You are on page 1of 17

ესპანეთის დემოკრატიზაცია

მშვიდობიანი გადასვლა დემოკრატიაზე (1975-1982). ფრანკოს რეჟიმის დემონტაჟი. მონკლოას პაქტები


ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთი გადავიდა ახალ ისტორიულ ეტაპზე. ეს იყო
ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანი, მაგრამ ამავე დროს მტკივნეული დემონტაჟი.
1975 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფოს მეთაური ოფიციალურად გახდა მეფე ხუან კარლოსი 4
დეკემბერს მთავრობის მეთაურად მეფემ დაამტკიცა თავისი კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილი
კარლოს არიას-ნავარო. ახლად ფორმირებული კაბინეტის შემადგენლობაში შევიდნენ ფრანკიზმის
რეფორმატორული ტალღის მინისტრები: მანუელ ფრაგა ირიბარნე, ხოსე მარია არეილსა, ანტონიო
გარიგესი, ალფონსო ოსორიო. 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ საპროგრამო განცხადებაში ახალმა კაბინეტმა
გამოაცხადა, რომ გაჰყვებოდა ,,ევოლუციის პროცესს” და შეეცდებოდა, დაეახლოებინა ესპანეთი
დასავლეთის საზოგადოებასთან.
მთავრობის პირველი ნაბიჯები იყო ნაწილობრივი ამინისტიის გამოცხადება და რეჟიმის გარკვეული
ლიბერალიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება. ამასთან, პოლიტიკური რეპრესიები (არა
ისეთი მასშტაბური, როგორც ფრანკოს დროს) არ შემწყდარა, ის ძირითადად კომუნისტების წინააღმდეგ
იყო მიმართული. პირველი პოსტფრანკისტული მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, ესპანური
პარლამენტარიზმის საფუძვლებზე გაეფართოებინა სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. ამასთან,
არ გამოირიცხებოდა რეფორმატორულ გეგმებში ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვა. არიას
ნავაროს მთავრობის მთელი რეფორმატორული წამოწყებები ჩაფიქრებული იყო არსებული წესრიგის
,,სრულყოფისთვის”, რაც მოიაზრებდა შეზღუდულ და ,,ზემოდან” კონტროლირებად დემოკრატიას.
გარდაქმნები იგეგმებოდა საბაზო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით. ამ გზაზე პირველი
ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ორპალატიანი პარლამენტის ფორმირება, რომელიც უნდა არჩეულიყო უფრო
დემოკრატიულ საფუძვლებზე, ვიდრე ფრანკოს დროინდელი კორტესი. არიას ნავაროს კაბინეტმა ვერ
შეძლო ამ იდეის რეალიზება, თუმცა კორტესმა მოიწონა მთავრობის ზოგიერთი ლიბერალური
კანონპროექტი. 1976 წელს მიღებულ იქნა კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ და კანონი
პოლიტიკური ასოციაციების უფლებების შესახებ, რომლის თანახმად დაიშვებოდა პოლიტიკური პარტიის
დაარსების შესაძლებლობა. ამასთან, კორტესმა არ დაუშვა შესაბამისი ცვლილებების შეტანა ქვეყნის
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომლითაც მკაცრად ისჯებოდა აკრძალული პოლიტიკური
ასოციაციების და პარტიების ორგანიზატორები და მონაწილეები. კორტესის არამდგრადი პოზიციის გამო
რეფორმების კურსი დამუხრუჭდა.
მთავრობის არათანმიმდევრულობა იწვევდა ნეგატიურ რეაქციას და იმედგაცრუებას ესპანურ
საზოგადოებაში. ამავე დროს, სუსტი რეფორმებიც კი ეჯახებოდა წინააღმდეგობას ორთოდოქსი
ფრანკისტების, ანუ ე.წ. ბუნკერის მხრიდან. მდგომარეობა ქვეყანაში გართულდა. შექმნილ პირობებში
,,გონივრული რეფორმების” მომხრეები გამოდიოდნენ არიას ნავაროს კაბინეტის გადადგომის
მოთხოვნით. დემოკრატიული ოპოზიცია აქტიურად მოითხოვდა ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას,
რომელიც ბოლოს მოუღებდა ფრანკიზმს და შეუდგებოდა ცვლილებების განხორციელებას. ოპოზიციური
პარტიის და ასოციაციების ლიდერებმა გვერდზე გადადეს უთანხმოებები და გააერთიანეს ძალისხმევა
მთავარი მიზნის ,,ფრანკიზმის დემონტაჟის” მისაღწევად. 1976 წლის მარტში შეიქმნა კოალიცია
,,დემოკრატიული კოორდინაცია”. ოქტომბერში მასში სხვა პარტიების შესვლის შემდეგ კოალიცია
რეორგანიზებული იქნა უფრო ფართო ,,დემოკრატიული ორგანიზაციების პლატფორმად“, რომელიც
წარმოადგენდა თითქმის ყველა წამყვან ოპოზიციურ ძალას.

1
1976 წლის 1 ივლისს ხუან კარლოს I-მა დაითხოვა არიას ნავაროს მთავრობა. ახალი მთავრობის
ფორმირება მეფემ დაავალა ახალგაზრდა პოლიტიკურ მოღვაწეს ადოლფო სუარესს. რომელიც შედიოდა
წინა მთავრობაში. ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებდა მეფის არჩევანს, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა
დაანახა, რომ სუარესის მთავრობა უფრო თანმიმდევრული იყო, ვიდრე არიას ნავაროსი. 1976 წლის
ივლისში ახალი მთავრობა გამოვიდა წინადადებით, ქვეყანაში ჩაეტარებინათ საყოველთაო არჩევნები
არაუგვიანეს 1977 წლის 30 ივნისისა. 1976 ივლისსა და 1977 მარტში გამოცხადდა ამნისტია, რა დროსაც
განთავისუფლდა პოლიტიკური პატიმრების უმრავლესობა. თავისი არსებობის პირველ თვეებში ა.
სუარესის კაბინეტი, უკიდურესად რადიკალური წრეების პოლიტიკური იზოლაციის საკმაოდ
წარმატებული მცდელობის ფონზე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული წყობის
რეფორმირების გზას მიყვებოდა. ყველაზე რთული იყო შეიარაღებული ძალების სარდლობის
განეიტრალება. დიდი ხნის განმავლობაში იყო რა ავტორიტარული რეჟიმისა ერთგული დასაყრდენი,
არმია 70-იანი წლების მეორე ნახევარში ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ
ცვლილებებს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, სამხედრო დისციპლინისა და მეფისათვის ერთგულების
ფიციდან გამომდინარე, ბევრი ესპანელი გენერალი თუ ადმირალი მშვიდად აღიქვამდა ცვლილებების
პროცესს. პოზიტიური როლი ამ პროცესში ითამაშა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვის
საქმეებში გენერალმა მანუელ გუტიერეს მელიადომ, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს არმიის
პროფესიონალიზაციას და დეპოლიტიზაციას.
მთავრობის ქცევის ხაზი გულისხმობდა ზომიერი ანტიფრანკისტების სახით მომხრეების ძიებას.
მინისტრები და თვითონ ა. სუარესი პოლიტიკურ კონტაქტებს ამყარებდნენ დემოკრატიული ოპოზიციის
ლიდერებთან (გარდა კომუნისტებისა). არანაკლები როლი რეფორმების განხორციელებაში ითამაშა ხუან
კარლოს I-მა, რომელიც გამოდიოდა რეჟიმის ლიბერალიზაციის და კონსტიტუციური მონარქის შექმნის
მომხრედ. მეფის მხარდაჭერა მთავრობისადმი ანეიტრალებდა კონსერვატორ ფრანკისტებს არმიაში და
სახელმწიფო აპარატის სხვა რგოლებში.
დემოკრატიაზე გადასვლის სამართლებრივი საფუძველი გახდა კანონპროექტი ,,პოლიტიკური
რეფორმების შესახებ”, რომელიც ნაწილობრივ აღიარებდა ხალხის სუვერენიტეტს და ადამიანის
უფლებების ურყეობას. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული იყო ორპალატიანი გენერალური კორტესის
დაარსება, რომლის დეპუტატები აირჩეოდა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული არჩევნებით
(სენატორების 20%-ს უშუალოდ მეფე ნიშნავდა). გენერალურ კორტესს მიეცა უფლება, შეეტანა
ცვლილებები ფრანკოს პერიოდის ,,ძირითად კანონებში” ან საერთოდ გაეუქმებინა ისინი. ,,ფრანკისტულმა
კორტესმა”, რომელიც იმ მომენტისთვის აგრძელებდა ფუნქციონირებას, 1976 წლის 18 ნოემბერს მოიწონა
კანონპროექტი, რის შემდეგაც ის გატანილ იქნა რეფერენდუმზე, რომელიც დაინიშნა 1976 წლის 15
დეკემბერს.
რეფერენდუმის წინა დღეებში სოციალისტებმა, კომუნისტებმა და ზომიერმა ნაციონალისტებმა
მოუწოდეს თავიანთ მომხრეებს, თავი შეეკავებინათ მონაწილეობისგან. უკიდურესად მემარჯვენე და
რადიკალი მემარცხენე პარტიების უმრავლესობა ასევე გამოვიდა კანონპროექტის წინააღმდეგ. მას
აქტიურად უჭერდნენ მხარს ცენტრისტები და ზომიერი ფრანკისტები. მიუხედავად ბოიკოტის
მოწოდებებისა, რეფერენდუმი შედგა. საარჩევნო ურნებთან მოვიდა ხმის უფლების მქონე ესპანელების
77,7%. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 94,2%-მა და მან მიიღო კანონის ძალა.
რეფერენდუმის შედეგი არსებითად იყო მთავრობის რეფორმატორული კურსის სახალხო ნდობის
ვოტუმი. ამ დროს შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა უკიდურესად მემარჯვენე თუ
მემარცხენე დაჯგუფებების მხრიდან ექსტრემისტული მოქმედებების გამო. 1977 წლის იანვარში
მადრიდში ატოჩას ქუჩაზე თავის ოფისში სასტიკად იქნა მოკლული ხუთი ადვოკატი, რომლებიც
მჭიდროდ თანამშრომლობდნენ პროფკავშირულ გაერთიანებასთან. მკვლელობები, ქუჩის შეტაკებები,
2
დაშინების უამრავი შემთხვევა, ადამიანთა გატაცებები ძაბავდა მდგომარეობას ქვეყანაში. სიტუაციას
აღრმავებდა ETA-ს ტერორიზმი. 1968-1978 წლებში ბასკების ტერაქტების შედეგად მოკვდა 72 ადამიანი
(საშუალოდ 7 მკვლელობა წელიწადში), 1978 წლიდან 1987 წლამდე კი მათი მსხვერპლი გახდა 526
ადამიანი. ამავე წლებში გამოჩნდნენ ,,ბოევიკები“ ტერორისტული მემარცხენე ორგანიზაცია GRAPO-დან
(Grupos de resistencia antifascista primero de octubre). როგორც ჩანს, ეს სახელი მათ აიღეს იმის გამო, რომ
პირველი ტერაქტი მოაწყვეს 1975 წლის 1 ოქტომბერს. მათი მსხვერპლი 1975-1984 წლებში გახდა 61
ადამიანი). სიტუაცია კონტროლიდან გამოდიოდა. მოვლენების ნეგატიური განვითარების თავიდან
ასაცილებლად, ცენტრალური ხელისუფლება და დემოკრატიული ოპოზიცია მივიდა შეთანხმებამდე
ანტიტერორისტული მოქმედების კოორდინაციის შესახებ. მოლაპარაკების მსვლელობისას ოპოზიცია
დაეთანხმა მთავრობის გარდაქმნების გეგმას. სუარესი თავის მხრივ იღებდა ესპანეთში დემოკრატიული
წესრიგის დამყარების ვალდებულებას დასავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად.
ასრულებდა რა აღებულ ვალდებულებებს, მთავრობამ გააუქმა საზოგადოებრივი წესრიგის
ტრიბუნალები, რომლებიც ფრანკოს დროს თავისი რეპრესიული საქმიანობით ცნობილი იყო. გამოცხადდა
მორიგი ამნისტია. 1977 წლის 18 მარტის სამთავრობო დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო სისტემაში
შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელიც განამტკიცებდა პროპორციულ სისტემას. პოლიტიკური
ასოციაციების შექმნის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ლეგალიზებულ იქნა ადრე
აკრძალული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კომუნისტური პარტია, გაუქმებულ იქნა ფაშისტური
,,ესპანური ფალანგა“ და უზრუნველყოფილ იქნა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავისუფალი
დაარსება.
ამრიგად, საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
შეძლეს პარტიებმა რომლებიც წარმოადგენდნენ ესპანური საზოგადოების ყველა ძირითად სეგმენტს. მათ
შორის იყო არა მხოლოდ ,,ისტორიული პარტიები” (ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია, ესპანეთის
კომუნისტური პარტია), არამედ უშუალოდ არჩევნების წინ ფორმირებული ცენტრისტული
გაერთიანებები, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ცენტრის კავშირი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა
პრემიერ მინისტრი ა. სუარესი.
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1977 წლის 15 ივნისს და აღინიშნა ამომრჩეველთა მაღალი
აქტიურობით. მასში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე მოქალაქეების 78%-მა. არჩევნებმა
დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა დემოკრატიული ცენტრის კავშირს, რომელმაც მიიღო 165 მანდატი.
უდავო წარმატება მოიპოვა სოციალისტურმა პარტიამაც ენერგიული და ახალგაზრდა ფელიპე
გონსალესის მეთაურობით (მათ მიიღეს 118 მანდატი და გავიდნენ მეორე ადგილზე). სხვა პარტიებიდან
კომუნისტებმა (სანტიაგო კარილიოს მეთაურობით) მიიღეს 20 ადგილი, მემარჯვენე კონსერვატიულმა
სახალხო ალიანსმა მ. ფრაგა ირიბარნეს მეთაურობით კი – 16 მანდატი. იდეოლოგიური თვალსაზრისით
დეპუტატთა კონგრესის შემადგენლობა გაიყო ორ ბლოკად და მემარჯვენე პარტიები უმნიშვნელო
უპირატესობით, რამდენიმე ხმით უსწრებდნენ მემარცხენე ძალებს.
1977 წლის მეორე ნახევარმა და 1978 წელმა ჩაიარა დემოკრატიული კონსტიტუციის შემუშავებაში. ამ
უმთავრეს ამოცანასთან ერთად განხორციელდა ახალი დემოკრატიული გარდაქმნები. გამოცხადდა
ამნისტიის მორიგი ეტაპი პოლიტიკური მოტივებით მსჯავრდებულთათვის და დაწყებულ იქნა
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონებისთვის ფართო
ავტონომიის მინიჭებას, პირველ ყოვლისა, კატალონიისა და ბასკეთისთვის.
მშვიდობიანი გადასვლა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიულ მოდელზე წინასწარ განსაზღვრა
მონკლოას პაქტებმა. 1977 წლის 8-9 ოქტომბერს მონკლოაში სამთავრობო რეზიდენციაში ეროვნული
პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად შეიკრიბა პოლიტიკური პარტიების
და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან შემდგარი ,,მრგვალი მაგიდა”. განსახილველად იქნა
3
გამოტანილი სამთავრობო მოხსენება და კრიზისის დაძლევის გეგმები. დებატების და გეგმაში
ცვლილებების შეტანის შემდეგ მონაწილეები შეთანხმდნენ დასკვნით დოკუმენტზე, რომელსაც ერთობ
მოკრძალებული სახელი – ,,შესრულებული სამუშაოს რეზიუმე” ერქვა. ეს დოკუმენტი წარდგენილ იქნა
საპარლამენტო ფრაქციებში და განხილულ იქნა გენერალური კორტესის სპეციალურ კომისიებში, სადაც
ბევრი მისი დადგენილება განივრცო და განვითარდა. ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ძირითადი
საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც
ძალიან მალე მოწონებულ და გაფორმებულ იქნა კორტესის მიერ საკანონმდებლო აქტის სახით.
მონკლოას პაქტების ეკონომიკური ნაწილის არსი წარმოადგენდა ერთგვარ კომპრომისს: მემარცხენე
ძალები დათანხმდნენ ხელფასის ზრდის შეზღუდვას ინფლაციის დონემდე, მემარჯვენები კი –
პროგრესული საგადასახადო რეფორმების გატარებას. შეთანხმებულ იქნა ზომები, რომელიც საშუალებას
აძლევდა კომპანიებს, საკმაოდ თავისუფლად დაეთხოვათ მშრომელები. ამით ირღვეოდა ფრანკოს
პერიოდის ,,სოციალური პაქტი”, როცა მუშები იძულებით უჭერდნენ მხარს პოლიტიკურ სიმშვიდეს
დათხოვნისგან გარანტიების სანაცვლოდ. თავის მხრივ, მთავრობა ვალდებული იყო გაეუმჯობესებინა
სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა და აემოქმედებინა პროფკავშირული უფლებები თუ
თავისუფლებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი კონვენციების შესაბამისად.
მონკლოას პაქტების პოლიტიკური ნაწილი ითვალისწინებდა საპარლამენტო კონტროლის დაწესებას
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, სისხლის სამართლის და სამხედრო კოდექსების გადასინჯვას
მათი შემსუბუქების მხრივ, რიგი კანონპროექტების შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავდა შეკრებების და
მანიფესტაციების ჩატარების ახალ წესრიგს, საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონის
დემოკრატიზაციას და ა.შ. ამრიგად, მონკლოას პაქტები იყო კომპრომისი: საერთო მიზნის მისაღწევად
ყოველი მხარე თანხმდებოდა განსაზღვრულ დათმობებზე.
დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, სახელმწიფო მოწყობის ახალი მოდელი (Estado de las autonomías)
1977 წელს ცნობილი პოლიტიკოსების, მეცნიერების და საკონსტიტუციო სამართლის
სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიწყო კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა. დაძაბული მუშაობის
შემდეგ პროექტი წარედგინა პარლამენტის დეპუტატებს ხოლო 1978 წლის 31 ოქტომბერს მოწონებულ იქნა
კორტესის ორივე პალატის მიერ 551 ხმით 584-დან (წინააღმდეგი იყო 22, ხოლო თავი შეიკავა – 11-მა
დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე ფრაქციების
წარმომადგენლები, ხოლო ბასკური ნაციონალისტური პარტიის დეპუტატებმა თავი შეიკავეს).
1978 წლის 6 დეკემბერს კონსტიტუციის პროექტი გატანილ იქნა რეფერენდუმზე. ის მოიწონა 15,7
მლნ ესპანელმა (რეფერენდუმში მონაწილეთა 87,7% და ხმის უფლების მქონე მოქალაქეების 58,9%)
კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1978 წლის 27 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა მეფე ხუან კარლოს
I-მა.
ესპანეთის კონსტიტუციის მამები თვლიდნენ, რომ XX საუკუნის II ნახევრის პოლიტიკური
აზროვნება მნიშვნელოვნად დაწინაურდა ხელისუფლების დანაწილების და ,,საპირწონე” სისტემის
შექმნის გზით ,,დესპოტიზმისგან დაცვის შესახებ” ფრანგი განმანათლებლების მეთოდოლოგიურ
თეზისებთან შედარებით. ამიტომ მოქალაქეთა ძირითადი უფლებების და ინტერესების დაცვას ისინი
ხედავდნენ არა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთმანეთთან შეპირისპირებაში,
არამედ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნაში, რომელიც მოიცავს ავტორიტეტულ
საკონსტიტუციო სასამართლოს და სახალხო დამცველის ინსტიტუტს; ასევე პიროვნების უფლებების და
ინტერესების დამცავ დეტალურად შემუშავებულ კანონმდებლობაში.
კონსტიტუცია შედგებოდა პრეამბულის, შესავალი ნაწილის, ათი კარის, რომელიც 169 მუხლს
აერთიანებდა, ოთხი დამატებითი დებულების და ცხრა გარდამავალი დებულებისგან. კონსტიტუციის
პრეამბულასა და შესავალ ნაწილში დაფიქსირებულია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის პრინციპები:
4
ესპანეთი გამოცხადდა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოდ პოლიტიკური მოწყობის ფორმით –
საპარლამენტო მონარქია, ხოლო ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელია ესპანელი ხალხი.
ცენტრსა და რეგიონებს შორის რთული ურთიერთობების კონტექსტში ქვეყნის შემდგომი
განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო მე-2 მუხლი: ,,კონსტიტუცია დაფუძნებულია ესპანელი ერის
ურღვევ ერთიანობაზე, ყველა ესპანელის საერთო და განუყოფელ სამშობლოზე; ის აღიარებს და
გარანტირებს მისი შემადგენელი რეგიონების და ეროვნებების უფლებას თვითმმართველობაზე და
სოლიდარობას ყველა მათ შორის”. ამრიგად, კონსტიტუციურად იყო აღიარებული და გარანტირებული
ეროვნული და ტერიტორიული ავტონომიების უფლება. რამდენადაც ესპანეთი უნიტარული სახელმწიფო
იყო, ავტონომიური გაერთიანებების არსებობა ესპანურ უნიტარიზმს დეცენტრალიზებული სახელმწიფოს
ნიშნებს აძლევდა.
ესპანეთისთვის, სადაც 40 წლის განმავლობაში არ არსებობდა რეალური დემოკრატიული უფლებები
და თავისუფლებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკური პლურალიზმის,
მრავალპარტიულობის და პროფკავშირების თავისუფლად შექმნის პრინციპს (მუხლები 6 და 7).
პოლიტიკური პარტიები განისაზღვრა როგორც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ესპანელი ხალხის
მონაწილეობის ძირითადი ინსტრუმენტი.
კონსტიტუციის პირველ კარში გაწერილი იყო მოქალაქეთა უფლებები და ვალდებულებები,
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, უფლების და სამოქალაქო
თავისუფლების გარანტიები. ადამიანის ღირსება და მისი უფლებების განუყოფლობა, სხვა პირების
უფლებების პატივისცემა აღიარებული იყო პოლიტიკური წყობის და სოციალური მშვიდობის
საფუძვლად. ყველა ესპანელი კანონის წინაშე თანასწორად ცხადდებოდა და იკრძალებოდა ნებისმიერი
ფორმით დისკრიმინაცია. მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების ინსტიტუციონალურ გარანტიას
გენერალური კორტესის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი წარმოადგენს. სახელმწიფოს საერო
ხასიათი განსაზღვრულია ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნით და რომელიმე რელიგიის ოფიციალურ
სტატუსამდე აყვანის აკრძალვით, ამასთან ერთად, გარანტირებულია აღმსარებლობის და იდეოლოგიის
თავისუფლება.
კონსტიტუციის მეორე კარის მიხედვით, მეფე არის სახელმწიფოს მეთაური, ერის ერთიანობის
სიმბოლო და ის წარმოადგენს ესპანელ ხალხს საერთაშორისო ურთიერთობებში. კონსტიტუციურად
განმტკიცებულია ესპანეთისთვის ტრადიციული მემკვიდრეობითობის კასტილიის სისტემა,
დეტალურადაა რეგლამენტირებული რეგენტობის წესი.
მესამე კარი ეძღვნება ორპალატიანი პარლამენტის – გენერალური კორტესის უფლებამოსილებას. ის
შედგება დეპუტატთა კონგრესის და სენატისგან. ორივე პალატა ფორმირდება ერთდროულად
თავისუფალი, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო სისტემის საფუძველზე (ფარული
კენჭისყრით). დეპუტატთა არჩევისას გამოიყენება პროპორციული, ხოლო სენატორთა არჩევისას –
მაჟორიტარული სისტემა. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ოთხი წლით. დეპუტატთა
კონგრესი შედგება მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 400 დეპუტატისგან, სენატი კი წარმოადგენს ტერიტორიულ
წარმომადგენლობით პალატას. ორმოცდაათივე პროვინციის მოსახლეობა ირჩევს ოთხ სენატორს
საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით. ესპანური ქალაქები სეუტა და მელილია ირჩევენ ორ-
ორ სენატორს. გარდა ამისა, ყველა რეგიონალური გაერთიანება ირჩევს თავის სენატორს და კიდევ თითო
სენატორს ყოველი მილიონ მოსახლეზე.
მეოთხე კარი არეგულირებს ცენტრალური მთავრობის და ადმინისტრაციის საქმიანობას. მთავრობა
წარმოადგენს უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ხელმძღვანელობს საშინაო და საგარეო
პოლიტიკას, სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციის საქმიანობას. მთავრობა შედგება თავმჯდომარის,
მოადგილეების, მინისტრების და მთავრობის კანონით განსაზღვრული სხვა წევრებისგან. კონსტიტუციის
5
თანახმად, მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეფე, პარტიული ფრაქციის ხელმძღვანელებთან
კონსულტაციის შედეგად, წარადგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას (როგორც წესი, პირველ
გასული პარტიის ლიდერს). თუ შეთავაზებული კანდიდატი მიიღებს კონგრესში ხმების აბსოლუტურ
უმრავლესობას, მეფე ამტკიცებს მას, თუ კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ მხარდაჭერას, 48 საათის
შემდეგ ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა, რა დროსაც საკმარისია უკვე კენჭისყრაში მონაწილეთა უბრალო
უმრავლესობა მთავრობის მეთაურის პოსტზე დასანიშნად.
მეხუთე ნაწილი განსაზღვრავს მთავრობის და გენერალური კორტესის ურთიერთობის საკითხებს.
მთავრობა ყალიბდება პარლამენტის გზით და ხელისუფლება უნდა სარგებლობდეს არა პირადად
მონარქის ნდობით, რომელიც ფორმალურად ნიშნავს თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტის დანარჩენ
წევრებს, არამედ პარლამენტის წინაშე. პარლამენტარიზმის მთავარი ელემენტი არის მთავრობის
პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.
სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციის საფუძვლები განსაზღვრულია მეექვსე კარში.
სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მეფის სახელით მოსამართლეების და მაგისტრატების მიერ,
რომლებიც არიან დამოუკიდებელნი და პასუხისმგებელნი მხოლოდ კანონის წინაშე. მოსამართლის,
მაგისტრატის, პროკურორის თანამდებობები შეუთავსებელია სხვა თანამდებობებთან. გარდა ამისა
იკრძალება მათი პოლიტიკურ პარტიებში და პროფკავშირებში გაწევრიანება.
მეშვიდე კარი აწესრიგებს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს. მერვეში დაფიქსირებულია
მუნიციპალური ოლქებისგან, პროვინციების და ავტონომიური გაერთიანებებისგან შემდგარი
სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაცია. მეცხრე კარი ეხება სასამართლო სისტემის განსაკუთრებულ
რგოლს – საკონსტიტუციო სასამართლოს.
მეათე კარში რეგლამენტირებულია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი, რისთვისაც
საჭიროა არა მხოლოდ თითოეული პალატის კვალიფიციური უმრავლესობა (3/5), არამედ ცვლილებების
რეფერენდუმზე გატანაც. კონსტიტუციის ტექსტში არსებითი შესწორების შეტანის შემთხვევაში
პარლამენტი უნდა იქნას დათხოვნილი და შესწორებები ექვემდებარება გენერალური კორტესის ახალი
შემადგენლობის მიერ დამტკიცებას. საკონსტიტუციო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებს შორისაა
მთავრობა, დეპუტატთა კონგრესი და სენატი. ავტონომიებს შეუძლიათ პროცესის ინიცირება მხოლოდ
მთავრობისთვის ან დეპუტატთა კონგრესის პრეზიდიუმისთვის მიმართვის გზით. ესპანეთის
კონსტიტუცია კრძალავს ნებისმიერ კონსტიტუციურ რეფორმას საომარ დროში ან საგანგებო თუ საალყო
მდგომარეობის გამოცხადებისას.
1978 წლის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში კონსტიტუციონალისტები, გრძნობდნენ რა
ესპანეთში მკაცრი ცენტრალიზაციის და სახელმწიფო პატერნალიზმის განმეორების საფრთხის არსებობას,
ეძებდნენ ქვეყნის დემოკრატიული გადაწყობის ახალ ფორმებს. მათი აზრით, არ შეიძლებოდა საუბარი
კლასიკურ ფედერალიზმზე, რამდენადაც ეს ნიშნავდა ბიუროკრატიული ორგანიზაციის შემოღებას
,,ზემოდან” და ქვეყნის ზედმეტად დაქუცმაცებას ეთნოკულტურული ნიშნით. ,,კონსტიტუციის მამები”
სთავაზობდნენ, გვერდზე გადაედოთ ფედერალიზმის ვიწრო იურიდიული განმარტება, რომელიც
გულისხმობს კონსტიტუციურად დაფიქსირებულ ფუნქციების გამიჯვნას ცენტრალურ ხელისუფლებასა
და ფედერაციის სუბიექტებს შორის. სახელმწიფო მოწყობა ესპანეთში ვარაუდობდა ურთიერთობების
მოქნილ სისტემას, რომელიც საშუალებას იძლეოდა სახელმწიფოებრიობის ტრადიციული საფუძვლების
ორგანულ შეხამებას რეგიონალური და ეთნიკური მოთხოვნილებების მაქსიმალურად შესაძლო
რეალიზაციასთან. ამასთან, ნაციონალური უმცირესობების ეთნოკულტურული აქტიურობის
გაძლიერების პირობებში პოსტფრანკისტულ პერიოდში იწევდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა –
დეზინტეგრაციული პროცესების საწინააღმდეგო ინსტრუმენტების ძიება ცენტრალიზებულ
სახელმწიფოში, რომელიც ,,კონტროლს კარგავდა” პერიფერიულ რეგიონებზე. ,,ავტონომიების
6
სახელმწიფოს” როგორც ფორმას, ხოლო არსებითად, როგორც ესპანეთის რეგიონალური ავტონომიზაციის
პროცესს, ხელი უნდა შეეწყო გაჩენილი კონფლიქტების ცივილიზებული დარეგულირებისთვის.
ცალკეულ ტერიტორიებს შიდა მმართველობის ფორმის არჩევაში შედარებითი თავისუფლება მიეცათ. ეს
იყო გამოყოფისგან შეკავების ხერხი, რისი ალბათობაც არსებობდა კატალონიის და ბასკეთის მხრიდან.
XX საუკუნის განმავლობაში ესპანეთში ეთნიკური კონფლიქტების შენარჩუნების მიზეზებს ღრმა
ფესვები აქვს ისტორიაში. ის გამოწვეულია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგობებით ერთიან
ნაციად ჩამოყალიბებისა, რომლის ცენტრი გახდა კასტილია თავისი ენით, კულტურით, ადმინისტრაციით
და არმიით. ბასკების, კატალონიელების და გალისიელების ეთნონაციონალური აქტიურობის აწევა
აიხსნება ასევე მატერიალური და სულიერი ფასეულობების ინტერნაციონალიზაციით, ურბანიზაციით,
ხალხთა მასების მიგრაციით. ესპანეთის მცირე ხალხებისთვის მსგავსი ტენდენციები მალავს
აკულტურაციის, ენის, ტრადიცების და ჩვეულებების დაკარგვის საფრთხეს. პირინეის ნ-კ მცირე ხალხების
თვითშენარჩუნებისთვის ბრძოლა ,,გენეტიკურად” (ისტორიულად) შეესაბამებოდა სრულიად კონკრეტულ
,,მტერს” _ ესპანურ (კასტილიურ) ექსპანსიონიზმს.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ესპანეთი წარმოადგენს როგორც ფაქტობრივი
ეთნორეგიონალური ასიმეტრიის, ასევე იურიდიული ასიმეტრიის მაგალითს. იურიდიული ასიმეტრია
,,განმტკიცებულ” იქნა ახალი კონსტიტუციის დებულებებით. ჯერ ერთი, მასში არაა ნახსენები რეგიონების
სტატუსით თანასწორობა, მეორე – რეგიონების უპირატესობა აღნიშნულია მხოლოდ უბრალო,
ფორმალური კონსტატაციით ისტორიული განვითარების და შუასაუკუნოვანი სამართლის (შეღავათების
და ვალდებულებების სისტემა შუა საუკუნეების ეპოქაში მონარქსა და ვასალურ ტერიტორიას შორის)
შესახებ, და მესამე – 143-ე და 151-ე მუხლები განამტკიცებენ ავტონომიის მოპოვების სხვადასხვაგვარ
პროცედურას და რეგიონების კომპეტენციის არაერთგვაროვან მოცულობას.
ფაქტობრივი ასიმეტრია გამოვლინდა ეთნოკულტურულ და ეთნოტერიტორიულ განსხვავებებში,
რეგიონთაშორის სოციალურ-ეკონომიკური დისპროპორციაში, სოლიდარულ ცენტრსა და რეგიონალურ
ელიტას შორის პოლიტიკურ კოლიზიებში, პანესპანური და პერიფერიული ნაციონალიზმის
იდეოლოგიურ წინააღმდეგობაში, მწვავე კონფრონტაციაში ესპანელთა უმრავლესობის სოლიდარულ
შეგნებას და რეგიონების სეპარატისტულ მისწრაფებებს შორის.
ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლის პერიოდში ეთნიკური დაპირისპირებების
თავიდან აცილება ქვეყნის მმართველ ელიტას ესახებოდა მხოლოდ ერთი ხერხით – პოლიტიკურ-
ტერიტორიული დეცენტრალიზაციით და ავტონომიზაციის პროცესით. ეს გულისხმობდა ცენტრიდან
რეგიონებისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების გადაცემას, ადგილობრივი თვითმმართველობის
გაფართოებას ახალი სახელმწიფოებრივი მოდელის ჩარჩოებში, რომელმაც მიიღო სახელი ,,ავტონომიების
სახელმწიფო”. თეორიულად ჩაფიქრებული პრაქტიკაში ყოველთვის სწორად არ ხორციელდებოდა. რიგი
დამოუკიდებელი ავტონომიური გაერთიანებების მმართველი ელიტა (პირველ ყოვლისა, კატალონია და
ბასკეთი) ხედავდა, რომ არც კონსტიტუცია და არც ავტონომიური სტატუტი არ ითვალისწინებდა ყველა
რეგიონალურ პრეტენზიას. აქედან გამომდინარეობს მუდმივი წინააღმდეგობა ცენტრთან ძირითად
იურიდიულ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანის ან რევიზიის მოთხოვნით.
1979 წლის საპარლამენტო არჩევნები, კალვო-სოტელოს მთავრობა, 1981 წლის პუტჩის მცდელობა
კონსტიტუციის მიღება გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე, თუმცა
გაწერილი დემოკრატიული პრინციპები სცილდებოდა პროფრანკისტულ რეალობას. ესპანეთში მწვავედ
იდგა ხელისუფლების ორგანოების და სახელმწიფო აპარატის პრაქტიკული გადაწყობის საკითხი. აშკარა
იყო სუარესის მთავრობის უუნარობა, ახალი იმპულსი მიეცა რეფორმატორული ცვლილებებისთვის. ასეთ
პირობებში კაბინეტის მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო საპარლამენტო არჩევნების (1979
წლის 1 მარტი) და მუნიციპალური არჩევნების ჩატარების შესახებ (1 აპრილი).
7
საპარლამენტო არჩევნებს არ გამოუვლენია არსებითი ცვლილება პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში
1977 წლის 15 ივლისის არჩევნებთან შედარებით. დემოკრატიული ცენტრის კავშირმა ქვედა პალატაში
შეძლო 168 წარმომადგენლის გაყვანა, სოციალისტებმა მიიღეს 121 მანდატი, ხოლო კომუნისტებმა – 23.
პოზიციები დათმო მემარჯვენე კონსერვატიულმა კოალიციამ ,,დემოკრატიული კოორდინაცია”, რომელიც
წარმოდგენილი იყო კონგრესში 9 დეპუტატით.
მუნიციპალური არჩევნების შედეგად 1979 წლის 1 აპრილს დემოკრატიული ცენტრის კავშირმა
ქვეყანაში აიღო ყველაზე მეტი ადგილი მუნიციპალურ საბჭოებში, მაგრამ მსხვილ სამრეწველო ცენტრებში
წარმატება ხვდა წილად სოციალისტებს. სოციალისტების და კომუნისტების შეთანხმების საფუძველზე,
შემდგომში მემარცხენე ძალებმა შეძლეს, ქვეყნის მსხვილ და საშუალო ქალაქებში მუნიციპალიტეტების
უმრავლესობას სათავეში მოქცეოდნენ.
ამრიგად, 1978 წლის დემოკრატიულმა კონსტიტუციამ, 1979 წლის საპარლამენტო და
მუნიციპალურმა არჩევნებმა საბოლოო დაასამარა ფრანკიზმი როგორც პოლიტიკური სისტემა.
70-იანი წლების ბოლოსთვის ,,მონკლოას პაქტების” საფუძველზე მიღწეულმა პოლიტიკურმა
კონსენსუსმა დაკარგა თავისი ძალა. პარლამენტში იზრდებოდა კონფრონტაცია აბსოლუტური
უმრავლესობის არმქონე სუარესის მთავრობას და ოპოზიციას შორის, რომელიც წარმოდგენილი იყო
მემარცხენე პარტიებით. თვითონ დემოკრატიული ცენტრის კავშირის რიგებშიც შეიმჩნეოდა
დაშორიშორება სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებას შორის ცენტრისტების და მემარჯვენე
ცენტრისტების სახით.
მიუხედავად უთანხმოებებისა, ა. სუარესმა და მემარცხენე პარტიის ლიდერებმა შეძლეს ერთგვარი
შეთანხმების მიღწევა კატალონიის და ბასკთა ქვეყნის ავტონომიის სტატუტების საკითხში. სტატუტების
ტექსტები განიხილებოდა სპეციალურ საპარალამენტო კომისიებში, დამტკიცებულ იქნა გენერალური
კორტესის მიერ და 1979 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა რეგიონალურ რეფერენდუმებზე. მაგრამ სხვა
რეგიონების ავტონომიური სტატუტების მიღება მთავრობას სურდა ე.წ. არა დაჩქარებული პროცედურით,
არამედ ჩვეულებრივი კონსტიტუციური სქემით, რამაც რეგიონების კრიტიკა გამოიწვია.
წარუმატებელი იყო სუარესის მთავრობის ღონისძიებები განათლების სფეროში. მთავრობის
კანონპროექტი უნივერსიტეტების ავტონომიების შესახებ უარყოფილ იქნა პარლამენტის მიერ, ხოლო
კანონი არასაუნივერსიტეტო სასწავლო დაწესებულებების შესახებ არა მხოლოდ კრიტიკის ქვეშ მოექცა,
მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან, არამედ არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული.
1980 წლის მაისში პოლიტიკური ძალების მზარდი პოლარიზაციის და აღმასრულებელი
ხელისუფლების წარუმატებლობის პირობებში სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობის ინიცირებით
დაიწყო საპარლამენტო დებატები მთავრობის ნდობის შესახებ. 1981 წლის 29 იანვარს ა. სუარესი გადადგა
მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან და მეფე ხუან კარლოს I-მა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა
დემოკრატიული ცენტრის კავშირის ერთ-ერთ ლიდერს – ლეოპოლდო კალვო-სოტელოს.
23 თებერვალს კალვო-სოტელოს მთავრობის ნდობის საკითხზე საპარლამენტო დებატების დღეს
განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. კონგრესის შენობაში შეიჭრა სამოქალაქო
გვარდიის ჯგუფი ვიცეპოლკოვნიკ ანტონიო ტეხეროს მეთურობით. მათ წამოაყენეს ულტიმატუმის
ფორმით მოთხოვნები, რომელიც პრაქტიკულად მიმართული იყო ქვეყანაში ფრანკოს დროინდელი
მმართველობის მეთოდების დაბრუნებისკენ. იმავდროულად მადრიდის მიმართულებით დაიძრა
ვალენსიის სამხედრო ოლქის სატანკო კოლონა გენერალ-ლეიტენანტ ხაიმე მილანს დელ ბოსკის
მეთაურობით, მაგრამ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. მეფემ, როგორც შეიარაღებული ძალების
უმაღლესმა მთავარსარდალმა, სატელევიზიო მიმართვაში კატეგორიულად დაგმო პუტჩი. შეთქმულები
დააპატიმრეს და გაასამართლეს. მომდევნო დღეს ხუან კარლოსმა სამეფო სასახლეში მოიწვია წამყვანი
პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომელთაგან მიიღო კონსტიტუციის ერთგულების მტკიცე დასტური.
8
25 თებერვალს პარლამენტმა კალვო-სოტელოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 1981 წლის 27 თებერვალს
მთელ ესპანეთში ჩატარდა მასობრივი მანიფესტაციები კონსტიტუციის და დემოკრატიის დასაცავად.
მეფის ქცევებმა თებერვლის მოვლენებში განაპირობა მისი პირადი ავტორიტეტის ზრდა, ხოლო მონარქიის
როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობა საზოგადოების თვალში ძალზე ამაღლდა.
1981 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო ზომები ტერორიზმთან ბრძოლაში და
ნაწილობრივ დაშვებულ იქნა ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციებში არმიის ჩართვის შესაძლებლობა.
აპრილში მოწონებულ იქნა კანონპროექტი კონსტიტუციის დაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამძიმებას მისი დადგენილებების ხელყოფისთვის,
აჯანყების მონაწილეობისთვის და მასალების პუბლიკაციისთვის, რომელიც უბიძგებდა ძირგამომთხრელი
საქმიანობისკენ სახელმწიფოში. დემოკრატიულმა ძალებმა პრინციპში მხარი დაუჭირეს კანონს, თუმცა
გამოთქვეს შიში, რომ ის შეიძლებოდა გამოყენებულიყო სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების
შესაზღუდად. 22 ივნისს გენერალურმა კორტესმა მიიღო კანონი განქორწინების შესახებ (ეს იყო თამამი
ნაბიჯი ესპანეთის კათოლიკური მენტალობის პოზიციებიდან გამომდინარე), ოქტომბერში კი კონგრესმა
ხმათა უმრავლესობით მთავრობას უფლება მისცეს, დაეწყო მოლაპარაკებები ესპანეთის ნატოში
შესასვლელად, რაც წარმატებით დასრულდა 1982 წლის 30 მაისს.
მიუხედავად ამისა, 1982 წელს კალვო-სოტელოს მთავრობის პოზიციები შესუსტდა, ამის მიზეზი იყო
დემოკრატიული ცენტრის კავშირს შიგნით უთანხმოებები, რამაც ფაქტობრივად პარტიაში განხეთქილება
გამოიწვია. კავშირიდან გამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს დამოუკიდებელი პარტიები.
შედეგად მთავრობამ დაკარგა უმრავლესობა კორტესში და პრაქტიკულად დაკარგა შესაძლებლობა,
ცხოვრებაში გაეტარებინა თავისი პოლიტიკური კურსი. ამ პირობებში მთავრობის მეთაურმა ლ. კალვო-
სოტელომ 1982 ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვისა და ხელახალი
ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.
სოციალისტების მმართველობა და დემოკრატიის კონსოლიდაცია
70-იანი წლების მეორე ნახევარში სოციალისტური პარტიის პოლიტიკურმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ
შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. უარყო რა ყველაზე რადიკალური პოსტულატები საზოგადოების
რევოლუციური გარდაქმნების შესახებ, პარტიის ხელმძღვანელობა გადავიდა სოციალ-დემოკრატიული
რეფორმიზმის პოზიციაზე. 1979 წელს ესპანეთის სოციალისტური შრომის პარტიის რიგგარეშე სხდომაზე
გამოსვლებისას ბევრი ორატორი მოუწოდებდა საზოგადოების ტრანსფორმაციის შესახებ მარქსისტულ-
ლენინურ შეხედულებებისგან დაცილებისკენ და გამოდიოდა მოთხოვნით, გაემდიდრებინათ პარტიის
იდეოლოგიური პლატფორმა უფრო ზომიერი და პრაგმატული თეზისებით რევოლუციური ძალადობის
და პროლეტარიატის დიქტატურის გარეშე სოციალური სამართლიანობის საზოგადოების შენების შესახებ.
ასეთი იდეოლოგიური ევოლუცია დაკავშირებული იყო არა მხოლოდ კრიტიკულ შეფასებასთან,
რომელსაც ესპანელი სოციალისტები აძლევდნენ საბჭოთა კავშირის ისტორიულ გამოცდილებას, არამედ
ცვლილებებთან თვითონ ესპანურ საზოგადოებაში.
არანაკლები როლი იდეოლოგიის განახლებაში ითამაშა იმ გარემოებამ, რომ სოციალისტურმა
პარტიამ რიგები შეავსო ინტელიგენციის, სტუდენტების, ,,საქალაქო ბურჟუაზიის” მრავალრიცხოვანი
წარმომადგენლების ხარჯზე და, ამდენად, ის უკვე აღარ იყო მხოლოდ მუშათა და გლეხთა პარტია. 1982
წელს წინასაარჩევნოდ სოციალისტური პარტიის პროგრამა ორიენტირებული იყო სოციალ-პოლიტიკურ
ცვლილებებსა და ესპანეთში სამართლებრივი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
სოციალისტების მიერ შეთავაზებული რეფორმები იზიდავდა მოსახლეობის იმ ფენებსაც, რომელიც ადრე
უნდობლად ეკიდებოდა მათ. არანაკლები როლი ითამაშა თავისებურმა ადამიანურმა ფაქტორმა – პარტიის
სათავეში მიზანმიმართული, ენერგიული ხელმღვანელობის ყოფნა ფელიპე გონსალეს მარკესის
მეთაურობით, რომლის გარშემოც შეიქმნა მტკიცე პარტიული ბირთვი.
9
1982 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წარმატებებმა
ფელიპე გონსალესის მეთაურობით დააჩქარა ქვეყნის დემოკრატიული განახლების პროცესი.
პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ახლდა კალვო-სოტელოს მმართველობის პერიოდს
დასრულდა. სოციალისტების გამარჯვებამ დასაბამი დაუდო დემოკრატიის კონსოლიდაციის ეპოქას.
არჩევნებზე სოციალისტებმა მიიღეს ხმების 49% და დეპუტატთა კონგრესში მათ მოიპოვეს
აბსოლუტური უმრავლესობა – 202 ადგილი (350-დან). მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე
ცენტრისტული სახალხო კოალიცია რომელმაც მიიღო ხმების 25,4%, და მოიპოვა 106 მანდატი. მძიმე
მარცხი განიცადეს დემოკრატიული ცენტრის კავშირმა (12 მანდატი) და კომუნისტებმა (4 მანდატი).
1982 წლის 3 დეკემბერს ფელიპე გონსალესმა შექმნა მხოლოდ სოციალისტი მინისტრებისგან
შემდგარი მთავრობა. სამთავრობო კაბინეტის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო სოციალ-
ეკონომიკურ სფეროში კრიზისის დაძლევისკენ. აქ შეინიშნებოდა უკონტროლო ფასების ზრდა,
უმუშევართა რიცხვის ზრდა, სახელმწიფოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესება, საგარეო დავალიანების
ზრდა. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც მეთაურობდა პრაგმატული ტექნოკრატი მიგელ
ბოიერი, ხშირად მიმართავდა ისეთ იძულებით ზომებს, რაც მთავრობისგან მოითხოვდა მკაცრი
სოციალური პოლიტიკის გატარებასა და ხარჯების შემცირებას სოციალურ პროგრამებზე. მთავრობამ ვერ
შეძლო ახალი სამუშაო ადგილების (800 ათასი) შექმნის შესახებ დაპირების შესრულება, მეტიც
ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმებმა, მათ შორის სამრეწველო სექტორის მოდერნიზაციის პროგრამის
შესრულებამ აიძულა გონსალესის კაბინეტი წასულიყო არაპოპულარულ ზომებზე: 800-ზე მეტი
არარენტაბელური სახელმწიფო საწარმოს დახურვა ან პრივატიზება, 83 ათასი მუშის დათხოვნა ან სხვა
სფეროში გადაყვანა. მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროფკავშირები და იმ ფაბრიკა-ქარხნების
მუშები, რომლებიც მოხვდნენ კონვერსიის პროგრამის ქვეშ.
სოციალისტური პარტიის მმართველობის პირველ წლებში მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც
უზრუნველყოფდა მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს, გაუმჯობესდა ქალების სოციალური
დაცულობა, მოწესრიგდა უცხოელთა, მათ შორის მუშა-იმიგრანტების, მდგომარეობა.
შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის განხორციელების მიზნით, შემცირებულ იქნა მათი
რიცხვი, ამაღლდა ჯარისკაცების და ოფიცრების პროფესიული მომზადების ხარისხი. ქვეითი ჯარების,
სამხედრო-საზღვაო ფლოტის და სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში შემოვიდა ახალი, მათ შორის,
უცხოური სამხედრო ტექნიკა. ეროვნული თავდაცვის საფუძვლების შესახებ კანონის თანახმად,
დადგინდა სამოქალაქო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების უზენაესობა სამხედრო
ხელმძღვანელობაზე.
სოციალისტების მმართველობის წლებში ერთ-ერთი საკვანძო შიდაპოლიტიკური საკითხი იყო
ესპანეთის ნატოს მიკუთვნების საკითხი. სოციალისტები 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების
დასაწყისში გამოდიოდნენ ესპანეთის ალიანსში წევრობის წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ გონსალესმა და პარტიის სხვა ხელმძღვანელებმა კარდინალურად გადასინჯეს მიდგომები ამ
საკითხში. სოციალისტურ ხელმძღვანელობაში ჭარბობდა აზრი იმის შესახებ, რომ ნატო წარმოადგენდა
ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს და მთავარ ინსტრუმენტს ესპანეთის ჩასართავად ევროატლანტიკურ თუ
ტრანსატლანტიკურ პროცესებში. თავის მხრივ, ესპანური გენერალიტეტი იმედოვნებდა ნატოს ,,ქოლგის
ქვეშ” გაეტარებინა შეიარაღებული ძალების სტრუქტურული მოდერნიზაცია. გარდა ამისა, რიგი
დასავლეთელი პოლიტიკოსი ესპანეთის ახალგაზრდა ხელმძღვანელობას მიანიშნებდა, რომ ესპანეთის
ნატოში წევრობა დადებითი ფაქტორი იქნებოდა ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში მისაღებად.
1984 წლის 23 აგვისტოს საპარლამენტო დებატების მსვლელობისას ფ. გონსალესმა საჯაროდ აღიარა
ქვეყნის ნატოში წევრობის უპირატესობა. აღნიშნული პრობლემისადმი საზოგადოებრივი აზრის
არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა, საკითხი საერთო
10
ეროვნულ რეფერენდუმზე გაეტანა. მთავრობა რეკომენდაციას აძლევდა მოქალაქეებს, თანხმობა
განეცხადებინათ, მაგრამ ალიანსში მის წევრობას სამ დათქმას ურთავდა: 1. ნატოს სამხედრო
სტრუქტურებში მონაწილეობის არმიღება; 2. ბირთვული იარაღის შემოტანის, განთავსების და შენახვის
აკრძალვა; და 3. აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობის შემცირება ესპანეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა, რომელიც წინ უსწრებდა 1986 წლის 12 მარტის
რეფერენდუმს, ესპანელების აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. ნატოს წევრობის სასარგებლოდ ხმა მისცა
52,5%-მა, წინააღმდეგ წავიდა – 39,9% (7,6% ბიულეტენი გაბათილებულ იქნა). შედეგად, ესპანეთი დარჩა
ნატოს წევრად.
პირველი მმართველობის პერიოდში (1982-1986 წლები) სოციალისტურმა მთავრობამ ვერ გაატარა
ცხოვრებაში ბევრი წინასაარჩევნო დაპირება. მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული ძალისხმევისა,
ქვეყანაში მწვავედ იდგა სახელმწიფო მოსამსახურეთა რიცხვის შემცირების, ადმინისტრაციული აპარატის
დებიუროკრატიზაციის, უმუშევრობის დონის აწევის, ტერორიზმის ალაგმვის პრობლემები. ამავე დროს,
გონსალესის მთავრობამ მაინც შეძლო სიტუაციის გამოსწორება ეკონომიკაში და მიაღწია არც ისე ცუდ
მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, განახორციელა რიგი სოციალური და პოლიტიკური რეფორმები.

პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პროცესები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების


დასაწყისში.
ნატოს წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმში მიღწეული წარმატება სოციალისტებმა
გადაწყვიტეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით განემტკიცებინათ. არჩევნები ჩატარდა 1986 წლის 22
ივნისს. სოციალისტებმა კვლავ გამარჯვება მოიპოვეს და მიიღეს ხმების 44,2%, სახალხო პარტიამ დაიკავა
მეორე ადგილი 26,2%-ით. არსებითად გაიუმჯობესა პოზიციები დემოკრატიულმა და სოციალურმა
ცენტრმა ყოფილი პრემიერის ა. სუარესის მეთაურობით. კვლავ მიიღო რა აბსოლუტური უმრავლესობა
დეპუტატთა კონგრესში, სოციალისტურ პარტიას მიეცა საშუალება, განეგრძო რეფორმების
დამოუკიდებელი კურსი. აქცენტები გაკეთდა სტრუქტურულ გარდაქმნებზე სოციალურ და ეკონომიკურ
სფეროში ევროკავშირის ,,რეცეპტურის” შესაბამისად.
დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია და ქვეყნის ჩართვა ევროინტეგრაციულ და
ევროატლანტიკურ პროცესებში განიხილებოდა როგორც სოციალისტების მმართველობის მნიშვნელოვანი
პოზიტიური შედეგი. ამიტომ 1989 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ შეინარჩუნა წამყვანი
პოზიციები პარლამენტში – 175 ადგილი დეპუტატთა კონგრესში. ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ,
მემარჯვენე ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ დაიკავა 107 ადგილი და პოლიტიკურ კონკურენციას
სოციალისტებს ჯერ ვერ უწევდა.
80-იანი წლების მეორე ნახევარში გონსალესის მთავრობამ ეკონომიკის მოდერნიზაციისკენ
მიმართული პროგრამა განახორციელა. პოლიტიკურმა სტაბილურობამ და შიდა ბაზრის
ლიბერალიზაციამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა განაპირობა (1986-1991 წლებში უცხოური
კაპიტალდაბანდება ესპანეთში 60 მლრდ დოლარით გაიზარდა). იზრდებოდა სამრეწველო წარმოება,
შემცირდა ინფლაციის დონე (5,5% წელიწადში), 5 წელიწადში შეიქმნა 1,7 მლნ ახალი სამუშაო ადგილი,
თუმცა უმუშევრობის დონე ესპანეთში მაინც ყველაზე მაღალი იყო დასავლეთ ევროპაში (მთლიანი შიდა
პროდუქტის საშუალო წლიური ზრდამ 1986-1991 წლებში 4,5% შეადგინა). წარმატებებმა ეკონომიკაში
საშუალება მისცა მთავრობას, გაეფართოებინა მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის სოციალური
დახმარება. სოციალურ სფეროში ხარჯების გაზრდამ მოითხოვა გადასახადების აწევა, რომელთა წილი
მშპ-ში გაიზარდა 28,1%-დან (1982) 35%-მდე (1990).
ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში მიღწეული შედეგები პოზიტიურად აისახა ესპანელთა
ცხოვრების დონეზე, მაგრამ მოსახლეობის უფრო მეტი ფენა ითხოვდა თავისთვის დამატებით შეღავათებს

11
და საყვედურობდა სოციალისტებს იმაში, რომ მათი ეკონომიკური კურსი, პირველ ყოვლისა,
შეესაბამებოდა მმართველი ფენების ინტერესებს. მშრომელთა მოთმინების ფიალა აავსო მთავრობის მიერ
პროფკავშირებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიღებულმა გეგმამ ახალგაზრდების დასაქმების
შესახებ. ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანებები წავიდნენ მთავრობასთან
ურთიერთობების გამწვავებაზე. მათი მოწოდებით 1988 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა საერთო ეროვნული
გაფიცვა, რომელმაც პრაქტიკულად ქვეყნის პარალიზება მოახდინა. ეს აქცია გახდა მთავრობის პირველი
სერიოზული გაფრთხილება მუშების და პროფკავშირების მიერ.
1992 წლიდან ესპანეთის ეკონომიკა სტაგნაციის პერიოდში შევიდა. მთავრობის ზომები ქვეყანაში
იმედგაცრუებას იწვევდა, რამდენადაც ეკონომიკური გაჯანსაღება ძირითადად ხელფასების გაყინვით და
სოციალური შეღავათების შეკვეცით ხორციელდებოდა. პროფკავშირთა მოწოდებებით, 1992 წლის 28 მაისს
ახალი საყოველთაო გაფიცვა მოხდა, რამაც გაამწვავა ისედაც რთული ურთიერთობები აღმასრულებელ
ხელისუფლებას და პროფკავშირებს შორის.
90-იანი წლების დასაწყისში გამოვლინდა კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და
სხვა ფაქტები სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობაში. პარტიის ავტორიტეტი ეცემოდა. გაძლიერდა
შიდაპარტიული ბრძოლა. სოციალისტების დისკრედიტაციის კამპანიაში წამყვანი როლი ეკავა სახალხო
პარტიას, თუმცა 1993 წლის 29 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად დაკარგული ხმების და
მომხრეებისა, სოციალისტურმა პარტიამ შეინარჩუნა წამყვანი პოლიტიკური პოზიცია (159 ადგილი 3550-
დან) და ჩამოაყალიბა ე.წ. ,,უმცირესობის მთავრობა“.
ბასკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
80-90-იან წლებში, მიუხედავად შიდა განხეთქილებისა და უამრავი დაპატიმრებებისა, ETA რჩებოდა
ბრძოლისუნარიან ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელსაც ჰქონდა მხარდაჭერა ბასკების ქვეყანაში.
თავისი ძირითადი ცენტრები თუ ბაზები ორგანიზაციამ განათავსა საფრანგეთის სამხრეთში (ე.წ.
საფრანგეთის ბასკეთში), საიდანაც ხელმძღვანელობდა აგენტურის ქსელს, გზავნიდა სპეციალური
დავალებებით საბრძოლო დანაყოფებს და ახორციელებდა ესპანეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა
იატაკქვეშა სტრუქტურების მოქმედების კოორდინაციას.
1982 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ სოციალისტებმა თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი
ძირითად ამოცანად ,,ბასკი ექსტრემისტების იზოლაცია” წამოაყენეს. სოციალისტების გამარჯვების შემდეგ
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხოსე ბარიონუევომ გამოაცხადა ანტიტერორისტული მუშაობის გააქტიურების
შესახებ, რაც რამდენიმე პუნქტს ითვალისწინებდა: 1. ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ძალების
გაერთიანებას ანტიტერორისტულ ბლოკში (მთავრობის ამ პოლიტიკურმა ინიციატივამ მიიღო
პრაქტიკული ხორცშესხმა პაქტი ,,ახურია ენეას” სახით 1988 წ. იანვარში); 2. პოლიციის საქმიანობის
ეფექტურობის ამაღლებას დამატებითი პრევენციული და ინფორმაციული ხასიათის სამძებრო და
ოპერატიული ღონისძიებებით; 3. საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას, პირველ ყოვლისა,
საფრანგეთთან; 4. სოციალური რეაბილიტაციის პოლიტიკის გამოყენებას ამნისტირებული ან
მსჯავრდებული ტერორისტების მიმართ.
ესპანური საზოგადოების დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ უცდიათ, შეექმნათ გაერთიანებები,
რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებში წინ აღუდგებოდა ტერორიზმს, ამის მაგალითი არის
ზემოთ ნახსენები პაქტი ,,ახურია-ენეა”, რომელსაც ხელი მოეწერა 1988 წლის 12 იანვარს წამყვანი
პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლების მიერ (მათ შორის იყვნენ ზომიერი ბასკი
ნაციონალისტები). პაქტის მონაწილეებს აერთიანებდა გულწრფელი სურვილი, ამოეძირკვათ ტერორიზმი,
მაგრამ ტაქტიკური სქემები ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ არაორდინალური, რიგ შემთხვევებში კი –
ურთიერთგამომრიცხავი იყო. ეს გარემოება იყო პაქტის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ETA-ს მხრიდან ტერორისტულმა მოქმედებებმა ტერორიზმის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი
12
ბაზის შექმნისთვის განკუთვნილი მთავრობის საკანონმდებლო აქტების გაჩენა გამოიწვია. ჯერ კიდევ 1980
წლის 1 დეკემბერს მიღებულ იქნა ორგანული კანონი №11/1980 ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. კანონი
სამართალდამცავ ორგანოებს უფლებას აძლევდა, განსაზღვრულ გარემოებებში გაეხანგრძლივებინათ
ეჭვმიტანილი პირების დაკავების ვადები 72 საათზე მეტხანს, ეწარმოებინათ სატელეფონო მოსმენები და
შენობების ჩხრეკა პროკურორის სანქციის გარეშე. ორგანული კანონი №9/1984 უფრო ამკაცრებდა სასჯელს
ტერორიზმთან დაკავშირებით და პოლიციას ნაწილობრივ ეძლეოდა პრევენციული დაჭერის უფლება.
ამასთან, შეიძლებოდა ეჭვმიტანილი პირის დაკავება 10 დღემდე და მასმედიის ორგანოების ,,ტერორიზმის
აპოლოგიის” ბრალდებით დახურვა. ამ კანონის მიმართ საზოგადოებრივი აზრი არაერთგვაროვანი იყო.
მას ,,დრაკონული” ეწოდა და შეფასდა, როგორც ძალის არაპროპორციული გამოყენება ექსტრემიზმთან
დაკავშირებით, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ 1987 წლის 16 დეკემბერს ორგანული კანონის
№9/1984 ცალკეული მუხლები არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. 1988 წლის რეფორმები სისხლის
სამართლის კანონმდებლობაში ხელს უწყობდა ესპანური მართლმსაჯულების შემდგომ სრულყოფას
ტერორიზმთან მიმართებაში.
ტერორიზმთან ბრძოლაში ესპანეთის ხელისუფლება მიმართავდა სხვადასხვა ზომებს – კანონიერი
მეთოდებიდან (სრულად შეესაბამებოდა სამართლებრივ ნორმებს) ე.წ. ,,ბინძურ” მეთოდებამდე (რომელიც
სცილდებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებს). ჯერ კიდევ 70-იანი წლების შუახანებში
ესპანეთში და ფრანგულ ბასკეთში მომრავლდა იატაკქვეშა მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები,
რომელთა მიზანი იყო ETA-ს ძალადობასთან ძალადობით ბრძოლა. ხშირ შემთხვევაში ისინი
წარმოადგენდნენ მკაცრად კონსპირაციულ ჯგუფებს, რომელთა შემადგენლობაში მოქმედებდნენ
ექსტრემისტულად განწყობილი პოლიციის და სპეცსამსახურების აგენტები. ETA-ს ტერორმა გააჩინა
არანაკლები დამნაშავე – ანტიტერორი. გონსალესის მთავრობის სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო
ეს ე.წ. ,,ბინძური ომი“, რომლის საწარმოებლად პოლიციელების და სამოქალაქო გვარდიელებისგან
შეიქმნა გულდასმით კონსპირირებული უჯრედები, ცნობილი როგორც GAL (Grupos Antiterroristas de
Liberación). 1983-1987 წლებში თავისი არსებობის განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა 27 მკვლელობა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მიმართავდა ქილერების დახმარებას, რომელთა მომსახურება
გულუხვად ნაზღაურდებოდა პოლიციის და სპეცსამსახურების საიდუმლო ფონდებიდან (ამის შესახებ
მოგვიანებით გახდა ცნობილი). სკანდალი GAL-ის გამო ნეგატიურად აისახა გონსალესის მთავრობის
იმიჯზე.
ბასკური ექსტრემიზმის იდეოლოგებმა მთავრობის ასეთი პოლიტიკა ჩათვალეს ,,სიმეტრიული
ძალადობის” შესახებ თავისი თეორიის გამართლებად. რა თქმა უნდა, მსგავსი არგუმენტაცია სოფისტიკა
უფრო იყო, ვინაიდან GAL-ის გაქრობის შემდეგაც ETA განაგრძობდა ტერორს. მიუხედავად ამისა, მაინც
80-იანი წლების შუახანებში GAL-ის საქმიანობამ ბასკ ნაციონალისტებს საშუალება მისცა,
გაემდიდრებინათ თავისი ანტისამთავრობო რიტორიკა გონსალესის სახელმწიფო ტერორის ფრანკოს
რეპრესიებთან გათანაბრებით. მთავრობის ,,ბინძური მეთოდების” წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციური
პარტიები, სახალხო პარტიამ კი ეს შანსი საკუთარი ელექტორატის გასაზრდელად გამოიყენა.

საგარეო პოლიტიკა 1975-1991 წლებში


ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლას არ გამოუწვევია რაიმე მკვეთრი შემოტრიალება
ესპანეთის საგარეო პოლიტიკაში. აქ დომინირებდა ეროვნული ინტერესების მემკვიდრეობითობა და
ტრადიციულობა. თუმცა შეიცვალა საგარეო პოლიტიკის ფორმა და რეალიზაცია, რამაც ის უფრო ქმედითი
და რეალისტური გახადა.
ა. სუარესის კაბინეტს (1976-1981) არ ჩაუტარებია ფრანკიზმის დიპლომატიური პრიორიტეტების
ტოტალური რევიზია, მაგრამ ეს პერიოდი აღინიშნება ესპანეთის საგარეო პოლიტიკაში

13
დემოკრატიულობის, დამოუკიდებლობის და რეალიზმის ელემენტების გაძლიერებით. სწორედ ამ
პერიოდში ყალიბდება კონსენსუსის პრაქტიკა, თავისებური ,,საგარეოპოლიტიკური მონკლოას პაქტი”
მთავრობას და წამყვან ოპოზიცურ ძალებს შორის უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე.
1978 წელს კონსტიტუციამ განამტკიცა ესპანეთის საგარეო პოლიტიკური რეალიზაციის სამწვერა
სისტემა – მეფე, მთავრობა და გენერალური კორტესი. კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკურ
სფეროში მონარქია, როგორც ინსტიტუცია ფლობს განსაკუთრებულ წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას. მთავრობა ხელმძღვანელობს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ანუ აღმასრულებელი
ხელისუფლება პასუხისმგებელია საგარეოპოლიტიკური აქციების ინიცირებაზე, შემუშავებასა და
შესრულებაზე. კორტესის პრეროგატივა არის პოლიტიკური კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე,
ამრიგად, ახალი კონსტიტუცია მიჯნავს კომპეტენციებს ხელისუფლების შტოებს შორის, მან დაუდო
იურიდიული საფუძველი კოორდინირებულ მოქმედებას საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
ა. სუარესის მმართველობის პერიოდში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა
იყო მმართველობის დემოკრატიულ ფორმებზე გადასასვლელად ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური
პირობების შექმნა. საქმიანობის ყველაზე გადაუდებელი მიმართულება, რომელიც მემკვიდრეობით
გადაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრანკისტული რეჟიმისგან, იყო ურთიერთობების დარეგულირება
ვატიკანთან და აშშ-სთან, ასევე დასავლეთ საჰარის პრობლემა გამწვავებული ოფიციალური რაბათის მიერ
ამ ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიით, რაც ირიბად ეხებოდა კანარის კუნძულების იურიდიულ
სტატუსს.
1976 წლის 24 იანვარს ესპანეთმა და აშშ-მ დადეს ორმხრივი ხელშეკრულება მეგობრობის და
თანამშრომლობის შესახებ. 28 ივლისს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას წმინდა ტახტთან კონკორდატის
გადასინჯვის თაობაზე. რაც შეეხება ურთიერთობას დასავლეთ საჰარასთან, ოფიციალური მადრიდი
ცდილობდა პრობლემის მაქსიმალურად დეპოლიტიზაციას. თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტროს
დიპლომატიური ინფორმაციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ესპანეთი არ
იღებდა არანაირ ვალდებულებას დასავლეთ საჰარასთან დაკავშირებით (თავისი ყოფილი კოლონია),
რამდენიმე დღეში კი გაუქმებულ იქნა საჰარის დროებითი ადმინისტრაცია.
ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების კონტექსტში, მადრიდის საგარეო პოლიტიკურ
დოქტრინაში, გამოჩნდა ახალი კონცეპტუალური მიმართულება – ადამიანის უფლებების დაცვა.
აღნიშნულს ხაზი გაუსვა ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელინო ორეხამ 1976 წლის 27
სექტემბერს ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის XXXI სესიაზე. მან გამოაცხადა ესპანეთის მიერთება
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
უფლებების შესახებ პაქტებზე. ესპანეთის დიპლომატიური ძალისხმევა მალე აისახა, როცა 1977 წლის 24
ნოემბერს ესპანეთი გახდა ევროსაბჭოს წევრი.
1977 წელი ესპანეთისთვის გახდა ნიშანდობლივი საერთაშორისო აღიარების კუთხით. ამ წელს
დამყარდა და აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები სსრკ-სთან, რუმინეთთან, იუგოსლავიასთან,
ბულგარეთთან, პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, გერმანიის დემოკრატიულ
რესპუბლიკასთან, მექსიკასთან, ვიეტნამთან, კამპუჩიასთან (კამბოჯა), მონღოლეთთან, ანგოლასთან.
მ. ორეხას ვიზიტმა სენეგალში 1977 წლის აპრილში გამოავლინა მადრიდის სურვილი, არ
შეზღუდულიყო ტრადიციული საგარეო პოლიტიკური კავშირებით ლათინურ ამერიკასთან და მაღრიბის
ქვეყნებთან. მადრიდი ეძებდა სხვა რეგიონებში შეღწევის გზებს ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალური
აფრიკის რეგიონში.
1977 წლის 15 ივნისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუარესის მთავრობამ, მოიპოვა რა
პოლიტიკური ლეგიტიმაცია, დაიწყო საგარეო პოლიტიკური პროგრამების შემუშავება. 11 ივლისს
გამოქვეყნებული პროგრამის ძირითადი დებულებები დაფიქსირებული იყო 12 პუნქტში და მოიცავდა:
14
ურთიერთობების ნორმალიზებას მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, უფრო სამართლიანი და
ბალანსირებული მსოფლიო წესრიგის ფორმირებისთვის ხელშეწყობა, ევროპის სახელმწიფოებთან
ურთიერთობების გაფართოება ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე, ესპანეთის ევროპის
ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ მიმართული საქმიანობის გააქტიურება, პორტუგალიასთან
კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება, იბერიულ-ამერიკულ ხალხებთან თანამშრომლობის
განმტკიცება, საყოველთაო სახალხო დისკუსიის დაწყება ესპანეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე,
ხმელთაშუა ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გზების ძიება, არაბული
სახელმწიფოების მხარდაჭერა მათ ,,სამართლიან ბრძოლაში” და ა.შ.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, სუარესის მთავრობამ ტრადიციული პრიორიტეტების შენარჩუნებასთან
ერთად გადააფასა ფრანკოს მემკვიდრეობა საგარეო პოლიტიკური ორიენტირების დივერსიფიკაციის
გზით. კონცეპტუალურ პლანში მადრიდი ამოდიოდა იქიდან, რომ ესპანეთი ოფიციალურად
განიხილებოდა, როგორც საშუალო მნიშვნელობის სახელმწიფო, რომელსაც შესწევდა უნარი, ეთამაშა
არსებითი როლი მსოფლიოს და ევროპულ პოლიტიკაში. ამ ფონზე ესპანეთის მომავალი დანახული იყო
ევროპის სახელმწიფოებთან განუყოფელ კავშირში. გარდა ევროპული პოლუსის ესპანელები
ცდილობდნენ პრაგმატულად აეგოთ თავიანთი ურთიერთობები აშშ-სთან, რომელიც ესპანური
პოლიტიკური ელიტის მიერ განიხილებოდა როგორც დემოკრატიული მოწყობის და შესაძლო მიბაძვის
ეტალონი.
თავის კონტაქტებს ყოფილ კოლონიებთან ამერიკის კონტინენტზე ესპანეთი ტრადიციულად აგებდა
ეთნოკულტურულ და ისტორიულ ერთობაზე მინიშნებით. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა
მჭიდრო ურთიერთობები კუბასთან, რომელსაც აკლდა ასე დამახასიათებელი მწვავე წინააღმდეგობები
დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობებში ცივი ომის პერიოდში (ფრანკო კუბის ლიდერში ხედავდა,
პირველ ყოვლისა, ეთნიკურად ესპანელს და დიქტატორს, როგორც თვითონ იყო, ვიდრე მისთვის
საძულველ კომუნისტს).
კალვო-სოტელოს მთავრობის მეთაურად მოსვლა აღინიშნება ,,გლობალისტური ამოცანებისადმი”
ინტერესების შენელებით, ამ პერიოდში ესპანეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა
ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდებოდა: ნატოში შესვლა და ევროპის ეკონომიკურ
გაერთიანებაში ინტეგრაცია. ნატოში გაწევრიანება ესპანეთს აძლევდა რიგ უპირატესობას, დაჩქარდებოდა
მოლაპარაკებები ევროკავშირში შესასვლელად და ხელს შეუწყობდა გიბრალტარის პრობლემის
გადაწყვეტას. რაც შეეხება ალიანსთან მიერთების შიდა პროცედურებს, აქ კალვო-სოტელოს კაბინეტი
შესაძლოდ თვლიდა საკითხის გადაწყვეტას შესაბამისი სამთავრობო გადაწყვეტილების გენერალური
კორტესის ორივე პალატაში უბრალო უმრავლესობით დამტკიცების გზით.
მალე ამ გზაზე გამოჩნდა უამრავი ბარიერი. მართალია, აშშ მხარს უჭერდა ესპანეთის კანდიდატურას
წევრობაზე, მაგრამ ამავე დროს გამოხატავდა სურვილს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო
ბაზების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. 1981 წლის 9 აპრილს მადრიდში ვიზიტისას აშშ სახელმწიფო
მდივანი ალექსანდერ ჰეიგი საუბრობდა ორმხრივი შეთანხმების განახლების აუცილებლობაზე.
ესპანეთის კანდიდატურა არ სარგებლობდა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების უსიტყვო მხარდაჭერით.
წინააღმდეგ გამოდიოდნენ ჰოლანდია, საბერძნეთი, საფრანგეთი. ესპანეთის ნატოში გაწევრიანების
საკითხმა გამოიწვია ქვეყნის შიგნით შიდაპოლიტიკური დისკუსიები და პარტიათაშორისი დავები.
(სოციალისტური პარტია დემოკრატიული ცენტრის კავშირს ბრალსაც კი სდებდა კონსენსუსის პირობების
დარღვევაში). მიუხედავად სოციალისტების და კომუნისტების ფრაქციების მხრიდან წინააღმდეგობისა,
კალვო-სოტელოს მთავრობამ 1981 წლის 30 მაისს გადასცა ვაშინგტონში ოფიციალური დოკუმენტი
ესპანეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ისტორიული პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ
კალვო-სოტელოს კაბინეტმა, ყველაზე სუსტმა მთავრობებს შორის რომელიც არსებობდა 1977 წლიდან
15
გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ესპანეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად.
ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიას არ ჰქონდა სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება
(ის ჯერ იატაკქვეშა მდგომარეობაში არსებობდა, შემდეგ კი ოპოზიციაში იმყოფებოდა). 1982 წელს
წინასაარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკური ნაწილი რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავდა:
ევროპაში ინტეგრაცია, ურთიერთობების გაუმჯობესება მეზობლებთან (განსაკუთრებით პორტუგალია,
საფრანგეთი, მაროკო, ალჟირი), მეტი დამოუკიდებლობა აშშ-სგან სამოკავშირეო ურთიერთობების
შენარჩუნებასთან ერთად, გიბრალტარის დაბრუნება და ა.შ. რაც შეეხება ნატოს წევრობას, სოციალისტები
არ იღებდნენ ვალდებულებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთი გამოეყვანათ ალიანსიდან.
სოციალისტების ხელმძღვანელობა მხოლოდ პირდებოდა საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმის გზით
(როგორც ზემოთ აღინიშნა, შემდგომში სოციალისტებმა შეიცვალეს თავისი დამოკიდებულება და
ნატოსადმი დადებითად განეწყვნენ, რამაც რეფერენდუმის შედეგი ნატოს წევრობის სასარგებლოდ
გადაწყვიტა).
დაიწყეს რა ქვეყნის მართვა, ფ. გონსალესი და მისი თანამებრძოლები მიხვდნენ, რომ მათი საგარეო
პოლიტიკური ორიენტირები არ ითვალისწინებდა ბევრ ნიუანსს. სრული პროგრამა, რომელიც მოიცავდა
პრაგმატულ და ამავე დროს ელექტორატისთვის მიმზიდველ ორიენტირებს სოციალისტებმა გზად
ჩამოაყალიბეს. განახლებულმა საგარეო პოლიტიკურმა კურსმა ცნობილია სახელით ,,გონსალესის
დეკალოგი”. მთავრობის მეთაურის მიერ იგი 1984 წლის 23 ოქტომბერს გახმოვანდა დეპუტატთა
კონგრესში: 1. ესპანეთი არ უნდა გამოვიდეს ნატოდან; 2. ესპანეთი არ საჭიროებს, შეუერთდეს ნატოს
სამხედრო სტრუქტურებს; 3. აუცილებელია, შემცირდეს ამერიკული სამხედრო დასწრება ესპანეთის
ტერიტორიაზე; 4. ესპანეთი ინარჩუნებს არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს; 5. ესპანეთმა მოაწერა
ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების აკრძალვის შესახებ და ეს ჯერჯერობით საკმარისია, რაც შეეხება
ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, მასზე შეერთება შეიძლება იყოს
შემდგომი დისკუსიების საგანი; 6. ესპანეთის მონაწილეობა დასავლეთევროპულ კავშირში არის
სასურველი; 7. აუცილებელია, მოიძებნოს გზები გიბრალტარის პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად
და მისი ესპანეთის სუვერენიტეტის ქვეშ დასაბრუნებლად; 8. ესპანეთი აქტიურად მუშაობს
კონფერენციაში განიარაღების შესახებ, წამოაყენა თავისი კანდიდატურა გაეროს განიარაღების კომიტეტში,
ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს; 9. აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება დასავლეთევროპულ
სახელმწიფოებთან თავდაცვის დარგში ორმხრივი შეთანხმებების გზით; 10. თავდაცვის პოლიტიკის
სფეროში ეროვნული კონსენსუსის მიღწევის მიზნით, აუცილებელია, შემუშავდეს ერთობლივი
სტრატეგიული გეგმა.
გონსალესის დეკალოგმა ერთგვარად ხაზი გაუსვა ესპანელი სოციალისტების მიერ ორწლიან ძიებას
საერთაშორისო პოლიტიკაში. საშური პრაგმატიზმი და დაჟინებულობა საშუალებას აძლევდა
სოციალისტების მთავრობას ეჩვენებინა დასავლეთევროპული პოლიტიკური იდეალებისადმი
ერთგულება და მიეღწია შთამბეჭდავი წარმატებებისთვის საერთაშორისო პოლიტიკაში. 1986 წლის 1
იანვარს ესპანეთი გახდა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრი. 1986 წლის 12 მარტს რეფერენდუმის
შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში წევრობას ეთანხმებოდა. 1988 წლის 14
ნოემბერს ქვეყანა შეუერთდა დასავლეთევროპულ კავშირს, ხოლო 1988 წლის 1 დეკემბერს ესპანეთმა და
აშშ-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავდაცვის შესახებ. ამრიგად, 1982-1988 წლებში ქვეყნის შიგნით
დემოკრატიული ცვლილებების გავლენით და საგარეო პოლიტიკური ამოცანების განახლებით ესპანეთის
პრიორიტეტებმა მიიღო კონკრეტული ფორმები და მიმართულებები.
გონსალესის მთავრობის პოზიცია მსოფლიო პოლიტიკის კარდინალურ საკითხებში ფორმირდება
უკვე დასავლეთის სამყაროსადმი ესპანეთის ,,ისტორიული კუთვნილებიდან” გამომდინარე. ესპანეთის
ნატოში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სოციალისტების პოზიციაზე. თუ 70-იანი
16
წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში პარტიის ლიდერები მკვეთრად აკრიტიკებდნენ აშშ-ს
იმპერიალიზმს და ვაშინგტონს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას გამალებული შეიარაღების გაჩაღებასა
თუ კონფრონტაციის გაღვივებაში ,,ცივი ომის” დროს, 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან შესამჩნევია
,,პროატლანტიკური” კურსი და აშშ-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ძიება. ამ მიზეზით უფრო
პოზიტიური გახდა სოციალისტური პარტიის დამოკიდებულება აშშ-სთან სამხედრო შეთანხმებებთან და
ესპანეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობასთან.
მზარდი საერთაშორისო ავტორიტეტი ესპანეთს საშუალებას აძლევდა, შეეთავაზებინა თავისი
,,სამსახური მსოფლიო თანამეგობრობისთვის”, ქვეყანა გამოდიოდა როგორც შუამავალი რეგიონალურ და
ნაციონალურ კონფლიქტებში (მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში), იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო
შეხვედრების ორგანიზატორი, როგორიცაა, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი
დარეგულირების კონფერენცია (მადრიდი, 1991).
გონსალესის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობდა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური
თანამშრომლობის განვითარებას ლათინური ამერიკის წამყვან ქვეყნებთან, მათ ინტეგრაციულ
გაერთიანებებთან, აქცენტები კეთდებოდა იქ მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე,
იმავდროულად მიმდინარეობდა ,,ამერიკის მეორედ ათვისება”, რომელიც მოიცავდა სავაჭრო
ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებას რეგიონში. მადრიდი ასევე ცდილობდა შეენარჩუნებინა
,,ისტორიული ხიდის” პრივილეგირებული როლი ევროპასა და ლათინურ ამერიკას შორის. აქ ყველაზე
პერსპექტიულ მიმართულებად ესპანელი დიპლომატები თვლიდნენ თანამშრომლობას ევროკავშირს და
მერკოსურს (სამხრეთამერიკული ეკონომიკური ბაზარი) შორის.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მიუხედავად მათთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირებისა 80-იანი
წლების ბოლომდე რჩებოდა საგარეო პოლიტიკური ინტერესების პერიფერიაში. ამ რეგიონებთან
ურთიერთობების აქტივიზაცია ოფიციალური მადრიდის მხრიდან დაიწყო 1990-1993 წლებში.

17

You might also like