You are on page 1of 7

დევნა რელიგიური განსხვავებულობის ნიშნით

1572 წელს საფრანგეთში მასობრივი განადგურება დაიწყო რელიგიური ნიშნით. 24 აგვისტოს


წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს, პარიზში ჰუგენოტთა ერთ-ერთი ბელადის
ანრი ნავარელის ქორწილი იმართებოდა, რომელსაც უამრავი ჰუგენოტი ესწრებოდა. ეს ფაქტი
გამოიყენეს მოწინააღმდეგეებმა: ეკატერინე მედიჩი, კათოლიკე ბელადების - ჰერცოგი გიზების
თაოსნობით სათავეში ჩაუდგა ჰუგენოტებზე თავდასხმას, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი
დაიხოცა. ამგვარი სისასტიკის მიზეზი კი მხოლოდ ჰუგენოტთა განსხვავებული რელიგია იყო.
ისტორიაში ეს ფაქტი „ბართლომეს ღამის“ სახელით შევიდა. თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ
ერთდღიანი თავდასხმა ჰუგენოტებზე. იგი ბართლომეს ღამემდე და მას შემდეგაც
მიმდინარეობდა და წარმოადგენდა ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში მიმდინარე რელიგიური
კონფლიქტების მხოლოდ ერთ ნაწილს.

საბოლოოდ რელიგიური კონფლიქტები, კერძოდ კი რელიგიური მიზეზით დაწყებული 30


წლიანი ომი1648 წელს ვესტფალიის ზავით დასრულდა. რელიგიურმა ომებმა უდიდესი
ეკონომიკური ზიანი მოუტანა ევროპას და ფაქტობრივად გაანახევრა მოსახლეობა.
განსაკუთრებით დაზარალდა გერმანია, სადაც ზოგიერთმა სამთავრომ ომამდელი
მოსახლეობის 80-90 % დაკარგა. ზავით კი საბოლოოდ წერტილი დაესვა ევროპაში რელიგიურ
ნიადაგზე წარმოებულ ომებს.

ვესტფალიის ზავმა სათავე დაუდო საერთაშორისო სისტემას, რომელიც სუვერენიტეტის მქონე


სახელმწიფოებისგან შედგება. ყველა სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენია, ხოლო
საერთაშორისო ასპარეზზე თანასწორი სხვა სუვერენ სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე,
პოსტ-ვესტფალიურ საერთაშორისიო წესრიგში დამკვიდრდა სუვერენულ სახელმწიფოთა
თანასწორობის პრინციპიც.

შავკანიანი მონების მდგომარეობა


მე-15-დან მე-20 საუკუნემდე მილიონობით შავკანიანი ადამიანი გახდა მონათვაჭრობის
მსხვერპლი. აფრიკის კონტინენტიდან მოსახლეობა გემებით, არაადამიანურ პირობებში
გადაჰყავდათ და ყიდდნენ, რის შემდეგაც მათ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ
პლანტაციებში. ასეთი სასტიკი მოპყრობის მიზეზი კი თეთრკანიანთა დამოკიდებულება იყო.
ისინი შავკანიანებს მათი კანის ფერის გამო ადამიანებად არ მიიჩნევდნენ, მათ თავიანთ
საკუთრებად, ნივთად განიხილავდნენ, რომლის მოვალეობაც მხოლოდ სამუშაოს შესრულება
იყო.

საერთო ჯამში აფრიკის ტერიტორიიდან 80 მილიონამდე მონა იქნა გაყვანილი, ეს იყო


ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა, რომელიც სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა.
მონათვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ ევროპაში დაიწყო: 1787 წელს ინგლისში
ჩამოყალიბდა მონათვაჭრობის საწინააღმდეგო ასოციაცია, 1792 წელს დანიამ აკრძალა მონების
ყიდვა, ეტაპობრივად მთელი ევროპის მასშტაბით დაიწყო ძვრები, 1890 წელს ბრიუსელში
შედგა კონფერენცია, სადაც მონობის ამკრძალავ აქტს ხელი 18 სახელმწიფოს მოქალაქემ
მოაწერა. აღნიშნული აქტი ამბობდა: „შავკანიანთა ვაჭრობა უნდა შეწყდეს ხმელეთზეც და
ზღვაშიც.“
აშშ-ში მონობის გაუქმება სამოქალაქო ომთან არის კავშირში. მე-19 საუკუნის დასაწყისში
ჩრდილოეთი და სამხრეთ შტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამის მთავარი მიზეზი
იძულებითი შრომისადმი განსხვავებული შეხედულებები იყო. ამ ყველაფერს თან ერთვოდა
მონათა და გლეხთა აჯანყებები. 1854 წელს შეიქმნა რესპუბლიკური პარტია, რომელიც გმობდა
მონობას და 1860 წელს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდა, რასაც მოჰყვა სამხრეთ
ნაწილის აჯანყება და სამოქალაქო ომის დაწყება. ბრძოლა ჩრდილოელთა გამარჯვებით
დამთავრდა, რასაც მონობის აკრძალვა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მონობის გაუქმების აქტიური
მომხრე აბრაამ ლინკოლნი იყო. სწორედ ის გახდა პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი,
რომლის მმართველობის პერიოდშიც მიღებულ იქნა კონსტიტუციის მე-13 შესწორება მონობის
აკრძალვის შესახებ.

ტოტალიტარული რეჟიმები განსხვავებული


ადამიანების წინააღმდეგ
მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტურმა გერმანიამ ევროპელ ებრაელთა 60%-მდე, ბოშათა
მესამედი, 50 000-მდე შშმ პირი, 10 000-იდან 25 000-მდე ჰომოსექსუალი და ათასობით იეჰოვას
მოწმე გაანადურა, ეთნოსის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნებით. ამის
მიზეზი კი ის შეხედულება იყო, რომლის თანახმად გერმანელები მაღალი კლასის ადამიანებს
წარმოადგენდნენ, რაც მათ „დაბალ რასებზე“ უპირატესობას ნიშნავდა. ეს მოვლენები
დღეს ჰოლოკოსტის სახელით არის ცნობილი.
საბჭოთა კავშირში ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების, რწმენის, ეთნიკური და სხვა
ნიშნებით ხვრეტდნენ, აშიმშილებდნენ და ასახლებდნენ შორეულ აღმოსავლეთსა და
ცენტრალურ აზიაში, სადაც ისინი ტყვეობაში ასრულებდნენ სიცოცხლეს. საბჭოთა
პოლიტიკურმა რეჟიმმა მიზანმიმართულად მასობრივად გაანადგურა ადამიანები უკრაინაში,
მხოლოდ იმის გამო, რომ მათში ჩაეხშო განსხვავებული შეხედულებები. აღნიშნული გეგმა მან
პურის/ხორბლის სრული კონფისკაციითა და საყოველთაო შიმშილის გამოწვევით
განახორციელა, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს მოვლენა
ისტორიაში „ჰოლოდომორის“ სახელით შევიდა.
2008 წელს ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად
აღიარა, ხოლო 2022 წლის დეკემბერში გენოციდად.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში რეპრესიების მხვერპლნი გახდნენ კრიტიკულად


მოაზროვნე ადამიანები. ყველა ვისაც შეეძლო პროტესტის გამოხატვა დახვრიტეს ან
გადაასახელს, მათ შორის იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე და სხვები. საბჭოთა კავშირის დროს განადგურდა და გადაკეთდა ასობით
საკულტო ნაგებობა, რელიგიური პირები და სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები კი
კონტრრევოლუციონერებად გამოცხადდნენ და დახვრეტითა და გადასახლებით დაისაჯნენ.

ამგვარად, ისტორიის განმავლობაში დომინანტი ჯგუფების მიერ ადამიანთა მასობრივი


განადგურების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მათი განსხვებული რასა, სქესი, რელიგია,
ეთნიკური წარმომავლობა და შეხედულებები იყო.

ბრძოლა თანასწორობის მოსაპოვებლად


ზემოთ ჩამოთვლილმა ისტორიულმა მოვლენებმა ადამიანებს უბიძგა, რომ მათ დაეწყოთ
ბრძოლა თანასწორობის მოსაპოვებლად, რაც საბოლოო ჯამში დაასრულებდა გაჩაღებულ ომებს
და უზრუნველყოფდა მშვიდობიან თანაცხოვრებას. თანასწორობისათვის ბრძოლის
მაგალითები მრავლად გვაქვს ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია მე-20 საუკუნის
დასაწყისში ქალთა მოძრაობის (სუფრაჟისტები) გააქტიურება, რასაც ინგლისში ქალებისათვის
საარჩევნო ხმის უფლების მინიჭება მოჰყვა.

მანამდე, 1789-1799 წლებში საფრანგეთში რევოლუციის წყალობით მონარქიული რეჟიმები


დაემხო. რევოლუციის ლოზუნგი იყო „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა.“ აღსანიშნავია
ასევე მარტინ ლუთერ კინგის ლიდერობით მასობრივი დემონსტრაციებისა და სამოქალაქო
აქტივიზმის შედეგად რასიზმის აღმოფხრა აშშ-ში. მარტინ ლუთერ კინგი იყო რასიზმის
წინააღმდეგ დემონსტრაციის ლიდერი, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა. 1963
წლის 28 აგვისტოს მან საკუთარი ისტორიული სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ წარმოთქვა და
ვაშინგტონში ლინკოლნის მონუმენტთან აქციაზე მყოფ 300 ათასამდე ადამიანს მიმართა. ეს
ღონისძიება ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და მას შედეგად მოჰყვა
„სამოქალაქო უფლებების შესახებ“ აქტის მიღება, რომელიც კრძალავდა დისკრიმინაციას
საჯარო სივრცეებში.
თანასწორობის მოსაპოვებლად ბრძოლის მაგალითად ასევე მიიჩნევა როზა პარქსი. პარქსმა
ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერის მუნიციპალურ ავტობუსში მომხდარი ინციდენტით
გაითქვა სახელი. 1955 წლის 1 დეკემბერს მან კანონისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინა
და მძღოლის მოთხოვნის მიუხედავად, თეთრკანიან მგზავრს ადგილი არ დაუთმო, რის
გამოც ციხეში აღმოჩნდა. პარკსის დაპატიმრებას მოჰყვა საყოველთაო გაფიცვა, რომელიც
მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის სახელითაა ცნობილი. 381 დღის მანძილზე
მონტგომერის შავკანიანი მოსახლეობა საქალაქო ავტობუსების ქსელს ბოიკოტს უცხადებდა
და ფეხით, ველოსიპედით ან ტაქსით გადაადგილდებოდა. პროტესტის არაძალადობრივმა
ფორმამ შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის კანონი
გაუქმდა, რაც აშშ-ში შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში მოპოვებული
პირველი დიდი გამარჯვება იყო. შემდგომში პარქსის წინააღმდეგობრივი აქტი და
მონტგომერის ბოიკოტი რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი
სიმბოლო გახდა.
თავი 1, გაკვეთილი 4
თანასწორობა და
დისკრიმინაცია
1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის,
კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური
ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად
მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ
დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და
ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების
არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ეს ჩანაწერი ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის
კონსტიტუციურ პრინციპს განამტკიცებს, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს იმის გარანტიას,
რომ მიუხედავად რაიმე ნიშნით განსხვავებულობისა, მას მოეპყრობიან თანასწორად.

თანასწორობის მნიშვნელობა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაციობრიობა საბოლოოდ მიხვდა თანასწორობის მნიშვნელობას
და გადაწყვიტა ამ პრინციპის საყოველთაოდ აღიარება. გაეროს გენერალური ასაბლეის მიერ
1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციის“ პირველივე მუხლი აცხადებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და
თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და
ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის
ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური და
პოლიტიკური განვითარება. თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა
ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება, დაიკავოს
სახელმწიფო თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ რესურსს და შესაძლებლობებს
დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის რეჟიმში.

მაგალითად, შეუძლებელი იქნებოდა ალექსანდრე დიუმა გამხდარიყო მწერალი და შეექმნა


ისეთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორებიცაა „სამი მუშკეტერი,“ „გრაფი
მონტე კრისტო“ და სხვა, თავისი კანის ფერის გამო რომ განედევნათ და მონად გაეყიდათ. ასევე
მსოფლიო დაკარგავდა მთელ როკ-ეპოქას, ფრედი მერკური საკუთარი ეროვნების ან
სექსუალური ორინეტაციის გამო საზოგადოებას რომ გაერიყა და შემოქმედებით პროცესში
ხელი შეეშალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თანასწორობის იდეა არ არის ახლად წარმოშობილი ცნება.


იგი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რაზეც მიუთითებს მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო
მოღვაწეების ნააზრევი. ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა
და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო,
რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის
და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ
კაცისგან.“ თანასწორობის პრინციპზე საუბრობდა ასევე იაკობ გოგებაშვილი:
„თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა
ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ
და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს
მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას...ვიწრო რასობრივი განსაკუთრებულობით
ნაკარნახებმა რეპრესიულმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ მავნე შედეგი მოგვცეს.“

თანასწორობა და ტოლერანტობა
თანასწორობის ცნებასთან მჭიდრო კავშირშია ტოლერანტობის ცნებაც. როგორც 1995 წლის 16
ნოემბერს UNESCO-ს ინიციატვით გაეროს წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ ტოლერანტობის
პრიციპების დეკლარაციაშია აღნიშნული, „ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება
მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და
სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის
მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.“
ამავე დეკლარაციის თანახმად, ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი
მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის
გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა,მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს
უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა
თავისუფლება.

ყოველი წლის 16 ნოემბერს მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ტოლერანტობის


საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დისკრიმინაციის აკრძალვა
თანასწორობის ცნება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია
ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ
აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. ყველა დიფერენციაცია (განსხვავებული
მოპყრობა) არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მართვის
მოწმობის გაცემაზე უარის თქმა უსინათლო პირებისთვის არ ჩაითვლება თანასწორობის
უფლების დარღვევად, რადგანაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური მიზანი
- უსაფრთხოების დაცვა..
დასაწყისში ვახსენეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩანაწერი, რომელიც ერთი
შეხედვით ამომწურავად ჩამოთვლის დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით საქართველოს კონსტიტუციის მე-
11 მუხლის შინაარსი გახსნილია და მასში მოიაზრება დისკრიმინაციის ყველა ნიშანი.
არსებობს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი
მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ან
რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ
სხვა პირთან შედარებით. მაგალითად, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც რომელიმე
სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლებას მისცემენ მხოლოდ მამაკაცებს და არ
მისცემენ ქალებს, სქესის გამო ან თუკი საქართველოში მიწის შესყიდვის უფლება ექნებათ
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის
არმქონე პირებს.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით


დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო
არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ
პირებთან შედარებით. მაგალითად, ირიბი დისკრიმინაციაა, როდესაც სახელმწიფო
დაწესებულებაში შესვლა ეკრძალებათ ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ კაბა. ამ შემთხვევაში
გვექნება არა სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია, არამედ ირიბი დისკრიმინაცია სქესის
გამო, რადგან ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ ქალებს აცვიათ კაბა, შესაბამისად ეს წესი
გავლენას მხოლოდ ქალებზე მოახდენს. ირიბი დისკრიმინაციის კიდევ ერთი მაგალითია
რომელიმე დაწესებულებაში, მაგალითად საჯარო სკოლაში თავსაბურავის ტარების უფლების
აკრძალვა. ეს წესი მართალია ერთი შეხედვით ნეიტრალურია და ყველა პირზე თანაბრად
ვრცელდება, თუმცა იგი უარყოფით გავლენას ახდენს (და არახელსაყრელ მდგომარეობაში
აყენებს მათ) მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე
სურთ თავსაბურავის ტარება (მაგალითად მუსლიმები). შესაბამისად, ეს არის ირიბი
დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით.
მნიშვნელოვანია თანასწორობა გაიმიჯნოს გათანაბრებისგან, მნიშვნელოვანია თანასწორობა
გაიმიჯნოს გათანაბრებისგან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული
პრაქტიკით, თანასწორობის უფლება არ გულისხმობს ბუნებისა და შესაძლებლობების
განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას -
გათანაბრებას(შედეგების თანასწორობა). მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი
საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველ კონკრეტული
ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო
უთანასწოროებს პირიქით.(შესაძლებლობების თანასწორობა). თანასწორობის იდეის
თანახმად, სახელმწიფო არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა
მოეპყრას თანასწორად. აღნიშნულის დარღვევაც წარმოადგენს ირიბ დისკრიმინაციას.
მაგალითად, თუ თვითმმართველობის ორგანო გამოაცხადებს კონკურსს ქალაქში
ტროტუარების მოპირკეთების შესახებ და აღნიშნული პროექტით არ გაითვალისწინებს ე.წ.
პანდუსების განთავსებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ამით ის
დაარღვევს თანასწორობას, რადგანაც პროექტის განხორციელებით მოპირკეთებული გზა
თითქოსდა ყველა ადამიანისთვის იქნება, თუმცა მისით ვერ ისარგებლებენ შშმ პირები. ამ
შემთხვევაში შშმ პირები და ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილება არ
წარმოადგენენ თანასწორ პირებს მათი განსხვავებული შესაძლებლობების გამო, სწორედ
ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მათი განსხვავებული საჭირობები და მოეპყრას
განსხვავებულად.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულმა
ცვლილებებმა გავლენა იქონია თანასწორობის უფლების შინაარსზე. თუკი 2017 წლამდე
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით თანასწორობის უფლება შესაძლებლობების
თანასწორობას იცავდა, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით კონსტიტუციის
მე-11 მუხლი შესაძლებლობების თანასწორობასთან ერთად გარკვეულ შემთხვევებში იცავს
შედეგების თანასწორობასაც. ამის მაგალითია კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი,
რის მიხედვითაც, სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების
არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებით ქალებისა და მამაკაცების არსებითი
თანასწორობის უზრუნველსაყოფად კონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის
არჩევნებზე ქალთა სასარგებლოდ კვოტების დაწესება.
მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ განსხვავებულობის არც ერთი ნიშანს, იქნება ეს რასა,
კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები, სქესი თუ სხვა რამ არ აქვს რაიმე უპირატესობა
სხვებთან შედარებით. ნებისმიერი დისკირმინაცია, მიუხედავად იმისა თუ რა ნიშნის
საფუძველზე ხდება ის, თანაბრად აკრძალულია.

თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის


საფუძველია. ხოლო დემოკრატიული ღირებულებებისა და თანასწორობის პრინიციპის
გაზიარება საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.

აღსანიშნავია,რომ დისკრიმინაციის აკრძალვა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ


თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. თანასწორობის უფლება სახელმწიფოსთან ერთად
კერძო პირებსაც უკრძალავს ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე გაუმართლებელ
დისკრიმინაციას. ამის მაგალითია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
საქართველოს კანონი, რომლის მიზანიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და
ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა. თუმცა ეს
ვალდებულება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ იგი კარნახობს ადამიანებს თუ ვისთან უნდა
იმეგობრონ და დაამყარონ კერძო ხასიათის ურთიერთობები. ვალდებულება ვრცელდება ისეთ
შემთხვევებზე, როდესაც ადამიანები ან კომპანიები სთავაზობენ საჯარო სერვისს
საზოგადოებას. მაგალითად, აქვთ რესტორანი ან სასტუმრო, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა
იყოს თანასწორად ყველასთვის.

You might also like