You are on page 1of 3

„დიდები უცნაურები არიან“ – ფიქრობდა პატარა

პრინცი და გზას მიუყვებოდა…“


 ფიქრები ეგზიუპერის წიგნის კითხვისას

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა ყველაზე ჯადოსნური და გამორჩეული ამბავი პატარა


უფლისწულზე ასაკოვან ადამიანს მიუძღვნა და ამით მკითხველებს მინიშნებაც მოგვცა ,
რომ საკუთარ თავებში აღმოვაჩინოთ ის პატარა ბავშვი, წლების წინ რომ ვიყავით . ყველა
დიდი ოდესღაც პატარა იყოო, ამის ცოდნა, არდავიწყება წარმოადგენს კარგი
მშობლობისა და ადამიანობის საფუძველს.

„პატარა უფლისწული“, რომელიც ახალ ქართულ თარგმანში „პატარა პრინცად“ იქცა (მე
მაინც უფლისწულად მოვიხსენიებ, არა წოდების სიზუსტის, არამედ სიტყვის ეტიმოლოგიის
გამო: უფლის + წული (შვილი, ძე)), ერთი დიდი სახელმძღვანელოა ჩვენთვის, როგორ
გავუგოთ ბავშვებს, როგორ გავხდეთ უკეთესი, როგორ შევიყვაროთ, როგორ
ვემეგობროთ და როგორ გვწამდეს, სასწაულების როგორ ვირწმუნოთ.

მის არსს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც ძალიან დამჭირდა. სწორედ მაშინ
გადამიშალა საკუთარი გული და მაჩვენა, აღმომაჩენინა მთავარი ჭეშმარიტება – როგორ
მერწმუნა.

„პატარა უფლისწული“ მართლაც ჯადოსნური წიგნია. ნებისმიერი მკითხველისთვის ის


ზუსტად იმ სიტყვებად, იმ ნარატივად გარდაიქმნება, ძალიან რომ სჭირდება . ამიტომაა
ალბათ თაყვანისმცემელთა არმია რომ არ აკლდება, ვინ იცის, რამდენ ადამიანს შეუღო
გულის კარი ან/და პირიქით რამდენი ადამიანისთვის იქცა თავად თავშესაფრად .

მაშ ასე, „პატარა უფლისწული“ მშობლებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარ შვილებში


დაფარული ნიჭები. არ უთხრან მათ: „მახრჩობელა გველების ხატვას, გიჯობს
გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მიხედეო“.

მკითხველებმა უნდა მოისმინონ და ისიამოვნონ, რომ პატარა პრინცი ძალიან ლამაზი იყო,
რომ იცინოდა და ბატკანს ნატრობდა, დაიჯერონ, ირწმუნონ. მერე რა, თუ ერთ, ძალიან
მორცხვ, მგრძნობიარე, მაგრამ ძალიან თავმოყვარე გოგონას თარიღები სულ აღარ
ახსოვს. სამაგიეროდ, ისე ლამაზად აღწერს მზის ჩასვლას უფლისწულის პლანეტაზე …

პატარა უფლისწული ჩვენ, დიდებსაც შეგვაძლებინებს ყოველი წამით ტკბობასა და


შეუმჩნევლის შემჩნევას. სიყვარულს სულ სხვანაირს აღმოგვაჩენინებს და ნამდვილ
მეგობრობაზე ფიქრს დაგვაწყებინებს.

იქნებ პოლიტიკოსებსაც გამოადგეთ, თუ წაიკითხავენ და ასტეროიდის ერთ -ერთ მეფეს


ძალიან გონიერი ბრძანებების გაცემაშიც მიბაძავენ.

რა სასაცილოები არიან დიდები უფლისწულის თვალში! ამპარტავანი მეფე – რომელსაც


ქვეშევრდომები არ ჰყავს, მაგრამ მაინც გასცემს ბრძანებებს; ლოთი – რომელიც იმიტომ
სვამს, რომ დაივიწყოს რომ ლოთია; ვარსკვლავების „მფლობელი“ ბიზნესმენი,
სქელტანიანი წიგნების მწერალი გეოგრაფი – საკუთარი პლანეტის რომ არაფერი
გაეგება, ეს რომ მკვლევრების საქმედ მიაჩნია. სულ ერთი წუთით გამოვუშვათ გარეთ
ჩვენში არსებული ბავშვი, რომ ჩვენს ცხოვრებას შეხედოს, შეხედოს საკუთარ გაზრდილ
ვარიანტს. ნეტა რას იტყოდა? ერთს გემრიელად ხომ არ გადაიხარხარებდა , ან ხომ არ
მოიწყენდა? თუ პირიქით ძალიან გაიხარებდა? აბა სცადეთ , ოღონდ აუცილებლად
მოუსმინეთ მას.

იმ დედებისთვის, პატარები რომ გაუფრინდათ, პატარა უფლისწული ნამდვილი ნუგეშია :

„- შემიძლია გემზე შორს წაგიყვანო, – უთხრა გველმა და ოქროს სალტედ შემოეჭდო


კოჭებზე პატარა პრინცს“.

 ვისაც კი შევეხები, მყისვე მშობელ მიწას ვუბრუნებ, – თქვა მან, – მაგრამ შენ
უცოდველი ხარ, თანაც სხვა ვარსკვლავიდან მოხვედი“.

ჰო, უცოდველი პატარა უფლისწულები საკუთარ პლანეტებს უბრუნდებიან.

ეგზიუპერი ნამდვილი ჯადოქარი იყო. ამოიცნო ადამიანთა მოდგმის უბედურება , მიუხვდა


მათ მთავარ სატკივარს:

„ადამიანები? რამდენიმე ჯერ კიდევ შემორჩა, ექვსი ან შვიდი . დიდი ხნის წინ ვნახე .
ვერავინ გეტყვის, სად უნდა ეძებო. ქარი აქეთ-იქით დაათრევს. ფესვები არა აქვთ , ამიტომ
ძალიან უჭირთ“.

„რა უცნაური პლანეტაა! – გაიფიქრა პატარა პრინცმა, – გამომშრალი, წვეტიანი, მლაშე.


ადამიანებს წარმოსახვის უნარი აკლიათ…“.

„- ადამიანებს აღარ ახსოვთ ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელამ, – შენ კი გახსოვდეს. მუდამ


პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე“.

„დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი – თვალით უხილავია“.

პატარა უფლისწულო, მიდი, იარე უდაბნოში ჭისკენ, რომ სახლში დასაბრუნებელი გზა
გაიკვლიო. ვარსკვლავები, ის ერთადერთი, წკრიალა ზანზალაკები კი უფროსებს
დაგვიტოვე, იქნებ რაღაცას მაინც მივხვდეთ, იქნებ ოდესმე მაინც გამოვფხიზლდეთ და
გულის თვალით ხედვა ვისწავლოთ. იქნებ, ბოლოს და ბოლოს ვიპოვოთ ის ერთადერთი,
უკიდეგანო, უკუნ ცაზე მარად მოკაშკაშე სინათლის წერტილი. ვიპოვოთ და ხანდახან,
საღამოობით, ყოველდღიური ცხოვრებისგან გადაღლილებს, გაგვახსენდეს უდაბნოში
მოხეტიალე პატარა ბიჭუნა. და თუ ძალიან მოვინდომებთ კოსმოსის ხვეულებიდან ათასი
ზანზალაკის ხმაც გავიგონოთ. შენ კი სიკვდილის გავლით, შენს პლანეტაზე დაბრუნდი . ჰო,
სხეულს თან როგორ წაიღებ, ძალიან მძიმეა, ბებერი ხის ქერქივით ეგდება მიწაზე .

P.s. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერზე ვიკიპედიაში ვკითხულობთ: „1943 წელს ფრანგულ


საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში
მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო
მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის განმავლობაში სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ


არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა
სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის
ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იმ გამომცემლობის
მისამართი იყო, რომელშიც სენტ-ეგზიუპერის წიგნები გამოიცემოდა. 2000 წლის მაისში
მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები
თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერს ეკუთვნოდა. გამოძიებამ ეს
ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის
ცნობილი”.

You might also like