრეთით, ფრანგული კონცესიისკენ უნდა წავიდეს, რომ ახალი აზრი
უჩნდება. რამდენიმე წუთში მისი სკუტერი უკვე სასტუმრო „ზღვის ფრინველის“ მეზობელ
შენობას უახლოვდება. სასტუმროში ბნელა, შესასვლელთან მხოლოდ ნეონის ლურჯი აბრა
ანთია. ვილანელმა იცის, რომელ ნომერშია ევა, კონსტანტინის ხალხი მისი და საიმონის
ჩამოსვლის დღიდან მათ ყველა ნაბიჯს აკონტროლებს.

ვილანელი ჩუმად მიცოცავს სასტუმროს კედელზე და საამისოდ ძველ მილებსა და მეტალის


აივნებს იყენებს. მალევე აღწევს მესამე სართულამდე, ფანჯარაში ფეხს ყოფს და თითქმის
სრულად ჩაბნელებულ ოთახში აღმოჩნდება.

დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ასე, გაუნძრევლად დგას, შემდეგ კი საწოლისკენ


მიდის.

ევას ტანსაცმელი სკამზეა გადაკიდებული. ვილანელი ხელის ზურგს ნაზად ჩამოუსვამს ევას
კოქტეილის შავ კაბას, შემდეგ ხელში იღებს და სახესთან მიაქვს. კაბას ოდნავ დაჰკრავს
სუნამოს, ოფლისა და მანქანის გამონაბოლქვის სუნი.

მწოლიარე ევას ტუჩები ოდნავ შეუხსნია, ერთი მკლავი კი ბალიშზე აქვს გადადებული. აცვია
ხორცისფერი საღამური, უმაკიაჟოდ კი რაღაცნაირად დაუცველი ჩანს. ვილანელი მის გვერდით
იმუხლება, უსმენს მის სუნთქვას და შეიგრძნობს მის სურნელს, აკვირდება ევას ტუჩების ოდნავ
მოძრაობას. შემდეგ ენით თავის ზედა ტუჩს ეხება.

– ჩემი მტერი, – ამბობს რუსულად და ევას თმას ეხება, – მოი ვრაგ.

შემდეგ, თითქმის სასხვათაშორისოდ, ოთახს ჩხრეკს, პოულობს ლოგინთან ჯაჭვით მიბმულ,


დაშიფრულსაკეტიან საკვოიაჟს, თუმცა მას არ ეხება. სამაგიეროდ, მაგიდიდან საკმაოდ ლამაზ,
მოოქრულ სამაჯურს იღებს.

– გმადლობ, – ამბობს ჩურჩულით, ერთხელ კიდევ გახედავს ევას და ფანჯრიდან უჩუმრად


გადადის. ცოტა ხანში შორიდან სასწრაფო დახმარების და პოლიციის მანქანების სირენების ხმა
ესმის, მაგრამ ევას ჯერ ისევ მშვიდად სძინავს.
ხუთი კვირის შემდეგ, დევერის კვლევითი სადგურის თავზე გადაჭიმული რუხი ცა წვიმის
მოახლოებას მოასწავებს. ჰემფშირში, სოფელ ბულინგტონის შემოგარენში, მდებარე ყოფილი
ლოგისტიკური სამსახურის ბარაკები სამოც აკრზეა გაშლილი და ერთი შეხედვით მიტოვებული
წითელი აგურის შენობებისა და აქა-იქ ჩადგმული ჯიხურების ერთობლიობის მეტი არაფერია.
გარს შემორტყმული მავთულბადე, მის თავზე გაყოლებული მავთულხლართები და ფოტოს
გადაღების ამკრძალავი ნიშნები კი აქაურობას დამატებით არასტუმართმოყვარე და მკაცრ
ელფერს მატებს, რაც მას ისედაც არ აკლია.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად სრულიად მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს,


დევერის სადგური დღემდე უაღრესად გასაიდუმლოებული სახელმწიფო მნიშვნელობის
ობიექტია, რომელიც მათ შორის დანაყოფ ე-ს საბაზისო ცენტრადაც გამოიყენება. ეს სწორედ ის
სპეცდანიშნულების დანაყოფია, რომელსაც იმ ოპერაციების განხორციელება ევალება,
რომლებშიც სადაზვერვო სამსახური თითქოსდა ჩარეული არ არის.

სადარაჯო ჯიხურთან რიჩარდ ედვარდსი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას უჩვენებს,


შემდეგ კი თავის ოცდაათი წლის შ-კლასის „მერსედესს“ დაბზარულ ასფალტზე აჩერებს. გარდა
რამდენიმე მცველისა, რომლებიც პერიმეტრს ადგილ-ადგილ აკონტროლებენ, აქაურობა
ყველასგან მიტოვებული ჩანს. რიჩარდი მთავარ ადმინისტრაციულ კორპუსს გვერდით ჩაუვლის
და შედის დაბალ, უფანჯრო შენობაში, ხოლო მის მიწისქვეშა სასროლეთში პოულობს ევას,
რომელიც აქაურობის მთავარი მეიარაღის, კალუმ დენისის, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ
„გლოკ 19-ის“ რევოლვერს აწყობს.

– აბა, როგორ მიდის საქმეები? – კითხულობს რიჩარდი, როცა რევოლვერის ზამბარა, ლულა,
ჩარჩო და მჭიდი თავიანთ ადგილებზე, აწყობილი რევოლვერი კი იარაღის ჭილოფზე
აღმოჩნდება.

ევა სივრცეს მკაცრი მზერით გასცქერის.

– შეიძლება, ერთხელ კიდევ ვცადო?

– რა თქმა უნდა, – პასუხობს კალუმი და რიჩარდს ხმის დამხშობებს აწვდის.

– შენს ნიშანს დაველოდები, – ეუბნება ევა და თავადაც ხმის დამხშობებს იკეთებს.


კალუმი ლეპტოპის კლავიატურაზე რამდენიმე კომბინაციას ასრულებს, შეჰყავს სათანადო
ბრძანებები, აჭერს „ენთერს“ და მთელი სასროლეთი წყვდიადში იძირება. გადის თხუთმეტი
წამი, რა დროსაც ისმის მხოლოდ ვენტილატორებისა და მეტალის ჩხაკუნის ხმა, რაც
საბოლოოდ ევას მიერ „გლოკის“ აწყობით სრულდება. შემდეგ ტირის ბოლოში ნათდება
სამიზნე – ადამიანის მკერდის სილუეტი – და ევა მისკენ ორჯერ გაისვრის, სიბნელეში
ორივეჯერ გაიელვებს. საპირისპირო მხარეებზე ჩნდება კიდევ ოთხი სტრატეგიული სამიზნე,
ევა თითოეულზე თითო ტყვიას ხარჯავს, რის შემდეგაც საბოლოო სამიზნის დრო დგება და მას
ევა მჭიდში დარჩენილ ბოლო ხუთ ტყვიას მოკლე ინტერვალებით ესვრის.

– ნუ... – ამბობს კალუმი ოდნავი ღიმილით და ბინოკლში იხედება, – ამ ტიპს აშკარად ცუდი დღე
გაუთენდა.

ერთი საათის შემდეგ ევა რიჩარდს მანქანამდე აცილებს. წვიმა მის თმას მუქ შეფერილობას
სძენს.

– აუცილებელი არ არის ამ ყველაფრის გაკეთება, – ეუბნება რიჩარდი, – წესით, ახლა ამ


გამოძიებას უნდა ჩამოგაშორო და ოფიციალურ თანამდებობაზე დაგნიშნო.

– ძალიან გვიანია, რიჩარდ. იმ ქალმა საიმონი მოკლა, ახლა კი მას მე უნდა მივაგნო.

– მაგაში დარწმუნებული ვერ იქნები. პოლიციის ანგარიშში წერია, რომ მკვლელობა,


სავარაუდოდ, „ტრიადამ“ ჩაიდინა, ჯენი ჩოუ კი, რომელთანაც საიმონი ერთობოდა,
ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირშია შემჩნეული.

– რიჩარდ, ძალიან გთხოვ, იდიოტად ნუ გამომიყვან. „ტრიადის“ წევრები ტურისტებს არ ჩეხენ.


იმ ბოზმა მოკლა საიმონიც, კედრინიც და სხვებიც. გვამი ვნახე, თავი თითქმის მოწყვეტილი
ჰქონდა.

რიჩარდი „მერსედესის“ კარს აღებს და მცირე ხნით თავდახრილი დგას.

– ერთ რამეს შემპირდი, ევა. თუ იპოვი, მასთან ოდნავ ახლოსაც კი არ მიხვალ.

ევა უემოციოდ არიდებს თვალს.


– რაც შეეხება იარაღს, რომლის ტარების უფლებასაც ასე დაჟინებით მოითხოვ, კარგად
დაიმახსოვრე, რომ, რაც უნდა წარმატებულად ისროდე ვარჯიშის დროს, ეს პირად რისკზე
წასვლის უფლებას მაინც არ გაძლევს.

– რიჩარდ, ბოლო ათი დღის განმავლობაში ჩემი დევერში ყოფნის მიზეზი ის არის, რომ მან
კარგად იცის, ვინც ვარ. საიმონის მკვლელობა იყო გზავნილი ჩემთვის, რომლითაც მითხრა:
შემიძლია მოგწვდე შენც და იმ ხალხსაც, რომლის ბედიც შენთვის სულერთი არ არის და
შემიძლია ეს გავაკეთო ნებისმიერ დროს, ამის დედაც...

ევა მხარქვეშ, კაბურაში დაკიდებულ „გლოკს“ ხელს ურტყამს.

– ვნახე, რისი გაკეთება შეუძლია და ახლა ისღა დამრჩენია, რომ მზად ვიყო.

რიჩარდი თავს აქნევს.

– ამ ამბავში საერთოდ არ უნდა გამერიე. ეს დიდი შეცდომა იყო.

– მაგრამ ფაქტია, რომ უკვე გავერიე და ახლა სხვა აღარაფერი დამრჩენია: უნდა ვიპოვო და
მოვკლა. ამიტომ ძალიან გთხოვ, დამაცადე.

ამბობს და კვლავ სასროლეთისკენ მიბრუნდება და მიდის, რიჩარდი კი მის მოძრაობას


აკვირდება, შემდეგ „მერსედესში“ ჯდება, ძრავას რთავს და საქარე მინის საწმენდებიც ირთვება.
რამდენიმე წამში უკან, ლონდონისკენ, მიდის.

ვილანელს თბილ ლოგინში ეღვიძება. საწოლის შორეულ ნაწილში ენ-ლორე მუცელზე წევს, მის
თმას თაფლისფერი დაჰყვება, გარუჯული მკლავი კი კიმის მკერდზე აქვს გადაკიდებული. ენ-
ლორეს მოშვებული სხეულისგან განსხვავებით კიმს ძილშიც კი ფოცხვერისებური
ელეგანტურობა ამშვენებს. თხელი და კოხტად გამოყვანილი ფორმები აქვს, რომლებშიც მისი
ფრანკოვიეტნამური წარმომავლობის კვალი ჩანს, კანი კი სპილოსძვლისფერი აქვს და
დაკუნთული სხეული დილის მზის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

ვილანელი ლოგინიდან გადმოძვრება, აბაზანაში შედის, შხაპს იღებს და ჯერ კიდევ შიშველი
უჩუმრად გამოდის ფართო სამზარეულოში, სადაც „ედიარის“ ყავის ნაზავ „სურ-ლა-კოტე
დ’აზურს“ „ბიალეტის“ ყავის მადუღარაში ყრის, რთავს კერამიკულ ქურას და სამზარეულოდან
შუშის კარით ტერასაზე გადის. სექტემბერია და პარიზში მომაკვდავი ზაფხულის ბოლო დღეები
დგას. ჰორიზონტს მკრთალი ნისლი მიუყვება, მეზობელი შენობის სახურავზე კი მტრედები
გროვდებიან. ექვსი სართულით ქვემოდან, რიუ-დე-ვოჟირარიდან, მანქანების მოძრაობის
ოდნავი ზუზუნი ამოდის.

ენ-ლორემ ეს ერთოთახიანი ბინა ხუთი თვის წინ, მემკვიდრეობით მიიღო. მის ქმარს, ფინანსთა
სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირს, ჰგონია, რომ ის აქ „საწერად“ და „საფიქრად“
მოდის, თუმცა შესაძლოა ჟილი იმასაც ვარაუდობდეს, რომ ენ-ლორე ბინას უფრო აქტიურ
გამოყენებასაც უძებნის, რადგან თავადაც, ცოტა ხნის წინ საყვარელი გაიჩინა, კონკრეტულად
კი, თავისივე მდივანი, – საკმაოდ ვულგარული და უბრალო ქალი, – რომელთან ერთადაც
საზოგადოებაში ვერ გამოჩნდება, თუმცა რომელიც, ენ-ლორესგან განსხვავებით, შეკითხვებს
არასოდეს სვამს და ჟილს არც არასოდეს აკრიტიკებს.

ვილანელი ტერასაზე დგას და ქალაქს გაჰყურებს მანამ, სანამ ყავის მადუღარის ხმას არ
გაიგონებს. ამასობაში საძინებელში ენ-ლორეც ნელ-ნელა ფხიზლდება და მისი ნამძინარევი
თითები კვლავ კიმის სხეულის ფორმებს დაეძებს. ოცდასამი წლის კიმი პარიზის ოპერის
საბალეტო დასში ცეკვავს და ის ენ-ლორემ და ვილანელმა თორმეტი საათის წინ, ერთ-ერთი
დიზაინერის წვეულებაზე გაიცნეს, სადაც ბევრი დალიეს. კიმის დასაყოლიებლად და აქ
წამოსაყვანად მხოლოდ სამი წუთი დასჭირდათ.

ენ-ლორე ახლა კიმს ზემოდან ექცევა, ხელები ბიჭის დაკუნთულ თეძოებზე აქვს ჩავლებული,
თვალებს კი ნახევრად ახელს. ვილანელი ყავას ტუმბაზე მდგარ ლანგარზე დებს,
შეზლონგიდან ტანსაცმელს იღებს და ფარჩის რბილ ზედაპირზე კატის პოზაში წვება. უყვარს,
როცა უყურებს, როგორ კავდება სექსით მისი მეგობარი, თუმცა ამ დილით ენ-ლორეს კვნესა და
თმის აქეთ-იქით ქნევა აშკარად ხელოვნურია. ეს ერთგვარი წარმოდგენაა, რომელზეც, როგორც
ვილანელი ბიჭის თვალებში ხვდება, კიმი არ წამოეგება.

როგორც კი მის მზერას ამჩნევს, ვილანელი მუხლებს სწევს, ფეხებს შლის და ნელი, რიტმული
მოძრაობით იწყებს ფეხებს შორის თითით ფერებას. ენ-ლორე აშკარად თავისი წარმოდგენის
ექსტაზშია, მაგრამ კიმი ვილანელს ფეხებს შორის გავეშებული უყურებს. ვილანელიც თვალს არ
აშორებს, ცდილობს სიამოვნება გაახანგრძლივოს და კმაყოფილი აკვირდება ბიჭის ორგაზმის
თანმხლებ თრთოლას. რამდენიმე წამში ენ-ლორესაც კვნესა აღმოხდება და ბიჭს მთელი
სხეულით ზემოდან აწვება.
შეზლონგზე მწოლიარე ვილანელი იზმორება და თითს ილოკავს. სექსი მას ყოველთვის
მხოლოდ მომენტალურ ფიზიკურ სიამოვნებას ჰგვრის, უფრო მეტად სხვა ადამიანის თვალებში
ყურება უყვარს, როცა კობრასავით აჰიპნოზებს და სრულ კონტროლს მოიპოვებს მასზე. თუმცა
ხშირად ეს თამაშიც სწყინდება, რადგან ადამიანები მარტივად ნებდებიან.

– ყავა ვის უნდა? – კითხულობს იგი.

ნახევარ საათში კიმი ოპერაში, ბალეტის რეპეტიციაზე მიდის, ვილანელი და ენ-ლორე კი


ტერასაზე სხედან. ენ-ლორეს აბრეშუმის კიმონო აცვია, ვილანელს ჯინსის მომდგარი შარვალი
და „მიუ-მიუს“ სვიტერი, თმა კეფასთან აქვს ახვეული. ფფეხი ორივეს შიშველი აქვს.

– ჟილი ჯერ ისევ გჟიმავს? – კითხულობს ვილანელი.

– პერიოდულად, – პასუხობს ენ-ლორე, კოლოფიდან სიგარეტს იღებს და „დანჰილის“


მოოქრული სანთებლით ცეცხლს უკიდებს, – ალბათ ჰგონია, ასე თუ არ მოიქცევა, რაღაცას
ვიეჭვებ.

ჩუმდებიან. სხედან და შენობის ბოლო სართულის ტერასიდან დილის მზის სხივებში ჩაძირულ
მეექვსე რაიონს გასცქერიან. კარგად იციან, რომ დიდი ფუფუნებაა დილაობით ასე ჯდომა და
უმნიშვნელო თემებზე ჭორაობა მაშინ, როცა ექვსი სართულით ქვევით ხალხი სამსახურებში
გარბის, ტაქსის დაჭერას ცდილობს, ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში იჭედება. ენ-ლორესა
და ვილანელს ფინანსური მოთხოვნილებები სრულებით დაკმაყოფილებული აქვთ და
შესაბამისად, შეუძლიათ ყოველდღიურ რუტინაში აღარ ჩაებან, ნაცვლად კი იარონ ვინტაჟური
სამოსის მაღაზიებში – „მარეში“, ლანჩი მიირთვან „იამ’ჩაში“ ან „ლე კრისტალში“,
ვარცხნილობა კი ტომთან, „კარიტაში“, გაიკეთონ.

ლონდონის თავზე, წვიმის მომასწავებელ ცას ტყვიისფერი დასდებია. გუჯ-სტრიტის


მეტროსადგურთან მდებარე ოფისში ევა პოლასტრი ასლის გადასაღებ აპარატში ახალ
ფურცლებს აწყობს, მაგრამ ცარიელი კონტეინერის აღმნიშვნელი ნათურა ისევ ციმციმებს.

– უხ, შენი, – ბურტყუნებს ევა და ჩართვა-გამორთვის ღილაკს მაგრად ურტყამს თითს.

ეს აპარატი თხუთმეტი წლისაა და ევა იძულებულია ის გამოიყენოს, რადგან სკანერმა უკვე


სული განუტევა. ახლა სკანერი იატაკზე დევს და ელოდება, როდის წამოკრავს ევა ფეხს. უკვე
გაგზავნა მოთხოვნა ახალი ტექნიკის შესაძენად, თუმცა „ვოქსჰოლ-კროსიდან“ ბუნდოვანი
დაპირებების მეტი არაფერი ისმის. თანაც, ოპერაციის დაფინანსების ჩახლართული სქემის
გათვალისწინებით, ევას დიდად რაიმეს იმედი არც აქვს.

დღეს მას ორი ახალი კოლეგა შეუერთდება – ორივე ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც რიჩარდ
ედვარდსმა აღწერა, „საკმაოდ ყოჩაღი ბიჭები“, რაც ნებისმიერ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. ევა
ვარაუდობს, რომ ისინი იქნებიან დისციპლინარულპრობლემებიანი დაბალი რგოლის
თანამშრომლები, რომლებმაც საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის იერარქიული სამყაროს
წესრიგს ფეხი ვერ აუწყვეს. როგორი ისტორიაც უნდა უმაგრებდეთ ზურგს, ეჭვი არ არის, რომ
გუჯ-სტრიტზე მოხვედრა დაწინაურებად ნამდვილად ვერ ჩაეთვლებათ.

ევა თვალს აპარებს გაცრეცილი მეტალის სამუშაო მაგიდისკენ, რომელსაც ადრე მისი
მოადგილე იკავებდა. მისი ნივთები – თერმული ჭიქა, კალმებით სავსე კაილი მინოუგის
გამოსახულებიანი ჭიქა, „დისნეის“ „ფროუზენის“ შუშის სფერო – ისევ ისე მიყრილ-მოყრილი და
ხელუხლებელია, როგორც ძველად. მტვრით დაფარული ამ ნივთების შემყურე ევას საშინელი
დაღლილობა იპყრობს. იყო დრო, როცა მას კონკრეტულად განსაზღვრული მისია ჰქონდა და
მიზნები ცხადად გასაგები იყო. ახლა კი, საიმონის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ,
გაურკვევლობამ ლამის დამბლა დამართოს. ადრე მის დავალებებს კონკრეტული კონტურები
გააჩნდა, ახლა კი მათ ფორმები დაკარგეს და გახდნენ ისეთივე ბუნდოვანი, როგორიც ის ხედია
ამ ოფისის დასვრილი ფანჯრებიდან რომ მოჩანს.

უცებ ევა თავის მოწესრიგებაზე ფიქრობს. ამჯერად ელვაშესაკრავიანი სპორტული ზედა,


სუპერმარკეტში ნაყიდი, საჯდომზე მომდგარი ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი
აცვია. საიმონი გამუდმებით ცდილობდა, მისი ყურადღება ისეთ თემებზე გადაეტანა,
როგორიცაა საყიდლები, მაკიაჟი, ვარცხნილობა, მაგრამ ეს ყოველივე ევასთვის ყოველთვის
ზედმეტად არაბუნებრივი იყო. როდესაც „ტემზ-ჰაუსში“ ანალიტიკურ ჯგუფში მუშაობდა, ერთ-
ერთმა თანამშრომელმა სრულიად გულწრფელი მოტივებით ერთ შუადღეს ძვირად ღირებულ
სპასალონში წაიყვანა. ევამ სიამოვნების მიღება სცადა, თუმცა მოწყენილობისგან კინაღამ
მოკვდა. ეს ყველაფერი საოცრად უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა.

ერთ-ერთი თვისება, რომელიც ევას ნიკოს თვისებათაგან განსაკუთრებულად უყვარს, ყოველივე


ზემოთქმულისადმი ასეთივე გულგრილობაა. მიუხედავად ამისა, ხანდახან ევა ნიკოს გვერდით
თავს ნამდვილ ლამაზმანად წარმოიდგენს. არის მომენტები – ჩაცმის ან საშხაპიდან გამოსვლის
დროს – როცა ამჩნევს ნიკოს ისეთ ალერსიან მზერას, გულის სიღრმემდე რომ სწვდება.

ახლა იმაზე ფიქრობს, თუ სადამდე, რამდენ ხანს გაგრძელდება ნიკოს ასეთი შემოხედვები.
კიდევ რამდენი სისულელე უნდა ჩაიდინოს ევამ საიმისოდ, რომ დადგეს ის დილა, როცა ნიკო
გაიღვიძებს და მიხვდება, რომ უკვე ყელში ამოუვიდა? აშკარაა, რომ ამ წერტილთან უკვე
საკმაოდ ახლოს არიან. ბოლო საღამოებია, ევა არყისა და ტონიკის ნაზავით ხელში ოთახიდან
ოთახში ალკოჰოლიკი მოჩვენებასავით დააბიჯებს, ბოლოს კი ლეპტოპზევე ეძინება და
ესიზმრება დახოცილი კაცები, ხოლო პერიოდულად შუაღამით საშინლად დამფრთხალს,
გულის ბაგაბუგით ეღვიძება.

ლენს პუპი და ბილი პრიმროუზი დილის ათ საათზე მოდიან, იდუმალი მზერით ათვალიერებენ
ევას და ეცნობიან. ლენსი ორმოცს გადაცილებული, გამხდარი და ყარყუმისებური, სახის
გაურკვეველნაკვთებიანი კაცია, ბილის კი, რომელიც კიბეზე ასვლის შემდეგ ქოშინებს, შავად
შეღებილი თმა, ცხიმიანი კანი და მომაკვდავივით ფერმკრთალი იერი აქვს, ერთი შეხედვით კი
თინეიჯერს მოგაგონებთ.

– ესეც ასე, – ბურტყუნებს ლენსი.

ევა თავს უკრავს.

– ვშიშობ, „ვოქსჰოლ-კროსის“ კომფორტისგან საკმაოდ შორს ვართ.

– კარიერის უმეტესი ნაწილი საველე პირობებში მაქვს გატარებული, ამიტომ უავეჯობა დიდად
არ შემაწუხებს.

– ძალიანაც კარგი.

– რაღაც აპარატურა შევუკვეთე, – ამბობს ბილი, რომელიც ჯერაც მძიმედ სუნთქავს, – გარე
პროცესორები, ლოგიკის ანალიზატორები და პროტოკოლის დეკოდერები. მოკლედ,
აუცილებელი რაღაცები.

– წარმატებებს გისურვებ. მოთხოვნა ექვსი კვირაა გაშვებული მაქვს და ჯერ არაფერი მიმიღია.

– შუადღისთვის ყველაფერს მოიტანენ. ცოტა სივრცე დამჭირდება.

– სადმე მოეწყვე, – ევა სათვალეს იხსნის და თვალებს ისრესს, – აბა, რა იცით იმაზე, რისთვისაც
აქ ხართ?

– აზრზე არ ვართ, – პასუხობს ლენსი, – გვითხრეს, რომ საქმის ვითარებას აქ გაგვაცნობდნენ.


ევა ისევ სათვალეს იკეთებს და ორივე კაცის ფოკუსი სწორდება. ბილის გოტივით შავები აცვია,
ლენსის კი უფრო მოსპორტულო იმიჯი აქვს. ევასთვის პირადი შეხვედრისას შექმნილი
შთაბეჭდილება მათი დოსიეებიდან მიღებულისგან ნამდვილად არ განსხვავდება.

ბილი, რომელსაც ჩვიდმეტი წლის ასაკში, ბავშვობიდან თანდაყოლილ ასთმასთან


ასოცირებული ინტერნეტმეტსახელი „$qeeky“ ერქვა, შედიოდა იმ ჰაკერულ დაჯგუფებაში,
რომელიც კორპორაციულ და სახელმწიფო ვებგვერდებზე შეტევებზე იყო პასუხისმგებელი. FBI-
მ და Interpol- მა დაჯგუფებას მალევე მიაგნო, თუმცა ბილის, როგორც არასრულწლოვანს,
სასჯელიც შესაბამისი ერგო: შინიდან გასვლა და ინტერნეტთან წვდომა აეკრძალა, თუმცა
რამდენიმე კვირაში კი ის MI6-ის მონაცემთა დამუშავების განყოფილებამ დაასაქმა.

ლენსი MI6-ის სტაჟიანი კადრია, რომელსაც საზღვარგარეთ არაერთ ოპერაციაში აქვს


მონაწილეობა მიღებული. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, მისი კარიერული განვითარება
რამდენიმე წლის წინ შეჩერდა. ამის მიზეზი ონლაინთამაშებისადმი მიდრეკილებით
გამოწვეული მუდმივი უფულობა იყო. ცოლს გაშორებულია და კროიდონში, ერთოთახიან
ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს.

– ჩვენ ვნადირობთ ერთ პროფესიონალ მკვლელზე, – უყვება მათ ევა, – რომლის არც სახელი
ვიცით, არც წარმომავლობა და არც პოლიტიკური კუთვნილება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ
დაახლოებით ოცდახუთიდან ოცდაათ წლამდე ასაკის ქალია და მოქმედებს ისეთი
ორგანიზაციის დაკვეთით, რომელიც წარმოუდგენლად დიდ რესურსების ფლობს და
გლობალური წვდომა აქვს. ამ ქალის ანგარიშზე მინიმუმ ექვსი გახმაურებული მკვლელობაა.

გარეთ ამინდი იცვლება – წვიმას აპირებს და ევა ქურთუკის ელვას ბოლომდე იკრავს.

– გარდა იმისა, რომ ეს ქალი სერიული მკვლელია და მისი შეჩერება აუცილებელია, მისი
დაჭერის ორი მთავარი მიზეზი არსებობს.

– და რაც ჩვენი სამსახურის მოვალეობებში არ შედის, – ამბობს ლენსი თითქმის თავისთვის.

– საზოგადოდ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიანაც რომ შედის. დარწმუნებული ვარ, ორივეს
გაგიგონიათ ვიქტორ კედრინის სახელი.

ბილი თავს უქნევს.


– რუსი ფაშისტი ფსიქოპათი, რომელიც შარშან ლონდონში მოკლეს, – ამბობს და თეძოს
იფხანს, – მაგ მკვლელობის უკან მოსკოვი არ იდგა?

– ეს-ვე-ერი? მიუხედავად იმისა, რომ ყველას ასე ეგონა, არა. რეალურად, კედრინიც და მისი
მცველებიც ჩვენმა სამიზნემ დახოცა. ეს იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული სასტიკი
მკვლელობები და ის ქალი მარტო მოქმედებდა.

– დარწმუნებული ხართ? – კითხულობს ლენსი.

– აბსოლუტურად. გვაქვს ვიდეოკამერების ჩანაწერიც, სადაც მისი გამოსახულება ჩანს,


პასუხობს ევა და ჩანაწერიდან ამოღებულ გადღაბნილ გამოსახულებას აწვდის, სადაც ჩანს
ზურგით მდგომი ქალი თავზე წამოფარებული კაპიუშონით. აშკარაა, რომ ამ კაპიუშონის მიღმა
ნებისმიერი ვინმე შეიძლება იმალებოდეს.

– მეტი არაფერი? – კითხულობს ლენსი.

ევა თავს უკრავს და კიდევ ერთ ფოტოს აწვდის.

– შესაძლოა ის ფიზიკურად ჰგავდეს ამ ქალს – ლუსი დრეიკს.

ბილი დაბალ ხმაზე უსტვენს.

– მშვენიერ ფორმაში ყოფილა.

– ლუსი დრეიკი მოდელია. ჩვენმა მკვლელმა ის ორეულად გამოიყენა, რათა კედრინის


სასტუმროში რეგისტრაცია გაევლო და მას სალექციო დარბაზში შეხვედროდა. თუმცა
შესაძლოა მსგავსება მხოლოდ ზედაპირული იყოს.

– იმას რატომ გამოვრიცხავთ, რომ მოსკოვის დაქირავებულია? – კითხულობს ბილი. – მკვლელს


ვგულისხმობ და არა მოდელს.
– ნაკლებად სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ ეს-ვე-ერს ამ სფეროში თავადაც ბევრი
პროფესიონალი ჰყავს. თანაც, რატომ უნდა მოეკლათ ლონდონში, როცა შეეძლოთ ეს
ნებისმიერ დროს, თავიანთ საზღვრებში გაეკეთებინათ?

– იქნებ დემონსტრაციისთვის? – მხრებს იჩეჩს ბილი. – იმის საჩვენებლად, რომ ყველგან


შეუძლიათ მისწვდნენ მტერს!

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,


კრემლს ვიქტორის ულტრამემარჯვენე მისწრაფებები საკმაოდ აწყობდა, რადგან მის ფონზე
დღევანდელი რეჟიმი ბევრად ზომიერი ჩანდა. თანაც, დიპლომატიურ დონეზე უკვე საკმაოდ
მკაფიოდ გაგვაგებინეს, რომ ჩვენგან ამ მკვლელობის გამოძიებასა და მკვლელის პოვნას
მოელიან. ეს მოთხოვნა რიჩარდ ედვარდსის გავლით მე, ანუ ჩვენ გადმოგვეცა.

ლენსი ტუჩზე იკბენს.

– ლონდონში კედრინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ვინ იყო?

ევა თვალებში ჩახედავს.

– ოფიციალურად – მე. სწორედ მე ვაკავშირებდი ერთმანეთთან MI5-სა და ადგილობრივ


პოლიციას.

ლენსი ამ პასუხს ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს. წვიმის ფონზე ბილის ასთმური სუნთქვის ხმა
ისმის.

– თქვენ თქვით, რომ ამ ქალის დაჭერის მეორე მიზეზიც არსებობს.

– მან მოკლა საიმონ მორტიმერი, რომლის ადგილზეც თქვენ გამოგგზავნეს. ვიცი, რა წერია
ოფიციალურ ანგარიშში – მის შედგენაში მეც ვმონაწილეობდი, მაგრამ მკვლელი ნამდვილად ის
ქალია. ეს იყო ერთგვარი შეტყობინება... ჩემთვის.

– ჯანდაბა, – ბურტყუნებს ბილი, სამხედრო შარვლის ჯიბიდან ინჰალატორს იღებს და მის


შიგთავსს ორჯერ ღრმად შეისუნთქავს.
– ესე იგი, ყელი გამოსჭრა, – ამბობს ლენსი უსიცოცხლოდ, – და ამ გზით შეტყობინება
გამოგიგზავნათ?

– დიახ. სწორად გაიგეთ. ამიტომ, სანამ ამ გუნდს შემოუერთდებით, კარგად დაფიქრდით.

ლენსი რამდენიმე წამით აკვირდება.

– მოქმედების რაიმე გეგმა გვაქვს?

– არსებობს ერთი ხელმოსაჭიდი. ეს ადამიანია, რომელიც შესაძლოა ჩვენი სამიზნის


დამქირავებელ ორგანიზაციაში მუშაობდეს. შანსი საკმაოდ მცირეა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი
არაფერი გვაქვს. თუ მივყვებით ფულად გადარიცხვებსა და ამ კაცის კვალს, შესაძლოა
მკვლელზეც გავიდეთ.

– „ტემზ-ჰაუსიდან“ A4-ის დაზვერვითი ჯგუფის გამოყენების ვარიანტი არ გვაქვს?

– არანაირი. ეს მკაცრად გასაიდუმლოებული ოპერაციაა და ამ ოთახიდან ერთი სიტყვაც არ


უნდა გავიდეს. გეკრძალებათ ინფორმაციის გატანა ნებისმიერ, მათ შორის პირადი
კონტაქტების დონეზე, განსაკუთრებით კი ტემზის ორივე სანაპიროზე მდებარე სადაზვერვო
შტაბებისთვის. თუ ვინმე თქვენს ოფიციალურ დოკუმენტაციას შეამოწმებს, აღმოაჩენს, რომ
საბაჟო სამსახურის თანამშრომლები ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს მეტად სახიფათო
ოპერაციაა, ყველა დეტალი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ობიექტი, გარდა იმისა, რომ უმაღლეს
დონეზეა გაწვრთნილი, იმავდროულად ეგოიზმით აღსავსე სოციოპათია, რომელიც
ადამიანების მკვლელობით სიამოვნებას იღებს.

– როგორც ვხვდები, ფინანსურად ტრაკში ვართ, – ამბობს ლენსი.

– ნამდვილად. მხოლოდ სტანდარტულ ხელფასს მიიღებთ.

ერთმანეთს უყურებენ, შემდეგ ბილი ნელა აქნევს თავს, ლენსი კი მხრებს იჩეჩს. ევა კაცების
მოსვლის შემდეგ პირველად გრძნობს, რომ მათ რაღაც საერთო მიზანი ამოძრავებთ.

– აბა, – ამბობს ბილი, – რას გვეტყვით ჩვენს ხელმოსაჭიდზე?


სანამ ვილანელი დარბის, გრძნობს, როგორ უდუნდება სხეული ნაცნობ რიტმზე. გუშინ
შუადღით მონპარნასის ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო კლუბში ივარჯიშა და ზურგი და წვივები ჯერაც
დაჭიმული აქვს, თუმცა გარბენის დასასრულს, როცა ტბასა და „ოტიოის“ იპოდრომს წრეს
სრულად ურტყამს, უკვე ყველანაირი დაძაბულობა ეხსნება. შინისკენ მიმავალ გზაზე „კომ-დე-
პუასონში“ შეკვეთილ სუშის იღებს და ფინანსურ გაზეთ „ლეს ეკოს“ ყიდულობს.

ბინაში დაბრუნებული შხაპს იღებს, მუქ ქერა თმას ივარცხნის, იცვამს ჯინსის შარვალს,
მაისურსა და ტყავის ქურთუკს. შემდეგ აივანზე ჯდება, სუშის ხელით ჭამს და „ლეს ეკოს“
ათვალიერებს. როდესაც მის პირში თინუსის ბოლო ლუკმაც უჩინარდება, ყველა ინფორმაცია,
რაც აინტერესებს, უკვე წაკითხული აქვს.

ვილანელი ქალაქს გახედავს და მობილურს ამოწმებს, თუმცა კონსტანტინისგან მოკლე


ტექსტური შეტყობინება არ ჩანს. ახალი სამიზნე არ შერჩეულა. შემდეგ „გრუნდიგის“
მოკლეტალღურ რადიომიმღებს რთავს და უსმენს. როგორც წესი, ოპერაციებს შორის, დღეში
ორჯერ ასე უნდა მოიქცეს და დაელოდოს კოდურ კომბინაციას. ამ კომბინაციის გასაგებად კი
რამდენიმე წამია საჭირო. დღეს შეტყობინება რადიოტალღა 6840 kHz-დან უნდა მიიღოს. ჯერ
ისმის გაურკვეველი ხრიალი, რომელსაც ერთი რუსული ხალხური სიმღერის პირველი
თხუთმეტი ნოტის ხმა მოჰყვება. ერთ დროს ვილანელმაც იცოდა ეს სიმღერა, მაგრამ, კარგა
ხანია, დაავიწყდა. ახლა ქალის ძნელად გასარჩევი ხმა ესმის, შემდეგ კი ციფრები რუსულად.

ეს შეტყობინებაა. კოდი, რომელიც ვილანელს ორი წლის პრაქტიკის განმავლობაში არასოდეს


გაუგია. ციფრების კომბინაცია სამჯერ მეორდება – „დვა, პიატ, დევიტ, სემ, დევიტ...“ – ორი,
ხუთი, ცხრა, შვიდი, ცხრა – მანამ, სანამ ვილანელი მომხდარს გაიაზრებს, განცვიფრება
იპყრობს. რადიოსადგურიდან აშკარად სწორედ მას იხმობენ. ეს მასზე მინიჭებული კოდია.

შეტყობინება ოთხი წუთის განმავლობაში მეორდება, ამას მოჰყვება ექვსბგერიანი სიგნალი,


რომელიც ატყობინებს, რომ მალე ისევ ძირითადი შეტყობინება გადმოეცემა, რის შემდეგაც
ისევ ციფრების კომბინაცია და ხალხური სიმღერის მელოდია გაისმის. ვილანელი
შეტყობინებას მარტივად შიფრავს სეიფში შენახული წიგნაკის მეშვეობით, რომელიც იქ „ზიგ
ზაუერ P226“-თან და მსხვილბანკნოტებიან ათი ათას ევროსთან ერთად ინახება.
შეტყობინებაში წერია:

17 NORTHSTAR

ვილანელი სეიფს კეტავს, თავზე კეპს იხურავს, იკეთებს მზის სათვალეს და ბინიდან გადის. მე-
17 ბაზა ვერტმფრენის მოედანია ილი-ლე-მულინოში. ვილანელი თავისი რუხი „როდსტერით“
წრეზე, რამდენადაც მანქანების მოძრაობა ამის საშუალებას აძლევს, სწრაფად შედის, ხშირ-
ხშირად ცვლის მოძრაობის ზოლებს და თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილზეა.
ავტოსადგომთან დგას ორი მამაკაცი, რომელთაც პრიალა ჟილეტები აცვიათ და საეჭვოდ
ოფიციალურად გამოიყურებიან. ერთ-ერთი მაღლა სწევს დაფას, რომელზეც წერია „ნორს-
სტარი“. ვილანელი მას თავს უკრავს, კაცი ანიშნებს, რომ მანქანიდან გადმოვიდეს, ვილანელი
„აუდიდან“ გადმოდის და კაცს მანქანის გასაღებს აწვდის. მისი პარტნიორი ვილანელს
დაუნიშნავი გზისკენ მიუძღვება და მალე საწყობებს შორის, მართკუთხა ასაფრენ მოედანზე
აღმოჩნდებიან, სადაც „ჰამინგბერდის“ ვერტმფრენი ჩართული ფრთებით იცდის.

ვილანელი მფრინავის გვერდით აცოცდება, სავარძელზე ჯდება და კეპის ზემოდან ხმის


ჩამხშობ და რადიოსიგნალის სპეციალურ ყურსასმენებს იკეთებს. თან არც ჩანთა აქვს, არც
ფული, არც პასპორტი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.

– ყველაფერი რიგზეა? – ეკითხება მფრინავი, რომლის თვალებიც მზის სათვალის მიღმა არ


ჩანს.

ვილანელი ცერა თითს სწევს და „ჰამინგბერდი“ ნელ- ნელა ზევით ადის. აეროდრომს მალევე
ტოვებენ და ახლა მხოლოდ ძრავას გუგუნი ისმის. აღმოსავლეთით მიფრინავენ, ქვემოთ კი
მხოლოდ მცირე ხნითღა მოჩანს სენას გველივით დაკლაკნილი კალაპოტი და მოსიარულე
მანქანების რიგები. ვილანელი ახლაღა იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რატომ გამოიძახეს
არასტანდარტულად, რადიოშეტყობინებით და რატომ არაფერი ისმის კონსტანტინისგან.

უკვე მოსაღამოებულია, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანსი-მონბლანის


აეროდრომზე რომ ეშვებიან. ასფალტის ზედაპირზე ერთადერთი სილუეტი მოჩანს.

ვერტმფრენიდან გადადის და უცნობს უახლოვდება. ამ უკანასკნელის მკაცრი ვარცხნილობა და


ზედმეტად მომდგარი სამოსი ვილანელს აფიქრებინებს, რომ ქალი რუსია, რაშიც მაშინვე
რწმუნდება, როგორც კი დაილაპარაკებს. ქალს ვილანელი ორმოცდაათი მეტრის მოშორებით
მდგარ მტვრიან „პეჟოსთან“ მიჰყავს. ავტომობილს საკმაოდ ოსტატურად მართავს,
აეროდრომის პერიმეტრის ნახევარს სწრაფად და მოხერხებულად შემოუვლის და ანგართან
მუხრუჭების წუილით ჩერდება. ანგარში დგას „ლირჯეტი“, რომელზეც „ნორს-სტარის“
ემბლემაა გამოსახული.

– შედი, – უბრძანებს ქალი ვილანელს და მანქანის კარს ხმაურით კეტავს. ვილანელი


თვითმფრინავის ტრაპზე ადის, ტყავის ღია ლურჯ სავარძელში ჯდება და უსაფრთხოების
ღვედს იკრავს. ამოდის ქალიც, ტრაპს კეცავს, კარი იკეტება და თითქმის მომენტალურად
გაისმის თვითმფრინავის ძრავის ხმა. როდესაც ის ანგარს ტოვებს, ილუმინატორიდან საღამოს
მზის სხივებით დაფარული სივრცე ჩანს, მგზავრები კი რამდენიმე წამში უკვე ჰაერში არიან.
– სად მივდივართ? – კითხულობს ვილანელი და უსაფრთხოების ღვედს იხსნის.

ქალის თვალები ვილანელისას ხვდება. ფართო, მაღალყვრიმალებიანი სახე და მონაცრისფრო


თვალები აქვს. მასში ვილანელს რაღაც ეცნობა.

– აღმოსავლეთით, – პასუხობს ქალი და ფეხებთან დადებულ სამგზავრო ჩანთას ხელს ადებს, –


შენი საბუთები მე მაქვს.

უკრაინული პასპორტი ანჟელიკა პიატაჩენკოსია. აქვეა ტყავის გაცრეცილი საფულე საკრედიტო


ბარათებით, მართვის მოწმობითა და შრომითი წიგნაკით, რომლის მიხედვითაც ახლა
ვილანელი კორპორაცია „ნორს-სტარის“ თანამშრომელია. გარდა ამისა, საფულეში დევს
რამდენიმე დაკუჭული ჩეკი და რუბლის ბანკნოტი.

– ...ტანსაცმელიც და თუ შეიძლება გამოიცვალე.

ხელოვნური ტყავის ქურთუკი, ანგორის თბილი სვიტერი, ნახმარი, მუხლებამდე ჩექმა,


საცვლები, რომლებსაც ეტყობათ, რომ აშკარად ბევრჯერაა გარეცხილი და იაფფასიანი, თუმცა
ახალი კოლჰოტი, რომელიც კიევის უნივერმაღშია ნაყიდი.

ვილანელი ხვდება, რომ განსაკუთრებით აკვირდებიან, ფეხზე დგება, კეპს იხდის და


ტანსაცმლის გამოცვლას იწყებს. როდესაც ბიუსტჰალტერის დრო დგება, უეცრად ქალი
ხმამაღლა ამოიხვნეშებს.

– ჯანდაბა. ესე იგი, მართლა შენ ხარ. ოქსანა ვორონცოვა.

– უკაცრავად?

– დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ...

ვილანელი გაოცებული უყურებს. კონსტანტინი ხომ დაჰპირდა, რომ მისი წარსული საიმედოდ
წაიშალა და ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა?
– რას გულისხმობთ?

– არ გახსოვარ? ლარა ვარ ეკატერინბურგიდან.

ამის დედაც. შეუძლებელია. ეს ის გოგოა, სამხედრო აკადემიიდან. თმა მოკლედ შეუჭრია და


უფრო ასაკოვანს ჰგავს, მაგრამ ნამდვილად ის არის. ვილანელი წარმოუდგენელი ძალისხმევით
ცდილობს, სახეზე არაფერი შეეტყოს.

– ვინ გგონივართ?

– ოქსანა. ანუ ის, ვინც ხარ. განსხვავებულად გამოიყურები, მაგრამ ტუჩზე იარით მაშინვე
გიცანი. მკერდის ხალმა კი ყველა ეჭვი გამიქრო. არ გახსოვარ?

ვილანელი სიტუაციას აფასებს და ხვდება, რომ უარყოფას აზრი არა აქვს.

– ლარა, – ამბობს, – ლარა ფარმანიანცი.

ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ, უნივერსიადაზე შეხვდნენ, სადაც შეჯიბრება იმართებოდა


პისტოლეტიდან სროლაში. ვილანელისთვის თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს ფარმანიანცი,
რომელიც ყაზანის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, ადვილი დასამარცხებელი არ იქნებოდა.
ამიტომ ფინალის წინაღამეს ის მეტოქის ოთახში შეიპარა, უსიტყვოდ გაშიშვლდა და გოგონას
ლოგინში შეუგორდა. კადეტის საპასუხო მოქმედებამ არ დააყოვნა. ოქსანა სწორად მიხვდა, რომ
გოგონას საშინლად სწყუროდა სექსი და მის კოცნასაც დამშეული ცხოველის მსგავსად უპასუხა.
მოგვიანებით, იმავე ღამეს, რამდენიმესაათიანი მხურვალე კუნილინგუსის შემდეგ, მან ოქსანას
ყურში ჩასჩურჩულა, რომ უყვარდა.

სწორედ ამ მომენტში მიხვდა ოქსანა, რომ გამარჯვება უკვე მის ხელში იყო. დილით, უჩუმრად
გაიპარა თავის ოთახში, ხოლო სასადილოში საუზმობისას, ლარას რამდენჯერმე გამჭოლი
მზერით გახედა. ლარამ არაერთხელ სცადა მასთან გამოლაპარაკება, მაგრამ ოქსანამ
ყურადღება ერთხელაც არ მიაქცია. ხოლო როდესაც შეჯიბრება დაიწყო და პისტოლეტები
მოიმარჯვეს, ოქსანამ ნათლად შენიშნა, რომ ლარა განსაკუთრებით ნერვიულობდა.
საბოლოოდ მან მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ოქსანამ კი მტკიცედ და ზუსტად
ისროლა და ოქროს დაეუფლა. იმ დროისთვის, როცა ოქსანა თავის გუნდს შეუერთდა და პერმში
დაბრუნდა, ლარა ფარმანიანცი უკვე სრულებით დავიწყებული ჰყავდა.
ახლა კი, რაღაც ავბედითი დამთხვევის წყალობით ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ალბათ
უცნაური არაფერია იმაში, რომ ლარა კონსტანტინთან მუშაობს, რადგან ის უბადლო
მსროლელია და ალბათ საკმარისად ჭკვიანი და ამბიციურიც საიმისოდ, რომ დრო სამხედრო
კარიერაზე დაეხარჯა.

– გაზეთში წავიკითხე, რომ ვიღაც მაფიოზები დაგიხოცავს, – ეუბნება ლარა, – მერე კი აკადემიის
ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა მითხრა, საკანში თავი ჩამოიხრჩოო. მიხარია, რომ ბოლო ნაწილი
მცდარი აღმოჩნდა.

კარგად ხვდება, რომ წინააღმდეგობას აზრი არა აქვს და ვილანელი მაშინვე ამსუბუქებს
გამოხედვას.

– ვწუხვარ, რომ ეკატერინბურგში არასწორად მოგექეცი.

– გააკეთე ის, რაც შენთვის იმ მომენტში საჭირო იყო. მესმის, რომ შენთვის ეს არაფერს
ნიშნავდა. თუმცა მე ის ღამე არასოდეს დამვიწყებია.

– მართლა?

– მართლა და ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ.

– ფრენა რამდენხნიანია?

– ალბათ კიდევ ორ საათს მოგვიწევს.

– ვინმე ხელს შეგვიშლის?

– მფრინავს ნაბრძანები აქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თავის კაბინაში დარჩეს.

– მაშინ... – ვილანელი ლარას ლოყაზე თითით მსუბუქად ეფერება.


როდესაც „ლირჯეტი“ ეშვება, უკვე ბინდდება. ახლა სამხრეთ უკრაინაში, შერბანკას
მახლობლად მდებარე აეროდრომზე იმყოფებიან. ცივი ქარი უბერავს, აეროდრომზე კი
ბრონირებული BMW იცდის. ცოტა ხნის შემდეგ ლარა ავტომობილს მაღალი სიჩქარით
მიაქროლებს. აეროდრომის შლაგბაუმთან მცველი მათ უბრალოდ ხელს უქნევს და
ტერიტორიიდან მარტივად უშვებს. ლარა ვილანელს ეუბნება, რომ საბოლოო დანიშნულების
ადგილი ოდესაა. ერთი საათის განმავლობაში მოქუფრულ პეიზაჟს მიუყვებიან და საბოლოოდ
შედიან ქალაქში, სადაც შესვლისთანავე ტრანსპორტის აქტიურ მოძრაობაში აღმოჩნდებიან.

ეგებებათ ქალაქის განათებები, ღრუბლებს კი გოგირდისფერი ყვითელი დასტყობია.

– შენზე არაფერს ვიტყვი, – ამბობს ლარა.

ვილანელი თავით ეყრდნობა ბრონირებულ მინას, რომელსაც უკვე წვიმის პირველი წვეთებიც
ხვდება.

– შენთვისვე უმჯობესია, რომ არსად მახსენო. ოქსანა ვორონცოვა მკვდარია.

– სამწუხაროა. ძალიან მომწონდა.

– უნდა დაივიწყო.

ამ მომენტში ვილანელი გადაწყვეტს, რომ ლარას შესახებ კონსტანტინს აუცილებლად უნდა


დაელაპარაკოს. ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება კი, ალბათ 9-მილიმეტრიანი
იქნება.

ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ევამ ლონდონის პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულთა


დეპარტამენტის ერთ-ერთი გამომძიებლის დახმარებით ცინ იანის მიერ მიცემული სქემიდან
რაღაც ხელმოსაჭიდის პოვნა შეძლო. მართალია, ვერ მოხერხდა 17 მილიონი გირვანქა
სტერლინგის გადამრიცხავი პირის იდენტიფიცირება და დაფინანსების წყაროს ამოცნობა,
თუმცა მიაკვლიეს თანხის მიმღებს – დაბალი პროფილის მეწარმეს, ვინმე ტონი კენტს.

კენტის საქმიანობის დეტალურმა გამოძიებამ გამოარკვია ერთი გარემოება, რომელმაც ევას


ყურადღება მიიპყრო: კენტი მეთევზეთა ერთგვარი კერძო გაერთიანების წევრი ყოფილა და ეს
გაერთიანება ჰემპშირში, მდინარე იტჩენის ნახევარი მილის სიგრძის სანაპიროს ფლობდა. მათ
შესახებ ინფორმაციის მოძიება ადვილი არ აღმოჩნდა, თუმცა რიჩარდ ედვარდსმა მაინც
შეძლო ფრთხილად ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ევასთვის გაერთიანების წევრების
სიის მიწოდება. სია გრძელი არ იყო, მასში მხოლოდ ექვსი კაცი შედიოდა: თავად ტონი კენტი,
ჰეჯ-ფონდის ორი მმართველი, ვაჭრობის მიმართულებით მაღალი პროფილის მქონე კომპანიის
პარტნიორი, ერთი უფროსი ექიმი კარდიოთორაკალური მიმართულებით და დენის კრედელი.
ევამ მშვენივრად იცის, თუ ვინ არის დენის კრედელი – ის MI5-ის ერთ-ერთი სტრუქტურული
ერთეულის, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ კონტრდაზვერვაზე პასუხისმგებელი
დანაყოფის, D4-ის ხელმძღვანელია.

ბილი საიმონის ყოფილ სამუშაო მაგიდასთან მობუზული ზის და დენის კრედელის ელფოსტის
გატეხას ცდილობს. ახალი კომპიუტერული ტექნიკა უკვე მოიტანეს და ახლა ისინი ოდნავ
ზუზუნებენ. ლენსი ფანჯრებთან, პლასტმასის სკამზე ზის და ტოტენჰემ-ქორთ-როუდზე
მანქანების მოძრაობას აკვირდება. ოფისის ინტერიერში მისი წვლილი ტანსაცმლის დასადგამი
საკიდით შემოიფარგლება, რომელზეც ახლა ქურთუკები ისე კიდია, რომ საქველმოქმედო
ბაზრობაზე ერთიან ლოტად ნაყიდ საქონელს მოგაგონებთ. გარდა ამისა, ყველა პრინციპის
დარღვევის ფასად, ევამ მას ცოტა ხნის წინ ოფისში მოწევის ნებაც დართო, რადგან ამ
შემთხვევაში თამბაქოს მძაფრმა არომატმა სხვა, უფრო ნაკლებად სასიამოვნო სუნების
ჩახშობა მოახერხა.

– წუხელ კარით ივახშმე, ბილი? – ეკითხება ევა ლეპტოპის ზემოდან.

– დიახ, კრევეტებით... მადრასის სოუსით. როგორ მიხვდით? – ამბობს და სკამზე თეძოებით


ოდნავ სწორდება.

– ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ გამოვიცანი. პაროლის საქმე როგორ მიდის?

– მგონი, თითქმის მოვრჩი, – ბილი კლავიატურაზე თითებს აცეკვებს და ეკრანს თვალს არ


აშორებს, – ოჰ, რა ჩერჩეტი ბიჭი ყოფილხარ.

– შეხვედი? – ეკითხება ლენსი.

– ბოლომდე. დენის კრედელ, ახლა ჩემი პირადი ბოზი ხარ.

– რა გვაქვს? – კითხულობს ევა და აღელვებით გამოწვეულ სიმხურვალეს გრძნობს.

– სერვერის მთელი ინფორმაცია, რაც „ქლაუდზეა“. მისი პირადი კომპიუტერი სრულიად ჩვენს
განკარგულებაშია.
– როგორც ჩანს, დიდად თავის დაცვას არ ცდილობს.

ბილი მხრებს იჩეჩს.

– შესაძლოა ფიქრობს, რომ რადგან პირადი კომპიუტერია, ამის საჭიროება არ არსებობს.

– ან, უბრალოდ, არ სურს ვინმემ იფიქროს, რომ რაიმე აქვს დასამალი, – ამატებს ევა.

კრედელს საერთო ელექტრონული ფოსტა აქვს მეუღლესთან, პენისთან, ერთად, რომელიც


კორპორაციული იურისტია. მათი ელექტრონული წერილები აკურატულად და თემატურად
საქაღალდეებშია დახარისხებული, მაგალითად: „საბანკო ანგარიშები“, „მანქანები“,
„ჯანმრთელობა“, „დაზღვევა“ და „სკოლები“. შემომავალი წერილების საქაღალდეში ასზე
ნაკლები წერილია, რომელთაც ახლა ბილი ევას უგზავნის. პირველადი გადათვალიერებით
საყურადღებო არაფერი ჩანს.

– ეს ყველაფერი ძალიან წააგავს სარეკლამო ბროშურებს, – ამბობს ევა და კრედელების


ფოტოებს ათვალიერებს. მათი უმეტესობა აქტიურ დასვენებას ეთმობა: თხილამურებით
სრიალი მეჟევში, ჩოგბურთის კორტები მალაგაში, ნაოსნობა ალგარვში. თავად კრედელი,
გარუჯული, თავდაჯერებული, ორმოცდაათ წელს მიტანებული კაცია, რომელსაც, აშკარაა,
სპორტულ სამოსში ფოტოების გადაღება უყვარს. მისი მეუღლე საკმაოდ ლამაზია და ქმარზე
რამდენიმე წლით უმცროსი ჩანს. შვილების – დენიელისა და ბელას – თვალებში კი კერძო
პრივილეგირებული სკოლის მოსწავლეებისთვის დამახასიათებელი მზერა ირეკლება.

– დამპლები, – ამბობს ბილი.

– ჯერ მაგათ ლონდონის სახლს შეხედე, – ეუბნება ევა.

ქუჩიდან გადაღებულ ფოტოზე, გზიდან მოშორებით, სიღრმეში, წითელი აგურით ნაშენები


გეორგიანული კერძო სახლი მოჩანს, რომლის სვეტებიან ვერანდასაც გაშლილყვავილებიანი
მაგნოლიები ამშვენებს. პირველ სართულზე, ფანჯარასთან, სიგნალიზაციის ამთვლელი
მოჩანს.

– ეგ სად არის? – კითხულობს ლენსი.


– მასუელ ჰილზე. ექვსი წელია მანდ ცხოვრობენ. სახლი მილიონ სამასი ათასი დაუჯდათ,
თუმცა დღეს მისი ღირებულება მინიმუმ ორი მილიონია.

– კრედელი ალბათ თავს იკატუნებს, თითქოს ამ ყველაფერს სადაზვერვო სამსახურის ხელფასი


ჰყოფნის, არა?

– არა. მთავარი შემომტანი მისი ცოლია.

– ასეც რომ იყოს, ჩვიდმეტი მსუყე ერთეულის გადარიცხვის გამართლება მაინც გაუჭირდებათ.

ევა მხრებს იჩეჩს.

– არა მგონია, ეგ დასჭირდეს. თუნდაც დავუშვათ, რომ ტონი კენტი იმ ორგანიზაციის ფინანსური
შუამავალია, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ, ვფიქრობ, ეს თანხა საგადასახადო ორგანოებმა
საიმედოდ დაფარეს.

– აბა, რა ვიცით, რომ ამ საქმეში კრედელია გარეული?

– დაზუსტებით არც არაფერი. უბრალოდ, რადგან ცინ იანმა კენტზე გამიყვანა, მან ზუსტად
იცოდა, რომ საბოლოოდ კრედელს მივაკვლევდი. მე მას კონკრეტული შეკითხვა დავუსვი:
ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებში რომელიმე პირის მიერ
საეჭვო წარმომავლობის საკმაოდ დიდი თანხის მიღებაზე. ეს კი იანის პასუხია. ვფიქრობ, ამის
მეტს ვერაფერს მოგვაწვდიდა.

– ანუ, – ამბობს ლენსი, – კრედელის სახლი უნდა გადავქექოთ?

ევა სათვალის მინებს აპრიალებს.

– კარგი იქნებოდა, მაგრამ ალბათ კარგად არის დაცული. ის ხომ MI5-ის ერთ-ერთი მაღალი
თანამდებობის პირია. თან, თუ დაგვიჭერენ, დიდ ნეხვში აღმოვჩნდებით.
– რამდენადაც ვხვდები, ჩხრეკის ორდერზე არ უნდა ვიოცნებოთ?

– არა, ამის მოპოვების შანსი იმ შემთხვევაშიც კი არ გვექნებოდა, ჩხრეკისთვის რაიმე მყარი


საფუძველი რომ გვქონდეს, რისგანაც ჩვენ ძალიან შორს ვართ.

– ისე, – ამბობს ლენსი და ეკრანს უახლოვდება, – პირველი სართულის ფანჯარასთან,


სიგნალიზაციის ფარი ბუტაფორიაა და მეტი არაფერი. ამიტომ მგონია, რომ სახლი შიგნითაც
ნაკლებად დაცული უნდა იყოს. ალბათ სტანდარტული ინფრაწითელი ამომცნობი, ნაბიჯების
სენსორები და მისთანები აქვთ...

– ფიქრობ, შესაძლებელია? – კითხულობს ევა.

კაცი სახელდახელოდ შეხვეულ ნახევრამდე ჩაყვანილ სიგარეტს ცეცხლს უკიდებს.

– ყველაფერი შესაძლებელია, თუ საჭირო მომენტს შეარჩევ. ბილი, მისი დღიური არ გვაქვს?

– ცოლის მაქვს. თვითონ, როგორც ჩანს, არ აწარმოებს.

– გარანტირებული ორსაათიანი შუალედი მჭირდება. რა ვარიანტი გვაქვს?

– მაგალითად, ეს, – ამბობს ბილი, – სადილი „ეი-ენდ-ელ მაზეპაში“, საღამოს რვა საათზე.

ევა იღუშება.

– ეს ხომ დღეს არის?

– დღესაც შემიძლია, – მხრებს იჩეჩს ლენსი, – პრობლემა არ არის, ჯიჯი ჰადიდთან პაემანს
გავაუქმებ.

– ძალიან ცოტა დროა, სათანადო დაზვერვას ვერ მოვასწრებთ. სხვა დღეებში რა ხდება?
– დენისზე ვერაფერს გეტყვი, – ამბობს ბილი, – მაგრამ პენის მთელი კვირა თავისუფალი აქვს.

– ამის დედაც, – ევა ტელეფონში „მაზეპას“ შესახებ ინფორმაციას ეძებს. ეს დოვერ-სტრიტზე


მდებარე „მიშლენის“ რესტორანია. შემდეგ ლენსს დაეჭვებით აკვირდება.

– შემიძლია მათ სახლთან საღამოს მივიდე, – სთავაზობს ლენსი, – მანქანით შორიახლოს


ვიდგე და, როგორც კი დავინახავ, სახლიდან გადიან, შიგნით შევიდე.

ევა თავს უქნევს. გეგმა იდეალური არ არის და არც ისიც, რამდენად კომპეტენტურია ლენსი
სახლის გატეხაში, თუმცა რიჩარდი მასთან რიგით თანამშრომელს ნამდვილად არ
გამოგზავნიდა. მას შედეგები სჭირდება.

– კარგი, – ამბობს ევა.

ლარა ვილანელს ოდესის ფრინველების ბაზრის ტერიტორიაზე, მოლდოვანკას უბანში


მდებარე ერთ-ერთ კაფეში ტოვებს. უცნაური ადგილია, მოყვითალო განათებებით, კედელზე
გაცრეცილი ტურისტული პოსტერებითა და დაფით, რომელზეც ცარცით დღის კერძის
დასახელება წაუწერიათ. დაკავებულია მაგიდების დაახლოებით ნახევარი, რომელთანაც,
ძირითადად, ერთნაირი შესახედაობის მამაკაცები სხედან. ერთ-ორ მაგიდასთან ქალებიც
არიან – შესაძლოა მეძავები, რომლებიც წუხანდელი ნაშრომის შემდეგ ძალებს „სოლიანკას“
წვნიანითა და პელმენებით აღიდგენენ. პერიოდულად ვილანელს კაცები გამოხედავენ, თუმცა
მისი მტრული მზერის შემჩნევისთანავე თვალს არიდებენ.

კაფეს ერთ-ერთ კუპეში უკვე ოცი წუთია იცდის, ჩაის სვამს და რუსულენოვან გაზეთ „სევოდნიას“
კითხულობს. პერიოდულად წვიმის წყლით დასველებული ფანჯრების მიღმა სუსტად
განათებულ ქუჩას გახედავს. შია, მაგრამ, რადგან შეიძლება მალევე მოუხდეს წასვლა, არაფერს
უკვეთს.

მის პირისპირ, კუპეში გამხდარი სილუეტი შემოდის. ეს სწორედ ის კაცია, რომელსაც გასულ
ზამთარს, ჰაიდ-პარკში შეხვდა და რომელმაც ძალიან შეაშინა.

და აი, ისევ ის. ლოყებზე ახალამოსული წვერი ემჩნევა, ტანზე მომდგარი ტვიდის ქურთუკი კი
ახლა ტყავის პიჯაკით ჩაუნაცვლებია, თუმცა თვალებში ისევ ნაცნობი სიცივე იკითხება.
როდესაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, კაცი ინგლისურად ლაპარაკობდა, ახლა კი შუა ასაკს
გადაცილებულ მიმტანს გამართული რუსულით, თან ოდნავი მოსკოვური აქცენტით უხმობს.

– გშიათ? – ეკითხება და წვიმით დასველებულ თმაზე ხელს ისვამს.

ვილანელი მხრებს იჩეჩს.

– ბორჩში და პიროჟკი ორისთვის, – უკვეთს და სკამის საზურგეს ეყუდება.

– აბა? – სრულიად უემოციო სახით ეკითხება ვილანელი.

– აბა, კიდევ ერთხელ შევხვდით, – ამბობს და სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსი ემჩნევა, –
ბოდიში, რომ ლონდონში არ გაგეცანით. შესაფერისი დრო არ იყო.

– ახლა შესაფერისია?

კაცი შემფასებლურად აკვირდება.

– მოვიხიბლეთ კედრინის მკვლელობის თქვენეული ოსტატობით. ახლა კი ისეთ სიტუაციაში


ვართ, რომ თქვენი დახმარება გვჭირდება.

– გასაგებია.

– არ არის გასაგები, თუმცა მალე იქნება. მე მქვია ანტონი და იმ კაცის კოლეგა ვარ, რომელსაც
კონსტანტინის სახელით იცნობთ.

– განაგრძეთ.
– კონსტანტინი გაიტაცეს. ის მძევლად ჰყავს ერთ-ერთ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც
ოდესაში მოქმედებს.

ვილანელი კაცს აკვირდება.

– ...და დიახ, ამაში დარწმუნებულები ვართ. დაჯგუფების სახელია ზოლოტი ბრატსტვო, ანუ
ოქროს საძმო. მათ ხელმძღვანელობს ვინმე რინატ ევტუხი. ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინი
კარგად დაცულ სახლში, სოფელ ფონტანკაში ჰყავთ. სოფელი აქედან ნახევარი საათის
სავალზეა, სახლი კი თავად ევტუხს ეკუთვნის. სავარაუდოდ, გამოსასყიდს მოითხოვენ.

ვილანელს კვლავ უემოციო გამომეტყველება აქვს, თუმცა შინაგანად განგაშს გრძნობს. ხომ
შეიძლება, ეს მახე იყოს, სურდეთ მისი პანიკაში ჩაგდება, რათა შემდგომ მან საკუთარი თავი
გაამჟღავნოს?

– უნდა მენდოთ, – ეუბნება კაცი, – მტერი რომ ვიყო, უკვე მკვდარი იქნებოდით.

ისევ არაფერს ამბობს. თუნდაც ეს კაცი სრულ სიმართლეს ლაპარაკობდეს და კონსტანტინი


მართლა გატაცებული იყოს, სიტუაცია მაინც სავალალოა. თუკი მათ შეძლეს და მისწვდნენ
კონსტანტინს, რომელიც გველის სიფრთხილით მოქმედებდა, აუცილებლად მასაც მიაგნებენ.

– მომიყევით, – ამბობს ბოლოს.

– კეთილი. დარწმუნებულები ვართ, რომ გამტაცებლებმა არაფერი იციან კონსტანტინის


ჩვენთან კავშირის ან, საზოგადოდ, ჩვენს არსებობაზე. მათი შეფასებით, კონსტანტინი,
უბრალოდ, სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენია, რომლის კომპანიაც, როგორც ხდება ხოლმე,
გამოსასყიდს გადაიხდის. პრობლემა არის ის, რომ რაღაც პერიოდი ევტუხის ორგანიზაცია
რუსული სადაზვერვო სამსახურის ეს-ვე-ერის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. იქ კი, ისევე როგორც
MI6-ში, ჩვენზე უკვე რაღაც ეჭვები გაუჩნდათ. წარმოდგენა არა აქვთ, ვინ ვართ, მაგრამ უკვე
იციან, რომ ვარსებობთ. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა: სწორედ ეს-ვე-ერის დავალებით ხომ არ
იმოქმედა დაჯგუფებამ, რომელმაც კონსტანტინი გაიტაცა, რათა მას ჩვენზე ინფორმაცია
გამოსძალოს? ჯერჯერობით დარწმუნებით ვერაფერს ვამბობთ, ბუნებრივია, რუსებთანაც
გვყავს ჩვენი ხალხი, მაგრამ დეტალების გასარკვევად დრო იქნება საჭირო. დრო კი ახლა ჩვენ
ყველაზე ნაკლებად გვაქვს.

კაცი წამით ჩუმდება. მაგიდაზე ბორშჩით სავსე კერამიკის ჯამი, ღრმა თეფშები და კოვზები
ჩნდება, რასაც დაკეპილი ხორცით გამოვსებული მომცრო ფუნთუშები – პიროჟკები – მოჰყვება.
როგორც კი მიმტანი მაგიდას ტოვებს, ანტონი თეფშების წვნიანით შევსებას იწყებს და
შემთხვევით ვილანელს იაფფასიან სვიტერზე მუქი წითელი სითხე ეწვეთება.

– კონსტანტინი მტკიცე კაცია, – განაგრძობს ანტონი, – მაგრამ, ეს-ვე-ერის დაკითხვების შემდეგ


შესაძლოა ისიც გატყდეს.

ვილანელი თავს უკრავს და სვიტერზე ხელსახოცს ანგარიშმიუცემლად იდებს.

– რას მთავაზობთ?

– უნდა გამოვიხსნათ.

– გამოვიხსნა-თ?

– დიახ. საუკეთესო პროფესიონალების გუნდი შევკარი.

ვილანელი თვალებში უყურებს.

– მე სხვასთან ერთად არასოდეს ვმუშაობ.

– ამიერიდან ეს შეიცვლება.

– მაგას თავად ვწყვეტ.

კაცი ვილანელისკენ იხრება.

– მომისმინე, ახლა პრიმადონას როლის თამაშის დრო არ გაქვს. გააკეთებ იმას, რასაც
დაგავალებენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ამ ამბიდან გამოძრომას.

ვილანელი უსიტყვოდ და უემოციოდ აკვირდება.


– მძევლების გამოხსნის ოპერაციაში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია.

– უბრალოდ, მომისმინე, კარგი? შენ კონკრეტული როლი გექნება.

ვილანელი უსმენს და ნელ-ნელა ხვდება, რომ არჩევანი არა აქვს. ყველაფერი, რაც და ვინც
არის, ახლა თმის ერთ ღერზე კიდია და მისი ბედი სრულებით ამ მისიის წარმატებით
დასრულებაზეა დამოკიდებული.

– მხოლოდ ერთი პირობით დაგთანხმდებით. ნებისმიერ შემთხვევაში ამოუცნობი უნდა დავრჩე.


გუნდის არც ერთმა წევრმა არ უნდა დაინახოს ჩემი სახე, ან შეიტყოს რაიმე ჩემ შესახებ.

– ნუ ღელავ, დანარჩენებსაც ზუსტად ეგ მოთხოვნები აქვთ. სახეს ნიღაბი დაგიფარავთ,


მხოლოდ ოპერაციისთვის აუცილებელი მინიმალური კომუნიკაცია გექნებათ, მისიის
დასრულების შემდეგ კი, ყველანი ცალ-ცალკე იქ დაბრუნდებით, საიდანაც წამოხვედით.

ვილანელი თავს უქნევს. უამრავი რამ არის ამ კაცში ისეთი, რაც მისდამი უნდობლობას
აგრძნობინებს, თუმცა ამჟამად ხვდება, რომ ამ გეგმაში სიყალბე არ ურევია.

– როდის ვიწყებთ?

ანტონი კაფეს პერიმეტრს აკვირდება, სავსე კოვზით წვნიანს მიირთმევს, ფანჯრების


ზედაპირებზე კი წვიმის წვეთების კაკუნი ისმის.

– ამაღამ.

ნიკო ხმას არ უწევს, მაგრამ ევა კარგად ხვდება, რომ ნაწყენია. ამ საღამოს, ვახშმად, მათთან
სტუმრად მოდის ნიკოს ორი კოლეგა სკოლიდან. უკვე ნაყიდია ჩილეური ღვინო „პინო-ნუარი“
და პატარა, მაგრამ ძვირად ღირებული ბატკნის ბეჭი, რომელიც ნივრით შეზავებული, ღუმელში
შესადებადაა გამზადებული. საღამოს ქვეტექსტი გულისხმობდა იმას, რომ ევა ლამაზად
გამოეწყობოდა, იპკურებდა ნიკოს ნაჩუქარ „სენ-ლორენის“ სუნამოს, გაიკეთებდა ყველაზე
ლამაზ საყურეებს, სტუმრების წასვლის შემდეგ კი, ოდნავ შეზარხოშებულები სიყვარულს
მიეცემოდნენ და ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დაბრუნდებოდა.
– ვერ ვიჯერებ... რომ, რაც უნდა ხდებოდეს, ეს მაინცდამაინც დღევანდელ საღამოს ემთხვევა, –
ამბობს ნიკო, – ღმერთო ჩემო, ევა, სერიოზულად? რამდენიმე კვირაა იცი, რომ ზბიგი და
კლაუდი უნდა მოვიდნენ.

– ვწუხვარ, – ამბობს ევა და კარგად იცის, რომ ბილის მისი თითოეული სიტყვა ესმის, – ამაღამ
უბრალოდ არ გამოვა და ამის შესახებ ვერც ტელეფონზე გეტყვი რაიმეს. სტუმრებს ჩემგან
ბოდიში უნდა მოუხადო.

– და რა ვუთხრა? რომ გვიანობამდე სამსახურში გიწევს დარჩენა? მეგონა, ეს ყველაფერი მაშინ


დამთავრდა, როცა შენ...

– ნიკო, ძალიან გთხოვ. რაც გინდა, ის უთხარი. ხომ ხვდები, რა მდგომარეობაშიც ვარ?

– არა, სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, ევა. ნამდვილად ვერ ვხვდები. თუ არ შეგიმჩნევია,
მინდა გითხრა, რომ მეც მაქვს ცხოვრება და მხოლოდ ახლა, მხოლოდ ამ ერთხელ გთხოვ, რომ
რამე მოიფიქრო, თავი გაითავისუფლო და საღამოს სახლში იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში...

– ნიკო, მე...

– არა, კარგად მომისმინე. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ძალიან სერიოზულად მოგვიწევს იმაზე
დაფიქრება, თუ საერთოდ...

– ნიკო, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა და აქ დარჩენა მიბრძანეს.

სიჩუმე. ისმის მხოლოდ ნიკოს მძიმე სუნთქვა.

– ბოდიში, უნდა წავიდე.

როდესაც ტელეფონს თიშავს, ევა ბილის მზერას ამჩნევს, რომელიც მაშინვე გვერდზე იხედება.
ოდნავ გაბრუებული მომენტალურად სირცხვილს გრძნობს. ნიკოსთვის სიმართლის
გამხელისგან თავი აქამდეც აურიდებია, მაგრამ ამჯერად უკვე პირწმინდად ტყუილი იყო.

და თან რისთვის? ბილი და ლენსი ამ ოპერაციას მარტონიც თავისუფლად გაართმევდნენ თავს.


თან, ალბათ ასეც ურჩევნიათ. თუმცა ევაში ისევ იმ მარადიულმა მტაცებლურმა სურვილმა
გაიღვიძა, რომელიც ხროვასთან ერთად ყოფნას ანდომებს. მაგრამ ღირს კი ეს ყოველივე
საკუთარი ცხოვრების ბურუსში გახვევად და კარგი კაცის სიყვარულის გამოცდად? მართლა აქვს
რაიმე ხელმოსაჭიდი დენის კრედელთან, თუ, უბრალოდ, წარმოსახვით კავშირებს ეპოტინება,
რათა თავი დააჯეროს, თითქოს როგორღაც წინ მიიწევს?

თუ კრედელთან ვერაფერს მიაგნებენ, აუცილებლად აიღებს პაუზას და ნიკოსთან სიტუაციას


დაალაგებს, თუ საამისოდ უკვე ზედმეტად გვიანი არ იქნება. „ტემზ-ჰაუსის“ ყველა სტაჟიანი
თანამშრომელი მუდმივად უმეორებდა ერთსა და იმავეს: ამ კედლებს მიღმა საკუთარი
ცხოვრება უნდა გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტოსული მოკვდები. თუ არ გინდა, რომ
ასე მოხდეს, გაარღვიე სადაზვერვო სამსახურის უძილობით მოცული ბინდი, რომელიც
არაფერს გპირდება იმ ცრუ ჰორიზონტების მიღმა, რომლებსაც ვერასოდეს მიუახლოვდები.

ფიქრობს ნიკოზე, იმაზე, თუ როგორ შლის ის სუფრას მარტო, როგორ აწყობს ღვინის ჭიქებს,
შემდეგ ბატკანს ფრთხილად დგამს ღუმელში და... ევას ტირილი უნდება. ერთი სული აქვს,
ტელეფონს ხელი დაავლოს, დაურეკოს და უთხრას, რომ სიტუაცია შეიცვალა და უკვე
სახლისკენ გარბის, თუმცა მიუხედავად დაუცხრომელი სურვილისა, ამას არ აკეთებს.

– ბილი, მეგობარი გოგონა გყავს?

– როგორც ასეთი, არა. ერთ გოგოსთან მაქვს ჩეთი „სულების ზღვაში“.

– რის ზღვაში?

– ინტერნეტთამაშია.

– და რა ჰქვია?

– მისი პერსონაჟის სახელია ლედი-ეშვი.

– ოდესმე შეხვედრიხარ?

– არააა... ერთხელ თითქოს პაემანზე დავფიქრდი, მაგრამ არ ღირს. ალბათ ვინმე მოხუცი ბებო
იქნება, ან სულაც პატარა ბიჭი.
– რა სევდიანია, არა?

ოპერატიული ჯგუფი ფონტანკას ჩრდილო-დასავლეთით, ორი მილის მანძილზე, ერთ


მიტოვებულ სოფლის სახლში განთავსდა. შემტევი ჯგუფი მართკუთხა ფარდულშია, სადაც
ჟანგიანი „ზაპოროჟეცი“ აყენია და სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტები აწყვია. დროებითი
განათებების ქვეშ ორი გასაშლელი მაგიდა დგას, მათზე კი არქიტექტურული ნახაზები და
ლეპტოპები ალაგია. მიწის ზედაპირზე მოჩანს მეტალის ყუთები იარაღით, ტყვიებითა და
აღჭურვილობით. ადგილობრივი დროით ღამის ათი საათია. სოფლის სახლის მიღმა,
ჩაბნელებული ცის ფონზე, ვილანელი „ლითელ-ბერდის“ სამხედრო ვერტმფრენს ხედავს.

ანტონის გარდა ჯგუფში სულ ხუთნი არიან. აქედან ოთხი შემტევი – მათ შორის, ვილანელი – და
ერთი სნაიპერი. ყველას „ნომექსის“ შავი კომბინეზონი, ჯავშანჟილეტი და მჭიდროდ
მოჭერილი ბალაკლავა ნიღბები უკეთია. ვილანელს წარმოდგენა არა აქვს, ვინ საიდან არის,
თუმცა ანტონი საბოლოო ინსტრუქტაჟს ინგლისურ ენაზე ატარებს. როგორც გაირკვა,
კონსტანტინი ექვსი აკრის მოშორებით მდებარე შენობაში ჰყავთ. ფოტოებზე ჩანს
სამსართულიანი სვეტებიანი სახლი, რომელსაც ირგვლივ მოაჯირი მიუყვება და წითელი
კრამიტის სახურავი ახურავს. პერიმეტრს გარს მავთულბადის ღობე აკრავს და შესასვლელში
ელექტრონული ჭიშკარია დამონტაჟებული. ვილანელის აზრით, ეს ყველაფერი მდიდრულად
გაფორმებულ საქორწილო ტორტს წააგავს.

შემტევები ბრძოლისთვის უნდა იყვნენ მზად. დაზვერვითმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სახლის
შესასვლელს ექვსკაციანი დაცვა ჰყავს, რომელთაგან სამიც მუდმივად გარე პერიმეტრზე
პატრულირებს. ევტუხის რეპუტაციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით მცველები
ყოფილი მებრძოლები იქნებიან და მათგან სერიოზული წინააღმდეგობის გაწევაა
მოსალოდნელი.

ანტონის გეგმა მარტივია: ელვისებური შეტევა, რომელიც უნდა იყოს იმდენად ინტენსიური,
რომ გამტაცებლებმა კოორდინირებული პასუხის გაცემა ვერ შეძლონ. სანამ შემტევი ჯგუფი
სახლს გაწმენდს, სნაიპერი სამიზნეში ამოღებულ ყველა ობიექტს გაანეიტრალებს.

ვილანელი ნიღბიან სილუეტებს თვალს ავლებს. კომბინეზონებსა და ჯავშანჟილეტებში


ყველანი ერთნაირად მოღუშულები ჩანან, თუმცა სნაიპერს აშკარად ქალის სხეული აქვს.
ერთმანეთთან კონტაქტი მხოლოდ კოდური სახელების გამოყენებით ექნებათ. შემტევებს
ჰქვიათ: „ალფა“, „ბრავო“, „ჩარლი“ და „დელტა“, სნაიპერს კი „ექო“.

ტაქტიკური გეგმის მიმოხილვის შემდეგ, შემტევები იარაღის ყუთებს უახლოვდებიან.


ვილანელი ცოტა ფიქრის შემდეგ თავისთვის „კრის-ვექტორის“ ავტომატურ იარაღს, „გლოკ 21“-
ის რევოლვერს, 45-კალიბრიანი აჩპ-ის ვაზნებით სავსე რამდენიმე მჭიდსა და „გერბერის“
საბრძოლო დანას იღებს. ერთ-ერთ მაგიდაზე ასევე პოულობს ბოჭკოვან ენდოსკოპსა და
სიბნელეში ხედვის მოწყობილობას. შემდეგ იღებს ჩაფხუტსა და ჩანთას. ჩანთას მისი სახელი –
„ჩარლი“ – აწერია, ენდოსკოპს წვივის ჯიბეში იდებს და გარეთ, სიბნელეში გადის. აქ
სიბნელეში ხედვის სათვალეს ამოწმებს. ააქა-იქ მოჩანს წამიერი გაელვებები, დანარჩენი
შემტევებიც თავიანთი იარაღების ფარნებსა და ლაზერულ შორსმხედველებს ამოწმებენ.

ვილანელი ბალისტიკურ ჩაფხუტს იხდის და დანარჩენებს აკვირდება. „დელტა“ მაღალი ბიჭია


და, ხელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებშიც ახლა მძიმე ავტომატი უპყრია,
შავკანიანი უნდა იყოს. „ბრავო“ საშუალო სიმაღლისაა და რაიმე გამორჩეული ნიშან-თვისება
არ ახასიათებს. „ალფა“ უფრო ჩასკვნილი და დაკუნთულია. ორივეს მოკლელულიანი „ჰეკლერ-
კოხები“ და მჭიდის რამდენიმე ასხმა უჭირავს. აშკარაა, რომ ჯგუფის ეს სამი წევრი კაცია და
ვილანელი იმასაც ხვდება, რომ ახლა ისინი მას ათვალიერებენ. იქვე, რამდენიმე ნაბიჯში
„ლობაევის“ შაშხანითა და სიბნელეში ხედვის ენდოსკოპით შეიარაღებული სნაიპერი დგას და
ქარის ვექტორებს ამოწმებს.

სახლში დაბრუნებულები რადიოკავშირს ამოწმებენ. მათი ხმა ვილანელს არაფერს ეუბნება,


ყველა ინგლისურად საუბრობს, თუმცა გამოიკვეთება აქცენტები: „ალფა“
აღმოსავლეთევროპელი უნდა იყოს, „ბრავო“ აშკარად ამერიკის სამხრეთული შტატიდანაა,
„დელტას“ მშობლიური ენა არაბულია, „ექო“ კი რუსი ქალია. და ამ უსახო სილუეტებს უნდა
ვანდო ჩემი სიცოცხლე? – ფიქრობს ვილანელი. – მაგარ შარში ვარ.

ანტონი მაგიდაზე არქიტექტურულ ნახაზებსა და რუკებს შლის და დანარჩენებს ანიშნებს,


მომიახლოვდითო.

– კარგი, ბოლოჯერ გავიაროთ. კარგი იქნებოდა სახლზე ხვალ დილისთვის დაგვერტყა, მაგრამ
მძევლის სიცოცხლეს ამდენი ხნით რისკის ქვეშ ვერ ჩავაყენებთ. კარგად მომისმინეთ.

სანამ კაცი ლაპარაკობს, ვილანელი აკვირდება „ექოს“, რომელიც გვერდით უდგას. მათი
თვალები ერთმანეთს ხვდება და ამ დროს ის ლარა ფარმანიანცს ამოიცნობს.

ვილანელი ისევ ხელახლა გრძნობს ნაცნობ ღელვას. ერთია ლარა, რომელიც შიშველი და
მორჩილი მის ქვეშ წევს, მეორე კი ლარა, რომელსაც ხელში მაღალი სიზუსტის შაშხანა უჭირავს.
ნეტავ ის აქ მართლა მცველების მოსაშორებლად არის, თუ ანტონის მზაკვრული ჩანაფიქრის
ნაწილია?

რამდენიმე წამით ქალები ერთმანეთს უემოციო მზერით აფასებენ.


– კარგი იარაღია, – ეუბნება ვილანელი.

– ასეთი სამუშაოსთვის ჩემი ფავორიტია „ჩეი-ტაკ 408-ის“ ტყვიებით, – ამბობს ლარა და ჩამკეტს
უხმოდ აღებს. – ახლა სროლის დროს ყურადღებას აღარაფერი გამიფანტავს.

– დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. წარმატებულ ნადირობას გისურვებ.

ლარა თავს უკრავს, რამდენიმე წამში კი ყველგანმავალში ჯდება, რომელიც მას სნაიპერის
პოზიციამდე მიიყვანს.

მცირე ხნის შემდეგ ვილანელი ჩაფხუტზე რადიომიმღებს ამაგრებს, ასწორებს მიკროფონს და


ღვედებს მჭიდროდ იკრავს. ანტონი მალე იღებს „ექოს“ სიგნალს, რომელიც უკვე ადგილზეა და
შემტევებიც ჩაბნელებული სახლის ეზოში მდგარი „ლითელ-ბერდისკენ“ მიდიან. პილოტი მათ
ჩამქრალ კაბინაში უცდით. ჯგუფის წევრები რიგრიგობით ადიან პლატფორმაზე და
გვერდიგვერდ სხდებიან. ვილანელს მკერდზე „კრის-ვექტორი“ აქვს მიკრული, მის გვერდით კი
კალთაზე დადებული რევოლვერით „დელტა“ ზის. ისინი მზერას ცვლიან და ერთმანეთს თავს
უკრავენ.

ისმის „ლითელ-ბერდის“ ძრავის მოგუდული ზუზუნი, რასაც ტურბინის თვლის ტრიალის ხმაც
მოჰყვება. ვერტმფრენი ჰაერში იწევა, „დელტა“ ხელთათმნიან ხელს მუშტად კრავს და
ვილანელს მუშტზე ურტყამს. რაც უნდა იყოს, ახლა ისინი ერთ გუნდში არიან და ვილანელიც
ყველანაირად ცდილობს, თავისი ეჭვები ქვეცნობიერის ღრმა ხვეულებში გადამალოს და
მხოლოდ ამ ოპერაციაზე იფიქროს. „ლითელ-ბერდი“ მიწას უკვე საკმაო მანძილზე შორდება და
ბნელ ცაში უჩინარდება.

ვილას ვერტმფრენი ზემოდან უახლოვდება, შემდეგ დაბლა ეშვება და სწრაფად უხვევს.


რამდენიმე წამით ღობის თავზე ჩერდება და მერე გაზონისკენ, მთავარი შესასვლელიდან
აღმოსავლეთით, ეშვება. შემტევები ნაჩქარევად იხსნიან ღვედებს და მიწაზე ხტებიან. სანამ
იარაღმომარჯვებულები პოზიციებს იკავებენ, ვერტმფრენი უკვე ცისკენ იწევა და წყვდიადში
უჩინარდება.

სწრაფად გარბიან, რათა სახლის ჩრდილს ამოეფარნონ, ამასობაში კი პერიმეტრს


პროჟექტორის თეთრი შუქი ანათებს. გასასვლელისკენ ორი შავი სილუეტი მორბის, თუმცა
მალე ორივე ხრეშის ზედაპირზე ეცემა. ერთი, რომელსაც სნაიპერის ნასროლმა კინაღამ თავი
წააცალა, უკვე უსულოდ გდია, მეორე კი ქინძისთავით დამაგრებული მწერივით ფართხალებს.
– კარგი გასროლა იყო, – ბუტბუტებს „ბრავო“ და მისი ხმის სამხრეთული ნოტები ვილანელის
ყურსასმენებში მკვეთრად გაისმის. „ბრავო“ გაზონსა და შენობის შესასვლელში
დამონტაჟებული დიოდური პროჟექტორების ჩაქრობას იწყებს. „ალფა“ შენობის უკანა
კუთხისკენ გარბის და იმავეს აკეთებს. ვილანელი ყველაფერს აკვირდება და იცდის. ჩაფხუტის
ხმის ჩამხშობი სისტემის წყალობით თანაგუნდელების ნასროლი თითქოს ძალიან შორი
მანძილიდან ისმის.

განათება მხოლოდ შორეულ კედელთანაა დარჩენილი, პერიმეტრის დასავლეთით კი ნელ-


ნელა ყველაფრის გარჩევაა შესაძლებელი. ვილანელი სახლის კუთხეს უახლოვდება, თავს
ოდნავ სწევს და წამიერად სახესთან გასროლილი ტყვიის ჰაერის შეხებას გრძნობს, თუმცა
ყურსასმენებში მორიგი გასროლის მოგუდული ხმა ესმის. სნაიპერი კიდევ ერთ სამიზნეს
მისწვდა. ამას უკვე ლარას მშვიდი ხმა უდასტურებს:

– ლაპარაკობს „ექო“: პერიმეტრი სუფთაა, შეგიძლიათ შეხვიდეთ. ვიმეორებ: პერიმეტრი


სუფთაა, შეგიძლიათ შეხვიდეთ!

ახლა კი იწყება დროისა და მოქმედების ნამდვილი სიმფონია. „ალფა“ ცენტრალურ კართან


მიირბენს, ამონტაჟებს ასაფეთქებელ დეტონატორს, ისევ დანარჩენებთან ბრუნდება და
რამდენიმე წამში გრუხუნი ისმის. თუმცა ეს მხოლოდ ცრუ მანევრია – შემტევი ჯგუფი შიგნით
პატარა გვერდითი კარიდან შედის, სადაც „დელტამ“ საკეტი უკვე რევოლვერით გატეხა. მალე
მთელი ჯგუფი სამზარეულოშია.

სახლის გაწმენდაში არის რაღაც თავისებური ქორეოგრაფია. ჯგუფის წევრები ოთახიდან


ოთახში მოძრაობენ, თითოეულს თავისი კვადრატი აქვს გამოყოფილი. წმენდენ, ასუფთავებენ
და წინ მიიწევენ. ვილანელმა კარგად იცის ეს ცეკვა, მისი თითოეული ნაბიჯის რეპეტიციებს
ფორტ ბრეგში, „დელტას“ სამწვრთნელო ბაზაზე გადიოდა. იქაური ინსტრუქტორები მას
სილვიე დაზას სახელით იცნობდნენ, რომელიც თითქოსდა საფრანგეთის ეროვნული
ჟანდარმერიის სტაჟიორი იყო. მის საბოლოო შეფასებაში აღინიშნა, რომ გოგონა ყველაფერს
ძალიან სწრაფად ითვისებდა, იარაღს კი გამორჩეული ოსტატობით იყენებდა, თუმცა საშინლად
ასოციალური იყო და მისი გუნდთან ერთად მუშაობა არ შეიძლებოდა. ეს მტრული
დამოკიდებულება გეგმის ნაწილი იყო, რადგან როგორც კონსტანტინმა ასწავლა, კაცები
მარტივად ივიწყებენ ქალებს, რომლებიც მათით არ იხიბლებიან. სილვიე დაზა ფორტ ბრეგში
დღეს ნამდვილად არავის ახსოვს.

ახლა მსუბუქი ავეჯით მოწყობილ დერეფანში არიან, სადაც კედელზე გაკრულ პოსტერზე მაიკლ
ჯექსონი შიმპანზეს ეფერება. სადღაც სახლის სიღრმიდან, კიბეზე ნაჩქარევი ნაბიჯის ხმა ისმის
და ვილანელის პირისპირ ავტომატმომარჯვებული მცველი აღმოჩნდება. „კრის ვექტორიდან“
ზედიზედ სამი გასროლა საკმარისია საიმისოდ, რომ კაცი მუხლებზე დაემხოს. თავიდან კიდევ
ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას, თუმცა შემდეგ მთელი სხეულით ძირს ეცემა.
ვილანელი უახლოვდება, თავის ქალაში კიდევ ორ ტყვიას ახლის – ხალიჩის სქელი ზედაპირი
სისხლის ლაქებით ისვრება. ამასობაში „ბრავო“ სახლის მთავარი ნაწილის მიმართულებით
ხმისა და ხედვის დამხშობ ხელყუმბარას ისვრის.

ვილანელის ყურსასმენებში გაბმული წუილი აღწევს. ამასობაში „ალფა“ და „ბრავო“ მის წინ
გარბიან და ერთ-ერთი მცველის გვამს ახტებიან. მათ ვილანელი და „დელტაც“ მიჰყვებიან.
წუილი ჯერ ისევ ისმის. ახლა დგანან ფართო მისაღებთან, რომელიც ხელყუმბარის კვამლით
არის სავსე. თავდაპირველად ისე ჩანს, თითქოს აქაურობა ცარიელია, თუმცა რამდენიმე წამში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღების ნათება ერთმანეთის მიყოლებით გაიელვებს და
შემტევებიც მაშინვე სამალავის ძებნას იწყებენ.

ვილანელი და „დელტა“ უშველებელი, ფირუზისფრად შეღებილი ხბოს ტყავგადაკრული


„ჩესტერფილდის“ სავარძლის უკან არიან დაკუზულები. მათ უკან სახლის მთავარი
შემოსასვლელი კარია, რომელიც ახლა ღიაა და ანჯამებზე ქანაობს, კარს იქით კი მხოლოდ
ღამის წყვდიადი ჩანს. მათგან მარცხნივ, მარმარილოს პიედესტალზე ადამიანის ზომის
ბალერინის ქანდაკება დგას, რომელსაც ტრუსის გარდა არაფერი აცვია. სავარძლის ზედაპირს
მიჯრით ხვდება უამრავი ტყვია და ტყავის ქსოვილი ნაფლეთებად იქცევა. აქ თუ დავრჩით,
სიკვდილი არ აგვცდება, – ფიქრობს ვილანელი და ხვდება, რომ ძალიან, ძალიან არ სურს ამ
დანაშაულებრივად მახინჯ გარემოში სიკვდილი.

„დელტა“ ვილანელს მოოქრულჩარჩოიან სარკეზე მიანიშნებს, რომელშიც დერეფნის შორეული


კედელი აირეკლება. იქ კი, მოზრდილი, ორნამენტებიან სამუშაო მაგიდას ამოფარებული
ფიგურა ჩანს. ზუსტად ერთდროულად ვილანელი და „დელტა“ სავარძლის სხვადასხვა მხარეს
დგებიან და სანამ ვილანელი აზღვევს, „დელტა“ სამუშაო მაგიდის მიმართულებით
რამდენჯერმე გაისვრის. აქეთიქით ცვივა ხის ნაფლეთები, მოწინააღმდეგის სხეული კი იატაკზე
მძიმედ ეშვება. ესეც მეოთხე. საპირისპირო კუთხეში მოძრაობა შეიმჩნევა, თეთრი ტყავის
სავარძლის თავზე შაშხანის ლულა ჩნდება. „ბრავო“ სავარძლისკენ მიჯრით გაისვრის და
შპალერი სისხლის შხეფებით იღებება. მეხუთე.

ვილანელი კვლავ სავარძლის უკან იმალება, მჭიდს ცვლის და კიბისკენ გარბის. ვარაუდობს,
რომ ბოლო გამტაცებელი ზედა სართულზე უნდა იცდიდეს.

კიბეზე ადის და თან პირველ სართულს თვალს არ აშორებს. უცებ, უახლოესი კარის ჩარჩოში
ადამიანის სილუეტი ჩნდება და ვილანელი მომენტალურად გაისვრის, თუმცა სწორედ ამ
მომენტში თავი უკან ისეთი სიჩქარით უვარდება, რომ წამიერად დარწმუნებულია, ტყვია
მოახვედრეს. ძირს ეცემა, წელში იხრება და ყურებში ზუზუნს გრძნობს, შემდეგ კი ვიღაც მხარში
ხელს ჰკიდებს. ვილანელს თვალები უჭრელდება.
– კარგად ხარ? – კითხულობს ნაცნობი ხმა.

ვილანელი თავს უკრავს და ლარას აქ ყოფნით გამოწვეულ გაოცებას გრძნობს. შემდეგ ხელს
ჩაფხუტისკენ სწევს. როგორც ჩანს, ტყვია დამცავ ზედაპირს მოხვდა. ერთი სანტიმეტრით
ქვევით და თავის ქალას გაუხვრეტდა.

– ორივემ ერთდროულად ისროლეთ, – ეუბნება ლარა, – საბედნიეროდ, მან ოდნავ ზევით.

მეექვსე მცველი კარის ჩარჩოში, ზურგზე წევს. იკლაკნება და ისეთი ხრიალით სუნთქავს, რომ
აშკარაა, ტყვია ფილტვში აქვს მოხვედრილი. ვილანელი დაზღვევაზე რჩება, ლარა კი კაცს
მარჯვენა ხელში მომარჯვებული ავტომატით უახლოვდება.

– სად არის მძევალი? – ეკითხება რუსულად.

მცველი ზევითკენ იხედება.

– შემდეგ სართულზე?

რაღაც თავის დაკვრის მსგავსი.

– ვინმე იცავს?

კაცს მზერა უშეშდება და თვალებს ხუჭავს.

– არავინ?

პასუხად გაურკვეველი ლუღლუღი ისმის. შემდეგ ლარა იხრება, თუმცა მის სმენას მკერდიდან
ამოსული ქშუტუნის მეტი არაფერი სწვდება. ამიტომ ფეხზე დგება და კაცს რევოლვერიდან
თვალებს შორის ესვრის.

– აქ რას აკეთებ?
– იმას, რასაც შენ.

– ეს გეგმაში არ შედიოდა.

– გეგმა შეიცვალა. მე ახლა შენი დუბლიორი ვარ.

ვილანელი წამით ყოყმანობს, თუმცა ეჭვებს თავიდან იშორებს და ლარასთან ერთად


რამდენიმე საფეხურით ზევით ადის. მალე კარის წინ დგანან. ვილანელი ბოჭკოვან ენდოსკოპს
იღებს, კარის ქვეშ, ხალიჩის ზედაპირზე ერთმილიმეტრიან სადენს აცურებს და ენდოსკოპში
ცარიელ ოთახში მყოფ ერთადერთ ფიგურას, სკამზე მიბმულ ადამიანს, ამჩნევს.

ჩუმი მოძრაობით კარის გაღებას ცდილობს, თუმცა ჩაკეტილია. შემდეგ „კრის-ვექტორიდან“


გაისვრის, კარს ფეხს მაგრად მიარტყამს და ლარასთან ერთად შიგნით შედის.

ერთად უახლოვდებიან სკამზე მიბმულ კაცს, რომელსაც თავზე სისხლშემხმარი შავი ტომარა
აქვს ჩამოფარებული. მის ქვეშ კი სახედაბეჟილი კონსტანტინია, რომელსაც პირში ნაჭერი აქვს
ჩაჩრილი და გატეხილი ცხვირით გაჭირვებით სუნთქავს.

სანამ ლარა კონსტანტინს თავიდან ტომარას აცლის, ვილანელი საბრძოლო დანას იღებს და
პლასტერით შეკრულ ხელებს უთავისუფლებს. კონსტანტინი სკამიდან გვერდზე ვარდება,
მხარზე ეცემა, თითებს ამოძრავებს და ხარბად სუნთქავს.

– ვიცი, რასაც ფიქრობ, – ეუბნება ლარა ვილანელს, – თვლი, რომ, სანამ მე ცოცხალი ვარ,
უსაფრთხოდ არასოდეს იქნები, რადგან ვიცი, ვინც ხარ. სწორედ ამიტომ ახლა ჩემს მოკვლაზე
ფიქრობ.

– თან საუკეთესო მომენტია, – ეთანხმება ვილანელი.

– თუმცა იმასაც ხომ ხვდები, რომ მეც იმავე სიტუაციაში ვარ. არც მე ვიქნები უსაფრთხოდ მანამ,
სანამ შენ იცოცხლებ.

– ამაშიც გეთანხმები.
– ოქსანა? ლარა? – ამბობს კონსტანტინი, რომელსაც ტუჩებზე სისხლი აქვს შემხმარი. – თქვენ
ხართ, არა?

ორივე ქალი მისკენ ბრუნდება, ნიღაბს არც ერთი არ იხსნის.

– მათთვის არაფერი მითქვამს. ეს ხომ იცით?

– ვიცი, – ეუბნება ვილანელი. ლარას გახედავს, შენიშნავს მისი სხეულის მაცდურ სიმშვიდეს და
თითს ავტომატის სასხლეტს უახლოებს.

კონსტანტინი ლარასკენ ბრუნდება.

– გავიგონე, რაც თქვით. ერთმანეთის შიშის მიზეზი არ გაქვთ.

ლარა თვალებს აწვრილებს, მაგრამ არაფერს ამბობს.

ვილანელი ისე იხრება, რომ კონსტანტინის პირისპირ იყოს და კონსტანტინის სხეული ლარასა
და მას შორის აღმოჩნდეს. შემდეგ ხელს ზურგისკენ სწევს და კაბურიდან „გლოკს“ იღებს.

– ერთხელ ისეთი რამ მითხარი, – ეუბნება კონსტანტინს, – რაც არასოდეს დამავიწყდება.

– რას გულისხმობ?

– არავის ენდოო, – ამბობს, იარაღის ლულას კაცის ნეკნს ადებს და სასხლეტს თითს გამოჰკრავს.

კრედელების სახლში შეღწევა დასანანად მარტივი აღმოჩნდა. სიგნალიზაციის გათიშვის


შემდეგ ლენსმა და ბილიმ მთავარი შესასვლელი კარი პატარა მავთულებით გააღეს. როგორც
ჩანს, კრედელებმა მძარცველების დასაფრთხობად სახლში შუქი ანთებული დატოვეს.

ევამ კვარტალს ორჯერ დაარტყა წრე, ბოლოს ერთ-ერთ ლამპიონთან, სახლიდან ორმოცდაათი
მეტრის მოშორებით, გაჩერდა და მგზავრის სავარძელზე გადაჯდა. ჩრდილში მისი შემჩნევა
თითქმის შეუძლებელია, სამაგიეროდ თავად კარგად ხედავს ქუჩაზე ყველა მიმართულებით
მოძრავ ქვეითებსა და ავტომობილებს. წესით, კრედელები მარტივად უნდა იცნოს: დენისს
„ტემზ-ჰაუსში“ ბევრჯერ შეხვედრია, პენი კი იმ მოსაწყენ კორპორაციულ წვეულებებზე
დადიოდა, რომელთა დეკემბერში გამართვასაც რატომღაც ხელმძღვანელობა თავის
ყოველწლიურ მოვალეობად მიიჩნევს. ევა დარწმუნებულია, რომ შორიდანვე ორივეს იცნობს.

ლენსსა და ბილის მისცა ინსტრუქცია, რომ სახლიდან წამოეღოთ კომპიუტერებში არსებული


სრული ინფორმაცია, გადმოეტვირთათ მყარ დისკზე შენახული ფაილები და ასევე პორტატული
სკანერების მეშვეობით შეენახათ ყველა იმ დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომელიც
ოდნავ მაინც მოეჩვენებოდათ გამოსადეგად. ორივენი გამოცდილი მძარცველებივით
მოქმედებდნენ. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა რიჩარდ ედვარდსი, როცა მათ „ყოჩაღი
ბიჭები“ უწოდა.

ევა მანქანაში ზის და ნელ-ნელა შფოთვა და მოწყენილობა იპყრობს. მის მიერ სახიფათოდ
შეფასებული დროც გადის და უცებ ტროტუარზე ჩნდება ბილი, რომელიც მანქანის
მიმართულებით მოდის.

– თითქმის დავამთავრეთ, – ეუბნება მგზავრის სავარძელთან დახრილი ბილი, – ლენსს


აინტერესებს, ხომ არ გსურთ, თავადაც ნახოთ.

თავდაჯერებულად, – ეუბნება ევა საკუთარ თავს, – არაფერი შეიმჩნიო და მშვიდად დააჭირე


თითი ზარს. კარი მალევე იღება, ლენსს ის შიგნით შეჰყავს და ქირურგიულ ხელთათმანებს
აწვდის. პირდაპირ ვიწრო დერეფანია, კერამიკული ფილებით დაფარული იატაკითა და თეთრი
პრიალა ხის პანელებით. მარცხნივ მისაღები ოთახი უნდა იყოს, კიბის მიღმა კი სამზარეულო.
ევას გული გამალებით უცემს, სხვის სახლში შეჭრით სრულიად შოკირებულია.

– ტოსტსა და „ერლ-გრეის“ ჩაის ხომ არ ინებებდით? – ეკითხება ლენსი.

– შენ ხუმრობ და მე შიმშილით ვკვდები, – პასუხობს ევა და ხმაში აშკარად სიმტკიცე ემატება, –
აბა, რა გვაქვს აქ?

– აქეთ მობრძანდით.

დენის კრედელს კოხტა, პატარა, მაგრამ კომპაქტური სამუშაო კაბინეტი აქვს კედელში
ჩაშენებული კარადებითა და თაროებით. აქვეა ღია ფერის ხის სამუშაო მაგიდა და
ერგონომიული საოფისე სკამი. მაგიდაზე ძვირად ღირებული კომპიუტერი და
ოცდაოთხდუიმიანი მონიტორი დგას.
– იმედი მაქვს, ბილიმ ეს სრულად გამოშიგნა, – ამბობს ევა.

– თუკი შიგნით რამე იყო, ყველაფერი გვაქვს, რასაც უჯრებში ნაპოვნი მეხსიერების ბარათებიც
ემატება.

– სეიფი არა აქვს?

– აქ არა. შეიძლება სადმე სხვაგან ჰქონდეს, მაგრამ მსგავსი არაფერი გვინახავს, თუმცა რომც
გვენახა, არა მგონია, მათ დაბრუნებამდე სეიფის გახსნა მოგვესწრო.

ევა თავს აქნევს და ამბობს:

– არა, რასაც ჩვენ ვეძებთ, წესით, აქ უნდა იყოს. მეეჭვება, ასეთ ინფორმაციას ცოლს
უზიარებდეს.

– რა ჭკვიანურად აზროვნებს, – ბუტბუტებს ლენსი.

ევა მის რეპლიკას ყურადღებას არ აქცევს.

– აბა, მიმოიხედე. რას ხედავ?

– ტიპს ყველაფრის კონტროლი უყვარს და ვიტყოდი, რომ საკუთარი თავით საკმაოდ


კმაყოფილია.

სამუშაო მაგიდის ზემოთ, კედელზე დაკიდებულ ფოტოებზე კრედელი კურსელებთან ერთად


უნივერსიტეტის სასადილოში ზის, ხელს ართმევს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის
გენერალს, იჭერს ორაგულს მთის მდინარეში და ოჯახის წევრებთან ერთად შვებულებაზე
პოზირებს. თაროებზე პოპულარული თრილერები, პოლიტიკური მემუარები, სადაზვერვო და
სპეცსამსახურების ლიტერატურა აწყვია.

ლენსის მობილური ვიბრირებს.


– ბილია. გვატყობინებს, რომ კრედელები მოვიდნენ, უკვე ტაქსიდან გადმოდიან. წასვლის
დროა.

– უჰ, ამის დედაც.

ლენსი სწრაფად, მაგრამ ჩუმად მოძრაობს. ევაც მას მიჰყვება, გული ისე უცემს, რომ უკვე
გულისრევას გრძნობს. სამზარეულოში ლენსი ფრთხილად აღებს ბაღში გასასვლელ კარს,
ჩუმად გადიან, ზურგს უკან კარს კეტავენ და რბილ ზედაპირზე აბიჯებენ. ეს, წესით, გაზონი
უნდა იყოს. ჯანდაბა. ასე მალე რატომ დაბრუნდნენ?

– ბუჩქებისკენ, – უბრძანებს ლენსი, ეზოს კიდესთან გაყოლებულ ბუჩქებს შორის ძვრება, აქედან
კი უკვე გზა იწყება. ევა ბუჩქს ტანსაცმელს გამოსდებს, გაღიზიანებული თავს ითავისუფლებს და
ლენსს უახლოვდება.

– კარგი, ახლა დაწექი, – ეუბნება ლენსი და მხრებზე ხელით აწვება. ზედაპირი მყარი,
უსწორმასწორო და სველია.

– შუქი, – სისინებს ევა და ცდილობს სუნთქვა გააკონტროლოს, – წყეული შუქი ანთებული


დავტოვეთ.

– ნუ ღელავ, ეგ ისედაც ენთო.

კრედელების სამზარეულოდან გაბრაზებული ხმები გამოდის, რასაც კარადების კარის ბრახუნი


და მყარ ზედაპირზე ჭურჭლის მსხვრევის ხმები მოჰყვება.

– როგორც კი განიშნებ, ქუჩისკენ გაიქეცი, – ჩურჩულებს ლენსი.

– რაღას ვუცდით?

– დენისს. ის ჯერ არ შემოსულა, ტაქსის მძღოლს ფულს უხდის.


ევას უნდა, პენი სამზარეულოში დარჩეს, მაგრამ ასე არ ხდება. მალევე ესმის ბაღის კარის
გაღების, შემდეგ კი სანთებლის ხმა. რამდენიმე წამში სიგარეტის კვამლის სუნს გრძნობს. პენი
მისგან რამდენიმე მეტრში დგას და ევა ისე ფრთხილობს, რომ სუნთქვისაც კი ეშინია. ლენსის
ფეხსაცმელი მისი სახიდან რამდენიმე დუიმშია.

– მომისმინე, ძალიან ვწუხვარ, კარგი? – ისმის ახლოდან კაცის ხმა. – უბრალოდ, არ მესმის...

– არ გესმის? ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ქედმაღალი არარაობა ხარ. მერე მეორე, არ
გაბედო და ჩვენი მეგობრების თანდასწრებით დამშვიდებისკენ აღარასოდეს მომიწოდო!

– პენი, გთხოვ, ნუ ყვირი.

– ისე ვიყვირებ, როგორც მომინდება!

– კარგი, მაგრამ ბაღში მაინც არ გინდა, კარგი? მეზობლები გვყავს.

– გავკარი მეზობლებს, – ხმა უეცრად წყდება, – და შენც გაგკარი.

მცირე ხნით აღარაფერი ისმის. შემდეგ ბუჩქებისკენ რაღაც პატარა საგანი მოფრინავს და ევას
სისინით თმაზე ეცემა. სამზარეულოს კარი ხმაურით იხურება, ევა კი სიგარეტის ნამწვის თმიდან
ამოღებას ცდილობს, რასაც საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს და საბოლოოდ თმასთან
ერთად ლატექსის ხელთათმნის ზედაპირიც ოდნავ ეწვება.

– მიდი, – ჩურჩულებს ლენსი.

ტკივილისგან ათრთოლებული ევა ლენსს უკან მიჰყვება. აშკარაა, რომ მათ ვერავინ ამჩნევს,
თუმცა ევა მაინც მოხარულია, რომ მანქანაზე ყალბი ნომრები აქვთ დამაგრებული.

– რისი სუნია? – კითხულობს ბილი და ხელის მუხრუჭს დაბლა სწევს.

– ჩემი თმის, – პასუხობს ევა და ამომწვარ ხელთათმანს იხდის.


– მოდი, არ ვიკითხავ, რა მოხდა. აბა, წავედით გუჯ- სტრიტზე?

– ბილი, აუცილებელი არ არის, ამ ყველაფერს ამაღამ ჩავუსხდეთ.

– შეიძლება, მაგრამ მოდი, ჩავუსხდეთ. ტელევიზორში ამაღამ მაინც არაფერია.

– ლენს?

– ჩემთვის სულერთია.

– პიცას შეჭამთ? – კითხულობს ბილი. – არჩვეი-როუდზე მგონი პიცერიას ჩავუარეთ.

როდესაც ევა ნიკოს ურეკავს თითქმის უკვე შუაღამეა, თუმცა ვახშმად მოსული მასწავლებლები
ჯერ ისევ მათთან არიან.

– ნიკო, მომისმინე, მართლა ძალიან ვწუხვარ და აუცილებლად გამოვასწორებ დღევანდელს,


მაგრამ ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გთხოვო.

ნიკოსგან რაღაც გაურკვეველი ბურტყუნი ისმის.

– შენი დახმარება მჭირდება. შეგიძლია ოფისში მოხვიდე?

– ახლა?

– ვშიშობ, რომ კი.

– ღმერთო, ევა, – პაუზა, – ზბიგსა და კლაუდიას რა ვუთხრა?

ევა ქმრის ნათქვამზე ფიქრობს.


– მომისმინე, საქმე ესმით?

– რას გულისხმობ?

– კომპიუტერები, უსაფრთხოების პროტოკოლები, კოდები.

– ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ ახლა ორივე საკმაოდ მთვრალია.

– არა უშავს. მათ ენდობი?

– კი, ვენდობი, – ნიკოს გადაღლილი ხმა აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ევამ ის დაიყოლია.

– ნიკო, ძალიან ვწუხვარ. მეტჯერ აღარაფერს გთხოვ, მაგრამ ახლა დამეხმარე.

– ჰო, ჰო, როგორ არა.

– ტაქსი გამოიძახეთ და პირდაპირ აქ მოდით.

– ევა, გავიწყდება, რომ არ ვიცი, სად მდებარეობს „აქ“. ეგ კი არა, უკვე აღარაფერი ვიცი.

– ნიკო...

– უბრალოდ, მისამართი მიკარნახე, კარგი?

ევა ასეც იქცევა, ხოლო როცა მობილურს თიშავს, ამჩნევს, რომ თანამშრომლები მას
მისჩერებიან. ბილის კლავიატურის ზედაპირზე გაშეშებია ხელები.

– დარწმუნებული ხარ, რომ ეს კარგი აზრია? – ეკითხება ლენსი.

ევა თვალებში უყურებს.


– მყარ დისკსა და მეხსიერების ბარათებზე ყველაფერი ვნახეთ და ჩამოვტვირთეთ. მათ შორის
ჩვენთვის საინტერესო არაფერია, გვაქვს მხოლოდ ეს დაბლოკილი ფაილი, რომელსაც პაროლი
ადევს და ვშიშობ, მისი გატეხა მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღევანდელი
შრომა წყალში ჩაგვეყრება. დენის კრედელი MI5-ის ძველი სკოლის წარმომადგენელია და
მართალია მაღალი ტექნიკური უნარებით არ გამოირჩევა, მაგრამ ძლიერ ენტროპიულ პაროლს
ნამდვილად შექმნიდა. აშკარაა, რომ ბილის ტექნიკური მიდგომა არ გვშველის, აქ სხვა
ადამიანების საღი გონებაა საჭირო. თანაც, რიჩარდი, აუცილებლობის შემთხვევაში, გარე
კონსულტანტების დახმარებაზე დაგვთანხმდა.

– ვინ არის ეს ხალხი? – ამბობს ლენსი.

– ჩემი ქმარი პოლონელია, ჭადრაკში ყოფილი ჩემპიონი. ახლა მათემატიკას ასწავლის, თუმცა
იმავდროულად საკმაოდ მაგარი ჰაკერიცაა. ზბიგნევი მისი მეგობარია, კლასიკოსი ფილოლოგი,
კლაუდია კი ზბიგის მეგობარი გოგონა, რომელიც აღმზრდელობითი ფსიქოლოგია. ჭკვიანი
ტიპები არიან.

– მერე კონფიდენციალურობა?

– ჩვენ მათ, უბრალოდ, პაროლის გატეხას ვთხოვთ. არ დავასახელებთ სახელებს და არც იმ


დოკუმენტებს გავაცნობთ, რომლებიც ამ ფაილის მიღმა ინახება.

– მე პრობლემა არ მაქვს, ამბობს ლენსი და მხრებს იჩეჩს.

– ბილი?

– მეც ეგრე ვარ.

– ანუ, მომკლავდი? – ეკითხება ვილანელი.

– ასეთი იყო ბრძანება, – პასუხობს ლარა, – თუ კონსტანტინს არ მოკლავდი, ჯერ შენთვის უნდა
მესროლა, შემდეგ კი მისთვის. ის უკვე კომპრომეტირებული იყო.
– არავის არაფერს ეტყოდა.

– ეს იცი შენ და მე, მაგრამ თეორიულად ვერაფერს გამოვრიცხავთ. ამიტომ უნდა მომკვდარიყო
და ეს შენ უნდა გაგეკეთებინა, მე კი შენი დუბლიორის როლი შემხვდა. ჩვენი დამსაქმებლები
ასე მუშაობენ.

– ჩემს შეკითხვას არ უპასუხე. მომკლავდი?

– კი.

ახლა „ლირჯეტის“ ასაკეც ლოგინზე შიშვლები წვანან. ასდით ოფლის, სექსისა და დენთის
სუნი. ორმოც წუთში მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, „ვნუკოვოს“ აეროპორტში
დაეშვებიან, ლარა იქ დარჩება, ვილანელი კი „ანსი-მონბლანისა“ და „სი-ლე-მულინოს“
გავლით პარიზში ჩავა. არანაირი ოფიციალური ჩანაწერი არ არსებობს როგორც მისი
პარიზიდან გამომგზავრების, ისე უკან დაბრუნების შესახებ.

ლარას კეფაზე ეფერება და დაბალზე აჭრილი თმის ჩხვლეტას თითებით გრძნობს.

– დღეს იმ კაცს სირბილის დროს თავში გასაოცრად მოახვედრე.

– გმადლობ.

– თითქმის თავი წააწყვიტე.

– ვიცი. „ლობაევი“ ნებისმიერი სნაიპერის ოცნების იარაღია, – ამბობს ლარა და ვილანელის


ზედა ტუჩს ნაზად იქცევს კბილებს შორის და ენით ლოკავს, – მიყვარს შენი იარა. საიდან გაქვს?

– მნიშვნელობა არა აქვს.

– მინდა ვიცოდე, – ამბობს ლარა და ხელი ვილანელის ფეხებს შორის ჩააქვს, – მითხარი.

ვილანელი მოყოლას იწყებს, თუმცა, როგორც კი ლარას თითები მის შიგნით აღმოჩნდება,
ზურგს მაღლა სწევს და ხვნეშის, მისი პულსი კი „ლირჯეტის“ ძრავის ხმის პარალელურად
ფეთქავს. წამიერად ილუმინატორში ღამეში ჩაძირულ მუქ რუსულ ტყეებს მოავლებს თვალს,
შემდეგ კი ლარას თავისუფალ ხელს იღებს, საჩვენებელ თითს პირში იდებს და ლოკავს. ეს ის
თითია, რომლითაც ლარა სასხლეტს გამოჰკრავს ხოლმე და მას ახლა მეტალის, გოგირდისა და
სიკვდილის გემო აქვს.

ევა ნიკოსა და მის მეგობრებს გუჯ-სტრიტის მეტროსადგურთან ხვდება. ნიკო მხარზე ხელს
ხვევს და ეს ცოტა უხერხულად გამოსდის. ევა მის სუნთქვაში ქლიავის არყის სუნს გრძნობს.
დათვივით აგებულების ზბიგი აშკარად მთვრალია, კლაუდია კი მტრულად იყურება და ევას
თვალს არიდებს. მათ შემყურე ევას ყველანაირი ოპტიმიზმის ნიშანწყალი უქრება.

ოფისში ლენსი ჩაის ამზადებს, თუმცა, მას შემდეგ, რაც კლაუდიას მზერას დაიჭერს, უბრალოდ,
აივანზე გადის მოსაწევად. ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ევამ ყველასთვის გამოძებნა სკამები.

– აბა, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? – კითხულობს კლაუდია ცივად და თბილი ლაბადის


საყელოს ხელით იჭერს.

ეევა ამჩნევს, რომ ახალმოსულებს აჭრილი სახეები აქვთ.

– ერთი პაროლის გატეხა გვჭირდება.

ნიკო ბილის გახედავს.

– და რამდენადაც ვხვდები, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

– შეიძლება ასეც ითქვას.

– აქამდე რა სცადეთ?

– ამჟამად ლექსიკონურ გადარჩევას ვცდილობთ. ამანაც თუ არ უშველა, ცისარტყელისებურ


ცხრილს გამოვიყენებ, მაგრამ ეს დიდ დროს წაიღებს.

– რაც ჩვენ არ გვაქვს, – ამატებს ევა.


კლაუდია იღუშება. საყელო ისევ მჭიდროდ აქვს მოჭერილი.

– პაროლის მფლობელზე რა იცით?

– ბევრი არაფერი.

– ანუ, პაროლი უბრალოდ და შემთხვევით უნდა გამოვიცნოთ?

– ანუ, ვფიქრობ, რომ უნდა ვცადოთ მაინც.

კლაუდია ზბიგს უყურებს, რომელიც მხრებს იჩეჩს და ჩაის სულს უბერავს.

– მაგ ტიპზე მოგვიყევით, – ამბობს ნიკო.

– ჭკვიანი, საშუალო ასაკის, საკმაოდ განათლებული კაცია, – იწყებს ევა, – ტექნიკაში ერკვევა,
მაგრამ ექსპერტი არ არის. მაგალითად, კომპიუტერთან ან ქსელთან დაკავშირებული
პრობლემებისთვის სამსახურში უფრო მცოდნე ხალხს დაიხმარს. თუმცა ფაილი, რომლის
გატეხაც გვინდა, მას პირად კომპიუტერში ჰქონდა შენახული და, შესაბამისად, ვფიქრობთ,
პაროლსაც თავად დააყენებდა.

– რამდენად კარგად ჰქონდა დამალული? – კითხულობს კლაუდია.

– ბილი?

– Executable.bat ფაილი გამოიყენა. მთლად დამწყების დონის არ არის.

– ინსტინქტი მკარნახობს, – ამბობს ევა, – რომ ამ ტიპს თავი საკმარისად ჭკვიანი ჰგონია
საიმისოდ, რომ პრაქტიკულად გამოუცნობი პაროლი მოეფიქრებინა. სავარაუდოდ,
ინფორმაციულ ენტროპიაზეც რაღაც ცოდნას ფლობს.

– ანუ? – კითხულობს ზბიგი.


ნიკო თვალებს ისრესს.

– პაროლის სიმყარე იზომება ენტროპიული ბიტებით, რაც გულისხმობს იმას, რომ პაროლის
გასატეხად მხოლოდ ორი მცდელობის შესაძლებლობას იძლევა.

ზბიგი გაკვირვებული უყურებს.

– ბოდიში, მაგრამ... რა?

– ამ ყველაფრის ცოდნა არ გვჭირდება, – ამბობს კლაუდია, – ევა გულისხმობს იმას, რომ ჩვენი
სამიზნე საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ გამოეყენებინა არცთუ ისე აშკარა, თან
რიცხვებისა და სხვადასხვა სიმბოლოს კომბინაციით შედგენილი პაროლი.

– საკმაოდ ქედმაღალია, – ამბობს ევა, – რაღაც რიგით კომბინაციას არ აარჩევდა. ეს პაროლი


მისთვის რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ისეთს, რასაც, მისი აზრით, ვერავინ ვერასოდეს მიხვდება.
მე კი შემიძლია ნაძლევი დავდო იმაზე, რომ მინიშნება მის კაბინეტში იმალება. სწორედ
ამიტომ გადაუღო ბილიმ ფოტოები ყველაფერს, რაც სამუშაო მაგიდაზე, კარადებსა და
კედლებზე ნახა. როგორღაც მასზე ეშმაკები უნდა აღმოვჩნდეთ.

ლენსი აივნიდან შემოდის და ოთახში სიგარეტის სუნი შემოაქვს, ბილი კი მაგიდაზე A4


ფორმატის ფოტოებს შლის. ერთზე გადაღებულია კრედელის სამუშაო მაგიდა, მისი
კომპიუტერი, ტელეფონი, რეგულირებადი სანათი, რადიომიმღები და დურბინდი, ასევე მაო ძე
დუნისა და ლენინის მინიატიურული ბიუსტები.

– კომუნისტური კიჩი, – ბურტყუნებს ნიკო, – იდიოტი.

შემდეგ ფოტოზე ჩანს წიგნები: შექსპირის „ჰამლეტი“, მაკიაველის „მთავარი“, დონალდ


ტრამპის „კვლავ დიდებული“, ჯონ ლე კერისა და ჩარლზ კამინგის პოლიტიკური თრილერები,
დეივიდ პეტროისისა და გერი ჰელიუელის მემუარები. აქვეა სადაზვერვო ლიტერატურით სავსე
ორი თარო.
მორიგ ფოტოზე გამოსახულია სამუშაო ოთახის კედელი, რომელზეც კრედელის ფოტოები
კიდია: სტუდენტები საუნივერსიტეტო სასადილოში, ხელს ართმევს ამერიკის
ოთხვარსკვლავიან გენერალს, ორაგულზე თევზაობა და შვებულება ოჯახთან ერთად.

– დაიმახსოვრეთ, – ამბობს ევა და ჩაიდანს ჩაის მორიგი რაუნდისთვის წყლით ავსებს, –


შესაძლოა პაროლი შეიცავდეს ოცდაათ სიმბოლოს. იფიქრეთ ციტატებზეც. საჯარო მოხელეებს
განსაკუთრებულად უყვართ ციტატები და იმის ჩვენება, თუ როგორი ნაკითხები არიან.

ერთი საათი გადის, პერიოდულად ისმის წამიერი აღტაცებები, უკმაყოფილო ზუზუნი და


ტოტენჰემ-ქორთ-როუდზე ჩავლილი მანქანების ხმა. ლენსი მორიგი ღერის მოსაწევად გადის,
ხოლო როცა მეორე საათიც იწურება, უკვე ნაბახუსევიც თავს იჩენს. სახეებზე ყველას
დამარცხების კვალი ემჩნევათ. ზბიგი რაღაცას პოლონურად ჩაილაპარაკებს.

– რა თქვა? – ეკითხება ევა ნიკოს.

– თქვა, რომ ზღარბთან სექსი უფრო სასიამოვნო იქნებოდაო.

– კარგი, მოდი, შევისვენოთ და ჩვენი საუკეთესო ვერსიები ჩამოვყაროთ, – ამბობს ევა, ფეხზე
დგება და დანარჩენებს უყურებს, – პაროლის შესაყვანად სამი მცდელობა გვაქვს, რის შემდეგაც
ფაილი დაიბლოკება. ამიტომ კარგად უნდა ვიფიქროთ. ნიკო, მოდი, შენით დავიწყოთ.

– კარგი, ჩემი საუკეთესო ვერსია ეხება ციტატას Methinks it is like a weasel.

– ვერ მივხვდი, – ამბობს ევა.

– ეს ციტატაა „ჰამლეტიდანაა“, – ამბობს ნიკო, – „ჰამლეტი“ მის კარადაში დევს.

– მერე?

– მერე ის, რომ Weasel Program ასევე ჰქვია რიჩარდ დოკინსის მათემატიკურ ექსპერიმენტს,
რომელიც ეფუძნება თეორიას იმის შესახებ, რომ თუკი საკმარის დროს და საბეჭდ მანქანას
მივცემთ მაიმუნს, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დაიწყებს ბეჭდვას, ის შექსპირის
ნაწარმოების თავიდან ბოლომდე დაწერას შეძლებს. დოკინსი ამბობს, რომ თუნდაც ავიღოთ
მხოლოდ ერთი კონკრეტული ფრაზა, მაგალითად: Methinks it is like a weasel და
ოცდაექვსსიმბოლოიანი კლავიატურა, რომელზეც ასევე იქნება გამოტოვების ღილაკი,
უსწრაფეს კომპიუტერულ პროგრამას ამ ფრაზის დასაწერად კაცობრიობის ასაკზე დიდი დრო
დასჭირდება.

– საუბარია ოცდაშვიდის ოცდამერვე ხარისხში აყვანილი რიცხვის სავარაუდო კომბინაციებზე, –


ამბობს ბილი.

– ზუსტად.

– შეიძლება, რომ ჩვენმა სამიზნემ მაგ Weasel-ზე რამე იცოდეს? – კითხულობს კლაუდია.

– ვერ გამოვრიცხავთ, – პასუხობს ევა, – და „ჰამლეტიც“ თაროზე თითქოს გამოკვეთილად დევს.


კიდევ რამე ხომ არ გაქვს, ნიკო?

ნიკო თავს აქნევს.

– Scream If You Wanna Go Faster? – სთავაზობს კლაუდია.

– ეგ „ჰამლეტიდან“ არ არის, – ამბობს ზბიგი.

– მაგრად თქვი. რა თქმა უნდა, არ არის. ეს გერი ჰელიუელის მეორე ალბომია. მახსოვს,
თექვსმეტი წლისამ ვიყიდე, სარკესთან ვიდექი, ხელში მიკროფონის ნაცვლად სავარცხელი
მეჭირა და It’s Raining Men-ს ვმღეროდი.

– ზბიგ?

– The Naïve and Sentimental Lover-ზე რას იტყოდით? ლე კერის ერთ-ერთი წიგნია.

– შეიძლება, – ამბობს ევა, – ჩვენი კაცისთვის საკმაოდ შესაფერისად მეჩვენება. სხვები რას
ფიქრობთ?

– არც ერთი არ მომწონს, – ამბობს ბილი.


– რამე კონკრეტული მიზეზი გაქვს? – ეკითხება კლაუდია, თვალებს ხუჭავს და თავს ხრის.

– უბრალოდ, ყველა მათგანი შეუსაბამოა.

– იმდენად, რომ ცდადაც არ ღირს? – ეკითხება ევა. – რაიმე ფორმით მაინც.

ბილი მხრებს იჩეჩს.

– თუ მხოლოდ სამი ცდა გვაქვს, ალბათ არა. ჯერ საკმარისად კარგად არ ვართ
მომზადებულები.

– ლენს?

– თუ ბილი ამას ამბობს, ესე იგი, ფიქრი უნდა გავაგრძელოთ.

– ყველამ მაპატიეთ, – ლუღლუღებს ევა, – ალბათ საშინლად დაგღალეთ.

კლაუდია და ზბიგი ერთმანეთს უსიტყვოდ გადახედავენ.

– ერთი ეგ ფოტოები კიდევ ერთხელ გაშალე რა, – ეუბნება ნიკო და ევაც უსრულებს თხოვნას.

ნიკო ფოტოებს აკვირდება, შემდეგ კი თითქოს ერთმანეთის ფიქრები გამოიცნესო, ის და


კლაუდია ერთდროულად, საჩვენებელ თითებს ერთ-ერთი ფოტოსკენ გაიშვერენ. პენი
კრედელი ბავშვებთან – დენიელთან და ბელასთან ერთად რაღაც ძველი, კოლონებიანი
შენობის წინ დგას. პენი ოდნავ ხელოვნურად იღიმის, ბავშვები კი ნაყინის ჭამით არიან
გართული. ფოტოს ქვეშ, მარჯვენა კუთხეში, ვიღაცას – სავარაუდოდ კრედელს – ხელით
მიუწერია – „ვარსკვლავები!“

– რა ხდება? – კითხულობს ევა.


– „რა“ კი არა, „რატომ?“ – პასუხობს კლაუდია და ნიკო იღიმის.

– ვერ მოგყვებით, – ამბობს ევა.

– რატომ არის აქ ეს ფოტო? – წარმოთქვამს ნიკო. – ყველა სხვა ფოტო მის მეტიჩრობაზე
მეტყველებს, წარმოაჩენს როგორი მნიშვნელოვანი და წარმატებული ტიპია. შეხვედრები
მაღალი თანამდებობის პირებთან, ძვირად ღირებული დასვენებები, ორაგულზე თევზაობა და
ასე შემდეგ. უცებ კი, არსაიდან ეს უცნაური ფოტო ჩნდება, რომელზეც თითქოს არც ცოლია
გახარებული და ბავშვებიც მოწყენილები ჩანან.

ფოტოს ყველანი ახლოდან აკვირდებიან.

– ერთი წუთით, – ამბობს ზბიგი ჩუმად, – ერთი წუთით, ამის დედაც...

– გვითხარი, – ეუბნება ევა.

– ეს ადგილი რომშია. უკან რომ შენობაა, პანთეონია, რომელსაც გარედან აწერია Marcus
Agrippa, Lucii filius, consul tertium fecit. აანუ, ეს შენობა ააგო მარკუს აგრიპამ, ლუციუსის ძემ,
სამგზის კონსულმა.

– მერე?

– ბილი, შეგიძლია „გუგლში“ მონახო, წარწერა შენობაზე ზუსტად როგორ არის გამოსახული?
მოძებნე „პანთეონის მთავარი წარწერა“.

ევა პრინტერიდან ამობეჭდილ ფოტოს იღებს, დანარჩენებთან ბრუნდება და ფოტოს მაგიდაზე


დებს. წარწერა აშკარად იკითხება:

M·AGRIPPA·L·F·COS·TERTIVM·FECIT

– ახლა კი ნამდვილად წააგავს პაროლს, – ამბობს კლაუდია.


ევა თავს უქნევს.

– ბილი?

– მომწონს. ენტროპიულადაც ლამაზია.

– მაშინ ვცადოთ.

ისმის კლავიშების ნაჩქარევი კაკუნი.

ფაილი არ იხსნება.

– აბა, მხოლოდ სიმბოლოები სცადე, გამოტოვების გარეშე, – სთავაზობს ევა.

ბილი ასე იქცევა, ამჯერად ნიკო უკან ბრუნდება, ზბიგი კი პოლონურად იგინება.

ევა გადაღლილი თვალებით ეკრანს უყურებს, შემდეგ ამობეჭდილ ფოტოს და მზით განათებულ
მოედანზე მდგარ ოჯახს აკვირდება. ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება.

– პირველ ჯერზე ერთმანეთისგან დაშორებული დიდი ასოები სცადე, არა?

ბილი თავს უკრავს.

– მაგრამ, თუ ამ წარწერას დავაკვირდებით, სიმბოლოები დიდი წერტილებით გამოიყოფა.

– ნუ... მართალია.

– ამიტომ მოდი, გამოტოვების ნაცვლად, ყოველ ჯერზე ფიფქი ვცადოთ. ის ხომ ყველაზე მეტად
წააგავს დიდ წერტილს.
– დარწმუნებული ხარ?

– მიდი, – ამბობს ევა.

კლავიშების ჩხაკუნი. შემდეგ სიჩუმე.

– ღმერთო დიდებულო, – ამბობს ბილი, – შევედით.

ფობურ-სენ-ონორზე მდებარე სამოდელო სახლში ყველა მოლოდინითაა აღსავსე. როგორც


პრესტიჟული დიზაინერების შოუების უმეტესობა, დაწყებას ესეც იგვიანებს, თუმცა დამსწრე
საზოგადოება საკმარისად კარგად აღზრდილია საიმისოდ, რომ ეს აშკარად შეიმჩნიოს.
მიუხედავად ამისა, მომლოდინე სტუმრები უკმაყოფილებას მოგუდულ ჩაცინებებში, იქედნურ
გამოხედვებსა და „აიფონებზე“ პრიალა ფრჩხილების კაკუნით გამოხატავენ. ვილანელი წამით
თვალებს ხუჭავს და ცდილობს აქაურ ბრბოს გაერიდოს. აღარ უნდა ამდენი ფოტოკამერის,
სხვადასხვა ელფერის სამოსში გამოწყობილი მოდის პროფესიონალებისა და სუნამოების
გარემოცვაში ყოფნა. პოდიუმს ორივე მხარეს შროშანები, ფუქსიები და ტუბეროზები მიუყვება,
რომელთა სუნიც „გერლენის“, „პაატუსა“ და „ანიკ-გუტალის“ არომატებს ერწყმის.

არის კიდევ ერთი, შედარებით იშვიათი, მაგრამ მაინც შესამჩნევი – ოფლის სუნი, რომელიც
აგერ უკვე ორმოცი წუთის განმავლობაში, ვიწრო სკამებზე მომლოდინე სტუმრებს აპრიალებულ
სახეებზე აღბეჭდვიათ.

ვილანელი გვერდზე მჯდომი ენ-ლორეს კალთიდან ანგარიშმიუცემლად იღებს ვარდის


ფურცლების არომატიან ნუშის ორცხობილას და, როგორც კი მის ხრაშუნა ზედაპირს კბილებს
ჩაავლებს, პოდიუმი ბნელდება და დარბაზი „სკარლატის“ კანტატის ხმამაღალი მელოდიით
ივსება. პოდიუმზე პირველი მოდელი გამოდის, რომელსაც აბრეშუმის ზაფრანისებური ლაბადა
აცვია. თვალისმომჭრელი გოგონაა, მაგრამ ვილანელი მას ვერ ამჩნევს.

ვილანელი ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება, ლარა ფარმანიანცმა რომ გაამხილოს, ოქსანა


ვორონცოვა ცოცხალიაო. დაიჯერებს ამას ვინმე? ან აინტერესებს კი ის დღეს ვინმეს? ბბოლოს
და ბოლოს, ვინ არის ოქსანა ვორონცოვა? ერთი შეშლილი სტუდენტი, რომელმაც პერმის ბარში
სამი ბანდიტი მოკლა, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, საკანში თავი მოიკლა. დღევანდელი
რუსეთი ხომ ჩვეულებრივი საგიჟეთია და იქ ყოველდღე ვიღაცას კლავენ. ან საერთოდ, რატომ
უნდა თქვას რაიმე ლარამ? ვის უნდა უთხრას?
პოდიუმზე სადა პიჯაკებს ნაქარგიანი ბლუზები და დაბალძირიანი, მუქი ვარდისფერი
საზაფხულო ფეხსაცმელები ცვლის. ენ-ლორე აღტაცებით ოხრავს, ვილანელი კი მორიგ
ორცხობილას იღებს – ამჯერად მარია-ანტუანეტას ჩაის არომატით.

თუმცა საქმე ის კი არ არის, იტყვის თუ არა ლარა რაიმეს ან ვის ეტყვის. მთავარია, ვილანელის
ლეგენდის არც ერთი დეტალი არ გამჟღავნდეს. თუ გამოწეული დარჩა ერთი მცირედი ძაფი
მაინც, მთლიანი ქსოვილი დაირღვევა და ვილანელი თორმეტისთვის თავის ტკივილად იქცევა.
ამ შემთხვევაში კი, მას აუცილებლად მოკლავენ. ყველაფერი ისევ ლარას მოშორების
აუცილებლობამდე მიდის. მაგრამ შეძლებს კი ამას? თორმეტს ყველგან თავისი ხალხი ჰყავს.
მართალია, შეუძლია ყველაფერი გაანდოს ანტონს, მაგრამ ენდობა კი ამ კაცს სრულად? იქნებ,
მისი აზრით, მოსაშორებელი ლარა კი არა, თავად ვილანელია? თანაც, უნდა აღიაროს, რომ
ლარამ აშკარად მოხიბლა. მისი სნაიპერული მზერა და მტკიცე, გამოყვანილი სხეული, აშკარად
აღელვებს.

„ჰანდელის“ სარაბანდა – კოქტეილის კაბა მოვერცხლისფრო-რუხი, რომელიც მოდელის


სხეულს ისე შემოხვევია, როგორც გაუფურჩქნავი ყვავილის ფურცლები. ამას მოჰყვება საღამოს
გრძელი კაბები შუაღამისფერი ლურჯი კონტურებით, რომლებზეც დიამანტის ვარსკვლავებია
ამოქარგული.

კონსტანტინის მკვლელობა ამაზრზენი რამ იყო. მისი თვალების წამიერი სიცარიელე ახლაც
კარგად ახსოვს. ნუთუ ანტონმა ნახევარი მსოფლიო მის მოსაკლავად გადაიარა? თუ, უბრალოდ,
ვილანელისთვის მის მდგომარეობაზე ბრუტალური შეტყობინება სურდა?

ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ის არის, რომ საერთოდ ოდესის კრიზისი წარმოიქმნა. მისი
დამსაქმებელი ორგანიზაცია აქამდე პრობლემების ულაპარაკოდ მოგვარებას ახერხებდა,
მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდომა მაინც გაეპარათ. კონსტანტინი ყოველთვის არწმუნებდა, რომ
თორმეტის სამსახურში ყოფნა ერთდროულად გასაიდუმლოებული და საიმედო იყო. ოდესის
ეპიზოდმა კი აჩვენა, რომ ამგვარი ძალის ორგანიზაციასაც კი შეიძლება, რომ ზიანი მიაყენონ.
დარბაზში არსებული სითბოს მიუხედავად, ვილანელს თრთოლა იპყრობს.

განათება იკლებს, ჩვენება იდუმალებით მოცული ატმოსფეროს ფონზე დასასრულისკენ მიდის,


პოდიუმზე კი სხეულის ტალღოვანი მოძრაობებით მოსიარულე, საძინებლის სამოსში
გამოწყობილი მოდელები ჩნდებიან, რომელთაც რბილი საღამური ზედატანები, გამჭვირვალე
ღამის პერანგები და ორგანზას პრიალა საღამურები აცვიათ. შემდეგ გამოდის მოდელიორი და
აუდიტორიას ჰაეროვანი კოცნით აჯილდოებს. მას ყველა აპლოდისმენტებით ხვდება.
მოდელები პოდიუმს ტოვებენ, დარბაზში კი მიმტანები ლანგრებით შემოდიან.
– რამე მაინც დაინახე? – ეკითხებ ენ-ლორე და „კრისტალის“ შამპანურის ბოკალს აწვდის. –
თითქოს სხვაგან დაფრინავდი.

– ბოდიში, – ბუტბუტებს ვილანელი, თვალებს ხუჭავს და ყინულივით ცივ სითხეს ყლაპავს, –


ცოტა გაბრუებული ვარ, წუხელ ცოტა მეძინა.

– ოღონდ ახლა არ მითხრა, რომ სახლში წასვლას აპირებ, ცჰéრიე. მთელი ღამე წინ გვაქვს, ჯერ
კულისებში გამართულ წვეულებას უნდა დავესწროთ, მერე კი... ნახე, ის ორი სიმპათიური
მამაკაცი როგორ გვაკვირდება.

ვილანელი არომატებით გაჯერებულ ჰაერს ჩაისუნთქავს. შამპანურმა მთელ სხეულში დაიარა,


დაღლილობაც თითქოს სადღაც გაქრა და მას გაჰყვა ბოლო ოცდაოთხი საათის ეჭვები და
შიშებიც.

– კეთილი, – ამბობს, – მაშინ გავერთოთ.

– ანუ, – ამბობს რიჩარდ ედვარდსი, – დენის კრედელი? დარწმუნებული ხარ? ხომ იცი, თუ
ცდები... თუ ვცდებით...

– არ ვცდებით, – ამბობს ევა.

ისინი ახლა სოჰოში, მიწისქვეშა ავტოსადგომზე ედვარდსის ოცდაათი წლის „მერსედესში“


სხედან. მმონაცრისფრო-მოლურჯო ინტერიერი გაცვეთილი, თუმცა კომფორტულია. ღია
ფანჯრებიდან ოდნავ აღწევს გამონაბოლქვის სუნი.

– ერთხელ კიდევ მოკლედ მომიყევი, რა.

ევა წინ იხრება.

– ვმოქმედებდით ცინ იანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელმაც,


თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი იცის, ვიდრე ლაპარაკობს. გავყევით ერთ-ერთი
მსხვილი გადარიცხვის კვალს და გავედით ტონი კენტსა და ოფშორულ ზონაში არსებულ
ანგარიშზე. აღმოჩნდა, რომ კენტი დენის კრედელთან დაკავშირებული პირია, ხოლო
კრედელის სახლის უკანონო ჩხრეკის შემდეგ მის კომპიუტერში დაბლოკილი ფაილი ვიპოვეთ.
პაროლის გატეხისა და ფაილის გახსნის შემდეგ გავეცანით ბრიტანეთის ვირჯინიის
კუნძულებზე გახსნილ ანგარიშზე განხორციელებული 12-მილიონიანი გადარიცხვის დეტალებს.
ეს თანხა მას ტონი კენტმა გადაურიცხა. გადარიცხვა კი განხორციელდა ფუჯაირაში, პირველი
ეროვნული ბანკის მისივე ანგარიშიდან. ვფიქრობ, საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს.

– ანუ კრედელის დაკავება გინდა?

– არა, მე ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ მას. არავისთან – არც


პოლიციასთან და არც ფინანსურ ორგანოებთან – ამაზე სიტყვა არ დაგვცდება, თუმცა,
სანაცვლოდ, კრედელის დამუშავება უნდა მოვახერხოთ და დავემუქროთ, რომ ამ საქმეში მის
მონაწილეობის ამბავს გავასაჯაროებთ. მას ელის სირცხვილი, დაქვეითება და ფინანსური
ზარალი. თუ დაგვთანხმდება და ჩვენთან ითანამშრომლებს, ჩარიცხულ ფულს შევუნარჩუნებთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საჯიჯგნად მგლებს მივუგდებთ.

ედვარდსი იღუშება და საჭის რბილ ზედაპირზე თითებს ოდნავ ათამაშებს.

– თუ მართალი ხარ იმ ხალხის თაობაზე, ვინც მას ფულს უხდის...

– მართალი ვარ.

ედვარდსი საქარე მინაში, ბეტონის კედლებსა და დაბალ ჭერზე გაყოლებულ სახანძრო


ცეცხლმაქრს უყურებს.

– მომისმინე, ევა, უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ მინდა მათ სიას შენ და დენის
კრედელიც დაემატოთ.

– ფრთხილად ვიმოქმედებ, მაგრამ ეს ქალი აუცილებლად უნდა გამოვიჭირო. მან ჩემ თვალწინ
მოკლა ვიქტორ კედრინი, ასევე საიმონი და კიდევ ღმერთმა იცის, რამდენი ადამიანი.

კაცი გაყინული მზერით თავს უკრავს.

– უნდა შევაჩეროთ, რიჩარდ.


რიჩარდი ჯერ ჩუმად არის, შემდეგ კი ამოიოხრებს.

– მართალი ხარ, უნდა შევაჩეროთ. იმოქმედე.

როდესაც ევა შინ ბრუნდება, ნიკო სამზარეულოს მაგიდასთან ზის და თავის რვეულში რაღაც
გამოთვლებს აწარმოებს. მაგიდაზე ელექტროინვენტარი და პროდუქტებია მიმოფანტული.
ნიკოს დაღლილი სახე აქვს.

– აბა, – ეკითხება ფრთხილად, – იპოვეთ იმ ფაილში ის, რასაც ეძებდით?

– კი, – პასუხობს ევა, ნიკოს თავზე კოცნის და მის გვერდით, სკამზე ჯდება, – ვიპოვეთ. დიდი
მადლობა.

– მშვენიერია. შეგიძლია ის მენზურა მომაწოდო?

– რას აკეთებ?

ახლა ნიკო მულტიმეტრს კბილანიანი სამაგრებით ორ სადენს უერთებს და ერთ-ერთ


დანადგარზე ისარი აქეთ-იქით ქანაობას იწყებს.

– ეს კატალიზირებულ ფერმენტებზე დაფუძნებული საწვავის ელემენტია. თუ ყველაფერს


სწორად გავაკეთებ, შევძლებთ მობილურები შაქრის პუდრით დავტენოთ.

– ვწუხვარ, რომ ასე შორს ვიყავი, ნიკო. მართლა. ყველაფერს გამოვასწორებ.

– იმედისმომცემად ჟღერს, მაგრამ იქნებ ეგ ყველაფერი ჩაიდნის გაზქურაზე დადგმით


დაგეწყო?

– ეგეც ექსპერიმენტისთვის გჭირდება?


– არა, უბრალოდ, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ჩაი დაგველია, – ამბობს ნიკო, სკამის საზურგეს
ეყუდება და მხრებში იშლება, – ანუ დამთავრდა ის პროექტი, რომელზეც მუშაობდი?

ზურგს უკან ევა კაბურიდან „გლოკ 19“-ს იღებს და ჩანთაში ათავსებს.

– არა, – ამბობს ის, – ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.

You might also like