You are on page 1of 59

ფრანც კაფკა - მოთხრობა, მოგონებები, წერილები, ნახატები

ფრანც კაფკა - სოფლის ექიმი


არნახულ გასაჭირში ვიყავი ჩავარდნილი: უმალვე უნდა გავმგზავრებულიყავი; რამდენიმე
ათეული მილით დაშორებულ სოფელში მძიმე ავადმყოფი მელოდა;

ავადმყოფსა და ჩემ ადგილსამყოფელს შორის, მთელ მანძილზე ძლიერი ქარბუქი


მძვინვარებდა;

მე ოთხთვალა მყავდა, მსუბუქი, დიდ თვლებზე შემდგარი ოთხთვალა, სწორედ ისეთი,


როგორიც ჩვენი სოფლის გზებს სჭირდება.

ქურქში გახვეული, ხელსაწყოებით სავსე ჩანთით ხელში, გასამგზავრებლად უკვე ეზოში


ვიდექი, მაგრამ ცხენი გვაკლდა, ცხენი არ გვყავდა. ჩემ საკუთარ ცხენს, ასეთ ცივ ზამთარში,
ზედმეტი დაძაბვისგან, სწორედ წინა ღამით გასძვრა სული.

ჩემმა მოსამსახურე გოგომ ახლაღა მიაშურა სოფელს, იქნებ ცხენი ვინმემ მათხოვოსო; ვიცოდი
ეს უაზრობა იყო, გაუთავებლად მათოვდა და მათოვდა, თანდათან ვკარგავდი მოძრაობის
უნარს და მაინც უმიზნოდ ვიდექი ადგილზე.

ჭიშკართან მოსამსახურე გოგო გამოჩნდა, მარტო იყო, ფარანი დამიქნია; რასაკვირველია,


ახლა ვინ გაიმეტებდა ცხენს და ისიც ასეთი მგზავრობისათვის? მე ერთხელ კიდევ გავიარ-
გამოვიარე ეზოში; გამოსავალი ვერაფერი ვიპოვე; დაბრუნებულმა და გაწამებულმა წლობით
მიტოვებული საღორის მორყეულ კარს ფეხი ვკარი. ანჯამებზე დაკიდებული კარი გაიღო და
ჯახუნით აქეთ-იქით მიეხეთქა. ისეთი სითბო და სუნი მეცა, თითქოს სადმე ახლოს ცხენი
ყოფილიყოს. შიგნით, თოკზე ჩამოკიდებული ბოსლის მკრთალი ფარანი ქანაობდა.

დაბალჭერიან გომურში წელში მოხრილმა კაცმა ცისფერი თვალები შემომანატა. “ცხენები


შევაბა?” – მკითხა ოთხზე დამდგარმა. არ ვიცოდი რა მეთქვა და მხოლოდ იმიტომ დავიხარე,
რათა დამენახა, გომურში კიდევ იყო რაიმე თუ არა. მოსამსახურე გოგო ჩემ გვერდით იდგა.
“არც იციან საკუთარ სახლში რა საქონელი ჰყავთ მარაგად”, თქვა მანდ და ორივემ გავიცინეთ.

“ეჰეი ძმაო, ეჰეი დაო!”- იყვირა მეჯინიბემ და ორი ზორბა, ძლიერგავიანი ცხოველი,
რომლებსაც ფეხები ისე მოეხარათ მუცელს ეხებოდნენ და ლამაზად თლილ თავებს
აქლემებივით დაბლა ხრიდნენ, ტანის ძლიერი რხევით, ერთმანეთის მიყოლებით ძლივს
გაეტივნენ კარში. იმწუთასვე მუხლებში გაიმართნენ, მაღალ ფეხებზე გასწორდნენ, ტანზე
სქელი ოხშივარი ასდიოდათ. “მიეხმარე”, მივმართე მე და მორჩილი გოგო გაეშურა,
მეჯინიბეს ოთხთვალის მოკაზმულობას მივაწვდიო. გოგო კარგად არც კი იყო
მიახლოებული, მეჯინიბემ რომ ხელი ჩაავლო დას ახე ახლოს მიუტანა. გოგომ შეკივლა და
ჩემკენ გამოიქცა. გოგოს ლოყაზე ორ რიგად წითლად ემჩნეოდა კბილების ანაბეჭდი.
“ხვადაგო”, ვყვირი გაცოფებული, “მათრახი ხომ არ მოგინდა?”, მაგრამ ამავე წუთს
მახსენდება, რომ კაცი ჩემთვის უცხოა. რომ არც კი ვიცი, საიდან მოვიდა, და რომ იგი თავისი
ნებით მეხმარება, მაშინ როცა სხვებმა უარი მითხრეს.

ისე, თითქოს ნაფიქრს მიხვდაო, მეჯინიბე ჩემს მუქარაზე ყურსაც არ აპარტყუნებს, მხოლოდ
ერთხელ შემობრუნდება ჩემკენ, თან ცხენებს ოთხთვალაში აბამს. “ჩაბრძანდით”, მეუბნება
იგი შემდეგ, და მართლაც : ყველაფერი მზადაა. ასე მშვენივრად აკაზმული ოთხთვალათი,
ვგონებ, არასოდეს მიმგზავრია, და სიხარულით ვჯდები შიგ. “ცხენებს მე თვითონ გავრეკავ,
შენ გზა არ იცი”, - ვუთხარი მე. “ცხადია”, - მიპასუხა მან, - “შენთან წამოსვლას არც ვაპირებ, მე
როზასთან დავრჩები”. – “არა”, ყვირის როზა და, თავისი ბედის გარდუვალობის
წინათგრძნობით შეძრწუნებული, სახლში შერბის.

მესმის კარის ჯაჭვის წკრიალი, რომლითაც როცა კარს კეტავს, მესმის გასაღების ჩხაკუნი,
თანაც ვხედავ, როზამ თავს რომ უშველოს, ტალავერში და ოთახებში ყველგან სინათლეს
აქრობს, რათა ვერავინ ვერ მიაგნოს.

“შენ ჩემთან წამოხვალ” – მივმართE მეჯინიბეს, - ან, არადა აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი,
როგორადაც გადაუდებელი არაა ჩემი წასვლა. ეგღა მაკლია, გამგზავრებაში დახმარების
ფასად გოგონა მოგცე”. – “გასწით, გაკურცხლეთ!” შესძახებს მეჯინიბე: ტაშს შემოკრავს;
ოთხთვალა ადგილიდან ისე მოწყდება, თითქოს მძლავრმა მდინარემ ნაფოტი გაიტაცაო; ჯერ
კიდევ მესმის მეჯინიბის მიწოლისაგან როგორ სკდება და ნაფოტებად იქცევა ჩემი სახლის
კარი. შემდეგ თვალები, ყურები და საერთოდ სხეულის ყველა ორგანო თანაბარზომიერი
გამკივანი სტვენით ივსება, მაგრამ ესეც წამიერია, რადგან, როცა თვალს ვახელ, ჩემი ეზოს
ჭიშკრიდან პირდაპირ ავადმყოფის ეზოში ვარ;

ცხენები წყნარად დგანან; თოვას გადაუღია; ირგვლივ მთვარე ანათებს; ავადმყოფის


მშობლები სახლიდან აჩქარებული გამოდიან, მათ უკან ავადმყოფის და მოდის;
ოთხთვალიდან ლამის ხელში ატაცებული ჩამომიყვანეს; მათი აბდაუბდა ლაპარაკიდან
ვერაფერს ვიგებ; ავადმყოფის ოთხაში სუნთქვა ჭირს, ჰაერი თითქმის არ არის; გავერანებული
ღუმელი ბოლავს; ფანჯრის გაღება მინდა, მაგრამ თავდაპირველად ავადმყოფი უნდა
გავსინჯო. გამხდარია, სიცხე არა აქვს, არც ცივია და არც ცხელია, თვალებში სიცარიელე
ჩადგომია, უპერანგო ყმაწვილი ბუმბულის ქვეშაგებიდან წამოიწია, კისერზე ჩამომეკიდა და
ყურში წამჩურჩულა: “ექიმო, ნება მომეცით მოვკვდე”. ირგვლივ მივიხედ – მოვიხედე,
ყმაწვილის ნათქვამი არავის გაუგონია; წინ წამოხრილი მშობლები ჩუმად დგანან და ჩემს
განაჩენს ელოდებიან; დმ ჩემი ხელჩანთისათვის სკამი მოიტანა. ხელჩანთა გავხსენი და
ხელსაწყოებს დავუწყე ძებნა; ყმაწვილი ლოგინიდან ისევ და ისევ ჩემკენ იწევს, რათა თავისი
თხოვნა მომაგონოს; პინცეტს ხელი წავავლე, სანთლის შუქზე გავსინჯე და ისევ უკან ჩავდე.

ჰო, ვფიქრობ მე ღვთის საგმობ სიტყვებს, ასეთ შემთხვევაში გეხმარებიან ღმერთები,


გიგზავნიან საჭირო ცხენს, სიჩქარეში მეორესაც უმატებენ, ხოლო ზედმეტი მოწყალების
გაღებისას მეჯინიბესაც შემოგწირავენ მსხვერპლად... მხოლოდ ახლაღა გამახსენდა როზა; რა
ვიღონო, როგორ ვიხსნა იგი, როგორ გამოვათრიო მეჯინიბეს ქვეშ მოქცეული გოგო. ათი
მილით ვარ მისგან დაშორებული, ოთხთვალაში კი დაუმორჩილებელი ცხენებია შებმული!
ცხენები, რომლებმაც ღვედები აიშვეს; ფანჯრები, არ ვიცი კი როგორ, გარედან გააღეს; ორივეს
ოთახში თავები შემოუყვიათ და ოჯახის წევრების ყვირილის მიუხედავად, ავადმყოფს
ათვალიერებენ. ამწუთსავე უკან გავბრუნდები, ვფიქრობ მე, თითქოს ცხენებიც გამგზავრებას
მთხოვენ, მაგრამ დას ნებას ვაძლევ, რომელსაც ჰგონია სიცხისაგან დაყრუებული ვარ, ქურქი
გამხადოს. ერთი ჭიქა რომი გამიმზადეს, მოხუცი მხარზე ხელს მიტყაპუნებს, მისი უბოდიშო
საქციელი ძვირფასი განძის დაკარგვითაა გამოწვეული. თავს ვაქანებ; მოხუცის შეზღუდული
აზრები ვიცი გულს ამირევს; ამიტომ უარს ვამბობ დალევაზე.

დედა ლოგინთან დგას და თავისთან მიხმობს; ვმორჩილდები და ყმაწვილის მკერდზე თავს


ვდებ, ამ დროს კი ერთი ცხენი, ოთახის ჭერისკენ თავაწეული, ხმამაღლა ჭიხვინებს, ყმაწვილს
ჩემი სველი წვერი აფრთხობს. მტკიცდება ის, რაც მე ვიცი; ყმაწვილი ჯანმრთელია, ოდნავს
სისხლნაკლულია, მზრუნველი დედა ყავით მომეტებულად ჭყიპავს, მაგრამ ჯანმრთელია,
უკეთესი კი იქნება, საწოლიდან პანღურის ცემით წამოაგდო.

მე ქვეყანას ვერ გამოვასწორებ, რაში მედარდება, იწვეს. მე აქ ოლქის ხელისუფლების მიერ ვარ
დანიშნული და ჩემს მოვალეობას, რაც ძალა შემწევს, ვასრულებ, ის კი არადა, სადღაც
მეტისმეტიც მომდის. გასამრჯელო ცუდია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელგაშლილი ვარ და
ღარიბებს მუდამ დახმარების ხელს ვუწვდი. როზასთვისაც უნდა ვიზრუნო, კაცმა რომ თქვას,
ყმაწვილი მართალია, უკეთესია მეც მოვკდე. რას ვაკეთებ აქ, ამ გაუთავებელ ზამთარში. ჩემს
ცხენს სული გასძვრა და სოფელში ისეთი არავინაა, რომელიც თავისას მათხოვებს.
საღორიდან ცხენის აკაზმულობა უნდა გამოვიტანო; ეს ცხენები შემთხვევით რომ არ
გაჩენილიყვნენ, ღორებით მომიწევდა მგზავრობა.

მე ოჯახს თავს ვუკრავ. მათ ამის შესახებ არაფერი იციან და რომც იცოდნენ, არ დაიჯერებენ...
რეცეპტების გამოწერა ადვილია, მაგრამ ადამიანებს რომ გაუგო, ეს კი ძნელია. მაშ ასე, აქ
შეიძლება დასრულდეს ჩემი სტუმრობა, ერთხელ კიდევ ამაოდ დავშვრი, ამას მიჩვეული ვარ,
ჩემი მაშველი ღამის ზარით მთელმა ოლქმა ჯვარს მაცვა, მაგრამ ამჯერად რომ როზას
დათმობა დამჭირდა, ამ მშვენიერი გოგონასი, რომელიც წლების მანძილზე ჩემს სახლში
ცხოვრობდა და ყურადღებას თითქმის არ ვაქცევდი, ეს მსხვერპლი მეტისმეტად დიდია, და
მე, დროებით რომ დავწყნარდე, რაღაც ეშმაკობებს ვიგონებ, ვინძლო ოჯახს რამე ფათერაკი არ
შევამთხვიო, მიუხედავად მათი საუკეთესო სურვილებისა, როზას უკან დაბრუნება არ
შეუძლიათ.

როცა ხელჩანთა დავკეტე და ვანიშნე ქურქი მომეცით-მეთქი, ოჯახის წევრები ერთად იდგნენ.
მამას ხელში რომიანი ჭიქა უჭირავს და ყნოსავს, დედა, როგორც ჩანს, ჩემით
განცვიფრებულია, - კი მაგრამ, რას ელოდება ეს ხალხი? – თვალები ცრემლებით აქვთ სავსე,
ტუჩებს იკვნეტენ, ხოლო და სისხლით გაჟღენთილ პირსახოცს აფრიალებს, მე მზად ვარ
დავიჯერო, რომ ყმაწვილი ნამდვილად ავად არის. მე მასთან მივდივარ, ყმაწვილი ღიმილით
მეგებება, თითქოს კარგი წვნიანი მიმქონდეს მისთვის, - ოჰ, ახლა ორივე ცხენი ჭიხვინებს;
ადვილი მოსალოდნელია, ხმაური უზენაესმა ბრძანა, რათა ავადმყოფის გასინჯვა
შემიმსუბუქონ, - და ამ დროს აღმოვაჩინე; ყმაწვილი მართლაც ავად არის, მარჯვენა მხარეს,
თეძოს არეში ხელისგულისოდენა ღია ჭრილობა აქვს. ვარდისფერ ჭრილობას სხვადასხვა
ფერი გადაჰკრავს, სიღრმეში შავია, კიდეებზე უფრო ნათელი, მარცვლებივით დაბუშტულა,
ალაგ-ალაგ სისხლი უთანაბროდ შედედებულა, ღია მაღაროს მოგაგონებს გაგანია სიცხეში. ასე
ჩანს შორიდან. ახლოს რომ დახედავთ, უფრო რთულადაა საქმე. ვის შეუძლია ეს დაინახოს,
და წყნარად არ დაუსტვინოს? ჩემი ნეკის სისქე და სიგრძე, ვარდისფერი და ამასთან სისხლში
ამოსვრილი მატლები ფუთფუთებენ, ჭრილობის სიღრმეში მკვიდრად მოუკალათებიათ და
თეთრ თავებსა და მრავალრიცხვოვან პაწაწკინტელა ფეხებს სინათლისაკენ იშვერენ.

საცოდავო ყმაწვილო! შენ აღარაფერი არ გიშველის. მე აღმოვაჩინე შენს ტანზე დიდი


ჭრილობა; ეს ყვავილი გამოგიყვანს შენ წირვას. ოჯახი ბედნიერია. ისინი ხედავენ, რომ მე
ყოველ ღონეს ვხმარობ; და დედას ეუბნება, დედა მამას გადასცემს, მამა სტუმრებს, რომლებიც
ფეხისწვერებზე შემდგარნი, ხელებგაშლილნი წონასწორობას იცავენ და

მთვარის შუქზე ღია კარებში შემოდიან.


“გადამარჩენ?” – სლუკუნით მეჩურჩულება ყმაწვილი, იგი შეძრწუნებულია, ჭრილობაში
ცოცხალი არსებანი რომ დაბუდებულან. ასეთი ადამიანები არიან ჩემს მხარეში. ექიმისაგან
ყოველთვის შეუძლებელს მოითხოვენ. ძველი რწმენა მათ დაკარგეს; მღვდელი სახლში ზის
და ერთი მეორის მიყოლებით საეკლესიო სამოსელს ნაკუწებად ხევს; მაგრამ ექიმმა ქირურგის
ნაზი ხელით ყველაფერი უნდა მოაგვაროს.

მაშ ასე, როგორც გენებოთ: მე არაფერი მითხოვია, წმინდა მიზნებისთვის გჭირდებათ ჩემი
თავი, ნება მომიცია, რაც გსურდეთ ის მიყავით; უკეთესს რას გააკეთებს სოფლის მოხუცი
ექიმი, რომელსაც მოსამსახურე გოგო მოსტაცეს! და ისინი მოდიან, ოჯახის წევრები, სოფლის
თავკაცები და ტანსაცმელს მხდიან: მოსწავლეთა გუნდი მასწავლებლის მეთაურობით სახლის
წინ დგას და სრულიად უბრალო მელოდიას მღერის:

“გახადეთ სამოსი და იგი განკურნავს,

და თუ არ განკურნავს, მაშინ კი მოკალით,

ის ხომ ექიმია . . . ექიმი მხოლოდ”.

შემდეგ მე ტანთ გამხადეს და წვერებში თითებგაყრილი, თავდახრილი ირგვლივ შემოჯარულ


ადამიანებს შევყურებ. თავს ვიკავებ, რადგან ყველა მათგანზე მაღლა ვგრძნობ თავს და
ასეთადვე ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერში არ მრგებს, რადგან ამ დროს ისინი
თავში და ფეხებში ხელს მავლებენ და ლოგინისაკენ მიმაქანებენ. კედლისაკენ, ჭრილობის
მხარეს მაწვენენ. შემდეგ ყველანი ოთახიდან გადიან; კარებს კეტავენ: სიმღერა წყდება,
ღრუბლები მთვარეს გარს ებურვიან; თბილ ქვეშაგებელში ვწევარ; ფანჯრის ღიობში
ჩრდილებივით ირხევიან ცხენების თავები.

“იცი”, - მესმის ყურში ყმაწვილის ხმა, - “ძალიან ცოტას გენდობი შენ. შენც ისეთივე უბედური
ხარ, ფეხზე ძლივს დგახარ. იმის მაგივრად, რომ მიშველო, სასიკვდილო სარეცელზე
მავიწროვებ. სიამოვნებით ამოგპოტნიდი მაგ თვალებს”.

-“მართალი ხარ,” – ვუთხარი მე, - “სამარცხვინოა. მერედა ექიმი ვარ. რა უნდა გავაკეთო?
დამიჯერე, ეს ჩემთვისაც არაა ადვილი”. – “ამ ბოდიშებით გსურს დამაკმაყოფილო? ოჰ მე
კარგად უნდა გავხდე, ყოველთვის კმაყოფილი უნდა ვიყო. ასეთი მშვენიერი ჭრილობით
გავჩნდი ამქვეყნად; ეს იყო მთელი ჩემი აღჭურვილობა.” – “უმცროსო მეგობარო”, - მივმართე
მე, - “შენი ნაკლი ისაა, რომ გონებრივი ჰორიზონტი არა გაქვს. მე, რომელიც ბევრი
ავადმყოფის ოთახში, ყველგანა ვარ ნამყოფი, გეუბნები შენ: შენი ჭრილობა არც ისე საშიშია.
საკმარისია მჭრელპირიანი ნაჯახის ორი დაკვრა. თქვენ ადგილას ბევრი სიამოვნებით
მიუშვერდა თეძოს, მაგრამ ძლივს ესმით მათ ტყეში ნაჯახის ხმა, გალურსული არიან, იქნებ
როგორმე მათამდისაც მიაღწიოს”. – “ეს ნამდვილად ასეა, თან წაიღე იმქვეყნად სოფლის
ექიმის პატიოსანი სიტყვა”. და მან წაიღო თან და დაწყნარდა, მაგრამ ახლა უკვე დრო იყო
თავის შველაზე მეფიქრა. ცხენები ჯერ კიდევ ერთგულად იდგნენ თავიანთ ადგილზე.
ტანსაცმელი, ქურქი და ხელჩანთა სასწრაფოდ მოვკრიფე; ჩაცმისთვის არ მსურდა დრო
დამეკარგა; თუ ცხენები ისევე იჩქარებდნენ, როგორც აქეთობისას, შეიძლება ითქვას, ამ
ლოგინიდან ჩემს ლოგინში აღმოვჩნდებოდი.

ერთი ცხენი მორჩილად მოსცილდა ფანჯარას: ჩემი ფუთა ოთხთვალაში მოვისროლე; ქურქი
გვერდზე გაფრიალდა, მხოლოდ რომელიღაცა კაუჭს სახელოთი გამოება. ესეც საკმარისია, მე
ცხენს მოვახტი. მოსართავები აითრიეს, ცხენები ერთმანეთზე ძლივს არიან გადაბმული,
ოთხთვალა აქეთ-იქით ქანავს, უკან ქურქი თოვლს ხვეტავს. “ცოცხლად!” შევძახე მე, მაგრამ
ცოცხლად არ გამოდის; ძლივძლივობით, მოხუცი კაცებივით მივდივართ თოვლის
უდაბნოში; დიდხანს ისმის ჩვენ უკან, ახალი, მაგრამ ბავშვების არეული სიმღერა:

“გაიხარენით პაციენტებო, რადგან ექიმი

თქვენთან ერთად წევს დღეს საერეცელში!”

ასე მე ვერასოდეს მივალ სახლში; დაიღუპა ჩემი ფრიად წარმატებული პრაქტიკა; ჩემი
შემცვლელი გამქურდავს მე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მას არ შეუძლია ჩემი შეცვლა; ჩემს
სახლში საზიზღარი მეჯინიბე მძვინვარებს; როზა მისი მსხვერპლია; არ მსურს ამაზე
ვიფიქრო. შიშველი, ამ უბედური საუკუნისაგან ყუნვაში გამოძევებული, მიწიერი
ოთხთვალათი და არამიწიერი ცხენებით, მე მოხუცი კაცი დუნიაზე დავეხეტები. ქურქი
ოთხთვალაზე არის ჩამოპორწიალებული , მაგრამ მე არ შემიძლია მივწვდე მას, და არც ერთი,
პაციენტების ბრბოდან ფეხზე მდგომი, თითსაც არ ანძრევს.

მოტყუებული, მოტყუებული! თან მომდევდა ღამის ზარების მაცდური ხმა – ამას


ვეღარასოდეს ვერ გამოვასწორებ.

განაჩენი
თარგმნა - თენგიზ ხაჭაპურიძემ

ეს ამბავი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, შუადღემდე მოხდა. ახალგაზრდა


ბიზნესმენი გეორგ ბენდემანი მსუბუქად ნაგები სახლის მეორე სართულზე, თავის
ოთახში იჯდა.

ასეთი სახლები მდინარის პირას ერთრიგად იყო ჩამწკრივებული და ერთმანეთისაგან


მხოლოდ სიმაღლითა და ფერით განსხვავდებოდა. გეორგმა ის-ის იყო წერილის წერა
დაამთავრა, რომელიც უცხოეთში მყოფი თავისი ახალგაზრდობის მეგობრისათვის
უნდა გაეგზავნა. მან წერილი ნელა, თითქოს თამაშ-თამაშით დაკეცა, იდაყვით
მაგიდას დაეყრდნო და ფანჯარაში გაიხედა, საიდანაც მდინარე, ხიდი და გაღმა
ნაპირზე ოდნავ ამწვანებული მაღლობები მოჩანდა.

გეორგი მეგობარზე ფიქრობდა, რომელიც თავისი კარიერით სამშობლში


უკმაყოფილო იყო და რამდენიმე წლის წინ რუსეთს მიაშურა. ამჟამად ის
პეტერბურგში საქმიანობდა, სადაც თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად აეწყო,
მაგრამ უკვე კარგა ხანია საქმე წინ ვეღარ მიდიოდა, როგორც ის სულ უფრო და უფრო
იშვიათი სტუმრობისას ჩიოდა ხოლმე. ასეთ უსარგებლო შრომაში ქანცი ეცლებოდა
და უცხო ქვეყნის ყაიდაზე მოშვებული წვერიც სახეზე სიყვითლეს ვეღარ უფარავდა
(რაც უკვე ჩაბუდებულ ავადმყოფობაზე მიუთითებდა), იმ სახეზე, გეორგი
ბავშვობიდან ასე კარგად რომ იცნობდა. როგორც მეგობარი უყვებოდა, მას არც იქ
მცხოვრებ თანამემამულეებთან ჰქონდა ხეირიანი ურთიერთობა და არც იქაურ
ოჯახებთან იყო დაახლოებული.

ასე რომ, საბოლოოდ ბერბიჭად იქცა.

აბა, ასე აშკარად გზააბნეული კაცისათვის რა უნდა მიეწერა. კი ეცოდებოდა, მაგრამ


ვერც დაეხმარებოდა. იქნებ რჩევა მიეცა, რომ სახლში დაბრუნებულიყო, თავისი საქმე
აქ გაეგრძელებინა, ძველ მეგობრებთან ურთიერთობა აღედგინა (რაც ძნელი სულაც არ
იყო) და, სხვათა შორის, მეგობრების დახმარების იმედიც ჰქონოდა. მაგრამ ეს სხვა
არაფერი იქნებოდა, თუ არა შერბილებული და ამის გამო - უფრო საწყენი სიტყვები,
რომ დღემდე ყოველივე მისი გარჯა ფუჭი ყოფილა, რომ ბოლოს და ბოლოს ამ
საქმისათვის თავი უნდა დაენებებინა და შინ დაბრუნებულიყო, სადაც სამუდამოდ
დაბრუნებულს ყველას გაკვირვებული მზერა უნდა აეტანა; სადაც შინ დარჩენილი
მეგობრების თვალში ის მხოლოდ დიდი ბავშვი იქნებოდა და მუდამ მათ კუდში
ჩანჩალი მოუწევდა. ჰოდა, ექნებოდა კი აზრი მისთვის ამდენი ტკივილის მიყენებას?
ამას დანამდვილებით ვერ იტყოდი. მისი შინ დაბრუნება, ალბათ, საერთოდ,
შეუძლებელი იყო.

აკი თვითონაც ამბობდა ხოლმე, რომ საკუთარი სამშობლოსი აღარ ესმოდა და


მიუხედავად ყველაფრისა, რჩევა-დარიგებებით გამწარებულსა და მეგობრებისაგან
კიდევ უფრო დაშორებულს, მაინც უცხო მხარეში ცხოვრება ერჩია. ხოლო თუ ამ
რჩევებს მართლაც დაჰყვებოდა, სამშობლოში დაბეჩავებული (რა თქმა უნდა, არა
ვინმეს განზრახვით, არამედ გარემოებათა გამო) ადგილს ვერც მეგობრებში იპოვიდა
და ვერც უიმათოდ გახდებოდა რამეს. ამის გამო კი სირცხვილით დაიტანჯებოდა და
სინამდვილეში არც სამშობლო ექნებოდა და არც მეგობრები ეყოლებოდა. ასეთი
გარემოებების გამო განა შეიძლებოდა იმაზე ფიქრი, რომ იგი აქ თავის საქმეებს
მართლა უკეთ წაიყვანდა? ამიტომ მას ჩვეულებრივი ამბების შესახებ წერილს ვეღარც
კი მისწერდი (თუკი საერთოდ გექნებოდა მიმოწერის შენარჩუნების სურვილი),
თუნდაც ისეთ ამბებზე, შორეულ ნაცნობებსაც რომ თამამად მისწერს ადამიანი. ეს
მეგობარი უკვე სამ წელზე მეტი იყო, რაც სამშობლოში აღარ გამოჩენილა და ამას
რუსეთში არსებული არამყარი პოლიტიკური სიტუაციით, თანაც მხოლოდ ორიოდე
სიტყვით, ხსნიდა. მისი თქმით, ეს სიტუაცია წვრილ კომერსანტს ადგილზე თუნდაც
ცოტა ხნით არყოფნის საშუალებას არ აძლევდა და ეს მაშინ, როდესაც ასიათასობით
რუსი გულარხეინად მთელ მსოფლიოს გარს უვლიდა.

მაგრამ გეორგის ცხოვრებაში ბევრი რამ სწორედ ამ სამ წელიწადში შეიცვალა.

დაახლოებით ორი წლის წინ დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ მოხუც მამასთან
ერთად საქმიანობდა. დედამისის გარდაცვალება მეგობარმა, ალბათ, შეიტყო და
სამძიმარი წერილით მშრალად გამოხატა, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ ასეთ
ამბავზე მწუხარება შორეულ და უცხო ქვეყანაში წარმოუდგენელი ხდება.
ამ ამბის შემდეგ გეორგმა, ყველა სხვა საქმესთან ერთად, თავის ბიზნესსაც
ენერგიულად მოჰკიდა ხელი. იქნებ იმის გამო, რომ დედის სიცოცხლეში საქმეების
გაძღოლა მამას თავის ჭკუაზე სურდა და გეორგს ნამდვილ ბიზნესში ხელს უშლიდა.
ან იმის გამო, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მამა უფრო თავშეკავებულად
იქცეოდა, თუმცა საქმეში ისევ მონაწილეობდა. ან იქნებ ბედნიერ დამთხვევათა
წყალობის შედეგიც იყო (რაც სულაც არ გახლდათ გამორიცხული), მაგრამ საქმე ამ
ბოლო ორ წელიწადში, სრულიად მოულოდნელად, ძალიან წინ წავიდა. ამის გამო
მომსახურე პერსონალის ორჯერ გაზრდაც კი მოუხდათ, საქონელბრუნვა ხუთჯერ
გაიზარდა, ხოლო წინ მორიგი რეალური პერსპექტივები იშლებოდა.

მეგობარს კი ამ ცვლილებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ადრე, მგონი, იმ სამძიმრის


წერილში, მას გეორგის დარწმუნება უნდოდა, რომ ისიც რუსეთში გადახვეწილიყო
და დაწვრილებით წერდა იმ პერსპექტივებზე, რომლებიც პეტერბურგში სწორედ
გეორგის ბიზნესს ექნებოდა. მის მიერ დასახელებული ციფრები გეორგის
ამჟამინდელ მიღწევებთან შედარებით არაფერი იყო, მაგრამ ადრე გეორგს თავის
წარმატებათა შესახებ წერის სურვილი არ ჰქონდა. ახლა კი ამას მოგვიანებით
გააკეთებდა, რასაც ნამდვილად საოცარი ელფერი ექნებოდა.

ამიტომ იყო, რომ გეორგი თავის მეგობარს წერილებში მხოლოდ უმნიშვნელო ამბებზე
სწერდა, ისეთებზე, როგორიც ადამიანს ერთ მშვიდ კვირადღეს ალალბედზე თუ
მოუვა თავში. მას სხვა არაფერი სურდა გარდა იმისა, რომ მეგობრის წარმოდგენაში
მშობლიური ქალაქის ის სურათი არ დაერღვია, რომელიც მან ამდენი ხნის
განმავლობაში, ალბათ, თავისთვის შექმნა და რომელსაც შეეგუა კიდეც. ისე მოხდა,
რომ გეორგმა მეგობარს ვიღაც სრულიად უინტერესო კაცის ასევე სრულიად
უინტერესო ქალიშვილზე ნიშნობის ამბავი სამ, ერთმანეთისაგან დიდი ხნით
დაშორებულ ბარათში შეატყობინა.

გეორგისათვის სრულიად მოულოდნელად და მისი განზრახვის საწინააღმდეგოდ


მეგობარი ამ ამბით თანდათან დაინტერესდა. გეორგს კი უმნიშვნელო ამბებზე წერა
ეხალისებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ერთი თვის წინ თვითონ დაინიშნა ფროილაინ
ფრიდა ბრანდფელდზე, მდიდარი ოჯახიდან გამოსულ ქალიშვილზე. თავის
საცოლეს ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე მეგობარსა და მასთან უცნაურ მიმოწერაზე.
მაშ ის ჩვენ ქორწილზე არ ჩამოვა? - იკითხა ერთხელ ქალმა, - ხომ მაქვს ყველა შენი
მეგობრის გაცნობის უფლება? არ მინდა შევაწუხო, - მიუგო გეორგმა, - სწორად გამიგე,
იქნებ ჩამოსულიყო კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, მაგრამ თავს
იძულებულად და დაჩაგრულად იგრძნობდა.

იქნებ კიდევაც შეშურებოდა ჩემი, უკმაყოფილო დარჩენილიყო და ვერც დაეფარა ეს


უკმაყოფილება იმის გამო, რომ უკან გამგზავრება მარტოს მოუხდებოდა. მარტოს!
იცი, ეს რა არის? კი, მაგრამ განა ჩვენი ქორწინების შესახებ სხვაგვარად ვერ
შეიტყობს?ამას მე, რასაკვირველია, ხელს ვერ შევუშლი! თუმცა, მისი ცხოვრების
წესის შემყურეს, არა მგონია, ასე მოხდეს. გეორგ, თუ შენ ასეთი მეგობრები გყავს,
ჯობდა საერთოდ არ დანიშნულიყავი!კი, ეს ორივე ჩვენგანის ბრალია, მაგრამ ახლა
ამის შეცვლა არ მსურს.

და როდესაც გეორგის კოცნით სუნთქვააჩქარებულ ქალს მხოლოდ, ისე, ეს ჩემთვის


საწყენიაო, აღმოხდა, გეორგმა ჩათვალა, რომ მეგობრისათვის ყველაფრის მიწერა
უხურხული ნამდვილად არ იქნებოდა. თავისთვის კი გაიფიქრა: ასეთი ვარ და მანაც
ასეთი უნდა მიმიღოს. მეგობრობის გამო ჩემგან ისეთ კაცს ხომ ვერ გამოვჭრი, მის
თარგს უკეთესად მოერგოს, ვიდრე ჩემსას.

და მართლაც, ამ კვირადღეს მიწერილ გრძელ წერილში, გეორგი უკვე ჩავლილი


ნიშნობის შესახებ მეგობარს ასეთი სიტყვებით ამცნობდა: საუკეთესო სიახლე კი
ბოლოსთვის შემოვინახე. დავინიშნე ფროილაინ ფრიდა ბრანდფელდზე, მდიდარი
ოჯახის ქალიშვილზე. ეს ოჯახი აქ შენი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგ გადმოვიდა
და არა მგონია, მათ იცნობდე. კიდევ მექნება საშუალება და ჩემს საცოლეზე უფრო
მეტს მოგწერ.

ამჯერად კი ის იკმარე, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ჩვენს ურთიერთობაშიც


ცვლილება მოხდა: ჩვეულებრივი მეგობრის ნაცვლად ახლა უკვე ბედნიერი მეგობარი
გყავს. გარდა ამისა, ჩემი საცოლეს სახითაც კარგ მეგობარს შეიძენ. ამის შესახებ
თვითონაც მოგწერს, რაც შენისთანა ბერბიჭასათვის უმნიშვნელო სულაც არ უნდა
იყოს. ვიცი, ჩვენთან სტუმრობაში ბევრი რამ გიშლის ხელს, მაგრამ განა ჩემი
ქორწილი იმის საბაბი არ უნდა იყოს, რომ ადგე და ყველა მიზეზი გვერდზე
მოისროლო? თუმცა, ასეა თუ ისე, მაინც შენი გონების კარნახით მოიქეცი და ანგარიშს
ნურაფერს გაუწევ.

გეორგი დიდხანს იჯდა სავარძელში საწერ მაგიდასთან წერილით ხელში და


ფანჯარას გაჰყურებდა. ქუჩაში მომავალ ნაცნობს სალამზე მხოლოდ ოდნავ
შესამჩნევი ღიმილით უპასუხა: ბოლოს წერილი ჯიბეში ჩაიდო და პატარა დერეფნის
გავლით მამის ოთახისაკენ გაემართა, სადაც ის უკვე რამდენიმე თვე აღარ შესულიყო.
ისე, ამის აუცილებლობა არც იყო, რადგან მამამისთან ურთიერთობა მაღაზიაში
ისედაც ჰქონდა.

სადილობითაც ერთდროულად სადილობდნენ ერთ პატარა კაფეში. მართალია,


საღამოებს ორივე თავისი სურვილის მიხედვით ატარებდა, მაგრამ უმეტესად მაინც
საერთო საცხოვრებელ ოთახში თავ-თავიანთ გაზეთებს კითხულობდნენ ხოლმე,
თუკი გეორგი სადმე ამხანაგებთან არ იჯდა (რაც უფრო ხშირად ხდებოდა) ან თავის
საცოლესთან არ იყო სტუმრად წასული.

გეორგს გაუკვირდა, რომ ასეთი მზიანი ამინდის მიუხედავად მამის ოთახში მაინც
ბნელოდა. ოთახს მაღალი კედლის ჩრდილი სცემდა, ვიწრო ეზოს მიღმა რომ
აღმართულიყო. მამა კუთხეში, ფანჯარასთან იჯდა და გაზეთს კითხულობდა. კუთხე
განსვენებული დედის სამახსოვრო ნივთებით იყო მორთული. მოხუცს გაზეთი
გვერდულად ეჭირა და ამით, ერთგვარად, სუსტი მხედველობის დაძლევას
ცდილობდა.

მაგიდაზე საუზმის ნარჩენები ელაგა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ბევრი არაფერი


ჰქონდა მოკლებული.

- ოჰ, გეორგ! - თქვა მამამ და მაშინვე მისკენ გაემართა. მძიმე საძილე ხალათი
სიარულში გაეხსნა და კალთები გარშემო აუფრიალდა. მამაჩემი ჯერ კიდევ
გოლიათია, - თავისთვის ჩაილაპარაკა გეორგმა.

- აუტანელი სიბნელეა, - თქვა ბოლოს მან.

- კი, სიბნელეა, - უპასუხა მამამ.

- ფანჯრებიც დაკეტილი გაქვს?

- ასე მირჩევნია.

- გარეთ ცხელა, - თითქოს წინა ნათქვამს დაუმატაო, თქვა გეორგმა და დაჯდა. მამამ
საუზმის ჭურჭელი აალაგა და იქვე ყუთზე დააწყო.

- ისე, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, - განაგრძო გეორგმა და თან მოხუცის


მოძრაობებს გონებაგაფანტული თვალს ადევნებდა, - რომ ჩემი ნიშნობის შესახებ
პეტერბურგში შევატყობინე, - მან წერილი ჯიბიდან ამოიღო და მერე ისევ ჩაიდო.

- პეტერბურგში? - იკითხა მამამ.

- ჰო, ჩემს მეგობარს, - თქვა გეორგმა და მამის თვალები მოძებნა. მაღაზიაში სულ
სხვანაირია, - გაიფიქრა მან, - აქ კი რა ფართოდ დამჯდარა გულხელდაკრეფილი.

- ჰო, შენს მეგობარს, - ხაზგასმით თქვა მამამ.

- მამა, ხომ იცი, თავიდან მისთვის ჩემი ნიშნობის გამხელა არ მსურდა, მხოლოდ
იმიტომ, რომ ანგარიშის გაწევა მინდოდა და სხვა არაფერი. თვითონაც ხომ იცი, რა
მძიმე ადამიანია. მერე ვიფიქრე, ჩემს ნიშნობას სხვა მხრიდან მაინც შეიტყობს-მეთქი.
ამას ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ მისი ცხოვრების წესის შემყურეს, არა მგონია, ასე
მოხდეს. ვთვლიდი, პირადად ჩემგან არ უნდა გაიგოს-მეთქი.

- ახლა კი გადაიფიქრე, არა? - შეეკითხა მამა და გაზეთი ფანჯრის რაფაზე დადო, ზედ
სათვალე დაადო და ზემოდან ხელი დააფარა.

- ჰო, ახლა გადავიფიქრე.

თუ ის ჩემი კარგი მეგობარია, მაშინ ჩემი ბედნიერი ნიშნობით ისიც ბედნიერი იქნება-
მეთქი. ამიტომაც აღარ გადავდე მისთვის ნიშნობის შეტყობინება. მაგრამ სანამ
წერილს გავგზავნიდი, მინდოდა ეს შენთვისაც მეთქვა.
- გეორგ, - თქვა მამამ და უკბილო პირი ფართოდ გააღო, - მომისმინე! ჩემთან რჩევის
საკითხავად მოხვედი და ეს, რა თქმა უნდა, პატივს გდებს, მაგრამ ეს არაფერია!
არაფერზე უარესია, რომ ახლა სიმართლეს არ მეუბნები. არ მინდა იმ ამბების
ამოქექვა, რომლებსაც ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ჩვენი ძვირფასი დედის
გარდაცვალების შემდეგ აქ არცთუ ისე კარგი ამბები მოხდა. შეიძლება ოდესმე ამის
თქმის დროც დადგეს, და იქნებ უფრო ადრეც, ვიდრე ჩვენ გვგონია.

მაღაზიაში რაღაც-რაღაცები მხედველობიდან მრჩება. თუმცა, იქნებ არც მიმალავენ.


ძველებურად ძალა აღარ შემწევს, მეხსიერებაც მღალატობს. ამდენ რამეს ჩემი თვალი
ვეღარ სწვდება. ეს, ჯერ ერთი, ბუნების წესია, მეორე კიდევ, ჩვენი დედიკოს
სიკვდილმა მე უფრო შემარყია, ვიდრე შენ. მაგრამ, რაკი ახლა ამ საქმეზე
ვლაპარაკობთ, ამ წერილზე, გთხოვ, გეორგ, ნუ მომატყუებ. ეს ხომ წვრილმანი რამეა,
ერთ სიტყვადაც არ ღირს და ამიტომ ნუ მომატყუებ - მართლა გყავს პეტერბურგში
მეგობარი?

გეორგი დარცხვენილი წამოდგა.

- მოვეშვათ ჩემს მეგობრებს. მამას ათასი მეგობარიც ვერ შემიცვლის. იცი, რას
ვფიქრობ? შენ თავს სულ არ უფრთხილდები, ასაკს კი თავისი მიაქვს. თავადაც ხომ
კარგად იცი, საქმეში შეუცვლელი მყავხარ, მაგრამ თუ ეს მაღაზია შენს
ჯანმრთელობას შეიწირავს, ხვალიდანვე სამუდამოდ დავხურავ. ასე არ შეიძლება!
შენთვის სხვაგვარი ცხოვრება უნდა მოვაწყოთ.

სულ სხვანაირი. ამ სიბნელეში ზიხარ და საცხოვრებელ ოთახში კი მშვენიერი


სინათლეა.

საუზმეს ოდნავ მოკიკნი ხოლმე, იმის მაგივრად, კარგად მოძლიერდე. დახურულ


ფანჯარასთან ზიხარ, სუფთა ჰაერი კი მოგიხდებოდა. არა, მამა, ექიმს მოვიყვან და
რასაც დაგინიშნავს, იმას გავაკეთებთ. ოთახებს გავცვლით. შენ წინა ოთახში
გადახვალ, მე კი აქ გადმოვალ. ცვლილება რომ არ გეუხერხულოს, ყველა ნივთს იქ
გადავიტანთ, მაგრამ ამას ყველაფერს მოვასწრებთ. ახლა კი ცოტა ხანს ისევ ლოგინში
ჩაწექი, აუცილებლად სიმშვიდე გჭირდება.

მოდი, გახდაში დაგეხმარები. ნახავ, რა კარგად შემიძლია ეს, ან იქნებ ახლავე წინა
ოთახში გინდა? მაშინ დროებით ჩემს საწოლში დაწექი. სხვათა შორის, ეს ძალიან
ჭკვიანური იქნებოდა.

გეორგი მამასთან ახლოს იდგა, რომელსაც გაჩეჩილი, ჭაღარათმიანი თავი დაბლა,


მკერდისკენ დაეხარა.

- გეორგ, - თქვა მამამ ჩუმად, ისე, რომ არ შერხეულა. გეორგმა მაშინვე მამის გვერდით
ჩაიმუხლა. მამის დაღლილი სახიდან გაფართოებული თვალის გუგები მისჩერებოდა,
- შენ პეტერბურგში მეგობარი არა გყავს.
მუდამ ხუმარა იყავი და თავს ჩემ წინაშეც კი ვერ იკავებდი. საიდან გყავს
მაინცდამაინც იქ ასეთი მეგობარი? ამას ვერაფრით დავიჯერებ!

- მამა, აბა ერთი დაფიქრდი, - უთხრა გეორგმა, მოხუცი სავარძლიდან წამოაყენა და


საკმაოდ დასუსტებულს ხალათი გახადა, - მალე სამი წელი გახდება, რაც აქ ჩემი
მეგობარი გვესტუმრა. კარგად მახსოვს, მაინცდამაინც არაფრად გეპიტნავებოდა. სულ
ცოტა, ორჯერ მაინც გითხარი, ჩემთან არ არის-მეთქი, როდესაც ის ჩემს ოთახში იჯდა.
შენი ანტიპათია მისდამი კარგად მესმოდა, რადგან ჩემს მეგობარს უცნაურობები
სჭირს. თუმცა, მოგვიანებით მასთან შესანიშნავად საუბრობდი. კიდევაც ვამაყობდი,
თუ როგორი ყურადღებით უსმენდი, თავს უქნევდი და კითხვებს უსვამდი.

თუ დაფიქრდები, გაიხსენებ. მაშინ ის რუსეთის რევოლუციაზე დაუჯერებელ ამბებს


გვიყვებოდა. მაგალითად, როგორ დაინახა ერთხელ კიევში არეულობის დროს
საქმეებზე ჩასულმა აივანზე გამოსული მღვდელი, რომელმაც გაშლილ ხელისგულზე
სისხლიანი ჯვარი ამოიჭრა, მერე ეს ხელი მაღლა ასწია და ბრბოს რაღაც შეუძახა. მერე
ამ ამბავს ხანდახან შენ თვითონაც ჰყვებოდი ხოლმე.

ამასობაში გეორგმა იმდენი მოახერხა, რომ მამამისი ისევ დასვა და ტილოს ქვედა
საცვალზე გადაცმული შარვალი და წინდები ფრთხილად გახადა. არცთუ ისე სუფთა
საცვლების დანახვაზე თავის თავს უსაყვედურა, რომ მამას საკმარის ყურადღებას არ
აქცევდა. მამის მომავალი ცხოვრების მოწყობის თაობაზე თავის საცოლესთან საუბარი
ხეირიანად ჯერ არც ჰქონია.

მათი უსიტყვო შეთანხმებით მამა ძველ ბინაში მარტო უნდა დარჩენილიყო. მაგრამ
იმწუთას გეორგმა უცბად და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მამა ახალ სახლში თან
წაეყვანა. ხომ ნათელი იყო, რომ ის მოვლა-პატრონობა, რაც მამამისს მერე
დასჭირდებოდა, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდებოდა.

მკლავებზე გადაწვენილი მამა გეორგმა საწოლთან მიიყვანა. როდესაც მამა


საწოლისკენ მიჰყავდა, იმ რამდენიმე ნაბიჯის გავლისას საშინელი გრძნობა
დაეუფლა, რადგან შენიშნა, რომ მამა მის მკერდზე ჩამოკიდებულ საათის ძეწკვს
ათამაშებდა. ლოგინში მამის ჩაწვენა გეორგმა მაშინვე ვერ შეძლო, რადგან იგი ძეწკვს
მაგრად ჩასჭიდებოდა. მაგრამ როგორც კი მოხუცი ლოგინში ჩაწვა, თითქოს
ყველაფერი ისევ მოწესრიგდა.

საბანი თვითონ დაიხურა, მხრებს ზემოთ ამოიწია და გეორგს საკმაოდ


შუბლგახსნილმა ახედა.

- გაგახსენდა ჩემი მეგობარი, არა? - ჰკითხა გეორგმა და თავი გამამხნევებლად


დაუქნია.

- ახლა კარგად მახურავს საბანი? - იკითხა მამამ, თითქოს ვერ ხედავდა, რომ საბანი
ფეხებს კარგად უფარავდა.
- ესე იგი, ლოგინში წოლა გირჩევნია, - უთხრა გეორგმა და საბანი უფრო კარგად
შემოუკეცა.

- კარგად მახურავს? - ისევ იკითხა მამამ. ეტყობოდა, რომ ამ კითხვაზე პასუხს


განსაკუთრებულად ელოდა.

- დაწყნარდი, კარგადა ხარ ჩაფუთვნილი.

- არა! - ისე წამოიძახა მამამ, რომ მისი წამოძახილი და გეორგის სიტყვები ერთმანეთს
შეასკდა. მოხუცმა საბანი უკან ისეთი ძალით მოისროლა, რომ ჰაერში მთლიანად
გაიშალა. მამა საწოლში წამოიმართა და ცალი ხელით პლაფონს მსუბუქად მიეყუდა, -
ვიცი, ჩემო ნაშიერო, რომ ჩემი მაგრად ჩაფუთვნა გინდოდა, მაგრამ არა! ჯერ კიდევ
არა ვარ ჩაფუთვნილი და უკანასკნელი ძალა იმდენი კი შემომრჩა, რომ შენ კი არა,
კიდევ მეტს ეყოფა! დიახ! კარგად ვიცნობ შენს მეგობარს! მას ჩემი გული შვილადაც
მიიღებდა! ამიტომაც ღალატობდი მას მთელი ამ წლების მანძილზე. აბა, სხვა რა იყო
მიზეზი? როგორ ფიქრობ, მე მისი გულისთვის არ მიტირია? ამიტომაც ხარ ჩაკეტილი
შენს კაბინეტში! ხელი არავინ შეუშალოს! შეფი დაკავებულია! მაგრამ იმითია
დაკავებული, რომ ყალბ წერილ სწერს რუსეთში. საბედნიეროდ, შვილის ნამდვილი
სახის გამოცნობას მამას ვერავინ ასწავლის! ახლაც გეგონა, რომ შენს მეგობარს
გათელავდი და კისერზე წამოაჯდებოდი. აბა რა, ჩემმა ვაჟბატონმა ხომ ცოლის
შერთვა გადაწყვიტა!

გეორგმა მამის საშინელ სახეს ახედა. პეტერბურგელი მეგობარი, რომელსაც მამამისი


თურმე ასე კარგად იცნობდა, გეორგს ახლა ისეთი ძალით ჩააფრინდა, როგორც
არასოდეს.

გეორგი მას უკიდეგანო რუსეთში დაკარგულს ხედავდა. ხედავდა, როგორ იდგა


ცარიელი, გაძარცული მაღაზიის კართან, ნამსხვრევებსა და თაროებს შორის,
დაგლეჯილ საქონელს შორის, ჯერ კიდევ იდგა! რამ წაიყვანა იმ გადაკარგულში!

- მაგრამ შემომხედე! - დაიყვირა მამამ და თითქმის მთლად დაბნეული გეორგი


საწოლისაკენ გაქანდა, უნდოდა ყველაფერი გაეაზრებინა. შუა გზაზე წაბორძიკდა, -
რაკი კაბის კალთები აგიწია, - ყალბად დათაფლული ხმით დაიწყო მამამ, - რაკი იმ
დედაკაცმა, იმ ბატმა, კაბის კალთები აგიწია, - და მოხუცმა ამის საჩვენებლად თავისი
ხალათი იმ სიმაღლეზე ასწია, რომ ბარძაყზე ომისდროინდელი ნაჭრილობევი
გამოუჩნდა, - რაკი კაბის კალთები ასე აიწია, იმიტომაც გადაეკიდე. შენთვის რომ
მასთან განცხრომაში ხელი არავის შეეშალა, ამის გამო შეარცხვინე დედის ხსოვნა და
მეგობარსაც უღალატე! მამა ლოგინში გაამწესე, რომ არ გაინძრეს. მაგრამ მამას
განძრევა კიდევ შეუძლია, არა?! - მოხუცი სრულიად გახდილი და ფეხებგადმოყრილი
იდგა. გონებაგახსნილს სახე განათებოდა.

გეორგი კუთხეში იდგა.


მამისაგან რაც შეიძლებოდა შორს. დიდი ხნის წინ მან მტკიცედ გადაწყვიტა,
ყველაფერს გულდასმით დაჰკვირვებოდა, რათა თვითონ მისთვის ვერავის
ვერსაიდან ეთვალთვალა. ახლა ეს დიდი ხნის დავიწყებული გადაწყვეტილება კვლავ
გაახსენდა და უმალვე დაივიწყა.

- მაგრამ მეგობრისთვის მაინც არ უღალატიათ! - დაიძახა მამამ და მისმა აქეთ-იქით


მოქანავე საჩვენებელმა თითმაც მოხუცის ნათქვამი დაადასტურა, - მე ვიყავი აქ, ამ
ქალაქში, მისი შემცვლელი.

- კომედიანტი, - თავი ვეღარ შეიკავა და წამოიძახა გეორგმა, თუმცა შეცდომას უმალვე


მიხვდა და თვალებგაშტერებულმა ენაზე ისე იკბინა, რომ ტკივილისაგან დაიგრიხა.

- დიახ! რა თქმა უნდა, კომედიას ვთამაშობდი! კარგი ნათქვამია! სხვა რა ნუგეში


დამრჩენოდა მოხუც, დაქვრივებულ მამას? მითხარი და ერთი წამით, სანამ მიპასუხებ,
ისევ ჩემს ცოცხალ შვილად დარჩი. სხვა რაღა დამრჩენოდა ბებერს და
დაჩაჩანაკებულს ამ ჩემს უკანა ოთახში, ორგულ მოსამსახურეთა ხელში? ჩემი შვილი
კი ტრიუმფით ქვეყანას უვლიდა და საქმეეებს აგვარებდა.

იმ საქმეებს, მე რომ მოვამზადე! სიამოვნებისაგან ყირაზე გადადიოდა, მამის წინაშე კი


პატიოსანი კაცივით სახეშეკრული დადიოდა. როგორ ფიქრობ, განა არ მიყვარდი? მე,
შენს შემქმნელს, არ მიყვარდი?

ახლა წინ გადმოიხრება, - გაიფიქრა გეორგმა, ნეტავი გადმოვარდებოდეს და


დაიმსხვრეოდეს! - უსისინებდა თავში. მამა წინ გადმოიხარა, მაგრამ არ დაცემულა.
მოელოდა, რომ გეორგი მიუახლოვდებოდა, მაგრამ რაკი ასე არ მოხდა, კვლავ წელში
გაიმართა.

- არ გაინძრე, არ მჭირდები! გგონია, ჩემთან მოსასვლელი ძალა შეგწევს და მხოლოდ


იმიტომ არ მოდიხარ, რომ ასე გსურს? ძალიან ცდები. ჩვენ შორის ჯერ კიდევ მე ვარ
უფრო ძლიერი. მარტოს, ალბათ, უკან დახევა მომიწევდა, მაგრამ დედამ თავისი ძალა
მე გადმომცა.

შენს მეგობართანაც შესანიშნავი კავშირი მქონდა. აი, ამ ჯიბეში მიწყვია შენი ამბები!

ამ ხალათშიც კი ჯიბეები აქვს, - გაიფიქრა გეორგმა და ეგონა, ამ შენიშვნით მოხუცს


საქვეყნოდ თავს მოჭრიდა. ეს მხოლოდ ერთ წამს გაიფიქრა, რადგან მაშინვე
ყველაფერი დაავიწყდა.

- ჩამოეკონწიალე ერთი იმ შენს საცოლეს და მერე დამენახვე! ნახავ, როგორ მოვისვრი


შენი გვერდიდან!

გეორგი სახეს მანჭავდა, თითქოს ყოველივე ეს არ ეჯერა. მამამ კი საკუთარი


ნათქვამის სიმართლის დასტურად მხოლოდ თავი დაიქნია იმ კუთხისაკენ, სადაც
გეორგი იდგა.
- მაინც როგორ გამართე დღეს, როდესაც მოხვედი და მკითხე, მეგობარს ნიშნობის
თაობაზე მივწერო თუ არაო. მან ხომ ყველაფერი იცის, შე სულელო! მე ხომ მას
წერილებს ვწერდი, რადგან ჩემთვის საწერ-კალმისა და ქაღალდის წართმევა
დაგავიწყდა.

ამიტომაც აღარ ჩამოდის ამდენი წლის მანძილზე. შენზე ასჯერ უკეთესად იცის
ყველაფერი. შენს წერილებს წაუკითხავად ჭმუჭნის და მარცხენა ხელში უჭირავს
ხოლმე, როდესაც მარჯვენათი ჩემს ბარათებს კითხულობს, - მოხუცმა აღტაცებისაგან
ხელი თავზემოთ აიქნია.

- ყველაფერი ათასჯერ უკეთ იცის! - დაიძახა მან, - ათიათასჯერ უკეთესად!

- ათიათასჯერ უკეთესად, - თქვა გეორგმა მამის დასაცინად და სიტყვები მისი პირით


მომაკვდინებელი სერიოზულობით აჟღერდა.

- წლების მანძილზე ველოდი, როდის მოხვიდოდი ჩემთან ამ შეკითხვით. გგონია,


სხვა რამე მადარდებს? გგონია, გაზეთებს ვკითხულობ? აჰა! - და მან გეორგს გაზეთის
ფურცელი ესროლა, რომელიც როგორღაც ლოგინში მოხვედრილიყო. რაღაც ძველი
გაზეთი იყო, რომელსაც გეორგი საერთოდ არ იცნობდა, - რამდენ ხანს ყოყმანობდი,
სანამ ჭკუას ისწავლიდი? დედაშენი ისე გარდაიცვალა, სასიხარულო დღეს ვერ
მოესწრო! მეგობარი რუსეთში გეღუპება.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო გაყვითლებული და აღარაფრად ვარგოდა. მე კი


კარგად მხედავ, როგორცა ვარ, ამას ხომ ხედავ?!

- ესე იგი, ჩასაფრებული მითვალთვალებდი, - წამოიძახა გეორგმა.

მამამ ისე, სხვათა შორის, თანაგრძნობით ჩაილაპარაკა:

- ამის თქმა, ალბათ, ადრე იყო საჭირო. ახლა ეს აღარაფერს უშველის, - და უფრო
ხმამაღლა განაგრძო, - მაშ ასე, ახლა იცი, შენ გარდა კიდევ რა არსებობდა. აქამდე
მხოლოდ შენი თავი გახსოვდა. ისე, კაცმა რომ თქვას, უწყინარი ბავშვი იყავი, მაგრამ
უფრო მეტად - ეშმაკეული! ამიტომ იცოდე: ახლა მე შენთვის სასიკვდილო განაჩენი
გამომაქვს - წყალში დახრჩობა!

გეორგმა თავი ოთახიდან გაძევებულად იგრძნო. დარტყმის ხმა, რომელიც მამამისის


საწოლზე დაცემას მოჰყვა, ისევ ყურებში ედგა.

კიბეზე ისე ჩარბოდა, როგორც ფერდობზე და ამით ზემოთ ამომავალი მოსამსახურე


ქალიც დააფეთა, რომელიც სახლის დასალაგებლად მოდიოდა.

- იესო! - შეჰკივლა ქალმა და სახეზე წინსაფარი აიფარა, მაგრამ გეორგი უკვე აღარ
ჩანდა. ჭიშკრიდან გამოსულმა ისკუპა და წყლისკენ გაექანა, საითაც მას რაღაც ძალა
ეწეოდა. და აი, უკვე ხიდის მოაჯირს ისე ჩაეჭიდა, როგორც დამშეული კაცი საჭმელს
ჩააფრინდება. მერე მოაჯირზე კარგი ტანმოვარჯიშესავით ზემოთ აქანდა, იმ
ტანმოვარჯიშესავით, მშობლების საამაყოდ გეორგი ახალგაზრდობაში რომ იყო. ახლა
ის თავს ჯერ კიდევ ხელებით იმაგრებდა, რომლებსაც ძალა სულ უფრო და უფრო
ეცლებოდათ. გეორგმა მოაჯირის საყრდენებს შორის ავტობუსის დანახვაღა მოასწრო,
მისი გადავარდნის ხმას ასე ადვილად რომ ჩაახშობდა და ჩუმად დაიძახა, -
საყვარელო მშობლებო, მე ხომ მუდამ მიყვარდითო, და ქვემოთ გადაეშვა.

...ამ დროს კი ხიდზე თითქმის უწყვეტი მოძრაობა იყო..

კანონის წინ
თარგმნა - დავით კირკიტაძემ

კანონის წინ დგას კარის მცველი. კარის ამ მცველთან მოდის ერთი კაცი სოფლიდან
და სთხოვს კანონთან შეუშვას. მაგრამ კარის მცველი კაცს ეუბნება, რომ ამ
დროისთვის მისი იქ შეშვება ვერ მოხერხდება.

კაცი მოიფიქრებს და მცველს ჰკითხავს, შესაძლებელი თუ იქნებოდა მისი იქ


მოგვიანებით დაშვება. ,,შესაძლებელია’’ – მიუგებს კარის მცველი – ,,მხოლოდ ახლა
არა’’. კარი ბჭესთან, კანონისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ყოველთვის ღიაა და როცა
მცველი გვერდზე გაიწევა, კაცი წაიხრება რომ შიგნითკენ შეიხედოს. კარის მცველი
შენიშნავს კაცის ამ ქმედებას, სიცილს იწყებს და მიმართავს – ,,შენ თუ ეს ასე
გიზიდავს, სცადე და შედი შიგნით, მიუხედავად ჩემი აკრძალვისა, მაგრამ
გაითვალისწინე – მე ძალაუფლებით ვარ სავსე. და მე ყველაზე უკან მდგომი კარის
მცველი ვარ.

დარბაზიდან დარბაზში დგანან სხვა კარის მცველები, ერთიმეორეზე უფრო


ყოვლისშემძლეები. უკვე მესამე მცველს კი მეც ვერ ვუსწორებ თვალს.’’ ასეთ
სიძნელეებს თუ წააწყდებოდა, სოფლიდან მოსულ კაცს ნამდვილად არ ეგონა. კანონი
ხომ ყოველთვის და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი – ფიქრობს ის; მაგრამ
ახლა უკვე, როცა ის მცველს ქურქზე აკვირდება, აკვირდება მის დიდ წვეტიან ცხვირს,
გრძელ, თხელ, შავ ტარტაროზულ წვერს, გადაწყვეტს, უმჯობესია დაიცადოს, იმ
დრომდე, სანამ შესვლაზე ნებართვას არ მიიღებს. კარის მცველი ტაბურეტს
გაუწოდებს და კართან დასვამს.

იქ ზის ის მრავალი წლის განმავლობაში. მცდელობებს არ აკლებს, რომ იქნებ


როგორღაც შევიდეს შიგნით და მცველს დაღლამდე ემუდარება. მცველი არც თუ ისე
იშვიათად პატარა დაკითხვებს უწყობს; გამოკითხავს მის სამშობლოზე და ბევრ
სხვაზე; მაგრამ შეკითხვები სულ არ ჰგავს ისეთ შეკითხვებს, რომლებსაც დიადი
ბატონები იძლევიან ხოლმე. სულ ბოლოსთვის კი მცველი კაცს ყოველთვის ეუბნება,
რომ მას მისი კანონთან შეშვება არ შეუძლია. კაცი, რომელსაც რაღა არ წამოუღია თან
სამგზავროდ, ყველაფერ ღირებულის გამოყენებას ცდილობს, რათა იქნებ როგორღაც
მოქრთამოს კარის მცველი.

ეს უკანასკნელი კი იღებს ყველაფერს და თან ეუბნება – ‘’მე ამას მხოლოდ იმიტომ


ვიღებ, რომ შენ არ გეგონოს, რომ ძალისხმევა დააკელი.’’ წლების განმავლობაში
აკვირდება კაცი მცველს; თითქმის თვალმოუცილებლად ადევნებს თვალყურს. ის
ივიწყებს ყველა იმ დანარჩენ კარის მცველს და ეს ერთი ჰგონია ერთადერთი
დაბრკოლება კანონისკენ მიმავალ გზაზე. პირველ წლებში ის ხმამაღლა და
ანგარიშგაუწევლად შეაჩვენებს უიღბლო შემთხვევითობას, შემდეგ კი როცა უკვე
თანდათან ხანში შედის, მხოლოდღა ბურტყუნებს თავისთვის რაღაცეებს. სრულიად
ბავშვური ხდება, როცა უკვე მცველზე დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ ის მისი
ქურქის საყელოზე რწყილებს შენიშნავს და ახლა უკვე რწყილებს ევედრება, რომ
როგორღაც იქნებ დაიყოლიონ მცველი. ბოლოს მისი მხედველობა ძალიან სუსტდება
და უკვე აღარც კი იცის მის გარშემო მართლა ჩამოწვება ხოლმე ბინდი თუ ეს მისი
დაქვეითებული მხედველობის ბრალია.

მაგრამ ახლა უკვე წყვდიადში ის ნათლად შეიცნობს კარებიდან გამომავალ ჩაუმქრალ


ბრწყინვალებას. დიდხანს ვეღარც ცოცხლობს. სიკვდილამდე კი ყველა ის შეკითხვა
იყრის თავს მის გონებაში, რომლებიც კარის მცველისთვის აქამდე არც დაუსვამს.
სუსტად იშმუშნება მცველის მიმართულებით, რადგან უკვე აღარ ძალუძს თავისი
გაშეშებული სხეულის ზეწამომართვა. კარის მცველს მისკენ დახრა უხდება, რადგან
სხვაობა მათ სხეულებს შორის არასახარბიელოდ კაცისდა მომხდარა. ‘’ახლა კიდევ
რაღა გინდა, რომ იცოდე?’’ ეკითხება მცველი.

‘’შენ, ხომ ვერაფერმა ვერ დაგაკმაყოფილა’’. ‘’ყველანი, ხომ კანონისკენ მიილტვიან’’ –


ამბობს კაცი ‘’და როგორ ხდება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩემ გარდა არავის
უთხოვია იქ შესვლა?’’ კარის მცველი შენიშნავს რა, რომ კაცი უკვე სულს ღაფავს და
რათა, სანამ ცნობიერება დაუკარგავს ხმა მიაწვდინოს, იბღავლებს რაც ძალი და ღონე
აქვს მაღალ ხმაზე – ‘’აქ არც არავის შეეძლო, რომ შესულიყო, რადგანაც ეს
შესასვლელი მარტოოდენ მხოლოდ შენთვის იყო გამიზნული. ეხლა კი მივალ და
ჩავრაზავ მას.’’

litklubi.ge

ბავშვები შარაზე
გავიგონე, როგორ ჩაუარა ბაღის გისოსებს ურემმა, აქა-იქ გამოჩნდა კიდეც მოშრიალე
ფოთლების სიმეჩხრეში. როგორ ჭრიალებდა ზაფხულის სიმხურვალეში რვალი და
ბორბლის მანა! მუშები ბრუნდებოდნენ მინდვრებიდან, იცინოდნენ, და მერე როგორ!
სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი.
ვიჯექი ჩვენს პატარა საქანელაში, ჩემი მშობლების ბაღის ხეებს შორის, ვისვენებდი.

გისოსების წინ კი არ წყდებოდა მოძრაობა. ჯერ ბავშვებმა ჩაირბინეს, გაუჩინარდნენ;


ახლა ყვავილების კვლები აღმოჩნდა ძნებით დატვირთულ ურმებზე მოკალათებული
ქალებისა და მამაკაცების ჩრდილში; საღამოსკენ გამოჩნდა დინჯად მოსეირნე
ხელჯოხიანი მამაკაცი, მოპირდაპირე მხრიდან კი - ხელიხელგაყრილი გოგონების
წყვილი, შემოხვდნენ ერთმანეთს, გოგონებმა გაუღიმეს და, ღიმილიანებმა, გზიდან
მოლზე გადაუხვიეს.

აფრინდნენ ჩიტები, ნაპერწკლებივით გაიფანტნენ ცაში. გავაყოლე მზერა, ვხედავდი


როგორ მიიწევდნენ ზევით, შეუსვენებლივ, ვუყურებდი დიდხანს, მანამ, სანამ არ
მომეჩვენა, რომ ისინი კი არ მიიწევდნენ აღმა, არამედ მე ვეშვებოდი დაღმა და,
თოკებს ელჩაკიდულმა, დავიწყე მსუბუქი რწევა - თავბრუ, სისუსტე თითქოს ამაში
პოვებდა შვებას. ძალა დამიბრუნდა, უფრო ენეტგიულად ვქანაობდი, ქროდა
შემხვედრი ნიავი, სულ უფრო გრილი, და ჩემი მზერის წინაშე ჩიტების პროლის
ნაცვლად აღმართული მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

ვვახშმობდი სანთლის შუქზე. ხშირად ვეყრდნობოდი ხელებით მაგიდას, და უკვე


დაღლილმა ჩავკბიჩე ბუტერბროდი. თბილი სიოს ნავარდით აფორიაქებული
ფარდები კედლებს აწყობდნენ, ფანჯრის ღიობში შემოჭრილს სიოში იბერებოდნენ,
გარეთ იწევდნენ, სადაც, დროდადრო, აკავებდათ ჩემი უკეთ დანახვის თუ
დალაპარაკების მსურველი გამვლელი. მალე ჩაქრა თითქმის ყველა სანთელი და
აღმავალ ბოლში ჩანდა, როგორ ირეოდა ქინქილით ჰაერში. ფანჯარაში მავანმა რაღაც
მკითხა და შევხედე, თითქოს მთაგრეხილებს ვუყურებდი ან ცას მივჩერებოდი, არც
ის ჩანდა პასუხით დიდად დაინტერესებული.

ამოხტა ერთი ფანჯრის მოაჯირზე და მამცნო, რომ სხვები უკვე სახლის წინ
შეგროვილიყვნენ. წამოვდექი, ზანტად, ხვნეშით, რა თქმა უნდა.

„არა, რატომ ხვნეში ასე? რა მოხდა? ეს რაღაც გამორჩეული, გამოუსწორებელი


უბედურებაა და არაფერი ეშველება? მართლაც ამაო და უიმედოა ყველაფერი?“

არც არაფერი იყო დაკარგული. მივრბოდით სახლის წინ. „მადლობა უფალს, როგორც
იქნა, მოხვედით!“ –„როგორც ყოველთვის, აგვიანებ!“ „მაონცდამაივ მე?“ –„სწორედ
შენ, თუ წამოსვლა არ გინდა შეგიძლია შინ დარჩე“. „არავითარი შენდობა?“ –„რა?
არავითარი შენდობა? უყურე ამას?“

საღამოს მივაპობთ თავებით. აღარავიტარი დღისით თუ ღამით. ეხახუნებიან


ერთმანეთს ჟილეტის ღილები. თითქოს კბილები იყოს, ხან კი მივრბივართ
ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით, პირი - ცეცხლისმფრქვეველი ნადირი
ტროპიკებში. როგორც ძველი დროის კირასირები შორეულ ომებში მძიმე ნაბიჯებით
მივაჭენებთ მაღლა, ჰაერში, ერთმანეთის მიყოლებით ჩავირბინეთ პატარა ქუჩა და
ფეხებში მოზღვავებული ენერგიის ინერციით ავირბინეთ შარაგზა. ზოგი გზიდან
გადავიდა და, გვერდზე ადევნებული მიწის თხრილში აღმოჩენილი, ცოტა ხნით
გაქრა, ფერდობს მოეფარა, რათა კვლვავ გამოჩენილიყო მინდორში გაკვამლულ
გზაზე, როგორც უცხო და ქვევით გადმოეხედა.

„ჩამოდით დაბლა!“ – „ჯერ მაღლა ამოდით!“ – „რათა უკან ჩამოგვაგდოთ? ნურას


უკაცრავად, ნუთუ ასეთი მიამიტები ვჩანვართ?“ –„ასეთი მშიშრები, გინდათ თქვათ.
აბა, მოდით თუ ბიჭები ხართ, მოდით!“ „მართლა? თქვენ? სწორედ თქვენ
გადმოგვყრით დაბლა? მაშ, ვნახოთ, როგორი სანახავი იქნებით?“

თავს დავესხით, მკერდში საპასუხო დარტყმამ კი ძირს დაგვყარა და დავწექით


თხრილში, ბალახზე, გავერთხეთ მიწაზე, უკვე ნებაყოფლობით. ყველგან ერთგვარი,
თანაბარი სითბო, ბალახში გაქრა თბილისა და ცივის შეგრძნება, მხოლოდ
დაღლილობა გვახსენებდა თავს.

გადაწვებოდი მარჯვნივ, ხელს ყურის ქვეშ ამოიდებდი და მაშინვე ძილი გერეოდა.


მართალია, მოგინდებოდა წამოხტომა, აი, უკვე მაღლაა ნიკაპი, და, - უფრო ღრმად
ვარდებოდი თხრილში. შემდეგ: ხელის გვერდძე გაწევა , ფეხების მკვეთრი გაქნევით
ჰაერში წამოწევა, მაგრამ კვლავაც თხრილში ხარ, კიდევ უფრო ღრმად. და ასე
უსასრულოდ.

თუ როგორ გაიჭიმები მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით მუხლებში, მოეწყობი


დასაძინებლად შენს უკანასკნელ და სამუდამო თხრილში, ამაზე არც კი ფიქრობ და
წევხარ ზურგზე, ტირილის გუნებაზე, თითქოს ავადმყოფი იყო. გაიელვა ფიგურამ და
შენც, შემკრთალი, თვალებს ახამხამებ, ფერდობიდან გამდომხტარმა ყმაწვილმა,
მჭიდროდ რომ შემოუწყვია თეძოებზე ხელები, თავზე გადაგვიფრინა, მუქი
ფეხსაცმლის ლანჩები დაგვანახა და დაეშვა გზაზე.

ჰორიზონტზე ამოვიდა მთვარე, არცთუ მაღლა, მის სინათლეში კი ეკიპაჟს მოვკარით


თვალი, მალევე რომ ჩაგვიარა, გაუჩინარდა. დაქროლა სიომ, აღწევდა თხრილშიც,
მასთან ერთად ახლო ტყიდან გამოყოლილი ხეთა სურნელი. და აღარც მარტოობა ისე
მძიმე.

„სად ხართ?“ – „აქეთ!“ – „ყველა ერთად!“ – „რას იმალები, ნუ სულელობ!“ – „არ იცით,
რომ ფოსტამ უკვე ჩაიარა?“ – „ო, არა! უკვე?“ – „რა თქმა უნდა, როდესაც გეძინა“. –
„მეძინა? ეს რა ძილია, ისე, არაფერი!“ – „გაჩუმდი, ისედაც სახეზე გაწერია“. – „მაგრამ
გთხოვ“. – „წავედით!“

მივრბივართ მჭიდრო სიახლოვეში, ზოგიერთი ერთმანეთს ხელსაც კი აწვდენს, იყო


ციცაბო თავდაღმართი - თავს ვერ აწევდი მაღლა. ერთმა დასცა ინდიელების საომარი
ყიჟინა, ახლა ოთხით მივრბივართ, აღმატებული ძალით ფეხებში და ნახტომებისას
თეძოებში გვიბერავს ქარი. ვერაფერი შეგვაჩერებდა; სირბილით აღგზნებულები,
გადახტომისას ხელებს გადავაჭდობდით და ირგვლივ მშვიდად მიმოვიხედავდით.
შევჩერდით მთის ნაკადულზე გადებულ ხიდზე; დაწინაურებულები მობრუნდნენ.
დაბლა, ქვებზე, ფესვებზე წყალი ეხეთქებოდა, თითქოს არ იყო უკვე გვიანი საღამო.
არ ჩანდა მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ამხტარიყავი ხიდის მოაჯირზე.

შორს, ბუჩქებს მიღმა გამოჩნდა მატარებელი, ყველა კუპე ჰქონდა განათებული,


ფანჯრები - ჩამოშვებული. ჩვენ შორის ერთ-ერთმა წამოიწყო ქუჩური სიმღერა,
გაცვეთილი, მოყირჭებული, და ყველას მოგვინდა ხმის აყოლება. ავყევით, ავაჩქარეთ,
თითქოს მატარებელს მივაყოლეთ, მას გავაყოლეთ, ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და
ასე რწევით გავაცილეთ ვაგონები და რადგან ხმა აღარ გვყოფნიდა, აირია სიმღერის
სიმწყობრე. ყველა თავისთვის ცდილობდა და ეს ყველას სიხარულს გვანიჭებდა.
როდესაც შეწყობილი სიმღერისას შენს ხმას სხვებისას უხამებ - თითქოს ანკესზე იყო
წამოგებული.

ვმღეროდით ასე, ზურგით ტყისკენ, და ის ისმოდა შორს, ტყეში, ესმოდათ მგზავრებს,


მათ დადევნებული სიმღერა. სოფელში მოზრდილები ჯერ კიდევ ფხიზლობდნენ,
დედები ღამისთვის ასწორებდნენ ლოგინებს.

დრო იყო. ვაკოცე მას, ჩემ გვერდით მდგომს, გავუწოდე დანარჩენ სამს ხელები,
გავიქეცი უკან, არავის დაუძახია. პირველსავე გზაჯვარედინზე, იქ, სადაც ვეღარ
მხედავდნენ, შემოვტრიალდი და მინდვრის გზებით პირი ისევ ტყისკენ ვიბრუნე.
სამხრეთით, ქალაქისკენ მივისწრაფოდი, ჩვენ სოფელში რომ უყვართ თქმა:

„იცოდე, იქ ხალხია! ვისაც არ სძინავს!“

„და რატომ?“

„არ იღლებიან.“

„ნეტა რატომ?“

„იმიტომ რომ შერეკილები არიან“.

„შერეკილები არ იღლებიან?“

„აბა, შერეკილები როგორ დაიღლებიან!“


იმპერატორული უწყება
თარგმნა - დავით კირკიტაძემ

იმპერატორმა – თქმულებაში ასეა ნათქვამი – შენ – ერთეულს, შენ – უბადრუკ


ქვეშევრდომს, შენ – იმპერატორულ მზეს უშორესში განრიდებულ პაწაწკინტელა
ჩრდილს – სწორედ, რომ შენ გამოგიგზავნა იმპერატორმა უწყება სასიკვდილო
სარეცელიდან. მაცნე საწოლის წინ დააჩოქა და შენზედ საუწყებელი ყურში ძალიან
ჩუმად ჩაუჩურჩულა.

ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ მოსმენილი მაცნეს ისევ ყურთანვე


გაამეორებინა. თავის დაკვრით დაუმოწმა ნათქვამის სისწორე; და თავისი
სიკვდილის მნახველ მაყურებელთა მთელი ერთობის თვალწინ – ყველა ხელის
შემშლელი კედელი ჩამოშლილ იქნა და სულ ერთიანად აზანზარებულ კიბეებზე
რკალად იმპერიის დიდებულნი განლაგდნენ –– მათ, ყველას თვალწინ დაითხოვა
ხელმწიფემ მაცნე.

მაცნე კი უმალ გაუდგა გზას; ღონიერი, დაუღალავი კაცი; ხან ერთი, ხანაც მეორე წინ
გაშვერილი მკლავით მიიკვლევს გზას ზღვა ხალხში; წინააღმდეგობას როცა აწყდება,
თავის მკერდზე გამოსახულ მზის ნიშანზე მიუთითებს; მასავით იოლად ვერავინ
გაიკვლევს გზას; მაგრამ დიდია რიცხვი მოსახლეობისა; ბოლო არ უჩანს მათ
საცხოვრისებს.

მის წინ თავისუფალი სივრცე, რომ გაშლილიყო გამოფრინდებოდა შენსკენ და მალე


კიდეც გაიგონებდი, მისი მუშტებით აღმაფრთოვანებელ დარტყმებს შენ კარზე;
მაგრამ, ნაცვლად ამისა, როგორ უშედეგოდ ირჯება ის. ჯერაც ყველაზე შიგნით
მდებარე სასახლის ოთახებში მიიკვლევს გზას. ვერასოდეს გადავა ის ამ ოთახებს; და
თუ გამოუვა მას ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, ხომ ამით არც არაფერი იქნება
მიღწეული.

ქვევითკენ კიბეები ექნებოდა დასაძლევი – და რომც დასძლიოს ეს მაინც არას არგებს,


რადგანაც ეზოები ხალხით იქნებოდა ძალიან გადაჭედილი. ეზოების შემდეგ კი
მეორე, გარე სასახლე; და კვლავაც კიბეები და ეზოები; და კიდევ ერთი სასახლე და
ასე - უსასრულო ათასწლეულების მანძილზე; და მოხდა ისე, რომ ბოლოსდაბოლოს
გაძვრა ყველაზე გარეთ მდებარე კარიბჭეში – მაგრამ ასეთი რამ, ვერც ვერასოდეს,
ვერასოდეს მოხდება – მის წინაშე სატახტო ქალაქია განფენილი – სამყაროს შუაგული,
თავიდან ბოლომდე თავის ლექში, რომ ჩაძირულა. აქ ვერავინ გაიკვლევს გზას,
მითუფრო მკვდრის უწყებით – შენ კი ზიხარ შენი ფანჯრის წინ და ი ს (|უწყება|)
გეიმედება, როცა საღამო დგება.

litklubi.ge
ნიღაბახდილი თაღლითი
როგორც იქნა, საღამოს ათი საათისთვის, მოულოდნელად გადაყრილ შემთხვევით
ნაცნობთან ერთად, ორი საათის განმავლობაში მთელი ქუჩები რომ შემომატარა, მისმა
და ზრილობის უნებლიე მძევალმა, მემამულის სახლამდე მივაღწიე, სადაც
წვეულებაზე მელოდნენ.

„ასე!“ ვთქვი და დამშვიდობების ნიშნად, ახლა გარდაუვალი რომ ჩანდა, ხელი ხელს
შემოვკარი. რამდენიმე ნაკლებ მკაფიო მინიშნება ადრეც ვცადე. სრულიად
გამოფიტული ვიყავი.

„ადიხართ?“ იკითხა მან. მისი პირიდან მომესმა ხმაური - რაღაც კბილების კაწკაწის
მსგავსი.

„დიახ“.

ბოლოს და ბოლოს, დაპატიჟებული ვიყავი, და ეს უკვე ვუთხარი. დაპატიჟებული იქ,


მაღლა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიამოვნებით შევუერთდებოდი და არა
სახლის შესასვლელთან დიდი ხნით დგომისთვის მიწვეული, თანამოსაუბრის ურებს
მიღმა დიდი ხნით უაზროდ მზერისა და ერთობლივი დუმილისთვის განწირულნი.
თანადგომას ამ დუმილს გვერდით მდგარი სახლებიც უცხადებდნენ, რომლებსაც
მხარს ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე უბამდა, მაღლა, ვიდრე თვით
ვარსკვლავებამდე. ახლა მკაფიოდ ისმოდა: უხილავ მოსეირნეთა ნაბიჯების ხმა,
რომელთა სიშორე-სიახლოვის გამოცნობის ხალისი გამქრალიყო, ქარის ქროლვა,
გამუდმებით რომ ეკვროდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, და გრამაფონი, რომელიღაც
სახლის დახურული ფანჯრის მიღმა რომ იქცევდა თავს. ამ სიჩუმით
გათამამებულებს, ახლა ამოეღოთ ხმა და მას, სიჩუმეს, ისე განკარგავდნენ, თითქოს
მხოლოდ მათი საკუთრება ყოფილიყოს - უწინ, აწ და მარადის.

და შეეგუა ამას ჩემი თანმხლები თავისი - და, ღიმილის შემდეგ, ჩემი - ღირსების
პატივისცემით, კედლის გასწვრივ აღმართა მარჯვენა ხელი და თვალდახუჭულმა
მიაყრდნო ლოყა.

ოღონდ, ჯერ კიდევ ღიმილის დამთავრევამდე, სირცხვილის გრძნობამ მაიძულა


შემობრუნება-მხოლოდ ახლა, ამ ღიმილზე მივხვდი, რომ საქმე თაღლითთან მქონდა.
უკვე თვეებია რაც ამ ქალაქში ვარ, ვირწმუნე, რომ ამ ხალხს, ყველას, კარგად
ვცნობდი-აი, მოემართებიან ღამით პატარა ქუჩებიდან, ხელებგამოწვდილი
მოგაშურებენ, როგორც კლიენტის დანახვაზე სასტუმროს მეპატრონენი, ეფარებიან
აფიშის სვეტებს, საიდანაც, თითქოს დამალობანას თამაშობენო, გითვალთვალებენ,
თუნდაც ცალი თვალით, ან გზაჯვარედინებზე, როდესაც დგახარ გაურკვევლობაში,
უეცრად შენ წინ, ტროტუარის კიდეზე აღმოცენდებიან! მაინც, რა კარგად მესმოდა
მათი, ჩემი პირველი ნაცნობებისა ქალაქის პატარა სასტუმროებში, რომლებსაც უნდა
ვუმადლოდე შეუპოვრობის პირველ ცოცხალ ნიმუშებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება
ჩემს ირგვლივ ვეღარ წარმომიდგენია და მას ახლა უკვე ჩემშიც შევიგრძნობ. როგორ
გიღობავენ გზას, მაშინაც, როდესაც უკვე დიდი ხანია თითქოს გაექეცი და
სათაღლითო არც არაფერია! არც დაჯდომას აპირებენ, არც ეცემიან, არამედ
გადმოხრილან შენკენ სწრაფვაში, გიყურებენ მზერით, თუმცა შორით, მაინც
შთამბეჭდავით! და ყოველთვის ერთნაირია მათი ფანდები: დგებიან შენ წინ ისე, რომ
მთელ სივრცეს ფარავენ; ცდილობენ შეგაფერხონ სწრაფვაში იქით, საითაც
მიგეჩქარება; სანაცვლოდ გიმზადებენ მყუდრო თავშესაფარს და საკუთარ მკერდს
გთავაზობენ. ბოლოს, შენში თავმოყრილ აღშფოთების გრძნობას მეტი
სიახლოვისთვის, გადახვევისთვის მზადყოფნად აღიქვამენ და ცდილობენ აქაც
დაგასწრონ, მოემართებიან შენსკენ, წინ გადმოხრილი თავით.

ეს ძველი თავშექცევა მხოლოდ დიდი ხნის ერთად ყოფნის შემდეგ განვჭვრიტე.


თითის წვერებს ერთმანეთზე გულმოდგინედ ვუსვამდი, შესაძლო შერცხვენა-
გაწბილებისგან რომ დამეზღვია თავი.

თანამოსაუბრე კი იდგა უწინდებურად, კედელზე მიყრდნობილი, ვერ ელეოდა


თაღლითობას და თავისუფალ ლოყაზე ვარდისფრად დასთამაშებდა ბედით
კმაყოფილება.

„გიცანი!“ ვუთხარი, მსუბუქად დავკარი მხარზე ხელი და მაღლა გავეშურე -


მიხაროდა მსახურების, ასე უმიზეზოდ ერთგულების, ხილვა. მოულოდნელი იყო ეს
სიამოვნება. პალტოს გამორთმევისას და ჩექმებისგან მტვრის ჩამობერტყვისას ყველას
სათითაოდ შევავლე თვალი, თავისუფლად ამოვისუნთქე და დარბაზში
წელგამართული შევედი.

პატარა იგავი
თარგმნა - თორნიკე გიჯაშვილმა

-ეჰ, - თქვა თაგვმა, - სამყარო ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიწროვდება.


თავიდან, ის ისეთი ფართო იყო, შიშს მგვრიდა. გავრბოდი და ბედნიერი ვიყავი, რომ
ბოლოს და ბოლოს, სადღაც შორს, დავინახე კედლის მარჯვენა და მარცხენა მხარე,
მაგრამ ეს გრძელი კედლები ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, რომ
ეს ესაა მივირბინე უკანასკნელ ოთახამდე, რომ იქ, კუთხეში დგას ხაფანგი, რომელშიც
შეიძლება გავება.

-შენ მხოლოდ სირბილის მიმართულება უნდა შეგეცვალა, - თქვა კატამ და შესანსლა


თაგვი.
პრომეთე
პრომეთეს შესახებ ოთხი თქმულება მოგვითხრობს:

პირველის თანახმად, ის კავკასიონზე იქნა მიჯაჭვული, ვინაიდან მან ღმერთებს


ადამიანებთან უღალატა, ღმერთებმა კი არწივები მიუგზავნეს, რომლებიც მას
მუდმივად ხელახლა მზარდ ღვიძლს უძიძგნიდნენ.

მეორეს თანახმად, პრომეთე, მკორტნავი ნისკარტებით მიყენებული ტკივილისაგან


სულ უფრო ძალუმად ეკვროდა კლდეს, ვიდრე მას არ შეურთდა.

მესამეს თანახმად, ათასწლეულების მანძილზე მისი ღალატი მივიწყებას მიეცა,


ღმერთებს მიავიწყდათ, არწივებს, თავად მას.

მეოთხეს თანახმად, უსაფუძვლოდ ქმნილობის გამო დაღლილობამ იძალა. ღმერთები


დაიღალნენ, არწივები დაიღალნენ, დაღალული ხორცდებოდა იარა.

დარჩა აუხსნელი კლდოვანი მთა. თქმულება აუხსნელის ახსნას ცდილობს და რადგან


ის სიმართლის საფუძვლიდან მომდინარეობს, კვლავ აუხსნელად უნდა დასრულდეს.

ნაჯვარი
თარგმნა - ლელა თელიაშვილმა

ერთი უცნაური ცხოველი მყავს. ნახევრად კნუტი, ნახევრად ბატკანი. ეს


მემკვიდრეობითი წილია მამაჩემის ქონებიდან. იგი ჩემ ხელში გაიზარდა. ადრე
უფრო ბატკანი ეთქმოდა, ვიდრე კნუტი. ახლა კი ორივესი თანაბრად აქვს, კატის –
თავი და ბრჭყალები, ბატკნის – ზომა და აღნაგობა, ორივესი მოციმციმე და ველური
თვალები, აგრეთვე ფაფუკი, პატარა ბეწვი, რომელიც სხეულზე მჭიდროდ აქვს
მიკრული.იგი უფრო დაკუნტრუშებს, ვიდრე დაიზლაზნება. როცა მზე მცხუნვარედ
ანათებს, ჩემი ცხოველი იწელება და მრგვალდება, მდელოზე გადარეულივით
დარბის და არ ხერხდება მისი დაჭერა. კატებს გაურბის, ბატკნებზე კი თავდასხმა
სწადია. მთვარიან ღამეს მისი საყვარელი ადგილი სახლის სახურავია. კნავილი არ
შეუძლია, ვირთხების კი ეშინია. საქათმის გვერდით საათობით შეუძლია ჩასაფრება,
თუმცა, ნადავლის ხელში ჩაგდების ხელსაყრელი შემთხვევით არასოდეს
უსარგებლია.

მას ტკბილი რძით ვკვებავ, რასაც საუკეთესოდ ირგებს. ეს საოცარი არსება გრძელი
ენით ყველაფერს ცხოველურ კბილებში შეისრიალებს ხოლმე. რა საკვირველია, ეს
ბავშვებისათვის დიდი სანახაობაა. კვირას, ნაშუადღევს, სტუმრობის დროა. ჩემი
ცხოველი კალთაში მყავს, მთელი სამეზობლოს ბავშვები კი გარს არიან
შემორტყმული.

ამ დროს მისვამენ ისინი უცნაურ შეკითხვებს, რაზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია.


ბავშვებს აინტერესებთ, რატომ არის ეს ცხოველი სწორედ ასეთი, ან არსებობდა თუ
არა ოდესმე მისი მსგავსი, რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ, გრძნობს თუ არა
თავს მარტოსულად, რატომ არ ჰყავს შვილები და ა.შ.

მათზე პასუხი არ მაქვს და განმარტებებითაც ვერ დავაკმაყოფილებ მასზე მეტს, რაც


მყავს და რასაც ხედავენ. ხანდახან ბავშვებს კატებიც მოჰყავთ თან. ერთხელ ორი
ბატკანიც მოიყვანეს და, მიუხედავად მათი მოლოდინისა, გაცნობის სცენის გარეშე,
ცხოველები ერთმანეთს მშვიდი თვალებით უცქერდნენ, ბავშვები კი მათ არსებობას
აშკარად ღვთიურობის თანაზიარ ფაქტად თვლიდნენ.

ჩემ კალთაში მას არც შიში იპყრობს და არც არავის დევნის სურვილი. ჩემზე
მიხუტებული საუკეთესოდ გრძნობს თავს. სწორედ ესაა მისი ოჯახი, რომელმაც
გამოზარდა. საოცარია ამ არსების უჩვეულო ერთგულება და ჭეშმარიტი ინსტიქტი.
დედამიწაზე მას, ალბათ, ურიცხვი ნათესავი ჰყავს, სისხლით ახლობელი კი,
შესაძლოა, არც ერთი და ამიტომ ზრუნვა, რომელსაც იგი ჩვენთან გრძნობს,
წმიდათაწმიდაა მისთვის.

ხანდახან სიცილს ვერ ვიკავებ, როცა მყნოსავს, იმავდროულად, ფეხებში მებლანდება


და თითქმის არ მცილდება. თითქოს საკმარისი არ არის, რომ კატაც არის და ბატკანიც,
თან ძაღლობასაც იჩემებს.

ერთხელ, ჩვეულებისამებრ, როდესაც საქმეებით ვიყავი დაკავებული, ისე


გადავიღალე, რომ ყველაფრისთვის თავის მინებებასაც კი ვაპირებდი. ამ დროს
სავარძელში ვიწექი, ჩემი ცხოველი კი კალთაში მეჯდა და როდესაც შემთხვევით
ზემოთ ავიხედე, დავინახე, თუ როგორ მოწანწკარებდა ცრემლები გრძელ, ფაფუკ
წვერზე. ჩემი ცრემლები იყო ეს თუ მისი? ჰქონდა თუ არა ამ კატას ბატკნის სული და
ადამიანური სიხარბე? ეს მემკვიდრეობითი წილია მამაჩემისაგან, რისი თქმაც
თამამად შემიძლია.

ეს საოცარი არსება ორმაგად შფოთავს, რაც მას კატისა და ბატკნისაგან განასხვავებს,


ამიტომ ბეწვი ძალიან მოკლე აქვს. ხანდახან, სავარძელზე, ჩემ გვერდით ამოხტება,
მაბჯენს თათებს მხრებზე და ისე ახლოს მოაქვს დრუნჩი ჩემს ყურთან, თითქოს,
რაღაცას მეუბნებაო და მერე გადმოიხრება, მიცქერს სახეში, რათა დააკვირდეს, რა
შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე მისი ნათქვამი. თავაზიანობა რომ გამოვიჩინო, თავს
ვუქნევ, რის შემდეგ ხტება იატაკზე და ცეკვა–ცეკვით მივლის გარს.

ალბათ ამ ცხოველისთვის ყასაბის დანა ხსნა იქნებოდა, რაც ჩემი საქმე უნდა
ყოფილიყო, როგორც მემკვიდრეობის ამ ნაწილზე უარის თქმა. მაგრამ მან უნდა
დაიცადოს, სანამ თავისთავად არ ამოხდება სული, რადგან გონიერი ადამიანის
მზერა, რომლითაც იგი ხანდახან მიცქერს, თანაგრძნობის გამომხატველ საქციელს
მოითხოვს ჩემგან.

ძველი ამბავი
თარგმნა - მამუკა კახნიაშვილმა

თითქოს ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებდეს ჩვენი სამშობლოს ბედი. ამაზე ადრე


არასოდეს გვიფიქრია და ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებდით, მაგრამ ბოლო
დროინდელმა ამბებმა შეგვაშფოთა.

მოედანზე, კაიზერის სასახლის წინ ფეხსაცმელების მაღაზია მაქვს. გარიჟრაჟზე ვხსნი


და რას ვხედავ, ყველა ჩიხი სავსეა შეიარაღებულებით.

მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები როდი არიან, არამედ ჩრდილოელი ნომადები, ვერ


ვხვდები რა ხერხებით მოაღწიეს დედაქალაქამდე, რომელიც საზღვრიდან ძალიან
შორსაა. ყოველ შემთხვევაში ახლა ისინი აქ არიან და ალბათ მომავალში უფრო
მომრავლდებიან.

მათ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ნომადები ღია ცის ქვეშ ბანაკობენ, რადგან


საცხოვრებელი სახლები ეზიზღებათ. საქმიანობას ხმლების ლესვა, ისრების წამახვა
და ცხენით ჯირითი წარმოადგენს.

ეს წყნარი, შიშისგან დაზაფრული ხალხისგან დაცარიელებული მოედანი ნამდვილ


საღორედ აქციეს. ჩვენ ვცდილობთ და ხანდახან ვახერხებთ ჩვენი მაღაზიებიდან
გამოსვლას და ნაგვის აღებას, მაგრამ ეს უკვე იშვიათად ხდება, რადგან ეს ცდა
უშედეგოა და თან ამით საშიშროებაც გვემუქრება: ან ცხენები გადაგვთელავენ, ან
მათრახი მოგვხვდება.

ნომადებს ვერ დაელაპარაკები. ჩვენი ენა არ ესმით, ნეტავ საკუთარი თუ აქვთ?!


ერთმანეთში ჭკებივით საუბრობენ, გამუდმებით ისმის მათი ჩხავილი. ჩვენი
ცხოვრების წესი მათთვის გაუგებარია და ამასთანავე სულერთიც. ისინი
ყურადღებასაც კი არ გვაქცევენ. ყბას ამოიგდებ და ხელებს მოიტეხ, მაგრამ რა აზრი
აქვს, მაინც ვერ გიგებენ და ვერც ვერასდროს გაგიგებენ. ხშირად გრიმასებს იღებენ;
თვალებს აბრიალებენ და პირიდან ქაფი გადმოსდით, რაღაცას გეუბნებიან და თან
გაშინებენ.

ასე იმიტომ იქცევიან, რომ მართლა ასეთები არიან. რაც ჭირდებათ, იღებენ. ვერაფერს
იტყვი, ძალაუფლება აქვთ. მათი თავდასხმის შიშით ადამიანები გარბიან, და
ყველაფერს ტოვებენ.
ჩემი მარაგებისგანაც კარგი რაგაცეები მიითვისეს. მაგრამ რას დავიწუწუნებ, როცა
ვხედავ, ყასაბს რასაც უშვებიან, ხორცი არ აქვს მოტანილი და უკვე ართმევენ და
სანსლავენ, მათი ცხენებიც ჭამენ ხორცს. ხშირად დაინახავთ მხედარს, რომელიც
ცხენთან ერთად შეექცევა ხორცს, ერთი თავიდან, მეორე ბოლოდან. ყასაბს ეშინია და
ვერაფერს ვეღარ ბედავს.

ფულს კი ვაძლევთ, მაგრამ თუ ხორცს არ მისცემ ნომადებს არ იცი, რას


მოიმოქმედებენ.

ყასაბმა ძალა მოიკრიბა და დილა ადრიან ისევ მოიყვანა ხარი. ეს აღარ უნდა
გაეკეთებია. ალბათ ერთი საათი ვიწექი ჩემი სახელოსნოს იატაკზე და მთელი ჩემი
ბარგი – ბარხანა თავზე მეყარა ხარის ბღავილი რომ არ გამეგო. ყველა კუთხიდან
მორბოდნენ ნომადები და კბილებით გლეჯდნენ ხორცს. სიჩუმემ რომ დაისადგურა,
კარგა ხნის შემდეგ გავბედე ადგომა. შემზარავი სანახაობის მოწმე გავხდი: ლოთები
რომ ყრიან ღვინის კასრის გარშემო, ისე ეყარნენ ისინი ხარის ნარჩენების ირგვლივ.

გავიფიქრე კაიზერმა თუ დაინახა–თქო ეს ყველაფერი. თითქმის არასოდეს გამოდის


წინა ოთახებში, შუაგულ ბაღში ცხოვრობს მხოლოდ.

მაგრამ ამჯერად იქ იყო, იშვიათად თუ მინახავს იგი, ერთ ერთ ფანჯარასთან იდგა და
თავდახრილი უყურებდა ციხესიმაგრის წინ მომხდარ ცოდვისტრიალს.

„რა იქნება, რა გველის?“– ვიკითხეთ ერთხმად.– „როდემდე უნდა ავიტანოთ ამდენი


ტანჯვა–წვალება? ნომადებს კაიზერის სასახლის ხელში ჩაგდება უნდათ, კაიზერს კი
ვერ მოუსაზრებია როგორ მოიგერიოს ისინი.

ჭიშკარი დაკეტილია. დარაჯი, რომელიც ადრე საზეიმოდ მარშირებდა წინ და უკან,


ჩარაზული ფანჯრის მიღმა იმალება, ჩვენ, ვაჭრებს და გამყიდვლებს იმედი გვაქვს
სამშობლოს ხსნისა, მაგრამ არაფერი შეგვიძლია და ვერც ვერაფერს მოვიმოქმედებთ ,
ამისთვის ჯერ არც ვართ მზად. სწორედ ამის გამო ვიღუპებით.“
პატარა ქალი
გერმანულიდან თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა

ის ერთი პატარა ქალია, ბუნებით საკმაოდ გამხდარი, და მაინც ძალზე გაკოჭილი,


მუდამ ერთსა და იმავე კაბაში ვხედავ, ესაა მოყვითალო-მორუხო, გარკვეულწილად,
ხისფერი ქსოვილი სადა არშიით და იმავე ფერის ღილებისმაგვარი საკინძეებით
გაწყობილი; ის მუდამ უქუდოდაა, ღია ქერა თმა აქვს, სწორი, არც მთლად
უწესრიგოდ, მაგრამ ძალზე თავისუფლად მიშვებული. მიუხედავად იმისა, რომ
გაკოჭილია, მაინც მსუბუქად მოძრაობს, და ამ მოძრავ ბუნებაში ხშირად აჭარბებს
კიდეც, სიამოვნებით იწყობს ხოლმე ხელებს თეძოებზე და სხეულის ზედა ნაწილს
ერთი მოქნევით, მოულოდნელად გვერდით ხრის. შთაბეჭდილება, რასაც მისი
ხელები ჩემზე ახდენს, ისაა, რომ ჯერ არ მინახავს ესოდენ გამოკვეთილი თითები;
ამის მიუხედავად, მის ხელს არავითარი ანატომიური უცნაურობა არ გააჩნია,
სავსებით ნორმალური ხელია.

უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პატარა ქალი ჩემით ძალზე უკმაყოფილოა, ყოველთვის


აქვს ჩემდამი რაღაც სასაყვედურო, და რაღაც უსამართლობა სულ ჩემგან ემართება,
მას ყოველ ნაბიჯზე ვაბრაზებ (ვაღიზიანებ); სიცოცხლის უწვრილეს ნაწილებად
დაყოფა რომ შეიძლებოდეს და ყოველი ნაწილის ცალკე განხილვა, აუცილებლად,
ჩემი ცხოვრების ყოველი ნაწილი მისთვის გაბრაზების მიზეზი იქნებოდა. ამაზე
ხშირად მიფიქრია, თუ რატომ ვაბრაზებ მას ასე ძლიერ; შესაძლოა, ჩემში ყოველივე
მის მშვენიერების, სამართლიანობის გრძნობას, მის ჩვევებს, წარმოდგენებს, მის
იმედებს ეწინააღმდეგება, ხომ არსებობენ ამგვარი ერთმანეთის საპირისპირო ბუნების
ადამიანები, მაგრამ რატომ წუხს იგი ასე ძლიერ ამის გამო? ჩვენს შორის ხომ იმგვარი
ურთიერთობა არ არსებობს, რაც მას ჩემ გამო წუხილს აიძულებდა. საკმარისია, მან
მხოლოდ როგორც სრულიად უცხოს, ისე შემომხედოს, რაც მე მართლაც ვარ, და ამის
საწინაარმდეგო არც არაფერი მაქვს, პირიქით, მივესალმები ამ აზრს, მან უბრალოდ
უნდა დაივიწყოს ჩემი არსებობა, რაც მე თავს არ მომიხვევია და არც არასოდეს
მოვახვევდი; – და მთელი ნაღველიც აშკარად გაიფანტებოდა.

ჩემი აზრით, მისი საქციელი ჩემთვისაც უხერხულია (მტკივნეულია), ისიც მესმის,


რომ ეს უხერხულობა მის მწუხარებასთან შედარებით არაფერია. იმავდროულად
ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ეს შეყვარებულის წუხილი არ არის; საქმე ამაში
როდია, მას ჩემი გამოსწორება როდი სურს, და ყოველივე, რასაც იგი ჩემში
აკრიტიკებს, იმ სახისა არ გახლავთ, რომ ჩემი წინსვლა რამენაირად შეაჩეროს. მაგრამ
არც ჩემი წინსვლა ანაღვლებს მას, მას სხვა არაფერი აღელვებს, თუ არა მხოლოდ
საკუთარი პირადი ინტერესი, კერძოდ იმ ტანჯვის გამო შურისძიება, რომელსაც მე
ვაყენებ და კიდევ იმ ტანჯვის ხელის შეშლა, რომელიც ჩემგან მომავალში ელოდება
(ემუქრება). ერთხელ უკვე ვცადე, მიმეთითებინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ
განუწყვეტელი ბრაზის უკეთ დასრულება, მაგრამ ამით იმგვარი ქარიშხალი
გამოვიწვიე, რომ ასეთ მცდელობას აღარასოდეს გავიმეორებ.

კაცმა რომ თქვას, გარკვეული პასუხისმგებლობა ჩემზეცაა, თუმცა ეს პატარა ქალი


ჩემთვის სრულიად უცხოა და ერთდერთი ურთიერთობა, რაც ჩვენს შორის არსებობს,
ეს ბრაზია, რომელსაც მე მას ვაყენებ, ან უფრო მეტად ბრაზი, რომელსაც იგი ჩემგან
მიყენებულად თვლის, ჩემთვისაც არ შეიძლება სულ ერთი იყოს, თუ როგორ
იტანჯება იგი ამ ბრაზისაგან აშკარად, სხეულებრივადაც კი. ბოლო დროს ყოველი
მხრიდან სულ უფრო მეტი ცნობები მომდის, რომ იგი ისევ ფერმკრთალი იყო
დილით, ღამით, თავის ტკივილით გაწამებული და თითქმის შრომის უუნაროც კი.
ამით იგი საკუთარ ახლობლებს დიდ საზრუნავს უჩენს, ისინი ეძებენ მისი
მდგომარეობის მიზეზებს, მაგრამ აქამდე ვერ უპოვიათ. მხოლოდ მე ვიცი ეს, ესაა
ძველი და სულ მუდამ განახლებადი ბრაზი. მე კი მისი ახლობლების წუხილს არ
ვიზიარებ; ქალი ძლიერია და გამძლე; ვისაც ამგვარი გაბრაზება შეუძლია, ალბათ ამ
ბრაზის შედეგების გადალახვაც უნდა შეეძლოს; მე იმისი ეჭვიც კი მაქვს –
ნაწილობრივ მაინც – რომ თავს მწუხარედ წარმოაჩენს, რათა ამ გზით, გარე სამყაროს
დაეჭვება ჩემკენ მომართოს.

ღიად რომ განაცხადოს, ჩემი არსებობით მას თუ როგორ ვაწამებ, საამისოდ იგი ძალზე
ამაყია; სხვებთან ჩემზე აპელირება მისთვის საკუთარი გრძნობების შელახვა
იქნებოდა; მხოლოდ ზიზღის გამო, მარადიული, მისთვის მუდამ მიმზიდველი
ზიზღის გამო არის იგი ჩემით დაკავებული. ეს უსუფთაო ამბავი საჯარო რომ გახდეს,
მისთვის ზედმეტი სირცხვილი იქნებოდა. მაგრამ ისიც ხომ მეტისმეტია, ამ ამბავზე
სულ რომ დუმხარ, თან იმ განუწყვეტელი წნეხის პირობებში, რომელშიც ის იმყოფება.
და ამგვარად ცდილობს თავისი ქალური ეშმაკობით შუალედური გზა იპოვოს;
დუმილით, ერთი საიდუმლო ტანჯვის მხოლოდ გარეგნული ნიშნებით სურს საქმე
საზოგადოებრიობის სამსჯავრომდე მიიტანოს.

შესაძლოა, იმედოვნებს კიდეც, როცა საზოგადოება თავის სრულ მზერას ჩემკენ


მოაპყრობს, საყოველთაო რისხვა დამატყდება თავს და მთელი თავისი
ძალაუფლებით სრული გულგრილობით გამასამართლებს, გაცილებით სწრაფად და
ძლიერ, ვიდრე ეს მის, შედარებით სუსტ ბრაზს შეუძლია; შემდეგ კი თავად უკან
დაიხევს, ამოისუნთქავს და ზურგს შემაქცევს. თუ მართლაც ამის იმედი აქვს, მაშინ ის
ცდება.

საზოგადოება მის როლს არ გადაიბარებს; საზოგადოება ვერასოდეს მიპოვის იმდენ


სასაყვედუროს, ძლიერი ლუპის ქვეშაც რომ გამატაროს. მე არც ისე უმაქნისი კაცი ვარ,
როგორც მას გონია; არ მსურს ვიტრაბახო, თანაც ამ ვითარებაში; თუ განსაკუთრებით
გამორჩეული არა ვარ, არც საწინააღმდეგო თვისებებით მოგხვდებით თვალში;
მხოლოდ მისთვის, მისი თითქმის თეთრად მოკიაფე თვალთათვის ვარ მე ამგვარი,
რაშიც იგი ვერავის დაარწმუნებს. მაშ შემიძლია ამ მხრივ სრულიად მშვიდად ვიყო?
არა, არავითარ შემთხვევაში; რადგან, თუ ეს ცნობილი გახდება, რომ მე მას ჩემი
საქციელით ვაავადებ, და ზოგიერთი ზედმეტად დაინტერესებული, ინფორმაციის
ბეჯითი გამავრცელებელი მზადაა, რომ ეს საკითხი განიხილოს, ან ისე იქცევა,
თითქოს განიხილა იგი, მოდის ჩემთან გარე სამყარო და კითხვას მისვამს, თუ რატომ
ვაწვალებ საწყალ პატარა ქალს ჩემი გამოუსწორებელი საქციელით და ხომ არა მაქვს
განზრახული მისი სიკვდილამდე მიყვანა და ბოლოს და ბოლოს როდის მოვიკრებ
გონიერებასა და ელემენტარულ ადამიანურ თანაგრძნობას, რათა შევწყვიტო
ყოველივე ეს – თუ გარე სამყარო ამგვარ კითხვას მართლაც დამისვამს, პასუხის გაცემა
გამიჭირდება. მაშინ მე უნდა ვაღიარო, რომ ამ ავადმყოფობის ნიშნებისა
მაინცდამაინც არ მჯერა და ამით, ალბათ, არასასიამოვნო შთაბეჭდილებას
გამოვიწვევ, რომ დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით, მისი დადანაშაულება
მინდა, თანაც ასე არადელიკატურად? და განა შემეძლო სრულიად ღიად
განმეცხადებინა, რომ მაშინაც კი, თუ ამ დაავადების სინამდვილეს დავიჯერებდი,
ოდნავი თანაგრძნობაც კი არ მექნებოდა, რადგან ქალი ჩემთვის სრულიად უცხოა, და
ურთიერთობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, მხოლოდ მისგან არის გამოგონილი და
მხოლოდ მისი მხრიდან არსებოს.

ვერ ვიტყვი, რომ არ დამიჯერებდნენ, ხალხი ან დაიჯერებდა, ან არა, ალბათ უმალ


დუმილს ამჯობინებდა; საქმე იქამდე არც მივიდოდა, რომ ეს განსჯის საგანი
გამხდარიყო. პასუხს მხოლოდ დაარეგისტრირებდნენ, რომლითაც მე ერთ პატარა
ავადმყოფ ქალს მივმართე, ეს კი ჩემთვის ნაკლებად ხელსაყრელი იქნებოდა. აქაც
ისევე, როგორც ყველა სხვა პასუხის შემთხვევაში, ხალხის უუნარობა წინ
გადამეღობებოდა (ხალხი ვერაფერს გაიგებდა) და ესეც ხომ დღესავით ნათელია, რომ
ჩვენს ურთიერთობაში სიყვარული არაფერ შუაშია, რომ ამგვარი ურთიერთობა არ
არსებობს და რომც არსებულიყო, ის უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხრიდან
გამომდინარე იქნებოდა. თუმცა მე შემეძლო აღტაცებულიც კი ვყოფილიყავი პატარა
ქალის კატეგორიული განსჯით და დაუღალავი დასკვნებით, სწორედ მისი
უპირატესობის დემონსტრირებით რომ არ ვყოფილიყავი დასჯილი.

მასში კი ყოველ შემთხვევაში მეგობრული ურთიერთობის არავითარი კვალი (ნიშან-


წყალი) არ არის; ამაში ის სრულიად წელგამართული და მართალია; ჩემი ბოლო
იმედიც ამას ემყარება; მის საომარ მოქმედებათა გეგმაში მსგავს გრძნობათა ხილვა
რომც შესულიყო, მაშინ ხალხი ამას კი დაიჯერებდა, მაგრამ იგი საკუთარ თავს
იმდენად ვერ ფლობდა, რომ ეს მოეხერხებინა. მაგრამ სრულიად გონებაჩლუნგ
სახალხო სასამართლოს ვერ დაარწმუნებ, მაინც თავის აზრზე დარჩება, და რა თქმა
უნდა, ჩემს წინააღმდეგ განწყობილი.

ამგვარად, მე სხვა აღარაფერი მრჩება, რომ ვიდრე საყოველთაო აზრი ჩაერევა,


დროულად თავად შევიცვალო, რომ პატარა ქალის რისხვა როგორმე თავიდან კი არ
ავირიდო, რაც წარმოუდგენელია, არამედ ოდნავ მაინც შევარბილო. მართლაც
საკუთარი თავისთვის ხშირად მიკითხავს, ამჟამინდელი მდგომარეობა თუ
მაკმაყოფილებს, და რომ სულაც არ მინდა, შევიცვალო, და თუ შესაძლებელი
იქნებოდა გარკვეუული ცვლილებები განმეხორციელებინა, მაშინაც არ ვიზამდი ამას,
მის აუცილებლობაში დარწმუნებულიც რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ერთადერთი –
მხოლოდ ამ ქალის დასამშვიდებლად. და მე ეს გულწრფელად ვცადე: ძალა და
ენერგია არ დამიკლია,

რაც მსიამოვნებდა კიდეც. აშკარად, ამაზე ქალისთვის ყურადღების გამახვილება


საჭირო არ იყო, მსგავს რამეებს ის ჩემზე ადრე ამჩნევდა, ჩემი განზრახვის ყოველ
გამოხატულებას შინაგან არსებაში; მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მივაღწიე. ან კი
როგორ შემეძლო? მისი უკმაყოფილება ჩემდამი, როგორც ახლა ვიაზრებ, არის ძალზე
ურყევი; არაფერს შეუძლია ამის აღმოფხვრა, თავად ჩემი არსების გაქრობასაც კი;
ალბათ უსაზღვრო ელდა ეცემოდა, ჩემი თვითმკვლელობის ამბავი რომ გაეგო.
მხოლოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთ გონებაგახსნილ ქალს არ შეუძლია ყოველივე
ისევე დაინახოს, როგორც მე, და არ ესმოდეს თავისი საყვედურების უსარგებლობა:
მთელი ჩემი უდანაშაულობისა და უუნარობის პირობებში, დავაკმაყოფილო მისი
სურვილები. ცხადია, ის ამას ხვდება, მაგრამ როგორც მებრძოლი სულის ადამიანი,
ბრძოლის ჟინმორეულს ყოველივე ავიწყდება.

ჩემი უიღბლო ბუნება კი, რომელსაც ვერ შევცვლი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ
მებოძა, საიმისოდაა მიდრეკილი, რომ ყველა განრისხებულს ყურში დამამშვიდებელი
სიტყვა ჩასჩურჩულოს. ამ მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვერასოდეს ვერ
გავუგებთ. სახლიდან გამოსულს დილის წუთების სიხარული ყოველთვის ამ
დამწუხრებული სახის ხილვამ, უგუნებოდ გაბუშტული ტუჩების, გამომცდელმა და
უკვე გამოცდის შედეგად მიღებულმა ჩემკენ მოპყრობილმა მზერამ უნდა
მომიწამლოს. ამ მზერას დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ გავექცევი:
ახალგაზრდა ქალის ლოყა მწარე გამჭოლი ღიმილით, მომჩივანი მზერა ცისკენ,
თეძოებზე დაწყობილი ხელები, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, და შემდეგ
რისხვით გაფითრება და აკანკალება.

ბოლო ხანს, სულ პირველად, ამ ვითარების გამო თავადაც გაოცებულმა, გავბედე,


ერთი ახლო მეგობრისთვის მეთქვა ამ ამბის შესახებ, უბრალოდ ისე, სახვათა შორის,
მთელი ამბის მნიშვნელობა რამდენიმე სიტყვით ავუხსენი, როგორც არც ისე
მნიშვნელოვანი რამ. უცნაურია, რომ ჩემმა მეგობარმა ეს უყურადღებოდ არ დატოვა,
პირიქით, ამას თავის მხრივ, გარკვეული მნიშვნელობაც მიანიჭა, სიტყვა ბანზე არ
ამაგდებინა და დაჟინებით მისმენდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად ამისა, მან
ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში ეს ამბავი სათანადოდ მაინც ვერ შეაფასა, რადგან
სერიოზულად მირჩია, სამოგზაუროდ წავსულიყავი.

ამაზე უფრო გაუგებარი რჩევა წარმოუდგენელია; საქმე თითქოს უბრალოდაა, თუ


კარგად ჩაიხედავ, აუცილებლად გაერკვევი, მაგრამ არც ისე მარტივად, რომ ჩემი
გამგზავრებით ყოველივე, ან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაინც მოგვარდეს.
პირიქით, გამგზავრებულმა თავი უფრო მეტად უნდა დავიცვა; თუ კი საერთოდ
რაიმე გეგმას უნდა მივყვე, ჯობს საკითხი (საქმე) ასე ძველებურად, ვიწრო ჩარჩოებში,
საზოგადოებრივი აზრისგან თავისუფალი, ანუ ჩუმად დარჩეს. ამ ამბით გამოწვეული
თვალშისაცემი ცვლილებები არ დავუშვა, როგორც წესი, ამაზე არავისთან
ვილაპარაკო, მაგრამ ყოველივე ეს არა იმიტომ, რომ რაღაც საშიშ საიდუმლოს
წარმოადგენს, არამედ იმის გამო, რომ პირიქით, ეს პატარა, სრულიად პიროვნული
და, როგორც ასეთი, ადვილად გადასატანი საქმეა და ასეთადაც უნდა დარჩეს. ამ
მხრივ მეგობრის რჩევა მთლად უსარგებლოც არ გამოდგა, მას ჩემთვის ახალი
არაფერი უსწავლებია, მაგრამ ჩემი ძირითადი შეხედულება გაამყარა.

უფრო დაწვრილებით დაკვირვებისას როგორც ირკვევა, ცვლილებები, რომლებიც


დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს, თავად საქმის ცვლილებას არ ნიშნავს,
არამედ – მხოლოდ ჩემი შეხედულების განვითარებას მის შესახებ. რამდენადაც ეს
შეხედულება ნაწილობრივ უფრო მშვიდი, კაცური ხდება, საქმის არსს უფრო
უახლოვდება, მაგრამ ნაწილობრივ წვრილმანებზე განუწყვეტელი გაღიზიანების
გამო, გარკვეულ ნერვულ სახეს იღებს.

მე ამ ამბავს უფრო მშვიდად ვუყურებ, რადგან გადამწყვეტი მომენტი, ზოგჯერ რაც არ


უნდა ახლოს ჩანდეს, არც ისე მალე მოდის. ადამიანები, განსაკუთრებით
ახალგაზრდობის წლებში, მიდრეკილნი არიან ტემპის დაჩქარებისკენ და ამ ე. წ.
გადამწყვეტ მომენტს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერთხელ, როცა ჩემი პატარა
მოსამართლე ჩემი ერთი შემოხედვით უგონოდ შეიქნა, გვერდით სავარძელში ჩაეშვა,
ცალი ხელით საზურგეს ჩაბღაუჭებოდა,მეორეთი – კორსეტს აწვალებდა და რისხვისა
და სასოწარკვეთისაგან ცრემლები ლოყებზე ჩამოსდიოდა, მე ვფიქრობდი,
განკითხვის დღე ახლოსაა და უმალ მომიწოდებდნენ საიმისოდ, რათა
პასუხისმგებლობა მეგრძნო.

მაგრამ არავითარი განკითხვის ჟამი, არავითარი პასუხისმგებლობა, ქალებს ხომ


ადვილად მისდით გული, გარე სამყაროს არ სცალია, ყველაფერზე ყურადღება
გაამახვილოს. და მაინც რა მოხდა მთელი ამ წლების მანძილზე? ისეთი არც არაფერი,
გარდა იმისა, რომ ამგვარი შემთხვევები – ხან ძლიერ, ხან სუსტად, – მეორდებოდა და
მათი საერთო რაოდენობა გაიზარდა. და კიდევ ის, რომ ხალხი უფრო ახლოს
ცდილობს მისვლას, რათა სიამოვნებით ჩაყონ ცხვირი, როგორც კი საამისო
შესაძლებლობა მიეცემათ; მაგრამ ისინი ამ შესაძლებლობას ვერ ნახულობენ, საკუთარ
ალღოს ეყრდნობიან, რაც საკმარისია მხოლოდ საიმისოდ, რომ თავი გაირთონ, მაგრამ
სხვებისთვის ეს არაფრისმაქნისია.

კაცმა რომ თქვას, ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის იყვნენ უსარგებლო, კუთხეში
მდგომი უსაქმურები, რომლებიც ეშმაკურად ერევიან, უფრო მეტად, თავს ნათესაური
მოტივებით იმართლებენ, სულ ყურადღებით არიან, ყელამდე სავსე „განუმეორებელი
ალღოთი“, მაგრამ ყოველივე ამის ერთადერთი შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ისინი
კვლავ ერთ ადგილას დგანან – აქ არიან. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თანდათან
ვისწავლე მათი სახეების გარჩევა; ადრე მჯეროდა, რომ თანდათანობით, ყოველი
მხრიდან ერთად მოდიოდნენ, საქმის ვითარების მოცულობა იზრდებოდა და
გადამწყვეტი მომენტიც თავისთავად დადგებოდა; დღეს კი უკვე ვიცი, რომ ეს
ყოველივე ასაკის ბრალი იყო და გადამწყვეტი მომენტის დადგომასთან ძალიან ცოტა,
ან სულაც არაფერი ჰქონდა საერთო. „გადამწყვეტი მომენტი“, თავად ეს სიტყვა, ნეტავ
რატომ ვუწოდებ მას ასე მაღალფარდოვნად? ის თუ ოდესმე უნდა დადგეს, – ცხადია,
ხვალ და ზეგ არა და ალბათ არც არასოდეს, – თუ საზოგადოება ამ ამბით მაინც
დაინტერესდება, რისთვისაც ის, – როგორც მე არა ერთგზის ვიმეორებ, – უუნაროა,
თავად თუმცა სიტუაციიდან მთლად უვნებელი ვერ გამოვალ, მაგრამ მხედველობაშია
მისაღები ისიც, რომ მე საზოგადოებისთვის ცნობილი ვარ. მის შუქში ვცხოვრობ
ნდობით აღსავსე და თავადაც ნდობას ვიმსახურებ. და რომ ეს ჩამორჩენილი მწუხარე
ქალი, მოგვიანებით გამოჩნდა, სხვები, ჩემს გარდა, მას ალბათ უმალ ბალახის
თესლად აღიქვამდნენ და ყველასათვის სრულიად უხმაუროდ, ჩექმის ქვეშ
გასრესდნენ, და რომ ამ ქალს, უარეს შემთხვევაში, შეეძლო მხოლოდ პატარა შტრიხი
დაემატებინა იმ „დიპლომისათვის“, რომელშიც მე საზოგადოება როგორც მისთვის
კარგა ხნის პატივსაცემ წევრს ამომიცნობს. ეს გახლავთ მოვლენათა დღევანდელი
მდგომარეობა, რაც მოუსვენრობის მიზეზს ნაკლებად მაძლევს.

იმას, რომ წლებთან ერთად მაინც ოდნავ მოუსვენარი გავდი, საქმის ზოგად
მნიშვნელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს; უბრალოდ, შეუძლებელია თავის
შეკავება, როცა ვინმეს განუწყვეტლივ აბრაზებ, მაშინაც კი, როცა გესმის ამ
გაღიზიანების უსაფუძვლობა; იწყებ ნერვიულობას (ხდები მოუსვენარი), ფიზიკურად
იძაბები გადამწყვეტი მომენტის მოლოდინში, თუმცა მისი დადგომისა, გონიერების
თანახმად, არ გჯერა. ნაწილობრივ ეს ასაკის ბრალიცაა. ახალგაზრდები ყოველივეს
ლამაზად წარმოაჩენენ, ულამაზო ელემენტები ახალგაზრდობის უწყვეტ ძალის
წყაროში იკარგება. თუ ახალგაზრდას მახვილი მზერა აქვს, მას ამის გამო არ
დაძრახავენ, ეს სულაც შეუმჩნეველი დარჩება თავად მის მიერაც კი, მაგრამ ის, რაც
ასაკში რჩება, არის მხოლოდ ნარჩენები, ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია, არც ერთი
აღარ განმეორდება, ყოველი მათგანი აშკარად ხელის გულზე ძევს და ასაკში შესული
კაცის მახვილი მზერა სწორედაც რომ აშკარად მახვილი (ფხიზელი) მზერაა და ძნელი
არაა ამის დადგენა. საქმის დიდი გაუარესება არც ამ მხრივ მომხდარა.

რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედო, მაინც ასე მოჩანს – და მეც ამავე აზრზე ვრჩები
– რომ თუ ამ პატარა ამბავს როგორმე გარე სამყაროსგან დავფარავ, ჩემი ცხოვრება
კარგა ხანს მშვიდად გაგრძელდება, მიუხედავად პატარა ქალის მთელი ამ რისხვისა.
მონადირე გრაკხუსი
გერმანულიდან თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა

ორი ბიჭი სანაპიროს ჯებირზე კამათელს აგორებდა. კაცი ქანდაკების საფეხურზე


ხმალამოღებული ძეგლის ჩრდილში გაზეთს კითხულობდა. გოგონა ჭასთან პატარა
ჭურჭელს წყლით ავსებდა. ხილით მოვაჭრე თავის საქონელთან იწვა და ზღვას
გასცქეროდა. დუქნის სიღრმეში კარისა და ფანჯრის ღრეჩოებიდან ღვინით მოქეიფე
ორი კაცი მოჩანდა. მედუქნე კი წინ, მაგიდასთან იჯდა და თვლემდა. კარჭაპი (ბარჟა,
ნავი) უხმაუროდ შემოცურდა პატარა ნავსადგურში, თითქოს წყლის ზედაპირზე
ტივტივებსო. კაცი ცისფერ კიტელში ქვემოთ დაეშვა და რგოლებში თოკი გაუყარა.
ვერცხლისფერღილებიან მუქ პიჯაკებში გამოწყობილ ორ კაცს ბოცმანის უკან საკაცე
მოჰქონდა, რომელზეც ყვავილებიან, ფოჩებმოვლებულ აბრეშუმის
გადასაფარებელზე, აშკარად, კაცი იწვა.

სანაპიროზე ჩამოსულებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მაშინაც კი, როცა საკაცე


ჩამოდგეს, ბოცმანის ლოდინში, რომელიც ჯერ კიდევ თოკით იყო დაკავებული,
მათთან არავინ მისულა და არც არაფერი უკითხავს, მათთვის დაკვირვებით არავის
შეუხედავს.

მესაჭე ცოტა ხანს შეყოვნდა ვინმე ქალის გამო, რომელსაც მკერდზე ბავშვი ჰყავდა
მიკრული, თან გაშლილი თმებით, სწორედ იმ დროს გემბანზე გამოჩნდა. შემდეგ
ბოცმანი მოვიდა და მეზღვაურებს მოყვითალო ორსართულიან სახლზე მიუთითა,
რომელიც მარცხნივ წყლის პირას აღმართულიყო. კაცებმა ტვირთი წამოიკიდეს და
ვიწრო სვეტებისაგან ნაშენ დაბალ ჭიშკარში შეიტანეს. პატარა ბიჭმა ფანჯარა
გამოაღო, შენიშნა, გვამი სახლში როგორ გაუჩინარდა და ფანჯარა ისევ სწრაფად
დახურა. ახლა უკვე ჭიშკარიც ჩაკეტეს, იგი შავი მუხის ხისგან მზრუნველად იყო
გამოთლილი. მტრედების ჯოგი, მანამდე რომ ზარის (სამრეკლოს) ირგვლივ
ტრიალებდა, ახლა სახლის წინ დაეშვა. თითქოს სახლში საკვები ელოდათ, მტრედები
ისე გულმოდგინედ მოგროვდნენ ჭიშკართან. ერთი მეორე სართულამდე აფრინდა და
ნისკარტით ფანჯრის მინაზე მიაკაკუნა. ესენი ღია ფერის, კარგად მოვლილი
ფრინველები იყვნენ. შორიდან ქალმა მათ ბარჟიდან მარცვლები გადაუყარა, მათ
საკენკი აკენკეს და ქალთან მიფრინდნენ.

კაცი, ტრაურის ბაფთიანი ცილინდრის ქუდით, ვიწრო, ნავსადგურთან მკვეთრად


დაქანებული პატარა ქუჩით ქვემოთ დაეშვა. მან ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედა,
ყველაფერი აღელვებდა – კუთხეში ნაგვის დანახვაზე სახე მოეღრიცა. ძეგლის
საფეხურებზე ხილის ნაფცქვენები ეყარა, გვერდით რომ ჩაუარა, თავისი ჯოხით
ქვევით მოისროლა. კაცმა სახლის კარზე მიაკაკუნა, თან ცილინდრი
შავხელთათმანიან მარჯვენა ხელში მოიქცია. კარი მაშინვე გაუღეს, ორმოცდაათი
პატარა ბიჭი შპალიერივით აეკრა გრძელ დერეფანს და კაცს თავი დაუკრეს.

კიბეზე ბოცმანი ჩამოვიდა და ბატონს მიესალმა, მეორე სართულზე, ზევით გაუძღვა.


მათ მსუბუქად ნაგებ ლამაზ ლოჯიით შემოვლებულ ეზოს ჩაუარეს და ორივენი ერთ-
ერთ დიდ ცივ ოთახში შევიდნენ სახლის უკანა მხარეს, ბიჭები იქვე იდგნენ და
პატივისცემის ნიშნად, დისტანცია დაიკავეს. უკან სახლი აღარ იდგა, პირდაპირ
მხოლოდ მორუხო-მოშავო შიშველი კლდე მოჩანდა. მეზღვაურები იმით იყვნენ
დაკავებული, რომ საკაცის თავთან გრძელ სანთლებს ამაგრებდნენ და ანთებდნენ,
მაგრამ ამით იქაურობა არ განათებულა, მხოლოდ აქამდე არსებული ჩრდილები
შეირხა და კედლებზე აციმციმდა. საკაციდან გადასაფარებელი გადაეგდოთ. იქ ერთი
გაჩეჩილთმიანი, წვერიანი კაცი იწვა, მზისგან დამწვარი სახით, მონადირეს გავდა.
იგი უძრავად იწვა და, როგორც ჩანს, უგონოდაც – თვალდახუჭული,მაგრამ ამისდა
მიუხედავად, მხოლოდ გარემო მიანიშნებდა, რომ ის, სავარაუდოდ, მიცვალებული
იყო.

ბატონი საკაცესთან მივიდა, მწოლიარეს ცალი ხელი შუბლზე დაადო, შემდეგ მუხლი
მოიყარა და ლოცვა დაიწყო. ბოცმანმა მეზღვაურებს ანიშნა, ოთახი დაეტოვებინათ,
ისინი გავიდნენ, გაყარეს ბიჭები, გარეთ რომ მოეყარათ თავი, და კარი გაიხურეს.
მაგრამ ბატონისთვის ეს სიჩუმეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მან ბოცმანს გადახედა, ,ის
უცებ მიხვდა და პატარა კარით მეორე ოთახში გავიდა. საკაცეზე მწოლიარემ უცებ
თვალები გაახილა, ტკივილიანი ღიმილით მზერა ბატონისკენ მიმართა და უთხრა:
„შენ ვინ ხარ?“ – ბატონი დიდი გაკვირვებვის გარეშე მუხლიჩოქიდან წამოდგა და
მიუგო: „ქალაქ რივას ბურგომისტრი გახლავართ.“

საკაცეზე მწოლიარემ თავი დაუკრა, დასუსტებული ხელით სავარძლისაკენ მიუთითა


და მას შემდეგ, რაც ბურგომისტრმა მისი შემოთავაზება მიიღო, უთხრა: „ეს მე კი
ვიცოდი, ბატონო ბურგომისტრო, მაგრამ უცებ ყველაფერი დამავიწყდა, თავბრუ
მეხვევა და მაინც მირჩევნია, ვიკითხო, ყველაფერი რომც ვიცოდე. ალბათ თქვენც
მოგეხსენებათ, რომ მე მონადირე გრაკხუსი ვარ.“

„რა თქმა უნდა,– მიუგო ბურგომისტრმა. – მე ამაღამ მაცნობეს თქვენს შესახებ. კარგა
ხნის ჩაძინებულები ვიყავით. უცებ, შუაღამისას ჩემმა ცოლმა წამოიძახა:
‘სალვატორე’, – ეს ჩემი სახელია, – ‘შეხედე, მტრედი ფანჯარასთან!’ ეს მართლაც
მტრედი იყო, მაგრამ მამალივით დიდი. ის ჩემ ყურთან მოფრინდა და ჩამჩურჩულა:
‘ხვალ მკვდარი მონადირე გრაკხუსი ჩამოდის, დახვდი მას ქალაქის სახელით’.“

მონადირემ თავი დაუკრა და ენის წვერი ტუჩებზე მოატარა: „დიახ,მტრედები


ყოველთვის ჩემს წინ მოფრინავენ. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო
ბურგომისტრო, რივაში უნდა დავრჩე?“
„ამის თქმა ჯერ გადაჭრით არ შემიძლია, – უპასუხა ბურგომისტრმა – თქვენ მკვდარი
ხართ?“

„დიახ – მიუგო მონადირემ – როგორც ხედავთ. – მრავალი წლის წინათ, როგორც ჩანს,
ძალზე დიდი ხნის წინ, შვარცვალდში – ეს გერმანიაშია – კლდიდან ჩამოვვარდი,
არჩვს რომ მივსდევდი. მას შემდეგ მკვდარი ვარ.“

„მაგრამ თქვენ ცოცხალიც ხომ ხართ?“ – უთხრა ბურგომისტრმა.

„გარკვეულწილად, – დაეთანხმა მონადირე, – გარკვეულწილად ცოცხალი ვარ, ჩემი


სიკვდილის ხომალდმა სხვა გეზი აიღო, საჭე არასწორი გზით მიმართა, მძღოლის
უყურადღებობის ერთი წამი, თუ ჩემი უმშვენიერესი სამშობლოდან გადახვევა, მე არ
ვიცი, ეს რა იყო, მხოლოდ ის ვიცი, რომ მიწაზე დავრჩი და მას შემდეგ ჩემი ხომალდი
მიწიერ წყლებში დაცურავს. ამგვარად, სიკვდილის შემდეგ, დედამიწის ყოველ
კუთხეში ვმოგზაურობ, თუმცა მე მხოლოდ მშობლიური მთების წიაღში სიცოცხლე
მსურდა.“

„და იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირი არა გაქვთ?“ – ჰკითხა შუბლშეკრულმა


ბურგომისტრმა.

„მე ჯერ კიდევ იქითკენ მიმავალ დიდ კიბეზე ვიმყოფები. – მიუგო მონადირემ. – ნავი
ხან ზევით წამიყვანს, ხან ქვევით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, სულ მოძრაობაში ვარ.
მონადირე კაცი პეპელად ვიქეცი. ნუ გეცინებათ.“

„არ მეცინება,“ – გააპროტესტა ბურგომისტრმა.

„ძალიანაც კარგი, ჭკვიანურია. – მიუგო მონადირემ, – სულ მოძრაობაში ვარ. თითქოს


ავიღებ დიდ სიჩქარეს და ზეცის კარიბჭე გამინათებს, მაგრამ უცებ ისევ ძველ,
რომელიღაც მიწიერ წყალში გაჩხერილ ნავზე მეღვიძება. ჩემი წარსული სიკვდილის
მთავარი შეცდომა კაიუტიდან დაცინვით მიღრენს. იულია, ნავის მესაჭის მეუღლე
აკაკუნებს საკაცესთან დილის სასმელი მოაქვს, იმ ქვეყნისა, რომლის სანაპიროსაც
სწორედ იმ მომენტში ჩავუვლით ხოლმე. მე ხის ტახტზე ვწევარ, დიდი სასიამოვნო
სანახავი არ გახლავართ – ჭუჭყიანი მიცვალებულის პერანგი, თმა, წვერი რუხი და
შავი, ერთმანეთში არეული. ფეხებზე ერთი დიდი აბრეშუმის ყვავილებიანი და
ფოჩიანი გადასაფარებელი მაფარია. თავთან ეკლესიის სანთელი მინთია. კედელზე,
ჩემს პირდაპირ პატარა სურათი კიდია, ეტყობა ბუშმანია, რომელიც მახვილით
მემუქრება და თავად, როგორც ჩანს, დიდებულად მოხატული ფარის ქვეშ იმალება.
ასეთი სულელური გამოსახულებები გემებზე გვხვდება, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე
უფრო სულელურია. სხვა მხრივ, ჩემი ხის გალია სულ მთლად ცარიელი იქნებოდა.
გვერდითი კედლის ხვრელიდან სამხრეთული ღამის თბილი ჰაერი შემოდის და
მესმის წყლის ხმაური, ძველ ნავს რომ ეხეთქება.
მას შემდეგ ვწევარ აქ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი მონადირე გრაკხუსი ჩემს
სამშობლოში – შვარცვალდში არჩვს მივსდევდი და კლდეზე გადავიჩეხე, ხევში
სისხლისგან დავიცალე, მოვკვდი და ამ ნავს მეორე ნაპირამდე უნდა მივეყვანე. კიდევ
მახსენდება, თავიდან როგორი სიხარულით გავიშხლართე ამ ჩემს სარეცელზე.
მშობლიურ მთებს ჩემგან ასეთი სიმღერა ჯერ არ მოუსმენიათ, როგორც მაშინ, ჯერ
კიდევ ბრწყინავმა ამ ოთხმა კედელმა. მე სიამოვნებით ვიცხოვრე და სიამოვნებითაც
მოვკვდი, სანამ ბორტზე ავიდოდი, უსარგებლო ბარგივით სიხარულით მოვისროლე
ჩემი მონადირის ჩანთა, რომელსაც მუდამ ამაყად ვატარებდი და მიცვალებულის
ხალათში ისე შევსრიალდი, როგორც ქალიშვილი საქორწილო კაბაში. აქ ვიწექი და
ველოდი. შემდეგ მოხდა უბედურება.“

„რთული ბედისწერაა, – უთხრა ბურგომისტრმა, თან უარყოფის ნიშნად ხელი ასწია. –


და მასში თქვენ არანაირი ბრალი არ მიგიძღვით?“

„არანაირი, – უთხრა მონადირემ, – მე მონადირე ვიყავი, განა ეს დანაშაულია?


მონადირე ვიყავი შვარცვალდში, სადაც მაშინ მგლები ჯერ კიდევ იყო. მე მათ
მივსდევდი, ვესროდი, ვახვედრებდი, ვატყავებდი, განა ეს დანაშაულია? ჩემი
საქმიანობა ნაკურთხი იყო. ‘შვარცვალდის დიდი მონადირე’ მერქვა, განა ეს ცოდვაა?“

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, – მიუგო ბურგომისტრმა, – თუმცა ამაში დანაშაულს ვერ
ვხედავ, მაგრამ, მაშ ვინაა დამნაშავე?“

„ბოცმანი, – უთხრა მონადირემ. – არავინ წაიკითხავს იმას, რასაც მე ახლა ვწერ, ჩემს
საშველად არავინ მოვა; ჩემი შველა რომც დაესახათ მიზნად, ყველა სახლის ყველა
კარი დაიხურებოდა, ყველა ფანჯარა დაიგმანებოდა, ყველანი საწოლში ჩაწვებოდნენ
თავზე საბანგადაფარებულები, მთელი დედამიწა ღამის თავშესაფრად გადაიქცეოდა.
და ეს სწორიც იქნებოდა, რადგან მე არავინ მიცნობს, რომც სცოდნოდათ ჩემს შესახებ,
ჩემი ადგილსამყოფელი არ ეცოდინებოდათ, ადგილსამყოფელიც რომ სცოდნოდათ,
არ ეცოდინებოდათ, იქ როგორ მოვეხელთებინე, ამგვარად, არ ეცოდინებოდათ,
როგორ დამხმარებოდნენ. ჩემი დახმარება გსურდეს, ეს ავადმყოფობაა, რომელსაც
ლოგინში მკურნალობენ.

ეს ვიცი, მაგრამ დახმარების სათხოვნელად როდი ვყვირი, თავად ისეთ მომენტებშიც


კი, როცა თავს ვერ ვერევი, როგორშიც მაგალითად, ახლა ვიმყოფები. ამაზე
ინტენსიურად ვფიქრობ. მაგრამ ასეთი აზრების ადვილად განდევნისათვის
საკმარისია, ირგვლივ მიმოვიხედო და გავიაზრო, თუ სად ვიმყოფები – შემიძლია
ვამტკიცო, – საუკუნეებია ასე ვცხოვრობ.“

„ეს განსაკუთრებული რამაა, განსაკუთრებული – უთხრა ბურგომისტრმა.– და ახლა


ფიქრობთ რივაში დარჩენას?“

„არა, მე არ ვფიქრობ, – უთხრა მონადირემ სიცილით, და ბურგომისტრს ხელი


მუხლზე დაადო, რომ დაცინვა შეერბილებინა. – მე აქ ვარ, სხვა არაფერი ვიცი,
არაფერი შემიძლია (ძალმიძს). ჩემი ნავი მესაჭის გარეშეა დარჩენილი და ქარით
იმართება, რომელიც სიკვდილის ყველაზე უფრო ქვედა რეგიონებში ქრის.

ფრანც კაფკას მოგონება მამაზე


როცა პატარა ბიჭი ვიყავი და ჯერ ცურვა არ ვიცოდი, მამას, რომელმაც ასევე არ იცოდა
ცურვა, საცურაო აუზზე დავყავდი.

მახსოვს, ვისხედით შიშვლები, მივირთმევდით ძეხვს, პურს და ზედ მამას საყვარელ


ლუდს ვაყოლებდით. საუზმე მამას ყოველთვის თან მოჰქონდა, რადგან საცურაო
სკოლის სასაუზმეში ყველაფერი ძვირი ღირდა.

შეგიძლია წარმოიდგინო ეს მკაცრი კაცი პატარა მშიშარა ბიჭუნასთან ერთად? ან ის,


როგორ ვიცმევდით პატარა ბნელ ოთახში? ან თუნდაც ის, ძალზე დამორცხვებულს
როგორ მექაჩებოდა მამა, გასახდელიდან გარეთ რომ გამოვეყვანე? შეგიძლია
წარმოიდგინო, როგორ უნდოდა მამას, რომ მე, ამ ეგრეთ წოდებულ ცურვაზე
ვეტარებინე, კიდევ ეს ლუდის სმაც?! რა უცნაური იყო?!

ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 19/09/1916

ძვირაფსო, ასე იოლი არაა რასაც შენ მწერ: მშობლები, ახალი წელი, ყვავილები,
მაგიდასთან შემომსხდარი საზოგადოება; ეს ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის.

შენ ამბობ, არც შენ განიჭებს არავითარ სიამოვნებას, ჩემ სახლში, ჩემი ოჯახის
წევრებთან ჯდომა. რა თქმა უნდა, ამით შენ აზრს გამოთქვამ და სულ არ
ითვალისწინებ, მახარებს თუ არა ეს.

რასაკვირველია, შენგან საპირისპირო აზრის გაგება უფრო მესიამოვნებოდა. გთხოვ


ამიხსნა, რაში მდგომარეობს შენთვის ეს უსიამოვნება. რა არის ამის მიზეზი.

მართალია, ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ სიმართლის დადგენა მაინც


ძნელია. იქნებ სჯობს, ხელახლა შევეცადოთ.

ორიოდ სიტყვით რამენაერად ზუსტად აგიხწერ ჩემს მდგომარეობას. მე, როგორც


ზედმიწევნით არათავისთავად ადამიანს, მუდმივად გამაჩნია უსაზღვრო
მოთხოვნილება, ყოველმხრივ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო. სჯობს
საკუთარი გზა ბოლომდე ბრმად, მარტომ განვლო, ვიდრე გარს მშობლიური ხროვა
გეხვიოს და თავგზას გიბნევდეს. აქედან გამომდინარე, ყოველი სიტყვა, რაც ჩემი
მშობლებისადმი მითქვამს, ან მათ უთქვამთ, ყოველგვარ ინტერესსაა მოკლებული და
არც მანაღვლებს.

ყოველი ურთიერთობა, რომელსაც თავად არ ვქმნი, რაც ჩემს მეს ეწინააღმდეგება,


არაფრად მიღირს, მზღუდავს, ხელ-ფეხს მიბორკავს, მძულს.

გზა გრძელია, ძალისხმევა მცირე, ზიზღისთვის კი საკმაოზე მეტი საფუძველია.

მართალია ჩემმა მშობლებმა მშვეს, მათთან და ჩემს დებთან სისხლით ვარ


დაკავშირებული, მაგრამ ცხოვრებაში ვერ ვგრძნობ ამას და იქნებ ჩემი გარდაუვალი
შეშლილობის გამო ზედმეტ მნიშვნელობასაც ვანიჭებ;

ყველაფერში თან მსდევს ეს ზიზღი. ზიზღს მგვრის ცოლ ქმრის სარეცელი, ნახმარი
თეთრეული, თუ მზრუნველობით დაწყობილი ღამის პერანგები. ამ ყოველიმე
შეიძლება გულისრევამდე გამაღიზიანოს, ამამღვრიოს და ყველაფერი
ამომანთხევინოს, თითქოს აქ არ დავბადებულვარ და ამ სულისშემხუთველ ოთახში
არ მოვლენილვარ სამყაროს.

ახლა კიდევ ეს გაუთავებელი მტკიცება საკუთარ თავთან, რომ მთლიანად თუ არა,


ნაწილობრივ მაინც ვარ დაკავშირებული ამ საზიზღარ საგნებად და მიუხედავად
გაქცევის სურვილისა, მაინც ამ უფორმო ტაფაში გტენიან.

ერთი მხრივ ესაა, მეორე მხრივ კი, ვიცი, რომ ისინი მშობლები არიან, ჩემი
არსებობისათვის აუცილებელი და ძალის მომნიჭებელი.

კარგა ხნის განმავლობაში, ღვარძლის, ეგოიზმისა თუ უსიყვარულობის მიუხედავად,


შიშით ვკანკალებდი მათ წინაშე, დღესაც ვკანკალებ და ვგონებ, ვერც ვერასდროს
დავაღწევ ამას თავს.

მამამ და თავის მხრივ დედამაც, ჩემში ჩაახშვეს ნება-სურვილები, მაგრამ მე მაინც


მსურს შევინარჩუნო მათდამი პატივისცემა (ზოგჯერ შორეულ მონატრებაში,
ნამდვილი დედის სახეს ოტლაში ვხედავ; სუფთას, გულწრფელს, მომხიბვლელს,
მოკრძალებულს, ერთგულს). მინდა პატივისცემით მოვეპყრა, მაგრამ მათი
უწმინდურობა ასჯერ უფრო დიდია, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

თუმცა ეს რა ჩემი საქმეა. მათი სიბრიყვე, სასაცილო მდგომარეობა, სიუხეშეც ასმაგად


მეჩვენება, მათში არსებული სიკეთე კი ასიათასჯერ უმნიშვნელოდ.

და რადგან მე მათგან წარმოვიშვი, ვერ ავუჯანყდები ბუნების კანონს, თორემ


შეიძლება ჭკუიდან გადავცდე, შენ მე მეკუთვნი და ჩემთან უნდა იყო.

ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ზღაპარში, ვინმესთვის უფრო მეტად ებრძოლა


ვინმეს, როგორც მე ვიბრძვი შენთვის და ვიბრძოლებ მუდამ.
შენ მე მეკუთვნი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება შენი ნათესავებისადმიც, ისევე
როგორც ჩემი ნათესავებისადმი, განურჩევლად გულგრილია. ეს ის ურთიერთობებია,
რომლებიც მზღუდავენ. ერთი სიტყვის თქმაც არ მინდა მათთან. როგორც ზემოთ
უკვე ვთქვი, ისინი არ არიან პატივისცემის ღირსნი.

შენთან ისევე გულახდილად ვლაპარაკობ, როგორც საკუთარ თავთან. ვიცი არ


გამიბრაზდები და არც ქედმაღლობას დამაბრალებ, რაც თითქმის არ მახასიათებს,
ძალიანაც რომ მოინდომო, ჩემში ამ თვისებას ვერ იპოვი. შენი პრაღაში ყოფნა და ჩემ
მშობლებთან ერთად მაგიდასთან ჯდომა, მტკივნეულია ჩემთვის, ეს კიდევ უფრო
მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს მშობლების მიმართ. არადა, რატომღაც, მათ ჰგონიათ,
თითქოს მათდამი დამოკიდებულებასი ცოტა გამოვსწორდი. (ეს ასე არაა, და არც
შეიძლება მოხდეს).

მათი აზრით შევეგუე ერთი - მეორეს გვერდით ჩამწკრივებულ საძინებელ ოთახებს.


ისინი შენში ეძებენ მხსნელს, მაგრამ არ ითვალისწინებენ ჩემს ნება-სურვილს. ეს
კიდევ უფრო მიმძაფრებს მათდამი სიძულვილს. ამიტომაც არ მომეწონა შენი ბოლო
შენიშვნა.

გამოდის, რომ თითქოს ვდგავარ და განუწყვეტლივ მახვილს ვიქნევ, რათა


ერთდროულად დავიცვა და დავსერო ჩემი ოჯახი. მომეცი უფლება, ამ მხრივ თავად
დაგიცვა;

ძვირფასო, თუ ეს მსხვერპლი შენთვის ძნელი არაა, არ შემახვედრო შენს ოჯახს! ეს


საშინელებაა, მაგრამ შენთვისაც ასე სჯობს.

თუ ამ მსხვერპლს ვერ გაიღებ, იცოდე, რომ დამაუძლურებ, და თუ გაიღებ - ამით


ბევრს შემმატებ.

ორ - სამ დღეს შეგნებულად არაფერს მოგწერ. კარგად იფიქრე და მერე მიპასუხე. ჩემი
შენდამი ნდობა იმდენად დიდია, რომ პასუხად ერთი სიტყვაც კმარა.

ფრანცი

ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 09/09/1917


ძვირფასო, შენს მიმართ საბაბიც კი არ გამაჩნია სასაყვედუროდ. მხოლოდ დღეს რომ
გწერ, ამისთვის ერთადერთი მიზეზი არსებობს. არ იფიქრო შენი დუმულის გამო არ
გწერდი.

შენი დუმილი გასაგებიც კია ჩემთვის. პირიქით, სასიამოვნო პასუხი უფრო


გამიკვირდა. ვიცი ის ბოლო წერილი მართლაც არ შემეფერებოდა. შემზარავი იყო და
პასუხსაც არ იმსახურებდა. ჩემი სიტყვები ძილში ნაბოდვარს ჰგავდა, მე ხომ თითქოს
მძინავს, როცა ვწერ. სწრაფად კი ვფხიზლდები, მაგრამ უკვე გვიანია, თუმცა, ეს არაა
ჩემი ყველაზე ცუდი თვისება.

ჩემი დუმილის მიზეზი, სულ სხვა რამ იყო: ბოლო წერილების შემდეგ, ორი დღის
განმავლობაში, ე.ი. ზუსტად ოთხი კვირის წინ, ღამით, დაახლოებით ხუთ საათზე,
პირიდან სისხლი წამსკდა. ეს იყო ფილტვებიდან ამოხეთქილი სისხლი. ზუსტად ათი
წუთი გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა. მეგონა, აღარასოდეს შეწყდებოდა.

მეორე დღესვე წავედი ექიმთან და მას მერე ხშირად დავდივარ, რენტგენიც


გადამიღეს. მაქსის თხოვნით, ერთ პროფესორთანაც ვიყავი. მოკლედ, ბევრი რომ არ
გავაგრძელო და თითოეული ექიმის მტკიცებებს არ მოვყვე, ორივე ფილტვის
ტუბერკულოზი მაქვს. ეს დაავადება ასე უცაბედად რომ დამატყდა თავს, არ მიკვირს,
არც ის მაოცებს, სისხლი რომ წამსკდა. უკვე რამდენი წელია, უძილობა და საშინელი
თავის ტკივილი მტანჯავს და ალბათ გაწამებულმა სისხლმაც ამიტომ ამოხეთქა. ერთი
სიტყვით, 34 წლის ასაკში, ტუბერკულოზი დამემართა.

მანცვიფრებს, რადგან, ჩემს წინაპრებში მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა დღეს ამას,
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მეჩვენება, რომ ამ სისხლმა თავის ტკივილისაგან
გამანთავისუფლა. მომავალში რა სახით განვითარდება ჩემი დაავადება, არავინ იცის,
ეს დაავადების საიდუმლოდ რჩება. ალბათ, სულ ცოტა, სამი თვით ქალაქიდან გასვლა
მომიწევს, ოტლასთან, ციურაუში. როგორც ამბობენ, შესაძლოა პენსიაც დამინიშნონ,
მაგრამ არ მინდა. ვერ ვიტან სენტიმენტალურ გამოსამშვიდობებელ კომედიებს, რაც
ჩემს ძველ ჩვევებზე მაინც ვერ მათქმევინებს უარს. ასე რომ, მე კვლავ აქტიურ
თანამშრომლად ვრჩები და შვებულებაში გავდივარ.

თუმცა, ჩემი ავადმყოფობა საიდუმლოდ არ დარჩება. ჯერჯერობით, მხოლოდ


მშობლებს უნდა დავუმალო. თავდაპირველად სულ არ მიფიქრია ასე, მაგრამ, როცა
დედასთან სასხვათაშორისოდ თქმა დავაპირე, საშინლად ავნერვიულდი, ისევ
შვებულების საჭიროება მოვიმიზეზე და არც მას შეჰპარვია რამეში ეჭვი.

ესაა მოკლედ, რასაც კარგა ხანია, უფრო სწორად, ერთი კვირაა ვმალავ. ”საბრალო,
ძვირფასო ფელიჩე”- გწერდი ბოლოს. ნუთუ ეს უნდა გახდეს ჩემი წერილების
დამასრულებელი მუდმივი სიტყვები. არ არსებობს დანა, რომელიც მხოლოდ ბასრი
პირიდან ჭრიდეს, ის ბრუნავს და ორივე მხრიდან გსერავს.

ფრანცი
ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 16/10/1917
ძვირფასო ფელიჩე, გუშინწინ წერილი მივიღე. როგორ, უკვე წერილი? - ვეკითხებოდი
ჩემ თავს და კარგა ხანს ვერც ვკითხულობდი.

ეს მხოლოდ ის წერილი აღმოჩნდა, შენს ჩამოსვლას რომ მატყობინებდა. იმიტომ


დაუგვიანია, რომ საფოსტო მისამართი ეწერა შეცდომით.

ამით ისიც გაირკვა, თუ რატომ არ მოდიოდა აქამდე საპასუხო წერილები, მაგრამ


დღეს, კვირას ორი წერილი მივიღე, ოცდაოთხი და ოცდაექვსი სექტემბრის.

იმავე დღეს დედაჩემიც ჩამოვიდა ( მომიყვა, რომ შენთან საუბრისას ჩემზე უკითხავს,
უკეთეს ხასიათზე ხომ არააო, და შენ გიპასუხია, მსგავსი არაფერი შემინიშნავსო).

საღამოსაც არ მინდოდა წერილების გახსნა. უფრო სწორად მინდოდა, ერთი


ამოსუნთქვით ჯერ შენთვის მომეწერა, სრულიად დამოუკიდებლად იმისაგან, რასაც
შენ მწერდი.

ბოლოს როგორც იქნა, გავხსენი წერილები. სწორედ ის ეწერა, რასაც ველოდი.


მრცხვენია. თუმცა მეც ვერ გამიგია როგორ ხდება: არ გინდა ასე მოიქცე, მაგრამ
სხვაგვარად ვერ ახერხებ; მინდა როგორმე აგიხსნა: ჩემში ხომ ორი მე იბრძვის. შენც
იცი, რომ ჩემი უკეთესი მეორე ნაწილი შენ გეკუთვნის, ამაში, ამ უკანასკნელ დღეებში,
ეჭვი არ მეპარება.

მთელი ამ ხუთი წლის მანძილზე, სიტყვითა თუ დუმილით, თუ ორივეთი ერთად, და


განსაკუთრებით კი შენი ტანჯვით, ბევრ რამეს მივხვდი. შენ ყოველთვის მეკითხები,
მართალი ვარ თუ არა. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ჩემი შეგნებული
ტყუილებისაგან არცერთ ადამიანთან ურთიერთობაში არ ვყოფილვარ ასეთი
თავშეკავებული, შეიძლება ითქვას, მკაცრად თავშეკავებულიც კი, როგორც შენთან.

შეიძლება ზოგჯერ მომიტყუებია რაღაც, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო, თუ


გავითვალისწინებთ იმას, რომ მე საერთოდ ”ძალიან ცოტა” ტყუილის თქმა შემიძლია.

არადა მე ხომ ერთი მატყუარა ადამიანი ვარ, სხვაგვარად წონასწორობას ვერ


ვინარჩუნებ. ჩემი ნავსაყუდელი ძალიან სუსტია. ეტყობა მე საერთოდ არ ვცდილობ
გავხდე კარგი ადამიანი.

თუ გადავხედავთ კაცობრიობას, ცხოველთა სამყაროს, შევიცნობთ მათ საძირკველში


ჩადებულ სიყვარულს, მიზანსწრაფვასა თუ მორალურ იდეებს, ერთ უბრალო, მარტივ
აზრამდე მივალთ: თუ მეც ამ გზით ვივლი, ალბათ, შევძლებ ყველასათვის
სასიამოვნო ადამიანად ვიქცე.

ისევ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას დავუბრუნდეთ. შენ ჩემი ადამიანობის საზომი


ხარ.
იმ ორიდან, ჩემში რომ იბრძვიან, რომელთა ბრძოლიდანაც ყოველთვის
განადგურებული გამოვდივარ, ერთი კეთილია და მეორე ბოროტი. დროდადრო ეს
ნიღბები ერთმანეთს ენაცვლებიან, რაც კიდევ უფრო აბურდულს ხდის, ამ ისედაც
აბურდულ ბრძოლას.

ახლა კიდევ ეს სისხლის ამოხეთქვა, სისხლის, რომელიც კეთილს რწყავს ( მინდა მას
კეთილი დავარქვა) და ბოროტს კი იმისათვის იყენებს, რომ შენ მოგიპოვოს.

რაღათქმაუნდა ამ დაავადებას არ მივიჩნევ ტუბერკულოზად, ან ვთვლი, რომ ჯერ


არაა ტუბერკულოზი, ეს ჩემი სრული გაბანკროტებაა.

სისხლი ფილტვებში კი არა, იმ ბრძოლების შედეგად დასნეულდა, ზემოთ რომ


გითხარი. დიახ, ამ კაცს, შეეძლო ადამიანთა სიყვარული, მაგრამ მათგან ხელნაკრავია,
ყოველშემთხვევაში, ასეთად გრძნობს თავს და საშინელ სულმდაბლობაში ეფლობა.

ნუ მკითხავ, რატომ ვიქმნი ბარიერს? ნუ დამამცირებ ასე. კიდევ ერთი სიტყვა და მე


კვლავ შენს ფერხთით აღმოვჩნდები.

რა ვქნა, თვალებში მხოლოდ რეალობა მესობა, უფრო სწორად, ეს ე.წ. ტუბერკულოზი


და იძულებული ვარ დავნებდე.

ბოლოს მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო, რომლისაც თავადვე ერთი წამითაც კი


არ მჯერა, თუმცა მაინც სიმართლე უნდა იყოს : მე ვეღარასოდეს ვიქნები ჯანმრთელი.
თუმცა, ეს ის ტუბერკულოზი არაა, ლოგინად რომ ჩაგაგდებს და სხვისი, ვინმე
ჯანმრთელის მოსავლელს გაგხდის, არამედ ეს სწორედ ის იარაღია, რომლის
აუცილებლობა, ვიდრე ვარსებობ, ყოველთვის იქნება ჩემში.

ფრანცი

ფრანც კაფკას წერილი დისადმი


საყვარელო ფალი, მაგიდა ბუხართან დგას, მე ბუხრისაკენ ზურგშექცევით ვზივარ და
შესანიშნავად მითბობს ამ მუდამ ცივ ზურგს.

ჩემი ნავთის ლამპაც არაჩვეულებრივად ანათებს. ეს ლამპა ხომ ნამდვილი შედევრია,


როგორც ნაკეთობის, ასევე ყიდვის თვალსაზრისითაც. იგი ცალ-ცალკე შეგროვებული,
სხვადასხვა ნაწილებისგანაა შეკოწიწებული. (რა თქმა უნდა, არა ჩემს მიერ; აბა, ამას მე
როგორ გავაკეთებდი!) ერთი სიტყვით, ამ ლამპასთან ვზივარ და ვკითხულობ შენს
უკვე ძველ, მაგრამ ძვირფას წერილს.

საათი წიკწიკებს. წარმოგიდგენია, ამასაც შევეჩვიე, მხოლოდ იშვიათად ვაქცევ


ყურადღებას. (ადრეულ წერილებში კი აშკარად ჩანს, რომ კაფკას მეტისმეტად
აღიზიანებდა საათის წიკწიკი, ყოველნაირად ცდილობდა საათი მისი ოთახიდან
კარგა მოშორებით ყოფილიყო.)

ახლა საათს ჩემთან გარკვეულწილად კარგი დამოკიდებულება აქვს. არადა, სულ


ახლახანს არ იყო, საათს და ამგვარ ნივთებს, ზურგი რომ ვაქციე? უფრო სწორად, მათ
მაქციეს ზურგი, თუმცა კარგი გაგებით. ამის გადმოცა ძნელია, კალენდარიც კი
განმიდგა თითქოს, სულ ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ მაშინღა მახსენებს თავს,
როცა მისი რჩევა მესაჭიროება.

ყველაფერი რომ მოგწერო, რასაც აქ ვსაქმიანობ და რითიც ვარ დაკავებული,


ვერასდროს დავასრულებ ამ წერილს. გეგონება და მართლაც აქტიურ
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიყო ჩაფლული, სინამდვილეში კი ჩემს გარშემო
საოცარი სიმშვიდეა, სხვათა შორის, არასოდეს არ ყოფილა ასეთი სიმშვიდე.

ფრანც კაფკას წერილი მშობლებისადმი


წერილი დაწერილია 1924 წლის 2 ივნისს, ფრანცის გარდაცვალებამდე ერთი დღით
ადრე

უსაყვარლესო მშობლებო, ხშირად მწერთ, ჩამოვალთო, მაგრამ ვერ ახერხებთ, არადა,


რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ, პრაღაში ერთად ყოფნას არ ვთვლი, ეს
მხოლოდ იმჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარეობდა და ვეღარც კი ვიხსენებ,
როდის იყო ეს. წერილებიდან ვხვდები, რომ მამას დღევანდელი ღვინისა ბევრი არა
გაეგება რა, რაც შეეხება ლუდს, აქ კი მე მას სავსებით ვეთანხმები. მახსენდება ჩვენი
ერთობლივი ლუდის სმა, როცა მამას ქალაქის საცურაო სკოლაში დავყავდი...

ძალზედ გამიხარდებოდა, თუ მესტუმრებოდით. ამას ალბათ ბევრი დაბრკოლება


ეღობება წინ, უპირველეს ყოვლისა კი მამას პასპორტთან დაკავშირებული
სიძნელეები.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ალბათ უკვე იცით, პირველი სირთულეების შესახებ
აქაც და ვენაშიც. ამ ყველაფერმა, ცოტა არ იყოს, ძალღონე გამომაცალა. ამას
ტემპერატურის სწრაფი დავარდნაც დაერთო, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჩემს
დასუსტებას.

დორასა და რობერტის წყალობით მხოლოდ ახლაღა გამოვდივარ ამ დაუძლურებული


მდგომარეობიდან (ნეტავ რა მეშველებოდა მე მათ გარეშე). სიძნელეები, რა თქმა
უნდა, ახლაცაა, მაგალითად, თუნდაც ახლახანს გადატანილი კრიზისი.

მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, სუფთა ჰაერისა და კარგი კვებისა, ხეირიანად


ჯერ მაინც ვერ მოვმჯობინდი. პრაღაში უკეთ ვიყავი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ,
რომ მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკის უფლება მაქვს და ისიც არცთუ ისე ხშირად,
მაინც ყველაფერი საუცხოოდაა.

ამ ბოლო ხანებში პროფესორმა მითხრა, თქვენი საქმე უკეთესობისკენ მიდისო.


ჩემთვის დიდი ნუგეშია ამ ძვირფასი და თავდადებული ადამიანის თუნდაც ერთი
სიტყვა. იგი ყოველ კვირას ჩამოდის მანქანით, სამაგიეროსაც კი არაფერს ითხოვს.
ერთი სიტყვით, თითქოს უკეთესობაა, მაგრამ ჩემი აზრით, არაფერი ამდაგვარი.

თუ გგონიათ, რომ აქ ჩამოსულთ უკეთ დაგხვდებით, სჯობია მაგის იმედი ნუ


გექნებათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც.

მაქს ბროდი - ფრანც კაფკას ცხოვრების უკანასკნელი წლები


„აქ, ჩემს ირგვლივ, არავინაა ისეთი, რომ ჩემი ესმოდეს. გყავდეს ერთი ადამიანი,
ვისაც ესმის შენი, თუნდაც ცოლი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველი მხრიდან საყრდენი
გაქვს. თვით ღმერთიც შენთანაა“ - წერდა კაფკა 1915 წელს თავის დღიურში. ამგვარი
ბედნიერება მან ცხოვრების უკანასკნელ წლებში თითქოს იგემა კიდეც, ყოველ
შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, მისი ცხოვრების დასასრული უფრო პოზიტიური
და სიცოცხლით აღსავსე იყო, ვიდრე მთელი მისი ცხოვრება მანამდე.

1923 წლის ზაფხულში ფრანცი თავის დასთან და დისშვილებთან ერთად


იმყოფებოდა ბალტიის ზღვისპირა ქალაქ მიურიცში. აქ მან აღმოაჩინა საზაფხულო
ბანაკი, ბელრინელ ებრაელთა სახალხო თავშესაფარი, რომელცი დოქტორმა ლეემანმა
დააარსა. სწორედ ამ სახლის სამზარეულოში შეამჩნია მან გოგონა, რომელიც თევზს
ასუფთავებდა. „ასეთი ნაზი ხელები და ამგვარი სისხლიანი საქმე?!“ - გაიკვირვა
კაფკამ. გოგონას ისე შერცხვა, რომ დაბნეულობისგან არ იცოდა რა ეღონა.

ამგვარი გახლდათ კაფკას პირველი შეხვედრა დორა დიმანტთან, თავისი ცხოვრების


მომავალ თანამგზავრთან.

დორა დიმანტი მაშინ ცხრამეტი თუ ოცი წლისა იქნებოდა. წარმოშობით წარჩინებულ,


ხასიდ ებრაელთა ოჯახიდან გახლდათ. მამისადმი უდიდესი სიყვარულისა და
პატივისცემის მიუხედავად, დორამ ვერ აიტანა ოჯახის მკაცრი ტრადიციები და
იძულებული გახდა გაქცეულიყო ჯერ ბრიუსელში, მერე ბერლინში, ბოლოს კი
მიურიცში, სადაც ეს შესანიშნავი, გამორჩეული ებრაელი ქალი სახალხო სახლის
წარმომადგენელი გახდა. ამ დროისათვის კაფკა განსაკუთრებული მონდომებით
ეწადებოდა ებრაული ენის შესწავლას. მის ხელნაწერებში ებრაული ენის
სავარჯიშოებით ავსებული არაერთი ფურცელი მოინახა. დორასა და კაფკას შორის
პირველი დიალოგიც იმით დამთავრდა, რომ დორამ კაფკას ესაიადან ერთი თავი
ძველ ებრაულ ენაზე წაუკითხა. ფრანცს არ გამოპარვია ქალის მსახიობური ნიჭი.
სწორედ მისი რჩევით შეისწავლა დორამ ეს ხელოვნება.
აქ გატარებულმა ზაფხულის მშვენიერმა დღეებმა კაფკას უდიდესი ძალა და
გამბედაობა დაუბრუნა; გადაწყვიტა ბერლინში დაბრუნებულიყო და დორასთან
ერთად ეცხოვრა. ამჯერად ისე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უცილობლად
შეასრულებდა კიდეც. 1923 წლის ივლისის ბოლოს კაფკამ დატოვა პრაღა. ოჯახურ
უსიამოვნებებსაც გაართვა თავი. ბერლინიდან მოწერილი პირველივე წერილიდან
ვიგრძენი, რა ბედნიერად გრძნობდა თავს: „ღამითაც კი მშვენივრად მძინავს“, -
მწერდა იგი. თავიდან შტეგლიტცის გარეუბანში ცხოვრობდნენ. სწორედ აქ შექმნა
კაფკამ შედარებით მხიარული მოთხრობა „ერთი პატარა ქალი“, რომლის მთავარი
პერსონაჟი სახლის მეპატრონე გახლდათ. ეს ქალი რატომღაც არ სწყალობდა ფრანცსა
და დორას; მათ გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდათ. ექვსი კვირის შემდეგ ისინი
გრიუნენვალდის ქუჩის 13 ნომერში, ქალბატონ რეტჰბერგის ვილაში გადავიდნენ, ამ
სახლის სილამაზით ფრანცი აღფრთოვანებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
მხოლოდ ორ ძალზედ მოკრძალებულ ოთახში ცხოვრობდნენ. აქ მე იგი რამდენჯერმე,
ალბათ სამჯერ მაინც მოვინახულე და, წარმოიდგინეთ, საოცარი იდილია აღმოვაჩინე:
როგორც იქნა, ჩემი მეგობარი კარგ გუნებაზე ვიხილე. თუმცა მისი ჯანმრთელობა
უკვე გაუარესებული ჰქონდა. ფრანცი რაღაც დემონებზე ლაპარაკობდა,
რომელთაგანაც, როგორც იქნა, განთავისუფლდა: „ხელიდან დავუსხლტი. ახლა იქნებ
ისინი მეძებენ კიდეც, მაგრამ ვერ მპოულობენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით
მაინც“.

როგორც იქნა, კაფკამ შექმნა დამოუკიდებელი კერა, იდილია. იგი ახლა უკვე ოჯახის
შვილი კი არა, ასე ვთქვათ, ოჯახის მამა გახლდათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კაფკა
რაღაც პარადოქსისაკენ, პრინციპულად განუხორციელებლისაკენ კი არ
მიისწრაფვოდა, როგორც კირკეგორი თავისი „კრიზისის თეოლოგიაში“, არამედ, და
ესაა სწორედ მნიშვნელოვანი, ფრანცს ჭეშმარიტი აზრით აღსავსე ცხოვრება სურდა.
იგი დაახლოებით მარტინ ბუბერის აზრს იზიარებდა. კირკეგორის საპირისპიროდ
სიმარტოვესა და ცოლ-ქმრულ კავშირზე ამბობდა: „ქორწინება განსაკუთრებული
კავშირია, და სწორედ ეს კავშირი გვაახლოებს ერთმანეთთან ისე, როგორც სხვა
არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ამ კავშირს შეუძლია გვაზიაროს ჭეშმარიტ ღვთიურ
თავისუფლებას“. ამ მხრივ კაფკა მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში, მიუხედავად
საშინელი ავადმყოფობისა, რომელიც ცხოვრებას დღითიდღე უმოკლებდა, ჭეშმარიტ
გზაზე იდგა და თავისი ცხოვრების ერთადერთ თანამგზავრთან ბედნიერად
გრძნობდა თავს. თითქოს უფრო მეტი ხალისითაც მუშაობდა. სწორედ ამ ძირეულმა
ცვლილებამ, მისმა ცხოვრებისაკენ შემობრუნებამ გამაბედინა და მომცა ძალა
დამერღვია პირობა, უარი მეთქვა ფრანცის მიერ ჩემდამი დიდი ხნის წინ
გამოგზავნილ წერილობით თხოვნაზე, რომლის თანახმადაც მისი წერილების
გამოქვეყნების უფლება არ მქონდა.

მაშინ მხოლოდ მე არ მომჩვენებია ფრანცი შეცვლილი და ახალ ადამიანად


გარდაქმნილი. მისი ბოლო წერილებიდანაც აშკარად ჩანს შესანიშნავი გუნება-
განწყობილება, სილაღე, ბოლოს და ბოლოს მოპოვებული სიმტკიცე. ეს გარდაქმნა
დისადმი მიწერილი წერილის ამ ნაწყვეტიდანაც იგრძნობა: „საყვარელო ფალი,
მაგიდა ბუხართან დგას, მე ბუხრისაკენ ზურგშექცევით ვზივარ და შესანიშნავად
მითბობს ამ მუდამ ცივ ზურგს. ჩემი ნავთის ლამპაც არაჩვეულებრივად ანათებს. ეს
ლამპა ხომ ნამდვილი შედევრია, როგორც ნაკეთობის, ასევე ყიდვის
თვალსაზრისითაც. იგი ცალ-ცალკე შეგროვებული, სხვადასხვა ნაწილებისგანაა
შეკოწიწებული. (რა თქმა უნდა, არა ჩემს მიერ; აბა, ამას მე როგორ გავაკეთებდი!)
ერთი სიტყვით, ამ ლამპასთან ვზივარ და ვკითხულობ შენს უკვე ძველ, მაგრამ
ძვირფას წერილს.

საათი წიკწიკებს. წარმოგიდგენია, ამასაც შევეჩვიე, მხოლოდ იშვიათად ვაქცევ


ყურადღებას. (ადრეულ წერილებში კი აშკარად ჩანს, რომ კაფკას მეტისმეტად
აღიზიანებდა საათის წიკწიკი, ყოველნაირად ცდილობდა საათი მისი ოთახიდან
კარგა მოშორებით ყოფილიყო.) ახლა საათს ჩემთან გარკვეულწილად კარგი
დამოკიდებულება აქვს. არადა, სულ ახლახანს არ იყო, საათს და ამგვარ ნივთებს,
ზურგი რომ ვაქციე? უფრო სწორად, მათ მაქციეს ზურგი, თუმცა კარგი გაგებით. ამის
გადმოცა ძნელია, კალენდარიც კი განმიდგა თითქოს, სულ ჩაიკეტა თავის თავში და
მხოლოდ მაშინღა მახსენებს თავს, როცა მისი რჩევა მესაჭიროება. ყველაფერი რომ
მოგწერო, რასაც აქ ვსაქმიანობ და რითიც ვარ დაკავებული, ვერასდროს დავასრულებ
ამ წერილს. გეგონება და მართლაც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიყო
ჩაფლული, სინამდვილეში კი ჩემს გარშემო საოცარი სიმშვიდეა, სხვათა შორის,
არასოდეს არ ყოფილა ასეთი სიმშვიდე“.

ფრანცი მეტისმეტად განიცდიდა იმდროინდელ ამბებს. „1923 წლის ზამთარში


დაწყებული ინფლაცია ბოლოს მოუღებს ფრანცს, ეს მასზე მომაკვდინებლად
იმოქმედებს. როცა ამ მშვიდი გარეუბნიდან გასვლა უწევს, თითქოს ხელჩართული
ბრძოლა გადაეტანოს, მუდამ განადგურებული, მთლად ფერმკრთალი ბრუნდება,
რადგან ღარიბთა გაიჭრვება გულთან მიაქვს. მაგრამ მთავარი მხოლოდ ეს
თანაგრძნობა როდია, თავადაც ძალიან უჭირს. ჯიუტად ცდილობს თავისი პატარა
პენსიით გავიდეს იოლად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც საოცრად
დათრგუნული იღებს თავისი ოჯახისგან ფულს, ან რაიმე სხვა დახმარებას. ამ ბოლო
ხანს რაღაც მცირეოდენი ფული იშოვა და ფიქრობს ოჯახს ვალი გაუსტუმროს, ან
დაბადების დღისათვის თავისიანებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთოს. სინამდვილის
დამალვას ყველანაირად ცდილობს“ - მწერდა დორა.

თუ ვინმე ფრანცის სანახავად მოდიოდა, თავის საზრუნავზე იშვიათად, ისიც


ხუმრობით თუ დასცდებოდა რაიმე. ერთხელ ასევე ხუმრობით თქვა: „მე და
დორაერთ ძველ შენობას ვიქირავებთ, დორა მზარეულად იმუშავებს (დორა
შესანიშნავი მზარეული იყო) მე კი ოფიციანტად და ასე გავალთ იოლადო“.

დორამ გამიმხილა, ბერლინში ცხოვრებისას ფრანცმა თავისი ხელნაწერები


დამაწვევინაო. უბრძანა და მანაც ხელებაკანკალებულმა აღასრულა ეს ბრძანება.
მოგვიანებით კი ნანობდა, იტანჯებოდა, თუმცა იმასაც ამბობდა, იგივე სიტუაციაში
ალბათ დღესაც დავემორჩილებოდი კაფკას თხოვნასო. დორასთან დარჩენილი
ხელნაწერების კონფისკაცია კი გესტაპომ მოახდინა 1933 წელს და საჯაროდ
გაანადგურა. მე ვთხოვე პოეტ კამილ ჰოფმანს, რომელიც დამოუკიდებელი
ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის საელჩოს ატაშედ იყო გამოგზავნილი ბერლინში,
ჩარეულიყო ამ საქმეში და გერმანიის მთავრობისთვის გამოეთხოვა ეს ხელნაწერები,
მაგრამ ამაოდ გაისარჯა, არაფერი გამოუვიდა. მოგვიანებით კი თავად გახდა
ნაციზმის მსხვერპლი.

მიუხედავად სულიერი გაწონასწორებულობისა, რომელსაც ბოლომდე ინარჩუნებდა,


ფრანცის ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მე განგაში ავტეხე და
1924 წლის 14 მარტს ბერლინში ჩავედი, 17-ში კი ფრანცი პრაღაში ჩამოვიყვანე. დორამ
და დოქტორმა კლოპსტოკმა სადგურამდე გამოაცილეს. რამდენიმე დღის შემდეგ
დორაც ჩამოვიდა.

იმჟამად ფრანცი კვლავ მშობლებთან ცხოვრობდა; დიდად ზრუნავდნენ მასზე, მაგრამ


ფრანცის აზრით, ეს იყო კრახი მისი დამოუკიდებლობისა. მას სურდა ყოველდღე
მომენახულებინა, თუმცა გადაჭრით არასოდეს მოუთხოვია, გინდა თუ არა მნახეო.
დიდი გაგებით ეკიდებოდა ჩემს მოუცლელობას. ყოველი შეხვედრისას ისე
მელაპარაკებოდა, თითქოს გრძნობდა, მალე ვეღარასოდეს ვნახავდით ერთმანეთს.
წამოსვლისას ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, მკაცრადაც კი: „ხვალ ამ დროს მოდი“.
დღითიდღე სუსტდებოდა, გადაწყდა, სანატორიუმში უნდა გადაგვეყვანა.

„იმ ამბავმა, რაც ათ აპრილს მოხდა, ყველა საშინელებას გადააჭარბა“ - წერია ჩემს
დღიურში. „კაფკა სანატორიუმიდან უკან გამოაგზავნეს. სანატორიუმს ავადმყოფთა
გადასაყვანად ღია მანქანები ემსახურებოდა. საუბედუროდ, იმ დღეს წვიმდა და
ქარიც ქროდა. მთელი ამ მგზავრობის განმავლობაში დორა ყველანაირად ცდილობდა
მთელი ტანით გადაფარებოდა კაფკას“.

რობერტ კლოპშტოკმაც კვლავაც დიდი სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა


კაფკასადმი. ბერლინში შეწყვიტა კვლევითი სამუშაოები (ამ გამოკვლევებმა
მოგვიანებით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ფილტვების თერაპიის სფეროში) და
სიკვდილამდე ფრანცს გვერდიდან არ მოშორებია. ეს ორი ადამიანი, დორა და
დოქტორი კლოპშოტი თავიანთ თავს ხუმრობით ფრანცის „პატარა ოჯახს“
უწოდებდნენ. ეს იყო საოცარი გულითადი ცხოვრება სიკვდილის გვერდით. ფრანცმა
თავადაც კარგად იცოდა თავისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ, ვამჩნევდით,
იმედს მაინც არ კარგავდა, თითქოს საფრთხეს არ აცნობიერებდა. ვენის კლინიკაში
პროფესორი ჰაიეკი მას კარგად არ ეპყრობოდა. ამაო იყო ყველა ძალისხმევა,
თხოვნითაც მივმართეთ, კაფკასათვის ერთსაწოლიანი ოთახი გამოეყო, რადგან
ფრანცს ერთი-ორჯერ მომაკვდავის გვერდით მოუწია წოლა; ერთხელ საოცრად
აღელვებულმა მომიყვა მღვდლის უდიდეს მოთმინებაზე, რომელიც მომაკვდავს
სულის ამოსვლამდე თანაგრძნობითა და სათნოებით შესცქეროდა, მაშინ როცა
ექიმებს კარგახნის მიტოვებული ჰყავდათ. ვენის გავლენიან პირებს წერილობით
მივმართე. ვერფელი თავგამოდებით გამოექომაგა ფრანცს, მაგრამ უგულო და უხეშმა
პროფესორმა ასევე თავგამოდებით აგვიხსნა: კაფკაც ისეთივე პაციენტია, როგორც ამ
სანატორიუმში მყოფი ყველა სხვა პაციენტი და განსაკუთრებულს მის პიროვნებაში
ვერაფერს ვხედავო. შემდეგ კი თავის ეს მოსაზრება შემდეგნაირად დააგვირგვინა:
„ვიღაც ვერფელი მწერს, რომ ვინმე კაფკასთვის რაღაც ვიღონო. ვინ არის კაფკა ვიცი,
ეს არის პაციენტი პალატა #12-დან, მაგრამ ვერფელი ვინღაა, აი ეს არ ვიცი“.

დორამ და კლოპშტოკმა როგორც იქნა, მიაღწიეს იმას, რომ აპრილის ბოლოს კაფკა
უფრო კარგ გარემოში, კლოსტერნოიბურგთან, კიირლინგის სანატორიუმში
გადაეყვანათ. ჩემდამი მოწერილ ერთ-ერთ წერილში ვერფელი მწერდა: „პროფესორ
ჰაიეკის აზრით, კაფკას ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი საავადმყოფოს
პირობებში ყოფნაა, სადაც ხელთაა ყველა საჭირო სამკურნალო საშუალება“. ამას რომ
გვეუბნებოდა, თითქოს გვაფრთხილებდა.

კირლინგში კაფკას ერთი ლამაზი, ყვავილებით მორთული ოთახი გამოუყვეს.


სწორედ ამ ოთახში გაატარა თავისი უკანასკნელი დღეები ორ უერთგულეს
ადამიანთან ერთად მშვიდად და ბედნიერად, რამდენადაც ამის საშუალებას მისი
ტკივილები იძლეოდა.

პროფესორი ნოიმანი და დოცენტი ოსკარ ბეკი კიირლინგში კაფკას სანახავად


რამენჯერმე ჩავიდნენ. ახლაც მაკანკალებს დოქტორ ფელიქს ველშტის 3 მაისის
წერილს როცა ვკითხულობ: „გუშინ ქალბატონმა დორამ დამირეკა კიირლინგიდან.
ბატონ კაფკას ხორხში ისეთი საშინელი ტკივილები აქვს, რომ ყლაპვა თითქმის
შეუძლებელი ხდება. მაშასადამე, ხორხში ხრწნადი ტუბერკულოზული პროცესი
მიმდინარეობს, დაავადებამ ეტყობა საყლაპავი მილიც ჩაითრია. ამგვარ შემთხვევაში
ოპერატიულ სამედიცინო ჩარევაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამიტომ ძირითადად
გამაყუჩებელი ნემსები უკეთდება. მაგრამ ქალბატონმა დიმანტმა დღესაც დამირეკა
და მამცნო, რომ გამაყუჩებელი მხოლოდ ხანმოკლე შედეგს იძლევა, მერე კი
ტკივილები კვლავ უძლიერდებაო. ქალბატონ დიმანტს ვურჩიე ბატონი კაფკა
სასწრაფოდ გადაეყვანათ პრაღაში და ნათესავებისთვისაც შეეტყობინებინათ მისი
მდგომარეობა, რადგან პროფესორ ნოიმანს აზრითაც ფრანცს მხოლოდ სამი თვის
სიცოცხლეღა დარჩა. ქალბატონმა დიმანტმა უარყო ეს წინადადება, ვაითუ ფრანცი
ყველაფერს მიხვდესო. ჩემთვის გასაგებია, დორა მეტისმეტად განიცდიდა კაფკას
მდგომარეობას, დაჟინებით ითხოვდა კიირლინგში კიდევ ერთხელ მოეწვიათ
კონსილიუმი. ამაოდ ვეცადე ამეხსნა, რომ ბატონ კაფკას ფილტვებშიც და ხორხშიც
ერთნაირად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ვერც ერთი სპეციალისტი ვეღარ
უშველიდა, ტკვილის მხოლოდ მორფიუმის საშუალებით თუ შეუმსუბუქებდნენ“.

ბოლო რამდენიმე კვირა ფრანცი ცოტას ლაპარაკობდა, წერილებით გვაგებინებდა


თავის აზრებს. ერთი-ორი წერილი დღესაც მაქვს შემონახული.
„მოთხრობას ახალი სათაური ექნება - „ჟოზეფინა მომღერალი, ანუ ხალხი თაგვების
ქვეყანაში“. შეიძლება ეს არც თუ ისე კარგად ჟღერდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ
მასში განსაკუთრებული აზრი დევს. თუმცა ეს ალბათ, მსჯელობის საკითხია“.

ეტყობა, კაფკა ძალიან ბევრს ფიქრობდა მამაზე, ხშირად იხსენებდა, ბავშვობაში


როგორ დადიოდა მასთან ერთად ცურვაზე. ერთხელ დორას უამბო: „როცა პატარა
ბიჭი ვიყავი და ჯერ ცურვა არ ვიცოდი, მამას, რომელმაც ასევე არ იცოდა ცურვა,
საცურაო აუზზე დავყავდი. მახსოვს, ვისხედით შიშვლები, მივირთმევდით ძეხვს,
პურს და ზედ მამას საყვარელ ლუდს ვაყოლებდით. საუზმე მამას ყოველთვის თან
მოჰქონდა, რადგან საცურაო სკოლის სასაუზმეში ყველაფერი ძვირი ღირდა.
შეგიძლია წარმოიდგინო ეს მკაცრი კაცი პატარა მშიშარა ბიჭუნასთან ერთად? ან ის,
როგორ ვიცმევდით პატარა ბნელ ოთახში? ან თუნდაც ის, ძალზე დამორცხვებულს
როგორ მექაჩებოდა მამა, გასახდელიდან გარეთ რომ გამოვეყვანე? შეგიძლია
წარმოიდგინო, როგორ უნდოდა მამას, რომ მე, ამ ეგრეთ წოდებულ ცურვაზე
ვეტარებინე, კიდევ ეს ლუდის სმაც?! რა უცნაური იყო?!“.

თავად ფრანცი ალკოჰოლს არ ეტანებოდა, მაგრამ ცოდნით იცოდა, რა იყო ლუდით,


ღვინით, ხორცით ტკბობა. ზოგჯერ დაყნოსავდა სასმელებს და ხოტბას ასხამდა მათ
საოცარ სურნელს, თუმცა არავინ იცოდა, ამას გულწრფელად ამბობდა თუ
ირონიულად. რამდენჯერმე მოსვა კიდეც ლუდი და ღვინო, მერე კი
აღფრთოვანებულმა ფურცელზე დამიწერა: „ისეთი შეგრძნება არ გეუფლება, თითქოს
ლეონარდს წერისას წინ ერთი ჭიქა ღვინო ედგაო?“ – (მწერდა ჩემთვის უცნობ ვინმე
ლეონარდზე).

ამგვარად, ფურცლებით გასაუბრებისას ფრანცმა ერთხელ თავისი ბიძაშვილის


ამბავიც მიამბო: „ჩემი ბიძაშვილი რობერტი საოცარი ადამიანი იყო, ორმოციოდე
წლის იქნებოდა, როცა დაიღუპა. იგი ადვოკატი იყო, მთელი დღე საქმიანობდა, არც
გართობას იკლებდა. მახსოვს ერთხელ, ხუთი საათი იქნებოდა, სოფიის საცურაო
აუზზე მოვიდა, ტანსაცმელი გაიხადა, წყალში ჩახტა და ისე ლაღად და ლამაზად
გაცურა, რომელიღაც ველურ მხეცს მოგაგონებდა. სიცოცხლით აღსავსე თვალები
ჰქონდა; წყალმა ისე გაახალისა, ძალზე შორს გასცურა. საოცრები იყო პირდაპირ. ამ
ამბიდან ნახევარი წლის შემდეგ დაიღუპა. ელენთა აწუხებდა. ექიმები ამ
ავადმყოფობას რაღაც ინექციით ებრძოდნენ, მაგრამ ამაოდ“.

ფრანცი ასევე ბევრს მწერდა თავის იმჟამინდელ პრობლემებზე, მდგომარეობაზე.


შიგადაშიგ ასეთი წინადადებებიც ერია:

„მეფეთა შვილები“, „უსასრულობაში უსასრულო ნავსაყუდელი“. საოცრად


დაღლილი ჩანდა, დაღლილი და თან მოუთმენლობით აღსავსე.

11 მაისს ვენაში გამგზავრება გადავწყვიტე, რათა კიდევ ერთხელ მომენახულებინა


ფრანცი. საოცრად უცნაური რამ მოხდა. დამიძახეს, ჩქარა, ტელეფონთან ვიღაც ქალი
გიხმობთო, ვენიდან გირეკავენო. პალტოიანად შევვარდი ოთახში. დორა იყო: „შენ
დარეკე?“. „არა, ეს-ეს არის შემოვედი“. „ვიღაცამ დარეკა პრაღის ყოველდღიური
გაზეთიდან და შენ მეგონე“, - თქვა მან. ჩემი მცდელობის მიუხედავად, ეს ამბავი
ამოუხსნელი დარჩა. პრაღის ყოველდღიური გაზეთი ყოველდღე რეკავდა ვენაში,
მაგრამ კიირლინგში არასოდეს დაურეკავს... ამგვარად, ვიდრე კიირლინგამდე
ჩავაღწევდი, ველოდი, რომ ვინმეს სიკვდილს გავიგებდი. სახლიდან
გამოსვლისთანავე შევიტყვე, ქვემო სართულზე კაცი კვდებოდა თურმე. სადგურზეც
ერთი შვებში ჩაცმული ქალი გამომელაპარაკა, როგორც მერე გავიგე, მინისტრ
ტუზარის ქვრივი ყოფილა. თავისი მეუღლის სიკვდილზე მელაპარაკებოდა.
სადგურიდან პირდაპირ სასტუმროსკენ გავემართე და დილით პირველივე
მატარებლით კლოსტერნოიბურგში გავემგზავრე, იქიდან კი კიირლინგში ჩავედი და
იქ საღამომდე დავრჩი.

იმ დღეს ფრანცი საოცრად გამოცოცხლებული მეჩვენა. ექიმებისგან განსხვავებით,


მისი მდგომარეობა უიმედოდ არ ჩამითვლია. ვისაუბრეთ, შემდგომ ერთობლივ
მგზავრობაზე გეგმაც კი დავსახეთ. პირველი, რაც დორამ მომიყვა (რადგან თავად
ფრანცს ბევრი ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა) და ფრანცმაც დამიდასტურა, საოცრად
უცნაური ამბავი იყო. დორამ მითხრა, ფრანცს სურს ჩემზე იქორწინოსო. თანხმობის
მისაღებად წერილიც კი გაუგზავნია დორას ღვთისმოსავი მამისათვის: „მართალია,
ერთი ურწმუნო ებრალი კაცი ვარ, მაგრამ უკვე „მონანიე“, „მობრუნებული“. აქედან
გამომდინარე, იმედს არ ვკარგავ, რომ პატივს დამდებთ და თქვენ ოჯახში
მიმიღებთო“. ეს წერილი დორას მამასთან იმ პიროვნებას გაატანეს, ვისაც იგი
განსაკუთრებულ პატივს სცემდა და ენდობოდა. მაგრამ წერილის წაკითხვისთანავე
მან მხოლოდ ერთი სიტყვა - „არა“ წარმოთქვა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე ბარათი უკან დააბრუნა.

ეს გულქვა, მოკლე პასუხი, ჩემი ჩასვლის შემდეგ მალე მოვიდა. ფრანცი მოუთმენლად
სწვდა წერილს. მერე კი მთელი დღე „ეს პატარა ოჯახი“ მხოლოდ ამ თემაზე
საუბრობდა. მართალია, კაფკა იცინოდა, მაგრამ ემჩნეოდა, რომ იტანჯებოდა. ჩვენ
ყველანი ვცდილობდით მისი ფიქრი სხვა რამეზე გადაგვეტანა, მაგრამ ამაოდ; ცოტა
ხნის შემდეგ დორამ განზე გამიყვანა და ჩამჩურჩულა: „ყოველ ღამით ფრანცის
ფანჯარასთან ბუ მოდის, ეს სიკვდილის ფრინველია“.

ფრანცს კი სიცოცხლე სწყუროდა. საოცარი სიზუსტით ასრულებდა ექიმის


ყოველგვარ მითითებას, რაც წინათ არასოდეს სჩვეოდა. დორა რომ ადრე გაეცნო,
ალბათ სიცოცხლისადმი სწრაფვა ადრევე და დროულად გაუძლიერდებოდა. ეს ორი
ადამიანი საოცრად უხდებოდა ერთმანეთს. აღმოსავლელი ებრეალი რელიგიური
ტრადიციების ის მდიდარი საგანძური, რომელსაც დორა ფლობდა, ფრანცში მუდამ
აღტაცებას იწვევდა. ამ ახალგაზრდა ქალსაც, რომელმაც ჯერ არაფერი უწყოდა
დასავლეთის დიდი კულტურის შესახებ, არანაკლებ იზიდავდა თავისი
მასწავლებელი და თითქოს საკუთარი ოცნების ამ უიშვიათეს პიროვნებას, ანცად,
ბავშვური ხალისით შესტრფოდა. ხშირად მართლაც ბავშვებივით ეპყრობოდნენ
ერთმანეთს.

მახსენდება, როგორ იბანდა დორა ხელებს ფრანცის ნაბან წყალში. ამას ისინი
„ოჯახურ ბანაობას“ უწოდებდნენ. სულისშემძვრელი, გულისამაჩუყებელი იყო
დორას მზრუნველობა, მისი უძილო ღმეები, დაუშრეტელი ენერგია. დორამ მიამბო,
როგორ ატირდა ფრანცი სიხარულისაგან, როცა ერთმა ცნობილმა ექიმმა (უკვე
უკანასკნელ სტადიაში მყოფს) უთხრა, ყელში უკეთესი მდგომარეობა გაქვსო; დორას
გულში იკრავდა და ეუბნებოდა, არასოდეს მდომებია სიცოცხლე და ჯანმრთელობა
ისე, როგორც ახლაო. ამ სიტყვებმა ჩვენი ერთი მოგზაურობისას მისი ნათქვამი
გამახსენა. ეს იყო 1919 წლის ნოემბერში, ერთად ვმოგზაურობდით შელეზენში. ამ
მოგზაურობიდან ორი მოგონება ამომიტივტივდა. ჰამსუნზე საუბრისას კაფკამ
მითხრა, ამ ავტორის სურვილის მიუხედავად, ყოველგვარი ბოროტება უმეტესად
ქალებისგან მოდისო. ბოლოს კი, როცა მატარებელი გაჩერდა, მრავალმნიშვნელოვნად
ჩაილაპარაკა: „რა უამრავი სადგურია გასავლელი სიკვდილამდე, და რა ძალზე ნელა
მიიზლაზნება ეს გზა“. ახლა უკვე მძიმედ დაავადებულმა, როცა შეიგრძნო ცხოვრების
სიტკბო, სიამოვნებით იცოცხლებდა კიდევ, მაგრამ...

3 ივნისს, სამშაბათ დღეს გარდაიცვალა ფრანც კაფკა. დახურული კუბოთი პრაღაში


გადაასვენეს და 11 ივნისს, 10 საათზე ებრაელთა სასაფლაოზე, დიდი ჭიშკრის ახლოს
დაკრძალეს. როცა ჩვენ, ექვსს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ძველ ქალაქში მდებარე
ფრანცის ბინისაკენ ვბრუნდებოდით, შევამჩნიეთ, რომ რატუშის საათი
გაჩერებულიყო და ოთხს აჩვენებდა.

მოგვიანებით, ფრანცის მშობლებმაც ამ სასაფლაოზე ჰპოვეს საბოლოო ნავსაყუდელი.

ფრანცის უკანასკნელი საათების შესახებ, ძირითადად, დორასა და რობერტ


კლოპშტოკის გადმოცემიდან ვიცი:

ორშაბათ საღამოს ფრანცი ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მხიარულობდა,


ოხუნჯობდა. თურმე ყველაფერს, რაც კლოპშტოკს ქალაქიდან ჩამოუტანია, გემო
გაუსინჯა: მარწყვს, ალუბალს... ყველაფერს ხანგრძლივად ყნოსავდა და საერთოდ,
ბოლო დღეებში გაორმაგებული სიამით ტკბებოდა. ითხოვდა, რომ მის თვალწინ
ესვათ წყალი ან ლუდი, თანაც ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით. სხვების ტკბობით, თავად
ტკბებოდა. ბოლო დღეებში ხილსა და სასმელებზე ძალზე ბევრს ლაპარაკობდა.

ორშაბათ დღეს მშობლებს წერილი მისწერა - ესაა ნიმუში თავდაჭერილობისა და


ბავშვური სიყვარულის (დაახლოებით მსგავსი იმ წერილებისა, რომლებიც ჰაინემ
თავისი ავადმყოფობის ჟამს მისწერა დედას). წერილს მღელვარების არანაირი კვალი
არ ემჩნეოდა.

„უსაყვარლესო მშობლებო, ხშირად მწერთ, ჩამოვალთო, მაგრამ ვერ ახერხებთ, არადა,


რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ, პრაღაში ერთად ყოფნას არ ვთვლი, ეს
მხოლოდ იმჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარეობდა და ვეღარც კი ვიხსენებ,
როდის იყო ეს. წერილებიდან ვხვდები, რომ მამას დღევანდელი ღვინისა ბევრი არა
გაეგება რა, რაც შეეხება ლუდს, აქ კი მე მას სავსებით ვეთანხმები. მახსენდება ჩვენი
ერთობლივი ლუდის სმა, როცა მამას ქალაქის საცურაო სკოლაში დავყავდი...

ძალზედ გამიხარდებოდა, თუ მესტუმრებოდით. ამას ალბათ ბევრი დაბრკოლება


ეღობება წინ, უპირველეს ყოვლისა კი მამას პასპორტთან დაკავშირებული
სიძნელეები.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ალბათ უკვე იცით, პირველი სირთულეების შესახებ
აქაც და ვენაშიც. ამ ყველაფერმა, ცოტა არ იყოს, ძალღონე გამომაცალა. ამას
ტემპერატურის სწრაფი დავარდნაც დაერთო, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჩემს
დასუსტებას.

დორასა და რობერტის წყალობით მხოლოდ ახლაღა გამოვდივარ ამ დაუძლურებული


მდგომარეობიდან (ნეტავ რა მეშველებოდა მე მათ გარეშე). სიძნელეები, რა თქმა
უნდა, ახლაცაა, მაგალითად, თუნდაც ახლახანს გადატანილი კრიზისი. მიუხედავად
ჩემი დიდი მცდელობისა, სუფთა ჰაერისა და კარგი კვებისა, ხეირიანად ჯერ მაინც
ვერ მოვმჯობინდი. პრაღაში უკეთ ვიყავი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ
მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკის უფლება მაქვს და ისიც არცთუ ისე ხშირად, მაინც
ყველაფერი საუცხოოდაა. ამ ბოლო ხანებში პროფესორმა მითხრა, თქვენი საქმე
უკეთესობისკენ მიდისო. ჩემთვის დიდი ნუგეშია ამ ძვირფასი და თავდადებული
ადამიანის თუნდაც ერთი სიტყვა. იგი ყოველ კვირას ჩამოდის მანქანით,
სამაგიეროსაც კი არაფერს ითხოვს. ერთი სიტყვით, თითქოს უკეთესობაა, მაგრამ ჩემი
აზრით, არაფერი ამდაგვარი. თუ გგონიათ, რომ აქ ჩამოსულთ უკეთ დაგხვდებით,
სჯობია მაგის იმედი ნუ გექნებათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც“.

კვირას (და როგორც ამბობენ, სამშაბათსაც, რასაც მე ვერ ვიჯერებ) ფრანცი კიდევ
მუშაობდა თავისი ბოლო წიგნის „შიმშილის ოსტატის“ კორექტურაზე და
გამომცემლობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა: „ჩემს შენიშვნებს საკმაო
გულისყურით არ მოეკიდნენო“. ერთხელ დორამ სამართლიანად შენიშნა: „ფრანცი
ყველასაგან დიდ ყურადღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტისმეტად
განიცდის და იტანჯება“.

ღამის 12 საათზე ფრანცს ეძინა. ოთხ საათზე დორამ კლოპშტოკი გააღვიძა, ფრანცი
ცუდად სუნთქავსო. კლოპშტოკმა საშიშროება იგრძნო, ექიმი გააღვიძა; გამაყუჩებელი
გაუკეთეს. ტკივილისაგან გამწარებულმა ფრანცმა კლოპშტოკს უთხრა: „თქვენ
ყოველთვის მაიმედებდით, მაგრამ მთელი ოთხი წელიწადი მტანჯავთ, მე თქვენ აღარ
გელაპარაკებით“. ორი ნემსი გაუკეთეს. მეორე ნემსს რომ უკეთებდნენ, ფრანცს
უთქვამს: „ნუ მატყუებთ, თქვენ მხოლოდ ტკივილისგან მათავისუფლებთ, მომკალით,
თორემ ჩემი ცოდვა თქვენ მოგეკითხებათ“. მერე პანტოპინი გაუკეთეს და მანაც
გაიხარა: „ოჰ, ეს კარგია, კარგი, მაგრამ კიდევ გამიკეთეთ, ეს არ მყოფნის“, მერე
ჩაეძინა. მისი უკანასკნელი სიტყვები თავისი დისადმი - ელისადმი იყო მიმართული.
კლოპშტოკს ფრანცის თავი ეჭირა. ფრანცს ყოველთვის ეშინოდა, ვინმე არ
დავასნეულოო. ახლაც გაიძახოდა (ექიმს თავისი დის სახელს ეძახდა) „წადი, ელი,
წადი, ასე ახლოს ნუ დგახარ“. როცა კლოპშტოკმა თავი წამოუწია, მან კმაყოფილმა
ჩაილაპარაკა: „ჰო, ასე, ასე კარგია“.

ბოლო წუთებში ის საოცრად უხეში გახდა. კლოპშტოკმა მითხრა, სანიტარს არ


იკარებდა და ხელებს იქნევდაო. ექიმსაც აუკრა ხელი: „ნუღა მაწვალებთ. რისთვისღა
მიხანგრძლივებთ ტანჯვას?“ მაგრამ როცა კლოპშტოკი საწოლს მოშორდა ნემსი რომ
გამოეცვალა, ფრანცმა მაშინვე დაადევნა: „ნუ მიდიხართ შორს“. მეგობრის პასუხზე -
„არა, შორს არ მივდივარ“ - ფრანცი მისუსტებული ხმით გამოეპასუხა: „სამაგიეროდ მე
მივდივარ შორს“.

4 ივნისს კლოპშტოკი კიირლინგიდან მწერდა: „საბრალო დორა, თუმცა ახლა ყველანი


შესაბრალისები ვართ. მაგრამ მაინც, მასავით საცოდავი ამქვეყნად დღეს არავინაა.
თითქმის სულ არ სძინავს და თუ ჩაიძინა, ძილშიც კი დაუსრულებლად ჩურჩულებს:
„ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო“... შევპირდი, რომ თუ დაწვებოდა და
დაიძინებდა, ნაშუადღევს ფრანცის ოთახში შევიყვანდი. იქ ფრანცი სრულიად მარტო
იყო, მისთვის აღარაფრის გაკეთება აღარ შეგვეძლო. ჩვენ აქ ვიყავით, ის კი იქ
სიბნელეში იწვა, მიუსაფარი და გაყინული. ვერც კი აგიწერ, რა ხდება აქ. ამის
გადმოცემა შეუძლებელია... დორას ვინც იცნობს, მხოლოდ ის მიხვდება, როგორ
იტანჯება და რა ძლიერ ჰყვარებია ფრანცი. თქვენ ალბათ გესმით დორასი. ჩვენ ჯერ
კიდევ ვერ გავრკვეულვართ, რა დაგვატყდა თავს, ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, რომ
კაფკა ჩვენთან აღარაა. ბოლოს რომ ვნახეთ, გაყინული, მკაცრი და მიუკარებელი სახე
ჰქონდა, მისი სული კი განწმენდილი, მარადისობაში გადასახლებულიყო.
უკეთილშობილეს და უძველესი წარმოშობის მეფეს მოგაგონებდათ. ის მშვენიერ
მარმარილოს ბიუსტს ჰგავდა“.
რვეულის კიდეებზე შესრულებული ჩანახატები

You might also like