You are on page 1of 10

ლიბერალიზმი/იდეალიზმი

ლიბერალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში


რატი თვალავაძე
საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალიზმი, რეალიზმთან ერთად, წამყვანი თეორიული სკოლაა. თუ
რეალისტები ძალით, ძალთა ბალანსით, პოლიტიკური და ეკონომიკური მეტოქეობით, ომებითა და
კონფლიქტებით არიან დაინტერესებულნი, ლიბერალები იმ ვითარებას იკვლევენ, რომლის
პირობებშიც საერთაშორისო თანამშრომლობაა შესაძლებელი. ლიბერალიზმისთვის
საერთაშორისო ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ მთავრობებსა და სახელმწიფოებს, არამედ
საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანაზაციებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და
სხვა აქტორებს.

ლიბერალიზმის მთავარი მტკიცებაა, რომ მორალს, სამართალსა და საერთაშორისო


ორგანიზაციებს შეუძლიათ საფუძვლის შექმნა სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი
ურთიერთობებისთვის. ადამიანის ბუნება არ არის თვისობრივად, არსით ცუდი,
სახელმწიფოებს კი შეუძლიათ იმოქმედონ ერთობლივად, შექმნან საზოგადოება და არ იყვნენ
მხოლოდ საკუთარი ინტერესების მქონე აქტორები.

დასაწყისშივე შეგვიძლია გამოვყოთ ლიბერალიზმის ოთხი მნიშვნელოვანი კრიტიკული ხედვა რეალიზმის


მიმართ:

1. საერთაშორისო ანარქია მხოლოდ ნაწილობრივ არის სიმართლე, რამეთუ ნორმებისა


და ინსტიტუციების საშუალებით გარკვეული წესრიგი უკვე არსებობს. მუდმივად მზარდი
ურთიერთდამოკიდებულებითი მდგომარეობა და თანამშრომლობა კი ეწინააღმდეგება
რეალისტურ დაშვებას ანარქიის, უსაფრთხოების დილემისა და სამხედრო ბერკეტის უპირობო
პირველობის შესახებ;
2. ლიბერალები აკრიტიკებენ მოცემულობას, რომ სახელმწიფოები უნიტარული აქტორები არიან და
ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ქცევა ყალიბდება შიდა მსჯელობებითა და გარიგებებით
ბიუროკრატიას, ინტერეს-ჯგუფებსა და სხვა აქტორებს შორის. არასახელმწიფოებრივი
აქტორების არსებობა, მათი აზრით, ეწინააღმდეგება რეალისტურ დაშვებას, რომ
საერთაშორისო ურთიერთობები მხოლოდ სახელმწიფო აქტორების მოქმედების
ველია;
3. ლიბერალთათვის პრობლემატურია რეალისტების მიერ აღწერი სახელმწიფოთა ქცევის
რაციონალური მოდელი, რომლის მიხედვითაც ერთეულებს მეტი ძალაუფლება უნდათ (და ბრძოლა
მუდმივად ძალაუფლებისთვის მიდის), ლიბერალები ამტკიცებენ, რომ სხვა საკვანძო
ინტერესებიც არსებობს. რაციონალურობა მათთვის საერთაშორისო
თანამშრომლობაა, ხოლო ომი და ძალადობა არარაციონალური აქტი, რამეთუ ის ვნებს
სახელმწიფოების გრძელვადიან კეთილდღეობას.
4. სამხედრო ძლიერებას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, როგორც ამას რეალისტები
ამტკიცებენ, რამეთუ ის ძვირი გზაა აქტორებზე ზეგავლენის მოხდენისა, სხვა
ინსტრუმენტებთან შედარებით. ომის შედეგები არ არის უეჭველად განსაზღვრული – ძლიერი
სახემწიფოებიც აგებენ სამხედრო კონფლიქტებს. აქვე, სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა
ძალასთან მიმართებით – თუ რეალისტები მას განსაზღვრავენ, როგორც უნარს სხვა
სახელმწიფოს გააკეთებინოს ის, რაც მას უნდა, ლიბერალები ძალას მიიჩნევენ, როგორც
საშუალებას მიაღწიო სასურველი, რომელიც მიღებული იქნება არა დაძალებით, არამედ საერთო
ინტერესებით.

ლიბერალიზმის ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნეა, გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი


(1724-1804). კანტი თავის 1795 წლის ნაშრომში „მარადიული მშვიდობა“ ეძიებს სახელმწიფოებს შორის
მშვიდობის დამყარების საშუალებებს. სახელმწიფოთა ომისადმი მიდრეკილების შესამცირებლად და
სახელმწიფოთა ქცევის საკონტროლოდ იგი გვთავაზობს სახელმიწფოთა (ერთა) ლიგის ან ფედერაციის
შექმნას, რომელშიც უნდა შესულიყო რესპუბლიკური წყობის ქვეყნები. მისი აზრით, რესპუბლიკური
წყობის მმართველობის დროს ხალხი ხდება გადაწყვეტილების მიმღები და შესაბამისად, ერთპიროვნული
და მონარქიული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ხელისუფლება მოქმედებს ხალხის მიერ მინიჭებული
მანდატით, ომები კი ხალხთა კეთილდღეობისათვის უბედურებად განიხილება, რაც შესაბამისად ამცირებს
მათი დაწყების სურვილს:

„თუ ომის გამოცხადებაზე მოქალაქეთა თანხმობაა საჭირო, არაფერია იმაზე ბუნებრივი, ვიდრე ის, რომ
მოქალაქეები ძალიან ფრთხილად მოეკიდებიან ასეთი სუსტი თამაშის წამოწყებას და საკუთარი ქმედებით
ომის ყველა საშინელების დაკანონებას. ამ უკანაკნელში იგულისხმება: საკუთარი რესურსებიდან ომის
ხარჯების ანაზღაურება, ომის თანმდევი უბედურებების გადატანა, მძიმე ეროვნული ვალის დადება,
რომელიც თავად მშვიდობასაც მწვავე ელფერს შესძენდა და რომლის ლიკვიდაციაც მუდმივი ომის
პირობებშიც კი შეუძლებელი იქნებოდა…“

კანტი თვლიდა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები ისწავლიდნენ ომების თავიდან აცილების გზებს და
მიხვდებოდნენ, რომ რესპუბლიკური ფორმის სახელმწიფოები შიდა მშვიდობის დამყარების საუკეთესო
საშუალებაა და ისინი საგარეო ასპარეზზეც ბევრად მოქნილნი არიან. ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკების
ფედერაცია გადახრილი იქნებოდა მშვიდობისკენ და უფრო სერიოზულად მოეკიდებოდა საერთაშორისო
სამართალს, ვიდრე მონარქიები და იმპერიები. რამდენადაც რესპუბლიკების რაოდენობა გაიზრდებოდა,
საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი უფრო დაუახლოვდებოდა „მარადიული მშვიდობის“
მდგომარეობას. მისი აზრით სახელმწიფოთა ლიგაში შემავალი სახელმწიფოები თავად
გააკონტროლებდნენ ერთამნეთს, ასევე კოლექტიურად უპასუხებდნენ სხვა არაწევრი ქვეყნების მხრიდან
ომების წამოწყების მცდელობას. ამ ლიგის წევრებს შორის საომარ დაპირისპირებას ჩაანაცვლებდა
ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რაც შეამცირებდა მათ შორის ომების ალბათობას.

გვაქვს ისტორიული მაგალითიც. ერთა ლიგა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა და
ასახავდა კანტისა და და ლიბერალური სკოლის სხვა წარმომადგენლების იდეებს. აშშ–ის პრეზიდენტ
ვუდრო უილსონის ლიდერობით, მომლაპარაკებლებმა გვერდით გადადეს ალიანსების, საიდუმლო
მოლაპარაკებების, ძალისა და ძალთა ბალანსის ცნებები – საერთაშორის პოლიტიკის წარმოების ეს
ინსტრუმენტები მიჩნეული იქნა, როგორც წინა ომის მიზეზები და სანაცვლოდ დაიწყო კოლექტიური
უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა კანონის უზენაესობაზე. აგრესია
აიკრძალა (და შემდგომში ომი არაკანონიერად გამოცხადდა – ბრიან-კელოგის პაქტით, 1928 წელს).
კანონმორჩილი სახელმწიფოები იდეაში ერთად უნდა შეკრებილიყვნენ და როგორც კანონის
ამმუშავებლებს, კოლექტიური ძალა უნდა გამოეყენებინათ აგრესორის წინააღმდეგ.

საერთაშორიოს ურთიერთობების აღწერისას ლიბერალიზმი ეყრდნობა 5 დაშვებას/ვარაუდს:

1. სახელმწიფოებთან ერთად, არასახელმწიფოებრივი, ტრანსნაციონალური აქტორები


საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი ერთეულები არიან, ასევე – ადამიანის
უფლებების დამცველი და გარემოს დამცველი ჯგუფებიც. ლიბერალებს ურჩევნიათ ტერმინი
მსოფლიო ან გლობალური პოლიტიკა – საერთაშორისო პოლიტიკის ნაცვლად, რადგან ეს
უკანასკნელი სახელმწიფოებს სხვა აქტორებზე მეტ პრივილეგიას სძენს.
2. ლიბერალები ხედავენ თანამშრომლობასა და ურთერთდამოკიდებულებას, როგორც
სახელმწიფოთა აგრესიული ქცევის შემაკავებელ ფაქტორებს.
3. საერთაშორისო პოლიტიკა გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე სამხედრო/უსაფრთხოების
საკითხებია (რეალისტთათვის – ე.წ. High Politics). ეკონომიკური, სოციალური და
გარემოსდაცვითი თემებიც ბევრს ნიშნავს.
4. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორი პოლიტიკური სისტემაა
სახელმწიფოების შიგნით, ეს ფაქტორი გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ იქცევა
ერთეული საერთაშორისო არენაზე. მაგ. დემოკრატიული მშვიდობის თეორია ცდილობს
დაგვანახვოს, თუ როგორ ახდენს გავლენას პოლიტიკური კულტურა, ფასეულობები და შიდა
პოლიტიკური სტრუქტურები საერთაშორისო მშვიდობის პერსპექტივებზე;
5. ლიბერალთათვის ანალიზის მიზანია გაიგონ, თუ როგორ პირობებშია
თანამშრომლობა და მშვიდობა მიღწევადი, გავიდნენ უბრალო აღწერის მიღმა და
მიაკვლიონ ახსნას, რომელიც მიმართებადი იქნება ყველა შემთხვევაში.
რაც შეეხება თანამედროვეობას, გლობალიზაციის გაძლიერებული ტემპების ფონზე, ლიბერალიზმი
საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავინდებურად მნიშვნელოვან პოზიციებს ინარჩუნებს და
სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია არც უახლოეს მომავალში დაიკარგება.

ლიბერალიზმი
ალექსანდრე რონდელი

ლიბერალიზმის სკოლის განვითარება საერთაშორისო ურიერთობებში მჭიდროდ არის დაკავშირებული


თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოების აღმოცენებასთან და ისეთ ლიბერალურ მოაზროვნეებთან
როგორებიც არიან ჯონ ლოკი, ემანუელ კანტი და ვუდრო ვილსონი. საერთაშორისო
ურთიერთობებში ლიბერალური იდეები პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში გაჩნდა. იმ
ეპოქის უდიდესი მოვლენა იყო ერთა ლიგის შექმნა (1919 წ.), რომელიც კიდევ ერთი მსოფლიო ომის
თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. 20 წლის განმავლობაში იარსება ამ მეტად მნიშვნელოვანმა
საერთაშორისო ორგანიზაციამ და, საბოლოო მარცხის მიუხედავად, ერთა ლიგამ ბევრ შემთხვევაში
შეძლო საერთაშორისო კონფლიქტების თავიდან აცილება და მოგვარება.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, აკადემიურ წრეებში გაჩნდა
ახლებური მოსაზრება, რომ საყოველთაო მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია:
● მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოსული სახელმწიფოების დიალოგის გზით;
● საერთაშორისო სამართლის პრინციპების დანერგვის მეშვეობით;
● საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციევის შექმნით;
● საგარეო პოლიტიკაში ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმების დამკვიდრებით.

ეს მიდგომა, რომელიც უარყოფდა რეალიზმის მიერ ჩამოყალიბებულ ხედვას, ცნობილია ლიბერალიზმის


თეორიის სახელით. 20-30-იან წლებში გავრცელებულ ლიბერალიზმს იდეალიზმადაც მოიხსენიებენ,
რადგან ეს მოსაზრებები საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მსოფლიოში მშვიდობის
დამყარებასთან დაკავშირებით, უტოპიურად მიაჩნდათ. არგუმენტები იმის შესახებ, რომ ომების
თავიდან აცილება და მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, მშვიდობა ყველა სახელმწიფოს საერთო
ინტერესი და სურვილია და ყველა პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება,
ლიბერალიზმის ერთ-ერეთი საფუძველი იყო. საყურადღებოა, რომ მსგავსი რამ განმეორდა მეორე
მსოფლიო ომის მიწურულს და მისი დამთავრების შემდეგაც. ზოგიერთი მეცნიერი და პოლიტიკოსი
აცხადებდა, რომ საჭიროა ახალი ერთა ლიგის შექმნა, რომ ბირთვულ ეპოქაში მსოფლიო მთავრობის
შექმნის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. ლიბერალიზმის თეორიის მიმდევართათვის მსოფლიოში
არსებული საერთაშორისო ანარქია და სუვერენული სახელმწიფოების სისტემა, სადაც მთავარი მოქმედი
აქტორები არ იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა უბედურების მიზეზად მიაჩნდათ.

ორ მსოფლიო ომს შორის გაბატონებული ლიბერალიზმისა და პაციფიზმის1 იდეების გამოხატულება იყო


1928 წლის პარიზის პაქტი, რომელიც ცნობილია ბრიან-კელოგის პაქტის სახელწოდებით. არისტიდ

1
პაციფიზმი არის იდეოლოგია, რომელიც გმობს ნებისმიერი სახის ომს, როგორც სახელმწიფოებს შორის სადავო
საკითხების მოგვარების საშუალებას. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების წარმოებასაც
კი იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. ის არის მსოფლმხედველობა, რომელიც
დედამიწაზე კონფლიქტების მოსაგვარებლად მხოლოდ მშვიდობიან გზებსა და საშუალებებს აღიარებს.
ბრიანი იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო ფრენკ კელოგი - აშშ-ს სახელმწიფო
მდივანი; 1927 წელს ბრიანმა შესთავაზა ამერიკელებს საფრანგეთსა და აშშ-ის შორის ხელშეკრულების
დადება, რათა ომი კანონგარეშედ გამოეცხადებინათ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფრენკ კელოგმა,
ფრანგებს საპასუხო წინადადება გაუგზავნა, რომლითაც ის იწონებდა იდეას, მაგრამ მიაჩნდა, რომ
მსგავსი ხელშეკრულების მხოლოდ საფრანგეთთან დადება საკმარისი არ იქნებოდა და მისთვის ხელი
უნდა მოეწერა ყველა წამყვან სახელმწიფოს. 1928 წელს 14 ქვეყანამ მოაწერა პაქტს ხელი. მათ შორის
იყვნენ მაშინდელი დროის მსოფლიოს მთავარი ძალები (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია,
იაპონია და სხვა), რუსეთის გამოკლებით. ხელმოწერა პარიზში შედგა, ამიტომ ამ შეთანხმებას პარიზის
პაქტსაც უწოდებენ. მოგვიანებით მას კიდევ 48 სახელმწიფო შეუერთდა. პაქტით ცხადდებოდა, რომ
ხელმომწერ სახელმწიფოებს უარი უნდა ეთქვათ ომზე, როგორც ეროვნული პოლიტიკის გატარების
მეთოდზე და რომ მის წევრ სახელმწიფოებს ყველა სახის უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით
გადაეწყვიტათ. მასთან შეერთება შეეძლო ყველა სახელმწიფოს.

1932 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰენრი სტიმსონმა ჩინეთსა და იაპონიას ნოტა გაუგზავნა,
რომელიც ცნობილია, როგორც „სტიმსონის დოქტრინა“. მან გაკიცხა იაპონიის აგრესია მანჯურიაში2
და განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს იაპონიის მიერ ძალით მიერთებულ ტერიტორიას. ამ
დიპლომატიურ ნოტას შემდგომში ეწოდა ე. წ. “სტიმსონის დოქტრინა”, რომლის მიხედვითაც აშშ უარს
აცხადებდა ძალის ნებისმიერი გამოყენებით შეძენილი ტერიტორიების დიპლომატიურ ცნობაზე.
აღნიშნული დოქტრინაც საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალიზმის თეორიის დამკვიდრების
მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

ლიბერალიზმის მიზანია ისეთი საერთაშორისო ცხოვრების მოწყობა, რომელიც დაეყრდნობა


კოლექტიურ უსაფრთხოებას, განიარაღებასა და მსოფლიო მთავრობას. ლიბერალიზმი
მომდინარეობდა იქიდან, რომ ომების მიზეზი საერთაშორისო ანარქიაა, რომლის ფესვები
სახელმწიფოთა სუვერენულობაშია საძიებელი, ეროვნული ინტერესები უაზრო ცნებაა და
პოლიტიკური პროვინციალიზმის გამოხატულებაა; ნაციონალიზმი ჩამორჩენილობაა და
საერთაშორისო პოლიტიკაში მას არაფერი ესაქმება. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ერების
მშვიდობიან თანამშრომლობასა და საერთაშორისო წესრიგს, დაგმობილ უნდა იქნას და და აღარ უნდა
იქნას გამოყენებული პოლიტიკის წარმოებისას; საერთაშორისო პოლიტიკაში უნდა დაინერგოს
ზნეობრივი ნორმები – ყველა მთავრობამ უნდა შეასრულოს ის, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებმა
(ერთა ლიგა, საერთაშორისო სასამართლო, კონვენციები და ა.შ.) და საერთაშორისო სამართალმა
დაადგინა. როგორც ვხედავთ, ამგვარი ნორმატიული შეხედულებები საერთაშორისო თეორიასა და
პრაქტიკაზე იმდროინდელი სინამდვილისაგან ძალიან შორს იდგა და ვერ დაეხმარა რეალური
საერთაშორისო ვითარებისა და მასთან დაკავშირებული ზნეობრივი პრობლემების გაგებას და
გადაწყვეტას.

დროთა განმავლობაში ლიბერალიზმი რეალიზმის კონტრ-თეორიად ჩამოყალიბდა. ლიბერალიზმის


დოქტრინის მიხედვით, მორალი, კანონი და საერთაშორისო ორგანიზაცია ქმნიან სახელმწიფოთა
შორის ურთიერთობების საფუძველს; ადამიანის ბუნებაში არ არის ბოროტი საწყისები; სრულიად
შესაძლებელია სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბდეს მშვიდობიანი და თანამშრომლური
ურთიერთობები; და შესაძლოა სახელმწიფოებმა თავიანთი საქმიანობა წარმართონ არა როგორც

2
1931 წელს იაპონიამ დაიპყრო ჩინეთის პროვინცია მანჯურია და იქ მარიონეტული სახელმწიფო დაარსა,
რომელმაც 1945 წელს საბჭოთა ჯარების შესვლამდე გასტანა.
ავტონომიურმა და საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულმა აგენტებმა, არამედ როგორც ამა თუ იმ
გაერთიანების წევრებმა.

რეალიზმის ძირითადი არსის მიხედვით სახელმწიფოები (საერთაშორისო ურთიერთობების


ცენტრალური აქტორები) იყენებენ ძალას, რათა თავიანთი ინტერესები დაიცვან მსოფლიო მთავრობის
არმქონე ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. სამხედრო ძლიერებას რეალისტები სხვა საშუალებებთან
შედარებით უპირატესობას ანიჭებენ ვინაიდან ანარქიული სამყარო თავისთავად გულისხმობს, რომ
არსებული გარემო არ არის უსაფრთხო.

ლიბერალები რეალიზმის ზემოაღნიშნულ თეორიას სხვაგვარად განმარტავენ. ლიბერალები


საერთაშორისო ანარქიის არსებობას ნაწილობრივ აღიარებენ. მათი აზრით, საერთაშორისო სისტემა
ფორმირდება ძალთა გადანაწილების საფუძველზე, მაგრამ წესრიგი ყალიბდება ნორმებისა და
ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დამყარებული მართვადი ინსტიტუტების საშუალებით,
და, რა თქმა უნდა, კანონის ძალით. მეორე მხრივ, ლიბერალები აკრიტიკებენ რეალისტების იდეას
იმის შესახებ, რომ სახელმწიფოები არიან უნიტარული აქტორები და რომ თითოეული მათგანი ერთი
გამოკვეთილი ინტერესთა ჯგუფის ფარგლებში მოქმედებს. საგარეო პოლიტიკის კვლევებიდან ნათლად
ჩანს, რომ სახელმწიფოების ქმედებები ხშირ შემთხვევაში არ ასაბუთებს მხოლოდ ერთი
ინდივიდუალური ინტერესების ერთობას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს “ქცევას” განაპირობებს ის
შიდა გარიგებები, რომლებიც არსებობს ბიუროკრატიულ სტრუქტურებში, ინტერესთა ჯგუფებსა
და სხვა აქტორებში. ხოლო თუ განვიხილავთ არასახელმწიფოებრივ აქტორებს - ინდივიდუალური
პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები (IGOს) და
ეთნიკური ჯგუფები - მათი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების სფერო არ შემოიფარგლება
მხოლოდ იმ ურთიერთობებით, რაც ჩამოყალიბებულია მცირე რაოდენობის სახელმწიფოებრივ
აქტორებს შორის, რომელნიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ლიბერალების აზრით, სამხედრო ძალა, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, არ უნდა


განიხილებოდეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, როგორც ამას რეალიზმი გვთავაზობს. სამხედრო
ძალის გამოყენება არის აქტორზე ზეგავლენის მოხდენის ძვირადღირებული გზა დიპლომატიასთან,
კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარებასთან, სამშვიდობო ოპერაციებთან შედარებით.
საერთაშორისო ორგანიზაციები, კანონები და ნორმები ქმნის სტაბილურ პლატფორმას
მოლაპარაკებებისათვის და საერთაშორისო სტრუქტურის განვითარებისა და მასშტაბების
გაზრდასთან ერთად იზრდება კონფლიქტების არასამხედრო გზით მოგვარების შესაძლებლობები.

რეალიზმის ზემოაღნიშნულ ზოგად კრიტიკულ მოსაზრებებთან ერთად ზოგიერთი ლიბერალი დასძენს,


რომ რეალისტური იდეები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიმდინარე ცვლილებების
ფონზე შეიძლება მოძველებულად ჩაითვალოს. რეალიზმი შესაძლოა ერთ დროს რეალისტური იყო -
ალბათ იმ ეპოქაში, როდესაც ევროპელი მეფეები და დედოფლები აწარმოებდნენ ომებს და
ტერიტორიებით, როგორც საკუთარი ქონებით, ისე ვაჭრობდნენ. მაგრამ დღეისათვის
სახელმწიფოები ურთიერთდამოკიდებულნი არიან და ეს რეალობა ეწინააღმდეგება ავტონომიისა
და სუვერენიტეტის ცნებებს. ძალის გამოყენების ნორმებმა ევოლუცია განიცადა, რამაც
მნიშვნელოვნად შეცვალა სამხედრო ფაქტორის როლი საერთაშორისო წესრიგთან მიმართებაში.
1970-იანი წლებიდან მოყოლებული საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ლიბერალური
ურთიერთდამოკიდებულების თეორიის ჩამოყალიბების პროცესში ზემოაღნიშნული არგუმენტები ფრიად
მნიშვნელოვანია.

რა არის რაციონალობა?

ლიბერალური მიდგომის ქვაკუთხედს რაციონალობის ცნება წარმოადგენს, რაც რადიკალურად


განსხვავდება რეალისტების კონცეფციისგან. რეალისტები რაციონალისტურ შეხედულებებს
განიხილავენ როგორც ერთი აქტორის მცდელობას საკუთარ, აწმყოზე ორიენტირებულ ინტერესებს
მიანიჭოს მაქიმალური ყურადღება. ლიბერალების აზრით, რაციონალურ აქტორებს თავიანთი
საზოგადოების კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად ძალუძს გვერდი აუაროს მსგავს
ინდივიდუალურ ინტერესებს. ამგვარი ქმედებები რაციონალურია, ვინაიდან ისინი გავლენას
ახდენენ აქტორის პირად კეთილდღეობაზეც და ეს არ არის მხოლოდ აწმყოზე ორიენტირებული.
გერმანელი ფილოსოფოსი ემანუელ კანტი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოებს, მიუხედავად იმისა რომ
ავტონომია გააჩნიათ, შეუძლიათ გაერთიანდნენ მსოფლიო ფედერაციაში (როგორიც დღევანდელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა) და აღიარონ ამ გაერთიანების პრინციპები, თუნდაც ზოგიერთი
მოკლევადიანი ეროვნული ინტერესების იგნორირების ხარჯზე. კანტის აზრით, სახელმწიფოებისათვის
უფრო რაციონალურია საერთაშორისო თანამშრომლობა და არა ომი. აქედან გამომდინარე შეიძლება
დავასკვნათ, რომ რეალისტების რაციონალობის ცნების მიხედვით ომი და ძალადობა რაციონალურია
(რადგან მათი წყალობით სახელმწიფოს მოკლევადიანი ინტერესების განხირციელებს უწყობენ ხელს),
მაგრამ ლიბერალების აზრით, ომი და ძალადობა არაეფექტურ მოტივებზე დაფუძნებული
ირაციონალური ქმედებაა, რაც, თავის მხრივ, ზიანს აყენებს სახელმწიფოების (საერთო,
ხანგრძლივ) კეთილდღეობას.

ლიბერალების მტკიცებით, ვაჭრობის საშუალებით ვითარდება თანამშრობლობა, იზრდება


სიმდიდრე და მსოფლიო კეთილდღეობა. ეს ყველაფერი კი შეუძლებელია კონფლიქტის დროს და
სწორედ ამიტომ მთავრობების ინტერესებში არ შედის ისეთი საქმიანობა, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის
სიმდიდრის გაზრდას. რეალისტები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ამტკიეცბენ, რომ იმ
შემთხვევაში, როდესაც ერთი სახელმწიფო დამოკიდებულია მეორეზე, ეს ქმნის დაძაბულობას, ვინაიდან
სახელმწიფოები ვერ ურიგდებიან იმ რეალობას, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება აქვს სხვა
აქტორს.

ძალასთან დაკავშირებით ლიბერალურ და რეალისტურ თეორიებში ნათლადაა ასახული


განსხვავება ვიწრო, საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ რაციონალურობის ცნებასა და
ხანგრძლივ, საერთო სარგებელის მოტანაზე ორიენტირებულ რაციონალურობის ცნებას შორის.
რეალისტების აზრით, ძალა/ძლიერება არის უნარი ან უნარების ერთობლიობა, რისი საშუალებითაც
შეგიძლია მოახდინო გავლენა აქტორზე. ამ განმარტების მიხედვით, სხვებზე განხორციელებული
ძალაუფლება ის ცნებაა, რომელსაც ლიბერალები დესპოტურს, სხვა ხალხზე კონტროლის მოპოვებისა
და დომინირებისაკენ მიმართულს უწოდებენ. მაგრამ ისმის კითხვა განა მოძალადეები რეალურად
ძლიერი აქტორები არიან? ახერხებენ თუ არა ისინი საუკეთესო შედეგების მიღწევას? იმ სამყაროში,
სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მრავლად არიან თუ არა დესპოტები?

ძალის ალტერნატიული განმარტების მიხედვით - ძალაუფლების მიზანი არის სასურველი შედეგის


მიღწევა და არა სხვათა დაჯაბნა. ასეთი სახის ძალა სარგებელს იღებს საერთო ინტერესებიდან და არა
ინტერესთა კონფლიქტის შედეგად. ასეთი სახის ურთიერთნდობის საფუძველზე იქმნება კოალიციები და
ყალიბდება პარტნიორობა, ან ხდება სხვადასხვა აქტორის რესურსების მობილიზაცია საერთო მიზნის
მისაღწევად. ლიბერალთა უმრავლესობისათვის ეს არის ძალის/ძალაუფლების ყველაზე ჭეშმარიტი და
მისაღები კონცეფცია.

კოლექტიური უსაფრთხოება

კოლექტიური უსაფრთხოება არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უნივერსალური


სისტემის მოდელი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების თვისებრივ შეცვლას ითვალისწინებს. ამ
დოქტრინის მიხედვით, უსაფრთხოების დილემის გადალახვა და ომის თავიდან აცილება
სახელმწიფოებს არა ძალთა წონასწორობის, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტების
ერთობლიობის შექმნით ძალუძთ. ინსტიტუტების (საერთაშორისო ორგანიზაციების) მეშვეობით
სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთობლივ ქმედებებს მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც
სხვების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებიან. რეალისტებისგან
განსხვავებით, რომელთათვისაც საერთაშორისო სისტემა ეს არის “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ”,
ლიბერალიზმის თეორიის წარმომადგენლებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების არსი გამოიხატება
დევიზით „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

კოლექტიური უსაფრთხოების ცნება მიესადაგება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებულ


ლიბერალური კონცეფციის ძირითად დებულებას. კოლექტიური უსაფრთხოება არის საერთაშორისო
სისტემის მთავარი მონაწილეების მიერ ჩამოყალიბებული ფართო ალიანსი შესაძლო აგრესიის
ერთობლივად თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული თეორიის მეცნიერული დასაბუთება ემანუელ
კანტს ეკუთვნის. ვინაიდან უძლიერეს სახელმწიფოებს შორის მშვიდობა მყარი არასოდეს ყოფილა,
კანტმა წამოაყენა იდეა სახელმწიფოების ფედერაციის (ლიგის) შექმნის შესახებ. კანტის აზრით,
ფედერაციის ფარგლებში სახელმწიფოების უმრავლესობას ექნებოდა საშუალება დაესაჯა აგრესორი
სახელმწიფო და ამით დაეცვა ერების საზოგადოებრივი ინტერესები, ამავდოულად ხელი შეეწყო მცირე
ერების თვითგამორკვევის პროცესისათვის.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე შეიქმნა კოლექტიური უსაფრთხოების ხასიათის


ორგანიზაცია - ერთა ლიგა, რომლის მიზანი იყო კოლექტიური, მუდმივი და უნივერსალური
ღონისძიებებით აგრესორი ქვეყნების დასჯა, რაც აგრესორის დაშინებასა და წესრიგის აღდგენას
ითვალისწინებდა. თუმცა ერთა ლიგა თავიდანვე ორ მიმართულებად იყო დაყოფილი. ერთა ლიგაში არ
გაწევრიანებულა ყველა დიდი სახელმწიფო (მათ შორის უძლიერესი აშშ-ც), და მისი წევრები დიდ
ენთუზიაზმს არ ამჟღავნებდნენ ერთიანი ძალებით აგრესორის წინააღმდეგ გასალაშქრებლად, რაც
დადასტურდა 1930-იან წლებში, იტალიასა და იაპონიასთან მიმართებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
შეიქმნა ერთა ლიგის მემკვიდრე - კოლექტიური უსაფრთხოების გარანტი - გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია (გაერო). მაგრამ რიგი მიზეზების გამო (მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს
მუდმივი წევრებისათვის ვეტოს უფლების მინიჭების მიზეზით) კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის
შექმნა ვერ მოხერხდა. დღემდე საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსების კამათის საგანია ის,
თუ რა გახდა განუხორციელებლობის მიზეზი – იდეის თეორიული ნაკლოვანებები თუ კონკრეტული
ისტორიული მცდელობების ხარვეზები.

დღეისათვის კოლექტიური უსაფრთოების (აგრესორის შეჩერების), ისევე როგორც ეკონომიკურ და


კულტურულ სფეროში თანამშრომლობის ხელშემწყობის მისია სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციას აკისრია. ლათინურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს ამერიკული
სახელმწიფოების ორგანიზაცია (Organization of American States _ OAS). ახლო აღმოსავლეთში
მოქმედებს არაბთა ლიგა (Arab League). აფრიკაში - აფრიკის კავშირი (African Union).

კოლექტიური უსაფრთხოების წარმატება ორ პირობაზეა დამოკიდებული. მათ შორის პირველი არის ის,
რომ წევრები უნდა იყვნენ ალიანსის ინტერესების ერთგულნი (მათ სხვა წევრების მსგავსად,
მონაწილეობა უნდა მიიღონ და თავი არ აარიდონ პასუხისმგებლობას, არ უნდა გამოიყენონ სხვა
წევრების უპირატესობანი თავიანთ სასარგებლოდ).

კოლექტიური უსაფრთხოების მეორე აუცილებელი რეკვიზიტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ წევრთა
გარკვეულმა რაოდენობამ უნდა დაადგინოს, თუ რა არის აგრესიის მიზეზი და რა სახის აგრესიას აქვს
ადგილი. გაეროს უშიშროების საბჭო ისე არის სტრუქტურირებული, რომ აგრესიის განსაზღვრა
ევალება ხუთ მუდმივ წევრს და დამატებით არანაკლებ ოთხ სახელმწიფოს დარჩენილი ათი ქვეყნიდან.
კოლექტიური უსაფრთხოების აღნიშნული სისტემა ვერ ეწინააღმდეგება ძლიერი სახელმწიფოს მიერ
გამოვლენილ აგრესიას. გაერო უძლური აღმოჩნდა, როდესაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთის
ტერიტორია დაიპყრო, ან როდესაც შეერთებული შტატების მთავრობის დავალებით დაინაღმა
ნიკარაგუას ნავსადგომები, ან როდესაც საფრანგეთმა ააფეთქა გრინფისის ხომალდი. მიზეზი გაეროს
უძლურებისა გახლდათ ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე
ვეტოს დადების უფლება ჰქონდათ მინიჭებული.

კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი ამოქმედდა 1990 წლის ერაყის ცნობილ მოვლენებთან


დაკავშირებით. ქუვეიტის დაპყრობის შემდეგ ყველა დიდმა სახელმწიფომ გამოხატა მზადყოფნა
მონაწილეობა მიეღო ერაყის კამპანიაში. გაეროს დაარსების დღიდან ეს პირველი შემთხვევა იყო,
როდესაც ორგანიზაციის წევრი ქვეყანა შეიჭრა, დაიპყრო და მოახდინა სხვა ქვეყნის ანექსია. დაირღვა
ქუვეიტის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე
უშიშროების საბჭომ ეს ქმედება აგრესიად შეაფასა. საბჭოს განკარგულებით გაიცა სანქცია რეგიონში
მულტინაციონალური კოალიციის ძალების გამოყე ნების შესახებ.

გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მომდევნო გამოცდა 2003 წელს ერაყში ამერიკის მიერ შექმნილი
საერთაშორისო კოალიიციის მიერ დაწყებული ომი გახდა. 2002 წელს აშშ-მ და მისმა მთავარმა
მოკავშირე ბრიტანეთმა ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ბიოლოგიური
იარაღის შექმნაში დაადანაშაულა და სამხედრო შეტევით დაემუქრა, თუ გაეროს საინსპექციო მისიას არ
შეუშვებდა საეჭვო ობიექტების შესამოწმებლად. ჰუსეინი დათანხმდა შემოწმებას და 2002 წლის ბოლოს,
გაეროს დამკვირვებლები გაგზავნეს ერაყში და ერაყს მიეცა განიარაღების შესაძლებლობა. დიდი
სახელმწიფოების აზრი ერაყში ომის დაწყების შესახებ გაიყო. საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირა
ამერიკულ-ბრიტანული ძალების გამოყენების შესახებ მიღწეულ კონსენსუსს. ომთან დაკავშირებით
თავიანთი ოპოზიციური აზრი დააფიქსირეს რუსეთმა, გერმანიამ და ჩინეთმაც. საზოგადოებრივი აზრი
გაერთიანდა ომის წინაღმდეგ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მუსულმანურ ქვეყნებში. თუმცა
გაეროს უმოქმედობის შედეგად აშშ-მ, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ სამხედრომ ოპერაცია გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე წამოიწყეს და დაამხეს სადამ ჰუსეინის რეჟიმი. გაეროს კი
ბრალი დასდეს ერთა ლიგის მსგავსად უმოქმედობაში.

You might also like