You are on page 1of 3

ჯეიმს თურბერი

ამერიკელი მწერალი, კარიკატურისტი და ბრწყინვალე იუმორისტი, ჯეიმს გროვერ


თურბერი 1894 წლის 8 დეკემბერს ოჰაიოს შტატში, კოლუმბუსში დაიბადა. მშობლებმა
მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს, მამამისი, კლერკი და უმნიშვნელო
პოლიტიკოსი, მისი ბევრი ნაწარმოების პროტოტიპი გახდა, დედას კი თურბერი
მსოფლიოში საუკეთესო იუმორისტს უწოდებდა.
ბავშვობაში მომავალ მწერალს თამაშისას თვალში ისარი მოხვდა, სამწუხაროდ, ექიმებმა
ვერაფერი გააწყვეს და ის ცალი თვალით დაბრმავდა. ამის წყალობით, ჯეიმსს საკმაოდ
დიდი ფანტაზიის უნარი განუვითარდა. ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, 1913-
1918 წლებში ოჰაიოს უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც მხედველობის პრობლემის
გამო ვერ დაამთავრა. მხოლოდ 1995 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მიანიჭეს მას
კუთვნილი საუნივერსიტეტო ხარისხი.
კოლუმბუსში დაბრუნებულმა თურბერმა წერა დაიწყო, 1921-24 წლებში რეპორტიორად
მუშაობდა, შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე ცნობილ გამოცემასთან
თანამშრომლობდა. ძალიან მალე მან კოლეგებს შორის შესანიშნავი მწერლის რეპუტაცია
დაიმსახურა, გარდა ამისა, მკითხველი მის მარტივ, მაგრამ მსუბუქად სიურრეალისტურ
ნახატებსაც აფასებდა. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა იყო გამოგონილი
იუმორისტული მემუარები, თუმცა ის საკმაოდ პირქუშ ნაწარმოებებსაც ქმნიდა.
მკითხველმა ის ჟურნალ „The New Yorker“-იდან გაიცნო, სადაც ყველაზე დიდხანს
მუშაობდა. მას ამერიკის ყველაზე დიდ სატირიკოს მხატვრად მიიჩნევდნენ.
მწერალი ნიუ იორკში 1961 წლის 2 ნოემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო ყვავილი
(იგავი)
თარგმნა ნინო ღამბაშიძემ
(bu.org.ge)
ვუძღვნი როზმარის – იმ იმედით რომ მისი სამყარო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩემი.
ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა
ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
ტყეებიც განადგურდა,
ბაღებიც,
ხელოვნების ნიმუშებიც...
კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი
ცხოველები იყვნენ.
გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული პატრონები.
დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები თავს
დაესხნენ მათ.
წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე,
გულხელდაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.
ასე გადიოდა წლები...
რამდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, დაავიწყდა ბოლო მსოფლიო ომის ამბები.
ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს გრძნობდნენ,
ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა...
ერთ დღეს ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით წააწყდა
ბოლო გადარჩენილ ცალს.
მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.
ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო,
მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.
გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.
ერთ დღეს, ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.
მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.
ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა...
გოგონა დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა.
ახალგაზრდა კაციც დაინტერესდა გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა მასთან
ყოფნა.
დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.
ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ. მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს:
ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.
ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.
ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.
ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.
ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.
ტრუბადურები და ჟონგლიორები,
მკერავები და მეწაღეები,
მხატვრები და პოეტები,
მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,
და ჯარისკაცები...
... და...
... და...
... და...
... და...
და ლეიტენანტები და კაპიტნები,
და გენერლები და მაიორები,
და გამათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ ხალხის
ინტერესებს.
ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც – სად.
ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება, ხოლო
ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.
გამათავისუფლებლებმა, ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად
გააღვივეს უთანხმოება.
და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში...
ამჯერად ყველაფერი განადგურდა...
და ქვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა...
მარტო ერთი კაცი
და ერთი ქალი
და ერთიც ყვავილი!..

მოთხრობის გზამკვლევი
რომელმა მსოფლიო ომმაო?! - მეთორმეტემ. არადა, საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ორი
იყო. რას მიგვანიშნებს მწერალი - იმას ხომ არა, რომ კაცობრიობა ვერასდროს
გათავისუფლდება პრობლემათა აგრესიული გზით გადაწყვეტის დამღუპველობისგან?
ნუთუ ადამიანის უგუნურება მარადიულია?
ჯეიმს თურბერი ცივილიზაციის განადგურების სევდიან სურათს გვიჩვენებს: აღარ არის
ქალაქები და სოფლები, იავარქმნილია ბუნება, ხელოვნების ნიმუშები გაცამტვერებულია,
დაღონებული ძაღლები კი დაცემულ, დამდაბლებულ და არაფრის მკეთებელ პატრონებს
ტოვებენ. თუმცა ძაღლებს ვინღა ჩივის, როდესაც სამყაროს სიყვარულიც ტოვებს.
ყველა ხედავს და გრძნობს, რომ ეს ცუდია, მეტიც - დამთრგუნველი საშინელებაა, მაგრამ
რატომ არ იქცევა ეს განცდა კაცობრიობის გამოცდილებად? როგორ მიდის საქმე
მეთორმეტე (!) მსოფლიო ომამდე - ნუთუ წინა თერთმეტის კოშმარული სახე არავის
არაფერს აგონებს და აფრთხილებს?
მწერალი გვეუბნება, რომ ადამიანის სულსა და გონებაში არის რაღაც ისეთი, რომელიც
„სურვილის“ ან „იდეის“ სახელს ირქმევს და შემდეგ ისე უბატონდება ცნობიერებას, რომ
წინარე გამოცდილებას საზღვარს მთლიანად შლის - სიკვდილისა და განადგურების
შიშიც კი ვეღარ აფერხებს და აჩერებს.
თუმცა, ადამიანის სულში მეორე მუდმივაც არის - დაუოკებელი სიცოცხლის მარადისობა.
თურბერი ამბობს: არაფერი კვდება ისე, რომ მასში საბოლოოდ გაქრეს სიყვარული -
ახალი სიცოცხლის დამბადებელი ერთადერთი ძალა. მისი სიმბოლო ნოველაში ყვავილია.
რატომ „ბოლო“? - იმიტომ რომ, სწორედ ის არის გადარჩენისა და აღორძინების
უკანასკნელი და ერთადერთი იმედი. ეს ყვავილი არა მხოლოდ მიწის, არამედ სულისაც
არის, რომელიც ბუნებასა და ადამიანის ცნობიერებაში ერთნაირად აღმოცენებულა და
ყოველი სიკვდილის ბოლო წინადადებას ახალ ფრაზად აქცევს.
არიან სიცოცხლის შემქმნელები და არიან სიკვდილის დამბადებლებიც. მეორენი
მუდმივად პირველთა სახელით ლაპარაკობენ - ყველაზე ამაზრზენი და კაცთა
დამღუპველი ნაბიჯების გადადგმის წინ მხოლოდ სამართლიანობას, ბედნიერებასა და
სიკეთეს ახსენებენ. დიახ! - მათი აზრით, ადამიანმა შესაძლოა განადგურების ცეცხლს
მისცეს მეორე ადამიანი, თუკი ამას მშვიდობა და სიყვარული „მოითხოვს“. სიკვდილის
დამბადებლები საკუთარ თავს ყველაზე ხშირად „გამათავისუფლებლებს“ უწოდებენ -
„თავისუფლება“ და „ღირსება“ მათი საყვარელი სიტყვებია.
თუმცა ერთიც არის, რაც სულ უნდა გვახსოვდეს: ადამიანის საბოლოო განმსაზღვრელი
და გამამართლებელიც მოქმედებაა და არა სიტყვები - ის ხარ, რასაც აკეთებ და არა
მხოლოდ ამბობ. ეს უკვდავი პრინციპია და სწორედ მას უკავშირდება სიცოცხლე.
სიკვდილი საბოლოოდ ვერასდროს გაიმარჯვებს, სანამ კაცისა და ქალის გვერდით ერთი
ყვავილი მაინც ხარობს. ერთი შეხედვით, ის ნაზი და სუსტია, მაგრამ ადამიანის
თვალით, გულითა და გონებით გაძლიერებულს ვერაფერი სძლევს ამქვეყნად.

You might also like