You are on page 1of 26

თამარ შარაბიძე

სოლომონ დოდაშვილი
ბიოგრაფია
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს
დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული მებრძოლი, სოლომონ დოდაშვილი
დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროში, მღვდლის ოჯახში.
სოლომონ დოდაშვილი წარმომავლობით გლეხთა ფენას ეკუთვნოდა. მის მამას,
იოანეს, 9 შვილი ჰყავდა, ორი მათგანი _ მიხეილი და ნიკოლოზი _ მცირე ასკაში
გარდაიცვალნენ. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ფონდი S, ხელნაწერი #22)
დაცული დოკუმენტების მიხედვით, იოანეს მეუღლეს ერქვა ბარბარე, ხოლო
შვილებს _ სოლომონი, სტეფანე, მიხეილი და ნიკოლოზი, იასე, ფრიდონი, აღათია,
მელანია და ნინო. სოლომონი ამ მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი იყო.
თავად იოანეს განათლება გარეჯის მონასტერში მიუღია. განათლებული მამა
შვილების სწავლა-აღზრდაზეც ზრუნავდა, მათ შორის კი გამოარჩევდა სოლომონს,
რომლის ნიჭსაც ყველა პედაგოგი უმალ ამჩნევდა.
ბავშვობა და სიჭაბუკე სოლომონ დოდაშვილმა ქიზიყში გაატარა. ის სწავლობდა
ჯერ ბოდბის სამონასტრო სკოლაში, ხოლო შემდეგ, 1818 წელს, სიღნაღის
სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, სადაც 2 წელი გაატარა. სიღნაღის მაზრის
სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის, ილარიონ დობრომისლოვის,
რეკომენდაციით გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, 1820 წლის
სექტემბერში, სოლომონი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. ილარიონი
და სოლომონი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მათ ერთად იქირავეს ბინა
თბილისში და ილარიონის გარდაცვალებამდე ერთად ცხოვრობდნენ. სოლომონ
დოდაშვილი გამორჩეული მოსწავლე იყო; სემინარია არც კი ჰქონდა დასრულებული,
რომ სიღნაღის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 1822 წელს სოლომონმა
წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1824 წლის შემოდგომიდან სოლომონ დოდაშვილი პეტერბურგის
უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.
გამგზავრებისას მას სულ რაღაც 18 მანეთი ჰქონია, მაგრამ უკიდურეს გაჭირვებას
მისთვის ხელი არ შეუშლია სათანადო განათლების მიღებაში. როგორც ირკვევა, მას
ოჯახი საერთოდ ვერ ეხმარებოდა, ამიტომ საკუთარი შრომით უხდებოდა თავის
შენახვა; კლიმატური პირობებიც ცუდად მოქმედებდა მის ჯანმრთელობაზე, თუმცა,
სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, სოლომონი აქტიურად განაგრძობდა
სწავლას. მას მფარველობდა და ეხმარებოდა ცნობილი ქართველი თეოლოგი და
საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სამეფო კარის მღვდელი იონა ხელაშვილი,
რომელიც სოლომონს გიორგი ავალიშვილმა გააცნო. საქმე ისაა, რომ დოდაშვილი,
სანამ პეტერბურგში ჩავიდოდა, მოსკოვში, ესტუმრა გიორგი ავალიშვილს, ცნობილ
ქართველ პოლიტიკოსსა და მეცნიერს, ერაზმ როტერდამელისა და ვოლტერის
ქართულ ენაზე პირველ მთარგმნელს, რომელიც იმხანად მოსკოვში ცხოვრობდა და
საქართველოს ისტორიის შესახებ ცნობებს აგროვებდა. გიორგი ავალიშვილმა იონა
ხელაშვილს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ქიზიყის სოფლის მაღაროდან
მოვიდა აქ, მანდ წამოსასვლელად სოლომონ ივანოვიჩ დოდაევი, რომელსაც
უსწავლია თბილისის სემინარიაში და აწ გამოუსტუმრებიათ სწავლის
შესასრულებლად, ალექსანდრე ნემსკის მონასტრის სემინარიაში და ვინაითგან
არავინ არ ჰყავს ამას მანდ მცნობი, ამისთვის შეგვედრებ და გთხოვ დაუგდებლობასა,
რომლისაგანცა მიიღებ წერილსა ამას.“
თბილისის სემინარიის ატესტატი სოლომონ დოდაშვილს უნივერსიტეტში
სწავლის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა. მას უნდა დაესრულებინა რუსეთის
ერთ-ერთი სემინარია. სწორედ ამის გამო ის ჯერ გიორგი ავალიშვილის წერილში
ნახსენებ ალექსანდრე ნემსკის მონასტრის სემინარიაში შევიდა და მხოლოდ მისი
დასრულების შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტში.
იონა ხელაშვილმა სოლომონ დოდაშვილი გულითადად მიიღო და მის
დაბინავებაზეც იზრუნა. ხელაშვილი სხვასთან ცხოვრობდა ბინაში, ამიტომ
სოლომონს თავისთან ვერ შეიკედლებდა. მან ახალგაზრდა სტუდენტის მასპინძლად
ბაგრატ ბაგრატიონი შეარჩია. 1824-1827 წლებში სოლომონ დოდაშვილი მასთან
ცხოვრობდა ვასილიევის კუნძულზე, მეთორმეტე ხაზზე, 261-ე სახლში. სოლომონის
ბაგრატ ბაგრატიონთან დაბინავება გარკვეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
ბაგრატს მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა და მათთვის ესაჭიროებოდა ქართული ენის
მასწავლებელი, სოლომონ დოდაშვილი კი ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატი
იყო. ბაგრატ ბაგრატიონი პეტერბურგში საქართველოს ანექსიის შედეგად აღმოჩნდა;
როგორც სხვა ბატონიშვილები, ისიც ნაწილობრივ შეეგუა თავის მდგომარეობას;
პოლიტიკური მოღვაწეობიდან ჩამოშორებული ეწეოდა ლიტერატურულ
საქმიანობას; მმართველ წრეშიც საკმაო გავლენა ჰქონდა. სწორედ ის დაეხმარა
სოლომონ დოდაშვილს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო თავისუფალ მსმენლად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოლომონ დოდაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის
ფილოსოფიურ-იურიდიული ფაკულტეტის პირველი ქართველი სტუდენტი იყო.
სოლომონი ბეჯითად მეცადინეოდა უნივერსიტეტში და პარალელურად
პედაგოგიურ მოღვაწეობასაც აგრძელებდა. პეტერბურგმა ახალგაზრდა სტუდენტზე
დიდი გავლენა მოახდინა დ განსაზღვრა მისი შემდგომი საქმიანობა. რუსეთში
ყოფნისას სოლომონი გაეცნო მსოფლიო მოღვაწეთა მოწინავე იდეებს, შეისწავლა
ლიტერატურა და დაუკავშირდა იქაურ მეცნიერებს. პეტერბურგში თავმოყრილი იყო
უნივერსიტეტები, ჟურნალ-გაზეთები, თეატრი და ბიბლიოთეკები. ამის გამო
პეტერბურგი სოლომონ დოდაშვილისთვის სათაყვანებელი და საყვარელი ქალაქი
გახდა. 1825 წლის დეკაბრისტულმა აჯანყებამ მთელი თაობა გამოაღვიძა და
გააძლიერა ინტერესი სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი. ამ ქალაქში
ყოფნის დროს სოლომონ დოდაშვილის სანაცნობო წრე საკმაოდ გაიზარდა. მან აქ
გაიცნო ცნობილი მეცნიერი თეიმურაზ ბაგრატიონი, იოანე ბაგრატიონი, სოლომონ
რაზმაძე და სხვები. ყველაზე ახლო ურთიერთობა სოლომონს იონა ხელაშვილთან
ჰქონდა, რომელიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდა სოლომონის
მსოფლმხედველობის გასაფართოვებლად და მისთვის გზის გასაკვალად. იონა
ხელაშვილი სოლომონ დოდაშვილს სულიერ ძეს უწოდებდა, სოლომონი კი მის
მოსწავლედ თვლიდა თავს. იონა ხელაშვილი, რჩევა-დარიგებების გარდა, სოლომონს
მატერიალურადაც ეხმარებოდა. დოდაშვილს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა
ჰქონდა იოანე ბაგრატიონთან (1768-1830), ხელაშვილის შემდეგ ყველაზე მეტად
სოლომონზე სწორედ იოანე ბაგრატიონი ზრუნავდა. აღსანიშნავია იონა
ხელაშვილისა და იოანე ბაგრატიონის მეგობრობაც (იოანე ბატონიშვილის
„კალმასობაში“1 საქართველოს ისტორიის მთხრობლად სწორედ იონა ხელაშვილი
გვევლინება). იონასა და სოლომონის დიდი და ამავე დროს საქმიანი მეგობრობა
ნათლად ჩანს მათ მიმოწერაში, რომლის ძირითადი ნაწილი ჩვენამდე მოღწეულია.
სოლომონის წერილებში იგრძნობა სამშობლოს წინაშე მოვალეობის გრძნობა,
შეგნებული სამზადისი, თავი დასდოს მშობლიური ერისთვის; იონა ხელაშვილის
პასუხებში კი ჩანს დიდი მზრუნველობა იმ ნიჭიერი კაცის მიმართ, რომლის ნიჭიც
მთლიანად სამშობლოსათვის იხარჯება.
რუსეთში ცხოვრება დოდაშვილისთვის წარმატებული და შინაარსიანი
გამოდგა. როგორც ნიჭიერსა და ბეჯით სტუდენტს სოლომონს უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება მიუქცევია. მისი წარმატების შესახებ იონა
ხელაშვილი ანა დედოფალს სწერს და სოლომონის პირველი ნაშრომის _ „ლოგიკის“ _
გამოცემაზე დახმარებას სთხოვს. წერილიდან ჩანს, რომ სოლომონს გამოსაცემად
მომზადებული ჰქონია ნაშრომი ქართულ და რუსულ ენებზე. სამწუხაროდ, გამოიცა
მხოლოდ რუსულ ენაზე.
22 წლის ახალგაზრდამ შეძლო განეხორციელებინა თავის მიერ მოხაზული
დიდი სამეცნიერო გეგმის პირველი ნაწილი. პეტერბურგის უნივერსიტეტის საბჭოს
დადგენილებით 1827 წლის გაზაფხულზე სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკა“
დაიბეჭდა მაშინდელი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სმირდინის
გამომცემლობაში 1200 ცალად. წიგნს, როგორც სახელმძღვანელოს, რუსეთის
მასშტაბით დიდი წარმატება და აღიარება ხვდა. ქვეყნის წამყვანი ჟურნალები

1
იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტომი 1, კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის რედაქციით, 1936 წ.
დაუშურებლად აქებდნენ „მოდგმით ქარველი“ მეცნიერის ნაშრომს; იმასაც კი
მიუთითებდნენ, რა სასიკეთო გავლენას ახდენდა რუსეთის იმპერია მის
მფლობელობაში მყოფ არარუს ერთა კულტურაზე. ცნობილი გაზეთის „სევერნაია
პჩელას“ კორესპონდენტი აღტაცებით წერდა იმ სიახლეზე, რომელიც „მოდგმით
ქართველმა“ ავტორმა სახელმძღვანელოში წარმოაჩინა. ეს იყო თვითცოდნის,
დებულების (thesis), დაპირისპირებისა (antithesis) და შეერთების (synthesis) ცნებათა
გამოყენება წარმოდგენაში, ხოლო კატეგორიებისა _ წინადადებებში.2 მეორე
გავლენიანი გაზეთის _ „მოსკოვსკი ტელეგრაფის“ კორესპონდენტი, ცნობილი
ლიტერატორი ა. პოლევოი ერთად მიმოიხილავდა როგორც სოლომონ დოდაშვილის,
ასევე მ. ტალიზინის ერთსა და იმავე პერიოდში გამოსული „ლოგიკის“
სახელმძღვანელოებს, ორივეს მაღალ შეფასებას აძლევდა, თუმცა მსჯელობისას
მაინც დოდაშვილის ნაშრომს ძლევდა უპირატესობას. სტატიის ავტორის აზრით,
აქამდე არსებული „ლოგიკის“ სახელმძღვანელოები (მითითებული იყო ავტორი _
კონდილიაკი) თავსატეხი სიტყვებით უტენიდა თავს მოწაფეს, ხოლო მის გონებას
არაფერს აძლევდა. ახალგაზრდა ავტორებმა კი ნათლად და მოკლედ ჩამოაყალიბეს
მეცნიერება სწორი აზროვნების შესახებ. დოდაშვილის ნაშრომში პოლევოი ხედავს
„იმ ბედნიერ სითამამეს, რომლის წყალობითაც ავტორმა გადაუხვია დიდი ხნის
დაკანონებულ წესრიგს ლოგიკის დალაგებაში და ცნებაზე მსჯელობას წინ მისცა
ადგილი“; მის წიგნში ერთმანეთთანაა შერწყმული სიმოკლე და სათანადო სირთულე.
შემდგომი დროის რუსულიცა და მსოფლიოს ფილოსოფიური აზროვნებაც
ყოველთვის აღიარებდა დოდაშვილის დამსახურებას ამ დარგში.
ახალგაზრდა მეცნიერის წარმატებამ განაპირობა მისი გამოგზავნა თბილისის
კეთილშობილთა სასწავლებელში პედაგოგად. სოლომონ დოდაშვილმა დაამთავრა
თუ არა გამოცდები, თბილისისაკენ გამოეშურა. სასწრაფო გამომგზავრებას მისმა
ჯანმრთელობის მდგომარეობამაც შუწყო ხელი. მასზე უარყოფითად იმოქმედა
რუსეთის ცივმა ჰავამ.

2
„сев.Пчела“ 1827 г.
1827 წლის 28 მაისს, შაბათს, დილის 10 საათზე სოლომონ დოდაშვილი
პეტერბურგს გამოემშვიდობა. გზად შეიარა ხარკოვის უნივერსიტეტში, სადაც დიდი
პატივით მიიღეს რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ხარკოვის
უნივერსიტეტში სტუმრობა აისახა სოლომონის წერილში იონა ხელაშვილისადმი. 3
თბილისში დოდაშვილი იმავე წლის 24 ივლისს დაბრუნდა. ამ დროს რუსეთში ის
უკვე საკამაოდ ცნობილი პიროვნება იყო, მისი ქება-დიდება ისმოდა ყველგან. იონა
ხელაშვილმა რამდენიმე პირს აცნობა კიდეც სოლომონის თბილისში გამომგზავრების
შესახებ. იონა ხელაშვილი იუწყებოდა, რომ სოლომონ დოდაშვილმა პეტერბურგის
უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა და ასახელა საქართველო, მის
ნიჭსა და უნარს ყველა აქებდა; ამიტომ ითხოვდა, რომ საქართველოშიც პატივი ეცათ
მისთვის და დახმარებოდნენ.
თბილისი მაშინ ამიერკავკასიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. სოლომონის
არყოფნის პერიოდში აქ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვლილიყო, მაგრამ განახლებას
მაინც საჭიროებდა. თბილისში დაიწყო დოდაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა.
სამშობლოს სიყვარულმა მას უამრავი კეთილი საქმე გააკეთებინა. თბილისში
მოღვაწეობას 1827 წლიდან 1832 წლამდე მისთვის უქმად არ ჩაუვლია: აქ აღზარდა
მან თავისი ღირსეული და საამაყო მოწაფეები, ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე,
გამოსცა ქართული ენის გრამატიკა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა პედაგოგიურ
საქმიანობაში, დაარსა პირველი ქართული ჟურნალი.
სოლომონ დოდაშვილი საზოგადო მოღვაწეობას პირად ცხოვრებასაც
უთავსებს. მას ცოლად მოჰყავს ელენე კობიაშვილი, ანნა კობიაშვილის ქალიშვილი.
ანნა თბილისში ცხოვრობდა. მისი ქალიშვილობის გვარი ჯავახიშვილი იყო. ადრე
დაქვრივებულა, ამიტომ ელენე უშვილებია გადამდგარ ინჟინერ-კაპიტან თევდორე
ბარაშკინს. ამის შემდეგ ელენე სწორედ მის ქალიშვილად იწოდებოდა. 1814 წელს
დაბადებული ელენე კობიაშვილი 1828 წლის 29 ივლისს სოლომონ დოდაშვილს
გაჰყვა ცოლად. 1829 წლის სექტემბერში მათ შეეძინათ პირველი ვაჟი, რომელსაც

3
სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი, 1961წ, გვ. 259-260.
ივანე დაარქვეს, 1831 წლის აგვისტოში კი ეყოლათ ქალიშვილი ნინო, რომელიც
მცირეწლოვანი გარდაიცვალა. მეორე ვაჟი _ კონსტანტინე _ 1832 წლის დეკემბერში
შეეძინათ. სოლომონ დოდაშვილი ოჯახთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბანში
ცხოვრობდა.
პირადი მიმოწერიდან ვიგებთ, რომ თბილისში მუშაობის დაწყების
პირველივე დღეებიდან სოლომონი მეტად გადატვირთული ყოფილა: კვირაში 40-44
გაკვეთილს ატარებდა: სასწავლებელში _ 36 საათს, დანარჩენს კი კერძოდ. იგი ბინაზე
ამეცადინებდა საქართველოს სამხედრო გუბერნატორის _ სიპიაღინის _ შვილებს
კვირაში ოთხჯერ ორ-ორ საათს რუსული ენის გრამატიკასა და რიტორიკაში.
თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში სოლომონი სამ საგანს ასწავლიდა:
ქართულ ენას, ქართულ სიტყვიერებასა და გეოგრაფიას, თუმცა თავდაპირველად
ნავარაუდები იყო, რომ მას უნდა ესწავლებინა ფილოსოფია და რიტორიკა. იონა
ხელაშვილი ამბობდა, რომ სოლომონი თბილისში ლოგიკის, მათემატიკისა და
რიტოტიკის მასწავლებლად წარმოგზავნეს, მაგრამ მისი თბილისში ჩამოსვლის
შემდეგ გეგმები შეიცვალა და 1827 წლის 28 მაისს დოდაშვილი დაინიშნა ქართული
ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.
სოლომონი სხვა პედაგოგებისგან განსხვავდებოდა; გამოირჩეოდა თავისი
დახვეწილი მანერებით; ჰქონდა კარგი მეტყველება, შეეძლო მშვიდი და დინჯი
საუბარი, სასწავლო მასალა სიღრმისეულად იცოდა და გასაგებად გადმოსცემდა, _
სწორედ ასე ახასიათებდნენ მას მისი კოლეგები. ისინი ხაზს უსვამდნენ სოლომონის
პასუხისმგებლობის გრძნობას, მოწესრიგებულობასა და ადამიანურობას.
სამსახურეობრივი საქმეებით დატვირთული დოდაშვილის ჯანმრთელობა
დღითიდღე უარესდებოდა. იგი ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ საზოგადოებრივ
მოღვაწეობას თავს არ ანებებდა. 1828 წელს სოლომონი აირჩიეს თბილისში ახლად
დაარსებული გამომცემლობის კომისიის წევრად. დასაწყისში ის ქართული
„თბილისის უწყებების“ ერთ-ერთი თანამშრომელია, ხოლო შემდეგ გამოცემის
ფაქტიური რედაქტორი ხდება. სოლომონმა მოახერხა, რომ გაზეთისათვის
დაემატებინათ ჟურნალიც ქართულ ენაზე. ჟურნალი 1832 წელს გამოიცა, თუმცა მის
დაარსებაზე გაცილებით ადრე დაიწყო მსჯელობა, ნიადაგი რამდენიმე წლით ადრე
მომზადდა. ამ საქმეში ერთმანეთს გვერდით უდგნენ: სოლომონ დოდაშვილი,
ალექსანდრე ჭავჭავაძე, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სხვები. როგორც
უკვე აღვნიშნეთ, ჟურნალი დამოუკიდებელი გამოცემა არ ყოფილა. ის ითვლებოდა
გაზეთ „ტფილისის უწყებანის“ ლიტერატურულ განყოფილებად და ერქვა
„სალიტერატურონი ნაწილნი თბილისის უწყებათანი“. ჟურნალი 1832 წლის
პირველი სამი თვის მანძილზე გამოდიოდა და სულ ხუთი ნომერი დაიბეჭდა. მასში
წარმოდგენილი იყო თავად სოლომონ დოდაშვილის, სოლომონ რაზმაძის,
ალექსანდრე ორბელიანის, გიორგი ერისთავის, დავით მაჩაბლისა და სხვათა
თხზულებები; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა საქართველოს წარსულის
ამსახველ წერილებსაც. ამ თემაზე თვითონ სოლონ დოდაშვილი წერდა. მას
ეკისრებოდა ყველანაირი ვალდებულება, რაც კი ჟურნალის გამოცემას
უკავშირდებოდა, ჟურნალის შემდგენელიც იყო და გამმართავიც, მასალის განლაგება
და შერჩევაც მას ევალებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის იყო ჟურნალის სულის
ჩამდგმელი; სწორედ ამიტომ ამ გამოცემას „დოდაევ-მაღაროელის“ ჟურნალსაც
უწოდებდნენ. რადგან ჟურნალს ცალკე რედაქტორის ყოლის უფლება არ ჰქონდა,
გაზეთის რედაქტორი ითავსებდა ჟურნალის რედაქტორობასაც, ანუ ორივე
თანამდებობის პასუხისმგებლობა და მოვალეობა სოლომონს ეკისრებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალი გუბერნატორის დაქვემდებარებაში იყო, ამიტომ
მასზე მკაცრი ცენზურა ვრცელდებოდა.
„სალიტერატურო ნაწილნი“ რამდენიმე განყოფილებისაგან შედგებოდა: პროზა,
პოეზია, კრიტიკა და ნარევი. დოდაშვილმა პირველმა მიაქცია ყურადღება წყაროების
გამოყენების აუცილებლობას, იშველიებდა „ქართლის ცხოვრების’’ ცნობებს, ვახტანგ
ბაგრატიონის მიერ გამოცემულ ისტორიას, რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, პუშკინის
ნაწერებს და სხვა მრავალ მასალას. ჟურნალში ბეჭდავდნენ საკუთარ ნაშრომებს
სოლომონ დოდაშვილი, გ. დ. ერისთავი, დ. მაჩაბელი, გ. ი. ერისთავი, სოლ. რაზმაძე,
ალ. ორბელიანი, სტ. დოდაშვილი და თ. გურამიშვილი, თუმცა ყველაზე მეტი ნაწერი
სოლომონ დოდაშვილს ეკუთვნოდა. პერიოდულ პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა
ნათარგმნი ლიტერატურა, დიდი ყურადღება ექცეოდა კრიტიკას, ასევე _ გასართობ
და სახალისო ამბებს. ეს უკანასკნელი ფაქტი მნიშვნელოვანია ქართული სატირისა
და იუმორის გენეზისის თვალსაზრისით.
ჟურნალის გამოცემაში ყველაზე რთულ საქმეს ჟურნალის ხელმომწერთა
შეგროვება წარმოდგენდა. ისინი მცირე რაოდენობით იყვნენ და ამის გამო სოლომონ
დოდაშვილი ძალიან წუხდა. იგი ხელმომწერებს ითხოვდა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში, მოსკოვსა და პეტერბურგში. მეორე სირთულეს პროფესიონალი
თანამშრომლების მოძიება წარმოადგენდა, მათი ნაკლებობის გამო სოლომონ
დოდაშვილს თავად უხდებოდა ნებისმიერი სახის სტატიის დაწერა. ის პირველი
ქართველი ჟურნალისტი იყო, ამ სიტყვის ყოველგვარი დატვირთვით. სოლომონ
დოდაშვილის ჟურნალისტური მოღვაწეობა პირველად ილია ჭავჭავაძემ შეაფასა
საჯაროდ 1876 წლის 4 (16) მარტს გაზეთ „დროების“ ათი წლის იუბილეზე. მან
შეახსენა დამსწრეებს, რომ არ უნდა დავივიწყოთ ქართული ჟურნალისტიკის
მდიდარი ტრადიცია. ილიამ ამ საქმიანობის პირველდამწყებად დოდაშვილი
აღიარა.4
სოლომონ დოდაშვილის ნებისმიერი სახის მოღვაწეობის გასაანალიზებლად
გასათვალისწინებელია მისი სიტყვები, რომლებიც ჯერ კიდევ
სტუდენტობისდროინდელ წერილებში გაჟღერდა: „ვიკრეფ სიბრძნესა
მამულისათვისო“. ნებისმიერ სფეროში ის შეგნებულად მოღვაწეობს მამულისათვის.
მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა კი შეწყდა 1832 წელს, როდესაც შეთქმულება
გამომჟღავნდა და სოლომონი დააპატიმრეს.
კურიოზი იქნებოდა, რომ სოლომონ დოდაშვილი, პეტერბურგელი
ბატონიშვილების კარზე აღზრდილი, სულით პატრიოტი კაცი, იონა ხელაშვილისა
და ფილადელფოს კიკნაძის მეგობარი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე არ

4
გაზეთი „დროება“ 1876 წ., # 24.
ყოფილიყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოლომონისთვის უპირველესი
საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოში ის
რესპუბლიკურ წყობილებას უჭერდა მხარს. ამის დამადასტურებელია ვახტანგ
ორბელიანის ჩვენება, რომელიც მან მისცა საგამომძიებლო კომისიას: „1832 წელს
დოდაშვილისაგან გავიგონე შემდეგი სიტყვები: როდესაც თბილისიდან ოქროპირ
ბატონიშვილს ვაცილებდი, იმან მითხრა _ დიახ, ბატონო ქართველებო, ეცადეთ
საქართველოს განთავისუფლებასო. თუმცა საქართველოს განთავისუფლება იმიტომ
კი არ მინდა, რომ ბაგრატიონთა გვარიდან ვინმე გამეფდეს, არამედ, რომ
საქართველო შეიქმნეს რესპუბლიკის მაგვარ სახელმწიფოდაო“.5
ამ სიტყვებში ჩანს სოსოლონ დოდაშვილის, როგორც მოაზროვნის,
საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი. რესპუბლიკური იდეები
დამახასიათებელია მე-19 საუკუნის 30-იანი წლების არა მარტო რუსული, არამედ
დასავლეთ ევროპის საზოგადოებისთვის. პეტერბურგში აღზრდილი სალომონი კი
კარგად იცნობდა დასავლეთ ევროპის მეცნიერებასა და ფილოსოფიას; ის თავად იყო
მომსწრე პეტერბურგში სენატის მოედანზე დეკაბრისტთა ჩამოხრჩობისა. ამავე დროს
ბაგრატ ბატონიშვილი, ვის ბინაზედაც სოლომონი ცხოვრობდა, წერდა განხილვას
დეკაბრისტულ მოძრაობაზე. დაპატიმრების დროს სოლომონს ბინაში უპოვეს
კონდრატი რილეევის მიერ ცოლისადმი გაგზავნილი წერილი, სიკვდილით დასჯის
წინ დაწერილი. ამ წერილის ვარიანტი სოლომონს პეტერბურგში გადაუწერია იქაური
სტუდენტისაგან და 6 წელი ინახავდა.
1832 წელს სოლომონი დააპატიმრეს, დამნაშავედ ცნეს და სამუდამო
გადასახლება მიუსაჯეს ჩრდილოეთის გუბერნიაში, ქალაქ ვიატკაში.
მართლმსაჯულება ყველაზე მძიმედ სოლომონ დოდაშვილს მოეპყრო:
შეთქმულთაგან არავინ მომკვდარა გადასახლებაში, არც ისეთ გაჭირვებაში
უცხოვრია, როგორც სოლომონ დოდაშვილი და მისი ოჯახი ცხოვრობდა.

5
გ. გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, 1935 წ., გვ. 92.
დაპატიმრებული სოლომონი ჯერ ავლაბრის ყაზარმაში მოათავსეს, მისი
ნახვის უფლება არავის ჰქონდა, გარდა მეუღლისა. ელენე უკიდურეს გაჭირვებაში
აღმოჩნდა; მას ბავშვების გამოკვებაც კი უჭირდა. სოლომონს ციხეში სასტიკად
ეპყრობოდნენ, შეუბრალებლად და მკაცრად ექცეოდნენ. ისე რომ, გადასახლებაში
გამგზავრებამ მას იმედიც კი გაუჩინა _ ითხოვა, რომ მისი ქონება გაეყიდათ, მარიამ
ორბელიანისათვის სესხად გამორთმეული 370 მანეთი დაებრუნებინათ და ცოლ-
შვილთან ერთად გადაესახლებინათ დერპტში ან სარატოვში. ორი თხოვნა
შეუსრულეს, გადასახლების ადგილი კი თავად შეურჩიეს და შორეულ ვიატკაში
გაამგზავრეს. 1934 წლის 31 ივლისს სოლომონ დოდაშვილი მეუღლესა და ორ
მცირეწლოვან ვაჟთან, ივანესა და კონსტანტინესთან, ერთად უკვე ვიატკაშია.
სოლომონ დოდაშვილი ვიატკაში, გუბერნიის სამმართველოში დაინიშნა
გადამწერად. მისმა დაუღალავმა შრომამ განაპირობა მისი გადაყვანა სამოქალაქო
გუბერნატორის კანცელარიაში სათემო გადასახადთა საქმეების მაგიდის უფროსად.
მას მიმოწერა ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ მაინც ვერ შეიმსუბუქა მძიმე
მდგომარეობა, რომელიც ჩრდილოეთის ჰავამ, ცუდმა პირობებმა და შეუსვენებელმა
შრომამ, აგრეთვე სულიერმა ტანჯვამ გამოიწვია. იგი ტუბერკულიოზით დაავადდა.
ვიატკაში ყოფნის დროს სოლომონ დოდაშვილმა გაიცნო რუსი რევეოლუციონერი და
დემოკრატი გერცენი. დოდაშვილთან ნაცნობობის შესახებ გერცენი საუბრობს თავის
დღიურში. ის აღფრთოვანებულია დოდაშვილის პიროვნებითა და ოპტიმიზმით:
„დოდაშვილმა ვერ აიტანა სუსხიანი ჰავა და უბოროტესმა ჭლექმა შეიპყრო, მე
ვინახულე იგი რამდენიმე დღით ადრე სიკვდილამდე. ის ძლივსღა სუნთქავდა,
მაგრამ მაინც ღრმა რწმენით მითხრა: „ოღონდ გაზაფხულზე არ გავხდე უფრო
ცუდად, თორემ შეიძლება ჭლექი შემექნესო“ .6
1836 წელს მას უკვე აღარ შესწევდა ძალა, რომ სამუშაო შეესრულებინა.
რამდენჯერმე მიმართა თხოვნით ნიკოლოზ პირველს, რომ იგი გადაეყვანათ
სამხრეთის რომელიმე გუბერნიაში, მაგრამ თხოვნაზე დადებითი პასუხი უკვე
6
რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, ტომი 1, შედგენილი ვანო შადურის მიერ, 1949 წ., გვ. 254.
გარდაცვლილმა მიიღო. სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, დიდი
ფილოსოფოსი, პედაგოგი და მამულიშვილი, სრულიად ახალგაზრდა, 31 წლის
ასაკში, 1836 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა ვიატკაში.
1837 წლის დასაწყისში კი გადასახლებიდან მხოლოდ ივანე და ელენე
დაბრუნდნენ, სოლომონის ვაჟი კონსტანტინეც ვიატკაში გარდაიცვალა ჭლექით.
ელენე კობიაშვილი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მეორედ გათხოვილა,
ცოლად გაჰყოლია ვინმე ლვოვს. ამის შესახებ 1838 წლის ერთ საბუთში წერია:
„Соломона Додаева сын коистаитин… умер… в 1836 году. О чем можно удостовериться
от превывавшей в Тифлисе матери его Елены, по в мором муже Львовой.“ 7
ელენე
კობიაშვილი გათხოვებიდან რამდენიმე თვეში ჭლექით გარდაიცვალა. სოლომონისა
და ელენეს ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, ივანე, ელენეს დედამ _ ანნამ _ გაზარდა
და სათანადო სწავლა-განათლებაც მიაღებინა.

7
მ. გოცაძე 1955 წ., გვ. 127; ცსსა, ფონდი 489, საქ. 4420. ფ. 31;
სოლომონ დოდაშვილის შემოქმედება

სოლომონ დოდაშვილის შემოქმედება მცირე მოცულობისაა. ამის მიზეზი მისი


ნაადრევი გარდაცვალებაა. მიუხედავად სიმცირისა, მისი მნიშვნელობა გაცილებით
დიდია, ვიდრე მრავალრიცხოვან ნამუშევარს ექნებოდა. დოდაშვილის მხოლოდ ორი
სახელმძღვანელო _ „ლოგიკა“ და „შემოკლებული ქართული გრამატიკა“ _ საკმარისია
ამ აზრის დასტურად. არსებობს დოდაშვილის ნაშრომთა ნუსხა, რომელიც თავად
ავტორს შეუდგენია და იონა ხელაშვილისთვის გადაუგზავნია ერთ-ერთი მიმოწერის
დროს. სოლომონი იონა ხელაშვილს წერს: „აჰა, მამაო საყვარელო! რიცხვნი
მოქმედებათა ჩემთანი:
1.შევადგინე ქართული ღრამატიკა სასწავლებლისათვის;
2. სრულვყავ რიტორიკა ქართულსავე ენასა ზედა;
3.ვჰსთარგმნე, რწმუნებისამებრ მთავრობისა, სჯული ვალდებულებანი
სასამართლოებისნი (დაიბეჭდა 1829 წელს);
4. ვჰსთარგმნე ბრძანებითა მთავრობისათა, ცხენის სრბოლისათვის წიგნი;
5. შევადგინე რეესტრი ქართულის წიგნებისა რიცხვით ექვსასამდე;
6. შევადგინე სხვადასხვანი ზნეობითნი ნაწყვეტობანი;
7. შევადგინე მოკლედ ფილოსოფიისა ძალნი საზღვრეობითა და განყოფილებითა
მისითა;
8. ისტორიული აღწერა ვიწყე რომელთამე მწერალთა და რომელიმე სრულვყავ;
9. ქართული ანბანი;
10. ცხენის პატარა კარაბადინი;
11. ხორველის დარიგება;
12. რუსულ-ქართული რაზგავორის წიგნი;
13. რუსულ-ქართული ლექსიკონი;
14. ლოგიკა.
„ლოგიკა“ სოლომონ დოდაშვილმა 1827 წელს გამოსცა რუსულ ენაზე. მასზე
მუშაობას სოლომონ დოდაშვილი 1827 წლის მერეც განაგრძობდა, რადგან იმ
პერიოდისთვის ლოგიკის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო გამოცემული, რომელიც
იონა ხელაშვილის ხელშეწყობით დაბეჭდა პეტერბურგში. ეს ნაშრომი წლების
განმავლობაში რუსეთში ერთადერთი სახელმძღვანელო იყო, რომლითაც ეს საგანი
და კურსი ისწავლებოდა. ნაშრომს დიდი წარმატება ხვდა წილად, მის დაბეჭდვას
რამდენიმე წამყვანი ჟურნალი გამოეხმაურა დადებითი შეფასებებით. ნაშრომის
წარმატებით აღფრთოვანებული იოანე ხელაშვილი ამაყად აცხადებდა: „უწყოდეს
ევროპამ, რომ ძველისძველი ნათესავი ჩვენში ჰფხიზლობს და გაჰყურებს წინ!“
„ლოგიკის“ შემადგენლობა შემდეგნაირია: 1. აზროვნების კანონები _
წინააღმდეგობის, გამორიცხული მესამის, იგივეობისა და „საკმაო“ მიზეზების. 2.
მსჯელობა _ მსჯელობის შემადგენელი ნაწილები, მსჯელობათა კლასიფიკაცია
რაოდენობის, თვისებრიობის, მიმართების, მოდალობის, გვარისა და სახეობითი
ნიშნების მიხედვით; ლოგიკური კვადრატი და მისი წესები; ანალიზური და
სინთეზური მსჯელობები. 3. ცნებები _ ცნების გაყოფა შინაარსისა და მოცულობის
მიხედვით; კატეგორიები, მათი კანტისეული კლასიფიკაცია. 4. დასკვნა _
კატეგორიული სილოგიზმი, მისი ზოგადი წესები, გაყოფილი სილოგიზმი და მისი
წესები, დილემა, ენთემემა. 5. ინდუქცია _ სრული და არასრული, ანალოგია. 6.
დასაბუთება _ აპოდიქტური და სავარაუდო, შეცდომები დასაბუთებაში.
სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკაში“ აშკარად შეიმჩნევა კანტის გავლენა,
სწორედ ამიტომ უწოდებენ ქართველ ფილოსოფოსს პირველ კანტიანელს. ის კანტის
მსგავსად გონებას ადარებს ხუროთმოძღვარს, რომელიც მასალისგან _ სხვადასხვა
ცოდნისაგან _ ქმნის მთლიან შენობას. სოლომონ დოდაშვილმა კანტის ღრმა და
მრავალასპექტიანი მოძღვრება შეისწავლა და ორიგინალურად გაიაზრა. ქართველი
ფილოსოფოსის აზრით, ადამიანის სრულყოფილი განვითარება, მის მიერ
ამქვეყნიური დანიშნულების შესრულების შესაძლებლობა მხოლოდ თავისუფალ
საზოგადოებაშია შესაძლებელი. მან ადამიანის მიზნად თავისუფლებისათვის
ბრძოლა მიიჩნია, ხოლო თავისუფლების ჭეშმარიტ სამეფოდ და საკაცობრიო
კულტურის განვითარების საბოლოო მიზნად მშვიდობა დასახა. „ლოგიკაში“
სოლომონ დოდაშვილმა წინადადებისა და მისი შემადგენელი კომპონენტების არსიც
გადმოსცა: ენა აზროვნების პროდუქტია. აზრი, მსჯელობა წინადადების საშუალებით
გამოიხატება. წინადადება სხვა არაფერია, თუ არა შემასმენლისა და ქვემდებარის
დაკავშირება. წინადადების აგება იმ კანონებს ექვემდებარება, რომელთა მიხედვითაც
მსჯელობა მიმდინარეობს. წინადადება, მატერიის რაოდენობის მიხედვით, არის
მარტივი ან რთული. წინადადება, რომელშიც ერთი ქვემდებარე და ერთი
შემასმენელია, მარტივია, ხოლო ის წინადადება, რომელშიც შეერთებულია განსჯის
მრავალი ქმედება, რომელშიც რამდენიმე ქვემდებარე და შემასმენელია, რთულია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოლომონ დოდაშვილი თავის „ლოგიკაში“
სიღრმისეულად მსჯელობს ადამიანის მიზანზე. მისი აზრით, ადამიანი სამყაროს
მუდმივ კანონებს ექვემდებარება: „სამყარო ურთიერთობათა სისტემაა, რომელშიც
ყველაფერი გაზომილია, აწონილია, აღრიცხულია, ყველაფერი გადაბმულია
მიზეზთა და შედეგთა, საშუალებათა და მიზანთა განუყრელი კავშირით; ყველაფერი
ექვემდებარება უცვლელ წესებს, მარადიულ კანონებს“ (დოდაშვილი 1949 :13-14).
სოლომონს გათვიცნობიერებული აქვს, რომ სამყარო მთლიანად შესწავლილი
არაა, რთულია ბევრი მოვლენისა და კანონის ახსნა, მაგრამ ერთი რამ ცხადია:
სამყარო მაინც მოძრავია, მრავალფეროვანი და ცვალებადი. მთელი პარადოქსიც ესაა,
რომ ამ მრავალფეროვნებასთან ერთად ის ინარჩუნებს ერთიანობასა და ჰარმონიას,
სამყარო ნაცნობ და ჯერ გამოუცნობ მოვლენებისა და კანონების ერთიანობას
წარმოადგენს.
სოლომონ დოდაშვილი აღნიშნავდა, რომ ადამიანს აქვს ისეთი შინაგანი ძალა,
რომელიც გამოარჩევს მას სხვა არსებებისგან და სწორედ ეს შინაგანი ძალა ხდის მას
განსაკუთრებულს. ადამიანს ახასიათებს თანაგრძნობა, წუხილი, სიხარული.
ადამიანი მიისწრაფის ჭეშმარიტებისაკენ. სამშობლოსა და მამულის სიყვარული,
ასევე განათლება ეხმარება მას ჭეშმარიტების წვდომაში. სოლომონ დოდაშვილის
შემოქმედებაში განათლება განმსაზღვრელი ფაქტორია. მეცნიერს სწამდა, რომ
საქართველოში განათლების დონე წარსულში მაღალი იყო და მომავალშიც მაღალი
იქნება. მეცნიერი შეეცადა ქართული კულტურის მონაპოვარზე (ეფრემ მცირე, არსენ
იყალთოელი, პეტრიწი, რუსთაველი) დაეშენებინა დასავლეთ ევროპული
გამოცდილება და შეექმნა საკუთარი ფილოსოფია. მისი წიგნის წარმატების მიზეზიც
სწორედ ეს გახლავთ, არა სხვის აზრთა გამეორება, არამედ გარკვეულ საფუძველზე
საკუთარის შექმნა.
1831 წელს სოლომონ დოდაშვილმა თბილისში გამოსცა „შემოკლებული
ქართული გრამატიკა’’. ამ ნაშრომზე მას ადრე დაუწყია მუშაობა. „ტიფლისკიე
ვედომოსტი’’ 1830 წელს იუწყებოდა, რომ მალე სამ ნაწილად გამოვიდოდა
„ქართული გრამატიკა’’, რომელიც გიმნაზიის მასწავლებელ დოდაშვილს შეუდგენია.
ამ ნაშრომის გამოცემისათვის სოლომონს პეტერბურგის მთავარ საცენზურო
კომიტეტში აუღია ნებართვა. მისმა ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა; ავტორი
დააჯილდოვეს კიდეც.
სოლომონ დოდაშვილს ძალიან უნდოდა „რიტორიკის“ სახელმძღვანელოს
გამოცემაც. მან აღწერა, როგორი უნდა ყოფილიყო რიტორიკის კურსი. 8 ამ აღწერის
საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ნაშრომი საკმაოდ ვრცელი იყო. იგივე
ნაშრომი სოლომონ დოდაშვილს რუსულადაც უთარგმნია, ალბათ ცენზურისათვის,
რადგან ნაშრომს რუსული ვარიანტის გარეშე არ გამოსცემდნენ, მთავარი საცენზურო
კომიტეტი რუსი წევრებისაგან შედგებოდა. ამ ნაშრომის გამოცემას მეცნიერი ვერ
მოესწრო, ის პირველად მხოლოდ 1955 წელს დაიბეჭდა.
სოლომონის დიდი სურვილი იყო თბილისში სახალხო ბიბლიოთეკის დაარსება,
ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება, ლიტერატურული ჯგუფების დაარსება, ეს

8
მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, სოლომონ დოდაშვილის წერილები 1825-
1832 (სოლომონ ხუციშვილის რედაქციით) თბ., 1944., გვ. 120-121.
(H, 2226, ფ. 277-8);
უკანასკნელი განახორციელა კიდეც. სწორედ მომავალი ბიბლიოთეკისათვის
აღუწერია დოდაშვილს ექვსასამდე ხელნაწერი და მოუხდენია მათი დარგობრივი
კლასიფიკაციაც. დღესდღეობით ეს კატალოგიც დაკარგულად ითვლება.
სოლომონს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი უშუალოდ ქართულ მწერლობაზე.
განსაკუთრებით საინტერესოა „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ
სიტყვიერებისა“. თხზულება 1832 წელს გამოქვეყნდა სოლომონის ჟურნალში. იგი
პოლემიკური ხასიათისაა. სოლომონი ეკამათება იმ ავტორებს, რომლებსაც მცდარი
წარმოდგენა აქვთ ქართული სალიტერატურო ენის წარმოშობასა და ზოგადად
ქართული მწერლობის ავ-კარგზე. სოლომონი თამამად განუცხადებს ქართული
მწერლობის დამწუნებლებს, რომ „ქართულსა ენასა ზედა არიან მრავალნი
მშვენიერნი თხზულებანი და თარგმნილნიცა წიგნნი სხვადასხვა ძველთა და
უახლესთა ენათაგან“. პირველი საკითხი, რომელზედაც სოლომონი მსჯელობს, არის
ქართული დამწერლობის წარმოშობა. ის აღნიშნავს, რომ ძნელია ზუსტად დადგენა
იმ დროისა, როდესაც ქართული ენა ჩამოყალიბდა. მეცნიერი დიდი სიფრთხილით
მსჯელობს ასეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მაგრამ ერთს დაბეჯითებით ამბობს _
ჩვენი ენა „უძველეს ენათაგანია“ და დამწერლობა სხვა ერთა დამწერლობისაგან
სრულიად განსხვავებული. დოდაშვილის აზრით, ქართული ანბანი შემოღებულია
ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეფე ფარნავაზის დროს. დათარიღებაში მეცნიერი
ეყრდნობა „ქართლის ცხოვრებას“. შედარებით ვრცლად და ღრმად მსჯელობს
დოდაშვილი ქართული მწერლობის შესახებ. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ
ქართველები ხელოვანი და ნიჭიერი ხალხია; ქართველი მეფეები გამორჩეულ
ახალგაზრდებს საბერძნეთში აგზავნიდნენ განათლების მისაღებად. დოდაშვილი
ქრონოლოგიურად ჩამოთვლის გამორჩეულ მთარგმნელებსა და მწერლებს
აღორძინების ხანის ჩათვლით. ის განსაკუთრებული პატივით იხსენებს თამარ მეფისა
და რუსთაველის ეპოქას, რომელსაც ოქროს საუკუნეს უწოდებს. დოდაშვილის ეს
ნაშრომი მნიშვნელოვანია ქართული კრიტიკის ისტორიისათვის, რადგან მისი სახით
ძველი ქართული მწერლობის მეცნიერული შესწავლის საწყის ეტაპტან გვაქვს საქმე.
ლიტერატურის პატრიოტული სულისკვეთებით განხილვის თვალსაზრისით
სოლომონ დოდაშვილი სამოციანელთა წინამორბედია. ქართული ლიტერატურის
ისტორიის მკვლევარი მის ნამუშევარს გვერდს ვერ აუვლის. სოლომონი ქართულ
ლიტერატურას ოთხ პერიოდად ჰყოფს: პირველ პერიოდს სახელს არ არქმევს, მეორე
„ოქროვანი საუკუნეა“, მესამე _ ბარბაროსთა თავდასხმების ეპოქა, ხოლო მეოთხე _
„აღდგინების ეპოქა“. უძველესი პერიოდიდან დოდაშვილი გამოარჩევს იოანე
ქართველს, რომელსაც ადარნასე მეფის თანამედროვედ თვლის, იოანე პატრიკ-
ყოფილს, რომელიც იოანე პეტრიწად მიაჩნია, და ეფრემ მცირეს. „ოქროვანი
საუკუნიდან“ საუბრობს მოსე ხონელზე, სარგის თმოგველზე, რუსთაველსა და
ჩახრუხაძეზე, „აღდგენის ხანიდან“ _ თეიმურაზ პირველზე, ვახტანგ მეექვსეზე,
ანტონ პირველსა და სხვებზე. დოდაშვილის მიერ ქართული ლიტერატურის
პერიოდიზაცია შემდგომში გარკვეული სახეცვლილებით გაიზიარეს ალ. ცაგარელმა
და სხვა მეცნიერებმაც. უთუოდ დიდია ნაშრომის მნიშვნელობა ქართული
სალიტერატურო კრიტიკის ისტორიაში.
სოლომონ დოდაშვილს ეკუთვნის ორი წერილი საქართველოს ისტორიის
საკითხებზე. ერთში გადმოცემულია მეფე ერეკლეს ცხოვრება, ხოლო მეორე წერილში
ავტორი ეკამათება რუს ავტორს, გორდეევს, მეფეთა დამარხვის წესის გამო.
ნაშრომში „მეფობა ირაკლის მეორისა“ გადმოცემულია მეფის ცხოვრების
ისტორია, მისი გმირული თავგადასავლები, ბრძოლები უცხოელ დამპყრობთა
წინააღმდეგ; ხაზგასმულია მისი მჭიდრო კავშირი ხალხთან და გავლენა ჯარზე.
სოლომონ დოდაშვილის ამ ნაშრომს საფუძვლად დასდებია ომან ხერხეულიძის
თხზულება ერეკლე მეფის ცხოვრებაზე.9
სოლომონ დოდაშვილის მეორე წერილი _ „შენიშვნა დამარხვის წესსა ზედა
უკანასკნელთა მეფეთა საქართველოისათა, რომელიცა დაბეჭდილი იყო პირველსა
ნომერსა შინა რუსულთა გაზეთთასა 1832-სა ამას წელსა“ _ პოლემიკური ხასიათისაა.
დოდაშვილი ეკამათება გრიგოლ გორდეევს თავისი სტატიის გამო, რომელშიც

9
კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ.1, 1951 წ., გვ.16.
აღწერილი იყო ქართველ მეფეთა დამარხვის წესები. დოდაშვილი საყვედურობს მას,
რომ არ იცის ქართული ენა და მხოლოდ რუსულ წყაროებს იცნობს. დოდაშვილი
დაუნდობლად აკრიტიკებს ავტორს, რომელსაც საკმაოდ დიდი შეცდომები მოსდის
ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა საზოგადოების გარკვეულ ფენათა
მონაწილეობა მეფის დაკრძალვის დროს, სამგლოვიარო ტანსაცმლის ფერი და
„შეკერილობა“ და ა.შ. დოდაშვილის აზრით, თითოეული დეტალის გათვალისწინება
მნიშვნელოვანია ერის კულტურის დონის გამოსახატავად. თავად დოდაშვილი
სხვადასხვა ისტორიულ წყაროს ეყრდნობა, ძირითადად _ ვახუშტი ბაგრატიონის
ისტორიას _ „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“. გორდეევის დაშვებული
შეცდომების ჩამოთვლის შემდგომ იგი თვითონ აღწერს და განმარტავს დამარხვის
წესებს. წერილში იგრძნობა ავტორის ღრმა ცოდნა საქართველოს ისტორიის
საკითხებისა.

სოლომონ დოდაშვილის კალამს ეკუთვნის „შესხმაც“. ჟურნალი მკაცრი


ცენზურის კონტროლით გამოდიოდა, ამიტომ სავალდებულო იყო მონარქიული
ხელისუფლების ქებაც. „შესხმაში“ მონარქის _ ნიკოლოზ პირველის _ დიდება ისეა
წარმოდგენილი, რომ მასში გადანაწილებულად და შეფარვით გამოხატულია
მწერლის ნამდვილი სათქმელი _ მოწოდება ქართველი ახალგაზრდობისადმი,
თავდაუღალავად იშრომოს და თავგანწირვით იბრძოლოს მამულის
კეთილდღეობისათვის; ნაშრომში შექებულია საქართველოს იდეალური წარსული და
გაკრიტიკებულია „ქართლის“ უკანასკნელ მეფეთა პოლიტიკა, რომელმაც უკიდურეს
მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი ხალხი. ნაწარმოებში ჩანს იმედიც, რომ
დავიბრუნებთ წარსულ დიდებას, გავუთანასწორდებით განვითარებული ევროპის
ხალხებს. ახალგაზრდობის სიბეჯითე და სიბრძნის დაუფლების სურვილი
აფიქრებინებს მეცნიერს, რომ „მამული ესე ჩვენი მოისთვლებს ოდესმე ნაყოფსა
კეთილდღეობისა და დიდებისა თვისასა“.

გარდა პუბლიცისტიკისა, სოლომონ დოდაშვილის კალამს ეკუთვნის თარგმნილი


და ორიგინალური მხატვრული თხზულებები. მისი სახელით ჟურნალში დაიბეჭდა
მოთხრობა _ „ელენა“ და ხელმოუწერლად მოთხრობა „ჟინევრა“ . მაშინდელი
ნორმებით (არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი ქართული ჟურნალია და გამოცემის
ტრადიცია ამ პერიოდში იქმნება) მთარგმნელისა და ავტორის სახელი ხშირად არც
გამიჯნულია და არც მითითებული. ამიტომაც ვერ დადგინდა მოთხრობები
ორიგინალურია თუ ნათარგმნი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ისინი (ორივე ან ერთი
მაინც _ „ჟინევრა“) ნათარგმნი უნდა იყოს, თუმცა დამადასტურებელი არგუმენტები
მკვლევარებს არ მოეპოვებათ. ჩვენთვის ერთი რამ ცხადია, ორივე მოთხრობას ატყვია
პროფესიონალი ავტორისა თუ მთარგმნელის ხელი. „ელენაში“ დასმულია მე-19
საუკუნის უკვე მეორე ნახევრისათვის ძალზე საყურადღებო საკითხი _ ქალთა
ემანსიპაცია, ქალთა უფლებები (კერძოდ, როგორ უნდა თხოვდებოდეს ქალი _
საკუთარი თუ მშობლების სურვილით; რას იწვევს სურვილის გარეშე შემდგარი
ქორწინება და ა.შ.); გამოდის, რომ სოლომონ დოდაშვილი პირველი მწერალია,
რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ქალთა უფლებების თემა შემოიტანა. ორივე
მოთხრობაში ქალის ამაღლებულ გრძნობებზეა საუბარი. „ელენეში’’ კლასობრივი
უთანასწორობაცაა ასახული _ ქალ-ვაჟის წმინდა სიყვარულს შლის „დიდგვარიანი“
ვაჟის მამა, რომელიც ვერ შერიგებია იმ ამბავს, რომ მის ვაჟს „დაბალი წრიდან“
მოჰყავს ცოლი. სიუჟეტი ტრაგიკულად ვითარდება, ქალი იღუპება. შესაძლებელია
ვივარაუდოთ, რომ ეს მოთხრობა კარამზინის „საბრალო ლიზას“ გავლენით არის
შექმნილი, რადგან დოდაშვილი კარგად იცნობდა კარამზინის ნაშრომებს, რომლებიც
იმ პერიოდში ძალზე პოპულარული იყო. მეორე მოთხრობაში _„ჟინევრა“ _
აღწერილია ფლორენციაში გავრცელებული სენის შესახებ, რომელმაც მოსახლეობის
დიდი ნაწილი იმსხვერპლა. ცნობილია, რომ 1830 წელს თბილისში „ხოლერა“
გავრცელდა და ხალხი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა; ამიტომ საფიქრებელია, რომ
სოლომონ დოდაშვილმა გამიზნულად დაბეჭდა ეს მოთხრობა ჟურნალში, ხალხს იმ
პერიოდში ძალიან აინტერესებდა ამგვარი სენების შესახებ ინფორმაცია. იონა
ხელაშვილისადმი მიწერილ წერილში, სადაც დოდაშვილი ჩამოთვლის თავის მიერ
გაკეთებულ საქმეებს, ასახელებს ნაშრომს _ „ხორველის დარიგება“; ეს უნდა
ყოფილიყო რჩევა-დარიგებები დაავადების სამკურნალოდ და
გაუვრცელებლობისთვის.

ჩვენ აღარ შევეხებით ჟურნალში დაბეჭდილ სხვა ხელმოუწერელ მოთხრობებს,


რომელთა ავტორადაც ზოგიერთი კრიტიკოსი დოდაშვილს მიიჩნევს; დავამატებთ
მხოლოდ იმ მასალას, რომელიც ჟურნალში არ ყოფილა დაბეჭდილი, მაგრამ
ავტორის ვინაობა საკამათო არ არის. მხედველობაში გვაქვს დოდაშვილის მიერ
შეთქმულების თემაზე დაწერილი ორი ნაწარმოები: ლექსი _ „მაისი“, რომელსაც
მკვლევარი ალ. ხახანაშვილი „შეთქმულთა ჰიმნს“ უწოდებს10 და მცირე მოცულობის
პროზაული ტექსტი _ „სიტყვა-მოწოდება“, რომელიც სოლომონს შეთქმულების
მეთაურთა _ ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის _ თხოვნით
დაუწერია. ბუნებრივია, ამ ნაწარმოებებს დოდაშვილი ვერ დაბეჭდავდა. ისინი
ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა შეთქმულთა შორის. „სიტყვა-მოწოდებაში“
ვკითხულობთ:

„ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა,


აქვნდა თავისნი სჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება,
ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არაოდეს არ იყო
მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცა აწ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი
ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა
მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან.
„ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისა?! ჰგრძნობთა
შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?!
„რაისთვის არს ესე ესრეთ?
„ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?
„ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?!
„ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ
სხვათა მსგავსთა კაცთა?!
10
ალ. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია, მეცხრამეტე საუკუნე, 1913 წ., გვ. 16.
„მაშა რაისათვის ვცოცხალვართ?!“ 11
ავტორი ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მოუწოდებს მკითხველს მოქმედებისაკენ
სამშობლოს გადასარჩენად და პიროვნული მეობის აღსადგენად. იგივე მიზანი აქვს
ლექსსაც. აქაც მწერალი მოუხმობს ქართველობას, იარაღის ძალით გარეკოს „ძალით
მოსულნი“:
„მაისის თვესა იქმნას ძახება,
გამოხატული ქართველთ უფლება.
აღვიპყრათ ხელთა მახვილი,
მივცეთა მტერთა შიში ძრიელი,
შემოვიკრიბოთ გულით მხურველნი,
ვეცეთ, ვეძგერნეთ გაგულებულნი,
განვდევნოთ სოფლით ძალით მოსრულნი,
ჩვენ მამულისა მაოხრებელნი,
წარვიდნეთ აქით, არ იყვნენ აქა.
ქართველნო, ხართ სადმე თუ არა? არვინ არ იცის!
მოიგეთ გონება!“12
მხატვრულობით ლექსი სუსტია, მაგრამ მიზანდასახულობით საკმაოდ
შთამბეჭდავი და, რაც მთავარია, მასში გამოხატულია ავტორის, შეთქმულების ერთ-
ერთი მთავარი მონაწილის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრწამსი.
დასასრულს სოლომონ დოდაშვილის კიდევ ერთ ნაწარმოებს გვინდა შევეხოთ. ეს
არის „სალიტერატურო ნაწილში“ გამოქვეყნებული ავტორის მიმოწერა ძმასთან,
სტეფანესთან. პირველ ნაწილს ეწოდება „მოწერილი ს.-პეტერბურღიდამ“, მეორეს კი
_ „პასუხი ტფილისიდამ“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პეტერბურგიდან მოწერილი
ბარათი წარმოადგენს საბაბს იმისათვის, რომ ავტორმა ილაპარაკოს საქართველოს

11
თხზულების ტექსტი მოყვანილია აპ. მახარაძის წიგნიდან „ქართული რომანტიზმი“, თბ., 1967 წ., გვ.
244.
12
თხზულების ტექსტი მოყვანილია აპ. მახარაძის წიგნიდან „ქართული რომანტიზმი“, თბ., 1967 წ., გვ.
245.
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვითარების შესახებ. როსტომ ჩხეიძე ფიქრობს,
რომ არ არის გამორიცხული ლიტერატურული მისტიფიკაცია, ანუ სტეფანეს
წერილიცა და საკუთარი პასუხიც დოდაშვილის მიერ იყოს შეთხზული. ამ
შემთხვევაში კი, უფრო ცხადად ვლინდება ავტორის, როგორც მწერლის, თვისებები
და უნარი. ნაწარმოების შინაარსი ასეთია: სოლომონი მადლობას უხდის ძმას
პეტერბურგის ამბების მოყოლისათვის. იგი ძალიან დაინტერესებულია ამ ქალაქის
ვითარების გაცნობით, რადგან მისი თანამემამულენი სწორედ აქ იღებენ განათლებას.
შემდეგ ის გადადის საქართველოს ამბებზედ. მოყოლას იწყებს კულტურულ-
საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცოცხლების აღწერით, იმით, რომ თბილისში
არის გიმნაზია და სემინარია, ამიერკავკასიის სხვა ქალაქებშიც მოქმედებს საერო და
სასულიერო სასწავლებლები. აქ აღზრდილი მოწაფეები მამულს მრავალ სარგებელს
მოუტანენ; სოლომონი აღტაცებულია იმითაც, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული
მწერლობა ვითარდება, „ვინაითგან მრავალთა ახალგაზრდათა კაცთა იწყეს თხზვა
შვენიერთა სტიხთა და აღწერა პროზად სხვა და სხვათა საგანთა, რომელთაცა იხილავ
ქართულსა გაზეთსა შინა“. სოლომონ დოდაშვილი, როგორც სასიამოვნო ფაქტს, ისე
აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი სწავლა-განათლებისადმი დიდ ინტერესს იჩენს,
ხვდება, რომ განათლება უმტკიცესი საფუძველია საზოგადოების კეთილდღეობისა;
ამ საკითხით მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია ყველა წოდება. სოლომონ
დოდაშვილის „პასუხი“ და ზოგადად ძმების მიმოწერა მოწოდებაა პეტერბურგში
განათლების მისაღებად ჩასული ქართველებისადმი, რომ იმედი არ გაუცრუონ
თავიანთ ქვეყანას. მიმოწერა სწორედ ის მხატვრული ხერხია, რომელიც
დიდაქტიკურ ტონს უკარგავს ნაწარმოებს და მკითხველისათვის მისაღებს ხდის.
დოდაშვილის მწერლური ალღო და ევროპული განათლება ნათლად გამოჩნდა
მწერლის მიერ სათქმელის დახარისხებაში, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი
პრობლემების წინ წამოწევაში.
ვფიქრობთ, სოლომონ დოდაშვილის მხატვრული მემკვიდრეობა არაა ბოლომდე
დაზუსტებული. ამის მიზეზებია: მისი გადასახლება, სახლის გაჩხრეკა და იქ
არსებული ხელნაწერების მომობნევა; აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ჟურნალში
ხშირად ხელმოუწერელი მასალა იბეჭდებოდა. სოლომონ დოდაშვილის ჩვენამდე
მოღწეულ მხატვრულ მემკვიდრეობას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს მე-19 საუკუნის
პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიაში თუნდაც იმიტომ, რომ ეს
ნაწარმოებები მკითხველამდე მივიდა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკითხველ
საზოგადოებაზე გავლენა მოახდინა. ამ ნაწარმოებებში აისახა საზოგადოებრივ-
ლიტერატურული აზროვნების ტენდენციები: ბრძოლა ეროვნული
დამოუკიდებლობისათვის, კლასობრივი უთანასწორობა, ქალის შეზღუდული
უფლებები, განათლების მნიშვნელობა და ა.შ.
სოლომონ დოდაშვილის შემოქმედების გარკვეული ნაწილი მიუგნებელია
და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ წერილებიდან ვიგებთ; ასეთი ნაშრომია
„პიიტიკა“, რომელიც დღესდღეობით დაკარგულად ითვლება; გარკვეული ნაწილის
დაწერა კი მეცნიერს არ დასცალდა. მაგალითად, სოლომონს სურდა იონა
ხელაშვილის ბიოგრაფიის დაწერა, აგრეთვე საქართველოს იტორიისა და
გეოგრაფიის. სამწუხაროდ, დოდაშვილმა ვერ მოასწრო საკუთარი ნიჭის ბოლომდე
რეალიზება.
სოლომონ დოდაშვილის მთელი ცხოვრებისა და შემოქმედების მოკლე
მიმოხილვაც საკმარისია შემდეგი დასკვნის გამოსატანად: მეცნიერის
მსოფლმხედველობას ორი საყრდენი აქვს _ ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი
ერთიანობის იდეა და ევროპეიზმის პრაქტიკული დამკვიდრება ქართულ
სინამდვილეში. ევროპეიზმი საქართველოსთვის არ იყო უცხო მოვლენა, ქართული
კულტურა ძველთაგანვე მის ნაწილს წარმოადგენდა. ეს პროცესი ნიშნავდა ქართული
კულტურული სინამდვილის საკუთარ წიაღში დაბრუნებას. სოლომონ დოდაშვილის
აზრითაც, რომელსაც მთელი მისი მოღვაწეობა ადასტურებს, ევროპეიზმი იყო
ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა.
აპოლონ მახარაძე ასეთ შეფასებას აძლევს დოდაშვილის მრავალმხრივ
მოღვაწეობას: „მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან შეუძლებელია
დავასახელოთ რომელიმე ქართველი ინტელიგენტი, რომელიც საზოგადოებრივი
მოღვაწეობის თვალსაზრისით სოლომონ დოდაშვილს გაუტოლდებოდა. იგი,
როგორც მწერალი-ჟურნალისტი, უშუალო გავლენას ახდენს მთელს მოწინავე
ქართველს ინტელიგენციაზე, ხოლო როგორც მეცნიერი-ფილოსოფოსი ხმას აწვდენს
იმდროინდელი რუსეთის იმპერიის ყველა კუთხეს, სადაც კი უმაღლესი განათლების
კერა არსებობს“ (აპ. მახარაძე 1967 : 234).

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბატონიშვილი იოანე, „კალმასობა“, ტომი 1, კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის
რედაქციით, თბ.,1936;
2. გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, 1935;
3. გოცაძე მიხეილ, „სოლომონ დოდაშვილი“ (ცხოვრება და მოჭვაწეობა),
გამომცემლობა „სახელგამი“, 1955 წ.;
4. დოდაშვილი სოლომონ, თხზულებანი, თბ., 1961წ
5. „დროება“ 1876 წ., # 24.
6. თევზაძე გურამ, „სოლომონ დოდაშვილი“ , გამომც. „დიოგენე“, თბ., 2005;
7. კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ.1, 1951;
8. მახარაძე აპოლონ, „ქართული რომანტიზმი“, თსუ 1967.
9. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, სოლომონ

დოდაშვილის წერილები 1825-1832 (სოლომონ ხუციშვილის რედაქციით)


თბ., 1944. (H, 2226, ფ. 277-8);
10. რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, ტომი 1, შედგენილი ვანო შადურის
მიერ, თბ., 1949;
11. ხახანაშვილი ალექსანდრე, ქართული სიტყვიერების ისტორია, მეცხრამეტე
საუკუნე, 1913;
12. „сев.Пчела“ 1827 г.

You might also like