You are on page 1of 8

ინდივიდი, რომელიც იბადება, თვისთავად ხდება ამ საზოგადოების წევრი,

რომელიც თავს ახვევს აზროვნებისა და მოქმედების მზა მოდელს. მას


მზამზარეულად მიეწოდება ღირებულებები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები.
მოკლედ რომ ვთქვათ გარემო, ჩვენში დებს მზა სტერეოტიპებს. ამ სტერეოტიპების
შექმნაში მონაწილეობს ოჯახი, სასწავლო დაწესებულებები, ეკლესია და ა. შ. ამას
ემატება სახელმწიფო პოლიტიკაც... ეს შთაგონებული იდეები ბევრისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრება რჩება ამ გარედან შემოსული
აკრძალვების, ზნე- ჩვეულებების ტყვეობის ქვეშ და ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს წინ.
ხშირად ადამიანები უარს ამბობენ სიყვარულზე, ბედნიერებაზე,
თვითდამკვიდრებაზე, წინსვლაზე მხოლოდ იმიტომ,რომ მათ სხვანაირად არ
შეუძლიათ, რადგან ასე გაზარდეს. აქ თვითცნობიერება მინიმუმზეა დასული, ,,მე“
იგნორირებული.

,,მე“-ს გასვლა თავისი თავიდან, საკუთარი თავის გარეთ ყოფნა არის მისი ,,მე“-ობის
საპირისპირო. ეს არის ის, რასაც გაუცხოება ეწოდება. უცხოა ყველაფერი, რაც ჩემს
გარშემოა და ,,მეც“ უცხო ვხდები, როდესაც ვუერთდები გარეგანს, როცა ჩემი
შინაგანი მხარე და ინდივიდუალურობა არ არის გადამწყვეტი. ამდენად, უცხო
წარმართავს ჩემს მოქმედებებსა და აზრებს. ე.ი აქედან გამომდინარე, ის ცხოვრობს
თვითგაყალბებასა და თვითგანდევნილობაში.უხარია იმიტომ, რომ სხვებს უხარიათ,
სძულს იმიტომ, რომ სხვებს სძულთ, იტანჯებიან იმიტომ, რომ სხვები იტანჯებიან
და ა. შ ეს კი ნიშნავს რომ საკუთარი თავი გავასხვისეთ საკუთარი ნებით. გვეშინია
მარტოობის და ვისწრაფვით საზოგადოებისკენ. ვართ ისეთები, როგორც სხვები,
ვამბობთ იმას, რასაც სხვები, ვლოცულობთ იქ, სადაც სხვები,(1გვ:13) მაგრამ ვინ არის
ეს სხვები?- კონკრეტულად არავინ. ამიტომ იმაზე, რასაც შენ მოქმედებ და ამბობ,
პასუხისმგებელი არ არის არც შენ და არც სხვა. ეს არის უპიროვნო ,,მე“ და იგი
პასუხისმგებლობას მოკლებულია. ეს არის გაუცხოება, რომელიც ნიშნავს ადამიანის
მოქმედებას ცნობიერების გარეშე. ის უბრალოდ მისდევს და ბაძავს სხვას. ე.ი
ადგილი აქვს ადამიანის სულის გაუცხოებას - გადაგვარებას. რაც მოასწავებს ყალბ
ღირებულებით ორიენტაციაზე დგომას.

საზოგადოებრივ პროგრესს ვერავინ შეაჩერებს! იცვლება დრო და დროთა


ცვალებადობა დღის წესრიგში აყენებს ჩვენი შინაგანი სამყაროს სახეცვლილებასაც.
ერთხელ და სამუდამოდ ხომ არაფერია მოცემული...

დღის წესრიგში დგება ახალი ცხოვრება, ახალი იდეები, ახალი ღირებულებები. ის კი


ემიჯნება ყველაფერს ახალს, მას ხომ სხვაგვარად ჩაუნერგეს, ასეთი მიდგომა კი
დაკარგვის ტოლფასია. მშობლები და შვილები თავიანთი მსოფლხედველობის
სხვადასხვაობის გამო უცხოვდებიან ერთმანეთთან. ამას ემატება ჩვენი ეპოქისთვის
დამახასიათებელი სწრაფი ცვალებადობა, სირთულე, მეცნიერულ - ტექნიკური
პროგრესისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარება, რაც განაპირობებს ადამიანის
წინაშე მდგარი პრობლემების კიდევ და კიდევ უფრო გამძაფრებას.

დრო დაჩქარდა. იგი ადამიანისგან მეტ აქტივობას, მოქმედებასა და ახლისადმი


ფეხის აყოლას მოითხოვს! მშობლებს შვილების აღზრდა განვითარებისთვის დრო
აღარ რჩება. შვილები მარტონი რჩებიან თავიანთ პრობლემებთან, მაშინ როცა
სჭირდებათ მშობლების ყურადღება, ალერსი, გაგება და ა.შ ეს იწვევს ხიდის
ჩატეხვას მშობელსა და შვილს შორის. თუმცაღა, არც მშობლებია უკეთესს
მდგომარეობაში. მაშინ, როცა მშობლები საჭიროებენ თანადგომასა და თანაგრძნობას,
შვილები არიან გადაგებული ყოველდღიურ პრობლემებსა და საშოვარს. აქაც იწყება
გაუცხოება. მშობლებსა და შვილებს ერთმანეთის აღარ ესმით. შვილები მშობლების
რჩევას ვეღარ იღებს მოძველებული შეხედულებების გამო, მშობლები კი თავის
მხრივ, ეწინააღმდეგებიან შვილების შორსწასულ სიახლეებს და მათთვის ,,უცხო“
,,მიუღებელ“ მენტალიტეტს. ასე მძაფრდება გაუცხოება, ასე იკარგება ხმა, რომელიც
ვეღარ მიუწვდენიათ მშობლებსა და შვილებს ერთმანეთისთვის.
გადავინაცვლოთ სკოლაში, სადაც მოზარდი ატარებს დღის თითქმის ნახევარს. აქაც
თობათა დაპირისპირება და გაუცხოება. პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ვერ უწყობს
ფეხს დროის მოთხოვნებს, მოსწავლეთა ნაწილს კი არ სურს დრომოჭმული
ჩარჩოების გავლენის ქვეშ ყოფნა. წარმოიშობა კონფლიქტი და საბოლოო ჯამში
მივყავართ მიზნის დაკარგვისკენ, ნიველირებისაკენ.

რაც შეეხება ეკლესიას. ზოგიერთ მოძღვარი თვლის რომ რელიგია დოგმაა. არ სურს
ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, ამიტომ აქაც იკარგება ურთიერთგაგებინებისა და
ურთიერთპატივისცემის მომენტები.

საზოგადოების განვითარების ისტორიაში ყოველი დიდი შემობრუნება ტრადიციულ


ღირებულებათა გადაფასებით ხასიათდება, ანუ ყოველი ახალი ეპოქა ძველი ღირე-
ბულებების გადაფასებითა და საკუთარი ფასეულობების დამკვიდრების მცდელო-
ბით იწყება. გავიხსენოთ, ნიცშეს ფილოსოფიაში უარი ითქვა ყველა ტრადიციულ ღი-
რებულებაზე. ადამიანი აღარ ცნობდა თავს ვალდებულად არც ღმერთის, არც მოყვა-
სის, არც საზოგადოების წინაშე. ყოველივე ეს უარყოფილ იქნა პიროვნების თავისუფ-
ლების სახელით. ადამიანის ამგვარი სრული "გათავისუფლება" დასრულებული სა-
ხით გამოიხატა თეზაში – "ღმერთი მოკვდა". ამას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ ტრადი-
ციული ღირებულებების უარყოფით ადამიანი მართლაც გათავისუფლდა ყოველგვა-
რი მაიძულებელი იდეალებისაგან, თუმცა მან ორიენტირებიც დაკარგა სამყაროში.
ახლა მას თავად უნდა ეტვირთა ის სამუშაო, რასაც ადრე ღმერთის ან იდეის სახელით
და მათი დახმარების იმედით აკეთებდა. "გარედან" დახმარების იმედი მას ხომ ძალას
აძლევდა. ახლა კი, საკუთარი სურვილებისა და ქმედებებისათვის მთელი პასუხის-
მგებლობა თავად ეკისრებოდა. ე.ი. ადამიანი სრული ქაოსის წინაშე აღმოჩნდა. მას
თავად უნდა მოეწესრიგებინა ეს სამყარო. სწორედ ამგვარი თავისუფლების გაცნობი-
ერების სირთულემ ათქმევინა ჟან პოლ სარტრს: "ადამიანი დაწყევლილია თავისუფ-
ლებით". მართალია, ადამიანი ღმერთის მფარველობისაგან გათავისუფლდა, მაგრამ
სამაგიეროდ დაკარგა მიზანი, აღარ იცის რა უყოს ამ "თავისუფლებას" და მყისვე მის-
გან გაქცევას ცდილობს.

XX საუკუნის თითქმის ვერცერთი მოაზროვნე გვერდს ვერ უვლის იმ ფაქტს, რომ


თანამედროვე ადამიანი ცდილობს საზოგადოებაში გათქვეფას. თუ ანტიკურობა ბე-
დისწერის წინაშე შიშს დიონისეებში იცილებდა, დღევანდელი ადამიანი სენსაციებში
ივიწყებს სიკვდილისა და მარტოობის შიშს. იგი ცდილობს უპიროვნოს, საერთოს, სა-
შუალოს ამოეფაროს, თუმცა არის მცდელობები, რომ ზოგიერთმა სიკეთისა თუ არა,
ბოროტების საფუძველზე მაინც შეინარჩუნოს საკუთარი ინდივიდუალობა, რათა
"სხვაში" არ გაითქვიფოს, არ გახდეს "როგორც ყველა სხვა". "სხვებში" გათქვეფა, საკუ-
თარი ინდივიდუალობის დაკარგვა ძალიან მტკივნეული და აუტანელია თითოეული
ჩვენგანისათვის.
გაუცხოება, ადამიანის მიერ საკუთარი არსების დაკარგვა, არასდროს ყოფილა ასე
აშკარა.
თანამედროვე ადამიანი "მოწყენილია’. მოწყენილობა ის თავისებური მდგომარეობაა,
როცა ადამიანი წუხს და ვერ ისვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურ-მატე-
რიალური მოთხოვნილებების მხრივ საკმაოდ დაკმაყოფილებული და მოსვენებულია.
უფრო მეტიც, "მოწყენილობა" სწორედ მაშინ ეუფლება ადამიანს, როცა საკუთარ ბიო-
ლოგიურ არსებობაზე ზრუნვისაგან თავისუფალია. რას ვაკეთებთ, როცა მოწყენილე-
ბი ვართ? – ზოგი ნარდს თამაშობს, ზოგი ბანქოს ან დომინოს, იშვიათად ჭადრაკს, ზო-
გი კროსვორდს ხსნის, ზოგი კომპიუტერთან ათენებს და აღამებს, ზოგიც სვამს და ა.შ.
მაგრამ, თუკი დიდხანს გაგრძელდა გართობა საქმესთან შეთავსების გარეშე, მაშინ,
როგორც ცნობილია, გართობაც მოსაწყენი ხდება და ზოგიერთი ჩვენგანი ისევ საქმეს
უბრუნდება, ზოგიც კი ამ "მოსაწყენი გართობიდან" თავის დაღწევას ცდილობს, რაღაც
ახლისკენ მიისწაფის, რათა თავი იქ მაინც დაიმკვიდროს, იქ, სადღაც, თუნდაც ილუ-
ზორულ სამყაროში, ანუ "სხვა არსებობაში". ამისი ტიპიური მაგალითებია ალკოჰო-
ლიზმი და ნარკომანია. მოგეხსენებათ, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ეფექტი,
უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ ინდივიდი კონტროლისა და რეალო-
ბის გრძნობას კარგავს და უფრო "მაღალ დონეზე არსებობის" ილუზიას ექვემდებარე-
ბა. ცნობილია ლოთი კაცის თავისებური თავმომწონეობა, კომპლექსებიდან გათავი-
სუფლება, მისი პრეტენზია განსაკუთრებულობაზე. ე.ი. ადამიანი გაურბის რეალობას
და ილუზორულს აფარებს თავს (სხვათა შორის, "ილუზორულობის" უამრავი ფარუ-
ლი სახე არსებობს. თუნდაც ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და ჩვეული: ნაცნობ-მეგობ-
რები ხშირად იკრიბებიან ხოლმე. ყავას ხარშავენ, მიირთმევენ, თამბაქოს აბოლებენ
და საუბრობენ, მათ შორის პოლიტიკაზე და უმეტესწილად, ოპოზიციურ თვალსაზ-
რისს უჭერენ მხარს... თუმცა კი ცხოვრებაში მშვენივრად ეგუებიან და თავისი პირადი
კეთილდღეობის სასარგებლოდ იყენებენ "პოზიციასა" და "პოზიციონერებსაც". ყოვე-
ლივე ეს რაღაც "მსუბუქ გართობას" გავს, რაღაც "რიტუალს", მოდას, "კარგ ტონს",
რომლის საბოლოო მიზანი ჩვეულებრივ ბანალურ ყოფაზე ამაღლების პრეტენზია და
უფრო მაღალ რეალობასთან შეხებაა), ანუ არსებული რეალობიდან გაქცევა და რაღაც
სხვა, სულაც გამოგონილი რეალობისათვის თავის შეფარების მცდელობა, თავის
მოტყუებაც არის და ხსნაც იმავდროულად.
"ტექნიკური გაუცხოების" პრობლემის სიღრმეში ქრისტიანობის კრიზისის, უფრო
ფართოდ, იდეალებისა და აქედან ცხოვრების საზრისის და ღირებულებების დაკარ-
გვის პირმშოა თანამედროვე ადამიანი. როცა იკარგება მიზანი, უფასურდება უმაღლე-
სი ღირებულებანი, ანგარიში არ ეწევა არავის და არაფერს; აღარ ეძებენ პასუხს კითხ-
ვაზე რატომ? და რისთვის? ფრიდრიხ ნიცშეს აზრით, ეს ე. წ. "ნიჰილიზმია – ყველაზე
საშინელი სტუმარი ყველა სტუმართაგან". იდეალისაგან დაცლილობისა და ამგვარად,
სიცარიელის განცდით შეპყრობილი კაცი მუდამ ხალხმრავალ საკრებულოთა მსმენე-
ლი და ბრმა მონაწილეა. მათი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებული, გაუცნობიერებელი,
დაუსაბუთებელი შეხედულებების გამზიარებელია. ეს უკვე გზაა საზარელი სიცარიე-
ლისაკენ, არარაობისაკენ მიმავალი. ამ შემთხვევაში მათთან ყოფნა არ ნიშნავს რაიმე
მიზნის მიგნებას და ამ მიზნით გაერთიანებას, არამედ ეს არის სტიქიური კავშირი და
ამ დროს ხდება ამ საშუალო, დაბალი მასის გარკვეული ჯგუფის, კერძოდ, ბრბოს გა-
მოყენება დამანგრეველ ძალად, რომელსაც მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია კაცობ-
რიობისათვის. ადამიანი მარიონეტი ხდება ბრმა ემოციისა. აქ მარადიული მნიშვნე-
ლობის იდეალი უარყოფილია. ადამიანები უსახონი ხდებიან, ყველა ერთმანეთს ჰგავს
და ყველა "ერთ ხმაზე მომღერალი" ქუხილით მიიწევს წინ, გაურკვეველი მიმართუ-
ლებით.
ჩვენი სინამდვილის გათვალისწინებით დღეს აუცილებელია გადავლახოთ
გაუცხოების მოძალების ეს ეტაპი, უნდა შევეჩვიოთ თავისუფალ, დამოუკიდებელ და
პრაქტიკულ აზროვნებას, უნდა შევძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მი-
ღება, ვიკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარი მოქმედებისათვის, რამეთუ თავისუფ-
ლება და პასუხისმგებლობა განუყრელია ერთმანეთისაგან. მხოლოდ პიროვნული გა-
თავისუფლების ამ მეტად რთული და ეკლიანი გზით მივაღწევთ ჭეშმარიტად სული-
ერად ამაღლებულსა და თავისუფალ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ევრო-
პული ღირებულებების ერთგულ საქართველოს, რომელსაც ასე ვესწრაფვით.
ლიტერატურა

1.ექომაიშვილი ვ, ,,ფილოსოფია, თბ, 1993

2.ბერიძე ია, თავართქილაძე გურამ, ფანცულაია თამარ „ფილოსოფია“ -


სახელმძღვანელო არასპეციალური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
გამომცემლობა უნივესალი ,თბ. 2015

3.ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, 2016 ,,ადამიანი და ხალხი“ თბილისი, გამომცემლობა მაცნე.

4. ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ,,მასების ამბოხი“ გამომცემლობა :ibook 2017

5. https://www.britannica.com/topic/alienation-society (06.01.2020)

You might also like