You are on page 1of 24

ექსტი მოამზადეს მანანა მეგრელიძემ და ლელა სულხანიშვილმა გაზეთისათვის, რომელიც

გამოსცა საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ და


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტმა 1994 წელს. გაზეთი მერაბ
მამარდაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ქართველობა, როგორც ბუნების ელემენტი, როგორც მოცემული ფაქტი, არის ეთნოსი. რაც
შეეხება ერს, იგი შედეგია იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეთნოსში რაღაც სხვა ძალები. ეს ძალა
შეიძლება იყოს მაგალითად, რელიგიური, ჩვენს შემთხვევაში – ქრისტიანობა. ის, რასაც
ქართველის «ეროვნული» თვისება ქვია, შედეგია ამ ძალების მიერ ეთნიკური მასალის
დამუშავებისა. (...) ერი და ეთნოსი ერთმანეთს არ ემთხვევა. ერი ყალიბდება იმის შედეგად, რომ
ინდივიდების გარკვეული, ეთნიკურად მოცემული რიცხვი აღმოჩნდება ერთი ბედისწერის
წინაშე, ე.ი. მათ აერთიანებთ საერთო ისტორიის განცდა, გამარჯვებისა და სიკვდილის
ცნობიერება, საკუთარი თავის რეალიზაციის წესი. (...) ჯერ ბუნებრივად იბადება ქართველობის
ეთნიკური მონაცემები, ეთნიკური ქართველი, შემდეგ კი ყალიბდება ქართველი, რომელიც
ეკუთვნის ქართველ ერს. იბადება, ვიმეორებ, ისეთი ძალების წიაღში, რომლებიც ამუშავებენ
ეთნიკურად მოცემულ სხეულს.

(საუბრები ფილოსოფიაზე, თბ. 1992, გვ. 210).

ჩვენ ისტორიაში ვცხოვრობთ და არა ბუნებაში, ისტორიაში და არა ეთნოსში. ჩვენთვის ეს


ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველები, როგორც ქრისტიანი ერი, ერი ვართ მხოლოდ იმის წყალობით,
რომ ამ ერის წევრმა პიროვნებებმა თავიანთ ქართულ, ეთნიკურ სხეულში შეასრულეს
გარკვეული სულიერი აქტები და ამის შემდეგ იშვნენ როგორც ერი და ეთნოსი.

(იქვე, გვ. 28).

ილია უდიდესი მოაზროვნე იყო არა მარტო ქართული, არამედ ევროპული მასშტაბით. თვითონ
იყო ევროპელი ადამიანი და მას ესმოდა, რომ ჩვენი, ქართული ქრისტიანობა, როგორც
პირველქმნილი, პირველადი წყაროებიდან წამოსული სახარებისეული ქრისტიანობა (რუსებისა
და ყველა სხვა იმ ქვეყნების ქრისტიანობისაგან განსხვავებით, რომლებმაც იგი ბიზანტიის
ხელიდან მიიღეს მზამზარეული და უკვე გაქვავებული სახით) სწორედ ის მოძღვრება იყო,
რომელშიც ძალიან მძლავრად ჟღერდა თავისუფლების მოტივი, ისევე როგორც პიროვნული და
პირადული საწყისების მოტივი. სწორედ ეს მოტივი იყო დანერგილი ქართველი ერის წიაღში,
პირველადი და უშუალო ქრისტიანობის წყალობით. ამას ეფუძნებოდა ქართველთა
მიდრეკილება და ლტოლვა ევროპულისაკენ, რომლის კანონზომიერებაც ასე კარგად ესმოდა
ილიას.

(თავისუფალი ვარ, რათა ვიბრძოლო

თავისუფლებისათვის, გაზ. “7 დღე”, 1990წ., 6 დეკ.).

მას შემდეგ, რაც სახარება იქცა დროის ათვლის წერტილად (...) _ არსებობს ერთი მარტივი
კანონზომიერება: ადამიანური კულტურა და სულიერება არ შეიძლება შემოიფარგლოს და
ამოიწუროს იმ ეთნიკური მატერიით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან, – იგი მაინც დარჩება
კერძოობად, ცალკეულად და არასოდეს უნივერსალური არ იქნება. პიროვნული საწყისები კი,
რომლებიც სწორედ უნივერსალურობაზე არიან Uუშუალოდ და არსობრივად «გამობმულნი»,
ნაციონალური ხასიათის ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი
ფუნქციონირების პირობას შეადგენენ. (...) თუ ეს საწყისები გაქრა, მაშინ ერის საუკეთესო
თვისებებსაც გაქრობა ელის. სწორედ ესაა საფუძველი ყოველგვარი სულიერობის, რადგან მისი
დედაარსი იმაშია, რომ ჭეშმარიტება ქრისტიანულ მცნებისამებრ, თვით სამშობლოზე მაღლა
დგას; მხოლოდ პიროვნებას შესწევს ძალა ეძიოს, ჰპოვოს და სრული პირდაპირობით გამოთქვას
იგი. ჭეშმარიტებას მე ჩემს სამშობლოზე მაღლა ვაყენებ და საკუთარ თავს ვეკითხები: განა ბევრია
ჩვენში ისეთი ქართველი, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტების დაყენება სამშობლოს თვალშისაცემ
ინტერესბზე მაღლა? და თუ არა, მაშინ ცუდი ქრისტიანები ვყოფილვართ.

(Философия действительности; газ. «Заря Востока» от 25 июня 1889 года).

შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ პირადად მე, რამდენადაც თავს ყოველთვის


ქართველად ვგრძნობდი, იმდენადვე ვგრძნობდი თავს არქაულად და უადგილოდ თანამედროვე
სამყაროში. ქართველობა – ეს არის მშვენიერი, ამაღლებული ლეგენდა, ან ლეგენდარული ხატი,
რომელიც ჩემთვის ჭეშმარიტიცაა და რეალურიც - უფრო რეალური, ვიდრე ყოველდღიური
რეალოაბა. (...) ეს, ძირითადად ფეოდალური, რაინდული ხატია, (...) როდესაც ჩვენ ვმღერით, ან
ვუსმენთ ქართულ სიმღერას ყოველ ჩვენთაგანში ხელახლა იბადება ქართველი, (...) მისი
Gგაღვიძება ჩვენში სულ არ საჭიროებს არავითარ გონებრივ აქტებს. მე არ მჭირდება ფიქრი,
რეფლექსია მუსიკის ბუნებაზე თუ ქართველობაზე. როცა ქართულ, ტრადიციულ ხალხურ თუ
რიტუალურ სიმღერას ვისმენ, მე მასში ვარ და ის სიმღერა თვითონ აყალიბებს ჩემს სულს,
როგორც ქართულ სულს. (...) ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული მუსიკის
ტრადიციულ სტრუქტურას. ეს არის ჩემი, როგორც ქართველის, შინაგანი სამყაროს, სულის
გარეგამოვლენა და განფენა. ეს არის გრძნობადი ხატი ჩემი სულისა.
და როცა მე ვამბობ, რომ არქაული ერი ვართ, - ლამაზი, მშვენიერი, მაგრამ არქაული და
უადგილო, - ამაში ვგულისხმობ, რომ ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, თანამედროვენი გავხდეთ.

(თავისუფალი ვარ, რათა ვიბრძოლო თავისუფლებისათვის. – ზვიად ქორიძის მიერ 1990


წლის ოქტომბერში აღებული ინტერვიუს ჩანაწერი).

ჩვენი ტემპერამენტი გაჯერებულია ინდივიდუალიზმით. ყოველი ქართველი ხომ თავისთავად


ცალკე სახელმწიფოა; ყველა მბრძანებელია; არავის არ შეუძლია სხვას დაემორჩილოს. სწორედ
ამან იხსნა საქართველო დამონებისაგან. მისი დამორჩილება ვერავინ მოახერხა, რადგან
ამისათვის ქართველები სულ ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ, მეორე მხრივ კი, სწორედ ეს
თვისება ღუპავდა ყოველთვის საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს.

(Евангелье по-грузински; газ. «Московские новости»; 16, 1990).

ქართულ კულტურაში ერთი კოდირებული ელემენტია, მე მას მხიარულ ტრაგიკულობას


დავარქმევდი. ალბათ, ადვილად წარმოიდგენთ, რომ ის ერი, რომელიც ამდენი ასეული წლის
მანძილზე ძლივს ცოცხლობდა, - კი არ ცხოვრობდა, არამედ ძლივსძლიობით არსებობდა, ე.ი.
თავისგადასარჩენად იბრძოდა, - ასეთი ერი ტრაგიკულია და ტრაგიკულია მისი კულტურაც.
მაგრამ ამასთან არსებობს შინაგანი კოდექსი, რომელიც ერთ რამეს აბსოლუტურად კრძალავს: არ
შეიძლება ვინმეს ტვირთად ექცე. ტრაგიკული ხარ? - კი ბატონო, მაგრამ შენს გარშემო ტვირთად
ნურავის დააწვები. (...) სიხარულის ეს ტალანტი, ანუ სიცოცხლის ნიჭი, კულტურის მართლაც და
ერთ-ერთი ისტორიული მონაპოვარია. (...)

ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა. და სანაცვლოსაც ვღებულობთ. როცა 1988 წელს
პირველად ჩავედი ამერიკაში, Nორმან კაზექსმა ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაზე მკითხა: “კარგი,
მერაბ და ერთი ეს მითხარი, რანაირად დარჩი ცოცხალი მთელი ეს ხანი, როგორ გადარჩი?”
რაზეც ვუპასუხე: “გადავრჩი იმიტომ, რომ ქართველი ვარ”.

(Философия – это мужество невозможного, - «Общая газета» 1993; # 9, II).

მე იმ კომუნიკაციას ვეკუთვნი, რომელიც რამდენიმე ათასწლეულის წინ წარმოიშვა იქ, თავის


ადგილას – ქართულ კომუნიკაციას. ყოველთვის მქონდა შეგრძნება ერთი ნიჭისა, რომელიც თან
ახლავს სივრცეს, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ამ ნიჭს სახელად სიცოცხლის ნიჭს, ან
უკანონო სიხარულის ნიჭს დავარქმევდი. მე მას ვგრძნობ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებში,
ჰაერშიც კი, ვგრძნობ საკუთარ თავში, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემს
თანამემამულეებთან შედარებით, რაღაც უფრო მძიმე და მოუქნელი ვარ. ჩვენი სიხარული კი
სწორედ რომ მსუბუქი და ჭეშმარიტად არაკანონიერია. არ არსებობს არავითარი საბაბი
სასიხარულოდ, ჩვენ კი მაინც ვილხენთ და ვქეიფობთ, - ისე, უმიზეზოდ. ეს, რეალური
ვითარებით გაუმართლებელი და, ამდენად, არაკანონიერი სიხარულია, ჟღერა იმ სივრცის,
რომელშიც გავჩნდი. ეს არის ტრაგიზმის განსაკუთრებული სახეობა, როდესაც საკუთარ თავს
აბსოლუტურად უკრძალავ შენი ტრაგედიით შეაწუხო, დაამძიმო გარშემომყოფნი. (...) სხვის
წინაშე შენ ყოველთვის მხიარული და ლაღი უნდა წარსდგე, უნდა წარსდგე გაბრწყინებული აი,
ამ უკანონო სიხარულით. სიხარულის ზარი გუგუნებს ჩვენს სისხლში და ეს არის ჩვენი
გამოწვევა ბედისა თუ უბედობის მიმართ, შეუძლებელია წართმევა ამგვარი სიხარულისა.

(Вена на заре ХХ века, «Литературная Грузия»; 1991 #5).

დღეს ჩემი პროფესიული ინტერესები თანხვდება დღევანდელობის უმწვავეს პრობლემებს.…


ამიტომაც, ახლა უფრო ხშირად მეპატიჟებიან რუსეთში, სადაც ჭკუას კარგავენ სულიერობის,
საერთოდ სულის, შინაგანი თავისუფლების, შინაგანი ცხოვრების საკითხებზე მსჯელობისათვის.

კითხვა: განა ქართველებს ნაკლებად აინტერესებთ ეს საკითხები?

დიახ, გაცილებით ნაკლებად….. ქართველები ხომ თვლიან, - შესაძლოა მცდარად, - სული


იმთავითვე აქვთ მომადლებული და ამიტომაც არ არიან შეპყრობილნი აშკარა თუ ფარული
ტანჯვით გამოხატული სულიერობის წმინდა რუსული ავადმყოფობით. რუსებისთვის - თუ არის
ტანჯვა, მაშასადამე, არის სულიც. ტანჯვა და სულიერობა მათთვის განუყოფელია. ქართველები
კი სხვაგვარად უყურებენ ქვეყანას. ქართველები სამხრეთელები არიან – მხიარულნი და
მომლხენნი. მართალია, შეიძლება ახლა ყველაფერი ეს შეიცვალოს კიდეც, მაგრამ რუსებისათვის
დამახასიათებელი “ტანჯულობისგან” ჩვენი განსხვავებულობა რეალური, ე.ი. ისტორიულად
ჩამოყალიბებული ფაქტია.

( Жизнь шпиона, «Искусство кино»; М., 1991, # 5).


ჩემი გამოცდილებით, გარდა მონური ჩვევებისა, რაც რუსებს ახასიათებთ, მათში ნამდვილად
მოქმედებს კიდევ ერთი თვისება, რომელიც შეიძლება პარადოქსულად ან გაუგებრად
მოგეჩვენოთ. მე ვიტყოდი, რომ რუს ხალხს რაღაცნაირად დარღვეული აქვს ის ფენომენი, რასაც
ქვია სიცოცხლის სიყვარული ან სიცოცხლის გემო. მათგან განსხვავებით ქართველებს – და ეს
არის ჩვენთვის მომავლის იმედი - შერყეული და დარღვეული არ გვაქვს ფუნდამენტური
ურთიერთობა სიცოცხლესთან, როგორც ფენომენთან. ის ოდნავ შელახული კია, მაგრამ მისი
საძირკველი ფუნდამენტში საღია.

(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 20).

რატომ მოხდა რუსეთში აპოკალიფსი? როზანოვმა იპოვა ძაფი: ეს შედეგი, მისი აზრით, მოიტანა
საწყისმა, რომელიც მოქმედებდა რუსულ კულტურაში, რუსულ მენტალიტეტში – რუსი
ადამიანი ყოველთვის გარედან, რაღაც კოსმიური თუ მეტაფიზიკური ძალისაგან ელოდა შველას.
…(...) რუსულად ეს უფრო კარგად გამოითქმის (ალბათ იმიტომ, რომ ეს ფენომენი უფრო
რუსულია), иждивенчество. ეს ნიშნავს იმედის დამყარებას გარეშე ძალაზე (...). იმის მაგივრად,
რომ ჩემი სისცოცხლის დრო და სივრცე შევავსო ჩემი ძალისხმევით და შევქმნა ჩემს თავში ისეთი
რამ, რის გამოც მე შემეძლება ჩემს თავს პატივი ვცე. აქედან როზანოვს გამოყავს რუსი ადამიანის
ის თვისება, რომ იგი არ სცემს პატივს საკუთარ თავს. ეს კი, ამბობს იგი მკრეხელობაა. თუ
ნამდვილი ქრისტიანი ხარ, (...) რაკი ღმერთის ხატად ხარ შექმნილი, პატივი უნდა სცე ამ ხატს
საკუთარ თავში.

(იქვე გვ. 48).

ჩვენთან არ არსებობს საზოგადოება, როგორც სახელმწიფოსგან განსხვავაებული ფენომენი. (...)


საბჭოთა სახელმწიფო ნიშნავს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც ემთხვევა საბჭოთა საზოგადოებას.
ადამიანთა ნებისმიერ ასოციაციას შეუძლია არსებობა მხოლოდ სახელმწიფო ლეგალიზაციით,
ე.ი. არსებობს მხოლოდ ისეთი სოციალური კავშირები, რომლიც იქმნება თვით სახელმწიფო
ხელისუფლების მიერ. (...) ეს რუსული ტრადიციის ნაშთია (...) არსებობს ტრადიციული
ელემენტი, რომელიც გადავიდა ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ეს არის (...) სახელმწიფოსა და
ხელისუფლების გარეშეEავტონომიური სოციალური ძალების არ არსებობის ტრადიცია. (...) ამ
სახელმწიფოს ძალიან კარგად ესმის, რომ მისი მტერია ადამიანთა ნებისმიერი სპონტანური
ასოციაცია. (...) ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული და არის ლამაზი და მართალი, სახიფათოა
და მიუღებელი. რუსეთში არსებულმა ამ ფენომენმა შექმნა საბჭოთა სახელმწიფო. (...) თუ რუსი
ხალხი არ დასძლევს ამ სტრუქტურას თვითონ (მის მაგივრად სულიერ რევოლუციას ვერავინ
მოახდენს. რევოლუციები გარედან არ ხდება), რუსეთი ჩაიძირება, საბოლოოდ დაიღუპება.
ასეთივე სტრუქტურის მიხედვით ხდება მისი უშუალო, არაპოლიტიკური რეაქცია (და ამით
უფრო სახიფათო) ეროვნულ პრობლემებზე. ეროვნული დამოუკიდებლობა ავტონომიური
ფენომენია, რომელიც შეიგრძნობა როგორც ხიფათი და მტერი. (...) რუსი ხიფათს გრძნობს
რაღაცის წინაშე, რაც არის თავისთავადი და თავისთვის. მასში იწყება აგრესიული წყენა, რომლის
მთავარი ელემენტია ის, რომ ვიღაცამ თავისთვის რაღაც მოინდომა. ეს საკმარისია, რათა რუსს
ეწყინოს. ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს პოლიტიკაში, თუ ვაპირებთ ბრძოლას. მებრძოლი კი
არ შეიძლება დაერქვას იმას, ვინც წინასაწარ ვერ გაითვალისწინებს , თუ როგორი იქნება
მოწინააღმდეგის რექცია, სად არის მისი მტკივნეული წერტილები, რომელია მიძინებული
წერტილი და ა.შ. ის, ვისაც არა აქვს ტაქტიკა და სტრატეგია, არ არის მებრძოლი.

L(ლექცია წაკითხული ფსიქოლოგიის

ინსტიტუტში, 1989 წლის 12 სექტემბერს _ “7 დღეE”, 1991, #1).

ველი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არატრადიციული და უცხოა ჩვენთვის. ეს არის რუსული


ძალაუფლების ველი, რომელიც მე-17 საუკუნეში შეიქმნა და საბჭოთა ხელისუფლების დროს
გაძლიერდა. მისი მთავარი იდეა ისაა, რომ სახელმწიფო ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას,
ადამიანი არარაობაა, თუ ის სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრივი იდეის მსახური არ არის.
ყოველივე ეს განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებასაც, ცნობიერებასაც, სოციალურ
სტრუქტურებსაც და ა.შ.

(ნიკოლოზ დროზდოვის ფილმის

“გზა შინისაკენ” ტექსტიდან).

კითხვა: ჰყავს თუ არა მტერი საქართველოს?

…--- ჰყავს, ეს არის კომუნისტური საბჭოთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთავარი სიმძიმე ამ მტრული
ძალისა არის რუსეთში, მოსკოვში. ეს იმავე საგნის, იმავე მტრის სხვა განსაზღვრაა, მაგრამ იმასაც
მნიშვნელობა აქვს, რას როგორ განსაზღვრავ. თუ ასე განსაზღვრავ, მაშინ ჩემს ბრძოლაში
მოკავშირეა ყველა ის ძალა ან ადამიანი, რომელიც რუსეთში, ესტონეთში თუ სხვაგან ანგრევს ამ
სისტემას. მაშინ ის ჩემი მოკავშირეა და მე აღარ მჭირდება ბოლომდე გავიგო მისი მენტალიტეტი.
(...)

(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 14-15)


ქრისტიანული რწმენა დევს თვით საწყისში თანამედროვე ევროპული საზოგადოების და
სახელმწიფოებრიობისა იმ გაგებით, რომ თვით ეს ინსტიტუტები გამსჭვალულნი არიან
ქრისტიანული სულით. რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანული რწმენა, რელიგია, იყო და არის (...)
პიროვნული რელიგია. იგი, როგორც სიტყვა, _ ხმა ღმრთისა, _ მიმართულიაპიროვნულ საწყისზე
ადამიანში, ანუ ადამიანის თავისუფლებაზე. ჩვენს რწმენას ორი მომენტი, ორი მცნება უდევს
საფუძვლად: თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე. (...) ყოველივე იმას, რაც ჩვენ დღეს
ცხოვრების ბუნებრივ წყობად და დინებად მიგვაჩნია, - საფუძვლად ქრისტიანული რელიგიის
სიმბოლოები უდევს. (...)

ამ გაგებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც მოგვივიდა არის რწმენის (...) დაკარგვა. თუ
ამას გავითვალისწინებთ, მაშინ მივხვდებით, რომ (...) ტოტალიტარიზმის ანუ საბჭოიზმის
განვითარება (განსაკუთრებით, რუსეთში) შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ
გაუცნობიერებელმა რელიგიურმა ენერგიებმა დაკარგეს საკუთარი ობიექტი – ღმერთი – და
გადაერთვნენ (...) სხვა ობიექტებზე. ე. წ. ტოტალიტარიზმი არის უტოპიის განხორციელების
შედეგი. უტოპია შეიძლება ნებისმიერი იყოს: კლასობრივ, რასობრივი, სოციალური, ეთნიკური.
ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე რამ ხდება: რაღაც უტოპიური ხატის მიხედვით “წმინდანთა”
ჯგუფის თვითგამოყოფა და დანარჩენებისთვის დაპირისპირება. მე გარწმუნებთ, რომ სწორედ
ამგვარ ხატზე გადაირთო – განსაკუთრებით რუსეთში – რელიგიური ხასიათის უმძლავრესი
ენერგიები. (...) რელიგიური ენერგია გადაბრუნდა, როგორც სარკეში, და მოგროვდა
ანტირელიგიური ნიშნის ქვეშ. და ამან მისცა საოცარი ძალა იმ ანტიქრისტიანულ მოვლენას, (...)
რომელიც არის ტოტალიტარული, ანუ კოლექტივისტური საზოგადოება. ამრიგად, სახარება და
კრიტერიუმი ამ ახალი რელიგიისა არის გაყოფის, დაპირისპირებულად ანუ კლასებად
გათიშვისა და კლასობრივი ბრძოლის თეორია.

(თავისუფალი ვარ, რათა ვიბრძოლო თავისუფლებისთვის. – ინტერვიუს ჩანაწერი).

ჩვენი ერის აქტიურმა ნაწილმა ჩაგვითრია ჩვენ, ქართველები, მსოფლიო სოციალისტურ


მოძრაობაში, საქართველო მსოფლიო სოციალიტური მოძრაობის ეპიზოდად აქცია; (...) ანექსიამ
მოიცვა მთელი ჩვენი საზოგადოებრივი, ეკონომიკური სივრცე და ამის გამო სოციალისტური
უტოპიის რეალიზაციის შედეგები მთელი ამ სივრცის მასშტაბებით შეიძლებოდა
განვითარებულიყო და გამოჩენილიყო. სხვა ამბავია, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ეს რუსული ნიჭი,
ჩვენი ურთიერთობიდან ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს ჯოჯოხეთი შევქმნათ. ჩვენ სხვა
წარმოშობის, სხვა მენტალიტეტის ერი ვართ; შეიძლება ითქვას, - მსუბუქი ერი. (...) ამის
წყალობთ, ბევრმა დამანგრეველმა სტრუქტურამ, რომელიც სოციალიზმის შედეგია, ვერ იმუშავა
ჩვენს მენტალიტეტში და ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ვერ დაანგრია ჩვენი ეროვნული ხასიათის
პიროვნული საწყისი. როდესაც მე ვლაპარაკობ “ტრაგიკულზე”, ეს ეროვნული თავისებურებების
პიროვნული საწყისია; თუ ხასიათის ეს მყარი საფუძველი დაინგრა, მაშინ ეთნიკურისგანაც
არაფერი დარჩება. მაგრამ ბევრი სხვა სტრუქტურა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა ვერ გადაურჩა
სოციალიზმის ზემოქმედებას.
(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 68).

კითხვა: რა დავკარგეთ და რა შევიძინეთ ჩვენ, ქართველებმა, ჩვენს ეროვნულ ხასიათში?

ჩვენ დავკარგეთ ის, რაც დაკარგა ყველა იმ ერმა, რომელიც საბჭოთა პრინციპების
ბატონობის ქვეშ მოექცა... დავკარგეთ იმდენად, რამდენადაც ჩვენში, ქართველ ადამიანებში,
აღმოცენდა საბჭოთა ადამიანის თვისებები. (...) გამოყვანილ იქნა ახალი ტიპის ადამიანი,
რომელსაც შეიძლება “ჰომო სოვეტიკუსი” (...) ეწოდოს, და ამან ბევრი რამ ამორეცხა იმ
არქეტიპიდან, რომელსაც ქართველი ჰქვია. მანამდეც მოხდა რაღაც პროცესები. ჯერ ერთი,
ქართულმა ხასიათმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი გარკვეულობა და რელიეფურობა.
ეკლესიის დონეზე ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოხდა: იმდენი ვერ გვავნო ვერც
მუსულმანურმა სამყარომ, ვერც მონღოლებმა, ვერც არაბებმა, სპარსელებმა თუ თურქებმა,
რამდენიც “ნათესაობრივმა”, ერთმორწმუნეობრივმა კავშირმა რუსულ კულტურასა და
ეკლესიასთან. ჩვენი რწმენა მყარიც იყო და მტკიცეც, როცა ქრისტეს რჯულის მოწინააღმდეგე
სახელმწიფოების პირისპირ ვიდექით. (...) მაგრამ საგულისხმოა აგრეთვე მეორე ფაქტიც:
საკუთარი ეკლესიები თვითონვე რომ ვანგრიეთ (1921 წლიდან დაწყებული), ეს უკვე იმის ნიშანი
იყო, რომ ჩვენ შინაგანადაც მოგვივიდა რაღაც. იმდენი ერთად აღებულმა ყველა მტერმა ვერ
დაგვიშავა, რამდენიც თვითონ დავუშავეთ საკუთარ თავს. (...) არ შეიძლება ყველაფერი გარეშე
ძალას (ამ შემთხვევაში რუსებს და საბჭოიზმს) დავაბრალოთ, რადგან ჩვენივე ისტორიის
მაგალითი კმარა იმის დასტურად, რომ წინათ, როცა შინაგანად მყარნი ვიყავით, გარეშე ძალა
ვერას გვაკლებდა. ახლა სხვა რაღაც მოხდა. მოხდა მენტალიტეტის, ხასიათის, თვითონ
ყოველდღიური ცხოვრების ყაიდის გასაბჭოება, რამაც შიგნიდან დაგვანგრია. (...) რამდენადაც
დღევანდელობას მოვერგეთ, დავკარგეთ ქართული თვისებები. ჩვენს რაინდულ ხატში ვაჭრობა
არ შედის, როგორც თვისება; ვაჭრობა არ გვეხერხება. აი, ვართ ასეთი უცნაური ხალხი
ქართველები. სამაგიეროდ, ვისწავლეთ ეფექტურობა, მოვირგეთ საბჭოთა ეკონომიკა და უფრო
კარგადაც ვცხოვრობთ. ხოლო ქართველს უყვარს სიცოცხლე და უყვარს ღირსეული ცხოვრება,
თუნდაც იმ აზრით, რომ სახლი ჰქონდეს ისე მოწყობილი, რომ საკუთარი თავი არ
ეზიზღებოდეს. ჩვენ, ქართველები, ხომ ამპარტავნები ვართ! ეს არ არის ურიგო თვისება
რაინდული ხატისა და მხოლოდ სხვა ხატის კონტექსტში შეიძლება შეიქნეს ვნების მომტანი.
კეთილშობილურია მოტივი, პატივი ვცე საკუთარ თავს და ადამიანურად მოვაწყო ჩემს გარშემო
რაღაც საზრისისეული ფიზიკური სამყარო, ჩემი ოთახი, ჩემი ოჯახის სამყოფელი. იდიოტი უნდა
ვიყო ან უქნარა, რომ არ გამოვიყენო ჩემს სასარგებლოდ ამ აბსოლუტურად იდიოტური
ეკონომიკის ხარვეზები. და აი, გამოვიყენე. გამოვიყენე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში,
მივიხედ-მოვიხედე და რას ვხედავ, ვინა ვარ? – წაილეკა ბევრი ქართული თვისება ჩვენი
ხასიათიდან და ცხოვრებიდან, გაქრა მრავალი კრიტერიუმი ქართული კეთილშობილებისა. რამ
წაიღო? ეფექტურობამ. ჰოდა, ახლა ვინა ვართ? – ჩვენი თავი დავკარგეთ. ვერ დავინახეთ მტერი
სოციალიზმის სახით ჯერ კიდევ ილიას დროს, სადღაც 1905-07 წლებში. (...) ილიას მკვლელობა
იყო სიმბოლო იმ ფაქტისა, იმ შინაგანი, სულიერი პროცესისა, რომელიც ხდებოდა ქართველებში
და იმით გამოვლინდა, რომ ქართველი ერი განუდგა ილიას მიერ შემოთავაზებულ გზას.

კითხვა: საბჭოურობის შემოჭრამ ქართულ ხასიათში უფუნქციოდ ხომ არ დატოვა ჩვენი


ერი?

შეიძლება ასეც ითქვას (...). რამდენადაც საბჭოიზმი არის გაბატონებული, იმდენად თვით
სიცოცლეს ერთმევა ფუნქცია. (...) საბჭოთა სიცოცხლე – ანტისიცოცხლეა. საბჭოურობისთვის
დამახასიათებელ ვერც ერთ სიტყვაში, წინადადებაში, პოზაში თუ საქციელში მე ვერა ვცნობ
საკუთარ თავს, როგორც ცოცხალს. ვერ შევიგრძნობ სიცოცხლეს. (...) სადაც საბჭოიზმია, იქ
სიცოცხლე არ არის. ხოლო ჩემი, როგორც ქართველის, უფუნქციობა კიდევ უფრო ღრმა
პრობლემაა.

(თავისუფალი ვარ, რათა ვიბრძოლო თავისუფლებისთვის).

ჩვენ მთელ სიმართლეს არ ვამბობთ, როცა ვამბობთ, რომ ოკუპირებული ვართ იმპერიის მიერ.
ჩვენ ოკუპირებული ვართ ახალი ადამიანის მიერაც. საოკუპაციო ჯარი მხოლოდ იმპერიული
ჯარი არ არის. ეს არის ადამიანის გარკვეული ტიპი, სოციალური, მენტალური, ყოფითი
სტრუქტურები. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამ სტრუქტურებითაა განპირობებული.
ისინი, რა თქმა უნდა, არ გამომდინარეობენ ჩვენი ისტორიიდან და ჩვენი საზოგადოების
ტრადიციებიდან და, ამ გაგებით, გარედან, ოკუპაციის გზითაა შემოტანილი, მაგრამ ჩვენ,
ქართველ ერსაც, შეგვეხო პროცესი ამ ახალი ანთროპოლოგიური ტიპის აღმოცენებისა, რომელიც
იმგვარად აზროვნებს, რეაგირებს და ა. შ., რომ ინტუიტიურად ვხვდებით: ჩვენს წინაშე საბჭოთა
ადამიანია.

(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 88).

ყოველი ქართველი საკუთარი თავის მეუფე, ე. ი. თავის უფალი, იყო! ამიტომაა, რომ ჩვენში,
ფანტასტიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც მთელი
ისტორიის მანძილზე იქნა შენარჩუნებული ერთიანობის სიმბოლო... ამჟამინდელი
მოთხოვნილება კერპის ყოლისა საბჭოთა სისტემის მსახვრალი გავლენის შედეგია. ეს ერის
გადაგვარებას მოასწავებს, თუ გადაგვარებად იმ ფაქტს მივიჩნევთ, რომ ერში ფაქტიურად
მოუკიდებია ფეხი და ტიპიურიც კი გამხდარა რაღაც იმგვარი, რაც მისი ისტორიული
ტრადიციიდან არ მომდინარეობს და მას არ შეჰფერის.

(На арену вышел большевизм. – “Век XX и мир”, 1991, I).


ჩვენ ცოტა გვყავს კომპეტენტური, ნამდვილ გონებრივ სიმწიფემდე მიღწეული ადამიანები.


იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ენერგია ერის ფიზიკურ თვითშენარჩუნებას ხმარდებოდა. და მაინც
არსებობს ის, რასაც ქართული ღირსება ჰქვია: ჩვენ არ მივიღეთ ის აშმორებული და
მათხოვრული ცხოვრება, რომლითაც რუსები კმაყოფილდებიან. ისინი დანებდნენ ამ ცხოვრებას;
ჩვენ ქართველები, - არა. ერთი კია: თითოეული ჩვეგანი ცალ-ცალკე ცდილობს თავის გატანას (...)
მაგრამ რას ნიშნავს “ცალკეობა”, რისგან გამოცალკევებას? ღესპუბლიცა-საგან, ე. ი.
საზოგადოებრივი სივრცისაგან, საზოგადოებრივი საქმისგან. (...) ქართველები, “ყველა
თავისთვის”, საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ზურგშექცეულნი, (...) – სამხრეთული
მომხიბვლელობით და განთითოებით – ებრძვიან დინებას.

(Жизнь шпиона).

მე მადანაშაულებენ პრორუსულ განწყობილებებში, რადგან რუსულად უაქცენტოდ ვლაპარაკობ


(...). დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში, (...) ბევრს ვწერ რუსულად. და მაინც ვფიქრობ, რომ
ანტირუსული საწყისი ჩემში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენს ანტირუსულად
განწყობილ პოლიტიკოსებში: ისინი მეტისმეტად კონცენტრირებულნი არიან გარეშე მტრისგან
დამოკიდებულობის საკითხზე. პოზიცია, რომელშიც სწორედ მათივე რუსებზე
დამოკიდებულობა ვლინდება. ეს გადაჭრით უნდა აღმოიფხვრას.

(Жизнь шпиона).

ამ რუსულ სივრცეში (სიტყვა @რუსულს@ მე ვხმარობ არა ეთნიკური აზრით, არამედ აღვნიშნავ
გარკვეულ სოციალურ-კულტურულ ფენომეს, რომელიც ეთნოსზე ფართოა და არ ემთხვევა მას)
ჩვენ შეიძლება ყველა “რუსეთუმე” ვიყოთ; “რუსეთუმეები” სულ სხვაგან არიან საძებნი და არა
იქ, სადაც მათ ჩვენი “პატრიოტები” ხედავენ. კერძოდ, თვით ამ “პატრიოტების” თავსა და სულში.
მათ დემარშში მე ვხედავ ტოტალიტარულ ჩვევებს, რომლებიც თითქოს სრულიად ბუნებრივია;
წამდაუწუმ ხმარება გამოთქმისა “ერის მოღალატე”, ჩემთვის სრულიად აშკარა “რუსეთუმეობაა”,
ე. ი. ის არის აზროვნება ისეთი ჩვევის მიხედვით, რომელიც შემოტანილია ჩვენში და სრულებით
არ ახასიათებს ტრადიციულ ქართულ ისტორიულ კულტურას.

(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 167).


ქართულ ცნობიერებაზე რუსული მენტალიტეტის გავლენის მაგალითია გამოთქმა “ხალხის
მტერი”. ადრე რუსულ-საბჭოთა ხელისუფლება მახრჩობდა ყველა სფეროში: თუ ნორმალურ
ეკონომიკურ აქტს შევასრულებდი – სპეკულანტს მეძახდა, თუ ვიაზროვნებდი – დისიდენტს.
ახლა “ხალხის” ცნება “ერით” შეცვალეს და იგივე თამაში მიდის. მე რომ მკითხოთ, ეს რუსული
ტერმინებია, ასეთი რამ ქართულმა ტრადიციამ, ქართულმა მენტალიტეტმა არ იცოდა. (...) ეს
ტიპიური მოსკოვური, ლენინგრადული სტერეოტიპია. საიდან უნდა იყოს ის ხალხში, რომელიც
ებრძვის რუსეთს? აი რას ნიშნავს, რომ სოციალურ ყოფასაც შინაგანი სტრუქტურა და შეუვალი
კანონები აქვს. (...) სხვა თუ არაფერი, მარტო ზრდილობას ან ჭკუას უნდა დაეშალა
თბილისელებისთვის, იოლად ეკადრებინათ ერთმანეთისთვის “ხალხის მტრის” ეპითეტი.
ხანდახან, თუ ჭკუა არ გადაგვარჩენს, ურთიერთობის იმ თბილისურმა კრიტერიუმებმა მაინც
უნდა გვიშველოს, ტერორს რომ გაუძლო, 50-იან წლებამდე შემორჩა და 60-იან წლებში ჩაკვდა.
რამ ჩაკლა? იმან, რომ ყველანი ცალ-ცალკე ვზრუნავდით ინდივიდუალურ გადარჩენაზე და
მოვშალეთ სამოქალაქო სივრცე, - რასაც ინგლისელები ეძახიან ჩივიც შპაცე, ამ მოშლის
ფიზიკური მეტაფორაა, ვთქვათ თბილისური სადარბაზოები, სადაც ვირთაგვები დარბიან,
გარშემო კი მილიონად ღირებული, მოვლილი ბინებია.

(იქვე, გვ. 196-197).

მტრის ხატი (...) – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს,
ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის,
როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც
უძლურება.

პოზიტიურად მიმაჩნია პოლიტიკური მოწესრიგების ნებისმიერი პროცესი აქ, ჩვენთან,


საქართველოში; სტრუქტურირების ყველა სახე, რომელიც კი ხელს შეუწყობს იმის
გარეგამოვლენას, რაც ფარული სახით უკვე არსებობს. ასე გეგმავენ, ასტრუქტურებენ საბრძოლო
ველს, ასე ვამზადებ სამუშაოდ ჩემ საწერ მაგიდას. (...) უნდა გავკვალოთ გზა, უნდა მივცეთ
თითოეულს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება – ყვირილით, მუქარით, ეროვნული
ინტერესების ღალატში მხილებით სხვისი ხმის ჩახჩობის გარეშე. პირველ ყოვლისა, უნდა
შევაჩეროთ ისინი, ვინც ზედმეტად ჩქარობს. მხედველობაში მყვანან მემარჯვენე რადიკალ-
ნაციონალისტები.

მემარჯვენე ნაციონალისტები – გამსახურდიას ჯგუფია. სახიფათო ის კი არ არის, რომ ეს


ჯგუფი არსებობს. მან აუცილებლად უნდა იარსებობს სტრუქტურირების ჩემივე კონცეფციის
მიხედვით. ოღონდ სტრუქტურირება თვითონ უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ჯგუფს არ მიეცეს
უფლება, სინამდვილე და სიმართლე პატრიოტული მოტივებით მიჩქმალოს. თვითონ ეს
ტენდენცია კი უნდა არსებობდეს, წარმოდგენილი უნდა იყოს მომავლის საერთო პოლიტიკურ
სპექტრში. ვამბობ – მომავლისა, რადგან ჯერჯერობით პოლიტიკური პარტიების არავითარი
სპექტრი არ გაგვაჩნია. არიან მხოლოდ ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ხელების ცეცებით
ეძებენ გზას. (...) გამსახურდიას მოღვაწეობა, ფაქტიურად, დესტრუქტურირებაში მდგომარეობს,
დემოკრატიული გარდაქმნების ხელის შეშლაში. მე ვამჩნევ, რომ საბჭოთა სისტემის მიზნები
ძალიან ჰგავს ოპოზიციის ამ ნაწილის მიზნებს: ახდენს რა ვითარების დესტაბილიზებას,
გამსახურდია თავის სასარგებლოდ იყენებს ვნებათა ღელვას, ისრუტავს იმას, რაც ჰაერში
ტრიალებს, მაგრამ იგი პოლიტიკოსი არ არის. ის მასის თავაწყვეტილი ვნებებით საზრდოობს.

(Жизнь шпиона).

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წინ უსინათლონი მიგვიძღოდნენ. ისინი არა მხოლოდ თავად
იყვნენ ბრმები, არამედ იმათაც აბრმავებდნენ, ვინც ცდილობდა, თვალხილული ყოფილიყო.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არა გვყავს განვითარებული ინტელიგენცია, თავისი მყარი იდეალებით,
კრისტალურად წმინდად განვლილი გზით, არაშემთანხმებლური პოლიტიკური ინტერესებით,
იმგვარი აზროვნებით, რომ რამდენიმე სვლით მაინც წინ უსწრებდეს მოვლენებს. (...).

რისგან, რომელი დეტალებისგან ვაპირებთ “ავაწყოთ” ახალი აზროვნება, ახალი


მომავლისკენ მომწოდებელი ახალი ლიდერები? თუ “აწმყოს” ძველი წარმოდგენებისგან
ვაპირებთ, მაშინ (...) ასლის სიზუსტით გავიმეორებთ ტოტალიტარული სისტემის ყველა
სტრუქტურას და ბრმები კვლავ წინ წარუძღვებიან ბრმებს, წელში მოხრილებს, საყოველთაო და
ერთობლივი მორჩილების ნიშნად. ხომ არ დადგა ჟამი, ვერტიკალური მდგომარეობა მივიღოთ
და თვალი გავუსწოროთ წარსულს, აწმყოსა და მომავალს? ხომ არ დადგა ჟამი, დავძლიოთ
მიტინგის ისტერია, ავირჩიოთ ერთი ღვთაება – აზრი, ღირსება და სულგრძელობა ადამიანისა,
რომელიც დარწმუნებულია თავის შინაგან სიმყარესა და ძალაში?

მაგრამ ამისთვისაც საჭიროა არა დატუქსვა, არა ზევიდან ბრძანება, არამედ – მოთმინება.
ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს
შორისარსებული შინაგანი მანძილი. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულამდე.
(...) არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისის და პატიოსნების გრძნობა.

(სიკვდილით მოხიბლულნი, გაზ. “თბილისი”, 1990წ. სექტემბერი).

დღეს ძალიან ძნელია გაიგო რა უნდა ხალხს, მის ძირითად ნაწილს, _ იმათ ვინც სტალინის
ეპოქის შემდეგ დაიბადა. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტემპერატურის ზუსტი აღრიცხვის
საშუალება არ გაგვაჩნია. დღეს საქართველოში ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი
წარმომადგენელი ცენზორის როლს იჩემებს, ართმევს რა დანარჩენთ საკუთარი აზრის გამოთმის
უფლებას. მე არ მესმის როგორ შეუძლიათ ადამინის უფლებათა დამცველი მოძრაობის
მონაწილეებს მოქალაქეობრივი უფლების დარღვევა აიყვანონ წესისა და სისტემის რანგში.
რანაირად შეიძლება, ადამიანს, რომელიც თავს ჰელსინკის პროცესის მონაწილედ თვლის,
წარმოდგენა არ ქონდეს ადამიანის უფელებათა შესახებ? აქ ჩვენს წინაშე უვიცობა და სრული
ზნეობრივი დალტონიზმია. თუ ეს არ იქნება თქმული ხმამაღლა, საქართველოს ძალიან მალე
მოადგება კარზე განსაცდელი. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ქართველი ხალხის
უმრავლესობას პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა სურს. თუ ეს მოხდება, მე
იძულებული ვიქნები ჩემი ხალხის წინააღმდეგ წავიდე. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს შეიძლება
მოხდეს.

(Евангелье по грузински).

ჩვენში განვითარებულია თანადასწრების ღირსება, ადგილზე ყოფნის ღირებულება. მე ვფიქრობ,


რომ ყოველ ადამიანს თავისი ადგილი აქვს. არ შეიძლება მისი დატოვება მხოლოდ იმისთვის,
რომ უკეთ იყო... მე ვფიქრობ _ იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ ვფიქრობ მაინც, რომ გჭირდებით იმ
გაგებით, რომ თქვენს თვალწინ ვარსებობ, რაღაც ფილოსოფიურ ფუნქციას ვასრულებ.

(თავისუფალი ვარ, რათა ვიბრძოლო თავისუფლებისათვის).

არა, მე არ მქონია აზრად “იქ” დარჩენა. ალბათ ფილოსოფიის წყალობით, და მერე _ ეს კი, ალბათ,
მთავარია _ არსებობს სიამაყე, არსებობს ადგილის გრძნობა. მე აქ ვცხოვრობ მრავალი საუკუნის
მანძილზე. რატომ უნდა წავიდე? წავიდეს ის, ვინც ხელს უშლის ჩვენს აქ ცხოვრებას.

(Горькое знание. “Комсомольская правда 28. ХI.1990).

მე ვფიქრობ, (...) ინტელიგენციამ არ შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, რომელიც სრულებით


არ მდგომარეობს იმაში, რომ გაჰყეფოს კომპარტიას და ამით იდისენდენტოს. მისი ვალია
დაინახოს გადაგვარების პროცესები ერში, უთხრას ეს ხალს, მოუხმოს განწმენდის გზისკენ. (...)
ქართველმა ინტელიგენციამ არ გამოიყენა ბოლო ხუთი წელი, რათა სიმართლე ეთქვა თავისი
ერისათვის. (...) იმის მაგივრად, რომ შებრძოლებოდა უკვე ფეხმოკიდებულ მავნე ჩვევებს
ქართველი ხალხისას, - ყალბად გაგებულ პატრიოტიზმს, ჩამორჩენილობას, საკუთარ თავში
შეყვარებულობას, ამპარტავნებას, რწმენას, რომ ყველაზე კარგები, ჭკვიანები და ლამაზები ვართ
და სხვა არავინ გვჭირდება (...) _ ინტელიგენცია ეთამაშებოდა ხალხის მანკიერ ჩვევებს,
Eეთამაშებოდა, ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებიდა ფუნქცია, რომელსაც მე-19 საუკუნის
ქართულ კულტურაში ჩაეყარა საფუძველი და იაკობ გოგებაშვილმა გამოხატა სიტყვებით:
“ახალი ქართველის” შექმნა. (...) ქართველისა, რომელიც თავისუფალი იქნება თავკერძობისაგან,
პროვინციული ტრაბახისა და პოზიორობისაგან (...)
“ახალი ქართველის” იდეა _ ეს არის ეროვნული პრინციპის მიხედვით დასტრუქტურება ჩვენი
თავისუფალი პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრებისა. ამისათვის (...)
ქართველმა ერმა ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახის
და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციებისა და სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი
მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი?
(...) _ შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან (...) და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა
თავისუფლებისაკენ, ასაშენებელი თავისუფლებისაკენ, რადგან მხოლოდ განცდილი
სირცხვილისგან დაიბადება ენერგია ფერისცვალებისა. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ვიღაც
ყოველდღე ეუბნებოდეს საკუთარ ხალხს: “მოისურვე ბელადი? _ ფრთხილად, იცოდე, ესაა
მონობა”

(გაზ.”მამული” 1991, 22-23 დეკ. _ ინტერვიუ აღებულია 1990 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში).

ჩვენი ტოტალიტარული კოლექტივიზმი, რაც, სინამდვილეში, ერთმანეთისაგან გათიშული,


ეგოიზმით განმსჭვალული ადამიანების მგლური თამაშია და სხვა არაფერი, ჩვენსავე
წინააღმდეგ მომართული ყველაზე მსახვრალი იარაღი აღმოჩნდა, როგორც კი შინაგანად სავსე,
გულღია და აზრიანი ცხოვრება მოვინდომეთ. ყველას უკვე ძვალსა და რბილში აქვს არსებულის
გადანაწილების და არა ახლის ქმნის პრინციპები. და აი, დრომოჭმული კვლავ ცდილობს
დათრგუნოს ცოცხალი აზრი, _ “მკვდრები სამარიდან გვებღაუჭებიან”. ახლა საჭიროა
ჩამოვიხსნათ ცრუ ერთობის ნიღაბი და აღვადგინოთ ჭეშმარიტი რეალობა, ავაღორძინოთ
დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კავშირები და ძალები. დიახ, სახელმწიფო მონობის
ხუნდები დაწყვეტილია, მაგრამ ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ნანგრევები ჯერ კიდევ,
ჩვენდა უნებურად, ტოტალიტარულ მსოფლშეგრძნებას ეყრდნობა. მოსკოვშიც და თბილისშიც,
როგორც აქამდე გვჩვეოდა, არანორმალური, ფსიქიკურად არასრულფასოვანი და
გაველურებული ადამიანებივით ვიქცევით. როგორ გავაცნობიეროთ, რომ ეშმაკის მსხვერპლი
ვართ და არა ცოცხალი იესოები და ღვთისმშობლები? გონების ძილს თავი დავაღწიეთ თუ არა,
მაშინვე ერთმანეთის შეგვეშინდა: ქართველს _ ოსისა, აფხაზს ქართველის, რუსებს კი ყველასი
ერთად. ერთა შორის გაჩაღებული შინაომები დღითი დღე რომ მწვავდება, ბრმა
შემთხვევითობათა ჯაჭვი კი არ არის, არამედ სტიქიური გამოვლინება ჩვენში დაგროვილი
სისასტიკის და იმ ძალმომრეობის, რომელსაც წლების განმავლობაში განვიცდიდით და თავად
შევისისხლხორცეთ. ეს შინაომები იმ ცხოვრების საპასუხო სასჯელია, რა ცხოვრებითაც აქამდე
ვცხოვრობდით. გაუგებარი ერთია მხოლოდ: რატომ უნდა გვეფიქრა, რომ ღვთის სასჯელს
ავცდებოდით? ეს სასჯელი უსათუოდ უნდა მივიღოთ და სულიერ განახლებას მივაღწიოთ. (...)
ჩვენი ინტელიგენციის ამოცანაა საზოგადოებას დაუდგას ნორმალური და არა მრუდე სარკე,
რათა ამ სარკეში დავინახოთ ჩვენი ისტორია, ტოტალიტარიზმის ნარჩენები, დაბოლოს
დავრწმუნდეთ, რომ ყველაზე საშიში მტერი ჩვენს გარეთ კი არ არის, _ ჩვენშია ჩაბუდებული.

მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ კვლავ სიცოცხლის გემოს და სამუდამოდ


გავთავისუფლდებით სიკვდილის ”ხიბლისგან”

(სიკვდილით მოხიბლულნი).

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წამოჭრილი პრობლემები, რაოდენ უცნაური და


მოულოდნელიც უნდა იყოს, რუსეთის დემოკრატიული ძალების თავისთავად კეთილშობილურ
იდეასთან _ ნებისმიერი მცირერიცხოვანი ხალხის ავტონომიზაციის იდეასთან არის
დაკავშირებული. რუსეთის ფედერაციის პირობებში ეს მოდელი ჰუმანურიც არის და
პროგრესულიც, მაგრამ ამიერკავკასიისათვის იგი სავსებით უვარგისი და მიღებელია. მისი
გავრცელება ამ რეგიონზე ეროვნულ საკითხებში სრული გაუთვითნობიერებლობის, მე
ვიტყოდი, უვიცობის შედეგია.

(აჩრდილები ქრებიან განთიადისას, გაზ. “თბილისი”, 1989, 20 ივლისი).

რეალური საშიშროება და ნაციონალურ მოძრაობათა ფარული ტენდენციები იმგვარია, რომ (...)


რუს დემოკრატებსაც შეუძლიათ “ნაციონალებს” უარი ათქმევინონ მათთან პოლიტიკურ
კავშირზე, რომელიც ამ უკანასკნელთ ისედაც არ ეხატებათ გულზე თავიანთივე უვიცობის გამო,
რაც ჩვენი წარსული ცხოვრების შედეგი და ტოტალიტარიზმის მთელი ატმოსფეროს ბუნებრივი
დანალექია.... Bბევრი მათგანი მწარე გამოცდილებით ხშირად თავის მოკავშირეს ვერ ხედავს
რუსეთის დემოკრატიულ ძალებში, თუმცა პოლიტიკური კავშირისა და თანამშრომლობის იდეა,
ჩემის აზრით, საჭიროა მაქსიმალურად განვითარდეს, _ ის კონსტრუქციულიც არის და
რეალისტურიც. მოკავშირე ხომ ყოველგვარ ბრძოლაში საჭიროა. ეროვნული მოძრაობების
ბუნებრივი მოკავშირენი კი, რა თქმა უნდა, რუსი დემოკრატები არიან; მით უფრო, რომ ბევრი
რამ სწორედ მათზეა დამოკიდებული: თუ რუსი ხალხი შესძლებს გადაწყვიტოს თავისი
საკუთარი პრობლემები _ გადაწყდება სხვა ხალხების ბედიც.

რაც შეეხება სახაროვის პოზიციას, ის ეროვნულ საკითხებშიც, ვფიქრობ უზადოდ დემოკრატი


იყო. არის მხოლოდ ერთი მომენტი, რომელსაც მე არ დავეთანხმებოდი, (...) ვგულისხმობ
საქართველოსთან მის დამოკიდებულებას. (...) კავკასია არის სამყარო, რომელიც დიდი ხნის წინ
შემუშავებულ, შინაგან საფუძველზე ცხოვრობს. აქ არც ერთი რესპუბლიკა (...) არ მოიცავს
დაპყრობილ ტერიტორიას. ვინც ასე ფიქრობს, მას გაუთვალისწინებელი რჩება კავკასიელ
ხალხთა ერთობლივი ცხოვრების მთელი პოლიტიკური გამოცდილება. (...) ზოგჯერ ის, რაც
ზოგადად მართებულია, მხოლოდ ქიმერებს შობს, თუ მას არ დაემატა შინაგანი რეალობის
ინტუიტური წვდომა, მისი შიგნიდან აღქმა. (...) როცა დღეს, ვთქვათ აფხაზეთის რესპუბლიკის
ავტონომიაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად გამოუვალ წინააღმდეგობაში ჩავვარდებით, თუ
თვით ტერმინი ”ავტონომია” მისი ქიმერული ფსევდომორფული შინაარსისგან მოწყვეტით
ვიხმარეთ და მასში რეალური შინაარსი ვიგულისხმეთ. (...) სიტყვა “აფხაზეთი” წარმოადგენს
სინონიმს სიტყვისა “საქართველო”. ეს არის სინონიმი იმ სიმბოლოკის ფარგლებში, რომელშიც
ერს ახსოვს თავისი წარმოშობა, ახსოვს პირობები, როცა იქმნებოდა სახელმწიფოებრიობა და,
როცა მთელი რიგი ისტორიული მიზეზების გამო ის, ვინც თავის თავს აფხაზს უწოდებდა,
ქართული სახელმწიფოებრიობის შენების ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამასთან ქართულენოვანი
მონაწილე. აფხაზური ეთნოსის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი ქართული
სახელმწიფოებრიობისა და ქართული კულტურის შექმნაში მონაწილეობდა. და ეს შეუქცევადი
ფაქტია. ამიტომაც უთხრა ქართველს, რომ აფხაზს შეუძლია გავიდეს საქართველოდან, (...) _ ეს
დაახლოებით იგივეა, რომ უთხრა: საქართველოს შეუძლია გავიდეს საკუთარი თავიდან.

(Нигилизм и национальный вопрос; «Литературная Газета», 6, III, 1991).

არსებობს ბუნებრივი, კანონიერი რესპუბლიკური წესრიგი, რომელიც ერთია ყველასათვის _


აფხაზისთვის, ოსისთვის, ქართველისთვის, თურქისთვის, სომხისთვის, ბერძნისთვის. ეს კანონი
აბსოლუტურად უნდა იყოს დაცული. (....) ახლა , როგორც ჩანს, რეალური სახელმწიფოს შექმნის
დრო მოვიდა, ეს კი ისეთ რეფორმებს გულისხმობს, რომლებიც რეალობას სრულ უფლებებს
დაუბრუნებენ.. სწორედ ამაშია დღევანდელი ვითარების სირთულე. (...)

არის ძალები, რომლებსაც ხელს არ აძლევს რეალურ ურთიერთობებზე დამყარებული


საზოგადოების აშენება. აქეთკენ მიდის დღევანდელი კონფლიქტების ძაფი. ეს არის აფხაზური
გამოსვლების (იგულისხმება 1989 წლის ივლისის გამოსვლები სოხუმში. რედ.) მოტივი,
შესაძლოა გაუცნობიერებელიც კი. აფხაზეთში რეალური დემოკრატიის, რეალური ავტონომიის
დროის დადგომა ნიშნავს, რომ შეიქმნეს პროპორციული წარმომადგენლობა, რეალური და არა
ლიმიტირებული. აი, ის ავტონომია, სადაც გათვალისწინებული იქნება, რომ აფხაზები,
აფხაზეთის მოსახლეობოს 17%-ს შეადგენენ, გაცილებით მყარი იქნება, როგორც რეალური,
ვიდრე ის ეფემერული, რაც ახლა აქვთ და რამაც გახრწნა აფხაზებიც და ქართველებიც. დღეს
აფხაზებს აბსოლუტურად ირაციონალური, არარეალური წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. ამ
წარმოდგენის შედეგია მათი საქციელიც.

რატომ და ვინ ებღაუჭებაამ არარეალურ (ამდენად, ყალბ) ავტონომიას? ჩინოვნიკები,


ისინი, ვისაც უკავია არაფრის მაქნისი, მაგრამ შემოსავლიანი პოსტები. ამ პოსტებისთვის
ბრძოლაში ჩაბმულია ბერძენი, სომეხი, ქართველი, აფხაზი. სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ
ავტონომიას აფხაზური ქვია. ფულისთვის შეშლილი ჩინოვნიკები ალბათ გრძნობენ, რომ
რეალურ ცხოვრებას, რეალურ ავტონომიას, ადგილობრივ თვიითმმართველობას (...) რეალური,
პროპორციული დემოკრატიაც მოჰყვება და ბუნებრივად აიშლება მთელი ეს არარეალური
ქაღალდის სასახლე, რომელშიც ორი რამ მაინც აბსოლუტურად რეალური რჩება: შემოსავალი და
ქრთამი. (...)

ახლა დავუბრუნდეთ(...) მთავარ საქმეში ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეს – რუსულ


დემოკრატიას. სამწუხაროდ, (...) ავტონომიის დემოკრატიული იდეის შემოტანა თუ მორგება
კავკასიაზე, ფაქტიურად პროვოკაციაა, რომელიც ერთა შორის შუღლს გააჩაღებს, დამანგრეველია
ამ სქემის შემოტანა, რადგან უკვე არსებობს სხვა სქემა - თავისთავადი, სპეციფიური კავკასიური
სამყაროსი. აი, სწორედ მისი გახსენებაა საჭირო. კავკასიაში იციან როგორ იცხოვრონ
ერთმანეთის უფლებების გათვალისწინებით.. თქმა არ უნდა, ეს არ არის იდეალური სურათი,
მაგრამ ცხოვრების ყაიდა, წესი ყველას აერთიანებს. თუნდაც აფხაზები: რაც არ უნდა გარუსდნენ,
ვერ გამოიცვლებიან, კავკასიურ ბედს ვერსად გაექცევიან. (...) ჩვენ ვიცით, როგორ მოვექცეთ
ერთმანეთს, როგორ ვიცხოვროთ ერთად. ხანდახან გვეშლება, რადგან მაინც ადამიანები ვართ,
მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ცხოვრების საერთო წესის არსებობას. აი, ეს უნდა გაიგონ რუსმა
დემოკრატებმა. არ შეიძლება უკვე ჩამოყალიბებულ სამყაროში აბსოლუტურად უცხო იდეის
დანერგვა.

ერთი საკითხიც. ფაქტია, რომ არსებობდა ძლიერი ქართული კულტურა, რომელიც


სასარგებლო ოყო სხვებისთვისაც. (...) მაგრამ ჩვენ დავანგრიეთ ტრადიციები; ჩვენ დავანგრიეთ
სიცოცხლისუნარიანი სოციალური სტრუქტურები, ფორმები. განიმუხტა მიზიდულობის ველი.
აფხაზებისთვის აღარ არსებობს მიზიდულობის წერტილი და ეს სულაც არ არის მათი ბრალი,
უფრო ჩვენი ბრალია. საფუძველი მოვუნგრიეთ ეკლესიას – მიზიდულობის კიდევ ერთ
მაგნიტურ წერტილს. ამით ჩვენ ქრისტიან აფხაზებს ვუღალატეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა
ერების ავტონომიური სიცოცხლისუნარიანი განვითარების პირობა ქართული
სახელმწიფოებრივი და სოციალური სტრუქტურების განვითარებაა. (...)

ქართველები თავს არავის დავსხმივართ, არავინ დაგვიჩაგრავს, არავინ გაგვიჟლეტია.


ჩვენ ყველანი ერთად ვიჩაგრებოდით ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ყველა ერთმანეთის
დამაპირისპირებელი “პრობლემა” ამ სახელმწიფოს ხელისუფლებამ მოიფიქრა. არაფერი
ეროვნული ამ ფაქტებს არ სცხია, ტოტალიტარული სისტემის შედეგი კი არის. სამწუხაროა, თუ
ამას ვერ გაიგებენ აფხაზები (მაინცდამაინც არც ქართველებს ესმით). სამწუხაროა ისიც, რომ
საქართველო თითქმის ბოლო ხანებამდე რჩება კონსერვატიზმისა და ავტორიტარიზმის
მუზეუმად.

(აჩრდილები ქრებიან განთიადისას, გაზ. “თბილისი”, 1989, 20 ივლისი).


ნაციონალური უმცირესობები ჩვენი ქართული ბედის შემადგენელი ელემენტია. მუსულმანური
სარწმუნოების მატარებელი ხალხის გარეშე არ არსებობს ქართველი ერი. თუკი ჩვენ
თანამედროვე სამყაროს ცოცხალი ნაწილი ვართ, და არა უქმი და პაისური, პროვინციულ
ბაქიობას და ფანტაზიებს თავი უნდა დავანებოთ. მაშინ (...) დაწყნარდებიან ოსებიც და
აფხაზებიც, იპოვიან რა (...) კანონებში თავიანთი ნამდვილი და (არა ფალსიფიცირებული)
ინტერესების გამოხატულებას, _ იმ ინტერესებისა, რომლებსაც თვითონვე აქციეს ზურგი
მითიური აფხაზური რესპუბლიკის დევნაში. (...) იცავ რა აფხაზის, სომხის, ოსის ღირსებას _ ამით
შენს საკუთარ ღირსებასაც იცავ. ამის გარეშე ჩემთვის არ არსებობს “ქართველის” მაღალი ცნება.

(Верю в здравый смысл; «Mолодежь Грузии»; 21. IX.1090).

დემოკრატია ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ნეიტრალური ველი. როცა ველის


სტრუქტურული გარკვეულობა ნეიტრალდება, ეს იმის მომასწავებელია, რომ ყველას თანაბარი
შესაძლებლობები ეძლევა. (...) აქედან გამომდინარე, დემოკრატია გულისხმობს ზოგიერთი
ცნების აუცილებელ გაქრობას. მაგ., ისეთი ცნებისა, როგორიცაა: პრივილეგიები, შრომის
სფეროში არსებული აპრიორული სტრუქტურები, საზოგადოებაში როლების დარიგება და ა. შ.
ყოველივე ამის გაქრობა – აი, ეს არის დემოკრატია.

(...) დემოკრატია შრომის თავისუფლებას ნიშნავს და არა შრომის მოვალეობას, როგორც ეს


ფორმირებულია სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებში. შრომის თავისუფლება – ეს არის
შენი სამუშაოს ისე შესრულების შესაძლებლობა, როგორც ეს შენ გესმის და გეხერხება. სწორედ
ამიტომ არის, რომ ჩვენთან არ არსებობს შრომა. სოციალიზმმა სავსებით ამოძირკვა იგი, როგორც
ფენომენი. (...) თავისუფალი შრომა – სწორედ ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. (...)

პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია რესბუპლიცა-დ წოდებულ საზოგადოებრივ


სივრცესთან ურთიერთობის გარეშე. ეს ურთიერთობა ინვარიანტულია. შეიძლება
რესპუბლიკელი იყო და ცხოვრობდე მონარქიულ ქვეყანაში, მაგ., ინგლისში. ეს არაფერს ნიშნავს.
ინგლისის წყობილებას დემოკრატიული ფორმა არა აქვს, მაგრამ ის მაინც დემოკრატიაა, რადგან
დემოკრატიის არსი „რესპუბლიკურ აზრთა წყობაშია“. ჰოდა, ჩვენთან ეს არ არის. (...) პარტიებს
შორის ბრძოლა პარლამენტში – ეს უკვე მეათე ნაბიჯია და ყოველივე უნაყოფო იქნება; თუ არ
დავბრუნდებით უკან და არ შევქმნით რაღაცას ამოსავალ წერტილში: რესპუბლიცა-ში. (...)

ჩვენ გვაქვს მრავალპარტიულობა, მაგრამ არა გვაქვს მრავალპარტიული სინამდვილე.


მოსახლეობის რომელი ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, ვთქვათ, ეროვნულ–დემოკრატიული
პარტია? მე ვხედავ მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც სხვა პარტიების წარმომადგენლებისაგან
განსხვავდებიან. აუცილებელია რეალური სინამდვილის სტრუქტურირება. ჩვენ უკვე ხელთ
გვაქვს მისი გამოხატულება ისე, რომ თვით რეალობა არა გვაქვს. სხვადასხვა პარტიების
არსებობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მრავალპარტიული რეალობა გვესაჭიროება, მხედველობაში
მაქვს ჯგუფების დამოუკიდებელი სტრუქტურირება, ე.ი. ის, რასაც სახელმწიფოსგან
დამოუკიდებელი საზოგადოება ჰქვია რომელშიც სახელმწიფო შემსრულებელი,
სამსახურეობრივი ორგანოს როლს ასრულებს. ჩვენ არა გვაქვს საზოგადოებრივი სამსახური,
იმიტომ, რომ არა გვყავს თვითონ საზოგადოება და არა გვაქვს სახელმწიფო.

(Жизнь шпиона).

კორ: ვართ კი ქართველები მზად დემოკრატიისთვის?

დემოკრატიისთვის არ შეიძლება იყო ან არ იყო მზად, ვინაიდან დემოკრატია არ არის


რაღაც, შენს გარეშე არსებული: აი აქ ხარ, მოემზადე და მერე საიდანღაც ამ დემოკრატიას მიიღებ.
ასეთი რამ შეუძლებელია. დემოკრატიას მხოლოდ დემოკრატიაშივე ეუფლები. იმისთვის, რომ
დემოკრატიისთვის მოემზადო, უკვე დემოკრატიაში უნდა იყო. დემოკრატია უკვე არსებულ
დემოკრატიულ პირობებში შეიძლება ისწავლო. აქედან დასკვნა უბრალოა: ნახტომი უნდა
გავაკეთოთ. სადღაც უნდა დავეწიოთ მატარებელს, როდესაც 1905–07 წლებში ჩამოვრჩით
რუსეთთან ერთად, რის შედეგადაც რუსეთმა 1917 წლის რევოლუცია მიიღო, ჩვენ კი 1921 წლის
ანექსია. ასე დაგვირგვინდა იმ დროის ჩვენში მიმდინარე პროცესები. კაცობრიობა კი ამასობაში
წინ წავიდა. და მაინც ისტორიული მდინარეების დღევანდელი დღე უეცრად ისეთ მხრით
შემობრუნდა, რომ შანსი გვეძლევა, კვლავ შევახტეთ მატარებელს, შევუერთდეთ ისტორიას (...).

(თავისუფალი ვარ რათა ვიბრძოლო თავისუფლებისთვის).

ხშირად სვამენ ხოლმე ასეთ კითხვას: დავუჯეროთ თუ არა გორბაჩოვს? საჭიროა გავარკვიოთ –
ემტერება ის საქართველოს, თუ არ ემტერება? უყვარს საქართველო თუ არა? (...) ეს ტიპიური
რუსული აზროვნებაა, ქართულად გამოთქმული და ჩემთვის სამარცხვინო. როგორ უნდა
მოვთხოვო ვინმეს მე, ქართველმა, რომ აუცილებლად უყვარდეს საქართველო და აუცილებლად
ვუყვარდე მე, როგორც ქართველი? ანდა რატომ უნდა გამოვიცნო რა ტრიალებს გორბაჩოვის
თავში? პოლიტიკის სფეროში თუ გადავედი, ჩემთვის, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ეს
კაცი, ისიც საკმარისია, რომ მან თავისი მოქმედებით შექმნა ფიზიკური სიტუაცია, რომელიც მე
საშუალებას მაძლევს, რაღაც გავაკეთო (...), კერძოდ, საშუალება მეძლევა, გავყო მტერი,
დავუპირისპირო გორბაჩოვი ვიღაც სხვას, ჩემს უკვე აღიარებულ მტერს. ეს ელემენტარული
პოლიტიკური საქციელია ადამიანისა, რომელსაც ისტერიკა არ ახასიათებს. ხოლო თუ ჩვენ
ეროვნულ ისტერიკაში ჩავვარდით, გამოდის, დაგვიკარგავს ძველი საქართველოსთვის
დამახასიათებელი სიბრძნე: პოლიტიკური ხერხები, რომლებიც ჩვენმა მეფეებმა კარგად
იცოდნენ. ისინი თავს კი არ იმტვრევდნენ – შაჰ–აბასს რა სურს, რა უტრიალებს თავშიო. მათ
ობიექტური სიტუაციისთვის ალღოს აღებისა და მის შიგნით თამაშის უნარი ჰქონდათ. მარტო
ხმალი, სხვათა შორის, ყოველთვის ვერ გამოადგებოდათ, იმიტომ რომ საქართველო პატარა იყო
და არის. პოლიტიკა, სიბრძნე, დიპლომატია – ეს ყველაფერი არსებობს, არავის გაუუქმებია და
ჩვენც უნდა გამოვიყენოთ.

(...) მხოლოდ იმის შემდეგ როცა დავიბრუნებთ საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებს, –


რომლებიც ორასი წლის წინ პეტერბურგს ჩავაბარეთ და ახლა მოსკოვი უძღვება, – დავინახავთ,
რომდენად დაგვსუსტებია ეს უნარი და როგორ უნდა აღვადგინოთ ის. ორი საუკუნის მანძილზე
კუნთები მოგვიდუნდა. (...) ჩვენს სამეფო დინასტიას ჰქონდა ეს კუნთები, რადგან საუკუნეების
განმავლობაში ავარჯიშებდა მათ: შეეძლო დიპლომატიური თამაში, მტრის მოტყუება,
დროულად ზავის დადება, მტრის რიგებში განხეთქილების შეტანა და ა.შ. ჩვენ ეს ყველაფერი
კარგა ხანია აღარ გვიკეთებია. (...) ჩვენი ქცევის საგარეოპოლიტიკური ასპექტები დღესვე უნდა
მივიღოთ მხედველობაში. მაგალითად, ჩვენი დამოკიდებულება თურქებისადმი ჩვენს
ტერიტორიაზე ელემენტია საერთოდ ჩვენი თურქული პოლიტიკისა. ჩვენ ჯერ თურქული
პოლიტიკა არ გაგვაჩნია, ხოლო, როცა გვექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნორმალური
დიპლომატიური ურთიერთობა იმოქმედებს თურქეთის საქციელზე საქართველოში. (...)
აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობაც უნდა განვიხილოთ ზოგად საგარეო პოლიტიკურ
კონტექსტში, სადაც იგულისხმება ჩვენი სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ირანთან,
თურქეთთან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან. (...).

ჩვენ სიტყვის „დამოუკიდებლობა“ სხვადასხვა მნიშვნელობას ვურევთ ხოლმე


ერთმანეთში. მე ვხმარობ ამ სიტყვას უბრალო გაგებით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო
ეკონომიკურ ან კულტურულ ავტარკიასთან, ე.ი. იმასთან, რომ ყველაფერს გამოეთიშო და ცალკე
იყო. დამოუკიდებლობა გულისხმობს ისეთ თავისუფლებას, რომ შენ თვითონ განაგო შენი
საქმიანობა ისე, როგორც შენ გესმის მისი საზრისი და როგორც, შენი აზრით, თვითონ საქმე
მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაამყარო ისეთი კავშირები, შეხვიდე ისეთ კოოპერაციაში ან
შრომის განაწილებაში, რომელიც ამ საქმის საზრისიდან გამომდინარეობს. ეს არის
დამოუკიდებლობა თავისუფალი შრომის ასპექტით. იგივე ითქმის პოლიტიკურ
დამოუკიდებლობაზე. რა თქმა უნდა, საქართველო არ იქნება დამოუკიდებელი იმ გაგებით, რომ
სხვისი არაფერი დასჭირდება; როგორ არ დასჭირდება, – ნავთიც დასჭირდება და უამრავი სხვა
რამ. როცა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება ის, რომ შენ განაგებ შენს საქმეს,
მეტი არაფერი.

(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 18).

საქმე პირველ რიგში იმას ეხება, რომ ცივილიზებულ ერად ვიქცეთ. იყო თავისუფალი – ეს
ნიშნავს, რომ გქონდეს ძალა და უნარი თავისუფლად ყოფნისა. აგურის აგურზე თანდათანობითი
დაწყობით ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობის შიგნითვე უნდა შევიძლოთ
თავისუფლების შენება. და ყველა, ვისთანაც ერთად ჩვენ საბჭოთა კავშირში ყოფნა გვიწევს, ასევე
უნდა მოიქცეს. ამას საკუთარი თავის ზნეობრივ–გონებრივი გარდაქმნისა და სრულქმნის მთელი
პერიოდი დასჭირდება. როცა შენ კონკრეტული საქმეების თავისუფალ შესრულებას შეძლებ, –
თავისუფალი მაშინ იქნები.

(Назოвем вещи своими именами, жур. "Знание - сила", XII, 1990).

ჩემთვის ყველა ეროვნული ამოცანა, თავისუფალი და აყვავებული, ძლიერი საქართველოს


შექმნის ამოცანაა – ძლიერის, საზოგადოებრივი სიჯანსაღის აზრით და არა იმპერიალისტური
თუ მილიტარისტული ძლიერების მნიშვნელობით. ჩემთვის ეროვნული თავისუფლება ის
ფორმაა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების დაბადებასთან უნდა მიგვიყვანოს. (...) საქმე
სწორედ ამას ეხება – იმგვარად გაგებულ თავისუფლებას, ურომლისოდაც არ არსებობს
საზოგადოების ფენომენი. – საზოგადოებისა, რომელიც სახელმწიფოსაგან განსხვავებულია,
როგორც ადამიანთა ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრება, მათი ინტერესების თავისთავადი
კრისტალიზება სისტემად, მათი მრავალპარტიულობის შესაბამისობა რეალურ
სინამდვილესთან.

(Жизнь шпиона).

ჩვენს წინაშე დგას ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ


სამართლებრივ სახელმწიფოზე და არა არსებული სახელმწიფოს გაუმჯობესებაზე. ვსაუბრობთ
იმაზე, რომ დღევანდელი სახელმწიფოს სანაცვლოდ, უნდა აღდგეს ნორმალური სახელმწიფო. ეს
ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი თვითგაგებისათვის. (...)

ჩვენს წინაშეა ამოცანა შევიდეთ თანამედროვე საზოგადოებაში ანუ მოდერნის ეპოქაში


(ახალი დროის ისტორიის მნიშვნელობით ვხმარობ ამ სიტყვას). მსოფლიოს ერთ ნაწილში მე–16–
17 საუკუნეებში მოხდა ეს, რასაც შეიძლება დაერქვას მოდერნიზმის რევოლუცია, რომლის
დაგვირგვინება იყო ფრანგული რევოლუცია. მოდერნიზმის რევოლუციის მთავარი შინაარსია –
თავისი თავის, როგორც ახლის, შეცნობა. ძველი ნიშნავს გარედან საზოგადოების მართვას
ტრადიციებით. ხოლო ახალი ნიშნავს (...) თავისუფალი შრომის ფენომენზე დამყარებულ
საზოგადოებას. თავისუფალი ინდივიდი თავისი უფლებებით ინდივიდუალურად დგას
ღმერთის წინაშე, არავითარი იერარქიული შუამავლობა ღმერთთან მას არ სჭირდება. ეს არის
მოდერნი. ზოგ ქვეყანაში ეს რევოლუცია არ მოხდა. არ მოხდა რუსეთში, საქართველოში და ბევრ
სხვა ქვეყანაში, ე. წ. მესამე სამყაროში. ეს რევოლუცია ნიშნავდა სამოქალაქო საზოგადოების
წარმოშობას. სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილია. სახელმწიფო და
საზოგადოება არ ემთხვევიან ერთმანეთს. (...) ჩვენი სახელმწიფო არ არის საზოგადოების
ორგანო. მარქსიზმში მოქალაქეობის ფენომენი არ არსებობს. მარქსი… ამ ფენომენს ხედავდა
მხოლოდ კერძო საკუთრების კუთხიდან. კერძო საკუთრება მას ეჩვენებოდა ყველანაირი
სიკეთისა და ბედნიერების მტრად. თანამედროვე ანუ მოდერნის ადამიანი მარქსიზმისთვის
გაუგებარი ან მიუღებელია. მარქსიზმმა და ლენინის მიერ განვითარებულმა ნეჩაევურმა
სტრუქტურამ სიკვდილი შემოიტანა ჩვენს სამყაროში. ამ გაგებით ჩვენ მკვდარი ვართ. 1917 წელს
რუსეთში მოხდა კოლექტიური თვითმკვლელობა საზოგადოებისა და სახელმწიფოსი (1921 წელს
იგივე მოახდინეს ჩვენთანაც). რაც მას შემდეგ დაიწყო, არის სიცოცხლე სიკვდილის მერე,
აჩრდილების სიცოცხლე.

(ლექცია, წაკითხული ფსიქოლოგიის ინსტიტუტში).

ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და საკუთარი განსაცდელისთვის პასუხი, პირველ რიგში,
საკუთარ თავს მოვთხოვოთ.

ამიტომ ვამბობ: ჩვენთვის აუცილებელია ეროვნული ანუ დამოუკიდებელი


სახელმწიფოებრიობა. ჩვენ გვიჭირდება არა მარტო იურიდიული დადასტურება
დამოუკიდებლობისა, არამედ გვჭირდება სახელმწიფოებრიობა, როგოც პრაქტიკა. მე ასე
ვიტყოდი: ეროვნული დამოუკიდებლობა საჭიროა როგორც მინიმალური და, ამავე დროს,
აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ ქართველებმა, დავინახოთ საკუთარი თავი. უნდა
დავინახოთ, რა არის ჩვენში კარგი და რა არის ცუდი, რა იყო სწორი და რა – მცდარი ჩვენს მიერ
განვლილ გზაზე და ჩვენს ისტორიაში. სანამ ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილს შევადგენთ,
ყოველთვის გვექნება საშუალება ყოველი ჩვენი ხელის მოცარვა საბჭოეთს და რუსეთს
გადავაბრალოთ, ყოველთვის გვექნება საბაბი, საკუთარი თავისაგან დამალვის და თავის
მოტყუებისა. ამიტომ ვიმეორებ: ჩვენი ეროვნული გაწმენდის აუცილებელი პირობა ჩვენი
დამოუკიდებლობაა.

(თავისუფალი ვარ, რათა ვიბრძოლო თავისუფლებისთვის).

შეკითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა?

რა თქმა უნდა, შეუძლია. მართალია, მისი ეკონომიკა დანგრეულია, მაგრამ ის ხომ მაშინაც
დანგრეული იყო (საბჭოთა კავშირში – რედ.) ერთად რომ ვიყავით. და საკითხის ისე დასმა,
თითქოს ჩვენს ეკონომიკას ამ მიზეზით არ შეეძლოს დამოუკიდებლად და სუვერენულად
განვითარება, სწორი არ არის. (...) სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ საქმესა და შრომაში
საკუთარი თავის თავისუფლად მართვა შეგვეძლოს. ისე რომ, ილიას ნათქვამი – „ჩვენ ჩვენი თავი
ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“ – შესანიშნავია და ზუსტი, ეგ არის მხოლოდ ,რომ ჩვენ
დავივიწყეთ იგი. ილია კი ევროპული ორიენტაციის ადამიანი იყო და რუსეთის
შემადგენლობაში ჩვენი ყოფნის –ოღონდ ავტონომიური ყოფნის – ერთადერთ გამართლებადაც
ევროპასთან ჩვენი დაახლოება მიაჩნდა. ის თვლიდა, რომ ევროპასთან შეერთებით
აღსრულდებოდა საქართველოს ისტორიული დანიშნულება, რომელიც ევროპულია ჩვენი
გაქრისტიანებიდანვე. ეს წინასწარ არის განსაზღვრული და ბედის ამ განჩინებას ვერსად
წავუვალთ. ეს ისევე გვაქვს გამჯდარი ძვალსა და რბილში, როგორც ყოველ ქართველს – სწრაფვა
თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ. ჩვენ შეიძლება დავიღუპოთ
კიდეც , მაგრამ თუკი დავრჩით ამქვეყნად , ეს ჩვენი ვალი უნდა აღვასრულოთ. ასეთია ჩვენი
დანიშნულება. სხვათა შორის, ეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ხასიათშიც არის ჩადებული იმდენად ,
რამდენადაც მასში ჯერაც ცოცხლობენ ჩვენი კულტურის ქრისტიანულ–პიროვნული საწყისები.

(Философия действительности).

განვაგრძოთ მცდელობა, გავწმინდოთ ჩვენი ცნობიერება და აზროვნება სტერეოტიპებისაგან,


დაავადებებისგან, დამაკნინებელი მხარეებისგან, დავინახოთ რეალობა და ამ რეალობის მთავარი
– ისტორიული ელემენტი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად არის ჩადებული ჩვენში, ჩვენს
ქვეყანაში; დავინახოთ ქართული ისტორიის ხატი და მოწოდება. (...) თუ 70 წლის განმავლობაში
გადახვეწილნი ვიყავით სადღაც ისტორიის დროის მიღმა, ხოლო ყველაფერი, რაც
კანონზომიერია ყოფიერებაში, შეუქცევადია, მაშინ ეჭვს იწვევს, შევძლებთ თუ არა ისევ
აღვადგინოთ ისტორიის, ტრადიციის, ჩვენი ისტორიული დანიშნულებისა და მოწოდების ძაფი.
ერთი ცხადია: საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებთ. ისტორიასა და ტრადიციაში წყვეტა არ
უნდა დაგვეშვა. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც წერტილსა და მომენტში მსოფლიო
მისტერიის მეშვეობით, თუ ზეადამიანური ძალის აქტით მოხდეს ჩვენი ხელახალი ჩართვა
ისტორიასა და ტრადიციაში.

(საუბრები ფილოსოფიაზე, გვ. 172).

საკუთარ თავში უნდა გავერკვეთ და გავაცნობიეროთ თანამედროვე სამყაროში მოქმედი


ისტორიული ძალები. ამ ძალთა მოქმედების შედეგები (...) თუ არ გავაცნობიერეთ, (...) მათ
პასიურ მსხვერპლად დავრჩებით, რაც, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იქნება. საქართველო (...)
ჩართულია მსოფლიო დინებაში, რომელშიც ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენთვის მიუღწეველ
დონეზე წყდება. მაგრამ სამყარო თან დიდია, თან კი შეზღუდული და პატარა; პატარაა იმ
გაგებით, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და ის, რაც სადღაც, ათი ათასი
კილომეტრის მოშორებით ხდება, ჩვენს ცხოვრებაში მონაწილეობს. (...) ეს, სხვა ყველაფერთან
ერთად, პოლიტიკასაც ეხება. არავითარი აზრი არა აქვს, შევყვიროთ სამყაროს და გავახსენოთ,
რომ საქართველო არსებობს, რადგან ისტორია ძალაზეა დამყარებული და სუსტის არც მოსმენა
უნდა და არც გაგება. ძალა კი მხოლოდ ერთში შეიძლება იყოს – ჩავერთოთ ჩვენი შრომითა და
გონებით იმ წერტილებში, საიდანაც მოდის ჩვენი ცხოვრების დონისა და პირობების
განმსაზღვრელი საგნები.
(იქვე, გვ. 186)

მე ასე ვიტყოდი: ჩვენს წინ დგას ამოცანა, დავუბრუნდეთ სიცოცხლეს, ისტორიასა და დროს.
აქამდე ჩვენ არ ვცხოვრობდით, ეს არ იყო სიცოცხლე და ის, რასაც ვაკეთებდით და რასაც ვითომ
სიცოცხლე ერქვა, ხდებოდა ისტორიისა და დროის მიღმა. მკვდრების სამყაროდან უნდა
დავუბრუნდეთ ცოცხლების სამყაროს.

(ლექცია, წაკითხული ფსიქოლოგიის ინსტიტუტში).

ჩვენი ისტორიული ამოცანა, მოვალეობა და დანიშნულებაა, ხელისუფლება გამოვიდეს აგორაზე


და წარმოგვიდგეს თავისი სახით. (...) ასევე საკუთარი სახით უნდა წარმოგვიდგეს ერი,
ეროვნული პრობლემა. ეს იქნება დიდი ნაბიჯი ცივილიზაციისკენ, მოქალაქეობრივი
სახელმწიფოსაკენ, სიმდიდრისკენ, განვითარებისკენ, ეროვნული პრობლემების
გადაწყვეტისკენ.

(...) მოდით, ჩავწვდეთ იმ უხილავ ძაფებს, რომლებიც მსოფლიო ბედთან გვაკავშირებს.


ჩვენი ბედი სწორედ იქიდან მოვა.

რანი ვიქნებით? ჩვენი ბედის აქტიური შემოქმედნი? მაშინ ჩვენი ბედი მსოფლიო ჩარჩოში
გადაწყდება; თუ დავრჩებით პასიურ სუბიექტად, რომელსაც ბედი ისე დაეცემა, როგორც აგური
ეცემა თავში ადამიანს?

არ გავქრეთ მსოფლიოს ამ უკანასკნელ გადინებაში...

(“დავიცვათ თამაშის წესი?!”-დან).

You might also like