You are on page 1of 54

ვაჟა-ფშაველას ლიტერატურულ საზოგადოებრივი აზროვნება

ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს აღმოსავლეთ


საქართველოს მთის კუთხეში _ ფშავში, სოფ. ჩარგალში. ადგილს გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს მისი პიროვნების აღსაქმელად: საქართველოში მთის ხალხს
ბატონი არ ჰყოლია, მე-19 საუკუნემდე ფშავში კვლავ თემური წყობილებაა;
მითოლოგია რეალობაა, ხოლო ვაჟკაცობა _ ცხოვრების წესი.
ვაჟა-ფშაველა ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმია. მწერლის წინაპრები
მეცხვარეობას მისდევდნენ და მთის მოთარეშე ტომებისგან, ძირითადად ლეკებისგან,
იცავდნენ თავიანთ მიწა-წყალს. პოეტის მამამ, პავლე რაზიკაშვილმა, ცხოვრების სხვა
გზა აირჩია; მშობლების ნების წინააღმდეგ განათლება მიიღო და მღვდელი გახდა.
დედა _ გულქან ფხიკელაშვილი _ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ
ზეპირსიტყვიერების მცოდნე და თავადაც კარგი მოლექსე. პავლესა და გულქანს
ექვსი შვილი ჰყავდათ. მათგან ლუკა (ვაჟა-ფშაველა), ნიკო (ბაჩანა) და თედო
ცნობილი მწერლები გახდნენ.
ათი წლის ვაჟა 1971 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1879
წლიდან ის ჩაირიცხა გორის საოსტატო სემინარიაში, რომელიც 1882 წელს
დაამთავრა და ტოლათსოფელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამავე
პერიოდიდან იწყება მისი ინტენსიური ლიტერატურულ-შემოქმედებითი მუშაობა,
სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობა.
1883-1884 წლებში ვაჟა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე ისმენდა ლექციებს, მაგრამ უსახსრობის გამო მალე სამშობლოში
დაბრუნდა. ის ერთხანს შინამასწავლებელად მუშაობდა სოფ. ოთარშენში, სადაც
გაიცნო ეკატერინე (კეკე) ნებიერიძე და 1886 წელს ცოლად შეირთო. იმავე წელს ვაჟა
დაინიშნა სოფელ დიდ-თონეთში მასწავლებლად. სწორედ აქ მოსწავლეთა
მშობლებისათვის დაწერა ვაჟამ თავისი დიდაქტიკური შინაასის ნაშრომი _ „საუბარი
ბავშვებზედ“, რომელიც თავიდან ბოლომდე აღზრდის საკითხებს ეძღვნება და
მნიშვნელოვანია მწერლის საზოგადოებრივი აზროვნების წარმოსაჩენად. დიდ-
თონეში ვაჟამ ორი წელი დაჰყო. სამართლიანობის გამო მწერალმა სოფელში მტრები
გაიჩინა. სოფლის მღვდლის საჩივრის საფუძველზე წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ ვაჟა მასწავლებლობიდან გაათავისუფლა, სამაგიეროდ გაზეთ
„ივერიის“ რედაქციაში შესთავაზა ადგილი. რედაქციაში ვაჟა რამდენიმე დღე
გაჩერდა, ვერ შეეგუა ოთახის ჩაკეტილ სივრცეში მუშაობას და ჩარგალში დაბრუნდა.

ვაჟასა და კეკეს ოთხი შვილი ეყოლათ: გულქანი, მარიამი, თამარი და ლევანი


(ლევანი ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1923 წელს). 1902 წელს ვაჟას მეუღლე
გარდაეცვალა; 1904 წელს მან მეორე ცოლი _ თამარ დიდებაშვილი _ შეირთო და
შეეძინა მეხუთე შვილი _ ვახტანგი.

ვაჟა ოჯახს მძიმე ფიზიკური შრომით არჩენდა, რამაც იმოქმედა მის


ჯანმრთელობაზე. 1915 წელს ის ფილტვების ანთებით გახდა ავად. ოდნავ რომ
მომჯობინდა, თბილისში ჩამოვიდა. ახალგაზრდა მწერლებმა მას იუბილე
გაუმართეს; საღამოს ორთაჭალის ბაღში გაიშალა სუფრა. ვაჟა გამოჯანმრთელებული
არ იყო და ავადმყოფობა შეუბრუნდა. 1815 წლის 14 ივნისს მწერალი ლაზარეთში
გადაიყვანეს, რომელიც მაშინდელი გიმნაზიის (დღევანდელი სახელმწიფო
უნივერსიტეტის) შენობაში მდებარეობდა. მას პლევრიტის დიაგნოზი დაუსვეს. ვაჟას
მდგომარეობა ლაზარეთში თანდათან დამძიმდა. 1815 წლის 27 ივლისს (ძვ. სტ.) ვაჟა-
ფშაველა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველმა საზოგადოებამ ვაჟას ცხედარი დიდუბის პანთეონში დაკრძალა.


გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, 1935 წელს, დიდი პოეტის ნეშტი მთაწმინდის
პანთეონში გადაასვენეს.

ვაჟა მეგობართა თხოვნით სიცოცხლის ბოლო წლებში წერდა ავტობიოგრაფიულ


ნაშრომს „ჩემი წუთისოფელი“, რომლის დამთავრება, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო.
მიუხედავად ამისა, ნაწრომი ძირითადი წყაროა მისი ბიოგრაფიისათვის. ვაჟას
თითქმის ყველა საეტაპო ნაწარმოებში ასახულია საზოგადოებისა და პიროვნების
ურთიერთდამოკიდებულება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლის
საზოგადოებრივი აზროვნების წარმოსაჩენად. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს საკითხი
იკვეთება მის პოემებში _ „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სტილით.


მწერალმა ქართულ სალიტერატურო ენაში შემოიტანა ფშაური დიალექტისათვის
დამახასიათებელი სიტყვები და გამოთქმები, რაც მისი პოეტური სტილის
თავისებურებაა და არა _ პროზაულის. თავისი ენის გამო ვაჟას სიცოცხლეშიც ჰქონია
უსიამოვნებები და სიკვდილის შემდეგაც მწერლის ენა მისი დისკრედიტაციის საბაბი
გამხდარა.

ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული აზროვნება პუბლიცისტურ დისკურსში

შეხედულებები მხატვრული ცნობიერების საკითხებზე ვაჟა-ფშაველას


უმთავრესად გამოთქმული აქვს შემდეგ წერილებში: „ნიჭიერი მწერალი“, „სად არის
პოეზია“, „ენა“, „ფიქრები“, „Prodomo sua”, „პასუხად იპ. ვართაგავას“, „პასუხად პეტრე
მირიანაშვილს“, „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, „ფშაური პოეზია“, „რამე-რუმე“
და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული პერიოდის ვაჟას შეხედულებანი პოეტისა და


პოეზიის დანიშნულების შესახებ ლექსითი თხზულებების სახით არის
გადმოცემული და ისინი სრულად ვერ გამოხატავენ მწერლის თვალსაზრისს.
ლიტერატურათმცოდნეობითი წერილების წერა ვაჟამ მოგვიანებით დაიწყო,
„Prodomo sua” ოცდათხუთმეტი წლისამ დაწერა, სხვა ამ ხასიათის ნაშრომებიც
სიცოცხლის ბოლო ათეულ წლებს მიეკუთვნება. ილიასა და აკაკისაგან განსხვავებით,
ვაჟას თავიდანვე არ მოუცია თავისი მოსაზრებების ისეთი ჩამოყალიბებული სახე,
როგორიც წარმოჩნდება ილიას პუბლიცისტიკაში _ „ორიოდე სიტყვა“, „პასუხი“,
„საქართველოს მოამბეზედ“, აკაკის სტატიაში „რაოდენიმე სიტყვა ჩანგურის შესახებ“.
ეს წერილები დიდმა კლასიკოსებმა ოცდაოთხი-ოცდახუთი წლის ასაკში
გამოაქვეყნეს, რათა თავიანთი პოზიცია ლიტერატურულ სარბიელზე მკაფიოდ
გამოეხატათ და მისი უპირატესობა ეჩვენებინათ . ვაჟას წინაშე კი ასეთი მოთხოვნები
არ იდგა. ის ეთანხმებოდა ილიასა და აკაკის მიერ უკვე დამკვიდრებულ
ლიტერატურულ პოზიციას და ახალ-ახალი საკითხების წამოჭრას კი არ ისახავდა
მიზნად, არამედ უკვე ცნობილის _ სხვაგვარად გაშუქებას, აქამდე ართქმული
სიტყვიერი ფორმით წარმოდგენას მკითხველის წინაშე 1; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ვაჟა-ფშაველამ არ გააფართოვა საკითხების წრე და ახალი პრობლემები არ დასვა
ლიტერატურული აზროვნების წინაშე.

ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მრწამსი 80-90-იან წლებში ყალიბდება,


კრიტიკოსი გრ. კიკნაძის აზრით, „ვაჟას, ილიასა და აკაკის შორის განსხვავებას
თვალსაზრისი კი არა, ინდივიდუალობა ქმნის. ვაჟა მსოფლმხედველობრივად
ილიასა და აკაკის თანამედროვე უფროა, ვიდრე მომდევნო თაობის
წარმომადგენელი“ (გრ. კიკნაძე 1967 : 9). კრიტიკოსი მწერლის ლიტერატურული
მრწამსის განსაზღვრაში უპირატესობას ანიჭებს მის თეორიულ ნააზრევს, თუმცა არ
გამორიცხავს მის კავშირს მხატვრული სიტყვის მომდევნო თაობასთან. მწერლის
ინდივიდუალურობა, რომელიც განასხვავებს მას დიდი კლასიკოსებისაგან,
აახლოებს ვაჟას შემოქმედებას უახლესი ქართული ლიტერატურის
წარმომადგენლებთან, ახლებური მსოფლხედვისა და აღქმის მქონე მოდერნისტ
მწერლებთან. ესეც გასათვალისწინებელია, რომ ვაჟას მოდერნიზმთან სიახლოვის
აღიარებას საბჭოთა კრიტიკოსები არ ისურვებდნენ თვით ვაჟას დაცვის მიზნით.

***

ვაჟას მიერ წამოყენებული ლიტერატურის თეორიის პრობლემებიდან


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოეზიის არსის განმარტება. პოეზიის საფუძველს
ვაჟა ბუნებასა და ადმიანთა ცხოვრებაში ხედავს. იგი წერს: „გარეშე ბუნებისა და
ადამიანთა ცხოვრებისა არ არის პოეზია, ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება,
თუნდა ლექსებს, დრამებსა და რომანებს არ სწერდეს, მაინც პოეტია“ (ვაჟა-ფშაველა
1964 : ტ. 9, 394 / „სად არის პოეზია?“) ვაჟას აზრით, კაცთა ცხოვრებაში არსებული
ყველა მოვლენა აუცილებლად გვხვდება ბუნებაშიც. ბუნებაში ვხედავთ ძლიერების
წარმომადგენლებს: ლომს, ვეფხვს, არწივს. „ჩვენ საზოგადოებაშიც არიან ისინი,
მხოლოდ აღმოჩენა უნდა...“ როგორც კაცთა საზოგადოება გვაძლევს მავნებელ
ადამიანებს, ასევე ბუნებაც ბადებს გესლიან ქვეწარმავლებს. „რაც უნდა განვითარების

1
შდრ. გრ. კიკნაძე, „ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“, იხ. „ვაჟა-ფშაველა
ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“, თბ., 1967, გვ. 9.
უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს კაცობრიობის ცხოვრებამ, მაინც მასში უნდა სჩანდეს
ბუნება საერთოდ... ჩვენ ბუნებაში ვართ, იგი ჩვენშია“ (იქვე, 395), _ წერს ვაჟა.

ბუნებისა და ადამიანის კავშირის აღქმა აუცილებელია პოეზიისთვის, რადგან


„ყველაფერი, რასაც ბუნებრივობა ეტყობა: სიძულვილი თუ სიყვარული, შური,
მტრობა, სიმამაცე და სიმხდალე, ქველობა თუ სიძუნწე და სხვა და სხვ., იქ უსათუოდ
პოეზიაა. ყველაფერს თავისი გასამართლებელი საბუთი აქვს, მიზეზი, გარემოება.
მწერალს ეს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ბუნებრივს კანონს არ უმტყუვნოს“ (ვაჟა-
ფშაველა 1964 : ტ. 9, 397/ „სად არის პოეზია?“). სწორედ ამ კანონის დაცვაში ხედავს
ვაჟა უკვდავ ქმნილებათა ავტორების უკვდავებას; რუსთაველის უკვდავებასაც იმით
ხსნის, რომ მის ნაწარმოებში ყველაფერი ბუნებრივია. მწერლის აზრით, პოეზია
ასახავს ადამიანთა ცხოვრებას ბუნების მეშვეობით, მწერალი ბაძავს ბუნებას
პერსონაჟთა სახით.

ვაჟა გვეუბნება, რომ მატერიალურ ბუნებას აქვს უცვლელი კანონები, რომლებიც


საფუძველია ბუნების ჰარმონიისა, წესრიგისა. მატერიალურ ბუნებას გონება არა აქვს,
მაგრამ მისი წესრიგი, კანონზომიერება ადამიანებში გაკვირვებას იწვევს. ბუნება
ადამიანზე გონიერად წარმოჩნდება. ბუნების ეს საკვირველი კანონზომიერება უდევს
საფუძვლად ხელოვნებას და თვით ბუნებას აძლევს ხელოვნების ხასიათს.

ვაჟას აზრით, კაცობრიობამ განვითარების რა საფეხურსაც არ უნდა მიაღწიოს,


ბუნებას მაინც ვერ გადალახავს. რომც გადალახოს, იგი არასოდეს დაჰკარგავს
სიყვარულისა და სიძულვილის გრძნობას, ვერ უარყოფს სიცოცხლეს, ცხოვრებას.
ბუნებისადმი მიბაძვა სწორედ სიცოცხლის მიბაძვაა და როგორც არ უნდა
განვითარდეს კაცობრიობა, როგორც არ უნდა დაიმორჩილოს მან ცხოვრების
კანონები, ცოცხალი ადამიანი გრძნობას ვერ დაჰკარგავს; ხოლო, სანამ გრძნობა
იარსებებს, პოეზიაც იცოცხლებს. აი რატომ არის პოეზია სამარადისო, როგორც
ბუნება და კაცობრიობის სიცოცხლე.

აღსანიშნავია, რომ პოეზიის საფუძველზე მსჯელობისას ვაჟა მიუთითებს, რომ


მისი შეხედულებები არც ერთი თეორიიდან არ მომდინარეობს და მხოლოდ და
მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ნაყოფია. თავისი ნააზრევის გადმოცემას
მწერალი იწყებს იმ თეორიის მკაცრი კრიტიკით, რომელიც პოეზიის წარმავლობასა
და მისი ადგილის მეცნიერებით ჩანაცვლებას ქადაგებს. ხელოვნების
თანდათანობითი „კვდომის“ ჰეგელისეულ თეორიას ვაჟა ჯიქურ უპირისპირდება: „...
რამდენი განათლებული გვყავს იმ აზრის მქადაგებელი, პოეზიამ დღე მოჭამა, მას
მომავალ კაცობრიობის ცხოვრებაში ადგილი აღარ ექნება, მის ადგილს მეცნიერება
დაიჭერსო... ამ მოძღვრების მიმდევარ კაცს, თქვენვე იფიქრეთ, რა დაფასება უნდა
შეეძლოს ლიტერატურული ნაწარმოებისა, სით რას გაიგებს პოეზიის თავსა და
ბოლოს, როდესაც არ იცის მისი საფუძველი...“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 392 / „სად
არის პოეზია?“)

ამრიგად, ვაჟას აზრით, ხელოვნება იარსებებს მანამ, სანამ კაცობრიობა არსებობს;


რადგან მეცნიერება ადამიანს მხოლოდ ფიზიკურად აკმაყოფილებს, მისი სული კი
ხელოვნებამ უნდა დააკმაყოფილოს: „ხელოვნებამ დაცემული სული უნდა აამაღლოს,
სულის ამაღლებამ სხეულსაც თავისი პირვანდელი სილამაზე და მშვენიერება უნდა
დაუბრუნოს“ („კაი-ყმა“ 1986 : 124). დაცემულის ამაღლებაში, სულიერ კათარზისში
ხედავს ვაჟა ხელოვნების ფუნქციას, მაგრამ მწერალი კიდევ უფრო შორს მიდის და
თვლის, რომ სულიერ ამაღლებას სხეულის სიმშვენიერეც მოჰყვება. იოსებ
იმედაშვილთან საუბრის დროს ვაჟას აღუნიშნავს: „კლასიკური სხეული ბუნებასთან
ახლს იდგა, თვით ბუნება იყო და იმიტომ მარად მომხიბლავი... ახლა კი
დავმახინჯდით... დამახინჯდა სხეული, დამახინჯდა სულიც... და პირიქით“ (იქვე).
მნიშვნელოვანია, რომ სული და სხეული ერთ ჰარმონიულ მთლიანობად აღიქმება
მწერლის მიერ. ნათელია, რომ გამოთქმული თვალსაზრისი იდეალისტური
მსოფლმხედველობიდან მოდის.

***

მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა-ფშაველა ზუსტად არ ჯდება რეალიზმის


ფარგლებში და იდეალისტური ლიტერატურული მიმართულებებისკენ ნაწილობრივ
იხრება, თეორიულად მისთვის მაინც უცხოა ხელოვნების იდეალისტური გაგება _
„ხელოვნება ხელოვნებისათვის“. აი, რას წერს ის თავის წერილში „რამე-რუმე“:
„იქნება ზოგმა იუცხოვოს და სთქვას: ხელოვნებას საჭიროებასთან რა კავშირი აქვს,
ხელოვნება ხელოვნებისათვის უნდა იყოსო. მაგრამ თუ ღრმად ჩაუკვირდებით,
ყველა პოეტს ქვეყნის საჭიროება აღონებს და აწუხებს, _ იგი ელტვის მადლიანს,
სარგებლიანს კაცთა ერთმანეთზე დამოკიდებულებას და სარგებლიანს ცხოვრებას“
(ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 402 / „რამე-რუმე“). ვაჟას მაგალითად შექსპირი მოჰყავს და
ამბობს, რომ, თუ დავაკვირდებით ამ უდიდესი პოეტის შემოქმედებას, დავინახავთ,
რომ ის ისწრაფვის დააკმაყოფილოს არა ერთი რომელიმე ერის საჭიროება, არამედ
მთელი კაცობრიობისა.

ვაჟას აზრით, რაკი მხატვრული ცნობიერება საზოგადოებასა და მის


ინტერესებს ემსახურება, მას არ შეიძლება რეალური სინამდვილე არ ასაზრდოებდეს.
თავისი რეალისტური შეხედულება ხელოვნებასა და ლიტერატურაზე ვაჟამ ასე
ჩამოაყალიბა: „ხელოვნება ხალხის საჭიროებას თან მისდევს“, რაც ამტკიცებს, რომ
ვაჟა ილიასა და აკაკის გზის გამგრძელებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც
და მათ ზეგავლენასაც განიცდის. თუმცა ამ გარემოებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს,
რომ ვაჟას შემოქმედების ნაწილი _ მისი მისტიკურ-ალეგორიული მოთხრობები და
ლექსები _ გამოვყოთ რეალიზმის ჩარჩოებიდან და ვაჟას შემოქმედებაში მსოფლიოს
მხატვრული ტენდენციების გამოვლინებად, მოდერნისტული ლიტერატურის
საწყისად მივიჩნიოთ.

ვაჟას ცდილობს მსოფლიოს ტენდენციების გათვალისწინებას, მაგრამ ნიადაგს


თავისი ნაწარმოებებისთვის ყოველთვის ეროვნულ გარემოში პოულობს; თვლის, რომ
მხოლოდ ნაციონალურ ნიადაგზე აღმოცენებულ ნაწარმოებს მიიღებს სხვა ერიც.
„ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა, აღმოაცენა და განადიდა
იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს საკუთარ შვილებად, _ წერს ვაჟა, _ ... მაგრამ
მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია
ეროვნულ ნიადაგზე“, რადგან შექსპირით ისე ვერავინ დატკბება, როგორც
ინგლისელი და „ვეფხისტყაოსანსაც“ ისე ვერავინ გაიგებს, როგორც ქართველი,
თუგინდ ძალიან კარგი თარგმანი იყოს ან თუნდაც მკითხველმა კარგად იცოდეს ის
ენა, რომელზედაც კითხულობს; მაგრამ გენიალურ ქმნილებებს ეს ხელს არ უშლით,
რომ ნაციონალური საზღვრები გადალახონ და მსოფლიო საკუთრებად იქცნენ. ამას
ისინი აღწევენ არა ნაციონალური ნიშან-თვისებებისა და ხასიათის დაკარგვის გზით,
არამედ მათი საშუალებით. ვაჟა ასეთ დასკვნას აყალიბებს: „გენიოსს, როგორც
პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი,
ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდგან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა,
როგორც მეცნიერება“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 253/ „კოსმოპოლიტიზმი და
პატრიოტიზმი“).

***

საკითხს, თუ როგორი უნდა იყოს მწერალი (მწერალში იგი გულისხმობს


პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს) ვაჟამ 1910 წელს სპეციალური სტატია უძღვნა
სათაურით „ნიჭიერი მწერალი“. ამაზევე ლაპარაკობს პოეტი კრიტიკოს
ვართაგავასადმი პასუხში, თავის დაუმთავრებელ სტატიაში „რამე-რუმე“,
პუბლიცისტურ წერილში „პატარა ფიქრები“, აგრეთვე _ 1890 წელს დაწერილ ლექსში
„მგოსანს“ და სხვ.
ვაჟა თვლის, რომ უპირველეს ყოვლისა მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ენა,
რადგან ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალურობა, მისი „მე“. ენა ნაწარმოებს
განსაკუთრებულ დაღს დააჩნევს ხოლმე. ის იძლევა შესაძლებლობას, ადვილად
გამოვიცნოთ ნიჭიერი მწერლის ყველა ნაწარმოები რამდენიმე მათგანის წაკითხვის
შემდეგ. „ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად,
შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამს ეკუთვნის“,
_ წერს ვაჟა-ფშაველა წერილში „ნიჭიერი მწერალი“, _ „ამ განსაკუთრებულ დაღს
ნიჭიერი მწერლის ნაწარმოებს ასვამს ენა, რაშიაც, ვაჟას სიტყვებით, „უხვად
ჩაქსვილია მთელი მისი სულიერი სიცოცხლე“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 294).

ამ აზრს ვაჟა იმეორებს თავის სხვა სტატიაშიც „ენა (მცირე შენიშვნა)“, რომელიც
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა 1901 წელს. ვაჟა სვამს კითხვას _ „რას ჰქვიან ენის
ცოდნა?“ და თვითონვე პასუხობს: „არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა
ისიც გვესმდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება
როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ
შეგნებისათის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს ქართულად
უცემდეს გული და მაჯა“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 186).

ვაჟა თვლის, რომ ყველა ნიჭიერი პოეტი ენის საუკეთესო მცოდნე უნდა იყოს,
რადგან „ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც
თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავის მშობელთან ისე
დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი“
(იქვე).

ყოველი მწერლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ესმის მას


საზოგადოდ ენისა და, კერძოდ, მხატვრული მეტყველების საკითხები. ეს
პრობლემები აღელვებდა ვაჟა-ფშაველასაც, რადგან მისი ნაწარმოებების ენა
მკითხველთა წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. კრიტიკოსები შენიშნავდნენ,
რომ ვაჟას ენა განსხვავდებოდა საყოველთაოდ მიღებული ლიტერატურული ენისგან,
რომ იგი ფშაური კილოსკენ იხრებოდა. კერძოდ, 1888 წელს პეტრე მირიანაშვილი
წერდა: „... ბ-ნ ვაჟა-ფშაველას ფშაურმა პოეზიამ დღევანდელს ქართულთან
შედარებით უკან ჩამორჩენილი გრამატიკული ფორმები შემოიტანა და ამასთანავე
ზოგიერთი მეტხორცი სიტყვებიც“ (პ. მირიანაშვილი 1955 : 96).

წერილს ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა. მეტად საინტერესოა მისი მსჯელობა


სალიტერატურო ენისა და კუთხური კილოს ურთიერთდამოკიდებულებაზე.
პოლემიკური ხასიათის წერილში არ შეიძლებოდა მოქცეულიყო ყველა საინტერესო
ენობრივი საკითხი. ეს იქნებოდა გადახვევა საპოლემიკო თემიდან; მაგრამ რამდენაც
შესაძლებელია, ვაჟას მაინც აქვს გამოთქმული თავისი შეხედულებები. მან აღიარა
სალიტერატურო ენაში კილოების შემოტანის შესაძლებლობა, განსაკუთრებული
უპირატესობა კი ფშაურს მიანიჭა, რადგან, მისი აზრით, ამ კუთხის მეტყველებაში
ძველი ქართული ენის ნორმები ყველა კილოზე უფრო მეტად არის შემონახული. ვაჟა
ამ ფაქტის მიზეზსაც ასახელებს: მთის ხალხს არ განუცდია არაბების, სპარსელების
და თურქების შემოსევა; ამიტომაც ძველი ქართული კლასიკური ძეგლების ენა
ძალიან ჰგავს მათი საუბრის კილოს.

ვაჟას ენის სათავედ ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები მიაჩნია და „ის ქართველი


თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულია შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული
ენა“. „სხვებს რომ თავი დავანებოთ, _ წერს ვაჟა, _ ნიჭიერ მწერლებად და ენის
მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა _ შოთა რუსთაველი და დავით
გურამიშვილი, გაურყვნელის ენის მოსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე
მაქვს დამოკიდებულება და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იქიდან ვიძენ“ (ვაჟა-ფშაველა
1964 : ტ. 9, 187 / „ენა (მცირე შენიშვნა)“). მწერლის სიტყვები ნათლად ადასტურებს
იმ გარემოებას, რომ ვაჟა შეგნებულად იცავს ლიტერატურაში მთის კილოების
„დაშვების“ შესაძლებლობას.

ვაჟას მიერ სალიტერატურო ნორმების შეგნებული დარღვევა ჯერ კიდევ აკაკი


წერეთელმა გააკრიტიკა მკაცრად კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის „სიტყვიერების
თეორიისათვის“ საგანგებოდ დაწერილ რეცენზიაში. აი, რას ამბობს აკაკი
რაზიკაშვილების ენობრივ თავისებურებათა გამო: „საწყენი ის არის, რომ განგებ
ამახინჯებენ თვითვე მათ ნაწარმოებს ქართულის გადაჯორკვ-გადმოჯორკვით და
შიგა და შიგ ისეთ რამეებს ახორცმეტებენ, რომ მშვენიერებას საუწმინდუროდ
ჰდაღვენ... ქართული ენის სიმდიდრეს უმეტესად შეადგენენ ზმნები, მათი უღლივება
და მიმოხრა... და ზმნებს საზოგადოდ რაზიკაშვილებიც ვერა, ანუ უფრო მართებული
იქნება ვსთქვათ, განზრახ არა ხმარობენ სისწორით“ („აკაკის თვიური კრებული 1899 :
#2, 101).

ამ შენიშვნის გამო ვაჟა სიცოცხლის ბოლომდე ნაწყენი დარჩა აკაკიზე. ვაჟას


ენასთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ისტორიულ-ლიტერატურული
ფაქტი: 1895 წელს რაფიელ ერისთავის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ
წერილებში აღინიშნა, რომ ძმებმა რაზიკაშვილებმა განიცადეს რაფიელ ერისთავის
გავლენა. ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა გრ. ყიფშიძე, რომელიც ერთგვარად
იცავდა ვაჟა-ფშაველას და ამტკიცებდა, რომ ეს აზრი სიმართლეს არ შეეფერებოდა.
გრიგოლ ყიფშიძეს თვით ვაჟა გამოეკამათა წერილით „Prodomo sua”. იგი წერს: „თ.
რაფაელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებური მთის
კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შესძრა იგი. ამასთანავე ნუ
დავივიწყებთ იმასაც, რომ თუმც შეგირდი გახლდით, მაგრამ ხალხური, ფშაური,
ხევსურული ლექსები ბევრი ვიცოდი; ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში
განსაკუთრებული კუთხე ეჭირა; თუმც მაშინაც ლექსებს ვსწერდი, ანუ, უკეთ რომ
ვსთქვათ, ვბღაჯნიდი, მაგრამ ამ საერო კილოზე წერას ვერა ვბედავდი, რადგან
მწერლობაში ლექსების წერის კილოდ არ იყო მიღებული, არამედ სხვა კილო
მეფობდა. ჯერ დღესაც სჭირს ამ ფშაურს კილოზე ნაწერის ლექსების
საზოგადოებისგან ყურის დაგდება და მაშინ ხომ უფრო საძნელო იქნებოდა. ჩვენმა
სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაფიელ ერისთავმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა
ლექსებს და ჟურნალ „ივერიამ“ გზა დაუთმო, მეც გაბედულება მომემატა“ (ვაჟა-
ფშაველა 1964 : ტ. 9, 180).

ვაჟას მიერ სალიტერატურო ენაში ფშაური კილოსათვის დამახასიათებელი


სიტყვებისა და გამოთქმების შემოტანას კიდევ ერთი მიზეზი აქვს. ვაჟა ამ პროცესს
ენის გამდიდრების, ლექსიკის გამრავალფეროვნების ცდად აღიქვამს, რადგან ახალი
ფორმების შეტანას სამწერლობო ენაში ენის განვითარებად მიიჩნევს, ხოლო მათ
გატანას ენიდან _ ერის გაღარიბებად. მწერალი აღნიშნავს, რომ ენის განვითარება
მისი ბუნების ცვლას არ ნიშნავს; „თუ ეს მოხდა, მაშინ ენაცა კვდება. წინ წასვლა ენისა
და წარმატება მხოლოდ იმისი მომასწავებელია, რომ ენა მდიდრდება ახალის
სიტყვებით, რომელიც საჭიროა ახალ მცნებათა გამოსახატავად“ (ვაჟა-ფშაველა 1964 :
ტ. 9, 63/ „მცირე შენიშვნა (პასუხადბ-ნ პეტრე მირიანაშვილს)“). მდიდარ ენად ვაჟას ის
ენა მიაჩნია, რომელსაც ერთი ცნების გამოსახატავად რამდენიმე სიტყვა მოეპოვება.

ამრიგად, ვაჟას მიერ ფშაური მეტყველების შემოტანა სალიტერატურო ენაში


რამდენიმე გარემოებამ გამოიწვია: 1)ხალხური პოეზიის ზეგავლენამ; 2) რაფიელ
ერისთავის მთის კილოზე დაწერილმა ლექსებმა; 3) ძველი ქართული ლიტერატურის
კლასიკურმა ძეგლებმა; 4) ენის გამრავალფეროვნებისათვის ზრუნვამ და 5)
უპირველეს ყოვლისა, ვაჟას მხატვრულმა სტილმა _ პოეტურ ტექსტებში კუთხური
მეტყველების თავისებურმა ესთეტიკურმა ღირებულებამ. ეს უკანასკნელი
გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვაჟას მიერ სალიტერატურო ენაში
ფშაური მეტყველების შემოტანის მიზეზებზე ვმსჯელობთ. ვაჟა გარკვევით
მიუთითებს, რომ „მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი
წინადადებანი, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს,
მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული; მაშასადამე ორიგინალობა
უნდა ეტყობოდეს!“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 294/ „ნიჭიერი მწერალი“). ასეთ
ორიგინალობას ვაჟას ნაწარმოებებს ანიჭებს ფშაური კილოსათვის დამახასიათებელი
სიტყვები და გამოთქმები. მეცნიერმა გრიგოლ კიკნაძემ ზუსტად დაინახა ვაჟას
სტილის ეს თავისებურება და მიუთითა, რომ „მხატვრული ნაწარმოების შეფასებისას
ურთიერთისგან მკაფიოდ უნდა იქნას განსხვავებული ენათმეცნიერული და
პოეტური თვალსაზრისი“ (გრ. კიკნაძე 1966 : 16). ვაჟას მიერ გამოყენებული ფორმები
და გამოთქმები ენათმეცნიერული პოზიციიდან სალიტერატურო ენის ნორმების
დარღვევაა, მაგრამ მათ გარეშე ვაჟას ენას ერთმევა ესთეტიკური ფუნქცია, რომელიც
მწერლის მხატვრულ სტილს განსაზღვრავს; ეს ფრაზეოლოგიური თავისებურებები
ქმნის სწორედ მწერლის ენობრივ ორიგინალობას. რასაკვირველია, ვაჟა მათ
შეგნებულად მიმართავდა. მწერალმა შესანიშნავად იცოდა სალიტერატურო ენა და
იცავდა მის ნორმებს თავის პუბლიცისტურ წერილებსა და პროზაულ თხზულებებში,
ხოლო ლირიკასა და პოემებში იყენებდა ფშაური კილოსათვის დამახასიათებელ
სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც უშუალობას მატებდა ნაწარმოებში
გადმოცემულ აზრებსა და განცდებს.

მიუხედავად ვაჟას მიერ სალიტერატურო ენაში დიალექტური ფორმების


შემოტანისა, მწერალს ძალიან კარგად ესმოდა ქართული სალიტერატურო ენის
მნიშვნელობა. იგი ილია ჭავჭავაძის _ ენის მთავარი რეფორმატორის _ იდეოლოგიას
მისდევდა და არც შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონოდა საზოგადოდ
ენისა და მხატვრული მეტყველების საკითხებზე, არ შეიძლებოდა სალიტერატურო
ენის წინააღმდეგ წასულიყო და რომელიმე ერთი დიალექტის თვალსაზრისზე
მდგარიყო. ვაჟას ეს პოზიცია არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ აურჩევია2.

***

ენა, ვაჟას აზრით, მწერლის ნიჭის თავისებური გარეგანი გამოხატულებაა.


მწერლის შინაგანი ღირსება კი თემის არჩევასა და საზოგადოებრივი ცხოვრების
უმთავრესი საკითხების გაშუქების უნარში მჟღავნდება; იმაში, „თუ რა მოვლენანი
გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი... და
რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ,
რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9,
294 / „ნიჭიერი მწერალი“). ამგვარი თემის არჩევანი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ
რამდენად იცის მწერალმა ცხოვრება, რამდენად ესმის მას ცხოვრების მნიშვნელოვანი
საკითხები და აქვს უნარი მისი გამოხატვის; „რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია

2
იხ. ჯუმბერ ჭუმბურიძე, „მწერლები და კრიტიკოსები“, თბილისი, 1974, გვ.205.
მწერალი, მით უფრო მჭიდროდ არის იგი დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავ
საკითხებთან ... გენიოსს არ შეუძლია იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად“ (იქვე).

მწერლის მოვალეობას ვაჟა ლუდვიგ ბერნეს სიტყვებით გადმოგვცემს: „თუ


გინდა ორიგინალური, თავისებური მწერალი დაგიძახონ, სწერე ის, რასაც ჰფიქრობ,
ისე, ..., როგორც შენს სულსა და გულს უნდოდეს, მოსწონდესო“ (ვაჟა-ფშაველა 1964 :
134 / „ფიქრები“); მაგრამ აქვე დასძენს, რომ ნათქვამს გაგებაც უნდა, და ვისაც რა
ფიქრი მოუვა თავში, იმის დაწერით მწერალი ვერ გახდება. მწერალს სული და გული
სჭირდება, რაც, საუბედუროდ, ბევრს აკლია. მწერლის სულისა და გულის ქონას ვაჟა
შემდეგნაირად ხსნის: „აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, უნდა
ქვეყნისთვის, ცხოვრებისთვის სიკეთე თუ არა“ (იქვე). მარტო ეს ღირსებებიც არ
კმარა მწერლისთვის. ის ხალხის გულში უნდა ტრიალებდეს. მისი წინამძღოლი უნდა
იყოს და არა უბრალო გამრთობი, სურვილების ბრმა შემსრულებელი. „განა მწერალი
იმას უნდა ფიქრობდეს“, _ წერს ვაჟა თავის პუბლიცისტურ წერილში „პატარა
ფიქრები“, _ „მკითხველს რა ეწყინება ან რა იამება, რა მოსწონს ან რა ეწყინება?
ამისთანა მწერალს განა მწერალი ჰქვიან, _ მმართველი საზოგადოების აზროვნებისა,
გზის მიმცემი საზოგადოების გრძნობათა; ამწონდამწონი იმის წადილთა და
მისწრაფებათა? არა, ეს მწერალი კი არა მონაა“ (ვაჟა-ფშაველა 1979 : 228). არ შეიძლება
ბრმად მოწონება იმისა, რაც საზოგადოებას მოსწონს, ან დაწუნება იმისა, რაც
საზოგადოებას არ მოსწონს; რადგან საზოგადოება თავად ხშირად იმყოფება რეაქციის
ქვეშ და არ ძალუძს თავისუფალი აზროვნება. ამ შემთხვევაში მწერალმა ცხადად თუ
ფარულად უნდა იკისროს მისი სწორ გზაზე დაყენება.

***

ვაჟას აზრით, მწერლისთვის აუცილებელია კაცთმოყვარეობა. წერის უფლება


ყველას აქვს, როგორც სიყვარულის, სიხარულის, სიცოცხლის, მაგრამ მწერლის
სახელი ყველამ არ უნდა დაიჩემოს, მით უმეტეს, უსულგულო ადამიანმა. ნამდვილი
მწერლები, პოეტები ბევრ რამეში ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თითოეულ
მათგანს აქვს თავისი ენა, სტილი, მიმართულება; მაგრამ მიუხედავად განსხვავებისა,
ყველა მათგანს, ვაჟას აზრით, აერთიანებს ადამიანებისადმი სიყვარული,
ბოროტებისა და ჩაგვრის სიძულვილი. „პოეტები, _ ამბობს ვაჟა, _ თუ განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიცა ჰგვანან
ერთმანეთს: უყვართ სილამაზე, ... ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე,
საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა
ადამიანის მიერ ჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ“ (ვაჟა-ფშაველა
1964 : ტ. 9, 298 / „ნიჭიერი მწერალი“).
თავის წერილში „ფიქრები“ ვაჟა წერს: „... მე რომ არ მიყვარდეს და არ
მებრალებოდეს ვინმე, თავს არ ვიცოცხლებდი... ერთი რამ მიყვარს და მებრალება; ეს
გრძნობა სიბრალულისა მტანჯავს კიდეც, მაგრამ დიდათაც მასიამოვნებს... თითქოს
კაცს სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარს, მაგრამ რომ ხშირად სიკვდილში კაცი
სიცოცხლეს პოულობს? ბუნებაც ალბათ ამას იმიტომ ჩაადენინებს კაცს, რომ
იმისათვის სიკვდილი რაც კაცს უყვარს და ებრალება, იგივე სიცოცხლეა“ (ვაჟა-
ფშაველა 1964 : 138 / „ფიქრები“).

სიყვარულისა და სიბრალულის გრძნობა, ვაჟას აზრით, ის ძალაა, რომელიც


აერთიანებს შემბრალებელსა და შესაბრალებელს და ამით სულიერად ამაღლებს
შემბრალებელს. დაჩაგრულის გამოსარჩლება ადამიანის უპირველესი მოვალეობაა,
მაგრამ სიბრალული ვაჟას მაინც ბატონკაცურ გრძნობად მიაჩნია, რადგან
„რამდენადაც გებრალება, იმდენად აღარ გიყვარს“ (იქვე). ვაჟა კარგად ხედავს, რომ
საზოგადოებაში, რომელშიც ურთიერთობები სუსტის ჩაგვრაზეა აგებული,
სიბრალული ღირსეული გრძნობაა. მიუხედავად ამისა, მწერალი ნატრობს ისეთ
სოციუმს, რომელშიც სიბრალულის გრძნობა აღარ იქნება და მხოლოდ სიყვარული
იარსებებს. პუბლიცისტურ წერილებთან ერთად ვაჟას მთელი მხატვრული
შემოქმედება, უმცირესი დეტალებიც კი, პატიოსნების, კეთილშობილების და
კაცთმოყვარეობის გამოვლინებაა.

***

ვაჟა მიიჩნევს, რომ ნიჭიერი მწერლის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია


პატრიოტიზმი. „დიდად საჭიროა მწერლისთვის პატრიოტიზმი, თავისი ენის და
ერის სიყვარული“, _წერს ვაჟა და იქვე დასძენს, _ „როგორ შეიძლებოდა რუსთაველს
მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა და ისე დაეწერა „ვეფხისტყაოსანიო“ (ვაჟა-
ფშაველა 1964 : ტ. 9, 297 / „ნიჭიერი მწერალი“).

„პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა“


დაბადებიდანვე უნდა დაჰყვეს ადამიანს და, მით უმეტეს, მწერალს, ხელოვანს, _
ფიქრობს ვაჟა, _ ისე ვერ იქნება ის „სრული ჭკუის, საღი გონების პატრონი“. რატომ?
სრულიად უბრალოდ. „ერთი და იგივე ადამიანი ათას ადგილას ხომ არ იბადება,
არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს!
თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, _ სტყუის,
თვალთმაქცობს; ან ჭკუანაკლებია ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის
ხელფეხშებოჭილი“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 254 /„კოსმოპოლიტიზმი და
პატრიოტიზმი“).

პატრიოტიზმი, ვაჟას აზრით, „უფრო გრძნობის საქმეა“, ვიდრე ჭკუა-გონების,


თუმცა კეთილგონიერება მუდამ თან ახლავს. პატრიოტიზმზე მსჯელობისას ვაჟა მას
კოსმოპოლიტიზმს ადარებს და თვლის, რომ „კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის
ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს“
(იქვე). მწერალი ასევე მიიჩნევს, რომ კოსმოპოლიტიზმი სხვაგვარად,
არატრადიციულად უნდა გვესმოდეს: „გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის
საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ
შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს
და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 254
/„კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“). ჭეშმარიტი პატრიოტიზმის ცნებაში ვაჟამ
გააერთიანა საკუთარი სამშობლოსა და, აქედან გამომდინარე, კაცობრიობის
სიყვარული.

ვაჟასთვის, როგორც მწერლისთვის, როგორც მოქალაქისთვის,


მამულიშვილისთვის მთავარია, უპირველესია თავისი ქვეყანა, მისთვის ზრუნვა,
მისი გადარჩენისათვის თავდადება. ვაჟა არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. არც
მოსწონს ქვეყანაში იმდენი პარტიისა და აზრის არსებობა, რამდენი ადამიანიც არის.
მწერალი ხედავს, რომ ჟურნალ-გაზეთებში ფრაზებისა და სიტყვების „კრივია“
გამართული, მთავარი კი _ ქვეყანა_ ყველას ავიწყდება. პარტიები არ ერთიანდებიან
მთავარი საქმისთვის, „პარტიული სიჯიუტე“ ადამიანებს გონებას უბრმავებს („დიდ-
მარხვა“).

***

ვაჟა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებებში სამ მიმართულებას გამოჰყოფს.


პირველი მიმართულების მწერლებს სჯერათ, რომ ადამიანი უძლურია და
ყველანაირი უბედურება მის თავზე ტრიალებს. მეორე მიმართულების მწერალთა
აზრით, ცხოვრების პირობები არაფერ შუაშია, თუ ადამიანი პირადად არ
გაუკეთესდა; ათასი კარგი პირობაც რომ ჰქონდეს, მაინც უბედური იქნება. „მესამე
მიმართულება (კი) აერთებს პირველ ორ მიმართულებას. ე.ი. ცხოვრების პირობათა
ძლიერებას იღებს მხედველობაში; პიროვნებათა, ინდივიდთა გაუმჯობესებას მეტს
ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 296 / „ნიჭიერი
მწერალი“). ვაჟას აზრით, მწერლის მსოფლხედვითი პოზიცია არ განსაზღვრავს მის
ნიჭიერებას; სამივე მიმართულება მკითხველისათვის მისაღებია; მკითხველი იღებს
ნიჭიერი მწერლის მიერ მოწოდებულ სინამდვილეს, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი
ზემოთჩამოთვლილი მიმართულების წარმომადგენელი იქნება ის.

***

ვაჟა მწერალს ერთგვარ აუცილებელ მისიასაც აკისრებს _ წეროს


ბავშვებისათვის. „ნურავის ჰგონია ადვილი იყოს საბავშვო ლექსის და მოთხრობის
დაწერა“, _ წერს იგი შიო მღვიმელისადმი მიძღვნილ წერილში, _ „ყველაზე ძნელი
სწორედ ესაა, და თუ არ ღვთიური ნიჭით მირონცხებულს და სულით მდიდარს, რაიც
ერთგვარად 5-6 წლის ბავშვს უახლოვებს 40 წლის ადამიანს, არ შეუძლიან გახდეს
საბავშვო მწერალი“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 378 / „შიო მღვიმელი მცირე შენიშვნა“).
ვაჟა მწერლის ურთულეს მოვალეობად თვლის მომავალი თაობის აღზრდას; ასეთ
მწერალს იგი ნამდვილ ერისკაცად მიიჩნევს: „ვინც ბალღებს კეთილ გონიერად
ზრდის, იგია აღმზრდელი და გამაბედნიერებელი ერისა, ვინაიდგან სიყრმის დროს
დათესილი თესლი უხვად გამოიღებს ნაყოფს. ამიტომ აძლევს ჭეშმარიტი
პედაგოგიკა უდიდეს მნიშვნელობას დაწყებით სწავლას, სიყრმის დროს მიღებულ
შთაბეჭდილებათა“ (იქვე).

***

ფორმისა და შინაარსის ურთიერთობაში ვაჟა შინაარს ანიჭებს უპირატესობას,


რადგან, მისი აზრით, შინაარსია ფორმის განმსაზღვრელი; ჭეშმარიტი პოეტი ვერ
ისარგებლებს წინასწარ აღებული ფორმით; როცა შინაარსი მომწიფდება, მან თვითონ
უნდა უკარნახოს მწერალს შესაფერისი ფორმა. „წინ და წინვე განსაზღვრა ფორმის
ნამდვილი პოეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, _ წერს ვაჟა, _ ფორმა უნდა მოჰყვეს
თვით ნაგრძნობს და ნააზრევს. ნამდვილად ნაგრძნობ საგანს და ნაწარმოებს თან
მოჰყვება ფორმა. როცა კი მწერალი კალამს ხელს მოჰკიდებს და ფორმის წინასწარ
პლანის შედგენას, ძალდატანებას თვით შეუდგება, ნაწარმოების სისუსტის
მომასწავლებელია“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 297 / „ნიჭიერი მწერალი“). „სადდაც
ფორმაა მთავარი, იქ სუსტია თხზულება, ის არაფერს გვმატებს ჩვენო“, _ ამბობს ვაჟა.

ვაჟა გვიხატავს მთელ შემოქმედებით პროცესს, რომელიც ერთიანია,


მთლიანია, გულით ნაგრძნობისა და გონებით ნაფიქრის შედეგია და მასში ფორმის
გამოყოფა არც ხერხდება; ის თავისთავად მოჰყვება ნააზრევს; თუმცა ვაჟა არ
უარყოფს, რომ ფორმა ხელს უწყობს მკითხველს მწერლის ნააზრევის გაგებაში.
ნიჭიერი მწერალი ხომ ის არის, „ვინც რასაც თავად გრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი
სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს...“ ამის მიღწევაში კი მწერალს
ნაწარმოების ფორმა ეხმარება.

***

60-იანელთა შეხედულებით, რომელსაც ვაჟაც იზიარებს, მწერლის მოვალეობაა


ხალხის სწორ გზაზე დაყენება, მისი აღზრდა, მაგრამ, თუ მწერალიც ცდება, მას
კრიტიკოსი უნდა დაეხმაროს, კრიტიკოსმა უნდა დაანახოს, „თუ რა მოვლენანი
გაუხდია მას მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი ... რამდენად
ესმის საჭირბოროტო კითხვები ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერად იგრძნო მათი
მავნებლობა და სარგებლობა“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 295 / „ნიჭიერი მწერალი“).

კრიტიკოსის უპირველესი მოვალეობაა აგრეთვე მკითხველთა ორიენტირება


ლიტერატურულ მოვლენებში, მათი თვალსაზრისის ჩამოყალიბება, შეფასების
უნარის გამომუშავება, ესთეტიკური გემოვნების დახვეწა. ვაჟა ასეთნაირად
ასაბუთებს კრიტიკის ფუნქციებს: „ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც ჯერ გზა ვერ
გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის,
ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილი მგლისაა, თუ ცხვრისა, სიცილი კეთილ
ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა, ხშირად მისდევს მოდას, დროების გემოვნებას,
ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომელზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და
შემოქმედება. ამ შემთხვევაში დახმარება მას კრიტიკამ უნდა გაუწიოს, დააყენოს
შესაფერს გზაზე“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 296 / „ნიჭიერი მწერალი“). საერთოდ ვაჟა
უარყოფს ყოველგვარ მოდას ხელოვნებაში და თავის წერილში „საახალწლო
ფიქრები“ ამბობს, რომ აზროვნება, შემოქმედება და მწერლობა მოდას არ უნდა აჰყვეს.
მწერალმა შავს თეთრი არ უნდა უწოდოს და თეთრს შავი.

კრიტიკოსმა საჭიროა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე, ხოლო მისი


მსჯელობა უნდა იყოს საფუძვლიანი. ამის შესახებ ვაჟა პირდაპირ მიუთითებს პეტრე
მირიანაშვილს, რომ ის „ისე სჯის ნიშანში ამოღებულს საგანზე, თითქოს
საფუძვლიანად, მეცნიერულად ჰქონდეს შესწავლილი“ საკითხიო (ვაჟა-ფშაველა
1964 : 62 / „მცირე შენიშვნა (პასუხად ბ-ნ პ. მირიანაშვილისა)“).

ვაჟა-ფშაველას შეხედულებით, მკვლევარ-კრიტიკოსს უნდა გააჩნდეს საკუთარი


აზრი, მსჯელობა. იგი ბრმად არ უნდა მიენდოს ვინმეს ავტორიტეტს. ვაჟა
საყვედურობს იმ მკვლევარებს, რომელთაც „ბ-ნი მარი მიუჩნევიათ ისეთ
ავტორიტეტად, რომლის ყოველივე აზრი უკრიტიკოდ უნდა მიიღოს ყველამაო“
(ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 305 /„ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“).
კრიტიკოსის მოვალეობაზე მსჯელობისას ვაჟა-ფშაველამ დაუფარავად
გამოავლინა თავისი დროის სალიტერატურო კრიტიკის დონით აღძრული
უკმარისობის გრძნობა.

***

ლიტერატურის თეორიის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ხალხური


შემოქმედებისადმი მწერლის დამოკიდებულება. უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის
ყოფა-ცხოვრების შესწავლით დაინტერესებული იყო ვაჟას ეპოქის მთელი ქართული
მწერლობა. ვაჟაც თვლის, რომ მწერლისთვის აუცილებელია ფოლკლორის ცოდნა,
რადგან „ეს ცოდნა მწერალს ... გააცნობს ერის სულისა და გულის მოძრაობას, მის
აზრს ცხოვრებისას“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ.9, 53 / „ბიბლიოგრაფიული შენიშვნა
(ფშაური ლექსები. შეკრებილი დ. ხიზანიშვილის მიერ)“ ); „ხალხის აზრი, ცხოვრება,
იმისი წადილი და იდეალი გამოიხატება მის პოეზიაში, ზღაპრებში და სხვ.“ (ვაჟა-
ფშაველა 1964 : ტ.9, 82 / „გმირის იდეალი ფშაური პოეზიის გამოხატულობით“ ) და
სხვ.

ვაჟა არა მარტო აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და აქვეყნებდა


წერილებს მთიელთა ყოფა-ცხოვრების შესახებ, არამედ ხალხში გაგონილ
თქმულებებსა და ლეგენდებს საფუძვლად უდებდა თავის ნაწარმოებებს. თვით ვაჟა-
ფშაველას ფოლკლორთან დამოკიდებულების პრობლემა უდიდეს ინტერესს იწვევდა
და იწვევს ქართულ ფილოლოგიაში. ეს გასაგებიცაა, რადგან არც ერთ მწერალს ისე არ
გამოუყენებია ფოლკლორი თავის შემოქმედებაში, როგორც ვაჟა-ფშაველამ გამოიყენა.
ხალხურ შემოქმედებასთან მწერლის დამოკიდებულების შესახებ აზრი ვაჟას მრავალ
წერილში აქვს გამოთქმული. ეს წერილებია: „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის: შესახებ,
„კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“, გრიგოლ ყიფშიძისადმი საპასუხო წერილი _ „Prodomo
sua” და სხვა. ამ წერილებში ვაჟა ავითარებს გარკვეულ თეორიას ზეპირსიტყვიერების
მასალისადმი მწერლის დამოკიდებულებაზე. იგი გადაჭრით აცხადებს, რომ
მწერლის დამოკიდებულება ფოლკლორისადმი შემოქმედებითი უნდა იყოს და არა
მექანიკური. ხალხური გადმოცემა, როგორი შინაარსიანი და ღრმაც არ უნდა იყოს
აზრითა და ფორმით, თუ პოეტი მას არ გადაამუშავებს, თავისი სულის საკუთრებად
არ გახდის, ვერ მიიღებს ისეთ ნაწარმოებს, რომელიც დაიპყრობს ადამიანის გულს.
ამიტომ ნაწარმოების შეფასებისას მთავარია ავტორი, მისი ნიჭი და არა ლეგენდა,
რომელიც საფუძვლად დაედო მას. „... ლეგენდა რომ არ ყოფილიყო, ის აზრი და
გრძნობა, რაც „ფაუსტშია“ გამოთქმულ-გამოსახული, მაინც გამოითქმებოდა გიოტეს
კალმის წყალობით, თუმცა შეიძლება სხვა რამ სახელი ჰრქმეოდა, ან სხვა ფორმით
დაწერილიყო“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 307 /„ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“), _
წერს ვაჟა. სხვა წერილებშიც იგი გარკვევით აღიარებს ხალხური შემოქმედების
ნიმუშების გამოყენებას მხატვრული სიტყვის დიდოსტატების _ შექსპირის,
ტოლსტოის, პუშკინის, გოეთესა და სხვების_ მიერ. ვაჟას აზრით, პატარა, უბრალო
ლეგენდამ შესაძლებელია პოეტში აღძრას იმდენად მაღალი გრძნობა, რომ მსოფლიო
ღირებულების ნაწარმოები მივიღოთ. ასე გადაწყვიტა ვაჟა-ფშაველამ
ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისადმი მწერლის დამოკიდებულების საკითხი. ამიტომ,
როცა ვაჟას შემოქმედებაში ფოლკლორული მასალის გამოყენების საკითხზე
ვმსჯელობთ, უპირველესად საჭიროა მწერლის ტექსტსა და ფოლკლორულ ნიმუშებს
შორის სულიერი კავშირი მოვნახოთ და არა ფაქტობრივი დამთხვევები. ძიების
მეორენაირი გზა ეჭვ ქვეშ დააყენებს კლასიკოსის ორიგინალობის საკითხს. იმის
გამო, რომ შთამომავლობისათვის „თავსამტვრევად“ და „საქექ-საჩხრეკად“ არ გაეხადა
საქმე, ვაჟამ თავის წერილებში _ „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“ და „კრიტიკა ბ.
იპ. ვართაგავასი“ _ მოგვცა დაწვრილებითი აღწერა იმისა, თუ რა არის ხალხური მის
ნაწარმოებებში და რა _ მწერლის შემოქმედების ნაყოფი. იგი აქვე აღნიშნავს, რომ
მართებულია მწერლის მიერ თავისი ნაწარმოებების წყაროს მითითება; რადგან ეს
გარემოება დაეხმარება მკვლევარს ნაწარმოების შესწავლისას, თუმცა ამ
გამომჟღავნებამ შესაძლებელია დაჩრდილოს მხატვრულ სახეთა დამაჯერებლობა.
მიუხედავად ამისა, ვაჟა მაინც მომხრეა, მწერალმა ნაწარმოების შეთხზვის
საიდუმლო გაამჟღავნოს, რადგან „ნაწარმოები, თუ იგი ნამდვილად პოეტურია,
არაფერს წააგებს, პირიქით, იქნება კიდეც მოიგოს, შემოქმედების საიდუმლოება რომ
გამოვამჟღავნოთ“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 320 /„ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“
შესახებ“).

ვაჟას პოემათა უმრავლესობა, პოეტის აღიარებით, ხალხურ გადმოცემებზეა


მეტ-ნაკლებად აგებული, მაგრამ ამათგან მხოლოდ იმ პოემებმა მოიხვეჭა სახელი,
რომლებშიც ხალხურმა გადმოცემებმა არსებითი ცვლილებები განიცადა. ამ
უკანასკნელთა რიცხვში ვაჟა ასახელებს „სტუმარ-მასპინძელს“, „გველისმჭამელს“,
„გოგოთურ და აფშინას“, „ბახტრიონს“. ხალხურ თქმულებებთან ახლოს მდგომ
ნაწარმოებებად მიიჩნევს „სულა-კურდღელასა“ და „ივანე კოტორაშვილს“ და
აღნიშნავს: „ამის გამო სუსტობენო“.

ვაჟას ესმოდა ხალხური სიტყვიერების მნიშვნელობა მწერლობის განვითარებაში,


მაგრამ ამავე დროს ღრმად სწამდა, რომ მწერლობის კავშირი ფოლკლორთან
შემოქმედებითი უნდა ყოფილიყო.

განსხვავება ზეპირსიტყვიერებასა და ვაჟას შემოქმედებას შორის დაწვრილებით


აქვს ჩამოყალიბებული გრიგოლ კიკნაძეს თავის წიგნში ვაჟა-ფშაველა. ეს
დებულებები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1) ხალხური
შემოქმედებისათვის დამახასიათებელია გადაუბმელობა, ხარვეზოვნება,
ფრაგმენტულობა, ვაჟასთან ყოველივე წესრიგშია მოყვანილი. 2) ხალხური ქმნილების
თვისებაა გულუბრყვილობა, რომელიც ვაჟას შემოქმედებასაც ახასიათებს. 3)
ხალხური შემოქმედება გარეგნობის მომეტებული ასახვის გზით გადმოგვცემს
გმირის სულიერ სამყაროს; ვაჟას ნიჭს კი სულიერი დრამა ხიბლავს და მასზე
ჩერდება. 4) ხალხური შემოქმედება ბოლომდე არ მისდევს გარკვეულ პრინციპს;
მისთვის დამახასიათებელია ამბის მოულოდნელი შეწყვეტა; ვაჟა-ფშაველა შუა
გზაზე დგას; მისდევს გარკვეულ პრინციპს, მაგრამ ამბავს ისე ამთავრებს, რომ
შეწყვეტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რათა მკითხველის წარმოსახვის უნარმა
გააგრძელოს დანარჩენი. 5) ვაჟა სარგებლობს ხალხური ლექსიკით ისე, რომ
ორიგინალობასა და საკუთარ პოეტურ ხმას არ კარგავს.

კრიტიკოსის თითოეული დებულება ფართოდ შეიძლება გავშალოთ და ვაჟას


კონკრეტული ნაწარმოებების მიხედვით ვიმსჯელოთ მათზე. თავის თეორიულ
ნააზრევში მხატვრული ცნობიერების შესახებ ვაჟა თავად შენიშნავს განსხვავებას
ხალხურ და მწერლობით პოეზიას შორის. მისი აზრით, ხალხური პოეზია მეტად
ასურათებს თანამედროვე ცხოვრებას, აწმყოს ჭირ-ვარამს, „ინტილიგენტურს
მწერლობით პოეზიას კი ეს თვისება ხშირად აკლია“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 162 /
„ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“); სახალხო მთქმელი ხშირად გაურბის კიდეც
საკუთარ თვალთახედვას და გაგონილს იმეორებს. „ცალკე მგოსანი და ზოგჯერ
მთელი ლიტერატურა რომელიმე ერისა სხვა, უცხო ქვეყნის მწერლობასა ჰბაძავს,
იდეალად იგი აქვს დასახული“ (იქვე). ქართული ლიტერატურისათვის ასეთი
მიბაძვის ხანად ვაჟა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარს მიიჩნევს, როცა ჩვენი პოეტები
სპარსული მუხამბაზების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. მწერალი იმასაც შენიშნავს,
რომ ხალხურ შემოქმედებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს სხვა ერის ლიტერატურა.
მდაბიო მგოსანს მხოლოდ ცხოვრება ალაპარაკებს, მისი სიტკბო და სიმწარე, „მით
უმეტეს, რომ ხშირად წიგნს მისკენ ბილიკი დახშული აქვს“ (იქვე).

***

ვაჟა-ფშაველას საგანგებოდ არ უმსჯელია პოეტიკის საკითხებზე, მაგრამ


ზოგიერთი მისი შენიშვნა მწერლის ლიტერატურათმცოდნეობის ინტერესსა და
ალღოზე მიგვანიშნებს. საინტერესოა და საფუძვლიანი მისი ასეთი დაკვირვება:
„ჩვენს ხალხს არ უყვარს, საზოგადოდ რომ ვთქვათ, ლექსად ზღაპრები და ვერც
იპოვნით ქართულს, ეროვნულს ზღაპარს გალექსილს“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 116 /
„ვეფხისტყაოსნის“ შესახებ (ორიოდე სიტყვა პასუხად ბ-ნ ა. ხახანაშვილს)“ ).

როდესაც ვაჟა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ განასხვავებს ხალხური


ვარიანტისგან, აყალიბებს კიდევ ერთ დასკვნას: „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ტაეპს
სხვადასხვა რითმა აქვს, „ნამდვილ ეროვნულს ლექსებს კი ამ თვისებას ვერ ვამჩნევთ.
რომელი დაბოლოებაცა აქვს ლექსის პირველ სტრიქონს, იგივე დაბოლოება რჩება
ყველა სტრიქონსო“ (იქვე).

ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვაჟას შეხედულებათა წარმოჩენისას


შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მის მსჯელობას შემოქმედებითი გავლენის
პრობლემაზე, რომელსაც ვაჟა ლიტერატურის განვითარების „თანდათანობის კანონს“
უწოდებს. ეს კანონი ჯერ კიდევ ანტიკურ ლიტერატურაში იყო ცნობილი. ვაჟა ამ
საკითხს ეხება წერილში „Prodomo sua”. ის წერს: „ჩვენში ძალიან სათაკილოდ და
ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვისი გავლენა. მე კი ეს წესიერ,
საღ, ნორმალურ და აუცილებელ მოვლენად მიცნია ... დიდებული პოეტები,
გენიოსად ცნობილნი, ხშირად უნიჭო პოეტებს ჰბაძავდნენ წინა-პირველად, მაგრამ
იმათ თავისებურებას ეს არაფერს უშლიდა. ზემოქმედება მწერალზე აუცილებლად
საჭიროა ...“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 180 / „Prodomo sua”). გრიგოლ კიკნაძის
სიტყვებით, „ნამდვილი შემოქმედებითი გავლენის აუცილებელი პირობა არის
მიმართების დამყარება მხატვრულ ნაწარმოებთან და მის ავტორთან. ეს მიმართება
ანალოგიურია იმ მიმართებისა, რომელსაც მწერალი ამყარებს ყოველ ასე თუ ისე
მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ამბავთან“ (გრიგოლ კიკნაძე 1967 : 24). ვაჟას აზრით,
პოეტის ჩანგს რაიმე გარეგანმა მოვლენამ უნდა უბიძგოს, ან რაიმე ლექსმა, ან
ცხოვრების ამაღელვებელმა სურათმა, ან ბუნების მოვლენამ. ამ ფაქტორებს ვაჟა
გარეგანად მიიჩნევს, შინაგანად კი მხოლოდ გულს თვლის, რომელიც ყველა გარეგან
ფაქტორს ითვისებს და ერთ ყალიბში ასხამს. ძალიან მომხიბლავია ასეთი ნიჭიერი
მწერლის შედარება ზღვასთან, რომელშიაც მრავალი მდინარე ჩადის, მაგრამ მის
დიდებულ ბუნებას ვერ ცვლის; ზღვა მაინც ზღვად რჩება.

კრიტიკოსთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად ვაჟა პირდაპირ აღნიშნავს,


რომ რაფიელ ერისთავის წერის მანერამ („საერო კილომ“) იქონია მასზე ერთგვარი
წამახალისებელი გავლენა; ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებულის“
ფორმამ უბიძგა „მოხუცის ნათქვამის“ წერისას, დავით გურამიშვილთან იგი ღრმა
პოეტურ კავშირს გრძნობდა და ამიტომაც უწოდებდა მას თავის წინამორბედს,
უძვირფასეს პაპას. ვაჟას შემოქმედებაზე უდიდესი ზემოქმედება ჰქონდა ხალხურ
თქმულებებს, ხალხში გაგონილ ორ-სამ სიტყვასაც კი. ამრიგად, ვაჟა-ფშაველა
სრულიადაც არ ფიქრობს, რომ მწერლის თავისთავადობა გავლენათაგან მის სრულ
თავისუფლებას გულისხმობს.

ლიტერატურულ გავლენას არა მარტო ადვილად დასანახი მსგავსი სიუჟეტის


ეპიზოდები მიგვანიშნებს, არამედ ისეთი ფორმების არსებობაც, რომელთა შემჩნევა
კრიტიკოსის საგანგებო განსწავლულობასა და ნიჭს მოითხოვს. ე.ი. მხატვრული
გავლენის ფაქტების დადასტურება ხშირად ნაწარმოების სიღრმეში შეჭრას
გულისხმობს. კონკრეტული ნაწარმოების სტრუქტურა ხშირად გამოყენებული
მასალისაგან სრულიად განსხვავებულ აზრს გამოხატავს. ლიტერატურული
გავლენის „თანდათანობითი განვითარების“ კანონი ვაჟას მიერ ახსნილია
მართებულად, „როგორც განუწყვეტელ განვითარებაში მყოფი სასიცოცხლო
პროცესი“ (გრ. კიკნაძე 1967 : 25). პუშკინისა და ტოლსტოის მაგალითით
მეცნიერულად არის განმარტებული, თუ რატომ ხდება, რომ ხშირად გენიოსს პატარა
მწერლის ნაწარმოებთა ხან სიუჟეტით, ხან რითმით უხდება სარგებლობა. ვაჟა
გვიამბობს ტოლსტოის შესახებ. მასზე ორ მუშა გლეხკაცს _ სიუტაევსა და ბონდარევს
_ ჰქონიათ დიდი ზნეობრივი გავლენა. პუშკინი ერთ გამოჩენილ ფოლკლორისტს
ეუბნებოდა თურმე: „თქვენს ლექსებს ვიპარავო“, მაგრამ ეს გარემოება არავის აძლევს
უფლებას, გენიოს მწერლებს _ პუშკინსა და ტოლსტოის _ მიმბაძველობა დასდონ
ბრალად. „პუშკინმა შეისისხლხორცა ერის სულიერი სალარო, _ წერს ვაჟა, _ და ამაშია
კიდეც მისი დიდებულება, ამას ნაკლად კი არა, უდიდეს ღირსებად უთვლიან
ჭკუათმყოფელნი“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : 182 /„Prodomo sua”), რადგან ერის
ნაციონალური ენერგია ფოლკლორშია ჩამარხული. ასევე ბუნებრივია ის გარემოებაც,
რომ დიდი მწერალი ახალგაზრდობისას ვიღაცის მოწაფე იყო.

გავლენა, ვაჟას აზრით, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის ერთი ავტორის
მიერ მეორე ავტორის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი აზრის, მანერისა და
გადმოცემის საშუალებათა პირდაპირი განმეორება. უშუალოდ ნაწარმოების შექმნის
პროცესში ყალიბდება მისი ფაბულა, სიუჟეტი, მხატვრული სახეები, ფორმა,
ამიტომაც ხელოვანი მიმბაძველი ვერ იქნება ხალხური თუ რომელიმე მწერლის
შემოქმედებისა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მიბაძვა და ლიტერატურული გავლენა
განსხვავდება ერთმანეთისაგან. ასევე შესაძლებელია, ხელოვანი არა თუ მისდევდეს
რომელიმე ავტორის აზრსა და ტენდენციებს, მხატვრულ ხერხებსა და წერის მანერას,
არამედ, პირიქით, უპირისპირდებოდეს მას, მაგრამ ლიტერატურათმცოდნეობის
თვალსაზრისით მათ შორის დადგინდეს ლიტერატურული ზემოქმედების ფაქტი.
***

ადამიანისა და მისი საზოგადოებრივი ცხოვრების საჭიროებას მხატვრულ


ლიტერატურასთან ერთად პუბლიცისტიკაც გამოხატავს. ვაჟა მათ შორის არსებით
განსხვავებას ემოციურობაში ხედავს. პუბლიცისტიკა ისე „ვერ აღელვებს კაცის გულს
და გრძნობას“, როგორც პოეტურ-ბელეტრისტული ნაწარმოები. ვაჟა იზიარებს იმ
აზრს, რომ „ლიტერატურა სახეებით, სურათებით აზროვნებაა. ამაში მდგომარეობს
ლიტერატურის ძალა და ეს განასხვავებს მას პუბლიცისტიკისაგან“ (ვაჟა-ფშაველა
1964 : ტ. 9, 400 / „რამე-რუმე“).

***

სინამდვილის სახეებით გამოხატვის დროს მწერალი ქმნის ტიპებს. ვაჟასთვის


ტიპური ნიშნავს არა მრავალს, არამედ დამახასიათებელსა და არსებითს. არსებითის
ბუნების შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ ცხოვრების ღრმა ცოდნის საფუძველზე.
ვაჟა დიდებულ მწერალთა მიერ შექმნილ „დიდებულ ტიპებში“ ამჩნევს საერთო
ნიშან-თვისებებს: „ყველა იმათ აქვთ საერთო ხასიათი _ თავდადება, შეუდრკელობა,
სიმტკიცე იმაში, რა აზრითაც გამსჭვალულან, რა გრძნობასაც შეუპყრია იმათი არსება.
ისინი ერთსა და იმავე დროს თვალხილულნიც არიან და ბრმანიც. ამ პატარა არსებას
_ ადამიანს, თითქოს მთელი ბუნება თავის ვინაობაში მოუთავსებია. ნამდვილად ასეა,
დიდება და სახელი მწერალს, რომ ეს შეუნიშნავს. თვით ბუნებაც ასეთივეა: იგი
თვალხილულიც არის და ბრმაც ერთსა და იმავე დროს ... ყველა დიდებული
ადამიანი თვით ამ ბუნებას ჰგავს ღირსებით და ნაკლით“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9,
396). ტიპური აერთიანებს ღირსებასაც და ნაკლსაც. უნაკლო პერსონაჟი ხელოვნურია;
მასში არ აისახება ბუნება. ვაჟას მაგალითად ლამანჩელი აზნაური დონ-კიხოტი
მოჰყავს, მას ბუნებას ადარებს და უამრავ მსგავსებას პოულობს მათ შორის. უფრო
მეტიც, ვერ განასხვავებს ერთმანეთისგან: „რა არის ბუნება, თუ არა იგივე დონ-
კიხოტი, რომელიც თავდაუზოგავად ჰღელავს, იბრძვის, მიისწრაფის ერთხელ
არჩეულ, აჩემებულ გზაზე თავდაუზოგავად? აზრი მაღალი აქვს, ფიქრი კეთილი,
მაგრამ შეცდომაც ბევრი მოსდის, უნაკლო არც იგია“ (იქვე). ვაჟასთვის იმდენად
პირველ ადგილზე დგას ადამიანი, რომ ბუნებას მას ადარებს, ხოლო დიდებულ
მწერლად ის მიაჩნია, ვინც ბუნებას ხატავს არჩეული ტიპის მეშვეობით. „შექსპირი
იმიტომ არის დიდებული ყველა მგოსანთა შორის“, _ წერს ვაჟა, _ „რომ ბუნება
სავსებით გამოსჭვირს იმის ნაწერებში“ (იქვე).

ვაჟა არ უარყოფს ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებულ განსაზღვრებას, რომ


ლიტერატურული ტიპი ეს არის ადამიანური ინდივიდუალობის ყველაზე უფრო
განზოგადებული სახე. ამავე დროს მწერალი ზუსტად აღიქვამს, რომ ტიპური,
ადამიანის გარდა, შეიძლება იყოს იდეები, მოვლენები, გრძნობები და ა.შ. ვაჟა წერს,
რომ „ჩვენი ცხოვრება სრული გამომხატველია ბუნებისა. ყველა ის, რაც ბუნებაშია,
დამოკიდებულება ცხოველთა შორის, მცენარეთა, ცისა და დედამიწის შორის,
წყალსა და ჰაერთან, ყველა ეს ჩვენ კაცთა შორის ხდება“ (იქვე). ვაჟა ბუნების
თითოეულ მოვლენას უსადაგებს მსგავს მდგომარეობასა და გრძნობას ადამიანთა
ცხოვრებაში და თუ ეს უკანასკნელნი ბუნების ქმედებათა შესაბამისია, ტიპურად
მიიჩნევს. „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე მწერალი გვიხატავს სიყვარულის გრძნობის
ტიპურობას. ტარიელი დაეძებს ნესტან-დარეჯანს და არაფერს ზოგავს მიზნისთვის,
სიცოცხლეს წირავს საყვარელი ადამიანისათვის. სიყვარული ხელად ხდის მას და
შეუძლებელს აკეთებინებს. სიყვარული მოქმედების წყაროა ბუნებაშიც და ადამიანთა
ცხოვრებაშიც. ტარიელი რომ სხვაგვარად იქცეოდეს, არ ტიროდეს და სხვას
არშიყობდეს, დაიკარგება „მისი დიდბუნებოვანობა და მისი ბუნების მსგავსება“ და
მწერლის მიერ გადმოცემული გრძნობაც აღარ იქნება ტიპური. ვაჟა ბუნებასა და
ადამიანთა ცხოვრებაში სრულ შესაბამისობას ხედავს: ბუნებაშიც არიან ლომები,
ვეფხვები, არწივები, თაგვები, ციყვები და კურდღლები ისევე, როგორც ადამიანთა
ცხოვრებაში და ნიჭიერი მწერალი არჩეული ტიპების მეშვეობით ბუნების
წარმომადგენელთ გვიხატავს. გარდა ამისა, ვაჟა გამოყოფს ადამიანთა ტიპებში
დიდბუნებოვან ადამიანს და მიიჩნევს, რომ ის უფრო მეტად ჰგავს ბუნებას თავისი
დიდებულებით: „ჩვენ ხომ ვსთქვით, რომ ყოველივე დიდებული ბუნებასა ჰგავსო,
მისი ზნე-ხასიათი სჭირსო...“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 397). აქ სუსტად, მაგრამ მაინც
გაჟღერებულია აზრი, რომ ბუნება ადამიანთან შედარებით შეურყვნელია, ხოლო მის
გონიერებაზე ხომ ვაჟა პირდაპირ საუბრობს: „ვხედავთ კარგად, ბუნებას რომ
თვალები არა აქვს, არც თავი აბია და ტვინი სად ექნება? მაგრამ მისი წესი და რიგი,
მისი სიმტკიცე აზრისა და მისწრაფებისა ჩვენ გვაოცებს, გვაკვირვებს. მისი გონიერი
მოქმედება ადამიანის გონიერებას ბევრით აღემატება... ყველა დიდებული ადამიანი
თვით ამ ბუნებას ჰგავ ღირსებით და ნაკლით“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 396). ვაჟა
კვლავ დიდებული ადამიანის ბუნებასთან მსგავსებაზე ამახვილებს ყურადღებას.
აქედან გამომდინარე, ვაჟასთვის ტიპი გამორჩეული, დიდბუნებოვანი ადამიანის
სახეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს ბევრი შეცდომაც, მაგრამ გვხიბლავს მისი
აზრისა და მისწრაფების სიმტკიცე. ლიტერატურული ტიპი მიისწრაფვის
ბუნებრიობისა და იდეალურობისკენ. ბუნებრიობას სიმართლით დახატვა
ესაჭიროება. ვაჟას აზრით, მწერალი სიმართლეს ორგვარად გამოიტყვის: პოეტურ-
ბელეტრისტული და პუბლიცისტური ფორმით. აქედან პოეტურ-ბელეტრისტული
გამოხატვა უფრო გულს ხვდება, რადგან პოეტი ალამაზებს, აკოხტავებს სათქმელს,
სურათებით გვესაუბრება და ტიპებს ქმნის, „ხშირად იდეალურს, მისაბაძავს, ისეთს
ტიპებს, რომლის მსგავსნიც უნდა, რომ იყვნენ პოეტს ცხოვრებაში, რათა შეავსონ
მისგან თვალში ამოღებული ნაკლი“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 400/ „რამე-რუმე“).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაჟა ხშირად დიდებული, დიდსულოვანი


ადამიანების ასახვაზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც შესაძლებელია იდეალურები არ
იყვნენ, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით მიბაძვის სურვილი გაუჩინონ
მკითხველს. ეს სურვილი ჩნდება არა მათი იდეალურობის, არამედ დიდბუნოვნების
გამო. დიდბუნებოვანია ტიპი, რომელშიც სიზუსტით აისახება ბუნება. ასეთი ტიპები
არიან: სერვანტესის დონკიხოტი, შექსპირის პერსონაჟები, რუსთაველის გმირები.
ვაჟას მსჯელობის მიხედვით, ტიპს არ განსაზღვრავს პერსონაჟის დადებითობა ან
უარყოფითობა.

ამ მსჯელობის შემდეგ ხელოვნურად გვეჩვენება ვაჟას მიერ მწერლობაში


ორნაირი ტიპის გამოყოფა: როგორც მისაბაძის, ასევე _ უვარგისის (რადგან ეს ორივე
მახასიათებელი მწერალს გაერთიანებული აქვს დიდებულ ტიპში), მისაბაძის _
ცხოვრების გასაუკეთესებლად და უვარგისის იმისთვის, რომ მას არ მიბაძონ. ასევე
ვაჟას მიერ მწერლობის ნაკლად იმის მიჩნევა, რომ ახალგაზრდობას საკუთარ
იდეალად საყოლი ტიპი არა აქვს მწერლობისაგან მოცემული. ვაჟას ამგვარი
მსჯელობა თავიდან ბოლომდე რეალისტურია და განსხვავებული მისივე
მსჯელობისაგან ტიპის დიდბუნოვანობის შესახებ, თუმცა ისინი ერთმანეთს არ
გამორიცხავენ. იდეალური ტიპის შექმნის იდეა განუყოფელია სატირული ტიპების
შექმნის იდეისაგან. ვაჟა ცხოვრების ზედმიწევნით ასახვისაკენ მოუწოდებს მწერალს,
ცხოვრებაში კი დადებითთან ერთად უარყოფითი ტიპებიც არსებობენ.
კანონზომიერების წარმოსაჩენად საჭიროა ბრძოლა დადებითსა და უარყოფითს
შორის, ამის გარეშე მკითხველი სიმართლეს ვერ შეიცნობს; ამასთანავე უარყოფითი
ტიპიც ისევე აფხიზლებს ერს, როგორც დადებითი. ვაჟას ასევე საჭიროდ მიაჩნია
მწერლობაში საზოგადოების ყველა ფენის ასახვა და კიდევ უფრო სასურველად _
ცხოვრებიდან აღებული პიროვნებების პროტოტიპების შექმნა. სიკო ფაშალიშვილის
მოგონებით, „მას დიდ ნაკლად მიაჩნდა, რომ ჩვენს პროზაში ინტილიგენციის
სულისკვეთება არ იყო ასახული, ვარაუდს გამოსთქვამდა, თუ რომელ ბელეტრისტს
შეეძლო ამ მიმართულებით სასარგებლო რამ გაეკეთებინა, უფრო კი თვალი
ახალგაზრდობისაკენ ეჭირა. როცა იმ ხანებში დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და
მოღვაწეობის შესახებ არჩილ ჯორჯაძის ვრცელი მონოგრაფია გამოქვეყნდა, ვაჟა
კმაყოფილი ამბობდა: „აი, რა მშვენიერია! განა არ შეუძლიათ ჩვენ ბელეტრისტებს
ასევე, სინამდვილიდან ამოღებული მოქმედი ადამიანების ტიპები გამოიყენონ და
დაგვიხატონ ჩვენი ახლანდელი ცხოვრება? _ განა ილია თემა არ არის, განა ივანე
მაჩაბელი, ევდოშვილი თემა არ არი? ...ახალი ტიპი აკლია ჩვენს პროზას, აქეთ უნდა
მოიხედოს ჩვენმა ახალგაზრდობამ“ („კაი-ყმა“ 1986 : 350). ამ სიტყვებით ვაჟა კვლავ
დიდებულ ადამიანთა ცხოვრების ასახვისაკენ მოუწოდებს მწერლობას. ის აღნიშნავს,
რომ ჩვენს მწერლობაში ვხვდებით ტიპებს, „უფრო კი მეცადინეობას ტიპების
შექმნისას, ჰხვდებით, მაგალითად, ვაჭრის ტიპებს, მოსამსახურე-ლაქიებისას, ვაჭრის
ცოლებისას და სხვ. და სხვ. მაგრამ ესეთი ტიპები ნაკლებად შეესაბამებიან ცხოვრების
საჭიროებას...“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ. 9, 401 / „რამე-რუმე“). ე. ი. ვაჟას აზრით,
პერსონაჟი, რომელსაც ლიტერატურა ქმნის, შეიძლება ასახავდეს ერთ რომელიმე
ფენას, მაგრამ არ შეესაბამებოდეს ცხოვრების საჭიროებას და ამიტომაც არ იყოს ტიპი.
მწერალი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძის
შემდეგ ცხოვრების საჭიროების მიხედვით აღარ შექმნილა ტიპი ქართულ
ლიტერატურაში. ლუარსაბის გარდა, სხვას არავის დაუფიქრებია საზოგადოება თავის
მდგომარეობაზე. გაიარა დრომ და საზოგადოება გადაურჩა ლუარსაბობას, მასზე
მაღლა დადგა, განვითარდა. ახლა სხვა საჭირბოროტო საკითხი დაინახა ილიამ
მოსაგვარებელი და თავისი ახალი მოთხრობით „ოთარაანთ ქვრივი“ კვლავ
მოძრაობაში მოიყვანა მკითხველის გულ-გონება. ამჯერად საუბარი საზოგადოებაში
„ჩატეხილი ხიდის“ გამთლიანებას შეეხო, ილიამ კვლავ იგრძნო „ცხოვრების
საჭიროება“ და მკითხველსაც დაანახვა. ვაჟას ნააზრევში ისიც იკითხება, რომ
„ქვეყნისა და ერის საჭიროებას“ მხოლოდ ნიჭიერი მწერალი ხედავს.

დადებითი და უარყოფითი ტიპების ფონზე ვაჟა სამგვარ ტიპს გამოყოფს: ერთნი


საკაცობრიო ტიპები არიან, „მთელის კაცობრიობის მიხედვით შექმნილნი, ... იმათში
გამოიხატება კანონები ცხოვრებისა“. ვაჟა ასეთ ტიპებს მიაკუთვნებს დონ-კიხოტსა და
ჰამლეტს. მეორე სახის ტიპები ერისა და იმდროინდელი ყოფის საჭიროებისათვის
არიან არსებულნი, ერის აზრსა და ბედს გამოხატავენ. მათ საუკეთესო ნიმუშად ვაჟა
ასახელებს ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძესა და ოთარაანთ ქვრივს. ამგვარი
ტიპი „მთელს კაცის არსებას სთხოვს პასუხს, მთელს კაცის არსებას მოიყვანს
მოძრაობაში და მთელს მის გულ-გონების ყურადღებას მიიზიდავს“ (იქვე).
საკაცობრიო და ეროვნული ტიპების გარდა სხვა ტიპიც ესაჭიროება ლიტერატურას,
რადგან „ნაკლი სხვაც ბევრი აქვს ჩვენს ცხოვრებას“ . მესამენი ის ტიპები არიან,
რომლებიც „მხოლოდ ერთს რომელიმე მხარეს აკმაყოფილებენ მკითხველის
სულისას“ (იქვე).

ვაჟას შეხედულებანი ტიპისა და ტიპურობის საკითხებზე არსობრივად არ


განსხვავდება 60-იანელთა შეხედულებებისგან, თუმცა ვაჟა სათქმელს მაინც
განსხვავებულად აყალიყებს და ზოგიერთ მომენტში ცილდება კიდეც სამოციანელთა
(რეალისტთა) ნააზრევს. მხედველობაში გვაქვს განსაკუთრებული მსგავსება
დიდებული ტიპისა (და არა ზოგადად ტიპისა) ბუნებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ
ვაჟა არ იხილავს საკითხის ყველა მხარეს, რადგან მას მსჯელობა პოლემიკურ პლანში
უხდება და ეხება მხოლოდ იმ პრობლემებს, რომლებიც მისთვის იმ ეტაპზეა
საინტერესო. ეს შეეხება ხელოვნებისა და ლიტერატურის პრობლემებზე გამოთქმულ
ყველა მოსაზრებას.

***

ვაჟას მიერ მხატვრული ცნობიერების საკითხებისადმი მიძღვნილი წერილები


დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას. მათი განხილვის შედეგად ნათელია, რომ
მწერალი მეტად მოწინავე პოზიციებზე იდგა და სისტემატურად აანალიზებდა
თავისი დროის ლიტერატურულ საკითხებს. ლიტერატურის თეორიის მეტად რთულ
პრობლემებზე მსჯელობისას ვაჟამ გამოამჟღავნა ღრმა ცოდნა და განზოგადების
უნარი. მისი ესთეტიკური შეხედულებები უშუალო კავშირშია სამოციანელთა
ლიტერატურულ-ესთეტიკურ აზროვნებასთან. ვაჟასთვის ხელოვნება და
ლიტერატურა იყო სინამდვილის წარმოსახვის მხატვრული ფორმა. რაც უკეთ
წარმოსახვდა პოეტი სინამდვილეს, მით უფრო მისაღები ხდებოდა მისი
ნაწარმოებები არა მარტო თავისი ერისა და ეპოქისათვის, არამედ ყველა ხალხისა და
დროისათვის. ვაჟა თავის პუბლიცისტიკაში მხატვრული ცნობიერების შემდეგ
საკითხებს გამოყოფს: 1) პოეზიის საფუძველი; 2) პოეზიის ესთეტიკური ბუნება; 3)
მწერლის ენისა და სტილის საკითხები; 4) სალიტერატურო ენისა და დიალექტების
ურთიერთმიმართების პრობლემა; 5) ლიტერატურის ეროვნულობა; 6) ფორმისა და
შინაარსის ერთობლიობა; 7) ნაწარმოების ტენდენციურობა; 8) მწერლისა და
ხალხური შემოქმედების ურთიერთმიმართება; 9) ფანტაზიის სინამდვილესთან
დამოკიდებულება; 10) ლიტერატურული გავლენის თავისებურებანი; 11) ტიპისა და
ტიპურობის საკითხი; 12) მწერლის, კორესპონდენტის, კრიტიკოსის მოვალეობანი და
სხვ.

არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ვაჟას ესა თუ ის აზრი მხოლოდ მას ეკუთვნის


და მანამდე არავის გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, გრიგოლ კიკნაძის სიტყვებით
რომ ვთქვათ, „ვაჟას ნაწერებში მოცემულ შეხედულებებს ხშირად ორიგინალობის
დაღი ამჩნევია, რადგან ისინი ახალ მასალაზე ახალნაირად არიან მომარჯვებულნი
და თავისებურადაც გამოხატულნი“ (გრ. კიკნაძე 1967 : 12). ჩვენ დავამატებდით
ერთსაც, მხატვრული ცნობიერების საკითხებზე მსჯელობისას, ისევე როგორც
მხატვრულ ნაწარმოებთა ერთ ნაკადში, შესამჩნევია უმნიშვნელო გადახვევები
რეალიზმის პრინციპებიდან. ეს გადახვევები ნიუანსებში მჟღავნდება და არა ძირეულ
საკითხებში. ნიუანსები გამოიხატება შემდეგში: 1) ხელოვნების ფუნქციას ვაჟა
ადამიანის მხოლოდ სულიერ კათარზისში არ ხედავს. მისი აზრით, ხელოვნება
ამაღლებს ადამიანს სულიერად და ამშვენიერებს ფიზიკურადაც. გამოთქმული
თვალსაზრისი იდეალისტური მსოფლმხედველობის ნიშნებს ამჟღავნებს. 2)
რეალისტებისაგან განსხვავებით, ვაჟა არასდროს ამახვილებს ყურადღებას მძიმე
ეკონომიკურ პირობებზე და მხოლოდ სულიერ საჭიროებათა დაკმაყოფილებას
მოითხოვს ხელოვნებისგანაც. 3) ვაჟა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებებში სამ ძირითად
მიმართულებას გამოჰყოფს. მიმართულებები განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ
რამდენად მოქმედებს გარემო პირობები ადამიანზე, პერსონაჟზე. აქედან
გამომდინარეობს მწერლის ოპტიმიზმიცა და პესიმიზმიც, თუმცა ვაჟა მწერლის
ნიჭიერებას არ განსაზღვრავს იმ ფაქტორით, თუ რომელ მიმართულებას ირჩევს ის.
4) მწერლის აზრით, ყველა დიდებული ტიპი ბუნებას ჰგავს თავისი ღირსებითა და
ნაკლით. ვაჟა გამოჰყოფს ადამიანთა ტიპებში დიდბუნებოვან ადამიანს და მიიჩნევს,
რომ ის უფრო მეტად ჰგავს ბუნებას თავისი დიდებულებით, ვიდრე სხვა. ამ
დეფინიციით ვაჟა სცილდება სამოციანელთა (რეალისტთა) ნააზრევს, რომელიც არ
განასხვავებს ტიპებს ბუნებისადმი მიბაძვით და არც დიდბუნებოვან პერსონაჟს
მიიჩნევს ბუნების საუკეთესო მიმბაძველად. თავად ვაჟა დიდბუნებოვან ტიპებს
ქმნის. მის მიერ შექმნილი პერსონაჟებიდან მხოლოდ დიდბუნებოვანი გმირები,
თავიანთი ღირსებისა და ნაკლის მატარებელნი, იქცევიან ტიპებად, რომლებიც
გამოხატავენ არა მხოლოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური
მოვლენის არსს, არამედ ზოგადად _ ცხოვრების კანონებს. ვაჟას მიერ შექმნილი
ტიპები უაღრესი ინდივიდუალობითა და ღრმა პიროვნული შინაარსით აღსავსე
პერსონაჟები არიან, მთელი კაცობრიობის საჭიროებისათვის შექმნილნი და
არა ,,ტიპურ გარემოში” მაცხოვრებელი გარკვეული სოციუმის წარმომადგენლები.

ვაჟა განსხვავებულად აღიქვამს ლიტერატურის თეორიის ზოგიერთ საკითხსაც.


მას არატრადიციულად ესმის კოსმოპოლიტიზმის არსი. ამ ცნებაში მწერალი
მსოფლიო მოქალაქეობას გულისხმობს შემდეგი პრინციპით: უპირველესად
გიყვარდეს შენი ერი და ხელს ნუ შეუშლი სხვა ერების განვითარებას; კაცობრიობის
წინსვლას სწორედ კონკრეტული პიროვნება და ერი განაპირობებს. ვაჟას
განსხვავებულად ესმის „ლიტერატურული გავლენის“ პრობლემაც. მას არც
მიმბაძველობად და არც „უმწიფარობის სენად“ არ მიიჩნევს და საღ, ნორმალურ
მოვლენად სახავს.

მხატვრული ცნობიერების ვაჟასეული გააზრება ორგანულ კავშირშია მის


მხატვრულ შემოქმედებასთან, რომელიც თავისი არსით რეალისტურია, მაგრამ
ცალკეული ნაწარმოებები (მისტიკურ-ალეგორიული მოთხრობები) ამჟღავნებს
მოდერნიზმის გარკვეულ ნიშნებს. ვაჟას თეორიული მსჯელობანიც აშკარად
რეალისტურია, თუმცა აქაც შეინიშნება მცირეოდენი განსხვავება რეალისტური
მსოფლხედვისაგან.

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი აზროვნება, წარმოჩენილი პოეტის მხატვრულ


შემოქმედებაში

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი აზროვნება ყველაზე თვალსაჩინოდ მის


მხატვრულ შემოქმედებაში წარმოჩნდება, განსაკუთრებით მის ცნობილ პოემებში_
„ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“. ამ ნაწარმოებებში თავად
საზოგადოება ჩანს, როგორც განვითარების შემაფერხებელი ძალა და პიროვნების
მოწინააღმდეგე, პოემათა მთავარი მიზანი კი სწორედ ამგვარ საზოგადოებაზე
ზემოქმედებაა. სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის აღინიშნა, რომ ვაჟა
კონკრეტულ კუთხესა (ფშავ-ხევსურეთს) და ეპოქას (ისტორიულ წარსულს) ასახავს,
აქედან გამომდინარე, ამ კუთხისა და ეპოქის საზოგადოებას და მის წევრებს. ვაჟას
მიერ დახატული გარემო თავისი მკვიდრებით სხვა მწერალთაგან განსხვავებული და
ორიგინალურია, მაგრამ იმდენად ტიპური, რომ ზოგადად მიესადაგება
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობას, განურჩევლად დროისა და
ადგილისა (ამგვარი უნარი კერძოსა და კონკრეტულის განზოგადებისა ვაჟასნაირ
დიდ ხელოვანებს ახასიათებთ). დავსვათ კითხვა: ვაჟას შეხედულებით რაში
მდგომარეობს ეს ურთიერთობა?! პასუხი ზოგადია და ყველა ვითარებისთვის
შესაფერისი _ საზოგადოებას თითქმის არასდროს სურს დაკანონებული მორალის
შეცვლა, მისგან გადახვევა; ვინც ამას სჩადის, საზოგადოებას ის აღარ მოსწონს,
თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს იკავებს მისი დასჯისგან,
ადანაშაულებს, დასცინის, აბრალებს და რიყავს თავისი რიგებიდან. მიუხედავად
ასეთი დამოკიდებულებისა, ბოლომდე არ დევნის (თემმა აპატია ალუდას მკლავის
მოკვეთის ტრადიციის დარღვევა, მაგრამ უნდობლად შეხედა მას, როგორც
მორალური ნორმის შეურაცხმყოფელს და ზურგი აქცია); საზოგადოებიდან გარიყვა
ხელს უწყობს პიროვნებას, სხვაგვარად შეხედოს არსებულ ვითარებას, რაც
მასშტაბური ხედვის გახსნის წინაპირობაა: „ფართოდ“ მოაზროვნე ადამიანი ამჩნევს
და ხედავს არა ერთი კანონის ან წესის უარყოფით ბუნებას, არამედ მთლიანად
საზოგადოების გარდაქმნის აუცილებლობას (მხოლოდ მკლავის მოკვეთის ადათის
უგულებელყობა არ ყოფილა ალუდას თემიდან მოკვეთის საფუძველი. მან ეჭვი
შეიტანა თემის რელიგიური დოგმების უტყუარობაში, კერძოდ, იმ საკითხში, თუ
რატომ არ ცხონდება ე.წ. „ურჯულო“ და ცხონდება ე.წ. „რჯულიანი“, რომელიც
შეუბრალებელია მტრის მიმართ და ასევე მტრად აღიქვამს თავისივე მეზობელს).
პიროვნებას ეხსნება გონება და ხედავს, რომ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ
გადაკიდებულ ტომებს საცხოვრებლის ადგილმდებარეობაც კი (თითქმის) არ
განასხვავებს ერთმანეთისგან, ისინი ერთი მთის მცხოვრები არიან; ხოლო სისხლის
აღების ადათი, რომელიც საზოგადოებას დაუწესებია „ურჯულო“ მეზობლების
მიმართ, უსაფუძვლოა, რადგან დამყარებულია იმ ადამიანთა ფიცზე, რომლებიც
ღვთისშვილების (ანგელოზების) ნათქვამს იმოწმებენ; მწერალს სწორედ მათი ფიცის
სიტყვებში შეაქვს ეჭვი: „ყველანი მართალს ამბობენ / განა, ვინაცა ჰფიციან?!“ (ვაჟა-
ფშაველა 1964, ტ. III : 64).

საქართველოს მთის ხალხის რჯული _ ქრისტიანობა _ შერწყმულია ამ ხალხის


წარმართულ ადათ-წესებთან. ერთ-ერთი ასეთი ადათი სისხლის აღების წესია,
რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანობის მთავარ დოგმატსა და პრიორიტეტს
(თუნდაც სხვა რელიგიებთან შეპირისპირებით) _ მტრის სიყვარულს. ალუდა
ქეთელაური უპირისპირდება მთის რელიგიას თავისი ქმედებით _ ურჯულოსათვის
საკლავის დაკვლით. ამას კი თემი უკვე აღარ პატიობს. როგორც ნაწარმოებიდან ჩანს,
პიროვნებას შესწევს დანახვის უნარი და სითამამე, იბრძოლოს იმის შესაცვლელად,
რასაც სხვები ცხვრებივით ემორჩილებიან. საზოგადოება გარკვეულ ეტაპზე უთმობს
მას, თუმცა არა ურეაქციოდ, ხოლო, როდესაც პიროვნება იმდენად შორს მიდის, რომ
არსებულის შესაცვლელად იწყებს ქმედებას, საზოგადოება მას სასტიკად უსწორდება
და დასაღუპავად იმეტებს.

ჩნდება კითხვა, მხატვრულ ნაწარმოებში ასახული საზოგადოებისა და


პიროვნების ურთიერთობა ახდენს თუ არა გავლენას საზოგადოებაზე? ჩვენ არ
დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ყოველ მხატვრულ ნაწარმოებს, გარდა ესთეტიკური
სიამოვნებისა, სწორედ ეს ფუნქციაც აქვს. კონკრეტულად კი ეს თემა _ პიროვნებისა
და საზოგადოების ურთიერთობა _ რასაკვირელია, აფიქრებს მკითხველს და მის
პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება პიროვნებებისაგან შედგება.
პიროვნება საბოლოოდ მაინც გარდაქმნის საზოგადოებას, თუმცა მათ შორის
პრობლემა ყოველთვის რჩება და ახალ სახეს იღებს. დღეს აღარ არის საქართველოს
მთაში არც მკლავის მოკვეთის და არც სისხლის აღების ტრადიცია, თუმცა
პიროვნებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება კვლავ არსებობს და
იარსებებს მუდამ.

ვაჟას პოემები ღირებულია არა პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის,


არამედ იმ კეთილშობილური გრძნობების ასახვის გამო, რომლებიც იბადება და
ვითარდება ადამიანის ბუნებაში და მის პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ასეთი გრძნობაა შებრალება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გააჩნია, ნაწილს _ არა;
მტრის სიყვარული კი მხოლოდ სულიერად ამაღლებული ადამიანის პრიორიტეტია.
რა თქმა უნდა, ვაჟა სიყვარულს ანიჭებს უპირატესობას, რადგან შებრალებას
ბატონკაცურ უნარად აღიქვამს: როცა გებრალება, თავს შესაბრალებელზე მაღლა
მდგომად მიიჩნევ, ხოლო, როცა გიყვარს, ტოლად და სწორად („საგაზაფხულო
ფიქრები“); თუმცა ხშირად შებრალება და თანაგრძნობა სიყვარულის წინაპირობადაც
იქცევა (ალუდა ქეთელაურს ჯერ შეებრალა მუცალი, შემდეგ კი მტერი მისი „ლამაზი
ძმა“ გახდა). ვაჟას აზრით, პიროვნებას რეალურად შეუძლია იმდენად ამაღლდეს,
რომ მტრის შეყვარება შეძლოს; საზოგადოებას, პიროვნებისგან განსხვავებით,
მხოლოდ შეფასების უნარი შესწევს (პიროვნებას _ ქმედებისაც), რომელსაც მალევე
უგულებელყოფს ჩამოყალიბებული მორალური ნორმებიდან გამომდინარე. „ხომ
მაგას არ მოვუკლავდით / მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?...“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.
III : 222), _ სიბრალულს გამოხატავს თემი ზვიადაურის სიკვდილის გამო და აღიქვამს
მის გამორჩეულობას, თუმცა მალევე ცვლის თავის პოზიციას არსებული ადათის
შესაბამისად: „მაგრამ მტერს მტრულად მოექე,/ თვითონ უფალმა ბრძანაო, / ის
სჯობს, რაც მალე ვეცდებით, / გულში ჩავურჭოთ დანაო“ (იქვე). ბიბლიური
სენტენცია _ „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი და გიყვარდეს მტერი
შენი, ვითარცა მოყვასი შენი,“ _ ვაჟას პოემებში კეთილშობილურ მოწოდებად კი არ
რჩება, რეალურ შესაძლებლობად იქცევა. რა არის მიზეზი იმისა, რომ ვაჟას
პერსონაჟები ფლობენ საკმაოდ რთულად მისაღწევ, საკუთარ თავში
გამოსამუშავებელ უნარს შებრალებისა და, აქედან გამომდინარე, სიყვარულის
შესაძლებლობაც ეძლევათ?! რა თქმა უნდა, ეს უნარი იმ დიდებულ ადამიანთა
შინაგანი მოთხოვნილებაა, რომელთაც განასახიერებს მხატვრული ნაწარმოების
დიდებული პერსონაჟი. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი უნარი მხოლოდ
კონკრეტულ სიტუაციაში უყალიბდებათ ადამიანებს და მათ პიროვნებებად აქცევს.
ვაჟამ შეძლო იმ სიტუაციათა მიგნება, როდესაც მტერში ადამიანის დანახვაა
შესაძლებელი. ეს სიტუაცია არის არა ბრძოლა, სადაც შებრალება თითქმის
გამორიცხულია, არამედ ბრძოლის შემდგომი ეტაპი, როდესაც მოწინააღმდეგე
კვდება, მაგრამ კვდება ღირსეულად და არა დაბეჩავებულად, ვაჟკაცურად, როგორც
ეს „კაი ყმას“ ეკადრება („ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“).
ამ მომენტში ნამდვილად იბადება თანაგრძნობა, რომელიც სწორედ ადამიანის
გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული _ ის კვდება და ვეღარ უშველი, დრო უკან
არ დაბრუნდება. აზრის განსამტკიცებლად დავსვათ რამდენიმე კითხვა: შეინდობდა
თუ არა ალუდა ქეთელაური მუცალს, სხვა სიტუაციაში რომ ენახა, ან გველი _
ლუხუმს, ან მოიხიბლებოდა თუ არა აღაზა ზვიადაურით? ალბათ, არა. სამივე
შემთხვევაში მნიშვნელოვანია სულთმობრძავ მდგომარეობაში მყოფის დანახვა და
მისი ადამიანური ღირსების აღქმა. მუცალი არ ნებდება სიკვდილს, იბრძვის
სიცოცხლისათვის, კიდევ ესვრის ალუდას და საბოლოოდ იარაღის გადაგდებით
აღიარებს მას თავის სწორად. აღაზას ფერიცვალებაც სწორედ ზვიადაურის
ვაჟკაცური სიკვდილის შემდგომ იწყება. გველსაც სულთმობრძავი კაცის კვნესა
შესძრავს და ბუნებას შეუცვლის (ამ შემთხვევაში ღვთიური სამართალი
ხორციელდება, ლუხუმს უფასდება მტრის შებრალების უნარი, ანუ
კეთილშობილება).

არის კიდევ ერთი სიტუაცია, როდესაც მტრის მიღმა ადამიანს ხედავ _ მწერალი
გვიჩვენებს თავისი ოჯახისათვის მოამაგეს და ვინც არ უნდა იყოს ის, ადამიანი თუ
ცხოველი, არ შეიძლება ამ სიტუაციამ _ სხვისათვის (შვილებისათვის) ზრუნვამ _
მისადმი თანაგრძნობა არ გამოიწვიოს (მონადირე არ მოკლავს ფრინველს, რომელსაც
თავისი ბარტყებისათვის საკვები მიაქვს, შეებრალება მისი ნაშიერნი, რადგან
შესაძლებელია თვითონაც ჰყავდეს შვილები). შებრალების საფუძველი ამ
შემთხვევაში სხვაში საკუთარი თავის (შენიანის) დანახვაა, სხვისი ქმედების საკუთარ
თავზე (შენიანზე) გადმოტანა და გააზრებაა. რატომ დანახვისთანავე არ მოკლა
ზვიადაუმა ჯოყოლა, ყველა ქისტი ხომ მისი მტერი იყო?! ალბათ იმიტომ, რომ მან
ოჯახზე მზრუნველი კაცი დაინახა და არა მტერი, ძლივს რომ მიათრევდა
ნანადირევს. ასეთ მდგომარეობაში სიკვდილი არც „სიკვდილის მძლეველ“ უშიშარ
ზვიადაურს მოუნდებოდა თავისი ოჯახის გამო.

ვაჟა-ფშაველა საზოგადოებას, რომელიც შეუბრალებელია პიროვნების მიმართ,


საზოგადოებრივ აზროვნებას უყალიბებს, რაც ემპათიაში, სხვისი გასაჭირის
გაზიარებაში მდგომარეობს. არანაკლებ შთამბეჭდავია ამ მხრივ ვაჟას პროზაც.
მოთხრობაში „პაპას მსოფლიო ფიქრები“ მწერალი ერთ გაუნათლებელ სოფლის კაცს
გვიხატავს, რომელსაც ღრმად სწამს, რომ „დედამიწა ვეშაპიის ზურგზეა
დაფუძნებული, მზე დაღისტნის იქით მთის უკან იმალება, დილით იქიდან ამოდის,
საღამ-საღამოობით კი იმერეთის მთას უკან იმალება“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. VI : 76).
მაგრამ უსწავლელობა ხელს არ უშლის პაპას იყოს ჭეშმარიტად მსოფლიო მოქალაქე,
ეცოდებოდეს მტერი, რადგან მასაც ჰყავს ცოლ-შვილი, მასზედაც გადმოღვრიან
ცრემლს ახლობლები და შეწუხდებიან, დაობლდებიან მისი შვილები, ისიც
ადამიანია. „კაცი სუ კაცია, რა რჯულისაც უნდა იყოს. ყველა ღვთის გაჩენილია,
ყველა ღმერთს ეხვეწება და ემუდარება _ ღმერთო, მაცოცხლე და მაცხოვრეო! ჩვენ კი
უნდა მოვკლათ? ფუუუჰ!“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. VI : 75) _ პაპას თავზარსა სცემს
კაცის მოკვლის ამბავი. მისი აზრით, „ვაჟკაცობა ის არის, კაცმა მტერი მოკეთედ
გაიხადოს, თორო მოკეთე რომ გადაიმტეროს, ეგ არაფერი ბიჭობაა...“ (იქვე). არა
მარტო ადამიანი, პაპას ყველა სულიერი ეცოდება და პატივს სცემს. საქონლის
დანიშნულება ხომ ტვირთის გადაზიდვაა, მაგრამ ზედმეტს მასაც არ აჰკიდებს,
დაასვენებს, მოაძოვებს, გაუფრთხილდება მის ჯანმრთელობას; ძალიან ეცოდება
პირუტუვი, რადგან ის ვერავის აგებინებს _ ავადაა, შია თუ სწყურია. ვაჟამ თავის
მხატვრულ პროზაშიც კი, რომელშიც უტყვი ბუნება გაასულიერა, ყველაზე პირქუშ
პერსონაჟს, „საზარელს კლდეს“, მხოლოდ ერთხელ ამოაღებინა ხმა და ათქმევინა: „გ ი
ყვარდეთ კ ა ც ნ ო, ე რ თ მ ა ნ ე რ თ ი!“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. VI : 27)
ათქმევინა და სამუდამოდ დაადუმა. მართალია, ვაჟას მთელი მხატვრული პროზა
სხვისი შებრალებისა და სიყვარულის სურვილს უჩენს მკითხველს, მაგრამ ჩვენ მიერ
განხილულ ამ ორ მოთხრობაში პირდაპირ ამ გრძნობებზეა საუბარი, თანაც ისეთ
პერსონაჟთაგან, რომელთაგანაც ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, ამიტომაც
გამოვყავით ისინი ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი აზროვნების წარმოსაჩენად.

ვაჟას მხატვრული შემოქმედება და, მით უმეტეს, პოეზია, არ არის


დიდაქტიკური ხასიათის; პირიქით, დარიგება თითქოს საერთოდ
უგულებელყოფილია მასში. იმას, რაც სხვისი გასაგონია, პოეტი უმთავრესად პირველ
პირში გადმოსცემს და აი, რა არის უპირველესად მისი სათქმელი:
„რაც უნდა ჭირი მომკერძო,

ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;

მცნებას ვერ შემაცვლევინებ

მოზღვავებულის ავითა!...“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 311)

გაუტეხელობა, გასაჭირის დაძლევა ვაჟას დიდებულ პერსონათა ბუნებაშია,


მაგრამ მხოლოდ ამ თვისებით არ გამოირჩევიან ისინი. ადამიანს ბევრი არ უნდა
გინდოდეს! _ რა სხვადასხვანაირად და შთამბეჭდავად გამოუთქვამთ ეს სიტყვები
ჩვენი ლიტერატურის კლასიკოსებს, როგორ გულზე მოგვხვდომია მათი ე.წ.
„შეგონება“; ვაჟა კი მარტივად ამბობს:

„ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,

ბეჩავთაც გავუზიარებ.

სიკეთისათვის სიკეთეს

არავის დავუგვიანებ.

ავის თქმით, ავის ქცევითა

გულს არვის დავუზიანებ“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 213).

„დიდად საჭიროა მწერლისთვის პატრიოტიზმი“, _ იტყვის მოგვიანებით ვაჟა,


მაგრამ მანამდე ამ „დიდად საჭირო გრძნობას“ თავის თითქმის ყველა ლექსში
ჩააქსოვს:

„ვერ მივცემ მტერსა მამულსა

საჯიჯგნად, დასაზიანად...“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 312)

ან თუნდაც,
„ხარს ვგევარ ნაიალაღარს,

რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:

ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _

მძინარიც იმას ვდუდუნებ“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 213).

როგორც ვხედავთ, უპირველესად მცნებათა დაცვისკენ მოუწოდებს პოეტი


მკითხველს, თუ ამგვარ თქმას მოწოდებას დავარქმევთ. მასში იგულისხმება
ადამიანური სიხარბის დაძლევაც, პატრიოტობაც (საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც
მცნებათა რანგში ჰყავს აყვანილი პოეტს) და ამპარტავნობის უგულებელყოფაც. ეს
უკანასკნელი ხშირად თავმოყვარეობის სახითაა შენიღბული და ყველაზე რთული,
ვფიქრობთ, მასზე გამარჯვებაა. ალბათ ამიტომაც იღებს პოეტის ლოცვა ვედრების
სახეს:

„ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა;

არ წამიხდინო, მეუფევ,

ეს ჩემი წმინდა ხელობა!“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 142)

ვაჟას პოეზიის მრავალფეროვანი თემატიკიდან ამჟამად ადამიანის შინაგანი


ბუნების ღირსებაზე გავამახვილეთ ყურადღება, რადგან ყველაზე მეტად მასში ჩანს
ადამიანის საზოგადოებრივი აზროვნების უნარი. ბევრს უთქვამს და მათ შორის _
ვაჟასაც, რომ ხელოვნების დანიშნულება ადამიანის სულიერი ამაღლებაა. ვაჟას
სიტყვები ნამდვილად გამაღლებს, კითხვის მომენტში მაინც განგაცდევინებს ამ
მდგომარეობას. პოეტი-ლიტერატორი უფრო შორსაც მიდის და თვლის, რომ სულიერ
სილამაზეს ფიზიკურიც მოსდევს. ვაჟას მსოფლხედვა დღეს XXI საუკუნის
უტილიტარული აზროვნებისკენ მიდრეკილ ადამიანს სიამოვნებას განაცდევინებს,
ვინც ღრმად სწვდება მისი აზრის მშვენიერებას, ამაღლებს, ამაღლებული კი ამჩნევს,
როგორ ლამაზდება ფიზიკურადაც გარემომცველ სამყაროსთან ერთად.

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობა და აზროვნება

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობის წარმოჩენა უნდა დავიწყოთ


მშოლებისადმი მიძღვნილი ჩანაწერით, რომელიც ცნობილია სათაურით „საუბარი
ბავშვებზედ“. ვაჟამ ის მშობლებისათვის დაწერა სოფელ დიდ თონეში
მასწავლებლობის დროს, რათა ესწავლებინა მათთვის, თუ რა არის მთავარი და
აუცილებელი შვილთან ურთიერთობისას, როგორი დამოკიდებულება უნდა
ჰქონდეთ შვილთან, რომ ხელი შეუწყონ მის სწორ აღზრდას, რა არის მშობლის
მოვალეობა. ჩანაწერი დაწერილია მარტივი, სადა, ყველასათვის გასაგები ენით,
რადგან მისი დანიშნულება სწორედ რიგითი ადამიანების, სოფლის მკვიდრთა
დარიგებაა. ჩანაწერის დასაწყისში ვაჟა მსჯელობს შემოქმედის უნივერსალიზმზე,
მის ყოვლისშემძლეობაზე, ყველგანმყოფობაზე. მსჯელობისას უთუოდ წარმოჩნდება
მისი ქრისტიანული აზროვნება. ვაჟა თვლის, რომ ღმერთმა გააჩინა კაცი და ჩაუდგა
მას თავისი უკვდავი სული: „სული არის ძალა, იარაღი, რომელიც უნდა მოიხმაროს
კაცმა, რომ გახდეს ჭკვიანი, გონიერი, პატიოსანი, შეიძინოს სწავლა, გამოიცადოს და
ეს თავისი გამოცდილება შვილებსაც გადასცეს“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.10 : 98).
ღვთაებრივი სული, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, განასხვავებს მას სამყაროს
სხვა ცოცხალი არსებებისაგან. ამ ღვთაებრივ სულზე მიუთითებს ვაჟა, როცა წერს:
„სულით კაცი ყველა სხვა ცხოველზე მაღლა დგას. რაც უნდა ასწავლო ცხოველს, იმას
არ შეუძლიან თავისი სწავლა შვილებს მოახმაროს... “ (იქვე); არ შეუძლია, რადგან მას
არ წარმართავს გონება, რომელიც დაბადებასთან ერთად მიანიჭა ადამიანის სხეულს
ღმერთმა. სწორედ ამ გონების წყალობით ადამიანი წარმოუდგენლად მაღლა დგას
ცხოველზე.

ვაჟა ყურადღებას ამახვილებს ბოროტების უარსობაზეც. „ბოროტი არ იბადება


კაცი, _ წერს ის, _მის გაბოროტებაში გამზრდელი, მშობლები, თვოთონ ჩვენა ვართ
დამნაშავე. ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშვის გულში ცოტ-ცოტაობით
იზრდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია” (ვაჟა-ფშაველა 1964,
ტ.10 : 106). ამ სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ვაჟა ბოროტებას მიიჩნევს
ადამიანის თავისუფალი ნების არასწორად გამოყენების შედეგად, რაც
თანდათანობით ადამიანის ბუნებაში გადადის. მწერალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
აღზრდა-განათლებას, რომელსაც ის ქრისტიანული მორალის საფუძველზე
აყალიბებს. პოეტის შეხედულებით, „მდიდარს ოჯახში ძალიან ფრთხილად უნდა
ზრდა ბავშვს, ხშირად ის ვერ მოინელებს რაც ესმის და რასაც ხედავს. ბალღი
გონებით ცოცხალია...” (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.10 : 104). ვაჟას მსჯელობა ემყარება
სახარებას: „რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა... უადვილეს არს
მანქანისა საბელი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად
სასუფეველსა ღმრთისასა“ (მათე 19, 23-24). ამიტომაც, მწერლის აზრით, მდიდრის
ოჯახში ბავშვის აღზრდა დიდ სიძნეეებთან არის დაკავშირებული. „ბალღი გონებით
ცოცხალია“, ის ითვისებს მშობლების უარყოფით, ამპარტავნულ ჩვევებს, რომლებიც
მათ სიმდიდრისა და ფუფუნებისგან გამოუმუშავდათ, სხვასთან შედარებით თავისი
უპირატესობის შეგნებით და აქედან გამომდინარე, სხვისი ჩაგვრით. რამდენადაც
ბავშვს მიმბაძველობა ახასიათებს, იმდენად მის ყოფაქცევასაც უფროსების მოქმედება
წარმართავს. უმეტეს შემთხვევაში ბავშვს ძალა არ შესწევს უარყოფითი გავლენისა და
მისი დამღუპველი ცდუნებისაგან თავის დაღწევის.

მშობლის მაგალითს რომ ზემოქმედება შეეძლოს, მისი სიტყვა და საქმე, რწმენა და


საქციელი ერთი უნდა იყოს. ვაჟას შესანიშნავი კონკრეტული მაგალითი მოჰყავს:
„მამა ღვთის მოყვარე კაცია. მუდამ დილით და საღამოთი სულ ცრემლით ევედრება
ღვთის მშობლის ხატს. მაგრამ ერთი ცუდი ზნე სჭირს _ ვაჭრობაში სიმრუდე, დამპალ
საქონელს ასაღებს... ბავშვი ხედავს, რომ სიტყვა ერთი აქვს იმის მამას, საქმე სხვა. ეს
რას ნიშნავს? მამაჩემი სახარებაში კითხულობს „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა
თავი თვისიო“ და თვითონ კი ქვეყანა უტყუილებია, მაგრამ ბედნიერად ცხოვრობს!
შვილიც, რასაკვირველია, მამისაგან იღებს მაგალითს და დაუწყებს ქვეყანას ტყუებას,
გამოვა ქვეყნის ამომგდები“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.10 : 106). ამიტომ მშობლის
მოვალეობაა, თუ თავისი თავი არ ეკითხება, შვილზე მაინც იზრუნოს და არ
დაუმახინჯოს რწმენა.

ვაჟას აზრით, მშობლის ვალია, შვილს გამოუმუშაოს წესიერების სიყვარული და


დადებითი ჩვევები. „ჩვეულებას ცოდნა ვერ ერევა. თავის ცხოვრებაში კაცი უფრო
ჩვეულებას მისდევს, მანამ საღი გონების რჩევას“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.10 : 105).
უარყოფითი ჩვევები მოქმედებს ადამიანის სულზე და საფრთხეში აგდებს მას. ასეთ
უარყოფით ჩვევებად ვაჟა მიიჩნევს თამბაქოს წევას, სიძუნწეს, შიშით საქმის კეთებას,
დაყვავების დროს _ „თავზე დაჯდომას“, აგრეთვე უსუფთაობასა და სიბინძურეს.
„ბინძურობასაც იგივე შედეგი მოსდევს, _ აღნიშნავს ვაჟა, _ ბინძური კაცი საქმეშიც
ბინძურია“ (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.10 : 105).

ერთ-ერთ დამღუპველ მანკად, რომელიც ძალზე უარყოფითად მოქმედებს


მოზარდის სულზე, მწერალს ტყუილის თქმა მიაჩნია. ამიტომ ვაჟა კატეგორიულად
მოითხოვს სიცრუის აღკვეთას ოჯახშიც და მის გარეთაც. „თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას
შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა უთხრათ და სხვებსაც უნდა
ვსთხოვოთ, ტყუილს არ მიაჩვიონ ჩვენი შვილები. ცხოვრებაში ბევრს განსაცდელს
მოელის კაცი, ბევრჯერ დასჭირდება იმას ტყუილის თქმა. ამიტომ მშობლებმა
უბრალო ხუმრობაშიც, ტყუილს უნდა თავი დაანებონ“, _ წერს ვაჟა (ვაჟა-ფშაველა
1964, ტ.10 : 107).

ვაჟა ობიექტურად აანალიზებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და იმასაც აღნიშნავს,


რომ ხშირად შვილისათვის კარგი მაგალითის მიმცემ მშობლებს უვარგისი
მემკვიდრე ჰყავთ, ქვეყნის ამომგდები და მშობლები მასთან ვერაფერს აწყობენ. ვაჟა
ასეთი შემთხვევის მიზეზს ადამიანის თავისუფალი ნების არასწორად გამოყენებაში
ხედავს და არა ბედისწერაში.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გაცნობა გვარწმუნებს, რომ პოეტი ადამიანის ხსნას


სიყვარულში ხედავს. შვილის სწორი აღზრდაც მხოლოდ სიყვარულითაა
შესაძლებელი, სიყვარული უნდა წარმართავდეს მამისა და შვილის ურთიერთობას
ისევე, როგორც წარმართავს ღმერთისა და ადამიანის ერთმანეთთან
დამოკიდებულებას. „შვილებს თვალყურს კარგად მაშინ ვადევნებთ, როდესაც
შვილები გვეყვარება, ამიტომ ყველაზე საჭირო სიყვარულია. მე, თუ კაცი მიყვარს,
იმისთვის არაფერს დავიშურებ, _ წერს ვაჟა, _ ... თუ შვილები გვეყვარება,
რასაკვირველია, მათაც შევუყვარდებით, რაკი დაინახავენ, რომ გვიყვარს შვილები,
გვენდობიან კიდეც, რჩევას გაგვიგონებენ, მაგალითს ჩვენგნით აიღებენ და ეცდებიან
ჩვენ დაგვემსგავსონ” (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ.10 : 107). ვაჟა უარყოფს ბავშვებზე
ფიზიკური ძალის გამოყენებას. ის მეტად საყურადღებო აღმზრდელობით
მითითებას იძლევა: „... შვილები რაკი გვეყვარება, სასტიკად, მხეცურად არ
მოვეპყრობით. შურით და ცემით ბოროტი კაცი ვის გაუკეთილებია? ცემით დაშინება
შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი _ არასოდეს. სული, მხოლოდ სული მოქმედებს
სულზე, მხოლოდგული იცნობს გულსა. სიყვარულით და ჩაგონებით შეიძლება
ასწავლოს შვილს მშობელმა სიყვარული, გულკეთილობა და გონიერება“ (იქვე).
ერთი სიტყვით, ვაჟა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მშობლებს შვილის
აღზრდის საქმეში. პოეტის ეს შეხედულებები ბავშვის აღზრდის ქრისტიანული
მორალის პრინციპებს ეხმიანება (თ. შარაბიძე 2005).

***
„შირაქის ამბები“

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია


მისი მუდმივი ქომაგობა მთიელი ხალხისა. სიკო ფაშალიშვილი თავის მოგონებაში
აღნიშნავს: „მართლაცდა, საოცრად იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული მისი
შემოქმედებითი მუშაობა და პრაქტიკული საქმიანობა: წვრილმან, საარსებო
საზრუნავს თავი რომ დავანებოთ, იგი მუდამ იყო ჩაბმული საზოგადოებრივი
მნიშვნელობის საქმეებში: ხან მთაში იალაღების მოწესირიგებაზე დარბოდა, ხან
შირაქის ველებზე, ფშავლებისა და მოხევეების ჩამოსახლების საქმეებში იძირებოდა,
ხან საკუთარი სოფლის მცხოვრებთა ინტერესების დაცვაზე ხარჯავდა დროს, ფულსა
და ენერგიას, ხან თავისი ნაწერების გამოცემაზე წვალობდა და ასე დაუსრულებლად“
(„კაი ყმა“, 1986 : 363).

მხოლოდ შირაქის ამბებიც საკმარისია, რომ საზოგადოებრივი საქმისადმი მწერლის


თავდადება გამოჩნდეს. მთის მოსახლეობა ყოველთვის გაჭირვებულად ცხოვრობდა,
რადგან მწირი ნიადაგი არ იძლეოდა იმდენ მოსავალს, რომ თავი ერჩინათ და
ოჯახები გამოეკვებათ. სწორედ ამიტომაც მთის ხალხი შირაქის დაუსახლებელი
ველების ათვისებას თვითნებურად შეუდგა. მთავრობას უყურადღებოდ არ
დაუტოვებია ეს ფაქტი; მან მთის ხალხს დაკავებული ადგილებიდან აყრა მოსთხოვა
იმ მიზნით, რომ აქ სხვა ხალხი უნდა ჩამოესახლებინათ. შირაქის საქმესთან
დაკავშირებულ ამბებს თვითონ ვაჟა ძალიან საინტერესოდ და დაწვრილებით
აშუქებს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილსა თუ კორესპონდენციაში.
1904 წელს გამოქვეყნებულ მცირე ზომის წერილში _ „შირაქის ამბები“ _ ვაჟამ არა
მხოლოდ აღწერა მთიელების მძიმე სოციალური მდგომარეობა და მუდმივი ჩაგვრა
აღნიშნულ მიწებზე დავისას, არამედ მან თავისი ეროვნული პოზიციაც დააფიქსირა.
სტატიას წერილის ფორმა აქვს. მას წერს შირაქში მყოფი ჩობანი, რომელიც თავისი და
თანამებრძოლი მთიელების მძიმე მდომარეობის შესახებ ატყობინებს მეგობარ
მგოსანს. სტატია დაწერილია გამართული სალიტერატურო ქართულით და ეჭვი
არავის ეპარება, რომ თავად ვაჟაა მასში გამოთქმული წუხილის განმცხადებელიცა და
დამწერიც. ჩობანი ჩივის მთიელების მძიმე მდგომარეობაზე: „ჩვენი მთის ხალხის
ცხოვრება მორჩომილია; კარგად იცი, ფშავლებსა და თუშებს შირაქიდან გვიდგა
სული. მთის ცხოვრება, იქ მეკვამურობა, ალბათ, არ იყო წინადაც, როგორც დღეს არ
არის ხელსაყრელი, რომ ჩვენ მამა-პაპას ვინ იცის როდის, რას ჟამს ჩაუჭიდნია ხელი
შირაქისათვის: თვითეულს გაუმართავს თავისთვის ბინა, გაუჩენია ცხვარი, ძროხა და
უძოვებია შირაქში, თუ ვინმე შესცილებია, განუდევნია და თითონა სჭერიათ და
უსარგებლიათ“ (ვაჟა-ფშაველა, 1979 : 214). ვაჟა კიდევ ერთხელ შეახსენებს
მკითხველს, რომ ბარი მთიელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათი
ოჯახების მკვებავი და გადამრჩენი.

ვაჟას განსაკუთრებულ გულისწყრომას იწვევს რამდენიმე ფაქტი: 1. ის, რომ


მთიელების ინტერესები უგულებელყოფილია და უცხო ხალხის (რომლის
ჩამოსახლებასაც აპირებდნენ) _ დაკმაყოფილებული. 2. მწირი მიწის გამო ისედაც
დაჩაგრული მთიელები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი ქართული
საზოგადოების მხრიდანაც. სწორედ ამიტომაც ათქმევინებს მწერალი საყვედურს
ჩობანს: „ვისაც რამ გესმით, ვისაც ცოტა რამ გისწავლიათ, რატომ არ გვპატრონობთო?“
(ვაჟა-ფშაველა, 1979:214), ნუთუ შეიძლება, რომ ვიღაც გადამთიელს ეკუთვნოდეს
შირაქი და ჩვენ კი აქ გვჩაგრავდნენ და გვავიწროვებდნენ, „მით უმეტეს, რომ ადამის
ჟამიდან აქა ვცხოვრობთ და აქა ვბინადრობთ?! არა, არა გვყავს პატრონი, თორემ ასე
უდიერად არავინ მოგვეპყრობოდაო“ (ვაჟა-ფშაველა,1979 : 214-215).
წერილში ვაჟა წინ წამოწევს შირაქში მთიელთა უფლებების განმამტკიცებელ
ფაქტს, რომ ისინი უკვე რეალურად ეპატრონებიან ამ მიწას, მოჰყავთ მოსავალი და
სახლობენ.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული აზრია, რომ სწორედ ვაჟა-


ფშაველაა შირაქში მთიელი მოსახლეობის ჩასახლების სულისჩამდგმელი; თუმცა
არსებობს განსხვავებული შეხედულებაც, რომ ვაჟა მხოლოდ ქომაგია მთიელი
ხალხისა და არა მათი მიგრაციის ორგანიზატორი. რომელი აზრიც არ უნდა
გავიზიაროთ, ნათელია, რომ ვაჟა საზოგადოების საკეთილდღეოდ იბრძვის თავისი
კალმით, რომელიც ორგანიზატორობაზე ნაკლებ ძალისხმევასა და ნიჭს არ
მოითხოვს. საკითხთან დაკავშირებით მოგვყავს ჯიბო ლომაშვილის სიტყვეbი:
„ფშავლებმა შირაქში გადასახლება თავიანთი ნებით დაიწყეს. მას შემდეგ, რაც
ჩამოსახლებულ მთიელებს უკან აყრა-გადასახლებას უპირებდნენ მეფის მთავრობა
და მდიდარი ქართველი მეცხვარეები, ვაჟა-ფშაველა მოგვევლინა მათ იურიდიულ
დამცველად, მოსარჩლედ. საერთოდ, ვაჟა-ფშაველას დიდი წვლილი მიუძღვის
ფშაველთა შირაქში მოწყობის საქმეში“ [ლომაშვილი,2013:20].

საქმე მდგომარეობს შემდეგში: 1889 წელს იმპერიის მთავრობამ შირაქის ველებზე


რუსების გადმოსახლება დაგეგმა, რამაც მთიელების გაღიზიანება და შიში
გამოიწვია. მათი ღრმა რწმენით, თუ მეფის მოხელეები აღნიშნულ ღონისძიებას
გაატარებდნენ, თუშ-ფშავ-ხევსურებსა და მთიულებს ამ მიწებიდან აყრიდნენ და
მთაში დააბრუნებდნენ. ამ მოვლენის ხელის შესაშლელად მთიელებმა მასობრივად
დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება; თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი მიგრაციის
მთავარი ფაქტორი ეკონომიკური ხასიათის იყო და მთაში ცხოვრების მკაცრ
პირობებს უკავშირდებოდა. ზოგადად მთიელთა და, მათ შორის, ფშაველთა მძიმე
მდგომარეობაზე მიუთითებს ვაჟა 1906 წელს დაწერილ წერილში „ფშავის-ხევი“. იგი
აღნიშნავს, რომ „ფშაველიც სთესავს ოთხი-ხუთი თვის გადაღარულ-გადაბრუნებულს
მიწას და წესისამებრ ჰმკის, ლეწავს, მაგრამ მაინც ისევ ნახევრად მშიერია, რადგან
უღონო, გამოღალული მიწა უხეირო, მცირე მოსავალს იძლევა. აი, ეს გახლავთ
მიზეზი, რომ აქაურებმა მიაშურეს ხამს და ნაყოფიერს შირაქის მიწებს, და განა მარტო
ფშავლებმა, არა, მთის ხალხი გამგელებული მიიწევს შირაქისაკენ, როგორც,
მაგალითად, მთიულები, გუდამაყრელები, მოხევენი და სხვა. მთავრობა აღარ
გვიშლის იქ ხვნას და სახლ-კარობას, დამკვიდრებას...“ (ვაჟა-ფშაველა, 1964 : 73-74).

ვაჟას ამ წერილში კარგად გამოიკვეთა მწერლის დამოკიდებულება თავისი


კუთხისა და ზოგადად, გაჭირვებაში მყოფი მთის მოსახლეობისადმი, საზოგადო
მოღვაწის უნარი პრობლემის დაყენებისა და მისი გადაჭრისა; პიროვნების
შორსმჭვრეტელობა და სამშობლოს ისტორიის ზედმიწევნით ცოდნა, რაც ეხმარება
მას, ეროვნული ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებაში. ვაჟას მიდგომა
საქმისადმი სახელმწიფოებრივად ღრმა და მნიშვნელოვანია. მგოსანი ეროვნულ
საქმედ მიიჩნევს შირაქის საკითხს და 1908 წელს გამოცემულ წერილში _ „მთის
ვითარება“ _ აღნიშნავს: „შეურაცხყოფილნი შირაქში დასახლების მსურველნი
აპირებენ მისცენ თხოვნა, საცა ჯერ არს, აღძრან შუამდგომლობა მთავრობის წინაშე,
რომ დაცულ იქნას მათი ისტორიული უფლება შირაქში დასახლებისა. რით
დაგვირგვინდება ეს თხოვნა, ამას ბოლო სცნობს“ (ვაჟა-ფშაველა,1964 : 78). ამ
სიტყვებში ერთი მომენტი იქცევს ჩვენს ყურადღებას, მთიელების ისტორიულ
უფლებაზე მსჯელობა. ვაჟას ყველა წერილში გაჟღერებულია აზრი, რომ ფშავ-
ხევსურებსა და მთიულებს შირაქში ცხოვრების უფლება მამა-პაპიდან მოსდევთ. ვაჟა
არ იმოწმებს „ქართლის ცხოვრებას“, მაგრამ სავარაუდოდ ეყრდნობა მას. ვახუშტი
ბატონიშვილი ამ საკითხს შემდეგნაირად აყალიბებს: „... ამას წინათა კახთა მეფეთა
არღარა მორჩილებდნენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევანმა დაიპყრა არა
ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ კახეთს, და
მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა თიანეთსა შინა, და მიერითგან მოსცემდნენ
ლაშქარსა და ბეგარასა“ (ქართლის ცხოვრება, ტ.4, 1973 : 573). მაშასადამე, ვაჟა იმ
უფლებაზე საუბრობს, რომელიც მეფე ლევან მეორემ მიანიჭა მთიელებს _ კახეთის
ტერიტორიაზე უვნებლად გამოეზამთრებინათ საქონელი. ვაჟას
კორესპონდენციებიდან ჩანს, რომ მწერლისთვის ეს საქმე სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობისა იყო და სხვა ეროვნულ საქმეებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. „ქედში
კი მთის ხალხის ჩამოსახლებით დიდი საქმე გაკეთდა. მეორე საქართველო შეიქმნა
თითქმის. ვისაც-კი ჩვენგან იოტის ტოლი შეგნება აქვს, სიყვარული თავის ხალხისა,
ამ ფაქტს უნდა სიხარულით ეგებებოდეს“ ,_ წერს ვაჟა.

შირაქის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მის წინააღმდეგ მიმართული


ყველანაირი ქმედება მწერლისთვის ანტისახელმწიფოებრივად აღიქმებოდა. ვაჟა
ყოველთვის შეუპოვრად იცავდა მთიელთა ინტერესებს და მათი თითოეული
პრობლემა პირად სატკივრად მიაჩნდა. რა თქმა უნდა, არც მაშინ გამდგარა განზე,
როცა მთიელებმა საბოლოოდ განახორციელეს მასობრივი მიგრაცია შირაქის
ტერიტორიაზე დასამკვიდრებლად.

მწერალი ამ ხალხის გასაჭირზე გამუდმებით წერდა და ინტერესდებოდა


თითოეული დეტალით. ჯერ კიდევ მთიელების მასორივი გადმოსახლების
დაწყებამდე (1900-იან წლებამდე) ვაჟა წერილებს აქვეყნებდა უკვე შირაქში
დამკვიდრებულთა გასაჭირის შესახებ. 1896 წლის წერილში _ „მთის ვითარება“ _
მწერალი შეწუხებულია შირაქში დატრიალებული უბედური შემთხვევის გამო _
„ორმოცდაათი ცხვრის ბინა და ფარეხი დაიწვა; ცეცხლმა დააზარალა აგრეთვე
საძოვარიც, ე.ი. გადაწვა მთლად ამ ბინების გარშემო საძოვარი მინდორი. ამ
დაზარალებულთაგან რამდენიმე პირი ვნახე და ისინი მეტათ გულსაკლავ სურათს
მიხატავდენ თავიანთ უბედურებისას. ზარალს ამბობენ არა ნაკლებ 100.000
მანეთისას“ (ვაჟა-ფშაველა,1964 : 72). ვაჟა მოუწოდებს მთავრობას მათი სასწრაფო
დახმარებისაკენ; თუ ახალ ფარეხებს არ ააგებდნენ მთიელნი, საქონელი
დაეხოცებოდათ და ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა. ფარეხების აგებას ხელს
უშლიდა საშენი მასალის სიძვირეც, ამიტომ ვაჟა სატყეო გამგეობასაც მიმართავს,
რომ, რაც შეიძლება მალე დახმარებოდა მთიელებს ზარალის შემსუბუქებაში და
მათთვის იაფად გამოეყო მასალა. მწერლის ამგვარ თანადგომასა და თანაგრძნობას
მთიელების მიმართ არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ვაჟა ყოველთვის იზიარებდა
თავისი ხალხის ნებისმიერი სახის გასაჭირს.

მთიელები დავითა და კამათით ინარჩუნებდნენ შირაქში მოპოვებულ ადგილებს,


ვაჟა კი ყოველთვის მათ გვერდით იდგა. 1913 წელს გამოქვეყნებულ წერილში _
„ქართველთა ახალშენი შირაქში“ _ ის ეთნიკური პოზიციიდან ახასიათებს ამ
კუთხეში ჩასახლებულ ხალხს: „ვინ არიან ეს მთიელი ქართველები? - ესენი არიან:
ფშავლები, თუშები, გუდამაყრელნი, მთიულები, ხევსურები და მოხევენი... მთაში
სიღარიბისა და სიმშილისაგან შეწუხებულ ხალხს მასპინძლად გულუხვი ბუნება და
ნაყოფიერი დედამიწა დაუხვდათ შირაქში“ (ვაჟა-ფშაველა, 1964: 80). ვაჟა იმასაც
აღნიშნავს, რომ 12-13 წელია, რაც მთიელმა მოსახლეობამ შირაქში მასიურად დაიწყო
ჩასახლება. წერილიდან ცხადი ხდება, რომ ეს მოვლენა 1900-იან წლებში
დაწყებულა; მთიელებს უფიქრიათ, რადგან მთავრობა საქონლის ძოვებას არ
გვიშლის, არც ჩასახლებასა და მიწის დამუშავებას გაგვიხდის პრობლემადო. ამ
იმედით მათ შირაქის ჩრდილოეთი ნაწილი აურჩევიათ, ე.წ. „ქედი“ და იქ სამი
სოფელიც გაუშენებიათ: ზემო და ქვემო ქედები და არხილოსკალო. მიუხედავად
შირაქში დასახლებისა, მთიელები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას ამ კუთხეში თავის
დასამკვიდრებლად. ისინი საშინელი ზეწოლისა და უსამართლობის მსხვერპლნი
გამუდმებით ხდებოდნენ; განიცდიდნენ, ერთი მხრივ, მთავრობის, ხოლო, მეორე
მხრივ, თუშების ზეწოლას. რომ არა ვაჟა-ფშაველას დაუზარლობა მათი
გამოსარჩლების საქმეში და მწერლის მტკიცე ხასიათი, რომელიც უსამართლობას
გასაქანს არ აძლევდა, მათ ამ მიწებიდან აყრა მოუწევდათ. სოლომონ ყუბანეიშვილი
შირაქის ამბებთან დაკავშირებით მწერლის ბიოგრაფიის ერთ მონაკვეთში წერს: „ვაჟა
ჩვეულებრივი ენთუზიაზმით შეუდგა საკითხის მოგვარებას და ზოგიერთთა
დახმარებით მიზანსაც მიაღწია, ქედელები ისევ თავიანთ ახალ ბინაზე დასტოვეს“
(ყუბანეიშვილი, 1937 : 371); მოგვიანებით კი, 1907 წელს, მომხდარა დაპირისპირება
ფშავლებსა და თუშებს შორის. ამ უკანასკნელთ არ სურდათ ფშავლები კარგ
ადგილებში დასახლებულიყვნენ, რადგან ამით თუშების ცხვარს საძოვარი ადგილები
უმცირდებოდა, თუმცა ფშავლები მაინც მათ წინააღმდეგ წავიდნენ და სწორედ ამან
განაპირობა ვაჟას კიდევ ერთხელ აქტიურად ჩაბმა აღნიშნულ პროცესში.
საინტერესოა თვითონ მისი მოსაზრება ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით,
ვინაიდან მასში გამოიკვეთება ვაჟას, როგორც საზოგადოებრივად მოაზროვნე
პიროვნების, ღირებულებები ეროვნულ საკითხებთან მიმართებაში.

1913 წელს ვაჟა „სახალხო გაზეთში“ წერს: „წელს, 29 ივლისს, მიწის


მომწესრიგებელ კომისიას გამოუცხადეს თუშების რწმუნებულებმა: არხილოს
კალოელები აჰყარეთ და ქვემო ქედში გადაასახლეთო, წელს შირაქში თიბვაც
აღუკრძალეს ქედელებს, თორმეტი თუმანი გათიბულისა გადაახდევინეს და ზარალი
თითქმის 3 ათასი თუმნისა მიაყენეს. ყარაულები დააყენეს მთელ შირაქში და ხალხს
სამუშაოდ აღარ უშვებენ და რომ ზოგიერთების კეთილგონიერება არ მოჰშველებოდა
ამ დროს, შესაძლებელი იყო სისხლის ღვრაც მომხდარიყო, ძმას-ძმის სისხლი
დაექცია, მტერი გაეხარა, ხოლო მოკეთე აეტირა“ (ყუბანეიშვილი, 1937 : 373-374). ვაჟა
წუხს იმაზე, რომ თუშებში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ხალხს ჩააგონებდა, რომ
ასეთ საქციელს ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. შესაძლოა შირაქი თუშებსაც და
ფშავლებსაც ხელიდან გამოსხლტომოდათ და ქიშპობით მხოლოდ თავიანთი
თავისათვის ევნოთ. ვაჟა ამასთანავე ფიქრობს, რომ ბევრ თუშს შეგნებულიც აქვს ეს
სიტუაცია და არიგებენ კიდევაც ადგილობრივ თუშებს, თუმცა არის ინტელიგენციის
ნაწილი, რომელიც საპირისპიროსაკენ აქეზებს ადამიანებს და საქმეც ამიტომ არ
გვარდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან აქტიური დავა ჰქონდა გაჩაღებული
ვაჟას თუშების რწმუნებულ, ცისკარიშვილთან და არას გზით არ თმობდა
პოზიციებს. ერთხელ მომრიგებელი მოსამართლეც სწვევია ქედელებს. ამ
უკანასკნელთ, როგორც ყოველთვის, თავის ერთგულ ვაჟაზე დაუმყარებიათ
იმედები, „თუ რამეს გვიშველის, ისევ ჩვენი მოამაგე ვაჟა გვიშველისო“ („კაი ყმა“, 1986
: 98 / ოსა ზურაბიშვილის მოგონება) . „ქედელების ვექილს“ მოდავეებისთვის
დაუმტკიცებია, რომ ჩამოსახლებულ მთიელებსაც თავისი უფლებები ჰქონდათ
შირაქის მიწებზე.
ძალიან საინტერესოა სასამართლო პროცესიც, რომელიც ამ ამბების გარჩევისას
გამართულა. თურმე ვაჟა მომრიგებელი მოსამართლის საუბარს ისმენდა, თვითონ კი
არაფერს ამბობდა, მოსამართლეს ქედელებისთვის ურჩევია: სხვა უფლებების
დამცველი შეარჩიეთ, თორემ ეს თქვენი ვექილი ხმის ამოღებას არ აპირებსო. მაშინ
აფეთქებულა ვაჟას ისედაც გულფიცხი და უსამართლობისმოძულე ბუნება, მწერალს
ჩოხის სახელოები აუკეცავს, ყველას დასანახად გამოსულა და მკაცრად მიუმართავს
მოსამართლისათვის: - „მე რომ სკამზე ვმჯდარვარ, შენ ის თვალით არ გინახავს და
ვერც ნახავ, ამ ქაღალდებს რომ სწერთ და ხალხს აღელვებთ, განა მეც ასე
მომატყუებთ? მართალია, ცალი თვალი გაფუჭებული მაქვს, მაგრამ მხედველობა არ
მაკლია. ჩოხაზე კი ნუ მიყურებ, შუბლში შემხედეო“ (ყუბანეიშვილი, 1937 : 375). ოსა
ზურაბაშვილი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით იხსენებს: „სასამართლოზე მეც
ვესწრებოდი. სიტყვას რომ ამთავრებდა, ვაჟამ ფალავანივით შეარხია მხარ-მკლავი,
მიუბრუნდა თუშების წარმომადგენელს (ცისკარიშვილს) და უთხრა: პროკურორის
კანცელარიაში რაც დღე დაგმართე, იმაზე უარესს გიზამ ახლაო, მომრიგებელ-
მოსამართლე ბატკნების მოსამართლეა და არა ხალხისაო. ცხვარი ხალხს ეკუთვნის
და არა ცხვარს ხალხიო“ („კაი ყმა“,1986 : 98).

როგორც ვხედავთ, ვაჟას, როგორც საზოგადო მოღვაწეს, დიდი წვლილი


მიუძღვის, ერთი მხრივ, მთიელების შირაქში ჩასახლების საქმეში, მეორე მხრივ კი,
მათ მუდმივ თანადგომაში ნებისმიერი პრობლემის დროს, რაც კარგად გამოჩნდა
თუშებთან უთანხმოების მოგვარებისას. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მგოსანს
შეუძლებელია არ ეფიქრა იმ სარგებელზე, რასაც შირაქში ჩასახლებული მთიელები
ქვეყანას მოუტანდნენ. ვაჟას ძალისხმევით შექმნილი სამი სოფელი _ ზემო ქედი,
ქვემო ქედი და არხილოსკალო _ აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებია და ცხადია,
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სასაზღვრო ზოლის გამაგრებაში. გარდა ამისა,
შირაქის აღნიშნული ტერიტორია ოდითგანვე იყო ცნობილი „პურის ბეღლის“
სახელწოდებით და დღესაც ხორბლის მოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ მიწაზე
ჩასახლებულთა შთამომავლობისაგან მოდის. ამდენად, ვაჟას საზოგადოებრივი
საქმიანობის ნაყოფით დღესაც იკვებება ქართველი ერი.

***
მთის ხალხს უმიწობასთან ერთად ყოველთვის აწუხებდა უგზოობა. ეს იყო მათი
ზარალისა და სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გარდა იმისა, რომ საცალფეხო
ბილიკებით ეზიდებოდნენ საზრდოს, ცხენები უცვივდებოდათ კლდეებზე და
ადამიანებიც მათთან ერთად იღუპებოდნენ. ვაჟა-ფშაველამ რამდენჯერმე დააყენა
მთავრობის წინაშე საკითხი ფშავ-ხევსურეთში გზის გაყვანის შესახებ. 1890-იან
წლებში ხმა გავრცელდა, მთავრობას ფშავ-ხევსურეთში რკინიგზა გაჰყავსო. ვაჟა
წერილით გამოეხმაურა ამ ფაქტს და მოიწონა იდეა, ნიადაგის გამო ამ ადგილებში
რკინიგზა მკვიდრი იქნებაო. მგეგმავებს ის თავად დაჰყვებოდა ინჟინერივით და
მითითებებს აძლევდა, გზის მაჩვენებელი ნიშნებიც კი დასვეს („კაი ყმა“ 1986 : 108 /
გამიხარდი თურმანაულის მოგონება).

„ეპისკოპოს ანტონისადმი“

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობის ანალიზისას აუცილებელია


ყურადღება მივაქციოთ მთიელი ხალხისადმი მის გამოქომაგებას ეპისკოპოს
ანტონთან. საქმე ისაა, რომ 1912 წელს ეპისკოპოს ანტონს უმოგზაურია ფშავ-
ხევსურეთში და გამოუტანია დასკვნა, რომ ეს ხალხი ისევ კერპთაყვანისმცემელია და
საჭიროა მათში ქრისტისნობის გავრცელება მოძრავი ეკლესიების საშუალებით.

ვაჟამ უმკაცრესად მიიჩნია მისი აზრი და არგუმენტირებულად დაუმტკიცა


მღველმთავარს, რომ მთის ხალხს არ აფასებდა ობიექტურად. უპირველესად ვაჟა
მიუთითებს, რომ ეპისკოპოს ანტონამდე ამ მხარეში მისიონერულ საქმიანობას
ეპისკოპოსი ლეონიდი ასრულებდა, რომელსაც არასდროს მოუხსენებია ფშავ-
ხევსურნი წარმართებად. საკლავის დაკვლის ტრადიციაზე ვაჟა აღნიშნავს, რომ ეს არ
არის მხოლოდ ამ კუთხეში გავრცელებული და, თუკი კახეთში ის მისატევებელია,
რატომ უნდა იყოს მხოლოდ მთაში გასაკიცხი?! ხატობის დროს თასებით ლუდის სმას
მწერალი ძველი დროის გახსენებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას
უკავშირებს: „ამ თასებით ხალხი ჰსვას სასმელს, თანაც წარწერებს კითხულობს,
იგონებს წარსულს, იღვიძებს ხალხის გულში და გონებაში ისტორიული იდეალი;
მლოცავს სულიერი საზრდო ეძლევა, სიცოცხლე ემატება, სული აღფრთოვანდება,
აღტაცება ეტყობა...“ ( ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ.9, 358). ყველაზე მეტად ვაჟა აღაშფოთა იმ
აზრმა, რომ მოძრავი ეკლესიების საშუალებით აქ ხელოვნურად უნდა
გაევრცელებინათ ქრისტიანობა. მწერლის აზრით კი, სარწმუნოება უნდა იყოს
ადამიანის გონებრივი და სულიერი განვითარების შედეგი: „ძალად შეიძლება
მხოლოდ ფორმა შეათვისებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ
საშუალებით მის მართლმორწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია“ (იქვე).
მწერალი დაუფარავად აღნიშნავს, რომ დღეს ძნელია ისეთი ეკლესიის პოვნა, გინდა
მთაში, გინდა ბარში, რომელიც ასრულებს თავის ნამდვილ მოვალეობას. ვაჟა არ
ერიდება იმ საეკლესიო პირების კრიტიკას, რომლებიც მოვალეობაზე წინ
ანაზღაურებას აყენებენ და თვლის, რომ მართლმადიდებლობა არ გამოიხატება
მხოლოდ ქრისტიანული წესების აღსრულებაში, „იმის სული და გული სხვა რამ არის
და სწორედ ამ სხვა რამის ასრულებას და დამყარებას თუ საერთოდ ცხოვრების
პირობები არ უწყობს ხელს, ძნელია მართლმადიდებლობის მისწრაფებათა
განხორციელება“ (ვაჟა-ფშაველა 1964 : ტ.9, 359). ვაჟა ხედავს, რომ ფშავ-ხევსურთ ეს
პირობები არა აქვთ, მღვდელს ისინი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ
ხედავენ, ისიც ხატობების დროს, მათ არა ჰყავთ მღვდლის სახით სულიერი
მოძღვარი, ამიტომ ასრულებენ იმ წესებს, რაც იციან.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ვაჟა ძალიან კარგად ხედავს, რომ მთის
ხალხის რელიგიურ წარმოდგენებსა და ქრისტიანობას შორის საკმაოდ დიდი
შეუსაბამობაა, თავად განასხხვავებს ერთმანეთისგან მღვდლისა და ხევისბრის
მოვალეობებს, მთის ხალხის სარწმუნოებას, რომელიც კერპთაყვანისმცელლობასთან
არის შერწყმული, და ქრისტიანობას, მაგრამ ამ ხალხის გაკიცხვას თავისი
რელიგიური რელიგიური მრწამსის გამო თვით ეპსკოპოსსაც კი არ ანებებს და
საქართველოში ქრისტიანული მსახურების ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

***
„პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი აზროვნების წარმომჩენია მისი ცნობილი


წერილი _ „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“. ვაჟასთვის კოსმოპოლიტიზმი არ
ნიშნავს ეროვნული თვითმყოფადობის უარყოფას, მსოფლიო მოქალაქეობას
ეროვნების გარეშე. ასეთი განსაზღვრება მისთვის მიუღებელია და ამიტომაც
აყალიბებს კოსმოპოლიტიზმის სრულიად ახლებურ, მასშტაბურ გაგებას, რომელიც
უნდა იყოს გლობალიზაციის, როგორც ადამიანის განვითარების დონის, ჭეშმარიტი
კრიტერიუმი: „გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილღეოდ, ნუ
გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ
მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და
გაუთანაბრდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ
ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი
თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ
ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ
კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა
კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა
თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-
ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა
მთელის კაცობრიობის განვითარებისა" (ვაჟა-ფშაველა 1964 : 254). ვაჟამ დაანახვა
გლობალიზაციის სახელით მქადაგებლებს, რომ თავისი ეროვნების უარმყოფელი
საშიშია კაცობრიობისათვის. ის ვერასდროს გახდება მსოფლიო მოქალაქე. ცალკეულ
ეროვნებათა განვითარებაა საჭირო კაცობრიობის წინსვლისათვის. ვაჟას ნააზრევმა
გზა გაუხსნა გლობალიზციის სიღრმისეულ გაგებას.

სოციალური საკითხისადმი ვაჟას მიმართება

სოციალურ თემატიკა ვაჟას შემოქმედებაში არ გვხვდება, რაც იმას არ ნიშნავს,


რომ მასში უბრალო ხალხის ცხოვრება არ არის ასახული. ვაჟა წერს ხალხური ენით,
მისი შემოქმედება საზრდოობს ფოლკლორით, ამიტომაც ეწაფება მას უბრალო
ხალხი. ვაჟას ყველა პერსონაჟი სწორედ ამ ხალხის წიაღიდანაა, ისინი
გაჭირვებულადაც ცხოვრობენ, მაგრამ მწერლის ყურადღების ცენტრში არასდროს
დგება ყოფის შესაცვლელად მათი ბრძოლის საკითხი. ვაჟას შემოქმედებაში უფრო
ზოგადსაკაცობრიო პრობლმებია განხილული. „საახალწლო სიზმარის“ პერსონაჟებს
თავად არაფერი აბადიათ, მაგრამ სტუმარს, რაც აქვთ, ყველაფერს სთავაზობენ,
გასათბობად თავიანთ კონკებს ახურავენ, ძლივს შეკოწიწებულ საახალწლო სუფრას
უშლიან... მეორე დღეს კი სიკეთე უფასდებათ. სტუმარი არსადაა, სამაგიეროდ სახლი
სანოვაგითაა სავსე. მოთხრობის იდეა სიკეთის კეთებაა და არა ბრძოლა სოციალური
თანასწორობისათვის. ასეა ყველგან, მის პოეზიასა თუ პროზაში. ერთ-ერეთ ლექსში,
სახელად „ „, ქმარი ცოლს სახლიდან აგდებს, რადგან ამ უკანასკნელმა სამხარი არ
ჩაუტანა მკის დროს, არ ჩაუტანა, რადგან არ ჰქონდა. სახლიდან გაგდებული ცოლი
მეზობლისგან ისესხებს ფქვილს, პურს გამოაცხობს და ქმარს ოთახში შეუგორებს.
კუჭის გაძღომის შემდეგ ოჯახში სიამტკბილობა ისადგურებს. ქმარი ჩონგურზე
მღერის და ცოლსაც შემოირიგებს. ეს ლექსი სატირული შინაარსის უფროა, ვიდრე
მძიმე სოციალური მდგომარეობის ამსახველი. ვაჟას აქცენტი ყოველთვის სხვა
თემაზე გადააქვს, ხალხის გაჭირვება მხოლოდ ფონია, რომელიც ხელს უწყობს
ადამიანის ბუნების წარმოჩენას. ჩამოგლეჯილი ტანსაცმელი აცვია კვირიას პოემა
„ბახტრიონში“, მაგრამ ეს პოეტს მხოლოდ იმიტომ აინტერესებს, რომ მისი
კეთილშობილება და ქვეყნისათვის თავდადება წარმოაჩინოს.

80-იანი წლების დასაწყისში გორში ხალხოსანთა ჯგუფი გააქტიურდა.


მოსახლეობის გამოსაფხიზლებლად, რომელიც ძირითადად სოციალურ საკითხს
ეხებოდა, სხვადასხვა ღონისძიებას მართავდნენ. ვაჟაც იღებდა მათში მონაწილეობას
და ერთ-ერთი შეკრება-სადილის დროს (რომელიც გლეხი პოეტის, ი. დავითაშვილის,
დასახმარებლად გაიმართა) რევოლუციური რომანსიც კი დაამღერა რუსულ ენაზე
(მან ბევრი რევოლუციური ლექსი ზეპირად დაისწავლა და სიამოვნებით მღეროდა),
უფრო მეტიც, გორის საიდუმლო კომიტეტის საქმიანობაშიც ჩართული იყო, მაგრამ,
როგორც ხალხოსანთა ერთ-ერთი წევრი ალექსანდრე გარსევანიშვილი აღნიშნავს,
„ასეთმა გატაცებამ დიდხანს არ გასტანა. ლუკა ხალისით აღარ დადიოდა კრებებზე,
ხანდახან სულ არ ესწრებოდა... ინტერესი პოლიტიკისადმი თითქოს დაჰკარგა და
მისი ადგილლი ლიტერატურამ დაიკავა („კაი ყმა 1986 : 45-58 /ალექსანდრე
გარსევანიშვილის მოგონება).

იპოლიტე ვართაგავას მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ილო აგლაძის შვილის


ნათლობაში, სადაც თბილისის მოაზროვნე საზოგადოება იყო შეკრებილი, სოციალ-
ფედერალისტების ლიდერები ვაჟას დიდი პატივისცემით შეხვედრიან, მწერალს კი
მათ დანახვაზე „მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს“, მოშორებით
დამჯდარა და არც ერთ მათგანს არ გამოლაპარაკებია. ეს ფაქტი შეუნიშნავი არ
დარჩენიათ, ია ეკალაძემ კი ახსნაც მოუძებნა: „ვაჟა ფედერალისტებს ებუტება,
მათთან ლაპარაკიც კი არ სურს... იმიტომ რომ, როგორც ილიას, ისე მასაც არ მოსწონს
მათი ორმაგი პოლიტიკა, ორ სკამზე ჯდომა“ („კაი ყმა 1986 : 89 /იპოლიტე ვართაგავას
მოგონება). ეს ფაქტიც მეტყველებს ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებაზე,
რომ ვაჟასთვის სოციალური საკითხი არ არის უმთავრესი. მისი უპირველესი
ამოცანაა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რომ ერთხელაც ისარგებლოს
საქართველომ მსოფლიოს არეულობით და თავი დაიხსნას ტყვეობიდან, რუსეთის
იმპერიიდან.

ვაჟას შესახებ დაწერილი მოგონებებიდან ირკვევა, რომ მწერალმა 1905 წლის


მოძრაობაში „მხურვალე მონაწილეობა“ მიიღო, თავისი თემის საზღვარზე
„ფარხმალშეჭურვილი დადგა, _ მეფის პრისტავ-სტრაჟნიკებმა ფეხი არ გადმოდგანო.
ერთხელ შეიპყრეს კიდეც და თიანეთს ჩაიყვანეს“ („კაი ყმა 1986 : 120 /იოსებ
იმედაშვილის მოგონება). ვაჟა მოქმედებდა როგორც ორგანიზატორი და როგორც
აგიტატორი. მეფის მოხელეებს მისი ისე ეშინოდათ, რომ ერიდებოდნენ კიდეც („კაი
ყმა 1986 : 125 /იოსებ იმედაშვილის მოგონება). რას უნდა მივაწეროთ ეს ფაქტი? ვაჟა
თანაუგრძნობს რევოლუციას? თავის ქვეყანაშიც უნდა მსგავსი რამ იხილოს?
სოციალიზმია ვაჟას მთავარი მიზანი? ამაზე პასუხი პოეტის მთელმა ცხოვრებამ და
შემოქმედებამ უნდა გაგვცეს. ვაჟას შემოქმედების მთავარი პოლიტიკური მიზანი
სამშობლოს გამოხსნაა რუსეთის იმპერიიდან. აქედან გამომდინარე, ვაჟას აწყობს
მეფის ჩამოგდება, რომ ამ არეულობაში საქართველომ დრო იხელთოს და
განთავისუფლლდეს.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ვაჟა იმედით ხვდება პირველ მსოფლიო ომს,


რომელშიც რუსეთის იმპერიაცაა ჩართული. რასაკვირველია, ვაჟა იმპერიის
გაძლიერებაზე არ ღელავს, როცა შეიარაღებული მიდის აფხუშოს ხატში, ნათელი
მომავლის შესახებ ქადაგებს და თავის სიტყვას ლექსით ასრულებს:

„_ სულო, აჰყვავდი, ამაღლდი,

ვარდებით დაიფარია

ცრემლი, ჩემ თვალთა ნაწური

ზედ ნამად დამაყარია,


საჭირვარამო ქვეყნისა

გულს ლახვრად გამიყარია.

მაშინ ცა მიწას ეწევა,

მთაზე შაჯდება ბარია.

იქ ძოვდეს ჯოგი ირმისა,

დაბუბუნებდეს ხარია.

თავს ევლებოდეს ქვეყანას

სხივ-უვნებელი მთვარია“

ამის შემდეგ ვაჟაც და მისი თაყვანისმცემლებიც ხელს იჭრიან და სისხლით


ეფიცებიან ერთმანეთს ძმობას სამშობლოს ერთგულებისთვის („კაი ყმა 1986 : 45-46
/ღვთისო ბუკიკიშვილის მოგონება). ქვეყნის „საჭირვარამო“, რაც ვაჟას გულს
ლახვრად ეყრება, თავისი ქვეყნის თავისუფლებაა. ესაა ვაჟას ოცნება, მხოლოდ მაშინ
ამაღლდება სული _ „ცა მიწას ეწევა“, დროება შეიცვლება _ „მთაზე შაჯდება ბარია“.
ირმის ჯოგი, ხარის ბუბუნი და „სხივ-უვნებელი მთვარე“ თავისუფალი და
მშვიდობიანი ქვეყნის მეტაფორებია. აი, ასეთი სამყაროსეული ჰარმონიაა ვაჟას
იდეალი. ამას ეძღვნება მისი საზოგადოებრივი თუ ლიტერატურული აზროვნებაც.

სიკვდილის პირას მყოფი ვაჟა, რომელიც ლაზარეთში წევს, იქ, სადაც რუსეთ-
თურქეთის ფრონტიდან ომში დაჭრილი მეომრები მოჰყავთ, იოსებ იმედაშვილს
თავად უზიარებს იმ აზრს, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მისი ცხოვრებიდან და
შემოქმედებიდან გამომდინარე: „ყოველი მამულიშვილი სწორედ ახლა, ყოველ
წუთს, ამაზე უნდა ფიქრობდეს, ვინ იცის, ხვალეს რა მოჰყვეს, შორეულ დასავლეთსა
და სამხრეთში ყუმბარების გრიალმა ჩვენში ჰაერი როგორ შეარხიოს... უნდა... მზად
ვიყოთ კიდეც... ჩვენი ბედი მაინც წინადაც ასე ყოფილა, ბუმბერაზები
წაიკიდებოდნენ _ ჩვენი ვარსკვლავიც მაშინ გამოჩნდებოდა...“ („კაი ყმა 1986 : 131
/იოსებ იმედაშვილის მოგონება).

გამოყენებული ლიტერატურა:

„აკაკის თვიური კრებული“, ჟურნალი, 1899 წლის თებერვალი, # 2, 101.

ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, 1964, ტ. I

ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, 1964, ტ. III

ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, 1964, ტ. VI

ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, 1964, ტ. IX

ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, 1964, ტ. X

„კაი-ყმა“, მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე, შეადგინეს: მ. ბეჟიტაძემ, ს. ცაიშვილმა; თსუ,


თბილისი, 1986.

კიკნაძე გრ., „ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“, კრებულიდან


„ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“, თბ., 1967.

კიკნაძე გრ., „ვაჟას ფენომენი“, იხ. ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილ კრებულში,


თბ., 1966.

ლომაშვილი ჯ., ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი, 2013:

ქართლის ცხოვრება, ტ.4, 1973

ყუბანეიშვილი ს., „ვაჟა-ფშაველა, დოკუმენტები და მასალები“, გამომც. „სახელგამი“,


თბ., 1937.

შარაბიძე თ., ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, ვაჟა-ფშაველას


კაბინეტის გამოცემა, თბილისი 2005.

You might also like