Professional Documents
Culture Documents
ევთიფრონი
ევთიფრონი ეს რა ახალი ამბავია, სოკრატე? თავი მიგინებებია ლიკეონში შენი საქმიანობისათვის და
ახლა აქ ატარებ დროს, სამეფო ბჭესთან. ან იქნებ, ჩემი არ იყოს, შენც რაიმე საჩივრით ეახელ მეფეს?
ევთიფრონი რას ამბობ? ნუთუ ვინმემ გიჩივლა? რადგან მე ვერ წარმომიდგენია, რომ შენ თვითონ
შეგიძლია უჩივლო სხვას.
სოკრატე დიახ.
ევთიფრონი მაინც ვინ?
ევთიფრონი ნეტა, ეგრე იყოს, სოკრატე, მაგრამ ვაითუ ყველაფერი უკუღმა მოხდეს, რადგან ვინც შენზე
აღმართავს ხელს, ჩემის აზრით, სახელმწიფოს წმინდა ფუძის მოშლასა ცდილობს. მაგრამ მითხარი,
რას ამბობს, - მაინც როგორა ხრწნი ახალგაზრდობას?
სოკრატე იქნებ იმიტომ, რომ, მათი აზრით, იშვიათად თუ სთავაზობ ვინმეს სამსახურს და არა გსურს,
სხვებს გაანდო ეგ შენი სიბრძნე. მე კი მეშინია, ვაითუ, ჩემი კაცთმოყვარეობის გამო იმნაირ კაცად
მიმიჩნიონ, ენაწყლიანად რომ უზიარებს სხვებს ყველაფერს, რაც იცის და სანაცვლოდ არამცთუ არა
ვითარ საზღაურს არ ითხოვს, პირიქით, თვითონ გადაიხდიდა იმის ფასს, რომ ვინმეს ენებებინა და
ესმინა მისთვის. ამიტომ, კვლავ გიმეორებ, ნეტა, ამჯერად ჩემს დაცინვას დასჯერდნენ, ისევე როგორც,
შენივე თქმით, თვითონაც დაგცინიან, და სიამოვნებით გავატარებდი დროს სამსჯავროში, ჩემს ყბად
ამღებთა და მასხრად ამგდებთა შორის. მაგრამ თუ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს, მაშინ
შენნაირი წინასწარმეტყველის მეტი ვერავინ გამოიცნობს, რით დამთავრდება საქმე.
ევთიფრონი შეიძლება არაფერიც არ მოხდეს, სოკრატე; და შენ ისევე მოიგო შენი საქმე, როგორც მე,
იმედი მაქვს, მოვიგებ ჩემსას.
სოკრატე კი მაგრამ, მაგ შენს საქმეზე რას მეტყვი, ევთიფრონ? გაურბიხარ თუ სდევნი ვინმეს?
ევთიფრონი ვსდევნი.
სოკრატე მაინც ვის?
ევთიფრონი მამაჩემი.
სოკრატე ო, ჰერაკლე! ბრბოს ვინ მისცა, ევთიფრონ, იმისი თავი, რომ შენი სიმართლე გაიგოს. მე
მგონია, ამ საქმის მართლად განსჯას უბირი კი არა, სიბრძნეში დანთქმული კაცი თუ შეძლებს
მხოლოდ.
სოკრატე მამაშენს, ალბათ, თქვენი ნათესავი შემოაკვდა, არა? ცხადია, ასე უნდა იყოს, რადგან უცხოს
გულისთვის ხომ არ უჩივლებდი საკუთარ მამას?
ევთიფრონი სასაცილოა, სოკრატე, რომ შენ არჩევ, უცხოა ეს მოკლული თუ ნათესავი, და არა იმას,
ჰქონდა თუ არა მკვლელს მოკვლის ნება? თუ ჰქონდა, რა გაეწყობა, თავი უნდა ანებო მკვლელს, თუ
არადა, სანაცვლო უნდა მიაგო, მიუხედავად იმისა, შენი ოჯახის წევრია თუ შენი თანამეინახე.
ერთნაირი სიბილწეა მის გვერდით ცხოვრებაც, როცა იცი, რაც ჩაიდინა, და ისიც, რომ სასამართლოს
არ გადასცე იგი, რათა მასთან ერთად შენც განიწმინდო. ისე კი, მოკლული ჩემი მოიჯარადრე იყო, და
როცა ნაქსოსზე ვამუშავებდით მამულს, ჩვენ გვემსახურებოდა. შექეიფიანებული ერთ-ერთ მსახურს
წაეჩხუბა და მოკლა. მამაჩემმა ბრძანა, ხელ-ფეხი შეეკრათ მკვლელისათვის და ხაროში ჩაეგდოთ;
შემდეგ კი აქ გამოგზავნა კაცი, რათა მისნისგან გაეგო, რა უნდა ეყო მისთვის. ხელფეხშეკრულზე
ზრუნვით კი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავი არ აუტკივებია, კაცის მკვლელია და რას დავეძებ,
თუნდაც მოკვდესო. ასედაც მოხდა: არ ვიცი, რისი ბრალია, შიმშილის, სიცივის თუ ბორკილებისა,
მაგრამ საცოდავმა მანამდე მოგჭამა ჭირი, სანამ აქ გამოგზავნილი კაცი უკანვე მობრუნდებოდა. ჰოდა,
მამაჩემიცა და დანარჩენი ნათესავებიც მრისხავენ იმის გამო, რომ კაცისმკვლელის გულისთვის
მშობელ მამას ბრალს ვდებ იმაში, რაც, მათი აზრით, მამაჩემს არ ჩაუდენია. მაგრამ კიდევაც რომ
ჩაედინა, - ამბობენ ისინი, - მაშინაც კი არ უნდა გამოსარჩლებოდი ამნაირ კაცს, ვინაიდან მოკლული
თვითონვე იყო მკვლელი და, ეგეც არ იყოს, შვილის მხრივ მამის დევნა სიბილწეა და უკეთურობაო.
ასე უკუღმართად ესმით, სოკრატე, რა მიაჩნია სარწმუნოებას სიწმინდედ და რა - სიბილწედ თუ
უკეთურობად.
სოკრატე ზევსის გულისათვის, ევთიფრონ, ნუთუ გგონია, ისე ზუსტად იცნობ სარწმუნოების რაობას
და სიწმინდისა თუ უკეთურობის არსს, რომ არ გეშინია, მამაშენისათვის ბრალის დადებით თავადაც
უკეთურობა არ ჩაიდინო?
ევთიფრონი რა იქნებოდა ჩემი ფასი, სოკრატე, ანდა რით განირჩეოდა ევთიფრონი ბრბოისაგან,
ზუსტად რომ არ იცნობდეს ყოველივე ამას?
ევთიფრონი ვფიცავ ზევსს, სოკრატე, მას რომ ამის გამო ეჩივლა ჩემთვის, ვფიქრობ, სულ ადვილად
ვუპოვიდი სუსტ ადგილს და სასამართლოში უმალ მისი საქმე გაირჩეოდა, ვიდრე ჩემი.
სოკრატე ეჭვიც არ მეპარება, ჩემო ძვირფასო მეგობარო, და, აი, რატომ მინდა შენი შეგირდი გავხდე,
რადგანაც მწამს, რომ ვერავინ, თვით მელეტოსიც კი, ვერ გაბედავს თვალი გაგისწოროს, მაშინ,
როდესაც მე ისე ღრმად და ისე ადვილად ჩამხედა გულში, რომ მკრეხელობაც კი დამაბრალა. ახლა კი,
ზევსის გულისათვის, მითხარი ის, რაც შენივე წეღანდელი მტკიცებით, ესოდენ კარგად გესმის: როგორ
გგონია, რა არის წმინდა და რა - უკეთური როგორც მკვლელობისას, ისე ყველა სხვა შემთხვევაში? განა
სიწმინდე ყოველთვის ერთი და იგივე არ არის? ანდა უკეთურობა, რომელიც მთლიანად
უპირისპირდება სიწმინდეს, ასევე ყველა შემთხვევაში არა ჰგავს საკუთარ თავს? და განა ყოველივე
უკეთური ერთი და იგივე არ არის თავისი ბუნებით, თავისი არსით?
ევთიფრონი რასაკვირველია, სოკრატე.
ევთიფრონი მე ვამტკიცებ, რომ წმინდაა ის, რასაც ამჟამად ჩავდივარ. სულ ერთია, რას ეხება საქმე, -
მკვლელობას, მკრეხელობას თუ სხვა რაიმე ამგვარს, სიწმინდე ისაა, რომ პასუხი აგებინო დამნაშავეს,
მამა იქნება ის, დედა თუ ვინც გნებავს სხვა; ხოლო თუ პასუხს არ აგებინებ, მე უკეთურობად მივიჩნევ
ამას. მაშ, დაუკვირდი, სოკრატე, რაოდენ სარწმუნო საბუთს მოგიტან იმ აზრის სისწორის დასტურად,
- რამდენჯერ მითქვამს ეს სხვებისთვისაც! - რომ, საცა სამართალია, ხელს არ უნდა ვაფარებდეთ
დამნაშავეს, ვინც უნდა იყოს იგი. მართლაცდა, ადამიანები ხომ ღმერთთა შორის უკეთესსა და
უსამართლიანესს უწოდებენ ზევსს, მაგრამ, იმავდროულად, აღიარებენ, რომ მან ბორკილები დაადო
მამამისს, რომელიც განუკითხავად ნთქამდა თავის შვილებს; ხოლო ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ,
სხვაგვარი განუკითხაობის სანაცვლოდ კიდევაც დაასაჭურისა საკუთარი მამა. მე კი მრისხავენ იმის
გამო, რომ უსამართლობის საზღაურად პასუხს ვთხოვ მამაჩემს, და, ამრიგად, თავიანთ თავსვე
ეწინააღმდეგებიან, რაკიღა სხვადასხვანაირად აფასებენ ღმერთების საქციელს და ჩემსას.
სოკრატე კი მაგრამ, ევთიფრონ, იმიტომ ხომ არ მდებენ ბრალს, რომ ვერ ვიტან, როცა ასე
მელაპარაკებიან ღმერთებზე. შესაძლოა, ზოგიერთმა ეს მართლაც დანაშაულად ჩამითვალოს. მაგრამ
თუ შენ, სარწმუნოების საკითხებში ესოდენ ღრმად ჩახედული კაცი, იზიარებ ყოველივე ამას, მეტი რა
გზაა, ისე გამოდის, რომ ჩვენც უნდა გავიზიაროთ. ანკი რა გვეთქმის, როცა ამ საქმისა არაფერი არ
გაგვეგება. მაგრამ, მეგობრობის ღმერთის გულისთვის, ერთი ეს მითხარი, ევთიფრონ, თუ გჯერა, რომ
ყოველივე ეს მართლა ასე მოხდა?
ევთიფრონი უფრო დიდი საოცრებებიც მომხდარა, სოკრატე, რაზედაც წარმოდგენაც არა აქვს ბრბოს.
სოკრატე მაშასადამე, შენ აღიარებ, რომ ღმერთებს შორის მართლაც ხდება ბრძოლები, საშინელებანი,
შეტაკებები და სხვა მისთანანი, რასაც გვაუწყებენ პოეტები და რითაც აჭრელებულია ჩვენი
დიდებული მხატვრების მიერ მოხატული წმინდა საგნები, ისევე როგორც ამნაირი გამოსახულებებით
უხვად შემკული მოსასხამი, დიდი პანათენური დღესასწაულის დროს რომ ააქვთ აკროპოლისზე?
ყოველივე ამას ჭეშმარიტებად უნდა ვთვლიდეთ, ჩემო ევთიფრონ?
ევთიფრონი არა მარტო მაგას, სოკრატე; თუ გნებავს, როგორც წეღან გეუბნებოდი, ბევრ სხვა რამესაც
გიამბობ ღმერთებზე, და დარწმუნებული ვარ, განცვიფრებული დარჩები ჩემი ნაამბობით.
სოკრატე ეჭვიც არ მეპარება; მაგრამ ამას სხვა დროს მიამბობ, როცა მოცლილები ვიქნებით. ახლა კი
ეცადე უფრო ნათლად მიპასუხო ჩემს წეღანდელ კითხვაზე. რადგან შენი წინა პასუხით საკმაოდ
ზუსტად ვერ ამიხსენი, ჩემო მეგობარო, რა არის სიწმინდე: მხოლოდ ის მითხარი, რომ სიწმინდე ისაა,
რასაც ამჟამად სჩადიხარ, ესე იგი, მკვლელობას აბრალებ მამაშენს.
სოკრატე თუ გახსოვს, მე იმას კი არა გთხოვდი, რომ სიწმინდის ურიცხვი სიმრავლიდან ორიოდე
ნიმუში მოგეტანა ჩემთვის, არამედ იმას, რომ განგემარტა სიწმინდის ზოგადი არსი, რომლის
თანახმადაც, წმინდაა ყოველივე ის, რაც არის წმინდა. რადგან შენ თვითონ ამბობდი, რომ ყოველივე
წმინდა და უკეთური ერთადერთი არსის თანახმადაა წმინდა და უკეთური. ან იქნებ არ გახსოვს?
ევთიფრონი ცხადია, მახსოვს.
სოკრატე მაშ, ამიხსენი, მაინც რა არის ეს არსი? მინდა ყოველთვის თვალწინ მედგას და საზომად
ვიყენებდე მას, რათა შემეძლოს ვამტკიცო, რომ გინდ შენი და გინდ სხვისი ქცევა წმინდაა, თუკი მას
ეთანხმება, თუ არადა, არ არის წმინდა.
სოკრატე რასაკვირველია, მინდა.
ევთიფრონი წმინდაა ის, რაც ღმერთებს მოსწონთ, ხოლო ის, რაც არ მოსწონთ - უკეთური.
სოკრატე მაგრამ შენ ისიც მითხარი, ევთიფრონ, რომ ღმერთები ერთმანეთს ვერ ეგუებიან, ერთმანეთს
მტრობენ და ებრძვიან. ესეც ხომ ითქვა?
ევთიფრონი დიახ, ითქვა.
სოკრატე კი მაგრამ, რატომ ვერ მორიგებულან ღმერთები, რის გამო მტრობენ და ებრძვიან
ერთიმეორეს? მოდი, დავფიქრდეთ. მე და შენ რომ ამა თუ იმ რაოდენობის თაობაზე ვერ
შევთანხმებოდით ერთმანეთს, კერძოდ იმაზე, თუ რომელია უფრო დიდი და რომელი - მცირე, როგორ
გგონია, ამ უთანხმოების გამო გაგულისებულნი ერთმანეთს გადავემტერებოდით თუ დაუყოვნებლივ
დავიწყებდით გამოთვლას და თანხმობას მივაღწევდით?
ევთიფრონი ცხადია, მივაღწევდით.
ევთიფრონი დიახ.
ევთიფრონი უეჭველად.
სოკრატე კი მაგრამ, მაინც რა არის ის, რისი ზუსტი საზომიც არ გაგვაჩნია და რის თაობაზე ჩვენი
დავაც შეიძლება გულისწყრომასა და ერთმანეთის მტრობაში გადაიზარდოს? იქნებ აგრე ჰაიჰარად
ვერც მიპასუხო, მაგრამ დაფიქრდი, განა მართალი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ესაა სამართლიანი და
უსამართლო, მშვენიერი და მახინჯი, კეთილი და ბოროტი? განა სწორედ მათზე დავისას, როცა
არავითარი ზუსტი საზომი არ მოგვეძებნება ჩვენი შეხედულებების შესათანხმებლად, ერთმანეთის
მტრები არ ვხდებით მეც, შენცა და ყველა სხვა კაციც?
ევთიფრონი სწორედ ეგაა, სოკრატე, ჩვენი უთანხმოების მიზეზი.
სოკრატე მერედა, ღმერთები, ევთიფრონ? თუკი მათ შორისაც თავს იჩენს ხოლმე უთანხმოება, განა
სწორედ ამის გამო არ იჩენს?
ევთიფრონი უთუოდ.
სოკრატე ამრიგად, ჩემო ღირსეულო ევთიფრონ, შენი თქმისა არ იყოს, ღმერთთაგან ზოგს ერთი რამ
მიაჩნია სამართლიანად, მშვენიერად, მახინჯად, კეთილად და ბოროტად, ზოგს კი - მეორე. ამიტომაც,
თუ დაობენ, მხოლოდ ამის გამო დაობენ; ასეა, არა?
ევთიფრონი მართალს ბრძანებ.
ევთიფრონი დიახ, ასეა.
სოკრატე ამრიგად, როგორც ჩანს, ერთი და იგივე რამ ღმერთებს შეიძლება უყვარდეთ და სძულდეთ
კიდეც; ერთი და იგივე რამ სასიამოვნოც იყოს მათთვის და უსიამოვნოც.
ევთიფრონი ეგრე გამოდის.
სოკრატე ესე იგი, ჩვენი მსჯელობის თანახმად, ჩემო ევთიფრონ, ზოგიერთი რამ ერთდროულად
წმინდაცაა და უკეთურიც.
ევთიფრონი როგორც ირკვევა.
სოკრატე მაშასადამე, ჩემო საოცარო, შენ ჯერ კიდევ არ გაგიცია პასუხი ჩემს კითხვაზე; ვინაიდან იმას
როდი გეკითხებოდი, თუ ერთსა და იმავე დროს რა არის წმინდაც და უკეთურიც. ახლა კი ირკვევა,
რომ ის, რაც ღმერთებს სიამოვნებს, შეიძლება უსიამოვნოც იყოს მათთვის. ამრიგად, ნუ გაგიკვირდება,
ჩემო ევთიფრონ, თუკი ის, რასაც ახლა სჩადიხარ, რათა პასუხი აგებინო მამაშენს, შესაძლოა,
სასიამოვნოდ დაურჩეს ზევსს, მაგრამ არ ესიამოვნოს კრონოსს და ურანოსს, ან სასიამოვნო იყოს
ჰეფესტოსათვის, ხოლო ჰერასათვის - უსიამოვნო; და ზუსტად იგივე ითქმის სხვა ღმერთების
მიმართაც, თუკი ისინი ერთმანეთს არ ეთანხმებიან ამ საკითხში.
ევთიფრონი ამაზე დავა არ მოიშლება, არც სხვაგან და, მით უმეტეს, არც სამსჯავროებში, ვინაიდან
თვით პირწავარდნილი დამნაშავენიც კი რას არ ამბობენ და რას არ სჩადიან, ოღონდ კი თავი
დააღწიონ სასჯელს.
სოკრატე კი მაგრამ, ევთიფრონ, ნუთუ აღიარებენ დანაშაულს? აღიარების შემდეგ კი აცხადებენ, რომ
არ იმსახურებენ სასჯელს?
სოკრატე მაშასადამე, ყველაფერს როდი ამბობენ და ყველაფერს როდი სჩადიან. ჩემის აზრით, ისინი
ვერ გაბედავენ იმის თქმას, რომ, თუმცაღა დამნაშავენი არიან, მაინც არ იმსახურებენ სასჯელს; არამედ
მხოლოდ თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცება სურთ; ასეა, არა?
ევთიფრონი მართალს ბრძანებ.
სოკრატე ამრიგად, იმაზე კი არ დაობენ, რომ დამნაშავენი არ უნდა დაისაჯონ, არამედ მხოლოდ იმაზე,
მართლა დამნაშავენი არიან თუ არა, და როდის რა დააშავეს.
სოკრატე კი მაგრამ, განა იგივე არ ითქმის ღმერთების მიმართ, თუკი, შენივე სიტყვით, ისინი მართლაც
დაობენ იმაზე, თუ რა არის სამართლიანი და რა - უსამართლო? და განა ერთნი არ ამტკიცებენ,
მეორენი უსამართლოდ გვექცევიანო, მეორენი კი არ უარყოფენ ამას? ხომ ცხადია, ჩემო საოცარო, რომ
ვერავინ, ღმერთი იქნება ის თუ კაცი, ვერ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ დამნაშავე არ უნდა
დაისაჯოს.
სოკრატე მაშ, ახლა მეც ამიხსენი, ჩემო ძვირფასო ევთიფრონ, ეგება ჭკუა მომემატოს: რა საბუთი
მოგეძებნება იმის დასტურად, რომ ყველა ღმერთი უსამართლობად მიიჩნევს იმ კაცის სიკვდილს,
რომელიც თქვენი მოიჯარადრე იყო, მერე კი კაცისმკვლელი გახდა, რისთვისაც ბორკილები დაადო
მოკლულის ბატონმა და ამის შედეგად თვითონაც მოკვდა მანამ, სანამდის ბორკილების დამდები
შეიტყობდა მისნებისაგან, თუ რა უნდა ეყო მისთვის? ანდა რით დამიმტკიცებ, თითქოს ყველა ღმერთი
იწონებს იმას, რომ შვილი მკვლელობას აბრალებს და სამართალში აძლევს საკუთარ მამას? ეცადე
წარმომიდგინო იმის სარწმუნო საბუთი, რომ უკლებლივ ყველა ღმერთი მართებულად მიიჩნევს
ამნაირ საქციელს; და თუ შესძლებ წარმომიდგინო, მთელი სიცოცხლის მანძილზე შენი სიბრძნის
მაქებარი ვიქნები.
სოკრატე ახლა კი მესმის, რომ მსაჯულებზე უფრო გონებაჩლუნგი გგონივარ, ვინაიდან მათ, ალბათ,
ადვილად დაუმტკიცებ, რომ მამაშენის საქციელი უსამართლოა და, მაშასადამე, ღმერთებისათვის
საძულველიც.
სოკრატე რასაკვირველია, მოგისმენენ, თუკი ყურადღების ღირსად მიიჩნიეს შენი სიტყვები. მაგრამ, აი,
რა აზრი მომივიდა თავში, ვიდრე შენს პასუხს ვისმენდი, და რაზე ვფიქრობ: დავუშვათ და
ევთიფრონმა მართლაც დამაჯერებლად დამიმტკიცა, რომ ყველა ღმერთს უსამართლობად მიაჩნია ეს
მკვლელობა; მერედა, განა ევთიფრონის წყალობით უკეთ გავიგებ, რა არის წმინდა და რა - უკეთური?
დავუშვათ, რომ ეს საქმე საძულველია ყველა ღმერთისთვის; მაგრამ ჩვენ ხომ ეს-ესაა გავარკვიეთ, რომ
ამით როდი განისაზღვრება წმინდა და უკეთური, რადგან ის, რაც ღმერთებისათვის საძულველია,
შეიძლება სასურველიც იყოს მათთვის. ამიტომაც გათავისუფლებ, ევთიფრონ, შემდგომი
მტკიცებისაგან. თუ გნებავს, დავუშვათ, რომ ყველა ღმერთს უსამართლოდ და საძულველად უჩანს ეს
საქმე. მაგრამ შემდეგნაირად ხომ არ შევასწოროთ ჩვენი მსჯელობა: უკეთურია ის, რაც არცერთ
ღმერთს არ მოსწონს, ის კი, რაც ყველა ღმერთს მოსწონს - წმინდა; ხოლო ის, რაც ზოგიერთ ღმერთს
უყვარს და ზოგიერთს სძულს, ან არც ერთია და არც მეორე, ან ორივეა ერთად. თანახმა ხარ თუ არა,
რომ ასე განვსაზღვროთ უკეთური და წმინდა?
სოკრატე მე - არაფერი, მაგრამ შენზე იფიქრე, ევთიფრონ: თუ ამ განსაზღვრას აღიარებ, განა ასე
ადვილად ამიხსნი იმას, რასაც დამპირდი?
ევთიფრონი დიახ, მე თანახმა ვარ წმინდად ვაღიარო ის, რაც ყველა ღმერთს უყვარს, ხოლო ის, რაც
ყველა ღმერთს სძულს, - უკეთურად.
ევთიფრონი უნდა ავწონ-დავწონოთ; მაგრამ რაც შეეხება ჩვენს განსაზღვრას, ვფიქრობ, კარგად ითქვა,
რაც ითქვა.
სოკრატე ახლავე უკეთ გამოჩნდება, ჩემო კეთილო. ერთი ამასაც დაუკვირდი: წმინდა იმიტომაა
წმინდა, რომ ღმერთებს უყვართ, თუ, პირიქით, იმიტომ უყვართ, რომ წმინდაა?
სოკრატე მაშინ მითხარი, აღებული იმიტომაა აღებული, რომ ის აიღეს, თუ სხვა რამის გამო?
ევთიფრონი რასაკვირველია.
ევთიფრონი ცხადია, გეთანხმები.
ევთიფრონი უთუოდ.
სოკრატე მერედა, რას ვიტყვით, რა არის წმინდა, ევთიფრონ, თუ არა ის, რაც, შენივე თქმით, ყველა
ღმერთს უყვარს?
ევთიფრონი დიახ.
სოკრატე კი მაგრამ, რატომ უყვართ? იმიტომ, რომ წმინდაა თუ სხვა რამ მიზეზის გამო?
ევთიფრონი არა, იმიტომ, რომ წმინდაა.
სოკრატე ესე იგი, წმინდა იმიტომ უყვართ, რომ წმინდაა, და იმიტომ როდია წმინდა, რომ უყვართ?
ევთიფრონი როგორც ჩანს.
სოკრატე მაგრამ, მეორეს მხრივ, ის, რაც საყვარელია ღმერთებისათვის, განა მხოლოდ იმიტომ არაა
საყვარელი, რომ ღმერთებს უყვართ?
ევთიფრონი უეჭველად.
სოკრატე ასე რომ, შენივე თქმისა არ იყოს, ის, რაც ღმერთებს უყვართ, არ არის წმინდა, და არც წმინდაა
ის, რაც ღმერთებს უყვართ, არამედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ევთიფრონი როგორ, სოკრატე?
სოკრატე როგორ და ისე, რომ, ჩვენი შეთანხმების მიხედვით, წმინდა იმიტომ უყვართ, რომ წმინდაა,
და იმიტომ როდია წმინდა, რომ უყვართ; ასეა, არა?
ევთიფრონი დიახ.
ევთიფრონი მართალს ბრძანებ.
სოკრატე კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო ევთიფრონ, ღმერთებისათვის საყვარელი და წმინდა რომ ერთი და
იგივე რამ იყოს, მაშინ, რაკი წმინდა იმიტომ უყვართ, რომ ის წმინდაა, - გამოვიდოდა, რომ
ღმერთებისათვის საყვარელიც იმიტომ უყვართ, რომ ის თავისთავად საყვარელია. მეორეს მხრივ, რაკი
ღმერთებისათვის საყვარელი იმიტომაა საყვარელი, რომ ღმერთებს უყვართ, წმინდაც იმიტომ
იქნებოდა წმინდა, რომ ღმერთებისთვის საყვარელია. ახლა ხომ ხედავ, რომ ეს ორი რამ პირწმინდად
განსხვავდება ერთმანეთისგან: ერთი მხოლოდ იმიტომაა საყვარელი, რომ ღმერთებს უყვართ, მეორე
კი იმიტომ უყვართ, რომ თავისთავადაა საყვარელი. ასე რომ, ჩემო ევთიფრონ, როდესაც გთხოვე
განგესაზღვრა, რა არის წმინდა, შენ, როგორც ჩანს, არ ისურვე მისი ნამდვილი არსი გეჩვენებინა
ჩემთვის და მხოლოდ მის შემთხვევით ნიშანზე მიმითითე, კერძოდ, მითხარი - წმინდის თვისება ის
არის, რომ ყველა ღმერთს უყვარსო, მის არსზე კი არაფერი გითქვამს. ამიტომ, თუ არ გეზარება,
ნურაფერს დამიმალავ. კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვას და თავდაპირველად ამიხსენი, რა არის
წმინდა, მაგრამ ისე, რომ ნუღარ ვიძიებთ - საყვარელია ღმერთებისათვის თუ კიდევ სხვა რამ თვისება
აქვს? ამაზე ნუღარ ვიდავებთ. მაშ, გულახდილად მითხარი, რა არის წმინდა და რა - უკეთური?
ევთიფრონი მართალი გითხრა, აღარც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი აზრი, სოკრატე; რადგანაც ჩვენ
მიერ წამოყენებული ყველა დებულება ირყევა და იმ ადგილზე ვეღარა რჩება, რომელიც ჩვენ
მივუჩინეთ.
სოკრატე როგორც ჩანს, ყველაფერი, რასაც აქამდე ამბობდი, ევთიფრონ, ჩემს წინაპარ დედალოსს
უთქვამს; მე რომ წამომეყენებინა ეს დებულებები, უთუოდ მასხრად ამიგდებდი და იტყოდი, რომ
ამნაირი ნათესაობის გამო ჩემი სიტყვიერი ქმნილებებიც ირყევიან და იმ ადგილზე ვეღარა რჩებიან,
რომელიც მე მივუჩინე. მაგრამ რაკი ისინი შენ გეკუთვნიან, ამიტომ სხვანაირი ხუმრობა გვმართებს,
ვინაიდან, ხომ ხედავ, რომ ეგ შენი დებულებები თავიანთ ადგილს ვეღარ პოულობენ.
სოკრატე თუ ასეა, ჩემო მეგობარო, დედალოსზე დიდი ხელოვანი ვყოფილვარ და ეგაა; ვინაიდან ის
მხოლოდ საკუთარ ქმნილებებს ანიჭებდა მოძრაობის უნარს, მე კი არა მარტო ჩემსას, არამედ, როგორც
ირკვევა, სხვისასაც. მაგრამ ამ ჩემს ხელოვნებაში ყველაზე საოცარი მაინც ისაა, რომ მე ჩემდა
უნებურად ვემსახურები მას. ვინაიდან, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, დედალოსის ხელოვნებასა და
ტანტალოსის საუნჯეს, ერთად აღებულს, ვამჯობინებდი იმას, რომ ურყევად დამედგინა და
დამეფუძნებინა ჩემი დებულებები. მაგრამ მოვეშვათ ამას. და რაკი შენ, როგორც ჩანს, თავის შეწუხება
არ გსურს, ამიტომ მხარში ამოგიდგები, რათა ამრიგად მასწავლო, რა არის წმინდა. მაგრამ წინასწარ ნუ
დაეცემი სულით, არამედ დაუკვირდი, აუცილებლად მიგაჩნია თუ არა, რომ ყოველივე ის, რაც
წმინდაა, იმავდროულად, სამართლიანიც უნდა იყოს?
ევთიფრონი დიახ, მიმაჩნია.
სოკრატე კი მაგრამ, ყოველივე ის, რაც სამართლიანია, ნუთუ წმინდაცაა? ან, იქნებ, ყოველივე წმინდა
რომ მიგაჩნია სამართლიანად, იმავე დროს, ყოველივე სამართლიანს კი არა თვლი წმინდად, არამედ
მხოლოდ ზოგიერთს, ზოგიერთს კი არა?
სოკრატე კი მაგრამ, შენ ხომ ჩემზე უმცროსი ხარ და, თანაც, იმდენადვე დამივარდები ასაკით,
რამდენადაც მაჭარბებ სიბრძნით. მაგრამ, როგორც წეღან გეუბნებოდი, თავის შეწუხება არა გსურს,
მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ იცი, სად წაიღო ეგ შენი სიბრძნე. მაშ, თავს ძალა დაატანე, ჩემო ნეტარო!
ჩემი სიტყვების გაგებას რა უნდა? ვინაიდან მხოლოდ იმის საპირისპიროს ვამტკიცებ, რასაც გვეუბნება
პოეტი: „ალბათ, იმიტომ არ ახსენებ ზევსს, ყოვლის შემქმნელს, რომ შიშს ყოველთვის თან სდევს
სირცხვილი“. მე არ ვეთანხმები ამ პოეტს. გითხრა, რატომ?
ევთიფრონი მითხარი, გეთაყვა.
სოკრატე მე არა მგონია, რომ „შიშს ყოველთვის თან სდევს სირცხვილი“. ჩემის აზრით, ბევრს ეშინია
ავადმყოფობის, სიღარიბის და მრავალი სხვა მსგავსი რამისაც, მაგრამ, თუმცაღა ეშინია, ყოველ
შემთხვევაში, არა რცხვენია იმისი, რისაც ეშინია. შენ რაღას იტყვი?
ევთიფრონი დიახ, აგრეა.
სოკრატე მე თუ მკითხავ, პირიქით, „სირცხვილს ყოველთვის თანა სდევს შიში“. მართლაცდა, განა
შეიძლება კაცს რაღაცისა რცხვენოდეს და იმავდროულად არ ეშინოდეს, სახელი გამიტყდებაო?
ევთიფრონი შეუძლებელია, არ ეშინოდეს.
სოკრატე მაშასადამე, სცდება, ვინც ამბობს, რომ „შიშს ყოველთვის თან სდევს სირცხვილი“. პირიქით,
„სირცხვილს ყოველთვის თანა სდევს შიში“, რადგანაც არ შეიძლება ითქვას, რომ სადაც შიშია, იქვეა
სირცხვილიც. მართლაცდა, შიში უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სირცხვილი, ვინაიდან სირცხვილი
მხოლოდ შიშის ნაწილად გვევლინება, ისევე როგორც კენტი მხოლოდ ნაწილია მთელი რიცხვისა, ასე
რომ, როდესაც ამბობენ რიცხვიო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის კენტია, მაშინ როდესაც კენტი
უსათუოდ გულისხმობს რიცხვს. ახლა მაინც ხომ მომსდევ?
ევთიფრონი ფეხდაფეხ.
ევთიფრონი დიახ.
სოკრატე მაშ, შენი მხრივ, ეცადე ამიხსნა, სამართლიანის რა ნაწილია წმინდა, რათა მას შემდეგ, რაც
ამომწურავად გავიგებ შენგან, რა არის წმინდა და რა არა, იმის საშუალება აღარ მივცე მელეტოსს, რომ
ცილი დამწამოს და უღმერთობა დამაბრალოს.
სოკრატე როგორც ჩანს, მართალს ამბობ, ევთიფრონ; მაგრამ ცოტა რამ მაინც მაკლია: კარგად არ მესმის,
რას უწოდებ მსახურებას. შენ, ალბათ, არ მიგაჩნია, რომ ღვთისმსახურება იგივეა, რაც მსახურება ყველა
სხვა რამის მიმართ. ასე მაგალითად, ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ყველას კი არ შეუძლია მოემსახუროს
ცხენებს, არამედ მხოლოდ მეჯინიბეს. ასეა, არა?
ევთიფრონი ვერა.
ევთიფრონი დიახ.
ევთიფრონი სწორედ ასეა.
სოკრატე მაგრამ, ყოველგვარი მსახურების მიზანი ხომ ისაა, რომ რაიმე არგოს და სასიკეთოდ წაადგეს
იმას, რასაც ემსახურება. ასე მაგალითად, ცხენები, რომლებსაც ემსახურება მეჯინიბე, მისი ხელობის
წყალობით სარგებლობას იღებენ და უფრო უკეთესნი ხდებიან, არა?
ევთიფრონი დიახ.
სოკრატე არც მე მგონია, ევთიფრონ, რომ შენ ასე ფიქრობ. ღმერთმა დამიფაროს. კითხვითაც იმიტომ
გკითხე, რანაირ ღვთისმსახურებას გულისხმობ-მეთქი, რომ ვერას დიდებით ვერ დავიჯერებ, თითქოს
ამნაირს გულისხმობდე.
ევთიფრონი მართალს ამბობ, სოკრატე; არამც და არამც არ ვგულისხმობ ამნაირ ღვთისმსახურებას.
სოკრატე გასაგებია; როგორც ჩანს, სიწმინდე სხვა არა არის რა, თუ არა ერთგვარი მოსამსახურეობა
ღმერთების მიმართ.
სოკრატე კი მაგრამ, საექიმო ხელოვნების მსახურთათვის რას იტყვი? რას ისახავს მიზნად მათი
ხელოვნება, თუ არა ჯანმრთელობას?
ევთიფრონი სხვას არაფერს.
ევთიფრონი დიახ.
სოკრატე მაშინ ამაზეც მიპასუხე, ჩემო ძვირფასო: რა მიზანს ისახავს ღვთისმსახურება, ან რას არგია
იგი ღმერთებს? შენ, რა თქმა უნდა, გეცოდინება ეს, რაკიღა, როგორც თავად ამტკიცებ, კაცთა შორის
ყველაზე უკეთ იცნობ იმას, რაც ეხება ღმერთებს.
სოკრატე ჰოდა, მითხარი, ზევსის გულისთვის: მაინც რა არის ის დიადი საქმე, რომელსაც ღმერთები
ასრულებენ ჩვენი სამსახურის წყალობით?
სოკრატე ბევრ დიდებულ საქმეს აკეთებენ, ჩემის აზრით, მიწათმოქმედნიც, მაგრამ მათი მთავარი
საქმე მაინც სარჩოსაბადებლის მოყვანა გახლავს.
ევთიფრონი რასაკვირველია.
სოკრატე მერედა, იმ დიად საქმეთა შორის, რომელთაც ასრულებენ ღმერთები, მაინც რომელია
მთავარი?
ევთიფრონი აკი ამ ცოტა ხნის წინათაც გითხარი, სოკრატე, რომ ძალზე ძნელია დაწვრილებით აგიხსნა
ყოველივე ეს. მაგრამ, აი, რას გეტყვი მარტივად: სიტყვით თუ საქმით, ლოცვა-ვედრებითა თუ
მსხვერპლშეწირვით აამო ღმერთებს - სწორედ ეს არის სიწმინდე, საკუთარი სახლისა თუ
სახელმწიფოს მხსნელი; ხოლო რაც მას უპირისპირდება უკეთურებაა, ძირფესვიანად რომ ანგრევს და
მუსრავს ყველაფერს.
სოკრატე მაშასადამე, შენი აზრით, სიწმინდე სხვა არა არის რა, თუ არა იმის ხელოვნება, რომ რაღაცა
მისცე ან სთხოვო ღმერთებს?
სოკრატე კი მაგრამ, რისი თხოვნა იქნებოდა მართებული, რა უნდა გვეთხოვა მათთვის, თუ არა ის, რაც
გვჭირდება?
სოკრატე რა მომაწონებს, თუკი სწორი არ არის. მაგრამ მითხარი, რას არგია ღმერთებს ის ძღვენი,
რომელსაც ჩვენგან იღებენ? რას გვარგია მათი საბოძვარი, ყველასათვის ნათელია: მთელი ჩვენი
სიკეთე ხომ მხოლოდ მათი ნაბოძვარია. მაგრამ რას არგია მათ ჩვენი ძღვენი? ნუთუ აღებ-მიცემობის
ნიჭით ვჯობივართ, რაკიღა ყველაფერს ვიღებთ მათგან, ისინი კი ჩვენგან - არაფერს?
ევთიფრონი რაო, სოკრატე, იქნებ ფიქრობ, რომ ღმერთებს მართლაც რაღაცაში არგია ის, რასაც ჩვენ
ვუძღვნით?
ევთიფრონი კი მაგრამ, როგორ გგონია, სხვა რა უნდა იყოს ეს ძღვენი, თუ არა ჩვენი პატივისცემისა და
მოწიწების გამოხატულება, ან კიდევ, როგორც წეღან გეუბნებოდი, იმის დასტური, რომ გვსურს
რაღაცა ვაამოთ მათ?
სოკრატე მაშასადამე, წმინდა ის არის, ევთიფრონ, რაც სასიამოვნოა ღმერთებისათვის, და არა ის, რაც
სასარგებლო ან საყვარელია მათთვის?
ევთიფრონი ჩემის აზრით, ის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ, ყველაზე საყვარელიცაა მათთვის.
სოკრატე ამას მეუბნები და მაინც გიკვირს, რომ შენი სიტყვები მყარი კი არა, მერყევნი ჩანან და
ბრალად მდებ, თითქოს დედალოსივით სწორედ მე ვარ ამის მიზეზი, მაშინ, როდესაც სინამდვილეში
თვითონ შენა ხარ დედალოსზე დიდი ხელოვანი, სწორედ შენ აბრუნებ და წინაუკმო ატრიალებ მათ.
ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ ჩვენმა მსჯელობამ სრული წრე შემოხაზა და იმავე წერტილს დაუბრუნდა,
საიდანაც დაიწყო? შენ, ალბათ, არ დაგვიწყნია, რომ ცოტა ხნის წინათ წმინდა და ღმერთებისათვის
საყვარელი ერთი და იგივე კი არა, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ცნებებად მივიჩნიეთ. ან, იქნებ, არ
გახსოვს?
ევთიფრონი ცხადია, მახსოვს.
სოკრატე ახლა კი ვერ ხვდები, რას ამბობ: წმინდაა ის, რაც ღმერთებისთვის საყვარელიაო? მერედა, რა
არის ღმერთებისათვის საყვარელი, თუ არა ის, რაც ღმერთებს უყვართ?
ევთიფრონი როგორც ჩანს.
სოკრატე ამრიგად, თავიდან უნდა დავიწყოთ იმის კვლევა, თუ რა არის წმინდა. მე, ჩემდა თავად, მანამ
არ მოვეშვები ამ საკითხის კვლევა-ძიებას, სანამ ბოლომდე არ შევიცნობ მას, მხოლოდ შენ ნუ ჩამთვლი
ამნაირი ცოდნის უღირსად, არამედ თავს ძალა დაატანე და ახლა მაინც მითხარი სიმართლე. რადგან
კაცთა შორის ყველაზე უკეთ შენ იცნობ მას, და მე მანამდე არ მოგეშვები, როგორც პროტევსს, სანამ
ყველაფერს არ გათქმევინებ. მართლაცდა, განა შეიძლება დავუშვათ, რომ, თუკი არ იცი, რა არის
წმინდა და რა - უკეთური, ასე ხელაღებით დასდებდი ბრალად კაცის კვლას და სამართალში მისცემდი
მოხუც მამას ვიღაც მოიჯარადრის გულისთვის? ან ღმერთების რისხვა შეგაკრთობდა, თუკი
დარწმუნებული არ იქნებოდი, რომ სწორედ იქცევი, ან, თავი რომ არ შეგერცხვინა, კაცთა აზრს მაინც
გაუწევდი ანგარიშს. ამიტომ ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ, შენი აზრით, ამომწურავად იცი, რა არის
წმინდა და რა - უკეთური. მაშ, მეც მითხარი, ჩემო დიდებულო ევთიფრონ, ნუ დამიმალავ შენს
ცოდნას.
სოკრატე რას მიშვრები, ძმობილო, მღუპავ? არადა, რა იმედი მქონდა, რომ შენი შემწეობით გავიგებდი,
რა არის წმინდა და რა - არა, და ამრიგად, თავს დავიხსნიდი მელეტოსის ბრალდებისაგან; დიახ, მე
დავუმტკიცებდი მას, რომ ევთიფრონის წყალობით უკვე შევიძინე საღმრთო ცოდნა, და რომ
უმეცრების გამო აღარ შეიძლება განუსჯელად ვიქცეოდე ან სარწმუნოების განახლებას ვცდილობდე;
ყველაზე მეტად კი მაინც იმის იმედი მქონდა, რომ უფრო ღირსეულად ვიცხოვრებდი ამიერიდან.