Professional Documents
Culture Documents
ვიხსენებ მას (თუმცა არ მაქვს ამ წმინდა ზმნის თქმის უფლება. ერთადერთ კაცს ჰქონდა
ამქვეყნად და ის კაცი მკვდარია) ხელში მუქი ვნებისყვავილით, რომელსაც ისე უყურებდა,
როგორც არავის უყურებია: მთელი ცხოვრება მისჩერებოდა გარიჟრაჟის რიბირაბოდან საღამოს
უკანასკნელ სხივამდე. ვიხსენებ მას - მის მდუმარე სახეს, ინდიელის ნაკვთებს, ამ სახის
უჩვეულო სიშორეს - სიგარეტის უკან. ვიხსენებ (ვგონებ) ტყავის შემომწვნელის თხელ თითებს.
ვიხსენებ მატეს ფინჯანს იმ ხელების ახლოს ბანდა ორიენტალის გერბით. ვიხსენებ მისი სახლის
ფანჯარაში ყვითელი ნამჯის დარაბას ზედ გამოსახული ტბის ბუნდოვანი ლანდშაფტით.
მკაფიოდ მახსოვს მისი ხმა - იმდროინდელი ხულიგნის ნელი, ნაწყენი, ცხვირისმიერი ხმა
დღევანდელი იტალიური შიშინა ბგერების გარეშე. სულ სამჯერ ვნახე, უკანასკნელად - 1887
წელს... მივესალმები იდეას, რომ ყველა ჩვენგანმა, ვისაც საქმე ჰქონია ამ კაცთან, რაღაც უნდა
დაწეროს მასზე. ჩემი მოგონება, ალბათ, უმოკლესი იქნება (და, რასაკვირველია, უმცირესი) იმ
წიგნში, რომლის გამოცემასაც შენ აპირებ. თუმცა ნამდვილად ვერ იქნება ყველაზე ნაკლებად
სამართლიანი. სამწუხაროდ, მე არგენტინელი ვარ, შინაგანად სრულებით უუნარო დითირამბის
ჟანრში, ესოდენ სავალდებულო რომ არის ურუგვაიში, განსაკუთრებით, როცა ამ დითირამბის
საგანი თვითონაც ურუგვაელია. ინტელექტუალი, დენდი, ქალაქელი ფრანტი - ფუნესი არ
იტყოდა ამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მისთვის მე ამ
უბედურებებს წარმოვადგენდი. პედრო ლეანდრო იპუჩეს უწერია, ფუნესი ზეადამიანთა
წინამორბედი იყოო, „ინდივიდუალურ-ადგილობრივი ზარატუსტრა“, და მეც არც შევეკამათები
ამ თვალსაზრისს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის აგრეთვე იყო ქუჩის ხულიგანი ფრაი
ბენტოსიდან, თავისი უსაშველო დასაზღვრულობებით.
ჩემი პირველი მოგონება ფუნესზე სრულებით მკაფიოა. ვხედავ მას ერთ ნაშუადღევს 1884 წლის
მარტში თუ თებერვალში. იმ წლის ზაფხულში მამაჩემმა ფრაი ბენტოსში წამიყვანა. რანჩოდან
სან-ფრანცისკოში ვბრუნდებოდი ჩემს ბიძაშვილ ბერნარდო ჰაედოსთან ერთად. ცხენებზე
ვისხედით და მხიარულად მივიმღეროდით. თუმცა ცხენზე ჯდომა არ იყო ჩემი ხალისიანობის
ერთადერთი მიზეზი. მცხუნვარე დღის შემდეგ ცას სამხრეთიდან მორეკილი ვეება რუხი
საქარიშხლე ღრუბლები გადაეფარა. ქარმა ხეები უწყალოდ გაწეწ-გამოწეწა და მეც ამავსო შიშმა
(იმედმა), რომ წყლის სტიქია სოფლის მოღიავებულ შარაზე მოგვისწრებდა. ქარიშხლის
საწინააღმდეგო დოღივით რაღაც მოვაწყვეთ. შევუხვიეთ ვიწრო, ღრმა ქუჩაზე, რომლის აგურის
ტროტუარები დიდად ასცილებოდა მიწის დონეს. უცბად დაბნელდა. ჩემ ზემოთ სწრაფი,
თითქმის ფეხაკრეფით გადადგმული ნაბიჯების ხმა გავიგონე. თავი ავწიე და დავინახე ბიჭი,
რომელიც სირბილით მიუყვებოდა ვიწრო, დანგრეულ ტროტუარს მაღლა, თითქოს ვიწრო
ნაკედლარზე მირბისო. მახსოვს მისი მოკლე, ტომრისებრი შარვალი, გაუჩოს შარვლის მსგავსი,
ნამჯისძირიანი ბამბის ჩუსტები, სიგარეტი მკვრივ სახეზე და ეს ყველაფერი - ქარიშხლის
გოლიათური ღრუბლის ფონზე. მოულოდნელად ბერნარდომ ბიჭს ასძახა: „რომელი საათია,
ირენეო?“ მას არც ცაში აუხედავს, არც წამით დაყოვნებულა, ისე ჩამოსძახა: „რვას აკლია ოთხი
წუთი, ჭაბუკო ბერნარდო ხუან ფრანცისკო“. ხმა მჭახე ჰქონდა და დამცინავი.
1885-86 წლების ზაფხულები მონტევიდეოში გავატარეთ. ფრაი ბენტოსში მომდევნო წელს, ანუ
87-ში დავბრუნდი. ბუნებრივია, ყველა მოვიკითხე და, ბოლოს, „ქრონომეტრი ფუნესიც“.
მითხრეს, სან-ფრანცისკოში ნახევრად გახედნილმა ცხენმა გადმოაგდო და სამუდამოდ
დახეიბრდაო. მახსენდება მოუსვენარ-მაგიური განცდა, რომელმაც ამ ამბის გაგონებაზე
შემიპყრო. ირენეო ერთადერთხელ მყავდა ნანახი: როცა ჩვენ სან-ფრანცისკოს რანჩოდან
ვბრუნდებოდით, ის კი შემაღლებაზე მიაბიჯებდა. ბიძაშვილ ბერნარდოს მიერ ნათქვამმა ამბავმა
ისე იმოქმედა, როგორც წარსულის ელემენტებისგან შედგენილმა სიზმარმა. მითხრეს, ფუნესი
არასოდეს დგება საწოლიდან, წევს და მზერა ან ერთთავად სახლის უკან მდგარ ლეღვის ხეზე
აქვს მიჯაჭვული, ან აბლაბუდაზეო. საღამოობით ფანჯარასთან მიყვანის უფლებას იძლევა.
ისეთი ამაყი ბიჭუნა იყო, რომ ეს უბედური გადმოვარდნა ცხენიდან იღბლიან ამბად მიუჩნევია...
ორჯერ ვნახე თავის საწოლზე რკინის ცხაურიანი ფანჯრის მიღმა, თითქოს ტლანქად რომ
მიანიშნებდა მის პატიმრულ ცხოვრებას. პირველ ნახვაზე გაუნძრევლად იწვა, თვალდახუჭული,
მეორეზე - ისევ უმოძრაოდ, აბზინდის სურნელოვანი რტოს ჭვრეტაში დანთქმული.
უბრალო პატარა სახლის კარი ფუნესის დედამ გამიღო. ფუნესი უკანა ოთახშიაო, მითხრა. ნუ
გაგიკვირდებათ, თუ ოთახი ბნელი მოგეჩვენათ, რადგან შეუძლოდ ყოფნის საათებში ირენეო
ხშირად სანთელს არ ანთებსო. ფილაქნიანი შიდაეზო გადავჭერი, მერე - პატარა დერეფანი და
მეორე შიდაეზო. იქ ვაზი იყო, თუმცა სიბნელე, ფაქტობრივად, სრული მეჩვენა. მერე კი, უცებ,
ირენეოს მაღალი, დამცინავი ხმა შემომესმა. ლათინურად მეტყველებდა, ჩრდილებიდან
გამოსული ხმა ავადმყოფური სიამოვნებით მოიხმობდა მიმართვას, ლოცვას თუ შელოცვას.
ლათინური მარცვლები დატკეპნილმიწიან შიდაეზოში ხმიანობდა. ჩემი მღელვარების გამო ეს
მარცვლები გაუგებარი და უსასრულო მეჩვენა. მოგვიანებით, იმღამინდელ ვრცელზე უვრცესი
საუბრის დროს, გავიგე, რომ ეს იყო პლინიუსის „ბუნების ისტორიის“ ოცდამეოთხე თავის
პირველი აბზაცი, რომლის შინაარსია მეხსიერება, ხოლო უკანასკნელი სიტყვები „ut nihil non
iisdem verbis redderetur auditum“.
ისე, რომ ხმა ოდნავადაც კი არ შესცვლია, ირენეომ ოთახში შემიპატიჟა. თავის საწოლზე იწვა და
ეწეოდა. არა მგონია, მისი სახე დამენახოს მზის ამოსვლამდე. უკან რომ ვიყურები, ვგონებ, მისი
სიგარეტის მომენტალური გამონათებები მახსენდება. ოთახი ოდნავ დახუთული იყო. დავჯექი.
დეპეშისა და მამაჩემის ავადმყოფობის ამბავი ვუთხარი.
მივადექი ჩემი ამბის ყველაზე რთულ მომენტს, ამბისა, რომლის ერთადერთი raison d’кtre (რაკი
ჩემმა მკითხველებმა დასაწყისიდანვე უნდა იცოდნენ) ნახევარი საუკუნის წინანდელი ის
დიალოგია. არ შევეცდები მათში წარმოთქმული და აწ სამუდამოდ წარსულში დარჩენილი
სიტყვების რეპროდუცირებას. ამის სანაცვლოდ, კეთილსინდისიერად შევაჯამებ ბევრ რამეს, რაც
ირენეომ მითხრა. არაპირდაპირი საუბარი შორეულია და სუსტი. ვიცი, რომ მსხვერპლად ვწირავ
ჩემი ნაამბობის ეფექტურობას. მხოლოდ იმის მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი მკითხველები
ეცდებიან და მიაყურადებენ თავიანთ წარმოსახვაში ტეხილ და სტაკატო პერიოდებს, ასე რომ
გამაოგნეს იმ ღამეს.
ერთი სწრაფი მზერით მე და შენ აღვიქვამთ ღვინის სამ ჭიქას მაგიდაზე, ფუნესი აღიქვამდა
თითოეულ დაწურულ მტევანს და ვენახის თითოეულ ყუნწსა და ულვაშს. იცოდა, როგორი
ფორმა ჰქონდათ ღრუბლებს სამხრეთის ცაზე 1882 წლის 30 აპრილს და შეეძლო შეედარებინა
ისინი წიგნის მარმარილოსებურ დაწინწკლულ-დაქსელილი ყდისთვის ან რიო ნეგროდან
ამოღებული ნიჩბის შხეფებისთვის კებრაჩოს ბრძოლის საღამოს. ამ მოგონებებს მარტივიც არ
ეთქმოდა: თითოეული ვიზუალური სახე უკავშირდებოდა კუნთოვან, სითბურ და ა.შ.
შეგრძნებებს. მას შეეძლო აღედგინა ცხოვრებაში ნანახი თითოეული სიზმარი, თითოეული
ოცნება. ორჯერ თუ სამჯერ მთელი დღე აღიდგინა. ერთხელაც კი არ შემცდარა და არ
წაბორძიკებულა, თუმცა ყოველ ასეთ აღდგენას თვითონაც მთელი დღე მიჰქონდა. „მარტო მე
უფრო მეტი მოგონებები მაქვს, ვიდრე მთელ კაცობრიობას დღიდან ქვეყნიერების გაჩენისა“,
შემდეგ: „ჩემი სიზმრები ისეთია, როგორიც სხვების მღვიძარე საათები“. გათენებამდე ცოტა ხნით
ადრე კი მითხრა: „ჩემი მეხსიერება ნაგვის გროვას ჰგავს, სერ“. დაფაზე დახაზული წრე,
მართკუთხა სამკუთხედი, რომბი - ეს ყველა არის ფორმა, რომელსაც ჩვენ ინტუიციით ვწვდებით.
ირენეოს იგივე შეეძლო ექნა კვიცის ფაფრის, მთის ფერდობზე მობალახე საქონლის პატარა
ჯოგის, მოციმციმე ცეცხლისა და მისი უამრავი ნაცრის, გარდაცვლილი კაცის მრავალი
სახისადმი. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ვარსკვლავს ხედავდა ცაში.
ეს ყველაფერი მან მითხრა. არც მაშინ და არც შემდეგ არასოდეს შემიტანია ეჭვი მის სიტყვებში.
იმხანად არ იყვნენ კინემატოგრაფისტები, არც ფონოგრამები არსებობდა. მაინც შეუძლებლად
მეჩვენება, დაუჯერებლადაც კი, რომ არავინ ჩაატარა ფუნესთან ექსპერიმენტი. ისე კი, მთელი
ჩვენი ცხოვრება ყველაფერს ვდებთ, რისი გადადებაც კი შეიძლება. იქნებ არსებობს ჩვენში
გარკვეულობა, რომ უკვდავები ვართ და რომ, ადრე თუ გვიან, თითოეული კაცი მოიმოქმედებს
და გაიგებს ყველაფერს, რაც გასაგებია?
მითხრა, როგორ გამოიგონა 1886 წელს ორიგინალური თვლის სისტემა და სულ რამდენიმე
დღეში ოცდაოთხი ათასი ნიშანი გაიარა. ჩაწერით არ ჩაუწერია, რადგან ყველაფერი, რასაც
ფიქრობდა, ამოუძირკვავად რჩებოდა გონებაში. თავდაპირველი მოტივაციის როლი, ვფიქრობ,
შეასრულა გაღიზიანებამ იმით, რომ ოცდაცამეტი ურუგვაელი პატრიოტი ითხოვს ორ ციფრს და
სამ სიტყვას - ერთადერთი ციფრის, ერთადერთი სიტყვის სანაცვლოდ! შემდეგ ეს გიჟური
პრინციპი სხვა რიცხვებსაც მიუსადაგა. მაგალითად, შვიდი ათას ცამეტის ნაცვლად (7013)
ამბობდა „მაქსიმო პერესი“, შვიდი ათას თოთხმეტის (7014) ნაცვლად - „რკინიგზა“. სხვა
რიცხვები იყო: „ლუის მელიან ლაფინური“, „ლიმარი“, „გოგირდი“, „კომბლები“, „ვეშაპი“,
„გაზი“, „ქვაბი“, „ნაპოლეონი“, „ავგუსტინ დე ვედია“. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა ხუთი ათასი
(5000), ამბობდა „ცხრა“. თითოეულ რიცხვს მიბმული ჰქონდა საგანგებო სიტყვა, ერთგვარი
სანიშნე, რომლებიც ბოლოს უკიდურესად რთულდებოდა... ვცადე, ამეხსნა ფუნესისთვის, რომ
დაუკავშირებელი სიტყვების მისეული რაფსოდია სწორედაც რომ რიცხობრივი სისტემის
საპირისპირო იყო. ვუთხარი: როცა ადამიანი წარმოთქვამს „363-ს“, მაშინ ამბობს „სამი ასეული,
ექვსი ათეული, სამი ერთეული“. შეუძლებელია დაანაწევრო ნიგერ ტიმოთეო ან ერთი პონჩო
ხორცი. ფუნესს ან არ შეეძლო ამის გაგება, ან არ სურდა.
XVII საუკუნეში ლოკმა თეორიულად დაუშვა (და უკუაგდო) შეუძლებელი ენა, რომელშიც
ყოველ ცალკეულ ნივთს - თითოეულ ქვას, თითოეულ ჩიტს, თითოეულ ტოტს -
ინდივიდუალური სახელი ერქმეოდა. ფუნესმა ერთხელ განჭვრიტა ასეთი ენა, მაგრამ უკუაგდო,
როგორც მეტისმეტად ზოგადი, მეტისმეტად ორაზროვანი. მართლაცდა, ფუნესს ახსოვდა არათუ
თითოეული ფოთოლი თითოეულ ხეზე ტყის თითოეულ ბილიკზე, არამედ თითოეული
მომენტი, როცა ეს ფოთოლი დაუნახავს ან წარმოუდგენია. გადაწყვიტა, წარსულის თითოეული
დღე დაეყვანა რაღაც სამოცდაათი ათას მოგონებაზე და შემდეგ რიცხვებით განესაზღვრა. ეს
განზრახვა ორმა მოსაზრებამ გადააფიქრებინა: რომ ეს პროცესი დაუსრულებლად
გაგრძელდებოდა, და რომ ამას აზრი არ ჰქონდა. დაინახა, რომ მისი სიკვდილის დღისთვის
ჯერაც არ ექნებოდა დამთავრებული ბავშვობის მოგონებათა კლასიფიცირება.
ჩემ მიერ ნახსენები ორი პროექტი (უსასრულო ლექსიკა რიცხვების ბუნებრივი მწკრივისთვის
და ფუნესის მეხსიერებაში არსებული ყველა სახე-ხატის უსაგნო მენტალური კატალოგი)
სულელურია, თვით აბსურდულიც კი, თუმცა ნამდვილად ამხელს ერთგვარ კოჭლ სიდიადეს. ის
საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ (ან დავასკვნათ მაინც), რა თავბრუდამხვევ სამყაროში
ცხოვრობდა ფუნესი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მთლიანობაში, მას არ ძალუძდა ჰქონოდა
ზოგადი, პლატონური იდეები. არათუ მხოლოდ უჭირდა გაეგო, რომ საერთო-სახეობრივი
სიმბოლო „ძაღლი“ იღებდა ყველა ზომისა და სიდიდის ინდივიდთა სახეს, არამედ ისიც კი
აღიზიანებდა, რომ ოთხის თოთხმეტ წუთზე პროფილიდან ნანახი ძაღლი იმავე სახელით
ეხსენებინა, რომლითაც ოთხის თხუთმეტ წუთზე ანფასში ნანახს ახსენებდა. ყოველ დანახვაზე
აკვირვებდა თავისი სახე სარკეში, თავისი ხელები. სვიფტი წერს, ლილიპუტების მეფე აღიქვამდა
წუთების ისრის მოძრაობას საათზეო. ფუნესი აღიქვამდა ლპობის, კბილების გაფუჭების,
გამოფიტვის ნელ პროცესებს. ხედავდა - ამჩნევდა - სიკვდილის, სინესტის ზრდა-მოახლოებას. ის
იყო მრავალსახოვანი, მომენტალური, თითქმის აუტანლად დეტალიზებული ქვეყნიერების
მარტოხელა, გონებანათელი მაყურებელი. ბაბილონი, ლონდონი და ნიუ-იორკი აბრმავებს
ადამიანთა წარმოსახვას თავისი ძალუმი ბრწყინვალებით. მაგრამ ამ ქალაქების ხალხმრავალ
შენობებსა თუ პროსპექტებზე არავის არასოდეს უგრძნია ისეთი გამასავათებელი სიცხე და წნევა
რეალობის მხრიდან, როგორიც დღედაღამ ურტყამდა ირენეოს თავის საბრალო
სამხრეთამერიკულ სამშობლოში. ძალიან უჭირდა დაძინება. ძილი ნიშნავს გონების გამორთვას
სამყაროდან. თავის საწოლზე გადაწოლილი, ოთახის ბინდბუნდში ჩაფლული ირენეო ხედავდა
კედლის თითოეულ ბზარს, გარემომცველი კოპწია სახლების თითოეულ ორნამენტს (ვიმეორებ:
მის მოგონებათაგან თვით ყველაზე უბრალოც კი უფრო დეტალიზებული, უფრო ცოცხალი იყო,
ვიდრე ფიზიკური სიამოვნებისა თუ ტანჯვის ჩვენეული აღქმა). აღმოსავლეთის მხარეს, იქ,
სადაც მიწა ჯერ არ იყო დაყოფილი ქალაქის კვარტალებად, იდგა ირენეოსთვის უცნობი ახალი
სახლები, რომლებიც მას შავი, შემჭიდროებული, თანაბარი ჩრდილისგან შექმნილად
წარმოედგინა. ჩაძინების წინ თავს იქით მიაბრუნებდა ხოლმე. ასევე წარმოედგინა თავისი თავი
მდინარის ფსკერზე, წყლის ნაკადისგან დარწეული (და უარყოფილი).
ლათინური. ყველაფრის მიუხედავად, ვეჭვობ, რაღაც ისე ვერ ჰქონდა აზროვნებაში. აზროვნება
ნიშნავს გვერდი აუარო განსხვავებებს (ან დაივიწყო ისინი), განაზოგადო, მოახდინო
აბსტრაჰირება. ირენეო ფუნესის მოფუთფუთე სამყაროში სხვა არაფერი იყო, ლოკალიზებული
დეტალების გარდა, არსებითად - უშუალო დეტალების.