You are on page 1of 19

სსიპ.

ქალაქ ფოთის N 4 საჯარო სკოლის

XII კლასის მოსწავლე

ფიფია სესილი

საგანი: ისტორია

პრეზენტაცია თემაზე: ,,საბჭოთა ხელისუფლების დამყარება”

თარიღი: 05/05/2022

2021-2022 სასწავლო წელი.


შესავალი

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 1918


წლის 26 მაისს მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა. მისი
შექმნიდან სამ წელში კი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ განახორციელა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, რასაც ფაქტობრივი
ანექსია მოჰყვა. აღნიშნულ ნაშრომში აღწერილია საქართველოს პირველი
რესპუბლიკის შექმნა და არსებული წინააღმდეგობები, ანტისახელმწიფოებრივი
გამოსვლები, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შეთანხმება და
ბოლშევიკების მიერ განხორციელებული ინტერვენცია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენა მოხდა


_ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო და დაამტკიცა
‘’საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი’’, რომელიც 1919 წლის 21 მარტს
ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ. ქართველი ერის
თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აღსდგა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის
აქტით სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარებულ იქნა
დემოკრატიული რესპუბლიკა. დაიწყო ეროვნულსახელმწიფოებრივი
მშენებლობის პროცესი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის
იდეოლოგიური საფუძველი იყო ევროპული ტიპის დემოკრატიული
სოციალიზმი, რაც პრინციპულად უპირისპირდებოდა სოციალიზმის რუსულ
მოდელს, ბოლშევიკურ მაქსიმალიზმს. დაიწყო თითქმის ყველა სფეროს
რეფორმირება და ახალი სახელმწიფოებრივი სისტემის დანერგვა. აღნიშნული
პერიოდისთვის საქართველო მაღალი დემოკრატიული ღირებულებების
მაჩვენებელ სუბიექტს წარმოადგენდა და რეგიონში განსაკუთრებულ ადგილის
მატარებელი იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის
მომენტში საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთული და დაძაბული იყო.
მსოფლიო ომის შემდეგ მეომარი სახელმწიფოების მომავალი ბედი ჯერ კიდევ არ
იყო გადაწყვეტილი. ამავდროულად, საქართველოს ჩრდილოეთით მძვინვარებდა
სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებს საქართველოსთვის არსებითი მნიშვენელობა
ენიჭებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას
მტრულად შეხვდა საბჭოთა რუსეთი. სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო
ინტერვენციის პირობებში რუსეთს არ შეეძლო 1918-1920 წ-ში საქართველოს
საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევა. სწორედ ამიტომ, ამიერკავკასიის რუსთა
ეროვნულმა საბჭომ აქტიურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ საქმიანობა,
რომელსაც დიდ დახმარებას თბილისის რუსი სამღვდელოება უწევდა. რუსეთის
ძირითად დასაყრდენ ძალას წამოადგენდნენ ქართველი ბოლშევიკები. ათობით
მათმა აგენტმა დაიწყო ძირგამომთხრელი საქმიანობა _ შემოჰქონდათ იარაღი,
ფული და აღჭურვილობა, რომელსაც ურიგებდნენ დეზერტირებს, ბანდიტებსა და
სხვა დამნაშავეებს დესტაბილიზაციისთვის. საქართველოში რუსეთის საქმიანობას
კონტროლს უწევდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის
სამხარეო კომიტეტი, შემდგომში ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო.
ანტიქართულ საქმიანობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ ფილიპე მახარაძე,
სერგეი კიროვი, სტეფანე შაუმიანი, სერგო ორჯონიკიძე, ა. გეგეჭკორი და სხვ.

ოკუპაციის დასაწყისი

ქვეყანაში შექმნილი იყო დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, რასაც თან


ერთვოდა მძიმე სოციალური ფონი, რომელიც გამოწვეული იყო მსოფლიო ომის
შემდგომი ეკონომიკური კრიზისით. აღნიშნული მდგომარეობა კარგად
გამოიყენეს ბოლშევიკებმა და 1918 წლიდან დაწყებული „გლეხთა“ აჯანყებების
ინსპირირება მოაწყვეს სხვადასხვა რაიონებში. 1920 წელი განსაკუთრებით
რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ
საბჭოთა რუსეთმა დაიწყო მზადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელი
სახელმწიფოების დასაპყრობად. 1920 წლის აპრილის ბოლოს საბჭოთა მე-11
წითელი არმია ს. ორჯონიკიძის მეთაურობით ბაქოში შევიდა. აზერბაიჯანში
საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. ამ ფაქტის შემდეგ, რკპ (ბ) ცენტრალური
კომიტეტის კავკასიის ბიურო, პირადად ს. ორჯონიკიძე და მე-11 არმიის
სარდლობა შესაძლებლად მიიჩნევდნენ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დაპყრობასაც. საჭირო იყო საბაბი საქართველოში შეჭრისათვის.
ასეთ საბაბად იქცა 1920 წლის 1-2 მაისის ღამით ქართველი ბოლშევიკების მიერ
მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა იუნკერთა სასწავლებელზე თბილისში.
რუსეთის მე-11 წითელი არმია აზერბაიჯანიდან თბილისისაკენ დაიძრა, რომლის
აღებასაც 15 მაისისთვის გეგმავდა. საქართველოში გამოცხადდა საყოველთაო
მობილიზაცია. ფოილოს ხიდთან ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ და სწრაფად
დაიხიეს უკან. საგულისხმოა, რომ ქართველების მიერ აყვანილი ტყვეებიდან
ყველა რუსი იყო, რაც აშკარად ადასტურებდა კომუნისტების განცხადების
სიცრუეს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის ჯარებმა შეუტიეს საქართველოს
და არა რუსებმა. ფოილოსთან მარცხის შემდეგ, რუსებს არ აწყობდათ
ფართომასშტაბიან ომში ჩაბმა და გადაწყვიტეს ზავის დადება, საქართველოს
მთავრობასაც რუსეთთან სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულების
გაფორმება საიმედოდ ეჩვენებოდა. მოსკოვში მისიით გაიგზავნა გრ. ურატაძე,
რომელმაც 1920 წლის 7 მაისს ხელი მოეწერა ლ. კარახანთან ერთად
რუსეთსაქართველოს ხელშეკრულებას. პირველივე მუხლით, საბჭოთა რუსეთმა
ყოველგვარი პირობის გარეშე ცნო საქართველოს სახელმწიფოს
დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ხელშეკრულების მეორე მუხლით, რუსეთმა
აიღო ვალდებულება _ არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში. თუმცა
უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებას ახლდა ‘’განსაკუთრებული საიდუმლო
დამატება’’, რომლის ძალითაც საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციებს
ეძლეოდათ ლეგალური მუშაობის უფლება. მიუხედავად ამისა, 1920 წლის 7
მაისის ხელშეკრულება იყო დიდი მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო
სამართლებრივი აქტი, რაც საქართველოს სტატუსს მსოფლიო პოლიტიკურ
არენაზე განამტკიცებდა. ხელშეკრულებამ გაზარდა საქართველოს
დამოუკიდებლობისადმი საერთაშორისო ნდობა. კიდევ უფრო გაუადვილა უცხო
ქვეყნებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. თუმცა უნდა აღინიშნოს,
რომ ამ ხელშეკრულებით შეიქმნა ხელსაყრელი წინაპირობები საქართველოს
დასაპყრობად, რაც ბაქოს გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა რუსეთის მორიგ ამოცანას
წარმოადგენდა. დადებული ხელშეკრულება, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ
დროის მოგებისთვის და საომარი მოქმედებების მოსამზადებლად იყო
გამიზნული. 1920 წლის 20 მაისს საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები
გაფორმდა საქართველოს კომუნისტურ პარტიად, შეიქმნა დროებითი
ცენტრალური კომიტეტი ფ. მახარაძის მეთაურობით. მიმდინარეობდა ძალების
სერიოზული მობილიზება საქართველოს დემოკრატიული მთავრობის
დამხობისათვის. მდგომარეობას ართულებდა სომხეთის დაპყრობა წითელი
არმიის მიერ. მიუხედავად მძიმე საშინაო მდგომარეობისა, საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყველანაირად ცდილობდა
საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განმტკიცებას. მიმდინარეობდა
საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივად და იურიდიულად აღიარების
პროცესი. მიღებულ იქნა კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს, წითელი არმიის
თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. მისი ძირითადი დებულებანი
შემუშავებული იყო ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების
კონსტიტუციების, განსაკუთრებით შვეიცარიის დადებითი გამოცდილების
გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციას პრაქტიკულად არ
უმოქმედია, მაინც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო იგი ქართველი ერის
ისტორიული განვითარების გზაზე. 1918 წლის 26 მაისის საქრთველოს
დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია იყო ის იურიდიული
საფუძველი, რომელსაც ემყარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობითვის ბრძოლა მომდევნო ათწლეულებში. ოკუპაცია
საქართველოს გასაბჭოების სცენარი ითვალისწინებდა საქართველოს
სოციალისტურ გადატრიალებას შინაგანი ძალებით. საბჭოთა რუსეთის ქმედება
კლასობრივ თანამოძმეთა ‘’ძმური დახმარებით’’ უნდა გამართლებულიყო.
მშრომელთა აჯანყების ინსცენირება უნდა მომხდარიყო ლორეს რაიონში
(ბორჩალოს მაზრა), სადაც ნეიტრალური ზონის (ქართულ-სომხური)
ადმინისტრაცია იყო განლაგებული. ამისთვის შესაფერის პერიოდს კი 1921 წლის
თებერვალი წარმოადგენდა. პარალელურად, საბჭოთა რუსეთს ხელს უწყობდა
საგარეო პოლიტიკური წარმატებები; თურქეთთან დაახლოებით, წითელი არმიის
მიერ დასავლეთით პოლონეთის შეტევის მოგერიებით, სამხრეთში ვრანგელის
არმიის დამარცხებითა და საქართველოს საკითხისადმი ევროპის
სახელმწიფოების გულგრილი დამოკიდებულებით წაქეზებულმა რუსეთმა,
რომელთან ურთიერთობასაც ომით ეკონომიკურად დაუძლურებული ევროპული
სახელმწიფოები აუცილებლად მიიჩნევდნენ, განახორციელა წინასწარ
გამიზნული ოკუპაციის გეგმა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მე-11
წითელი არმიის სარდლობა _ პირადად ორჯონიკიძე და კიროვი
ხელმძღვანელობდნენ. 1921 წლის 11-12 თებერვალს ღამით ბორჩალოს მაზრის
რუსი კოლონისტების სოფლებში დაიწყო ‘’აჯანყება’’, რომელიც საბჭოთა
პროპაგანდამ ‘’საქართველოს მშრომელთა აჯანყებად’’ გამოაცხადა. 1921 წელს 12
თებერვალს რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ.
აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც
კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. საქართველოს საზღვრებში
შემოჭრა ასევე განხორციელდა დარიალის ხეობით, მამისონის უღელტეხილითა
და შავი ზღვის სანაპიროდან. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ მე-8,
მე-9 და მე-13 არმიები. 16 თებერვალს შედგა დროებითი მთავრობა ე.წ.
‘’რევოლუციური კომიტეტი’’, რომელიც კრემლმა შემდეგი შემადგენლობით
დააკომპლექტა: ფ. მახარაძე (რევკომის თავმჯდომარე), მ. ორახელაშვილი, შ.
ელიავა, ა. გეგეჭკორი, ბ. კვირკველია, ან. ნაზარეტიანი და სხვ. რუსეთი
ცდილობდა შეენიღბა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.
ამიტომ გადაწყდა, აჯანყებული საქართველოს მშრომელების სახელით მოსკოვში
გაგზავნილიყო თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს თხოვნა შულავერში
ორჯონიკიძის ინიციატივით შექმნილმა რევკომმა მოსკოვში მხოლოდ 1921 წლის
16 თებერვალს გაგზავნა, როცა 12 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები
უკვე საქართველოს საზღვრებში იყვნენ შემოჭრილი და ომიც მიმდინარეობდა,
ხოლო 15 თებერვალს მოსკოვში უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისის
დაკავების შესახებ. საოკუპაციო ძალებს საქართველომ ყველა ფრონტზე
დაახლოებით 40 000-იანი არმია დაუპირისპირა.

16 თებერვალს ¬_ წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით


საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს.
აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით
წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ
დაიძრნენ.

17 თებერვალს¬ _ სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი


კვინიტაძე.
18 თებერვალს ¬_ იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს
საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო
სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და
ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს ¬_ მიუხედავად იმისა, რომ
თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ
არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე
იგდეს ხელთ. 20 თებერვალს ¬_ კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები
კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები
მიატოვეს და უკან დაიხიეს.

19-20 თებერვალს - სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11


არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6
ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი
ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და
შეტევა გააგრძელა.

23 თებერვალს _ სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ


ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა),
რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა
დედაქალაქის მიმართულებით.

17-24 - თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან.


მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ-
საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო
გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი
ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. 24
თებერვალს _ საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს
გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი
გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ.

„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“

- ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25


თებერვლის პირველ წუთებს, როცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის
გადაწვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის
წინ, 25 თებერვლის დადგომამდე, თანამებრძოლებთან ერთად სულგანაბული
ელოდა სამშობლოსათვის თავგანწირვის დიად მომენტს, როცა სანგარში
ჩამჯდარს თითები სველ ჩახმახზე ეყინებოდა და თოვლის ფიფქები თვალებში
უვარდებოდა. თავდაპირველად ოფიცრის ბრძანება, ამოსულიყვნენ სანგრებიდან,
შეტევაზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნია, თუმცა მალევე, სოღანლუღის ხიდის
აფეთქების შემდეგ, მიხვდა რაშიც იყო საქმე: „ამ წამიდან როგორც ჩვენი
სამშობლო, საქართველო, ისე ქართველი ერი სამუდამოდ დაიღუპა, ჩარხი უკუღმა
გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი
უფსკრულში გადავარდა“.

ქართულმა ჯარმა თბილისი მართლაც მოულოდნელად დატოვა 24-25 თებერვლის


სუსხიან ღამეს. მანამდე თბილისის დამცველებმა მოიგერიეს წითელი არმიის ორი
იერიში და 23 თებერვლისთვის მტერი თბილისის მისადგომებიდან უკუაქციეს.
სოღანლუღთან ბრძოლაში მოკლეს 530 და ტყვედ აიყვანეს 1600 მტრის ჯარისკაცი,
შესაბამისად, საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იყო როგორც სამხედრო
ნაწილებში, ასევე საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს 25 თებერვალს გამოსულ
გაზეთებში გამოქვეყნებული ოპტიმისტური სტატიები, ცნობები მობილიზაციისა
და სასწავლო სროლების გაგრძელების შესახებ.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ ცხადდება, რომ ახლად გაწვეულ ჯარისკაცთა


შესასწავლად სანიმუშო სროლა ქ. ტფილისში გაგრძელდება 25, 26 თებერვალს“ -
წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.

„რაც უნახავთ, ვერ ნახავენ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ“ ცნობა


მტრის „ჰაეროპლანის“ მიერ თბილისში ყუმბარების ჩამოყრის შესახებ.

„ხმელეთზე ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ვერ გამოიწვიეს აჯანყება.


დამარცხებულები მაღლა აფრინდნენ და ზემოდან მშვიდობიან ხალხს დაუშინეს.
ეს არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ნაბიჯი- ამით უნდათ გვითხრან -
დაგვნებდით, ბრძოლას თავი დაანებეთ, მაინც ვერ გაგვიძლებთ დიდხანსო,
მაგრამ თბილისი არ შეკრთა. არ ეშინია მსხვერპლის არც ფრონტზე და არც
მშვიდობიან ქუჩებში. საქართველოს დედაქალაქი არ კარგავს იმ სიდინჯეს,
რომელსაც მოითხოვს მისგან დღევანდელი დღე. დამოუკიდებლობის დაცვა
საქართველოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მისი ნებით ბოლშევიკები
ვერ შემოვლენ აქ. ქართველ ხალხს აქვს ისეთი სიმაგრე, რომელსაც ისინი ვერ
მოერევიან ვერც ზარბაზნებით და ვერც ჰაეროპლანებით. ეს სიმაგრე მისი მკერდი,
მისი სულიერი განწყობილებაა“, - წერდა „ერთობა“.

„თბილისის პოზიციებზე დამარცხებულ მტრის მდევარმა, ჩვენი ჯარის მოწინავე


რაზმმა, გუშინ საღამოს აიღო სოფელი კუმისი და წალასკური. კუმისთან ღამის
ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 8 ტყვიისმფრქველი, 3 ოფიცერი და 53
წითელარმიელი“, - ამგვარი შინაარსის ცნობა გაავრცელა საქართველოს
შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

როგორ დავთმეთ თბილისი


საბრძოლო წარმატებებისა და მაღალი საბძოლო სულისკვეთების მიუხედავად,
საქართველოს მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაინც მიიღო
თბილისის დატოვების გადაწყვეტილება.

რა იყო ამის მიზეზი?

გიორგი კვინიტაძე მოგონებების წიგნში წერს, რომ 24 თებერვალს დღის სამ


საათზე მიიღო ცნობა, რომ წითელი ცხენოსნები გამოჩნდნენ ზურგში, ავჭალაში
და, რომ მათ დაიკავეს მიმდებარე სოფლები.

„ცხადია, ეს ის ცხენოსნები იყვნენ, რომლებმაც გვერდი აუარეს პოლკ.


გედევანიშვილის ფლანგს. შესაბამისად, მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ჩვენს ზურგში
და ხელში ჩაიგდო უკან დასახევად საჭირო რკინიგზის კვანძი. ჩემთვის
გაუგებარია, რატომ დაუყოვნებლივ არ გამოიყვანა მწყობრიდან რკინიგზის ხაზი,
ხელში არ ჩაიგდო სადგური, ტელეგრაფი და ა.შ. და ამგვარად, რატომ არ გაწყვიტა
ჩვენი კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ყველაფერი ეს შეეძლო მტერს და ჩვენ
ხელს ვერ შევუშლიდით. საჭირო იყო დაუყოვნებლივ მოქმედება“, - წერს გიორგი
კვინიტაძე, რომლის თქმითაც, ერთი დღით ადრე მტერი ასევე გამოჩნდა
ნახშირგორასთან, საიდანაც თავისუფლად შეეძლო სოფელ დიღომის დაკავება,
რაც ავჭალის აღების გათვალისწინებით, თბილისის სრულ ალყაში მოქცევას,
მთელი ჯარისა და მთავრობის აპარატის დაღუპვას გამოიწვევდა.

„ეს ნიშნავდა ომის დასრულებას!“ - შენიშნავს გიორგი კვინიტაძე.


ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ კვინიტაძის სიფრთხილე
უსაფუძვლო არ იყო.
„მარცხენა ფლანგს უვლიდა წითელი არმიის ორი დივიზია. ამ ორ
დივიზიაში 3-4 ათასამდე ცხენოსანი შედიოდა. თან რუსული ცხენოსანი
დივიზიის სტრუქტურაში შედიოდნენ არა მხოლოდ ცხენოსნები, არამედ
არტილერისტებიც. მარჯვენა მხრიდან გვივლიდა ერთი ცხენოსანი პოლკი
და ერთი ბრიგადა, მთლიანობაში ორივე მხრიდან 4-5 ათასი ცხენოსანი
გვაქცევდა ალყაში. კვინიტაძის ეს გადაწყვეტილება სადავო იყო, არის და
მომავალშიც იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული ძალები
აპირებდნენ თბილისის ალყაში მოქცევას. 24-ში მხოლოდ მცდელობა
ჰქონდათ და მცირე ძალებით მოგვისინჯეს კბილი, თუ რამდენად გვქონდა
დაცული და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ადგილებში ცხენოსანი ჯარის
გავლა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვს გენერალ
გიორგი მაზნიაშვილს - თბილისის დაცვის ცენტრალური სექტორის სარდალს,
რომლისთვისაც გამაოგნებელი მოულოდნელობა აღმოჩნდა 24 თებერვალს,
23.23 სთ-ზე ტელეფონით მიღებული მთავარსარდლის ბრძანება ტფილისიდან
მცხეთაში უკან დახევის შესახებ.
„ყველაზე მეტად ერთი გარემოება მაოცებდა: ტფილისის დაცვა ისეთი
დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე
დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს
გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ,
ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით,
რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი
და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი
აზრის მოსმენა არც კი ინებეს“, - წერს გიორგი მაზნიაშვილი მოგონებებში.
თბილისის დატოვების წინააღმდეგი ვიყავიო, ამბობს მთავრობის მაშინდელი
მეთაური ნოე ჟორდანიაც („ჩემი წარსული“): „ვედავებოდი, ვაჩერებდი, არ
გადადგა ასეთი ნაბიჯი-მეთქი... მოვსთხოვე მიზეზი, გამარჯვებული ჩვენ
ვართ, უკან იხევს ჩვეულებრივათ დამარცხებული თქვა. მან მიპასუხა: ეს
თეორიაა, საქმეს წყვეტს კონკრეტული მდგომარეობა, ჩვენ შემოქალტული
ვართ, გზა მოჭრილია. რჩება ერთი ბილიკი - მცხეთისკენ მიმავალი გზა და
თუ ამეღამ ვერ გავასწრებთ, ხვალ იძულებული ვიქნებით ტყვედ
ჩავბარდეთო“.
გიორგი კვინიტაძემ ეს გადაწვეტილება ერთპიროვნულად მიიღო (ქვაბულში
განთავსებული, ალყაშემორტყმული ქალაქის დაცვა შეუძლებლად მიაჩნდა),
რის უფლებასაც მას მოქმედი კანონმდებლობა აძლევდა. გარდა ამისა, ძალაში
იყო თავდაცვის საბჭოს მიერ 1920 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის
მიხედვითაც, თბილისის დატოვება არ ნიშნავდა ომის დასრულებას. გიორგი
კვინიტაძე მოგონებებში ამ საკითხს საფუძვლიან ეხება და ამბობს, რომ
მთავარსარდლად დანიშვნისთანავე (16 თებერვალი) დავაზუსტე ეს საკითხი და
მივიღე ყველა ზომა ქუთაისში დაუყოვნებელი ევაკუაციის თაობაზეო.
„24 თებერვლისთვის, თბილისის დატოვებისას, ქალაქში მხოლოდ სამი
მატარებელი იყო დარჩენილი: დამფუძნებელი კრების, მთავრობის და
მთავარსარდლის. სხვა ყველა უწყება ევაკუირებული იყო ქუთაისში“, -
იხსენებს გიორგი კვინიტაძე და არც თუ სიამაყის გარეშე შენიშნავს, რომ
მტრისთვის ერთი შაშხანაც კი არ დაუტოვებია.
ომის გმირები
საქართველოს თავდაცვის კომიტეტის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას
ბევრი მოქალაქე გამოეხმაურა.
„მოქალაქეებო, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა!“ - ასეთი იყო მოწოდება.
16 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა მთავრობის მეთაურმა,
ნოე ჟორდანიამ:
„შეაჩერეთ ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ
ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი
სურსათი, აი, რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ
ყოველ დღე გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებით.
შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენ ირგვლივ
შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო, ხელი ხმალს იკარ, მტერთა
ისმიან ხმანია! საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება“.
1921 წლის 23 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ
სტუდენტები, რომლებსაც სიტყვით მიმართა სასწავლებლის დამფუძნებელმა
და რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა:
"შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ
მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა
საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო.
და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"
სწორედ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო ფრონტზე მოხალისედ
წასული მოწყალების და, 20 წლის მარო მაყაშვილი, რომელიც სასიკვდილოდ
დაიჭრა თავში ჭურვის ნამსხვრევებით. ასევე თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ
სტუდენტები: პავლე ბეშკენაძე, კოლია კალანდარიშვილი, გიორგი
გამყრელიძე, კოტე კვიცარიძე.

სამაგალითო გმირობა გამოიჩინეს სამხედრო სკოლის ოფიცრებმა და


იუნკრებმა, რომლებიც თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-
ტაბახმელის მიდამოებში იბრძოდნენ. მტერთან ბრძოლაში დაიღუპა 9 და
დაიჭრა 43 იუნკერი.
„ჩვენ სულისკვეთებაზე ვერავითარი სიძნელე ვერ მოქმედებდა და ვერ
გვასუსტებდა. სიკვდილზე არც არავის გვიფიქრია და არც შეგვშინებია.
ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ხელყუმბარები და ჭურვთა
ნამსხვრევები, ჩვენ კი სანგრებში ჩამალვას სანგრების პირას ფეხზე
დგომას ვარჩევდით. შიგა და შიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა წრე შეგვიკრავს
და ცეკვა-სიმღერა წამოგვიწყია“, - ასე იხსენებდა წლების შემდეგ სანგრებში
გატარებულ დღეებს ყოფილი იუნკერი ნიკოლოზ მათიკაშვილი.

სულისშემძვრელია გმირობა იუნკერ შალვა ერისთავისა, რომელმაც თავისი


სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა რამდენიმე ათეული თანამებრძოლი,
როცა სტრატეგიული სიმაღლის 1046-ის დაბრუნებისას, კონტრშეტევაზე
გადასულ ქართველებს „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა
გორაკზე გამაგრებულმა მტერმა. შალვა ერისთავმა სწრაფად გადაირბინა
მონაკვეთი ტყვიამფრქვევამდე, მემიზნე ოფიცერს ხიშტი აძგერა, თვითონ კი
ტყვიამფრქვევს გადაეფარა.
შალვა ერისთავი
ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობის შედეგია 19 თებერვლის
გამარჯვება და 1600-მდე წითელარმიელის დატყვევება,
„კულტუროსან საქართველოს რჩეულმა შვილებმა - ქართველმა
ჯარისკაცებმა - იგრძნეს სავსებით საბედისწერო დღის სიმწვავე,
გააფრთრებული ლომებივით თავგანწირვით ეკვეთნენ მოსულ კალია
მტრის ჯარს და სამარე გაუთხარეს მას შეხლის გზაზე. დიაცის მანდილი
მოახვიეს მას სახეზე, კურდღლებივით ჩამოლალეს თბილისის ქუჩებზე
ყეყეჩი რუსი მუჟიკები. 19 თებერვლის გამარჯვებით ჩვენმა ჯარმა
სამარადისო გვირგვინი დაიდგა განათლებული კაცობრიობის თვალში“, -
წერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქართველი
ჯარისკაცების გამარჯვებაზე.
რუსი ტყვეები მართლაც ჩამოატარეს რუსთაველის გამზირზე, რის შესახებაც
ცნობა ქართულმა გაზეთებმაც გამოაქვეყნეს.
„გუშინ კიდევ ჩამოიყვანეს ფრონტიდან დიდძალი „წითელი“ ტყვეები.
როგორც პირველ დღეებში ჩამოყვანილი ტყვეები, ესენიც მეტად ცუდ
შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ნახევრად ტიტვლები, დამშეულები, ძალზე
მოქანცულნი და ძალზე სასომიხდილნი, მაღაზიებში მსუნაგ ძაღლებივით
იყურებოდნენ. მათ დიდად გაუკვირდათ, როცა დაინახეს მაღაზიებში პური,
ხორცეულობა და სხვა სურსათი”, - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.
კვლავ 25 თებერვალი
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქი 25 თებერვალს,
გათენებამდე დატოვეს. რამდენიმე საათში თბილისი მე-11 წითელი არმიის
ნაწილებმა დაიკავეს. როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს,
წითლების შემოსვლას ქალაქი შეხვდა ცივად, ინერტულად.
„უმეტესი ნაწილი მოქალაქეებისა დარჩა ქალაქში, არადა დიდი იყო შიში
და მოლოდინი იმისა, რომ მე-11 არმია დაიწყებდა ქალაქის დარბევას და
ძალადობას. ჩვეულებრივი ამბავი იყო ეს, მოგეხსენებათ, რა რეპუტაცია
ჰქონდა წითელ არმიას, რომელიც ომის კანონით ბრძოლით დაკავებულ
ქალაქში აკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა. ქუჩები, როგორც წესი,
უკაცრიელი იყო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
თბილისელთა პირქუშმა დახვედრამ ხასიათი ვერ გაუფუჭა ქართველი
ბოლშევიკების ჯგუფს. 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძე რუსეთში გზავნის
ელვა-ტელეგრამას:
“მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა
ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”
თუმცა, ტელეგრამის მთავარი ადრესატები არ შეიმჩნევენ სიხარულს. 27
თებერვალს მოსკოვის საბჭოს პლენარულ სხდომაზე ლენინი იტყვის,
შეუმოწმებელი ინფორმაციით ტფილისში საბჭოთა მმართველობა დამყარდა
და რუსეთი ფსონს საქართველოს პროლეტარიატზე დებსო.
ნიშანდობლივია ის, რომ რევკომმა დაიკავა ქალაქის თვითმმართველობის -
ქალაქის საბჭოს შენობა და არა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების
სასახლე. ირაკლი ხვადაგიანი ამ ფაქტს ასეთ ახსნას უძებნის: 1. ომი ჯერ არ იყო
დასრულებული და რევკომს ჰქონდა გარკვეული კომპრომისებისა და
ვაჭრობის მოლოდინი, რის გამოც არ ჩქარობდა დამფუძნებელი კრების
შენობისა და ადგილის დაკავებას. 2. რევკომმა, როგორც საბჭოთა
ხელისუფლების ნაწილმა დაიკავა საბჭოს შენობა და არა დამფუძნებელი
კრებისა, რომელიც მიუღებელი და საძულველი სიტყვა იყო
ბოლშევიკებისათვის.
ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს რევკომმა მალევე გამოსცა
პირველი ბრძანება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს საგანგებო
კომისია - „ჩეკა“, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი
ელისაბედაშვილი, ახალი თაობის ბოლშევიკი, თუმცა ის არასრულ ერთ თვეში
შეცვალა გამოცდილმა ბოლშევიკმა კოტე ცინცაძემ.
ისტორიკოს ერიკ ლის თქმით, წითელმა არმიამ და „ჩეკამ“ მალევე უჩვენეს
ყველას, თუ ვის ეკუთვნოდა მართვის სადავეები საქართველოში. რეჟიმი
ძალიან სწრაფად გადაიქცა რეპრესიულ მანქანად, მაგრამ ქართველები ,
როგორც მეცნიერი შენიშნავს, დაუოკებელნი იყვნენ დამოუკიდებლობის
სურვილში და კიდევ დიდხანს უჭერდნენ მხარს თავიანთ არჩეულ ლიდერებს,
რომელთა პოპულარობა პირადად იწვნია სტალინმა 1921 წლის ივლისში, როცა
ნაძალადევის თეატრში შეკრებილ 5 ათას მუშას მენშევიკების უღლის
გადაგდება მიულოცა. მსმენელმა სტალინის გამოსვლას ყვირილი და
შეძახილები მიაგება: „ტყუილია! აქ არ ყოფილა მენშევიკური უღელი!
საქართველოში კომუნისტური რევოლუცია არ მომხდარა! თქვენმა ჯარმა
თავისუფლება წაგვართვა!“
1921 წელსვე ბოლშევიკებმა აკრძალეს ანტიბოლშევიკური პარტიების
პოლიტიკურ საქმიანობა და მათი პრესის ორგანოების გამოცემა.
წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი
25 თებერვლის შემდეგ
გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი და მოეხდინა
ჯარების გადაჯგუფება მცხეთასთან, სავალალო შედეგი გამოიღო.
„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს
ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით
მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, - ასე იხსენებდა უკან დახევის
დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
რეალურად ქართულმა ჯარმა ახალი, ბრძოლის გასამართად ვარგისი
პოზიციების დაკავება მხოლოდ ხაშურთან შეძლო. გიორგი კვინიტაძე ჯერ
კიდევ არ ჰკარგავდა მტრის მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის
იმედს, თუმცა ხაშურთან თავი იჩინა არმიისა და სახალხო გვარდიის
ხელმძღვანელობებს შორის კოორდინაციის პრობლემამ. გენერალური შტაბის
ოფიცრის ვალიკო თევზაძის მოგონებების მიხედვით, გენერალმა კონიაშვილმა
სთხოვა მას მოეხსენებინა კვინიტაძისათვის, რომ „გვარდიელებმა დაადგინეს
არ შეუტიონ მტერს, შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის
მოხდენის საშუალება არა მაქვსო“.
„აბა, თევზაძე თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა?“ - უთქვამს გიორგი
კვინიტაძეს შტაბის ოფიცრისათვის.
ამასობაში თურქეთმა ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებზე
განაცხადა პრეტენზია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
შეიარაღებულ ძალებს ბათუმიდან ქემალისტების განდევნისათვისაც მოუწიათ
ბრძოლა.
8 მარტს საქართველოს რევკომმა საქართველოს მთავრობას სამხედრო
ოპერაციის დასრულება, საბჭოთა რეჟიმის ცნობა და კოალიციური მთავრობის
შექმნაზე დისკუსიის დაწყება შესთავაზა. 17 მარტს, როცა შავი ზღვის ვიწრო
ზოლის გარდა ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ
თავისი წარმომადგენლები რევკომის დელეგატებთან შესახვედრად გაგზავნა .
შეთანხმებას 18 მარტს, ქუთაისში მოეწერა ხელი, თუმცა როგორც ისტორიკოსი
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რევკომმა ვერ მიაღწია სასურველ მიზანს, ვერ
გააფორმა ოკუპაცია შიდა გადატრიალებად და ვერ მოახვია საქართველოს
მთავრობას კაპიტულაციის მსგავსი შეთანხმება.
„შედეგად რევკომი იძულებული იყო გამოეცა დეკრეტი, რომლითაც
საქართველოს დამფუძნებელი კრება - რესპუბლიკის სრულფასოვანი
დემოკრატიული წარმომადგენლობა გამოცხადდა გაუქმებულად.
შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკას არ უცვნია ოკუპაცია, არ
გადაუბარებია ძალაუფლება არანაირი ფორმით. დამფუძნებელმა კრებამ
თავის ბოლო შეკრებაზე ბათუმში დააკომპლექტა მთავრობის ახალი
შემადგენლობა, მიანიჭა მას მანდატი, შექმნა გაფართოებული
პრეზიდიუმი, რომელიც წავიდა ემიგრაციაში როგორც სრულფასოვანი
წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, რითაც
მან ყოველგვარი იურიდიული საფუძველი მოსპო იმისათვის, რომ ეჭვის
კითხვები დასმულიყო ოკუპაციის გარშემო, რაც დღემდე გვაძლევს
საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას
ლეგალურად (იურიდიულად) არსებობა არასოდეს შეუწყვეტია“, - ამბობს
ირაკლი ხვადაგიანი.
რაც შეეხება საქართველოს მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ,
რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ომში
დამარცხებისა, საქართველომ უნდა იამაყოს პირველი რესპუბლიკის
ჯარისკაცებით.
„უნდა ვიამაყოთ თუნდაც იმიტომ, რომ ხუთი კვირის განმავლობაში
ვებრძოდით რუსეთს და უბრძოლველად არ შემოვუშვით, მაშინ, როცა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა თითო დღეში დაკარგეს დამოუკიდებლობა.
ჩვენ ვებრძოდით 5 კვირის განმავლობაში და ვებრძოდით შეზღუდული
რესურსებით - როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და სამხედრო
თვალსაზრისით. თან მოვიგეთ ცალკეული ბრძოლები, გვქონდა
კონკრეტული გმირობის მაგალითები, მაგალითი შალვა ერისთავისა,
კაპიტან ყიფიანისა, იმერეთის გვარდიის ბატალიონისა, რომელმაც
რუსული ტანკები მოიგერია და სხვ. რა თქმა უნდა, საამაყოა მიუხედავად
მარცხისა. თან ყველა მარცხი მარცხი არ არის. დარჩა გმირობის ისტორია,
რომელიც მომავალი თაობების საბრძოლო სულისკვეთებას ამაღლებს“, -
ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა,
პოლიტიკური პარტიების მეთაურები და მაღალი ჩინის სამხედროების ნაწილი
ბათუმის ნავსადგურიდან ტვებენ საქართველოს ფრანგული და იტალიური
გემებით - „კირალი“, „ვესტა“ და „მარია“.
19 მარტს ბათუმში შედის მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია.
საქართველოს რევკომი და რუსეთის წითელი არმია სრულად აკონტროლებენ
საქართველოს ტერიტორიას. შესაბამისად, საქართველო კიდევ ერხელ
გამოცდის საკუთარ თავზე თავისუფლების დაკარგვით გამოწვეულ
მანკიერებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღწერა
არჩილ ჯორჯაძემ:
„სადაც არ არის ეროვნული თავისუფლება, იქ ადამიანებს არ შეუძლიათ
წინსვლა, იქ ისინი უფრო ეცემიან, ირყვნებიან, მახინჯდებიან გონებით,
გლახაკდებიან სულით. იქ არ არის არავითარი მოძრაობა, არავითარი
საზოგადოებრივი ცხოვრება, იქ დაბრკოლებულია კაცის განვითარება“.
საქართველოს განვითარება მთელი სამოცდაათი წლით დააბრკოლა რუსეთის
საბჭოთა იმპერიამ.
Გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.parliament.ge/files/1112_27363_761965_okupacia-1921.pdf
https://www.radiotavisupleba.ge/a/ყველაფერი-25-თებერვლის-შესახებ-/
29787817.html

You might also like