You are on page 1of 32

წმ.

გიორგი მთაწმინდელი

ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი წმ.


გიორგი მთაწმინდელი იყო მწერალი, მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე, უდიდესი ლიტურგისტი,
რომლის სახელსაც უკავშირდება ათონის ქართველთა მონასტრის აღორძინება, ლიტურგიკული
ცხოვრების მოწესრიგება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე
და საქართველოს ეკლესიის რეფორმები. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ დაწყებული
მთარგმნელობითი საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში მან განაგრძო და ათონელ პირველ
მამათა მსგავსად, ქართული მწერლობის, ქართული კულტურის უდიდეს მოამაგედ მოგვევლინა, რის
გამოც მისი სულიერი ხატი მისმა ბიოგრაფმა გიორგი მცირემ სიმბოლური და მეტაფორული სახეებით
წარმოაჩინა.
წმ. გიორგი მთაწმინდელის შესახებ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „ცხორებაჲ და მოღუაწებაჲ
წმიდისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ მოგვითხრობს მისივე სულიერი მოწაფე გიორგი მცირე, რომელიც
მუდმივად თან ახლდა, სადაც არ უნდა წასულიყო დიდი ღვთისმეტყველი წმინდა მამა. თხზულება
დაწერილია წმ. გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, 1066-1068 წლებში წმ.
გუირგი შეყენებულისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსის დაკვეთით. ყველაფერი, რაც თხზულებაშია
გადმოცემული, გიორგი მცირემ თვით წმ. გიორგი მთაწმინდელისგან იცოდა, ამიტომ რაზეც ავტორი
ყვება, ყველაფერი სანდო და ძვირფასი წყაროა როგორც თვით წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის გასათვალისწინებლად, ასევე, იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-
იდეოლოგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო ვითარებისა და ქართული ეკლესიის მდგომარების,
ათონის ქართველთა მონასტრის სტატუსის, ქართველთა მთელი საზღვარგარეთული სამონასტრო
ცხოვრების წარმოსაჩენად.
წმ. გიორგი მთაწმინდელი დაიბადა თრიალეთში 1009 წელს; დედამისმა, მარიამმა, ფეხმძიმობისას
ნახა ჩვენება, რომლის მიხედვით ახალდაბადებული ბავშვი ტაძარში უნდა მიეყვანათ და სასულიერო
პირად აღეზარდათ. მამამ ეს ღვთის ნებად მიიჩნია და 1016 წელს შვიდი წლისა აღსაზრდელად მიაბარა
სამცხეში, ტაძრისში, „სადედო“ მონასტერში, სადაც გიორგის დები იზრდებოდნენ. ათი წლისა კი (1019
წ.) ხახულში გადაიყვანეს, სადაც ბიძების, გიორგი მწერლისა და საბას, სხვა გამოჩენილ მოღვაწეთა,
ილარიონ თუალელის, რომელსაც ავტორმა უწოდა „ვითარცა მთიები, ბრწყინვიდა კრებულსა შორის
მამათასა“, ჰიმნოგრაფის, სამეფო ოჯახის წევრის, ბასილი ბაგრატის ძის, ხელმძღვანელობით
შეისწავლა „საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა შჯულისანი“, საგალობელნი და სხვ. შემდეგ
დიდებულის, დიდგვაროვანი ფეოდალის, ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში ახლდა თავის ბიძას, გიორგი
მწერალს, რომელიც იქ ფერისის შვილების მასწავლებლად იყო მიწვეული. გიორგი ბიძას „ფრიად
ეჴმარებოდა ზეპირით კანანახობასა და წიგნის კითხვასა და მისსა მსახურებასა, რამეთუ მოხუცებულ
იყო“ (ძეგლები, 1967: 117). 1022 წელს, როდესაც ფერისს ბიზანტიის იმპერატორის განდგომილება
დასწამეს, „რისხვითა ბასილი მეფისაჲთა“ (ბასილი კეისარი) თავი მოჰკვეთეს, ხოლო მისი ოჯახი
ბიზანტიაში გადაასახლეს, დიდებულის ოჯახს თან გაჰყვა გიორგი მწერალიც, როგორც აღმზრდელი,
რომელმაც ჯერ კიდევ მცირეწლოვანი წმ. გიორგი მთაწმინდელი კონსტანტინეპოლში წაიყვანა. იქ,
ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინეპოლში, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და
მეცნიერულ-ინტელექტუალური ცხოვრების უმთავრეს ცენტრში, სადაც გიორგიმ 12 წელი გაატარა, ის
მიაბარეს „კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორითავე ცხორებითა შემკობილთა, არა ერისკაცთა,
არამედ მონაზონთა“ (ძეგლები, 1967: 118). გულმოდგინე მუშაობითა და თავდაუზოგავი
მეცადინეობით გიორგიმ დიდ წარმატებებს მიაღწია - ბრწყინვალედ შეისწავლა ბერძნული ენა და
ბიზანტიური ლიტერატურა, სიღრმისეულად დაეუფლა ღვთისმეტყველებას.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა ჩინებული საღვთისმეტყველო განათლება მიიღო, რის შესახებაც მისი
ბიოგრაფი გიორგი მცირე გვიამბობს. მას საუკეთესო სამგალობლო მონაცემები ჰქონდა და
გამორჩეული იყო ყმაწვილობაშივე, ხმათა შეწყობას ადვილად იმახსოვრებდა და ზეპირად იცოდა
მთელი წლის საგალობლები, რითაც თავის თანამგალობელთ აღემატებოდა. ამან ხელი შეუწყო
მომავალში წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰიმნოგრაფიული და ლიტურგიკული მოღვაწეობის
წარმართვას.
1034 წელს 25 წლის წმ. გიორგი მთაწმინდელი საქართველოში დაბრუნდა, კვლავ ხახულს მიაშურა
და იქ ბერად აღიკვეცა. მცირე ხნის შემდეგ იერუსალიმს წასვლა გადაწყვიტა და გზას გაუდგა. იმ დროს
შავ მთაზე, „მთასა საკჳრველსა, მონასტერსა წმიდისა სჳმეონისსა მკჳდრ იყო“ და მწიგნობრულ
საქმიანობას ეწეოდა განსწავლულობით გამორჩეული წმ. გიორგი შავმთელი (შეყენებული,
დაყუდებული), რომელიც დიდი პატივით სარგებლობდა როგორც თანამემამულეთა, ისე უცხოელთა
შორისაც. წმ. გიორგი მთაწმინდელი მას დაემოწაფა, ჯერ მასთან დარჩა სვიმეონწმინდაში, შემდეგ
რომანწმინდაში დამკვიდრდა და იქ სამი წელი დაყო „დიდითა შრომითა და მოღუაწებითა, მარხვითა
და მღჳძარებითა და უფროჲს ხოლო სიმდაბლითა და მორჩილებითა“ (ძეგლები, 1967: 121). წმ. გიორგი
მთაწმინდელმა 30 წლისამ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და ისევ შავ მთაზე დაბრუნდა.
შავ მთაზე, სადაც მან 1036-1039 წლები გაატარა, მოგვიანებით, 1056 წელს, კვლავ დაბრუნდა და
საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ საქმიანობას მიეცა. წმ. გიორგი მთაწმინდელი შავი მთის არაერთ
მონასტერში - სვიმეონწმინდაში, რომანწმინდაში, კალიპოსში - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა,
უმეტესწილად წმ. გიორგი შეყენებულის დავალებით თარგმნიდა ბერძნულ ტექსტებს, რის გამოც
ყოველთვის მადლიერებით იხსენიებდა თავის სულიერ მოძღვარს. წმ. გიორგი შავმთელმა
გადამწყვეტი როლი შეასრულა წმ. გიორგი მთაწმინდელის აღზრდასა და სულიერ ფორმირებაში: მან
შენიშნა მისი ტალანტი და მწიგნობრული საქმიანობის, ორიგინალური მწერლობისა და
მთარგმნელობითი საქმიანობის ურთულესი გზისკენ მიუთითა, მანვე წარგზავნა ათონზე ივირონის
მონასტერში, რადგან იქ მთარგმნელობითი მუშაობისათვის უკეთესი პირობებიც იყო და წმ. ეფთვიმე
მთაწმინდელის წარმატებით დაწყებული საქმე ასევე წარმატებით უნდა გაგრძელებულიყო, ამასთან,
თვით ივირონის იმდროინდელი მდგომარეობაც ძლიერ წინამძღოლს მოითხოვდა. წმ. გიორგი
შავმთელი ასეთად სწორედ წმ. გიორგი მთაწმინდელს ხედავდა.
იმ ხანებში, კერძოდ, 1040 წლისათვის, როდესაც წმ. გიორგი მთაწმინდელი მისმა მოძღვარმა წმ.
გიორგი შეყენებულმა ათონზე წარგზავნა, ათონის ქართველთა მონასტერში, ივირონში, ჯერ კიდევ
მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან წმ. ეფთვიმესა და გიორგი მაშენებლის გარდაცვალების შემდეგ
ქართველთა მონასტერს ბერძნები დაეუფლნენ და ქართველი ბერ-მონაზვნები ძალზე შეავიწროვეს. XI
საუკუნის 30-იანი წლების შუა პერიოდიდან მდგომარეობა ცოტათი შეიცვალა, მაგრამ საშიშროება ჯერ
კიდევ იყო. საჭირო იყო ზრუნვა ათონის ქართველთა მონასტრის სტატუსის, ქართველთა უფლებების
შესანარჩუნებლად და მისი ეკონომიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. წმ. გიორგი შეყენებულმა
საგანგებოდ წარგზავნა წმ. გიორგი მთაწმინდელი ივირონში წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის
მთარგმნელობითი საქმიანობის ასაღორძინებლად და იქაური საქმეების მოსაწესრიგებლად.
მიუხედავად მოძღვრის დავალებისა, გიორგი ერთხანს, 1040-1042 წლებში, ივირონში მასზე
დაკისრებულ საქმეს არ შესდგომია, არც თარგმნა დაუწყია, არც მონასტრის მართვაზე უზრუნია,
არამედ თავმდაბლად ასრულებდა შეურაცხად სამუშაოებს, რაც მალევე შეიტყო შავ მთაზე მყოფმა
მისმა მოძღვარმა და საყვედური შეუთვალა. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა გიორგი მონასტრის
საქმეებზე ზრუნვას, იგი ჯერ დეკანოზი გახდა (1042-1044 წწ.), ხოლო 1044 წლიდან - მონასტრის
წინამძღვარი. წმ. გიორგი მთაწმინდელმა დეკანოზობისას დაიწყო საღვთისმეტყველო-სამწერლო
საქმიანობა. ამჯერად წმ. გიორგი მთაწმინდელმა აღასრულა თავისი მოძღვრის დავალება და დაწერა
ივირონის მონასტრის დამაარსებელთა შესახებ ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხორებაჲ ნეტარისა
მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთვიმესი“, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ბერძნებისათვის
შეეხსენებინათ და არ დაევიწყებინათ ქართველთა უფლებები ივირონზე, იგი ქართველთა მიერ იყო
აშენებული და მათი კუთვნილება იყო, ბერძნებს აქ, მონასტრის დაარსების დროინდელი ტრადიციის
კვალობაზე, მხოლოდ შავი სამუშაოების შესასრულებლად თუ შეიყვანდნენ. წმ. გიორგი
მთაწმინდელის ეს თხზულება იყო შემადგენელი ნაწილი სამახსოვრო წიგნისა, რომელიც ათონის
ქართველთა მონასტერში დაიდო.
1044 წლიდან 1056 წლამდე წმ. გიორგი მთაწმინდელმა მოაწესრიგა მონასტრის საქმეები,
რამდენჯერმე იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერატორთან და ოქრობეჭდით განმტკიცებული დახმარებაც
მიიღო, ხელი შეუწყო ბერ-მონაზონთა სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების განტკიცებას; მისი
წინამძღვრობისას გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოში
იგზავნებოდა. ამ პერიოდს ათონის ქართველთა მონასტერში აყვავების პერიოდს უწოდებენ. 1056 წელს
წმ. გიორგი მთაწმინდელმა მონასტრის წინამძღვრობა სხვას გადააბარა და ანტიოქიაში შავ მთაზე
დაბრუნდა, სადაც მთელი თავისი დრო და ენერგია საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ საქმიანობას
დაუთმო. ანტიოქიაში მისი ყოფნის დროს წმ. პეტრე მოციქულის ტაძარი დაიწვა, რამაც ანტიოქიის
პატრიარქი პეტრე დაამწუხრა. წმ. გიორგი მთაწმინდელმა ამ ამბის გაგებისთანავე მიაშურა
შეწუხებული პატრიარქის რეზიდენციას, ანუგეშა, სულიერი თანადგომა გამოხატა და მდგომარეობა
შეუმსუბუქა, რაზეც სიყვარულითა და სარწმუნოებით აღსავსე პატრიარქმა დიდად დაუმადლა და
განუცხადა: „უკუეთუმცა სიწმიდე შენი არა მომაშურალ იყო, ჵ წმიდაო მამაო, კნინთამცა-და
მწუხარებითა მიერ ჯოჯოხეთად შთასრულ იყო სული ჩემი“ (ძეგლები, 1967: 149). მცირე ხნის შემდეგ
წმინდა და სიკეთით აღსავსე პატრიარქი გარდაიცვალა და მის შემდგომ პატრიარქობის ტახტი
„დაიპყრა თევდოსი სამეუფოელმან, კაცმან მაღალმან და ფილოსოფოსმან და ორითავე ცხორებითა
გამოცდილმან“ (ძეგლები, 1967: 149). ანტიოქიის ახლადაღსაყდრებული პატრიარქის გიორგი
მცირისეული შეფასება მოწმობს მის ღირსეულობას, ყოველი საქმის ღმრთივსულიერი ქმედებებით
განგებას. ჩანს, ავტორმა ყოველივე ეს თხზულებაში საგანგებოდ აღნიშნა, რათა უკეთ ეჩვენებინა
მკითხველისათვის თევდოსი პატრიარქის გონიერება და სულიერი სიმაღლე, რაც ძალიან მალე
გამოვლინდა ქართველებთან და ქართულ ეკლესიასთან მიმართებოთ.
მალე, 1057 წელს წმ. გიორგი მთაწმინდელს სწორედ ანტიოქიის პატრიარქის თეოდოსის წინაშე
მოუხდა წარდგომა და საზღვარგარეთის სამონასტრო ცენტრებში მოღვაწე ქართველთა უფლებების
დაცვა, რათა ქართულად წარმართულიყო წირვა-ლოცვა და დაემტკიცებინა საქართველოს ეკლესიის
დამოუკიდებლობა. ანტიოქიის პატრიარქთან წმ. გიორგი მთაწმინდელის პოლემიკა, რომელიც ორ
ეტაპად წარიმართა, მოწმობს ქართველი ბერის სულიერი და ინტელექტუალური მომზადების დონეს,
სულიერ სიძლიერეს; როდესაც ბერძენმა სასულიერო პირებმა, რომელთაც სურდათ დიდი ხნიდან
სვიმეონწმიდის დიდებულ ლავრაში დამკვიდებულ ქართველთა ფეხი მონასტრიდან ამოეძირკვათ,
ცილი დასწამეს ურწმუნობაში, ბიწიერებაში და ახლადკურთხეულ პატრიარქთან დაასმინეს, ათონის
ივირონის მონასტრის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ მოშურნეთა და ბოროტისმოქმედთ
ხელყოფისაგან მტკიცედ დაიცვა ქართველთა უფლებები და აიძულა ისინი, რომ ეღიარებინათ
ქართველთა სიწმინდე და ავტორიტეტი ქრისტიანული სარწმუნოების დაცვის საქმეში. მათი
მონასტრიდან გაძევების მოსურნე ბერძნები იმედოვნებდნენ, რომ პატრიარქს სიმართლე ქართველთა
შესახებ არ ეცოდინებოდა და ამცნეს, რომ მონასტერში იმყოფებოდა სამოცი ქართველი ბერმონაზონი,
რომლებიც უცხოთესლად მოიხსენიეს, მათ ცილი დასწამეს ურწმუნობაში, არ ვიცით, რა
სარწმუნოებისანი არიანო. ისიც კი უთხრეს, რომ ქართველები იყვნენ თუ სომხები, ესეც არაა ცნობილი
და მათი ხუცესი ჩვენს მონასტერში, ე.ი. სვიმეონწმიდის მონასტერში, ვერ წირავსო. გაკვირვებულმა
თევდოსიმ, როგორ შეიძლებოდა ქართველები მართლმადიდებელნი არ ყოფილიყვნენ, - თუმცა მან
ბევრი რამ არ იცოდა ქართველთა შესახებ, - მოიკითხა ქართველთა შორის ვინმე ბერძნული ენისა და
წერა-კითხვის მცოდნე, რომელიც ქართველთა აღმსარებლობის საკითხში გაცნობიერებული იქნებოდა.
თვით ბერძნებმაც აღიარეს წმ. გიორგი მთაწმინდელის განათლება, ღირსებები და განაცხადეს, რომ შავ
მთაზე მოღვაწეობდა ერთი მონაზონი „ღრამატიკოსი და ბერძულთა წიგნთა ქართულად თარგმნის“
(ძეგლები, 1967: 150-151). ამიტომ მოიწვიეს ანტიოქიის საპატრიარქოში სწორედ წმ. გიორგი
მთაწმინდელი, რომელთანაც პირველი საუბარი სვიმეონწმიდის მონასტერში ქართველთა მიერ
წირვის ჩატარების აკრძალვაზე გაიმართა.
გიორგი მცირემ ის მიზეზები მოიძია და აღნიშნა, რატომ არ ჰქონდათ ქართველ სასულიერო პირებს
უფლება სვიმეონწმიდაში წირვის აღსრულებისა. აღნიშნა, რომ ბერძნებმა სიმართლე თქვეს, რომ
დიდი ხნის განმავლობაში ქართველები არ წირავდნენ სვიმეონწმინდის მონასტერში, მწერალმა-
ჰაგიოგრაფმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ქართველებს ეს შეზღუდვა ნამდვილად ჰქონდათ.
ოდესღაც სვიმეონწმიდაში სვიმეონის სვეტზე საწირველად გასულა მონასტერში ახალი მისული
„სოფლური ხუცესი“, „ჟამის-წირვად ქალამნითა და საბეჭურითა თჳნიერ სამღდელოჲსა შესამოსლისა“
(ძეგლები, 1967: 150), ე.ი. ხუცესი საწირველად შესაფერისად შემოსილი არ ყოფილა, როგორც ამას წესი
მოითხოვდა. ამიტომ ქართველ მღვდელს დაუწესეს სხვებთან ერთად მხოლოდ ზიარება და
მონასტერში აღარ აწირვინებდნენ. სხვა რამ მიზეზი არ ყოფილა. გიორგი მცირე იმდენად დეტალურად
გვიამბობს ანტიოქიელთა დამოკიდებულების შესახებ ქართველ სასულიეროთა მიმართ, რომ ნათელი
ხდება, თუ რა მძიმე ვითარებაში უწევდათ ქართველებს საზღვარგარეთის მონასტრებში მოღვაწეობა.
ანტიოქიის პატრიარქმა წმ. გიორგი მთაწმინდელისაგან გამოიკითხა ყოველი, რაც მას აინტერესებდა
ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით, წმ. გიორგი მთაწმინდელის მონათხრობის საფუძველზე
„გულისჴმა-ყო პატრიაქმან, ვითარმედ მადლი ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს მის თანა“ (ძეგლები, 1967:
151) და ბერს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „პატიოსანო მამაო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელ
ვიხილე სიწმიდე შენი. და აჰა ესერა, გხედავ მოწყალებითა ღმრთისაჲთა, დაღაცათუ ნათესავით
ქართველი ხარ, სხჳთა კულა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი ხარ. ხოლო მითხარ
ნათესავისა შენისათჳს, არს რაჲ ნაკლულევანებაÁ მართლისა სარწმუნოებისაჲ მათ თანა გინა
ურთიერთარს განყოფილებაჲ მათ შორის და ჩუენ შორის?“ (ძეგლები, 1967: 151). წმ. გიორგი
მთაწმინდელმა ისეთი ბრძნული პასუხი გასცა, რომ ირგვლივ მყოფნი განაცვიფრა, ყველა მსმენელი
ფიქრობდა, რომ წმინდა მამის პირით სული წმიდა ლაპარაკობდა, რის პასუხადაც ანტიოქიის
პატრიარქმა ბრძანა: „კურთხეულ არს ღმერთი! ვიეთნიმე ნაკლულევანებასა სწამებდეს ქართველთა,
და აჰა ესერა მრავლითა სახითა უზეშთაეს იპოვნეს ჩუენსა და უფროჲს ხოლო ქალწულებითა,
რომელი-იგი მაღლად უპყრიეს მათ“ (ძეგლები, 1967: 151). სხდომას საეკლესიო კანონის ფარგლებში
ანტიოქიის პატრიარქის მიერ საგანგებოდ შეკრებილი სასულიერო იერარქიის უმაღლესი
წარმომადგენლები ესწრებოდნენ: მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, ანტიოქიის ეკლესიის
წარჩინებული პირები. პატრიარქმა ცუდისმზრახველებსა და ცილისმწამებლებს მკაცრად მიმართა და
უსაყვედურა უსამართლო დამოკიდებულება; წმ. გიორგი მთაწმინდელის ღმრთივბრწყინვალე
ქადაგებამ ყველას გაუქარწყლა ქართული ეკლესიისა და ქართველი მართლმადიდებლებისადმი
უნდობლობა. თხზულების ავტორმა შენიშნა, რომ ის, რაც, მოწინააღმდეგეთა აზრით, სავნებლად უნდა
გამოეყენებინათ და ბრალად წაეყენებინათ ქართველებისათვის, სინამდვილეში ქართველთათვის
სასარგებლო აღმოჩნდა და პოლემიკამ მათ წარმატება მოუტანა. მეტიც, ამიერიდან ანტიოქიის
პატრიარქის ნებართვით ქართველებს სვიმეონწმიდის მონასტერში ჟამისწირვის აღსრულების უფლება
მიეცათ, აქამდე, ანტიოქიის პატრიარქის განწესებამდე, ქართველები ჟამისწირვის წესს არ
აღასრულებდნენ, როგორც ყველასთვის ცნობილი იყო და რის მიზეზიც ზემოთ აღვნიშნეთ. წმ. გიორგი
მთაწმინდელის ბრძნული ქცევითა და ღმრთივსულიერი სიტყვით აღფრთოვანებულმა გიორგი
მცირემ სიხარულით აღნიშნა, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს ყველა იერარქიის წარმომადგენელმა
ათონელ წმინდა მამას ქება შეასხა და ნეტარად აღიარა. მწერლის სიტყვით, წმ. გიორგი მთაწმინდელმა
„სარწმუნოებაჲ ჩუენი ღმრთივ-ბრწყინვალედ იქადაგა“ (ძეგლები, 1967: 152).
ბერძენთა პრეტენზიები ქართველთა მიმართ ამით არ ამოწურულა და კამათი არ დასრულებულა,
რადგან პატრიარქმა თევდოსიმ უფრო დიდი პრობლემა წამოჭრა წმ. გიორგი მთაწმინდელის წინაშე,
ცხადია, ესეც ზოგიერთ ავისმსურველთა და ქართველთა მიმართ ბოროტად განწყობილთა შესმენით.
ეს ანტიოქიელთა მხრიდან ქართველთა წინააღმდეგ ქმედების მეორე ეტაპი იყო. ბერძენთა
განცხადებით, საქართველოს („ქართლისა“) ეკლესია-მონასტრების მღვდელთმოძღვარნი თვითონ
ირჩევენ კათალიკოსებსა და ეპისკოპოსებს: „ვითარ ესე, მეუფეო, რომელ ეკლესიანი და მღდელთ-
მოძღუარნი ქართლისანი არა რომლისა პატრიაქისა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან და ყოველნი
საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან და თჳთ დაისუმენ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა. და არა
სამართალ არს ესე, რამეთუ ათორმეტთა მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა“
(ძეგლები, 1967: 152). ამიტომ ისინი, როგორც უმეცარნი და მცირერიცხოვანნი, მცირე სამწყსოს
პატრონნი, მოციქულთა თავის, ე.ი. წმ. პეტრეს, საყდარსა და ამ სამეუფო ქალაქს, ღვთის ქალაქს უნდა
დაემორჩილონ და მის „ჴელმწიფებასა ქუეშე“ უნდა იყვნენ. მათი მწყემსმთავარი ანტიოქიის
პატრიარქი უნდა იყოს და მათი კათალიკოსები ანტიოქიაში უნდა იკურთხებოდნენ, რათა „ვიყვნეთ
ჩუენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“ (ძეგლები, 1967: 152). გიორგი მცირემ ანტიოქიელთა ეს საქციელი,
მათი დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მიმართ და ქართველთათვის უმეცრის წოდება
მიუღებლად, შეურაცხმყოფელად მიიჩნია და თვით ანტიოქიის პატრიარქის პრეტენზიულ სიტყვებს
ლიქნის შეფასება მისცა: „ეტყოდა რომელსამე ლიქნითა და რომელსამე მართლად“ (ძეგლები, 1967:
153). პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას ბრალად წაუყენა ის, რომ საქართველოში მაცხოვრის
მოციქულს არ უქადაგია და, შესაბამისად, „ჯერ-არს, რომელ ეკლესიანი და მღდელთ-მოძღუარნი
თქუენნი ჴელსა ქუეშე სამოციქულოჲსა ამის საყდრისა იმწყსებოდინ“ (ძეგლები, 1967: 153). ეს საქმე წმ.
გიორგი მთაწმინდელს უნდა მოეგვარებინა, რადგან იცოდა, რომ საქართველოს მეფე ყურს უგდებდა
წმინდა მამას და შეისმენდა მის რჩევებს. ამიტომ დაავალა წერილის მიწერა და საქმის მოგვარება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიკრიბებოდა ოთხივე პატრიარქი, განიხილავდა ქართული ეკლესიის
საკითხს და განსჯიდნენ მის მომავალს. ფაქტობრივად, პატრიარქის სიტყვა მუქარას შეიცავდა:
„ვაუწყო თჳთრჩულობაჲ და ქედფიცხელობაჲ ნათესავისა თქუენისაჲ, და ვითარმედ თჳნიერ
სამოციქულოჲსა კანონისა თჳთ იმწყსებიან და მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა;
და ესრეთ მრავალსა ღუაწლსა შეგთხინე, ვიდრე არა თჳთ მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და
ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოს“ (ძეგლები, 1967: 153). პატრიარქის მუქარას წმ. გიორგი
მთაწმინდელმა იშვიათი სიმშვიდე და სიდინჯე შეაგება: „ჵ წმიდაო მეუფეო, რაჲსათჳს-მე ესრეთ
ადვილად ჴელ-ჰყავ დიდისა ამისა და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად, და ვინ-მე არიან
უგუნურნი იგი გამზრახნი შენნი, ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ,
წრფელი და უმანკოჲ? აჰა ესერა ვარ მე უნარჩევესი და უმდაბლესი ყოველთა ძმათა ჩემთაჲ... წმიდათა
მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და
არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი. და ყოველთა უარის-მყოფელთა და
მწვალებელთა შევაჩუენებთ და ვსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და
მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“ (ძეგლები, 1967: 153-154).
მან ანტიოქიის პატრიარქს შესთავაზა, მოეტანათ წმ. ანდრია პირველწოდებულის „მიმოსლვანის“
ტექსტი, წიგნი, რაც პატრიარქმა დაავალა თეოფილეს, ტომით ქართველს, რომელიც მომავალში
ტარსუს მიტროპოლიტი გახდა. წმ. გიორგი მთაწმინდელმა წიგნიდან ის ეპიზოდები წაუკითხა, სადაც
აღწერილი იყო საქართველოში წმ. ანდრია პირველწოდებულის მიერ ქრისტიანობის ქადაგების
შესახებ. წმინდა მამამ ანტიოქიის პატრიარქს წარუდგინა ქართული ეკლესიის სამოციქულოდ
მიჩნევის მყარი საფუძველი და დაიცვა მისი ავტოკეფალურობა. მან წმ. ანდრია პირველწოდებულის
„მიმოსლვანის“ საფუძველზე მიუთითა, რომ ქართული ეკლესია დაფუძნებულია წმ. ანდრია
მოციქულის მიერ, ხოლო ანტიოქიისა - წმ. პეტრეს მიერ, ამიტომ უმცროსს, ანუ ანტიოქიის ეკლესიას,
ჰმართებს უფროსის, ანუ ქართული ეკლესიის მორჩილება, ვითარცა პირველწოდებულ ანდრიას უნდა
ემორჩილებოდეს წმ. პეტრე, ძმის ინიციატივით მისული მაცხოვართან და შემდგარი ქრისტეს გზაზე:
„წმიდაო მეუფეო, შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულისაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო. ხოლო
ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ
მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი, სიმონს ვიტყჳ
კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა
მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და
არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი. და ყოველთა უარის-მყოფელთა და
მწვალებელთა შევაჩუენებთ და ვსწყევთ...“ (ძეგლები, 1967: 154). ბოლოს კი თითქოს ხუმრობით
მიმართა პატრიარქს: „რეცა განცხრომით ჰრქუა პატრიარქსა: „წმიდაო მეუფეო, შუენის ესრეთ, რაჲთა
წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რაჲთა დაემორჩილოს
მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას, და რაჲთა თქუენ ჩვენ დაგვემორჩილნეთ!“ (ძეგლები, 1967: 154).
ამასთან, წმ. გიორგი მთაწმინდელმა ქართველთა და ბერძენთა თვისებები შეადარა ერთმანეთს და
პატრიარქს მოახსენა: “„წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცრად და სუბუქად გუხედავთ და
თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფიან. იყო ჟამი, რომელ ყოევლსა საბერძნეთსა შინა
მართლმადიდებლობაჲ არაჲ იპოებოდა და იოვანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას იკურთხა
ეპისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სჳნაქსარსა“ (ძეგლები, 1967: 154). წმ. გიორგი მთაწმინდელმა
აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, აღნიშნა, რომ წმ. ანდრია პირველწოდებულია ქართველთა განმანათლებელი.
ცხადია, წმ. გიორგი მთაწმინდელმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ხორციელად უფროსი ძმა პეტრე იყო,
უმცროსი – ანდრია, მაგრამ ძმათა შორის ხორციელი უფროსობა კი არ იყო მთავარი, არამედ სულიერი,
რადგან პირველი, ვინც მაცხოვარმა დაიმოწაფა, სწორედ ანდრია, პეტრეს უმცროსი ძმა, იყო და
ამიტომაც ეწოდა მას წმ. ანდრია პირველწოდებული.
ამ პოლემიკისას მთავარი ის გახლდათ, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელმა ბერძნული წყაროების
საფუძველზე დაასაბუთა ქართული ეკლესიის სამოციქულო წილხვედრილობა და მისი
მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. ყოველივე ეს გადმოცემული იყო ნიკიტა/დავით
პაფლაგონელის თხზულებაში „მიმოსლვანი წმიდისა მოციქულისა ანდრიაჲსი“. გიორგი მცირემ თავის
ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში მოგვითხრო წმ. გიორგი მთაწმინდელისა და ანტიოქიის პატრიარქის
თევდოსის შეხვედრის მიზანსა და შედეგზე. მსჯელობა შეეხებოდა ქართველთა
მართლმადიდებლობისა და ქართულ ეკლესიაში ლიტურგიის აღსრულების უფლების საკითხს,
ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლები ქართული
ეკლესიისაგან მორჩილებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ქართული ეკლესია ანტიოქიის
საპატრიარქოს უნდა დამორჩილებოდა.
წმ. გიორგი მთაწმინდელის პოლემიკამ ანტიოქიის პატრიარქთან ეჭვმიუტანლად დაასაბუთა
ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა, ათონის ქართველთა მონასტრის ერთ-ერთმა უდიდესმა
მოღვაწემ ანტიოქიის პატრიარქს დაუმტკიცა ქართული ეკლესიის საუკუნეობრივი დამოუკიდებლობა,
სამოციქულო წილხვედრილობა და მართლმადიდებლობის განუხრელი დაცვა ისე, რომ არასოდეს
მიდრეკილა რომელიმე მწვალებლური მიმდინარეობისაკენ. მოგვიანებით კი ბიზანტიის იმპერატორს
განუცხადა: „ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩუენისაჲ. და რაჟამს ერთგზის გჳცნობიეს,
არღარა მიდრეკილ ვართ არცა მარცხლ, გინა მარჯულ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს“
(ძეგლები, 1967: 178). კამათმა ანტიოქიის პატრიარქს სიმართლე ათქმევინა: „ხედავთა ბერსა ამას,
ვითარ მარტო ესოდენსა სიმრავლესა გუერევის. ვეკრძალნეთ, ნუუკუე წინააღდგომი შეგუემთხჳოს და
არა ხოლო თუ სიტყჳთ, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულებაჲ ჩუენი და დაგჳმრწემნეს და
დაგჳმრემლნეს“ (ძეგლები, 1967: 155). პატრიარქმა თევდოსიმ ამის შემდეგ შეიტყო, თუ როგორი
პატივითა და მოწიწებით ეპყრობოდა მისი წინამორბედი პატრიარქი პეტრე წმ. გიორგი მთაწმინდელს,
წმინდა ბერს, რომელიც სწავლულებით, გონიერებით, სიბრძნით იყო გამორჩეული და
სახელგანთქმული.
ეს ვრცელი ამონარიდები გიორგი მცირის „წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხორებიდან“ იმისთვის
დავიმოწმეთ, რომ გვეჩვენებინა წმ. გიორგი მთაწმინდელის შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს
ეკლესიის უფლებების დასაცავად. წმ. გიორგი მთაწმინდელსა და ანტიოქიის პატრიარქს შორის კამათი
იმასაც მოწმობს, რომ ამ დროისათვის ქართული გალობის მრავალხმიანობა საუკუნეებგამოვლილი და
კანონიკურია; წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიოქიის პატრიარქი ამას უთუოდ გამოიყენებდა წმ. გიორგი
მთაწმინდელის საბუთების წინააღმდეგ.
წმ. გიორგი მთაწმინდელის შეუპოვარი იდეურ-სარწმუნოებრივი ბრძოლა ბოროტისმოსურნეთა და
ავისმოქმედთა წინააღმდეგ ქართველი ბერის უზადო მჭევრმეტყველებისა და ქმედების შედეგად
გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ ბრძოლის შესახებ განაცხადა ივანე ჯავახიშვილმა: „გიორგი
მთაწმინდელის მარად მადიდებელი უნდა იყოს საქართველო, რომ მან ქართული ეკლესიის
დამოუკიდებლობას იმ დროისათვის შეურყეველი კანონიერი საბუთი მოუპოვა და ბერძენთა
სამღვდელოების მიმტაცებლობისაგან იხსნა“ (ჯავახიშვილი).
გიორგი მცირე მოგვითხრობს წმ. გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველურ მონაცემებზეც.
ბაგრატ მეოთხის დედა, მარიამ დედოფალი დიპლომატიური მიზნით იმყოფებოდა ბიზანტიის
საიმპერატორო კარზე; იმპერატორი თეოდორა ახალი გარდაცვლილი იყო, როდესაც მარიამ
დედოფალი შვილიშვილთან, ბაგრატ მეოთხის ასულთან, ჯერ კიდევ გოგონასთან, მცირეწლოვან
მართასთან ერთად, შემდეგში მარიამ დედოფალთან, საიმპერატორო დარბაზში შევიდა. ამ ფაქტს
შეესწრო წმ. გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც წინასწარმეტყველურად განაცხადა: „დედოფალი
განვიდა და დედოფალი შემოვიდა“, რაც ახდა კიდეც 1066 წელს, როდესაც მართა ბატონიშვილი
ბიზანტიაში ჩაიყვანეს და მომავალ იმპერატორზე, კონსტანტინე დუკაზე, დაწინდეს.
1060 წელს წმ. გიორგი მთაწმინდელი ბაგრატ მეოთხის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა
უფლისწულ გიორგის აღსაზრდელად და გასაწვრთნელად, საეკლესიო საქმეების განსამართად და
ხუთი წელი დარჩა. პირველი ზამთარი ჭყონდიდის ეპარქიაში გაატარა, ბაგრატი მას ამ ეპარქიის
საეპისკოპოსო კათედრასაც სთავაზობდა, მაგრამ გიორგიმ უარი განაცხადა. მომდევნო ზამთრები
ნეძვსა და შატბერდში გაატარა. წმ. გიორგი მთაწმინდელი შეეცადა ქართული ეკლესიის საქმეთა
მოწესრიგებას და ბევრი რამ მოაწესრიგა კიდეც. მისი ინიციატივით ეკლესიაში უარყოფილ იქნა
წოდებრივი უპირატესობა მაღალ სასულიერო იერარქიულ საფეხურზე დანიშვნა-არჩევისა და
უპირველესი მნიშვნელობა მიენიჭა პიროვნულ ღირსებებსა და განათლებას. თუმცა, ამ პრინციპის
გატარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან კორუფცია თვით მეფემდე მიდიოდა. საქართველოში
შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური და საომარი მდგომარეობის გამო გიორგიმ ათონზე დაბრუნება
გადაწყვიტა. ამას მიწისძვრაც დაერთო, რის შემდეგაც 1065 წელს წმ. გიორგი მთაწმინდელი
ათონისაკენ გაეშურა და თან წაიყვანა 80 ობოლი ბავშვი, რომელთა აღზრდასაც ფიქრობდა ათონის
მონასტერში, რათა მონასტერი განემტკიცებინა და ქართველი წმინდა მამები მოემრავლებინა. გიორგი
მცირე მოგვითხრობს, რომ სატახტო ქალაქში წმ. გიორგი მთაწმინდელმა ბავშვები ბიზანტიის
იმპერატორს წარუდგინა და საგანგებოდ მის საამებლად შეასრულებინა გალობა ქართულად და
ბერძნულად. მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ეს ეპიზოდი წარმოაჩენს წმ. გიორგი მთაწმინდელის
ზრუნვას ქართველი ობოლი ბავშვების მიმართ და მოწმობს იმპერატორის წინაშე ათონის მონასტერზე
ზრუნვისას დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობასაც.
1065 წლის 12 ივლისს, მოციქულთა წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ხსენების დღეს, კონსტანტინეპოლში
მყოფი წმ. გიორგი მთაწმინდელი მოულოდნელად გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. მყისვე გავრცელდა
ეს სამწუხარო ამბავი, რომელმაც ქართველებიცა და ბერძნებიც ძალზე შეაწუხა. წმ. გიორგი
მთაწმინდელის ნეშტი გადაასვენეს ათონის მთაზე, ივირონის მონასტერში და ორმოცი დღის შემდეგ
დაკრძალეს წმ. იოანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდელების გვერდით. იგი მალევე შეირაცხა წმინდანად,
მის შესახებ დაიწერა ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები. წმ. გიორგი მთაწმინდელის
ხსენების დღედ დაწესდა ....
წმ. გიორგი მთაწმინდელის სამწერლო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო მოღვაწეობამ ღრმა კვალი
დაამჩნია ქართულ მწერლობას, ქართული ეკლესიის სტატუსის განმტკიცებასა და საღვთისმსახურო
პრაქტიკას. მან დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას როგორც
ათონზე, ისე საქართველოში. ათონზე წმ. გიორგი მთაწმინდელმა განამტკიცა წმ. ეფთვიმე
მთაწმინდელის მოღვაწეობის შემდგომ შერყეული მდგომარეობა, კონტაქტები დაამყარა ბიზანტიის
საიმპერატორო კართან, რითაც ათონის ქართველთა მონასტერს იმპერატორის ოქრობეჭდით
განმტკიცებული დახმარება მოუპოვა; მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოს მეფესთან, ბაგრატ
მეოთხესთან. ათონზე მან შეაკეთა ქართული მონასტრები, აღნუსხა და შექმნა ქართული სამონასტრო
ცხოვრების ისტორია, რითაც ქართველთა შთამომავლობას შემოუნახა უძვირფასესი ცნობები
ქართველთა იდეოლოგირ-პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო ვითარების,
სიძლიერის შესახებ.
საღვთისმეტყველო-ლიტერატურული მოღვაწეობა. წმ. გიორგი მთაწმინდელის ლიტერატურული
და საღვთისმეტყველო მოღვაწეობა ორი მიმართულებით წარიმართა: 1. ორიგინალურ თხზულებათა
შექმნით და 2. მთარგმნელობითი საქმიანობით, რითაც ღრმა კვალი დაამჩნია ქართულ მწერლობასა და
ქართული ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკას.
წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიული თხზულების თემა, სათაური, მიზანი. წმ. გიორგი
მთაწმინდელის ორიგინალური მემკვიდრეობიდან უმნიშვნელოვანესია ჰაგიოგრაფიული თხზულება
„ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მოქალაქობისა
მათისაჲ, აღწერილი გლახაკისა გეორგის მიერ ხუცესმონაზონისა“, რომელიც მწერალმა
დეკანოზობისას, 1042-1044 წლებში დაწერა და მოგვითხრობს მამა-შვილის, წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე
მთაწმინდელების ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მათ მიერ იოვანე-თორნიკესთან ერთად
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მონასტრის აგების შესახებ, მონასტრისა, რომლის „მსგავსი
არა იპოებოდა“ (ძეგლები, 1967: ), აგრეთვე, ათონზე ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული
ცენტრის დაარსების შესახებ; თხზულება აჩვენებს სახელმწიფოებრივი გაერთიანების მოლოდინში
მყოფი საქართველოს, უფრო სამხრეთ საქართველოს, ტაო-კლარჯეთის, პოლიტიკურ სიძლიერეს X
საუკუნის ბოლო მეოთხედში, როდესაც გაჭირვებაში ჩავარდნილ ბიზანტიის უზარმაზარ იმპერიას
ქართველები ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარნენ. სახისმეტყველებითად
დატვირთული ეს თხზულება ქართულ ჰაგიოგრაფიაში დამკვიდრებულ ტრადიციას მისდევს,
მწერალი პერსონაჟებს „ცხორებათა“ ჟანრის ტრადიციათა კვალობაზე წარმოაჩენს და თითოეულს
ინდივიდუალური თვისებების მქონედ გვიჩვენებს.
თხზულების სათაური მრავალმხრივად იქცევს ყურადღებას, იგი ძალიან ტევადი და ღრმა
შინაარსის მომცველია. მასში აქცენტი რამდენიმე ფაქტზეა გამახვილებული. უწინარეს ყოვლისა,
სათაურშივეა მოცემული ცნობა ავტორის ვინაობის შესახებ, რომელმაც აღწერა წმინდა მამათა
ცხოვრება და ღვაწლი, ესაა „გლახაკი გეორგი ხუცესმონაზონი“. მნიშვნელოვანია ორი სიტყვა-
მინიშნება, „ცხორებაჲ და უწყებაჲ“, რაც გულისხმობს ნეტარ მამათა ცხოვრების, ღვაწლის შესახებ
მკითხველთა დაუწყებას, იმ წმინდა მამებისა, რომელთაც „ღირსი მოქალაქობით“ განვლეს
წუთისოფელი. სათაურში ორი პიროვნების ხსენება, კერძოდ „ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და
ეფთჳმესი“ ჩვეულებრივი მითითება არაა, რადგან წმ. გიორგი მთაწმინდელი ამ ორ პიროვნებას
ერთიანად, მთლიანობაში ჭვრეტს. მან ერთიან თხზულებად დაწერა წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს
„ცხორება“, რადგან ამ ორი მოღვაწის ღვაწლი ერთი მთლიანობა იყო. ამიტომ როგორც წმ.
იოვანესაგანაა განუყოფელი წმ. ეფთვიმე, ასევეა წმ. ეფთვიმესაგან განუყოფელი წმ. გიორგი
მთაწმინდელი, რომლის ჰაგიოგრაფიული თხზულების სათაური ასე ერთიანობაში და მთლიანობაში
წარმოგვიდგენს სამ დიდ მოღვაწეს, როგორც სამ მბრწყინავ მნათობს.
უკვე აღვნიშნეთ, რომ თხზულება მოთავსებულია „ათონის კრებულში“ (A-558), რომელიც, ე.
მეტრეველის აზრით, ივირონის დამაარსებელთა სამახსოვროდაა შედგენილი (მეტრეველი, 1996). იგი
გვიანდელი ხელნაწერებითაცაა ცნობილი. წმ. გიორგი მთაწმინდელმა თხზულების შესავალშივე
გვამცნო თავისი შეხედულება სოფლის წესის შესახებ: „ხოლო ვინაჲთგან სიგრძე ჟამთაჲ ყოველსავე
დავიწყებად მოიღებს,... რაჲთა წიგნთაცა შინა აღიწერნენ საღმრთონი იგი და ყოლად შუენიერნი
საქმენი სოფლის-შესაქმისანი და საუფლონი იგი მცნებანი“ (ძეგლები, 1967: 39). წმ. გიორგი
მთაწმინდელის მიერ თხზულების დაწერის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბერძნები ცდილობდნენ
ქართველებისათვის მონასტრის წართმევას, ქართველთა სახელის წარხოცვას და ბერძენთა
გაბატონებას, რისთვისაც მონასტრის დაარსებისა და თანდათანობითი განვითარების ისტორიის
ცოდნა იყო აუცილებელი. წმ. გიორგი მთაწმინდელის სიტყვით, წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე „არარაჲთ
უნაკლულო იყუნეს პირველგამოჩინებულთა წმიდათასა“ (ძეგლები, 1967: 40), „რომელთა სახელები
აღწერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა. რომელთა მეოხებითა ჩუენცა გლახაკნი ესე ღირს გუყვენინ
უფალმან მობაძავ ყოფად სათნოებათა მათთა და ნაწილსა მას მარჯუენეთასა მიმთხუევად“ (ძეგლები,
1967: 38). ათონზე მოღვაწე ქართველებს უნდა დაესაბუთებინათ, ყველასთვის გაეხსენებინათ და
არავისთვის დაევიწყებინათ თავიანთი კანონიერი უფლებები ათონის ქართველთა მონასტერზე, წმ.
გიორგი მთაწმინდელის სიტყვით, „რაჲთა ესევითარი ბოროტი, რომელი მოაწიეს ჩუენ ზედა
ბერძენთა, არა დავიწყებულ იქმნას“ (ძეგლები, 1967: 94). კ. კეკელიძის შეფასებით, გიორგიმ ეს
ნაწარმოები დაწერა „შემდეგი თაობისათვის, რომელსაც ის მისაბაძად ექნებოდა მუდამ. ამ
შემთხვევაში ის ერთგვარ ზნეობრივ ვალსაც იხდიდა დიდებულ მოღვაწეთა წინაშე მათი მოქმედებისა
და თავგადასავლის აღწერით“ (კეკელიძე, 1960: 231). ქართველებს დაწვრილებით უნდა სცოდნოდათ
მონასტრის დაფუძნებისა და აღმშენებლობის ისტორია, მის დამაარსებელთა ღვაწლი ქართველთა და
ბერძენთა წინაშე, რათა ყველას ყოველთვის ხსომებოდა, რომ მონასტრის მფლობელნი ქართველები
იყვნენ. წმ. გიორგი მთაწმინდელის თხზულებასთან ერთად ამ თვალსაზრისით უაღრესად
მნიშვნელოვანია ათონის მონასტრის სააღაპე წიგნი და ივირონის მონასტრის აქტები, რომელთაც
საქართველოს ისტორიის, ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის
შესასწავლად ისტორიული ღირებულება აქვთ.
წმ. იოვანე მთაწმინდელი. წმ. გიორგი მთაწმინდელის თხზულების მთავარი მიზანი ათონელ
წმინდა მამათა, მამა-შვილისა და მათ თანამოღვაწეთა შრომისა და დამსახურების ასახვაა; მათ შორის
განსაკუთრებული ადგილი წმ. იოვანე მთაწმინდელს უჭირავს, რომელსაც ავტორს იმთავითვე
წმინდანის სახით შემოჰყავს და წმინდანისათვის დამახასიათებელი თვისებებით ამკობს. საზოგადოდ,
ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებათა სასულიერო-საეკლესიო მოღვაწეები მხოლოდ
ზოგადწმინდანური თვისებებით გამოირჩევიან, მათში ინდივიდუალური ძალიან მცირედ
წარმოჩნდება, რის გამოც წმინდანები ერთმანეთისაგან არც განსხვავდებიან, მსგავს ხატ-სახეთა
მქონენი არიან. მათი ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშნები მათ ნაღვაწშია, რა წვლილი მიუძღვით
მწერლობის განვითარებაში, როგორია მათი საღვთისმეტყველო-ლიტერატურული მემკვიდრეობა, რა
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები გამოიყენა თითოეულის ინდივიდუალური
სახის წარმოსაჩენად. სწორედ ამგვარ მახასიათებელთა ერთიანობა ქმნის ჰაგიოგრაფიული
თხზულების სახისმეტყველებას, რაც მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისითაც გამოარჩევს და
ლიტერატურულ თხზულებად აყალიბებს.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა სახისმეტყველებითად წარმოსახა წმ. იოვანე მთაწმინდელი, რომელიც
ქრისტიან პირველ წმინდანთა გავლილ გზას გადის. ავტორისეულ დახასიათებაში წმ. იოვანე
მთაწმინდელი წარმოჩენილია წმინდანის ზოგადქრისტიანული ზნეობრივი თვისებებით, რომლითაც
ჰაგიოგრაფიის იდეალური გმირია შემკული. მისი გარეგნული და შინაგანი თვისებები შეზავებულია
და იგი, მისი შვილის, წმ. ეფთვიმეს მსგავსად, უთუოდ მოგვაგონებს წმ. გრიგოლ ხანცთელის ფრესკის
დარად წარმოსახულ წმინდანის სახეს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ წმინდანის
ამგვარად წარმოჩენა ჰაგიოგრაფიის სპეციფიკა და შუასაუკუნეობრივი სახისმეტყველების
მახასიათებელია. თავის მხრივ, ეს ქმნის პერსონაჟის ესთეტური ხედვის საფუძველსაც.
იოვანესა და ეფთვიმეს ერთიანობაზე
წმ. იოვანე მთაწმინდელის საერო ცხოვრებისა და სასულიერო-ბერული ღვაწლის შესახებ ზემოთ
ვისაუბრეთ. აქ საინტერესოა ჰაგიოგრაფიული გმირის ხატ-სახის ჩვენება და მის იდეალურ გმირად
წარმოსახვის სახისმეტყველებითი საშუალებები. წუთისოფლურ ინტერესებს, კაცთა ყოფისათვის
დამახასიათებელ შფოთს განრიდებულ წმ. იოვანეს მარტოობა და სულიერი სიმშვიდის მოპოვება
სწადდა, რაც საკამოდ ძნელად მოსაპოვებელი აღმოჩნდა. ყოველგვარ შეურაცხ და უმნიშვნელო
მსახურებას სიმდაბლით აღასრულებდა. მაგრამ წუთისოფლის ორომტრიალმა მონასტერშიც შეაღწია,
რაც შვილის გამძევლებასა და შემდეგ კი მცირეწლოვანი ეფთვიმეს ავადმყოფობას უკავშირდებოდა.
შვილის მომავალმა, რომელიც მძევლობაში ელოდა, შეაძრწუნა, ააფორიაქა, აღაშფოთა მამა, შინაგანი
მღელვარება დაეუფლა და სულიერად შეძრა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობით წმ. იოვანემ
ეს განსაცდელი გადაიტანა. შვილთასხმის მადლით გამორჩეულმა იოვანემ, როგორც მშობელმა,
შვილის ხორციელ და სულიერ მომავალზე შესაფერისად იზრუნა; წმ. ეფთვიმეც, როგორც მშობლის
დამფასებელი და მასზე მზრუნველი შვილი, მამის ლოგინად ჩავარდნის შემდეგ თავად უვლიდა მას
და ტკივილებს უმსუბუქებდა. მამა-შვილის ამგვარი ურთიერთობა, სიყვარული და
ურთიერთმზრუნველობა თხზულებაში იშვიათი სიფაქიზითა და სისადავითაა გადმოცემული, რაც
ევანგელური მადლმოსილებითა და მშობლის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობითაა შტაგონებული.
ესაა ევანგელური ჰიპოდიგმა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა თავის ხორციელ დედაზე -
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე იზრუნა და იგი წმ. იოანე მახარებელს ჩააბარა: „ხოლო იესუ ვითარცა
იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა:
დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი
მოწაფემან მან თჳსთა თანა“ (იოვანე, 19, 26-27).
მამა-შვილის სახეებში ევანგელური ჰიპოდიგმურ-პარადიგმული ხატმეტყველება იკითხება:
როგორც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის წინაპირობები მოამზადა იოანე ნათლისმცემელმა, ისე
მოამზადა წმ. იოვანე მთაწმინდელმა წმ. ეფთვიმე ქართველი ერის მომავალი სულიერ-
საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. გავიმეორებთ ზემოთ დამოწმებულ წმ. იოვანეს სიტყვებს:
„ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ,
რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღვთისაგან“
(ძეგლები, 1967: 61), რომლებიც ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული ადამიანის, ღირსეული
მამულიშვილის წარმოთქმულია, რომელმაც იცის, რა სჭირდება მის ქვეყანას. მამამ წმ. ეფთვიმეს
მიზნად დაუსახა ერის განათლება და სულიერი აღზრდა, წმ. ეფრემ მცირის სიტყვის კვალობაზე, მისი
სულიერი სიჩვილის პერიოდში. მისი საბერო სახელი „იოვანე“ ღვთის მადლს ნიშნავს და, მართლაც,
მისი საქმიანობა ულუმბოზეც და ათონზეც ღვთის მადლით განათდა. იოვანეს სახელის სიმბოლიკა
იმაშიც იკითხება, რომ პირველი ქართული ეკლესია ათონის მთაზე წმ. იოანე მახარებლის სახელზე
ააშენეს (გადმოცემით, ზღვის ღელვისას ათონზე მოხვდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და იოანე
მახარებელი, როგორც ჩანს, ამან განაპირობა მის სახელზე ქართველთა მიერ ათონზე პირველი
მონასტრის აშენება), ხოლო შემდეგ იოვანე-თორნიკეს ქტიტორობით „ადგილსა შუენიერსა შუა
მთაწმიდისა“ (ძეგლები, 1967: ) აღაშენეს ორი მონასტერი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და იოანე
ნათლისმცემლისა.
ავტორს წმ. იოვანე მთაწმინდელი აბრაჰამთან ჰყავს შედარებული, რითაც მინიშნებულია, რომ
იოვანეს უდიდესი სულიერი მისია აკისრია: აბრაჰამ მრავალთა მამაა, წმ. იოვანე მრავალ წმინდა
მამათა სულიერი მშობელი უნდა გახდეს, გაამრავლოს წმინდა მამები ათონის მთაზე, უცხოობაში,
მწირობასა და სიგლახაკით ცხოვრებაში შეძლოს ქართველი ერის სულიერ აღორძინებაზე ზრუნვა,
რისთვისაც ღმერთმა, ვითარცა აბრაჰამს ისააკი, ყოვლად სანატრელი და სათნოებით გამორჩეული
შვილი, მომავალი წმინდანი ეფთვიმე მიანიჭა. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი, ამისთვის
აუცილებელი იყო დიდი ლავრის შექმნა და ჩამოყალიბება, რათა ქართულ ენაზე გადმოთარგმნილიყო
მთელი ის უმდიდრესი სასულიერო-საღვთისმეტყველო ლიტერატურა, რომელიც ბერძნულად
არსებობდა და ქართული მწერლობა, კულტურა გამდიდრებულიყო; ყოველივე ამაში უდიდესი
წვლილი წმ. იოვანე მთაწმინდელსა და მის ნათესავს, „თვისს“, იოვანე-თორნიკეს მიუძღვით.
წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის ხატ-სახე. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის სახე ჰაგიოგრაფმა იმთავითვე
ადამიანური და ღვთაებრივი თვისებების შეზავებად წარმოსახა, რადგან იგი ბავშვობიდანვე საღვთო
გზაზე მავალ პიროვნებად იყო მოწოდებული, რასაც მოწმობს ის, თუ როგორი სულიერი გამოცდისა
და სულიერი ცხოვრების გზა განვლო წმინდანმა, როგორ შეძლო მკაცრი, ბერ-მონაზონთა სულიერ
სამყაროზე ორიენტირებული ტიპიკონის შექმნა და მისი საეკლესიო-ლიტურგიულ პრაქტიკაში
დამკვიდრება, ყოველივე ამის პარალელურად კი იმ სამწერლო-მთარგმნელობითი საქმიანობის
წარმართვა, რომლისთვისაც ჩანს ღვთისგან მოვლენილი.
იმ ძირითადი ამბის შესახებ, რასაც წმ. გიორგი მთაწმინდელის თხზულება გადმოგვცემს, ზემოთ წმ.
ეფთვიმე მთაწმინდელის მოღვაწეობის განხილვისას ისტორიული თვალსაზრისით უკვე ვისაუბრეთ,
მაგრამ თხზულებას ისტორიულთან ერთად ლიტერატურული ღირებულება აქვს და ამ კუთხითაა
განსახილველი, რათა სრულყოფილად გამოვლინდეს წმ. გიორგი მთაწმინდელის, როგორც მწერლის,
ღირსება, ნიჭი, ლიტერატურული შესაძლებლობები, მხატვრული სამყარო. წმ. გიორგი მთაწმინდელის
„ცხორებაჲ და უწყებაჲ“ უაღრესად მნიშვნელოვანია სახისმეტყველებითად, მასში მთავარი
პერსონაჟები ჰაგიოგრაფიული გმირის შესაფერისად აისახებიან. წმ. ეფთვიმე წმინდანის ზოგადი
სახითაა წარმოჩენილი ისე, როგორც წმ. გრიგოლ ხანცთელის ხატ-სახე აისახა გიორგი მერჩულის მიერ:
„იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ევთჳმი სახითა მყუდრო და გონებითა წრფელ და მდაბალ და სულითა
განათლებულ და წმიდა და გუამითა ძლიერ საღმრთოთა შინა საქმეთა და მოღუაწებათა და ჰასაკითა
წესიერ“ (ძეგლები, 1967: 88). წმ. ეფთვიმეს სახე არის „ვითარცა სუეტი შეურყეველი“, ხოლო „პირი და
თუალნი მისნი იყვნიან ქუეყანად მიმართ მხედველ“ (ძეგლები, 1967: 88), რაც მის
ყოვლისმხილველობას, ყოვლისმჭვრეტელობას მოწმობს. წმ. ეფთვიმეს მონუმენტური ხატ-სახე
წმინდანისათვის დამახასიათებელი იდეალური თვისებებითაა შემკული, ამაღლებულისა და
მშვენიერის შერწყმით სრულყოფილ სახედაა ნაჩვენები წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ, რომელმაც
ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარეგნულ სიმბოლოსა და შინაგან თვისებაზე. ესენია: გარეგან
სხვათა თვალთა დასანახად წმ. ეფთვიმეს სამოსელი და ჯაჭვი; შინაგანი ბუნება უბიწოების
სათნოებით განსაზღვრული; მთარგმნელობითი საქმიანობა კი ქართველთა განმანათლებელად
მოვლინების საფუძველი: „სამოსლად მისა ძაძაჲ და ძაძისა მის ზედა ჯაჭჳ მძიმჱ. და რომელიცა ვინ
სათნოებაჲ გამოიძიოს, მის თანა პოოს მის მიერ აღსრულებულად კეთილად და შუენიერად. ხოლო
სიწმიდე და ქალწულებაჲ შეუხებელი დაემარხა, ვითარცა ანგელოზსა ღმრთისასა და ცათა შინა
მყოფსა. ხოლო თარგმანებაჲ წიგნთაჲ აქუნდა ნამეტნავად ყოველთა სათნოებათა და გჳრგჳნად და
განმანათლებელად ნათესავისა ჩუენისა“ (ძეგლები, 1967: 88). სამოსლად ძაძებისა და მძიმე ჯაჭვის
ტარება ღვთაებრივი ნათლით მოსავს წმ. ეფთვიმეს სახეს, ვითარცა წმინდანისა. სიწმინდე, შეუხებელი
ქალწულება, უბიწოება ამშვენებს მას, „ვითარცა ანგელოზსა ღმრთისასა და ცათა შინა მყოფსა“
(ძეგლები, 1967: 88). ყოველი სათნოების გვირგვინი კი მისი სამწერლო და მთარგმნელობითი
საქმიანობა იყო, რითაც ჩვენს ქვეყანას განმანათლებლად მოევლინა. სწორედ ამ თვისებათა გამო
მიემსგავსა წმ. ეფთვიმე ღვთის ანგელოზს, რაც წმინდანის ღვთივსულიერი ხატ-სახის
სრულყოფილების მაუწყებელია. წმ. ეფთვიმეს ტაძარში დგომა, ათონის მონასტერში მისი ყოფნა და
ღვაწლი, „ვითარცა სუეტისა შეურყეველისა“, წმინდანის სახის პავლე მოციქულისეული სისავსისა და
სისრულის გამოხატულებაა: „ვითარ ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ
ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (I ტიმ. 3, 15). ამავე დროს, იგი ბერ-
მონაზონთა სულიერი სიმტკიცის გარანტად გვევლინება, რაც არაერთგზის გვხვდება თხზულებაში.
წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდელების ღვაწლი და დამსახურება თხზულების სათაურშივეა
განსაზღვრული. მასში ყურადღებას იქცევს ჰაგიოგრაფიისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ცნება:
„ცხორებაჲ“ და „უწყებაჲ“, „ღირსი“ და „მოქალაქობაჲ“, რომელთა სახისმეტყველებითი და
საღვთისმეტყველო საზრისი წმინდანი მამა-შვილის მისაბაძ სახეებს წარმოაჩენს. წმ. გიორგი
მთაწმინდელი სათაურიდანვე გვამცნობს თავისი ჰაგიოგრაფიული თხზულების მთავარ
მიზანდასახულობას: აღწეროს ნეტარ მამათა, წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს ცხოვრება და მკითხველს
აუწყოს მათი ღირსად მოქალაქობა. თხზულების შესავალში განსაზღვრულია ათონელ ქართველ
წმინდა მამათა მოღვაწეობის მნიშვნელობა და ასახულია ავტორის მიმართება ნაწარმოებში
გადმოცემული ამბებისადმი, რაც წმ. გიორგი მთაწმინდელის ლიტერატურულ-ესთეტიკური
თვალთახედვის მასშტაბებს მოწმობს. მასში აღწერილია „ყოვლად შუენიერნი საქმენი სოფლის-
შესაქმისანი და საუფლონი იგი მცნებანი და ბრძანებანი მისნი“ „სარგებელ კაცთა ნათესავისა“,
„რომელთაცა ჰნებავს შესლვაჲ ცხორებასა საუკუნესა“ (ძეგლები, 1967: 39).
სახარებათა სწავლების მსგავსად გვამცნობს ჰაგიოგრაფიული თხზულების ავტორი წმ. იოვანე
მთაწმინდელის ვინაობასა და საქმიანობას: „ესე ნეტარი მამაჲ ჩუენი იოვანე იყო ნათესავით ქართველი,
მშობელთა და პაპაჲთგან დიდებული და წარჩინებული და საჩინოჲ მთავართა შორის დავით
კურაპალატისათა, მხნე და ახოვანი და განთქმული წყობათა შინა, მაღალი და შუენიერი ჰასაკითა და
აგებულებითა გუამისაჲთა და ბრძენი და გონიერი გონებითა და გულისჴმისყოფითა, და სავსე შიშითა
ღმრთისაჲთა და ყოვლითავე კეთილისა საქმითა, და ფრიად საყუარელი და საკუთარი კეთილად
ხსენებულისა დავით კურაპალატისაჲ“ (ძეგლები, 1967: 42). წმ. გიორგი მთაწმინდელისეულ
დახასიათებაში წმ. იოვანე მთაწმინდელი შემკულია წმინდანის იმ თვისებებით, რომლითაც
ჰაგიოგრაფიის იდეალური გმირი უნდა იყოს ასახული. ესაა მწერლის მიერ წმინდანის გარეგნობასა და
სულიერობაზე მსჯელობა, წმინდანის გარეგნული და შინაგანი თვისებები შეზავებულია და უთუოდ
მოგვაგონებს წმ. გრიგოლ ხანცთელის ფრესკის დარად წარმოსახულ სახეს, რაც კიდევ ერთხელ
გვაფიქრებინებს იმას, რომ წმინდანის ამგვარად წარმოჩენა ჰაგიოგრაფიის სპეციფიკა და
შუასაუკუნეობრივი სახისმეტყველების არსი და თვისებაა. თავის მხრივ, ეს ქმნის პერსონაჟის
ესთეტური ხედვის საფუძველს, რადგან წმინდანთა სახეებში გაუთიშავადაა მოცემული რელიგიური,
ზნეობრივ-ეთიკური და მხატვრული ფენომენი, ისინი ერთობლივად წარმოიდგინება, ოღონდ
რელიგიურის დომინირება სრულიად ნათელია. თხზულებას მამა-შვილის ჰაგიოგრაფიული ხატ-სახე
წარმართავს.
წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ორი ძირითადი მიმართულება
შეინიშნება: 1. კონკრეტული, რომლის მიზანია ეროვნულის, ქართული ფენომენის, ქართული
კულტურის ინტერესებისა და საქართველოს სახელმწიფოს სულიერ-ინტელექტუალური
მოთხოვნების ჩვენება, რითაც იგი წინარელიტერატურულ ტრადიციებს აგრძელებს, კერძოდ, იოვანე
საბანისძისა და გიორგი მერჩულის თხზულებებში დასახულ იდეას ქართველი ერის სულიერი მისიის
შესახებ; 2. ზოგადი, რაც დაგვაფიქრებს მსოფლიო კულტურულ სამყაროში ქართველი ერის ადგილის,
ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს სხვა ქვეყნებსა და ერებთან მიმართების თაობაზე;
აქაც მწერალი-ჰაგიოგრაფი წინარელიტერატურულ ტრადიციათა ღირსეული მემკვიდრეა. სამეცნიერო
ლიტერატურაში აღნიშნულია (ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ლ. მენაბდე, ე. მეტრეველი და სხვ.), რომ
ათონის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლა ტაო-კლარჯეთის სკოლის ტრადიციათა
გამგრძელებელია. ათონის სკოლის მოღვაწეობის სამზადისი ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო; თავის
მხრივ, მთელი წინარელიტერატურული მიღწევები და ტრადიციები გაითვალისწინა, რომლებიც
შემუშავდა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე და საზღვარგარეთ არსებულ ქართულ
საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ ცენტრებში.
საყურადღებოა წმ. გიორგი მთაწმინდელის ნაწარმოების კომპოზიციური აგებულება, რადგან იგი
კიდეც მისდევს სხვა ლიტერატურული ჟანრის თხზულებათა კომპოზიციურ ხაზს და კიდეც
განსხვავდება მათგან. საზოგადოდ, ჰაგიოგრაფიული თხზულების კომპოზიციის შესწავლას საკმაოდ
დიდი ისტორია აქვს და ამ თვალსაზრისით ძირითადად ევანგელურ თხზულებებთან მიმართებით
შეისწავლება, რადგან ჰაგიოგრაფიული თხზულების წინასახედ კომპოზიციურადაც სახარება
გვევლინება. რევაზ სირაძის სიტყვით, „ცხორებაჲ იოვანესი და ეფთვიმესი“ კომპოზიციურად
„ცენტრალურ-ციკლურია“, რომლისთვისაც „დამახასიათებელია არა ერთიანი, დროში უწყვეტი
თხრობა, არამედ წმინდანის თავგადასავლის გადმოცემა მრავალი ცალკეული ეპიზოდით. ესა ჰგავს იმ
ხატებს, რომელთა ცენტრში წმინდანია, ხოლო ირგვლივ მისი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები“
(სირაძე, 1987: 168). მეცნიერის ეს შეხედულება მთელ ჰაგიოგრაფიაზე შეიძლება გავრცელდეს, რადგან
ამგვარი „ცენტრალურ-ციკლური“ კომპოზიცია სხვა თხზულებებშიც შეინიშნება. წმ. გიორგი
მთაწმინდელის თხზულების ცენტრალური პერსონაჟები მამა-შვილი წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე
მთაწმინდელები არიან, ხოლო იოვანე-თორნიკე, არსენი ნინოწმინდელი, იოვანე გრძელისძე და სხვანი
მათ ირგვლივ ლაგდებიან. თუმცა, სხვა ბერ-მონაზონთაგან გამოირჩევა წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს
„თვისი“ იოვანე-თორნიკე, ჩორდვანელის ჩამომავალი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული
მისია და მხატვრული ღირებულება აკისრია.
მართალია, წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიული თხზულების უმთავრესი პერსონაჟები
მამა-შვილი წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდელები არიან, მაგრამ განსაკუთრებული მისია მაინც
წმ. ეფთვიმეს ეკისრება თავისი მთარგმნელობითი მოღვაწეობისა და პრაქტიკული საქმიანობის გამო.
თხზულებაში წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის რამდენიმე პიროვნული ღირსებაა განსაზღვრული: 1.
რევაზ სირაძის აზრით, იგი განმანათლებელია, რითაც, ფაქტობრივად, მოციქულებრივი მისია აქვს
დაკისრებული (სირაძე, 1987: 182); 2. ქართველია, რაც მას ავალდებულებს ქართული სამოციქულო
ეკლესიის ღირსეულად მსახურებას, ქართველი ერის სულიერი და ინტელექტუალური დონის
ამაღლებას; 3. ახალი ოქროპირია, რომელმაც „განანათლა ქართველთა ენაჲ და ქუეყანაჲ“; აგრეთვე, მან
ქართულიდან ბერძნულად თარგმნა „ბალაჰვარი“ და „აბუკურა“. ავტორის მიერ წმ. ეფთვიმე
შედარებულია იმ პირველ მთარგმნელებთან, რომლებმაც ბიბლიური წიგნები ქართულად თარგმნეს,
წმ. ეფთვიმესა და ბიბლიის პირველმთარგმნელთა ღვაწლი გათანაბრებულია. მამამ ადრევე შენიშნა
შვილის ღვთივმიმადლებული ნიჭი და ურჩია: „შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან
არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ
იღვაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“ (ძეგლები, 1967: 61), რითაც უდიდესი
ეროვნულ-საგანმანათლებლო და ერის სულიერ-ინტელექტუალური აღზრდის მისია დააკისრა.
ევანგელური სიბრძნითაა მოტივირებული წმ. ეფთვიმეს მიერ „ღმრთის სასყიდელის განმრავლება“.
თავის მხრივ, წმ. გიორგი მთაწმინდელმა წმ. ეფთვიმეს დამსახურებას მთარგმნელობით საქმიანობაში
უმაღლესი შეფასება მისცა: „ყოველნივე განაკვირვნა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი, გარეშე მათ
პირველთასა, არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩვენსა და, ვჰგონებ, არცაღა გამოჩინებად არს“ (ძეგლები,
1967: 61). ბასილი მთაწმინდელმა წმ. ეფთვიმე თავის საგალობლებში „ახალ მოციქულად“ მოიხსენია
და პავლე მოციქულის აპოსტოლური სახისმეტყველების კვალობაზე „სვეტი და სიმტკიცე“ უწოდა.
გარეგნულად ისევეა დახასიათებული, როგორც ჩვეულებრივ სხვა წმინდა მამები. ესაა წმ. ეფთვიმეს
სახის იდეალად წარმოჩენა თხზულებაში, რაც მის სახეს ესთეტურად აღგვაქმევინებს. არც ერთი
გარეგნული ნიშანი წმინდანის რეალურ გარეგნობას არ მიუთითებს, არ წარმოაჩენს, რადგან წმინდანის
ღირსებას მისი გარეგნობა არ განსაზღვრავს, მთავარი მისი სულიერი სამყაროა, შინაგანი ბუნება და
თვისებებია.
წმ. ეფთვიმე ღვთის რჩეულია, ვინაიდან მასზე გადადის მადლი ღვთისა, რომელიც ამ ერთ
პიროვნებას აკისრებს თითქმის მთელი მონასტრის ბერ-მონაზვნების აღსასრულებელ საქმეს. მისი
რჩეულობა არაერთგზისაა ნაჩვენები თხზულებაში. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ წმ.
ეფთვიმეს ბავშვობა, როდესაც ბიზანტიის საიმპერატორო კარზე გამძევლებული მცირეწლოვანი
ბავშვი ღვთის ნებით მამამ, წმ. იოვანე მთაწმინდელმა, გამოიხსნა და ჯერ ულუმბოს მთაზე, შემდეგ
ათონზე წაიყვანა, გაწვრთნა, განსწავლა ქართულ და ბერძნულ ენებზე. აქედან დაიწყო მისი მზადება
ახალი ოქროპირობისათვის. ეს წმ. ეფთვიმეზე ღვთის მადლის გარდამოსვლა იყო. მეორე შემთხვევა
წინასწარმეტყველური და ცხოვრების გზის განმსაზღვრელია. ზემოთ დავიმოწმეთ მამასთან ერთად
ოლიმპოზე მყოფი ყრმა ეფთვიმეს მოულოდნელი ავადმყოფობის ეპიზოდი. ჰაგიოგრაფი
მოგვითხრობს, თუ როგორ წაერთვა ხმა და სიტყვის თქმის ძალაც გამოეცალა. იმედგადაწურულ მამას
მღვდლის მიყვანა და შვილის ზიარებაღა დარჩენოდა, მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს
შეავედრა ავადმყოფი, თითქმის მომაკვდავი შვილი, რომელიც სენაკში მობრუნებულს ლოგინში
წამომჯდარი, გამომჯობინებული დაუხვდა. ეფთვიმემ უამბო იმ ხილვის შესახებ, რომელმაც
განსაზღვრა მისი მომავალი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათქვამი: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა,
აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი“ (ძეგლები, 1967: 61), მხოლოდ ქართულად
თავისუფლად მეტყველების მიმანიშნებელი არაა, მას ღრმა სიმბოლური შინაარსი ენიჭება.
ღვთისმშობლის მეოხებით ღმერთმა წმ. ეფთვიმეს სულიერი თვალი და ხედვა მიანიჭა, ღვთის სიტყვა,
ღვთაებრივი ენა მიჰმადლა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წმ. ეფთვიმეს მომავალში გასავლელი გზის
მიმთითებელია. რ. სირაძემ ამ თვალსაზრისით იგი შეადარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ოდიგიტრიის ხატს. მისი სიტყვით, აქ „წარმოდგენილია შუასაუკუნეობრივი ოდიგიტრიის (გზის
მაჩვენებელი ღვთისმშობლის) მსგავსი სურათი. ოდიგიტრიის კომპოზიციებს თავიანთი შინაარსი
აქვთ. დედობა გააზრებულია, როგორც ყრმისათვის ცხოვრების გზის ჩვენება. ყრმა არის ქრისტე,
„სიტყვაჲ ღმრთისაჲ“, ლოგოსი. ოდიგიტრიის კომპოზიციებზე მას ღვთისმშობელი ხელს შეაშველებს
და ამითაა გამოხატული გზაზე დაყენება. ასეა აქაც: ღვთისმშობელმა „უპყრა ხელი“ წმ. ეფთვიმეს და
გზაზე დააყენა, ლოგოსურ გზაზე. ეს მოასწავებდა, რომ წმ. ეფთვიმეს პიროვნებაში დაისადგურა
სიტყვა-ლოგოსმა. ამავე ეპიზოდში იმდროინდელი სახისმეტყველებითი ასპექტია წარმოჩენილი:
ადამიანში მისი წილხვედრი ლოგოსი არსებობს მშობლიური ენის წყალობით, რომ ენა მხოლოდ
სულიერი ძალა კი არაა, არამედ ხორციელი ბუნების მასულდგმულებელიცაა, ე.ი. ადამიანის სულით-
ხორციელი სიმრთელის საფუძველია“ (რ. სირაძე, 1987: 185).
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იმპერატორის მძევლობიდან წაყვანილ მცირეწლოვან ეფთვიმეს
ბერძნული უკეთ სცოდნია, ვიდრე ქართული; მამამ ხელმეორედ ასწავლა ქართული. მაგრამ ეს არ იყო
საკმარისი, აუცილებელი იყო განსაცდელის გადატანა, რათა ღვთის ძალა, მადლი, განგება უფრო
ნათლად გამოვლენილიყო და გადმოსულიყო მომავალ წმინდანზე, მწერალსა და ღვთისმეტყველზე;
მშობლიური ენის დავიწყებამ გახადა ეფთვიმე ავად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით აუწყა
ღვთის განგება და „ენაჲ დამარხული და კურთხეული“ (იოანე-ზოსიმე) აღუდგინა. რევაზ სირაძემ ამ
ხილვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჰაგიოგრაფი „ევანგელური ლაზარეს აღდგინების მსგავსად
აღწერს ამ ამბებს. ლაზარე აღადგინა ქრისტემ, ექვთიმე – ღვთისმშობელმა. მაგრამ თვით ლაზარეს
აღდგინება ქრისტეს აღდგომას მოასწავებდა. ექვთიმეს აღდგინება სიმბოლურად სიტყვა-ლოგოსის
აღდგინებას ემსგავსება“ (სირაძე, 1987: 183-184). ენის დავიწყება-აღდგენისა და ქართულად სამწერლო-
მთარგმნელობითი საქმიანობის ასახვის თვალსაზრისით, წმ. ეფთვიმეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაში
ორი პერიოდი გამოიყოფა: 1. პირველია ბავშვობის პერიოდი, როდესაც იგი „ძნიად უბნობდა“ და
მძევლობაში ყოფნისას მშობლიური ენა თითქმის დაავიწყდა; 2. უაღრესად მნიშვნელოვანია მეორე
პერიოდი, როდესაც ავადმყოფ ყრმა ეფთვიმეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და
აღმომდინარე წყაროს მსგავსი მეტყველება მიანიჭა: „დაუყენებელად, ვითარცა წყაროჲ აღმოდინ
უწმიდეს ყოველთა ქართველთასა“ (ძეგლები, 1967: 61). ამგვარი რამ სხვა დროის ქართველ
მწერლებსაც შეემთხვათ, კერძოდ, დავით კლდიაშვილსა და მიხეილ ჯავახიშვილს.
ნაწარმოების დასაწყისშივე წარმოდგენილი „ცათა მობაძავნი ეკლესიანი“ ის წმინდა ადგილია,
საიდანაც საგანმანათლებლო-მთარგმნელობითი და სამწერლო საქმიანობა უნდა წარემართა წმ.
ეფთვიმეს. წმ. იოვანე მთაწმინდელმა უჩვენა გზა წმ. ეფთვიმეს, დაარიგა და ურჩია, ეზრუნა ქართულ
მწერლობაზე, ლიტერატურაზე, რის შემდეგაც წმ. ეფთვიმე მამის ბრძანების აღსრულებას შეუდგა.
ამიერიდან წმ. ეფთვიმეს მოღვაწეობა სამწერლო-მთარგმნელობითი საქმიანობით განისაზღვრა, რასაც
ქართველებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავად წმ. ეფთვიმე „არა სცემდა
განსუენებასა თავსა თჳსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთაჲსა
შურებოდა, რომლისა მიერ დაატკბო ენაჲ ჩუენი და ეკლესიაჲ“ (ძეგლები, 1967: 62). მხოლოდ
სამწერლო-მთარგმნელობითი საქმიანობით არ შემოფარგლულა წმ. ეფთვიმე, დასნეულებულ,
ნიკრისის ქარებისაგან ლოგინად ჩავარდნილ მამას უვლიდა და, ამავე დროს, არა მხოლოდ
ქართველთა მონასტრის ძმობას უძღვებოდა, არამედ ათონის მთელი დიდი ლავრის ეპიტროპობასაც
ეწეოდა. თოთხმეტი წელი დამოუკიდებლად წინამძღვრობდა ათონის ქართველთა მონასტერს, ამიტომ
მოუცლელობისა და სამონასტრო საზრუნავთა სიმრავლის გამო ძირითადად ღამით თარგმნიდა.
წმ. ეფთვიმემ მოღვაწეობა ორი მიმართულებით წარმართა: 1. იგი პრაქტიკულად იღვწოდა და
როგორც წინამძღვარი, წლების მანძილზე მონასტრის საქმეებს განაგებდა; 2. მისი მოღვაწეობა იყო
სულიერი და ინტელექტუალური, ანუ წმ. ეფთვიმე სამწერლო-მთარგმნელობითი მოღვაწეობით
გამოირჩეოდა, რაც წმ. გიორგი მთაწმინდელმა ბიბლიურ-ევანგელური სახისმეტყველებით
წარმოაჩინა. წმ. ეფთვიმეს, ვითარცა ჭეშმარიტ წმინდანს, პატივი და დიდება არასოდეს იზიდავდა, მას
ორჯერ შესთავაზეს ეპისკოპოსობა, მაგრამ ორივეჯერ უარი განაცხადა; იგი ამითაც ემსგავსება წმ.
გრიგოლ ხანცთელს, რის გამოც მის სულიერ მემკვიდრედ შეიძლება აღვიქვათ. წმ. ეფთვიმე „ევლტოდა
დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა და სიმდაბლესა შეიტკბობდა“ (ძეგლები, 1967: 69).
ჰაგიოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ჰაგიოგრაფია წმინდანის იდეალურ
სახესთან ერთად მისი უკეთ წარმოჩენის მიზნით მტარვალის, მტრის სახესაც აჩვენებს. ამას
ჰაგიოგრაფიის, როგორც ჟანრის, სახისმეტყველება მოითხოვს. წმ. გიორგი მთაწმინდელიც გვიამბობს,
თუ რა ფიზიკური და სულიერი საფრთხე დაემუქრათ წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს ათონზე. წმ.
იოვანე ტაოში, ოთხთა მონასტერში შემონაზვნებული, სულიერ სიმარტოვესა და სიმშვიდეს ეძიებდა,
მაგრამ განსაცდელი მუდმივად სდევდა; ახლობლებმა, თანააღზრდილებმა მის კვალს მიაგნეს, რის
შემდეგაც დატოვა ტაო, ოთხთა მონასტერი, ოლიმპოსაკენ გაეშურა და იქ დამკვიდრდა; ვერც აქ
მოიპოვა სულიერი სიმშვიდე, ამიტომ ათონს მიაშურა; როგორც ავტორმა აღნიშნა, წმ. იოვანე თვითონ
ამბობდა, რომ თვისიანის, იოვანე-თორნიკეს გამო არაერთხელ აღმოჩენილა განსაცდელში. არც
სიცოცხლის მიმწუხრს დაჰკლებია განსაცდელი, ამჯერად ავადმყოფობის განსაცდელი. ასევე წმ.
ეფთვიმეც, წმ. გრიგოლ ხანცთელის მსგავსად, მძიმე ვითარებაში რამდენიმეგზის აღმოჩნდა, მაგრამ
თვით წმინდანმა სძლია ეშმაკს; წმ. გიორგი მთაწმინდელის თხზულების მიხედვით, წმ. ეფვთიმეს
მოკვლა ერთხელ ეშმაკისგან ცთუნებულმა მონაზონმა სცადა, ხოლო შემდეგ მონასტრის მებოსტნემ,
მაგრამ ღვთის შეწევნით წმ. მამა გადარჩა, მაგრამ ბერი, რომელიც წმ. ეფთვიმეს იცავდა,
ჭრილობებისაგან გარდაიცვალა, რაც მძიმე გადასატანი იყო ათონელი ქართველი ბერებისათვის.
სულიერი განსაცდელი სულიერი წვრთნაა, ბოროტება სულიერმა ცხოვრებამ უნდა დაძლიოს, რათა
სიკეთემ და ღვთაებრივმა მადლმა გაიმარჯვოს.
წმ. ეფთვიმეში ორი რამ არის ერთმანეთთან შეზავებული: კანონი და მადლი. კანონი დაედო
საფუძვლად ძველ აღთქმას, მადლი - ახალი აღთქმას, მაგრამ ისე, რომ კანონი თავის მისიას ახალ
აღთქმაშიც ინარჩუნებს, რადგან მათი ერთიანობის გარეშე სრულყოფილება ვერ მოიპოვება, ვერ
მიიღწევა. ამიტომაც გვევლინება წმ. ეფთვიმე ათონის ლავრის სჯულმდებლად და ქართველთა
განმანათლებელ ოქროპირად. წმ. ეფთვიმე ათონის ქართველთა ლავრის კანონმდებელია, მან შექმნა
ტიბიკონი, რომლის დიდი ნაწილი წმ. გიორგი მთაწმინდელმა თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში
შეიტანა, რასაც საღვთისმეტყველო და სახისმეტყველებითი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, იგი
ღვთივსულიერი მადლითაა გასხივოსნებული და სათავეში უდგას ათონის დიდებულ ლავრას.
წმ. ეფთვიმეს მოღვაწეობას წარმართავს ევანგელური მადლი, რომელიც იდეალური პიროვნების,
იდეალური გმირის ქმედებას უდევს საფუძვლად. სწორედ ღვთის მადლით აღვსილმა დაწერა
ორიგინალური თხზულებები, ბერძნულიდან ქართულად თარგმნა უზარმაზარი საღვთისმეტყველო
ლიტერატურა, რომლის ნუსხაც, თუმცა არასრული, ჯერ მამამისმა, წმ. იოვანემ შექმნა, შემდეგ კი წმ.
გიორგი მთაწმინდელმა თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში დაიმოწმა; აგრეთვე, ქართულიდან
ბერძნულად ორი თხზულება თარგმნა. ეს ნუსხა მხოლოდ ბიბლიოგრაფიული ღირებულებისა არ
არის, იგი წმ. ეფთვიმეს სულიერ ინტერესებს, სულიერ არსს, ღრმა ცოდნას, აზროვნების
მასშტაბურობასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გვამცნობს. ჩამონათვალზე დაკვირვება
აჩვენებს, რომ წმ. ეფთვიმეს უმეტესად ასკეტური თხზულებები უთარგმნია, რაც იმას მოწმობს, რომ წმ.
ეფთვიმეს ქართველი მკითხველის უპირველეს სულიერ საზრდოდ ქრისტიანული ეთიკურ-
ზნეობრივი კოდექსების მიწოდება სურდა. მან დიდი გავლენა მოახდინა ქართულენოვან ასკეტურ
ლიტერატურაზე, რომელიც წმ. ეფთვიმეს შემდეგ შეიქმნა. წმ. ეფთვიმეს ასკეტური ინტერესები
პირველად მაშინ წარმოჩნდა, როდესაც მამის, წმ. იოვანე მთაწმინდელის, თაოსნობით ესპანეთის
იბერიაში წასვლა გადაწყვიტა, რაც მამა-შვილისათვის აუხდენელ ოცნებად დარჩა. მისი ასკეტური
ინტერესების გამოვლინება იყო ზემოხსენებული ტიპიკონის, ანუ ათონის წეს-განგების შექმნა,
რომელიც, წმ. გიორგი მთაწმინდელის თქმით, „დიდ სვინაქსარს“ ემყარებოდა. ვარაუდი გამოითქვა,
რომ მას კავშირი უნდა ჰქონოდა კონსტანტინეპოლის სტუდიის მონასტერთან, რომლის მსგავსად
ივირონიც ძირითადად მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მიზნით იყო
დაარსებული. ქართულ ენაზე ტიპიკონის შექმნის შესახებ ცნობა ადრეც გვხვდება ქართულ
ჰაგიოგრაფიაში, კერძოდ, გიორგი მერჩულის ცნობით, წმ. გრიგოლ ხანცთელმა შექმნა „სიბრძნით
განსაზღვრებული და მეცნიერებით გაბრწყინვებული“ წეს-განგება, რომლის დებუ-ლებათა ნაწილი,
მცირე ნაწილი, გიორგი მერჩულემ თავის თხზულებაში შეიტანა. წმ. ეფთვიმეს მიერ ტიპიკონის
შედგენა უფრო ნათლად გამოკვეთს მის სახეს, როგორც წინამძღვრისა, მოღვაწისა, საეკლესიო
ცხოვრების გამართვაზე მზრუნველისა, მწერლისა და მთარგმნელისა. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის
მადლმოსილ სახეს წინ უძღვის წმ. გრიგოლ ხანცთელის უკვდავი ხატი, რომლის სულიერ
მემკვიდრედაც გვისახავს ათონზე მოღვაწე წმინდა მამას. ათონის ქართული საღვთისმეტყველო-
ლიტერატურული სკოლა ხომ ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის
საფუძველზე აღმოცენდა და განვითარდა.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში წმ. ეფთვიმესეული წეს-განგებიდან 42
მუხლი შეიტანა და ეს ისე აქვს წარმოდგენილი, რომ მთლიანად ტიპიკალური ნაწილი, რომელიც
კანონიკის სფეროსაც განეკუთვნება და ლიტურგიის მომწესრიგებელიცაა, კომპოზიციური
თვალსაზრისით ჰაგიოგრაფიული თხზულების ორგანულ ნაწილად გვევლინება, თითოეული მუხლი
კი წმ. ეფთვიმესთან არის დაკავშირებული, ვინაიდან თითოეული მათგანის შემოტანა წმ. ეფთვიმეს
სახეს ავსებს, მონასტერსა და ტაძარში მის ქცევას აჩვენებს, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს წმ. ეფთვიმეს
იდეალურ ჰაგიოგრაფიულ და ფრესკულ სახეს. ჰაგიოგრაფიული თხზულების პრინციპებთან
ტიპიკალური კანონების შეხამება-შეზავება თვით ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებსა და მის პერსონაჟებს
სიახლის ელფერით მოსავს. ასეთი იყო გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიული თხზულებაც. ეს კანონები
მეტწილად აკრძალვებს შეიცავს, რომელიც ადამიანის ბუნების, ხასიათის, თვისებათა ღრმა ცოდნას
ეფუძნება. თავად წმ. ეფთვიმე იძლეოდა იმის მაგალითს, თუ როგორი ქცევა ჰმართებდათ ბერ-
მონაზვნებს ტაძარში ყოფნისას. ჰაგიოგრაფი აღნიშნავს: „რამეთუ იგინიცა მას ნეტარსა ჰბაძვიდეს
მსგავსად ძალისა“ (ძეგლები, 1967). ნიმუშად შეიძლება ერთი დებულების დამოწმება, კერძოდ,
პირველი დებულება ეხება იმას, თუ როდის უნდა მივიდეს ბერი ტაძარში, ან როგორ უნდა იდგეს;
განსაზღვრულია ტაძრიდან გასვლის წესიც, რომელიც მხოლოდ აუცილებლობით შეიძლებოდა
ყოფილიყო გამოწვეული. ყოველივე ამის მაგალითს თვით წმ. ეფთვიმე იძლეოდა. წმ. გრიგოლ
ხანცთელის წესდების მსგავსად, წმ. ეფთვიმეს მიერ შედგენილი წესდებაც საკმაოდ მკაცრი იყო,
საჭიროებისას ბერების დასჯასაც ითვალისწინებდა. წმინდა მამას წინ ვერავინ გაუვლიდა ისე, რომ მის
წინაშე მუხლი არ მოეყარა, ვინაიდან თავად ასე იქცეოდა და ყველას ასე ეგებებოდა. წირვის მიტოვებას
ვერავინ გაბედავდა, აუცილებლობისას ეპიტირიტისს აფრთხილებდა და მხოლოდ ამგვარად შეეძლო
ტაძრიდან გასვლა. ლავრის ეზოში ბერების ჯგუფ-ჯგუფად დგომა და საუბარი „რეცა განცხრომით“
(ძეგლები, 1967: 68) აკრძალული იყო, ტრაპეზისას საუბარი, ზრუნვა პირის გემოსთვის და საკუთრად
კერძის მომზადება, ერთმანეთისათვის სილაღით ხელის მიყოფა დაუშვებელი იყო. წმ. ეფთვიმე
ტკბილი სიტყვითა და საამური („ჰამო“) ხმით დაელაპარაკებოდა ყველას და აფრთხილებდა, რომ მას,
როგორც წინამძღვარს, მათს სულზე ზრუნვა ევალებოდა. ტიპიკონი სამონასტრო ცხოვრების
საკანონმდებლო წიგნია, რომლითაც განისაზღვრება ბერ-მონაზონთა ყოფა და ღვაწლი მონასტერში.
მისი აღუსრულებლობისათვის სასჯელი მკაცრი იყო, რაც წმ. ეფთვიმეს მიერ შედგენილ წესდებას
წარმოაჩენს, როგორც ბერის სულიერი ცხოვრების მომწესრიგებელსა და შეურიგებელს ცოდვის
მიმართ. ცხადია, წესდების სიმკაცრე ბერის სულიერი მომავლის უზრუნველყოფაზე იყო
ორიენტირებული.
წმ. ეფთვიმე ზრუნავდა თავისი მონასტრის ბერ-მონაზონთა სულიერ და ხორციელ საზრდოზე. თუ
მზარეულთა ნახელავი არ მოეწონებოდა, შენიშვნას მისცემდა. წმ. ეფთვიმე ითვალისწინებდა ბერის
ასაკს, ხანდაზმულობას, უძლურებას და თითოეულს შესაფერის პატივს მიაგებდა, ყოველ მათგანს,
ვინც ამას საჭიროებდა, განსხვავებულ წესებს განუწესებდა. კ. კეკელიძის თქმით, ეფთვიმეს მსგავსი
ჰუმანისტი ბიზანტიურ ასკეტიკურ პრაქტიკაში არ ყოფილა (მით). კომენტარი! დიდი ათანასეს ლავრის
სხვა წინამძღვრები ხშირად, თითქმის ყოველდღე ეახლებოდნენ წმ. ეფთვიმეს სხვადასხვა საქმის
განსასჯელად, თვით წმ. ათანასეს მიენდო მისთვის „საურავი და დახედვაჲ და განგებაჲ მისი“
(ძეგლები, 1967). ცხდია, წმ. ეფთვიმესაგან ყოველივე ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ყოველი
წეს-განგების აღსრულება ყველას ევალებოდა, რათა ანგელოსური ცხოვრებით ეცხოვრათ, სული და
ხორცი ეწვრთნათ, სულიერი საწყისი აღეზევებინათ და ხორციელი ნდომა დაეთრგუნათ.
თხზულებაში წმ. ეფთვიმეს წეს-განგება წარმოდგენილია, როგორც ევანგელურ-აპოსტოლური
სწავლებით გაჯერებული და ქრისტიანული სახისმეტყველებით ნასაზრდოები, ხოლო მისი დაცვის
გარანტად თვით წმ. ეფთვიმეა წარმოდგენილი.
წმ. ეფთვიმეს მრავალი სასწაულებრივი ეპიზოდი უკავშირდება, სხვაგვარად წმინდანის სახე
სრულყოფილი ვერც იქნება. ნაწარმოებში ყურადღება ექცევა წმ. ეფთვიმეს ფერისცვალებას. ეპიზოდი
ევანგელური სახისმეტყველებითაა ნასაზრდოები. ამბავი ფერისცვალების, მოწაფეთა წინაშე უფლის
განცხადების დღეს მოხდა. ათონელ მამათა წესის მიხედვით, უფლის ფერისცვალების დღეს
ქართველი ბერები ღამისთევის ლოცვის აღსასრულებლად მთაზე ავიდნენ. ცხადია, მათ შორის იყო წმ.
ეფთვიმე. ღამის გათენების შემდეგ, დილით ბერებმა იხილეს იგი, „ვითარცა ცეცხლი მგზებარე“
(ძეგლები, 1967: 69). ყველა იქ მყოფი შიშის ზარმა შეიპყრო, თავად წმ. ეფთვიმემ დაამშვიდა ისინი და
განუმარტა, რომ შიში მცირედმორწმუნეობის შედეგია. ეს ხატი, მხატვრული სახე წმ. ეფთვიმეს შინაგან
ბუნებას, მონუმენტურობას, სიძლიერეს მოწმობს, ხოლო ეპიზოდი თაბორის მთაზე მაცხოვრის
ნათლით წარმოსახვის სახარებისეული მონათხრობის პარადიგმაა. იგი ძველი აღთქმის ალუზიაცაა,
რადგან მოსე წინასწარმეტყველის მიერ ალმოდებული მაყვლის ხილვაში მაცხოვრის მოვლინება
მოიაზრება, ცეცხლი მაცხოვრის სიმბოლოა. ქართულ ჰაგიოგრაფიაში მისი წინასახე აქაც წმ. გრიგოლ
ხანცთელია და პარალელის სახით შეიძლება გავიხსენოთ ხანცთელი ბერის მონათხრობი წმ.
გრიგოლის სენაკიდან გამომავალი ნათლის შესახებ, რომელიც ბერს ცეცხლი ეგონა.
წმ. ეფთვიმეს ცხოვრება განსაცდელით აღსავსე ჩანს, რაც მისი სულიერი სიფხიზლისათვის
აუცილებელ კომპონენტად მიაჩნია ჰაგიოგრაფს. ეს ჟანრული სპეციფიკაა. ბავშვობაში გადატანილ
რამდენიმე განსაცდელს (გამძევლება, მძიმე სნეულება) ათონზე მოღვაწეობისას კიდევ რამდენიმე
დაემატა, კერძოდ, მისი სიცოცხლის ხელყოფის ცდა. მართალია, ეს მცდელობა წმ. ეფთვიმეს
გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ორი ბერის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც „გჳრგჳნითა
წამებისაÁთა შემკულნი მიიცვალნეს წინაშე ღმრთისა“ (ძეგლები, 1967: 87). ღმერთი იფარავდა წმ.
ეფთვიმეს მაშინაც, როდესაც მონასტრის მებოსტნემ აღმართა მასზე ხელი მოსაკლავად, მაგრამ
მებოსტნის ხელი „მეყსეულად უქმ იქმნა და დაშთა ვითარცა შეშაჲ განხმელი“ (ძეგლები, 1967: 88).
აღიარების შემდეგ უკეთური და ცოდვილი ადამიანი წმ. ეფთვიმეს ლოცვით განიკურნა, რაც
ღვთისაგან მიტევების გამოხატულება იყო. ამითაც შეიძლება წმ. ეფთვიმეს შედარება წმ. გრიგოლ
ხანცთელთან, რომელსაც სარკინოზთა ერთგული ცქირი ებრძოდა. წმ. ეფთვიმე იყო ყოველთა
სათნოებათა შესაკრებელი, რომელშიც გარეგნული ნიშნები და შინაგანი სულიერი სამყარო
წმინდანისათვის დამახასიათებელი ერთი მთლიანობა იყო. როდესაც წმ. გიორგი მთაწმინდელი წმ.
ეფთვიმეს გარეგნობასა და სულიერ სამყაროს გადმოგვცემს, ყოველივე სახისმეტყველებითად
მოიაზრება.
წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი ათონის ქართველთა მონასტრის, ივირონის ერთ-ერთი სულიერი ხატია,
რომელმაც სიწმინდით, ფიცხელი შრომით, მშვიდობისმოყვარეობით, სათნოებით და, რაც მთავარია,
რწმენით, სასოებითა და სიყვარულით „განავრცო ენაჲ ჩუენი“, თავისი ღირსად მოქალაქობით
ააღორძინა და განავითარა ქართული მწერლობა. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელს უდიდეს პატივს
მიაგებდნენ ქართველი მეფეები და ბიზანტიის იმპერატორები. წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ
წარმოდგენილი წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი მსოფლიო მნიშვნელობის ანგელოსთა მობაძავ იმ
ქრისტიან წმინდა მამათა სახის მსგავსია, რომელთა შესახებ თხზულების დასაწყისშივე,
საღვთისმეტყველო საკითხებზე მსჯელობისას გვესაუბრა ჰაგიოგრაფი.
იოვანე-თორნიკე. თორნიკე ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი მთავარსარდალი იყო დავით
კურაპალატის მაგისტროსობისას. იგი ტაოელი დიდგვაროვანი ფეოდალის ჩორდვანელის ჩამომავალი
გახლდათ, ენათესავებოდა წმ. იოვანე მთაწმინდელს. ამ პერსონაჟის სახეც წმ. იოვანე მთაწმინდელის
მსგავსად არის წარმოჩენილი. მანაც ცოდვებით დამძიმებულმა დატოვა საერო ცხოვრება. თუმცა,
იოვანე-თორნიკე მაინც ჰაგიოგრაფიული გმირისაგან, წმინდანისაგან განსხვავებული ხატ-სახითაა
წარმოსახული, რის გამოც სხვათაგან განსხვავებით უფრო გამოკვეთილ ინდივიდუალურ
პერსონაჟადაც წარმოგვიდგება. წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში იოვანე-
თორნიკესთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდია მოთხრობილი: მისი ბერად აღკვეცისა და
ათონის ქართველთა მონასტერში წასვლის ამბავი, იოვანე-თორნიკეს ადგილი და როლი ბარდა
სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში, იოვანე-თორნიკეს მიერ ივირონის მონასტერში გატარებული
ცხოვრების ბოლო წლები და მონასტრის აღმშენებლობის შესახებ ეპიზოდები.
ელ. მეტრეველი ვარაუდობდა, რომ თორნიკე „თჳსსა ქუეყანასა“ უნდა შემონაზვნებულიყო ოშკის
მონასტერში, რომელთანაც არის მისი სახელი დაკავშირებული. თუმცა წმ. გიორგი მთაწმინდელის
თხზულება სხვას ამბობს. წმ. იოვანე მთაწმინდელის მსგავსად, არც მას სურდა სამშობლოში დარჩენა,
მანაც უცხოობაში მწირად და გლახაკად ყოფნა აღირჩია, რისთვისაც ულუმბოს მთას მიაშურა. აქ
ეგულებოდა თავისი სულიერი მეგობარი და ნათესავი, სამხედრო საქმეში თავისი წინამორბედი
მთავარსარდალი წმ. იოვანე მთაწმინდელი, რომელიც ამ დროისათვის უკვე ათონზე იყო შვილთან,
ეფთვიმესთან ერთად. იოვანე-თორნიკეც, „თჳნიერ ცნობისა მეფეთაჲსა, იდუმალ მთაწმიდას მოვიდა
და კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ხელთაგან იოვანესთა მიიღო“ (ძეგლები, 1967: 44), რაც იმას ნიშნავს,
რომ საბერმონაზვნო კურთხევა და ხელდასხმა წმ. იოვანესაგან მიიღო. მხედართმთავარ თორნიკეს წმ.
ათანასეც, ათონის მონასტერთა წინამძღვარიც, კარგად იცნობდა და ათონზე დიდი პატივით მიიღეს.
სწორედ მისი მისვლის შემდეგ ააგეს ქართველებმა იოვანე მახარებლის სახელობის ეკლესია და
თავიანთი სადგომი სენაკები, სადაც ცხოვრობდნენ „ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი“. ავტორი
დეტალურად გვიამბობს ისტორიული ღირებულების მქონე მოვლენას, რათა სრულყოფილად
წარმოაჩინოს ქართველთა სიძლიერე და ავტორიტეტი X საუკუნის 70-იან წლებში. იოვანე-
თორნიკესთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი ბიზანტიის იმპერიის
მიმართ გაწეული დახმარების შესახებ სწორედ აქაა მოთხრობილი, რომელშიც განსაკუთრებულ
ყურადღებას იქცევს საიმპერატორო კარზე გამოცხადების თაობაზე იოვანე-თორნიკეს უარის
მოტივაცია: „წმიდანო მამანო, მე ცოდვათა ჩემთათჳს მოსრულ ვარ ამას წმიდასა ადგილსა და
შეუძლებელ არს ჩემი მეფეთა წინაშე წარსლვა, რამეთუ მე ვიცი, თუ რომლისა პირისათჳს მიჴმობენ,
და, ვინაჲთგან ღმერთმან ღირს-მყო და სახე მონაზონებისაჲ შევიმოსე, მე ამიერითგან არცაღა მეფეთა
თანა მიც შესაპოვარი, არცაღა სხუასა ვის ქუეყანასა ზედა“ (ძეგლები, 1967: 46). საერო ცხოვრების
წიაღში დაბრუნება მას ისევ „ამის სოფლისავე შფოთსა შთააგდებდა“ (ძეგლები, 1967: 46). იგივე
მოსაზრება გამოთქვა ბიზანტიის დედოფლის წინაშეც: „მე ცოდვათათჳს შევიმოსე სახე ესე, და უწყის
უფალმან, რომელ სწორად სიკუდილისა მძიმე არს ესე საქმე ჩემ ზედა“ (ძეგლები, 1967: 47). ამ
ეპიზოდის მნიშვნელობა მხატვრული თვალსაზრისით ძალიან დიდია, რადგან იოვანე-თორნიკეს
სიტყვები მოწმობს, თუ როგორი მონაზვნური ცხოვრების რწმენით აღსავსე იყო ათონზე სამოღვაწეოდ
მისული ბერ-მონაზონი, როგორ ჰქონდა გააზრებული, შეთვისებული, შემოსილი „სახე
მონაზონებისაჲ“, და როგორ ებრძოდა ერთმანეთს მის შინაგან სამყაროში ადამიანური და ღვთაებრივი
საწყისები.
მართალია, თხზულება დოკუმენტური ცნობებითაა სავსე და გადმოგვცემს იმას, „ვითარცა-რაჲ
იყო“, მაგრამ ამ რეალური ამბების ასახვის მიღმა ჰაგიოგრაფიული გმირის სულიერი სამყარო, სულის
მოძრაობა, შინაგანი ბუნება წარმოჩნდება, რაც ავტორის, ჰაგიოგრაფის, წმ. გიორგი მთაწმინდელის
ადამიანთმცოდნეობის წვდომაზე მიუთითებს. ავტორმა იოვანე-თორნიკეს ფსიქოლოგიური
პორტრეტი დახატა.
წმ. იოვანე მთაწმინდელი, იოვანე-თორნიკე, წმ. ეფთვიმე, გაბრიელი და სხვანი ცხოვრობდნენ
მონასტერში, ხოლო მთელი მონასტერი აღასრულებდა ტიპიკონით განსაზღვრულ განგებას და
ლავრულ ცხოვრებას მისდევდა. მართალია, მონასტერში მცხოვრები ბერები ტიპიკონის კანონებს
ასრულებდნენ, მაგრამ აქვე იყვნენ და ცხოვრობდნენ გამორჩეული პიროვნებები, რომელთაც თავიანთი
დამოუკიდებელი ინდივიდუალური ცხოვრება ჰქონდათ. ამგვარი ჩანს იოვანე-თორნიკე, რომლის
შესახებ წმ. გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, რომ იგი ცდილობდა თავისი ინდივიდუალობის
დაძლევას. ამიტომაც გადასცა მთელი განძი თავის სულიერ მამას, წმ. იოვანე მთაწმინდელს და „თავი
თჳსი სრულიად უარ-ყო და არცა თუ მცირედი რაჲმე დაუტევა ხელმწიფებასა ქუეშე თჳსსა, არამედ
ეგევითარმან მან განთქუმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა და სრულებით
შეუდგა მორჩილებასა მისსა“ (ძეგლები, 1967: 50). „ნებაჲ თჳსი მოიკუეთა“ გულისხმობს ადამიანურ
ნება-სურვილთა დათმენას, რაც, ევანგელური სწავლებით, ყოველგვარ სათნოებათა სათავედ არის
მიჩნეული ღვთის მორჩილებასთან ერთად. იოვანე-თორნიკე აღიჭურვა სათნოებით, სიმდაბლით,
სიწრფოებით, უმანკოებით და მთლიანად გადასცა საკუთარ სულზე მზრუნველობა დიდ იოვანეს
შემდეგი სიტყვებით: „მამაო, თჳთ იცი, რომელ დიდად ცოდვილ ვარ და სიკუდილი მოახლოებულ არს
და უნებელი სიწმიდისა თქუენისაჲ არა ვარ, არამედ ნებაჲ ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა
შენდა მომიცემია, ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი“ (ძეგლები, 1967: 50). წმ. მამა იოვანე
მთაწმინდელი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა მის სიბერეს და ზრუნავდა მის სულიერ
მომავალზე.
საგულისხმოა იოვანე-თორნიკესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც, აგრეთვე,
რელიგიურ-აღმსარებლობითთან ერთად, დიდი მხატვრულ-ესთეტიკური ფუნქცია ეკისრება, რადგან
იგი ადამიანის ფსიქოლოგიურ სახეს აჩვენებს. ავტორი მოგვითხრობს: „ხოლო ვინაჲთგან დიდი
თორნიკ წყობათა შინა აღზრდილ იყო და სალაშქროთა საქმეთა, ამათ ესევითართა პირთათჳს უბნობაჲ
და ჰამბავი უყუარდა“ (ძეგლები, 1967: 51). მონასტერში მყოფსაც არ ასვენებდა თავისი დიდი,
დაუვიწყარი წარსული, განუწყვეტლივ ეხმიანებოდა მას, ვინაიდან მის შინაგან სამყაროში, მის
პიროვნებაში ისტორიულ მოვლენათა ხსოვნა ძლიერი იყო; ამ თვალსაზრისით იოვანე-თორნიკე
ჰაგიოგრაფიული გმირისაგან განსხვავებული პერსონაჟია; მიუხედავად იმისა, რომ ფიცხელი
მონაზვნური ცხოვრებით, მორჩილებით და თავმდაბლად ზრუნავდა სულზე, მაინც წარსულის
ტყვეობაში იმყოფებოდა; ჰაგიოგრაფის სიტყვით, ომებში გამობრძმედილი და დაბერებული იოვანე-
თორნიკე გარს შემოისხამდა ქართული მონასტრის ბერ-მონაზვნებს და მათ იშვიათი ენაწყლიანობით,
გატაცებით უამბობდა განცდილისა და ნანახის შესახებ. ცხადია, ეს ბერმონაზვნურ ეთიკას,
ტიპიკალურ კანონებს ეწინააღმდეგებოდა. მისი სულიერი მოძღვარი წმ. იოვანე მთაწმინდელი
ამჩნევდა თვისიანის სისუსტეს, ბერისათვის შეუფერებელს, მაგრამ ითმენდა, ხანდაზმულს არაფერს
აგრძნობინებდა. წმ. გიორგი მთაწმინდელი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის თვისებებით ამკობს წმ.
იოვანე მთაწმინდელს, როგორც თავის დაკარგულ ცხოვართა ღირსეულ მწყემსს, და წარმოაჩენს,
როგორც უდიდესი ტაქტის მქონეს, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ღრმად მწვდომს,
ადამიანური დამოკიდებულებების მცოდნეს. მართალია, მან გაუგო მრავლის მომსწრე მოხუც ბერს,
რომელსაც თავისი დიდი წარსული, გადატანილი ომების ექო მონასტრის სიმყუდროვეშიც არ
ასვენებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იოვანე-თორნიკეს, დიდი სურვილის მიუხედავად, გაუჭირდა „ნებისა
თჳსისა განკვეთაჲ“, რასაც თავადაც გრძნობდა. წმ. იოვანე მთაწმინდელი ერიდებოდა, რათა არ
ეწყენინებინა; წმინდა მამა იშვიათი ფსიქოლოგიც აღმოჩნდა, ვინაიდან გრძნობდა, რომ მთლიანად
აკრძალვა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, გაეფრთხილებინა,
რომ სხვა ბერებისათვის ეს სულის საზიანო იქნებოდა და ამიტომ ნება დართო მხოლოდ გაბრიელ
ბერთან საუბრისა, რომლისაგან „მსოფლიო სიტყუაჲ არა გამოვიდოდა, არამედ ყოველივე საღმრთოჲ
და სულიერი“ (ძეგლები, 1967: 51). მწერლის უტყუარმა ალღომ შენიშნა, თუ რა მძაფრად უნდა
განეცადა მოხუც იოვანე-თორნიკეს ეს დელიკატური საყვედური თუ მითითება, რის შემდეგაც
იშვიათად, მხოლოდ ახალმოსულებთან თუ წაიცდენდა ორიოდე სიტყვას და „ესევითარსა სულიერსა
ცხორებასა შინა აღასრულნა დღენი თჳსნი და ღმრთისა მივიდა“ (ძეგლები, 1967: 51). ამ ეპიზოდის
მხატვრული ფუნქციის განსაზღვრის საფუძველზე ნაწარმოები ჰაგიოგრაფიული ტრადიციების
გაგრძელებად გვევლინება, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად, მასში ახალი ლიტერატურული
მოვლენის ჩანასახებსაც დაგვანახებს, რაც ადამიანის სულიერი და ფსიქოლოგიური სამყაროთი
დაინტერესებას მიუთითებს. არც ეს იყო იშვიათობა ჰაგიოგრაფიაში, თუმცა წმ. იოვანესა და წმ.
ეფთვიმეს „ცხოვრებაში“ ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი პერსონაჟის სულიერი მოძრაობის ჩვენება თვით
მწერალს იშვიათი სამწერლო ღირსებების მქონედ, მხატვრული აზროვნების გამომხატველად
მიგვაჩნევინებს. ამ მხრივ წმ. გიორგი მთაწმინდელი გიორგი მერჩულის ლიტერატურულ-ესთეტიკურ
და მხატვრულ ტრადიციათა გამგრძელებლად გვევლინება.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ იოვანე-თორნიკეს გამო ივირონის მკვიდრთ
ბევრი უსიამოვნება და უკმაყოფილება შეხვედრიათ, მაგრამ კონკრეტულს არაფერს ამბობს. წმ. იოვანე
მთაწმინდელის სიტყვებიდან ჩანს, რომ ესპანეთის იბერიაში გამგზავრებაც იოვანე-თორნიკეს გამო
ამტყდარმა შუღლმა და შფოთმა გადააწყვეტინა. მან ბიზანტიის მეფეთა წინაშე თავად განაცხადა
„სპანიად“ წასვლის სურვილის მიზეზი. მიუხედავად ამისა, წმ. იოვანე მთაწმინდელმა იოვანე-
თორნიკეს ჯეროვანი პატივი მიაგო. სწორედ იოვანე-თორნიკეს სახელზე დაიწერა პირველი აღაპი,
მოსახსენებელი ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში. წმ. იოვანე მთაწმინდელს თითქოს
ათონზე მისი ნათესავი იოანე-თორნიკე აკავებდა, რომლის გარდაცვალების შემდგომ მალევე
განიზრახა ესპანეთს წასვლა, რაც უშედეგოდ დამთავრდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მამა-შვილი
ავიდოსიდან მოაბრუნეს. იგი კვლავ ათონს დაუბრუნდა და ამიერიდან აღარსად წასვლა აღარ უცდია.
წმ. იოვანე ღვთივბოძებული სამშობლოს სულიერად ასაღორძინებლად ზრუნვა განაგრძო და წმ.
ეფთვიმეს მთარგმნელობით საქმიანობაში ყოველმხრივ ხელს უწყობდა, თავისი არსებობის აზრი
ეროვნული იდეალების სამსახურში პოვა და დღემუდამ ბერძნულიდან თარგმნილი თხზულებებით
ქართული მწერლობის გამდიდრებაზე, ქართული კულტურის აღორძინებაზე ფიქრობდა.
წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიული თხზულება საყურადღებოა საღვთისმეტყველო,
კანონიკური, ლიტერატურული, ისტორიული, ეთნოლოგიური, სამგალობლო მიღწევათა გადმოცემის
თვალსაზრისით. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ
თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ქართველთა ხასიათის, თვისებების შესახებ გამოთქმული
შეხედულება: „ვითარცა უწყით ყოველთა, ადრე შევირყევით და მიმოსულასა მოსწრაფედ შეუდგებით
და ამით მიზეზითა ფრიად ვავნებთ თჳსთაცა სულთა და ადგილთა“ (ძეგლები, 1967: 92). ეს ფრაზა
ქართველთა ბუნების შესაცნობად განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ადვილი არ იყო საკუთარი
ერის უარყოფითი თვისებების მხილება, მაგრამ ჭეშმარიტებისმეტყველება სიმართლის თქმას
მოითხოვდა და წმ. გიორგი მთაწმინდელმაც დაუფარავად, შეუფერადებლად ისაუბრა ყოველივე
იმაზე, რაც თავის ირგვლივ მყოფთა შორის შეამჩნია. თხზულებაში ყურადღებას იქცევს წმ. ეფთვიმეს
გარდაცვალებით გამოწვეული გლოვის ეპიზოდი, რომელშიც წმ. ეფთვიმეს პიროვნება და მისი
ღვაწლია შეფასებული.

წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანები. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის გარდაცვალების შემდეგ


ათონელ ქართველ მამათა საღვთისმეტყველო-ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით წმ.
გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის პერიოდში გამოცოცხლდა და გახდა ნაყოფიერი. წმ. ეფთვიმეს
მიერ წამოწყებული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული საქმიანობა განაგრძო, განავრცო და
გააღრმავა, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული მწერლობის, კულტურის საგანძურში.
ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ძლიერებისა და საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის
განსამტკიცებლად, სარწმუნოებრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად, ქართული მწიგნობრული
კულტურის განსავითარებლად წმ. გიორგი მთაწმინდელი წლების განმავლობაში დაუცხრომლად
იღვწოდა და თავისი ღვაწლით „სრულ ყო ნაკლულევანებაჲ ენისა ჩუენისაჲ, რომელი-იგი წმიდისა
მამისა ჩუენისა ეფთჳმესგან დაშთომილ იყო“ (ძეგლები, 1967: ).
გიორგი მცირემ თავის თხზულებას წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ შექმნილი ორიგინალური და
თარგმნილი ძეგლების არასრული სია დაურთო, მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი
საქმიანობა შეაფასა: „რომელნიმე წიგნნი, სრულიად არაყოფილნი და ენისა ჩუენისაგან უცხონი
სიღრმეთაგან უმეცრებისათა ნათლად გამოაბრწყინვნა, ხოლო სხუანი, ოდესმე თარგმნილნი და წუთ
ვერ კეთილად გამოღებულნი, გინა თუ ჟამთა სიგრძითა უცებთა და უგუნურთა მხმარებელთაგან
დაგესლებულნი, ბრძმედსა მას შინა წმიდისა მის გონებისა თჳსისასა გამოადვნნა და გამოახურვნა,
ხოლო კუალად სხუანი წიგნნი წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმის მიერ თარგმნილნი და წუთ
უცალოებისაგან ვერ სრულქმნულნი, არამედ სულმცირედ აღწერილნი, განასრულნა და განავრცელნა
კუალად სხუანი რომელნიმე ბერძულსა შეაწამნა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განასრულნა და
სიტყუა-დუხჭირობისა და ვერაგობისაგან განაშენნა და განაბრწყინვნა“ (ძეგლები, 1967: 146). გიორგი
მცირის თხზულებიდან ამონარიდი მოწმობს თვით ამ თხზულების მაღალ მხატვრულ დონეს,
გამომსახველობითი საშუალებების ზუსტად გამოყენებას და სიტყვის ძალას, რაც თუნდაც ერთ
ფრაზაზე დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ: „ბრძმედსა მას შინა წმიდისა მის გონებისა თჳსისასა
გამოადვნნა და გამოახურვნა“ - მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით ესაა იშვიათი სიზუსტით
შერჩეული შედარება, ხატოვანი მეტყველებით გადმოცემული.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა ბერძნულიდან სხვადასხვა საღვთისმეტყველო დარგის მრავალი
თხზულება თარგმნა. მისი თარგმანები ერთდროულად ძველი მთარგმნელობითი ტრადიციების
გაგრძელებაცაა და სიახლის დამამკვიდრებელიც, რადგან იგი თარგმნიდა სიტყვასიტყვით და
ქართული ენის ბუნებისათვის შესატყვისი სტილით. მისი მთარგმნელობითი მეთოდი წმ.
ეფთვიმესეულისაგან განსხვავდება. წმ. გიორგი მთაწმინდელმა ქართული ტექსტი სათარგმნს შეუხამა,
სიტყვასიტყვით თარგმნიდა ისე, რომ ქართული ენის ნორმებს ითვალისწინებდა, რის გამოც წმ.
გიორგი მთაწმინდელის თარგმანებმა მეტად საპატიო ადგილი დაიკავეს. მეტიც, მას უდიდესი
წვლილი მიუძღვის ბიბლიური წიგნების რედაქციათა დადგენაში, კერძოდ მან შექმნა ფსალმუნთა და
ახალი აღთქმის წიგნების ახალი რედაქცია, რის შედეგადაც სწორედ მისმა რედაქტირებულმა, წმ.
გიორგი მთაწმინდელის მიერ დადგენილმა ტექსტმა მოიპოვა სასულიერო წრეებში მოქალაქეობრივი
უფლება და საუკუნეებს გაუძლო; ქართული ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკაში დღესაც სწორედ
ეს ტექსტები გამოიყენება. მანვე შეადარა „ქებათა ქების“ ბერძნულ დედანს ქართული თარგმანი და
საბოლოო რედაქცია შეიმუშავა.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა თარგმნა ორი აპოკრიფული თხზულება: „ავგაროზი, ანუ მიმოწერა იესუ
ქრისტესა და მეფე აბგაროზს“ შორის, რომელიც ადრე წმ. ეფთვიმე მთაწმინდელმაც თარგმნა, მაგრამ
გიორგის თარგმანი მისგან რედაქციულად განსხვავებულია - უფრო მოკლეა (გამოტოვებულია
მიმოწერის ზოგიერთი დეტალი და ფაქტი) და სხვაგვარია ბეჭედთა ნიშნების ახსნა-განმარტება:
„წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, აღშენებისათვის ეკლესიისა ქალაქსა ლუდს შინა“.
ეგზეგეტიკურ დარგში ცნობილია წმ. გიორგი მთაწმინდელის შემდეგი თარგმანები: წმ. ბასილი დიდის
„ექუსთა დღეთათჳს“, წმ. გრიგოლ ნოსელის ორი თხზულება: „თარგმანებაჲ ქება ქებათაჲსა“ და
„განმარტებაჲ მომიჴსენისაჲ“, აგრეთვე, „დაბადებისა თარგმანი იოვანე ოქროპირისაჲ“. კ. კეკელიძის
მიხედვით, დოგმატიკის სფეროში წმ. გიორგი მთაწმინდელმა თარგმნა შვიდი თხზულება
მართლმადიდებლური სარწმუნოების მრწამსის შესახებ: ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრებისა, გრიგოლ
ნეოკესარიელისა, ათანასე ალექსანდრიელის ორი მრწამსი, მისივე კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც
ჩართულია თხზულებაში „ქალწულებისათჳს“, პატრიარქ ფოტის, იოვანე დამასკელის თხზულებები.
დოგმატიკის სფეროს განეკუთვნება წმ. გიორგი მთაწმინდელის რამდენიმე თარგმანი: წმ. ეგნატე
ღმერთშემოსილის ეპისტოლეები, წმ. ბასილი დიდის „ეპისტოლე სეფექალ სიმოლიკიაჲს მიმართ“ და
ცალკე თხზულება „წმიდათა კრებათათჳს“.
ჰომილეტიკის დარგში წმ. გიორგი მთაწმინდელმა ჯერ კიდევ დეკანოზობის დროს, კერძოდ, 1042
წელს თარგმნა წმ. თეოდორე სტუდიელის „მარხვათა საკითხავნი“, შემდეგ კი სოფრონ
იერუსალიმელის „სიტყუაჲ ხარებისათჳს“ და წმ. გრიგოლ ნოსელის „შესხმაჲ წმიდისა თეოდორესი“.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა ბიზანტიური ჰაგიოგრაფიიდან თარგმნა ნეკტარი კონსტანტინიპოლელის
„წამებაჲ წმიდისა თეოდორე ტჳრონისა“; დოროთეოს ტვირელის „მოწაფეთა მათთჳს უფლისათა“,
რომელიც ადრეც ყოფილა თარგმნილი, მაგრამ ხელახლა უთარგმნია; წმ. იოვანე დამასკელის
„შობისათჳს უფლისა“; „წამებაჲ წმიდისა გიორგისი“ - 23 აპრილის საკითხავი და სხვ. საეკლესიო
სამართლის დარგში თარგმნა „მცნებაჲ მღდელთა მიმართ“; „მცნებაჲ წმიდისა ჟამისწირვისაჲ“,
სავარაუდოდ - „ეპისტოლენი წმიდისა კჳრილესნი“; „წიგნი მეექუსისა კრებისა“, რომელიც არ
შემონახულა.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელს ყველაზე მეტი
თარგმანები და შევსებულ-გავრცობილი ტექსტები ლიტურგიკისა და ჰიმნოგრაფიის სფეროში აქვს.
ესენია: დიდი სჳნაქსარი, სახარებაჲ გამოკრებული, პავლე გამოკრებული, „თთუენი“, სტიქარონნი
საწელიწდონი დღესასწაულისანი, დიდი პარაკლიტონი, დიდნი მარხვანი, ზატიკნი, სტიქარონი
თÂთავაჯნი უძლისპირონი, სტიქარონნი ძლისპირთა ქუეშე, საწინასწარმეტყუელო საწელიწდო, დიდი
კურთხევანი. კ. კეკელიძის შეფასებით, ამ ლიტურგიკული თხზულებების თარგმანებით წმ. გიორგი
მთაწმინდელმა ქართული ეკლესია მთლიანად უზრუნველყო საღვთისმეტყველო თხზულებებით.
წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰიმნოგრაფიული და სამგალობლო მოღვაწეობა. ცალკე უნდა
განვიხილოთ წმ. გიორგი მთაწმინდელის სამგალობლო და ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობა, რომელიც
ორი მიმართულებითაა საკვლევი: 1. წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა,
ორიგინალური და ნათარგმნი; 2. წმ. გიორგი მთაწმინდელის სამგალობლო მოღვაწეობა, რომელსაც
მისი ჰიმნოლოგიური შეხედულებები უკავშირდება.
1. წმ. გიორგი მთაწმინდელის უმდიდრესი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობიდან შემონახულია
ორიგინალური და ნათარგმნი თხზულებები. მისი ორიგინალური საგალობლები ცალკე
სტიქარონებად შექმნილ კრებულებში, „მარხვანში“, „თვენსა“ და „პარაკლიტონშია“ შეტანილი და
ნათარგმნისაგან არცაა გამოცალკევებული. მცირე ნაწილი წმ. გიორგი მთაწმინდელის საგალობლებისა
გამოქვეყნებული და შესწავლილია, უდიდესი ნაწილი კი კვლევას კვლავ მოითხოვს. თავის შედგენილ
„თვენში“ მან შეიტანა წმ. ეფთვიმესა და წმ. იოდასაფ ინდოელისადმი მიძღვნილი საგალობლები (H-
1710, ფ. 64-66; 109-112; კეკელიძე, 1960: 227).
წმ. გიორგი მთაწმინდელის საგალობლებში საყურადღებოა საგალობლის ის ფორმაც, რომლითაც
იწერებოდა იგი. კორნელი კეკელიძის, ელენე მეტრეველის, ლალი ჯღამაიას, ივანე ლოლაშვილის
კვლევების შედეგად გამოვლინდა წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი წმ. იოანე დამასკელის
საგალობლის ორიგინალური ფორმა, რომელიც ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრებული საზომებისაგან
განსხვავდება (კეკელიძე, 1960: 227-228; მეტრეველი, 1952; ჯღამაია, 1966: 178-190; ლოლაშვილი, 1982:
6-17) და პირველად წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმნილ საგალობელში გვხვდება; ლ. ჯღამაიას
დასკვნით, ეს საგალობელი თავისუფალი თარგმანია, „თითქმის დამოუკიდებელი ბერძნული
დედნისაგან... თუ არა გიორგის შენიშვნა, რომ მან თარგმნა იოანე დამასკელის შობის საგალობელი,
ძნელია, ერთი შეხედვით საერთოს მოძებნა დედანსა და თარგმანს შორის“ (ჯღამაია, 1966: 188);
კვლევამ იგი შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა: „გიორგის თარგმანი იმდენად გადამუშავებული, იმდენად
ქართული, დედანთან შედარებით (ტექსტობრივ) იმდენად ახალია, რომ ის, ჩვენი აზრით, სავსებით
თავისუფლად შეიძლება გიორგი მთაწმიდელის ორიგინალურ ნაწარმოებად ჩაითვალოს“ (ჯღამაია,
1966: 189). ი. ლოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგალობლის ათონური ხელნაწერის უძველეს
ნუსხაზე (Ath.52); საგალობელს აქვს კიდურწერილობა: „ქებითა გალობითა ყოლად წმიდითა ქრისტეს
ღმრთისა ჴორციელად ზეშთა ცნობისა ბრწყინვალესა შობასა ყოელი სოფელი იხარებს და ანგელოზთა
თანა წყალობათა მისთა ადიდებს და შეასხამს დღეს“, რომელსაც წინ ასეთი განმარტება უძღვის:
„წმიდისა იოანე დამასკელისა იამბიკონი ამას გუარსა ზედა არიან, თჳნიერ რომელ მათ ყოველსა
დასდებელსა ხუთი თავი ზის, ხოლო ამათი უმრავლესნი თავნი სხენან და უფროჲსი ჭირი უნდა და,
ვინაჲთგან ამათი თარგმნა უღონოჲ არს ყოვლადვე და შეუძლებელი, ამისთჳს მე, გლახაკმან გიორგი
რეცა თარგმანმან ქართულად აღვწერენ ესე გალობანი დიდითა შრომითა“ (ლოლაშვილი, 1982: 10); ი.
ლოლაშვილმა ლ. ჯღამაიას მოსაზრება საგალობლის ორიგინალურობის შესახებ გაიზიარა და იგი
ქართული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნია, ხოლო საგალობელი აკროსტიქის
მიხედვით დალაგებული ფორმით გამოაქვეყნა (ლოლაშვილი, 1982: 11-16). მანვე აღნიშნა, რომ წმ.
გიორგი მთაწმინდელის საგალობლებისათვის დამახასიათებელი არ იყო ხელოვნური ფორმები, ხოლო
აკროსტიქი ხელოვნურად მიაჩნდა, რაზეც ერთ-ერთ ანდერძში წერდა: „ჩემთა გალობათა შინა თავთა
(კიდურწერილობებს) ნუ ეძებ, საყუარელნო, მე სიტყუანი მინებიან, არა წითელნი ასონი“
(ლოლაშვილი, 1982: 16). წმ. გიორგი მთაწმინდელის საგალობელი, როგორც ჰიმნოგრაფიული კანონი,
დაწერილია ამაღლებული სტილით, საღვთისმეტყველო სიბრძნითა და ჰიმნოგრაფიული
სახისმეტყველებით, რომელშიც ტრადიციული მხატვრული სახეები და სიმბოლოებია გამოყენებული.
XII საუკუნის დამლევს ეს ფორმა იოვანე შავთელმა გამოიყენა თავის თხზულებაში „გალობანი
ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.
წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელით ცნობილია სახარების ხელნაწერზე დართული იამბიკო,
რომლის აკროსტიქი ავტორის სახელს გვამცნობს: „გეორგი“. გიორგისავე შექმნილია „სამოციქულოზე“
დართული იამბიკოც, რომელიც აგრეთვე აკროსტიქულია: „დაესრულა პავლე. ქრისტე, შეიწყალე
ცოდვილი გეორგი“ (კეკელიძე, 1960: 234).
წმ. გიორგი მთაწმინდელს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საგალობელთა ბერძნულიდან ქართულად
თარგმნაში. ქართული საღვთისმეტყველო წყაროებიდან ცნობილია და სამეცნიერო ლიტერატურაში
აღნიშნულია, რომ საეკლესიო კალენდრისა და „დიდი სვინაქსარის“ მასალის საფუძველზე, წმ. გიორგი
მთაწმინდელი შეუდგა თორმეტი თვის საგალობელთა კრებულის, „თუენის“, შედგენას, რომლის
„სრულად ღვთივბრწყინვალედ“ აღსრულებას მან დიდი დრო და ენერგია შეალია. მან ჯერ მცირე,
ხოლო შემდეგ დიდი სვინაქსარი თარგმნა, რაც საფუძვლად დაედო საგალობლების უზარმაზარ
კრებულს სახელწოდებით „თუენი“, რომლის მსგავსი, მისი ბიოგრაფის სიტყვით, თვით ბერძნულ
ეკლესიასაც კი არ ჰქონდა იმ ხანებში.
IX-X საუკუნეების ცნობილმა ჰიმნოგრაფებმა: წმ. გრიგოლ ხანძთელმა, იოვანე მინჩხმა, გიორგი
მერჩულემ, იოვანე-ზოსიმემ, იოვანე მტბევარმა, მიქაელ მოდრეკილმა და სხვებმა ჰიმნოგრაფიის
განვითარების მტკიცე საფუძველი მოამზადეს, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა ეპოქის გაზრდილი
მოთხოვნების გათვალისწინებით ახალი საფეხურის შექმნა ქართული ლიტურგიკისა და
ჰიმნოგრაფიის ისტორიაში. წმ. გიორგი მთაწმინდელმა კარგად იცოდა, რომ საჭირო იყო ძველი
ქართული ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობის გათვალისწინება და ახალ კრებულში ძველი ჰიმნების
ჩართვაც. ამ მიზნით მან შეისწავლა ქართული და ბერძნული ჰიმნოგრაფიული ძეგლები, რომლებზეც
მას ხელი მიუწვდებოდა და შეუდგა კალენდარული თანმიმდევრობით სექტემბრიდან აგვისტოს
ჩათვლით ყოველი თვის საგალობელთა თარგმნასა და რედაქტირებას, რაც ძალზე რთული და
შრომატევადი სამუშაო იყო. ძველ კრებულებში მოთავსებული საგალობლებიდან გამოარჩია
საუკეთესონი, შეუდარა ბერძნულ დედნებს და პოეტურად და მუსიკალურად გააწყო. რაც აკლდა,
თავად თარგმნა ბერძნულიდან და ასე შექმნა სრული და უნაკლულო „თუენი“. წმ. გიორგი
მთაწმინდელმა თავად განსაზღვრა „თუეთა“ მნიშვნელობა ქართველთათვის: „და ვიდრე აქამომდე
ჩუენგან დაფარული ცაჲ, მრავალფერითა მთიებითა მიერ აღსავსე, საჩინოდ ყოველთა ქართველთა
ზედა არა ჩუენ, არამედ ღმერთსა გარდაურთხამს, რაჲთა ჰნათობდეს კიდით კიდემდე ქუეყანისა
ნათესავსა ჩუენსა“.
გიორგი მცირემ წმ. გიორგი მთაწმინდელის შედგენილ „თუენს“ უწოდა „გჳრგჳნი კათოლიკე
ეკლესიისაჲ, შემკული თუალითა და ანთრაკითა“ (ძეგლები, 1967: ). კ. კეკელიძემ სამართლიანად
შეაფასა მისი ღირებულება ქართული კულტურისათვის: „სისრულით ამის მსგავსი თთუენი ბერძნულ
ენაზედაც კი არ არსებობდა. საქმე ისაა, რომ ამა თუ იმ წმინდანის ან დღესასწაულის სახელობაზე
მრავალ ავტორს უწერია საგალობლები, ერთ ხელნაწერში ერთი რომელიმე ავტორის საგალობლებს
აქვს ადგილი, მეორეში – მეორისას, გიორგის კი, შეძლებისამებრ, თავი მოუყრია ამა თუ იმ დღის
წმინდანის ყველა ავტორის საგალობლისათვის, რომელიც კი ხელში ჩავარდნია მას. ასე რომ, მისი
თხზულება წარმოადგენს ერთგვარ კრებულს მთელი წლის ჰიმნებისას. ამის შესახებ ეფრემ მცირე
ამბობს: გიორგის „სათუეოჲ“ საგალობელი არა ერთისა, არამედ მრავალთა დედათაგან შეკრებილ არს
და ერთსა წიგნსა ბერძულად არა რომელსა იპოების ეგოდენი საგალობელიო“. ამიტომ ეს შრომა
ფასდაუდებელია ზოგადი ჰიმნოგრაფიის ისტორიის შესასწავლად“ (კეკელიძე, 1960: 226).
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელს თავისი „თთუენის“
შედგენისას სამი ძირითადი წყაროთი უსარგებლია: 1. ანტიოქიაში, წმ. პეტრე მოციქულის სახელობის
ტაძარში დაცული „სათუეე“; 2. წმ. სვიმეონ საკვირველთმოქმედის მონასტერში დაცული თვენი,
გიორგი თვითონ მოღვაწეობდა ერთხანს ამ მონასტერში და მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა; 3.
კონსტანტინეპოლის აია სოფიის მონასტრის თვენი. ი. ლოლაშვილის ვარაუდით, უნდა ვიფიქროთ,
რომ თითოეული მათგანი დედანი იქნებოდა. პირველი ორიდან მას გადმოუთარგმნია ძირითადი
საგალობლები, მესამიდან – სტიქარონნი. გარდა ამისა, რიგი საგალობლებისა ამოკრებილია ქართული
წყაროებიდან, რომლებშიც მოთავსებული იყო მეხელების მიერ თარგმნილი ჰიმნები. „თვენის“
საგალობლებზე დაკვირვებამ მკვლევარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კრებულისათვის ძველი
ქართული ჰიმნები შერჩეული და გამართულია იმ დროის მეცნიერულ დონეზე, ხოლო საკუთარი
თარგმანები შესრულებულია პოეტურად და დედნებთან მიმართებით ზედმიწევნილად. საამისოდ წმ.
გიორგი მთაწმინდელს ხელი შეუწყო ბერძნული ენის ბრწყინვალე ცოდნამ, დიდმა სამთარგმნელო
გამოცდილებამ, ქართული ენის საუცხოოდ ფლობამ და საფუძვლიანმა განათლებამ ჰიმნოგრაფიასა და
ლიტურგიკაში (ლოლაშვილი).
წმ. გიორგი მთაწმინდელმა „თვენის“ კალენდარს საფუძვლად მის მიერვე თარგმნილი სვინაქსარის
კალენდარი დაუდო, მაგრამ ნათლად იკვეთება მათ შორის განსხვავებაც, რაც ორგვარად შეიძლება
განიმარტოს: პირველი, როდესაც თვენის კალენდარი განსხვავდება სვინაქსარის კალენდრისაგან,
მაგრამ შეესაბამება კონსტანტინეპოლის სვინაქსარს, რაც იმას ნიშნავს, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელი
ანგარიშს უწევდა იერუსალიმურ-საბაწმიდურ ტრადიციას. მეორე განმასხვავებელი ნიშანი კი
არსებითი მნიშვნელობისაა ქართული კულტურისათვის, ვინაიდან თვენის კალენდარში ისეთი
წმინდანები მოიხსენიებიან, რომელთაც კონსტანტინეპოლის ეკლესია საერთოდ არ იცნობს და არც
სვინაქსარშია მოხვედრილი (ჯღამაია, 2007: 16-17). მასში ერთიანდებიან ქართველი წმინდანებიც,
რომლებიც გიორგიმ საგანგებოდ შეიტანა თვენში. კ. კეკელიძის თქმით, „საქართველოში XII
საუკუნეშიც გრძელდებოდა იერუსალიმური და კონსტანტინოპოლური საღვთისმსახურო წესე¬ბის
თანაარსებობა“ (კეკელიძე).
„თვენი“ შეიცავს თორმეტ წიგნს, თითოეულში თითო თვის საგალობლებია მოთავსებული. ისინი
კალენდარულადაა განლაგებული იმის მიხედვით, როდის რომელი წმინდანის ხსენებაა დაწესებული,
ან როდის რა საუფლო დღესასწაული მოდის. საგანგებო კვლევის საგანია ქართული ელემენტის, ანუ
ქართველ წმინდანთა შესახებ შექმნილ საგალობელთა ადგილის განსაზღვრა „თვენში“. ცნობილია, რომ
ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპზე ითარგმნებოდა ლიტურგიკული დანიშნულების მქონე
საგალობლები, რომლებიც მსოფლიო ეკლესიის წმინდანებს შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს
ეკლესიას მოუმრავლდა წმინდანები, დაიწყო ორიგინალური ჰიმნოგრაფიული თხზულებების შექმნა.
IX საუკუნიდან უკვე იქმნება საგალობლები ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ
მოწამეთა და მოღვაწეთა შესახებ. მიქაელ მოდრეკილის იადგარში შეტანილია ქართველი
ჰიმნოგრაფების თხზულებები, კერძოდ, იოანე მინჩხის, ეზრას, კურდანაჲს, იოანე ქონქოზისძის,
სტეფანე სანანოჲსძე-ჭყონდიდელის, იოანე მტბევრის, თვით მიქაელ მოდრეკილის საგალობლები. აქვე
მოთავსებულია ქართული ეკლესიის წმინდანთა, კერძოდ, აბო თბილელის, კონსტანტი კახის სახელზე
შექმნილი საგალობლები, თუმცა ქართველი წმინდანებისადმი მიძღვნილი საგალობლები მაინც
განსაზღვრულია. წმ. გიორგი მთაწმინდელის „თვენი“ ამ მხრივ განსხვავებულია „თვენის“ პირველი
რედაქციისაგან, სადაც წმ. აბოს, წმ. ნინოს და იოდასაფისადმი მიძღვნილი საგალობლებია
მოთავსებული მსოფლიო ეკლესიის წმინდანთა საგალობლებთან ერთად. წმ. გიორგი მთაწმინდელმა
„თვენში“ შეიტანა საგალობლები იმ ქართველ წმინდანთა სახელებზე, რომლებიც თავიანთი
საქმიანობითა და ავტორიტეტით ეროვნული მოღვაწეები იყვნენ, ისინი მხოლოდ საქართველოს
ეკლესიის სამსახურში არ იმყოფებოდნენ, ისინი საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ და მათ
აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიები იცნობდნენ. ამიტომ „თვენში“ მან შეიტანა იოდასაფის, წმ.
ნინოს, წმ. ილარიონ ქართველისა და წმ. ეფთვიმესადმი მიძღვნილი საგალობლები.
წმ. ნინოსადმი მიძღვნილი საგალობლები სხვადასხვა რედაქციის იადგარებშიც იყო მოთავსებული,
ამდენად, „თვენში“ მათი შეტანა ტრადიციითაც იყო განპირობებული. მთავარი კი ის იყო, რომ წმ.
ნინო, საზოგადოდ, აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდანად იყო აღიარებული. წმ. იოდასაფის
მოსახსენებელი ქართულ ეკლესიას ბიზანტიურზე ადრე ჰქონდა შეტანილი სვინაქსარში. მაგრამ
იადგარებში მის სახელზე საგალობლები არ გვხვდება, მხოლოდ „თვენის“ პირველ რედაქციაში
ჩნდება. წმ. გიორგი მთაწმინდელის ცნობით, ვარლამისა და იოდასაფის სახელების შეტანა ბერძნულ
მწერლობაში წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის დამსახურებაა. მართალია, თვით იოდასაფი ქართველი
მოღვაწე არ იყო, არც ქართული ეკლესიისთვის წამებული პირი, მაგრამ ქართულმა ეკლესიამ იგი
წმინდანად აღიარა. წმ. გიორგი მთაწმინდელმა კი „თვენის“ პირველი რედაქციის, ე.ი. წმ. ეფთვიმე
მთაწმინდელის, გავლენით შეიტანა იოდასაფის მოსახსენებელი „თვენში“.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წმ. იოდასაფისა და წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისადმი მიძღვნილ
საგალობელთა შეტანა თვენში. ეს საგალობლები თვით წმ. გიორგი მთაწმინდელის შეთხზულია (H-
1710, ფ. 64-66; ფ. 109-112). წმ. ეფთვიმეს სახელზე შექმნილ საგალობელთა თვენში შეტანა იმითაც უნდა
ყოფილიყო განპირობებული, რომ ათონის მთის ქართველთა მონასტრის კუთვნილება კიდევ ერთხელ
დადასტურებულიყო, მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე ამითაც კიდევ ერთხელ
წარმოჩენილიყო. საგულისხმოა, რომ გიორგის თავის სვინაქსარში მხოლოდ ეფთვიმეს სახელზე აქვს
საკითხავი მოთავსებული, ხოლო წმ. ნინოს, წმ. იოდასაფისა და წმ. ილარიონ ქართველის საკითხავები
– არა. ამას, როგორც ვარაუდობენ, საფუძვლად დაედო ის, რომ გიორგიმ „თვენი“ სვინაქსარის შემდეგ
შექმნა. „თვენში“ ძირითადად ბერძნულიდან ნათარგმნი საგალობლებია მოთავსებული. წმ. გიორგი
მთაწმინდელის „თვენმა“ ლიტურგიკული პრაქტიკიდან ფაქტობრივად განდევნა მანამდე არსებული
ჰიმნოგრაფიული კრებულები და იგი დარჩა ერთადერთ მოქმედ კრებულად. წმ. გიორგი
მთაწმინდელის „თვენმა“ ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში მოიპოვა მოქალაქეობრივი უფლება.
მაგრამ მან ცვლილებები განიცადა XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც იგი არსენ იყალთოელის მიერ
ბერძნულის მიხედვით შესწორდა და ქართველ წმიდანთა შესახებ დაწერილი საგალობლები
ამოღებულ იქნა.
სექტემბრის თვის საგალობელთა კრებულს ახლავს ანდერძი, რომელშიც ქართული
ჰიმნოგრაფიისათვის უმნიშვნელოვანესი ცნობებია დაცული. კერძოდ, მითითებულია, რომ კრებულში
მოთავსებულ საგალობელთა თარგმანები ეკუთვნით მეხელებს, წმ. ეფთვიმე მთაწმინდელსა და თვით
გიორგის. წმ. ეფთვიმეს ნათარგმნი ტექსტებისათვის გაუკეთებია წარწერა: „ეფთვიმე“. ეფთვიმეს სამ-
სამი დასდებელი დაუწერია და „ღმრთისმშობლისაჲ არ დაუწერია. როგორც ჩანს, გიორგი
ღმრთისმშობლისანებს თავად ურთავდა ეფთვიმეს თარგმნილ საგალობლებს. ამასთანავე, როგორც
თავადვე ამბობს ანდერძში, ღმრთისმშობლისანთა ნაწილი - „ჯეკმა კეთილნი“ - მეხელთა თარგმნილია.
ასევე, მას დაურთავს „მოიხილესას“ თარგმანებიც.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა დიდი დრო მოანდომა ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის
„პარაკლიტონის“ ბერძნულიდან ქართულად თარგმნას. თუმცა, როგორც ჩანს, თარგმანის სრულყოფა
ვერ მოასწრო, რადგან ტექსტის შემცველი ხელნაწერები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ხოლო
რატომაა განსხვავებული, ჯერჯერობით ახსნილი არ არის. წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ
თარგმნილი „პარაკლიტონი“ ლიტურგიკული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლად უნდა
ჩაითვალოს. მასში მოთავსებულია რვახმიანი საგალობლები, რომლებიც განლაგებულია კვირისა და
სადა, ორშაბათი-შაბათი, დღეების მიხედვით. საკვირაო გალობათა კრებულს ბერძნულად
„ოქტოიხოსი“ („რვახმანი“) ეწოდებოდა, სადა დღეებისას კი - „პარაკლიტონი“ („ნუგეშინისსაცემელი“).
ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეს ორი კრებული შეერთებულია და მთლიანობაში
„პარაკლიტონად“ არის წარმოდგენილი. მასში საგალობელთა უმრავლესობა ღმრთისმშობელს
ეძღვნება. ამ თვალსაზრისით მეტად საგულისხმოა Jer-98 ხელნაწერს დართული გიორგი
მთაწმინდელისეული ანდერძი, რომელშიც იგი წერს: „ჩემსა თარგმნილსა პარაკლიტონსა შინა
ასორმეოცი გალობაჲ დამიწერია წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ“. წმ. გიორგი მთაწმინდელი
საუკუნეების განმავლობაში კანონიზებულ საეკლესიო გალობის ჰანგებს განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებდა, თუმცა შეეძლო ახალი მელოდიის შექმნა.
წმ. გიორგი მთაწმინდელს ეკუთვნის, აგრეთვე, სხვა ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკული კრებულები,
კერძოდ: „სტიქარონნი საწელიწდონი დღესასწაულისანი, რომელნი თთუეთაცა თანა სწერიან“, კ.
კეკელიძის განმარტებით, ესაა თვენიდან გამოკრებილი საგალობლები, რომლის შემცველ კრებულს
სტიქარონი ეწოდება; „სტიქარონნი თჳთავაჯნი უძლისპირონი, ვითარცა არიან ბერძულად“;
ძლისპირთა მიხედვით გაწყობილი სტიქარონები; „ზატიკნი მრავალფერითა კეთილითა აღსავსე“;
„დიდნი მარხვანი“, რომელშიც შეიტანა ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ თარგმანი. მან იგი
სრულად თარგმნა, მაგრამ მასშივე დატოვა ექვთიმეს დამატებები; „მას ჴმანი არ შეუცვლია, მაგრამ არც
იმას ცდილა, რომ შეეთანხმებინა მათთვის შესაფერი ჰიმნები“ (კეკელიძე, 1960: 228).
წმ. გიორგი მთაწმინდელი იშვიათი პასუხისმგებლობითა და ნიჭიერებით გამორჩეული
მთარგმნელი იყო და მისი მთარგმნელობითი ხელოვნება კიდევ უფრო საფუძვლიან შესწავლას
საჭიროებს. საგულისხმოა, რომ დიდი მთარგმნელი უსაზღვროდ აქებდა და ადიდებდა თავის
სახელოვან წინამორბედს: „ბრწყინვალე იგი მნათობი ნათესავისა ჩუენისაჲ დიდი ეფთჳმე
აღმოგჳბრწყინდა ნათლად და სიხარულად, დიდებად და გჳრგჳნად, გონიერ მყოფელად და
განმაბრძნობელად უგუნურებისა ჩუენისა, რომელმან უმეცრებისა იგი საბურველი მოსძარცუა
გონებათაგან ჩუენთა... რომელნი-ესე ბარბაროზ წოდებულ ვიყვენით ელენთა მიერ
უსწავლელობისათჳს და უმეცრებისა ჩუენისა, მათ თანავე აღგურაცხნა ღმრთისა მიერ მოცემულითა
მით სიბრძნითა თჳსითა“.
2. წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობისა და სამგალობლო მონაცემების
თაობაზე გიორგი მცირე თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში მოგვითხრობს, რომ გიორგი
ყმაწვილობაშივე „უმეტეს ყოველთა ჰასაკის - სწორთა მისთასა წარემატა. და საგალობელნი იგი
საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი მეყსა შინა ზეპირით დაისწავლნა“ (ძეგლები 1967:
116), რაც იმას ნიშნავს, რომ ხმათა შეწყობას ადვილად იმახსოვრებდა და ზეპირად იცოდა მთელი
წლის საგალობლები ხმათა შეწყობით, რითაც იგი თავის თანამგალობელთ აღემატებოდა და ამით
საოცრად ჰგავდა თავის დიდ წინამორბედებს წმ. გრიგოლ ხანძთელს, რომელიც „წმიდისა კათოლიკე
ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწადისა განგებითა მოძღუარი იყო
განუკითხველად“ (ძეგლები 1963/1964: 281-282) და თავისი მოღვაწეობის გვიანდელ ეტაპზე
საწელიწდო იადგარი შეადგინა, და მიქაელ მოდრეკილს, რომელმაც „იღუაწა და ყოვლით კერძო
შრომაჲ აჩუენა უზეშთაეს ძალისა მისისა“ (S-425, 24r), რათა ქართულ ენაზე არსებული ყველა მეხური
საგალობელი შეეკრიბა და ჭეშმარიტებით ჩაეწერა.
ქართული ჰიმნოგრაფიის შესწავლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წმ. ანდრია
კრიტელის „დიდი კანონის“ ქართულად თარგმნის ისტორიას. თხზულება ჯერ წმ. ეფთვიმემ თარგმნა,
ხოლო შემდეგ წმ. გიორგი მთაწმინდელმა. მათ ძლისპირები არ უთარგმნიათ, ისინი ადრე ნათარგმნ
ძლისპირებს იყენებდნენ. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელმა წმ. ანდრია კრიტელის „დიდ კანონს“ ხმა
შეუცვალა, „ჴმისაგანცა თჳსისა და ძლისპირთაგან შეეცვალნეს“ და მეექვსე ხმაზე დაწერილი კანონის
ტექსტი მეოთხე ხმის მზა ძლისპირებს შეუფარდა. ძნელი განსამარტავია, რატომ შეცვალა საგალობლის
ხმა წმ. ეფთვიმე მთაწმიდელმა. მოგვიანებით, საგალობლის თარგმნისას წმ. გიორგი მთაწმიდელმა
ეფთვიმესეული ხმა დატოვა, „დაღათუ ჴმაჲ არა შეეცვალა, გარნა თჳსთა ძლისპირთა ზედა თარგმნაჲ
არცა მას გულს-ედგინა“, თუმცა, ტექსტი ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში ადაპტირებულ
ძლისპირებზე გააწყო. ძლისპირთა და მთელი კანონის მეტრული საზომის შეცვლამ საგალობლის
ქართული ვერსია დედანს მკვეთრად დააცილა, რაც საფუძველი გახდა დავით აღმაშენებლის ეპოქაში
მისი ტექსტის ხელახლა თარგმნისა არსენ ბერის მიერ, ხოლო მუსიკალურად იოანე კათალიკოსის მიერ
გაწყობისა.
განსაკუთრებულია წმ. გიორგი მთაწმინდელის ლიტერატურული ენა, რადგან მისმა
ორიგინალურმა ჰაგიოგრაფიულმა თხზულებამ, საგალობლებმა, თარგმანებმა აჩვენეს, როგორ
უფრთხილდებოდა ერის საუნჯეს, ქართულ ენას, როგორი დახვეწილი სალიტერატურო ქართულით
ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებს, ხოლო მისმა გამორჩეულმა მთარგმნელობითმა მეთოდმა,
რომელიც ბერძნული დედნის სიზუსტესთან ერთად მშობლიური ენის სისტემასა და სტრუქტურას
ითვალისწინებდა, ქართულ მწერლობას საუკეთესო თარგმანები შესძინა.

წყაროები:
წმ. გიორგი მთაწმიდელი, 2007: გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), გამოსცა, გამოკვლევა,
საძიებლები და ლექსიკონი დაურთო ლალი ჯღამაიამ, თბ., 2007.
ჯავახიშვილის გამოც.
ლოლაშვილი, 1994: გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა, გამოსაცემად მოამზადა,
გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბილისი, 1994.
ძეგლები, 1963/1964: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, დასაბეჭდად
მოამზადეს ილ. აბულაძემ, ლ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ და ც.
ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბ., „მეცნიერება“, 1963-1964.
ძეგლები, 1967: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, გამოსაცემად
მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, მ. დოლაქიძემ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა
და ც. ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბ., „მეცნიერება“, 1967.
ლიტერატურა:
ზარიძე, 1983: ხ. ზარიძე, „ხატნი მეტყუელნი“ (პერსონაჟთა განსახოვნების პრინციპები ათონელების
შემოქმედებაში)//ივირონი _ 1000, თბილისი, 1983.
კეკელიძე, 1960: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, „საბჭოთა
საქართველო“, 1960.
კუჭუხიძე, 2013: გ. კუჭუხიძე, „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“, „ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა“
(სახისმეტყველებითი საკითხები)//ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, თბ., 2013.
ლოლაშვილი, 1982: ი. ლოლაშვილი, ათონურ ქართულ ხელნაწერთა სიახლენი, თბ., „მეცნიერება“,
1982.
ლოლაშვილი, 1984: ი. ლოლაშვილი, მრავალკარედი, თბილისი, 1984.
მეტრეველი, 1996: ე. მეტრეველი, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის
ისტორიიდან, თბილისი, 1996.
მეტრეველი, 1952: ე. მეტრეველი, ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის ისტორიისათვის XI
საუკუნეში, პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, IX, თბილისი, 1952.
მეტრეველი, 2013: ს. მეტრეველი, „წმ. იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების“ იკონოგრაფიული
სახისმეტყველება//ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, თბილისი, 2013.
სირაძე, 1987: რ. სირაძე, ქართული აგიოგრაფია, თბილისი, 1987.
სულავა, 2011: ნ. სულავა, წმ. გიორგი მთაწმიდელი - „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“,
ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრი, „ლოგოსი“, საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, 10-
11 მაისი, 2011, გვ. 136-144.
სულავა, 2010-2013: ნ. სულავა, სახისმეტყველებითი ასპექტები წმ. გიორგი მთაწმიდელის წმ.
იოანესა და წმ. ეფთვიმეს „ცხორებაში“, „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტებისმეტყველება არს“, კრებული
ეძღვნება პროფ. ზურაბ პაპასკირს, სოხუმის უნივერსიტეტი, 2010-2013. გვ. 504-528.
ჯავახიშვილი, 1998: ი. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თხზ. XI,
თბ., თსუ გამომც., 1998.
ხინთიბიძე, 2013: ე. ხინთიბიძე, ათონის ლიტერატურული სკოლა და მხატვრული სტილი ქართულ
აგიოგრაფიაში//ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა, თბილისი, 2013.
ჯავახიშვილი, 1977: ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თხზ., VIII, თბილისი,
1977.
ჯღამაია, 2007: ლ. ჯღამაია, გიორგი მთაწმინდელის „თვენი“, სექტემბერი, ტექსტი გამოსაცემად
მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლალი ჯღამაიამ, თბილისი, 2007.

You might also like