You are on page 1of 5

დედაენა

დედაენა, სიბრძნის წიგნი,


მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი, 
აი მთელი სამყარო.
დედაენა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული,
სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველახელა,
ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირველად
და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედაენას, დედასავით
მოფერება სჭირდება,
ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის,
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მოუარე,
ისე ვერ იქართველებ.
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი, 
აი მთელი სამყარო.

ლილი ნუცუბიძე
იოსებ ნონეშვილი - მასწავლებელი

  ნანახია 83163 - ჯერ |  

შრიფტის   A A A
ზომა

 
 
 

მასწავლებელი - მშობლის ალერსით


ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.

მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში


განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.

მასწავლებელი - დედის გულივით


მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.

მასწავლებელი - გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი - მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.

მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი - დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.

მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,


მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.

მასწავლებელი - ღამე უძილო,


ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,


ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,


იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,


კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

მასწავლებელი - გულს ჩახატული,


დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.
მასწავლებელი - მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები, ოქროცურვილი.

მასწავლებელი - ცოდნის ნათელით


უსწავლელობის დამმარცხებელი…
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.

მასწავლებელი - ღამე უძილო,


ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

You might also like