Professional Documents
Culture Documents
ორაგულის ცხოვრება, 1912
ორაგულის ცხოვრება, 1912
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1912 წელი
არაგვის წიაღზე
– არა სტყუი, თაფლი და შაქარი შენს პირსა! ფიცი რად უნდა? სად მლაშე ზღვის წყალი და
სად ეს უკვდავების წყარო! მთელი ერთი კვირაა, რაც მტკვარში შემოვდგი ფეხი: სულ სხვასა
გრძნობს ჩემი სული და სხეული და აქ ხომ სრულ ბედნიერებას განვიცდი. ოღონდაც
დღესდღეობით ჩვენ, ჩემო კარგო, ბედნიერები ვართ, თუ ეს ბედნიერება არ ამოგვშხამდა; ვინ
იცის – ერთი მოიგიჟიანოს თავი ცამა და დაუშვას კოკისპირული წვიმა და მთებმაც
გამოგზავნოს პირქუში, დაღვრემილი ღვარები, მოსქდეს მიწის ზვავები, დაგვიწყოს არაგვმა
ქვისა და ნათოსის სროლა. შარშან განა ცოტა ორაგულები დახოცა ღვარმა?! ყველა დაღუპა,
ვინც კი ვერ მოასწრო წმინდა, აუმღვრეველ მდინარეებში შესვლა, თავის მოფარება. მე და შენ
რომ ვანხეურაში არ შეგვესწრო, ისევე აგვევსებოდა ლამით, მიწით პირი და თვალები,
როგორც ეს დაემართა მრავალ ჩვენ ნათესავს და თანამოძმეს; დაიღუპნენ საწყლები… მაგრამ,
მადლობა ღმერთსა, უფალს დაუდვია წესად: სიცოცხლეს სიკვდილი სდევს თანა, ხოლო
ბედნიერებას – უბედურება; მხიარულებას – დარდი, ნაღველი, – სთქვა მამალმა ორაგულმა.
– მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, კეთილი იყოს ჩვენი მოსვლა და შენი დახვედრა. სხვაფრივ
როგორ გიკითხოთ, ჭანარო, ჯავარო, არავო, თევზთა მფარველო კარავო?! – მიესალმნენ
ჭანარს თავის მხრივ ორაგულები. – როგორ სცხოვრობ, მტრიანობა, შიშიანობა ხომ არ არის?
– ეჰ, მადლობა ღმერთსა, დღემდის კარგად გახლავართ: არაფერი მიშავს, საზრდოც არ მაკლია
და არც დავიკლებ, სოფელი ღონიერია – თუ კაცი გონიერიაო, – ხომ გაგიგონიათ, ჩემო
კარგებო?! – ასე, მტერიც არ დაელევა ჯერ ცოცხალ ადამიანს და მერე ჩვეულებრივ გემრიელი
ხორცის პატრონს თევზს ხომ, რაღა თქმა უნდა, – ყველას ჩვენსკენ უჭყეტია თვალები. – კაცები
თავისთვის იყოს, ეს წავები, წავები, ეს ცეცხლში დასაწვავები. – შინაური მტერი საშინელებაა,
– იქვე შენს მიდამოში მცხოვრებელი, – წარმოსთქვა ჭანარმა და თანაც თვალი იქით მიაპყრო,
სადაც მურწა დაემალა.
– წავზე უარესი მტერი ჩვენ ადამიანი გვყავს. რამდენნაირი მანქანა აქვს გამოგონილი ჩვენს
შესაპყრობად. არა გაქვს დაკვირვება? ნუთუ არ იცი? ჩვენ, ორაგულები, ძალიან ნაწვნევები
ვართ და სწორედ განგების ძალით გადავარჩენთ ხოლმე თავს ამ მანქანებს. აბა იფიქრე,
რამოდენა მანძილი უნდა გამოვიაროთ ზღვიდან აქამომდე და თითო ფეხის გადადგმაზე ასი
და ათასი მტერი გვიცდის. ზოგი ჩანგლით, ზოგი თოკით, სხვა ბადით; ეს სასროლი ბადე
ვარო, ეს მოსასმელიო; მცხეთელებს, გარდა ამისა, რომ ფაცერს გვიდგამენ იქ, სადაც არაგვი
ერთვის მტკვარს, შემოუღიათ სხვანაირი, გუდულის მზგავსი ბადეები, რომელსაც
საორაგულე ბადეს ეძახიან. გაუგიათ, შეუსწავლიათ ჩვენი ზნე; იციან კარგად, რომ
ორაგულნი, როცა წყალი ადიდდება, ქვა და ნათოსი მოაქვს, მაშინ პირაღმა ნაპირზე ვდგებით;
საშიშროებას ვერიდებით, მეთევზეც მოაყოლებს ამ ბადეს ზევიდან თავქვე, რომ გუდულაში
თავი ჩაგვაყოფინოს და შემდეგ მშრალზე ტყაპანი გაგვადინოს. მე პირადად ორჯელაც გავები
ამ ხაფანგში, მაგრამ მალე ამოვუხტი, მოვასწარი ამოსვლა, ვიდრე მტერი მოასწრებდა ბადის
ამოღებას მდინარიდან და მშრალზე გადატანას.
– ახლა ადვილად აღარ გავებმი ბადეში: ხერხი ვისწავლე, როგორ ვუშველო ჩემ თავსა, – სთქვა
მამალმა ორაგულმა.
– ეგ ჩანგალი არაფერი, ქაჯან; აბა ჩანგალი ის არის, აქ რომ მთის ხალხს სცოდნია; აი ნახეთ:
ტანზე კიდევაც მეტყობა იმისგან იარა. ნუ გგონიათ, რომ ის პირში მოგედოსთ, არა. მე ვნახე
ისა და კარგად დავისწავლე, როგორც იყო გაკეთებული. დიდი, სქელი ჩანგალია, იმის გატეხა
შეუძლებელია: გრძელ ხის ტარზეა დაგებული და მანამ ტანზე არ გიჩხვლეტავს, თვალით
ვერც კი დაინახავ, რადგან მისი პატრონი მხოლოდ მაშინ ამუშავებს, როცა წყალი მღვრივეა, –
სთქვა დედალმა ორაგულმა.
– თუ არაფერი სჩანს, მაშინ კაცი საიდანღა გხედავს წყალში? – გააწყვეტინა სიტყვა ჭანარმა.
– ჯოხით, სახრით, დობილო! მე კარგად მახსოვს, რომ სახრის წვერი ბარე სამჯერ მომხვდა
ზურგზე და მერე ჩანგალმა მიჩხვლიტა გვერდში. დაილოცა ღმერთი, რომ გეზად მომხვდა
ჩანგალი და მხოლოდ ტყავი ამაგლიჯა, გავუსხლტი და გავვარდი იქით ნაპირზე, თორემ ჩემი
საქმე ცუდად იქნებოდა და ამ ამბავს ვეღარ გიამბობდით, ჩემო კარგო!..
– ფხა, ალმასია საჭირო ძარღვებში, რომელიც არ გაკლიათ ორაგულებს და არც ჭანრებს. მაშ
ჩვენა და ლოქო ერთი ვართ? თავის დღეშიაც არა. მე ჩემის თვალით მინახია, როგორ
მოსდებია ლოქოს ჩანგალი, და ის კი გატრუნულა, როდი გაინძრევა – გასწევს მეთევზე თოკს
და ისიც ხესავით მისდევს თანა; მე კი, კვეხნით არ ვიტყვი, სულ დავგლეჯავ იქაურობას და
იმდენს ვეცდები, რომ თავს გავითავისუფლებ: გავანძრევ-გამოვანძრევ, გავკრავ-გამოვკრავ და
ამასობაში ან ლაყუჩი გაიხევა, ან ჩანგალი გატყდება, და თავს ვუშველი. ლოქო უბედურია,
უბედურზე უბედური. მარტო ჭამაში აქვს შნო, სხვა არაფერში, – ამბობდა კვალად ჭანარი.
ორაგულები და ჭანარი რომ ბაასში იყვნენ დიდი მორევის წინ, რომელსაც ყვითელი კლდე
თავზე დაჰხედავდა და ზედ კლდის თავზე კი ცაცხვი და მუხა იყო მოსული, – სრიალით
სცილდებოდენ ფიჩხულები, კაპუეტები, მურწეები, ნაფოტები და გველანეები. ხოლო იქვე
ქვის ქვეშ კალმახები გამოიცქირებოდენ და დასცინოდენ მოსაუბრე ჭანარს და მის ამხანაგებს:
– რა ვაჟკაცები ხართ, რა ვაჟკაცები! მოიცათ, ქაჯან, რა გაჩქარებთ: ზოგი ბიჭობა შემოდგომაზე
დაიკვეხეთ, როცა საბარად გაემგზავრებითო! – ამბობდენ კალმახები ღიმილით.
II
„აბა მაშინ იქნებოდა ბლომად ორაგული, მაშინ გაძღებოდა კაცის გული თევზაობითაო!“ – ამ
სიტყვებით დაამთავრებდა ბეწინა ხევსურის და ფშაველის ამბავის მოგონებას.
III
აცივდა. ფიჩხულს და ჭანარს მოსწყინდათ არაგვში ცხოვრება: „თხრა“ იმათ უკვე ივნისში და
ივლისში გაათავეს, მაგრამ ოქტომბრის გასვლამდე უკან მტკვარში დაბრუნებას არა
ფიქრობდენ. ეძნელებოდათ არაგვის გაშორება. მხოლოდ კალმახი არა ფიქრობდა არსად
წასვლას; იმან არც კი იცოდა სად იყო მტკვარი: ჭირივით ეჯავრებოდა ქვეით ბარად
ჩამოსვლა, იგი მხოლოდ იქა ჰგრძნობდა ბედნიერად თავს, საცა ჩანჩქერების ხმა ისმოდა,
არაგვი გიჟმაჟად ეთამაშებოდა ზვირთებს, ლოდი-ლოდზე იყო აყორებული, აჩახტული და
ცივი წყაროები ჩუხჩუხით უერთდებოდენ არაგვს.