Professional Documents
Culture Documents
წმიდა ისე წილკნელი
წმიდა ისე წილკნელი
2 (15) დეკემბერი
ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო
მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.
წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე
ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი
ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ
ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.
წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა
საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან
ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი.
და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.
შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა
შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და
საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.
ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა:
„მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს
სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის
ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა
მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო
ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ
ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი
შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა,
ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.