You are on page 1of 20

თემა: XVII საუკუნის ფრანგული ლიტერატურა; კლასიცისტური დრამატურგია;

XVII საუკუნის ფრანგული ლიტერატურა განსაკუთრებით გამოირჩევა


დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ამ საუკუნის ლიტერატურიდან თავისი ღრმა
იდეურობით, სტილისა და ჟანრის მრავალფეროვნებით. ამ ეპოქის ფრანგულ
ლიტერატურაში წამყვან მოვლენას წარმოადგენს კლასიციზმი, რომელმაც ღრმა
კვალი დასტოვა არა მარტო მომდევნო საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში,
არამედ საერთოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიტერატურაში.
საფრანგეთი ამ დროისათვის წარმოადგენდა, ეროვნულად ჩამოყალიბებულ,
ეკონომიურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს, რომლის სათავეშიც დგას

აბსოლიტური მონარქია და ფაქტიურად საფრანგეთი იყო ამ დროისათვის


აბსოლუტური მონარქიის კლასიკური ქვეყანა.
ბურჟუაზია, ანუ მმართველი კლასები აბსოლუტიზმს მიიჩნევს თავისი
ინტერესების დამცველ მმართველობის ფორმად. ლუი XIV-ს დროს წარმოიშვა
ფრონდის სახელწოდებით ცნობილი სასახლის ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა
მეფის ხელისუფლების შესუსტებას, მაგრამ კარდინალმა რიშელიემ საბოლოოდ
ალაგმა ფეოდალთა ურჩობა და დამოუკიდებლობა.
აბსოლუტიზმის ოფიციალურ ლიტერატურულ სტილს ეწოდება კლასიციზმი.
კარდინალი რიშელიე მეცენატობას უწევდა ეროვნული კულტურის განვითარების
საქმეს. იგი სასახლის ირგვლივ და მის მიერ დაარსებულ აკადემიაში თავს უყრიდა
ნიჭიერ მეცნირებსა და პოეტებს და ერთგვარ დავალებას, დაკვეთას აძლევდა
ემუშავათ, ისე როგორც ამას გაბატონებული კლასისა და სახელმწიფო ინტერესები
მოითხოვდა.
XVII საუკუნის კლასიციზმის ფუძემდებელი იყო პოეტი ფრანსუა დე მალერბი
(1555–1628). მან ჩამოაყალიბა კლასიციზმის ესთეტიკის ძირითადი პრინციპები.

ფრანგული ეროვნული კულტურის უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს


კარტეზიანული ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის შემქმნელი არის რენე
დეკარტე (1596–1650). დეკარტე აჯამებს ფრანგული აღორძინების კულტურის
მიღწევებს და ბეკონთან ერთად საფუძველს უყრის ახალი დროის მეცნიერულ
ფილოსოფიურ აზროვნებას.
დეკარტეს მთავრი აზრი « ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ » კოგიტო, ერგო
სუმ მოცემულია მის დებულებაში. მისი აზრია პიროვნებამ დაუქვემდებაროს
სახელმწიფოს მისი ინტერესები.
კლასიციზმის დროს არისტოკტატიის სულისკვეთებამ თავი იჩინა პრეციოზულ
(ნატიფი) ლიტერატურაში (ონორე დიურფე (1568–1625), რომელმაც აღწერა
„არისტიკრატი ქალების სასიყვარულო გატაცებანი“, მადლენ დე სკიუდერი (1607–
1701), რომელმაც დაწერა გალანტურ-ჰეროიკული რომანები), ხალხის მასების
სულისკვეთება გამოვლინდა ლიბერტინაჟის ლიტერატურაში (შარლ სორელი
(1602–1674), რომელმაც აღწერა დაბალი ფენების ყოველდღიური ცხოვრება,
სასაცილოდ აიგდო პასტორალური რომანები, და დაგმო ანტიკურობისადმი
მექნიკური მიბაძვა. სირანო დე ბერჟერაკი (1619–1655), რომელიც თავს ესხმოდა
მონარქიას), ხოლო აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგია კლასიციზმის
ლიტერატურაში.
კლასიციზმი. კლასიცისტური (ლათ. classicus - სამაგალითო) პოეტიკის მთავარი
თავისებურებაა ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ ესთეტიკურ ეტალონებად
გამოცხადება. კლასიცისტები მოითხოვდნენ კლასიკური (ანტიკური) ხელოვნების
ნიმუშების უცვლელად გამეორებას. კლასიციზმის როგორც ლიტერატურული
მიმდინარეობის თეორეტიკოსი იყო ნიკოლა ბუალო (1636-1711 წ.). თავის ნაშრომში
„პოეტური ხელოვნება“ მან დეკარტეს რაციონალიზმზე (გონების კულტზე)
დაყრდნობით შეიმუშავა კლასიცისტური ესთეტიკის ძირითადი პრინციპები.
კლასიცისტური ესთეტიკა დაუპირისპირდა ყველაფერ ქაოტურს, სტიქიურსა და
გრძნობიერს. ბუალომ დაამკვიდრა მხატვრული ფორმებისა და ჟანრების მკაცრი
რეგლამენტაცია, მათი დაყოფა ”მაღალ” (ეპოპეა, ტრაგედია, ოდა, ჰიმნი) და ”დაბალ”
ჟანრებად (კომედია, სატირა, ეპოგრამა, იგავ-არაკი, იდილია). ტრაგედიაში უნდა
გადმოცემულიყო სასახლის ცხოვრება, გამოჩენილ ადამიანთა ბედი, მეფეებისა და
სარდლების საგმირო საქმეები. ბუალომ აუცილებელ ესთეტიკურ ნორმად აქცია
დრამაში სამი ერთიანობის - ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობის კანონი.
კლასიცისტების აზრით, სახელმწიფოში წოდებათა და ცალკეულ პიროვნებათა
ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს ერისა და სახელმწიფოს ინტერესები, რადგან
სწორედ ამ უკანასკნელის ბედზეა დამოკიდებული თითოეული პიროვნების ბედი.
ამრიგად, მონარქიისა და საზოგადოებისადმი სამსახურისა და მოვალეობის შეგნებას
უნდა ჩაეკლა ადამიანში ყოველგვარი ინდივიდუალური ტენდენცია. ამის გამო
კლასიცისტური დრამების მოქმედი პირები ინდივიდუალური თვისებებისგან
დაცლილი აბსტრაქტული ტიპები არიან, მთავარი თემა კი - ეროვნული
ინტერესებისთვის თავგანწირვაა.

კლასიცისტური ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და მათი


ნაწარმოებები:

ტრაგედია კომედია იგავ-არაკი

პიერ კორნელი (1606- ჟან ბატისტ მოლიერი (1622- ჟან ლაფონტენი (1621-
1684) – „სიდი“ 1673) – „ტარტიუფი“, 1695) - იგავ-არაკები
ჟან რასინი (1639-1699) – „მიზანთროპი“, „დონ ჟუანი“
„ფედრა“

როგორც აღვნიშნეთ, კლასიციზმის თეორეტიკოსებმა შემოიღეს მხატვრული


ფორმებისა და ჟანრების რეგლამენტაცია. მათ დაყვეს ჟანრები მაღალ და დაბალ
ჟანრებად. მაღალი ჟანრი უწოდეს ტრაგედიას, რომელსაც უნდა გამოხატა
სასახლის ცხოვრება, იგი იწერება მაღალი სტილით, პერსონაჟები მეტყველებენ
მაღალფარდოვანი ენით, ხოლო დაბალ ჟანრად გამოაცხადეს კომედია, სადაც

დაბალი ფენის წარმომადგენელთა ყოფას ვეცნობით და კომედიის სტილი დაბალი


ხოლო სალაპარაკო ენა მდაბიოა.

როგორც ვთქვით, კლასიცისტებმა აუცილებელ ნორმად აქციეს სამი ერთიანობის


_ დროის, ადგილისა და მოქმედების კანონი, რაც ნიშნავს შემდეგს: პიესის
მოქმედება უნდა ჩატარებულიყო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მთელი
მოქმედება უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ერთსა და იმავე ადგილას,

მოქმედების ერთობის თანახმად პიესის ფაბულა უნდა ყოფილიყო გაშლილი ერთი


რომელიმე კონფლიქტის გარშემო. კლასიცისტები მიუთითებენ არისტოტელე
« პოეტიკაზე », თუმცა იქ ლაპარაკია მხოლოდ მოქმედების ერთიანობაზე და არა
ადგილის.
XVII საუკუნის ფრანგული კლასიციზმის გაბატონებილი ჟანრია დრამა,
ტრაგედია და კომედია, ასევე პოზიასაც, კერძოდ იგავს.
განვითარების უმაღლეს წერტილს ტრაგედიამ მიაღწია კორნელისა და რასინის
შემოქმედებაში, კომედიამ მოლიერის, ხოლო იგავ-არაკმა _ ლაფონტენის
შემოქმედებაში.
კლასიციზმის ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელია გამოჩენილი ფრანგი
დრამტურგი და პოეტი, პიერ კორნელი (1606-1684), პუშკინის შეფასებით
« ტრაგედიის ჭეშმარიტი გენიოსი », პიერ კორნელი დაიბადა რუანში, წვრილი

ბურჟუას ოჯახში. იგი იღებს იეზუიტურ განათლებას, სწავლობს იურისპრუდენციას


და 1628 წლიდან იწყებს ადვოკატის კარიერას. 1629 წელს პარიზში დიდი წარმატებით
იდგმება მისი პირველი კომედია, „მელიტა ანუ ყალბი წერილი“. მას მოსდევს მთელი
რიგი კომედიები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: „სასახლის გალერეა“ (1632),
„სამეფო მოედანი“ (1634) და „კომიკური ილუზია“ (1636). 1636 წელს კორნელი წერს
ტრაგი-კომედიას „სიდი“, რომელიც დიდ პოლემიკას იწვევს. ეს მოვლენა
ლიტერატურის ისტორიაში დარჩება "სიდის კამათის" სახელწოდებით. კარდინალი
რიშელიე და აკადემია ავტორს საყვედურობენ ტრაგედიის წესებისა და კლასიციზმის
3 ერთიანობის კანონის უარყოფას. სამაგიეროდ ხალხი აღფრთოვანებულია. მომდევნო
3 წლის მანძილზე კორნელი მუშაობს უდიდეს ტრაგედიებზე: „ჰორაციუსი“ , „ცინა“
(1640) და „პოლიევქტე“ (1642). 1651 წელს კიდევ ერთ დიდი წარმატებას აღწევს მისი
ტრაგედია „ნიკომედე“, სამაგიეროდ, მომდევნო წელს დადგმული „პერთარიტი“
სრულ კრახს განიცდის და ავტორი 7 წლით თავს ანებებს თეატრს. კარიერის ბოლო
წლებში კორნელის სასგრძნობლად დაჩრდილავს ახალგაზრდა მეტოქე, ჟან რასინი.
1674 წელს „სურენას“ არც თუ ისე წარმატებული დადგმის შემდეგ კორნელი
საბოლოოდ ჩამოშორდება თეატრალურ მოღვაწეობას და დარჩენილ წლებს
რელიგიური ნაწარმოებების თარგმნას უძღვნის.
კორნელის ნაწარმოებების პერსონაჟები ძირითდად მითოლოგიურ ან ისტორიულ
გმირებს წარმოადგენენ, რომლებიც ყოველთვის საქვეყნო საქმეებთან არიან
დაკავშირებულნი. ისინი გამოირჩევიან როგორც სოციალური მდგომარეობით, ასევე
მორალური ღირსებებით: ნებისყოფით, ძლიერებით, გონიერებით და შთაგონებულნი
არიან სტოიცისტური იდეალით. ისინი ერთადერთ პრინციპს ემორჩილებიან: სურთ
დაამტკიცონ საკუთარი სიდიადე, რაც ხშირად საკუთარი გრძნობების მსხვერპლად
გაღებას მოითხოვს. მაგრამ მიზანს კორნელის გმირები თითქმის არ უხვევენ.
საბოლოოდ ბედი მათ ვერასოდეს ამარცხებთ, ამიტომ ზოგიერთი ლაპარაკობს კიდეც
კორნელის ნაწარმოებებზე როგორც ტრაგედიებზე ტრაგიკულის გარეშე. კორნელის
თეატრის ძირითადი პრინციპია დამაჯერებლობა და ისტორიული ჭეშმარიტება. იგი
თვლის, რომ გამოგონილი ამბები ტრაგედიას არ შეეფერება. მეორე ძირითადი
პრინციპია გონების ტრიუმფი. მისი გმირები არასოდეს არ მოქმედებენ
გაუცნობიერებლად, უპასუხისმგებლოდ, არასოდეს არ ემორჩილებიან გრძნობებსა და
სურვილებს.
„სიდის“ დადგმის შემდეგ გამართული პოლემიკა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა
თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. პიესის ნახვით რიშელიე და აკადემია
აღშოთდა. გამოიყო კომისია, რომელიც 3 წლის მანძილზე სწავლობდა მასში მომხდარ
დარღვევებს. აიკრძალა პიესის დადგმა. სიდში დარღვეული იყო დროისა და ადგილის
ერთიანობის პრინციპი: 24 საათის მაგივრად მოქმედება 36 საათის მანძილზე
მიმდინარეობს, მართალია ქალაქის ერთ უბანში, მაგრამ ოთხ სხვადასხვა ადგილას.
უარყოფილი იყო ინტრიგის ერთიანობაც: მთავარი პერსონაჟი, სიდი ორ ქალს უყვარს,
რაც მეორე ინტრიგას წარმოშობს.
„სიდში“ აისახა სოციალური წინააღმდეგობანი და პოლიტიკური კრიზისი.
ფეოდალების გვაროვნული კინკლაობა, რაც არ მოეწონა კარდინალ რიშელიეს.
ავტორმა დაამუშავა გილიენ დე კასტროს პიესა, რომლის ცენტრშიც დგას
« სიდად » წოდებული დონ როდრიგოს დიასი, რომელმაც კორნელის პიესის
მიხედვით გულში ჩაიკლა სიყვარულის გრძნობა ქიმენასადმი და გვაროვნული
ღირსების დაცვის მიზნით ორთაბრძოლაში მოკლა გრაფი _ სატრფოს მამა. ქიმენა
აღსავსეა შურისძიების წყურვილით და მოითხოვს სამართალს. როდრიგომ
უკუაქცია სევილიიდან არაბთა ურდოები და იხსნა თავისი სამშობლო. ამ
სამსახურის ფასად მეფე ურჩევს ქიმენას დაივიწყოს მტრობა და გაჰყვეს მას
ცოლად. მოგვიანებით თანხმდება ეს უკანასკნელი, მხოლოდ ითხოვს დროს
სულიერი ჭრილობების მოსაშუშებლად.
თუმცა « სიდი » დაწუნებულ იქნა, საფრანგეთის აკადემიის მიერ,
შემოქმედებითი პოზიციების შეცვლის გამო, მაგრამ მალე « სიდის » იდეებზე
ხელის აღების გამო აკაემიის წევრად მიიღეს.
« ჰორაციუსში » სიუჟეტად მწერალმა აიღო ტიტუს ლივიუსის « რომის
ისტორიიდან » ამოღებული თქმულება ძმებ ჰორაციუსებზე, რომლებიც ებრძვიან
კურიაციუსებს, მათი ბრძოლის შედეგი გადაწყვეტს მათივე ქალაქების ბედს. მათ
ნათესაური ძაფებიც აკავშირებთ, ერთე-ერთი ჰორაციუსთა წარმომადგენელს
ცოლად ჰყავს კურიაციუსების და საბინა, ხოლო ჰორაციუსთა და კამილა ერთ-
ერთი კურიაციუსის საცოლეა. ბრძოლაში დაიღუპა სამივე კურიაციუსი და ერთი
ჰორაციუსი, და ამ უკანასკნელებმა რომს გამარჯვება მოუპოვეს, საყოველთაო
ზეიმს არ შეუერთდა მათი და კამილა, რომეიც დაღუპულ საქმროს გლოვობს,
ამიტომ განრისხებულმა ჰორაციუსმა მას მახვილი ჩასცა. სასამართლოზე მამამ
გაამართლა შვილის საქციელი, ხოლო კამილასათვის სიკვდილი ჩასთვალა
ღირსეულ სასჯელად. მათ პირადულზე მაღლა დააყენეს სახელმწიფო ინტერესები.
შახელმწიფო გაიგივებულია მეფესთან.

პიერ კორნელიმ ტრაგედიას მისცა პოლიტიკური ხასიათი, გმირები გამოიყვანა


სახელმწიფო იდეის დამცველებად, სიუჟეტურად პიესები დახვეწილია,
მეტყველება ორატორულია.ახასიათებს სწრაფვა აფექტური სიტუაციებისადმი,
როგორც ამას აღნიშნავდა ლესინგმა.
არისტოკრატიული წრის ზეგავლენა განიცადა ჟან რასინმაც (1639-1699), რომლის
შემოქმედებაშიც აღინიშნა ფრანგული კლასიციზმის ახალი ეტაპი. იგი დაიბადა
ჩინოვნიკის ოჯახში, მაგრამ ადრე დაობლების გამო იზრდებოდა იანსენისტური
სულისკვეთებით ბებიასთან, მან მიიღო კარგი ფილოლოგიური განათლება, შემდეგ
გადასახლდა პარიზში, და მოღვაწეობის სფეროდD დრამატურგია აირჩია.

მისი პირველი პიესა იყო « ანდრომაქე », რომელმაც საუკეთესო ტრაგიკოსის


სახელი მოუხვეჭა, მან აქ აჩვენა მონარქიის დესპოტური სახე და
ანტისაზოგადოებრივი საქმიანობა, ამის შემდეგ 1677 წელს წარმოადგინა თავისი
საუკეთესო ტრაგედია « ფედრა », მაგრამ მისმა არისტოკრატმა მტრებმა შეძლეს
სპექტაკლის ჩაგდება, და 10 წლის განმავლობაში დუმდა გულგატეხილი მწერალი.
« ფედრაში » რასინმა გადაამუშავა ევრიპიდეს « იპოლიტე » და სენეკას
« ფედრა », ტრაგედიის ცენტრში დგას დედოფალი ფედრა, რომელსაც შეყვარებია
თავისი გერი იპოლიტი, ქალი უსაზღვროდ იტანჯება ამ სიყვარულის გამო, უნდა
ითქვას რომ ფედრას სიყვარული მანკიერია, მაგრამ განუხორციელებელი. როდესაც
გაიგებს, რომ თეზევსი ბრძოლაში დაღუპულა და ტახტის მემკვიდრე იპოლიტი
უნდა გახდეს, გამოუტყდება თავის სიყვარულში, იპოლიტი აღშფოთებულია
დედინაცვლის უგვანო საქციელით. მალე გაირკვევა, რომ თეზევსი ცოცხალი
ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, ფედრა კი შეშინდა იპოლიტს არაფერი ეთქვა,
თავის გამზრდელ ენონას შეეკრა და თეზევსზე ათქმევინა, თითქოს იპოლიტია
დამნაშავე, ხოლო ფედრა ცამდე მართალი. ყველაფერი წარიმართა ფედრას
სასარგებლოდ : მისი ღირსება დაცულია, ხოლო საიდუმლო შენახული.
Mიუხედავად ამისა ფედრა მაინც სევდიანობს და დადარდიანებულია, ვარდება
მძიმე ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაში, რადგან მისი მიზეზით დაიღუპა
იპოლიტი თეზევსის რისხვის გამო, ამიტომ თავადაც სიკვდილი ირჩია და თავი
მოიწამლა, სიკვდილის წინ კი ყველაფერი აღიარა.
ფედრას სახე გამოირჩევა რელიეფურობით, მისი ტრაგედიის მიზეზი იმაშია,
რომ თავისი ბედნიერება ვერ შეუთავსა საზოგადოებრივ მორალს. იგი მოექცა
თავისი გრძნობებისა და მორალის შუა. მართალია განადგურდა ამ გრძნობათა
ჭიდილში, მაგრამ სამაგიეროდ აღადგინა ზნეობრიობისა და სამართლიანობის
დარღვეული კანონები.
თუ კორნელის შემოქმედება პოლიტიკური და რელიგიური ხასიათისაა,
რასინის შემოქმედებას ეს ნაკლებად ახასიათებს, იგი უფრი ღრმად წვდება
ხასიათებს და ხატავს მათ ვნებებს, ისე, რომ არ არღვევდა კლასიცისტური
ესთეტიკის ნორმებს.
ჟან ბატისტ მოლიერის, პოკელენის (1622-1673) შემოქმედება ახალ ეტაპს ქმნის
შექსპირისა და ლოპე დე ვეგას შემდეგ მსოფლიო დრამატურგიის განვითარებაში.
მოლიერი უდიდესი კომედიოგრაფია. მის სახელთან არის დაკავშირებული
სახალხო თეატრის წარმოშობა საფრანგეთში. მისი შემოქმედებითი საქმიანობა

ემთხვევა კორნელი დაღმავლობისა და რასინის შემოქმედების აღმავლობის


პერიოდს. მას არ ახასიათებს არისტიკრატიული ტენდენციები, იგი მესამე წოდების
მხატვარია, მისი მთავარია ჟანრია კომედია.
მოლიერი წარჩინებულ და შეძლებულ წრეს ეკუთვნოდა, ამიტომაც მან
საფუძვლიანი განათლება მიიღო, შესანიშნავად ფლობდა ლათინურს, და
თავისუფლად კითხულობდა რომაელ ავტორებს, ჟერ კიდევ სწავლის დროს
თარგმნა ლუკრეციუსის « საგანთა ბუნებისათვის ». მას არც იურიდიული
საქმიანობა აინტერესებდა, და არც მამის საქმიანობის გაგრძელება სურდა, მას
მეტად იზიდავდა თეატრი, რომლისადმი ინტერესიც ბაბუამ დედის მამამ
გაუღვიძა. ბაბუას პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა თეატრში, რამაც თავიდანვე
შთაუნერგა პატარა ჟან-ბატისტს სცენისადმი სიყვარული. 1632 წელს გარდაეცვალა
დედა. ერთი წლის შემდეგ ბიჭი კლერმონის კოლეჯში შეიყვანეს, სადაც გაიცნო პრინც
დე კონტი, რომელიც მომავალში მისი პროტექტორი გახდა. კოლეჯის დასრულების
შემდეგ ჟან-ბატისტმა სამართალის სწავლა დაიწყო ორლეანში.
1642 წელს იგი მეფის კარზე იწყებს მუშაობას, სადაც გაიცნობს მსახიობების -
ბეჟარების ოჯახს და მათთან ერთად 1643 წლის 30 ივნისს აარსებს "ბრწყინვალე
თეატრს" (Illustre Théâtre). თატრის ხელმძღვანელი თავიდან მადლენ ბეჟარია, რომლის
მიმართ გულგრილი არ არის მომავალი დრამატურგი. 1644 წელს დასის დირექტორი
ხდება ჟან-ბატისტი და ამავე წელს ფსევდონიმად იღებს "მოლიერის" სახელს. სახელის
არჩევის მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. თეატრის კარიერა დასაწყისში საკმაოდ
წარუმატებელი აღმოჩნდა, ვალების გამო მოლიერი დაპატიმრებულიც კი იყო. იგი
ტოვებს პარიზს და 11 წლის მანძილზე თავის დასთან ერთად მოგზაურობს
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ ხნის მანძილზე იგი საკმაოდ ცნობილი ხდება.
1645-1659 წლებში მოლიერი ეწევა როგორც დრამატურგიულ ასევე სამსახიობო
მუშაობას. წერს თავის პირველ პიესებს, რომლებიც კომედია დე ლ'არტეს ძლიერ
გავლენას განიცდის. 1658 წელს მოლიერის დასი პარიზში ბრუნდება. იღებს მეფის ძმის
პროტექციას და დიდ წარმატებას აღწევს სამეფო კარზე.
1664 წელს მოლიერი დგამს „ტარტიუფს“, სადაც რელიგიის სიყალბეა ნაჩვენები,
რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება და მეფე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ,
იძულებული ხდება აკრძალოს იგი. მომდევნო ორი წლის მანძილზე მოლიერი
ავადმყოფობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის წერაში. იქმნება ისეთი შედევრები,
როგორიცაა: „მიზანთროპი“, „უნებლიედ ექიმი“, „ძუნწი“, და მისი უკანასკნელი
ნაწარმოები – „მოჩვენებითი ავადმყოფი“.
1673 წლის 17 თებერვალს, „მოჩვენებითი ავადმყოფის“ მეოთხე წარმოდგენის
დროს, სადაც თავადვე თამაშობდა მთავარ როლს, მოლიერი ცუდად ხდება. რამდენიმე
საათში იგი გარდაიცვლება. მას დაკრძალავენ ღამით, ყოველგვარი ცერემონიის
გარეშე, სენტ-ეუსტაშის სამრევლოს სასაფლაოზე. 1817 წელს მისი ნეშთი
გადასვენებულ იქნება პერ ლაშეზის სასაფლაოზე.
მოლიერის პიესები ნათლად ასახავს 1660-70-იან წლების რეალობას: მაღალ
საზოგადოებაში გაბატონებულ ზნე-ჩვეულებებს (მიზანთროპი), ლიბერტინაჟს (დონ
ჟუანი), გაკოტრებული არისტოკრატიის სწრაფვას მდიდარ ბურჟუაზიასთან
კავშირისკენ (კეთილშობილი ბურჟუები). მოლიერის პერსონაჟები განასახიებენენ არა
კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მარადიულ ტიპებს, ხასიათებს, როგორიცაა:
მლიქვნელობა, სიძუნწე, მიზანტროფია. ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალ ტიპებს
წარმოადგენენ, რომ მატი სახელები თანამედროვე ლექსიკონშიც კი დამკვიდრდა: დონ
ჟუანი, ტარტიუფი, არპაგონი. თავის კომედიებში მოლიერი მარტივ, ცნობილ
სიუჟეტებს იღებს. ნაკლებად ზრუნავს დამაჯერებლობაზე. პერსონაჟთა უმრავლესობა
კარიკატურული სახისაა, მაგრამ ამავე დროს ტიპირებული, სიტუაციები კი - ცოტათი
უცნაური. დრამატურგი ცდილობს არა წესების დამორჩილებას, არამედ ეფექტის
მოხდენას, ამიტომ კომედიებში ფანტასტიკური დასასრულიც კი შემოაქვს, თან
უმეტესად კეთილი.
კომიკური მოლიერთან წარმოდგენილია ჟესტიკულაციის, მიმიკების სახით.
გვხვდება ფარსისთვის დამახასიათებელი ელემენტები: გადაცმა, დევნა, სილის გაწვნა,
წუწუნი. აქვეა ურთიერთგანსხვავებული სცენების მონაცვლეობა: შეუმჩნეველი
შემოსვლა, ზურგსუკან მუქარა. ჩვევებსა და ლაპარაკში კონტრასტი. ყველაზე დიდ
ეფექტს კი ის იწვევს, რომ თავად პერსონაჟები ვერ ხვდებიან, რომ არიან სასაცილონი,
მოწყვეტილნი არიან რეალობას და ცხოვრობენ თავიანთ აზრებში, აკვიატებულ
იდეებში.
მოლიერის სტილი ძალიან განსხვავებულია პერსონაჟთა მიხედვით. სხვადასხვა
სოციალური კლასის თუ რეგიონის წარმომადგენლებს მათთვის დამახასათებელი
სტილით ალაპარაკებს. ამან გამოიწვია ეჭვის გაჩენა, რომ მოლიერს არ ეხერხებოდა
დახვეწილი ლიტერატურული ენის გამოყენება. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს
მაგალითად დონ ჟუანის მონოლოგი სიყვარულის არამდგრადობის შესახებ, სადაც
დახვეწილი, არისტოკრატული პოეტური პროზაა გამოყენებული, ან კიდევ
პრესიოზული დიალოგები.
მოლიერმა თეატრალურ დასთან ერთად მთელი საფრანგეთი შემოიარა. 13 წლის

განმავლობაში მოლიერმა ღრმად შეისწავლა ფრანგი ხალხის ყველა სოციალური


ფენის ცხოვრება და დააგროვა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის. 1658
წელს ნებართვა მიიღო დაედგა სპექტაკლი ლუვრის სასახლეში, რომელსაც დიდი
წარმატება ჰქონდა. შემდეგ იგი ბურბონის თეატრში მართავდა სპექტაკლებს. მან
აქ დადგა თავისი ორიგინალური კომედია « სასაცილო პრანჭიები », სწორედ ამ
კომედიით ჩაუყარა მოლიერმა ფრანგულ ეროვნულ კომედიას საფუძველი, ისევე
როგორც კორნელმა თავისი « სიდით » ჩაუყარა საფუძველი ფრანგულ
კლასიცისტურ ტრაგედიას. მან ეს კომედია ხალხის აღზრდის იარაღად აქცია. ამ

კომედიის მახვილი სატირა მიმართულია ფეოდალური სალონური წრეების


დამახასიათებელი ეთიკეტის წინააღმდეგ. იგი გამანადგურებელ მახვილ ცემს
პრეციოზულ ლიტერატურას. მთავარი მოქმედი გმირები არიან მესამე წოდების
წარმომადგენლები, მოქმედება ხდება პარიზში, პროვინციიდან ახლად ჩამოსული
შეძლებული მოქალაქის გორჟიბუსის ოჯახში. გორჟიბუსი გამოხატულია როგორც
გონებაჩლუნგი ბურჟუა, რომელიც ქალების გათხოვებას ვაჭრობის საგნად აქცევს,

ხოლო მადლონს და ძმისწული კატოს სული ეხუთებათ თავიანთ გონებაჩლუნგ


გარემოში. ავტორმა აქ დასცინა პრეციოზულ ლიტერატურას, რომლიც კითხვითაც
არიან გატაცებული ეს ქალბატონები და ტრაგი-კომიკურ მდგომარეობაში
ვარდებიან. მეფეს მოეწონა პიესა. ამის შემდეგ 15 წლის მანძილზე, მოლიერმა
შექმნა 30 კომედია, რომელსაც დგამდა როგორც სასახლის ისე ფართო
საზოგადოებისათვის. მოლიერის საქმიანობა უდიდესი ინტენსივობით ხასიათდება,
რამაც დააჩქარა მისი სიკვდილი. მან თეატრს შესწირა თავისი სიცოცხლე.
მოლიერის შემოქმედებას პირობითად ყოფენ სამ პერიოდად :
I პერიოდი, ემთხვევა პერიოდს, როცა წერს „სასაცილო პრანჭიებს“, „ცოლების
სკოლას“ და „ქმრების სკოლას“, მან აქ დაგმო ანგარებიანი ქორწინება, ვაჭრულ-
ჩარჩული სულისკვეთება, ასევე აქ მოლიერის ესთეტიკური კრედო პრეციოზული
სტილისა და კლასიციზმის წესების ბრმად მიბაძვის წინააღმდეგ არის მიმართული.
ამის შემდეგ იწყება ახალი პერიოდი მოლიერის შემოქმედებაში, როდესაც იგი
ახალ მწვერვალებს იპყრობს, როდესაც წერს “ტარტიუფს” “დონ ჟუანს” და
“მიზანტროპს”. მას პიროპითად ტრილოგიად მიიჩნევენ და მაღალ კომედიებს
უწოდებენ. “ტარტიუფის” სამი ვარიანტი შექმნა მოლიერმა, იმდენად, რამდენადაც
პირველი ორი, ანტირელიგიურობის გამო აიკრძალა სცენაზე დასადგმელად,
მეფემაც არ შეიწყალა მისი თხოვნა, მაგრამ არც მკაცრი ზომები გაატარა, და
საბოლოოდ მესამე ვარიანტი შეუფერხებლად იდგმება ფრანგულ სცენაზე. პიესის
დასაწყისში დახასიათებულია ტარტიუფი, ანუ ფარისეველი, როგორც ცბიერი,
მატყუარა, გაიძვერა, მაბეზღარა და გარყვნილი არსება. შემდეგ მოცემულია
ტარტიუფის სახე გაშლილი მოქმედებით. თარტიუფი მატყუარობის განსახიერებაა,
მას სურს დაეპატრონოს მოტყუების გზით ორგონის ქონებას, თუმცა საბოლოდ
ამას ვერ ახერხებს, მას ნიღაბს ჩამოხდის ორგონის მეუღლე, ხოლო მეფის
ბრძანებით პოლიციელი მას აპატიმრებს. სხვაგვარად მოლიერი პიესას ვერ
დაასრულებდა, თუმცა კვანძის ასეთი გახსნა აშკარა წინააღმდეგობაშია პიესის
მთელ შინაარსთან.
ამის შემდეგ იგი წერს “დონ ჟუანს”, სადაც გაკიცხულია საფრანგეთის
თავადაზნაურობა, მათი გარყვნილება და აღვირახსნილობა, მიუხედავად იმისა,
რომ მოქმედება გადატანილია კუნძულ სიცილიაზე, პიესა მთლიანად გამოხატავს
საფრანგეთის სინამდვილეს და არისტოკრატიის თარეშს, რომლებიც სარგებლობენ
უსაზღვროდ პრივილეგიებული მდგომარეობით. დონ ჟუანი თითქოს გაორებული
სახეა, ანუ ერთის მხრივ იგი ჩანს როგორც თავხედი, ცბიერი და გარყვნილი
ადამიანი, ხოლო მეორეს მხრივ როგორც გარეგნულად ლამაზი, მოხერხებული და
გონებამახვილი. დონ ჟუანი უსაშველოდ ატყუებს ქალებს, აცდენს მათ, ეს მისი
ცხოვრების არსია, ერთხელ მას გლეხი გადაარჩენს, მდინარეში დაღრჩობისგან,
სცემს იმის გამო რომ ამ უკანსკნელმა არ დაანება გლეხი გოგოს შეცდენა, რომლიც
სიყვარულით გააბრუა და ცოლობაზე დაითანხმა, თუმცა ეს ისევე მომდევნო
მსხვერპლია, როგორც სხვები. იგი წუხს, იმის გამო, რომ მოხუცი მამა დიდხანს
ცოცხლობს დამ ას ხელს უშლის მის გარყვნილებაში.

მოლიერის პროტესტი ყველაზე მეტად თანამედროვეობის წინააღმდეგ


მოცემულია “მიზანტროპში”, (კაცთმოძულე – არაპირდაპირადაა გამოყენებული ეს
სიტყვა, სინამდვილეში კეთილშობილი ადამიანია და უპირისპირდება გახრწნილ
საზოგადოებას) აქ მხილებულია სასამართლოს და სასახლიე მექრთამეობა.
სცენური ღირსებით გამოირჩევა მისი პიესა “ძუნწი”, სადაც ასევე მოცემულია
მაღალი წრეების ყოველგვარი მანკიერება. ფული ამ ადამიანისათვის ცხოვრების
მიზანია და არა საშუალება. მისი ცხოვრების დევიზია: “ადამიანი იმისთვის
ცოცხლობს, რომ ჭამოს, და არა იმისთვის ჭამს, რომ იცოცხლოს.” ანუ
გროტესკული სახეა მოცემული.
არანაკლებ საინტერესოა მოლიერის პიესა “გააზნაურებული მდაბიო”,
რომელშიც სატირის საგანია გააზნაურებისაკენ მისწრაფება.
მოლიერის შემოქმედებას საქართველოში XIX საუკუნეში გაეცნენ. მისი "სკაპენის
ოინები" თარგმნა აკაკი წერეთელმა (სათაურით "სკაპენის ცუღლუტობა"). ივანე
ერისთავმა (გიორგი ერისთავის ძმამ) თარგმნა და გიორგი ერისთავის თეატრში დადგა
მოლიერის პიესა "უნებლიედ ექიმი" (1852–1853 წლებში), ხოლო 1936 წელს იგივე პიესა
დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1878 წელს ქუთაისში დაიდგა "ჟორჟ
დანდენი" (გ. თუმანიშვილის თარგმანი), 1880 წელს გორში არვიცაშვილის თარგმანის
მიხედვით დაიდგა "ძუნწი"; 1901 წელს გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის თარგმანი
"ტარტიუფი ანუ მუზმუზელა" (1921 წელს დაიდგა რუსთაველის სახელობის
თეატრში), 1909 წელს – "დრამატული თხზულებანი" (გამომცემლობა "სორაპანი"). 1924
წელს რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა "გააზნაურებული მდაბიო", 1929
წელს – "ძუნწი"(აბრამიშვილის თარგმანი). 1937 წელს გამოქვეყნდა მოლიერის
"კომედიების კრებული". 1938 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დადგა "სკაპენის
ოინები", ხოლო 1943 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა – "ვითომდა
ავადმყოფი".
არისტოკრატიული რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოლიერს გვერდში ედგა
ჟან ლაფონტენი (1621-1695) თავისუფალმოაზროვნე და სენსუალისტი, მან კალამი
მოსინჯა სხვადასხვა ჟანრში, მან შექმნა პრეციოზული სულისკვეთების პოემა
“ადონისი”, ასევე დაწერა იდილიები, ეკლოგები, აგრეთვე “ზღაპრები” და “იგავ-
არაკები”, მსოფლიო მასშტაბის მწერლის სახელი ამ უკანასკნელმა მოუტანა
ლაფონტენს. მან დაძლია ძველი იგავების მხოლოდ დიდაქტიკური გამიზნულობა,
და ერთმანეთს შეუწყო სახალისო თხრობა და დიდაქტიკა. მან ამხილა მოლიერთან
ერთად მონარქია, აბსოლუტური რეჟიმი, ჩაგვრა და უთანასწორობა.

* * *
Gგერმანული ლიტერატურა. გლეხთა ომებმა და ოცდაათწლიანმა ომმა
საგრძნობლად შეასუსტა გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიური მდგომარეობა, დაეცა
საერთო კულტურა. ამ დროის გერმანიაში მკაფიოდ გამოირჩევა ორი მხატვრული
მიმდინარეობა: ბაროკო და კლასიციზმი. ბაროკომ ძირითადად ასახა ისტორიულ
პირთა, მარტვილთა მოწამებრივი სიკვდილი, რომლებშიც ჩაქსოვილია უდიდესი
პესიმიზმი და სასოწარკვეთილება. ბაროკო ასევე მიზნად ისახავდა საზოგადოების
გართობას, განათლებასა და იდეურ აღზრდას. სიტყვა ”ბაროკო” პორტუგალიურად

ნიშნავს მრავალწახნაგოვან არასწორ მარგალიტს, ე.ი. ყველაფერს, რაც წესებიდან


უხვევს. ბაროკოს ეპოქის (XVII ს.) ლიტერატურა დაკავშირებულია აბსოლუტიზმთან:
ნაწარმოებები იქმნებოდა მეფეებისა და თავადების კარზე მათ გასართობად. მხოლოდ
რამდენიმე თემა მიიჩნეოდა ლიტერატურული დამუშავების ღირსად: ქრისტიან
წამებულთა ცხოვრება, ანტიკური ეპოქის გმირებისა და რაინდების საქმენი,
ხელისუფალთა ქება-დიდება, სოფლური, პასტორალური იდილიები, მოწოდება
ცხოვრებით ტკბობისაკენ (Carpe diem) და ყველაფერი ამქვეყნიურის წარმავლობის
იდეა (Memento mori, Vanitas). მწერალთა ამოცანა იყო, აღნიშნული თემები
ბრწყინვალე ენობრივ-რიტორიკულ სამკაულში ”გაეხვიათ” და ისე მიეწოდებინათ
დახვეწილი გემოვნების მქონე დიდგვაროვანი საზოგადოებისთვის. ყოველივე ეს
განაპირობებდა ბაროკოს ხანის ლიტერატურისა და ხელოვნების უკიდურეს
მაღალფარდოვნებასა და პათეტიკურობას, რაც ხშირად ხელოვნურობის
შთაბეჭდილებას აღძრავდა. თუმცა იმავე ეპოქაში იქმნებოდა ბურლესკურ-
პიკარესკული ნაწარმოებებიც, რომლებიც დაბალი კლასების განსწავლასა და
გამხნევებას ემსახურებოდა. ბაროკოს ეპოქაში შექმნილი მნიშვნელოვანი დრამებია:
 ესპანეთში: ლოპე დე ვეგას (1562-1635 წ.) „ცხვრის წყარო“; კალდერონის (1600-1681 წ.)
„ცხოვრება სიზმარია“
 გერმანიაში: ანდრეას გრიფიუსის (1616-1664 წ.) „ქეთევან ქართველი“
 ინგლისში: ჯონ მილტონის (1608-1674 წ.) „დაკარგული სამოთხე“

გერმანულ ბაროკოს ჰქონდა ორი მიმდინარეობა _ არისტოკრატული და


ხალხური. ამათგან პირველმა, ანუ პრეციოზულმა ლიტერატურამ გამოხატა
არისტოკრატული სულისკვეთება, მაგ. ჰოფმანსავალდაუს და ლოენშტაინის
შემოქმედებაში. მათ ახასიათებთ ანტიხალხური და ანტირეალისტური
ტენდენციები. გერმანულ ბაროკოს ხალხური მიმდინარეობის წარმომადგენლებია:
გრიფიუსი, მოშეროში, გრიმელსჰაუზენი, ფრიდრიხ ლოგაუ. გერმანული
კლასიციზმის წარმომადგენლები არიან: მარტინ ოპიცი, პაულ ფლემინგი, სიმონ
დახი, ქრისტიან გოტშტედი.
ფრიდრიხ ფონ ლოგაუ (1605–1655), იურიდიული განათლების მქონე, გამოჩენილი
პოეტი და კრიტიკოსი თავის შემოქმედებაში დასცინის აზნაურობის სულიერ
გაუხეშებას და მორალურ მანკებს, ქირდავს მათ პოლიტიკურ დესპოტიზმს და
რელიგიურ შეუწყნარებლობას. მისი შემოქმედების უმთავრესი თემაა
ოცდაათწლიანი ომი. იგი ძირითადად ხატავს ომის სურათებს, როგორც
საზოგადოებრივ უბედურებას, რომლის დროსაც ომის სიმძიმე მხრებზე ყველაზე
მეტად უბრალო ადამიანებს აწევს.
მარტინ ოპიცი (1579–1639) მშობლიურ მწერლობაში სწავლული კლასიციზმის
ადრინდელი ფუძემდებელი და თეორიტიკოსია. იგი დაიბადა სილეზიის ქალაქ
ბუნცლაუში; უკვე გიმნაზიის კედლებში დაწერა ,,არისტარხუსი, ანუ გერმანელი ენის
უგულვებელყოფის შესახებ’’ (1618). ოპიცს ხშირად ადარებენ თვით ჰომეროსსა და
ვერგილიუსს.
ეროვნული ენის სრულყოფასთან ერთად მარტინ ოპიცს სურდა ეროვნული
პოეზიის გამდიდრებაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ,,წიგნი გერმანული პოეზიის
შესახებ’’ (1624).
მარტინ ოპიცმა ბევრი რამ გააკეთა გერმანული პოეზიის განვითარებისა და
გამდიდრებისათვის. გამომდინარე მშობლიური ენის ბუნებიდან, გერმანულ
ლექსთწყობაში სილაბურ–ტონური სისტემის დანერგვა მოითხოვა, რითაც
კაზმულსიტყვაობის სფეროში მომუშავე ნიჭიერ ახალგაზრდობას ფართი
სემოქმდებითი გზა გაუხსნა.
კლასიციზმის დანერგვა გერმანიის სინამდვილეში მან მოისურვა იმ დროს, როცა ამ
მხატვრულ მიმართულებას ავტორიტეტი შელახული ჰქონდა თვით იტალიასა და
საფრანგეთში. კლასიციზმის სტილი გერმანიის სინამდვილეში ვერ ითამაშებდა იმ
დადებით როლს, როგორიც ჰქონდა საფრანგეთში.
თეორიული შრომების გვერდით ოპიცს გააჩნდა მხატვრული პოეტური
ქმნილებანი, მისი საუკეთესო ქმნილებაა ,,სანუგეშო სიმღერები ომის უბედურებათა
შორის’’ (1621). მასში ავტორი სევდიანობს სამშობლოს უბედურების გამო;
თანამემამულეებს მოუწოდებს ქვეყნის იავარმქნელი და შემზარავი ომის
შეწყვეტისაკენ.
ლექსში ,,ქება ომის ღმერთისა’’ (1628) ავტორი სევდიანი ირონიით ლაპარაკობს
ოდითგანვე ომის ღმერთისადმი ადამიანთა მოდგმის სამსახურზე. ომი, პოეტის
აზრით, ადამიანებში ნერგავს შფოთსა და განხეთქილებას, აღვივებს სიხარბისა და
მომხვეჭელობის გრძნობას.
პოემაში ,,ვეზუვი’’ (1633) მწერალი ადიდებს ადამიანის გონების ყოვლისშემძლე
ძალას.
ახალი დროის გერმანული კულტურის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი
ითამაშა პოეტმა და დრამატურგმა ანდრეას გრიფიუსმა (1616–1664). მისი პოეზია,
ძირითადად გაჟღენთილია გულგატეხილობისა და პესიმიზმის სულისკვეთებით;
აღსავსეა ხალხის ტანჯვისა და ქვეყნის აოხრების, ადამიანის სულირი გაპარტახებისა
და საზოგადოების ეთიკური დაკნინების სურათები. ამ მხრივ განსაკუთრებით
საყურადღებოა ლექსი ,,სამშობლოს ცრემლები’’ (1636). მასში მწერალი სევდიანობს
იმის გამო, რომ მის იავარქმნილ სამშობლოში დააბოტებს ხმალამოწვდილი მტერი;
ადამიანები იღუპებიან სიღატაკისა და შიმშილისაგან.
მგოსანი წარმატებით იღწვოდა დრამატურგიის სფეროშიც; კომედიებსა და
ტრაგედიებში ხატავდა თანამედროვე გერმანიის ბეჩავი ყოფის ამაზრზენ სურათებს.
მაგალითად, კომედიაში ,,პეტერ სკვენცი’’ (1658) მწერალმა დასცინა სცენისმოყვარულ
ხელოსანთა უხეირო სპექტაკლს, ხოლო ,,ჰორიბილიკრიბრიფაქსში’’ (1663) გაამათრახა
ფეოდალური მხედარი.
მხატვრული თვალსაზრისით კიდევ უფრო ძლიერია გრაფიუსის ტრაგედიები,
რომლებიც ბაროკოს ხალხური მიმდინარეობის საუკეთესო ქმნილებად ითველბა.
ტრაგედიაში ,,ლეო არმენიუსი’’ (1646) ნაჩვენებია სასახლეში მომხდარი
გადატრიალების სურათი. მკვლელობის მეშვეობით მასში შეთქმულები სიცოცხლეს
გამოასალმებენ იმპერატორ ლეო არმენიუსს, რადგანაც იგი ტირანია და
თავისუფლების მტერი.
თავისი დროის უდიდესი სატირიკოსი იყო იოჰან მიხაელ მოშეროში (1601–1669).
ბაროკოს ხალხური მიმდინარეობის წარმომადგენელი. მოგზაურობდა საფრანგეთსა
და შვეიცარიაში, აგრეთვე, გერმანიის ქალაქებში, რითაც კარგად გაეცნო
ოცდაათწლიანი ომის სავალალო შედეგბს.
მოშეროშის მრავალფეროვანი და მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან
პირველ რიგში მოსახსენებელია ლექსად დაწერილი ორნაწილიანი სატირიკული
ხასიათის წიგნი ,,ფილანდერ ფონ ზიტევალდის საოცარი და მართალი ზმანებანი’’
(1642), შეთხზული ესპანელი მწერლის ფრანსისკო კევედოს ,,სიზმრების’’ მიბაძვით.
სატირათაგან პირველ რიგში აღსანიშნავია ,,საშინელი სამსჯავრო’’, ,,ჯოჯოხეთის
კერძები’’, ,,ჯარისკაცული ცხოვრება’’, ,,კერაუსის მოდაზე’’ და სხვა, რომელთაც
განსაკუთრებით ატყვია გერმანული სინამდვილის უბადრუკი კვალი.
ომის საშინელებათა და კოშმარების სურათებით ყველაზე მეტად აღსავსეა ხილვა
,,ჯარისკაცული ცხოვრება’’. ავტორი მასში ხატავს ქვეყნის გაპარტახებას
ოცდაათწლიანი ომით და მხედრიონის უსასტიკეს დანაშაულს.
სოციალურ მანკიერებებს მოშეროში თავს ესხმის აგრეთვე ზმანებაში ,,ჯოჯოხეთის
კერძები’’.
რენესანსული რეალიზმის მესვეური ჰანს იაკობ კრისტოფელ გრიმელსჰაუზენი
(1622–1676). ადრე დაობლებული, იგი უკვე ორი ათეული წლის განმავლობაში
მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში. შემდეგ სამოქალაქო, თუ სამხედდრო უწყებაში
ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. მოგზაურობდა ბევრს როგორც მშობლიური მხარის
კუთხეებში, ასევე უცხოეთში. გრიფიუსის ლირიკა მიჩნეულია გერმანული ბაროკოს
პოეზიის მწვერვალად. იგი ასევე წერდა ტრაგედიებდა კომედიებს. მის
შემოქმედებაში თავი იჩინა საქართველოს თემამ. მან გამოაქვეყნა ტრაგედია
„ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ამ ფაბულის დამუშავებით მას
შეეძლო ნართაულებით ელაპარაკა ევროპულ დესპოტიზმზე, ხოლო შაჰის
ჩვენებით ემხილებინა თავისი თანამემამულე სასტიკი მმართველების ბუნება.

გრიმელსჰაუზენს მსოფლიო დიდება მოუტანა ომის თემისადმი მიძღვნილმა და


პიკარესკული რომანის სტილზე დაწერილმა „სიმპლიციუს სიმპლიცისიმუსმა“
(1688) . რომანში დახატულია ალალმართალი და გულუბრყვილო ადამიანის მთელი

ცხოვრება ბავშვობიდან ღრმად მოხუცებულობამდე. თავის გმირს გრიმელსაუზენი


აყენებს სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში და ცხოვრებისეულ ვითარებაში.
სიმპლიციუსს მწერალი აჯახებს ყოველდღიურ უკუღმართობასა და
უსამართლობასთან.მწერალი რეალისტურად ხატავს გერმანიის სავალალო ყოფას
ოცდაათწლიანი ომის ავბედით პირობებში. ჩვენ ვხედავთ (პირველი წიგნის მეოთხე
თავი) როგორ აწამებენ მძარცველი სალდათები უბრალო ადამიანებს: ერთ–ერთ
მათგანს პირში ძალით ასხამენ ნაკელის მყრალ ფაფას, მეორეს – მიასიკვდილებენ
ფეხისგულებზე ღიტინით გამოწვეული მთელი სხეულის ძლიერი კრუნჩხვებით,
ხოლო მესამეს – ცოცხლად წვავენ სამზარეულოს ღუმელში. ჩვენ ვხედავთ, როგორ
ხოცავენ კაცებს, ნამუსსა ხდიან ქალებს და წვავენ სახლებს, ვხედავთ, საერთოდ,
ადამიანთა მორალური გადაგვარების, მზაკვრობისა და ანგარების, აგრეთვე
უკიდურესი გარყვნილების შემაძრწუნებელ სურათებს.
,,სიმპლიციუსში’’ მთავარია ოცნება, საერთოდ კაცობრიობის უკეთეს მყობადზე;
ეროვნული და სოციალური უსამართლობის მოსპობაზე, სამართლიანობისა და
თავისუფლების დამყარებაზე, ოცნება ერთიანი განუყოფელი გერმანული
სახელმწიფოს შექმნაზე.
დანიელ კასპარ ფონ ლოენშტაინი (1635–1683) ბაროკოს არისტოკრატული
მიმდინარეობის, პრეციოზული ლიტერატურის მეორე მნიშვნელოვანი
წარმომადგენელია. ჯერ კიდევ მოწაფემ შეთხზა ,,იბრაჰიმ ფაშა’’, პირველი პიესა,
რომელსაც მალე ლირიკული ლექსების მთელი ციკლი მოაყოლა; შემდეგ ისევ
ტრაგედიები, დაბოლოს – ყველაზე მეტად ცნობილი რომანი ,,არმინუსი და
თუსნელდა’’.
,,იბრაგიმ ფაშას’’ (1653) შემდეგ ავტორმა დაწერა ახალი ტრაგედიები, მათ შორის:
,,კლეოპატრა’’, ,,აგრიპინა’’ და ,,იბრაჰიმ სულთანი’’ (1673). სიუჟეტები ამ
პიესებისათვის ლოენშტაინმა აიღო რომისა და თურქეთის ისტორიიდან; მათში
დახატა გრანდიოზული ბრძოლები, სამხედრო აღლუმები, მონარქების საზეიმო
გამოსვლბი და სამედრო შენაერთების ტრიუმფალური მარშები ჩირაღდნებით ხელში.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ბაროკოს ხალხურმა მიმდინარეობამ ევოლუცია
განიცადა, ბიურგერულ-დემოკრატიული ლიტ-რა გადაიქცა ბიურგერულ-
მორალისტურ და ბიურგერულ პლებეურ ლიტ-რად. პირველის წარმომადგენელია
ქრისტიან ვაიზე, მწერალი და პედაგოგი, ხოლო მეორის წარმომადგენელია იოჰან
ქრისტიან გიუნთერი.
ბიურგერულ–მორალისტური სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი ქრისტიან
ვაიზე (1642–1708) ერთდროულად მწერალია და პედაგოგი. 1683 წელს, დაწერა
,,ტრაგედია ნეაპოლელ მეამბოხე მაზანელოზე’’. ქრისტიან ვაიზე თხზავდა ლექსებს
ხალხური და სტუდენტური სიმღერების მიბაძვით. მის რომანთაგან აღსანიშნავია:
,,გერმანიის სამი მთავარი გამრყვნელი’’ (1671), ,,მთელ ქვეყნის სამი უდიდესი
სულელი’’ (1672), ,,მთელი ქვეყნის სამი უჭკვიანესი ადამიანი’’ (1675) და სხვა. დახატა
თანამედროვე და თანამემამულე ადამიანების ყოველდღიური ყოფა, მათი
ადათწესები, დასცინა ზოგიერთების გატაცებას უცხოური მოდებით.
დემოკრატიულ–პლებეური სკოლის მნიშვნელოვანი მესვეურია იოჰან ქრისტიან
გიუნთერი (1695–1723), რომელმაც, ვაიზეს მსგავსად, განიცადა ხალხური პოეზიის
უდიდესი გავლენა. გიუნთერის პოეზიიდან განსაკუთრებით ცნობილია ,,ოდა პრინც
ევგენისადმი’’ (1718) და სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშების შემცვლელი
ციკლი ,,სიმღერები ლენორესადმი’’.
დიდი მნიშვნელობა ამ ეპოქის მწერლობისათვის იქონია აგრეთვე ლაიბნიცისა
(1646–1716) და თომაზიუსის (1655–1728) ფილოსოფიურმა მოღვაწეობამ.
ქრისტიან ვიეზემ, იოჰან გიუნთერმა და სხვ. რამდენადმე შეამზადეს ნიადაგი XVIII
საუკუნის გერმანული მწერლობისთვის, კერძოდ, ადრინდელი
განმანათლებლობისთვის.
* * *
ინგლისური ლიტერატურა. 1648 წელს მომხდარმა ინგლისის რევოლუციამ თავი
მოჰკვეთა ინგლისის მეფე ჩარლზ მეფეს, მაგრამ ინგლისის რესპუბლიკას, რომლის
სათავეშიც ოლივერ კრომველი იყო, დიდხანს არ უარსებია, სტიუარტების
რესტავრაციის დროს კი სოციალურმა ბრძოლამ კვლავ მწვავე ხასიათი მიიღო,
რამაც განაპირობა 1688 წლის უსისხლო რევოლუცია, რაც წარმოადგენდა
სოციალურ კომპრომისს ბურჟუაზიასა და არისტოკრატიას შორის. ეს სოციალური
ბრძოლა აისახა მხატვრულ შემოქმედებაშიც, რომელმაც პოლიტიკური ხასიათი
მიიღო. მაგ. ჯ.მილტონი, ბეტლერი,ბენიანი.
ინგლისის რევოლუციის მგოსანი ჯონ მილტონი (1608-1674) დაიბადა
ლონდონში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში, მამა წარმოშობით გლეხი იყო
მაგრამ ფრიად განსწავლული ადამიანი, მანვე ჩაუნერგა მომავალ პოეტს
სიყვარული მუსიკისა და ლიტერატურისადმი. უნივერსიტეტში სწავლისას
ლექსებს ძირითადად ლათინურ ენაზე წერდა, 15 წლის ასაკში, ასევე იტალიურ
ენაზე სონეტებს ქმნიდა.
1638-1639 წლებში მილტონმა იმოგზაურა საფრანგეთში, იტალიასა და
შვეიცარიაში, და დაბრუნდა მაშინ, როდესაც გამწვავებული ბრძოლა წარმოებდა
მეფის მთავრობასა და პურიტანულ ბურჟუაზიას შორის, ამ გაურკვევლობის დროს
იგი მასწავლებლად მუშაობს. მან იქორწინა ოქსფორდის საგრაფოს მემამულის
ასულ მერი პოუელიზე, მასთან გაუჩნდა 4 შვილი, მეუღლე შვილის მშობიარობას
გადაჰყვა. შემდეგ ოქორწინა ქეთრინ ვუდსტოკზე, მაგრამ 15 თვის შემდეგ ისიც
გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მწერალი მთლიანად მიეცა შემოქმედებით საქმიანობას, წერს
პამფლეტებსა და პუბლიცისტურ ნაშრომებს. იგი დაუღალავად იცავდა ხალხის
უფლებებს და დიდ სამსახურს უწევდა რესპუბლიკელებს.
მილტონი ბავშვობიდან სუსტი მხედველობის იყო, ამიტომ ხანში შესულს
ექიმებმა ურჩია, დროებით ხელი აეღო წერაზე და არ გადატვირთულიყო, რაზეც
მილტონმა უპასუხა, რომ ის მზად არის მისი თვალები, ისევე როგორც მისი
პოეზია მიიტანოს თავისუფლების სამსხვერპლოზე. მძიმე შრომამ იგი ფაქტიურად
სულ დააბრმავა, მაგრამ მუშაობა მაინც არ შეუნელებია. 1660 წელს მონარქიის
რესტავრაციის პერიოდში, მას სდევნიდნენ და ავიწროვებდენენ, ბევრი დამცირებაც
გადაიტანა, თუმცა მას გვერდით ედგა მეგობრები და სულით არ დაცემულა. უფრო
მეტიც სწორედ ამ პერიოდში დაამთავრა მან მრავალი წლის ნაშრომი “დაკარგული
სამოთხე”, რომელიც მეგობრებზე კარნახით დაასრულა. მალე მან იქორწინა
მესამედ ელიზაბედ მინშელზე, რომელმაც, მიუხედავად იმისა რომ გაუნათლებელი
ქალი იყო, დიდად შეუმსუბუქა პოეტს მძიმე ცხოვრება. ამის შემდეგ მილტონი
წერს “დაბრუნებულ სამოთხეს” და ტრაგედიას “სამსონი”.
მილტონი დიდ ინტერესს იჩენდა ანტიკური მწერლებისადმი, მაგრამ

ჰომეროსზე და სხვა ანტიკურ მწერლებზე უფრო უპირატესობას ანიჭებს დანტესა


და პეტრარკას, მას უყვარდა შექსპირიც, რომლის მიბაძვითაც წერს პიესა “კომუსს”.
დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში მილტონის პილიტიკური ტრაქტატები, მაგ:
“ინგლისელი ხალხის დაცვა”, “მეორე დაცვა”, სადაც ავტორი იცავს ხლხთა
თავისუფლების ინტერესებს, ადიდებს რევოლუციას, ოლივერ კრომველს, მაგრამ
როდესაც ეს უკანასკნელი რესპუბლიკის დიქტატორად იქცა, მილტონმა მას ზურგი
შეაქცია, და მის სიკვდილზეც კი კრინტი აღარ დაუძრავს.
თუმცა მილტონის პოემები: “დაკარგული სამოთხე”, “დაბრუნებული სამოთხე”,
და “სამსონი” მის სიცოცხლეში რელიგიურ პოემებად ითვლებოდნენ,
სინამდვილეში კი მე-19 ს. რომანტიკოსებმა მაგ. შელმა, ბაირონმა შეძლეს მათი
რევოლუციური შინაარსის გახსნა.
“დაკარგული სამოთხე” დაწერილია გრანდიოზული ეპიური ფორმით, პოემის
საფუძველია ბიბლიური მითი ღმერთისა და სატანის შესახებ პირველი
ადამიანების ცხოვრებაში. პოემას ახასითებს როგორც ფილოსოფიურ-მორალური
ისე ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები. ღმერთისაგან დაშორება იწვევს ცოდვას
და სასჯელს. ამიტომ სატანას სასჯელად ჯოჯოხეთი ერგო, ხოლო ადამმა და ევამ
დაკარგეს სამოთხე, მაგრამ ვხვდებით პარადოქსსაც, ანუ, მილტონთან სატანა
უფრო ადამიანურია, იგი გაჟღენთილია თავისუფლების სულით. მას ურჩევნია
იტანჯოს, ოღონდ კი თავისუფალი იყოს და არავის დაემორჩილოს. მილტონის ამ
პოემის მიხედვით ღმერთი ისტორიულ-პოლიტიკური გააზრებით ინგლისის მეფის
პორტრეტია, ხოლო თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და მომხიბლავი სატანა –
ოლივერ კრომველის სახის ასლი. ეს პოემა ჩაფიქრებული იყო სხვაგვარად, და
გამოვიდა სულ სხვა რამ. ასეთი შემოქმედ ადამიანთან ხშირად ხდება. მილტონი
აყენებს საკუთარ მოსაზრებას, დოქტრინას, იმის შესახებ, რომ მართალია
ადამიანებმა სამოთხე დაკარგეს, მაგრამ თავისი კეთილგონიერებითა და შრომით

ადამიანს შეუძლია მოიპოვოს შინაგანი მორალური სამოთხე ნაცვლად დაკარგული


მარადიული ნეტარებისა.
პოემა “დაბრუნებული სამოთხე” როგორც სახელწოდებით, ისე სიუჟეტურად
უკავშირდება “დაკარგულ სამოთხეს”, სადაც მოცემულია ქრისტეს ბრძოლა
ამქვეყნიური ცხოვრების ცდუნებათა წინააღმდეგ. გონების ბრძოლაა, ვნებისა და
გრძნობის წინააღმდეგ. აქ ქრისტეში მილტონმა ჩააქსოვა საკუთარი პიროვნებისა
და ცხოვრების ელემენტები, იმედგაცრუება საკუთარი რევოლუციური
მოღვაწეობის მიმართ.

კიდევ უფრო ავტობიოგრაფიული ელემენტებით არის სავსე ტრაგედია


“სამსონი”, სადაც საუბარია ისევ იმაზე, რომ რევოლუციამ შური იძია რეაქციაზე,
რაც როგორც წინასწარმეტყველება ისე ახდა შემდგომში. მილტონმა თავის
სიუჟეტების იარაღად გამოიყენა თეთრი ლექსი, რომელიც პირველ 16 ს. სარეის
მიერ იქნა გამოყენებული, შემდეგ იგი უფრო განავითარა მარლომ და შექსპირმა,
ხოლო მილტონმა მისით გამოამჟღავნა თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობანი.

You might also like