You are on page 1of 10

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა

1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ჩამოყალიბდა საქართველოს პირველი


მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ნოე რამიშვილმა დაიკავა. მანვე შეითავსა
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაც. მთავრობის წევრები გახდნენ: გრიგოლ
გიორგაძე ‒ სამხედრო მინისტრი, აკაკი ჩხენკელი ‒ საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი
ჟურული ‒ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი, გიორგი ლასხიშვილი ‒
განათლების მინისტრი, ნოე ხომერიკი ‒ მიწათმოქმედების მინისტრი, შალვა მესხიშვილი ‒
იუსტიციისა და ივანე ლორთქიფანიძე ‒ გზათა მინისტრები.
„ეროვნულმა საბჭომ“ მეცნიერებს სახელმწიფო გერბის და დროშის პროექტების
შემუშავება მიანდო. დაარსდა ე.წ. „ქართული ფულის ფონდი“, რომელიც მომავალი
ქართული ვალუტის სიმყარის ერთ-ერთი გარანტი უნდა ყოფილიყო. ფონდს არაერთმა
მოქალაქემ, შეწირა პირადი თანხა და ძვირფასეულობა. ქართული ფულის ერთეულად
ბონი იქცა. თუმცა ომის მძიმე შედეგების, ტრადიციული ეკონომიკური კავშირების
გაწყვეტისა და მუდმივი საგარეო საფრთხის პირობებში ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური
ვითარება შეიქმნა. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას მთავრობა ბონების გამოშვებით
ცდილობდა, რომლებიც სწრაფად უფასურდებოდა. ქვეყანაში ინფლაციამ დაისადგურა.
არასტაბილურ რეგიონში უცხოელებიც ერიდებოდნენ კაპიტალდაბანდებას.
მენშევიკური მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავდა
კერძო, სახელმწიფო და კოოპერატიული სექტორების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას
და ჰარმონიულ განვითარებას. არ მომხდარა კერძო სექტორის შეზღუდვა ან მისთვის
არახელსაყრელი პირობების შექმნა. მაგრამ სახელმწიფო ეკონომიკის სფეროში ჩარევას
ცდილობდა, მაგალითად, შეიქმნა „ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოება“,
რომელსაც მოგების 35 პროცენტი უნდა გადაეცა სახელმწიფოსათვის. სოციალ-
დემოკრატიული მთავრობა საშინაო პოლიტიკის გატარებას სოციალისტური იდეალების
პოზიციიდან ცდილობდა. 1919 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი,
რომელიც სახელმწიფო საადგილმამულო მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას
ითვალისწინებდა. ყოფილ თავად-აზნაურობას (ტიტულები გაუქმდა) ჩამოერთვა მიწის
ნაწილი და დაურიგდა გლეხობას. მიწა უნდა გადასცემოდა იმ გლეხებს, რომელთა
არსებობის მთავარ წყაროსაც სასოფლო-სამეურნეო შრომა წარმოადგენდა. ამ კანონს ხელი
უნდა შეეწყო ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის. გარკვეული წარმატებები იყო
განათლების სფეროში, სადაც ძალიან სწრაფად დამკვიდრდა ქართულენოვანი სწავლება.
თბილისში ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1918 წლის დასაწყისში
გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.
ვინაიდან ეროვნული საბჭოს დეპუტატთა დიდ უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები
შეადგენდნენ, მთავრობის თავმჯდომარეც მათი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
მართალია, ნოე რამიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამოცდილი და
გავლენიანი ფიგურა იყო, მაგრამ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მაინც ამჯობინა, რომ
მთავრობას სათავეში ქვეყნის ნომერი პირველი სოციალ-დემოკრატი ჩადგომოდა და
თხოვნით მიმართა ნოე ჟორდანიას, რათა მას მთავრობის თავმჯდომარეობა ეკისრა. (თუმცა
აღსანიშნავია, რომ მომდევნო პერიოდშიც ნოე რამიშვილი დიდი გავლენით გამოირჩეოდა).
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე გახდა ნოე ჟორდანია. მთავრობის პირველი შემადგენლობა კოალიციური

1
(მრავალპარტიული) იყო. ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის უპირველეს საზრუნავს
ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. გერმანიასთან გაფორმდა
ხელშეკრულება სამხედრო დახმარებს თაობაზე. ქვეყანაში გერმანელების ორი ბატალიონი
შემოვიდა, ხოლო თბილისში მუშაობას შეუდგა გერმანელების სამხედრო-პოლიტიკური
მისია გენერალ ფონ კრესის მეთაურობით.
საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი,
საკანონმდებლო ორგანო იყო ეროვნული საბჭო. იგი ჩამოყალიბდა პირველ ეროვნულ
ყრილობაზე 1917 წელს და დამფუძნებელი კრების მოწვევამდე მუშაობდა. 1918 წლის
ოქტომბერში ეროვნულ საბჭოს „საქართველოს პარლამენტი“ ეწოდა.
„საქართველოს პარლამენტი“ არ იყო საერთო-სახალხო არჩევნების შედეგად შექმნილი.
აქედან გამომდინარე, იგი დროებით მიჩნეული იყო იმ საკანონმდებლო ორგანოდ,
რომელსაც მთელი ძალაუფლება ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრებისათვის
უნდა გადაეცა. დამფუძნებელი კრების არჩევნები დაინიშნა 1919 თებერვალში.
დამფუძნებელი კრების არჩევნებმა საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.
მასში მონაწილეობდა 15 პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია. ქვეყნის უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში სოციალ-დემოკრატებმა ყველაზე მეტი დეპუტატი გაიყვანეს.
მათ 130 ადგილიდან 109 მანდატი მოიპოვეს. ეროვნულ-დემოკრატებმა და სოციალისტ-
ფედერალისტებმა რვა-რვა ადგილი გადაინაწილეს, ხოლო სოციალისტ-რევოლუციონერები
5 მანდატს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ 5 დეპუტატი ქალი იყო. (მინადორა
ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-
მახვილაძე, ანა სოლოღაშვილი, ქრისტინე შარაშიძე). საქართველოს პარლამენტი
ნამდვილად იყო ეთნიკური, გენდერული თუ კონფესიური თვალსაზრისით
მრავალფეროვანი.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა შედგა 1919 წლის 12 მარტს. კრების
თავმჯდომარედ აირჩიეს სოციალ-დემოკრატი, გამოცდილი პოლიტიკოსი და
პარლამენტარი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. კრებამ ჩამოაყალიბა ოთხი მუდმივი კომისია:
სარედაქციო, სარეგლამენტო, საკონსტიტუციო და საფინანსო-საბიუჯეტო. კრების
პირველსავე სხდომაზე უცვლელად დამტკიცდა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“,
რომლის საფუძველზეც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
მას ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების ყველა დამსწრე დეპუტატმა. დამფუძნებელმა
კრებამ დაამტკიცა ახალი მთავრობა. თავმჯდომარედ კვლავ ნოე ჟორდანია აირჩიეს.
საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრის პორტფელი ევგენი გეგეჭკორს ჩაბარდა. შინაგან
საქმეთა, სახალხო განათლებისა და სამხედრო მინისტრი ‒ ნოე რამიშვილი გახდა. ასევე
მთავრობის წევრები გახდნენ: ნოე ხომერიკი ‒ მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა
მინისტრი, კონსტანტინე კანდელაკი ‒ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.
თავისი მოღვაწეობის განმავლობაში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დაახლოებით 126
კანონი. მათ შორის: მოქალაქეობის, ადგილობრივ ორგანოთა არჩევნების, ქვეყნის
თავდაცვის ორგანიზაციის, აგრარული, სასამართლო ორგანიზაციის, ეროვნულ
უმცირესობათა, სახალხო განათლების ორგანოების გაეროვნულების შესახებ.
ლოგიკურია, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდი გამოირჩეოდა
ეროვნული ენერგიის აღმავლობით. სწორედ ამ დროს მოხდა სკოლების გაეროვნულება,
ქართული უნივერსიტეტის (შემდგომში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის), თბილისის კონსერვატორიის დაარსება.

2
საქართველოში ბევრჯერ იყო ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების მცდელობა,
თუმცა ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის პირობებში ეს მცდელობანი
წარუმატებლობისათვის იყო განწირული. დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ
900-იანი წლებიდან ამზადებდა ქართული უმაღლესი სასწავლებლის გახსნას.
1918 წლის 26 იანვარს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით, საზეიმოდ
გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. ნიშანდობლივია, რომ უნივერსიტეტის გახსნა
დაემთხვა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი
აირჩიეს. უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე,
დიმიტრი უზნაძე, ანდრია რაზმაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე
და სხვები.
რესპუბლიკის მთავრობამ უნივერსიტეტი, რომელიც კერძო სასწავლებელს
წარმოადგენდა, 1918 წლის 3 სექტემბერს, ავტონომიის სრული შენარჩუნებით, სახელმწიფო
უნივერსიტეტად გადააკეთა.
„ქართული სამუსიკო საზოგადოების“ თაოსნობით დაარსდა თბილისის კონსერვატორია.
საინტერესო სახეებით იყო წარმოჩენილი იმდროინდელი სახვითი ხელოვნება. მხატვართა
ძველ თაობას ახალგაზრდებიც შეემატნენ, თავისი ხელწერით გამოირჩეოდნენ ლადო
გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი და სხვები. მნიშვნელოვანი იყო
ახალგაზრდა მხატვრების პარიზში მივლინება. საინტერესო ფენომენად წარმოჩნდა
თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი), რომელიც შემდგომ მთელ
მსოფლიოში აღიარეს. მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა თეატრალური ცხოვრება.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარიზიდან დაბრუნებულმა გიორგი ჯაბადარმა, რომელიც
სათავეში ჩაუდგა ქართულ თეატრალურ სტუდიას. სტაბილურად მუშაობდნენ ქუთაისისა
და ბათუმის თეატრები.
ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ ყოფილა. ნგრევის საერთო ვითარებაში,
როცა საგარეო და საშინაო ვაჭრობის გზები და საშუალებანი უკიდურესობამდე იყო
დახშული და შეზღუდული, შეუძლებელი გახდა მრეწველობისა და ვაჭრობის
შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყანაში არ მოიპოვებოდა საკმარისი ნედლეული,
მოძველებული და გაცვეთილი იყო სამუშაო ტექნიკა. თანდათან ძლიერად იჩენდა თავს
პირველადი მოთხოვნილების საგანთა ნაკლებობა. განსაკუთრებით მძიმე იყო სასურსათო
მდგომარეობა. ამ ვითარებაში გასაქანი მიეცა სპეკულაციას. ეკონომიკური ცხოვრების
ყველაზე მძიმე პერიოდი დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი თვეები იყო. შეიქმნა
სპეციალური ფონდი მუშებისათვის. დაარსდა სატარიფო პალატა. მთავრობამ მოახერხა
მანგანუმის წარმოების გაერთიანება და მისი ექსპორტის ნაციონალიზაცია. (სახელმწიფოს
ხელში გადასვლა)
აიგო ახალი საწარმოები. საქართველო იყო აგრარული ქვეყანა. მოსახლეობის უმეტესობა
სოფლად ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ
განხორციელდებოდა აგრარული რეფორმა. მისი გატარება დაიწყო ჯერ კიდევ 1917 წელს
„ამიერკავკასიის კომისარიატის“ თაოსნობით. რეფორმის შემდგომი სრულყოფა ადგილებზე
ხორციელდებოდა სამაზრო ერობათა მიერ. რეფორმის შედეგად მთავრობის ხელში
გადავიდა მიწები, ტყე, საზამთრო და საზაფხულო საძოვრები. გამოიცა კანონი საფონდო
მიწების შესყიდვის შესახებ. მიწის საფასური გლეხებს განვადებით უნდა დაეფარათ.
აგრარული რეფორმის შედეგად გარკვეული რაოდენობის მიწა გადაეცა უმიწო და
მცირემიწიან გლეხებს.

3
საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის მტკივნეული პრობლემა იყო აფხაზეთის
საკითხი. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე თბილისში ჩამოვიდა აფხაზეთის
სახალხო საბჭოს დელეგაცია და შემდგომი ურთიერთობების თაობაზე მთავრობასთან
გამართა მოლაპარაკება. 1918 წლის 9 თებერვალს შედგა შეთანხმება აფხაზეთის ავტონომიის
შესახებ, თუმცა მარტში გააქტიურდნენ აფხაზი ბოლშევიკები, რომლებიც რუსეთთან
შეერთებას მოითხოვდნენ. მათ სოხუმის დაკავებაც მოახერხეს და საბჭოთა ხელისუფლება
გამოაცხადეს. რუსებმა მათ დასახმარებლად კაზაკთა არმია გაგზავნეს. მაისი თვეში ვალიკო
ჯუღელის მეთაურობით ქართველთა სახალხო გვარდიამ მოახერხა სოხუმზე იერიშის
მიტანა, სეპარატისტებმა ჯერ გუდაუთისკენ დაიხიეს, შემდეგ გაგრისკენ. შეიძლებოდა ამ
შეტევის უფრო ფართო მასშტაბებში გადაყვანაც, თუმცა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი აღარ
გადადგა ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან არიდების მოტივით. 1918 წლის 8 ივნისს
საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს შორის დაიდო
ხელშეკრულება, რომლითაც აფხაზეთი საქართველოსთან განუყოფლობას ადასტურებდა.
საქართველოს მთავრობა კი, თავის მხრივ, რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთს
ფართო ავტონომიურ უფლებებს აღუთქვამდა. აფხაზი სეპარატისტები მაინც ვერ შეეგუენ
არსებულ ვითარებას და საომარი მოქმედებები განახლდა. ქართულმა ჯარმა, რომელსაც
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა, დიდ წარმატებას მიაღწია და მტერს
ტუაფსემდე მიჰყვა. დაიწყო მოლაპარაკებები. 1918 წლის 25 სექტემბერს გამართულ
მოლაპარაკებაზე ყუბანის რესპუბლიკამ ფორმალურად აღიარა საქართველოს
დამოუკიდებლობა. ამასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ბრალი
დასდეს რუსეთის ტერიტორიის მიტაცებაში. რუსები საქართველოს ტერიტორიასაც
(გაგრის რაიონი) კი რუსეთის საკუთრებად თვლიდნენ. 1918 წლის ოქტომბერში რუსეთის
მოხალისეთა არმია შეეცადა აფხაზეთში გადატრიალება მოეწყო. აფხაზეთის სახალხო
საბჭოში ძლიერდებოდა ანტიქართული განწყობილება. საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობამ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან
გამომდინარე, დაითხოვა აფხაზეთის სახალხო საბჭო და დანიშნა ახალი არჩევნები. 1919
წლის გაზაფხულზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო კანონის
საფუძველზე აირჩიეს აფხაზეთის სახალხო საბჭო. 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო
საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ,
რომელიც დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. ასევე მოსაგვარებელი იყო ე.წ.
„სამხრეთ ოსეთის“, ანუ იგივე სამაჩაბლოს პრობლემა. მთავრობა მათ სთავაზობდა,
მსოფლიოში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით, კულტურულ-ნაციონალურ
ავტონომიას. საბჭოთა რუსეთი აქტიურად ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. ის
ოსებს აქეზებდა საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელი
საქმიანობაში და სანაცვლოდ ჯილდოდ პოლიტიკურ-ტერიტორიულ ავტონომიას
ჰპირდებოდა. სამაჩაბლოს საკითხი განსაკუთრებით 1920 წლიდან გამწვავდა 1920 წლის 17
მარტს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გიორგი ჩიჩერინმა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას გამოუგზავნა ნოტა, რომელშიაც
გამოთქმული იყო შეშფოთება შიდა ქართლში საქართველოს სახალხო გვარდიისა და
რეგულარული ჯარის გაგზავნის გამო. საქართველოს სახალხო გვარდიისა და ქართული
რეგულარული ჯარის ნაწილებმა 1920 წლის ზაფხულში ჩაახშეს სეპარატისტთა
შეიარაღებული აჯანყება. შიდა ქართლში მთლიანად აღდგა საქართველოს იურისდიქცია.
რუსეთმა დროებით უკან დაიხია.

4
ქვეყნის მთავრობისათვის ასევე მნიშვნელოვანი იყო აჭარის (ე.წ. „სამუსლიმანო
საქართველოს“) პრობლემის გადაწყვეტა. 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულების
შედეგად საქართველოს ახლად შექმნილი დამოუკიდებელი რესპუბლიკა იძულებული
გახდა თურქებისათვის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიც დაეთმო. ოსმალეთის
ხელისუფლებამ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ჩაატარა რეფერენდუმი. იგი
სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და თურქებმა მათთვის სასურველი შედეგი მიიღეს.
საქართველოს მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ ჩათვალა და თურქეთის
მთავრობას პროტესტით მიმართა. მალე ინგლისთან დადებული მუდროსის ზავის შედეგად
თურქები იძულებულნი გახდნენ ოკუპირებული ტერიტორიები სასწრაფოდ დაეცალათ.
1919 წელს გამოცხადდა ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ (იგივე სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის)
მთავრობა. ახლად გამომცხვარი რესპუბლიკა თავის კუთვნილ ტერიტორიად ყარსის,
არდაგანისა და ბათუმის ოლქებს მოიაზრებდა. იმავე წლის იანვრის ბოლოს სერვერ-ბეგმა
სერიოზული აჯანყება წამოიწყო. ამბოხებულებმა შეძლეს ახალციხის აღება. თუმცა
ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით სეპარატისტული ძალები
გაანადგურა და ახალციხე და ახალქალაქი დაიბრუნა.
1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი
კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუცტია შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისგან.
ზოგადი დებულებების შემდეგ იგი აკანონებდა რესპუბლიკის მოქალაქეობას და მის
უფლებებს, პარლამენტის პრეროგატივას, აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობას,
სასამართლო ხელისუფლების შინაარსს ანუ მასში მკაფიოდ იყო ასახული ხელისუფლების
დანაწილების დემოკრატიული პრინციპი. თუმცა ამ კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე
იმუშავა, რამეთუ 25 თებერვალს თბილისი წითელმა არმიამ აიღო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება დიდწილად იყო დაკავშირებული


მენშევიკური მთავრობის კავშირებით გერმანიასთან. ამ დროისთვის პირველი მსოფლიო
ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და გერმანია მიიჩნევდა, რომ გამარჯვების შანსები
არ ჰქონდა დაკარგული. ამ პერიოდში გერმანიის მოკავშირეს, ოსმალეთს, ჭარბი
ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა, გამომდინარე აქედან საქართველოს
ახლადგამომცხვარი რესპუბლიკა მას ერთგვარად ბალანსის დასარეგულირებლად
სჭირდებოდა რეგიონში. საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება გერმანიასთან და
დათანხმდა მის პროტექტორატზე დიპლომატიური აღიარებისა და თურქეთის
ტერიტორიული პრეტენზიების შეკავების სანაცვლოდ. გერმანელებს ეძლეოდათ
საქართველოს რკინიგზისა და ნავსადგურების გამოყენების უფლება, დაიშვებოდა
გერმანული ფულის თავისუფალი მიმოქცევა საქართველოს ტერიტორიაზე, გერმანელებს
ენიჭებოდათ მონოპოლია (ერთპიროვნული უფლება) წიაღისეულისა და ნედლეულის
ექსპორტზე. 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა.
საქართველო იძულებული გახდა დაედო ხელშეკრულება ოსმალეთთანაც და უარი
ეთქვა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებზე. ოსმალეთს ასევე მიეცა საქართველოს
რკინიგზის გამოყენების უფლება. სანაცვლოდ, ოსმალეთმა აღიარა საქართველოს
დამოუკიდებლობა.

5
გერმანიის პროტექტორატმა ვერ გაამართლა. 1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო
ომი დასრულდა. გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ამ ყველაფერმა, რასაკვირველია,
ცუდი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში. გერმანიასთან მოკავშირეობის გამო
ჭირდა ნორმალური ურთიერთობების დამყარება გამარჯვებულ სახელმწიფოებთან.

სომხეთ-საქართველოს კონფლიქტი

1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობისათვის შეუტყობინებლად და


ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე სომხეთის შეიარაღებულმა რაზმებმა
სანაიანის და ალავერდის ტერიტორიები დაიკავეს. ამ აქციის შემდეგ სომხეთის მთავრობამ
საქართველოს მთავრობას წარუდგინა ულტიმატუმი ახალქალაქის და ბორჩალოს
მაზრების დაცლის შესახებ. საქართველოს მთავრობის მხრივ მშვიდობიანი მოლაპარაკების
მცდელობამ ნაყოფი ვერ გამოიღო.
19 დეკემბერს სახალხო გვარდიას და არმიას შეტაკება მოუხდა მოწინააღმდეგესთან.
სომხეთის ჯარი დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია. სომხეთის ჯარს ასეთივე
წარუმატებლობა ხვდა ჯავახეთშიც. ქართული ჯარი შეტევაზე გადავიდა და დაიბრუნა
შულავერი და სადახლო. სომხეთის ტერიორიაზე შესაჭრელი გზა გახსნილი აღმოჩნდა.
სწორედ ამ დროს კონფლიქტში ჩაერია ინგლისის მხედრობის ამიერკავკასიის სარდლობა.
მან, პირველ რიგში, მოითხოვა ის, რომ საქართველოს ჯარს დაეცალა ბორჩალოს და
ახალციხის მაზრები, რომელთაც ორი სახელმწიფოს საზავო კონფერენციამდე თავად
დაიკავებდა. ახალქალაქის მაზრაში შენარჩუნდა ქართული ადმინისტრაცია, ხოლო
ბორჩალოში დაწესდა ნეიტრალური ზონა. შეთანხმებისამებრ, მისი მართვა შერეულ
ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა. 1919 წლის თებერვლის დასასრულს შეიკრიბა
საქართველო-სომხეთის წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელმაც დაადასტურა
ნეიტრალური ზონის შერეული მმართველობა.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკა კავკასიაში

„ანტანტის“ მთავრობებს არ ჰქონდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კავკასიის


მიმართ, რომელსაც ისინი კარგა ხანს მიიჩნევდნენ რუსეთის პერიფერიად. მათი აზრით, ეს
ტერიტორია რაღაც ფორმით უნდა დაბრუნებულიყო იმ რუსეთის შემადგენლობაში,
რომელსაც ჩამოაყალიბებდნენ სამოქალაქო ომში მონაწილე ანტიბოლშევიკური ძალები,
ე.წ. „თეთრები“. ლონდონსა და პარიზში, სადაც ბოლშევიკურ რეჟიმს ანომალიად
აღიქვამდნენ, იმედს ამყარებდნენ მის მტრებზე − ადმირალ კოლჩაკზე, გენერალ დენიკინზე
და სხვებზე. ასეთ პირობებში საქართველო და კავკასია „ანტანტისათვის“ არაფერს
ნიშნავდა.
1919 წელს თბილისში ბრიტანეთის მთავარ კომისრად გამოგზავნეს ჯონ ოლივერ
უორდროპი („ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად მთარგმნელის, მერჯორი უორდროპის ძმა),
რომელიც საკმაოდ პროქართულად იყო განწყობილი. ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის
სამხედრო მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობისათვის
მხარდაჭერის საჭიროებას ვერ ხედავდა. ნავთობის დიდი საბადო ანგლო-სპარსულმა
ნავთობის კომპანიამ (მომავალმა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“) ჯერ კიდევ მსოფლიო ომამდე
მონახა სამხრეთ სპარსეთში. იქვე, ქალაქ აბადანში, ბრიტანელების მიერ აგებულ

6
მსოფლიოში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის სუეცის არხის
გავლით ტრანსპორტირება ბრიტანეთისათვის ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი იყო,
ვიდრე ბათუმის მეშვეობით ბაქოს ნავთობის გამოზიდვა. ნავთობის დიდი საბადოები
აღმოჩნდა მოსულის ვილაიეთშიც, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა თავის სამანდატო
ტერიტორიას, ერაყს შეუერთა. ასე რომ, ლონდონს ბაქო საერთოდ აღარ სჭირდებოდა.
კავკასიაში კი მას სხვა არაფერი აინტერესებდა
როდესაც ნათელი გახდა, რომ „თეთრები“ ვერ გაიმარჯვებდნენ, ანტანტის ქვეყნებში
გადაწყვიტეს მეტი ყურადღება მიექციათ კავკასიისათვის და 1920 წლის 12 იანვარს დე-
ფაქტო1 სცნეს ჯერ საქართველოსა და აზერბაიჯანის, ხოლო ერთი კვირის შემდეგ –
სომხეთის მთავრობა. მაგრამ არავითარი რეალური დახმარება ამ ქვეყნებისათვის ანტანტას
არ გაუწევია. თანაც უკვე გვიან იყო: 1920 წლის 28 აპრილს ბოლშევიკური არმია, რომელმაც
იქამდე სასტიკად დაამარცხა რუსეთის სამხრეთ ნაწილში მოქმედი დენიკინის სამხედრო
ნაწილები, ბაქოში შევიდა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა.

საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება.

1920 წლის დამდეგიდან საქართველოს საგარეო ვითარება გართულდა. ბოლშევიკებმა


დენიკინის არმია არა მარტო სამხრეთ რუსეთის ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილოეთ
კავკასიიდანაც განდევნეს. 1920 წლის აპრილის ბოლოს წითელი არმიის ნაწილები ბაქოში
შევიდნენ. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.
ეს ფაქტი საქართველოსათვის ცუდი ნიშანი იყო, მაგრამ საქართველოს მთავრობა
მოახლოებულ კატასტროფას მთელი სიღრმით ვერ იაზრებდა. მას იმედი ჰქონდა, რომ
დასავლეთის ქვეყნები აღდგებოდნენ საქართველოს დასაცავად. „ჩვენ არა ვართ მარტო,
მთელი ევროპა განურჩევლად პარტიისა და მიმართულებისა ჩვენთან არის“, აცხადებდა
ნოე ჟორდანია. ნოე ჟორდანიას ეს სიტყვები მის სურვილად უფრო უნდა მივიჩნიოთ,
ვიდრე რეალობის სწორად აღქმად.
საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის შენარჩუნების საიმედო გარანტად
ჩათვალა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ამ მისიით, მთავრობის
რწმუნებულის რანგში, დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე ყველასთვის
საიდუმლოდ მოსკოვში გაიგზავნა. სწორედ გრიგოლ ურატაძისა და საბჭოთა რუსეთის
საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის ლევ კარახანის ხელმოწერით 1920 წლის 7
მაისს რუსეთ-საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების
პირველივე მუხლით საბჭოთა რუსეთმა ყოველგვარი პირობის გარეშე ცნო საქართველოს
სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ხოლო ხელშეკრულების მეორე მუხლით მან აიღო
ვალდებულება, არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში.
ხელშეკრულებას ახლდა ე.წ. „საიდუმლო ოქმი“, რომლის ძალითაც, ბოლშევიკებს
საქართველოში თავისუფალი მოქმედების საშუალება ეძლეოდათ, ანუ მათი მუშაობა
სრულიად ლეგალურ ხასიათს იღებდა. ცხადი იყო, ამ მუხლს რუსეთის ბოლშევიკური
მთავრობა თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა.

1
დე ფაქტო - რეალურად, სინამდვილეში. საერთაშორისო სამართალში დე ფაქტო ცნობა აღნიშნავს
არასრულ აღიარებას.

7
საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ

განმარტება
რკპ (ბ) ‒ რუსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკური).
კავბიურო ‒ კავკასიის ბიურო.

რუსეთმა კავკასიაში დასაყრდენის შექმნა ადგილობრივი ბოლშევიკური ძალებისგან


ჯერ კიდევ ადრე დაიწყო (ე.წ. მე-5 კოლონა), 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ
კი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.
1920 წლის 20 ივნისს თბილისში ჩამოვიდა საბჭოთა რუსეთის საელჩო ს. კიროვის
მეთაურობით. ეს საელჩო 400-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებდა, რაც ჩვეულებრივი
დიპლომატური ურთიერთობისათვის უჩვეულო მოვლენა იყო.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის მთავარ შტაბს იმ
დროისათვის წარმოადგენდა ბაქო, სადაც მოთავსებული იყო რკპ (ბ) კავბიურო და მე-11
არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭო. ამ ორგანოებს ჯერ კიდევ 1920 წლის აპრილში,
ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ეწადათ თბილისისაკენ
გამოლაშქრება. ამ მიზნით გამოიწვიეს კიდეც სასაზღვრო ინციდენტები, მაგრამ ეს
მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრს, სერგო
ორჯონიკიძეს, იმდენად ეჩქარებოდა საქართველოში წითელი არმიის შემოსვლა, რომ
საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების გაფორმებაც არ აძლევდა ხელს. ამიტომაც იყო,
რომ საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის, გრიგოლ ურატაძის
როსტოვიდან მოსკოვში გამგზავრებას ყველანაირად აბრკოლებდა.
რკპ (ბ) კავბიურომ საქართველოში წითელი ჯარების შეყვანა 1920 წლის ნოემბერში,
სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე მოიწადინა, მაგრამ ლენინმა და
ტროცკიმ ეს აქცია, საერთაშორისო თვალსაზრისით, მაშინ მიზანშეუწონლად ჩათვალეს.
1921 წლის იანვრის დამდეგს ს. ორჯონიკიძე და ს. კიროვი, კავბიუროს სახელით რკპ (ბ)
ცენტრალურ კომიტეტს კვლავ უდგენენ მოხსენებას საქართველოს დაუყოვნებლივი
გასაბჭოების შესახებ.
XI არმიის სარდლობას უკვე ჰქონდა საქართველოს დაპყრობის გეგმა, რაც ლენინს 1920
წლის 18 დეკემბერს წარედგინა. კავბიუროს პოზიციას ერთგულად იცავდა იოსებ სტალინი.
(ჯუღაშვილი). 1921 წლის თებერვალში კრემლისათვის ხელსაყრელი დრო დადგა: წითელმა
არმიამ დასავლეთით მოიგერია პოლონეთის შეტევა, ხოლო სამხრეთში დაამარცხა
ვრანგელის არმია. ამასთან, მომზადდა სავაჭრო ხელშეკრულება ინგლისთან. ინგლისის
პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საქართველოს საკითხი საბჭოთა რუსეთის საშინაო საქმედ
ჩათვალა. თებერვლის შუა რიცხვებისათვის რკპ (ბ) პოლიტბიურო მთლიანად იზიარებდა
დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოზე თავდასხმის აზრს. 15 თებერვლის
თარიღით იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს გაუგზავნა ქართულად დაშიფრული
დეპეშა „ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“. საქართველოს ოკუპაციის გეგმა
წინასწარ იყო დაგეგმილი და იგი აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპყრობის გაგრძელებას
წარმოადგენდა. საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია საიდუმლოდ და დიდი
სიფრთხილით მზადდებოდა. საქართველოს ოკუპაცია ასეთი სცენარით იყო დაგეგმილი:
საქართველოში უნდა დაწყებულიყო არსებული მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული
გამოსვლა. აჯანყებულთ უნდა შეედგინათ მთავრობა, რომელიც საქართველოს მშრომელთა
სახელით საბჭოთა რუსეთს დახმარებისათვის მიმართავდა.
აჯანყების ინსცენირება 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რაიონში, ე. წ. „ნეიტრალურ
ზონაში“, დაიწყო. მოულოდნელი თავდასხმის გამო ზონაში განლაგებული ქართული
ნაწილები დამარცხდნენ. 15 თებერვალს მტერმა ახალი ფრონტი გახსნა. აზერბაიჯანის
მხრიდან საზღვრები მე-11 არმიამ გადმოლახა. მტერი საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა

8
დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილით, შავი ზღვის სანაპიროზე სოჭის
მიმართულებით. ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ ჩაებნენ მე-8, მე-9 და მე-13 არმიები.
16 თებერვალს შულავერში სახელდახელოდ შედგა საქართველოს დროებითი მთავრობა, ‒
ე.წ. „რევოლუციური კომიტეტი“ (რევკომი), ან „შულავერის კომიტეტი“, რომელიც
კრემლში შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: ფილიპე მახარაძე (რევკომის
თავმჯდომარე), მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ალექსი გეგეჭკორი, ბესარიონ
კვირკველია და სხვ. ნიშანდობლივია, რომ რევკომის არც ერთი წევრი არ ყოფილა აჯანყების
რაიონში, ხოლო მისი თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე ლენინმა საქართველოში ოკუპაციის
შემდეგ მოავლინა.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის თავდაცვისათვის საგანგებო ზომები მიიღო. 17
თებერვალს სამხედრო ძალებს სათავეში ახალი მთავრსარდალი გენერალი გიორგი
კვინიტაძე ჩაუდგა. 18 თებერვალს იაღლუჯის სანახებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს
თვალსაჩინო საბრძოლო წარმატება. ტყვედ იგდეს 1600 რუსი ჯარისკაცი და საბრძოლო
ქონება. რუსებს დამატებითი ძალები მოუვიდათ. დაიწყო შეტევა თბილისზე კოჯორ-
ტაბახმელას მხრიდან. ამ რაიონში სამი დღე მიმდინარეობდა შეუპოვარი ბრძოლები, სადაც
განსაკუთრებით ისახელეს თავი თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა. მათ მტერი
ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქეთ განდევნეს.
1921 წლის 22 თებერვალს, ფაქტობრივად, რუსეთის მხარდამჭერმა თურქეთის
მთავრობამ საქართველოს ულტიმატუმი წარუდგინა და არტაანისა და ართვინის
რაიონების დაცლა მოსთხოვა. შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ თურქეთთან
ომს არტაანისა და ართვინის დათმობა ამჯობინა. ქართული ჯარი ამ რაიონებიდან
გაიყვანეს. რუსების კავალერია, სოფელ დიღმის გავლით, ქართული ჯარის ზურგში შეიჭრა.
იმავდროულად მტერმა კოჯრიდან საბურთალოს მიმართულებითშეუტია. XI არმიის
სარდლობა ცდილობდა, ვაზიანიდანაც შეჭრილიყო ქართული ჯარის ზურგში. 24
თებერვალს, საღამოს 10 საათზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ გიორგი კვინიტაძის
გადაწყვეტილებით, ქართულმა ჯარმა მცხეთის მიმართულებით უკან დახევა დაიწყო.
გადაწყდა ახალი გამაგრებული ხაზის შექმნა.
25 თებერვალს თბილისში რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. ბაქოდან ს.
ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების
წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს“
თურქეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ სცადა შექმნილი მდგომარეობის სათავისოდ
გამოყენება. ამჯერად საქართველოს მთავრობას ბათუმის დათმობა მოსთხოვეს, რაზეც
უარი მიიღეს. თურქეთთან ომი დაიწყო.

ქუთაისის მოლაპარაკება

თურქეთის აჭარაში შეჭრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა


იძულებული გახადა საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებაზე დათანხმებულიყო. მთავრობას
პირველი რიგის ამოცანად საქართველოს თურქეთის მხრიდან ანექსიის აღკვეთა მიაჩნდა
და შესაძლებლად თვლიდა ამ საკითხზე საბჭოთა მხარესთან მოლაპარაკებები გაემართა. ეს
მოლაპარაკება ქუთაისში 1921 წლის 17-18 მარტს შედგა. მასში საბჭოთა მხრიდან აბელ
ენუქიძე, მამია ორახელაშვილი და ალექსანდრე სვანიძე მონაწილეობდნენ. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან კი ნოე ჟორდანიას მოადგილე და
სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე. საბჭოთა მხარემ მოლაპარაკების
წინაპირობად წამოაყენა საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ კაპიტულაციის
წინასწარ აღიარება, რაზეც ლორთქიფანიძემ კატეგორიული უარი განუცხადა. დავის
შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომხდარიყო საომარი მოქმედების დაუყოვნებლივი

9
შეწყვეტა. პირველი რესპუბლიკის მთავრობა საბჭოთა რუსეთის ჯარებს ნებას რთავდა
ბათუმის ოლქში შესულიყო და თურქეთის სამხედრო ნაწილები განედევნა. ქ. ბათუმში, მის
რაიონებში, რკინიგზის ხაზზე ბათუმიდან საჯავახომდე რჩებოდა დემოკრატიული
მთავრობის ადმინისტრაცია და ხელისუფლება, ხოლო საბჭოთა ჯარი ბათუმში შედიოდა
როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და მისი მხედრობის „მეგობრული
ძალა“. დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმში იმყოფებოდა,
დაპირებას იძლეოდა, რომ გაგზავნიდა ცარიელ ვაგონებს ბათუმის ოლქში წითელი არმიის
ნაწილების საჩქაროდ შესაყვანად. ამ მოლაპარაკებაზე დემოკრატიული რესპუბლიკის
მთავრობამ არ აღიარა კაპიტულაცია და ქვეყნის შემდგომი ბედის გადაწყვეტა ქართველ
ხალხს მიანდო. 1921 წლის 17 მარტს ბათუმში ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი
კრების ბოლო სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პირველი
რესპუბლიკის მთავრობის სასწრაფოდ ემიგრაციაში წასვლაზე. 18 მარტს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების დეპუტატების ერთ ნაწილთან ერთად
დატოვა საქართველო და სტამბოლის გავლით გეზი საფრანგეთისაკენ აიღო. საბჭოთა
რუსეთმა წარმოებული ომის გზით განახორციელა საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია, რომელიც
თანდათანობით მის სრულ ანექსიაში გადაიზარდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით
საქართველომ დაკარგა ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი
სუვერენიტეტი.
კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში აჭარის საკითხი. ოსმალეთი ძალზე აქტიურად
მოქმედებდა და საჭირო იყო დროული ზომების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარა
დაიკარგებოდა. ასეთ ვითარებაში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი სათავეში ჩაუდგა
წითელ არმიას და მათთან ერთად მოახერხა აჭარიდან თურქების გაყრა. სწორედ
მაზნიაშვილს, რომელსაც ბოლშევიკები მენშევიკობას, ხოლო მენშევიკები ბოლშევიკებთან
თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს, ეკუთვნის სიტყვები: „მე არც მენშევიკი და არც
ბოლშევიკი გენერალი არა ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ“! ასეთი დიდი ქართველი 1937
წლის სტალინურ რეპრესიებს შეეწირა და დახვრიტეს. სამწუხაროდ მისი საფლავიც კი
უცნობია.

10

You might also like