You are on page 1of 5

ეროვნული ინტერესები

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ცნება “ეროვნული ინტერესები” იმდენად ბუნდოვანია, რომ მას ნებისმიერი
პოლიტიკური ნაბიჯის დასასაბუთებლად და გასამართლებლად იყენებენ. ამ ცნებამ რაღაც განსაკუთრებული,
ერთგვარი მისტიკური ელფერიც კი მიიღო. ეროვნული ინტერესები “მაღალი პოლიტიკის”1 ქვაკუთხედად არის
აღიარებული. “მაღალი პოლიტიკა” კი სუვერენული სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების აუცილებელი
პირობაა.

ეროვნული ინტერესები საგარეო პოლიტიკის საკვანძო ცნებაა. თანამედროვე, ე.წ. ანარქიულ საერთაშორისო
სისტემაში, სადაც არ არის საერთაშორისო კანონების ზეობა და არ არსებობს საერთაშორისო წესრიგისა და
მშვიდობის გარანტად გამოსადეგი უზენაესი ხელისუფლება, სუვერენული სახელმწიფოები ატარებენ ისეთ
საგარეო პოლიტიკას, რომელიც, მათი მთავრობების აზრით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც,
თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში გაბატონებული ფასეულობების გათვალისწინებით, სახელმწიფოთა
პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების გაზრდას გულისხმობს.

ეროვნული ინტერესების კონცეფცია პოლიტიკური რეალიზმის სკოლასთან არის დაკავშირებული და იგი


პოლიტიკური რეალიზმის შეხედულებათა სისტემის საკვანძო ელემენტია. ამავე დროს იგი ყველაზე ნაკლებად იყო
შესწავლილი და ზოგადი ფორმულირებების დონეს ვერ გასცდა. პ.რეინოლდსის შეხედულებით, ცნება “ეროვნული
ინტერესები”, საერთოდ, უვარგისია, რადგანაც მას არ გააჩნია ზუსტი მნიშვნელობა. გარდა ამისა, კონკრეტული
ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბება შეუძლებელია და ამ ცნებას პოლიტიკოსები საზოგადოებრიობისა
და საკუთარი თავის მოსატყუებლად იყენებენ. ზემოთქმულის მიუხედავად, ეს ცნება მეტად სიცოცხლისუნარიანი
აღმოჩნდა და იგი დღემდე ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიასა და პრაქტიკაში.

სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიები თუ მოსახლეობის დაინტერესებული ჯგუფები,


რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში ან ამ პოლიტიკას
წარმართავენ, თავიანთ შეხედულებებს, გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას სწორედ ეროვნული
ინტერესებით ასაბუთებენ და ამართლებენ. ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოება, იმის გამო,
რომ მათ ზუსტი მნიშვნელობა არ გააჩნიათ, როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე საზოგადოებრიობის
სხვადასხვა ჯგუფების მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმებიან. ამიტომაც, ძალზე რთულია, მთელი ქვეყნის
მასშტაბით კონსენსუსს მიაღწიო, როცა იმაზეა საუბარი, თუ რაში მდგომარეობს ქვეყნის ეროვნული ინტერესები
და რანაირი საგარეო პოლიტიკით უნდა მიაღწიოს მან წარმატებას.

ეროვნული ინტერესების არსი


ზოგადად ეროვნული ინტერესები გულისხმობს გარკვეულ მიზნებს, რომელთა მიღწევისათვის სახელმწიფომ
უნდა გაატაროს სათანადო პოლიტიკა. ამგვარი პოლიტიკა გულისხმობს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც
ცალკეული პირების, ჯგუფების ინტერესებს კი არ გამოხატავენ, არამედ მთელი ერის, სახელმწიფოს
ინტერესებს.

1
საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკურ მეცნიერებებში ტერმინით “მაღალი პოლიტიკა” მოიხსენიებენ საკითხებს,
რომლებიც არის სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფოს გადარჩენისა და მისი სუვერენულობის შესანარჩუნებლად.
კერძოდ ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკური საკითხები, რომლებიც ქვეყნების უპირველეს
საზრუნავს წარმოადგენს.
ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება, აუცილებლად
გულისხმობს, ყველაზე ცოტა, ერის, ქვეყნის გადარჩენას, უსაფრთხოებას, მისი ტერიტორიული
მთლიანობის, პოლიტიკური ინსტიტუტების, კულტურის შენარჩუნებას. მაშასადამე, ყოველი სახელმწიფო
მოწოდებულია, დაიცვას საკუთარი გეოგრაფიული, პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული სახე, როცა
სხვა სახელმწიფოსაგან ხელყოფის საფრთხე ემუქრება.

ჰ.მორგენთაუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მოღვაწეები საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობისას


სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობენ და მოქმედებენ. ასე იყო წარსულში, ასეა ამჟამად და
ასევე იქნება მომავალშიც. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰ. კისინჯერმა 1974 წელს განაცხადა, რომ
აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არის პრაგმატული და იგი ნაკარნახევია ქვეყნის ინტერესებით. მსგავსი შეხედულებანი
და განცხადებები საკმაოდ ხშირია განსაკუთრებით პოლიტიკური რეალიზმის სკოლის წარმომადგენელთა და
პრაქტიკოს-პოლიტიკოსთა შორის.

როგორც ვხედავთ, ეროვნული ინტერესების საფუძველში გარკვეული ფასეულობები დევს. ეს ფასეულობები


ერის ფასეულობებია, მისი კულტურის პროდუქტს წარმოადგენს და მის ერთიანობას გამოხატავს.
ფასეულობები გამოიხატება იდეოლოგიაში, რომელიც შეიძლება დემოკრატიულიც იყოს და
ტოტალიტარულიც. ფასეულობათა სისტემები ხანდახან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფ ფასეულობებს
მოიცავენ. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა კულტურები ერთსა და იმავე ფასეულობებს სხვადასხვა
მნიშვნელობებს ანიჭებენ.

სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები გულისხმობს ისეთ ფასეულობებსა და მიზნებს, რომელთა მისაღწევად


თუ შესანარჩუნებლად იგი შეიძლება უდიდეს მსხვერპლზე დასთანხმდეს. სწორედ ეს ფასეულობები და
მიზნები არის, ჩვეულებრივ, ჩადებული ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და
პრიორიტეტებში. ისინი ამის გამო განიხილება როგორც წმიდათაწმიდა ინტერესები და მიზნები. პოლიტიკოსები
ამგვარ ინტერესებს “სასიცოცხლოს” უწოდებენ, ხოლო მეცნიერები – ძირითად, მთავარ ფასეულობებს.

რომელი ინტერესები და ფასეულობებია სასიცოცხლო? ტრადიციულად, სახელმწიფოს ასეთი ინტერესები


დაკავშირებულია მის სიცოცხლისუნარიანობასა და არსებობასთან. ეს არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული
მთლიანობა, დამოუკიდებლობა, კულტურული თვითმყოფადობა, პოლიტიკური ინსტიტუტები,
სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა.

სასიცოცხლო ინტერესებს ხშირად აიგივებენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ზოგჯერ სასიცოცხლო


ინტერესებად წმინდა პრესტიჟული მომენტებიც კი ცხადდება. მაგალითად, 70-იანი წლების დასაწყისში
ისრაელის მთავრობამ იერუსალიმი ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. ეს არ იყო უკიდურესად აუცილებელი არც
უსაფრთხოების თვალსაზრისით, არც ეკონომიკურად და არც იდეოლოგიურად, მაგრამ იერუსალიმს, როგორც
სიმბოლოს, სასიცოცხლო ინტერესების “სტატუსი” მიეკუთვნა.

გამოყოფენ ეროვნული ინტერესების სხვადასხვა ტიპებს. მაგალითად, განასხვავებენ სასიცოცხლო და


მეორეხარისხოვან, ზოგად და განსაკუთრებულ ინტერესებს. განასხვავებენ აგრეთვე იდენტურ,
“ურთიერთშემავსებელ” და წინააღმდეგობრივ ეროვნულ ინტერესებს. ჯ.ფრენკელი გვთავაზობს ეროვნული
ინტერესების ფორმულირების ორ დონეს: სასურველსა და ოპერაციულს (შესაძლებელს). პირველი მოიცავს იმ
მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა რეალიზება სასურველი იქნებოდა სათანადო წანამძღვრებისა და
საშუალებების არსებობის პირობებში. როგორც წესი, ამგვარი ეროვნული ინტერესები გრძელვადიანია.
პანარაბიზმი, პანთურქიზმი, მსოფლიო რევოლუცია, კომუნიზმის მსოფლიოში გაბატონება ამგვარი ინტერესების
კარგი მაგალითებია. მეორე დონის ინტერესები, ჩვეულებრივ, მოკლევადიანია, არსებული პირობებისა და
შესაძლებლობების ადეკვატურია. დიდი ბრიტანეთის ინტერესის მაგალითად მის მიერ ინდოეთისაკენ მიმავალ
საზღვაო გზაზე სტრატეგიული ბაზების “ჯაჭვის” (გიბრალტარი, მალტა, კვიპროსი, სუეცი, ადენი) შექმნა და
შენარჩუნებაც იკმარებს.

საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ეროვნული


ინტერესების “ეკონომიკური კომპონენტის” მკვეთრად გაზრდილი მნიშვნელობა. სამეურნეო ცხოვრების
ინტერნაციონალიზაცია, ინტეგრაციული პროცესები, ტრანსნაციონალური კორპორაციების ბატონობა,
გეოპოლიტიკის გეოეკონომიკად ტრანსფორმირება, ქმნიან ისეთ ვითარებას, როცა არა მხოლოდ კონფლიქტების
მიზეზები, არამედ მათი გადაწყვეტის საშუალებებიც სულ უფრო ხშირად ეკონომიკურია (იმპორტის
შემცირება-გადიდება, ექსპორტის სუბსიდირება, კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური პროექტების დაფინანსება
და ა.შ.). ეს კი ეროვნულ ინტერესებს ძლიერ ეკონომიკურ “შეფერილობას” ანიჭებს. ყოველი სახელმწიფო
ეკონომიკურად იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული დანარჩენ სამყაროსთან, რომ მისი
სიცოცხლისუნარიანობა, მისი მოსახლეობის დასაქმება და კეთილდღეობა საერთაშორისო სამეურნეო
პროცესებზეა დამოკიდებული. ეკონომიკური ფაქტორები ლამის ეროვნული ინტერესების “გამგებლებად” იქცნენ.
ეროვნული ინტერესების ეკონომიკურ კომპონენტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო თანამედროვე
სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები იმდენად “ეკონომიზებულია”, რომ ზოგიერთ შემთხვევებში პოლიტიკური
მხარე ეკონომიკური ინტერესებით თითქმის იჩრდილება. ამიტომაა, რომ ექსპერტების გარკვეული ნაწილი
თანამედროვე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების განმსაზღვრელ ფაქტორად ეკონომიკურ
კეთილდღეობას მიიჩნევს. ეროვნული ინტერესების ფორმულირების მექანიზმი, ზოგიერთი ავტორის აზრით,
ეკონომიკურ თეორიაში კარგად ცნობილი ინდივიდუალური მომხმარებლის მიზნებისა და მოთხოვნილებების
ფორმულირების ანალოგიურია.

სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნები უნდა გამომდინარეობდეს მისი ეროვნული ინტერესებიდან.


მაშასადამე, ეროვნული ინტერესები გულისხმობს გარკვეული მიზნების იდეალურ შეთანხმებას. ეს ის
მიზნებია, რომელთა ცხოვრებაში დამკვიდრებას სუვერენული სახელმწიფო (სხვა სახელმწიფოებთან
ურთიერთობის გზით) გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობს. მიზანი ან მიზნები არსებითად არის ისეთი
მომავალი ვითარება ან პირობები, რომელთა მიღწევა საჭიროდ მიაჩნია სახელმწიფოს ხელმძღვანელობას.
ზოგიერთი მიზანი, შესაძლოა, კარგა ხანს აქტუალური იყოს, ზოგიერთები კი საკმაოდ სწრაფად
ენაცვლებოდეს ერთმანეთს.

საგარეო პოლიტიკაში ძალზე ხშირია შემთხვევები, როცა ეროვნული ინტერესებისა და, მაშასადამე, საგარეო
პოლიტიკური პრიორიტეტებისა და მიზნების ფორმულირება არა ხანგრძლივი პროცესის შედეგად, არამედ
მოულოდნელი მოვლენების საპასუხოდ, “ცაიტნოტის” პირობებში, სწრაფი რეაგირების გზით ხდება.
არაერთგზის აღნიშნულა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხშირად სწორედ ამგვარ კრიზისულ
ვითარებაში და დროის უქონლობის პირობებში ყოფილა მიღებული. ამგვარი პრაქტიკის გამოა, რომ,
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტების გარკვეული ნაწილის აზრით, მთავრობებს, ჩვეულებრივ, არ
გააჩნიათ “დაგეგმილი” პოლიტიკა და ისინი მხოლოდ სხვათა ქმედებებს უპასუხებენ; თუმცა ამგვარი პოლიტიკაც
აუცილებლად უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიდანაც მომდინარეობს სახელმწიფოს
პოლიტიკური ორიენტაცია და, საერთაშორისო სისტემასა და საზოგადოებაში მისი ადგილიცა და როლიც.
ვინ აყალიბებს, განსაზღვრავს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს? ჰ.მორგენთაუ აღნიშნავს, რომ
საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები ეროვნული ინტერესების თავისებურად განსაზღვრას
ცდილობენ. მეწარმეები, ეთნიკური უმცირესობები, პარლამენტი, მთავრობა, ყველანაირი იდეოლოგები
ერთმანეთს ეჯიბრებიან, თავიანთი კერძო ინტერესები ეროვნულ ინტერესებად გამოაცხადონ და გაასაღონ.
მორგენთაუ ამას “ეროვნული ინტერესების” უზურპაციის მცდელობას უწოდებს. მისი აზრით, მთავარია
ობიექტური ანალიზის გზით ეროვნული ინტერესების “რაციონალური ბირთვის” განსაზღვრა. როცა ეს ბირთვი
იკვეთება, მაშინ ზემოაღნიშნული უზურპაციის მცდელობების მიუხედავად, ეროვნული ინტერესები მართებული
და გამჭრიახი საგარეო პოლიტიკის საძირკველს ქმნის. ზნეობრივი აბსტრაქციებით ნაკარნახევი საგარეო
პოლიტიკა, ეროვნული ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე, უნაყოფოა.

ეროვნული ინტერესების განსაზღვრა და მათი რეალიზება ქვეყნის პოლიტიკური ელიტის საკმაოდ მაღალ
პოლიტიკურ და ეკონომიკურ კულტურასთან ერთად, აგრეთვე დახვეწილ დიპლომატიას მოითხოვს. ამ მხრივ
საყურადღებოა ახლადშექმნილი სუვერენული სახელმწიფოების მთავრობათა მიერ ეროვნული ინტერესების
შემუშავება-რეალიზების პროცესთა თავისებურებანი. ამგვარი სახელმწიფოები, როგორც წესი,
რევოლუციური ძვრების, პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების, ეროვნული თვითგამორკვევის
პრინციპის ცხოვრებაში გატარებისა და სეპარატიზმის შედეგად არიან წარმოშობილნი და მათ, მეტწილად,
გამოუცდელი, პოპულიზმისა და ნაციონალიზმის “საფუარით” აღზევებული პოლიტიკური ძალები
განაგებენ. სისხლიანი თუ “ხავერდოვანი” რევოლუციები, დიდი სახელმწიფოების დაშლა თუ სხვადასხვა ქვეყნების
ინტეგრირება არღვეევენ საერთაშორისო და რეგიონულ სისტემებში ძალთა წონასწორობას, ქმნიან ძალის
ვაკუუმს, პოტენციურ აგრესორებს სხვათა ხარჯზე საკუთარი პოზიციების გაუმჯობესების ცდუნებებსა და
შესაძლებლობებს უქმნიან. რევოლუციურ მთავრობებს რაც შეეხება, მათ ხშირად მეტისმეტი იდეოლოგიზაციითა
და უკიდურესი ნაციონალიზმით გამოწვეული იდეოლოგიური პათოლოგია, რეალური პოლიტიკური,
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების უგულებელყოფა და გარე სამყაროსა თუ სხვა საერთაშორისო
მოვლენების რამდენადმე სპეციფიური, არარეალისტური, დამახინჯებული აღქმა და ხედვა ახასიათებთ. ამას
ემატება ეროვნული სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითგამორკვევის ძალების დაპირისპირება ეთნიკურად
არაერთგვაროვან ქვეყნებში (ამის მაგალითებად ყოფილი იუგოსლავია და სსრკ კმარა).

ყოველ ერსა და ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი ისტორიული ხედვა აქვს. საკუთარი წარსულის განდიდება და
უკუღმართი ისტორიული მოვლენების მსხვერპლად საკუთარი თავის გამოცხადებაც აგრეთვე ჩვეულებრივი
მოვლენაა. ამგვარ პირობებში მოვლენების ობიექტური, რაციონალური ჭვრეტა და ეროვნული
პერსპექტივის, ეროვნული ინტერესების განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის გატარება მეტად რთული
ამოცანაა. რევოლუციური, იდეოლოგიზირებული და ნაციონალისტური რეჟიმების მქონე ახლადწარმოქმნილი,
სუვერენული სახელმწიფოების ხელმძღვანელობა, ჩვეულებრივ, დიდ ყურადღებას უთმობს ეროვნული
ინტერესების სამხედრო ასპექტებს, მაშინ როცა ეს ინტერესები ეკონომიკურ და კულტურულ მიზნებსაც მოიცავს.
სამხედრო ინტერესების მიმართ მეტისმეტი ყურადღება ნიშნავს სამხედრო ხარჯების ზრდას, რაც მოსახლეობის
კეთილდღეობას ხელს სულაც არ უწყობს. ამის შედეგად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში ჩადებულია შიდა
წინააღმდეგობა, რომელსაც ხატოვნად “კარაქისა და ზარბაზნის” დილემას უწოდებენ.

დიდი, ძლიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ყველა მხარეზე და ცხოვრების ყველა სფეროზე
ვრცელდება. ასე მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები
გულისხმობდა ევროპის კონტინენტზე ძალთა წონასწორობის შენარჩუნებას, მსოფლიო ოკეანეზე
ბატონობას, მეტროპოლიასა და კოლონიებს შორის კავშირებისა და ვაჭრობის უზრუნველყოფას. მეორე
მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშშ-ის ეროვნული ინტერესები, ჯ.ჩეისის შეხედულების თანახმად, ოთხ
უმთავრეს ასპექტს მოიცავდა: ნებისმიერი პოტენციური აგრესორისათვის აშშ-ის ტერიტორიაზე თავდასხმის
ყოველგვარი შესაძლებლობის გამორიცხვას; მთელ მსოფლიოში ერთა თვითგამორკვევისა და
დემოკრატიისათვის მხარის დაჭერას; საერთაშორისო ვაჭრობის მფარველობას, მისთვის ხელის შეწყობას;
მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ისთვის სასურველი ძალთა წონასწორობის დამყარებას.

საშუალო ქვეყნების ეროვნულ ინტერესებში, როგორც წესი, უმნიშვნელოვანესი ადგილი უსაფრთხოების


საკითხებს, რეგიონში ლიდერობისათვის ბრძოლას, “მომგებიან” კოალიციაში შესვლასა და ხელსაყრელი
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებასა და განმტკიცებას უჭირავს.

პატარა ქვეყნებისათვის უსაფრთხოების საკითხი (ძლიერი მოკავშირის, მფარველის გამონახვის, ხელსაყრელ


კოალიციაში შესვლისა თუ სხვა გზით) გადამწყვეტია. ვინაიდან პატარა ქვეყნის ეკონომიკა, მისი შიდა ბაზრის
მცირე ტევადობისა და მეურნეობის ნაკლები დივერსიფიცირებულობის გამო, უფრო გახსნილია, უდიდესი
მნიშვნელობა აგრეთვე ხელსაყრელ სტაბილურ ეკონომიკურ კავშირებს ენიჭება. ეროვნული
თვითმყოფადობისა და კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების საკითხი პატარა ქვეყნის ეროვნული
ინტერესების მეტად “მგრძნობიარე” კომპონენტია. პატარა, სამხედრო თვალსაზრისით შედარებით სუსტი
ქვეყნების ეროვნული ინტერესები, შესაძლოა, სხვათა თვალში შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ
ძალზე შეზღუდული სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გამო მათი უზრუნველყოფა უკიდურესად
ძნელი საქმეა. სწორედ პატარა ქვეყნების ეროვნული ინტერესების განსაზღვრა და რეალიზება ყველაზე
ნაკლებად უნდა შეიცავდეს ემოციურ, პოპულისტურ ელემენტებს; იგი უაღრესად რეალისტური, საკმარისად
მოქნილი (ამავე დროს პრინციპული) პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას მოითხოვს.

You might also like