You are on page 1of 13

ინდუსტრიული ქვეყნების პოლიტიკური განვითარება 1918-1939 წლებში

(დემოკრატიული ქვეყნები)

1. ლიბერალური დემოკრატიის ევოლუცია და ლიბერალური სახელმწიფო XX ს-ის


დასაწყისში.

ლიბერალური დემოკრატიის თეორიულ საყრდენს წარმოადგენდა განმანათლებლობის


ეპოქის პოლიტიკური შეხედულებები ადამიანის ბუნებითი უფლებების და საზოგადოებრივი
შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანებს გააჩნიათ ერთნაირი უფლებები
დაბადებიდან, მიუხედავად წოდებრივი წარმოშობისა და საზოგადოებრივი კონტრაქტის
საფუძველზე ქმნიან სახელმწიფოს. ასეთი სახელმწიფოს კონცეფცია ემყარებოდა ჯონ ლოკის
პოლიტიკურ ფილოსოფიას, იმანუილ კანტის ეთიკასა და სამართლებრივ ფილოსოფიას და ადამ
სმიტის ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეებს. ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქისათვის
ლიბერალური იდეები რევოლუციურ ხასიათს ატარებდა. ისინი უარყოფდნენ მონარქთა და
არისტოკრატთა უფლებებს ძალადობრივი მეთოდებით ემართათ თავიანთი ქვეშევრდომები.
ლიბერალური დემოკრატიის ზოგადი პრინციპები დამკვიდრდა სხვადასხვა სახელმწიფო
წყობილების მქონე ქვეყნებში. აშშ და საფრანგეთი წარმოადგენდნენ საპრეზიდენტო რესპუბლიკებს.
დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ბელგია _ საპარლამენტო
მონარქიებს. ყველა ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი იყო შემდეგი:
1. უნივერსალური, ყველასათვის ერთიანი სამართლებრივი ნორმების არსებობა, რომლებიც
იძლეოდნენ მოქალაქის პირად უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს და
რომელთა შეზღუდვაც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლებოდა.
პიროვნების ეკონომიკური თავისუფლების გარანტიას წარმოადგენდა კერძო საკუთრების
ფლობის უფლება და მისი ხელშეუხებლობა.
2. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებზე, პრესის,
სიტყვის, პოლიტიკურ მოძრაობათა და პარტიების საქმიანობის თავისუფლებაზე.
3. სახელმწიფოს როლის შეზღუდვა, რომელიც განიხილებოდა ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებებისათვის საშიშროების პოტენციური წყაროდ. სახელმწიფოს ფუნქციები
დაიყვანებოდა მხოლოდ კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვამდე და საზოგადოების
ინტერესების დაცვამდე საერთაშორისო ასპარეზზე.
პოლიტიკური სტაბილურობა ლიბერალური დემოკრატიის პირობებში უზრუნველყოფილი
იყო სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების განვითარების ხარჯზე. სხვადასხვა
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პარტიები და მოძრაობები, მეტნაკლებად ანეიტრალებდნენ
ერთმანეთის გავლენას, რაც პოლიტიკურ სისტემას ძალთა თანასწორობას უნარჩუნებდა.
მოქალაქეთა უკმაყოფილება, უწინარეს ყოვლისა, თავს იჩენდა სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტების დონეზე. იქმნებოდა ახალი პარტიები, მასობრივი მოძრაობები. როგორი ახალი
იდეების შეტანაც არ უნდა სდომებოდათ მათ საზოგადოებაში, შედიოდნენ რა კონტაქტში სხვა
პარტიებთან, იძულებულნი ხდებოდნენ მიეღოთ ყველასათვის ერთიანი თამაშის წესები.
პრინციპში, დემოკრატიის პირობებში, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეეძლო მშვიდობიანი
გზით მოსულიყო ან დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, თუ კი იგი ამომრჩეველთა მხარდაჭერას
მოიპოვებდა. შესაბამისად, მინიმუმამდე იყო დაყვანილი ხელისუფლებისათვის ბრძოლის
ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი საშუალებები.
კლასიკური ლიბერალიზმის თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო არ უნდა
ჩარეულიყო სოციალურ პროცესებსა და ურთიერთობებში. უპირატესობა ენიჭებოდა იმ მოსაზრებას,
რომ თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია სამოქალაქო უფლებებისა და
თავისუფლებების თანსაწორუფლებიანობის პირობებში თვით უზრუნველყოფდა სოციალური
პრობლემების დარეგულირებას. სახელმწიფოს სუსტი სოციალური პოლიტიკის კომპენსირება
ხდებოდა სოციალური ქველმოქმედების განვითარებით. იგი ხორციელდებოდა ეკლესიის,
მოქალაქეთა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური ფონდების ე.ი. სამოქალაქო
სტრუქტურების მიერ. განვითარებულ ქვეყნებში სოციალური ქველმოქმედების ფორმები საკმაოდ
მრავალფეროვანი იყო. იგი ითვალისწინებდა დახმარებას საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული
ფენების მიმართ: ორგანიზებას უკეთებდა უფასო კვებას, ღამის გასათევს უსახლკაროთათვის,
თავშესაფრებს ობლებისათვის, უფასო საკვირაო სკოლებს, უფასო ბიბლიოთეკებს, ახალგაზრდებს
ღარიბი ოჯახებიდან აბამდა კულტურულ და სპორტულ საქმიანობაში. ტრადიციულად
საქველმოქმედო საქმიანობა მოიცავდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, დაწყებული ავადმყოფების
მონახულებით, მათთვის საჩუქრების გადაცემით, რელიგიური დღესასწაულების დროს
ინვალიდებისათვის დახმარებით და უფასო საავადმყოფოების დაარსებით დამთავრებული.
იმავე დროს ქველმოქმედება არ ვრცელდებოდა შრომით ურთიერთობებზე. მუშახელის
დაქირავების პირობები, ლიბერალიზმის კანონების თანახმად, რეგულირდებოდა სტიქიურად,
შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მაგრამ სახელმწიფოს სოციალურ
პროცესებში და საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაურევლობის ლიბერალურმა პრინციპმა
მოითხოვა გადასინჯვა. მაგალითად, თავისუფალი კონკურენციის იდეებმა, რომლებსაც
ლიბერალები იცავდნენ, მათი რეალიზაციის პირობებში გამოიწვია კაპიტალის კონცენტრაცია და
ცენტრალიზაცია. მონოპოლიების გაჩენამ შეზღუდა საბაზრო თავისუფლება, გამოიწვია
საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამრეწველო და ფინანსური მაგნატების გავლენის მკვეთრი ზრდა, რაც
არღვევდა იმ მოქალაქეთა თავისუფლების საფუძვლებს, რომლებიც მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა.
კაპიტალის კონცენტრაციასთან დაკავშირებული საზოგადოების სოციალური პოლარიზაციის
ტენდენცია, სხვაობა შემოსავლებში მქონებლებსა და არამქონებლებს შორის, ძირს უთხრიდა
მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს.
სახელმწიფოს როლის ზრდის ტენდენციაზე დიდი გავლენა მოახდინა 1914-1918 წწ. პირველმა
მსოფლიო ომმა, რომლის დროსაც ყველა სახელმწიფო, მათ შორის ლიბერალურ-დემოკრატიული
ტრადიციების მქონენი, იძულებულნი იყვნენ მკაცრი კონტროლი დაეწესებინათ შრომითი
რეზერვების, სურსათის განაწილებაზე, სტრატეგიული ნედლეულის, სამხედრო პროდუქციის
წარმოებაზე. თუ დემოკრატიულ ინდუსტრიულ ქვეყნებში 1913 წ. სახელმწიფო განაგებდა
ერთობლივი შიდა პროდუქციის 10%-ს, უკვე 1920 წ. ეს ციფრი ავიდა 15%-მდე. ომისშემდგომ
წლებში სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის მასშტაბები განუხრელად იზრდებოდა,
რაც შემდეგი ძირითადი ფაქტორებით იყო გამოწვეული:
1. შინაგანი სტაბილურობის მოსაზრებებით. რეპრესიები არასანქცირებული გაფიცვების
მონაწილეების წინააღმდეგ იწვევდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის ბრძოლის გადაზრდას
პოლიტიკურ ბრძოლაში. ამის საშიშროება თვალნათლივ აჩვენა რუსეთში 1905-1907 და
1917 წწ. რევოლუციების გამოცდილებამ.
2. გარდაქმნებით პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაში. XIX ს-ში დემოკრატიულ
ქვეყნებში მოქმედებდა მკაცრი შეზღუდვები პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის
მონაწილეობაზე. ბინადრობის ცენზი, ქონებრივი ცენზი, ქალებისა და
ახალგაზრდებისათვის ხმის უფლების ჩამორთმევა ქმნიდა სიტუაციას, რომლის დროსაც
დემოკრატიის ნაყოფით სარგებლობდა შუა ხნის ასაკის მოსახლეობის 10-15%,
უმთავრესად შეძლებულები, რომელთა აზრსაც ანგარიშს უწევდნენ პოლიტიკოსები. XX ს-
ში საარჩევნო უფლებების ჩარჩოების გაფართოებამ აიძულა წამყვანი პოლიტიკური
პარტიები თავიანთ პროგრამებში აესახათ მოსახლეობის ყველა ფენების ინტერესები, მათ
შორის საკუთრების არმქონესიც.
3. მრავალი სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური ცხოვრების
ასპარეზზე იმ პარტიების გამოსვლამ, რომლებიც სოციალური ეგალიტარიზმის
(თანასწორობის) პლატფორმაზე იდგნენ, სოციალ-დემოკრატების გამოსვლამ, რომლებიც
თავიანთ ამომრჩევლებს სოციალური რეფორმების გატარებას ჰპირდებოდნენ. დიდ
ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რამსეი მაკდონალდი გახდა პრემიერ-
მინისტრი და 1924 წ. პირველი ლეიბორისტული მთავრობა შეიქმნა. საფრანგეთსა და
ესპანეთში 1936 წ. ხელისუფლებაში მოვიდნენ სახალხო ფრონტის მთავრობები, რომლებიც
ეყრდნობოდნენ მემარცხენე პარტიათა (სოციალისტები, კომუნისტები) მხარდაჭერას და
სოციალურ რეფორმებზე იყვნენ ორიენტირებულნი. საფრანგეთში დაწესდა 40-საათიანი
სამუშაო კვირა, შემოღებულ იქნა ორკვირიანი ფასიანი შვებულება, გაიზარდა პენსიები და
უმუშევართათვის დახმარება. სკანდინავიის ქვეყნებში 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან
სოციალ-დემოკრატები თითქმის განუწყვეტლივ იმყოფებოდნენ ხელისუფლების
სათავეში.
4. სოციალური პოლიტიკის აქტივიზაციისაკენ ინდუსტრიულ ქვეყნებს უბიძგებდა
რაციონალური ეკონომიკური მოსაზრებები. XIX ს-ის წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სტიქიურად მყარდება ბალანსი მოთხოვნასა და
მიწოდებას შორის და სახელმწიფო შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ "საკუთარი"
საქონელმწარმოებლების მხარდაჭერით საგარეო ბაზრებზე, 1929-1932 წწ. მსოფლიო
ეკონომიკური კრიზისის დროს ლახვარი ჩაეცა.

2. ფ.დ. რუზველტის ,,ახალი კურსი“

ფაშიზმი დამკვიდრდა მხოლოდ ორ სახელმწიფოში: იტალიასა და გერმანიაში, სხვა ქვეყნები


კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდნენ დემოკრატიის შენარჩუნებით, ერთ-ერთი ასეთი მცდელობა,
რომელსაც მოჰყვა ამერიკული საზოგადოების ღრმა რეფორმირება იყო ფრანკლინ რუზველტის
პოლიტიკა 1933-1941 წლებში, რაც ისტორიაში შევიდა ,,ახალი კურსის საელწოდებით.
რამდენად მაღალი იყო 20-იან წლებში აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპები იმდენად ღრმა
აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისი. მრეწველობა დაეცა საუკუნის დასაწყისის დონემდე. გაკოტრდა
ასობით ათასი ფერმერი, უმუშევრობამ მიაღწია ასტრონომიულ ციფრებს. შეთხვევითი არა არის,
რომ კრიზისი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩა როგორც ეროვნული ტრაგედიის სიმბოლო.
მისი სწრაფი ზრდა ამერიკელებისთვის მით უმეტეს მტკივნეული იყო ვინაიდან
დარწმუნებულნი ,,პროსფერითიში“ (აყვავება) ისინი მოუმზადებელი აღმოჩნდნენ მოულოდნელად
დამდგარი მძიმე დროისადმი.
მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ აშშ-ში განსხვავებით ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა არ
არსებობდა სოციალური უზრუნველოყოფის სისტემა. ამერიკელები თვლიდნენ, რომ ყველა
ადამიანს უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და არა სახელმწიფოსი. ყველაზე დიდი
რისი იმედიც უნდა ჰქონოდა რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ამერიკელს ესაა ქველმოქმედება
და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების დახმარება. კრიზისის წლებში ამერიკელებმა
უარი თქვეს ამ შეხედულებებზე და მზერა სახელმწიფოს მიაპყრეს, რომლის ჩარევა გადარჩენის
ერთადერთ საშუალებად მიიჩნიეს. სახასიათოა ამ მიმართულებით, რომ ყველა მსხვილი მასობრივი
მოძრაობა კრიზისის წლებში მოითხოვდა სახელმწიფოსგან დახმარებას, უმუშევართა მოძრაობა
გამოდიოდა უმუშევრობის დაზღვევის სახელმწიფო სისტემის შექმნისთვის, მსოფლიო ომის
ვეტერანები მოითხოვდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერას, ფერმერები მოუწოდებდნენ სახელმწიფოს
შეეჩერებინა ფასების ვარდნა მათ პროდუქციაზე.
კრიზისმა მოუწია ჰერბერტ ჰუვერის პრეზიდენტობის პერიოდს. ის არჩეულ იქნა 1928 წელს
ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1929 წლის 4 მარტში ანუ ნახევარი წლით ადრე
კრიზისის დაწყებამდე და დატოვა თეთრი სახლი 4 წელიწადში. ბედის ირონიით ჰუვერი იყო ერთ-
ერთი ყველაზე თანმიმდევრული მოწინააღმდეგე სახელმწიფო დახმარების სისტემის. მხოლოდ
მაშინ როცა მდგომარეობა გახდა უიმედო პრეზიდენტი დასთანხმდა სახელმწიფო სესხის გაცემას
კერძო კორპორაციებისთვის რათა აეცილებინა ეკონომიკის სრული კრახი, ასევე ცალკეულ შტატებს
უფლება მიეცათ დახმარებოდნენ მოქალაქეებს.
კრიზისის შედეგებს და პრეზიდენტის პოლიტიკის აშკარა შეუსაბამობას მის სიღრმის და
მასშტაბისადმი არ შეიძლება არ გამოეწვია რესპუბლიკური პარტიის გავლენის დაცემა, რომელიც
თითქმის უკონკურენტოდ დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე სამოქალაქო ომის შემდეგ.
მის ოპონენტს, დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა უნიკალური შანსი მოსულიყო ხელისუფლებაში.
1930 წელს დემოკრატებმა მოიპოვეს უმრავლესობა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა
პალატაში. 1932 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებმა წამოაყენეს ფრანკლინ
რუზველტის კანდიდატურა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ,,დავიწყებული ადამიანის“
დახმარების აუცილებლობას, მხედველობაში ჰქონდა რა მილიონობით უმუშევარი. ის შეპირდა
ამერიკელ ხალხს ,,ახალ კურსს“. რესპუბლიკურმა პარტიამ განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებზე
გამანადგურებელი მარცხი, რუზველტმა მიიღო 22,8 მლნ ხმა, ჰუვერმა 15,8 მლნ. ამასთან
დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესის ორივე პალატაში.
ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა მომდევნო წლის 4 მარტს. ამ
დროს დაიწყო კრიზისის განვითარების ყველაზე დრამატული ეტაპი - ამერიკული ბანკების
გაბანკროტების ტალღა. კლიენტები ეხვეოდნენ ბანკებს საკუთარი ანაბრების გადასარჩენად. 1933
წლის 4 მარტის ღამეს ნიუ იორკის და ჩიკაგოს ბანკებმა ფულის არქონის გამო შეწყვიტეს
ოპერაციები. ქვეყანა სრული ფინანსური დამბლის ზღვარზე იყო, ამრიგად რუზველტს ერთი დღეც
არ ჰქონდა იმისთვის, რომ შეჩვეოდა პრეზიდენტის როლს. საბანკო კრიზისმა მაშინათვე
გამოავლინა რუზველტის როგორც პოლიტიკოსის თვისებები: დინამიზმი, ნოვატორული მიდგომა
გადამწყვეტი მოქმედება. რუზველტმა დახურა ქვეყნის ყველა ბანკი და მოიწვია კონგრესის
საგანგებო სესია, მიიღო რა მისგან აუცილებელი უფლებამოსილება შეიმუშავა ,,საბანკო სისტემის
გადარჩენის“ საგანგებო პროგრამა. ეხმარებოდა ერთ ბანკს და აუქმებდა მეორეს. აშშ-მ უარი თქვა
ოქროს სტანდარტზე, ამასთან დაიწყო საბანკო რეფორმა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახდა
მცირე და საშუალო მეანაბრეების დეპოზიტების დაზღვევა.
ზომებმა საბანკო სისტემის გადასარჩენად შეადგინა რუზველტის ადმინისტრაციის ,,პირველ
ასი დღე“, როცა მიღებულ იქნა მთელი რიგი საგანგებო კანონები მიმართული ქვეყნის კრიზისიდან
გამოსაყვანად. განხორციელდა რუზველტის მიერ შეპირებული დახმარების პროგრამა, რომლის
განმავლობაში ,,ახალი კურსის“ პირველი წელს იგი მიიღო 28 მლნ ამერიკელმა. მილიონობით
უმუშევარს შესთავაზეს საშუალება მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა დანიშნულების
საზოგადოებრივ სამუშაოებში. სოფლის მეურნეობის რეგულირების კანონით სახელმწიფომ
დაიწყო ფერმერებისთვის პრემიების გაცემა რათა მათ შეემცირებინათ წარმოება.
მრეწველობის გამოცოცხლების მიზნით მთავრობამ შესთავაზა აშშ-ს ისტორიაში უპრეცედენტო
კანონის მიღება. მან ნება დართო მეწარმეებს შეექმნათ გაერთიანება დარგების მიხედვით და
შეთანხმებულიყვნენ კონკურენციის პირობებზე, შრომის განსაზღვრული პირობების დაცვით და
მუშებისთვის კოლექტიური დაცვის უფლების შეთავაზებით. დადგინდა სახელმწიფოს კონტროლი
ფასიანი ქაღალდების გამოცემაზე კერძო კორპორაციების მიერ.
1933 წლის გაზაფხულისთვის დაიწყო გამოცოცხლება ეკონომიკაში, კრიზისი უკან დარჩა,
რუზველტის ავტორიტეტმა უზომოდ აიწია, ბევრისთვის ის გახდა ერის გადამრჩენი. მაგრამ
ეკონომიკურ გამოცოცხლებას არ გამოუწვევია სოციალური დაძაბულობის მოსალოდნელი დაწევა,
პირიქით კრიზისი და შიში წავიდა, მაგრამ მან გზა დაუთმო მასების აქტიურობის ზრდას.
მუშები ცდილობდნენ შეექმნათ ძლერი პროფკავშირები: შემხვედრ წინააღმდეგობას მეწარმეების
მხრიდან ისინი გაფიცვებით პასუხობდნენ. ქვეყანაში გაჩნდა მასობრივი მოძრაობები რომლებიც
ასახავდნენ ამერიკელების ღრმა უკმაყოფილებას შექმნილი მდგომარეობით. ლაიტმოტივი ყველა ამ
მიმართულების იყო მოთხოვნა უბედურების განმეორების შემთხვევაში მეტი სოციალური დაცვის
გარანტიების შესახებ. არჩევნებმა კონგრესში 1934 წელს აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა
მხარს უჭერდა ამ მოთხოვნებს.
რუზველტმა 1935 წლის აპრილში განახორციელა ,,გადახრა მარცხნივ“ რომლის შემადგენელი
ნაწილი გახდა რიგი მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები. უმთავრესი მათ შორის კანონი
სოციალური უზრუნვეყოფის შესახებ, ხელმოწერილი რუზველტის მიერ 1935 წლის 14 აგვისტოს.
კანონის საფუძველზე ქვეყანაში შეიქმნა სახელმწიფო სისტემა ქვრივების, ობლების და
ინვალიდების დასახმარებლად, უმუშევართა დაზღვევა და საპენსიო უზრუნველყოფა. ,,კანონმა
შრომითი ურთიერთობების შესახებ“ (ვაგნერის კანონი) საბოლოოდ დაადგინა მუშების უფლება
პროფკავშირებზე და გაფიცვებზე, შეიქმნა ასევე შრომითი ურთიერთობების სახელმწიფო
რეგულირების სისტემა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები,
ეროვნული შემოსავლის უფრო სამართლიანი განაწილებისთვის რეფორმირებულ იქნა
საგადასახადო სისტემა. აიწია გადასახადმა ზემოგებაზე, მემკვიდრეობაზე და ნაჩუქრობაზე.
გაფართოვდა საზოგადოებრივი სამუშაოების სისტემა.
,,მარცხნივ გადახრამ“ მთავრობის პოლიტიკაში მნიშვნელოვნად გაამძაფრა პოლიტიკური
ბრძოლა. კონსერვატიული ძალები გადავიდნენ ღია ბრძოლაზე მასთან. მათი რიტორიკა
რუზველტის მისამართით შეიცვალა, გადავიდნენ პირად თავდასხმებზე და ბრალდებებზე.
მსხვილი კაპიტალის წარმომადგენლების დიდი ნაწილი, ბევრი გაზეთი, კონსერვატორი
პოლიტიკოსები, ორივე პარტია ცდილობდა ჩაეგდო რუზველტის კანდიდატურა 1936 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებზე. 1936 წლის არჩევნები გადაიქცა ერთგვარ რეფერენდუმად რომელსაც
უნდა განესაზღვრა ,,ახალი კურსის“ შემდგომი ბედი. რუზველტმა ამ არჩევნებზე კიდევ უფრო
შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, შეაგროვა 27,8 მლნ ხმა 16,7 მლნ წინააღმდეგ. რესპუბლიკელებმა
მხოლოდ ორ შტატში გაიმარჯვეს მაშინდელი 48-დან. ამ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა
ჰქონდა მან ,,ახალი კურსის“ რეფორმები შეუქცევადი გახადა.
1937 წლის შემოდგომას ქვეყანაში დაიწყო ახალი ეკონომიკური კრიზისი რომელმაც ეჭვ ქვეშ
დააყენა ,,ახალი კურსის“ ეკონომიკური პოლიტიკა. კრიზისმა კვლავ გაამწვავა უმუშევრობის
პრობლემა და გამოიწვია სერიოზული უთანხმოება თვითონ მთავრობის შიგნით. ერთნი თვლიდნენ
რომ უარი უნდა ეთქვათ შემდგომ რეფორმებზე, მეორენი პირიქით კრიზისში ხედავდნენ
დაუმთავრებელი რეფორმების შედეგებს. ხანგრძლივი განსჯის შემდეგ რუზველტი დაეთანხმა
უკანასკლენელთა აზრს და 1938 წელს შესთავაზა კონგრესს ახალი კანონპროექტები. მათ რიგში
აღმოჩნდა კანონი ,,შრომის სამართლიანი პირობების“ შესახებ, რომელიც ფედერალურ მთავრობას
აძლევდა უფლებას დაედგინა ხელფასის მინიმალური საათობრივი ნიხრი, სამუშაო კვირის
მაქსიმალური ხანგრძლივობა. კანონმა საბოლოოდ აკრძალა ბავშვთა შრომა. სოფლის მეურნეობის
რეგულირების კანონის ნაცვლად, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ 1936 წელს
არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მიიღეს ახალი. მიზანი სოფლის მეურნეობის რეგულირების
გახდა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, ფერმერებს ეძლეოდათ პრემიები სათესი ფართობის
შესამცირებლად. იმავდროულად ხორციელდებოდა კონტროლი სოფლის მეურნეობის პროდუქციის
წარმოების დონეზე.
უმუშევრობაზე ადმინისტრაციის პასუხი იყო საზოგადოებრივი სამუშაოების გაფართოება.
1938 წლის ზაფხულში კრიზისი დასრულდა, თუმცა 1937-1938 წლების ყველა მოვლენა არ
განაპირობებდა რუზველტის ავტორიტეტის შემდგომ ზრდას. 1938 წლის შუალედურმა არჩევნებმა
პირველად ხმები მიუმატა რესპუბლიკელებს, დემოკრატებმა მართალია შეინარჩუნეს
უმრავლეოსბა კონგრესის ორივე პალატაში, მაგრამ დასუსტებული იყვნენ შიდა ბრძოლებით. ჯამში
1939 წლიდან რუზველტმა უარი თქვა შემდგომ რეფორმებზე და ცდილობდა
განემტკიცებინა ,,ახალი კურსის“ უკვე მიღებული შედეგები.
ახალი კურსი წარმოადგენდა გარდამტეხ მომენტს XX სკ-ს აშშ-ს ისტორიაში. ცვლილებები
დაწყებული პრეზიდენტის მიერ თავიდან მიმართული იყო კრიზისიდან გამოსვლისკენ და
ეკონომიკის აღდგენისკენ, მაგრამ ეს მიზანი არსებითად მაინც ვერ იქნა მიღწეული, ქვეყნის
ეკონომიკა 30-იან წლებში იმყოფებოდა სტაგნაციაში, უფრო მნიშვნელოვანი იყო სოციალური
რეფორმები. პირველად აშშ-ს ისტორიაში სახელმწიფომ თავისთავზე აიღო ამერიკელების
სოციალური დაცვის გარანტის როლი. სახელმწიფოს ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მას
ახლა არამხოლოდ უნდა უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგი და საგარეო უსაფრთხოება,
არამედ ყოფილიყო სოციალური დაცულობის გარანტი, გაეტარებინა ანტიკრიზისული
ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ აშშ-ში სახელმწიფო ჩარევის ზრდას არ გამოუწვევია
დემოკრატიის ლიკვიდაცია, როგორც გერმანიაში, რეგულარულად ტარდებოდა არჩევნები,
შენარჩუნდა მრავალპარტიული სისტემა, გარანტირებული იყო მოქალაქეთა უფლებები, მეტიც
ახალი კურსი ნიშნავდა ლიბერალური დემოკრატიის შემდგომ განვითარებას, მისი შედეგი იყო
მოქალაქეთა უფლებების გაფართოება. ყველა ამერიკელმა მიიღო უფლება სოციალურ
დაცულობაზე, მუშებმა უფლება კოლექტიურ დაცვაზე და გაფიცვაზე. ფერმერებმა უფლება
სახელმწიფო დახმარებაზე. ამრიგად დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის საერთო ტენდენციამ -
სახელმწიფოს ჩარევის ზრდამ აშშ-ში მიიღო სხვა ფორმა ვიდრე გერმანიაში. ეს იყო ლიბერალური
რეფორმიზმის ფორმა.

საზოგადოებრივი აზრის ცვლილება: ყველა ამ ცვლილებების გავლენით მოხდა ლიბერალური


ფასეულობების კორექცია. ერთ-ერთი იყო სახელმწიფოს ჩაურევლობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ახლა აშკარა გახდა, რომ პიროვნების თავისუფლება - ლიბერალიზმის უმთავრესი ფასეულობა
ცარიელი სიტყვაა სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სოციალური კეთილდღეობის გარეშე, ის კი
დამოკიდებული იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ადამ სმითი ლიბერალიზმის ეკონომიკური
სწავლების ფუძემდებელი თვლიდა რომ ბაზარი თავისი უხილავი ხელით ეფექტურად მართავს
ეკონომიკას, ახლა კრიზისის შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეკონომიკის სტიქიურმა
განვითარებამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს, რომ აუცილებელია სახელმწიფოებრივი
ანტიკრიზისული რეგულირება. პროგრესის სიმბოლო ახალი ლიბერალებისთვის გახდა ძლერი
დემოკრატიული სახელმწიფო რომელიც უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეებისთვის სოციალურ
დაცვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და პირობებს მათი რეალიზაციისთვის.
იმ თეორიის მამამთავარად, რომელიც ასაბუთებდა საბაზრო ეკონომიკის რეგულირების
შესაძლებლობას სტაბილური ზრდის, მუშახელის სრულად დასაქმების, ცხოვრების დონის
ამაღლების მიზნით, ითვლება ჯონ მეინარდ კეინზი (1883-1946). მის მიერ შემუშავებული
მაკროეკონომიკის მაჩვენებლები, რომელიც ხსნიდა ეროვნული შემოსავლის, კაპიტალდაბანდებების
დონის, დასაქმების, მოხმარების, დანაზოგის ურთიერთკავშირს, გახდა დემოკრატიის პირობებში
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების საფუძველი.
კეინზიანობის მთავარი იდეა სოციალურ ურთიერთობათა მიმართ მდგომარეობდა იმაში, რომ
აქტიური სოციალური პოლიტიკა საბოლოო ჯამში ბიზნესისთვისაც მომგებიანია. ამ უკანასკნელის
მისწრაფება საქონლის წარმოების გაფართოებისაკენ მოითხოვდა საქონლის გასაღების ბაზრების
გაფართოებას. მაგრამ საგარეო ექსპანსიის შესაძლებლობები, იარაღის ძალით ახალი ბაზრების
დაპყრობა, არ იყო შეუზღუდავი. ბაზრების ტევადობის გაზრდა მუდმივად შესაძლებელი იყო
მხოლოდ მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობის გაზრდით, ამას კი უზრუნველყოფდა
სახელმწიფო თავისი აქტიური სოციალური პოლიტიკით.
კეინზიანური თეორია, რომელიც ასაბუთებდა სახელმწიფოს ფუნქციის გაფართოების
შეთავსებადობას წარსულის დემოკრატიულ იდეალებთან, გახდა ე.წ. ნეოლიბერალიზმის
საფუძველი, რომელიც იმედოვნებდა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არამც თუ არ
ემუქრება თავისუფლებას, არამედ პირიქით, განამტკიცებს მოქალაქეების უფლებებისა და
თავისუფლების გარანტიებს.

3. ,,სტაგნაცია დიდ ბრიტანეთში“

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთს უნდა გადაეწყვიტა რამდენიმე


გადაუდებელი ამოცანა სხვადასხვა სფეროში. პირველი რიგის პრობლემა იყო მშვიდობიანი
პერიოდის ეკონომიკაზე გადასვლა. სოციალურ სფეროში აუცილებელი იყო დემობილიზებული
ჯარისკაცების დასაქმება და ომისშემდგომი კრიზისის პირობებში დემოკრატიული
საზოგადოებისთვის მისაღები მეთოდებით სოციალური კონფლიქტების გადაწყვეტა. პოლიტიკურ
სფეროში აუცილებელი იყო ირლანდიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, მთლიანად
ბრიტანეთის იმპერიის განმტკიცება, ახალი სამანდატო ტერიტორიების მართვა და ბალანსირებული
ურთიერთობების აგება აშშ-თან და კონტინენტალურ ევროპასთან.
დევიდ ლოიდ ჯორჯის კოალიციურმა მთავრობამ გაატარა რამდენიმე სოციალური რეფორმა -
გაზარდა უმუშევრების დახმარება; საარჩევნო უფლებები მოიპოვა ყველა მამაკაცმა 21 წელს ზევით
და ქალებმა 30 წლიდან (მამაკაცების თანაბარი საარჩევნო უფლება ქალებმა მოიპოვეს 1928 წელს).
ომისშემდგომ წლებში დიდი ბრიტანეთი განიცდიდა სერიოზულ ეკონომიკურ სიძნელეებს.
გაზრდილი საერთაშორისო კონკურენცია ძირს უთხრიდა სამთამადნო მრეწველობას,
გემთმშენებლობას. მრეწველობის საკვანძო დარგებში დაცემამ გამოიწვია უმუშევრობის ზრდა 2
მლნ ადამიანამდე (1921 წ.) რომელმაც შემდგომ ათწლეულებში შეინარჩუნა დონე 1 მლნ. ადამიანზე.
1926 წლის მაისში მოხდა უდიდესი სოციალური კონფლიქტი დიდ ბრიტანეთში. ცდილობდა რა
ეროვნული ვალუტის განმტკიცებას სტენლი ბოლდუინის მთავრობა დაუბრუნდა ოქროს
სტანდარტს. ამან გამიწვია ფასების მატება ქვანახშირზე, ნედლეულის ექსპორტის დაცემა,
კრიზისმა მოიცვა ქვანახშირის მრეწველობა, მრეწველებმა სცადეს ზარალის შემსუბუქება
ქვანახშირის მოპოვების და მაღაროელთათვის ხელფასის შემცირებით.
სიტუაცია ქვანახშირის მრეწველობაში გაამწვავა ცვლილებებმა კოლექტიური
ხელშეკრულებების დადების პირობებში, ამასთან ზოგ რაიონში გათვალისწინებული იყო ხელფასის
შემცირება 15 დან 50%-მდე. პროფკავშირის მიერ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის
შემთხვევში შახტების მფლობელები იმუქრებოდნენ ლოკაუტით. ამან გამოიწვია მაღაროელთა
დიდი უკმაყოფილება (წითელი პარასკევი). შექმნილ სიტუაციაში კონსერვატიულმა მთავრობამ
1925 წლის 31 ივლისს შესთავაზა ქვანახშირის მრეწველებს სუბსიდია, რომ ცხრა თვის განმავლობაში
მაღაროელთა ხელფასები დაებრუნებინათ წინა დონეზე. ამის პარალელურად ელოდა რა
გართულებებს მთავრობა შეუდგა განსაკუთრებული პოლიციური რაზმების ფორმირებას.
ქვანახშირის მრეწველობაში მდგომარეობის და საზოგადოებრივ აზრზე მისი გავლენის
გამოსაკვლევად შეიქმნა სამეფო კომისია, ლიბერალი სემიუელის მეთაურობით. პროფკავშირების
კონგრესის გენერალურმა საბჭომ მოუწოდა მუშებს დალოდებოდნენ კომისიის მუშაობის
დასრულებას. კომისიის დასკვნა ასეთი იყო: მოეხდინათ დარგის ოპტიმიზიაცია, დაეხურათ
ზარალიანი შახტები, შეემცირებინათ ხელფასი და გაეზარდათ მაღაროელთა სამუშაო დღე. 30
აპრილს შახტების მფლობელებმა გადასცეს მაღაროელთა ფედერაციას თავიანთი წინადადებები
რომელიც ითვალისწინებდა 33-დან 20 % დანამატის დაწევას 1913-1914 წწ. ხელფასის ტარიფზე.
ასევე გაიზარდა მეშახტეების სამუშაო დღე. მეშახტეთა ტრედუნიონმა უარყო ეს წინადადებები.
მთავრობამ შეწყვიტა დარგის მხარდაჭერა, მფლობელებმა მასობრივად გაათავისუფლეს მუშები.
პასუხად გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა რომელმაც ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია. 4 მაისს
გაიფიცა დაახლოებით 3 მლნ. მუშა (ტრანსპორტის, მეტალურგები, ქიმიური მრეწველობის მუშები,
მშენებლები). 11 მაისს მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო, ტრედუნიონთა
კონგრესის გენ.საბჭომ 12 მაისს გააუქმა საყოველთაო გაფიცვა.
1927 წლის კანონმა ,,სამრეწველო კონფლიქტების და ტრედუნიონების შესახებ“ აკრძალა
საყოველთაო გაფიცვა და განიხილა ის როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო
მოსამსახურეებს აეკრძალათ პროფკავშირებში შესვლა რომლებიც შედიოდა ბრიტანეთის
ტრედიუნიონების კონგრესში.
შიდაპოლიტიკური ვითარება ომისშემდგომ პერიოდში მთლიანობაში მაინც იყო სტაბილური.
სამი მთავარი პარტია კონსერვატორები, ლიბერალები და ლეიბირისტები შეთანხმებულად
მოქმედებენ და ნაკლებად კონფლიქტობენ ერთმანეთში. ამასთან განუხრელად ძლიერდება
ლეიბორისტების გავლენა, რომელსაც ტრედუნიონების, მუშების და ინტელიგენციის მასობრივმა
მხარდაჭერამ საშუალება მისცა 1922 წელს დაეკავებინა მეორე ადგილი ბრიტანეთის ,,ორპარტიულ“
სისტემაში, ხოლო 1924 წელს პირველად ბრიტანეთის პოლიტიკურ ისტორიაში ლეიბორისტული
პარტია მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რამსეი მაკდონალდის ხელმძღვანელობით.
1929 წლის კრიზისმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას მიაყენა საგრძნობი ზარალი.
მაკდონალდმა ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა ლეიბორისტების, კონსერვატორების და
ლიბერალებისგან. მთავრობამ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აწია ბაჟი
შემოტანილ საქონელზე და მოახდინა გირვანქა სტერლინგის დევალვაცია. მალე ამან გამოიწვია
ინფლაციის ზრდა. 1932 წელს ბრიტანეთმა უარი თქვა თავისუფალ ვაჭრობაზე. თანდათან
ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად
ძირითადი აქცენტი გაკეთდა თავდაცვის დაფინანსებაზე. სოციალურმა საკითხებმა გადაიწია მეორე
პლანზე.
მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ არჩია გადაეწყვიტა კონფლიქტები
მოლაპარაკებების და შეთანხმებების გზით, არ მიემართა ძალისთვის რაც მოწმობს დემოკრატიული
ტრადიციის სიმტკიცეს დიდ ბრიტანეთში, მაშინ როცა მემარჯვერნე რადიკალური მოძრაობა
იკრებდა ძალას ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, ბრიტანული საზოგადოება აღმოჩნდა
რეზისტენტული ექსტრემისტების მიმართ. 1932 წელს ო. მოსლის მიერ დაარსებულმა ფაშისტურმა
კავშირმა ვერ მიიღო ფართო მხარდაჭერა მოსახლეობაში.
ბრიტანეთის მთავრობამ სცადა გადაეწყვიტა მწვავე პრობლემა, დაელაგებინა ურთიერთობები
ირლანდიასთან. 1920 წლის კანონით ირლანდია იყოფოდა ორ ნაწილად ჩრდილოეთ ირლანდია
სადაც შედიოდა ოლსტერის ცხრა საგრაფოდან ექვსი და ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო
(პლიუს ოლსტერის სამი საგრაფო). ჩრდილოეთ ირლანდიამ მოიპოვა საკუთარი საკანონმდებლო
ორგანოები და წარმომადგენლობა ბრიტანეთის პარლამენტში. ირალანდიის დამოუკიდებელი
სახელმწიფო აღიარებულ იქნა დომინიონად. ამ კანონმა არ დააკმაყოფილა ირლანდიელი
რესპუბლიკელები, რომლებმაც ხელი მოკიდეს იარაღს. შეიარაღებული წინააღმდეგობა დასრულდა
ხელშეკრულების გაფორმებით. 1922 წლის დასაწყისში ირლანდია გაიხლიჩა ჩრდილოეთ ირლანდია
უშუალოდ შევიდა დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში.
ხოლო ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი (1949 წლიდან ირლანდიის
რესპუბლიკა).
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩებოდა ყველაზე მსხვილ
კოლონიურ სახელმწიფოდ, რომლის ზომები გაიზარდა კიდეც. ერთა ლიგამ მას გადასცა ერაყის
პალესტინის და ტრანსიორდანიის მანდატები. ითვალისწინებდა რა დომინიონების სწრაფვას
დამოუკიდებლობისთვის, ბრიტანეთმა 1926 წლის კონფერენციაზე შესთავაზა
ტერმინი ,,ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობა“, განსაზღვრულიყო სტატუსი გუშინდელი
დომინიონების როგორც იმპერიის თვითმმართველი დამოუკიდებელი ნაწილების. პარლამენტმა
დაამტკიცა ეს დეკლარაცია 1931 წელს ვესმინსტერის სტატუტით.
ცვლილებები მოხდა ბრიტანეთის კოლონიებში, ინდოეთში მძლავრმა ეროვნულ
განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ აიძულა ბრიტანეთის მთავრობა გამოეცა 1935 წელს აქტი
ინდოეთის მართვის შესახებ. ინდოეთის ასამბლეამ მიიღო მნიშვნელოვანი სამთავრობო
უფლებამოსილებები. ბრიტანეთი აკონტროლებდა საგარეო პოლიტიკას და თავდაცვას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში ნათლად აისახა ევროპაში მშვიდობის შენარჩუნების
მცდელობა. ამისთვის მთავრობა ცდილობდა შეენელებინა წინააღმდეგობები ევროპულ ქვეყნებს
შორის და მხარს უჭერდა ერთა ლიგის ინიციატივებს. რევიზიონისტულად განწყობილი
სახელმწიფოების მიმართ (გერმანია, იტალია) გატარებული დაშოშმინების პოლიტიკა შეცდომა
აღმოჩნდა.

4. საფრანგეთი 1919-39 წწ.

ომისშემდგომ წლებში საფრანგეთს პირველ ყოვლისა უნდა გადაეწყვიტა ეკონომიკური


პრობლემები. უზარმაზარმა სამხედრო ხარჯებმა შეარყია ქვეყნის ფინანსური სისტემა, რაც
გარდაუვლად გამოიწვევდა ინფლაციას. პრემიერ მინისტრი რაიმონ პუანკარე იმედოვნებდა
მოეგვარებინა პრობლემები დამარცხებული გერმანის ხარჯზე. გერმანული რეპარაციები
საშუალებას მისცემდა აღედგინა დანგრეული რაიონები, გადაეხადა უცხოური კრედიტები,
შეეკავებინა ფრანკი მკვეთრი დაცემისგან. მაგრამ გერმანიას არ შეეძლო და არ სურდა რეპარაციების
გადახდა. 1922 წლის დეკემბერში რაინ-ვესტფალის ქვანახშირის კონცერნის თავმჯდომარემ
სტინესმა განაცხადა უარი რეპარაციების გადახდაზე. რურის ოკუპაციის საფრთხემ ანტანტის
ჯარების მიერ არ შეცვალა გერმანელი მრეწველების პოზიცია. ამან მისცა საფუძველი ანტანტის
სარეპარაციო კომისიას (ინგლისის წარმომადგენელი წინააღმდეგ გამოვიდა) გამოეტანათ
დადგენილება იმის შესახებ, რომ გერმანია არ ასრულებდა თავის მოვალეობებს. 1923 წლის იანვარში
ბერლინში საფრანგეთმა და ბელგიამ გამოაცხადეს სტინესის სინდიკატზე კონტროლის დამყარების
შესახებ, გერმანიის მიერ ვერსალის ხელშეკრულების მე-17 და მე-18 პუნქტების დარღევის გამო.
მომდევნო დღეს საფრანგეთ-ბელგიის ჯარებმა დაიკავეს ქალაქი ესენი და მისი შემოგარენი.
დაკავებულ იქნა სტრატეგიული რეგიონი, რომელიც მოიცავდა გერმანიის ტერიტორიის 7 %, სადაც
მოიპოვებოდა ¾ ქვანახშირი და იწარმოებოდა ნახევარზე მეტი თუჯი და ფოლადი. ებერტის
მთავრობამ გამოიწვია პარიზიდან და ბრიუსელიდან თავისი ელჩები მაიერი და ლანდსბერგი.
გერმანიის პარლამენტმა მოიწონა პრემიერ ვილჰელმ კუნოს მიერ შემოთავაზებული ,,პასიური
წინააღმდეგობის პოლიტიკა“. საფრანგეთის პასუხი იყო დიუსელდორფის, ბოხუმის და
დორტმუნდის დაკავება, მეწარმეების დაპატიმრება, 130 ათასი ადამიანის გასახლება გერმანიის
არაოკუპირებულ ნაწილში. საოკუპაციო ჯარების სარდლის გენერალ დეგუტის აკრძალვამ
გაეტანათ ქვანახშირი რურიდან გერმანიაში, მიაყენა დიდი დარტყმა გერმანიის ეკონომიკას. 1923
წლის ივლისისთვის ერთი ოქროს მარკა ღირდა 262 ათასი ქაღალდის მარკა. პუანკარეს სიტყვა
დიუნკერკში გერმანიის რურის ოკუპაციის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური
აუცილოებლობის შესახებ შეაშფოთა საფრანგეთის მოკავშირეები ანტანტაში. დიდმა ბრიტანეთმა
შესთავაზა შუამდგომლობა გერმანიასთან კონფლიქტში. მკვეთრად დაიძაბა ვითარება გერმანიაში
სადაც სეპარატისტებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რაინის რესპუბლიკის შექმნა (1923
ოქტომბერი). კომუნისტების შეიარაღებულმა აჯანყებამ ჰამბურგში და ნოემბრის პუტჩმა მიუნხენში
აიძულა მხარეები შეთანხმებულიყვნენ ტერიტორიულ საკითხებზე.
მემარცხენეების მკვეთრმა წინააღმდეგობამ რურის ოლქის ოკუპაციაზე შეარყია პუანკარეს
პოზიციები. 1924 წლის არჩევნებში რადიკალ სოციალისტები და სოციალისტები (მემარცხენე
კარტელი) იღებს ადგილების უმრავლესობას. ახალმა პარლამენტმა აიძულა პუანკარე
გადამდგარიყო. უფრო ტოლერანტულებმა გერმანიის მიმართ ედუარდ ერიომ და არისტიდ
ბრიანმა შეძლეს დაელაგებინათ ურთიერთობები ყოფილ მტერთან. ამავე დროს საფრანგეთის
მთავრობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ საფრანგეთი მარტო ვერ შეძლებდა წინაღდგომოდა
გერმანიას ერთა ლიგის მხარდაჭერის გარეშე.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საფრანგეთს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით გვიან
დაატყდა და გაამწვავა შიდაპოლიტიკური ვითარება. მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილებამ
მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა. ხელფასების დაწევა და უმუშევრობამ გამოიწვია მუშების
პროტესტი. გლეხები ვერ ფარავდნენ პროდუქციის წარმოების ხარჯებს რამდენადაც იძულებული
იყვნენ გაეყიდათ პროდუქცია ღირებულებაზე დაბალ ფასად. შემოსავლების მკვეთრი დაცემა და
ირიბი გადასახადების გაზრდა ავიწროვებდა შიდა ბაზარს რაც უშუალოდ ურტყამდა
საზოგადოების საშუალო ფენების ინტერესებს. მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას
ცდილობდა ხელფასების და პენსიების შემცირებით. ამან გამოიწვია ვეტერანების, სახელმწიფო
მოსამსახურეების, წვრილი მეწარმეების, მუშების, გლეხების აღშფოთება. ყველა თვლიდა, რომ
მათი მდგომარეობის გაუარესებაში დამნაშავე იყო მთავრობა და პარლამენტი. განსაკუთრებით
პარლამენტის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო განწყობილი ფართო მასები. სიტუაცია გაართულა ა.
სტავისკის ფინანსურმა აფერამ რომელმაც გამოუშვა ქალაქ ბაიონის ბანკის ეგიდით ბონები 40 მლნ
ფრანკის ოდენობით, უზრუნველყოფის გარეშე. მთავრობის წევრები ჩარეული იყვნენ ამ ფასიანი
ქაღალდების გავრცელებაში ისინი რეკლამირდებოდა როგორც საიმედო საშუალება ფულადი
სახსრების შესანარჩუნებლად. აქციონერთა რაოდენობამ მიაღწია ასი ათასს. მაგრამ ჟურნალისტებმა
გამოიკვლიეს, რომ სტავისკის მიერ გამოცემული აქციები იყო ყალბი და მთელი მისი მოქმედება იყო
აშკარა თაღლითობა. შემდგომმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოარკვია სტავისკის კავშირები
ბევრ პოლიტიკოსთან მათ შორის პოლიციის პრეფექტთან. რეზონანსულმა სკანდალმა გამოიწვია
პრემიერის შეცვლა. პრეფექტის მოხსნას მოჰყვა ულტრამემარჯვენეების აჯანყება. 1934 წლის 6
თებერვალს რამდენიმე ათასმა ულტრამემარჯვენემ ორგანიზაციებიდან აქსიონ ფრანსეზი,
ცეცხლოვანი ჯვრები და პატრიოტთა ლიგა სცადეს პარლამენტის დაკავება. ამბოხების ჩახშობისას
მოკლულ იქნა 10 ადამიანი და 182 მძიმედ იქნა დაჭრილი. ფაშისტული გადატრიალების
მცდელობამ საფრანგეთში ბიძგი მისცა სოციალისტების და კომუნისტების დაახლოებას.
ფაშიზმის გაჩენას თან ახლდა მასთან პოლიტიკური ბრძოლა. ამ ბრძოლის მსვლელობისას
ანტიფაშისტური ძალები გაერთიანდნენ და შექმნეს სახალხო ფრონტი, რომელიც 1936 წელს
ესპანეთში და საფრანგეთში მოვიდა ხელისუფლების სათავეში. თვითონ სახალხო ფრონტის იდეის
გაჩენა ფაშიზმის შეტევის შედეგია. თანდათან მემარცხენე და დემოკრატიული პარტიები მიხვდნენ,
რომ სწორედ ფაშიზმი წარმოადგენდა მთავარ საფრთხეს და ამის გამო აუცილებელი იყო ყველა
უთანხმოების გვერდზე გადადება და გაერთიანება. ამ ერთობის გზაზე ბევრი სირთულე იყო,
პირველყოვლისა ტრადიციული მტრობა სოციალისტებს და კომუნისტებს შორის. კრიზისის წლებში
ამ მტრობამ მიაღწია უმაღლეს წერტილს. კომუნისტურმა ინტერნაციონალმა შეაფასა ეკონომიკური
კრიზისი როგორც კაპიტალიზმის კრახის მოახლოება და ჩათვალა შესაძლებლად კვლავ
გადასულიყო მსოფლიო რევოლუციების მომზადებაზე. მასების იმედგაცურება არსებული წესრიგის
მიმართ განაპირობებდა კომუნისტების გავლენის ზრდას. მათი რიცხვი კრიზისის წლებში ევროპაში
თითქმის გაორმაგდა, თუმცა ვერსად, თუნდაც ისეთ მძიმე დროში მათ ვერ შეძლეს მუშების
ძირითადი მასის აყოლიება.
სოციალისტების და კომუნისტების განხეთქილება-მტრობით იგებდა ფაშიზმი. მათმა
გამარჯვებამ გერმანიაში, შემდეგ სოციალ-დემოკრატების და კომუნისტების განადგურებამ აშკარა
გახადა ამ განხეთქილების დამღუპველი შედეგები. უბრალო არითმეტიკა აჩვენებდა იმას, რომ
სოციალ-დემოკრატების და კომუნისტების ბლოკის შემთხვევაში ის გახდებოდა ანტიფაშისტური
უმრავლესობის ბირთვი რაიხსტაგში.
1934 წელს სოციალისტურმა ინტერნაციონალმა ნება მისცა მასში შემავალ პარტიებს ემოქმედათ
შეხედულებისამებრ. კომუნისტურმა ინტერნაციონალმა 1934 წელს ასევე გადასინჯა თავისი
პოლიტიკა. 1935 წელს კომინტერნის მე-7 კონგრესმა უპირველეს მტრად გამოაცხადა ფაშიზმი
ხოლო მასთან ბრძოლის მთავარ საშუალებად ანტიფაშისტური ძალების გაერთიანებული
მოქმედება. ორი ინტერნაციონალის ეს გადაწყვეტილება გზას ხსნიდა სოციალისტების და
კომუნისტების თანამშრომლობისთვის და სახალხო ფრონტის შექმნისთვის.
ფრანგული ფაშიზმი ბევრად სუსტი იყო გერმანულზე და ორგანიზაციული თვალსაზრისით არ
წარმოადგენდა ერთიან მოძრაობას, გერმანიაში განვითარებული მოვლენების ფონზე 1934 წლის
პუტჩი საფრანგეთში განგაშით იქნა მიღებული. სოციალისტების მოწოდებით 12 თებერვალს
დაიწყო პოლიტიკური გაფიცვა მოთხოვნით აეკრძალათ ფაშისტური ორგანიზაციები. მასში
მონაწილეობისთვის თავის მომხრეებს მოუწოდეს კომუნისტებმაც. ასე დაიწყო კომუნისტების და
სოციალისტების შემხვედრი მოძრაობა, იმავე წლის ზაფხულში მათ ხელი მოაწერეს პაქტს
ერთობლივი მოქმედების შესახებ, მათ შეუერთდა რადიკალური პარტიის ნაწილი. 14 ივლისს
ბასტილიის აღების დღეს გატარდა პირველი ერთობლივი ანტიფაშისტური დემონსტრაცია. მას
ხელმძღვანელობდნენ ლეონ ბლუმი, მორის ტორესი და ედუარდ დალადიე, სოციალისტების
კომუნისტების და რადიკალების ლიდერები.
1936 წელს ამ პარტიებმა შეიმუშავეს ერთობლივი პროგრამა და მიიღეს არჩევნებზე 330 ხმა 612 -
დან დეპუტატთა პალატაში. ჩამოყალიბდა მთავრობა რომელსაც სოციალისტი ლეონ ბლუმი ჩაუდგა
სათავეში. კომუნისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ შესულიყვნენ მთავრობაში, თუმცა მისთვის
მხარი დაეჭირათ პარლამენტში.
ახალი პრემიერი ნორმალურად არ შედგომია მოვალეობის შესრულებას, რომ მთელ
საფრანგეთში დაიწყო მუშათა გაფიცვა. ისინი მოითხოვდნენ ხელფასის გაზრდას, ფასიანი
შვებულების შემოღებას და ა.შ. რიგ შემთხვევაში გაფიცულებმა ხელთ იგდეს საწარმოები ასეთ
გაფიცვებს ერქვა მჯდომარე. მთავრობის პირველი ამოცანა გახდა ამ კონფლიქტის მოგვარება.
პრემიერის რეზიდენციაში მატინიონის სასახლეში დაიწყო მოლაპარაკებები შრომის საყოველთაო
კონფედერაციას და მეწარმეების კონფედერაციას შორის. მოლაპარაკებების შედეგი იყო
შეთანხმების ხელმოწერა, რომლითაც შეწყდა გაფიცვა და ხელფასებმა აიწია. მეწარმეები
ვალდებულები იყვნენ დაედოთ კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან და არ მიეღოთ
არანაირი სანქციები გაფიცულების მიმართ. თავის მხრივ ლეონ ბლუმი პირდებოდა პარლამენტში
წინადადების შეტანას 40 საათიანი კვირის და ანაზღაურებადი შვებულების შესახებ.
1936 წლის ზაფხულში საფრანგეთის პარლამენტმა მიიღი 133 კანონი რომელიც დიდწილად
რეალიზებდა სახალხო ფრონტის პროგრამას. აიკრძალა ფაშისტური ლიგები ამან აიძულა
ფაშისტები ლიგების ნაცვლად შეექმნათ პოლიტიკური პარტიები და ემოქმედათ კონსტიტუციის
ჩარჩოებში. მიიღეს კანონი 40 საათიან კვირაზე, ყოველწლიურად 2 კვირიანი ანაზღაურებულ
შვებულებაზე. გაიზარდა პენსია და დახმარება უმუშევრობისთის. გლეხების მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად მთავრობამ დაიწყო მათგან მარცვლეულის შესყიდვა მაღალ ფასებში.
დადგინდა სახელმწიფოს კონტროლი ფრანგულ ბანკებზე, რკინიგზაზე. ამ კანონების მიღება
მიმდინარეობდა უჩვეულო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე.
სახალხო ფრონტში მალე დაიწყო დავები. კომუნისტების და სოციალისტების ნაწილი
მოითხოვდა ფაშიზმის სრულ ამოძირკვას, კონსტიტუციის და კანონების უგულებელყოფითაც კი.
რადიკალები და სოციალისტების დიდი ნაწილი თვლიდა კონსტიტუციის დარღვევას
დაუშვებლად. კომუნისტები თვლიდნენ, რომ უნდა ევლოთ წინ სოციალიზმისკენ, მოითხოვდნენ
ახალ ნაბიჯებს მსხვილი კაპიტალის შესუსტების მიმართულებით. ეს უნდა გაკეთებულიყო
გადასახადების მკვეთრი მატებით მსხვილ კაპიტალზე ასევე სახელმწიფო კონტროლის
გამკაცრებით ეკონომიკაზე და ფინანსებზე.
ლეონ ბლუმის აზრით 1936 წლის ზაფხულში მიღწეული უნდა განემტკიცებინათ 1937 წელს.
თებერვალში მან გამოაცხადა შესვენება რეფორმების მხრივ. ფრანგული საქონლის ექპორტის
სტიმულირებისთვის და ეკონომიკური გამოცოცხლებისთვის მთავრობა წავიდა ფრანკის
დევალვაციაზე. ფრანკის ოქროს შემცველობა შემცირდა. შესაბამისად დაიწია მისმა კურსმა სხვა
ვალუტებთან შედარებით. ამან ფრანგული საქონელი უფრო იაფი გახადა და შედეგად უფრო
კონკურენტუნარიანი. კომუნისტები გამოვიდნენ დევალვაციის წინააღმდეგ თვლიდნენ, რომ ეს
გამოიწვევდა ფასების ზრდას შიდა ბაზარზე, ამას ემატებოდა აზრთა სხვადასხვაობა საგარეო
პოლიტიკაშიც. კომუნისტები მთავარ მოკავშირედ ხედავდნენ საბჭოთა კავშირს, დანარჩენები
ინგლისს. ინგლისთან სოლიდარობა კი ნიშნავდა დაშოშმინების კურსის მიღებას და ნაწილობრივ
ჩაურევლობას ესპანეთის სამოქალაქო ომში.
ამასობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა მაღალი გადასახადების შიშით ფრანგულმა
ბურჟუაზიამ იჩქარა კაპიტალის გატანა საზღვარგარეთ. კაპიტალდაბანდების შემცირება ფრანგულ
ეკონომიკაში ანელებდა მის ზრდას, გაიზარდა ფასები, ინფლაცია, ამან გამოიწვია მასობრივი
იმედგაცრუება სახალხო ფრონტის მიმართ და უფრო გაამწვავა პარტიებს შორის წინააღმდეგობა
ფრონტის შიგნით. 1937 წლის ზაფხულში ბლუმი მემარჯვენების მხრიდან ზეწოლის შედეგად
გადადგა. ის შეცვალა მემარჯვენე რადიკალმა შოტანმა რომელმაც გადაუხვია სახალხო ფრონტის
სოციალ ეკონომიკური კურსიდან და შეეცადა შეეცვალა 40 საათიანი სამუშაო კვირა და სოციალური
დაზღვევა, თუმცა ვერ შეძლო და გადადგა. 1938 წლის აპრილში რადიკალი დალადიეს მთავრობა
გამოვიდა სახალხო ფრონტის პროგრამის წინააღმდეგ. რადიკალები გამოვიდნენ მემარცხენე
კოალიციიდან. საგანგებო დეკრეტებმა 1938 წლის ნოემბერში გაზარდა გადასახადები და შეცვალა 40
სათიანი სამუშოა კვირა. ამან გამოიწვია საყოველთაო 24 საათიანი გაფიცვა. მთავრობამ შემოიღო
საგანგებო მდგომაროება და შეუდგა მასობრივ დათხოვნებს მუშების და მოსამსახურეებისა.
დალადიეს საგარეო პოლიტიკა იყო კიდე უფრო მემარჯვენე, ვიდრე მისი წინამორბედებისა.
საფრანგეთს არაფერი გაუკეთებია გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსის, ჩეხოსლოვაკიის დაკავების
წინააღმდეგ. დალადიემ მოაწრა ხელი მიუნხენის გარიგებას და დადო 1938 წლის 6 დეკემბერს
შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ გერმანიასთან. 1939 თებერვალში საფრანგეთმა გადასცა
ფრანსისკო ფრანკოს ესპანეთის რესპუბლიკური ფლოტი, შეიარაღება და ოქროს მარაგი რომელიც
დეპონირებული იყო ფრანგულ ბანკში.

You might also like