You are on page 1of 7

რუბრიკა - პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან

საქართველოს დამფუძნებელი
კრების პრეზიდიუმის მდივანი

ქრისტინე შარაშიძის პოლიტიკური


მოღვაწეობის ისტორიიდან

„შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი


ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ
თავისის კუთვნილის ადგილის დასაჭერად…დედანი კანონმდებლობაში ხმას
მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა
გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან“.

ილია ჭავჭავაძე

საქართველოს ისტორია ბევრი ძლიერი და მებრძოლი ქალის სახელს ინახავს. მათ


შორის, გამორჩეული ადგილი უკავია ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეს (1889-1973). დაიბადა მაშინ,
როცა საქართველო რუსეთის გუბერნიას წარმოადგენდა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს
პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესში, სიცოცხლის ნახევარზე მეტი კი - საბჭოთა
საქართველოში გაატარა.

ცხოვრების თითოეულ ეტაპზე, ქრისტინე გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტიურობით.


იგი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის იმ მხარეს იდგა, სადაც ყველაზე მეტად
იყო საჭირო, მისი იქ ყოფნა. ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება,
რაც ქრისტინეს სკოლიდან გარიცხვით დასრულდა. თუმცა ამ ფაქტს, ქრისტინე შარაშიძის
მეამბოხე ხასიათისთვის, ხელი არ შეუშლია, პირიქით, მას უფრო და უფრო უმძაფრდებოდა
რევოლუციური განწყობილებები. ამის დასტური კი, 1905-1906 წლების რევოლუციურ
გამოსვლებშიც მისი აქტიური მონაწილეობაა. ამავე პერიოდიდან, იგი სოციალ-დემოკრატიულ
მუშათა პარტიაში გაწევრიანდა, მოგვიანებით კი, „მენშევიკებს“ მიემხრო და ფაქტობრივად, ამ
პერიოდიდან თავი ვეღარც დააღწია პოლიტიკურ სარბიელს.

მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი კი, ქრისტინესთვის დამფუძნებელი კრება აღმოჩნდა.


1918 წლის 26 მაისს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო, მართალია,
სოციალურ პრინციპებზე იყო აღმოცენებული, თუმცა იზიარებდა და ეყრდნობოდა კიდეც,
ევროპულ გამოცდილებებს. რესპუბლიკის მესვეურებმა ღია და აშკარა მხარდაჭერა გამოუცხადეს
ქალებს, რომლებიც იბრძოდნენ, როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური
უფლებებისათვის. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1919 წლის თებერვალში, როცა პირველი
საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება
მამაკაცებთან ერთად, ქალებსაც მიეცათ. შედეგად, დამფუძნებელ კრებაში, ქრისტინე
შარაშიძესთან ერთად, კიდევ 4-მა ქალბატონმა მოიპოვა დეპუტატობის მანდატი. თუმცა, ეს იმას
არ ნიშნავს, ქალებმა უბრძოლველად მიაღწიეს ამ შედეგს, მათ მრავალწლიანი ბრძოლით
მოიპოვეს პოლიტიკური უფლებები და ვფიქრობ, ქალების პარლამენტში არჩევა, სავსებით
კანონზომიერი იყო.

1918-1921 წლების მთავრობის ოქმებსა და სტენოგრაფიული სხდომების ჩანაწერებს თუ


მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, თუ როგორი აქტიურობით გამოირჩეოდა ქრისტინე შარაშიძე
დამფუძნებელ კრებაში. იგი მესამე სხდომაზევე, 1919 წლის 18 მარტს, ნოე ცინცაძის მოხსენების
საფუძველზე, აირჩიეს პრეზიდიუმის უმცროს მდივნად. ასევე, ის გახდა საბიბლიოთეკო,
სარედაქციო და განათლების კომისიების წევრი. ძირითად აქცენტებს, შარაშიძე სწორედ,
განათლების გავრცელებასა და მის აუცილებლობაზე აკეთებდა.

1919 წლის 27 მაისს, დამფუძნებელი კრების მე-20 სხდომაზე, ქრისტინე შარაშიძე ვრცელი
მოხსენებით წარსდგა კრების წინაშე. მოხსენება ეხებოდა, სახალხო მასწავლებლებისთვის
ხელფასების მომატების აუცილებლობას. როგორც სახალხო (სოფლის) მასწავლებლების ოჯახში
გაზრდილი ქრისტინესთვის, ცხადი იყო, როგორ განსხვავდებოდა ქალაქისა და სოფლის
მასწავლებლების შრომითი ანაზღაურება. ამიტომ განაცხადა: „სახალხო განთლების კომისიამ
უფრო სამართლიანად მიიჩნია დაწესდეს არა 250 მანეთი მასწავლებლებისთვის, არამედ 400
მანეთი... მგონი არ არის არც ერთი დაწესებულება , არც ერთი დარგი ცხოვრებისა , სადაც ასეთ
პირობებში უხდებოდეთ მოსამსახურეების მუშაობა, როგორც სახალხო მასწავლებელს“.

1919 წლის 9 ოქტომბერს, კვლავ შეიკრიბა განათლების კომისია. ქრისტინეს მოხსენება ისევ
სახალხო მასწავლებლებისთვის ცენზის მომატებას შეეხებოდა. მან დაარწმუნა კრება, რომ
აუცილებელი იყო მასწავლებლებისთვის ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესება და სახალხო
მასწავლებლებისთვის თანასწორი პირობებისათვის ღია და უპირობო მხარდაჭერა. ამ
ინიციატივას ქრისტინე შარაშიძე თავის პირად ჩანაწერებში ასე ხსნიდა: „დიად მაწუხებს
განათლების საკითხები და მგონია, ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიც პედაგოგობაა,
მეტი დაფასება სჭირდება, თუნდაც, გასამრჯელოს სახით. სკოლებსა და საერთოდ, განათლების
სფეროს განვითარება, თვითგამორკვევა უამისოდ წარმოუდგენლადაც მეჩვენება.“

დამფუძნებელმა კრებამ, ერთხმად დაამტკიცა ქრისტინე შარაშიძის წინადადება, რომელიც


სოც-დემოკრატიული პარტიის განათლების კომისიის სახელით გააჟღერა. თუმცა,
განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა ამით არ დასრულებულა.

შარაშიძემ, როგორც განათლების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მოიარა ქიზიყის სკოლები და


სიღნაღის მაზრის სკოლების მდგომარეობაზე ვრცელი მოხსენებაც კი წაიკითხა. მოხსენებაში
ისაუბრა, სწავლა-განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სკოლებში არსებულ
ნაკლოვანებებზე. შედეგად, კრებამ გამოყო გარკვეული თანხა ამ სკოლების მშენებლობისა და
რესტავრაციებისთვის. ამასთანავე, უნდა მომხდარიყო, მასწავლებლებისთვის პროფესიული
გადამზადებები.

მეორე საკითხი, რასაც ქრისტინე დიდ ყურადღებას აქცევდა, ქართული კულტურული


მონაპოვარის დაცვა იყო. თვლიდა, რომ ახლადშექმნილ რესპუბლიკას უნდა გამოეჩინა სრული
მზაობა ქართული საისტორიო თუ სალიტერატურო ძეგლების დასაცავად.

პარლამენტის 38-ე სხდომაზე, კერძოდ კი, 1919 წლის 22 ივლისს, განსახილველი საკითხების
პირველი დეკრეტი ეხებოდა სახელმწიფო ხაზინიდან 120 160 მანეთის გაღებას, რომელიც უნდა
მოხმარებოდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. საინტერესოა
ქრისტინეს სიტყვა ამ დადგენილებაზე:
„ჩვენ ახლო წარსულში, როცა ჩვენი კულტურა მონობისა და დაბეჩავების ბეჭედს
ატარებდა , საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნთ-საცავი ერთი
იმ იშვიათ ადგილთთაგანი იყო , საცა ჩვენი კულტურული წარსულის ბრწყინვალება
დაუჩრდილავათ სჩანდა...“.

ქრისტინე ქართული კულტურის დიდი მოამაგე რომ იყო, ეს კარგად გამოჩნდა მისი
სამეცნიერო საქმიანობის დროსაც, როცა თავადაც შემატა ქართულ ისტორიოგრაფიას
ფუნდამენტური მონოგრაფიები და ამასთანავე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
უძველესი ხელნაწერების შესწავლა-დამუშავებაში.

პრესის მასალების საშუალებით კი, ვიგებთ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც


გულისხმობდა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის მატერიალურ
დახმარებას, პარლამენტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. „როგორც მკითხველს ეხსომება,
განათლების სამინისტრომ და მასთან შემდგარმა თათბირმა, საჭიროდ სცნო საქართველოს
საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის მიეცათ 120, 160 მანეთი თავის მუშაობა-
მოქმედების გაცხოველებისათვის. სახელმწიფო კონტროლმა შესაძლებლად სცნო
ხსენებულს საზოგადოებას მიეცეს მარტო 93 ათასი მანეთის სუბსიდია.“ - ვკითხულობთ
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ 1919 წლის 137-ე ნომერში.

შარაშიძემ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი,


რომელიც ეხებოდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ადმინისტრაციისადმი
დაუმორჩილებლობის ტენდენციას. ქრისტინე, გაბრიელ ცისკარიშვილთან ერთად, გაეცნო
პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას. მოხსენების მიხედვით, ქისტები შეიარაღებულნი
უწევენ წინააღმდეგობას რესპუბლიკის ადმინისტრაციასა და ზოგადად, ისინი ახალ
კანონებს არ ემორჩილებიან. ადმინისტრაცია კი, ერიდება სასტიკი ზომების მიღებას,
რადგან შიშობს, უხეში ჩარევა, ეროვნულ დევნად არ ჩაუთვალონ. მომხსენებლები
ყურადღებას ამახვილებენ ასევე, იმ გარემოებაზე, რომ თუკი 2 წლის წინ ქისტების
ნახევარს ქრისტიანები შეადგენდნენ, ახლა ისინიც გამაჰმადიანდნენ, თუმცა შარაშიძის
სიტყვებით - „სინიდისის თავისუფლება ამას არავის უკრძალავს“. თუმცა აუცილებელია,
ისინი დაემორჩილნენ რესპუბლიკის სამართალს.
ქრისტინეს დიდად ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ პერიფერიებში, სათანადოდ არ
აღწევდა მთავრობის დადგენილებები. მაგალითად, თიანეთის მაზრაში, ადმინისტრაცია
უპატივცემულოდ ექცეოდა მოსახლეობას, რის გამოც უამრავი საჩივარი შედიოდა,
როგორც მილიციაში, ისე მთავრობაში. ყოფილა შემთხვევები, როცა თიანეთის მაზრის
ადმინისტრაცია ძალადობდა ცხენების ბეგარის გადახდის დროს, დაფიქსირებულა
ცხენების იძულებით შესყიდვის ფაქტებიც. შარაშიძის სიტყვებით, „იყო შემთხვევა, როცა
დუქნის წინ დაბმული ცხენი მოსტაცეს პურის საჭმელად ჩამომხტარ ფშაველს, რომელსაც
შორი გზა ჰქონდა სავალი.“ ამის გამო, ხალხს გული აცრუებია სამართალსა და
კანონიერებაზე და არსებულ ვითარებას ბატონყმობასთან აიგივებდნენ. ქრისტინე
თვლიდა, რომ ჯერჯერობით ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა იმისთვის, რომ ხალხი ახალ
წყობილებას ეზიაროს და ეს უკანასკნელი, ისევ მათრახით და მუშტით არ წარმოედგინოს.
ამიტომ, დამფუძნებელ კრებას მოუწოდა, ეზრუნათ არსებული პრობლემების
მოგვარებისთვის.

როგორც ცნობილია, დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, ხშირ


შემთხვევაში, უცვლელად ბეჭდავდნენ მთავრობის ოფიციალურ პრესაში. მაგალითად,
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ მრავლად არის ქრისტინე შარაშიძის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები თუ ინიციატივები გადაბეჭდილი. 1920 წლის ივლისის
ნომერში კი, ვკითხულობთ: „ქრ. შარაშიძის ასულის მოხსენებით, მიღებულ იქნა საბოლოო
ტექსტები შემდეგი კანონებისა: საპყრობილეთა დამცველი რაზმის შტატისა და
ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ, ტფილისის სასამართლო პალატის შტატის
დამატების შესახებ, საპატიმროთა საქმის უმაღლესის საბჭოს დებულების დამტკიცების
შესახებ. ქ. ფოთის ნავსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზედ საფუთო
გადასახადის შემოღების შესახებ“. როგორც ვხედავთ, ქრისტინე საკმაოდ აქტიურად არის
ჩართულ სახელმწიფოს ყველა დარგსა თუ სფეროში და მისი სიტყვაც, საკმაო
ავტორიტეტით გამოირჩევა დამფუძნებელ კრებაში.

ჩვენ არ ვიცით, დამფუძნებელი კრების თვითლიკვიდაციამდე, შარაშიძემ რა საკითხები


შეიტანა თათბირზე და რამდენად აქტიური იყო ის იანვარ-თებერვლის სხდომებზე.
ვინაიდან, დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომების ოფიციალური, ნაბეჭდი
სტენოგრამები, არც საქართველოს არქივებში და არც უცხოეთის საცავებში არაა
შემონახული. თუმცა, სასიხარულოა, რომ კრების პრეზიდიუმის ოქმებიდან მაინც არის
შესაძლებელი მწირე ინფორმაციის გაცნობა. მაგალითად, ვიგებთ, რომ ქრისტინე შარაშიძე
1921 წლის 16 თებერვალს, ღამის 12 საათზე გამართულ „სასწრაფო“ სხდომას ესწრება და
მდივნობს. ამ თათბირზე განუხილავთ თავზარდამცემი სიახლე- რუსეთის წითელი
არმიის შემოჭრა საქართველოში, რამაც კრებაში სრული ქაოსი და არეულობა გამოიწვია.
ჩანაწერებიდან ვიგებთ, პარლამენტის წევრების დამოკიდებულებას, მათ პოზიციას,
ეროვნული საგანძურის ევაკუაციის აუცილებლობასა და კონსტიტუციის დაჩქარებული
წესით მიღების საჭიროებას. თუმცა ქრისტინე შარაშიძის სახელი არსად არ ფიგურირებს.
მიუხედავად ამისა, მისი პოზიცია აშკარაა. ქრისტინე არ წასულა ემიგრაციაში, იგი დარჩა
საქართველოში და აქტიურად ჩაება ანტისაბჭოთა, წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

1922 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების აღნიშვნის წლისთავზე, ქრისტინე


შარაშიძე თავის მოსწავლეებთან ერთად გაფიცვის გამო დააპატიმრეს. საინტერესოა, მისი
დაკითხვის ოქმი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ როგორი მებრძოლი და
მტკიცე ბუნების გახლდათ იგი.

კითხვაზე, თუ როგორია მისი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ,


ქრისტინე შარაშიძის პასუხი ასეთია- „არ თანავუგრძნობ და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება
დამყარდა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით და მან მოუტანა საქართველოს
ეროვნული უბედურება“.

1922 წლიდან, გარდაცვალებამდე (1973 წლამდე), ქრისტინე აქტიურად იყო ჩაბმული


კულტურულ თუ სამეცნიერო საქმიანობაში. ის გასული საუკუნის ერთ-ერთი ღირსეული
მეცნიერი გახლდათ.

ქრისტინე შარაშიძის პოლიტიკური მოღვაწეობა, ისეთივე ხანმოკლე იყო, როგორიც


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც 1028 დღე იარსება. ამ ერთი
შეხედვით ხანმოკლე პერიოდმა ნათლად წარმოგვიჩინა, თუ რა პროგრესული და
დემოკრატიული გზებით ცდილობდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები ახალი
სახელმწიფოს შექმნას. ჩვენს მიერ განხილულმა პიროვნებამ კი, თავისი პოლიტიკური
მოღვაწეობით ნამდვილად დაამტკიცა, რომ პარლამენტში ის გენდერული ბალანსის
მისაღწევად კი არ იყო არჩეული, არამედ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფორმირებაში, რომლის სამართალმემკვიდრეც,
ჩვენი დღევანდელი ქართული სახელმწიფოა.

ლიზი მურადაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

You might also like