You are on page 1of 4

ლექსო ზაალიშვილი

თომას ჰობსი

ბუნებრივი მდგომარეობიდან - ლევიათანამდე


ინგლისელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე თომას ჰობსი თავის წიგნში ,,ლევიათანი’’
მსჯელობს და განიხილავს ადამიანის ,,ბუნებით მდგომარეობას’’. იმისათვის, რომ
მივხვდეთ როგორია ადამიანი, იგი უნდა დავინახოთ ისეთ მდგომარეობაში,
რომელშიც მას საუკეთესოდ შეუძლია გამოაჩინოს საკუთარი ნამდვილი სახე. სწორედ
ამიტომ ჰობსს შემოაქვს ,,ბუნებითი მდგომარეობის’’ ცნება. ეს არის მდგომარეობა,
როდესაც არ არსებობს არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა, შესაბამისად, არ არსებობს
კონსტიტუცია, კანონები, რომლებსაც ადამიანები დაემორჩილებიან. ისინი არ არიან
შეზღუდულნი არაფერში. არ არსებობს სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც
შეგვიძლია განვსაჯოთ კონკრეტული ინდივიდის ქმედება ან ბრალი წავუყენოთ მას,
რადგან კანონების არ არსებობის შემთხვევაში მისი შესრულებისა და დამორჩილების
ლეგიტიმური საფუძველიც არ არსებობს და დარღვევის შემთხვევაში ინდივიდის
ქმედება არ ჩაითვლება უსამართლოდ. ასეთ ვითარებაში ადამიანი არის საკუთარი
თავის ბატონ-პატრონი და მხოლოდ საკუთარი თავის წინაშეა ანგარიშვალდებული.
გარდა ამისა, ბუნებით მდგომარეობაში ყველა ადამიანი თანასწორია და თავისუფალი
მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რასაც მოისურვებს ,,არაფერია ისეთი, რისი
უფლებაც ადამიანს ბუნებით არ აქვს’’ (ჰობსი, 2019, 190) ჰობსის თქმით, როდესაც არ არსებობს
სახელმწიფო ხელისუფლება, ადამიანები არიან ომის მდგომარეობაში. იგი განმარტავს
ომს, არა როგორც უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების პროცესს, არამედ იმ
მომენტს, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს უკვე მტრად აღიქვამს და ყოველგვარ
მზადყოფნას აცხადებს უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადასასვლელად თუ ამის
საფუძველი შეიქმნება. ჰობსის თქმით, სწორედ ბუნებითი მდგომარეობაა ,,ომი ყველა
კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ’’ (ჰობსი, 2019, 187). შესაბამისად, ადამიანებს არ აქვთ
უსაფრთხოების გარანტია. ბუნებით მდგომარეობაში არავინ შრომობს, ვინაიდან მათი
შრომის ნაყოფი შესაძლოა სხვის ხელში აღმოჩნდეს. არ ვითარდება ეკონომიკა,
სოფლის მეურნეობა, ხელოვნება და საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი სფერო,
რაც ადამიანის ცხოვრებას გააუმჯობესებს. ,,კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწარე,
ცხოველური და მოკლე’’ (ჰობსი, 2019, 187)

ომის მდგომარეობა ადამიანს უბიძგებს თავდაცვისკენ, ვინაიდან მას აქვს


ინტენსიური შიში სიკვდილისა და იმის, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ვინმე თავს
დაესხას. ასეთ მდგომარეობაში ინდივიდს აქვს უფლება ყველანაირი გზით იბრძოლოს
გადარჩენისთვის, დაიცვას საკუთარი თავი, დაასწროს სხვა ადამიანს და თავად
პირველმა შეუტიოს, იმის გამო, რომ თვითონვე არ გახდეს მსხვერპლი, რადგან
,,საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის ყველაზე ძირეული ბუნებითი უფლებაა’’(ჰობსი, 2019,

176) ეს კი, შეიძლება ითქვას, რომ სავსებით ამართლებს ერთ ხალხურ გამონათქვამს:
,,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა’’. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, ჰობსი
ადამიანს ცხოველსაც კი ადარებს, ვინაიდან გადარჩენისთვის ერთმანეთთან ბრძოლა
რას ახასიათებთ თუ არა ცხოველებს? მაგრამ აქ ერთ განსხვავებას უნდა გავუსვათ ხაზი:
ცხოველთა მოქმედება ინსტიქტებითაა განპირობებული, განსხვავებით ადამიანისა,
რომელსაც აქვს გონებით მოქმედების საშუალება, ესეიგი მას შეუძლია
დამოუკიდებლად იმოქმედოს და გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე. ადამიანების ინტერესში შედის ჰქონდეს
კეთილდღეობა, ეს კი მათ შორის კონფლიქტებს წარმოშობს. რადგან შესაძლებელია
ორი ადამიანის ინტერესები ერთმანეთთან გადაიკვეთოს და მათ ერთი და იგივე რამ
სურდეთ. ჰობსი კონფლიქტის სამ სხვადასხვა სახეს გამოყოფს ,,პირველია შეჯიბრი, მეორე
- შიში, მესამე კი - პატივმოყვარეობა’’ (ჰობსი, 2019, 186) პირველრიგში, ადამიანს აქვს
მოთხოვნილებები, უნდა სჭმელი-სასმელი, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, რაც,
ბუნებრივია, მათ კონკურენტულ და შეჯიბრის მდგომარეობაში ამყოფებს, მას აგრეთვე
აქვს მუდმივი შიში, ვინაიდან არ აქვს უსაფრთხოების შეგრძნება და თავდაცვისთვის
აგრესია ხდება საჭირო. საბოლოოდ კი მივდივართ პატივმოყვარეობამდე. არსებობენ
ადამიანები, რომლთა ინტერესშიც შედის, რომ იყვნენ სხვა ადამიანებისაგან
გამორჩეულნი, აღმატებულნი, უფრო ძლევამოსილნი. ასეთ ინდივიდებისთვის
მნიშვნელოვანია ტკბილი სიტყვა. რაიმე უპატივცემულობა, რომელიც მისი ან თავისი
ახლობლის მიმართ იქნება გამოვლენილი წარმოშობს კონფლიქტს.

ჰობსი თავის ნაწარმოებში აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ ყოველა ადამიანი ბუნებამ
თანასწორი შექმნა როგორც გონებრივი ასევე ფიზიკური შესაძლებლობებით. ეს იმას
ნიშნავს, რომ მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობები არ განსაზღვრავს რომ ადამიანი
ვინმეზე აღმატებული იქნება ან რაიმე გამორჩეული უფლება მიენიჭება, რადგან
სუსტსაც შეუძლია ყველაზე ძლიერი დაამარცხოს თუ ცოტაოდენ ჟკუა-გონებას და
მოხერხებულობას მიმართავს. მართალია ყველა ინდივიდი ინდივიდუალურად
აზროვნებს, მაგრამ ეს განსხვავებულობა არ გულისხმობს იმას, რომ ეს უნარი
ადამიანებს დაბადებიდან აქვს, არამედ ეს დროთა განმავლობაში სხვადასხვა
სიტუაციასა და კონკურენტულ გარემოში ყოფნის საფუძველზე უყალიბდებათ და
აქვთ თანაბარი გამოცდილების მიღების საშუალება. ამ მხრივ კი, როგორც ჰობსი
ამბობს, ადამიანები თანასწორები არიან. ისინი თავიანთ ქმედებებშიც არიან
თავისუფალი, ვინაიდან იმყოფებიან ბუნებით მდგომარეობაში, როდესაც
მიმდინარეობს საყოველთაო ომი, ადამიანი არაფერშია შეზღუდლი და მისი
,,ბუნებითი უფლებაა’’ დაიცვას საკუთარი სიცოცხლე.

ვინაიდან ადამიანის ინტერესში შედის საკუთარი კეთილდღეობა მისი მიზანია


მიაღწიოს სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას, ჰქონდეს საკუთრება და არ
ჰქონდეს მისი დაკარგვის შიში უნდა გამოვიდეს ბუნებითი მდგომარეობიდან,
ამისათვის კი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და დადონ საზოგადოებრივი
ხელშეკრულება. საზოგადოებრივი ხელშეკრულებით ადამიანები გარკვეულწილად
ზღუდავენ საკუთარ თავისუფლებას და დასჯის უფლებას გადაცემენ რაღაც
აღმატებულ ძალას, რომელსაც ერქმევა ხელისუფლება. თავის მხრივ სხელისუფალი
საკუთარ თავზე კისრულობს დაიცვას სახელმწიფოში მცხოვრები ნებისმიერი
ადამიანი. ,,ამრიგად, იქმნება ის დიადი ლევიათანი, რომელსაც უკვდავი ღმერთის ხელში, მშვიდობასა
და უსაფრთხოებას ვუმადლით’’ (ჰობსი, 2019, 195). ამიერიდან ადამიანებს ერთმანეთის შიში კი

არა, სუვერენის, ხელისუფლების შიში ექნებათ ,,როგორც მე სხვას არ დავესხმები თავს


სახელმწიფოს შიშით, ამავე მიზეზით არც სხვისგან ველი აგრესიას’’ (ჰობსი, 2019, 177) სახელმწიფოს

კი თავის მხრივ არ აქვს არანაირი საფუძველი თავს დაესხას ერთ ადამიანს, რადგან
მისი ძალაუფლება ბევრად მეტია. ამდენად, სახელმწიფოში ცხოვრება ადამიანისთვის
ბევრად მომგებიანი და უსაფრთხოა, ვიდრე ეს იყო ბუნებით მდგომარეობაში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. თომას ჰობსი. ,,ლევიათანი’’. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I,


185-198. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019.

You might also like