You are on page 1of 6

ციტატების კომენტარები "შუშანიკის წამებიდან"

1. "და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ..."- ახლა კი


დანამდვილებით გეტყვით თქვენ... ეს ფრაზა მკითხველს
უჩენს ფიქრს, რომ თხზულებას 1-ლი ნაწილიც ჰქონია და მას
ჩვენამდე არ მოუღწევია. ამას ადასტურებს ტექსტიდან
შემდეგი ფრაზაც: "შუშანიკი იყო მოშიში ღვთისაი,ვითარცა იგი
ვთქუით, სიყრმითგან თვისით:.
2. უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაისა მარადის გულს
ეტყვინ"...- ქმრის უკეთური ბუნება დედოფალს აფიქრებდა
( სულ გულში ჰქონდა.)
3. "უბადრუკი", "სამგზის საწყალობელი" - შაბლონური
ეპითეტები, რომლებითაც ხასიათდება უარყოფითი
პერსონაჟები (ვარსქენი)
4. "ძღცნად თავსა თვისსა შესწირვიდა"-ვარსქენმა სპარსეთის
მეფეს საკუთარი თავი მიართვა საჩუქრად, რაც იმით
გამოიხატა, რომ უარყო თავისი თავდაპირველი სარწმუნოება-
ქრისტიანობა. ( ეს გამოგადგებათ ყველგან სადაც
რწმენაშეცვლილი, მოღალატე პერსონაჟი შეგხვდებათ.)
5. " რაითამცა სათნო ეყო მეფესა"-მეფისთვის თავი რომ
მოეწონებინა.. ( ეს გამოგადგებათ ფარისეველ, მლიქვნელ,
პირმოთნე ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც გამორჩენის
მიზნით თავს აწონებს ადამიანს.)
6. "ბუნებითი ცოლი"- ეს ტექსტში შუშანიკზეა ნათქვამი. ბარემ
აქვე გავიხსენოთ, რომ დედოფალი იყო "ბუნებითი ცოლი"
(მამა-პაპის ადათით შერთული ) "საწუთროს მეუღლე
ვარსქენისა და გახდა "ქრისტეს სძალი"( სულიერი მეუღლე
ქრისტესი).
7. "უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ..."-ასე
მიმართავს შუშანიკი ვარსქენისგან გამოგზავნილ მონას. ეს
ნიშნავს, რომ დედოფლისთვის ქრისტიანად ყოფნა, ანუ
სულიერი სიცოცხლე ერთადერთია, სხვა შემთხვევაში,
ადამიანი მკვდარია.
8. "საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ..."-ამბობს
დედოფალი მაშინ, როცა მეუღლის გადარჯულების ამბავი
შეიტყო მონისგან. დედოფალს რწმენაშეცვლილი მეუღლე
ებრალება, რომ მან ნებით მოიკლა თავი, როცა ჭეშმარიტ
სარწმუნოებაზე უარი თქვა.
9. "ატროშანი".- ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა
10. დედოფალმა უფალს მიაბარა თავისი შვილები,
რომელთაც მამის ღალატის გამო სულიერი საფრთხე
ელოდათ ( ანუ, შესაზლოა, მათაც შეეცვალათ სარწმუნოება,
რაც ასეც მოხდა.)
11. "შევიდეს მუნ შინა სიმწარითა სავსეი და მიეყრდნა ყურესა
ერთსა დამწარითა ცრემლითა ტიროდა."- საღამოს ლოცვის
შესრულების შემდეგ დედოფალი განმარტოვდა და მწარედ
ატირდა. აქ ჩანს დედოფლის სულის მოძრაობა. ჩვენ ვხედავთ
ქალს, რომელმაც რწმენის ერთგულების გამო უარი თქვა
მოღალატე ქმრის გვერდით ცხოვრებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ
ვერ უპოვია სულის ისეთი ძალა, რომელიც გადაწყვეტილების
აღსრულებისათვის არის საჭირო. მწერალი წარმოაჩენს
ხორცისა და სულის ჭიდილს დედოფალში. ის მარტოსულია,
თითქოს საყრდენგამოცლილი. ამიტომაც მიეყრდნო განაპირა
კუთხეს და ატირდა. მოწამის მხატვრულ სახეში მიწისაკენ
ქვედამზიდი ხორციელი ბუნების ჩვენება მწერლის
ოსტატობაზე მიგვანიშნებს. იქმნება ფსიქოლოგიურად
მართალი, დამაჯერებელი სახე. წარმოჩნდება ის მსხვერპლი,
რომელიც გაიღო დედოფალმა რწმენისთვის.
12. "ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ, დედოფალო, ეკრძალე
შარწმუნოებასა ქრისტეისსა..."- ასე აფრთხილებს მოძღვარი
იაკობი თავის სულიერ შვილს. მას სურს, რომ დედოფალმა
გაითვალისწინოს, რომ ქრისტეს გზაზე შედგომა ადვილი არ
არის, რადგან უფლის მძიმე და ტკბილი ტვირთი თუ
ბოლომდე არ ზიდა, ეშმაკი დაეუფლება. ( გავიხსენოთ
სახარებიდან: "იწროი არს ბჭეი და საჭირველ გზაი,
მიმყვანებელი ცხოვრებასა და მცირედნი არიან მასზე
მავალ.". მცირედთა შორის ყოფნა კი უდიდეს სულიერ
ძალისხმევას მოითხოვს. რამდენად ეყოფა დედოფალს ეს
ძალა, გაუძლოს უამრავ განსაცდელს, რომელსაც უეჭველად
მოუვლენს სასტიკი და დაუნდობელი მეუღლე, სწორედ ეს
აინტერესებს იაკობს.)
ახლა იხილეთ და ისწავლეთ მასალა "შუშანიკის წამების"
შესახებ.
აგიოგრაფიული ჟანრის თხზულების მხატვრული სახეები
სათავეს იღებს ბიბლიიდან, სახარებიდან. აგიოგრაფი თვლის
, რომ მისი, მოკვდავი ადამიანის, სიტყვა უძლურია დაიტიოს
ღვთაებრივი, ამიტომაც უფლის მიერ ნათქვამი იგავების ენით,
ან, ზოგადად, ბიბლიური სახეებით იხატება
სარწმუნოებისათვის თავდადებული ადამიანის ფრესკული
სახე.
ეს სახე-სიმბოლოებია: მეთერთმეტე ჟამის მუშაკი; „ტალანტის
გამრავლება; „ქრისტეს სძალი“; ქრისტეს ქორწილი“, „სიძეი
იგი“; „ზეთი განუპარველი“ ( ან „ზეთი განუქარვებელი“);
„ქრისტეს ტარიგი“; „კრავი“; „უძღები შვილი“; „სანთელი
სასანთლესა ზედა“; „უდაბნოს ვარსკვლავი“; ღუაწლი
კეთილის მოღუაწება“ ( ანუ თავისი ღვაწლი ბოლომდე
აღასრულა.); „სრბის აღსრულება“( ანუ სულიერი აღმასვლის
გზა ბოლომდე გაიარა.) ; „ღმერთშემოსილი“ ( ანუ წმინდანი,
ღვთიური); „ნათელი, ბრწყინვალე, განუცდელი სამოსი“ ( ანუ
სულიერი სამოსით მოსილი, ანუ ღვთაებრივი); „დაკარგული
სამშობლო“ ( იგივე დაკარგული სამოთხე); „დაცემული ადამი“;
დაცემული ადამის აღდგენა საკუთარ თავში; აღთქმული
ქვეყანა.....და ა. შ.
ახლა თავი მოვუყაროთ ყველა მხატვრულ საშუალებას,
რომლებიც შეგვხვდა „შუშანიკის წამებაში“: 1. „სამგზის
საწყალობელი“(ეპითეტი ვარსქენისა); 2.“ძღვნად თავსა
თვისსა შესწირვიდა“-ვარსქენზე ამბობს ავტორი(ეს
მეტაფორაა); 3. „შენ ჩემი ხატი დაამხუ და საგებელსა ჩემსა
ნაცარი გარდაასხ“-ვარსქენი შუშანიკს შეუთვლის ასე.
( მეტაფორაა) 4. „ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და
იზახდა, ვითარცა ცოფი“-ვარსქენი სცემს
დედოფალს(შედარება); 5. „ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო
ხელთა მისთა“); 6. „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“-ჰონთა
ბრძოლიდან დაბრუნებული ვარსქენი აღვსების ორშაბათს ასე
მძვინვარებდა. ( მეტაფორაა); 7. “ უხამური და
თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი „-
ავტორი შუშანიკზე ( შედარება); 8. „შეიქმნა და დადნა,
ვითარცა ავლი“-ავტორი შუშანიკზე, ციხეში ყოფნის 6 წელი
რომ აღსრულდა.( შედარება); 9.“უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი
მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი
დააჭნო“-ეს მეტაფორაა. შუშანიკი ეუბნება ჯოჯიკს, რომ
ვარსქენმა ნაადრევად ჩაკლა მისი ყმაწვილქალობა,
სილამაზე; 10. „ესე ყოველი ცხოვრებაი, ვითარცა ყვავილი
ველთაი წარმავალ არს და დაუდგრომელ.“-შუშანიკი ეუბნება
ჯოჯიკს. ეს შედარებაა. 11. „ვითარცა მამასა და მამამძუძესა
შემვედრა მე“-შედარებაა. იაკობ ხუცესი ამბობს, რომ
შუშანიკმა აფოცს შეავედრა იაკობი; 12. „იოანე და აფოც,
ვითარცა ხართა მხნეთა დაუღვლილთა...“-შედარებაა.
ნიშნავს: ერთ უღელში შებმული ძლიერი ხარები
( იგულისხმება ღვთაებრივი საუნჯის უღელში შებმული ხარები)
დასკვნები, რომლებიც ეპიზოდების მიხედვით ჩნდება
1 დედოფალი თავადაც ლოცულობს და სხვებსაც სთხოვს.
ილოცონ ვარსქენისთვის, რათა მრავალთა ვედრება შეეწიოს
მერყევი ბუნების პიტიახშს.
2. დედოფლისთვის ქრისტიანად ყოფნაა ღირებული
სიცოცხლე. ეს არის მარადიული სიცოცხლის პირობა. სხვა
შემთხვევაში ადამიანი მკვდარია. ამიტომაც ეუბნება
ვარსქენისგან გამოგზავნილ მონას, თუ „სულითა ცხოველ არს“
ვარსქენი, მაშინ ცოცხალიაო.
3. ვარსქენის მიერ სარწმუნოების გამოცვლის შესახებ რომ
შეიტყო, შუშანიკი დავარდა მიწაზე და მწარედ იგლოვდა. ეს
გლოვა მეუღლის სიბრალულსაც ნიშნავდა( სულიერი
სიკვდილი რომ განუმზადა თავს.) და ამქვეყნიურ
ცხოვრებასთან გამოთხოვების სიმწარესაც შეიცავდა. ის,
როგორც ყრმობიდანვე ღვთისმოშიში, ბუნებრივია,
გამაზდეანებულ მეუღლესთან ვეღარ იქნებოდა, რაკიღა
მასთან ცხოვრება „მისთა საქმეთა ზიარებას“ ნიშნავდა
მისთვის. ქრისტიანული მორალი მოღალატე მეუღლისგან
განრიდებას მოითხოვდა და დედოფალი ამ მორალს არ
გადაუხვევდა, მაგრამ ერთია, გსურდეს პრინციპების დაცვა და
მეორეა, იპოვო ძალა ამ პრინციპების აღსრულებისა. სანამ
დედოფალი მორწმუნისათვის
დამახასიათებელ შინაგან ჰარმონიას მიაღწევს, მანამდე
მასში „ხმიანობს“ ხორციელი ბუნება, ზეცად მიმსწრაფ მის
სულს უპირისპირდება წარმავალ
ცხოვრებას მიჯაჭვული ხორცი. ეს გლოვაც სწორედ ხორცისა
და სულის ჭიდილის გამოხატულებაა. განსაკუთრებით
აღსანიშნავია ეპიზოდი, როდესაც ტკივილით აღსავსე
დედოფალი ეკლესიის მახლობლად მცირე სენაკში
განმარტოვდება და მწარე ცრელით ატირდება. ტექსტში
ვკითხულობთ: „შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსეი, მიეყრდნა
ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ატირდა“. მკითხველი
„ხედავს“ „მსხვერპლადმცა მზა“ შუშანიკის სულის მოძრაობას.
ეს არის საყრდენგამოცლილი ქალი, უმწეო, დიდი
განსაცდელის პირისპირ დგომით ამღვრეული...სწორედ
ამიტომაცაა წმინდანის სახე შთამბეჭდავი, ფსიქოლოგიურად
დამაჯერებელი. მწერალმა გვიჩვენა, თუ რაოდენ ძნელია
ამქვეყნიურ ცხოვრებასთან განშორება, რა ძნელია ხორციელ
ბუნებაზე გამარჯვება, მაგრამ , რა დიდ ძალად ექცევა
ადამიანს ღვთის სიყვარული და როგორ ნელ-ნელა და
გარდაუვლად კარგავს ფერს წარმავალი ღირებულებები.
4. იაკობისა და დედოფლის 1-ლი დიალოგი
იაკობი, როგორც დედოფლის სულიერი მოძღვარი, მაშინვე
გამოეშურა შუშანიკის სანახავად. მან იცის, რომ შუშანიკის
სასახლიდან წამოსვლა იმ „იწროი და საჭირველი“ გზის
დასაწყისია, რომელზეც „მცირედნი არიან მავალნი“,
ამიტომაც აინტერესებს, რამდენად მზად არის დედოფალი
სულიერად მძიმე ტვირთის სატარებლად. ხუცესი
აფრთხილებს მას, რომ „ეკრძალოს სარწმუნოებასა
ქრისტეისსა“, რადგან მძიმეა ცოდვა ადამიანისა, რომელმაც
გზიდან გადაუხვია. მოთმინება, სიმხნევე და სულგრძელობა
მართებს ღვთის გზაზე შემდგარს. მორწმუნისათვის
დამახასიათებელ ამ თვისებათაგან ყველაზე რთული მაინც
სულგრძელობაა, რადგან სწორედ მიტევება მოძალადისა
ავლენს ადამიანის „სულის ღონეს“ და ამსგავსებს მაცხოვარს,
რომელიც, ჯვარზე გაკრული, უფალს ევედრებოდა იმათ
შენდობას, ვინც ჯვარზე გააკრა. იაკობი, დედოფლის მტკიცე
პასუხით ერთგვარად დამშვიდებული, თავის მხრივ, ამხნევებს
მას და მორალურ თანადგომას ჰპირდება. მან ისიც იცის, რომ
შუშანიკს დედად აღიქვამს ყველა, რაკიღა ის, ვითარცა
შვილებს, ისე ეპყრობოდა მათ. ამიტომაც ეუბნება: „ჭირი შენი
ჭირი ჩვენი არს და სიხარული შენი სიხარული ჩვენი.“
ამ ეპიზოდში შეშანიკის სულის მოძრაობა წარმოჩნდება.
თავდაპირველად მკითხველი ხედავს „ღვაწლსა დიდსა
შესლვად“ გამზადებულ შუშანიკს. მისი პასუხი იაკობის
კითხვაზე, რამდენად მტკიცეა, არის მოკლე, ლაკონური და
დიდი შინაგანი ენერგიის დამტევი.მას შემდეგ, რაც მოძღვარი
მოუწონებს სიმტკიცესა და შემართებას, ქალი თითქოს
შეახსენებს მას, რომ ადვილი არ იქნება მისთვის „ღვაწლის
მძლეობა“( „ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე“).აშკარაა, რომ
მას, მიუხედავად პრინციპულობისა, ბოლომდე ვერ
შეუგრძვნია მოსალოდნელი განსაცდელის მთელი ტრაგიზმი,
ამიტომაც ვერ მიუხვდა მოძღვარს, რომელიც სთხოვდა, რაც
გულში ჰქონდა, ყველაფერი მოეთხრო მისთვის. ეს წამიერი
სისუსტე კვლავ იცვლება მისი მტკიცე პასუხით: „უმჯობესი არს
ჩემდა ხელთა მისთა სიკვდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაი
და წარწყმედაი სულისაი.“
5. ვარსქენისა და სასულიერო პირების ურთიერთობა
ა) მათთან პირველი შეხვედრა-„სიხარულით შეგვიმთხვივნა“...
- სასულიერო პირების ასეთი მიღებით ვარსქენი საგანგებოდ
მიანიშნებს მათ, რომ არაფერი მომხდარა ისეთი, რამაც
შეიძლება მათი ურთიერთობა შეცვალოს, ამით კი,
ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის
დამოკიდებულებას ქრისტიანული რელიგიისა და მისი
მსახურების მიმართ. - მას არ ანაღვლებს, რას იფიქრებენ
მასზე ხუცები და არც თავის ქმედებას ნანობს. ეს მისი
სიტყვებითაც დასტურდება: „აწ ნურას მერიდებით მე და
ნუცაღა გძაგ.“ ის არც მათს ბრალდებას
უპასუხებს( „წარწყმიდე თავი შენი და ჩვენცა წარგვწყმიდენ.“)
და, თავის მხრივ, შუშანიკის მიმართ მრისხანებს.
ბ)ვარსქენი მიდის ეკლესიაში( აღდგომის მეორე დღეს,
ორშაბათს) და აფოც ეპისკოპოსს ეუბნება: „გამომეც ცოლი
ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?!“ ამ ეპიზოდში ვარსქენი
ავლენს უკიდურესად მკრეხელურ დამოკიდებულებას ღვთისა
მიმართ. ის გმობს მას და სასულიერო პირნი ვერ ბედავენ
ისეთი პასუხი გასცენ, როგორსაც იმსახურებს. მხოლოდ ერთი
ხუცესი შეახსენებს მორიდებით, რატომ ამბობ ეგეთ
ბოროტებას და რატომ აგინებ ეპისკოპოსსა და შუშანიკსო.
გამძვინვარებულმა ვარსქენმა მას კვერთხი ჩაარტყა ზურგში,
„ხოლო მან ვერღა იკადრა სიტყუად.“ აშკარაა, რომ
სასულიერო პირნი ვარსქენის ძალაუფლებას წინ ვერ
აღუდგებიან.
გ) რაოდენ უუფლებონი არიან სასულიერო პირნი, კარგად
ჩანს იმ ეპიზოდში, როდესაც ვარსქენს დედოფალი, „ უხამური
და თმაგარდატევებული“, ეკლესიიდან ციხეში მიჰყავს. ერთმა
დიაკვანმა, რომელსაც დედოფლის გამხნევება სურდა,
სიტყვაც კი ვერ დაამთავრა, რაკიღა მას თვალი მოჰკრა
პიტიახშმა. „მტკი...“-ესღა თქვა და გაიქცა.

You might also like