You are on page 1of 5

1830-1831 და 1848 წლის რევოლუციები

ევროპაში

1815 წელს ვენის კონგრესზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ევროპული


სახელმწიფოების მიერ ტერიტორიების ხელახალმა გადანაწილებამ ევროპაში შექმნა
დაძაბულობის მრავალი კერა, რომლებიც მალევე რევოლუციებში გადაიზარდა.
საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ XIX საუკუნის ევროპაში ბიძგი მისცა ახალი
იდეოლოგიური შეხედულებების წარმოქმნას. მათ შორის უმთავრესი იყო: ლიბერალიზმი,
სოციალიზმი და კონსერვატიზმი.
ევროპული ლიბერალიზმი ჩაისახა XIX ს-ში სავაჭრო და სამრეწველო ბურჟუაზიის
ჰეგემონობის პირობებში. ლიბერალიზმის მთავარი იდეაა ინდივიდის პირადი
თავისუფლება და კერძო საკუთრება. ამ იდეის განხორციელება განაპირობებს მთელი
საზოგადოების და სახელმწიფოს (კონსტიტუციონალიზმი, ხელისუფლების დანაწილება,
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩასახვა) განვითარებას.
კონსერვატიზმი − XIX საუკუნეში კაპიტალიზმის აღორძინების პირობებში
საზოგადოების ნაწილი ოცნებობდა ძველი დროის დაბრუნებასა და ძველი რეჟიმის
აღდგენაზე. კონსერვატიზმის მთავარი ფასეულობა იყო ტრადიციებისა და მრწამსის
შენახვა, სახელმწიფოში წესრიგის შენარჩუნება და მისი ევოლუციური განვითარება.
კონსერვატორებისათვის მიუღებელი იყო ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლა.
კონსერვატიზმის დამფუძნებელთა შორის იყვნენ იეზუიტი ბერი ჟოზეფ დე მესტრი და
ავსტრიის კანცლერი, კლემანს ფონ მეტერნიხი. ისინი ლიბერალიზმსა და სოციალიზმს
უპირისპირდებოდნენ.
XVIII-XIX საუკუნეების სამრეწველო რევოლუციამ უმძიმეს მატერიალურ
მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობის ქვედა ფენები. მათთვის გამოსავალს
წარმოადგენდა კერძო საკუთრების სრული უარყოფა და ქონებაზე საერთო საკუთრების
დამყარება. ამ ფენის მისწრაფებების გამოხატულებას წარმოადგენდა სოციალიზმის
იდეოლოგია. ამ იდეოლოგიის ფუძემდებელი იყო გერმანელი ფილოსოფოსი და
ეკონომისტი კარლ მარქსი(1818-1882).
მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი, ისევე როგორც მისი წინამორბედი სოციალურ-
ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას, რაც მას
საბოლოო დაცემამდე მიიყვანს. კაპიტალიზმს ჩაანაცვლებს სოციალიზმი და კაცობრიობას
მიიყვანს უსახელმწიფოო, უკლასო საზოგადოებამდე. ასეთ სისტემას კომუნიზმი ეწოდება.
მარქსის აზრით, იმისათვის, რომ, პროლეტარიატმა (მუშათა კლასმა) თავის საწადელს
მიაღწიოს, მან უნდა განვლოს შემდეგი ეტაპები:
1. პროლეტარიატის (ექსპლუატირებული ფენების: მუშებისა და გლეხების)
დამოუკიდებელი კლასის ფორმირება;
2. პროლეტარული რევოლუცია და ბურჟუაზიის ბატონობის დამხობა.
3. კერძო საკუთრების მოსპობა;
4. პოლიტიკური ხელისუფლების მოპოვება − პროლეტარიატის დიქტატურის
დამყარება.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის სახელმწიფოებში მომხდარი რევოლუციების
ძირითად დასაყრდენს სწორედ ეს სამი იდეოლოგია − ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და
სოციალიზმი, წარმოადგენდა.

1
ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საფრანგეთში აღდგა
ბურბონების მმართველობა, მაგრამ ამჯერად კონსტიტუციური მონარქიის სახით. მეფე
ლუი XVIII-მ (1814-1824) გამოსცა ბრიტანული (სახელოვანი რევოლუციისა და
რესტავრაციის) ნიმუშის მიხედვით შედგენილი კონსტიტუცია, ე.წ. „ქარტია“, რომელიც
ძალაში 1848 წლამდე რჩებოდა. „ქარტია“ ითვალისწინებდა ძალაუფლების დანაწილებასა
და წარმომადგენლობითი ორგანოს „ორპალატიან სისტემას“. მიუხედავად იმისა, რომ
ქვედა პალატა არჩევითი იყო, არჩევნებში ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული. ამ ცენზის
შესაბამისად, 28 მილიონიანი ქვეყნის მოქალაქეთაგან ხმის უფლება მხოლოდ ასი ათას
მდიდარ მოქალაქეს ენიჭებოდა. ამავე დროს, „ქარტიაში“ ნაწილობრივ შენარჩუნდა
რევოლუციის მონაპოვარი და ნაპოლეონის მიერ მიღებული სამოქალაქო კოდექსით
გათვალისწინებული საზოგადოებრივი ცვლილებები: ახალი კონსტიტუციით
გარანტირებული იყო კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თანასწორობა კანონის წინაშე,
პიროვნების თავისუფლება, რწმენის თავისუფლება. მაგრამ ბურბონების რესტავრაციის
საწყის ეტაპზე რევოლუციისა და ნაპოლეონ I-ის მომხრეები მაინც იდევნებოდნენ. ლუი
XVIII-ს გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი მისმა ძმამ, შარლ X-მ (1824-1830)
დაიკავა. შარლ X ტახტზე ავიდა იმ განზრახვით, რომ განეხორციელებინა ძველი რეჟიმის
„ჭეშმარიტი“ რესტავრაცია. ის კონსერვატული შეხედულებების გახლდათ. მან აღადგინა
ეკლესიის გავლენა საზოგადოებრივ სფეროში, მაგალითად, ისეთ საერო
დაწესებულებებზე, როგორიცაა უნივერსიტეტი და სკოლა. ემიგრაციიდან დაბრუნებულ
ქონებაჩამორთმეულ არისტოკრატიას დიდძალი კომპენსაცია გადაუხადა.
შარლ X-ის ულტრაკონსერვატულმა საშინაო პოლიტიკამ რევოლუციური ლიბერალური
ფასეულობების ერთგული საზოგადოებრივი ჯფუფების პროტესტი გამოიწვია. 1830 წლის
მარტში საფრანგეთის წარმომადგენელთა პალატამ კონსერვატული მთავრობის გადადგომა
მოითხოვა. საპასუხოდ მეფემ დაითხოვა პარლამენტის ქვედა პალატა და ახალი არჩევნები
გამოაცხადა. მაგრამ ხელახალი არჩევნების შედეგად აბსოლუტური უმრავლესობა ისევ
მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა მოიპოვეს. ამჯერად მეფემ 1830 წლის 26
ივლისს 4 ბრძანებულება გამოსცა, რომელთა ძალითაც გაუქმდა პრესის თავისუფლება,
კვლავ დაიშალა ქვედა პალატა, განისაზღვრა ახალი არჩევნების თარიღი და შეიცვლა
საარჩევნო კანონი ისე, რომ ამომრჩეველთა ისედაც შეზღუდული რაოდენობა სამი
მეოთხედით შემცირდა.
მეფის ამ ოთხ ბრძანებულებას მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საპროტესტო
გამოსვლა (მუშების, სტუდენტებისა და სხვა), რომლებიც პარიზის ქუჩებში ბარიკადების
აღმართვით გაგრძელდა, 28 ივლისს კი ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა. ბარიკადებზე
აფრიალდა აკრძალული სამფეროვანი რევოლუციური დროშა. რევოლუციის ჩასახშობად
გამოყვანილი ჯარი ნაწილობრივ რევოლუციონერთა მხარეზე გადავიდა.
სამი დღის შემდეგ მეფე იძულებული გახდა უკან გაეწვია თავისი ოთხი ბრძანებულება.
წარმომადგენელთა პალატამ კი საფრანგეთის მეფის ტახტი სხვა ბურბონს, ორლეანის
ჰერცოგ ლუი ფილიპს შესთავაზა. შარლ X შოტლანდიაში გაიქცა.
გამარჯვებულმა ლიბერალებმა ლუი-ფილიპის ტახტზე ასვლამდე შეცვალეს
კონსტიტუცია. მეფის ტიტული – „ღვთის კურთხევით საფრანგეთის მეფე“ – შეიცვალა
წოდებით „ფრანგების მეფე“. 1831 წელს შეიცვალა საარჩევნო კანონი. ამ ცვლილებით
ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 200 ათას კაცამდე გაიზარდა, ძირითადად
მდიდარი ბურჟუაზიის (ბანკირების, მსხვილი მიწათმფლობელების, მსხვილი ვაჭრებისა
და მსხვილი მეწარმეების) ხარჯზე.

2
1831 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს აბრეშუმის
ქარხნის მუშებმა. პროტესტის მიზეზი მათი ისედაც დაბალი ხელფასის შემცირება იყო,
რომლის მოსაპოვებლადაც მათ დღე-ღამეში 18 საათის განმავლობაში უხდებოდათ
მუშაობა. ლიონის მუშათა გამოსვლა ხელისუფლებამ არმიის ძალის გამოყენებით ჩაახშო.
1834 წელს ლიონში კვლავ დაიწყო გამოსვლები. ამჯერად ეს გამოსვლები სხვა
ქალაქებშიც გავრცელდა. პროტესტანტებში წინა პლანზე წამოვიდა ნაპოლეონ ბონაპარტეს
კულტი, რომელმაც ფრანგ ხალხს „დიდება“ მოუტანა. სწორედ ამიტომ ლუი ფილიპმა
ნაპოლეონის ნეშტის პარიზში გადასვენება ბრძანა. ნაპოლეონის სახელის გამოყენება მისმა
ძმისშვილმა, ლუი-ნაპოლეონმა ორჯერ სცადა, 1836 და 1840 წლებში, თუმცა მისი
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. მას სამუდამო
პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა თავს ინგლისში გაქცევით უშველა.
1848 წლისათვის საფრანგეთში დამძიმდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა.
1846 წლის მოუსავლიანობას სურსათზე ფასების ზრდა მოჰყვა. საერთაშორისო ფინანსურმა
კრიზისმა კი გავლენა მოახდინა უმუშევრობის ზრდაზე. 1847 წელს პარიზელ მუშათა
დაახლოებით ერთი მესამედი შიმშილობდა. „მეოთხე წოდების“ (წვრილი ბურჟუაზია და
მუშები) ნაწილი მოითხოვდა უმუშევართა დასაქმებას სახელმწიფო საწარმოებში, ე.წ.
„ნაციონალურ საწარმოებში“ და კერძო საწარმოთა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას –
მათ ნაციონალიზაციას. ეს მოთხოვნები ეფუძნებოდა ფრანგი სოციალისტის, ლუი ბლანის
(1811-1882) პროგრამას, რომელიც სახელმწიფოსგან მოითხოვდა მუშების დაცვას
კაპიტალისტების თვითნებობისაგან.
1848 წლის 22 თებერვალს მთავრობამ აკრძალა დემონსტრაციის ჩატარება, რომელსაც
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა უნდა მოეთხოვა. ერთი დღის შემდეგ პარიზელებმა
ისევ ათასობით ბარიკადა აღმართეს ქუჩებში. მეფის მიერ გამოსვლების აღსაკვეთად
გაგზავნილი ნაციონალური გვარდია აჯანყებულთა მხარეზე გადავიდა. სამი დღის შემდეგ
ლუი-ფილიპი ინგლისში გაიქცა.
1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორე რესპუბლიკა,
1848-1852). ახალ, დროებით მთავრობაში შრომის მინისტრის თანამდებობაზე ლუი ბლანი
დაინიშნა. დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა „შრომის საყოველთაო უფლება“ და შექმნა
ნაციონალური საწარმოები. უმუშევრები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მიწის
სამუშაოებით დაასაქმეს. განისაზღვრა აგრეთვე დაუსაქმებელთა დახმარება მინიმუმ ერთი
ფრანკის ოდენობით დღეში. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების გამო ათასობით უმუშევარი
ქვეყნის სხვა რეგიონებიდან პარიზს მოაწყდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
იყო თანაბარი საარჩევნო ხმის უფლება მამაკაცებისათვის.
აპრილში ჩატარებულ არჩევნებში მაინც ბურჟუაზიამ გაიმარჯვა, რასაც სახელმწიფო
ფაბრიკების დახურვა მოჰყვა. ამის საპასუხოდ კვლავ მუშათა აჯანყება დაიწყო (ეს აჯანყება
მუშათა პირველ რევოლუციადაა შეფასებული), რომელიც სამხედრო ძალით ჩაახშეს.
1848 წლის დეკემბერში ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები
ახალი კონსტიტუციის საფუძველზე. საყოველთაო საარჩევნო უფლების (მხოლოდ
მამაკაცებისთვის) პირობებში, ხმათა 75%-ით რესპუბლიკის პრეზიდენტად ამ დროისათვის
სამშობლოში დაბრუნებული ლუი-ნაპოლეონი აირჩიეს. ლუი-ნაპოლეონი ბურჟუაზიას
წესრიგსა და დაცულობას შეჰპირდა, წვრილ ბურჟუაზიასა და მუშებს კი სიღარიბისა და
სოციალური უთანასწორობის დაძლევას.
ლუი ნაპოლეონმა კი ორწლიანი მმართველობის შემდეგ 1851 წელს ეროვნული ასამბლეა
დაითხოვა, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა კონსტიტუციის გადახედვასა და

3
მეორე ვადით არჩევის უფლების მინიჭებაზე. ლუი-ნაპოლეონის ბრძანებით მისი
მოწინააღმდეგეები გადააასახლეს, მათ შორის კავენიაკიც. ყოველივე ამ მოვლენებს
საფრანგეთში მღელვარებები მოჰყვა, დაიწყო გამოსვლები, თუმცა უშედეგოდ. 1852 წლის 2
დეკემბერს ლუი ნაპოლეონმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სენატისა
და სახელმწიფო საბჭოს ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში გადადიოდა. იმავე დღეს
სენატმა იგი ნაპოლეონ III-ის სახელით საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა,
საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა კი მეორე იმპერიად.

რევოლუციური მოვლენები გერმანიასა და ავსტრიის იმპერიაში

ეკონომიკურ კრიზისსა და შეზღუდულ საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებული


პოლიტიკური დაპირისპირება ივლისის მონარქიის დამხობის მიზეზი გახდა.
1848 წელს საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა იმოქმედა პოლიტიკურ
პროცესებზე ევროპის სხვა ქვეყნებშიც. კონტინენტური ევროპის მონარქიულ
სახელმწიფოებს რევოლუციების ტალღამ გადაუარა.
პრუსიაში წოდებრივ-წარმომომადგენლობით ორგანოს ერქვა ლანდტაგი. ბერლინში
შეიკრიბა ლანდტაგი, რომლის წევრებმა მოითხოვეს საყოველთაო არჩევნების ჩატარება.
ამის გამო ლანდტაგის შემადგენლობა დაითხოვეს. 1848 წლის თებერვალში სამხრეთ
გერმანიაში ლიბერალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა მოითხოვეს პრესის
თავისუფლება და დემოკრატიული უფლებები, ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
ჩამოყალიბება და სასამართლო პროცესის საჯაროობა.
1848 წლის მარტის ბარიკადული ბრძოლების შემდეგ ავსტრიასა და პრუსიაშიც კი
დაინიშნენ ლიბერალი მინისტრები და ორივე ქვეყნის ხელისუფალნი კონსტიტუციური
კრების მოწვევას დასთანხმდნენ. ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი
მონარქიული რეჟიმის სახედ ქცეული მეტერნიხის გადადგომით დაიწყო. ბერლინში
ბარიკადებზე ლიბერალი რევოლუციონერების სამფეროვანი დროშა აფრიალდა
(გერმანული დროშა: შავი-წითელი-ყვითელი ფერებით, თანამედროვე გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა).
ჩეხებმა, იტალიელებმა და უნგრელებმა ეროვნული თანასწორუფლებიანობა, ასევე
დამოუკიდებლობა მოითხოვეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს ავსტრიის მრავალეროვანი
იმპერიის არსებობას. ინდუსტრიულ რეგიონებში კი (მაგ., ქალაქ კიოლნში) მუშები
გამოდიოდნენ სოციალური მოთხოვნებით. ისინი ითხოვ დნენ მუშების დაცვას მეწარმეთა
თვითნებობისგან, ექსპლუატაციისგან, შრომის უფლებას, წარმოების ნაციონალიზაციას.
1848 წლის მაისში მუშაობას შეუდგა მაინის ფრანკფურტში კონსტიტუტუციური
ნაციონალური კრება, რომელიც შეიკრიბა რევოლუციური სამფეროვანი დროშებით
საზეიმოდ მორთულ პაულსკირხეში (ანუ მოციქულ პავლეს სახელობის ეკლესიაში),
რომელიც გერმანელმა ნაციონალისტებმა მთავრობისაგან დამოუკიდებლად შეკრიბა და
პრუსიის ნაციონალური კრება ბერლინში, ხოლო ვენაში შეიკრიბა საკონსტიტუციო
რაიხსტაგი. ფრანკფურტის ნაციონალური (ეროვნული) კრების (ე.წ. „ფრანკფურტის
პარლამენტის“) დეპუტატებად აირჩიეს განათლებული ადამიანები ‒ ადვოკატები,
პროფესორები, საჯარო მოხელეები, ბურჟუაზიის წარმომადგენლები. ფრანკფურტში
შეიქმნა დროებითი გერმანული მთავრობაც, მაგრამ ამ მთავრობას არ ჰქონდა
ძალაუფლების აღსრულების უფლებამოსილება, ამიტომ ის არ ცნეს სხვა სახელმწიფოებმა.
ხოლო პრუსიის ნაციონალურმა კრებამ და ვენაში მოქმედმა რაიხსტაგმა კი მიიღეს მეტად
4
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გლეხობის გათავისუფლების შესახებ. 1848 წლის
დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ ჩამოაყალიბა „გერმანელი ხალხის
ძირითადი უფლებები“, ხოლო 1849 წლის მარტში დაასრულა კონსტიტუციის ტექსტზე
მუშაობა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა გაერთიანებულ გერმანულ სახელმწიფოთა
შექმნას ავსტრიის გარეშე.
ფრანკფურტის კრებამ გაერთიანებული გერმანული სახელმწიფოს მეთაურად პრუსიის
მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV აირჩია. მაგრამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო გერმანიის
იმპერატორის გვირგვინი რევოლუციონერთა ხელიდან. პირიქით, მან ძალით დაშალა
პრუსიის ნაციონალური კრება და გამოიწვია პრუსიის დეპუტატები ფრანკფურტიდანაც.
1849 წლის სექტემბერში ჯარის დახმარებით გარეკეს ფრანკფურტის ნაციონალური კრების
დანარჩენი წევრებიც. ნაციონალური კრების ნაცვლად აღადგინეს ძველი ბუნდესტაგი,
რომელმაც გააუქმა ფრანკფურტის კრების მიერ მიღებული კანონებით გათვალისწინებული
ძირითადი უფლებები.
როგორც ბერლინში, ისე ვენაში, რევოლუციები სამხედრო ძალით ჩაახშეს (1849 წლის
შემოდგომაზე). ასევე გაუსწორდნენ ჩეხ და იტალიელ აჯანყებულებსაც. 1849 წლის
აგვისტოში, რუსული არმიის დახმარებით, დაამარცხეს რევოლუცია უნგრეთშიც.
აჯანყებულთა მეთაურები სიკვდილით დასაჯეს. ამრიგად, ჰაბსბურგებმა ძალმომრეობით
კიდევ ერთხელ მოახერხეს იმპერიის ხსნა სხვადასხვა ეროვნულ სახელმწიფოებად დაშლის
საფრთხისგან და კვლავ განიმტკიცეს ბატონობა იტალიაზე.
1848-49 წლების რევოლუციებმა, წარუმატებლობის მიუხედავად, ბიძგი მისცა ევროპის
მონარქიული რეჟიმების ლიბერალიზაციისა და პარლამენტარიზაციის პროცესს.

You might also like