You are on page 1of 168

1

სარჩევი
სარჩევი .................................................................................................................................................................................. 2
1664 ........................................................................................................................................................................................ 3
1665 ...................................................................................................................................................................................... 64
1666 .................................................................................................................................................................................... 124
1676 .................................................................................................................................................................................... 158

2
1664

დედაჩემს არ გავუფრთხილებივარ, რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ. მოგვიანებით მითხრა, არ მინდოდა,


აფორიაქება დაგტყობოდაო. გამიკვირდა. მეგონა, უკეთ მიცნობდა. ვფიქრობ, უცნობ ადამიანებს ჩემს
მღელვარებას არასოდეს ვაგრძნობინებ. ბავშვი როდი ვარ, რომ ცრემლები ვაფრქვიო. მხოლოდ დედაჩემი
ამჩნევს ხოლმე, როგორ მეძაბება სახე და მიფართოვდება ისედაც დიდრონი თვალები.

სამზარეულოს მაგიდაზე ბოსტნეულს ვჭრიდი, როდესაც ჩვენს კართან ხმები მომესმა. ქალის ხმა ლაპლაპა
თითბერს მოგაგონებდათ, მამაკაცისა კი ბოხი და ისეთივე მუქი იყო, როგორც ჩვენი სამზარეულოს ხის მაგიდა.
ამგვარი ხმებით, რომლებიც ჩვენს სახლში იშვიათად გაისმოდა, მდიდრული ხალიჩების, წიგნების,
მარგალიტებისა და ბეწვეულის მფლობელნი ლაპარაკობენ. კიდევ კარგი, რომ დილას საგულდაგულოდ
გავხეხე კიბის საფეხურები. წინა ოთახიდან სულ უფრო ახლოს მესმოდა დედაჩემის ხმა, რომლის გაგონებისას
ქვაბები და ტაფები წარმომიდგებოდა ხოლმე. სტუმრები სამზარეულოში შემოვიდნენ. დაჭრილი პრასი
გვერდზე გავწიე, დანა მაგიდაზე დავდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და ტუჩები მოვიკვნიტე, უფრო
გლუვი რომ გამეხადა.

კარში დედაჩემი გამოჩნდა და თვალით მანიშნა, გაფრთხილდიო. მას შემოჰყვა ქალი, რომელიც იძულებული
იყო, თავი დაეხარა, რადგან ძალიან მაღალი იყო - უფრო მაღალი, ვიდრე მის უკან მომავალი მამაკაცი.

ჩვენს ოჯახში ყველა ტანმორჩილი იყო, თვით მამაჩემი და ჩემი ძმაც კი.

ქალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ქუჩაში ძლიერი ქარი ქროდა, თუმცა სინამდვილეში წყნარი ამინდი იდგა.
ქუდი გვერდზე მოქცეოდა, შუბლზე კი თხელი ქერა კულულები ჩამოსწეწოდა, რომლებიც რამდენჯერმე
ხელით გადაიწია, ისე, თითქოს ფუტკრებს იშორებსო. საყელოც მობრეცოდა და დასჭმუჭნოდა. როდესაც რუხი
მოსასხამი მოიხსნა, მუქი ლურჯი კაბის ქვეშ გამობერილი მუცელი შევამჩნიე. ალბათ, მალე - წლის ბოლომდე
ან კიდევ უფრო ადრე - უნდა ემშობიარა.

სახე ოვალურ თეფშს მიუგავდა და ხან უელვარებდა, ხან კი - უმქრქალდებოდა. თვალები ორი ყავისფერი
ღილივით უბრწყინავდა. ასეთი ფერის თვალები ქერათმიან ქალებს იშვიათად აქვთ ხოლმე. ყურადღებით
მაკვირდებოდა, მაგრამ დროდადრო თვალს მაცილებდა და ოთახს ათვალიერებდა.

- მაშასადამე, ეს ის გოგონაა, - თქვა მან უეცრად.

- ჩემი ქალიშვილია, გრიტი, - მიუგო დედაჩემმა. ორივე სტუმარს მოწიწებით დავუკარი თავი.

- გასაგებია. მაღალი არაა. მძიმე სამუშაოს თავს გაართმევს?

როდესაც ქალი მამაკაცისკენ მიტრიალდა, მისი მოსასხამის კალთა ჩემი დანის ტარს წამოედო. დანა
მაგიდიდან გადმოვარდა და იატაკზე დაბზრიალდა.

ქალმა წამოიკივლა.

- კატარინა! - მშვიდად მიმართა მამაკაცმა. ამ სახელის წარმოთქმისას თითქოს დარიჩინის სურნელი


ამოისუნთქა. ქალი შეკრთა და შეეცადა, დაწყნარებულიყო.

დანა ავიღე, წინსაფრის კალთით გავწმინდე და მაგიდაზე დავდე. დანა ბოსტნეულს წამოედო. სტაფილოს
ნაჭერი თავის ადგილას დავაბრუნე.
3
მამაკაცი ნაცრისფერი თვალებით შემომცქეროდა. გამხდარი, მოგრძო სახე ჰქონდა. მშვიდად იმზირებოდა,
განსხვავებით ცოლისგან, რომელსაც გამომეტყველება წამდაუწუმ ეცვლებოდა. მამაკაცი უწვერულვაშო იყო,
რაც მომეწონა - სისუფთავის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შავი მოსასხამიდან თეთრი პერანგი და მაქმანის
საყელო მოუჩანდა. სველი აგურის ფერის თმაზე ქუდი ეხურა.

- აქ რას აკეთებდი, გრიტ? - მკითხა მან. ამ კითხვამ გამაკვირვა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

- ბოსტნეულს ვჭრიდი, ბატონო. წვნიანისთვის.

დაჭრილ ბოსტნეულს ყოველთვის ცალ-ცალკე, ფენებად ვაწყობდი ხოლმე, ღვეზელის გულსართივით. იმ


დღეს ხუთი სახის ბოსტნეული მეწყო: წითელი კომბოსტო, ხახვი, ნიახური, სტაფილო და თალგამი. ყოველი
ფენის ნაპირები დანით შევასწორე და ცენტრში სტაფილოს ნაჭერი დავდე.

მამაკაცმა მაგიდაზე თითით დააკაკუნა.

- ასეთივე თანმიმდევრობით აწყობ წვნიანში? - მკითხა მან. თან ფენებს აკვირდებოდა.

- არა, ბატონო, - შევყოყმანდი მე. არ ვიცოდი, რატომ ვაწყობდი ბოსტნეულს ამგვარად. უბრალოდ, ვიცოდი,
რომ ასე უნდა დამეწყო, მაგრამ ვერ გავბედე, ეს მეთქვა ამ ბატონისთვის.

- ვხედავ, რომ თეთრი ბოსტნეული ცალკე დაგიწყვია, - მითხრა მან და თალგამსა და ხახვზე მიმითითა, -
ნარინჯისფერი და წითელი ბოსტნეული კი ერთმანეთისგან გაგიცალკევებია. რატომ?

მან სტაფილოს და კომბოსტოს ნაჭრები კამათელივით აათამაშა ხელში.

დედაჩემმა ოდნავ შესამჩნევად დამიქნია თავი.

- ეს ორი ფერი ერთმანეთს არ უხდება, ბატონო.

მამაკაცმა წარბები ასწია, თითქოს ასეთ პასუხს არ ელოდაო.

- ბევრ დროს ანდომებ ბოსტნეულის დაწყობას, სანამ წვნიანს მოამზადებ?

- არა, ბატონო, - ვუპასუხე დარცხვენით. არ მინდოდა ეფიქრა, ფუქსავატი გოგო ყოფილაო.

ოთახში რაღაც მოძრაობა შევნიშნე. კარში ჩემმა დამ, აგნესმა შემოიხედა და ჩემი სიტყვების გაგონებისას
თავი გადააქნია. იცოდა, რომ იშვიათად ვცრუობდი. თვალები დავხარე.

მამაკაცმა თავი მიაბრუნა და აგნესი მაშინვე გაუჩინარდა. მამაკაცმა სტაფილოსა და კომბოსტოს ნაჭრები
კვლავ მაგიდაზე დააწყო. კომბოსტოს ნაჭერი ალყა-ალყად დაჭრილ ხახვის რგოლებს შეერია. მინდოდა თავის
ადგილას დამედო. თავი შევიკავე, მაგრამ მამაკაცი სურვილს მიმიხვდა. მცდიდა.

- გეყოთ ყბედობა, - გამოაცხადა ქალმა. გაღიზიანებული გახლდათ იმის გამო, რომ მამაკაცმა ამდენი
ყურადღება დამითმო, მაგრამ შუბლშეჭმუხნული მაინც მე მიყურებდა. - მუშაობას ხვალიდან დაიწყებ, ხომ?

მან მამაკაცს გადახედა და სამზარეულო დატოვა. დედაჩემიც გავიდა. მამაკაცმა კიდევ ერთხელ გადახედა
იმას, რისგანაც წვნიანი უნდა მომეხარშა, შემდეგ თავი დამიკრა და ქალებს გაჰყვა.

4
როდესაც დედაჩემი დაბრუნდა, მრგვლად დაწყობილ ბოსტნეულთან ვიჯექი. ვუცდიდი, რას მეტყოდა დედა,
რომელიც ისე იბუზებოდა, თითქოს ზამთარი იყო და ყინავდა, თუმცა, ზაფხული იდგა და სამზარეულოში
თბილოდა.

- ხვალიდან მათ დაუდგები შინამოსამსახურედ. თუ ბეჯითად იმუშავებ, დღეში რვა სტუივერს გადაგიხდიან.
მათ სახლში იცხოვრებ.

ავიმრიზე.
- აგრე ნუ მიყურებ, გრიტ, - მითხრა დედამ, - სხვა გზა არა გვაქვს. მამაშენი უმუშევარია.

- სად ცხოვრობენ?

- აუდე ლანგენდეიკზე, იქ, სადაც მას მოლენპურტი კვეთს.

- პაპისტთა უბანში? კათოლიკეები არიან?

- კვირადღეებში შინ გამოგიშვებენ. ამაზე უკვე შევთანხმდით.

დედამ ერთი მუჭა თალგამი აიღო, ცოტაოდენი კომბოსტო და ხახვიც დაამატა და ცეცხლზე შემომდგარ
წყლიან ქვაბში ჩაყარა. ჩემ მიერ მონდომებით დაწყობილი ფენები ერთმანეთში აირია.

***

კიბე ავიარე და მამაჩემს მივაკითხე. სხვენზე, ფანჯარასთან იჯდა. მზის სხივები სახეზე ელამუნებოდა. ახლა
უკვე მხოლოდ მზის სხივებს არჩევდა.

უწინ მამაჩემი შორენკეცებს ხატავდა. თითებში ლურჯი საღებავი ისე ღრმად ჰქონდა ჩამჯდარი, რომ ვეღარ
იცილებდა. თეთრ ფილებზე ხატავდა ლურჯ კუპიდონებს, ჯარისკაცებს, ხომალდებს, ბავშვებს, თევზებსა და
ცხოველებს, შემდეგ ფილების მოჭიქვისა და გამოწვის დრო დგებოდა, ბოლოს კი ყიდდა მათ. მაგრამ ერთხელ
გამოსაწვავი ღუმელი აუფეთქდა. შედეგად მამამ მხედველობაც დაკარგა და საარსებო წყაროც. საერთოდ კი
იღბალი ჰქონია - აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მამას მივუჯექი და ხელზე ხელი მოვკიდე.

- ვიცი, - მითხრა მან, სანამ რაიმეს ვიტყოდი. - ყველაფერი გავიგონე.

თვალისჩინის დაკარგვის შემდეგ სმენა გაუმძაფრდა. ვერაფერი ვუთხარი ისეთი, რომ ჩემს სიტყვებში
საყვედური არ გაჟღერებულიყო.

- მაპატიე, გრიტ. ვიფიქრე, რომ შენთვის ასე აჯობებდა, - თვალის უპეებში, სადაც ექიმმა ქუთუთოები
ერთმანეთს მიაკერა, სევდა ჩასდგომოდა. - ის კეთილი კაცია. და თავაზიანი. კარგად მოგექცევა.

ქალის შესახებ არაფერი უთქვამს.

- საიდან იცი, მამა? იცნობ?

- განა შენ ვერ იცანი?

5
- ვერა.

- გახსოვს, რამდენიმე წლის წინ რატუშაში სურათი რომ ვნახეთ? ვან რეივენმა შეიძინა და გამოფინა.
დელფტის ხედი იყო, როტერდამისა და სქიდამის მხრიდან დანახული. სურათის უმეტესი ნაწილი უზარმაზარ
ცას ეკავა, ზოგიერთ სახლზე კი მზის ათინათები ბრჭყვიალებდნენ.

- აგურები და სახურავები ქვიშანარევი საღებავებით იყო დახატული, მათი უსწორმასწორო ზედაპირის


გადმოსაცემად, - დავამატე მე. - წყალს მოგრძო ჩრდილები ეფინა. ნაპირზე კი რამდენიმე პაწაწინა კაცუნა
იდგა.

- სწორია.

მამაჩემს ნაოჭები ისე ჩაუღრმავდა, თითქოს თვალები ჯერ კიდევ ჰქონდა და კვლავ უყურებდა სურათს.
ეს სურათი კარგად მახსოვდა. ისიც მახსოვდა, რომ გავიფიქრე, ამ ადგილას რამდენჯერ ვმდგარვარ და
არასოდეს მინახავს დელფტი ისეთი, როგორიც მხატვარმა იხილა-მეთქი.

- ეს კაცი ვან რეივენი იყო?

- შენი ბატონი? - ჩაიცინა მამამ. - არა, შვილო. ის მხატვარია, ვერმეერი. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იოჰანეს
ვერმეერი და მისი ცოლი იყვნენ. ვერმეერის სახელოსნო უნდა დაალაგო ხოლმე.

*****

ჩემ მიერ წასაღებად შერჩეულ რამდენიმე ნივთს დედამ კიდევ ერთი კაპორი, საყელო და წინსაფარი დაამატა,
რათა ერთის გარეცხვის შემთხვევაში მეორე მეტარებინა და ყოველთვის კოპწიად ვყოფილიყავი
გამოწყობილი. გარდა ამისა, გამატანა ჯერ კიდევ ბებიაჩემის ნაქონი, კუს ბაკნისგან დამზადებული ნიჟარის
ფორმის დეკორატიული სავარცხელი, რომლის ტარება შინამოსამსახურეს არ შეჰფეროდა, აგრეთვე -
ლოცვანი, რათა კათოლიციზმის ზეგავლენისგან დაცული ვყოფილიყავი.

როდესაც ბარგი შევკარით, დედამ ამიხსნა, როგორ დამიქირავეს ვერმეერებმა.

- ხომ იცი, შენი ახალი ბატონი წმინდა ლუკას გილდიის უფროსია და ეს თანამდებობა ეკავა, როდესაც მამაშენს
ის უბედურება შეემთხვა.

თავი დავუქნიე, გაოგნებულმა იმით, რომ ასეთი ცნობილი მხატვრის სახლში მოვხვდებოდი.

- გილდია შეძლებისდაგვარად ზრუნავს თავის წევრებზე. გახსოვს, ჩვენთან წლების განმავლობაში ყოველ
კვირას მოჰქონდათ ყუთი, რომელშიც მამაშენი ფულს ყრიდა? ეს ფული ჩვენნაირ მდგომარეობაში ჩავარდნილ
ადამიანებს ხმარდება ხოლმე. მაგრამ ეს თანხა საარსებოდ საკმარისი არ არის, მით უმეტეს ახლა, როდესაც
ფრანსი ჯერჯერობით მხოლოდ შეგირდია და ხელფასს არ იღებს. გამოსავალი არა გვაქვს. ქველმოქმედებაზე
არ ვთანხმდებით, ჯერჯერობით თავს უამისოდაც გავიტანთ. მამაშენმა შეიტყო, რომ შენს ახალ ბატონს
სჭირდება შინამოსამსახურე, რომელიც სახელოსნოს დაულაგებს ისე, რომ არაფერს გადააადგილებს, და

6
შესთავაზა, შენ დაექირავებინე. ფიქრობდა, რომ ვერმეერი, როგორც გილდიის უფროსი, ჩვენს მდგომარეობას
გაითვალისწინებდა და დაგვეხმარებოდა.

დედაჩემის ნათქვამიდან მხოლოდ ერთმა რაღაცამ დამაფიქრა:

- როგორ უნდა დავალაგო ოთახი ისე, რომ არაფერი გადავაადგილო?

- რა თქმა უნდა, ნივთების გადაადგილება მოგიწევს, მაგრამ უნდა მოიფიქრო, როგორ დააწყო ისინი ზუსტად
იმავე ალაგას ისე, თითქოს ხელი არაფრისთვის გეხლოს. ისევე, როგორც მამაშენის ოთახს ალაგებ ახლა,
როდესაც ის ვერაფერს ხედავს..

მამაჩემის დაბრმავების შემდეგ მის ნივთებს ერთსა და იმავე ადგილას ვდებდით, ადვილად რომ ეპოვა ისინი.
მაგრამ ერთია უსინათლო ადამიანის ოთახის დალაგება და სრულიად სხვა - იმ ადამიანის სახელოსნოსი,
რომელსაც მხატვრის მახვილი თვალი აქვს.

*****
ვერმეერების წასვლის შემდეგ აგნესი არ დამლაპარაკებია. მაშინაც დუმდა, როდესაც დასაძინებლად
დავწექით, თუმცა ჩემთვის ზურგი არ შეუქცევია. იწვა და ჭერს მიშტერებოდა. როდესაც სანთელი ჩავაქრე,
წყვდიადში მას ვეღარ ვხედავდი. აგნესისკენ მივტრიალდი:

- შინიდან წასვლა სულაც არ მინდა. მაგრამ იძულებული ვარ.

სიჩუმე.

- ფული გვჭირდება. მამას ხომ მუშაობა აღარ შეუძლია.

- დღეში რვა სტუივერი რა ბედენაა.

ხმაში ხრინწი შეჰპაროდა, თითქოს მის ყელში ობობას გაება ქსელი.

- პურის ფულად ხომ გეყოფათ. და თითო ნაჭერ ყველსაც მიაყოლებთ. არც ისე მცირე თანხაა.

- სულ მარტო დავრჩები. ჯერ ფრანსი წავიდა, ახლა შენ გვტოვებ.

გასულ წელს, როდესაც ფრანსი შინიდან წავიდა, აგნესი კიდევ უფრო მეტად დაღონდა. და-ძმა განუწყვეტლივ
კინკლაობდა, მაგრამ ფრანსის წასვლის შემდეგ აგნესს დიდხანს ეტყობოდა უგუნებობა. ათი წლისა გახლდათ
- ჩვენ შორის ყველაზე უმცროსი იყო - და მიეჩვია, რომ სამივენი ერთად ვიზრდებოდით.

- დედა და მამა ხომ აქ რჩებიან. კვირა დღეებში მეც მოვალ ხოლმე. გარდა ამისა, ფრანსის წასვლაც არ იყო
მოულოდნელი.

წინასწარ ვიცოდით, რომ ცამეტი წლის შესრულებისთანავე ფრანსს ფაბრიკაში უნდა დაეწყო მუშაობა. მამა
დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა ფულს, რომ ფრანსის შეგირდობის საფასური გადაეხადა. განუწყვეტლივ
გვიჩიჩინებდა, რომ ფრანსი ხელობას დაეუფლებოდა, შინ დაბრუნდებოდა და ისინი ერთად გახსნიდნენ
შორენკეცების ფაბრიკას.

7
ახლა მამა ფანჯარასთან იჯდა ხოლმე და არასოდეს ლაპარაკობდა მომავლზე. უბედური შემთხვევის შემდეგ
ფრანსი შინ მხოლოდ ორი დღით მოვიდა. და მეტად აღარ გამოჩენილა. ბოლოს მაშინ ვნახე, როდესაც
თვითონ მივედი ფაბრიკაში, ქალაქის მეორე ბოლოში. დაღლილი სახე ჰქონდა. თანაც, თურმე ღუმლიდან
გამომწვარი ფილების გამოტანისას ხელები ეთუთქებოდა. მითხრა, გათენებიდან გვიან საღამომდე ვმუშაობ
და ზოგჯერ ისე ვიღლები, მადაც კი მეკარგებაო. „მამას არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ ამდენი უნდა
მემუშავა, - წაიბურტყუნა გაბრაზებულმა. - მხოლოდ იმას მიყვებოდა, რამდენი რამ შეისწავლა შეგირდობის
დროს.

- ალბათ, ასეც იყო, - მივუგე მე, - შეგირდობის დროს სრულყოფილად დაეუფლა თავის ხელობას.

*****

როდესაც მეორე დილას წასასვლელად გავემზადე, მამაჩემი კედელზე ხელის ფათურით გამოვიდა
ზღურბლზე. დედაჩემს და აგნესს მოვეხვიე.

- ერთი კვირა ისე გაირბენს, რომ ვერც შეამჩნევ, - მითხრა დედამ.

მამამ ცხვირსახოცში შეხვეული რაღაც ნივთი მომცა.


- მშობლიურ სახლს მოგაგონებს, - მითხრა, - და შენიანებსაც.

ცხვირსახოცში მისი ყველაზე საყვარელი ფილა იყო გახვეული. შინ უმეტესად ხარვეზიანი ფილები მოჰქონდა,
რომლებსაც მოტეხილი ან ირიბად მოჭრილი კიდეები ჰქონდა, ან ისეთები, რომლებზეც გადახურების გამო
ნახატი გათხაპნილიყო. მაგრამ ეს ფილა მამამ საგანგებოდ ჩვენთვის დაამზადა. ფილაზე ბიჭის და მასზე
უფრო მოზრდილი გოგონას პატარა ფიგურები იყო დახატული. ისინი კი არ თამაშობდნენ (როგორც,
ჩვეულებრივ, ხატავენ ხოლმე ამგვარ ფილებზე), არამედ, უბრალოდ, გვერდიგვერდ მიდიოდნენ - ისე, როგორც
მე და ფრანსი ვსეირნობდით ხოლმე. როგორც ჩანს, მამამ ამ ფილაზე სწორედ ჩვენ დაგვხატა. ბიჭი ოდნავ წინ
უსწრებდა გოგონას, მისკენ მოტრიალებულიყო და რაღაცის თქმას აპირებდა. ცუღლუტი გამომეტყველება და
გაჩეჩილი თმა ჰქონდა. გოგონას თავზე კაპორი ისე ეხურა, როგორც მე ვატარებდი (ჩემზე უფროსი გოგონები
კაპორის ლენტებს ნიკაპქვეშ ან უკან, კისერზე იკრავდნენ). თეთრი კაპორის ფართო ფარფლები სახეს
მიჩრდილავდა ხოლმე და ჩემს გამომეტყველებას ვერავინ ამჩნევდა. კაპორს ყოველთვის ვახამებდი -
კარტოფილის ნაფცქვენებთან ერთად ვხარშავდი ხოლმე.

ქუჩას გავყევი. წინსაფარში გახვეული ჩემი ნივთები თან მიმქონდა. თენდებოდა. მეზობლები ვედროებით
წყალს ასხამდნენ პარმაღებსა და ქუჩაზე - თავიანთი სახლების წინ - და საგულდაგულოდ რეცხავდნენ მათ.
ახლა ეს საქმე აგნესს უნდა ეკისრა. და კიდევ ბევრი რამ უნდა დასწოლოდა კისერზე. ქუჩაში და არხების
მახლობლად თამაშისთვის ნაკლები დრო დარჩებოდა. მისი ცხოვრებაც შეიცვლებოდა.

მეზობლები მესალმებოდნენ და ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდნენ. არც ერთ მათგანს არ უკითხავს,


საით მიდიხარო და არც თავაზიანი სიტყვები გაუმეტებია ჩემთვის. ეს სრულიად ზედმეტი იყო - მათ იცოდნენ,
რა ხდება ხოლმე ოჯახებში, როდესაც ოჯახის უფროსი შრომის უნარს კარგავს. მოგვიანებით იჭორავებდნენ -
პატარა გრიტი ვიღაცას მოახლედ დაუდგა, მამამისი ოჯახს ვეღარ პატრონობსო. თუმცა ჩვენი უბედურება მათ
სიამოვნებას როდი ანიჭებდა. შესაძლებელი იყო, იგივე მათაც დამართოდათ.

8
ამ ქუჩაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში დავდიოდი, მაგრამ ახლა პირველად ვიგრძენი, რომ მამისეული
სახლი სამუდამოდ დავტოვე. ქუჩა ჩავიარე. უკვე ვიცოდი, რომ ჩემიანები ვეღარ მხედავდნენ. ოდნავ გულს
მომეშვა. უფრო მტკიცედ მივაბიჯებდი და აქეთ-იქით ვიყურებოდი. გრილი დილა იყო. დელფტს ზეწარივით
გადაჰფარებოდა რუხი ცა, რომელსაც მალე ზაფხულის მცხუნვარე მზე გაახუნებდა. არხი, რომლის გასწვრივაც
მივდიოდი, სარკესავით კრიალებდა და მომწვანო ფერი დაჰკრავდა. როდესაც მზე დააცხუნებს, წყალი
ჩამუქდება და ხავსისფერი გახდება.

ფრანსი, აგნესი და მე ხშირად ვსხდებოდით ხოლმე არხის პირას და წყალში კენჭებსა და ჯოხებს ვისროდით.
ერთხელ გატეხილი ფილაც ვისროლეთ და წარმოვიდგინეთ, როგორ ეშვებოდა ფსკერზე, თევზების კი არა,
ჩვენ მიერ წარმოდგენილი იმ ურჩხულების გვერდით, რომელთაც უამრავი თვალი, ფარფლი, საცეცი და
მარწუხი ჰქონდათ. ყველაზე უფრო საინტერესო ურჩხულებს ფრანსი იგონებდა. აგნესი ყველაზე მეტად
ფრთხებოდა. მე ყოველთვის ვაწყვეტინებდი თამაშს - ჩვევად მქონდა, ცხოვრება ფხიზელი თვალით აღმექვა.
ამიტომ არ მეპიტნავებოდა არარსებული ამბების გამოგონება.

არხში ბაზრის მოედნისკენ მხოლოდ რამდენიმე ნავი მიცურავდა. ბაზრობის დღეებში არხში იმდენი ნავია
ხოლმე, რომ წყალი არ ჩანს. დღეს კი ერთი ნავით მდინარის თევზი მიჰქონდათ იერონიმეს ხიდთან
გამართული დახლებისკენ, ხოლო მეორე კარჭაპი აგურით იყო დატვირთული და ღრმად იჯდა წყალში. კაცი,
რომელიც მას მართავდა, მომესალმა. საპასუხოდ მდუმარედ მივესალმე და თავი დავხარე, რათა სახეზე
კაპორის ფარფლები ჩამომფარებოდა.

ხიდი გადავიარე და ბაზრის ფართო მოედნისკენ შევუხვიე, სადაც უკვე უამრავი ადამიანი ირეოდა - ყასაბთა
დახლებისკენ ან მეფუნთუშეებისკენ მიიჩქაროდნენ, ან კიდევ შეშა მიჰქონდათ ასაწონად. ბევრი ბავშვი
მშობლების დავალებით მოსულიყო. აქვე იყვნენ ოსტატების მიერ გამოგზავნილი შეგირდები და მსახურები.
ქვაფენილზე ცხენების ფლოქვების თქარათქური და ურმების ბორბლების ჭრიალი ისმოდა. მარჯვნივ
რატუშის მოოქროვილი ფასადი მოჩანდა. ფანჯრების ზემოთ, თაღებიდან თეთრი მარმარილოს სახეები
დაგვყურებდნენ. მარცხენა მხარეს იდგა ახალი ეკლესია, სადაც თექვსმეტი წლის წინ მომნათლეს. მისი
მაღალი ვიწრო სამრეკლო ქვის გალიას მაგონებდა. ერთხელ მამამ იქ აგვიყვანა. არასოდეს დამავიწყდება,
როგორ გადაიშალა იქიდან დელფტის ხედი. თითოეული პაწაწინა წითელსახურავიანი ვიწრო სახლი,
თითოეული მწვანე არხი და ქალაქის ალაყაფის კარი - ყველაფერი მკაფიოდ მოჩანდა და სამუდამოდ
აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მამას ვკითხე, ყველა ჰოლანდიური ქალაქი ასეთია თუ არა-მეთქი. მაგრამ მან
ამის შესახებ არაფერი იცოდა. არასოდეს ყოფილა სხვა ქალაქში, ჰააგაშიც კი, რომლისგანაც მხოლოდ ორი
საათის სავალი გზა გვაშორებდა.

მოედნის ცენტრისკენ გავემართე. აქ ქვები ისე იყო დაგებული, რომ წრეში ჩახატულ რვაქიმიან ვარსკვლავს
წარმოქმნიდა. ვარსკვლავის ყოველი ქიმი დელფტის სხვადასხვა რაიონისკენ იყო მიმართული. ეს ვარსკვლავი
ქალაქის ცენტრად და ჩემი ცხოვრების ცენტრად წარმომედგინა. როდესაც წამოვიზარდეთ, ფრანსთან და
აგნესთან ერთად ხშირად მითამაშია მასზე. ვარსკვლავის რომელიმე ქიმს შევარჩევდით, ვასახელებდით ამა
თუ იმ საგანს - წეროს, ეკლესიას, ურიკას, ყვავილს, შემდეგ კი ქიმით მონიშნული მიმართულებით გავრბოდით
და ამ საგანს ვეძებდით. ასე გავეცანით თითქმის მთელ დელფტს.

მხოლოდ ერთი მიმართულებით არ წავსულვართ არასოდეს - პაპისტების უბნისკენ, სადაც კათოლიკეები


ცხოვრობდნენ. სახლი, რომელშიც უნდა მემსახურა, ათი წუთის სავალზე იყო ჩემი მშობლიური სახლიდან -
სწორედ ეს დრო დასჭირდებოდა კარდალით წყლის ადუღებას, მაგრამ იქ არასოდეს ვყოფილვარ.

არც ერთ კათოლიკეს არ ვიცნობდი. დელფტში მრავლად როდი იყვნენ. ჩვენს ქუჩაზე, ჩვენს მაღაზიებში მათ
ვერ ნახავდით. კათოლიკეებს თავს არ ვარიდებდით, მაგრამ თვითონ არ გვიკარებდნენ. დელფტის

9
მცხოვრებნი მეტ-ნაკლებად ეგუებოდნენ მათ, იმ პირობით, რომ კათოლიკეები სააშკარაოზე არ გამოიტანდნენ
თავიანთ სარწმუნოებას. ღვთისმსახურებას ფარულად ატარებდნენ ისეთ შენობებში, რომლებიც გარეგნულად
ეკლესიებს არც კი ჰგავდა.

მამაჩემი კათოლიკეებთან ერთად მუშაობდა და ამბობდა, რომ ისინი ჩვენგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
პირიქით, უფრო ხალისიანები იყვნენ. ქეიფი, სიმღერები და ბანქოს თამაში უყვარდათ. მამას თითქოს შურდა
კიდეც მათი.

ახლა სწორედ ამ ქიმით მონიშნული მიმართულებით გავეშურე. მოედანი ნელა გადავჭერი - ფეხები უკან
მრჩებოდა. ხიდი გადავიარე და მარცხნივ, აუდე ლანგენდეიკის ქუჩაზე გავუხვიე. არხი ქუჩის გასწვრივ
მიიკლაკნებოდა და მას ბაზრის მოედნისგან მიჯნავდა.

მოლენპურტის ქუჩის გადაკვეთაზე, ღია კარის მახლობლად, ძელსკამზე ოთხი გოგონა ჩამომჯდარიყო.
სიმაღლის მიხედვით ჩარიგებულიყვნენ, დაწყებული უფროსით, რომელიც, როგორც ჩანს, აგნესის კბილა იყო,
და დამთავრებული ოთხი წლის გოგუცანათი. შუაში მჯდომ ერთ-ერთ გოგონას მუხლზე ათიოდე თვის ჩვილი
ეჯდა - წამოჩიტული ჩვილი, რომელიც, ალბათ, უკვე დაცოცავდა და საცაა, გაივლიდა.

ხუთი ბავშვი!. და კიდევ ერთი უნდა გაჩნდეს! უფროსი გოგონა ორსაგდულიან ნიჟარაში საპნის ბუშტებს
ბერავდა ხის ღრუ მილაკით, ისეთით, როგორსაც მამა გვიმზადებდა ხოლმე. საპნის ბუშტის გაბერვისას
დანარჩენი გოგონები ადგილიდან ხტებოდნენ და მას ხელებს უტყაპუნებდნენ. გოგონას, რომელსაც
მუხლებზე ბავშვი ეჯდა, მოძრაობა უჭირდა და ბუშტებს ვერ იჭერდა, თუმცა უფროსი დის გვერდით იჯდა.
ყველაზე უმცროსი, რომელიც განაპირას მოკალათებულიყო, მომცრო ტანისა გახლდათ და ბუშტებს ვერ
სწვდებოდა. მის გვერდით მჯდომი გოგონა ყველაზე სწრაფი იყო: ბუშტებს დასდევდა და ხელებს
უტყაპუნებდა. დებისგან ხასხასა წითური თმით გამოირჩეოდა - ასეთივე ფერისა იყო აგურის კედელი, რომლის
წინაც გოგონები ისხდნენ. უმცროსსა და ბავშვიანს, დედის მსგავსად, ხვეული ქერა თმა ჰქონდათ, უფროსს კი
წაბლისფერი თმა მამისას მიუგავდა.

ვუყურებდი, როგორ ხეთქავდა წითურთმიანი გოგონა საპნის ბუშტებს, სანამ ისინი სახლის წინ
დიაგონალურად დაგებულ რუხ და თეთრ ფილებზე დაეშვებოდნენ. მისი მოთოკვა ძნელი იქნება-მეთქი,
გავიფიქრე.

- მანამ გახეთქე, სანამ ფილებზე დაცვივდებიან, - ვუთხარი მე, - თორემ ფილები ხელახლა გასარეცხი გახდება.

უფროსმა გოგონამ მილაკი ძირს დაუშვა. ოთხი წყვილი თვალი ერთი და იმავე გამომეტყველებით მომაჩერდა,
რაც უდავოდ მოწმობდა, რომ ისინი დები იყვნენ. მშობლებს ჰგავდნენ - ნაცრისფერი და თაფლისფერი
თვალებით, მოგრძო სახეებით, მკვეთრი მოძრაობებით.
- ახალი შინამოსამსახურე ხარ? - მკითხა უფროსმა.

- დაგვავალეს, რომ დაგხვედროდით, - ჩაერია წითურთმიანი, სანამ ვუპასუხებდი.

- კორნელია, წადი და ტანეკე მოძებნე, - უთხრა მას უფროსმა დამ.

- შენ წადი, ალეიდის, - უბრძანა კორნელიამ უმცროსს, რომელიც ფართოდ გახელილი ნაცრისფერი თვალებით
მიყურებდა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

- მე წავალ, - როგორც ჩანს, უფროსმა გადაწყვიტა, რომ ჩემი მოსვლა საკმარისად მნიშვნელოვანი მოვლენა
იყო.

10
- არა, მე წავალ, - კორნელია წამოხტა, გაიქცა და უფროს დას გაუსწრო. ორ უფრო დინჯ გოგონასთან
დამტოვეს.

შევხედე ბავშვს, რომელიც გოგონას მუხლებზე ცმუკავდა.

- შენი ძამიკოა თუ დაიკო?

- ძამიკო, - მიპასუხა გოგონამ ბუმბულის ბალიშივით ლბილი ხმით, - იოჰანესი ჰქვია. იანი არასოდეს დაუძახო.

ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ მივხვდი - ამ სიტყვებს მათს ოჯახში ხშირად იმეორებდნენ.

- კარგი. რა გქვია?

- ლისბეთი, ამას კი ალეიდისი.

უმცროსმა გოგონამ გამიღიმა. ორივეს თეთრწინსაფრებიანი კოხტა ყავისფერი კაბები ეცვათ და თეთრი
კაპორები ეხურათ.

- შენს უფროს დას რა ჰქვია?

- მარტჰე. მარია არ უწოდო, ეს ჩვენი ბებიას სახელია, სახლიც ბებიასია.

ბავშვი ასლუკუნდა. ლისბეთმა მუხლით შეათამაშა ის.

სახლს თვალი შევავლე. რა თქმა უნდა, ჩვენს სახლზე დიდი იყო, მაგრამ არც ისეთი დიდი, როგორც ვშიშობდი.
ორი სართული და სხვენი ჰქონდა, ჩვენსას კი - მხოლოდ ერთი სართული და პაწაწინა სხვენი. ეს იყო ბოლო
სახლი ქუჩაზე, რომელსაც მეორე მხარეს მოლენპურტი მიუყვებოდა, ამიტომ ის ამ ქუჩაზე მდებარე სხვა
სახლებზე უფრო ფართო იყო. სხვა სახლებიდან უფრო მეტად იყო დაშორებული, ვიდრე დელფტის სახლების
უმრავლესობა, რომელთა ვიწრო ფასადები ერთმანეთს ეკვროდა, ხოლო მილები და ციცაბო სახურავები
არხების წყალში ირეკლებოდა. ამ სახლის პირველი სართულის ფანჯრები ძალზე მაღლა გამოეჭრათ, მეორე
სართულიდან კი ქუჩას სამი ერთმანეთთან მიჯრილი ფანჯარა გადმოჰყურებდა. ამ ქუჩაზე სხვა სახლებს
მხოლოდ ორ-ორი ფანჯარა ჰქონდა.

სახლის წინ, არხის გადაღმა, ახალი ეკლესიის სამრეკლო მოჩანდა. უცნაური ხედი აურჩევია კათოლიკეთა
ოჯახს-მეთქი, გამიელვა თავში - ეკლესია, რომელშიც ფეხი არასოდეს შეუდგამთ.

- ახალი მოსამსახურე ხარ? - მომესმა ზურგს უკან ვიღაცის ხმა.

კარის ღიობში მდგომ ქალს ფართო, ნაყვავილარი სახე და მოზრდილი, გაბუშტული ცხვირი ჰქონდა. მსხვილი
ტუჩები ისე მოეკუმა, გეგონებოდათ, პატარა პირი აქვსო. ზაფხულის ცასავით ბაცი ცისფერი თვალებით
შემომყურებდა. თეთრ პერანგზე მორუხო-მოყავისფრო კაბა ეცვა, თავზე მჭიდროდ ეხურა კაპორი, წინსაფარი
კი ისეთი ქათქათა როდი ჰქონდა, როგორიც - მე. კარის წინ იდგა, ისე, რომ მარტჰემ და კორნელიამ ძლივს
გამოაღწიეს სახლიდან. ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და გამომცდელად მათვალიერებდა. ჩემში
საფრთხეს ხედავს და თუ თავის დაცვას ვერ შევძლებ, დამჩაგრავს-მეთქი, გავიფიქრე.

- გრიტი მქვია, - ვუთხარი და მშვიდად გავუყარე თვალი თვალში, - ახალი შინამოსამსახურე ვარ.

11
ქალმა ფეხი შეინაცვლა.

- თუ ასეა, შემოდი, - მითხრა ერთი წამის შემდეგ. უკან, ბნელი წინკარისკენ დაიხია და გზა დამითმო.
ზღურბლზე გადავაბიჯე.

სამუდამოდ დამამახსოვრდა პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე წინკარში დაკიდულმა სურათებმა


მოახდინა. კარში შევჩერდი, ჩემი ფუთა ჩავბღუჯე და მივაშტერდი. სურათები ადრეც მენახა, მაგრამ ერთ
ოთახში ამდენი - არასოდეს. ყველაზე დიდ სურათზე ორი თითქმის შიშველი მამაკაცი იყო დახატული,
რომლებიც ერთმანეთს ერკინებოდნენ. ასეთი ამბავი ბიბლიაში, მგონი, არ იყო აღწერილი და ვიფიქრე, რომ
ეს კათოლიკური სიუჟეტი უნდა ყოფილიყო. სხვა სურათები უფრო ნაცნობ თემებზე იყო: ნატურმორტები
ხილით, პეიზაჟები, ზღვაში მოცურავე გემები, პორტრეტები. ისინი თითქოს სხვადასხვა მხატვრის მიერ იყო
დახატული. რომელი მათგანი იყო ჩემი ახალი ბატონის ნახატი? მისი ნახატები სხვაგვარად წარმომედგინა.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს სურათები სხვა მხატვრებისა იყო - ჩემი ბატონი იშვიათად ტოვებდა თავის
სახლში დასრულებულ ტილოებს. ის არა მარტო მხატვარი, არამედ სურათებით მოვაჭრეც გახლდათ და
სურათები თითქმის ყველა ოთახში ეკიდა, ჩემს საძინებელშიც კი. დაახლოებით ორმოცდაათი სურათი
დავთვალე, თუმცა, მათი რაოდენობა იცვლებოდა, როდესაც ზოგიერთი მათგანი იყიდებოდა.

- შემოდი, პირი ნუ დაგიღია, - ქალი დერეფანს გაჰყვა, რომელიც სახლის ერთ მხარეს უკანა კედლამდე
გრძელდებოდა. უეცრად მარცხნივ შეუხვია და ოთახში შევიდა. კარის პირდაპირ ჩემზე მაღალი სურათი ეკიდა.
მასზე ჯვარცმა იყო დახატული, ქვემოთ კი ღვთისმშობელი, მარიამ მაგდალელი და წმინდა იოანე იდგნენ.
შევეცადე, გაოცება სახეზე არ დამტყობოდა, მაგრამ სურათის ზომებმა და სიუჟეტმა განმაცვიფრა. მამაჩემის
თქმით, კათოლიკეები არც ისე განსხვავდებოდნენ ჩვენგან, მაგრამ ასეთ სურათებს ჩვენს სახლებში ან
ტაძრებში ვერ ნახავდით. ამ სურათის ხილვა ყოველდღე მომიწევდა.

ამ ოთახს ჩემს ფიქრებში „ჯვარცმიან ოთახს“ ვუწოდებდი და მასში ყოფნა ყოველთვის მეხამუშებოდა.

სურათმა იმდენად გამაოგნა, რომ კუთხეში მჯდომი ქალი მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როდესაც მომმართა:

- რაო, გოგონი, ახალი რამ იხილე?

ქალი რბილ სავარძელში იჯდა და ყალიონს ეწეოდა. კბილები ჩამუქებოდა, თითები კი მელნით ჰქონდა
დათხვრილი. სუფთა ტანსაცმელი ეცვა - შავი კაბაც, მაქმანის საყელოც და გახამებული თეთრი კაპორიც.
დანაოჭებულ სახეზე მკაცრი გამომეტყველება ეფინა, მაგრამ ბაცი ყავისფერი თვალები მხიარულად
უციმციმებდა.

იმ დედაბერთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ყვავის ასაკამდე მოიყრებიან ხოლმე.

კატარინას დედა იქნება-მეთქი, უეცრად მივხვდი. იმის გამო არა, რომ ისეთივე ფერის თვალები ჰქონდა და
კაპორიდან ჭაღარა თმის კულული ისევე ჩამოშლოდა, როგორც მის ქალიშვილს. თავი ისე ეჭირა, როგორც
ადამიანს, ვინც მასზე ნაკლებად გონიერ ადამიანებს პატრონობს - ისეთებს, როგორიც კატარინაა. იმასაც
მივხვდი, რატომ მიმიყვანეს მასთან და არა მის ქალიშვილთან.

თითქოს გულგრილად მიყურებდა, მაგრამ ყველაფერს ამჩნევდა. როდესაც თვალები მოჭუტა, ვიგრძენი, რომ,
რასაც ვფიქრობდი, ყველაფერს მიმიხვდა. თავი ისე მივატრიალე, რომ კაპორის ფარფლები სახეზე
ჩამომფარებოდა.

მარია თინსმა ყალიონი მოქაჩა და ჩაიცინა.

12
- სწორია, გოგონი. შენი ფიქრები საიდუმლოდ შეინახე. ამიერიდან ჩემს ქალიშვილს მოემსახურები. ახლა შინ
არაა, მაღაზიებში წავიდა. ტანეკე სახლს დაგათვალიერებინებს და შენს მოვალეობებს აგიხსნის.

თავი დავუკარი:

- დიახ, ქალბატონო.

ტანეკემ, რომელიც სავარძლის გვერდით იდგა, მუჯლუგუნი გამკრა. უკან მივყვებოდი და ვგრძნობდი, როგორ
მიხვრეტდნენ ზურგს მარია თინსის თვალები. და კვლავ მომესმა მისი ჩუმი სიცილი.

ტანეკემ პირველად სახლის უკანა ნაწილისკენ წამიყვანა. აქ სამზარეულო, სამრეცხაო და ორი საკუჭნაო იყო.
სამრეცხაოს კარი პატარა შიდა ეზოში გადიოდა, სადაც უამრავი თეთრეული შრებოდა.

- ეს ყველაფერი უნდა დააუთოო, - მითხრა ტანეკემ.

არაფერი ვუპასუხე, თუმცა, ჩემი აზრით, მზეს ჯერ კარგად არ გაექათქათებინა სარეცხი.

მან კვლავ სახლში შემიყვანა და ერთ-ერთ საკუჭნაოში იატაკში გაჭრილი ხვრელი და სარდაფში ჩამავალი კიბე
მიჩვენა.

- იქ დაიძინებ, - გამომიცხადა ტანეკემ, - შენი ნივთები ქვემოთ ჩაყარე. მათ მოგვიანებით მიხედავ.

ჩემი ფუთა ბნელ ორმოში უხალისოდ ჩავაგდე. გამახსენდა, როგორ ვყრიდით მე, ფრანსი და აგნესი კენჭებს
არხში, რათა ურჩხულები გამოგვეტყუებინა. მიწურ იატაკზე დავარდნისას ჩემმა ფუთამ ყრუ ხმა გამოსცა.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვაშლის ხე ვიყავი, რომელსაც ნაყოფი მოსწყდა.

შემდეგ ტანეკეს კვლავ გავყევი დერეფანში, რომელშიც ყველა ოთახის კარი გამოდიოდა. ოთახები გაცილებით
მეტი იყო, ვიდრე ჩვენს სახლში. „ჯვარცმიანი ოთახის“ (სადაც მარია თინსი იჯდა) გვერდით უფრო მომცრო
ოთახი შევნიშნე. იქ საბავშვო საწოლები, ღამის ქოთნები, პატარა სკამები და მაგიდა იდგა, რომელზეც
უწესრიგოდ ეყარა ჭურჭელი, შანდლები, სანთლის ნამწვის მოსაცილებელი მაშები და ტანსაცმელი.

- გოგონების საძინებელია, - წაიბურტყუნა ტანეკემ, რომელსაც ამ უწესრიგობისა შერცხვა.

ტანეკე კვლავ დერეფანში გავიდა და დიდ ოთახში შევიდა, სადაც ფანჯრებიდან შუქი იღვრებოდა წითელი და
რუხი ფილებით მოფენილ იატაკზე.

- ეს დარბაზია, - კვლავ წაიბურტყუნა ქალმა, - აქ ბატონსა და ქალბატონს სძინავთ.

მათ საწოლზე მწვანე აბრეშუმის ფარდა იყო ჩამოფარებული. ოთახში შავი ხის ჩუქურთმებით შემკული დიდი
კარადა, თეთრი ხის მაგიდა და მის ირგვლივ შემოწყობილი ტყავგადაკრული სკამებიც იდგა. და კიდევ
ერთხელ გამაოცა სურათებმა. ისინი აქ უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა ოთახებში. ცხრამეტამდე დავითვალე.
უმრავლესობაზე, როგორც ჩანს, ორივე ოჯახის წევრთა პორტრეტები იყო დახატული. ერთ მათგანზე
ღვთისმშობელი დავინახე, მეორეზე კი ერთ-ერთი (სამიდან) მეფე თაყვანს სცემდა ყრმა იესოს. ორივე სურათს
მღელვარებით მივაცქერდი.

13
- ახლა ზევით ავიდეთ, - თქვა ტანეკემ და მაღალი საფეხურები აიარა. შემდეგ ტუჩებზე თითი მიიდო.
შეძლებისდაგვარად უხმაუროდ მივაბიჯებდი. როდესაც კიბის ბაქანზე ავედი, დახურული კარი დავინახე. მის
მიღმა სიჩუმე სუფევდა. ის იქ იყო.

ვიდექი, კარს მივჩერებოდი და განძრევას ვერ ვბედავდი - ვშიშობდი, რომ კარი გაიღებოდა და ის
გამოვიდოდა.

ტანეკე ჩემკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:

- აქაურობას დაალაგებ. ახალგაზრდა ქალბატონი მოგვიანებით აგიხსნის ყველაფერს. აქ კი, - და რამდენიმე


კარზე მიმითითა, რომლებიც სახლის უკანა ნაწილში გადიოდა - ჩემი ქალბატონის ოთახებია. იქაურობის
დალაგების უფლება მხოლოდ მე მაქვს.

ძირს ფეხაკრეფით ჩავედით. როდესაც სამრეცხაოში დავბრუნდით, ტანეკემ მითხრა:

- მთელი ოჯახის სარეცხი უნდა გარეცხო ხოლმე.

და ტანსაცმლის მოზრდილი გროვა მაჩვენა. ამდენი სარეცხის აწევა გამიჭირდებოდა.

- სამზარეულოში ავზი დგას, მაგრამ ჯობს, წყალი არხიდან მოიტანო ხოლმე - ქალაქის ამ ნაწილში ის საკმაოდ
სუფთაა.

- ტანეკე, - ხმადაბლა ვკითხე, - ნუთუ ამ ყველაფერს მარტოკა ართმევდი თავს? სამზარეულოშიც ტრიალებდი,
ალაგებდი კიდეც და მთელ ამ სარეცხსაც რეცხავდი?

სწორედ ეს სიტყვები უნდა მეთქვა მისთვის.

- ზოგჯერ საყიდლებზეც დავდიოდი.

ტანეკეს ეტყობოდა, რომ ძალიან ამაყობდა თავისი მუყაითობით.

- რა თქმა უნდა, სურსათს უმეტესად ახალგაზრდა ქალბატონი ყიდულობს, მაგრამ ფეხმძიმობის დროს უმი
ხორცისა და თევზის სუნს ვერ იტანს. და ეს ხშირად ხდება, - ჩურჩულით დასძინა მან. - ხორცი და თევზი შენ
უნდა მოიტანო ხოლმე. ეს შენი კიდევ ერთი მოვალეობა იქნება.

ტანეკე წავიდა. სამრეცხაოში ვიდექი და ვფიქრობდი, რომ, ჩემი ჩათვლით, ამ სახლში ათი ადამიანი
ცხოვრობდა. ერთი მათგანი პატარა ბავშვი იყო, რომელიც უფრო მეტად სვრიდა ტანსაცმელს, ვიდრე ყველა
დანარჩენი ერთად. რეცხვა ყოველდღე მომიხდებოდა, საპნისა და წყლისგან ხელები დამისკდებოდა,
ორთქლი სახის კანს ამიწითლებდა, სველი ტანსაცმლის ზიდვისგან ზურგი დამიავადდებოდა, უთოსგან
ხელები დამეთუთქებოდა, მაგრამ ახალი შინამოსამსახურე ვიყავი და თანაც ახალგაზრდა - რა თქმა უნდა,
ყველაზე მძიმე სამუშაოს მე დამაკისრებდნენ.
თეთრეული გარეცხვამდე ერთი დღით ადრე უნდა ჩამელბო. საკუჭნაოში, საიდანაც ყოველღამე სარდაფში
უნდა ჩავსულიყავი, კალის ორი თუნგი და სპილენძის ჩაიდანი ვიპოვე. თუნგებს ხელი დავავლე, გრძელი
დერეფანი გავიარე და ქუჩაში გავედი.

გოგონები კვლავ ძელსკამზე ისხდნენ. საპნის ბუშტებს ახლა ლისბეთი უშვებდა, მარტჰე კი პატარა ძამიკოს
რძეში ჩამბალ პურს აჭმევდა. კორნელია და ალეიდისი საპნის ბუშტებს დასდევდნენ. როდესაც გამოვედი, ერთ
ადგილას გახევდნენ და გამომცდელად მომაჩერდნენ.

14
- ახალი მოსამსახურე ხარ, - გამომიცხადა წითურთმიანმა გოგონამ.

- დიახ, კორნელია.

კორნელიამ მიწიდან კენჭი აიღო და გზის გადაღმა, არხში ისროლა. ხელზე გრძელი ნაკაწრები ემჩნეოდა -
როგორც ჩანს, შინაურ კატას აწვალებდა.

- სად დაიძინებ? - იკითხა მარტჰემ და რძით დასვრილი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა.

- სარდაფში.
- კარგი ადგილია, - თქვა კორნელიამ. - წავიდეთ, იქ ვითამაშოთ.

და შინისკენ გაიქცა, მაგრამ როდესაც შეამჩნია, რომ არავინ მიჰყვებოდა, დაბრუნდა და გაიბუტა.

- ალეიდის, - დავუძახე ყველაზე უმცროს გოგონას და ხელი გავუწოდე. - მაჩვენე, სად ავიღო წყალი არხიდან.

გოგონამ ხელი ჩამჭიდა და ამომხედა. თვალები პრიალა ვერცხლისფერ მონეტებს მიუგავდა. კორნელია და
ლისბეთიც გამოგვყვნენ. ალეიდისმა არხისკენ ჩამავალ საფეხურებთან მიმიყვანა. ქვემოთ ჩავიხედეთ და
ხელზე ხელი მოვუჭირე, ისე, როგორც წლების წინ ვუჭერდი ფრანსს ან აგნესს, როდესაც წყლის პირას ერთად
ვიდექით ხოლმე.

- ნაპირს მოშორდი, - ვუთხარი ალეიდისს, რომელმაც მორჩილად დაიხია უკან. მაგრამ, როდესაც თუნგებიანად
საფეხურები ჩავიარე, კორნელია ჩამომყვა.

- კორნელია, წყალს წამაღებინებ? თუ არ გინდა დამეხმარო, მაშინ დებთან დაბრუნდი.

შემომხედა და შემდეგ საძაგლად მოიქცა. რომ გაბუტულიყო ან რაიმე დაეყვირა, მივხვდებოდი, რომ ვძლიე.
მაგრამ გოგონამ უტიფრად გაიცინა. ხელი ავიქნიე და სილა გავაწანი. კორნელია გაწითლდა, მაგრამ ხმა არ
ამოუღია. საფეხურები აირბინა. ალეიდისი და ლისბეთი შიშით ჩამომყურებდნენ.

მივხვდი... სწორედ ამგვარად უნდა მოვქცეოდი დედამისს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ვერ გავასილაქებდი.

თუნგები ავავსე და და საფეხურები ავიარე, კორნელია არსად ჩანდა. მარტჰეს კვლავ იოჰანესი ეჯდა
მუხლებზე. ერთი თუნგი სამზარეულოში შევიტანე, ქურაში ცეცხლი დავანთე, სპილენძის ჩაიდანი წყლით
გავავსე და ცეცხლზე შემოვდგი.

როდესაც ქუჩაში გამოვედი, კორნელია კვლავ იქ იყო. სახე ალეწოდა. გოგონები რუხ და თეთრ ფილებზე
ბზრიალათი თამაშობდნენ. არც ერთ მათგანს ჩემთვის არ შემოუხედავს. იქ დატოვებული თუნგი არსად ჩანდა.
არხს თვალი შევავლე და დავინახე, რომ თუნგი პირქვე ტივტივებდა წყალში. საფეხურებიდან ვერ
მივწვდებოდი.

- შენი მოთოკვა ადვილი არ იქნება, - წავიბურტყუნე მე. მივიხედ-მოვიხედე. ვეძებდი ჯოხს, რომლითაც თუნგის
გამოთრევას შევძლებდი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.

მეორე თუნგი კვლავ ავავსე წყლით და შინ შევიტანე. თავი ისე მივაბრუნე, რომ გოგონებს ჩემი სახე ვერ
დაენახათ. თუნგი ქურაზე დავდგი ჩაიდნის გვერდით, ცოცხი ავიღე და ქუჩაში გავედი.

15
კორნელია თუნგს ქვებს ესროდა, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ ჩაძირავდა.

- თუ არ გაჩერდები, ისევ გაგაწნავ ალიყურს.

- დედას ვეტყვი. მსახურებმა არ უნდა გვცემონ, - და კორნელიამ კვლავ ისროლა ქვა.

- ბებიაშენს ხომ არ შევატყობინო, როგორ იქცევი?

კორნელიას სახეზე შეშფოთება დაეტყო და ხელში მომარჯვებული ქვები ძირს დაყარა.

რატუშის მხრიდან არხში ნავი მოცურავდა. ვიცანი ის კაცი, ჭოკი რომ ეკავა - დილით სწორედ მას მოჰყავდა
აგურებით დატვირთული ნავი, რომელიც წყალში ღრმად იჯდა. ახლა ნავი გაცილებით უფრო მსუბუქად
მოცურავდა. იმ კაცმა დამინახა და გამიღიმა. გავწითლდი.

- უკაცრავად, ბატონო, - ვთხოვე მას, - იმ თუნგს ხომ ვერ ამომაღებინებთ?


- ახლა, როდესაც ჩემგან დახმარება დაგჭირდა, შეხედვის ღირსად ჩამთვალე? კარგია!

კორნელია ცნობისმოყვარეობით მადევნებდა თვალს.

ნერწყვი გადავყლაპე.

- აქედან თუნგს ვერ ვწვდები. იქნებ, შეძლოთ...

კაცი გადაიხარა, თუნგს ხელი სტაცა, წყალი გადაასხა და გამომიწოდა. საფეხურები ჩავირბინე და თუნგისკენ
ხელი გავიწვდინე.

- დიდი მადლობა! დიდად დამავალეთ.

ის თუნგს ხელს არ უშვებდა.

- სულ ესაა? არ მაკოცებ?

და მეორე ხელი სახელოზე მტაცა. თუნგი გამოვგლიჯე.

- სხვა დროს იყოს, - ვუთხარი აგდებით. კეკლუცობა არასოდეს მჩვეოდა.

კაცს გაეცინა.

- ამიერიდან ყოველ ჯერზე აქ თუნგებს დავუწყებ ძებნას, ქალიშვილო, - მან კორნელიას თვალი ჩაუკრა. - და
ჯილდოდ კოცნას დაველოდები.

შემდეგ ჭოკს ხელი წაავლო და ნავი გააცურა.

როდესაც კიბე ავიარე და ქუჩაზე გავედი, დავინახე, რომ მეორე სართულის შუა ფანჯარაში, სადაც ის
ცხოვრობდა, ჩრდილმა გაიელვა. დავაკვირდი, მაგრამ ფანჯარაში არეკლილი ცის გარდა, ვერაფერი დავინახე.

16
*****

კატარინა მაშინ დაბრუნდა, როდესაც ეზოში გაფენილ სარეცხს ვხსნიდი. თავდაპირველად მომესმა, როგორ
ჩხარუნობდა მრავალრიცხოვანი გასაღებების ასხმა, რომელიც ქამარზე ეკიდა ხოლმე. მეგონა, რომ სიარულში
ხელს უშლიდა, მაგრამ ქალბატონი მას ამაყად დაატარებდა. შემდეგ კატარინას ხმა სამზარეულოდან მოისმა.
რაღაცას ავალებდა ტანეკეს და ბიჭს, რომელმაც ნავაჭრი მოატანინა. ორივეს მკვახე კილოთი ელაპარაკებოდა.

თოკებიდან ვხსნიდი ზეწრებს, შალითებს, სუფრებს, ხელსახოცებს, ცხვირსახოცებს, საყელოებსა და


კაპორებს. დაუდევრად გაეფინათ, არც კი გაესწორებინათ და ამიტომ სარეცხი ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ სველი
იყო; არც წინასწარ დაებერტყათ, რის გამოც სარეცხი დაჭმუჭნილიყო. მთელი დღე მის დაუთოებას
მოვუნდებოდი, რომ ნაკეცები გამესწორებინა.

კარში კატარინა გამოჩნდა. ეტყობოდა, რომ დასცხა და დაიღალა, თუმცა მზე ჯერ კიდევ არ იდგა მაღლა.
ლურჯი კაბიდან პერანგი მოუჩანდა, რომელიც ყელთან ულაზათოდ მოქცეოდა გვერდზე. კაბაზე დაჭმუჭნილი
მწვანე ხალათი შემოეცვა. კაპორი არ ეხურა და სავარცხლებით დამაგრებული თმა ასწეწოდა. კარგი იქნებოდა,
ცოტათი მაინც დაესვენა არხის პირას - წყლის ყურება შვებას მოჰგვრიდა.
ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი მასთან - არავისი მსახური არ ვყოფილვარ და არც ჩვენს ოჯახს
ჰყოლია მსახურები. ჩვენს ქუჩაზე მსახურები არავის ჰყავდა. საამისოდ საკმარისი სახსრები არ გააჩნდათ.
ჩამოხსნილი სარეცხი კალათაში ჩავაწყვე, შემდეგ კი კატარინას მივესალმე.

- დილა მშვიდობისა, ქალბატონო.

კატარინამ წარბები შეკრა და მივხვდი, რომ პირველი არ უნდა დავლაპარაკებოდი.

- ტანეკემ სახლი დაგათვალიერებინა? - მკითხა მან.

- დიახ, ქალბატონო.

- კარგი, მაშინ გეცოდინება, რა გევალება. შენი მოვალეობები უნდა შეასრულო.

ქალი შეყოყმანდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა და მივხვდი, რომ მან ისევე არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო
მსახურთან, როგორც მე არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ქალბატონთან. ტანეკეს, ალბათ, მარია თინსი
წვრთნიდა და, პირველ რიგში, მის ბრძანებებს ასრულებდა, კატარინასას კი - ნაკლებად. კატარინას უნდა
დავხმარებოდი, ოღონდ - შეუმჩნევლად.

- ტანეკემ მითხრა, რომ რეცხვისა და დაუთოების გარდა, ბაზრიდან ხორცი და თევზი უნდა მოვიტანო ხოლმე,
ქალბატონო, - შევთავაზე მორიდებით.

კატარინა გამოცოცხლდა.

- აუცილებლად. როდესაც ყველაფერს დააუთოებ, თან წაგიყვანს. შემდეგ კი ყოველდღე მარტო ივლი ბაზარში.
და ჩვენს სხვა დავალებებსაც შეასრულებ, - დასძინა მან.

- დიახ, ქალბატონო.

17
ვიყუჩე. რადგან მეტი არაფერი უთქვამს, ფეხის წვერებზე ავიწიე, რომ მამაკაცის ტილოს პერანგი ჩამომეხსნა
თოკიდან.

კატარინამ პერანგს თვალი შეავლო.

- ხვალ, - გამომიცხადა მან, როდესაც პერანგს ვკეცავდი, - გიჩვენებ ოთახს მეორე სართულზე, რომელიც უნდა
დაალაგო ხოლმე. ადრიანად - დილიდანვე.

და, სანამ ვუპასუხებდი, გაუჩინარდა.

სარეცხი შინ შევიტანე, უთო მოვძებნე, გავწმინდე და გასაცხელებლად ცეცხლზე დავდგი. ის იყო, საქმეს
შევუდექი, რომ ტანეკე შემოვიდა და კალათა მომაწოდა.

- ახლა ყასაბთან წავიდეთ, - მითხრა მან, - სადილისთვის ხორცი მჭირდება.

მანამდე მესმოდა, როგორ საქმიანობდა სამზარეულოში და მოთუშული ძირთეთრას სურნელი შევიგრძენი.

სახლის წინ სკამზე ისხდნენ კატარინა, ლისბეთი და საბავშვო ეტლში მძინარე იოჰანესი. კატარინა ლისბეთს
თმას უვარცხნიდა და ტილებს ეძებდა. მის გვერდით კორნელია და ალეიდისი რაღაცას კერავდნენ.

- არა, ალეიდის, - უთხრა კატარინამ, - ძაფი უნდა დაჭიმო. შენი ძაფი ძალიან ხალვათია. აჩვენე, კორნელია.
არც კი მიფიქრია, რომ ესოდენ მშვიდ სურათს ვიხილავდი.

არხის ნაპირიდან მარტჰემ მოირბინა.

- ყასაბთან მიდიხართ? შეიძლება, მეც წავყვე, დედიკო?

- წაჰყევი, ოღონდ გვერდიდან არ მოსცილდე და ყველაფერი დაუჯერე.

გამიხარდა, რომ მარტჰე ჩვენთან ერთად წამოვიდოდა. ტანეკე ჯერ კიდევ უცხოობდა ჩემთან, მარტჰე კი
მხიარული და ცქვიტი გოგონა იყო. ურთიერთობას გაგვიადვილებდა.

ტანეკეს ვკითხე, რამდენ ხანს ემსახურებოდა მარია თინსს.

- მრავალი წელია, - მიპასუხა მან. - ჯერ კიდევ იქამდე ვემსახურებოდი, სანამ ახალგაზრდა ბატონი ცოლს
შეირთავდა და აქ დასახლდებოდა. დაახლოებით შენი ასაკისა ვიყავი... რამდენი წლისა ხარ?

- თექვსმეტის.

- მე კი თოთხმეტისა ვიყავი, - საზეიმო კილოთი განაცხადა ტანეკემ. - სიცოცხლის ნახევარი აქ გავატარე.

გავიფიქრე, ნეტავ, ამაში საამაყოს რას ხედავს-მეთქი. მუშაობით ისე იყო გადაქანცული, ოცდარვა წელზე
უფრო ხნიერად გამოიყურებოდა.

ხორცით მოვაჭრეთა ფარდულები რატუშის უკან იყო - ბაზრის მოედნიდან სამხრეთ-დასავლეთით. აქ


ოცდათორმეტი დახლი იყო გაშლილი - ზუსტად იმდენი, რამდენი ყასაბიც გახლდათ დელფტში თაობების
განმავლობაში. აქ უამრავი დიასახლისი და შინამოსამსახურე ირეოდა. ირჩევდნენ, ვაჭრობდნენ და

18
ყიდულობდნენ ხორცს თავიანთი ოჯახებისთვის. მამაკაცებს საქონლის ხორცი აქეთ-იქით დაჰქონდათ.
იატაკზე დაყრილი ნახერხი სისხლით იყო გაჟღენთილი და ფეხსაცმლის ძირებსა და კაბის კალთებს
ეწებებოდა. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა, რომლისგანაც ყოველთვის მაჟრჟოლებდა, თუმცა, ერთხანს აქ
ყოველ კვირას დავდიოდი და, წესით, სისხლის სუნს უნდა შევჩვეოდი. მაინც მსიამოვნებდა, რომ ჩვეულ
ადგილას ვიმყოფებოდი. როდესაც ორ დახლს შორის გავიარე, იმ ყასაბმა მიმიხმო, რომლისგანაც უწინ
(მამაჩემის დაბრმავებამდე) ხორცს ვყიდულობდით. გავუღიმე და გამიხარდა, რომ ნაცნობი სახე დავინახე. იმ
დღეს პირველად გავიღიმე.

მიკვირდა, ერთი დილის განმავლობაში ამდენ უცნობ ადამიანს რომ შევხვდი და ამდენი უცნობი საგანი
ვიხილე, და რომ ესოდენ შორს აღმოვჩნდი ყოველივე იმისგან, რასაც მიჩვეული ვიყავი. წინათ, თუ უცნობ
ადამიანს ვხვდებოდი, გარს ჩემივე ოჯახის წევრები და მეზობლები მეხვივნენ. თუ უცხო ადგილას მივდიოდი,
გვერდით ფრანსი ან მშობლები მყავდნენ და არაფრისა მეშინოდა. ახალი ისე იხლართებოდა ძველში,
როგორც ძაფები წინდის კემსვისას.

ფაბრიკაში მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ფრანსმა მითხრა, იქიდან კინაღამ გავიქეციო. თურმე
იმდენად მუშაობა კი არ უმძიმდა, რამდენადაც დღედაღამ უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. იქ
მხოლოდ იმიტომ დარჩენილა, რომ მამამ მთელი თავისი დანაზოგი მისი სწავლების საფასურში გადაიხადა
და ბიჭი შინ რომ დაბრუნებულიყო, მყისვე უკან გაგზავნიდა. გარდა ამისა, სადაც არ უნდა გაქცეულიყო,
ფრანსს ყველგან კიდევ უფრო უცხო გარემოში მოუწევდა ყოფნა.

- როდესაც მარტო ვიქნები, მაშინ გნახავთ და დაგელაპარაკებით, - წავჩურჩულე ყასაბს.

და გავიქეცი, რომ ტანეკესა და მარტჰეს დავწეოდი.

ისინი ერთ-ერთ დახლთან შეჩერებულიყვნენ. იქაური ყასაბი სანდომიანი მამაკაცი იყო. შეჭაღარავებული,
ხვეული ქერა თმა და კამკამა ლურჯი თვალები ამშვენებდა.

- პიტერ, ეს გრიტია, - მიმართა ტანეკემ. - დღეიდან ის იყიდის ხოლმე ხორცს ჩვენთვის. შენ კი, როგორც
ყოველთვის, ხორცის ღირებულება ჩვენს ანგარიშზე ჩაწერე.

ვცდილობდი, ყასბისთვის სახეზე არ შემეხედა, მაგრამ თვალი უნებურად გამექცა მისი დასისხლიანებული
წინსაფრისკენ. ჩვენს ყასაბს ყოველთვის სუფთა წინსაფარი ეკეთა და როგორც კი დაესვრებოდა, მაშინვე
იცვლიდა ხოლმე.

- გასაგებია, - და პიტერმა ისე ამხედ-დამხედა, თითქოს ჩამრგვალებული დედალი ვიყავი, რომლის შეწვასაც
აპირებდა. - დღეს რისი ყიდვა გსურს, გრიტ?

ტანეკეს შევხედე.

- ოთხი გირვანქა სუკის და ერთი გირვანქა ენის, - უთხრა ტანეკემ.

პიტერმა გაიღიმა.

- ამ ნაჭერზე რას იტყვით, ქალიშვილო? - მიმართა მარტჰეს. - მე ხომ მთელ დელფტში საუკეთესო ენა მაქვს?

მარტჰემ თავი დაუქნია და ჩაიხითხითა - თან თვალი გადაავლო დახლზე დაწყობილ სუკებს, გადანაჭრებს,
ენას, ღორის ფეხებს, ძეხვეულს.

19
- მალე მიხვდები, გრიტ, რომ საუკეთესო ხორცს ვყიდი და ამ ბაზარში ყველაზე პატიოსანი მოვაჭრე ვარ, -
შენიშნა პიტერმა, როდესაც ენა აწონა. - უკმაყოფილო არ დარჩები.

მის წინსაფარს შევხედე და ნერწყვი გადავყლაპე. პიტერმა ხორცი და ენა კალათში ჩამიწყო. თვალი ჩამიკრა
და სხვა მუშტარს მიუბრუნდა.

შემდეგ თევზეულის დახლებისკენ გავემართეთ. მათ თავზე თოლიები დაფრინავდნენ და ელოდნენ, როდის
გადაყრიდნენ მოვაჭრეები არხში თევზების თავებსა და შიგნეულს. ტანეკემ გამაცნო თევზის გამყიდველი,
რომელიც ასევე არ ჰგავდა ჩვენსას. ერთ დღეს ხორცი უნდა მეყიდა ხოლმე, მეორე დღეს - თევზი.

ბაზრიდან წამოსულმა ვიგრძენი, რომ არ მსურდა სკამზე ჩამომსხდარ კატარინასა და ბავშვებთან დაბრუნება.
მინდოდა, დედაჩემის სამზარეულოში მიმეტანა დაბეგვილი ხორცით სავსე კალათა. თვეების განმავლობაში
ხორცისთვის პირი არ დაგვიკარებია.

*****

როდესაც დავბრუნდით, კატარინა თმას უვარცხნიდა კორნელიას. ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევიათ. ტანეკე
სადილის მზადებას შეუდგა, მე კი ვეხმარებოდი. ტაფაზე ხორცს ვაბრუნებდი, დარბაზში ჭურჭელი გამქონდა
და მაგიდაზე ვაწყობდი, პურს ვჭრიდი.

როდესაც ხორცი შეიწვა, გოგონები შინ შემოვიდნენ. მარტჰე სამზარეულოში, ტანეკესთან შევიდა,
დანარჩენები კი დარბაზში მაგიდას მიუსხდნენ. ენის ნაჭრებს ხორცის შესანახად განკუთვნილ კასრში
ვაწყობდი ერთ-ერთ საკუჭნაოში (ტანეკემ მაგიდაზე დატოვა ენა, რომელიც კინაღამ კატამ დაითრია), როდესაც
ქუჩიდან ის შემოვიდა და გრძელი დერეფნის ბოლოს, კარის ზღურბლზე შეჩერდა. ქუდი ეხურა, მხრებზე კი
მოსასხამი ჰქონდა მოგდებული. ადგილზე გავშეშდი. ისიც წამით შეყოვნდა კართან. შუქი ზურგიდან ეცემოდა
და არ ვიცოდი, მიყურებდა თუ არა. ერთი წამის შემდეგ დარბაზში შევიდა.

ტანეკე და მარტჰე მაგიდასთან მსხდომთ ემსახურებოდნენ, მე კი იოჰანესთან დამსვეს, „ჯვარცმის“ ოთახში.


როდესაც სადილობა დამთავრდა, ტანეკე ჩემთან მოვიდა და ის კერძები მივირთვით, რომლებითაც მთელმა
ოჯახმა ისადილა - სუკი, ნიახური, პური და ლუდი კათხებით. პიტერთან ნაყიდი ხორცი იმას როდი სჯობდა,
რასაც ჩვენი ყასბისგან ვყიდულობდით, მაგრამ ძალიან გემრიელად მომეჩვენა - დიდი ხანი იყო, ხორცი არ
მეჭამა. ჩვენს ოჯახში იაფფასიან შავ პურს გეახლებოდით, აქ კი ჭვავის პურს მიირთმევდნენ. ლუდიც არ იყო
წყალწყალა. სადილის დროს დარბაზში არ შევსულვარ და ამიტომ ის არ მინახავს. ზოგჯერ მესმოდა, როგორ
ესაუბრებოდა მარია თინსს. ეტყობოდა, რომ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

სადილის შემდეგ ტანეკემ და მე ყველაფერი დავასუფთავეთ. შემდეგ სამზარეულოსა და საკუჭნაოების


იატაკები დავხვეტეთ. აქ კედლებზე თეთრი ფილები იყო აკრული, ქურაზე კი - დელფტური თეთრ-მოცისფრო
ფილები, რომლებზეც ერთ კუთხეში ჩიტები ეხატა, მეორეში - გემები, მესამეში - ჯარისკაცები. ფილები
ყურადღებით დავათვალიერე, მაგრამ მათ შორის მამაჩემის ნახელავი ვერ აღმოვაჩინე.

დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში სამრეცხაოში ტანსაცმელს ვაუთოებდი და მხოლოდ იშვიათად


ვწყვეტდი საქმიანობას, რათა ცეცხლისთვის შემეკეთებინა, შეშა მომეტანა ან გასაგრილებლად შიდა ეზოში
გავსულიყავი. გოგონები ხან სახლში თამაშობდნენ, ხან კი - ქუჩაში, ზოგჯერ ჩემთან შემოდიოდნენ,

20
მიყურებდნენ, შეშას საჩხრეკით ქექავდნენ ან სამზარეულოს კართან ჩაძინებულ ტანეკეს დასცინოდნენ,
რომლის ფეხებთან იოჰანესი დაცოცავდა. მე მერიდებოდნენ - შესაძლოა, შიშობდნენ, რომ გავარტყამდი.
კორნელია მიბღვერდა და სამზარეულოში არ ჩერდებოდა, მაგრამ მარტჰე და ლისბეთი დაუთოებულ
ტანსაცმელს იღებდნენ და დარბაზის კარადაში აწყობდნენ. დარბაზში კატარინას ეძინა.

- ფეხმძიმობის ბოლო თვეს საწოლში ბალიშებს შემოიწყობს და უმეტეს დროს იქ გაატარებს, - გამიმხილა
ტანეკემ.

მარია თინსი სადილის შემდეგ თავის ოთახებში ავიდა. ერთხელ დერეფანში მისი ნაბიჯების ხმა შემომესმა და
როდესაც მივიხედე, დავინახე, რომ კარის ზღურბლზე იდგა და თვალყურს მადევნებდა. არაფერი უთქვამს,
ამიტომ საქმიანობა ისე განვაგრძე, თითქოს იქ არავინ იყო. მალე შევნიშნე, რომ თავი დააქნია და წავიდა. მას
ზევით სტუმარი ჰყავდა - მესმოდა, როგორ ადიოდა კიბეზე ლაპარაკ-ლაპარაკით ორი მამაკაცი. მოგვიანებით,
როდესაც ჩამოვიდნენ, სამრეცხაოს კარიდან გავიხედე და შევათვალიერე ისინი. სტუმარი ზორბა ტანისა იყო
და ქუდზე გრძელი თეთრი ბუმბული ეკეთა.

როდესაც დაღამდა, სანთლები ავანთეთ. ტანეკემ და მე ჯვარცმის ოთახში პურით, ყველითა და ლუდით
ვივახშმეთ, დანარჩენები კი დარბაზში ენას მიირთმევდნენ. ჯვარცმისკენ ზურგშექცევით ვიჯექი და ამის გამო
ვწუხდი, მაგრამ იმდენად დაქანცული ვიყავი, რომ აზრებს ვეღარ ვიკრებდი. შინ ყოფნისას ამაზე ნაკლებად
როდი ვირჯებოდი, მაგრამ არასოდეს დავღლილვარ ისე, როგორც ამ სახლში, სადაც ყველაფერი
მეუცხოებოდა და გამუდმებით ვფორიაქობდი. შინ, დედასთან, აგნესთან ან ფრანსთან ერთად, ხშირად
ვიცინოდით. აქ არავინ იყო, ვისთანაც შეხუმრებას და სიცილს გავბედავდი.

ჯერ კიდევ არ მენახა სარდაფი, სადაც ღამეები უნდა გამეთია. სანთელი ჩავიტანე, მაგრამ დაღლილობისგან
ოთახის დათვალიერების თავი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ საწოლი, ბალიში და საბანი მოვძებნე.
სარდაფში ჩამოსასვლელი კარი ღია დავტოვე, რათა ქვემოთ გრილ, სუფთა ჰაერს ჩამოეღწია; გავიხადე
ფეხსაცმელი, წინსაფარი და კაბა, მოვიძრე კაპორი, სწრაფად წავიკითხე ლოცვები და დავწექი. ის იყო
დავაპირე, სანთელი ჩამექრო, რომ ჩემს ფეხებთან კედელზე დაკიდებული სურათი შევნიშნე. წამოვხტი. ძილი
ვიღას ახსოვდა. ეს სურათი უფრო მომცრო ზომისა იყო, ვიდრე ის, რომელიც ზევით ეკიდა, მაგრამ მასზეც
ქრისტე იყო გამოსახული და კიდევ უფრო დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენდა. იესოს ტკივილისგან თავი
უკან ჰქონდა გადაგდებული, მარიამ მაგდალელი კი ღმერთკაცს გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა.
დავწექი. სურათს თვალს ვერ ვაცილებდი. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დამეძინა ოთახში, სადაც ამგვარი
სურათი ეკიდა. მინდოდა ჩამომეხსნა, მაგრამ ვერ გავბედე. ბოლოს სანთელი ჩავაქრე - თავს უფლებას ვერ
მივცემდი, სანთლები ახალ სახლში ჩემი ცხოვრების პირველსავე დღეს დამეხარჯა. ისევ დავწექი და იმ
ადგილს მივაშტერდი, სადაც - ეს კარგად ვიცოდი - სურათი ეკიდა.

დაღლილობის მიუხედავად, იმ ღამეს ცუდად მეძინა, ხშირად მეღვიძებოდა და სურათისკენ ვიყურებოდი.


კედელზე ვერაფერს ვარჩევდი, მაგრამ სურათის ყველა დეტალი ჩემს მეხსიერებაში მკაფიოდ იყო
აღბეჭდილი. როდესაც ირიჟრაჟა, სურათი კვლავ დავინახე და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს
ღვთისმშობელი პირდაპირ თვალებში მიყურებდა.

*****

21
დილას ვცდილობდი, სურათისკენ თვალი არ გამპარვოდა და, ამის ნაცვლად, ოთახის თვალიერება დავიწყე
მკრთალ შუქზე, რომელიც სარდაფში ზემოდან, საკუჭნაოს ფანჯრიდან აღწევდა. აქ ბევრი არაფერი იყო
დასათვალიერებელი - კუთხეში მიყრილი, გობელენგადაკრული სკამები, დამტვრეული სავარძლები, სარკე და
კიდევ ორი სურათი-ნატურმორტი, რომლებიც კედელზე იყო მიყუდებული. შეამჩნევენ თუ არა ოჯახის
უფროსები, ჯვარცმის გამოსახულების ნაცვლად ნატურმორტი რომ ჩამოვკიდო?

კორნელია შეამჩნევს. და დედამისს შეატყობინებს.

არ ვიცოდი, რას ფიქრობდა კატარინა (და სხვები) იმაზე, რომ პროტესტანტი ვიყავი. უცნაური იყო, რომ ამაზე
დავფიქრდი. უწინ არასოდეს ვყოფილვარ კათოლიკეთა გარემოცვაში.

სურათს ზურგის შევაქციე და კიბეზე ავძვერი. სახლის წინა ნაწილიდან კატარინას გასაღებების ჩხრიალი
მომესმა და მის საძებრად წავედი. ისე ნელა მოძრაობდა, თითქოს ძილ-ბურანში იყო, მაგრამ როდესაც
დამინახა, თავს ძალა დაატანა და წელში გაიმართა. კიბეზე ამიყვანა. საფეხურებზე ნელა ადიოდა და მოაჯირს
ეჭიდებოდა, დამძიმებული სხეული რომ აეზიდა.
სახელოსნოსთან დიდხანს ეძებდა გასაღებს. შემდეგ კარი გააღო. ოთახში ბნელოდა, დარაბები დახურული
იყო - ღრიჭოებში შემოღწეულ სუსტ შუქზე თითქმის ვერაფერს ვხედავდი. ოთახში სელის ზეთის სასიამოვნო,
მკვეთრი სუნი იდგა - ასეთივე სუნით იყო გაჟღენთილი მამაჩემის ტანისამოსი, როდესაც ის ფაბრიკიდან
ბრუნდებოდა ხოლმე. ხისა და ახალგათიბული ბალახის სუნი ჰქონდა.

კატარინა ზღურბლთან იდგა. ვერ გავბედე, რომ მის გარეშე შევსულიყავი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ კატარინამ მიბრძანა:

- დარაბები გააღე, ოღონდ მარცხენა ფანჯრისა - არა. მხოლოდ შუა და ბოლო ფანჯრისა. შუა ფანჯარაზე ქვედა
ჩარჩო ჩამოსწიე.

ოთახი გადავჭერი, ჩავუარე მოლბერტს, მის პირდაპირ მდგარ სკამს და ქვედა ჩარჩო ჩამოვწიე. შემდეგ
დარაბები გავაღე. სანამ კატარინა თვალს მადევნებდა, მოლბერტზე დადგმული სურათისთვის არ შემიხედავს.
მარჯვენა ფანჯარასთან მაგიდა მიედგათ, მასთან ტყავგადაკრული სკამი იდგა. ტყავზე ყვითელი ყვავილები
და ფოთლები იყო ამოტვიფრული.

- არაფერი გადააადგილო, - შემახსენა კატარინამ, - ბატონი ყველაფერ ამას ხატავს.

როგორც არ უნდა მეცადა, ზედა ჩარჩოსა და დარაბებს ვერ მივწვდებოდი. სკამზე უნდა ავმძვრალიყავი,
მაგრამ კატარინას თანდასწრებით ასე მოქცევა არ მსურდა. მაღიზიანებდა, რომ ის კარის ღიობში იდგა და
ელოდებოდა, როდის დავუშვებდი შეცდომას. არ ვიცოდი, რა მეღონა.

პაწიამ გადამარჩინა - ქვემოთ ატირდა. კატარინა ფეხს ინაცვლებდა. სანამ ვყოყმანობდი, მან მოთმინება
დაკარგა და, ბოლოს და ბოლოს, იოჰანესს მიაშურა. ფანჯარასთან სწრაფად მივიტანე სკამი, ფრთხილად
ავძვერი მასზე, ზედა ჩარჩო ავწიე, ხელი გავყავი და დარაბები გავაღე. ქვემოთ ჩავიხედე და დავინახე, როგორ
რეცხავდა ტანეკე ფილაქანს სახლის წინ. ვერ მხედავდა, მაგრამ კატა, რომელიც ტანეკეს უკან ფრთხილად
მიცუნცულებდა სველ ფილებზე, შეჩერდა და თავი ასწია.

ქვედა ფანჯარა და დარაბებიც გავაღე და სკამიდან ჩამოვძვერი. ერთ ადგილას გავხევდი, როდესაც ოთახში
რაღაც მოძრაობა შევნიშნე. მოძრაობა შეწყდა. მივხვდი, რომ ეს ჩემი გამოსახულება იყო ფანჯრებს შორის,
კედელზე დაკიდებულ სარკეში. დავაკვირდი. მართალია, დამნაშავის გამომეტყველება მქონდა და

22
მღელვარება მეტყობოდა, მაგრამ სახეზე მზის შუქი მეფინებოდა და ვარდისფერი მედო. ჩემი გამოსახულება
შევათვალიერე, გავოცდი და სარკეს მოვშორდი.

სწორედ ახლა უნდა დამეთვალიერებინა სახელოსნო. ეს იყო ფართო, კვადრატული სივრცე, სიგრძით ოდნავ
უფრო ნაკლები, ვიდრე - დიდი დარბაზი ქვედა სართულზე. ახლა, როდესაც ფანჯრები ღია იყო,
შეთეთრებული კედლები და იატაკზე დაგებული თეთრი და რუხი მარმარილოს ფილები, რომლებზეც
კვადრატული ჯვრები იყო გამოსახული, თითქოს შუქითა და ჰაერით ავსებდნენ ოთახს. ჩვენი სველი
ცოცხებისგან თეთრი გაჯის დასაცავად კედლის ქვედა ნაწილს ერთ რიგად მიჰყვებოდა კუპიდონების
გამოსახულებებიანი დელფტური შორენკეცი. მამაჩემის ნახელავი არ იყო.

დიდი ოთახი კი იყო, მაგრამ ზედმეტი ავეჯით არ გადაეტვირთათ: შუა ფანჯრის წინ მოლბერტი და სკამი იდგა,
მარჯვენა კუთხეში კი ფანჯარასთან მაგიდა იყო მიდგმული. იმ სკამის გარდა, რომელზეც ფანჯრის გასაღებად
ავძვერი, მაგიდასთან კიდევ ერთი სკამი იდგა. მასზე გადაკრული გლუვი ტყავი ფართოთავიანი ლურსმნებით
იყო დამაგრებული, საზურგეს კი ხისგან გამოჭრილი ორი ლომის თავი ამშვენებდა. სკამისა და მოლბერტის
უკან, კედელთან, ჭურჭლის მომცრო კარადა მოჩანდა, რომლის უჯრები დახურული იყო. კარადაზე რამდენიმე
ფუნჯი, რომბისებრი ფორმის დანა და სუფთა პალიტრები ეწყო. კარადის გვერდით საწერი მაგიდა მიედგათ,
რომელზეც ქაღალდები, წიგნები და ესტამპები ელაგა. კიდევ ორი ლომისთავებიანი სკამი კედელთან, კარის
მახლობლად იდგა.

ეს მყუდრო ოთახი თითქოს სრულიად იზოლირებული იყო ყოველდღიური ცხოვრების აურზაურისგან.


დანარჩენი ოთახებისგან იმდენად განსხვავდებოდა, იფიქრებდი, სრულიად სხვა სახლში აღმოვჩნდიო.
როდესაც კარი მიხურული იყო, აქ თითქმის არ აღწევდა ბავშვების ჟრიამული, კატარინას გასაღებების
ჩხარუნი, ჩვენი ცოცხების შრიალი.

ცოცხი, ჩვარი და წყლიანი ვედრო ავიღე და ოთახის დალაგებას შევუდექი. იმ კუთხით დავიწყე, რომელიც
ბატონს სურათზე უნდა დაეხატა და სადაც არაფერი უნდა გადამეადგილებინა. სკამზე მუხლებით შევდექი და
იმ ფანჯრის რაფა გავწმინდე, რომლის გაღება ესოდენ გამიჭირდა. ყვითელ ფარდას, რომელიც ფანჯრის ცალ
მხარეს ეკიდა, ჩვარი ოდნავ გავუსვი, ისე, რომ მისი ნაკეცების ფორმა არ შემიცვლია. კარგი იქნებოდა,
ფანჯრის დასვრილი მინები თბილი წყლით გამერეცხა, მაგრამ არ ვიცოდი, სურდა თუ არა მას. კატარინასთვის
უნდა მეკითხა.
სკამები გადავწმინდე. თითბრის ლურსმნები და ლომის თავები გავაპრიალე. მაგიდა, ეტყობოდა, დიდი ხნის
განმავლობაში არავის გადაეწმინდა. მხოლოდ მასზე დაწყობილი საგნების - ფუნჯის, კალის თასის, ბარათის,
შავი კერამიკული ქოთნისა და დაუდევრად დაგდებული ლურჯი ქსოვილის (რომლის ბოლო იატაკს
სწვდებოდა) ირგვლივ წმენდდნენ მტვერს. იქაურობა კარგად რომ დამესუფთავებინა, მაგიდიდან თითოეული
ეს საგანი უნდა ამეღო. დედაჩემის თქმით, რაიმე უნდა მეღონა, რათა ამ საგნებისთვის ადგილი არ შემეცვალა.

ბარათი მაგიდის კუთხესთან იდო. ცერითა და საჩვენებელი თითით რომ ამეღო, ნეკი კი მაგიდის კიდისთვის
გამომედო (ისე, რომ ბარათი მყარად დამეჭირა), შევძლებდი მის ქვეშ მაგიდის ზედაპირის გაწმენდას და
ბარათის თავის ადგილას დადებას.

ფრთხილად ავიღე ბარათი, მტვერი გადავწმინდე და სწრაფი მოძრაობით თავის ადგილას დავაბრუნე.
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სწრაფად უნდა მემოქმედა. უკან დავიხიე და მაგიდას თვალი შევავლე.
ბარათი თითქოს თავის ადგილას იდო, მაგრამ ამის დადასტურება მხოლოდ მას შეეძლო.

თუ ყოველივე ეს ჩემს გამოსაცდელად იყო გამიზნული, თავი არ უნდა შემერცხვინა.

23
ხელით გავზომე მანძილი ბარათიდან ფუნჯამდე, შემდეგ ფუნჯი ავიღე და მაგიდის ზედაპირი გადავწმინდე.
ფუნჯი თავის ადგილას დავდე და გავზომე მანძილი მასა და ბარათს შორის. ასევე გავწმინდე მაგიდა შავი
თასის ქვეშ.

მთელი მაგიდა გავაკრიალე და ადგილი თითქოს არაფრისთვის შემიცვლია. ვსაზღვრავდი თითოეული საგნის
ადგილმდებარეობას გარემომცველი საგნების მიმართ და მანძილს მათ შორის. მცირე ზომის საგნები
ადვილად გავწმინდე, მაგრამ ავეჯის წმენდისას სკამზე შედგომა მჭირდებოდა და ფეხებს, მუხლებს, ზოგჯერ
კი მხრებსა და ნიკაპსაც კი ვიშველიებდი.

არ ვიცოდი, როგორ გამეწმინდა ლურჯი ქსოვილი, რომელიც მაგიდაზე ეგდო. რომ ამეღო, ძველებურად ვეღარ
დავკეცავდი. ამიტომაც მისთვის ხელი არ მიხლია. ვიმედოვნებდი, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში ის
ვერაფერს შეამჩნევდა, შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებდი.

ოთახის დანარჩენი ნაწილის დალაგება არ გამჭირვებია. გავწმინდე კედლები, ფანჯრები და ავეჯი,


გამოვხვეტე და გავრეცხე იატაკი - და კმაყოფილებას ვგრძნობდი, რომ ეს დიდი ხნის დაულაგებელი ოთახი
დავალაგე. შორეულ კუთხეში, მაგიდისა და ფანჯრის პირდაპირ, საკუჭნაოში გამავალი კარი იყო. იქ უამრავი
სურათი, ტილო, სკამი, ყუთი, თეფში, ღამის ქოთანი, ტანსაცმლის საკიდი და წიგნებით გაჭედილი თარო
ეყარა. საკუჭნაოც გამოვწმინდე და ნივთები კოხტად დავაწყვე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მოლბერტს არ გავკარებივარ. რატომღაც მეშინოდა, მასზე დადგმული


სურათისთვის შემეხედა. ბოლოს მოლბერტის პირდაპირ მდგარი სკამი გადავწმინდე და მოლბერტს მივადექი.
ვცდილობდი, სურათისთვის არ შემეხედა.

მაგრამ როდესაც ყვითელ ატლასს თვალი შევავლე, ადგილზე გავხევდი.

ჯერ კიდევ სურათს მივჩერებოდი, როდესაც მარია თინსის ხმა შემომესმა:

- უჩვეულო რამაა, ხომ?

მისი ფეხის ხმა არ გამიგონია. კარში იდგა. წელში ოდნავ მოხრილიყო. ლამაზი შავი კაბა ეცვა. მაქმანის
საყელო ეკეთა.

არ ვიცოდი, რა მეპასუხა და უნებურად კვლავ სურათისკენ შევტრიალდი.

მარია თინსს გაეცინა.

- ეს სურათი მხოლოდ შენ როდი გავიწყებინებს ზრდილობის წესებს, გოგონი.

ქალი მომიახლოვდა და ჩემ გვერდით დადგა.

- მართლაც კარგი ნახატია. ეს ვან რეივენის ცოლია.

გამახსენდა, რომ მამაჩემმა ეს სახელი ახსენა, როდესაც ჩემი ბატონის მფარველზე ლაპარაკობდა.

- არც ისე ლამაზი ქალია, მაგრამ ამ სურათზე ლამაზად გამოიყურება, - დასძინა მარია თინსმა. - შენი ბატონი
კარგ გასამრჯელოს მიიღებს.

24
ეს იყო მის მიერ დახატული პირველი სურათი, რომელიც ვიხილე და ამიტომ სხვებზე უკეთ დამამახსოვრდა,
იმათზე უკეთ, რომლებიც ჩემ თვალწინ დაგრუნტული ტილოებიდან დასრულებულ სურათებად იქცა. მაგიდის
წინ მდგომი ქალი კედლის სარკისკენ მიბრუნებულიყო და მაყურებელი მხოლოდ მის პროფილს ხედავდა.
თეთრი ყარყუმის ბეწვით გაწყობილი ხასხასა ყვითელი ქულაჯა ეცვა, თმაზე ხუთწვერად განასკვული ლამაზი
წითელი ბაფთა ეკეთა. ფანჯრიდან შემოჭრილ შუქზე მკაფიოდ მოჩანდა დახვეწილი ფორმის შუბლი და
ცხვირი. ქალი ყელზე მარგალიტის მძივს იკიდებდა და მისი ლენტების გასკვნას ლამობდა. იმდენად
მონუსხული იყო საკუთარი გამოსახულებით სარკეში, რომ თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინმე თუ
უყურებდა. მის უკან, ქათქათა თეთრ კედელზე ძველი რუკა ეკიდა, ხოლო მაგიდის ბნელ ფონზე ილანდებოდა
ბარათი, ფუნჯი და სხვა საგნები, რომლებიც ის-ის იყო, გავწმინდე.

ნეტავ ამგვარი ქულაჯა და მძივი მქონოდა! ნეტავ ახლო გამეცნო ადამიანი, რომელმაც ეს ქალი დახატა.
გამახსენდა, როგორ ვიყურებოდი ამას წინათ სარკეში. შემრცხვა.

მარია თინსი მდუმარედ იდგა ჩემ გვერდით და სურათს მისჩერებოდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, როდესაც
სურათზე დახატულ საგნებს ვუცქერდი. მაგიდაზე დაწყობილი საგნები და მათი ურთიერთგანლაგება ახლა
ჩემთვის კარგად იყო ნაცნობი: ბარათი - მაგიდის კუთხეში, ფუნჯი - კალის თასის მახლობლად, ლურჯი
ქსოვილი - ჩამუქებულ თასთან. ყველაფერი თითქოს ზუსტად ისეთივე იყო, ოღონდ - უფრო სუფთა და
კრიალა. გაცილებით უფრო სუფთა, ვიდრე მას შემდეგ, რაც ისინი გავწმინდე.

შემდეგ განსხვავება შევნიშნე. სუნთქვა შემეკრა.

- რა მოხდა, გოგონი?

- სურათზე სკამს, რომელთანაც ქალი დგას, ლომის თავის გამოსახულება არა აქვს.

- სწორია. ერთხანს მასზე ბარბითი იდო. ბევრ რამეს ცვლის ხოლმე. იმას კი არ ხატავს, რასაც ხედავს, არამედ -
იმას, რაც სურს, დაინახოს. მითხარი, გოგონი, შენი აზრით, ეს სურათი დასრულებულია?

მარია თინსს შევხედე. ალბათ, ეს შეკითხვა ხუმრობით დამისვა. ვერ წარმომედგინა, თუ ამ სურათის კიდევ
უფრო გაუმჯობესება შეიძლებოდა.

- განა დასრულებული არაა? - შევყოყმანდი. მარია თინსმა ჩაიცინა.

- ამ სურათზე უკვე სამი თვეა, მუშაობს. ვფიქრობ, დაახლოებით ორ თვეში დაამთავრებს. რაღაცებს შეცვლის.
აი, ნახავ, - მარია თინსმა მიმოიხედა. - აქაურობა დაალაგე, ხომ? მაშინ წადი, გოგონი - სხვა საქმეებს მოჰკიდე
ხელი. ბატონი მალე მოვა და შეამოწმებს, როგორ დაალაგე აქაურობა.

უკანასკნელად შევხედე სურათს, მაგრამ, როდესაც დაჟინებით მივაშტერდი, მომეჩვენა, თითქოს რაღაცები
ქრებოდა. ასე ხდება, როდესაც უკუნ ღამით ვარსკვლავს უყურებ: თუ დაჟინებით ჩააშტერდები, თითქმის აღარ
ჩანს, მაგრამ საკმარისია, თვალმოჭუტულმა შეხედო, რომ გაცილებით კაშკაშა ხდება.

ჩემი ცოცხი, ვედრო და ჩვარი ავიღე. როდესაც გავდიოდი, მარია თინსი ჯერ კიდევ სურათის წინ იდგა.

*****

25
ორი თუნგით არხიდან წყალი მოვიტანე და ცეცხლზე შემოვდგი. შემდეგ ტანეკეს საძებრად წავედი. გოგონების
საძინებელში იყო და კორნელიას ჩაცმაში ეხმარებოდა. მარტჰე ალეიდისს აცმევდა, ლისბეთი კი უკვე
დამოუკიდებლად დამოუკიდებლად ართმევდა თავს ამგვარ საქმეებს. ტანეკე უგუნებოდ იყო. ერთი კი
შემომხედა, მაგრამ როდესაც მასთან დალაპარაკება ვცადე, ზედ არ შემომხედა. ბოლოს წინ დავუდექი და
ვაიძულე, შემოეხედა.

- ტანეკე, თევზის საყიდლად მინდა წასვლა. რა ვიყიდო?

- ასე ადრე მიდიხარ? ბაზარში მოგვიანებით მივდივართ ხოლმე.

ტანეკეს ჩემთვის აღარ შემოუხედავს. კორნელიას ხუთწვერიანი თეთრი ბაბთებით უკრავდა თმას.

- სანამ წყალი გაცხელდება, თავისუფალი ვარ და ვიფიქრე, იქნებ ახლა წავიდე-მეთქი, - ვუპასუხე უბრალოდ.
არ მითქვამს, რომ საუკეთესო პროდუქტები დილას იყიდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყასაბი ან თევზის
გამყიდველი დაგპირდება, რომ შენთვის საგანგებოდ გადადებს კარგ ნაჭრებს. ტანკეს ეს უნდა სცოდნოდა.
- რა ვიყიდო?

- დღეს თევზი არ გვჭირდება. ყასაბთან მიდი და ცხვრის ხორცი იყიდე.

ტანეკემ ბაბთები გაუსკვნა კორნელიას, რომელიც მაშინვე წამოხტა და გაიქცა. ტანეკე მიტრიალდა, კარადის
უჯრა გამოაღო და რაღაცის ძებნა დაიწყო. ფართო ზურგზე მქრქალი ყავისფერი კაბა ვიწროდ შემოტმასნოდა.

ეჭვიანობდა. მე ხომ ნება დამრთეს, დამელაგებინა სახელოსნო, სადაც მას არასოდეს უშვებდნენ და სადაც,
როგორც ჩანს, მხოლოდ მე და მარია თინსს გვქონდა შესვლის უფლება.

ტანეკე წელში გაიმართა, უჯრიდან კაპორი ამოიღო და მითხრა:

- იცი, ერთხელ ბატონმა დამხატა. იმ სურათზე დოქიდან რძეს ვასხამ. ამბობდნენ, ეს მისი საუკეთესო
ნახატიაო.

- კარგი იქნებოდა, მენახა, - ვუთხარი მე. - აქ ინახება?

- არა, ვან რეივენმა იყიდა.

წამით დავფიქრდი და ვუთხარი:

- ესე იგი, შენი გამოსახულებით ყოველდღე ტკბება დელფტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი?

ტანეკე გაიღრიჭა. ჩოფურა სახე კიდევ უფრო გაუფართოვდა. ჩემმა ნათქვამმა გუნება გამოუკეთა. უბრალოდ,
ყოველთვის საჭირო სიტყვები უნდა მომეძებნა.

მივტრიალდი და წასვლა დავაპირე, სანამ განწყობილება კვლავ წაუხდებოდა.

- შეიძლება წამოგყვე? - მკითხა მარტჰემ.

- მეც წამოვალ, - შესძახა ლისბეთმა.

26
- დღეს შინ დარჩით, - ვუთხარი მტკიცედ. - ისაუზმეთ, შემდეგ კი ტანეკეს დაეხმარეთ.

არ მსურდა, რომ გოგონებს ჩვევად ქცეოდათ ჩემთან ერთად ბაზარში სიარული. მერჩივნა, ეს ჯილდო
ყოფილიყო კარგად მოქცევისთვის.

გარდა ამისა, მინდოდა, ნაცნობ ქუჩებში მარტოკას მევლო, რომ მათ ტიკტიკს გამუდმებით არ შეეხსენებინა
ჩემი ახალი მდგომარეობა. როდესაც პაპისტების უბანი უკან მოვიტოვე და ბაზრის მოედანზე აღმოვჩნდი,
შვება ვიგრძენი. აქამდე ვერ ვხვდებოდი, რაოდენ მთრგუნავდა ვერმეერების სახლში ცხოვრება.

სანამ პიტერის ფარდულთან მივიდოდი, ნაცნობ ყასაბს შევუარე, რომელსაც ჩემი დანახვისას სახე გაუნათდა.

- როგორც იქნა, გადაწყვიტე დამლაპარაკებოდი? ისე გადიდკაცდი, რომ გუშინ გამოცნაურების ღირსადაც არ
ჩამთვალე? - გამეხუმრა ის.

შევეცადე ამეხსნა, რის გამო არ გამოველაპარაკე წინა დღეს, მაგრამ მან შემაწყვეტინა:

- ვიცი, ვიცი. ყველა ამაზე ჭორაობს - იანის ქალიშვილმა მხატვარ ვერმეერთან დაიწყო მუშაობაო. უკვე ვხედავ,
რომ ერთი დღის მუშაობის შემდეგ გაყოყოჩდა და ძველ მეგობრებთან საუბარს აღარ კადრულობს!
- საამაყო არაფერია, მე ხომ შინამოსამსახურე გავხდი. მამაჩემს ამისა რცხვენია.

- მამაშენს, უბრალოდ, ბედმა უმუხთლა. მას არავინ ადანაშაულებს. შენც არაფრის უნდა გრცხვენოდეს, ჩემო
კარგო, გარდა იმისა, რომ ხორცს ჩემგან აღარ ყიდულობ.

- სხვა გზა არა მაქვს. ყველაფერს ჩემი ქალბატონი წყვეტს.

- მართლა? მე კი მეგონა, პიტერისგან ხორცს იმიტომ ყიდულობდი, რომ მას ლამაზი ვაჟიშვილი ჰყავს.

- მისი ვაჟიშვილი არ მინახავს, - მივუგე უკმეხად.

ყასაბს გაეცინა:

- ნახავ, ნახავ. ახლა კი წადი. როდესაც დედაშენს ნახავ, უთხარი, ჩემთან მოვიდეს. კარგ ხორცს გადავუნახავ.

მადლობა გადავუხადე და პიტერის ფარდულთან მივედი. ჩემი დანახვისას, მგონი, გაოცდა.

- რა ადრიანად მოსულხარ. ენა მოგენატრა?

- დღეს ცხვრის ხორცის ყიდვა მინდა.

- მითხარი, გრიტ, ასეთი გემრიელი ენა ხომ არ გაგისინჯავს?

არ ვუთხარი საქებარი სიტყვები, რომელთაც მოელოდა.


- ენა ბატონმა და ქალბატონმა მიირთვეს. არ ვიცი, მოეწონათ თუ არა.

27
ჭაბუკი, რომელიც პიტერის დახლის უკან, მაგიდაზე ხორცს ჩეხავდა, შემოტრიალდა. ის, ალბათ, პიტერის ვაჟი
იყო. მართალია, მასზე მაღალი იყო, მაგრამ მასავით კამკამა ლურჯი თვალები ჰქონდა. ატმისფერ სახეს
ხშირი, გრძელი, ხვეული თმა უმშვენებდა. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, მისი სისხლიანი წინსაფარი იყო.

თვალს არ მაშორებდა, როგორც პეპელა არ შორდება ხოლმე სურნელოვან ყვავილს. უნებურად გავწითლდი.
კვლავ ვთქვი, რომ ცხვრის ხორცის ყიდვა მსურდა და მხოლოდ მამამისს ვუყურებდი. პიტერმა გადაათვალიერა
ხორცის ნაჭრები, ერთი მათგანი შეარჩია და დახლზე დამიდო. ორი წყვილი თვალი მომაშტერდა.

ხორცის ნაჭრის კიდეები რუხი ფერისა იყო. დავყნოსე.

- ძველი ხორცია, - ვუთხარი გულწრფელად. - ქალბატონი აღშფოთდება, რომ ასეთი ხორცი შეურჩიეთ.

უფრო ქედმაღლურად ველაპარაკებოდი, ვიდრე მინდოდა. შეიძლება, ასე ჯობდა.

მამა-შვილი უხმოდ მომჩერებოდა. მამას თვალი თვალში გავუყარე და ვცდილობდი, შვილისთვის ყურადღება
არ მიმექცია.

ბოლოს პიტერი შვილს მიუბრუნდა.

- პიტერ, მომეცი გადანახული ნაჭერი.

- ის ხომ უნდა გაგეგზავნა.... - პიტერის ვაჟიშვილი გაჩუმდა, წავიდა და მალევე მოიტანა ხორცის სხვა ნაჭერი,
რომელიც - მაშინვე მივხვდი - საუკეთესო იყო. თავი დავუქნიე.
- ეს უკეთესია.

პიტერის ვაჟმა ხორცი შემიფუთა და კალათში ჩამიდო. მადლობა გადავუხადე. როდესაც წასასვლელად
მივტრიალდი, შევამჩნიე, როგორ გადახედა მამა-შვილმა ერთმანეთს. იმ პირველსავე დღეს მივხვდი, რა
ჰქონდათ ჩაფიქრებული და რით დასრულდებოდა ეს ყოველივე.

*****

როდესაც დავბრუნდი, კატარინა სკამზე იჯდა და იოჰანესს აჭმევდა. ცხვრის ხორცი ვაჩვენე და თავი დამიქნია.
სახლში შესვლა დავაპირე, მან კი ხმადაბლა მითხრა:

- ჩემმა ქმარმა დაათვალიერა სახელოსნო და მოეწონა, როგორ დაალაგე ის.

ჩემთვის არც კი შემოუხედავს.

- გმადლობთ, ქალბატონო.

სახლში შევედი, შევხედე ნატურმორტს, რომელზეც ხილი და ასთაკვი იყო დახატული და გავიფიქრე - ესეც ასე,
სამსახურში ნამდვილად მიმიღეს-მეთქი.

28
ამ დღემ თითქმის ისევე ჩაიარა, როგორც პირველმა, და როგორც უნდა ჩაევლო მომდევნო დღეებს.
სახელოსნოს დალაგების შემდეგ ბაზარში მივდიოდი თევზის ან ხორცის საყიდლად და მერე კვლავ რეცხვას
ვიწყებდი. ერთ დღეს ვახარისხებდი სარეცხს, ვალბობდი და ლაქები გამომყავდა, მეორე დღეს ვხარშავდი,
ვრეცხავდი, ვავლებდი, ვწურავდი და თოკზე ვკიდებდი, რათა მზეს გაექათქათებინა, მესამე დღეს კი
ვაუთოებდი, ვკემსავდი და ვკეცავდი. ზოგჯერ ამ საქმიანობას ვწყვეტდი და ტანეკეს ვეხმარებოდი სადილის
მომზადებაში. ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ ცოტაოდენი თავისუფალი დრო მრჩებოდა. მაშინ ძელსკამზე ან
შიდა ეზოში ვჯდებოდი და ვკერავდი. ამის შემდეგ რეცხვას ან უთოობას ვამთავრებდი და ტანეკეს ვახშმის
მომზადებაში ვეხმარებოდი. ბოლოს კიდევ ერთხელ ვრეცხავდით იატაკს, რათა მომდევნო დილას სუფთა და
კრიალა ყოფილიყო.

დაღამებისას ჩემს საწოლთან დაკიდებულ ჯვარცმას წინსაფარს ვაფარებდი. ასე უფრო ადვილად ვიძინებდი.
მეორე დღეს წინსაფარს სხვა სარეცხთან ერთად ვრეცხავდი.

*****

მეორე დილას, როდესაც კატარინამ სახელოსნოს კარი გამიღო, ვკითხე, შეიძლება თუ არა, ფანჯრები
გავრეცხო-მეთქი.

- რატომაც არა? - მკვახედ მომიგო მან. - ასეთ უმნიშვნელო რამეებს რატომ მეკითხები?

- განათების გამო, ქალბატონო, - ავუხსენი მე. - როდესაც ფანჯრებს გავწმენდ, შეიძლება ამან სურათზე
იმოქმედოს. ხვდებით?

ვერ მიხვდა. არ შეეძლო (ან არ სურდა) სახელოსნოში შესვლა და სურათის დათვალიერება. როგორც ჩანს, იქ
არასოდეს შესულა. გადავწყვიტე, როდესაც ტანეკე კარგ გუნებაზე იქნებოდა, მეკითხა, რატომ იყო ასე.
კატარინა კიბეზე ჩავიდა, რათა ბატონისთვის ეკითხა ფანჯრების შესახებ და ქვემოდან დამიყვირა, მათ ხელი
არ ახლოო.

როდესაც სახელოსნოს ვალაგებდი, იქ არაფერი მოწმობდა იმას, რომ მან იქაურობა დაათვალიერა.
ყველაფერი თავის ადგილას იდო. პალიტრები სუფთა იყო. სურათზეც არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ
რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ მას სახელოსნო დაეთვალიერებინა.

აუდე ლანგენდეიკის ქუჩაზე ცხოვრების პირველი ორი დღის განმავლობაში ის თითქმის არ მინახავს. ზოგჯერ
მესმოდა მისი ხმა კიბეზე ან დერეფანში, როდესაც ბავშვებთან ერთად იცინოდა ან ხმადაბლა ესაუბრებოდა
კატარინას. ამ ხმის გაგონებისას ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს არხის კიდეზე მივდიოდი და ლამის
იყო, შიგ ჩავვარდნილიყავი. არ ვიცოდი, როგორ მომექცეოდა საკუთარ სახლში, მიაქცევდა თუ არა
ყურადღებას იმას, თუ როგორ ვჭრიდი ბოსტნეულს მის სამზარეულოში.

აქამდე ჩემ მიმართ არც ერთ ბატონს არ გამოუჩენია ასეთი ინტერესი.

29
ბატონს პირისპირ მის სახლში ცხოვრების მესამე დღეს შევეჩეხე. სადილობამდე იმ თეფშის საძებრად წავედი,
რომელიც ლისბეთს ქუჩაში დაეტოვებინა. კინაღამ დავეჯახე, როდესაც ხელში აყვანილი ალეიდისი
დერეფანში მოჰყავდა.

უკან დავიხიე. ის და ალეიდისი ერთნაირი ნაცრისფერი თვალებით შემომაშტერდნენ. არც გაუღიმია და არც
მოღუშულა. თვალებში შეხედვა გამიჭირდა. გამახსენდა სურათზე დახატული ქალი, რომელიც სარკეში თავის
გამოსახულებას უმზერდა, ყვითელი ატლასის ქულაჯა ეცვა და მარგალიტის მძივი ეკეთა. ამ ქალს არ
გაუჭირდებოდა, თვალი თვალში გაეყარა ბატონისთვის. როდესაც ბოლოს გავბედე და შევხედე, უკვე აღარ
მიყურებდა.

მომდევნო დღეს თვით ის ქალი ვიხილე. როდესაც ყასბისგან შინ ვბრუნდებიდი, ჩემ წინ, აუდე ლანგენდეიკზე,
ქალი და მამაკაცი მიდიოდნენ. ჩვენს სახლთან რომ მივიდნენ, მამაკაცი ქალისკენ მიტრიალდა, თავი დაუკრა
და გზა გააგრძელა. ქუდზე გრძელი თეთრი ბუმბული ეკეთა. ალბათ, სწორედ ის კაცი იყო, რომელიც
რამდენიმე დღის წინ ბატონს ესტუმრა. თვალი მოვკარი მის პროფილს: ულვაშებს ატარებდა და სრული სახე
ჰქონდა, ისეთივე სრული, როგორიც - სხეული. ისე იღიმებოდა, თითქოს ქალისთვის ფარისევლური
ქათინაურის თქმას აპირებდა. სანამ ქალის სახეს დავინახავდი, ის ჩვენს სახლში შევიდა, მაგრამ მის თმაში
ხუთწვერა წითელი ბაბთა დავლანდე. შესასვლელში შევყოვნდი, ვიცდიდი, სანამ კიბეზე ავიდოდა.

მოგვიანებით, როდესაც დარბაზში მდგარ კარადაში ტანსაცმელს ვაწყობდი, სტუმარმა ქალმა კიბე ჩამოიარა
და დარბაზში შემოვიდა. ფეხზე ავდექი. ყვითელი ქულაჯა ხელით მოჰქონდა. თმაში კვლავ ბაბთა ეკეთა.

- კატარინა სადაა? - იკითხა მან.

- დედამისთან ერთად რატუშაში წავიდა, ქალბატონო. რაღაც საქმე ჰქონდა.

- კარგი, არა უშავს, სხვა დროს ვნახავ. ამას კი აქ დავუტოვებ.

მან ქულაჯა საწოლზე დადო და ზემოდან მარგალიტის მძივი დააგდო.

- დიახ, ქალბატონო.

თვალს ვერ ვაცილებდი. მეგონა, ძილ-ბურანში ვიყავი. უცნაური გრძნობა დამეუფლა. მარია თინსისა არ იყოს,
ისეთი ლამაზი არ გახლდათ, როგორიც - სურათზე, სადაც სახეზე მზის სხივები ეცემოდა. გაკვირვებით
მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა, ალბათ, ვიცნობ, რაკი ასე ჯიქურ მომაჩერდაო. თავი ვაიძულე, თვალები
დამეხარა.

- ყველაფერს გადავცემ, ქალბატონო.


თავი დამიქნია, მაგრამ, მგონი, რაღაცის გამო ფორიაქობდა. ქულაჯაზე დაგდებულ მარგალიტის მძივს
დახედა.

- ჯობია, ეს სახელოსნოში დავტოვო, - მითხრა და მძივი აიღო. ჩემთვის არ შემოუხედავს, მაგრამ ვხვდებოდი,
რასაც ფიქრობდა. მისი აზრით, მსახურებს მარგალიტის მძივს ვერ ანდობ. როდესაც წავიდა, დიდხანს მედგა
თვალწინ, თითქოს კვლავ დარბაზში იყო. ასე რჩება ხოლმე ქალის წასვლის შემდეგ ოთახში მისი სურნელი.

*****

30
შაბათს კატარინამ და მარია თინსმა ტანეკე და მარტჰე ბაზარში წაიყვანეს, სადაც ერთი კვირის სამყოფი
ბოსტნეული და სხვა სურსათი უნდა ეყიდათ. ძალიან მინდოდა მათთან ერთად წასვლა - ვიმედოვნებდი, რომ
იქ დედასა და დას შევხვდებოდი, მაგრამ შინ დარჩენა მიბრძანეს, რათა გოგონებისა და პაწიასთვის მიმეხედა.
ძლივს დავაკავე გოგონები, რომ ბაზრის მოედანზე არ გაქცეულიყვნენ. თვითონ წავიყვანდი მათ იქ, მაგრამ
ვერ გავბედე, სახლი უპატრონოდ მიმეტოვებინა. ამის ნაცვლად, გოგონებთან ერთად ვუყურებდი არხს და
ვხედავდი, როგორ მიცურავდნენ ბაზრისკენ კომბოსტოთი, ღორის ხორცით, ყვავილებით, შეშით, ფქვილით,
მარწყვითა და ნალებით დატვირთული ნავები. უკანა გზაზე მათში უკვე აღარაფერი ეწყო. მენავეები ფულს
ითვლიდნენ ან სვამდნენ. გოგონებს ვასწავლე თამაშები, რომლებითაც ფრანსთან და აგნესთან ერთად
ვერთობოდი ხოლმე, მათ კი თავიანთი მოგონილი თამაშები მასწავლეს. საპნის ბუშტებს ბერავდნენ,
თოჯინებით თამაშობდნენ, სალტეებს აგორავებდნენ, მე კი ძელსკამზე ვიჯექი და მუხლებზე იოჰანესი მეჯდა.

როგორც ჩანს, კორნელიას აღარ ახსოვდა, რომ სილა გავაწანი. მხიარულად და მეგობრულად მექცეოდა,
მეხმარებოდა იოჰანესის მოვლაში და ყველაფერს მიჯერებდა. „მომეხმარე“, - მთხოვა მან, როდესაც
მეზობლების მიერ ქუჩაში დატოვებულ კასრზე ძვრებოდა. ფართოდ გახელილი თაფლისფერი თვალებით
მიყურებდა და უმანკო გამომეტყველება ჰქონდა. გოგონას თვინიერებამ გული მომილბო, თუმცა ვიცოდი, რომ
მისი ნდობა არ შეიძლებოდა. ის ყველაზე უფრო საინტერესო იყო ამ გოგონებს შორის და ყველაზე მერყევი
ხასიათიც ჰქონდა - ძალზე ცუდიც და ძალზე კარგიც, ერთსა და იმავე დროს.
გოგონები შინიდან გამოტანილ ნიჟარებს ახარისხებდნენ და სხვადასხვა ფერის გროვებად აწყობდნენ.
სწორედ ამ დროს სახლიდან ის გამოვიდა. იოჰანესს ხელები ისე მოვუჭირე, რომ მისი ნეკნები ვიგრძენი.
ბავშვმა წამოიწივლა. ცხვირი მის ყურში ჩავმალე, რომ სახე არ გამომჩენოდა.

- მამა, შეიძლება წამოგყვე? - დაიძახა კორნელიამ, რომელიც წამოხტა და ხელზე ხელი სტაცა.

ბატონის სახის გამომეტყველება არ დამინახავს - თავდახრილი იდგა და ქუდის ფარფლები სახეზე


ეფარებოდა.

ლისბეთმა და ალეიდისმა თავიანთი ნიჟარები მიატოვეს.

- მეც წამოვალ, - ერთხმად წამოიყვირეს მათ და მამას მეორე ხელზე ჩაებღაუჭნენ.

მან თავი გადააქნია და მაშინღა შევამჩნიე, რომ გაოცებით იყურებოდა.

- დღეს ვერ წაგიყვანთ, აფთიაქში მივდივარ.

- საღებავები უნდა იყიდო? - ჰკითხა კორნელიამ, რომელიც მამას ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა ხელზე.

- მათ შორის - საღებავებიც.


იოჰანესი ატირდა. მან თვალი შემავლო. ბავშვი ხელში ავათამაშე. თავს უხერხულად ვგრძნობდი.

ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, გოგონები მოიშორა და ფართო
ნაბიჯებით გაჰყვა აუდე ლანგენდეიკს.

ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ჩემთვის მას შემდეგ, რაც ბოსტნეულის ფორმისა და ფერის შესახებ გამესაუბრა.

31
*****

კვირადღეს ძალზე ადრე გამეღვიძა. მიხაროდა, რომ ეს ჩემი დასვენების დღე იყო. უნდა დამეცადა, სანამ
კატარინა სადარბაზო კარს გააღებდა, მაგრამ როდესაც გავიგონე, რომ კარი გაიღო და გავედი, დავინახე მარია
თინსი, რომელსაც გასაღები ეჭირა.

- ჩემი შვილი შეუძლოდაა, - მითხრა და გვერდზე გაიწია, რათა გარეთ გავეშვი. - რამდენიმე დღის
განმავლობაში უნდა იწვეს. მის გარეშე საქმეებს თავს გაართმევ?

- რა თქმა უნდა, ქალბატონო, - მივუგე და დავძინე: - თუ გამიჭირდა, თქვენ გკითხავთ რჩევას.

მარია თინსმა ჩაიცინა.

- ცუღლუტი გოგონა ხარ. იცი, ვის უნდა ელაქუცო. არა უშავს, საზრიანი მსახური გამოგვადგება.

რამდენიმე მონეტა მომცა. ეს იყო ჩემი გასამრჯელო ამ დღეების განმავლობაში.

- შინ გაიქეცი. ალბათ, ყველაფერს ჩაუკაკლავ დედაშენს ჩვენი ოჯახის შესახებ.

სანამ კიდევ რაიმე იტყოდა, კარში გავსხლტი, ბაზრის მოედანი გადავჭერი, ჩავუარე ხალხს, რომელიც ახალ
ეკლესიაში დილის წირვაზე მიდიოდა და სწრაფად გავირბინე ქუჩები. შინისკენ მივიჩქაროდი. როდესაც ჩემს
ქუჩაზე შევუხვიე, ვიფიქრე: რა უცნაურად მეჩვენება აქაურობა, თუმცა შინიდან სულ რამდენიმე დღეა,
წამოვედი-მეთქი. შუქი თითქოს უფრო კაშკაშა იყო, არხი კი - უფრო ფართო. არხის გასწვრივ ჩარიგებული
ჭადრები გუშაგებივით უძრავად იდგნენ, თითქოს მელოდებოდნენ. აგნესი ჩვენი სახლის წინ ძელსკამზე იჯდა.
როდესაც დამინახა, სახლში შესძახა: „მოვიდა!“, ჩემ შესახვედრად გამოიქცა და ხელი ჩამკიდა.

- როგორ ხარ? - ისე მკითხა, რომ არც მომსალმებია. - კარგად გეპყრობიან? ბევრი სამუშაო გაქვს? იქ სხვა
გოგონებიც არიან? სახლი დიდია? სად გძინავს? ძვირფას თეფშებზე ჭამ?

გამეცინა, მაგრამ მის შეკითხვებზე პასუხი არ გამიცია. თავდაპირველად დედას გადავეხვიე და მამას
მივესალმე. თუმცა ბევრი ფული არ მქონდა, მაგრამ ამაყად გადავეცი ის დედაჩემს. მოსამსახურედ ხომ
სწორედ ამიტომ დავუდექი ვერმეერებს.

მამაჩემმაც დააპირა, ჩვენთან ერთად დამჯდარიყო - უნდოდა გაეგო, როგორ შევეგუე ახალ მოვალეობებს.
მივეშველე და პარმაღზე გამოვიყვანე. ძელსკამზე დაჯდა და ცერით ხელისგული მომისინჯა.

- ხელებზე კანი დაგისკდა, - მითხრა მან. - გაგიუხეშდა და აგექერცლა. მძიმე მუშაობამ თავისი კვალი უკვე
დაგაჩნია.

- ნუ წუხხარ, - ვუპასუხე მხიარულად. - უბრალოდ, იქ ძალიან ბევრი სარეცხი იყო დაგროვილი და დამხმარე
არავინ ჰყავდათ. ახლა უკვე იმდენი სამუშაო არ მექნება.
დედა ხელებზე მაკვირდებოდა.

32
- ბერგამოტის ნაყენს დაგიმზადებ ზეთზე, - მითხრა მან. - ხელებს დაგირბილებს. აგნესი და მე ქალაქგარეთ
დავკრეფთ.

- გვიამბე! - წამოიძახა აგნესმა. - ყველაფერი გვიამბე მათ შესახებ.

ვუამბე. მხოლოდ რამდენიმე რამ არ გავუმხილე - რომ დღის ბოლოს ძალიან ვიღლებოდი; რომ ჩემს
საწოლთან ჯვარცმის ამსახველი სურათი ეკიდა; რომ კორნელიას სილა გავაწანი; რომ მარტჰე და აგნესი
ტოლები იყვნენ. სხვა ყველაფერი ვუამბე.

დედას ყასბის დანაბარებიც გადავეცი.

- რა თავაზიანია! - თქვა დედამ. - მაგრამ ხომ იცის, რომ ხორცის საყიდელი ფული არა გვაქვს, მოწყალებაზე კი
არ დავთანხმდებით.

- მგონი, მოწყალება არ უგულისხმია, - განვუმარტე მე. - უბრალოდ, მეგობრულად შემოგვთავაზა.

დედამ არაფერი მიპასუხა, მაგრამ მივხვდი, რომ ყასაბთან არ წავიდოდა.

როდესაც ყასბები - პიტერი-მამა და პიტერი-ვაჟიშვილი - ვახსენე, დედამ წარბები ასწია, მაგრამ არაფერი
უთქვამს.

შემდეგ ჩვენს ეკლესიაში წავედით. იქ ყველას ვიცნობდი და ნაცნობი სიტყვები მესმოდა. აგნესსა და დედაჩემს
შორის ვიჯექი და ვიგრძენი, რომ სასიამოვნოდ მოვდუნდი, სახიდან კი ის ნიღაბი ჩამომვარდა, მთელი კვირა
რომ ვატარებდი. ტირილი მომინდა.

როდესაც შინ დავბრუნდით, დედა და აგნესი სადილის სამზადისს შეუდგნენ, მე კი სამზარეულოს არ


გამაკარეს. მამასთან ერთად ძელსკამზე დავჯექი. მამამ სახე მზეს მიუშვირა და ასე იჯდა, სანამ ვსაუბრობდით.

- ახლა კი, გრიტ, - მითხრა მამამ, - მიამბე, როგორია შენი ახალი ბატონი. მის შესახებ არაფერი გითქვამს.

- თითქმის ვერასოდეს ვხედავ, - გავანდე სიმართლე. - ან თავის სახელოსნოშია, სადაც არავინ აწუხებს, ან
შინიდან მიდის ხოლმე.

- ალბათ, გილდიის საქმეებს აგვარებს. მაგრამ მის სახელოსნოში იყავი. შენ გვიამბე, როგორ ალაგებდი
იქაურობას, ისე, რომ ადგილი არაფრისთვის შეგიცვლია, რატომ არაფერი თქვი სურათზე, რომელსაც ახლა
ხატავს? აღმიწერე ეს სურათი.

- არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ისე აღგიწერო, რომ მისი წარმოდგენა შეძლო.

- სცადე. ახლა საფიქრალი თემები აღარ დამრჩა, მხოლოდ მოგონებებით ვცოცხლობ. სიამოვნებას
მომანიჭებს ნამდვილი ოსტატის სურათის წარმოდგენა, თუნდაც წარმოსახვაში მხოლოდ მისი უბადრუკი ასლი
წარმომიდგეს.

შევეცადე აღმეწერა, როგორ იკიდებდა ყელზე მარგალიტის მძივს ქალი, რომელიც სარკეში თავის
გამოსახულებას უყურებდა; როგორ აცისკროვნებდა მის სახესა და ყვითელ ქულაჯას ფანჯრიდან შემოჭრილი
სხივები, ბნელი ფონი კი მაყურებლისგან მიჯნავდა.

მამაჩემი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ სახე არ განათებია, სანამ ვიტყოდი:

33
- შუქი, რომელიც უკანა კედელს ეცემა, იმდენად თბილია, რომ გეჩვენება, თითქოს მზის სხივები სახეს
გითბობს.

მამამ თავი დამიქნია და გაიღიმა - მოეწონა ის, რაც წარმოიდგინა.

- როგორც ჩანს, შენს ახალ სახლში ყველაზე მეტად სახელოსნოში ყოფნა გსიამოვნებს, - მითხრა ცოტა ხნის
შემდეგ.

ეს ერთადერთი რამაა, რაც იქ მსიამოვნებს-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.

როდესაც სადილად დავსხედით, ვცდილობდი, არ შემედარებინა კერძები იმისთვის, რასაც პაპისტთა უბანში
შევექცეოდით, მაგრამ უკვე შევჩვეოდი ხორცსა და გემრიელ ჭვავის პურს. დედაჩემი უფრო დახელოვნებული
მზარეული იყო, ვიდრე - ტანეკე, მაგრამ შავი პური ხმელი იყო, უცხიმოდ მომზადებული ბოსტნეულის კერძი კი
- უგემური. ოთახიც სხვანაირი გახლდათ - იატაკზე მარმარილოს ფილები არ ეგო, ფანჯრებზე აბრეშუმის
სქელი ფარდები არ ეკიდა და აქ ვერც ტყავგადაკრულ სკამებს ნახავდით. ყველაფერი სადა და სუფთა
გახლდათ, ყოველგვარი სამშვენისების გარეშე. მიყვარდა აქაურობა, რადგან შეჩვეული ვიყავი მას, მაგრამ
ვიგრძენი, რაოდენ უბადრუკი იყო ჩემი სახლი.

დღის ბოლოს გამიჭირდა მშობლებთან დამშვიდობება - უფრო მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად
წავედი აქედან, რადგან ახლა ვიცოდი, იქ რა მელოდა. აგნესმა ბაზრის მოედნამდე გამაცილა. როდესაც
მარტონი დავრჩით, ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი.

- მარტოობა მტანჯავს, - მიპასუხა და მისმა სიტყვებმა სევდიანად გაიჟღერა. ის ხომ მხოლოდ ათი წლის
გოგონა იყო. მთელი დღის განმავლობაში ხალისიანი განწყობილება ჰქონდა, ახლა კი დადარდიანდა.

- ყოველ კვირადღეს მოვალ, - დავპირდი მე. - და იქნებ შუა კვირაშიც მოვახერხო ხოლმე თქვენთან შემორბენა,
როდესაც ხორცის ან თევზის საყიდლად გამომგზავნიან.

- იქნებ მეც მოვიდე ხოლმე ბაზარში, როდესაც შენ იქ იქნები? - სიხარულით შემომთავაზა აგნესმა.

ჩვენ მართლაც შევძელით რამდენჯერმე ერთმანეთთან შეხვედრა ხორცის დახლებთან. ყოველთვის


სიხარულს მანიჭებდა მისი ნახვა - იმ შემთხვევებში, როდესაც ბაზარში მარტო მოვდიოდი.

*****

თანდათან შევეჩვიე ვერმეერების სახლში ცხოვრებას. ზოგჯერ მიჭირდა კატარინასთან, ტანეკესთან და


კორნელიასთან ურთიერთობა, მაგრამ, ჩვეულებრივ, მარტო ვასრულებდი ხოლმე ჩემს სამუშაოს. შესაძლოა,
ეს მარია თინსის დამსახურება იყო. საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ოჯახისთვის
სასარგებლო შენაძენი გახლდით. სხვებმა, თვით ბავშვებმაც კი, მის მაგალითს მიჰბაძეს.

შესაძლოა, შეამჩნია, რომ ჩემი გარეცხილი თეთრეული უფრო სუფთა და ქათქათა იყო, ან რომ უკეთესი ხორცი
მომქონდა, ვიდრე უწინ შეექცეოდნენ ხოლმე, ან რომ მას მოსწონდა დაკრიალებული სახელოსნო. პირველ ორ

34
მიზეზში ეჭვი არ მეპარებოდა. მესამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როდესაც ბატონი ბოლოს გამომელაპარაკა,
ჩემი მუშაობის შესახებ არაფერი უთქვამს.

ვცდილობდი, ოჯახური საქმეების უკეთ გაძღოლის გამო სხვები შეექოთ და არა მე. მტრების შეძენა სულაც არ
მსურდა. თუ მარია თინსს ხორცი მოსწონდა, ვამბობდი, რომ ის ტანეკემ მოამზადა კარგად; თუ მარტჰე
ამბობდა, რომ მისი წინსაფარი ახლა უფრო თეთრი იყო, ვიდრე უწინ, ვამბობდი, რომ ის ზაფხულის თაკარა
მზემ გააქათქათა.
შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებდი კატარინას. მან მაშინ ამითვალწუნა, როდესაც დედაჩემის
სამზარეულოში ბოსტნეულს ვჭრიდი. გუნებას უშხამავდა ფეხმძიმობა, რომლის გამო გატლანქდა და არ
ჰგავდა მოხდენილ დიასახლისს, როგორადაც თავი მოჰქონდა. გარდა ამისა, ცხელი ზაფხული იდგა და ბავშვი
მის მუცელში ძალიან წუხდა. როდესაც კატარინა დადიოდა, ბავშვი წიხლებს ურტყამდა, ყოველ შემთხვევაში,
კატარინა ასე ამბობდა. რაც უფრო ეზრდებოდა მუცელი, მით უფრო დაქანცული და დაბღვერილი ხდებოდა.
დილაობით სულ უფრო გვიან დგებოდა საწოლიდან და მარია თინსი იძულებული გახდა, მისთვის გასაღებები
გამოერთმია, რათა ჩემთვის სახელოსნოს კარი გაეღო ხოლმე. მე და ტანეკეს მისი მოვალეობების კიდევ უფრო
მეტი ნაწილი დაგვეკისრა - გოგონებზე ზრუნვა, სურსათის შეძენა, იოჰანესის ამოსაფენი ჩვრების გამოცვლა.

ერთ დღეს, როდესაც ტანეკე კარგ გუნებაზე იყო, ვკითხე, რატომ არ ქირაობდნენ ოჯახის უფროსები მეტ
მსახურებს, რათა ცხოვრება გაეადვილებინათ.

- ასეთ დიდ ოჯახში, სადაც დიასახლისი მდიდარია, ბატონი კი მხატვარი, - დავძინე მე, - განა არ შეუძლიათ
კიდევ ერთი მსახურის დაქირავება? ან მზარეულისა?

- რას ამბობ! - ჩაიფრუტუნა ტანეკემ. - შენ ძლივს გიხდიან გასამრჯელოს.

გამიკვირდა - ყოველ კვირადღეს შინ ძალიან ცოტა ფული მიმქონდა. მრავალი წელი უნდა მემუშავა, ისეთი
ყვითელი ქულაჯა რომ მეყიდა, როგორსაც - დაუდევრად დაკეცილს - კატარინა თავის კარადაში ინახავდა. ვერ
დამეჯერებინა, რომ ღარიბები იყვნენ.

- მაგრამ იმდენ ფულს კი იშოვიან, რომ გადიას გადაუხადონ, როდესაც ბავშვი გაჩნდება, - დაამატა ტანეკემ
გამქირდავად.

- რატომ?

- იმისთვის, რომ ძუძუთი გამოკვებოს ბავშვი.

- ქალბატონი ვერ გამოკვებავს საკუთარ ბავშვს? - ვკითხე ბრიყვულად.

- თვითონ რომ გამოეკვება თითოეული შვილი, ამდენი ბავშვი არ ეყოლებოდა. სანამ ბავშვს კვებავ, ვერ
დაფეხმძიმდები - ხომ გესმის?

- მართლა? - ამ საკითხებისა არაფერი გამეგებოდა. - კიდევ უნდა შვილების გაჩენა?

ტანეკემ ჩაიცინა.

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სახლს ბავშვებით იმიტომ ავსებს, რომ არ შეუძლია მისი მსახურებით ავსება, - მან
ხმას დაუწია. - საქმე ისაა, რომ ბატონის შემოსავალი საკმარისი არაა მსახურების დასაქირავებლად. ერთი
წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ, სამ სურათს ხატავს. ზოგჯერ - მხოლოდ ორს. ასე ვერ გამდიდრდები.

35
- უფრო სწრაფად ვერ იმუშავებს?

როდესაც ეს ვიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ უფრო სწრაფად ვერ იმუშავებდა. იმდენ ხანს მოანდომებდა
თითოეულ სურათზე მუშაობას, რამდენიც, მისი აზრით, საჭირო იყო.

- ბატონი და ახალგაზრდა ქალბატონი ამის გამო ზოგჯერ კინკლაობენ. ახალგაზრდა ქალბატონს სურს, რომ
ბატონმა უფრო სწრაფად ხატოს, ჩემი ქალბატონი კი ამბობს, რომ ეს ბატონისთვის დამღუპველი იქნება.

- მარია თინსი ძალიან ბრძენი ქალია.

კარგა ხნის წინ მივხვდი, რომ შემეძლო ტანეკესთვის ყველაფერი მეთქვა, ოღონდ კი მარია თინსი შემექო.
ტანეკე აღმერთებდა თავის ქალბატონს, კატარინა კი მას აღიზიანებდა. როდესაც ტანეკე კარგ ხასიათზე იყო,
მირჩევდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი კატარინასთან.

- ყურადღება არ მიაქციო მის სიტყვებს. განურჩეველი გამომეტყველებით უსმინე, რასაც გეუბნება, შემდეგ კი
როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. ან ისე, როგორც ჩემი ქალბატონი და მე გეტყვით. კატარინა არასოდეს
არაფერს ამოწმებს, მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, რადგან მიაჩნია, რომ ასე უნდა მოიქცეს. მაგრამ ჩვენ
ვიცით, ვინაა ჩვენი ნამდვილი ქალბატონი, და კატარინამაც იცის.

ტანეკე ხშირად უხეშად მეპყრობოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მისი სიტყვები გულთან არ უნდა მიმეტანა -
დიდხანს როდი ბრაზობდა ხოლმე. განწყობილება განუწყვეტლივ ეცვლებოდა, შესაძლოა, იმის გამო, რომ
ამდენი წლის განმავლობაში კატარინასა და მარია თინსს ემსახურებოდა და ცდილობდა, არც მწვადი დაეწვა
და არც - შამფური. მართალია, მირჩია, ყურადღება არ მიმექცია კატარინას ბრძანებებისთვის, მაგრამ ამ
რჩევას თვითონ იშვიათად მისდევდა. კატარინას მკვახე კილო გუნებას უფუჭებდა. და მიუხედავად იმისა, რომ
მარია თინსი სამართლიანი ქალი იყო, ტანეკეს კატარინასგან არასოდეს იცავდა. საერთოდ, არასოდეს
შევსწრებივარ, რომ მარია თინსს თავისი ქალიშვილი დაეტუქსა, თუმცა კატარინასთვის ეს ზოგჯერ
სასარგებლო იქნებოდა.

გარდა ამისა, ტანეკე დაუდევრად ასრულებდა თავის მოვალეობებს. შესაძლოა, მისი ერთგულება
ანაზღაურებდა მის დაუდევრობას - არასოდეს ხვეტდა ოთახების კუთხეებს, ხორცს ხშირად ცალ მხარეს
წვავდა, მეორე მხარეს კი უმს ტოვებდა, ქვაბებს რიგიანად არ ხეხავდა. ვერ წარმომედგინა, რას უნდა
მგვანებოდა სახელოსნო, როდესაც მას ტანეკე ალაგებდა. მარია თინსი იშვიათად უჯავრდებოდა ტანეკეს,
მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ტანეკე ამას იმსახურებდა. ამიტომ ტანეკე თავის თავში დარწმუნებული არ იყო და
მყისვე თავის მართლებას იწყებდა ხოლმე.

იმასაც მივხვდი, რომ მარია თინსი, თავისი სიბრძნის მიუხედავად, ლმობიერად ექცეოდა ახლობლებს. მისი
მსჯელობა არც ისე შეუცდომელი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.

ოთხ გოგონას შორის კორნელიას ყველაზე უფრო ცვალებადი ხასიათი ჰქონდა (რაც პირველსავე დღეს
გამოავლინა). ლისბეთიც და ალეიდისიც მშვიდი, დამჯერი გოგონები იყვნენ, მარტჰე კი საკმარისად დიდი იყო
და უკვე გვეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. თავშეკავებულად იქცეოდა, თუმცა ზოგჯერ ცხარობდა და
დედამისივით მიყვიროდა. კორნელია არ ყვიროდა, მაგრამ ახირებულად იქცეოდა ხოლმე. თვით მარია
თინსის რისხვის საშიშროებაც კი, რასაც პირველ დღეს მივმართე, ყოველთვის როდი მშველოდა. კორნელია
ხან მხიარული და გიჟმაჟი იყო, ხან კი კატას წააგავდა, რომელიც კრუტუნებს, მაგრამ შეუძლია უკბინოს
ადამიანს, რომელიც მას ეალერსება. დები უყვარდა, მაგრამ ჩქმეტდა და ატირებდა ხოლმე. კორნელიას
ვუფრთხოდი და ვერ შევიყვარე ისე, როგორც მისი დები.

36
სახელოსნოს დალაგებისას მათ, ჩვეულებრივ, თავს ვარიდებდი. მარია თინსი კარს მიღებდა, ზოგჯერ
სურათის წინ დგებოდა და ისე აკვირდებოდა, თითქოს ის ავადმყოფი ბავშვი იყო, რომელზეც უნდა ეზრუნა.
როდესაც სახელოსნოდან გადიოდა, ოთახი ჩემს განკარგულებაში რჩებოდა. იქაურობას ვათვალიერებდი,
რაიმე ხომ არ შეიცვალა-მეთქი. თავდაპირველად მეჩვენებოდა, რომ არასოდეს არაფერი იცვლებოდა, მაგრამ
როდესაც ოთახის დეტალები დავიმახსოვრე, უკვე უმნიშვნელო ცვლილებებსაც ვამჩნევდი - ფუნჯები დაბალ
კარადაზე სხვაგვარად ეწყო, კარადის ერთი უჯრა ღია იყო, პალიტრის საფხეკი დანა მოლბერტის კიდეზე იდო
ან სკამი ოდნავ გადაეადგილებინათ.

ერთი კია, იმ კუთხეში არაფერი იცვლებოდა, რომელსაც ბატონი ხატავდა. ვფრთხილობდი, რომ არაფერი
გადამეადგილებინა, და სწრაფად ვისწავლე ნივთებს შორის მანძილის გაზომვა, ასე რომ შემეძლო ეს კუთხე
თითქმის ისევე სწრაფად და თამამად დამელაგებინა, როგორც ოთახის დანარჩენი ნაწილები. ლურჯ
ქსოვილსა და ყვითელ ფარდებს სველ ჩვარს ფრთხილად ვუსვამდი და მტვერს ვაცილებდი, ისე, რომ ნაკეცებს
არ ვშლიდი. სურათზე, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებოდი, თითქოს არაფერი იცვლებოდა. ერთხელ
შევამჩნიე, რომ მძივისთვის ერთი მარგალიტი დაემატებინა. მეორე დღეს ყვითელი ფარდის ჩრდილი უფრო
გაიზარდა. მომეჩვენა აგრეთვე, რომ ქალის მარჯვენა ხელის თითების განლაგება ცოტათი შეიცვალა.

ატლასის ქულაჯა იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ მსურდა, ხელი გამეწვდინა და შევხებოდი.
ერთხელ თითქმის შევეხე ნამდვილ ქულაჯას, რომელიც ვან რეივენის ცოლმა საწოლზე დატოვა. უკვე
დავაპირე ბეწვის საყელოზე ხელი გადამესვა, რომ თვალი მოვკარი კარში მდგომ კორნელიას, რომელიც
თვალყურს მადევნებდა. მის დებს ქულაჯის მახლობლად რომ დავენახე, უბრალოდ, მკითხავდნენ, რას
შვრებიო, მაგრამ კორნელია მდუმარედ მიყურებდა. ეს ყველანაირ შეკითხვაზე უარესი გახლდათ. ხელი
დავუშვი და კორნელიამ გაიღიმა.

*****

ერთ დილას, თევზის საყიდლად მიმავალს (ვერმეერების ოჯახში მუშაობის დაწყებიდან უკვე რამდენიმე კვირა
იყო გასული), მარტჰემ მთხოვა, ბაზარში გამოგყვებიო. ბაზრის მოედანზე სიარული, ყველაფრის თვალიერება
სიამოვნებას ანიჭებდა. ცხენებს ეფერებოდა, სხვა ბავშვებს ეთამაშებოდა და სხვადასხვა დახლზე გამოფენილ
შებოლილ თევზს სინჯავდა. როდესაც ქაშაყი ვიყიდე, იდაყვი გამკრა და წამოიძახა:

- გრიტ, შეხე, როგორი ფრანია.

ჩვენ თავზე გრძელკუდიანი თევზის ფორმის ფრანი დაფრინავდა. ქარი აქანავებდა და მართლაც წააგავდა
ჰაერში მოცურავე თევზს, რომლის ირგვლივ თოლიები დაფრინავდნენ. გამეღიმა და მაშინვე თვალი მოვკარი
აგნესს, რომელიც ახლოს არ მოსულა, მაგრამ დაჟინებით უყურებდა მარტჰეს. ჯერ კიდევ არ მქონდა ნათქვამი
აგნესისთვის, რომ ვერმეერებს მისი კბილა ქალიშვილი ჰყავდათ - ვშიშობდი, არ ეეჭვიანა, რომ მისი ადგილი
ჩემს გულში სხვა გოგონამ დაიკავა.

ზოგჯერ მიჭირდა მშობლებისა და აგნესისთვის რაიმეს მოყოლა. ჩემი ახალი ცხოვრება თანდათან
ენაცვლებოდა ძველს.

37
როდესაც აგნესმა შემომხედა, თავი ოდნავ გავაქნიე, ისე, რომ მარტჰეს არ შეემჩნია, და კალათში თევზის
ჩაწყობა დავიწყე. ეს პროცესი განზრახ გავაჭიანურე - ვერ ავიტანდი, აგნესისთვის ვინმეს გული რომ დაეწყვიტა
და არ ვიცოდი, როგორ მოექცეოდა მარტჰე აგნესს.

როდესაც მოვტრიალდი, აგნესი აღარსად ჩანდა.

კვირადღეს მომიხდება იმის ახსნა, რომ ახლა ორი ოჯახი მაქვს და რომ მათი შერევა შეუძლებელია-მეთქი,
გავიფიქრე.

შემდგომში ძალიან მრცხვენოდა, რომ საკუთარ დას ზურგი შევაქციე.

*****

გარეცხილ ტანსაცმელს ვფენდი ეზოში. თითოეულ მათგანს ვბერტყავდი და თოკზე ვასწორებდი, როდესაც
კატარინას ხვნეშა მომესმა. ის კართან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და ამოიოხრა. ჩემი
საქმიანობა არ შემიწყვეტია, თითქოს კატარინას აქ ყოფნა ჩვეულებრივი რამ იყო, მაგრამ დავიძაბე.

- წავიდნენ? - უეცრად მკითხა მან.


- ვინ, ქალბატონო?

- ისინი, სულელო. ჩემი ქმარი და ის... წადი, ნახე, ავიდნენ თუ არა ზევით.

ფეხაკრეფით შევედი დერეფანში. კიბეზე ორი წყვილი ფეხი დავლანდე.

- შეძლებთ? - მომესმა ბატონის ხმა.

- რა თქმა უნდა. არც ისე მძიმეა, - მიუგო მეორე კაცმა ისეთი ყრუ ხმით, თითქოს ჭაში მჯდარიყოს.

კიბე აიარეს და სახელოსნოში შევიდნენ. გავიგონე, როგორ მიიხურეს კარი.

- წავიდნენ? - წაისისინა კატარინამ.

- სახელოსნოში არიან, ქალბატონო, - მივუგე მე.

- კარგი, ახლა ამაყენე.

კატარინამ ხელები გამომიწოდა და წამოვაყენე. როგორ დამძიმებულიყო! მიკვირდა, რომ სიარული შეეძლო.
დერეფანში ისე მიდიოდა, როგორც იალქნებაშვებული ხომალდი. ქამარზე ჩამოკიდებულ გასაღებები ხელით
ეჭირა, რომ არ ეჩხარუნათ. დარბაზში მიიმალა.

მოგვიანებით ტანეკეს ვკითხე, რატომ იმალებოდა კატარინა შიდა ეზოში.

- იმიტომ რომ ლევენჰუკი მოვიდა, - ჩაიცინა ტანეკემ. - ბატონის მეგობარი. კატარინას მისი ეშინია.

38
- რატომ?

ტანეკემ კიდევ უფრო გულიანად გაიცინა.

- კატარინამ ლევენჰუკის ყუთი გატეხა. მასში იყურებოდა და ძირს დაუვარდა. ხომ იცი, როგორი უგერგილოა.

დედაჩემის სამზარეულოს იატაკზე გადმოვარდნილი დანა გამახსენდა.

- რა ყუთი?

- ხის ყუთი აქვს, რომელშიც, რომ ჩაიხედავ, სურათებს დაინახავ.

- რა სურათებს?

- ყველანაირს! - მომახალა გაღიზიანებულმა ტანეკემ. ეტყობოდა, რომ არ სურდა ამ ყუთზე ლაპარაკი. -


ახალგაზრდა ქალბატონმა გატეხა და ახლა ვან ლევენჰუკს მისი დანახვაც არ უნდა. ამიტომაა, რომ ბატონი
ცოლს უფლებას არ აძლევს, სახელოსნოში მარტო შევიდეს - შიშობს, რომ სურათსაც დააგდებს!

მეორე დილას მივხვდი, რომელ ყუთს გულისხმობდა ტანეკე. იმ დღეს ბატონმა სცადა აეხსნა ჩემთვის, როგორ
მუშაობდა ის, მაგრამ მრავალი თვე დამჭირდა ამის გასაგებად.

როდესაც სახელოსნოში დასალაგებლად შევედი, დავინახე, რომ მოლბერტი და სკამი გვერდზე გაეწიათ. მათ
ადგილას საწერი მაგიდა იდგა, რომლიდანაც ქაღალდები და გრავიურები აეღოთ. მაგიდაზე დიდი ყუთი იდო.
მოზრდილი ზანდუკის ოდენა იქნებოდა. გვერდზე უფრო მომცრო ყუთი ჰქონდა მიმაგრებული, რომლიდანაც
მილი იყო გამოშვერილი.

ამ ყუთის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვერ გავბედე, შევხებოდი. დალაგება დავიწყე. ყუთს დროდადრო
შევავლებდი ხოლმე თვალს, თითქოს ამგვარად მის დანიშნულებას მივხვდებოდი.
დავასუფთავე კუთხე, შემდეგ - ოთახის დანარჩენი ნაწილები, ფრთხილად გადავწმინდე ყუთი, საკუჭნაო
დავალაგე და იატაკი გამოვხვეტე. როდესაც ყველაფერი დავამთავრე, ყუთის წინ დავდექი. შემდეგ ირგვლივ
შემოვუარე და შევათვალიერე.

კარისკენ ზურგშექცევით ვიდექი, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ ის კარში იდგა. არ ვიცოდი, მისკენ
შევტრიალებულიყავი თუ დამეცადა, სანამ თვითონ გამომელაპარაკებოდა.

კარმა გაიჭრიალა და შემოვბრუნდი. ის ზღურბლზე იდგა. ტანსაცმელზე გრძელი შავი ხალათი გადაეცვა.
ცნობისმოყვარეობით მიყურებდა, მაგრამ, მგონი, არ შიშობდა, რომ მის ყუთს გავტეხდი.

- გინდა, ჩაიხედო? - მკითხა მან.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ მომმართა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ
ბოსტნეულის შესახებ დამელაპარაკა.

- დიახ, ბატონო, მინდა, - ვუპასუხე. არც კი მესმოდა, რას ვთანხმდებოდი.

- ამას „კამერა-ობსკურა“ ჰქვია.

39
ეს სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. გვერდზე გადავდექი და ვუყურებდი, როგორ მოხსნა რაზა და ასწია
ყუთის სახურავის ნახევარი, რომელიც მეორე ნახევარს მარყუჟით უერთდებოდა. სახურავი დამრეცად
დაამაგრა, ისე, რომ ბოლომდე არ გადაუხსნია. სახურავქვეშ მინის საგანი მოჩანდა. ის დაიხარა და ჩააცქერდა
სივრცეს სახურავსა და ყუთს შორის, შემდეგ პატარა ყუთის კედელზე მიმაგრებულ მილს ხელი მოჰკიდა.
რაღაცას აკვირდებოდა, მაგრამ ვერ გამეგო, სახელდობრ რამ მიიპყრო მისი ყურადღება.

წელში გაიმართა და საგულდაგულოდ დასუფთავებული კუთხე შეათვალიერა. შუა ფანჯრის დარაბები მიხურა,
ასე რომ ოთახს მხოლოდ კუთხის ფანჯრიდან შემოსული შუქი ანათებდა.

შემდეგ ხალათი გაიხადა.

შევშფოთდი.

ქუდი მოიხადა და მოლბერტის წინ მდგარ სკამზე დადო, შემდეგ თავზე ხალათი გადაიფარა და კვლავ
ყუთისკენ დაიხარა.

უკან დავიხიე და კარისკენ გავიხედე. კატარინა ბოლო ხანებში კიბეზე ამოსვლას თავს არიდებდა, მაგრამ რა
უნდა ეფიქრა ჩვენი დანახვისას მარია თინსს ან კორნელიას ან ნებისმიერ სხვას? მის ფეხსაცმელებს
ჩავაშტერდი, რომლებიც წინა საღამოს გავაპრიალე.

ბოლოს წელში გასწორდა და ხალათი გაიხადა. თმა ასწეწოდა.

- აი, გრიტ, ყველაფერი მზადაა. ჩაიხედე.

- ყუთს მოშორდა და ხელის მოძრაობით მანიშნა, ახლოს მოდიო. ადგილზე გავშეშდი.

- ბატონო...

- თავზე ხალათი გადაიფარე, ისე, როგორც მე მოვიქეცი. ყველაფერი უფრო მკაფიოდ გამოჩნდება და ამ
კუთხიდან შეხედე, თორემ სურათი უკუღმა შეტრიალდება.

არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. როდესაც გავიფიქრე, რომ ის თავზე ხალათგადაფარებულს


მომაჩერდებოდა, მე კი ვერაფერს დავინახავდი, კინაღამ გული წამივიდა.

მაგრამ ის ჩემი ბატონი იყო. ვალდებული ვიყავი, მისი ნათქვამი შემესრულებინა.


ტუჩები მაგრად მოვკუმე და ყუთისკენ ნაბიჯი გადავდგი - იქითკენ, სადაც მან სახურავი ასწია. დავიხარე და
რძისფერ მინის კვადრატში ჩავიხედე. მინაზე ბუნდოვანი ხაზები მოჩანდა.

მან ფრთხილად გადამაფარა თავისი ხალათი, რომელიც შუქს არ ატარებდა. ხალათს ჯერ კიდევ
შეენარჩუნებინა მისი სხეულის სითბო და მზეზე გამთბარი აგურის სუნი უდიოდა. ხელებით მაგიდას
დავეყრდენი და წუთით თვალები დავხუჭე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვახშმობისას ძალიან სწრაფად
გადამეყლაპოს ლუდი.

- რას ხედავ? - მკითხა.

თვალები გავახილე და დავინახე სურათი, რომელზეც ქალი არ ჩანდა.

40
- უი! - იმდენად სწრაფად გავიმართე, რომ ხალათი იატაკზე დავარდა. ყუთს სწრაფად მოვშორდი და ხალათს
ფეხი დავაბიჯე.

ფეხი გვერდზე გადავდგი.

- მაპატიეთ, ბატონო. დღესვე გავრეცხავ ხალათს.

- ხალათს ყურადღებას ნუ მიაქცევ, გრიტ. რა დაინახე?

ნერწყვი გადავყლაპე. საშინლად დაბნეული ვიყავი და ცოტათი მეშინოდა კიდეც. ის, რაც ყუთში ვიხილე, ან
რაღაც ეშმაკეული იყო, ან კათოლიკური - ესე იგი, ჩემთვის გაუგებარი.

- სურათი დავინახე, ბატონო. მაგრამ უფრო პატარა. და მასზე ქალი არ იყო გამოსახული. ყველაფერი თითქოს
ადგილშენაცვლებული იყო.

- ჰო, სურათი უკუღმაა პროეცირებული. მარჯვენა და მარცხენა მხარეებიც ურთიერთშენაცვლებულია. ამისთვის


იქ სარკეებია ჩასმული.

არ მესმოდა, რაზე ლაპარაკობდა.

- მაგრამ...

- რა მოხდა?

- არ მესმის, ბატონო. როგორ მოხვდა იქ სურათი?

მან ხალათი აიღო და დაბერტყა. გაიღიმა. როდესაც იღიმებოდა, სახე გაღებულ ფანჯარას მიუგავდა.

- ამას ხედავ? - მიჩვენა მან პატარა კოლოფზე მიმაგრებული მილი. - ეს ლინზაა. საგანგებოდ დამუშავებული
მინისგან ამზადებენ. როდესაც ამ ადგილიდან (კუთხეზე მიმითითა) წამოსული შუქი ლინზაში გადის და ყუთში
ხვდება, წარმოიქმნება გამოსახულება, რომლის დანახვაც შეგვიძლია.

და მქრქალ მინაზე თითი დააკაკუნა.

ვცდილობდი მის ნათქვამში გავრკვეულიყავი და ისე დაჟინებით ჩავაშტერდი, რომ თვალები ამიცრემლიანდა.

- რა არის გამოსახულება, ბატონო? ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი.

გამომეტყველება შეეცვალა. აქამდე თითქოს ჩემ ზევით იყურებოდა, ახლა კი მზერა მე მომაპყრო.

- გამოსახულება სურათია, ისეთივე, როგორიც - ნახატი.


თავი დავუქნიე. მინდოდა დამერწმუნებინა, რომ მისი სიტყვების მნიშვნელობა მესმოდა.

- რა დიდრონი თვალები გაქვს.

გავწითლდი.

- ეს ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ბატონო.

41
- გინდა, კიდევ ჩაიხედო?

სულაც არ მინდოდა, მაგრამ ვერ გავუმხელდი. წამით დავფიქრდი.

- ჩავხედავ, ბატონო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მარტოს დამტოვებთ.

როგორც ჩანს, გაუკვირდა და გახალისდა.

- როგორც გენებოს, - მითხრა და ხალათი გამომიწოდა. - რამდენიმე წუთის შემდეგ დავბრუნდები და, სანამ
შემოვიდოდე, კარზე დავაკაკუნებ.

გავიდა და კარი გაიხურა. ხალათი მთრთოლვარე ხელებით ჩავბღუჯე და ვფიქრობდი, რომ იქნებ თავი
მომეკატუნებინა, თითქოს ყუთში ჩავიხედე. მაგრამ მიხვდებოდა, რომ ვცრუობდი.

თანაც ცნობისმოყვარეობა მკლავდა. გამიადვილდა ამაზე ფიქრი ახლა, როდესაც ის აქ არ იმყოფებოდა და არ


მიყურებდა. ღრმად ჩავისუნთქე და ყუთის სიღრმეში ჩავიხედე. მქრქალ მინაზე კუთხეში დაწყობილი საგნების
ბუნდოვანი ანარეკლი მოჩანდა. როდესაც თავზე ხალათი გადავიფარე, „გამოსახულება“ (მისი თქმით) უფრო
მკაფიო გახდა - მაგიდა, სკამები, ყვითელი ფარდა, კედელი და მასზე დაკიდებული გეოგრაფიული რუკა,
კერამიკული ქოთანი, რომელიც მაგიდაზე ლაპლაპებდა, კალის თასი, ფუნჯი, ბარათი. ყოველივე ეს საკუთარი
თვალით ვიხილე ბრტყელ ზედაპირზე. ეს იყო სურათი, მაგრამ არც მთლად სურათი. მინას ფრთხილად შევეხე
- გლუვი და გრილი იყო და საღებავის ნიშან-წყალიც არ აჩნდა. ხალათი გადავიძრე და გამოსახულება კვლავ
გამკრთალდა, მაგრამ მას მაინც ვხედავდი. კვლავ გადავიფარე ხალათი და თვალწარმტაცი ფერები ვიხილე.
მინაზე საგნები უფრო მკვეთრი და ხასხასა შეფერილობისა ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

ახლა ყუთი ისევე მიზიდავდა, როგორც მარგალიტისმძივიანი ქალი, როდესაც ის პირველად ვიხილე სურათზე.
კაკუნი რომ შემომესმა, ძლივს მოვასწარი, წელში გავმართულიყავი და მხრებიდან ხალათი მომეხსნა.

- კიდევ ჩაიხედე, გრიტ? ყურადღებით დაათვალიერე?

- ჩავიხედე, ბატონო. მაგრამ კარგად არ მესმის, რა დავინახე, - და კაპორი გავისწორე.

- საოცარი რამაა, ხომ ასეა? როდესაც ჩემმა მეგობარმა პირველად მაჩვენა, შენზე ნაკლებად როდი გავოცდი.

- კი მაგრამ, რატომ უნდა უყუროთ მას, ბატონო, როდესაც შეგიძლიათ, თქვენს ნახატს უყუროთ?

- ნუთუ არ გესმის? - და ყუთზე დააკაკუნა. - ეს ხედვაში მეხმარება. იმაში, რომ გამოსახულება სურათზე სწორად
დავხატო.

- ამისთვის შეგიძლიათ საკუთარი თვალები გამოიყენოთ.

- მართალია, მაგრამ ჩემი თვალები ყველაფერს როდი ამჩნევს.

თვალი შევავლე კუთხეს, თითქოს იქ შეიძლებოდა დამენახა რაღაც იმგვარი, რაც უწინ არ შემიმჩნევია და
ფუნჯის უკან, ლურჯი ქსოვილის ჩრდილში ილანდებოდა.
- მითხარი, გრიტ, - განაგრძო მან. - როგორ ფიქრობ, მე, უბრალოდ, იმას ვხატავ, რაც იმ კუთხეში დგას?

სურათს შევხედე. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ვგრძნობდი, რომ მახეს მიგებდა. რაც უნდა მეპასუხა, შევცდებოდი.

42
- კამერა-ობსკურა მეხმარება, ახლებურად დავინახო ის, რაც იქ დგას - უფრო მეტი დავინახო.

როდესაც ჩემი დაბნევა შეამჩნია, როგორც ჩანს, ინანა, რომ სულელ გოგოს გული გადაუშალა. მიტრიალდა და
ყუთი დახურა. ხალათი გავუწოდე.

- ბატონო...

- გმადლობ, გრიტ, - მითხრა და ხალათი გამომართვა. - აქაურობა უკვე დაალაგე?

- დიახ, ბატონო.

- მაშინ შეგიძლია, წახვიდე.

- გმადლობთ, ბატონო.

ჩვრები და ცოცხი სწრაფად ავიღე და გავედი. კარი ტკაცუნით დაიხურა.

*****

ბევრი ვიფიქრე მის სიტყვებზე - იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა ყუთი, რომ მეტი დაენახა. ალბათ, არ
ცდებოდა. ამას მარგალიტისმძივიანი ქალის სურათიც მოწმობდა და დელფტის მისეული პანორამაც. იმას
ხედავდა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამიტომ იყო, რომ ქალაქი, რომელშიც მთელი სიცოცხლე გავატარე, ამ
სურათზე ახლებურად დავინახე. ამიტომ იყო, რომ ქალი პორტრეტზე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა.

მეორე დღეს ყუთი სახელოსნოში აღარ დამხვდა. მოლბერტი თავის ადგილას იდგა. სურათს შევხედე. უწინ
მასზე მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს ვამჩნევდი. ახლა მყისვე შევნიშნე, რომ გეოგრაფიული რუკა
სურათიდანაც გამქრალიყო და კედლიდანაც. კედელზე ახლა არაფერი ეკიდა. სურათი ამის შედეგად
გაუმჯობესდა - უფრო სადა გახდა. ქალის სხეულის მოხაზულობა უფრო გამოიკვეთა ბაცი ყავისფერი კედლის
ფონზე. მაგრამ ცვლილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ შევწუხდი. ამას მისგან არ მოველოდი.

იმ დილას რატომღაც ვშფოთავდი. ბაზარში წავედი და უწინდებურად აქეთ-იქით როდი ვაცეცებდი თვალებს.
ჩვენს ძველ ყასაბს მისალმების ნიშნად ხელი დავუქნიე, მაგრამ მასთან არ მივსულვარ, მაშინაც კი, როდესაც
მიმიხმო.

დახლთან მხოლოდ უმცროსი პიტერი საქმიანობდა. იმ პირველი დღის შემდეგ რამდენჯერმე ვნახე. მაგრამ
მამამისი ყოველთვის შორიახლო ტრიალებდა. მამა ხორცს მირჩევდა, შვილი კი იქვე იდგა ხოლმე. ახლა მან
მითხრა:

- გამარჯობა, გრიტ. ველოდი, როდის მოხვიდოდი.

გავიფიქრე, რას როშავს-მეთქი. მე ხომ დღეგამოშვებით დავდიოდი მათთან.


თვალს მარიდებდა.

43
გადავწყვიტე, არაფერი მეპასუხა.

- სამი გირვანქა ხორცი ამიწონე. ისეთი ძეხვი ხომ არ დაგრჩა, გუშინწინ მამაშენისგან რომ ვიყიდე? გოგონებს
ძალიან მოეწონათ.

- სამწუხაროდ, ძეხვი აღარ დარჩა.

ჩემ უკან ქალი თავის რიგს უცდიდა. პიტერმა შეხედა და ხმადაბლა მითხრა:

- იქნებ ცოტათი დაიცადოთ?

- დავიცადო?

- რაღაც მინდა გკითხოთ.

გვერდზე გადავდექი, რათა იმ ქალს მომსახურებოდა. ეს არ მომეწონა - თავს ისედაც უხერხულად ვგრძნობდი,
მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?

როდესაც ქალი გაისტუმრა და მარტონი დავრჩით, მან კვლავ მკითხა:

- სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

- აუდე ლანგენდეიკზე, პაპისტთა უბანში.

- არა, მე თქვენს საკუთარ ოჯახს ვგულისხმობ.

გავწითლდი - ეს როგორ მომივიდა-მეთქი, ვიფიქრე.

- რიტველდის არხთან. კუს ჭიშკრის მახლობლად. რატომ მეკითხებით?

ბოლოს და ბოლოს თვალებში შემომხედა.

- ამბობენ, იმ უბანში შავი ჭირი გავრცელდაო.

უკან დავიხიე, თვალები გამიფართოვდა.

- იქ კარანტინია?

- ჯერჯერობით არა. ალბათ, დღეს გამოაცხადებენ კარანტინს.

მოგვიანებით მივხვდი, რომ ყველაფერი შეეტყო ჩემ შესახებ. წინასწარ რომ არ სცოდნოდა ჩემი ოჯახის
ადგილსამყოფელი, შავი ჭირის თაობაზე არაფერს მეტყოდა.

არ მახსოვს, როგორ მივაღწიე სახლამდე. უმცროსმა პიტერმა, ალბათ, თვითონ ჩამიდო ხორცი კალათში,
მაგრამ მხოლოდ ის მახსოვს, რომ აუდე ლანგენდეიკზე სწრაფად დავბრუნდი, კალათი ტანეკეს ფეხებთან
დავუგდე და ვუთხარი:

44
- ქალბატონის ნახვა მინდა.

ტანეკემ კალათში ჩაიხედა.

- ძეხვი არ გიყიდია. და მის სანაცვლოდ არაფერი მოგიტანია. რა მოგივიდა? ახლავე დაბრუნდი ბაზარში.
- ქალბატონის ნახვა მინდა, - გავუმეორე.

- რა მოხდა? - ტანეკემ ეჭვის თვალით შემომხედა. - რა ჩაიდინე?

- შეიძლება ჩემი ოჯახი კარანტინის ზონაში მოხვდეს. უნდა წავიდე და ვნახო, როგორ არიან.

- ოჰ, - თქვა ტანეკემ ყოყმანით. - არ ვიცი, რა გითხრა. უფლება ახალგაზრდა ქალბატონისგან უნდა ითხოვო.
ახლა ის ჩემს ქალბატონთან იმყოფება.

კატარინა და მარია თინსი ჯვარცმიან ოთახში იყვნენ. მარია თინსი ყალიონს ეწეოდა. როდესაც მათთან
შევედი, გაჩუმდნენ.

- რა გინდა, გოგონი? - წაიბუზღუნა მარია თინსმა.

- უკაცრავად, ქალბატონო, - მივმართე კატარინას. - შევიტყვე, რომ ქუჩა, სადაც ჩემიანები ცხოვრობენ,
შეიძლება კარანტინის ზონაში მოხვდეს. უნდა წავიდე და ვნახო ისინი.

- რაო? და აქ შავი ჭირი მოიტანო? არავითარ შემთხვევაში! შეიშალე?

მარია თინსს შევხედე, რამაც კატარინა კიდევ უფრო განარისხა.

- ხომ გითხარი, არა-მეთქი. - განაცხადა მან. აქ მე ვწყვეტ, როგორ უნდა მოიქცე ან არ მოიქცე. დაგავიწყდა?

- არა, ქალბატონო, - თვალები დავხარე.

- არც ერთ კვირადღეს არ წახვალ შინ, სანამ ეს უხიფათო არ იქნება. ახლა კი წადი. სალაპარაკო გვაქვს. აქ ნუ
აეყუდები.

შიდა ეზოში სარეცხი გავიტანე და კარისკენ ზურგშექცევით დავჯექი: არავის დანახვა არ მსურდა. მარტჰეს
კაბებს ვრეცხავდი და ვტიროდი. როდესაც მარია თინსის ჩიბუხის სუნი ვიგრძენი, თვალები შევიმშრალე,
მაგრამ არ მივბრუნებულვარ.

- ნუ სულელობ, გოგონი, - წყნარად თქვა მარია თინსმა ჩემს ზურგს უკან, - ვერაფრით დაეხმარები. საკუთარ
უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრო. ჭკვიანი გოგო ხარ და უნდა მიმიხვდე.

ხმა არ გამიცია. რამდენიმე ხნის შემდეგ ეზოში მისი ჩიბუხის სუნი აღარ ტრიალებდა.

მომდევნო დილას, როდესაც სახელოსნოში იატაკს ვხვეტდი, ბატონი შემოვიდა,.

- გრიტ, ვწუხვარ, რომ შენს ოჯახს ასეთი უბედურება დაატყდა თავს, - მითხრა მან.

შევხედე. მის თვალებში თანაგრძნობა გამოსჭვიოდა. ამიტომ გავბედე და ვკითხე:

45
- ხომ არ იცით, ბატონო, კარანტინი უკვე გამოაცხადეს?

- ჰო, გუშინ დილას.

- გმადლობთ, რომ მითხარით, ბატონო.

თავი დამიქნია და გასვლა დააპირა, როდესაც ვუთხარი:

- შეიძლება რაღაც გკითხოთ, ბატონო? სურათთან დაკავშირებით.


ის ზღურბლზე შეჩერდა.

- როდესაც ყუთში იცქირებოდით, მან გაუწყათ, რომ სურათზე რუკა უნდა წაგეშალათ?

- ჰო, მაუწყა, - და ისე დაიძაბა, როგორც წერო - გემრიელი თევზის დანახვისას. - რუკის გარეშე სურათი უფრო
მოგწონს?

- ახლა ის უკეთესია, - ასეთი რაიმეს თქმას სხვა დროს ვერ გავბედავდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წინაშე
წამოჭრილმა საშიშროებამ გამათამამა.

ისე გამიღიმა, რომ ცოცხს ხელი მთელი ძალ-ღონით მოვუჭირე.

*****

მუშაობაზე გული ავიყარე. ჩემიანების ბედი მაწუხებდა და არა ის, კარგად ვრეცხავდი თუ არა იატაკებს ან
ზეწრებს. მანამდე არავის შეუნიშნავს, რამდენად კარგად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, სამაგიეროდ
ყველამ შენიშნა, რაოდენ დაუდევარი გავხდი ახლა. ლისბეთმა დაიჩივლა, რომ დალაქავებული წინსაფარი
მივეცი. ტანეკე ბუზღუნებდა, რომ როდესაც იატაკს ვხვეტდი, მტვერი თეფშებს ეყრებოდა. კატარინამ
რამდენჯერმე დამიყვირა - იმის გამო, რომ დამავიწყდა მისი პერანგის სახელოების დაუთოება, რომ ქაშაყის
ნაცვლად ვირთევზა ვიყიდე და რომ ჩემი უყურადღებობის გამო ბუხარში ცეცხლი ჩაქრა.

ერთხელ მარია თინსმა ჩამიარა და წამჩურჩულა:

- გამაგრდი, გოგონი.

მხოლოდ სახელოსნოს ვალაგებდი უწინდებურად გულმოდგინედ და ვცდილობდი, არაფერი


გადამეადგილებინა.

პირველ კვირადღეს, როდესაც შინ წასვლის ნება არ დამრთეს, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ჩვენს ეკლესიაში
ვერ მივიდოდი, რადგანაც ისიც კარანტინის ზონაში მდებარეობდა. სახლში დარჩენაც არ მსურდა. არ ვიცოდი,
როგორ ატარებდნენ კათოლიკეები კვირადღეებს, მაგრამ მათ შორის ყოფნა მაინც არ მინდოდა.

ისინი ერთად წავიდნენ იეზუიტთა ეკლესიაში. გოგონებს სადღესასწაულო კაბები ეცვათ და თვით ტანეკემაც კი
ჩაიცვა მოყვითალო-ყავისფერი შალის კაბა და იოჰანესი წაიყვანა. კატარინა ძალზე ნელა მიდიოდა და ქმრის

46
ხელს ეყრდნობოდა. მარია თინსმა სახლის კარი დაკეტა. სახლის წინ ფილაქანზე ვიდექი, ვუყურებდი, როგორ
მიდიოდნენ ისინი და ვფიქრობდი, რა მექნა. ჩემ წინ, ახალი ეკლესიის სამრეკლოზე ზარმა ჩამოჰკრა.

გამახსენდა, რომ ამ ეკლესიაში მოვინათლე. რა თქმა უნდა, იქ წირვაზე შემიშვებდნენ.

ფეხაკრეფით შევედი უზარმაზარ ეკლესიაში, ისე, როგორც თაგვი შეიპარება ხოლმე მდიდრულ სახლში. იქ
გრილოდა და ბნელოდა. გლუვი მრგვალი სვეტები, რომელთაც გუმბათი ეყრდნობოდა, თითქოს ცას
სწვდებოდა. საკურთხევლის უკან ვილჰელმ ორანელის დიდებული, მარმარილოსგან გამოკვეთილი აკლდამა
მოჩანდა.

აქ ჩემს ნაცნობთაგან არავინ იყო. ვხედავდი მუქი ფერებში გამოწყობილ ადამიანებს, რომელთა სამოსი
გაცილებით უფრო მოხდენილი გახლდათ და გაცილებით ძვირფასი ქსოვილისგან იყო შეკერილი, ვიდრე მე
ოდესმე მეღირსებოდა. სვეტის უკან დავჯექი და წირვა მოვისმინე, მაგრამ თითქმის არაფერი გამიგია -
ვშიშობდი, ვინმეს არ ეკითხა, აქ რას აკეთებო. წირვის დასასრულს სწრაფად გამოვედი ეკლესიიდან, სანამ
ვინმე გამომელაპარაკებოდა. ეკლესიას შემოვუარე და ჩვენი სახლისკენ გავიხედე, რომელიც არხის მეორე
მხარეს იდგა. კარი ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. როგორც ჩანს, კათოლიკური წირვა უფრო დიდხანს გრძელდება,
ვიდრე - ჩვენი-მეთქი, ვიფიქრე.

მშობლიური სახლისკენ გავემართე და მხოლოდ ღობესთან შევჩერდი, სადაც ჯარისკაცი იდგა. ღობის მიღმა
უკაცრიელი ქუჩები მოჩანდა.

- იქ რა ხდება? - ვკითხე ჯარისკაცს.

მხრები აიჩეჩა და არაფერი მიპასუხა. მოსასხამსა და ქუდში, როგორც ჩანს, სცხელოდა, რადგან,
მოღრუბლული ცის მიუხედავად, ჰაერი თბილი და ჩახუთულიც კი იყო.

- შეადგინეს თუ არა სია? გარდაცვლილთა სია? - ძლივს ამოვილუღლუღე.

- ჯერჯერობით არა.

არ გამკვირვებია - სიებს ყოველთვის გვიან ადგენდნენ და, ჩვეულებრივ, ისინი არასრული იყო. ჭორები
გაცილებით უფრო სანდო გახლდათ.

- ხომ არ იცით... ხომ არ გსმენიათ ხელოსანი იანის შესახებ?

- არაფერი ვიცი. სიებს უნდა დაელოდოთ.

ჯარისკაცი მიტრიალდა, რადგან მას სხვა ადამიანები შემოეხვივნენ და ასეთივე შეკითხვებით მიმართეს.

შევეცადე გამოვლაპარაკებოდი კიდევ ერთ ჯარისკაცს, რომელიც სხვა ქუჩაზე იდგა ღობესთან. ის, მართალია,
თანაგრძნობით მომექცა, მაგრამ ჩემი ოჯახის შესახებ ვერაფერი მაუწყა.

- შემიძლია ვიკითხო, მაგრამ ანაზღაურების სანაცვლოდ, - გამიღიმა ჯარისკაცმა და თავით ფეხებამდე


შემათვალიერა. მივხვდი, რომ ფულს როდი გულისხმობდა.

- გრცხვენოდეს! - შევძახე მე. - ადამიანების უბედურებით სარგებლობ?

47
მაგრამ მას სულაც არ რცხვენოდა. ახალგაზრდა ქალების დანახვისას ჯარისკაცები მხოლოდ ერთ რამეზე
ფიქრობენ ხოლმე.

აუდე ლანგენდეიკზე დავბრუნდი და შვებით შევნიშნე, რომ სახლის კარი ღია იყო. დღის მეორე ნახევარი შიდა
ეზოში გავატარე - ვლოცულობდი. საღამოს ისე დავწექი ლოგინში, რომ არ მივახშმია. ტანეკეს ვუთხარი, კუჭი
მტკივა-მეთქი.

*****

ხორცეულის დახლთან უმცროსმა პიტერმა გვერდზე გამიყვანა, სანამ მამამისი სხვა მუშტარს ხორცს უწონიდა,
და მკითხა:

- ხომ არაფერი შეგიტყვია ახლობლების შესახებ?

თავი გადავაქნიე.
- არავინ არაფერი იცის.

თვალს ვერ ვუსწორებდი. მისი ზრუნვის გამო ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ნავიდან მიწაზე გადავაბიჯე, მიწა
კი ჩემ ფეხქვეშ იძრა.

- შევეცდები, ყველაფერი შევიტყო, - მითხრა პიტერმა ისეთი კილოთი, რომ მივხვდი - მასთან კამათს აზრი არ
ჰქონდა.

- გმადლობ, - ვუთხარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თუკი რაიმეს შეიტყობდა?
ჩემგან იმას არ მოითხოვდა, რასაც ჯარისკაცი, მაგრამ მისგან დავალებული ვიქნებოდი. არ მინდოდა,
ვინმესგან დავალებული ვყოფილიყავი.

- შეიძლება რამდენიმე დღე დამჭირდეს, - წამჩურჩულა პიტერმა. შემდეგ მამამისს ძროხის ღვიძლი მიაწოდა
და ხელები წინსაფარზე შეიწმინდა. თავი დავუქნიე და ხელებზე დავხედე. ფრჩხილები სისხლით ჰქონდა
ამოვსებული.

ალბათ, ამას უნდა მივეჩვიო-მეთქი, გავიფიქრე.

ახლა ყოველდღე ბაზარზე წასვლას კიდევ უფრო მოუთმენლად ველოდი, ვიდრე სახელოსნოს დალაგებას.
თან მეშინოდა ამისა, განსაკუთრებით იმ მომენტისა, როდესაც უმცროსი პიტერი სამუშაოს სწყდებოდა და
მიყურებდა, მე კი მისი თვალების გამომეტყველების მიხედვით ვცდილობდი ამომეცნო, შეტყობილი ჰქონდა
თუ არა რაიმე. სანამ ჩემიანების შესახებ არაფერი ვიცოდი, შესაძლებელი იყო, მათი გადარჩენის იმედი
მქონოდა.

გავიდა რამდენიმე დღე. როდესაც ხორცს ვყიდულობდი ან შეძენილი თევზით ხელში მის დახლს ჩავუვლიდი
ხოლმე, პიტერი ყოველთვის უბრალოდ აქნევდა თავს, მაგრამ დადგა დღე, როდესაც შემომხედა და თვალი
ვერ გამისწორა. სათქმელს მივუხვდი. ოღონდ არ ვიცოდი, ვინ გახდა ავად.

48
უნდა დამეცადა, სანამ რამდენიმე მუშტარს გაისტუმრებდა. მუხლები მომეკვეთა და კინაღამ იატაკზე ჩავჯექი,
მაგრამ იატაკი სისხლით იყო მოთხვრილი.

ბოლოს პიტერმა წინსაფარი მოიხსნა და მომიახლოვდა.

- შენი და, აგნესი გახდა ავად, - მითხრა მან ხმადაბლა. - ძალიან შეუძლოდაა.

- მშობლები?

- ჯერჯერობით არაფერი უჭირთ.

ვერ ვკითხე, რა ფასად დაუჯდა ამ ცნობების მოპოვება.

- გმადლობ, პიტერ, - წავიჩურჩულე. პირველად მივმართე სახელით.

თვალებში შევხედე და მათში თანაგრძნობა ამოვიკითხე. და კიდევ - ის, რისიც შემეშინდა - იმედი.

*****

კვირადღეს გადავწყვიტე, ძმა მომენახულებინა. იცოდა თუ არა რაიმე კარანტინის ან აგნესის შესახებ? შინიდან
ადრე გამოვედი და მივაშურე ფაბრიკას, რომელიც ქალაქის კედლის მიღმა, როტერდამის ჭიშკრის
მახლობლად მდებარეობდა. როდესაც მივედი, ფრანსს ჯერ კიდევ ეძინა. კარი ვიღაც ქალმა გამიღო და
გაიცინა, როდესაც ძმა მოვიკითხე.

- კიდევ რამდენიმე საათს იძინებს, - მითხრა მან. - შეგირდებს კვირადღეებში ერთთავად სძინავთ, ეს ხომ მათი
დასვენების დღეა.

არც მისი კილო მომეწონა და არც ის, რაც მითხრა.

- თუ შეიძლება, გააღვიძეთ და უთხარით, რომ მისი და მოვიდა, - ცოტა არ იყოს, ისეთი კილოთი
დაველაპარაკე, როგორითაც კატარინა მელაპარაკებოდა ხოლმე.

ქალმა წარბები ასწია.

- როგორც ჩანს, ფრანსის ოჯახს ისეთი მაღალი მდგომარეობა უკავია, რომ სხვებს ცხვირაბზეკით
ელაპარაკებიან.

და წავიდა. არ ვიცოდი, გააღვიძებდა თუ არა ფრანსს. დაბალ ღობეზე ჩამოვჯექი და დაველოდე. ეკლესიაში
მიმავალმა ოჯახმა ჩამიარა. ბავშვები - ორი გოგონა და ორი ბიჭი - მშობლების წინ მირბოდნენ, ისევე, როგორც
ჩვენ ვიქცეოდით ხოლმე. ვუყურებდი, სანამ თვალს მიეფარებოდნენ.

ბოლოს ფრანსიც გამოჩნდა. თვალებს იფშვნეტდა.

49
- ოჰ, გრიტ, - მითხრა მან. - ვერ მივხვდი, ვინ უნდა მოსულიყო ჩემთან, შენ თუ აგნესი. თუმცა აგნესს, ალბათ,
ასე შორს მარტო არ გამოუშვებდნენ.

არაფერი იცოდა. ვერ დავუმალავდი და ვერც სათქმელს შევარბილებდი.

- აგნესს შავი ჭირი დაემართა, - მივახალე. - ღმერთი იყოს მისი და ჩვენი მშობლების შემწე.

ფრანსმა ხელები ძირს დაუშვა. თვალები ჩაუწითლდა.

- აგნესს?- გაიმეორა დაბნევით. - საიდან იცი?

- ერთმა კაცმა შემატყობინა.

- ინახულე?

- იქ კარანტინია.

- კარანტინი? დიდი ხანია?

- ათი დღეა.

ფრანსმა ბრაზით გადააქნია თავი,

- მე კი არაფერი ვიცოდი. ამ ფაბრიკაში დილიდან საღამომდე წელს ვიწყვეტ და მხოლოდ თეთრ ფილებს
ვხედავ. მგონი, მალე შევიშლები.

- ახლა საკუთარ თავზე კი არა, აგნესზე უნდა იფიქრო.

ფრანსმა სევდიანად ჩაქინდრა თავი. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გაზრდილიყო. ხმაც დაბოხებოდა.

- ფრანს, ეკლესიაში დადიხარ ხოლმე?


მხრები აიჩეჩა. თავი ვერ ვაიძულე, ამ თემაზე კიდევ მეკითხა რამე და, ამის ნაცვლად, ვუთხარი:

- მინდა მათთვის ვილოცო. წამომყვები?

ეკლესიაში წამოსვლა არ სურდა, მაგრამ დავიყოლიე - არ მინდოდა, კვლავ მარტო შევსულიყავი უცნობ
ტაძარში. ეკლესიას ფაბრიკის მახლობლად წავაწყდით და თუმცა წირვამ დიდად ვერ მანუგეშა, ღმერთს
შევთხოვე, დაეცვა ჩვენი ოჯახი.

წირვის შემდეგ ფრანსთან ერთად მდინარის ნაპირას გავისეირნე. უმეტესად ვდუმდით, მაგრამ თითოეულმა
ჩვენგანმა იცოდა, რაზე ფიქრობდა მეორე - შავი ჭირით დაავადებული არც ერთი ადამიანი არ
გამოჯანმრთელებულა.

*****

50
ერთ დილას მარია თინსმა სახელოსნოს კარი გამიღო და მითხრა:

- აბა, შენ იცი, გოგონი, დღეს ეს კუთხე დაალაგე, - ოთახის ის კუთხე მიჩვენა, რომელსაც ბატონი ხატავდა
ხოლმე. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. - თასისა და ფერ-უმარილის ფუნჯის გარდა, მაგიდიდან ყველა
ნივთი აიღე, საკუჭნაოში გაიტანე და სკივრში ჩააწყვე. ამათ მე წავიღებ.

ოთახი გადაჭრა და მაგიდიდან აიღო ორი საგანი, რომლებსაც მრავალი კვირის განმავლობაში ფრთხილად
ვდებდი თავ-თავიანთ ადგილებზე.

როდესაც ჩემი გამომეტყველება შენიშნა, გაეცინა:

- ნუ გეშინია, ბატონმა სურათზე მუშაობა დაასრულა. ახლა ეს ყველაფერი აღარ სჭირდება. როდესაც
აქაურობას დაალაგებ, ყველა სკამი გადაწმინდე და შუა ფანჯარასთან დადგი. და ყველა დარაბა გააღე.

წავიდა და თან წაიღო კალის თასი.

თასისა და ფუნჯის გარეშე მაგიდა ვეღარ ვიცანი. ბარათმა, ლურჯმა ქსოვილმა და კერამიკულმა ქოთანმა
ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა, თითქოს ისინი აქ, უბრალოდ, შემთხვევით დაყარეს. მიუხედავად ამისა,
ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ამეღო ისინი მაგიდიდან.

დროს ვწელავდი და ამ მიზნით სხვა მოვალეობების შესრულებას შევუდექი. თავდაპირველად გავაღე ყველა
დარაბა, რის შედეგადაც ოთახი უფრო განათდა. უჩვეულო იერი ჰქონდა. შემდეგ გავწმინდე და გავრეცხე ყველა
საგანი, მაგიდის გარდა. ერთხანს სურათს ვუყურებდი და ვცდილობდი გამომეცნო, რას ნიშნავდა სურათის
დამთავრება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასში არავითარი ცვლილება არ შემიმჩნევია.

ჯერ კიდევ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც ის შემოვიდა.

- გრიტ, ჯერ კიდევ არ დაგილაგებია აქაურობა? იჩქარე. იმისთვის მოვედი, რომ მაგიდის გადადგმაში
დაგეხმარო.

- მაპატიეთ, რომ შევყოვნდი, ბატონო. უბრალოდ... - ბატონი თითქოს გააკვირვა იმან, რომ რაღაცის თქმა
მსურდა, - იმდენად შევეჩვიე საგნების ძველ განლაგებას, რომ ახლა მათი გადაადგილება მეხამუშება.

- გასაგებია. დაგეხმარები.
მაგიდიდან ლურჯი ქსოვილი აიღო და მომაწოდა. ძალიან სუფთა ხელები ჰქონდა. ქსოვილი ფრთხილად
გამოვართვი, ფანჯარასთან მივედი და გადავბერტყე. შემდეგ დავკეცე და საკუჭნაოში, სკივრში შევინახე.
როდესაც დავბრუნდი, ბატონს მაგიდიდან უკვე აეღო ბარათი და შავი ქოთანი. მაგიდა გვერდითა კედელს
მივადგით, სკამები კი შუა ფანჯარასთან ჩავამწკრივე. ამასობაში ბატონმა მოლბერტი სურათითურთ იმ
კუთხეში გადაიტანა, რომელსაც უწინ სურათის ფონად იყენებდა.

რა უჩვეულო იყო სურათის ხილვა დეკორაციის ადგილას. დიდი ხნის უძრაობისა და სიმყუდროვის შემდეგ
მეხამუშებოდა ეს ცვლილებები და გადაადგილებები, რაც მას სულაც არ სჩვეოდა. არაფერი მიკითხავს.
მინდოდა შემეხედა, მივმხვდარიყავი, რაზე ფიქრობდა, მაგრამ ვუყურებდი მხოლოდ ცოცხს, რომლითაც
ლურჯი ქსოვილის დაბერტყვის შედეგად დაცვენილ მტვერს ვხვეტდი.

51
როდესაც წავიდა, მუშაობა სწრაფად დავამთავრე. სახელოსნოში დარჩენა აღარ მინდოდა. აქ ყოფნა აღარ
მსიამოვნებდა.

იმ საღამოს ვან რეივენი და მისი ცოლი მოვიდნენ. ძელსკამზე ვიჯექი ტანეკესთან ერთად, რომელიც
მასწავლიდა, როგორ უნდა დამეკემსა მაქმანის მანჟეტები. გოგონები ბაზრის მოედანზე, ახალი ეკლესიის
მახლობლად, საჰაერო ფრანით თამაშობდნენ. მათ ჩვენი ძელსკამიდან ვხედავდით. მარტჰეს კუდი ეკავა,
კორნელია კი თოკს ქაჩავდა, რათა ფრანი ჰაერის ტალღას აეტაცებინა.

ვან რეივენი და მისი ცოლი შორიდანვე დავინახე. როდესაც ახლოს მოვიდნენ. ქალი პორტრეტისა და მასთან
ჩემი ერთადერთი შეხვედრის წყალობით ვიცანი, მისი ქმარი კი ის ულვაშა მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც
ქუდში თეთრი ბუმბული ჰქონდა გარჭობილი და ფარისევლურად იღიმებოდა, როდესაც ცოლი ჩვენს კარამდე
მოაცილა.

- შეხე, ტანეკე, - წავჩურჩულე მე, - სწორედ ის ბატონია, რომელიც ყოველდღე ტკბება შენი გამოსახულებით.

- ოჰ! - გაწითლდა ტანეკე, როდესაც ცოლ-ქმარი დაინახა. კაპორი და წინსაფარი გაისწორა და წაისისინა:

- წადი და ქალბატონს მოახსენე, რომ სტუმრები მოვიდნენ.

გავიქეცი. მარია თინსი და კატარინა მძინარე ბავშვთან ერთად ჯვარცმიან ოთახში ვიპოვე.

- ვან რეივენები გეახლნენ, - ვაცნობე მათ.

კატარინამ და მარია თინსმა კაპორები მოიხადეს და საყელოები შეისწორეს. კატარინა მაგიდას დაეყრდნო და
ძლივძლივობით წამოდგა. როდესაც ოთახიდან გადიოდნენ, მარია თინსმა ქალიშვილს კუს ბაკნისგან
დამზადებული სავარცხელი გაუსწორა, რომელიც თმაში ჰქონდა ჩარჭობილი. ამგვარ სავარცხლებს მხოლოდ
საგანგებო შემთხვევებში იკეთებდა.

ისინი სტუმრებს წინკარში მიესალმნენ, მე კი გაუბედავად ვიდექი დერეფანში. როდესაც კიბისკენ გაემართნენ,
ვან რეივენმა თვალი მომკრა და შეჩერდა.

- ეს ვინღაა?

კატარინამ მრისხანე მზერა მესროლა:

- ერთ-ერთი მოსამსახურეა. ტანეკე, გეთაყვა, ღვინო მოგვიტანე.

- ღვინო თვალებბრიალა გოგონამ მოგვიტანოს, - მოითხოვა ვან რეივენმა. - მოვდივარ, გენაცვალე, - უთხრა
ცოლს, რომელიც უკვე ადიოდა კიბეზე.

ტანეკე და მე გვერდიგვერდ ვიდექით, ის - უკმაყოფილო, მე - დაბნეული ამ კაცის ყურადღებით.


- რას უდგეხარ, გაინძერი! - დამიყვირა კატარინამ. - ხომ გაიგე, რა გითხრეს. ღვინო მოგვიტანე.

და ძლივძლივობით ავიდა კიბეზე მარია თინსის კვალდაკვალ.

შევედი პატარა ოთახში, სადაც გოგონებს ეძინათ და ჭიქები მოვძებნე. ხუთი მათგანი წინსაფრით გავაპრიალე
და ლანგარზე დავაწყვე. შემდეგ სამზარეულოში ღვინის ძებნას შევუდექი. არ ვიცოდი, სად ინახავდნენ,

52
რადგან ოჯახის წევრები ღვინოს იშვიათად სვამდნენ. შეურაცხყოფილი ტანეკე სადღაც გაქრა. ვშიშობდი, რომ
ღვინო ერთ-ერთ ჩაკეტილ კარადაში ინახებოდა და ყველას წინაშე კატარინასთვის უნდა მეთხოვა გასაღები.

საბედნიეროდ, მარია თინსმა ეს ყოველივე, როგორც ჩანს, წინასწარ განჭვრიტა. ჯვარცმიან ოთახში მაგიდაზე
იდგა ღვინით სავსე დოქი, რომელსაც კალის ხუფი ეხურა. კაპორი, საყელო და წინსაფარი გავისწორე (ისევე,
როგორც ჩემმა ქალბატონებმა), დოქი ლანგარზე დავდგი და ზევით ავიტანე.

როდესაც სახელოსნოში შევედი, ყველანი სურათის წინ იდგნენ.

- ბრწყინვალეა, - თქვა ვან რეივენმა. - მოგწონს, ძვირფასო? - ჰკითხა ცოლს.

- რა თქმა უნდა, - მიუგო ქალმა. ფანჯრიდან შემოჭრილი შუქი სახეზე ეცემოდა და თითქმის ლამაზი იყო.

ლანგარი იმ მაგიდასთან მივიტანე, რომელიც დილას ბატონთან ერთად კედელს მივადგი. მარია თინსი
მომიახლოვდა.

- დანარჩენს მე მივხედავ, - წამჩურჩულა მან. - წადი. სწრაფად. ახლავე.

კიბეზე ჩასვლისას ვან რეივენის ხმა შემომესმა.

- თვალებბრიალა მოსამსახურე გოგონა სადღაა? უკვე წავიდა? მინდოდა, კარგად შემეთვალიერებინა.

- ის გომბიო რაში გჭირდებათ? - მხიარულად წამოიძახა კატარინამ. - თქვენ ხომ სურათი უნდა
დაათვალიეროთ.

სახლიდან გამოვედი და ძელსკამზე ჩამოვჯექი ტანეკეს გვერდით, რომელსაც ჩემთვის ერთი სიტყვაც არ
უთქვამს. ასე მდუმარედ ვკემსავდით მანჟეტებს და ყურს ვუგდებდით ხმებს, რომლებიც ფანჯრებიდან
მოისმოდა.

როდესაც ყველანი ძირს ჩამოვიდნენ, სახლის კუთხეს მოვეფარე და კედლის თბილ აგურებს ავეკარი. ასე
ვიდექი, სანამ სტუმრები წავიდოდნენ.

მოგვიანებით ვან რეივენების ლაქიამ მოგვაკითხა და სახელოსნოში ავიდა. არ მინახავს, როდის წავიდა,
რადგან გოგონები დაბრუნდნენ და მთხოვეს, ბუხარში ცეცხლი დაგვინთეო - ვაშლების მოთუშვას აპირებდნენ.

მომდევნო დილას სურათი აღარსად იყო. ვეღარ მოვახერხე, მისთვის უკანასკნელად შემევლო თვალი.

*****
ერთ დილას ხორცის დახლებთან ვიღაც კაცმა თქვა, კარანტინი მოხსნესო. პიტერის დახლისკენ გავეშურე.
მამა-შვილი იქ დამხვდა. რამდენიმე მუშტარი რიგში იცდიდა. მათ ყურადღება არ მივაქციე და პირდაპირ
უმცროს პიტერთან მივედი.

- შეგიძლია სწრაფად მომემსახურო? - ვკითხე მე. - ჩემიანებთან უნდა წავიდე. მხოლოდ სამი გირვანქა ენა და
სამი გირვანქა ძეხვი მინდა.

53
პიტერმა მიატოვა დედაბერი, რომელიც აღშფოთებით აბუზღუნდა.

- ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი და შენთვის გამეღიმა, თან გადამყვებოდი, - ჩხუბობდა ის.

პიტერმა პაკეტები მომაწოდა.

- ამ გოგონას ჩემთვის არ გაუღიმია, - მიუგო დედაბერს.

შემდეგ მამას გადახედა და კიდევ ერთი - მომცრო - პაკეტი მომცა.

- ეს თქვენი ოჯახისთვისაა, - მითხრა ხმადაბლა.

მადლობაც კი არ მითქვამს. პაკეტს ხელი ვტაცე და გავიქეცი.

მხოლოდ ბავშვები და ქურდები დარბიან.

მთელი გზა თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი.

ჩემი მშობლები გვერდიგვერდ ისხდნენ ძელსკამზე. მიწას ჩასჩერებოდნენ. მამაჩემის ხელი ავიღე და ლოყაზე
მივიხუტე. შემდეგ მათ მივუჯექი. ვდუმდით. ან კი რა უნდა გვეთქვა?

*****

ამის შემდეგ ჩემთვის ყოველივე სულერთი გახდა. ყველაფერმა, რაც ადრე ღირებულად მიმაჩნდა -
თეთრეულის სისუფთავემ, ყოველდღიურმა სიარულმა პროდუქტების საყიდლად, მყუდრო სახელოსნომ -
მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა, საბოლოოდ არ გამქრალა, სხეულზე დაჩნეული ლების მსგავსად, რომლის
გაფერმკრთალების შემდეგ გამკვრივებული ადგილები რჩება ხოლმე.

ჩემი და ზაფხულის ბოლოს გარდაიცვალა. შემოდგომაზე განუწყვეტლივ წვიმდა. დროის უმეტეს ნაწილს
თეთრეულის გაშრობას ვანდომებდი - ცეცხლთან ახლოს ვკიდებდი. ვცდილობდი, ობი არ მოსდებოდა და,
ამასთან, ცეცხლიც არ მოჰკიდებოდა. ტანეკე და მარია თინსი აგნესის სიკვდილის შემდეგ თანაგრძნობით
მექცეოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ტანეკე ცდილობდა, გაღიზიანება შეეკავებინა. მაგრამ მალე
კვლავ დაიწყო კინკლაობა და ბუტიაობა. ვაშოშმინებდი - სხვა რა გზა მქონდა. მარია თინსი აჩუმებდა თავის
ქალიშვილს, როდესაც კატარინა მტუქსავდა. თვით კატარინამ თითქოს არაფერი იცოდა ჩემი დის
გარდაცვალების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. მშობიარობის დრო
მოახლოვდა და, როგორც ტანეკემ იწინასწარმეტყველა, ჩემი ქალბატონი მეტწილად ლოგინში იწვა ხოლმე,
იოჰანესს კი მარტჰე უვლიდა. ბიჭუნა უკვე სიარულს სწავლობდა და მეთვალყურეობა სჭირდებოდა.

გოგონებმა არ იცოდნენ, რომ და მყავდა და, ამდენად, არც კი შეუტყვიათ, რომ ის დავკარგე. მხოლოდ
ალეიდისი გრძნობდა, რომ თავს რაღაც უბედურება დამატყდა, ზოგჯერ ჩემ გვერდით ჯდებოდა და ისე
მეხუტებოდა, როგორც ლეკვი ეკვრის ხოლმე დედის თბილ ბეწვს. ეს გულუბრყვილო ნუგეში გულს მიჩუყებდა.
ერთხელ კორნელია გამოვიდა შიდა ეზოში, სადაც სარეცხს ვკიდებდი, და ძველი თოჯინა გამომიწოდა.

54
- ამ თოჯინით აღარ ვთამაშობთ, - გამომიცხადა მან, - თვით ალეიდისსაც კი მობეზრდა. შენს დას ხომ არ
წაუღებ?

ფართოდ გახელილი გულუბრყვილო თვალებით მიმზერდა და მივხვდი, რომ აგნესის სიკვდილის შესახებ
შეეტყო.

- არა, გმადლობ, - მხოლოდ ამის თქმა შევძელი. სიტყვები ყელში მეჩხირებოდა. გამიღიმა და გაიქცა.

სახელოსნო კვლავ ცარიელი იყო. ბატონს ჯერ არ დაეწყო მუშაობა ახალ სურათზე. უმეტესად შინ არ
იმყოფებოდა და ან გილდიაში იყო, ან „მეხელენში“ - დედამისის სახლში, მოედნის გადაღმა. სახელოსნოს
ისევე ვალაგებდი, როგორც სხვა ოთახებს. ეს იყო, უბრალოდ, კიდევ ერთი ოთახი, რომელიც უნდა
გამომეხვეტა და დამესუფთავებინა.

როდესაც ხორცის საყიდლად ბაზარში მივდიოდი, უმცროს პიტერს თვალებში ვერ ვუყურებდი. მისი სიკეთე
გულს მტკენდა. ვცდილობდი, ასევე მოვქცეოდი, მაგრამ არ შემეძლო. პიტერის ყურადღება არ მჭირდებოდა.
ახლა ვამჯობინებდი, უფროსი პიტერი მომმსახურებოდა, რომელიც მაჯავრებდა ხოლმე, მაგრამ, თავისი
ხორცეულის შექების გარდა, ჩემგან არაფერს მოითხოვდა. იმ შემოდგომაზე შესანიშნავ ხორცს შევექცეოდით.
კვირადღეებში ზოგჯერ ფრანსთან მივდიოდი ფაბრიკაში და ვთხოვდი, ჩემთან ერთად მოენახულებინა დედ-
მამა. ორჯერ დავიყოლიე, რამაც მშობლები ცოტათი ანუგეშა. ერთი წლის წინ მათ სახლში სამი შვილის
ჟრიამული გაისმოდა, ახლა კი იქ არც ერთი აღარ იყო. როდესაც მშობლებს ფრანსთან ერთად ვსტუმრობდი,
ეს მათ ძველ, უკეთეს დროს ახსენებდა. ერთხელ დედაჩემმა გაიცინა კიდევაც, თუმცა მყისვე სინანულით
გადააქნია თავი.

- ღმერთმა დაგვსაჯა, რადგან ჩვენს ბედნიერებას არ ვაფასებდით, - თქვა მან. - ეს არ უნდა დავივიწყოთ.

მშობლების მონახულება ადვილი როდი იყო. იმ დროის განმავლობაში, სანამ კარანტინი გრძელდებოდა,
მათი სახლი ჩემთვის უცხო გახდა. თანდათან მავიწყდებოდა, სად ინახავდა დედაჩემი ნივთებს, როგორი
ფილებით იყო გაწყობილი ბუხარი, როგორ ანათებდა მზე ოთახებს დღის სხვადასხვა დროს. სულ რამდენიმე
თვე გავიდა, მაგრამ ვერმეერების სახლს უკეთ ვიცნობდი, ვიდრე ჩემს საკუთარს.

ფრანსს განსაკუთრებით უჭირდა მშობლიურ სახლში ყოფნა. ფაბრიკაში დღედაღამ მუშაობის შემდეგ
გართობა, სიცილი და ხუმრობა სურდა, ან თუნდაც - გამოძინება. ალბათ, იმ იმედით ვთხოვდი, მშობლებთან
ევლო, რომ ჩვენი ოჯახი ძველებურად შედუღაბებულიყო. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მამაჩემის
უბედურების შემდეგ ჩვენს ოჯახში მწუხარებამ დაისადგურა.

*****

როდესაც ერთ-ერთ კვირადღეს ჩემი მშობლებისგან დავბრუნდი, კატარინას კვნესა შემომესმა. მშობიარობა
დასწყებოდა. დარბაზში შევიხედე. იქ უფრო ბნელოდა, ვიდრე ჩვეულებრივ: ქვედა დარაბები დახურული იყო.
მარია თინსი, ტანეკესა და ბებიაქალთან ერთად, იქ იმყოფებოდა. როდესაც მარია თინსმა დამინახა, მითხრა:

- გოგონები მოძებნე - სათამაშოდ გავგზავნე. ცოტაღა დარჩა. ერთ საათში დაბრუნდით.

55
სახლიდან სიხარულით გამოვედი. კატარინა კვნესოდა და ყვიროდა. იქ დარჩენა და ყურის გდება
მეუხერხულებოდა. ვიცოდი, რომ ეს მასაც არ ესიამოვნებოდა.

გოგონები მათ საყვარელ ადგილას ვიპოვე - საქონლის ბაზარზე, ჩვენი ქუჩის კუთხის მიღმა. კენჭებით
თამაშობდნენ და ერთმანეთს დასდევდნენ. პატარა იოჰანესი მათ ბორძიკით დასდევდა, მყარად ვერ იდგა
ფეხზე, ხან დადიოდა, ხან კი - დაცოცავდა. კვირადღეებში თამაშის უფლებას ჩვენ არ გვაძლევდნენ, მაგრამ
კათოლიკეებს თავიანთი წესები ჰქონდათ.

როდესაც ალეიდისი დაიღალა, ჩემთან მოვიდა და მომიჯდა.

- დედიკოს მალე გაუჩნდება ბავშვი? - მკითხა გოგონამ.

- ბებიაშენმა მითხრა, მალეო. ცოტაც დავიცადოთ. შემდეგ მივიდეთ და დავხედოთ.

- მამიკოს გაუხარდება?

- მე მგონი, გაუხარდება.

- იქნებ, როდესაც კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდება, უფრო სწრაფად ხატოს?

არაფერი ვუპასუხე. გოგონა კატარინას სიტყვებს იმეორებდა. ამაზე ლაპარაკი არ მსურდა.

როდესაც შინ დავბრუნდით, ბატონი კარში იდგა.

- მამიკო! - დაიყვირა კორნელიამ. - როგორი ქუდი გახურავს!

გოგონები მისცვივდნენ და ცდილობდნენ, ხელი ეტაცათ „მამობის ქუდისთვის“, რომლის ლენტები ბატონს
ყურებზე ეკიდა. ერთდროულად ამაყი და დარცხვენილი გამომეტყველება ჰქონდა. გამიკვირდა: უკვე ხუთჯერ
გახდა მამა და, წესით, ამას უნდა მისჩვეოდა. რისი უნდა მორიდებოდა?

მივხვდი, რომ სწორედ კატარინას სურდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა. ის კი თავის სახელოსნოში განმარტოებას
ამჯობინებდა.

მაგრამ ეს, ალბათ, სრული სიმართლე არ იყო. ვიცოდი, როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები. მას უნდა
შეესრულებინა თავისი როლი, რაც, როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებდა. და როგორი ანჩხლიც არ უნდა
ყოფილიყო კატარინა, ხშირად ვხედავდი, როგორ უყურებდა მას ბატონი, როგორ ხვევდა მხარზე ხელს და
ხმადაბლა ალერსიანად ესაუბრებოდა.

არ მსიამოვნებდა, როდესაც მასზე ამგვარად ვფიქრობდი და ცოლ-შვილთან ერთად წარმოვიდგენდი.


მერჩივნა, სახელოსნოში განმარტოებით მყოფი წარმომედგინა. ან, განმარტოებით კი არა, ჩემთან ერთად
მყოფი.

- კიდევ ერთი ძამიკო გაგიჩნდათ, გოგონებო, - თქვა ბატონმა. - ფრანცისკუსი ჰქვია. გინდათ, ნახოთ?

და გოგონები შინ შეიყვანა, მე კი ქუჩაში დავრჩი იოჰანესთან ერთად, რომელიც ხელში მყავდა აყვანილი.

ტანეკემ დარბაზის ქვედა დარაბები გააღო და გადმოიხედა.

56
- ქალბატონი ხომ კარგადაა? - ვკითხე მე.

- დიახ. ყვიროდა, მაგრამ განზრახ იქცეოდა ასე. ადვილად მშობიარობს ხოლმე. შემოდი, ბატონს სურს,
სამადლობელი ლოცვა აღავლინოს.

ეს დიდად არ მეპიტნავებოდა, მაგრამ მათთან ერთად ლოცვაზე უარი ვერ ვთქვი. პროტესტანტებიც ასევე
მოიქცეოდნენ მშვიდობიანი მშობიარობის შემდეგ. იოჰანესთან ერთად შევედი დარბაზში, რომელიც ახლა
გაცილებით უფრო ნათელი და ხალხით სავსე იყო. იოჰანესი ძირს დავსვი. ის წაბაჯბაჯდა დებისკენ,
რომლებიც საწოლს შემოხვეოდნენ. ფარდები გადაწეული იყო, კატარინა ბალიშებზე იწვა და ბავშვს არწევდა.
დაღლილი ჩანდა, მაგრამ იღიმებოდა და ამჯერად ბედნიერი იყო. ბატონი ცოლის მახლობლად იდგა და
ახალდაბადებულ ვაჟიშვილს დასცქეროდა. ალეიდისი მამას ხელზე ჩასჭიდებოდა. ტანეკეს და ბებიაქალს
ტაშტები და დასისხლიანებული ზეწრები გაჰქონდათ, ახალი ძიძა კი უკვე იცდიდა საწოლთან.

მარია თინსი სამზარეულოდან შემოვიდა და შემოიტანა ლანგარი, რომელზეც ღვინო და სამი ჭიქა ეწყო.
ბატონმა ხელი გაუშვა ალეიდისს, საწოლს მოშორდა და მარია თინსთან ერთად დაიჩოქა. ტანეკემ და
ბებიაქალმაც თავიანთი საქმიანობა შეწყვიტეს და დაიჩოქეს. შემდეგ ძიძამ, ბავშვებმა და მე დავიჩოქეთ.
ლისბეთი აიძულებდა იოჰანესს, იატაკზე დამჯდარიყო, მაგრამ ბიჭუნა უსხლტებოდა და ტიროდა.

ბატონმა ილოცა და მადლობა შესწირა ღმერთს ფრანცისკუსის მშვიდობიანი დაბადებისა და კატარინას


გადარჩენისთვის. რამდენიმე ლათინური ფრაზაც დაამატა, რომლებიც ვერ გავიგე, მაგრამ ამას მნიშვნელობა
არ ჰქონდა - მისი წყნარი, დინჯი ლაპარაკი სიამოვნებას მანიჭებდა.
როდესაც ლოცვა დაამთავრა, მარია თინსმა ღვინო სამ ჭიქაში დაასხა და სამივემ დალია ჩვილის
სადღეგრძელო. შემდეგ კატარინამ ბავშვი ძიძას გადასცა, რომელმაც პატარას მაშინვე ძუძუ მისცა.

ტანეკემ მანიშნა და ჩვენ სამზარეულოში გავედით, გოგონებისა და ბებიაქალისთვის ვახშამი - შებოლილი


ქაშაყი და პური - რომ მოგვემზადებინა.

- ახლა ბავშვის დაბადების აღსანიშნავი ზეიმისთვის დავიწყებთ მზადებას, - მითხრა ტანეკემ, როდესაც
მაგიდაზე ჭურჭელს ვაწყობდით. - ახალგაზრდა ქალბატონს სტუმრიანობა უყვარს. როგორც ყოველთვის,
წელში გავწყდებით.

დაბადების დღის აღსანიშნავი დღესასწაული ყველაზე დიდი ზეიმი იყო, რომელსაც ამ სახლში შევესწარი.
მისთვის მოსამზადებლად ათი დღე გვქონდა - ამ ათი დღის განმავლობაში სახლს ვაკრიალებდით და
სტუმრების გასამასპინძლებლად თადარიგს ვიჭერდით. მარია თინსმა ერთი კვირით დაიქირავა ორი გოგონა,
რომლებიც ტანეკეს კერძების მომზადებაში უნდა დახმარებოდნენ, მე კი - სახლის დალაგებაში. ჩემი
თანაშემწე გოგონა ნელა, მაგრამ ბეჯითად მუშაობდა, ოღონდ ზუსტად უნდა ამეხსნა მისი მოვალეობები და
თვალყური მედევნებინა, როგორ ასრულებდა მათ. ერთ დღეში დავრეცხეთ როგორც სუფთა, ისე
დაბინძურებული სუფრები და ხელსახოცები, რომლებიც წვეულების დროს დაგვჭირდებოდა; ასევე -
ტანსაცმელი: პერანგები, ხალათები, კაპორები, საყელოები, ცხვირსახოცები, ქუდები და წინსაფრები. მეორე
დღეს საწოლის თეთრეული გავრეცხეთ. შემდეგ ჩვენი და მეზობლებისგან ნათხოვარი დოქები, ჭიქები,
ქაშანურის თეფშები, სურები, ქვაბები, ტაფები, რკინის მაყლები და შამფურები, კოვზები და ჩამჩები
დავხეხეთ. გავაპრიალეთ თითბრის, სპილენძისა და ვერცხლის ნივთები. ჩამოვხსენით და დავბერტყეთ
ფარდები, ხალიჩები და ბალიშები. გავწმინდეთ საწოლების ხის ნაწილები, ბუფეტები, სკამები, მაგიდები და
ფანჯრის რაფები - ყველაფერი ლაპლაპებდა.

ბოლოს ხელები დამისკდა და დამისისხლიანდა.

მაგრამ სახლი მზად იყო დღესასწაულისთვის.

57
მარია თინსმა საგანგებოდ შეუკვეთა ცხვრისა და ხბოს ხორცი, ენები, მთელი გოჭი, კურდღლები, ხოხბები,
ყვერულები, ხამანწკები, ასთაკვები, ხიზილალა, ქაშაყი, ტკბილი ღვინო, საუკეთესო ლუდი და მეფუნთუშის
მიერ საგანგებოდ დამზადებული ნამცხვრები.

როდესაც მარია თინსის შეკვეთა პიტერს გადავეცი, მან ხელები მოიფშვნიტა:

- კიდევ ერთი მჭამელი შემოგვემატა, - განაცხადა მან. - მით უკეთესი!

სახლში მოზიდეს გაუდასა და ედამის ყველის მოზრდილი თავები, არტიშოკები, ფორთოხლები, ლიმონები,
ყურძენი, ქლიავი, ნუში, თხილი. მარია თინსის მდიდარმა ბიძაშვილმა ანანასიც კი გამოგვიგზავნა. ეს ხილი
მანამდე არასოდეს მენახა და და ანანასის უხეშმა, ეკლიანმა ქერქმა მისი გასინჯვის სურვილი არ აღმიძრა.
თუმცა მის გემოს მაინც არავინ გამასინჯებდა. ვერც ერთ კერძს ვერ გავსინჯავდი, გარდა იმ უჩვეულო გემოს
მქონე პროდუქტისა, რომლის გასინჯვის უფლებაც ტანეკემ მომცა.
ეს იყო ცოტაოდენი ხიზილალა, რომელიც ნაკლებად მომეწონა, თუმცა კი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, და
ტკბილი ღვინო, რომელსაც დარიჩინის სასიამოვნო სუნი ჰქონდა. შიდა ეზოში ტორფი და შეშა შემოიტანეს.
იქვე ეყარა შამფურები, რომლებიც მეზობელმა გვათხოვა. ეზოში ინახებოდა ლუდით სავსე კასრებიც და იქვე
წვავდნენ ღორის ხორცს. მარია თინსმა პატარა ბიჭი დაიქირავა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში
თვალყურს ადევნებდა ცეცხლს - მასზე ღორის ხორცი იწვებოდა.

სანამ ზეიმისთვის ვემზადებოდით, კატარინა, ფრანცისკუსთან ერთად, საწოლში იწვა. ბავშვს ძიძა უვლიდა.
კატარინა გედივით უშფოთველი იყო და გედივით გრძელი ყელი და წვეტიანი ნისკარტიც ჰქონდა.
ვცდილობდი, ახლოს არ გავკარებოდი.

- უნდა, რომ ყოველთვის ასე იცხოვროს, - ბუზღუნებდა ტანეკე და თან კურდღლის ხორცს წვავდა.
სამზარეულოში ვიყავი და ფანჯრების გასარეცხად წყალს ვაცხელებდი. - და ყველა ემსახუროს. ესეც
დედოფალია, რაღა. მწოლიარე დედოფალი!

მასთან ერთად ვიცინოდი. ვიცოდი, რომ ბატონები არ უნდა გამეკიცხა, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა, როდესაც
ტანეკე ასე იქცეოდა.

ბატონი ამ სადღესასწაულო სამზადისის დროს არ გაგვკარებია - ან სახელოსნოში იკეტებოდა, ან გილდიას


აფარებდა თავს. მხოლოდ ერთხელ ვნახე - ზეიმამდე სამი დღით ადრე. მე და ჩემი თანაშემწე გოგონა
შანდლებს ვწმენდდით სამზარეულოში, როდესაც ლისბეთი მოვიდა და მითხრა:

- ყასაბი გიხმობს, - მითხრა მან. - ქუჩაში დგას.

ჩვარი დავაგდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და გოგონას დერეფანში გავყევი. დარწმუნებული ვიყავი,
რომ ეს უმცროსი პიტერი იქნებოდა. პაპისტთა უბანში არასოდეს ვუნახივარ. მადლობა ღმერთს, აქერცლილი
და აწითლებული სახე არ მქონდა, როგორც სარეცხის ხარშვის შემდეგ მაქვს ხოლმე. უმცროსმა პიტერმა მარია
თინსის მიერ შეკვეთილი სურსათი მოიტანა ურიკით. გოგონები ურიკას ათვალიერებდნენ. მხოლოდ
კორნელიამ მოიხედა, როდესაც სახლიდან გამოვედი. პიტერმა გამიღიმა. სიმშვიდე შევინარჩუნე და არ
გამიღიმია. კორნელია თვალს არ გვაცილებდა.

მხოლოდ კორნელია როდი გვაკვირდებოდა. ვიგრძენი, რომ ჩემ ზურგს უკან ის იდგა - როდესაც დერეფანში
მოვდიოდი, მისი ნაბიჯების ხმა შემომესმა. მოვტრიალდი და დავინახე, რომ მან პიტერის ღიმილი და იმედით
აღსავსე მზერა შენიშნა.

58
თავისი ნაცრისფერი თვალები მომაპყრო. გულცივად მიყურებდა. თავბრუ დამეხვა, ისე, როგორც ხდება
ხოლმე, როდესაც ადგილიდან სწრაფად წამოხტები. მოვტრიალდი. პიტერს სახეზე ღიმილი შეეყინა. შეამჩნია,
როგორ წავტორტმანდი.

ორ მამაკაცს შორის აღმოვჩნდი, რაც სიამოვნებას სულაც არ მანიჭებდა. გვერდზე გავიწიე, რომ ბატონი
გამეტარებინა. მან მოლენპურტისკენ გაუხვია. ჩემთვის არ შემოუხედავს და არც რაიმე უთქვამს. პიტერმა და მე
მდუმარედ გავაყოლეთ თვალი.

- ყველაფერი მოვიტანე, რაც შემიკვეთეთ, - მითხრა პიტერმა. - სად დავაწყო?

*****

კვირადღეს, როდესაც მშობლების მოსანახულებლად წავედი, არ მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ ჩემს
ბატონებს კიდევ ერთი შვილი გაუჩნდათ. ვშიშობდი, აგნესის გამო უფრო მეტად არ დამწუხრებულიყვნენ.
მაგრამ დედაჩემს უკვე შეეტყო ეს ამბავი ბაზარში, ასე რომ იძულებული გავხდი, მეამბნა მათთვის
მშობიარობის, ოჯახის მიერ აღვლენილი სამადლობელი ლოცვისა და ზეიმისთვის მზადების შესახებ. ჩემი
დახეთქილი ხელები რომ ნახა, დედა შეწუხდა, მაგრამ დავამშვიდე - ყველაზე მძიმე სამუშაო უკვე შევასრულე-
მეთქი.

- კი მაგრამ, სურათი? - მკითხა მამამ. - სხვა სურათის ხატვა დაიწყო?

ყოველთვის იმედოვნებდა, რომ დაწვრილებით აღვუწერდი ახალ სურათს.

- არ დაუწყია, - ვუპასუხე მე. იმ კვირას სახელოსნოში ცოტა ხნით შევდიოდი. იქ არაფერი შეცვლილა.

- იქნებ ზარმაცობს? - იკითხა დედამ.

- ზარმაცი არაა, - სწრაფად ვუპასუხე.

- შეიძლება არ სურს ამაზე ფიქრი.

- არ ვიცი, რა სურს, - ვუპასუხე უფრო მკვახედ, ვიდრე მინდოდა. დედაჩემმა გაკვირვებით შემომხედა. მამა
სკამზე შეიშმუშნა. მის შესახებ მეტი არაფერი მითქვამს.

*****

შუადღის შემდეგ სტუმრებმა თავმოყრა დაიწყეს. საღამოსთვის დაახლოებით ასი ადამიანი შეგროვდა.
სახლში ვეღარ ეტეოდნენ და ქუჩასა და ეზოში იდგნენ. ყველა წრის ადამიანები მოიწვიეს - მდიდარი ვაჭრებიც

59
და ჩვენი მეფუნთუშეც, თერძიც, მეწაღეც, მეაფთიაქეც. მოვიდნენ მეზობლები, ბატონის დედა და და, ასევე -
მარია თინსის ბიძაშვილები. დაპატიჟეს მხატვრებიც და გილდიის სხვა წევრებიც. მობრძანდნენ ლევენჰუკი და
ვან რეივენი ცოლითურთ.

თვით უფროსი პიტერიც კი აქ იყო - რა თქმა უნდა, დასისხლიანებული წინსაფრის გარეშე. როდესაც დოქიდან
ჭიქაში არომატული ღვინო დავუსხი, თავი დამიქნია და გამიღიმა:

- იცი, გრიტ, - მითხრა მან. - ჩემს ვაჟს შეშურდება, რომ ეს საღამო შენ მახლობლად გავატარე.

- რატომ უნდა შეშურდეს? - წავიჩურჩულე და დარცხვენით მოვშორდი.

სტუმრების ყურადღება ძირითადად კატარინაზე იყო მიპყრობილი. მწვანე აბრეშუმის კაბა გადააკეთეს, მის
ჯერ კიდევ გამობერილ მუცელს რომ მორგებოდა. ზემოდან ყარყუმის ბეწვით გაწყობილი ყვითელი ქულაჯა
შემოიცვა, რომელიც სურათზე ვან რეივენის ცოლს ეცვა. მეუცნაურა ამ ქულაჯით სხვა ქალის ხილვა. არ
მესიამოვნა, რომ ეს ქულაჯა ჩაიცვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის სრული უფლება ჰქონდა. მარგალიტის მძივი
და საყურეები ეკეთა, ქერა თმა კი მოხდენილად ჰქონდა დავარცხნილი. მშობიარობის შემდეგ სწრაფად
მოიკეთა, მხიარული და მომხიბვლელი გახდა, რადგან ტვირთისგან, რომელიც ბოლო თვეებში ამძიმებდა,
განთავისუფლდა. ახლა მსუბუქად დაგოგმანებდა ოთახებში, სვამდა, სტუმრებთან ერთად იცინოდა,
სანთლებს ანთებდა, თეფშების შეცვლას მოითხოვდა, სტუმრებს ერთმანეთს აცნობდა. ისინი მხოლოდ
ნახევარი საათით დატოვა, როდესაც ძიძამ ფრანცისკუსი მოიყვანა და ძუძუ აწოვა.

ბატონი გაცილებით უფრო თავშეკავებულად იქცეოდა. უმეტესად დარბაზის ერთ კუთხეში იდგა და ლევენჰუკს
ესაუბრებოდა, თან თვალყურს ადევნებდა კატარინას, რომელიც სტუმრებს შორის მიმოდიოდა. ბატონს
ხავერდის კოხტა შავი ქურთუკი ეცვა, „მამობის ქუდი“ ეხურა და, როგორც ჩანს, კმაყოფილი იყო, თუმცა,
სტუმრებს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა. ცოლისგან განსხვავებით, ხალხმრავალი თავყრილობები
დიდად არ ეპიტნავებოდა.

გვიან საღამოს ვან რეივენმა დერეფნის კუთხეში მიმიწყვდია, როდესაც დარბაზში ანთებული სანთელი და
ღვინის დოქი მიმქონდა.

- აი, თვალებბრიალა მოსამსახურეც, - წამოიძახა მან და წინ ამეყუდა. - გამარჯობა, გოგონი, - ხელი ნიკაპში
ჩამავლო, მეორე ხელით კი სანთელი სახესთან ახლოს მომიტანა. არ მომეწონა, როგორ მიმზერდა. - ამ
გოგონას პორტრეტი უნდა დახატო, - გადაულაპარაკა ვიღაცას.

იქ ჩემი ბატონი იდგა. სახე მოღუშვოდა. მომეჩვენა, თითქოს უნდოდა, ხმა ჩაეკმედინებინა თავისი
მფარველისთვის, მაგრამ ყოყმანობდა.

- გრიტ, ჭიქა შემივსე, - უფროსი პიტერი ჯვარცმიანი ოთახიდან გამოვარდა და ჭიქა გამომიწოდა.

- ახლავე, ბატონო.

ნიკაპი ვან რეივენის ხელიდან გამოვითავისუფლე და სწრაფად გავემართე პიტერისკენ. ვგრძნობდი, როგორ
გამომაყოლა მზერა ორმა მამაკაცმა.

- უკაცრავად, დოქი ცარიელია. ახლავე მოვიტან ღვინოს სამზარეულოდან.

და გავიქეცი. დოქი ისე მეკავა, რომ ვერ შეემჩნიათ - ის სავსე იყო.

60
რამდენიმე წუთის შემდეგ დავბრუნდი და დავინახე, რომ მხოლოდ უფროსი პიტერი მელოდებოდა.

- დიდი მადლობა, - ხმადაბლა ვუთხარი და ჭიქა შევუვსე.

პიტერმა თვალი ჩამიკრა:

- მიღირდა. შენ ხომ „ბატონი“ მიწოდე. ასე აღარასოდეს მომმართავ, ხომ ასეა? - მან ჭიქა ასწია, თითქოს
ხუმრობით მადღეგრძელა, და დალია.

*****

წვეულების შემდეგ ზამთარი დაგვატყდა თავს და სახლში თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა. უკვე აღარაფერს
ველოდით. მხოლოდ საოჯახო საქმეებისთვის უნდა მიგვეხედა. გოგონები - ალეიდისიც კი - ჭირვეულობდნენ,
ყურადღებას მოითხოვდნენ და მხოლოდ იშვიათად გვეხმარებოდნენ. მარია თინსი ახლა უფრო მეტ დროს
ატარებდა თავის ოთახებში. ფრანცისკუსს, რომელიც წვეულების დროს მშვიდად იქცეოდა, ქარები აწუხებდა
და განუწყვეტლივ ტიროდა. ისეთი გამკივანი ხმა ჰქონდა, რომ მისი ტირილი მთელს სახლში ისმოდა - შიდა
ეზოში, სახელოსნოში, სარდაფში. ჩემდა გასაკვირად, კატარინა მოთმინებით უვლიდა შვილს, მაგრამ
დანარჩენებს - ქმარსაც კი - ძალიან ერჩოდა.

წვეულებისთვის მზადების დროს აგნესზე ფიქრისთვის არ მეცალა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად
ვიგონებდი მას, იმ ძაღლივით, რომელიც იარებს ილოკავს, რათა სწრაფად შეუხორცდეს, მაგრამ ამით
ტკივილი უფრო უმძაფრდება.

ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ბატონი ჩემზე ბრაზობდა. იმ ღამის შემდეგ, როდესაც ვან რეივენმა კუთხეში
მიმიმწყვდია, ან, შესაძლოა, იმ დღის შემდეგ, როდესაც დაინახა, როგორ მიღიმოდა პიტერი, ბატონს თავი
ჩემგან შორს ეჭირა. თუმცა მას სულ უფრო ხშირად ვეჩეხებოდი. მეტწილად შინ არ იმყოფებოდა (ნაწილობრივ
იმის გამო, რომ ფრანცისკუსის ტირილი არ გაეგონა), მაგრამ რატომღაც ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ შინ
მაშინ შევდიოდი, როდესაც კიბეზე ჩამოდიოდა, ან კიბეზე ჩამოვდიოდი, როდესაც ის ამოდიოდა, ზოგჯერ კი -
როდესაც ჯვარცმიან ოთახს ვხვეტდი და ის იქ მარია თინსის მოსაძებნად შემოდიოდა. ერთხელ კატარინას
დავალებით ბაზარში წავედი და ბატონი იქაც ვნახე.
ყოველი შეხვედრისას თავს თავაზიანად მიკრავდა და გვერდზე იწევდა, რომ გავეტარებინე, მაგრამ თვალს
მარიდებდა.

რაღაცით ვაწყენინე, მაგრამ არ ვიცოდი, რით.

სახელოსნოც ცივი და უხალისო გახდა. უწინ მასში სიცოცხლე დუღდა - აქ სურათები იქმნებოდა. ახლა მტვერს
სწრაფად კი ვწმენდდი, მაგრამ ეს, უბრალოდ, ცარიელი ოთახი იყო, რომელშიც, მტვრის გარდა, არაფრის
გამოჩენა არ იყო მოსალოდნელი. გული მწყდებოდა, რომ სახელოსნო ესოდენ სევდიან ადგილად იქცა.
ვნატრობდი, რომ ის კვლავინდებურად ჩემი თავშესაფარი ყოფილიყო.

ერთ დილას მარია თინსმა, რომელსაც ის იყო, ჩემთვის სახელოსნოს კარი უნდა გაეღო, აღმოაჩინა, რომ ის
უკვე ღია იყო. ბინდ-ბუნდში დავინახეთ ბატონი, რომელსაც მაგიდასთან ეძინა. თავი ხელებზე დაედო, ზურგი
კი კარისკენ შეექცია. მარია თინსმა უკან დაიხია.

61
- ალბათ, აქ იმისთვის შემოვიდა, რომ ბავშვის ტირილი არ გაეგო, - წაიბუტბუტა მან.

ვცადე, კიდევ ერთხელ შემეხედა ოთახში, მაგრამ მარია თინსი წინ მეღობებოდა. შემდეგ ფრთხილად მიხურა
კარი.

- ნუ შეაწუხებ. მოგვიანებით დაალაგე.

მომდევნო დილას სახელოსნოში ყველა დარაბა გავაღე და მივიხედ-მოვიხედე - ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა


- რას შევხებოდი ისე, რომ ის არ გამეღიზიანებინა, რა გადამეადგილებინა იმგვარად, რომ მას არ შეემჩნია.
ყველაფერი თავის ადგილას იყო - მაგიდა, სკამები, საწერი მაგიდა ზედ დაწყობილი წიგნებითა და
ქაღალდებით, კარადა, რომლის თავზეც ფუნჯები და დანა ელაგა, კედელზე მიყუდებული მოლბერტი და
სუფთა პალიტრები. საგნები, რომლებიც თავის სურათზე დახატა, ან საკუჭნაოში იყო გატანილი, ან შინ
გამოიყენებოდა.

ახალი ეკლესიის ზარმა დარეკა და დრო გვამცნო. ფანჯარასთან მივედი და გავიხედე. როდესაც მეექვსედ
დარეკა, უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა სახელოსნოში.

წყალი გავაცხელე, საპონი და სუფთა ჩვრები ავიღე, სახელოსნოში ავიტანე და ფანჯრების რეცხვა დავიწყე.
ზედა ჩარჩოები რომ გამეწმინდა, მაგიდაზე უნდა ავმძვრალიყავი.
ბოლო ფანჯარას ვწმენდდი, როდესაც ბატონის ნაბიჯების ხმა შემომესმა და მისკენ შევტრიალდი. თვალები
გამიფართოვდა.

- ბატონო, - დავიწყე შიშით, არ ვიცოდი, როგორ მემართლებინა თავი.

- შეჩერდი.

ერთ ადგილას გავშეშდი. თავზარი დამცა აზრმა, რომ, შესაძლოა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ
ვმოქმედებდი.

- არ გაინძრე.

ისე მიყურებდა, თითქოს მოჩვენება იხილა.

- მაპატიეთ, ბატონო, - ვუთხარი და ჩვარი წყლიან ვედროში ჩავაგდე. - თქვენთვის ნებართვა უნდა მეკითხა.
მაგრამ ახლა ხომ არაფერს ხატავთ და...

ის თავდაპირელად თითქოს დაიბნა, შემდეგ კი თავი გადააქნია.

- ფანჯრებზე მეუბნები? შეგიძლია, განაგრძო შენი საქმიანობა.

მისი თანდასწრებით ფანჯრების რეცხვა არ მსიამოვნებდა, მაგრამ რადგანაც ადგილიდან არ იძვროდა, სხვა
გამოსავალი არ მქონდა. ჩვარი წყალში გავავლე, გავწურე და მინები გარედან და შიგნიდან კარგად გავწმინდე.

როდესაც ფანჯრის წმენდა დავამთავრე, უკან დავიხიე, რათა შედეგი შემემოწმებინა. ფანჯრიდან კაშკაშა შუქი
შემოდიოდა.

ის ჯერ კიდევ ჩემ უკან იდგა.

62
- ასე უფრო მოგწონთ, ბატონო? - ვკითხე მე.

- ერთი კიდევ გამომხედე.

მისი მოთხოვნა შევასრულე. გაფაციცებით მაკვირდებოდა. მისი ყურადღება კვლავ მივიპყრე.

- შუქი, - ვუთხარი მე. - ახლა ოთახი უფრო განათდა.

- დიახ, - თქვა მან. - დიახ.

მეორე დილას მაგიდა კვლავ კუთხეში იყო მიდგმული და ზედ წითელ-ყვითელ-ლურჯი სუფრა ეფარა. უკანა
კედელთან სკამი იდგა, მის თავზე კი რუკა ეკიდა.

მან კვლავ დაიწყო მუშაობა.

63
1665

მამაჩემმა მთხოვა, კიდევ ერთხელ აღმეწერა სურათი.

- კი მაგრამ, ბოლო დროს აღარაფერი შეცვლილა, - ვუთხარი მე.

- მინდა, კიდევ ერთხელ მოვისმინო, - დაიჟინა მამამ და სკამიდან გადმოიხარა, რათა ცეცხლთან უფრო ახლოს
ყოფილიყო. ფრანსს მაგონებდა. ბავშვობაში ჩემს ძმას არ სურდა ხოლმე შეგუებოდა იმას, რომ ქვაბში ერთი
ლუკმაც არ იყო დარჩენილი. ყოველი წლის მარტში მამაჩემს მოთმინება ღალატობდა. ერთი სული ჰქონდა,
როდის გავიდოდა ზამთარი, დათბებოდა და კვლავ დააცხუნებდა მზე. მარტში ამინდი განუწყვეტლივ
იცვლებოდა. თბილი დღეები გაზაფხულის მალე დადგომის იმედს აღვიძებდა, მერე ცას ტყვიისფერი
ღრუბლები გადაეფარებოდა ხოლმე და კვლავ ყინვები დგებოდა.

სწორედ მარტში დავიბადე.

დაბრმავების შემდეგ მამაჩემს კიდევ უფრო შესძულდა ზამთარი. სხვა შეგრძნებები გაუმძაფრდა და ძალზე
მგრძნობიარე გახდა სიცივისა და ჩახუთული ჰაერის მიმართ. უგემური წვნიანი მას უფრო მეტად სძაგდა,
ვიდრე დედაჩემს. გაჭიანურებული ზამთრის გამო იტანჯებოდა.

მებრალებოდა. როდესაც ვახერხებდი, მალულად ყოველთვის მომქონდა სასუსნავი ტანეკეს სამზარეულოდან


- აღჯანაბადი, ალუბალი თუ ძეხვი. ერთხელ ვარდის გამხმარი ფურცლებიც კი მოვუტანე, რომლებიც
კატარინას კარადაში ვიპოვე.

- მეფუნთუშის ქალიშვილი დგას ფანჯარასთან, კარგად განათებულ კუთხეში, - მოთმინებით დავიწყე მე. - სახე
ჩვენკენ აქვს მობრუნებული, მაგრამ ფანჯარას უმზერს, რომელიც მისგან მარჯვნივაა. აბრეშუმისა და
ხავერდის ვიწრო კორსაჟი და ლურჯი ქვედატანი აცვია. თავზე გრძელბოლოებიანი თეთრი კაპორი ახურავს.

- ისეთი, როგორიც შენია? - მკითხა მამამ. უწინ ეს არასოდეს უკითხავს, თუმცა კაპორს ყოველთვის ერთნაირად
აღვუწერდი ხოლმე.

- ჰო, როგორიც ჩემია. თუ კაპორს კარგად დააკვირდები, - დავამატე სწრაფად, - შეამჩნევ, რომ ის თეთრი
საღებავით კი არაა დახატული, არამედ - ლურჯით, იისფრითა და ყვითლით.

- ხომ მითხარი, თეთრი კაპორიაო.

- დიახ, და ეს ყველაზე უფრო უცნაური რამაა. სხვადასხვა ფერის საღებავებითაა დახატული, მაგრამ როდესაც
უყურებ, გეჩვენება, რომ თეთრია.

- ფილების ხატვა უფრო იოლია, - წაიბუზღუნა მამაჩემმა. - ლურჯ საღებავს იყენებ, მორჩა და გათავდა. მუქ
ლურჯს ნახატისთვის, ცისფერს კი - ჩრდილებისთვის.

ფილაც უბრალოდ, ფილაა, გავიფიქრე მე, და მის ნახატებს ვერ შეედრება. მინდოდა ამეხსნა მამაჩემისთვის,
რომ თეთრი ფერი მხოლოდ თეთრი როდია. ეს ჩემმა ბატონმა განმიმარტა.

- ქალი რას აკეთებს? - მკითხა მამამ პაუზის შემდეგ.

64
- ცალი ხელით კალის დოქს ჩასჭიდებია, რომელიც მაგიდაზე დგას, მეორით კი ფანჯარას აღებს. უნდოდა,
დოქი აეღო და წყალი ფანჯრიდან გადაეღვარა, მაგრამ შეჩერდა. ჩაფიქრდა ან ფანჯრიდან რაღაც დაინახა.
- მაინც, რას აკეთებს?

- არ ვიცი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩაფიქრებულია, ზოგჯერ კი - რომ ქუჩას გაჰყურებს.

მამა სკამის საზურგეს მიეყრდნო და მოიღუშა.

- ხან ამბობ, რომ კაპორი თეთრია, მაგრამ თეთრი საღებავით არაა დახატული. ხან კი ქალიშვილი ან ასე
იქცევა, ან - ისე. თავგზა ამიბნიე.

შუბლი მოისრისა, თითქოს თავი ასტკივდაო.

- მაპატიე, მამა. ვცდილობ, ზუსტად აღვწერო.

- კი მაგრამ, რა ამბავია მასში ასახული?

- მის სურათებში არავითარი ამბები არაა ასახული.

მამამ არაფერი მიპასუხა. მთელი ზამთრის განმავლობაში უგუნებოდ იყო. აგნესი ცოცხალი რომ ყოფილიყო,
მის გამხიარულებას შეძლებდა. ყოველთვის იცოდა, როგორ გაეცინებინა მამა.

- დედა, სათბურები ხომ არ გავაცხელო? - ვკითხე დედაჩემს და მამას პირი მოვარიდე, გაღიზიანება რომ
დამემალა. მას შემდეგ, რაც თვალისჩინი დაკარგა, სხვების განწყობილებას შეუცდომლად გრძნობდა. არ
მომწონდა, რომ აკრიტიკებდა სურათს, რომელიც არ ენახა, და მას ოდესღაც თავის დახატულ ფილებს
ადარებდა. მინდოდა მეთქვა, სურათი რომ გენახა, ყველაფერს მიხვდებოდი და მიუხედავად იმისა, რომ მასში
არავითარი ამბავი არ არის ასახული, თვალს ვერ მოსწყვეტდი-მეთქი.

სანამ მე და მამა ვსაუბრობდით, დედაჩემი იქვე ფუსფუსებდა - შეჭამანდს ჩამჩით ურევდა, ბუხარში შეშას
ამატებდა, მაგიდაზე თეფშებსა და ტოლჩებს აწყობდა, დანას ლესავდა პურის დასაჭრელად. მის პასუხს არ
დაველოდე, სათბურები შევაგროვე და უკანა ოთახში გავედი, სადაც ტორფი ინახებოდა. ტორფით სათბურებს
ვავსებდი და თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი, მამაჩემზე რომ გავგულისდი.

სათბურები ოთახში შემოვიტანე და მათში ჩაწყობილ ტორფს ცეცხლი მოვუკიდე. შემდეგ ისინი სასადილო
მაგიდასთან, ჩვენს სკამებქვეშ დავაწყვე. მამა სკამთან მივიყვანე, დედამ კი ამასობაში თეფშებზე შეჭამანდი
დაასხა და ტოლჩები ლუდით აავსო. მამამ შეჭამანდი გასინჯა და შეიჭმუხნა.

- პაპისტთა უბნიდან ხომ არაფერი მოგიტანია ამ სალაფავის დასატკბობად? - წაიბურტყუნა მან.

- ვერ შევძელი. ტანეკე წამეჩხუბა და ვცდილობდი, სამზარეულოს არ გავკარებოდი.

ეს ვთქვი და მაშინვე ვინანე.

- რატომ? რა ჩაიდინე? - მამა სულ უფრო ხშირად მადანაშაულებდა და ზოგჯერ ტანეკეს ემხრობოდა კიდეც.

სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რაიმე.

- საუკეთესო ლუდი დამექცა. მთელი დოქი.

65
დედამ საყვედურით შემომხედა. ყოველთვის ხვდებოდა, როდესაც ვცრუობდი. მამა ასეთი აღრენილი რომ არ
ყოფილიყო, ჩემი ხმის მიხედვით ისიც მიხვდებოდა.

სულ უფრო და უფრო უკეთ ვცრუობდი.

როდესაც აუდე ლანგენდეიკზე დაბრუნება გადავწყვიტე, დედამ მითხრა, გაგაცილებო, თუმცა ძლიერ წვიმდა.
რიტველდის არხამდე რომ მივედით და მარჯვნივ, ბაზრის მოედნისკენ გავუხვიეთ, მან მითხრა:

- საცაა, ჩვიდმეტისა გახდები.

- მომავალ კვირას, - დავუდასტურე მე.

- მალე ნამდვილი ქალი იქნები.

- მალე.

წვიმის წვეთებს მივაჩერდი, არხში რომ ცვიოდა. მომავალზე ფიქრი არ მსურდა.

- გავიგე, რომ ყასბის ვაჟის ყურადღება დაგიმსახურებია.

- ვინ გითხრა?

პასუხის ნაცვლად, კაპორიდან წვიმის წვეთები მოიშორა და თავშალი დაბერტყა.

მხრები ავიჩეჩე.

- მე მგონი, ყველა გოგონას მიმართ ასეთსავე ყურადღებას იჩენს.

ვფიქრობდი, რომ ჩემი გაფრთხილება უნდოდა - თავი არ შეირცხვინო და ოჯახის სახელი არ შებღალოო. ამის
ნაცვლად მითხრა:

- უხეშად ნუ დაელაპარაკები. გაუღიმე და თავაზიანად მოექეცი.

მისმა სიტყვებმა გამაკვირვა. მაგრამ როდესაც თვალებში ჩავხედე და მივხვდი, როგორ ნატრობდა ხორცს,
რომლითაც ყასბის ვაჟიშვილს ჩვენი უზრუნველყოფა შეეძლო, მივხვდი, რატომ მიიღო ასეთი
გადაწყვეტილება.

ყოველ შემთხვევაში, არ უსაყვედურია იმის გამო, რომ ვიცრუე. ვერ გავუმხელდი, რატომ ბრაზობდა ჩემზე
ტანეკე. ამ სიცრუის მიღმა კიდევ უფრო დიდი სიცრუე იდგა. ძალზე ბევრი რამის განმარტება მომიხდებოდა.

ტანეკემ შეიტყო, რას ვაკეთებდი დღის მეორე ნახევარში, როდესაც კერვით უნდა ვყოფილიყავი დაკავებული.

ბატონს ვეხმარებოდი.

66
*****

ეს ორი თვის წინ დაიწყო, ფრანცისკუსის დაბადების შემდეგ, იანვრის ერთ ცივ დღეს. იოჰანესიც და
ფრანცისკუსიც შეუძლოდ იყვნენ, ახველებდნენ და სული ეხუთებოდათ. კატარინა და ძიძა მათთან ერთად
ისხდნენ სამრეცხაოში, ბუხართან, ხოლო დანარჩენებმა სამზარეულოში მოვიყარეთ თავი.

მხოლოდ ის არ იყო ჩვენთან ერთად. სახელოსნოში გახლდათ. სიცივისა თითქოს სრულიად არ ეშინოდა.

კატარინა სამზარეულოში შემოვიდა.


- ვინმე აფთიაქში უნდა გაგვეგზავნოს, - თქვა მან. სახე ალეწოდა. - ბიჭუნებისთვის წამლები მჭირდება.

და თვალი თვალში გამიყარა.

ჩვეულებრივ, ამგვარი დავალებების შესრულებას მე არ მაკისრებდნენ. აფთიაქში წასვლა გაცილებით უფრო


საპასუხისმგებლო იყო, ვიდრე ხორცის ან თევზის ყიდვა, რაც ფრანცისკუსის დაბადების შემდეგ კატარინამ
მთლიანად მე მომანდო. მეაფთიაქე დარბაისელი კაცი და ცნობილი მკურნალი იყო, რომელსაც კატარინა და
მარია თინსი თვითონაც სიამოვნებით სტუმრობდნენ. მე ამგვარი პატივის ღირსად არ მთვლიდნენ. მაგრამ
ასეთ ყინვაში, ცხადია, მასთან ყველაზე უმნიშვნელო ადამიანი - ანუ მე - უნდა გაეგზავნათ.

ამჯერად მარტჰე და ლისბეთი არ გამომყოლიან. თბილ მოსასხამსა და თავშალში გავეხვიე. კატარინამ


მიბრძანა, ანწლის გამხმარი ყვავილები და ვირისტერფას ნაყენი იყიდეო. კორნელია იქვე დაყიალობდა და
მიყურებდა, როგორ ვიკრავდი თავშალის ბოლოებს.

- შეიძლება, წამოგყვე? - მკითხა მან და ჩვეული გულუბრყვილო ღიმილით შემომხედა. იქნებ ისეთი არაა,
როგორიც მგონია-მეთქი, ვიფიქრე.

- არა, - მიუგო კატარინამ ჩემ მაგივრად. - ძალიან ცივა. შენი ავადმყოფობაღა მაკლია. აბა, გაინძერი, -
მომიბრუნდა მე. - და მალე დაბრუნდი.

კარი გავიხურე და ქუჩაში გავედი. იქ თითქმის არავინ ჩანდა. ყველანი თავიანთ სახლებში შეყუჟულიყვნენ.
არხი ყინულით იყო დაფარული, ცა კი მოქუფრულიყო. მივიხედ-მოვიხედე, ვინძლო კორნელია გამომყვა-
მეთქი. შესასვლელი კარი მიეხურათ.

ზევით ავიხედე. ბატონმა ფანჯარა გამოაღო და გადმოიხედა.

- ხომ არაფერი გნებავთ, ბატონო?

- საით გაგიწევია, გრიტ?

- აფთიაქში, ბატონო. ქალბატონმა მიბრძანა, ბიჭებისთვის წამლები იყიდეო.

- ჩემთვისაც ხომ არ იყიდი ერთ რაღაცას?

- რა თქმა უნდა, ბატონო.

მომეჩვენა, რომ ქარი ისეთი სუსხიანი აღარ იყო.

67
- დაიცადე. დავწერ, რაც მჭირდება,

ბატონი გაუჩინარდა, მე კი ვიცდიდი. ერთი წუთის შემდეგ გამოჩნდა და ტყავის მომცრო ქისა გადმომიგდო.

- მეაფთიაქეს ის ბარათი მიეცი, ქისაში რომ დევს, და რასაც მოგცემს, აქ ამომიტანე.

თავი დავუქნიე და ქისა თავშალქვეშ დავმალე. ამ საიდუმლო დავალებამ ძალზე გამახარა.

აფთიაქი კოორნმარკტის ქუჩაზე მდებარეობდა, როტერდამის ჭიშკრის მხარეს. არც ისე შორს იყო, მაგრამ
ყოველი ჩასუნთქვისას ყელი მეყინებოდა და იმ დროისთვის, როდესაც აფთიაქის კარი შევაღე, ლაპარაკი აღარ
შემეძლო.

აფთიაქში არასოდეს ვყოფილვარ, მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ არ ვმსახურობდი - დედაჩემი თვითონ
გვიმზადებდა წამლებს. ამ პატარა ოთახის კედლები, იატაკიდან ჭერამდე, თაროებს ეკავა. იქ სხვადასხვანაირი
ბოთლები, თასები და თიხის ქოთნები ეწყო, რომელთაგან თითოეულზე წარწერიანი ქაღალდი იყო მიკრული.
ამ სიტყვების წაკითხვა რომ შემძლებოდა, მაინც ვერაფერს გავიგებდი თითოეული ჭურჭლის შიგთავსის
შესახებ. სიცივის გამო ჩვენს სახლში არაფრის სუნი არ ტრიალებდა, მაგრამ აქ უჩვეულო არომატი ვიგრძენი,
ისეთი, ტყეში რომ არის ხოლმე, დამპალი ფოთლების ქვეშ.

თვით მეაფთიაქე მხოლოდ ერთხელ ვნახე, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ფრანცისკუსის დაბადების
აღსანიშნავ წვეულებაზე ჩვენთან მოვიდა. ტანდაბალი, მელოტი კაცი გახლდათ და ბარტყს წააგავდა. რომ
დამინახა, გაოცდა - ასეთ სიცივეში შინიდან თითქმის არავინ გამოდიოდა. ის იჯდა მაგიდასთან, რომელზეც
პატარა სასწორი იდო, და ელოდა, როდის ამოვიღებდი ხმას.

- ბატონმა და ქალბატონმა გამომგზავნეს, - ძლივს ამოვთქვი, როდესაც ყელი ცოტათი გამითბა. დაბნეული
მიყურებდა და დავამატე: - ვერმეერებმა.

- გასაგებია. როგორაა პაწია?

- ბიჭები ავად არიან. ქალბატონს ანწლის გამხმარი ყვავილები და ვირისტერფას ნაყენი სჭირდება. ბატონს
კი... - და ქისა მივაწოდე. მეაფთიაქემ ის შეფიქრიანებული გამომეტყველებით აიღო, მაგრამ როდესაც ბარათი
წაიკითხა, თავი დამიქნია.

- დამწვარი ძვალი და ჟანგმიწა სჭირდება, - ჩაილაპარაკა მან. - მისი ბრძანების შესრულება ძნელი არაა,
მაგრამ უწინ არასოდეს გამოუგზავნია სხვა ვინმე საღებავების მასალის წასაღებად, - და გადმომხედა. -
ყოველთვის თვითონ მოდიოდა ხოლმე. საოცარია.

- არაფერი ვუპასუხე.

- დაჯექი. ცეცხლთან გათბი, სანამ ყველაფერს მოვიტან.

ქოთნებს ხუფები მოხადა, გამხმარი ყვავილები გადმოიღო და აწონა, შემდეგ ბოთლში ნაყენი ჩაასხა,
ყველაფერი კოხტად გაახვია და ბაწრით შეკრა. შემდეგ რაღაც ჩადო ტყავის ქისაში.

- ტილო არ სჭირდება? - მკითხა და თაროზე მინის ქილა დადო.

- არ ვიცი, ბატონო. მხოლოდ იმის მოტანა დამავალა, რაც ბარათში წერია.

68
- უცნაურია, ძალიან უცნაური, - მეაფთიაქემ თვალი შემავლო. წელში გავიმართე, რათა უფრო მაღალი
მოვჩვენებოდი. - თუმცა გარეთ ძალიან ცივა. ბუნებრივია, რომ ქუჩაში გასვლა არ მოისურვა.

პაკეტები და ქისა გადმომცა და კარი გამიღო. ქუჩაში რომ გამოვედი, უკან მივიხედე: მეაფთიაქე კარში
გაჭრილი ვიწრო სარკმლიდან მიყურებდა.

შინ რომ დავბრუნდი, ჯერ კატარინას გადავეცი წამლები, მერე კი დერეფანში გავედი და კიბისკენ გავეშურე.
ბატონი უკვე ჩამოსულიყო და მელოდებოდა. თავშალიდან ქისა გამოვაძრე და მივეცი.

- გმადლობ, გრიტ, - მითხრა მან.

- მანდ რას აკეთებთ? - იკითხა კორნელიამ, რომელიც დერეფანში დამალულიყო და გვითვალთვალებდა.

ჩემდა გასაკვირად, ბატონმა ხმა არ გასცა. უბრალოდ, შეტრიალდა და კიბეზე ავიდა, მე კი კორნელიასთან
პირისპირ დავრჩი.

- მამაშენს საღებავები ვუყიდე, - ავუხსენი.

- თვითონ გთხოვა?
ამ კითხვას ისევე გავეცი პასუხი, როგორც მამამისმა - ზურგი შევაქციე და სამზარეულოსკენ წავედი, თან
თავშალს ვიხსნიდი. პასუხის გაცემას თავს ვარიდებდი - არ მინდოდა, ბატონისთვის რაიმე ზიანი
მიმეყენებინა. მივხვდი - არავის უნდა სცოდნოდა, რომ მისი დავალებით რაღაც ვიყიდე.

უამბობს თუ არა კორნელია კატარინას იმას, რაც დაინახა? პატარა კი არის, მაგრამ ბებიამისივით საზრიანია.
შესაძლოა, ჯერჯერობით არაფერი თქვას და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.

ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე.

კვირადღე იყო. სარდაფში ჩავედი და თავი ავხადე სკივრს, რომელშიც ჩემს ნივთებს ვინახავდი. მინდოდა,
დედაჩემის მიერ მოქარგული საყელო ამომეღო. მყისვე შევამჩნიე, რომ ნივთები გადაექოთებინათ -
საყელოები უწესრიგოდ ეყარა, ერთ-ერთი პერანგი მოეჭმუჭნათ და კუთხეში მიეგდოთ, კუს ბაკნისგან
გაკეთებული სავარცხელი ცხვირსახოცში აღარ იყო გახვეული. სამაგიეროდ, მამაჩემის მიერ ნაჩუქარი
შორენკეცის ფილა საგულდაგულოდ შეეხვიათ. როდესაც ცხვირსახოცი გავშალე, ფილის ორი ნაწილი აქეთ-
იქით გადავარდა. ისე გაეტეხათ, რომ ბიჭი და გოგონა სხვადასხვა ნახევარზე აღმოჩნდნენ. ბიჭი ახლა
აღარაფერს უყურებდა, გოგონა კი მარტო იჯდა, სახეს კაპორი უფარავდა.

ცრემლები მომერია. კორნელიას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი ტკივილი მომაყენა. გაცილებით ნაკლებად
შევწუხდებოდი, ჩვენი ფიგურებისთვის თავები რომ მოეტეხა.

*****

69
ბატონი ახლა უკვე სხვა დავალებებსაც მაძლევდა. ერთხელ დამავალა, თევზის ყიდვის შემდეგ
მეაფთიაქესთან შემევლო და სელის ზეთი მეყიდა. ზეთი კიბის ქვეშ უნდა დამედგა, ის და მისი მოდელი რომ
არ შემეწუხებინა. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრა. რა თქმა უნდა, მარია თინსი, კატარინა ან ტანეკე
შეამჩნევდნენ, სახელოსნოში უჩვეულო დროს რომ ავსულიყავი.

ამ სახლში რაიმეს საიდუმლოდ შენახვა იოლი როდი იყო.

ერთხელ მთხოვა, ყასბისგან ღორის შარდის ბუშტი მეყიდა. არ მესმოდა, რაში სჭირდებოდა ის, მაგრამ შემდეგ
მიბრძანა, ყოველ დილას, სახელოსნოს დალაგების შემდეგ, საჭირო საღებავები დამეწყო. მოლბერტის
მახლობლად მდგარი დაბალი კარადის უჯრები გამოაღო და მიჩვენა, სად ინახებოდა თითოეული მათგანი,
თან მათ სახელწოდებებს მეუბნებოდა. ბევრი სიტყვა ჩემთვის უცნობი იყო: ულტრამარინი, სინგური,
მურდასანგი. ყავისფერი და ყვითელი მიწის საღებავები, შავი დამწვარი ძვალი და ტყვიის თეთრა თიხის
პატარა ქოთნებში ინახებოდა, რომლებიც პერგამენტში იყო გახვეული, რომ არ გამომშრალიყო. უფრო
ძვირფასი საღებავები - ლურჯი, ყვითელი და წითელი - ღორის შარდის ბუშტის ტომსიკებში ინახებოდა.
ტომსიკები გახვრეტილი იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში იქიდან საღებავი გამოეწურა. ამ ნახვრეტებში
შემდეგ ლურსმნებს არჭობდა.

ერთ დილას, როდესაც სახელოსნოს ვალაგებდი, ბატონი დროზე ადრე შემოვიდა და მთხოვა, მეფუნთუშის
ქალიშვილის (რომელიც ავად გამხდარიყო) ადგილას დადექიო.

- მინდა რაღაცები დავაზუსტო, - განმიმარტა მან. - ამიტომ იქ ვინმე უნდა იდგეს.

მორჩილად დავდექი იქ, სადაც მიმითითა. ერთი ხელი სურის სახელურს ჩავჭიდე, მეორე კი - ოდნავ გაღებულ
ფანჯრის ჩარჩოს, საიდანაც სახესა და მკერდზე ცივი ნიავი მიბერავდა.

ალბათ, მეფუნთუშის ქალიშვილი ავად ამიტომ გახდა-მეთქი, გავიფიქრე.


ბატონმა ყველა დარაბა გააღო და ოთახი განათდა.

- ნიკაპი ძირს დასწიე, - მიბრძანა ბატონმა. - მე ნუ მიყურებ, იატაკს დახედე. აი, ასე. არ გაინძრე.

ბატონი მოლბერტთან იჯდა, მაგრამ ხელში არც პალიტრა, არც დანა და არც ფუნჯები არ ეჭირა. უბრალოდ
იჯდა, ხელები მუხლებზე დაეწყო და მიყურებდა.

გავწითლდი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ასე დაჟინებით მომაშტერდებოდა.

შევეცადე, სხვა რამეზე მეფიქრა. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე ნავი, რომელიც არხში მიცურავდა. სწორედ
ის კაცი მართავდა, ჩემი სამსახურის პირველ დღეს არხიდან ვედრო რომ ამომაღებინა. რამდენი რამ შეიცვალა
იმ დღის შემდეგ! იმხანად ბატონის არც ერთი სურათი არ მქონდა ნანახი. ახლა კი მის წინ ვდგავარ.

- ნურაფერს უყურებ, - მითხრა მან. - ყურადღება გეფანტება.

შევეცადე, არაფრისთვის მეყურებინა და სხვა რამეზე მეფიქრა. გავიხსენე დღე, როდესაც ჩვენი ოჯახი
ქალაქგარეთ წავიდა სამკურნალო ბალახეულის მოსაკრეფად; მერე - ქალი, რომელიც ბაზრის მოედანზე
ჩამოახრჩვეს, რადგან სიმთვრალეში საკუთარი ქალიშვილი შემოაკვდა. და ისიც, როგორ შემომხედა ბოლოს
აგნესმა.

- ძალიან ბევრს ფიქრობ, - მითხრა მან და სკამზე შეტოკდა.

70
ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ერთი ვარცლი სარეცხი გავრეცხე, მაგრამ კარგად ვერ გავაქათქათე.

- მაპატიეთ ბატონო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

- შეეცადე, თვალები დახუჭო.

დავხუჭე. ერთი წუთის შემდეგ მომეჩვენა, რომ ფანჯრის ჩარჩოზე და სურაზე ვიყავი მიჯაჭვული. შემდეგ
შევიგრძენი კედელი ზურგს უკან, მაგიდა ჩემ მარცხნივ და ფანჯრიდან მონაბერი ცივი ქარიც.

ალბათ, მამაჩემსაც ასეთი შეგრძნებები აქვს-მეთქი, გავიფიქრე - ფიზიკურად გრძნობს საგნების განლაგებას
გარემომცველ სივრცეში.

- კარგია, - თქვა მან. - ახლა კარგია. გმადლობ, გრიტ. შეგიძლია განაგრძო შენი საქმიანობა.

*****

არასოდეს შევსწრებივარ, როგორ იწყებენ სურათის ხატვას. მეგონა, რომ მხატვარი, უბრალოდ, საღებავების
მეშვეობით ხატავს იმას, რასაც ხედავს.

მან მასწავლა.

სანამ მეფუნთუშის ქალიშვილის ხატვას დაიწყებდა, თეთრი ტილო ბაცი რუხი ფერის გრუნტით დაფარა.
შემდეგ მოწითალო-ყავისფერი საღებავით ის ადგილები მონიშნა, სადაც ქალიშვილი, მაგიდა, სურა, ფანჯარა
და რუკა უნდა გამოესახა. მეგონა, ამის შემდეგ დახატავდა იმას, რასაც ხედავდა - ქალიშვილის სახეს, ლურჯ
ქვედატანს, შავ-ყვითელ კორსაჟს, ყავისფერ რუკას, ვერცხლისფერ სურასა და ლანგარს, თეთრ კედელს. ამის
ნაცვლად, მან შავი საღებავით მონიშნა ის ადგილი, სადაც ქალიშვილის ქვედატანი უნდა დაეხატა, ყვითლით -
კორსაჟი და რუკა, წითლით სურა და ლანგარი და კვლავ რუხით - კედელი. ეს თვით საგნების ფერები არ იყო.
ბევრი დრო დახარჯა ამ „არასწორ ფერებზე“, როგორც მათ ვუწოდებდი.

ზოგჯერ მეფუნთუშის ქალიშვილი მოდიოდა და საათობით იდგა თავის ადგილას, მაგრამ, როდესაც მეორე
დღეს სურათს ვუყურებდი, მასში არაფერი იყო დამატებული ან გადაკეთებული. ტილოზე მხოლოდ ფერადი
ლაქები იყო აღბეჭდილი, რომლებიც არც ერთ საგანს არ ჰგავდა, თუმცა მათ ყურადღებით ვაკვირდებოდი.
მხოლოდ იმის მეშვეობით ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო მათს ადგილას, რომ ყოველ დილას ვწმენდდი ამ
საგნებს და ვხედავდი, როგორ იცვამდა მეფუნთუშის ქალიშვილი ქვედა სართულზე კატარინას შავ-ყვითელ
კორსაჟს.

ყოელ დილას უხალისოდ ვაწყობდი საჭირო საღებავებს. ერთხელ მათ ლურჯიც დავამატე. როდესაც ეს
მეორედ ჩავიდინე, ბატონმა მითხრა:

- ულტრამარინი არ მჭირდება, გრიტ. მხოლოდ ის საღებავები დამახვედრე, რომლებიც დაგისახელე. რატომ


მახვედრებ იმათ, რომელთა დაწყობა არ მითხოვია?

გაღიზიანებული კილოთი მელაპარაკებოდა.

71
- მაპატიეთ, ბატონო. უბრალოდ - და აქ ღრმად ჩავისუნთქე, - მას ხომ ლურჯი ქვედატანი აცვია. მეგონა,
ლურჯი საღებავი დაგჭირდებოდათ. შავად ხომ არ გააფერადებთ?

- როდესაც მზად ვიქნები, მაშინ გეტყვი და დამახვედრე.

თავი დავუქნიე და სკამის ლომისთავებიანი სამშვენისების წმენდა განვაგრძე. გული მეწურებოდა. არ


მინდოდა, გამებრაზებინა.

შუა ფანჯარა გააღო და ოთახში ცივი ჰაერი შემოუშვა.

- აქ მოდი, გრიტ.

ჩვარი ფანჯრის რაფაზე დავდე და ბატონთან მივედი.

- ფანჯარაში გაიხედე.

გავიხედე. ქარიანი დღე იყო. ცაზე ღრუბლები მიჰქროდნენ და ახალი ეკლესიის სამრეკლოს ეფარებოდნენ.

- რა ფერისაა ღრუბლები?

- რატომ მეკითხებით? თეთრია, ბატონო.

მან ოდნავ ასწია წარბები:

- დარწმუნებული ხარ?

კვლავ ავხედე ცას:

- და რუხი. შეიძლება თოვლი წამოვიდეს.

- აბა, გრიტ, კიდევ დააკვირდი. შენი ბოსტნეული გაიხსენე.

- ჩემი ბოსტნეული, ბატონო?

მან ოდნავ გააქნია თავი. კვლავ გავაღიზიანე. ყბები ამითრთოლდა.


- გაიხსენე, როგორ გააცალკევე ერთმანეთისგან თეთრი ფერის ბოსტნეული. თალგამი და ხახვი ერთნაირი
ფერისაა?

უეცრად ყველაფერს მივხვდი.

- არა. თალგამი მომწვანოა, ხახვი კი - მოყვითალო.

- სწორია. ახალ მითხარი, რა ფერისაა ღრუბლები?

- ზოგიერთი მოლურჯოა, - ვუთხარი მას შემდეგ რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ. -
ზოგიერთი - ყვითელი. და - მწვანე!

72
ისეთი აღგზნება ვიგრძენი, რომ ხელით ვაჩვენე, სად მოჩანდა მწვანე ღრუბლები. მთელი სიცოცხლის
განმავლობაში ვუცქერდი ღრუბლებს, მაგრამ ახლა მომეჩვენა, რომ მათ პირველად ვხედავდი.

მას გაეღიმა.

- სუფთა თეთრი ფერი ღრუბლებში ცოტაა, მაგრამ ხალხი ამბობს, ღრუბლები თეთრიაო. ახლა ხომ გესმის,
რატომ არ მჭირდება ჯერჯერობით ლურჯი საღებავი?

- დიახ, ბატონო.

სინამდვილეში არ მესმოდა, მაგრამ ამის გამხელა არ მინდოდა. მეჩვენებოდა, თითქმის მივუხვდი-მეთქი


ყველაფერს.

როდესაც არასწორ ფერებს ზემოდან სხვა ფერები გადაუსვა, მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ცისფერი
საღებავი დაამატა ქალიშვილის ქვედატანს, რომელიც ლურჯი გახდა, ზოგან კი შავი დაჰკრავდა. მაგიდის
მახლობლად უფრო მუქი იყო, ფანჯარასთან კი - უფრო ბაცი. კედელს ყვითელი ჟანგმიწა დაამატა, რომელშიც
რუხი ფერი გამოსჭვიოდა. კედელი უფრო ნათელი გახდა, მაგრამ თეთრი არ იყო. შევამჩნიე, რომ როდესაც
კედელზე შუქი ეცემოდა, ის თეთრი კი არ იყო, სხვადასხვა ფერის ნაზავს წარმოადგენდა.

ყველაზე რთული სურისა და თასის დახატვა აღმოჩნდა. ყვითელი, ყავისფერი, მწვანე და ცისფერი დაჰკრავდა.
მათში ირეკლებოდა სუფრის ნაყში, ქალიშვილის კორსაჟი, სკამზე გადაფენილი ლურჯი ქსოვილი -
ყველაფერი, მათი ჭეშმარიტი მოვერცხლიფრო შეფერილობის გარდა. მიუხედავად ამისა, სწორედ ის სურა და
თასი იყო.

ამის შემდეგ საგნებს უკვე ყურადღებით ვაკვირდებოდი.

*****

როდესაც მან მთხოვა, საღებავების დამზადებაში დავხმარებოდი, კიდევ უფრო გამიჭირდა, ეს სხვებისთვის
დამემალა. ერთ დილას სახელოსნოს გვერდით მდებარე საკუჭნაოდან კიბით სხვენზე ამიყვანა. იქ არასოდეს
ვიყავი ნამყოფი. ეს იყო პატარა ოთახი, რომელსაც დამრეცი სახურავი ჰქონდა. შუქი შემოდიოდა ფანჯრიდან,
საიდანაც ახალი ეკლესია მოჩანდა. ოთახში თითქმის არავითარი ავეჯი არ იდგა, პატარა ბუფეტისა და ქვის
მაგიდის გარდა, რომლის ჩაღრმავებულ შუაგულში გადაჭრილი კვერცხის მსგავსი ქვა იდო. ასეთივე მაგიდა
მამაჩემის ფაბრიკაში მქონდა ნანახი. მაგიდაზე ჭურჭელი ეწყო - ჯამები და თიხის პატარა თეფშები, პატარა
ბუხართან კი მაშები დავინახე.

- საღებავების დამზადება უნდა ისწავლო, გრიტ, - მითხრა ბატონმა. შემდეგ კარადის უჯრიდან ჩემი ნეკის
სიგრძის შავი ძელაკი გამოიღო.

- ეს სპილოს დამწვარი ძვალია, - ამიხსნა მან. - მისგან შავ საღებავს ამზადებენ.

ძელაკი თასში ჩადო და წებოვანი ნივთიერება დაამატა, რომელსაც უჩვეულო სუნი ჰქონდა; მიჩვენა, როგორ
უნდა დამეკავებინა ქვა, რომელსაც „ფილთაქვა“ უწოდა; მაგიდისკენ უნდა გადავხრილიყავი და ძვლის

73
გასასრესად მთელი ძალით დავწოლოდი ფილთაქვას. რამდენიმე წუთის შემდეგ თასში ერთგვაროვანი შავი
წებოვანი ნივთიერება აღმოჩნდა.

- ახლა შენ სცადე.

მან შავი საღებავი კოვზით ამოფხიკა ჯამიდან და პატარა ქოთანში ჩადო. შემდეგ კიდევ ერთი დამწვარი ძვალი
მოიტანა. როდინი ავიღე და მაგიდისკენ დავიხარე, ვცდილობდი, სათანადო პოზა მიმეღო.

- სწორად არ გიჭირავს, - მითხრა და ხელზე ხელი დამადო. მისმა შეხებამ ისე ამაფორიაქა, რომ ფილთაქვა
ხელიდან გამივარდა, მაგიდიდან გადაგორდა და იატაკზე დაეცა.

სწრაფად მოვშორდი და ფილთაქვის ასაღებად დავიხარე.

- მაპატიეთ, ბატონო, - წავიბუტბუტე და ფილთაქვა კვლავ ჯამში ჩავდე. აღარ შემხებია.

- იდაყვი ოდნავ ასწიე, - მიბრძანა მან. - აი, ასე. ახლა მხრით დააწექი და მაჯა ატრიალე.

ამ ძელაკის გასასრესად გაცილებით მეტი დრო დამჭირდა, რადგან ვღელავდი და ხელებს ვერ
ვიმორჩილებდი. გარდა ამისა, მასთან შედარებით, ტანმორჩილი გახლდით და ისე ვერ ვმოქმედებდი,
როგორც საჭირო იყო. საბედნიეროდ, იმის გამო, რომ გამუდმებით ვწურავდი სარეცხს, ღონიერი ხელები
მქონდა.

- უფრო წვრილად დააქუცმაცე, - მითხრა მან, როდესაც ჯამში ჩაიხედა. ერთხანს კიდევ ვსრესდი, სანამ
ბატონმა არ თქვა, საღებავი მზად არისო. მიბრძანა, თითებით მომესინჯა და დამემახსოვრებინა, როგორი
უნდა ყოფილიყო ის. შემდეგ მაგიდაზე სპილოს ძვლის კიდევ რამდენიმე ძელაკი დააწყო.

- ხვალ გიჩვენებ, როგორ უნდა დასრისო ტყვიის თეთრა. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ძვლის დასრესა.

ძვალს მივაჩერდი.

- რა მოხდა, გრიტ? ძვლებისა შეგეშინდა? ისინი არაფრით განსხვავდება სპილოს ძვლის სავარცხლისგან,
რომლითაც თმას ივარცხნი ხოლმე.

იმდენი ფული არასოდეს მექნებოდა, რომ ამგვარი სავარცხელი შემეძინა. თმას თითებით ვივარცხნიდი.

- საქმე ეს არაა, ბატონო.

ყველაფერი, რასაც უწინ მავალებდა, შემეძლო, დალაგების ან ბაზარში წასვლის დროს შემესრულებინა.
კორნელიას გარდა, ეჭვი არავის არაფერზე აუღია. მაგრამ საღებავების მზადებას დრო სჭირდებოდა, რასაც იმ
დროში ვერ მოვასწრებდი, რომელიც სახელოსნოს დალაგებისთვის უნდა დამეთმო. ვერავის ავუხსნიდი,
რატომ უნდა ავსულიყავი დროდადრო სხვენზე, იმის ნაცვლად, რომ სხვა მოვალეობები შემესრულებინა.

- ამას დიდხანს მოვუნდები, - წავიბუტბუტე.

- როდესაც მიეჩვევი, ყველაფერს სწრაფად გაართმევ თავს.

არ მინდოდა, წინააღმდეგობა გამეწია, ან უარი მეთქვა მის თხოვნაზე - ის ხომ ჩემი ბატონი იყო, მაგრამ
ქალების რისხვას ვუფრთხოდი.

74
- ახლა ხორცის საყიდლად უნდა წავიდე, შემდეგ კი ვაუთოო, ბატონო. ასე მიბრძანა ქალბატონმა.

ჩემი სიტყვები თავადვე არ მომეჩვენა დამაჯერებლად.

არ განძრეულა.

- ხორცის საყიდლად? - მოიღუშა ის.

- დიახ, ბატონო. ქალბატონი მკითხავს, რატომ არ ვასრულებ ჩემს დანარჩენ მოვალეობებს. გამიჭირდება აქ
ამოსვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ახალი ეკლესიის ზარმა შვიდჯერ დარეკა.

- გასაგებია... - წაიჩურჩულა, როდესაც ზარის ხმა შეწყდა. - ეს უნდა მოვიფიქრო.

ძვლის რამდენიმე ნატეხი კვლავ უჯრაში შეინახა. - ეს ნატეხები გასრისე, - მითხრა მან და დარჩენილი
ნატეხები მიჩვენა. - არც ისე ბევრი დრო დასჭირდება. მე კი უნდა წავიდე. როდესაც ყველაფერი მზად იქნება,
ხელი აღარაფერს ახლო.

კატარინას უნდა დალაპარაკებოდა და შეთანხმებოდა ჩემი ახალი სამუშაოს შესახებ. და აღარ


გამიჭირდებოდა მისი დავალებების შესრულება.

ველოდი, მაგრამ კატარინას არ დალაპარაკებია.

*****

ეს პრობლემა ტანეკეს წყალობით გადაწყდა. ფრანცისკუსის დაბადების შემდეგ ძიძას, ტანეკესთან ერთად,
ჯვარცმიან ოთახში ეძინა. ეს ოთახი ახლოს იყო დარბაზთან, რომელშიც ბავშვს ეძინა. თუმცა კატარინა ძუძუს
არ აჭმევდა ბავშვს, მაგრამ დაიჟინა, ფრანცისკუსს ჩემ გვერდით, პატარა საწოლში უნდა ეძინოსო. გამიკვირდა,
მაგრამ როდესაც კატარინა უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ სურდა, დედობრივი გრძნობები სხვების
დასანახავად გამოემჟღავნებინა. ტანეკეს არ სიამოვნებდა ძიძასთან ერთ ოთახში წოლა. ჩიოდა, რომ ძიძა
ღამღამობით ძალზე ხშირად აკითხავდა ბავშვს, ხოლო როდესაც ეძინა, საშინლად ხვრინავდა. ამაზე
ყველასთან წუწუნებდა, განურჩევლად იმისა, უსმენდნენ მას თუ არა. შემდეგ მუშაობაზე გული აიცრუა, რასაც
იმით ამართლებდა, რომ მუდმივად გამოუძინებელი იყო. მარია თინსმა უთხრა, გამოსავალს ვერ ვხედავო,
მაგრამ ტანეკე კვლავ ბუზღუნებდა. ამ დროს ხშირად ბოროტ მზერას მესროდა ხოლმე - უწინ, როდესაც
სახლში ძიძას ქირაობდნენ, ტანეკეს სარდაფის ოთახში ეძინა. თითქოს ჩემი ბრალი იყო, ძიძა რომ ხვრინავდა.

ერთ საღამოს კატარინას მიმართა. ახალგაზრდა ქალბატონი, სიცივის მიუხედავად, ვან რეივენებთან
აპირებდა სტუმრად წასვლას. კარგ გუნებაზე იყო. ყოველთვის კარგ ხასიათზე დგებოდა, როდესაც თავის
მარგალიტის მძივს იკეთებდა და ყვითელ ქულაჯას იცვამდა. ქულაჯაზე ფართო თეთრ საყელოს იფენდა, რომ
ფერუმარილით ქსოვილი არ დაესვარა. სანამ ტანეკე წუწუნებდა, კატარინა ფერ-უმარილს ისვამდა და შედეგის
შესამოწმებლად სარკეში იყურებოდა. თმაში ლენტები ჰქონდა ჩაწნული და ძალიან ლამაზი იქნებოდა,

75
ხალისიანი გამომეტყველება რომ ჰქონოდა. ქერა თმისა და თაფლისფერი თვალების კომბინაცია მას
ეგზოტიკურ იერს ანიჭებდა.

ბოლოს მან ფერ-უმარილის ფუნჯი აუქნია ტანეკეს.


- კმარა! - წამოიძახა სიცილით. - ჩვენ ძიძა გვჭირდება და მას ჩემ მახლობლად უნდა ეძინოს. გოგონების
ოთახში მისი დასაწოლი ადგილი არაა, შენსაში კი არის. ამიტომაც სძინავს იქ. უკვე ვეღარაფერს გააწყობ. რას
ჩამაცივდი ამ სისულელეებით?

- მგონი, გამოსავალი არსებობს, - გაისმა ბატონის ხმა.

ამ დროს კარადაში სუფთა წინსაფარს ვეძებდი ლისბეთისთვის და ბატონს გაოცებით შევხედე. კარში იდგა.
კატარინამაც გაკვირვებით შეხედა ქმარს. ბატონი საშინაო საქმეებში იშვიათად ერეოდა.

- საწოლი სხვენზე დადგით და რომელიმე მათგანმა იქ დაიძინოს, მაგალითად, გრიტმა.

- გრიტმა სხვენზე უნდა დაიძინოს? რატომ? - წამოიძახა კატარინამ.

- მაშინ ტანეკე შეძლებს, სარდაფში დაწვეს, - აუღელვებლად აუხსნა ბატონმა.

- მაგრამ... - დაბნეული კატარინა გაჩუმდა. ეტყობოდა, რომ ეს იდეა არ ეპიტნავებოდა, თუმცა თვითონაც არ
იცოდა, რატომ.

- ძალიან კარგია, ქალბატონო, - მხიარულად ჩაერია ტანეკე. - ეს კარგი გამოსავალია, - და გადმომხედა.

ბავშვების ტანსაცმლის გადაწყობა დავიწყე, თუმცა ისინი უკვე კოხტად იყო დალაგებული.

- კი, მაგრამ სახელოსნოს გასაღებს რა ვუყოთ? - მოიხმო კატარინამ ბოლო არგუმენტი. სხვენზე ასვლა
მხოლოდ სახელოსნოს გვერდით მდებარე საკუჭნაოდან შეიძლებოდა. საწოლამდე ისე ვერ მივაღწევდი,
სახელოსნოს თუ არ გავივლიდი, მას კი ღამღამობით კეტავდნენ. - გასაღებს მოსამსახურეს ხომ ვერ ვანდობთ.

- მას გასაღები არც სჭირდება, - შეეკამათა ბატონი, - როდესაც დაწვები, სახელოსნოს კარი დაკეტე, დილას კი
ის ადგება და სახელოსნოს დალაგებას შეუდგება, სანამ გაიღვიძებ და კარს გააღებ.

ჩემი საქმიანობა შევწყვიტე. არ მომეწონა, რომ ღამით ჩაკეტილი ვიქნებოდი.

სამწუხაროდ, ეს აზრი კატარინას ჭკუაში დაუჯდა. შეიძლება გაიფიქრა, რომ ზემოთ საიმედოდ ვიქნებოდი
გამოკეტილი და თვალში ნაკლებად შევეჩხირებოდი.

- კარგი, ასე იყოს, - გადაწყვიტა მან. კატარინა სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს. ტანეკეს და მე
მოგვიტრიალდა:

- ხვალ ორივემ გადაიტანეთ საწოლი სხვენში. ასე მხოლოდ დროებით იქნება, - დასძინა მან, - მხოლოდ იმ
ხნის განმავლობაში, სანამ ძიძა ჩვენთან იცხოვრებს.

ვითომ დროებით იქნებოდა? ხორცისა და თევზის საყიდლად სიარულიც ხომ „დროებით“ დამავალეს.

- სახელოსნოში ავიდეთ, - თქვა ბატონმა და კატარინას ისე შეხედა, როგორც მხატვრებს სჩვევიათ ხოლმე.
ახლა უკვე ვცნობდი ამგვარ მზერას.

76
- მეც ამოვიდე? - გაუღიმა კატარინამ ქმარს, რომელიც იშვიათად იწვევდა ცოლს თავის სახელოსნოში.
კატარინამ ფუნჯი მაგიდაზე დადო და ფერ-უმარილით დასვრილი საყელოს მოხსნა დააპირა.

ბატონმა ხელზე ხელი სტაცა:

- არ მოიხსნა.
ეს თითქმის ისევე საკვირველი იყო, როგორც მისი შეთავაზება, სხვენზე გადავესახლებინე. როდესაც კატარინა
კიბეზე აჰყავდა, მე და ტანეკემ ერთმანეთს გადავხედეთ.

მეორე დღიდან მეფუნთუშის ქალიშვილი ჩემი ბატონის სახელოსნოში უკვე ფართო თეთრ საყელოს
იკეთებდა.

*****

მარია თინსის მოტყუება არც ისე ადვილი გახლდათ. როდესაც ტანეკემ მხიარულად აუწყა, სარდაფში
დავიძინებ, გრიტი კი - სხვენზეო, შეფიქრიანებულმა ქალმა ჩიბუხიდან ბოლი გამოუშვა და მოიქუფრა.

- შეგეძლოთ, უბრალოდ, ერთმანეთისთვის ადგილები გაგეცვალათ, - თქვა მან და ჩიბუხი მოგვიშვირა ჯერ
ერთს, მერე კი - მეორეს. - გრიტს ძიძასთან დაეძინა, შენ კი - მის ადგილას, სარდაფში. და არავის
დასჭირდებოდა სხვენზე დაბინავება.

მაგრამ ტანეკე მას არ უსმენდა: თავისი გამარჯვებით იმდენად აღფრთოვანებული გახლდათ, რომ ვერ
შეამჩნია, რაოდენ ლოგიკური იყო მარია თინსის სიტყვები.

- ქალბატონი დაგვთანხმდა, - სასხვათაშორისოდ ვთქვი. მარიამ თინსმა ალმაცერად, მაგრამ ყურადღებით


გადმომხედა.

სხვენზე დაბინავების შემდეგ ბატონისთვის საღებავების დამზადება აღარ მიჭირდა, თუმცა საამისოდ ცოტა
დრო მრჩებოდა. შემეძლო, უფრო გვიან დავწოლილიყავი და შედარებით ადრე ავმდგარიყავი, მაგრამ ზოგჯერ
იმდენად მტვირთავდა, რომ სხვადასხვა საბაბს ვიგონებდი სადილის შემდეგ სხვენზე ასასვლელად, თუმცა ამ
დროს, წესისამებრ, ბუხართან უნდა ვმჯდარიყავი და მეკერა. ვწუწუნებდი, თითქოს ბნელ სამზარეულოში
მკაფიოდ ვერ ვხედავდი გვირისტულებს და მერჩივნა, ნათელ სხვენზე მემუშავა. ან ვამბობდი, რომ მუცელი
მტკიოდა და წამოწოლა მინდოდა. ყოველთვის, როდესაც ასეთ საბაბს ვასახელებდი, მარია თინსი კვლავ
ალმაცერად გადმომხედავდა ხოლმე, მაგრამ არაფერს ამბობდა.

სიცრუეს მივეჩვიე.

მას შემდეგ, რაც ბატონის სურვილით სხვენზე გადავბარგდი, მან მე მომანდო საქმის ისე განაწილება, რომ
საღებავების დასამზადებლად დრო დამრჩენოდა. არასოდეს უცდია, დამხმარებოდა და რაიმე საბაბი
მოეგონებინა. არც იმას მეკითხებოდა, შემეძლო თუ არა დროის გამონახვა დამატებითი სამუშაოსთვის.
უბრალოდ, ყოველ დილას დავალებებს მაძლევდა და თითქოს დარწმუნებული იყო, რომ მეორე დილისთვის
ეს დავალებები შესრულებული იქნებოდა.

77
საღებავებზე მუშაობა ჩემს მალულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სიძნელეს ანაზღაურებდა.
მომწონდა ბატონის მიერ აფთიაქიდან მოტანილი მასალის - ძვლის, ტყვიის თეთრას, ენდროს, მურდასანგის -
სრესა, რის შედეგადაც საღებავები წმინდა და ხასხასა შეფერილობას იღებდა. დავრწმუნდი, რომ რაც უფრო
წმინდა იყო ფხვნილი, მით უფრო მკვეთრი ფერის საღებავი გამოდიოდა. ენდროს უხეში უფერული ნატეხები
გასრესისა და სელის ზეთში განზავების შემდეგ ხასხასა ალისფერ საღებავს იძლეოდა. ამ და სხვა საღებავების
დამზადება მაგიურ რიტუალს წააგავდა.

ბატონმა ისიც მასწავლა, როგორ უნდა გამერეცხა მასალა, მისგან მინარევები რომ მომეშორებინა და
ნამდვილი ფერი მიმეღო. ზოგჯერ ოცდაათჯერ მაინც ვავლებდი მასალას ნიჟარებში ან მომცრო ჯამებში,
რათა ცარცი, ქვიშა ან კენჭები მომეცილებინა. ეს ხანგრძლივი და მოსაწყენი სამუშაო იყო, მაგრამ უდიდეს
სიამოვნებას მანიჭებდა იმის ხილვა, თუ როგორ იწმინდებოდა და სათანადო ფერს იღებდა საღებავი. ბატონი
მხოლოდ ულტრამარინის დამზადებას არ მანდობდა. ლაზურიტი იმდენად ძვირი იყო, ხოლო ამ
მინერალიდან ლურჯი საღებავის მიღების პროცესი - იმდენად რთული, რომ ყოველთვის თვითონ ამზადებდა.
მის გვერდით ყოფნას მივეჩვიე. ზოგჯერ გვერდიგვერდ ვიდექით: მე ტყვიის თეთრას ვსრესდი, ის კი
ლაზურიტს რეცხავდა ან ცეცხლზე ჟანგმიწას წვავდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა. საერთოდ,
გულჩათხრობილი ადამიანი იყო. მეც ვდუმდი, მაგრამ ნათელ ოთახში სიმყუდროვე და სიმშვიდე სუფევდა.
მუშაობის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს სურიდან ხელებზე წყალს ვუსხამდით და ჯაგრისით საღებავს
ვიცილებდით.

სხვენზე ძალიან ციოდა, თუმცა იქ იყო პატარა ბუხარი, რომელშიც ის სელის ზეთს აცხელებდა ან საღებავებს
წვავდა. ბუხარში ცეცხლის დანთებას ვერიდებოდი, რადგან კატარინასა და მარია თინსისთვის უნდა ამეხსნა,
რატომ ვწვავდი ამდენ ტორფსა და შეშას.

როდესაც ის ჩემ გვერდით იყო, იმდენად აღარ მციოდა - მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი.

ერთხელ ახალდანაყილ მურდასანგს ვრეცხავდი. უეცრად სახელოსნოში მარია თინსის ხმა მომესმა. ბატონი
ხატავდა, მეფუნთუშის ქალიშვილი დროდადრო ოხრავდა.

- გცივა, გოგონა? - ჰკითხა მარია თინსმა.

- ცოტათი, - გაისმა ჩუმი ხმა.

- სათბურას რატომ არა იყენებთ?

ბატონმა რაღაც იმდენად ჩუმად უპასუხა, რომ ვერაფერი გავიგონე.

- სურათზე არ გამოჩნდება. ესღა გვაკლია, ავად გახდეს.

და კვლავ ვერ გავარჩიე, რა უპასუხა ბატონმა.

- გრიტი მოუტანს, - შესთავაზა მარია თინსმა. - სხვენზე უნდა ჰქონდეს, რადგან ამას წინათ მუცელი სტკიოდა.
ახლავე ვნახავ და ვეტყვი.

მარია თინსი კიბეზე გაცილებით უფრო სწრაფად ამოვიდა, ვიდრე ხანდაზმული ქალისგან იყო
მოსალოდნელი. კიბესთან მისვლა ვერ მოვასწარი, რომ უკვე შუაგზაზე იყო. უკან დავიხიე. ვერსად
დავემალებოდი და ვერც რაიმეს დამალვას მოვასწრებდი.

78
მარია თინსმა თვალი შეავლო მაგიდაზე რიგებად დაწყობილ ნიჟარებს, წყლიან სურას და ჩემს წინსაფარს,
მურდასანგის ლაქები რომ აჩნდა.

- აი თურმე აქ რას აკეთებ, გოგონი! ასეც ვფიქრობდი.

თვალები დავხარე. არ ვიცოდი, რა მეთქვა.

- შენ კი ამბობდი, მუცელი მტკივა და თვალები მეღლებაო. იცი რა, აქ ყველა იდიოტი როდია.

„მას ჰკითხე, - მინდოდა მეპასუხა. - ჩემი ბატონია. მისი ბრძანებით ვმუშაობ“.

მაგრამ მარია თინსმა მას არაფერი უთხრა. ისიც არ ამოსულა კიბეზე, რომ აეხსნა, აქ რას ვაკეთებდი.

დიდხანს ვდუმდით. შემდეგ მარია თინსმა მკითხა:

- დიდი ხანია, რაც ეხმარები?

- რამდენიმე კვირაა, ქალბატონო.

- შევამჩნიე, რომ ბოლო ხანებში უფრო სწრაფად მუშაობს.


თავი ავწიე და შევხედე. ეტყობოდა, რომ რაღაც აწონ-დაწონა.

- შენი წყალობით უფრო სწრაფად ხატავს, - თქვა მან ხმადაბლა. - ასე რომ მუშაობა განაგრძე. ტანეკესთან და
ჩემს ქალიშვილთან ერთი სიტყვაც არ წამოგცდეს.

- დიახ, ქალბატონო.

მან ჩაიცინა:

- დიდი ხნის წინ უნდა მივმხვდარიყავი. ძალიან ცუღლუტი კი ხარ! კინაღამ მომატყუე! წადი, იმ საწყალ გოგოს
სათბურა მიუტანე.

*****

სხვენზე ძალიან ტკბილად მეძინა ხოლმე. საწოლის თავზე, ჩემს ფეხებთან აღარ ეკიდა ჯვარცმის ამსახველი
სურათი, რომელიც ესოდენ მაფორიაქებდა. იქ საერთოდ არც ერთი სურათი არ ეკიდა, მხოლოდ სელის ზეთის
სასიამოვნო სურნელი და მიწის საღებავების მძაფრი არომატი ტრიალებდა. მომწონდა ახალი ეკლესიის ხედი,
რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა და მომწონდა სიჩუმე. აქ, ბატონის გარდა, არავინ მოდიოდა. გოგონები არ
ამოდიოდნენ და ჩემს ნივთებშიც არავინ იქექებოდა. აქ ისეთი განმარტოებული ვიყავი, თითქოს ამ ხმაურიან
სახლში კი არ ვცხოვრობდი, არამედ ზევიდან დავყურებდი მას.

თითქმის ისევე, როგორც ის.

79
რაც მთავარია, შემეძლო მეტი დრო გამეტარებინა სახელოსნოში. ზოგჯერ, გვიან ღამით, როდესაც ყველას
ეძინა, საწოლიდან ვდგებოდი, საბანში ვეხვეოდი და ძირს ჩავდიოდი. სანთელს ვანთებდი ან, მთვარიან
ღამით, დარაბებს ვაღებდი და ვათვალიერებდი სურათს, რომელსაც ის ხატავდა. ზოგჯერ სიბნელეში
ვჯდებოდი მაგიდასთან, ერთ-ერთ ლომისთავებიან სკამზე და იდაყვით ლურჯ-წითელ სუფრას
ვეყრდნობოდი. წარმოვიდგენდი, ვითომ მოყვითალო-შავი ქულაჯა მეცვა, მარგალიტის მძივი მეკეთა და
ხელში ღვინით სავსე ჭიქა მეჭირა.

მხოლოდ ერთი რამ არ მომწონდა - ის, რომ ღამით სხვენზე მკეტავდნენ.

კატარინამ სახელოსნოს გასაღები მარია თინსს გამოართვა და თვითონ კეტავდა (ან აღებდა) კარს. ალბათ,
ამის წყალობით გრძნობდა თავის ძალაუფლებას. ის, რომ სხვენზე დავბინავდი, მაინცდამაინც არ
სიამოვნებდა - ამის გამო ხომ მასთან უფრო ახლოს ვიყავი. როცა მომეპრიანებოდა, შემეძლო ჩავსულიყავი
სახელოსნოში, რომელიც კატარინასთვის მიუწვდომელი იყო.

ცოლისთვის, ალბათ, ძნელი იყო ამგვარ მდგომარეობასთან შეგუება.

ერთხანს ყველაფერი კარგად იყო. დროდადრო ნაშუადღევს ვიპარებოდი, რათა საღებავები გამერეცხა და
დამესრისა. კატარინას ამ დროს ეძინა ხოლმე, რადგან ფრანცისკუსი ღამღამობით ხშირად აღვიძებდა.
ტანეკეც თვლემდა ხოლმე სამზარეულოში. ამიტომ საბაბის მოგონება არ მჭირდებოდა. გოგონები იოჰანესს
უვლიდნენ, სიარულსა და ლაპარაკს ასწავლიდნენ და იშვიათად ამჩნევდნენ ჩემს არყოფნას. თუკი
შეამჩნევდნენ, მარია თინსი ეუბნებოდა, რომ ზემოთ გამგზავნა რაღაცის მოსატანად, ან კიდევ - რომ მისთვის
რაღაცას ვკერავდი, რასაც კაშკაშა სინათლე სჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ისინი ბავშვები იყვნენ,
თავიანთი საქმეებით იყვნენ გართული და უფროსების ცხოვრება არ აინტერესებდათ, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც ეს მათ უშუალოდ ეხებოდა.

ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი.


ერთხელ თეთრ საღებავს ვრეცხავდი და უეცრად გავიგონე, როგორ მეძახდა ქვემოდან კორნელია. ხელები
სწრაფად გავიწმინდე და მოვიხსენი წინსაფარი, რომელსაც მუშაობისას ვიკეთებდი. შემდეგ სხვა წინსაფარი
გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. კორნელია სახელოსნოს ზღურბლზე იდგა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,
თითქოს მის წინ გუბე იყო და მასში შებიჯება სურდა.

- რა გინდა? - ვკითხე საკმაოდ მკვახედ.

- ტანეკე გეძახის.

კორნელია მიტრიალდა და კიბისკენ გაემართა. კიბის თავზე შეჩერდა.

- დამეხმარე, გრიტ, - მთხოვა მან. - წინ წადი. თუ დავეცემი, დამიჭერ. ძალიან მაღალი საფეხურებია.

საერთოდ, არაფრის ეშინოდა - თვით მაღალი კიბისაც, რომელზეც არც ისე ხშირად ადიოდა ხოლმე. მისმა
თხოვნამ გული მომილბო. შესაძლოა, ვინანე კიდეც, რომ ასე მკაცრად დაველაპარაკე. კიბეზე ჩავედი,
მოვტრიალდი და ხელები გავუწოდე:

- ახლა შენ ჩამოდი.

კორნელია ზემოთ იდგა. ხელები ჯიბეებში ეწყო. შემდეგ კიბეზე დაეშვა. ცალი ხელით მოაჯირს ეჭიდებოდა,
მეორე კი მომუჭული ჰქონდა. როდესაც რამდენიმე საფეხური იყო დარჩენილი, უცებ გადმოხტა, დამეჯახა და

80
მუცელში მუშტი მაგრად ჩამარტყა. შემდეგ წამოხტა, თავი უკან გადასწია, თაფლისფერი თვალები მოჭუტა და
გადაიკისკისა.

- საძაგელო! - წავიბურტყუნე მე. ვნანობდი, რომ ლმობიერად მოვექეცი.

ტანეკე სამზარეულოში იყო. მუხლებზე იოჰანესი ეჯდა.

- კორნელიამ მითხრა, რომ მეძახდი.

- ჰო, საყელო დაეხა და უნდა, რომ დაუკემსო. მე რატომღაც არ მომცა - არ ვიცი, რატომ. ხომ იცის, რომ შენზე
უკეთ ვკემსავ საყელოებს.

ტანეკემ საყელო მომაწოდა და ჩემს წინსაფარს შეხედა.

- ეს რა არის? სისხლი?

წინსაფარს დავხედე. წითელი ზოლი ემჩნეოდა და ფანჯრის მინაზე დაჩნეულ ნაღვენთს ჰგავდა. წამით
ყასბების წინსაფრები გამახსენდა. ტანეკე წინ გადმოიხარა.

- სისხლი არაა. წითელ ფხვნილს ჰგავს. როგორ დაისვარე წინსაფარი?

ზოლს ვუყურებდი. ეს ენდროა-მეთქი, გავიფიქრე. რამდენიმე კვირის წინ დავსრისე. დერეფნიდან ჩუმი
ხითხითი მომესმა.

კორნელია საგანგებოდ მოემზადა ამ ოინისთვის. სხვენზეც კი აძვრა და წითელი ფხვნილი მოიპარა.

არ ვიცოდი, რა მეპასუხა ტანეკესთვის. ის კი სულ უფრო იჭვნეულად მიყურებდა.

- ბატონის ნივთებში იქექები? - მითხრა მკაცრად. ბოლოს და ბოლოს, ტანეკე მისი მოდელი იყო და იცოდა, რას
ინახავდა ბატონი თავის სახელოსნოში.

- არა, ეს იყო... - და გავჩუმდი. რადგან მივხვდი, რომ კორნელიას დასმენა არ ივარგებდა. ტანეკეც მიხვდებოდა,
რას ვაკეთებდი სხვენზე.
- ახალგაზრდა ქალბატონს ვაჩვენოთ, - გადაწყვიტა ტანეკემ.

- არა, - სწრაფად ვუპასუხე.

ტანეკე წელში გაიმართა, თუმცა მძინარე ბავშვი ეკავა.

- მოიხსენი წინსაფარი! - მიბრძანა. - ახალგაზრდა ქალბატონს ვაჩვენებ.

- ტანეკე, - ვუთხარი და მშვიდად გავუსწორე თვალი, - შენთვის უკეთესია, კატარინა არ შეაწუხო. ჯობია, მარია
თინსს დაელაპარაკო. როდესაც მარტო იქნება, გოგონების გარეშე.

ამ სიტყვებმა და დაქადნებამ საბოლოოდ წაახდინა ჩემი და ტანეკეს ურთიერთობა. მისი დაშინება სულაც არ
მინდოდა - უბრალოდ, რადაც უნდა დამჯდომოდა, ხელი უნდა შემეშალა იმაში, რომ კატარინასთან დავესმინე.
ტანეკემ არასოდეს მაპატია, რომ ისე დაველაპარაკე, თითქოს ჩემი ხელქვეითი იყო.

81
ყოველ შემთხვევაში, ჩემმა სიტყვებმა შედეგი გამოიღო. ტანეკემ გაბოროტებული მზერა მესროლა, მაგრამ ამ
გაბოროტებით ეჭვებს ნიღბავდა, და იმასაც, რომ სურდა ყველაფერი თავისი საყვარელი ქალბატონისთვის
შეეჩივლა. მეორე მხრივ, სურდა ჩემი თავხედობის გამო დავესაჯე და საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად
მოქცეულიყო.

- დაელაპარაკე შენს ქალბატონს, - წყნარად გავუმეორე. - მაგრამ მაშინ, როდესაც მარტო იქნება.

კარისკენ ზურგშექცევით ვიდექი, მაგრამ გავიგონე, როგორ მოშორდა მას კორნელია.

ტანეკეს თავდაცვის ინსტინქტმა გაიმარჯვა. მან გაყინული სახით გადმომცა იოჰანესი და მარია თინსის
საძებრად წავიდა. სანამ ბიჭუნას მუხლებზე დავისვამდი, ფრთხილად მოვიშორე წითელი საღებავი ჩვრით,
რომელიც შემდეგ ცეცხლში ჩავაგდე. ლაქა მაინც ეტყობოდა. ვიჯექი, ბიჭუნას ვიხუტებდი და ველოდებოდი,
როგორ გადაწყდებოდა ჩემი ბედ-იღბალი.

ვერასოდეს შევიტყვე, რა უთხრა მარია თინსმა ტანეკეს, მუქარით მიაღწია თუ დაპირებებით იმას, რომ
არავისთვის არაფერი ეთქვა. მაგრამ საწადელს კი მიაღწია - ტანეკეს ჩემი მალული საქმიანობის შესახებ არც
კატარინასთვის უთქვამს რამე, არც გოგონებისთვის და არც ჩემთვის. მაგრამ გაცილებით უფრო მკაცრად
მექცეოდა და განზრახ მირთულებდა ცხოვრებას. როდესაც მისი დავალებით ბაზრიდან ვირთევზა მოვიტანე,
დაიფიცა, კამბალას ყიდვა გთხოვეო, და ხელახლა გამგზავნა ბაზარში. სამზარეულოში დაუდევრად იქცეოდა
და ცხიმით სვრიდა წინსაფარს. ამიტომ ტანსაცმელი დიდხანს უნდა ჩამელბო და მერეცხა, ეს ლაქები რომ
გამომეყვანა. ცარიელ ვედროებს მახვედრებდა - სამზარეულოს ცისტერნის ასავსებად და იატაკების სარეცხად
წყალი აღარ მოჰქონდა. ბოროტად მიყურებდა და ფეხებს არ სწევდა, როდესაც სამზარეულოს იატაკს
ვრეცხავდი. შემდეგ ვამჩნევდი ხოლმე, რომ მის ცალი ფეხის ქვეშ წებოვანი ცხიმიანი ლაქა დარჩენილიყო.

თავაზიანად აღარ მელაპარაკებოდა. ისე მექცეოდა, რომ ხალხმრავალ სახლში მარტოობას ვგრძნობდი.

ვეღარ ვბედავდი, ცოტაოდენი გემრიელი საჭმელი წამეღო შინ და მამაჩემი გამეხარებინა. მშობლებს არ
ვუმხელდი, როგორ მიმძიმდა აუდე ლანგენდეიკის ქუჩაზე მუშაობა და რაოდენ ფრთხილად ვიქცეოდი, რომ
სამსახური არ დამეკარგა. ვერც იმ საქმიანობის შესახებ ვუამბობდი, რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა -
როგორ ვამზადებდი საღებავებს, როგორ ვიჯექი ღამღამობით სახელოსნოში და ვერც იმ წუთებს აღვწერდი,
როდესაც გვერდიგვერდ ვშრომობდით და მისი სხეულის სითბო მათბობდა.

მხოლოდ მისი ნახატების შესახებ შემეძლო მელაპარაკა მათთან.


*****

აპრილის ერთ დილას, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, დათბა, კოორნმარკტის ქუჩაზე მივდიოდი. აფთიაქში
მიმეჩქარებოდა. უეცრად ჩემ გვერდით უმცროსი პიტერი გაჩნდა და მომესალმა. ვერც კი შევნიშნე, როდის
დამეწია. სუფთა წინსაფარი ეკეთა და პაკეტი ეჭირა, რომელიც, მისი თქმით, კოორნმარკტის ერთ-ერთ სახლში
უნდა მიეტანა. ერთი გზა გვქონდა და მკითხა, ნებას დამრთავ თუ არა, რომ გაგაცილოო. თავი დავუქნიე - უარი
რატომ უნდა მეთქვა? მთელი ზამთრის განმავლობაში მას კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვხედავდი ბაზარში.
პიტერის დაჟინებული მზერა მეხამუშებოდა - თვალებით თითქოს კანს მიხვრეტდა. ზედმეტ, მომაბეზრებელ
ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ.

- დაღლილი სახე გაქვს, - მითხრა მან. - თვალებიც ჩაგწითლებია. ალბათ, სამუშაოთი ძალიან გტვირთავენ.

82
რა თქმა უნდა, ძალიან მტვირთავდნენ. ბატონის თხოვნით, იმდენ სპილოს ძვალს ვსრესდი, რომ ძალიან ადრე
თუ არ ავდგებოდი, ყველაფერს ვერ მოვასწრებდი. წინა საღამოს კი ტანეკემ მაიძულა, მეორედ მომერეცხა
იატაკი, მას შემდეგ, რაც ცხიმიანი ქვაბი ძირს დააგდო.

არ მინდოდა, ჩემი ბატონი რაიმეში დამედანაშაულებინა.

- ტანეკემ ამითვალწუნა, - ესღა ვუთხარი. - სულ უფრო მეტი სამუშაოთი მტვირთავს. თანაც, დათბა და
საგაზაფხულოდ სახლს ვალაგებთ.

ეს იმიტომ დავამატე, რომ არ ეფიქრა, ტანეკეს ვუჩიოდი.

- ტანეკე უცნაური ქალია, - მითხრა პიტერმა, - მაგრამ თავისი ბატონების ერთგულია.

- მხოლოდ მარია თინსისა.

- არა, მთელი ოჯახისა. გახსოვს, როგორ იცავდა კატარინას მისი შეშლილი ძმისგან?

თავი გავაქნიე:

- არ ვიცი, რას გულისხმობ.

პიტერს გაუკვირდა:

- როგორ, არაფერი იცი? ამაზე ყასბები რამდენიმე დღის განმავლობაში ჭორაობდნენ. ჭორები არ გიყვარს,
ხომ? ყველაფერს ამჩნევ, მაგრამ არ ჭორაობ და არც ჭორებს უსმენ, - როგორც ჩანს, ჩემი ეს თვისება
მოსწონდა. - მე კი მთელი დღეების განმავლობაში ვისმენ ხორცის რიგში ჩამდგარი დედაბრების ჭორაობას.
ზოგიერთი ჭორი უნებურად მამახსოვრდება.

- რა ჩაიდინა ტანეკემ? - წამომცდა უნებურად.

პიტერს გაეღიმა:

- როდესაც შენი ქალბატონი წინა ბავშვზე იყო ფეხმძიმედ... რა ჰქვია ბავშვს?

- იოჰანესი. მამამისივით.

პიტერი მოიღუშა და მზეს თითქოს ღრუბელი გადაეფარა.

- ჰო, მამამისივით, - და განაგრძო: - ჰოდა, ერთხელ მათ კატარინას ძმა, ვილემი ეწვია და პირდაპირ ქუჩაში
სცემა თავის დას. კატარინა კი უკვე კარგა ხნის ორსული იყო.
- რატომ სცემა?

- ამბობენ, იმ ბიჭს ცოტა აკლიაო. ერთთავად გაღიზიანებულია. მამაც ასეთივე ჰყავს. ხომ იცი, მარია თინსი
დიდი ხნის წინ განქორწინდა კატარინას მამასთან. ისიც სცემდა ცოლს.

- მარია თინსს სცემდა? - გავიმეორე გაკვირვებით. ვერ წარმომედგინა, რომ მარია თინსის ცემას ვინმე
გაბედავდა.

83
- და როდესაც ვილემმა კატარინას ცემა დაუწყო, ტანეკე, მგონი, შუაში ჩაუვარდა და-ძმას, ახალგაზრდა
ქალბატონი რომ დაეცვა. ვილემი კარგად გატყიპა კიდეც.

სად იყო იმ დროს ჩემი ბატონი? შეუძლებელია, თავის სახელოსნოში დარჩენილიყო. ეს წარმოუდგენლად
მომეჩვენა. ალბათ, გილდიაში იყო წასული, ან ლევენჰუკს შეხვდა, ან „მეხელენში“ შეიარა, დედამისთან.

- მარია თინსის და კატარინას მოთხოვნით, ვილემი თავის სახლში გამოკეტეს და ქუჩაში გამოსვლა
აუკრძალეს. ნუთუ ამის შესახებ არაფერი გსმენია? თქვენთან ამაზე არაფერს ლაპარაკობენ?

- მე არაფერს მეუბნებიან, - გამახსენდა, რამდენჯერ განმარტოვდნენ კატარინა და დედამისი ჯვარცმიან


ოთახში და როგორ ჩუმდებოდნენ, როდესაც იქ შევდიოდი. - კარებთან მიყურადება კი არ მჩვევია.

- რა თქმა უნდა, არა, - კვლავ გაიღიმა პიტერმა, თითქოს რაიმე სასაცილო მეთქვას. სხვების მსგავსად, ისიც
ფიქრობდა, რომ ყველა მსახური ფარულად ყურს უგდებს ბატონების საუბარს. მსახურების შესახებ ბევრს
რასმე ამბობდნენ და ყველა ფიქრობდა, რომ მეც ასევე ვიქცეოდი.

დარჩენილი გზა ისე გავიარეთ, რომ ხმა აღარ ამომიღია. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტანეკე ესოდენ
ერთგული და გაბედული იყო, მიუხედავად იმისა, რასაც კატარინაზე ჭორაობდა; ან რომ კატარინას ვინმე
დაჩაგრავდა, მარია თინსს კი ასეთი ვაჟიშვილი ეყოლებოდა. გავიფიქრე, ნუთუ ფრანსსაც შეუძლია, ქუჩაში
ხელით შემეხოს-მეთქი, და გადავწყვიტე, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა.

პიტერს მეტი აღარაფერი უთქვამს - ხედავდა, რაოდენ გაოგნებული ვიყავი. როდესაც აფთიაქთან მივედით,
უბრალოდ, იდაყვზე ხელი მომისვა და გზა გააგრძელა. წუთით არხის მუქ მწვანე წყალს მივაჩერდი, მერე კი
თავი გავაქნიე, გონს რომ მოვსულიყავი, და აფთიაქში შევედი. შევეცადე, არ მეფიქრა სურათზე, რომელიც
თვალწინ მედგა: დედაჩემის სამზარეულოს იატაკზე დანა ბზრიალებდა.

*****

ერთ კვირადღეს პიტერი ჩვენს ეკლესიაში მოვიდა და წირვას დაესწრო. დედ-მამასთან ერთად უკვე ეკლესიაში
ვიყავი, როდესაც შემოვიდა და ჩვენ უკან დაჯდა. ის მხოლოდ წირვის შემდეგ შევნიშნე, როდესაც ეკლესიის
ეზოში მეზობლებს ვესაუბრებოდით. პიტერი განზე იდგა და თვალს არ მაშორებდა. სუნთქვა შემეკრა. კარგია,
რომ პროტესტანტია-მეთქი, გავიფიქრე. მანამდე ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. მას შემდეგ, რაც პაპისტთა
უბანში მუშაობა დავიწყე, ბევრ რამეში მეპარებოდა ეჭვი.

დედაჩემმა დაინახა, საითაც ვიყურებოდი.

- ვინ არის? - მკითხა მან.

- ყასბის ვაჟი.
დედამ გამომცდელად შემომხედა. მის თვალებში ცნობისმოყვარეობა და შიში ილანდებოდა.

- მიდი მასთან, - წამჩურჩულა, - და აქ მოიყვანე.

84
დავუჯერე და პიტერთან მივედი.

- რისთვის მოხვედი? - ვკითხე, თუმცა მესმოდა, რომ თავაზიანად უნდა მოვქცეოდი.

პიტერმა გამიღიმა:

- გამარჯობა, გრიტ! არც ერთ ტკბილ სიტყვას არ მეტყვი?

- რისთვის მოხვედი?

- დელფტის სხვადასხვა ეკლესიაში ვესწრები ხოლმე წირვას, რათა საბოლოოდ ავირჩიო ის, რომელიც
ყველაზე მეტად მომეწონება. ამას, ალბათ, დიდი დრო დასჭირდება.

როდესაც დაინახა, რომ ხუმრობა დიდად არ მეპიტნავებოდა, სერიოზული კილოთი დამელაპარაკა:

- იმისთვის მოვედი, რომ შენი მშობლები გავიცნო.

გავწითლდი და ავღელდი.

- არ არის საჭირო.

- რატომ?

- ჩვიდმეტი წლისა ვარ. ამგვარ რამეებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ.

- მეც არ ვჩქარობ, - მითხრა პიტერმა.

ხელებზე დავხედე - საგულდაგულოდ დაებანა, მაგრამ ფრჩხილების ირგვლივ სისხლის ნაკვალევი ემჩნეოდა.
გამახსენდა, როგორ შემეხო ჩემი ბატონი ხელზე, როდესაც ძვლის სრესას მასწავლიდა. გამაჟრჟოლა.

ყველა ჩვენ გვიყურებდა, რადგან ეკლესიაში პიტერს არავინ იცნობდა. ლამაზი ყმაწვილი იყო - ამას მეც კი
ვამჩნევდი - გრძელი ხვეული ქერა თმა და ბრიალა თვალები ჰქონდა, სახეზე კი ყოველთვის ღიმილი ეფინა.
რამდენიმე ქალიშვილი ცდილობდა, მისი ყურადღება მიექცია.

- შენს მშობლებს არ გამაცნობ?

ჩემიანებთან უხალისოდ მივიყვანე. პიტერმა დედაჩემს თავი დაუკრა და მაგრად ჩამოართვა ხელი მამას,
რომელიც დაიბნა და უკან დაიხია. მას შემდეგ, რაც თვალისჩინი დაკარგა, უცნობ ადამიანებს უფრთხოდა.
თანაც, არასოდეს გაუცნია მამაკაცი, რომელსაც მოვწონდი.

- ნუ ღელავ, მამა, - წავჩურჩულე, სანამ დედა პიტერს მეზობელ ქალს აცნობდა. - არ მიგატოვებ.

- უკვე მიგვატოვე, გრიტ. მაშინ, როდესაც შინამოსამსახურედ მუშაობა დაიწყე.

მიხაროდა, რომ მამა ჩემს აცრემლებულ თვალებს ვერ ხედავდა.


*****

85
ახალგაზრდა პიტერი ჩვენს ეკლესიაში ყოველ კვირას არ მოდიოდა, მაგრამ მაინც იმდენად ხშირად
ესწრებოდა ხოლმე წირვას, რომ ეკლესიაში ვფორიაქობდი, სკამზე დაჯდომისას გულმოდგინედ ვისწორებდი
ქვედატანს და ტუჩებს ვიკვნეტდი.

- მოვიდა? - მეკითხებოდა მამა ყოველ კვირადღეს და თავს აქეთ-იქით ატრიალებდა.

პასუხის გაცემას დედაჩემს ვანდობდი.

- ჰო, - უპასუხებდა ხოლმე ის, - აქაა.

ან:

- არა, არ მოსულა.

პიტერი ჯერ ჩემს მშობლებს ესალმებოდა ხოლმე, შემდეგ კი - მე. პირველ ხანებში ისინი უხერხულობას
გრძნობდნენ, მაგრამ პიტერი მეგობრულად ესაუბრებოდა მოხუცებს და ყურადღებას არ აქცევდა არც მათ
ხანგრძლივ დუმილს და არც შეუსაბამო პასუხებს. ადამიანების გულის მოგება ეხერხებოდა - მამამისთან
ხორცის საყიდლად ხომ უამრავი მუშტარი მოდიოდა. თანდათანობით ჩემი მშობლები მიეჩვივნენ მას.
როდესაც მამას პირველად გაეცინა პიტერის ხუმრობაზე, თვითონვე იმდენად გაუკვირდა, რომ მაშინვე
მოიღუშა, სანამ მორიგ ხუმრობაზე კვლავ გაეცინებოდა.

პიტერთან საუბრის შემდეგ მშობლები ყოველთვის გადიოდნენ და მარტო გვტოვებდნენ. ისიც


კეთილგონივრულად უცდიდა, როდის გავიდოდნენ ისინი. თავიდან მშობლები ასე არ იქცეოდნენ, მაგრამ
მერე, ერთ კვირადღეს, დედამ მრავალმნიშვნელოვნად ჩასჭიდა ხელი მამას და უთხრა:

- წამოდი, მღვდელს დაველაპარაკოთ.

რამდენიმე კვირადღის განმავლობაში ვუფრთხოდი ამ წუთს, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე პიტერთან მარტო
დარჩენას, როდესაც ამდენი ადამიანი გაფაციცებით გვაკვირდებოდა. პიტერი ზოგჯერ ფრთხილად
მაჯავრებდა ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად მეკითხებოდა, რას ვაკეთებდი კვირის განმავლობაში ან მიყვებოდა
ამბებს, რომლებიც ხორცის გაყიდვისას შეიტყო, ზოგჯერ კი საქონლის ბაზარზე ჩატარებულ აუქციონებს
აღწერდა; მოთმინებით იტანდა ჩემს დუმილს, მკვახე კილოს და განურჩევლობას.

ჩემი ბატონის შესახებ არასოდეს მელაპარაკებოდა. მეც არ მითქვამს, რომ ბატონისთვის საღებავებს
ვამზადებდი და მიხაროდა, რომ არაფერს მეკითხებოდა.

იმხანად თავგზა მქონდა აბნეული. ხშირად, იმის ნაცვლად, რომ პიტერისთვის მესმინა, ბატონზე ვფიქრობდი.

მაისის ერთ კვირადღეს, როდესაც ვერმეერების სახლში უკვე ერთი წელი მქონდა ნამუშევარი, დედაჩემმა
პიტერს ჰკითხა:

- მომდევნო კვირადღეს, წირვის შემდეგ, ჩვენთან ხომ არ ისადილებ?

პიტერს გაეღიმა, როდესაც დაინახა, რომ მოულოდნელობისგან პირი დავაღე.

- მოვალ, - თქვა მან.

86
გარკვევით ვერც კი გავიგონე, რა თქვა ამის შემდეგ. როდესაც წავიდა და შინ შევბრუნდით, მომინდა,
დამეყვირა დედაჩემისთვის, მაგრამ თავი შევიკავე და ხმადაბლა ვკითხე:
- რატომ არ მითხარი, რომ პიტერის დაპატიჟებას აპირებდი?

დედამ ალმაცერად გადმომხედა.

- დიდი ხნის წინ უნდა დამეპატიჟა, - მითხრა მხოლოდ.

არც ცდებოდა. უდიერი საქციელი იქნებოდა, პიტერი ჩვენთან რომ არ მოგვეწვია. თაყვანისმცემლები მანამდე
არ მყოლია, მაგრამ ქცევის წესები კარგად ვიცოდი. თუ პიტერს სერიოზული განზრახვა ჰქონდა, ჩემი
მშობლებიც სათანადოდ უნდა მოქცეულიყვნენ.

ისიც ვიცოდი, რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული ჩვენს სახლში მისი მოწვევა. მშობლები ხელმოკლედ
ცხოვრობდნენ. ჩემი ჯამაგირისა და იმ თანხის მიუხედავად, რასაც დედაჩემს ძაფის დართვის საფასურად
უხდიდნენ, ისინი ნახევრად შიმშილობდნენ და გაუჭირდებოდათ კიდევ ერთი ადამიანის, თანაც - ყასბის,
დაპურება. თითქმის ვერაფრით ვეხმარებოდი, მხოლოდ დროდადრო, ტანეკესგან მალულად, ვახერხებდი შინ
რამდენიმე გემრიელი ლუკმის, ბუხრისთვის ნაფოტების, ზოგჯერ - რამდენიმე თავი ხახვისა და ცოტა პურის
მოტანას. მთელი ამ კვირის განმავლობაში ჩემს მშობლებს კიდევ უფრო მეტად უნდა შეეზღუდათ თავიანთი
საკვები და უფრო იშვიათად დაენთოთ ცეცხლი ბუხარში, რათა პიტერს წესისამებრ გამასპინძლებოდნენ.

მაგრამ მაინც დაიჟინეს, უნდა მოვიწვიოთო. არ მიმხელდნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, იმედოვნებდნენ, რომ ამის
წყალობით მომავალში საკმარისი საკვებით უზრუნველყოფილი იქნებოდნენ. ყასბის ცოლი და ცოლის
მშობლები არასოდეს იშიმშილებდნენ. ამიტომ უღირდათ, ახლა ცოტათი გაწვალებულიყვნენ, რათა
მომავალში კუჭი სავსე ჰქონოდათ.

მოგვიანებით პიტერი უკვე ყოველ კვირადღეს გვსტუმრობდა და წინასწარ გვიგზავნიდა ხორცს, რომელსაც
დედაჩემი ამზადებდა. მაგრამ იმ პირველ კვირადღეს დედას ჭკუა ეყო, რომ ყასბის ვაჟს იაფფასიანი ხორცით
არ გამასპინძლებოდა. პიტერი მაშინვე მიხვდებოდა, როგორ გვიჭირდა. დედამ თევზის წვნიანი მოხარშა,
რომელშიც ხამანწკები და ასთაკვის ნაჭრები ჩაამატა. ვერასოდეს შევიტყვე, საიდან იშოვა ფული მათ
საყიდლად.

ჩვენი ღარიბული სახლი დედამ საგულდაგულოდ დაალაგა. მამაჩემის რამდენიმე საუკეთესო ფილა
გააპრიალა და კედლის გასწვრივ დააწყო, რათა პიტერს ისინი დაენახა, როდესაც მაგიდას მიუჯდებოდა.
პიტერმა გულწრფელად შეაქო წვნიანი. დედამ, რომელსაც სახე შეეფაკლა, გაუღიმა და თეფში კიდევ შეუვსო.
სადილის შემდეგ პიტერმა მამაჩემს ფილების შესახებ გამოჰკითხა - თითოეულ მათგანს დაწვრილებით
აღწერდა, ისე, რომ მამაჩემს გაეხსენებინა და დამატებით მოეთხრო რამე.

- საუკეთესო ფილა გრიტს ვაჩუქე, - თქვა მამამ, როდესაც მათ ოთახში დაწყობილი ყველა ფილის შესახებ
იმსჯელეს. - მასზე ჩემი შვილები გამოვსახე.

- სიამოვნებით ვნახავდი, - ჩაილაპარაკა პიტერმა.

დახეთქილ ხელებზე დავიხედე და არაფერი მითქვამს. არავინ იცოდა, რომ კორნელიამ ჩემი ფილა გატეხა.

როდესაც პიტერმა წასვლა დააპირა, დედამ წამჩურჩულა, ქუჩის ბოლომდე გააცილეო. პიტერის გვერდით
მივდიოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა მეზობელი მითვალთვალებდა, იმის მიუხედავად, რომ
წვიმდა და ქუჩაში თითქმის არავინ იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მშობლებმა გარეთ გამომაგდეს,

87
თითქოს ჩემ ზურგს უკან მოილაპარაკეს და ამ კაცისთვის გამიმეტეს. ასეა თუ ისე, პიტერი კარგი ადამიანია,
მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სუფთა ხელები აქვს-მეთქი, გავიფიქრე,

რიტველდის არხის მახლობლად ბნელი შუკაა. პიტერმა წელზე ხელი შემომხვია და იქ შემიყვანა. აგნესი აქ
იმალებოდა ხოლმე, როდესაც ბავშვობისას ვთამაშობდით. კედელთან დავდექი და პიტერს კოცნის ნება
დავრთე. ისეთი აღგზნებული იყო, რომ ტუჩზე მიკბინა. არ მიყვირია, მხოლოდ მოვილოკე მლაშე სისხლი და
აგურის სველ კედელს შევხედე. თვალში წვიმის წვეთი ჩამიგორდა.
პიტერს მხოლოდ კოცნით დაკმაყოფილება არ სურდა, მაგრამ არაფრის უფლება არ მივეცი. რამდენიმე წუთის
შემდეგ უკან დაიხია და ჩემკენ ხელი გამოიწვდინა. გვერდზე გავიწიე.

- კაპორს არასოდეს იხსნი? - მკითხა მან.

- ისეთი მდიდარი არა ვარ, რომ საგანგებოდ ვარცხნილობები გავიკეთო და თავშიშველმა ვიარო, - მივახალე
მე. - ვინ გგონივარ...

ფრაზა არ დამიმთავრებია. თვითონაც ხომ იცოდა, რომ მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არ იხურავდნენ
ქუდებს.

- კი, მაგრამ კაპორი მთლიანად გიფარავს თმას. ქალების უმრავლესობა ცოტათი მაინც აჩენს ხოლმე
კულულებს.

არაფერი ვუპასუხე.

- რა ფერის თმა გაქვს?

- წაბლისფერი.

- ბაცი თუ მუქი?

- მუქი.

პიტერმა ისე გაიღიმა, თითქოს ბავშვს ეთამაშებოდა.

- სწორი თუ ხვეული?

- არც ერთი და არც მეორე. ორივენაირი, - წამოვროშე და შემრცხვა.

- გრძელი თუ მოკლე?

შევყოყმანდი.

- მხრებამდე მწვდება.

პიტერი კვლავ მიღიმოდა. შემდეგ კიდევ ერთხელ მაკოცა და ბაზრის მოედნისკენ გაეშურა.

იმიტომ შევყოყმანდი, რომ არ მინდოდა მეცრუა, მაგრამ არც სიმართლის თქმა მსურდა. გრძელი და ურჩი თმა
მქონდა. როდესაც კაპორს ვიხსნიდი, თითქოს სხვა გრიტი ვიყავი - გრიტი, რომელიც სიამოვნებით
განმარტოვდებოდა ბნელ შუკაში ისეთ მამაკაცთან ერთად, რომელიც ესოდენ მშვიდი, თვინიერი და უბიწო არ

88
იქნებოდა. ეს გრიტი იმ ქალებს დაემსგავსებოდა, რომლებიც თავშიშველი დადიოდნენ. ამიტომ ვმალავდი
თმას კაპორის ქვეშ, რომ იმ გრიტის ყოველგვარი ნიშანწყალი გამექრო.

*****

ბატონმა მეფუნთუშის ქალიშვილის პორტრეტი დაასრულა. ამჯერად წინასწარ შევიტყვე ამის შესახებ, რადგან
საღებავების რეცხვასა და გაქნას აღარ მავალებდა. ახლა საღებავებს თითქმის არ იყენებდა და ბოლოს
აღარაფერი გადაუკეთებია, ისევე, როგორც მარგალიტისმძივიანი ქალის პორტრეტის ხატვისას. სურათში
ცვლილებები უფრო ადრე შეიტანა, როდესაც მასზე ერთი სკამი წაშალა და რუკას ადგილი შეუცვალა. ამ
ცვლილებებს მაინცდამაინც არ გავუკვირვებივარ, რადგან მათ აუცილებლობას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ
სურათი საბოლოოდ გაუმჯობესდებოდა.

ვან ლევენჰუკისგან მან კვლავ ითხოვა კამერა-ობსკურა, რათა უკანასკნელად შეევლო თვალი სურათზე
ასახული სცენისთვის. კამერის დაყენების შემდეგ ნება დამრთო, შიგ ჩამეხედა. ჯერ კიდევ არ მესმოდა ამ
მოწყობილობის არსი, მაგრამ უკვე მომწონდა სურათები, რომლებსაც კამერა გამოსახავდა მინაზე - საგნების
პაწაწინა, მარცხნიდან მარჯვნივ შეტრიალებული გამოსახულებები. ჩვეულებრივი საგნების ფერები აქ უფრო
მკვეთრი ჩანდა - სუფრა უფრო ხასხასა წითელი ფერისა იყო, რუკა კი ისე ლაპლაპებდა, როგორც ლუდით სავსე
ჭიქა, რომელსაც მზის სხივები მსჭვალავს. კარგად არ მესმოდა, როგორ ეხმარებოდა კამერა ხატვაში ბატონს,
მაგრამ, მარია თინსის არ იყოს, ვფიქრობდი, თუკი ამის მეშვეობით უკეთესად ხატავს, საწინააღმდეგო რა უნდა
მქონდეს-მეთქი.

მაგრამ უფრო სწრაფად როდი ხატავდა. ქალიშვილისა და წყლის სურის ხატვას ხუთი თვე მოანდომა. ხშირად
ვშიშობდი, მარია თინსს არ შეეხსენებინა ჩემთვის, რომ ჩემი საქმიანობა უშედეგო იყო და არ ეთქვა, შენი
ბარგი-ბარხანა შეკარი და აქედან წადიო.

მაგრამ მარია თინსი ასე არ მოქცეულა. იცოდა, რომ იმ ზამთარს ბატონს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა
გილდიაშიც და „მეხელენშიც“. შესაძლოა, ქალბატონმა გადაწყვიტა დაეცადა და ენახა, უფრო სწრაფად ხომ
არ იმუშავებდა ზაფხულში. ან იქნებ იმიტომ არ ტუქსავდა, რომ სურათი ძალიან მოსწონდა.

- სამარცხვინოა, რომ ასეთი მშვენიერი სურათი ვიღაც მეფუნთუშის კედელზე უნდა ეკიდოს, - თქვა ერთხელ
მარია თინსმა. - მასში ვან რეივენი მეტს გადაგიხდიდა.

სურათი მეფუნთუშესაც მოეწონა. როდესაც მის სანახავად მოვიდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო, ვიდრე
რამდენიმე თვის წინ, ვან რეივენისა და მისი ცოლის სავსებით ოფიციალური ვიზიტის დროს. მეფუნთუშე
მთელ თავის ოჯახთან ერთად გვესტუმრა, რამდენიმე ბავშვისა და ერთი თუ ორი დის ჩათვლით. ამ მხიარულ
კაცს ქურების სიმხურვალისგან სახე ყოელთვის უღაჟღაჟებდა, ხოლო თმა თითქოს ფქვილით ჰქონდა
დაფიფქული. მარია თინსის მიერ შეთავაზებული ღვინის დალევაზე უარი განაცხადა და ერთი კათხა ლუდი
ამჯობინა. ბავშვები უყვარდა და მოითხოვა, რომ სახელოსნოში ოთხი გოგონა და იოჰანესი შემოეშვათ.
ბავშვებსაც უყვარდათ ის - ყოველ მოსვლაზე გოგონების კოლექციის შესავსებად ახალი ნიჟარა მოჰქონდა.
ახალი ნიჟარა ჩემი მუშტისხელა იყო, გარედან თეთრი, ყვითელლაქებიანი და ხორკლიანი, შიგნით კი გლუვი
და მოვარდისფრო-ნარინჯისფერი. გოგონები აღფრთოვანდნენ და თავიანთი ნიჟარების მოსატანად გაიქცნენ.
ნიჟარები სახელოსნოში მოიტანეს და საკუჭნაოში მეფუნთუშის შვილებთან ერთად თამაში დაიწყეს. მე და
ტანეკე სტუმრებს ვუმასპინძლდებოდით.

89
მეფუნთუშემ განაცხადა, სურათით კმაყოფილი ვარო.

- ჩემი ქალიშვილი მასზე კარგად გამოიყურება და ეს ჩემთვის საკმარისია, - თქვა მან.

მოგვიანებით მარია თინსი წუწუნებდა, რომ ვან რეივენისგან განსხვავებით, მეფუნთუშეს კარგად არც კი
დაუთვალიერებია ნახატი, რომ მას გრძნობები დაუჩლუნგა ლუდმა და უწესრიგობამ, რომელიც მის სახლში
სუფევდა. არ ვეთანხმებოდი, თუმცა, არაფერი მითქვამს. მეჩვენებოდა, რომ მეფუნთუშეს გულწრფელად
მოეწონა ნახატი, მაშინ, როდესაც ვან რეივენი ძალზე დიდხანს უყურებდა სურათს, თავის შთაბეჭდილებებს
მაღალფარდოვანი სიტყვებითა და დაზეპირებული ფრაზებით გამოხატავდა და მეტისმეტად ზრუნავდა
იმაზე, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილება მოეხდინა. მეფუნთუშე, უბრალოდ, იმას
ამბობდა, რასაც გრძნობდა.
საკუჭნაოში შევედი და ბავშვებს დავხედე. იატაკზე ისხდნენ და ნიჟარებს ათვალიერებდნენ. ირგვლივ ქვიშა
ეყარა. ყუთები, წიგნები, ჭურჭელი და ბალიშები, რომლებიც იქ ინახებოდა, სულაც არ აინტერესებდათ.

კორნელია სხვენიდან კიბით ჩამოვიდა. მესამე საფეხურიდან ყიჟინით ჩამოხტა იატაკზე და გამომწვევად
გადმომხედა. მეფუნთუშის ერთ-ერთი ვაჟი, ალეიდისის ასაკისა, ასევე ავიდა რამდენიმე საფეხურზე და ძირს
გადმოხტა. შემდეგ კიბეზე ალეიდისი ავიდა, მას კი დანარჩენი ბავშვებიც აჰყვნენ.

ვერასოდეს შევიტყვე, როგორ მოახერხა კორნელიამ სხვენზე აძრომა და იმ ენდროს მოპარვა, რომლითაც
წინსაფარი დამისვარა. ბუნებით ცბიერი გოგო ჩუმჩუმად ყველგან დაძვრებოდა. მის მიერ ჩადენილი
ქურდბაცაცობის შესახებ არც მარია თინსისთვის მითქვამს რამე და არც ბატონისთვის, რადგან
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დამიჯერებდნენ. ახლა სამუშაოს დასრულებისთანავე საღებავებს კარადაში
ვკეტავდი.

კორნელიას ახლაც - როდესაც მარტჰეს გვერდით იატაკზე იწვა - არაფერი ვუთხარი. მაგრამ საღამოს ჩემი
ნივთები დავათვალიერე. ყველაფერი თავის ადგილას იყო - გატეხილი ფილა, კუს ბაკნისგან დამზადებული
სავარცხელი, ლოცვანი, მოქარგული ცხვირსახოცები, საყელოები, პერანგები, წინსაფრები და კაპორები. ისინი
დავთვალე, დავახარისხე და ხელახლა შევინახე.

შემდეგ, ყოველი შემთხვევისათვის, საღებავები შევამოწმე. ისინიც წესრიგში იყო. კარადასაც თითქოს არავისი
ხელი არ შეხებოდა.

შესაძლოა კორნელია, უბრალოდ, ბავშვურად თამაშობდა, როდესაც კიბიდან გადმოხტა, და არავითარი


მზაკვრული ჩანაფიქრი არ ჰქონია.

*****

მეფუნთუშემ თავისი სურათი მაისში წაიღო, მაგრამ ბატონს ახალ სურათზე მუშაობა ივლისამდე არ დაუწყია.
ამ შუალედის დროს კვლავ ვღელავდი. მეგონა, მარია თინსი დამადანაშაულებდა, თუმცა ორივემ ვიცოდით,
რომ ბრალი არაფერში მიმიძღოდა. შემდეგ ერთხელ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა კატარინას, ვან რეივენის
მეგობარს მისი ცოლის პორტრეტი უნახავს და უთქვამს, ჯობდა, ქალს წინ ეცქირა და არა სარკეშიო. და ვან

90
რეივენსაც გადაუწყვეტია, ბატონისთვის თავისი ცოლის კიდევ ერთი პორტრეტი შეეკვეთა, რომელშიც ქალს
მხატვრისთვის უნდა ეცქირა.

- ეს პოზა არ მოსწონს, - შენიშნა მარია თინსმა.

ვერ გავიგე, რა უპასუხა კატარინამ და წუთით მივაყურადე - გოგონების ოთახში იატაკს ვხვეტდი.

- გახსოვს ბოლო სურათი? - შეახსენა მარია თინსმა, - მსახური ქალი? გახსოვს ვან რეივენი და წითელკაბიანი
მსახური ქალი?

კატარინამ ჩაიცინა.

- ეს იყო ბოლო სურათი, რომელზეც ყველა მხატვრისკენ იმზირება, - განაგრძო მარია თინსმა, - და როგორი
სკანდალი გამოიწვია! დარწმუნებული ვიყავი, რომ შენი ქმარი უარს იტყოდა ვან რეივენის ახალ
წინადადებაზე, მაგრამ დათანხმდა.

მარია თინსს ვერაფერს ვკითხავდი - მიხვდებოდა, რომ მათ საუბარს ვუსმენდი. ვერც ტანეკეს ვკითხავდი - ის
აღარაფერზე მეჭორავებოდა. ამიტომ ერთ დღეს, როდესაც უმცროს პიტერს მყიდველები არ ელოდებოდნენ,
ვკითხე, ხომ არაფერი იცი წითელკაბიანი მსახური ქალის შესახებ-მეთქი.

- როგორ არა, ჩვენთან ყასბები დიდხანს ჭორაობდნენ ამაზე, - ჩაიხითხითა პიტერმა და დახლზე დაწყობილი
ენების გადალაგება დაიწყო, - ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. ვან რეივენმა მოინდომა, რომ შენს ბატონს ის
ერთ-ერთ მსახურ ქალთან ერთად დაეხატა. ქალს ვან რეივენის ცოლის წითელი კაბა ჩააცვეს. ვან რეივენმა
ისიც მოითხოვა, რომ ვერმეერს ღვინით სავსე სურა დაეხატა, რომელსაც ის ვაჟბატონი თავის მსახურ ქალს
ყოველი სეანსის შემდეგ ასმევდა. რა თქმა უნდა, სურათი ჯერ დასრულებული არ იყო, რომ გოგონა
დაფეხმძიმდა.

- რა ბედი ეწია?
პიტერმა მხრები აიჩეჩა:

- განა არ იცი, რა ბედი ეწევა ხოლმე ასეთ გოგოებს?

ტანში გამცრა. რა თქმა უნდა, უწინაც მსმენია ამგვარი ამბები, მაგრამ ისინი არასოდეს შეხებია ჩემს ნაცნობ
ადამიანებს. გამახსენდა ჩემი ოცნებები კატარინას ტანსაცმლის ტარებაზე, და ისიც, თუ როგორ წამავლო
ხელი ვან რეივენმა დერეფანში ნიკაპზე და როგორ უთხრა ჩემს ბატონს, ამის პორტრეტი უნდა დახატოო.

პიტერმა თავის საქმიანობას თავი ანება და მოიღუშა:

- რატომ გაინტერესებს ეს ამბები?

- ისე, უბრალოდ, - მივუგე დაუდევრად. - შემთხვევით მოვკარი ყური, როგორ ლაპარაკობდნენ ამაზე, მაგრამ ეს
სულაც არ მაინტერესებს.

*****

91
არ შევსწრებივარ, როგორ ამზადებდა ის ფონს მეფუნთუშის ქალიშვილის პორტრეტისთვის - იმხანად ჯერ
კიდევ არ ვეხმარებოდი. მაგრამ ახლა, როდესაც ვან რეივენის ცოლი პირველ სეანსზე მოვიდა, სხვენზე
ვმუშაობდი და მესმოდა, რასაც ბატონი ეუბნებოდა. სიტყვაძუნწი ქალი გახლდათ. ბატონის მითითებებს ისე
ემორჩილებოდა, რომ ხმა არ ამოუღია. თვით მისი კოხტა ფეხსაცმელებიც კი არ ხმაურობდა იატაკის
ფილებზე. ბატონმა ღია ფანჯარასთან დააყენა, შემდეგ კი ერთ-ერთ ლომისთავებიან სკამზე დასვა. გავიგონე,
როგორ დახურა დარაბები.

- ეს სურათი უფრო ჩაბნელებული იქნება, - განაცხადა ბატონმა.

ქალმა არაფერი უპასუხა. ბატონი თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. შემდეგ დამიძახა:

- გრიტ, ჩემი ცოლის ყვითელი ქულაჯა, მარგალიტის მძივი და საყურეები მომიტანე.

კატარინა სტუმრად იყო წასული და ვერ ვთხოვდი, თავისი სამკაულები მოეცა. ვერც გავბედავდი. ამის
ნაცვლად ჯვარცმიან ოთახში შევედი მარია თინსთან, რომელმაც კატარინას ზარდახშა გახსნა და მძივი და
საყურეები მომაწოდა. შემდეგ კარადიდან ყვითელი ქულაჯა გამოვიღე, გავშალე და ფრთხილად გადავიკიდე
ხელზე. უწინ არასოდეს შევხებივარ. ახლა კი ქულაჯის ბეწვში ცხვირი ჩავყავი - ბაჭიასავით რბილი იყო.

როდესაც დერეფანში მივდიოდი, უეცრად მომინდა, ამ ძვირფასი ნივთებიანად სახლიდან გავქცეულიყავი.


შემეძლო, ბაზრის მოედნის შუაგულში ვარსკვლავთან მოვსულიყავი, რაიმე მიმართულება შემერჩია და აქ
არასოდეს დავბრუნებულიყავი.

ამის ნაცვლად, სახელოსნოში ავედი და ვან რეივენის ცოლს ქულაჯა ჩავაცვი. ისე მოუხდა, თითქოს მისი
საკუთარი კანი ყოფილიყოს. შემდეგ საყურეები და მძივი გაიკეთა. მინდოდა დავხმარებოდი მძივის ლენტების
შეკვრაში, მაგრამ ბატონმა თქვა:

- მძივს ნუ გაიკეთებთ. მაგიდაზე იდოს.

ქალი კვლავ დაჯდა. ბატონი თავის სკამზე იჯდა და აკვირდებოდა. ქალს ეს თითქოს სულაც არ აწუხებდა:
გულგრილად იცქირებოდა სივრცეში, სწორედ ისე, როგორც ბატონი მაიძულებდა, მოვქცეულიყავი.

- შემომხედეთ, - უთხრა ბატონმა. ქალმა შეხედა. დიდრონი, მუქი, თითქმის შავი თვალები ჰქონდა.

ბატონმა მაგიდაზე სუფრა დააფინა, შემდეგ მის ნაცვლად ლურჯი ქსოვილი გადააფარა. მარგალიტის მძივი
გაშალა. მერე მარგალიტები ერთად მოაქუჩა. მერე ისევ გაშალა. ქალს სთხოვა ამდგარიყო, შემდეგ -
დამჯდარიყო, შემდეგ - სკამის საზურგეზე გადაწოლილიყო, შემდეგ - წინ გადმოხრილიყო.

მეგონა, დაავიწყდა, რომ კუთხიდან ვუმზერდი, მაგრამ უეცრად მითხრა:

- გრიტ, კატარინას ფერ-უმარილის ფუნჯი მომიტანე.

და ქალს სთხოვა, ფუნჯი სახესთან მიეტანა, მერე - მაგიდაზე დაედო, ისე, რომ ხელი არ გაეშვა, მერე - გვერდზე
გაეწია. ბოლოს ფუნჯი მომაწოდა და მითხრა, თავის ადგილას დააბრუნეო.

92
როდესაც სახელოსნოში დავბრუნდი, ქალს ხელში კალამი ეკავა, მაგიდაზე კი ქაღალდი იდო. ვან რეივენის
ცოლი სკამზე იჯდა, წინ გადახრილიყო და წერდა. სამელნე მარჯვნივ ედგა. ბატონმა ზედა დარაბები გააღო,
ქვედა კი დახურა. ოთახში ჩამობნელდა, მაგრამ ფანჯრიდან შემოჭრილი შუქი ანათებდა ქალის მრგვალ
შუბლს, მაგიდაზე დაყრდნობილ მარცხენა ხელს, ყვითელი ქულაჯის სახელოს.

- მარცხენა ხელი ცოტათი წინ გასწიეთ, - უთხრა ბატონმა. - აი, ასე.

ქალი წერდა.

- შემომხედეთ, - უთხრა ბატონმა.

ქალმა შეხედა.

ბატონმა საკუჭნაოდან რუკა მოიტანა და ვან რეივენის ცოლის უკან, კედელზე დაკიდა. შემდეგ ჩამოხსნა.
შემდეგ მომცრო პეიზაჟი დაკიდა, შემდეგ ზღვის პეიზაჟი, რომელზეც გემი იყო გამოსახული, ბოლოს კი
ყველაფერი ჩამოხსნა და კიბეზე ჩავიდა.

ვან რეივენის ცოლს ვაკვირდებოდი. ალბათ, ეს ჩემი მხრიდან უზრდელობა იყო, მაგრამ მაინტერესებდა,
მარტოდ დარჩენილი როგორ მოიქცეოდა. ქალი არ განძრეულა. თითქოს საბოლოოდ შეეგუა კიდეც შერჩეულ
პოზას. იმ დროისთვის, როდესაც ბატონი დაბრუნდა და ნატურმორტი მოიტანა, ქალი ისე გამოიყურებოდა,
თითქოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ მაგიდასთან იჯდა და წერილს წერდა. გაგონილი მქონდა, რომ
მძივიან პორტრეტამდე ბატონმა დახატა, როგორ უკრავდა ის ბარბითზე. ვან რეივენის ცოლმა, როგორც ჩანს,
უკვე იცოდა, რას ითხოვდა ბატონი თავისი მოდელისგან. ან შესაძლოა, უბრალოდ, ასეთი ქცევა სჩვეოდა.

ბატონმა ნატურმორტი ქალის ზურგს უკან დაკიდა. შემდეგ სკამზე დაჯდა და კვლავ მიაჩერდა თავის მოდელს.
ერთმანეთს უმზერდნენ და მომეჩვენა, რომ დაავიწყდათ, იქვე რომ ვიყავი. მინდოდა, ზევით ავსულიყავი და
კვლავ საღებავების დამზადება დამეწყო, მაგრამ ვერ გავბედე, ჩაფიქრებული ბატონისთვის ხელი შემეშალა.

- როდესაც მეორედ მოხვალთ, თმაში ვარდისფერი კი არა, თეთრი ლენტები ჩაიწანით, კეფაზე კი თმა
ყვითელი ლენტით შეიკარით.

ქალმა ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.

- შეგიძლიათ, დაისვენოთ.

როდესაც ბატონმა ვან რეივენის ცოლი გაისტუმრა, ზევით ავედი.


*****

მეორე დღეს ბატონმა მაგიდასთან კიდევ ერთი სკამი დადგა. კიდევ ერთი დღის შემდეგ კატარინას ზარდახშა
მოიტანა და მაგიდაზე დადო. ზარდახშა მარგალიტებით იყო შემკული.

ვან ლევენჰუკი მოვიდა და თავისი კამერა-ობსკურა მოიტანა. ზევით ვმუშაობდი.

- ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი კამერის შეძენა მოგიხდება, - მომესმა ლევენჰუკის ბოხი ხმა. - თუმცა,
ვაღიარებ, რომ აქ მოსვლისას შენს მუშაობაზე დაკვირვების საშუალება მეძლევა. მოდელი სადღაა?

93
- ვერ შეძლო მოსვლა.

- ესე იგი, ხატვას ვერ შეძლებ?

- როგორ არა. გრიტ! - დამიძახა მან.

კიბეზე ჩავედი. ლევენჰუკმა გაოცებით შემომხედა. თაფლისფერ თვალებზე მძიმე ქუთუთოები ჩამოსწოლოდა
და იფიქრებდი, თვლემსო. სინამდვილეში სულაც არ თვლემდა, პირიქით, შეშფოთებული და გაოცებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გამოჩენამ გააკვირვა, ლმობიერად მიყურებდა და როდესაც გონს მოვიდა, თავი
დამიკრა კიდეც.

არც ერთ მდიდარ ბატონს ჩემთვის თავი არ დაუკრავს და უნებურად გავუღიმე. ლევენჰუკს გაეცინა:

- იქ რას აკეთებდი, ჩემო კარგო?

- საღებავებს ვამზადებდი, ბატონო.

ის ჩემს ბატონს მიუბრუნდა.

- თანაშემწე გყავს? კიდევ რით გამაკვირვებ? ახლა ფერწერა უნდა ასწავლო და შენი მოდელები დაახატვინო?

ბატონს ეს სიტყვები არ მოეწონა.

- გრიტ, - მითხრა მან, - ისე დაჯექი, როგორც ვან რეივენის ცოლი იჯდა გუშინ.

შიშით მივედი სკამთან, დავჯექი და ვან რეივენის ცოლივით წინ გადავიხარე.

- კალამი აიღე.

დავემორჩილე. ხელი ისე მითრთოდა, რომ კალამი ირხეოდა. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ბატონს ჩემთვის
რაიმეს დაწერა არ ეთხოვა, როგორც ვან რეივენის ცოლს სთხოვა. მამამ ხელის მოწერა მასწავლა, მაგრამ ამის
გარდა ვერაფერს დავწერდი. თუმცა, ვიცოდი, როგორ უნდა დამეკავებინა კალამი. მაგიდაზე დაწყობილ თეთრ
ფურცლებს თვალი შევავლე და გავიფიქრე, ნეტავ ვან რეივენის ცოლმა რა დაწერა-მეთქი. ნაცნობ ტექსტებს
(მაგალითად, ფსალმუნებს ჩემს ლოცვანში) ასე თუ ისე ვკითხულობდი, მაგრამ განათლებული ქალბატონის
ხელწერას ვერ გავარჩევდი.

- შემომხედე.

შევხედე. ვცდილობდი, ვან რეივენის ცოლისთვის მიმებაძა.


ბატონმა ჩაახველა და ვან ლევენჰუკს უთხრა:

- ყვითელი ქულაჯა ეცმევა, - ვან ლევენჰუკმა თავი დაუქნია.

ბატონი წამოდგა და ვან ლევენჰუკთან ერთად კამერა-ობსკურის „თვალი“ დამიმიზნა. შემდეგ რიგრიგობით
იყურებოდნენ მასში. როდესაც თავზე შავ ხალათს იფარებდნენ, შემეძლო, უბრალოდ, ვმჯდარიყავი და
არაფერზე მეფიქრა, რადგან ჩემგან სწორედ ამას მოითხოვდნენ.

94
ბატონმა ვან ლევენჰუკს რამდენჯერმე სთხოვა, უკანა კედელზე დაკიდებული ნატურმორტი სხვა ადგილას
გადაეწია. შემდეგ - გაეღო და დაეხურა დარაბები. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავზე შავი ხალათი ჰქონდა
გადაფარებული და კამერაში იყურებოდა. ბოლოს თითქოს კმაყოფილი დარჩა, წელში გაიმართა, ხალათი
სკამის საზურგეზე დააგდო, მაგიდასთან მივიდა, ქაღალდის ფურცელი აიღო და ვან ლევენჰუკს გაუწოდა.
გილდიის საქმეებზე მსჯელობდნენ. დიდხანს ილაპარაკეს.

ვან ლევენჰუკმა შემომხედა და წამოიძახა:

- ღვთის გულისათვის, გაუშვი ეს გოგონა, საღებავებს მიხედოს!

ბატონმა ისე შემომხედა, თითქოს გაუკვირდა, რომ ჯერ კიდევ მაგიდასთან ვიჯექი და ხელში კალამი მეჭირა:

- გრიტ, შეგიძლია წახვიდე.

როდესაც გავდიოდი, შევამჩნიე, რომ ვან ლევენჰუკი სიბრალულით მიყურებდა.

*****

ბატონმა კამერა-ობსკურა სახელოსნოში რამდენიმე დღით დატოვა. მასში არაერთხელ ჩავიხედე. როდესაც
მაგიდაზე დაწყობილ საგნებს ვაკვირდებოდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც არ მომწონდა, თითქოს ირიბად
დაკიდებულ სურათს ვუყურებდი. მინდოდა, რაიმე შემეცვალა, მაგრამ არ ვიცოდი, სახელდობრ რა. კამერა
ამაში ვერ მეხმარებოდა.

ერთ დღეს ვან რეივენის ცოლი ისევ მოვიდა და ბატონი მას დიდხანს უყურებდა კამერაში. როდესაც ჩავუარე,
მას თავზე შავი ხალათი ჰქონდა გადაფარებული. ვცდილობდი, ფეხაკრეფით მევლო, მისთვის ხელი რომ არ
შემეშალა. წამით შევჩერდი და ვან რეივენის ცოლს შევხედე. ქალმა ნამდვილად შეამჩნია ეს, მაგრამ წარბიც
არ შეუხრია. თავისი შავი თვალებით კვლავ მშვიდად უყურებდა ბატონს.

მივხვდი, რა არ მომწონდა: ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებული იყო. ყველაზე მეტად წესრიგს ვაფასებდი,
მაგრამ სხვა სურათებზე დაკვირვების შედეგად უკვე მივხვდი, რომ მაგიდაზე საგნები ოდნავ უწესრიგოდ უნდა
ყოფილიყო განლაგებული, იმგვარად, რომ თვალი მიეზიდა. რიგრიგობით დავათვალიერე ყველა საგანი -
ზარდახშა, ლურჯი ქსოვილი, მარგალიტები, წერილი, სამელნე - და მივხვდი, სახელდობრ რა უნდა
გადამეადგილებინა. ჩემი თამამი აზრებისა თვითონვე შემეშინდა და უჩუმრად დავბრუნდი სხვენზე.

როდესაც მივხვდი, რა საჭიროებდა შეცვლას, დაველოდე, როდის იაზრებდა ამას ბატონი.

მაგრამ მას ხელი არაფრისთვის უხლია. დარაბები ოდნავ გამოაღო, ვან რეივენის ცოლს სთხოვა, თავი
მოებრუნებინა, კალამი ოდნავ სხვაგვარად დაეჭირა. მაგრამ ის, რასაც მოველოდი, არ გაუკეთებია.

ამაზე ვფიქრობდი, როდესაც სარეცხს ვწურავდი, ტანეკესთვის შამფურს ვატრიალებდი, სამზარეულოს


ფილებს ვწმენდდი და საღებავებს ვრეცხავდი. ამაზე საწოლშიც ვფიქრობდი, როდესაც ღამეს თეთრად
ვათენებდი. ზოგჯერ ვდგებოდი, კიდევ ერთხელ რომ შემეთვალიერებინა სურათის ფონი. არა, არ ვცდებოდი.

95
მან კამერა ვან ლევენჰუკს დაუბრუნა.

ყოველთვის, როდესაც კუთხეს ვუყურებდი, გული მეკუმშებოდა, თითქოს ზედ რაღაც მაწვებოდა.

ბატონმა ჩარჩოზე გადაჭიმული ტილო მოლბერტზე დადო, ტყვიის თეთრა გადაუსვა, ზემოდან კი გამომწვარ
სიენასთან და ყვითელ ჟანგმიწასთან შერეული ცარცი წაუსვა. ველოდებოდი და გული მეკუმშებოდა. მან
ოდნავ შესამჩნევი ყავისფერი მონასმებით მონიშნა ქალის სილუეტი და თითოეული საგანი.

როდესაც „არასწორი“ საღებავებით დიდი ლაქები დახატა, მომეჩვენა, რომ გული ისე გამისკდებოდა, როგორც
ფქვილით გადატენილი ტომარა სკდება ხოლმე.

და აი, ერთ ღამეს, როდესაც ძილი არ მეკარებოდა, გადავწყვიტე, თვითონ შემეცვალა ის, რაც შეცვლას
საჭიროებდა.

მეორე დილას გადავწმინდე და თავ-თავის ადგილებზე დავაწყვე ზარდახშა, წერილი და სამელნე.


მარგალიტის მძივი გავშალე. გული კვლავ მეკუმშებოდა. ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ ერთი სწრაფი
მოძრაობით ზემოთ ავქაჩე ლურჯი ქსოვილი, ისე, რომ მისი ნაკეცები ლურჯი ჩქერებივით ამოედინებოდა
მაგიდის ქვეშ ჩაწოლილი მუქი ჩრდილიდან და მაგიდას ზარდახშის წინ ირიბად ეფინებოდა. ქსოვილის
ნაკეცები ოდნავ შევასწორე და უკან დავიხიე. ნაკეცები თითქოს იმეორებდა ვან რეივენის ცოლის ხელის
ფორმას, როდესაც ქალს კალამი ეჭირა.

ასე ჯობია-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს და ტუჩები მაგრად მოვკუმე. შეიძლება ამის გამო ბატონს სახლიდან
გავეგდე, მაგრამ ახლა მაგიდა ნამდვილად უკეთესად გამოიყურებოდა.

იმ დღეს სხვენზე არ ავსულვარ, თუმცა იქ ბევრი საქმე მქონდა. ტანეკესთან ერთად ძელსკამზე ვიჯექი და
პერანგებს ვკემსავდი. დილას ბატონიც არ ასულა სახელოსნოში. გილდიაში წავიდა და ვან ლევენჰუკთან
ისადილა. ასე რომ, ჯერ კიდევ არ ენახა ჩემი ნამოქმედარი.

ვფორიაქობდი და ეს ტანეკემაც შენიშნა, რომელიც ბოლო ხანებში ზედ არ მიყურებდა.

- რა მოგივიდა, გოგონი? - მკითხა მან. ახლა, თავისი ქალბატონის მიბაძვით, სახელით კი არ მომმართავდა,
არამედ „გოგონის“ მეძახდა. - ისეთი დამფრთხალი ხარ, როგორც დასაკლავი წიწილა.

- არაფერი, - მივუგე მე. - მომიყევი, როგორ მოვიდა აქ უკანასკნელად კატარინას ძმა. ამის შესახებ ბაზარში
შევიტყვე. ამბობენ, მაშინ თავი გამიგიჩენია.

ბოლო სიტყვები იმიტომ დავამატე, რომ მას ეჭვები გაჰფანტოდა, გული მოლბობოდა და ვერ შეემჩნია,
რაოდენ უგერგილოდ ავარიდე თავი პასუხს მის მიერ დასმულ კითხვაზე.

ტანეკე მყისიერად გაიმართა წელში, მაგრამ გაახსენდა, ვის ელაპარაკებოდა და წაიბურტყუნა:

- ეს შენი საქმე არაა. ამ ოჯახის საქმეებში შენისთანებს არაფერი ესაქმებათ.

რამდენიმე თვის წინ სიამოვნებით მიამბობდა იმ ამბავს, რომელიც მის სასარგებლოდ მეტყველებდა. მაგრამ
კითხვა ხომ მე დავუსვი, ის კი არ მენდობოდა და არაფრის მოყოლას არ აპირებდა, თუმცა, ალბათ, გული
სწყდებოდა, რომ ტრაბახის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

96
უეცრად ის დავინახე - აუდე ლანგენდეიკის ქუჩაზე მოაბიჯებდა. ქუდის ფარფლები ჩამოეწია, გაზაფხულის
მზის სხივებისგან სახე რომ დაეფარა. შავი მოსასხამი მხრებიდან გადაეგდო. როდესაც მოგვიახლოვდა, ვერ
გავბედე, შემეხედა.
- გამარჯობა, ბატონო, - წაიმღერა ტანეკემ სრულიად განსხვავებული კილოთი.

- გაგიმარჯოს, ტანეკე. მზის სხივებით ტკბები?

- დიახ, ბატონო. მიყვარს, როდესაც მზის სხივები სახეში მცემს.

გვირისტებს ჩავაშტერდი. ვიგრძენი, რომ ბატონი მიყურებდა.

როდესაც წავიდა, ტანეკემ წაისისინა:

- როდესაც ბატონი გელაპარაკება, უნდა მიესალმო, გოგონი. რა უზრდელი ხარ!

- მე კი არა, შენ გელაპარაკებოდა.

- ასეც უნდა მოქცეულიყო. შენ კი თუ ასე იუხეშებ, ქუჩაში გაგაგდებენ და სამუშაოს დაკარგავ.

ბატონი, ალბათ, უკვე ავიდა სახელოსნოში და ნახა, რაც ჩავიდინე.

ვიცდიდი და ნემსის დაჭერის ილაჯიც კი აღარ მქონდა. არც კი ვიცოდი, რას ველოდი. ტანეკეს თანდასწრებით
გამლანძღავდა? მიყვირებდა - მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად? იტყოდა, რომ სურათი წავახდინე?

შეიძლება, უბრალოდ, გაასწოროს ლურჯი ქსოვილი ისე, როგორც უწინ იყო. იქნებ არც არაფერი მითხრას.

საღამოს თვალი მოვკარი, როდესაც სავახშმოდ ძირს ჩამოვიდა. სახეზე არც მხიარულება ეტყობოდა, არც
ბრაზი, არც გულგრილობა და არც მღელვარება. ვერ ვიტყვი, რომ გულგრილად მომეპყრო, თუმცა ჩემკენ არ
გამოუხედავს.

სანამ დასაძინებლად დავწვებოდი, შევამოწმე, ხომ არ დაუბრუნა ლურჯ ქსოვილს ის ფორმა, რომელიც მე
დავარღვიე-მეთქი.

არ შეუცვლია. სანთელი მოლბერტთან მივიტანე - მოწითალო-ყავისფერი საღებავით ლურჯი ქსოვილის


ახალი ნაკეცები იყო მონიშნული. - დამეთანხმა!

დავწექი. მეღიმებოდა.

მომდევნო დილას სახელოსნოში მაშინ შემოვიდა, როდესაც ზარდახშის ირგვლივ მტვერს ვწმენდდი. მანამდე
არასოდეს ენახა, როგორ ვზომავდი მანძილს საგნებს შორის. ხელით ზარდახშის ადგილმდებარეობა
განვსაზღვრე და გვერდზე გავწიე, რათა მის ქვემოთ და ირგვლივ მტვერი გადამეწმინდა. როდესაც კარისკენ
გავიხედე, ის იდგა და მიყურებდა. არაფერი უთქვამს. მეც ვიყუჩე - ზარდახშა თავის ადგილას უნდა
დამებრუნებინა. შემდეგ სველი ჩვრით ლურჯი ქსოვილი გავწმინდე, ისე, რომ ახალი ნაკეცების ფორმა არ
დამირღვევია. ხელები ოდნავ მითრთოდა.

როდესაც ყველაფერს მოვრჩი, მას შევხედე.

- მითხარი, გრიტ, რატომ გადააადგილე სუფრა?

97
ისეთივე კილოთი მელაპარაკებოდა, როგორც მაშინ, როდესაც ბოსტნეულის შესახებ მეკითხებოდა.

წამით დავფიქრდი.

- მაგიდაზე ნივთები ცოტა უწესრიგოდ უნდა ეწყოს, ქალის მშვიდ გამომეტყველებასთან კონტრასტი რომ
შექმნას, - ავუხსენი მე. - ისე, რომ თვალი მიიზიდოს, და, თანაც, სასიამოვნო შესახედავი იყოს.
ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ქსოვილის ფორმა ქალის ხელის ფორმას უნდა იმეორებდეს.

ის დიდხანს დუმდა. მაგიდას მისჩერებოდა. ვიცდიდი და ხელებს წინსაფრით ვიწმენდდი.

- არ მეგონა, რომ მოსამსახურე გოგონასგან რაიმეს ვისწავლიდი, - თქვა მან ბოლოს.

*****

კვირადღეს დედაჩემი მისმენდა, როდესაც მამას ახალი სურათის შესახებ ვუყვებოდი. პიტერი, რომელიც
ჩვენთან სასადილოდ მოვიდა, სკამზე იჯდა და იატაკზე მზის სხივის ათინათს უყურებდა. როდესაც ჩემი
ბატონის სურათებზე ვლაპარაკობდით ხოლმე, პიტერი საუბარში არასოდეს ერეოდა. მათთვის არ მითქვამს,
რომ მაგიდაზე ნივთების ადგილმდებარეობა შევცვალე და ამით ბატონის შექება დავიმსახურე.

- არა მგონია, რომ ეს სურათები სულისთვის სასარგებლო იყოს, - მოულოდნელად განაცხადა დედაჩემმა.
წარბები შეჭმუხნილი ჰქონდა. უწინ არასოდეს არაფერი უთქვამს ჩემი ბატონის სურათების შესახებ.

მამა გაოცებით მიტრიალდა მისკენ.

- სამაგიეროდ, ქისას ავსებენ, - დაცინვით თქვა ფრანსმა. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ კვირადღეთაგანი,
როდესაც იგი მშობლებს ეწვეოდა ხოლმე. ბოლო დროს თითქოს ფულით შეპყრობილი შეიქნა. მეკითხებოდა,
ჰქონდათ თუ არა ვერმეერებს ძვირფასი ავეჯი, როგორი მარგალიტები ეკეთა და როგორი ქულაჯა ეცვა ვან
რეივენის ცოლს, ან რა ეწყო მარგალიტებით გაწყობილ ზარდახშაში; აინტერესებდა კედლებზე დაკიდული
სურათების რაოდენობა და ღირებულება. ყველაფერს როდი ვუმხელდი. ჩემი აზრებისა მრცხვენოდა, მაგრამ
ვშიშობდი, რომ ის გამდიდრების უფრო იოლ გზებს ეძებდა, ვიდრე ფაბრიკაში მუშაობაა. რა თქმა უნდა,
ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებობდა, მაგრამ არ მსურდა, ხელი შემეწყო ამ ოცნებებისთვის - მომეყოლა იმ
ძვირფასი ნივთების შესახებ, რომლებიც მისთვის (და მისი დისთვისაც) მიუწვდომელი იყო.

- რას გულისხმობ, დედა? - ვკითხე და ფრანსის სიტყვები უპასუხოდ დავტოვე.

- არ მომწონს, როგორ აღწერ ამ სურათებს. შენი სიტყვების მიხედვით ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ
მათზე რელიგიური სცენებია ასახული და რომ ეს ქალი, რომელსაც შენი ბატონი ხატავს, წმინდა
ღვთისმშობელია. სინამდვილეში კი ის, უბრალოდ, ქალია, რომელიც წერილს წერს. ამ სურათებს ისეთ
მნიშვნელობას მიაწერ, რომელსაც არ იმსახურებენ. დელფტში უამრავი სურათია, მათ ყველგან ნახავ. არა
მარტო მდიდართა სახლებში, არამედ სამიკიტნოებშიც. ბაზარში ასეთ სურათს შენი ორი კვირის ჯამაგირით
შეიძენ.

98
- ასე რომ მოვქცეულიყავი, - მივუგე მე, - შენ და მამაჩემი ორ კვირას უპუროდ დარჩებოდით და შიმშილით
დაიხოცებოდით, ჩემი ნაყიდი სურათის ნახვას ვერც მოესწრებოდით.

მამა შეკრთა. ფრანსი, რომელიც ბაწარს ადგილ-ადგილ კვანძავდა, ადგილზე გაშეშდა. პიტერი მომაშტერდა.

დედაჩემს არაფერი უთქვამს. თავის აზრებს იშვიათად გამოთქვამდა ხოლმე. და როდესაც გამოთქვამდა, მისი
თითოეული სიტყვა ფასეული იყო.

- მაპატიე, დედა, - წავიბუტბუტე მე. - არ მინდოდა...


- გაყოყოჩდი? - შემაწყვეტინა მან. - დაგავიწყდა, ვინ ხარ და ვინ არიან შენი მშობლები? ჩვენი წესიერი
პროტესტანტული ოჯახი გვაქვს, რომლის ტრადიციებს მდიდრები და მოდა ვერ შებღალავენ.

თვალები დავხარე. დედაჩემის სუსხიანმა სიტყვებმა შემაძრწუნა. ეს იყო დედის დარიგება - სიტყვები,
რომლებსაც მე საკუთარ ქალიშვილს ვეტყვი, თუ საჭირო იქნება. მისმა სიტყვებმა, ისევე, როგორც ჩემი
ბატონის სურათების აბუჩად აგდებამ, გული დამწყვიტა, მაგრამ ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა.

იმ კვირადღეს პიტერს ბნელ შუკაში არ შევუყვანივარ.

მეორე დილას სურათის ყურება მიმძიმდა. მასზე „არასწორი“ საღებავების მონასმები შევამჩნიე. ბატონს უკვე
დაეხატა ქალის თვალები, მაღალი მრგვალი შუბლი და, ნაწილობრივ, ქულაჯის სახელო. ხასხასა ყვითელი
ფერი განსაკუთრებით მომეწონა, მაგრამ დანაშაულის გრძნობაც გამიჩნდა, რაც დედაჩემის სიტყვებით იყო
გამოწვეული. შევეცადე წარმომედგინა, რომ დასრულებული სურათი უფროსი პიტერის ფარდულის კედელზე
აღმოჩნდა და რომ ეს უბრალო სურათი - ქალი, რომელიც წერილს წერს, - ათ გულდენად გაიყიდა.

ეს წარმოუდგენელი იყო.

იმ დღეს ის კარგ გუნებაზე იყო - სხვა შემთხვევაში ვერ გავბედავდი რაიმე მეკითხა. უკვე იოლად ვხვდებოდი
ხოლმე მის განწყობილებას - არა მისი სიტყვების ან სახის გამომეტყველების (ამ სახეზე ბევრს ვერაფერს
ამოიკითხავდით), არამედ იმის მიხედვით, თუ როგორ დადიოდა სახელოსნოსა და სხვენზე. როდესაც
ბედნიერი იყო, როდესაც სამუშაო სიამოვნებას ანიჭებდა, სწრაფად და ენერგიულად სცემდა ბოლთას და არც
ერთ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებდა. მუსიკისადმი მიდრეკილება რომ ჰქონოდა, აღიღინდებოდა,
იმღერებდა ან დაუსტვენდა. როდესაც თავისი მუშაობით უკმაყოფილო იყო, დროდადრო ჩერდებოდა,
ფანჯარაში იყურებოდა, მოუსვენრობდა, სხვენისკენ ამავალი კიბის ნახევრამდე ადიოდა, შემდეგ კი კვლავ
ჩამოდიოდა.

- ბატონო, - დავიწყე, როდესაც სხვენში ამოვიდა, რათა ჩემ მიერ დასრესილი თეთრი საღებავი სელის ზეთში
გაეხსნა. იმ დროს სახელოზე შემოვლებულ ბეწვს ხატავდა. ვან რეივენის ცოლი სეანსზე არ მოსულა, მაგრამ,
როგორც მივხვდი, სურათის ზოგიერთ ნაწილზე მუშაობა მის გარეშეც შეეძლო.

წარბები ასწია.

- რა მოხდა, გრიტ?

მხოლოდ ბატონი და მარტჰე მომმართავდნენ ამ სახლში ჩემი სახელით.

- თქვენი ნახატები კათოლიკური სურათებია?

ადგილზე გაშეშდა. წინ ტყვიისთეთრიანი ნიჟარა ედო, ხელში კი სელის ზეთით სავსე ბოთლი ეჭირა.

99
- კათოლიკური სურათები? - გაიმეორა მან. ხელი დაუშვა და ბოთლით მაგიდაზე დააკაკუნა. - რას გულისხმობ?

დაუფიქრებლად ვკითხე და ახლა არ ვიცოდი, რა მეთქვა. შემდეგ შევეცადე, შეკითხვა სხვაგვარად დამესვა:
- რატომ კიდია სურათები კათოლიკურ ეკლესიებში?

- ოდესმე ყოფილხარ კათოლიკურ ეკლესიაში, გრიტ?

- არა, ბატონო.

- ესე იგი, არ გინახავს, როგორი სურათები, ქანდაკებები ან ვიტრაჟებია იქ?

- არა.
- სურათები მხოლოდ სახლებში, მაღაზიებში ან ფუნდუკებში გინახავს?

- და ბაზარში.

- ჰო, ბაზარში. გსიამოვნებს სურათების თვალიერება?

- დიახ, ბატონო.

მომეჩვენა, რომ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, და უბრალოდ, თვითონ დამისვამდა უამრავ
კითხვას.

- რას ხედავ, როდესაც სურათს უყურებ?

- იმას, რაც მხატვარმა დახატა, ბატონო.

თავი დამიქნია, მაგრამ ვიგრძენი, რომ სხვაგვარ პასუხს მოელოდა.

- ახლა მითხარი, როდესაც ამ სურათს უყურებ, რას ხედავ?

- ღვთისმშობელს ნამდვილად არ ვხედავ, - ამ სიტყვებით მის შეკითხვაზე კი არ მიპასუხია, უფრო დედაჩემს


შევეკამათე.

გაოცებით შემომხედა:

- განა ღვთისმშობლის ნახვას მოელოდი?

- არა, ბატონო, - ვუპასუხე აღელვებით.

- შენი აზრით, ეს სურათი კათოლიკური ხასიათისაა?

- არ ვიცი. დედაჩემი ამბობს, რომ...

- დედაშენს ეს სურათი ხომ არ უნახავს?

- არა.

100
- ასეთ შემთხვევაში, დედაშენი ვერ გეტყვის, რას ხედავ მასზე და რას - არა.

- დიახ.

ის მართალი იყო, მაგრამ არ მესიამოვნა, დედაჩემი გამქირდავად რომ მოიხსენია.

- სურათი კათოლიკური ან პროტესტანტული ვერ იქნება, - წარმოთქვა მან. - კათოლიკეები და პროტესტანტები


სურათის მაყურებლები არიან და მასში სხვადასხვა რაიმეს ხედავენ. ეკლესიაში დაკიდებული სურათი ბნელ
ოთახში ანთებულ სანთელს წააგავს - მისი დახმარებით უკეთ ვხედავთ. ის ხიდია ჩვენსა და ღმერთს შორის.
მაგრამ პროტესტანტული ან კათოლიკური სანთელი არაა. უბრალოდ, სანთელია.

- ღმერთის ხილვისთვის ყოველივე ეს არ გვჭირდება, - შევეკამათე მე. - ამისთვის ღვთის სიტყვაც საკმარისია.

გაეღიმა:

- იცი, გრიტ, პროტესტანტულ ოჯახში გავიზარდე და კათოლიკე მაშინ გავხდი, როდესაც ცოლი შევირთე. ასე
რომ, ნურაფერს მიქადაგებ. ასეთი სიტყვები ადრეც გამიგონია.

მივაჩერდი. არასოდეს მსმენოდა, რომ ვინმემ უარი თქვა პროტესტანტულ სარწმუნოებაზე. არც კი მჯეროდა,
რომ ჩვენი რელიგიისგან განდგომა შესაძლებელი იყო. ის კი სწორედ ასე მოქცეულა.

თითქოს ელოდა, რას ვეტყოდი.

- კათოლიკურ ეკლესიაში არასოდეს ვყოფილვარ, - დავიწყე დინჯად, - მაგრამ, მგონია, იქ რომ სურათი მენახა,
თქვენი სურათისნაირი იქნებოდა, თუმცა მასზე არც ბიბლიური სცენაა ასახული, არც - ღვთისმშობელი
ყრმითურთ და არც - ჯვარცმა.

როდესაც ის სურათი გამახსენდა, სარდაფში ჩემს საწოლთან რომ ეკიდა, გამაჟრჟოლა.

მან კვლავ ბოთლს მოჰკიდა ხელი და სითხე ფრთხილად ჩააწვეთა ნიჟარაში, შემდეგ დანით ნელ-ნელა შეურია
ერთმანეთში ზეთი და ტყვიის თეთრა, სანამ საღებავი გამდნარ კარაქს არ დაემსგავსა. რბილ თეთრ საღებავში
ვერცხლისფერი დანის მოძრაობას მონუსხულივით ვუცქერდი.

- კათოლიკეები და პროტესტანტები სხვადასხვანაირად ეკიდებიან მხატვრობას, - მიხსნიდა ის და თან


საღებავს ურევდა, - მაგრამ ეს განსხვავება არც ისე დიდია, როგორც გგონია. კათოლიკეებისთვის სურათებს
შეიძლება რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ პროტესტანტები ღმერთს
ყველგან და ყველაფერში ხედავენ. განა ისინი ყოფითი საგნების - მაგიდებისა და სკამების, ჯამებისა და
დოქების - ასევე, ჯარისკაცების თუ გოგონების, ხატვისას ღმერთს არ განადიდებენ?

გული დამწყდა, რომ დედაჩემს ეს სიტყვები არ ესმოდა. ბატონი მასაც კი შეაგნებინებდა სიმართლეს.

*****

101
კატარინას არ სურდა, თავისი ზარდახშა დაეტოვებინა სახელოსნოში, სადაც მას არ უშვებდნენ. არ
მენდობოდა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ თვალში არ მოვდიოდი, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ გაგონილი
ჰქონდა, მსახური ქალები ვერცხლის კოვზებს იპარავენო. ქალბატონები ყოველთვის შიშობდნენ, რომ
მსახურები მათ ქმრებს აცდუნებდნენ ან სახლს გაქურდავდნენ.

მაგრამ ვან რეივენის ქცევამ დამარწმუნა, რომ უფრო ხშირად მამაკაცები აცდუნებენ ქალებს და არა - პირუკუ.
ვან რეივენის მსახური ქალი უდანაშაულო იყო.

კატარინა იშვიათად ეთათბირებოდა ქმარს ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა ამჯერად


დახმარებისთვის მიმართა. მათ საუბარს არ შევსწრებივარ, მაგრამ ერთ დილას მარტჰემ ყველაფერი მიამბო.
იმხანად მარტჰესთან კარგი დამოკიდებულება მქონდა. ის სწრაფად დაქალდა, დებთან თამაში აღარ სურდა
და, როდესაც ჩვეულებრივად ვსაქმიანობდი, ჩემ გვერდით ყოფნას ამჯობინებდა. ვასწავლე, როგორ უნდა
დაენამა თეთრეული, მზის შუქზე რომ გაქათქათებულიყო, როგორ გამოეყვანა ლაქები მარილისა და ღვინის
ნაზავით, როგორ გაეწმინდა უთოს ძირი მსხვილად დაფქული მარილით, რათა ის ქსოვილს არ მისწებებოდა
და არ დაეწვა. ნაზი ხელები ჰქონდა და წყლისგან გაუუხეშდებოდა. შეეძლო დაკვირვებოდა ჩემს მუშაობას,
მაგრამ ხელების დასველების უფლებას არ ვაძლევდი. იმ დროისთვის ხელები საბოლოოდ წამიხდა -
დედაჩემის დამარბილებელი მალამოების მიუხედავად, გაუმიუხეშდა, დამიწითლდა და დამისკდა. ჯერ
თვრამეტისაც არ ვიყავი, მაგრამ მძიმე შრომისგან ხელები დამიმახინჯდა.

მარტჰე ცოტათი ჩემს დას, აგნესს მაგონებდა - ისეთივე ცქვიტი და ცნობისმოყვარე იყო და ისევე სწრაფად
იღებდა გადაწყვეტილებებს. მაგრამ უმცროსი კი არა, უფროსი და გახლდათ, რამაც პასუხისმგებლობის
გრძნობა განუვითარა. თავისი და-ძმებისთვის უნდა მიეხედა, ისევე, როგორც მე ვუვლიდი ჩემს დასა და ძმას.
ამიტომ გოგონა წინდახედული და ფრთხილი იყო.
- დედას თავისი ზარდახშის დაბრუნება სურს, - მითხრა მარტჰემ, როდესაც ბაზრის მოედანზე ვარსკვლავს
შემოვუარეთ და ხორცეულის დახლებისკენ გავემართეთ. - მამას უკვე მოელაპარაკა ამის შესახებ.

- რა უთხრა? - ვითომდა განურჩეველი კილოთი ვკითხე. თან ვარსკვლავის ქიმებს ვათვალიერებდი. ახლახან
შევამჩნიე, რომ როდესაც კატარინა დილაობით სახელოსნოს კარს მიღებდა, პირველ რიგში იმას ამოწმებდა,
ეწყო თუ არა მისი სამკაულები მაგიდაზე.

მარტჰე შეყოყმანდა.

- დედას არ სიამოვნებს, რომ ღამღამობით მის ძვირფასეულობასთან ერთად ხარ ჩაკეტილი, - მითხრა ბოლოს.
არ განუმარტავს, რის ეშინოდა კატარინას - ალბათ, ფიქრობდა, რომ მაგიდიდან მის ყელსაბამს ავიღებდი,
ზარდახშას იღლიაში ამოვიდებდი, ფანჯრიდან ქუჩაში გადავძვრებოდი, სხვა ქალაქში მივიმალებოდი და
ახალ ცხოვრებას დავიწყებდი.

მარტჰე თავისებურად მაფრთხილებდა.

- უნდა, რომ კვლავ ქვემოთ დაიძინო, - განაგრძო გოგონამ. - ძიძას მალე დაითხოვენ და სხვენზე დაძინება
აღარ მოგიწევს. მამას უთხრა, ან ის გოგო და ან ზარდახშაო.

- მამამ რა უპასუხა?

- არაფერი. უთხრა, მოვიფიქრებო.

102
გული ისე დამიმძიმდა, თითქოს მკერდში ლოდი ჩამიდეს. კატარინამ უთხრა, რომ ჩემსა და ზარდახშას შორის
არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ორივეს ვერ აირჩევდა. ვიცოდი, რომ ზარდახშას და მარგალიტებს სურათზე ვერ
წაშლიდა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვენზე დავეტოვებინე. მე უნდა დავეთმე. და ვეღარ შევძლებდი,
დახმარება გამეწია მისთვის.

ნაბიჯი შევანელე. წლების განმავლობაში წყალი უნდა მეზიდა, სველი სარეცხი მეწურა, იატაკები მერეცხა,
ღამის ქოთნები გადამეღვარა - ეს უსიხარულო წლები ისე წარმომიდგა თვალწინ, როგორც უზარმაზარი ვაკე,
საიდანაც შორს, შორს მოჩანს მიუწვდომელი ზღვა. თუ საღებავებს ვეღარ ვიხილავ, თუ მის გვერდით ყოფნას
ვერ შევძლებ, ამ სახლში როგორ უნდა ვიმუშაო-მეთქი, ვფიქრობდი.

როდესაც ყასბის დახლთან მივედით და დავინახე, რომ უმცროსი პიტერი იქ არ იყო, მოულოდნელად
თვალები ცრემლებით ამევსო. არც კი ვიცოდი, რომ ასე ძლიერ მენატრებოდა მისი კეთილი, ლამაზი სახის
დანახვა. ჩემს გრძნობებში ვერ გავრკვეულიყავი, მაგრამ ის მახსენებდა, რომ გამოსავალი არსებობდა, რომ
შემეძლო სხვა სამყაროში გადამენაცვლა და თავი დამეხსნა. ალბათ, დიდად არ განვსხვავდებოდი ჩემი
მშობლებისგან, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ პიტერი მათ იხსნიდა და ლუკმაპურით უზრუნველყოფდა.

უფროსმა პიტერმა ჩემი ცრემლები შეამჩნია და აღფრთოვანდა.

- ჩემს ვაჟს ვეტყვი, რომ მისი არყოფნის გამო ატირდი, - მითხრა მან. სისხლით დასვრილ მორს დანით
ფხეკდა.

- არც იფიქროთ, - წავიბურტყუნე და მარტჰეს ვკითხე: - დღეს რა უნდა ვიყიდოთ?

- მოსაშუში ხორცი, - სწრაფად მიპასუხა გოგონამ. - ოთხი გირვანქა.

თვალები წინსაფრის ბოლოთი შევიმშრალე.

- თვალში მწერი ჩამივარდა, - ვთქვი ენერგიულად. - აქ სიბინძურეა. ჰოდა, ბუზებიც მრავლად არიან.

პიტერმა გადაიხარხარა:
- ბუზი? ბუზი ჩამივარდაო! სიბინძურეაო! რა თქმა უნდა, აქ ბუზები მრავლადაა, მაგრამ მათ სიბინძურე კი არა,
სისხლი იზიდავს. კარგი ხორცი ყველაზე უფრო სისხლიანია. და მას ყველაზე მეტი ბუზი ესევა. ოდესმე ამაში
თავადაც დარწმუნდები. ქედმაღლურად ნუ გვექცევი, ქალბატონო!

და მარტჰეს თვალი ჩაუკრა:

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალიშვილო? განა გრიტმა ის ადგილი უნდა გალანძღოს, სადაც რამდენიმე წლის
შემდეგ დიასახლისად მოგვევლინება?

მარტჰე ცდილობდა, გაოგნება არ დასტყობოდა, მაგრამ აშკარად გააკვირვა ყასბის ვარაუდმა, რომ
ვერმეერების ოჯახში სამუდამოდ არ დავრჩებოდი. გოგონა საკმარისად საზრიანი იყო, რომ არაფერი ეპასუხა.
ამის ნაცვლად, უეცრად მივიდა ბავშვთან, რომელიც მეზობელ დახლთან მდგომ ქალს ეჭირა ხელში.

- გევედრებით, - ხმადაბლა ვუთხარი უფროს პიტერს, - ასეთი არაფერი უთხრათ არც მას და არც მისი ოჯახის
სხვა წევრებს, ხუმრობითაც კი. მათი შინამოსამსახურე ვარ. მხოლოდ და მხოლოდ შინამოსამსახურე. სხვა
რაიმეს ვარაუდი მათ მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებას ნიშნავს.

103
უფროსი პიტერი მიყურებდა. თვალების ფერი განათების ყოველ ცვლილებასთან ერთად ეცვლებოდა.
ვფიქრობ, ჩემი ბატონიც კი ვერ შეძლებდა ამ ცვლილებების ტილოზე ასახვას.

- შეიძლება მართალიც იყო, - აღიარა მან. - ახლა უკვე იძულებული ვიქნები, უფრო ფრთხილად გაგეხუმრო
ხოლმე. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, ჩემო კარგო - ბუზებს უნდა შეეჩვიო.

*****

მან არც ზარდახშა დათმო და არც მე დამაბრუნა სარდაფში. ამის ნაცვლად, ყოველ საღამოს ჩაჰქონდა
ზარდახშა, მარგალიტები და საყურეები კატარინასთან, რომელიც მათ დიდი დარბაზის კარადაში კეტავდა.
ყვითელ ქულაჯასაც იქვე ინახავდა. დილას, როდესაც კატარინა სახელოსნოს კარს მიღებდა, ზარდახშასა და
სამკაულებს მაძლევდა. პირველ ყოვლისა, ზარდახშა და ყელსაბამი მაგიდასთან მიმქონდა და ზარდახშიდან
საყურეებს ვიღებდი, თუკი ვან რეივენის ცოლი უნდა მოსულიყო. კატარინა ზღურბლიდან თვალყურს
ადევნებდა, როგორ ვზომავდი მანძილს ხელისგულითა და თითებით. ნებისმიერ სხვა ადამიანს ჩემი
მოქმედება ძალზე უცნაურად მოეჩვენებოდა, მაგრამ კატარინას არასოდეს უკითხავს, რას აკეთებო. ვერ
ბედავდა.

როგორც ჩანს, კორნელიამ ყური მოჰკრა ზარდახშის ზევით-ქვევით ტარების ამბავს. შესაძლოა, მარტჰეს
მსგავსად, მშობლების საუბარს მიაყურადა. ან იქნებ დაინახა, როგორ ამოჰქონდა კატარინას ზარდახშა ყოველ
დილას, ბატონს კი ყოველ საღამოს ჩაჰქონდა და ივარაუდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა. ყოველ
შემთხვევაში, რაც არ უნდა ენახა ან შეეტყო, მან გადაწყვიტა, ჩარეულიყო.

რატომღაც არ ვუყვარდი - გაუგებარი მიზეზის გამო არ მენდობოდა. ამ მხრივ დედამისს ჰგავდა.

ახლაც, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც საყელო დახია და წინსაფარი დამისვარა, თხოვნით დაიწყო. ერთ
წვიმიან დილას კატარინა თმას ივარცხნიდა, კორნელია კი იქვე ტრიალებდა. სამრეცხაოში ზეწრებს ვახამებდი
და მათი საუბარი არ მესმოდა. როგორც ჩანს, სწორედ კორნელიამ შესთავაზა დედამისს, თმაში კუს ბაკნის
სავარცხელი ჩაერჭო.

რამდენიმე წუთის შემდეგ კატარინა სამზარეულოდან სამრეცხაოში გამავალ კარში გამოჩნდა და გამოაცხადა:
- ერთი სავარცხელი დამეკარგა. შენ ხომ არ გინახავს, ტანეკე? არც შენ? - ორივეს მოგვმართა, მაგრამ პირქუში
მზერა სწორედ მე მომაპყრო.

- არ მინახავს, ქალბატონო, - უთხრა ტანეკემ, რომელიც სამზარეულოდან გამოვიდა და მომაჩერდა.

- არა, ქალბატონო, - ბანი მივეცი ტანეკეს. და როდესაც დერეფანში დავინახე კორნელია, რომელმაც ჩვეული
ცუღლუტი გამომეტყველებით შემოიხედა სამზარეულოში, მივხვდი, რომ ჩემ წინააღმდეგ ისევ რაღაც ოინი
ჰქონდა ჩაფიქრებული.

თავისას არ მოიშლის, სანამ თავიდან არ მომიშორებს-მეთქი, გავიფიქრე.

- ვიღაცამ ხომ უნდა იცოდეს, სადაა? - დაიჟინა კატარინამ.

104
- ხომ არ დაგეხმაროთ? ისევ ხომ არ დავათვალიეროთ კარადა? - შესთავაზა ტანეკემ. - ან იქნებ სხვაგანაც
ვეძებოთ? - დასძინა მრავალმნიშვნელოვნად.

- შეიძლება ზარდახშაშია, - ვივარაუდე მე.

- შეიძლება.

კატარინა წინკარისკენ წავიდა. კორნელია შეტრიალდა და გაჰყვა.

რადგან ეს ვარაუდი მე გამოვთქვი, დარწმუნებული ვიყავი, რომ კატარინა მას არ გაითვალისწინებდა. მაგრამ
როდესაც გავიგონე, როგორ ადიოდა კიბეზე, მივხვდი, რომ სახელოსნოში მიდიოდა და სწრაფად გავედევნე.
ვიცოდი, რომ დავჭირდებოდი. განრისხებული კატარინა სახელოსნოს კარში იდგა. კორნელია იქვე იყო.

- ზარდახშა მომიტანე, - ხმადაბლა მითხრა კატარინამ. შეურაცხყოფილი იყო იმით, რომ სახელოსნოში არ
შეესვლებოდა. ამიტომ ისეთი მკაცრი ხმით მელაპარაკებოდა, როგორითაც არასოდეს დამლაპარაკებია.
ხშირად მომმართავდა მკვახედ და ხმასაც უწევდა, მაგრამ ამ წყნარმა ხმამ გაცილებით მეტად შემაშინა.

მესმოდა, რომ ბატონი სხვენზე საქმიანობდა. ისიც ვიცოდი, რას აკეთებდა - ლაზურიტს სრესდა ლურჯი
ქვედატანის დასახატავად.

ზარდახშა ავიღე და კატარინას მივაწოდე, მარგალიტის ყელსაბამი კი მაგიდაზე დავტოვე. უსიტყვოდ


გამომართვა და კიბეზე ჩავიდა. კორნელია, სასუსნავის მომლოდინე კატასავით, კვლავ უკან მიჰყვებოდა.
კატარინა დარბაზში თავის სამკაულებს გადაათვალიერებდა იმის შესამოწმებლად, კიდევ რაიმე ხომ არ
დაიკარგაო. შეიძლება ასეც იყო - რას გაიგებდი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული შვიდი წლის გოგონას ჩემი
დაღუპვის მიზნით.

მაგრამ ზარდახშაში სავარცხელს ვერ იპოვიდა. ვიცოდი, სადაც იყო.

კატარინას კი არ გავყევი, სხვენზე ავედი. ბატონმა გაკვირვებით შემომხედა და ჯამის თავზე ფილთაქვა წამით
ჰაერში გაუშეშდა, მაგრამ არ უკითხავს, რატომ მოვედი და კვლავ ლაზურიტის სრესა გააგრძელა. გავაღე
პატარა სკივრი, სადაც ჩემს ნივთებს ვინახავდი და გავშალე ცხვირსახოცი, რომელშიც სავარცხელი იყო ხოლმე
გახვეული. მას არც ისე ხშირად ვუყურებდი: ამ სახლში მისი ტარება არ შემეძლო, და არც მისი სილამაზით
ტკბობა მსურდა. იმ ცხოვრებას მაგონებდა, რომლითაც მე, მოსამსახურე, ვერასოდეს ვიცხოვრებდი. მაგრამ
ახლა ყურადღებით დავაკვირდი და მივხვდი, რომ ეს ბებიაჩემის სავარცხელი არ იყო, თუმცა კი ძალიან
ჰგავდა. უფრო გრძელი და მრუდე კბილები ჰქონდა; გარდა ამისა, ზემოდან დაკბილული იყო. ბებიაჩემის
სავარცხელს სჯობდა, მაგრამ ბევრად - არა.

საინტერესოა, ოდესმე ვიხილავ თუ არა ბებიაჩემის სავარცხელს-მეთქი, გავიფიქრე.


სავარცხელი მუხლებზე მედო და იმდენ ხანს ვიჯექი საწოლზე, რომ ბატონმა კვლავ მიატოვა მუშაობა და
მკითხა:

- რაიმე მოხდა, გრიტ?

ლმობიერად დამელაპარაკა და გავბედე, მეთქვა:

- ბატონო, თქვენი დახმარება მჭირდება.

105
ჩემს საწოლზე ვიჯექი, ხელები მუხლებზე მეწყო, სანამ ბატონი კატარინას და მარია თინსს ელაპარაკებოდა
და სანამ ბებიაჩემის სავარცხელს კორნელიას ტანსაცმელსა და სათამაშოებში ეძებდნენ. ბოლოს მარტჰემ
სავარცხელი დიდ ნიჟარაში იპოვა, რომელიც სურათის წასაღებად მოსულმა მეფუნთუშემ აჩუქა გოგონებს.
როგორც ჩანს, კორნელიამ სწორედ იმ დღეს შემიცვალა სავარცხელი სხვენზე, სადაც მაშინ გოგონები
თამაშობდნენ, ჩემი სავარცხელი კი იმ ადგილას დამალა, რომელიც პირველად მოხვდა თვალში.

კორნელია მარია თინსმა გაროზგა, რადგან ბატონმა თქვა, ეს ჩემი მოვალეობა არ არისო, კატარინა კი,
უბრალოდ, არაფერში ჩაერია, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ კორნელია სასჯელს იმსახურებდა. მარტჰემ
შემდეგ მითხრა, გაროზგვის დროს კორნელიას არ უტირია - დამცინავად იღიმებოდაო.

ჩემთან, სხვენზე, მარია თინსი ამოვიდა.

- რა გითხრა, გოგონი, - მითხრა და საღებავების მაგიდას დაეყრდნო, - დიდი ალიაქოთი ატეხე.

- არაფერი დამიშავებია, - შევეკამათე მე.

- მართალია, მაგრამ მტრები შეიძინე. მოსამსახურეების გამო ამდენი უსიამოვნება არასოდეს შეგვხვედრია, -
და ჩაეცინა, თუმცა მხიარულება არ ეტყობოდა. - მაგრამ ბატონმა შეძლებისდაგვარად დაგიცვა. ეს კი უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე კატარინას, კორნელიას, ტანეკეს ან ჩემი ბრალდებები შენ წინააღმდეგ.

ბებიაჩემის სავარცხელი მუხლებზე დამიგდო. სავარცხელი ცხვირსახოცში გავახვიე და სკივრში შევინახე.


შემდეგ მარია თინსს მივუბრუნდი. ახლა თუ არ ვკითხავდი, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდი. იქნებ, გაემხილა.

- ქალბატონო, გთხოვთ, მითხარით, რა თქვა? რა თქვა ბატონმა ჩემზე?

მარია თინსმა გამჭრიახი მზერა მესროლა.

- თავში ნუ აგივარდება, გოგონი. შენზე ძალიან ცოტა რამ თქვა. მაგრამ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. ის,
რომ ქვემოთ ჩამოვიდა და ამ საქმეში ჩაერია, უკვე ბევრს ნიშნავდა - ჩემი ქალიშვილი მიხვდა, რომ ბატონი
დაგიცავდა. ქმარმა უსაყვედურა, რომ შვილებს კარგად ვერ ზრდის. ძალზე მარჯვე ხერხს მიმართა - შენ კი არ
დაგიცვა, ცოლი დაადანაშაულა.

- აუხსნა, რომ... ვეხმარები მუშაობაში?

- არა.

შევეცადე, სახეზე არ დამტყობოდა, რაც ვიგრძენი, მაგრამ თვით დასმულმა შეკითხვამ ყველაფერი
გამოააშკარავა.

- მე თვითონ ვუთხარი კატარინას, როგორც კი მარტო დარჩა, - დასძინა მარია თინსმა. - არ შეიძლება,
მალულად აკეთებდე რაიმეს მისსავე სახლში.

ისე ლაპარაკობდა, თითქოს მადანაშაულებდა, მაგრამ შემდეგ წაიბურტყუნა:


- შენი ბატონი არც ისე ღირსეულად მოიქცა.

და გაჩუმდა. როგორც ჩანს, ინანა, რომ თავისი ფარული აზრები გამიმხილა.

- რა თქვა კატარინამ, როდესაც ყველაფერი უთხარით?

106
- რა თქმა უნდა, არ გახარებია, მაგრამ უფრო მეტად ქმრის განრისხებას მოერიდა, - მარია თინსი შეყოყმანდა. -
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ეს ამბები გულთან ახლოს არ მიუტანია. ახლა შემიძლია ეს
გითხრა. ისევ ფეხმძიმედაა.

- ისევ? - წამომცდა მე. არ მესმოდა, რად სჭირდებოდა კატარინას კიდევ ერთი ბავშვი, როდესაც ისედაც
ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.

მარია თინსმა დამიბღვირა:

- სხვის საქმეებში ნუ ერევი, გოგონი.

- მაპატიეთ, ქალბატონო.

უკვე ვნანობდი, რომ ეს სიტყვა წამომცდა. ჩემი საქმე არ იყო, რამდენი შვილს იყოლიებდა კატარინა. - ექიმმა
ნახა? - ვკითხე, რათა მარია თინსის გული მომეგო.

- საჭირო არაა. კატარინა ცნობს ფეხმძიმობის დამადასტურებელ ნიშნებს. პირველად ხომ არაა ფეხმძიმედ.

მარია თინსს წამიერად დაეტყო სახეზე, რასაც ფიქრობდა - მასაც უკვირდა, რა საჭირო იყო ამდენი შვილის
ყოლა. შემდეგ კვლავ მკაცრად მომმართა: - წადი, შენს საქმეებს მიხედე და კატარინას მოერიდე. ბატონს
დაეხმარე, მაგრამ საჭირო არაა, ეს მთელმა სახლმა იცოდეს. აქ არც ისე მყარი მდგომარეობა გიკავია.

თავი დავუქნიე და შევხედე მის დამჭკნარ ხელებს, რომლებითაც ყალიონში თამბაქოს ტენიდა. შემდეგ მან
თამბაქოს ცეცხლი მოუკიდა და მოსწია. და კვლავ ჩაეცინა:

- ღმერთია მოწმე, მოსამსახურეების გამო ამდენი უსიამოვნება არასოდეს გვქონია.

კვირადღეს სავარცხელი შინ წავიღე და დედაჩემს დავუბრუნე. არ მომიყოლია, რაც მოხდა, - უბრალოდ,
ვუთხარი, მოსამსახურისთვის შეუფერებელია ასეთი ძვირფასი ნივთის ქონა-მეთქი.

*****

სავარცხელთან დაკავშირებული უსიამოვნების შემდეგ ჩემ მიმართ ოჯახის წევრთა დამოკიდებულება


შეიცვალა. ყველაზე მეტად კატარინას ქცევამ გამაკვირვა. მეგონა, უწინდელზე უფრო მკაცრად მომეპყრობოდა
- სამუშაოთი მეტად დამტვირთავდა, ლანძღვა-გინებას არ მომაკლებდა და სიცოცხლეს შეძლებისდაგვარად
გამიმწარებდა. მაგრამ ახლა თითქოს ეშინოდა ჩემი. გასაღებების შეკვრიდან სახელოსნოს გასაღები მოხსნა
და მარია თინსს გადასცა. სახელოსნოს კარს აღარ კეტავდა და აღარც აღებდა. თავისი ზარდახშა
სახელოსნოში დატოვა და როდესაც რაიმე სამკაული სჭირდებოდა, მის მოსატანად დედამისს აგზავნიდა.
ჩემთან ურთიერთობას აშკარად თავს არიდებდა და, როდესაც ეს შევნიშნე, ვცდილობდი, არსად გადავყროდი.
არაფერი უთქვამს იმაზე, რომ დღის მეორე ნახევარში სხვენში ვმუშაობდი. ალბათ, მარია თინსმა დაარწმუნა,
რომ ჩემი დახმარების წყალობით ბატონი უფრო სწრაფად იმუშავებდა - იმ ბავშვს, რომელიც უნდა
დაბადებულიყო, და იმათაც, რომლებიც კატარინას უკვე ჰყავდა, ბევრი ფული სჭირდებოდათ. მან გულთან

107
ახლოს მიიტანა ქმრის საყვედური შვილების ცუდად აღზრდის შესახებ, რაც, ბოლოს და ბოლოს, მისი მთავარი
მოვალეობა იყო, და ახლა უწინდელზე მეტ დროს ატარებდა მათთან. მარია თინსის კარნახით, კატარინა
მარტჰესა და ლისბეთს წერა-კითხვას ასწავლიდა.

მარია თინსს ცვლილება დიდად არ დასტყობია, მაგრამ ახლა ისიც მეტი პატივისცემით მექცეოდა. რა თქმა
უნდა, ისევ მოსამსახურე ვიყავი, მაგრამ ისე აბუჩად არ მიგდებდა, როგორც ზოგჯერ - ტანეკეს. არც ჩემს
ლაპარაკს ისმენდა უგულისყუროდ. ჩემს აზრს არ მეკითხებოდა, მაგრამ ამ სახლში თავს უცხოდ უკვე აღარ
ვგრძნობდი.

ტანეკეც უფრო ლმობიერად მექცეოდა. მეგონა, რომ სიამოვნებას ანიჭებდა ჩემზე გაბრაზება და ჯავრის
ამოყრა, მაგრამ შესაძლოა, ასეთი მოპყრობა მობეზრდა. ან იქნებ ბატონის მხარდაჭერამ აიძულა, ჩემთან
მტრობა შეეწყვიტა. შესაძლოა, ყველანი ამგვარად ფიქრობდნენ. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, ტანეკე
ახლა განზრახ ზეთს აღარ ასხამდა იატაკზე, დამატებითი სამუშაოთი რომ დავეტვირთე; ჩემს სალანძღავ
სიტყვებს აღარ ბურტყუნებდა და ალმაცერად აღარ მიყურებდა. ჩვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება არ
დამყარებულა, მაგრამ ახლა მის გვერდით მუშაობა აღარ მიმძიმდა.

ალბათ, ნიშნის მოგება უღირსი რამაა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მასთან ბრძოლაში გავიმარჯვე. ტანეკე ჩემზე
უფროსი გახლდათ და გაცილებით მეტხანს მუშაობდა ამ სახლში, მაგრამ აშკარა იყო, რომ მის დამსახურებასა
და გამოცდილებას იმაზე ნაკლები ფასი ჰქონდა, ვიდრე - ბატონის მოწყალე დამოკიდებულებას ჩემ მიმართ.
ტანეკეს გულის სიღრმეში ეს, ალბათ, სწყინდა, მაგრამ უფრო იოლად შეურიგდა დამარცხებას, ვიდრე
ვვარაუდობდი. მარტივი სული ჰქონდა და სურდა, მის ცხოვრებაში ყველაფერი მარტივი ყოფილიყო. და
ყველაზე მარტივი ჩემს არსებობასთან შეგუება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კატარინა ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა კორნელიას, გოგონა ოდნავაც არ
შეცვლილა. ის დედის ნებიერა გახლდათ, ალბათ, იმიტომ, რომ ხასიათით მას ყველაზე მეტად ჰგავდა.
ამიტომ კატარინა მაინცდამაინც თავს არ იწუხებდა შვილის მოთვინიერებით. ზოგჯერ კორნელია თავის
თაფლისფერ თვალებს მომაპყრობდა ხოლმე და თავს გვერდზე ისე გადახრიდა, რომ წითური კულულები
სახეზე ეცემოდა. ასეთ წუთებში მარტჰეს მონაყოლი მახსენდებოდა და წარმოვიდგენდი, როგორი დამცინავი
გამომეტყველება ექნებოდა გოგონას, როდესაც მარია თინსი მას როზგავდა. და კვლავ იგივე გავიფიქრე, რაც
პირველ დღეს: შენი მოდრეკა ძნელი იქნება-მეთქი.

კორნელიასთან ურთიერთობას ისევე გავურბოდი, როგორც დედამისთან შეხვედრებს, თუმცა კი ვცდილობდი,


ეს შეუმჩნევლად გამეკეთებინა. არ მინდოდა, მისთვის მორიგი ოინის მოწყობის საბაბი მიმეცა. გატეხილი
ფილა, ჩემი საუკეთესო მაქმანის საყელო და დედაჩემის მიერ მოქარგული ცხვირსახოცი ისე დავმალე, რომ
კორნელიას ვერ ეპოვა.

ბატონის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეცვლილა. როდესაც დაცვისთვის მადლობა გადავუხადე, თავი
ისე გააქნია, თითქოს აბეზარ ბუზს იშორებდა.

ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ კი შეიცვალა. ვგრძნობდი, რომ მის წინაშე ვალში ვიყავი. რაც არ უნდა
დაევალებინა ჩემთვის, უარის თქმის უფლება არ მქონდა. არ ვიცოდი, რა უნდა ეთხოვა, რაზე შეიძლებოდა
უარი მეთქვა, მაგრამ არ მომწონდა ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდი.

გარდა ამისა, იმედები გამიცრუა, თუმცა ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. ვიმედოვნებდი, რომ თვითონ აუხსნიდა
კატარინას, როგორ ვეხმარებოდი; რომ არ შეუშინდებოდა ამის გამხელას ცოლისთვის; რომ მხარს დამიჭერდა.

მხოლოდ ეს მსურდა.
*****

108
ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც ვან რეივენის ცოლის პორტრეტი თითქმის მზად იყო, მარია თინსი
სახელოსნოს ეწვია. ალბათ, იცოდა, რომ სხვენზე ვმუშაობდი და მისი ხმა მესმოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
გულახდილად დაელაპარაკა.

მან ჰკითხა ბატონს, რის დახატვას აპირებდა ამის შემდეგ. როდესაც ბატონმა არაფერი უპასუხა, ქალმა უთხრა:

- უფრო დიდი ზომის სურათები უნდა დახატო, რომლებზეც მეტი ფიგურა იქნება, ისე, როგორც უწინ იქცეოდი.
გეყო განმარტოებული და ჩაფიქრებული ქალების ხატვა. როდესაც ვან რეივენი თავისი სურათის წასაღებად
მოვა, კიდევ ერთი სურათის დახატვა შესთავაზე. შესაძლოა, ისეთი სურათისა, რომელიც ადრე დახატული
სურათის გვერდით შეიძლება დაიკიდოს. აუცილებლად დათანხმდება - მეტწილად გეთანხმება ხოლმე. და
მეტ თანხასაც გადაგიხდის.

ბატონი კვლავ დუმდა.

- უამრავი ვალი გვაქვს, - პირდაპირ განუცხადა მარია თინსმა. - ფული გვჭირდება.

- შეიძლება მოითხოვოს, რომ სურათზე ის დავხატო, - უთხრა ბატონმა. ძალიან ხმადაბლა უთხრა. მისი
სიტყვები გავიგონე, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რასაც გულისხმობდა.

- მერე რა?

- თანახმა არა ვარ.

- ამაზე მაშინ ვიფიქროთ, როდესაც მოხდება. წინასწარ თავი რატომ ავიტკივოთ?

რამდენიმე დღის შემდეგ ვან რეივენი და მისი ცოლი დასრულებული სურათის სანახავად მოვიდნენ. დილას
ბატონმა და მე მათ მისაღებად ოთახი მოვამზადეთ. ბატონმა მარგალიტის ყელსაბამი და ზარდახშა
კატარინას ჩაუტანა, მე კი ყველაფერი, რაც ზედმეტი იყო, ავალაგე და სკამები დავდგი. შემდეგ ბატონმა
მოლბერტი სურათიანად იმ ადგილას გადაიტანა, სადაც ვან რეივენის ცოლი იჯდა ხოლმე და მთხოვა, ყველა
დარაბა გამეღო.

იმ დილას ტანეკემ და მე სტუმრებისთვის საგანგებო სადილი მოვამზადეთ. მეგონა, რომ მათთან შეხვედრა არ
მომიწევდა და, როდესაც ყველანი სახელოსნოში შეიკრიბნენ, ღვინო იქ ტანეკემ აიტანა. მაგრამ, როდესაც
დაბრუნდა, გამოაცხადა, რომ სტუმრებს მასთან ერთად მარტჰე კი არა, მე უნდა მოვმსახურებოდი, რადგან
მარტჰე უკვე საკმარისად დიდი იყო და შეეძლო, სუფრასთან მჯდარიყო.

- ჩემმა ქალბატონმა ასე ბრძანა, - დასძინა მან.

გამიკვირდა. როდესაც ვან რეივენი და მისი ცოლი წინა ჯერზე სურათის სანახავად მოვიდნენ, მარია თინსი
ცდილობდა, ვან რეივენს თვალში არ მოვხვედროდი. ტანეკესთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს.

- ვან ლევენჰუკიც იქაა? - ვკითხე ამის ნაცვლად. - მგონი, წინკარიდან მისი ხმა მომესმა.

ტანეკემ უგულისყუროდ დამიქნია თავი. შემწვარ ხოხობს გემოს უსინჯავდა.

109
- არა უშავს, - წაიჩურჩულა. - ვან რეივენის მზარეულებზე უარესი როდი ვარ.

სანამ ზევით იყო, ხოხობს მარილი მოვაყარე - ტანეკე, ჩვეულებრივ, კერძებს მარილს აკლებდა ხოლმე.
როდესაც ყველანი ჩამოვიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ, ტანეკემ და მე კერძების ჩამოტარება დავიწყეთ.
კატარინამ თვალები დამიბრიალა: თავისი გრძნობების დამალვა არ ეხერხებოდა და აღშფოთებული იყო
იმით, რომ სტუმრებს ვემსახურებოდი.

ბატონიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს კბილი გაუტყდაო. ცივად შეხედა მარია თინსს, რომელმაც
მოჩვენებითი გულგრილობით მოჰკიდა ხელი ღვინიან ჭიქას.

მაგრამ ვან რეივენი იღრიჭებოდა.

- ეს შენ ხარ, თვალებბრიალა მოსამსახურევ?- წამოიძახა მან. - გამიკვირდა, რომ არ ჩანდი. როგორ ხარ, ჩემო
პატარავ?

- კარგად, ბატონო, დიდი მადლობა, - წავიჩურჩულე, თეფშზე ხოხბის ხორცი დავუდე და სწრაფად მოვშორდი,
მაგრამ მაინც მოასწრო და თეძოზე ხელი მომითათუნა. რამდენიმე წუთის შემდეგაც კი ვგრძნობდი მის
შეხებას. ვან რეივენის ცოლსა და მარტჰეს არაფერი შეუმჩნევიათ, მაგრამ ვან ლევენჰუკს არაფერი
გამოჰპარვია - არც კატარინას მრისხანება, არც ბატონის გაღიზიანება, არც მარია თინსის მხრების აჩეჩა და
არც ვან რეივენის კადნიერი ალერსი. როდესაც მას ვემსახურებოდი, სახეში შემომხედა - თითქოს ცდილობდა
მიმხვდარიყო, როგორ შეძლო უბრალო შინამოსამსახურემ, ყველასთვის სიმშვიდე დაერღვია. მისი მადლიერი
გახლდით - ეტყობოდა, რომ არაფერში მადანაშაულებდა.

ტანეკემაც შეამჩნია ვნებათაღელვა, რომელსაც უნებურად ვიწვევდი, და ამჯერად გადაწყვიტა, დამხმარებოდა.


სამზარეულოში არაფერზე შევთანხმებულვართ, მაგრამ ახლა უკვე მხოლოდ მას მიჰქონდა საწებელი და
ახალი კერძები სუფრაზე და ავსებდა ღვინის ჭიქებს, მე კი სამზარეულოში ვსაქმიანობდი. სასადილო ოთახში
მხოლოდ ერთხელ მომიხდა შესვლა, როდესაც ჭუჭყიანი თეფშები უნდა გამოგვეტანა. ტანეკე მაშინვე ვან
რეივენისკენ გაემართა, მე კი თეფშები მაგიდის მეორე ბოლოში შევაგროვე. მაგრამ ვან რეივენი თვალს არ
მაცილებდა.

ბატონიც ასევე იქცეოდა.

ვცდილობდი, მათთვის ყურადღება არ მიმექცია და მარია თინსს ვუსმენდი, რომელიც მომდევნო სურათის
შესახებ მსჯელობდა.

- ხომ მოგეწონათ სურათი, რომელზეც მუსიკის გაკვეთილია დახატული? - იკითხა მან. - იქნებ, ამ სურათის
გარდა, მეორეც მოისურვოთ მუსიკის თემაზე? მაგალითად, „კონცერტი“, რომელზეც სამი-ოთხი მუსიკოსი და
რამდენიმე მსმენელი იქნება გამოსახული...

- მსმენელების გარეშე, - შეაწყვეტინა ბატონმა. - ხალხმრავალ სცენებს არ ვხატავ.

მარია თინსმა მას სკეპტიკურად გადახედა.

- აქ საკამათო არაფერია, - შეაწყვეტინა მათ გულკეთილმა ვან ლევენჰუკმა - მუსიკოსები ხომ მსმენელებზე
უფრო საინტერესონი არიან.

გამიხარდა, რომ ბატონი დაიცვა.

110
- მსმენელები მეც არ მაინტერესებს, - განაცხადა ვან რეივენმა, - მაგრამ კარგი იქნება, რომ ამ სურათზე მეც
დამხატოთ. ბარბითზე დავუკრავ, - ცოტა ხანს იყუჩა და დასძინა: - ეს გოგონაც დახატეთ.

ვან რეივენს არ ვუყურებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემზე მიუთითა.

ტანეკემ ოდნავ შესამჩნევად გაიქნია თავი სამზარეულოსკენ და ოთახიდან საჭმლის ნარჩენებიანი რამდენიმე
თეფშით გავედი, დანარჩენები კი ტანეკეს უნდა გამოეტანა. მინდოდა, ბატონისთვის შემევლო თვალი, მაგრამ
ვერ გავბედე. ჩემ უკან კატარინას მხიარული ხმა მომესმა:
- მშვენიერი აზრია! ისეთივე სურათი იქნება, როგორიც ის, წითელკაბიან მოსამსახურესთან ერთად რომ ხართ
დახატული. გახსოვთ?

*****

კვირადღეს მე და დედაჩემი სამზარეულოში ვსაუბრობდით. მამაჩემი პარმაღზე იჯდა და სანამ სადილს


ვამზადებდით, შემოდგომის მზის სხივებით ტკბებოდა,.

- ხომ იცი, ბაზრის ჭორებს არ ვუსმენ, - დაიწყო დედამ, - მაგრამ ძნელია მათ ყურადღება არ მიაქციო, როდესაც
შენს შვილზე ჭორაობენ.

მაშინვე უმცროსი პიტერი მომაგონდა, მაგრამ ის, რასაც ბნელ შუკაში ვაკეთებდით, ჭორებს ვერ გამოიწვევდა.
მე ხომ მისთვის არაფრის ნება არ მიმიცია.

- არ მესმის, რაზე ლაპარაკობ, - ვუთხარი გულწრფელად.

დედაჩემს ტუჩები აუთრთოლდა.

- ამბობენ, რომ შენი ბატონი აპირებს, დაგხატოს.

ისე ლაპარაკობდა, თითქოს სიტყვები ტუჩებს უკრუნჩხავდა.

ქოთანში კოვზს ვურევდი, მაგრამ ამის გაგონებისას შევჩერდი.

- ვინ ამბობს ამას?

დედაჩემმა ამოიოხრა: ყურმოკრული ჭორების გამეორება არ სიამოვნებდა.

- ვაშლის გამყიდველი ქალები.

არაფერი ვუთხარი და დედამ იფიქრა, რომ დუმილით ამ ჭორს ვადასტურებდი.

- რატომ არაფერს ამბობ, გრიტ?

111
- დედა, პირველად მესმის ამის შესახებ. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.

არ დამიჯერა.

- სიმართლეს გეუბნები,- დავიჟინე მე. - ბატონს არაფერი უთქვამს ჩემთვის. არც მარია თინსს. უბრალოდ,
სახელოსნოს ვალაგებ ხოლმე. მხოლოდ ეს დამოკიდებულება მაქვს მის ნახატებთან.

დედაჩემისთვის არ მითქვამს, რომ საღებავებს ვამზადებდი.

- ბებერი ჭორიკნების ნათქვამი გჯერა, ჩემი კი - არა?

- როდესაც ბაზარში ვინმეზე ჭორაობენ, ამას ყოველთვის აქვს მიზეზი - თუნდაც ის მიზეზი არ იყოს,
რომელსაც ასახელებენ.

დედა სამზარეულოდან გავიდა მამაჩემის დასაძახებლად. იმ დღეს ამ თემაზე აღარ დამლაპარაკებია, მაგრამ
ვშიშობდი, რომ არ ცდებოდა - და ამ ჭორს ყველაზე გვიან მე მეტყოდნენ.
მეორე დღეს, როდესაც ხორცის საყიდლად წავედი, გადავწყვიტე, პიტერის მამას დავლაპარაკებოდი. ვერ
გავბედე, უმცროსი პიტერისთვის მეკითხა. თუკი დედამ ეს ჭორი შეიტყო, მას პიტერიც მოჰკრავდა ყურს. და, რა
თქმა უნდა, არ გაუხარდებოდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბატონზე ეჭვიანობდა.
უმცროსი პიტერი დახლთან არ იდგა. მამამისი კი თვითონვე გამომელაპარაკა ამ ჭორის შესახებ.
- ეს რა გავიგე? - სიცილით მითხრა მან, როდესაც მის დახლთან მივედი. - ამბობენ, დაგხატავენო, მართალია?
მალე ისეთი დახვეწილი ქალბატონი გახდები, რომ ჩემს შვილს ზედაც არ შეხედავ. შენ გამო საქონლის
ბაზარზე დაღვრემილი წავიდა.

- მითხარით, რას ამბობენ ჩემზე.

- კიდევ ერთხელ გინდა გაიგონო? - და ხმას აუწია: - იქნებ ეს სასიამოვნო ჭორი მთელ ბაზარს მოვდო?

- ჩუმად, - წავისისინე მე. ვამჩნევდი, რომ უდარდელი კილოს მიუხედავად, ჩემზე განაწყენებული იყო. -
მხოლოდ ის მითხარით, რას ჭორაობენ.

პიტერმა ხმას დაუწია.

- მითხრეს, რომ, ვან რეივენის მზარეულის თქმით, შენი ბატონი ვან რეივენთან ერთად დაგხატავს.

- ამის შესახებ არაფერი ვიცი, - მტკიცედ ვუთხარი, მაგრამ მესმოდა, რომ, დედაჩემისა არ იყოს, პიტერსაც არ
სჯეროდა ჩემი. მან დახლიდან ერთი მუჭა ღორის თირკმლები აიღო, რათა მათი წონა დაახლოებით
განესაზღვრა:

- ეს ყველაფერი მე როდი უნდა მითხრა.

რამდენიმე დღე დავიცადე, სანამ მარია თინსს გამოველაპარაკებოდი. მინდოდა გამეგო, ვინმე პირდაპირ
მეტყოდა თუ არა ამ ჭორის შესახებ. მარია თინსთან ჯვარცმიან ოთახში სადილის შემდეგ შევედი, როდესაც
კატარინას ეძინა, გოგონები კი მარტჰესთან ერთად საქონლის ბაზარში იყვნენ. ტანეკე სამზარეულოში იჯდა
და კერავდა, თან იოჰანესსა და ფრანცისკუსს თვალყურს ადევნებდა.

- შეიძლება, რაღაც გკითხოთ, ქალბატონო? - ხმადაბლა მივმართე მარია თინსს.

112
- რა მოხდა, გოგონი? - მან თავის ყალიონს მოუკიდა და კვამლში გამომხედა. - ისევ რაღაც შეგემთხვა? - მკითხა
დაღლილი ხმით.

- არ ვიცი, ქალბატონო, მაგრამ უცნაური ჭორები გავიგე.

- უცნაური ჭორები ყველას გვესმის.

- გავიგე, რომ ბატონი ჩემს დახატვას აპირებს, ვან რეივენთან ერთად.

მარია თინსმა ჩაიცინა:

- მართლაც უცნაური ჭორია. ბაზარში გითხრეს?

თავი დავუქნიე.

სავარძლის საზურგეს გადააწვა და ყალიონიდან კვამლი გამოუშვა.

- თვითონ რას ფიქრობ ამაზე?

არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- რა უნდა ვიფიქრო, ქალბატონო? - ვიკითხე უაზროდ.

- სხვა ვინმეს ამის შესახებ არაფერს ვკითხავდი. მაგალითად, ტანეკე, როდესაც ბატონი მას ხატავდა,
სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო. რძეს თვეობით ასხამდა, ისე, რომ, ღვთის წყალობით, არავითარი ეჭვი არ
გასჩენია. შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, მაგრამ საკუთარ ფიქრებს არავის უზიარებ. ნეტავ, რას ფიქრობ?

მაშინ ის ვუთხარი, რაც, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა გაეგო:

- არ მინდა, რომ ვან რეივენთან ერთად დამხატონ, ქალბატონო. ჩემი აზრით, უღირსი მიზანი აქვს.

ამ სიტყვებმა მტკიცედ გაიჟღერა.

- მას ყოველთვის უღირსი მიზნები აქვს, როდესაც საქმე ახალგაზრდა ქალებს ეხება.

ხელები ნერვიულად შევაწმინდე წინსაფარს.

- მაგრამ შენს ღირსებას დამცველი ჰყავს, - განაგრძო მან. - ჩემს სიძეს სულაც არ ეპიტნავება, რომ ვან
რეივენთან ერთად დაგხატოს.

შვებით ამოვისუნთქე.

- მაგრამ, - გამაფრთხილა მარია თინსმა, - ვან რეივენი მისი მფარველია, მდიდარი და გავლენიანი კაცია. მის
მიმართ უპატივცემლობას ვერ გამოვამჟღავნებთ.

- რას ეტყვით, ქალბატონო?

- ვცდილობ, რაიმე მოვიფიქრო. შენ კი ჯერჯერობით ჭორებთან შეგუება მოგიწევს. თავს ნუ დაიცავ. საჭირო
არაა, ვან რეივენამდე მიაღწიოს ჭორმა, თითქოს არ გსურს, რომ მასთან ერთად დაგხატონ.

113
სახეზე, ალბათ, იმედგაცრუება დამეტყო.

- ნუ წუხხარ, გოგონი, - წაიდუდუნა მარია თინსმა და ყალიონი მაგიდაზე დააკაკუნა, ფერფლი რომ
გადმოეყარა. - რამეს მოვიფიქრებთ. უკმაყოფილებას ნუ შეიმჩნევ და შენი საქმე აკეთე. არავის არაფერი
უთხრა.

- დიახ, ქალბატონო.

მაგრამ ერთ ადამიანს ვუთხარი. ვგრძნობდი, რომ უნდა მეთქვა.

უმცროს პიტერთან შეხვედრებს მანამდე თავს ვარიდებდი. ეს არ გამჭირვებია - მთელი ამ კვირის


განმავლობაში საქონლის ბაზარზე აუქციონები ტარდებოდა: იქ ყიდდნენ ზაფხულისა და შემოდგომის
განმავლობაში სოფლებში მოსუქებულ ცხოველებს, რომლებიც ზამთრის პირას უნდა დაეკლათ. პიტერი
ყოველდღე დადიოდა საქონლის საყიდლად.

მარია თინსთან საუბრიდან მეორე დღეს უმცროსი პიტერის საძებრად გავეშურე ჩვენი სახლის მახლობლად
მდებარე საქონლის ბაზარში. საღამოობით იქ უფრო მეტი სიმშვიდე სუფევდა, ვიდრე დილას, აუქციონების
ჩატარების დროს. ბევრი ცხოველი ახალ პატრონებს უკვე წაეყვანათ, ბაზრის მოედნის ირგვლივ დარგულ
ცაცხვებქვეშ კი მხოლოდ გამყიდველები დარჩენილიყვნენ, ნავაჭრს ითვლიდნენ და გარიგებების შესახებ
მსჯელობდნენ. გაყვითლებული ფოთლები ცვიოდა და საქონლის ნაკელსა და შარდს ერეოდა, რომელთა სუნი
შორიდანვე ვიგრძენი.

უმცროსი პიტერი ვიღაც კაცთან ერთად მოედანზე, ფუნდუკის წინ იჯდა და წინ ლუდით სავსე კათხა ედგა. ისე
იყო გართული საუბრით, რომ ვერ დამინახა - მაშინაც კი, როდესაც მივუახლოვდი და მაგიდის გვერდით
დავდექი. ბოლოს პიტერის მეგობარმა შემნიშნა და პიტერს იდაყვი გაჰკრა.
- ცოტა ხნით უნდა დაგელაპარაკო, - ვუთხარი სწრაფად, სანამ პიტერს სახეზე გაოცება დაეტყობოდა.

მისი მეგობარი მაშინვე წამოდგა და თავისი სკამი შემომთავაზა.

- იქნებ, გავიაროთ? - ვკითხე და მოედნისკენ მივუთითე.

- რა თქმა უნდა, - მიპასუხა პიტერმა, მეგობარს დაემშვიდობა და გამომყვა. ვერ შევატყვე, გაუხარდა თუ არა
ჩემი ნახვა.

- დღევანდელმა აუქციონებმა როგორ ჩაიარა? - ვკითხე სულელურად.

პიტერმა მხრები აიჩეჩა, იდაყვზე ხელი მომკიდა, რომ ნაკელში არ ჩამებიჯებინა და შემდეგ ხელი გამიშვა.

გული ჩამწყდა.

- თურმე, ბაზარში ჩემზე ჭორაობენ, - ვუთხარი პირდაპირ.

- ბაზარში ყოველთვის ჭორაობენ, - მიპასუხა მან გულგრილად.

- რასაც ლაპარაკობენ, სიცრუეა. ვან რეივენთან ერთად არ დამხატავენ.

- მამაჩემი ამბობს, ვან რეივენი ეარშიყებაო.

114
- არ დავთანხმდები, რომ მასთან ერთად დამხატონ.

- ძალიან გავლენიანი კაცია.

- უნდა დამიჯერო, პიტერ.

- ძალიან გავლენიანი კაცია, - გაიმეორა მან, - შენ კი მხოლოდ და მხოლოდ მოსამსახურე ხარ. გგონია, შენსას
გაიტან?

- გგონია, ისეთივე ბედი მეწევა, როგორიც წითელკაბიან მოსამსახურეს?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვან რეივენის ღვინოს დალევ, - და პიტერმა მშვიდად ჩამხედა თვალებში.

- ჩემს ბატონსაც არ სურს, რომ ვან რეივენთან ერთად დამხატოს, - უხალისოდ ვუთხარი ერთი წუთის შემდეგ.
მისი ხსენება არ მსურდა.

- ძალიან კარგი. მეც არ მსურს, რომ ბატონმა დაგხატოს.

შევჩერდი და თვალები დავხუჭე. ნაკელის სუნისგან სული მეხუთებოდა.

- იქ არ უნდა დარჩე, გრიტ, - მითხრა პიტერმა უფრო ლმობიერად. - მათთან არ დაგედგომება.

თვალები გავახილე და უკან დავიხიე.

- იმისთვის მოვედი, რომ გითხრა: რასაც ჩემზე ჭორაობენ, სიცრუეა. შენი ბრალდებების მოსმენა არ მსურს.
მაპატიე, რომ დრო წაგართვი.

- ამას ნუ ამბობ. მე შენი მჯერა, - და პიტერმა ამოიოხრა. - მაგრამ ვერაფერს გააწყობ. განა არ გესმის?
პასუხი რომ ვერ მიიღო, დასძინა:

- შენს ბატონს რომ მოესურვებინა შენი დახატვა ვან რეივენთან ერთად, უარის თქმას გაბედავდი?

ამ კითხვას მეც ვუსვამდი საკუთარ თავს, მაგრამ ვერაფერს ვპასუხობდი.

- დიდი მადლობა, რომ შემახსენე, როგორი უმწეო ვარ, - მივახალე.

- ჩემ გვერდით უმწეო არ იქნებოდი. საკუთარი საქმე გვექნებოდა. საკუთარ ფულს ვიშოვიდით, თვითონ
გავუძღვებოდით ჩვენს ცხოვრებას. ნუთუ ეს არ გინდა?

ვუყურებდი მის კრიალა ცისფერ თვალებს, ქერა კულულებს, აღელვებულ სახეს. რა სულელი ვიყავი, რომ
ვყოყმანობდი.

- ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, - ძველი საბაბი მოვიშველიე და
გავიფიქრე: დადგება დრო, როდესაც არც ისე ახალგაზრდა ვიქნები-მეთქი.

- ვერასოდეს ვხვდები, რაზე ფიქრობ, გრიტ, - არ მეშვებოდა პიტერი. - ყოველთვის ძალიან მშვიდი და წყნარი
ხარ. არაფერს მეუბნები. მაგრამ ბევრ რამეს ფიქრობ. ზოგჯერ ამას შენი თვალების სიღრმეში ვამჩნევ.

115
კაპორი გავისწორე და შევამოწმე, თმა ხომ არ ჩამომეშალა-მეთქი.

- მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ არ დამხატავენ, - ვუთხარი და ბოლო სიტყვებზე არ ვუპასუხე. - მარია
თინსი დამპირდა ამას, მაგრამ არავის უთხრა. თუ ბაზარში ვინმე გკითხავს ჩემ შესახებ, არაფერი უპასუხო.
ჩემს დაცვას ნუ შეეცდები, თორემ ეს ვან რეივენის ყურამდე მივა და დიდ ზიანს მოგვაყენებს.

პიტერმა ნაღვლიანად დამიქნია თავი და ფეხსაცმლის წვერი ბინძურ თივას გაჰკრა.

ყოველთვის ასეთი დამყოლი არ იქნება და ერთ მშვენიერ დღეს მას დავკარგავ-მეთქი, გავიფიქრე.

პიტერის თვინიერების სანაცვლოდ საქონლის ბაზარზე ორ შენობას შორის შუკაში შევყევი და უფლება მივეცი,
სხეულზე მომფერებოდა. ვცდილობდი, სიამოვნება მეგრძნო, მაგრამ საქონლის სუნისგან გული მერეოდა.

რაც არ უნდა მეთქვა უმცროსი პიტერისთვის, თვითონაც არ მჯეროდა, რომ მარია თინსი თავისი დაპირების
შესრულებას შეძლებდა. საზრიანი და ძლიერი ქალი იყო, მაგრამ ვან რეივენს ვერ აჯობებდა. არ მესმოდა,
როგორ უნდა აღდგომოდა წინ ვან რეივენის ნება-სურვილს. როდესაც ვან რეივენმა მოინდომა, ჰქონოდა
სურათი, რომელზეც მისი ცოლი მხატვარს უყურებდა, ბატონმა ამგვარი სურათი დახატა; როდესაც მოინდომა,
რომ ვერმეერს წითელკაბიანი მოსამსახურის სურათი დაეხატა, ჩემი ბატონი მაშინაც დაემორჩილა თავისი
მფარველის ნებას. თუ ვან რეივენს ჩემი ხელში ჩაგდება სურდა, ვინ შეუშლიდა ხელს ამ სურვილის
ასრულებაში?

*****

ერთ დღეს სამმა მამაკაცმა ურმით კლავესინი მოიტანა. მათმა თანმხლებმა ბიჭმა თავის თავზე უფრო დიდი
კონტრაბასი მოათრია. ეს საკრავები ვან რეივენისა კი არ იყო, ვიღაც მუსიკის მოყვარულმა ნათესავმა ათხოვა.
ყველანი შეგროვდნენ იმის სანახავად, თუ როგორ აიტანდნენ მუშები კლავესინს კიბეზე. კორნელია კიბის
ბოლოს იდგა - მუშებს კლავესინი ხელიდან რომ გავარდნოდათ, პირდაპირ კორნელიას დაეცემოდა. მინდოდა,
გვერდზე გამეყვანა და მის ადგილას ნებისმიერი სხვა ბავშვი რომ ყოფილიყო, ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ
ამჯერად თავი შევიკავე. ბოლოს კატარინამ უბრძანა კორნელიას, უხიფათო ადგილას გადასულიყო.

მუშებმა კლავესინი კიბეზე აიტანეს და სახელოსნოში დადგეს. ბატონი მათ თვალყურს ადევნებდა და
როდესაც მუშები წავიდნენ, კატარინას უხმო. კატარინას მარია თინსიც აჰყვა. რამდენიმე წამის შემდეგ
კლავესინის ხმები მოგვესმა. გოგონები კიბის საფეხურებზე ისხდნენ, მე და ტანეკე კი წინკარში ვიდექით და
ვუსმენდით.

- ვინ უკრავს? - ვკითხე ტანეკეს. - კატარინა თუ შენი ქალბატონი?

ვერ დამეჯერებინა, რომ ამ ქალთაგან ერთ-ერთი უკრავდა. იქნებ ის უკრავდა. კატარინა კი, უბრალოდ,
მოსასმენად მიიწვია?

- რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქალბატონი უკრავს, - ხმადაბლა მითხრა ტანეკემ, - ასე რომ არ იყოს, ბატონი არ
დაუძახებდა. კარგად უკრავს. ბავშვობისას მუსიკას ასწავლიდნენ. მაგრამ როდესაც მამამისი ჩემს ქალბატონს

116
დასცილდა, კლავესინი თვითონ დაიტოვა. ნუთუ არასოდეს გსმენია, როგორ ჩიოდა ახალგაზრდა ქალბატონი,
კლავესინის შესაძენი თანხა არ გვაქვსო?

- არა.

წამით დავფიქრდი და ვკითხე:

- იქნებ ბატონი აპირებს, ვან რეივენთან ერთად თავისი ცოლი დახატოს?

ტანეკეს ალბათ გაგონილი ჰქონდა ბაზრის ჭორები, მაგრამ ჩემთვის მათზე არაფერი უთქვამს.

- არა, კატარინას მშვიდად ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ ბატონი არასოდეს ხატავს ხოლმე.

მეორე დღეს ბატონმა საკრავებთან მაგიდა და სკამები დადგა და კლავესინის სახურავი ასწია, რომელზეც
პეიზაჟი - ქვები, ხეები და ზეცა - ეხატა.

მაგიდაზე სუფრა გადააფარა, კონტრაბასი კი მაგიდის ქვეშ შეაცურა.

რამდენიმე დღის შემდეგ მარია თინსმა ჯვარცმიან ოთახში მიხმო.

- მისმინე, გოგონი, - მითხრა მან. - რამდენიმე რამ უნდა დაგავალო. ამ საღამოს აფთიაქში წადი. ანწლის
ყვავილები და უსუპი იყიდე - ფრანცისკუსი კვლავ გაცივდა და ახველებს, შემდეგ ძაფის მრთველ მარისთან
მიდი და მატყლი გამოართვი - ალეიდისს საყელოსთვის სჭირდება. ხომ შეამჩნიე, რომ ძველი საყელოდან
ძაფი გამოძვრა და თანდათან იშლება? - ის გაჩუმდა, თითქოს ანგარიშობდა, რამდენი დრო დამჭირდებოდა
ამისთვის. - შემდეგ იან მეიერს მიაკითხე და ჰკითხე, როდის ჩამოდის დელფტში მისი ძმა. მეიერი რიტველდის
კოშკის მახლობლად ცხოვრობს. ვგონებ, შენი სახლიც იქვეა. შეგიძლია, მშობლები მოინახულო.

უწინ მარია თინსი მხოლოდ კვირადღეებში მაძლევდა მშობლების მონახულების უფლებას. უეცრად
ყველაფერს მივხვდი.

- დღეს ვან რეივენი უნდა მოვიდეს, ქალბატონო?

- ჯობია, არსად გადაგეყაროს, - მითხრა მან მკაცრად. - კიდევ უკეთესი იქნება, შინიდან თუ სადმე წახვალ. თუ
გიკითხავს, ვეტყვით, რომ შინ არა ხარ.

კინაღამ გამეცინა. მარია თინსის ჩათვლით, ვან რეივენს ყველანი ისე ვუფრთხოდით, როგორც კურდღლები -
მწევარს.

დედაჩემი ძალიან გააკვირვა ჩემმა სტუმრობამ. საბედნიეროდ, მასთან მეზობელი ქალი იყო შემოსული და
დედამ დაწვრილებით ვერ გამომკითხა მისვლის მიზეზი. მამა კი ამ მიზეზით არც დაინტერესებულა. ძალიან
შეიცვალა იმის მერე, რაც მე მუშაობა დავიწყე, აგნესი კი დაიღუპა. აღარ აინტერესებდა, რა ხდებოდა ჩვენი
ქუჩის გადაღმა და იშვიათად მეკითხებოდა, როგორ ვცხოვრობდი აუდე ლანგენდეიკზე, ან რა ხდებოდა
ბაზარში. მხოლოდ სურათები აინტერესებდა.

- დედა, - ვუთხარი, როდესაც ბუხართან დავსხედით, - ჩემი ბატონი იმ სურათის ხატვას იწყებს, რომლის
შესახებაც მეკითხებოდი. მასთან დღეს ვან რეივენი მივა და სურათის შესახებ იმსჯელებენ. ყველამ, ვინც
სურათზე უნდა დახატონ, იქ მოიყარა თავი.

117
ჩვენს მეზობელ ჭორიკანა დედაბერს თვალები აუციმციმდა და ისე შემომხედა, თითქოს წინ შემწვარი
ყვერული დავუდე. დედამ წარბები შეიჭმუხნა - კარგად იცოდა ჩემი ოინები. ესეც ასე-მეთქი, გავიფიქრე.
ჭორებს ბოლო უნდა მოღებოდა.

*****

იმ საღამოს მას მღელვარება ეტყობოდა. ვახშმის დროს მკვახედ შეაწყვეტინა ლაპარაკი მარია თინსს, შემდეგ
კი შინიდან წავიდა. როდესაც დაბრუნდა, შეზარხოშებული იყო. ამ დროს კიბეზე ავდიოდი და დასაძინებლად
დაწოლას ვაპირებდი. ქვემოდან ამომხედა. აწითლებული და დაქანცული სახე ჰქონდა. ისეთი
სასოწარკვეთილი და დაღლილი თვალები ჰქონდა, როგორიც იმ კაცს აქვს, დასაჩეხად გამზადებულ უამრავ
მორს რომ უყურებს, ან - მოსამსახურეს, რომელსაც წინ გასარეცხი თეთრეულის მთელი ზვინი უდევს.

მეორე დილას სახელოსნო დავალაგე. ვერაფერი ვნახე ისეთი, რის მიხედვითაც მივხვდებოდი, როგორ ჩაიარა
წინა დღემ. ერთი სკამი კლავესინთან დაედგათ, მეორეს კი მხატვრისკენ საზურგე ჰქონდა მოქცეული. სკამზე
ბარბითი იდო, მარცხნივ, მაგიდაზე კი - ვიოლინო. კონტრაბასი ჯერ კიდევ მაგიდის ქვეშ, სიბნელეში
დაეტოვებინათ. ნივთების განლაგების მიხედვით ძნელი სათქმელი იყო, რამდენი ადამიანი იქნებოდა
გამოსახული სურათზე.

მოგვიანებით მარტჰემ მითხრა, რომ ვან რეივენი თავის დასთან და ერთ-ერთ ქალიშვილთან ერთად
მოსულიყო.

- რამდენი წლისაა მისი ქალიშვილი? - წამომცდა უნებურად.

- მგონი, ჩვიდმეტის.

ჩემი ტოლი ყოფილა.

რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მოვიდნენ. მარია თინსმა ისევ გამომისტუმრა სახლიდან და მიბრძანა,
სადილამდე არ დავბრუნებულიყავი. მინდოდა შემეხსენებინა, რომ ვან რეივენის ყოველი ვიზიტისას
სახლიდან ვერ წამოვიდოდი - ქუჩაში ყიალი შეუძლებელი იყო, ძალიან ციოდა. გარდა ამისა, სახლში ბევრი
სამუშაო მქონდა. მაგრამ არაფერი მითქვამს. რატომღაც ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მალე ყველაფერი
შეიცვლებოდა, ოღონდ არ ვიცოდი - როგორ.

ისევ მშობლებთან ვერ წავიდოდი - იფიქრებდნენ, რაღაც უბედურება სჭირსო, ხოლო თუკი საქმის ვითარებას
ავუხსნიდი, ყველაფერი იმაზე უარესად მოეჩვენებოდათ, ვიდრე სინამდვილეში იყო. ამის ნაცვლად,
ფრანსთან წავედი ფაბრიკაში. ძმა მას შემდეგ აღარ მენახა, რაც გამომკითხა, რა ძვირფასი ნივთები ინახება
ვერმეერების სახლშიო. ამ შეკითხვებმა გამაღიზიანა და მასთან აღარ მივდიოდი.

ჭიშკართან მდგომმა ქალმა ვერ მიცნო. როდესაც ვუთხარი, ფრანსის ნახვა მსურს-მეთქი, მხრები აიჩეჩა,
შემიშვა და ისე გაუჩინარდა, რომ არ აუხსნია, სად უნდა მეძებნა ჩემი ძმა. შევედი დაბალ შენობაში, სადაც
ფრანსის კბილა ბიჭები გრძელ მაგიდებთან ისხდნენ და ფილების მოხატვის ხელოვნებას ეუფლებოდნენ.
მარტივ სურათებს ხატავდნენ, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ მამაჩემის დახვეწილ ნახატებთან.
ბევრი მათგანი ფიგურებსაც კი არ ხატავდა - მხოლოდ ყვავილებს, ფოთლებსა და ხვეულებს ფილების

118
კუთხეებში, ხოლო ფილების ცენტრალური ნაწილები, როგორც ჩანს, უფრო დახელოვნებულ ოსტატებს უნდა
მოეხატათ.

ჩემს დანახვაზე ისეთი სტვენა ატყდა, რომ ყურების დაცობა მომინდა. უახლოეს ბიჭთან მივედი და ვიკითხე,
სად იყო ჩემი ძმა. ბიჭი გაწითლდა და თავი დახარა. ჩემმა მისვლამ ბიჭები გაართო, მაგრამ კითხვაზე პასუხი
არავინ გამცა.

ვიპოვე უფრო პატარა შენობა, სადაც ღუმლებში ცეცხლი გიზგიზებდა და ძალიან ცხელოდა. წელზევით
შიშველი ფრანსი აქ იყო. ოფლში იწურებოდა და იბღვირებოდა. მკლავები და მკერდი დაჰკუნთვოდა. უკვე
მოწიფულობაში შედიოდა.

ხელებზე (იდაყვებამდე) საბნების ნაფლეთები ჰქონდა შემოხვეული, რის გამოც ულაზათოდ გამოიყურებოდა,
მაგრამ როდესაც ღუმლიდან ფილებიანი სინები გამოჰქონდა ან ღუმელში აწყობდა, იმდენად მარჯვედ
ირჯებოდა, რომ კანი არ ეწვებოდა. დაძახებისა შემეშინდა, ვაითუ შეკრთეს და სინი გაუვარდეს-მეთქი, მაგრამ
მანამდე დამინახა, სანამ ხმას ამოვიღებდი და სინი მაშინვე ძირს დაუშვა.

- გრიტ, აქ რას აკეთებ? დედას ან მამას რამე ხომ არ შეემთხვათ?

- არა, არა, კარგად არიან. უბრალოდ, შენ სანახავად მოვედი.

ფრანსმა საბნის ნაფლეთები ხელებიდან მოიშორა, სახე ჩვრით შეიმშრალა და ტოლჩიდან ლუდი მოსვა.
კედელს მიეყრდნო და მხრები დაატრიალა, ისე, როგორც მტვირთავები იქცევიან ხოლმე კარჭაპიდან მძიმე
ნივთების გადმოტვირთვის შემდეგ დაძაბული კუნთების მოსადუნებლად. უწინ არასოდეს მინახავს, რომ ასე
მოქცეულიყო.

- ისევ ღუმელთან მუშაობ? სხვა სამუშაოზე არ გადაჰყავხარ? მოჭიქვას ან მოხატვას არ გავალებენ, მეორე
შენობაში მყოფი ბიჭების მსგავსად?

ფრანსმა მხრები აიჩეჩა.

- ისინი ხომ შენი ტოლები არიან. ნუთუ არ შეგიძლია...

წინადადება არ დამისრულებია, რადგან ფრანსს გამომეტყველება შეეცვალა.

- დასჯილი ვარ, - მითხრა ხმადაბლა.

- რატომ? რისთვის დაგსაჯეს?

ფრანსი ხმა არ იღებდა.

- ფრანს, უნდა მითხრა, რაშია საქმე. თუ არ მეტყვი, მშობლებს ვაცნობებ, რომ რაღაც უბედურება შეგემთხვა.

- არაფერიც არ შემემთხვა, - მითხრა სწრაფად. - ფაბრიკის პატრონი გავაბრაზე.

- როგორ?

- მისი ცოლი გავანაწყენე.

119
- როგორ გაანაწყენე?

ფრანსი შეყოყმანდა.
- მან თვითონ დაიწყო ყველაფერი, - მითხრა ხმადაბლა. - არშიყობა დამიწყო. როდესაც მეც გავეარშიყე, თავის
ქმართან დამაბეზღა. ქმარმა კი ფაბრიკიდან მხოლოდ იმიტომ არ გამაგდო, რომ მამაჩემის მეგობარია.
ამიტომ ღუმელთან სამუშაოდ გამამწესეს, სანამ პატრონს გული მოულბება.

- ფრანს! ასეთი სისულელე როგორ ჩაიდინე? განა ფაბრიკის პატრონის ცოლი შენი ტოლია? ხომ შეიძლებოდა,
სამუშაო დაგეკარგა?

- შენ მაინც ვერაფერს გაიგებ, - წაიბურტყუნა ფრანსმა. - აქ მუშაობა ისეთი დამქანცველია, ისეთი მოსაწყენი. ამ
ამბავმა კი ცოტათი გამართო, ესაა და ეს. რა უფლება გაქვს, განმიკითხო - მალე შენს ყასაბზე გათხოვდები და
უზრუნველად იცხოვრებ. შენთვის ადვილია, ჭკუა მასწავლო, მე კი ფილების გარდა, ვერაფერს ვხედავ. როგორ
არ უნდა მომწონებოდა ლამაზი ქალი?

მინდოდა მეთქვა, რომ ასე არ იყო, რომ ყველაფერი კარგად მესმოდა. ღამღამობით მესიზმრებოდა ხოლმე
უამრავი სარეცხი, რომლის რაოდენობა არ მცირდებოდა, რამდენიც უნდა მერეცხა, მეხარშა და მეუთოვებინა.
ამის ნაცვლად, ვკითხე:

- ჭიშკართან ის ქალი იდგა?

ფრანსმა მხრები აიჩეჩა და კვლავ მოწრუპა ლუდი. გამახსენდა ქალის უსიამოვნო გამომეტყველება და
გამიკვირდა, როგორ უნდა მოსწონებოდა ის ფრანსს.

- და მაინც, აქ რატომ მოხვედი? - მკითხა ფრანსმა. - განა ახლა პაპისტთა უბანში არ უნდა მუშაობდე?

მოფიქრებული მქონდა მიზეზი, რომელიც მასთან უნდა დამესახელებინა - რომ დელფტის ამ ნაწილში ჩემი
ქალბატონის დავალებით მოვედი, მაგრამ იმდენად შემებრალა ძმა, რომ მოულოდნელად ვუამბე ვან
რეივენისა და სურათის შესახებ. და როდესაც ყველაფერი გავუმხილე, გულზე მომეშვა.

ყურადღებით მომისმინა და შემდეგ მითხრა:

- ხედავ, ჩვენ შორის არც ისე დიდი განსხვავებაა - ორივენი ჩვენზე მაღლა მდგომი ადამიანების ყურადღების
ცენტრში აღმოვჩნდით.

- მე არ დავემორჩილე ვან რეივენს და არც ვაპირებ ამას.

- ვან რეივენი არ მიგულისხმია, - მითხრა ფრანსმა და ეშმაკურად შემომხედა. - შენი ბატონი ვიგულისხმე.

- ჩემი ბატონი რა შუაშია?

. ფრანსმა გაიღიმა.

- კარგი ერთი, გრიტ, ნუ ბრაზობ.

- გეყოფა! რამ გაფიქრებინა? მას არასოდეს...

120
- ეს არც სჭირდება. სახეზე ყველაფერი გეტყობა. ვხედავ, რომ გიყვარს. შეგიძლია მშობლები და შენი ყასაბი
მოატყუო, მაგრამ მე ვერაფერს დამიმალავ. კარგად გიცნობ.

დიახ, მართლაც კარგად მიცნობდა.

მინდოდა, რამე მეთქვა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი.

***

დეკემბერი იყო და ციოდა, მაგრამ იმდენად სწრაფად მივდიოდი და იმდენად გაოგნებული ვიყავი ფრანსის
სიტყვებით, რომ პაპისტთა უბანში იმაზე გაცილებით ადრე აღმოვჩნდი, ვიდრე საჭირო იყო. მცხელოდა და
შალი მოვიხსენი, რომ სახე გამგრილებოდა. როდესაც აუდე ლანგენდეიკს მივუახლოვდი, დავინახე, რომ ჩემ
შესახვედრად ბატონი და ვან რეივენი მოდიოდნენ. თავი დავხარე და ქუჩის მეორე მხარეს გადავედი, რომ
ბატონისთვის ჩამევლო და არა ვან რეივენისთვის, მაგრამ ქუჩის გადაჭრისას ვან რეივენის ყურადღება
მივიპყრე. შეჩერდა და ჩემი ბატონიც შეაჩერა.

- შენ ხომ თვალებბრიალა მოსამსახურე ხარ! - წამოიძახა მან და ჩემკენ მოტრიალდა. - მითხრეს, შინ არ
არისო. მგონი, ჩემთან შეხვედრას უფრთხი. რა გქვია, ჩემო კარგო?

- გრიტი, ბატონო, - და თავი ვაიძულე, ბატონის ფეხსაცმელს ჩავშტერებოდი. შავი ფეხსაცმელი პრიალებდა -
მარტჰემ ამ დილას ჩემი ხელმძღვანელობით გაწმინდა.

- რა იტყვი, გრიტ, თავს მარიდებ?

- ოჰ, არა, ბატონო, საყიდლებზე გამგზავნეს.

და ვაჩვენე ჩანთა, რომელშიც მარია თინსის დავალებით ნაყიდი ნივთები ეწყო. მანამ ვიყიდე, სანამ ფრანსის
მოსანახულებლად წავიდოდი.

- იმედია, ამიერიდან უფრო ხშირად გნახავ.

- დიახ, ბატონო.

მამაკაცების უკან ორი ქალი იდგა. სწრაფად შევავლე თვალი და მივხვდი, რომ ისინი ვან რეივენის და და
ქალიშვილი იყვნენ, რომლებსაც ბატონი ხატავდა. ქალიშვილი დაჟინებით მომაჩერდა.

- შენი დაპირება არ დაგავიწყდეს, - უთხრა ვან რეივენმა ჩემს ბატონს, რომელმაც მარიონეტივით დაუქნია
თავი.

- არა, - უპასუხა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.

- ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, იმ სურათზე მუშაობას მანამ დაიწყებ, სანამ ჩვენ მომდევნო სეანსზე
მოვალთ, - თქვა ვან რეივენმა ღიმილით, რომლისგანაც ტანში გამცრა.

რამდენიმე ხანს ხმა არავის ამოუღია. ბატონს შევხედე. ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ
შევამჩნიე, რომ გაჯავრებული იყო.

- კარგი, - ბოლოს დათანხმდა ის. მოპირდაპირე სახლს უყურებდა. ჩემთვის არ შემოუხედავს.

121
მაშინ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდნენ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მათი ნათქვამი მე მეხებოდა. მომდევნო
დღეს ყველაფერი ვიაზრე.

მეორე დილას ბატონმა მიბრძანა, სადილის შემდეგ სახელოსნოში ამოდიო. მეგონა, ისევ საღებავები უნდა
დამემზადებინა, რომლებიც კონცერტის ამსახველი სურათისთვის დასჭირდებოდა. როდესაც სახელოსნოში
შევედი, იქ არავინ იყო. სხვენზე ავძვერი. მაგიდა, რომელზეც საღებავებს ვამზადებდით, ცარიელი იყო.
გამიკვირდა და კვლავ ქვემოთ ჩამოვედი.

უკვე მოსულიყო და ფანჯარასთან იდგა. სივრცეს გაჰყურებდა.

- გეთაყვა, დაჯექი, გრიტ, - ისე მითხრა, რომ არ მობრუნებულა. კლავესინის წინ დადგმულ სკამზე დავჯექი.
საკრავს არც კი შევხებივარ. მხოლოდ მაშინ ვეხებოდი, როდესაც მტვერს ვწმენდდი. ვიჯექი და ვაკვირდებოდი
ახალ სურათებს, რომლებიც უკანა კედელზე ეკიდა. ერთ მათგანზე პეიზაჟი იყო დახატული, მეორეზე კი -
ქალი, რომელიც ბარბითზე უკრავდა და ძალზე ღრმად ამოჭრილი კაბა ეცვა, მის გვერდით მდგომი მამაკაცი,
რომელიც ქალს მხრებზე ეხვეოდა, და დედაბერი, რომელსაც მამაკაცი მონეტას აწვდიდა. ეს სურათი მარია
თინსის საკუთრება იყო და „მაჭანკალი“ ერქვა.
- მაგ სკამზე არა, - მითხრა ბატონმა ბოლოს და ფანჯარას ზურგი აქცია. - მანდ ვან რეივენის ქალიშვილი ჯდება
ხოლმე.

ჩემს დახატვას რომ აპირებდეს, იქ დამსვამდა-მეთქი, გავიფიქრე.

ბატონმა კიდევ ერთი ლომისთავებიანი სკამი მოიტანა და მოლბერტის შორიახლოს დადგა, მაგრამ
გვერდულად, ისე, რომ მასზე დაჯდომისას ფანჯრის პირდაპირ აღმოვჩნდი.

- აქ დაჯექი.

- ეს ადგილი რატომ შეარჩიეთ, ბატონო? - ვკითხე და დავჯექი. გამიკვირდა - უწინ მისი თანდასწრებით
არასოდეს დავმჯდარვარ. არ ციოდა, მაგრამ გამაჟრჟოლა.

- ნუ ლაპარაკობ, - დარაბა გააღო, რომ მზის სხივებს ჩემი სახე გაენათებინა. - ფანჯარაში გაიხედე.

და თავის სკამზე დაჯდა, მოლბერტთან.

ახალი ეკლესიის სამრეკლოს შევხედე და ნერწყვი გადავყლაპე. სახე თითქოს გამეყინა, თვალები კი
გამიფართოვდა.

- ახლა მე შემომხედე.

თავი მივაბრუნე და ალმაცერად გავხედე.

ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ვერაფერზე ვფიქრობდი, იმის გარდა, რომ მისი თვალები ისეთივე
ფერისა იყო, როგორიც ხამანწკის ნიჟარა შიგნიდან.

თითქოს რაღაცას ელოდა. სახე გამიშეშდა - მეშინოდა, ვაითუ ისე ვერ მოვიქცე, როგორც მას სურს-მეთქი.

- გრიტ, - დამიძახა მან ალერსიანად. მეტი არაფრის თქმა არ იყო საჭირო. თვალები ცრემლებით ამევსო,
მაგრამ თავი შევიკავე. ახლა უკვე მივხვდი.

122
- კარგია. არ გაინძრე.

ჩემს დახატვას აპირებდა.

123
1666

სელის ზეთის სუნი გიდის, - გაკვირვებით მითხრა მამაჩემმა. არ სჯეროდა, რომ სუნს შეუძლია, გაგიჯდეს
ტანსაცმელში, კანსა და თმაში მხოლოდ იმის გამო, რომ მხატვრის სახელოსნოს ალაგებ ხოლმე. არც
ცდებოდა. თითქოს მიხვდა, რომ ახლა იმ ოთახში მეძინა, სადაც სელის ზეთი იყო, რომ საათობით ვიჯექი,
სანამ ბატონი მხატავდა და ამ სუნით ვიჟღინთებოდი. ხვდებოდა, მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავდა.
უსინათლობის გამო საკმარისი თავდაჯერება აღარ ჰქონდა და თავის აზრებს აღარ ენდობოდა.
ერთი წლის წინ, ალბათ, შევეცდებოდი დავხმარებოდი, მეთქვა რაიმე, რაც მის ვარაუდს დაადასტურებდა,
გაამხნევებდა და აიძულებდა, საკუთარი აზრი გამოეთქვა. ახლა კი, უბრალოდ, ვუყურებდი, როგორ უხმოდ
ებრძოდა თავს, როგორც ზურგზე დაცემული ხოჭო, რომელსაც გადმობრუნება არ შეუძლია.

დედაჩემიც ხვდებოდა, თუმცა ჯერჯერობით ვერ აცნობიერებდა თავის ვარაუდს. ზოგჯერ თავს ვერ
ვაიძულებდი, მისთვის თვალებში შემეხედა. ხოლო როდესაც გავბედავდი, ვამჩნევდი, რომ გაღიზიანებული,
დაინტერესებული და გულნატკენი იყო. ცდილობდა მიმხვდარიყო, რა დაემართა მის ქალიშვილს.

სელის ზეთის სუნს უკვე მივეჩვიე. საწოლთან ზეთის პატარა ბოთლიც კი დავიდგი. დილაობით, ჩაცმის დროს,
ბოთლს სინათლეზე გავხედავდი ხოლმე და ზეთის ფერი ძალიან მომწონდა. ეს იყო ლიმონის წვენის ფერი,
რომელშიც ტყვიანარევი კალის ყვითლის წვეთია გარეული.

ახლა ამ ფერის კაბა მაცვია, როდესაც მხატავენ-მეთქი, მინდოდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის. ის ამ ფერის
კაბაში ჩაცმულს მხატავს-მეთქი.

ამის ნაცვლად, მამაჩემს სელის ზეთის სუნზე რომ არ ეფიქრა, სხვა სურათზე ვუამბობდი, რომელსაც ჩემი
ბატონი ხატავდა.

ახალგაზრდა ქალი კლავესინზე უკრავს. შავ-ყვითელი კორსაჟი (სწორედ ის, მეფუნთუშის ქალიშვილს რომ
ეცვა) და თეთრი ატლასის ქვედატანი აცვია, თმაში კი თეთრი ლენტები ჩაუწნავს. კლავესინთან ბეწვით
გაწყობილი მწვანე ქულაჯით შემოსილი მეორე ქალი დგას, რომელსაც ნოტები უკავია და მღერის. ქულაჯის
ქვეშ ცისფერი კაბა აცვია. ორ ქალს შორის, სკამზე, მაყურებლისკენ ზურგშექცეული მამაკაცი ზის.

- ვან რეივენი? - შემაწყვეტინა მამამ.

- ჰო, ვან რეივენი. სურათზე მხოლოდ მისი ზურგი, თმა და ხელი მოჩანს, რომლითაც ბარბითის ყელი უჭირავს.

- ბარბითზე ცუდად უკრავს, - გამოცოცხლდა მამა.

- ძალიან ცუდად. ამიტომაა, რომ მაყურებლისკენ ზურგშექცევით ზის - ისიც კი არ იცის, ბარბითი როგორ
დაიჭიროს.

მამაჩემმა ჩაიცინა და გუნება გამოუკეთდა. ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა იმის შეტყობა, რომ ესა თუ ის
მდიდარი კაცი ცუდი მუსიკოსი იყო.

მაგრამ ყოველთვის როდი ვახერხებდი მის კარგ ხასიათზე დაყენებას. კვირადღეობით მშობლების სახლში
ზოგჯერ ისე ვიძაბებოდი, რომ სადილად უმცროსი პიტერის მოსვლა მახარებდა. ის, როგორც ჩანს, ამჩნევდა,
დედაჩემი გაფაციცებით რომ მაკვირდებოდა, მამაჩემი გაღიზიანებული ბუზღუნებდა და ჩვენს სახლში
ხშირად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე, რაც იშვიათად ხდება მშობლებსა და ქალიშვილს შორის.
თუმცა არასოდეს არაფერი უთქვამს ამაზე, არასოდეს მოღუშულა, არასოდეს დასტყობია გაოცება, არასოდეს
124
დაუკარგავს მჭევრმეტყველების უნარი. პირიქით, ალერსიანად ეხუმრებოდა მამას, ელაქუცებოდა დედას და
მიღიმოდა.

პიტერს არასოდეს უკითხავს, რატომ მიდიოდა სელის ზეთის სუნი. როგორც ჩანს, არ ეგონა, რომ რაიმეს
დავუმალავდი. ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, რომ ნდობას ვიმსახურებდი.

პიტერი ძალიან კარგი ადამიანი იყო.

მიუხედავად ამისა, თავს ვერ ვიკავებდი და ყოველთვის ვაკვირდებოდი მის ფრჩხილებს - სისხლი ხომ არ
ემჩნევა-მეთქი.

ხელები მარილწყალში უნდა ჩაალბოს-მეთქი, ვფიქრობდი. ვაპირებდი, ოდესმე მეთქვა ეს.

კარგი ადამიანი იყო, მაგრამ უკვე მოუთმენლობა ეტყობოდა. ეს არ უთქვამს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც
კვირადღეებში რიტველდის არხთან ბნელ შუკას ვაფარებდით თავს, ვგრძნობდი მოუთმენლობას მის
ხელებში, რომლებითაც ძალუმად მეხვეოდა თეძოებზე, მეფერებოდა ზურგზე, ისე, რომ მჭიდროდ ვეკვროდი
და, სქელი ტანსაცმლის მიუხედავად, მის აღგზნებას ვგრძნობდი. იმდენად ციოდა, რომ არ შეგვეძლო,
ერთმანეთის კანს შევხებოდით - მხოლოდ ჩვენი ტანსაცმლის ნაკეცებს და ქსოვილის ფაქტურას ვგრძნობდით
და კიდურების ფორმას.

პიტერის ალერსი ყოველთვის როდი მაღიზიანებდა. ზოგჯერ - როდესაც მის მხრებს ზემოთ ზეცას ვუმზერდი,
ღრუბლებში თეთრის გარდა, სხვა ფერებსაც ვამჩნევდი და ვიხსენებდი, როგორ ვსრესდი ტყვიის თეთრას ან
მურდასანგს - მკერდსა და მუცელში ჟრუანტელი მივლიდა და უფრო მჭიდროდ ვეხუტებოდი. პიტერს
ყოველთვის უხაროდა, როდესაც მის ალერსს ვპასუხობდი და ვერ ამჩნევდა, რომ ვცდილობდი, სახესა და
ხელებზე არ შემეხედა.

იმ კვირადღეს, როდესაც ჩემს მშობლებს (იმის გამო, რომ სელის ზეთის სუნი ამდიოდა) ესოდენ დაბნეული და
უბედური გამომეტყველება ჰქონდათ, პიტერმა ბნელ შუკაში შემიყვანა. იქ, ჩაცმულს, მკერდზე მეფერებოდა,
მაგრამ უეცრად შეჩერდა, ეშმაკურად შემომხედა. შემდეგ მოულოდნელად ხელები კაპორის ქვეშ შემიყო და
თითები თმაში შემიცურა.

ორივე ხელი კაპორს ვტაცე:

- არ გაბედო.

პიტერმა გამიღიმა და ისეთი უსიცოცხლო თვალებით შემომხედა, თითქოს დიდხანს უყურებდა მზეს.
მოახერხა, კაპორიდან თმის კულული გამოეძრო და თითზე დაეხვია.

- გრიტ, მალე ყოველივე ამას ვიხილავ. ყოველთვის როდი იქნები ასეთი იდუმალი, - ხელი მუცლის ქვედა
ნაწილზე დამაჭირა და მიბიძგა. - მომდევნო თვეში თვრამეტი წლისა გახდები და მამაშენს დაველაპარაკები
ჩვენ შესახებ.

უკან დავიხიე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ბნელსა და ჩახუთულ ოთახში გამომკეტეს, სადაც სუნთქვა
მიჭირდა.

- ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. ამისთვის - ძალიან ახალგაზრდა.

პიტერმა მხრები აიჩეჩა.

125
- ყველა როდი იცდის, სანამ მოიწიფება. გარდა ამისა, შენს ოჯახს ვჭირდები.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი მშობლების სიღარიბე ახსენა. იგულისხმებოდა, რომ ისინი და,
მაშასადამე, მეც, მასზე ვიყავით დამოკიდებული. ამიტომაც იღებდნენ მისგან ძღვნად ხორცს და უფლებას
მაძლევდნენ, კვირადღეებში პიტერთან ერთად განვმარტოებულიყავი.
გავბრაზდი. არ მესიამოვნა, რომ ეს შემახსენა.

პიტერმა იგრძნო, რომ ზედმეტი წამოსცდა. გულის მოსალბობად კაპორი გამისწორა და ლოყაზე მომეფერა.

- ჩემთან ბედნიერი იქნები, გრიტ, - მითხრა მან. - ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

როდესაც წავიდა, სიცივის მიუხედავად, კიდევ დიდხანს დავდიოდი არხის გასწვრივ. ყინული დაამსხვრიეს,
რათა კარჭაპებს ცურვა შესძლებოდათ, მაგრამ წყლის ზედაპირზე კვლავ მოჩანდა ყინულის თხელი ფენა.
გამახსენდა, როგორ მოვდიოდი აქ ფრანსთან და აგნესთან ერთად და კენჭებს ვისროდი, სანამ ყინულის
უკანასკნელი ნატეხი წყალში ჩაიძირებოდა. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ!

*****

ამ დღემდე ერთი თვით ადრე ბატონმა მთხოვა, სახელოსნოში ავსულიყავი.

- სხვენზე ვიქნები, - დავუბარე სამზარეულოში შეკრებილთ იმ საღამოს.

ტანეკე კერავდა და თავი არ აუწევია.

- სანამ ახვალ, ბუხარში შეშა შეუკეთე, - მიბრძანა მან.

გოგონები, მარტჰესა და მარია თინსის ხელმძღვანელობით, მაქმანის ქსოვას სწავლობდნენ. ლისბეთი ბეჯითი
იყო, მარჯვე თითები ჰქონდა და კარგად ქსოვდა, მაგრამ ალეიდისი ჯერ კიდევ პატარა იყო და ასეთ რთულ
სამუშაოს თავს ვერ ართმევდა, კორნელიას კი მოთმინება ღალატობდა. ფეხებთან, ბუხრის წინ, კატა ეჯდა და
კორნელია ზოგჯერ მის ცხვირწინ ძაფს ათამაშებდა, რათა კატას მისი დაჭერა ეცადა. ალბათ, იმედი ჰქონდა,
რომ ბოლოს და ბოლოს, კატა ბრჭყალს წამოსდებდა მაქმანს და გახევდა.

ბუხარში შეშა შევუკეთე და შემოვუარე იოჰანესს, რომელიც იატაკის ცივ ფილებზე ბზრიალათი თამაშობდა.
როდესაც კართან მივედი, ბიჭუნამ ისე მძლავრად დაატრიალა ბზრიალა, რომ სათამაშო ახტა და ცეცხლში
ჩავარდა. იოჰანესი ატირდა, კორნელიამ ხმამაღლა გადაიკისკისა, მარტჰემ კი სცადა, ბზრიალა მაშებით
გამოეღო ცეცხლიდან.

- ჩუმად, კატარინა და ფრანცისკუსი არ გააღვიძოთ, - დაუცაცხანა მარია თინსმა, მაგრამ მას არავინ უსმენდა.

ხმაურიანი სამზარეულოდან გავსხლტი და შვებით ამოვისუნთქე, თუმცა კი ვიცოდი, რომ სხვენზე ძალიან
ციოდა.

126
სახელოსნოს კარი მიხურული იყო. როდესაც მივუახლოვდი, ტუჩები მოვიკვნიტე, თითით წარბები გავისწორე
და ხელისგულები ლოყებზე ჩამოვისვი, თითქოს ვაშლის სიმკვრივეს ვამოწმებდი. ხის მძიმე კარის წინ წამით
შევყოვნდი, შემდეგ ფრთხილად დავაკაკუნე. ხმა არავინ გამცა, თუმცა ვიცოდი, რომ ბატონი სახელოსნოში
მელოდებოდა. ახალი წლის პირველი დღე იყო. ბატონმა ჩემს სურათზე ფონი თითქმის ერთი თვის წინ
დაგრუნტა, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეუცვლია: წითელი საღებავით საგნების ფორმა არ მოუნიშნავს, არც
„არასწორი“ საღებავები გამოუყენებია, არც შუქ-ჩრდილი. ტილო თანაბრად იყო დაფარული მოყვითალო-
თეთრი გრუნტით - სწორედ იმით, რომელსაც სახელოსნოს დალაგებისას ყოველ დილას ვხედავდი. უფრო
ღონივრად დავაკაკუნე.

როდესაც კარი გაიღო, მოღუშულმა ბატონმა ზედ არ შემომხედა:


- ნუ აკაკუნებ ხოლმე, გრიტ. უბრალოდ, წყნარად შემოდი.

მიტრიალდა და მოლბერტისკენ გაემართა, რომელზეც ცარიელი ტილო ელოდებოდა, სანამ საღებავებით


დაფარავდნენ.

კარი უჩუმრად დავხურე. ბავშვების ხმაური აღარ ისმოდა. ოთახში შევედი. ახლა, როდესაც გადამწყვეტი
მომენტი დადგა, საოცარი სიმშვიდე დამეუფლა.

- მეძახდით, ბატონო?

- ჰო. იქ დადექი.

და მიმითითა კუთხეზე, სადაც სხვა ქალებს ხატავდა ხოლმე. იქ იდგა მაგიდა, რომელიც კონცერტის
დახატვისას გამოიყენა, მაგრამ ახლა მასზე მუსიკალური საკრავები აღარ ეწყო. შემდეგ წერილი მომაწოდა:

- ეს წაიკითხე, - მითხრა მან.

ქაღალდის ფურცელი გავშალე და მისკენ დავიხარე. ვშიშობდი, არ მიხვდეს, რომ უცნობ ხელწერას ვერ ვარჩევ-
მეთქი.

თავი ავწიე, რომ ეს მეთქვა, მაგრამ ენაზე ვიკბინე. მას არაფრის თქმა არ სჭირდებოდა. და კვლავ დავიხარე
წერილისკენ.

ქაღალდზე არაფერი ეწერა.

- ახლა ეს სცადე, - მითხრა მან და წიგნი გამომიწოდა. წიგნს გაცრეცილი ტყავის ყდა ჰქონდა, ყუა კი რამდენიმე
ადგილას გახეოდა. ალალბედზე გადავშალე წიგნი და ფურცელს მივაჩერდი. ვერც ერთი სიტყვა ვერ
ამოვიკითხე.

ბატონმა ჯერ მიბრძანა დავმჯდარიყავი, შემდეგ მითხრა, ადექი, წიგნი დაიკავე და შემომხედეო. წიგნი
გამომართვა, კალისხუფიანი თეთრი სურა მომაწოდა და მიბრძანა, ისეთი პოზა მიიღე, თითქოს ჭიქაში ღვინოს
ასხამო. მთელი ამ დროის მანძილზე გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ვიღაცის მიერ მონაყოლ
ამბავს იხსენებდა და მისი დასასრული არ ახსოვდა.

- ტანსაცმელი არ ვარგა, - წაიჩურჩულა მან. - პრობლემა ესაა.

მივხვდი. მაიძულებდა, მდიდარი ქალბატონებისთვის დამახასიათებელი პოზები მიმეღო, მაგრამ მსახურის


ტანსაცმელი მეცვა. ყვითელი ქულაჯა და შავ-ყვითელი კორსაჟი გამახსენდა. ნეტავ რომელ მათგანის ჩაცმას

127
მიბრძანებდა? მაგრამ ამ აზრმა არ აღმაფრთოვანა; პირიქით, უხერხულობა ვიგრძენი. კატარინას ვერ
დავუმალავდით, რომ მის ტანისამოსს ვიცვამდი. გარდა ამისა, მეხამუშებოდა, რომ წიგნები ან წერილები უნდა
დამეკავებინა, ღვინო დამესხა და, საერთოდ, ის გამეკეთებინა, რასაც ჩვეული არ ვიყავი. რაოდენ სასიამოვნოც
უნდა ყოფილიყო ქულაჯის ფაფუკი ბეწვის ყელზე მოლამუნება, ამგვარი სამოსი არასოდეს მცმია.

- ბატონო, - ვუთხარი ბოლოს. - იქნებ სხვა რამე ვაკეთო? ის, რასაც, ჩვეულებრივ, მოსამსახურე აკეთებს?

- რას აკეთებს მოსამსახურე? - მკითხა მან წყნარად და წარბები ასწია.

ტუჩები ისე მითრთოდა, რომ მაშინვე ვერ ვუპასუხე. გამახსენდა, როგორ ვიდექით მე და პიტერი ბნელ შუკაში.
მხნეობა მოვიკრიბე.

- კერავს, - მივუგე მე. - მტვერს წმენდს. იატაკს ასუფთავებს. წყალი მოაქვს. ზეწრებს რეცხავს. პურს ჭრის.
ფანჯრის მინებს აკრიალებს.
- გინდა, რომ სურათზე ხელში ცოცხი გეკავოს?

- მე ვერაფერს გადავწყვეტ, ბატონო. ეს ხომ ჩემი სურათი არაა.

- შენი მართლაც არაა, - მოიღუშა ის. თითქოს თავის თავს ეთათბირებოდა.

- არ მინდა, რომ სურათზე ცოცხი მეკავოს ხელში, - მოულოდნელად ვუთხარი.

- არა, არა, გრიტ. ცოცხს არ დაგაკავებინებ.

- და თქვენი ცოლის ტანსაცმელსაც ვერ ჩავიცვამ.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.

- არც ვაპირებდი, - თქვა მან. - მაგრამ ისიც არ მინდა, რომ სურათზე მოსამსახურეს ჰგავდე.

- მაშინ როგორ დამხატავთ, ბატონო?

- ისეთად, როგორიც პირველად დაგინახე. მინდა, უბრალოდ, გრიტი დავხატო.

სკამი შუა ფანჯარასთან, მოლბერტის მახლობლად დადგა და დამსვა. ვხვდებოდი, რომ ჩემი ადგილი სწორედ
აქ იყო. იმ პოზის გახსენებას ლამობდა, რომელსაც ერთი თვის წინ მიაგნო, როდესაც ჩემი პორტრეტის
დახატვა მოინდომა.

- ფანჯარაში გაიხედე, - მითხრა მან.

ზამთრის რუხ დღეს გავხედე. გამახსენდა, როგორ შევენაცვლე მეფუნთუშის ქალიშვილს. შევეცადე, არაფერზე
მეფიქრა და დავწყნარებულიყავი. გამიძნელდა, რადგან არ შემეძლო არ მეფიქრა იმაზე, ვის წინაშეც ახლა
ვიმყოფებოდი.

ახალი ეკლესიის ზარმა ორჯერ ჩამოჰკრა.

- ახლა ნელ-ნელა მოატრიალე თავი ჩემკენ. არა, მხრები არა. სხეული ფანჯრისკენ იყოს მიტრიალებული.
მხოლოდ თავი შემოატრიალე. ნელა. ნელა. შეჩერდი. ცოტათი კიდევ. შეჩერდი. ახლა უძრავად იჯექი.

128
უძრავად ვიჯექი.

თავიდან თვალებში ვერ ვუყურებდი, ხოლო როდესაც შევხედე, მომეჩვენა, რომ ჩემ წინ უეცრად ცეცხლი
აგიზგიზდა. მზერა მის ძლიერ ნიკაპსა და თხელ ტუჩებზე გადავიტანე.

- გრიტ, შენ არ მიყურებ.

თავი ვაიძულე, მისთვის თვალებში შემეხედა. და კვლავ თითქოს ცეცხლი მომეკიდა. მაგრამ ვითმენდი - მან
ხომ ეს მთხოვა.

მალე მისთვის თვალებში ცქერა აღარ მიმძიმდა. მიყურებდა, მაგრამ ვერ მხედავდა. ვიღაც ან რაღაც სხვას
ხედავდა - თითქოს სურათს უყურებდა.

ჩემს სახეს კი არ უყურებს, არამედ - იმას, თუ როგორ ანათებს მას მზის სხივები-მეთქი, გავიფიქრე. განსხვავება
ესაა.

მე კი თითქოს იქ არც ვიყავი. რაკი მისთვის არ ვარსებობდი, შემეძლო ცოტათი მოვდუნებულიყავი. თუკი ის არ
მხედავდა, მეც არ დავინახავდი. თავში სულ სხვა აზრები ამომიტივტივდა - გამახსენდა მოთუშული კურდღლის
ხორცი, რომელიც სადილად მივირთვით, მაქმანის საყელო, რომელიც ლისბეთმა მაჩუქა, ამბავი, რომელიც
წინა დღეს უმცროსმა პიტერმა მიამბო. შემდეგ აზრები საერთოდ გამიქრა. ის ორჯერ ადგა, დარაბები ჯერ
გააღო და მერე დახურა; რამდენჯერმე მივიდა დაბალ კარადასთან, რომ ფუნჯი ან საღებავი გამოეცვალა.
ყოველივე ამას ისე ვხედავდი, თითქოს ქუჩაში ვიდექი და ამ ოთახში ფანჯრიდან ვიყურებოდი. ზარმა სამჯერ
ჩამოჰკრა. გამიკვირდა - ნუთუ ამდენი დრო გავიდა-მეთქი? თავს მონუსხულივით ვგრძნობდი.

შევხედე. ამჯერად მიყურებდა. ერთმანეთს თვალებში ვუმზერდით და ვიგრძენი, როგორ დამირბინა მთელს
სხეულში ცხელმა ტალღამ. მაგრამ მაინც ვუმზერდი, სანამ განზე არ გაიხედა და არ ჩაახველა.

- დღეს დავამთავროთ, გრიტ. ზემოთ ძვლის ნაჭერია, რომელიც უნდა დასრისო.

თავი დავუქნიე და კიბეზე ავედი. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.

ის მე მხატავდა.

*****

- კაპორი აიწიე, სახე რომ გამოგიჩნდეს, - მითხრა მან სეანსის დროს.

- სახე რომ გამომიჩნდეს, ბატონო? - უაზროდ გავიმეორე და მაშინვე ენაზე ვიკბინე. მისი ბრძანებების შესახებ
კი არ უნდა მემსჯელა, არამედ უნდა შემესრულებინა. თუკი რაიმეს ვიტყოდი, აზრიანად უნდა მელაპარაკა.

არაფერი მიპასუხა. კაპორი ავიწიე იმ მხარეს, რომელიც მისკენ მქონდა მიქცეული. გახამებულმა კუთხემ ლოყა
გამიკაწრა.

129
- კიდევ აიწიე, - მითხრა მან. - მინდა, შენი ლოყის ფორმა დავინახო.

შევყოყმანდი, მერე კი კაპორი კიდევ უფრო ავიწიე.

- ყური მიჩვენე.

არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.

კაპორის ქვეშ თმაზე ხელი მოვისვი - შევამოწმე, თმა ხომ არ ჩამომეშალა-მეთქი, და ყურის ქვედა ნაწილი
გამოვაჩინე.

ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ამოიოხრა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ვიგრძენი, რომ საცაა,
დავიყვირებდი, მაგრამ თავი შევიკავე და ყვირილი ყელში ჩავიხშე.

- მოიხადე ეს კაპორი, - მითხრა მან.

- არ შემიძლია, ბატონო.

- არ შეგიძლია?

- გევედრებით, ბატონო, ნუ მაიძულებთ.

და კაპორი ისე ჩამოვიფხატე, რომ ყური და ლოყა დავიფარე. იატაკს ჩავაჩერდი - სუფთა, კოხტა რუხ და თეთრ
ფილებს.
- თავის გაშიშვლება არ გინდა?

- არა.

- მაგრამ ისიც არ გინდა, რომ სურათზე მსახურად დაგხატო, ცოცხითა და კაპორით. არც ის გინდა, რომ
ატლასსა და ბეწვეულში გამოწყობილ ქალბატონად გამოიყურებოდე და ლამაზად დავარცხნილი თმა
გქონდეს.

ვდუმდი. ჩემს თმას ვერ ვაჩვენებდი. იმ ქალთა რიცხვს არ ვეკუთვნოდი, თავშიშველნი რომ დადიან.

სკამზე შეტოკდა, შემდეგ წამოდგა. გავიგონე, როგორ შევიდა საკუჭნაოში, იქიდან მოზრდილი ფუთა
გამოიტანა და მუხლებზე დამიგდო.

- დაათვალიერე, გრიტ, ხომ არ გამოგადგება აქედან რაიმე. შეარჩიე და თავზე წაიკარი. მაშინ არც ქალბატონი
იქნები და არც - მოსამსახურე.

ვერ გამეგო, ბრაზობდა თუ დამცინოდა. ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.

ყველაფერი დავათვალიერე. სამი ქუდი ზედმეტად მოხდენილი და იმდენად პატარა იყო, რომ თავს ვერ
დამიფარავდა. ვიპოვე ყვითელი, ყავისფერი, რუხი და ცისფერი ქსოვილის ნაჭრებიც, რომლებიც კატარინას
კაბებისა და ჟაკეტებისგან გადარჩენილიყო.

130
არ ვიცოდი, რა მექნა. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, თითქოს სახელოსნოში ვიპოვიდი პასუხს. თვალი
მოვკარი სურათს „მაჭანკალი“. ახალგაზრდა ქალი ამ სურათზე თავშიშველი იჯდა და თმაში ლენტები ჰქონდა
ჩაწნული, მაგრამ დედაბერს თავზე ქსოვილის ნაჭერი ჰქონდა მოხვეული. იქნებ, სწორედ ეს მჭირდება-მეთქი,
გავიფიქრე. შეიძლება ასე იკრავენ თავს ქალები, რომლებიც არც ქალბატონები არიან, არც მსახურები და არც
უზნეო გოგოები.

ყავისფერი ქსოვილი შევარჩიე და საკუჭნაოში შევედი, სადაც სარკე ეკიდა. იქ კაპორი მოვიხსენი და თავზე ისე
მოვიხვიე ნაჭერი, როგორც დედაბერს ჰქონდა. უცნაურად გამოვიყურებოდი. მეხამუშა საკუთარი თავის
ამგვარი სახით ხილვა.

ჯობდა, ცოცხიანად დავეხატე-მეთქი, გავიფიქრე. აი, სადამდე მიმიყვანა სიამაყემ.


როდესაც დაბრუნდა და დაინახა, როგორ გამოვიყურებოდი, გაეცინა. გაცინებული იშვიათად მინახავს -
მხოლოდ ხანდახან იცინოდა ხოლმე, როდესაც შვილებთან ერთად იყო. მაშინაც გაეცინა, როდესაც ვან
ლევენჰუკს ელაპარაკებოდა. მოვიღუშე. არ მსიამოვნებდა, როდესაც დამცინოდნენ. და წავიბუტბუტე:

- რაც მიბრძანეთ, ის გავაკეთე, ბატონო.

სერიოზული გამომეტყველება მიიღო:

- მართალია, გრიტ. არ გეწყინოს. ახლა როდესაც შენს სახეს უკეთ ვხედავ, ის...

სიტყვა გაუწყდა. ბევრჯერ ვცადე გამომეცნო, რის თქმას აპირებდა.

მან თვალი შეავლო ქსოვილს, რომელიც სკამზე იდო:

- ყავისფერი რატომ შეარჩიე? აქ სხვა ფერის ქსოვილებიცაა.

არ მინდოდა, ხელახლა წამომეწყო ლაპარაკი ქალბატონებისა და მსახურების შესახებ, არ მინდოდა,


შემეხსენებინა მისთვის, რომ ყვითელი და ცისფერი ქალბატონების საყვარელი ფერებია.

- ჩვეულებრივ, ყავისფერი კაბა მაცვია, ბატონო, - უბრალოდ, ეს ვუთხარი.


თითქოს მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი.

- როდესაც რამდენიმე წლის წინ ტანეკე დავხატე, ყვითელი და ცისფერი სამოსი ეცვა.

- მე ხომ ტანეკე არ ვარ, ბატონო.

- ჰო, ნამდვილად არ ხარ, - ქსოვილთა გროვიდან ცისფერი ქსოვილის ვიწრო ნაჭერი ამოაძრო. - მაგრამ მინდა,
რომ ეს მოიხვიო.

ქსოვილს დავაკვირდი.

- ამით მთელს თავს ვერ დავიფარავ, ბატონო.

- მაშინ ესეც გამოიყენე.

131
და ცისფერარშიიანი ყვითელი ქსოვილის ნაჭერი გამომიწოდა. უხალისოდ წავედი საკუჭნაოში და სარკის წინ
დავდექი. ცისფერი ქსოვილი შუბლზე მოვიხვიე, ყვითელი კი - თავზე, თმა მთლიანად დავიფარე. ყვითელი
ქსოვილის ბოლო გვერდითა ნაკეცში ჩავატანე, ცისფერი ქსოვილი გავისწორე და სახელოსნოში გავედი.

წიგნს კითხულობდა და ვერ შეამჩნია, რომ ჩემს სკამთან უჩუმრად მივედი და იმავე პოზაში დავჯექი. როდესაც
თავი მარცხნივ მივატრიალე, ბატონმა თავი ასწია და შემომხედა. იმავე წამს ყვითელი ქსოვილის ბოლო
ჩამოვარდა ნაკეციდან, რომელშიც ჩავატანე, და მხარზე დამეცა.

- უჰ! - წავიჩურჩულე მე. შემეშინდა, რომ მთელი ქსოვილი თავიდან ჩამომვარდებოდა და თმა
გამომიჩნდებოდა. მაგრამ თავის ადგილას დარჩა - მხოლოდ მისი ბოლო მეცემოდა მხარზე. თმა არ ჩანდა.

- კარგია, გრიტ, - მითხრა მან. - სწორედ ეს მინდოდა. ზუსტად ეს.

*****

პორტრეტი ჩემთვის არ უჩვენებია. სხვა მოლბერტზე დადო, ისე, რომ კარიდან არ ჩანდა. მისი ნახვა
ამიკრძალა. დავპირდი, რომ ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ ზოგჯერ, ღამით, როდესაც საწოლში ვიწექი, მტანჯავდა
სურვილი, საბანი შემომეხვია, სახელოსნოში ჩავსულიყავი და სურათი მენახა. ის ხომ ვერაფერს მიხვდებოდა.

არა, მიხვდებოდა. წარმოუდგენელი იყო, რომ ყოველდღე მის წინ ვმჯდარიყავი და ვერ მიმხვდარიყო, რომ
სურათი ნანახი მქონდა. ვერაფერს ვუმალავდი - და არც მინდოდა, რომ დამემალა.

გარდა ამისა, არც ის მინდოდა გამეგო, როგორი წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე. ჯობდა, ეს საიდუმლოდ
დარჩენილიყო.
საღებავები, რომლებსაც მისთვის ვამზადებდი, ასევე არაფერს მეუბნებოდა სურათის შესახებ. შავი, ჟანგმიწა,
ტყვიის თეთრა, ყვითელი კალა ტყვიითურთ, ულტრამარინი, წითელი - ამ საღებავებს უწინაც ვამზადებდი და
მათი გამოყენება კონცერტის ხატვისას შეეძლო.

ერთდროულად ორ სურათზე არასოდეს უმუშავია. არ სიამოვნებდა, რომ განუწყვეტლივ ერთი მათგანიდან


მეორისკენ ინაცვლებდა, მაგრამ სამაგიეროდ ეჭვი არავის აუღია, რომ მეც მხატავდა. ამის შესახებ ცოტა ვინმემ
თუ იცოდა, მაგალითად, ვან რეივენმა - დარწმუნებული ვიყავი, რომ ბატონი მისი თხოვნით მხატავდა. ალბათ,
იმიტომ დათანხმდა ჩემი პორტრეტის დახატვას, რომ ვან რეივენთან ერთად არ დავეხატე. ჩემი პორტრეტი,
ალბათ, ვან რეივენისთვის იყო განკუთვნილი.

ეს აზრი არ მომწონდა. და, ვფიქრობ, არც ჩემს ბატონს ეპიტნავებოდა.

პორტრეტის შესახებ მარია თინსმაც იცოდა. სავარაუდოდ, სწორედ მან დაიყოლია ვან რეივენი. გარდა ამისა,
მას ჯერ კიდევ შეეძლო სახელოსნოში შემოსულიყო და პორტრეტი ენახა, რაც მე მეკრძალებოდა. ზოგჯერ
მარია თინსი ალმაცერად, უცნაური გამომეტყველებით მათვალიერებდა.

ვეჭვობდი, რომ ჩემი პორტრეტის შესახებ კორნელიამაც იცოდა. ერთხელ სახელოსნოსკენ ამავალ კიბეზე
დავინახე. როდესაც ვკითხე, აქ რას აკეთებ-მეთქი, პასუხი არ გამცა და თავი დავანებე. არ მინდოდა, გოგონა

132
მარია თინსთან ან კატარინასთან წამეყვანა და სახლში ალიაქოთი ამეტეხა, სანამ ბატონი ჩემს პორტრეტს
ხატავდა.

ვან ლევენჰუკმაც იცოდა ამ პორტრეტის ამბავი. ერთხელ სახელოსნოში თავისი კამერა-ობსკურა მოიტანა და
ბატონთან ერთად კამერაში მიყურებდა. სულაც არ გაჰკვირვებია, როდესაც დაინახა, რომ, სკამზე მჯდომს,
ბატონი მხატავდა - როგორც ჩანს, მან გააფრთხილა თავისი მეგობარი. ჩემს უჩვეულო თავსაბურავს შეხედა,
მაგრამ არაფერი უთქვამს.

კამერაში მორიგეობით იყურებოდნენ. იმ დროისთვის უკვე მიჩვეული ვიყავი, რომ გაუნძრევლად უნდა
ვმჯდარიყავი და არაფერზე მეფიქრა. ბატონის მზერა აღარ მეხამუშებოდა. თუმცა ძნელი იყო სიმშვიდის
შენარჩუნება შავი კამერის წინაშე. როდესაც ჩემ წინაშე შავი ყუთი იდგა და ვხედავდი არა თვალებს, სახეს ან
სხეულს, არამედ მხოლოდ ყუთსა და შავ ქსოვილს, რომელიც მოხრილ ზურგს ეფინებოდა, უხერხულობას
ვგრძნობდი. არ ვიცოდი, როგორ მიყურებდნენ.

ვერ უარვყოფ, რომ მაღელვებდა ორი ბატონის ესოდენ დაჟინებული მზერა, თუმცა მათ სახეებს ვერ ვხედავდი.

ერთხელ ჩემი ბატონი სახელოსნოდან გავიდა რბილი ჩვრის მოსატანად, რომლითაც ლინზა უნდა
გაეპრიალებინა. ვან ლევენჰუკმა დაიცადა, სანამ კიბეზე ბატონის ნაბიჯების ხმა მიწყდებოდა, და შემდეგ
ხმადაბლა მითხრა:

- ფრთხილად იყავი, ჩემო კარგო.

- რას გულისხმობთ, ბატონო?

- ხომ იცი, შენს პორტრეტს იმისთვის ხატავს, რომ ვან რეივენისგან დაგიცვას.

თავი დავუქნიე და ფარული სიამოვნება ვიგრძენი იმის გამო, რომ ჩემი ეჭვები გამართლდა.

- ფრთხილად იყავი, მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო. შეიძლება უბედურებას ეწიო.

ჯერ კიდევ იმ პოზაში ვიჯექი, რომელშიც ბატონი მხატავდა. და უეცრად უნებურად შევარხიე მხრები, თითქოს
თავსაბურავს ვიცილებდი:

- არა მგონია, ბატონმა რაიმე ზიანი მომაყენოს.

- მითხარი, ჩემო კარგო, კარგად იცნობ მამაკაცებს?

გავწითლდი და თავი მივაბრუნე. გამახსენდა, როგორ მეხვეოდა უმცროსი პიტერი შუკაში.

- იცი რა, მეტოქეობა მამაკაცებს მესაკუთრეებად აქცევს. ბატონი შენით ნაწილობრივ იმიტომ დაინტერესდა,
რომ ვან რეივენს მოსწონხარ.

არაფერი ვუპასუხე.
- შენი ბატონი არაჩვეულებრივი ადამიანია, - განაგრძო ვან ლევენჰუკმა. - მარტო მისი თვალები ღირს ოქროს
ფასად. მაგრამ ზოგჯერ სამყაროს ისე აღიქვამს, როგორიც უნდა რომ იყოს და არა ისე, როგორიც ის არის. არ
ესმის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. მხოლოდ თავის თავსა და სამუშაოზე ფიქრობს, და არა შენზე.
ამიტომ უნდა გაუფრთხილდე....

133
გაჩუმდა. კიბეზე ჩემი ბატონის ფეხის ხმა გაისმა.

- რას უნდა გავუფრთხილდე? - წავიჩურჩულე მე.

- საკუთარ თავს.

თავი ავწიე და შევხედე:

- ქალწულობას გავუფრთხილდე, ბატონო?

- ეს არ მიგულისხმია. როდესაც ქალებს ხატავს, თითქოს თავის სამყაროში გადაჰყავს. იქ კი შეიძლება


ჩაიკარგო.

ოთახში ჩემი ბატონი შემოვიდა.

- გრიტ, პოზა შეგიცვლია, - მითხრა მან.

- მაპატიეთ, ბატონო.

და კვლავ სათანადო პოზაში დავჯექი.

*****

როდესაც ბატონმა ჩემი პორტრეტის ხატვა დაიწყო, კატარინა ექვსი თვის ფეხმძიმე იყო. მოზრდილი მუცელი
ჰქონდა და ძალიან ნელა დადიოდა, კედლებს ეყრდნობოდა, სკამების საზურგეებს ებღაუჭებოდა და მძიმედ,
ოხვრით ჯდებოდა. მიკვირდა, ასე რომ ღლიდა ფეხმძიმობა, რომელიც უკვე რამდენჯერმე ჰქონდა
გამოცდილი. არ წუწუნებდა, მაგრამ ყოველნაირად გამოხატავდა, რაოდენ მტანჯველი იყო მდგომარეობა,
რომელშიც იძულებით აღმოჩნდა. როდესაც ფრანცისკუსზე იყო ფეხმძიმედ, ეს არ შემიმჩნევია. იმხანად ამ
სახლში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და ვერაფერს ვხედავდი უამრავი სარეცხის გარდა, რომელიც
ყოველ დილას მელოდა.

რაც უფრო მძიმდებოდა კატარინა, მით მეტად იძირებოდა საკუთარ თავში. მარტჰეს დახმარებით, ჯერ კიდევ
ბევრ დროს უთმობდა შვილებს; ჯერ კიდევ უძღვებოდა ოჯახურ საქმეებს და ბევრ რამეს გვავალებდა მე და
ტანეკეს; ჯერ კიდევ ყიდულობდა სურსათს ოჯახისთვის. მაგრამ ამავე დროს თითქოს სხვა სამყაროში
იმყოფებოდა და მხოლოდ ნაყოფის ზრდა აინტერესებდა. ახლა უფრო ლმობიერად მეპყრობოდა. ნელა
მოძრაობდა და თუმცა უფრო ტლანქი გახდა, ნივთებს შედარებით იშვიათად ამტვრევდა.

მეშინოდა, ჩემი პორტრეტი არ ენახა. საბედნიეროდ, კიბეზე ამოსვლა უჭირდა. ამდენად, იმის საშიშროება არ
არსებობდა, რომ სახელოსნოს კარი მოულოდნელად შემოეღო და დაენახა, როგორ ვიჯექი მე სკამზე, მისი
ქმარი კი - მოლბერტთან. თანაც, ზამთარი იყო და ერჩივნა, ბავშვებთან, ტანეკესთან და მარია თინსთან
ერთად თბილ სამზარეულოში მჯდარიყო ან საწოლში ენებივრა უამრავი საბნისა და ქურქის ქვეშ.

134
რეალური საშიშროება იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველივე ვან რეივენისგან შეეტყო. მათ შორის, ვინც
პორტრეტის ამბავი იცოდა, ის ყველაზე ნაკლებად სანდო იყო. ვან რეივენი ხშირად მოდიოდა ჩვენს სახლში
და ბატონი მას ხატავდა. მარია თინსი განზრახ აღარ მაგზავნიდა სახლიდან და არ მაფრთხილებდა, ვან
რეივენისგან თავი შორს დაიჭირეო. მართლაც, რამდენი დავალება უნდა მოეგონებინა ჩემთვის? ალბათ,
ფიქრობდა, რომ ვან რეივენი დაკმაყოფილდა იმით, რომ სურათს დაჰპირდნენ და თავი დამანება.

თავი არ დაუნებებია. ზოგჯერ მპოულობდა, როდესაც ვრეცხავდი ან ვაუთოებდი, ან კიდევ ტანეკეს


ვეხმარებოდი სადილის მომზადებაში. თუ მარტო არ ვიყავი, მისი ატანა შემეძლო. როცა ოთახში მარტჰე,
ტანეკე ან თუნდაც ალეიდისი იყო, ის, უბრალოდ, დაშაქრული ხმით მეუბნებოდა: „გამარჯობა, ჩემო გოგონა“,
და მიდიოდა.

მაგრამ თუ მარტო ვიყავი - მაგალითად, ეზოში სარეცხს ვფენდი, რომ ზამთრის მზის მკრთალი სხივები
რამდენიმე წუთით მაინც მოხვედროდა - ვან რეივენი სველი სარეცხის თოკებს შორის იკვლევდა გზას და
ბატონის პერანგის ან ზეწრის საფარქვეშ მეხვეოდა. ხელს ვკრავდი, მაგრამ ვცდილობდი, შეურაცხყოფა არ
მიმეყენებინა: მე ხომ მოსამსახურე ვიყავი, ის კი - ბატონი. მიუხედავად ამისა, ახერხებდა, მკერდზე ან
თეძოებზე შემხებოდა. და ამ დროს ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა, რომელთა დავიწყებას ვცდილობდი და
ვერავისთან გავიმეორებდი.

სეანსის შემდეგ ვან რეივენი ყოველთვის კატარინას ოთახში შედიოდა რამდენიმე წუთით, მისი და და
ქალიშვილი კი მოთმინებით იცდიდნენ, სანამ ის დიასახლისთან ჭორაობასა და არშიყობას დაასრულებდა.
მარია თინსმა სთხოვა, არაფერი ეთქვა კატარინასთვის ჩემი პორტრეტის შესახებ, მაგრამ ვან რეივენი იმ
ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ვისაც საიდუმლოს შენახვა შეეძლო. ძალიან სიამოვნებდა, რომ ჩემი
პორტრეტი ექნებოდა და ზოგჯერ ამაზე კატარინას მიანიშნებდა.

ერთხელ, როდესაც წინკარში იატაკს ვხვეტდი, გავიგონე, როგორ უთხრა კატარინას:

- ვინ უნდა დაეხატა თქვენს ქმარს, ეს თქვენს სურვილზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული?

- ამგვარ რამეებზე არ ვფიქრობ, - სიცილით მიუგო კატარინამ. - ვინც უნდა, ის დახატოს.

- თქვენს ადგილას დავინტერესდებოდი.

ვან რეივენი იმდენად ცბიერად მიანიშნებდა, რომ ეს კატარინამაც კი შეამჩნია.

- რას გულისხმობთ? - ჰკითხა ქალმა.

- არაფერს, არაფერს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მას, რამე დახატოს. უარს ვერ გეტყვით. შეუძლია
დახატოს რომელიმე შვილი - მაგალითად, მარტჰე. ან თქვენ, ჩემო ლამაზო.

კატარინა დუმდა. ალბათ, ვან რეივენმა სასწრაფოდ იმიტომ გადაიტანა საუბარი ბავშვებზე, რომ ქალის
მღელვარება შეამჩნია.

კიდევ ერთხელ, როდესაც კატარინამ ჰკითხა, გსიამოვნებთ თუ არა სეანსებზე ჯდომაო, ვან რეივენმა უპასუხა:

- უფრო მეტად მესიამოვნებოდა, ჩემ გვერდით ლამაზი ქალიშვილი რომ მჯდარიყო. მაგრამ მას ისედაც მალე
ჩავიგდებ ხელში.

135
კატარინამ ვან რეივენის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა რამდენიმე თვის წინ ასე არ მოიქცეოდა.
შესაძლოა, იმიტომ არ დაეჭვებულა, რომ არაფერი იცოდა ჩემი პორტრეტის შესახებ. შემეშინდა და ვან
რეივენის სიტყვები მარია თინსს გადავეცი.

- კარებთან მიაყურადე, გოგონი? - მკითხა მან.

- მე... - და ვერ ვიცრუე.


მარია თინსმა ღვარძლიანად ჩაიცინა:

- როგორც იქნა, წაგასწარი იმაზე, რასაც, ჩვეულებრივ, მსახურებს აბრალებენ ხოლმე. ვინ იცის, იქნებ მალე
ვერცხლის კოვზების მოპარვაც დაიწყო.

შევკრთი. მისი მხრიდან ეს სასტიკი სიტყვები იყო, განსაკუთრებით - კორნელიასთან და სავარცხელთან


დაკავშირებული ამბის შემდეგ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა - მარია თინსისგან დავალებული ვიყავი.
ამიტომ ამ სიტყვების საპასუხოდ არაფერი მითქვამს.

- თუმცა, მართალი ხარ. ვან რეივენი ყბედია, - განაგრძო მან. - კიდევ დაველაპარაკები.

მაგრამ მარიამ თინსის მცდელობამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა - პირიქით, ვან რეივენი ამან კიდევ
უფრო წააქეზა, ქარაგმულად ელაპარაკა კატარინასთან. ამის შემდეგ, როდესაც ვან რეივენი მოდიოდა, მარია
თინსი ქალიშვილს გვერდიდან არ სცილდებოდა, სტუმარს ენა რომ დაემოკლებინა.

ვერ წარმომედგინა, რას იზამდა კატარინა, ჩემი პორტრეტი რომ ენახა. რა თქმა უნდა, ოდესმე ნახავდა, თავის
სახლში თუ არა, ვან რეივენთან მაინც, სადაც ერთ მშვენიერ დღეს, სადილობისას აიხედავდა და დაინახავდა,
რომ კედლიდან მე ვუმზერ.

*****

ის ყოველდღე როდი მუშაობდა ჩემს პორტრეტზე. კონცერტიც ხომ უნდა დაეხატა - ვან რეივენთან და მის
ცოლთან ერთად, ან მათ გარეშე. როდესაც ისინი არ მოდიოდნენ, ბატონი ფონს ხატავდა ან მთხოვდა, ერთ-
ერთი ქალის (კლავიკორდზე დამკვრელის ან მომღერლის, რომელსაც ხელში ნოტები ეჭირა) ადგილი
დამეკავებინა. მათ ტანისამოსს არ ვიცვამდი. ბატონს, უბრალოდ, უნდოდა, რომ მათი ადგილი ვინმეს
დაეკავებინა. ზოგჯერ ორი ქალი ვან რეივენის გარეშე მოდიოდა და ასეთ შემთხვევებში ბატონი ყველაზე უკეთ
მუშაობდა. ვან რეივენის ხატვა ძნელი იყო. როდესაც სხვენზე საღებავებს ვამზადებდი, გამუდმებით მესმოდა
მისი ხმა. მშვიდად ჯდომა არ შეეძლო, უნდა ელაქლაქა ან ბარბითზე დაეკრა. ბატონი მოთმინებით იტანდა
ვან რეივენის კაპრიზებს, თითქოს ის პატარა ბავშვი ყოფილიყოს. მაგრამ ზოგჯერ ხმა ისე ეცვლებოდა, რომ
ვიცოდი - ამ ღამით სამიკიტნოში წავიდოდა და დაბრუნებულს აღგზნებული, მოელვარე თვალები ექნებოდა.

კვირაში ორჯერ თუ სამჯერ მხატავდა. თითო სეანსი ორიოდე საათს გრძელდებოდა. იმ დღეებში ყველაზე
უფრო ბედნიერი ვიყავი, რადგან ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მე მიყურებდა. უძრავად ჯდომა ადვილი არ
იყო. იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალმაცერად უნდა მემზირა, თავი მტკივდებოდა ხოლმე;
ზოგჯერ მაიძულებდა, მკვეთრი მოძრაობებით თავი აქეთ-იქით მეტრიალებინა, ყვითელი ქსოვილის ზოლი

136
რომ აფრიალებულიყო. უნდოდა, ისეთი გამომეტყველება მქონოდა, თითქოს ის-ის იყო, მისკენ მოვიხედე.
რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვასრულებდი.

კმაყოფილი მაინც არ იყო. თებერვალი გავიდა და მარტი დადგა. დარი და ავდარი ერთმანეთს ენაცვლებოდა.
მაგრამ ის კვლავ უკმაყოფილო იყო. ორ თვეზე მეტ ხანს მუშაობდა პორტრეტზე და მიუხედავად იმისა, რომ ის
ნანახი არ მქონდა, მეჩვენებოდა, თითქოს დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბატონი აღარ მაიძულებდა,
ბევრი საღებავი შემეზავებინა მისთვის. სეანსის დროს სურათზე ოდნავ უსვამდა ფუნჯს. უწინ მეგონა, რომ
მივხვდი, როგორ სურდა ჩემი დახატვა. მაგრამ ახლა უკვე ამაში დარწმუნებული აღარ ვიყავი. ზოგჯერ,
უბრალოდ, იჯდა და მიყურებდა, თითქოს ჩემგან რაღაცას ელოდა. იმ წუთებში ის მხატვარი კი არა, მამაკაცი
იყო და თვალს ვეღარ ვუსწორებდი.

ერთხელ, როდესაც ჩემს სკამზე ვიჯექი, უეცრად გამოაცხადა:

- ვან რეივენს მოეწონება, მაგრამ მე არ მომწონს.


არ ვიცოდი, რა მეთქვა. რაკი სურათი ნანახი არ მქონდა, ვერაფრით დავეხმარებოდი.

- ბატონო, შეიძლება პორტრეტს შევხედო?

ცნობისმოყვარეობით შემომხედა.

- იქნებ რაღაცით დაგეხმაროთ, - დავძინე მე და მაშინვე ვინანე, ეს რომ წამომცდა. ალბათ, ზედმეტი
კადნიერება გამოვიჩინე.

- კარგი, - თქვა მან ბოლოს.

სკამიდან ავდექი და ბატონის ზურგს უკან დავდექი. თავი არ მოუტრიალებია. გაუნძრევლად იჯდა. მისი
თანაბარი, ნელი სუნთქვა მესმოდა.

პორტრეტი მის მიერ დახატულ სხვა სურათებს არ ჰგავდა. მასზე მხოლოდ მე ვიყავი - ჩემი თავი და მხრები.
არც მაგიდა ჩანდა, არც ფარდები, არც ფანჯრები და არც ფუნჯი, რომლებიც მაყურებელს ყურადღებას
გაუფანტავდა. პორტრეტზე თვალები ფართოდ მქონდა გახელილი, სახე - განათებული, მხოლოდ მარცხენა
მხარე რჩებოდა ჩრდილში. ყავისფერი კაბა მეცვა, თავზე კი ყვითელ-ცისფერი ქსოვილი მქონდა წაკრული, რის
გამოც საკუთარ თავს არ ვგავდი. ეს თითქოს სხვა გრიტი იყო - სხვა ქალაქის ან, სულაც, სხვა ქვეყნის მკვიდრი.
შავი ფონი მკვეთრად წარმოაჩენდა ჩემს განმარტოებას, თუმცა, ნამდვილად ვუყურებდი ვიღაცას. თითქოს
რაღაცას ველოდი და იმავდროულად ვიცოდი, რომ ეს არ მოხდებოდა.

ბატონი არ ცდებოდა: ვან რეივენს მოეწონებოდა პორტრეტი, მაგრამ ის დასრულებული არ იყო.

მასზე უფრო ადრე მე მივხვდი. შევძრწუნდი, როდესაც ვიაზრე, რომ საჭირო იყო რაღაც ბრჭყვიალა საგანი,
რომელიც მის სხვა სურათებზე თვალს იტაცებდა. სწორედ ეს დამღუპავს-მეთქი, გავიფიქრე.

და არც შევმცდარვარ.

*****

137
ამჯერად არ დავხმარებივარ, როგორც მაშინ მოვიქეცი, ვან რეივენის ცოლს რომ ხატავდა. სახელოსნოში არ
შევპარულვარ და იქ არაფერი შემიცვლია, სკამი არ გადამიდგამს და დარაბები არ გამიღია. ორი სხვადასხვა
ფერის ქსოვილი თავიდან არ მომიხსნია და პერანგის საყელო შიგნით არ გადამიკეცია. ტუჩები არ
მომიკვნეტია, რათა უფრო გამეწითლებინა, და არც ლოყები შემისრუტავს. ის საღებავები არ დამიწყვია,
რომლებსაც, ჩემი აზრით, გამოიყენებდა.

უბრალოდ, უძრავად ვიჯექი ხოლმე, ან ვაზავებდი და ვრეცხავდი საღებავებს, რომლებსაც მიტოვებდა.

თვითონ უნდა მიხვედრილიყო ყველაფერს.

ამას მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ვვარაუდობდი. კიდევ ორი სეანსი გავიდა, სანამ მიხვდებოდა, რა აკლდა
სურათს. ამ ორი სეანსის განმავლობაში უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა და ადრე მათავისუფლებდა
ხოლმე.

ვიცდიდი.

პასუხი მას კატარინამ უკარნახა. ერთხელ, დღის მეორე ნახევარში, მე და მარტჰე სამზარეულოში ბატონის
ფეხსაცმელს ვწმენდდით, დანარჩენი გოგონები კი დარბაზში იყვნენ და უყურებდნენ, როგორ იცვამდა მათი
დედა, რომ დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე წასულიყო. ალეიდისისა და ლისბეთის წამოკივლებამ
მიმახვედრა, რომ კატარინამ თავისი მარგალიტის მძივი ამოიღო, რომელიც გოგონებს მოსწონდათ.

შემდეგ გავიგონე, როგორ შევიდა დარბაზში ბატონი. ერთხანს სიჩუმე იყო. შემდეგ იქიდან წყნარი ხმები
მოისმა. ბატონმა დამიძახა:

- გრიტ, ჩემს ცოლს ერთი ჭიქა ღვინო მოუტანე!

ლანგარზე თეთრი სურა და ღვინის ორი ჭიქა დავდგი - იქნებ ბატონს ცოლთან ერთად დალევა მოუნდეს-მეთქი
- და დარბაზისკენ გავემართე. კარში კორნელიას შევეფეთე, რომელიც ისევ ჩასაფრებული იყო. ძლივს
მოვასწარი, სურისთვის ხელი მეტაცა, ჭიქები კი მკერდზე ჩამომიგორდა, მაგრამ არ დამსხვრეულა. კორნელიამ
ჩაიცინა და გზა დამითმო.

კატარინა მაგიდასთან იდგა. წინ ფერ-უმარილის კოლოფი, ფუნჯი და ზარდახშა ეწყო. იქვე ელაგა
სავარცხლებიც. მარგალიტის მძივი ეკეთა და მწვანე კაბა ეცვა, რომელიც გადააკეთა, მეცელი რომ არ
გამოსჩენოდა. ჭიქა გვერდით დავუდგი და ღვინო დავუსხი.

- ღვინოს ხომ არ ინებებთ, ბატონო? - ვკითხე და შევხედე. ის კარადას მიყრდნობოდა, საწოლთან. საწოლის
აბრეშუმის ფარდა იმავე ქსოვილისგან იყო შეკერილი, რომელიც კატარინას კაბისთვის გამოეყენებინათ. ხან
კატარინას უყურებდა, ხან - მე. მხატვრის თვალით გვაფასებდა.

- სულელო, კაბაზე ღვინო დამასხი! - დაიყვირა კატარინამ, უკან დაიხია და კაბა დაიბერტყა. იქ მართლაც
ემჩნეოდა წითელი ღვინის წვეთები.

- მაპატიეთ, ქალბატონო. სველი ჩვრით გაგიწმენდთ.

- თავი დაანებე. ვერ ვიტან, როდესაც ჩემ მახლობლად ფუსფუსებ. თავიდან მომწყდი.

138
სინი ავიღე და ბატონს მალულად შევხედე. თავისი ცოლის მარგალიტის საყურეს თვალს არ აცილებდა.
როდესაც კატარინა თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, რათა ფერ-უმარილი წაეცხო, მისი საყურე ქანაობდა და
ფანჯრიდან შემოჭრილ შუქზე მისი თვალებივით ბრწყინავდა.

- ერთი წუთით ზევით უნდა ავიდე, - უთხრა ბატონმა კატარინას. - ახლავე დავბრუნდები.

როგორც იქნა. იპოვა, რასაც ეძებდა.

მეორე დღეს რომ მთხოვა, საღამოს სახელოსნოში ამოდიო, ისეთი სიხარული არ მიგრძნია, როგორსაც,
ჩვეულებრივ, სეანსის დროს ვგრძნობდი ხოლმე. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შიშმა შემიპყრო. იმ
დილას სარეცხი განსაკუთრებით მძიმე და სველი მომეჩვენა. ძალა იმდენად გამომეცალა, რომ სარეცხის
გაწურვა გამიჭირდა. ნელა დავდიოდი სამზარეულოსა და ეზოს შორის და რამდენჯერმე ჩამოვჯექი
დასასვენებლად. როდესაც მარია თინსი სამზარეულოში შემოვიდა თუჯის ტაფის ასაღებად, დაინახა, რომ
ვიჯექი.

- რა მოგივიდა, გოგონი? - მკითხა მან. - ავად ხომ არ გახდი?

სკამიდან წამოვხტი:

- არა, ქალბატონო, უბრალოდ, ცოტათი დავიღალე.

- დაიღალე? მსახურები არ იღლებიან, განსაკუთრებით დილაობით, - უნდობლად მკითხა მარია თინსმა.

გაგრილებული წყლიდან კატარინას ერთ-ერთი პერანგი ამოვიღე.


- ამ საღამოს არსად გამგზავნით, ქალბატონო?

- ამ საღამოს? არა მგონია. სად უნდა გაგგზავნო, თუკი დაღლილი ხარ?

და მარია თინსმა თვალები მოჭუტა:

- რამე უბედურება ხომ არ შეგემთხვა, გოგონი? ვან რეივენმა სადმე ხომ არ დაგიმარტოხელა?

- არა, ქალბატონო.

ვან რეივენმა ორი დღის წინ მართლაც დამიმარტოხელა, მაგრამ ძალ-ღონე მოვიკრიბე და ხელიდან
დავუსხლტი.

- ვინმემ ხომ არ გნახა ზემოთ? - ხმადაბლა მკითხა მარია თინსმა და თავი სახელოსნოსკენ გაიქნია.

- არა, ქალბატონო.

მინდოდა, მისთვის მარგალიტის საყურეების შესახებ მომეყოლა, მაგრამ ამის ნაცვლად, ვუთხარი:

- რაღაც ისეთი შევჭამე, რომ მაწყინა.

მარია თინსმა მხრები აიჩეჩა და გამეცალა. ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერში
ჩარეულიყო.

139
იმ საღამოს კიბეზე ძლივძლივობით ავედი და სახელოსნოს კარის წინ შევჩერდი. ეს ჩვეულებრივი სეანსი არ
იქნებოდა. ის ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. კარი შევაღე. ბატონი მოლბერტთან იჯდა და
ფუნჯის წვერს დასცქეროდა. როდესაც შემომხედა, სახეზე ისეთი რამ შევამჩნიე, რაც უწინ არასოდეს
შემიმჩნევია. ღელავდა.

ამან გამამხნევა. ჩემს სკამთან მივედი, ლომის ფაფარს ხელით დავეყრდენი, მაგარ, ცივ ჩუქურთმას ხელი
მოვუჭირე და წარმოვთქვი:

- ბატონო, არ შემიძლია.

- რა არ შეგიძლია, გრიტ?

- იმის გაკეთება, რაც უნდა მთხოვოთ. საყურეებს ვერ გავიკეთებ. მოსამსახურეები მარგალიტებს არ ატარებენ.

დიდხანს მიყურებდა. შემდეგ თავი გადააქნია:

- რა უჩვეულო ვინმე ხარ. ყოველთვის მაკვირვებ.

ხელი გადავუსვი ლომის დრუნჩს, შემდეგ - გლუვ ფაფარს. ბატონი ჩემი ხელის მოძრაობას თვალს ადევნებდა.

- ხომ იცი, - წაიჩურჩულა მან, - რომ სურათზე მარგალიტი უნდა ბრწყინავდეს. სხვა შემთხვევაში ის
დაუსრულებელი დარჩება.

ვიცოდი. როდესაც პორტრეტი ვიხილე, დიდხანს არ მითვალიერებია (უცნაური შეგრძნება დამეუფლა,


როდესაც საკუთარ თავს ვუყურებდი), მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მასზე მარგალიტის საყურე უნდა
ყოფილიყო. საყურის გარეშე სურათზე მხოლოდ ჩემი თვალები, პირი, პერანგის საყელო იქნებოდა
გამოსახული და კიდევ - ჩრდილი მარცხენა ყურის ზემოთ - ყველაფერი ცალ-ცალკე. საყურე კი გააერთიანებდა
მათ და სურათს დასრულებულობას მიანიჭებდა.
ადვილი შესაძლებელი იყო, ამის გამო სამუშაო დამეკარგა. ვიცოდი, რომ ბატონი საყურეებს არც ვან რეივენს
სთხოვდა, არც ვან ლევენჰუკს და არც სხვას ვისმე. კატარინას საყურეები დაინახა და მაიძულებდა, სწორედ
ისინი გამეკეთებინა. ყველაფერს ისე იყენებდა თავისი სურათებისთვის, რომ შედეგები არ ანაღვლებდა.
სწორედ ეს იგულისხმა ვან ლევენჰუკმა, როცა გამაფრთხილა.

კატარინას რომ თავისი საყურეები სურათზე ეხილა, შეიშლებოდა.

უნდა მეთხოვა მისთვის, ჩემი ცხოვრება არ დაენგრია.

ამის ნაცვლად კი ვუმტკიცებდი:

- თქვენ ხომ ამ სურათს ვან რეივენისთვის ხატავთ და არა საკუთარი თავისთვის. სულ ერთი არაა, საყურეს
დახატავთ თუ არა? თვითონ არ მითხარით, რომ მას მოეწონება?

ბატონს სახე გაუქვავდა და მივხვდი, რომ არასწორ საბუთს ვიშველიებდი.

- არ შევწყვეტ სურათზე მუშაობას, სანამ არ დავასრულებ, - წაიბუტბუტა მან. - სხვაგვარად არ შემიძლია.

- დიახ, ბატონო, - და იატაკის ფილებს ჩავაჩერდი. „სულელო,“ - ვუთხარი ჩემს თავს და დავიძაბე.

140
- წადი და მოემზადე.

თავი დავხარე და სწრაფად მივაშურე საკუჭნაოს, სადაც ყვითელ და ცისფერ ქსოვილებს ვინახავდი. ესოდენ
მძაფრად არასოდეს მიგრძნია მისი უკმაყოფილება. ვიტანჯებოდი. კაპორი მოვიხადე და როდესაც ვიგრძენი,
რომ ლენტი, რომლითაც თმა მქონდა შეკრული, გაიხსნა, მოვიძრე ის. ხელები ავწიე, რომ ჩამოშლილი თმა
შემეკრა და სახელოსნოს იატაკის ჭრიალი მომესმა. ადგილზე გავშეშდი. ის არასოდეს შემოდიოდა
საკუჭნაოში, როდესაც ვიცვამდი. არასოდეს მოუთხოვია ეს.

შემოვტრიალდი. თმა ხელით მეკავა. ის ზღურბლზე იდგა და მიყურებდა.

ხელები ჩამოვუშვი და შემოდგომის ფოთლების ფერის თმა ტალღებად დამეფინა მხრებზე. ჩემ გარდა, ჩემი
თმა არასოდეს არავის უნახავს.

- შენი თმა... - თქვა მან. აღარ ბრაზობდა.

და ბოლოს თვალი მომარიდა.

*****

მას შემდეგ, რაც ბატონმა ჩემი თმა დაინახა, მას შემდეგ, რაც მის წინაშე თითქოს გავშიშვლდი, ვგრძნობდი,
რომ აღარ დამრჩა არავითარი საუნჯე, რომელიც უნდა დამეცვა და გავფრთხილებოდი. აღარაფერი მაკავებდა,
თუ ბატონთან არა, ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ სხვასთან. მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა.

საღამოს შინიდან გავედი და უმცროსი პიტერი ვიპოვე დუქანში, სადაც ყასბები იკრიბებოდნენ და სვამდნენ
ხოლმე. სტვენასა და წამოძახილებს ყურადღება არ მივაქციე, პირდაპირ მისკენ გავეშურე და ვთხოვე,
გამომყოლოდა. პიტერს თვალები გაუფართოვდა, ჭიქა დადგა და გამომყვა. ხელი ჩავკიდე და ბნელ შუკაში
შევიყვანე. იქ ქვედატანი ავიწიე და ყველაფრის ნება მივეცი, რაც კი მოესურვებოდა. ყელზე მოვეხვიე და
ჩავეკარი, მან კი გზა გაიკვლია და რიტმული მოძრაობით ჩემში შემოაღწია. მეტკინა, მაგრამ როდესაც
გამახსენდა, როგორ ჩამომეშალა თმა სახელოსნოში, ერთგვარი სიამოვნებაც ვიგრძენი.

შემდეგ პაპისტთა უბანში დავბრუნდი და ძმრით ჩავიბანე.

როდესაც ღამით პორტრეტს შევხედე, შევამჩნიე, რომ ბატონს თმის კულული დაემატებინა, რომელიც
მარცხენა თვალს ზემოთ ჩამომშლოდა.

*****

141
მომდევნო სეანსის დროს საყურეზე სიტყვაც არ დაუძრავს. საყურე არ მოუცია (რისაც მეშინოდა), არც ჩემი
პოზა შეუცვლია და არც ხატვა შეუწყვეტია.

ამჯერად საკუჭნაოში აღარ შემოსულა ჩემი თმის დასანახად. პალიტრაზე დიდხანს აზავებდა საღებავებს
დანით. წითელი საღებავი და ჟანგმიწა ედო, ყველაზე მეტი კი - თეთრი საღებავი, რომელშიც თანდათან
ამატებდა შავს და საგულდაგულოდ ურევდა. რუხ ფონზე დანა ვერცხლისფერი ალმასივით ბრწყინავდა.

- ბატონო, - დავიწყე მე.

შემომხედა. დანა დადო.

- მინახავს, რომ ზოგჯერ წარმოსახვით ხატავთ ხოლმე. იქნებ, საყურეც ასე დახატოთ?

დანა არ აუღია.

- მთავაზობ, რომ საყურე წარმოვიდგინო და ისე დავხატო?

- დიახ, ბატონო.

პალიტრას შეხედა და კვლავ განაგრძო თავისი საქმიანობა. მომეჩვენა, რომ

ჩაეღიმა.

- მინდა, ეს საყურე შენს ყურზე დავინახო.

- ხომ იცით, რა მოხდება, ბატონო.

- ის მოხდება, რომ სურათი დასრულდება.

ცხოვრებას დამინგრევთ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ კვლავ ვერ ვაიძულე თავი, რომ ეს სიტყვები წარმომეთქვა.
ამის ნაცვლად, გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე:

- რას იტყვის თქვენი ცოლი, როდესაც დასრულებულ სურათს ნახავს?

- ვერ ნახავს, რადგან პირდაპირ ვან რეივენს გადავცემ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აღიარა, პორტრეტს მალულად ვხატავ და კატარინას ეს არ მოეწონებაო.
- ერთხელ მაინც გაიკეთე, - დასძინა მან, თითქოს ჩემ დასაწყნარებლად. - მომდევნო სეანსზე მოვიტან.
მომდევნო კვირას. თუკი საყურეს საღამოს თავის ადგილას დავდებ, კატარინა ვერაფერს შეამჩნევს

- კი მაგრამ, ბატონო, - ვუთხარი მე, - ყურები გახვრეტილი არა მაქვს.

ის ოდნავ მოიღუშა.

- მერე, გაიხვრიტე.

ამ საქმეში, მისი აზრით, თვითონ არ უნდა ჩარეულიყო, რადგან ეს ქალების პრობლემა იყო. დანა
რამდენჯერმე დაარტყა პალიტრას, შემდეგ კი ჩვრით გაწმინდა.

142
- აბა, დავიწყოთ, ნიკაპი ცოტათი ძირს დასწიე.

შემდეგ ყურადღებით დამაკვირდა და დასძინა:- ტუჩები მოილოკე, გრიტ.

დავემორჩილე.

- პირი ოდნავ დააღე,

ამ თხოვნამ იმდენად გამაოცა, რომ პირი უნებურად დავაღე. თავი შევიკავე, რომ ცრემლები არ
გადმომცვენოდა. წესიერი ქალები პირს არ აღებენ, როდესაც მათ ხატავენ.

კაცი იფიქრებდა, რომ ის პიტერთან და ჩემთან ერთად იყო ბნელ შუკაში.

ცხოვრებას დამინგრევ-მეთქი, გავიფიქრე. და კვლავ მოვილოკე ტუჩები.

- კარგია, - თქვა მან.

*****

არ მინდოდა, თვითონ გამეხვრიტა ყურები. ტკივილისა არ მეშინოდა, მაგრამ არ მსურდა, ჩემსავე ყურში ნემსი
გამერჭო. არჩევანი რომ მქონოდა, დედაჩემს მივმართავდი ამ თხოვნით. მაგრამ დედა ვერასოდეს გამიგებდა
და არ დათანხმდებოდა ამაზე, თუკი მიზეზს არ გავუმხელდი, ხოლო ყველაფერს თუ მოვუყვებოდი,
შეძრწუნდებოდა.

ტანეკეს ან მარტჰესაც ვერ ვთხოვდი.

იქნებ მარია თინსისთვის მიმემართა? მან, ცხადია, ჯერ კიდევ არაფერი იცოდა საყურეების შესახებ, მაგრამ
მალე შეიტყობდა. არც მისთვის თხოვნა მსურდა. არ მინდოდა მის წინაშე მეღიარებინა ჩემი დამცირება.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც გამიგებდა და დამეხმარებოდა, ფრანსი იყო. მეორე დღეს ფაბრიკაში
გავეშურე ნემსებით სავსე ტომსიკით, რომელიც მარია თინსმა მაჩუქა. დაღვრემილი ქალი, რომელიც
ფაბრიკის ჭიშკართან იდგა, გაიღრიჭა, როდესაც ვიკითხე, შეიძლებოდა თუ არა ფრანსის ნახვა.

- დიდი ხანია, ფაბრიკიდან წავიდა. გზაც იქით ჰქონია, - ნიშნის მოგებით მაცნობა მან.

- წავიდა? სად წავიდა?


ქალმა მხრები აიჩეჩა.

- ამბობენ, როტერდამში აპირებდაო წასვლას, იქიდან კი ვინ იცის, სად წავა. შეიძლება ზღვებზე ცურვისას
გამდიდრდეს, თუკი რომელიმე როტერდამელი მეძავის ფეხებს შორის არ ამოხდება სული.

ამ მწარე სიტყვებმა მაიძულა, ქალს უფრო ყურადღებით დავკვირვებოდი. ფეხმძიმედ იყო.

143
რას წარმოიდგენდა კორნელია, როდესაც იმ ფილას ამტვრევდა, რომელზეც მე და ფრანსი ერთად ვიყავით
გამოსახული, რომ სინამდვილეშიც ასე მოხდებოდა - რომ ფრანსი ჩემი და ჩვენი მშობლების ცხოვრებიდან
გაქრებოდა. ვნახავ თუ არა მას ოდესმე? რას იტყვის ჩვენი დედ-მამა? მარტოობა ახლა უფრო მძაფრად
ვიგრძენი, ვიდრე ოდესმე.

მეორე დღეს, თევზეულის ბაზრიდან მომავალმა, აფთიაქში შევიარე. მეაფთიაქე უკვე მიცნობდა და
სახელითაც მომმართავდა.

- რა სჭირდება დღეს?- მკითხა მან. - ტილო? სინგური? ჟანგმიწა? სელის ზეთი?

- ჯერჯერობით არაფერი სჭირდება, - მივუგე მე. - არც მას და არც ქალბატონს. მოვედი, რომ... - წამით
დავფიქრდი: ხომ არ მეთხოვა მისთვის ყური გამიხვრიტეთ-მეთქი? მეაფთიაქე თითქოს კეთილგონიერი
ადამიანი იყო, რომელიც ჩემს თხოვნას შეასრულებდა, არავის გაუმხელდა და მიზეზსაც არ მკითხავდა.

მაგრამ უცხო ადამიანს ამგვარი თხოვნით ვერ მივმართავდი.

- კანის გასაყინი საშუალება მჭირდება.

- კანის გასაყინი?

- დიახ. ყინულის მსგავსი.

- რად გჭირდება?

მხრები ავიჩეჩე, არაფერი ვუპასუხე და თაროებზე ჩამწკრივებულ ფლაკონებს მივაჩერდი.

- მიხაკის ზეთი, - ბოლოს ამოიოხრა მან. - წაისვი და ცოტა ხნით დატოვე. დიდხანს ნუ გაიჩერებ.

- ცოტა მომეცით, თუ შეიძლება.

- საფასურს ვინ გადაიხდის? შენი ბატონი? ზეთი ძალიან ძვირია. შორიდან მოაქვთ.

მის ხმაში ერთდროულად გაკიცხვაც იგრძნობოდა და ცნობისმოყვარეობაც.

- მე გადავიხდი. სულ ცოტა ზეთი მჭირდება.

წინსაფრიდან ქისა ამოვიღე და დახლზე მძიმე შრომით ნაშოვნი სტუივერები დავუყარე. პაწაწინა ფლაკონის
ფასი ჩემს ორი დღის გასამრჯელოს უდრიდა. ცოტაოდენი ფული ტანეკესგან ვისესხე და დავპირდი, რომ
კვირადღეს დავუბრუნებდი.

მომდევნო კვირადღეს დედაჩემს ნაკლები თანხა რომ გადავეცი, ვუთხარი, პატარა სარკე გამიტყდა და მისი
ღირებულება ჯამაგირიდან გამომიქვითეს-მეთქი.

- ის ორი დღის ჯამაგირზე უფრო მეტი ეღირებოდა, - გამიბრაზდა დედა. - რა ჯანდაბად დაგჭირდა სარკეში
ჩახედვა? როგორი დაუდევარი ხარ!

- ჰო, - დავთანხმდი მე. - დაუდევრად მოვიქეცი.

144
*****

დავიცადე, სანამ ყველა დაიძინებდა. ღამღამობით სახელოსნოში არავინ ამოდიოდა ხოლმე, მაგრამ მაინც
მეშინოდა, ვინმეს ნემსით, სარკით და მიხაკის ზეთით ხელში არ წავესწარი. დაკეტილ კართან დიდხანს
ვიდექი და გაფაციცებით ვაყურადებდი. მესმოდა, როგორ დადიოდა კატარინა დერეფანში. ახლა მას უძილობა
დასჩემდა - ვეებერთელა სხეული ხელს უშლიდა, მოხერხებულად მოკალათებულიყო საწოლში. შემდეგ
გოგონას ლაპარაკი გავიგონე. ცდილობდა, ხმადაბლა ელაპარაკა, მაგრამ მისი წკრიალა ხმა მაინც საკმაოდ
მკაფიოდ ისმოდა. კორნელიას მიეკითხა დედისთვის. სახელოსნოში ჩაკეტილს, არ შემეძლო კიბის ბაქანზე
გავსულიყავი და მათი საუბრისთვის დამეგდო ყური.

მარია თინსიც მიმოდიოდა თავის ოთახებში, საკუჭნაოს მახლობლად. განუწყვეტელი ხმაური ისმოდა და მეც
მოუსვენრად ვიყავი. თავი ვაიძულე, ლომისთავებიან სკამზე დავმჯდარიყავი და დამეცადა. არ მეძინებოდა.
ასე ფხიზლად თავი არასოდეს მიგრძნია.

ბოლოს კატარინა და კორნელია დასაძინებლად წავიდნენ. მარია თინსმაც შეწყვიტა სიარული კედლის მიღმა.
სახლში სიჩუმე გამეფდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვიჯექი სკამზე, ჯდომა უფრო მეიოლებოდა, ვიდრე ჩაფიქრებულის
განხორციელება. მოთმინება რომ ამომეწურა, ავდექი და პირველ რიგში პორტრეტს შევხედე. თვალში მეცა
დიდი ლაქა, რომლის ადგილი საყურეს უნდა დაეკავებინა და რომელიც უნდა შემევსო.

სანთელი ავიღე, საკუჭნაოდან სარკე გამოვიტანე და სხვენზე ავედი. სარკე იმ მაგიდაზე დავდგი, რომელზეც
საღებავებს ვამზადებდი, გვერდით კი სანთელი მივუდგი. ნემსებიანი ტომსიკა ამოვიღე, ყველაზე წვრილი
ნემსი შევარჩიე და მისი წვეტი სანთლის ალში შევყავი. შემდეგ ზეთიანი ფლაკონი გავხსენი. ასე მეგონა,
წამლების უმეტესობის მსგავსად, მასაც უსიამოვნო სუნი ექნებოდა - ობის ან დამპალი ფოთლებისა.
აღმოვაჩინე, რომ ტკბილი და უჩვეულო სურნელი ჰქონდა, მზეზე დატოვებულ თაფლაკვერს რომ უდის, ისეთი.
შორეული ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი, სადაც, შესაძლოა, ფრანსიც მოხვედრილიყო, თუკი მართლაც გემზე
დაიწყო მსახურობა. ზეთი ჩვარზე დავაწვეთე და მარცხენა ყურის ბიბილოზე წავისვი. მეაფთიაქე მართალი
აღმოჩნდა - როდესაც რამდენიმე წუთის შემდეგ ბიბილოს ხელი მოვკიდე, ისე მქონდა გაყინული, თითქოს
ყინვაში თავშიშველს მევლო.

ნემსი ცეცხლის ალიდან გამოვიღე და დავიცადე, სანამ მისი გავარვარებული წვერი ნარინჯისფერი
გახდებოდა, შემდეგ კი გაშავდებოდა. სარკისკენ რომ დავიხარე, საკუთარ თავს წამით თვალი შევავლე.
ცრემლიან თვალებში შიში მედგა.

სწრაფად უნდა მემოქმედა. დროის გაყვანა კარგს არაფერს მიქადდა.

ყურის ბიბილო ცალი ხელით ჩამოვჭიმე, მეორით კი სწრაფად გავურჭე ნემსი.

სანამ გრძნობას დავკარგავდი, გავიფიქრე, რომ ყოველთვის ვოცნებობდი მარგალიტის საყურეებზე.

*****

145
ყოველღამე ყურზე მიხაკის ზეთს ვისვამდი და მომსხო ნემსით ნახვრეტს ვაფართოვებდი, რომ არ
შეხორცებულიყო. ძალიან მტკივნეული როდი იყო, მაგრამ შემდეგ ყური გაწითლდა და შეშუპდა. ახლა,
რამდენი ზეთიც არ უნდა წამესვა, ყურში ნემსის გარჭობისას თვალებიდან ყოველთვის ცრემლები მცვიოდა.
ვერ წარმომედგინა, როგორ გავიკეთებდი საყურეს ისე, რომ კვლავ გული არ წამსვლოდა.

კიდევ კარგი, რომ კაპორი ყურებს მიფარავდა და ვერავინ ხედავდა ჩემს გაწითლებულ, შეშუპებულ ბიბილოს.
განუწყვეტლივ მტკიოდა - როდესაც სარეცხს ვხარშავდი, საღებავებს ვაზავებდი ან ეკლესიაში ვიჯექი
პიტერთან და ჩემს მშობლებთან ერთად.

ყური კიდევ უფრო მეტად ამტკივდა, როდესაც ვან რეივენმა ეზოში გაფენილ ზეწრებს შორის დამიჭირა და
სცადა, ჩემთვის პერანგი გადაეღეღა და მკერდი მოეშიშვლებინა.

- ნუ მეწინააღმდეგები, ჩემო პატარავ, - ლუღლუღებდა ის, როდესაც ხელიდან ვუსხლტებოდი. - თუ


დამნებდები, ძალიან მოგეწონება. ყველა შემთხვევაში ჩაგიგდებ ხელში, როდესაც შენი ბატონი პორტრეტს
გადმომცემს.

კედელთან მიმამწყვდია, დაიხარა და მკერდზე კოცნა დამიწყო.

- ტანეკე! - განწირულად დავიყვირე იმ იმედით, ეგებ ტანეკე საფუნთუშიდან უკვე დაბრუნდა-მეთქი.

- რას აკეთებთ? - გაისმა კარში მდგომი კორნელიას ხმა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მისი დანახვა ასე
გამიხარდებოდა.

ვან რეივენი წელში გაიმართა და უკან დაიხია.

- ვთამაშობთ, ჩემო საყვარელო, - ღიმილით მიუგო გოგონას. - შენც ითამაშებ, როდესაც წამოიზრდები.

სირცხვილისგან კორნელიას თვალი ვერ გავუსწორე. მთრთოლვარე თითებით შევიკარი პერანგი და კაბა
ჩამოვიწიე. როდესაც ავიხედე, კორნელია აღარსად ჩანდა.

*****

იმ დილას, როდესაც თვრამეტისა შევსრულდი, როგორც ყოველთვის, სახელოსნო დავალაგე. „კონცერტი“ უკვე
დასრულებული იყო და ვან რეივენს ის რამდენიმე დღეში უნდა წაეღო. კლავესინი, ვიოლინო და კონტრაბასი
გადავწმინდე და სუფრა ნამიანი ჩვრით გავასუფთავე. შემდეგ სკამები გავაპრიალე და იატაკის რუხი და თეთრი
ფილები დავხვეტე.

„კონცერტს“ სხვა სურათებს ვამჯობინებდი. მართალია, ეს უფრო ძვირი იყო (რადგან აქ სამი ფიგურა ეხატა),
მაგრამ მე ის ტილოები უფრო მომწონდა, რომლებზეც თითო ქალი იყო გამოსახული - ასეთი სურათები
თითქოს უფრო ფაქიზი და დახვეწილი ჩანდა. არ მიჩნდებოდა სურვილი, დიდხანს მემზირა
„კონცერტისთვის“, ან იმის მიხვედრას ვცდილიყავი, თუ რას ფიქრობდნენ მასზე დახატული ადამიანები.

146
მაინტერესებდა, რას დახატავდა ბატონი ამის შემდეგ.

ქვემოთ ჩამოვედი, ცეცხლზე წყლით სავსე ქვაბი დავდგი და ტანეკეს ვკითხე, რა უნდა მეყიდა ყასბისგან. ის ამ
დროს პარმაღსა და მის წინ დაფენილ ფილებს ხვეტდა.

- სუკი იყიდე, - მითხრა მან და ცოცხს დაეყრდნო. - რაიმე გემრიელი ხომ არ მოვამზადოთ? - შემდეგ წელზე
ხელი მოიკიდა და ამოიკვნესა: - იქნებ, ტკივილი დამავიწყოს.
- ისევ ზურგი გტკივა?

ვცდილობდი, თანაგრძნობა გამომეხატა, მაგრამ ტანეკეს წელი სულ სტკიოდა. მოსამსახურეს წელი
ყოველთვის სტკივა. მისი ხვედრი ესაა.

მარტჰე საყასბოში წამომყვა, რაც ძალიანაც გამიხარდა - ბნელ შუკაში გატარებული იმ საღამოს შემდეგ
უმცროს პიტერთან შეხვედრას ვერიდებოდი. არ ვიცოდი, როგორ დაიჭერდა თავს. მარტჰეს თანდასწრებით კი
პიტერი უფრო ფრთხილად მოიქცეოდა და მოზომილად ილაპარაკებდა.

უმცროსი პიტერი საყასბოში არ დამხვდა - იქ მხოლოდ მამამისი იყო, რომელიც ღიმილით მომესალმა.

- აჰა, მედღეობეც გამოჩნდა, - წამოიძახა მან. - ეს შენთვის მნიშვნელოვანი დღეა.

მარტჰემ გაკვირვებით შემომხედა. შინ არავისთვის მითქვამს, რომ დაბადების დღე მქონდა - რატომ უნდა
სცოდნოდათ?

- არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, - მოვუჭერი მე.

- ჩემი შვილი სხვაგვარად ჭიკჭიკებს. ახლა ერთ ადამიანთან მოსალაპარაკებლადაა წასული, - და უფროსმა
პიტერმა თვალი ჩამიკრა. აშკარად რაღაცას მიმანიშნებდა.

- საუკეთესო სუკი მომეცი, - ვუთხარი და გადავწყვიტე, მისთვის ყურადღება არ მიმექცია.

- ზეიმობ?

უფროსი პიტერი ყოველთვის ცდილობდა, ინიციატივა ხელიდან არ გაეშვა.

არაფერი ვუპასუხე. უბრალოდ, დავიცადე, სანამ მომემსახურებოდა, შემდეგ ხორცი კალათში ჩავდე და
წამოვედი.

- მართლა დაბადების დღე გაქვს, გრიტ? - წამჩურჩულა მარტჰემ, როდესაც ხორცეულის დახლებს გამოვცდით.

- ჰო.

- რამდენი წლისა გახდი?

- თვრამეტისა.

- თვრამეტი წლის ასაკი ასეთი მნიშვნელოვანია?

- არა. ყური არ უგდო მაგის ლაქლაქს - სულელი კაცია.

147
მარტჰემ, მგონი, არ დამიჯერა. მეც არ მჯეროდა. პიტერის სიტყვების გამო რატომღაც გული მეკუმშებოდა.

მთელი დილა სარეცხს ვხარშავდი და ვავლებდი. როდესაც წამით ჩამოვჯექი, ვარცლში ჩასხმული წყლის
შეგრილების მოლოდინში, ათასმა ფიქრმა გამიელვა: ნეტავ სად იყო ფრანსი და იცოდნენ თუ არა ჩემმა
მშობლებმა, რომ მან დელფტი დატოვა? რას ნიშნავდა უფროსი პიტერის სიტყვები და ვისთან
მოსალაპარაკებლად იყო წასული მისი ვაჟი? გამახსენდა შუკაში გატარებული ის საღამო. ჩემს პორტრეტზეც
ვფიქრობდი. მაინტერესებდა, როდის დაასრულებდა მას ბატონი და რა ბედი მეწეოდა ამის შემდეგ. გარდა
ამისა, განუწყვეტლივ - როგორც კი თავს გავანძრევდი - აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი.

შემდეგ მარია თინსმა მომაკითხა.


- გეყოფა რეცხვა, გოგონი, - წარმოთქვა მან ჩემ ზურგს უკან. - ზევით გიხმობენ.

კარში იდგა და ხელში რაღაცას ათამაშებდა.

დავიბენი.

- ახლა ავიდე, ქალბატონო?

- ჰო, ახლა. ნურაფერს მიმალავ. მშვენივრად იცი, რატომაც გიხმობს. კატარინა დილიდან სადღაც წავიდა,
ახლა კი არც ისე ხშირად გადის შინიდან - მშობიარობამდე ცოტა დრო დარჩა. ხელი მომეცი.

ხელი წინსაფარზე გავიმშრალე და მარია თინსს გავუწოდე. მარგალიტის საყურეები მომცა.

- წაიღე. სწრაფად.

ადგილზე გავშეშდი. ხელისგულზე ორი თხილისოდენა მარგალიტი მედო, რომლებსაც წვეთის ფორმა
ჰქონდათ. მზის შუქზეც კი მოვერცხლისფრო-რუხი ფერი დაჰკრავდათ, გარდა იმ წერტილისა, სადაც მზის
კაშკაშა სხივი ციალებდა. მარგალიტებს უწინაც შევხებივარ, როდესაც ვან რეივენის ცოლისთვის ზევით
ამქონდა და ყელსაბამის დაკიდებაში ვეხმარებოდი, ან მაგიდაზე ვდებდი. მაგრამ უწინ მარგალიტები ჩემთვის
არ იყო განკუთვნილი.

- წადი, გოგონი, - დამაჩქარა მარია თინსმა. - კატარინა შეიძლება დროზე ადრე დაბრუნდეს.

გაუწურავი სარეცხი დავტოვე და დერეფანში შევვარდი. კიბეზე ავედი ტანეკეს (რომელმაც არხიდან წყალი
მოიტანა) და ალეიდისისა და კორნელიას (რომლებიც დერეფანში მარმარილოს ბურთულებს აგორავებდნენ)
თვალწინ. ყველა მე მომაჩერდა.

- სად მიდიხარ? - მკითხა ალეიდისმა, რომელსაც ნაცრისფერი თვალები ცნობისმოყვარეობისგან


უბრწყინავდა.

- სხვენზე, - მივუგე ხმადაბლა.

- შეიძლება ამოგყვე? - გამომწვევად მკითხა კორნელიამ.

- არა.

- გოგონებო, გზაზე ნუ მეღობებით, - მოღუშულმა ტანეკემ მათ ძლივს აუარა გვერდი.

148
სახელოსნოს კარი ღია იყო. შევედი და ტუჩები მაგრად მოვკუმე. უეცრად მუცლის გვრემა ვიგრძენი. კარი
მივხურე.

ბატონი მელოდებოდა. ხელი გავიწვდინე და მარგალიტები მუჭში ჩავუდე.

გამიღიმა:

- გადი და თავზე წაიკარი.

საკუჭნაოში შევედი და ცისფერი და ყვითელი ქსოვილები თავზე მოვიხვიე. ჩემი თმის სანახავად არ შემოსულა.
როდესაც სახელოსნოში დავბრუნდი, „მაჭანკალს“ შევავლე თვალი. მამაკაცი ქალიშვილს ისეთი
გამომეტყველებით უღიმოდა, თითქოს ბაზარში მსხალს სინჯავდა ხელით, იმის შესამოწმებლად, მწიფე იყო
თუ არა ის.

ბატონმა საყურე კაუჭით ასწია. მზის შუქზე პაწაწინა თეთრი ათინათი აბრჭყვიალდა.

- გაიკეთე, გრიტ, - მითხრა და მარგალიტი მომაწოდა.


- გრიტ! გრიტ! შენთან სტუმარი მოვიდა! - დამიძახა ქვემოდან მარტჰემ.

ფანჯარასთან მივედი. ბატონი გვერდით დამიდგა და ორივემ ქუჩაში გადავიხედეთ.

ქვემოთ, ქუჩაში, გულხელდაკრეფილი უმცროსი პიტერი იდგა. ამოიხედა და ორივენი დაგვინახა.

- ჩამოდი, გრიტ! - დამიძახა პიტერმა. - რაღაც უნდა გითხრა.

ისეთი სახით იდგა, თითქოს ადგილიდან დაძვრას არასოდეს იფიქრებდა.

ფანჯარას მოვშორდი.

- მაპატიეთ, ბატონო, - ვუთხარი ხმადაბლა. - ახლავე დავბრუნდები.

საკუჭნაოს მივაშურე, თავსახვევი მოვიძრე და კაპორი დავიხურე. როდესაც სახელოსნო გავიარე და კარისკენ
გავემართე, ჩემკენ ზურგშექცეული ბატონი ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა.

გოგონები ძელსკამზე ჩამომსხდარიყვნენ და პიტერს მისჩერებოდნენ, ისიც მათ უყურებდა.

- წამო, სახლის კუთხეს მივეფაროთ, - წავჩურჩულე პიტერს და მოლენპურტისკენ წასვლა დავაპირე. პიტერი არ
გამომყვა, კვლავ გულხელდაკრეფილი იდგა.

- რა გეხურა თავზე? - მკითხა მან.

შევჩერდი და მივუბრუნდი.

- ჩემი კაპორი.

- არა, ორფერი ქსოვილი იყო.

149
ხუთი წყვილი თვალი მოგვჩერებოდა - ძელსკამზე მჯდარი გოგონებისა და ფანჯარასთან მდგარი ბატონისა.
როდესაც კარში ტანეკე გამოჩნდა, უკვე ექვსი ადამიანი გვიყურებდა.

- გეხვეწები, პიტერ, - წავჩურჩულე მას. - ცოტათი მოვშორდეთ.

- ის, რაც უნდა გითხრა, შეიძლება ყველას თანდასწრებით გამოვაცხადო. დასამალი არაფერი მაქვს, - პიტერმა
თავი გააქნია და ქერა თმა ყურებზე ჩამოეშალა.

დავრწმუნდი, რომ ვერ გავაჩუმებდი. მაინც იტყოდა იმას, რისიც მეშინოდა და რასაც ყველა გაიგონებდა.

პიტერს ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ გარკვევით წარმოთქვა:

- ამ დილას მამაშენს დაველაპარაკე. თანახმაა, რომ დავქორწინდეთ. უკვე თვრამეტი წლისა გახდი. შეგიძლია
აქედან წამოხვიდე და ჩემთან დასახლდე. დღესვე.

სახე ამელეწა - არ ვიცი, სირცხვილისგან იყო თუ ბრაზისგან.

ყველა ელოდებოდა, რას ვუპასუხებდი.

ღრმად ჩავისუნთქე:

- აქ ამაზე ლაპარაკი უადგილოა, - ვუთხარი მკაცრად. - ასეთ რამეებს ქუჩაში არ წყვეტენ. აქ არ უნდა
მოსულიყავი.
პასუხს არ დაველოდე, შევტრიალდი და კარისკენ წავედი. პიტერს გაოგნებული გამომეტყველება ჰქონდა.

- გრიტ! - დამიძახა მან.

გვერდი ავუარე ტანეკეს, რომელმაც ძალზე ხმადაბლა (დარწმუნებული არც კი ვარ, რომ სწორად გავიგე)
წაისისინა:

- ბოზო!

კიბე ავიარე და სახელოსნოში შევედი. ბატონი ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა.

- მაპატიეთ, ბატონო! - ვუთხარი მე, - ახლავე მოვიხდი კაპორს.

არ შემოტრიალებულა.

- ჯერ კიდევ აქ დგას, - მითხრა მან.

როდესაც საკუჭნაოდან დავბრუნდი, ისევ მივედი ფანჯარასთან, მაგრამ იმდენად ახლოს არა, რომ პიტერს
ჩემი ორფერი თავსაბურავი დაენახა.

ბატონი ქუჩას კი აღარ დაჰყურებდა, ახალი ეკლესიის სამრეკლოს უმზერდა. სწრაფად შევავლე ქუჩას თვალი -
პიტერი წასულიყო.

ლომისთავებიან სკამზე დავჯექი და დაველოდე.

150
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ბატონი ჩემკენ შემოტრიალდა, მისი თვალები არაფერს გამოხატავდნენ. ახლა
კიდევ უფრო მეტად მიჭირდა იმის მიხვედრა, რას ფიქრობდა იგი.

- გამოდის, რომ მალე დაგვტოვებ, - მითხრა მან.

- ოჰ, არ ვიცი, ბატონო. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ქუჩაში ნათქვამ სიტყვებს.

- ცოლად გაჰყვები?

- გევედრებით, მასზე ნუ მელაპარაკებით.

- ასე იყოს. აბა, დავიწყოთ.

დაბალი კარადიდან საყურე აიღო და გამომიწოდა.

- თუ შეიძლება, თვითონ გამიკეთეთ.

ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე გავკადნიერდებოდი.

როგორც ჩანს, მასაც ვერ წარმოედგინა. წარბები ასწია, პირი გააღო, მაგრამ არაფერი უთქვამს.

შემდეგ ჩემს სკამთან მოვიდა. ავთრთოლდი, მაგრამ შევეცადე თავი მაღლა დამეჭირა. ის ფრთხილად შეეხო
თითებით ჩემი ყურის ბიბილოს.

სუნთქვა ისე შემეკრა, თითქოს ცივ წყალში ჩამეყვინთოს. მან ჩემი შეშუპებული ბიბილო ცერითა და
საჩვენებელი თითით დაიკავა, შემდეგ ჩამოსწია და მეორე ხელით ნახვრეტში საყურის კაუჭი გაუყარა. მწვავე
ტკივილმა მთელს სხეულში დამიარა და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
ხელი არ მოუცილებია. ჩემს ყელზე ამოაცურა, შემდეგ - ნიკაპზე, ლოყაზე, ცერით მომწმინდა ცრემლები,
რომლებიც თვალებიდან მცვიოდა და თითი ქვედა ტუჩზე დამადო. თითს ენა ავუსვი და მარილის გემო
ვიგრძენი.

თვალები დავხუჭე და ხელი მომაშორა. როდესაც თვალები კვლავ გავახილე, ის თავისი მოლბერტისკენ
გაემართა და პალიტრა აიღო.

სკამზე ჩვეულ პოზაში ვიჯექი და თავი მარცხნივ მქონდა მიტრიალებული. ყური მიხურდა, მძიმე საყურე
ბიბილოს მიქაჩავდა. ვერაფერზე ვფიქრობდი. ისევ ვგრძნობდი მის ხელს ჩემს ყელზე, ცერს ჩემს ტუჩებზე...
მიყურებდა, მაგრამ არ ხატავდა. ნეტავ რაზე ფიქრობდა?

ბოლოს კარადისკენ გაიწვდინა ხელი.

- მეორე საყურეც უნდა გაიკეთო, - თქვა და საყურე მომაწოდა.

კინაღამ ენა ჩამივარდა. მინდოდა, ჩემზე ეფიქრა და არა პორტრეტზე.

- რატომ? - წავილუღლუღე ბოლოს. - ის ხომ სურათზე არ ჩანს.

- ორივე უნდა გაიკეთო, - დაიჟინა მან. - სასაცილოა, მხოლოდ ერთი რომ გიკეთია.

151
- მეორე ყური გახვრეტილი არა მაქვს, - ბორძიკით ვუთხარი.

- მაშინ გაიხვრიტე.

ჯერ კიდევ მაწვდიდა საყურეს.

გამოვართვი. ეს მისთვის ჩავიდინე. მიხაკის ზეთი და ნემსი ავიღე და მეორე ყურიც გავიხვრიტე. არ მიყვირია
და გულიც არ წამსვლია. შემდეგ მთელი დილის განმავლობაში ვიჯექი, ის კი იმ საყურეს ხატავდა, რომელსაც
ხედავდა. ვგრძნობდი, როგორ მტკენდა ყურს მეორე საყურე, რომელსაც ის ვერ ხედავდა.

წყალი, რომელშიც სარეცხი ჩავალბე, რა თქმა უნდა, გაგრილდებოდა. სამზარეულოში ტანეკე ჭურჭელს
აწკარუნებდა. ქუჩიდან გოგონების ჟრიამული ისმოდა. მიხურულ კარს მიღმა ვისხედით და ერთმანეთს
ვუყურებდით. და ის ხატავდა.

როდესაც ბოლოს ფუნჯი და პალიტრა დადო, პოზა არ შემიცვლია, თუმცა თვალები მტკიოდა იმის გამო, რომ
გვერდზე ვიყურებოდი. განძრევა არ მინდოდა.

- დამთავრდა, - თქვა მან ყრუდ. მიტრიალდა და ჩვრით დანის წმენდა დაიწყო. თეთრი საღებავით დასვრილ
დანას შევხედე.

- საყურეები მოიხსენი და, როდესაც ქვემოით ჩახვალ, მარია თინსს გადაეცი, - დასძინა მან.

უხმოდ ავტირდი. მისთვის არ შემიხედავს, ისე ავდექი და შევედი საკუჭნაოში, სადაც თმიდან ორფერი
თავსაბურავი მოვიძრე. თმაგაშლილი, წუთით შევყოვნდი, მაგრამ ის არ შემოსულა. პორტრეტი დაასრულა და
აღარ ვჭირდებოდი.

სარკეში ჩავიხედე და საყურეები მოვიხსენი. ორივე ბიბილოდან სისხლი მდიოდა. ჩვრით სისხლი
შევიმშრალე, შემდეგ თმა შევიკარი და კაპორი ისე ჩამოვიფხატე, რომ მისი ბოლოები თავისუფლად ეკიდა.

როდესაც სახელოსნოში გამოვედი, ბატონი იქ აღარ იყო. კარი ღია დაეტოვებინა. მინდოდა მენახა, როგორი
გახდა პორტრეტი, როდესაც მას საყურე დაამატა. გადავწყვიტე, ღამემდე დამეცადა, როდესაც არ
შემეშინდებოდა, ვინმე წამასწრებს-მეთქი და მშვიდად დავაკვირდებოდი.

სახელოსნოდან გამოვედი და კარი გამოვიხურე. ამ გადაწყვეტილებას მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე


ვნანობდი. ვეღარ მოვახერხე დასრულებული პორტრეტის კარგად დათვალიერება.

*****

საყურეები მარია თინსს გადავეცი, რომელმაც ისინი დაუყოვნებლივ ჩააწყო ზარდახშაში. კატარინა შინ
რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა. სასწრაფოდ გავეშურე სამზარეულოსკენ, რათა ტანეკეს სადილის
მომზადებაში დავხმარებოდი. სახეში ერთხელ არ შემოუხედავს, მაგრამ დროდადრო ალმაცერად
გადმომხედავდა ხოლმე და თავს აქეთ-იქით აქნევდა.

152
ბატონი სადილად არ მოვიდა - სადღაც წასულიყო. როდესაც მაგიდა ავალაგეთ, ეზოში გავედი სარეცხის
გასავლებად. იძულებული გავხდი, წყალი ხელახლა მომეტანა და გამეცხელებინა. სანამ ვმუშაობდი,
კატარინას დარბაზში ეძინა. მარია თინსი ჯვარცმიან ოთახში ყალიონს ეწეოდა და წერილებს წერდა. ტანეკე
პარმაღზე იჯდა და კერავდა. მის გვერდით ალეიდისი და ლისბეთი თავიანთი ნიჟარებით თამაშობდნენ.

კორნელია არსად ჩანდა.

თოკზე წინსაფარს ვკიდებდი, როდესაც მარია თინსის ხმა მომესმა:

- სად მიდიხარ?

ამ სიტყვებმა კი არა, ქალბატონის კილომ მაიძულა, რეცხვა შემეწყვიტა. მასში მღელვარება იგრძნობოდა.

სახლში შევედი და უჩუმრად გავიარე დერეფანი. მარია თინსი კიბესთან იდგა და ზევით იყურებოდა. ტანეკეც
დილანდელივით შესასვლელი კარის ღიობში იდგა, მაგრამ ისიც იქით იყურებოდა, საითაც მისი ქალბატონი.
კიბის ჭრიალი და მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა. კატარინა ზევით ადიოდა.

იმავ წუთს მივხვდი, რა უბედურება უნდა დატრიალებულიყო კატარინას, ბატონისა და ჩემს თავზე.

კორნელია იქ არის-მეთქი, გავიფიქრე. მას მიჰყავდა დედამისი სურათისკენ.

შემეძლო, მტანჯველი მოლოდინისთვის თავი ამერიდებინა, შემეძლო, მაშინვე გავვარდნილიყავი ქუჩაში,


გასავლები სარეცხი დამეტოვებინა და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხი ვერ დავძარი. ერთ
ადგილას გავშეშდი. ისევე, როგორც კიბის ბოლოს მდგომი მარია თინსი. მანაც იცოდა, რა მოხდებოდა და
იმასაც ხვდებოდა, რომ მოსალოდნელის თავიდან აცილება არ შეეძლო.

იატაკზე ჩავიკეცე. მარია თინსმა დამინახა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. კვლავ ზევით იყურებოდა. შემდეგ კიბის
ჭრიალი შეწყდა და გავიგონეთ, როგორ უახლოვდებოდა კატარინას მძიმე ნაბიჯები სახელოსნოს. მარია
თინსმა კიბეზე აირბინა, მე კი იატაკზე ვიყავი ჩაჩოქილი და ადგომის ძალა არ მქონდა. ტანეკე კარში იდგა და
შუქს ეფარებოდა. არაფრის მთქმელი თვალებით მიყურებდა. ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი.

და მაშინ ზევიდან ჯერ მრისხანე ყვირილი გაისმა, შემდეგ კი - ხმამაღალი ლაპარაკი, რომელიც სწრაფად
ჩაჩუმდა. კორნელია კიბეზე ჩამოვიდა.

- დედას სურს, რომ მამა შინ დაბრუნდეს, - განუცხადა მან ტანეკეს.

ტანეკემ უკან დაიხია, ქუჩაში გავიდა და ძელსკამისკენ გაემართა.


- მარტჰე, მამა მოძებნე, გილდიაში წავიდა, - უბრძანა გოგონას. - უთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს
შინ. ცოლი უხმობს.

კორნელიამ მოიხედა. როდესაც დამინახა, მოზეიმე გამომეტყვლება მიიღო და გაიღიმა. ფეხზე ავდექი და ისევ
ეზოში გავედი. სხვა რა დამრჩენოდა იმის გარდა, რომ სარეცხი გამეფინა და დამეცადა.

როდესაც ბატონი მოვიდა, წამიერად იმედმა გამიელვა, იქნებ ეზოში გამოვიდეს და იქ გაფენილ ზეწრებს
შორის მომძებნოს-მეთქი. არ გამოსულა. მესმოდა, როგორ ადიოდა კიბეზე და მეტი არაფერი გამიგონია.

აგურის თბილ კედელს მივეყრდენი და ცას ავხედე. მზიანი ამინდი იყო. ღრუბლები არ ჩანდა და ცა, თითქოს
დაგვცინისო, ლურჯად კამკამებდა. ისეთი დღე იყო, როდესაც ბავშვები ყიჟინით დარბიან ქუჩებში, როდესაც

153
ახალგაზრდა წყვილები ქალაქიდან გადიან და არხებსა და წისქვილებთან სეირნობენ, როდესაც
თვალებმილულული დედაბრები მზეზე თბებიან. მამაჩემი, ალბათ, სახლის წინ, ძელსკამზე იჯდა და სახეს
მზის თბილ სხივებს უშვერდა. ღამით შეიძლება უეცრად აცივებულიყო, მაგრამ იმ დღეს გაზაფხულის თბილი
ამინდი იდგა.

ჩემ მისაყვანად კორნელია გამოგზავნეს. როდესაც ის ზეწრებქვეშ გამოძვრა და ნიშნის მოგებით შემომხედა,
მომინდა, მისთვის სახეში მეთხლიშა, ისევე, როგორც იმ პირველ დღეს. მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ.
უბრალოდ, წელში მოხრილი ვიჯექი, ხელები მუხლებზე მეწყო და კორნელიას მოზეიმე სახეს ვუყურებდი.
მზის სხივებქვეშ მის წითურ თმაში (დედამისისგან მემკვიდრეობით რომ ერგო) ოქროსფერი ნაპერწკლები
კიაფობდა.

- ზევით გიხმობენ, - მითხრა ცივად. - შენთან დალაპარაკება სურთ.

მიტრიალდა და სახლში შევარდა. დავიხარე და ფეხსაცმლიდან მტვრის ნაწილაკი მოვიშორე. შემდეგ ავდექი,
ქვედატანი გავისწორე, კაპორი ჩამოვიფხატე და შევამოწმე, თმა ხომ არ მქონდა ჩამოშლილი, შემდეგ ტუჩები
მოვილოკე, პირი მაგრად მოვკუმე, ღრმად ჩავისუნთქე და კორნელიას გავყევი.

მაშინვე მივხვდი, რომ კატარინა ნამტირალევი იყო - ცხვირი გასწითლებოდა, თვალები კი შეშუპებოდა. იმ
სკამზე იჯდა, რომელსაც ბატონი, ჩვეულებრივ, მოლბერტთან დგამდა ხოლმე, ახლა კი კარადასთან იდგა,
სადაც საღებავებსა და პალიტრის დანას ინახავდა. როდესაც შევედი, კატარინამ თავს ძალა დაატანა და ადგა.
ასე იდგა - მაღალი და ტანსრული. თვალებს მიბრიალებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. შემდეგ ხელები
მუცელზე მიიდო და შეკრთა.

მარია თინსი მოლბერტის გვერდით იდგა. მკაცრი და, ამავე დროს, გაღიზიანებული გამომეტყველება ჰქონდა -
აქაოდა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, ვიდრე ცოლ-ქმრის კინკლაობააო.

ბატონი ცოლის გვერდით იდგა. განურჩეველი გამომეტყველებით იყურებოდა. ხელები ძირს ჰქონდა
ჩამოშვებული და პორტრეტს მისჩერებოდა, თითქოს ელოდებოდა, რომ რომელიმე ჩვენგანი
ალაპარაკდებოდა - კატარინა, მარია თინსი ან მე.

კარის ღიობში შევჩერდი. კორნელია ჩემ უკან იდგა. აქედან პორტრეტი არ ჩანდა.

ბოლოს მარია თინსი ალაპარაკდა:

- აბა, გოგონი, ჩემს ქალიშვილს სურს იცოდეს, საიდან აღმოგაჩნდა მისი საყურეები.

დამჭკნარ სახეზე დავაკვირდი. არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდა, რომ საყურეები თვითონვე მომცა.
ბატონიც არ აღიარებდა. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ამიტომ არაფერი მითქვამს.

- ჩემი ზარდახშის გასაღები მოიპარე და საყურეები ამოიღე?

კატარინას თითქოს სურდა, თავი დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ხმა უკანკალებდა.
- არა, ქალბატონო.

ვიცოდი, რომ ყველას შევუმსუბუქებდი მდგომარეობას, თუკი ვიტყოდი, რომ საყურეები მოვიპარე, მაგრამ არ
მინდოდა თავი იმაში დამედანაშაულებინა, რაც არ ჩამიდენია.

- ნუ ცრუობ! მსახურები ყოველთვის ქურდობენ. ჩემი საყურეები შენ მოიპარე.

154
- ზარდახშა შეამოწმეთ, ქალბატონო? იქნებ საყურეები იქაა.

კატარინა წამით დაიბნა. რა თქმა უნდა, ზარდახშა არ შეუმოწმებია მას შემდეგ, რაც პორტრეტი ნახა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, ეწყო თუ არა ზარდახშაში საყურეები. მაგრამ არ ესიამოვნა, რომ შეკითხვებს
ვუსვამდი.

- გაჩუმდი, შე ქურდბაცაცავ! ციხეში ჩაგსვამენ, - წაისისინა მან, - და მზის შუქს დიდხანს ვეღარ იხილავ.

ის კვლავ შეკრთა. რაღაც სჭირდა.

- კი მაგრამ, ქალბატონო...

- კატარინა, ნუ ცხარობ, - შემაწყვეტინა ბატონმა. - როგორც კი სურათი გაშრება, ვან რეივენი წაიღებს. და ამით
ყველაფერი დასრულდება.

მასაც არ სურდა, რომ სიმართლე მეთქვა. არავის არ სურდა. არ მესმოდა, რატომ მიხმეს, თუკი ასე აშინებდათ
იმის გაგონება, რასაც ვიტყოდი.

მე კი შემეძლო მეთქვა:

- იცით, როგორ მიყურებდა ის მრავალი საათის განმავლობაში, როდესაც პორტრეტს ხატავდა?

შემეძლო მეთქვა:

- დედათქვენი და თქვენი მეუღლე თქვენს ზურგს უკან შეთანხმდნენ და მოგატყუეს.

ან კიდევ:

- თქვენი ქმარი სწორედ ამ ოთახში მეფერებოდა.

მათ არ იცოდნენ, რის თქმა შემეძლო.

კატარინა სულელი როდი გახლდათ. ესმოდა, რომ საქმე საყურეებში არ იყო, მაგრამ უნდოდა, ასე ყოფილიყო,
ცდილობდა, რომ ასე წარმოეჩინა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ის ქმარს მიუტრიალდა:

- რატომ არც ერთხელ არ დახატე ჩემი პორტრეტი?

ისინი მდუმარედ შეჰყურებდნენ ერთმანეთს და პირველად შევამჩნიე, რომ კატარინა ქმარზე უფრო მაღალი
და ზორბა ტანისა იყო.

- შენ და ბავშვებს ხელოვნებასთან საერთო არაფერი გაქვთ, - თქვა ბატონმა. - ეს სხვა სამყაროა.

- ესე იგი, ამას აქვს საერთო? - წამოიკივლა კატარინამ და თავი ჩემკენ გამოიქნია.

ბატონმა არაფერი უპასუხა. სადაც სამართალია, ამ დროს მარია თინსი, კორნელია და მე სამზარეულოში,
ჯვარცმიან ოთახში ან ბაზარში უნდა ვყოფილიყავით. ამგვარი საკითხები ცოლ-ქმარს მარტო უნდა
გადაეწყვიტა.

155
- და ჩემი საყურეებით?

ბატონმა კვლავ არაფერი მიუგო. კატარინა ამაზე უფრო მეტად განრისხდა, ვიდრე მის ნათქვამ სიტყვებზე.
ქალმა თავის ქნევა დაიწყო. ქერა კულულები უფრიალებდა.

- ასეთ რამეს საკუთარ სახლში ვერ ავიტან, - განაცხადა მან. - ვერ ავიტან.

მან გიჟივით მიიხედ-მოიხედა და პალიტრის დანა დაინახა. როდესაც კარადას მივარდა და დანას ხელი
წაავლო, შევკრთი და ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი. შევჩერდი. არ ვიცოდი, მომდევნო წუთს რას
მოიმოქმედებდა.

მაგრამ ბატონმა იცოდა, რა სურდა კატარინას. თავის ცოლს კარგად იცნობდა. კატარინამ სურათისკენ გაიწია,
მაგრამ ქმარმა დაასწრო და ერთი წამით ადრე სტაცა ხელი მაჯაში, ვიდრე რომბისებრი ფორმის დანა
სურათში ჩაერჭობოდა. შეაჩერა მანამ, სანამ რომბისებრი დანა ჩემს თვალს შეეხებოდა. იქიდან, სადაც
ვიდექი, ვხედავდი დიდრონ თვალებს, დილას დახატული საყურის ბრჭყვიალს და მოლაპლაპე დანას სურათის
წინ. კატარინა ცდილობდა ხელი გამოეგლიჯა, მაგრამ ქმარს ის მაგრად ეკავა და ელოდებოდა, როდის
დააგდებდა დანას. უეცრად კატარინამ დაიკვნესა, დანა მოისროლა და მუცელზე იტაცა ხელი. დანა ფილებზე
გასრიალდა და ჩემს ფეხებთან დაბზრიალდა. შემდეგ თანდათან შეანელა სიჩქარე. ყველანი მას
ვუყურებდით. როდესაც შეჩერდა, მისი პირი ჩემკენ იყო მომართული. მე უნდა ამეღო. მსახურების მოვალეობა
ხომ ესაა - აიღონ თავიანთი ბატონებისა და ქალბატონების მიერ დაყრილი ნივთები და თავ-თავის
ადგილებზე დააწყონ.

ავიხედე და ბატონის მზერას წავაწყდი. რამდენიმე წამი მის ნაცრისფერ თვალებს ვუყურებდი. ვიცოდი, რომ
მათ უკანასკნელად ვხედავდი. სხვას ვერავის ვამჩნევდი.

მომეჩვენა, რომ ამ თვალებში სინანული გამოკრთოდა.


დანა არ ამიღია. მივტრიალდი და სახელოსნოდან გავედი, კიბე ჩავიარე, ტანეკეს ხელი ვკარი და ქუჩაში
გავედი. არც ძელსკამზე მსხდომი ბავშვებისთვის შემიხედავს და არც ტანეკესთვის, რომელიც, ალბათ,
ბრაზობდა იმის გამო, რომ ხელი ვკარი. არც ფანჯრებისკენ გამიხედავს, სადაც, შესაძლოა, ბატონი იდგა. ქუჩა
გავიარე და ფეხს ავუჩქარე. ბაზრის მოედნისკენ მიმავალი ხიდი სირბილით გადავიარე.

მხოლოდ ქურდები და ბავშვები დარბიან ხოლმე.

მოედნის ცენტრში გავედი და ფილებით გაწყობილ წრეში შევჩერდი, რომლის ცენტრში რვაქიმიანი
ვარსკვლავი იყო გამოსახული. შემეძლო, ამერჩია ნებისმიერი მიმართულება, რომლებსაც ვარსკვლავის
ქიმები აჩვენებდნენ.

შემეძლო, მშობლებთან დავბრუნებულიყავი.

შემეძლო, პიტერი მომეძებნა და ქორწინებაზე დავთანხმებოდი.

შემეძლო, ვან რეივენისთვის მიმეკითხა სახლში - სიხარულით მიმიღებდა.

შემეძლო, ვან ლევენჰუკთან მივსულიყავი და მეთხოვა, თანაგრძნობით მომპყრობოდა.

შემეძლო, როტერდამში წავსულიყავი და ფრანსი მომეძებნა.

156
შემეძლო, სადმე შორს გავმგზავრებულიყავი.

შემეძლო, პაპისტთა უბანში დავბრუნებულიყავი.

შემეძლო, ახალ ეკლესიაში მივსულიყავი და ღმერთისთვის შეწევნა მეთხოვა.


წრეში ვიდექი, ვფიქრობდი და ერთ ადგილას ვტრიალებდი.

როდესაც გადაწყვეტილება მივიღე - ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო - ფეხები ვარსკვლავის


ქიმზე ფრთხილად დავდგი და მტკიცე ნაბიჯით წავედი იმ მიმართულებით, რომელსაც ეს ქიმი მიჩვენებდა.

157
1676

როდესაც ავიხედე, დანა კინაღამ გამივარდა ხელიდან. ის ათი წლის განმავლობაში არ მენახა. თითქმის არ
შეცვლილიყო, მხოლოდ ოდნავ გასუქებულიყო და ლოყაზე ძველ ნაყვავილარს ახალი ნაიარევები
მიმატებოდა: მარტჰემ, რომელიც დროდადრო მოდიოდა ჩემ სანახავდ, მიამბო, რომ როდესაც ტანეკე ცხვრის
ხორცს წვავდა, სახეზე მდუღარე ზეთი შეესხა.

ტანეკეს არასოდეს ეხერხებოდა ხორცის შეწვა.

საკმაოდ შორს იდგა. ამიტომ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ნამდვილად ჩემ სანახავად მოსულიყო, თუმცა,
ვიცოდი, რომ აქ შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა. ათი წლის განმავლობაში თავს მარიდებდა, იმდენად,
რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო პატარა ქალაქში. არც ერთხელ არ მინახავს არც ბაზარში, არც საყასბოებში,
არც არხებთან. აუდე ლანგენდეიკზე კი არასოდეს დავდიოდი.

ის უხალისოდ მოვიდა დახლთან. დანა დავდე და სისხლიანი ხელები წინსაფრზე შევიწმინდე.

- გამარჯობა, ტანეკე, - ვუთხარი მშვიდად, თითქოს სულ რამდენიმე დღის წინ მყავდა ნანახი. - როგორ ხარ?

- ქალბატონს შენი ნახვა სურს, - მომახალა ტანეკემ. - ამ საღამოს ჩვენთან უნდა მოხვიდე.

უკვე მრავალი წელი იყო, ჩემთვის ასეთი კილოთი არავის მოემართა. მუშტრები ხორცის ამა თუ იმ ნაჭერს
ითხოვდნენ, მაგრამ ეს სულ სხვა საქმე იყო. თუკი მათი კილო არ მომეწონებოდა, შემეძლო, უარით
გამესტუმრებინა.

- მარია თინსი როგორ ბრძანდება? - ვკითხე თავაზიანად. - და როგორაა კატარინა?

- არც ისე ცუდად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც მოხდა.

- იმედი მაქვს, ყველაფერს მოევლება.

- ჩემმა ქალბატონმა თავისი საკუთრების ნაწილი გაყიდა, მაგრამ ფული ჭკვიანურად განკარგა. ბავშვები
უზრუნველყოფილი იქნებიან.

ტანეკე უწინდებურად ხოტბას ასხამდა მარია თინსს ყველა მსმენელთან, ვისაც კი ხელთ მოიგდებდა და
დაწვრილებით უამბობდა დეტალებს.

ორი მუშტარი ქალი მოვიდა და ტანეკეს უკან დადგა. ელოდნენ, როდის მოვემსახურებოდი. ერთი მხრივ,
მინდოდა, რომ აქ არავინ ყოფილიყო, რათა ყველაფერი დაწვრილებით გამომეკითხა და უფრო მეტი რამ
შემეტყო ვერმეერების ოჯახის ბედ-იღბლის შესახებ. მაგრამ, მეორე მხრივ, გონება, რომელსაც მრავალი წლის
განმავლობაში ვემორჩილებოდი, მკარნახობდა, ამ ქალთან საერთო არაფერი უნდა გქონდესო. არა, არაფრის
მოსმენა არ მსურდა.

ტანეკეს უკან მდგომი ქალები აქეთ-იქით იწევდნენ, რადგან ტანეკე მათ წინ ეღობებოდა და ფეხს არ იცვლიდა.
ჯერ კიდევ წარბშეკრული იყო, მაგრამ თავი ცოტა უფრო თავაზიანად ეჭირა. დახლზე დაწყობილ ხორცს
ათვალიერებდა.

158
- რაიმეს ყიდვას აპირებ? - ვკითხე მე.

ჩემმა შეკითხვამ გონს მოიყვანა.


- არა, - წაიბურტყუნა მან.
ახლა ისინი ხორცს სხვა ყასბისგან ყიდულობდნენ, რომლის დახლი საყასბოების მეორე ბოლოში იყო.
როგორც კი პიტერთან ერთად მუშაობა დავიწყე, მათ სხვა ყასბებს მიმართეს და ჩვენი ვალიც კი არ
დაუფარავთ. ჯერ კიდევ მართებდათ ჩვენი თხუთმეტი გულდენი. პიტერს ეს არადროს შეუხსენებია მათთვის.

- ეს საზღაური იმისთვის გადავიხადე, რომ შენ მომეპოვებინე, - ხუმრობდა ის ზოგჯერ. - ახლა უკვე ვიცი, რა
ღირს საპატარძლო.

როცა ასე ხუმრობდა, არ მეცინებოდა.

ვიღაცის პაწაწინა ხელმა კაბის კალთაზე მომქაჩა. ძირს დავიხედე. პატარა ფრანსმა მიპოვა და ქვედატანზე
მებღაუჭებოდა. მამამისის თმასავით ქერა კულულებზე ხელი გადავუსვი.

- აი, თურმე სად ყოფილხარ, - ვუთხარი მე. - იანი და ბებია სადღა არიან?

ჯერ კიდევ პატარა იყო და პასუხს ვერ გამცემდა. მაგრამ ამ დროს დავინახე დედა, რომელსაც ჩემი უფროსი
ვაჟი მოჰყავდა.

ტანეკემ გულგრილი მზერა შეავლო ჩემს ვაჟიშვილებს. შემდეგ საყვედურით აღსავსე მზერით შემომხედა,
მაგრამ არაფერი უთქვამს. უკან დაიხია და ერთ-ერთ მუშტარ ქალს ფეხზე ფეხი დააბიჯა.

- აუცილებლად მოდი ამ საღამოს, - მითხრა ბოლოს. სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, მიტრიალდა და
წავიდა.

ახლა მათ უკვე თერთმეტი შვილი ჰყავდათ - თითოეული ახალი ბავშვის დაბადების შესახებ მარტჰესგან და
ბაზრის ჭორებიდან ვიგებდი. მაგრამ კატარინამ ვერ გადაარჩინა ის ბავშვი, რომელიც იმ დღეს დაიბადა,
როდესაც მან ჩემი პორტრეტი დაინახა და მისკენ დანით გაიწია. პირდაპირ სახელოსნოში იმშობიარა - კიბეზე
ჩასვლა და საკუთარ საწოლში ჩაწოლა ვერ მოასწრო. ბავშვი უდღეური და ძალიან სუსტი იყო. მისი დაბადების
აღსანიშნავი დღესასწაულის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ვიცოდი, რომ ტანეკე ამ ბავშვის დაღუპვაში მე
მადანაშაულებდა.

ზოგჯერ ვცდილობდი წარმომედგინა სახელოსნო, რომლის იატაკსაც კატარინას სისხლი ეტყობოდა და


მიკვირდა, როგორ შეეძლო ბატონს იქ მუშაობა.

იანმა თავის პატარა ძმას ხელი მოჰკიდა და იმ კუთხისკენ წაიყვანა, სადაც ძვალი ეგდო. ამ ძვალს ერთმანეთს
ფეხებით უგორებდნენ.

- ეს ვინ იყო? - მკითხა დედამ, რომელსაც ტანეკე ნანახი არ ჰყავდა.

- მუშტარი, - მივუგე მე. ვცდილობდი, უსიამოვნო ფიქრებისგან დამეცვა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ დედას,
ბებერი ძაღლივით, ყოველგვარი სიახლე და ცვლილება აშინებდა.

- არაფერი უყიდია, - შენიშნა დედამ.

- მართალია. ჩვენ არ გვქონდა ის, რაც მას უნდოდა.

159
სანამ დედაჩემი კიდევ რამეს მკითხავდა, მომდევნო მუშტარს მივუბრუნდი.

პიტერი და მამამისი გამოჩნდნენ - ძროხის ხორცის მოზრდილი ნაჭერი მოჰქონდათ. დახლის უკან მდგარ
მაგიდაზე დააგდეს და დანები მოიმარჯვეს. იანმა და პატარა ფრანსმა თავიანთი ძვალი დააგდეს და ხორცის
სანახავად გაიქცნენ. დედაჩემმა უკან დაიხია - შეჩვეული არ იყო ერთბაშად ამდენი ხორცის ხილვას.
- წავალ, - თქვა მან და კალათას ხელი დაავლო.

- ამ საღამოს ბავშვებს დაიტოვებ? - ვკითხე მე. - ერთ ადგილას ვარ წასასვლელი.

- სად მიდიხარ?

წარბები ავწიე. დედაჩემს უკვე ვუთხარი, რომ ძალზე ბევრ შეკითხვას მისვამდა. რომ დაბერდა, ეჭვიანი გახდა,
თუმცა არავითარი საბაბი არ ჰქონდა. უცნაურია, მაგრამ ახლა, როდესაც მართლაც ვუმალავდი რაღაცას,
საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი.

პიტერთან ყველაფერი უფრო ადვილად მოვაგვარე. მუშაობა არ შეუწყვეტია და, უბრალოდ, შემომხედა. თავი
დავუქნიე. დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ არაფერი ეკითხა ჩემთვის, თუმცა იცოდა, რომ ზოგჯერ ისეთ
რამეებზე ვფიქრობდი, რასაც არასოდეს გავუმჟღავნებდი. არც ჩვენი ქორწინების პირველ ღამეს უთქვამს რამე,
როცა თავიდან კაპორი მომხადა და დაინახა, რომ ყურები გახვრეტილი მქონდა.

ყურები დიდი ხნის წინ შემიხორცდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც თითებით ვისრესდი ბიბილოებს, ვგრძნობდი
პაწაწინა გამაგრებულ ადგილებს.

*****

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მისი სიკვდილის ამბავი შევიტყვე. უკვე ორი თვის განმავლობაში შემეძლო
დელფტში ისე მევლო, რომ მასთან შეხვედრის შიში არ მქონოდა. მანამდე ზოგჯერ შორიდან ვხედავდი -
როდესაც გილდიაში მიდიოდა თუ უკან ბრუნდებოდა, ან კიდევ - დედამისის დუქნის ან ვან ლევენჰუკის სახლის
მახლობლად. არც ერთხელ არ მივახლოებივარ და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მამჩნევდა. მტკიცე
ნაბიჯით მიდიოდა ხოლმე ქუჩაში ან მოედანზე და სადღაც სივრცეში იყურებოდა. ასე განგებ კი არ იქცეოდა, ის
თითქოს სხვა სამყაროში იმყოფებოდა.

თავდაპირველად მისი დანახვა ძალიან მიმძიმდა. როდესაც ვხედავდი, ადგილზე ვშეშდებოდი, გული
მეკუმშებოდა და სული მეხუთებოდა. ქმარს, მამამთილს, დედაჩემს და ბაზრის ჭორიკნებს ჩემს განცდებს
ვუმალავდი.

დიდხანს მეგონა, რომ ისიც ფიქრობდა ჩემზე.

მაგრამ დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მას ჩემი პორტრეტი უფრო აინტერესებდა, ვიდრე თავად მე.

ამასთან შეგუება უფრო გამიადვილდა, როდესაც იანი დაიბადა. შვილმა მაიძულა, მთელი ყურადღება ოჯახზე
გადამეტანა, ისევე, როგორც ბავშვობაში, სანამ ვერმეერებს შინამოსამსახურად დავუდგებოდი. ახლა იმდენი

160
საქმე გამიჩნდა, რომ სხვა არაფრისთვის მეცალა. აღარ დავდიოდი მოედანზე, რვაქიმიანი ვარსკვლავის
ირგვლივ და აღარ ვფიქრობდი, სად მიმიყვანდა მისი თითოეული ქიმი. როდესაც მოედნის მეორე მხარეს ჩემს
ყოფილ ბატონს ვხედავდი, გული აღარ მეკუმშებოდა. აღარ ვფიქრობდი მარგალიტებსა და ბეწვეულზე. აღარც
მისი რომელიმე სურათის ნახვა მსურდა.

ზოგჯერ ქუჩებში ვხვდებოდი დანარჩენებს - კატარინას, ბავშვებს, მარია თინსს. მე და კატარინა ერთმანეთთან
შეხვედრისას თავს გვერდზე ვაბრუნებდით. ეს უფრო ადვილი იყო. კორნელია იმედგაცრუებით მიყურებდა.
ასე მგონია, უწინ იმედი ჰქონდა, რომ სრულიად გამანადგურებდა. ლისბეთი უვლიდა ბიჭუნებს, რომლებიც
ძალიან პატარები იყვნენ და არ ვახსოვდი. ალეიდისი მამამისს ჰგავდა: ნაცრისფერი თვალებით სადღაც
შორის იმზირებოდა ხოლმე. შემდეგ გაჩნდნენ სხვა ბავშვებიც, რომლებსაც არ ვიცნობდი, ან მხოლოდ
მამისეული თვალებით და დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ქერა თმით ვცნობდი.

მათგან მხოლოდ მარია თინსი და მარტჰე მაღიარებდნენ. შეხვედრისას მარია თინსი ოდნავ მიკრავდა თავს.
მარტჰე, ყველასგან მალულად, საყასბოში მოდიოდა ხოლმე. სწორედ მან მომიტანა ჩემი ბარგი-ბარხანა -
გატეხილი ფილა, ლოცვანი, საყელოები და კაპორები. მანვე შემატყობინა, რომ ბატონის დედა
გარდაცვლილიყო და ახლა ის თვითონ უძღვებოდა დედისეულ სამიკიტნოს; რომ მათი ოჯახი ვალებში
ჩავარდა, ტანეკეს კი სახეზე მდუღარე ზეთი შეესხა.

ერთხელ მარტჰემ აღტაცებით წამოიძახა:

- მამაჩემი ჩემს პორტრეტს ხატავს, ისეთივეს, როგორიც შენია. სურათზე მხოლოდ მე ვიქნები დახატული,
შენსავით ალმაცერად მომზირალი. ხომ იცი, ასე, შენ გარდა, არავინ დაუხატავს.

ზუსტად ასე - არავინ-მეთქი, გავიფიქრე. ზუსტად ასე - არავინ. მაგრამ გამიკვირდა, რომ მარტჰემ იცოდა ჩემი
პორტრეტის არსებობის შესახებ. საინტერესოა, ნანახი თუ ჰქონდა.

მასთან ლაპარაკისას სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მისი ოჯახის ამბებს
დეტალურად ვერ გამოვკითხავდი. იძულებული ვიყავი, იმ მცირედით დავკმაყოფილებულიყავი, რასაც
თვითონ მიყვებოდა. როცა წამოიზარდა და შეეძლო ჩემთან უფრო გულახდილად ესაუბრა, უკვე საკუთარი
შვილები მყავდა და ვერმეერების ამბები ნაკლებად მაინტერესებდა.

პიტერი მოთმინებით იტანდა მარტჰეს ვიზიტებს, მაგრამ ვიცოდი, რომ ღიზიანდებოდა. გულზე მოეშვა,
როდესაც მარტჰე აბრეშუმის ქსოვილებით მოვაჭრის ვაჟზე გათხოვდა, რადგან ამის შემდეგ ის ჩვენთან უფრო
იშვიათად მოდიოდა და ხორცს სხვა ყასაბთან ყიდულობდა.

და აი, ახლა, ათი წლის შემდეგ, იმ სახლში მიხმობდნენ, საიდანაც ესოდენ მოულოდნელად გამოვიქეცი.

ორი თვის წინ დახლზე ენას ვჭრიდი, როდესაც გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა რიგში მდგომმა ერთ-ერთმა
ქალმა მეორეს:

- წარმოგიდგენია, მოკვდა და თავის ქვრივს თერთმეტი შვილი და უამრავი ვალი დაუტოვა!

შევკრთი და დანით ხელისგული გავიჭერი. ტკივილი არ მიგრძნია.

- ვისზე ლაპარაკობთ? - ვკითხე მე და ქალმა მიპასუხა:

- მხატვარი ვერმეერი გარდაიცვალა.

161
*****

როდესაც საქმიანობა დავასრულე, ფრჩხილები საგულდაგულოდ გავიხეხე. კარგა ხანია, მათ ყოველი დღის
ბოლოს აღარ ვიწმენდდი, რის გამოც უფროსი პიტერი ძალზე ხალისობდა:

- ხომ ხედავ, უკვე აღარც ბინძურ ფრჩხილებს აქცევ ყურადღებას და აღარც ბუზებს. ახლა, როდესაც ცხოვრებას
უკეთ გაეცანი, ალბათ, ხვდები, რომ ხელების უსასრულოდ ბანას აზრი არა აქვს. მაინც დაგესვრება. სისუფთავე
ისეთი მნიშვნელოვანი რამ არაა, როგორიც ქალიშვილობისას გეგონა. ხომ მართალია?
მაგრამ ზოგჯერ პერანგქვეშ ლავანდის დაქუცმაცებულ ფოთლებს ვიყრიდი, რომ ხორცის სუნი მომეშორებინა -
მას განუწყვეტლივ ვგრძნობდი, მაშინაც კი, როდესაც საყასბოებისგან შორს ვიმყოფებოდი.

ბევრ რამესთან მომიხდა შეგუება.

კაბა გამოვიცვალე, სუფთა წინსაფარი გავიკეთე და ახალგახამებული კაპორი დავიხურე. ისევ ვატარებდი
კაპორს, როგორც უწინ, და გარეგნულად, ალბათ, არ განვსხვავდებოდი იმ გრიტისგან, რომელიც ათი წლის წინ
მოსამსახურედ დაუდგა ვერმეერებს. ოღონდ ესაა, რომ ახლა ისეთი დიდრონი და უმანკოდ მომზირალი
თვალები აღარ მქონდა.

თებერვალი იდგა, მაგრამ მაინცდამაინც არ ციოდა. ბაზრის მოედანზე უამრავი ხალხი ირეოდა - ჩვენი
მუშტრები, მეზობლები, ნაცნობები. შეამჩნევდნენ, რომ ათი წლის განმავლობაში პირველად გავემართე აუდე
ლანგენდეიკისკენ. დროთა განმავლობაში პიტერთან უნდა მეღიარებინა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.
ჯერჯერობით ვერ გადამეწყვიტა, უნდა მეცრუა თუ არა იმ მიზეზის დასახელებისას, რომლის გამოც
ვერმეერების ოჯახს ვესტუმრე.

მოედანი გადავჭერი, შემდეგ ხიდი გადავიარე, რომელიც აუდე ლანგენდეიკისკენ მიდიოდა. ნაბიჯი არ
შემინელებია, რადგან არ მინდოდა, ზედმეტი ყურადღება მიმეპყრო. შემდეგ სწრაფად შევუხვიე და ქუჩაზე
გავედი. დიდი ხნის სავალი არ იყო - ნახევარი წუთის შემდეგ უკვე მათს სადარბაზო კართან ვიდექი. მომეჩვენა,
რომ ეს მოკლე მანძილი ძალზე გაიჭიმა - ისე, თითქოს უცხო ქალაქში მივდიოდი, სადაც დიდი ხნის
განმავლობაში არ ვიყავი ნამყოფი.

რადგან თბილი ამინდი იდგა, კარი ღია იყო და ბავშვები ძელსკამზე ისხდნენ - ორი ბიჭი და ორი გოგონა
ასაკის მიხედვით ჩამწკრივებულიყვნენ, ისევე, როგორც ათი წლის წინ, როდესაც ამ სახლში პირველად
მივედი. უფროსი ბიჭი საპნის ბუშტებს ბერავდა, როგორც იმ დღეს - მარტჰე. მაგრამ როდესაც დამინახა,
მილაკი ძირს დადო. ათი-თერთმეტი წლისა იქნებოდა და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ფრანცისკუსი უნდა
ყოფილიყო. სულაც არ ჰგავდა იმ ჩვილს, რომელიც მახსოვდა. სხვა ბავშვები ვერ ვიცანი, თუმცა მათ ზოგჯერ
ბაზარში ვხედავდი უფროს გოგონებთან ერთად. ოთხივე მე მომაჩერდა.

ფრანცისკუსს მივმართე:

- თუ შეიძლება, ბებიას უთხარი, რომ გრიტი მოვიდა.

ფრანცისკუსი ერთ-ერთ უმცროს დაიკოს მიუბრუნდა:

162
- ბეატრის, წადი, მარია თინსი მოძებნე.

გოგონა მორჩილად წამოხტა და სახლში შევიდა. გამახსენდა, რომ ათი წლის წინ მარტჰე და კორნელია შინ
შეცვივდნენ, ჩემი მოსვლის შესახებ რომ ეცნობებინათ. გამეღიმა.

ბავშვები კვლავ მომშტერებოდნენ.

- ვიცი, ვინცა ხართ, - განაცხადა ფრანცისკუსმა.

- არა მგონია, გახსოვდე, ფრანცისკუს, მაშინ სულ პატარა იყავი.

- თქვენ ის ქალბატონი ხართ, სურათიდან, - განაგრძო ისე, რომ ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

შევკრთი, ფრანცისკუსმა კი მოზეიმე სახით გაიღიმა:

- გიცანით, თუმცა სურათზე კაპორი კი არა, რაღაც უცნაური ცისფერ-ყვითელი თავსახვევი გახურავთ.

- სადაა სურათი?
ის თითქოს გააკვირვა შეკითხვამ:

- რა თქმა უნდა, ვან რეივენის ქალიშვილთან. თვით ვან რეივენი შარშან გარდაიცვალა.

ამ ამბავმა, რომელიც საყასბოში შევიტყვე, ფარული ნუგეში მაგრძნობინა. ვან რეივენს არასოდეს უცდია ჩემი
მოძებნა, რაც ვერმეერების სახლიდან წამოვედი, მაგრამ სულ მეშინოდა, რომ ის კვლავ გამოჩნდებოდა,
თავისი ავხორცი ღიმილით, და ხელების ფათურს დამიწყებდა.

- სად ნახე სურათი, თუ ის ვან რეივენებთანაა?

- მამიკომ ითხოვა, რომ სურათი რამდენიმე დღით დაებრუნებინათ, - ამიხსნა ფრანცისკუსმა. - მამიკოს
სიკვდილის მეორე დღეს დედამ სურათი ვან რეივენის ქალიშვილს დაუბრუნა.

მთრთოლვარე ხელებით გავისწორე მოსასხამი.

- კიდევ ერთხელ მოისურვა სურათის ნახვა? - ძლივს ამოვთქვი.

- დიახ, გოგონი, - მითხრა მარია თინსმა, რომელიც კარში გამოჩნდა. - და გარწმუნებ, ამას კარგი არაფერი
მოჰყოლია. მაგრამ იმ დროისთვის შენი ბატონი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ უარი ვეღარ ვუთხარით.
კატარინამაც კი ვერ გაბედა.

მარია თინსი სულაც არ შეცვლილიყო. არასოდეს დაბერდება. უბრალოდ, ერთ დღეს დაიძინებს და აღარ
გაიღვიძებს.

თავი დავუკარი.

- ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ქალბატონო.

- ცხოვრება სულელური რამაა. თუ საკმარისად დიდხანს იცოცხლებ, ვერაფერი გაგაკვირვებს.

163
არ ვიცოდი, რა მეთქვა ამ სიტყვების საპასუხოდ, ამიტომ უბრალოდ, ის ვუთხარი, რაც ჭეშმარიტება იყო:

- ჩემი ნახვა გსურდათ, ქალბატონო.

- არა, კატარინას სურდა.

- კატარინას? - ვკითხე და გაოცება ვერ დავმალე.

მარია თინსმა ცალყბად გაიღიმა:

- შენი აზრების დამალვა არასოდეს გეხერხებოდა, ხომ ასეა, გოგონი? არა უშავს. ალბათ, საკმარისად კარგად
ექცევი შენს ყასაბს, რაკი ცოლს ზედმეტ შეკითხვებს არ უსვამს.

პირი გავაღე, მაგრამ მაშინვე მოვკუმე.

- ასე ჯობია. უკვე რაღაცას სწავლობ. კატარინა და ვან ლევენჰუკი დიდ დარბაზში გელოდებიან. ვან ლევენჰუკი
ანდერძის აღმასრულებელია, ხომ იცი?

არ ვიცოდი. მინდოდა მეკითხა, რას გულისხმობდა და რატომ იმყოფებოდა აქ ვან ლევენჰუკი, მაგრამ ვერ
გავბედე.

- დიახ, ქალბატონო, - ვუთხარი უბრალოდ.

მარია თინსმა ჩაიცინა:


- ყველაზე დიდი უსიამოვნებები მოსამსახურის გამო შეგვემთხვა.

ეს სიტყვები წაიბურტყუნა, თავი გადააქნია და გაუჩინარდა.

წინკარში შევედი. კედლებზე უწინდებურად სურათები ეკიდა. ზოგიერთი მათგანი ნანახი მქონდა, სხვები - არა.
ბუნდოვანი იმედი გამიჩნდა, იქნებ ჩემი პორტრეტიც ამ ნატურმორტებსა და ზღვის პეიზაჟებს შორის კიდია-
მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის აქ არ იყო.

სახელოსნოსკენ ამავალ კიბეს შევხედე და შევჩერდი. გული შემეკუმშა. ამ სახლში მოსვლა და სახელოსნოსკენ
ამავალი კიბის ხილვა ჩემთვის უფრო მტანჯველი აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდი, თუმცა კი ვიცოდი, რომ ის
აქ აღარ იყო. მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი, მეხსიერებიდან წამეშალა საათები, როდესაც მის
გვერდით საღებავებს ვაზავებდი, ან სკამზე ვიჯექი და ვხედავდი, როგორ მიყურებდა. ორი თვის შემდეგ
პირველად გავაცნობიერე მთელი სისრულით, რომ ის მოკვდა. მოკვდა და სურათებს აღარ დახატავდა. ძალიან
ცოტა სურათი დაეხატა - ბაზარში ამბობდნენ, რომ უფრო სწრაფად ხატვა არ დაუწყია, თუმცა მარია თინსი და
კატარინა ამას მოითხოვდნენ.

ჯვარცმიანი ოთახიდან გოგონამ გამოყო თავი. ღრმად ჩავისუნთქე და დერეფანში მის შესახვედრად
გავემართე. კორნელია ახლა იმდენივე წლისა იყო, რამდენისაც მე გახლდით, როდესაც აქ მუშაობა დავიწყე.
წითური თმა გამუქებოდა და სადად ჰქონდა დავარცხნილი. ახლა უკვე აღარ მეშინოდა მისი. თითქმის
მებრალებოდა, რადგან სახეს ცბიერება უმახინჯებდა.
რა მოელოდა კორნელიას? რა მოელოდა მთელ ამ ოჯახს? მართალია, ტანეკე დარწმუნებული იყო, რომ მისი
ქალბატონი ამ მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვიდა, მაგრამ ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო და ბევრი ვალი
ჰქონდა. ბაზარში შევიტყვე, რომ ისინი სამი წლის განმავლობაში ვერ იხდიდნენ მეფუნთუშის ვალს და რომ
ბატონის სიკვდილის შემდეგ მეფუნთუშეს კატარინა შეეცოდა და დათანხმდა, ვალში ერთ-ერთი სურათი

164
წაეღო. ერთი წამით ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ აპირებს კატარინა, ვალის სანაცვლოდ პიტერსაც სურათი
შესთავაზოს-მეთქი.

კორნელია გაუჩინარდა. დარბაზში შევედი. ეს ოთახი თითქმის არ შეცვლილიყო მას შემდეგ, რაც ყოველდღე
ვალაგებდი. საწოლს კვლავინდებურად ეფინებოდა საკმაოდ გახუნებული მწვანე აბრეშუმის ფარდა. სპილოს
ძვლით ინკრუსტირებული კარადა თავის ადგილას იდგა, ისევე, როგორც მაგიდა და ტყავგადაკრული სკამები.
იქვე ეკიდა ბატონისა და კატარინას ოჯახების წევრების პორტრეტები. მაგრამ ყველაფერი დაძველებულიყო,
დამტვერილიყო, გაცვეთილიყო. წითელი და ყავისფერი ფილები ბევრგან დამსკდარიყო ან ამოვარდნილიყო.

ვან ლევენჰუკი კარისკენ ზურგშექცევით იდგა, ხელები ზურგზე დაეწყო და ათვალიერებდა სურათს, რომელზეც
სამიკიტნოში მოქეიფე ჯარისკაცები იყვნენ დახატული. ის მოტრიალდა და ჩვეული თავაზიანობით დამიკრა
თავი.

კატარინა მაგიდასთან იჯდა. მეგონა, თალხ კაბაში გამოწყობილს ვნახავდი, მაგრამ (შესაძლოა, ჩემს ჯიბრზე)
ყარყუმის ბეწვით გაწყობილი ყვითელი ქულაჯა ჩაეცვა. ქულაჯაც გახუნებულიყო და გაცვეთილიყო.
სახელოები უხეიროდ დაეკემსათ. ბეწვი ადგილ-ადგილ ჩრჩილს დაეზიანებინა. მიუხედავად ამისა, კატარინა
ოჯახის ელეგანტური დიასახლისის როლს თამაშობდა ძველებურად. თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა,
სახეზე ფერ-უმარილი წაესვა და ყელზე მარგალიტის მძივი გაეკეთებინა.

საყურეები არ ეკეთა.

სახე დახვეწილ ქალბატონს არ უგავდა. ფერ-უმარილის სქელი ფენა ვერ მალავდა მრისხანებას, სიძულვილს,
შიშს. ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო, შემხვედროდა.

- ჩემი ნახვა გსურდათ, ქალბატონო?

ვიფიქრე, რომ მისთვის უნდა მიმემართა, თუმცა ვან ლევენჰუკს ვუყურებდი.

- ჰო.
კატარინამ სკამი არ შემომთავაზა, თუმცა სხვა სტუმარს აუცილებლად შესთავაზებდა. ფეხზე უნდა
ვმდგარიყავი.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. კატარინა იჯდა და დუმდა, მე კი ვიდექი და ვიცდიდი. აშკარა იყო, რომ ის ვერ
აიძულებდა თავს, დამლაპარაკებოდა. ვან ლევენჰუკი ცმუკავდა.

არ მიცდია, დავხმარებოდი კატარინას. ან კი როგორ უნდა დავხმარებოდი? მან მაგიდაზე ქაღალდები


გადააწყო, ზარდახშის კიდეს ხელი გაუსვა, ფერ-უმარილის ფუნჯი აიღო და კვლავ თავის ადგილას დადო.
შემდეგ თეთრ სუფრას ხელები შეაწმინდა.

- ალბათ, იცი, რომ ჩემი ქმარი ორი თვის წინ გარდაიცვალა, - თქვა ბოლოს.

- დიახ, შევიტყვე ამის შესახებ, ქალბატონო. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი
სული.

ჩემი აბნეული ლაპარაკი კატარინას თითქოს არც გაუგონია. რაღაც სხვაზე ფიქრობდა. ფერ-უმარილის ფუნჯი
აიღო და თითებში აათამაშა.

165
- ყველაფერი საფრანგეთთან ომის გამო მოხდა. სურათების შეძენა აღარავის სურდა, თვით ვან რეივენსაც კი.
დედაჩემი ძლივს ახერხებდა თავისი მდგმურებისგან ქირის აკრეფას. თანაც, ჩემი ქმარი იძულებული გახდა,
დედამისის სამიკიტნოს ხარჯები დაეფარა. გასაკვირი არაა, რომ ცხოვრება გაგვიჭირდა.

ყველაფერს მოველოდი კატარინასგან, იმის განმარტების გარდა, თუ რატომ ჩავარდნენ ვალებში. მინდოდა
მეთქვა, თხუთმეტი გულდენი არც ისე დიდი თანხაა, პიტერი უკვე აღარ ფიქრობს მის დაბრუნებაზე და ამაზე
ნუღარ წუხხართ-მეთქი. მაგრამ ვერ გავბედე, კატარინასთვის სიტყვა შემეწყვეტინებინა.

- გარდა ამისა, ბავშვები... იცი, რამდენი პური სჭირდება თერთმეტ ბავშვს?

თვალი შემავლო და კვლავ ფერ-უმარილის ფუნჯს მიაჩერდა.

მინდოდა მეპასუხა, რომ მათ სამი წლის განმავლობაში შეჭმული პურის საფასური ერთი სურათით
გადაუხადეს ლმობიერ მეფუნთუშეს. ერთი კარგი სურათით.

გავიგონე, როგორ დაიჭრიალა ფილამ დერეფანში და როგორ გაიშრიალა კაბამ. შრიალი მაშინვე შეწყდა.
კორნელია კვლავ ყველაფერს ზვერავდა. ამ დრამაში თავისი როლი ჰქონდა.

ვიცდიდი და არ ვკითხულობდი იმას, რის გაგებაც მინდოდა.

ბოლოს ვან ლევენჰუკი ალაპარაკდა.

- გრიტ, შენმა ბატონმა ანდერძი დატოვა, - დაიწყო მან თავისი ბოხი ხმით. - ქონება უნდა აღიწეროს, რათა
გაირკვეს, შეუძლია თუ არა ოჯახს ვალების დაფარვა. მაგრამ მანამდე კატარინას ზოგიერთი პირადი ხასიათის
ვალის გადახდა სურს.

მან კატარინას შეხედა. ქალი კვლავ ფუნჯს ატრიალებდა ხელებში.

უწინდებურად ვერ იტანენ ერთმანეთს-მეთქი, გავიფიქრე, და რომ შესძლებოდათ, ერთ ოთახშიც კი არ


გაჩერდებოდნენ.

ვან ლევენჰუკმა მაგიდიდან რაღაც ქაღალდი აიღო.

- ეს წერილი გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე მომწერა, - თქვა მან. შემდეგ კატარინას მიუბრუნდა:

- ეს თქვენ უნდა შეასრულოთ, - უთხრა მბრძანებლური კილოთი. - ისინი ხომ თქვენია, და არა მისი ან ჩემი.
როგორც ანდერძის აღმასრულებელი, ვალდებული არა ვარ, ამას დავესწრო, მაგრამ ვერმეერი ჩემი მეგობარი
იყო და მინდა ვიხილო, როგორ შეასრულებთ მის ნებას.

კატარინამ ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა.

- ჩემი ქმარი საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, - მითხრა მან. - თავის საქციელზე ბოლო ორ დღემდე პასუხს
აგებდა. ვალებში რომ ჩავარდა, ამიტომაც დაემართა სულიერი აშლილობა.

ვერ წარმომედგინა, რომ ბატონს სულიერი აშლილობა დამართნოდა.

კატარინამ ჯერ ქმრის წერილს დახედა, შემდეგ - ვან ლევენჰუკს და ზარდახშა გააღო.

166
- მან მიბრძანა, ეს შენთვის გადმომეცა.

მერე საყურეები ამოიღო და წამიერი ყოყმანის შემდეგ მაგიდაზე დააწყო.

სისუსტე ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და, რომ არ დავვარდნილიყავი, სკამის საზურგეს ჩავეჭიდე.

- მას შემდეგ აღარ მიტარებია, - მწარედ დაიჩივლა კატარინამ. - არ შემეძლო.

თვალები გავახილე:

- თქვენს საყურეებს ვერ ავიღებ, ქალბატონო.

- ნეტავ რატომ? ერთხელ ხომ აიღე. და, სხვათა შორის, ეს შენი გადასაწყვეტი არაა. ჩვენ ნაცვლად, მან
გადაწყვიტა. ახლა ეს საყურეები შენია. აიღე.

შევყოყმანდი, შემდეგ ხელი გავუწოდე და გამოვართვი. გრილი და გლუვი იყო - ისეთივე, როგორებიც
მახსოვდა. მათ მორუხო-თეთრ ბურთულებში მთელი სამყარო ირეკლებოდა.

საყურეები ავიღე.

- ახლა კი წადი, - მითხრა კატარინამ, რომლის ხმაში შეკავებული ცრემლები იგრძნობოდა. - მისი სურვილი
შევასრულე. მეტი სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს.

მერე წამოდგა, წერილი მოჭმუჭნა და ცეცხლში ჩააგდო. ჩემკენ ზურგშექცევით იდგა და უყურებდა, როგორ
იწვებოდა ქაღალდი.

გულწრფელად მეცოდებოდა. მართალია, ის არ მიყურებდა, მაგრამ მოწიწებით დავუკარი თავი ჯერ მას,
შემდეგ კი ვან ლევენჰუკს, რომელმაც გამიღიმა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მაფრთხილებდა, როგორიც ხარ,
ისეთად დარჩიო. არ ვიცოდი, შევძელი თუ არა ეს. ყოველთვის ადვილი როდია ამის განსაზღვრა.

დარბაზი ფეხაკრეფით გავიარე. მუჭში ჩემი საყურეები მქონდა ჩაბღუჯული. ამოცვენილი ფილები ფეხქვეშ
ჭრიალებდა. შემდეგ წყნარად გამოვიხურე კარი.

წინკარში კორნელია იდგა. დაკერებული და არც ისე სუფთა ყავისფერი კაბა ეცვა.

როდესაც ჩავუარე, ხმადაბლა, მაგრამ მტკიცე ხმით მითხრა:

- შეგიძლია, მე მომცე საყურეები.

ხარბი თვალებით თითქოს დამცინოდა.

ხელი ავწიე და სახეში გავარტყი.

*****

167
როდესაც ბაზრის მოედანზე დავბრუნდი, რვაქიმიან ვარსკვლავთან შევჩერდი და მარგალიტებს დავხედე. მათ
ვერ დავიტოვებდი. როგორ უნდა მოვქცეულიყავი? პიტერს ვერ გავუმხელდი, რა გზით მივიღე ისინი - ძალზე
ბევრი რამის ახსნა დამჭირდებოდა. თან ეს დიდი ხნის წინ მოხდა. საყურეების ტარებას ვერ შევძლებდი -
ყასბის ცოლისთვის ისინი ისევე შეუფერებელი იყო, როგორც - შინამოსამსახურისთვის.

ვარსკვლავს რამდენჯერმე შემოვუარე. მერე კი იმ ადამიანის საძებრად წავედი, რომლის შესახებ მსმენოდა,
მაგრამ არასოდეს მენახა. მისი დუქანი ახალი ეკლესიის უკან, პატარა ქუჩაზე ვიპოვე. ათი წლის წინ ასეთ
ადგილას არაფრის გულისთვის არ წავიდოდი.

ამ კაცს თავისი პროფესია ავალდებულებდა, სხვისი საიდუმლოებები დაეცვა. ვიცოდი, რომ არაფერს
მკითხავდა და არც არავის ეტყოდა, რომ მასთან ვიყავი. იმდენი ძვირფასი ნივთი ჰქონდა ნანახი, რომ მათი
წარმომავლობა აღარ აინტერესებდა. საყურეები ლამპასთან მიიტანა, კბილით გასინჯა, შემდეგ კი გარეთ
გავიდა, რომ კარგად დაეთვალიერებინა.

- ოცი გულდენი, - მითხრა მან. თავი დავუქნიე, ფული გამოვართვი და უკანმოუხედავად გავეცალე.

საიდან მოვიპოვე ზედმეტი ხუთი გულდენი, ვერაფრით ავხსნიდი. ეს მონეტები სხვებისგან გამოვყავი და მუჭში
ჩავბღუჯე. ისეთ ადგილას უნდა დამემალა, სადაც ჩემი ქმარი და ვაჟიშვილები ვერასოდეს მიაგნებდნენ -
საიდუმლო ადგილას, რომლის შესახებ, ჩემ გარდა, არავის ეცოდინებოდა.

მათ არასოდეს დავხარჯავ.

პიტერს გაუხარდება, თხუთმეტ გულდენს რომ მიიღებს. ახლა ვერმეერებს თავიანთი ვალი დაბრუნებული
აქვთ. პიტერმაც საცოლე უსასყიდლოდ მოიპოვა.

1664

168

You might also like