You are on page 1of 193

ბობ დილანი

ქრონიკები

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

შექსპირის დაკარგული დღიური და შეხვედრა „მწერალთა


კავშირის“ შენობაში
ბობ დილანი რომ გენიალური მუსიკოსი და შესანიშნავი
პოეტია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ „ქრონიკებმა“
კრიტიკოსები გულწრფელად გააკვირვა – ვიცოდით, დილანს
წერა რომ შეეძლო, უბრალოდ ვერ წარმოგვედგინა, თუ ასე
კარგად შეეძლო წერა. და მართლაც, საოცრად მრავალფეროვან
თემებს ეხება – პირადულს, მუსიკალურს, ისტორიულს... ამ
მდიდარი, ხანდახან აბსურდული და ხშირად ალერსიანი ენით
დაწერილი წიგნით, დილანი ბევრად მეტს გვაწვდის, ვიდრე
რომელიმე ჩვენგანი გაბედავდა ეოცნებაო.
პოპულარული ჟურნალი „როლინგ სთოუნზი“ წერდა: „ბობ
დილანი თვალწინ გვიშლის იმ პერიოდს, რომელსაც აღწერს, და
შემდეგ ადამიანის სულის შესაძლებლობებს ამხელს.
ადამიანის სულში ჩაწვდომა კი მარტივი არ არის. ჩვენში რომ
ვთქვათ, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული
ამბავია, ოღონდ ჯერ ასე არავის მოუყოლია“.
„თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები,
ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა“, – წერს „სანდი
თაიმსი“.
„ქრონიკებში“ სიცოცხლე ფეთქავს... დილანი თავს ავლენს
იდეებით, ფილოსოფიით, მგზნებარებით, სხვებისადმი
გულწრფელი პატივისცემითა და ცხოვრების აბსოლუტური
აბსურდულობის შეგრძნებით... ყოველ გვერდზე და ყველა
აბზაცში არის რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც უყურადღებოდ ვერ
დატოვებ. ზუსტია მისი ისტორიის შეგრძნება, ადგილისა კი –
შესანიშნავი... ლამაზად წერს მუსიკაზე, შთაგონებით,
პოეტურად, ჩანს, რომ ნამდვილი მუსიკოსის ალღო აქვს“, –
„დეილი ტელეგრაფი“ უფრო შორს მიდის, „როკ-ენ-როლის

1
ენით რომ ვთქვათ, ეს წიგნი, შექსპირის დაკარგული დღიურის
აღმოჩენას უტოლდება“.
აღფრთოვანებულ და მრავალფეროვან რეცენზიებს ერთი რამ
კი საერთო აქვთ, თითქმის ყველა აღნიშნავს, რა უცნაურად
გულახდილია დილანი ამ წიგნში. როგორც ჩანს, მეტისმეტად
გულჩათხრობილი და ცოტა უხასიათო დილანისგან არავინ
ელოდა, გულს თუ ოდესმე გადაგვიშლიდა.
მეც ერთხელ კიდევ გამაოცა დილანის „ქრონიკებმა“. მანამდე
ყველაზე მეტად ის მიკვირდა, როგორ შეეძლო ბობ დილანს
პატარა, ტუჩის ჰარმონიკით ისეთი ემოცია გამოეწვია, რასაც
მთელი ორკესტრი თუ აღგიძრავს. ეს მგონი თვითონ ყველაზე
კარგად იცის, თავმდაბლურად კი ფერენც ლისტზე წერს:
„მომწონდა ფერენც ლისტი – მომწონდა, როგორ შეეძლო ერთ
ფორტეპიანოს მთელი ორკესტრის ეფექტის მოხდენა“.
ამ წიგნში ზოგიერთი ეპიზოდი ჭეშმარიტი მწერლის
დაწერილია, მაგალითად, მისი ურთიერთობა არჩიბალდ
მაკლიშთან, ან ის ამბავი, ბავშვობაში თრუმენის სიტყვის
მოსასმენად რომ მიჰყავთ მშობლებს. დიდი ბოდიში ჯეკ
კერუაკთან, მაგრამ ჩემი აზრით, ნიუ ორლეანი „ქრონიკებში“
უფრო შთამბეჭდავად ჩანს, ვიდრე ბიტნიკების ერთ-ერთი
წინამძღოლის გახმაურებულ რომანში „გზაზე“. რაც მთავარია,
ბობ დილანი შესანიშნავად ხატავს იმ მუსიკოსებისა და
პროდიუსერების (ვენ რონკი, ვუდი გატრი, დენიელ ლანუა,
ჯეკ ელიოტი) პორტრეტებს, ვინც პოპულარობას არ ეძებდა და
ამიტომ არც ისე კარგად იცნობს ჩვენი თაობა.
ამ რამდენიმე თვის წინ, ზვიად კვარაცხელიამ ოთარ ჭილაძის
საღამო მოაწყო მწერალთა სახლში. სადა და მეგობრული
საღამო, როგორიც ალბათ ოთარ ჭილაძეს ესიამოვნებოდა. მაშინ
ვუთხარი ზვიადს, ამ შენობაში ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც
ბობ დილანის სანახავად-მეთქი. ალბათ, მაშინ თუ გაუჩნდა
იდეა, ამ შესანიშნავი წიგნის თარგმანი ჩემთვის მოენდო.
„ბობ დილანის ნახვას“ რაც შეეხება – როცა დილანი ამერიკელი
მწერლების დელეგაციასთან ერთად, 1985 წელს თბილისში
ჩამოვიდა, მუზეუმში ვმუშაობდი, გიდად. დიდად არ
მომწონდა, როცა ვინმე გამოჩენილი ადამიანი მოდიოდა
მუზეუმში და უამრავი „თანმხლები“ მოჰყვებოდა,
ვცდილობდი, სხვებისთვის გადამელოცა მათთან გასაუბრების

2
შანსი. ერთ მშვენიერ დღეს, გიდების ოთახში ვიღაცამ თავი
შემოყო და გვითხრა – 12 საათზე ბობ დილანს მოიყვანენო.
ოთახში ინგლისურის მცოდნე გიდებიდან ზურა კაკაბაძე და მე
ვიყავით. ვისაც თბილისში ბობ დილანი უყვარს, ზურა კაკაბაძე
აუცილებლად ეცოდინება. ის არათუ შესანიშნავად უკრავს და
მღერის, დისკების ბრწყინვალე კოლექციაც აქვს და არასოდეს
დაეზარება სრულიად უცნობსაც კი რამე გადააწერინოს, ან
საინტერესო ინფორმაცია გაუზიაროს. მიუხედავად იმისა, რომ
მე და ზურა მეგობრები ვიყავით, წამიერი გაოგნების შემდეგ,
ალმაცერად გადავხედეთ ერთმანეთს. სიტყვა არ დაგვიძრავს,
მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით – დილანთან გასაუბრების
შესაძლებლობას ცოცხალი თავით არავის დავუთმობდით. იყო
რაღაც ვესტერნული ამ სცენაში.
საბოლოოდ, დილანი მუზეუმში აღარ მოიყვანეს. სამაგიეროდ,
მეორე დღეს მამაჩემმა შემაპარა „მწერალთა კავშირის“
შენობაში, სადაც დილანი ვიხილე. იმ შეხვედრაზე დილანი
იჯდა, ხმა არ ამოუღია, ყურადღებით კი უსმენდა სხვების
საუბარს. ოთახში ქართველი და ამერიკელი მწერლების გარდა
არავინ იყო. ასე რომ, არ გაუჭირდებოდა მიმხვდარიყო, მე
რატომ ვიყავი მისული, თუ მით უმეტეს, ალბათ იდიოტივით
შევცქეროდი. შავი სათვალე მოიხსნა და როცა წმენდდა,
გამომხედა, ჯანდაბას შენი თავი, ნახე რა ლამაზი და უცნაური
ფერის თვალები მაქვსო.
ეს იყო და ეს. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბოლოს
კი მისი ყველა თაყვანისმცემელი შემოუშვეს შენობაში,
ავტოგრაფის გამოსართმევად.
თაკო ჭილაძე

თავი პირველი. ნულიდან


ლუ ლივაიმ, „ლიდს მიუზიქ ფაბლიშინგ კომპანის“ ყველაზე
დიდმა კაცმა, ტაქსით გამომიარა და პითიან თემფელში,
სამოცდამეათე ქუჩაზე მიმიყვანა – ჩემთვის „ჯიბის“ ჩამწერი
სტუდია უნდა ეჩვენებინა, სადაც ბილ ჰეილიმ თავის
„კომეტებთან“ ერთად „Rock Around the Clock“ ჩაწერა. მერე, ჯეკ
დემპსის რესტორანში, 58-ზე და ბროდვეიზე რომ არის, იქ
ჩავედით და წითელ, ტყავით გაწყობილ კაბინაში დავსხედით,

3
ფასადის ფანჯრის წინ.
ლუმ ჯეკ დემპსისთან წარმადგინა, დიდ მოკრივესთან. ჯეკმა
მუშტი დამიქნია.
– ბიჭო, მძიმეწონიანისთვის რაღაც ძალიან მსუბუქად
გამოიყურები, ცოტა უნდა მოიმატო, ცოტა უკეთესად ჩაიცვა და
უფრო მიმწოლი უნდა იყო – არა, რინგის ტანსაცმელზე არ
გეუბნები – არასოდეს შეგეშინდეს, ვინმეს მაგრად მისცხო.
– ჯეკ, ეს კაცი მოკრივე არ არის, სიმღერებს წერს. ჩვენ მისი
სიმღერების გამოშვებას ვაპირებთ.
– აა, ხო, იმედია, ახლო მომავალში მეც მოვისმენ, აბა შენ იცი,
ძმაო.
გარეთ ქარი ღრუბლებს ფანტავდა, წითელი ჩირაღდნის შუქზე
თოვლის ფანტელები ბზრიალებდა, ვიღაც ტიპები ერთმანეთს
ებღლარძუნებოდნენ, თბილად ეცვათ – ქუჩის გამყიდველს
კურდღლის ბეწვის ყურსაცვამი ეკეთა, გამვლელების
ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, იქვე წაბლსაც ყიდდნენ,
ლუკებიდან ორთქლი ამოდიოდა.
მაგრამ მე ეს სულ არ მადარდებდა, ის-ის იყო „ლიდს
მიუზიქთან“ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და უფლება მივეცი
ჩემი სიმღერები გამოეშვათ. ისე, ჯერ ბევრი არაფერი მქონდა
დაწერილი. ლუმ მომავალი ჰონორარიდან ასი დოლარი
წინასწარ მომცა და ჩემთვის ესეც დიდი რამე იყო.
ჯონ ჰამონდმა, ვინც მე „ქოლამბია რექორდში“ მიმიყვანა, ლუს
გადამაბარა, სთხოვა ჩემთვის მიეხედა. ჰამონდს ჩემი ორად-
ორი კომპოზიცია ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ გული
უგრძნობდა, რომ ბევრს მივამატებდი.
იქიდან ლუს ოფისში რომ დავბრუნდით, გიტარის ჩასადები
გავხსენი, გიტარა ამოვიღე და სიმებზე თითები ავათამაშე.
ოთახში ყველაფერი მიყრილ-მოყრილი იყო, ნოტებით სავსე
ყუთები დაეხვავებინათ, დაფაზე მუსიკოსების ჩაწერის
თარიღები იყო გაკრული, შავი დისკები, თეთრიარლიყიანი
აცეტატი, ავტოგრაფიანი ფოტოები, პრიალა პორტრეტები –
ჯერი ვეილის, ალ მარტინოს, ენდიუს სისთერსის (ერთ-ერთი
ლუს ცოლი იყო), ნეთ კინგ ქოლის, პატი პეიჯის – რამდენიმე
ბაბინებიანი მაგნიტოფონი და დიდ, მუქ ყავისფერ ხის

4
დახლზე დაყრილი მთელი აჯაფსანდალი. ლუმ ჩემ წინ
მიკროფონი დადგა და ერთ-ერთ მაგნიტოფონში შეაერთა, თან
თავის ეგზოტიკურ, იაფფასიან სიგარას ხმაურიანად ღეჭავდა.
– ჯონი შენზე დიდ იმედებს ამყარებს, – მითხრა.
ჯონი, ის ჯონ ჰამონდი იყო, რომელიც მუსიკის ისტორიაში
გრანდიოზულ ფიგურებს ეძებდა და პოულობდა – ბილი
ჰოლიდეის, თედი უილსონს, ჩარლი ქრისჩენს, ქებ ქელოვეის,
ბენი გუდმენს, ქაუნთ ბეისის, ლაიონელ ჰემფთონს –
ხელოვანებს, რომელთა მუსიკამ ამერიკული ცხოვრება
გაამდიდრა. ჯონ ჰამონდი ლეგენდარული კაცი იყო, ნამდვილი
ამერიკელი არისტოკრატი. დედამისი, ვანდერბილტების
გვარის წარმომადგენელი გახლდათ. ჯონი მაღალ
საზოგადოებაში იზრდებოდა, სიმშვიდესა და კომფორტში –
მაგრამ მას ეს არ აკმაყოფილებდა და გადაწყვიტა, თავის
სიყვარულს გაჰყოლოდა – მუსიკას, განსაკუთრებით კი ჯაზის
გამომწვევ რიტმს, სპირიჩუალებს და ბლუზს – რაც მოსწონდა
და რაზედაც ზრუნავდა. ჯონს წინ ვერავინ დაუდგებოდა, ის
ტყუილად არ კარგავდა დროს. ჩემთვის არც ისე ადვილი
დასაჯერებელი იყო, მის ოფისში რომ ვიჯექი და „ქოლამბია
რექორდში“ მიღებდნენ. რაღაც ნამდვილ ამბავს არ ჰგავდა.
„ქოლამბია“ პირველი და ყველაზე წარმატებული სტუდია იყო
მთელ ქვეყანაში და პირადად მე იქ ფეხის შედგმაც სერიოზულ
რამედ მიმაჩნდა. დამწყებებისთვის ფოლკი მეორე რანგის
მუსიკად ითვლებოდა, დიდად არ ფასობდა. სერიოზული
ჩამწერი კომპანიები ხაზგასმით ელიტისთვის
დეზინფიცირებულ და პასტერიზებულ მუსიკას უშვებდნენ.
ჩემისთანა კაცს იქ არ გაიკარებდნენ, თუ არა რაიმე
განსაკუთრებული შემთხვევა. მაგრამ, ჯონი მართლა
განსაკუთრებული ადამიანი იყო, მას წარმოსახვისა და
წინასწარ გათვლის უნარი ჰქონდა. გამიცნო, მომისმინა, გამიგო
და გაუჩნდა რწმენა, რომ რაღაც გამოგვივიდოდა. როგორც
ამიხსნა, მე ჯაზის, ბლუზისა და ფოლკის ტრადიციების
გამგრძელებლად მხედავდა და არა ვიღაც ახალი მოდის
ვუნდერკინდად, რომელიც ისეთი თვისებებითაა
დაჯილდოებული, სხვებისგან რაც გამოარჩევს. მაგრამ მაშინ
არავინ იყო, რომ გავჯიბრებოდი. ამერიკული მუსიკა გვიან 50-
იანებში და ადრეულ 60-იან წლებში, შეიძლება ითქვას,
მიძინებული იყო, პოპულარული რადიო, გეგონებოდა,

5
ისვენებსო. ეს ყველაფერი რამდენიმე წლით ადრე ხდებოდა,
ვიდრე „ბითლზი“, „ჰუ“ და „როლინგ სტოუნზი“ ახალ
სიცოცხლეს და ახალ მღელვარებას მოიტანდნენ. პოლები არ
იყო საჭირო იმის დასადგენად, რომ, რასაც მე მაშინ ვუკრავდი,
არც რადიოს მიესადაგებოდა და არც კომერციული იქნებოდა,
მაგრამ, ჯონისთვის ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ის კარგად
ხვდებოდა ჩემს ქვეტექსტებს.
– მესმის შენი გულწრფელობა, – ასე მითხრა. ჯონმა უხეში
ლაპარაკი იცოდა, ოღონდ რამე თუ მოსწონდა, თვალები
უბრწყინდებოდა ხოლმე.
ცოტა ხნით ადრე სტუდიაში პიტ სიგერი მოიყვანა, ოღონდ
პიტი მას არ აღმოუჩენია, ის უკვე რამდენიმე წელი იქ
ტრიალებდა, პოპულარული ჯგუფის „ვივერსის“ წევრი იყო.
მაკარტის პერიოდში შავ სიაში შეიყვანეს და მართლა შავი დღე
დაადგა, მაგრამ მუშაობა არასოდეს შეუწყვეტია. მაშინ,
სიგერის მხარდასაჭერად ჰამონდმა თამამად ილაპარაკა –
პიტის წინაპრები იმ პილიგრიმთა შორის იყვნენ, ვინც
„მეიფლაუერით“ ამერიკაში ჩამოვიდნენ და მისმა ნათესავებმა
გადამწყვეტი ბრძოლა მოიგეს, ქრისტეს სახელითო.
„წარმოგიდგენია, ვიღაც ნაბიჭვრებმა შავ სიაში შეიყვანეს?
მაგათ კუპრი უნდა გადაასხა და ბუმბულში ამოგანგლო“.
მე კი ასე მითხრა: „მოდი, ყველაფერს განგიმარტავ, ნიჭიერი
ახალგაზრდა კაცი ჩანხარ. თუ შეძლებ აკონტროლო და მართო
შენი ნიჭი, ყველაფერი კარგად იქნება. გადავწყვიტე, შენი
სიმღერები ჩავწერო. ვნახოთ, რა იქნება“.
ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. წინ კონტრაქტი დამიდო,
სტანდარტული კონტრაქტი იყო. მიმანიშნა, სად უნდა
მომეწერა ხელი. დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, არც ადვოკატი
მჭირდებოდა, ან ვინმე მრჩეველი, ან თუნდაც მხარდამჭერი.
ნებისმიერ რამეზე სიხარულით მოვაწერდი ხელს.
კალენდარს შეხედა, თარიღი შემირჩია ჩაწერის დასაწყებად და
წრე შემოავლო. მითხრა, ამა და ამ საათზე მოხვალ, მანამდე კი
მოიფიქრე, რისი დაკვრა გინდაო. მერე, ბილი ჯეიმზს დაუძახა,
სტუდიის რეკლამების უფროსს და დაავალა ჩემზე პრომო
დაეწერა, რამე პირადი ამბავი უნდოდათ პრესაში გასაშვებად.
ბილი საშუალო სიმაღლის კაცი იყო, შავი, ხვეული თმა ჰქონდა,
ისე გამოიყურებოდა, გეგონება, ცხოვრებაში არ უკაიფია, ან

6
რამე პრობლემა არ ჰქონიაო. ბილის ოფისში შევედი და მისი
მაგიდის წინ დავჯექი. ცდილობდა რამე ფაქტები დაეცინცლა
ჩემთვის. ბლოკნოტი და ფანქარი ამოიღო და მკითხა, საიდან
ხარო. ვუთხარი, ილინოისიდან-მეთქი. ჩაიწერა. მერე, მკითხა,
სადმე თუ გიმუშავიაო. ვუპასუხე, ბევრ ადგილას, ერთხელ
საცხობის ფურგონს დავატარებდი-მეთქი. ყველაფერს იწერდა,
კიდევ სად გიმუშავიაო. ვუთხარი, მშენებლობაზე-მეთქი. ესეც
ჩაწერა და მკითხა – სადო.
– დეტროიტში.
– როგორც გეტყობა, მოგზაურობ?
– ხო.
ოჯახზე გამომკითხა, სად ცხოვრობენო. ვუთხარი, წარმოდგენა
არ მაქვს-მეთქი.
ვუთხარი, რომ შინიდან გამომაგდეს.
– მამაშენი რა კაცი იყო?
– ელექტრიკოსი.
– დედა? დედაზე რას იტყვი.
– დიასახლისი.
– რა მუსიკას უკრავ?
– ფოლკს.
– ფოლკი რა მუსიკაა?
ვუთხარი, ეს სიმღერები თაობიდან თაობას გადაეცემა-მეთქი.
ვერ ვიტან, ასე რომ ჩამეკითხებიან ხოლმე. გადავწყვიტე, თავი
ამერიდებინა მისი შეკითხვებისთვის. ბილმა ვერაფერი გამიგო
და ძალიანაც კარგი. უბრალოდ, არ მქონდა სურვილი
კითხვებზე მეპასუხა, არც არავისთვის არაფრის ახსნა არ
მინდოდა.
– აქ რითი ჩამოხვედი?
– სატვირთო მატარებლით.
– სამგზავრო მატარებელს გულისხმობ?

7
– არა, სატვირთოს.
– ესე იგი, რაღაც სატვირთო ვაგონის მაგვარი, არა?
– ხო, რაღაც სატვირთო ვაგონის მაგვარი. სატვირთო
მატარებლის მაგვარი.
– კარგი. სატვირთო მატარებელი.
ბილის უკან ფანჯარა იყო, ქუჩის გადაღმა ოფისის შენობაში
მხურვალე მდივანი ქალი შევამჩნიე, მაგიდას უჯდა ფიქრებში
გართული და თან სწრაფად და დაუდევრად წერდა. იყო რაღაც
სასაცილო იმ ქალში. ვინატრე, ტელესკოპი მქონოდა. ბილიმ
მკითხა, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე შენს თავს ვის
შეადარებდიო. არავის-მეთქი, ვუპასუხე. სიმართლე ვუთხარი,
მართლა ვერავის შევადარებდი ჩემს თავს. დანარჩენს რაც
შეეხება, ყველაფერი მოვჩმახე – დაბოლილის მონაყოლი იყო.
არც სატვირთო მატარებლით არ ჩამოვსულვარ. რითაც
სინამდვილეში მიდვესტიდან ვიმგზავრე, ოთხკარიანი
„სედანი“იყო – პირდაპირ ჩიკაგოდან წამოვედით მთელი
სიჩქარით, კვამლიან ქალაქებს, დაკლაკნილ გზებს, თოვლით
დაფარულ მწვანე მინდვრებს ჩავუქროლეთ,
აღმოსავლეთისკენ ოჰაიოს, ინდიანასა და პენსილვანიის
გავლით ოცდაოთხი საათი მოვდიოდით. უმეტესად უკანა
სკამზე ვთვლემდი, ხან ისე ვინმეს გავესაუბრებოდი. ჩემი
გონება ფარული ინტერესებით იყო მოცული... როგორც იქნა,
ჯორჯ ვაშინგტონის ხიდიც გადავიარეთ.
მანქანა ხიდის მეორე მხარეს გაჩერდა და გადმოვედი. კარი
მივაჯახუნე და ხელი დავუქნიე. ბარდნიდა, ქარი სახეში
მირტყამდა. როგორც იქნა, მეც აქა ვარ, ნიუ-იორკში, ობობას
ქსელივით ჩახლართულ ქალაქში, რომლის გაგება არ არის
ადვილი და მე არც ვაპირებდი, მეცადა მისი გაგება.
აქ იმ მომღერლების საძებნელად ჩამოვედი, რომელთა
ჩანაწერები მოსმენილი მქონდა – დეივ ვენ რონკის, პეგი
სიგერის, ედ მაკარდის, ბრაუნი მაკგის და სონი ტერის, ჯოშ
უაიტის, „ნიუ ლოსთ სითი რემბლერსის“, რევერენდ გერი
დევისის და კიდევ სხვების – ყველაზე მეტად ვუდი გატრის
პოვნა მინდოდა. ნიუ-იორკი იყო ქალაქი, რომელსაც ჩემი ბედი
უნდა წარემართა. თანამედროვე გომორაა. მე, როგორც გოიმი,
მაგრამ არა როგორც ახლად მოქცეული, ვაპირებდი მისი წევრი

8
გავმხდარიყავი.
ნიუ-იორკში შუა ზამთარი იდგა. საშინლად ციოდა, ქალაქის
ყველა არტერია თოვლს ჩაეკეტა, მაგრამ მე სუსხიანი
ჩრდილოეთის შტატიდან ვიყავი, შეჩვეული გაყინულ ტყეებს
და გზებს. მე აქ სიყვარულის ან ფულის საძებნელად არ
ჩამოვსულვარ. მართალია, ყველაფერში საკმაოდ კარგად ვიყავი
გათვითცნობიერებული, მაგრამ ამავე დროს არაპრაქტიკული
და მეოცნებე გახლდით. ამ ბნელ, გაყინულ ქალაქში წამლად
არავის არ ვიცნობდი, მაგრამ ყველაფერი უნდა შეცვლილიყო
და თანაც სწრაფად.
კაფე „Wha?“ – იყო ეგეთი კლუბი მაკდუგალის ქუჩაზე, გრინვიჩ
ვილიჯის ცენტრში. ნამდვილი მიწისქვეშა გამოქვაბული,
სასმელი იქ არ იყიდებოდა და თავისი დაბალი ჭერითა და
ცუდი განათებით დიდ სასადილოს ჰგავდა – შუადღისას
იღებოდა და დილის ოთხ საათზე იკეტებოდა. ვიღაცამ მირჩია
იქ მოვსულიყავი და მომღერალი ფრედი ნილი მეკითხა,
რომელიც კაფეში დღის შოუს წარმართავდა.
კაფეში რომ მივედი, მითხრეს, ფრედი ქვევით სარდაფში
არისო, სადაც პალტოებსა და ქუდებს აბარებდნენ და სწორედ
იქ გავიცანი. ფრედი შოუს წამყვანი იყო და ყველა გასართობი
პროგრამის მაესტრო. მკითხა, რა იციო, მე ვუთხარი, სიმღერა
და გიტარაზე და ჰარმონიკაზე დაკვრა ვიცი-მეთქი. მერე
მთხოვა, რამე დამეკრა და დაახლოებით ერთი წუთის მოსმენის
შემდეგ მითხრა – თავისი გამოსვლების დროს, შემეძლო
მასთან ერთად ჰარმონიკაზე დამეკრა. მაგრად გამიხარდა,
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიცივისგან თავის
შესაფარებელი ადგილი მექნებოდა. ასე რომ, კმაყოფილი
დავრჩი.
ფრედი ოცი წუთი რომ დაუკრავდა, მომდევნო აქტებს
გააცნობდა მსმენელს და მერე, როცა მოუნდებოდა, ან როცა
ბევრი ხალხი შეგროვდებოდა, ისევ გამოდიოდა ხოლმე
სცენაზე. აქტები ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. აუდიტორიას
უმეტესად სტუდენტობა შეადგენდა, იყვნენ გარეუბნის
მცხოვრებლებიც, ლანჩზე გამოსული მდივნები, მეზღვაურები
და ტურისტები. ყველა მონაწილე ათ ან თხუთმეტ წუთს
უკრავდა, მაგრამ ფრედის შეეძლო რამდენიც მოესურვებოდა,
იმდენ ხანს დაეკრა, სანამდეც შთაგონება ეყოფოდა. კარგი
აღნაგობა ჰქონდა, კონსერვატორულად იცვამდა, მოღუშული

9
და გულჩათხრობილი კაცი იყო, უცნაური ყურება იცოდა,
მოყვითალო სახის კანი და ხვეული თმა ჰქონდა, თავისი
ბრაზიანი და ძლიერი ბარიტონით, მიკროფონში ან
უმიკროფონოდ, ბლუზის ნოტებს აგუგუნებდა. იქაურობის
იმპერატორი გახლდათ, საკუთარი ჰარემიც ჰყავდა და
თაყვანისმცემლებიც. ახლოსაც ვერ მიეკარებოდი. მის გარშემო
სულ ვიღაცები ტრიალებდნენ. წლების შემდეგ, ფრედი თავის
ჰიტს დაწერს „Everybody’s Talking“. მე იქ არც ერთი ჩემი სიმღერა
არ დამიკრავს, მხოლოდ ნილს ვუკეთებდი აკომპანიმენტს,
როცა ის საკუთარ სიმღერებს უკრავდა. აი, ასეთ ადგილას
დავიწყე ნიუ-იორკში რეგულარულად დაკვრა.
რაც შეეხება დღის შოუს კაფე „Wha?“-ში, მრავალფეროვანი და
ექსტრავაგანტული იყო, ყველას და ყველაფერს ნახავდით –
კომიკოსს, მუცლითმეზღაპრეს, ფოლადის დრამზე
დამრტყმელების ჯგუფებს, პოეტს, ქალ პაროდისტებს, დუეტს,
რომელიც ბროდვეის რეპერტუარს ასრულებდა, ჯადოქარს,
ქუდიდან კურდღლები რომ ამოჰყავდა, ჩალმიან ტიპს,
რომელიც მაყურებლებს აჰიპნოსებდა და კიდევ ერთს, რომლის
მთელი გამოსვლა სახის მიმიკების ჩვენება იყო – მოკლედ,
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შოუ ბიზნესში შეღწევა უნდოდა.
არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რასაც შეეძლო თქვენი
წარმოდგენა შეეცვალა სამყაროზე. მე პირადად, ფრედის შოუში
გამოსვლას არასოდეს ვინატრებდი.
საღამოს რვა საათზე, მთელი დღის წარმოდგენის სამხეცე
გაიკრიფებოდა და უკვე პროფესიონალური შოუ იწყებოდა.
სცენას ისეთი კომიკოსები იკავებდნენ, როგორიც იყვნენ
რიჩარდ პრაიორი, ვუდი ალენი, ჯოან რივერსი, ლენი ბრუსი და
ფოლკის მომღერალთა ჯგუფი „ჯერნიმენი“. ყველა დღის
წარმოდგენის მონაწილე იქიდან უნდა აბარგებულიყო. ერთი
ბიჭი, შუადღის შოუში რომ მონაწილეობდა, ფალცეტი იყო,
სახელად „პატარა თიმი“. უკულელეზე უკრავდა და ძველ, 20-
იანი წლების სიმღერებს ქალის ხმით მღეროდა. ერთი-ორჯერ
გამოველაპარაკე და ვკითხე, სადმე ახლომახლო კიდევ ხომ არა
არის ადგილი, კაცმა სამუშაო რომ იშოვოს-მეთქი. მითხრა, მე
ხანდახან თაიმს სქვერშიც ვუკრავ ხოლმეო, ადგილს კი ერქვა
„Herbert Flea Circus Museum“. მოგვიანებით იქაურობაც
მოვინახულე.
ვიღაც უსაქმურები ფრედის გამუდმებით თავს აბეზრებდნენ

10
და აწუხებდნენ, ვისაც ან დაკვრა უნდოდა სცენაზე, ან
რამენაირად თავის წარმოჩენა. ყველაზე საცოდავი ტიპი „ყასაბი
ბილი“ იყო. გეგონებოდა, კოშმარიდან გადმოვიდაო. სულ
ერთსა და იმავე სიმღერას უკრავდა – „High-Heel Sneakers“ –
ნარკომანივით იყო შემჯდარი ამ სიმღერაზე. ფრედი ნებას
რთავდა შუადღისას ემღერა, უმეტესად როცა დარბაზი
ცარიელი იყო. „ყასაბს“ პალტო ეცვა ხოლმე, მაგრამ პატარა
ჰქონდა ის პალტო, ძლივს წვდებოდა მკერდზე. ნერვიული
ტიპი ჩანდა, წარსულში გიჟის პერანგიც ცმია ბელევიუში და
ციხის საკანში მატრასიც დაუწვავს თურმე ერთხელ. რაც კი
ცუდი რამ არსებობს ამქვეყნად, ყველაფერი გადახდენოდა
საცოდავ ბილის. დიდი უცხვირპირო კაცი იყო. ისე, იმ სიმღერას
მართლა კარგად მღეროდა.
კიდევ ერთი ბიჭი გამოდიოდა ხშირად, მღვდლის ანაფორა ეცვა,
ჩექმაზე პატარა ზარები ეკიდა და ბიბლიურ ამბებს
დამახინჯებით ყვებოდა. მუნდოგიც გამოსულა იქ. მუნდოგი
უსინათლო პოეტი იყო, ქუჩაში ცხოვრობდა, ვიკინგის
მუზარადი ეხურა და ბეწვის ჩექმა ეცვა. მონოლოგებს
კითხულობდა, ბამბუკის სტვირზე და სასტვენზე უკრავდა.
ყველაზე ხშირად 42-ე ქუჩაზე გამოდიოდა ხოლმე.
იმ კაფეში მომღერლებიდან ყველაზე მეტად კარენ დალტონი
მომწონდა. მაღალი, თეთრი ბლუზის შემსრულებელი,
გიტარაზე უკრავდა, გამომწვევი და ვნებიანი ქალი იყო. ადრეც
შევხვედრივარ. გასულ ზაფხულს, დენვერთან ახლოს
უღელტეხილზე ფოლკის კლუბში გადავეყარე. ბილი
ჰოლიდეის უგავდა ხმა, გიტარაზე ჯიმი რიდივით უკრავდა და
თავის სტილს არასოდეს ღალატობდა. რამდენჯერმე ერთადაც
ვიმღერეთ.
ფრედი ცდილობდა, უფრო და უფრო მეტი პერფორმერი
ჰყოლოდა და როგორც შეეძლო, დიპლომატიურად ახერხებდა
ამას. ხანდახან ოთახი, ყველასთვის აუხსნელი მიზეზით,
დაცარიელდებოდა, ხან ნახევრად ცარიელი იყო, მერე კი,
სრულიად მოულოდნელად და ასევე აუხსნელი მიზეზით,
იმდენი ხალხი მოზღვავდებოდა, რომ გარეთაც რიგი იდგა.
შეიძლება უფრო ფრედის სანახავად დადიოდნენ, შეიძლება
მართლაც ყველაზე მეტად ის იზიდავდა ხალხს, ვერაფერს
გეტყვით. ფრედი დიდ „დრედნაუტზე“ უკრავდა, მკვეთრი,
ენერგიული რიტმი ჰქონდა – ერთი კაცის ბენდი, გადაჯაჭვულ

11
პატიმრებზე დაწერილი სიმღერების ემოციურ და აგრესიულ
ვერსიებს უკრავდა და აუდიტორიას მაგრად აგდებდა. ბევრი
რამ მსმენია ფრედიზე – თავგადასავლის მაძიებელი
მეზღვაური ყოფილა, ფლორიდაში ნავი ჰყავდა, ვითომ
საიდუმლო კოპიც იყო, ვიღაც ბაცაცები ჰყავდა მეგობრებად და
საერთოდ, ბნელი წარსული ჰქონია. ნეშვილში ჩავიდა, იქ
რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მერე ნიუ-იორკის გზას
დაადგა, სადაც ჩაეშვა, ელოდა რაღაც მოულოდნელად
შეცვლილიყო და ჯიბეები ფულით გავსებოდა. ასე იყო თუ ისე,
დიდი ვერაფერი ისტორიაა. ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება,
ერთმანეთს კარგად ვეთავსებოდით, ოღონდ ჩვენ-ჩვენს ამბებს
არ ვუყვებოდით. რაღაც საერთოც გვქონდა, ორივე თავაზიანები
ვიყავით, მაგრამ არც მეტისმეტად მეგობრულები. დღის ბოლოს
ჯიბის ფული მომცა და მითხრა: „აი, გამომართვი... რამე შარში
რომ არ გაეხვიო“.
ისე, მასთან ერთად მუშაობის საუკეთესო მხარე უფრო
გასტრონომიული იყო – კარტოფილი ფრი და ჰამბურგერები,
რისი ჭამაც მე და „პატარა თიმს“ დღის გარკვეულ დროს,
სამზარეულოში შეგვეძლო. მზარეული ნორბერტი ნებას
გვრთავდა ხოლმე ან ღორის ხორცის და ბარდის, ან კიდევ
სპაგეტის კონსერვის ქილა გადმოგვეცალა ტაფაზე
გასაცხელებლად. ნორბერტი საოცარი კაცი იყო, პომიდვრით
დათხუპნული წინსაფარი ეკეთა, მოღუშული სახით დადიოდა,
დაბერილ ლოყებზე ისეთი ნაიარევი ემჩნეოდა, გეგონებოდა
კლანჭები დაუსვესო – თავი მექალთანე ეგონა – ფულს
ინახავდა, იქნებ ვერონაში წასულიყო, იტალიაში, რომეოს და
ჯულიეტას საფლავის ნახვა უნდოდა.
ერთხელ, შუადღე იყო, სამზარეულოში კოკას ვისხამდი ჭიქაში
და ამ დროს, რადიოდან ხმა მომესმა. რიკი ნელსონი თავის
ახალ სიმღერას მღეროდა, „Travelin’ Man“-ს. რიკი, მისთვის
დამახასიათებელი, წყნარი და ჩუმი ხმით რომ მღეროდა სწრაფ
რიტმში, გამოირჩეოდა თინების სხვა დანარჩენი
იდეალებისგან. რიკის მაგარი გიტარისტი ჰყავდა, რაღაც ალბათ
იაფფასიანი ბარების გმირსა და სოფლის დღესასწაულზე
ვიოლინოზე დამკვრელს შორის იყო. ადრეული
მომღერლებისგან განსხვავებით, ნელსონი არ ყოფილა
ნოვატორი. ის არ მღეროდა სასოწარკვეთით, არაფერს აშავებდა
და არც შამანში აგერეოდა. მაგრამ არც მთლად ისე იყო საქმე,
თითქოს ცხოვრებას მისი ამტანობა არასოდეს გამოუცდიაო,

12
მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. ნელსონი იდგა
ქარიშხლის შუაგულში და მშვიდად და აუღელვებლად
მღეროდა. მის ხმაში რაღაც მისტიური იყო, განსაკუთრებულ
განწყობაზე გაყენებდა.
რიკის ფანი ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ მომწონდა, მაგრამ ამ
ტიპის მუსიკამ თავისი დრო მოჭამა, მნიშვნელობა დაკარგა,
მომავალი არ ჰქონდა. რიკი ყოველთვის გარეცხილ სიმღერებს
მღეროდა, გეგონებოდა, ის ტექსტები მხოლოდ მისთვის იყო
დაწერილი. ჩვენ თითქმის ტოლები ვიყავით, ალბათ ერთი და
იგივე რამეები მოგვწონდა. მაგრამ, ერთი თაობის
წარმომადგენლები, ცხოვრებისეული გამოცდილებით
განვსხვავდებოდით. ის დასავლეთში, სატელევიზიო შოუს
ოჯახში გაიზარდა. ეტყობოდა, რომ უოლდენის ტბის
შორიახლოს დაიბადა და გაიზარდა, სადაც ყველაფერი
მოწესრიგებული იყო, მე კი ბნელი, დემონური ტყიდან ვიყავი.
მე და რიკის რაღაც საკითხებზე სხვადასხვა წარმოდგენები
გვქონდა. ვატყობდი, რომ ნიჭიერი იყო და ვგრძნობდი, ბევრი
გვქონდა საერთო. რამდენიმე წლის მერე, ჩემს სიმღერებს
ჩაწერს და ისე შეასრულებს, მისი დაწერილი გეგონება.
საბოლოოდ, თვითონაც დაწერა ერთი სიმღერა და მეც
მომიხსენია იმ სიმღერაში. რიკის, სულ რაღაც ათი წლის
შემდეგ, სცენაზე დაუსტვენენ იმის გამო, რომ თავისი
მუსიკალური მიმართულება შეცვალა. ასე რომ, გამოდის, ჩვენ
მართლაც ბევრი საერთო გვქონია.
ოღონდ მაშინ, როცა კაფე „Wha?“-ს სამზარეულოში ვიდექი და
რიკის სიმღერის წყნარ, მონოტონურ, გაწელილ სიტყვებს
ვუსმენდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. საქმე ის იყო, რომ რიკი
საკუთარ ჩანაწერებს უშვებდა და მეც სწორედ ეს მინდოდა.
წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ჩავწერდი მეც „ფილკვეის
რექორდში“ სიმღერებს. ამ სტუდიასთან მინდოდა
თანამშრომლობა, რადგან ყველაზე კარგ დისკებს ისინი
უშვებდნენ.
რიკის სიმღერა რომ დამთავრდა, ჩემი დარჩენილი შემწვარი
კარტოფილი „პატარა თიმს“ შევთავაზე და უკან შევბრუნდი,
მაინტერესებდა, ფრედი რას შვრებოდა. ერთხელ ადრეც
მიკითხავს ფრედისთვის, დისკი თუ გამოგიშვია-მეთქი და ასე
მიპასუხა: „ეგ საჩემო თამაში არ არის“. ფრედი, საიდუმლოებით
მოცული კაცი რომ იყო, ამას მუსიკალურ იარაღად იყენებდა,

13
მაგრამ, ნიჭიერების მიუხედავად, მაინცდამაინც კარგი
პერფორმერი ვერ დადგა. ვერ ვხვდებოდი, რა აკლდა ფრედის,
რომ კარგი პერფორმერი ყოფილიყო, მაგრამ როცა დეივ ვენ
რონკი გავიცანი, მაშინ გავიგე.
***
დეივ რონკი „Gaslight“-ში მუშაობდა, საიდუმლოებით მოცულ
კლუბში – იმ ქუჩაზე ყველაზე პრესტიჟული ადგილი იყო.
კლუბის წინ დიდი, ფერადი, მისტიკური ბანერი ეკიდა.
„Gaslight“ ბარის გვერდით იყო, რომელსაც სახელად „Kettle of
Fish“, კიბით უნდა ჩასულიყავი, სასმელი არ იყიდებოდა,
მაგრამ, შეგეძლო ქაღალდში გახვეული ბოთლი შეგეტანა.
კლუბი დღისით დაკეტილი იყო, საღამოს იღებოდა, ექვსი
პერფორმერი მონაცვლეობით გამოდიოდა, უცნობი იქ ვერ
შეაღწევდა, ვიწრო წრე იკრიბებოდა ხოლმე. წინასწარი მოსმენა
არ სჭირდებოდათ. ეს ის კლუბი იყო, სადაც მინდოდა დამეკრა,
კი არ მინდოდა, მჭირდებოდა კიდეც იქ ვყოფილიყავი.
ვენ რონკი იმ კლუბში უკრავდა. მისი ჩანაწერები მიდვესტში
მქონდა მოსმენილი, მიმაჩნდა, რომ დიდი მუსიკოსი იყო და
ვბაძავდი კიდეც. ვენი ემოციური იყო, დაუნდობელი,
დაქირავებული ჯარისკაცივით მღეროდა, გეგონებოდა, რაღაცას
სწირავდა თავს. შეეძლო ეყმუვლა და ეჩურჩულა, ბლუზი
ბალადად ექცია, ბალადა კი ბლუზად. მიყვარდა მისი სტილი.
ვენ რონკი იყო მთელი ამ ქალაქის არსი. გრინვიჩ ვილიჯში ის
ქუჩის მეფე გახლდათ, ერთპიროვნული მმართველი.
ერთხელ, ზამთრის ცივი დღე იყო, თომფსონის და მე-3-ის
ახლოს, თოვლის ფანტელი ცვიოდა, მზის სუსტი სხივი
ცდილობდა ბურუსის გარღვევას და ამ დროს დავინახე ჩემკენ
მომავალი მოღუშული ვენ რონკი. მინდოდა
გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ვუყურებდი,
როგორ ჩამიარა გვერდით, დავინახე როგორ გამოანათა მისმა
თვალებმა. ყველაფერი წამში მოხდა და მე ეს წამი ხელიდან
გავუშვი. არადა, როგორ მინდოდა მისთვის დამეკრა. მე
ყოველთვის მინდოდა ვინმესთვის დამეკრა. არასდროს
ვმჯდარვარ ოთახში მარტო და ისე, ჩემი ჭიის გასახარად,
არასოდეს დამიკრავს. მსურდა ხალხისთვის მემღერა და
მსურდა, რომ სულ ასე გაგრძელებულიყო. შეიძლება ითქვას,
რომ სახალხოდ ვვარჯიშობდი დაკვრაში, რაც საბოლოოდ ჩემს
ცხოვრებად იქცა. „Gaslight“-ზე თვალი მეჭირა, ან როგორ

14
შეიძლებოდა, რომ ასე არ ყოფილიყო. მასთან შედარებით, იმ
ქუჩაზე, სხვა დანარჩენი ადგილები უსახური და საცოდავი იყო
– უხარისხო კალათასავით შენობები, ან პატარა ყავის სახლები,
სადაც გამომსვლელები ქუდს ჩამოატარებდნენ ხოლმე. მაგრამ
მე არჩევანი არ მქონდა და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტ
ადგილას დამეკრა. ასეთი კი ბევრი იყო ჩამწკრივებული ვიწრო
ქუჩაზე. პატარა და ხმაურიანი კაფეები, ღამე ქუჩები
ტურისტებით რომ გადაივსებოდა, მათ გემოვნებას
აკმაყოფილებდნენ. ნებისმიერი ადგილი გამოდგებოდა –
იქნებოდა სალონი ორმაგი კარით ან რამე ოფისის ფასადი, ან
სარდაფი, მოკლედ, თუკი რამე ხვრელი იყო კედელში.
მე-3 ქუჩაზე ერთი უჩვეულო ლუდისა და ღვინის კაფე იყო,
ერთ დროს აარონ ბურის საჯინიბო ყოფილა, ახლა კაფე
„Bizarre“-ად იწოდებოდა. მისი მეპატრონეები უმეტესად
მუშები იყვნენ, ისხდნენ მაგიდასთან, ხორხოცებდნენ,
იგინებიდნენ, წითელ ხორცს ჭამდნენ და უწმაწურ თემებზე
ლაპარაკობდნენ. ოთახის ბოლოს პატარა სცენა იყო. ერთი-
ორჯერ მეც დამიკრავს მანდ. მგონი, ასე ყველა ადგილი
მოვსინჯე დასაკრავად. კაფეების უმეტესობა გათენებამდე ღია
იყო, ნავთის ლამპები ენთო, იატაკზე ნახერხი ეყარა, ზოგ
კაფეში ხის მერხებზე ისხდნენ, კარებში ჯანიანი ყმაწვილები
იდგნენ – შესვლაში ფულს არ იხდიდი, მეპატრონეები
ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ყავა გაესაღებინათ.
პერფორმერები ფანჯრის გასწვრივ ისხდნენ ან იდგნენ ხოლმე,
ფანჯრიდან შეიძლებოდა მათი დანახვა, ხან კიდევ
საპირისპირო მხარეს მოეწყობოდნენ, ისე, რომ შემოსასვლელს
უყურებდნენ. იქ მთელ ხმაზე მღეროდნენ, რადგან არც
მიკროფონები იდგა და არც არაფერი.
ამისთანა ბუნაგებში ნიჭიერი ახალგაზრდები არ დადიოდნენ,
ეს ბნელი და ბინძური ადგილები იყო, სადაც ქაოტური
ატმოსფერო სუფევდა. გამომსვლელები მღეროდნენ და მერე
ქუდს ჩამოატარებდნენ ხოლმე, ან უკრავდნენ და თან თვალი
ეჭირათ, გვერდით ჩავლილ ტურისტებს იქნებ გიტარის
ჩასადებში ხურდები ჩაეყარათ. უიქენდებზე, დაბინდებიდან
გათენებამდე თუ დაუკრავდი, შეიძლება ოცი დოლარი
გაგეკეთებინა. სხვა დღეებში ძნელი სათქმელია, რამდენს
იშოვიდი. ხანდახან არც ისე ბევრს, რადგანაც საკმაო
კონკურენტი გყავდა. რამე ხრიკი უნდა გცოდნოდა, თავი რომ
გაგეტანა.

15
იყო ერთი ასეთი მომღერალი, რიჩი ჰევენსი, ჩვენი გზები
ბევრჯერ გადაიკვეთა, სასიამოვნო გარეგნობის გოგო
დაჰყვებოდა სულ თან და სიმღერის შემდეგ, ქუდს
ჩამოატარებდა ხოლმე. მინახავს, ხანდახან ორი ქუდიც სჭერია
ხელში. ცოტა მოხერხებული თუ არ იყავი, ხელცარიელი
დარჩებოდი, რაც არც ისე კარგი იყო. კაფე „Wha?“-ში მომუშავე
ოფიციანტი გოგო თვალში მომდიოდა და ერთი-ორჯერ მქონდა
მასთან საქმე. აქეთ-იქით დავდიოდით, მე ვუკრავდი, ის კი
ფულს აგროვებდა, სასაცილო პატარა ქუდი ეხურა, შავ ტუშს
ისვამდა წამწამებზე და ისეთი მოკლე მაქმანიანი ბლუზი ეცვა,
მოსაცმელის ქვეშ ტიტველი გეგონებოდა. მერე, ფულს
ვიყოფდით ხოლმე. მომაბეზრებელი იყო სულ ასე ცხოვრება,
არადა, მასთან ერთად მეტ ფულს ვაკეთებდი, ვიდრე მაშინ,
როცა მარტო ვუკრავდი.
იმ დღეებში, თუ რამე განმასხვავებდა დანარჩენებისგან, ეს
ჩემი რეპერტუარი იყო, ბევრად შთამბეჭდავი და
მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რასაც სხვები ყავის სახლებში
უკრავდნენ. სუფთა ფოლკს ვმღეროდი, გიტარის უწყვეტი
ჩხარუნის ფონზე, რაც ზოგ-ზოგიერთებს საერთოდ სურვილს
უკარგავდა ჩემთვის მოესმინა, ზოგი კი უფრო ახლოს
მოდიოდა, კარგად რომ გაერკვია, რა ამბავი იყო ჩემს თავს.
ასეთებიც იყვნენ და ისეთებიც. ჩემზე უკეთესი მომღერლებიც
გამოდიოდნენ აქა-იქ და ჩემზე უკეთესი მუსიკოსებიც, მაგრამ
არც ერთი მათგანი არ აკეთებდა იმას, რასაც მე. ჩემთვის
ფოლკი სამყაროს შეცნობის გზა იყო, სიმღერები ცოცხალ
სურათებს ქმნიდნენ და ეს ცოცხალი სურათები იმაზე მეტად
ფასეული ჩანდა, ვიდრე მე შევძლებდი გამომეთქვა. მე
მესმოდა, რა იდო ამ სიმღერებში, ადვილად ვაკავშირებდი თავს
და ბოლოს. ჩემთვის არაფერს ნიშნავდა ჩამერაკრაკებინა ისეთი
სიმღერები, როგორცაა „Pastures of Plenty“, „Brothers in Korea“ და
„If I Lose, Let Me Lose“. ისინი გადაბმულად რომ გემღერა, ერთი
გრძელი სიმღერა გამოვიდოდა. პერფორმერების უმეტესობა
ცდილობდა უფრო საკუთარი თავი წარმოეჩინა, ვიდრე
სიმღერა, მე კი ეს სულ არ მადარდებდა. მე ყოველთვის
ვცდილობდი და ვცდილობ, რომ სიმღერა წარმოვაჩინო.
კაფე „Wha?“-ში შუადღის შოუზე სიარულს თავი დავანებე.
ფეხიც აღარ შემიდგამს იქ. ფრედი ნილთანაც რაღაც
გაუცხოების გრძნობა გამიჩნდა. კაფეში სიარულს რომ შევეშვი,
სამაგიეროდ, ფოლკლორის ცენტრში მოვუხშირე წრიალს,

16
ამერიკული ფოლკის ციტადელში, რომელიც ასევე
მაკდუგალის ქუჩაზე მდებარეობდა, ბლიკერის და მე-3-მეს
შორის. კიბით ადიოდი პატარა მაღაზიაში, რომელსაც რაღაც
ანტიკურობის მიმზიდველობა ჰქონდა. ძველი სამლოცველო
გეგონებოდა. ფოლკლორის ცენტრში შეგეძლო გეყიდა და
გაგეგო ყველაფერი, რაც ფოლკზე გაინტერესებდა. ერთ დიდ
შუშის ვიტრინაში დისკები და ინსტრუმენტები იყო
გამოფენილი.
ერთხელ, შუადღისას ავუყევი კიბეს და ცენტრში შევისეირნე.
მივიხედ-მოვიხედე და იზი იანგს მოვკარი თვალი. იზი
იქაურობის მეპატრონე გახლდათ, ფოლკის მოყვარულის კარგი
რეპუტაცია ჰქონდა, ისე კი ცოტა ცინიკოსი იყო. მძიმე რქის
ჩარჩოში ჩასმულ სათვალეს ატარებდა და განიერ სლაქსებს,
ბრუკლინურ დიალექტზე საუბრობდა, ტყავის ქამარი ეკეთა და
მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, ჰალსტუხი დაუდევრად
ეკეთა ხოლმე. ბულდოზერივით ხმა ჰქონდა, პატარა ოთახში
მეტისმეტად ხმამაღლა ისმოდა მისი ლაპარაკი. იზი
გამუდმებით ხან რაზე ნერვიულობდა, ხანაც რაზე. კარგი
ბუნების კაცი იყო, სენტიმენტალური, უფრო ზუსტად,
რომანტიკოსი. მისთვის ფოლკის მუსიკას ოქროს
ბრწყინვალება ჰქონდა. სხვათა შორის, ჩემთვისაც.
ფოლკლორის ცენტრი გზაჯვარედინივით იყო, სადაც ყველა,
ვინც ფოლკში იყო ჩართული, შეიძლებოდა გენახა, ჭეშმარიტ,
უკომპრომისო ფოლკის მომღერლებს შეიძლებოდა
გადაყროდი. ვიღაც-ვიღაცები იქ თავიანთი საფოსტო
გზავნილების ასაღებად დადიოდნენ.
დროდადრო იანგი კონცერტებს მართავდა ხოლმე და
შეუცდომლად არჩევდა ფოლკისა და ბლუზის
შემსრულებლებს. კონცერტებს მუნიციპალიტეტის შენობაში,
ან რომელიმე უნივერსიტეტში აწყობდა. ცენტრში ხან ვის
ვნახულობდი და ხან ვის – კლარენს ეშლის, გას ქენონს, მენს
ლიპსქომბს, თომ პეილის, ერიკ დარლინგს. იქ ბევრი
ეზოთერული ფოლკის ჩანაწერი ჰქონდათ, ყველა ის დისკი,
რომლის მოსმენაც მინდოდა. ნებისმიერი ტიპის, უკვე
მივიწყებული სიმღერების ფოლიოები – მეზღვაურების
გუნდური სიმღერები, სამოქალაქო ომისდროინდელი
სიმღერები, კოვბოების სიმღერები, სამგლოვიარო სიმღერები,
საეკლესიო სიმღერები, ანტი „ჯიმ ქრაუს“ სიმღერები – ძველი
ხალხური ზღაპრების წიგნები, „Wobbly“-ს ჟურნალები,

17
პროპაგანდული პამფლეტები დაწყებული ქალების
უფლებების პრობლემებით და დამთავრებული გალოთების
საშიშროებით, კიდევ იყო ინგლისელი მწერლის დანიელ
დეფოს წიგნი „მოლ ფლენდერსი“. რაღაც ინსტრუმენტებიც
იყიდებოდა – ციმბალი, ხუთსიმიანი ბანჯო, კაზუ, სასტვენები,
აკუსტიკური გიტარები, მანდოლინები. ვისაც ფოლკი
აინტერესებდა, ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ბევრი რამის
გაგება შეეძლო.
იზის თავისი ოთახი ჰქონდა დარბაზის ბოლოს, შეშის
ღუმელით, უხამსი სურათებითა და მორყეული სკამებით –
კედელზე ძველი გმირებისა და პატრიოტების პორტრეტები
ეკიდა, ჯვრის ორნამენტიანი კერამიკული ჭურჭელი და შავი
შანდლები ეწყო. კიდევ ბევრი რამ, რაც მის პროფესიას
უკავშირდებოდა. პატარა ოთახი სავსე იყო ამერიკული
ჩანაწერებითა და ფონოგრაფებით. იზი ნებას მრთავდა ხოლმე
მის ოთახში შევსულიყავი და მუსიკისთვის მესმინა. მინდოდა
რაც შეიძლება მეტი მომესმინა, ის კი არა, მის წარღვნამდელ
ფოლკლორულ ხელნაწერებსაც ვათვალიერებდი.
თანამედროვე და არანორმალურად გართულებული სამყარო
ნაკლებად მაინტერესებდა და ვერანაირად ვერ მაცდუნებდა.
ჩემთვის უფრო აქტუალური იყო „ტიტანიკის“ ჩაძირვა,
გალვესტონის წყალდიდობა, ამერიკული ზღაპრული გმირი
ჯონ ჰენრი და ჯონ ჰარდი, რომელმაც დასავლეთ ვირჯინიის
რკინიგზის ლიანდაგზე კაცი მოკლა. ეს დრომოჭმული ამბები
ჩემთვის თანამედროვე იყო. მე ამ ამბებს პატივს ვცემდი,
ვითვალისწინებდი და ჩემთვის რაღაცებს ვინიშნავდი.
ჩანიშვნაზე გამახსენდა და ჩემი არ იყოს, იზიც აწარმოებდა
დღიურს. რაღაც დავთარივით ჰქონდა, გადაშლილი ედო ხოლმე
მაგიდაზე. მეც მკითხა რაღაც-რაღაცები, სად დავიბადე, როგორ
გამიჩნდა ინტერესი ფოლკის მიმართ. მერე თავის დღიურში
შეიტანა ჩემი მონაყოლი. წარმოდგენა არ მქონდა, ამას რატომ
აკეთებდა. კითხვებით თავს მაბეზრებდა, მაგრამ
მსიამოვნებდა, კეთილგანწყობილი რომ იყო ჩემდამი და
ამიტომ ვცდილობდი მეც უფრო გულწრფელი და ტაქტიანი
ვყოფილიყავი. საერთოდ, მეტ სიფრთხილეს ვიჩენდი ხოლმე
უცხო პირებთან საუბრისას, მაგრამ იზისთან ყველაფერი რიგზე
იყო, მასთან შეიძლებოდა გახსნილად ლაპარაკი.
ოჯახზე გამომკითხა. ბებიაჩემზე მოვუყევი, დედის მხრიდან,

18
რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. კეთილშობილებითა და
სიკეთით სავსე ქალი იყო. ერთხელ მითხრა, ბედნიერება გზაზე
არ დევს, ბედნიერება თავად გზა არისო. ისიც დამარიგა, ეცადე
ყველას მიმართ კეთილი იყო, რადგან ყოველი ადამიანი, ვისაც
გზაზე შეხვდები, თავის გასატანად მძიმე ომშია ჩაბმულიო.
იზი რომელ ომში იყო ჩაბმული, ვერ გეტყვით. საშინაო ომში
თუ საგარეოში, არავინ იცის. იანგი ის კაცი გახლდათ, რომელიც
სოციალური უსამართლობით, მოშიმშილე და უსახლკარო
ხალხის ბედით იყო დაინტერესებული და არავის უმალავდა
ამას. მისი გმირები აბრაამ ლინკოლნი და ფრედერიკ დუგლასი
იყვნენ, „მობი დიკი“, თევზის ამბავი, მისი უსაყვარლესი წიგნი
იყო. იანგს სულ ხალხი ეხვია გარშემო, შენობის მეპატრონე
სულ რაღაცას უჩიჩინებდა, მოსვენებას არ აძლევდნენ, ზოგ-
ზოგიერთებს ფულის გამოცინცვლა უნდოდათ, მაგრამ,
როგორც ეტყობოდა, თავად ეს დიდად არ აწუხებდა. ადვილად
შეეძლო საერთო ენის გამონახვა, მახსოვს, ერთხელ მერია
აიძულა ვაშინგტონის პარკში ფოლკის დაკვრის ნება
დაერთოთ. მისდამი ყველა კეთილგანწყობილი იყო.
რაღაც დისკებს დამიძრობდა ხოლმე, „ქანთრი ჯენტლმენების“
ჩანაწერი მომცა და მირჩია „Girl Behind the Bar“-ისთვის
მომესმინა. მერე, ჩარლი პულის „White House Blues“ დამიკრა,
მითხრა, შენ შეგეფერებაო და ისიც დამარიგა, ყურადღება
მიმექცია, რადგან ეს ზუსტად ის ვერსია იყო, რომელსაც
„რემბლერები“ ასრულებდნენ. ბილი ბრონზის „Somebody’s Got
to Go“ მომასმენინა. ისიც ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. იზის
ოთახში ჯდომა და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებდა.
ცეცხლიც სულ ენთო და შეშას ტკაცატკუცი გაუდიოდა.
ერთ ზამთრის დღეს, ცენტრში ქუჩიდან ვიღაც ზორბა ყმაწვილი
შემოვიდა. ისე გამოიყურებოდა, გეგონება რუსეთის
საელჩოდან იყო, პალტოს სახელოებიდან თოვლი ჩამოიბერტყა,
ხელთათმანი გაიძრო, დახლზე დადო და ითხოვა, გიბსონის
გიტარა მაჩვენეთო. გიტარა აგურის კედელზე ეკიდა. ეს
ყმაწვილი დეივ ვენ რონკი გახლდათ. არც ისე თავაზიანი
ყმაწვილი ჩანდა, თავდაჯერებული კი იყო, ჯაგარივით თმა
ჰქონდა, ზედ არავის უყურებდა. ჩემი გონება სწრაფად
ამუშავდა. იზიმ გიტარა ჩამოიღო და მიაწოდა. დეივმა გამოკრა
თითები სიმებს, რაღაც ჯაზური ვალსი შეასრულა და გიტარა
დახლზე დადო. როგორც კი ეს გააკეთა, მივუახლოვდი,

19
გიტარაზე ხელები დავაწყვე და ვკითხე, როგორ შეიძლება კაცი
„Gaslight“-ში აიყვანონ, ამისთვის რა უნდა შეგეძლოს-მეთქი. ასე
იმიტომ კი არ მოვიქეცი, რომ ვეპირფერებოდი და უბრალოდ
გამოლაპარაკება მინდოდა, მართლა მაინტერესებდა, როგორ
შეიძლებოდა „Gaslight“-ში მოხვედრა.
ვან რონკმა გაკვირვებულმა შემომხედა, მერე უცერემონიოდ
და ცივად მკითხა, დარაჯად თუ გიმუშავიაო. არა-მეთქი,
ვუპასუხე. ვკითხე – შეიძლება რამე დაგიკრათ? „შეიძლება“,
მითხრა.
„Nobody Knows You When You’re Down and Out“– შევუსრულე.
დეივს მოეწონა, რაც მოისმინა, დაინტერესდა, ვინ ვიყავი,
მკითხა, რამდენი ხანია, რაც ქალაქში ხარო და მერე, დასძინა –
შეგიძლია საღამოს რვაზე ან ცხრაზე მოხვიდე და ჩემი
გამოსვლის დროს, რამდენიმე სიმღერა შეასრულოო. აი, ასე
გავიცანი დეივ ვენ რონკი.
ფოლკლორის ცენტრიდან გამოვედი და ისევ ყინვაში
შევბრუნდი. საღამოსკენ, ბლიკერ სთრითზე „Mills Tavern“-თან
მივედი, სადაც კალათის სახლის მომღერლები იკრიბებოდნენ,
რაღაცებს მიედ-მოედებოდნენ და ხალხში ერეოდნენ. ერთი
მეგობარი შემხვდა, ხუან მორენო, ფლამენკოს სტილში
უკრავდა გიტარაზე. მითხრა, მე-3 ქუჩაზე ახალი ყავის სახლი
გაიხსნა, „Outre“ ჰქვიაო, მაგრამ ცალი ყურით ვუსმენდი.
ვხედავდი მისი ტუჩების მოძრაობას, ოღონდ ისინი თითქოს
ხმას არ გამოსცემდნენ. ვიცოდი, რომ არასოდეს დავუკრავდი
„Outre“-ში, მე ეს აღარ მჭირდებოდა. სულ მალე, „Gaslight“-ში
დამიქირავებდნენ და კალათის სახლებს აღარასოდეს
ვნახავდი. ქუჩის თერმომეტრი მინუს ათი გრადუსისკენ
მიიპარებოდა. ჩემი სუნთქვა ჰაერში იყინებოდა, მაგრამ
სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ზღაპრულ შუქს მივყვებოდი და
დაიმედებული ვიყავი. ვითომ, თავს ვიტყუებდი? არა მგონია.
არა მგონია, საკმარისი წარმოსახვა მქონოდა, რომ თავგზა
ამრეოდა; არც მაინცდამაინც ტყუილ იმედებს არ ვამყარებდი.
მე შორი გზა მქონდა გამოვლილი, დიდი სიღრმიდან დავიწყე
ამოსვლა. მაგრამ ახლა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იღბალმა
გადმომხედა, ისეთი გრძნობა მქონდა – იღბალი სწორედ მე
დამცქეროდა და სხვას არავის.

20
თავი მეორე. დაკარგული მიწა
ლოგინში წამოვჯექი და მივიხედ-მოვიხედე. ლოგინი
სასტუმრო ოთახის დივანი იყო. რადიატორს სიმხურვალისგან
ორთქლი ასდიოდა. ბუხრის თავზე, ჩარჩოში ჩასმული
კოლონიის მცხოვრების პორტრეტს თვალი თვალში გავუყარე –
დივანთან ახლოს ოვალური მაგიდა იდგა, მრგვალი უჯრები
ჰქონდა და კიდევ რაღაც ურიკასავით სკამი, პატარა,
იასამნისფერი ხის საწერი მაგიდა, გადმოსახსნელი უჯრებით –
ტახტი, რაც იყო მანქანის უკანა სკამი – იატაკზე სქელი,
ფრანგული ნოხი ეგო, ჟალუზებიდან ვერცხლისფერი შუქი
ძლივს აღწევდა ოთახში.
ოთახში ჯინისა და ტონიკის, ხის სპირტისა და ყვავილების
სუნი იდგა. ფედერალური სტილის, ულიფტო შენობის ბოლო
სართულზე ვიყავი, ვესტრის ქუჩის შორიახლოს, მდინარე
ჰადსონის პირას. იმავე კვარტალში სარდაფში ერთი ტავერნა
იყო, „Bull’s Head“, სადაც ჯონ უილკს ბუტი, ამერიკელი
ბრუტუსი თვრებოდა ხოლმე. ერთი-ორჯერ ჩავსულვარ იმ
ტავერნაში და მისი აჩრდილიც დამინახავს სარკეში – ბოროტი
სული. პოლ კლეიტონმა, ფოლკის მომღერალმა და ვენ რონკის
მეგობარმა, კარგი ბუნების, მარტოხელა და მელანქოლიურმა
კაცმა, რომელმაც ოცდაათი დისკი გამოუშვა, მაგრამ ამერიკელი
საზოგადოებისთვის მაინც უცნობი იყო – ინტელექტუალმა და
რომანტიკოსმა, ენციკლოპედიური ცოდნის პატრონმა
ლირიკული სიმღერებისა – წარმადგინა რეი გუჩთან და ქლოი
კილთან, ამ ბინის პატრონებთან. ფანჯარასთან მივედი და
თეთრ-მონაცრისფრო ქუჩებს და მდინარეს გავხედე. გარეთ
ციოდა, როგორც ყოველთვის ტემპერატურა ნულს ქვემოთ იყო,
მაგრამ ცეცხლის ალი ჩემს გონებაში არასოდეს ქრებოდა და
ფლუგერივით სულ ბზრიალებდა. უკვე შუადღე იყო, რეიც და
ქლოიც წასულიყვნენ.
რეი ალბათ ჩემზე ათი წლით უფროსი იქნებოდა –
ვირჯინიიდან იყო – ბებერ მგელს ჰგავდა, გაძვალტყავებული
და უამრავბრძოლაგადატანილი – მისი წინაპრები
ეპისკოპოსები და გენერლები იყვნენ, თურმე ერთი-ერთი
კოლონიური მმართველიც კი ყოფილა. თვითონ ნონ-
კონფორმისტი გახლდათ, სამხრეთელი ნაციონალისტი. ის და
ქლოი ისე ცხოვრობდნენ, გეგონება ვინმეს ემალებოდნენ. რეი
ჩემი ერთი სიმღერის გმირს ჰგავდა, კაცს, რომელმაც ცხოვრება

21
ნახა, რაღაც გააკეთა, რომანტიკული ისტორია გადახდენია –
ბევრი იხეტიალა და ამ ქვეყნის ავანჩავანი გაიგო. მართალია,
უკვე იგრძნობოდა ბუნტის ფარული ბიძგები, რაც რამდენიმე
წლის შემდეგ ამერიკის ქალაქებს შეაზანზარებდა, მაგრამ რეის
ეს ნაკლებად აინტერესებდა, ამბობდა, ჭეშმარიტი მოქმედების
ცენტრი კონგოში არისო.
ქლოის მოწითალო-ოქროსფერი თმა ჰქონდა, თაფლისფერი
თვალები, უცნაური, ძნელად გასაგები ღიმილი, თოჯინის სახე
და კიდევ უფრო ლამაზი სხეული, ფრჩხილებს შავად იღებავდა.
„Egyptian Garden“-ში, მე-8 ავენიუზე იყო რესტორანი, სადაც
მუცლის ცეკვას ასრულებდნენ, იქ მუშაობდა ქუდების
ჩამომრთმევლად, კიდევ ჟურნალ „კავალიესთვის“
პოზიორობდა, როგორც მოდელი. „არასოდეს ვყოფილვარ
უმუშევარი“, ამბობდა ხოლმე. ისინი ცოლ-ქმარივით
ცხოვრობდნენ, ან და-ძმასავით, შეიძლება კუზენებივით,
ძნელი სათქმელია, მოკლედ, უბრალოდ იქ ცხოვრობდნენ, ეს
არის და ეს. ქლოის პრიმიტიული შეხედულებები ჰქონდა
ცხოვრებაზე, სულ გიჟურ აზრებს გამოთქვამდა, თან რაღაც
გასაიდუმლოებულად. ერთხელ მითხრა, ქუთუთოებზე
მაკიაჟი უნდა წაისვა, თვალი რომ არ გეცესო. ვკითხე, ვისი
თვალი არ უნდა მეცეს-მეთქი და ასე მითხრა, მე რა ვიცი, ვისიც
გინდაო. მისთვის რომ დაგეჯერებინა, სამყაროს დრაკულა
მართავდა, გუტენბერგის ვაჟი, სწორედ იმ ყმაწვილის, პირველ
სტამბა რომ გამოიგონა.
ვერ გეტყვით, იქნებ მეც 40-იანი და 50-იანი წლების კულტურის
გამგრძელებელი რომ ვიყავი, ასეთი საუბარი ჩემთვისაც
მისაღები უნდა ყოფილიყო. გუტენბერგიც შეიძლება ვიღაც
ტიპი ყოფილიყო, ძველი ფოლკლორული სიმღერიდან
გადმოსული. პრაქტიკულად, 50-იანების კულტურა იმ
მოსამართლეს წააგავდა, რომელიც უკანასკნელად იჯდა თავის
სკამზე. მისი დრო იწურებოდა. მომდევნო ათი წლის
მანძილზე, კიდევ რამდენჯერმე გაიბრძოლებს ფეხზე
წამოსადგომად და საბოლოოდ ძირს დაენარცხება. მაგრამ
ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფოლკი ისე
მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, როგორც რელიგია. ფოლკი
სცდებოდა იმჟამინდელი კულტურის საზღვრებს.
სანამ ჩემს საკუთარ ბინაში გადავიდოდი, ვილიჯში კარგა ხანს
დავყავი. ხან ერთი-ორი დღით ვრჩებოდი ხოლმე, ხან კიდევ

22
მთელი კვირით. ვენ რონკთანაც ბევრჯერ დავრჩენილვარ.
ალბათ ვესტრი სთრითზე რა დროც დავყავი, იმდენი ხანი
სხვაგან არსად გავჩერებულვარ. რეისთან და ქლოისთან ყოფნა
მსიამოვნებდა. თავს კარგად ვგრძნობდი მათ გვერდით. რეი
წარმომავლობით ელიტური საზოგადოებიდან იყო, სამხრეთ
კაროლინაში კამდენის სამხედრო აკადემიაშიც კი უსწავლია,
რომელიც შემდეგ „გულწრფელი და უზომო სიძულვილით“
მიატოვა. ის ასევე „სამადლოდ გარიცხეს“ რელიგიური
სკოლიდანაც. ბაირონის „დონ ჟუანიდან“ ნაწყვეტები იცოდა
ზეპირად და შეეძლო წაეკითხა – კიდევ ლონგფელოს პოემიდან
კითხულობდა ხოლმე ლამაზ სტრიქონებს. ბრუკლინში
ინსტრუმენტალურ ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ მანამდე
ბევრს დაეხეტებოდა, საუთ ბენდში სტუდებეკერის ქარხანაში
დაუქირავებიათ და კიდევ ომაჰაში მუშაობდა სასაკლაოზე.
ერთხელ ვკითხე, იქ რას აკეთებდი-მეთქი. „ოსვენციმზე რამე
გსმენია?“ როგორ არ მსმენოდა, ვის არ სმენოდა ოსვენციმზე.
ერთ-ერთი სიკვდილის ბანაკი იყო ევროპაში, რომლის მთავარი
ორგანიზატორი ნაცისტი ადოლფ აიხმანი იყო, არც ისე დიდი
ხნის წინ იერუსალიმში რომ გაასამართლეს. ომი რომ
დამთავრდა, თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ ებრაელებმა
არგენტინაში ავტობუსის გაჩერებაზე აიყვანეს. მისი პროცესის
გამო დიდი ამბავი ატყდა. მოწმის სკამიდან აიხმანმა
განაცხადა, რომ ის მხოლოდ ბრძანებას ასრულებდა, მაგრამ
ბრალმდებლებს არ გაუჭირდათ იმის დამტკიცება, რომ აიხმანი
დაკისრებულ მისიას სიამოვნებით და გადამეტებული
ენთუზიაზმითაც ახორციელებდა. აიხმანი აიძულეს თავი
დამნაშავედ ეცნო და ახლა მისი ბედი წყდებოდა. ბევრი
მითქმა-მოთქმა ატყდა, თითქოს სიცოცხლეს
შეუნარჩუნებდნენ, ან საერთოდ არგენტინაში
დააბრუნებდნენ, მაგრამ ეს ხომ სისულელე იქნებოდა. რომც
გაეშვათ, ერთი საათიც ვერ იცოცხლებდა. ისრაელის
სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ვალდებულება ემოქმედა,
როგორც საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა მემკვიდრეს
და მათი ანდერძის აღმსრულებელს. ეს პროცესი კი მთელს
მსოფლიოს ახსენებდა, თუ რა იყო წინაპირობა ისრაელის
სახელმწიფოს შექმნისა.
***
დავიბადე 1941 წლის გაზაფხულზე. ევროპაში მეორე მსოფლიო
ომი უკვე გაჩაღებული იყო, ამერიკა მალე ჩაერთვებოდა.

23
სამყარო ინგრეოდა და გამეფებული ქაოსი სამყაროს ახალ
სტუმრებს თავის მუშტს ახვედრებდა. ვინც იმ დროს დაიბადა
ან ვინც გადარჩა, იგრძნობდა, რომ ძველი სამყარო ახლით
იცვლებოდა, როგორც მაშინ, როცა ძველი წელთაღრიცხვა
დამთავრდა და ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო. ყველა, ვინც
ჩემსავით იმ წელს დაიბადა, ორივე სამყაროს ნაწილი იყო.
ჰიტლერი, ჩერჩილი, მუსოლინი, სტალინი, რუზველტი –
ამხელა ფიგურებს მსოფლიო ვეღარასოდეს იხილავს, ეს ის
კაცები იყვნენ, ვინც მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებს
ენდობოდნენ, ხან უმართლებდათ, ხან არა, ყოველი მათგანი
მზად იყო მარტო ემოქმედა, არ დარდობდნენ
დაუფასდებოდათ თუ არა – ინდიფერენტულები გახლდნენ
სიმდიდრისა და სიყვარულის მიმართ, ისინი კაცობრიობის
ბედს განაგებდნენ და ქვა ქვაზე არ დატოვეს. აგრძელებდნენ
გრძელ ხაზს ალექსანდრეებისა და კეისრების, ჩინგის ყაენების,
კარლოს დიდებისა და ნაპოლეონებისა და ამასობაში, თვალსა
და ხელს შუა, მსოფლიო ისე დააქუცმაცეს ნაჭრებად, როგორც
სადილად მორთმეული დელიკატესი. რა მნიშვნელობა აქვს,
ისინი თმას შუაზე იყოფდნენ თუ ვიკინგის მუზარადი ეხურათ
– ბარბაროსები დაშლიგინებდნენ დედამიწაზე და უხეშად
აკანონებდნენ თავიანთ გეოგრაფიულ იდეებს.
მამაჩემს პოლიომელიტი ჰქონდა გადატანილი და ამის გამო
ომში არ წაიყვანეს. სამაგიეროდ, ბიძებმა მიიღეს მონაწილეობა
ომში და ყველა ცოცხალი დაბრუნდა. მათ ერქვათ – პოლი,
მორისი, ჯეკი, მაქსი, ლუი და ვერნონი. ზოგი ფილიპინებზე
იყო, ზოგი ანციოში, სიცილიაზე, ჩრდილოეთ აფრიკაში,
საფრანგეთსა და ბელგიაში. რომ დაბრუნდნენ, სუვენირები და
სამახსოვრო საჩუქრები ჩამოიტანეს – იაპონური სიგარეტის
კოლოფი, გერმანული პურის დანა, ბრიტანული
მომინანქრებული ფინჯანი, გერმანული მტვრისგან დამცავი
სათვალე, ბრიტანული საბრძოლო ხანჯალი, გერმანული
ავტომატური პისტოლეტი – ყველანაირი მონარჩენი. ისე
დაუბრუნდნენ სამოქალაქო ცხოვრებას, თითქოს არაფერი
მოხდარიყოს. არასოდეს დაუძრავთ სიტყვა ან რა
მოიმოქმედეს, ან რას შეესწრნენ ომში.
1951 წელს დაწყებით სკოლაში დავდიოდი. ერთ-ერთი, რაშიც
სკოლაში გვავარჯიშებდნენ, საჰაერო თავდასხმის სირენა რომ
ჩაირთვებოდა, მერხის ქვეშ უნდა დავმალულიყავით, იმიტომ,
რომ შეიძლება რუსები თავს დაგვსხმოდნენ და ბომბები

24
ჩამოეყარათ. იმასაც გვეუბნებოდნენ, თითქოს შესაძლებელი
იყო, რუსები თვითმფრინავიდან პარაშუტებით
გადმომხტარიყვნენ და ჩვენს ქალაქში დაშვებულიყვნენ. სულ
რაღაც რამდენიმე წლის წინ ბიძაჩემი იმავე რუსებთან ერთად
იბრძოდა, მაგრამ ახლა ისინი მონსტრები გამხდარიყვნენ და
მოიწევდნენ, ჩვენთვის ყელი რომ გამოეჭრათ და
გადავებუგეთ. უცნაური მეჩვენებოდა. ასე სულ შიშში
ცხოვრება ბავშვის მორალისთვის არ არის კარგი. ერთია, როცა
გეშინია, თუ ვიღაცას შენზე იარაღი აქვს მომართული და
მეორე, თუ ისეთი რამის გეშინია, რაც მთლად სინამდვილეს არ
შეესაბამება. ბევრი სერიოზულად იყო შეშინებული და
უნებურად, შენც გადაგეცემოდა ეს შიში. ადვილი იყო მათი
უცნაური ფანტაზიის მსხვერპლი გამხდარიყავი. სკოლაში ჩემი
მასწავლებლები ადრე დედაჩემს ასწავლიდნენ. დედაჩემის
დროს ახალგაზრდები იყვნენ, მე როცა მასწავლიდნენ – უკვე
დაბერებულები. ამერიკის ისტორიის კლასში გვასწავლიდნენ,
რომ კომუნისტები მხოლოდ თოფებითა და ბომბებით ვერ
გაანადგურებდნენ ამერიკას, მათ ამისთვის ჯერ ჩვენი
კონსტიტუცია უნდა მოესპოთ – დოკუმენტი, რომელსაც
ეფუძნებოდა ეს ქვეყანა. ისე, ვითომ რა დიდი განსხვავება
იქნებოდა. სირენა რომ გაჩუმდებოდა, შენი მერხის ქვეშ პირქვე
უნდა წოლილიყავი გაუნძრევლად, ისე, რომ ერთი კუნთიც არ
გაგტოკებოდა, კრინტი არ უნდა დაგეძრა, თითქოს ეს
ბომბებისგან გვიხსნიდა. საშინელი რამ იყო სულ
განადგურების შიშში ყოფნა. ჩვენ არც ის ვიცოდით, რა
დავუშავეთ ვინმეს ისეთი, რომ ჭკუიდან გადავიყვანეთ.
წითლები ყველგან იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე
გვეუბნებოდნენ და სისხლი სწყუროდათ. სად იყვნენ მაშინ
ჩემი ბიძები, ქვეყნის დამცველები? ისინი წელებზე ფეხს
იდგამდნენ, მუშაობდნენ, როგორმე თავი რომ გაეტანათ. ან
საიდან ეცოდინებოდათ, ჩვენ სკოლაში რას გვასწავლიდნენ და
რა შიშს გვიღვიძებდნენ?
ახლა ეს ყველაფერი ჩავლილი იყო. მე ნიუ-იორკში ვიყავი და
კომუნისტები აღარ მადარდებდნენ. ისე, ალბათ უხვად იყვნენ
აქა-იქ. არც ფაშისტები იქნებოდნენ ნაკლები, კიდევ ბევრი
მემარცხენე და მემარჯვენე დიქტატორიც და ყველანაირი
წარმომავლობის რადიკალი. იმასაც ამბობდნენ, მეორე
მსოფლიო ომთან ერთად განმანათლებლობის ხანაც
დამთავრდაო, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, რადგან ჯერ კიდევ იმ

25
ეპოქაში ვცხოვრობდი, რაღაც კიდევ მახსოვდა, რაღაც სინათლე
დამრჩენოდა წაკითხული წიგნებიდან. ვოლტერი, რუსო, ჯონ
ლოკი, მონტესკიე, მარტინ ლუთერი – მეოცნებეები და
რევოლუციონერები... ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ
ყმაწვილებს ვიცნობდი, თითქოს ჩემს უკანა ეზოში
ცხოვრობდნენ ყველანი.
ოთახი გადავჭერი, კრემისფერ ფარდებთან მივედი და
ჟალუზები ავწიე. დათოვლილი ქუჩები გამოჩნდა. ოთახში
მშვენიერი ავეჯი იდგა, ზოგი ხელნაკეთი იყო. ისიც ლამაზი იყო
– ინკრუსტირებული კომოდი სტილიზებული ჩუქურთმებითა
და მყვირალა საკეტებით – იატაკიდან ჭერამდე ორნამენტიანი
წიგნის თაროები, გრძელი, ვიწრო, მართკუთხა მაგიდა
უწესრიგო გეომეტრიული ორნამენტით – ერთი სასაცილო
მაგიდა იდგა, კედელზე იყო მომაგრებული. პატარა
სამზარეულოში რომ შეხვიდოდი, თავი ტყეში გეგონებიდა,
სხვადასხვა მცენარეებით იყო დატენილი სპეციალური
ბალახეულობის შესანახი კოლოფები – ჭაობის პიტნა,
ჩიტისთვალა, იასამნის ფოთლები და კიდევ სხვა რაღაცები.
ქლოი სამხრეთელი გოგო იყო, ოღონდ ჩრდილოური სისხლი
უჩქეფდა, აბაზანაში უყვარდა სარეცხის გაფენა და ხშირად იქ
გადავაწყდებოდი ხოლმე ჩემს პერანგს. მე, როგორც წესი, იმ
დროს მივდიოდი, გათენებას რომ არაფერი უკლდა და
პირდაპირ შევსრიალდებოდი დივანზე გაშლილ ლოგინში.
ხშირად ღამის მატარებლის ხმაზე დამძინებია, რიხინ-რიხინით
ჯერსიში რომ მიდიოდა – რკინის ცხენის, რომელსაც სისხლის
ნაცვლად ორთქლი ჰქონდა.
ღრმა ბავშვობიდან ვუყურებდი მატარებლებს და მესმოდა
მათი ხმა, და როცა მატარებელს დავინახავდი, ან მის ხმას
გავიგებდი, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ჩემს მშობლიურ
ქალაქში ისე ვერსად მიხვიდოდი, ყოველ შემთხვევაში, დღის
რომელიმე მონაკვეთში, რამდენჯერმე გზაჯვარედინზე
გაჩერება და ლოდინი რომ არ მოგხდენოდა, სანამ გრძელი
მატარებელი არ ჩაივლიდა. შორიდან მის ხმას რომ გავიგებდი,
ასე თუ ისე თავს შინ ვგრძნობდი ხოლმე, თითქოს არსადაც არ
წავსულვარ, თითქოს სადღაც მყარ ადგილზე ვიდექი, არაფერი
მემუქრებოდა და ყველაფერი რიგზე იყო.
ფანჯრიდან, ქუჩის გადაღმა, ეკლესია ჩანდა, სამრეკლოთი.
ზარების რეკვის ხმაც მშობლიურ ადგილებს მაგონებდა.

26
ბავშვობაში მესმოდა და ვუსმენდი ზარის რეკვას, რკინის,
ბრინჯაოსა და ვერცხლის ზარების ხმას. ზარები კვირაობით
მღეროდნენ, ღვთისმსახურებისას. ისინი რეკდნენ, როცა ვიღაც
ცნობილი ადამიანი გარდაიცვლებოდა, ან როცა ქორწილი
იმართებოდა. ნებისმიერი განსაკუთრებული შემთხვევის
დროს ზარის ხმა ისმოდა. მათი მოსმენა კაცს სასიამოვნო
განწყობაზე აყენებს. მე პირადად, კარზე დაკიდებული ზარის
წკრიალიც მომწონდა და რადიოში, NBC-ზე ზარებით
შესრულებული მელოდიაც. ეკლესიას ვუყურებდი, მაგრამ მისი
ზარი დუმდა, სახურავიდან თოვლი ფანტელებად ცვიოდა.
ქალაქს მალე ქარბუქი დაეპატრონებოდა და ცხოვრებას
უფერულ ტილოში გაახვევდა, ცივ, გაყინულ ტილოში
გაახვევდა.
ქუჩის მეორე მხარეს, ტყავის ქურთუკში ჩაცმულმა ბიჭმა
თავისი შავი, თოვლში ჩაფლული „მერკური მონტკლერიდან“
თოვლი გადაფერთხა. უფრო იქით, წითელ მოსასხამში
გახვეულმა მღვდელმა ეკლესიის ღია ჭიშკრიდან მოყინულ
ეზოში შეაბიჯა, თან ფეხი უცურდა, მიდიოდა, თავისი წმინდა
მოვალეობა რომ აღესრულებინა. იქვე ახლოს, თავშიშველა
ქალი წვალებით მიათრევდა სარეცხის ჩანთას. თუ
დაფიქრდები, ყოველდღე ნიუ-იორკში მილიონი ამბავი ხდება,
პირდაპირ შენ თვალწინ, ოღონდ ერთმანეთშია
გადახლართული ეს ამბები და აზრი რომ გამოიტანო, ჯერ უნდა
დააცალკევო. წმინდა ვალენტინის დღე ისე მოვიდა და წავიდა,
რომ არც გამიგია. სასიყვარულო ამბებისთვის არ მეცალა.
ფანჯარას და ზამთრის მზეს მოვშორდი, ცხელი შოკოლადი
დავისხი და რადიოს ჩასართავს თითი ჩამოვკარი.
რადიოში სულ რაღაცას ვეძებდი ხოლმე. მატარებლებისა და
ზარებისა არ იყოს, რადიოც ჩემი ცხოვრების ფონი იყო.
გადასართავი ავამოძრავე და პატარა დინამიკებიდან როი
ორბისონის ხმამ იფეთქა. მისმა ახალმა სიმღერამ „Running
Scared“ ოთახი შეაზანზარა. ბოლო დროს უფრო იმ სიმღერებს
ვუსმენდი, ფოლკის ქვეტექსტები რომ ჰქონდა. ასეთები
წარსულშიც იყო: „Big Bad John“, „Michael Row and Boat Ashore“, „A
Hundred Pounds of Clay“. ბრუკ ბენტონმა თანამედროვე ჰიტი
„Boll Weevil“ შექმნა. „კინგსტონ ტრიოც“ კარგი იყო. მართალია,
მეტისმეტად დახვეწილი სტილი ჰქონდათ, მაგრამ მათი
სიმღერების უმეტესობა მომწონდა. მაგალითად, ისეთები,
როგორიცაა „Getaway John“, „Remember the Alamo“, „Long Black

27
Rifle“, დროდადრო რომელიმე ფოლკის ტიპის სიმღერა
გამოარღვევდა ხოლმე რადიო ეთერს. ჯოდი რეინოლდსის
სიმღერა „Endless sleep“ წლების წინ პოპულარული იყო, თავის
სტილით ისიც ფოლკი იყო. როი ორბისონს რაც შეეხება, ის
ყველა ჟანრს სცილდებოდა – ფოლკს, ქანთრის, როკ ენ როლს
და საერთოდ ყველაფერს. ის ყველა სტილს ურევდა და ზოგს
საერთოდ იმ სტილში უკრავდა, რომელიც არც კი იყო ჯერ
მოგონილი. შეეძლო ერთი ხაზი საზიზღარი და უსიამოვნო
ხმით ემღერა, მაგრამ მერე ფრენკი ვალივით ფალცეტოთი
გაეგრძელებინა. როცა როის უსმენ, ვერ მიხვდები, ოპერას
უსმენ თუ მარიაჩებს. ყურადღების მოდუნებას ვერ მოახერხებ.
როი, გეგონება, ოლიმპოს მთიდან მღერისო, და მას მართლაც
ჰქონდა სათქმელი. მისი ერთი სიმღერა „Ooby Dooby“ ადრე
პოპულარული იყო, მაგრამ ამ ახალს არც შევადარებდი. „Ooby
Dooby“ ერთი შეხედვით მარტივი სიმღერა იყო, მაგრამ როი
კიდევ იზრდებოდა, ახლა თავის კომპოზიციებს სამ და ოთხ
ოქტავაში მღეროდა და, მათი მოსმენისას, სურვილი
გაგიჩნდებოდა მანქანით კლდიდან გადაშვებულიყავი.
პროფესიონალი კრიმინალივით მღეროდა. მისთვის
დამახასიათებელი იყო დაბალ, ოდნავ გასაგებ ხმაზე დაეწყო
სიმღერა, ასე აგრძელებდა ცოტა ხანს და მერე, მოულოდნელად
ისტერიკაში ვარდებოდა. როის ხმას შეეძლო მკვდარი
გაეცოცხლებინა. სიმღერა რომ დამთავრდებოდა, გაოგნებული
შენს თავს ებუტბუტებოდი – „ბიჭო, ეს შეუძლებელია“. როის
სიმღერებში შიგნით კიდევ სიმღერა იყო. არავითარ ლოგიკას არ
ექვემდებარებოდა, როცა მაჟორული ტონალობიდან
მინორულში გადადიოდა. როი მეტისმეტად სერიოზული იყო –
ახალბედას გამოუცდელობა სულ არ ეტყობოდა. ზოგადად,
რადიოში რასაც უკრავდნენ, როისთან ახლოსაც ვერ მივიდოდა.
მოვუსმინე და კიდევ სხვას ველოდებოდი, მაგრამ როის მერე
მოსაწყენი ერთფეროვნება დაიწყო... უჯიგრო და უხალისო.
თან ისე გაწვდიდნენ, თითქოს თავში ტვინი არ გქონდა.
ვფიქრობ, ჯორჯ ჯონსს თუ არ ჩავთვლით, არც ქანთრი არ
მიყვარდა. ჯიმ რივსს და ედი არნოლდს, ძნელი სათქმელია,
რამდენად დაარქმევდი ქანთრის. ქანთრის მთელი ის სიგიჟე
და იდუმალება დაეკარგა. ელვის პრესლი. არც მას არავინ
უსმენდა. უკვე წლები გასულიყო, რაც თავისი თეძოების
ქნევით გააკეთა საქმე. რადიოს გადასართავს ისევ და ისევ
ვატრიალებდი, ალბათ უფრო უაზრო ჩვევის გამო.
სამწუხაროდ, რადიოში რასაც უკრავდნენ, არაფრის მთქმელი

28
იყო, რამე საყოველთაო, მაგალითად, ადამიანში კეთილი და
ბოროტი საწყისების დაპირისპირების თემას არავინ ეხებოდა.
„გზაზე“, „ყმუილი“ და „გაზოლინი“ – ქუჩის იდეოლოგია,
ცხოვრების ახალი სტილი, იქ არ არსებობდა, ან როგორ
წარმოგიდგენიათ, რომ არსებულიყო? მარტო ვენილის
სინგლები ამას ვერ შეძლებდნენ.
დისკის ჩაწერა სიგიჟემდე მინდოდა, ოღონდ სინგლის
გამოშვება არ მდომებია. ფოლკის მომღერლები, ჯაზის
პროფესიონალი და კლასიკის შემსრულებელი მუსიკოსები,
ისინი ყველანი LP-ს უშვებდნენ, ანუ უფრო ხანგრძლივ
ფირფიტებს, რომლებიც უამრავ სიმღერას იტევდა. LP-ის
ფირფიტებს რაღაც მიზიდულობის ძალასავით ჰქონდა. ყდები
ორივე მხრიდან გაფორმებული იყო, საათობით შეგეძლო
თვალიერება. მათთან შედარებით ვენილის სინგლები ბევრად
თხელი და სუსტი იყო და თანაც არაკრისტალიზებული.
კომერციული რადიოსთვის პრინციპში მე არც მქონდა ჩემი
რეპერტუარიდან რაიმე სიმღერა. სიმღერები გაფუჭებულ
ბუტლეგერებზე, დედებზე, რომლებიც საკუთარ შვილებს
ახრჩობდნენ, „კადილაკებზე“, ერთი გალონი რომ აქვთ ხუთი
მილზე დარჩენილი, წყალდიდობებზე, წყვდიადზე და
გვამებზე მდინარის ფსკერზე – არ იყო გათვლილი რადიოს
მოყვარულებზე. იმ სიმღერებში, რომელთაც მე ვმღეროდი,
არაფერი იყო მხიარული და უდარდელი, არ იგრძნობოდა
კეთილგანწყობა და თანაგრძნობა. დარწმუნებული ვარ,
იტყვით, რომ ის სიმღერები არ იყო კომერციული. მაგრამ მარტო
ეს არ არის საქმე, ჩემი სტილი მეტისმეტად ექსცენტრიული და
ცვალებადი იყო, რადიოსთვის მისი კლასიფიცირება ძნელი
იქნებოდა. რაც მთავარია, სიმღერები ჩემთვის ყოველთვის
უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მსუბუქი გართობა. მათგან
ვსწავლობდი, მათ ჩემთვის მეგზურობა უნდა გაეწიათ
რეალობის გადასხვაფერებულ აღქმაში, განსხვავებულ
საზოგადოებაში, რომელიმე თავისუფალ რესპუბლიკაში.
გრეილ მარკუსი, მუსიკისმცოდნე, ოცდაათი წლის შემდეგ მას
„უხილავ რესპუბლიკას“ დაარქმევს. რაც უნდა იყოს, იმის თქმა
არ მინდა, თითქოს პოპულარული კულტურის წინააღმდეგი
ვიყავი, ან საერთოდ, რამის წინააღმდეგი ვიყავი. არავითარი
ამბიცია არ მქონია, წყალი ამემღვრია. უბრალოდ, ვფიქრობდი,
რომ კულტურაში ძირითადი მიმართულება ძველმოდური იყო.
ისეთი გრძნობა გქონდა, რომ შენი ფანჯრის მიღმა უდრეკი

29
ყინულის ზღვა ჩანდა და უხეში ფეხსაცმელი უნდა ჩაგეცვა
ყინულზე გასავლელად. არ ვიცოდი, ისტორიის რომელ ხანაში
ვიყავი, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა. არც არავის ადარდებდა.
თუ შენ სიმართლეს ამბობდი, ხომ კარგი, თუ არ ამბობდი
სიმართლეს, ესეც მშვენიერი იყო. ეს ფოლკიდან ვისწავლე.
ისტორიაში ცოტა რამ გამეგებოდა – რამდენიმე ერისა და
სახელმწიფოს ისტორია ვიცოდი – ყველაფერი ერთ პრინციპზე
იყო აგებული. ადრეული ანტიკური პერიოდი, როცა
საზოგადოება იზრდებოდა და ვითარდებოდა, მერე,
კლასიკური პერიოდი, რომელშიც საზოგადოება სრულყოფილი
ხდება და ბოლოს, სვლის შენელება და დეკადანსი.
წარმოდგენა არ მქონდა, რომელ ეტაპზე იყო ამერიკა, ვერც
ვერავინ დაადგენდა. რაღაც უხეში რიტმი ყველაფერს
ანგრევდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამაზე ფიქრს. რაც უნდა
გადაგეწყვიტა, მხოლოდ და მხოლოდ მწარე შეცდომა
იქნებოდა.
***
რადიო გამოვრთე, ოთახი ისევ გადავჭერი და ერთი წუთით
შევყოყმანდი, ჩამერთო თუ არა შავ-თეთრი ტელევიზორი.
„Wagon Train“-ის სერია გადიოდა. ისეთი გრძნობა გამიჩნდა,
თითქოს სხვა, უცხო ქვეყნიდან იყო გადაცემა. ტელევიზორიც
გამოვრთე და იმ ოთახში გავედი, ფანჯარა რომ არ ჰქონდა –
ბნელი გამოქვაბული იყო, იატაკიდან ჭერამდე წიგნებით სავსე.
ლამპები ავანთე. ამ ბიბლიოთეკაში მძაფრად გრძნობდი
ლიტერატურის არსებობას და იქ შესული, შენდა უნებურად,
მუნჯდებოდი. მანამდე ისეთ მრავალფეროვან კულტურულ
გარემოში აღვიზარდე, რომ გონება დაბინძურებული მქონდა.
ბრანდო, ჯეიმზ დინი, მილტონ ბერლი, მერლინ მონრო, ლუსი,
ერლ უორენი და ხრუშჩოვი, კასტრო, ლითლ-როკი და პეიტონ
ფლეისი, ტენესი უილიამსი და ჯო დი მაჯო, ჯ. ედგარ ჰუვერი
და უესტინგჰაუსი, „ნელსონები“, „ჰოლიდეი ინები“ და
„შევროლეები“, მიკი სპილანე და ჯო მაკართი, ლევითაუნი.
იმ ოთახში რომ იდექი, ეს ყველაფერი ხუმრობა გეგონა. ოთახში
ყველანაირი ტიპის წიგნები იყო – ტიპოგრაფიაზე,
ეპიგრაფიკაზე, ფილოსოფიაზე, პოლიტიკურ იდეოლოგიაზე.
ისეთ წიგნებს ნახავდი, თვალები გადმოგცვივდებოდა, –
ფოქსის წიგნი წამებულებზე, „თორმეტი კეისრის ცხოვრება“,
ტაციტუსის ლექციები და წერილები ბრუტუსს, პერიკლეს

30
„იდეალური დემოკრატიული სახელმწიფო“, თუკიდიდეს
„ათენელი გენერალი“. მათი მონათხრობების კითხვისას
ჟრუანტელი გივლიდა. ეს ყველაფერი ქრისტეს შობამდე ოთხი
საუკუნის წინ იყო დაწერილი და გვიყვებოდა, რომ ადამიანი
ბუნებით ყოველთვის მასზე უპირატესის მტერი ყოფილა.
თუკიდიდე წერდა, თუ როგორ შეიძლებოდა მის დროს
სიტყვებს მნიშვნელობა შეეცვალათ, როგორ შეიძლებოდა
შეხედულება და მოქმედება თვალისდახამხამებაში
გადასხვაფერებულიყო. მგონი, იმ დროიდან ჩემამდე, არაფერი
შეცვლილა.
კიდევ იყო გოგოლისა და ბალზაკის რომანები, მოპასანი, ჰიუგო
და დიკენსი. მე, ჩვეულებისამებრ, შუაში გადავშლიდი ხოლმე
წიგნს, რამდენიმე გვერდს წავიკითხავდი და თუ
მომეწონებოდა, მერე თავიდან ვიწყებდი. მატერია მედიკა
(დაავადებების გამომწვევი მიზეზები და მათი მკურნალობა) –
საინტერესო გამოდგა. უფრო ისეთ რამეებს ვეძებდი, რაც
არასოდეს მისწავლია. ხანდახან წიგნს გადავშლიდი ხოლმე და
პირველ ფურცელზე მიჯღაბნილ ხელნაწერს ვკითხულობდი,
როგორც, მაგალითად, მაკიაველის „მთავარზე“ იყო მიწერილი
„გაქნილი კაცის სული“. დანტეს „ჯოჯოხეთის“ სატიტულე
გვერდზე კი ეწერა „კოსმოპოლიტი“. წიგნები არ იყო
თემატურად გადარჩეული და არც რაიმე თანმიმდევრობა
დაეცვათ. თაროზე რუსოს ნაშრომი, საზოგადოებრივი
ხელშეკრულების შესახებ, წმინდა ანტონის „ცდუნების“
გვერდით იდო, ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ კი დეივი
კროკეტის ავტობიოგრაფიის გვერდით. წიგნების
თვალუწვდენელი რიგები – სოფოკლეს წიგნი ბუნებაზე და
ღმერთებზე – რატომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი.
ალექსანდრე დიდის მარშით შესვლა სპარსეთში, როდესაც მან
სპარსეთი დაიპყრო. იმისათვის, რომ ბატონობა
განემტკიცებინა, ყველა თავისიანი აიძულა ადგილობრივი
ქალები შეერთოთ ცოლად, რის შემდეგაც, მოსახლეობასთან
არავითარი პრობლემა აღარ გასჩენია, არც რაიმე ამბოხება
ყოფილა და არაფერი მაგდაგვარი. ალექსანდრემ იცოდა
აბსოლუტური კონტროლი როგორ მოეპოვებინა. იმ წიგნებში
სიმონ ბოლივარის ბიოგრაფიაც ერია. სიამოვნებით
წავიკითხავდი თითოეულ მათგანს, მაგრამ ამისათვის
სანატორიუმში ან სადმე უნდა ვყოფილიყავი, კითხვის
საშუალება რომ მქონოდა. ცოტა წავიკითხე ფოლკნერის

31
„ხმაური და მძვინვარებიდან“, მაინცდამაინც ვერაფერი გავიგე,
მაგრამ ფოლკნერი ძლიერი მწერალია. ცოტა კიდევ ალბერტ
დიდის წიგნიდან წავიკითხე... ეს ყმაწვილი მეცნიერულ
თეორიებს და თეოლოგიას ერთმანეთში ურევდა.
თუკიდიდესთან შედარებით მსუბუქწონიანი გახლდათ.
ალბერტ დიდი ისეთი ყაიდის ყმაწვილი ჩანდა, რომელსაც
უჭირდა დაძინება, გვიან ღამით უყვარდა წერა, გაწეპილ
სხეულზე ტანსაცმელი მიკვროდა. ამ წიგნების უმეტესობა
წასაკითხად ძალიან დიდი იყო. პოეზიის კითხვა მიყვარდა,
უფრო ბაირონის, შელის, ლონგფელოსი და პოსი. პოს პოემა
„ზარები“ ზეპირად ვისწავლე და გიტარაზე მელოდიას
ვაჩხაკუნებდი ხოლმე, როცა ხმამაღლა ვკითხულობდი. იქ
ჯოზეფ სმიტის წიგნიც იყო, ამერიკელი წინასწარმეტყველის,
რომელიც თავის თავს ენოქთან აიგივებდა და ამბობდა, ადამი
პირველი ღმერთკაცი იყოო. თუკიდიდესთან შედარებით ისიც
მოიკოჭლებდა. ამდენ წიგნებს რომ უყურებდი, გეჩვენებოდა,
თითქოს ოთახი მოძრაობდა და თავბრუ გეხვეოდა.
იყო ზიგმუნდ ფროიდის წიგნიც, ქვეცნობიერის მეფის,
„სიამოვნების პრინციპის მიღმა“ ერქვა. ერთხელ ამ წიგნს
ვფურცლავდი, როცა რეი შემოვიდა, დაინახა, რასაც
ვკითხულობდი და მითხრა: „მაგ დარგში წამყვანი ტიპები
სარეკლამო სააგენტოებისთვის მუშაობენ“. წიგნი თავის
ადგილზე დავაბრუნე და მეტი აღარასოდეს ამიღია.
სამაგიეროდ, წავიკითხე რობერტ ე. ლის ბიოგრაფია.
წავიკითხე, როგორ დაასახიჩრეს მამამისი ამბოხების დროს,
როგორ შეაყარეს თვალებში თუთქი, მერე, ოჯახი მიუტოვებია
და ვესტ-ინდოეთში წასულა. რობერტ ე. ლი უმამოდ გაიზარდა,
მაგრამ მაინც კაცი დადგა. არათუ კაცი დადგა, მისმა სიტყვამ
გადაწყვიტა, მხოლოდ და მხოლოდ მისმა სიტყვამ, ამერიკა
პარტიზანულ ომში რომ არ ჩაება, რაც ალბათ დღევანდლამდე
გაგრძელდებოდა. იყო რაღაც ამ წიგნებში. მართლა იყო რაღაც
ამ წიგნებში.
საკმაოდ ბევრს ვკითხულობდი ხოლმე ხმამაღლა, მომწონდა,
როგორ გამოითქმოდა სიტყვები. მილტონის საპროტესტო
პოემა „ჟლეტა პიემონტში“. პოლიტიკური პოემა, რომელის
სავოის ჰერცოგის მიერ უდანაშაულოთა დახოცვაზეა
დაწერილი. რაღაცით ფოლკის სიმღერის ტექსტს მაგონებდა,
ოღონდ უფრო დახვეწილი იყო.

32
თაროზე რუსულ წიგნებს განსაკუთრებული იდუმალი
შესახედაობა ჰქონდათ. იყო პუშკინის პოლიტიკური პოემები,
მას რევოლუციონერად მიიჩნევდნენ. პუშკინი 1837 წელს
დუელში მოკლეს. კიდევ გრაფი ლევ ტოლსტოს წიგნი იყო,
რომლის მამულს ოცი წლის მერე ვეწვიე – საგვარეულო
მამულს, სადაც თვითონ გლეხებს წერა-კითხვას ასწავლიდა.
მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს, ტოლსტოი იქ ცხოვრების
ბოლო წლებში გადასახლდა, უარყო საკუთარი წიგნები და
დაგმო ომის ყველა ფორმა. ერთხელ, როცა უკვე ოთხმოცდაორი
წლის იყო, ოჯახის წევრებს წერილი დაუტოვათ, ძებნა არ
დამიწყოთო და დათოვლილ ტყეში გადაიკარგა. რამდენიმე
დღის შემდეგ, ფილტვების ანთებით გარდაცვლილი იპოვეს.
ტურისტული ჯგუფის გიდმა ნება დამრთო მის ველოსიპედზე
დავმჯდარიყავი. დოსტოევსკისაც მძიმე და უბედური
ცხოვრება ჰქონდა. მეფემ ის დააპატიმრა და 1849 წელს
ციმბირში გადაასახლა. ბრალად სდებდნენ სოციალიზმის
პროპაგანდას. ბოლოს, შეიწყალეს და მას შემდეგ
მოთხრობების წერა დაიწყო, კრედიტორებისგან თავი რომ
დაეღწია. ჩემი არ იყოს, ადრეულ 70-იან წლებში, მეც ხომ
კრედიტორებისგან თავის დასაღწევად ვწერდი იმ ალბომებს.
წარსულში, წიგნებსა და მწერლებზე მაინცდამაინც არასოდეს
ვყოფილვარ გადარეული, მაგრამ მოთხრობების კითხვა
ყოველთვის მიყვარდა. მაგალითად, ედგარ რაის ბეროუზის
მოთხრობები მითიურ აფრიკაზე – ლუკ შორთის მითიური
ვესტერნული ამბები – ჟიულ ვერნი – ჰერბერტ უელსი. ისინი
ჩემი საყვარელი მწერლები იყვნენ, ოღონდ მანამდე, სანამ
ფოლკის მომღერლებს აღმოვაჩენდი. ფოლკის მომღერლები
სიმღერით მთელ წიგნს ჰყვებოდნენ, რამდენიმე ლექსად.
ძნელია თქვა, რა არის მთავარი, ფოლკის სიმღერის გმირი რომ
გახდე, ან რით უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამბავი, რომელზეც
სიმღერაში ჰყვებიან. რაც არ უნდა იყოს, ალბათ
სამართლიანობასთან და გულწრფელობასთან იქნება
დაკავშირებული. შეიძლება, სიმამაცესთან, ოღონდ
აბსტრაქტული გაგებით. ალ კაპონე წარმატებული განგსტერი
იყო, უფლება ჰქონდა ჩიკაგოს „შავი სამყარო“ ემართა, მაგრამ
მისთვის სიმღერა არავის მიუძღვნია. არანაირად არ ყოფილა
საინტერესო და არც მისი რომელიმე საქციელი გმირობად არ
ჩაუთვლიათ. ის ემოციებს არ აღძრავს. იმის ღირსიც კი არ
გამხდარა, მეტსახელი შეერქმიათ – მხოლოდ და მხოლოდ

33
უგულო ვამპირად მიიჩნევდნენ. აი, ბანკების მძარცველი,
„ლამაზი ბიჭი ფლოიდი“ კი თავგადასავლების მოყვარულთა
სულს აფორიაქებს. თვითონ მისი სახელიც უკვე რაღაცას
ამბობს. არის მასში რაღაც დაუმორჩილებელი, ტალახში არ არის
ამოსვრილი. მართალია, ფლოიდი არასოდეს იბატონებს
ქალაქში, ისე ვერ მართავს ორგანიზაციას და ხალხის
დამორჩილებას ვერ შეძლებს, მაგრამ ის სიცოცხლით სავსეა,
ზოგადად ადამიანობას წარმოადგენს და ისეთ შთაბეჭდილებას
გიტოვებს, თითქოს უძლეველია. ყოველ შემთხვევაში,
მანამდე, სანამ სადღაც დასაკარგავში მახეში არ გააბეს.
რეის ბინაში ჩამიჩუმი არ ისმოდა, თუ მე არ ჩავრთავდი
რადიოს ან ჩანაწერებს არ ვუსმენდი. სხვა შემთხვევაში,
სამარისებური სიჩუმე იდგა და მაშინ მე წიგნებს
მივუბრუნდებოდი ხოლმე... არქეოლოგივით რაღაცას
დავეძებდი. თადეუს სტივენსის, რადიკალი რესპუბლიკელის
ბიოგრაფია წავიკითხე. 1880-იანი წლების დასაწყისში
ცხოვრობდა და საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო.
გეტისბერგიდან გახლდათ და ბაირონისა არ იყოს, ფეხი
დეფორმირებული ჰქონია. სიღარიბეში გაიზარდა, მერე ბედს
ეწია და იმ დღიდან მხარს უჭერდა, იცავდა სუსტებს და იმ
ადამიანებს, ვისაც უთანასწორო ბრძოლაში უხდებოდა ჩაბმა.
სტივენსს ენა კარგად უჭრიდა, ულმობელი ცინიკოსი იყო, ვერ
იტანდა თავის თანამედროვე გაქსუებულ არისტოკრატებს. მას
უნდოდა მონათმფლობელების ელიტის კუთვნილი მიწების
კონფისკაცია. სტივენსი ანტიმასონი იყო, თავის
მოწინააღმდეგეებს ამხელდა, პირიდან ადამიანის სისხლის
აყროლებული სუნი ამოგდითო. მტრებს „საცოდავი ჯგუფი
ქვეწარმავლებისა, ვისაც სინათლის ეშინიათ და თავიანთ
ბუნაგებში იმალებიან“ უწოდა. სტივენსის დავიწყება ძნელი
იქნებოდა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და
შთაგონება გამიღვიძა. სტივენსმა და თედი რუზველტმაც,
ალბათ ამერიკის უძლიერესმა პრეზიდენტმა. რუზველტის
შესახებაც წავიკითხე, როგორ ჰქონდა რანჩო და დამნაშავეებს
როგორ ებრძოდა, სასამართლოში უჩივლა ჯ. პ. მორგანს,
ღვთიურ ფიგურას, რომელსაც იმ დროისთვის შეერთებული
შტატების უმეტესი ნაწილი ეკუთვნოდა. რუზველტი მას
ციხეში ჩასმით დაემუქრა.
ერთ-ერთი ამ ყმაწვილთაგანი, სტივენსი ან რუზველტი, ან
სულაც მორგანი შეიძლებოდა რომელიმე ფოლკის ბალადიდან

34
გადმოსულიყო. აი, ისეთი სიმღერიდან – „Walkin’ Boss“, „The
Prisoner’s Song“, ან კიდევ „Ballad of Charlie Guiteau“. ნამდვილად
არიან რომელიღაც სიმღერაში, ოღონდ შეიძლება
კონკრეტულად მათ არ ასახელებენ. ისინი, თქვენ
წარმოიდგინეთ, ადრეულ როკ-ენ-როლის სიმღერებშიც
არსებობენ, თუ გინდათ, რომ ელექტრობა და დრამები
დავამატოთ.
თაროებზე იყო კიდევ წიგნები ხელოვნებაზე, მატერველის
წიგნები, იასპერ ჯონსის ძველი ნამუშევრები, გერმანელი
იმპრესიონისტების პამფლეტები, გრიუნვალდი, ადოლფ ფონ
მენცელის რაღაცები. გარშემო სულ ეწყო წიგნები, მათაც
შეიძლება მიეპყრო თქვენი ყურადღება – ფერარის და
დუჯატის პასტელით შესრულებული ესკიზები, წიგნები
ამაზონის ქალებზე, ფარაონების ეგვიპტეზე, ფოტო ალბომები
ცირკის აკრობატებზე, შეყვარებულებზე, სასაფლაოებზე.
ახლომახლო დიდი წიგნის მაღაზიები არ იყო, ასე რომ, ასეთ
წიგნებს ვერც ვერსად იშოვიდა კაცი. საერთოდ, ბიოგრაფიების
კითხვა მიყვარდა, ფრიდრიხ დიდზე დაწერილი ბიოგრაფიის
ნაწილი წავიკითხე და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ის
არა თუ პრუსიის მეფე, არამედ კომპოზიტორიც ყოფილა. კიდევ
კლაუზევიცის „ომზე“ გადავიკითხე. კლაუზევიცზე ამბობდნენ,
ომის საუკეთესო ფილოსოფოსიაო. სახელის ჟღერადობის
მიხედვით შეიძლება გეფიქრა, რომ გარეგნობით ფონ
ჰინდერბურგს ემგვანებოდა, მაგრამ არა. წიგნში მისი
პორტრეტი რომ ვნახე, რობერტ ბერნსს უფრო მივამგვანე, ან
შეიძლება მსახიობ მონტგომერი კლიფტს. წიგნი 1832 წელს
გამოეცათ. კლაუზევიცი თორმეტი წლიდან სამხედრო
სამსახურში იყო. მის არმიას შეადგენდნენ კარგად
გაწვრთნილი პროფესიონალები და არა ვიღაც ახალგაზრდა
ტიპები, მხოლოდ რამდენიმე წლით რომ მიდიან ჯარში.
შეუცვლელი კაცები ჰყავდა არმიაში. წიგნში ბევრს ჰყვება
მანევრირებაზე, როგორ უნდა გადაიყვანო ჯარი ისეთ
პოზიციაში, რომ მეორე მხარემ, მათმა შემხედვარემ, იფიქროს,
არავითარი შანსი არა აქვს ბრძოლასო და იარაღი დაყაროს. მის
დროს, ნებისმიერ სერიოზულ ბრძოლაში უფრო მეტს
კარგავდი, ვიდრე იძენდი. კლაუზევიცისთვის ქვების სროლა
ომი არ იყო – ყოველ შემთხვევაში, არ იყო იდეალიზებული ომი.
ის დიდ ადგილს უთმობს ფსიქოლოგიურ ფაქტორს და
შემთხვევითობას ბრძოლის დროს – როგორიც არის ამინდი,

35
ქარის მიმართულება – რაც თურმე მნიშვნელოვან როლს
თამაშობს.
ამ ყველაფრისგან მონუსხული ვიყავი. წლების წინ, როცა ჯერ
არ ვიცოდი, რომ მომღერალი გავხდებოდი, რა არ მომდიოდა
თავში, ვესტ პოინტშიც კი ვაპირებდი წასვლას. თავი ბრძოლის
ველზე გმირულად დაღუპული წარმომედგინა და არა
საწოლში. მინდოდა გენერალი ვყოფილიყავი, ჩემი ბატალიონი
მყოლოდა და ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, სად შეიძლებოდა
მეპოვნა გასაღები იმ ზღაპრულ სამყაროში შესაღწევად. მამას
ვკითხე, ვესტ პოინტში როგორ მოვხვდე-მეთქი, მას კი ძალიან
გაუკვირდა, მითხრა, შენი სახელი არც „ფონ“-ით და არც „დე“ -
თი არ იწყება, იქ რომ მოხვდე, კავშირები და შესაფერისი
ღირსებები გჭირდებაო. ალბათ გულისხმობდა, რომ მათ
მოსაპოვებლად ყურადღება უნდა მოგვეკრიბა და
სერიოზულად დავფიქრებულიყავით. ბიძაჩემი კიდევ უფრო
ნაკლებად გულისხმიერი გამოდგა, მითხრა: „რა გინდა
სახელმწიფოს სამსახურში. ჯარისკაცი იგივე დიასახლისია,
რაღაც საცდელი ცხოველი. მაგას ჯობია, წახვიდე და მაღაროში
იმუშაო“.
მაღარო იქნებოდა თუ სხვა რამე, ეს კავშირები და შესაფერისი
ღირსებები ტვინს მირევდა. არ მომწონდა, როგორ ჟღერდა და
საერთოდ, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც წამართვეს.
ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნით ადრე ხდებოდა, სანამ
რაღაცაში გავერკვეოდი და მივხვდებოდი, როგორ შეიძლება
ხანდახან შენს გეგმებში რაღაც შემოიჭრას და დაგაბრკოლოს.
ჩემს ადრეულ ბენდებს როცა ვაკოწიწებდი, ჩვეულებისამებრ
ვიღაც სხვა მომღერალი, რომელსაც თავისი ჯგუფისთვის წევრი
აკლდა, მე მართმევდა ხოლმე. თითქმის ყოველთვის ასე
მთავრდებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ ხდებოდა ასე,
მით უმეტეს, რომ არც ერთი იმ ბიჭთაგანი არც სიმღერით
მჯობდა და არც დაკვრით. ის კი იყო, რომ კონცერტებზე
დასაკრავად კარი ღია ჰქონდათ, რაც ფულთან იყო
დაკავშირებული. ნებისმიერი მომღერალი, ვისაც კი ჯგუფი
ჰყავდა, შეეძლო პარკის პავილიონში გამოსულიყო, ან
ნიჭიერების შოუზე, ბაზრობის მოედანზე, აუქციონზე და
მაღაზიის გახსნაზე, მაგრამ, ასეთ კონცერტებზე ბევრს არ
გიხდიდნენ, ალბათ მხოლოდ ხარჯებს ანაზღაურებდნენ, ხან
მაგასაც არ აკეთებდნენ. საესტრადო მომღერლებს შეეძლოთ
პატარა თავყრილობებზე გამოსვლა, ქორწილებზე, ოქროს

36
ქორწილებზე სასტუმროს საცეკვაო დარბაზებში, „კოლუმბის
რაინდების“ სადღესასწაულო ცერემონიებზე და ამგვარ
დღესასწაულებზე – იქ გამოსვლა ყოველთვის ფულს
უკავშირდებოდა. ჩემი ჯგუფის წევრებსაც ყოველთვის ფულის
გამო აცდუნებდნენ. უფრო ხშირად, ჩემს სადარდებელს ბებიას
შევჩივლებდი ხოლმე, სანამ ჩვენთან ცხოვრობდა. ბებია ჩემი
ერთადერთი მესაიდუმლე იყო. მირჩევდა, ყველაფერს გულთან
ახლოს ნუ მიიტანო. ასეთ რამეს მეტყოდა ხოლმე: „არსებობენ
ისეთი ადამიანები, რომელთაც ვერასოდეს მოერევი. უბრალოდ,
არ მიაქციო ყურადღება“. ადვილი სათქმელია, მაგრამ ამის
მოსმენა სულაც არ მაყენებდა უკეთეს ხასიათზე. სიმართლე კი
ის იყო, რომ იმ ყმაწვილების ოჯახებს, ვინც მე ჯგუფის
წევრებს მართმევდა, ვიღაცასთან ჰქონდა კავშირი, ვინც
სავაჭრო პალატაში რაღაცას წარმოადგენდა, ან ქალაქის
საბჭოში, ან კიდევ ვაჭრების ასოციაციაში. ეს ოჯახური
კავშირები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და ისეთი
გრძნობა მრჩებოდა, თითქოს შიშველი ვიყავი.
საერთოდ აქედან იწყება ყველაფერი ცხოვრებაში, ვიღაცებს
უსამართლოდ ეძლევათ უპირატესობა, სხვები კი მშრალზე
რჩებიან. ასეთი გზით, როგორ შეიძლება ვინმემ რამეს
მიაღწიოს? გეგონებოდა, ასეთია ცხოვრების წესიო, მაგრამ
მართლაც რომ ასე ყოფილიყო, მე არ ვაპირებდი ამის გამო
ბევრი მედარდა, ან როგორც ბებიაჩემი იტყოდა, გულთან
ახლოს მიმეტანა. ოჯახური კავშირებიც ხომ პრინციპში
უკანონობა არ იყო და იმის გამო, რომ ვიღაცასთან კავშირი
ჰქონდა, ვერავის ვერ დაადანაშაულებდი. საქმე იქამდე მივიდა,
რომ სულ იმის მოლოდინში ვიყავი, როდის დაიშლებოდა ჩემი
ჯგუფი და თუ ასე ხდებოდა ხოლმე, აღარც დიდი შოკი იყო
ჩემთვის. მაგრამ ჯგუფის შექმნას მაინც სულ ვცდილობდი,
რადგან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მუსიკოსი უნდა
გავმხდარიყავი. ბევრი დაბრკოლება შემხვდა, დიდი ხნის
ლოდინი მომიწია, რასაც ცოტ-ცოტა აღიარებაც მოჰყვა, მაგრამ
ხანდახან უბრალოდ ვიღაცის ერთი თვალის ჩაკვრა ან თავის
დაქნევა საკმარისია, შენი უაზრო ყოფა რომ გახალისდეს.
სწორედ ასე დამემართა, როცა ჩემს მშობლიურ ქალაქში დიდი
მოჭიდავე, გორჯას ჯორჯი ჩამოვიდა. 50-იან წლებში ნეშენალ
გარდ არმორის ფოიეში გამოვდიოდი ხოლმე, ვეტერანების
მემორიალურ შენობაში, იქ, სადაც ყველა დიდი შოუ ეწყობოდა
– ფერმერების შოუები, ჰოკეის თამაშები, საცირკო სანახაობები,

37
კრივი იმართებოდა, ქანთრისა და ვესტერნული
დღესასწაულები ეწყობოდა. იქ მინახავს სლიმ უაიტმანი, ჰენკ
სნოუ, ვებ პირსი და კიდევ ბევრი სხვა. წელიწადში ერთხელ ან
ორჯერ გორჯას ჯორჯს მთელი თავისი პერფორმერების დასი
ჩამოჰყავდა ქალაქში: გოლიათი, ვამპირი, საჰაერო გიმნასტი,
სტუმარი, ძვლების მტვრეველი, კუდიანი, ჯუჯა მოჭიდავეები,
ერთი-ორი ქალი მოჭიდავე და კიდევ ვინ იცის ვინ არა. მე
სახელდახელოდ აწყობილ სცენაზე ვუკრავდი, შენობის
ფოიეში, ჩემ ირგვლივ ხალხი საქმიანად მიდი-მოდიოდა,
მაგრამ მე დიდად ყურადღებას არავინ მაქცევდა.
მოულოდნელად, კარი ხმაურით გაიღო და დარბაზში თავად
გორჯას ჯორჯი შემოვიდა. გრიგალივით შემოვარდა, რატომღაც
კულისებიდან არ შემოსულა, პირდაპირ ფოიეში აღმოჩნდა,
ორმოც კაცს უდრიდა. ეს გახლდათ გორჯას ჯორჯი, მთელი
თავისი არაჩვეულებრივი სიდიადითა და
სიცოცხლისუნარიანობით – თქვენც შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ. მას ჰყავდა მსახურები, გარშემორტყმული იყო
ქალებით, რომელთაც ხელში ვარდები ეჭირათ, ეცვა საუცხოო,
ბეწვით გაწყობილი მოსასხამი და მისი გრძელი, ქერა
კულულები თავისუფლად ეყარა მოსასხამზე. სცენას რომ
მოუახლოვდა, მუსიკის ხმაზე მოიხედა. ფეხი არ შეუნელებია,
მე კი შემომხედა, თვალები კონტრაბანდული ვისკისგან
უბრწყინავდა. თვალი ჩამიკრა და ისე მომესმა, თითქოს თქვა:
„გამოგდის, ხო იცი“.
მართლა ასე მითხრა თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
მნიშვნელოვანი ის არის, მე რომ ვიფიქრე, ასე მეტყოდა-მეთქი
და ამ შემთხვევას არასოდეს დავივიწყებ. ეს იყო აღიარება და
გამხნევება, რაც მომავლისთვის ძალიან გამომადგებოდა.
ხანდახან მეტი არც გჭირდება, როცა გსიამოვნებს ის საქმე,
რასაც აკეთებ – უბრალოდ, ჯერ არავის დაუფასებიხარ. გორჯას
ჯორჯი. ძლიერი სული. მე კი, ისეთი პირი უჩანდა, რომ ძალიან
მალე ჩემს ჯგუფს ისევ დავკარგავდი, ახლა ვეტერანების
შენობის ფოიეში რომ ვუკრავდით ერთად. ეტყობა, მეც
კავშირებზე უნდა დამეწყო ზრუნვა. ნელ-ნელა კი გონება
მინათდებოდა, ვხვდებოდი, რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა
მესწავლა როგორ დამეკრა და მემღერა მარტოს და არ
ვყოფილიყავი სულ ჯგუფზე დამოკიდებული, სანამ იმდენი
ფული არ მექნებოდა, რომ მათთვის გადამეხადა და
შემენარჩუნებინა. რაღაც მომენტში თავი კარგად ვიგრძენი.

38
ჩემი და გორჯას ჯორჯის გზები რომ გადაიკვეთა, მართლა
დიდი ამბავი იყო.
კლაუზევიცის წიგნს თავისი დრო მოეჭამა, მაგრამ შიგ ბევრი
სიმართლე ეწერა. ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და გარემოებების
ზეწოლაზე ბევრ რამეს გაიგებდი. როცა ის დარწმუნებით
ამბობს, რომ პოლიტიკამ მორალის ადგილი დაიკავა და
პოლიტიკა უხეში ძალაა, ნამდვილად არ ხუმრობს. უნდა
დაუჯერო. ვინც არ უნდა იყო, გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან.
ან დამორჩილდები, ან მოკვდები. არ გვინდა ბაზარი იმედებზე
და სისულელეები სამართლიანობაზე. არ გვინდა „ღმერთი
ჩვენთანაა“ და „ღმერთი გვიფარავს“. მოდით, პრაქტიკულად
შევხედოთ ყველაფერს. მორალს არაფერი აქვს საერთო
პოლიტიკასთან. ასეთია სამყარო და ვერაფერი ვერ შეცვლის
მას. ეს გიჟური, არეულ-დარეული სამყაროა და შენ
იძულებული ხარ თვალი გაუსწორო. კლაუზევიცი რაღაც
გაგებით წინასწარმეტყველია. ვერც კი გააცნობიერებ, რომ
შეუძლია იდეა მოგაწოდოს. თუ ფიქრობ, რომ მეოცნებე ხარ,
წაიკითხავ და მიხვდები, რომ ოცნების უნარიც კი არ გქონია.
ოცნება სახიფათოა. კლაუზევიცს როცა კითხულობ, საკუთარ
აზრებს ისე სერიოზულად აღარ უყურებ.
რობერტ გრეივზის „თეთრი ქალღმერთიც“ წავიკითხე. პოეზიის
მუზის გამოხმობა ჩემთვის რაღაც ახალი იყო. ისე, საკმარისი
ცოდნა არ მქონდა, თავი რომ შემეწუხებინა. რამდენიმე წლის
შემდეგ, ლონდონში რობერტ გრეივზს პირადად შევხვდი.
გავისეირნეთ კიდეც ერთად და მომინდა რაღაც მეკითხა ამ
წიგნის შესახებ, მაგრამ ბევრი აღარაფერი მახსოვდა. ძალიან
მომწონდა ფრანგი მწერალი, ბალზაკი. წავიკითხე მისი
„იღბალი და ტყავი“ და „კუზენ პონსი“. ბალზაკი მაგარი
სასაცილო იყო. მისი ფილოსოფია მარტივი და გასაგებია,
ძირითადად იმას გვეუბნება, რომ წმინდა მატერიალიზმი
სიგიჟისკენ მიმავალი გზაა. ბალზაკი, როგორც ჩანს,
ცრურწმენაში ხედავს ჭეშმარიტებას. ყველაფერი განსჯის თემა
ხდება. ენერგიას თავი უნდა მოუყარო. ეს ცხოვრების
საიდუმლოა. ბატონი ბალზაკისგან ბევრი რამის სწავლა
შეიძლება. ბერის სამოსი აცვია და უთვალავ ჭიქა ყავას სვამს.
ბევრი ძილი გონებას უხშობს. კბილი დაკარგა და ასე იკითხა:
„ეს რას უნდა ნიშნავდეს?“ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს
კითხვები. სანთლიდან ტანსაცმელზე ცეცხლი წაეკიდება, მას
კი აინტერესებს, ცეცხლი კარგის ნიშანია თუ ცუდის.

39
მხიარული ვინმეა ბალზაკი.
„Gaslight“-ში არაფერი განსაკუთრებულად კარგი არ ხდებოდა,
არც სცენის გარშემო არ იდგა მაგიდები, ან რამე ეგეთი, მაგრამ
გახსნიდან დახურვამდე მაინც სულ გადაჭედილი იყო. ზოგი
მაგიდასთან იჯდა, ზოგი ფეხზე იდგა და კედლის გასწვრივ
ჯგუფდებოდნენ ხოლმე – მოშიშვლებული აგურის კედლები,
დაბალი დონის განათება, გაყვანილობის მილებიც კი ჩანდა.
ზამთრის ცივ ღამეშიც კი გარეთ რიგი იდგა, შემოსასვლელ
კართან ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ შეჭეჭყილი. შიგნით
ყოველთვის უამრავი ხალხი იყო, იმდენად ბევრი, რომ
სუნთქვა ჭირდა. არ ვიცი, საერთოდ რამდენი კაცი ეტეოდა,
მაგრამ გეგონებოდა, ათი ათასი ან კიდევ უფრო მეტი არისო.
სახანძროს უფროსი დროდადრო შემოივლიდა ხოლმე. სულ
რაღაცის მოლოდინში იყავი, რაღაც ცუდი წინათგრძნობა
გიპყრობდა. თავხედებიც ბევრნი იყვნენ.
მე ოცწუთიანი გამოსვლები მქონდა. ფოლკს ვუკრავდი და თან
თვალყურს ვადევნებდი ყველაფერს, რაც იმ მომენტში
ხდებოდა. დარბაზში ცხელოდა კიდეც და შენი გამოსვლის მერე
იქ რომ გაჩერებულიყავი, კლაუსტროფობიაც შეგაწუხებდა, ასე
რომ, პერფორმერები უფრო ხშირად ზედა სართულზე,
რომელიმე ოთახში ყურყუტებდნენ. იქ სულ ბანქოს თამაში
მიდიოდა, ვენ რონკი, სთუკი, რომნი, ჰალ უატერსი, პოლ
კლეიტონი, ლუკ ფოსტი, ლენ ჩანდლერი და კიდევ სხვები,
მთელი ღამე შეუსვენებლად თამაშობდნენ პოკერს. ყველას
შეეძლო, როცა უნდოდა შესულიყო და გასულიყო. ოთახში
პატარა რადიო დინამიკი იდგა, საიდანაც იგებდნენ, ქვემოთ
ვინ გამოდიოდა და ვისი ჯერი დგებოდა. თამაშის დროს
ძირითადად ჩამოდიოდნენ ხუთცენტიანებს და ათცენტიანებს,
თუმცა ვიღაცას შეიძლება ოცი დოლარიც დაედო. მე, როგორც
წესი, კარტს ვხურავდი ხოლმე, თუ წყვილი მაინც არ
მომივიდოდა. ერთხელ ჩანდლერმა მითხრა: „ბლეფობა უნდა
ისწავლო. ამ თამაშს ისე ვერ ითამაშებ, თუ ბლეფობას არ
ისწავლი. ხანდახან თავიც უნდა გამოაჭერინო ბლეფობის
დროს. ეს მოგვიანებით დაგეხმარება, როცა კარგი კარტი
მოგივა, რადგან სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისევ
ბლეფობ“.
ქვედა სართულზე დიდხან ვერ ვჩერდებოდი ხოლმე. ძალიან
გადაჭედილი იყო და ვიხუთებოდი. უმეტესად ან კარტის

40
სათამაშო ოთახში ვიჯექი, ან კიდევ გვერდით ტავერნა „Kettle of
Fish“-ში. იქაც, კვირის ნებისმიერ ღამეს, უამრავი ხალხი იყრიდა
თავს. გიჟური ატმოსფერო სუფევდა – ყველანაირი ტიპები
ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდნენ, ჩქარ-ჩქარა დადიოდნენ – ზოგი
თავაზიანი იყო, ზოგი თავგასული. ვიღაც შავწვერა წიგნიერი
ტიპები, დაუნდობელი გამომეტყველების ინტელექტუალები –
ეკლექტური გოგონები, ოჯახის შექმნაზე რომ არ ფიქრობენ.
ისეთი ხალხი, ვინც არსაიდან მოდის და ზუსტად იქ ბრუნდება.
ზოგიერთ მათგანს ტიტულიც ჰქონდა: „კაცი, რომელმაც
ისტორიაში სახელი დატოვა“, „რასების შემაკავშირებელი“ – ასე
უნდოდათ, რომ მათთვის მიემართათ. რიჩარდ პრაიორი,
კომედიური შოუს კომიკოსიც ხშირად დადიოდა იქ. ბარის
მაღალ სკამზე რომ დამჯდარიყავი და ფანჯრიდან დათოვლილ
ქუჩაში გაგეხედა, შეიძლება ისეთ სერიოზულ ადამიანს ჩაევლო
გვერდით, როგორიც არის დევიდ ამრამი, გრეგორი კორსო, თედ
ჯონსი, ფრედ ჰელერმანი.
ერთ საღამოს, ვიღაც ყმაწვილი, სახელად ბობი ნოივირტი
შემოვიდა თავის მეგობრებთან ერთად და დიდი აყალმაყალი
ატეხა. მე და ბობი რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ შევხვდებით
ფესტივალზე. ნოივირტს ერთი შეხედვით შეატყობდი, რომ
პროვოკაციის მოყვარული და თავისუფალი ბუნების კაცი იყო,
ერთთავად მომართული, ვინმეს დაპირისპირებოდა. მასთან
საუბრისას დაძაბული იყავი. დაახლოებით ჩემი ასაკის
იქნებოდა, აკრონიდან იყო, ბანჯოზე უკრავდა და რამდენიმე
სიმღერა იცოდა. ბოსტონის ხელოვნების სკოლაში უვლია და
ხატავდა – ასე თქვა, გაზაფხულზე ჩემებთან უნდა დავბრუნდე
ოჰაიოში, ზამთრის ორმაგი ფანჯრები უნდა მოვხსნა და
ზაფხულისთვის ბადიანი გავუკეთოო. ეს ჩვეულებრივი ამბავი
იყო და ისე, მეც მეხებოდა. ოღონდ მე უკან დაბრუნებას არ
ვაპირებდი. მოგვიანებით მე და ბილი საკმაოდ
დავახლოვდებით და ერთადაც ვიმოგზაურებთ. აი, როგორც
კერუაკმა უკვდავყო ნილ ქესედი თავის რომანში „გზაზე“,
ნოივირტის უკვდავყოფაც საჭირო იყო. ისიც ეგეთი ტიპი იყო.
იქამდე შეეძლო ელაპარაკა ნებისმიერ ადამიანთან, სანამ იმას
არაფერი სათქმელი აღარ დარჩებოდა. თავისი ენით კაცს
გაანადგურებდა, ვისაც გინდა, უხერხულ სიტუაციაში
ჩააყენებდა და ყოველთვის დაიძვრენდა თვითონ თავს.
ბოლომდე ვერავინ იგებდა, რა კაცი იყო. თუ ოდესმე მართლა
არსებობდა მრავალი სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული

41
ადამიანი, ის ნოივირტი იყო. ბულდოგივით შეუპოვარი. მე
პირადად არანაირად არ მაღიზიანებდა. ის კი არა, რასაც
აკეთებდა, ყველაფერი მომწონდა. საერთოდ, ერთნაირი
რაღაცები მოგვწონდა, მაგალითად, ჯუკბოქსის სიმღერებიც
ერთი და იგივე მოგვწონდა.
ჯუკბოქსი უმეტესად ჯაზის სიმღერებს გვთავაზობდა. ზუთ
სიმსი, ჰემპტონ ჰეივსი, სთენ გეთსი და ზოგიერთი რიტმ-ენ-
ბლუზის ჩანაწერები – ბაბლ ბი სლიმი, სლიმ გალიარდი, პერსი
მეიფილდი. ბიტნიკებისთვის ფოლკი მთლად აუტანელიც არ
იყო, უბრალოდ არ მოსწონდათ. ისინი განურჩევლად
თანამედროვე ჯაზს უსმენდნენ, ბიბოპს. ერთი-ორჯერ მონეტა
ჩავაგდე ჯუკბოქსში და „The Man That Got Away“ დავუკარი,
ჯუდი გარლენდის შესრულებით. ამ სიმღერის მოსმენისას
ყოველთვის რაღაც მემართებოდა, კი არ მასულელებდა, ან
უცნაურ მოგონებებს კი არ აღმიძრავდა, უბრალოდ სასიამოვნო
მოსასმენი იყო. ჯუდი გარლენდი გრანდ რაპიდსიდან იყო,
მინესოტადან, ჩემი მშობლიური ქალაქიდან ოცი მილის
დაშორებით. ჯუდი გარლენს რომ მღეროდა, ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს მეზობელ გოგოს ვუსმენდი. ოღონდ, ის
ჩემამდე იყო, აი, ელტონ ჯონის სიმღერაში რომ არის: „კარგი
იქნებოდა ერთმანეთი რომ გაგვეცნო, ოღონდ მე მაშინ ბავშვი
ვიყავი“. ჰაროლდ არლენის დაწერილი იყო „The Man That Got
Away“ და კოსმიური „Somewhere Over the Rainbow“, კიდევ ერთი
სიმღერა ჯუდი გარლენდის შესრულებით. ჰაროლდს კიდევ
ბევრი პოპულარული სიმღერა ეკუთვნის – ძლიერი „Blues in the
Night“ „Stormy Weather“, „Come Rain or Come Shine“, „Get Happy“.
მისი სიმღერებში სოფლის ბლუზი და ფოლკის მუსიკა
მესმოდა. რაღაც ემოციურ სიახლოვეს ვგრძნობდი მასთან.
ძნელი იქნებოდა, ეს რომ არ შემემჩნია. ვუდი გატრის
სიმღერები მართავდნენ ჩემს სამყაროს, მანამდე კი, ჩემი
საყვარელი კომპოზიტორი ჰანკ უილიამსი იყო, რომელიც
თავდაპირველად როგორც მომღერალი უფრო მომწონდა. ჰენკ
სნოუც არანაკლები იყო. მაგრამ, ჰაროლდ არლენის
ერთდროულად მწარე და ტკბილ, სევდიან და ემოციებით სავსე
სამყაროს ვერასოდეს დავაღწიე თავი. ვენ რონკს შეეძლო
დაეკრა და ემღერა მისი სიმღერები. მეც შემეძლო, ოღონდ ამაზე
არც არასოდეს მიოცნებია. მე არ მეწერა მათი შესრულება. ჩემს
მომავალში ამ სიმღერებს ადგილი არ ჰქონდათ. საერთოდ რა
იყო მომავალი? მომავალი მყარი კედელი იყო, რომელიც არც

42
არაფერს გპირდებოდა და არც გაფრთხობდა – იყო, რა. არაფრის
გარანტიას არ გაძლევდა, არც იმისა, რომ ეს ცხოვრება ერთი
დიდი ხუმრობა აღმოჩნდებოდა.
„Kettle of Fish“-ში შესულმა, არასოდეს იცოდი, იქ რას
შეიძლებოდა გადაყროდი. ყველა თითქოს რაღასაც
წარმოადგენდა, არადა, ამავე დროს, არავინაც არ იყო. ერთხელ
მე და კლეიტონი მაგიდას ვუსხედით და ღვინოს ვსვამდით.
ჩვენთან ერთად სხვებიც იყვნენ, ერთ-ერთი ბიჭი რადიო
შოუებში ხმის ეფექტებზე მუშაობდა. რადიო შოუებს ჩემს
წარმოსახვაში დიდი ადგილი ეჭირა. სან ფრანცისკოზე
მხოლოდ იმის ცოდნა მჭირდებოდა, რომ პალადინი იქ,
სასტუმროში ცხოვრობდა და მისი თოფის თხოვება
შეიძლებოდა. ვიცოდი, რომ „ქვები“ სამკაულებს ნიშნავდა და
დამნაშავეები კაბრიოლეტებით დადიოდნენ, და თუ ხის
დამალვა გინდოდა, ხე ტყეში უნდა დაგემალა, სადაც ვერავინ
იპოვიდა. აი, ასეთ სისულელეებზე გავიზარდე,
აღფრთოვანებული ვუსმენდი ხოლმე რადიო შოუებს. იქიდან
ვიგებდი, როგორ მუშაობდა სამყარო, ისინი ასაზრდოებდნენ
ჩემს ოცნებებს და ჩემს წარმოსახვას უფრო დიდხანს
ამუშავებდნენ, ვიდრე სასურველი იყო. რადიო შოუ უცნაური
ხელობა იყო.
სანამ რომელიმე უნივერსალურ მაღაზიაში შევიდოდი,
წარმოსახულ კლიენტს ვთამაშობდი. ვხმარობდი საპონ
„ლავას“, წვერს ვიპარსავდი „ჯილეტით“, თმაზე „ვიტალისს“
ვისვამდი, ვსვამდი სასაქმებელს და „ფინამინტის“ აბებს
გულძმარვისთვის და ვიყენებდი „დოქტორ ლიონის“ კბილის
ფხვნილს. იმ ბიჭს ვკითხე, რადიო შოუსთვის ხმის ეფექტებზე
რომ მუშაობდა, ელექტრონის სკამის ხმის ეფექტს როგორ
გამოსცემთ-მეთქი. მითხრა, ლორს ვაშიშხინებ ხოლმეო.
ძვლების მტვრევაზე რას იტყვი-მეთქი? იმან კიდევ
„ლაიფსეივერის“ კამფეტი ამოიღო ჯიბიდან, კბილებს შორის
მოიქცია და გადაამტვრია.
ვერ გეტყვით, როდის მომივიდა თავში აზრად, საკუთარი
სიმღერა დამეწერა. მე ჯერ ახლოსაც ვერ მივიდოდი იმ
ავტორებთან, რომელთა დაწერილ სიმღერებსაც ვასრულებდი,
რომ სამყაროსადმი საკუთარი გრძნობები გამომეთქვა. ჩემი
აზრით, ასეთი რამ ნელ-ნელა ხდება. ერთ მშვენიერ დილას კი
არ გაიღვიძებ და გადაწყვეტ, რომ გინდა სიმღერები წერო, მით

43
უმეტეს, თუ მომღერალი ხარ და უამრავი სიმღერა იცი და
უფრო და უფრო მეტს სწავლობ ყოველდღე. უბრალოდ,
შეიძლება მოგეცეს საშუალება, რაღაც შეცვალო – რაღაც, რაც
უკვე არსებობს, შეიძლება შეცვალო იმით, რაც ჯერ არ
არსებობს. შეიძლება ასეთი იყოს დასაწყისი. ხანდახან გინდება
რაღაც შენებურად გააკეთო, გინდა შენს თავს დაანახვო, რა
დევს იმ ბურუსით მოცული ფარდის მიღმა. ისე არ ხდება,
თითქოს ხედავ, როგორ მოდის შენთან სიმღერა და შენც უხმობ
მას. არც ასე იოლად არის საქმე. შენ გინდა სიცოცხლეზე უფრო
დიდი სიმღერა დაწერო. გინდა მოჰყვე იმ უცნაურ ამბებზე, რაც
გადაგხდენია და იმ უცნაურ ამბებზე, რაც გინახავს. მე
არასოდეს ვუყურებდი სიმღერებს, როგორც „კარგ“ და „ცუდ“
სიმღერებს, არამედ როგორც განსხვავებულად კარგებს.
ზოგი სიმღერა შეიძლება ნამდვილ ამბავზე იყოს. ხშირად
მესმოდა სიმღერა „I Dreamed I Saw Joe Hill“ და ვიცოდი, რომ ჯო
ჰილი რეალური და მნიშვნელოვანი ვინმე იყო, ოღონდ არაფერი
ვიცოდი მის შესახებ. ამიტომ, იზის გამოვკითხე ფოლკლორის
ცენტრში ყოფნისას. იზიმ თავისი ოთახიდან პამფლეტები
გამოათრია ჯოზე და წასაკითხად მომცა. რაც იქ წავიკითხე,
საკმარისი იქნებოდა კარგი დეტექტივის დასაწერად. ჯო ჰილი
შვედი ემიგრანტი ყოფილა, მექსიკის ომში იბრძოდა,
ღარიბულად ცხოვრობდა და უფერულ ცხოვრებას ეწეოდა, 1910
წელს კავშირის ორგანიზატორი გახდა, მესიანური ფიგურა იყო,
კაპიტალიზმის საგადასახადო სისტემის შეცვლა უნდოდა –
იყო ხელოსანი, მუსიკოსი და პოეტი. მუშათა კლასის რობერტ
ბერნსს ეძახდნენ.
ჯომ დაწერა სიმღერა „Pie in the Sky“, ის ვუდი გატრის
წინამორბედი იყო. ამის მეტი არაფრის ცოდნა მე არ
მჭირდებოდა. არაპირდაპირი სამხილით მკვლელობაში
დაადანაშაულეს და იუტას შტატში დახვრიტეს. მძიმეა მისი
ცხოვრების ამბავი. ჯო „ვობლის“ ორგანიზატორი იყო.
გაასამართლეს გასტრონომის გაქურდვისთვის და მაღაზიის
მეპატრონისა და მისი ვაჟის მკვლელობისთვის. თავის
დასაცავად ჯომ მხოლოდ ეს თქვა: „დამიმტკიცეთ!“ მაღაზიის
მეპატრონის ვაჟმა, სანამ მოკვდებოდა, გაისროლა, მაგრამ არ
არსებობდა არავითარი დამატკიცებელი საბუთი, რომ ტყვია
ვინმეს მოხვდა. მიუხედავად ამისა, ჯო მაინც დაიჭრა. ეს
ყველაფერი ინკრიმირებას ჰგავდა. იმ ღამით კიდევ ხუთი
ადამიანი დაჭრეს, ყველანი ერთსა და იმავე საავადმყოფოში

44
მოათავსეს, მაგრამ გამოუშვეს თუ არა, აორთქლდნენ ყველანი.
ჯომ თქვა, იმ დროს მე სხვაგან ვიყავიო, მაგრამ არ დაასახელა
სად და ვისთან ერთად იყო. არავინ არ უმხელია, არც თავისი
ტყავის გადარჩენა უცდია. ფიქრობდნენ, რომ ვიღაც ქალი იყო
გარეული ამ საქმეში და ჯოს არ უნდოდა იმ ქალის შერცხვენა.
ყველაფერი უფრო რთულდება და საიდუმლოებით მოცული
ხდება. კიდევ ერთი ბიჭი, ჯოს მეგობარი, მეორე დღეს
გაუჩინარდა.
ძალიან ჩახლართული ამბავია. ჯო მთელი ქვეყნის მუშებს
უყვარდათ – მაღაროელებს, ყასბებს, მღებავებს და მჭედლებს,
მლესავებს, მეტალურგებს – ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, ის
ყველას აერთიანებდა და იბრძოდა მათი უფლებებისთვის.
საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა, რათა
გაეუმჯობესებინა ყველა დაბალი კლასის წარმომადგენლისა
და დაზარალებულის ცხოვრება. ჯოს ისტორიას თუ
წაიკითხავთ, კარგად დაინახავთ მის ხასიათს, მიხვდებით, რომ
ეს ის კაცი არ იყო, ვისაც შეეძლო ექურდა ან ვინმე უბრალოდ
მოეკლა. არა, ასე არ მოიქცეოდა. ჯო ღირსეულად და
პატიოსნად ცხოვრობდა. პოლიტიკოსებისთვის და
ინდუსტრიალისტებისთვის, ვინც მას ვერ იტანდნენ, ჯო
კრიმინალი და საზოგადოებისთვის სახიფათო იყო. წლების
განმავლობაში ელოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას, ჯო რომ
თავიდან მოეცილებინათ. შეიძლება ითქვას, ის მანამდე ცნეს
დამნაშავედ, ვიდრე სასამართლო დაიწყებოდა.
განსაცვიფრებელი ისტორიაა. 1915 წელს, მისი სახელით,
გამოსვლები დაიწყო ამერიკის დიდ ქალაქებში – კლივლენდში,
ინდიანაპოლისში, სენტ ლუისში, ბრუკლინში, დეტროიტში,
კიდევ ბევრგან – სადაც კი იყვნენ მუშები და სადაც კი
ჰქონდათ კავშირები. ასე უყვარდათ ჯო. თავად ამერიკის
პრეზიდენტმა, ვუდრო უილსონმა სცადა იუტას ოფიციალურ
პირებთან მოლაპარაკება, მისი საქმისთვის ხელახლა რომ
გადაეხედათ, მაგრამ იუტას გუბერნატორმა ცხვირი აუბზუა
პრეზიდენტს. ჯოს უკანასკნელი სიტყვები იყო: „იუტას გარდა,
სადაც გინდათ იქ მოაფრქვიეთ ჩემი ფერფლი“.
ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწერა სიმღერა „Joe Hill“,
საპროტესტო სიმღერები ჩემთვის ნაცნობი იყო. ლიდბელის
სიმღერა „Bourgeous Blues“, ვუდის „Jesus Christ“ და „Ludlow
Massacre“, „Strange Fruit“ – ბილი ჰოლიდეის სიმღერა და კიდევ

45
სხვები – და ყველა ეს სიმღერა „Joe Hill“-ზე უკეთესია. ძნელია
საპროტესტო სიმღერა ისე დაწერო, რომ რაღაც ქადაგებასავით
არ გამოგივიდეს ან ერთ განზომილებიანი არ იყოს. შენ უნდა
დაანახვო ადამიანებს მათი ის მხარე, რომელსაც თავად ვერ
ამჩნევენ. თვითონ სიმღერა „Joe Hill“ ახლოსაც ვერ მოვა
ჩამოთვლილ სიმღერებთან, მაგრამ თუ ოდესმე მართლა
არსებობდა ვინმე, ვისაც შეეძლო შთაგონება გაეღვიძებინა, ეს
ჯო იყო. ჯოს თვალებში ცეცხლი ენთო.
წარმოვიდგენდი ხოლმე, მე რომ დამეწერა მასზე სიმღერა,
როგორი იქნებოდა. მე სხვანაირად მინდოდა მისი უკვდავყოფა
– უფრო ქეისი ჯონსის, ან ჯესი ჯეიმზის ტიპი მინდოდა
გამომეყვანა. ორ ვარიანტზე ვფიქრობდი. პირველის სათაურად
ავიღებდი „იუტას გარდა, სადაც გინდათ იქ მოაფრქვიეთ ჩემი
ფერფლი“ და ეს ხაზი მისამღერი გახდებოდა. მეორენაირადაც
ვფიქრობდი სიმღერის დაწერას, რომელიც „Long Black Veil“-ის
სტილში იქნებოდა. სიმღერა, რომელშიც კაცი საფლავიდან
გელაპარაკება... სიმღერა საიქიოდან. ეს არის ბალადა,
რომელშიც კაცი თმობს სიცოცხლეს, რომ დამცირება ააროდის
ვიღაც ქალს და სხვის დანაშაულს იბრალებს. რაც უფრო მეტს
ვფიქრობდი, მეჩვენებოდა, რომ სიმღერა „Long Black Veil“
თითქოს ჯო ჰილის დაწერილი იყო საკუთარ თავზე, მისი
ბოლო სიმღერა იყო.
ჯო ჰილზე სიმღერა აღარ დავწერე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ
საბოლოოდ აღარ დამიწერია. პირველი სიმღერა, რომელიც
მოვაჯახირე და რომელიც, ასე თუ ისე, რაღაცის მთქმელი იყო,
ვუდი გატრისთვის დავწერე.
იმ ზამთარს ყინავდა, ღამღამობით სევდის მომგვრელი ბურუსი
ჩამოწვებოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საუკუნეები
გასულიყო იმ დღიდან, როცა მწვანე ბალახში ვიწექი და
ნამდვილი ზაფხულის სუნს ვისუნთქავდი – ტბებიდან
არეკლილი მოცეკვავე ელვარება და ყვითელი პეპლები
გუდრონისგან გაშავებულ გზებზე. დილით ადრე, მანჰეტენში,
მე-7 ავენიუზე თუ ჩაივლიდი, ხანდახან მანქანის უკანა სკამზე
მძინარე ადამიანებს შეამჩნევდი. მე ბედმა გამიღიმა, რომ ღამის
გასათევი ადგილი მქონდა – ბევრი, ვინც ნიუ-იორკში
ცხოვრობდა, უბინაოდ იყო. ისე, ბევრი რამ მაკლდა, არც
კონკრეტული იდენტობა მქონია – „მე მოხეტიალე ვარ, მე
გემბლერი ვარ, მე შინიდან შორს ვარ“. მოკლედ, ასე

46
შეიძლებოდა გეთქვა.
მსოფლიოს ახალ ამბებში თქვეს, რომ სამოცდაცხრამეტი წლის
პიკასოს თავისი ოცდათხუთმეტი წლის მოდელი შეურთავს
ცოლადო. ვაუ. პიკასო უქმად არ ყოფილა. როგორც ჩანს,
ჯერჯერობით ცხოვრებას ფეხს უწყობდა. პიკასომ ხელოვნების
სამყარო დაამსხვრია, ის რევოლუციონერი იყო. მინდოდა, მეც
მისნაირი ვყოფილიყავი.
ვილიჯში მე-12 ქუჩაზე კინოს სახლი იყო, სადაც უცხოურ
ფილმებს აჩვენებდნენ – ფრანგულს, იტალიურს, გერმანულს.
მშვენიერი გადაწყვეტილება იყო, რადგან როგორც თავად ალან
ლომაქსმა სთქვა, ფოლკის უდიდესმა არქივარიუსმა –
ამერიკიდან თავის გაღწევა თუ გინდა, მაშინ გრინვიჩ ვილიჯში
უნდა წახვიდეო. ფელინის ერთი-ორი ფილმი ვნახე იქ – ერთს
ერქვა „La Strada“, რაც ქუჩას ნიშნავს, მეორეს კი „La Dolce Vita“.
ფილმი ერთ ბიჭზეა, რომელიც სულს გაყიდის და მერე
ჭორებზე მონადირე ხდება. კარნავალის სარკეში დანახულ
ცხოვრებას ჰგავდა, ოღონდ არაფერი უცნაური არ ხდებოდა,
ჩვეულებრივი ხალხის ამბავი ცოტა ექსცენტრიულად იყო
წარმოდგენილი. ყურადღებით ვუყურებდი ფილმს და
ვფიქრობდი, ალბათ ამ ფილმს მეტი აღარ ვნახავ-მეთქი. ერთ-
ერთ როლს ევან ჯონსი ასრულებდა, რომელიც დრამატურგიც
იყო და რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში
შევხვდები და მის პიესაში მივიღებ მონაწილეობას. მეცნო,
როდესაც შევხვდი. საერთოდ, სახეებს კარგად ვიმახსოვრებ.
ამერიკაში ბევრი რამ იცვლებოდა. სოციოლოგები ამბობდნენ,
რომ ტელევიზიას ბოროტი ზრახვები ჰქონდა და
ახალგაზრდების გონებას და წარმოსახვას დიდ ზიანს აყენებდა
– მათ ყურადღებას ადუნებდა. შეიძლება სიმართლე იყო,
თუმცა სამწუთიან სიმღერასაც შეუძლია იგივე გააკეთოს.
სიმფონიები და ოპერები ძალიან გრძელია, მაგრამ მსმენელი
ყოველთვის ჰყავს. სამწუთიანი სიმღერის მოსმენის შემდეგ,
მსმენელი არ არის ვალდებული ახსოვდეს, ოცი ან ათი წუთის
წინ რა ხდებოდა. არაფერი იყო დასამახსოვრებელი. ბევრი ჩემი
სიმღერა მართლაც ძალიან გრძელია... ყოველ შემთხვევაში
სიტყვებია ბევრი. „Tom Joad“-ში ყველაზე ცოტა თექვსმეტი
კუპლეტია. „Barbara Allen“ დაახლოებით ოცი. „Fair Ellender“,
„Lord Lovell“, „Little Mattie Groves“ და კიდევ სხვებში უამრავი
კუპლეტია და მე სრულებით არ მიძნელდებოდა მათი

47
დამახსოვრება და შესრულება.
თვითონ შევეცადე გადავჩვეოდი მოკლე სიმღერების წერას და
დავიწყე გრძელი პოემების კითხვა. თავიდან, მაინტერესებდა
შევძლებდი თუ არა მათ დამახსოვრებას. გონებას
ვავარჯიშებდი, მინდოდა ცუდი ჩვევები გადამეგდო და
ვსწავლობდი, თავი როგორ დამემშვიდებინა. ლორდ ბაირონის
„დონ ჟუანი“ წავიკითხე თავიდან ბოლომდე, ყურადღებით.
კიდევ წავიკითხე კოლრიჯის „კუნლა ხანი“. ასე ვიჭედავდი
გონებაში ყველანაირ ღრმა შინაარსის პოემებს. ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს აქამდე ცარიელ ვაგონს მივათრევდი, ახლა კი
დავიწყე მისი შევსება და უფრო და უფრო მეტი ძალა
მჭირდებოდა მის საზიდად. მე სხვა მხრივაც ვიცვლებოდი. რაც
მანამდე ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენდა, უკვე აღარ
მაღელვებდა. ადამიანებს და მათ მოტივებს დიდ ყურადღებას
აღარ ვაქცევდი. ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავდი,
პირველივე შემხვედრთან მომესინჯა ურთიერთობა.
რეიმ მითხრა, ფოლკნერი წაიკითხეო. „რასაც ფოლკნერი
აკეთებს, ძნელი საქმეა“, თქვა, „ძნელია ღრმა გრნობები
სიტყვებით გადმოსცე. „კაპიტალის“ დაწერას რა უნდა“. რეი
ოპიუმს ეწეოდა, ბამბუკის ჩიბუხით ეწეოდა ხოლმე. ერთხელ
სამზარეულოში მოამზადეს, იქამდე ადუღეს, სანამ იქაურობა
კატის ფსელის სუნით არ აყროლდა. თიხის ქოთანში
ინახავდნენ ხოლმე. რეი არ ყოფილა წყალწაღებული
ნარკომანი, არც იმიტომ ხმარობდა ნარკოტიკს, რომ სხვებივით
თავი ნორმალურად ეგრძნო – ხანდახან კაიფობდა, შემჯდარიც
არ ყოფილა. არ იყო ეგეთი. ისე, მე ბევრი რამ არ ვიცოდი რეის
შესახებ. ვერც ის გამეგო, რატომ არ იჭერდნენ.
ერთხელ, მე და კლეიტონი გვიან ღამით დავბრუნდით სახლში.
რეის დიდ სავარძელში ეძინა – ოთახში სინათლე ენთო და
სახეზე შუქი ეცემოდა – თვალის უპეები ამოშავებოდა, სახეზე
ოფლი ასხამდა. გეგონება, რაღაც საშინელ კოშმარს ხედავსო.
ისევე გავშრით ადგილზე. პოლი მაღალი, შავგვრემანი კაცია,
წვერი ვან დეიკივით აქვს მოშვებული, მხატვარ გოგენს
ჩამოგავს. პოლმა ისე ღრმად ჩაისუნთქა, იფიქრებდი,
სამუდამოდ შეიკრა სუნთქვაო და მერე მიტრიალდა და
ოთახიდან გავიდა.
რეი სხვადასხვა სტილში იცვამდა. ხანდახან ზოლებიან
კოსტიუმში ნახავდით, ფრთების ფორმის საყელოთი. ხან

48
უბრალოდ სვიტერი ეცვა, ველვეტის შარვალი და ქანთრის
სტილის ჩექმა. ძალზე ხშირად გარაჟის მემანქანესავით
ბრეტელებიან შარვალში გამოეწყობოდა ხოლმე. პალტო
გრძელი ეცვა, მოყვითალო-მოყავისფრო, აქლემის ბეწვის,
ყველაფერზე მაგ პალტოს იცვამდა.
იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც ნიუ-იორკში
გავატარე, კერუაკის მიერ აღწერილი ჰიპსტერების მიმართ
სრულიად დავკარგე ინტერესი. არადა, მისი წიგნი – „გზაზე“
ჩემთვის ბიბლიასავით იყო. ახლა უკვე აღარ. მაგრამ მაინც
მომწონდა ერთი ამოსუნთქვით დაწერილი, დინამიური,
ბიბოპის პოეტური ფრაზები ჯეკის კალმიდან რომ
მოედინებოდა. ახლა მისი გმირი მორიარტი უადგილოდ
მეჩვენებოდა, არავითარი მიზანი არ ჰქონდა მის არსებობას –
მათი გმირი იყო, ვისაც იდიოტიზმი აღაფრთოვანებდა.
რეი ეგეთი არ ჩანდა. ის არასოდეს ყოფილა ვიღაც, ვინც თავის
ნაკვალევს დატოვებს დროის ქვიშაზე, მაგრამ რაღაც
განსაკუთრებული ადამიანი იყო. თვალებში სისხლი აწვებოდა,
სახეზე ეწერა, რომ ცუდს არაფერს ჩაიდენდა – არც გარყვნილი
ყოფილა, არც ღვარძლიანი და არც ბოროტი. ისეთი კაცის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც როცა მოინდომებდა,
შეეძლო დაეპყრო და ებატონა. მაგარი საიდუმლოებით
მოცული კაცი იყო.
ვიწრო გასასვლელის გასწვრივ, ბინაში რომ მიიკლაკნებოდა,
ორი ვიქტორიანული ტიპის ოთახი იყო და კიდევ ერთი –
ყველაზე ფართო და დიდი ფანჯრით. ამ სივრცეს სახელოსნოს
დანიშნულება ჰქონდა, ყველანაირი ხელსაწყო დაეხვავებინათ
იქ. უმეტესობა ერთ გრძელ მაგიდაზე ეწყო, ან კიდევ მეორეზე,
რომელსაც შიფერის ზედაპირი ჰქონდა. კუთხეში თეთრად
შეღებილი რკინის ყვავილები იყო მიყუდებული. ყველანაირი
ხელსაწყობი ელაგა აქა-იქ – ჩაქუჩები, ლითონის საჭრელი
ხერხი, სახრახნისი, ელექტრიკოსის ბრტყელტუჩა, მავთულის
საჭრელი და კბილანა-თვლებით სავსე ყუთები – და ყველაფერი
ეს მზის შუქზე ბრწყინავდა. სარჩილავი ხელსაწყო, საღებავების
ტუბები და ყალიბები, ელექტრო ბურღები – რაღაც-რაღაცებით
სავსე ქილები, რომელთაც შეეძლო ზოგი რამ წყალგამძლე
გაეხადა, ზოგი კიდევ ცეცხლგამძლე.
ყველაფერი ხელისგულზე იყო გადაშლილი. რეის იმდენი
ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, იფიქრებდი, ან პოლიციასთან

49
აქვს საქმე, ან ლიცენზირებული მესაჭურვლე თუ ვიღაც
ეგეთიაო. სხვადასხვანაირი იარაღი ჰქონდა: პისტოლეტები –
დიდებიც, პატარებიც, ჯიბის რევოლვერები, სასხლეტიანი
მექანიზმით, ყველაფერი კომპოსტის გროვასავით ეწყო –
გადაკეთებული თოფები... დამოკლებული ლულით,
სხვადასხვა ბრენდის თოფები – რუგერი, ბრაუნინგი,
ერთჯერადი მოქმედების სამხედრო-საზღვაო პისტოლეტი. თან
ყველა იარაღი შემართული იყო და ბრწყინავდა. იმ ოთახში
შეხვიდოდი და ისეთი გრძნობა გიჩნდებოდა, რომ ვიღაცის
ფხიზელი თვალი გითვალთვალებდა. რეი უცნაური კაცი იყო,
მაგრამ მაჩო ნამდვილად არ ყოფილა. ერთხელ ვკითხე, რად
გინდა ეს ყველაფერი, რისთვის გჭირდება-მეთქი. „ტაქტიკური
პასუხისთვის“ – ასე მიპასუხა.
თოფები ადრეც მინახავს. დიდი ხნის წინ ერთი გოგო მყავდა,
ბეკი თეთჩერი, მამამისი კი სულაც არ ჰგავდა „მოსამართლე
თეთჩერს.“ იმასაც კარგა ბევრი თოფი ჰქონდა, უფრო ირემზე
სანადირო თოფები და რამდენიმე გრძელლულიანი
რევოლვერი. მე კი ეს ყველაფერი საკმაოდ მაშინებდა. ჩემი
გოგო მორებისგან აშენებულ სახლში ცხოვრობდა, ქალაქის
განაპირას, სადაც უკვე ასფალტიც აღარ ეგო. იმ სახლში ყოფნა,
ცოტა არ იყოს, სახიფათო იყო, იმიტომ რომ მამას უხასიათო
კაცის რეპუტაცია ჰქონდა. არადა, დედამისი ყველაზე კეთილი
ქალი იყო, ვინც ამქვეყნად მინახავს. მამას ეტყობოდა, რომ
მძიმე შრომით გაჰქონდა თავი, გარუჯულ სახეს იშვიათად
იპარსავდა – მონადირის ქუდს ატარებდა, დაკოჟრილი ხელები
ჰქონდა... თუ მუშაობდა, ნორმალურად შეგხვდებოდა, მაგრამ
თუ სამუშაო არ ჰქონდა, იმ დღეებში სიფრთხილე გმართებდა.
წინასწარ ვერასოდეს გათვლიდი, რა ხასიათზე დაგხვდებოდა.
ისეთი ტიპის კაცი იყო, ვისაც ჰგონია, რომ ყველა მისგან
გამორჩენას ელოდება. თუ არ მუშაობდა, ლოთობდა, მერე
ხიფათში ეხვეოდა და იწყებოდა უბედურება. შემოვიდოდა
ოთახში და კბილებში რაღაცას გამოსცრიდა ხოლმე. ერთხელ მე
და ჩემს მეგობარს სანადირო თოფით გამოკვეკიდა, სიბნელეში
გავრბოდით ხრეშით მოფენილ გზაზე. მაგრამ სხვა დროს
შეეძლო საკმაოდ დელიკატურიც ყოფილიყო. მოკლედ, მისგან
რა გელოდა, ვერ გაიგებდი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იქ
სიარული მიყვარდა, ბავშვური გატაცების გარდა, ის იყო, რომ
სახლში ჯიმი როჯერსის დისკები ჰქონდათ. ვიჯექი ხოლმე და
დაჰიპნოზებულივით ვუსმენდი სიმღერებს. ახლა, რეის

50
თოფებს რომ ვუყურებდი, ჩემი ძველი გოგო გამახსენდა და
ვიფიქრე, ნეტა რას შვრება-მეთქი. როცა უკანასკნელად ვნახე,
დასავლეთში აპირებდა წასვლას. ყველა ბრიჯიტ ბარდოს
ამსგავსებდა. ისე, მართლა ჰგავდა.
ოთახში სხვა ისეთი რამეებიც იყო, რითიც შეიძლებოდა
მოხიბლულიყავი. „რემინგტონის“ საბეჭდი მანქანა, საქსაფონი
გედის ყელივით მოღუნული ღეროთი, ალუმინის ბინოკლი,
პატარა მაგნიტოფონი, ძველი ფოტოები, ერთზე ფლორენს
ნაითინგეილი იყო გამოსახული, მხარზე ბუ ეჯდა, კიდევ ახალი
საფოსტო ღია ბარათები – ერთ, კალიფორნიიდან გამოგზავნილ
ბარათზე პალმის ხე ეხატა.
კალიფორნიაში არ ვიყავი ნამყოფი. მეგონა, რომ იქ მხოლოდ
გამორჩეული რასის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ვიცოდი,
რომ ფილმები იქიდან მოდიოდა და ლოს-ანჯელესში ერთი
ფოლკის კლუბი იყო, სახელწოდებით „Ash Grove“.
ფოლკლორის ცენტრში ვნახულობდი ხოლმე „Ash Grove“-ის
პოსტერებს და ვოცნებობდი იქ დამეკრა. არადა,
წარმოუდგენელი მეჩვენებოდა. არც მეგონა, თუ როდესმე იქ
მოვხვდებოდი. მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ არა თუ
ჩავედი კალიფორნიაში, „Ash Grove“-ს საერთოდ გვერდით
ჩავუარე. ჩემმა სიმღერებმა და სახელმა კალიფორნიაში ჩემზე
ადრე ჩააღწია და როცა ჩავედი, პირდაპირ სანტა მონიკას „Civil
Auditorium“-ში გამოვედი. იქ შევხვდი ყველა სხვა
გამომსვლელს, ვინც ჩემს სიმღერებს ასრულებდა – ისეთ
პროფესიონალ მუსიკოსებს, როგორიც ბერდსია, მათ ჩემი „Mr.
Tambourine Man“ ჩაწერეს, სანი და შერიმ „All I Really Want to Do“
შეასრულეს, თერთლსმა ჩაწერა „It Ain’t Me, Babe“, გლენ
კემპბელმა გამოუშვა ჩემი „Don’t Think Twice“, ჯონი რივერსმა
კი „Positively 4th Steet“.
სხვა დანარჩენ ვარიანტებთან შედარებით, ჩემი სიმღერები
ყველაზე მეტად ჯონი რივერსის შესრულებით მომეწონა.
ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ჩვენ ერთი უბნიდან ვიყავით,
ერთსა და იმავე ციტატებს ვკითხულობდით, ერთი
მუსიკალურ ოჯახს წარმოვადგენდით, ერთი ნაჭრიდან
გამოჭრილები. როცა, „Positively 4th Street“-ის ჯონის ვერსია
მოვისმინე, ჩემსაზე მეტად მომეწონა. ვუსმენდი და ვუსმენდი
გაუთავებლად. ჩემი სიმღერების უმეტესობა, რომელთაც
სხვები ასრულებდნენ, უფრო ექსპერიმენტული იყო, მაგრამ

51
ჯონის ვერსიას რაღაც ვალდებულება ჰქონდა, უფრო
სრულყოფილი უნდა გაეხადა განწყობა და მელოდიური
შეგრძნება, უფრო აღმატებულად გადმოეცა ის გრძნობა,
რომელიც მე ჩავდე სიმღერაში. ისე, არც უნდა გამკვირვებოდა,
ადრე ხომ იგივე გაუკეთა ჩაკ ბერის ორ სიმღერას, „Memhis“-ს
და „Maybellene“-ს.
ეს რამდენიმე წლით ადრე ხდებოდა, სანამ სანლენდს
მივაღწევდი. ოთახს თვალი მოვავლე და ფანჯრიდან გავიხედე,
ბინდდებოდა. გარეთ ყინული სქლად ედებოდა კიბის
მოაჯირს, სახლების სახურავებს გავაყოლე თვალი. ისევ
გათოვდა, ცემენტით დაფარულ მიწა თოვლს დაეფარა. თუ მე
ახლებური ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი, ასე არ უნდა
გამეგრძელებინა. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა რაღაც გამეგო
და მერე, მისგან განვთავისუფლებულიყავი. მჭირდებოდა
მესწავლა, როგორ უნდა მომეყარა თავი აზრებისთვის.
ყველაფრის ერთბაშად გაგება ძნელი იყო. მაგრამ თუ
ყველაფერს სწორად გაიგებდი, მერე შეძლებდი ყველაფერი
ერთ აბზაცში ან სიმღერის ერთ კუპლეტში მოგექცია.
ხანდახან ხვდები, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს,
რაღაც შეიცვლება, ოღონდ შენ მხოლოდ და მხოლოდ გრძნობ
ამას – სემ კუკის სიმღერაში, „Change Is Gonna Come“-ში როგორც
არის, მაგრამ არ იცი, რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება
იქნება. ხანდახან უმნიშვნელო ამბები რაღაცის
მომასწავებელია, ოღონდ შენ ან ხვდები, ან ვერა. მერე კი
მოულოდნელად რაღაც მოხდება და შენ სხვა სამყაროში
აღმოჩნდები, უცნობ სამყაროში, და ინსტინქტურად გრძნობ –
გათავისუფლდი. არ გჭირდება კითხვების დასმა, შენ ისედაც
იცი ანგარიში. და როცა ეს ხდება, გეჩვენება, რომ ძალიან
სწრაფად ხდება, როგორც სასწაული, მაგრამ სინამდვილეში
სხვაგვარადაა. ისე არ არის, თითქოს მომაბეზრებელი ხმაური
გადაივლის და ის წამი დადგება – თვალები უცებ არ აგეხილება
და მოულოდნელად არ დარწმუნდები რამეში. ყველაფერი
უფრო წინდახედულად ხდება. უფრო იმას ჰგავს, დღის შუქზე
რომ იყო დაჩვეული მუშაობას და ერთ დღეს შენიშნო, რომ
ადრე ბნელდება, რომ არა აქვს მნიშვნელობა, სად ხარ – არც
არაფერში გჭირდება. ვიღაცას „სარკე უჭირავს“, კარს გიღებს –
რაღაც გიბიძგებს, შედიხარ და განსხვავებულ ადგილას
აღმოჩნდები. ხანდახან ვიღაც ტიპი უნდა დაგეხმაროს, ამას
რომ მიხვდე.

52
მე პირადად მაიკ სიგერმა გამარკვია. ცოტა ხნის წინ შემხვდა
კამილა ადამსთან. კამილა ეგზოტიკური, შავგვრემანი ქალი
იყო, ავა გარდნერივით ფერ-ხორციანი. გერდის ფოლკ სითიში
ვნახულობდი კამილას, ამერიკის ყველაზე გამორჩეულ ფოლკ
კლუბში. გერდი ვილიჯის განაპირას იყო, დასავლეთ
ბროდვეისთან ახლოს, გარეუბნის ტიპის კლუბი, „Blue Angels“
არ ჰგავდა, არადა ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. იქ ცნობილი
მომღერლები გამოდიოდნენ, ისეთები, ვის ჩანაწერებსაც უკვე
იცნობდნენ და იქ რომ გემუშავა, კავშირის ბარათის გარდა
კაბარეს ბარათიც უნდა გქონოდა. ორშაბათ ღამით, რომელთაც
„Hootenanny Nights“ ერქვა, უცნობი მომღერლები გამოდიოდნენ
ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ ღამეს მეც გამოვედი კლუბში და
კამილაც გავიცანი. იმ დღიდან მოყოლებული, შიგადაშიგ
ვხვდებოდი. სულ ისეთ ტიპებთან ერთად დადიოდა,
დაქირავებულ დეტექტივებს რომ გვანან. კამილა შესანიშნავი
ქალი იყო, მისი ახლო მეგობრები იყვნენ ჯოშ უაიტი და სისკო
ჰიუსტონი. სისკოს სიმსივნე ჰქონდა, ბოლო სტადია, მის ბოლო
გამოსვლებს ვესწრებოდი ფოლკ სითიში. სისკოს ბევრი
სიმღერა მქონდა მოსმენილი ვუდი გატრის დისკებზე და, რა
თქმა უნდა, მის დისკებზეც – მთელი ის კოვბოური სიმღერები,
ტყისმჭრელთა სიმღერები, ბალადები ცუდ ბიჭებზე. სისკო
თავისი დამამშვიდებელი ბარიტონით შესანიშნავად
ეთავსებოდა ვუდის, ისინი დისკებს ერთად უშვებდნენ, მეორე
მსოფლიო ომის დროს სავაჭრო ფლოტის გემით ერთად
იმოგზაურეს ზღვაში. სისკო სიმპათიური და ენერგიული კაცი
იყო, ფანქრით დახატულივით თხელი ულვაში ჰქონდა, ერორ
ფლინისა არ იყოს, მდინარის გემის გემბლერს ჰგავდა.
ამბობდნენ, შეეძლო კინოვარსკვლავი გამხდარიყოო, თითქოს
ერთხელ მთავარ როლზე უარი უთქვამს, მირნა ლოის გამო.
ბერლ აივზი, რომელიც მართლა გახდა კინოვარკვლავი და
სისკო, დიდი დეპრესიის წლებში, ერთად თამაშობდნენ ხოლმე
ახალმოსახლეების ბანაკებში. სისკოს თავისი სატელევიზიო
შოუ ჰქონდა, ოღონდ ეს ყველაფერი მაკარტის ერაში ხდებოდა
და კომპანია იძულებული გახდა ის გაეშვა. სისკოზე
ყველაფერი ვიცოდი. იმ დღეს, თავის გამოსვლებს შორის,
შესვენებაზე, კამილასთან იჯდა და კამილამ ჩემი თავი
წარუდგინა, უთხრა ახალგაზრდა მომღერალია და ვუდის
არაერთ სიმღერას მღერისო. სისკო თავაზიანი კაცი იყო,
ღირსეული, ისე ლაპარაკობდა, როგორც მღეროდა. ბევრი
არაფრის თქმა არც სჭირდებოდა – ყველამ იცოდა, რამდენი რამ

53
ჰქონდა გადატანილი, რამდენი კარგი საქმე გაეკეთებინა,
საქებარი და დასაფასებელი. ვუყურებდი მის გამოსვლას და
რომ არ გცოდნოდა, ცალი ფეხი სამარეში უდგასო, ვერაფერს
იეჭვებდი. იმ კვირის ბოლოს, კამილა მისთვის გამოსათხოვარი
ფართის მოწყობას აპირებდა და მეც დამპატიჟა. მე-5 ავენიუზე
ცხოვრობდა, დიდ აპარტამენტში, ვაშინგტონ პარკთან ახლოს,
რომანული სტილის შენობაში.
მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ მოგვიანებით კამილა ფოლკ სითის
მეპატრონეებს, მაიკ პორკოსს და მის ძმას ჯონს დაიყოლიებს
ორი კვირით მიმიწვიონ. ვინაიდან მცირეწლოვანი ვიყავი, მაიკი
თავდებად დამიდგა ჩემთვის კაბარეს ბარათი მოეცათ, ასე რომ,
მამის მაგივრობა გამიწია – სიცილიელი მამის, რომელიც
არასოდეს მყოლია. კამილას ჩემს ერთ გოგოსთან ერთად
ვეწვიე, რომელსაც არც ისე ხშირად ვხვდებოდი ხოლმე.
დელორეს დიქსონი ერქვა, მომღერალი იყო, „ნიუ ვორლდ
სინგერსიდან“, ამ ჯგუფთან საკმაოდ ახლოს ვიყავი.
დელორესი ალაბამადან იყო, ადრე ჟურნალისტობდა და
ცეკვავდა.
შევედი თუ არა, შევამჩნიე, რომ ოთახი ხალხით იყო
გადავსებული, ბოჰემური ტიპები – ბევრი ხანშიშესულიც.
ჰაერი სუნამოს, სიგარეტის, ვისკისა და უამრავი ადამიანის
სუნს დაემძიმებინა. ვიქტორიანული სტილის აპარტამენტი
ბევრი საყვარელი ნივთით იყო მორთული. ბოზ-არტის სტილის
ლამპები, ბუდუარის სკამები, დივანებზე პლუშის
გადასაფარებელი – ბუხარზე ჯაჭვით მიმაგრებული მძიმე
შეშის დასაწყობები. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ახლოს
მივედი ბუხართან, ჰოთ დოგები და ზეფირები გამახსენა.
დელორესი და მე თავს უხერხულად ან უადგილოდ არ
ვგრძნობდით, ყოველ შემთხვევაში, ძალიან არა. მე სქელი
ფლანელის პერანგი მეცვა, ხაკისფერი შარვალი და
მოტოციკლეტისტის ყელიანი ფეხსაცმელი, ზემოდან ტყავის
ქურთუკი და კეპი მეხურა. დელორესს გრძელი ბეწვის პალტო
ეცვა ღამის პერანგზე, რომელიც კაბას ჰგავდა. იქ ბევრი ისეთი
ადამიანი ვნახე, ვისაც არც ისე დიდი ხნის შემდეგ, კიდევ
შევხვდებოდი, უმეტესობა ფოლკის წრის იერარქიიდან. იმ
დროისთვის, ისინი საკმაოდ ინდიფერენტულად იყვნენ
ჩემდამი განწყობილნი და არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ.
მატყობდნენ, რომ ჩრდილოეთ კაროლინას მთებიდან არ
ვიყავი, არც მაინცდამაინც კომერციული, კოსმოპოლიტი

54
მომღერალი. მე, შეიძლება ითქვას, მათ წრეს არ
მივესადაგებოდი. უბრალოდ, არ იცოდნენ, რაში შეიძლებოდა
ჩემი გამოყენება. პიტ სიგერმა კი იცოდა და გამარჯობაო,
მომესალმა. ჰაროლდ ლევენტალთან ერთად იყო მოსული,
„ვივერსის“ მენეჯერთან. ჰაროლდი დაბალ ხმაზე
ლაპარაკობდა, თითქმის ჩურჩულებდა. მისკენ უნდა
დახრილიყავი, კარგად რომ გაგეგო რას ამბობდა. რაღაც
პერიოდის მერე, მისი ხელშეწყობით თაუნ ჰოლში კონცერტს
გავმართავ.
იყო კიდევ ჰენრი შერიდანი, მეი ვესტის ყოფილი ბოიფრენდი.
მომავალში მეი ვესტი ჩემს სიმღერას ჩაწერს. ვის არ ნახავდით
იქ, ავანგარდისტ ხელოვანებს, ქორეოგრაფს, რომელიც თავისი
ცეკვისთვის სპორტის სახეობებიდან – ჭიდაობიდან და
ბეისბოლიდან – იღებდა ილეთებს, ანდერგრაუნდის რეჟისორ
კენ ჯაკობსს და პიტერ შუმანს, თეატრიდან „ბრედ ენდ
ფაფეთ“ – მის სპექტაკლში „საშობაო ამბავი“ მეფე ჰეროდე
დიდ სიგარას ეწეოდა და ერთ მარიონეტს, რომელიც ყველა
მოგვის როლს ასრულებდა, სამი ნიღაბი ჰქონდა. იყო მოე ეში,
„ფოლკვეის რექორდის“ დამაარსებელი და ასევე თეოდორ
ბიკელი, შერიფის როლს რომ ასრულებდა ფილმში
„გადაჯაჭვულნი“. კიდევ ერთი ნიჭიერი მსახიობიც იყო,
რომელიც ფოლკს მღეროდა უცხო ენებზე. სულ რამდენიმე
წლის შემდეგ, მასთან და პიტთან ერთად მისისიპიში
გავემგზავრები, ამომრჩევლების დასარეგისტრირებელ
შეხვედრაზე დასაკრავად. კამილასთან კიდევ ჰარი ჯეკსონს
შევხვდი, მას ჯერ კიდევ ფოლკ სითიდან ვიცნობდი – ჰარი
ვაიომინგიდან იყო, კოვბოი მოქანდაკე, მხატვარი და
მომღერალი. ჰარის ბრუმ სთრითზე სტუდია ჰქონდა.
მოგვიანებით ის ჩემს პორტრეტს დახატავს. ერთი სახელოსნო
იტალიაშიც ჰქონდა, სადაც ქალაქის მოედნებისთვის
ქანდაკებებს ძერწავდა. უხეში, უცხვირპირო კაცი იყო –
გენერალ გრანტს ჰგავდა, კოვბოურ სიმღერებს მღეროდა და
მაგრად სვამდა.
სისკომ უამრავ, სხვადასხვა ყაიდის ადამიანს მოუყარა თავი.
იყვნენ კავშირის წევრები, კავშირის ყოფილი წევრები,
დამსაქმებლები. ცოტა ხნით ადრე, ახალ ამბებში ითქვა, რომ
AFL-CI-ს (ამერიკული შრომისა და ინდუსტრიული
ორგანიზაციების ფედერაციის) საბჭოს შეხვედრა შედგა
პუერტო რიკოში. მაგარი სასაცილო იყო. ეს ამბავი ერთ კვირას

55
გაგრძელდა. ფოტოებზე აღბეჭდეს, თუ როგორ ქეიფობდნენ
კავშირის ბოსები რომით, დადიოდნენ კაზინოებსა და ღამის
კლუბებში – სასტუმროს აუზთან ფუმფულა პირსახოცის
ხალათებში გამოწყობილები, სერფინგით მოცურავეები,
ჰოლივუდურ სათვალეში, როგორ ჭიმავდნენ ყირას აუზში
ჩასახტომ დაფაზე. საკმაოდ დეკადენტურად გამოიყურებოდა
ეს ყველაფერი. იქ ვითომ იმიტომ იყვნენ ჩასულები, რომ
უმუშევრობის პრობლემაზე ემსჯელათ. როგორც ჩანს, არ
იცოდნენ, სურათებს რომ უღებდნენ.
კამილას წვეულებაზე მოსული ყმაწვილები მთლად ასეთები
არ ჩანდნენ, ისე ზოგიერთი მათგანი საბუქსირო გემის
კაპიტანს ჰგავდა, ზოგიც ცირკის მუშას. იყო მაკ მაკენზი,
ბრუკლინის პორტის პროფკავშირის ორგანიზატორი. მაკი და
მისი ცოლი გავიცანი, ცოლი ადრე მოცეკვავე იყო, სახელად
მართა გრეჰემი. 28-ე ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მერე მათი ხშირი
სტუმარიც გავხდი... იქაც სასტუმრო ოთახში, დივანზე მეძინა
ხოლმე. ხელოვნების სამყაროდანაც იყვნენ ვიღაც-ვიღაცები,
ადამიანები, რომელთაც იცოდნენ და კომენტარებს
აკეთებდნენ იმაზე, თუ რა ხდებოდა ამსტერდამში, პარიზსა და
სტოკჰოლმში. ერთ-ერთი მათგანი, რობინ უაითლოუ,
კანონდამრღვევი ხელოვანი ქალბატონი, ისე დადიოდა,
გეგონება რაღაც ნელ ცეკვას ასრულებსო. ვკითხე – აქ რა
პონტში ვართ-მეთქი. – მე პირადად, საჭმელად ვარ მოსული. –
მიპასუხა. რამდენიმე წლის მერე, რობინს ბინის გატეხვისა და
ქურდობისთვის დაიჭერენ. თავი იმით იმართლა, რომ
ხელოვანი იყო, მისი საქციელი კი პერფორმანსი და როგორი
უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბრალდება მოუხსნეს.
სტუმრებს შორის ფოლკის ჟურნალის „სინგ აუთ“-ის
რედაქტორიც, ირვინ სილბერიც, ერია. რამდენიმე წლის მერე,
საჯაროდ გამაკრიტიკებს თავის ჟურნალში, იმის გამო, რომ
ფოლკის მოყვარულთა საზოგადოებას ზურგი შევაქციე.
გაბრაზებული წერილი დაწერა. ირვინისადმი სიმპათიით
ვიყავი განწყობილი, მაგრამ ვერ გავუგე. მასე შეიძლება მაილს
დევისიც დაედანაშაულებინათ ალბომისთვის „Bitches Brew“,
რადგან თანამედროვე ჯაზის კანონებს გადაუხვია, ის-ის იყო
ბაზარზე დამკვიდრებას რომ აპირებდნენ, ოღონდ ეს მანამდე
ხდებოდა, ვიდრე მაილსის დისკი გამოვიდოდა და ყველა შანსს
დაუსამარებდათ. მაილსი რომ ჯაზის მოყვარულთა
საზოგადოებამ გააკრიტიკა, არა მგონია, თავად მაილსს ეს

56
დიდად გულთან ახლოს მიეტანა. ლათინოამერიკელებიც
არანაკლებ არღვევდნენ კანონებს. ისეთი ხელოვანები,
როგორებიც იყვნენ ჯოან ჟილბერტო, რობერტო მენესკალი და
კარლოს ლაირა, ცდილობდნენ გადაეხვიათ დრამებით
გადატვირთული სამბიდან და ბრაზილიური მუსიკისთვის
ახალი ფორმა მიეცათ, მელოდიები გადაეკეთებინათ და ამას
„ბოსა-ნოვას“ ეძახდნენ. მე რაც შემეხება და ჩემს გადახვევას,
ფოლკში უმნიშვნელო ცვლილებები შევიტანე, ახალი
წარმოსახვა და დამოკიდებულება ჩავდე, პოპულარულ
გამოთქმებსა და მეტაფორებს ვხმარობდი, რამაც ისეთი
განვითარება ჰპოვა, რაც აქამდე მოსმენილი არ ჰქონდათ.
სილბერმა კი ამის გამო წერილში გამლანძღა, გეგონება, მარტო
თვითონ და კიდევ რამდენიმე ადამიანს ესმოდა რამე. მეც
კარგად მესმოდა, რასაც ვაკეთებდი და არ ვაპირებდი ვინმეს
გამო, ერთი ნაბიჯითაც უკან დამეხია.
კამილასთან ბროდვეის და „ოფ-ბროდვეის“ მსახიობებიც
მოვიდნენ – დაიანა სენდსი, მაგარი ვნებიანი მსახიობი ქალი,
რომელიც მგონი ჩუმად მიყვარდა და კიდევ ვიღაცები. ბევრი
მუსიკოსი და მომღერალიც იყო – ლი ჰაიესი, ერიკ დარლინგი
(ერიკს სულ ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდა ჯგუფი სახელად
„რუფთოფ სინგერსი“), მალე ისინი გას ქენონის სიმღერას
ჩაწერენ „Walk Right In“ და ჩარტებს შეარყევენ. სონი ტერი,
ბრაუნი მაკგი, ლოგან ინგლიში, ფოლკ სითიდან ლოგანსაც
ვიცნობდი. კენტუკის შტატიდან იყო, შავ შარფს ატარებდა და
ბანჯოზე უკრავდა... ექპერტი გახლდათ ბასკომ ლამარ
ლანფორდის სიმღერების შესრულებაში, ისეთი სიმღერების,
როგორიცაა „Mole in the Ground“ და „Grey Eagle“. ფსიქოლოგიის
პროფესორს ჰგავდა, კარგი პერფორმერი იყო, მაგრამ
ორიგინალობა ნამდვილად აკლდა. ამ კაცში იყო რაღაც
ოფიციალური და ორთოდოქსული. თუმცა ძველი დროის
მუსიკოსის ჟინი ჰქონდა და თვალებიც უციმციმებდა. კარგი
აღნაგობის კაცი იყო. როცა არ უნდა გენახა, ხელში სასმელი
ეჭირა, მე „რობერტით“ მომმართავდა. იქ ასევე ნახავდით
მილარდ თომასს, ჰარი ბელაფონტეს გიტარისტს. ჰარი
ამქვეყნად საუკეთესო შემსრულებელი იყო ბალადებისა და ეს
ყველამ კარგად იცოდა. ფანტასტიური ხელოვანი გახლდათ,
მღეროდა სიყვარულსა და მონობაზე – ჯაჭვით გადაბმულ
მუშებზე, წმინდანებზე, ცოდვილებსა და ბავშვებზე. მის
რეპერტუარში ძველი ფოლკის უამრავი სიმღერა იყო,

57
მაგალითად, „Jerry the Mule“, „Tol“, „My Captain“, „Darlin’ Cora“,
„John Henry“, „Sinner’s Prayer“ და კიდევ კარიბული ფოლკიც.
მისი ერთ-ერთი დისკი „Belafonte Sings of the Caribbean“, მილიონ
ეგზემპლარად გაიყიდა. ამას გარდა, ჰარი კინოვარსკვლავიც
გახდა, ოღონდ ელვისივით არა, ჰარი ჯიგარი იყო, არ ჰგავდა
ბრანდოს, ან კიდევ როდ სტაიგერს. ეკრანზე ძლიერი იყო,
ბიჭური ღიმილი ჰქონდა და მაგარი გაბრაზება იცოდა. ფილმში
„Odds Against Tomorrow“ საერთოდ გავიწყდება, რომ ის
მსახიობია, გავიწყდება, რომ ის ჰარი ბელაფონტეა. მას შეეძლო
ერთ დღეს „კარნეგი ჰოლის“ გადაჭედილ დარბაზში დაეკრა,
მეორე დღეს კი მოდის ცენტრში გამართულ კავშირის
შეხვედრაზე, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა,
ხალხი ხალხი იყო. მეოცნებე ადამიანი გახლდათ და შეეძლო
შენთვის თავი კაცობრიობის ნაწილად ეგრძნობინებინა.
თითოეულ ჩვენგანს მოგვმართავდა, მეტალურგი იქნებოდი
თუ ქველმოქმედი, თინეიჯერი გოგო, ან საერთოდ პატარა
ბავშვი. იშვიათი უნარით იყო დაჯილდოებული. ერთხელ
სადღაც უთქვამს, არ მიყვარს ტელევიზიით გამოსვლა, რადგან,
ვფიქრობ, ჩემი მუსიკა პატარა ეკრანზე წარმოსადგენად ძნელი
იქნებაო და ალბათ, მართალი იყო. ყველანაირად დიდებული
გახლდათ. ფოლკის პურისტებს მასთან პრობლემები
ექმნებოდათ, არადა ჰარი ყველას ჩახდიდა, უბრალოდ გულთან
ახლოს არ მიჰქონდა ეს ამბავი. ამბობდა, ყველა ფოლკის
მომღერალი ინტერპრეტატორიაო. ისიც უთქვამს, პოპს ვერ
ვიტანო, მისი აზრით, პოპი მონარჩენი იყო. მე ჰარის
ყველაფერში ვემხრობოდი. ერთხელ, წარსულში, ჰარი კანის
ფერის გამო, ერთ ცნობილ ღამის კლუბში არ შეუშვეს, არც ისე
დიდი ხნის შემდეგ კი ჰარი იმ კლუბის წამყვანი მომღერალი
გახდა. ემოციების აღძვრის უცნაური ძალა ჰქონდა. როგორი
დაუჯერებელიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემი პირველი
პროფესიონალური ჩაწერა ჰარისთან ერთად შედგა,
ჰარმონიკაზე ვუკრავდი მის ერთ-ერთ ალბომში „Midnight
Special“. უცნაურია, მაგრამ ყველაზე დაუვიწყარი ჩაწერა ეს
გამოდგა, ჩემი საკუთარი სესიები ბუნდოვნად მახსოვს.
ბელაფონტესთან ურთიერთობისას ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს მისი მადლი მომეცხო. ჰარიმაც იგივე გააკეთა
ჩემთვის, რაც გორჯას ჯორჯმა. იშვიათი ტიპის ადამიანი იყო
ჰარი, სიდიადეს ასხივებდა და იმედს გიტოვებდა, რომ შენც
რაღაც გადმოგეცემოდა. ნამდვილად პატივისცემას
იმსახურებს. მას ცხოვრებაში იოლი გზა არასოდეს აურჩევია,

58
არადა შეეძლო.
გვიანი იყო და მე და დელორესი უკვე წასვლას ვაპირებდით,
როცა მოულოდნელად ოთახში მაიკ სიგერი დავლანდე.
რატომღაც ადრე არ შემინიშნავს. სიგერის დანახვისთანავე
გამოვფხიზლდი და იმწამსვე განწყობაც გამოკეთდა. ადრე
მოსმენილი მქონდა მისი დაკვრა „ნიუ ლოსთ სითი
რემბლერებთან“ ერთად. არაორდინარული კაცი იყო, უჩვეულო
გრძნობებს გიღვიძებდა. უპრეცედენტო ვინმე იყო, მეორე „დონ
კიხოტი“ ფოლკის მუსიკოსისისთვის, სამაგალითო ტიპი.
შეეძლო დრაკულასთვის მის შავ გულში სარი გაეყარა და ამავე
დროს, რომანტიკოსიც ყოფილიყო, თანასწორობის მომხრეც და
რევოლუციონერიც ერთდროულად – რაინდული სისხლი
ჰქონდა. როგორც მონარქიის რესტავრაციის დროინდელი
ფიგურა, ცდილობდა ეკლესიის განწმენდას. მე ისიც
მომისმენია, როგორ უკრავდა მაიკი ალან ლონაქსის სხვენზე
მე-3 ქუჩაზე, სადაც ლომაქსი თვეში ორჯერ ფოლკის
მომღერლებს უყრიდა თავს და წვეულებას მართავდა ხოლმე.
წვეულებას ან კონცერტსაც ვერ დაარქმევდი, უფრო რაღაც... არ
ვიცი, საღამო? იქ შეგეძლოთ გენახათ როსკო ჰოლკომბი ან
კლარენს ეშლი, ან დოკ ბოგსი, მისისიპი ჯონ ჰარტი, რობერტ
პიტ უილიამსი, ან სულაც დონ სტუვერი და „ლილი ბრაზერსი“.
ხანდახან ლომაქსს გამოსასწორებელი კოლონიიდან
გამოჰყავდა პატიმრები, ნიუ-იორკში მის სხვენზე
მელოდიურად რომ ეკივლათ. მსმენელთა შორის კი იყვნენ
ადგილობრივი ექიმები, ქალაქის წარჩინებული პირები,
ანთროპოლოგები. რაც მთავარია, ყოველთვის
პროფესიონალურად სრულდებოდა ფოლკი.
ერთი-ორჯერ მეც ვყოფილვარ იქ და მინახავს მაიკი
„რემბლერსების“ გარეშე რომ მღეროდა – „The Five Mile Chase“,
„Mighty Mississippi“, „Claude Allen Blues“ და კიდევ სხვა
სიმღერები შეასრულა. ყველა ინსტრუმენტზე შეეძლო დაკვრა,
რომელიც კი დასჭირდებოდა – ბანჯოზე, ვიოლინოზე,
მანდოლინაზე, ციტრაზე და გიტარაზე, ჰარმონიკაზეც კი
უკრავდა. მაიკს სულ დაძაბული, პოკერის მოთამაშესავით
უემოციო გამომეტყველება ჰქონდა, ქათქათა თეთრი პერანგი
ეცვა ხოლმე და ვერცხლისფერი სამკლავეები ეკეთა, ყველა
ჟანრში უკრავდა, იდიომებს ოსტატურად არჩევდა. ახლოს რომ
გავიცანი, თავში გამიელვა, ისე კარგად უკრავს, ამაზე უკეთ
შეუძლებელია ამ სიმღერების შესრულება-მეთქი. ისე გამიტაცა

59
მისი სიმღერის მოსმენამ, რომ ჩემი თავი დამავიწყდა. რაზედაც
მე მუშაობა მჭირდებოდა, ის მაიკს უკვე გენებში ჰქონდა.
მანამდეც ჰქონდა სისხლში, ვიდრე ამქვეყნად გაჩნდებოდა.
ვერვინ შეძლებდა მასავით დაკვრა ესწავლა, და მივხვდი, რომ
მეც აუცილებლად უნდა შემეცვალა შინაგანი ხედვა... უნდა
მერწმუნა ისეთი შესაძლებლობების, რომელთაც ადრე არ
დავუშვებდი. მივხვდი, რომ აქამდე ჩემი შემოქმედებითი
ხედვა ვიწრო იყო და მისი მართვა შეიძლებოდა.
ვიცოდი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, სწორ გზას
ვადექი, ცოდნას პირველწყაროდან ვიძენდი და სწრაფად
ვიმახსოვრებდი სიტყვებს, მელოდიას, გადასვლებს, მაგრამ,
ამავე დროს, იმაშიც ვრწმუნდებოდი, რომ შეძენილი ცოდნის
პრაქტიკულად გამოყენებას მთელ დარჩენილ ცხოვრებას
შევალევდი, მაიკს კი ეს არ სჭირდებოდა. მაიკი იქ იყო, სადაც
უნდა ყოფილიყო. ის მეტისმეტად კარგი იყო, „მეტისმეტად
კარგი“ კი ვერ იქნები, ყოველ შემთხვევაში, ამ სამყაროში.
მასავით კარგი მაშინ შეიძლება ყოფილიყავი, თუ მაიკ სიგერი
გახდებოდი. ფოლკის სიმღერები ორაზროვანია – სიმართლეს
ჰყვებიან ცხოვრებაზე, ცხოვრება კი მეტ-ნაკლებად სიცრუეა,
მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი გვინდა რომ იყოს. სხვა შემთხვევაში,
თავს ხომ ვერ ვიგრძნობთ კომფორტულად. მნიშვნელობა,
რომელიც ფოლკის სიმღერაში დევს, შეიძლება სხვადასხვა
მომენტში განსხვავებული მოგვეჩვენოს. საერთოდ, დიდად
არის დამოკიდებული, იმაზე თუ ვინ მღერის და იმაზეც, თუ
ვინ უსმენს.
მოულოდნელად ასეთი აზრი დამებადა: იქნებ მე თვითონ
დავწერო სიმღერები, ისეთი, მაიკს რომ არ ეცოდინება-მეთქი.
სახიფათო, მაგრამ სტიმულის მომცემი აზრი იყო. მანამდე, აქა-
იქ ნამყოფი და თითქოს რაღაცებში გარკვეული ვიყავი,
მოულოდნელად კი ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს იქ
არასოდეს შევსულვარ. შენ აღებ ბნელი ოთახის კარს,
რომელშიც თითქოს იცი, სად რა აწყვია, მაგრამ ვიდრე არ
შეაბიჯებ შიგნით, დანამდვილებით ვერაფერს დაიჩემებ. ვერ
ვიტყვი, რამე სულიერი გამოცდილების მომნიჭებელ
პერფორმანს დავსწრებოდი მანამდე, სანამ ლომაქსის სხვენზე
მოვხვდებოდი. სიმღერის დაწერაზე ბევრს ვფიქრობდი. ჯერ
მზად არ ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თუ დაკვრის
გაგრძელებას დავაპირებდი, თავი უკეთ უნდა წარმომეჩინა.

60
კამილას წვეულებაზე მაიკი მოე ეშს ესაუბრებოდა. იდგნენ და
ეტყობოდათ, რომ იცოდნენ, რაზე საუბრობდნენ. მოემ თავის
„ფოლკვეის რექორდში“ „რემბლერების“ ყველა დისკი
გამოუშვა და, სხვათა შორის, ჩემს ყურადღებას ყველაზე მეტად
ეს ხმის ჩამწერი სტუდია იპყრობდა. ნამდვილად ოცნების
ასრულებას დავარქმევდი, მოეს ჩემთან რომ დაეჭირა საქმე.
ამასობაში, ჩემი და დელორესის წასვლის დროც დადგა, სისკოს
დავემშვიდობე, ერთი წუთით გამოველაპარაკე და ვუთხარი –
ვუდი გატრისთან საავადმყოფოში დავდივარ ხოლმე-მეთქი.
სისკოს გაეღიმა, მითხრა, ვუდის არასოდეს უცდია რამე
შეენიღბაო და მთხოვა, შემდეგ მისვლაზე მისგან მოკითხვა
გადამეცა. თავი დავუქნიე, დავემშვიდობე, დერეფანში გავედი
და კიბეს ჩავუყევი... გარეთ მისაღებიდან გავედი.
დელორესი და მე ქუჩაში გავჩერდით და მითოლოგიური
ცხოველებით გადატვირთულ რომანულ სვეტებს თვალი
ავაყოლეთ. მაგრად ყინავდა. ხელები ჯიბეში ჩავიწყვე და მე-6
ავენიუსკენ დავაწექით. ქუჩაში დიდი მოძრაობა იყო და ბევრი
ხალხი ირეოდა, ვუყურებდი, როგორ მივლიდნენ გვერდს.
თომას ელიოტს აქვს ერთი ლექსი, თუ როგორ მიდი-მოდის
ხალხი და ის, ვინც შენს საპირისპირო მხარეს ირჩევს, ასე
გგონია, რომ გარბის. იმ ღამითაც ასე მეჩვენებოდა. ნიცშე
წიგნში „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ საუბრობს იმაზე,
როგორ შეიძლება ცხოვრების დასაწყისში თავი მოხუცად
იგრძნო. მეც ეგეთი გრძნობა მქონდა. რამდენიმე კვირის თავზე
ვიღაცამ მითხრა, სისკო გარდაიცვალაო.
ამერიკაში ყველაფერი იცვლებოდა. მე ჩემი ბედის მჯეროდა და
ცვლილებებს მივყვებოდი. ნიუ-იორკი სხვა ქალაქებისგან არ
გამოირჩეოდა. პოლ კლეიტონს და რეის ღამე საუბარი
უყვარდათ. ამბობდნენ, ნიუ-იორკი მსოფლიოს დედაქალაქიაო.
მიუსხდებოდნენ ხოლმე მაგიდას... ან სკამის ზურგით კედელს
ეყუდებოდნენ, ან იდაყვებით მაგიდას ჩამოეყრდნობოდნენ,
სვამდნენ ყავას და ბრენდის. კლეიტონი, ვენ რონკის მეგობარი,
ნიუ ბედფორდიდან იყო, მასაჩუსეტსიდან, ვეშაპების ჭერით
განთქმული ქალაქიდან – ბევრი მეზღვაურების სიმღერა
იცოდა, პურიტანი წინაპრები ჰყოლია, მაგრამ ზოგიერთი მისი
ნათესავი კოლონიური ვირჯინიიდან იყო. კლეიტონს ერთი
პატარა სახლი ჰქონდა შარლოტსვილის გარეუბანში,
დროდადრო ჩადიოდა ხოლმე დასახედად. ერთხელ რამდენიმე
კაცი გავყევით და მთელი კვირა ვიყურყუტეთ მთებში. იმ

61
ადგილებში არც ელექტრობა იყო, არც წყალსადენის სისტემა,
არც არაფერი – ღამე იქაურობას ნავთის ლამპებით
ვანათებდით.
რეი ვირჯინიიდან იყო, მისი წინაპრები სამოქალაქო ომის
წლებში ორივე მხარეს იბრძოდნენ. როცა ლაპარაკობდნენ,
კედელს მივეყუდებოდი ხოლმე და თვალებს ვხუჭავდი,
მეგონა, მათი ხმა სხვა სამყაროდან მოდიოდა. რაზე არ
ლაპარაკობდნენ – ძაღლებზე, თევზაობაზე, ტყის ხანძრებზე,
სიყვარულზე, მონარქიებზე, სამოქალაქო ომზე. რეის თქმით,
ნიუ-იორკმა მოიგო სამოქალაქო ომი და დიდ სიმაღლეზე ავიდა
– მტყუანმა მხარემ წააგო, რადგან მონათმფლობელობა დიდი
ცოდვა იყო და ისედაც, ლინკოლნის გარეშეც, მოისპობოდა.
ვუსმენდი, ამას რომ ამბობდა და გავიფიქრე, უცნაურია და არ
არის კარგი ასე ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ, ის რახან ასე ამბობდა,
ესე იგი ასე იყო.
იმ დღეს ცოტა გვიან გავიღვიძე და აღარავინ იყო სახლში. მეც
დავტოვე იქაურობა, ერთ ჩემ მომღერალ მეგობარს, მარკ
სპოელსტრას უნდა შევხვედროდი. ბლიქერ სთრითზე გვქონდა
დათქმული შეხვედრა ცოტა სახიფათო, მაგრამ პატარა,
მყუდრო ყავის სახლში. ყავის სახლი ვიღაც „ჰოლანდიელისა“
იყო, რასპუტინს ჩამოჰგავდა, ციმბირელ შეშლილ ბერს.
„ჰოლანდიელს“ იჯარით ჰქონდა აღებული ის ადგილი. უფრო
ხშირად ყავის სახლში ჯაზმენები უკრავდნენ, მათ შორის
სესილ ტეილორიც. ერთხელ სესილ ტეილორთან ერთად
დავუკარი. „The Water s Wide“ – ძველი ფოლკი შევასრულეთ.
სესილს რომ ნდომებოდა, შეეძლო რეგულარულად დაეკრა იქ.
სესილის გარდა კიდევ ბილი ჰიგინსთან და დონ ჩერითთან
ერთადაც დამიკრავს იმ ყავის სახლში.
მოკლედ, მარკთან შესახვედრად მივიჩქაროდი, კარმინ
სთრითი უკან მოვიტოვე, მერე გარაჟებს, ქიმწმენდებს,
საპარიკმახეროებს, ტექნიკის მაღაზიებს ჩავუარე. კაფეებიდან
რადიოს ხმა გამოდიოდა. დათოვლილი ქუჩები ნაგვითა და
სევდით იყო სავსე, ბენზინის სუნი იდგა. ყავის სახლები და
ფოლკის ბარები სულ რაღაც რამდენიმე კვარტლის იქით იყო,
მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს გზა აღარასოდეს
გათავდებოდა.
დანიშნულ ადგილზე რომ მივედი, სპოელსტრა უკვე იქ
დამხვდა. „ჰოლანდიელიც“ იქ იყო, ოღონდ მოკლული ეგდო

62
ზღურბლთან. ყინულზე სისხლის წვეთები შევნიშნე, თოვლზე
კი წითელი, ობობას ქსელივით ზოლები იყო. შენობის პატრონი
ელოდებოდა თურმე გარეთ „ჰოლანდიელს“ და დანა გაუყარა.
მოკლულს ჯერ კიდევ ბეწვის ქუდი ეხურა, გრძელი ყავისფერი
პალტო ეცვა, თავი კიბის საფეხურზე ჰქონდა ჩამოდებული.
ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ „ჰოლანდიელი“ უარს ამბობდა
რენტა გადაეხადა, რის გამოც სულ ჩხუბობდნენ. ის მეპატრონე
არაერთხელ გაუგდია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.
კიდევ ბევრი მოუთმინა, ისე, მოხერხებული ყოფილა ეტყობა
ისიც, იმსისქე პალტოში არ იქნებოდა ადვილი დანის გარჭობა.
ვუყურებდი, როგორ იწვა „ჰოლანდიელი“ მიწაზე – გრძელი,
თხელი, ყავისფერი თმა და შეჭაღარავებული წვერი ჰქონდა –
გეტისბერგის ბრძოლაში დაღუპულ დაქირავებულ ჯარისკაცს
ჰგავდა. სახლის წინ რამდენიმე პოლიციელი ირეოდა, ბებერი
მეპატრონე ოთახში იჯდა, კარი ღია იყო, გაუპარსავი,
უცნაურად გამოიყურებოდა, დასახიჩრებული გეგონებოდა,
თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, წარმოდგენა
არ ჰქონდა, სად იყო.
ხალხი მიდი-მოდიოდა, ზოგს გვამისკენ არც გამოუხედავს.
სპოელსტრა და მე გავშორდით იქაურობას და სალივან
სთრითისკენ გავემართეთ. – მაგრად შემეცოდა, სამწუხაროა,
მაგრამ, რა გინდა, რომ ქნა? – ისე თქვა, ჩემგან პასუხს არც
ელოდა. – ხო, ეგრეა. – მაგრამ, მე არ შემცოდებია. მაშინ
მხოლოდ იმას ვფიქროდი, რომ ყველაფერი არასასიამოვნო და
დამთრგუნველი იყო და რომ, ალბათ, იმ ადგილას მეტი
აღარასოდეს მივიდოდი. მგონი, ასეც მოხდა.
ნანახიდან მიღებული ძლიერი შთაბეჭდილება მაინც გონებას
მირევდა – შეიძლება წინა ღამით მოსმენილი საუბარიც
მოქმედებდა, რატომღაც სამოქალაქო ომის სურათები დამიდგა
თვალწინ. განა, რა ბევრი ვიცოდი იმ კატაკლიზმების შესახებ?
დიდი არაფერი. მე სადაც გავიზარდე, იმ ადგილებში
გადამწყვეტი ბრძოლები არ ყოფილა – არც ჩენსელორსვილი,
არც ბულ-რანი, არც ფრედერიკსბერგი და არც ფიჩთრი. თუ რამ
ვიცოდი ამ ომის შესახებ, ის იყო, რომ შტატების უფლებების
მოსაპოვებლად დაიწყო და ამ ომთან ერთად
მონათმფლობელობა დასრულდა. უცნაური მეჩვენებოდა ეს
ყველაფერი და სურვილი მქონდა მეტი გამეგო. ამიტომ ვენ
რონკს გამოვკითხე. ის, როგორც ყველა, პოლიტიკაში
ერკვეოდა. მაინტერესებდა, რა იცოდა შტატების უფლებების

63
შესახებ. ვენ რონკი სიამოვნებით ილაპარაკებდა მთელი დღე
სოციალისტურ სამოთხეზე და პოლიტიკურ უტოპიაზე –
ბურჟუაზიულ დემოკრატიაზე, ტროცკისტებზე, მარქსისტებსა
და მუშების ინტერნაციონალიზმზე – ამ ამბებზე ლაპარაკი
გაიტაცებდა ხოლმე, მაგრამ შტატების უფლებებზე რომ
მიდგებოდა საქმე, ცოტა იბნეოდა. – სამოქალაქო ომი მონების
გასათავისუფლებლად დაიწყო, – ასე ამბობდა, – არაფერი
დიდი საიდუმლოება ამაში არ არის. ერთხელ კიდევ
დავწმუნდი, რომ ვენ რონკი ყველაფერს თავისებურად
ხედავდა.
კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება რონკისა ის იყო, რომ
არასოდეს თავს არ მოგაბეზრებდა და არაფერს არ
აბუნდოვნებდა. ჩვენ ერთნაირ სიმღერებს ვმღეროდით და
საერთოდ, ასეთი ტიპის სიმღერებს ის მუსიკოსები
ასრულებდნენ, ვინც ბრმად ეძებდნენ სიმღერისთვის
ტექსტებს. ნელ-ნელა ისეთი აზრი მიჩნდებოდა, რომ ენა
რაღაცით უკავშირდება ყველა იმ მიზანსა და იდეალს,
რომელიც შესისხლხორცებულია ასი წლის წინ მომხდარ
ამბებთან, და სრულიად მოულოდნელად, მომეჩვენა, რომ ეს
ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა.
ერთხელ, ჩემებს ველაპარაკებოდი ტელეფონით და მამაჩემი
ჩაერთო, მკითხა, სად ხარო. ნიუ-იორკში ვარ, მსოფლიოს
დედაქალაქში-მეთქი, ვუთხარი. კარგი ხუმრობააო, მამამ
მიპასუხა. მაგრამ მე არ ვხუმრობდი. ნიუ-იორკი მაგნიტი იყო,
მიზიდულობის ძალა ჰქონდა, ოღონდ მაგნიტს თუ
მოაცილებდი, ყველაფერი ერთბაშად ცალ-ცალკე დაიყრებოდა.
რეი თავის ქერა, ტალღოვან თმას ჯერი ლი ლუისივით და
ევანგელისტი ბილი გრეჰემივით ატარებდა – აი, ისე,
მქადაგებლებს რომ ჰქონდათ ხოლმე და ადრეული როკ-ენ-
როლის მომღერლები რომ ბაძავდნენ, იმ სტილში, კულტი რომ
შეიძლება შექმნა. ოღონდ, რეი არ ქადაგებდა, არადა რამე რომ
ყოფილიყო, შეძლებდა და ალბათ, ძალიან სასაცილოც
იქნებოდა. უთქვამს კიდეც, ფერმერებისთვის ქადაგების
წაკითხვა რომ შემეძლოს, ვეტყოდი, მიწა სიყვარულის
მარცვლებით გაეფხვიერებინათ და მერე სულიერ შვებას
მოიმკიდნენ. ბიზნესმენებისთვისაც შეძლებდა ექადაგა, ალბათ
ასე ეტყოდათ – დებო და ძმებო, თუ შესცოდებთ, თქვენი
საქმიანობა არ იქნება მომგებიანი. მარადიულ ცხოვრებას ვერც

64
იყიდი და ვერც გაყიდი. ყველასთვის ჰქონდა სათქმელი. რეი
სამხრეთელი იყო და პირფერობა არ სჩვეოდა, ისევე შეეძლო
ყოფილიყო მონობის წინააღმდეგი, როგორც კავშირისა. –
მონათმფლობელობა თავშივე უნდა აეკრძალათ, – ამბობდა
რეი, – უკიდურესი სისასტიკე იყო. მუშა ვერ შეძლებდა,
კეთილსინდისიერად ეცხოვრა. უნდა მოსპობილიყო. რეი
პრაგმატული კაცი იყო, ხანდახან ვფიქრობდი, უგულოა, ან არც
სული არ გააჩნია-მეთქი.
ბინაში ხუთი თუ ექვსი ოთახი იყო. ერთ-ერთ ოთახში
შესანიშნავი საწერი მაგიდა იდგა, გადმოსაწევი თავსახურით,
ისეთი მაგარი ჩანდა, ასი წელი გაძლებდა – მუხის იყო,
საიდუმლო უჯრებით, თაროზე საათით, რომელსაც ორი მხარე
ჰქონდა და მინერვას მედალიონით – საიდუმლო უჯრები
მექანიკური მოწყობილობით იღებოდა, გვერდებზე
მოოქროვილ ბრინჯაოს ორნამენტებზე მათემატიკური და
ასტრონომიული სიმბოლოები გამოესახათ. ნამდვილი
საოცრება იყო. აი, ამ მაგიდას მივუჯექი, ავიღე ფურცელი და
ბიძაშვილ რინის, ერთი ხელის მოსმით, წერილი მივწერე. მე და
რინი ერთად გავიზარდეთ – საერთო ველოსიპედი გვყავდა.
ხანდახან, როცა სადმე ვუკრავდი, ისიც მომყვებოდა. პერანგი
მომიქარგა, რომელსაც გამოსვლების დროს ვიცვამდი ხოლმე,
ძალიან მყვირალა გამოვიდა ის პერანგი. კიდევ შარვლის
ტოტებზე ზოლებად ლენტები მიმიკერა.
ერთხელ რინი დაინტერესდა, რატომ ვირქმევდი ხოლმე სხვა
სახელს, განსაკუთრებით კი როცა ახლომახლო ქალაქებში
გამოვდიოდი. ვითომ, არ მინდოდა ხალხს სცოდნოდა, ვინ
ვიყავი სანამდვილეში? – ვინ არის ელსტონ განი? –
მეკითხებოდა, – შენ არ ხარ, ხომ ასეა? – აა, – მე კი ვეუბნებოდი,
–ოდესმე გაიგებ. სახელი „ელსტონ განი“ მხოლოდ და მხოლოდ
დროებითი გამოდგა. როგორც კი შინიდან წავიდოდი,
ვაპირებდი, რობერტ ალენი გავმხდარიყავი. ჩვენში რომ
ვთქვათ, მშობლებმა ასეც დამარქვეს. შოტლანდიელი მეფის
სახელივით ჟღერდა და მომწონდა. რაღაც ჩემი იდენტობის
ნასახიც ერია ამ სახელში. მოგვიანებით, ჟურნალ „დაუნბითში“
ერთი სტატია წავიკითხე დასავლეთ სანაპიროს
საქსაფონისტზე, დევიდ ალინზე და ცოტა ავფორიაქდი. ჩემი
აზრით, მუსიკოსმა ალენი ალინად გადააკეთა და მე
მშვენივრად ვხვდებოდი რატომაც. ასე უფრო ეგზოტიკურად
და უფრო ამოუცნობად ჟღერდა. გადავწყვიტე, მეც ასე

65
მოვქცეულიყავი. რობერტ ალენის ნაცვლად, რობერტ ალინი
გავხდებოდი. მერე, რაღაც დროის შემდეგ, შემთხვევით
ჩამივარდა ხელში დილან თომასის ლექსები. დილანი და ალინი
თითქმის ერთნაირად გამოითქმოდა. რობერტ დილან, რობერტ
ალინ. ვერ გადამეწყვიტა – ასო „დ“-ს მეტი სიძლიერე ჰქონდა,
მაგრამ ჟღერადობით რობერტ ალინი უფრო მომწონდა.
ნაცნობებიდან ზოგი რობერტს მეძახდა, ზოგი ბობის, მაგრამ
ბობი დილანი რაღაც ძალიან არასერიოზული ჩანდა, თანაც
უკვე იყვნენ ბობი დარინი, ბობი ვი, ბობი რაიდელი, ბობი ნილი
და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ბობი. სამაგიეროდ, ბობ
დილანი უკეთ ჟღერდა ვიდრე ბობ ალინი. პირველად ვინაობა
რომ მკითხეს, თვინ სითიში ვიყავი და დაუფიქრებლად, ლამის
ინსტინქტურად ვუპასუხე – ბობ დილანი.
ახლა უნდა შევჩვეულიყავი, რომ ბობს დამიძახებდნენ. ადრე,
ბობით არასოდეს მოუმართავთ და რაღაც პერიოდი დამჭირდა,
დროულად რომ გამოვპასუხებოდი. რაც შეეხება, ბობი
ციმერმანს, რაღაცას მოგიყვებით და შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
ბობი ციმერმანი სან ბერნანდინოს „ანგელოზების“ ერთ-ერთი
პირველი პრეზიდენტი იყო. ის 1964 წელს დაიღუპა ბას
ლეიქთან, როცა მოტოციკლს მაყუჩი მოსძვრა და ბობი 180
გრადუსით შემოტრიალდა მის ასაღებად, უკან მომავალ
მოტოციკლისტებს შეეჯახა და ადგილზე განუტევა სული. ის
კაცი წავიდა. იყო და არა იყო რა.
რინის წერილი დავამთავრე და ბოლოს „ბობი“ მივაწერე. რინი
ასე მიცნობდა და მისთვის ყოველთვის ასე დავრჩებოდი.
მართლწერა მნიშვნელოვანი რამ არის. არჩევანის გაკეთება თუ
მომიწევდა რობერტ დილანს და რობერტ ალინს შორის,
რობერტ ალინს ავირჩევდი იმიტომ, რომ დაბეჭდილი უფრო
ლამაზად გამოიყურება. ბობ ალინი არ ივარგებდა – რაღაც
ნახმარი მანქანებით მოვაჭრის სახელივით ჟღერდა. მე მგონი,
დილანიც ერთ დროს დილონი იქნებოდა და თავად გადააკეთა,
ოღონდ ამას ვერაფრით ვერ დავამტკიცებ.
ბობებს მოვაყოლებ და ჩარტებში, ჩემი ძველი მეგობრის, ბობი
ვის ახალი სიმღერა იყო „Take God Care of My Baby“. ბობი ვი
ფარგოდან იყო, ჩრდილოეთ დაკოტადან, ჩემს მეზობლად
იზრდებოდა. ‘59 წლის ზაფხულში წარმატებული დისკი
გამოუშვა, თავისი ბენდი ჰყავდა –„შედოუსი“. ავტო სტოპით
ჩავედი მასთან, მინდოდა დავლაპარაკებოდი, რომ

66
ადგილობრივი გამოსვლების დროს, ერთი ეკლესიის სარდაფში
რომ ატარებდნენ ხოლმე, ჯგუფში ავეყვანე, როგორც პიანისტი.
რამდენჯერმე დავუკარი კიდეც მაგრამ სიმართლე რომ ითქვას,
პიანისტი ნამდვილად არ სჭირდებოდა, არც აწყობილი
ფორტეპიანოს შოვნა იყო ადვილი.
მართალია, მოგვიანებით ჩვენი გზები გაიყარა, ბობი ვის და მე
ბევრი გვქონდა საერთო – მუსიკალური ისტორია, დაბადების
დრო და ადგილი. მის ხმაში გაღიზიანებული ტონი ისმოდა,
ვერცხლის ზარივით მუსიკალური, ბადი ჰოლის მსგავსი,
ოღონდ უფრო სიღრმიდან მოდიოდა. მე როცა ვიცნობდი,
ქანთრი-როკის დიდი მომღერალი იყო, ახლა კი შეხედულებები
შეეცვალა და პოპ ვარკვლავი გამხდარიყო. „ლიბერთი
რექორდში“ წერდა და საუკეთესო 40 ჰიტში მისი სიმღერა
ყოველთვის ერია. მას შემდეგაც კი, რაც „ბითლზმა“ დაიპყრო
ქვეყანა, ჩარტებში მისი სიმღერები იყო. ახლანდელი სიმღერაც
„Take Good Care of My Baby“, როგორ ყოველთვის, შთამბეჭდავი
იყო, მაგრამ ორიგინალურს ვერ დარქმევდი.
მომინდა, ერთხელ კიდევ შევხვედროდი. ამიტომ ავდექი და
მეტროთი ბრუკლინში პარამაუნტ თეატრს გავეშურე, სადაც ის
ქალების ჯგუფ „შირელსებთან“, დენისთან და
„ჯუნიორებთან“, ჯეკი უილსონთან, ბენ ი. კინგთან, მაქსიმ
ბროუნთან და კიდევ ვიღაცებთან ერთად გამოდიოდა. ახლა
მწვერვალზე იყო. ბევრი რამ გადახდენოდა, თანაც ასეთ მოკლე
დროში. ბობი პრაქტიკული კაცი იყო და გამოვიდა ჩემს
სანახავად. აბრეშუმის კაშკაშა კოსტიუმი ეცვა, ვიწრო
ჰალსტუხი ეკეთა, ეტყობოდა, რომ ჩემი ნახვა გულწრფელად
გაუხარდა და თავს არ მაჩვენებდა, თითქოს გაუკვირდა. ცოტა
ხანს ვისაუბრეთ. ნიუ-იორკის ამბები აინტერესებდა. – ბევრი
სიარული გიწევს. ფეხებს უნდა გაუფრთხილდე, – დავარიგე.
მერე ვუთხარი, ფოლკ კლუბებში გამოვდივარ-მეთქი, მაგრამ
ალბათ გამიჭირდებოდა ზუსტი შთაბეჭდილება შემექმნა,
მისთვის ავტორიტეტები იყვნენ „კინგსტონ ტრიო“, „ბრაზერს
ფორი“ და ამგვარი ტიპები. ბობი პოპ სამყაროში მსმენელის
გულის მოგებაზე თამაშობდა. მე პირადად, არაფერი მაქვს
საწინააღმდეგო პოპ მუსიკის, უბრალოდ, პოპის განსაზღვრება
იცვლებოდა და ადრინდელივითაც აღარ მომწონდა. არადა,
მიყვარდა ის სიმღერები – „Without a Song“, „Old Man River“,
„Stardust“ და კიდევ უამრავი სხვა. ახლებში ყველაზე მეტად
„Moon River“ მომწონდა, ეს სიმღერა შემეძლო ძილში მემღერა.

67
რეის სახლში ბევრი ფოლკის ჩანაწერი არ ჰქონდა. ფრენკ
სინატრას „Ebb Tide“-ს ვუსმენდი ხშირად და ყოველ ჯერზე
მოწიწების გრძნობა მიჩნდებოდა ხოლმე. სიმღერის ტექსტიც
ისეთი საიდუმლოებით მოცული და შთამბეჭდავი იყო. როცა
ფრენკი მღეროდა ამ სიმღერას, მის ხმაში ყველაფერი ისმოდა –
სიკვდილი, ღმერთი, სამყარო, ყველაფერი. ისე, მე ბევრი სხვა
საქმე მქონდა და სიმღერების მოსმენას დიდ დროს ვერ
დავუთმობდი.
ბობის ვესაუბრებოდი, თან არ მინდოდა მისთვის დრო
წამერთმია, ამიტომ მალევე დავემშვიდობე და ერთ-ერთი
გვერდითა კარიდან თეატრის შენობა დავტოვე. გარეთ,
სიცივეში ბობის გოგოების ჯგუფი ელოდებოდა. მოკლეზე
მოვჭერი გზა, გოგოებს შორის გავიარე და ისევ მეტროს
სადგურისკენ ავიღე გეზი. იმ დღიდან, ბობი ვის მხოლოდ
ოცდაათი წლის შემდეგ ვნახავ, და მართალია, ბევრი რამ
შეიცვლება, მე მას ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც ჩემს
ძმას. თუკი სადმე მის სახელს დავინახავდი, მეგონა, რომ ისიც
ჩემ გვერდით იყო.
გრინვიჩ ვილიჯი სავსე იყო ფოლკ კლუბებით, ბარებით, ყავის
სახლებითა და ჩვენისთანა ხალხით, ვინც ძველ ფოლკს,
ბლუზებსა და საცეკვაო მელოდიებს უკრავდა. საკუთარ
სიმღერებს ცოტა წერდა, მაგალითად თომ დიქსტონი და ლენ
ჩენდლერი. ისინი ძველ მელოდიებს იყენებდნენ და იმ ახალ
სიტყვებს არგებდნენ, რაც მიღებული იყო. ორივე, ლენი და
თომი, აქტუალურ თემებზე წერდნენ სიმღერებს – იღებდნენ
სტატიებს გაზეთებიდან, სასაცილო, უჩვეულო ამბებს – ვიღაც
მონაზონი რომ გათხოვდა, მასწავლებელი ბრუკლინის
ხიდიდან გადახტა, ტურისტებმა ბენზინგასამართი სადგური
გაქურდეს, ბროდვეის მზეთუნახავი ცემეს და თოვლში
დაგდებული დატოვეს, და ასეთი რამეები. ერთი-ორი ასეთი
სიმღერა მეც შევაპარე რეპერტუარში, მაგრამ, მგონი, არ ღირდა.
არადა, არაერთ საჭირბოროტო თემაზე დაწერილ სიმღერას
ვმღეროდი. ნამდვილ ამბებზე შექმნილი სიმღერა, ყოველთვის
საჭირბოროტო თემაზეა. ყოველთვის შეგიძლია რაღაც
განსაკუთრებული მოსაზრება იპოვო ასეთ სიმღერაში და
მიიღო ისეთი, როგორიც არის. მწერალს არ სჭირდება
მეტისმეტად ზუსტი იყოს, შენ ისედაც ყველაფერს დაუჯერებ.
ბილი გეშედს, რომელმაც ჯეს ჯეიმზის ბალადა დაწერა, სურს

68
დაგაჯეროს, რომ ჯესი მდიდრებს ძარცვავდა და მიტაცებულს
ღარიბებს აძლევდა და რომ ის „მშიშარა ბინძურმა ლაწირაკმა“
მოკლა. სიმღერაში ჯესი ბანკებს ძარცვავს და ფულს ღატაკებს
აძლევს, ბოლოს კი მეგობარი უღალატებს. სინამდვილეში,
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჯეს ჯეიმზი
სისხლსმოწყურებული მკვლელი იყო და არაფერი საერთო არ
ჰქონდა რობინ ჰუდთან, როგორც ეს სიმღერაშია. სამაგიეროდ,
ბილი გეშედს საბოლოო სიტყვა ეკუთვნოდა და ეს ამბავი,
როგორც უნდოდა, ისე მოატრიალა.
ამ საჭირბოროტო თემებზე დაწერილ სიმღერებს საპროტესტოს
ვერ დაარქმევდი. ტერმინი „საპროტესტო სიმღერა“ აღარ
არსებობდა. მოგვიანებით, ვცდილობდი ხალხისთვის ამეხსნა,
რომ არასოდეს ვმღერი საპროტესტო სიმღერებს. არა მგონია,
ვუდი გატრისა არ იყოს, საერთოდ თუ რამეს ვაპროტესტებდი.
არასოდეს მივიჩნევდი ვუდის მეამბოხე მომღერლად. რასაც იმ
პერიოდში რეგულარულად ვუსმენდი, საპროტესტო
სიმღერები იყო. ეს სიმღერები ნამდვილად მაღელვებდა და
ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. „კლენსი ბრაზერსი“ –
თომი, პადი და ლიამი – და მათი მეგობარი თომი მაიკემი სულ
ასეთ სიმღერებს მღეროდნენ.
ლიამთან ვმეგობრობდი, როცა საქმეს მოვრჩებოდით, ჰადსონ
სთრითზე ტავერნა „თეთრ ცხენში“, ირლანდიურ ბარში,
დავდიოდით. იქ მთელი ღამე საქეიფო სიმღერებს, ქანთრის
ბალადებსა და ამგდებ მეამბოხე სიმღერებს მღეროდნენ და
ლამის ჭერს ხდიდნენ ხოლმე. მეამბოხე სიმღერა სერიოზული
რამე იყო, ენა – ვულგარული და პროვოკაციული. ასეთ
სიმღერებს ყოველთვის ჯიგრიანად ასრულებდნენ, თვალები
მხიარულად უციმციმებდათ და ასეც უნდა ყოფილიყო.
მიყვარდა მათი მოსმენა და დიდი ხნის შემდეგაც თავში
მიტრიალებდა ხოლმე. მათ ვერ დაარქმევდი საპროტესტო
სიმღერებს, ეს მეამბოხე ბალადები იყო. ამასობაში, უკვე
ვიწყებდი იმაზე ფიქრს, რომ შეიძლება შევცვლილიყავი.
ლურსმნული დამწერლობა უნდა მეპოვნა, ან ძველი გრაალი,
რათა გზა გაენათებინა ჩემთვის. ვიცოდი, როგორი სიმღერების
წერა მინდოდა, ოღონდ ჯერ ვერ წარმომედგინა, როგორ
მოვახერხებდი ამას.
ყველაფერს ჩქარა ვაკეთებდი. ჩქარა ვფიქრობდი, ჩქარა ვჭამდი,
ჩქარა ვლაპარაკობდი და ჩქარა დავდიოდი. ჩემს სიმღერებსაც

69
კი ჩქარა ვმღეროდი. თუ კომპოზიტორობას ვაპირებდი და რამე
მქონდა სათქმელი, პირველ ყოვლისა, როგორმე გონება უნდა
დამემშვიდებინა.
სიტყვით ვერ გადმოვცემ, რას ვეძებდი, მაგრამ, მისი ძებნა ნიუ-
იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე, მარმარილოს
იატაკიან და კედლებიან გრანდიოზულ შენობაში, სადაც
შესვლისთანავე იგრძნობ, როგორ ასხივებს დიდებას და
ტრიუმფს. ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში, ზედა
სართულზე, 1855 წლიდან 1865 წლამდე მომხდარი ამბების
შესახებ დავიწყე სტატიების კითხვა. ისეთი გრძნობა
ნამდვილად არ გრჩებოდა, თითქოს სხვა სამყაროზე
კითხულობდი, მაგრამ იმავე სამყაროში ყველაფერი უფრო
აქტუალური იყო და არც მონათმფლობელობა ჩანდა
ერთადერთი პრობლემა. იყო სტატიები რეფორმებზე,
აზარტული თამაშების ამკრძალავ ლიგებზე, სისხლის
სამართლის დანაშაულის ზრდაზე, ბავშვების მუშახელად
გამოყენებაზე, სპირტიანი სასმელისგან თავის შეკავებაზე,
ქარხნებზე, სადაც მონები მუშაობდნენ, ერთგულების ფიცსა
და რელიგიურ აღორძინებაზე. ისეთი გრძნობა გქონდა, რომ
გაზეთი ხელში აგიფეთქდებოდა, მეხი დაგეცემოდა და
ყველაფერი განადგურდებოდა. ყველა ერთსა და იმავე ღმერთს
ახსენებდა, ერთი და იმავე ბიბლიიდან თუ ლიტერატურიდან
მოჰყავდა ციტატები. ჩრდილოეთის ქალაქებში უკმაყოფილება
ძლიერდებოდა, ვალები იზრდებოდა და ისეთი პირი უჩანდა,
რომ ეს ქალაქები უმართავი გახდებოდა. არისტოკრატები ისე
უვლიდნენ თავიანთ პლანტაციებს, როგორც ქალაქ-
სახელმწიფოებს, რომის რესპუბლიკისა არ იყოს, სადაც
ელიტის გარკვეული ჯგუფი, ყველა დანარჩენის
საკეთილდღეოდ, იღებდა თავზე მმართველობას. მათ
ჰქონდათ ხე-ტყის სახერხი ქარხნები, წისქვილები, სპირტის
სახდელი ქარხნები, მაღაზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ქრისტიანული ღვთისმოსაობა და იდუმალი ფილოსოფიები
თავდაყირა დადგა. იყვნენ ასევე მგზნებარე ორატორებიც.
იყვნენ უილიამ ლოიდ გარისონივით, რომელიც მონობის
გაუქმების მომხრე გახლდათ ბოსტონიდან და მას საკუთარი
გაზეთი ჰქონდა. მემფისში და ნიუ ორლეანში დიდი
არეულობები იყო. ბუნტი დაიწყო ნიუ-იორკშიც და
მეტროპოლიტენის ოპერის წინ ორასი კაცი მოკლეს. ეს
ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ ამერიკელი მსახიობის

70
ადგილი ინგლისელმა დაიკავა. თუ სამხრეთის შტატებს
დართავენ ნებას ქვეყანა მართონ, მაშინ ჩრდილოეთის
ქარხნები იძულებული გახდებიან მონები უფასო მუშახელად
გამოიყენონ. ესეც, რა თქმა უნდა, იწვევდა არეულობას.
ლინკოლნი მხოლოდ გვიან 1850-იანებში გამოჩნდება.
ჩრდილოეთის პრესაში ის გამოყვანილია, როგორც ბაბუინი, ან
კიდევ ჟირაფი და მასზე უამრავი კარიკატურაა შექმნილი.
სერიოზულად არავინ აღიქვამს. თითქმის შეუძლებელია
წარმოიდგინო, რომ იმხელა ფიგურა გახდება, როგორიც
დღევანდელ დღესაა. გაკვირვებული რჩები, რომ გეოგრაფიითა
და რელიგიური იდეალებით გაერთიანებული ადამიანები
შესაძლოა ასეთი დაუძინებელი მტრები გახდნენ. ეს
ყველაფერი ერთი გრძელი საპანაშვიდე სიმღერაა. მთელი ეს
რიტორიკა რაინდობასა და ღირსებაზე მერე დაემატა. თუნდაც
სამხრეთელი ქალების ამბავი ავიღოთ. სირცხვილია, რაც იმ
ქალებს დაემართათ. მათი უმეტესობა, ბავშვებთან ერთად,
მიატოვეს და გაწირეს შიმშილით დასახოცად. ტანჯვას ბოლო
არა აქვს და დასასჯელიც ყოველთვის დაისჯება. ყველაფერი
არარეალისტური, გრანდიოზული და ფარისევლურია
ერთდროულად. მაშინ დროც სხვაგვარად აღიქმებოდა.
სამხრეთელები ცხოვრებას მზის ამოსვლას, შუადღეს, მზის
ჩასვლას, ზაფხულსა და გაზაფხულს უკავშირებენ.
ჩრდილოეთში ადამიანები საათის მიხედვით ცხოვრობენ –
ქარხნის საათის, სასტვენისა და ზარის. ჩრდილოელებმა არსად
არ უნდა დაიგვიანონ. რაღაც გაგებით, სამოქალაქო ომი
შეიძლება ორ სხვადასხვა დროს შორის ბრძოლა იყო. ფორტ
სამტერში პირველი გასროლის მიზეზი შეიძლება მონობის
გაუქმება არ ყოფილა. ამას თუ გაიფიქრებ, შიშისგან
გაგაჟრჟოლებს. ის დრო რომ გავიხსენოთ – ამერიკა ჯვარს
აცვეს, მოკვდა და მერე მკვდრეთით აღდგა, რაც სრულებით არ
არის არაბუნებრივი. ეს სამწუხარო სიმართლე ყოველთვის
იქნება, რაც არ უნდა დავწერო.
ამ ამბებით, რამდენის დატევასაც შევძლებდი, გონება
ამოვივსე, მოყუჩებულ ადგილას გადავინახე და დროებით
მივივიწყე. მოგვიანებით, შესაძლოა, საბარგოთი მიმეკითხა.
***
ვილიჯში, ერთი შეხედვით, ცუდი არაფერი ხდებოდა. იქ
ცხოვრება არ იყო რთული. ყველა თითქოს ხელსაყრელ

71
შემთხვევას ელოდა, რომ თავი გამოეჩინა, ზოგს უმართლებდა
და მერე მათ ვეღარ ნახავდი, ზოგს – არა. ჩემი გამართლების
დრო ახლოვდებოდა, ოღონდ არც ისე ძალიან ჩქარობდა.
ლენ ჩენდლერი ოჰაიოდან იყო, კლასიკური მუსიკალური
განათლება ჰქონდა, ისიც „Gaslight“-ში გამოდიოდა ხოლმე და
იქ დავმეგობრდით. გამოსვლებს შორის ხან ბანქოს ოთახში
ვყურყუტებდით, ხანაც რესტორან „Metro diner“-ში. ლენი
განათლებული, სერიოზული კაცი იყო, ცოლთან ერთად
მუშაობდა ქალაქის ცენტრში, უნდოდათ სკოლა გაეხსნათ
ბავშვებისთვის, ვისაც სწავლის საშუალება არ ჰქონდა. ლენი
საჭირბოროტო თემებზე წერდა სიმღერებს, მისი შთაგონების
წყარო გაზეთები იყო. უფრო ხშირად ძველი მელოდიისთვის
ახალ სიტყვებს იგონებდა, მაგრამ ხანდახან საკუთარ
მელოდიასაც წერდა ხოლმე.
მისი ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სიმღერა კოლორადოელ,
სკოლის ავტობუსის დაუდევარ მძღოლზე იყო, რომელმაც
შემთხვევით ბავშვებით სავსე ავტობუსი კლდიდან გადაჩეხა.
ორიგინალური მელოდია ჰქონდა ამ სიმღერას და რადგან
მელოდია მომწონდა, ჩემი სიტყვები მოვუფიქრე მას. მგონი,
ლენს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო. ყავას ვსვამდით ხოლმე
და თან დახლზე დატოვებულ ახალ გაზეთებს
ვათვალიერებდით, გვაინტერესებდა, სიმღერისთვის
გამოსადეგი მასალა ხომ არ იყო. მაგრამ ნიუ-იორკის საჯარო
ბიბლიოთეკაში ნანახი გაზეთების მერე, ისინი ბანალური და
არაფრისმთქმელი ჩანდა.
ახალ ამბებში სულ საფრანგეთს ახსენებდნენ, საჰარის
უდაბნოში ატომური ბომბი აეფეთქებინათ. საფრანგეთი სულ
ახალი გამოძევებული ჰყავდა ხო ში მინს ჩრდილოეთ
ვიეტნამიდან, კოლონიური მმართველობის ასი წლისთავზე.
ფრანგებმა თავი მოაბეზრეს. ვიეტნამის დედაქალაქი, ჰანოი
უნდოდათ „აღმოსავლეთის ბორდელებით მოფენილ პარიზად“
გადაექციათ. ხო ში მინმა ფრანგები გაყარა და ახლა
ბულგარელებისა და ჩეხების მხარდაჭერას ელოდა. ფრანგები
წლების განმავლობაში ძარცვავდნენ ქვეყანას. პრესის ცნობით,
ჰანოი ბინძური და მოსაწყენი ადგილი იყო, სადაც ხალხს
ჩინური უფორმო ქურთუკები ეცვათ და ქალს და კაცს
ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი – ყველა ველოსიპედით
დადიოდა და საჯაროდ, დღეში სამჯერ ყველა აერობიკას

72
ასრულებდა. გაზეთებს თუ დავუჯერებდით, ძალიან უცნაური
ქალაქი იყო. ვიეტნამელები ცოტა უნდა მოწესრიგებულიყვნენ,
თორემ საჭირო გახდებოდა იქ ამერიკელების გაგზავნა.
როგორც არ უნდა იყოს, ფრანგებმა ატომურ ხანაში შეაღწიეს,
რასაც ბომბების აკრძალვის მოთხოვნები მოჰყვა. მაგრამ იმ
ადამიანებსაც, ვინც ბომბების აკრძალვის მოთხოვნით
გამოდიოდნენ, სახელს უტეხდნენ. პატივცემული
ფსიქიატრები ამბობდნენ, რომ ისინი, ვინც ატომური
გამოცდების წინააღმდეგ გამოდის, საშინელი სამსჯავროს
მიწიერი ტიპები არიანო – და თუ ატომური ბომბები
აიკრძალება, ამ ადამიანებს განწირულობის კომფორტული
შეგრძნება წაერთმებათო. ლენს და მე ამ ამბების არ გვჯეროდა.
ბევრი სტატია იყო კიდეც იმჟამინდელ ფობიებზე, ყველას
უცნაური ბერძნული სახელი ერქვა, ანუ ყვავილების შიში,
სიბნელის შიში, სიმაღლის, ხიდზე გადასვლის შიში, გველების,
დაბერების, ღრუბლების. ნებისმიერი რამე შიშს აღძრავდა. მე
პირადად ძალიან მეშინოდა, გიტარა არ ამშლოდა.
ლენის და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იდიოტობა იყო. რეალობა
არც ისე მარტივი ჩანდა და ყველას თავისი მსოფლმხედველობა
ჰქონდა. ჟან ჟენეს პიესაში „აივანი“ რომელიც ვილიჯში
დაიდგა, სამყარო ერთ უზარმაზარ ბორდელად არის
წარმოდგენილი, სადაც ქაოსი ბატონობს და სადაც ადამიანი
მარტოა დარჩენილი, მიტოვებულია უსარგებლო კოსმოსში.
პიესას ყურადღების მიზიდვის აშკარა ძალა ჰქონდა.
შეიძლებოდა ასი წლის წინაც დაწერილიყო, იმ პერიოდში,
რომელზედაც ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი. ჩემი
სიმღერებიც, რომელთა დაწერასაც ვაპირებდი, ალბათ ასეთი
იქნებოდა. თანამედროვე იდეებს ვერ შეითანხმებდა. ოღონდ
ჯერ არ მქონდა დაწყებული სიმღერების წერა, ლენს კი უკვე
დაეწყო და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა,
აბსურდული ეგონა. ჟაკი კენედის ფოტოებიც კი, როცა ის
სასტუმრო „კარლაილის“ მბრუნავ კარებში შედის, ახალნაყიდი
ტანსაცმლის პარკებით ხელში, ამაღელვებელი იყო.
ბალტიმორში, კუბის რევოლუციური საბჭოს შეხვედრა
ტარდებოდა. კუბის მთავრობა განდევნილი იყო. ცოტა ხნის
წინ ჩატარებულ კონფერენციაზე თქვეს, რომ ბაზუკები,
ქვემეხები და ამფეთქებელი ექსპერტები სჭირდებოდათ, რაც
ძვირი უჯდებოდათ. თუ საკმარისი შემოწირულობა იქნებოდა,
კუბას დაიბრუნებდნენ, პატრიციების მიწას, სადაც

73
პლანტაციებია, შაქრის ლერწამი, ბრინჯი, თამბაქო. რომის
რესპუბლიკა. სპორტულ გვერდზე ეწერა, რომ ნიუ-იორკის
„რეინჯერებმა“ ჩიკაგოს „შავი შევარდნები“ დაამარცხეს. ჩვენი
მაღალი ვიცე პრეზიდენტი, ლინდონ ჯონსონი მაგარი ვინმე
იყო. ჭკუიდან გადავიდა, ისე გაბრაზებულა ამერიკის
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურზე – ასე უთხრა,
შეწყვიტეთ ჩემი დევნა, სულ კუდში ნუ დამყვებითო.
ჯონსონს შეუძლია პიჯაკის საყელოში გწვდეს და თავში ხელი
წაგავლოს, რომ მოგახვედროს, რისი თქმა უნდა. თექს რიტერს
მაგონებდა – უბრალო და პრაქტიკულად მოაზროვნე.
მოგვიანებით, როცა პრეზიდენტი გახდა და ამერიკელ ხალხს
მიმართავდა ხოლმე, ერთ ფრაზას იყენებდა – „ჩვენ
გავიმარჯვებთ!“ რაც სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის
ჰიმნი იყო. ეს იყო ჩაგრულთა გამაერთიანებელი შეძახილი
მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ ჯონსონმა ეს იდეა კი არ
განაზოგადა, არამედ როგორც უნდოდა, ისე მოირგო. არც ისეთი
უბრალო და მიამიტი გახლდათ სინამდვილეში. კიდევ ერთი
იმდროინდელი გავრცელებული მითი ის იყო, რომ ყველას
ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მათ შორის, მთვარეზე
გაფრენაც. რასაც გინდა, იმას გააკეთებდი – და რასაც გინდა,
დაწერდი და რეკლამას გაუკეთებდი, არაფერი არ
შეგზღუდავდა, ყველაფრის იგნორირება შეიძლებოდა. თუ
თქვენ მერყევი ადამიანი იყავით, შეგეძლოთ გამხდარიყავით
ლიდერი და ტრადიციული გერმანული ზამშის შორტები
გცმოდათ. დიასახლისი თუ იყავით, თავისუფლად შეგეძლოთ
ნაშა გამხდარიყავი, ბრჭყვიალათვლებიანი სათვალე
გკეთებოდა. გონებრივად ჩამორჩენილი ხართ? ეგ არაფერი –
დიდი შანსი გაქვთ, გენიოსი გახდეთ. თუ ბებერი ხართ,
გაგაახალგაზრდავებენ. მოკლედ, შეუძლებელი არაფერია. ეს
ყველაფერი ლამის საკუთარ თავთან ომის გამოცხადებას
ნიშნავდა. ხელოვნების სამყაროც იცვლებოდა, ყირაზე
დგებოდა. აბსტრაქტული მხატვრობა და ატონალური მუსიკა
მკვიდრდებოდა და რეალობას ამახინჯებდა. თავად გოია
დაიკარგებოდა ზღვაში, თუ შეეცდებოდა ხელოვნების ახალ
ტალღას გაჰყოლოდა. ლენი და მე, არც მეტი, არც ნაკლები,
ჯანსაღი თვალით ვუყურებდით ამ ყველაფერს.
ახალ ამბებში ერთ მოძალადე კერილ ჩესმენს ხშირად
ახსენებდნენ. ის რამდენიმე ახალგაზრდა ქალის
გაუპატიურების გამო გაასამართლეს, დამნაშავედ ცნეს და

74
ახლა, კალიფორნიის ციხეში სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა.
თავის საქმეს შემოქმედებითად უდგებოდა – მანქანის
სახურავზე წითელი შუქი ჰქონდა დამაგრებული, გოგოებს
აჩერებდა, უბრძანებდა, რომ გადმოსულიყვნენ, მერე ტყეში
მიათრევდა, სადაც ძარცვავდა და აუპატიურებდა. უკვე დიდი
ხანი იყო, რაც სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ სულ შეწყალებას
ითხოვდა. როგორც იქნა, მისი თხოვნა უკანასკნელი აღმოჩნდა
და გადაწყდა, გაზის კამერაში შეეყვანათ. ჩესმენის საქმემ
დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ლიტერატურის,
მეცნიერებისა და კინო ვარსკვლავებმა მისი მხარი დაიჭირეს.
ნორმან მეილერმა, ოლდოს ჰაქსლიმ, რეი ბრედბერიმ, რობერტ
ფროსტმა და ელეონორ რუზველტმაც კი მოუწოდეს,
ჩესმენისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. სიკვდილით
დასჯის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა ლენს სთხოვა, მასზე
სიმღერა დაეწერა.
– შენი აზრით, როგორ უნდა დაიწეროს სიმღერა პარიაზე,
რომელიც ახალაზრდა ქალებს აუპატიურებს და საერთოდ,
ვისზე უნდა გავთვალო ეს სიმღერა? – ისე მკითხა, გეგონება,
შთაგონება უკვე აენთოო.
– რა გითხრა, ლენ. ალბათ, ნელი რიტმი მოუხდება... იქნებ
წითელი შუქით დაგეწყო.
ლენს არ დაუწერია ჩესმენზე სიმღერა, მაგრამ მგონი ვიღაცამ
კი დაწერა. ლენი, გარდა იმისა, რომ სიმღერებს წერდა, დიდი
თავზეხელაღებული და ხიფათის მოყვარული კაცი იყო.
ერთხელ, ზამთრის ყინვიან ღამეს, უკან ვეჯექი „ვესპას“
სკუტერზე და მთელი სიჩქარით მივქროდით ბრუკლინის
ხიდზე. გული ყელში მებჯინებოდა. სულ ისეთი გრძნობა
მქონდა, რომ გადავვარდებოდით – ღამის ტრანსპორტის
მოძრაობას ხან შევერწყმებოდით, ხან გამოვეთიშებოდით,
მაგრად მეშინოდა – მოყინულ ფოლადზე მივსრიალებდით,
მაგრამ, ამავე დროს, ვგრძნობდი, რომ ჩენდლერს თავი ხელში
ჰქონდა აყვანილი, აუღელვებლად ერთ წერტილს
მიშტერებოდა. ეჭვიც არ შეგეპარებოდა, რომ ღმერთი მის
მხარეს იყო. ასეთი გრძნობა კიდევ ერთი-ორ კაცზე თუ გამჩენია
ცხოვრებაში.
როცა ვენ რონკთან არ ვრჩებოდი, უმეტესად რეისთან
მივდიოდი, გათენებას არაფერი აკლდა ხოლმე, ავუყვებოდი
ბნელ კიბეს და ჩუმად მივიკეტავდი კარს. რეი უაზრო კაცი არ

75
იყო. კარგად იცოდა, როგორ გადმოეცა თავის საფიქრალი და
ისე ცხოვრობდა, არავისთან არაფერი ეშლებოდა. მიწიერ ამბებს
არ უღრმავდებოდა, რეალობის შეგრძნების უნიკალური ნიჭი
კი ჰქონდა, მაგრამ წვრილმანებით არ ინტერესდებოდა,
ფსალმუნებიდან მოჰყავდა ციტატები. როცა ეძინა, გვერდით
რევოლვერი ედო. ხანდახან უკიდურესობებში ვარდებოდა.
ერთხელ მითხრა, პრეზიდენტი კენედი თავის ვადას ვერ
ამოწურავს, რადგან კათოლიკეაო. ეს რომ მითხრა, ბებიაჩემი
გამახსენდა. ბებიაჩემი მეუბნებოდა, პაპი ებრაელების მეფე
არისო. ის ქალაქ დულუტში ცხოვრობდა, მე-5 ქუჩაზე,
დუპლექსის ბოლო სართულზე. ბებია ცალფეხა იყო, მკერავად
მუშაობდა. ხანდახან უქმეებზე მშობლები დულუტში
ჩამიყვანდნენ ხოლმე და რამდენიმე დღე იქ მტოვებდნენ.
შავგვრემანი ქალბატონი გახლდათ ბებია, ჩიბუხს ეწეოდა. ჩემი
ოჯახის მეორე შტოს წარმომადგენლებს უფრო ღია ფერის კანი
ჰქონდათ. ბებია სულში ჩამწვდომი აქცენტით საუბრობდა –
სახეზე სულ უიმედო გამომეტყველება ჰქონდა. იოლი
ცხოვრება არ გაევლო. ამერიკაში ოდესიდან ჩამოვიდა, სამხრეთ
რუსეთის ზღვისპირა პორტიდან. ის ქალაქი დულუტს ჰგავდა,
ისეთივე ტემპერამენტი, კლიმატი და პეიზაჟი, რაც მთავარია,
წყლის დიდი სივრცის პირას იყო.
თავდაპირველად ბებია თურქეთიდან, ტრაპიზონიდან
გაემგზავრა ოდესაში, შავი ზღვის გავლით – ამ ზღვას ბერძნები
„ეუქსინოს“ უწოდებდნენ და მას ლორდ ბაირონი თავის „დონ
ჟუანში“ ახსენებს. ბებიას ოჯახი თურქეთისა და სომხეთის
საზღვრის ახლო მდებარე ქალაქ კაგიზმანში ცხოვრობდა და
გვარად კერგიზები იყვნენ. ბაბუაჩემის მშობლებიც იმ
მხარიდან ყოფილან, უმეტესობა მეწაღეებად და ტყავის
დამმუშავებლებად მუშაობდნენ.
ბებიას წინაპრები კონსტანტინოპოლიდან იყვნენ. თინეიჯერი
რომ ვიყავი, რიჩი ვალენსის ერთ სიმღერას ვმღეროდი ხოლმე,
„In a Turkish Town“-ს, სადაც ამოუცნობ თურქებსა და
ვარსკვლავებს ახსენებდა. ეს სიმღერა უფრო საჩემო იყო,
ვიდრე მისი „La Bamba“, რომელსაც რატომღაც ყველა
ასრულებდა. დედას მეგობარი ჰყავდა, სახელად ნელი თერქი.
ის ქალი სულ ჩვენ გვერდით ტრიალებდა.
რეის შინ რიჩი ვალენსის დისკები არ ჰქონდა, უფრო
კლასიკური მუსიკა და ჯაზი. მან მთელი ეს თავის კოლექცია

76
ერთი ადვოკატისგან შეიძინა, რიმელიც შავ საქმეებშიც იყო
გახვეული და განქორწინებას აპირებდა. კოლექციაში იყო ბახის
ფუგები, ბერლიოზის სიმფონიები, ჰენდელის „მესია“ და
შოპენის A-მაჟორ პოლონეზი, დარიუს მიიოს კონცერტები
ვიოლინოსთვის, სიმებიანი საკრავებით შესრულებული
თემები, რომელიც საცეკვაო პოლკას ჰგავდა. პოლკას როცა
ვუსმენდი, ვგრძნობდი, რომ სისხლი მიდუღდებოდა. ეს იყო
პირველი ხმამაღალი, ცოცხალი მუსიკა, რაც მომესმინა.
შაბათობით ტავერნები გადაივსებოდა ხოლმე პოლკის
შემსრულებელი ბენდებით. კიდევ მომწონდა ფერენც ლისტი –
მომწონდა, როგორ შეეძლო ერთ ფორტეპიანოს მთელი
ორკესტრის ეფექტის მოხდენა. ერთხელ, ბეთჰოვენის სონატა
ფორტეპიანოსთვის N 8 დავდე დასაკრავად – მელოდიური იყო,
მაგრამ რაღაც ადგილები სლოკინივით და ბოყინივით ისმოდა,
სასაცილო იყო, ლამის მულტიპლიკაციას ჰგავდა. ფირფიტის
ყდაზე წავიკითხე, რომ ბეთჰოვენი ვუნდერკინდი ყოფილა და
რომ მამამისი ამით სარგებლობდა და ბეთჰოვენს მთელი
ცხოვრების მანძილზე ადამიანების მიმართ უნდობლობის
გრძნობა ჰქონდა. და თუ მართლა ასე იყო, მაინც ხელს არ
უშლიდა, სიმფონიები ეწერა.
ჯაზს და ბიბოპსაც ბევრს ვუსმენდი. ვცდილობდი, გამეგო
მელოდიები და სტრუქტურები. ჯაზის რაღაც სახეობას და
ფოლკს შორის ბევრი საერთო არსებობდა. „Tattoo Bride“, „A
Drum Is a Woman“, „Tourist Point of View“, „Jump for Joy“ ყველა ეს
დიუკ ელინგტონის სიმღერა ჟღერდა, როგორც დახვეწილი
ფოლკი. მუსიკალური სამყარო დღითიდღე იზრდებოდა. როცა
მინდოდა დილით ადრე იოლად გამოვფხიზლებულიყავი,
დიზი გილესპის „Swing Low Sweet Cadillac“-ს ან „Umbrella Man“-ს
ჩავრთავდი ხოლმე. ჩარლი პარკერის „Hot House“-იც კარგად
მაღვიძებდა. იყო რამდენიმე კაცი, ვისაც ენახა და მოესმინა,
როგორ უკრავდა ჩარლი პარკერი და ისეთი გრძნობა
გასჩენოდათ, თითქოს ჩარლი მათ ცხოვრების საიდუმლო არსს
უზიარებდა. მონკი სულ სხვა ვინმე იყო. ის მე-3 ქუჩაზე „Blue
Note“-ში უკრავდა ბასისტ ჯონ ორთან და დრამერ ფრენკი
დანლოპთან ერთად.
ხანდახან შუადღისას ნახავდით იქ, როიალთან იჯდა, აივერი
ჯო ჰანტერის სტილში უკრავდა და როიალის თავზე
სანახევროს შეჭმული დიდი სენდვიჩი ედო. ერთხელ, მის
მოსასმენად შევიარე, – ვუთხარი, მეც ამ ქუჩაზე ფოლკს

77
ვუკრავ-მეთქი. – ჩვენ ყველა ფოლკს ვუკრავთ, – მიპასუხა.
მონკი, როგორ ყოველთვის, თავის დინამიურ სამყაროში
ცხოვრობდა, მაშინაც კი, როცა მოშვებული იყო.
თანამედროვე ჯაზი მომწონდა და მსიამოვნებდა მისი მოსმენა
კლუბებში, მაგრამ არ მივდევდი, არ ვყოფილვარ მაინცდამაინც
მიჯაჭვული. ჯაზში არ იყო ორდინარული სიტყვები, არც
სპეციფიკური მნიშვნელობა ახლდა. მე კი მინდოდა გასაგები,
უბრალო, სამეფო ინგლისურით ნამღერი სიმღერები მომესმინა.
ფოლკი პირადად მე მომმართავდა. ტონი ბენეტი სამეფო
ინგლისურით მღეროდა, მისი ერთი დისკი იდო ოთახში, დისკს
ერქვა: „ტონი ბენეტის ჰიტები“ და მათ შორის იყო ჰენკ
უილიამსის სიმღერა „Cold, Cold Heart“.
პირველად ჰენკს შაბათის ღამის რადიო შოუში მოვუსმინე. ეს
შოუ ძაღლის საჭმელს რეკლამას უკეთებდა, ჰენკმა იმღერა
„Move It On Over“, რომელიც საძაღლეში ცხოვრებაზეა და მე ეს
ძალიან სასაცილო მომეჩვენა. სპირიჩუელებსაც მღეროდა,
მაგალითად „When God Comes and Gathers His Jewels“, „Are you
Walkin and a-Talking for the Lord“. მისი ხმის გაგონებაზე
დამბურძგლავდა ხოლმე, გაუთავებლად შემეძლო მესმინა.
რატომღაც მას ხეპრე მომღერალს ეძახდნენ, ოღონდ ვერ
გეტყვით, რატომ. ჩემი აზრით, სხვები ბევრად უარესი ხეპრეები
იყვნენ. ჰენკის არც ჯამბაზობა უყვარდა. ჯერ კიდევ
ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩემს თავს ჰენკთან ვაიგივებდი
ხოლმე. მისგან განსხვავებით, ნაკლები გამოცდილება მქონდა,
რომ გამეგო, რაზე მღეროდა. არასოდეს მინახავს მოტირალი
შაშვი, მაგრამ შევძელი წარმომედგინა და სევდა მომგვარა.
როცა ის მღეროდა „ახალი ამბავი მთელ ქალაქს მოედო“, მე
ვიცოდი რა ახალი ამბავიც იქნებოდა, არადა, არ ვიცოდი.
ერთხელ შანსი მომეცა საცეკვაოდ წავსულიყავი და
ფეხსაცმელი გამეცვითა, და იმ დღეს, მოგვიანებით გავიგე, რომ
ჰენკი მანქანის სკამზე მოკვდა, ახალი წლის ღამეს. ხელები
შევატყუპე და ვნატრობდი, ტყუილი ყოფილიყო, მაგრამ
სიმართლე გამოდგა. გეგონება, უზარმაზარი ხე შენ თვალწინ
დაენარცხაო. ჰენკის სიკვდილმა თავზარი დამცა. კოსმოსის
სიჩუმე არასოდეს მომჩვენებია ასეთი ხმაურიანი.
ინტუიტურად ვიცოდი, მისი ხმა არასოდეს დაიკარგებოდა ან
მიიჩქმალებოდა – ხმა, რომელიც საყვირის მშვენიერ ხმას
ჰგავდა.

78
დიდი ხნის შემდეგ შევიტყობ, რომ ჰენკს მთელი ცხოვრება
საშინელი ტკივილი სტანჯავდა, ხერხემლის სერიოზული
პრობლემა ჰქონდა და ალბათ, გაუსაძლის ტკივილს იტანდა. ეს
რომ გავიგე, მეტად მანცვიფრებდა მისი სიმღერები. „Luke the
Drifter“, სადაც ის მღერის და ჰყვება იგავებს, სახარების
ნეტარებასავითაა. შემეძლო მთელი დღე გატაცებით მესმინა ამ
დისკისთვის, ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი მის
კეთილშობილებაში. როცა ჰენკის სიმღერას ვუსმენდი,
ყველაფერი ჩერდებოდა. ასე მეგონა, ჩურჩულიც მკრეხელობა
იქნებოდა.
რაღაც დროის მერე გავიგე, რომ ჰენკის სიმღერები პოეტური
სიმღერის წერის კანონებზე იყო აგებული. სტრუქტურული
ფორმები მარმარილოს ბოძებივითაა და ისინი აუცილებლად
უნდა იყვნენ. თუნდაც მისი სიტყვები – ყველა მარცვალი
მათემატიკურად არის დანაწევრებული. ჰენკის დისკების
მოსმენისას ბევრი რამ შეგიძლია გაიგო სიმღერის წერის
სტრუქტურაზე. მეც ბევრს ვუსმენდი და ვითვისებდი.
რამდენიმე წლის შემდეგ, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჯაზისა და
ფოლკის კრიტიკოსი, რობერტ შელტონი ჩემს გამოსვლაზე
რეცენზიას დაწერს – „ეკლესიის მგალობლისა და ბიტნიკის
ჰიბრიდს ჰგავს... ყველა კანონს არღვევს, გარდა ერთისა – მას
სათქმელი აქვს“. კანონები, ვერ გეტყვით, შელტონმა იცოდა
თუ არა, ჰენკის მოგონილი კანონები იყო, მაგრამ მე არ
მდომებია კანონის დარღვევა. უბრალოდ, რის გამოხატვასაც
ვცდილობდი, იმ წრეში არ ესმოდათ.
ერთ საღამოს „Gaslight“-ში ოდეტას მენეჯერი ალბერტ
გროსმანი და ბობ გიბსონი მოვიდნენ, ვენ რონკთან უნდოდათ
დალაპარაკება. როგორც მერე ვენ რონკმა მითხრა, გროსმანი
ახალი ფოლკ ჯგუფის ჩამოყალიბებას აპირებდა და იმსჯელეს,
რამდენად შესაძლებელი იყო ვენ რონკს იმ ჯგუფში დაეკრა.
გროსმანს ილუზიები არ ჰქონდა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
ჯგუფი წარმატებული იქნებოდა და უმალ პოპულარული
გახდებოდა.
საბოლოოდ, ვენ რონკმა სხვას გადაულოცა ეს შესაძლებლობა.
ასეთი რამ არც იყო მის ინტერესში, სამაგიეროდ, ნოელ სტუკიმ
მიიღო შეთავაზება. გროსმენმა სტუკის სახელი შეაცვლევინა,
პოლი დაარქვა და მის მიერ შექმნილი ჯგუფი იყო „პიტერი,
პოლი და მერი“.

79
ჩემთვის ალბათ საინტერესო იქნებოდა, გროსმანს რომ
შემოეთავაზებინა ჯგუფში გაწევრიანება. მაშინ, ალბათ, მეც
მომიწევდა სახელის შეცვლა და პოლი გავხდებოდი. გროსმანს
რამდენჯერმე მოსმენილი ჰქონდა ჩემი დაკვრა, მაგრამ არ
იცოდა, რაში შეიძლებოდა გამოვეყენებინე. მე ჯერ არ ვიყავი
პოეტი-მუსიკოსი. ვერც გროსმანი გადაირეოდა ჯერჯერობით
ჩემზე. არადა, მოვა დრო და გადაირევა.
უკვე შუადღე იქნებოდა, შემწვარი სტეიკისა და ხახვის სუნმა
გამაღვიძა. ქლოე ქურასთან ტრიალებდა, ქურაზე ტაფა
შიშხინებდა. ქლოეს იაპონური კიმონო ეცვა წითელ ფლანელის
პერანგზე. მძაფრი სუნი მეცა ცხვირში და მომინდა ნიღაბი
მკეთებოდა.
ვუდი გატრის ნახვა მქონდა დაგეგმილი, მაგრამ იმ
დროისთვის, როცა ავდექი, ქარიშხალი ამოვარდა. ვცდილობდი
ვუდისთან რეგულარულად მევლო ვიზიტებზე, რაც სულ
უფრო და უფრო რთულდებოდა. ვუდი გრეისთაუნის
ჰოსპიტალში იყო გამომწყვდეული, ნიუ ჯერსიში. მე
ჩვეულებისამებრ პორტ ოთორითის ტერმინალიდან ავტობუსს
ვაჯდებოდი, საათნახევარი ვმგზავრობდი და მერე,
ჰოსპიტალამდე აღმართზე ნახევარ მილს ფეხით გავდიოდი.
სევდისმომგვრელი, ცოტა საშიში გრანიტის შენობა იყო,
შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს ჰგავდა. ვუდი სიგარეტს
მაბარებდა ხოლმე, „როლის“. მის სიმღერებს ვუსრულებდი, იქ
როცა ვიყავი. ხანდახან თვითონ მთხოვდა რომელიმე
განსაკუთრებულს – „Rangers Command“, „Do Re Me“, „Dust Bowl
Blues“, „Pretty Boy Floyd“, „Tom Joad“, რომელიც „მრისხანების
მტევნების“ მიხედვით გადაღებული ფილმის ნახვის მერე
დაწერა. მე ყველა ეს სიმღერა ვიცოდი და კიდევ უფრო მეტიც.
იმ ადგილას ვუდის სათანადოდ ვერ აფასებდნენ. უცნაური
გარემო იყო ვინმესთან შესახვედრად, ყველაზე ნაკლებად კი
ამერიკული სულის ჭეშმარიტ ხმასთან.
ეს ადგილი იყო ფსიქიატრიული ჰოსპიტალი, რომლის
დერეფნებში მოთქმა და გოდება ისმოდა. პაციენტების
უმეტესობას ცუდად მორგებული, ზოლებიანი უნიფორმები
ეცვათ. მწყობრში დადიოდნენ უმიზნოდ, როცა მე ვუდის
სიმღერებს ვმღეროდი. ერთ ახალგაზრდას სულ თავი
უვარდებოდა მუხლებზე, აწევდა თავს და ისევ
ჩამოუვარდებოდა. მეორეს ეჩვენებოდა, რომ ობობები

80
ეხვეოდნენ, ციბრუტივით ტრიალებდა და ხელ-ფეხს იქნევდა.
ვიღაცას თავი პრეზიდენტი ეგონა და „ბიძია სემის“ ქუდი
ეხურა. პაციენტები თვალებსა და ენას ატრიალებდნენ, ჰაერს
ყნოსავდნენ. ერთი სულ ტუჩებს ილოკავდა. სანიტარმა იმაზე
მითხრა, საუზმეზე კომუნისტებს ჭამსო. სახიფათო გარემო
იყო, მაგრამ ვუდი ყურადღებას არ აქცევდა. კაც სანიტარს
გამოჰყავდა ხოლმე ჩემთან შესახვედრად და ცოტა ხანს
ტოვებდა, მერე ისევ აცილებდა. შთაბეჭდილება საკმაოდ
დამთრგუნველი იყო.
ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვუდიმ რაღაც ყუთები ახსენა, სადაც
მისი სიმღერები და ლექსები იყო შენახული, ისეთი სიმღერები,
ჯერ არავის რომ არ მოესმინა, ჯერ მელოდია არ დაედო. მისი
სახლის სარდაფში ეწყო ეს ყუთები, კონი აილენდზე, და ვუდი
მე ნებას მრთავდა გავცნობოდი. ვუდიმ მითხრა, თუ
დაინტერესდები, ჩემს ცოლს, მარჯის დაუკავშირდი და
აუხსენი, რა ხდებაო. მერე მიმასწავლა, როგორ მიმეგნო
სახლისთვის.
მომდევნო დღეს ან შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგ,
დასავლეთ მე-4 ქუჩის სადგურიდან მეტროს ბოლო
გაჩერებამდე გავყევი, როგორც ვუდიმ ამიხსნა, ამოვედი
ბრუკლინში და სახლის ძებნა დავიწყე. ვუდის თქმით, ადვილი
საპოვნელი იყო. რაც იქ დამხვდა, სახლების გრძელი რიგი იყო
მინდორში. ასეც ამიღწერა. სახლებისკენ წავედი და შევამჩნიე,
რომ ჭაობში მივაბიჯებდი. მუხლამდე წყალში ვიყავი, მაგრამ
გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, საითაც სინათლეს ვხედავდი, იქით
განვაგრძე გზა. მეორე ბოლოში გავაღწიე, მუხლს ქვემოთ
შარვალი სულ გალუმპულიყო, ყინვას გაეშეშებინა, ფეხებს
ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ამასობაში სახლს მივაგენი და
დავაკაკუნე. კარი ბეიბისითერმა გამიღო, ასე მითხრა, მარჯი
შინ არ არისო. ვუდის ერთ-ერთმა შვილმა, არლომ, რომელიც
მოგვიანებით პროფესიონალი მომღერალი და სიმღერების
ავტორი გახდება, ჩემზე უთხრა, შემოუშვიო. არლო ასე ათი, ან
თორმეტი წლისა იქნებოდა, მაგრამ სარდაფში შენახული
ხელნაწერების შესახებ არაფერი იცოდა. მეც არ მინდოდა
დაძალება, ბეიბისითერიც უხერხულად გრძნობდა თავს, ასე
რომ, ცოტა გავთბი და დავემშვიდობე. ფეხსაცმელში ჯერ კიდევ
წყალი მიჭყაპუნებდა. ისევ გავუყევი წვალებით გზას მეტროს
სადგურისკენ, ჭაობის გავლით.

81
ამ ამბიდან ორმოცი წლის შემდეგ, ეს ლექსები ბილი ბრეგისა
და ჯგუფი „უილკოს“ ხელში ჩავარდება. ისინი მუსიკას
დაადებენ, სიცოცხლეს შთაბერავენ და ჩაწერენ კიდეც, რაც
ვუდის ქალიშვილის ნორას გადაწყვეტილებით მოხდება. ეს
ბიჭები ალბათ დაბადებულებიც არ იყვნენ, როცა მე ეს
თავგადასავალი გადამხდა.
იმ დღეს ვუდის ნახვა გადავიფიქრე. ქლოეს სამზარეულოში
ვიჯექი, გარეთ კი ქარი უსტვენდა და ღმუოდა. თოვლი თეთრი
მტვერივით ცვიოდა. ქუჩის ბოლოს, მდინარის პირას,
ქერათმიან ქალს ვუყურებდი, ქურქი ეცვა, კოჭლ ბიჭთან
ერთად მისეირნობდა, ბიჭი მძიმე პალტოში იყო გამოწყობილი.
ცოტა ხანს თვალს ვაყოლებდი, მერე კედელზე დაკიდებულ
კალენდარს შევხედე.
მარტი ლომივით მოდიოდა. ერთხელ კიდევ დავფიქრდი, რა
უნდა ვიღონო, რომ ჩამწერ სტუდიაში შევაღწიო – ნეტავი
ვუახლოვდები მაინც? ოთახში კი ამ დროს მოდერნ ჯაზ
კვარტეტის „No Happiness for Slate“ ისმოდა.
ქლოეს ერთი ჰობი ჰქონდა, ძველ ფეხსაცმელებზე უცნაურ
ბალთებს აკერებდა. მეც შემომთავაზა, თუ გინდა შენც
დაგიკერებო.
– მაგ მოჯღანულ ფეხსაცმელს ბალთები მოუხდებოდა, –
მითხრა.
დიდი მადლობა, არ მინდა-მეთქი.
ის კი ამბობს, – ორმოცდარვა საათს გაძლევ მოსაფიქრებლად.
მე არ ვაპირებდი ამაზე ფიქრს. ქლოე ხანდახან ცდილობდა,
დედობრივი რჩევები მოეცა ჩემთვის, უმეტესად საპირისპირო
სქესთან დაკავშირებით.
ერთხელ სამზარეულოში ვიჯექი და რადიოში მალკოლმ იქსს
ვუსმენდი. მალკოლმი საუბრობდა თემაზე, თუ რატომ არ
უნდა ვჭამოთ ღორის ხორცი და ლორი. ასე თქვა, გოჭი ერთი
მესამედი კატაა, ერთი მესამედი ვირთხა და ერთიც ძაღლი – ის
ჭუჭყიანია და არ უნდა ჭამოთ. სასაცილოა, როგორ შეიძლება
რაღაც თავში ჩაგებეჭდოს. ალბათ ათი წლის შემდეგ იქნებოდა,
ჯონი ქეშის სახლში ვიყავი სადილზე, ნეშვილის გარეუბანში.
ჩემ გარდა კიდევ ბევრი მუსიკოსი იყო იქ – ჯონი მიჩელი,
გრეჰემ ნეში, ჰარლან ჰოვარდი, კრის კრისტოფერსონი, მიკი

82
ნიუბერი და სხვები. ჯო და ჯენეტ კარტერებიც იყვნენ. ისინი ა.
პ. და სარა კარტერის ვაჟი და ქალიშვილი გახლდნენ, ჯონის
ცოლის – ჯუნ კარტერის ბიძაშვილები.
ჯონის დიდი ბუხარი გიზგიზებდა. სადილის შემდეგ, ყველანი
უბრალო, სოფლურ სასადილო ოთახში დავსხედით. ოთახის
დიდი, მინებიანი ფანჯრები ტბას გადაჰყურებდა. წრეში
ვისხედით, თითოეული ჩვენგანი რამეს იმღერებდა და გიტარას
გვერდით მჯდომს გადააწოდებდა. როგორც წესი, კომენტარები
ასეთი იყო – ეგ სიმღერა ნამდვილად დამუღამებული გაქვს, –
ან კიდევ – იმ რამდენიმე ხაზით ყველაფერი თქვი, – ან
შეიძლება – რამხელა ისტორია დევს მაგ სიმღერაში. მოკლედ,
უმეტესად კომპლიმენტებს წარმოთქვამდნენ. ჩემი ჯერი რომ
დადგა, „ Lay, Lady, Lay“ დავუკარი და გიტარა გრეჰემ ნეშს
გადავაწოდე, თან რეაქციას ველოდებოდი. ლოდინი დიდხანს
არ მომიწია. – თქვენ ღორის ხორცს არ ჭამთ, არა? – მკითხა ჯო
კარტერმა. სულ ეს იყო მისი კომენტარი. ერთი წამი დავიცადე
და მივუგე. – აა, არა, სერ, არ ვჭამ. კრისტოფერსონს კინაღამ
ჩანგალი გადასცდა. ჯომ მკითხა – რატომ? – აი, მაშინ
გამახსენდა მალკოლმ იქსის ნათქვამი. – როგორ გითხრათ, სერ,
ეს რაღაც პირადულია. მე არ ვჭამ ისეთ რამეს, რაც ერთი
მესამედი ვირთხაა, ერთი მესამედი კატა და ერთი მესამედი
ძაღლი. არ უნდა ჰქონდეს კარგი გემო. მომენტალურად
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, სადილის დროს დანის გასმის
ხმას რომ გაიგებ, ისეთი. ჯონი ქეში სიცილისგან იგუდებოდა,
კრისტოფერსონი თავს აქნევდა. მაგარი ვინმე იყო ჯო კარტერი.
რეის ბინაში კარტერების ოჯახის არც ერთი დისკი არ იყო.
ქლოემ სტეიკი და ხახვი თეფშზე დამიყარა და მითხრა – აჰა,
ჭამე, გჭირდება. გულგრილი ტიპი იყო, მალტური კნუტი,
მარიხუანას სერიოზული მწევევლი – ყოველთვის არტყამდა,
რასაც ამბობდა ხოლმე. არ ვიცი ზუსტად რამდენს ეწეოდა,
მაგრამ ვიცი, რომ ბევრს. ყველაფერზე თავისი წარმოდგენა
ჰქონდა, ერთხელ მითხრა, სიკვდილი თვითმარქვია არის,
დაბადება კი პირად ცხოვრებაში შემოჭრაო. რა შეიძლებოდა
ამაზე მეპასუხა? როცა ასეთ რამეს გეტყოდა, ხმას ვერ
გაიღებდი. ეს ის შემთხვევა არ იყო, როცა შეგეძლო
საწინააღმდეგო დაგემტკიცებინა მისთვის. ნიუ-იორკს
არაფრად აგდებდა. – მაიმუნების ჯოგი არის შეყრილი ამ
ქალაქში, – იტყოდა ხოლმე. ქლოეს რომ ელაპარაკებოდი,
ყველთვის რაღაც მოულოდნელი იდეა გაგიჩნდებოდა. პალტო

83
ჩავიცვი, ქუდი ავიღე, გიტარა ჩავბღუჯე და დავიწყე
შეფუთვნა. ქლოემ იცოდა, რომ სულ ვცდილობდი სადმე
სამუშაო ადგილი მეპოვნა. – იქნებ ოდესმე შენი სახელი
ხანძარივით მოედოს მთელ ქვეყანას, – მითხრა, – თუ მართლა
ოდესმე რამდენიმე ასეულ დოლარს გააკეთებ, ხომ მიყიდი
რამეს.
კარი მივიკეტე და სპირალივით დახვეულ კიბეზე დავეშვი,
ჩავაღწიე მარმარილოს მოედნამდე და ქუჩაში გავედი. სახეზე
კაშნე შემოვიხვიე და ვენ დემ სთრითისკენ დავაწექი. კუთხეში
ფურგონი იყო გაჩერებული, სავსე ყვავილებით, მძღოლი არსად
ჩანდა. ასეთ რამეს ხშირად გადაეყრებოდი ქალაქში.
გონებაში ფოლკის სიმღერები მესმოდა, მარტო მაშინ კი არა,
სულ ასე იყო. ფოლკის სიმღერა ანდერგრაუნდი იყო. – მისტერ
გარფილდს ესროლეს, დააწვინეს. ვერაფერს იზამ. – აი, ასეთი
ამბები ხდებოდა. არავის სჭირდებოდა ეკითხა, ვინ იყო მისტერ
გარფილდი, უბრალოდ თავებს აქნევდნენ. ასე ლაპარაკობდნენ
ამ ქვეყანაში. ყველაფერი მარტივად იყო.
ნიუ-იორკი ცივი, შეფუთნული და საიდუმლოებით მოცული
მსოფლიოს დედაქალაქი იყო. იმ შენობას ჩავუარე, რომელშიც
უოლტ უიტმენი ცხოვრობდა და მუშაობდა. ერთი წამით
შევჩერდი, წარმოვიდგინე, როგორ ბეჭდავდა და როგორ
მღეროდა მართალ სიმღერას თავისი სულისა. პოს სახლის
წინაც ასე ვიდექი ერთხელ, მე-3 ქუჩაზე, ზუსტად ასე
დამემართა, სევდიანად ვუყურებდი მის ფანჯრებს. ეს ქალაქი
დაუმუშავებელ ხეს ჰგავდა, არც ფორმა ჰქონდა და არც
ფავორიტიზმს არ ავლენდა. ყველაფერი სულ ახალ-ახალი იყო,
სულ რაღაც იცვლებოდა. ქუჩაშიც ერთი და იგივე სახეები არ
გხვდებოდა.
ჰადსონზე გადავედი და ყავის სახლთან გავჩერდი. დახლთან
ოფიციანტი გოგო იდგა, მოტკეცილი ზამშის ბლუზი ეცვა,
მომრგვალებული ფორმები კარგად ემჩნეოდა. მოლურჯო შავ
თმაზე თავსაფარი ეკეთა, ცისფერი გამჭრიახი თვალები ჰქონდა
და დახატული წარბები. მომინდა, ჩემთვის ყურადღება
მოექცია. მდუღარე ყავა დამისხა, ზურგი შემაქცია და
ფანჯრისკენ მიტრიალდა. მთელი ქალაქი ჩემ წინ
გადაშლილიყო. ყველაფერს კარგად ვაცნობიერებდი.
მომავალის გამო არ ღირდა ნერვიულობა. ის უკვე ძალიან
ახლოს იყო.

84
თავი მესამე. ახალი დილა
ვუდსტოკში ახალი ჩასული ვიყავი მიდვესთიდან – მამაჩემის
დაკრძალვიდან. მაგიდაზე არჩიბალდ მაკლიშის წერილი
დამხვდა. მაკლიში ამერიკელი პოეტი-ლაურეატი გახლავთ.
მასთან ერთად კარლ სენდბერგი, პრერიებისა და ქალაქის
პოეტი, და რობერტ ფროსტი, ბნელი მედიტაციების პოეტი.
მაკლიში „ღამის ქვებისა და სწრაფი მიწის“ პოეტი იყო. ეს სამი,
„ახალი სამყაროს“ იეიტსი, ბრაუნინგი და შელი,
გრანდიოზული ფიგურები იყვნენ, მეოცე საუკუნის ამერიკის
ესკიზი მოხაზეს. მათ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს.
რომც არ გქონოდათ წაკითხული მათი პოემები, სახელები
მაინც გეცოდინებათ.
გასული კვირის მერე გამოფიტული ვიყავი. იმ ქალაქში
დავბრუნდი, სადაც ბავშვობა გავატარე, თან იმ მიზეზით,
რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი – მამა დავასაფლავე.
ახლა აზრი არა აქვს ვთქვა ის, რასაც ადრე ვერასოდეს ვიტყოდი.
იქ რომ ვიზრდებოდი, თაობებს შორის დაპირისპირება, როგორც
ყოველთვის, გადაულახავი რამ ჩანდა – მხოლოდ საუბრის
ხმები და უფერული, ხელოვნური ლაპარაკი მახსოვს. მამაჩემი
გარკვევით საუბრობდა და პირში თქმა უყვარდა. – მგონი,
ხელოვანი ის კაცია, ვინც ხატავს, არა? – ასე ჰკითხა ერთ
მასწავლებელს, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს ხელოვანის
ბუნება აღმოაჩნდა. მაშინ, როგორც მახსოვს, ყველაფერს
დავდევდი, რაც კი მოძრაობდა – მანქანას, ჩიტს ან ჰაერში
მოფარფატე ფოთოლს – ნებისმიერ რამეს, რაც უფრო ნათელი
ადგილისკენ გამიძღვებოდა, ჯერ არნახული მიწისკენ.
ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ გამაჩნდა, როგორ
დამსხვრეულ სამყაროში ვცხოვრობდი, ან რა დღეში
შეიძლებოდა მოგექცეს საზოგადოება.
შინიდან რომ წავედი, თავი კოლუმბი მეგონა, უკიდეგანო
ატლანტიკაში გასული. მე ეს გამომივიდა, ქვეყნის დასალიერში
ვიყავი – და ახლა ესპანეთში ვბრუნდებოდი, იქ, საიდანაც
ყველაფერი დაიწყო, დედოფლის კარზე, ნახევრად წაშლილი
გამომეტყველებითა და წვერის მაგვარი ღინღლით. – ეს რა
მორთულობაა? – იკითხა ერთმა მეზობელმა, რომელიც პატივის
მისაგებად შემოვიდა და ჩემზე მიუთითა. ცოტა ხანიც და უკვე

85
იქ ვიყავი, ყველაფერი დამიბრუნდა, გამახსენდა ის უაზრო,
ზერელე საუბრები, ძველი წესები, უნიათოები და კიდევ ის
გამახსენდა, რომ მამაჩემი ყველაზე კარგი კაცი იყო ამქვეყნად,
ალბათ ას ჩემისთანას უდრიდა, ოღონდ ჩემი არასოდეს
ესმოდა. ქალაქი, სადაც ის ცხოვრობდა და ქალაქი, რომელშიც მე
ვცხოვრობდი, ერთმანეთს არ ჰგავდა. ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ახლა მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ოდესმე – მეც
უკვე მამა ვიყავი, ბევრის რამის გაზიარება მინდოდა, ბევრი
რამის თქმა და რაც მთავარია, უკვე შემეძლო რაღაცაში
გამოვდგომოდი.
არჩის წერილიდან შევიტყვე, ჩემთან შეხვედრა სურდა.
უნდოდა მისი ახალი პიესისთვის, რომელიც სტეფან ვინსენტ
ბენეს მოთხრობის მიხედვით დაეწერა, სიმღერა შემექმნა. ცოტა
ხნით ადრე, მაკლიშმა ტონის პრემია მიიღო ბროდვეიზე
პიესაში „JB“. მოკლედ, მისი ახალი პიესის განსახილველად,
ცოლთან ერთად მასაჩუსეტსის შტატის კონვეიში გავემგზავრე,
არჩი იქ ცხოვრობდა. მაკლიში ღრმა შინაარსის პოემებს წერდა.
შეეძლო ისტორიიდან აეღო ისეთი ადამიანი, როგორიცაა,
მაგალითად, იმპერატორი კარლ ჰაბსბურგი, ან მონტესუმა, ან
კიდევ კორტესი და შემოქმედის ერთი ხელის მოსმით, თქვენს
კარებთან მოგიბრძანებდათ ამ პიროვნებებს. ის ადიდებდა
მზეს და უკიდეგანო ცას. ასე რომ, ღირდა მასთან შეხვედრა.
ყოველდღიური ამბები, კულტურული აბდაუბდა ჩემს სულს
თრგუნავდა – გულს მირევდა – სამოქალაქო უფლებები,
პოლიტიკური ლიდერების მკვლელობები, ბარიკადების
აღმართვა, მთავრობის რეპრესიები, სტუდენტი რადიკალები
და დემონსტრაციები კოპებისა და კავშირის წინააღმდეგ –
ქუჩებში არეულობაა, სიბრაზის ცეცხლი დუღს – ყველგან
ტყუილი, ხმამაღალი ლაპარაკი – მთელი ეს თავისუფალი
სიყვარული, მოძრაობა ფულის სისტემის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილი მქონდა, შორს დამეჭირა თავი ამ
ყველაფრისგან. მე უკვე დაოჯახებული კაცი ვიყავი, არ მქონდა
სურვილი საერთო ფოტოზე მოვხვედრილიყავი.
მაკლიშის სახლი უჩვეული სოფლის თავზე, უჩვეული მთაზე
იდგა – ნეკერჩხლის ფოთლები გროვად ეწყო აქა-იქ, ფეხით
სავალი გზის გასწვრივ. ხიდზე გადახვიდოდი და მაკლიშის
სტუდიას მიადგებოდი. ქვის კოტეჯი იყო, რესტავრირებული,
თანამედროვე სამზარეულოთი და ხეებით დაჩრდილული

86
ფანჩატურით. დარაჯმა მიგვაცილა სახლამდე, მაკლიშის
ცოლმა ჩაი მოგვართვა, რაღაც გვითხრა თავაზიანად და
დაგვტოვა. ჩემი ცოლი მასთან ერთად გავიდა. ოთახი
მოვათვალიერე, კუთხეში ბაღში სამუშაო ჩექმა ეწყო, მერხზე
ფოტოები ელაგა, კედლებზეც ჩარჩოში ჩასმული ფოტოები
ეკიდა – ყვავილებით სავსე კალათები, ნემსიწვერები, გამხმარი
ყვავილები, მაგიდაზე – თეთრი სუფრა, ვერცხლის თეფშები,
ბუხარი გიზგიზებდა – მომრგვალებული ჩრდილები... ფანჯრის
მიღმა კი ხელოვნურად გაშენებული და ამწვანებული ტყე
მოჩანდა.
მაკლიშის ფოტოები შევისწავლე. ერთ სურათზე ჯერ სულ
პატარ ბიჭი იყო, პონიზე ამხედრებული, აღვირი ვიღაც ქალს
ეჭირა, ჩაჩივით ქუდი ეხურა. კიდევ არჩი თავის ჰარვარდის
კლასთან ერთად – იელის უნივარსიტეტში და პირველ
მსოფლიო ომში არტილერიის კაპიტნის ფორმაში –
მცირერიცხოვან ჯგუფში ეიფელის კოშკის წინ, აქვე იყო
ფოტოები, გადაღებული კონგრესის ბიბლიოთეკაში, ასევე
ჟურნალ „ფორტუნის“ სარედაქციო კოლეგიასთან ერთად. ერთ
ფოტოზე აღბეჭდილი იყო, როგორ გადასცემენ პულიცერის
პრემიას... კიდევ ბოსტონელ ადვოკატებთან ერთად. ამ დროს,
ქვით მოკირწყლულ ბილიკზე მისი ფეხის ხმა მომესმა და
შემოვიდა კიდეც ოთახში, ჩემკენ წამოვიდა და ხელი
გამომიწოდა.
რაღაც მმართველისა თუ ბატონის იერი ჰქონდა – ოფიცრის
მიხვრა-მოხვრა – ავანტიურისტისა, რომელსაც უჩვეულოდ
თავდაჯერებულად ეჭირა თავი. პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
რამდენიმე საკითხი გამიმეორა, რაც უკვე წერილიდან ვიცოდი
(წერილში ახსენა, ჩემს სიმღერაში სიტყვები ელიოტისა და ეზრა
პაუნდის სიმბოლურ ბრძოლაზე) – პაუნდი და ელიოტი
მეტისმეტად განსწავლულები იყვნენ, არა? – მითხრა. პაუნდზე
ერთი ის ვიცოდი, რომ მეორე მსოფლიო ომში ნაცებს
გულშემატკივრობდა და რომ იტალიიდან ანტი-ამერიკულ
პროპაგანდას ეწეოდა რადიოთი. არასოდეს წამეკითხა. თომას
ელიოტს რაც შეეხება, მომწონდა. ნამდვილად ღირდა მისი
კითხვა. არჩის ჩემი სიმღერა „John Brown“ მოსწონდა. ეს
სიმღერა ერთ ბიჭზე იყო, რომელიც ომში მიდის. – მე სულაც არ
მგონია, რომ ეს სიმღერა ბიჭზეა. უფრო ბერძნულ დრამას
მაგონებს. შენ ასე არ გგონია? ეს სიმღერა დედებზეა, –
მეუბნება არჩი, – სხვადასხვა დედებზე, ბიოლოგიურზე,

87
მოვალეობის უფასოდ შემსრულებელზე... ყველა დედა ერთ
დედაშია თავმოყრილი. – მე ასე არასოდეს მიფიქრია, არადა,
სიმართლეს ჰგავდა. მერე ერთი ხაზი ახსენა ჩემი სიმღერიდან
„ჭიშკრის უკან სიკეთე იმალება“, და მკითხა, მართლა ასე
ფიქრობო. მე ვუთხარი, ხანდახან ასე მეჩვენება-მეთქი. რაღაც
მომენტში, მომინდა მისთვის მეკითხა ჰიპებზე, თავხედ
გინსბერგზე, და კერუაკზე რას ფიქრობდა, მაგრამ რატომღაც
მომეჩვენა, რომ უადგილო შეკითხვა იქნებოდა. საფო ან
სოკრატე თუ წაგიკითხავსო, მკითხა. არა, არ წამიკითხავს-
მეთქი. დანტეზე და დონზე რას იტყვიო. ვუთხარი, ბევრი არც
მაგათზე ვიცი-მეთქი. ასე მითხრა, ამ ადამიანებთან
დაკავშირებით უნდა გახსოვდეს, ყოველთვის იმ გზით
გამოხვალ, რომლითაც შეხვედი.
მაკლიში მეუბნებოდა, რომ მისი აზრით, სერიოზული პოეტი
ვიყავი, ომისშემდგომი რკინის ხანის პოეტი, მაგრამ
გარდასული ხანიდან რაღაც მეტაფიზიკური გადმომყოლოდა.
ჩემი სიმღერები უფრო იმიტომ მოსწონდა, რომ ისინი
საზოგადოების ყოფასთან იყო გადახლართული, ბევრი საერთო
ასოციაციები და თვისებები გვქონდა და კიდევ იმიტომ, რომ
განსხვავებულად და ჩვენებურად არად ვაგდებდით რაღაც-
რაღაცებს. მაკლიშმა მითხრა, ჰომეროსი, „ილიადას“ ავტორი,
ბრმა მომღერალი იყო და მისი სახელი „მძევალს“ ნიშნავსო.
კიდევ მითხრა, ხელოვნებასა და პროპაგანდას შორის
გასხვავება არსებობსო, რადგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას
იღებო. მკითხა, ფრანგი პოეტი ფრანსუა ვიიონი თუ
წაგიკითხავსო. ვიიონი წაკითხული მქონდა და ასე მითხრა,
ოდნავი გავლენა იგრძნობაო. არჩი მესაუბრობდა თეთრ
ლექსებზე, გარითმულ პოეზიაზე, ელეგიებზე, ბალადებზე,
ლიმერიკებსა და სონეტებზე. მერე მკითხა, რა გაიღე
მსხვერპლად, შენს ოცნებას რომ გაჰყოლოდიო. მითხრა, რაიმეს
მისი ღირებულებით კი ვერ შეაფასებ, არამედ იმით, თუ შენ რა
დაგიჯდა მისი მოპოვება, თუ რამე შენს რწმენაზე და ოჯახზე
მეტად გიღირს, მაშ ძალიან ძვირფასი ყოფილაო, და კიდევ
თქვა, არსებობს ისეთი რამ, რაც არასოდეს გაიცვითებაო.
მიქელანჯელოზეც მესაუბრა, ასე მითხრა, მიქელანჯელოს
მეგობრები არ ჰყოლია, არც სურვილი ჰქონდა ვინმეს
დალაპარაკებოდაო. არჩი მეუბნებოდა, ბევრი რამ, რაც მის
ახალგაზრდობაში ხდებოდა, ახლა უკვალოდ გამქრალიყო. შენი
ბავშვობის დროინდელი გმირები ვინ იყვნენო, დაინტერესდა.

88
ვუთხარი – რობინ ჰუდი და წმინდა გიორგი, რომელმაც
ურჩხული განგმირა-მეთქი. – იმათ დღეში ჩავარდნას ალბათ არ
ისურვებდი, – ჩაიხითხითა.
პიესა, რომლისთვისაც სიმღერის დაწერას მთავაზობდა,
მაგიდაზე იდო. უნდოდა, სიმღერებს რაღაც განემარტა პიესაში
და თან ხლებოდა სცენებს. ხმამაღლა დაიწყო ნაწყვეტების
კითხვა და რამდენიმე სიმღერის სათაურიც შემომთავაზა:
„Father of Night“, „Red Hands“, „Lower World“ და კიდევ
რამდენიმე.
დიდი ყურადღებით ვუსმენდი და ცოტა ხნის შემდეგ,
ინტუიტურად მივხვდი, რომ ეს ჩემთვის არ იყო. რამდენიმე
წინადადების მოსმენის მერე, გამიჭირდა იმის წარმოდგენა,
როგორ შეიძლებოდა ჩვენი ბედი გადახლართულიყო. ძალიან
მძიმე პიესა ჩანდა, პარანოიით შეპყრობილი სამყარო იყო
დახატული, დანაშაულებითა და შიშით სავსე – ყველაფერი
გამუქებული, ატომური ხანისკენ მიემართებოდა, უსამართლო
თამაშის სუნი ასდიოდა. ვერც ვერაფერს იტყოდი ამ პიესაზე და
ვერც ვერაფერს დაამატებდი. ის სასიკვდილოდ იმეტებდა
საზოგადოებას, კაცობრიობა საკუთარ სისხლში პირქვე იწვა.
მაკლიშის პიესა, აპოკალიფსური გზავნილის გარდა, კიდევ
რაღაცას გვაწვდიდა. რაღაც აი, ასეთი – ადამიანის მისია არის
დედამიწის განადგურება. მაკლიში რაღაცას გვანიშნებდა
ცეცხლის ალით და რაც პიესაში იყო ნაგულისხმევი, მისი გაგება
მე არ მინდოდა. მაკლიშს კი ვუთხარი, მოვიფიქრებ-მეთქი.
1968 წელს „ბითლზი“ ინდოეთში ჩავიდა. ამერიკა მძვინვარებას
მოეცვა. უნივერსიტეტის სტუდენტები ავტოსადგომზე
გაჩერებულ მანქანებს ამსხვრევდნენ, ფანჯრებს ამტვრევდნენ.
ვიეტნამის ომი ქვეყანას ღრმა დეპრესიისკენ მიაქანებდა.
სტუდენტები ცდილობდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე
კონტროლის მოპოვებას, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები
დიდ აყალმაყალს ტეხდნენ. მაოისტები, მარქსისტები,
კასტროისტები – მემარცხენე ლაწირაკები, ვისაც ჩე გევარას
ბუკლეტი ჰქონდა წაკითხული, გარეთ გამოფენილიყვნენ,
ეკონომიკის დასარბევად. პრესა კიდევ უფრო ამღვრევდა
წყალს, ისტერიას აღვივებდა. ტელევიზიით ახალი ამბები რომ
გენახათ, იფიქრებდით, რომ მთელი ქვეყანა ცეცხლის ალში იყო
გახვეული. ყოველდღე ახალ-ახალ ქალაქებში იწყებოდა ბუნტი,
უკიდურესად სახიფათო ხდებოდა ეს ყველაფერი.

89
მე მოტოციკლით ავარიაში მოვყევი, მაგრად დავშავდი, მაგრამ
გამოვკეთდი. სიმართლე ის იყო, რომ სიმდიდრის, კარიერის
თუ პოპულარობის მოსაპოვებლად ატეხილი ამ გიჟური
რბოლიდან თავის დაღწევა მინდოდა. ახლა შვილები მყავდა და
სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი, რაც ხდებოდა, ყველაფრისგან
და ყველასგან იზოლირებული ვიყავი. ჩემი ოჯახის გარდა,
ნამდვილ ინტერესს არაფერი აღმიძრავდა, ყველაფერს სხვა
თვალით ვუყურებდი. თუნდაც იმ დღეების შემზარავი ამბები,
კენედების დახოცვა, კინგისა და მალკოლმ იქსის მკვლელობა...
მე ამას ვუყურებდი არა როგორც ლიდერების, არამედ მამების
მკვლელობას, რომელთა ოჯახებს დიდი ტკივილი მიაყენეს.
ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე, თავისუფალ და
დამოუკიდებელ ქვეყანაში, მე ყოველთვის სათუთად
ვუფრთხიდებოდი ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა
თანასწორობა და თავისუფლება. მტკიცედ მქონდა
გადაწყვეტილი, შვილები ამ იდეალებზე აღმეზარდა.
რამდენიმე წლით ადრე, რონი გილბერტმა, „ვივერსის“ ერთ-
ერთმა წევრმა, ნიუპორტის ფოლკის ფესტივალზე ასე
წარმადგინა: „აი, ისიც, თქვენ მას იცნობთ, ის თქვენია“.
რატომღაც ვერ მივხვდი, რომ ამ სიტყვებში იყო რაღაც
ავისმომასწავლებელი. ელვისი ასე არასოდეს წარუდგენიათ.
„აი, ისიც, ის თქვენია!“ რა სიგიჟეა ამის თქმა! ერთი მაგათი.
რამდენადაც ვიცოდი, არასოდეს არავის არ ვეკუთვნოდი. მე
ცოლი მყავდა და შვილები, რომლებიც ამქვეყნად ყველაფერს
მერჩივნა. ერთადერთი, რასაც ვცდილობდი, როგორმე ისინი
უზრუნველმეყო, ხიფათისგან დამეცვა, მაგრამ პრესის
ბაღლინჯოები არ იშლიდნენ თავისას და უნდოდათ ქადაგად,
ორატორად თუ საერთოდ თაობის სინდისად გამოვეყვანე.
სასაცილო იყო ეს ყველაფერი. სიმღერის წერის მეტი არასოდეს
არაფერი მიკეთებია, მაგრამ, როგორც ეტყობა, ჩემი სიმღერები
ზუსტად არტყამდნენ მიზანში და ძლიერ და ახალ რეალობას
ხატავდნენ. იმ თაობას რაც შეეხება, რომლის ხმაც თითქოს მე
ვიყავი, ბევრი არაფერი მქონდა საერთო მასთან და არც ბევრი
არაფერი ვიცოდი. ჩემი ბედ-იღბალი გზაზე იდო, მზად იყო
მიეღო ცხოვრების ნებისმიერი შემოთავაზება, ჩემი საქმე არ
ყოფილა რომელიმე ცივილიზაცია წარმომედგინა. მთავარი ის
არის, შენს თავთან იყო ყოველთვის მართალი. მე კოვბოი
უფრო ვიყავი, ვიდრე გერმანელი ლეგენდარული მესტვირე,
ვირთხებისგან რომ გაათავისუფლებს თავის ქალაქს.

90
ბევრი დიდებასა და სიმდიდრეს ძალაუფლებასთან აიგივებს,
ფიქრობენ, რომ სიმდიდრეს მოაქვს ბედნიერება, დაფასება და
განდიდება. შეიძლება ასეც იყოს, ოღონდ ყოველთვის არა. მე
პირადად, ვუდსტოკში ჩავრჩი, მტკივნეულად განვიცდიდი
ყველაფერს, რაც ხდებოდა და ჩემს ოჯახზე ვზრუნავდი.
იმდროინდელ პრესას თუ გადახედავთ, სულ სხვაგვარად
მხატავდნენ. გასაკვირია, როგორ აბუნდოვნებენ ხოლმე
ყველაფერს. ეტყობა, კაცობრიობას ყველა ეტაპზე სჭირდება
განტევების ვაცი – ვიღაც, ვინც რომის იმპერიის წინააღმდეგ
წაუძღვებათ. მე მართლა არასოდეს ვყოფილვარ იმაზე მეტი,
რაც ვიყავი – მუსიკოსი, რომელიც ცრემლით დაბინდული
თვალებით ნაცრისფერ ბურუსს მისჩერებოდა და ისეთ
სიმღერებს წერდა, რომლებიც ნისლეულებზე დაცურავდნენ.
ახლა კი ეს ყველაფერი დაიმსხვრა და თავზე დამემხო. მე არ
ვყოფილვარ მქადაგებელი და ვერც სასწაულს
მოვიმოქმედებდი. ჩემს ადგილას, ნებისმიერი ადამიანი
გარეკავდა.
თავიდან ვუდსტოკში კარგად მიგვიღეს. უკვე ნაპოვნი მქონდა
საცხოვრებელი, სანამ იქ გადავიდოდით. ერთხელ,
სირაკუზიდან მოვდიოდით, შოუზე გამოვედით და ვუდსტოკს
რომ ჩავუარეთ, ჩემმა მენეჯერმა თქვა, სოფელში სახლის ყიდვა
მინდაო. შევიარეთ, შეარჩია სახლი და მერე ერთი მეც ვიყიდე.
ეს ის სახლი იყო, სადაც დღედაღამ არ გვასვენებდნენ და
გვივარდებოდნენ. ერთ დროს ეს ადგილი წყნარი თავშესაფარი
იყო, მაგრამ ახლა, ნურას უკაცრავად. მგონი, ორმოცდაათივე
შტატში ყველა უსაქმურს და ნარკომანს შეეძლო ეშოვნა რუკა,
სადაც ჩვენი სახლის ადგილსამყოფელი იყო აღნიშნული.
ბაცაცები პილიგრიმებივით დახეტიალობდნენ კალიფორნიაში,
დაქირავებული ბანდიტებისგან მთელი ღამე მოსვენება არ
გვქონდა. თავიდან, შეიძლებოდა ისე მიგეღო, თითქოს
უსახლკარო ადამიანები არალეგალურად აფარებდნენ თავს
შენს სახლს – რაც, ასე თუ ისე, უწყინარი საქციელი იყო, მაგრამ
მერე გამოჩდნენ ნაძირალა რადიკალები – გაუგებარი ტიპები,
მახინჯი გოგოები, საფრთხობელები, გამასპინძლების მოსურნე
მაჩანჩალები, ჩემს საკუჭნაოში რეიდებს რომ აწყობდნენ.
პიტერ ლაფარჟმა, ჩემმა მეგობარმა, ფოლკის მომღერალმა,
ერთი-ორი „კოლტი“ მომცა, მეც მქონდა ჩემი „ვინჩესტერი“,
მაგრამ წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ შეიძლებოდა მათი
გამოყენება. ხელისუფლებამ და პოლიციის უფროსმა

91
(ვუდსტოკს სამი კოპი ჰყავდა), გამაფრთხილეს, შემთხვევით
თუ ვინმეს დაჭრიდნენ, ან თუნდაც გამაფრთხილებელი
გასროლა იქნებოდა, პირველს მე დამიჭერდნენ. ის კი არა, ჩემს
სახურავზე ვიღაცები რომ დაბლაყუნებდნენ, რომელიმე
შემთხვევით რომ ჩამოვარდნილიყო, იმაზეც თურმე მე ვიყავი
პასუხისმგებელი... ეს ყველაფერი ძალიან მაფრთხობდა და
მაღიზიანებდა. მინდოდა ცეცხლი შემენთო იმ ხალხისთვის. ეს
დაუპატიჟებელი სტუმრები, მოჩვენებები, საზღვრის
დამრღვევები, დემაგოგები, ცხოვრებას მინგრევდნენ. ყოველი
დღე და ყოველი ღამე პრობლემებით იყო დამძიმებული.
ყველაფერი არასწორად ხდებოდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა.
გამოსავალს ვერ ვხედავდი, ყველაზე ახლობელი და საყვარელი
ადამიანებიც კი ვერაფერს მშველოდნენ.
ერთხელ, უკვე სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, მე და რობი
რობერტსონი, გიტარისტი, რომელიც მოგვიანებით ბენდს
შექმნის, მანქანით სადღაც მივდიოდით. ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს თავისუფლად შემეძლო მზის სისტემის
რომელიღაც სხვა ნაწილში მეცხოვრა. რობი მეუბნება – როგორ
ფიქრობ, როგორ შეიძლება დაითრიო? – რა დაითრიო? – ვკითხე
მე. – რა და, მთელი ეს მუსიკალური სამყარო. მთელი
მუსიკალური სამყარო! მანქანის ფანჯრის მინა ოდნავ იყო
ჩამოწეული, ბოლომდე ჩამოვწიე, ვგრძნობდი, როგორ
მირტყამდა ქარი სახეში და ველოდებოდი, როდის
გადამივლიდა სიბრაზე – გეგონება, შეთქმულების მონაწილე
ვხდებოდი. მე არ ვიცი, სხვები თავიანთ წარმოსახვაში როგორ
ცხოვრებას ხატავდნენ, მე პირადად, ვოცნებობდი ცხრიდან
ხუთ საათამდე მემუშავა, ხეებით გარშემორტყმული სახლი
მქონოდა, თეთრი ჭიშკრითა და უკანა ეზოში წითელი
ვარდებით. სულ ეს იყო ჩემი ოცნება. რაც მართლაც მშვენიერი
რამ იყო. რაღაც პერიოდის მერე ხვდები, რომ პირადი ცხოვრება
ისეთი რამაა, რაც შეიძლება გაყიდო, ოღონდ ვეღარასოდეს
დაიბრუნებ. ვუდსტოკში ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა.
დროზე უნდა გავცლოდი იქურობას და ასეც მოვიქეცი. ნიუ-
იორკში გადავედით დროებით, მაგრამ არც ამან გაამართლა. იქ
კიდევ უარესი იყო. დემონსტრანტებმა ჩვენს სახლს მოაგნეს
და დაუყვებოდნენ ზევით-ქვევით ქუჩას, თან მღეროდნენ და
ყვიროდნენ, მოითხოვდნენ, რომ მე უნდა გავსულიყავი და წინ
გავძღოლოდი, ოღონდ სად, არავინ იცოდა – არ უნდა
გავქცეოდი ჩემს მოვალეობას, ვყოფილიყავი თაობის სინდისი.

92
დემონსტრანტები ბღაოდნენ და ხორხოცობდნენ, გზები
ბლოკირებული იყო, მეზობლები ვეღარ გვიტანდნენ. მათ
თვალში, ალბათ, საკარნავალო შოუდან გადმოსული ტიპი
ვიყავი – საოცრებათა სასახლის გამოფენიდან. თუ
შემხვდებოდნენ, ისე მომაშტერდებოდნენ ხოლმე, როგორც
ალბათ ინდიელების გამომშრალ თავის ქალას შეხედავდნენ, ან
კიდევ გიგანტურ ვირთხას. მე კი თავს ისე ვაჩვენებდი,
თითქოს სულ არ მენაღვლებოდა.
საბოლოოდ, ნელ-ნელა დასავლეთისკენ დავიწყე გადაბარგება
– რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე. რეპორტიორები ყველგან
მაგნებდნენ, იმედი ჰქონდათ რაიმე საიდუმლოს
გამომცინცლავდნენ – ეგება ცოდვა მომენანიებინა კიდეც. ჩვენი
მისამართი ადგილობრივ გაზეთში ქვეყნდებოდა და მერე
იწყებოდა გაუთავებლად ერთი და იგივე. რომც შემომეშვა
სახლში ეს რეპორტიორები, ნეტა რას იპოვიდნენ? უამრავ
სისულელეს – სხვადასხვაგვარ სათამაშოებს, ბავშვების
მაგიდებს და სკამებს, დიდ და ცარიელ მუყაოს ყუთებს,
ბავშვების თავსატეხებს, სამეცნიერო მოწყობილობებს და
დოლებს... არავითარი სურვილი არ მქონდა, სახლში ვინმე
შემომეშვა. ოჯახში წესები არ გვქონდა. თუ ბავშვები
მოინდომებდნენ სამზარეულოში კალათბურთი ეთამაშათ,
თამაშობდნენ კიდეც. სახლშიც ყველაფერი ყირაზე იდგა და
სახლის გარეთაც.
ჯოან ბაეზმა ჩემზე საპროტესტო სიმღერა დაწერა, მიწვევდა
დროისთვის ფეხი ამეწყო – გამოვსულიყავი და ამეღო ჩემს
თავზე ინიციატივა, გავძღოლოდი მასებს – დამეცვა ისინი,
ჯვაროსნებს წინ გავძღოლოდი. რადიოდან ისე ისმოდა ეს
სიმღერა, როგორც სოციალური სარეკლამო განცხადება. პრესა
ხომ არასოდეს მოგასვენებს. დრო და დრო, მიხდებოდა
ინტერვიუ მიმეცა, კარი რომ არ შემოემტვრიათ. რეპორტიორები
დამაყრიდნენ ხოლმე შეკითხვებს, მე კი სულ ერთსა და იმავეს
ვუმეორებდი, რომ არა ვარ ორატორი, მხოლოდ და მხოლოდ
მუსიკოსი ვარ. ისე მიყურებდნენ, თითქოს მამოწმებდნენ,
ნასვამი ვიყავი თუ არა, ან ნარკოტიკი ხომ არ მქონდა
მიღებული. წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ რას ფიქრობდნენ.
მერე, სტატიას დაწერდნენ: „ორატორი უარყოფს, რომ
ორატორია“. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ხორცის ნაჭერი
ვიყავი, ძაღლებისთვის გადასაგდებად გამზადებული. „ნიუ-
იორკ თაიმსმა“ ჩემი სიმღერის შარლატანური ინტერპრეტაცია

93
დაბეჭდა. „ემპაიერმა“ თავისი ჟურნალის ყდაზე ოთხთავიანი
ურჩხული დაახატა. მალკოლმ იქსის, კენედისა და
კასტროსთან ერთად ჩემი სახეც იყო გამოსახული. ნეტა, რა
ჯანდაბას ნიშნავდა ეს? ყველაფერი უფსკრულისკენ
მიექანებოდა. თუკი ვინმეს საღი აზრი გააჩნდა და რჩევას
სთავაზობდათ, მას არავინ მიესალმებოდა. ჩემი ცოლი, როცა
ცოლად მომყვებოდა, არც კი იცოდა, რაში ყოფდა თავს. ისე, არც
მე ვიცოდი, თქვენ წარმოიდგინეთ. გამოუვალ სიტუაციაში
აღმოვჩნდით.
ის კი მართალია, რომ ჩემი სიმღერის ტექსტებმა ნერვები,
როგორც არასდროს, ისე შეატოკა, მაგრამ, თუ, როგორც
ამბობდნენ, ამ სიმღერების მთავარი ძალა სიტყვებში იდო,
მაშინ გიტარისტმა დუეინ ედიმ რატომ ჩაწერა მთელი ალბომი
ჩემს სიმღერებზე შექმნილი ინსტრუმენტალური მელოდიით?
მუსიკოსებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩემი სიმღერები
უფრო მეტი იყო, ვიდრე მარტო სიტყვები, მაგრამ ადამიანთა
უმეტესობა ხომ მუსიკოსები არ არიან. ყველაზე მთავარი
შექმნილ სიტუაციაში ის იქნებოდა, რომ როგორმე გარეშე
ძალების დადანაშაულებისგან თავის უნდა შემეკავებინა.
მესწავლა, როგორ მომეშორებინა ზედმეტი ტვირთი. რაც არ
უნდა ყოფილიყო კონტრკულტურა, მე აღარ მაინტერესებდა.
გული მერეოდა, როგორ შეეძლოთ ჩემი ლექსების
ექსტრაპოლაცია, მათი მნიშვნელობის პოლემიკის საგნად
გახდომა, მე კი რად არ მრაცხავდნენ – წინააღმდეგობის
ბუდად, პროტესტის კორიფედ, დისიდენტების მეფედ,
დაუმორჩილებლობის ჰერცოგად, მუქთამჭამელების
ლიდერად, განდგომილების კეისრად, ანარქიის
არქიეპისკოპოსად, ვინმე მნიშვნელოვან პერსონად. საერთოდ
რაზე ვლაპარაკობთ? ყველა ეს ტიტული საკოდო სიტყვა იყო,
ავაზაკის მნიშვნელობით.
აღარ შემეძლო სულ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა –
მერლ ჰაგარდის სიმღერის არ იყოს – „დევნილი ვარ, გზა არის
ჩემი სახლი“. ვერ გეტყვით, ჰაგარდიც თუ ყოფილა ჩემს დღეში,
მე კი სულ აქეთ-იქით დავატარებდი ოჯახს. როცა შენ თვითონ
გადაგხდება, სხვაგვარად გეჩვენება ყველაფერი. პრესა არ
ჩქარობდა უკან წაეღო თავის განაჩენი და მე კი არ შემეძლო ასე
უბრალოდ დამეტოვებინა, მე თვითონ უნდა ვწვდომოდი ხარს
რქებში და საკუთარი იმიჯი გადამესხვაფერებინა. ეს კი რაღაც
ძალიან ახალი იქნებოდა ჩემთვის, რაზედაც არასოდეს

94
მიფიქრია.
თავდაპირველად უმნიშვნელო ამბებით დავიწყე. მართლა
ასეთი სტრატეგია მქონდა, მოულოდნელი რამეები,
მაგალითად თავზე მთელი ბოთლი ვისკი დავიცალე და
უნივერმაღში შევედი. ისე მეჭირა თავი, თითქოს მაგარი
მთვრალი ვიყავი. იმედი მქონდა, ეს ახალი ამბავი მალე
მოედებოდა ქალაქს. ყველაზე მეტად კი ის მინდოდა, რომ
ოჯახის მისახედად დრო მქონოდა. მთელ მსოფლიოს კისერი
უტეხია. ხელოვნება ცხოვრების გვერდით უმნიშვნელოა, და
შენ არჩევანი არ გეძლევა. მე აღარ ვიყავი უკვე არაფერზე
დახარბებული. შემოქმედება დამოკიდებულია
გამოცდილებაზე, დაკვირვებასა და წარმოსახვაზე და თუ ერთ-
ერთი ძირითადი ელემენტი ამოვარდა, არაფერი გამოვა.
ჩემთვის შეუძლებელი იყო რამეს დავკვირვებოდი, იმიტომ,
რომ უფრო ხშირად მე მაკვირდებოდნენ. პატარა მაღაზიაშიც
რომ შევიდოდი, თუ ვიღაც შემამჩნევდა, იმწამსვე
გაიძურწებოდა, რომ ტელეფონი ეპოვნა. ვუდსტოკში ეზოში
გავიდოდი თუ არა, მანქანა გაჩერდებოდა, იქიდან ვიღაც
ყმაწვილი გადმოხტებოდა და ჩემკენ თითით მიანიშნებდათ,
მერე დამთვალიერებლების მთელი ჯგუფი დაეშვებოდა
ბორცვიდან. ხანდახან, რესტორანში როცა ვიჯექი (იმხანად ჩემი
სახელი ფართოდ იყო ცნობილი, მაგრამ სახეზე ბევრი არ
მიცნობდა), ერთ-ერთი მჭამელი ადგებოდა, დახლთან
მივიდოდა, თითს ჩემკენ გამოიშვერდა და მოლარეს
ჩასჩურჩულებდა – „ის არის“. მერე მოლარე კიდევ ვიღაცას
ეტყოდა და ეს ახალი ამბავი მაგიდიდან მაგიდას გადაეცემოდა.
გეგონება, მეხი გავარდაო. ყველა კისერს წაიგრძელებდა და
ერთმანეთს ეკითხებოდნენ – „ვითომ, ის არის?“ „იმაზე ამბობ,
ბავშვების ჯოგი რომ ახლავს?“ ჩემს სახლს უტევდნენ,
კარებთან ვიღაც ყვავები გამუდმებით დამჩხაოდნენ. ნეტა რა
ალქიმია იყო საჭირო ისეთი სუნამოს მოსაგონებლად, რომელიც
ჩემდამი ინდიფერენტულად განაწყობდა და ინტერესს
დაუკარგავდა. მე არც ერთი თაობის თამადა არ მინდოდა
ვყოფილიყავი და ეს აზრი ძირფესვიანად უნდა აღმომეფხვრა.
ჩემი და ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის თავისუფლება
უნდა უზრუნველმეყო. საიდანღაც უნდა დამეწყო.
იერუსალიმში ჩავედი და გოდების კედელთან ფოტო
გადავიღე, თავზე კიპა მეხურა. სურათი ელვის სისწრაფით
გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ერთ ღამეში სიონისტად

95
გადავკეთდი. ამან ცოტა მიშველა. ამერიკაში დაბრუნებულმა
მალე ქანთრი-ვესტერნის სტილში დისკი ჩავწერე და შევეცადე
თავშეკავებული და მორჯულებული ჟღერადობა ჰქონოდა.
მუსიკალური პრესა საგონებელში ჩავარდა. ხო, კიდევ
სხვადასხვა ხმაზე ვმღეროდი. ცოტა არ იყოს, დავაბნიე ხალხი.
მერე ჩემი ჩამწერი სტუდიიდან ჭორი გავავრცელე, თითქოს
მუსიკას თავს ვანებებდი და დიზაინის სკოლაში ვაპირებდი
სწავლას – რამაც საბოლოოდ კორესპონდენტების ყურამდე
მიაღწია. „ერთი თვეც ვერ გაძლებს“, ზოგი ასე ამბობდა ჩემზე.
„რამ შეცვალა ასე?“ მე კი ვფიქრობდი, კისერიც უტეხიათ-
მეთქი. რაღაც ისტორიებს ბეჭდავდნენ ჩემზე, თითქოს ჩემი
თავის ძიებაში ვიყავი, ან თითქოს რაღაც მტანჯავდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა. ორდისკიანი ალბომი
გამოვუშვი, ჩავყარე შიგ ყველაფერი, რაც თავში მომივიდა, რაც
ხელთ მომხვდა. ვუდსტოკში ვერ ჩავედი. ფილმში ვითამაშე,
კოვბოურად მეცვა და ცხენს დავაჭენებდი. ბევრი არაფრის
ცოდნა არ იყო საჭირო, ისე, ალბათ ძალიან გულუბრყვილო
ვჩანდი.
ჰერმან მელვილის ნაწარმოები, რომელიც მან „მობი დიკის“
შემდეგ გამოსცა, შეუმჩნეველი დარჩა. კრიტიკოსების აზრით,
მან ლიტერატურის საზღვრებს გადააბიჯა. სიკვდილის წინ
მელვილი თითქმის მივიწყებული მწერალი იყო.
მეც თავში ჩავიდე, როცა კრიტიკოსები ჩემს ნამუშევარს არ
მიიღებდნენ, მელვილის ბედი მეწეოდა, საზოგადოება
დამივიწყებდა. განა ეს სიგიჟე არ არის? საბოლოოდ,
დავრჩებოდით მე და მუსიკა – ისევ დავიწყებდი სცენაზე
გამოსვლას – დიდი ხნის ნანატრი, ხმაურიანი, ერთობლივი
ტურები – ბოშების ტურები – როცა იდეოლოგიას
ფეხსაცმელივით ან გიტარის სიმივით იცვლი. მერე რა? მე
არავისი არაფერი არ მმართებდა. არავის გამო თავს არ
ავიტკივებდი. ისედაც ტკივილსა და სიბნელეში ვცხოვრობდი.
ჩემი სინათლე ოჯახი იყო და რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამ
სინათლეს შევინარჩუნებდი. ეს იყო პირველი, უკანასკნელი და
ყველაფერი მათ შორის, რისთვისაც ვცხოვრობდი. რითი ვიყავი
მსოფლიოსგან დავალებული? არც არაფრით. პრესა? ჩემი
აზრით, პრესა უნდა მოატყუო. ხალხის თვალის ასახვევად,
მაღალ საზოგადოებაშიც ვერეოდი და სოფელშიც. რეალურ
ცხოვრებაში კი იმას ვაკეთებდი, რაც მართლა მიყვარდა –
დავდიოდი „მცირე ლიგის“ თამაშებზე, დაბადების დღეებზე,

96
ბავშვები დამყავდა სკოლაში, ხან კარვებით მივდიოდით
სამოგზაუროდ, ნავით საცურაოდ, ან კანოეთი,
ვთევზაობდით... ჰონორარზე ვცხოვრობდი. რეალურ
ცხოვრებაში ერთი შეუმჩნეველი ადამიანი ვიყავი. თუ ადრე
ორიგინალური სიმღერები დამიწერია და სხვებზე გავლენა
მომიხდენია, ახლა არც კი ვიცოდი, კიდევ ასე გავაგრძელებდი
თუ არა, და ეს ამბავი დიდად არ მადარდებდა.
ერთხელ მსახიობმა ტონი კერტისმა მითხრა, პოპულარობა
თავისთავად პროფესიააო. ამაზე ზუსტად ვერ იტყოდა. ჩემი
ძველი იმიჯი ნელ-ნელა ქრებოდა, ახლა სხვა ანაქრონიზმებს
მაწებებდნენ – ლეგენდა, ხატი, ენიგმა („ევროპულად ჩაცმული
ბუდა“ ყველაზე მეტად მომწონდა) – რაღაც ეგეთები, მაგრამ
ამას არა უშავს. ყველა ეს ტიტული მშვიდი, უწყინარი,
გაცვეთილი, ადვილად შესაგუებელი იყო. რაც შეეხება
წინასწარმეტყველს, მესიას და მხსნელს – ეს უკვე ძალიან
მაგარი ჩანდა.
არჩიბალდ მაკლიშის პიესაში „სქრეჩი“ რამდენიმე პერსონაჟი
იყო, სათაურად ერთ-ერთის სახელი ჰქონდა აღებული. სქრეჩი
პიესაში ასეთ სიტყვებს ამბობს: – ვიცი, რომ ამქვეყნად
არსებობს ბოროტება, ფესვებგადგმული ბოროტება, სიკეთის
საპირისპირო კი არა, ან კიდევ არასაკმარისად კეთილი, არამედ
საერთოდ სიკეთესთან შეუსაბამო – წარმოსახული. ჩემდენს
ვერავინ იცოცხლებს, ვერ გაიგონებს იმდენს, რამდენიც მე
გამიგია და არ ეცოდინება ის, რაც მე ვიცი. მე ისიც ვიცი –
ზუსტად ვიცი – და მზად ვარ დავიჯერო, რომ ამქვეყნად
შეიძლება იყოს რაღაც – თუ გირჩევნიათ, ვიღაც – რომელიც
გეგმავს და მართავს ბოროტებას... ძლიერი ერები
მოულოდნელად, არა შემთხვევით, ყოველგვარი გამოხატული
მიზეზის გარეშე... ნადგურდებიან. შვილები მათ წინააღმდეგ
აღსდგებიან. მათი ქალები ვეღარ ხვდებიან, რომ ქალები არიან.
ოჯახები ინგრევა. – ამის მერე, ცოტა უმჯობესდება. ჩემთვის
პიესისთვის სიმღერის დაწერა არ იყო ძალიან უჩვეულო, უკვე
რამდენიმე მოგონილიც მქონდა, მაინტერესებდა, რა
გამომივიდოდა. საერთოდ სცენა ყოველთვის მიყვარდა,
განსაკუთრებით თეატრი. ჩემი აზრით, ყველაზე სრულყოფილი
ხელოვნებაა. როგორიც არ უნდა იყოს გარემო, საცეკვაო
დარბაზი თუ ქუჩის ტროტუარი, სოფლის გრუნტის გზა,
მოქმედება ყოველთვის მარადიულ „ახლა“-ში ხდება.

97
პირველად, მაყურებლის წინაშე სპექტაკლში მონაწილეობა
მშობლიურ ქალაქში მივიღე, სკოლის სცენაზე. მუსიკალური
ზარდახშასავით პატარა კი არ იყო, კარნეგი ჰოლივით
პროფესიონალური საკონცერტო დარბაზი ჰქონდა,
აღმოსავლეთ სანაპიროს მაღაროების ფულით იყო აშენებული,
ფარდებიც ეკიდა, ბუტაფორიებიც ჰქონდა, დასაშვები კარებიც
და ორკესტრისთვის ორმო. პირველად მონაწილეობა მივიღე
რელიგიურ დრამაში „Black Hills Passion Play of South Dakota“,
რომელშიც ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები იყო
ასახული. ეს პიესა საშობაო სეზონზე პროფესიონალ
მსახიობებს ჩამოჰქონდათ ხოლმე ჩვენს ქალაქში, გალიებში
მტრედები ჰყავდათ, სახედარი, აქლემი და რეკვიზიტებით
დატვირთული საბარგო. ყოველთვის იყო ისეთი ადგილები,
როცა დამატებითი მსახიობები სჭირდებოდათ. ერთ წელს
რომაელი ჯარისკაცის როლი შევასრულე, მუზარადი მეხურა და
ხელში შუბი მეჭირა. მართალია, უსიტყვო როლი იყო, მაგრამ
ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. თავი ვარსკვლავი მეგონა.
კოსტიუმიც მომწონდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს
ნამდვილ ისტორიულ ამბებში ვმონაწილეობდი, ყველაფერი
პლანეტის შუაგულში ხდებოდა და მეც უძლეველი ვიყავი.
თითქოს მილიონი წლის წინ ვარსებობდით, მილიონი
გადავლილი ბრძოლისა და სიძნელის წინ.
იმ წუთს თავი უძლეველი აღარ მეგონა. შეიძლება ცოტა
თავხედი ვიყავი, მოკლედ, ყველაფერი ვიყავი კმაყოფილის
გარდა. ყოველი მხრიდან გარშემორტყმული, ვერაფერს
ვხედავდი, ჩემი სამზარეულოს გარდა, ვერაფერს, მხოლოდ
ჰოთ დოგებს, ინგლისური ფუნთუშებით და ატრიას,
პუდინგისთვის როგორ ურევდნენ დიდ ჯამში ფქვილს, როგორ
ამტვრევდნენ კვერცხებს, უცვლიდნენ ბავშვებს საფენებს და
უსხამდნენ საჭმელს ბოთლებში. ამ ყველაფრის და კიდევ ჩემს
გემოზე სეირნობასა და ძაღლის გაყვანებს შორის, ხანდახან
ვახერხებდი როიალთან მისვლას და პიესისთვის რამის
დაწერას, თან სათაურები სულ თავში მიტრიალებდა. პიესა
თავისთავად რაღაც შემაძრწუნებელ სიმართლეს
გადმოგვცემდა, მაგრამ მე მისგან შორს მინდოდა თავი
დამეჭირა. ყველაზე ნაკლებად სიმართლეზე ვფიქრობდი, თუ
საერთოდ არსებობდა ასეთი რამ. ჩემს სახლში მას არ
ვისურვებდი. ოიდიპოსიც სიმართლეს ეძებდა და რაც
დაემართა, კარგად მოგეხსენებათ. კარგი, სიმართლეს თავი

98
დავანებით. მე იძულებული ვიქნებოდი, პირის ორივე მხრიდან
მელაპარაკა, და ვინ რას გაიგებდა, იმაზე იქნებოდა
დამოკიდებული, თავად რომელ მხარეს იდგებოდა. თუ
ოდესმე სიმართლეს გადავეყრებოდი, ზედ დავაჯდებოდი და
გავანადგურებდი. ნიუ-იორკში მომიწია წასვლა, პიესის
პროდიუსერს უნდა შევხვედროდი.
ვიდრე ნიუ-იორკში ვიყავი, ცოლთან ერთად როკფელერის
ცენტრის რეინბოუ რუმში უმცროსი ფრენკ სინატრას სანახავად
მივედით. ფრენკი ორკესტრთან ერთად მღეროდა. რატომ
მაინცდამაინც მის სანახავად? იმიტომ, რომ იქ არავინ
მომაბეზრებდა თავს და არავინ გამომედევნებოდა... და
შეიძლება, რაღაც სიახლოვეს ვგრძნობდი – თითქმის ერთი
ასაკის ვიყავით. რაც უნდა იყოს, მთავარია, რომ ფრენკი კარგად
მღეროდა. მე სულ არ ვდარდობდი იმაზე, მამამისს
გაუტოლდებოდა თუ არა, მისი ხმა მომწონდა და მისი დიდი
და ფეთქებადი ბენდი. ცოტა ხნის შემდეგ, მოგვიახლოვდა და
ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. ალბათ გაუკვირდა, ჩემისთანა კაცი
მის კონცერტზე რომ მივიდა, მაგრამ როცა დარწმუნდა,
მიუზიკლების პოპულარული სიმღერები ნამდვილად რომ
მომწონდა, დაძაბულობა მოეხსნა, დამშვიდდა და მითხრა,
შენი ერთი-ორი სიმღერა მეც მომწონსო, „Blowin’ in the Wind“ და
„Don’t Think Twice“. მკითხა, სად და სად უკრავო (მაშინ, მე
განდეგილივით ვცხოვრობდი, არსად არ ვუკრავდი, მაგრამ არ
მითქვამს). მერე სამოქალაქო უფლებებზე ჩამოაგდო საუბარი,
მითხრა, მამაჩემი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო
უფლებების მოძრაობაში, ყოველთვის იბრძოდა
დაჩაგრულების მხარდასაჭერად და ისე აკეთებდა ამას,
თითქოს თვითონაც ერთ-ერთი მათგანი იყო. უმცროსი ფრენკი
ჭკუადამჯდარი ყმაწვილი ჩანდა, არავითარი სიყალბე ან
თვალთმაქცობა არ იგრძნობოდა, არც გაპრანჭული არ იყო. ისე
იქცეოდა, როგორც წესი და რიგია და კარგად იცოდა, რასაც
წარმოადგენდა. საუბარი განვაგრძეთ.
– როგორ ფიქრობთ, რა გრძნობა დაგეუფლება, – მეუბნება, –
თუ აღმოჩნდება, რომ დაჩაგრული ადამიანი ნაბიჭვარი
ყოფილა?
– რა ვიცი, – მივუგე მე, – ალბათ არ უნდა იყოს კარგი გრძნობა.
მინის კედლიდან ქალაქის ხედი შთამბეჭდავად ჩანდა.
მესამოცე სართულიდან სამყარო სხვანაირი იყო.

99
ცოტა ხნის მერე, ცოლს წითელი ყვავილი ვუყიდე, ამქვეყნად
ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადამიანს, შემდეგ ფრენკის
დავემშვიდობეთ და იქაურობა დავტოვეთ.
როგორც იქნა, მაკლიშის პასუხი მომივიდა, რაღაც შეკითხვები
ჰქონდა. ასეც ვიცოდი. ისევ თავისთან მიმიპატიჟა –
კომპოზიციებზე უნდა გვემსჯელა. დიდხანს არ მიყოყმანია,
ოთხკარიან სედანში ჩავჯექი და ნიუ ინგლანდის გავლით
სოფლისკენ გავემგზავრე. მართალია, მთელი ყურადღება
გაშლილი გზისკენ მქონდა მიპყრობილი, თავიდან ვერ
ამომეგდო ექოსავით წკრიალა ხმა. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს გალიაში გამომწყვდეული ჩიტი ვიყავი – თუ
ლტოლვილი – ვიღაც, ვისაც შტატის საზღვარზე გვამის
გადატანა უნდოდა და ყოველ წუთს შეიძლება გაეჩერებინათ.
რადიო ჩავრთე. ჯონი ქეში მღეროდა სიმღერას „Boy Named Sue“.
დიდი ხნის წინ ჯონიმ რენოში კაცი მოკლა, მხოლოდ იმიტომ,
რომ ენახა, როგორ მოკვდებოდა. ახლა ვიღაც ბიჭზე მღეროდა,
რომელიც განაწყენებული იყო, მამამ გოგოს სახელი რატომ
დამარქვაო. ჯონი საკუთარი იმიჯის შეცვლასაც ცდილობდა.
მაგრამ მე ჩემს სიტუაციას ვერავისთან ვაიგივებდი – საკმაოდ
გარიყულად ვგრძნობდი თავს, ჩემს პატარა ოჯახს
მოჯადოებულ მსოფლიოში ცხოვრება ელოდა.
კრივის სამყაროში ერთი დამაინტრიგებელი რამ მოხდა: ჯერი
ქუორი ოკლენდში ჯიმი ელისს შეხვდა და ამ ამბავმა ყველა
შეაფუცხუნა. ჯიმი ელისი იმ ტიპის ყმაწვილი გახლდათ, აი –
„აიღე ფული და წადი სახლში“ – კრივი მისთვის სამსახური
იყო, არც მეტი, არც ნაკლები. ოჯახი ჰყავდა დასაპურებელი და
სულ არ ადარდებდა ლეგენდების შეთხზვა და რეკორდების
მოხსნა. ჯერი ქუორის რაც შეეხება, თეთრკანიანი მოკრივე იყო,
ახალი, დიდი, თეთრი იმედი – ოდიოზური ვალდებულება.
ჯერის, რომლის მამა კალიფორნიიდან სატვირთო ვაგონით
ჩამოვიდა, სურვილი არ ჰქონდა ამ ყველაფერის მონაწილე
ყოფილიყო. ვიღაც თეთრების თავგამოდებული ჯგუფები, ვინც
მის მხარდასაჭერად დადიოდნენ, ჯერის სულ არ ადარდებდა.
არც ფანატების ერთგულება სჭირდებოდა და ცდილობდა, თავი
აერიდებინა მთელი ამ სიგიჟისთვის. არც გიმიკები უნდოდა და
არც არაფერი. მე ჩემს თავს ორივესთან ვაიგივებდი,
ანალოგიურ სიტუაციებში აღმოვჩდით. ქუორის არ იყოს, არ
მინდოდა მეღიარებინა, თითქოს რაღაცის სიმბოლო ვიყავი,

100
სიმბოლო თუ მქადაგებელი არ ვიცი, და ელისივით, მეც ოჯახი
მყავდა სარჩენი.
შემოდგომის მზიან დღეს მოვაქროლებდი მანქანას, პეიზაჟი
ნელ-ნელა ფერმკრთალ ლაქად იქცა. რაღაც მომენტში მეგონა,
რომ წრეებს ვარტყამდი. ცოტა ხნის შემდეგ, მასაჩუსეტში
შევედი და კვლავ არჩის სახლთან აღმოვჩდი. ყველაფერი ისევ
ისე იყო – ხის ხიდზე თანმხლებთან ერთად გადავედი – ბილიკს
ავუყევი – შორიდან ისევ ის გამხმარი ხე გამოჩდა, ტოტები
გამოეღო მთავარი ღეროდან, ყველაფერი მშვიდი და
თვალწარმტაცი იყო. გაუქმებულ არხზე გადავიარე, დამპალი
ფოთლებით იყო ამოვსებული, კლდის ნაპრალში გამოღწეული
შუქის სხივები ეცემოდა. კარისკენ მიმავალი მოტიტვლებული,
კლდოვანი ბორცვი გადავიარე. კიდევ მომიწია ლოდინი,
ფანჯრიდან ხეობას გავხედე, მორაკრაკე წყაროს და ველურ
ყვავილებს. ოთახში ისევ ბევრი ყვავილები ეწყო... არჩი
შემოვიდა ოთახში და გულთბილად მომესალმა – როგორც
ძველ მეგობარს. დავფიქრდი, ნეტავი ისევ სერიოზულ თემეს
შევეხებით-მეთქი, რაღაც უბრალო ყბედობის პირი არ უჩანდა.
არჩის აინტერესებდა, რატომ არ იყო სიმღერები უფრო
სევდიანი და რაღაც მირჩია... ხელახლა მიუბრუნდა სათქმელს
და ზოგიერთი პერსონაჟი თავიდან განვიხილეთ, მითხრა,
მთავარი გმირი, სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად, შურიანი,
ცილისმწამებელი, წამქეზებელია და კიდევ ალბათ სხვა
თვისებებსაც გამოავლენსო. მე კი ვიჯექი და ვგრძნობდი, რომ
გამიჭირდებოდა თავაზიანობა შემენარჩუნებინა, თითქოს ჩემი
სხეული ორად გაიყო და ერთმანეთს აუმხედრდა. მაკლიშს
სურდა გადაჭრით მეპასუხა. თავისი ჭკვიანი თვალებით
მიყურებდა. კაცობრიობისა და მისი ახირებების შესახებ იმხელა
ცოდნა გააჩნდა, რამდენსაც ადამიანთა უმეტესობა მთელი
ცხოვრების განმავლობაში ძლივს მოაგროვებს. მინდოდა
მისთვის გამეზიარებინა, რომ თავგზააბნეული ვიყავი, რომ
მეგაფონებით აღჭურვილ ბრბოს ალყა შემოერტყა ჩემი
სახლისთვის, მომიწოდებდნენ გამოვსულიყავი და
გავძღოლოდი კაპიტოლიუმისკენ, უოლ სთრითისკენ... ვიღაც
მითოლოგიური ფიგურები ჩვენს ბედს თხზავდნენ და ჩემი
ცხოვრების ძაფს მიწყვეტდნენ... მინდოდა მეთქვა, რომ
ასობით ათასი დემონსტრანტი იყო ვაშინგტონში და პოლიციამ
ავტობუსები ჩაამწკრივა თეთრი სახლის გარშემო. პრეზიდენტი
შიგნით იყო და ფეხბურთს უყურებდა. არასოდეს რომ არ

101
მსმენია მათ შესახებ, ისეთი ადამიანები მომიწოდებდნენ, რომ
იქ უნდა ვყოფილიყავი და ჩემს თავზე ამეღო
ხელმძღვანელობა. ეს ყველაფერი გულს მირევდა. სიზმარში
მესმოდა, როგორ მღეროდა, მომიწოდებდა და ბღაოდა ბრბო.
მინდოდა მეთქვა, ლომი რომ ქურდულად ეპარება ნადავლს,
ცხოვრებაც ეს ყოფილა-მეთქი და რომ მინდოდა გავქცეოდი ამ
დავიდარაბას. ოთახი მოვათვალიერე. თაროზე „ულისე“
მომხვდა თვალში. „ქოლამბია რექორდის“ პრეზიდენტმა,
გოდარდ ლიბერსონმა მაჩუქა ეს წიგნი. თავი და ბოლო ვერ
გავუგე. ჯეიმზ ჯოისი ყველაზე ქედმაღალი კაცი იყო
ამქვეყნად, კარგადაც ამჩნევდა ყველაფერს და ენაც კარგად
უჭრიდა, მაგრამ რასაც ის ამბობდა, მე არ მესმოდა. მომინდა
მაკლიშისთვის მეთხოვა, ჯეიმზ ჯოისში გამარკვიე-მეთქი,
მომხმარებოდა აზრი გამომეტანა. ვიცოდი, რომ შეძლებდა
კიდეც, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. გულის სიღრმეში ისიც
ვიცოდი, რომ მისი პიესის სათქმელს ჩემგან ვეღარაფერს
დავამატებდი. არც მას სჭირდებოდა დახმარება. უბრალოდ,
ჩემთან საუბარი სურდა მისი პიესის სიმღერებზე და ამიტომაც
მიმიწვია. მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ არავითარი იმედი
არ არსებობდა, რაიმე სხვაგვარად გაგვეკეთებინა.
მზე იწვერებოდა და ბრწყინვალე მთვარე იმკვიდრებდა თავს.
სადილად მთხოვეს დარჩენა, მაგრამ თავაზიანი უარი
განვაცხადე. მოულოდნელად, როცა უკვე გამოვდიოდი, გონება
წარსულში გადახტა, ის დრო გამახსენდა, „გოგო ლეოპარდი“
რომ ვნახე. კარნავალზე აუქციონისტმა მითხრა, დედამისი
ორსულად რომ იყო, ჩრდილოეთ კაროლინაში სიბნელეში
ლეოპარდი დაინახა და ცხოველმა დანიშნა უშობელი ბავშვიო.
მერე ის გოგოც ვნახე და ემოციები გამინელდა.
მაინტერესებდა, ნეტა მაკლიში, მე და საერთოდ ყველა
ადამიანი თუ მართლა დანიშნულები ვართ დაბადებამდე,
რაღაც საიდუმლო ნიშანი თუ გვაქვს დასმული. თუ მართლა
ასეა, მაშინ ვერავინ ვერაფერს შეცვლის. ყველა გიჟურ რბოლაში
ვართ ჩაბმული. ვთამაშობთ თამაშს, როგორც ჩაფიქრებულია,
ან არ ვთამაშობთ. თუ საიდუმლო ნიშანი მართლა არსებობს,
მაშინ ვერავის საქციელს ვერ გაამტყუნებ... და იმედი მქონდა,
არც მაკლიში გამამტყუნებდა რამეში.
წასვლის დროს დადგა. მაკლიშს შევეკითხე, ისე,
ცნობისმოყვარეობის გამო, თქვენ თვითონ რატომ არ გინდათ

102
დაწეროთ სიმღერა-მეთქი. მითხრა, მე სიმღერებს არ ვწერო, და
თანაც მის პიესას სხვა ხმა სჭირდებოდა. არჩის პიესა ძალიან
მძიმე იყო – სავსე მკვლელობებით. ვერაფრით ვერ შევძლებდი,
გამეზიარებინა მისი მიზანი, მაგრამ მასთან შეხვედრა კი მაგარი
იყო, კაცთან, რომელიც მთვარეს შესწვდა, როცა ჩვენი
უმეტესობა მიწას ვერ ასცდენია. მინდოდა, მადლობა
გადამეხადა, მაგრამ გამიძნელდა. შორიდან ერთმანეთს ხელი
დავუქნიეთ, ორივემ ვიცოდით, რომ აღარასოდეს
შევხვდებოდით.
ბობ ჯონსონი მირეკავდა, ჩემი პროდიუსერი. ნეშვილიდან
რეკავდა, ისთ ჰემპტონში დამიკავშირდა. ნაქირავებ სახლში
ვცხოვრობდით, წყნარ ქუჩაზე, საოცარი, მრავალწლიანი
თელებით გარშემორტყმული კოლონიური სტილის სახლში,
დარაბებიანი ფანჯრებით, დიდი უკანა ეზოთი. ჭიშკრიდან
ატლანტიკის ხელუხლებელ ქვიშიან სანაპიროზე ჩახვიდოდი.
ჰენრი ფორდს ეკუთვნოდა ეს სახლი. ისთ ჰემპტონი, რომელიც
თავდაპირველად ფერმერებითა და მეთევზეებით იყო
დასახლებული, ახლა ხელოვანების, მწერლებისა და მდიდარი
ოჯახების თავშესაფარი გახდარიყო. ადგილი კი არა, „განწყობა“
უფრო ეთქმოდა. ვისაც წონასწორობა ცოტა დარღვეული
ჰქონდა, კარგი გარემო იყო სიმშვიდის მოსაპოვებლად. ისეთი
ოჯახებიც ცხოვრობდნენ, სამსაუკუნოვან თაობებს რომ
ითვლიდნენ, ზოგი სახლი 1700 წლით თარიღდებოდა – როცა
ჯადოქართა სამსჯავროები ეწყობოდა.
იქ დავიწყე პეიზაჟების ხატვა. უკვე ხუთი შვილი გვყავდა,
ხშირად დავდიოდით სანაპიროზე, ვსეირნობდით ყურეში
ნავით, მოლუსკებს ვეძებდით, ხანდახან შუადღეს
შუქურასთან ვატარებდით, მონტოკთან ახლოს – ვეძებდით
კაპიტან ქიდის დამარხულ განძს – ვსეირნობდით
ველოსიპედებით, საბავშვო ეტლებით, დავდიოდით კინოში.
სახლი დედაჩემის ქალიშვილობის გვარით ვიქირავე და
თავისუფლად მივდი-მოვდიოდით. ხალხი სახეზე იმდენად
კარგად არ მიცნობდა. სახელი რომ გაეგოთ, შეიძლება
უხერხული სიტუაცია შექმნილიყო.
იმ კვირის დასაწყისში პრინსტონიდან დავბრუნდით, ნიუ
ჯერსიდან, სადაც საპატიო დოქტორის ხარისხი მომანიჭეს.
უჩვეულო თავგადასავალი გადამხდა. როგორღაც დევიდ
ქროზბი დავიყოლიე, წამომყოლოდა. ქროზბი ახალი

103
სუპერჯგუფის წევრი იყო, მაგრამ, მე იმ დროიდან ვიცნობდი,
როცა „ბერდში“ მღეროდა. ჩემი სიმღერა ჩაწერეს – „Mr.
Tambourine Man“, და ჩარტების თავში მოექცნენ. ქროზბი
კოლორიტული ვინმე იყო, როდის რას მოიმოქმედებდა,
წინასწარ ვერ გათვლიდი, მანდრეიკის ჯადოქრის ქუდს
ატარებდა, ბევრ ხალხში არ ერეოდა და სასიამოვნო ხმა ჰქონდა
– ნამდვილი ჰარმონიის არქიტექტორი იყო. იმ პერიოდში,
ქროზბი სიკვდილის პირას იყო მისული, შეეძლო, სულ მარტოს
ერთი კვარტალი ხალხი ჭკუიდან გადაეყვანა, მაგრამ მე ძალიან
მომწონდა. თუმცა „ბერდში“ მის ადგილს ვერ ვხედავდი.
მგზავრობაში დიდი ხმაურიანი კომპანიონი გამოდგა.
ცხელი და უღრუბლო დღე იყო. უნივერსიტეტი ვიპოვეთ.
მალევე ოფიციალურმა პირებმა გადაჭედილ ოთახში
შემიყვანეს, მანტია ჩამაცვეს და მზის გულზე მსხდარი,
მდიდრულად ჩაცმული ხალხის წინაშე აღმოვჩდი. ჩემ გარდა,
კიდევ სხვებიც იღებდნენ საპატიო დიპლომს, ყველას
გვჭირდებოდა ხარისხი, ოღონდ სხვადასხვა მიზნებისთვის.
იყვნენ უოლტერ პიფმენი, ლიბერალი ჟურნალისტი, კორეტა
სკოტ კინგი, კიდევ სხვები – მაგრამ ყველას თვალი ჩემზე
ჰქონდა მოპყრობილი. ვიდექი იმ სიცხეში, ვუყურებდი ხალხს,
რაღაც ხილვები დამეწყო, ყურადღების კონცენტრაცია
მიჭირდა.
როცა ჩემი ჯერი დადგა, წარდგენისას აღნიშნეს, რომ თითქოს
ლექსების დეკლამაციით გამოვიჩინე თავი და ბოლოს ასე
დასძინეს – მართალია, მას მილიონები იცნობენ, არ უყვარს
ხალხში გამოჩენა, ურჩევნია თავის ოჯახთან ერთად
იზოლირებულად იცხოვროს. და მიუხედავად იმისა, რომ
სახიფათო ასაკს, ოცდაათ წელს უახლოვდება, რჩება ურყევ და
გულნატკენ სინდისად ამერიკელი ახალგაზრდობის. – უფალო
შემიწყალე! – თითქოს შემომკრესო. გამაკანკალა, მაგრამ
სახეზე არაფერი შემტყობია. ამერიკელი ახალგაზრდობის
გულნატკენი სინდისი. რა, ყველაფერი თავიდან იწყება?
დაუჯერებელია! ერთხელ კიდევ მომატყუეს. არადა, რამდენი
რამის თქმა შეეძლოთ, თუნდაც ცოტა რამ მუსიკაზე.
მზე თვალს მიბნელებდა, მაგრამ მაინც ვარჩევდი, შტერებივით
როგორ მომჩერებოდნენ ყველანი. ისე გავცოფდი, მინდოდა
ჩემი თავისთვის მეკბინა. ნუთუ ვერ ხვდებოდნენ,
სინამდვილეში რა ხდებოდა? რუსული გაზეთი „პრავდაც“ კი

104
ფულზე დახარბებულ კაპიტალისტს მიწოდებდა.
„ვეზერმენმა“, ხელნაკეთი ბომბების დამზადებით
სახელგანთქმულმა ჯგუფმა, რომელიც შენობებს აფეთქებდა
და სახელი ჩემი სიმღერიდან აიღო, მათაც კი გადაირქვეს
სახელი და ახლა „ვეზერ ანდერგრაუნდი“ გახდნენ. დიპლომს
რაც შეეხება, კმაყოფილი ვიყავი, რომ ავიღე, გამომადგებოდა.
შესახედავადაც, ხელის შეხებით და სურნელით, თავისი
რესპექტაბელურობით მოგაჯადოებდა, თითქოს სამყაროს
სული იდო მასში. სანამ გრაგნილს გადმომცემდნენ, რაღაცას
ჩემთვის ვბურტყუნებდი და ვჩურჩულებდი. ამის მერე დიდ
„ბიუიკში“ ჩავსხედით და წავედით. უცნაური დღე გამოდგა.
„გამოსირებულების თავყრილობა“ – თქვა ქროზბიმ.
ჯონსონმა მკითხა, რამის ჩაწერას თუ ვაპირებდი. რა თქმა
უნდა, ვაპირებდი. რადგანაც ჩემი დისკები ჯერ კიდევ
იყიდებოდა, რატომაც არ უნდა დამეპირებინა ჩაწერა? მთელი
ალბომისთვის საკმარისი სიმღერები არ მქონდა, მაგრამ
მაკლიშის ნაწყვეტები გამოდგებოდა – ვფიქრობდი ისინიც
დამემატებინა – სტუდიაშიც ვიმუშავებდი, თუ ჯონსონი
მართლაც მზად იქნებოდა, დაუყოვნებლივ დაგვეწყო ჩაწერა...
მასთან ერთად მუშაობა იცით, რა იყო, მთვრალი მანქანას რომ
გააქროლებ, აი, ზუსტად ეგ. ბობი საინტერესო ტიპი იყო,
დასავლეთ ტეხასელი, ტენესიში ცხოვრობდა, მოჭიდავის
აღნაგობა ჰქონდა, მსხვილი მაჯები და კასრის მოყვანილობის
გულ-მკერდი, დაბალი იყო, მაგრამ თავისი ხასიათის
წყალობით ბევრად მაღალი ჩანდა – მუსიკოსი იყო, სიმღერებს
წერდა, ერთ-ორი მისი სიმღერა ელვის პრესლისაც კი უმღერია.
ნეშვილში რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, პირველად 66-ში
ჩავწერე იქ. მთელი ქალაქი ერთი საპნის ბუშტი გეგონებოდა.
ალ კუპერი, რობი რობერტსონი და მე კინაღამ გაგვყარეს,
გრძელი თმა რატომ გაქვთო. მაშინდელ სტუდიებში
ძირითადად მთელი სიმღერები ქმრების მოღალატე ცოლებისა
და ცოლების მოღალატე ქმრების თემას ეხებოდა.
ჯონსონს ნელა მიჰყავდა თავისი წითელი „ელდორადო“
ნეშვილის ქუჩებში და გზადაგზა გამოჩენილი ადამიანების
სახლებს მაჩვენებდა. დიდ, რბილ ტყავის საზურგეზე
მიწოლილი, მეც აქეთ-იქით ვიყურებოდი. ჯონსონს თვალებში
ცეცხლი ჰქონდა. ჩვენ რომ „იმპულსს“ ვეძახით, აი, ის.
ყველაფრი სახეზე ეწერა და შენც გიზიარებდა ამ ცეცხლს თუ

105
განწყობას. „ქოლამბიას“ წამყვანი პროდიუსერი ასი წლის
დაგვიანებით დაიბადა. მას ფრთებით მორთული ქუდი უნდა
ხურებოდა და ცხენზე ამხედრებულს მაღლა აღმართული
ხმლით უნდა ევლო. არარეალური ვინმე იყო. ამჯერად
ნეშვილში აღარ ჩავწერდით. ჩაწერა ნიუ-იორკში
გადავწყვიტეთ და ჯონსონი უკვე უთანხმდებოდა და ეძებდა
მუსიკოსებს.
მაინტერესებდა, ამ ჯერზე ვის მოიყვანდა, იმედი მქონდა,
ჩარლი დენიელსი მათ შორის აღმოჩნდებოდა. ადრე ყოფილა
ჩარლი, მაგრამ რამდენჯერმე მის გარეშეც ჩავწერეთ. ბევრი რამ
მქონდა საერთო ჩარლისთან – ფრაზების აგება, იუმორის
გრძნობა, დამოკიდებულება საქმესთან, რაღაც-რაღაცებზე
თვალის დახუჭვა რომ შეეძლო. ისეთი გრძნობა დამეუფლა,
თითქოს ერთი ოცნება გვქონდა. ბევრი ჩვენი მოგონება
ემთხვევა ერთმანეთს. მე მაშინ ჩემი ბენდი არ მყავდა და როცა
ჩარლი გვერდით იყო, ყოველთვის კარგი რამე გამოგვდიოდა.
ალ კუპერს რამდენიმე ჩემს საუკეთესო ჩანაწერზე დაუკრავს,
ამიტომ ჯონსონს ვთხოვე ალისთვის დაერეკა. მეტი მე
პირადად არავინ შემითავაზებია ჯონსონისთვის. თანაც
ვფიქრობდი, ალი ნიუ-იორკში იქნებოდა. კუპერს რამდენიმე
ინსტრუმენტზე შეეძლო დაკვრა და ყველაზე ერთნაირად
კარგად უკრავდა. კუპერს ისეთი ჯფუფები ჰქონდა შექმნილი,
როგორიც, მაგალითად, „ბლად სვეთ ენდ თიარზ“ იყო, მაგრამ,
საბოლოოდ ყველა ჯგუფიდან მოდიოდა ხოლმე. ისიც ნიჭიერი
ყმაწვილი იყო. თეთრი სამყაროს აიკ თერნერი. ყველაზე მეტად
ალს ძლიერი მომღერალი ჩიტუნია სჭირდებოდა. ჯენის
ჯოპლინი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ერთხელ, ალბერტ
გროსმანს გავანდე ჩემი აზრი, გროსმანი ადრე ჩემი მენეჯერი
იყო, მერე კი ჯენისის კარიერას მართავდა. მითხრა, ასეთი
სისულელე ცხოვრებაში არ მომისმენიაო. მე კი სულაც არ
ვფიქრობ, რომ ეს იდეა სულელური იყო, ისე არარეალური კი
ჩანდა. სამწუხაროდ, მალე ჯენისი სუნთქვას შეწყვეტს. მე
უნდა ვყოფილიყავი მენეჯერი.
ერთ კვირაში უკვე ნიუ-იორკში ვიყავი, „ქოლამბიას“ სტუდიაში
და ჯონსონი საქმეს შეუდგა. მისი აზრით, რასაც ვუკრავდი,
ყველაფერი ფანტასტიკური იყო. სულ ასე იცოდა. ფიქრობდა
ხოლმე, ყველაფერი მაგრად გამოდის და ყველაფერი მაღალ
დონეზე სრულდება. პირიქით. არაფერიც არ გამოდიოდა. არც

106
ჩაწერის მერე მოსმენილი ვარგოდა. ერთ-ერთი სიმღერის
ტექსტისთვის კუპერმა როიალზე თედი უილსონის რიფი
დაუკრა. კიდევ სამი მომღერალი გოგო იყო ოთახში,
იფიქრებდი, გუნდიდან მოწყვიტესო, ერთ-ერთი სკატის
იმპროვიზაციას ასრულებდა. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით
გაკეთდა და სიმღერას ეწოდა „If Dogs Run Free“.
რაღაც ძველები ჩავწერე, მაკლიშის პიესისთვის დაწერილი
მელოდიები და მგონი, კარგი გამოვიდა. ჩემი რეპუტაცია ჩემს
ხელთ იყო – რაც მთავარია, სისხლში ამოსვრილი სათაურები არ
ჰქონდა სიმღერებს. გამოდგებოდა თუ არა გზავნილებად ეს
სიმღერები? ნურას უკაცრავად. ალბათ, ბევრი დარჩებოდა
იმედგაცრუებული. ისე, რა კარიერას გავაკეთებდი ამ გზით.
მოლოდინი მაინც არსებობდა. როდის დაბრუნდება ის, ძველი?
როდის გაიღება კარი და შემოაბიჯებს ბატი? დღეს არა. ჩემი
ჩანაწერები მაინც ისე კარგად იყიდებოდა, რომ მეც კი
გაკვირვებული დავრჩი. შეიძლება კარგი სიმღერები ერია,
შეიძლება არა – ვინ იცის? განა ნიჭი მაკლდა, უბრალოდ ქარის
მთელ სიძლიერეს ვერ ვგრძნობდი. ვერც ვარსკვლავების
აფეთქებას.
ჯონსონმა ადრევე მკითხა – როგორ ფიქრობ, რას დაარქმევ
დისკს? – სათაურები! ყველას როგორ უყვარს სათაურები.
სათაურით ბევრი რამით თქმა შეიძლება, ოღონდ მე ჯერ არ
მქონდა მოფიქრებული. ერთი ის კი ვიცოდი, რომ ყდაზე ჩემი
და ვიქტორია სპაივის ფოტო იქნებოდა. ეს ფოტო რამდენიმე
წლის წინ გადავიღე, პატარა ჩამწერ სტუდიაში. ვიცოდი, რომ
ის უნდა ყოფილიყო ყდაზე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ
სიმღერების ჩაწერას დავიწყებდი. ან იქნებ სულაც იმიტომ
ჩავწერე ეს დისკი, რომ თავში მისი ყდა მიტრიალებდა და
მჭირდებოდა, რაღაც განაღდებული მქონოდა.
ოთახი მოვათვალიერე, ავდექი, ნერვიულად გავიარ-გამოვიარე,
კედლის საათს შევხედე – მომეჩვენა, რომ დრო უკან მოდიოდა.
ისევ დავჯექი, ვგრძნობდი როგორ მინაოჭდებოდა სახე და
როგორ გადამიყვითლდა თვალები. ალ კუპერი იქვე რაღაცას
მასხარაობდა, ჰყვებოდა გრძელ ანეკდოტებს, რომლებიც
სულელურად მთავრდება. მესმოდა, როგორ უკრავდა გამებს
დენიელსი ვიოლინოზე, თან მაგიდაზე დატოვებულ ჟურნალს
ვფურცლავდი. რაღაც სტატიას გადავაწყდი, რადიოს კაცზე იყო,
ჯეიმზ ლალიზე, მეორე მსოფლიო ომის დროს ის და პილოტი

107
ფილიპინებზე ჩამოუგდიათ. ერთი წამით ყურადღება
სტატიაზე გადავიტანე. ისეთი სტატია იყო, გულ-ღვიძლს
ამოგიბრუნებდა, გაუფილტრავი. პილოტი არმსტრონგი
ჩამოგდებისას დაიღუპა, ლალი იაპონელებმა დაიჭირეს,
ბანაკში წაიყვანეს და სამურაის ხმლით თავი მოკვეთეს და
მერე მის თავს შუბით სავარჯიშოდ იყენებდნენ. ჟურნალი
მოვისროლე. ჯონსონი შემოვიდა, როგორც ყოველთვის
ენერგიული და ხალისიანი იყო, თანაც ეშხიანი. ცოტას თუ
შერჩება ხოლმე ასეთი თვისებები, მაგრამ მას ულევი მარაგი
ჰქონდა, თან არასოდეს თამაშობდა. სიმღერა „New Morning“-ის
ჩანაწერი ახალი მოსმენილი მქონდა, კარგი გამოსულიყო.
შეიძლება სათაურადაც ივარგოს-მეთქი, ვიფიქრე და ჯონსონს
აზრი გავუზიარე, – ბიჭო, ჩემს გულში ზიხარ. პირდაპირ
გაშლილ ხელში ჩაგიდებენ – მოუწევთ გონების
გასავარჯიშებელი კურსი გაიარონ, ის რომ გაიგონ, რასაც შენ
ძილში აკეთებ. – ხო, ნამდვილად ასეა. მართლაც, გონების
გასავარჯიშებელი კურსი უნდა გამევლო მე თვითონაც, რომ
გამეგო, რისი თქმა უნდოდა ამ სიტყვებით ჯონსონს. იმ დღეს
სტუდიაში ჰარი ლორეინის წიგნი „გონების ძალის საიდუმლო“
გავიყოლე და დივანზე დავტოვე. ვიფიქრე, ეს წიგნიც
გაგრძელება იქნება იმიჯის შესაქმნელად, მომეხმარება,
ვისწავლო როგორ შევთავაზო ხალხს ჩემი არსების მხოლოდ
ჩრდილი და მეტი არაფერი.
ჰარი ლორეინი შეიძლება მთლად მაკიაველი ვერ იყო.
რამდენიმე წლის წინ მაკიაველის „მთავარი“ წავიკითხე და
ძალიან მომეწონა. რასაც ის ამბობდა, გასაგები და მისაწვდომი
იყო, მაგრამ რაღაც არასწორიც გამოეჩრებოდა ხოლმე –
მაგალითად, როდესაც გვთავაზობს ასეთ სიბრძნეს, ჯობია შენი
ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთო. ასეთ დროს ფიქრობ,
მაკიაველი ამბიციური ხომ არ არისო. ვიცი, რასაც გულისხმობს,
მაგრამ ხანდახან ცხოვრებაში ადამიანმა, რომელიც გიყვარს,
შეიძლება ბევრად დიდი შიში გაჭამოს, ვიდრე მაკიაველს
დაესიზმრებოდა.
დისკს, რომელზედაც ვიმუშავეთ, საბოლოოდ „New Morning“
დავარქვით (რაც მაკლიშის პიესისთვის დაწერილ ერთ–ერთი
სიმღერის სახელი იყო) და ზედ ჩემი და ვიკის ფოტოც ეხატა.
თორმეტსიმღერიანი დისკი გამოვუშვით და რეცენზიებიც
მოზღვავდა. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ალბომი
უსიცოცხლო და სენტიმენტალური იყო, ცოტა სულელურიც.

108
კაი, ბატონო. სხვები ზეიმობდნენ, რომ ძველი „მე“
დავბრუნდი. როგორც იქნა. დიდი არაფერი უთქვამთ. მე კი ეს
ყველაფერი კარგ ნიშნად მივიღე. მოგვიანებით კრიტიკოსები ამ
ეტაპს „შუალედურ პერიოდს“ დაარქმევენ და ბევრი
შურისძიების ალბომად მიიღებს. ასეც იყო. მას კიდევ ბევრი
მოჰყვებოდა.
მაკლიშის სპექტაკლს რაც შეეხება, ბროდვეიზე სენტ ჯეიმზის
თეატრში 1971 წლის 6 მაისს აჩვენეს და ორი დღის შემდეგ
დახურეს.

თავი მეოთხე. ო, მომიტევე


1987 წელი იყო, ხელი, რომელიც სულელურად, მაგრამ
უღმერთოდ დავისახიჩრე, ნელ-ნელა მიშუშდებოდა. ძვალი
გადამიტყდა, ჯერ კიდევ მწვავე პერიოდი იყო – საერთოდ ვერ
ვგრძნობდი, ხელი თუ მქონდა. არ ვიცი, ეს რა დამატყდა თავს,
ბედის ერთი უცნაური შემობზრიალება იყო. სულმთლად
დავუძლურდი. გაზაფხულზე ასობით შოუს გამართვას
ვაპირებდი, მაგრამ ახლა მეეჭვებოდა, შევძლებდი თუ არა
საერთოდ მონაწილეობას. ჯერ იანვარი იყო, მაგრამ ჩემს ხელს
ალბათ დიდი დრო დასჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის.
მინის კარს მიღმა ბაღს გავყურებდი, სარეველა
მომრავლებულიყო. თაბაშირი თითქმის იდაყვამდე
მწვდებოდა. თავში ისეთი აზრებიც მიტრიალებდა, იქნებ
საერთოდ ვეღარ დავუკრა-მეთქი. ერთი მხრივ, შეიძლება ასეც
ყოფილიყო საჭირო, რადგანაც მგონი მანამდე სულ თავს
ვისულელებდი, ჩემს ნიჭს, რაც გამაჩნდა, უსარგებლოდ
ვხარჯავდი. ბოლო დროს კი სურათი შეიცვალა და ახლა
მხოლოდ ის მადარდებდა, სიტუაციიდან რა ისტორიულ
დასკვნებს გამოიტანდნენ.
საზოგადოებას არ ვაშიმშილებდი, ყოველწლიურად ვაწვდიდი
ჩემს დისკებს. მაგრამ რაც შეეხება ცოცხალ პერფორმანსებს,
მგონი იქ მსმენელს სიმღერის სულის დაჭერა უძნელდება – მეც
მიჭირდა, მთავარი სათქმელი გადმომეცა. იქ ინტიმურობა, ბევრ
სხვა რამესთან ერთად, იკარგება. მსმენელს ისეთივე გრძნობა
დარჩებოდა, რაც მიტოვებულ ბაღში, გამხმარ ბალახში
სეირნობისას შეიძლება დაგეუფლოს. ჩემი მსმენელი ან

109
მომავალი მსმენელი, ვერასოდეს გაიგებდა, როგორია შეხვიდე
ახლად მოხნულ მინდორში, მე რომ ის-ის იყო ვაპირებდი
შესვლას. ბევრი მიზეზი შეიძლება დაასახელო – ვისკისაც
სჭირდება მიზეზი, ბოთლიდან რომ გადმოვიდეს. მე
დაკანონებულ წესებს მივყვებოდი, რაც არ ამართლებდა.
რამდენიმე წლით ფანჯრები შევფიცრე, მათ კი ობობის ქსელი
მოედო და მე ეს ყველაფრი ვიცოდი. ბევრჯერ ყოფილა, შოუს
დაწყების წინ მივსულვარ სცენასთან ახლოს და ჩემი თავი
დამიჭერია, როგორ ვფიქრობდი, თითქოს პირობას ვარღვევდი,
რაღაცას, რაც ჩემს თავს აღვუთქვი. ოღონდ რა აღვუთქვი, ის არ
მახსოვდა. ჩემი პერფორმანსის დღეები გადატვირთული
მოძრაობის მერე ჭრიალით გაჩერდა დროებით, ლამის
სამუდამოდ. ბევრჯერ, სხვების დაუხმარებლად გამიფუჭებია
ჩემი საქმე. კარგია, როცა გიცნობენ, როგორც ლეგენდას, ხალხი
ფულს იხდის ლეგენდების სანახავად, მაგრამ ბევრი მის
ერთხელ ნახვასაც დასჯერდება. შენ მათ იმედი არ უნდა
გაუცრუო, არც შენი დრო უნდა დაკარგო და არც მათ უნდა
დააკარგვინო დრო. პრინციპში სცენიდან არც გავმქრალვარ,
ოღონდ გზა შევიწროვდა, თითქმის ჩაიკეტა, არადა, ფართოდ
გახსნილს ველოდებოდი. ჯერ არსად ვიყავი წასული, ფეხს
ვითრევდი ტროტუარზე. ჩემ შიგნით პიროვნება დაიკარგა და
ის მყავდა მოსაძებნი. ბუნებაში ყველაფრის წამალი შეიძლება
იპოვო და ამიტომ მეც უფრო ბუნებაში ვეძებდი. წყალზე
მოტივტივე სახლში მივაგენი ჩემს თავს – ძალიან ნელა
მოძრაობდა – დათვებით, ირმებითა და ხარ-ირმებით ვიყავი
გარშემორტყმული – მოუხელთებელი, ნაცრისფერი მგელიც
იქვე იყო, შორიახლოს და ამ მშვიდი ზაფხულის საღამოს,
ვიჯექი და ვუსმენდი ღორიხვას ძახილს. ვინც არ უნდა ვიყო, მე
60-იანების ტრუბადური ვარ, ფოლკ-როკის რელიკვია,
გარდასულ დღეთა სიტყვის ოსტატი, არარეალური მმართველი
ყველასთვის უცნობი მიწისა. ვიმყოფები მივიწყებული
კულტურის უძირო ორმოში. უსასრულოდ შეიძლება ამის
გაგრძელება. ხალხი მხედავდა, როგორ გამოვედი ტყიდან.
ვიცოდი, რასაც ფიქრობდნენ. მე ყველაფერი ისე უნდა მივიღო,
როგორც არის.
თომ პეტისთან და „ჰართბრეიკერებთან“ ერთად
თვრამეტთვიან ტურნეში წავედი. შეიძლებოდა ჩემი ბოლო
ტურნე გამომდგარიყო. არავითარი შთაგონება არ მქონდა. რაც
იქ წესით უნდა დაწყებულიყო, ყველაფერი გაქრა და

110
მნიშვნელობა დაკარგა. თომი იმ პერიოდში თავისი
შესაძლებლობების მწვერვალზე იყო, მე კი ფსკერზე. ვერ
გადავძლიეთ რაღაც უთანხმოებები. ყველაფერი იმსხვერეოდა.
ჩემი სიმღერები ჩემთვის გაუცხოვდნენ. აღარ შემეძლო, ემოცია
აღმეძრა, შემეღწია სიმღერის სიღრმეში. ეს ისტორიული
მომენტი აღარ იყო. რაღაც არაგულწრფელი მღეროდა ჩემს
გულში, ერთი სული მქონდა, ეს ყველაფერი დამთავრებულიყო
და იქიდან ბარგი შემეკრა. კიდევ ერთი კარგად
ანაზღაურებული დღე პეტისთვის და საკმარისი იქნებოდა.
სარკეში ჩემს მომავალს ვხედავდი – ბებერ მსახიობს, რომელიც,
წარსული ტრიუმფების მომსწრე, თეატრის წინ მდგარ ნაგვის
ურნაში იქექება.
ძალიან ბევრი სიმღერა მქონდა დაწერილი და გამოშვებული,
მაგრამ ბევრ მათგანს შოუზე არ ვასრულებდი. მგონი ოცს თუ
რაღაც მაგდენს ვმღეროდი. დანარჩენი მეტისმეტად
საიდუმლოებით მოცული იყო და უკვე აღარც შემეძლო
შემოქმედებითად მივდგომოდი მათ. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს აყროლებული ხორცის ნაჭერი დამქონდა. არც ვიცოდი,
საიდან მოვიდა ის სიმღერები.
ბენმონტ ტენჩი, პეტის ერთ-ერთი მუსიკოსი, გაუთავებლად
მეკითხებოდა, ლამის მეხვეწებოდა, შოუში სხვა სიმღერებიც
ჩამერთო. მაგალითად, „Chimes of Freedom“ – ხომ არ გვეცადა? ან
რას იტყვი „My Back Pages“-ზე? ან იქნებ „Spanish Harlem Incident“?
მე კი რაღაცას მოვაბოდიალებდი ხოლმე. სიმართლე გითხრათ,
არც ვიცოდი, ვინ პასუხობდა, მე ხომ საკუთარ თავს მივუკეტე
კარი. პრობლემა ის იყო, რომ მთელი ამდენი ხანი ინსტინქტს
და ინტუიციას ვენდობოდი, ახლა ეს ორივე ქალბატონი
სვავებად გადაქცეულიყო და სისხლს მწოვდა. სპონტანურადაც
არაფერი გამომდიოდა. ჩემი თივის ზვინები თოკით არ მქონდა
დამაგრებული და ქარის მოლოდინში უკვე შიში მიპყრობდა.
ტურნე პეტისთან ერთად ნაწილებად იყო დაყოფილი და
ერთხელ, მოცლილობის ჟამს, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,
ელიოტ რობერტსმა ჩემი და „გრეითფულ დედ“-ის („მადლიერი
მკვდრის“) საერთო შოუ დაგეგმა. შოუმდე რეპეტიცია იყო
საჭირო, ამიტომ სან-რაფაელში გავემგზავრე „მკვდართან“
შესახვედრად. მეგონა, ადვილად წავიდოდა ყველაფერი,
მაგრამ ერთ-ორი საათის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჯგუფს
უფრო მეტი და განსხვავებული სიმღერების დაკვრა

111
სჭირდებოდა, ვიდრე მე პეტისთან ერთად ვასრულებდი.
ძველი სიმღერების დაკვრა უნდოდათ, რომელიც თვითონ
მოსწონდათ. ყურებში მუხრუჭის ჭრიალის ხმა ჩამესმა. ეს რომ
მცოდნოდა, არც არაფერს დავგეგმავდი. იმ სიმღერების მიმართ
არავითარი გრძნობა აღარ გამაჩნდა და არ ვიცოდი, როგორ
მემღერა. უმეტესობა მხოლოდ ერთხელ თუ მიმღერია, ჩაწერის
დროს. შეიძლებოდა სიტყვებიც ამრეოდა.
შტერივით ვგრძნობდი თავს და არც იქ დარჩენა მინდოდა.
სადმე უნდა წავსულიყავი, სადაც სულიერად ავადმყოფები
დადიან და ყველაფერი ამეწონ-დამეწონა. მოვიგონე, თითქოს
სასტუმროში რაღაც დამრჩა და ქუჩაში გავედი. ცრიდა და
თავჩაღუნული მივდიოდი. აღარ ვაპირებდი უკან დაბრუნებას.
თუ ტყუილის თქმა გადაწყვიტე, ეს სწრაფად უნდა გააკეთო.
ქუჩას მივუყვებოდი – შეიძლება ოთხი თუ ხუთი კვარტალი
გავიარე, უცებ მომესმა, პატარა საესტრადო ანსამბლი სადღაც
ჯაზს უკრავდა. პატარა ბარიდან გამოდიოდა ხმა, შევიხედე და
ოთახის მოპირდაპირე მხარეს დავინახე, რამდენიმე მუსიკოსი
უკრავდა. ერთ-ერთი რაღაცაზე იცინოდა. არსაითკენ მიმავალი
მატარებლის ბოლო გაჩერებას ჰგავდა, ოთახი სიგარეტის
კვამლით იყო გაბუღული. რაღაც მეძახდა ამ ბარიდან და მეც
შევედი გრძელ, ვიწრო ბარში. ოთახის ბოლოს, აგურის კედლის
წინ ამაღლებულ ადგილას, ჯაზის მოყვარულები უკრავდნენ.
სცენასთან ახლოს ვიდექი ბართან, ჯინ-ტონიკი შევუკვეთე,
მომღერალს სახეში ვუყურებდი. ხანშიშესული კაცი იყო, შალის
პიჯაკი ეცვა, უბრალო კეპი ეხურა და მყვირალა ფერის
ჰალსტუხი ეკეთა. დრამერს კოვბოური „სტეტსონი“ ეხურა.
ბასისტს და პიანისტს ნორმალურად ეცვათ. ჯაზის ბალადას
უკრავდნენ, რაღაც „Time on My Hands“-ის თუ „Gloomy Sunday“-
ის მაგვარს. მომღერალი ბილი ეკსტინს მაგონებდა. ძლიერი ხმა
არ ჰქონდა, მაგრამ არც სჭირდებოდა; მშვიდად მღეროდა,
თუმცა ბუნებრივი სიძლიერე ახლდა მის სიმღერას. სრულიად
მოულოდნელად და ყოველგარი გაფრთხილების გარეშე, ამ
ადამიანმა ჩემს სულში ჩაიხედა. თითქოს მეუბნებოდა, „ასე და
ასე უნდა მოიქცეო“. და სრულიად მოულოდნელად ყველაფერს
ბევრად უფრო სწრაფად მივხვდი, ვიდრე ოდესმე
მივმხვდარვარ. ახლა ვიცოდი, საიდან იძენდა ძალას, ვიცოდი,
საიდან მოდიოდა მისი ძალა და რომ ძალა მის ხმაში სულაც არ
იყო, არადა სწორედ მისმა ხმამ დაუკითხავად დამაბრუნა
საკუთარ თავთან. ვფიქრობდი, ეს ადრეც მომსვლია-მეთქი,

112
დიდი ხნის წინ. არავის არასოდეს არ უსწავლებია. ტექნიკა
ისეთი ელემენტარული იყო, ისეთი ადვილი, რომ დამავიწყდა.
შარვლის შეკვრა რომ დაგავიწყდეს, დაახლოებით ეგრე იყო.
სარეპეტიციო დარბაზში დავბრუნდი, თითქოს არაფერი
მომხდარიყოს, ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებდით –
მათ რომელიც უნდოდათ, ის სიმღერა ავიღე, მაინტერესებდა,
შევძლებდი თუ არა იმ მოხუცი მუსიკოსის მეთოდით მემღერა.
გული მიგრძნობდა, რაღაც მოხდებოდა. თავიდან ძნელად
წავიდა, ბურღი რომ შედის აგურის კედელში, ისე.
ჯერჯერობით მხოლოდ მტვერი შემეყარა. მაგრამ მერე
სასწაულით შიგნიდან რაღაცამ ამომასხა. თავიდან, სისხლი
რომ გახრჩობს და ახველებ, ისეთი ბურტყუნი დავიწყე,
ქვემოდან მოდიოდა მთელი ძალით, მაგრამ ტვინშიც გამიარა.
ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. მწვავდა, მაგრამ ფხიზლად
ვიყავი. არანორმალურად უნდა გამემახვილებინა ყურადღება,
რომ ერთდროულად რამდენიმე ხერხით მანევრირება
შემძლებოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ნებისმიერ სიმღერას
შევასრულებდი. „მკვდართან“ ერთად შოუზე გამოვედი და
არცერთხელ არაფერზე ორჯერ აღარ დავფიქრებულვარ.
შეიძლება, სასმელში რამე ჩამიყარეს, ვერაფერს გეტყვით. რაც
უნდოდათ, ყველაფერი შევასრულე. იმ ბებერი ჯაზის
მომღერლისთვის კი მადლობა უნდა გადამეხადა.
პეტისთან დავბრუნდი, გრძელ და გაწელილ ტურნეს უკვე
ამთავრებდნენ და ვუთხარი, თუ სხვა რამის დაკვრა გინდათ,
მითხარით და თანახმა ვარ-მეთქი. შუა აღმოსავლეთში
გავემგზავრეთ, ისრაელში ორი შოუ გვქონდა, ერთი
თელავივში, ერთიც იერუსალიმში, იქიდან შვეიცარიაში და მერე
იტალიაში გამოვიდოდი. ამ პირველ ოთხ შოუზე ოთხმოცი
სხვადასხვა სიმღერა დავუკარი, არცერთი არ გამიმეორებია,
მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ თავს გავართმევდი. სულ
არ გამძნელებია. ვოკალის ტექნიკას სხვანაირად, ნაცადი
მეთოდით რომ მივუდექი, რამდენ ხანსაც მინდოდა, იმდენ
ხანს შემეძლო დაუღალავად მემღერა.
ყოველ საღამოს დაქოქილივით ვუკრავდი, მაგრამ მიუხედავად
ამ ყველაფრისა, მაინც მინდოდა შოუს დატოვება... სცენიდან
წასვლა. აღარ ვაპირებდი გაგრძელებას – არ ვფიქრობდი, რომ
ბევრი მსმენელი მყავდა. ტურნეს უამრავი ხალხი ესწრებოდა,
მაგრამ მათ უმეტესობას პეტი იზიდავდა. მე რაღაც

113
ერთფეროვანი გავხდი. შოუზე ვუყურებდი ადამიანებს და
ისინი ტირის ფიგურებს მაგონებდნენ, მათთან არავითარი
კავშირი არ მქონდა. დავიღალე – აღარ მინდოდა მირაჟში
ცხოვრება. დადგა დრო, გამოსვლები შემეწყვიტა. სცენიდან
წასვლა სულ არ მადარდებდა. ხელი ჩამოვართვი ამ იდეას და
უკვე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, დინებას მივყვებოდი.
მერე სრულიად მოულოდნელად, იმ ღამით შვეიცარიაში
ვიყავით, ლოკარნოში, ყველაფერი შეიცვალა. რაღაც ერთი
წამით შავ ხვრელში ჩავვარდი. სცენა ღია ცის ქვეშ იყო და
ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, გეგონება ყველაფერის
წალეკავსო. პირი გავაღე, სიმღერა უნდა დამეწყო, მაგრამ ჰაერი
გამკვრივებულიყო და ხმა ჩამეხშო. ვერ ვიჯერებდი, რაც
ხდებოდა. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ასეთ სიტუაციაში
მოხვედრა, შეიძლება პანიკაშიც ჩავარდე. ოცდაათი ათასი
მაყურებლის წინაშე დგეხარ, ხალხი მოგჩერებია, შენ კი ხმა არ
ამოგდის. ხანდახან ასეთი სისულელეებიც ხდება.
გადავწყვიტე, დასაკარგი არაფერი მაქვს-მეთქი და ახალი
მექანიზმი გამოვიგონე, იმისათვის, რომ ამემოქმედებინა ის,
რაც არ მუშაობდა. ეს ჩემდა უნებურად მოხდა, შევულოცე,
ეშმაკი განდევნილიყო. უცებ ყველაფერი თავის ადგილზე
დადგა, თვითონაც გაკვირვებული დავრჩი. და ყველაფერი
კარგად წავიდა. მეტამორფოზა ამდენი ადამიანის თვალწინ
მოხდა და ვერავინ ვერაფერი შენიშნა. ახლა უკვე ენერგიის
მოზღვავებას ვგრძნობდი. რაღაც ახალი ტიპის პერფორმერი
გავხდი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.
პეტის შოუები დეკემბერში დასრულდა. ამბავი რომ
დასრულდება და გაურკვეველ სიტუაციაში ხარ, მეჩეჩზე
შერჩენილივით, ისე კი არ ვგრძნობდი თავს, არამედ, უკვე
ახალი ტურნეს მოლოდინში ვიყავი. გადავწყვიტე, სცენიდან
წასვლაზე დროებით არ მეფიქრა. საინტერესო მეჩვენებოდა,
ახალი ტურნე დამეწყო, ხალხის სამსახურში ჩავმდგარიყავი.
ისიც ვიცოდი, რომ წლები დასჭირდებოდა ამ იდიომის
დახვეწას, მაგრამ ჩემი რეპუტაციისა და სახელის წყალობით,
შესაძლებელი იყო, განმეხორციელებინა ჩანაფიქრი. ჩემი
აზრით, დროულიც იქნებოდა. ერთხელაც ლონდონში, სენტ
ჯეიმზის კლუბში ვისხედით მე და ელიოტ რობერტსი. ელიოტი
პეტის შოუებსაც ხელმძღვანელობდა და „გრეითფულ
დედისაც“. ვუთხარი, მომავალ წელს ორასი შოუს დაგეგმვა
მინდა-მეთქი. ელიოტი პრაგმატული კაცი იყო, მიპასუხა, ჯობია

114
რამდენიმე წელი დაისვენო და მერე გამოხვიდეო.
– ჯერჯერობით შესანიშნავ სიტუაციაში ხარ, – მითხრა, –
გაანებე თავი, იყოს, როგორც არის.
– არა, – მივუგე მე, – ეს სიტუაცია არ არის შესანიშნავი და მე
ვალდებული ვარ, შევცვალო.
ლუდის ბოლო ბოთლიდან ორივე ჭიქაში დავასხი, თან
ვუსმენდი, როგორ მეუბნებოდა, უფრო პრაქტიკული იქნება,
გაზაფხულამდე მაინც თუ დაიცდიო. აჯობებდა, მისთვისაც
მეტი შანსი მიმეცა, ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა.
– კარგი, – ასე ვუთხარი, – შევთანხმდით.
– იქნებ ბენდიც გიშოვო, – დასძინა ელიოტმა.
– არაფერი მექნება საწინააღმდეგო, – გულში კი ვფიქრობდი,
რომ ფანტასტიკური რამე იქნებოდა. თავშიც არასოდეს
მომსვლია, რომ შეიძლებოდა ვინმე სხვას მოეძებნა ჩემთვის
ბენდი. დიდ ტვირთს მომაცილებდა. ელიოტს ვუთხარი, რომ
მომავალი წლისთვის იმავე რაოდენობის შოუები მინდოდა
რომ ყოფილიყო და ისევ იმ ქალაქებში, და ერთი წლის შემდეგ,
კიდეც გავიმეორებდით – სამწლიანი განრიგი მსურდა
შეედგინა და რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, ერთსა და
იმავე ქალაქებში განმეორებულიყო. ვფიქრობდი, სამი წელი
დამჭირდებოდა, ყველაფერი ისევ თავიდან რომ დამეწყო –
მეპოვნა ჩემი ნამდვილი მსმენელი, ან ნამდვილ მსმენელს
ვეპოვნე მე. სამი წელი იმისთვის მჭირდებოდა, რომ ჩემი
აზრით, ასაკოვანი ხალხი, ვინც პირველ წელს დაესწრება ჩემს
შოუს, მეორე წელს ალბათ აღარ მოვა, ახალგაზრდები კი
თავიანთ მეგობრებს წამოიყვანენ, მესამე წელს კი უკვე ისინი
წამოიყვანენ თავიანთ მეგობრებს და ასე ჩამოყალიბდება ჩემი
მომავლის მსმენელის ბირთვი. ფაქტი, რომ ზოგიერთი ჩემი
სიმღერა ოცი წლის წინანდელი იყო, არაფერს აშავებდა. გული
მიგრძნობდა, რომ რაღაც ახალ ჟანრს ვამკვიდრებდი, რაც
აქამდე არ არსებობდა და მთლიანად მე მეკუთვნოდა.
აუცილებლად მჭირდებოდა ახალი მსმენელი, რადგან მეტ-
ნაკლებად ჩემი ძველი ჩანაწერებით მიცნობდნენ და ახალ
ხელოვანად ვეღარ აღმიქვამდნენ, რაც ადვილი გასაგები იყო.
სახელი განთქმული მქონდა, ფეხბურთის სტადიონს
გავავსებდი, კონცერტი რომ გამემართა, მაგრამ ეს ჩემი სახელი
რაღაც უსარგებლო დიპლომივით იყო, იმით, არც ერთ კოლეჯში

115
რომ არ მიგიღებდნენ. მაინცდამაინც არც ისინი მეხმარებოდნენ,
ვისაც ხელოვნების ხელშეწყობა ევალებოდა. წარსულში
ბევრჯერ გავაბრაზე და ეტყობა, სიბრაზე ჯერ არ
განელებოდათ. ვერც კრიტიკოსების იმედად ვიქნებოდი,
მუსიკის სფეროს ჟურნალისტები საზოგადოებრივი
ურთიერთობის კადრებად გადაიქცნენ. მხოლოდ და მხოლოდ
მითქმა-მოთქმის იმედზეღა ვიყავი, ჩემი ცხოვრება მხოლოდ და
მხოლოდ მასზე აღმოჩნდა დამოკიდებული. მითქმა-მოთქმა კი
ხანძარივით ვრცელდება, მისთვის „არა“ მიუღებელია.
ვნატრობდი ოცი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი, მაგრამ რა
შეიცვლებოდა ამით? ცოტა დახმარებაც არ მაწყენდა, ოღონდ
არავისგან ველოდი დახმარებას. ყველაფერს ისეთი პირი
უჩანდა, როგორც რობერტსმა მითხრა – ჯობდა, გაზაფხულამდე
მოგვეცადა. ვგრძნობდი, უკვე ზღურბლზე ვიდექი და იქ რაღაც
მელოდა – შეიძლება ღვთიურ წვიმასავით წმინდა არა, მაგრამ
რაღაც – ნამდვილად.
გაზაფხული ძალზე შორს მეჩვენებოდა, თუმცა მოთმენა
შემეძლო. რამეს წავიკითხავდი. ჩემი იღბალი ვერცხლივით
კაშკაშებდა მზის გულზე. ცხოვრებამაც თითქოს დაკარგა
თავისი მომწამლავი ეფექტი. ვერაფერზე ვერ ვიწუწუნებდი...
და სწორედ ამ დროს, შემემთხვა ის.
გადახვეული ხელით სასწრაფო დახმარების კაბინეტიდან
გამოვედი და სკამზე დავესვენე. გეგონება, შავმა ავაზამ
დამგლიჯაო. ცოტა ხნის წინ რაღაც ნოვატორულის თუ
რისკიანი წამოწყების ზღურბლზე ვიდექი, ახლა ყველაფერი
განადგურდა და სიცარიელის პირისპირ აღმოვჩდი. შეიძლება,
ეს ბედის უკანასკნელი შემობრუნება ყოფილიყო. სულ
რამდენიმე საათის წინ ყველაფერი კარგად მქონდა,
დალაგებული. გაზაფხულს ველოდებოდი, ერთი სული
მქონდა, სცენაზე გამოვსულიყავი, სადაც ყველაფერი მე
ვიქნებოდი – ავტორიც, შემსრულებელიც, სუფლიორიც, სცენის
მენეჯერიც, მსმენელიც და კრიტიკოსიც. ახლა კი სიბნელეს
მივჩერებოდი, საიდანაც ეს ყველაფერი უნდა დაწყებულიყო.
ფოლსტაფისა არ იყოს, ერთი თამაშიდან მეორე თამაშზე
ვერთვებოდი, ვიდრე ბედმა თამაშ-თამაშით მე თვითონ
კოშმარული ხრიკი არ მომიწყო. ფოლსტაფი აღარ ვიყავი.
ხალისი დავკარგე, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. მხოლოდ კვნესა
შემეძლო.

116
გარდა იმისა, რომ ვოკალის ახალ ტექნიკაზე ძალიან ვიყავი
გადართული, კიდევ რაღაც მჭირდებოდა ჩემი სიმღერების
აღსადგენად. სიმღერებს ყოველთვის გიტარის
აკომპანიმენტით ვმღეროდი. ჩვეულებრივად, კარტერების
ოჯახის სტილში ვუკრავდი, მედიატორით. რასაც ვუკრავდი,
სუფთა და გასაგები იყო, მაგრამ შიგ ჩემი სული არ იდო. ისე,
არც იყო საჭირო. სტილი პრაქტიკული იყო, ოღონდ ახლა
მინდოდა უფრო გამომეცოცხლებინა და ჩემი თავი მეტად
გამომეკვეთა.
სტილი არ მომიგონებია, ადრეულ 60-იანებში ლონი
ჯონსონისგან გავიგე. ლონი, 30-იანი წლების დიდი ჯაზისა და
ბლუზის მუსიკოსი იყო. რობერტ ჯონსონმა მისგან ბევრი
ისწავლა. ერთხელ ლონიმ გვერდზე გამიყვანა და მაჩვენა რაღაც
სტილი, რომელიც კენტი ციფრების ნაცვლად ლუწ ციფრებს
ემყარებოდა. მითხრა – შეიძლება, გამოგადგესო. ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც საიდუმლოს მანდობდა,
არადა, მაშინ ვერ გავერკვიე კარგად, რას მიხსნიდა, მაშინ
მხოლოდ გიტარის ჩხაკუნს ვჯერდებოდი, ჩემი აზრების
გადმოცემა უფრო მნიშვნელოვანი მეგონა. ეს ადვილად
სამართავი დაკვრის სისტემაა, დაკავშირებულია გამასთან,
როგორ შეიძლება ნოტების შეწყობა ციფრების საშუალებით,
როგორ შეიძლება ტრიოლიდან მელოდიის მიღება. მე ეს სტილი
არასოდეს გამომიყენებია, არ მეგონა, თუ აუცილებელი იყო.
ახლა კი, მოულოდნელად გამახსენდა და ვიფიქრე, ასე თუ
დავუკრავდი, ჩემს სამყაროს გამოვაცოცხლებდი. ბევრისთვის
საინტერესო არც იქნებოდა, რადგან ტექნიკასთან საერთო
არაფერი ჰქონდა, მუსიკოსები კი მთელი ცხოვრება ერთმანეთს
ტექნიკაში ეჯიბრებიან. მომღერალი თუ არ იყავით, ამ მეთოდს
არ მიაქცევდით ყურადღებას. ჩემთვის მისი ათვისება არ
გამოდგა ძნელი, გავიგე წესები და ის, რაც ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ ლონიმ ნათლად
ამიხსნა. ასე არავინ უკრავდა, ჩემი აზრით, მუსიკის ახალი
ფორმა იყო. ზუსტი და ორთოდოქსული. აქ იმპროვიზება არ
შეიძლებოდა. იმპროვიზაციის საპირისპირო რამ იყო და კიდევ,
რაიმე განსაკუთრებული განწყობა არ გჭირდებოდა, როცა ასე
უკრავდი, ემოციებს არ ითხოვდა. ესეც კარგი იყო. უკვე დიდი
ხანია ჩემი სიმღერები დახოცილი კურდღლებიით ეყარა
იატაკზე. ეს აღარ მოხდებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ორი
ხელი მჭირდებოდა დასაკრავად.

117
***
შუადღე იყო, ჩემს ძველმოდურ ბაღში დავაფრატუნებდი
ფეხებს. მერე დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი გადავჭერი და
მდინარის პირას ჩავედი, იქ, სადაც მინდვრის ყვავილები
ხარობდნენ და სადაც ძაღლები და ცხენები მყავდა. ქარი
თოლიების ხმას ახშობდა. შემდეგ მთავარი შენობისკენ რომ
ვბრუნდებოდი, ფიჭვებს შორის ზღვამ გაიელვა. ზღვა ახლოს
არ იყო, მაგრამ მისი ძალა იგრძნობოდა. ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს ბადეში გავეხვიე და გაქცევა მინდოდა,
მაგრამ უფრო და უფრო ვიხლართებოდი ბადეში. ხელზე ღრმა
ჭრილობის გამო შეგრძნება დავკარგე. შეიძლება არც არასოდეს
დამბრუნებოდა. თუ ასე იყო, რაც ადრე შევეგუებოდი ამ
ფაქტს, აჯობებდა. ო, ცხოვრების ბოროტი ირონია იყო ეს
ყველაფერი და მეტი არაფერი. მაგარი პანღური ვიგემე. ნეტა
ფოლადის ნიფხავი მცმოდა.
იმ კვირის ბოლოსკენ ცოტა გამოვცოცხლდი, ჩემი ქალიშვილის
სკოლაში დავუკარი და სცენაზე დაკვრამ ემოციები
გამომიღვიძა. ამასობაში ერთი სევდიანი ამბავი გავიგე, ჩვენი
იალქნიანი ნავი პანამასთან რიფს დაჯახებია. ერთი კვირა
გვერდზე გადაყირავებული ეგდო წყალში, მაგრამ უკვე
ვერაფერს უშველიდნენ, ბოლოს ჩაიძირა. ათი წლის
განმავლობაში, ოჯახთან ერთად, მთელი კარიბის ზღვა
მოვიარე, ყველა კუნძულზე კარგი დრო გვიტარებია,
დაწყებული მარტინიკით და ბარბადოსით დამთავრებული.
ხელთან შედარებით, ნავის ამბავი დიდი არაფერი იყო, მაგრამ
მაინც მოულოდნელი დარტყმა გამოდგა.
ერთ საღამოს, ტელევიზორი ჩავრთე და ჯონი კარსონის ღამის
შოუში მომღერალი ჯო ტექსი შემრჩა ხელთ. ჯომ იმღერა, ადგა
და წავიდა. ჯონი არც დალაპარაკებია, მხოლოდ ხელი დაუქნია
მაგიდიდან. საერთოდ, კარსონს უყვარდა საუბრის გაბმა თავის
სტუმრებთან, გოლფზე და რაღაც-რაღაცებზე ელაპარაკებოდა,
მაგრამ ჯოსთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი. ალბათ, მეც
არაფერს მეტყოდა. ჯონის სტუმრები ცდილობდნენ სასაცილო
შესახედაობა ჰქონოდათ, ჯინ კელივით გაბრწყინებოდათ
სახეები, თან საშინელ წვიმაში იდგნენ და მღეროდნენ. მე მათ
ადგილზე ნამდვილად ფილტვების ანთება დამემართებოდა.
გთხოვდნენ გეთამაშა ისე, თითქოს ყველაფერი მშვენივრად
იყო. ჯო ტექსისა არ იყოს, არც მე ვიყავი გარეული

118
საზოგადოების ორომტრიალში. გავიფიქრე, რამდენად უფრო
ვგავარ ჯოს, ვიდრე კარსონს-მეთქი, და ტელევიზორი
გამოვრთე.
მესმოდა, სიბნელეში კოდალა როგორ აკაკუნებდა ხეზე. სანამ
ცოცხალი ვიქნები, ცხოვრებისადმი ინტერესი არ გამინელდება.
თუ, ვთქვათ, ხელი აღარ მომირჩებოდა, რის გაკეთებას
ვაპირებდი? მუსიკალურ ბიზნესში რომ არ დავრჩებოდი, ეს
ზუსტად ვიცოდი. დღისით სულ უფრო და უფრო იშვიათად
გავდიოდი სახლიდან. მივწვებოდი სკამზე და ორი-სამი საათი
თვალებს ვასვენებდი, მერე ვიღვიძებდი და რაღაცის
საყიდლად გავდიოდი, ოღონდ როცა მივიდოდი,
მავიწყდებოდა, რა უნდა მეყიდა. მიხაროდა, ცოლი გვერდით
რომ მყავდა. ასეთ დროს კარგია, როცა გვერდით გყავს
ადამიანი, რომელსაც იგივე სურვილები აქვს, რაც შენ,
გახსნილია და შეგიძლია, შენი ენერგია მას მიუძღვა. შეეძლო
ჩემთვის თავი ისე ეგრძნობინებინა, თითქოს სულაც არ ვიყავი
სადღაც ყველასგან მივიწყებულ ხვრელში ჩარჩენილი. ერთ
დღეს, მეტალის ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და სათვალეში ჩემი
მინიატურული გამოსახულება დავინახე. გავიფიქრე,
ყველაფერი როგორ დაპატარავებულა-მეთქი.
ყველაზე მეტად სიმღერების წერა აღარ მინდოდა. ისე, დიდი
ხანი იყო, რაც აღარ დამიწერია. არც ბოლო წლების ალბომებში
მქონდა ბევრი საკუთარი სიმღერა შეტანილი. უკვე საკმაოდ
ბევრი სიმღერა დავწერე, ჩემს მიზანს მივაღწიე, მეტი
ამბიციები აღარ მქონდა. როცა ან თუ ოდესმე რამე იდეა
გამიჩნდება, არ მივიღებ, ადვილად შევძლებ უარი ვთქვა,
თავსაც ძალას არ დავატან. აღარ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ
დავწერდი სიმღერას. აღარ მჭირდებოდა მეტი სიმღერები.
ერთ ღამეს, ყველას ეძინა, მე კი სამზარეულოში მაგიდასთან
ვიჯექი, მთის ფერდობზე მხოლოდ აქა-იქ მოჩანდა სინათლე –
და მაშინ, ყველაფერი შეიცვალა. სიმღერისთვის „Political World“
დაახლოებით ოცი კუპლეტი დავწერე, ხოლო მომავალ თვეში
კიდევ ოც სიმღერას მივამატებდი. ყველანი მოულოდნელად
დამაცხრნენ თავს. შეიძლება, ასე ლოგინად რომ არ
ვყოფილიყავი ჩავარდნილი, ვერც დამეწერა ეს სიმღერები. ან,
შეიძლება არა. ადვილი დასაწერი სიმღერები არ იყო. დინებას
ჩამოყვნენ და ზუსტად ჩემი სახლის წინ შეჩერდნენ, თუ
მეტისმეტი დაჟინებით შეხედავდი, გაქრებოდნენ.

119
სიმღერა ოცნებასავითაა, ცდილობ, აიხდინო. სიმღერის დაწერა
შეიძლება ყველგან – მატარებლის ვაგონში, ნავში, ცხენის
უნაგირზე – მოძრაობა გეხმარება. ხანდახან ნანახი და
მოსმენილი გავლენას ახდენს შენს სიმღერაზე. „Political World“ -
ზეც შეიძლება მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედა. გამალებული
წინა საარჩევნო ბრძოლა იყო გაჩაღებული
პრეზიდენტობისთვის, ვერ მოახერხებდი, რომ თავი
აგერიდებინა და არაფერი მოგესმინა. მაგრამ მე არ
მაინტერესებდა, პოლიტიკა ხელოვნების ფორმად მიმეღო.
სიმღერაში პოლიტიკურ სამყაროში უფრო ქვესკნელი
იგულისხმება და არა ის სამყარო, რომელშიც ადამიანები
ცხოვრობენ, მუშაობენ და ადამიანურად კვდებიან.
სამზარეულოს ფანჯრიდან მთვარის ვერცხლისფერი სხივი
აღწევდა და მაგიდას ანათებდა. მოულოდნელად ვიგრძენი,
რომ სიმღერამ ძალა გამომაცალა, შევწყვიტე წერა და სკამის
ზურგს მივესვენე, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მაგარ
სიგარას მოვუკიდე და თბილ აბაზანაში ჩავწექი. ასე სწრაფად
არც ერთი სიმღერა არ დამიწერია, თითქოს ვიღაცის
ბრჭალებიანმა ხელმა შექმნა ის. ვიცოდი, თუ როდესმე კიდევ
ჩავწერდი ალბომს, ამ სიმღერას გამოვიყენებდი. ისიც ვიცოდი,
რომ მე არ ვიყავი სიმღერაში, მაგრამ არა უშავს, არც იყო საჭირო
ჩემი იქ ყოფნა. ტექსტი უჯრაში შევინახე, მაინც ხომ ვერ
დავუკრავდი, და ნელ-ნელა ტრანსიდან გამოვედი.
ავტოფარეხის გასწვრივ, გზაზე მოტოციკლმა ჩუმად ჩაიარა,
ფანჯარა ფართოდ გამოვაღე, ნიავმა აყვავებული ბროწეულის
სურნელი მოიტანა. ცოტა ხანი გასულიყო, რაც სიმღერა
დავწერე, ერთი ხელის მოსმით, თავიდან ბოლომდე. ამ
სიმღერამ, რამდენიმე წლის წინანდელი „Clean-Cut Kid“
გამახსენა. არც იმ სიმღერაში არ ვყოფილვარ მე.
იმავე კვირაში, იუჯინ ო’ნილის პიესის „გრძელი დღე ღამისკენ
მიდის“ სანახავად წავედით. ძლივს გავძელი სპექტაკლზე,
ამქვეყნად ყველაზე საშინელი ოჯახის ცხოვრება იყო
აღწერილი, ეგოისტი ნარკომანების ცხოვრება. მესიამოვნა, როცა
ფარდა დაეშვა. მართალია, პერსონაჟებისადმი სიბრალულის
გრძნობაც გამიჩნდა, მაგრამ მათი ამბავი გულთან ახლოს არ
მიმიტანია. თეატრიდან მე-4 ქუჩაზე ბლუზის კლუბში
შევჩერდით, გიტარ შორთის და ჯ. ჯ. „ცუდიბიჭი“ ჯონსის ნახვა
მინდოდა. შორთისთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა.

120
ხელების გარდა ყველაფრით უკრავს გიტარაზე. ვნატრობდი,
მეც შემძლებოდა ასე დაკვრა. იქიდან, მანქანისკენ რომ
მივდიოდით, ვიღაც უსახლკარო ბიჭს გადავეყარეთ, კოპების
ბრძანებით ხელები თავზე შემოეწყო და სადღაც წაყვანას
უპირებდნენ. მის ფეხებთან ერთი ბეწო სპანიელი იწვა და
ღილებივით შავ თვალებს თავისი პატრონის ნერვიულ
მოძრაობებს აყოლებდა. ვერ შევატყვე ოფიცრებს, რომ
ამაყობდნენ თავიანთი საქციელით.
იმ ღამით, გვიან, შინ რომ დავბრუნდი, „What Good Am I?“-ზე
(„რა ხეირია ჩემგან“) დავიწყე მუშაობა. ჩემს საკუთარ, პატარა
არტ სტუდიოში ჩავწერე. სინამდვილეში, ის უფრო მეტია,
ვიდრე არტ სტუდიო. ელექტრო შედუღების აპარატი მქონდა
და რაღაც ძველი მეტალის მონარჩენებისგან, ფარდულში რომ
ეყარა, ლამაზი, დეკორატიული ჭიშკარი გავაკეთე. შიგნით
მაგიდა მედგა, ჟალუზებიანი ფანჯარა არხზე გადიოდა.
ამჯერადაც, მოულოდნელად მთელი სიმღერა ერთბაშად
მოვიდა ჩემთან. შეიძლება იმ უსახლკარო ბიჭს, კოპებს,
უინტერესო პიესას და გიტარ შორთის ლაზღანდარობებს
ჰქონდა რაღაც საერთო მასთან. ვინ იცის? ხანდახან ისეთი რამ
ხდება ცხოვრებაში, რაც შიგნიდან გალპობს, ცუდად გხდის,
გულს გირევს და ცდილობ, ეს გრძნობა დაატყვევო, ოღონდ
სპეციფიკური სახელის დარქმევა არ გინდა. ამ სიმღერისთვის
დამატებითი სიტყვებიც მქონდა, აი მაგალითად: „რა ხეირია
ჩემგან, თუ ფრთხილად მივიწევ წინ, აღტაცებას ვერ ვთოკავ და
ფეხებს შორის სისველეს ვგრძნობ? თუ ზუსტად ვიცი,
მართალი რომ ვარ, მაგრამ არ ვიცი, რატომ – რა ხეირია ჩემგან?“
ეს სიმღერაც იმ უჯრაში ჩავდე, სადაც „Political World“
მეგულებოდა – ნეტა, რას ეტყოდნენ ერთმანეთს. მელოდია არც
ერთისთვის არ მქონდა. წავედი დასაძინებლად.
დედაჩემი და დეიდა ეტა იყვნენ ჩვენთან სტუმრად
ჩამოსულები და დილით ადრე უნდა ამდგარიყვნენ, ასე რომ,
მეც ადრე მინდოდა ადგომა.
მეორე დღე მოღრუბლული გამოვიდა, ნისლიანი. დეიდა
სამზარეულოში იყო, მეც იქვე დავჯექი გამოსალაპარაკებლად,
თან ყავას ვსვამდი. რადიოში ახალ ამბებს გადმოსცემდნენ.
სახტად დავრჩი, რომ გავიგე, პიტ მარავიჩი, კალათბურთელი,
პასადენაში მოედანზე დავარდნილა და აღარ ამდგარა. მინახავს
მისი თამაში ნიუ ორლეანში. ღირდა მისი ნახვა – ჯაგარივით

121
ყავისფერი თმა ჰქონდა, წინდები ჩაჩაჩული – კალათბურთის
სამყაროს რისხვა – მაღლა აფრინდებოდა ხოლმე, მოედანზე
სასწაულებს სჩადიოდა. ბრმა რომ ყოფილიყო, მაინც
ითამაშებდა. პიტი რაღაც პერიოდი პროფესიონალურად არ
თამაშობდა და ამის გამო, მიიჩნევდნენ, თითქოს მისი სახელი
მიიჩქმალა. ისე, მე არასოდეს დამივიწყებია. არიან ადამიანები,
ვისი სახელიც შეიძლება მიიჩქმალოს, მაგრამ როცა მართლა
წავლენ ამ ცხოვრებიდან, იფიქრებ, რომ ყოველთვის
გახსოვდნენ.
იმავე დღეს, როცა ეს სევდიანი ამბავი გავიგე, დავიწყე და
დავამთავრე კიდეც სიმღერა „Dignity“. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს სიმღერა ჩემ ცხვირწინ იყო და დავეუფლე. ვხედავდი
ყველა მის გმირს, გონებაში მესმოდა – რიტმი, ტემპი,
მელოდია, მთლიანად სიმღერა. არასოდეს დამავიწყდება ეს
მელოდია, ქარი ვერ გაფანტავს ჩემი გონებიდან. ამგვარ
სიმღერაში არის რაღაცები, რაც არასოდეს მთავრდება. ვიღაცას
სახეში ელექტრო ფანარს ანათებ და უყურებ. ამ სიმღერაში
ერთ ხაზს მეორე მოჰყავს, როგორც მარცხენა ფეხს მიჰყვება
მარჯვენა. ათი წლის წინ რომ დამეწერა ის, ალბათ იმწამსვე
ჩამწერ სტუდიაში გავაქანებდი. მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა და
ისეთი გადარეული აღარ ვიყავი, ვერც აუცილებლობას ვერ
ვგრძნობდი. საერთოდ, ჩაწერის სურვილი გამიქრა, არც ის
მომწონდა, როგორ ჟღერდა თანამედროვე ბგერა – ჩემი
იქნებოდა თუ სხვისი. მე პირადად, არ ვიცი, რატომ მერჩივნა
ჟღერადობით ძველი ალან ლომაქსის ჩანაწერები. ასე მეგონა,
ასი წელი რომ მეწვალა, კარგ დისკს ვერ ჩავწერდი.
ერთ მშვენიერ დღეს მივედი ექიმთან, რომელმაც გამსინჯა და
მითხრა, მკურნალობა კარგად მიდისო და ნერვების
შეგრძნებაც შეიძლება მალე დაგიბრუნდესო. ძალიან
წამახალისებელი იყო ამის გაგება. სახლში რომ დავბრუნდი,
ჩემი უფროსი ვაჟი გოგოსთან ერთად, მალე ცოლად მოყვანას
რომ აპირებდა, სამზარეულოში ტრიალებდა. რომ შევედი,
დავინახე, ქურაზე ზღვის პროდუქტების შესაწვავი ტაფა იდო.
მივედი და ტაფის თავსახური ავწიე, დასარწმუნებლად.
– რას იტყვით? – მეკითხება მომავალი რძალი.
– ცოტა ვისკი ხომ არ მოუხდება?
– უნდა დავადგინოთ.

122
ტაფის თავსახური დავდე და გარაჟში გავედი. იმ დღემ
ქარივით გაიქროლა.
სიმღერაში „Disease of Conceit“ („პატივმოყვარეობით
დაავადებული“) ნამდვილად არის ქვეტექსტი სახარებიდან.
დავუბრუნდეთ იმ აზრს, რომ რაიმე მოვლენამ შეიძლება
სიმღერას დასაბამი მისცეს – ხანდახან კი შეიძლება მისი ძრავა
აამუშაოს. ამას წინათ, ერთ ცნობილ ბაპტისტ მღვდელ ჯიმი
სვაგარტს სასულიერი ხარისხი წაართვეს იმის გამო, რომ უარს
ამბობდა შეეწყვიტა ქადაგება. ჯიმი ჯერი ლი ლუისის
ბიძაშვილი იყო და ცნობილი ტელევარსკვლავიც. გაოცებული
დავრჩი, ეს ამბავი რომ გავიგე. ჯიმის ვიღაც მეძავთან ჰქონია
საქმე, მოტელში გადაუღეს ფოტო, ერთად რომ იყვნენ.
სვაგარტს უთხრეს, დროებით არ ექადაგა, მან კი საჯაროდ
იტირა და პატიება ითხოვა, მაგრამ მაინც სთხოვდნენ
შეეწყვიტა ქადაგება. ჯიმის არ შეეძლო თავის შეკავება, ისე
გააგრძელა თავის საქმე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ამის
გამო კი უკვე სასულიერი ხარისხი წაართვეს. უცნაური ამბავი
იყო, გაუგებარი. ბიბლია სავსეა ასეთი ამბებით. ძველ მეფეებს
და ლიდერებს ბევრი ცოლი ჰყავდათ, ოსე წინასწარმეტყველმა
მეძავი შეირთო ცოლად, და ამან ხელი ვერ შეუშალა, წმინდა
ადამიანი ყოფილიყო. მაგრამ ეს სხვა დრო იყო და
სვაგარტისთვის კი დასასრული იქნებოდა. ნეტავი ის ბოზი
როგორ გამოიყურებოდა, ცნობილი მქადაგებელი კაცი რომ
შეაცდინა და ასე გასვარა. მომაჯადოებელი და მაცდუნებელი
სილამაზის ტანწერწეტა მოსამსახურე ქალი? ალბათ. წესით
ასეთი უნდა ყოფილიყო. შეიძლება ამ ინციდენტმა შთამაგონა
სიმღერა, მაგრამ დანამდვილებით ძნელია თქვა რამე. არ არის
აუცილებელი, რომ პატივმოყვარეობა ავადმყოფობა იყოს. ის
უფრო სისუსტეა. მოდით, ასე ვთქვათ, პატივმოყვარე ადამიანი
არასწორად აფასებს საკუთარ თავს, გადამეტებული
წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ასეთი ადამიანი ადვილად
სამართავია, თუ იცი, რომელ ღილაკს უნდა დააჭირო თითი.
სიმღერის ტექსტშიც ეს არის და ეს.
ლექსების წერა დავამთავრე და სტუდია დავტოვე, ისევ შინ
დავბრუნდი. მაღალ ბამბუკებს ქარი არხევდა. ჩემი ძველი,
დანჯღრეული „ბიუიკის“ ბამპერი მთვარის შუქზე ბრწყინავდა.
რამდენი წელია ამ მანქანაზე აღარ ვმჯდარვარ. ჩაბნელებული
არხი ბუჩქებს ამოევსო, იქ მელიები და კოიოტები
ცხოვრობდნენ. ძაღლები რაღაცას ყეფით მისდევდნენ. სახლში

123
შევედი და ჩემი ერთი გიტარა მომხვდა თვალში,
რომლისთვისაც დიდი ხანი იყო, რაც ხელი არ შემივლია.
მეხამუშებოდა ხელი მომეკიდა. ახლა დასვენება კარგი იქნება,
გავიფიქრე და ლოგინში შევძვერი.
სიმღერა „What Was It You Wanted?“ ასევე ჩქარა დაიწერა.
ტექსტიც და მელოდიაც ერთად მომესმა გონებაში, მინორულ
ტონალობაში სრულდებოდა. თუ ოდესმე ცნობისმოყვარეობის
ობიექტი ყოფილხართ, მიხვდებით, რაზეა ეს სიმღერა. ბევრი
ახსნა არ არის საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა თავისით
დაიწერა. ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წლის წინ, საერთოდ არც
დამემთავრებინა, მაგრამ ახლა ვერ ვიტყოდი უარს.
ამას მოჰყვა სიმღერა „Everything Is Broken“ („ყველაფერი
დამტვრეულია“). მთელი სემანტიკური მნიშვნელობა
სიტყვების ბგერებში დევს. ამ სიმღერის ტექსტს შეუძლია
ცეკვისას პარტნიორობა გაგიწიოთ. ყველაფერი დამტვრეულია,
ან კიდევ ისე გამოიყურება, თითქოს დამტვრეულია –
გატეხილი, გაბზარული, შესაკეთებელი. ერთხელ, კონი
აილენდის სანაპიროზე ვიწექი და ქვიშაში პორტატული რადიო
დავინახე... ლამაზი „ჯენერალ ელექტრონიკსი“, – საომარი
ხომალდივით იყო აწყობილი – გატეხილი ეგდო. იქნებ ისიც
თვალწინ დამიდგა, როცა სიმღერას ვწერდი. მერე ყველა ეს
სიმღერა უჯრაში ჩავაწყვე, მაგრამ მათი არსებობა არ
დამივიწყებია.
ირონიული იყო, ამასობაში ხელი მომირჩა, მე კი სიმღერების
წერა შევწყვიტე. ექიმი მაგულიანებდა გიტარაზე დამეკრა –
მეუბნებოდა, ხელის გაჭიმვა მოგიხდებაო. დაგეგმილ შოუებზე
შევძლებდი გამოსვლას, გაზაფხულზე დავიწყებდი, მოკლედ,
ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე.
***
ერთ საღამოს U2-ს წევრი, მომღერალი ბონო და კიდევ სხვები
მყავდნენ სტუმრად სადილზე. ბონოსთან ურთიერთობა
მატარებელში სადილობას გაგონებს – ისეთი გრძნობა გაქვს,
რომ მოძრაობ, სადღაც მიდიხარ. ბონოს ანტიკური პოეტის
სული აქვს, მასთან ფრთხილად უნდა გეჭიროს თავი. შეუძლია
იქამდე იღრიალოს, სანამ მიწა არ იძვრება. ფარული
ფილოსოფოსიც გახლავთ. „გინესის“ მთელი ყუთი გამოაყოლა
ხელს. ისეთ რამეებზე ვსაუბრობდით, როგორზეც ზამთრის

124
დღეების გასაყვანად ლაპარაკობენ ხოლმე – ჯეკ კერუაკზე.
ბონო კარგად იცნობს კერუაკს. სასაცილოა, ბევრ ამერიკელზე
უკეთესადაც კი. ბონო საუკუნის დასაწყისში რომ ჩამოსულიყო
ამერიკაში, ალბათ კოპი გახდებოდა. მართლა ბევრი რამ იცის
ამერიკის შესახებ და რაც არ იცის, უნდა, რომ გაიგოს.
პოპულარობაზე ვისაუბრეთ და ჩვენი აზრები დაემთხვა –
ყველაზე მხიარული პოპულარობაში ისაა, რომ არავის სჯერა,
მას რომ ეხება. მერე ბონო ჰყვებოდა, როგორ ჩამოვიდნენ აქ
ინგლისელები და ჯეიმზთაუნში დასახლდნენ და რომ
ირლანდიელებმა ნიუ-იორკი ააშენეს – ლაპარაკობდა ამერიკის
სამართლიანობაზე, სიმდიდრეზე, დიდებაზე, სილამაზეზე,
უცნაურობასა და მშვენიერებაზე. ვუთხარი, ამერიკის
დაბადების ადგილის ნახვა თუ გინდა, ალექსანდრიაში,
მინესოტაში უნდა წახვიდე-მეთქი.
ასე ვუსხედით მაგიდას მე და ბონო. დანარჩენები
მიმოფანტულები იყვნენ. ჩემი ცოლი შემოვიდა და მითხრა,
დასაძინებლად მივდივარო. – მეც ახლავე მოვალ, – მივაძახე.
„გინესი“ თითქმის დავცალეთ. – ალექსანდრია სად არის? –
მეკითხება ბონო. ვუთხარი, საიდანაც ვიკინგები შემოვიდნენ
და დასახლდნენ 1300 წელს, იქ ვიკინგის ხის ქანდაკებაც დგას,
ოღონდ ამერიკის ღირსეულ მამას არ ჰგავს-მეთქი.
ღამე გაიწელა. ბონომ მკითხა, ახალი სიმღერები ხომ არ გაქვსო.
მართლაც, მქონდა. გავედი მეორე ოთახში, უჯრიდან ამოვიღე
ახალი სიმღერები და ბონოს ვაჩვენე. გადახედა და მითხრა,
უნდა ჩაწეროო. მე არ ვიყავი დარწმუნებული, ბოლო დროს
ჩაწერა გართულდა-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ იყო, დენიელ
ლანუა რომ ახსენა, ჩვენთან უმუშავია და ძალიან კარგი
პარტნიორია, შენთან სამუშაოდ ზედგამოჭრილი კაციაო.
ლანუას მუსიკალური იდეები ჰქონდა, ჩემსას რომ კარგად
მიესადაგებოდა, ისეთი. ბონომ ყურმილი აიღო და დაურეკა,
დაგვაკავშირა ერთმანეთს, ჩვენც ცოტა გავისაუბრეთ. მთავარი,
რაც ლანუამ მითხრა, ის იყო, რომ ნიუ ორლეანში მუშაობდა და
იქ უნდა მომეძებნა. ეგრე ვიზამ-მეთქი, ვუთხარი. სიმართლე
გითხრათ, მაინცდამაინც არ ვჩქარობდი დისკის ჩაწერას. უფრო
გამოსვლაზე ვიყავი გადართული. წინ სუფთა გზა მელოდა და
არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი შანსს, მუსიკალური
თავისუფლება დამებრუნებინა.
***

125
ნიუ ორლეანში შემოდგომა იდგა, სასტუმრო „მარია
ანტუანეტაში“ გავჩერდი. იმ დღეს, მე და ჯ. ე. სმიტი, ჩემი
ბენდის გიტარისტი, სასტუმროს შიდა ეზოში, აუზთან
ვისხედით, დენიელ ლანუას ველოდებოდი, უნდა მოსულიყო.
ჰაერი ძალიან ტენიანი იყო. ოთხკუთხედ შადრევანში წყლის
ლილიები ტივტივებდნენ. ჩვენი მაგიდის შორიახლოს
კლეოპატრას პატარა ქანდაკება იდგა, ჩამოტეხილი ცხვირით.
კლეომ თითქოს იცოდა ჩვენი იქ ყოფნის შესახებ. როცა დენი
შემოვიდა, ჯ. ე. სმიტმა, სამყაროს ცივი, ცისფერი თვალებით
რომ აკვირდებოდა, ისე, რომ არც ახამხამებდა, შეაგება მას
მზერა და მალევე დაგვტოვა. ეზოში რაღაც მეგობრული
განწყობა სუფევდა და სურნელოვანი ვარდებისა და ლავანდის
არომატი იდგა. ლანუა დაჯდა. თავიდან ფეხებამდე შავები ეცვა
– შავი სომბრერო, შავი ბრიჯები, მაღალყელიანი ჩექმა და
უღილებო ხელთათმანი – შავი მთის შავი პრინცი. მან ლუდი
შეუკვეთა, მე კი ასპირინი და კოლა მომიტანეს. პირდაპირ
საქმეზე გადავიდა, მკითხა, რა სტილის სიმღერები გაქვსო,
როგორ ჩანაწერზე ვფიქრობდი. მაგრამ ამას ისე მეკითხებოდა,
საუბრის დაწყება რომ გაადვილებოდა.
ერთი საათის შემდეგ, ვიცოდი, რომ მე ამ კაცთან ვიმუშავებდი.
ოღონდ ჯერ არც მქონდა მოფიქრებული, როგორი ჩანაწერი
მინდოდა, საერთოდ ვარგოდა თუ არა ის სიმღერები. მას
შემდეგ, რაც ბონოს ვაჩვენე, აღარც გადამიხედავს. ბონომ კი
მითხრა, კარგიაო, მაგრამ არც ის ვიცოდი, რამდენად
გულწრფელად მითხრა. უმეტესობისთვის ჯერ მელოდიაც არ
მქონდა. დენი მეუბნებოდა – თუ ნამდვილად გინდა, შეძლებ
კარგი ჩანაწერი გააკეთო. – და მეც მტკიცედ ვუპასუხე – რა
თქმა უნდა, ოღონდ შენი დახმარებით. ეს რომ ვუთხარი, თავი
დამიქნია. მერე დაინტერესდა, რომელიმე მუსიკოსზე ხომ არ
მიფიქრია და იმ მუსიკოსებზე მკითხა, წინა დღით ვისთან
ერთადაც ვუკრავდი. ამჯერად მათთან ერთად არ ვიმუშავებ-
მეთქი. ისი მითხრა, ჰიტ დისკებს დიდ მნიშვნელობას არ
ვანიჭებო. – მაილს დევისს არც ერთი არ ჰქონია. – ჯერჯერობით
ყველაფერი კარგად მიდიოდა.

არც თარიღი დაგვითქვამს, როდის დავიწყებდით მუშაობას,


უბრალოდ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე ერთ
აზრზე ვიყავით და რაღაც-რაღაცებზე ერთნაირი წარმოდგენა
გვქონდა. მთელი ის შუადღე საუბარში გავატარეთ და

126
ამასობაში მზემ წითლად დაიწყო ჩასვლა. დენიმ მკითხა, ხომ
არ გინდა მოგასმენინო ახლა, „ნევილ ბრაზერსს“ რომ ვიწერო.
როგორ არ მინდოდა, დავეთანხმე და იქიდან თვითნაკეთ
სტუდიაში გავემართეთ, რომელიც ვიქტორიანულ შენობაში
ჰქონდა მოწყობილი, სენტ ჩარლზის ავენიუზე. იმ ბულვარზე
უზარმაზარი მუხები იდგა და ზეთისხილივით მწვანე ფერის
ტრამვაი დადიოდა. „ნევილ ბრაზერსს“ თითქმის
დაემთავრებინა „Yellow moon“-ის ჩაწერა. დავსხედით და
რამდენიმე ჩანაწერს მოვუსმინეთ. ნევილების ერთ-ერთი ძმა
ოთახში იჯდა და ისვენებდა, თავი უკან ჰქონდა
გადაგდებული, თვალებზე ქუდი ჩამოეფხატა, ფეხები მეორე
სკამზე შემოეწყო. გამიკვირდა, რომ გავიგე, თურმე აარონ
ნევილი ჩემს ორ სიმღერას მღეროდა „Hollis Brown“-ს და „With
God on Our Side“-ს. რა დამთხვევა იყო! აარონი მსოფლიოში ერთ-
ერთი საუკეთესო მომღერალი იყო, ძლიერი ფიგურა, ტანკივით
აღნაგობა ჰქონდა და ანგელოზის ხმა. ისეთი ხმა ჰქონდა,
დაკარგულ სულს რომ მოაბრუნებს. ზეშთაგონებას, მის
სიმღერაში რომ იგრძნობა, შეიძლებოდა ეს გადარეული
მსოფლიო დაემშვიდებინა. ყოველთვის მიკვირდა, როდესაც
ასეთი მაღალი დონის მომღერალი ჩემს სიმღერას მღეროდა
ხოლმე. წლები რომ გადის, შეიძლება რომელიმე სიმღერა
მახლობელი აღარ იყოს შენთვის და როდესაც ასეთ ვერსიას
მოისმენ, ისევ ძველი გრძნობა დაგიბრუნდება.
აარონის მიერ შესრულებული ჩემი სიმღერის ინტერპრეტაცია
რომ მოვისმინე, კინაღამ საერთოდ დამავიწყდა, რატომ ვიყავი
იქ მისული. დენიმ მკითხა, რომელიმე ახალი სიმღერაც ამგვარი
ხომ არ არისო. მაინცდამაინც არა-მეთქი, ვუპასუხე. მომეწონა
იქაური ატმოსფერო და სიტუაცია. ლანუამ მითხრა, კიდევ ერთ
სახლს დავიქირავებ და შეგვეძლება იქ ჩავწეროთო. რაღაც
ნაწყვეტები დავუკარი ფორტეპიანოზე. შევთანხმდით, რომ
მომავალ გაზაფხულზე შევხვდებოდით. მომეწონა ლანუა.
დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა თავის თავზე, მოწესრიგებული
კაცი ჩანდა – ვიღაც ვაჭრუკანა არ იყო, და არანორმალურად
უყვარდა მუსიკა. იმ ყაიდის კაცი იყო, რამეს რომ აკეთებს და
ჰგონია, მთელი მსოფლიოს ბედი მის ნამუშევარზეა
დამოკიდებული. მარტის თვეში შევხვდებოდით, თითქოს
წმინდა წერილში იყო ნაწინასწარმეტყველები.
***

127
ადრეულ გაზაფხულზე ჩავედი ნიუ ორლეანში, ოდიუბონის
პარკთან დიდი სახლი ვიქირავე. მყუდრო სახლი იყო, ოთახები
ზომითაც მომეწონა და უბრალოა ავეჯი რომ იდგა, იმითაც.
ამაზე კარგ ადგილს ვერც ვინატრებდი. სტუდიაში
მელოდებოდნენ, მაგრამ მე არ მინდოდა პირდაპირ
მივხტომოდი რამეს, ადრე თუ გვიან, ნელ-ნელა
შევეწყობოდით ერთმანეთს. თან ბევრი სიმღერა გავიყოლე,
დარწმუნებული ვიყავი, მხარში ამომიდგებოდნენ.
შებინდებული იყო, ქუჩაში რომ გავედი. კუთხეში მოზრდილი,
მაგრამ გაძვალტყავებული უპატრონო კატა შევნიშნე,
განაბული იჯდა ბეტონზე. მივუახლოვდი და გავჩერდი, კატა
არ განძრეულა. ნეტავი, ახლა რძით სავსე ჯამი მომცა-მეთქი,
ვინატრე.
პირველი, რაც ნიუ ორლეანში მოგხვდებათ თვალში –
სასაფლაოებია. გვერდით რომ ჩაუვლი, ცდილობ, სუნთქვა
შეიკრა და კრინტი არ დაძრა, დაე იძინონ. აკლდამები,
სასახლეებივით მავზოლეუმები, ნიშნები და ფარული ნგრევის
სიმბოლოები – იმ ქალთა და მამაკაცთა აჩრდილები, რომელთაც
შესცოდეს და ახლა საფლავებში ცხოვრობენ. აქ წარსულს მალე
არ ივიწყებენ. მკვდარი შეიძლება დიდხანს იყო. ზოგიერთ
ქალაქში მეორედ რომ ჩახვალ, გეჩვენება, თითქოს ის
მომხიბვლელობა აღარ აქვს, მაგრამ ნიუ ორლეანში ასე არაა.
ყოველი მოსახვევი რაღაცას გპირდება, რაღაც თამამს და
იდეალურს, იქ სულ რაღაც ხდება. ყოველი კარის უკან უხამსი
სიხარული ბუდობს, ან პირიქით, ვიღაცას თავი ხელებში
ჩაურგავს და ტირის. ოცნებებით აღსავსე ჰაერში ზანტი რიტმი
ისმოდა და ატმოსფერო ფეთქავდა წარსული დუელებით თუ
ჩავლილი რომანსებით. შენ ამას ვერ ხედავ, მაგრამ იცი, რომ
ასეა. გგონია, რომ ყოველი ადამიანი ძალიან ძველი
სამხრეთელი ოჯახის წარმომადგენელია. ან სამხრეთელია, ან
უცხოელი. მომწონს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც არის.
ბევრი სხვა ადგილიც მომწონს, მაგრამ ნიუ ორლეანი ყველას
სჯობია. ამ ქალაქში თავში რაც მოგივა აზრად, ყველა კარგი
იდეაა. კოპწია, ეკლესიის ტიპის კოტეჯის გვერდით შეიძლება
საკათედრო ტაძარი იდგეს. იტალიური, გოთიკური, რომაული,
ბერძნული აღორძინების სტილის შენობები ერთ რიგში დგანან,
წვიმის ქვეშ. ყველაფერი ეს და კიდევ, ქალაქის ცენტრი, სადაც
საჯაროდ სიკვდილით სჯიდნენ ადამიანებს. ნიუ ორლეანში

128
სხვა განზომილებებში ხედავ ყველაფერს. იქ ყოველთვის ერთი
დღეა, ღამდება, თენდება და ისევ დღევანდელი დღეა. ხის
ტოტებზე ქრონიკული მელანქოლია კიდია. არასოდეს
გაბეზრებს თავს. ცოტა ხნის შემდეგ, შენც გეჩვენება, რომ
აჩრდილი ხარ, იმ ერთ-ერთი საფლავიდან ამოსული, თავი
ცვილის მუზეუმში გგონია, წითელი ღრუბლების ქვეშ.
სულების იმპერია. მდიდარი იმპერია. თურმე ნაპოლეონის
ერთ-ერთი გენერალი, ლალემანი, ნიუ ორლეანში ჩამოსულა,
ადგილს ეძებდა თავისი მეთაურისთვის, ვატერლოოს შემდეგ
თავი რომ შეეფარებინა. ბევრი ეძება და წავიდა, ასე უთქვამს,
აქ ეშმაკიც დაწყევლილია, როგორც ყველა სხვა დანარჩენიო.
ეშმაკი მოდის ხოლმე აქ და ოხრავს. ნიუ ორლეანი.
სრულყოფილი, ძველმოდური. ეს ის ადგილია, სადაც ჩადიხარ
და იმედი გაქვს, საზრიანი ტიპი გახდები, სადაც ხელის
შემყურე მტრედებს აპურებ. მაგარი ადგილია დისკის
ჩასაწერად. ასე უნდა იყოს – ყოველ შემთხვევაში, მე მაშინ ასე
ვფიქრობდი.
***
ლანუამ თავის დაპატენტებულ სტუდიაში ყველაფერი მოაწყო
– ვიქტორიანული შენობა იყო, ლაფაიეტის სასაფლაოსთან
ახლოს – ფართო ფანჯრებიანი სასტუმრო ოთახით,
ჟალუზებით, მაღალი გოთიკური ჭერით, შემოღობილი ეზოთი
და უკანა ეზოში ბუნგალოთი და გარაჟით. ფანჯრებზე სქელი
საბნები იყო აკრული, ხმის დასახშობად.
დენმა მუსიკოსების ეკლექტური ალიანსი შექმნა. მათ შორის
იყო ფორტ ვორთელი გიტარისტი და მომღერალი მეისონ
რაფნერი. რაფნერი ბურბონის ბარებში უკრავდა, როგორიც,
მაგალითად, არის „Old Absinth Bar“. რეგიონული ვარსკვლავი
იყო, თმას შუბლიდან უკან ივარცხნიდა და რომ გაგიღიმებდა,
ოქროს კბილზე პატარა ინკრუსტირებულ გიტარას დაინახავდი.
მეისონს რამდენიმე დისკი ჰქონდა გამოშვებული, როკის
რიტმში შესრულებული, ხალხური სიმღერების გავლენის ქვეშ
იყო. სიმღერებსაც წერდა, ერთხელ მითხრა, ტეხასის
ბიბლიოთეკებში დიდ დროს ვატარებდი, რემბოს და ბოდლერს
ვკითხულობდი, ჩემი სათქმელი რომ დამეწერაო. ისიც მომიყვა,
თინეიჯერი რომ ვიყავი, მემფის სლიმთან ერთად დამიკრავსო,
მგონი, გვქონდა რაღაც საერთო, მეც ერთხელ ბიგ ჯო
უილიამსთან ერთად დავუკარი, სულ ბავშვი რომ ვიყავი.

129
მეისონს რამდენიმე შესანიშნავი სიმღერა ჰქონდა. ერთში
ასეთი სიტყვებია: „ადამიანებს სიკეთეს უკეთებ და ამით
აფუჭებ მათ“. ჩემი სიმღერები რომ არ მქონოდა, შეიძლება ამ
სიმღერის ჩაწერაზე მეფიქრა. მეორე გიტარისტი იყო ბრაიენ
შტოლცი. ფანკის სტილში უკრავდა. გამეტებით უკრავდა,
მაგრამ სინამდვილეში მშვიდი ტიპი იყო, წლების მანძილზე
ნევილებთან ერთად მუშაობდა. შეეძლო, ჯეიმზ ბუკერის
ფორტეპიანოს რიფები დაეკრა გიტარაზე. ტონი ჰოლი
ელექტრო ბას გიტარაზე უკრავდა, უილი გრინი და სირილ
ნევილი დიდ და პატარა დრამებზე. მალკოლმ ბერნსი, ლანუას
ხმის ოპერატორი, ქიბორდზე უკრავდა, თავად დენი კი
რამდენიმე სხვადასხვა ინსტრუმენტზე – მანდოლინაზე,
მანდოლაზე, ჩელოსმაგვარ გიტარაზე, რაღაც სულ ახლებურ
ინსტრუმენტებზე, რომლებიც სათამაშოებს წააგავდნენ. დენის
რაც საჭირო იყო, ყველაფერი ჰქონდა.
ასეთი ჯგუფის პატრონს, როგორ შეიძლებოდა რამე არ
გამოგსვლოდა, ვერ წარმომედგინა, თუ, რა თქმა უნდა, არ
გააფრენდი. პირველი „Political World“ ამოვიღე ქეისიდან და
დავიწყეთ არსის ძებნა, როგორ ჯობდა შეგვესრულებინა ეს
სიმღერა. ჩემი ინსტრუმენტი არ მიმიტანია, ლანუას
ძველმოდური „ტელეკასტერი“ ავიღე – ცემენტის იატაკზე თუ
იდექი თხელი თუნუქის სახურავის ქვეშ, უსიამოვნო ხმას
გამოსცემდა, ხანდახან კი მეტისმეტად მჭახეს. მე მომწონდა ამ
გიტარაზე დაკვრა და აღარც შემიცვლია. რამდენიმე სხვადასხვა
გზით მოვსინჯეთ „Political World“-ის დაკვრა, მაგრამ არაფერი
გამოდიოდა. სულ ერთი და იგივე გრძნობა გრჩებოდა. პირველი
ვარიანტი ისეთივე იყო, როგორიც ბოლო, მაგრამ რაღაც
მომენტში, ღამე უკვე იწურებოდა, ლანუა ფანკზე გადაერთო –
მეისონის აკორდი გაიგონა და გადაწყვიტა მთელი სიმღერა
მასზე აეგო. იმ დროისთვის, მე უკვე სხვანაირად მესმოდა
სიმღერა, ვიდრე მაშინ, როცა დავიწყეთ. ბოლომდე რომ
შევასრულეთ, სულ სხვა დასკვნა გამოვიტანე, რომ წყვეტილი
რიტმი ტექსტზე უკეთ იმუშავებდა. შეიძლებოდა, ლექსების
დიდი ნაწილი დაკარგულიყო და სხვანაირად არანჟირებულ
ნაწყვეტს დავამატებდი, ოღონდ იმ წუთას, არ ვიცოდი,
რომელი ნაწყვეტი იქნებოდა ეს.
ვცდილობდი გამეგო, დენი ჭეშმარიტ არსს სწვდებოდა თუ
ვერა. ამას ალბათ ერთ დღეში და ვერც ერთ სესიაზე ვერ
შევძლებდი. დისკის ჩაწერა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ

130
დროს და ნებისმიერ ვინმესთან ერთად შეიძლება, მაგრამ
ჭეშმარიტ არსს იშვიათად სწვდებიან. ერთი მიზნით
გაერთიანებული მუსიკოსები უნდა გეხვიოს გარშემო.
წარსულში, ამგვარ სიმღერას როცა ვწერდით, რაღაც მეთოდები
შემეძლო ინსტინქტურად გამომეყენებინა, მაგრამ ახლა არ
გაჭრიდა. დიდი ხნის წინ, ეს მეთოდები მადგებოდა; ახლა აღარ.
ცოტა ხნის შემდეგ გავითიშე, დავამთქნარე და იქურობა
დავტოვე, სიმღერის ჩანაწერი გავიყოლე და შინისკენ
გავემართე. სასაფლაო რომ ჩავიარე, ისეთი გრძნობა
დამეუფლა, თითქოს ვიღაცის საფლავზე სალოცავად
მივდიოდი. მოგვიანებით, ღამე მოვუსმინე ჩვენს ნამუშევარს
და ისეთი გრძნობა მომეჩვენა, თითქოს რაღაცას მივაგენი.
მეორე დღეს, სტუდიაში დავბრუნდი და კიდევ ერთხელ
მომასმენინეს ჩანაწერი, რომელიც ამჯერად უფრო ფანკის
სტილში იყო. ჩემი წასვლის მერე, ეტყობა, ბევრი უმუშავიათ.
რაფნერს ტორპედოსავით აკორდები დაემატებინა ჩემი
მინიმალისტური რიტმისათვის. ჩემი გიტარა საერთოდ
ამოეღოთ, ვოკალიც რაღაც არაფერ შუაში იყო. სიმღერა
ნაძალადევად თუ უკანონო გზით იყო შექმნილი. შეგიძლია
ფეხით დაჩეჩქვო, ხელი ურტყა, თავი აქნიო, მაგრამ
რეალობისთვის ის გაუგებარი დარჩება. ისე ჟღერდა, თითქოს
მე ნახირის შუაგულში ვიდექი და ვმღეროდი, ფონად კი
არტილერიისა და ტანკების ხმა მქონდა.
– ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი ჩემს არყოფნაში მოხდა? –
ვკითხე ლანუას.
– რას იტყვი? – მეუბნება ის.
– მე ვიტყვი, რომ სიმღერა ჩაგვივარდა.
უკანა ეზოში რაღაც სამზარეულოსავით გვქონდა, იქით წავედი,
მაცივრიდან ლუდი ავიღე და სკამზე დავესვენე.
თავი ხელში ავიყვანე და შევბრუნდი, დენისთან ერთად
მუშაობა რომ გამეგრძელებინა. ღმერთო, ვფიქრობდი, ეს ხომ
ჯერ პირველი სიმღერაა. ასე არ უნდა გაგვძნელებოდა. ლანუამ
მკითხა, რა არ მოგწონსო. ვუთხარი, ახლა როგორც არის, ასე ვერ
გავუშვებთ-მეთქი. სიმღერა უნდა დაგვეშალა. პირველ
ყოვლისა, მეისონის პარტია ამოიჭრა, მაგრამ ამის მერე პატარა
დრამიც უადგილო აღმოჩნდა, რადგან ის უფრო მისთვის
უკრავდა, ვიდრე ჩემთვის. ჩემი გიტარა როგორც იყო, ისე

131
დაბრუნდა, დრამები დროებით დავასვენეთ.
ორი თუ სამი დღე სისულელეებზე დავკარგეთ. მე ნელ-ნელა
ისეთი წარმოდგენა მექმნებოდა, რომ ეს სიმღერა უფრო
მხიარული ბალადა იყო. სიმღერის ორად გაყოფაც ვცადეთ და
რაღაც მისამღერივითაც დავამატეთ, მაგრამ არაფერი
იცვლებოდა. დენი ღრმად იყო დარწმუნებული, ფანკის ვერსია
გაამართლებდა. მე კი ვფიქრობდი, რომ ჩვენ ურთიერთობა არ
გამოგვდიოდა და ეს გულს მიხეთქავდა. რაღაც მომენტში
უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. დენის თითქოს იმედი
გადაეწურა, გაცოფდა, აწრიალდა და რაც იმ წუთს ხელში
მოხვდა, აკუსტიკური გიტარა დობრო აიღო და, გეგონება
სათამაშო ყოფილიყოს, გამძვინვარებულმა იატაკზე დაახეთქა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ახალგაზრდა გოგოს, რომელიც
კატალოგებს ადგენდა, ღიმილი სახეზე შეაშრა და ატირებულმა
იქაურობა დატოვა. საწყალი თოჯინა. ძალიან შემეცოდა.
ყველაფერი ინგრეოდა, არადა ჯერ წესიერად არც დაგვეწყო
მუშაობა. ამ სიმღერისთვის თავი უნდა დაგვენებებინა – ან
ძალიან ადრე იყო მისი ჩაწერა, ან ძალზე დაგვიანებული.
გვერდზე უნდა გადაგვედო და მოგვიანებით მოგვესმინა.
შეიძლება, მერე უფრო მოგვწონებოდა, ასეთი რამეც ხდება.
მეორე დღეს ვცადეთ „Most of the Time“ ჩაგვეწერა. სიმღერას
ჯერ მელოდია არ ჰქონდა და უნდა გიტარა მეჩხაკუნებინა,
სანამ რამეს მივაგნებდით. უბრალო აკორდებს ვიღებდი,
მაგრამ დენმა ერთ მომენტში იფიქრა, თითქოს რაღაც მოესმა.
რაღაც, რაც მერე წყნარ, მელანქოლიურ მელოდიაში
გადაიზარდა. ასეთ საკითხში, დენის ნამდვილი მუსიკოსის
დახმარება შეეძლო გაეწია. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ
სიმღერის ტექსტი მე იქ არ მსვამდა, სადაც მინდოდა, რომ
ვყოფილიყავი. შემეძლო ხუთი ან ექვსი ხაზი ამომეღო, თუ
ლექსებს სხვა ფრაზებს მოვუძებნიდი. რასაც დენი აკეთებდა,
მშვენიერი იყო, ოღონდ სხვა სიმღერა გამოდიოდა. რაც მეტს
ვმუშაობდით, უფრო და უფრო განსხვავებული გრძნობა
მიჩნდებოდა ამ სიმღერის მიმართ. მომეჩვენა, თითქოს რაღაც
ადგილას ბიგ ბენის საათის ხმა მოუხდებოდა და დიდი
ორკესტრიც. გონებაში ჯონი ოტისის ორკესტრთან ერთად
ვმღეროდი ამ სიმღერას.
არაფერი გამოდიოდა, დენი შამანი უნდა ყოფილიყო, რამე რომ
გამოეყვანა მისგან. სიმღერა, რომელიც თავიდან

132
დაუმთავრებელს ჰგავდა, რაც მეტს ვმუშაობდით, სულ უფრო
და უფრო დაუმთავრებელი ხდებოდა. მეგონა, ჩაწერის დროს
გაღიზიანებები და სიბრაზე წარსულს ჩავაბარე. ეს აღარ
მჭირდებოდა. განა სიმღერა ავითვალწუნე, უბრალოდ ხალისი
დავკარგე, მასზე მემუშავა. ტექსტიც საკმაოდ ბუნდოვანი
ჰქონდა.
ცოტა ხანი დენისთან და მალკოლმთან ერთად ვიჯექი და
ვსაუბრობდით, მერე მხოლოდ ბრაიენთან და უილისთან
ერთად ჩავწერე „Dignity“. დენი აღფრთოვანებული დარჩა, როცა
ჩანაწერი მოვისმინეთ, თქვა, იმედისმომცემიაო, გადაწყვიტა
მეორე დღესვე როქინ დოპსისთან და მის კაჯუნების ბენდთან
ერთად ჩაეწერა. ჩემი აზრით, რაც უკვე ჩაწერილი გვქონდა,
იმასაც არა უშავდა, მინიმალური ინსტრუმენტები და ვოკალი
წინა პლანზე, მაგრამ ვიცოდი, რასაც აპირებდა დენი და
მინდოდა მენახა, როგორ გააკეთებდა ამას. ასე რომ, არაფერი
მქონდა საწინააღმდეგო, თუ ხელახლა ჩაწერდნენ სიმღერას.
შინ რომ ვბრუნდებოდი, კინოთეატრს ჩავუარე, „The Mighty
Quinn“ გადიოდა. რამდენიმე წლის წინ მე დავწერე იმავე
სახელწოდების სიმღერა, რომელიც ინგლისში ჰიტი გახდა.
დამაინტერესა, რაზე იყო ფილმი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა,
შევედი სანახავად. მისტერია იყო, თრილერი. დენზელ
ვაშინგტონი თამაშობდა გამომძიებელს და სხვადასხვა
დანაშაულებს ხსნიდა. სასაცილოა, ზუსტად ასეთი
წარმომედგინა „Mighty Quinn“-ი. ეტყობა დენზელი ჩემი ფანი
იყო, რამდენიმე წლის შემდეგ, ერთი მოკრივის როლს
შეასრულებს, რომლისთვისაც ასევე სიმღერა მაქვს მიძღვნილი.
ნეტა, დენზელი ვუდი გატრის თუ ითამაშებდა. ჩემი გაგებით,
არ გაუჭირდებოდა.
შინ თუ ვიყავი, სამზარეულოში რადიო სულ ჩართული მქონდა
და სულ WWOZ-ზე მეყენა. ეს იყო ნიუ ორლეანის უდიდესი
რადიოსაგური, რომლის ტალღაზეც უმეტესად რიტმ ენდ
ბლუზს, ან სამხრეთულ „გოსფელებს“ უკრავდნენ. ჩემი
საყვარელი DJ იყო ბრაუნ შუგერი, ქალი დისკ ჟოკეი.
შუაღამისას გამოდიოდა ხოლმე და ვაინონი ჰარისის, როი
ბრაუნის, აივერი ჯო ჰანტერის, ლითლ უოლტერის, ჩაკ
უილისის, მოკლედ, ვინც დიდი მომღერალი იყო, ყველას
გვასმენინებდა. კარგ კომპანიას მიწევდა, როცა ყველას ეძინა.
ბრაუნ შუგერს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მშვიდი, ზღაპრული,

133
ბადაგივით ტკბილი ხმა ჰქონდა – კამეჩივით მოსული
წარმომედგინა – საუბარს გააბამდა ხოლმე, პასუხობდა
სატელეფონო ზარებს, გაძლევდა სასიყვარულო რჩევებს და
თან დისკებს ატრიალებდა. მაინტერესებდა, რამდენი წლის
შეიძლება ყოფილიყო. ვფიქრობდი, ნეტავი თუ იცის, მისმა ხმამ
როგორ შემიტყუა, შინაგანი სიმშვიდე მომანიჭა და ჩემს
იმედგაცრუებასაც აქარწყლებდა. ისვენებდი, როცა მას
უსმენდი. რადიოს ვუყურებდი ხოლმე, მის წარმოთქმულ
ყოველ სიტყვას ვხედავდი. საათობით შემეძლო მისი სმენა.
სადაც არ უნდა ყოფილიყო, მინდოდა, მთელი არსებით მეც იქ
ვყოფილიყავი.
WWOZ იმ ტიპის არხი იყო, ბავშვობაში რომ ვუსმენდი
ღამღამობით და ძველი განწყობა მომაგონა. ის დღეები
დამიბრუნდა, როცა რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც მინდოდა
და რადიოს ღვთაებრივი ძალით, მალე ყველაფერი
მოგვარდებოდა ხოლმე. უცნაური გრძნობა დამეუფლა,
თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებდი, ცხოვრება ახლიდან
უნდა გამევლო. ნიუ ორლეანს მსოფლიოში საუკეთესო
რადიოსადგურები აქვს.
***
ელიოტ რობერტსი, ჩემი ტურნეს დღეები რომ ჰქონდა უკვე
დაგეგმილი, ნიუ ორლეანს ეწვია. მაჩვენა მომავალი ტურნეს
განრიგი, რითაც უკმაყოფილო დავრჩი. სულ არ ჰგავდა იმას,
რაზედაც თითქოს შევთანხმდით. შოუები ევროპაში
გაიმართებოდა და ბევრი ის ქალაქი, სადაც გასულ წელს
გამოვედი, აღარ მეორდებოდა. ვუთხარი, ეს ის არ არის,
რაზედაც ჩვენ მოვილაპარაკეთ, და რომ იმ ქალაქებში მინდა
დაბრუნება, სადაც შარშან გამოვედი-მეთქი.
– არ შეიძლება ყოველ წელს ერთი და იმავე ქალაქში
გამოხვიდე. ცოტა ხნით დაივიწყე ეგ ქალაქები. – მითხრა
ელიოტმა.
მესმოდა, რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ მიუღებელი იყო
ჩემთვის. – მე მჭირდება, ერთსა და იმავე ქალაქში ჩავიდე
ორჯერ, ან სულაც სამჯერ, მნიშვნელობა არა აქვს.
– უცნაური კაცი ხარ, მითოლოგიური. მოდი, ამაზე ისე იფიქრე,
როგორც ჯესი ჯეიმზზე იფიქრებდი. მაშინ, ბანკის
მძარცველების მეტი რა იყო, რამდენი გარბოდა ციხიდან,

134
რამდენიც გინდა შეიარაღებული ბანდიტი დადიოდა... მაგრამ
ხალხმა მხოლოდ ჯესი ჯეიმზის სახელი დაიმახსოვრა. ის
მითოლოგიური ტიპი იყო. შენ ვერ დაუკრავ ყოველ წელს
ერთსა და იმავე ქალაქებში, ერთსა და იმავე ბანკებს არ
ძარცვავენ.
– ბიჭო, ჭკვიანურად ჟღერს, ხომ იცი, – ვუთხარი ელიოტს. მისი
არგუმენტი არ იყო მაინცდამაინც ეფექტური, მაგრამ არც
ჩაღრმავებას ჰქონდა აზრი.
რობერტსი სტუდიაში წავიყვანე, სადაც ლანუას როქინ
დიპსისთვის და მისი კაჯუნების ბენდისთვის დიდი
სასტუმრო ოთახი გაემზადებინა. ცხრა საათისათვის „Dignity“-ს
ჩაწერა დავიწყეთ. მაგრამ როგორც კი დავიწყეთ, თითქოს
სიმღერას ყელში ვწვდით მოსახრჩობად. ხვნეშისმაგვარი
რიტმი ლექსებს გასაქანს არ აძლევდა. ეს სტილი მათთვის
გაუგებარი იყო. დენიც და მეც საგონებლში ჩავვარდით.
თითოეული პერფორმანსი დიდ ენერგიას გვართმევდა.
ბევრჯერ ჩავწერეთ, ვცვლიდით ტემპს და გასაღებებსაც კი,
მაგრამ ჯოჯოხეთიდან ვერ გამოვაღწიეთ. მხოლოდ ჩემი,
უილისა და ბრაიენის ჩანაწერის „დემო“ ჩანდა შედარებით
ძალდაუტანებელი, მშვიდად მიედინებოდა. მართალი იყო,
რასაც დენი ამბობდა, დაუმთავრებლად ჟღერსო, მაგრამ მგონი
ყველა ჩანაწერზე შეიძლება ამის თქმა, არა? დოპსიც, ჩემი არ
იყოს, გულგატეხილი ჩანდა. რაღაც უცნაურ ხარს
დავაჭენებდით. დილის სამ საათზე უკვე ყველას ძალა
გამოგვეცალა და ისეთი სიმღერების მღერა დავიწყეთ,
როგორიცაა – „Jambalaya“, „Cheatin’ Heart“, „There Stands the Glass“ –
ქანთრის კლასიკა. უბრალოდ, თავს ვისულელებდით, გემით
საქეიფოდ გასული ტიპებივით ვუკრავდით. ფლანელის
პერანგი მეცვა და სულ გასაწური ვიყავი, სახეზეც ოფლი
მასხამდა. და სწორედ ამ დროს, ერთი ახალი სიმღერა „Where
Teardrops Fall“, დავუკარი. მე და დოპსიმ ჩქარ-ჩქარა ჩავწერეთ.
სულ რაღაც ხუთი წუთი დაგვჭირდა, არც რეპეტიცია
გაგვივლია. სიმღერის ბოლოს, დოპსის საქსაფონისტმა, ჯონ
ჰარტმა, ქვითინივით სოლო დაუკრა. ისე დაუკრა, რომ კინაღამ
სუნთქვა შემეკრა. დავიხარე, მინდოდა, მუსიკოსის სახე
შემეთვალიერებინა. მთელი ღამე სიბნელეში იჯდა და არც კი
შემიმჩნევია. გამოცხადებული ბრმა გარი დევისი იყო,
მომღერალი მღვდელი, რომელსაც დიდი ხნის წინ ვიცნობდი და
მივდევდი. აქ რას აკეთებდა? ეს უკვე რაღაც ცრურწმენა იყო.

135
გარი დევისი, თანამდროვე მუსიკის ერთ-ერთი ჯადოქარი...
გეგონება, მკვდრეთით აღსდგა და ყველაფერს, რაც ხდება,
თვალყურს ადევნებსო. უცნაურად გადმომხედა ოთახის მეორე
ბოლოდან, თითქოს თოკი გადმომიგდო, მოსაჭიდებლად.
მოულოდნელად, მივხვდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც
უნდა ვყოფილიყავი, ზუსტად იმას ვაკეთებდი, რაც უნდა
მეკეთებინა და ლანუაც, როგორც საჭიროა, ისე ერკვეოდა
მუსიკაში. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მოსახვევში
შევუხვიე და ღმერთის სახე ვიხილე.

მეორე ღამით, „Dignity“-ს ყველა განსხვავებული ვარიანტი


მოვისმინეთ. ლანუას ყველა შეენახა. ალბათ ოცზე მეტი
იქნებოდა. როგორი იმედისმომცემი რამეც არ უნდა გაეგონა
მაშინ დენს, ჯერ მაინც დაულაგებელი იყო ყველაფერი.
საიდანაც დავიწყეთ, იქ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით,
თევზსაჭერი ექსპედიცია არსაით მიდიოდა. სულ უფრო და
უფრო ვიბნეოდით.
მერე ამ დავიდარაბაში მოულოდნელად მოვიდა სიმღერა
„Where Teardrops Fall“. სამწუთიანი ბალადა იყო, მაგრამ რომ
უსმენდი, მოგინდებოდა, სადაც იყავი, წელში გამართული
მდგარიყავი. როგორც იმ დროს, ვიღაც მატარებლის
გასაჩერებლად ბაწარს რომ ჩამოქაჩავს. ლამაზი და მაგიური
სიმღერა იყო, სრულყოფილი. მაინტერესებდა, დენიც იმას
ფიქრობდა, რასაც მე და ასეც იყო. – ამ სიმღერას საერთოდ ვერ
ვიხსენებ, – ასე მითხრა. კაი, ბატონო, გადავწყვიტეთ „Dignity“
ცოტა ხნით მიგვევიწყებინა (აღარც არასოდეს
მივბრუნებივართ). ლანუამ მითხრა, რომ ბალადა მოსწონდა,
ოღონდ – და ეს იყო დიდი „ოღონდ“ – ასე თქვა, უკეთესად
შემიძლია მისი გაკეთებაო. როგორ-მეთქი, რომ ვკითხე,
მითხრა, სინქრონულობა დარღვეული იყო და მერყეობა
იგრძნობოდაო. ხო, ალბათ... უკვე დილის სამი საათი იყო.
მართალი ხარ-მეთქი, ვუთხარი და სტუდია უკანა კარიდან
დავტოვე, შიდა ეზოდან სანაყინეში შევედი და იქ ცოტა ხანი
დავყავი, მარტო მომინდა ყოფნა – კომუტატორი გამოვრთე.
მაგიდაზე ადგილობრივი მუსიკალური გაზეთი იდო,
გადავფურცლე და წავიკითხე, რომ მიკ ჯონსი,
კვინტესენციური გიტარისტი „ქლეშიდან“, ფილტვების
ანთების მერე გამოჯანმრთელებულიყო. სტატიაში ეწერა,

136
სიკვდილს ძლივს გადარჩაო. ვინატრე, მისნაირი გიტარისტი
მყოლოდა ჯგუფში. შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი
ჯერ ნაადრევი იყო. მარიან ფეითფული ახალ დისკს წერდა. ის
გრანდ დამა გახლდათ, ვიცნობდი, ოღონდ ბოლო დროს არ
მინახავს. გაზეთში ეწერა, მინესოტას კლინიკაში
რეაბილიტაციის შემდეგ ახალი თვალით უყურებს ცხოვრებასო.
კარგია, თუ ასეა. ელტონ ჯონი აუქციონზე ყიდდა მთელ თავის
ავეჯს და კოსტიუმებს. გაზეთის გვერდზე მისი პინბოლის
სათამაშო აპარატი ეხატა. ფანტასტიკური შესახედაობისა იყო,
მომინდა აუქციონში მონაწილეობის მიღება.
სანაყინედან გამოვედი, სველი ქარი მცემდა სახეში. მთვარის
შუქზე ფოთლები ბრწყინავდნენ, ჩემმა ფეხის ხმამ ეზოს
კატები შეაწუხა. ნაჭედი რკინის ღობის იქით ძაღლი ბრაზიანად
იღრინებოდა. შავმა „სედანმა“ ჩამიარა, შიგ ვიღაც ლოთები
ისხდნენ – მანქანის ფანჯრები ღია იყო და დინამიკებიდან
პაულა აბდული გაჰკიოდა. ქუჩა გადავჭერი და ოდიუბონის
პარკისკენ გამოვბრუნდი. მართალია, ნიუ ორლეანში ამდენი
ტაძარი და სასაფლაოა, მაინც წმინდა ადგილის განწყობას არ
გიქმნის. ეს ცივი და მშრალი ფაქტია. დიდი დრო არ გჭირდება
ამის მისახვედრად. არის ისეთი ადგილები, დროსთან ერთად
რომ უნდა შეიცვალოს. აქ ეს არ იყო საჭირო. შინ დავბრუნდი,
სამზარეულოში შევედი და ცოტა ხნით ბრაუნ შუგერს
მოვუსმინე. ლითლ ჯუნიორ პარკერის „Dangerous Women“-ს
უკრავდა. მერე ზევით ავედი და ლოგინში შევძვერი.
***
რამდენიმე დღეში ოჯახის წევრები მეწვეოდნენ სტუმრად და,
რა თქმა უნდა, ცნობილ „ანტუანის“ რესტორანში
ენდომებოდათ სადილად წასვლა.
ასეც მოხდა. რესტორანში რომ დავსხედით, პრინცესა
მარგარეტის პორტრეტის ქვეშ და იმ სკამზე აღმოვჩნდი,
რომელზედაც თურმე ფრანკლინ დელანო რუზველტი იჯდა
ხოლმე. კუს სუპი შევუკვეთე. არ მინდოდა, რამე მძიმე მეჭამა.
მოგვიანებით, ლანუასთან უნდა მივბრუნებულიყავი. ადრე
წამოვედი, გარეთ კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ კმაყოფილი
ვიყავი. მინდოდა, ჩემი თვალით მენახა იქაურობა.
სამი-ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა. იმ დღესაც წვიმდა.
დენის ყველაფერი მომზადებული ჰქონდა „Where Teardrops

137
Fall“-ის ჩასაწერად. ისევ იმ სასტუმრო ოთახში შევიკრიბეთ,
ოთხნი თუ ხუთნი ვიყავით. შევარჩიეთ ის ფონოგრამა,
რომელიც მუსიკალურად შედარებით კარგად ჟღერდა. მაგრამ
მე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, მიძნელდებოდა
სიმღერა, მეჩვენებოდა, თითქოს წინა ვერსიასთან შედარებით
მას მომხიბვლელობა აკლდა. მხრები ავიჩეჩე, არ გამომდიოდა,
არ მიმართლებდა. მერე ვიფიქრე, ვითომ რატომ არ შეიძლება
სხვა ფონოგრამა მოვსინჯოთ? დანარჩენებს რას ვუწუნებთ?
დენი და მე ვუგებდით ერთმანეთს, საბოლოოდ დოპსის
ვერსიას მოვუსმინეთ და ის გამოვიყენეთ.
ჩავწერეთ „Series of Dream“. ლანუას ეს სიმღერა მოსწონდა,
ყველაზე მეტად კი ერთი გადასვლა ხიბლავდა და უნდოდა,
რომ მთელი სიმღერა ეგეთი ყოფილიყო. ვიცოდი, რასაც
გულისხმობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მე ასეთი
მომწონდა და ბევრი რამის შეცვლა არ მინდოდა. დენი
იბრძოდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ დამხმარებოდა სიმღერა
კარგი გამოსულიყო, თან დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი
შეიძლებოდა ეცადა. ძალიან ახლოს მიჰქონდა გულთან.
ხანდახან ვფიქრობდი, რომ მეტისმეტად ახლოს მიჰქონდა
გულთან ყველაფერი. რას არ გააკეთებდა, რომ სიმღერა
გამოსულიყო – იატაკს დაგვიდა, ჭურჭელს გარეცხავდა. მაგრამ
ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, აღწევდა თავისას და მე
მისი კარგად მესმოდა.
ლანუა იანკი გახლდათ, წარმოშობით ტორონტოს
ჩრდილოეთიდან – თხილამურების ქვეყნიდან.
აბსტრაქტულად აზროვნებდა. როცა გცივა, არ ნერვიულობ,
იმიტომ რომ იცი, ისევ დათბება... და როცა თბილა, არც მაშინ
დარდობ, იმიტომ რომ იცი, ისევ აცივდება. იქ ისე არ არის,
როგორც იმ ადგილებში, სადაც სულ ცხელა და სულ ერთი
ამინდია, სადაც ცვლილებებს არ ელიან. მომწონდა, როგორც
აზროვნებდა. მეც აბსტრაქტულად ვფიქრობ. ლანუა ტექნიკაში
კარგად ერკვეოდა და თან მუსიკოსი იყო, ყველა დისკზე
უკრავდა, რომლის პროდიუსერიც ყოფილა. სხვადასხვა იდეები
მოსდიოდა თავში, როგორ შეიძლება ერთ ჩანაწერს დაადო
მეორე ჩანაწერი. ჩანაწერით მანიპულირების თეორიები
ინგლისელ პროდიუსერთან, ბრაიენ ენოსთან ერთად
განავითარა. თავის თავში ძალიან დარწმუნებული იყო. მაგრამ
მეც საკმაოდ დამოუკიდებელი კაცი ვარ და არ მიყვარს,
როდესაც მეუბნებიან, ასე და ასე გააკეთეო, თუ, მით უმეტეს,

138
არ მესმის, რატომ უნდა გავაკეთო ასე. მოკლედ, სერიოზული
პრობლემა უნდა გადაგველახა. ლანუასი ყველაზე მეტად ის
მომწონდა, რომ მას ზედაპირზე ტივტივი არ უყვარდა. არც
ცურვა უნდოდა. უნდოდა პირდაპირ ჩამხტარიყო და
სიღრმისკენ დაშვებულიყო. უნდოდა, ქალთევზა შეერთო
ცოლად. მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო. როცა „Series of
Dreams“ ვწერდით, ასეთ რამეს მეუბნებოდა ხოლმე, იცი
როგორი სიმღერა გვჭირდება, აი, „Masters of Wars“, ან „Girl from
the North Country“, ან „With God on Our Side“ რომ არის. მე თავს
ვუქნევდი, ვიცოდი, რომ გვჭირდებოდა, მაგრამ მე ასეთი
სიმღერები არ მქონდა.
გავიგე, თურმე ტენესი უილიამსის ფესტივალი მიდიოდა,
ბოლო ერთი თუ ორი კვირა იყო. მომინდა, მიმესწრო და მენახა,
აღმომეჩინა, რა არაჩვეულებრივი სიმართლეა მის პიესებში.
წასაკითხად ყოველთვის ცივი და მოუხეშავი მეჩვენებოდა.
ამიტომ ყოველთვის სჯობია სცენაზე ნახო, რომ ბოლომდე
იკაიფო. 60-იან წლებში შევხვდი ერთხელ უილიამსს,
ნამდვილი გენიოსის გარეგნობა ჰქონდა. მე რომ მივედი,
საზოგადოების მიერ დასპონსორებული ლექცია მთავრდებოდა
და ხალხი უკვე გარეთ გამოდიოდა. ასე რომ, მეც გამოვბრუნდი
და ჩამწერი სტუდიისკენ გავემართე. ლაფაეტის სასაფლაოს
რომ ჩავუარე, სუსტი წვიმა დაიწყო. ტელეფონის ბოძთან
ვირთხები ირეოდნენ.
იმ ღამით, გვიან „Ring Them Bells“-ის ჩაწერა დავიწყეთ. იქ ერთი
ხაზი იყო, რომელიც მინდოდა, ჩამესვა... ბოლო ხაზი...
„ამსხვრევენ მანძილს მართალს და მცდარს შორის“. სიტყვები
მოერგო, მაგრამ ისინი არ ამბობდნენ ზუსტად იმას, რასაც მე
ვგრძნობდი. მართალი თუ მცდარი. ქვეცნობიერად წარმოდგენა
არ მაქვს, არსებობს ასეთი რამ თუ არა. ყოველთვის ვიბნეოდი
ხოლმე, ჩემთვის წარმოდგენა მორალურად მართალსა და
მორალურად მცდარზე არასწორი სიხშირით გადმოიცემოდა.
თუ ვიღაც ტყავს იპარავს იმისათვის, რომ ღარიბებს
ფეხსაცმელი შეუკეროს, ეს მორალური აქტია, მაგრამ კანონით
არ არის გამართლებული, ესე იგი, მცდარია. კანონიერებისა და
მორალის ასპექტები ჩემთვის ყოველთვის პრობლემა იყო.
კარგი კაცი შეიძლება ცუდად მოიქცეს, ცუდი კაცი კი კარგად.
დავანებოთ ამას თავი, მთავარია, დენმა სიმღერის არსი
დაიჭირა, და რაღაც სასწაულით გულის ფეთქვა და პულსაცია
შესძინა. სიმღერა ზუსტად ისეთი გამოვიდა, მე რომ

139
წარმომედგინა... დენიმ ნამდვილად დაიჭირა მომენტი. მას
შეეძლო მომენტი კი არა, მთელი ხანა დაეჭირა. ერთხელ
ვკითხე – დენი, შენ შემთხვევით ექიმი ხომ არ ხარ? – კი,
ოღონდ სამედიცინო განხრით არა. – მითხრა და გაეღიმა.
***
ლანუას და მის კომპანიონებს სტუდიის შიდა ეზოში
მოძველებული „ჰარლეი დევიდსონის“ მოტოციკლები ეყენათ.
მეც მჭიდებოდა ერთი ასეთი ბაიკი. მარკ ჰოვარდი, დენის ერთ-
ერთი ოპერატორი და მოტოციკლებში გარკვეული კაცი,
მომეხმარა და მაშოვნინა 1966 წლის Harley Police Special.
ფლორიდაში იყო გამოშვებული, კარკასზე ებოქსიდის ფისის
დამცავი ფენა ჰქონდა, უჟანგავი ფოლადის თვლის მანა, ჯერ
არაფერი გამოეცვალათ და მშვენივრად დადიოდა. მოტოციკლი
რაც შევიძინე, ან დილით ადრე, ან შესვენებებზე გავდიოდი
ხოლმე სასეირნოდ. ფერეტ სთრითს დავუყვებოდი და არხამდე
ჩავდიოდი, ხან ნიუ ორლეანის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ
გავუხვევდი, ხან სენტ ლუისის ტაძართან ახლოს ვაჩერებდი.
ერთხელ, ბორნის ტბის გარშემო გაშენებულ ბაღებში წავედი.
იქ, სადაც ენდრიუ ჯეკსონმა, ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტმა,
თავისი მეკობრეებისგან, ჩიკტოებისგან, განთავისუფლებული
შავკანიანებისგან, ადვოკატებისა და ვაჭრებისგან შემდგარი
მოუწესრიგებელი არმიით საბოლოოდ დაამარცხა
ბრიტანელები და სამუდამოდ გააბრუნა უკან, ზღვაში.
ბრიტანელებს ათი ლაშქარი ჰყავდათ, ჯეკსონს მხოლოდ ოთხი,
მაგრამ მაინც აჯობა, ყოველ შემთხვევაში, ისტორიის
სახელმძღვანელო ასე გვასწავლის. ჯეკსონი, „ძველი ჰიკორი“,
სისხლიანი საქმეების დიდოსტატი – მაღალი და ხმელი,
ცისფერთვალება, ჭაღარათმიანი, უხასიათო, ხეპრე,
შეერთებული შტატების ბანკს დაუპირისპირდა. რაც არ უნდა
ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ბომბები მაინც არ ჩამოუყრია
და უდანაშაული ბავშვები და სამოქალაქო პირები არ
დაუხოცავს, თავისი ერის სადიდებლად. შეიძლება,
ჯოჯოხეთში მოხვედრასაც გადაურჩა.
ერთხელ ესპანეთის მოედანი გადავჭერი და ბაიკი ქენელ
სთრითის დასაწყისში დავაყენე. შორიახლოს, მხოფავ
ბორბლიან გემს ღუზა ჰქონდა ჩაშვებული და იქიდან,
კაჯუნების ბენდის დაკრული ჩინკა-ჩინკა ისმოდა, რაღაც
ისტორიული ჟღერადობა ჰქონდა. სამხრეთული მაგნოლიის

140
ქვეშ გავჩერდი და ვიგრძენი რაღაც, რაც მერე სიმღერა „Shooting
Star“ გახდა. ბუნდოვნად მესმოდა გონებაში სიმღერა. ასეთი
სიმღერა გესმის, როდესაც გონება ფხიზლობს, შენ ხედავ და
გესმის, მაგრამ სხვა ყველაფერს შენში სძინავს. არ მინდოდა,
დამვიწყებოდა ეს სიმღერა. სანამ ამ ქალაქს დავტოვებდი,
მინდოდა ჩამეწერა. იქნებ სწორედ ასეთ სიმღერას ეძებდა
ლანუაც.
უკვე ერთი თვე იქნებოდა, რაც ნიუ ორლეანში ვცხოვრობდი.
ერთხელ, ადრე ავდექი, ჯერ გათენებულიც არ იყო და ჩემი
ცოლი ლოგინიდან წამოვაგდე. – რა გჭირს? – მკითხა მან.
არაფერი არ მჭირდა. რამდენიმე წუთში გამოძვრა თავისი
განიერი ღამის პერანგიდან და უკვე ყავას ადუღებდა. იმ
დროისთვის, როცა გათენდა, ჩვენ უკვე „ჰარლეით“
მივქროდით, მდინარე მისისიპიზე გადავედით და ქალაქ
ტიბედოსკენ ავიღეთ გეზი. არანაირი მიზანი არ გვქონდა, ისე
მივდიოდით. ვერ ვიყავი კარგ გუნებაზე და ქალაქიდან გასვლა
მომინდა. რაღაც ჩემთვის აუხსნელი ხდებოდა. ხანდახან
სამყარო რომ დაგემალება და მისი პოვნა რომ მოგინდება, ისე
ვიყავი. თუ დარჩენილი სესიის მანძილზე ვაპირებდი
ფხიზლად ყოფნას, მაშინ ფანჯარა უნდა გამომეღო და რაღაცას
ჩავბღაუჭებოდი.
ტიბოდუში გადავუხვიეთ და მდინარის გასწვრივ მივდიოდით.
წვიმიანი დღე იყო, ჟინჟღლვა დაიწყო და ჰორიზონტზე
გაიელვა. ქალაქში ქუჩების უმეტესობას ხეების სახელები ერქვა
– მუხის ქუჩა, მაგნოლიის ქუჩა, ტირიფის ქუჩა, ჭადრის ქუჩა.
პირველი ქუჩა დელტის შენაკადის გასწვრივ მიდიოდა. მერე
ფეხით გავისეირნეთ ფიცრებისგან გაკეთებულ ბილიკზე,
რომელსაც ცოტა სახიფათო და უცნაური ჭაობიანი
ადგილებისკენ მიჰყავდი. გარშემო სიმშვიდე იყო. კარგად თუ
დააკვირდებოდი, ხის ტოტებზე გველებს შენიშნავდი.
იქიდან, ბაიკით წყალსაწნევი კოშკისკენ წავედით და მერე
ისევ ფეხით დავუყევით ქუჩებს, ბებერი კვიპაროსებით რომ
იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნული. ზოგი ხე შვიდასი წლისა
იყო. იგრძნობოდა, რომ ქალაქიდან შორს ვიყავით, გრუნტიანი
გზების ირგვლივ შაქრის ლერწმის მინდვრები, ჭაობები,
ტორფის გროვები და რბილი ტალახი იყო. მერე მოტოციკლით
წმინდა იოანეს ეკლესიისკენ დავეშვით, რომელიც პარიზში ან
რომში მდგარი ეკლესიის მიხედვით იყო აგებული. ნიკოლსის

141
სახელმწიფო უნივერსიტეტიც, ღარიბი კაცის ჰარვარდი, იმავე
ქუჩაზეა. წმინდა პატრიკის ქუჩაზე სასახლესავით უზარმაზარ
შენობებს და პლანტატორების სახლებს ჩავუარეთ. კმაყოფილი
ვიყავი, ჩვენს გემოზე რომ შევძელით გასეირნება.
შუადღე იყო. ქარს მტვერი მოჰქონდა, პირი გამიშრა და ცხვირი
გამეჭედა. ამასობაში მოგვშივდა კიდეც და ჩესტერის
„კვიპაროსის სასტუმროსთან“ გავჩერდით, სადაც შემწვარი
ქათმის, თევზისა და ბაყაყის რესტორანი ჰქონდათ. ცოტა
დავიღალე. ოფიციანტი მოგვიახლოვდა და გვკითხა – რამეს
ხომ არ მიირთმევთო. ჯერ მენიუს გადავხედე, მერე ცოლს.
ყველაზე მეტად ჩემს ცოლში ის მიყვარს, რომ არ ჰგავს იმ
ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, თითქოს მათი ბედნიერება სხვა
ვინმეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩემზე, ან კიდევ ვინმე
სხვაზე. მას ყოველთვის ჰქონდა საკუთარი, თანდაყოლილი
ბედნიერება. მე პატივს ვცემდი მის მოსაზრებებს და
ვენდობოდი. – შენ შეუკვეთე, – ვუთხარი ცოლს. მერე რაც
მახსოვს, ჩვენს მაგიდაზე დააწყვეს შემწვარი ლოქო, ბამის
სალათი, დესერტად შოკოლადის ნამცხვარი მოგვართვეს.
ლოქოც და ნამცხვარიც მუყაოს თეფშებზე ეწყო. როგორც
მეგონა, მთლად ისეთი მშიერიც არ ვიყავი ეტყობა და მხოლოდ
შემწვარ ხახვს შევექცეოდი.
ცოტა ხნის მერე ჰიუმას სამხრეთით გავუყევით გზას,
დასავლეთით ნახირის საძოვრები მოჩანდა, კიდევ ყანჩები,
წვრილ ფეხებზე რომ იდგნენ დაბალ წყალში, პელიკანები,
ტივზე მოწყობილი სახლები, პატარა პირსებისკენ მიმავალი
კიბეები. შეუჩერებლად მივდიოდით, სხვადასხვანაირ ხიდებზე
გადავდიოდით, ზოგი ასაწევი ხიდი იყო, ზოგი ირწეოდა.
სტივენსონვილის ქუჩის მერე გზა რაღაც ავბედითად
მიიკლაკნებოდა ჭაობისკენ. მყრალი სუნი იდგა.
მოვტრიალდით და ისევ ტიბოდუში გადავწყვიტეთ
დაბრუნება. მაგრამ ტიბოდუს ვეღარ მივაგენით.
შებინდებისას, ნაპოლეონვილის გარეუბანში ვიპოვეთ ღამის
გასათევი ადგილი. კარგი გასეირნება კი გამოგვივიდა.
ნომრის თანხაში დილის საუზმე შედიოდა. ლოგინში შევწექი
და ჭრიჭინების და ველური ბუნების ხმებს ვუსმენდი,
ფანჯრის მიღმა იმ საზარელი სიბნელიდან რომ მოდიოდა.
მიყვარს ღამე. ღამით წარმოსახვა შეგიძლია აამუშაო. რაც კი
აკვიატებული აზრები მაქვს, ღამით მათგან ვთავისუფლდები

142
ხოლმე. შეიძლება ხანდახან სამოთხეს იქ არ ეძებ, სადაც არის.
ხანდახან შეიძლება, ის შენს ფერხთით იყოს. ან შენს ლოგინში.
მეორე დილით რომ გამეღვიძა, ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს მივხვდი, რა მიშლიდა ხელს, სწორად მოვქცეულიყავი
ჩაწერების დროს. რა მიშლიდა ხელს და ის, რომ არ
ვცდილობდი, ახლებურად გამომევლინა თავი. მაგრამ საბაბი არ
მქონდა შვცვლილიყავი. არ მჭირდებოდა კიდევ ერთ მთაზე
აძრომა. სიმართლე ითქვას, თუ მართლა რამე მინდოდა, იმ
ადგილის დაზღვევა იყო, სადაც ვიყავი. არ მეგონა, ლანუა თუ
გამიგებდა. ალბათ, ჩემი ბრალია, ვერ შევძელი დროულად
მიმეხვედრებინა.
მთელი ღამე წვიმდა და დილითაც ჟინჟღლავდა. კარგა ხნის
გათენებული იყო, მოტელიდან რომ გამოვედით. სუსხიანი
ქარი მირტყამდა სახეში, არადა, მშვენიერი დღე იყო.
ბენზინგასამართ სადგურთან რომ გავჩერდი, ჩემი ყურადღება
მოშიშვლებულ მინდორში მდგარმა საცოდავმა ქოხმა მიიპყრო,
რომელსაც „მეფე ტუტის (ტუტანხამონის) მუზეუმი“ ერქვა.
ბენზინი რომ ჩავასხი, იმ ქოხისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი.
აივანზე ახალგაზრდა გოგო ნოხს ბერტყავდა, ვარდისფერი
სპორტული რეიტუზი ეცვა, გრძელი, შავი კულულები ჰქონდა,
მხრებზე აბანოს პირსახოცი მოეგდო. ნოხიდან ასული მტვერი
ვარდისფერი ღრუბელივით გაჩერებულიყო ჰაერში. ქოხში
შევედი, ჩემი ცოლი გარეთ დარჩა, ხის საქანელაზე ჩამოჯდა.
რაღაც წვრილმანები იყიდებოდა, გაზეთები, კამფეტები,
ხელნაკეთი კალათები, პატარა ქანდაკებები, სამკაულები,
ქოლგები, ფლოსტები, ვუდუს მძივები. შესასვლელში რკინის
ნაკეთობები ეწყო და მუხის ტოტები – რამდენიმე ბამპერზე
მისაწებებელი ნიშანი. ერთს ეწერა – „მსოფლიოში საუკეთესო
ბაბუა“, მეორეს – „სიჩუმე“, ერთსაც „მიაწექი გადაზიდვის
სერვისს“. ეს ადგილი ლანგუსტების ბარიც აღმოჩნდა, იქვე
დახლიც იდგა, კედელზე ღორის სხვადასხვა ნაჭრები ეკიდა,
ღორის დინგი, ღორის ყურები, რის დანახვაზეც ყვირილი
მოგინდებოდა. იქაურობას ერთი ხანშიშესული კაცი, სან პი
პატრონობდა, სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანი. დაბალი
კაცი იყო, პანტერასავით დაძაბული სხეული და მუქი ფერის
კანი ჰქონდა, ოღონდ სლავური ნაკვთები. ბრტყელი, ჩალის
ქუდი ეხურა. აივანზე რომ გოგო იყო, მისი ცოლი ყოფილა,
არადა სკოლის მოსწავლეს ჰგავდა. მომეჩვენა, თითქოს ოთახი

143
მეტისმეტად იყო განათებული და გაკრიალებული მაგიდები
ბრწყინავდნენ.
– სათევზაოდ ცხელ წერტილს ეძებ?
– არა, თქვენს შორიახლოს ჩამოვიარე.
– შეგეძლო უარესი რამეც გექნა. – ასე მითხრა, მერე პაუზის
შემდეგ განაგრძო, – მეც ჩამიდენია რაღაც-რაღაცები, – და კოპის
ცისფერი ბაიკისკენ გადააქნია თავი. – მიდი, დაათვალიერე, აქ
ბევრი ლამაზი ნივთია.
ოთახში პლაკატები იყო გაკრული – ერთზე ბრუს ლი, მეორეზე
მაო ძედუნი. დახლის უკან განიერი, ჩარჩოში ჩასმული
ჩინეთის კედლის ფოტო ეკიდა. გვერდით კი, აგურის
კედელზე, ამერიკის უზარმაზარი დროშა.
რადიო ჩართული იყო და „ბითლზი“ „Do You Want to Know the
Secret“-ს მღეროდა. როგორი სუფთები და იოლად მისაღებები
იყვნენ. მახსოვს, პირველად რომ გამოჩნდნენ. როგორც არავინ,
ისე გვთავაზობდნენ სიახლოვეს და მეგობრობას. მათ
სიმღერებს იმპერიის შექმნა შეეძლოთ. მეგონა, დიდი ხნის წინ
იყო ეს ყველაფერი. „Do You Want to Know the Secret“. შესანიშნავი
50-იანების სასიყვარული ბალადა, ვერავინ რომ ვერ
შეასრულებდა მათსავით. სან პიმ ხელსაწყოები დააწყო. მის
უკან ორმაგი კარი ღია იყო და ეზო ჩანდა. სან პი უკანა ეზოში
ნავებს არემონტებდა. იქაურობა სავსე იყო დამტვრეული
სკამებით, ძალაყინებით, ხავსმოდებული მორებით. ამასობაში
ჩემი ცოლი შემოვიდა, სან პიმ მისკენ გაიხედა, მერე ისევ მე
შემომხედა.
– ლოცულობ? – მეკითხება სან პი.
– ჰო.
– კარგია, გამოგადგება, როდესაც ჩინელები გაიმარჯვებენ.
ისე მითხრა, ჩემკენ არ გამოუხედავს, მაგრძნობინა, ვითომ მე
კი არ ვიყავი მასთან მისული, თვითონ შემოისეირნა თითქოს
ჩემთან. – იცი, რომ თავდაპირველად აქ ჩინელები
ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ინდიელები. ხომ იცი,
წითელკანიანები. კომანჩები, სიუ, არაპაჰო, შაიენი – ყველანი
ისინი ჩინელები იყვნენ. იმ დროს ჩამოვიდნენ აქ, როდესაც
ქრისტე კეთროვანებს კურნავდა. ყველა ეს ბელადები და მათი

144
ცოლები ჩინეთიდან ჩამოვიდნენ – ფეხით გადმოვიდნენ
ალიასკიდან და ეს ადგილები აღმოაჩინეს. დიდი ხნის შემდეგ,
უკვე ინდიელები გახდნენ.
ამგვარი ისტორია ადრეც გამეგო ვიღაცისგან, თითქოს ბერინგის
ზღვის ადგილას მიწა იყო და აზიიდან და რუსეთიდან
შეიძლებოდა ფეხით გადმოსვლა. ასე რომ, სრულიად
დასაშვები იყო, რომ სან პი სიმართლეს ამბობდა.
– მაშ, ჩინელები, არა?
– დიახ, ეგრეა. პრობლემა ის იყო, რომ ტომებად დანაწევრდნენ,
ბუმბულებით მორთვა დაიწყეს და დაივიწყეს, რომ ჩინელები
იყვნენ. მერე ერთმანეთს ომები გამოუცხადეს, ერთი ტომი
მეორეს წაეკიდა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მტრად
გაიხადო, უახლოესი მეგობარიც კი. ასეთი ბუნების გამო
დაეცნენ ინდიელები. როცა თეთრები მოვიდნენ, ადვილად
დაამარცხეს. მწიფე ატმებივით ჩამოსაცვენად იყვნენ
გამზადებული.
სან პიმ საგულდაგულოდ ამოარჩია ხელსაწყო და სკამის
ზურგის ფხეკა დაიწყო. დაილი და გრეისი რადიოში „I’m Leaving
It Up to You“-ს მღეროდნენ. მომეჩვენა, თითქოს სან პის სახე
ადრეც მინახავს, მაგრამ ვერ გავიხსენე, სად. უცნაურად
ლაპარაკობდა... ნელა, მაგრამ მოქმედების გამომხატველ
სიტყვებს უფრო ხმამაღლა გამოთქვამდა. ისევ დადო იარაღი
და გაიღიმა, თავის თავზე დაიწყო მოყოლა. თურმე,
თავშეკავებული და წინდახედული არ ყოფილა. მითხრა,
ერთხელ კაცი დავჭერი და ციხეში ვიჯექიო. მირჩია, თუ რამ
ბრილიანტი, ზურმუხტი და ლალი გაქვს, სულ ნეფრიტში უნდა
გადაცვალო, რადგან როცა ჩინელები მოვლენ, ახალი ვალუტა
იქნებაო. ჩინელები საიმედო ხალხია, ისინი ვულგარულად არ
ლაპარაკობენ. ამ მიწაზე ჩინელი ბულბული იგალობებს. მათ
ათი მცნება არა აქვთ, იმიტომ რომ არ სჭირდებათ. შენ
ლოცულობ ხოლმე? რაზე ლოცულობ? სამყაროსთვის
ლოცულობ? არასოდეს მომსვლია თავში, სამყაროსთვის
მელოცა. ვუთხარი – მე ვლოცულობ, რომ შემეძლოს უფრო
კეთილი გავხდე.
გარეთ ისევ წვიმდა, თუნუქის სახურავზე წვეთები წყნარად
ეცემოდა. რადიოში „Sea of Love“ დაუკრეს. ვგრძნობდი, რომ
ნიუ ორლეანში დაბრუნების დრო დადგა, თუ რაიმე წყენის ან

145
სიბრაზის გამო ვიყავი წამოსული, უკვე ყველაფერს ჩაევლო. –
ადრე აქ იპოდრომი და თავლები იყო, – თქვა სან პიმ, – ასი
წლის წინ აქაურობას ქარიშხალი დაატყდა, ორი ათასი ადამიანი
დაიღუპა. ქარიშხალი როცა მოდის, ღმერთს ევედრები, ოღონდ
გადამარჩინე და რასაც მეტყვი, ყველაფერს შევასრულებ.
ღმერთს ვინც უნდა, იმას მოკლავს. – პატარა ფუნჯი ჩააწო
ქილაში და სკამის გვერდების ღებვა დაიწყო. ქილა გაზეთზე
იდო, გაზეთი სულ დალაქავებული იყო, მაგრამ ზოგიერთ სახეს
გამოარჩევდი. – ეს იარაღია, – მითხრა სან პიმ და გაზეთზე
მანიშნა, – მე პირადად, იმისთვის ვხმარობ, იატაკი რომ არ
დავსვარო. ცუდი ხალხის ხელში თუ მოხვდა, ნამდვილ
იარაღად გამოიყენებენ. საცოდავი ეშმაკები. არაფერზე
წარმოდგენა არა აქვთ. – თქვა და გრძელი ხის სახელურიანი
ხერხი აიღო. – აქ თანასწორობა არ არსებობს. ზოგიერთი
ჩვენგანი განსაკუთრებულია, ზოგი არა. ზოგი უფრო ამტანია,
ზოგი უფრო ჭკვიანი, ზოგიც სუსტი, ზოგიც არც ისე გონიერი.
რას იზამ. რას იზამ, როგორიც გაჩნდი, ისეთი ხარ. ზოგი
უკეთესი ექიმი დადგება, ზოგი უკეთესი მსხვერპლი. ამ
არემარეში ჩემისთანა დურგალი არავინაა, მაგრამ მე ვერ
დავდგები კარგი ვექილი. არ შემიძლია კანონების კითხვა. –
ცოტა ხანს გაჩერდა და დასძინა, – ჩემი აზრით, ამქვეყნად რაც
შეიძლებოდა კარგი მომხდარიყო, უკვე მოხდა. სან პი ისეთი
ენით გელაპარაკებოდა, არ შეიძლებოდა არ გაგეგო. – ბრუს ლი
კარგი ოჯახიდან იყო და ყველა გაანადგურა, ის აღუები, ყველა
გაუმაძღარი კრიმინალი, ბრჭყალებიანი ხელები რომ აქვთ,
ძლიერები, მაგრამ უვარგისები იყვნენ. ისინი წინ ვერ
აღუდგნენ ბრუს ლის. – სან პი უნიკალური კაცი იყო, იმ ტიპის
ადამიანი, პარადზე პროცესიის ცენტრში რომ უნდა მოდიოდეს.
***
ჩემი ცოლი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეზოში რომ იჯდა და
ჯონ ლე კარეს წიგნს კითხულობდა, ახლა შემოსულიყო და
თვალზე ფანქარს ისვამდა. სან პიმ იცოდა, ჩემთან ერთად რომ
იყო და მკითხა – რას აპირებთ? ხომ არ გინდათ, ვახშმად
დარჩეთ? – შორიდან მატარებლის ხმა მომესმა და
გამოვფხიზლდი. რატომღაც მესიამოვნა მისი ხმის გეგონება.
ვუთხარი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, შევძლებდით თუ
არა დარჩენას. სან პის ოქროს ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და
წამდაუწუმ, როცა კი მზის სხივი მოხვდებოდა, ნაპერწლებს
ისროდა – თითქოს კომეტები ცვიოდა ჩაბნელებული ციდან.

146
– ქანთრის დედოფალმა შემოიარა ჩემთან, ამას წინათ,
ბრინჯაოს ლანგარი იყიდა.
– ვინ შემოიარა?
– ტკბილმა ქითი უელსმა.
– აა, ხო, რა თქმა უნდა.
სან პის ოდნავ შესამჩნევად განწყობა შეეცვალა. მაოს პლაკატს
გახედა. – ომი არ არის ცუდი. პოპულაციას ათხელებს. არ უნდა
შეუშალო ხელი ზედაპირზე ამოვიდეს. სისხლისღვრისა და
ძალადობის სურათი დამიდგა თვალწინ. არ ვიცი, რას
გულისხმობდა, მაგრამ მე ამის არ მჯეროდა. – შენ რა, სინდისი
გაწუხებს? რა მნიშვნელობა აქვს, კაცის სინდისი უსარგებლო
რამაა, გინდა სუფთა იყოს და გინდა გასვრილი, ყველა
შემთხვევაში ცოცხალი ადამიანის სინდისია. – ეს სიტყვები
რატომღაც გონებაში ჩამებეჭდა.
ბამპერისთვის მისაწებებლის ყიდვა მომინდა, მაგრამ ფული არ
გადამახდევინა. ის ავიღე, „მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა“ რომ
ეწერა. რამდენიმე წლის მერე გამომადგებოდა. სან პის
შთაგონების გაღვიძება შეეძლო, უბრალო, ბავშვურ თამაშებს
არ თამაშობდა. ალბათ, ამ დროს, ზუსტად ასეთ კაცს უნდა
გადავყროდი, კაცს, რომელსაც თავი რისკის ფასად გაჰქონდა.
– რაც გჭირდება, ყველაფერი გქონია? – მკითხა.
– ხო, ოღონდ კიდევ ცოტა რამ მინდა.
გაიცინა და მეცო, მითხრა. გარეთ გამომაცილა, ცისფერ
„ჰარლეიმდე“. მზე აცხუნებდა და მეტალი გავარვარებულიყო.
შემოვჯექით ბაიკზე – საყვირის მაგვარი სიგნალი მივეცი,
დგუში ზედა პოზიციაში დავაყენე და სანამ სენტ ჩარლზის
ავენიუზე დავბრუნდებოდით, გზად მხოლოდ ერთხელ
გავჩერდი.
ნიუ ორლეანში ნათელი გონებით ჩავედი. ლანუასთან ერთად
რაც დავიწყე, იმას ბოლომდე მივიყვანდი. ის კი არა, ერთი-ორი
სიმღერა დავუწერე, „Man in the Black Coat“ და „Shooting Star“.
ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მქონდა ადრე ჩადენილი – მაშინ
პროდიუსერ არტურ ბეიკერთან ერთად ვმუშაობდი. ბეიკერი,
რამდენიმე წლით ადრე ნიუ-იორკში დამეხმარა ალბომი „Empire
Burlesque“-ს ჩაწერაში. ყველა სიმღერა უკვე დამუშავებული და

147
თითქმის დამთავრებული მქონდა, ოღონდ ბეიკერი სულ
მიჩიჩინებდა, დისკი აუცილებლად აკუსტიკური სიმღერით
უნდა დავამთავროთ, რაც ყველაფერს თავის ადგილზე
დასვამსო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი იყო, მაგრამ
აღარ მქონდა სიმღერა. იმ ღამით, ალბომს რომ ვამთავრებდით,
ვუთხარი, ვცდი თუ რამე შემიძლია გავაკეთო-მეთქი. 59-ე
ქუჩაზე, სასტუმრო „პლაზაში“ ვცხოვრობდი. შუაღამე იყო, რომ
დავბრუნდი, ფოიე გავიარე და ნომერში ლიფტით ავედი.
დერეფანში ჩემკენ მომავალი „გოგონა გამოძახებით“ შევნიშნე
– ქერათმიანი, მელიის ქურქი ეცვა. თვალი ჰქონდა
ჩალურჯებული, სულ ჩაშავებოდა. ეტყობა ვიღაცამ სცემა. ისე
მომეჩვენა, თითქოს ეშინოდა, კიდევ ვინმეს არ ეცემა. ხელში
ჭიქა ეჭირა, წითელი ღვინო ესხა. – ვკვდები, ისე მინდა
დალევა,– თქვა, გვერდით რომ ჩამიარა. ლამაზი იყო, ოღონდ
რაღაც არაამქვეყნიური. საცოდავი, კიდეც ათასი წელი რომ
ეცოცხლა, განწირული იყო, სულ ასე ევლო დერეფანში.
***
იმ ღამით, მოგვიანებით, ფანჯარასთან ვიჯექი, ცენტრალ პარკს
გადავყურებდი და სიმღერა „Dark Eyes“ დავწერე. მეორე დღეს
კი მხოლოდ აკუსტიკური გიტარით ჩავწერე და ნამდვილად
სწორად მოვიქეცი. ალბომი უფრო სრულყოფილი გახდა.
მაგრამ ნიუ-იორკი ნიუ ორლეანი არ იყო. ის არ იყო
ასტროლოგიის ქალაქი. არც საიდუმლოებით სავსე,
საიდუმლოებით, რომელიც ვინ და როდის მოიგონა, არავინ
იცის. ნიუ-იორკი ის ქალაქი იყო, სადაც შეიძლება ყველაზე
ხალხმრავალი ქუჩის შუაგულში გაიყინო და ვერავინ ვერ
შეგამჩნიოს. ნიუ ორლეანში ასე არ ხდება.
ჩემი ცოლი მალე ბალტიმორში უნდა წასულიყო, სპექტაკლში
მონაწილეობდა. გარეთ ვისხედით, ტერასაზე და ყავას
ვწრუპავდით, შორიდან ჭექა-ქუხილის სუსტი ხმა ისმოდა.
ყურში ენა შემიყო. მომეღიტინა. ჩემს ცოლს ყოველთვის
ჰქონდა უნარი სიმართლეს ჩასწვდომოდა, იცოდა, ადვილად
რომ არ მიდიოდა ის ჩაწერის სესია და რომ ხანდახან სიტუაცია
სერიოზულად იძაბებოდა კიდეც. – ნამეტანიც ნუ გარეკავ, –
დამარიგა.
სტუდიაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გადავიფიქრე და
დასაძინებლად დავწექი. ჯერ გათენებული არ იყო, როცა

148
გამეღვიძა და ძილი შევიბრუნე. გავიღვიძე და ისევ ღამე იყო,
ეტყობა მთელი დღე გადავაბი. წასვლამდე სამზარეულოში
შევედი, ყავის მოსადუღებლად. როგორც ყოველთვის, რადიო
ჩართული იყო. ვიღაც მღეროდა, ცხოვრება მონოტონური და
მომაბეზრებელიაო. ერთა კიტი იყო. გულში გავიფიქრე – ეგრეა,
ეგრე, ჩემო ერთა. მე და შენ მეგობრები ვართ. მიდი, იმღერე-
მეთქი.
იმ დღეს, მთელმა ჯგუფმა „What Was It You Wanted“ ჩავწერეთ –
მალკოლმ ბერნი ბასზე, მეისონ რაფნერი გიტარაზე, უილი
გრინი დრამზე, სირილ ნევილი დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
მე გიტარაზე და ჰარმონიკაზე ვუკრავდი. ლანუამაც დაუკრა
გიტარაზე. ინტერლუდიებში ტექსტი არ არის, მაგრამ ალბათ
აჯობებდა ყოფილიყო. იმ დროისთვის, უფრო მნიშვნელოვანი
მეჩვენებოდა, ლექსების თემა რაც შეიძლება გასაგები გამეხადა
და რიტმის პულსი არ გაჩერებულიყო. მიკროფონების
განლაგებაზეა დამოკიდებული, როგორი ატმოსფერო
შეიქმნება, შინაარსით მდიდარი, დარღვეული ბიორიტმით,
დამუხტული, ძილის მომგვრელი, ბუნდოვანი. თავიდან
ყველაფერი არეულია და გამბოს სუპივით იხარშება ქვაბში,
პირდაპირ დაუნბითიდან იწყებ, გაურკვევლობიდან და
ორაზროვნებიდან. დენის მიერ შექმნილი აკუსტიკური
ატმოსფერო ისეთ ჟღერადობას აძლევდა, თითქოს ის რაღაც
მისტიური, იდუმალი ქვეყნიდან მოდიოდა. ნაწარმოები
ბზრიალებს და მოძრაობს ყველანაირ რიტმში. არა მგონია, ბარი
უაითს უკეთესად ჩაეწერა ეს სიმღერა. ამ სიმღერაში ყველა
ჩვენგანის ინტერესი შეხმატკბილებული იყო.
მერეღა მივხვდი, ის კომპრესორები, პროცესორები, ძველი
მოწყობილობები, წინასწარ გამაძლიერებლები და ხელოვნური
ექოს ეფექტები, რაც კი გამოვიყენეთ, ყველაფერი იმ
განსაკუთრებული რომანტიკული ბგერების დანამატი იყო,
ლანუას თავში რომ უტრიალებდა. როცა უსმენ, ცოცხლად
შესრულებულის ეფექტი გრჩება. ისეთი სიმღერა იყო, გეგონება
მისი ტექსტი სარკის წინ გეჭირა და მის შემოტრიალებულ
გამოსახულებას აკვირდებოდი. თითქოს კვამლის საბურველში
გაახვიე ყველაფერი, ნამდვილი მოქმედება კი ათი მილის
დაშორებით გადაიტანე. მერე „Disease of Conceit“-ის ზოგიერთ
ვერსიაზე გულისამაჩუყებელი ბლუზი დავუკარით უწყვეტ
ბითთან ერთად. მე ფორტეპიანოზე ვუკრავდი. ალენ
ტუსეინტი ჩემზე უკეთ დაუკრავდა ალბათ და თან მეც

149
მომეცემოდა შანსი გიტარაზე დამეკრა, მაგრამ ასე ვერ მოხდა.
არტურ რუბინშტეინს რომ დაეკრა, ხომ საერთოდ
სრულყოფილება იქნებოდა. ხანდახან ეს სიმღერა ისე
ჩამესმებოდა, თითქოს მარში იყო და მისი შესრულება
საყვირებით ან სულაც სამგლოვიარო ბენდის მიერაც
შეიძლებოდა. შეიძლება, უკეთესიც კი გამოსულიყო.
მოგვიანებით დიდ დინამიკებში მოვისმინეთ და დენიმ თქვა,
მოდი, თავი გავანებოთ, როგორიც არის, კარგიაო. – მართლა ასე
ფიქრობ? – ხო, არის მაგაში რაღაც. ეს იყო და ეს. როგორც წესი,
ამაზე მეტს ლანუას ვერაფერს დააცდენინებდი. არ უყვარდა
ემოციების გამომჟღავნება, თუ არ ჩავთვლით ხანდახან
გიტარების მსხვრევას, მაგრამ არც ეგეთები ხდებოდა ხშირად.
სიმღერა მზად იყო, არაფრის შეცვლა აღარ უნდოდა. იმ ღამით,
როცა ვიწერდით, გარეთ ქარიშხალი ბობოქრობდა და ქუხდა –
ბანანის ხეებს ხმაურით აგლეჯდა ფოთლებს. თითქოს, რაღაც
წინ უძღოდა ჩვენს სიმღერას. იფიქრებდი, იქ, სადღაც
შორიახლოს, ჟანა დ’არკი არისო (ან იქნებ ჯოან
არმატრეიდინგი). ვინც უნდა ყოფილიყო, ჯოჯოხეთი კი
მოგვიწყო.
ცოტა ხნით მომინდა გონება სხვა რამეზე გადამეტანა, კინოში
წავედი და მიკი რურკის მონაწილეობით „Homeboy“ ვნახე.
რურკი მოუქნელ, კოვბოი მოკრივეს თამაშობდა, ჯონი უოკერი
ერქვა. ფილმში ყველა კარგად ასრულებდა, მაგრამ მიკი
მწვერვალზე იყო. მარტო ერთი გამოხედვით გულს
გაგიხეთქავდა. გამოჩნდებოდა თუ არა ეკრანზე, რაღაც
წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა. არც არავის დახმარება არ
სჭირდებოდა. ამ ფილმით მიღებული ძლიერი შთაბეჭდილება
დარჩენილი ორი სიმღერის ჩაწერაში გამომადგა.
„Shooting Star“ („ჩამოვარდნილი ვარსკვლავი“) ნიუ ორლეანში
დავწერე. ოღონდ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ კი არ დავწერე
ეს სიმღერა, არამედ მემკვიდრეობით მივიღე. კარგი იქნებოდა
ერთი-ორი საყვირიანი კაცი გვყოლოდა, მფეთქავი გუგუნი
შერეოდა მუსიკას, მაგრამ რაც გვქონდა, იმით ჩავწერეთ:
ბრაიენი გიტარაზე, უილი დრამზე, ტონი ბასზე და ლანუა
ომნიქორდზე. მე გიტარაზე და ჰარმონიკაზე ვუკრავდი.
სიმღერა დასრულებული სახით მოვიდა ჩემთან, თითქოს მზის
ბილიკს მივუყვებოდი და ვიპოვე. სიმღერა ასხივებდა.
ერთხელ, ჩემი ეზოდან დავინახე, როგორ ჩამოვარდა

150
ვარსკვლავი, ან სულაც შეიძლება მეტეორიტი იყო.
იმ დიდ სასტუმრო ოთახში, სადაც ვიწერდით, კონდიციონერი
არ იყო და ამიტომ, შესვენებებზე გარეთ გავდიოდით ხოლმე,
რაც მე ძალიან მომწონდა. საერთოდ, არ მიყვარს
კონდიციონერები, ოთახში კარგი ჰაერი აღარ რჩება.
ერთხელ, სტუდიაში რომ მივდიოდი, ასეთი აზრი დამებადა,
თუ კიდევ ჩავწერდი რამეს, ნიუ ორლეანში ვინმეს წავიყვანდი
თან, ვინმე ისეთს, რომელიც მომწონდა, როგორც მუსიკოსი,
ვისაც იდეები ჰქონდა და შეეძლო თავისი იდეების მუსიკად
ქცევა, ვისაც ჩემნაირი მუსიკალური გზა ჰქონდა გავლილი.
მოგვიანებით ჯიმ დიკინსონი გამახსენდა და ვიფიქრე, კარგი
იქნებოდა, აქ რომ იყოს-მეთქი. ჯიმიმ და მე დაკვრა ერთ დროს
დავიწყეთ, დაახლოებით ’57-ში, ან ’58-ში, ერთსა და იმავე
სიმღერებს ვუსმენდით. დაკვრითაც კარგად უკრავდა და
კარგადაც მღეროდა. მდინარე მისისიპის ორი სხვადასხვა
ბოლოდან ვიყავით. იმ დროს, როკ-ენ-როლს ვერ იტანდნენ და
ეჯავრებოდათ, ფოლკს კიდევ უფრო მეტად ვერ იტანდნენ.
დიკინსონმა კი გადაწყვიტა, ორივეში ესინჯა ბედი. ჩემი არ
იყოს, ისიც შთაგონებას ჯაგ ბენდებიდან და ძველი როკ-ენ-
როლის ბიბოპიდან იღებდა. „როლინგებთან“ ერთად დაუკრა
სიმღერაში „Wild Horses“ და კიდევ ბევრში. მაგრამ ის მანამდეც
წერდა სიმღერებს, ალბათ უკანასკნელი ხელოვანია, ვინც სემ
ფილიპსის „სან რექორდში“ სინგლი ჩაწერა, სახელწოდებით
„Cadillac Man“. ჯიმი შეპყრობილი იყო. ბევრი რამ გვქონდა
საერთო, და მართლაც, კარგი იქნებოდა, ნიუ ორლეანში რომ
ყოფილიყო. მასაც ჰყავდა შვილები და ჩემების არ იყოს,
ზოგიერთი უკვე უკრავდა. მაგრამ მე ნიუ ორლეანში არავინ
ჩამიყვანია, ის კი არა, ინსტრუმენტებიც არ წამიღია თან.
ალბათ, სკეპტიკურად ვუყურებდი თავიდან. მინდოდა მენახა,
თავისით რას მოახერხებდა დენი. მინდოდა, განვეცვიფრებინე
და საბოლოოდ, მართლა განმაცვიფრა.
„Man in the Long Black Coat“-ს რომ ვიწერდით, მეც და ლანუასაც
მოგვეჩვენა, რომ სპეციფიკურ ცვლილებას ითხოვდა.
გადაბმული აკორდები, დომინანტური აკორდები და გასაღების
ცვლა მაჰიპნოზებელ ეფექტს ქმნიდა. ნაწარმოები
მიტოვებულის შთაბეჭდილებას გიქმნიდა, შავი
უფსკრულიდან იყო ამოჭრილი. შეშლილის ხედვები,
არარეალობის შეგრძნება, ფასეული არაფერია, კორუფციაც

151
კორუმპირებულია. ჩაწერა რეპეტიციის გარეშე დავიწყეთ.
სიმღერა გიყვება ადამიანზე, რომლის სხეული მას არ
ეკუთვნის, უყვარს ცხოვრება, მაგრამ ვერ ცხოვრობს, სტანჯავს
ის აზრი, რომ სხვებს შეუძლიათ ცხოვრება. ამ სიმღერაში კიდევ
ზედმეტი ინსტრუმენტი რომ ყოფილიყო, მაგნეტიზმი
დაიკარგებოდა. დავამთავრეთ და ლანუამ ისე გამომხედა,
თითქოს მეუბნებოდა – ეგ არისო. და მართლაც ასე იყო.
არ ვიყავი დარწმუნებული, თითქოს ნიუ ორლეანში
ისტორიული მელოდიები ჩავწერეთ, ისეთი, ლანუას რომ
უნდოდა, მაგრამ ბოლო ორ სიმღერაზე კი შეიძლება
მიახლოებით ეგეთი რამის თქმა.
ჩემი აზრით, „სან რექორდსმა“ და სემ ფილიპსმა ყველაზე
მნიშვნელოვანი, განწყობის ასამაღლებელი და ძლიერი
ჩანაწერები გამოუშვეს. ჟღერადობით ვერცერთი სხვაგან
გამოშვებული დისკი მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. „სან
რექორდში“ როცა წერდნენ მომღერლები, იფიქრებდი, ეს
ჩანაწერი სიცოცხლის ფასად უღირთო და მათი ხმები მართლაც
პლანეტის ყველაზე მისტიური ადგილიდან მოისმოდა. ჯონი
ქეშის დისკები არ იყო გამონაკლისი, მაგრამ მაინც ხშირად ის
არ გამოდგებოდა ხოლმე, რასაც ელოდი. ჯონიმ ყურისწამღები
კივილი არ იცოდა, მაგრამ ათიათასწლიანი კულტურის
დაკიდება შეეძლო, შეეძლო გამოქვაბულის ადამიანი
გამხდარიყო. მისი ხმა რომ გესმოდა, ფიქრობდი, ეს კაცი ან
იწვის, ან ღრმა თოვლშია მოყოლილი, ან აჩრდილებით
დასახლებულ ტყეშია, მაგრამ მაინც ცივი გონებითა და მთელი
ძალით ეგებება ხიფათსო. ჯონის იმდენად დიდი ხმა ჰქონდა,
რომ შეეძლო სამყარო დაეპატარავებინა. მისი სიტყვების უკან
ღმერთი იდგა და მისი სიტყვები წესები ხდებოდა. როცა, დიდი
ხნის წინ, პირველად მოვისმინე „მე გადავაბიჯე ზღვარს“,
ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაც მიხმობდა და
მეკითხებოდა – შენ ვითომ აქ რას მიკეთებ, ბიჭუნა? და მეც
ვცდილობდი, ფართოდ გამეღო თვალები და არაფერი
გამომპარვოდა.
ჩვენი დრო იწურებოდა. დენი და მე ისევ იმ ეზოში ვისხედით,
სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს. ქარი ქროდა. კიდევ
ერთი ქარიშხალი ამოვარდა. აღმოსავლეთით, ასი მილის
დაშორებით ბობოქრობდა. ბნელდებოდა. ხის ტოტებში
მარტოხელა ჩიტი ჟღურტულებდა. ორივე კმაყოფილები

152
ვიყავით ჩვენ-ჩვენი ნამოქმედარით და აღარც არაფერი
გვქონდა სალაპარაკო. კი მინდოდა, მისთვის მადლობა
გადამეხადა, მაგრამ ხანდახან ეს შეგიძლია უთქმელადაც
მოახერხო, თავისთავად ხდება. ამ ქალაქში რომ ჩამოვედი,
თავში იდეების კაკოფონია მიტრიალებდა და ღმერთია მოწმე,
რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. იყო მომენტები, როცა მე
და ლანუა შევჯახებივართ, მაგრამ ეს არასოდეს სერიოზულ
ბრძოლაში არ გადაზრდილა. საბოლოოდ, ყოველთვის
კომპრომისზე მიდიხარ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ორივე
კმაყოფილი დავრჩით ჩანაწერით. ვერ ვიტყოდი, რომ
რომელიმე ჩვენგანს მაინცდამაინც დისკის გამოშვება უნდოდა.
ადამიანურ ურთიერთობებს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია და მიაღწიო იმას, რაც გინდა, არ არის ხოლმე
ყოველთვის მთავარი.
ვიცოდი, რომ ეს ალბომი ვერ დამაბრუნებდა რადიოს რუკაზე,
არადა ჩარტებში ჩემი ორი დისკი იყო, ერთი ათეულშიც კი
მოხვდა, „Traveling Wilburys“ და „Dylan and the Dead“. დისკს,
რომელიც მე და დენიმ ჩავწერეთ, კარგი გამოხმაურებები
ექნება, მაგრამ გამოხმაურებები დისკებს არ ყიდიან. მუსიკის
ბიზნესი უცნაური რამაა. წყევლი და თან გიყვარს.
ჩაწერა რომ დავამთავრეთ, მეგონა დენის სტუდია
ჩაიფერფლებოდა, უკანასკნელი რამდენიმე თვის
განმავლობაში იქ ისეთი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა.
ლანუამ დასამახსოვრებელი ალბომი შექმნა, ყოველგვარი
ჯახირისა თუ წვალების გარეშე. მითხრა, დაგეხმარები
ალბომის ჩაწერაშიო და სიტყვა შეასრულა. ხან საიდან
მივუდექით, ხან საიდან და ბოლოს გამოგვივიდა. ერთად
მუშაობა არ გაგვძნელებია და კარგადაც ვუგებდით
ერთმანეთს. ოღონდ ერთი ის კი უნდა ვთქვა, რომ მისგან
განსხვავებით, მგონია, რომ ჩანაწერი ცოტა მჭახედ ისმის. ვიცი,
უნდოდა, რაც შეიძლება უკეთ გავეცანი, მაგრამ ეს
შეუძლებელია და მგონი, ბოლოს, თვითონაც ხელი ჩაიქნია.
გულით მინდოდა მისთვის მიმეცა ისეთი სიმღერები,
როგორიცაა „Masters of War“, „Hard Rain“, „Gates of Eden“, მაგრამ
ის სიმღერები სულ სხვა ვითარებაში დავწერე, ხოლო
ვითარებები არასოდეს მეორდება. ან, არ ვიცი, შეიძლება,
მთლად ასეც არ არის საქმე. მოკლედ, ვერც მისთვის და ვერც
ვერავინ სხვისთვის, ასეთ სიმღერებს ვეღარ შევქმნიდი. ეს რომ
შეგძლებოდა, ადამიანთა განწყობაზე გებატონა. ერთხელ ხომ

153
მოვახერხე უკვე ეს, ხოდა ერთხელ საკმარისია. მოვა კიდევ
ვინმე და შეძლებს ამას, ის, ვინც ყველაფერს გაგიგებს, ვინც
სიმართლეს ჩასწვდება – მეტაფორულად არ ვამბობ – ვინც
მართლა დაინახავს სიმართლეს, რკინაშიც რომ იყოს
დამალული და აიძულებს რკინას გადნეს, გაიგებს, რა იდო
შიგნით და რისთვის იდო, იმასაც გამოამჟღავნებს და ამას
ტკბილი სიტყვით არ გეტყვით და არც იმიტომ, რომ
გასიამოვნოთ.
დენიმ მკითხა, ახლა ვის უსმენო. ვითხარი, Ice-T-ს-მეთქი და
გაუკვირდა. ჩემი აზრით, არაფერი ამაში გასაკვირი არ იყო.
რამდენიმე წლით ადრე, კერტის ბლოუმ, ბრუკლინელმა
რეპერმა, რომელმაც ჰიტი გამოუშვა, სახელწოდებით „The
Breaks“, მთხოვა მის ერთ-ერთ ალბომზე დამეკრა და მაშინ
გავიცანი ყველანი: Ice-T, Public Enemy, N. W. A., Run-D. M. C . ის
ბიჭები ტყუილად ნამდვილად არ დაყიალობდნენ. პირდაპირ
ამტვრევდნენ, ისე ურტყამდნენ დრამებზე, კლდიდან
ცხენებით მოჰქროდნენ, ყველანი პოეტები იყვნენ და იცოდნენ,
რა ხდებოდა მათ ირგვლივ. ადრე თუ გვიან ვიღაც
განსხვავებული მოვა, ვინც ამ სამყაროს გაუგებს, მთელი
არსებით მას ემსახურება და უფრო მეტსაც გააკეთებს.
მსმენელი მას გაჰყვება და ვერ გავამტყუნებ. ის, რაც მე და
ლანუამ ჩავწერეთ, უკვე მოძველებული იყო, ოღონდ, მისთვის
არ მითქვამს, გულწრფელად კი მჯეროდა, რომ ასე იყო. Ice-T-
ში, ან Public Enemy-ში ახალი პერფორმერი გამოჩნდებოდა,
რომელიც ელვისს არ დაემსგავსებოდა, არ დაიწყებდა
თეძოების ქნევას და თავის მოწონებას. ის უხეში სიტყვებით
ილაპარაკებდა და დღეში თვრამეტ საათს იმუშავებდა. სან პიმ
ახსენა ჩემთან ელვისი, მითხრა ის ამორძალი იყო,
დემოკრატიის მტერიო. იმ წუთას, მომეჩვენა თითქოს
სულელივით ლაპარაკობდა, მაგრამ არც ბოლომდე
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასე იყო.
***
ხანდახან, სიმღერაში რაღაცას ამბობ, არადა, იცი, რომ მთლად
სიმართლე არ არის. ხანდახან, ისეთ რამეს იტყვი, რასაც იმ
სიმართლესთან, რისი თქმაც გინდა, არავითარი საერთო არა
აქვს, ხანდახან კი ამბობ იმას, რაც ისედაც ყველამ იცის, რომ
სიმართლეა. და რასაც არ უნდა ამბობდე, იცი, რომ ამქვეყნად
ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ სიმართლე არ არსებობს.

154
ლანუაც თავის საქმე გააგრძელებდა. ის მოსიარულე კონცეფცია
გახლდათ. მუსიკა მისთვის ყველაფერი იყო – ძილი, საჭმელი,
ცხოვრება. მეტწილად რასაც აკეთებდა, გენიალურად
გამოსდიოდა. ამ ალბომის მართვა თავის თავზე აიღო, მარჯვედ
უხვევდა ხოლმე, მიწოლა სჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი
გამოუვიდა. სამრეკლოზე შემომდგარიყო და იქიდან ვიწრო
ქუჩებს და სახურავებს აკვირდებოდა. არც ერთს არ გვინდოდა
გაბერილი და სენტიმენტალური დისკი გამოგვსვლოდა.
თავდაპირველად, მხოლოდ ეს გვქონდა საერთო. ჩანაწერს
აშკარად ჯადოქრის ხელი ურევია. ერთი სახლის სასტუმრო
ოთახში ვწერდით, სადაც არაფერი მაგიური არ ხდებოდა. ეს
ლანუამ და მე და უილი გრინმა და დერილმა და ბრაიენმა
შევქმენით ისეთი, როგორიც არის. ადამიანი იმას სჯერდები,
რასაც ცხოვრება გიწილადებს. ცხოვრებას უნდა მოვერგოთ.
ჩემი ხმა ამ დისკზე არ იჟღერებდა, როგორც „მარადიული
სევდით“ გატანჯული კაცის ხმა და ჩემი აზრით, დენი ამას
თავიდანვე შეეგუა. წინასწარ არაფერი დაგეგმილი არ გვქონდა.
მართალია, მე არ შემეძლო მასავით ემოციებს ავყოლოდი,
მაგრამ მიუხედავად ამისა, მგონი, მაინც თანამოაზრეები
ვიყავით. მილიონი წლის მერე, ათასობით მილიონი წლის მერე
ამას რა მნიშვნელობა ექნება? საერთოდ, ოდესმე რამეს
მნიშვნელობა ჰქონია? იმ სიმღერებში მე ადამიანის დიდებას
ვუმღეროდი და არა ადამიანის დაცემას, მაგრამ ყველა ერთად
რომ აიღო, მაინც ახლოსაც ვერ მოვა ცხოვრების ჩემებურ
ხედვასთან.
დენი და მე ათი წლის მერე ისევ შევხვდებით და კიდევ ერთ
ალბომს ჩავწერთ, კიდევ ერთხელ ჯიგრიანად და ხმაურიანად
ვიმუშავებთ. ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, იქიდან, სადაც
გავჩერდით.

თავი მეხუთე. ყინულის მდინარე


კრაისლერ ბილდინგის უკან მთვარე იწვერებოდა. გვიანი იყო,
ფანჯრიდან ქუჩის განათება და ღოღვით მიმავავალი მძიმე
მანქანების ხმა აღწევდა – ოფისის მინას სველი თოვლი
ეცემოდა. ლუ ლივაი თავის დიდ მაგნიტოფონს ხან რთავდა და
ხან აჩერებდა – სიგარის კვამლისგან ოთახი გაბუღულიყო. ამას
წინათ შინ დავრეკე. თვეში რამდენჯერმე ვურეკავდი ხოლმე

155
ჩემებს, რომელიმე ქუჩის სატელეფონო კაბინიდან. კაბინები
თავშესაფარს მაგონებდნენ, მიიკეტავდი აკორდეონივით კარს
და შენს სამყაროში აღმოჩნდებოდი, ქალაქის მტვერი და
ხმაური აღარ გეკარებოდა. სატელეფონო კაბინები შეიძლება
შენი საკუთრება გგონებოდა, ოღონდ სატელეფონო ხაზები
ვერაფრით. დაახლოებით ათი ან რვა სახლი ერთსა და იმავე
ხაზზე იყო მიერთებული, უბრალოდ სხვადასხვა ნომრები
ჰქონდათ. იშვიათად თუ იყო ხაზი თავისუფალი, სულ ვიღაცის
ხმა გესმოდა. ისე, არც არავინ ლაპარაკობდა მნიშვნელოვან
თემაზე ტელეფონით. თუ ვინმესთან დალაპარაკება გინდოდა,
ქუჩაში დაელაპარაკებოდი, ან კაფეში, არასოდეს ტელეფონით.
ქუჩის კუთხეში მდგარ კაბინაში ათცენტიანი ჩავაგდე და
ოპერატორის ნომერი ავკრიფე. შინ ვრეკავდი, მინდოდა
სცოდნოდათ, რომ კარგად ვიყავი. დედა, როგორც ყოველთვის,
ყოველდღიურ ამბებს მიყვებოდა. მამას ყველაფერზე თავისი
წარმოდგენა ჰქონდა, ცხოვრება მუყაით შრომასთან ჰქონდა
გაიგივებული. მისი თაობა სხვა ღირებულებებზე, სხვა
გმირებზე და სხვა მუსიკაზე გაიზარდა, და არ სჯეროდა, რომ
სიმართლეს ადამიანის გათავისუფლება შეუძლია.
პრაგმატული კაცი იყო და საიდუმლოებით მოცული რჩევების
მოცემა იცოდა ხოლმე – „გახსოვდეს, რობერტ, ცხოვრებაში
შეიძლება ყველაფერი შეგემთხვეს. და თუ არ გექნება ის, რაც
გინდა, მაინც მადლიერი იყავი, რომ არც ის არა გაქვს, რაც არ
გინდა“. – დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩემს განათლებას.
უნდოდა, ინჟინერი გამოვსულიყავი. მაგრამ სკოლაში წესიერ
ნიშნებს ძლივს ვიღებდი. არ ვყოფილვარ ჩვეულებრივი
მოსწავლე. დედა, იმას ვენაცვალე, ყოველთვის ჩემს მხარეს იყო
და ყოველთვის მიცავდა. მეტყოდა ხოლმე – ბობი, არ
დაგავიწყდეს, რომ ნიუ ჯერსიში ნათესავები გყავს. – ერთხელ
ჩავედი კიდეც ნიუ ჯერსიში, ოღონდ ნათესავები არ
მომინახულებია.
ლუმ ყურადღებით მოუსმინა ჩემს სიმღერას და დიდი
მაგნიტოფონი გამორთო. – მაშ, ვუდი გატრი, არა?
საინტერესოა. რატომ მოგინდა მასზე სიმღერის დაწერა? ადრე
ვხვდებოდი ხოლმე მაგას და მის პარტნიორს – ლექსინგტონის
ავენიუზე, „გარმენტ ვორკერს ჰოლში“ უკრავდნენ. „You Can’s
Scare Me, I’m Sticking to the Union“ მოსმენილი გაქვს? რა თქმა
უნდა, მოსმენილი მქონდა.

156
– საბოლოოდ, რა ბედი ეწია?
– ჯერსიშია. ჰოსპიტალში წევს.
ლი ხმაურიანად იღეჭებოდა. – იმედია, სერიოზული არაფერი
ჭირს. კიდევ რა სიმღერები გაქვს? მოდი, ყველა ვნახოთ.
სიმღერა, რომელმაც „ლიდს მიუზიქთან“ დამაკავშირა და
რომელმაც ჯონ ჰომონდს გადააწყვეტინა ჩემი იქ მიყვანა,
არაფრით იყო განსაკუთრებული. მე ამ სიმღერით მინდოდა
ჩემი პატივისცემა გამომეხატა ადამიანის მიმართ, რომელმაც
მიმანიშნა, რითი დამეწყო პიროვნებად ჩამოყალიბება და საით
უნდა წარმემართა ბედი – ეს ადამიანი იყო დიდი ვუდი გატრი.
როცა ამ სიმღერას ვწერდი, ვუდიზე ვფიქრობდი, მელოდია კი
მისი ერთ-ერთი ძველი სიმღერიდან ავიღე და წარმოდგენა არ
მქონდა, რომ შეიძლებოდა კიდევ ათასობით სიმღერა
მიჰყოლოდა. ჩემი ცხოვრება ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი,
როგორიც მანამდე იყო, როცა მინეაპოლისში პირველად
მოვისმენდი ვუდის. პირველად მისი ხმა რომ გავიგე,
მომეჩვენა, თითქოს მილიონ მეგატონიანი ბომბები ჩამოყარეს.
’59 წლის ზაფხულში მინეაპოლისში ვიყავი, ჩრდილოეთ
მინესოტადან ჩავედი – მესაბის რკინის მაღაროების ქვეყნიდან,
ამერიკის ფოლადის დედაქალაქიდან. დავიბადე დულუტში,
მაგრამ ქალაქ ჰიბინგში ვიზრდებოდი, დიდ ტბას, რომელსაც
ინდიელები „Gitche Gumee“-ს ეძახდნენ, სამოცდათხუთმეტი
მილი აშორებდა. ჰიბინგში კი ცხოვრობდით, მაგრამ
დროდადრო, უიკენდებზე მამაჩემი ჩაგვსვამდა ხოლმე თავის
ძველ „ბიუიკ როუდმასტერში“ და დულუტში წაგვიყვანდა.
მამა დულუტიდან იყო, იქ დაიბადა და გაიზარდა, მეგობრებიც
იქ ჰყავდა. ხუთი ძმა იყვნენ. ერთხელ, თექვსმეტი წლის რომ
იყო, შეესწრო, როგორ შეასკდა მანქანა ბოძს და ცეცხლი მოედო.
მამა ველოსიპედიდან გადმომხტარა და ცეცხლმოკიდებული
მძღოლი მანქანიდან გამოუთრევია, მერე ზედ დააწვა, რომ
თავისი სხეულით ცეცხლი ჩაექრო – საფრთხეში ჩაიგდო თავი,
უცნობი ადამიანის გადასარჩენად. მე რომ გავჩნდი, ღამის
სკოლაში საბუღალტრო საქმეს სწავლობდა და „სტანდარტ
ოილ ოფ ინდიანაში“ მუშაობდა. პოლიომელიტმა დააკოჭლა და
იძულებული გახდა დულუტიდან წამოსულიყო, დაკარგა
სამსახური და ასე აღმოვჩნდით ჰიბინში, დედაჩემის
მშობლიურ ქალაქში. დულუტთან ახლოს ბიძაშვილები მყავდა,
უისკონსინში, ამ ქალაქს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, აზარტული

157
თამაშების ქალაქი იყო. ბიძაშვილებთან ხშირად ვრჩებოდი
ხოლმე.
ყველაზე კარგად რაც დულუტიდან დამამხსოვრდა,
მონაცრისფრო ცა იყო, ნისლის დროს გემების
გამაფრთხილებელი საყვირის უცნაური გუგუნი, ძლიერი
ქარიშხალი, რომელსაც გეგონება შენი მოტაცება უნდაო, ქარის
დაუნდობელი ღმუილი, საიდუმლოებით მოცული ტბიდან რომ
ისმოდა. იმ ტბაზე ათფუტიანი მუხანათური ტალღები იცოდა,
ამბობდნენ, სიღრმეში შესვლა იგივეა, რომ შენს თავს
სიკვდილის განაჩენი გამოუტანოო.
ერთხელ, მშობლებმა ჰარი თრუმენის სიტყვის მოსასმენად
დულუტის პარკში წამიყვანეს. შვიდი ან რვა წლის ვიქნებოდი
მაშინ. უცნაურია და ახლაც მახსოვს. მახსოვს, როგორი
ამაღელვებელი გრძნობა იყო, ხალხში რომ ვიყავი გარეული.
ერთ-ერთი ბიძის კისერზე ვიჯექი, თეთრი კოვბოური ჩექმა
მეცვა და კოვბოური ქუდი მეხურა. სახალისო იყო იქ ყოფნა –
შეძახილები, საზეიმო განწყობა, როგორი ყურადღებით
უსმენდნენ თრუმენის თითოეულ სიტყვას. თრუმენი
ლაპარაკობდა... ნაცრისფერი ქუდი ეხურა, გამხდარი კაცი იყო,
ცხვირში ლაპარაკობდა, ქანთრის მომღერლის ინტონაცია
ჰქონდა. მომეწონა, სიტყვებს რომ წელავდა და ხალხი როგორ
ელოდა მის ყოველ ახალ სიტყვას. რამდენიმე წლის მერე,
თრუმენი იტყვის, თეთრი სახლი იგივე ციხის საკანიაო. ის
პრაქტიკული კაცი იყო, ილუზიები არ ჰქონდა. ერთხელ ვიღაც
ჟურნალისტს მისი ქალიშვილი გაუკრიტიკებია,
ფორტეპიანოზე ცუდად უკრავსო, თრუმენი კი თურმე
დამუქრებია. დულუტში ასეთი არაფერი ჩაუდენია.
მიდვესტი პოლიტიკურად მეტისმეტად აქტიური ადგილი იყო
– თავისი ფერმერების ლეიბორისტული პარტიით, სოციალ-
დემოკრატებით, სოციალისტებითა და კომუნისტებით. ჯონ
კენედი, როცა ჯერ სენატორი იყო, ჰიბინგს ესტუმრა, მაგრამ მე
უკვე ექვსი თვის წამოსული ვიყავი იქიდან. დედაჩემის
გადმოცემით, თვრამეტი ათასი ადამიანი შეიკრიბა
ვეტერანების შენობაში მის სანახავად, ზოგი სახურავზე
ამძვრალიყო, დანარჩენები ქუჩაში იდგნენ. დედამ მითხრა,
შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა და იმედი ჩაგვისახაო. მე რომ
მაშინ ხმის მიცემა შემძლებოდა, მხოლოდ იმიტომ მივცემდი
კენედის ხმას, ჰიბინგში რომ ჩავიდა. გული დამწყდა, რომ

158
მაშინ იქ არ ვიყავი.
დედაჩემის ოჯახი ჰიბინგიდან არც ისე დაშორებულ პატარა
ქალაქ ლეტონიადან იყო. დედას ბავშვობაში იქ მხოლოდ ერთი
მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური, ცხენების თავლა და
სკოლა ყოფილა. ის სამყარო, რომელშიც მე ვიზრდებოდი, ცოტა
განსხვავდებოდა, ცოტა უფრო მოდერნიზებული იყო, მაგრამ
იქაც უმეტესად მაინც მოხრეშილი გზები, ჭაობიანი ადგილები,
ყინულით დაფარული მთები, უღრანი ტყეები, დიდი და პატარა
პირველქმნილი ტბები, რკინის მაღაროები, მატარებლები და
ცალმხრივი გზები. ზამთარში მინუს ათი გრადუსი იყო ხოლმე,
ისე ციოდა, კაცი გაიყინებოდა, გაზაფხულზე თოვლი დნებოდა
და მერე დგებოდა ცხელი ზაფხული, ისეთი, რომ ბუღი
ასდიოდა იქაურობას. ზაფხულობით უამრავი კოღო ირეოდა, ის
კოღოები ფეხსაცმელშიც იკბინებოდნენ. შემოდგომა
ყოველთვის მშვენიერი იყო.
ბავშვობაში უმეტესად უქმად ვატარებდი დროს. ვიცოდი, რომ
უფრო დიდი სამყაროც არსებობდა, მაგრამ ისიც
მაკმაყოფილებდა, სადაც ვიყავი. მეგონა, რომ ყველა იმას
აკეთებდა, რასაც მე – მივაბიჯებდი აღლუმებზე,
დავაქროლებდი ველოსიპედს, ვთამაშობდი ყინულის ჰოკეის.
სხვა გასართობები იყო მდინარეში ცურვა, თევზაობა, ციგით
სრიალი და კიდევ, რასაც ბამპერით სრიალს ვეძახდით, როცა
მანქანის ბამპერს ჩავებღაუჭებოდით ხოლმე და თოვლში
მივსრიალებდით. მახსოვს ოთხი ივლისის ფოიერვერკები, ხეზე
მოწყობილი სახლები, „კუდიანები“ როგორ ხარშავდნენ
სასმელს, გასართობად. ადვილად შეგეძლო მადნის გადამტან
მატარებელს შეხტომოდი, რკინის კიბეზე დაკიდებული
რომელიმე ტბამდე გაჰყოლოდი და ჩამხტარიყავი. ბავშვები ასე
ხშირად ვერთობოდით ხოლმე. პნევმატური თოფებით
კონსერვის ქილებს, ბოთლებს და გამძღარ ვირთხებს
ვესროდით ხოლმე. ამას გარდა, კიდევ რეზინის პისტოლეტები
გვქონდა. ფიჭვის ხისგან ვთლიდით, L-ის ფორმას ვაძლევდით,
უფრო მოკლე ბოლოთი იჭერდი, რომელსაც სარეცხის საჭერის
ზამბარა ჰქონდა მიმაგრებული, მერე, სქელ რეზინს მრგვალ
ზოლებად ვჭრიდით და ლულაზე გადავჭიმავდით. სხვადასხვა
ზომის პისტოლეტი შეგეძლო გაგეკეთებინა. მიზანს ათ ან
თხუთმეტ ნაბიჯში გაარტყამდი, და შეიძლებოდა მაგრადაც
დაგეშავებინა ვინმე. თუ მოგხვდებოდა, მაგარი მტკივნეული
იყო, დიდხანს გეწვოდა და ნაიარევი გრჩებოდა. როგორც წესი,

159
ორ ჯგუფად ვიყოფოდით ხოლმე და მთავარი იყო, თვალში
არავის მოხვედროდი. ზოგ ბავშვს სამი იარაღი ჰქონდა. თუ
დაგჭრიდნენ, რომელიმე სპეციალურად მონიშნულ ადგილას,
ხის ქვეშ უნდა დამჯდარიყავი და მომდევნო თამაში სანამ არ
დაიწყებოდა, იქ უნდა დალოდებოდი. ერთ წელს კი ეს
ყველაფერი შეიცვალა, რადგანაც მაღაროში სინთეტიკური
რეზინის ხმარება დაიწყეს. სინთეტიკური რეზინი კი ისეთი
კარგი ვეღარ იყო. ლულაზე რომ გადაახვევდი და ისროდი, ოთხ
ნაბიჯამდე ძლივს აღწევდა. ახლა მივხვდი, ნამდვილი
რეზინით როცა ისვრი, იგივეა, გინდა ექსპანსიური ვაზნა
გისვრია.
ახლა, როგორც იქნა, მინეაპოლისში დავიგულე თავი,
თავისუფლება შევიგრძენი და აღარასოდეს ვაპირებდი უკან
დაბრუნებას. მინეაპოლისში შეუმჩნევლად ჩამოვედი,
„გრეიჰაუნდით“ ვიმგზავრე – ავტობუსში არავინ მიცნობდა,
არავინ მომსალმებია და ამით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.
დედამ სტუდენტური ორგანიზაციის მისამართი მომცა. ჩემი
ბიძაშვილი, ჩაკი, რომელსაც მაინცდამაინც კარგად არც
ვიცნობდი, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო. ჩემზე ოთხი
წლით უფროსი, საშუალო სკოლაში წარმატებული მოსწავლე
ყოფილა, ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, კლასის პრეზიდენტი,
მას წარმოუთქვამს გამოსამშვიდობებელი სიტყვა, სკოლა რომ
დაამთავრეს. მოკლედ, არ იყო გასაკვირი, სტუდენტური
ორგანიზაციის პრეზიდენტადაც რომ ის აირჩიეს. დედამ
მითხრა, ბიცოლას უკვე დავურეკე და ჩაკი გაფრთხილებულია,
შეგეძლება მასთან დარჩენაო – ყოველ შემთხვევაში, ვიდრე
სხვა სტუდენტები ზაფხულის არდადეგებზე იქნებოდნენ
წასული, რომელიმე თავისუფალ ოთახს დამითმობდნენ. იქ
რომ მივედი, რამდენიმე ბიჭი დამხვდა, ერთ-ერთმა მითხრა,
ზევით, დერეფნის ბოლოს ერთი ოთახია და შეგიძლია იქ
იცხოვროო. ოთახში ორიარუსიანი საწოლის და მაგიდის გარდა
არაფერი იყო, ფარდაც არ ეკიდა ფანჯარაზე. ჩანთები იატაკზე
დავაწყვე და ფანჯრიდან გავიხედე.
მგონი მაშინ რაღაცას ვეძებდი, რაც წიგნში „გზაზე“ მქონდა
წაკითხული – ნაცრისფერ ქალაქს, დიდ სისწრაფეს, სისწრაფის
ხმაურს, ვეძებდი იმას, რასაც ალენ გინსბერგმა „წყალბადის
ჯუკბოქსის სამყარო“ უწოდა. შეიძლება, ისედაც ნაპოვნი
მქონდა და სულ იქ ვცხოვრობდი, არ ვიცი. მეორე ბიტნიკმა
პოეტმა, ლოურენს ფერლინგეტიმ მას „კოცნაგაუმტარი

160
პლასტიკური უნიტაზის დასაჯდომი“ შეარქვა. ეგ არაფერი.
ჩემი აზრით, გრეგორი კორსოს ლექსი „ბომბი“ ყველაზე
ზუსტად გამოხატავს იმდროინდელ სულიერ განწყობას –
უსარგებლო, მექანიზირებული მსოფლიო – ამდენი
დავიდარაბა და წეწვა-გლეჯა. მე არ ვაპირებდი, რამეზე
დამემყარებინა იმედები, ისედაც პარალელურ სამყაროში
ვიმყოფებოდი, სადაც არქაული პრინციპები და ფასეულობები
მოქმედებდა. კულტურა, რომელსაც ქმნიდნენ
კანონდამრღვევი ქალები, სუპერ ბანდიტები, დემონის
მოშიშები... ქუჩები და მინდვრები, ტორფით მდიდარი ჭაობები,
მიწათმფლობელები და ნავთობის კაცები, სტეგარ ლი, ფრითი
პოლი და ჯონ ჰენრისი – უხილავი სამყარო, რომელიც ზემოდან
დაგვყურებს. ასეთია – იდეალური და ღვთის მოშიში – ოღონდ
შენ ის უნდა იპოვო. თავისით არ გეახლება. ფოლკის მუსიკა კი
რეალობა იყო, ოღონდ სხვა ბრწყინვალე განზომილებაში.
ფოლკი გასცდა ადამიანური გაგების შესაძლებლობას, და თუ
ის თავისკენ მოგიხმობდა, გაქრებოდი, შეგიწოვდა და
შეესისხლხორცებოდი. ამ სამეფოში, რომელიც
ინდივიდუალებისგან კი არ შედგებოდა, არამედ უფრო
არქეტიპებისგან, რომელთაგან თითოეული ძლიერი სულის
პატრონი იყო, თანდაყოლილი ცოდნითა და შინაგანი სიბრძნით
მდიდარი, მეც თავს შინ ვგრძნობდი. თითოეული მათგანი
პატივისცემას იმსახურებდა. მე ამის მჯეროდა და ამაზე
ვმღეროდი. იმდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, თვით
ცხოვრებაზე მეტად რეალური გეჩვენებოდა. განდიდებული
ცხოვრება იყო. მე ფოლკის მეტი არაფერი მჭირდებოდა
საარსებოდ. ოღონდ საქმე ის იყო, რომ საკმარისი ფოლკი არ
მქონდა. მის გარდა სხვა საზრუნავი და სხვა ინტერესი არ
მქონია, ამიტომ ჩემი ცხოვრების განრიგი მივუსადაგე. ვინც
ჩემსავით არ ფიქრობდა, ასეთ ხალხთან საერთოს ნაკლებად
ვპოულობდი.
სტუდენტური ორგანიზაციის შენობის მეორე სართულის
ფანჯრიდან, მწვანე თელების მიღმა, გავცქეროდი
უნივერსიტეტის ქუჩას, ნელა მიმავალ ტრანსპორტს, დაბლა
დაკიდულ ღრუბლებს... ჩიტები გალობდნენ. თითქოს ფარდა
აეხადა ყველაფერსო. ივნისი იყო, მშვენიერი ზაფხულის დღე.
იმ სახლში ჩემი ბიძაშვილი ჩაკის გარდა, სულ რამდენიმე ბიჭი
დარჩენილიყო. უფრო ხშირად, სასადილოში ირეოდნენ ხოლმე,
სარდაფში იყო სამზარეულო, მთელ შენობას რომ გასდევდა.

161
სწავლა ყველას დაემთავრებინა და ზოგი რაღაც დამატებით
საზაფხული დავალებას აკეთებდა, ზოგიც წასასვლელად
ემზადებოდა. დახეულ მაისურებში და გადაჭრილ ჯინსებში
ჩაცმულები, მთელი დღეები ისხდნენ, კარტს თამაშობდნენ და
თან ლუდს სვამდნენ. ყოყლოჩინობდნენ. მე ყურადღებას არ
მაქცევდნენ. ასე რომ, შემეძლო როცა მომინდებოდა,
წავსულიყავი და როცა მომინდებოდა, დავბრუნებულიყავი,
არავის ეს არ ადარდებდა.
პირველი რაც გავაკეთე, ელექტრო გიტარა, რომელიც არაფერში
მჭირდებოდა, გავყიდე და ვიყიდე მარტინის აკუსტიკური
გიტარა. ელექტროში კეთილსინდისიერად გადამიხადეს და
ამიტომ აკუსტიკური გიტარა თავისი ქეისიანად წამოვიღე.
მომდევნო რამდენიმე წელი სულ ამ გიტარაზე დავუკრავ.
უნივერსიტეტის შემოგარენს დინკითაუნი ერქვა, რაღაცით
პატარა ვილიჯს ჰგავდა. ვიქტორიანულ სახლებში
სტუდენტები ცხოვრობდნენ და არდადეგების დროს იქაურობა
დაცარიელდებოდა ხოლმე. დინკითაუნის ცენტრში დისკების
მაღაზია ვიპოვე. პირველი, ვინც დავინახე, ოდეტა იყო. კაბინაში
შევედი მის მოსასმენად. ოდეტა მაგარი ვინმე იყო. მას შემდეგ,
ოდეტაზე აღარაფერი მსმენია. ძლიერი მომღერალი გახლდათ,
იმ სტილში უკრავდა, hammering-on რომ ჰქვია. დისკზე რა
სიმღერებიც იყო, თითქმის ყველა ვისწავლე, ის კი არა, სტილიც
ვისესხე ოდეტასგან.
ახალი ნასწავლი რეპერტუარით განვაგრძე გზა და ბიტნიკების
ყავის სახლთან „Ten O’Clock Scholar“-ში შევიარე. მინდოდა,
ვინმე ჩემნაირ ტიპს შევხვედროდი. პირველი, ვინც
მინეაპოლისში გავიცანი, ჯონ კიორნერი იყო, მასაც, ჩემი არ
იყოს, თან აკუსტიკური გიტარა ჰქონდა წამოღებული.
კიორნერი მაღალი, გამხდარი კაცი იყო, სახე სულ მხიარულად
უცინოდა. ეგრევე კარგად განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ.
რამდენიმე სიმღერა იყო, ორივემ რომ ვიცოდით, მაგალითად,
„Wabash Cannonball“, და „Waiting for Train“. კიორნერი
ავიატექნიკას სწავლობდა, როჩესტერიდან იყო, ცოლი ჰყავდა
და რამდენიმე წლით ადრე გაიტაცა ფოლკმა, ვიღაც ჰარი
ვებერმა ბევრი სიმღერა ასწავლა – უფრო ქუჩის ბალადები.
მაგრამ ბლუზსაც ბევრს უკრავდა, ტრადიციულ ბარების
მელოდიებს. მე ოდეტას სიმღერები დავუკარი და კიდევ
ლიდბელის რაღაცები. კიორნერმა მშვიდი საუბარი იცოდა,
მაგრამ როგორც კი სიმღერას იწყებდა, შავკანიანი მონასავით

162
კიოდა. კიორნერი მგზნებარე მომღერალი იყო. ერთად ხშირად
ვუკრავდით ხოლმე.
კიორნერისგან ბევრი სიმღერა ვისწავლე. თავის ბინაში, მე რომ
არც გამეგო, ისეთი პერფორმერების დისკები ჰქონდა. ბევრს
ვუსმენდი, განსაკუთრებით მომწონდა „ნიუ ლოსთ სითი
რემბლერს“. მომწონდა მათი სტილი, როგორ მღეროდნენ, მათი
ხმები. მომწონდნენ გარეგნულად, ჩაცმულობა,
განსაკუთრებით კი ჯგუფის სახელი მომწონდა. რამდენიმე
დღე გადაბმულად შემეძლო მათი სმენა. მაშინ არ ვიცოდი, რომ
თურმე ძველ სიმღერებს იმეორებდნენ, მაგრამ რა
მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემთვის წარმოუდგენლად
ორიგინალურები იყვნენ. კიორნერს სხვა დისკებიც ჰქონდა,
უმეტესობა ფოლკვეის გამოშვებული იყო. ერთ ელექტრა
ფოლკის დისკზე სხვადასხვა ხელოვანები მღეროდნენ.
პირველად მაშინ მოვუსმინე დეივ ვენ რონკს და პეგი სიგერს.
ალან ლომაქსი კოვბოურ სიმღერას ასრულებდა – „Doney Gal“,
რომელიც ჩემს რეპერტუარს დავუმატე. ჯონ ჯეკობ ნაილის
დისკსაც ხშირად ვუსმენდი. ნაილი არატრადიციული იყო,
მაგრამ ტრადიციულ სიმღერებს მღეროდა. იყო მასში რაღაც
მეფისტოფელური, არფისმაგვარ ინსტრუმენტზე უკრავდა და
სისხლის გამყინავი სოპრანოთი მღეროდა. ნაილი ცრურწმენებს
აღვიძებდა და არალოგიკური იყო, ისეთი შთამბეჭდავი, რომ
გბურძგლავდა, როცა უსმენდი. სად რა ხდებოდა, ყველაფერი
იცოდა ჯადოქარივით, არაამქვეყნიური ხმით მღეროდა. მისი
„Maid Freed from the Gallows“ და „Go Away from My Window“ არც კი
ვიცი, რამდენჯერ მაქვს მოსმენილი.
კიორნერმა მითხრა, კარგი იქნება ვინმე ჰარი ვებერს თუ
გაიცნობო და მეც დავუჯერე. ვებერი ინგლისურ
ლიტერატურას კითხულობდა უნივერსიტეტში, ტვიდის
პიჯაკი ეცვა, ძველი მოდის ინტელექტუალი გახლდათ. ვებერმა
უამრავი სიმღერა იცოდა, მეტწილად ბალადები. იმდენს
ვუსმენდი იმ ბალადებს, თავი სიმღერების გმირად
წარმომედგინა და უკვე მათსავით ვფიქრობდი. შემეძლო, ისე
ჩამერაკრაკებინა სიმღერები, თითქოს სიტყვები ჩემი
დაწერილი ყოფილიყოს. ლამაზი მელოდიები ჰქონდათ იმ
სიმღერებს, ყოველდღიურ ამბებზე იყო, დალაქებზე,
მოსამსახურეებზე, საყვარლებზე, ჯარისკაცებზე,
მეზღვაურებზე – მათ ყოფაზე – რომ უსმენდი, ისინი შენს
ცხოვრებაში შემოდიოდნენ. კიორნერის და ჩემისთანა

163
პერფორმერები სად არ წავიდოდნენ, ისეთი ვინმესთვის რომ
მოგვესმინა, ვისაც ჯერ არ ვიცნობდი. მახსოვს, ერთხელ სენტ
პოლში წავედით, ვიღაც უცნობთან, რომელსაც სავარაუდოდ
ენდი ჯენკინსის „Death of Floyd Collins“ ჰქონდა. ის კაცი შინ არ
დაგვიხვდა და ვერც ვერასოდეს მოვისმინე მისი სიმღერა. ტომ
დარბი და ჯიმი ტარლტონი ვიღაცის მამის სახლში მოვისმინე.
დარბი და ტარლტონიც არაამქვეყნიურები იყვნენ.
კიორნერი და მე ბევრ სიმღერას ვმღეროდით დუეტში, ოღონდ
ჩვენ-ჩვენთვის ვამუშავებდით. მე პირადად ვუკრავდი
დილით, შუადღისას და ღამე. სხვას არაფერს ვაკეთებდი.
გიტარით ხელში ვიძინებდი ხოლმე. ასე გავიდა ზაფხული.
შემოდგომა დადგა და მე ახლა „გრეის“ აფთიაქის სასადილოში
ვიჯექი. „გრეის“ აფთიაქი დინკინთაუნის ცენტრში იყო.
ზუსტად იმ აფთიაქის თავზე ვიქირავე ბინა. სწავლა რომ
დაიწყო, უნივერსიტეტში ცხოვრება განახლდა. ჩემმა
ბიძაშვილმა ჩაკმა და მისმა მეგობრებმა სტუდენტური
ორგანიზაციის შენობა დატოვეს. ახალმოსულებმა მკითხეს, ვინ
ხარ და აქ რას აკეთებო. არაფერს-მეთქი. არაფერს ვაკეთებდი...
მხოლოდ და მხოლოდ ვიძინებდი იქ. მაგრამ, რა თქმა უნდა,
მივხვდი, საითაც მიდიოდა ეს ყველაფერი, სასწრაფოდ
ჩავალაგე ჩანთა და წამოვედი. აფთიაქის თავზე რომ ბინა იყო,
იმაში ოცდაათ დოლარს ვიხდიდი თვეში. არა უშავს ადგილი
იყო, თანაც ხელი მიმიწვდებოდა.
იმ დროისთვის, რამდენიმე სხვადასხვა ყავის სახლში შემეძლო
დაკვრა და ყოველდღე სამ ან ხუთ დოლარს მიხდიდნენ. ისე,
აფთიაქის ბინა მხოლოდ ღამის გასათევი იყო, ერთი პირსაბანი
მქონდა და ფანჯარა, ტუალეტი ქვემოთ იყო. იატაკზე მატრასი
დავაგე, ნახმარი კომოდი და ელექტროქურა ვიყიდე, როცა
ციოდა, ფანჯრის რაფას მაცივრად ვიყენებდი. ერთ დღეს,
აფთიაქის სასადილოში ვიჯექი – ზამთარი ადრე გვესტუმრა –
ქარი ყმუოდა გარეთ და თოვლი მიწაზე ხალიჩის ხატვას
იწყებდა. ამ დროს, ფლო კასტნერი, რომელსაც ერთ-ერთი ყავის
სახლიდან ვიცნობდი, მოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა. ფლო
მსახიობი იყო, მონდომებული მსახიობი, უცნაური გარეგნობა
ჰქონდა, ექსცენტრიული, ისე ლამაზი იყო, გრძელი, წითელი
თმა ჰქონდა, ფითქინა თეთრი კანი, თავფეხიანად შავად
გამოეწყობოდა ხოლმე. გარეუბნის გოგო, მაგრამ თან
ფამილარული მანერები რომ ჰქონდა, ტრანსცენდენტალისტი
იყო – იდუმალი ძალების სჯეროდა. რეინკარნაციასაც

164
სერიოზულად უყურებდა. ჩვენ შორის უცნაური საუბრები
იმართებოდა ხოლმე.
– სხვა ცხოვრებაში შეიძლება მე შენ ვყოფილიყავი, – ასე
მითხრა.
– ხო, მაგრამ გამოდის, რომ მე იგივე ადამიანი არ ვიქნებოდი.
– დიახ, მართალი ხარ. მოდი, დავფიქრდეთ ამაზე.
ასე ვისხედით, ვსაუბრობდით და მეკითხება, ვუდი გატრი თუ
მოგისმენიაო. როგორ არა-მეთქი, სანი ტერისთან და სისკო
ჰიუსტონთან ერთად რომ მღეროდა, ის მქონდა მოსმენილი.
არა, თავის საკუთარ დისკებზე თუ მოგისმენიაო, მკითხა
ფლომ. არ მაგონდებოდა. მითხრა, ჩემს ძმას, ლინს რამდენიმე
დისკი აქვს და წაგიყვან და მოგასმენინებო, შენი ამბავი რომ
ვიცი, ნამდვილად გაგიჟდები ვუდი გატრიზეო. დამაჯერებლად
ჟღერდა და მართლა დავინტერესდი. დიდი მანძილი არ იყო
ფლოს ძმის სახლამდე, აფთიაქიდან ალბათ ნახევარი მილი თუ
იქნებოდა. ფლოს ძმა ქალაქის სოციალური სერვისის ადვოკატი
იყო – თხელი თმა ჰქონდა, ყელზე ბაფთას ატარებდა და ჯეიმზ
ჯოისისნაირ სათვალეს. ერთი-ორჯერ შევხვედრივართ
ერთმანეთს, მისი სიმღერაც მომესმინა, მაგრამ არასოდეს
გავსაუბრებივართ და არც არასოდეს დავუპატიჟებივარ
დისკების მოსასმენად.
მე და ფლო რომ მივედით, შინ იყო. არაფერი ჰქონდა
საწინააღმდეგო, მისი კოლექცია რომ დამეთვალიერებინა.
რამდენიმე ალბომის მოსმენა მირჩია. ერთ-ერთი, ფლომ რომ
ახსენა, ვუდი გატრის სიმღერების კრებული იყო. ფირფიტა
დავდე დასაკრავად და როცა ნემსი დაეშვა, სრულიად
გაოგნებული ვიყავი – ვერ გამეგო, კაიფში ვიყავი თუ რა
მჭირდა. რასაც მაშინ მოვუსმინე, სულ ვუდის კომპოზიციები
იყო მისივე შესრულებით... „Ludlow Massacre“, „1913 Massacre“,
„Jesus Christ“, „Pretty Boy Floyd“, „Hard Travelin’“, „Jack-hammer
John“, „Grand Coulee Dam“, „Pastures of Plenty“, „Talkin’ Dust Bowl
Blues“, „This Land Is Your Land“.
ყველა ამ სიმღერამ, ერთად აღებულმა, თავბრუ დამახვია.
სუნთქვა მიჭირდა. მეგონა, მიწა გაიპო. ადრე მქონდა გატრი
მოსმენილი, მაგრამ სხვა მომღერლებთან ერთად. ასე რომ,
შეიძლება ითქვას, პირველად ვუსმენდი. ვერ ვიჯერებდი,
როგორ იჭერდა ყველაფერს. პოეტურიც იყო, უხეშიც და

165
რიტმულიც. ხმით არც ერთ სხვა მომღერალს არ ჰგავდა, არც
სიმღერებით. დახვეწილი მანერით როგორ ადვილად ამბობდა
ყველაფერს, პირდაპირ გამანადგურა. ვაკვირდებოდი მის
გამოთქმასაც, სიმღერის შესანიშნავი სტილი ჰქონდა, ისეთი,
არავის აზრადაც რომ არ მოსვლია. რასაც იმ წუთას გრძნობდა,
შეეძლო სიტყვის ბოლო ბგერაში ჩაედო და ისეთი ეფექტი
ჰქონდა, გინდა მუშტი შემოგიკრიაო. მის სიმღერებს,
რეპერტუარს, ვერც ერთ კატეგორიას ვერ მიაკუთვნებდი.
უსაზღვროდ დიდი ჰუმანიზმით იყო სავსე. არც ერთი საშუალო
დონის ნაწარმოები არ ერია კრებულში. ვუდი გატრის გზად რაც
შეხვდებოდა, ყველაფერს დედაბუდიანად გლეჯდა. ჩემთვის
გამოცხადებასავით იყო. გეგონებოდა, მძიმე ღუზა ჩაეშვა
ყურეშიო.
იმ დღეს, მთელი შუადღე ვუსმენდი გატრის, თავი ტრანსში
მეგონა. ვგრძნობდი, ჩემი ემოციების კონტროლის არსი
დავიჭირე და როგორც არასოდეს, ისე კარგად ვგრძნობდი თავს.
შემეძლო, ყველა ეს სიმღერა მემღერა, სათითაოდ და მეტი
არაფერი მინდოდა. თითქოს აქამდე სიბნელეში ვიჯექი და
ვიღაცამ პროჟექტორები ჩართო.
დიდი ინტერესი გამეღვიძა ამ კაცის მიმართ, რომელმაც
დამატყვევა და გადავწყვიტე გამეგო, ვინ იყო ვუდი გატრი.
დეივ უიტეკერს, სვენგალის ტიპის ბიტნიკს აღმოაჩნდა ვუდის
ავტობიოგრაფია და მათხოვა. ქარიშხლის სისწრაფით გავედი
თავიდან ბოლოში, არც ერთ სიტყვას უყურადღებოდ არ
ვტოვებდი. ვკითხულობდი და თან წიგნი რადიოსავით
მიმღეროდა. ვუდი ქარბობალასავით წერს და მხოლოდ
სიტყვების ჟღერადობითაც გაბრუებს. აიღე წიგნი, გადაშალე
ნებისმიერ გვერდზე და ისე გაგიტაცებს, ვერ მოსწყდები. ვინ
იყო ვუდი? სულსწრაფი მხატვარი ოკლაჰომადან,
ანტიმატერიალისტი, რომელიც დეპრესიის წლებში
იზრდებოდა – დასავლეთში გადასახლდა, ტრაგიკული
ბავშვობა ჰქონდა, ბევრ ხანძარს შეესწრო – პირდაპირი
მნიშვნელობითაც და მეტაფორულადაც. მომღერალი კოვბოი,
არა, ის უფრო მეტი იყო, ვიდრე მომღერალო კოვბოი. ვუდის
მძვინვარე პოეტური სული ჰქონდა. კაცობრიობის
თავისუფლება აინტერესებდა და გულთან ახლოს მიჰქონდა,
ისეთი სამყაროს შექმნა სურდა, რომელშიც ეღირებოდა
ცხოვრება. მისი ავტობიოგრაფია არაჩვეულებრივი წიგნია.
დიდია. მეტისმეტად დიდია.

166
მაგრამ ეს წიგნი რომც არ გქონოდათ წაკითხული, მისი
სიმღერებიდან მაინც გაიგებდით, ვინ იყო სინამდვილეში.
მაშინ გადავწყვიტე, რომ გატრის გარდა არავის სიმღერებს არ
ვიმღერებდი. ისე, დიდი არჩევანიც არ მქონდა. მართალია, ჩემი
რეპერტუარით კმაყოფილი ვიყავი – „Cornbread, Meat and
Molasses“, „Betty and Dupree“, „Pick a Bale of Collon“ – მაგრამ ისინი
ცოტა ხნით უკანა პლანზე უნდა გადამედო. გატრის
კომპოზიციების დახმარებით სამყაროს უკეთ ვჭვრეტდი. ჩემს
თავს აღვუთქვი, გატრის მოსწავლე და მიმდევარი გავხდები-
მეთქი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ნათესავებიც ვიყავით
მე და გატრი. მართალია, არასოდეს მენახა, ნათლად შემეძლო
მისი სახის წარმოდგენა. ვერ იტყოდი, რომ არ ჰგავდა მამაჩემის
ახალგაზრდობას. ისე, ბევრი არაფერი ვიცოდი ვუდიზე. არც
იმაში ვიყავი დარწმუნებული, ცოცხალი იყო თუ არა.
უიტეკერისგან გავიგე, რომ სადღაც აღმოსავლეთში იყო და
ავადმყოფობდა.
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლინისთან
დავდიოდი, დისკების მოსასმენად. რიგრიგობით დავიწყე
ყველა იმ სიმღერების შესრულება. კოსმიური სიმღერები იყო.
ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი, ვუდი გატრის არც
არასოდეს ვუნახივარ და არც არასოდეს მოუსმენია ჩემთვის,
მაგრამ მეჩვენებოდა, თითქოს ასე მეუბნებოდა – მე მივდივარ,
მაგრამ ამ საქმეს შენ გაბარებ. ვიცი, სანდო კაცი ხარ.
***
ვუდი გატრის სიმღერებს ვმღეროდი გადარეულივით, სხვას
არაფერს ვაკეთებდი, სად არ ვმღეროდი – დაბადების დღეებზე,
ყავის სახლებში, ქუჩაში, კიორნერთან ერთად, კიორნერის
გარეშე – შხაპი რომ მქონოდა ოთახში, იქაც ვიმღერებდი.
ვუდის ბევრი სიმღერა ჰქონდა, მაგრამ ძნელი იყო მათი პოვნა.
ძველ სიმღერებს ხელახლა აღარ უშვებდნენ, მაგრამ მე მიწის
ქვეშ ჩავძვრებოდი, რომ მომეძებნა. მინეაპოლისის საჯარო
ბიბლიოთეკაში დავდიოდი (საჯარო ბიბლიოთეკებში
უმეტესობა ფოლკვეისის დისკებისა ინახებოდა.) ვინმე ახალი
პერფორმერი რომ ჩამოვიდოდა, მის რეპერტუარს
ვაზუსტებდი, იქნებ გატრის რომელიმე ისეთი სიმღერა
ჰქონდა, რომელიც მე არ ვიცოდი და ამასთან ერთად,
ვგრძნობდი მისი სიმღერების ფენომენალურ მასშტაბებს –
საკო და ვანცეტის ბალადები, საბავშვო სიმღერები, „გრანდ

167
კულის კაშხალის“ სიმღერები, სიმღერები ვენერიულ
დაავადებებზე, კავშირისა და მუშების ბალადები,
გულისგასახეთქი სასიყვარულო ბალადები. ვუდი ყველა
სიტყვას მნიშვნელობას ანიჭებდა. ის სიტყვებით ხატავდა.
შეიძლება ბევრს ეგონა, რომ ვუდი მოძველებული იყო, მაგრამ
მე ასე არ ვფიქრობდი. ძალიანაც დროული და თანამედროვე
მეჩვენებოდა, ის კი არა, მის სიმღერებში წინასწარმეტყველებას
ვხედავდი. ყველაფერს ვგრძნობდი იმის გარდა, რაც
სინამდვილეში უნდა მეგრძნო ახალგაზრდა გამოუცდელ
ფოლკის მომღერალს, რომელმაც ექვსი თვის წინ, არაფრიდან
დაიწყო ცხოვრება. უფრო ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ
მოულოდნელად, რიგითი მოხალისედან ღირსეულ რაინდად
ავმაღლდი.
ვუდის სიმღერებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,
მისი გავლენა ყველაფერში იგრძნობოდა – რას ვაკეთებდი, რას
ვჭამდი, როგორ ვიცვამდი, ვისი გაცნობა მინდოდა, ვისი არ
მინდოდა. 50-იანებში და ადრეულ 60-იანებში თინეიჯერებმა
თავიანთი ბუნტებით ხმაური დაიწყეს, მაგრამ მე სულითა და
გულით არ ვუერთდებოდი მათ. ორგანიზებულად არ
მოქმედებდნენ. ბუნტი საბაბის გარეშე პრაქტიკულად
გაუმართლებელი იყო, ვფიქრობდი, ბუნტს საბაბის გარეშე,
ისევ წაგებული ბუნტი ჯობია-მეთქი.
ფოლკისა და ბლუზის მელოდიებმა სწორი წარმოდგენა
შემიქმნა კულტურაზე. ყველა სხვა კულტურა, რაც ამ
სამყაროში არსებობდა, კარგი იყო, მაგრამ ის ჩემი, რომელშიც მე
დავიბადე, ყველა დანარჩენის საქმეს აკეთებდა. ვმღეროდი
გატრის სიმღერებს და ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ერთ
დღესაც, მოულოდნელად, თითქოს ვიღაცამ შემაჯანჯღარა და
უხეშად გამაჩერა. ჯონ პენკეიკმა, ფოლკის მუსიკის პურისტმა
მოყვარულმა და მცოდნემ, დროდადრო ლიტერატურის
მასწავლებელმა, კინომცოდნემ, რომელიც გარკვეული
პერიოდი სცენაზე მაკვირდებოდა, მიიჩნია, რომ მისი ვალი იყო,
ჩემთვის ეკითხა – ვითომ, რას გგონია, რომ აკეთებ? გატრის
სიმღერების მეტს არაფერს მღერი. – ასე მეუბნებოდა და თან
თითს მკერდზე მირტყამდა, ვითომ ვიღაც საცოდავ სულელს
ელაპარაკებოდა. პენკეიკი გავლენიანი კაცი იყო. რამდენადაც
ვიცოდით, მას ფოლკის ფირფიტების ძალიან დიდი კოლექცია
ჰქონდა. ახალი ტალანტები მასზე შთაბეჭდილებას ვერ
ახდენდნენ. არ ეგონა, რომ დიდი ოსტატობით გამოირჩეოდა

168
ვინმე – ვერ მიაღწევდი წარმატებას, თუ ტრადიციულ რამეს
მოჰკიდებდი ხელს. რა თქმა უნდა, მართალი იყო. მაგრამ
პენკეიკი არც უკრავდა და არც მღეროდა, არ შეეძლო მათ
ადგილას დაეყენებინა თავი და ისე განესაჯა.
კინოკრიტიკაშიც ჰქონდა ხელი მოსინჯული. თუ სხვა
ინტელექტუალები ელიოტისა და ქამინგსის პოეტურ
განსხვავებებზე საუბრობდნენ, პენკეიკი იმაზე მსჯელობდა,
ჯონ ვეინი რომელ ფილმში უკეთესად ანსახიერებს კოვბოის
როლს. გვიხსნიდა, რატომ ჰყავთ ისეთ რეჟისორებს,
როგორებიც არიან ჰოვარდ ჰოუკსი და ჯონ ფორდი, თავიანთ
ფილმებში ვეინი და რატომ არ ჰყავთ ის სხვა რეჟისორებს.
შეიძლება სიმართლეს ამბობდა, შეიძლება არა. დიდი ვერაფერი
პრობლემა იყო. რაც შეეხება, ჯონ ვეინს, იგივე „ჰერცოგს“, 60-
იან წლებში შევხვედრივარ. იმ დროის დიდი მსახიობი იყო. მე
რომ შევხვდი, მაშინ ფერლ ჰარბორზე იღებდნენ ფილმს
ჰავაიზე და ჯონი მთავარ როლს ასრულებდა. ერთი ჩემი
ნაცნობი გოგო, ბონი ბიჩერი, მონაწილეობდა იმ ფილმში.
ავსტრალიიდან ვბრუნდებოდი ჩემს ჯგუფ „ჰოუკებთან“
ერთად და ჰავაიზე შევჩერდით. ბონიმ სამხედრო ხომალდზე
დამპატიჟა და იქ გავიცანი „ჰერცოგი“. სამხედრო ფორმა ეცვა
და ხალხის მთელი არმია ეხვია გარშემო. – გამიგია, რომ ფოლკს
მღერით, – ასე მომმართა და მეც თავი დავუქნიე. – რამე
გვიმღერეთ, – მთხოვა. ავიღე გიტარა და „Buffalo Skinners“
დავუკარი. გაეღიმა და ბრეზენტის სკამზე მჯდარ ბერჯეს
მედერიტს გადახედა. მერე მკითხა, „Blood on the Saddle“ ხომ არ
იციო, კი ვიცოდი, მაგრამ „High Noon“ უკეთესად ვიცოდი და
სიამოვნებითაც შევასრულებდი, მის ადგილას გარი კუპერი
რომ ყოფილიყო. მაგრამ ჯონ ვეინი არ იყო გარი კუპერი. არც ის
ვიცოდი, მოეწონებიდა თუ არა. „ჰერცოგი“ მასიური ფიგურა
იყო, უსარგებლო ნივთების გროვასავით დიდი, მაგრამ
ფილმებში ვერავინ დაუდგებოდა გვერდით. ვიფიქრე, მოდი
ვკითხავ, თავისი კოვბოური ფილმებიდან რომელი უფრო
მოსწონს-მეთქი, მაგრამ მომეჩვენა, რომ სიგიჟე იქნებოდა ამის
კითხვა. ან იქნებ სულაც არ ყოფილიყო სიგიჟე... რა ვიცი.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ალბათ ვერასოდეს
წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე წყნარ ოკეანეში სამხედრო
გემზე ვიდგებოდი და დიდ კოვბოის, ჯონ ვეინს ვუმღერებდი.
პენკეიკი კი მეუბნებოდა – რაც უნდა ეცადო, მაინც ვერასოდეს
გახდები ვუდი გატრი. და ამას ისე მეუბნებოდა, თითქოს

169
მაღალი მთიდან მესაუბრებოდა, თითქოს მისი ინსტინქტი
შეურაცხყვეს. პენკეიკთან ხუმრობა არ გამოდიოდა. ნერვებს
მიშლიდა. – გირჩევნია, სხვა რამეზე იფიქრო. ჯეკ ელიოტმა
უკვე გაიარა ის, რასაც შენ აკეთებ და წავიდა. გსმენია ოდესმე
ამ კაცზე? – არა, ჯეკ ელიოტზე არასოდეს არაფერი გამეგო.
როდესაც პანკეიკმა ახსენა, პირველად შევიტყვე ეს სახელი. –
მაშ, არ გაგიგია როგორ მღერის, არა? მერე მითხრა,
მოგასმენინებ და სიურპრიზი გელისო.
პენკეიკი წიგნის მაღაზიის „მაქკოშის“ თავზე ცხოვრობდა,
სადაც ეკლექტური ძველი წიგნები ჰქონდათ, ანტიკური
ტექსტები, 1800 წლიდან მოყოლებული ფილოსოფიურ-
პოლიტიკური პამფლეტები. „მაქკოშში“ იყრიდნენ თავს
ახლომახლო მცხოვრები ინტელექტუალები და ბიტნიკები.
მივედი პენკეიკთან და დავრწმუნდი, რომ მართლაც
წარმოუდგენლად დიდი კოლექცია ჰქონდა, ისეთი დისკები,
რომელიც არც მენახა და არ ვიცოდი, სად შეიძლებოდა მათი
შოვნა. ადამიანს, რომელიც არც უკრავდა და არც მღეროდა,
მართლაც განსაცვიფრებელი დისკები ჰქონდა. ის, რას ჩემთვის
დადო მოსასმენად, ლონდონში გამოშვებული „Jack Takes the
Floor“ იყო – იმპორტირებული და ნაკლებად ცნობილი დისკი.
ასეთი ამერიკაში ალბათ სულ ათიოდე თუ იქნებოდა, ან
შეიძლება პენკეიკს ის ერთადერთი ჰქონდა, რომელიც
ამერიკაში არსებობდა. არ ვიცი. მოკლედ, პენკეიკს რომ არ
დაეკრა ის ჩემთვის, ვერც ვერასოდეს გავიგებდი მის შესახებ.
დისკმა ტრიალი დაიწყო და ჯეკის ხმამ იფეთქა ოთახში.
სიმღერებმა „San Francisci Bay Blues“, „Ol’ Riley“, „Bed Bug Blues“,
„San Francisco Bay Blues“, „Ol’ Riley“ ერთ წამში ჩაიქროლეს.
ჯანდაბა, ვფიქრობდი, რა მაგარი ვინმეა. ძალიან ჰგავდა ვუდი
გატრის, ოღონდ ცოტა უფრო სუსტი იყო. გატრის სიმღერებს არ
მღეროდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს
მოულოდნელად ჯოჯოხეთში გადამისროლეს.
ჯეკი რაღაც მუსიკალური ხრიკების ოსტატი იყო. მჭახე, მკივანა
ხმა ჰქონდა, სიტყვებს წელავდა. მეტისმეტი
თავდაჯერებულობით ცუდად მხდიდა. ამ ყველაფრის გარდა,
ძალდაუტანებლად, დახვეწილი სტილით უკრავდა გიტარაზე.
უსმენდი და ხვდებოდი, როგორ ჰქონდა გიტარის სტილი
გადამღერებული. კიდევ ერთი, რაც ჯეკის ახასიათებდა –
შესანიშნავი გამრთობი იყო, ამისთვის კი ფოლკის მუსიკოსები
დიდად არ იწუხებდნენ თავს. ფოლკის მუსიკოსების

170
უმეტესობა შენ გელოდება, როდის მიხვალ მათთან. ჯეკი კი
თვითონ მოვიდოდა და ჩაგებღაუჭებოდა. ჩემზე ათი წლით
უფროსი ელიოტი გატრისთან ერთად მოგზაურობდა,
პირველწყაროდან სწავლობდა მის სიმღერებს და სტილს და
მართლაც ოსტატურად ჰქონდა ათვისებული.
პენკეიკი მართალი გამოდგა, ელიოტს ვერ შევედრებოდი.
კიდევ რამდენიმე დისკი ჰქონდა ელიოტის – ერთზე დეროლ
ადამსთან ერთად მღერის, თავის მეგობარ მომღერალთან
ერთად, რომელიც პორტლენდიდან იყო, ბანჯოზე უკრავდა.
სიმღერის მშრალი და ლაკონური სტილით ჯეკს კარგად
მიესადაგებოდა. ერთად რომ მღეროდნენ, იფიქრებდი ცხენები
მიაჭენებენო. მარტო როცა მღეროდა ჯეკი, სულ სხვა იყო.
თავისი დისკის „Jack Takes the Floor“-ის გარეკანზე ლამის
თვალებში შეგიძლია ჩახედო. თვალებით რაღაცას გეუბნებოდა,
მაგრამ მე ვერ გავიგე, რას. პენკეიკმა ნება დამრთო ხელმეორედ
მომესმინა დისკისთვის. ერთდროულად განწყობას
გიხალისებდა კიდეც და პირიქითაც. ადრე მითხრა ერთხელ
პენკეიკმა, ჯეკი ფოლკის მომღერლების მეფე იყოო და რომ
უსმენდი, ამაში ეჭვი არც შეგეპარებოდა. ვერ ვხვდებოდი
პერკეიკს ჩემი განათლება უნდოდა თუ უნდოდა შემეწყვიტა,
რასაც ვაკეთებდი. პრინციპში, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ელიოტმა ნამდვილად გადაუხურა გატრის. მე ახლოსაც ვერ
მივიდოდი მის თავის დაჭერის გაწონასწორებულ მანერასთან.
პენკეიკის ბინიდან ნირწამხდარი გამოვიძურწე და ცივ ქუჩაში
უმიზნოდ დავიწყე ბორიალი. თითქოს აღარსად მქონდა
წასასვლელი, თითქოს კატაკომბებში დავიარებოდი. ძნელი იყო
იმ ყმაწვილს, ცოტა ხნის წინ რომ ვუსმენდი, შენზე გავლენა არ
მოეხდინა. გონება უნდა დამებლოკა, ყველაფერი
დამევიწყებინა და ჩემი თავისთვის მეთქვა, მე მისთვის არ
მომისმენია, ის არ არსებობს-მეთქი. ისე, ჯეკი ოკეანის გადაღმა
იყო, ნებაყოფლობით გადასახლებაში. შეერთებული შტატები
ჯერ არ იყო მზად მის გასაგებად. ძალიანაც კარგი. იმედს
ვიტოვებდი, რომ იქ დარჩებოდა, სადაც იყო, მე კი გატრის
სიმღერებზე ნადირობას გავაგრძელებდი.
რამდენიმე კვირის მერე, პენკეიკი კიდევ ერთხელ შეესწრო
ჩემს სიმღერას და არ დააყოვნა ეთქვა, თავს ნუ ისულელებო –
თუ ადრე გატრის ვბაძავდი, ახლა კი უკვე ელიოტს,
შემთხვევით ხომ არ მიმაჩნდა, რომ მისი თანასწორი ვიყავი?

171
პენკეიკმა მითხრა, ცუდი არ იქნება, ისევ როკ-ენ-როლის
დაკვრა დაიწყოო, ვიცი, რომ ადრე უკრავდიო. წარმოდგენა არ
მაქვს საიდან შეიძლებოდა ეს სცოდნოდა, იქნებ ჯაშუშობდა
კიდეც. მოკლედ, მე თავს არ ვისულელებდი, უბრალოდ იქ და
იმ საშუალებებით, რაც გამაჩნდა, ვაკეთებდი იმას, რაც
შემეძლო. პენკეიკიც მართალი იყო. ცეკვის რამდენიმე
გაკვეთილის შემდეგ არ უნდა იფიქრო, რომ ფრედ ასტერივით
ცეკვავ.
ჯონი კლასიკური, ტრადიციული ფოლკის სნობების ერთ-ერთი
წარმომადგენელი იყო. ისინი ითვალწუნებდნენ ყველაფერს,
რასაც კომერციულობის სუნი ასდიოდა და არავის უმალავდნენ
ამას: ისეთი ჯგუფები, როგორიცაა „ბრაზერს ფორ“, „ჩად მიჩელ
ტრიო“, „ჯერნიმენი“, „ჰაივეიმენი“ – ფოლკის სნობები
მიიჩნევდენ, რომ ისინი წმინდა საქმის ექსპლუატატორები
იყვნენ. არც ეს ამბები არ იწვევდა ჩემში ორგაზმს. სნობები
საფრთხეს არ წარმოადგენდნენ ჩემთვის, ასე რომ, დიდად
გულთან ახლოს არ მიმიტანია ეს ყველაფერი. ისე, სიმართლე
გითხრათ, ნაკლები სნობები არც მეორე მხარეს იყვნენ –
კომერციული ფოლკის სნობები. მათი აზრით, ტრადიციული
მომღერლები ძველმოდურები იყვნენ და აბლაბუდა
მოსდებოდათ. ბობ გიბსონს, წმინდა წყლის კომერციული
ფოლკის მომღერალს ჩიკაგოდან, უამრავი თაყვანისმცემელი
ჰყავდა და რამდენიმე დისკი გამოეშვა. თქვენი პერფორმანსის
სანახავად რომ მოსულიყო, დაჯდებოდა წინა რიგში, პირველი
ან მეორე სიმღერის მერე თუ ვერ იგრძნობდა, რომ თქვენ
საკმარისად კომერციული არ იყავით, აღშფოთებული
ადგებოდა და დარბაზს დატოვებდა. რაღაც საშუალო არ
არსებობდა და მგონი, საერთოდ ყველანი სნობები იყვნენ,
აქეთაც და იქითაც. მე კი ამ ყველაფერს სამომავლოდ
ვითვალისწინებდი.
***
თუ ვინმე უნდა ყოფილიყო „ფოლკის დედოფალი“, ის ჯოან
ბაეზი იქნებოდა. ჯოანი და მე ერთ წელს დავიბადეთ და ჩვენი
ბედი შეიძლება გადახლართულიყო, მაგრამ ახლა, როცა
ვფიქრობ, აბსურდული მეჩვენება. ვიცოდი, რომ დისკი ჰქონდა
გამოშვებული – „Joan Baez“. მერე ერთ სატელევიზიო
გადაცემაში ვნახე, ფოლკის მუსიკალური პროგრამა იყო, მთელ
ამერიკაში გადაიცემოდა ნიუ-იორკიდან. შოუში სხვა

172
პერფორმერებიც იყვნენ – სისკო ჰიუსტონი, ჯოშ უაიტი,
ლაითნინგ ჰოპკინსი. ჯოანმა რამდენიმე საკუთარი ბალადა
შეასრულა, მერე ლაითნინგის გვერდით დაჯდა და კიდევ
რამდენიმე მასთან ერთად იმღერა. თვალს ვერ ვაშორებდი,
თვალის დახამხამებაც არ მინდოდა. უცნაურად
გამოიყურებოდა, მბზინავი შავი თმა თეძოებამდე წვდებოდა.
აღფრთოვანებული ვუყურებდი. მის ხმას ავი სულების
განდევნა შეეძლო. მეგონა, სხვა პლანეტიდან იყო ჩამოსული.
ჯოანის დისკები კარგად იყიდებოდა და ძნელი არ იყო
მიხვედრა, რატომაც. ფოლკ მუსიკის ქალი პერფორმერები
იყვნენ პეგი სიგერი, ჯოან რიჩი და ბარბარა დაინი. მაგრამ
ჯოანი არც ერთ მათგანს არ ჰგავდა. არც მას ჰგავდა არავინ.
ჯუდი ქოლინზი და ჯონი მიჩელი რამდენიმე წლის მერე
გამოჩნდებიან სცენაზე. მე ძველი ქალი მომღერლები
მიყვარდნენ – ანთ მოლი ჯეკსონი და ჯენი რობინსონი – მაგრამ
არც მათ ჰქონდათ ჯოანის თვისებები. ბლუზის შემსრულებელ
ქალებსაც ბევრს ვისმენდი, მემფის მინის და მა რეინის. მათ კი
რაღაცით ვამსგავსებდი ჯოანს. არც იმათ და არც ჯოანს
კეკლუცობები არ ახასიათებდათ. ჯოანი, შოტლანდიელისა და
მექსიკელის ნაჯვარი, ხატს ჩამოჰგავდა, ვიღაცას, ვისთვისაც
სიცოცხლეს გასწირავდი და როცა მღეროდა, ღმერთს აწვდენდა
ხმას... და კიდევ, პროფესიონალურად უკრავდა.
მისი დისკი „Vanguard“ სულ არ იყო ყალბი და სულელური.
საშიშს უფრო იტყოდი – წუნდაუდებელი რეპერტუარი, ყველა
სიმღერა ტრადიციული იყო. ამ დისკზე ჯოანი ძალიან
სრულყოფილია, მაცდუნებელიც, ინტენსიური და მაგიური.
რასაც აკეთებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. ერთი ასაკის რომ
ვიყავით, მის ფონზე ჩემი თავი უვარგისი მეგონა. როგორი
ალოგიკურიც უნდა ყოფილიყო, რაღაც მეუბნებოდა, რომ ჩემი
ორეული იყო – რომ მხოლოდ და მხოლოდ მის ხმას
შეეწყობოდა ჰარმონიულად ჩემი ხმა. მაგრამ იმ დროისთვის
გვაშორებდა მანძილი და ის, რომ სხვადასხვა სამყაროს
ვეკუთვნოდით. მე ჯერ კიდევ ჯუნგლებში ვიყავი ჩარჩენილი.
მაინც რაღაც უცნაური შინაგანი გრძნობა მკარნახობდა, რომ
ჩვენი შეხვედრა გარდაუვალი უნდა ყოფილიყო. ბევრი არაფერი
ვიცოდი ჯოან ბაეზზე. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ თურმე
ისიც ჩემსავით მარტოსული იყო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით,
ბევრს დახტოდა აქეთ-იქით, ხან ბაღდადში ცხოვრობდა, ხან სან
ხოსეში და ამ ცხოვრების ავანჩავანი ჩემზე უკეთ იცოდა.

173
ჯოანის ალბომებში არსად არ იყო მინიშნება, თითქოს
სოციალური ამბები აინტერესებდა. ჩემი აზრით, ძალიან
იღბლიანი იყო, გაუმართლა, ფოლკმა რომ ჩაითრია, ისწავლა
ოსტატურად დაკვრა და სიმღერა და გასცდა ყოველგვარი
კრიტიკისა და კატეგორიის საზღვრებს. მის კლასში სხვა არავინ
იყო. შორს იყო ყველასგან, მიუწვდომელი – კლეოპატრა თავის
იტალიურ სასახლეში. მეშინოდა მასთან შეხვედრისა. შეიძლება
კისერში ეშვები ჩაერჭო ჩემთვის. არ მინდოდა მასთან
შეხვედრა, მაგრამ ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა გამეცნო.
მართალია, მე ჩამოვრჩებოდი, მაგრამ ჩვენ ერთი
მიმართულებით მივდიოდით. მასაც ის ცეცხლი ეკიდა, რაც მე.
შემეძლო, დასაწყისისთვის იგივე სიმღერები შემესრულებინა,
რასაც ის მღეროდა... „Mary Hamilton“, „Silver Dagger“, „John Riley“,
„Henry Martin“. ყველა მომღერალს არ შესწევს ძალა,
დამაჯერებლად იმღეროს. მომღერალმა უნდა გაიძულოს
დაიჯერო, რასაც უსმენ და ჯოანს ეს შეეძლო. ფოლკს, სხვა თუ
არაფერი, ეგ მაინც შეუძლია, რომ მორწმუნე გაგხადოს. მეც
მჯეროდა დეივ გარდის, რომელიც „კინგსტონ ტრიოში“
მღეროდა, მჯეროდა, რომ ის მოკლავდა, ან უკვე მოკლული
ჰყავდა ლორა ფოსტერი. მჯეროდა, რომ კიდევ ვიღაცას
მოკლავდა.
ქალაქში იყვნენ მომღერლები, ოღონდ ბევრნი არა. იყო ერთი
დეივ რეი, თორმეტსიმიან გიტარაზე უკრავდა და ლიდბელისა
და ბო დიდლის სიმღერებს მღეროდა. მგონი, თორმეტსიმიანი
გიტარა მთელ მიდვესტში მხოლოდ მას ჰქონდა. კიდევ იყო
ტონი გლოვერი, არფაზე უკრავდა და ხანდახან ჩემთან და
კიორნერთან ერთად გამოდიოდა. რამდენიმე სიმღერას
მღეროდა, მაგრამ უმეტესად არფაზე უკრავდა. ვგრძნობდი,
რომ დადგა დრო, მინეაპოლისიდან წავსულიყავი. ნიუ-იორკი
იყო ის ადგილი, სადაც მსურდა ვყოფილიყავი და ერთ
თოვლიან დღეს, სენტ პოლის პიცერიაში, სადაც მე და
კიორნერი ვუკრავდით ხოლმე, გავიღვიძე, ცოტა ხანში
ჩემოდანში რაღაც გაცვეთილი ტანსაცმელი ჩავყარე და ქალაქის
განაპირას დავდექი. ავტო სტოპით აღმოსავლეთისკენ
ვაპირებდი წასვლას, ვუდი გატრი უნდა მეპოვნა.
***
ნიუ-იორკ სითი, შუა ზამთარი, 1961 წელი. რასაც ვაკეთებდი,
თითქოს გამომდიოდა და გადავწყვიტე, ასეც გამეგრძელებინა.

174
ვილიჯის „Gaslight“-ში ვუკრავდი, სადაც ფულს
რეგულარულად მიხდიდნენ. როცა იქ მუშაობა დავიწყე,
„Gaslight“ ჯონ მიჩელის საკუთრება იყო, ბრუკლინელი
რენეგატის. სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ. დიდი უჟმური
და აგრესიული კაცი იყო, ეგზოტიკური გარეგნობის მეგობარი
გოგო ჰყავდა, ისეთი, ჯეკ კერუაკმა თავისი რომანი რომ
მიუძღვნა. მიჩელი ლეგენდარული ტიპი იყო. ვილიჯში
იტალიელები ბლომად იყვნენ, მიჩელი მაფიასთან არც ერთხელ
არ წასულა დათმობაზე. ყველამ იცოდა, რომ პრინციპულად არ
უხდიდა გამომძალველებს. სახანძროს უფროსი, პოლიცია და
ჯანდაცვის ინსპექტორები დროდადრო დააცხრებოდნენ
ხოლმე, მაგრამ მიჩელს ადვოკატები ჰყავდა და სითი ჰოლში
ბრძოლებს იგებდა. როგორღაც ახერხებდა, კლუბი არ
დაეკეტათ. რევოლვერს და დანას ატარებდა. მერე, ჩემი იქ
ყოფნის პერიოდში, ისე მიჰყიდა კლუბი ვიღაც მისისიპელებს,
არავის გაუგია. არავისთვის უთქვამს, კლუბს რომ ყიდდა და
მეპატრონე რომ შეიცვლებოდა. გაყიდა თუ არა კლუბი, ადგა და
საერთოდ წავიდა ქვეყნიდან.
ამ ბარბაროსულ ფოლკ კლუბში, რომელიც სარდაფში იყო
მოწყობილი, ექვსი თუ რვა მთავარი პერფორმერი გამოდიოდა,
დაღამებიდან განთიადამდე. კვირაში სამოც დოლარს
გვიხდიდნენ ხელზე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიხდიდნენ.
შეიძლება, ზოგიერთ პერფორმერი მეტს იღებდა. გრინვიჩ
ვილიჯის კალათების მერე დიდი წინ გადაგმული ნაბიჯი იყო
იქ გამოსვლა.
ნოელ სტუკი, რომელიც მოგვიანებით „პიტერ, პოლ და მერის“
წევრი გახდა, კლუბის კონფერანსიე გახლდათ. ნოელი
იმპრესიონისტი იყო, კომიკოსი და გიტარისტი. დღისით ფოტო
მაღაზიაში მუშაობდა, საღამოს კი მოხდენილ კოსტიუმში
გამოეწყობოდა და კლუბში მოდიოდა. ნამდვილად უნაკლოდ
გამოიყურებოდა, მოკლე წვერს ატარებდა. მაღალს და
გამხდარს, რომაული ცხვირი ამშვენებდა. ზოგის
დახასიათებით, გარიყული ტიპი იყო. სტუკი ვიღაც ისეთს
ჰგავდა, ძველი ჟურნალიდან ამოხეულ ფურცელზე რომაა
გამოსახული. აბსოლუტურად ყველაფრის იმიტაცია შეეძლო –
ტუალეტში წყალს რომ ჩამოუშვებ, იმ ხმის, კიდევ გემის,
ხერხის, ვიოლინოსი და ტრომბონის. შეეძლო მიებაძა
მუსიკოსებისთვის, რომლებიც სხვა მუსიკოსებს ბაძავდნენ.
სასაცილო ვინმე იყო. დინ მარტინი რომ ლითლ რიჩარდს

175
ბაძავდა, იმის იმიტაცია გამოსდიოდა ყველაზე მაგრად.
ჰიუ რომნიც, რომელიც მოგვიანებით ფსიქოდელიკი კლოუნი,
სახელად ვეივი გრეივი გახდა, გამოდიოდა ხოლმე კლუბში.
სანამ ჰიუ რომნი იყო, წესიერად ეცვა, ჩვეულებისამებრ ბრუკს
ბრაზერსის ღია ნაცრისფერი კოსტიუმები. რომნი გრძელ
მონოლოგებს წარმოთქვამდა. ელამი იყო, ვერ გაიგებდი
თვალები ღია ჰქონდა თუ დახუჭული. გამოვიდოდა სცენაზე,
ცისფერ განათებას ცერად გახედავდა და იწყებდა ლაპარაკს,
გეგონება ეს-ესაა შორი მოგზაურობიდან დაბრუნდა –
კონსტანტინოპოლიდან ან კაიროდან – და რაღაც უძველესი
საიდუმლო უნდა გაგანდოსო. რას ამბობდა, იმას არ ჰქონდა
მნიშვნელობა, მთავარი იყო, როგორ ამბობდა. რომნივით ბევრი
თამაშობდა, მაგრამ მას დიდი სახელი ჰქონდა დაგდებული.
ლორდ ბაკლის გავლენის ქვეშ კი იყო, მაგრამ არც არაფერით
ჩამოუვარდებოდა.
„Gaslight“-ში იყვნენ კიდევ სხვა მუსიკოსები – ჰალ უოტერსი,
ინტერპრეტატორი, რომელიც დახვეწილად უკრავდა ფოლკს.
ჯონ ვაინი კლასიკურ გიტარაზე უკრავდა და საოპერო ხმით
მღეროდა. ხასიათით ყველაზე მეტად ლიუკ ფოსტი მომწონდა,
ხუთსიმიან ბანჯოზე უკრავდა და აპალაჩების ბალადებს
მღეროდა. კიდეც ლიუკ ეკიუ, რომელიც მერე ჰოლივუდის
მსახიობი გახდა. ლიუკი ჯორჯიიდან იყო და მადის და
ვულფის და ჯიმი რიდის სიმღერებს მღეროდა. თვითონ
გიტარაზე არ უკრავდა, დამკვრელი ჰყავდა. თეთრკანიანი იყო,
მაგრამ ბობი ბლუ ბლანდის ხმა ჰქონდა.
„Gaslight“-ში ლენ ჩენდლერიც უკრავდა. ლენი სერიოზული
მუსიკოსი იყო, ოჰაიოში ორკესტრში უკრავდა ჰობოიზე.
შეეძლო წაეკითხა, დაეწერა და არანჟირება გაეკეთებინა
კლასიკური მუსიკისთვის. ვითომ-ფოლკს მღეროდა,
ენერგიული ტიპი იყო და ქარიზმას რომ ეძახიან, ის ჰქონდა
ნამდვილად. ხანდახან პოლ კლეიტონიც უკრავდა ხოლმე
ჩვენთან. ასობით სიმღერა იცოდა, როგორც ეტყობა,
ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჰქონდა. კლეიტონი უნიკალური
იყო – ელეგიური, კეთილშობილი – რაღაცით იანკი
ჯენტლმენსაც ჰგავდა და სამხრეთელ დაუდევარ დენდისაც.
სულ შავები ეცვა და შექსპირის ციტატები მოჰყავდა ხოლმე.
კლეიტონი სულ აქეთ-იქით დადიოდა, ვირჯინიიდან ნიუ-
იორკში და იქიდან უკან, ნიუ-იორკში ბრუნდებოდა.

176
ვმეგობრობდით. გარეუბანში ჰყავდა კომპანიონები, ისინიც
გამაცნო და ხშირად, როცა ღამის გასათევი არ მქონდა,
მეუბნებოდნენ ხოლმე – არა უშავს, შეგიძლია ჩვენს ბინაში
დარჩეო.
კლეიტონი ვენ რონკის ახლო მეგობარი გახლდათ. დეივ ვენ
რონკი იყო ერთადერთი პერფორმერი, რომლის
თავისებურებების სწავლა სიგიჟემდე მინდოდა. დისკებზე
რომ უსმენდი, ისეც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ პერფორმანსის
დროს კიდევ უკეთესი. ბრუკლინიდან იყო, მეზღვარის
მოწმობა ჰქონდა, განიერ, ლომ-ვეშაპის ულვაშს ატარებდა და
გრძელი, სწორი თმა ნახევარ სახეს უფარავდა. შეეძლო
ნებისმიერი სიმღერა სიურეალურ მელოდრამად ექცია. დეივს
სურდა ყველაფერს ბოლომდე ჩაწვდომოდა. საწამლავის
ულევი მარაგი ჰქონდა და მინდოდა ცოტა ჩემთვისაც მოეცა...
ეტყობა, იმის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ვენ რონკი
ომგამოვლილ მოხუცს ჰგავდა. ყოველ საღამოს ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს ჩემ წინ ანტიკური ძეგლი აღიმართებოდა.
დეივი მღეროდა ფოლკს, ჯაზს, დიქსილენდს და ბლუზის
ბალადებს, ოღონდ არა რაიმე განსაკუთრებული
თანმიმდევრობით. რეპერტუარს არასოდეს არ ცვეთდა. მისი
სიმღერები იყო დელიკატური, ექსპანსიური, პირადული,
ისტორიული, არაამქვეყნიური. შეგიძლიათ, თქვენ
გააგრძელოთ. ყველაფერს ერთად ქუდში ჩააწყობდა და –
პრესტო – იქიდან სულ ახალი რაღაც ამოჰქონდა. ჩემზე დიდი
გავლენა მოახდინა დეივმა. მოგვიანებით, როცა ჩემს პირველ
ალბომს ჩავწერ, სიმღერების ნახევარზე მეტს ვენ რონკის
გავლენა შეეტყობა. ეს თავისთავად მოხდა, მე სულაც არ
მინდოდა. ეტყობა, ქვეცნობიერად დეივს უფრო ვენდობოდი,
ვიდრე საკუთარ თავს.
ვენ რონკს დაჟანგული შრაპნელის ხმა ჰქონდა და ეშმაკურად
შეეძლო ხმის თავისი სურვილისამებრ გამოყენება – იყო
დელიკატური, ნაზი, უხეში, ფეთქებადი, ხანდახან ყველაფერს
ერთ სიმღერაში ატევდა. ამას გარდა, ექსპერტივით უკრავდა
გიტარაზე და ცინიკოსიც იყო. მე კიდევ სხვა გრძნობები მქონდა
მის მიმართ, ვენ რონკი იყო კაცი, ვინც მე იმ სამრევლოში
მიმიყვანა და დიდი სიხარულს მანიჭებდა ყოველ საღამოს
მასთან ერთად „Gaslight“-ში დამეკრა. ის ნამდვილი სცენა იყო,
ნამდვილი მოქმედების ადგილი და ჩვენ ნამდვილი
მაყურებელი გვყავდა. ვენ რონკი სხვა რამეშიც მეხმარებოდა

177
ხოლმე. როცა ღამის გასათევი არ მქონდა, შემეძლო მასთან
დავჩენილიყავი და კიდევ, გრინვიჩ ვილიჯის სხვა კლუბებშიც
დავყავდი და იქურობას მაცნობდა. ვენ რონკს, როგორც
პერფორმერს, კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ჰქონდა,
რაც ძალიან დამაინტრიგებელი იყო ჩემთვის. მისი ერთი
დაპატენტებული თეატრალური ეფექტი ის იყო, რომ ხალხში
ვიღაცას მიაშტერდებოდა ხოლმე, თვალს არ აშორებდა,
გეგონება მხოლოდ მისთვის მღეროდა, თითქოს მხოლოდ მას
ანდობდა ჩურჩულით საიდუმლოს. კიდევ, არასოდეს არც ერთ
ფრაზას ერთნაირად არ გამოთქვამდა. ხანდახან უსმენდი მის
ნამღერ იმავე სიმღერას, რომელიც წინა გამოსვლაზე შეასრულა
და გიჟდებოდი, იმიტომ, რომ სულ სხვანაირად მღეროდა. ისე
მღეროდა, იფიქრებდი, ეს ადრე არასოდეს მომისმენიაო.
შეეძლო, როცა კი მოისურვებდა, მაყურებელი დაეჰიპნოზებინა,
ან გაეოგნებინა, ან ეიძულებინა ეკივლა და ეწივლა. აღნაგობით
ხის მჭრელს ჰგავდა, ბევრს სვამდა, ცოტას ლაპარაკობდა და
თავისი ტერიტორია მონიშნული ჰქონდა. არ ილტვოდა
პოპულარობა მოეხვეჭა. დიდების მწვერვალზე ვერ
წარმოედგინა საკუთარი თავი. არც ის უნდოდა, ძალიან
დახარჯულიყო. დიდი იყო, ცამდე მაღალი და მე ქვემოდან
შევცქეროდი. გოლიათების ქვეყნიდან იყო მოსული.
***
ვენ რონკის ცოლი, ტერი, ნამდვილად არ გახლდათ
ხელწამოსაკრავი პიროვნება. დეივის გამოსვლებსა და
მიწვევებზე ზრუნავდა, განსაკუთრებით, თუ სხვა ქალაქებში
იმართებოდა გასტროლები და მოინდომა, მეც დამხმარებოდა.
ისივ დეივივით გულახდილი და თავდაჯერებული იყო,
განსაკუთრებით როცა საქმე პოლიტიკაზე მიდგებოდა –
პოლიტიკურ საკითხებზე იმდენად არ მსჯელობდნენ, არამედ
უფრო პრეტენზიულ, თეოლოგიურ იდეებს გამოთქვამდნენ
პოლიტიკური სისტემის ფონზე. ნიცშესეული პოლიტიკა.
ინტელექტუალურად ძნელი იყო მათთვის ფეხის აწყობა. რომც
გეცადა, უცხო ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდი. ორივე ანტი-
იმპერიალიტები და ანტი-მატერიალისტები იყვნენ. ერთხელ,
ერთად მივდიოდით მე-8 ქუჩაზე და ვიტრინას ჩავუარეთ – რა
უცნაური რამეა ეს ელექტრო კონსერვის დანა – თქვა ტერიმ, –
სულელი უნდა იყო, ეს რომ იყიდო.
ტერი ახერხებდა, დეივი ბოსტონსა და ფილადელფიაში

178
წასულიყო გასტროლებზე... სენტ-ლუისშიც კი ყოფილა, იქ
ფოლკ კლუბში გამოვიდა, რომელსაც „Laughing Budda“ ერქვა. მე
ვერც ვიოცნებებდი ასეთ გამოსვლებზე. ერთი დისკი მაინც
უნდა გქონოდა გამოშვებული, ასეთ კლუბში რომ მიეწვიეთ.
მაინცდამაინც არც მინდოდა ქალაქიდან გასვლა. რომ
მდომებოდა, მაშინ ნიუ-იორკში ხომ არ ჩავიდოდი. ბედმა
გამიღიმა – „Gaslight“-ში რეგულარული სამსახური მქონდა და
სულელივით აქეთ-იქით ბოდიალს არ ვაპირებდი.
თავისუფლად სუნთქვა შემეძლო. თავისუფალი ვიყავი. თავს
შებოჭილად არ ვგრძნობდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა,
სულ მზადყოფნაში ვიყავი რამე მესწავლა, რისი სწავლაც კი
შეიძლებოდა. ტერიმ ბოლოს მოახერხა რადიოში გამოვეყვანე,
გადაცემა რივერსაიდის ეკლესიიდან იყო. ისევ რაღაც დიდი
ცვლილების მოლოდინი გამეღვიძა, რაღაც ახალი და უცნაური
ცვლილების.
***
სცენის უკან სუნთქვა არ შეიძლებოდა. პერფორმერები
მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ხანაც ერთ ადგილზე
ყურყუტებდნენ. ნამდვილი შოუ სცენის უკან იმართებოდა.
ერთ შავთმიან გოგოს გამოველაპარაკე, კარლა როტოლოს,
ერთი-ორჯერ ადრეც შემხვედროდა. კარლა ალან ლომაქსის
ასისტენტი იყო. თავისი და გამაცნო, სიუზი, რომლიც დავინახე
თუ არა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ამისთანა ეროტიული
ცხოვრებაში არაფერი მენახა. ფითქინა კანი ჰქონდა,
ოქროსფერი თმა, წმინდა სისხლის იტალიელი გახლდათ.
ვუყურებდი და ჰაერში ბანანის ფოთლები ცვიოდა. საუბარი
რომ დავიწყეთ, მე ეგრევე თავბრუსხვევა დამეწყო. ეროსის
ისარმა ერთხელ ადრეც ჩამიწუილა ყურთან, მაგრამ ამჯერად
გულში მომარტყა. სიუზი ჩვიდმეტი წლის იყო, აღმოსავლეთ
სანაპიროდან. კვინსში იზრდებოდა, მემერცხენეების ოჯახში.
მამამისი ქარხანაში მუშაობდა და ცოტა ხნით ადრე
გარდაცვლილიყო. სიუზის ნიუ-იორკის ხელოვნების სცენაზე
ფეხი მოკიდებული ჰქონდა, სხვადასხვა პუბლიკაციებისთვის
ხატავდა, გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდა, კიდევ
მოქალაქეთა უფლებების კომიტეტშიც მუშაობდა, მოკლედ,
ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. მასთან შეხვედრა იგივე იყო,
ათას ერთი ღამის ზღაპარში შესულიყავი. ისეთი ღიმილი
ჰქონდა, უამრავ ერთად შეყრილ ადამიანს განწყობას
გაუხალისებდა, ძალიან საყვარელი იყო, ვნებიანი – ნამდვილი

179
გაცოცხლებული როდენის ქანდაკება. ზუსტად ჩემი ტიპი იყო.
მომდევნო კვირა თუ კიდევ მეტი, სულ მასზე ვფიქრობდი –
გონებიდან ვერ ვიშორებდი. ცხოვრებაში პირველად ვიყავი
შეყვარებული. მის ემოციებს ვგრძნობდი ოცდაათი მილის
დაშორებით – მინდოდა, მისი სხეული ჩემ გვერდით
ყოფილიყო. ახლა. ზუსტად ამ წამს.
ფილმის ნახვას ყოველთვის მაგიური განცდები ახლდა, თაიმს
სკვერის კინოთეატრები კი საუკეთესო ადგილების იყო ამ
განცდებისთვის. გულის გადასაყოლებლად კინოში წავედი,
მაგრამ დაძაბული სიუჟეტის მიუხედავად, ფილმმაც ვერ
ჩამითრია.
ჩემდა ბედად, ისევ შეთხვევით შევხვდი კარლას და საუბარში
მისი დაც მოვიკითხე. კარლამ მკითხა, მისი ნახვა ხომ არ
გინდაო. – შენ არც კი იცი, როგორ მინდა, – ვუთხარი, მან კი
მიპასუხა, ისე, რომ იცოდე, იმასაც უნდაო. მოკლედ, შევხვდით
და მალე, უკვე უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით. მუსიკის
გარდა, ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი მასთან ყოფნა გახდა.
შეიძლება, სულიერადაც მახლობლები ვიყავით.
დედამისი, მერი, მთარგმნელად მუშაობდა, რომელიღაც
სამედიცინო ჟურნალთან თანამშრომლობდა. შერიდან სკვერში
ცხოვრობდა, ბოლო სართულზე ჰქონდა ბინა. მე ისე მექცეოდა,
თითქოს ტრიპერი მჭირდა. რომ მიგეშვა, კოპებს დამაყენებდა.
მერი პატარა ტანის, ბუზღუნა ქალი იყო – ცვალებადი ხასიათი
ჰქონდა, ტყუპი ნახშირივით შავი თვალით ისე შეგხედავდა,
შეეძლო გაეხვრიტე. მის გვერდით, სულ ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს რამე დავაშავე. ფიქრობდა, რომ უაზროდ
ვატარებდი ცხოვრებას და ვერასოდეს შევძლებდი სხვის
რჩენას, ან მგონი, კიდევ უფრო ღრმად ჰქონდა შეტოპილი. მე
კი ვფიქრობდი, რომ მისთვის ცუდ პერიოდში გამოვჩნდი.
– რა ღირდა ეგ შენი გიტარა? – მკითხა ერთხელ.
– ძვირი არ ღირდა.
– ვიცი, რომ ძვირი არ ეღირებოდა, მაგრამ მაინც რა ღირდა?
– თითქმის არაფერი.
შემათვალიერა, პირში სიგარეტი ედო. სულ ცდილობდა,
კამათში გამოვეწვიე. ჩემი იქ ყოფნა აშკარად აღიზიანებდა,

180
მაგრამ მე მისთვის არავითარი პრობლემა არ შემიქმნია. მე რა
შუაში ვიყავი, ქმარი რომ დაკარგა, ან კიდევ სხვა რამე თუ
შეემთხვა. ერთხელ ვუთხარი, ვფიქრობ, სამართლიანად არ
მექცევით-მეთქი. სახეში შემომხედა და თქვა – ძალიან გთხოვ,
ჩემი თანდასწრებით ნუღარ იფიქრებ ხოლმეო. სიუზი
მარწმუნებდა, არ უნდოდა შენი წყენინებაო, მე კი მგონია, რომ
უნდოდა. რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა, მე და სიუზი რომ
დავეცილებინეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს.
***
ასეთი დამთრგუნველი სცენები პრობლემატური ხდებოდა,
ნიშანს მაძლევდა, რომ უკვე საჭირო იყო ჩემი საკუთარი კუთხე
მქონოდა, ჩემი საკუთარი საწოლი მქონოდა, ქურა და მაგიდა.
ალბათ, ადრეც უნდა მომსვლოდა ეს თავში, მაგრამ სხვებთან
ცხოვრება მომწონდა. იოლად გამქონდა თავი – იქ, სადაც
თავისუფლად შემეძლო მისვლა და დარჩენა, ხანდახან
გასაღებსაც მაძლევდნენ ხოლმე, სადაც ბევრი წიგნები და
დისკები ჰქონდათ. როცა სხვა საქმე არ მქონდა, ვიჯექი,
წიგნებს ვფურცლავდი და ჩანაწერებს ვუსმენდი.
საცხოვრებელი რომ არ მქონდა, ეს ნელ-ნელა ჩემს მეტისმეტად
მგრძნობიარე ბუნებაზე მოქმედებდა. ასე რომ, სანამ წელი
შესრულდებოდა რაც ნიუ-იორკში ჩავედი, თვეში სამოც
დოლარად 161 ვესტ მე-4 ქუჩაზე ვიქირავე ბინა. დიდი არაფერი
ბინა იყო, მხოლოდ ორი ოთახი მქონდა. „ბრუნოს“ სპაგეტის
რესტორნის თავზე ვცხოვრობდი. ავეჯი ჩემი ხელით ავაწყვე.
ნათხოვარი ხელსაწყოებითა და ფიცრებით, ერთი-ორი მაგიდა,
კარადა და საწოლი. ხის ნაწილები და რაც მჭირდებოდა
ყველაფერი, ქვემოთ, ავეჯის მაღაზიაში ვიყიდე. ის კი არა,
სკოლაში ნასწავლი ძველი ტაქნიკა გავიხსენე და მინით,
ვერცხლისწყლითა და ფოლგით ორი სარკეც გავაკეთე.
მუსიკის სმენის გარდა, ასეთი რამეების კეთებაც მიყვარდა.
ვიყიდე ნახმარი ტელევიზორი და ერთ-ერთ კარადაზე დავდგი,
მერე, მატრასიც ვიყიდე და ნოხიც. „ვულვორთის“ ფირფიტების
დასაკრავი შევიძინე და მაგიდაზე მოვათავსე. პირველად
ვიგრძენი, რომ ჩემი კუთხე მქონდა.
მე და სიუზი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდით
ერთად და ჩემი ჰორიზონტიც სულ უფრო და უფრო
ფართოვდებოდა. დავყვებოდი სიუზის ისეთ ადგილებში,

181
სადაც მსახიობები და მხატვრები იკრიბებოდნენ, როგორიც იყო
მაგალითად კაფე „Cino“, „Camino Gallery“, „Aegis Gallery“.
ეს ხელოვნების ახალი სამყარო გონებას მინათებდა. ხანდახან,
დილით ადრე ვდგებოდით და მუზეუმებში მივდიოდით,
უზარმაზარი ტილოების სანახავად, ველასკესის, გოიას,
დელაკრუას, რუბენსის, ელ გრეკოს. მეოცე საუკუნის
მხატვრებსაც ვეცნობოდი – პიკასოს, ბრაკს, კანდინსკის, ჟორჟ
რუოს, ბონარდს – სიუზის საყვარელი მხატვარი თანამედროვე
მოდერნისტ მხატვრებში რედ გრუმსი იყო. გრუმსი მეც ძალიან
მომწონდა. მომწონდა როგორ ახერხებდა, რომ ყველაფერს
მყიფე ნაწილებად დაეფშვნა, მაგრამ უკან რომ გადადგამდი
ნაბიჯს, უკვე კომპლექსურად ხედავდი. მისი ნახატები
მრავლისმეტყველი იყო. რედი ექსტრავაგანტულად ხატავდა,
იფიქრებდი, LSD-ს ხმარობსო. მომწონდა, რითიც არ უნდა
ყოფილიყო შესრულებული ნახატი – ფანქრით, აკვარელში,
გუაშში, მისი ქანდაკებები, მულტიმედია. თამამად ხატავდა,
ყველა დეტალი თვალშისაცემად იკვეთებოდა. რედის
ნამუშევრები და ის ფოლკის სიმღერები, რომელთაც მე
ვმღეროდი, რაღაცით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.
რედი ვიზუალურად გიქმნიდა იმ ლირიკულ განწყობას, რაც
ფოლკის სიმღერებში იგრძნობოდა. ხელოვნების სამყაროს
დეივ მეიკონი იყო. რედს შეეძლო ყველაფერი გააერთიანებინა
და მერე, ეიძულებინა ეყვირა – ყველაფერი, რაც ერთმანეთის
გვერდით იყო, თანასწორი ხდებოდა – ძველი ჩოგბურთის
ფეხსაცმელი, სავაჭრო აპარატი, ალიგატორი, რომელიც
საკანალიზაციო მილში მიძვრება, პისტოლეტი დუელისთვის,
სტეიტენ აილენდის გემი და სამების ეკლესია, 42-ე ქუჩა,
ცათამბჯენები. ხარები, როდეოს დედოფლები, მიკი მაუსის
თავები, ციხე-კოშკები და მისის ო’ლერის ძროხა, (რომელიც
1871 წელს ჩიკაგოში მომხდარი ხანძრის მიზეზი გახდა),
სამკაულებით მორთული შიშველი მოდელები, სახეები
მელანქოლიური გამომეტყველებით – მხიარული იყო, ოღონდ
არა კომიკური.
დაახლოებით იმ პეროდში მეც დავიწყე ხატვა, ალბათ უფრო
სიუზისგან გადამედო ეს ჩვევა, ის ხომ სულ ხატავდა. რა
შეიძლებოდა მე დამეხატა? რა თქმა უნდა, ვხატავდი იმას,
რასაც ჩემ გარშემო ვხედავდი. დავჯდებოდი მაგიდასთან,
ავიღებდი ფურცელს და ფანქარს და ვხატავდი საბეჭდ
მანქანას, ჯვარცმას, ვარდს, ფანქრებს, დანებს და სიგარეტის

182
ცარიელ კოლოფებს. დროის შეგრძნებას სრულებით
ვკარგავდი, ერთი საათი ან მეტი ისე გავიდოდა, მეგონა
რამდენიმე წუთი იყო, რაც ხატვა დავიწყე. დიდ მხატვრად კი
არ წარმომედგინა ჩემი თავი, უბრალოდ ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს გარშემო არსებულ ქაოსს ცოტა
მოწესრიგებულ სახეს ვაძლევდი. რედიც ამას აკეთებდა,
ოღონდ ბევრად მაღალ დონეზე. შეიძლება უცნაურად ჟღერს,
მაგრამ შევამჩნიე, თითქოს ნანახით მიღებული
შთაბეჭდილებები ნახატში იწმინდებოდა. წლების შემდეგ,
ისევ მივუბრუნდები ხატვას.
***
მალე რაღაც შეხედულებებს შევიცვლიდი. ირგვლივ უფრო და
უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ამბები ხდებოდა. ჩემი
პატარა ქოხი ამ სამყაროში ის-ის იყო დიდებულ ტაძრად უნდა
გადაქცეულიყო, ყოველ შემთხვევაში, სიმღერის წერის
სფეროში ასე მოხდებოდა. სიუზი დე ლისის თეატრში
მუშაობდა მუსიკალურ პროგრამაში. ბერტოლტ ბრეხტის –
ანტიფაშისტი, მარქსისტი, გერმანელი, პოეტი-დრამატურგის
და კურტ ვაილის, რომლის მელოდიებში თითქოს ოპერა და
ჯაზი იყო შერწყმული, დაწერილი სიმღერები უნდა
წარმოედგინათ. სპექტაკლზე მივედი, უფრო სიუზის გავუარე,
მაგრამ სიმღერებმა, რაც იქ მოვისმინე, თავისი უხეში,
დაუხვეწავი სიძლიერით ძალიან ამაღელვა. ეს იყო
ორიგინალური, არარიტმული და მოულოდნელობებით სავსე
სიმღერები – უცნაური ხედვა. მომღერლები წარმოადგენდნენ
ქურდებს, მენაგვეებს ან არამზადებს, ყველანი ყვიროდნენ და
ბღაოდნენ. ყოველი სიმღერა გეგონება უცნობი ტრადიციიდან
მოდიოდა, გეგონება ჯიბეში პისტოლეტი ედო, ან კომბალი
ეჭირა, ან აგურის ნატეხი და ისინი გიახლოვდებოდნენ
ყავარჯნებზე დაყრდნობილები, ან ბორბლებიან სავარძლებში
მსხდრები. რაღაცით ფოლკის სიმღერებს ჰგავდნენ, ოღონდ
ფოლკის სიმღერები უფრო დახვეწილია.
რამდენიმე წუთში ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს
ოცდაათი საათი გასულიყო, რაც არ მიძინია და არც მიჭამია, ისე
გატაცებით ვუსმენდი. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბალადა
„A Ship the Black Freighter“-მა მოახდინა, რომელსაც
სინამდვილეში ერქვა „Pirate Jenny“. ქალს, რომელიც ამ სიმღერას
ასრულებდა, ცოტა მამაკაცური გარეგნობა ჰქონდა,

183
დამლაგებელი ქალივით ეცვა, უმნიშვნელო საქმეებს რომ
ასრულებს – ლოგინებს ასწორებს პორტის უბანში მდებარე
ვირთხებით სავსე სასტუმროში. ამ სიმღერამ თავიდან ჩემი
ყურადღება იმით მიიქცია, რომ ყოველი სტროფის შემდეგ
სატვირთო გემის სახელი მეორდებოდა, რაც ბავშვობაში
გაგონილ ნისლში გემების გამაფრთხილებელ ხმას მახსენებდა,
როგორც ჩანს, ამ ხმის სიძლიერე გონებაში ჩაბეჭდილი მქონდა.
ასეთი რამეები ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
დულუტი, მართალია, უახლოესი ოკეანიდან ორი ათასი მილით
იყო დაშორებული, მაინც საერთაშორისო პორტად მიიჩნეოდა.
შემოდიოდნენ და გადიოდნენ გემები სამხრეთ ამერიკიდან,
აზიიდან, ევროპიდან და გამაფრთხილებელი სიგნალის
ძლიერი ხმა გაფხიზლებდა. ვერც კი ხედავდი გემებს ნისლში,
მაგრამ იცოდი, იქ რომ იყვნენ, როცა დასჭექავდა ბეთჰოვენის
მეხუთე სიმფონიასავით – ორი დაბალი ნოტი, პირველი
გრძელი და ღრმა, როგორც ფაგოტზე დაკრული. დიდი ხნის
წინ, სუსტ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვს, ასთმის შეტევა
როცა მქონდა, ეს ხმა იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველი
მეჩვენებოდა, რომ მთელი სხეულით ვგრძნობდი.
იმ საღამოს, ჩემს საცოდავ ბინაში რომ დავბრუნდი, შევეცადე
ამეხსნა, როგორ შეიძლებოდა სტრუქტურითა და ფორმით
მანიპულირება, რაც სიმღერა „Pirate Jenny“-ს მოქნილობასა და
სიძლიერეს სძენდა. მე ჯერ არაფერი მქონდა გაკეთებული, ჯერ
სიმღერებს არ ვწერდი, მაგრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ამ, ლირიკის და მელოდიის საზღვრებში არსებულმა,
ფიზიკურმა და იდეოლოგიურმა შესაძლებლობებმა.
სიუზის და ჩემი ურთიერთობა არ გამოდგა რაღაც ტყის პირას
გატარებული არდადეგების მსგავსი. ბედმა მიგვანიშნა, რომ
უნდა გავჩერებულიყავით და ყველაფერი დამთავრდა. როგორც
ჩანს, უნდა დამთავრებულიყო. გზიდან სხვადასხვა მხარეს
გადავუხვიეთ. მაგრამ სანამ ცეცხლი ჩაქრებოდა, მე-4 ქუჩაზე
ჩემს ბინაში კარგა ხანი გავატარეთ. ზაფხულობით საშინლად
ცხელოდა, პატარა ბინა ღუმელივით ცხელდებოდა და სუნთქვა
აღარ შეიძლებოდა. ჰაერი ისე მძიმდებოდა, რომ შეიძლებოდა
დაგეღეჭა და გადაგეყლაპა. ზამთარში გათბობა არ გვქონდა.
სიცივე ძვალ-რბილში ატანდა და საბანში გახვეულები
ერთმანეთს ვეკვროდით.
„ქოლამბია რექორდში“ ჩაწერა რომ დავიწყე, მაშინ სიუზი ჩემ

184
გვერდით იყო. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა,
თორემ ასეთ დიდ კომპანიაში ჩაწერაზე არც არასოდეს
მიფიქრია. მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი, ვინც
დაიჯერებდა, რომ გეთქვათ, „ქოლამბია რექოდთან“ დაიჭერ
საქმესო. იქ რომ მოვხვდი, ეს უკვე ჯონ ჰამონდის
დამსახურება იყო. ჯონმა პირველად მნახა და მომისმინა
კეროლაინ ჰესტერის სახლში. კეროლაინი ტეხასელი
მომღერალი და გიტარაზე დამკვრელი იყო, მასთან ერთად
სხვადასხვა ადგილებში გამოვდიოდი ხოლმე. ძალიან
წარმატებული მომღერალი იყო და ეს არც მიკვირდა. საკმაოდ
მომხიბვლელი და უპრეტენზიო ჩანდა. რიჩარდ ფარინას ცოლი
გახლდათ, მწერლისა და თავგადასვლების მაძიებლის.
ამბობდნენ, რიჩარდი კასტროს გულშემატკივრობდა და ირა-ს
რიგებშიც იბრძოდაო. ვინც არ უნდა ყოფილიყო, უბედნიერესი
კაცი იყო, კეროლაინი რომ ჰყავდა ცოლად. კეროლაინის სახლში
შევხვედრივარ. ჩემს გარდა, კიდევ ბრუს ლენგორნი და
ბასისტი ბილ ლი, რომლის ოთხი წლის ვაჟი მოგვიანებით
კინორეჟისორი სპაილ ლი გახდება, იყვნენ. მე კი, ცოტა ხნის
შემდეგ, ბრუსთან და ლისთან ერთად ჩავწერ დისკს. მათ
ოდეტასთანაც დაუკრავთ, ყველაფერს უკრავდნენ,
დაწყებული მელოდიური ჯაზით, ბლუზით დამთავრებული.
კეროლაინმა მთხოვა, მის სადებიუტო ალბომში ჰარმონიკაზე
დამეკრა და რაღაც-რაღაცები მესწავლებინა. სიამოვნებით
დავთანხმდი. ჰამონდმა მოინდომა ჩვენთან შეხვედრა, რომ
მოესმინა, რა სიმღერების ჩაწერას აპირებდა კეროლაინი. ეს იყო
ჩვენი შეხვედრის მიზეზი. ჰამონდმა მოისმინა როგორ
ვუკრავდი ჰარმონიკაზე და გიტარაზე, ჩემი სიმღერაც კი
მოისმინა, მაგრამ მე არ დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს
შემამჩნია. სანამ წამოვიდოდი, მკითხა, ადრე რამე ხომ არ
ჩაგიწერიაო. მე თავი გავაქნიე. ეს იყო და ეს.
ამ და მომდევნო შეხედრას შორის გეგონება უზარმაზარმა
ტალღამ გადაიარაო, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ასე
მოხდა. ამერიკის ყველაზე გამოჩენილ ფოლკ კლუბში
ვუკრავდი, „Gerde’s Folk Club“ ერქვა, ბლუგრასის ჯგუფ
„გრინბრაიერ ბოიზ“ -თან ერთად ვიყავი პროგრამაში. „ნიუ-
იორკ თაიმსის“ ფოლკისა და ჯაზის განყოფილებაში
აღფრთოვანებული რეცენზია დაიბეჭდა ჩვენს კონცერტზე და
„გრინბრაიერ ბოიზზე“ თითქმის არაფერი თქმულა. ეს სტატია
კეროლაინის ჩაწერის სესიის წინა დღეს დაიბეჭდა და ჰამონდი

185
დილით გაზეთს წაიკითხავდა. სესია კარგად წარიმართა და
როცა უკვე ყველა თავის ნივთებს ალაგებდა და წასასვლელად
ემზადებოდა, ჰამონდმა მთხოვა, სასინჯ კაბინაში
შევსულიყავი, მინდა „ქოლამბია რექორდში“ ჩაგწეროო. მე
ვუთხარი, კი, სიამოვნებით-მეთქი. გული კი ამ დროს
ამოვარდნაზე მქონდა, რომელიღაც გალაკტიკათა შორისი
ვარსკვლავისკენ უნდოდა გაფრენა. გარეგნულად არაფერი
შემტყობია. ვერ ვიჯერებდი. იმდენად კარგი იყო, რომ
სიმართლე არც მეგონა.
ჩემი ცხოვრება ახლა სხვა გზით უნდა წასულიყო. გეგონება,
მინეაპოლისში „Spirituals to Swing“-ის ალბომს და ვუდი გატრის
სიმღერებს რომ ვუსმენდი, მას შემდეგ ძალიან დიდი დრო
გასულიყო. ახლა დაუჯერებელი იყო, რომ იმ კაცის ოფისში
ვიჯექი, ვინც „Spirituals to Swing“-ზე იყო პასუხისმგებელი და
„ქოლამბია რექორდში“ კონტრაქტს მაფორმებინებდა.
ჰამონდი, ყველანაირი გაგებით, მუსიკის კაცი იყო. ჩქარი, ცოტა
გაღიზიანებული ლაპარაკი სჩვეოდა, მოკლე, შეკვეცილი
ფრაზებით. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, იცოდა ყველაფერი
იმ მუსიკაზე, რომელიც უყვარდა და იმ ხელოვანებზე,
რომელთაც იწერდა. ამბობდა იმას, რასაც გულისხმობდა და
გულისხმობდა იმას, რასაც ამბობდა. სისულელეებზე დროს არ
ხარჯავდა. ფულმა დიდად ვერ მოხიბლა. ნამდვილი ამერიკელი
არისტოკრატი იყო. მუსიკალური მიმდინარეობების
ცვლილებებს მნიშვნელობას არ ანიჭებდა. შეეძლო, როგორც
გაუხარდებოდა, ისე მოპყრობოდა იმას, რაც უყვარდა და
მთელი ცხოვრება ამას დაუთმო. ის ეხმარებოდა და შანსს
აძლევდა ხელმოცარულებს. ახლა კი მე შევყავდი „ქოლამბია
რექორდში“ – ლაბირინთის ცენტრში. მისტერ ჰამონდის ოფისი
მოვათვალიერე და ჩემი მეგობრის, ჯონ ჰამონდ უმცროსი
ჯონის, იგივე ჯიპის, როგორც ჩვენ ვიცნობდით, ფოტო არ
დავინახე! ჯიპი ბლუზს უკრავდა და მღეროდა. მოგვიანებით,
ის აღიარებული ხელოვანი გახდება. მე როცა გავიცანი, კოლეჯი
ახალი დამთავრებული ჰქონდა, მეგონა, ისე, გასართობად
უკრავს-მეთქი. ხანდახან მის სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე
და დისკებს ვუსმენდით, საოცარი კოლექცია ჰქონდა...
უმეტესად ბლუზები და როკ-ენ-როლი. არასოდეს მიფიქრია,
რომ შეიძლებოდა ლეგენდარული ჯონ ჰამონდის შვილი
ყოფილიყო, არასოდეს არ უთქვამს, ვინ იყო მამამისი.

186
ჯონ ჰამონდმა წინ კონტრაქტი დამიდო – სტანდარტული
კონტრაქტი იყო, ნებისმიერ ახალ ხელოვანს რომ აძლევენ,
ისეთი. მკითხა – იცი, ეს რა არის? დავხედე პირველ გვერდს,
რომელზედაც ეწერა „ქოლამბია რექორდს“ და მეც ვკითხე –
სად უნდა მოვაწერო ხელი? – ჰამონდმა მიმანიშნა სად და
დინჯად დავწერე ჩემი სახელი და გვარი. ჰამონდს
ვენდობოდი. მგონი, მას ყველა ენდობოდა. ამქვეყნად
ათასობით მეფეა და ერთ-ერთი მათგანი ჰამონდი იყო. იმ
დღეს, სანამ დავემშვიდობებოდი, რამდენიმე დისკი მომცა,
რომლებიც ჯერ არ იშოვებოდა. მგონი, დაგაინტერესებსო. ერთ-
ერთი იყო „დელმორ ბრაზერს“-ის დისკი, უეინ რეინისთან
ერთად და კიდევ მომღერალ რობერტ ჯონსონის „King of the
Delta Blues“. უეინ რეინის სიმღერები რადიოში მომესმინა და
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალი და ჰარმონიკაზე
დამკვრელი იყო, „დელმორ ბრაზერსიც“ მომწონდა. მაგრამ
რობერტ ჯონსონისთვის არასოდეს მომისმენია, მისი სახელი
გაგონილიც კი არ მქონდა. ჰამონდმა მითხრა, უნდა
მოუსმინოო. თურმე მისი ნიუ-იორკში ჩამოყვანა უნდოდა,
ცნობილ „Spiritulas to Swing“-ის კონცერტზე რომ გამოსულიყო,
მაგრამ მაშინ გაიგო, რომ ჯონსონი გარდაიცვალა. უცნაურ
ვითარებში მომკვდარა მისისიპიზე.
ჯონმა ჩემთვის ჩაწერის დღე შეარჩია კალენდარზე, მითხრა
რომელ სტუდიაში უნდა მივსულიყავი და წამოვედი,
ფრანივით ცაში დავფრინავდი. მეტროთი ქალაქის ცენტრში
გავეშურე, პირდაპირ ვენ რონკთან მივდიოდი. ტერიმ გამიღო
კარი და შემიპატიჟა, თვითონ სამზარეულოში
დიასახლისობდა. ვუთხარი, დეივს მინდა ერთი დისკი
მოვასმენინო-მეთქი. დეივი „დეილი ნიუსს“ კითხულობდა.
ცნობებში ეწერა, რომ ამერიკის მთავრობა ნევადაში ატომურ
ბომბს ცდიდა, რუსებიც ასევე ცდიდნენ ატომურ იარაღს მთელ
თავიანთ ტერიტორიაზე. ჯეიმზ მერედიტი, შავკანიანი
სტუდენტი მისისიპიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის
საკლასო ოთახში არ შეუშვეს. გაზეთში ცუდი ამბები ეწერა.
ვკითხე, რობერტ ჯონსონი ხომ არ მოგისმენია-მეთქი. არაო,
მითხრა და დადო დასაკრავზე. პირველივე ნოტის გაგონებაზე,
თმა ყალყზე დამიდგა. გიტარის მჭახე ხმას შეეძლო ფანჯრის
მინა ჩაემსხვრია. როცა ჯონსონმა სიმღერა დაიწყო, იფიქრებდი,
ზევსის თავიდან მოგვევლინა, აბჯარასხმულიო.
მისი და გიტარის ხმა ოთახს აზანზარებდა და მეც მეგონა, ამ

187
ხმასთან ვიყავი შერწყმული. მეგონა, ყველას ასეთივე გრძნობა
ექნებოდა, მაგრამ დეივს არ ჰქონდა. სულ ერთსა და იმავეს
მიმეორებდა, ერთი სიმღერა მეორიდან მოდის და მისი ასლიაო.
მისი აზრით, ჯონსონი ორიგინალური არ იყო. ვხვდებოდი,
რისი თქმაც უნდოდა, ოღონდ მე საპირისპიროს ვფიქრობდი.
ვფიქრობდი, რომ ჯონსონი ძალზე ორიგინალური იყო და მის
სიმღერებს ვერავის შევადარებდი. დეივის აზრით, ჯონსონს
არა უშავდა, ძლიერი იყო, ოღონდ ეს ყველაფერი
დერივატიული ჩანდა. დეივთან კამათს აზრი არ ჰქონდა,
ყოველ შემთხვევაში, ინტელექტით ვერ ვაჯობებდი. მე
პრიმიტიული შეხედულებები მქონდა ყველაფერზე, მომწონდა
სოფლური სამართლიანი პოლიტიკა. ჩემი რჩეული
პოლიტიკოსი არიზონელი სენატორი ბარი გოლდვოთერი
გახლდათ, რაღაცით ტომ მიქსს მაგონებდა, მაგრამ ამის ახსნას
ვერაფრით ვერ შევძლებდი. ეს პოლემიკოსების ფსიქოანალიზი
და ყბედობა კომფორტს არ მიქმნიდა. ის კი არა, ახალ ამბებს
რომ ვუსმენდი, ნერვები მეშლებოდა. ძველი ამბები მერჩივნა.
ახალ ამბებში სულ ცუდ სიახლეებს გვამცნობდნენ. კარგი
იქნებოდა, მთელი დღის მანძილზე თუ არ მიაჩერდებოდი
ტელევიზორს. ოცდაოთხსაათიანი ახალი ამბების მოსმენა,
რაღაც ჯოჯოხეთური განცდა უნდა ყოფილიყო.
დეივი თავის გაზეთს შევატოვე, ვუთხარი, მოგვიანებით
გნახავ-მეთქი და დისკი თავის ყდაში ჩავდე. გარეკანი არ იყო
დაბეჭდილი, ხელით ეწერა უბრალოდ, რობეტს ჯონსონის
ალბომი რომ იყო და ასევე სიმღერების ჩამონათვალი. ისეთი
გაოგნებული დავრჩი, ამ დისკმა დეივზე არავითარი
შთაბეჭდილება რომ არ მოახდინა, გეგონება
ტრანკვილიზატორიანი ტყვია მესროლეს. შინ რომ მივედი,
კიდეც დავდე დისკი მოსასმენად, ამჯერად მარტოს მინდოდა
მომესმინა. საერთოდ, არავისთვის არ მინდოდა,
მომესმენინებინა.
ბოლოს და ბოლოს, ჯონსონის დისკი გამოვიდა და ბლუზის
მოყვარულებისთვის აფეთქებასავით მოულოდნელი იყო.
რამდენიმე მკვლევარი დიდად გააოცა და მათ ჯონსონის
წარსულის ძიება დაიწყეს, თუ კიდევ რამის გაგება
შეიძლებოდა და, სხვათა შორის, ზოგიერთმა რაღაცას მიაკვლია
კიდეც. ჯონსონი 30-იან წლებში წერდა თავის სიმღერებს, 1960
წელს დელტაში კიდევ იყვნენ ადამიანები, ვისაც გაგონილი
ჰქონდა ჯონსონზე და იყვნენ ისეთებიც, ვინც პირადად

188
იცნობდა. ყველაზე სწრაფად ის ამბავი გავრცელდა, თითქოს
ჯონსონმა შუაღამისას გზაჯვარედინზე ეშმაკს მიჰყიდა სული
და ამიტომ უკრავდა ასე კარგადო. აბა, რა გითხრათ. ისინი,
ვინც პირადად იცნობდნენ, ამბობდნენ, ძველ ბლუზის
დამკვრელებთან ერთად მისისიპის ახლომახლო სოფლებში
ხშირად ვხედავდითო, ჰარმონიკაზე უკრავდა, მაგრამ როგორც
აბეზარ ახალგაზრდას, თავს არიდებდნენო, მერე წასულა და
ვიღაც აიკ ცინერმანისგან გიტარაზე დაკვრა უსწავლია. აიკი
საიდუმლოებით მოცული პიროვნება იყო, ისტორიის არც ერთ
წიგნში მოხსენიებული არ არის. შეიძლება, იმიტომ, რომ
ჩანაწერი არასოდეს გამოუშვია. როგორც ჩანს, სასწაული
მასწავლებელი იყო. თვითმხილველები ამბობდნენ, აიკმა
ჯონსონს გიტარაზე დაკვრის მარტივი და არსებითი მეთოდები
ასწავლა და მერე უკვე თავისით გაქაჩაო. სულ უსმენდა
სხვების ჩანაწერებს და ასე სწავლობდაო. ეს უფრო სიმართლეს
ჰგავს. ჯონ ჰამონდმა მითხრა, ჯონსონი უოლტ უიტმენს
კითხულობდაო, მაგრამ ამით რა გინდა დაამტკიცო. მისი
გონება ისე თავისუფლად მიდი-მოდის ყველგან, სადაც უნდა
და როცა საჭიროდ მიაჩნია, კონფუცივით საუბრობს. არც
სიმარტოვე, არც უმწეობა, არც ბორკილები – არაფერი მას არ
აფერხებს. როგორც ყველა დიდი ადამიანი, ისიც ერთი ნაბიჯით
წინ გვისწრებს.
ოცდაათზე მეტი წლის მერე ჯონსონს ჩემი თვალით ვნახავ
მისისიპიზე გადაღებულ 8-მილიმეტრიან ფილმში, რომელშიც
ჯონსონი სულ რვა წამი ჩანს. ვიღაც გერმანელს გადაუღია 30-
იან წლებში. ბევრი ეჭვობდა, მართლა ის იყო თუ არა, მაგრამ
შენელებულ კადრებს რომ უყურებ, რწმუნდები, ნამდვილად
ჯონსონია, ან უფრო სწორედ, ის უნდა იყოს, სხვა ვერაფრით
იქნება. დიდ, ობობასავით ხელებს ჯადოქარივით ამოძრავებს
გიტარის სიმებზე. კისერზე ჰარმონიკის დასამაგრებელი
უკეთია. მგზნებარე ტემპერამენტი არ იგრძნობა, ლამის
ბავშვურად გამოიყურება, ანგელოზის გარეგნობა აქვს, როგორც
შეიძლება უცოდველი ადამიანი წარმოიდგინო. თეთრი ბამბის
ჯემპრი აცვია, კომბინიზონი და უჩვეული, მოოქროვილი კეპი
ახურავს. სულ არ ჰგავს კაცს, რომელსაც კუდში ცერბერი
მოსდევს. ისე გამოიყურება, თითქოს ადამიანური
უბედურებები არ ეკარება და შენც ცოტა დაეჭვებული უყურებ
მის გამოსახულებას.
***

189
რამდენიმე წლის მერე დავწერ ისეთ სიმღერებს, როგორიცაა
„It’s Alright Ma (I’m Only Bleeding)“, „Mr. Tambouring Man“,
„Lonesome Death of Hattie Carroll“, „Who Killed Davey Moore“, „Only a
Pawn in Their Game“, „A Hard Rain’s Gonna Fall“ და კიდევ სხვებს,
მათდაგვარს. მე რომ იმ დღეს თეატრში არ წავსულიყავი
სიუზისთან და ბალადა „Pirate Jenny“ არ მომესმინა, შეიძლება ამ
სიმღერების დასაწერად შთაგონება არ მსტუმრებოდა. 1964 და
’65 წლებში ჯონსონის დაახლოებით ხუთი ან ექვსი სიმღერის
ფორმას ვიყენებდი, გაუცნობიერებლად. რობერტ ჯონსონის
ჩანაწერი რომ არ მომესმინა მაშინ, ალბათ ასობით საკუთარ
სტრიქონს არ დავწერდი – ისე ვერ გავთამამდებოდი, ვერ
ვიგრძნობდი თავს საკმარისად თავისუფლად, რომ დამეწერა.
მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც ჯონსონის კომპოზიციებიდან
ბევრი ისწავლა. ჯონი უინტერმა, ტეხასელმა მეტისმეტად
თვალშისაცემმა გიტარისტმა, ჩემზე ცოტა უმცროსმა, ხელახლა
დაწერა ჯონსონის სიმღერა გრამოფონზე და გადააკეთა
სიმღერად ტელევიზორზე. შეიძლება, ჯონსონს მოსწონებოდა.
სხვათა შორის, ჯონიმ ჩემი სიმღერა „Highway 61 Revisited“ -იც
ჩაწერა, რომელიც ჯონსონის გავლენით იყო დაწერილი.
უცნაურია, წრე თავისით როგორ იკვრება ხოლმე. რობერტ
ჯონსონის ენის კოდები ისეთი რამ იყო, რაც არასოდეს გამეგო.
სხვა ყველაფერთან ერთად, სიუზიმ ფრანგი სიმბოლისტი
პოეტის არტურ რემბოს პოეზია გამაცნო. ერთხელ, ასეთი
სიტყვები მომხვდა თვალში „Je est un autre“, რაც ნიშნავს: „მე“
„სხვა“ არის“. ეს რომ წავიკითხე, მოულოდნელად მივხვდი,
რომ გარდამავალი ეტაპი დამდგარიყო, ალაყაფის კარს
მივდგომოდი და მალე, დატვირთული, გამოცოცხლებული და
აფორიაქებული შიგნით შევაბიჯებდი. ოღონდ, არც ისე მალე.
***
ლუ ლივაის თავისი ავტონომია ჰქონდა „ლიდს მიუზიქ
ფაბლიშინგ კომპანიში“, ისევე როგორც ჯონ ჰამონდს ჰქონდა
ავტონომია „ქოლამბია რექორდში“. არც ერთი მათგანი არ
ყოფილა ბიუროკრატი ან ეგოისტი. ორივე შედარებით ძველი
სამყაროდან მოდიოდა, უფრო არქაული წყობიდან,
ენთუზიასტები იყვნენ. იცოდნენ, სად იყო მათი ადგილი და
ყველაფერზე წავიდოდნენ თავისი პოზიციის დასაცავად.
აზრადაც არ მოგივიდოდა მათი დაღალატება. რაზედაც არ
უნდა გეოცნება, ეს ბიჭები აგიხდენდნენ.

190
ლუმ მაგნიტოფონი გამორთო და ლამპა აანთო. სიმღერები,
მისთვის რომ ჩავწერე, სულ არ ჰგავდა იმ ბალადებს, რომელსაც
ჩვეულებრივ უსმენდა. უკვე ღამდებოდა. ქუჩას ფანჯრებიდან
გამომავალი, ქარვისფერი შუქი ეფინებოდა. შენობის ცალ
მხარეს თოვლიანი წვიმა ეცემოდა, როგორც ალმასები შავ
ხავერდზე. გვერდითა ოთახიდან ლუს მდივნის ფეხის ხმა
მომესმა, ფანჯრის დასაკეტად მიდიოდა.
ლუს კომპანია არც ერთ ჩემს საუკეთესო სიმღერას არ
გამოუშვებს. იმიტომ, რომ ამაზე ალ გროსმანმა იზრუნა.
გროსმანი განთქმული მენეჯერი იყო გრინვიჩ ვილიჯში. ადრეც
ვყავდი ნანახი, მაგრამ დიდი ყურადღება ჩემთვის არასოდეს
დაუთმია. მას შემდეგ, რაც „ქოლამბიამ“ ჩემი პირველი დისკი
გამოუშვა, შესამჩნევად შეიცვალა მისი დამოკიდებულება და
შემომთავაზა ჩემი წარმომადგენელი ყოფილიყო. მისაღები
შემოთავაზება იყო, რადგან გროსმანს სტაბილური კლიენტები
ჰყავდა და ყველას ამუშავებდა. როცა საქმეს მოჰკიდა ხელი,
პირველი, რისი გაკეთებაც მთხოვა, ეს იყო „ქოლამბიასთან“
კონტრაქტის გაუქმება. ვიფიქრე, ჩემი მხრიდან, ამის გაკეთება,
არაკაცური იქნებოდა. გროსმანმა გამათვითცნობიერა, რომ
როდესაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაშინ ჯერ ოცდაერთი
წლის არ ვიყავი, ამიტომ კონტრაქტს იურიდიული ძალა არ
ჰქონდა... „ქოლამბია რექორდში“ წადი, უთხარი ჯონ ჰამონდს,
რომ კონტრქტი არაკანონიერია და მერე ვილაპარაკოთ ახალ
კონტრაქტზეო. დავეთანხმე. მივედი ჯონ ჰამონდთან, მაგრამ
არ მქონდა სურვილი გამეკეთებინა ის, რაც გროსმანმა
დამარიგა. რაც არ უნდა შეეძლიათ ჩემთვის, ამას არ
გავაკეთებდი. ჰამონდს ჩემდამი რწმენა გაუჩნდა და მსოფლიო
სცენაზე გამოჩენის პირველი შანსი მომცა. ასე რომ, არავის,
გინდაც გროსმანს, არაფერი ესაქმებოდა ამასთან. გროსმანის
გამო მის წინააღმდეგ არ წავიდოდი, სულ რომ მილიონი წელი
მეცხოვრა. ის კი ვიცოდი, რომ კონტრაქტი გასასწორებელი იყო
და ამაზე დასალაპარაკებლად მივედი. გროსმანი როცა ვახსენე,
გაცოფდა. არ მოსწონდა გროსმანი, მითხრა, ბინძური კაციაო,
და შეწუხდა, როცა გაიგო, ჩემი წარმომადგენელი გამხდარიყო.
მაგრამ ისიც დასძინა, მე მაინც როგორც შემეძლება,
დაგეხმარებიო. რაც შეეხება კონტრაქტს, ახლავე შევასწოროთ,
სანამ პრობლემა შეიქმნებაო. და ასეც მოვიქეცით. ჰამონდმა
ახალგაზრდა კონსულტანტი მოიხმო, ძველ კონტრაქტში
შესწორებები შევიტანეთ და იქვე ახალ კონტრაქტსაც მოვაწერე

191
ხელი, მით უმეტეს, რომ უკვე ოცდაერთი წლის ვიყავი.
მოგვიანებით, როცა გროსმანს მოვუყევი, რაც ჩავიდინე, ისე
გაბრაზდა, კინაღამ გააფრინა. – იცი, რას ლაპარაკობ? – მკითხა.
ნამდვილად, არ ელოდა, ასე თუ მოვიქცეოდი. ის კი მაინც
მოახერხა, რომ „ლიდს მიუზიქთან“ კონტრაქტი გამაუქმებინა.
მაგრამ იმაზე უკვე ისე აღარ მიდარდია, ლუ ლივაიზე ვერ
ვიტყოდი, თითქოს იმან აღმომაჩინა. საერთოდ, ლუსთან
მხოლოდ და მხოლოდ ჰამონდის ხათრით დავიჭირე საქმე.
მაგრამ რადგან პირობა გავტეხე, გროსმანმა 1000 დოლარი
მომცა ლუსთვის გადასაცემად. დამარიგა, უთხარი, რომ
კონტრაქტის გამოსყიდვა გინდაო. ასეც მოვიქეცი და მგონი,
ლუ დიდად კმაყოფილი დარჩა. – ნამდვილად ასეა, შვილო, –
მითხრა. კიდევ იმ თავის მყრალ სიგარას ეწეოდა. – შენს
სიმღერებში არის რაღაც უნიკალური, მაგრამ მე თითსაც ვერ
დავაკარებ. მოკლედ, ლუს 1000 დოლარი გადავუხადე, მან კი
კონტრაქტი დამიბრუნა. ჩემს სიმღერებს არ ეწერათ „ლიდს
მიუზიქ კომპანიში“ გამოევლინათ თავი, ოღონდ იმ წუთას,
მაგნიტოფონზე ძველ სიმღერებს რომ ვუსმენდით, არც ერთმა
ეს არ ვიცოდით.
***
ლუმ ჩემი, გატრიზე დაწერილი, სიმღერა რომ მოისმინა მკითხა,
ოდესმე ბეისბოლის მოთამაშეზეც ხომ არ დაგიწერია სიმღერაო.
ვუთხარი არა-მეთქი, მან კი თქვა, ზოგიერთი მათგანი
ნამდვილად იმსახურებსო. ლუ ბეისბოლის ფანატი იყო, რა არ
იცოდა მოთამაშეებზე. კაბინეტში ერთი ფოტო ეკიდა,
გვერდიგვერდ იდგა ბეისბოლის კომისართან, ფორდ ფრეკთან.
მერე, მკითხა, პოლ ვანერი თუ გაგიგიაო. ბევრი არაფერი
მსმენოდა, მაგრამ თუ ვინმე მინესოტადან იყო, ნათესაური
გრძნობა მიჩნდებოდა ხოლმე. ასეთი ცოტა არ იყვნენ. ჩარლზ
ლინდბერგი, ავიატორი, რომელმაც პირველმა გადაიფრინა
ატლანტის ოკეანეზე ლითლ ფოლიდან, მინასოტას შტატიდან
იყო. ფ. სკოტ ფიცჯერალდი – ფრენსის სკოტ ქეის
შთამომავალი, რომელმაც ამერიკის ჰიმნის ტექსტი დაწერა –
„დიდი გეტსბის“ ავტორი რომ გახლავთ, ისიც მინესოტას
შტატში, სენტ პოლში დაიბადა. ფიცჯერალდს „ჯაზის
საუკუნის წინასწარმეტყველს“ უწოდებდნენ. სინკლერ
ლუისი, პირველი ამერიკელი, რომელიც ლიტერატურაში
ნობელის პრემიით დაჯილდოვეს, მინესოტას ქალაქ სოკ

192
სენტერიდან იყო წარმოშობით. და კიდევ, ძველი როკ-ენ-
როლის ერთ-ერთი გენიოსი ედი კოკრანი ალბერ ლიში,
მინესოტაში დაიბადა. ერის შვილები – თავგადასავლების
მაძიებლები, წინასწარმეტყველები, მწერლები და მუსიკოსები,
ისინი ყველანი ქვეყნის ჩრდილოეთიდან იყვნენ. თითოეულ
მათგანს თავის ხედვა ჰქონდა და მას მიჰყვებოდა, არ
აინტერესებდა, გარშემო რა ხდებოდა. ნებისმიერი მათგანი
გაიგებდა ჩემს, ენით გამოუთქმელ ოცნებას. ისეთი გრძნობა
მქონდა, თითქოს მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ან ყველანი
ერთნი ვიყავით.
ფოლკ მუსიკის სცენა სამოთხე იყო, რომელიც, ადამისა არ იყოს,
უნდა დამეტოვებინა. უბრალოდ, მეტისმეტად სრულყოფილი
ჩანდა ჩემთვის. რამდენიმე წლის მერე, ქაოსი იმძლავრებს.
ყველაფრის დაწვას დაიწყებენ – ლიფების, ჯარში გაწვევის
შეტყობინებების, ამერიკის დროშების, ხიდებისაც. ეროვნული
განწყობა შეიცვლება და ცხოვრება საშინელებათა ფილმ
„ცოცხალი მკვდრების ღამეს“ დაემსგავსება. იქიდან
გამოსავალი არ იყო საიმედო გზა, არ იცოდი სად წაგიყვანდა,
მაგრამ მე მაინც დავადექი ამ გზას. წინ უცნაური სამყარო
მელოდა, ჭექა-ქუხილის მომასწავებელი ღრუბელი, რომელიც
უნდა გახსნილიყო. ბევრს მცდარი წარმოდგენა შეექმნა ამ
სამყაროზე და ვეღარც შეცვალა. მე პირდაპირ შევაბიჯე. ერთი
რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: სამყაროს ღმერთის ხელი
არ მართავს, ოღონდ არც ეშმაკის.

193

You might also like