You are on page 1of 4

1) ლირიკულ ჟანრებს მიეკუთვნებიან: ოდა, სატირა, ელეგია და მცირე ფორმის

ტრადიციული ჟანრები _ ეპიგრამა, ეპიტაფია და მადრიგალი.


2) ლირიკის ძირითადი თვისება – ექსპრესიულობა – განაპირობებს მისი ფორმის ისეთ
თავისებურებას, როგორიცაა ლექსითი მეტყველება.
3) ლიტერატურის ლირიკის ჟანრები ჩამოყალიბდა ხალხური ლირიკული სიმღერების
საფუძველზე.
4) ოდა. ძველ საბერძნეთში ოდა თავდაპირველად ეწოდებოდა ყოველგვარ სასიმღერო
ლექსს (ode - ბერძნ. სიმღერა), შემდეგ კი _ რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის,
გმირის ან ღმერთისადმი მიძღვნილ სახოტბო ნაწარმოებს.
5) ოდის ფუძემდებელია ბერძენი პოეტი პინდარე.
6) რენესანსის პერიოდში `ოდას” უწოდებდნენ პათეტიკურ ლირიკულ ნაწარმოებებს,
რომლებიც ანტიკური ნიმუშების მიბაძვით იწერებოდა სტროფული ფორმით.
7) ოდა იყო მაღალი სტილის წამყვანი ჟანრი კანონიკური თემებით, ხერხებითა და
სახეობებით.
8) ელეგია (ბერძნ. elegeia) სევდის, მწუხარების გამომხატველი ლირიკული
ნაწარმოებია. ეს ჟანრი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. თავდაპირველად `ელეგია”
ეწოდებოდა როგორც ნაღვლიანი, ისე მხიარული განწყობილების გამომხატველ
ნაწარმოებებს. შემდგომში ელეგიის არსებით ნიშნად მხოლოდ სევდის გამოხატვა
იქცა.
9) სიტყვა `ელეგია” თავდაპირველად მიუთითებდა გარკვეულ სალექსო ფორმაზე –
ელეგიურ დისტიქზე, შემდგომში კი ამ სახის ნაწარმოებებში გამოხატულ
განწყობილებას აღნიშნავდა.
10) ელეგია განსაკუთრებით პოპულარული იყო რომანტიზმის პოეზიაში.
11) სატირა (ლათ. satira – სიტყვასიტყვით `ნარევი~). სატირული ნაწარმოების
ნიშანდობლივი თვისებაა არა რომელიმე კერძო პიროვნების, არამედ
საზოგადოებრივი ცხოვრების უარყოფით, მანკიერ მხარეთა გაკილვა.
12) სატირა როგორც ჟანრი ჩამოყალიბდა რომაულ ლიტერატურაში
13) სატირა ამხელს, ბოლომდე `აშიშვლებს” თავის ობიექტს, უმოწყალოდ დასცინის მას.
14) სატირისთვის დამახასიათებელია პუბლიცისტურობა, ავტორისეული
ტენდენციურობა და გადაულახავი ზღვარი ავტორისეულ იდეურ სამყაროსა და
მხილების ობიექტს შორის, ხოლო მისი ამოცანაა გააცოცხლოს წარმოდგენა სიკეთის,
ჭეშმარიტების, მშვენიერების შესახებ, რომელთაც შეურაცხყოფს სიმდაბლე, სიბრიყვე,
ბიწიერება.
15) ეპიგრამა (ბერძნ. epigramma - წარწერა) თავდაპირველად წარმოადგენდა წარწერებს
ტაძრებზე, შენობებზე, ქანდაკებების პოსტამენტებზე. შემდგომში ამ წარწერებმა
ლექსის ფორმა შეიძინა და იქცა ლირიკული პოეზიის მცირე ჟანრად.
16) ახალ ევროპულ ლიტერატურაში ეპიგრამა – ესაა მოკლე სატირული ნაწარმოები,
რომლის ძირითადი კომპოზიციური ხერხია ექსპოზიციისა და დასასრულის
დაპირისპირებულობა.
17) ეპიტაფია (ბერძნ. epitaphios - საფლავზედა) წარწერა საფლავის ქვაზე. წარმოიშვა
ანტიკურ სამყაროში. შემდგომ არსებობდა როგორც წარწერა რეალურ საფლავის ქვაზე
და ფიქტიური ეპიტაფია, ე.ი. ამ ფორმით დაწერილი ლექსი.
18) ეპიტაფიისათვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან
მიცვალებულისა ამ ქვეყნად დარჩენილებისადმი.
19) მადრიგალი (იტალ. სიმღერა დედაენაზე). ეს იყო, თავდაპირველად, სატრფიალო
სიმღერა დედაენაზე (და არა ლათინურ ენაზე). ლექსის შინაარსი აღებული იყო
მწყემსთა ცხოვრებიდან. მოგვიანებით მადრიგალის ლექსი სცილდება მუსიკას და
იქცევა პატარა ლირიკულ ლექსად, რომელშიც ქალისადმი სიყვარული და
ქათინაურია გამოხატული.
20) ლირიკულ-ეპიკური ჟანრები გვხვდება ანტიკურ, შუა საუკუნეების, კლასიცისტურ
ლიტერატურებში. ისინი განსაკუთრებით პოპულარული იყო რომანტიზმის ეპოქაში,
როდესაც გამძაფრდა ინტერესი მთხრობლის პიროვნების მიმართ.
21) ლირიკულ-ეპიკური ჟანრებია ბალადა, ლირიკული პოემა და სხვ.
22) ბალადა (ფრანგ. ballade პროვანსული სიტყვიდან ballada – საცეკვაო სიმღერა)
წარმოიშვა შუა საუკუნეებში. თავდაპირველად პროვანსული ბალადა ცეკვის
თანხლებით შესრულებული სასიყვარულო სიმღერაა, აუცილებელი რეფრენით.
შემდეგ ის პროვანსიდან იტალიაში ვრცელდება, ემიჯნება ცეკვას და კარგავს რეფრენს.
XIV ს. საფრანგეთში იქცევა უსიუჟეტო (ან უმნიშვნელო სიუჟეტიან) ლირიკულ
ლექსად.
23) ინგლისში ბალადა გავრცელდა XVIII-XIX სს-ში. გერმანული ბალადა ყალიბდება,
როგორც ლირიკულ-ეპიკური მცირე პოემა თქმულებების, ლეგენდების ან ანტიკური
მითების სიუჟეტზე.
24) ლირიკული პოემა. იგი ჩნდება XIX საუკუნის ლიტერატურაში. ლირიკული პოემის
არსებით ნიშანს წარმოადგენს არა თვით მოვლენის წარმოსახვა, არამედ – მისი
ლირიკული აღწერა, შეფასება, დახასიათება. ამ ჟანრის ნაწარმოები უშუალო
წარმოდგენას გვიქმნის როგორც მოვლენის, ასევე – მისდამი პოეტის
დამოკიდებულების შესახებ.
25) ლირიკულ პოემას, არსებითად, პერსონაჟი არ ჰყავს (შეიძლება იგი მხოლოდ
დასახელებული იყოს). მისი ერთადერთი ნამდვილი პერსონაჟი თვით პოეტია.
26) დრამატული ჟანრებია: ტრაგედია, კომედია, დრამა, ვოდევილი, ფარსი, მელოდრამა.
27) ტრაგედია (ბერძნ. თხის სიმღერა) ჩაისახა საბერძნეთში, ძვ.წ. VI-V საუკუნეებში,
საკულტო-მითოლოგიური დღესასწაულებიდან, რომლებზეც ინსცენირებული იყო
დიონისეს სიკვდილი.
28) ტრაგედიის მიზანი, არისტოტელეს მიხედვით, არის კათარზისი, ანუ თანაგრძნობისა
და შიშის განცდის მეშვეობით ამ განცდათა განწმენდა.
29) ტრაგედია გვიან ანტიკურ ხანაში (უკვე ევრიპიდესთან), ადამიანის ინდივიდუალობის
ჩამოყალიბებასთან ერთად, ასახავს პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტს. ამის
შემდეგ ტრაგედია იქცევა ლიტერატურულ ჟანრად.
30) რომანტიზმის ეპოქაში ტრაგედიაში აისახება ადამიანის შინაგანი სამყარო.
31) კომედია (ბერძნ. K სიტყვებიდან comos – მხიარული და ode - სიმღერა) დრამის ისეთი
სახეობაა, სადაც პერსონაჟები, სიტუაციები და მოქმედება გამსჭვალულია კომიზმით.
კლასიციზმის ეპოქამდე კომედიაში იგულისხმებოდა ტრაგედიისგან განსხვავებული
დრამატული ნაწარმოები ბედნიერი დასასრულით. მისი გმირები, როგორც წესი,
დაბალი ფენების წარმომადგენლები იყვნენ.
32) ტრაგედიის მსგავსად, კომედიის წარმოშობა ძველი ბერძნული საკულტო-
მითოლოგიურ დღესასწაულს, კერძოდ, დიონისესადმი მიძღვნილ ცერემონიალს
უკავშირდება. ამ ცერემონიალს თან ახლდა მხიარული სიმღერები და ცეკვები.
33) ასახვის საგანია საზოგადოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები, მანკიერებანი,
ის, რაც ხელს უშლის საზოგადოების წინსვლას და ეწინააღმდეგება მის ჭეშმარიტ
იდეალებს, მაგრამ ყოველივე ეს კომედიაში აისახება სასაცილო თვისებების, სასაცილო
სიტუაციებისა და ხასიათების სახით.
34) კომედიაში სიცილი კრიტიკის ფორმად გვევლინება. ამასთან, ყოველგვარი სასაცილო
არ შედის კომიკურის სფეროში.
35) სიცილს კომედიაში სულ სხვა ფუნქცია აკისრია.: იგი კონფლიქტებისა და ხასიათების
აუცილებელ, არსებით თვისებას წარმოადგენს.
36) მდგომარეობის კომედია და ხასიათის კომედია.

პირველი მათგანი ხასიათდება ისეთი სიტუაციების ასახვით, რომლებიც


კონფლიქტებისა და ხასიათების განვითარების უშუალო ლოგიკურ შედეგს არ
წარმოადგენს. ასეთი კომედიისთვის გარეგნული კომიზმია ნიშანდობლივი.

ხასიათების კომედია გაცილებით უფრო ღრმაა. იგი აგებულია კონფლიქტებისა


და ხასიათების თანმიმდევრული განვითარების საფუძველზე. აქ ხასიათები სავსებით
გამოკვეთილია, ინდივიდუალიზებულია და ნაჩვენებია გარემოსთან მიმართებაში.
37) დრამა (ბერძნ.- მოქმედება), როგორც ჟანრი, შედარებით გვიან (მე-18 საუკუნეში)
აღმოცენდა ევროპაში. მისი წარმოშობა განაპირობა იმდროინდელმა საზოგადოებრივ-
პოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ, მესამე წოდების სოციალურმა და ესთეტიკურმა
იდეალებმა.
38) ზოგი მკვლევარი დრამას მიიჩნევს კომედიისა და ტრაგედიის უბრალო შერწყმად,
მაგრამ ეს არაა სწორი. დრამას საკუთარი ჟანრული საზღვრები აქვს, რაც მიჯნავს მას
როგორც კომედიისგან, ისე ტრაგედიისგან.
39) დრამა შუალედური ჟანრია, რომლის მიზანს შეადგენს საზოგადოების ყოფითი
სურათის, მისი საჭირბოროტო საკითხების, ადამიანური განცდების ჩვენება.
40) ვოდევილი (ფრანგ.– იმ ადგილის სახელწოდება ნორმანდიაში, სადაც ჩაისახა ეს ჟანრი)
– დრამატული ნაწარმოების ერთ-ერთი ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია
ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, სიმღერა და ცეკვა.
41) ფარსი (ფრანგ. ჩავრთავ). შუა საუკუნეების მისტერიებში გვხვდებოდა კომედიური
ჩანართები). ამ ჟანრს საფუძვლად დაედო მხიარული სახალხო – საკარნავალო
თამაშობანი.
42) ფარსი გავრცელდა XV საუკუნის მეორე ნახევარში, პირველი ყოვლისა, საფრანგეთში.
43) მელოდრამა (ბერძნ. melos – სიმღერა, მელოდია და drama _ მოქმედება). ესაა
დრამატურგიის ჟანრი, რომელიც ხასიათდება მძაფრი ინტრიგით, ემოციურობით,
სიკეთისა და ბოროტების მკვეთრი დაპირისპირებით, დამრიგებლობითი ხასიათით.
44) მელოდრამა ჩაისახა XVIII საუკუნის 90-იან წლებში, საფრანგეთში. მისი დადებითი
გმირების თავგადასავალი ყოველთვის სასიკეთოდ მთავრდება. მელოდრამისთვის
დამახასიათებელია სენტიმენტალურობა.

You might also like