You are on page 1of 5

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიაც ნეოლიბერალური თეორიის ერთ-ერთ განშტოებას


წარმოადგენს. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის თანახმად, თანამედროვე
საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო რთული და
მრავალფეროვანი პროცესია, ვიდრე ამას რეალისტური კონცეფცია გვიხატავს. შემთხვევითი არ არის,
რომ ამ კონცეფციის მანიფესტად წოდებული რ.ქიოჰეინისა და ჯ.ნაის წიგნი “ძალაუფლება და
ურთიერთდამოკიდებულება” შემდეგი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში
ვცხოვრობთ”. ისეთმა ცნობილმა თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა რეალისტმაც კი, როგორიც აშშ-ის
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰ.კისინჯერია, 1975 წელს განაცხადა: “მსოფლიო ურთიერთდამოკიდებული
გახდა ეკონომიკურად, კავშირ-ურთიერთობებითა და ადამიანების მისწრაფებებით.”

ურთიერთდამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილე


სახელმწიფოები და სხვა მოქმედი პირები ერთმანეთზე დიდ გავლენას ახდენენ და
ურთიერთდამოკიდებულნი არიან, როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ასევე კულტურულად,
ეკოლოგიურად და ა.შ. ურთიერთდამოკიდებულება ზღუდავს ავტონომიას, სუვერენულობას.

ურთიერთდამოკიდებულებამ შეიძლება მოიტანოს სიკეთე, მოგება, მშვიდობა, სტაბილურობა,


მაგრამ იგი შეიძლება ნეგატიური შედეგების მომტანიც იყოს. თანამედროვე
ურთიერთდამოკიდებულება დიდად არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე და სახელმწიფოები
სულ უფრო ურთიერთდამოკიდებულნი ხდებიან არა იმიტომ, რომ ეს ძალიან სწადიათ, არამედ
იმიტომ, რომ თანამედროვე ეკონომიკურმა, ტექნოლოგიურმა, სავაჭრო, ეკოლოგიურმა და სხვა
პროცესებმა აიძულა ისინი, ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულნი გამხდარიყვნენ.
ურთიერთდამოკიდებულება ზოგადსაკაცობრიო, გლობალური პროცესია და მასში ერთნაირად არიან
ჩართულნი დიდი და პატარა, სუსტი და ძლიერი ქვეყნები.

დღევანდელი მსოფლიო ხასიათდება მრავალგანზომილებიანი ეკონომიკური, სოციალური და


ეკოლოგიური ურთიერთდამოკიდებულებით და ძალის გამოყენება აღარ განიხილება როგორც
ყველაფრის წამალი. სახელმწიფოები ამჯობინებენ, ითანამშრომლონ ეკონომიკაში, პოლიტიკაში და
ეკოლოგიაში, თავიანთი მოსახლეობის კეთილდღეობის მისაღწევად. ამავე დროს, ომები ისევ ხდება,
თუმცა, ბოლო ხანებში, მას შემდეგ, რაც ბირთვული იარაღი გამოჩნდა, ისინი უფრო ლოკალური და
რეგიონული მასშტაბისაა. უძლიერესი სახელმწიფოები კი უფრო ეკონომიკური და ტექნოლოგიური
მეტოქეობით ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია გვიხსნის, რომ საერთაშორისო სისტემაში შემავალი


სუვერენული სახელმწიფოები ერთადერთი ან გამორჩეული მოქმედი პირები არ არიან. მართალია, მათ
ეს თეორიაც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ უკანასკნელ ხანებში მომძლავრებულ
საერთაშორისო ორგანიზაციებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებსა და საერთაშორისო
ურთიერთობათა სხვა არასახელმწიფო მონაწილეებსაც ასევე მნიშვნელოვან როლს მიაკუთვნებს. ამ
თეორიიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოთა ქმედებების განსაზღვრის თვალსაზრისით,
საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა არ არის მონოპოლისტი, და არსებობს კიდევ სხვა,
არასტრუქტურული ფაქტორები. გარდა ამისა, თეორია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოთა
ურთიერთკავშირისა და ურთიერთთანამშრომლობის გაზრდილ აუცილებლობასა და უნარს.
ამ თეორიის თანახმად, საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენული სახელმწიფო უნიტარულ
მონაწილეს არ წარმოადგენს. დღევანდელ სახელმწიფოში არიან ძლიერი ინტერესთა ჯგუფები
(interest groups), უწყებრივი ბიუროკრატიები, გავლენიანი ინდივიდები, არასახელმწიფო
ორგანიზაციები, ეკონომიკური და ფინანსური ძალები, რომლებიც “ხლეჩენ” სახელმწიფოს ანუ
ასუსტებენ მისი, როგორც ერთპიროვნული აქტორის როლს. ნებისმიერი პოლიტიკური
გადაწყვეტილების უკან დგას ან პიროვნება, ან დაინტერესებული ჯგუფი, ან უწყება, ან გარკვეული
პოლიტიკური კოალიცია და ა.შ. გარდა ამისა, სახელმწიფო საზღვრები დღეს იმდენად გამჭვირვალეა,
რომ სხვადასხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს შორის მთავრობათა
გვერდის ავლითაც უამრავი სახის არაფორმალური სერიოზული კონტაქტი და გარიგება ხერხდება,
რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის თანახმად, სახელმწიფოთა ურთიერთობები


მრავალმხრივია და ისინი სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ პრობლემებში არ
შეინიშნება მუდმივი და გამოკვეთილი იერარქიულობა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სამხედრო უსაფრთხოება
არ არის სულ მუდამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ამიტომ ეროვნული ინტერესებისა და
ეროვნული უსაფრთხოების ცნებები თავიანთ მნიშვნელობას ჰკარგავენ ან სრულებით ახალ შინაარსს
იძენენ. პირველ პლანზე ხშირად წამოწეულია ეკონომიკური, კეთილდღეობის, ეკოლოგიური
პრობლემები, რომელთა გადალახვა სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელია. სახელმწიფოთა
ეროვნული ინტერესების მხოლოდ სამხედრო ინტერესებამდე დაყვანა დღეისთვის უაზრობად იქცა,
რადგან ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები ხშირად სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესების
ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენენ.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ნიშნავს, რომ სხვადასხვა საზოგადოებები, სახელმწიფოები


ურთიერთდაკავშირებულები არიან მრავალგვარი ფორმალური და არაფორმალური არხებით. ამაში
იგულისხმებიან ფორმალური სამთავრობო, მმართველი ელიტების არაფორმალური, საერთაშორისო
ბანკების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სხვა კავშირები. ენერგეტიკის, რესურსების, ბუნებრივი
გარემოს, კოსმოსისა და ზღვების პრობლემები ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც ადრე მხოლოდ
სამხედრო-სტრატეგიული საკითხები, სამხედრო უსაფრთხოება, იდეოლოგია, ტერიტორიისთვის ბრძოლა
იყო. სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელია ყველა თანამედროვე პრობლემის გადაჭრა. ამას
სჭირდება თანამშრომლობა, ინტეგრაცია, ურთიერთგახსნილობა. თანამედროვე მსოფლიო სწორედ ამ
გზას დაადგა და ამის გამოხატულება კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პროცესის
გაღრმავებაა.

სამყაროში, სადაც კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ვითარდება და ღრმავდება საერთაშორისო


ურთიერთობებში, სამხედრო ძალა აღარ არის ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი,
ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებასთან ერთად საერთაშორისო კონფლიქტებმა სხვა ფორმა უნდა
მიიღოს (მაგ. “სავაჭრო ომები”) და შესაძლოა კონფლიქტების ახალი მიზეზებიც გაჩნდეს. ამ მხრივ
მსოფლიო მასშტაბის ინტეგრაცია (მაღალი დონის კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება კი სწორედ
ეს არის!) ხელს შეუწყობს სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრას. სახელმწიფოებისათვის
ეკონომიკური თუ სხვა სახის თანამშრომლობა იმდენად ჩვეულებრივი და აუცილებელი გახდება, რომ
ომის წარმომშობი პირობებიც კი ძალზე შეიზღუდება. დღეს არსებული ბევრი საერთაშორისო
ორგანიზაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და წინ წაწევის თვალსაზრისით, სულ
უფრო და უფრო ეფექტური ხდება. ამავე დროს, კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც
უფრო მეტად ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებაში გამოიხატება, კოლექტიური პოლიტიკური
ძალისხმევაც ესაჭიროება (ამის კარგი მაგალითია ე.წ. “დიდი შვიდეულის” რეგულარული შეხვედრები
მაღალ დონეზე, რომლებიც 70-იან წლებში დაიწყო). პოლიტიკური კონტროლი “ზემოდან” აუცილებელია,
რადგან ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად სუვერენული სახელმწიფოების სუვერენიტეტი და
თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობები ნაწილობრივ იზღუდება და ამან სავსებით შესაძლებელია,
ზოგჯერ მოულოდნელი და საწინააღმდეგო რეაქცია მოგვცეს.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების სამყაროში ძალთა წონასწორობამ თავისი მნიშვნელობა


უნდა დაკარგოს და პატარა, სუსტი ქვეყნებიც, ეკონომიკურ “ობობას ქსელში” ჩართულნი, თავს
ბევრად უფრო მშვიდად უნდა გრძნობდნენ, რადგან ყოველ მათგანს ამ ურთულეს ეკონომიკურ
მექანიზმში გარკვეული ფუნქციები გამოეძებნება და მათი არსებობითა და კეთილდღეობით ყველა
სახელმწიფო იქნება დაინტერესებული.

“დემოკრატიული მშვიდობის” თეორია

უკვე არაერთგზის აღინიშნა, რომ მშვიდობის დამყარება, მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების


დამკვიდრება, ომების თავიდან აცილება იყო და რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად.
70-იანი წლებიდან საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში კვლავ გაცხოველდა დისკუსია მშვიდობის
დამყარებისათვის აუცილებელ პირობათა შესახებ. თავის დროზე გერმანელმა ფილოსოფოსმა ემანუელ
კანტმა წამოაყენა თეზისი, რომლის თანახმად კაცობრიობა აუცილებლად მივა საყოველთაო და
მარადიულ მშვიდობამდე, ვინაიდან კაცობრიობის განვითარება საბოლოოდ რესპუბლიკური
წესწყობილების საყოველთაო დამკვიდრებამდე უნდა მივიდეს. კაცობრიობამ გასული საუკუნის მანძილზე
თითქმის რევოლუციური გარდაქმნის გზა გაიარა და სამრეწველო საზოგადოების ფაზაში შევიდა.
ინტელექტუალური, ტექნიკური, ეკონომიკური რევოლუციების შედეგად კაცობრიობა, როგორც ამას
ბევრი წინასწარმეტყველებდა, თითქოს მშვიდობის გამეფების ეპოქაში უნდა შესულიყო. მაგრამ, როგორც
ვხედავთ, ასე არ მომხდარა.

მართლაც, მეოცე საუკუნის ორი მსოფლიო ომი და ორი ტოტალიტარული იმპერიალიზმი სწორედ ამაზე
მოწმობს, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ორივე ტოტალიტარული იდეოლოგია და მათზე ამოზრდილი
იმპერია დაიმსხვრა და მათ ნანგრევებზე ლიბერალური დემოკრატიის განვითარება მიმდინარეობს. ისიც
სიმართლეა, რომ დასავლეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის უკვე რამდენიმე
ათწლეულია, რაც ურთიერთპატივისცემის, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის
ვითარება ჩამოყალიბდა; ხომ არ არის ეს სწორედ ამ ქვეყნებში დამკვიდრებული დემოკრატიის
შედეგი? იქნებ სწორედ ამგვარი გზა – ყველა სახელმწიფოში ლიბერალური დემოკრატიის
დამკვიდრება – არის გზა მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობებისაკენ, სადაც აღარ იქნებიან
დიდი და პატარა, ძლიერი და სუსტი ქვეყნები? იქნებ კანტი მართალი იყო, როცა მომავალ
მარადიულ მშვიდობაზე მიგვითითებდა?

ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების შედეგად იქმნება და


ძლიერდება საშუალო ფენა, მაღლდება განათლების დონე და ა.შ. საშუალო ფენა სისხლხორცეულად
არის დაინტერესებული მშვიდობიანი ვითარებით, რომელშიც იგი გააგრძელებს ვაჭრობას,
წარმოებას და საკუთარ სიმდიდრეს გაზრდის. ამიტომ საშუალო ფენა დაინტერესებულია
მშვიდობით, საერთაშორისო თანამშრომლობით. დემოკრატიულ სახელმწიფოში, ამავე დროს,
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ამ ქვეყნებში არ უწყობს ხელს უკიდურესი
ნაციონალისტური, შოვინისტური თუ იმპერიალისტური პოლიტიკის დამკვიდრებას და საგარეო
პოლიტიკაში ომის იდეის გაბატონებას. ეს განსაკუთრებით ითქმის დემოკრატიულ სახელმწიფოთა
შორის ურთიერთობების შესახებ, რომლებიც გამოირჩევა ურთიერთპატივისცემით, მჭიდრო
ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობით. უფრო მეტიც, დემოკრატიული ქვეყნები ე. წ.
“მშვიდობის ზონასაც” კი ქმნიან, რომელიც თანდათანობით ფართოვდება.

დემოკრატია შედარებით ახალი მოვლენაა, მაგრამ იგი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. დემოკრატიის
გავრცელების პროცესში იყო “შეჩერებები” და უკან “დახევებიც”. დღეს მსოფლიოს სახელმწიფოთა 40
პროცენტზე მეტი დემოკრატიულია. ძალა და სიმდიდრე სწორედ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია
თავმოყრილი. თუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიული რეჟიმები თითქმის 30 სახელმწიფოში
დამყარდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში მხოლოდ 12 დემოკრატიული ქვეყანა დარჩა. 60-იან წლებში
მათი რიცხვი 37 იყო. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დაიწყო დემოკრატიზაციის ახალი მძლავრი
ტალღა, რომელსაც ბიძგი საბჭოთა ბლოკისა და სსრკ-ის დაშლამ მისცა.

მ. დოილი შენიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დაფუძნებულია ეროვნული უსაფრთხოებისა


და ძალთა წონასწორობის კონცეფციებზე, მაგრამ ლიბერალური პრინციპები და ინსტიტუტები ცვლიან
საერთაშორისო ურთიერთობათა ხსენებულ კონცეფციებს და ეს კარგად ჩანს
ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოების ურთიერთობებიდან. თუმცაღა რეალისტები მიიჩნევენ,
რომ ლიბერალური სახელმწიფო ისევე აგრესიულია, როგორც ყველა დანარჩენი. მ. დოილის აზრით,
ლიბერალური სახელმწიფო არალიბერალურის მიმართ შეიძლება აგრესიული იყოს, მაგრამ
ლიბერალური სახელმწიფოები ერთმანეთთან, როგორც წესი, არ ომობენ.

მ. დოილს მიაჩნია, რომ ლიბერალური რეჟიმის მქონე სახელმწიფოების ურთიერთობებში არ არსებობს


ძლიერი და სუსტი, აზრი ეკარგება ეროვნული ინტერესებისა და ძალთა წონასწორობის პრინციპებს.
თუ სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ ლიბერალურ პრინციპებს, მაშინ მათ შორის ურთიერთობებში
ორმაგი სტანდარტი აღარ იქნება. დოილის აზრით, კანტი თავის წინასწარმეტყველებაში მართალი
აღმოჩნდა; თუმცა “დემოკრატიულ მშვიდობამდე” ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, საერთაშორისო
მშვიდობა უტოპია აღარ არის და ლიბერალურმა სახელმწიფოებმა ერთმანეთთან ურთიერთობით ეს
დაასაბუთეს.

ამ საკითხის გამო დიდი დისკუსია იყო გამართული მ. დოილის სტატიაზე ადრე გამოქვეყნებულ რამდენიმე
ნაშრომში. მათ შორის გამოირჩევა მ. სმოლისა და ჯ.დ. ზინგერის გამოკვლევა ომთან დემოკრატიული
რეჟიმების მიმართების შესახებ. ეს ავტორები ამტკიცებენ, რომ, დემოკრატიული რეჟიმების
“მშვიდობისმოყვარეობის” შესახებ დამკვიდრებული შეხედულების მიუხედავად, დემოკრატიული
სახელმწიფოები ისევე ხშირად ომობენ, როგორც ავტოკრატიული სახელმწიფოები. მართალია, მათ
1815-1965 წლებში მომხდარი ყველა ომი აქვთ გაანალიზებული და ზოგიერთი არგუმენტიც აქვთ
შემოთავაზებული, მაგრამ ისინი მაინც იძულებულნი არიან, აღიარონ, რომ დემოკრატიული რეჟიმები
ერთმანეთს თითქმის არ ეომებიან. უკანასკნელ წლებში ამ საკითხის გამო დისკუსია კვლავ გაცხოველდა.
ჯერ ჯ. ლევიმ დაუჭირა მხარი “დემოკრატიული მშვიდობის” თეორიას და განაცხადა, რომ დემოკრატიულ
რეჟიმებს შორის არსებული მშვიდობიანობა “საერთაშორისო პოლიტიკაში თითქმის კანონია”. შემდეგ
მსგავსი აზრი დ. ლეიკმაც გამოთქვა. ამას მოჰყვა საპასუხო რეაქცია. ქ. ლეინმა განაცხადა, რომ
საერთაშორისო მოვლენების პროგნოზისათვის დემოკრატიული მშვიდობის თეორიაზე მეტად რეალიზმია
გამოსადეგი. თავის სტატიაში ლეინს მოჰყავს ისტორიიდან ცნობილი ოთხი შემთხვევა, როცა
დემოკრატიულ სახელმწიფოებს ერთმანეთთან ომს არაფერი უკლდათ (აშშ და დიდი ბრიტანეთი 1861
წელს ტრენტის გამო; აშშ და დიდი ბრიტანეთი 1895-96 წწ. – ვენესუელის კრიზისი; საფრანგეთი და დიდი
ბრიტანეთი 1898 წ. – ფაშოდას კრიზისი; საფრანგეთი და გერმანია 1923 წ – რურის კრიზისი). ლეინის
აზრით, ოთხივე შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე მზად იყო, ომი დაეწყო და თუ ომი არ დაიწყო, ეს მხოლოდ
იმის გამო, რომ მოწინააღმდეგეთაგან ერთმა მხარემ უკან დაიხია. ლეინს მიაჩნია, რომ დემოკრატიული
მშვიდობის თეორია მითია და მისი ჭეშმარიტებად გასაღება საერთაშორისო თეორიასა და პრაქტიკას
მხოლოდ ავნებს. იმავე აზრს იზიარებს დ. სპირო და დემოკრატიული მშვიდობისა და რეალიზმის
დაპირისპირებაში უპირატესობას რეალიზმს ანიჭებს.

ზოგიერთი ავტორის აზრით, თუ სახელმწიფოს შიგნით კონფლიქტური ვითარება დამკვიდრებული,


მიღებული ნორმების მიხედვით მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით განიმუხტება, იგივე უნდა მოხდეს
ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაშიც. აქედან ამოიზრდება ე. წ.
“დემოკრატიული მშვიდობა”, რადგან ზ.მაოზისა და ბ.რასეტის თანახმად, სახელმწიფოებს შიდა ქცევის
ნორმები საგარეო ურთიერთობებზე გადააქვთ. ამ თეზისის წინააღმდეგაც ასევე ბევრი ავტორი
ილაშქრებს.

დემოკრატიული მშვიდობის თაობაზე გაცხარებული დებატები შემთხვევითი არ არის. კაცობრიობის


სანუკვარი ოცნება, დედამიწაზე მშვიდობა დამყარდეს, არასოდეს არ დამცხრალა და იგი დღეს ახალ
ძალას იკრებს. თუ დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მომხრეები მართალნი არიან და ეს თეორია
ჭეშმარიტად ასახავს თუნდაც დაწყებულ ტენდენციას, რომელიც კანტისეულ მარადიულ მშვიდობაში უნდა
გადაიზარდოს, მაშინ ისტორიული განვითარება თვისებრივად ახალ საფეხურზე ავა და კაცობრიობას
სრულიად განსხვავებულ ისტორიულ სინამდვილეში, მშვიდობიან მსოფლიოში მოუწევს ცხოვრება. თუ
კანტი მართალი აღმოჩნდა, ამას განსაკუთრებული შედეგები ექნება კაცობრიობისათვის.

სწორედ ამიტომ არის, რომ დემოკრატიული მშვიდობის თეორიის განხილვა უზარმაზარ ინტერესს იწვევს.
კამათში მონაწილე ორივე დაპირისპირებულ მხარეს თავიანთი პოზიციის გამამაგრებელი არგუმენტები
მოჰყავს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც დამაჯერებელი სახით ვერც ერთმა მხარემ ვერ წარმოადგინა
და ამ თეორიას განაჩენი უკვე ისტორიამ უნდა გამოუტანოს. ერთი რამ კი თითქოს ახლოა
ჭეშმარიტებასთან – ფესვგადგმული, “მოწიფული” დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებს აქამდე მართლაც
ერთმანეთში არ უომიათ და ეს ფაქტი დემოკრატიული მშვიდობის თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და
იმედისმომცემი არგუმენტია.

You might also like