You are on page 1of 10

ლალი ეზუგბაია

ქართველური ენები

(ხელნაწერის უფლებით)

1. ენობრივი ანალიზი

1.1. საერთო წყაროდან, ფუძეენიდან მომდინარე ისტორიულად


დადასტურებული ენები ქმნიან მონათესავე ენათა ოჯახს. თანამედროვე სპეციალურ
ლიტერატურაში განიხილება მსოფლიო ენების ამგვარი 22 ოჯახი, მათ შორის,
ქართველური ენების ოჯახი. ქართველური ენებია: ქართული, სვანური და ლაზურ-
მეგრული (იგივე ზანური), რომლებიც ჰქმნიან დამოუკიდებელ ოჯახს და არ
ენათესავებიან სხვა ენებს. თუმცა არსებობს მეორე თვალსაზრისიც, რომლის
თანახმად ეს ენები შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთ-კავკასიურ
(იბერიულ) ჯგუფში, ე.ი. ივარაუდება ქართველური (იბერიული) ენების ნათესაობა,
გენეტიკური კავშირი ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულ კავკასიურ ენებთან (მათ
შორისაა აფხაზური ენაც).
სამეცნიერო ლიტერატურაში ქართველური ენების აღსანიშნავი სინონიმური
ტერმინები გამოიყენება: ქართველური/იბერიული, ზანური/კოლხური,
ლაზური/ჭანური. ტერმინი „კოლხური“ გახაზავს მეგრელ-ლაზთა ენა-ტომობრივ
ერთიანობას კოლხური ეპოქიდან. დასაშვებია, რომ მეგრელ-ლაზის აღმნიშვნელი
ზოგადი ტერმინი ქართულში კ ო ლ ხ - ი იყო, რომლის შესატყვისი ზანური ფორმა
უნდა ვლინდებოდეს კულხ-ა / კილხ-ა ვარიანტებში. ივ. ჯავახიშვილმა ამ ტერმინის
წარმომავლობა დაუკავშირა ისტორიული ქართული პროვინციის კოლა-ს (კოლა-
არტაანი) სახელს.
ლაზების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინები ლაზი და ჭანი, შესაბამისად,
ლაზური და ჭანური. ტერმინი ლაზ-ი ისტორიულად აღნიშნავდა ზღვის სანაპიროზე
მცხოვრებ მეგრელ-ლაზს, ხოლო ჭან-ი მიემართებოდა უფრო მთისწინა ზოლში ან
მთაში მცხოვრებ კოლხებს. ამის კვალი უნდა ჩანდეს თანამედროვე ლაზურშიც,
როდესაც არცერთი ლაზი საკუთარ თავს ჭან-ად არ მოიხსენიებს, მაგრამ მისი
საცხოვრისიდან მოშორებით, მთაში მცხოვრებს, იმავე ლაზს ზღვისპირელი ლაზი
ჭან-ს უწოდებს, ხოლო ის, ვისაც ზღვისპირელი ჭანს ეძახის, მასზე მაღლა სოფელში
მოსახლე ლაზს ასევე ჭან- სახელით მიმართავს.... სახელები ლაზი და ჭანი
საუკუნეების მანძილზე ურთიერთმონაცვლეობდა, მაგრამ, ცხადია, ისტორიულად
ტერმინ ჭანს უფრო ვიწრო მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ეტყობა, თავდაპირველად
ჭანი მიემართებოდა მთაში მცხოვრებ ზანს (ანუ ჭანი = მთიელი კოლხი).

1
ტერმინი ზანური უკავშირდება ერთი მხრივ, სვანურ ენაში მეგრელთა სახელდებას
„ზანარ“ ტერმინით, მეორე მხრივ, ბერძნულ წყაროებში დაცულ „სანებ“ ტერმინს
კოლხეთში მცხოვრები ხალხის აღსანიშნავად.
ივანე ჯავახიშვილის აზრით ტერმინები „ქართველი“, ძვ. ქართ. „ქართუელი“ და
„ქართლი“ „შუშანიკის წამების“ დაწერამდე შვიდი საუკუნით ადრე უნდა
დამკვიდრებულიყო. მეგრულად ქართველი იწოდება ეთნონიმით „ქორთუ“, რაც
ლინგვისტური კანონზომიერებით (ბგერათშესატყვისობებით) სრული შესატყვისია
ქართვ-ელ-ი ფორმის“ ქართვ“ ფუძისა. ვ თანხმოვნის ადგილას ისტორიულად უ
ხმოვანი იყო: ქართველი<ქართუელი. შესაბამისად, მეცნიერები ქართულ-ზანური
ერთიანობის პერიოდისათვის (ივარაუდება ჩვ. წელთაღრიცხვის მიჯნა) აღადგენენ
*ქართუ სახელს (თ. გამყრელიძე). *ქართუ სიტყვაში აშკარად გამოიყოფა უ
ბოლოსართი, ისევე როგორც ქართლი ნაწარმოებია ქართ- ძირზე -ლ- ბოლოსართის
დართვით. აღსანიშნავია, რომ მეგრელები და სვანები თბილისის აღსანიშნავად
იყენებენ სიტყვას „ქართ“.
*ქართუ ტერმინს წინ უძღოდა იბერ- ტერმინი, რომელიც პირველად ბერძნულ
წყაროებში ჩნდება. სიმონ ჯანაშიას აზრით, „იბერი“ უკავშირდება ჰეროდოტეს მიერ
ნახსენებ „სასპერებს“, რაც ქართულ და სომხურ წყაროებში ცნობილია „სპერი“
ტერმინით, ხოლო თურქულში _ „ისპირი“. მისივე აზრით, იბერ- ფუძემდე დადის
ქართველების აღმნიშვნელი ყველა უცხოური სახელწოდება.

1.2. ქართველური ენების წარმოშობის, ანუ ამოსავალი ენის დიფერენციაციის


შესახებ ძირითადად ორი თვალსაზრისია მიღებული. პირველი ეკუთვნის არნ.
ჩიქობავას და შეიქმნა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ამ მოსაზრების მიხედვით
ქართულის დიფერენციაციის პროცესში (უფრო ზუსტად იმ ენის დაშლისას, რომლის
გაგრძელება ისტორიულ ქართულშია მოცემული) წარმოიშვა ზანური დიალექტური
განშტოება, საიდანაც შემდეგი დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი
ენები - სვანური და ზანური. ეს უკანასკნელი აერთიანებს მეგრულსა და ლაზურს,
რომლებიც ერთმანეთთან ორი დიალექტის მიმართებაში იმყოფება. საკუთრივ
ზანურის დაშლა მეგრულ და ლაზურ ერთეულებად ახალი მოვლენაა, კერძოდ, ივ.
ჯავახიშვილის აზრით, ეს პროცესი დაიწყო ახ. წ. მე-8 საუკუნეში არაბობის დროს,
როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოდან დაიწყო ქართულენოვანი მოსახლეობის
მასობრივი მიგრაცია დასავლეთით.

2
მეორე თვალსაზრისი ეკუთვნის გერმანელ მეცნიერს გერჰარდ დეეტერსს, რომელმაც
ქართველურ ენათა ურთიერთმიმართება სქემატურად ასე გამოხატა:

საერთოქართველური

ქართულ-ზანური

ზანური

სვანური ლაზური მეგრული ქართული

ამ თვალსაზრისის მიხედვით, საერთოქართველურ/წინარექართველურ ფუძეენას


ძვ. წ. მე-2 ათასწლეულში გამოეყო სვანური ენა, ხოლო 1-ლ ათასწლეულში დაიშალა
ქართულ-ზანური ერთობაც ქართულ და ზანურ ენებად. მეცნიერის აზრით, სვანურის
გრამატიკისა და ლექსიკის არქაული ხასიათი გვავარაუდებინებს მის ადრეულ ეტაპზე
გამოყოფას ფუძეენიდან.

ზემოთ ნახსენები ტრადიციული თვალსაზრისებისაგან განსხვავებული


მოსაზრებები გამოითქვა ბოლო პერიოდში. ერთ-ერთის თანახმად, დეეტერსის
„სქემის რეალურობა ცხადი ხდება მის სვანურ ნაწილში, რაც სვანური ენის (resp.
დიალექტის) ფუძეენიდან დამოუკიდებელ ენობრივ ერთეულად ჩასახვა-გამოყოფას
გულისხმობს, მაგრამ იმავე სქემის ქართულ-ზანური შემადგენელი (ერთიანობა?) ვერ
ასახავს პრეისტორიულ სურათს, რადგანაც ბგერათშესატყვისობათა ჩვენება (როგორც
სიბილანტებში (შიშინა და სისინა თანხმოვნები), ისევე ხმოვნებში)) მხარს უჭერს
საერთოქართველური ენის წიაღში სულ მცირე სამი დამოუკიდებელი ენობრივი
ერთეულის (ქვესისტემის) არსებობას; ესენია: ქართული, ზანური და სვანური“ (ჭ.
ქირია, ლ. ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ.ჩუხუა). მაშასადამე, დასაშვებია, ერთდროულად
დაწყებულიყო სამივე დიალექტის დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბების პროცესი.

ქართველურ სინამდვილეში ამოსავალი (საერთოქართველური) ფონოლოგიური


(ბგერითი) სისტემის გარდაქმნა სამ ქვესისტემად ნიშნავს სამი ენობრივი ერთეულის
(თავიდან დიალექტის, შემდგომ ენის) წარმოქმნას და წარმომშობი ენის
(პროტოქართველურის) თავდაპირველ ქართველურ დიალექტებში
რეალიზება/კვდომას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველურ ენათა
ურთიერთმიმართება, შესაძლებელია შემდეგი სქემით გამოიხატოს:

3
საერთოქართველური

ზანური ქართული სვანური

ანუ, ამოსავალში, დიფერენციაციის წინა საფეხურზე, საერთოქართველურ


ფუძე-ენას ჰქონდა სულ მცირე სამი დიალექტი – ქართული, ზანური, სვანური,
საიდანაც შემდგომში, როდესაც თავი იჩინა ძირეულმა მორფოლოგიურ-ლექსიკურმა
სხვაობებმა, მოხდა ამ დიალექტთა დამოუკიდებელ (ისტორიულად ფიქსირებულ)
ენებად ჩამოყალიბება.
ასევე ახლახანს გამოითქვა მოსაზრება, რომ დასაზუსტებელია არნ. ჩიქობავას
თვალსაზრისიც: სავარაუდოდ, ქართულს ზანური შტო კი არ გამოეყო, არამედ
ზანურ-სვანური ენობრივი წრე, რომელიც შემდგომში დაიშალა ზანურად და
სვანურად (რ. აბაშია).

1.3. ლინგვისტური თვალსაზრისით, ქართველურ ენებს შორის საზღვრებს


ადგენს ამ ენობრივი ჯგუფის წევრებს შორის გამოვლენილი რეგულარული,
კანონზომიერი და სისტემური ბგერათშესატყვისობების არსებობა.

რა არის რეგულარული ბგერათშესატყვისობა?

ენაში არსებული ბგერები დროთა განმავლობაში იცვლებიან, მაგრამ იცვლებიან


არა ნებისმიერად და ქაოსურად, არამედ კანონზომიერად და სისტემურად.
მაგალითად, თუ რომელსამე ენაში შეიცვალა ზ და მოგვცა, ვთქვათ, ჟ, მაშინ მისი
წყვილეული ს ბგერაც ამავე მიმართულებით უნდა შეიცვალოს და მოგვცეს შ და მისთ.
სანიმუშოდ: ამ კანონის საფუძველზე ქართველური ენების მონაცემებით
დადგინდა, რომ ძირეულ მასალაში ქართულის ძ ც წ (წინაენისმიერ, სისინა) სამეულს
ზანურში რეგულარულად შეესატყვისება ჯ ჩ ჭ (უკანაენისმიერი, შიშინა), ანუ თუ
ქართულში რომელიმე ძირეულ სიტყვაში გვაქვს ძ (ძელი), ზანურში შესაბამის
სიტყვაში იქნება ჯ (ჯალი). რაც მთავარია, თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ
შეხვდა, ასევე მოიქცევიან სამეულის დანარჩენი წევრებიც: ც (ცოლი) და ჩ (ჩილი), წ
(წითელი) და ჭ (ჭითა) და მისთ (ა. არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, გვ.
28).
ბგერათშესატყვისობათა სისტემა განსაზღვრავს ასევე ლაზურისა და მეგრულის,
როგორც ლინგვისტური ერთეულების, ურთიერთმიმართებას, კერძოდ, იმას, არის

4
თუ არა დამოუკიდებელი ენები ქართველურ ენობრივ ჯგუფში ლაზური და
მეგრული.
ვინაიდან ლაზურსა და მეგრულს ერთი და იგივე ფონეტიკური შესატყვისობები
გააჩნია ქართულ-სვანურის მიმართ, ისინი ერთი ენის ორ დიალექტს წარმოადგენენ,
ანუ საერთოქართველური ფუძე-ენიდან კოლხური (ზანური) ენის ცალკე ენად
ჩამოყალიბებას სიბილანტურ გადაწევასთან (მაგალითად, სისინა → შიშინა: ძ>ჯ, ზ>ჟ,
წ>ჭ და ა. შ) ერთად ხელი შეუწყო საერთოქართველური ვოკალური სისტემის
ტრანსფორმაციამ ზანურში ( ა>ო/ კაც->კოჩ-; ე>ა/ ერთ->ართ-), რასაც სამართლიანად
ეწოდა არტიკულაციის უკან გადაწევა (არნ. ჩიქობავა), იმავე ხმოვანთა ზანური
გადაწევა (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). როგორც ხმოვნებში, ისე თანხმოვნებში
ლაზური და მეგრული ერთნაირ სურათს აჩვენებენ, ენობრივი (ფონოლოგიური)
სისტემა აქ ერთია.

როგორ დგინდება ენათა ნათესაობა?

ენა ცვალებადია. ენის ცვლილება ხდება დროსა და სივრცეში. ენის ცვლილება


დროში აჩვენებს, რომ ენა ისტორიული კატეგორიაა. ენის ისტორიულ ჭრილში
შესწავლას დიაქრონული კვლევა ეწოდება. ენის ცვლილება სივრცეში დიალექტების
(კოლოების) წარმოქმნის საფუძველია. ენის შესწავლას კონკრეტული დროისა და
სივრცის მიხედვით (მაგ. კახურის თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე)
სინქრონული კვლევა ეწოდება.

ენის ცვლილების ორი მიმართულებაა: დიფერენციაცია/დივერგენცია/დანაწევრება -


ცვლილების შედეგად იზრდება განსხვავება დიალექტებს/ ენებს შორის; ინტეგრაცია/
კონვერგენცია/ შერწყმა - ცვლილების შედეგად იზრდება საერთო, მსგავსი ნიშნების
რაოდენობა. ერთი ენის დიალექტების განმასხვავებელი ნიშნების ისეთი რაოდენობა,
რაც იწვევს გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ცვლას, არის
საფუძველი ახალი ენების ჩამოყალიბებისა. საერთო წარმოშობის ენები მონათესავე
ენათა ოჯახს ქმნიან.

ერთი ენის დიალექტების დამოუკიდებელ მონათესავე ენებად ქცევის პროცესი


წარმოადგენს ენათა ოჯახის წარმოქმნის პროცესს. როგორ ადგენენ ენათა ნათესაობას?
შედარების გზით, რის შედეგადაც დგინდება მონათესავე ენათა რეგულარული
ბგერათშესატყვისობანი. შედარების დროს:

1.არ გამოდგება სრულიად განსხვავებული სიტყვები მონათესავე ენებისა. მაგ. ქართ.


თეთრი და მეგრ. ჩე/ქჩე;

2. არ გამოდგება სავსებით ერთნაირი მასალა: კისერი, ცხენი, კარი, ტრაქტორი;

5
3. გამოსადეგია შესადარებელი ენებისათვის საერთო მასალა, რომელმაც
დიფერენციაცია განიცადა: კაცი-კოჩი, ძმა-ჯიმა.

შედარების მიზანია დაადგინოს მონათესავე ენათა განვითარების მეცნიერული


ისტორია ამ ენებზე მილაპარაკე ხალხების ისტორიასთან დაკავშირებით. ამგვარი
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართული ენის მონათესავე ენებია: სვანური და
ზანური/კოლხური (მეგრულ-ლაზურ/ჭანური).

(არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, 2008 წ. გვ. 268-270)

2. გავრცელების არეალი და კილოები

2.1. სვანური

სვანური ენა ერთ-ერთი ქართველური ენაა. ის გავრცელებულია ისტორიულ


სვანეთში, კერძოდ, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, კოდორის ხეობაში,
ასევე ქვემო ქართლის რეგიონში (ძირიტადად ეკომიგრანტები), სამეგრელოში,
იმერეთსა და გურიაში.

მესტიის მუნიციპალიტეტი, იგივე ზემო სვანეთი შედგება 15 საზოგადოებისაგან ანუ


ისტორიული თემისაგან. ესენია: უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი,
ლატალი, ბეჩო, ეცერი, ცხუმარი, ფარი, ჩუბეხევი, ჭუბერი, ლენხერა და ლახამულა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი, იგივე ქვემო სვანეთი შედგება დაახლოებით18


საზოგადოებისაგან ანუ ისტორიული თემისაგან. ესენია: ზესხო, ცანა, ნაცული, მელე,
შგედი, ჩიხარეში, ახალშენი, ჟახუნდერი, სასაში, ჩოლურის საზოგადოება (13
სოფლით), ბაბილი, გულიდა, წანაში, ბავარი, ხელედი, ხოფური, ყვედრეში,
რცხმელური.

დღეისათვის მესტიის რაიონში დაახლოებით 20000-მდე ადამიანი ცხოვრობს,


ლენტეხის რაიონში - 15000 - მდე. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფლად
ფლობს სვანურ ენას. სვანები 2008 წლამდე შედარებით მცირე რაოდენობით (5000
სული) ცხოვრობდნენ კოდორის (resp. დალის) ხეობაში.

სულ სვანურად მოლაპარაკეთა რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 45000 კაცით


განისაზღვრება. ოცდაათი ათასამდე ადამიანი ფლობს სვანურ ენას.

სვანურში გამოიყოფა ოთხი დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლენტეხური


და ლაშხური. ბალსზემოური და ბალსქვემოური ზემოსვანურის სახელწოდებითაა
ცნობილი (ამ ორ დიალექტს ერთმანეთისაგან ყოფს ლატალსა და ბეჩოს შორის
მდებარე ბალის მთა), ხოლო ლაშხური და ლენტეხური - ქვემოსვანურისა. ეს

6
დიალექტები ერთმანეთს უპირისპირდება უმლაუტის, ხმოვანთა სიგრძის,
რედუქციის, გრამატიკულ (ბრუნება-უღლების პარადიგმატული სისტემა, სინტაქსი)
თუ ლექსიკურ თავისებურებათა არსებობა-არარსებობით. ტრადიციულად ცნობილი
დიალექტების გარდა, სვანურში მეცნიერთა ერთი ნაწილი ცალკე დიალექტად
გამოყოფს, აგრეთვე, ჩოლურულს, როგორც გარდამავალ დიალექტს (ქვემოსვანურ
დიალექტთა შერწყმის შედეგად მიღებულს) ქვემო სვანეთში.

ბალსზემოური კილო მესტიის რაიონის უშგულ-ლატალის ტერიტორიაზეა


გავრცელებული.

ბალსქვემოური კილო მესტიის რაიონის მცხოვრებთა მეტყველებაა სოფელ ბეჩოდან


(ლენხერის ჩათვლით) სამეგრელოს საზღვრამდე.

ლაშხური და ლენტეხური კილოები ცხენისწყლის ხეობაშია გავრცელებული.

2.2. მეგრული

დღევანდელი მდგომარეობით მეგრულად საუბრობენ სამეგრელოში (აბაშა,


ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ქ. ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი)
სამურზაყანოში (გალი, ოჩამჩირე, ტყვარჩელი).
მეგრული ისტორიულად ცხენისწყალ-რიონ-ფიჩორიდან მდინარე ფსოუმდე
ვრცელდებოდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით მეგრული მეტყველება ვრცელდება მდ.
ღალიძგამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით საზღვარია ეგრისის ქედი (სოფლები თოთანი
და ხუბერი მესტიის რ-ნში), სამხრეთ-აღმოსავლეთით – იმერეთ-ლეჩხუმი,
ცხენისწყალი და რიონის მარცხენა სანაპირო (აბაშის რ-ნის სოფლები: გაღმაკოდორი,
გულეიკარი, კეთილარი), ხოლო სამხრეთით მდინარე ფიჩორი მიჯნავს მეგრულს
გურულისაგან.

მეგრულში სამი კილო-კავი გამოიყოფა: სენაკურ-მარტვილური, ზუგდიდურ-


ჯვარული და სამურზაყანოული. სენაკურ-მარტვილური კილოკავი მოიცავს აბაშა-
სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მოსახლეობის მეტყველებას. აქ
ცალკე თქმებად გამოიყოფა ბანძა-მარტვილისა და ჩხოროწყუს მეტყველება;
ზუგდიდურ-ჯვარული კილოკავი გავრცელებულია ზუგდიდისა და წალენჯიხის
რაიონებში, სადაც ჯვარული მეტყველება (თქმა) ტრადიციულად გამოიყოფა.
მეგრულის მესამე კილოკავს ქმნის ენგურს გაღმა სამეგრელოს (სამურზაყანოს)
მეტყველება, იგი გავრცელებულია თანამედროვე საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონში, აფხაზეთში და მთლიანად მოიცავს გალის რაიონს, ნაწილობრივ –
ოჩამჩირესა და ტყვარჩელს. ოკუპაციამდე აფხაზეთში მეგრული მეტყველება

7
ვრცელდებოდა გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში, სადაც ეთნოწმენდამდე
მეგრელები კომპაქტურად სახლობდნენ. აფხაზეთიდან დევნილი მეგრელები
სამეგრელოს გარდა კომპაქტურად ცხოვრობენ ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, ასევე
საზღვარგარეთ (ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში).

2014 წლის აღწერის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 331 145.0 ადამიანი


ცხოვრობს, მაშინ როცა 2002 წლის აღწერით 466 100.0 ადამიანი ცხოვრობდა. ათ
წელიწადში მოსახლეობის შემცირება 29% -ით მოხდა, რაც რეგიონებში რაჭა-
ლეჩხუმთან ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეგრელების
რაოდენობას ოკუპირებულ აფხაზეთში, დეფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული
აღწერის მიხედვით 48 000.0 -ს აღწევს. ცხადია, რომ სამეგრელოდან მიგრაციის
მაღალი დონე მეგრულის მატარებელთა რაოდენობის კლების მიზეზიცაა.

მეგრული მეტყველების გავრცელების არეალი ისტორიულად ვრცელი იყო.


სავარაუდოდ, მეგრულსა და ლაზურს შორის გარდამავალი დიალექტი (ნარევი
მეტყველება) ვრცელდებოდა თანამედროვე გურია-აჭარაში, რასაც სამხრეთ-
დასავლეთით საკუთრივ-ლაზური მეტყველება ემეზობლებოდა, ხოლო მეგრული
გავრცელებული იყო იმერეთში შორაპნამდე (გ. მაჭავარიანი), რასაც ამოწმებს
მეგრული ტიპის ფუთ-ი ტოპონიმი შორაპანთან (შდრ. ქ. ფოთ-ის მეგრული
დასახელება – ფუთ-ი/ფუთ-უ, რომელიც ლაზურად ფონთ-ო( → უკუსესხებით
პონტო) უნდა ყოფილიყო – ქ. ლომთათიძე), მეგრულივე მოიცავდა თანამედროვე
ლეჩხუმის რეგიონს, შავი ზღვისპირეთიდან ვიდრე რაჭა-სვანეთ-აფხაზეთის მთიან
ზოლამდის (შდრ. სვან. დალ- : მეგრ. დოუ „უღელტეხილი აფხაზეთში“).
შემთხვევითი არც ის არის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
თითქმის ყველა მსხვილი ტოპონიმი მეგრულის მეშვეობით იხსნება.

2.3. ლაზური

ლაზეთის ტერიტორიის საერთო ფართობი მოიცავს 7 000 კვ. კილომეტრზე მეტს. მისი
საზღვრებია: ჩრდილოეთით შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით _
მდინარე ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით _ მდინარე სამანსუ. ამ
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოქცეულია თურქეთის საზღვრებში, ხოლო
საქართველოს ეკუთვნის სოფელი სარფის ნაწილი.

თანამედროვე ლაზური მეტყველების გავრცელების არეალი, მეგრულთან


შედარებით, მცირეა. ლაზები (ჭანები) მოსახლეობენ შავი ზღვის სანაპირო ზოლში
სარფიდან ქემერამდის, მდ. ჩხალის ხეობა მურღულისაკენ წარმოდგენილია ასევე
ლაზური მეტყველებით (რვა სოფელში). ლაზური მოსახლეობა კომპაქტურია
სარფიდან ქემერამდის. ისტორიულ ლაზიკას (ბერძნულად ლაზიკე, ხოლო

8
საკუთრივ-ლაზურად ლაზონა „ლაზეთი“) ეჭირა შავი ზღვის სანაპირო ზოლის
მნიშვნელოვანი ნაწილი.

განსაკუთრებით უნიკალურია მთიანი ლაზეთი, კერძოდ ბეღლევანის, ჩხალისწყლისა


და მურღულის ხეობებში (მდ. ჭოროხის აუზის ქვედა წელი) ქართული სოფლების
გვერდით მდებარეობს ლაზური სოფლები, რის გამოც შეხვდებით შერეულ, ლაზურ-
გურჯულ ოჯახებს. ხშირად ასეთი ოჯახების ლაზი დიასახლისები ერთნაირად
თანაბრად ფლობენ ლაზურ და ქართულ („ჩვენებურების ქართული“) ენებს და
საინტერესოდ უნაცვლებენ ამ სამეტყველო კოდებს.
საქართველოში XX საუკუნეში სარფის გარდა ლაზური მოსახლეობა
ფიქსირდებოდა აფხაზეთშიც: გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ასევე სოფლები:
შაწკვარა, ფაჩანთა, ხარუტა, ფშალთილუღი, წარაშუბარა, აძიუბჟა ნაწილობრივ
ლაზურად მეტყველებდნენ. საკმაოდ იყო ამ დროისათვის ლაზური წარმოდგენილი
კურორტ ანაკლიაში. საკუთრივ საქართველოში ცხოვრობს 2000.0 -მდე ლაზი.

შეიძლება ითქვას, რომ ლაზური კულტურული სივრცე საკმაოდ ვრცელი იყო


და მასში საკუთრივ ზანური არეალის (ზღვისპირეთი) გარდა შემოდიოდა სამხრეთ
საქართველოს ნიგალის ხეობის დიდი ნაწილი ვიდრე ართვინამდე. ზოგადად,
ჭოროხის აუზში ზანური ელემენტის არსებობას წარმოაჩენს უამრავი ტოპონიმი თუ
ჰიდრონიმი, მაგალითისთვის დავასახელებთ ისეთ სტრატეგიულ ადგილს, როგორიც
იყო არტანუჯი (ზანურად ნიშნავს „არტაანის ყურეს“) და მდინარე ქლასქური,
ჭოროხის მარჯვენა შენაკადი (ზანურში სქური „წყალს, წყაროს“ აღნიშნავს, ქლასქური
ანუ „შუაწყალი“). ჩრდილოეთით კი ლაზური კულტურული სივრცე სწვდებოდა
აფხაზეთს.

ლაზური დასახლებული პუნქტებისა და ხეობების მიხედვით იყოფა ათინურ, ვიწურ,


არქაბულ და ხოფურ კილოკავებად. ათინურში გამოსაყოფია ბულეფურ-არტაშენური
თქმა, ხოლო ხოფურში ცალკე თქმას წარმოადგენს ჩხალური მეტყველება.
1965 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის სტატისტიკური
ორგანოებისთვის დამახასიათებელი მეორე ენის აღნუსხვის პრაქტიკა აიკრძალა, რაც
აძნელებს ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას, მაგრამ, თუ
ავიღებთ ლაზური მოსახლეობის 1965 წლის საერთო რაოდენობას (85,1 ათასი) და
მოვახდენთ მის ექსტრაპოლაციას თურქეთის მოსახლეობის მატების საშუალო
კოეფიციენტის გამოყენებით, 50 წლის შემდეგ ლაზურენოვანი მოსახლეობის საერთო
რაოდენობა, ალბათ, ნახევარმილიონიან ზღვარს მიუახლოვდებოდა.

9
გამოყენებული ლიტერატურა:

ა.არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004

ჭ. ქირია, ლ. ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა, ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I.


მორფოლოგია, თბ., 2015

არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 2008

10

You might also like