You are on page 1of 8

პარტიული პოლიტიკის დასაწყისი რუსეთში

რუსეთში პარტიული ცხოვრება ახალი არ არის. რუსეთის იმპერიაში მას საფუძველი მე-19
საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც პირველი დისიდენტები, ცარისტული რეჟიმის მოწინააღმდეგეები
გამოჩნდნენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ აბსოლუტურ მონარქიას, როდესაც მეფე
ხელმძღვანელობდა ყველა შტოს და ამავდროულად იყო ეკლესიის ხელმძღვანელიც.
დისიდენტების ბრძოლა ყოველთვის იყო სალონური, ვერ ცდებოდა ცალკეულ
ინტელექტუალურ განხილვას და ოხრანკა ადვილად ახერხებდა მათ დათრგუნვას.

თუმცა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო მასობრივი მოძრაობები, როგორიც იყო
ხალხოსნური მოძრაობა, რომლებიც გლეხურ სოციალიზმს ითხოვდა. შემდეგ წამოვიდა
მარქსისტული მოძრაობა, რომელიც ძალიან გაძლიერდა. ამავდროულად გააქტიურდა
ლიბერალური ინტელიგენციის გამომხატველი ძალები, რომლებიც საკონსტიტუციო
ლიბერალიზმს ითხოვდნენ. 1905 წლის რევოლუციის შედეგად კი შეიქმნა წარმომადგენლობითი
ორგანო - რუსეთის დუმა, რომელსაც მხოლოდ წარმომადგენლობითი და სათათბირო
ფუნქციები ჰქონდა და იქ ვერანაირ კანონს ვერ იღებდნენ. მისი ამოცანა იყო ორთქლის
გამოშვება, სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ და საკუთარ ბრაზს გამოხატავდნენ. მაგალითად
ისიდორე რამიშვილმა, საქართველოდან არჩეულმა პირველმა დეპუტატმა რუსეთის დუმაში,
საკუთარი პირველი სიტყვა მეფის ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო და იგი თბილისში
მომხდარ ხოცვა-ჟლეტვაში დაადანაშაულა. ის ჩამოაგდეს ტრიბუნიდან, მასზე გამოაცხადეს
ძებნა და იგი მხოლოდ ადგილობრივმა ხალხმა გადაარჩინა. მოგვიანებით მეფემ რუსეთის დუმა
გარეკა და იგი ქალაქ ვიბორგში გაიქცა.

პირველი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რევოლუციამდელ რუსეთში შეიქმნა, იყვნენ


რევოლუციურ-სოციალისტური ხასიათის. პირველად ტერმინი პარტია სახელწოდებაში
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ხალხის ნებამ“ გამოიყენა. მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში
მოქმედი მრავალრიცხოვანი ჯგუფები სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში
გაერთიანდნენ, რომელიც 1903 წლის მეორე ყრილობის შემდეგ ბოლშევიკებად და მენშევიკებად
გაიყო. ორი წლით ადრე რევოლუციური ტიპის ორგანიზაციები სოციალისტ-
რევოლუციონერების პარტიაში (ესერები) გაერთიანდნენ. ორივე პარტია ემიგრაციასა და
მიწისქვეშეთში მოღვაწეობდა. ესერებმა აირჩიეს სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ
ინდივიდუალური ტერორის ტაქტიკა.

1905 წლის 17 ოქტომბერს რუსეთში გამოიცა მანიფესტი სამოქალაქო და პოლიტიკური


თავისუფლების შესახებ, რამაც საფუძველი შექმნა ლეგალური პოლიტიკური პარტიებისთვის.
ასეთი პარტიები იყვნენ: ლიბერალ-კონსტიტუციურ დემოკრატიული პარტია (კადეტები),
დემოკრატიული რეფორმების პარტია, კონსერვატორული 17 ოქტომბრის კავშირი
(ოქტომბრელები), რადიკალური მემარჯვენე პარტიები - რუსი ხალხის კავშირი და მიხეილ
მთავარანგელოზის კავშირი.

მემარცხენე პარტიები არ გადასულან ლეგალურ მდგომარეობაში და მათ წინააღმდეგ დევნა


გრძელდებოდა. რუსული საარჩევნო სისტემა არ ახდენდა პარტიული მშენებლობის
სტიმულირებას, ხოლო სამეფო ხელისუფლება ლოიალურ პარტიებსაც ეჭვის თვალით
უყურებდა. მეფის დამხობის შემდეგ ყოველგვარი შეზღუდვა მემარცხენე პარტიებზე მოიხსნა,
რითიც საუკეთესოდ ბოლშევიკებმა ისარგებლეს და 1917 წლის შემოდგომაზე ძალაუფლება
ხელში ჩაიგდეს. ბოლშევიკებმა თავიდანვე დაიწყეს კონკურენტი პარტიების დევნა - როგორც
მემარჯვენე, ასევე მემარცხენე შეხედულების (ანარქისტების და მემარცხენე ესერების). 1922
წლის შემდეგ ყველა პარტიის საქმიანობა, ბოლშევიკური პარტიის გარდა, შეწყდა.

პარტიულმა ცხოვრებამ რუსეთში დიდხანს ვერ გასტანა. რევოლუციის შემდეგ დუმა დაიშალა,
პარტიები სამოქალაქო ომის შემდეგ გაქრნენ. ანუ ერთი მხრივ პარტიული ცხოვრების
გამოცდილება რუსეთში არსებობდა, მაგრამ ის იმდენად ძველი იყო და იმდენად სწრაფად
გაანადგურეს, რომ დღევანდელ მაცხოვრებლებს საერთოდ არ ახსოვთ.

დიდი ხანი საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთი პარტია - საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტია არსებობდა. ეს დაკანონებული იყო კონსტიტუციის მიხედვით, მათ შორის მისი 1977
წლის რედაქციით. პერესტროიკის დროს სახალხო დეპუტატთა ყრილობამ გააუქმა ეს მუხლი და
სსრკ-ს ტერიტორიაზე პარტიული სისტემის ფორმირება დაიწყო. ერთი მხრივ შეიქმნა ახალი
პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ კი მოხდა გაყოფა თავად კომუნისტურ პარტიაში. 1990-
1991 წლებში გაჩნდა ლიბერალ-დემოკრატიული, დემოკრატიული, სოციალ-დემოკრატიული,
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები. იყო კადეტების პარტიის აღდგენის მცდელობაც. თავად
კომუნისტური პარტია გორბაჩოვის ხელმძღვანელობით სულ უფრო ცდილობდა სოციალ-
დემოკრატიული იდეოლოგიისკენ გადასვლას. თუმცა აგვისტოს პუტჩის შემდეგ ელცინის
მხრიდან კომუნისტური პარტიის რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალვამ შეწყვიტა იდეური
ევოლუცია და პარტიის ორგანიზებული გაყოფა. 1992 წელს ყოფილი კომუნისტური პარტიის
ბაზაზე შეიქმნა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია. მისი „დემოკრატიული
პლატფორმის“ წევრები კი გაერთიანდნენ რესპუბლიკურ პარტიაში. ეს იყო პარტიული სისტემის
ფორმირების პირველი ეტაპი.

პარტიული სისტემის ფორმირება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

90-იანებში რუსეთმა საბჭოთა კავშირის შემდეგ განიცადა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა. ამას
დაემატა ჩეჩნურ-რუსული ომი, რომელიც დამთავრდა რუსეთის დამარცხებით და შეთანხმებით
რეფერენდუმის შესახებ. 2000 წელს ჩეჩნეთში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ჩეჩნეთის
დამოუკიდებლობის შესახებ. უმძიმესი იყო ეკონომიკური კრიზისი, როდესაც 1998 წელს
რუსეთი გაკოტრდა და ვერ ახერხებდა სახელმწიფო ხარჯების გაღებას. ამავე 90-იან წლებში
მოხდა რუსეთის ქონების სრული პრივატიზაცია. რუსეთის კონსტიტუციის შექმნას წინ უძღოდა
მოსკოვში დაპირისპირება პრეზიდენტის მომხრეებს და კომუნისტებით დომინირებულ
უმაღლეს საბჭოს შორის, რომელშიც პრეზიდენტმა გაიმარჯვა და საპარლამენტო სტრუქტურა
გარეკეს. 1996 წელს კი დიდი შანსი იყო კომუნისტების ხელისუფლებაში დაბრუნების.

1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც სახელმწიფო დუმის დეპუტატთა ნახევარს პარტიული


სიებით ირჩევდნენ, მოხდა პოლიტიკური პარტიების შექმნის სტიმულირება. თუმცა მათი
უმრავლესობა ემბრიონულ მდგომარეობაში იყო. პროტოპარტიებს რომ არ მოეხდინათ
პარტიული სისტემის ატომიზაცია, გერმანიის მაგალითზე მოხდა 5%-იანი ბარიერის შემოღება,
რომელიც არ უშვებდა დუმაში მცირე პარტიულ წარმონაქმნებს. ამან ხელი შეუწყო არა ძლიერი
და სტრუქტურირებული პარტიების შექმნას, არამედ კონიუქტურული სახის გაერთიანებას,
როდესაც მთავარი მიზანი იყო ბარიერის გადალახვა და დუმაში მოხვედრა. ამის ნათელი
მაგალითია პარტია „იაბლოკო“, რომელიც თავიდან ბლოკის სახით არსებობდა.

პარალელურად მოხდა იმ პარტიების პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრება, რომლებიც გარკვეულ


წარმატებებს აღწევდნენ დუმის არჩევნებზე. საქმე ეხება ჟირინოვსკის ლიბერალურ-
დემოკრატიულ პარტიას და კომუნისტურ პარტიას, რომლის წარმატებებიც ეკონომიკურ
კრიზისს უკავშირდება. აღნიშნული კრიზისი იყო სახელისუფლებო პარტიების
წარუმატებლობის მიზეზი - რუსული ერთობისა და თანხმობის პარტიის ვიცე-პრემიერ
შახრაემის მეთაურობით და პარტია „რუსეთის გზის“ ეკონომიკური რეფორმების მთავარი
შემოქმედის ეგორ გაიდარის მეთაურობით. პირველ ეტაპზე მათ გამოიყენეს ადმინისტრაციული
რესურსი და მოახერხეს დუმაში შეღწევა, თუმცა შემდეგ მათი საქმე უარესად წავიდა.

90-იანი წლების ბოლომდე პარტიების გავლენა რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაბალი იყო,
თუმცა პარტიული სისტემა აგრძელებდა განვითარებას მთელ იდეოლოგიურ ფრონტზე. მაგრამ
ამ პარტიების იდეოლოგიური ორიენტაცია და მათი სახელწოდება რადიკალურად
განსხვავდებოდა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტია იყენებდა ნაციონალისტურ ლოზუნგებსა
და სოციალურ დემაგოგიას და გამოდიოდა ანტისახელისუფლებო პოზიციიდან. პარლამენტში
კი ყოველთვის მხარს უჭერდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. იაბლოკო პოზიციონირებდა
როგორც სოციალურ-ლიბერალური ორიენტაციის პარტია, თუმცა 1999 წელს
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად კომუნისტურ პარტიასთან გაერთიანდა.

ამ დროს რუსეთში შეიქმნა პარტიული სისტემა, რომელსაც ახასიათებდა ოთხი მახასიათებელი:

1) ფრაგმენტაცია - სრულიად დაქუცმაცებული პარტიული ცხოვრების სივრცე. შეიქმნა უამრავი


პარტია და ყველა იყო წარმოდგენილი პარლამენტში. მაგალითად კომუნისტურ პარტიასთან
ერთად ყოფილი კომუნისტების ნაწილმა დააარსა რუსეთის აგრარული პარტია, რომელიც
კომუნისტური მოძრაობის სასოფლო-სამეურნეო ფრთას წარმოადგენდა. პარტიის შექმნა იყო
ტაქტიკურ ამოცანებთან დაკავშირებული. რუსეთში ძირითადად სამი პოლიტიკური
მიმართულებაა - ლიბერალური, ნაციონალისტური და მემარცხენეები. ვერცერთი ეს ჯგუფი 90-
იანებში ვერ ახერხებდა კონსოლიდაციას და იყო დაქუცმაცებული მრავალ ჯგუფად.

2) უკიდურესი არამდგრადობა - პარტიები რომლებიც იყვნენ 1993 წელს არჩეულ პარლამენტში,


1995 წელს გაქრნენ და აღარ არსებობდნენ. მათ ნაცვლად გაჩნდნენ ახალი პარტიები.
ამომრჩეველს არ ჰქონდა მკაფიო სახე, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა.

3) პერსონალიზმი და უპარტიო ელემენტების დომინაცია - რუსეთმა მიიღო


სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა 1993 წლის დაპირისპირების შემდეგ. პრეზიდენტი ნიშნავდა
მთავრობის ხელმძღვანელს, თავმჯდომარეობდა თავდაცვის საბჭოს, იყო სახელმწიფოს
მეთაური, მასში იყო კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება. ასეთ სისტემაში პარტიების
ადგილი იშვიათად რჩება. ეს პერსონების კულტი წავიდა რეგიონებში. უპარტიო ლიდერები
ჰყავდა რეგიონებსაც, გუბერნატორებიც პარტიის გარეშე იგებდნენ არჩევნებს. ასეთი ამბიციები
გაუჩნდათ ოლიგარქებსაც. ბორის ბერეზოვსკიმაც გადაწყვიტა ჯგუფის შექმნა, რომლის
გავლითაც გავლენა ექნებოდა პარტიებზეც, ფინანსურ ჯგუფებზეც. ამ პერიოდში გამოჩნდა
გენერალი ლებედი, რომელიც ასევე უპარტიოდ ცდილობდა გავლენის მოხდენას. ანუ პარტიას
დაეკარგა მნიშვნელობა და ადამიანები თავისი პერსონალური ქარიზმით, გამოცდილებით და
გავლენებით მოდიოდნენ პოლიტიკურ სივრცეში.

4) სახელისუფლებო პარტიის არარსებობა - 90-იანებში რამდენჯერმე სცადეს პრემიერ-


მინისტრებმა სახელისუფლებო პარტიების შექმნა. პრივატიზაციის მთავარმა იდეოლოგმა ეგორ
გაიდარმა შექმნა რუსეთის დემოკრატიული არჩევანი და სურდა მთელი ბიუროკრატიის,
ადმინისტრაციული რესურსის იქ თავმოყრა. მაგრამ პრივატიზაციის შემდეგ იმდენად
არაპოპულარული იყო გაიდარი, რომ მას ეს არ გამოუვიდა. შემდეგ რუსეთის პრემიერი იყო
ვიქტორ ჩერნომირდინი, რომელმაც შექმნა პარტია „რუსეთი ჩვენი სახლია“ და მოახერხა
ადმინისტრაციული რესურსის თავისი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, თუმცა ელცინმა იგრძნო
ჩერნომირდინის გავლენა და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პარტიის თავმჯდომარემ
ძალაუფლება დაკარგა და ეს პარტიაც გაქრა.

ასეთი იყო 90-იან წლებში რუსეთის პარტიული სისტემა. 90-იანების ბოლოს გავლენიანმა
რეგიონულმა ლიდერებმა დაიწყეს საკუთარი პარტიების ჩამოყალიბება. მაგალითად რუსეთის
უმდიდრესი მხარეა თათრეთი და მისმა ლიდერმა მირტიმერ შაიმიევმა დაიწყო თავისი პარტიის
შექმნა. მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა თავისი პარტია შექმნა. სხვა გავლენიანმა რეგიონულმა
ლიდერებმაც, მათ შორის დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმაც შექმნა საკუთარი
პარტია.

2000 წელს კი მოვიდა პუტინი, რომელმაც დაიწყო ვითარების დალაგება. პუტინის დროს შეიქმნა
პარტიული იერარქია. არსებობს პირველი რანგის პარტია - მმართველი პარტია. არსებობს
მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი პარტიები - ჯიბის პარტიები. არსებობს
სისტემური ოპოზიცია და არსებობს მეოთხე ფენა - ანტისისტემური ძალები.

ერთიანი რუსეთი წარმოადგენს პარტიული ავტორიტარიზმის პრინციპის საფუძველს. 2001


წელს სამი რეგიონალური პარტია ერთმანეთს შეუერთდა და მათ საფუძველზე ჩამოყალიბდა
პოლიტიკური მოძრაობა ერთიანი რუსეთი. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის კვალდაკვალ
მან მოიპოვა ყველა სახის დომინაცია - ჯერ პარლამენტში გახდა დომინანტური ძალა 2003 წელს,
შემდეგ მოიპოვეს გავლენები ყველა რეგიონში, რომელთაც ადრე უპარტიო ან სხვა პარტიების
ლიდერები ჰყავდათ. 2000-იანების შუა წლებიდან რუსეთის რეგიონების ყველა ლიდერი იყო ამ
პარტიის წარმომადგენელი. 2007 წელს კი უდიდესი სხვაობით გაიმარჯვეს დანარჩენ
პარტიებზე.

ამ პარტიას ახასიათებს მმართველობა გარედან. ანუ პარტიის წევრობას დიდი მნიშვნელობა არ


აქვს, რადგან პარტიის წევრებს არავინ არაფერს ეკითხება. პარტიის წევრობა ინდივიდუალურ
ინიციატივას, პოლიტიკური შეხედულებების დაყენებას არ გულისხმობს. პარტია იმართება
გარედან კრემლის მიერ. პარტია არის გარკვეულწილად დიდი ჰოლდინგის ნაწილი. ამ პარტიას
ასევე არ აქვს იდეოლოგია. კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ერთიანი რუსეთი როგორც
პარტია არ მნიშვნელობს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას არ შეუძლია ჰყავდეს
მინისტრები, წამოაყენოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პარტია გამოიყენება რეგიონების,
რესურსების და ძალაუფლების ვერტიკალის კონსოლიდაციისთვის.

პარტიული სისტემის მეორე ფენაა ჯიბის პარტიები. ჯიბის პარტიის შექმნის მიზანია
მმართველი პარტიის დაზღვევა. ამ მიზნის თანახმად, თუ რუსეთში გამოჩნდება იდეოლოგიური
ოპოზიციური ძალა, საჭიროა გყავდეს პარტია სპოილერი, რომელიც მის ელექტორატს
დააქუცმაცებს. მთავარი ჯიბის პარტიაა სამართლიანი რუსეთი, რომლის ლიდერიცაა
ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სერგეი მირონოვი. პარტია აცხადებს, რომ მისი
იდეოლოგია არის სოციალ-დემოკრატია.

90-იან წლებში რუსეთში შეიქმნა ბევრი ნაციონალისტური ჯგუფი და რუსეთში არსებობს


ძლიერი ნაციონალისტური, კონსერვატორული პარტიის შექმნის რესურსი, რომელიც
პრობლემური იქნება მმართველი პარტიისთვის. ამ მიზნით შექმნილია მეორე ჯიბის პარტია
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის სახით, რომელიც თავს უყრის შოვინისტ, ნაციონალისტ
ძალებს.

გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა რუსეთის კომუნისტური პარტია, რომელიც


იდგა საბჭოთა კავშირისადმი დაბრუნების იდეალებზე. პარტიამ 90-იან წლებში გაიბრძოლა
ძალაუფლებისთვის, დღემდე რჩება იდეოლოგიურ ალტერნატივად, მაგრამ იგი არის
„ქაღალდის ვეფხვი“ და რჩება სისტემურ ოპოზიციად, რომელიც ძალაუფლებას არ უქმნის
საფრთხეს.

ანტისისტემური ოპოზიცია კი ძალზე დაქსაქსული და მრავალფეროვანია. ეს დაქსაქსვა ხდება


იდეოლოგიური ნიშნით, ორგანიზაციული საკითხებით, რომელიც უკავშირდება ძალაუფლების
გაყოფის საკითხს. არის წინააღმდეგობები გეოგრაფიული თვალსაზრისითაც. ტერიტორიულად
ამხელა სივრცეზე მუშაობა და ადამიანური რესურსის მობილიზება, როდესაც ქვეყანაში
ავტორიტარული რეჟიმია, შეუძლებელია შექმნა საერთო, ეროვნული პარტია. ომის დაწყების
შემდეგ კი რეპრესიული მექანიზმებით რეალური ოპოზიცია რუსეთში განადგურდა.

„ერთიანი რუსეთის“ პრობლემები

2000-იან წლებში ყველას ეგონა, რომ ეს იერარქია და სისტემა სამუდამოდ შენარჩუნდებოდა.


მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ბევრი რამე შეცვალა. არჩევნებზე პუტინმა კენჭი
არ იყარა პარტიის სახელით და თავი საერთო ეროვნულ ლიდერად წარმოაჩინა. თანაც
მმართველ პარტიას დაუმკვიდრდა სოციალურ სამართლიანობასთან მებრძოლი და
კორუმპირებული პარტიის სახელი. ოპოზიციური პარტიების დაბალმა შედეგებმაც აჩვენა
პარტიული კრიზისი ქვეყანაში.

ერთიანი რუსეთის ბუნდოვანი მომავალი ბოლო დროს ბევრ კითხვებს აჩენს. პუტინის რეჟიმის
ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფდა კონტროლს საკანონმდებლო
ძალაუფლებაზე, ბოლო წლებში თანდათან კარგავდა საკუთარ ადგილს პოლიტიკურ სისტემაში.
მიმდინარეობდა ძალაუფლების პარტიის ეტაპობრივი ეროზია, რასაც კრემლი არ იმჩნევდა.

ზოგადად პოლიტიკური პარტიები ცუდად ეწერება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო


პოლიტიკური ბლოკის ტექნოკრატიულ-აპოლიტიკურ სურათში. დეპარტიზაციის პროცესი
დაიწყო 2017 წელს, როდესაც საშინაო პოლიტიკის ახალი კურატორები საკუთარ ადგილებზე
განთავსდნენ. საშინაო პოლიტიკას სათავეში ჩაუდგა სერგეი კირიენკო, ადამიანი, რომელსაც
არავითარი შეხება არ ჰქონდა ერთიან რუსეთთან და საკუთარი კარიერა მის იდეოლოგიურ
კონკურენტ - მემარჯვენე ძალთა კავშირში აიწყო. შედეგად საშინაო პოლიტიკა პარტიის მიმართ
ორ ამოცანამდე დავიდა: პარტიის ვიაჩესლავ ვოლოდინისგან ჩამოშორება და პუტინისა და მისი
კანდიდატებისთვის იმ რეპუტაციული რისკების აცილება, რომელსაც მმართველი პარტია
ატარებდა.

ერთიან რუსეთთან კავშირი გადაიქცა პოლიტიკურ ბალასტად, რომელიც მძიმე ტვირთად


ყალიბდება. ამიტომაც არა მხოლოდ მოსკოვის დუმაში, არამედ გუბერნატორებადაც კი ხშირად
კენჭს სახელისუფლებო კანდიდატები დამოუკიდებლად იყრიან. ტაქტიკური ამოცანაა აქ და
ახლა გამარჯვება და არა სტრატეგიული ამოცანის - სახელისუფლებო პარტიის სიძლიერის
შენარჩუნება.

ამის მიზეზი რამდენიმეა - უპირველეს ყოვლისა სიტუაციის შეუფასებლობა და პუტინის


ჩამოშორება საშინაო პოლიტიკისგან. პრეზიდენტის აზრით პარტია ინარჩუნებდა საკუთარ
ცენტრალურ, დომინანტ როლს და რეიტინგების შემცირება შეზღუდულ ხასიათს ატარებდა,
რომელიც საპენსიო რეფორმას უკავშირდებოდა. ამიტომაც სახელისუფლებო პარტიას
ალტერნატივა არ აქვს და ეს კონსერვატორული ხედვა სტატუს-ქვოს შენარჩუნებაზეა
ორიენტირებული.

მეორე მიზეზია პუტინის პრიორიტეტები რეჟიმისადმი. ბოლო დროს ექსპერტები ხშირად


წერდნენ, რომ ინერციული მიდგომის შემთხვევაში სახელისუფლებო პარტია ღრმა კრიზისში
აღმოჩნდებოდა, რაც გაურთულებდა კრემლს ფედერალური და რეგიონული პარლამენტების
კონტროლის საშუალებას. მაგრამ პუტინის წარმოდგენაში ასეთი პრობლემა არ არსებობს.
ინიციატიურობა აკრძალულია და მან უკვე ჩამოაშორა ვოლოდინი პრეზიდენტის
ადმინისტრაციას. შესაბამისად არავის არ სურს პარტიული ინჟინერიით დაკავება. ამიტომაც
საშინაო პოლიტიკის კურატორები დღევანდელი დღით მსჯელობენ.

მესამე მიზეზია საშინაო პოლიტიკის კურატორების კორპორატიული სტილი, რომელიც


თავიდანვე არ გულისხმობდა ეფექტური ურთიერთობის აგებას პარტიებთან. კირიენკოს
სრულიად სხვა მეთოდები აქვს საკადრო ელიტის გაზრდის - გუბერნატორთა სკოლა, პროექტი
„რუსეთის ლიდერები“.

შედეგად პარტია თანდათან გაირიყა პერიფერიაზე, თუმცა ინარჩუნებდა მნიშვნელოვან


ინსტიტუციურ მყოფადობას. სიტუაცია გაართულა იმ ფაქტმა, რომ პარტიამ თითქმის დაკარგა
სრულფასოვანი პოლიტიკური ლიდერობა. პარტიის ლიდერი ოფიციალურად იყო სუსტი
დიმიტრი მედვედევი, ხოლო პუტინმა 2018 წელს არჩევნებზე კენჭი დამოუკიდებლად იყარა.
ყველაფერი ეს იწვევს იდენტობის კრიზისს. პარტია იძულებულია ხმა მისცეს ძალაუფლების
ინიციატივას - ეს მისი საბაზისო ფუნქციაა. ამავდროულად იგი იქცა ავტონომიური,
კონსერვატორული თამაშების მოედნად. ამის ნათელი მაგალითია ვოლოდინის ინიციატივა
ანტიქართულ სანქციებზე, რასაც მმართველმა პარტიამ დაუჭირა მხარი, თუმცა პუტინმა უარყო.
სახელისუფლებო პარტია დე-ფაქტო აღმოჩნდა უფრო კონსერვატორულ ძალად, თუმცა დაკარგა
შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი დღის წესრიგი. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ომის
დაწყების შემდეგ.

პარტიის მომავლის განხილვას ხელისუფლებამ დიდი დრო დაუთმო - საუბრები მიდიოდა მისი
სხვა პროექტით ჩანაცვლებაზე, ფართო კოალიციაში ჩართვაზე ან სახელმწიფო დუმის
არჩევნებზე საერთოდ მაჟორიტარული სისტემის წამოყენებაზე. პარტიის რეიტინგი მუდმივად
ეცემოდა და მისი კანდიდატები არჩევნებზე მარცხდებოდნენ. ასე რომ პარტიის ყრილობას უნდა
გამოევლინა ხელისუფლების გეგმები პარტიასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო პარტიის მეტი ვერაფერის მოგონება ვერ მოხერხდა და


გამოჩნდა, რომ მისი მნიშვნელობა კვლავ დიდია პოლიტიკური რეჟიმის შენარჩუნებისთვის.
გარდატეხა მოხდა 2021 წლის 8 სექტემბრის რეგიონულ არჩევნებზე, როდესაც პარტიის
გენერალური საბჭოს მდივან ანდრეი ტურჩაკის განცხადებით, ერთიანმა რუსეთმა ყველა
გადატეხა. აქედან დაიწყო ერთიანი რუსეთის რეაბილიტაცია და დამოუკიდებელ
კანდიდატებად წამოყენების მცდელობის შეზღუდვა.

სახელისუფლებო პარტიის დემონტაჟი ორი მიზეზით გახდა შეუძლებელი - პირველი პუტინის


პირადი პოზიციაა. პრეზიდენტმა მრავალჯერ საჯაროდ უწოდა „ერთიან რუსეთს“
ძალაუფლების მთავარი და აუცილებელი საყრდენი, პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი ელიტა.
პუტინისთვის პარტია პოლიტიკური კონსტრუქციის გამოცდილი და შეუცვლელი ელემენტია.
ამიტომაც ესწრება პრეზიდენტი პარტიის ყრილობებს, მიუხედავად ელექტორალური
რისკებისა, რომელიც პარტიასთან ასოცირებას შეიძლება მოჰყვეს.

მეორე მიზეზი ბანალურია - ნებისმიერი პარტიული ან ზეპარტიული პროექტი, რომელიც


ერთიანი რუსეთის ადგილის დაკავებაზე აცხადებს პრეტენზიას, უფრო სახიფათოა, ვიდრე
სტატუს-ქვოს შენარჩუნება. კრემლში შეიქმნა მყარი წარმოდგენა, რომ ერთიან რუსეთს თავისი
ელექტორატი ჰყავს - დაახლოებით 30%, რომელიც შეიძლება შეივსოს გადაუწყვეტელი
ამომრჩევლებით. ამავდროულად გამოკითხვებით რუსეთის მოსახლეობის ორი მესამედი
თვლის, რომ ქვეყანას სჭრიდება ძალაუფლების პარტია და მისი პოტენციური ელექტორატი 60%
შეადგენს. არცერთ სხვა პარტიას ან პროექტს არ შეუძლია მისთვის კონკურენციის გაწევა.

პუტინის მოსვლისთანავე სახელისუფლებო ვერტიკალის მშენებლობას თან სდევდა


პროპუტინური პარტიული უმრავლესობის გაფორმება. მეორე პარტიების შექმნის მცდელობა კი
- როძინას ან სამართლიანი რუსეთის ყოველთვის წარუმატებელი იყო. რუსეთის მმართველი
რეჟიმი მიეჩვია აწყობილ და გასაგებ იერარქიას და არა პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

შედეგები არჩევნებზე მმართველმა პარტიამ უნდა აჩვენოს ადმინისტრაციული და არა


პოლიტიკური მეთოდებით. ხმის მიცემა კიდევ უფრო პლებისციტური იქნება ოპოზიციის
მინიმალური ყოფნით და კიდევ უფრო ნაკლები კონკურენციით, ანუ იმ ფაქტორებით,
რომლებიც საშუალებას აძლევდა ერთიან რუსეთს არჩევნებზე გამარჯვების. ეს არის საფასური,
რომელსაც რეჟიმი გადაიხდის სახელისუფლებო პარტიის შესანარჩუნებლად - ფუნდამენტის,
რომლის გარეშეც მას არ შეუძლია გააგრძელოს სტაბილური არსებობა.

You might also like