You are on page 1of 11

ათონის ქართული მონასტრის დაარსების ისტორია

ათონის ქართული მონასტრის დაარსების ისტორიას ყველაზე სრულად გვიამბობს წმ. გიორგი
მთაწმინდელის თხზულება „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ
ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ, აღწერილი გლახაკისა გეორგის მიერ ხუცესმონაზონისა“,
რომელშიც წმ. გიორგი მთაწმინდელი წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს ღვაწლს აღწერს. წმ. იოანე
მთაწმინდელი ივირონის ბერძნულ აქტებშიც იხსენიება. ჰაგიოგრაფი-მწერალი წმ. იოვანეს საერო
სახელსა და გვარს არ გვაუწყებს. მისი დადგენა შესაძლებელია ათონურ დოკუმენტებში შემონახული
ცნობების საფუძველზე.
ათონის ქართული მონასტრის დაარსების ისტორია და პირველმოღვაწეთა დამსახურება აღწერილია
ბასილი ბაგრატის ძის „მოსაჴსენებელსა“ და წმ. გიორგი მთაწმინდელის (1009-1065 წწ.) ჰაგიოგრაფიულ
თხზულებაში „წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს ცხორებაში“. მათში მოთხრობილია, რომ ქართველი
დიდებული, ერობაში აბულჰერითი, ბერობაში - იოვანე, ბერად აღიკვეცა ოთხთა ეკლესიაში, საიდანაც
ოლიმპზე გადავიდა და წმ. ათანასე მთაწმინდელის (დაახლ. 925/930-1000 წწ.) მონასტერში დაიდო ბინა.
X საუკუნის 60-იან წლებში ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ მეორემ „ზემონი ქუეყანანი“ (ძეგლები,
1967: 43) საგამგებლოდ დავით კურაპალატს გადასცა, სანაცვლოდ მძევლებად აზნაურთა შვილები
მოითხოვა. ტაოს დიდებულებმა მძევალთა შორის კონსტანტინეპოლში ჩაიყვანეს წმ. იოვანეს
მცირეწლოვანი ვაჟი ეფთვიმე (955-1028 წწ.), შემდეგში ათონის ქართული საღვთისმეტყველო-
ლიტერატურული სკოლის დამაარსებელი, მესვეური, ათონის ქართული მონასტრის, ივირონის,
წინამძღვარი. აღშფოთებულმა იოვანე მთაწმინდელმა საიმპერატორო კარის ნებართვით შვილი
მძევლობიდან დაიხსნა და ოლიმპზე წაიყვანა. მოგვიანებით, 965 წელს, წმ. ათანასეს მიბაძვით, მამა-
შვილი ათონის მთაზე გადავიდა. 70-იანი წლების დამდეგს მათ შეუერთდა ჩორდვანელთა დიდი
ფეოდალური სახლის სახელოვანი წარმომადგენელი, იოვანეს სახელით შემონაზვნებული თორნიკე. წმ.
იოვანემ და მისმა თანამოღვაწეებმა წმ. ათანასეს ლავრის სიახლოვეს წმ. იოვანე მახარებლის სახელზე
ააშენეს ეკლესია და სენაკები, სადაც ერთხანს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. იმ დროს ათონზე
მოღვაწე ქართველებს დიდი ეკლესიის აშენება არ შეეძლოთ, რადგან არ ჰქონდათ შესაფერისი
ხელსაყრელი პირობები და მატერიალური შესაძლებლობა.
ვითარება მალე შეიცვალა. 70-იანი წლების ბოლოს ათონელ ქართველებს ბიზანტიის პოლიტიკურ და
სამხედრო საქმეებში ჩარევა მოუხდათ. 979 წელს კონსტანტინეპოლი უდიდესი განსაცდელის წინაშე
აღმოჩნდა, რადგან მცირეაზიელმა დიდებულმა ბარდა სკლიაროსმა თავის თანამოაზრეებთან ერთად
ტახტის ხელში ჩაგდება მოიწადინა, მეტიც, თავი იმპერატორად გამოაცხადა და ბიზანტიის
მცირეწლოვანი უფლისწულების, ბასილისა და კონსტანტინეს, წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო,
ბიზანტიის იმპერიასა და თავზარდაცემულ საიმპერატორო ოჯახს შეუტია.
სწორედ აქაა მოთხრობილი ათონელ ქართველ მოღვაწეთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი,
რომელიც ძირითადად იოვანე-თორნიკეს უკავშირდება. აღმოსავლეთ ბიზანტიის დომესტიკოსი,
პატრიკიოსი, ბიზანტიის იმპერიის ქვეშევრდომი, პოლიტიკური მოღვაწე ბარდა სკლიაროსი
იმპერატორს აუჯანყდა და „ჴმელით კერძი ყოველი დაიპყრა და მეფენი და დედოფალი შეწყუდეულად
იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა“ (ძეგლები, 1967: 45). მძიმე მდგომარეობაში
მყოფმა ბერძნებმა განიზრახეს, დახმარება დავით კურაპალატისათვის ეთხოვათ: „ჩუენი შემწე დავით

1
კურაპალატისაგან კიდე არავინ არს“ (ძეგლები, 1967: 45). წმ. გიორგი მთაწმინდელი აჩვენებს იმ მიზეზს,
რის გამოც უშუალოდ დავით კურაპალატს ვერ მიმართა ბიზანტიის საიმპერატორო კარმა, - ტაოსკენ
მიმავალი ყველა გზა ბარდა სკლიაროსს ეპყრა. ათონზე, ქართველთა მონასტერში, წარავლინეს
სევასტოფორი, „კაცი წარჩინებული მათ ჟამთა შინა მთავართა შორის დედოფლისათა“ (ძეგლები, 1967:
45) და მათთვის კარგად ნაცნობ წმ. ათანასეს, წმ. იოვანე მთაწმინდელსა და იოვანე-თორნიკეს დახმარება
სთხოვეს; წმ. ათანასე და წმ. იოვანე მთელი კვირის განმავლობაში ევედრებოდნენ იოვანე-თორნიკეს,
რათა „აღვიდეს მეფეთა წინაშე“ და აღასრულოს ის უდიდესი მისია, რომელიც მას უნდა დაკისრებოდა
ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობის საქმეში, მას უნდა ეშუამდგომლა ბიზანტიის საიმპერატორო
კარის მხრიდან დავით კურაპალატის წინაშე. იოვანე-თორნიკეს დათანხმება ადვილი არ იყო, რადგან
ცოდვათა შესანანებლად მოსულს კვლავ შფოთსა და ომში ჩართვა არ სურდა, მიაჩნდა, რომ ომში ჩაბმა
და ბრძოლა ბერმონაზვნური ცხოვრების წესსა და ზნეობას ეწინააღმდეგებოდა. სოფლის შფოთს
განრიდებულ თორნიკეს მთაწმინდელი მამები, წმ. ათანასე და წმ. იოვანე, აიძულებდნენ, წასულიყო
საიმპერატორო კარზე, ვინაიდან „უკუეთუ ურჩ ვექმნეთ მეფეთა, დიდსა რისხვასა მოვაწევთ ჩუენ ზედა
და მონასტერსა ამას ზედა“ (ძეგლები, 1967: 46). ბოლოს მაინც გაჭრა ერთი კვირის მუდარამ და იოვანე-
თორნიკე ბიზანტიის საიმპერატორო კარის წინაშე წარდგა. მცირეწლოვანი ობოლი უფლისწულები
ბასილი და კონსტანტინე დედოფლის, თეოფანიას, ბრძანებით ფეხთ ჩაუვარდნენ იოვანე-თორნიკეს.
იოვანე-თორნიკემ „შინა-გამოღებით მრავალფერთა საქმეთათჳს ამხილა დედოფალსა“ (ძეგლები, 1967:
47), რომელიც ევედრა დავით კურაპალატთან შუამდგომლობას. ბიზანტიელთა თხოვნისა და ათონელ
ქართველთა აქტიური ჩარევის საპასუხოდ ქართველთა ლაშქარმა დავით კურაპალატის ბრძანებითა და
სახელგანთქმული მხედართმთავრის, თორნიკეს, იოვანე თორნიკყოფილის, სარდლობით სამხედრო
დახმარება გაუწია, მეამბოხეები დაამარცხა და 979 წლის 24 მარტს გამარჯვება მოიპოვა. თორნიკეს
ლაშქარმა ომში დიდი ალაფი მოიპოვა. ფაქტობრივად, იოვანე-თორნიკეს მხედართმთავრობით
ქართველთა ლაშქარმა აოტა სკლიაროსი, სპარსეთამდე მისდია მას და ბიზანტიის იმპერია სპარსთა
თარეშს გადაარჩინა. იოვანე-თორნიკემ მოიპოვა „ნატყუენავი დიდძალი“. გამარჯვებულმა სარდალმა
მეფის თანხმობით ნადავლის ნაწილი მებრძოლებს გადასცა, ნაწილი კი ათონზე მიიტანა ივირონის
მონასტრისათვის შესაწირად. წმინდა მამებმა დიდი პატივით მიიღეს ათონზე დაბრუნებული იოვანე-
თორნიკე და ჰმადლობდნენ ღმერთს, რომ მშვიდობით დააბრუნა იგი წმინდა მთაზე. იოვანე-თორნიკემ
საქართველოდან ათონზე „მრავალნი ფიჩოსანნი და სახელოვანნი მონაზონნი“ (ძეგლები, 1967: 49)
წაიყვანა, ვინაიდან სურდა, რომ ქართველთა ლავრაში მხოლოდ ქართველები დამკვიდრებულიყვნენ,
თუმცა ეს შეუძლებელი იყო და მალე იძულებულნი გახდნენ სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად
ბერძნები მოეყვანათ. ათონის ქართველობა გაიზარდა, რის გამოც მხოლოდ იოანე მახარებლის ეკლესია
მათ სულიერ-საეკლესიო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ „აქა ყოფაჲ ჩუენი შეუძლებელ არს,
კაცნი ვართ სახელოვანნი და ქართველნი მოგუმართებენ“ (ძეგლები, 1967: 48) და გადაწყდა კიდევ ერთი
მონასტრის აშენება. მართალია, წმ. იოვანე მთაწმინდელს ეს საქმე უმძიმდა, მაგრამ „ქართველთა
განსუენებისათჳს და უფროჲს ხოლო თორნიკის აშენებისათჳს თავს-იდვა ამისი ჴელ-ყოფაჲ“ (ძეგლები,
1967: 49).
ბიზანტიის იმპერატორისაგან იოვანე-თორნიკემ მიიღო 1200 ლიტრაზე მეტი ოქრო, რომლითაც
ივირონის მონასტერი აშენდა, აგრეთვე, მაკედონიაში მონასტრის კუთვნილი მამულები, ანუ
„დომენები“, იქნა შეძენილი. მონასტრისათვის უხვი შესაწირავი გაიღო ქართველთა მეფემ, დავით

2
კურაპალატმა. ქართველებმა მატერიალური შესაძლებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ტაძრის აგება
გადაწყვიტეს და 980-983 წლებში ამ საფასით მათ ეს საქმე განახორციელეს. ქართველთა მონასტერი წმ.
ათანასეს დიდ ლავრასთან ახლოს მდებარეობდა.
სკლიაროსზე გამარჯვების შედეგად მოპოვებული განძით ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე
შეისყიდეს „ადგილნი მრავალნი“ და ააგეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმ. იოვანე
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. დავით კურაპალატს კი მის სიცოცხლეში ბიზანტიისაგან
საგამგებლოდ ერგო „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი“, კურაპალატობის ხარისხიც ამ ომში
გამარჯვებასთან დაკავშირებით ებოძა.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა დეტალურად აღწერა ყოველივე, რაც იოვანე-თორნიკესთან იყო
დაკავშირებული, რადგან სწორედ მისი ქტიტორობით, მისი მოპოვებული განძეულით აიგო ათონის
ქართული მონასტერი: „ლავრაჲ ესე დიდებული და ყოვლითა შუენიერებითა შემკული და ყოვლითა
სამკაულითა განშუენებული, რომელი-ესე მრავლითა შრომითა და ოფლითა აღაშენეს მათ ნეტართა
განსასუენებელად სულთა მრავალთა, რომელსა შინა აღჰმართნეს ეკლესიანი, ცათა მობაძავნი, და
აღავსნეს იგინი წიგნთა მიერ ღმრთივ-სულიერთა და განაბრწყინვნეს იგინი ხატთა მიერ პატიოსანთა“
(ძეგლები, 1967: 40). წმ. იოვანე მთაწმინდელმა, წმ. ეფთვიმემ და იოვანე-თორნიკემ „მოუგნეს დაბანი და
სოფელნი და მონასტერნი და დასაყუდებულონი და განუწესნეს წესნი და კანონნი დიდებულნი და
ყოლად შუენიერნი და დაუსხნეს სიმტკიცენი და ჴელით-წერილნი და ოქრო-ბეჭედნი ღმრთის-
მსახურთა მეფეთანი“ (ძეგლები, 1967: 40). საგანგებოდაა მოთხრობილი იოვანე-თორნიკეს მიერ ბარდა
სკლიაროსის დამარცხების ამბავი, რომელიც ნაწარმოების ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდია. მას
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსა და ბიზანტიის ისტორიებისათვის ცალ-ცალკე,
ისე საქართველო-ბიზანტიის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და იდეოლოგიური ურთიერთობის
შესასწავლად, აგრეთვე, ქართული მონასტრის მშენებლობის წარსამართად, ქართველთა სამონასტრო-
ლავრული ცხოვრების მოსაწესრიგებლად ათონზე, რათა მთელ სამონასტრო კომპლექსში ქართველთა
უფლებები გაზრდილიყო და კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო-მთარგმნელობითი
საქმიანობის განვითარებით ქართული ლიტერატურა გამდიდრებულიყო. ფაქტობრივად, ამ ამბავმა
განსაზღვრა ქართველთა მონასტრის, ივირონის, დიდი ლავრის, დაარსება ათონზე.
ასე დაარსდა და თანდათანობით გაიზარდა ათონზე ქართველთა მონასტერი, ივირონი, რომელიც
ქართულ წყაროებში იხსენიება, როგორც „ლავრაჲ დიდებული და ყოვლითა შუენიერებითა შემკული“
(წმ. გიორგი მთაწმინდელი), „დიდი ლავრაჲ“ (გიორგი მცირე), „დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ“ (ეზრა
მთაწმინდელი), „ლავრაჲ დიდებული“ (ზოსიმე მონაზონი) და სხვ. ერთ-ერთი ათონური ხელნაწერის,
Ath.16-ის, კოლოფონში ჩამოთვლილია ათონზე მოღვაწე ქართველ წმინდა მამათა სახელები: იოვანე,
იოვანე-თორნიკე, ეფთვიმე, არსენი, თეოდორე, გიორგი და საბა (ხელნაწერის გადამწერი). 979 წელს
ქართველ ბერ-მონაზონთა შორის იყო ილარიონი, რომელიც მოგვიანებით სამეურნეო მმართველი
გამხდარა. სწორედ მათ შეადგინეს ათონზე პირველი რვაკაციანი ჯგუფი და დააარსეს წმ. იოანე
მახარებლის კელიები, სადაც ქართველი ბერ-მონაზვნები დამკვიდრდნენ. წმ. ათანასე ისევე ზრუნავდა
ქართველ ბერ-მონაზვნებზე, როგორც სხვებზე და უდიდესი პატივით ეკიდებოდა მათ. გარდაცვალების
წინ მან მოისურვა, რომ სამი წლით წმ. ეფთვიმეს დაეკავებინა ათონის დიდი ლავრის ეპიტროპის
თანამდებობა, რომელზეც ივირონის მონასტრის წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგაც იმყოფებოდა.
წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობის პერიოდში (1005-1019) ათონის მონასტრებს შორის ქართველთა მონასტერი

3
ყველაზე დიდი და ძლიერი იყო. აქ 300 ქართველი ბერ-მონაზონი მკვიდრობდა. წმ. ეფთვიმე მონასტერს
წინამძღვრობდა 14 წლის განმავლობაში, თუმცა, მისი ხელმოწერა დოკუმენტებში ძირითადად 1007-
1015 წლებში გვხვდება. წმ. ეფთვიმეს ხელმოწერილი ბოლო დოკუმენტი 1018 წლის იანვრით
თარიღდება, ხოლო გიორგი მაშენებლის ხელმოწერა დოკუმენტაციებზე 1019 წლის იანვრიდან ჩნდება.
წმ. ეფთვიმეს წინამძღვრობისას ათონის მონასტერმა ათონსა და მის შემოგარენში, მის ფარგლებს
გარეთაც, დიდი მამულები შეიძინა, რომლებიც, პირველადი დანიშნულების გარდა, შემოსავლის წყაროც
იყო.
ათონელი ქართველი წმინდა მამების სახელს უკავშირდება ათონის ივირონის მონასტრის ერთ-ერთი
უდიდესი სიწმინდის, პორტაიტისის, ანუ კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ათონის ქართველთა
მონასტერში შემობრძანების ისტორია, რომლის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს კარდინალ პიტრას
მიერ აღმოჩენილი ბერძნული ხელნაწერი. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ ძველ
ქართულ და რუსულ წყაროებში დაცულ თქმულებებს თავი მოუყარა და შეისწავლა დარეჯან მენაბდემ
(მენაბდე, 2014: 31-47). პიტრას მიერ აღმოჩენილი ხელნაწერი კიდევ იმითაა საყურადღებო, რომ ხატის
შესახებ გადმოცემას მოსდევდა საგალობელი, რომელშიც პიტრამ ბიზანტიური ლექსთწყობის
სისტემათა გასაღები აღმოაჩინა (ყაუხჩიშვილი, 1973: ). ქართული (ტიმოთე გაბაშვილი, 1956: 18-19; იონა
გედევანიშვილი, 1852: 31-32; ანტონ ბაგრატიონი, 1980: 45, 266), ბიზანტიური და რუსული წყაროები
მოგვითხრობენ, რომ VIII საუკუნეში, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა,
ერთ ქვრივ დედაკაცს ღვთისმშობლის ხატი ზღვაში გადაუგდია, რათა ხატთმებრძოლებს ხელში არ
ჩავარდნოდათ და არ წაებილწათ. ხატი წყალში არ ჩაიძირა, ჰაერში გაჩერდა და მერე სადღაც
გადაიკარგა. ხატისმებრძოლთა და არაბთა მიერ დევნილმა მონაზვნებმა თავი ათონის მთას შეაფარეს.
ქართული მონასტრის დაარსების შემდეგ ათონის მთასთან გამოჩნდა მოხეტიალე ხატი. ბერებმა
ზღვიდან მისი გამობრძანება სცადეს, მაგრამ ხატმა არავინ გაიკარა. ივერთა მონასტრის ბერს, წმ.
გაბრიელ ივერიელს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო, რომ მხოლოდ მას ხელეწიფებოდა
ღვთივმოვლენილი ხატის გამოტანა ზღვიდან; წმ. გაბრიელმა ხატი ზღვიდან გამოაბრძანა და
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში, საკურთხეველში დააბრძანა. ბერებმა ღვთისმშობლის ხატი
სამჯერ ზედიზედ ტაძრის კარიბჭესთან ნახეს. მესამედ ხატმა მათ აუწყა, რომ მისი ადგილი აქ, ტაძრის
შესასვლელთან იყო, რის შემდეგაც ბერებმა ტაძრის კარიბჭის თავზე მოათავსეს. ამიტომ ეწოდა მას
კარის ღვთისმშობლის ხატი, ანუ პორტაიტისა (მენაბდე, 2014: 31-47).
ქართველ მოღვაწეებს ბიზანტიის იმპერატორები დიდი ხნის განმავლობაში მორალურად მხარს
უჭერდნენ და მატერიალურადაც ეხმარებოდნენ. ახალ ქართულ მონასტერს სათავეში წმ. იოვანე ჩაუდგა.
მან იკისრა წინამძღვრის მძიმე ტვირთი და მრავალმხრივი საეკლესიო-სამონასტრო თუ სამეურნეო-
ადმინისტრაციული საქმიანობა წამოიწყო, რის შედეგად ივირონი განმტკიცდა და გაძლიერდა. ათონზე
ქართველ ბერ-მონაზონთა უმთავრესი მიზანი სამწერლო-საგანმანათლებლო კერის საფუძვლის ჩაყრა და
დაარსება იყო. მას ქართულ-ბიზანტიური შემოქმედებითი კავშირის განსამტკიცებლად, ქართული
ლიტერატურის ახალი თხზულებებით გასამდიდრებლად, ჩვენი ეროვნული კულტურის
აღმავლობისათვის ხელშესაწყობად აქტიურად უნდა ეღვაწა.
მწიგნობრული საქმიანობა ათონზე გადასულ ქართველ მოღვაწეებს ჯერ კიდევ ივირონის
დაარსებამდე, ათონის ქართული სამწერლო კერის ჩამოყალიბებამდე ჰქონდათ დაწყებული. წმ. იოვანეს
ინიციატივით ათონზე გაჩაღდა არა მხოლოდ თარგმნა, რაც მამამ, წმ. იოვანემ, შვილს, წმ. ეფთვიმეს,

4
დაავალა, არამედ ხელნაწერთა გამრავლებაც, რადგან მთელი ეს თარგმნილი ლიტერატურა
საქართველოშიც უნდა გამოეგზავნათ, რაც ქართველი ერის სულიერი აღზრდისა და განათლებისათვის
იყო საჭირო.
ბუნებრივია, ათონის ქართული სავანის წიგნადი ფონდის შექმნაზე, ხელნაწერთა ბიბლიოთეკის
ჩამოყალიბებაზე ჯერ კიდევ ივირონის დაარსებამდე ზრუნავდა იოვანე-თორნიკეც. მის სახელს
უკავშირდება ისეთი ძვირფასი ხელნაწერების დამზადება, როგორებიცაა 977 წელს გადაწერილი
„სამოთხე“, 978 წელს საგანგებოდ ათონისათვის შექმნილი ხელნაწერი ოშკის//ათონის ბიბლია, 978-979
წლებში გადაწერილი „წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრება“ და 981 წელს კი „განძი“; ცნობილია, რომ
ქართველთათვის დაარსებულ სავანეში, რომელიც თავიდან ჩორდვანელთა სახლის საკუთარ
მონასტრად ივარაუდებოდა, წმ. იოვანე მთაწმინდელმა და იოვანე-თორნიკემ განსწავლულ სასულიერო
მოღვაწეებს მოუყარეს თავი და ივირონის წიგნთსაცავს ჩაუყარეს საფუძველი.
წმ. იოვანესა და იოვანე-თორნიკეს ინიციატივით ათონის მთაზე ქართველი ბერ-მონაზვნები
შეუდგნენ მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობას, კერძოდ, ხელნაწერთა გამრავლებას, ახალი
ნუსხების დამზადებას. პირველ ათონელ ქართველ მამათა დამსახურება არა მხოლოდ სამონასტრო
მშენებლობა იყო, არამედ ლიტერატურული საქმიანობის განვითარება. ყოველივე ამის გამო
შთამომავლობა მათ დიდად აფასებდა და შესაფერის პატივსაც მიაგებდა; წმ. გიორგი მთაწმინდელმა
თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში წარმოაჩინა ათონზე მოღვაწე პირველ ქართველ წმინდა მამათა
ღვაწლი, ასახა ივირონის დაარსების ისტორია, დაახასიათა და შეაფასა წმ. ეფვთიმე მთაწმინდელის
სამონასტრო თუ სამწიგნობრო-მთარგმნელობითი საქმიანობა, მოგვაწოდა ცნობები წმ. ეფთვიმეს მიერ
ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად თარგმნილი თხზულებების შესახებ.
1001 წელს წმ. ეფვთიმე მთაწმინდელი ათონის დიდი ლავრის წინამძღვრის, წმ. ათანასე დიდის
ანდერძის თანახმად, ივირონის ხელმძღვანელობასთან ერთად, ათონის დიდი ლავრის „სულიერ
ეპიტროპად“, ანუ მზრუნველად იქნა არჩეული. წმ. ათანასესავე ანდერძით, წმ. ეფვთიმემდე ეს
თანამდებობა მამამისს, წმ. იოვანეს, ეპყრა.
1005 წელს გარდაიცვალა წმ. იოვანე მთაწმინდელი, რის შემდეგაც წმ. ეფთვიმეს დააწვა ათონის მთაზე
მდებარე მონასტრების წინამძღვრობის მთელი სიმძიმე. იგი დღისით ათონის მონასტრებს განაგებდა,
ხოლო ღამით თარგმნიდა. 1019 წელს წინამძღვრობიდან გადადგა და ეს საპატიო მისია მამის
ანდერძისამებრ გთავისსავე ნათესავს, იორგი მაშენებელს, გადააბარა. მიუხედავად ამისა, წმ. იოვანეს
გარდაცვალებიდან მოკიდებული, წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგაც, წმ. ეფვთიმე ათონის დიდი
ლავრის, ათონის სამონასტრო კომპლექსის ეპიტროპის თანამდებობაზე სიკვდილამდე დარჩა. წმ.
ეფვთიმე ათონის დიდი ლავრის „სულიერი ეპიტროპი“ ფორმალურად არ ყოფილა. წმ. გიორგი
მთაწმინდელის სიტყვით, „არცა პროტი, არცა სხვანი მამასახლისნი თვინიერ მისისა ბრძანებისა არარას
იქმოდეს და იშვიათი დღეჲ გარდახდის, რომელსა ათი ანუ თხუთმეტი მამასახლისი არა მოვიდა მათ
წინაშე. და კვალად ზრუნვაჲ დიდისა ლავრისაჲ, საქმე მძიმე და მრავალფერი, მის ზედვე იყო, რამეთუ
დიდსა ათანასის მისდა მიენდო საურავი და დახედვაჲ და განგებაჲ მისი“ (ძეგლები, 1967: 81). მართლაც,
ელგუჯა ხინთიბიძე მიუთითებს, რომ ათონის მთის ჩვენამდე მოღწეულ ბერძნულ აქტებს წმ. ეფვთიმე
ხელს აწერდა ბერძენთა დიდი ლავრის იკონომოსის ტიტულითაც და მასზე სიკვდილამდე ზრუნავდა
(ხინთიბიძე).

5
წინამძღვრობიდან წმ. ეფვთიმეს გადადგომის შემდეგ ივირონში არეულობა დაიწყო, რაც შეიტყო
იმპერატორმა კონსტანტინემ და საქმის არსის გასაცნობად წმ. ეფთვიმე დედაქალაქში მიიწვია. სწორედ
კონსტანტინეპოლში ყოფნის დროს გარდაიცვალა წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი. წმ. ეფთვიმეს
გარდაცვალების შემდეგ მომრავლდნენ ივირონში ბერძნები, რომლებიც ათონიდან ქართველთა
გაძევებასაც ცდილობდნენ. ქართულ-ბერძნული წყაროების მოწმობით, ობიექტური მიზეზების გამო, -
უმეტესად, სამეურნეო საქმიანობის წარსამართად, - ბერძნები ძირითადად გიორგი მაშენებლის
წინამძღვრობისას მომრავლდნენ. მაგრამ ბერძნებმა ვერც გიორგი იგუეს, 1029 წელს მას ცილი დასწამეს
იმპერატორის ღალატში, კერძოდ, ბრალად დასდეს ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III არგვიროსის
წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა თესალონიკის დუკას, კონსტანტინე დიოგენეს სასარგებლოდ.
გიორგი მაშენებელი დააპატიმრეს, გაასამართლეს და გადაასახლეს კუნძულ მონოვატზე, სადაც ძალიან
მალე გარდაიცვალა. დასაჯეს შეთქმულების სხვა მონაწილეებიც. ფერის ჯოჯიკის ძეს, - ჯოჯიკი იოვანე-
თორნიკესთან ერთად მეთაურობდა ქართველთა ლაშქარს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლის
დროს, თავი მოკვეთეს. ქართველთა მონასტერმა იმპერატორის მხარდაჭერა დაკარგა, ქართველებმა
სახელმწიფო კონფისკაციის შედეგად დაკარგეს ივირონის კუთვნილი მიწების ნაწილი. ამ
მდგომარეობით ისარგებლეს სხვა ათონელმა ბერ-მონაზვნებმა, მაკედონიელებმა და ქართველებს
შეძენილი მამულების ნაწილი წაართვეს.
ათონის მთაზე არეულობა ერთხანს გაგრძელდა, წინამძღვრები ხშირად იცვლებოდნენ, ბერძენი
ბერები თუ ადრე ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებდნენ და ივირონის ხელში ჩაგდებას
ცდილობდნენ, შემდეგ მათ ქართველთა აღმსარებლობაშიც ეჭვი შეიტანეს და საღვთისმეტყველო
ლიტერატურის ქართული თარგმანების, კერძოდ, წმ. ეფვთიმეს თარგმანების, ღირსების საკითხიც
წამოჭრეს. ამას დაემატა წმ. ეფთვიმეს მიერ თარგმნილი ტექსტების შერყვნაც. შემონახულია ცნობა იმის
შესახებ, რომ ვინმე ოზანმა წმ. ეფთვიმეს თარგმნილი ტექსტები შერყვნა. ყოველივე ამის გამო საჭირო
გახდა ამ ღირსების დაცვა და წარმოჩენა. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ წინამძღვარი გრიგოლ
მთაწმინდელი და ცნობილი მღვდელმთავარი და მწიგნობარი ზაქარია ბანელი. მათ ჩამოაყალიბეს
ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი ათონელი მოღვაწეები ბასილი ეტრატა, კალიგრაფი ისაკი და
სხვები, რომელთაც დაავალეს წმ. ეფვთიმეს თარგმანების ხელნაწერების გამრავლება და გავრცელება.
ამის შედეგად კიდევ უფრო განმტკიცდა აზრი, რომ წმ. ეფვთიმე „მთარგმნელი სულისა წმიდისა
მადლითა სავსე იყო და ბრძენ და ფრიად მეცნიერ“ (ძეგლები, 1967: ) და, ამდენად, მისი თარგმანების
ხელყოფა და დაკნინება ყოვლად გაუმართლებელი იყო.
რომანოზის შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე აღსაყდრებულმა მიხეილ IV პაფლაგონელმა
(1034-1041 წწ.) აღადგინა წმ. გიორგი მაშენებლის სახელი, 1034 წელს რომანოზ III-ის წინააღმდეგ
შეთქმულების მონაწილეები შეიწყალა, რაც მოგვიანებით ოქრობეჭდითაც განამტკიცა ბიზანტიის
მომდევნო იმპერატორმა მიხეილ V კალაფატმა (1041-1042), რომელმაც ივირონს ქონება და მისთვის
წართმეულ მიწებზე უფლება დაუბრუნა. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ივირონის მონასტრის
სახელწოდებამ „ივერთა მონასტერი“. იმპერატორმა მიხეილ მეოთხემ ივირონის წინამძღვრად დანიშნა
გრიგოლი (დაახლ. 1035-1041 წწ.). მისი წინამძღვრობისას ქართველმა ბერ-მონაზვნებმა წმ. გიორგი
მაშენებლის ნაწილები კუნძულ მონოვატის მონასტრიდან ივირონში გადაასვენეს და კათოლიკონში
დაკრძალეს.

6
ყოველივე ამან ათონის ქართველთა მონასტრის კუთვნილების შემცველი დოკუმენტის შექმნის
საფუძველი მოამზადა. წმ. ეფვთიმეს განდიდებითა და მისი სახელის პოპულარიზაციით ქართველი
მოღვაწეები ათონის ქართველთა მონასტრის გადარჩენას იმედოვნებდნენ. ვითარება მაინც დაძაბული
იყო, არც ბიზანტიის საიმპერატორო კარის დახმარება აღმოჩნდა საკმარისი. ათონის მთის ქართველმა
ბერ-მონაზვნებმა გადაწყვიტეს საკუთარი უფლებების დაცვა. ამიტომ წმ. გიორგი მთაწმინდელის
წინამძღვრობამდე ათონზე დაიწყეს ზრუნვა მოსახსენებელი წიგნის შესადგენად, რომელშიც მოკლედ
აისახა ივირონის დაარსების ისტორია, მამა-შვილის წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე მთაწმინდელების,
იოვანე-თორნიკეს დამსახურება. ბიზანტიელთა იერიშის მოგერიებისა და მომავალი თავდასხმებისაგან
თავის დაზღვევის მიზნით სვიმეონის წინამძღვრობის დროს (1041-1042 წწ.) მათ შექმნეს
„მოსაჴსენებელი“, უძვირფასესი დოკუმენტი, რომლისთვისაც გამოიყენეს ძველი საბუთები, ისარგებლეს
ტრადიციული ცნობებით, აღწერეს ივირონის მონასტრის დაარსებისა და შემდგომი ხანის განვითარების
ისტორია, გადმოსცეს ათონზე მოღვაწე პირველ ქართველ ბერ-მონაზონთა საქმიანობა, ამხილეს ბერძენ
ბერთა ვერაგული განზრახვა, დაასაბუთეს ათონის ქართველთა მონასტრის ქართველთადმი
კუთვნილება. ბერძენთა პრეტენზიებსა და ყოვლად გაუმართლებელ ქცევებს კი საბოლოოდ წმ. გიორგი
მთაწმინდელის ათონზე მისვლამ და წინამძღვრად მისმა არჩევამ მოუღო ბოლო. დეკანოზობისას წმ.
გიორგი მთაწმინდელმა აღწერა ათონის ქართველთა მონასტრის ისტორია იმისათვის, რათა არავის
დავიწყებოდა, რომ მონასტერი ქართველებს ეკუთვნოდათ და ამის გამო შფოთი აღარ ამტყდარიყო. წმ.
გიორგი მთაწმინდელის თხზულების საფუძველზე შეიქმნა ათონის მთის ბერძნული ხელნაწერებით
ჩვენამდე მოღწეული ორი ჰაგიოგრაფიული ნაშრომი: „ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთვიმე
ბერისა“ და XVIII საუკუნის ხელნაწერით ცნობილი ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხოვრებაჲ და
მოქალაქობაჲ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ეფთვიმესი და გიორგისი,
წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მაშენებელთა“. ზემოთ აღინიშნა, რომ ეს თხზულება
გამოკვლევითურთ 1982 წელს გამოსცა მანანა მაჩხანელმა. წმ. იოვანე და წმ. ეფვთიმე მთაწმინდელები
წმინდანებად შერაცხეს ქართულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა.
პირველი, ვინც წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის ღვაწლის, დამსახურებისა და ცხოვრების ძირითადი
ცნობების შესახებ სვინაქსარული თხზულება დაწერა, იყო ბასილი ბაგრატის ძე, რომლის მიზანი იყო
„სამახსოვრო წიგნის“ შექმნა ათონის ქართველთა მონასტრისა და მისი წინამძღვრების შესახებ. წმ.
ეფთვიმე მთაწმინდელის უმცროსი თანამედროვე, მისი საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის
წარმომადგენელი, ბასილი, გიორგი მცირის სიტყვით, „მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა
ჩუენისაჲ“, სამეცნიერო ლიტერატურაში ბაგრატ მესამის ძედაა მიჩნეული. იგი ერთხანს ხახულის
მონასტერში მოღვაწეობდა და წმ. გიორგი მთაწმინდელის აღზრდაშიც მონაწილეობდა, ბოლოს მან
ათონს მიაშურა და იქაურ ლიტერატურულ საქმიანობაში ჩაება. როგორც ჩანს, ბასილი ათონის
ქართველთა ლავრაში წმ. ეფთვიმეს მოღვაწეობის ბოლო პერიოდშია მისული, ვინაიდან წმ. გიორგი
მთაწმინდელი თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში მას არ ახსენებს. წმ. გიორგი მთაწმინდელი
მხოლოდ წმ. ეფთვიმეს თანამედროვე თანამოღვაწეებზე გვესაუბრება.
ბასილი ბაგრატის ძის დაწერილია „წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრების“ სვინაქსარული
რედაქცია, ე. მეტრეველისა და ე. გაბიძაშვილის შეხედულებით, წმ. ეფთვიმეს გარდაცვალების უმალ,
1028-1029 წლებში; ამას ის ფაქტი ამოწმებს, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელის ჰაგიოგრაფიული
თხზულება, დაწერილი 1042-1044 წლებში, ერთ-ერთ წყაროდ იყენებს ბასილის შეთხზულ სვინაქსარულ

7
„ცხოვრებას“, კერძოდ, სარგებლობს „მოსაჴსენებლის“ ფაქტობრივი მასალით, ფრაზეოლოგიით,
გამომსახველობითი საშუალებებით. ჰაგიოგრაფმა ჩამოაყალიბა ის არგუმენტები, თუ რას და როგორ
ემსახურებოდა წმ. ეფთვიმეს სიცოცხლეში შედგენილი „სამახსოვრო წიგნები“. ცხადია, წმ. ეფთვიმეს
შესახებ დაწერილი სვინაქსარული „ცხოვრება“ მიზნად ისახავდა წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს
მრავალმხრივი მოღვაწეობის შეჯამებასა და შეფასებას, მათი პიროვნული თვისებების წარმოჩენას. იგი
დაწერილია სვინაქსარებისათვის დამახასიათებელი ინფორმაციული სიმდიდრით, ლაკონიური
სტილით. თხზულება ცნობებს გვაწვდის არა მხოლოდ წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს მოღვაწეობის
შესახებ, არამედ გვაცნობს ბიზანტიის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ პროცესებს.
ე. მეტრეველმა სვინაქსარული „ცხოვრების“ მონაცემების საფუძველზე დააზუსტა, რომ წმ. ეფთვიმე
მთაწმინდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა დაიწყო მამის, იოვანეს გარდაცვალების შემდეგ
(მეტრეველი). ბასილი ბაგრატის ძეს დაუწერია წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისადმი მიძღვნილ
საგალობელთაგან უძველესი, პირველი საგალობელი, რომელიც მდიდარია ცნობების სიუხვით და
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებითაც გამოირჩევა. ბასილი ბაგრატის ძემ ერთ-
ერთმა პირველმა განჭვრიტა წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის როლი და მნიშვნელობა, ერთი მხრივ, ათონის
ქართველთა მონასტრისათვის, მეორე მხრივ, საზოგადოდ, ქართული კულტურისათვის, რის გამოც მის
სამახსოვროდ შექმნა თავისი თხზულებები.
წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ ჰაგიოგრაფიული თხზულების შექმნა ათონის ქართველთა
მონასტრის დამაარსებელთა შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანი ლიტერატურული და ისტორიულ-
იდეოლოგიური მოვლენა იყო, რადგან მას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: 1. ქართველებს ბერძნებისათვის
უნდა შეეხსენებინათ და არასოდეს დაევიწყებინათ ქართველთა უფლებები ივირონზე, რომ მონასტერი
ქართველებმა ააშენეს და მათი კუთვნილება იყო, ბერძნებს აქ მხოლოდ შავი სამუშაოების
შესასრულებლად თუ შეიყვანდნენ; 2. წმ. იოვანე მთაწმინდელის, წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისა და წმ.
გიორგი მთაწმინდელის ღვაწლის დაცალკევება შეუძლებელი იყო, რადგან ისინი ერთმა დიდმა
სამოღვაწეო საქმემ გააერთიანა, გაამთლიანა, ამიტომ მათი ღვაწლის შედეგიც ერთიანი და
განუყოფელია. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისა და წმ. გიორგი
მთაწმინდელის მოღვაწეობას სულიერი საძირკველი იოვანე მთაწმინდელმა ჩაუყარა, რომელმაც
ხელნაწერზე დართული ანდერძებით, რომლებიც ჩვეულებრივი ბიბლიოგრაფიული მინაწერები არაა,
შევიცნობთ წმინდა მამის საღვთისმეტყველო აზროვნებას, მის ღრმა ცოდნას დოგმატური
ღვთისმეტყველების სფეროში. ჩვენამდე მოღწეულია წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი წმ.
იოანე ოქროპირის „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲს“ ტექსტზე დართული მისი ანდერძი, რომელიც
თავისუფლად შეიძლება წმ. იოვანე მთაწმინდელის საღვთისმეტყველო სიღრმით გამორჩეულ ნაშრომად
მივიჩნიოთ.
ეს თხზულება იყო შემადგენელი ნაწილი სამახსოვრო წიგნისა, რომელიც ქართველთა მონასტერში
დაიდო და „ათონის კრებულის“ სახელითაა ცნობილი. ესაა ათონური ხელნაწერი A-558 (ათონის
კრებული, 1901). იგი მოგვითხრობს მამა-შვილის, წმ. იოვანე და წმ. ეფთვიმე მთაწმიდლების, იოვანე-
თორნიკეს მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მონასტრის აგებისა („მსგავსი მისი არა
იპოებოდა“) და საღვთისმეტყველო-ლიტერატურული კერის დაარსების შესახებ; აჩვენებს საქართველოს
სიძლიერეს X საუკუნის ბოლო მეოთხედში, როდესაც გაჭირვებაში ჩავარდნილ ბიზანტიის უზარმაზარ
იმპერიას დახმარება გაუწიეს ქართველებმა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში. წმ. გიორგი

8
მთაწმინდელმა დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას ათონზე და
საქართველოში. ათონზე მან განამტკიცა წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის მოღვაწეობის შემდგომ შერყეული
მდგომარეობა და კონტაქტები დაამყარა ბიზანტიის საიმპერატორო კართან, მას მჭიდრო კავშირ-
ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მეფესთან, ბაგრატ IV-სთან. ათონზე შეაკეთა ქართული
მონასტრები, აღნუსხა და შექმნა ქართული სამონასტრო ცხოვრების ისტორია, რითაც შთამომავლობას
შემოუნახა უძვირფასესი ცნობები ქართველთა პოლიტიკური და კულტურული სიძლიერის შესახებ.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს წმინდა ნაწილები წმ. იოანე
წინასწარმეტყველის ტაძრიდან კათოლიკონში გადააბრძანა. მთავარანგელოზის ეკვდერიდან
გადმოსვენებული იოვანე-თორნიკეს ნაწილებიც აქ იყო დაბრძანებული. მან შეძლო სხვა ათონელ
ქართველ მამათა წმინდა ნაწილების მოძიებაც. კერძოდ, წმ. სვიმეონის სავანეში წმ. არსენი
ნინოწმინდელისა და წმ. იოვანე გრძელის ძის უხრწნელად ნაპოვნი ნაწილები კათოლიკონის ნართექსის
სამხრეთ ნაწილში გადაასვენეს და დაკრძალეს, სადაც წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს ნაწილები იყო
განთავსებული. წინამძღვარმა დააწესა, რომ საფლავებზე სამი ჩაუქრობელი სანთელი მარადიულად
ყოფილიყო ანთებული. წმ. ეფთვიმეს საფლავის მარცხნივ დაკრძალეს წმ. გიორგი I მაშენებლის ნეშტიც
და 1066 წელს წმ. გიორგი მთაწმინდელიც. ცხადია, ივირონის მონასტრის გამოჩენილი სულიერი
მოღვაწეების წმინდა ნაწილებისა და ნეშტის კათოლიკონში გადატანა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ტაძრის ქართველი ბერ-მონაზვნების უფლებების განსამტკიცებლად იყო საჭირო და აუცილებელი.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის „მარჯვენა იგი განმაცხოველებელი“ მიირქვა,
როგორც ივირონის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე, გვადრუცში მოათავსა და თან დაატარებდა ათონის
წმინდა მთაზე თუ კონსტანტინეპოლში, იერუსალიმში, სირიაში, საქართველოში, სადაც კი უხდებოდა
ცხოვრება, მოღვაწეობა და მოგზაურობა, როგორც უძვირფასეს წმინდა ნაწილსა და რელიქვიას,
რომელმაც ქართული სააზროვნო სივრცე აღმოავსო თავისი თარგმანებითა და ორიგინალური
თხზულებებით. წმ. გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის მიზანი მონასტრის მატერიალური
უზრუნველყოფაც იყო, მას სურდა დაკარგული მამულებისა და პრივილეგიების დაბრუნება და ახლების
შეძენა. იგი ბიზანტიის საიმპერატორო კარს ხშირად სტუმრობდა და მისგან დახმარებას მოიპოვებდა.
1065 წლის 29 ივნისს წმ. გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებიდან მეორე დღეს იმპერატორმა
ქართველთა მონასტერს ორი ოქრობეჭედი უბოძა: 1. პირველი ოქრობეჭდით ივირონის მონასტრის
აქამდე არსებული ყველა სიგელი იყო განახლებული, რაც მოწმობდა მონასტერზე ქართველთა
უფლებებს; 2. მეორე კი განკუთვნილი იყო ახალგაზრდების მომავალზე საზრუნავად, მათი ცხოვრების
პირობების უზრუნველსაყოფად და მათ აღსაზრდელად, რაზეც ათონის ქართველთა მონასტერს
ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, მათ გაძევებას მონასტრიდან ვერავინ გაბედავდა. ეს ეხებოდა იმ 80
ობოლ ბავშვს, რომლებიც წმ. გიორგი მთაწმინდელმა საქართველოდან აღსაზრდელად წამოიყვანა.
წმ. გიორგი მთაწმინდელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა ლიტურგიკისა და ჰიმნოგრაფიის
განვითარების საქმეში. მან ათონის ქართველთა მონასტერში შექმნა იადგართა ბუნებრივი გაგრძელება,
მაგრამ მათგან თვისებრივად განსხვავებული ჰიმნოგრაფიული კრებული „თვენის“ სახელით. „თვენის“
პირველი რედაქცია წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის სახელს უკავშირდება, ხოლო სრულყოფილი „თვენი“
ქართულ ენაზე წმ. გიორგი მთაწმინდელმა შექმნა. ზემოთ აღინიშნა, რომ იადგარში საგალობლები წლის
ყოველ დღეზე არ იყო წარმოდგენილი, ყოველდღიური ღვთისმსახურება კი მოითხოვდა ისეთი
ლიტურგიკული კრებულის შექმნას, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა მთელი ლიტურგიკული წლის

9
განმავლობაში ყოველდღიურად შესასრულებელი საგალობლები. ახალ ჰიმნოგრაფიულ კრებულს უნდა
დაეკმაყოფილებინა სამონასტრო ცხოვრებისა და ღვთისმსახურების გაზრდილი მოთხოვნები.
ათონელმა ქართველმა მოღვაწეებმა მიზნად დაისახეს, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის
ლიტურგიისათვის დაეახლოვებინათ და შეეხამებინათ ქართული ეკლესიის ღვთისმსახურება. ათონის
საღვთისმეტყველო-სამწიგნობრო სკოლამ ლიტურგიკაში დამკვიდრებული ახალი მოთხოვნების
მიხედვით გადაამუშავა პალესტინურ-სინური, ანუ წინაათონური რედაქციის კრებულები. ისინი
პალესტინის მონასტრებში შეჭრილი კონსტანტინეპოლური საღვთისმსახურო პრაქტიკის შესაბამისად
ტაო-კლარჯეთის, პალესტინისა და ათონის ქართველმა მწიგნობრებმა, - მიქაელ მოდრეკილმა, იოვანე
მინჩხმა, წმ. ეფთვიმე მთაწმინდელმა, წმ. გიორგი მთაწმინდელმა, - გადაამუშავეს და ახალი ტიპის
ლიტურგიულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები შექმნეს. ამ თვალსაზრისით უდიდესი შრომა გასწია წმ.
გიორგი მთაწმინდელმა. მის მიერ თარგმნილი და შედგენილი ჰიმნოგრაფიული კრებულები ფართოდ
იყო გავრცელებული XI-XII სს. პალესტინისა და სინას მთის ქართველთა სამწერლობო კერებში.
წმ. გიორგი მთაწმინდელის „თვენმა“ ლიტურგიკული პრაქტიკიდან ფაქტობრივად განდევნა მანამდე
არსებული ჰიმნოგრაფიული კრებულები და იგი, XII საუკუნის I მეოთხედში არსენ ბერის მიერ
შემოკლებული და შესწორებული, დარჩა ერთადერთ მოქმედ კრებულად. თავისი მოღვაწეობის
დასაწყისშივე მან ჩამოაყალიბა „დიდი სვინაქსარის“ უზარმაზარი კრებული, რომელსაც მრავალმხრივი
მნიშვნელობა ჰქონდა, შექმნა „მარხვანის“ ახალი რედაქცია, ბერძნულიდან თარგმნა „ოქტოიხოსის“
ტექსტი სახელწოდებით „პარაკლიტონი“.
წმ. გიორგი მთაწმინდელმა თვალსაჩინო და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული
ეკლესიის ორგანიზაციასა და საღვთისმსახურო წესების შემუშავება-დამკვიდრებაში. ამ კუთხით
წარმართა მან თავისი პრაქტიკული და სამწერლო-მთარგმნელობითი საქმიანობა.
წმ. გიორგი მთაწმინდელი თავის თარგმანებში ითვალისწინებდა და იცავდა ქართულ საეკლესიო
ტრადიციას. როგორც მთარგმნელმა და რედაქტორმა, დიდი ღვაწლი დასდო ქართულ მწერლობას. მან
შეასწორა ახალი აღთქმის ტექსტი, მისი საბოლოო რედაქცია შეიმუშავა და საუკუნეების განმავლობაში,
დღესაც სწორედ ისაა ქართულ ეკლესიებში მოქმედი „ახალი აღთქმა“.
წმ. ეფთვიმეს ტიპიკონი. ათონის ქართველთა მონასტერი ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა. ჯერ კიდევ წმ. იოვანე მთაწმინდელის სიცოცხლეში წმ. ეფთვიმემ დაამუშავა და შეიტანა
მონასტრის ბერ-მონაზონთა ყოველდღიურ ცხოვრებაში „წესნი და განგებანი“. წმ. გიორგი
მთაწმინდელმა წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს „ცხორებაში“ შეიტანა წმ. ეფთვიმეს ტიპიკონის//წესდების
42 მუხლი. წმ. ეფთვიმემ გადაამუშავა და შეავსო ბერძნული საკანონმდებლო ძეგლები, მცირე
სჯულისკანონი. ტიპიკონი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო, რადგან იგი ბერ-მონაზონთა სულიერ და
ზნეობრივ ცხოვრებას აწესრიგებდა, წესდების დამრღვევი ისჯებოდა.
მონასტერში შესვლის მსურველს აუცილებლად თან უნდა ჰქონოდა ცნობილი, პატივსაცემი
პიროვნების დახასიათება. სხვა მონასტრის ბერ-მონაზონს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ
იგი წარადგენდა ძველი მონასტრის იღუმენის წერილობით თანხმობას და წარდგინებას. თუ ბერი
მონასტერში შესვლისას მდიდარი იყო, ნახევარს სავანეს გადასცემდა, ხოლო მეორე ნახევარს მონასტერი
მის სახელზე ინახავდა. ბერს ეკრძალებოდა თავისი ნებით სამოსლის ყიდვა; წმ. გიორგი მთაწმინდელის
თხზულებაში მოთხრობილია, რომ წმ. ეფთვიმემ რამდენჯერმე დაწვა მისი კურთხევის გარეშე შეძენილი
სამოსელი. ბერებს ეკრძალებოდათ სენაკში სანთლის ანთება, ერთზე მეტი ჯვრისა და ხატის ქონის

10
უფლებაც არ ჰქონდათ. სკრიპტორიუმში მკითხველებსა და გადამწერებს მხოლოდ აუცილებელი
რაოდენობის ზეთი ეძლეოდათ. მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული ცრუმოწმეობისათვის, ასეთ ბერს
მონასტრიდან სამუდამოდ აძევებდნენ.
ბერ-მონაზონთა საქმიანობა ძირითადად ორი მიმართულებისა იყო: 1. ერთი ჯგუფი ფიზიკურად
ყოველდღიურად შრომობდა; წმ. ეფვთიმეს ბრძანებით, ბერები მეურნეობას თავად ეწეოდნენ, ამიტომაც
მონასტრის ბოსტანს, ვენახს, სხვადასხვა ხილის ბაღს სანიმუშოდ უვლიდნენ, ჰქონდათ წისქვილი,
საჯორე, სამჭედლო, სადურგლო. თითოეულ ბერს თავისი მოვალეობა ეკისრებოდა, თუმცა, საჭიროების
შემთხვევაში, ერთმანეთსაც ეხმარებოდნენ და საჭიროებისამებრ ენაცვლებოდნენ; 2. მეორე ჯგუფი,
კერძოდ: მღვდლები, მეფსალმუნეები ან არქიელები, ბერ-მონაზვნები, რომლებსაც მოწაფეები ჰყავდათ,
ძირითადად საღვთისმსახურო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი; მთელი ბერ-მონაზვნობა სენაკებში
ცხოვრობდა და მონასტრიდან იღებდა საკვებს: ღვინოს, ზეთს, ყველს, პურს. იყვნენ განდეგილი ბერები,
რომლებიც განცალკევებულ კელიებში ცხოვრობდნენ, მათ პური ყოველდღიურად მონასტრიდან
ეძლეოდათ. კვირა დღეს ისინიც სხვა, მონასტერში მცხოვრებ ბერ-მონაზვნებთან ერთად
ლოცულობდნენ და ტრაპეზობდნენ.
წესდება განსაკუთრებული სიმკაცრით, ამავე დროს, ბერ-მონაზონთა სულიერობაზე ზრუნვითა და
სათნოებით იყო შედგენილი, განსაზღვრული იყო ბერ-მონაზონთა ქცევის წესები, რაც ერთმანეთზე
ზრუნვას, ურთიერთთანადგომასა და უფლისადმი რწმენაში განმტკიცებას გულისხმობდა. მხოლოდ
უძლურებაში მყოფ ძმებს ეძლეოდათ უფლება, ტაძარში სკამზე ჩამომსხდარიყვნენ; კედელზე
მიყრდნობის უფლებაც კი არავის ჰქონდა. საგანგებო დრო იყო გამოყოფილი ძმათათვის წმინდა
წერილის სასწავლებლად.
ბერ-მონაზონთა ახალგაზრდა ნათესავებს, რომელთაც სურდათ ბერად აღკვეცა, შეეძლოთ ათონის
მონასტრის ფარგლებს გარეთ დამკვიდრებულიყვნენ. წვერის ამოსვლამდე მათ მონასტერში ცხოვრებისა
და მოღვაწეობის უფლება არ ეძლეოდათ. ბერ-მონაზონთა ყოველი ქცევა მკაცრად იყო განსაზღვრული.
ვინც წესებს დაარღვევდა, იგი მკაცრად ისჯებოდა, რაც წმ. გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში
დამოწმებულ მუხლებშიც არის აღნიშნული. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება,
რომ ივირონში წმ. ეფთვიმეზე ორგზის თავდასხმა შესაძლოა ტიპიკონის სიმკაცრეს, ბერ-მონაზონთა
უკმაყოფილებას უკავშირდებოდეს.

11

You might also like