You are on page 1of 13

რეფერატი თემაზე:

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) წარმოშობა და განვითარება


1905 წლის რევოლუციამდე

სტუდენტი: ირაკლი აბურჯანია


ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
მიმართულება: ისტორია
სემესტრი: შემოდგომის
კურსი: რუსეთის ისტორია
ხელმძღვანელი: დალი კანდელაკი
შესავალი

წინამდებარე ნაშრომში სხვადასხვა წყაროების შეჯერებით განხილული იქნება რუსეთის


სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) წარმოშობა, მისი მიზეზები,
წინამორბედი ორგანიზაციები და მათი ინტელექტუალური მემკვიდრეობა, კონკურენტი
პოლიტიკური გაერთიანებები და მათი იდეოლოგიური პოზიციები რუსულ სოციალ-
დემოკრატიასთან შედარებით და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მისი განვითარების
უნიკალური გზა და თავისებურებები, ნაკარნახევი განსახილველი ეპოქის რუსეთის
კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოებებით. ზედა
ზღვრად 1905 წლის აღება განპირობებულია სურვილით, აქცენტი გაკეთდეს პარტიის
ჩამოყალიბებისა და ფორმირების პირველ ეტაპებზე და რუსეთის ახლადჩასახული
სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის პირველ ნაბიჯებზე, შიდა დინამიკაზე,
ფაქტორებზე, რომლებმაც საბოლოოდ მოგვცეს უფრო კარგად ნაცნობი, 1905-1917 წლების
რევოლუციათაშორისი პერიოდის პარტია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შუალედი უკვე
პარტიის განვითარების მეორე ეტაპს წარმოადგენს, განსხვავებული მასშტაბებითა და
გამოწვევებით.
სოციალური სიტუაცია რუსეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის
დასაწყისში და პოლიტიკური აზრის განვითარება: მიმოხილვა

XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი რუსეთის იმპერიაში


აღინიშნა მნიშვნელოვანი სოციალური ტრანსფორმაციებით, კაპიტალისტური წარმოების
წესისა და ურთიერთობების შემდგომი განვითრებით და თვითმპყრობელობის
რეფორმებით, რომლებმაც ბიძგი მისცეს იმპერიის სოციალური სტრუქტურის
გამრავალფეროვნებას, ახალი კლასების წარმოქმნას, მოსახლეობის დიდი მასების
ამოძრავებას. კაპიტალისტური წარმოების განვითარებისა და ბატონყმობის გაუქმების
კვალდაკვალ, წლიდან წლამდე იზრდებოდა სხვადასხვა ქარხანა-ფაბრიკაში, სამთამადნო-
მომპოვებელ საქმესა და სხვა ინდუსტრიებში დასაქმებულ მუშათა რაოდენობა,
ყალიბდებოდა მუშათა კლასი. ამ პროცესის ტემპებსა და მასშტაბურობაზე მოწმობს
სტატისტიკური მონაცემებიც. თუ 1900 წლისათვის რუსეთის ქარხნებსა და ფაბრიკებში
დაახლოებით 1,5 მილიონი მუშა იყო დასაქმებული, 1913 წელს ამ რიცხვმა დაახლოებით
2,5 მილიონი შეადგინა. ამასთან, მუშათა კლასი უკვე არამხოლოდ სოფლიდან ქალაქში
სხვადასხვა მიზეზით გადასახლებული გლეხობისაგან ივსებოდა, არამედ
შთამომავლობითი მუშების, ანუ მუშების ოჯახებში დაბადებულ-გაზრდილი
პირებისგანაც.1
მნიშნველოვანი პროცესები განვითარდა სოფლად, სადაც ცხოვრობდა იმპერიის
მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელიც იმპერიის სრული მოსახლეობის 77%-ს
შეადგენდა 1897 წლის აღწერის მონაცემებით (თუმცა, 97 მილიონი გლეხიდან 7 მილიონი
ქალაქად ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას აღარ ეწეოდა).2 ბატონყმობის გაუქმებისა
და პეტრე სტოლიპინის რეფორმების კვალდაკვალ მიმდინარეობდა, ერთი მხრივ,
სოფლად წვრილმესაკუთრე გლეხური ფენისა (და მისგან შემდგომ მხვილმესაკუთრე
გლეხის, კულაკის, გამოყოფა) და სასოფლო კაპიტალისტური წარმოების -
ინდივიდუალური საოჯახო მეურნეობის - დამკვიდრება, ხოლო, მეორე მხრივ, გლეხური
მასების მნიშვნელოვანი ნაწილის შიდა მიგრაცია ურბანულ ცენტრებში, მოწყვეტა სოფლის
მეურნეობისაგან ან გადაქცევა სოფლის პროლეტარიატად - მცირემიწიან ან უმიწო
გლეხებად, რომლებიც თავის გასატანად დაქირავებულ შრომას ეწეოდნენ, ხშირად
დღიური მუშების სახით. ამრიგად, სოფლად მიმდინარეობდა სოციალურ-ეკონომიკური
დიფერენციაციისა და განშრევების პროცესი.

რაც შეეხება მოსახლეობის ზედა ფენებს, აქ არისტოკრატიისა და სასულიერო


იერარქიის პარალელურად, წარმოების გაფართოებისა და რკინიგზისა და სხვა

1
მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, რუსეთის ისტორია, XX საუკუნე, ნაწილი პირველი (1900-1937), თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2005, გვ. 6
2
იქვე, გვ. 5
სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობით, ყალიბდება
ბურჟუაზია - სამეწარმეო და საფინანსო წრეებისაგან შემდგარი ეკონომიკურად
დაწინაურებული კლასი, რომელიც ერთვება ბრძოლაში პოლიტიკური
ძალაუფლებისათვის და, დროთა განმავლობაში, ხდება ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და
სოციალური ძალა, რომლის ინტერესების უგულებელყოფაც თვითმპყრობელობას უფრო
და უფრო ნაკლებად შეუძლია.3 ამავდროულად, ბურჟუაზიის შიგნით მიმდინარე
პროცესების გავლენით მიმდინარეობს შიდა განშრევების პროცესიც - მსხვილი ბურჟუაზია
თანდათანობით ახერხებს რიგი ინდუსტრიების მონოპოლიზაციას, ყალიბდება
მონოპოლისტური სინდიკატები და მიმდინარეობს თავდაპირველი თავისუფალი
კონკურენციის შედეგად დაგროვილი დოვლათის კონსოლიდაცია.
აუცილებელია აღინიშნოს რუსეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების
განსხვავებული ტრაექტორია და მნიშვნელოვანი თავისებურებები. აქ, განსხვავებით
დასავლეთ ევროპისაგან, კაპიტალიზმის განვითარება მიმდინარეობს მძლავრი,
ხანგრძლივად შემორჩენილი ფეოდალური გადმონაშთების ფონზე, ეკონომიკაში სოფლის
მეურნეობის წამყვანი მდგომარეობა კვლავ უცვლელია, ხოლო მოსახლეობის
დაახლოებით სამი მეოთხედი კვლავ სოფლად ცხოვრობს, თანაც უმეტესად სათემო
მიწათსარგებლობის ძველი წესებით. განსახილველი პერიოდისათვის აქ თავს იყრის,
თანაარსებობს და ერთმანეთს უპირისპირდება სოციალურ კლასთა და ინტერესთა მთელი
წყება.4
ისტორიულად გაბატონებული პოზიციის მქონე არისტოკრატია - თავმოყრილი
სამეფო დინასტიის გარშემო - ცდილობს შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება,
დაიცვას თავი როგორც ხელისუფლებაზე პრეტენზიის გამომვლენი ეკონომიკურად
ძლიერი ბურჟუაზიისაგან, ისე უკმაყოფილო მუშური და გლეხური მასებისაგან. ამაში იგი
ეყრდნობა სამოხელეო-ბიუროკრატიულ აპარატსა და ძალოვან სტრუქტურებს (ორივე
მათგანი, ცხადია, არისტოკრატიისგან ფორმირდება, განსაკთრებით უმაღლესი
თანამდებობების შემთხვევაში). ამრიგად, არისტოკრატიის უმრავლესობა
კონსერვატიულადაა განწყობილი და ცვლილებებისადმი თავშეკავებას გამოხატავს.
მეტიც, მისი ნაწილი რეფორმატორი ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ მთლიანად
რეაქციულადაა განწყობილი და უკვე დაშვებული დათმობების გაუქმებასაც ესწრაფვის.
ამავდროულად, დასავლეთიდან განმანათლებლობის იდეების გავრცელება და რუსეთის
იმპერიის ჩამორჩენილობა არისტოკრატიის ნაწილს უბიძგებს, დაიკავოს პროგრესული,
ლიბერალური პოზიციები, მოთხოვნებით თვითმპყრობელობის კონსტიტუციური
შეზღუდვისა და მმართველობის დემოკრატიზაციის შესახებ. ამ პოლიტიკურ პოზიციას
პროგრესულ არისტოკრატიასთან იზიარებს ბურჟუაზიაც, რომელიც აგრეთვე ესწრაფვის
სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას ან სულაც გაუქმებას და პოლიტიკური ძალაუფლების

3
Friedrich Engels, On Social Relations in Russia, Marx/Engels Collected Works, Volume 24, London, 1989, Lawrence &
Wishart, p. 39
4
Friedrich Engels, Letter to Vera Zasulich, 23 April 1885, Gesamtausgabe, International Publishers, 1942
სათავისოდ დაუფლებას (თუმცა ამის დამოუკიდებლად განხორციელებისათვის
საკმარისი ძალები ჯერ არ გააჩნია).

ამ წინააღმდეგობის პარალელურად, მოცემული პერიოდის რუსეთში ისახება,


ვითარდება და მზარდი პოპულარობით სარგებლობს პოლიტიკური რადიკალიზმი.
რადიკალური იდეებისა და შეხედულებების გავრცელებას ხელს უწყობს რუსეთის
შესამჩნევი ჩამორჩენა, იმედგაცრუება რეფორმების ნელი ტემპებისა და შეზღუდულობის
გამო, ნდობის დაქვეითება ცარისტული რეჟიმის მიმართ (განსაკუთრებით დიდი საგარეო
რყევების დროს, როგორიც იყო, მაგალითისთვის, მარცხი რუსეთ-იაპონიის ომში,
რომელიც 1905 წლის რევოლუციის ერთ-ერთი კატალიზატორი გახდა). რადიკალურად
განწყობილი ჯგუფების შემადგენლობა და ამოცანები მრავალფეროვანი იყო. მზარდი
მუშათა მოძრაობის გვერდით აქ იყვნენ როგორც არისტოკრატიის იმედგაცრუებული და
მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო წარმომადგენლები, ისე რადიკალურ-დემოკრატიული,
პრორესპუბლიკური ბურჟუაზიული წრეებიც. ისინი არასაკმარისად - არც ისე იშვიათად,
რეაქციულ ხელისუფლებასთან გარიგებად - მიიჩნევდნენ ზომიერ რეფორმატორულ
კურსს და მოითხოვდნენ სწრაფ, ძირეულ, ფუნდამენტურ გარდაქმნებს.

რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესს ხელს უწყობს


კიდევ ერთი გარემოება: სოციალ-ეკონომიკური ჩამორჩენიდან გამომდინარე რუსეთი,
მიუხედავად მისი იმპერიული სტატუსისა, მოცემულ პერიოდში ოსმალეთის იმპერიისა
და ჩინეთის მსგავსად (თუმცა ჯერ ნაკლები მასშტაბით), ხდებოდა დასავლური
კაპიტალის ექსპლუატაციის ობიექტი. ერთი მხრივ, რუსეთი საკრედიტო დავალიანებაში
იყო დასავლეთის იმპერიულ ძალებთან (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), მეორე მხრივ,
ქვეყანაში შემოდიოდა უცხოური საწარმო და საინვესტიციო კაპიტალი, რომელსაც
ადგილზე ხელსაყრელი პირობები ექმნებოდა. გარდა ამისა, უცხოურ კომპანიებს
ენიჭებოდათ საგანგებო უფლებები წიაღისეული ნედლეულისა და სხვა რესურსების
ექსპლუტაციაზე. პრაქტიკულად, აღნიშნული პროცესებისგან ყველაზე მეტად
ზარალდებოდა რუსეთის იმპერიის მოსახლეობის ქვედა ფენები - რევოლუციური
პოლიტიკისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილი კატეგორია - რომელიც
თვითმპყრობელობის ტირანიისა და ადგილობრივ მიწისმფლობელთა თუ კაპიტალისტთა
გვერდით უკვე უცხოური კაპიტალისგანაც განიცდიდა გარეგან ექსპლუატაციას. ეს
მოცემულობა კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის
ომმა და მასში რუსეთის მარცხმა, რომელმაც აშკარად წარმოაჩინა რუსეთის, როგორც
დიდი ძალის, სერიოზული დაქვეითება საერთაშორისო არენაზე.
სოციალური პროცესების ინტენსიფიკაციის შედეგად მოცემული პერიოდის
რუსეთში გაიზარდა პოლიტიკით დაინტერესება, პოლიტიკური ცნობიერების
განვითარება როგორც ინტელიგენციაში, ისე მოსახლეობის სხვა კატეგორიებშიც.
შესაბამისად, დაიწყო სხვადასხვა სახის პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების
ფორმირების პროცესი. მეფის ხელისუფლება უფრთხოდა პოტენციურ პოლიტიკურ
გამოსვლებს და, თავის მხრივ, კრძალავდა და დევნიდა ამ ორგანიზაციათა პოლიტიკურ-
იდეოლოგიურ საქმიანობას, შესაბამისად მათი დიდი უმრავლესობა არალეგალური იყო,
იატაკქვეშ, კონსპირაციის პირობებში მოღვაწეობდა და ხშირად უწევდა შეკრებების და
საგამომცემლო საქმიანობის რუსეთის ფარგლებს გარეთ ორგანიზება. ამ ორგანიზაციათა
მიზნები და მისწრაფებანი განპირობებული იყო მათი კლასობრივი კუთვნილებით, თუ
მოსახლეობის რომელი ნაწილის ინტერესებს წარმოადგენდნენ ისინი, რაც იკვეთებოდა
მათი მოთხოვნების ხასიათიდან და რიტორიკიდან. მაგალითისთვის, ბურჟუაზია (მისი
მემარჯვენე და მემარცხენე ფრთები შესაბამისად) წარმოდგენილი იყო ოქტომბრის
კავშირითა (ოქტომბრელები) და კონსტიტუციონალისტ-დემოკრატებით (კადეტები),
რომლებიც ზომიერი რეფორმების პოზიციებზე იდგნენ, მოითხოვდნენ კონსტიტუციური
მონარქიის მოდელს, საკუთრების უფლების დაცვას და ადგილობრივი წარმოებისა და
ვაჭრობის გაფართოებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური და კანონშემოქმედებითი
პოლიტიკის გატარებას. მათმა რადიკალურმა ნაწილებმა (იგულისხმება კადეტთა
პრორესპუბლიკური ფრთა) ზომიერ პოზიციებზე გადაინაცვლა, დაიკმაყოფილა რა
მოთხოვნათა ნაწილი ნიკოლოზ II-ის ოქტომბრის მანიფესტის შედეგად. სოფლის მასებს
ეყდნობოდა სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერები) ორგანიზაცია, რომელიც XIX
საუკუნის რუსული ნაროდნიკული (ხალხოსნური) ტრადიციის გაგრძელებას
წარმოადგენდა და რუსული ტიპის აგრარულ სოციალიზმსა და მიწის რედისტრიბუციას
მოითხოვდა. მუშათა მოძრაობას წარმოადგენდა სხვადასხვა სოციალისტური ჯგუფის
გაერთიანებისაგან შემდგარი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ,
შემდგომში ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაციებად დაყოფილი), რომელიც რუსეთში
ახალწარმოქმნილ და მზარდ მუშათა მასას - პროლეტარიატს - მიიჩნევდა ყველაზე
პროგრესულ, დაწინაურებულ, რევოლუციაუნარიან მასად, რომელსაც შესწევდა ძალა,
მოეხდინა საზოგადოების ტრანსფორმაცია. თავის მხრივ, ამ ტრანსფორმაციის
აუცილებელ რეკვიზიტად მიიჩნეოდა არსებული წესწყობილების დამხობა,
პროლეტარიატის, როგორც კლასის, გაბატონება და საზოგადოების ფართო ნაწილის
სწრაფი სოციალური და ეკონომიკური ამაღლება სოციალისტური წარმოების წესის
დამკვიდრების გზით. გამომდინარე რუსეთის პირობებიდან, რსდმპ იაზრებდა
იმდროინდელი რუსეთის იმპერიის მუშათა კლასის სიმცირეს და არასაკმარის ძალას და
გამოსავალს ეძებდა, ერთი მხრივ, აქტიურ აგიტაციაში მისი განვითარებისა და
მომწიფების დასაჩქარებლად, ხოლო მეორე მხრივ, ალიანსში ცარისტული რეჟიმით
უკმაყოფილო სხვა ჯგუფებთან, უმთავრესაც კი გაღატაკებულ გლეხურ მასებთან.
შემდგომში რსდმპ-ის ფარგლებში დიდი უთანხმოება წარმოშვა პარტიული
შემადგენლობის, საქმიანობის, მეთოდებისა და სამოქმედო სტრატეგიის საკითხებმა, მათ
შორის უმთვრესი ხელისუფლების დაუფლების გზებისა და მანამდე გასავლელი ეტაპების
შესახებ. თუკი ლენინი და ბოლშევიკები მისაღებად მიიჩნევდნენ საგანგებოდ
გაწვრთნილი პარტიული კადრის - მუშათა კლასის მოწინავე ნაწილის, ავანგარდის - მიერ
რევოლუციისათვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ჯერ რევოლუციის
განხორციელებას და შემდგომ, დაჩქარებული წესით, გარკვეული (თეორიულად)
რევოლუციამდელი ეტაპების გავლას სოციალიზმისაკენ, მენშევიკური ფრთა
არამართებულად მიიჩნევდა „ნაძალადევი“ რევოლუციის განხორციელებას
საზოგადოებისა და მატერიალური გარემობების შესაბამისი მომწიფების, განვითარების
შესაბამისი ეტაპის მიღწევის გარეშე, ხოლო სოციალიზმის დამყარებას კაპიტალიზმის
შინაგანი წინააღმდეგობების განვითარების ლოგიკურ და საბოლოო შედეგად ხედავდა,
რისთვისაც საჭიროდ არ მიიჩნევდა რევოლუციის „დაჩქარებას“ საგანგებო პოლიტიკური
ღონისძიებებით.5

ამრიგად, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის არ სუფევდა თანხმობა,


ხშირად მიმდინარეობდა ერთდროული ბრძოლა როგორც მეფის ხელისუფლების, ისე
ერთმანეთის წინააღმდეგ, ხოლო სხვა დროს, იდეოლოგიური სიახლოვის, მიზნების,
შექმნილი სიტუაციისა თუ უშუალო საჭიროებების გათვალისწინებით, ფორმდებოდა
ოფიციალური თუ არაოფიციალური კავშირები მუდმივ ან დროებით საფუძველზე.

თავის მხრივ, თვითმპრობელობა ცდილობდა პოლიტიკური პარტიების


საქმიანობის აღკვეთას, სოციალური დაძაბულობის განეიტრალებასა და მოსახლეობაში
როგორც ნდობის აღდგენას, ისე სოციალური დასაყდენის შექმნასაც. საამისოდ ის
იყენებდა რამდენიმე მეთოდს ერთდროულად. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ პეტრე სტოლიპინის
პროგრესული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გლეხობის ნაწილის
მდგომარეობა და თემიდან საკუთარი მიწითურთ გასვლის უფლების მინიჭებით
საფუძველი ჩაუყარა რუსეთში ინდივიდუალური მიწისმესაკუთრე გლეხთა ფენის
ჩამოყალიბებას.6 მუშათა მოძრაობისათვის რევოლუციური შინაარსის გამოცლის მიზნით
ოხრანკის უფროსის, ჟანდარმერიის პოლკოვნიკ სერგეი ზუბატოვის ხელმძღვანელობით
მუშათა შორის პოლიციის მხარდაჭერითა და მეთვალყურეობით შეიქმნა ლეგალური
შრომითი ორგანიზაციები, რომლებსაც მხოლოდ ეკონომიკური მოთხოვნები უნდა
წამოეყენებინათ და ხელი შეეშალათ სოციალისტური ჯგუფებისათვის, რომლებიც
ცდილობდნენ, ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური მოთხოვნებიც გაევრცელებინათ
მუშათა კლასსში და მუშათა მოძრაობა პოლიტიკურ პროცესადაც წარემართათ.
აღნიშნული პროცესი „ზუბატოვშჩინის“ სახელით შევიდა ისტორიაში და არსებითად
წარუმატებლად დასრულდა, ერთი მხრივ, სოციალისტური პარტიების წარმატებული
აგიტაციისა და, მეორე მხრივ, რუსული ბურჟუაზიის წინააღმდეგობის გამო, რომელიც
პროტესტს უცხადებდა ხელისუფლების მიერ მუშების ეკონომიკური მოთხოვნების
მხარდაჭერას.7

5
Большая российская энциклопедия 2004–2017, РОССИ́ЙСКАЯ СОЦИА́Л-ДЕМОКРАТИ́ЧЕСКАЯ РАБО́ЧАЯ ПА́РТИЯ,
https://old.bigenc.ru/domestic_history/text/3515534, 18/12/2023
6
მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, რუსეთის ისტორია, XX საუკუნე, ნაწილი პირველი (1900-1937), თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2005, გვ. 10-13
7
იქვე, გვ. 19-20
რუსული მუშათა მოძრაობის საწყისები: რსდმპ-ის წინამორბედები და ერთიანი პარტიის
ფორმირების იდეა

მუშათა მოძრაობა რუსეთში იწყება ბატონყმობის გაუქმების შემდეგ წლებში და, ერთი
მხრივ, ნაროდნიკული მემკვიდრეობის ნაწილობრივი გაგრძელებაა (არაერთი გამოჩენილი
სოციალისტი თავდაპირველად ნაროდნიკი იყო), მეორე მხრივ კი თვისობრივად ახალი
ძალა, რომელიც კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის იდეებსა და თეორიებს ემყარება.
მუშათა პირველი გამოსვლები და საგაფიცვო მოქმედებები შეიმჩნევა XIX საუკუნის 60-70-
იანი წლებიდან და ხასიათდება სპორადულობით, არაორგანიზებულობითა და მხოლოდ
ეკონომიკური მოთხოვნების წამოყენებით. მეფის ხელისუფლებაც თავდაპირველად
ამბივალენტური იყო მუშათა პროტესტის მიმართ, იყო მათი გამართლების შემთხვევებიც
კი, თუმცა დროთა განმავლობაში, მუშათა მოძრაობის მოძლიერება-განვითარებასთან და
თანდათანობით პოლიტიზაციასთან ერთად დაიწყო მისი დევნაც. 8

მუშათა მოძრაობის პირველ ორგანიზაციებად რუსეთში შეიძლება მივიჩნიოთ 1875


წელს ოდესაში ევგენი ზასლავსკის მიერ დაარსებული „სამხრეთ რუსეთის რუსი მუშების
კავშირი“ და 1878 წელს პეტერბურგში ვიქტორ ობნორსკისა და სტეფანე ხალტურინის
მიერ შექმნილი „რუსი მუშების ჩრდილოეთის კავშირი“. ნიშანდობლივია, რომ ორივე
ჯგუფი თავის საბოლოო მიზნად ისახავდა არსებული წესწყობილების დამხობას და უკვე
ამ პერიოდში აყენებდა პოლიტიკურ მოთხოვნებს და იდგა რადიკალურ პოზიციაზე, რის
გამოც ორივე ორგანიზაცია განიცდიდა დევნას და დაარსებიდან მალევე განადგურდა. 9
მკაცრი დევნისა და რეპრესიების პირობებში, 80-იანი წლებიდან ბევრი
რევოლუციონერი მოღვაწე გადაბარგდა საზღვარგარეთ, საიდანაც გრძელდებოდა მუშათა
მოძრაობის ორგანიზება და მხარდაჭერა. იქმნებოდა ახალი პოლიტიკური ჯგუფები და
წრეები, აქტიურად მიმდინარეობდა საგამომცემლო საქმიანობა და პუბლიკაციების
კონტრაბანდული წესით შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც მას ავრცელებდნენ და,
აგრეთვე, აგიტაციას ეწეოდნენ როგორც ძველი ჯგუფების გადარჩენილი ნაწილები, ისე
ახლადწარმოქმნილი იატაკქვეშა ორგანიზაციები. რუსული სოციალ-დემოკრატიის ერთ-
ერთ ძირითად პრეკურსორად მიიჩნევა 1893 წელს ჟენევაში გიორგი პლეხანოვის
ხელმძღვანელობით შექმნილი „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფი.10 პლეხანოვი,
რომელიც ნაროდნიკულ „ზემლია ი ვოლიას“ გაემიჯნა პოლიტიკური ტერორის უარყოფის
გამო, ჯერ ხელმძღვანელობდა განცალკევებულ ჯგუფს სახელწოდებით „ჩორნი
პერედელი“, შემდგომ, ემიგრაციაში ყოფნისას, უფრო ახლოს გაეცნო კარლ მარქსისა და
ფრიდრიხ ენგელსის ნაშრომებს და საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას
(დამყარდა რუსი სოციალისტების კონტაქტი მეორე ინტერნაციონალთანაც), რის შემდეგაც
8
მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, რუსეთის ისტორია, XIX საუკუნე, მეორე გამოცემა, თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 109
9
იქვე, გვ. 110
10
მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, რუსეთის ისტორია, XX საუკუნე, ნაწილი პირველი (1900-1937), თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2005, გვ. 22-23
პავლე აქსელროდთან, ვერა ზასულიჩთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა
ზემოაღნიშნული „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფი, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია
რუსეთში სოციალ-დემოკრატიული იდეებისა და მარქსიზმის პოპუალარიზაციის ხაზით.
ამ მიზნით „შრომის განთავისუფლების“ გვერდით 1894 წელს საგანგებოდ ჩამოყალიბდა
„საზღვარგარეთ მყოფი რუსი სოციალ-დემოკრატების კავშირი“.

პარალელურად იქმნებოდა ახალი სოციალისტური ჯგუფები მთელი რუსეთის


იმპერიის მასშტაბით. 1895 წელს პეტერბურგში ვლადიმერ ლენინისა და იული მარტოვის
ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის
კავშირი“ (შემოკლებით СБОРК), რომელიც პეტერბურგის მუშათა კლასში ეწეოდა
აგიტაციას და კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევდა გაფიცვებსა და მუშათა სხვა
საპროტესტო აქციებს. ამ და რუსეთის დიდ ცენტრებში წარმოქნილი სხვა ჯგუფების
გვერდით ყალიბდება სოციალ-დემოკრატიული გაერთიანებები არარუსულ მხარეებშიც
(პოლონეთ-ლიტვაში, ლატვიაში და ა.შ.), ხოლო ებრაულ მოსახლეობაში სოციალისტურ
აგიტაციას ეწევა „ბუნდი“ (კავშირი).

დროთა განმავლობაში საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალისტურ


ჯგუფებში ბუნებრივად დადგა ძალთა გაერთიანების, ორგანიზებული მოქმედების,
ერთიანი პროგრამის, გეგმისა და მიდგომის შემუშავების საკითხები. აღნიშნული მიზნით
1898 წლის მარტში მინსკში ჩატარდა სხვადასხვა სოციალისტური ორგანიზაციების
წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც რუსეთის სოციალ-
დემოკრატიული მუშათა პარტიის I ყრილობა. შეხვედრაზე დაანონსდა პარტიის
ჩამოყალიბება, შედგა მისი მანიფესტი, მაგრამ სანამ ყრილობა შეძლებდა შედგომოდა
მსჯელობას ორგანიზაციულ და იდეოლოგიურ საკითხებზე, მოხდა მისი აღმოჩენა და
წევრების დაკავება პოლიციის მიერ. შედეგად, მინკის ყრილობაზე ვერ მოხდა ვერც
პარტიის წესდების, ვერც პროგრამის შემუშავება, მაგრამ ის მაინც უმნიშვნელოვანეს
მოვლენას წარმოადგენდა რუსული სოციალ-დემოკრატიის განვითარების ისტორიაში,
ვინაიდან დამყარდა მნიშვნელოვანი პრეცედენტი.11 მოხდა სხვადასხვა სოციალისტური
ჯგუფების დაახლოება, გამოითქვა მჭიდრო თანამშრომლობის იმედი და მზაობა,
ადრიდანვე და დიდი მონდომებით დაიწყო მზადება შემდგომი ყრილობისათვის. ამასთან,
გაგრძელდა აქტიური სააგიტაციო და საგამომცემლო საქმიანობა, განსაკუთრებით მას
შემდეგ, რაც ლენინი ციმბირული გადასახლებიდან ევროპაში გადაბარგდა და შეუერთდა
აქ მყოფ სოციალ-დემოკრატებს. 1900 წელს ჟენევაში შედგა ლენინისა და მარტოვის
შეხვედრა პლეხანოვთან, რომლის შემდეგაც მიუნხენში დაარსდა გაზეთი „ისკრა“ 6-
კაციანი სარედაქციო კოლეგიით, რომელშიც შედიოდნენ ვლადიმერ ლენინი, იული
მარტოვი, გიორგი პლეხანოვი, პავლე აქსელროდი, ვერა ზასულიჩი და ალექსანდრე
პოტრესოვი. ნიშანდობლივია, რომ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის
განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულებები მუშათა მოძრაობის, მისი

11
Лекторий Dостоевский, СССР. История партии: РСДРП(б)-ВКП(б)-КПСС, https://www.youtube.com/watch?
v=DKzJw2thTDM, 17/12/2023
ამოცანებისა და რევოლუციის მიმართ უკვე ამ ხანებიდან იკვეთებოდა და წევრთა ლუწი
რაოდენობა ხელს უშლიდა პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა,
პირველ და მეორე ყრილობას შორის პერიოდში შეიმჩნეოდა ფრაქციებად დაყოფის
ტენდენცია სხვა სოციალისტურ ორგანიზაციებსა და საგამომცემლო ორგანოებშიც.
მაგალითისთვის, „საზღვარგარეთ მყოფი რუსი სოციალ-დემოკრატების კავშირი“ დროთა
განმავლობაში დადგა ეკონომიზმის ხაზზე (ეკონომიზმი - მიმართულება რუსეთის
სოციალ-დემოკრატიაში, რომელიც მოითხოვდა კონცენტრირებას მხოლოდ ეკონომიკური
მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის ბრძოლაზე და უარყოფდა პოლიტიკური ბრძოლის
როლს)12, გაემიჯნა სოციალ-დემოკრატთა მსხვილ ნაწილს, დაუპირისპირდა „ისკრას“ და
შეუდგა საკუთარი ჟურნალის, „რაბოჩეე დელოს“, გამოცემას.

რსდმპ-ის II ყრილობა, პარტიის ფაქტობრივი დაფუძნება, დისკუსიები, გახლეჩა და


საქმიანობა 1905 წლის რევოლუციამდე

1903 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული მეორე ყრილობის სამზადისი დაიწყო


ჯერ კიდევ 1900 წელს და მიმდინარეობდა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის შიგნით
იდეოლოგიურად დაპირისპირებული ჯგუფების მეტოქეობის ფონზე. დაპირისპირებული
ჯგუფები ცდილობდნენ, სათავეში ჩასდგომოდნენ საორგანიზაციო საქმიანობას და
საბოლოოდ ყრილობის მომავალ დელეგატებს შორის საკუთარი წევრებისა და
მომხმრეების უმრავლესობა უზრუნველეყოთ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ
„იკსრელთა“ ჯგუფი და „რუსი სოციალ-დემოკრატების კავშირი“ ლენინისა და
პლეხანოვის ხელმძღვანელობით შესაბამისად.

მეორე ყრილობის მოწვევის ინიციატივით 1900 წელს სწორედ პლეხანოვის ჯგუფი


გამოვიდა. შედეგად, 1902 წლის აპრილში ქალაქ ბელოსტოკში ჩატარდა კონფერენცია,
რომელსაც დაესწრო როგორც „ისკრელთა“, ისე „კავშირისა“ და „ბუნდის“ ჯგუფები და სხვა
სოციალისტები. კონფერენციაზე აირჩიეს შერეული საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც
დაევალა ყრილობის მოსაწვევად მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება, თუმცა
კონფერენციის ყველა მონაწილე (საორგანიზაციო კომიტეტის ჩათვლით) მალე პოლიციამ
დააკავა. მოვლენათა ასეთი განვითარებით ისარგებლა „ისკრას“ ჯგუფმა, ხელში აიღო
ინიციატივა, იმავე 1902 წლის ოქტომბერში მოიწვია ახალი კონფერენცია (კვლავ
ბელოსტოკში), რომლის წარმომადგენლობაშიც „იკსრელები“ ჭარბობდნენ და რომელმაც
ამავე ჯგუფის წარმომადგენლებით დააკომპლექტა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც,
12
КОММУНИСТИЧЕСКАЯ ЭНЦИКЛОПЕДИЯ, Экономизм, https://kommynist.ru/%D0%AD%D0%BA%D0%BE%D0%BD
%D0%BE%D0%BC%D0%B8%D0%B7%D0%BC, 18/12/2023
თავის მხრივ, უზრუნველყო, რომ ყრილობაზე მოწვეული დელეგატებისა და მანდატების
უმრავლესობა „ისკრელთა“ ჯგუფიდან ყოფილიყო.13

როგორც ვახსენეთ, ყრილობა მოეწყო 1903 წლის ივლისსა და აგვისტოში. მისი


ადგილსამყოფელი ჯერ ბრიუსელი იყო, ხოლო შემდეგ, ბელგიური პოლიციის მხრიდან
დევნის შედეგად, ლონდონი, ამიტომაც მას ბრიუსელ-ლონდონის ყრილობასაც უწოდებენ.
მას ესწრებოდა 43 დელეგატი 51 გადამწყვეტი ხმით (ვინაიდან ზოგიერთი დელეგატი ვერ
ახერხებდა დასწრებას, მას თავისი ხმა მინდობილი ჰქონდა რომელიმე სხვა
დელეგატისთვის) და 14 დელეგატი სათათბირო ხმით. ყრილობის დღის წესრიგი
მოიცავდა განხილვებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკამათო საკითხზე, როგორებიც იყო
შეჯერება პარტიის პროგრამასა და საორგანიზაციო წესდებაზე; პარტიის შიდა
ორგანიზაციის საკითხები; მმართველი ორგანოების (ცენტრალური ორგანო და
ცენტრალური კომიტეტი) დაკომპლექტება; დამოკიდებულება სხვა პოლიტიკურ
ორგანიზაციებთან (ესერები, ლიბერალურ-ბურჟუაზიული მიმდინარეობები); ეროვნული
საკითხი და სხვ. სანამ შევუდგებით ყრილობაზე გამოთქმული მოსაზრებების განხილვას,
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს ყრილობა არის დე-ფაქტო სადამფუძნებლო ყრილობა,
რომელზეც ჭეშმარიტად შედგა პარტიის ფორმირება, თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ,
პარტია ფაქტობრივი შექმნისთანავე დაიყო დაპირისპირებულ, პარალელურად (ხშირად
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომუშავე) ფრთებად, რომლებიც ნომინალურ
ერთიანობას ინარჩუნებდნენ. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყრილობაზე
„ისკრელთა“ დომინირების პირობებში, პარტიის ჩამოყალიბების პროცესიდან ამთავითვე
უმეტესად მოკვეთილი იყო მისდამი დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფები
(მაგალითად „ეკონომისტები“), რომლებიც ბელოსტოკის მეორე კონფერენციაზე არც
მოუწვევიათ, ხოლო მეორე ყრილობაზე მომხდარი განხეთქილება - ეს იყო „ისკრას“
მოწინავე ჯგუფში, მის სარედაქციო კოლეგიაში განვითარებული ხაგნრძლივი აზრთა
სხვადასხაობისა და კამათის კულმინაცია.
პირველი სერიოზული დაპირისპირებაც სწორედ „ისკრელთა“ რიგებში, ლენინსა და
მარტოვს შორის დაიწყო. თუკი პარტიის პროგრამა, ჯერ კიდევ ყრილობამდე ერთი წლით
ადრე წინასწარი რედაქციით „ისკრაში“ გამოქვეყნებული, არ ყოფილა დიდი დავის საგანი,
განსხვავებული სიტუაცია წარმოიქმნა წესდებასთან დაკავშირებით. შედგენილი იყო
წესდების როგორც მარტოვისეული, ისე ლენინისეული რედაქციები. მიუხედავად იმისა,
რომ მარტოვმა გამოიხმო თავისი რედაქცია ლენინის სასარგებლოდ, დავა კვლავ
გაგრძელდა, განსაკუთრებით მისი პირველი პარაგრაფის ფორმულირების გარშემო,
რომელიც პარტიის წევრის დეფინიციას განსაზღვრავდა. ლენინისეული რედაქცია
საგანგებოდ მოითხოვდა მხარდამჭერი პირის პირად წევრობასა და მონაწილეობას
პარტიისა და მისი ორგანოების საქმიანობაში და მიზნად ისახავდა შემჭიდროვებული,
კადრებით დაკომპლექტებული პარტიის შექმნას. მარტოვის ვერსია კი საკმარისად
მიიჩნევდა აქტიურ თანამშრომლობას და ხელშეწყობას პარტიისა და მისი ორგანოების

13
ВЕКТОР, История одного раскола, https://www.youtube.com/watch?v=O3Ijo6bjeyk,17/12/2023
საქმიანობისათვის და ასეთი ფორმულირებით მიზნად ისახავდა ფართო,
მრავალრიცხოვანი და ღია პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. საბოლოოდ,
ლენინის წინააღმდეგ „ისკრას“ წარმომადგენლობის ნაწილთან ერთად დადგნენ სხვა
ჯგუფების („რაბოჩეე დელო“, „ბუნდი“, „იუჟნი რაბოჩი“) დელეგატებიც და სხდომაზე
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა პირველი პარაგრაფის ფორმირება მარტოვისეული
რედაქციით (თუმცა, 1905 წელს, რსდმპ-ის III ყრილობაზე დამტკიცდა ლენინისეული
ფორმულირება). დაპირისპირებამ წესდების პირველი პარაგრაფის ფორმულირებაზე
მნიშვნელოვნად გამოკვეთა და წარმოაჩინა „ისკრელთა“ შიგნით ორი დაპირისპირებული
მიმართულების ჩამოყალიბება და მათ შორის არსებული სხვაობები.

სერიოზული უთანხმოების მეორე ობიექტი გახდა მმართველობის ორგანოებში


(ცენტრალური კომიტეტი - ცკ, ცენტრალური ორგანო, ანუ „ისკრას“ რედკოლეგია - ცო)
არჩევნები და „ისკრას რედკოლეგიის“, ანუ ცო-ს, გადახალისების საკითხი. როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, „ისკრას“ სარედაქციო კოლეგია ექვსი ადამიანასაგან შედგებოდა და
ამიტომ აქ წარმოშობილი უთანხმოებების (უმეტესად ლენინსა და პლეხანოვს შორის)
დიდი ნაწილი ეფექტურად ვერ წყდებოდა, რაც, ლენინის მოსაზრებით, რედკოლეგიის
ქმედუნარიანობას აქვეითებდა. ამასთან, ლენინი ხაზს უსვამდა აქსელროდის,
ზასულიჩისა და პოტრესოვის პასიურობას სტატიების გამოქვეყნების საქმეში და, ამრიგად,
მოითხოვდა სარედაქციო კოლეგიის წევრთა შემცირებას სამ წევრამდე. მარტოვი და მისი
მომხრეები ამ მოთხოვნას მიიჩნევდნენ ლენინის მხრიდან პარტიული მმართველობის
უზურპაციის მცდელობად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყრილობამდე იული მარტოვი,
ლენინისა და პლეხანოვის დაპირისპირების კვალობაზე, იზიარებდა რედკოლეგიის
შემცირების იდეას, თუმცა მას შემდეგ, რაც ყრილობაზე ის უკვე თავადაც ღიად
დაუპირისპირდა ლენინის ფრაქციას და, ამავდროულად, პლეხანოვი რიგ შემთხვევაში
ყრილობაზე ლენინის მხარდამჭერად გამოვიდა, მან პოზიცია შეიცვალა. აქ უნდა
აღინიშნოს, რომ რედკოლეგიის შემცირებისა და შემადგენლობის დაკომპლექტების
განხილვას აღარ ესწრებიან „ბუნდისა“ და „რაბოჩეე დელოს“ დეპუტატები, რომლებმაც
პროტესტის ნიშნად დატოვეს ყრილობა („ბუნდის“ დელეგაციის დემარშის საბაბი იყო
უთანხმოება ეროვნულ საკითხზე და პარტიის შიგნით ებრაელთა საკითხებზე
„ბუნდისათვის“ სპეციალური უფლებამოსილებების მინიჭებაზე უარის თქმა, ხოლო
„რაბოჩეე დელოსი“ - ყრილობის მიერ მისი დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება),
რის შემდეგაც უმრავლესობა ლენინის მომხმრეთა ხელში აღმოჩნდა და მოხერხდა ცკ-სა
(ამასთან, ცკ-ს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა უკვე მარტოვის ფრაქციამაც)
და ცო-ს შესაბამისად დაკომპლექტება. შესაბამისად, პარტიის ცენტრალურ ორგანოებში
უმრავლესობა მოიპოვეს ლენინის მომხრეებმა, მარტოვის ფრაქცია კი უმცირესობაში
აღმოჩნდა სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიერ ყრილობის დატოვების შემდეგ. მარტოვი,
მიუხედავად იმისა, რომ ლენინთან და პლეხანოვთან ერთად არჩეულ იქნა ცო-ში,
უთანხმობას აცხადებდა არჩევნების შედეგების აღიარებასა და ახალ რედკოლეგიაში
მონაწილეობაზე, რითიც საბოლოოდ გაფორმდა პარტიის დაყოფა ლენინელ
„ბოლშევიკებად“ (უმრავლესობა) და მარტოველ „მენშევიკებად“ (უმცირესობა).14

მართალია, პარტიის ფორმალური ერთიანობა დაყოფის შემდეგაც შენარჩუნდა,


თუმცა პრაქტიკულ საქმიანობაში გახლეჩა რეალური და თვალსაჩინო იყო. ბოლშევიკები
და მენშევიკები ადგილობრივად ქმნიდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კომიტეტებს,
თუმცა ზოგან შემორჩა ერთიანი კომიტეტებიც. რსდმპ-ის III ყრილობა, მოწვეული 1905
წლის რევოლუციური მოვლენების მიმადინარეობისას, ბოლშევიკური ფრაქციის
ჰეგემონობით წარიმართა, თუმცა, ერთი მხრივ, მუშათა წრეების ზეწოლისა და, მეორე
მხრივ, პრაქტიკული საჭიროებების ზეგავლენით, რევოლუციის მოგვიანო ეტაპზე კვლავ
მოხდა ორი ფრაქციის დაახლოება, ხოლო პარტიის IV ყრილობაზე 1906 წელს კვლავ
წარმოდგენილი იყო რუსული სოციალ-დემოკრატიის ორივე ფრთა.15

14
ВЕКТОР, История одного раскола, https://www.youtube.com/watch?v=O3Ijo6bjeyk, 17/12/2023
15
Большая российская энциклопедия 2004–2017, РОССИ́ЙСКАЯ СОЦИА́Л-ДЕМОКРАТИ́ЧЕСКАЯ РАБО́ЧАЯ ПА́РТИЯ,
https://old.bigenc.ru/domestic_history/text/3515534, 18/12/2023

You might also like