You are on page 1of 18

იაკობ ხუცესი (ცურტაველი)

„შუშანიკის წამება“

კონსპექტი აბიტურიენტთათვის შეადგინა

ფილოლოგმა ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილმა

ქუთაისი 2019 წელი

1
იაკობ ხუცესი (ცურტაველი)

„შუშანიკის წამება“

––––––––––––––––––––––––

ქართული ჰაგიოგრაფიის ერთ–ერთი ულამაზესი მარგალიტი იაკობ ხუცესის


„შუშანიკის წამებაა.’’ თხზულება გვაწვდის საინტერესო ცნობებს მეხუთე საუკუნის
ქართლის შესახებ. ამ დროისათვის არ არსებობს ტერმინი ,,საქართველო.’’ ქვეყანა
დაყოფილი იყო ოთხ პოლიტიკურ ერთეულად. ესენია:

ქართველ მეფეთა სამბრძანებელი ტაო–კლარჯეთში

კახეთის საქორიკოზო

თბილისის საამირო

აფხაზეთის სამეფო

მე–10ს. 80–იან წლებში ქართლი იქცა საქართველოდ.

რა სიტუაცია იყო მანამდე და რა შეიძლება ვთქვათ თხზულებაში მოხსენიებული


ისტორიული პირების შესახებ?

ნაწარმოების ავტორი იაკობ ხუცესია. მას მოვიხსენიებთ მეორე ტერმინითაც


,,ცურტაველი.’’ სახელი იაკობი ნაწარმოებშია მოხსენიებული. ვარსქენისაგან
გამოგზავნილი მსახური იკითხავს: ,,იაკობ მანდა არსა?’’(,,იაკობი მანდ არის?“) ცურტაველი
ამის შესახებ გვიამბობს: ,,და მე ვარქუ: ,,რაი გინებს?’’ (,,მე ვკითხე: ,,რა გინდა?’’).

იაკობი არის დედოფლის სულიერი მოძღვარი. თხზულებაში ვკითხულობთ: ,,მეცა,


ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი,თანა ვყვანდი ეპისკოპოსსა მას“ („მეც, დედოფალ
შუშანიკის მოძღვარი, ვახლდი ეპისკოპოსს“)

ტერმინი ,,ხუცესი’’ ძველქართულად ნიშნავს სასულიერო პირს,ხოლო ,,ცურტაველი’’


სადაურობას აღნიშნავს–იაკობი იყო დაბა ცურტავიდან (ცურტავი–საპიტიახშოს ცენტრი
ქვემო ქართლში, რუსთავსა და ბოლნისს შორის, მდინარეების მაშავერასა და ხრამის
შესართავთან).

თხზულების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იაკობი საკმაოდ ნიჭიერი


პიროვნება იყო და სხვა ნაწარმოებებიც უნდა ჰქონოდა. დედოფლის მოღვაწეობა და
აღსასრული მან საკუთარი თვალით იხილა და ყოველივე ულამაზესი მხატვრული
ხერხებით გადმოგვცა. ამის გარდა, სავარაუდოდ, დედოფლის ბავშვობაც უნდა ჰქონდეს
2
აღწერილი. თავად ამბობს“ ,,ვითარცა–იგი ვთქუთ, სიყრმითგან თვისით’’ (,,როგორც მის
ბავშვობაში ვთქვით“). სამწუხაროდ, თხზულების ეს ნაწილი დაკარგულია და ნაწარმოები
პირდაპირ იწყება ვარსქენის სპარსეთში წასვლით.

მეხუთე საუკუნის სპარსეთი თაყვანს სცემდა ცეცხლს. ცეცხლთაყვანისმცემლობა


შეიძლება რამდენიმე სინონიმით გადმოვცეთ: მაზდეანობა, ზოროასტრიზმი, ატროშანი,
მოგვობა.ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარსეთში დაიბარეს სომხეთის, ალბანეთისა
( სახელმწიფო დღევანდელი აზერბაიჯანის ადგილზე) და ქართლის ერისთავები,
რომელთაც მოსთხოვეს მიეღოთ მაზდეანობა.იმ პერიოდში ქართლის ერისთავი იყო
ვარსქენის მამა, არშუშა, რომელმაც ცეცხლთაყვანისმცემლობა მხოლოდ გარეგნულად
მიიღო. სპარსელები მიხვდნენ ყოველივეს, ამიტომ იგი გარკვეული დროის მანძილზე
დატოვეს სპარსეთში და არ მისცეს შინ დაბრუნების უფლება. როცა საბოლოოდ არშუშა
ქართლში ჩამოვიდა, იგი დაბრუნდა მართლმადიდებლობის წიაღში, შემოიკრიბა
მორწმუნე ადამიანები და ხელი მიჰყო ტაძრების შენებას.მეხუთე საუკუნეში ქართლის მეფე
იყო წმიდა ვახტანგ გორგასალი. იგი გახლდათ მეტად ფრთხილი პოლიტიკოსი და არ
ენდობოდა სარწმუნოებაგამოცვლილი მამის შვილს. სწორედ ეს ვერ აიტანა ვარსქენმა,
რომელსაც არ აკმაყოფილებდა პიტიახშის სტატუსი( პიტიახში–სპარსული სამოხელეო
ტერმინია, ნიშნავს ერისთავს, მმართველს). მაშინდელი საქართველოს რეალობაში იყო ორი
სამეფო კარი: ერთი ვახტანგ გორგასლისა, სადაც ვარსქენს არ ენდობოდნენ, და მეორე–ქ.
ქტეზიფონი სპარსეთში, სადაც შეეძლო განდიდებულიყო.ამბიციურმა პიტიახშმა მიიღო
გადაწყვეტილება და საკუთარი ნებით ეახლა პეროზ მეფეს.

თხზულება ეძღვნება წმიდა შუშანიკის გასაოცარ თავდადებას. ვარსქენის


თანამეცხედრე იყო ასული სომეხთა ცნობილი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანი–
სა.დედოფალს მამის საპატივცემულოდ ერქვა ვარდანი, შუშანიკს კი, რაც შროშანს ნიშნავს,
მოფერებით ეძახდნენ.იგი იყო ღრმად მორწმუნე და განსწავლული
ქრისტიანი.დედოფლის მამა ვარდანი და ბიძა ჰმაიკი სპარსელებთან ბრძოლაში
დაიღუპნენ, ამის შემდეგ მათი ოჯახის წევრები შეიფარა არშუშამ, ვინაიდან ის და ჰმაიკი
იყვნენ ქვისლები ( დები ჰყავდათ ცოლებად).ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედოფალი და
ვარსქენი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და განსაკუთრებული სიყვარული უნდა
ჰქონოდათ ერთმანეთის მიმართ.

წლების მანძილზე სადაო იყო დედოფლის ეროვნების საკითხი. ზოგი მკვლევარი


მიიჩნევს, რომ მამიკონიანი ქართული გვარია. ,,მამა ‘’ქართული სიტყვაა, მისი კნინობით–
საალერსო ფორმაა ,,მამიკო,’’ იან დაბოლოება კი ქართულ გვარებში ხშირად
გვხვდება( სვანეთსა და ლეჩხუმში). ამის გარდა, მეტად მნიშვნელოვანი არგუმენტი თავად
თხზულებაშია. ნაწარმოების ავტორი არ ამბობს, რომ ვარდანი სომეხი მხედართმთავარია.
იგი წერს, რომ დედოფლის მამა იყო სომეხთა (ანუ სომხების) მხედართმთავარი (ისევე,
3
როგორც წმიდა თორნიკე ერისთავი იყო არა ბერძენი, არამედ ბერძენთა
მხედართმთავარი). მაშასადამე, წმიდა შუშანიკი არის არა სომეხი, არამედ ქართველი,
თუმცა იგი წმიდანად შერაცხა სომხურმა ეკლესიამაც.

როდის დაიწერა ნაწარმოები?

სავარაუდოდ,დედოფლის გარდაცვალებიდან ვარსქენის სიკვდილამდე.


თხზულებაში აღწერილია წმიდა შუშანიკის გარდაცვალება. იაკობი კი გვიამბობს, რომ
მისი სულიერი შვილი მიიცვალა 475 წლის 17 ოქტომბერს. გარდაცვალების წინ წმიდა
დედოფალი ამბობს, რომ მისი წამებისათვის ვარსქენს უფალი მიუზღავს. ცნობილია, რომ
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა მოღალატე პიტიახში მოაკვლევინა 482 წელს. აქედან
გამომდინარე, ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს 476–482 წლებში.

ნაწამები დედოფალი საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს იქ, საიდანაც ვარსქენმა


პირველად ცემით გამოათრია, შემდეგ კი თბილისში გადაასვენეს. ამჟამად მისი წმიდა
საფლავი მეტეხის ტაძარშია. წმიდა შუშანიკის ხსენების დღეა 10 სექტემბერი.

იაკობ ხუცესი თხზულებას იწყებს იმით, რომ იგი დანამდვილებით,


შეულამაზებლად აღწერს წმიდა შუშანიკის ამბავს.პირველი, რის შესახებაც გვაწვდის
ინფორმაციას, არის ვარსქენის გამგზავრება სპარსეთში.პეროზის გამეფებიდან მერვე წელს
პიტიახში წავიდა ქ.ქტეზიფონში.მართალია იგი ქრისტიანი მშობლების შვილი იყო, მაგრამ
თავად მერყევი და ამბიციური პიროვნება გახლდათ.

ვარსქენს ცოლად ჰყავდა სომეხთა ცნობილი მხედართმთავრის, ვარდან


მამიკონიანის ასული, რომელსაც მამის საპატივცემულოდ ერქვა ვარდანი, მოფერებით კი
ეძახდნენ შუშანიკს, რაც ყვავილს, შროშანს ნიშნავს.დედოფალი ღრმად მორწმუნე
პიროვნება ყოფილა. იგი წუხდა მეუღლის ,,უკეთური’’(მზაკვარი) ხასიათის გამო, ხედავდა
მის გულგრილობას რწმენაში, ამიტომ მხურვალედ ლოცულობდა და სხვებსაც თხოვდა
ელოცათ მისთვის. ვარსქენი კი, რომელსაც ქრისტეს სიყვარულით არასოდეს განუცდია
რაიმე შეჭირვება, საერთოდ არ წუხდა საკუთარ სულიერ მდგომარეობას. განდიდების
სურვილით შეყპრობილი ეახლა პეროზ მეფეს და ერთგულება აღუთქვა,
,,კერძოვე’’(სავსებით, სრულიად) განიშორა ქრისტე (ანუ გარეგნულადაც და სულიერადაც),
მიიღო მაზდეანობა და დაჰპირდა, რომ ,,ბუნებით’’ (კანონიერ) ცოლსა და შვილებსაც
შეაცვლევინებდა სარწმუნოებას. ამას ,,უქადებდა’’ (ჰპირდებოდა) ისე, რომ ,,არა აქუნდა
ხელთა შუშანიკისგან’’ (დედოფლისგან არ ჰქონდა თანხმობა).

სპარსეთის მეფე რომ ერთგულებაში დაერწმუნებინა, ვარსქენმა მაზდეან ქალზე


დაქორწინება განიზრახა. გახარებულმა პეროზ მეფემ ,,ბრძანა ცოლად მისა ასული
მეფისაი.’’რთული სათქმელია კონკრეტულად ვინ შეირთო პიტიახშმა.შესაძლოა მან

4
იქორწინა პეროზის ასულზე, მაგრამ ცნობილია, რომ ვარსქენი და სპარსეთის მეფე ასაკით
დიდად არ განსხვავდებოდნენ. პეროზ მეფეს არ ეყოლებოდა ასაკით ვარსქენის შესაფერი
ასული. თუმცა, ვიცით, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლო იყო
აკვანში მწოლარე ჩვილიც კი დაენიშნათ. ამის მაგალითია ,,ვისრამიანში’’ ვისის დანიშვნა
შაჰი მოაბადისაგან.შესაძლოა ვარსქენი დააქორწინეს ვინმე დიდგვაროვანი მაზდეანის
ასულზე. ნაწარმოებში ეს პიროვნება არსად ჩანს. ვარსქენს სპარსი მეუღლე საქართველოში
არ ჩამოუყვანია და არც წმიდა შუშანიკი ახსენებს მას, ვინაიდან ცოლ–ქმრის კონფლიქტი
იყო არა ოჯახური ვითარებიდან გამომდინარე, არამედ სარწმუნოებრივ ნიადაგზე
აღმოცენებული.

სპარსეთიდან წამოსული ვარსქენი შეჩერდა ჰერეთის (ისტორიული მხარე ქართლში)


საზღვართან, განიზრახა, რომ ყველასათვის ეჩვენებინა საკუთარი დიდება. ამ მიზნით
ცურტავში გამოგზავნა შიკრიკი და შემოთვალა, რომ შვილები და დიდებულები წინდაწინ
პატივით შეხვედროდნენ. რაც შეეხება მეუღლეს, მას მოკითხვა შემოუთვალა. გონიერი
დედოფალი მაშინვე მიხვდა ყოველივეს და ვარსქენის სულიერი მდგომარეობა იკითხა:
,,სულითა ცხოველ არს იგი“ თუ ,,სულითა მომკვდარ...’’ (სულიერად ცოცხალია–
ქრისტიანია, თუ სულიერად მკვდარია – გამაზდეანებულია). შიკრიკმა დედოფალს
სიმართლე ვერ უთხრა, რადგან მის გულისტკივილს მოერიდა. წმიდა შუშანიკმა
დაჟინებით მოითხოვა პასუხი და ვარსქენისაგან გამოგზავნილმა მსახურმა ამცნო: ,,ვარსქენ
უვარ–ყო ჭეშმარიტი ღმერთი’’

შიკრიკის სიტყვებმა უზომოდ დაამწუხრა დედოფალი, დავარდა ,,ქვეყანასა


ზედა’’(მიწაზე), ,,თავსა დამართ სცემდა“ (მიწას ურტყამდა თავს) და მწარედ მოსთქვამდა
მეუღლის სულიერ დაღუპვას. იგი ვარსქენს იხსენიებდა ეპითეტებით: ,,საწყალობელი და
უბადრუკი“ (საცოდავი და უგუნური). წმიდა შუშანიკი უზომოდ დაამწუხრა იმან, რომ
ვარსქენმა ზურგი შეაქცია ქრისტეს და აღიარა უღმერთობა, თაყვანი სცა ცეცხლს.

დედოფალმა ხელი მოჰკიდა შვილებს (სამი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა),


წამოიყვანა ეკლესიაში, დააყენა საკურთხევლის წინ და უფალს შეავედრა ისინი. დაესწრო
მწუხრს (ლოცვა) და აღარ ისურვა სასახლეში დაბრუნება – მოძებნა ერთი პატარა ოთახი,
მიეყრდნო კედელს და მწარედ ატირდა.

როცა დედოფალმა ოჯახი დატოვა და ეკლესიას მიაშურა, მას იქ არ დახვდა


სულიერი მოძღვარი–იაკობი ახლდა ეპისკოპოს აფოცს, რომელიც ერთ წმინდა ადამიანთან
რაღაცის შესაკითხად იყო წასული. მათთან ეკლესიიდან მივიდა დიაკონი და მიიტანა
საშინელი ამბავი იმის შესახებ, რაც მოხდა – ვარსქენი გამაზდეანებული დაბრუნდა,
დედოფალმა კი ოჯახი დატოვა. ამის გაგონებაზე სასულიერონი ატირდნენ, ჩათვალეს, რომ
ყოველივე მათი ცოდვების შედეგი იყო.

5
იაკობი მაშინვე წამოვიდა წმიდა შუშანიკის სანახავად.მოძღვარმა ისეთ მძიმე
მდგომარეობაში იხილა სულიერი შვილი, რომ თავადაც ატირდა.მათ შორის გაიმართა
დიალოგი. იაკობმა შეახსენა დედოფალს, რომ დიდი ღვაწლი ელოდა და რომ
განსაცდელიც დიდი იქნებოდა, ამიტომ სიფრთხილე ჰმართებდა: ,,ნუუკვე მტერმან,
ვითარცა სრსვილი, საძოვარი პოოს შენ თანა.“ (ბოროტმა საზრდო ვერ ნახოს შენთანო, ვერ
გაცდუნოსო. სრსვილი კანის დაავადებაა. ამ შემთხვევაში მეტაფორაა) დედოფალმა
გამოთქვა მზადყოფნა განსაცდელის დათმენისათვის. იგი თვლიდა, რომ ეს მხოლოდ მის
თავს დატეხილი ჭირი და განსაცდელი იყო, იაკობმა კი გაამხნევა, რომ ყველანი იყვნენ
მისი ჭირისა და ლხინის თანაზიარნი, ვინაიდან ის მხოლოდ დედოფალი კი არ იყო
ქვეშევრდომთათვის, არამედ დედასავით ექცეოდა მათ.

იაკობმა თხოვა წმიდა შუშანიკს მისთვის გაემხილა ,,ხუაშიადად–რე’’ (გულის


საიდუმლო), ვინაიდან აპირებდა მისი ცხოვრების აღწერას. ცხოვრების აღწერა ხდებოდა
მხოლოდ მოწამეებისა. იაკობმა იგრძნო, რომ დედოფლის გზა იქნებოდა ქრისტესთვის
თავგანწირვის გზა და ეს მიანიშნა სულიერ შვილს, თან ჰკითხა–იყო თუ არა მტკიცე მისი
არჩევანი( ,,მტკიცე დგაა?’’ –მტკიცედ დგეხარ? ძველ ქართულში კითხვის ნიშნის მაგიერ
იხმარებოდა ხმოვანი ,,ა“). წმიდა შუშანიკმა განაცხადა, რომ ის არასოდეს იქნებოდა
ვარსქენის საქმის თანაზიარი . როცა მოძღვარმა შეახსენა, რომ პიტიახშს ,,მწარე გონებაი
აქუს““ (სასტიკი, დაუნდობელი ხსაიათი აქვს), დედოფალმა მშვიდად განაცხადა, რომ
მასთან თანაცხოვრებასა და სულის წარწყმედას სიკვდილი ერჩია.მან გაიხსენა პავლე
მოციქულის სიტყვები: ,,არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი,არამედ განეყენ.“ (პავლე
მოციქულის ეპისტოლეში საუბარია იმაზე, რომ მონა არც კაცია და არც ქალი. თუ ურწმუნო
მეუღლეს ქრისტეს რჯულზე მოქცევა არ სურს, სჯობს განშორდე და თავისუფლება მისცე).

ამ საუბარში იყვნენ, რომ შემოვიდა ვიღაც სპარსი და ტირილით გამოხატა მწუხარება


იმის გამო, რომ ასეთი კარგსა და მშვიდ ოჯახში მწუხარებამ დაისადგურა. დედოფალი
მიხვდა, რომ ვარსქენისაგან იყო მოგზავნილი, ამიტომ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.

სამი დღის შემდეგ სასახლეში მივიდა ვარსქენი. სპარსმა აუწყა მას მეუღლის
განდგომა: ,,როგორც შევატყვე, გაგცილდა, მაგრამ ქალი ბუნებით სათუთია და უხეშად არ
მოექცეო.’’

მეორე დღეს ვარსქენმა სასულიერონი დაიბარა. მათ უტეხად და უსირცხვილოდ


დახვდა, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე და უტიფრად განუცხადა: ,,არც
მომერიდოთ და არც შემიძულოთო.’’სასულიერო პირებმა უშიშრად ამხილეს
რჯულგამოცვლილი პიტიახში და უსაყვედურეს იმის გამო, რომ ასეთი საქციელით თავიც
დაიღუპა და ქვეყანასაც საფრთხე შეუქმნა. ვარსქენმა მისულებს ამცნო მიზეზი, თუ
რისთვის დაიბარა ისინი. სასულიერო პირებს დაავალა მისულიყვნენ დედოფალთან და

6
გადაეცათ, რომ შინ დაბრუნებულიყო. ვარსქენი თავს თვლიდა შეურცხყოფილ ქმრად,
რომელსაც უგუნურმა მეუღლემ ოჯახი დაუნგრია და შეარცხვინა.

ეკლესია არასოდესაა ოჯახის დანგრევის მომხრე, მაგრამ წმიდა მამათა სწავლებით


არის ორი შემთხვევა, როცა მეუღლეს არ ავალდებულებენ დარჩეს თანამეცხედრესთან.
ერთი მიზეზი სარწმუნოების შეცვლაა და მეორე კი– მრუშობა. ვარსქენმა სარწმუნოება
შეიცვალა და იმრუშა კიდეც–მან ჯვარდაწერილი ცოლის გვერდით მაზდეანი ქალი
შეირთო. აქედან გამომდინარე, დედოფლის ნაბიჯი სავსებით მართებულია. მან პიტიახშის
შემონათვალს საოცარი პასუხი გასცა. ეს პასუხი რამდენიმე ეტაპად შეიძლება
განვიხილოთ:

1. დედოფალმა გაიხსენა მამამთილის ღვაწლი, დაუპირისპირა ვარსქენის ღალატს და


ამით შეახსენა, თუ როგორ ჩაყარა წყალში და შეურაცხყო წინაპრის ნაღვაწი. („მამაშენმა
ეკლესიები ააგო, მორწმუნე ადამიანები შემოიკრიბა და ჭეშმარიტ ღმერთს სცა თაყვანი, შენ
მისი საქმეები მიწასთან გაასწორე, სასახლე ურჯულოებით აავსე, ჭეშმარიტ ღმერთს
განუდექი და ცეცხი აღიარე ღმერთად“)

2. დედოფალი დაუფარავად ეუბნება ვარსქენს, რომ მისგან შემოქმედის უარყოფის


გამო წავიდა და არა სხვა რაიმე მიზეზით („როგორც შენ უარყავ შემოქმედი, მეც ისე
უარგყავო.“)

3. დედოფალი მზადყონას გამოხატავს ყველანაირი ტანჯვისათვის („როგორც გსურს,


ისე მაწამე, შენი საქმეების თანაზიარი არ ვიქნებიო.’’)
სასულიერო პირებმა ვარსქენს გადასცეს თანამეცხედრის შემონათვალი. პიტიახში ასეთმა
ქცევამ და პასუხმა უზომოდ განარისხა. ამიტომ ძმა, ჯოჯიკი, ძმის ცოლი და იაკობი
გააგზავნა დედოფალთან და დაჟინებით მოსთხოვა ოჯახში დაბრუნება. მუქარაც
შეუთვალა– თუ გონს არ მოვიდოდა, თრევით წამოიყვანდა. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე
მტკიცე უარი განაცხადა და მასთან მიგზავნილებს უთხრა: ,,როცა მისი ცოლი ვიყავ,
ვგრძნობდი მეუღლის არამტკიცე სარწმუნოებას და ვფიქრობდი როგორმე
განმემტკიცებინა, ახლა კი, როცა უფალს განუდგა და საერთოდ შეაქცია ზურგი ქრისტეს,
მოდიხართ და მასთან დაბრუნებას მირჩევთ?! ჯოჯიკ, შენ ჩემი ძმა აღარ იქნები, არც შენი
ცოლი იქნება ჩემი და, ვინაიდან ყველანი მისი თანაზიარები გამხდარხართ.’’

ჯოჯიკმა აუხსნა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე - არ სურდათ მრისხანე პიტიახშს


დედოფლისთვის რაიმე ევნო. წმიდანმა მშვიდად განაცხადა, რომ ტანჯვა–წამების
მიყენებით ვარსქენი ვერ გატეხდა და ამით უფრო გაუიოლდებოდა მასთან განშორება.
ჯოჯიკმა ვეღარ გაუძლო, თვალები ცრემლებით აევსო, ადგა და გარეთ გავიდა.მაზლს
მართლაც გულწრფელად სტკიოდა და აწუხებდა დედოფლის ბედი, მას არ უნდოდა
სიყვარულით შექმნილი ოჯახის დანგრევა და რძალსაც უფრთხილდებოდა, დედოფალიც
7
ასევე უფრთხილდებოდა ბავშვობიდან ძმასავით თანაშეზრდილ მაზლს, რომელსაც
უთხრა:,,მაგას ვერ ვჰყოფ (ვერ დავუშვებ) მოსისხლეობა იქმნა( დამაშაული მოხდეს) და
თქუენ ყოველნი თანამდებ (მონაწილე) იქმნენით.’’ მაშასადამე, თუ დედოფალი მასთან
მისულებს სასახლეში გამოჰყვებოდა, იგი ვარსქენს მაინც არ თანაუგრძნობდა, რასაც
მოჰყვებოდა მისი წამება. აქედან გამომდინარე, ჯოჯიკი და მისი მეუღლეც
თანამონაწილენი იქნებოდნენ დანაშაულისა, დედოფალი კი მათზე ზრუნავდა და არ
სურდა უნებლიედ გამხდარიყვნენ დანაშაულის მონაწილენი.

მიუხედავად დედოფლის მტკიცე გადაწყვეტილებისა არ დაბრუნებულიყო სასახლეში,


მისულებმა ,, ფრიად აურვეს“ (ძლიერ შეაწუხეს ბევრი ხვეწნა–მუდარით). დედოფალი
მიხვდა, რომ ეს უკვე ღვთის ნება იყო– სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ არა
როგორც დედოფალი, არამედ როგორც მოწამე. ადგა, აიღო ევანგელი (სახარება) და
მოწამეთა წიგნები, ხმამაღლა თქვა: ,,უფალო, შენ იცი, მე გულით სიკვილზე მივდივარო’’
და მორჩილად გამოჰყვა ვარსქენისაგან მიგზავნილებს.

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ,,არა დაჯდა იგი თვისსა მას გალიაკსა’’(არ


დაჯდა სადედოფლო ტახტზე) ,ერთ პატარა ოთახში განმარტოვდა, აღაპყრო ხელები და
თქვა: ,,უფალო, არავინ გამოჩნდა გულშემატკივარი და მოწყალე–არც საერო და არც
სასულიერო, ყველამ სასიკვდილოდ მომიყვანა ჩემს მტერთან, ვარსქენთანო.’’

ორი დღის შემდეგ ,,მოვიდა მგელი იგი ტაძრად’’ (მგელი იგი–მეტაფორაა; ტაძარი
ძველქართულად ნიშნავს მეფის ან დიდებულის სასახლეს). პიტიახშმა მსახურები
გააფრთხილა, რომ ძმასა და რძალთან აპირებდა ვახშმობას და მათთან არავინ შეეშვათ.
მოსაღამოვდა. დაუძახეს ჯოჯიკსა და მის ცოლს, რომლებმაც ძალით მოიყვანეს
დედოფალი სუფრასთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების მანძილზე ,,უზმასა
გარდაევლნეს“ (უჭმელი, მშიერი იყო), მაინც არაფერს დააკარა ხელი. ჯოჯიკის ცოლს
შეეცოდა (შესაძლოა სიტუაციის განმუხტვაც სურდა), აიღო ღვინით სავსე ფიალა და
აიძულებდა დაელია. წმიდა შუშანიკმა მკაცრად შეახსენა, რომ კაცი და ქალი (ანუ უცხოები
–ამ შემთხვევაში კაცი– უცხო ადამიანი – ვარსქენი) ერთად არ სადილობდნენ. სასმისს ხელი
გაჰკრა, რძალს ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ღვინო დაიქცა.

ვარსქენის მოთმინების ფიალა აივსო. იგი უცებ მივარდა თანამეცხედრეს, თმები


ხელზე დაიხვია, აქეთ–იქით დაუწყო თრევა, ლანძღავდა დედოფალსა და მის გვარს, სახეში
კი გამეტებით ურტყამდა მუშტებს. აიღო ასტამი (ცეცხლის საჩხრეკი), ჩაარტყა და თავი
გაუტეხა.პიტიახში მძვინვარე ნადირივით ბღაოდა და ღრიალებდა. საშველად წამოდგა
ჯოჯიკი, ჩადგა ძმასა და რძალს შორის, მაგრამ ვარსქენმა მასაც დაარყა და კუბასტი
(თავსარქველი) მოგლიჯა. ჯოჯიკმა ისეთი წვალებით გამოსტაცა ნაცემი დედოფალი,
როგორც მგელს წაართმევენ კრავს. წმიდა მოწამე მიწაზე ეგდო, ვარსქენი ლანძღავდა და

8
ოჯახის დამანგრეველს უწოდებდა. მერე ბრძანა ბორკილები დაედოთ ნაცემი
დედოფლისთვის. ცოტა რომ დაწყნარდა, სპარსმა ბორკილების მოხსნა ურჩია და
პიტიახშიც დათანხმდა. დედოფალს ბორკილები მოხსნეს და ვარსქენის ბრძანებით ოთახში
გამოკეტეს, სადაც ყველას ეკრძალებოდა შესვლა.

დილით პიტიახშმა იკითხა დედოფლის მდგომარეობა. მოახსენეს, რომ შესაძლოა


ვერ გადარჩენილიყო. ეს რომ მოისმინა, თავად შევიდა სანახავად და ძლიერ გააოცა
ნანახმა–დედოფალი ცემისაგან დასივებული, დასისხლიანებული და
თვალებდალურჯებული, თავგატეხილი და კბილებჩამსხვრეული იყო. ვარსქენმა ბრძანა
არავინ შეეშვათ მის სანახავად, თავად კი სანადიროდ წავიდა.

რა მიზეზით წავიდა პიტიახში სანადიროდ?

სავარაუდოდ, ბუნებაში განმარტოებით იგი იფიქრებდა და გამოსავალს იპოვიდა.


ამის გარდა, მშვიდობიანობის დროს მეფე–დიდებულები სანადიროდ მიდიოდნენ.
ვარსქენს სანადიროდ წასვლით სურს შექმნას იმიტაცია იმისა, თითქოს სასახლეში
მშვიდობაა და არაფერი ხდება. (შეიძლება ვიფიქროთ ისიც, რომ ვარსქენის ბუნება
გასასტიკებულია და გამხეცებული, ამიტომ სწორედ ტყეშია მისი ადგილი).

იაკობმა გადაწყვიტა ნაცემი დედოფლის მონახულება. მსახურმა შეშვებაზე უარი


განუცხადა. მაშინ ხუცესმა შეახსენა: ,,მისი გაზრდილი არ ხარ? კიდეც რომ მოგკლან მის
გამო, რატომ გენანებაო?’’ ამ სიტყვების გაგონებისთანავე მსახურმა ცურტაველი
დედოფალთან შეუშვა. იაკობმა უდიდეს მწუხარებაში მყოფი ნაცემი სულიერი შვილი რომ
დაინახა, მწარედ ატირდა, დედოფალმა კი იგი ანუგეშა, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს ღამე
გახდა მისი სიხარულის დასამაბი (მოწამებრივი ღვაწლის დასაწყისი). იაკობმა ნება თხოვა
დედოფალს, რომ სახიდან ჩამოეწმინდა ნაცარი და სისხლი, ჭრილობებზე კი მალამო
დაედო. წმიდანმა ამაზე უარი განაცხადა, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს მოწამებრივი სისხლი
მას ცოდვათაგან განწმენდდა. მაშინ იაკობმა შესთავაზა საზრდელი, რომელიც მისთვის
გამოეგზავნათ ეპისკოპოსებს სამოელსა და იოვანეს.დედოფალმა სინანულით განაცხადა,
რომ ჭამა არ შეეძლო, რადგან ყბები და კბილები დალეწილი ჰქონდა. მაშინ იაკობმა პური
ჩაულბო ღვინოში და დედოფალმა მცირე მიიღო.

რატომ არ ივახშმა წმიდა შუშანიკმა მეუღლისაგან შეთავაზებულ ტრაპეზზე და რატომ


მიიღო იაკობისგან მიწოდებული საკვები? საქმე იმაშია, რომ გაურჯულოებული ვარსქენი
უცხო მამაკაცია და აღარ თვლის ქმრად, რჯული ქრისტიანს უკრძალავს ურჯულოსთან
პურის გატეხვას. დედოფალმა დაიცვა ქრისტიანული წესი და ადათი, დაიცვა რჯული. რაც
შეეხება იაკობს, ის მისი სულიერი მოძღვარია და მისი ხელით მოწოდებული საკვების
მიღება დასაშვებია.

9
დედოფალმა მოძღვარს განუცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ვარსქენისათვის
სამკაულების დაბრუნება, ვინაიდან თვლიდა, რომ აღარასოდეს დასჭირდებოდა. იაკობმა
ურჩია არ აჩქარებულიყო. ამ საუბარში იყვნენ, რომ ვიღაც ახალგაზრდამ იაკობი იკითხა:
,,აქ არისო?““ ხუცესს მოახსენეს, რომ ვარსქენი იბარებდა. იაკობი მაშინვე ეახლა. პიტიახშმა
განუცხადა, რომ ჰონებთან (თურქულენოვანი მომთაბარე ტომები. სამეფო დარუბანდის
ჩრდილოეთით ჰქონდათ) საომრად აპირებდა წასვლას და , ვინაიდან დედოფალი
ცოლობაზე ამბობდა უარს, ვარსქენისთვის სამკაულები უნდა დაებრუნებინა.

პიტიახშის შემონათვალმა დედოფალი უზომოდ გაახარა და ღმერთს მადლობა


შესწირა. მან სამკაულები გაატანა იაკობს. პიტიახშმა გადათვალიერა, ნახა, რომ უკლებლივ
იყო ყველაფერი და გაბრაზებით თქვა: ,,ეს სამკაულები უკეთეს პატრონს იპოვიანო.’’

რა დატვირთვა აქვს სამკაულების დაბრუნებას?

ყველა ფენის წარმომადგენელს შესამოსელიცა და სამკაულიც შესაბამისი გააჩნდა.


წმიდა შუშანიკის სამკაულები იყო არა სამშვენისი ქალისა, არამედ დედოფლური
რეგალიები. სამკაულების დაბრუნებით წმიდა მოწამემ დედოფლობაზე განაცხადა უარი,
რაც ვარსქენისათვის გაუგებარი და წარმოუდგენელი ქმედება იყო.

დადგა დიდმარხვა ( დიდმარხვა ჰქვია აღდგომის მარხვას, ვინაიდან ყველაზე


დიდია მოცულობით – 50 დღიანია და ასევე ყველაზე დიდია სულიერი მნიშვნელობით –
აღდგომაზე დიდი არაფერია). წმიდა შუშანიკმა დატოვა სასახლე და ეკლესიას მიაშურა.
ერთი პატარა სენაკი ნახა და იქ დაბინავდა. სენაკს მცირე სარკმელი ჰქონდა.
დედოფალმა ,,დაყო იგიცა’’ (დაახშო, დააბნელა). პიტიახშს ახლობელმა ურჩია–არ შეეშალა
ხელი თანამეცხედრისათვის ლოცვაში. ვარსქენმა ყურად იღო დარიგება, მაგრამ ნებისყოფა
დიდხანს არ ეყო – როგორც კი დიდმარხვა დასრულდა და დადგა აღვსების ორშაბათი
(აღდგომის მეორე დღე, ბრწყინვალე ორშაბათი), ჰონებთან ბრძოლიდან დაბრუნებული
ეკლესიაში კი არ მივიდა, არამედ მივარდა....საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა და
გაჰყვიროდა. პიტიახში გმობდა ღმერთს და შეურაცხყოფდა ყველას– დედოფალს,
ეპისკოპოსსა და სასულიერო პირებს. მან ეკლესიას ბრალი დასდო ოჯახის დანგრევაში და
ეპისკოპოს აფოცს განუცხადა: ,,დამიბრუნეთ ჩემი ცოლი, რატომ დამაცილეთო?“

ერთმა მღვდელმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და მოკრძალებით მიმართა:


,,უფალო (ბატონო), რატომ ბრაზობთ, რად ლანძღავთ ეპისკოპოსს ან დედოფალს რად
იხსენიებთ ასე აუგადო?’’ამის მთქმელს პიტიახშმა კვერთხი ჩაარტყა და შეშინებული
მოძღვარიც მაშინვე განერიდა მას. (კვერთხს აქვს სამი მნიშვნელობა: ეპისკოპოსის
რეგალიაა, ასევე არის რეგალია მეფისა და დიდებულისა (შედარებით მოკლე კვერთხი),
ასევე კვერთხს უწოდებდნენ ჯოხსაც, რითაც დამნაშავეს სჯიდნენ).

10
ვარსქენმა მოძებნა დედოფალი და თრევით წაიყვანა ეკლესიიდან ,,ვიდრე
ტაძრადმდე’’ (ტაძარი სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მეფის ან დიდებულის სასახლეს).
პიტიახში არ ერიდებოდა გზაზე ტალახსა და ეკალ–ბარდს, თვითონ ფრთხილად ადგამდა
ფეხს, დედოფალს კი დაუნდობლად მიათრევდა. წმიდა შუშანიკს ტანისამოსი დაეფლითა
და სხეული დაეკაწრა.შინ მოყვანილს პიტიახშის ბრძანებით ხელ–ფეხი შეუკრეს და
სამასჯერ დაჰკრეს კვერთხი. დედოფალს ერთიც არ დაუკვნესია, ვარსქენი კი
დასცინოდა: ,,არ გამოგადგა ეკლესია და შენი ღმერთი, ქრისტიანთა მშველელიო?!’
წმიდანმა მხოლოდ ეს უპასუხა: ,,საბრალოვ, შენ საკუთარი თავი არ შეიბრალე და განუდექ
უფალს, შენ მე შემიბრალებო? ‘’’

ნაცემ დედოფალს ჭრილობებიდან ბლომად დასდინდა სისხლი. ვარსქენზე ამან არ


ამოქმედა, პირიქით, სისხლისმსმელ ნადირს მიემსაგვას და ბრძანა წმიდანისთვის ქედზე
(კისერზე) ჯაჭვი დაედოთ. სენაკაპანს( მოსასვენებელი ოთახის მსახური ან ციხის მცველი,
ზედამხედველი) უბრძანა დედოფალი საპყრობილეში წაეყვანა და საკანში გამოემწყვდია,
რათა იქ მომკვდარიყო.

ერთ დიაკონს სურდა გაემხნევებინა წმიდანი და ეთქვა მტკიცედ მდგარიყო, მაგრამ


პიტიახშმა ისე მრისხანედ გადახედა, რომ შიშისაგან სიტყვა გაუწყდა. ,,მტკი...’’–ამის
თქმაღა შესძლო და შეშინებული განერიდა იქაურობას.

დედოფალი სასახლიდან გამოიყვანეს ისე, როგორც ვინმე შეურცხთაგანი, მდაბიო


და დამნაშავე. ,,უხამური’’(ფეხშიშველა, ,,ხამლი’’–ფეხსაცმელი) და ,,თამაგარდატევებული’’
(უმანდილი, თმაგაწეწილი), უამრავი ადამიანი ესწრებოდა ამ პროცესს, მაგრამ ვარსქენის
შიშით ვერავინ გაბედა მანდილის მიწოდება (უმანდილოდ ქალის წარდგომა
საზოგადოების წინაშე დიდი სირცხვილი იყო დედაკაცისათვის). საპყრობილისაკენ
მიმავალ წმიდანს მთელი ქართლი მიაცილებდა. ყველა ტიროდა და სახეს იხოკდა.
დედოფალი მოუბრუნდა ატირებულ ხალხს და სთხოვა: ,,ნუ სტირით, დებო, ძმებო და
შვილებო! სამუდამოდ გშორდებით ამიერიდან...ლოცვებში მომიხსენიეთ, ვინაიდან ვეღარ
მიხილავთ ციხიდან გამოსულსო. ‘’

პიტიახში გააბრაზა ხალხის ასეთმა თანადგომამ და,, მხედრ მიმოდასდევნინ’’


(ცხენზე ამხედრებულმა) ,,მეოტ–ჰყოფინ“ (სცადა მათი მიმოფანტვა). ციხესთან
მიახლოვებულმა დედოფალი გააჩერა. წინ პატარა ხიდი იყო გასავლელი და დაცინვით
უთხრა: ,,შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სვლად’’ (შენი ფეხით გასავლელი ეგღა
დაგრჩა, ვინაიდან მაქედან ,,ოთხით გამოგიღონ’’ (ოთხი კაცი გამოგიყვანს, მოკვდები და
გამოგასვენებენო).

ციხეში ვარსქენმა მოძებნა ყველაზე ბნელი და ცივი სენაკი ჩრდილოეთის მხარეს


(სადაც მზე ნაკლებად მიუდგება), იქ შეაყვანინა დედოფალი, ხელებზე ბორკილები დაადო
11
და საკუთარი ხელით ,,დაბეჭდა’’ (ჩაკეტა). დედოფალმა გამოხატა სიხარული იმის გამო,
რომ აქ ეწამებოდა, რათა მარადიულობაში ყოფილიყო დასვენებული. ვარსქენმა დაცინვით
უპასუხა: ,,ოჰ, როგორ არა, დაისვენეო!’’დედოფალს დაუყენა მცველები და დაავალა
,,სიყმილით’’ (შიმშილით) მოეკლათ. თან უმკაცრესად გააფრთხილა: ,,ვინმე არ შეუშვათ
მასთან, თორემ მე ნუ დამაბრალებთ, რაც თქვენს ოჯახს, თქვენა და თქვენს ცოლ–შვილს
დაგემართოთო!’’

სამი კვირის შემდეგ პიტიახშმა დაიბარა ერთი მცველი და იკითხა, იყო თუ არა
პატიმარი ცოცხალი.როცა მოახსენეს, რომ შესაძლოა მალე მომკვდარიყო, ვინაიდან
საზრდელს (საჭმელი) არ იღებდა, უდარდელად თქვა: ,,ნურარაი გგლია... უტე, მოკუდეს!’’
(,,ნურაფერი გედარდება, დაე, მოკვდეს!“)

იაკობმა განიზრახა სულიერი შვილის ნახვა.ხვეწნით რომ ვერაფერს გახდა, მცველს


,,უქადა ჭურჭერი სამისოი’’ (ქრთამს დაჰპირდა), მან ,,ძნიად თავს იდვა’’ (ძნელად
დათანხმდა და ყოყმანის შემდეგ) უთხრა, საღამოს მარტო მისულიყო და შეუშვებდა.როცა
იაკობმა დედოფალი იხილა მწუხარებში, პატიმარივით გამოკეტილი და
ბორკილდადებული, ატირდა.

ამ დროს პიტიახში ,,ჩორდ წარემართა’’ (წავიდა დარუბანდს. ესაა კასპიის ზღვის ახლო
ტერიტორია, სადაც იდგა სპარსელთა ჯარი). იმ პერიოდში ჯოჯიკი სასახლეში არ
იმყოფებოდა და არ შესწრებია დედოფლის ამბავს. შინ დაბრუნებული ძლიერ შეწუხდა,
დარუბანდში წასულ ძმას დაედევნა, ჰერეთის საზღვართან დაეწია და დედოფლის
გათავისუფლება თხოვა. პიტიახშმა ცივი უარი განუცხადა ძმას. მაშინ ჯოჯიკი ეხვეწა
ბორკილები მაინც მოეხსნათ ტუსაღისათვის. დიდი თხოვნის შემდეგ, როგორც იქნა,
დაითანხმა პიტიახში. ჯოჯიკი მივიდა საპყრობილეში და რძალს საკუთარი ხელით მოხსნა
ქედზე დადებული მძიმე ჯაჭვი, რაც შეეხება ბორკილებს, თავად დედოფალმა „არა თავს
იდვა“ (არ ისურვა) მათი მოხსნა და აღსასრულამდე ეკეთა.

წმიდა დედოფალმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში და საოცარი


მოშურნეობითა და სულიერი სიმაღლით აოცებდა ყველას.არ სწყინდებოდა სულიერ
საკითხავთა კითხვა, საპყრობილის ბნელი ჯურღმულები განაბრწყინა ლოცვითა და
,,სულიერითა მით ქნარითა’’ (დავითის ფსალმუნების გალობა).

დედოფლის სულიერების ამბავი მოეფინა მთელ ქართლს. მასთან იმედით


მოდიოდნენ ადამიანები. დედოფლის ლოცვით ყველას უსრულდებოდა თხოვნა–
უშვილოს შვილი ეძლეოდა, ავადმყოფები იკურნებოდნენ. წმიდანთან მოვიდა მოგვი
დედაკაცი (სპარსელი), რომელსაც ,,განბორებისა სალმობაი აქუნდა’’ (კანის უკურნებელი
დაავადება, კეთრი სჭირდა). დედოფალმა დაარიგა წასულიყო იერუსალიმში, მოელოცა

12
ქრისტეს საფლავი და მორჩებოდა. დედაკაცი ასეც მოიქცა. იგი განკურნებული დაბრუნდა
ქართლში, ადიდებდა და ჰმადლობდა ღმერთს.

იაკობი გვიამბობს, რომ წმიდა შუშანიკმა ,,ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა’’


(ჭიჭნაუხტი –აბრეშუმი. ჭიჭნაუხტის საქმე– ქალური ხელსაქმე) გულმოდგინედ აიღო
ხელში ,,დავითნი’’(ფსალმუნები) და მცირე დროში დაისწავლა ,,ასერგასისნი“ (150)
ფსალმუნი.

ერთ დღეს დედოფალს მიუტანეს ამბავი, რომ ვარსქენმა შვილებსაც მიაღებინა


მაზდეანობა. როგორც ქრისტიანმა და როგორც დედამ, მდუღარე ცრემლით გამოიტირა
შვილების დაღუპვა, მათი სულიერი სიკვდილი. უფალს მადლობა შესწირა: ,,იყოს შენი
ნება და არა ჩემი. შვილები შენი მოცემულნი არიან, როგორც გსურს, ისე წარმართე მათი
ბედი, მე კი დამიფარე ეშმაკის საქმისაგანო.’’წმიდანს, რომელიც მწუხარებს ურჯულო
ვარსქენის გამო, რა თქმა უნდა, უზომოდ ეყვარებოდა შვილები, მაგრამ რა უნდა
ვიფიქროთ იმაზე, რაც შემდგომ მოხდა? იაკობი გვიამბობს, რომ ამ ამბის მერე შვილები
დედის სანახავად ვეღარ ბედავდნენ მოსვლას, წმიდანს კი მათი სახელების გაგონებაც აღარ
სურდა.

ქრისტიანს არასოდეს სძულს ვინმე, პირიქით, მტერიც კი უყვარს, ვინაიდან იგი


გვაძლიერებს კეთილ საქმეში. ამ ეპოზოდის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ დედოფლის
უდიდეს სულიერებაზე. უფალი ბრძანებს: ,,ვინც ჩემ გამო ყველასა და ყველაფერ შეიძენს,
იგი მე შემიძენსო.’’ წმიდანები ყველასა და ყველაფერზე ამბობენ უარს ღვთის
სიყვარულით. განა, ასე არ მოიქცა არაბი აბო, რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ–17–18
წლისამ –მიატოვა სამშობლო, დედ–მამა, და–ძმა, კომფორტული მდგომარეობა და აირჩია
მოწამის გზა....ასევე მოიქცნენ ღირსი გრიგოლ ხანცთელი და მისი მოწაფეები...ასე მოიქცა
ყველა, ვისაც საკუთარი და მოყვასის სულის გადარჩენა სურდა.ცნობილი ისტორიებიდან
გავიხსენოთ რამოდენიმე:

წმიდა სოფიოს ქრისტეს ერთულების გამო თვალწინ უწამეს სამი ასული - 9, 10 და 11


წლის პისტი, აღათი და ელპიდე. დედა უცქერდა შვილების წამებას და ამხნევებდა
მათ.....საოცარია 40 სებასტიანელთაგან ერთ–ერთის, მელიტონის დედის მხნეობაც. როცა
ქრისტესთვის წამებული 39 ცხედარი ურემზე დაყარეს, რათა დაეწვათ, მელიტონს,
ყველაზე უმცროსს მოწამეთა შორის, თავი დაანებეს, რადგან ჯერ კიდევ სუნთქავდა.
დედამ აიყვანა შვილი და ურემზე დაასვენა, რომ ზეციური დიდებას არ მოჰკლებოდა მისი
ძე....ასევე გასაოცარია წმიდა კვირიკეს ისტორიაც. სამიოდე წლის ყრმამ ურჯულოს ხელი
არ მიაკარებინა მისაფერებლად.განრისხებულმა და შეურაცხყოფილმა დესპოტმა ბავშვს
ხელი გაჰკრა, ყრმა წაიქცა, თავი დაარტყა ფილაქანს და აღესრულა...ასე ცხოვრობდნენ
ქრისტიანები და ასე აღესრულებოდნენ სასუფევლის გზის მაძიებელი ჩვენი წინაპრები...

13
დედები შვილებს აჩენდნენ არა საამქვეყნიო კომფორტის, არამედ ზეციური
მოქალაქეობისათვის. წმიდა შუშანიკს ეტკინა შვილების ურწმუნოება და ამ ფორმით
გამოხატა. რა თქმა უნდა, წმიდანი, რომელიც ლოცულობდა მთელი ქართლისათვის,
ილოცებდა შვილებისთვისაც. წმიდა შუშანიკისთვის უფრო ძნელი იქნებოდა შვილებთან
განშორება, ვიდრე თავად შვილებისთვის მშობლის უნახაობა. (აკი დედოფალმა უმძიმეს
ჟამსაც კი არ მოიცილა შვილები და ისინი სასახლიდან წასულმა თან წაიყვანა), მაგრამ მათ
უღმერთობასა და ურწმუნოებას ვერ წაახალისებდა.

ვარსქენმა ერთხელ კიდევ სცადა დედოფლის სასახლეში წამოყვანა და


საპყრობილეში მყოფს შეუთვალა შინ დაბრუნებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში
დაემუქრა: ,, ჩორდ წარგცე, ანუ კარად კარაულითო.’’ ჩორდი დარუბანდია, კასპიის ზღვის
სიახლოვე, სადაც იდგა სპარსელთა მხედრობა, კარში კი იგულისხმევა ქალაქი ქტეზიფონი,
სპარსეთის სამეფო კარი, სადაც კარაულით (სახედრით, შერცხვენის ფორმა) გაგზავნით
დაემუქრა. ადამიანს მუდამ უნდა დაუკვირდეს საკუთარ სიტყვებს და ახსოვდეს
ყოველივე. წმიდანმა ვარსქენს ადრინდელი დაცინვა გაახსენა და მის მუქარას საოცრად
გონივრული პასუხი გასცა: ,,შენ ხომ მომკალი, როცა აქ გამომამწყვდიე და დამემუქრე, რომ
აქედან ცოცხალი ვერ გავიდოდი....ახლა რა ხდება? მკვდრის გაცოცხლება შეგიძლია?! თუ
მკვდრის გაცოცხლება შეგიძლია, ურდს (ქალაქია) დამარხული დედაშენი გააცოცხლე. მას
თუ ვერ გააცოცხლებ, ვერც მე გამიყვან აქედან’’ (იგულისხმევა ვარსქენის სულიერი
მდგომარეობა, რაც მისი წინაპრებისთვისაც სამწუხარო იქნებოდა ალბათ...). წმიდანი ვერც
სპარსელებთან გაგზავნით შეაშინა ვარსქენმა, რომელსაც დედოფალმა შემოუთვალა:
,,კარგიც იქნება, თუ გამაგზავნი...იქნებ უკეთეს ბედს მივემთხვიოო..’’ უკეთეს ბედში
ნეტარმა იგულისხმა მოსალოდნელი ტანჯვა, რასაც სპარსელები განუმზადებდნენ,
ვარსქენი კი ვერ მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და შეშინდა: ,,ნუუკვე ვინმე
მთავართაგანს ეცოლოს...“

(ვინმე დიდებულს არ მისთხოვდესო...). ამიტომ გადაიფიქრა დედოფლის გაგზავნა და


ამის შემდეგ თავი მიანება.

მიილია საპყრობილეში ყოფნის ექვსი წელი. დედოფალი დასნეულდა და


ფერფლივით დაილია. რაც საპყრობილეში გამოჰკეტა ვარსქენმა, მას მერე უმძიმეს
პირობებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.სატუსაღოს ოთახი სავსე იყო მკბენარებით
(ტილებითა და რწყილებით), იდგა ერთი ტახტი უხეში ქვეშაგებით.ბალიშიც ჰქონდა,
მაგრამ ადამიანთა დასანახად, სინამდვილეში თავს ალიზზე( გამომწვარი აგური) დებდა.
ოთახში აღმართული იყო ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა, რომლის წინაშე ლოცვისა და
მეტანიებისათვის (დაჩოქება) ,,კილიკი წარუგდებიეს’’ (ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი იდო).
დედოფალი თითქმის არაფერს ჭამდა, მხოლოდ ბალახეულის, ფხალეულის ნახარშს
იღებდა. დიდმარხვას საერთოდ არ იკვებებოდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა, პურს კი
14
აღდგომამდე არ ჭამდა.ექვსი წელი გაატარა მარხვასა და ლოცვაში, მღვიძარებასა და ფეხზე
დგომაში. იშვიათად ჯდებოდა და კიდევ უფრო იშვიათად წვებოდა. ყოველივე ამას
ემატებოდა და კიდევ უფრო ამძიმებდა იქაური ბუნება. ზაფხულობით მზე სწვავდა
ყველაფერს, ჰქროდა ცხელი ქარები, წყალი დაბინძურებული იყო. ასეთი კლიმატური
პირობების გამო ქართლში უამრავი ეპიდემია და დაავადება იყო გავრცელებული.ზოგს
პირისახე გაყვითლებული ჰქონდა, ზოგს დასიებული, ზოგი ჩამომჭკნარი და უფერო იყო,
ზოგს ათასგვარი გამონაყარი მოსდებოდა სხეულზე.მოხუცებულის ნახვა თითქმის
შეუძლებელი იყო, რადგან ახალგაზრდობაშივე კვდებოდნენ მრავალნაირი სნეულებით
შეპყრობილნი.ასეთმა გარემო პირობებმა და ცხოვრების მკაცრმა წესმა დედოფლის
ჯანმრთელობა შეარყია. საპყრობილეში მყოფ წმიდანს ანტიოქიის პალეკარტი
(დიდგვაროვნის ძვირფასი მოსასხამი) ჰქონდა მოსხმული, შიგნით კი ძაძა (უხეში
ქსოვილი, მონაზვნების შესამოსელი) ემოსა. ეს მხოლოდ იაკობმა იცოდა და სხვათათვის
დაფარული იყო დედოფლის მონაზვნური ღვაწლი.

დადგა პატიმრობის მეშვიდე წელი.დედოფალს ფეხები დაუსივდა, დაუსკდა და


ჩირქმა დაუწყო დენა, წყლულებზე კი მატლები დაესია. ამის შემხედვარე ხუცესი ატირდა.
დედოფალმა აიღო ერთი მატლი, აჩვენა იაკობს და ამ სიტყვებით ანუგეშა მოძღვარი:
,,მამაო, ამის გამო ტირი? ეს მატლი მოკვდავია და არაა საშიში, საშიში ის მატლია,
იმქვეყნად რომ გველოდება და არასოდეს მოკვდებაო...’’

ქართლში გახმაურდა ამბავი იმის შესახებ, რომ დადგა დედოფლის მიცვალების ჟამი.
მოვიდა ჯოჯიკი მთელი სახლეულით. საპყრობილეში შესულმა თაყვანი სცა
ცხოველსმყოფელ ჯვარს. რძალს მოუბოდიშა და პატიება სთხოვა იმის გამო, რომ წლების
წინ სწორედ მან წაიყვანა სასახლეში, რასაც დედოფლის ტანჯვა მოჰყვა. შეევედრა
შეენდო,როგორც საწუთროსა და წუთისოფლის მოყვარული კაცისათვის და არ
ჩაეთვალა ,,მედგრობად’’ (სიზარმაცე) მისი უსუსურობა ვარსქენის წინაშე. წმიდანმა
გულწერფელად უპასუხა, რომ მის მდგომარეობას ყველა ,,წარმდებად“ (ზერელედ,
უგულოდ) მოეკიდა და რომ ვერავინ დაარწმუნა და შეაჩერა ვარსქენი.მაზლმა აუხსნა, რომ
,,თვინიერ შენსა“ (შენ გარეშე, უშენოდაც) ,,ფრიად დავშუერით’’ (ვეცადეთ), მაგრამ არ
მოგვისმინა, ვერაფერი შევაგნებინეთო.’’

ჯოჯიკთან საუბარში დედოფალმა გამოხატა უდიდესი რწმენა ღვთის სამართლისა.


მან განაცხადა, რომ საიქიოში გასამართლდებოდნენ ის და ვარსქენი, რომ იქ არაა
,,თვალღებაი’’ (მიკერძოება), ვინაიდან უფალი სამართლიანია და არ არჩევს მამაკაცსა და
დედაკაცს, მის წინაშე ყველა თანაბარია და საკუთარი ცოდო–მადლით წარსდგება.
წმიდანმა ადამიანური წუხილიც გამოხატა იმის გამო, რომ ვარსქენმა ნაადრევად ჩაკლა
მისი სიცოცხლე, სილამაზე და ახალგაზრდობა, მაგრამ მაინც უზომოდ მადლიერი იყო

15
ღვთისა, რომელმაც ეს სატანჯველი დაათმენინა.დედოფალმა უფალს მიანდო
ყოველივე( ,,ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის’’ – უფალმა გაარჩიოს ჩვენი საქმეო).

დედოფლის საუბარმა ყველა აატირა და გულწრფელად სთხოვეს პატიება.მან


დალოცა ჯოჯიკის სახლეული და დაარიგა, რომ წუთისოფელს არ მინდობოდა, ვინაიდან
ეს ცხოვრება მინდვრის ყვავილივით ლამაზია, მაგრამ არა მარადიული და წარმავალი.
ადამიანი კი მარადიულზე უნდა ზრუნავდეს და არა წარმავალზე.ვინც კეთილს სთესს,
მოიმკის კიდეც; ვინც გლახაკთათვის განაბნევს, იგი შეჰკრებს და ვინც საკუთარ თავს
უარყოფს( მსხვერპლად გაიღებს ), იგი უფალს იპოვის.

წმიდანთან მოვიდნენ სასულიერონი: ეპისკოპოსები აფოცი და იოანე,


მთავარეპისკოპოსი სამოელი და იაკობი. დედოფალმა მათ მადლობა მოახსენა
თანადგომისა და გამხნევებისათვის. სასულიერონი მისი ღვაწლის თანაზიარად ჩათვალა.

დედოფალთან მოვიდა მთელი ქართლი. მაშინ მოსახლეობა ორი ფენისაგან


შედგებოდა, ესენი იყვნენ აზნაურნი და უაზნონი (სიტყვა ,,აზნაური’’ მოდის ,,აზიატისგან,’’
რაც თავისუფალს ნიშნავს). უაზნონი იყვნენ დაბალი ფენის წარმომადგენლები,
უუფლებონი. აზნაურნი იყვნენ უფლებამოსილნი, რომელთა შორისაც გამოირჩეოდნენ
,,აზნაურნი დიდ–დიდნი’’ (გავლენიანი პირები, რომელნიც ფლობდნენ დაბებს, სოფლებს,
ციხე–კოშკებს) და ,,ზეპურნი დედანი ‘’ (დიდგვაროვანი ქალბატონები). დედოფალი
ყველას ლოცავდა. მოსახლეობა ცრემლით ეთხოვებოდა მას.

დადგა მიცვალების დღე. წმიდანმა მოიხმო ეპისკოპოსი აფოცი და მადლობა


მოახსენა თანადგომისათვის, იაკობს კი თხოვა ისე ეზრუნა ეპისკოპოს აფოცზე, როგორც
საკუთარ მამაზე.დედოფალმა ითხოვა დაეკრძალათ იქ, საიდანაც ვარსქენმა პირველად
გამოათრია ცემით. ისურვა მეთერთმეტე ჟამის მუსაკობა, მადლობა შესწირა უფალს,
ეზიარა და მშვიდობით მიიცვალა 475 წლის 17 ოქტომბერს. ოთხმა სასულიერო პირმა–
იაკობმა, ეპისკოპოსებმა აფოცმა, ოიანემ და მთვარეპისკოპოსმა სამოელმა მისი ცხედარი
განბანეს ჩირქისა და მატლებისაგან, გაახვიეს წმიდა სუდარაში, აანთეს კელაპტრები და
ფსალმუნთა გალობით უთიეს ღამე. დაკრძალეს იქ, სადაც თავად დაიბარა. ხსენების დღედ
დააწესეს ხუთშაბათი, წმიდა უვერცხლო მოწამეთა კოზმასა და დამიანეს ხსენების დღე.

მეთერთმეტე ჟამის მუშაკობა ნიშნავს გულმოდგინებას, ღვთისათვის სათნო


ღვაწლს. ეს ტერმინი გვხვდება უფლის იგავში მეთერთმეტე ჟამის მუსაკზე.
ერთ ბატონს შესასრულებელი ჰქონდა გარკვეული სამუშაო, რისთვისაც
დილიდანვე დაიქირავა მუშახელი და აღუთქვა გასამრჯელო. შუადღეზე მუშახელი
დაამატა. იგივე მოხდა შემდგომშიც–ბატონმა მუშახელი დაამატა ნაშუადღევსა და საღამო
ჟამსაც. როცა ყოველივე შესრულდა, მოუხმო მუშებს და ყველას თანაბრად გადაუხადა. ამან
ადრიანად მოსულების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ჩათვალეს, რომ დილიდან
16
მომუშაკეებისა და საღამოს მოსულებისათვის თანაბრად არ უნდა აენაზღაურებინათ.
ბატონმა გულნაკლულ მუშაკებს განუმარტა, რომ მათთვის არაფერი დაუკლია და რაზეც
შეთანხმდნენ, იმდენი აუნაზღაურა. რაც შეეხება საღამოს ანუ ბოლო ჟამს მოსულებს,
მართალია, გვიან მოვიდნენ, მაგრამ გულმოდგინე შრომით დილით მოსულებს
გაუთანაბრდ–ნენ და საზღაურიც მათი ტოლფასი მიიღეს.
ამ იგავში საუბარია იმაზე, რომ ღვთისათვის ყოველ საუკუნეში, ნებისმიერ
ეპოქაში მოღვაწე წმიდანი სათნოა და ყველა იღებს ერთნაირ საზღაურს– უფლის მადლს,
ზეციურ მოქალაქეობას, სასუფევლის მკვიდრობას. წმიდა შუშანიკმა ისურვა მისი
მოღვაწეობა სათნო ყოფილიყო ღვთისათვის და მასაც მიეღო წინა საუკუნეების მოღვაწეთა
მსგავსი საზღაური.
წმიდა შუშანიკი დაკრძალულია თბილისში, მეტეხის ტაძარში. მისი ხსენების დღეა 10
სექტემბერი.
თხზულებამ ჩვენამდე მოაღწია გადამწერთა ხელნაწერების საშუალებით.ყველაზე
ძველი ხელნაწერი X საუკუნისაა და გადაწერილია ტაო–კლარჯეთში, პარხალში.
პირველად თხზულება გამოაქვეყნა მიხეილ საბინინმა პეტერბურგში 1882 წელს. შემდეგ
ქუთაისში გამოუქვეყნებია გიორგაძეს 1917 წელს. 1938 წელს გამოაქვეყნა ილია აბულაძემ.
1964 წელს შევიდა ქართული ჰაგიოგრაფიის I ტომში.
იაკობ ხუცესმა ულამაზესი მხატვრული ხერხებით გადმოსცა დედოფლის
ღვაწლი და ტკივილიანი ისტორია. მიუხედავა იმისა, რომ შორეულ მეხუთე საუკუნეში
შეიქმნა, თხზულება უმდიდრესია საოცარი პოეტური ხერხებით.გვხვდება შედარება:,,
ვითარცა მკუდარი,’’ ,,ვითარცა ყვავილი ველისაი...’’,,ვითარცა ერთგული სოფლად
შევიდეს...’’ ,,ვითარცა შვილთა,გუხედევდ,’’,,იზახდა ვითარცა ცოფი,’’,,ვითარცა კრავი
მგელსა გამოუღო ხელთა მისთა.’’
ეპითეტი: ,,მწარითა ცრემლითა,’’ ,,სიმწარით სავსე,’’ ,,განმწარებულნი,’’,,სამგზის
საწყალობელი,’’ ,,უბადრუკი,’’,,მწარე გონებაი,’’,,დაბძარული,’’ ,,განსივებული.’’
მეტაფორა: ,,მგელი იგი,’’,,შენ ხატი ჩემი დაამუ, საგებელსა ჩემსა ნაცარი
გარდაასხ,’’,,განაშვენა ციხე სულიერითა მით ქნარითა,’’,,უჟამოდ ნაყოფი ჩემი
მოისთულნა,სანთელი დაშრიტა, ყვავილიჩემი დააჭნო.’’
მიმართვა: ,,უბადოო,’’ ,,უგულისხმოო,’’,,კაცნო ბრძენნო,’’ ,,ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო...’’
მხატვრული გამეორებაა იაკობის სიტყვები: ,,ჭირი შენი ჭირი ჩვენი არს... სიხარული შენი
სიხარული ჩვენი არს.’’

მხატვრული დაპირისპირაბა გვაქვს, როცა დედოფალი ერთმანეთს ადარებს


ვარსქენისა და არშუშას საქმეებს.

17
ასევე საინტერესოა ,,ა’’ ხმოვნის ხმარება ძველ ტექსტებში. იგი გამოიყენებოდა სასვენ
ნიშნად კითხვით წინადადებაში. წინადადების ბოლოს ზედმეტად (კონ–ტექსტისათვის)
დასმული არ იკითხებოდა და იყო კითხვითი ნიშანი.
მაგ: დგა –დგეხარ
დგაა – დგეხარ?
იაკობ მანდა არს – იაკობი მანდ არის
იაკობ მანდა არსა – იაკობი მანდ არის?
ასე იკითხება: მიუძღნოა –გავუგზავნო?
არა მისი განზრდილ ხარა– მისი გაზრდილი არ ხარ?
უწყი–იცი უწყია –იცი?
შემიწყალე –შემიწყალე შემიწყალეა – შემიწყალე?

18

You might also like