Professional Documents
Culture Documents
ლეო ქიაჩელი - სტეფანე
ლეო ქიაჩელი - სტეფანე
ლეონ შენგელაია დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში, 1884 წლის 7 (ახალი
სტილით) 19 თებერვალს.
მათი სახლი ახლოს იდგა ქიაჩის ეკლესიასთან. ქიაჩის ხატის მფარველობას ყოველთვის
გრძნობდა მწერალი და თავისი ფსევდონიმიც მას დაუკავშირა.
სტეფანე
სტეფანე მთელ სოფელში განთქმული იყო თავისი ტყუილით. ყველამ იცოდა მისი ასეთი
თვისება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა სიამოვნებით უგდებდა ყურს. სტეფანეს არ ახსოვს,
ვისმე გაეჩერებინოს ლაპარაკის დროს და შეენიშნოს, შენ ტყუილს ამბობ, ჩემო ძმობილოო.
სტეფანე მებადური იყო. დილიდან საღამომდე მთელ დღეს მდინარეზე ატარებდა. მძიმე
ბადითა და ანკესებით დატვირთული დადიოდა იგი მდინარის გაყოლებაზე. ხან ღიღინებდა,
ხან ხმამაღლა მღეროდა და ხან კი თავის თავთან საუბრობდა. ხშირად მომხდარა, საყვარელი
საქმე ისე გაიტაცებდა ხოლმე, რომ მეორე სოფელში ამოყოფდა თავს. ასეთ შემთხვევაში იგი
დადგებოდა საზღვარზე და უმდაბლეს სალამს მიუძღვნიდა მეზობელ სოფელს. შეაქებდა და
ნებას სთხოვდა სტუმრობისა. მიმოივლიდა ახლო ადგილებს და შემდეგ უკან
დაბრუნდებოდა. წამოსვლისას მადლობის გადახდაც არ დაავიწყდებოდა.
- იმიტომ გეუბნები, რომ გამჭრიახი დედაკაცი ხარ და გონება მახვილი გაქვს. მეზობელი
ქალებივით არსად არ იტყვი და გაგონილსაც კუდს არ გამოაბამ, - ასე დაიწყებდა ხოლმე
სტეფანე ამბის მოყოლას.
- შენ ქალაქს არ იცნობ! ძალიან უცნაური რამეა სწორედ! იქაური მამაკაცები და დედაკაცები
სულ სხვანაირებია. ამას წინათ ერთ ქალს მოვეწონე. შენ ეს რად უნდა გეწყინოს: შენც ხომ
მოგწონვარ. ალბათ, კარგი მოგწონვარ, რომ სხვასაც მოვეწონე. თუმცა ეს პირველი შემთხვევა
არ არის ჩემს ცხოვრებაში. ჰოდა, მოვეწონე. ჯერ ბაზარში მეარშიყა ბევრი და მერე ბინაზედაც
მიმიწვია. მეხვეწა, ჩემთან დარჩიო, მაგრამ მე ვუთხარი, ცოლიანი ვარ-მეთქი!
- ამისთვის კარგი ვახშამი მერგება! ნავახშმევს კიდევ გეტყვი რაღაცას... ქალაქში იმდენი რამე
შეემთხვევა კაცს, რომ ვერც კი დათვლი. არც კი დაიჯერებ, რომ გითხრა: ერთმა მდიდარმა
ათასი ოქრო შემომაძლია, სულ ბაჯაღლო. რათა-მეთქი, ვკითხე. ეშმაკს შეაფურთხე და ეს
ოქრო შენი იყოსო. უარი ვუთხარი: მე უეშმაკოდ სოფელს ვერ მოვჭამ-მეთქი. იმანაც ფული
ჯიბეში ჩაიდვა. მაშინ მე ვუთხარი: აი, მომიცია ათასი ოქრო, და შენ შეაფურთხე-მეთქი. არც მე
შემიძლიაო. ეშმაკს ვერ შევაფურთხებ და სხვას კი ყველაფერსო. მეც არ მივეცი ფული. ასე
იყო. მაშ, რა გეგონა?.. აი, როგორი ხალხი ცხოვრობს ქალაქად! სოფელი ნუ კი გგონია! ჩემს
ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, აი, ჩვენი ზოსიმე, მაგალითად, უთუოდ დაეხარბებოდა
ფულს და... თქმა რა საჭიროა: შეფურთხებული ეშმაკის შურისძიება, ხომ იცი, რა საშინელი
იქნებოდა.
ცოლს კი ეტყოდა:
- აი, ქალო, რა მართალი თევზი მოგიყვანე. შარშან დამპირდა, ამა და ამ დღეს მოვალო და
კიდეც შეასრულა თავისი სიტყვა. იცოდე, ამ თევზისთანა პატიოსანი არავინ არ არის
ქვეყანაზე! სწორედ ამისათვის არ მიუცია ღმერთს სიტყვის ნიჭი: პატიოსანმა არ უნდა
ილაპარაკოსო ამქვეყნად. ღმერთი რომ ბრძენი არ იყოს, ამას ვერ იტყოდა. ეს პატიოსანი
თევზიც მე მარტო უნდა შევჭამო. შესწვი.
***
ერთ კვირა დღეს სტეფანე მეზობელს ესტუმრა. გაუხარდათ სტეფანეს ნახვა, საუცხოო რასმე
იტყვისო.
მეზობლისას სხვა სტუმრებიც იყვნენ, ძველი ცაცხვის ჩრდილში ისხდნენ. საერთო სალამი
მისცა მათ სტეფანემ და დაჯდა. დიასახლისს სთხოვა, წყალი დამალევინეო. ვერ მოასწრო
თხოვნის თქმა, რომ ყველას გულიანად გაეცინა. სტეფანეს ეს არ გაკვირვებია, რადგანაც
იცოდა, რომ სიცილის გამომწვევი მადლი ჰქონდა დაბადებიდგან, მაგრამ ამ შემთხვევაში
მაინც იკითხა:
- ისე! - სიცილით უთხრეს ქალებმა. ერთმა ალმაცერად შეხედა სტეფანეს და თვალი ძირს
დახარა.
- ხე-ხე!
კარგა ხანს იყო სიცილი. მერე შენელდა. სტეფანეს მართლა სწყუროდა და კიდევ მოითხოვა
წყალი.
- უი ჩემს თავს! აკი სულ დამავიწყდა! - იკივლა დიასახლისმა და სწრაფად ადგა. ამას კვლავ
სიცილი მოჰყვა.
- აგაშენათ ღმერთმა, კარგ გუნებაზე ყოფილხართ, - თქვა სტეფანემ, - დიდი ხანია ასეთი
მადლიანი სიცილი არ გამიგონია! კარგი ამბავია!
- მაშ, რისთვის იცინოდით? განა ამბავი მხოლოდ სიტყვით ითქმის! ყველაზე უკეთესი ამბავი
ის არის, რომელიც უსიტყვოდ ესმის ყველას. აი, ისეთი, რომელიც ამას წინათ გიამბეთ.
- შენი ბამბაც კი ჩხრიალებს, სტეფანე! ბედნიერი კაცი ხარ! - შენიშნა ერთმა ყმაწვილმა კაცმა.
- ასეთი ვარ! - ჩაილაპარაკა მან სიცილში რაღაც მწუხარედ და მეზობელს თამბაქო სთხოვა
ყალიონ
***
ეს ძოკო სოფლის გლახა იყო, მუნჯი, სტეფანეს გულითადი მეგობარი. ხშირად სჩვეოდა თავის
თავთან ბუტბუტი, ხალხშიც რომ ყოფილიყო, მაინც ბუტბუტებდა თავისთვის და
ყურადღებას არავის არ აქცევდა. ძალიან ახირებული მუნჯი იყო, მაგრამ როგორც კი
მოჰკრავდა თვალს სტეფანეს, მყისვე შეწყვეტდა ბუტბუტს და დარცხვენილად გაუღიმებდა
მეგობარს. მივიდოდა, გვერდში ამოუდგებოდა, და დაიწყებოდა ორ უცნაურ მეგობარს შორის
უსიტყვო მეტყველება.
სოფელს უკვირდა მათი ამბავი. ხშირად უნახავთ ისინი მდინარის პირად მარტოდ მსხდარნი
და საუბრით გართულნი. ძოკო „ელაპარაკებოდა“ სტეფანეს თუ სტეფანე უამბობდა ძოკოს,
სულერთი იყო, ორსავე შეთხვევაში ისინი ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს.
ერთხელ სტეფანე ჩვეულებრივზე უფრო ადრე წავიდა სათევზაოდ. ჯერ კიდევ ბნელოდა,
როცა იგი ბადით მხარზე გამოვიდა სახლიდან.
სოფელს კი ეძინა.
სტეფანეს ახლაც იქ დახვდა ძოკო, სადაც ყოველ დილას ხვდებოდა ხოლმე. მიესალმნენ
ერთმანეთს მეგობრები და გაჰყვნენ მდინარეს. ცოტა ხნის შემდეგ შედგნენ. აქ მდინარემ
რაღაც ამოოხვრით ჩაიხმაურა, თითქოს ამოიკვნესაო.
განთიადმაც ზარი ჩამოკრა. ახმაურდა არემარე. ბულბულის გვიანი ამონაკვნესი შორს მიწყდა
სადღაც.
მაშინ სტეფანე და ძოკო წამოდგნენ და გზას გაუდგნენ შინისკენ. არც ერთ მათგანს სიჩუმე არ
დაურღვევია.
- ძოკომ მითხრა, რატომ სძინავსო ხალხს ღამით, უკვირს საწყალს, - უთხრა ცოლს სტეფანემ
და მშრალი ბადე კედელზე ჩამოჰკიდა.