You are on page 1of 4

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება

„ლიტერატურის მხოლოდ ერთი


სკოლა არსებობს და ეს არის ნიჭი“
- ვლადიმერ ნაბოკოვი

დუშეთში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი,


რომელიც უცხო თვალისთვის არაფრით გამორჩეულია, ხოლო მათვის, ვისაც
ქართული პოეზია და ზოგადად ლიტერატურა უყვარს, იგი მეტად ძვირფასია. ამ
პატარა სახლში საუკუნე ნახევრის წინ სამყაროს დიდი ქართველი პოეტი და
მოღვაწე ვაჟა-ფშაველა მოევლინა.
ლუკა რაზიკაშვილმა ყრმობის ასაკიდანვე საკმაოდ რთული და ავბედითი
გზა განვლო, სანამ ამ ქვეყნად თავის ძირითად დანიშნულებასა და ცხოვრების არსს
იპოვიდა, სანამ იგი - ვაჟა-ფშაველად იქცეოდა. როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა,
ჩუმ და არაფრით გამორჩეულ ბავშვში შეიძლება დიდი გენიოსი იმალებოდესო (მან
ეს იოსებ ჯუღაშვილზე სთქვა), ასე ითქმოდა ლუკაზეც, იგი და-ძმათაგან არაფრით
გამორჩეული ყმაწვილი იყო. მან რვა წელი სწორედ სოფელ ჩარგალში გაატარა,
შემდეგომ თელავის სასულიერო სასწავლებელში მოუწია მოწაფეობა, თბილისის
სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელშიც
კი შეიყვანეს განათლების მისაღებად. ბოლოს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელიც იყო. ალბათ, ასეთი
საგანმანათლებლო წარსული პოლიტიკურ ფიგურასა თუ რომელიმე საზოგადო
მოღვაწეს უფრო მიესადაგება, ვიდრე ხელოვანსა და გენიოს პოეტს.
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით1 ლუკა რაზიკაშვილს პეტერბურგში სწავლის
დროს ქართველ და არამარტო ქართველ პოეტთა ნაშრომების ზეპირი ცოდნით
გამოირჩეოდა და ყველას აკვირვებდა, თუ როგორ შეეძლო ამდენი ლექსების
ზეპირად დამახსოვრება. ერთ-ერთი ცნობით ლუკამ სასწავლებელი მატერიალური
სიდუხჭირის გამო მიუტოვებია და მალევე თავის სოფელს დაბრუნებია და დაუწყია
დღისით მიწაზე, ფშავურ გრძელ ღამეებში კი - პოემებზე მუშაობა. პოემები უკეთესი
გამოსდიოდა, თუ ცნობებს დავუჯერებთ, მიწასთან შრომაში კი ძმები და მშობლები
ეხმარებოდნენ. ასეთი იდილია, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელდა 1980 წელს,
ერთი თვის მანძილზე ლუკამ ორივე საყრდენი დედაც და მამაც დაკარგა, ისინი
საკმაოდ ახალგაზრდები (56-სა და 59 წლისანი) იყვნენ, ძმები კი თბილისში
1
https://vaja--pshavela.weebly.com/43094304431943044321-4324432843044309430843144304-
430543124317430643204304432443124304.html
გადასახლდნენ და ლუკაც მარტო დარჩა სოფლად. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა
ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის
უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა, „სხვაგან რბის მისი გონება” ეტყობა ის
ცხოვრების ამ მძიმე მათრახმა გამოაფხიზლა და დაანახა მისი პოეტური ცხოვრების
გზა.
ჩემი რეფერატი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, კერძოდ მის უკვდავ „ალუდა
ქეთელაურს შეეხება. რეფერატის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან და
დღეისათვის აქტუალურ საკითხებსაც მიმოვიხილავ, რომელიც ერთი საუკუნის
მერეც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. საზოგადოებისათვის, სადაც
კანონის უზენაესობა და თანასწორობა, მართვის დემოკრატიული მექანიზმებია,
სადაც ინტერნეტი ხალხს მულტიკულტურული სოციალური გარემოს წევრობასა და
გამოცდილებას სთავაზობს, სადაც მტრის ხატების ეპოქა წესით უკან ძველ დროს
უნდა ჩაბარებულიყო.
ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ ხევსურების ყოველდღიურ ცხოვრების
აღწერით იწყება. შატილში მოდის ცნობა:
„ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი“
ვინმე ალუდა ქეთელაური, რომელიც საფიხვნოს თავში მჯდომი და ბევრი
ქისტისთვის მკლავის მომჭრელის სახელითაა ცნობილი, გაეკიდება ეულად
ქისტებს. მან უნდა დაიბრუნოს წართმეული და ქისტებზეც შური უნდა იძიოს.
მართლაც, ნაცნობი გზებით ხევსური მალევე იპოვის ორ ქისტს და შეებმება მათ
ბრძოლაში. ეს შერკინება ალუდასათვის არც პირველი ყოფილა და არც ბოლო
გამოდგება - იგი ძმებ ქისტებს კლავს, ერთს უმალ გაისტუმრებს საიქიოს,
მეორესთან კი ოდნავ გაუგრძელდება ორთაბრძოლა... რომ არა ერთი მომენტი, რაც
ალუდასათვის სამყაროსეული ხედვის შემომაბრუნებელი გამოდგა, ეს გაბრძოლება
მორიგი მის საგმირო საქმეს მიმატებული ორი გვამი იქნებოდა. მოკლულ ქისტ
ძმათაგან ერთ-ერთი - მუცალი მას ეტყვის შემზარავ სიტყვებს, რითაც ძველი
ალუდას პიროვნებას იგი კლავს, ანადგურებს:
„- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“.
ალუდასათვის ეს სიტყვები მტრისაგან, რომელიც მის კოლექტიურ
ცნობიერებაში (ვინაიდან იგი კოლექტივის წევრია, რომელშიც გაბატონებული და
დაკანონებულია შეხედულება: „ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ, კუპრში მიელის
ქშენანი“) ლაჩარი და უღვთო, სულწაწყმედილი არსებაა, რომლისგანაც სიკვდილის
წინ რაიმე მუხანათურსა და ლაჩრულს ელოდა, ესმის ეს ერთობ სულის შემძვრელი
სიტყვები და იგი ტირის. სიმბოლურია, მის ცნობიერებაში ახალი პიროვნება
ტირილის მეშვეობით შემოდის. იმ დროისთვის, მკლავის მოჭრა ხევსურებში არის
რიტუალი, საღვთო კანონი, რომელიც ყველამ უნდა აღასრულოს, ალუდა კი
მუცალის ძმას აჭრის, მაგრამ თვით მუცალს არა, იგი მას როგორც გმირსა და ძმას
ისე მარხავს. შემდეგ ბრუნდება თავის სოფელში, სადაც მისი ამბის მოსმენის შემდეგ
„რჯულის ამგდებად“ იხსენიებენ და არცხვენენ მის საქციელს. საბოლოოდ, ალუდას
აძევებენ.
ეს ერთობ ჩვეულებრივი სიუჟეტია რომელიმე პოემისა თუ რომანისა, თუმცა
ამ მარტივი ტექსტით უკვდავების შესხმა მხოლოდ დიად მწერლებს შეუძლიათ,
ასეთი კი გახლდათ ვაჟა-ფშაველა. მან ამ არც თუ ისე გრძელ პოემაში ჩაატია
მრავალი იდეა და ღირებულება, რომლის გადაფასების პროცესში ჯერ კიდევ ვართ
ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანები.
რაში მდგომარეობს ამ პოემისა და პოეტის გენიალურობა?! ამ კითხვას
პასუხი, რომ გავცეთ, საჭიროა ეტაპ-ეტაპ მივყვეთ სიუჟეტის განვითარებას. წესით,
ალუდასა და მუცალს შორის მომხდარი ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო
ჩვეულებრივი მწერლისთვის პოემის ძირითადი თემა და კულმინაცია, თუმცა არა
ვაჟასთვის. პოემის ძირითადი ნაწილი პოსტ-ორთაბრძოლულ განცდებსა და
მოვლენებს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ალუდა მუცალს სიცოცხლეს
გამოასალმებს, მას შემდეგ რაც მუცალი იარაღს მისცემს თავის ვიზავს და
სიკვდილის წინ მას შესთხოვს: „ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“ ამით მუცალი ავლენს
ზე-კაცის თვისებას, სიკვდილის წინ არა ოჯახს, სიცოცხლეს, სწრაფ სიკვდილს,
მტრის გინებას კი არ ესწრაფვის, არამედ თავისს დამმარცხებელს პატივს მიაგებს და
მის ვაჟკაცობას აქებს, უფრო მეტიც, თავის იარაღს სჩუქნის და მედგრად დგომას
უსურვებს, რომ იგი არც ერთ ბრძოლაში არ დამარცხდეს. ამით ვაჟამ ლიტერატურა
ახალ სიმაღლეზე აიყვანა. „რჯულძაღლისაგან“, ასეთ რამ ალუდას სულს
აუღელვებს და ცხარე ცრემლებს ღვრის, ეს ცრემლების არის შეცნობა იმისა, რომ მან
ამწამს დიდი ცოდვა ჩაიდინა, თუმცა იმ წამსვე შეიძინა დიდი ნეტარება, ყველაზე
დიდი ღირებულება რაც კაცობრიობას გააჩნია, რაც ქრისტიანულმა სამყარომ
კაცობრიობას აჩუქა - მტრის სიყვარული. ვაჟამ ამ სურათით სწორედაც რომ მტრის
სიყვარულის (ამ ერთობ ბუნდოვანი და ურთულესი) ფენომენის ხორცშესხმა შეძლო
ამ ნაწარმოებით.
დიახ, პირველი იმპულსები არა ალუდასაგან მოდის, რომელიც გმირის
ატრიბუტებს ატარებს, არამედ მუცალისაგან, რომელზეც ვაჟა ბევრს არაფერსაც
გვიყვება, მხოლოდ ალუდასთან შერკინების სურათს გვიხატავს და ესეც საკმარისი
აღმოჩნდება, რომ მას როგორც უდიდეს გმირს ისე აღვიქვამდეთ. მეორე მხრივ,
ალუდასათვის “რჯულძაღლის” ესეთი საქციელიც მძიმე აღმოჩნდა, ალბათ, მისმა
ვაჟკაცობამ აიძულა მტერში ღირსეული ადამიანი დაენახა, რომ ამ
მაღალღირებულებით აქტს, რომელიც მუცალისგან მოდიოდა, იმთავითვე მისი
მხრიდან გმირული პასუხი დაეხვედრებინა. ალუდას ცნობიერებაში შემოდის
ახალი ნაკადი სამყაროსეული აღქმისა, აქტით, რომელიც მასში ძველ მის
პიროვნებას ანადგურებს, მისი პრინციპები და ღირებულებები, რაც ტომის
წევრობასა და იქ არსებული ადათ-წესების დაცვაში ვლინდებოდა, სრულიად
შეიცვალა. იგი ახლა როგორც ინდივიდი ისე უყურებს სამყაროს და კოლექტიურ
აღქმაზე უარს ამბობს, ამაზე მიუთითებს ის რომ ის უარს აცხადებს მომავალში
მტრებისთვის მკლავის მოჭრაზე და აკრიტიკებს თავის რჯულს, რომელსაც
მხოლოდ თავისიანები ჰგონია ვაჟკაცები და ღირსეულები, სხვანი კი ჯოჯოხეთის
გზაზე მდგომებად აფასებს. ვაჟამ ალუდას სახით დაგვიხატა პიროვნება, რომელშიც
იბადება ინდივიდი, რომელიც სოციუმის წევრი იყო და ახლა პიროვნების
განვითარების ყველაზე მაღალ მწვერვალს აღწევს, სადაც სამყაროს
ინდივიდუალური აღქმა არის შესაძლებელი ადამიანისთვის.
ასევე, საყურადღებოა, რომ ვაჟა სიმართლის პლურალობას ქადაგებს,
როდესაც ალუდას ოჯახის წევრები გმობენ ტომის გადაწყვეტილებას, ის ამბობს,
რომ ნუ იტყვით, მათაც გააჩნიათ თავისი სიმართლეო. ეს კი თანამედროვე ეპოქისა
და იდეოლოგიის, ლიბერალიზმის ფუძემდებლური იდეაა. ამ იდეით, რომ
სიმართლეზე არავის გააჩნია მონოპოლია, წარმოიშობა ჰუმანიზმი, დემოკრატია,
სხვათა უფლებების პატივისცემა, თანასწორობა და კანონის უზენაესობა - ვაჟაც
სწორედ ამაზე ამახვილებდა ყურადღებას.
დასკვნის სახით, ალუდა ქეთელაური მანიფესტია იმის შესახებ, თუ როგორი
შეიძლება იყოს ადამიანი და რა გზა უნდა გავლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომ
მასში ინდივიდი დაიბადოს. ალუდა ქეთელაურის გზა არ არის ყველას გზა, ეს არ
არის ყველას შანსი, მაგრამ ესაა ყველას ოცნება - ამაღლდე და იყო ვაჟკაცი, გაჰყვე
შენს ფიქრს ბოლომდე, დაუჯერო შენს თავს და მიმართო თემს, რომელიც გაგწირავს
- ნუ ღელავთ ხალხო, მე მაინც მიყვარხართ2! პოემას, რომელიც ინდივიდში
პიროვნების დაბადებისა და განვითარების გზას წარმოგვიდგენს. წარმოუდგენელია
შექმნა ალუდა ქეთელაური, რომ შენ თვითონ არ იყო ალუდა. ვაჟა-ფშაველა
გახლავთ ის უიშვიათესი მოვლენა ქართული ლიტერატურის სფეროში, რომელმაც
დროსა და სივრცეს გაუსწრო, ის ჩვენი, 21-ე საუკუნის ადამიანის თანამედროვე კი არ
არის, უფრო მეტიც, ის ჩვენ ბევრი საუკუნით გვისწრებს და მრავალი წელი იქნება
აქტუალური მორალურ-ღირებულებითი სახელმძღვანელო მთელი თაობებისათვის.

ხატია სალუქვაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელოვნებათა და მეცნიერების ფაკულტეტი
ქართული ფილოლოგია

2
ლევან ბერძენიშვილის ვიდეო ლექცია (ბმული)

You might also like