You are on page 1of 11

ლექცია 11

XIX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა

ი ნ გ ლ ი ს უ რ ი რ ო ა ნ ტ ი ზ მ ი წარმოადგენს ნათელ ლიტერატურულ მოვლენას,


რომელმაც მსოფლიო ლიტერატურას მისცა მთელი რიგი ბრწყინვალე მწერლების
დიდებული შემოქმედებითი მემკვიდრეობა. შეიქმნა რამდენიმე პროგრესულად მოაზროვნე
ორგანიზაცია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო “ლონდონის კორესპოდენტთა
საზოგადოება”, რომელიც დაკვშირებული იყო საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწეებთან და
მისადმი თანაგრძნობით გამსჭვალულ პირებთან ინგლისში. “საზოგადოების” წამყვანი
ფიგურები იყვნენ: თომს პეინი (“ადამიანთა უფლებანი”), უილიამ გოდვინი (“პოლიტიკური
სამართლიანობა”), “კალებს უილიამსი”), უილიამ ბლეიკი (“ უმანკოების სიმღერები”, დანტეს
თარგმანები...), უილიამ უორდსუორთი ( “ლირიკული ბალადები”...), რობერტ საუთი
(“მედოკი”, როდრიკ _ უკანასკნელი გუთი”). ინგლისური რომანტიზმის კლასიკოსებად კი
აღიარებულია ბაირონი, შელი, სკოტი.

ჯ ო რ ჯ ნ ო ე ლ გ ო რ დ ო ნ ბ ა ი რ ო ნ ი (1788-1824)- უდიდესი ინგლისელი პოეტი


ლონდონიდან. 3 წლისა მამა გარდაეცვალა (ყავდა ნახევარი და ოგასტა) და აღმოჩნდა
ცხოვრებისეულ რეალობასთან პირისპირ. ბავშვობიდანვე ბევრს კითხულობდა, იზიდავდა
შოტლანდიური ბუნება, შეიყვარა ხალხური ბალადები და თქმულებები. სურდა სამხედრო
კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ თანდაყოლილმა კოჭლობამ ხელი შეუშალა. 1798 წელს მან
ბაბუის ძმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მეექვსე ლორდის ტიტული და
მამული ნიუსტენდში (ნოტინგემის საგრაფო). იქ გადასვლის შემდეგ ბაირონი ჰაროუს
არისტოკრატთა სკოლაშია. ინტერესდება ისტორიით, ორატორული ხელოვნებით, პოეზიით.
ეცნობა როგორც ინგლისელ, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების პოეზიის კლასიკოსებს.
ყურადღებას ადევნებს ინგლისში და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებს, პარალამენტის
დებატებს. პარალელურად კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინტი კოლეჯშია. როგორც კი
სრულწლოვანი გახდა, მიიღო კუთვნილი ადგილი ლორდთა პარლამენტში, ამავე დროს
იწყებს აქტიურ მოგზაურობას (ალბანეთი, საბერძნეთი, ესპანეთი...). მოგზაურობიდან
დაბრუნების შემდეგ (1811) თავის მამულშია და მოგზაურობის დროს შექმნილი
ნაწარმოებების გამოქვეყნებისათვის ემზადება. 1811-1915 წწ. აქვეყნებს “ჩაილდ ჰაროლდს”
და აღმოსავლურ პოემებს. ამავე დროს სულ უფრო იზრდება განხეთქილება მასსა და მაღალ
საზოგადოებას შორის, გამოდის პარლამენტში დემოკრატიის დასაცავად. იწყება მისი დევნა
და ინტრიგების ხლართვა. ცოლთან (ანაბელ მილბენქსი) გაყრასაც მის საწინააღმდეგოდ
იყენებენ. არ აძლევენ შვილზე (ადა) მეურვეობის უფლებას. 1816 წ. აპრილში ბაირონი ტოვებს
ინგლისს. ჯერ შვეიცარიაშია, შემდეგ იტალიაში და ბოლოს საბერძნეთში, სადაც 1824 წ. 19
აპრილს გარდაიცვალა. (გული საბერძნეთშია დასაფლავებული, თვითონ კი - ინგლისში
გადმოასვენეს).
ბაირონის შემოქმედება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: პირველი მოგზაურობიდან
დაბრუნების შემდეგ აყალიბებს საკუთარ ხელწერას, ქმნის ორიგინალურ გმირს, “ზედმეთ
ადამიანს”. პოემა “ჩაილდ ჰაროლდი” ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მის შემოქმედებაში,
რომლის საფუძველია მოგზაურობის დროს დაგროვილი ჩანაწერები, შთაბეჭდილებები,
დღიურების ფრაგმენტები. წიგნს არნახული წარმატება ხვდა წილად. ბაირონს თვისი
ლირიკული გმირის პროტოტიპად მიიჩნევდნენ. აქ უკვე ჩანს ის, როგორც პროგრესული
რომანტიზმის მიმდევარი. უპირველესი რაც პოემაში ყურადღებას იქცევს არის გმირის
თავისებური ხასიათი. იგი საზოგადოებისაგან ზურგშექცეული პიროვნებაა, ზედმეტი
ადამიანია. ჩაილდ ჰაროლდს, არისტოკრატს, ბეზრდება ყველაფერი და მიდის
სამოგზაუროდ, მაგრამ ეს მოგზაურობა არ არის ცოდნის შეძენის მიზნით, მას არც ცხოვრებაში
საკუთარი ადგილის პოვნა აინტერესებს. მთელი პოემა არის პოეტური აღსარება ცხოვრებით
უკმაყოფილო პიროვნების, რომელიც თავდავიწყებას მოგზაურობაში ეძებს. შიგადაშიგ
ბაირონი ეხება პორტუგალიასა და ესპანეთს, ნაპოლეონის პოლიტიკას. საბერძნეთს,
თურქების ბატონობას და ა. შ. ნაწარმოებში არავითარი სიუჟეტური ჩარჩოები არაა დაცული.
ბაირონი თავის აზრებს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილიებისა თუ იქ მიმდინარე
მოვლენების ფონზე გამოთქვამს და თანაც მუდამ იგრძნობა გმირის (ავტორის) სუბიექტური
“მე”. პოემაში მრავლადაა ლირიკული პოეზიის ნიმუშები. როგორც აღვნიშნეთ ბაირონმა
პირველი ლექსები კოლეჯში ყოფნისას გამოაქვეყნა 1806 წელს ლექსების კრებული 60
ეგზემპლიარად, რომელიც თვითონვე გაანადგურა. შემდეგ აკეთებს ამავე კრებულის მეორე
რედაქციას (“ლექსები სხვადასხვა ამბების გამო”), აქვეყნებს მესამე კრებულს (“მოცალეობის
ჟამი”), სადაც წარმოდგენილია პოეტის ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ტალანტის
შემოქმედებითი აზროვნება (უძღვნის პირველ სიყვარულს, მერი ჩევორთს, მეგობრებს,
ბუნებას და სხვა). თუმცა ჩანს ისიც, რომ იგი მკაფიოდ აყალიბებს თავის აზრს ინგლისური
ლიტერატურის შესახებ. მეტ ყურადღებას ამახვილებს პოეზიაზე და გამოთქვამს თამამ
შეხედულებებს არსებული საზოგადოებისადმი. თავისებურ ჟღერადობას იძენს მისი
შემოქმედება შვეიცარიის პერიოდში, როდესაც პოეტს პესიმისტური აზრები მოეძალა. ეს
ხანმოკლეა, მაგრამ მნიშვნელოვანი. წერს რამდენიმე პოემას: “გიაური”, “აბიდოსელი
სარძლო”, “კორსარი”, “ლარა”, “კორინთოს ალყა” და სხვა. ამ პოემებს აღმოსავლურს
უწოდებენ, ვინაიდან მოქმედება აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარეობს, სიუჟეტები
აღსავსეა დრამატიზმით, გმირები გამოირჩევიან სიმძაფრით, დაუოკებელი ვნებით,
ნებისყოფით. ისინი ბაირონისეული აწმყოთი უკმაყოფილების, პროტესტის გამომხატველი
პერსონაჟები არიან, შესაბამისად რეალობასაც მეტნაკლებად მოკლებულნიც არიან.
თვითოეული პოემის პათოსია საზოგადოებასთან დაპირისპირება. ამავე პერიოდში წერს
“მანფრედს”, სადაც მოთხრობილია ცხოვრებიდან განდგომილი მეცნიერის და ჯადოქრის
მანფრედის ამბავი (მსგავსება ფაუსტთან, რასაც პოეტი უარყოფდა). მკვეთრი შემობრუნება
რევოლუციური რომანტიზმისკენ იტალიაში ყოფნას ემთხვევა. ძლიერდება რეალისტური
ტენდენციები, ქმნის მრავალ საინტერესო ნაწარმოებს, როგორიც არის “ტასოს ჩივილი,
“ბეპო”, “მაზეპა”, “დანტეს წინასწარმეტყველება”, “ირლანდიური ავატრა” და სხვა. ამ
პერიოდის პოემებიდან გამოირჩევა “კაენი”, სადაც ბაირონი ქმნის ძლიერ ხასიათს, სიუჟეტიც
ბიბლიიდანაა (ადამი, ევა, აბელი, კაენი), რომლის სიუჟეტის საწინააღმდეგოდ, პოეტი
ყოველგვარ პასუხისმგებლობას აკისრებს ღმერთს ანუ რატომ უნდა აგონ პასუხი შვილებმა
მშობლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, განა ცოდნა ცოდვაა? - კაენის ამ შეკითხვებს პასუხს
ლუციფერი სცემს. ამ პოემით ბაირონის შემოქმედების ევოლუციის კანონზომიერი ეტაპია.
ცხოვრებისეული უკმაყოფილება, როგორც ინგლისში, ისე სხვა ქვეყნებშიც მძაფრია.
სიმარტოვე, რევოლუციის წარუმატებლობა იტალიაში და ასევე მთელს ევროპაში, პოეტს
აიძულებს ეძიოს ადამიანის ადგილი სამყაროში, დაუპირისპირდეს რელიგიურ დოგმებს. ამ
პოემით მიუთითებდნენ მილტონთან კავშირს, რასაც პოეტიც არ უარყოფდა. იტალიაში
ყოფნისას მისი შემოქმედება უფრო აშკარად გამოხატულ პოლიტიკურ ხასიათს იძენს. ეს
შესამჩნევია დაუმთავრებელ რომანში “დონ ჟუანი”, სადაც სატირულადაა წარმოდგენილი
ევროპის ქვეყნების სურათი. მისი აზრით გმირს უნდა ემოგზაურა ევროპის ძირითად
ქვეყნებში, რათა სატირულად გადმოეცა ამ ქვეყნების პოლიტიკური, სოციალური თუ
ყოფაცხოვრებითი სინამდვილის ანარეკლი. ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ ეს რომანი ცივად
მიიღო. ბაირონი ლიტერატურის ისტორიამ აღიარა პროგრესული რომანტიზმის უდიდეს
ოსტატად.

პ ე რ ს ი ბ ი შ ი შ ე ლ ი (1792-1822)- ინგლისური რომანტიზმის ერთ-ერთი აქტიური


წარმომადგენელი, რომელიც გამოირჩეოდა უსაზღვრო ფანტაზიით და ცოდნის წყურვილით.
როდესაც იტონის არისტოკრატულ სკოლაში სწავლობდა, იქვე იგემა პირველი ტირანული
ბორკილები, ამან გაუჩინა რელიგიური რწმენისადმი სკეპტიციზმი და ხმამაღლა განაცხადა _
ღმერთი არასებობსო. სწავლისას ეცნობა გოდვინის, პეინის, რუსოს და სხვათა ნაშრომებს და
მათი გავლენით წერს ლექსებს, პოემებს, რომანებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას
(1810) უკავშირდება თავისუფალმოაზროვნეთა წრეს და მალეც აქვეყნებს კრებულს “მეფის
მკვლევის ჩანაწერები” მარგარეტ ნიკოლსონის ფსევდონიმით (ის იყო მრეცხავი ქალი,
რომელმაც 1797 წ. ჩარლზ III მკვლელობა სცადა). კრებული იყო პოლიტიკური დატვირთვის
მატარებელი, ამიტომაც იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მალე შელი ისევ ანონიმურად
აქვეყნებს “ათეიზმის აუცილებლობას”, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტში
არსებული სასულიერო მეცნიერებების წინაარმდეგ. ამის შემდეგ იგი ოჯახიდანაც გააგდეს.
მოგვიანებით ცოლად ირთავს (მედუქნის ქალიშვილს) ჰერიეტ უესტბრუკს, რომლის მიმართ
სიბრალული უფრო ამოძრავებდა, ვიდრე სიყვარული. შელი ახლო ურთიერთობაშია უილიამ
გოდვინის ოჯახთან, რომლის ქალიშვილი მერი შეუყვარდა კიდეც. ამის გამო ეყრება პირველ
ცოლს და ირთავს მერის. ყოველივე ამას მისი მოწინააღმდეგეები ინტრიგისთვის იყენებენ,
უფრო მეტიც, ჰერიეტი თავს იკლავს, ხოლო შვილებზე უფლებებს შელის არ აძლევენ. მალე
პოეტი სამუდამოდ ტოვებს ინგლისს (1818) და მიდის ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ იტალიაში.
სადაც ქმნის საუკეთესო ნაწარმოებებს, ეცნობა ბაირონს და 1822 წ. ტრაგიკულად იღუპება
(დასაფლავებულია პროტესტანტულ ტაძარში). შელის ფილოსოფია იყო მის მიერ
შესწავლილი სხვადასხვა მოძღვრებების კონგლომერატი. მისთვის დამახასიათებელი იყო
ღრმა და უსზღვრო ოპტიმიზმი, მის პოლიტიკურ და ფილოსოფიურ აზროვნებას
შეესაბამებოდა მისივე ესთეტიკური თეორიაც, რომელიც ჩამოაყალიბა ტრაქტატში “პოეზიის
დაცვა”, სადაც ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ლიტერატურა მძლავრი, ერთიანი პროცესია
კაცობრიობის იდეურ ჩამოყალიბებაში, იგი მჭიდრო კავშირში იმყოფება პოლიტიკასთან.
შელის ესთეტიკური პრინციპები სწორედ მებრძოლი სულისკვეთებითაა გაპირობებული
(“დედოფალი მაბ”). 1816 წელს ინგლისში ძლიერდება მუშათა მოძრაობა. პოეტისთვის კი
უფრო მნიშვნელოვანი ხდება საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია. ამ ორი მოვლენის
გამოძახილია პოემა “ისლამის აჯანყება”, რომლის თავდაპირველი სათაური იყო “ლაონი და
სიტნა”. პოემა წარმოადგენს მხატვრული ღირსებით შემკულ ნაწარმოებს. ავტორი აქ
უპირისპირდება სხვა რომანტიკოსთა იმედგაცრუების სევდიან ინტონაციას, გვთავაზობს
თავისუფლების იდეალის საკუთარ გზას. პოემა იწყება ალეგორიული სცენით: იბრძვის
არწივი (ბოროტება) და გველი (სიბრძნე). ეს უკანასკნელი დაჭრილია, მაგრამ არა
დამარცხებული (აჯანყების მეთაურები- ლაონი და სიტნა, ტირანიის გადაგდება, ლაონის
შეცდომა და აჯანყებულების დასჯა...). პოემა სრულდება ასევე სიმბოლურად: ლაონი და
სიტნა სხვა არსებებში გარდასახულნი, თავისუფლების ტაძარში ხვდებიან ერთმანეთს და
ქვეყნის მომავალ ბედზე მსჯელობენ. განმთავისუფლებელი პათოსითაა გამსჭვალული პოემა
“განთავისუფლებული პრომეთე”, რომელიც შელის იდეალი იყო ყოველთვის. ეს დრამა არ
იყო განკუთვნილი სცენისთვის (იუპიტერის ტირანია, პრომეთეს დასჯა...). თავისუფლება
უპირველეს ყოვლისა ეს იყო შელის მიზანი (“ჩარლზ I”, “ანარქიის მასკარადი”). შელის
შემოქმედებაში ცალკე გამოყოფენ ლირიკას. ლექსებში იგი უმღერის თავისუფლებას (“ოდა”,
“სიმღერა ინგლისელი ხალხისადმი”...). მის მიერ ლირიკაში პოლიტიკური პათოსი ზოგჯერ
ალეგორიულ- სიმბოლურ გამოხატულებას პოულობს (“ოზიმანდია”...). შელის ლირიკაში
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბუნების სურათების აღწერას, პატრიოტიზმს, (“ღრუბელი”,
“ოდა ტოროლას”...), სატრფილო თემატიკას, ეს უკანასკნელი კი ავტობიოგრაფიულია და
მიძღვნილია მერი გოდვინისადმი (“მშვიდობის ღამე”...).

ს ე რ ვ ო ლ ტ ე რ ს კ ო ტ ი (1771-1832)- ინგლისური რომანტიკული პროზა


დაკავშირებულია შოტლანდიელ მწერალთან უოლტერ სკოტთან, რომელმაც არამარტო
ინგლისური ლიტერატურა, არამედ მსოფლიო მწერლობა გაამდიდრა ბრწყინვალე
ნაწარმოებებით. ედინბურგში დაბადებული ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული
ისტორიით, თავისი ხალხის ცხოვრებით, ფოლკლორით. ტრადიციისამებრ მანაც
იურიდიული განათლება მიიღო და ერთხანს პროფესიითაც მუშაობდა, თანაც ბევრს
მოგზაურობდა, რომელიც დაეხმარა უკეთ შეესწავლა მშობლიური შოტლანდია. ამავე დროს
იწყებს მთარგმნელობით საქმიანობას (“ლენორე”, “ველური მონადირე”, გოეთეს
“ბერლიხინგენი”...). სწორედ ხალხური ლიტერატურის შედეგი იყო “შოტლანდიის საზღვრის
სიმღერების” გამოქვეყნება (1802_03), რომლის წერის დროს ღრმად შეისწავლა ლეგენდები,
თქმულებები, 1805 წ. აქვეყნებს პირველ პოემას “უკანასკნელი მენესტრელის სიმღერას”,
რომელმაც მწერალს დიდი პოპულარობა მოუპოვა. მას მოჰყვა პოეტური ნაწარმოებები
“მარმიონი”, “ტბის ქალბატონი”, “როკბი”, “კუნძულის მეუფე” და სხვა. 1814 წელს იგი
ანონიმურად აქვეყნებს ისტორიულ რომანს “უევერლი” და აქედან მოყოლებული მხოლოდ
პროზაულ ნაწარმოებებს ქმნის. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძალზე ვრცელია. მან
დაწერა 30-მდე ისტორიული რომანი, რამდენიმე მოთხრობა, დრამატული გამოკვლევები, მათ
შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია “დრაიდენის ცხოვრება”, “სვიფტის
მოღვაწეობა”, “ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრება”, “შოტლანდიის ისტორია” და სხვა. მთელი
სიცოცხლის მანძილზე სკოტი ძალზე ინტესიურად მუშაობდა, მაგრამ განსაკუთრებით ბევრი
წიგნი დაწერა სიცოცხლის ბოლო წლებში. 1811 წელს სკოტმა მდ. ტვიდის სანაპიროზე
შეიძინა შუა საუკუნეების დროინდელი სტილის ციხე-სიმაგრე, რომელსაც აბოტსფორდი
უწოდა, მოგვიანებით ბარონეტობაც (რაინდობა) უბოძეს და სერ-ის ტიტულიც. სკოტის
შემოქმედებაში ლოგიკურად გამოიკვეთა ორი ეტაპი. I პერიოდში ქმნის პოეტურ
ნაწარმოებებს: ლექსებს, პოემებს. კერძოდ, “უკანასკნელი მენესტრელის სიმღერას”, სადაც
ფოლკლორულ მასალაზე დაყრდნობით გვიჩვენა ისტორიული წარსული და საოცარი
შერწყმა სასიყვარულო მოტივისა, “მარმიონი”, რომელიც ასევე წარსულის ამბებზეა აგებული
(XVI ს.), “ტბის ქალბატონი” პოემა ჯეიმს V-ის ეპოქაზე და ასე მრავალი. II პერიოდში იგი ქმნის
ისტორიულ რომანებს, რომელთა შექმნის უკეთ გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პირველ პერიოდს, რადგან წარსულის ამბებს პოეტურ ქმნილებებშიც არანაკლები ადგილი
ეკავა. ისტორიულ რომანებში იგი გვევლინება პოლიტიკური ამბების პირუთვნელ
მემატიანედ. მისთვის ნიშანდობლივია ისტორიიდან აღებული ფაქტების ჩვენება
ცხოვრებისეულ ფონზე. ამიტომაც მწერალი დიდი ყურადღებას უთმობს ჭეშმარიტი
ისტორიული სურათის აღდგენას. მას სურს, რომ წარსული უფრო უკეთ გააგებინოს
მკითხველს. პირადული ამბავი, რომელიც სკოტის რომანებშია აღწერილი, მიმდინარეობს
ძირეული ისტორიული ფაქტების ფონზე. მწერლისათვის ცალკეული ადამიანების ბედი
მჭიდროდაა დაკავშირებული მთელი ქვეყნის ცხოვრებასთან. მის რომანებში უფრო სუსტადაა
განვითარებული გმირების გრძნობები. პერსონაჟთა მრავალრიცხოვნება ისტორიული
პროცესის სიდიდისა და მასშტაბურობის სრულად აღქმის საშუალებას იძლევა. მიუხედავად
მოქმედ პირთა სიმრავლისა და რთული ინტრიგისა, მწერლის რომანები ძალზე მკაფიო
კომპოზიციით გამოირჩევა, თხრობა თანმიმდევრული და დინამიურია. თავდაპირველად
სკოტი ამუშავებდა შოტლანდიის ისტორიას, მაგალითად, “უევერლიში” განხილულია 1745 წ.
აჯანყება შოტლანდიაში, სტიუარტთა დინასტიის სასარგებლოდ., “რობ როი” ეხება 1715 წლის
ამბებს ანუ სტიუარტთა მიერ მოწყობილ შეთქმულებას., “ქუენტინ დარუარდი” კი
საფრანგეთისა და შოტლანდიის ურთიერთობებს XV ს-ში და ასე მრავალი. პირველი
ნაწარმოები, სადაც მწერალი ეხება ინგლისის ისტორიას არის რომანი “აივენჰო” (1819), სადაც
ნაჩვენებია XII ს-ის ინგლისი, ფეოდალური ურთიერთობები და კონფლიქტები. კერძოდ,
ბრძოლები ანგლო-საქსებსა და ნორმანებს შორის. მწერალი ხატავს ეროვნულ და სოციალურ
დაპირისპირებებს. გამოჰყავს სასტიკი ნორმანი ფეოდალები, მწერალი თანაგრძნობით
ეკიდება ანგლო-საქსი გლეხების საკითხს, რომლებიც იძულებულნი არიან თავი ტყეს
შეაფარონ, მაგრამ მწერლის ძალა იმაშია, რომ იგი ხაზს უსვამს ისტორიულ კანონზომიერებას:
გამარჯვება ნორმანთა მხარესაა, ვინაიდან მათი მეფეები მძლავრი სახელმწიფოს შექმნას
ცდილობენ, რაც მაშინ პროგრესული მოვლენა იყო (მეფე რიჩარდ ლომგული, რობინ ჰუდი
(ლოქსლი) სახე და სხვა). სურათები საკმაოდ პანორამულია. სკოტის დამსახურება
გამოიხატება იმაში, რომ იგი მოვლენებს ფართოდ ასახავს, მას ესმის, რომ ისტორია არ
შემოიფარგლება მხოლოდ ციხე-დარბაზების ჩარჩოებით. მას ისტორიის მსვლელობა ესმის,
როგორც დიდი სახალხო მოძრაობის პროცესის ნაწილი. ამდენად, მისი შემოქმედება
გარკვეულწილად გარდამავალი ეტაპია რომანტიზმიდან რეალიზმისკენ.

ი ნ გ ი ს უ რ ი რ ე ა ლ ი ზ მ ი 30-იანი წლებიდან წამყვანი მიმდინარეობა ხდება, რომლის


განვითარება ემთხვევა ქვეყნის ეკონომიური და პოლიტიკური ძლიერების ხანას. ბუნებრივია
სოციალური კონფლიკტებიც არის, თუმცა ინგლისი უკვე ფლობს მრავალ კოლონიას,
სწრაფად იზრდება ვაჭრობა და მრეწველობა, გაძლიერებული ბურუჟუაზია იბრძვის
პოლიტიკური ძალაუფლებისათვის, რომელსაც ეწინაარმდეგება თავადაზნაურობა. ამავე
დროს იზრდება უკმაყოფილება პროლეტარიატის სფეროშიც. დიდი ხნის წინააღმდეგობის
შემდეგ მუშათა გამოსვლებით დაშინებულმა მთავრობამ 1832 წ. ჩაატარა საარჩევნო რეფორმა,
რომლის შედეგად წამყვანი მდგომარეობა პარლამენტში მოიპოვა ბურუჟუაზიამ, რომელიც
მოგვიანებით ცდილობს კაპიტალისტური წყობის საფუძვლების გამართლებას. ბევრი
ეყრდნობა ჯ. ბენთამს, რომელიც ადამიანური ყოფის წამყვან სტიმულად პირად ინტერესებს
აღიარებდა. პროპაგანდა ეწეოდა მალთუსის შეხედულებებს, რომელიც ამტკიცებდა, რომ
ხალხის მასების სიღარიბე აიხსნება ბუნებრივი და აუცილებელი უთანასწორობით.
მალთუსიანელები გამოდიოდნენ მრავალშვილიანობის წინააღმდეგ. ეს რეაქციული
შეხედულებები (“ცდა ხალხთა მოსახლეობის კანონის შესახებ”) საფუძვლად დაედო შრომითი
სახლების სისტემას ინგლისში, რამაც აღაშფოთა ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი.
ხმა აღიმაღლა არისტოკრატიამაც. შეიქმნა ჯგუფი “ახალგაზრდა ინგლისი” ( ფუძემდებელი ბ.
დიზრაელი), რომელთა მიმდევრები გამოდიოდნენ ფულის კულტის წინააღმდეგ. აღნიშნულ
ჯგუფთან თანამშრომლობდა თომას კარლაილი (1795-1881), რომელიც აიდეალებდა შუა
საუკუნეებს და ქმნიდა დიდი ადამიანის კულტს (“ჩარტიზმი”, “წარსული და აწმყო”). XIX ს.
ინგლისური ლიტერატურის წმყვანი ჟანრია რომანი თავისი მრავალფეროვანი თემებითა და
ძირითადი პრობლემატიკით, ხოლო რომანის რეალისტური ფრთა ამ ჟანრის განვითარების
ახალ ეტაპად იქცა, რომელიც საფუძვლად იყენებდა განმანათლებლური რომანის
ტრადიციებს, თუმცა პარალელურად ვითარდება სოციალური რომანი მთელი თავისი
სიფართოვით.

ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი (1812-1870)-- ლენდპორტელი მოხელის ოჯახში დაბადებული.


მომავალი მწერალი საშინელი სიღარიბის გარემოცვაში გაიზარდა, არც სისტემატური
განათლება მიუღია, ერთი პერიოდი შრომით სახლშიც კი მოხვდა. მცირე მემკვიდრეობის
მიღების შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა გამოუსწორდა. საკუთარ თავზე აქტიურად
მუშაობდა, თვითგანათლებას ეძლეოდა. ისწავლა სტენოგრაფია და გახდა ჯერ სასამართლოს,
შემდეგ პარლამენტის სტენოგრაფი და რეპორტიორი, კარგად გაიცნო პარლამენტი და
პოლიტიკური პარტიები, იმოგზაურა ინგლისის სხვადსხვა რაიონებში. ყოველივე ეს
საფუძვლად დაედო მის რომანს “დევიდ კოპერფილდი”, რომელიც გაამდიდრა
ავტობიოგრაფიული დეტალებით. დიკენსის შემოქმედება იწყება პატარა მოთხრობებით,
რომელსაც ნარკვევებიც დაუმატა (1833) და “ბოსის” ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მოგვიანებით
ერთად მოუყარა თავი “ბოსის ნარკვევებში” (1836), რომელიც მკითხველმა კარგად მიიღო და
რომელშიც აღწერილი იყო ლონდონის ცხოვრების საინტერესო დეტალები, რათქმაუნდა
ფაქიზი იუმორით, რომლის ფონზეც ნაჩვენები იყო გმირების უცნაური ხასიათები. შეიძლება
ითქვას, რომ მხატვრული მნიშვნელობით ეს ნაწარმოები არათანაბარია, მაგრამ უდაოა მისი
როლი მწერლის ჩამოყალიბებაში. ამას მოჰყვა “პიკვიკის კლუბის ჩანაწერები”, “დიდი
იმედები”, “ჩვენი საერთო მეგობარი”, “ოლივერ ტვისტი”, “ნიკოლას ნიკლბი”, “მარტინ
ჩეზლუიტი”, “დობი და შვილი”, “მძიმე დრონი”, “ციცქნა დოროთი” და ასე მრავალი. ამათგან
თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა “პიკვიკის კლუბის ჩანაწერბი” (1837). ნაწარმოების
შექმნის იდეა ჩაისახა მაშინ, როდესაც გამომცემელმა შესთავაზა მწერალს შეექმნა ტექსტი
კარიკატურისტ რობერტ სეიმურის ნახატებისათვის. წიგნი იბეჭდებოდა ჟურნალში ნაწილ-
ნაწილად და მკითხველთა სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდა. ამ ნაწარმოებმა დიდი
სახელი მოუხვეჭა მწერალს. გაჩნდა პიკვიკის ქუდები, ქსოვილები, სიგარები და სხვა
აქსესუარები. წიგნის კოპოზიცია თავისებურია. იწყება როგორც ეპიზოდების სერია,
რომელიც გაერთიანებულია “მეცნიერული” კლუბის იდეით, რომლის ოთხი წევრი (პიკვიკი,
ტაჰმენი, სნოდგარსი და უინკლი), მოგზაურობს მთელს ინგლისში, რათა სამამულო
მეცნიერება გაამდიდროს. ნაწილების გამაერთიანებლად კი გამოყენებულია სასამართლო
პროცესის ეპიზოდი, რომელიც პიკვიკის წინააღმდეგ აღძრა მისმა ბინის დიასახლისმა,
რომელმაც პიკვიკს დააბრალა ქორწინების პირობაზე უარის თქმა. მთავარი გმირების
თავგადასავალი საშუალებას აძლევს ავტორს შექმნას კომიზმით აღსავსე სცენები (მანევრები,
არშემდგარი დუელი, სასამართლო პროცესი...). ნაწარმოების განსაკუთრებულ
მიმზიდველობას განაპირობებს მისი ნათელი და ცოცხალი ენა. რომანი გამოირჩევა მდიდარი
ლექსიკით და სტილისტური ხერხების მრავალფეროვნებით, რაც ახასიათებდა მთელს მის
შემოქმედებას. დიკენსმა ერთ-ერთმა პირველმა ხმა აღიმაღლა მალთუსის თეორიის
წინააღმდეგ. 1838 წელს გამოაქვეყნა “ოლივერ ტვისტი”, რომლის მთავარი გმირის
თავგადასავლის ჩვენებით გააშიშვლა შრომითი სახლის “პოლიტიკა”. იქ დაბუდებული
საშინელებანი, სოციალური კონფლიკტები. იგივე პრობლემა განიხილა “ნიკოლას ნიკლბშიც”.
პირველმა რომანებმა მწერალს დიდი პოპულარობა მოუპოვა არამარტო ინგლისში, არამედ
მის ფარგლებს გარეთაც. 1842 წ. დიკენსი ამერიკაშია, იქიდან დაბრუნებული აქვეყნებს
“ამერიკულ შენიშვნებს”, რომელმაც ამერიკული პრესა აღაშფოთა, ვინაიდან იქ რეალისტური
სცენების ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. ამერიკის თემას ასევე შეეხო რომანში “მარტინ
ჩეზლუიტი”(1844). მწერალი შემდგომში უფრო და უფრო აღრმავებს თავის მამხილებელ
ტონს. ეს ჩანს რომანში “დომბი და შვილი” (1846). აქ მთავარი გმირი უარყოფილია, მაგრამ იგი
არ არის ფეინჯნის ან სკირსის მსგავსი დამნაშავე, არ გეგმავს მკვლელობებს მიმკვიდრეობის
მიღების მიზნით ჯონას ჩეზლუიტივით და ა.შ. უბრალოდ ის ბოროტად
თვითდაჯერებულია. ამდენად, დიკენსის ლიტერატურული მემკვიდრეობა
დაკავშირებულია თავისი ეპოქის საჭირბოროტო საკითხებთან. იგი ოცნებობდა კაცობრიობის
უკეთეს მომავალზე, მართალია უტოპიურად. ჩანს სოციალური უთანასწორობა და
პროტესტი, თუმცა მისი დაძლევის გზები ნაკლებადაა წარმოდგენილი.
უ ი ლ ი ა მ მ ე ი ქ ფ ი ს თ ე კ ე რ ი (1811-1863)- ინგლისური რეალიზმის ერთ-ერთი
საუკეთესო წარმომადგენელი. დაბადებული და გაზრდილი საზოგადოების
უზრუნველყოფილ კლასში, საკმაოდ სოლიდიური განათლების მქონე, მართალია ინდოეთის
ბანკის გაკოტრების შემდეგ თითქმის უსახსროდ დარჩენილი. მიუხედავად ამისა ის მაინც
წავიდა პარიზში, სადაც სწავლობდა ფერწერას. მან გამომცემელს “პიკვიკის კლუბის
ჩანაწერბისთვის” შესთავაზა ნახატები, მაგარამ ამაოდ, გაიმარჯვა სეიმურმა. კემბრიჯში
სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური ჟურნალის დაარსებაში. შემდგომში კი
მთლიანად ლიტერატურულ საქმიანობაში ჩაერთო, თუმცა პატივი და დიდება საკმაოდ გვიან
მოვიდა. 30-იან წლებში ხდება ინგლისური ჟურნალის პარიზელი კორესპოდენტი და
აქვეყნებს სტატიებს (შემდგომში “პარიზული ნარკვევების წიგნაკი”). თეკერეი აქტიურად
ეხმაურება თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ამბებს. იგი დემოკრატიული
პოზიციებიდან გამოდის ყველა რეაქციული ძალების წინააღმდეგ. მისი პროგრესული
შეხედულებანი ასახულია მისსავე ესთეტიკასა და მხატვრულ შემოქმედებაში. მწერალი
თავიდანვე გამოდის როგორც რეალისტი და ლიტერატურისაგან მოითხოვს ცხოვრების სწორ
ასახვას. მას უამრავი პაროდია აქვს შექმნილი. (“კომბოსტო”- სალონური პოეზიის პაროდია.,
“რებეკა და როენა”- პაროდია “აივენჰოზე” და ა.შ.). პოლემიკურ ხასიათს ავლენს თეკერეი
პირველსავე რომანში “ბარი ლინდონის კარიერა”, მასში საგანგებოდაა ხაზგასმული, რომ
მწერალი ვალდებულია ცხოვრება ისეთნაირად უჩვენოს, როგორც არის და არ გამოიყენოს
წიგნებში ისეთი პერსონაჟები, რომლებიც არასოდეს არსებობდნენ. გმირი არ ჰგავს
კეთილშობილ რაინდს. იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ პრაქტიციზმით და ცდილობს ყველა
საშუალებით შეიქმნას კარიერა. თეკერეის შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდი იწყება
“სნობების წიგნიდან”. იგი 1846-47 წლებში იბეჭდებოდა ჟურნალ “პანჩში”. წიგნს არ არ
გააჩნია ერთიანი ფაბულა, წარმოადგენს ნარკვევების სერიას. სიტყვა “სნობს” სწორედ
თეკერეიმ მიანიჭა ის სატირული ჟღერადობა, რომლითაც ფართოდ გახდა ცნობილი ანუ
სნობს უწოდებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მდიდრებსა და ცნობილ პიროვნებებს ქედს
უხრიან, ხოლო თავისაზე დაბლა მდგომთ ამპარტავნულად ეპყრობიან. სნობიზმმა ფესვი
გაიდგა ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებაში, მათ შორის უნივერსიტეტშიც. თეკერეი
ცალკეულ სნობებს კი არ კიცხავს, არამედ მთელ სისტემას. ის არ არის აკვიატება
საზოგადოებრივი ბოროტებისა, არამედ ის არის ამ ბოროტების წინაამღდეგ ბრძოლის
გამოხატვა. შემოქმედებითი განვითარების მწვერვალს თეკერეი აღწევს რომანში “ამაოების
ბაზარი” (1847-48). სათაური ნასესხებია ჯონ ბენიანის პოემიდან “მწირის გზა”. ამ
ნაწარმოების თავისებურ ხასიათზე მიუთითებს მისი ქვესათაურიც - “უგმირო რომანი.”
მწერალმა ვერ იპოვა დადებითი გმირი. რომანი არაა აგებული ერთი გმირის
თავგადასავალზე, მასში მრავალი მოქმედი გმირია და გადახლართული ბევრი სიუჟეტური
ხაზი. (ემილია სედლი, რებეკა (ბეკი) შარპი და სხვა). ნაწარმოები წარმოადგენს XIX ს.
ინგლისის საზოგადოების სრულ პანორამას (ჯონ და ჯორჯ ოსბორნები, პიტ და როუდონ
კროულები, კაპიტანი დობინი და სხვა). ანგარებისა და ეგოიზმის მორალი რომანის
გმირებისათვის სავსებით ბუნებრივია. ფულის გულისთვის ადამიანები ყველას და
ყველაფერს ივიწყებენ. თეკერეი ვერ ხედავდა პოზიტიურ ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა
თანამედროვეობის მანკიერ მოვლენებს. მას მიაჩნია, რომ ბოროტების აღმოფხვრა
შეუძლებელია. “ეჰ! Vnitas Vanitatum! რომელი ჩვენგანია ამ წუთისოფელში ბედნიერი,
რომელი ჩვენგანი ისრულებს თავის გულისწადილს.” მიუხედავად პერსონაჟთა სიმრავლისა,
რომანი გამოირჩევა კომპოზიციითა და ნათელი თხრობით. მომდევნო წლებში მწერალი წერს
“პენდენსის ისტორიას”, “ჰენრი ესმონდს”, “ვირჯინიელებს” და სხვა. ამდენად, უილიამ
თეკერეი ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში შევიდა როგორც დიდი რეალისტი.

ინგლისელი მწერალი ქალბატონები

ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში დიდი ადგილი უკავია მწერალ ქალბატონებს,


რომლებმაც არამარტო ინგლისური, არამედ მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრეს
პირველხარისხოვანი ლიტერატურით და საოჯახო-საყოფაცხოვრებო ჟანრის რომანს მიანიჭეს
უპირატესობა, როგორც ფართო პრობლემის ჩვენების ერთ-ერთ საშუალებას. ესენია: ჯეინ
ოსტინი, დები ბრონტეები, ელისაბედ გასკელი.

ჯ ე ი ნ ო ს ტ ი ნ ი (1775-1817)-- ინგლისურ ლიტერატურაში საოჯახო-საყოფაცხოვრებო


რომანების ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. მისი ჩამოყალიბება ხდება
ინტელიგენტურ სამყაროში. და-ძმებთან ერთად დაინტერესებული იყო ლიტერატურით.
ყველანი ხელოვნებას ემსახურებოდნენ. ოსტინის ინტელიგენტური სამყარო იყო წიგნებიაო,
კითხულობდა ბევრს, ახდენდა მათ ანალიზს და ბუნებრივია ეს შემდეგ მის შემოქმედებაზე
მნიშვნელოვნად აისახა, წერა 14 წლისამ დაიწყო. პირველი ნაწარმოები იყო “სიყვარული და
მეგობრობა”, სადაც აკრიტიკებს ძველ დრომოჭმულ ტრადიციებს. წიგნს ახასიათებს
ახალგაზრდული ლტოლვა. ოსტინის კალმიდან არც ერთი სახის თეორიული ნაშრომი არ
გამოსულა. იგი განმანათლებლობის ტრადიციების გამგრძელებელია და მისი შემოქმედება
ინგლისური რეალისტური რომანის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. მან მაშინ
დაიწყო რომანების წერა, როდესაც ინგლისში პოპულარობით სარგებლობდა გუთური
რომანი, სავსე საშინელებებით, რომლებიც შუა საუკუნეობრივ ფონზე ვითარდებოდა. ოსტინი
წინ აღუდგა ლიტერატურის ასეთ მიმდინარეობას. რომანში “ნორთინგემის სააბატო”
დასცინოდა გუთური რომანების ფანტასტიკას. თავისი ნაწარმოებებით იგი ცდილობს
გააღვიძოს მკითხველის ინტერესი რეალური ცხოვრების ჭეშმარიტი სურათებისადმი, რაც
კარგად გვიჩვენა ერთ-ერთ საუკეთესო რომანში “ამპარტავნება და ცრურწმენა” (1813), სადაც
არის მთელი გალერეა ხასიათებისა, ფაქიზი იუმორი და ბედნიერი დასასრული (ბენეტების
ოჯახი, მისტერ დარსი, ბინგლი, უიკხემი...). ამას მოჰყვა “მენსფილდ პარკი” (1814). ესეც
ამაოების ბაზარია უგმირო რომანით., “გრძნობა და მგრძნობელობა”, შეუპოვარი
კრიტიციზმით., “ემი” და ასე მრავალი. ოსტინის რომანების სამყარო ჩვეულებრივი
მამაკაცებისა და ჩვეულებრივი ქალებისა, ახალგაზრდა გოგონებისა, რომლებიც ოცნებობენ
გათხოვებაზე, მემკვიდრეობის მაძიებლებისა და ჩვეულებრივ ეგოისტი ლამაზმანებისა,
რომლებიც რატომღაც ფიქრობენ სხვათა ბედის გამგებლობის უფლებამოსილებას და ა. შ. აქ
ბატონობენ ემოციები, ხდება შეცდომები არასწორი აღზრდის გამო და სხვა. ოსტინი თავისი
გმირების სამყაროს უყურებს ირონიით და მკითხველს არ ახვევს თავის მორალურ პოზიციას,
თუმცა ყველა “სურათი ოჯახური ცხოვრებიდან”, როგორც ამას თვითონ უწოდებდა,
მნიშვნელოვან და საინტერესო ფერებშია. მისი რომანები მაინც სოციალურია, სადაც ფული
არც თუ ნაკლებ როლს თამაშობს, რადგან არამარტო უარყოფითი პერსონაჟები, არამედ
ისინიც კი ვის მიმართ გარკვეული სიმპათიები გააჩნია მწერალს, საუბრობენ
მემკვიდრეობაზე. ასევე თეკერეიმდე ცოტა ხნით ადრე ოსტინმა ყურადღება გაამახვილა
ტიპიურ ინგლისურ “დაავადებაზე”, რასაც “სნობიზმი” ეწოდებოდა

ბ რ ო ნ ტ ე ე ბ ი საინტერესო ლიტერატურული ბედის დები - შარლოტა, ემილი და ენი.


მათი ცხოვრება მეტად უსიხარულო იყო. ჯანმრთელობით სუსტები, მძიმე პირობებში
იზრდებოდნენ. Dდები ხელოვანები იყვნენ, მათ დიდი წვალებით გამოაქვეყნეს თავიანთი
ლექსების კრებული, მოგვიანებით გადვიდნენ პროზაზე.

ემილი ბრონტე (1818-48) მწერლობაში შევიდა რომანით “ავდრიანი უღელტეხილი”, სადაც


ფართო საზოგადოებრივი ხასიათია ნაჩვენები. ჰითკლიფი ტირანიამ და სოციალურმა
უსამართლობამ მრისხანე შურისმაძლებლად აქცია. ის იყო უბრალოდ კრებსითი სახე
საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ცხოვრებისაგან გათელილია. ატორი სვამს კითხვას –
შეიძლებოდა თუ არა ჰითკლიფის გამოსწორება, თუმცა ვერ პასუხობს, უფრო სწორად, მას
პასუხი არ აქვს. როგორც ჩანს აღნიშნულ საზოგადოებაში სოციალური უსამართლობით
შეცვლილი ადამიანების გამოსწორება შეუძლებელი იყო.

ენ ბრონტე (1820-49) ასევე საინტერესო მწერალი, თუმცა ნაკლებ აქტიური, მაგრამ


რამდენიმე რომანით დაუტოვა ლიტერატურის ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა,
მათ შორის “აგნეს გრეი” და “უაილდფილ ჰოლის იჯარდარი”, სადაც ძირითადი თემაა ქალი
და მისი უფლებები, რომელთა დაცვა მწერლის პრიორიტეტია., თუმცა ხედავს, რომ ქალი
ყველგან დაუცველია და საჭიროა მისი დაცვა და პიროვნული ღირსებებით შეფასება.

შარლოტა ბრონტე (1816-55) დებს შორის ყველაზე პოპულარული და აქტიური. იგი მთელი
არსებით მიისწრაფოდა დამოუკიდებლობისაკენ. მისი შემოქმედება დაკავშირებულია
მისსავე ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. რომანებში ასახულია პროვინციული ინგლისი.
ცნობილია ბრონტეს ოთხი რომანი: “შერლი”, “მასწავლებელი”, “ვილეტი”, “ჯეინ ეარი”. ეს
უკანასკნელი კი მსოფლიო ლიტერატურის საკუთრებად იქცა. იგი 1847 წელს დაიწერა და
მაშინვე პოპულარული გახდა. ის ფსევდონიმით (კერერ ბეილი) გამოქვეყნდა. ადრე როდესაც
დებმა ლექსების კრებული შესაფასებლად გაუგზავნეს რობერტ საუთს ამ უკანასკნელმა
ურჩია მათ ლიტერატურისთვის თავი დაენებებინათ, რადგან წერა არ იყო ქალის საქმე,
მაგრამ ამ შემთხვევაში შარლოტა ძლიერი აღმოჩნდა. მქან ყველას დაუმტკიცა, რომ წერა
ყველა ნიჭიერი ადამიანის საქმე, განურჩევლად სქესისა, იყო. ბრონტემ “ჯეინ ეარში” უამრავი
ავტობიოგრაფიული მომენტები ჩადო. წიგნის კრიტიკული ტენდენციები მკაფიოა. კერძოდ
ღარიბი ბავშვებისათვის დაარსებული ლოვუდის პანსიონის აღწერა. შიმშილისა და
ბავშვებისადმი დამოკიდებულების სურათები, ხოლო ამისთვის გამოიყენა კოვან-ბრიჯის
სკოლაში მიღებული საკუთარი მოგონებები, სადაც მისმა ორმა დამ ვერ გაძლო და
გარდაიცვალნენ. უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი მოცემულია
მთავარი გმირის ჯეინის სახეში. საერთოდ ბრონტეს ამ რომანმა სათანადო კვალი დატოვა
ინგლისური და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში თავისი სისადავითა და
თავისუფლებით. მას უამრავი მიმბაძველები გაუჩნდნენ. თავისუფალი, სალაპარაკო ენა
მოდური გახდა, შესაბამისად ურთიერთობები მისაღები და საინტერესო.

ელისაბედ გასკელი (1810-55) მნიშვნელოვანი მოღვაწე და მეგობარი შარლოტა ბრონტესი,


რომელმაც შემოგვინახა შარლოტას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი სურათები.
მანჩესტერის ცხოვრება გახდა მისი დაკვირვების ობიექტი და დაწერა რომანი “მერი
ბარტონი”, სადაც ეხება მუშების ცხოვრებას. მასვე ეკუთვნის რომანები “ჩრდილოეთი და
სამხრეთი”, “რუფი”, “კრენფორდი” და სხვა. საერთოდ ეს პერიოდი არის ჩარტიზმისა და
განვითარდა ჩარტისტული პოეზია. მართალია ესმიმართულება ხანგრძლივი არ იყო, მაგრამ
მნიშვნელოვანი კვალი მაინც დატოვა რევოლუვციურად განწყობილი მასის საქმიანობაში.

--------------------------

დავალება (სემინარი 6): ინგლისური ლიტერატურა (ბირონი, შელი, სკოტი, დიკენსი,


თეკერეი....)

You might also like