Professional Documents
Culture Documents
com/groups/ELLIB/
ბობ დილანი რომ გენიალური მუსიკოსი და შესანიშნავი პოეტია, ამაში ეჭვი არავის
ეპარება, მაგრამ „ქრონიკებმა“ კრიტიკოსები გულწრფელად
გააკვირვა – ვიცოდით, დილანს წერა რომ შეეძლო, უბრალოდ ვერ წარმოგვედგინა, თუ
ასე კარგად შეეძლო წერა. და მართლაც, საოცრად
მრავალფეროვან თემებს ეხება – პირადულს, მუსიკალურს, ისტორიულს... ამ მდიდარი,
ხანდახან აბსურდული და ხშირად ალერსიანი ენით
დაწერილი წიგნით, დილანი ბევრად მეტს გვაწვდის, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი გაბედავდა
ეოცნებაო.
პოპულარული ჟურნალი „როლინგ სთოუნზი“ წერდა: „ბობ დილანი თვალწინ გვიშლის იმ
პერიოდს, რომელსაც აღწერს, და შემდეგ ადამიანის სულის
შესაძლებლობებს ამხელს. ადამიანის სულში ჩაწვდომა კი მარტივი არ არის. ჩვენში რომ
ვთქვათ, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული
ამბავია, ოღონდ ჯერ ასე არავის მოუყოლია“.
„თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით
ჩაგიარა“, – წერს „სანდი თაიმსი“.
„ქრონიკებში“ სიცოცხლე ფეთქავს... დილანი თავს ავლენს იდეებით, ფილოსოფიით,
მგზნებარებით, სხვებისადმი გულწრფელი პატივისცემითა და
ცხოვრების აბსოლუტური აბსურდულობის შეგრძნებით... ყოველ გვერდზე და ყველა
აბზაცში არის რაღაც მნიშვნელოვანი, რასაც უყურადღებოდ ვერ
დატოვებ. ზუსტია მისი ისტორიის შეგრძნება, ადგილისა კი – შესანიშნავი... ლამაზად წერს
მუსიკაზე, შთაგონებით, პოეტურად, ჩანს, რომ
ნამდვილი მუსიკოსის ალღო აქვს“, – „დეილი ტელეგრაფი“ უფრო შორს მიდის, „როკ-ენ-
როლის ენით რომ ვთქვათ, ეს წიგნი, შექსპირის დაკარგული
დღიურის აღმოჩენას უტოლდება“.
აღფრთოვანებულ და მრავალფეროვან რეცენზიებს ერთი რამ კი საერთო აქვთ, თითქმის
ყველა აღნიშნავს, რა უცნაურად გულახდილია დილანი ამ
წიგნში. როგორც ჩანს, მეტისმეტად გულჩათხრობილი და ცოტა უხასიათო დილანისგან
არავინ ელოდა, გულს თუ ოდესმე გადაგვიშლიდა.
მეც ერთხელ კიდევ გამაოცა დილანის „ქრონიკებმა“. მანამდე ყველაზე მეტად ის
მიკვირდა, როგორ შეეძლო ბობ დილანს პატარა, ტუჩის
ჰარმონიკით ისეთი ემოცია გამოეწვია, რასაც მთელი ორკესტრი თუ აღგიძრავს. ეს მგონი
თვითონ ყველაზე კარგად იცის, თავმდაბლურად კი ფერენც
ლისტზე წერს: „მომწონდა ფერენც ლისტი – მომწონდა, როგორ შეეძლო ერთ ფორტეპიანოს
მთელი ორკესტრის ეფექტის მოხდენა“.
ამ წიგნში ზოგიერთი ეპიზოდი ჭეშმარიტი მწერლის დაწერილია, მაგალითად, მისი
ურთიერთობა არჩიბალდ მაკლიშთან, ან ის ამბავი, ბავშვობაში
თრუმენის სიტყვის მოსასმენად რომ მიჰყავთ მშობლებს. დიდი ბოდიში ჯეკ კერუაკთან,
მაგრამ ჩემი აზრით, ნიუ ორლეანი „ქრონიკებში“ უფრო
შთამბეჭდავად ჩანს, ვიდრე ბიტნიკების ერთ-ერთი წინამძღოლის გახმაურებულ რომანში
„გზაზე“. რაც მთავარია, ბობ დილანი შესანიშნავად ხატავს იმ მუსიკოსებისა და
პროდიუსერების (ვენ რონკი, ვუდი გატრი, დენიელ ლანუა, ჯეკ ელიოტი) პორტრეტებს, ვინც
პოპულარობას არ ეძებდა
და ამიტომ არც ისე კარგად იცნობს ჩვენი თაობა.
ამ რამდენიმე თვის წინ, ზვიად კვარაცხელიამ ოთარ ჭილაძის საღამო მოაწყო მწერალთა
სახლში. სადა და მეგობრული საღამო,
როგორიც ალბათ ოთარ ჭილაძეს ესიამოვნებოდა. მაშინ ვუთხარი ზვიადს, ამ შენობაში
ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც ბობ დილანის
სანახავად-მეთქი. ალბათ, მაშინ თუ გაუჩნდა იდეა, ამ შესანიშნავი წიგნის თარგმანი ჩემთვის
მოენდო.
„ბობ დილანის ნახვას“ რაც შეეხება – როცა დილანი ამერიკელი მწერლების
დელეგაციასთან ერთად, 1985 წელს თბილისში ჩამოვიდა,
მუზეუმში ვმუშაობდი, გიდად. დიდად არ მომწონდა, როცა ვინმე გამოჩენილი ადამიანი
მოდიოდა მუზეუმში და უამრავი „თანმხლები“ მოჰყვებოდა,
ვცდილობდი, სხვებისთვის გადამელოცა მათთან გასაუბრების შანსი. ერთ მშვენიერ
დღეს, გიდების ოთახში ვიღაცამ თავი
შემოყო და გვითხრა – 12 საათზე ბობ დილანს მოიყვანენო. ოთახში ინგლისურის მცოდნე
გიდებიდან ზურა კაკაბაძე და მე ვიყავით. ვისაც
თბილისში ბობ დილანი უყვარს, ზურა კაკაბაძე აუცილებლად ეცოდინება. ის არათუ
შესანიშნავად უკრავს და მღერის, დისკების ბრწყინვალე
კოლექციაც აქვს და არასოდეს დაეზარება სრულიად უცნობსაც კი რამე გადააწერინოს, ან
საინტერესო ინფორმაცია გაუზიაროს. მიუხედავად იმისა,
რომ მე და ზურა მეგობრები ვიყავით, წამიერი გაოგნების შემდეგ, ალმაცერად გადავხედეთ
ერთმანეთს. სიტყვა არ დაგვიძრავს, მაგრამ ორივემ
კარგად ვიცოდით – დილანთან გასაუბრების შესაძლებლობას ცოცხალი თავით არავის
დავუთმობდით. იყო რაღაც ვესტერნული ამ სცენაში.
საბოლოოდ, დილანი მუზეუმში აღარ მოიყვანეს. სამაგიეროდ, მეორე დღეს მამაჩემმა
შემაპარა „მწერალთა კავშირის“ შენობაში, სადაც დილანი
ვიხილე. იმ შეხვედრაზე დილანი იჯდა, ხმა არ ამოუღია, ყურადღებით კი უსმენდა სხვების
საუბარს. ოთახში ქართველი და ამერიკელი მწერლების
გარდა არავინ იყო. ასე რომ, არ გაუჭირდებოდა მიმხვდარიყო, მე რატომ ვიყავი მისული,
თუ მით უმეტეს, ალბათ იდიოტივით შევცქეროდი.
შავი სათვალე მოიხსნა და როცა წმენდდა, გამომხედა, ჯანდაბას შენი თავი, ნახე რა ლამაზი
და უცნაური ფერის თვალები მაქვსო.
ეს იყო და ეს. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბოლოს კი მისი ყველა
თაყვანისმცემელი შემოუშვეს შენობაში, ავტოგრაფის
გამოსართმევად.
თაკო ჭილაძე
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
ფოლკლორის ცენტრიდან გამოვედი და ისევ ყინვაში შევბრუნდი. საღამოსკენ, ბლიკერ
სთრითზე „Mills Tavern“-თან მივედი, სადაც კალათის
სახლის მომღერლები იკრიბებოდნენ, რაღაცებს მიედ-მოედებოდნენ და ხალხში ერეოდნენ.
ერთი მეგობარი შემხვდა, ხუან მორენო, ფლამენკოს სტილში
უკრავდა გიტარაზე. მითხრა, მე-3 ქუჩაზე ახალი ყავის სახლი გაიხსნა, „Outre“ჰქვიაო, მაგრამ
ცალი ყურით ვუსმენდი. ვხედავდი მისი ტუჩების
მოძრაობას, ოღონდ ისინი თითქოს ხმას არ გამოსცემდნენ. ვიცოდი, რომ არასოდეს
დავუკრავდი „Outre“-ში, მე ეს აღარ მჭირდებოდა. სულ მალე,
„Gaslight“-ში დამიქირავებდნენ და კალათის სახლებს აღარასოდეს ვნახავდი. ქუჩის
თერმომეტრი მინუს ათი გრადუსისკენ მიიპარებოდა. ჩემი
სუნთქვა ჰაერში იყინებოდა, მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ზღაპრულ შუქს მივყვებოდი
და დაიმედებული ვიყავი. ვითომ, თავს ვიტყუებდი? არა
მგონია. არა მგონია, საკმარისი წარმოსახვა მქონოდა, რომ თავგზა ამრეოდა; არც
მაინცდამაინც ტყუილ იმედებს არ ვამყარებდი. მე შორი გზა
მქონდა გამოვლილი, დიდი სიღრმიდან დავიწყე ამოსვლა. მაგრამ ახლა, ისეთი გრძნობა
მქონდა, რომ იღბალმა გადმომხედა, ისეთი გრძნობა მქონდა
– იღბალი სწორედ მე დამცქეროდა და სხვას არავის.
* * *
დავიბადე 1941 წლის გაზაფხულზე. ევროპაში მეორე მსოფლიო ომი უკვე გაჩაღებული
იყო, ამერიკა მალე ჩაერთვებოდა. სამყარო ინგრეოდა და
გამეფებული ქაოსი სამყაროს ახალ სტუმრებს თავის მუშტს ახვედრებდა. ვინც იმ დროს
დაიბადა ან ვინც გადარჩა, იგრძნობდა, რომ ძველი სამყარო
ახლით იცვლებოდა, როგორც მაშინ, როცა ძველი წელთაღრიცხვა დამთავრდა და ახალი
წელთაღრიცხვა დაიწყო. ყველა, ვინც ჩემსავით იმ წელს
დაიბადა, ორივე სამყაროს ნაწილი იყო. ჰიტლერი, ჩერჩილი, მუსოლინი, სტალინი,
რუზველტი – ამხელა ფიგურებს მსოფლიო ვეღარასოდეს იხილავს,
ეს ის კაცები იყვნენ, ვინც მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებს ენდობოდნენ, ხან
უმართლებდათ, ხან არა, ყოველი მათგანი მზად იყო მარტო
ემოქმედა, არ დარდობდნენ დაუფასდებოდათ თუ არა – ინდიფერენტულები გახლდნენ
სიმდიდრისა და სიყვარულის მიმართ, ისინი კაცობრიობის ბედს
განაგებდნენ და ქვა ქვაზე არ დატოვეს. აგრძელებდნენ გრძელ ხაზს ალექსანდრეებისა და
კეისრების, ჩინგის ყაენების, კარლოს დიდებისა და
ნაპოლეონებისა და ამასობაში, თვალსა და ხელს შუა, მსოფლიო ისე დააქუცმაცეს
ნაჭრებად, როგორც სადილად მორთმეული დელიკატესი. რა
მნიშვნელობა აქვს, ისინი თმას შუაზე იყოფდნენ თუ ვიკინგის მუზარადი ეხურათ –
ბარბაროსები დაშლიგინებდნენ დედამიწაზე და უხეშად
აკანონებდნენ თავიანთ გეოგრაფიულ იდეებს.
მამაჩემს პოლიომელიტი ჰქონდა გადატანილი და ამის გამო ომში არ წაიყვანეს.
სამაგიეროდ, ბიძებმა მიიღეს მონაწილეობა ომში და ყველა
ცოცხალი დაბრუნდა. მათ ერქვათ – პოლი, მორისი, ჯეკი, მაქსი, ლუი და ვერნონი. ზოგი
ფილიპინებზე იყო, ზოგი ანციოში, სიცილიაზე, ჩრდილოეთ
აფრიკაში, საფრანგეთსა და ბელგიაში. რომ დაბრუნდნენ, სუვენირები და სამახსოვრო
საჩუქრები ჩამოიტანეს – იაპონური სიგარეტის კოლოფი,
გერმანული პურის დანა, ბრიტანული მომინანქრებული ფინჯანი, გერმანული მტვრისგან
დამცავი სათვალე, ბრიტანული საბრძოლო ხანჯალი, გერმანული
ავტომატური პისტოლეტი – ყველანაირი მონარჩენი. ისე დაუბრუნდნენ სამოქალაქო
ცხოვრებას, თითქოს არაფერი მოხდარიყოს. არასოდეს დაუძრავთ
სიტყვა ან რა მოიმოქმედეს, ან რას შეესწრნენ ომში.
1951 წელს დაწყებით სკოლაში დავდიოდი. ერთ-ერთი, რაშიც სკოლაში გვავარჯიშებდნენ,
საჰაერო თავდასხმის სირენა რომ ჩაირთვებოდა, მერხის
ქვეშ უნდა დავმალულიყავით, იმიტომ, რომ შეიძლება რუსები თავს დაგვსხმოდნენ და
ბომბები ჩამოეყარათ. იმასაც გვეუბნებოდნენ, თითქოს
შესაძლებელი იყო, რუსები თვითმფრინავიდან პარაშუტებით გადმომხტარიყვნენ და ჩვენს
ქალაქში დაშვებულიყვნენ. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ
ბიძაჩემი იმავე რუსებთან ერთად იბრძოდა, მაგრამ ახლა ისინი მონსტრები გამხდარიყვნენ
და მოიწევდნენ, ჩვენთვის ყელი რომ გამოეჭრათ და
გადავებუგეთ. უცნაური მეჩვენებოდა. ასე სულ შიშში ცხოვრება ბავშვის მორალისთვის არ
არის კარგი. ერთია, როცა გეშინია, თუ ვიღაცას შენზე
იარაღი აქვს მომართული და მეორე, თუ ისეთი რამის გეშინია, რაც მთლად სინამდვილეს არ
შეესაბამება. ბევრი სერიოზულად იყო შეშინებული და
უნებურად, შენც გადაგეცემოდა ეს შიში. ადვილი იყო მათი უცნაური ფანტაზიის
მსხვერპლი გამხდარიყავი. სკოლაში ჩემი მასწავლებლები ადრე
დედაჩემს ასწავლიდნენ. დედაჩემის დროს ახალგაზრდები იყვნენ, მე როცა მასწავლიდნენ
– უკვე დაბერებულები. ამერიკის ისტორიის კლასში
გვასწავლიდნენ, რომ კომუნისტები მხოლოდ თოფებითა და ბომბებით ვერ
გაანადგურებდნენ ამერიკას, მათ ამისთვის ჯერ ჩვენი კონსტიტუცია უნდა
მოესპოთ – დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნებოდა ეს ქვეყანა. ისე, ვითომ რა დიდი
განსხვავება იქნებოდა. სირენა რომ გაჩუმდებოდა, შენი მერხის
ქვეშ პირქვე უნდა წოლილიყავი გაუნძრევლად, ისე, რომ ერთი კუნთიც არ გაგტოკებოდა,
კრინტი არ უნდა დაგეძრა, თითქოს ეს ბომბებისგან
გვიხსნიდა. საშინელი რამ იყო სულ განადგურების შიშში ყოფნა. ჩვენ არც ის ვიცოდით,
რა დავუშავეთ ვინმეს ისეთი, რომ ჭკუიდან
გადავიყვანეთ. წითლები ყველგან იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებოდნენ და
სისხლი სწყუროდათ. სად იყვნენ მაშინ ჩემი ბიძები,
ქვეყნის დამცველები? ისინი წელებზე ფეხს იდგამდნენ, მუშაობდნენ, როგორმე თავი რომ
გაეტანათ. ან საიდან ეცოდინებოდათ, ჩვენ სკოლაში რას
გვასწავლიდნენ და რა შიშს გვიღვიძებდნენ?
ახლა ეს ყველაფერი ჩავლილი იყო. მე ნიუ-იორკში ვიყავი და კომუნისტები აღარ
მადარდებდნენ. ისე, ალბათ უხვად იყვნენ აქა-იქ. არც
ფაშისტები იქნებოდნენ ნაკლები, კიდევ ბევრი მემარცხენე და მემარჯვენე დიქტატორიც
და ყველანაირი წარმომავლობის რადიკალი. იმასაც
ამბობდნენ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად განმანათლებლობის ხანაც დამთავრდაო,
მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, რადგან ჯერ კიდევ იმ ეპოქაში
ვცხოვრობდი, რაღაც კიდევ მახსოვდა, რაღაც სინათლე დამრჩენოდა წაკითხული
წიგნებიდან. ვოლტერი, რუსო, ჯონ ლოკი, მონტესკიე, მარტინ ლუთერი
– მეოცნებეები და რევოლუციონერები... ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ ყმაწვილებს
ვიცნობდი, თითქოს ჩემს უკანა ეზოში ცხოვრობდნენ
ყველანი.
ოთახი გადავჭერი, კრემისფერ ფარდებთან მივედი და ჟალუზები ავწიე. დათოვლილი
ქუჩები გამოჩნდა. ოთახში მშვენიერი ავეჯი იდგა, ზოგი
ხელნაკეთი იყო. ისიც ლამაზი იყო – ინკრუსტირებული კომოდი სტილიზებული
ჩუქურთმებითა და მყვირალა საკეტებით – იატაკიდან ჭერამდე
ორნამენტიანი წიგნის თაროები, გრძელი, ვიწრო, მართკუთხა მაგიდა უწესრიგო
გეომეტრიული ორნამენტით – ერთი სასაცილო მაგიდა იდგა, კედელზე
იყო მომაგრებული. პატარა სამზარეულოში რომ შეხვიდოდი, თავი ტყეში გეგონებიდა,
სხვადასხვა მცენარეებით იყო დატენილი სპეციალური
ბალახეულობის შესანახი კოლოფები – ჭაობის პიტნა, ჩიტისთვალა, იასამნის ფოთლები და
კიდევ სხვა რაღაცები. ქლოი სამხრეთელი გოგო იყო,
ოღონდ ჩრდილოური სისხლი უჩქეფდა, აბაზანაში უყვარდა სარეცხის გაფენა და ხშირად იქ
გადავაწყდებოდი ხოლმე ჩემს პერანგს. მე, როგორც წესი,
იმ დროს მივდიოდი, გათენებას რომ არაფერი უკლდა და პირდაპირ შევსრიალდებოდი
დივანზე გაშლილ ლოგინში. ხშირად ღამის მატარებლის ხმაზე
დამძინებია, რიხინ-რიხინით ჯერსიში რომ მიდიოდა – რკინის ცხენის, რომელსაც სისხლის
ნაცვლად ორთქლი ჰქონდა.
ღრმა ბავშვობიდან ვუყურებდი მატარებლებს და მესმოდა მათი ხმა, და როცა
მატარებელს დავინახავდი, ან მის ხმას გავიგებდი, თავს
უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ჩემს მშობლიურ ქალაქში ისე ვერსად მიხვიდოდი, ყოველ
შემთხვევაში, დღის რომელიმე მონაკვეთში, რამდენჯერმე
გზაჯვარედინზე გაჩერება და ლოდინი რომ არ მოგხდენოდა, სანამ გრძელი მატარებელი არ
ჩაივლიდა. შორიდან მის ხმას რომ გავიგებდი, ასე თუ
ისე თავს შინ ვგრძნობდი ხოლმე, თითქოს არსადაც არ წავსულვარ, თითქოს სადღაც
მყარ ადგილზე ვიდექი, არაფერი მემუქრებოდა და
ყველაფერი რიგზე იყო.
ფანჯრიდან, ქუჩის გადაღმა, ეკლესია ჩანდა, სამრეკლოთი. ზარების რეკვის ხმაც
მშობლიურ ადგილებს მაგონებდა. ბავშვობაში მესმოდა და
ვუსმენდი ზარის რეკვას, რკინის, ბრინჯაოსა და ვერცხლის ზარების ხმას. ზარები
კვირაობით მღეროდნენ, ღვთისმსახურებისას. ისინი რეკდნენ,
როცა ვიღაც ცნობილი ადამიანი გარდაიცვლებოდა, ან როცა ქორწილი იმართებოდა.
ნებისმიერი განსაკუთრებული შემთხვევის დროს ზარის ხმა
ისმოდა. მათი მოსმენა კაცს სასიამოვნო განწყობაზე აყენებს. მე პირადად, კარზე
დაკიდებული ზარის წკრიალიც მომწონდა და რადიოში, NBC-ზე
ზარებით შესრულებული მელოდიაც. ეკლესიას ვუყურებდი, მაგრამ მისი ზარი დუმდა,
სახურავიდან თოვლი ფანტელებად ცვიოდა. ქალაქს მალე ქარბუქი
დაეპატრონებოდა და ცხოვრებას უფერულ ტილოში გაახვევდა, ცივ, გაყინულ ტილოში
გაახვევდა.
ქუჩის მეორე მხარეს, ტყავის ქურთუკში ჩაცმულმა ბიჭმა თავისი შავი, თოვლში ჩაფლული
„მერკური მონტკლერიდან“ თოვლი გადაფერთხა. უფრო
იქით, წითელ მოსასხამში გახვეულმა მღვდელმა ეკლესიის ღია ჭიშკრიდან მოყინულ
ეზოში შეაბიჯა, თან ფეხი უცურდა, მიდიოდა, თავისი წმინდა
მოვალეობა რომ აღესრულებინა. იქვე ახლოს, თავშიშველა ქალი წვალებით მიათრევდა
სარეცხის ჩანთას. თუ დაფიქრდები, ყოველდღე ნიუ-იორკში
მილიონი ამბავი ხდება, პირდაპირ შენ თვალწინ, ოღონდ ერთმანეთშია გადახლართული ეს
ამბები და აზრი რომ გამოიტანო, ჯერ უნდა დააცალკევო.
წმინდა ვალენტინის დღე ისე მოვიდა და წავიდა, რომ არც გამიგია. სასიყვარულო
ამბებისთვის არ მეცალა. ფანჯარას და ზამთრის მზეს მოვშორდი,
ცხელი შოკოლადი დავისხი და რადიოს ჩასართავს თითი ჩამოვკარი.
რადიოში სულ რაღაცას ვეძებდი ხოლმე. მატარებლებისა და ზარებისა არ იყოს, რადიოც
ჩემი ცხოვრების ფონი იყო. გადასართავი ავამოძრავე და
პატარა დინამიკებიდან როი ორბისონის ხმამ იფეთქა. მისმა ახალმა სიმღერამ „Running
Scared“ ოთახი შეაზანზარა. ბოლო დროს უფრო იმ
სიმღერებს ვუსმენდი, ფოლკის ქვეტექსტები რომ ჰქონდა. ასეთები წარსულშიც იყო: „Big
Bad John“, „Michael Row and Boat Ashore“, „A
Hundred Pounds of Clay“. ბრუკ ბენტონმა თანამედროვე ჰიტი „Boll Weevil“ შექმნა. „კინგსტონ
ტრიოც“ კარგი იყო. მართალია, მეტისმეტად
დახვეწილი სტილი ჰქონდათ, მაგრამ მათი სიმღერების უმეტესობა მომწონდა. მაგალითად,
ისეთები, როგორიცაა „Getaway John“, „Remember the
Alamo“, „Long Black Rifle“, დროდადრო რომელიმე ფოლკის ტიპის სიმღერა გამოარღვევდა
ხოლმე რადიო ეთერს. ჯოდი რეინოლდსის სიმღერა
„Endless sleep“ წლების წინ პოპულარული იყო, თავის სტილით ისიც ფოლკი იყო. როი
ორბისონს რაც შეეხება, ის ყველა ჟანრს სცილდებოდა –
ფოლკს, ქანთრის, როკ ენ როლს და საერთოდ ყველაფერს. ის ყველა სტილს ურევდა და ზოგს
საერთოდ იმ სტილში უკრავდა, რომელიც არც კი იყო ჯერ
მოგონილი. შეეძლო ერთი ხაზი საზიზღარი და უსიამოვნო ხმით ემღერა, მაგრამ მერე
ფრენკი ვალივით ფალცეტოთი გაეგრძელებინა. როცა როის
უსმენ, ვერ მიხვდები, ოპერას უსმენ თუ მარიაჩებს. ყურადღების მოდუნებას ვერ მოახერხებ.
როი, გეგონება, ოლიმპოს მთიდან მღერისო, და მას
მართლაც ჰქონდა სათქმელი. მისი ერთი სიმღერა „Ooby Dooby“ ადრე პოპულარული იყო,
მაგრამ ამ ახალს არც შევადარებდი. „Ooby Dooby“ ერთი
შეხედვით მარტივი სიმღერა იყო, მაგრამ როი კიდევ იზრდებოდა, ახლა თავის
კომპოზიციებს სამ და ოთხ ოქტავაში მღეროდა და, მათი მოსმენისას,
სურვილი გაგიჩნდებოდა მანქანით კლდიდან გადაშვებულიყავი. პროფესიონალი
კრიმინალივით მღეროდა. მისთვის დამახასიათებელი იყო დაბალ, ოდნავ
გასაგებ ხმაზე დაეწყო სიმღერა, ასე აგრძელებდა ცოტა ხანს და მერე, მოულოდნელად
ისტერიკაში ვარდებოდა. როის ხმას შეეძლო მკვდარი
გაეცოცხლებინა. სიმღერა რომ დამთავრდებოდა, გაოგნებული შენს თავს ებუტბუტებოდი –
„ბიჭო, ეს შეუძლებელია“. როის სიმღერებში შიგნით კიდევ
სიმღერა იყო. არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, როცა მაჟორული ტონალობიდან
მინორულში გადადიოდა. როი მეტისმეტად სერიოზული იყო –
ახალბედას გამოუცდელობა სულ არ ეტყობოდა. ზოგადად, რადიოში რასაც უკრავდნენ,
როისთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. მოვუსმინე და კიდევ სხვას
ველოდებოდი, მაგრამ როის მერე მოსაწყენი ერთფეროვნება დაიწყო... უჯიგრო და უხალისო.
თან ისე გაწვდიდნენ, თითქოს თავში ტვინი არ გქონდა.
ვფიქრობ, ჯორჯ ჯონსს თუ არ ჩავთვლით, არც ქანთრი არ მიყვარდა. ჯიმ რივსს და ედი
არნოლდს, ძნელი სათქმელია, რამდენად დაარქმევდი
ქანთრის. ქანთრის მთელი ის სიგიჟე და იდუმალება დაეკარგა. ელვის პრესლი. არც მას
არავინ უსმენდა. უკვე წლები გასულიყო, რაც თავისი
თეძოების ქნევით გააკეთა საქმე. რადიოს გადასართავს ისევ და ისევ ვატრიალებდი,
ალბათ უფრო უაზრო ჩვევის გამო. სამწუხაროდ, რადიოში
რასაც უკრავდნენ, არაფრის მთქმელი იყო, რამე საყოველთაო, მაგალითად, ადამიანში
კეთილი და ბოროტი საწყისების დაპირისპირების თემას
არავინ ეხებოდა. „გზაზე“, „ყმუილი“ და „გაზოლინი“ – ქუჩის იდეოლოგია, ცხოვრების
ახალი სტილი, იქ არ არსებობდა, ან როგორ
წარმოგიდგენიათ, რომ არსებულიყო? მარტო ვენილის სინგლები ამას ვერ შეძლებდნენ.
დისკის ჩაწერა სიგიჟემდე მინდოდა, ოღონდ სინგლის გამოშვება არ მდომებია. ფოლკის
მომღერლები, ჯაზის პროფესიონალი და კლასიკის
შემსრულებელი მუსიკოსები, ისინი ყველანი LP-ს უშვებდნენ, ანუ უფრო ხანგრძლივ
ფირფიტებს, რომლებიც უამრავ სიმღერას იტევდა. LP-ის
ფირფიტებს რაღაც მიზიდულობის ძალასავით ჰქონდა. ყდები ორივე მხრიდან
გაფორმებული იყო, საათობით შეგეძლო თვალიერება. მათთან შედარებით
ვენილის სინგლები ბევრად თხელი და სუსტი იყო და თანაც არაკრისტალიზებული.
კომერციული რადიოსთვის პრინციპში მე არც მქონდა ჩემი
რეპერტუარიდან რაიმე სიმღერა. სიმღერები გაფუჭებულ ბუტლეგერებზე, დედებზე,
რომლებიც საკუთარ შვილებს ახრჩობდნენ, „კადილაკებზე“, ერთი
გალონი რომ აქვთ ხუთი მილზე დარჩენილი, წყალდიდობებზე, წყვდიადზე და გვამებზე
მდინარის ფსკერზე – არ იყო გათვლილი რადიოს მოყვარულებზე.
იმ სიმღერებში, რომელთაც მე ვმღეროდი, არაფერი იყო მხიარული და უდარდელი, არ
იგრძნობოდა კეთილგანწყობა და თანაგრძნობა. დარწმუნებული
ვარ, იტყვით, რომ ის სიმღერები არ იყო კომერციული. მაგრამ მარტო ეს არ არის საქმე, ჩემი
სტილი მეტისმეტად ექსცენტრიული და ცვალებადი
იყო, რადიოსთვის მისი კლასიფიცირება ძნელი იქნებოდა. რაც მთავარია, სიმღერები
ჩემთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მსუბუქი
გართობა. მათგან ვსწავლობდი, მათ ჩემთვის მეგზურობა უნდა გაეწიათ რეალობის
გადასხვაფერებულ აღქმაში, განსხვავებულ საზოგადოებაში,
რომელიმე თავისუფალ რესპუბლიკაში. გრეილ მარკუსი, მუსიკისმცოდნე, ოცდაათი წლის
შემდეგ მას „უხილავ რესპუბლიკას“ დაარქმევს. რაც უნდა
იყოს, იმის თქმა არ მინდა, თითქოს პოპულარული კულტურის წინააღმდეგი ვიყავი, ან
საერთოდ, რამის წინააღმდეგი ვიყავი. არავითარი ამბიცია
არ მქონია, წყალი ამემღვრია. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ კულტურაში ძირითადი
მიმართულება ძველმოდური იყო. ისეთი გრძნობა გქონდა, რომ შენი
ფანჯრის მიღმა უდრეკი ყინულის ზღვა ჩანდა და უხეში ფეხსაცმელი უნდა ჩაგეცვა
ყინულზე გასავლელად. არ ვიცოდი, ისტორიის რომელ ხანაში
ვიყავი, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა. არც არავის ადარდებდა. თუ შენ სიმართლეს
ამბობდი, ხომ კარგი, თუ არ ამბობდი სიმართლეს, ესეც
მშვენიერი იყო. ეს ფოლკიდან ვისწავლე. ისტორიაში ცოტა რამ გამეგებოდა – რამდენიმე
ერისა და სახელმწიფოს ისტორია ვიცოდი – ყველაფერი ერთ
პრინციპზე იყო აგებული. ადრეული ანტიკური პერიოდი, როცა საზოგადოება
იზრდებოდა და ვითარდებოდა, მერე, კლასიკური პერიოდი, რომელშიც
საზოგადოება სრულყოფილი ხდება და ბოლოს, სვლის შენელება და დეკადანსი.
წარმოდგენა არ მქონდა, რომელ ეტაპზე იყო ამერიკა, ვერც ვერავინ
დაადგენდა. რაღაც უხეში რიტმი ყველაფერს ანგრევდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამაზე
ფიქრს. რაც უნდა გადაგეწყვიტა, მხოლოდ და მხოლოდ მწარე
შეცდომა იქნებოდა.
* * *
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
კლაუზევიცის წიგნს თავისი დრო მოეჭამა, მაგრამ შიგ ბევრი სიმართლე ეწერა.
ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და გარემოებების ზეწოლაზე ბევრ
რამეს გაიგებდი. როცა ის დარწმუნებით ამბობს, რომ პოლიტიკამ მორალის ადგილი
დაიკავა და პოლიტიკა უხეში ძალაა, ნამდვილად არ ხუმრობს.
უნდა დაუჯერო. ვინც არ უნდა იყო, გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან. ან დამორჩილდები,
ან მოკვდები. არ გვინდა ბაზარი იმედებზე და
სისულელეები სამართლიანობაზე. არ გვინდა „ღმერთი ჩვენთანაა“ და „ღმერთი
გვიფარავს“. მოდით, პრაქტიკულად შევხედოთ ყველაფერს. მორალს
არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. ასეთია სამყარო და ვერაფერი ვერ შეცვლის მას. ეს
გიჟური, არეულ-დარეული სამყაროა და შენ იძულებული
ხარ თვალი გაუსწორო. კლაუზევიცი რაღაც გაგებით წინასწარმეტყველია. ვერც კი
გააცნობიერებ, რომ შეუძლია იდეა მოგაწოდოს. თუ ფიქრობ, რომ
მეოცნებე ხარ, წაიკითხავ და მიხვდები, რომ ოცნების უნარიც კი არ გქონია. ოცნება
სახიფათოა. კლაუზევიცს როცა კითხულობ, საკუთარ აზრებს
ისე სერიოზულად აღარ უყურებ.
რობერტ გრეივზის „თეთრი ქალღმერთიც“ წავიკითხე. პოეზიის მუზის გამოხმობა ჩემთვის
რაღაც ახალი იყო. ისე, საკმარისი ცოდნა არ მქონდა,
თავი რომ შემეწუხებინა. რამდენიმე წლის შემდეგ, ლონდონში რობერტ გრეივზს პირადად
შევხვდი. გავისეირნეთ კიდეც ერთად და მომინდა რაღაც
მეკითხა ამ წიგნის შესახებ, მაგრამ ბევრი აღარაფერი მახსოვდა. ძალიან მომწონდა ფრანგი
მწერალი, ბალზაკი. წავიკითხე მისი „იღბალი და
ტყავი“ და „კუზენ პონსი“. ბალზაკი მაგარი სასაცილო იყო. მისი ფილოსოფია მარტივი და
გასაგებია, ძირითადად იმას გვეუბნება, რომ წმინდა
მატერიალიზმი სიგიჟისკენ მიმავალი გზაა. ბალზაკი, როგორც ჩანს, ცრურწმენაში ხედავს
ჭეშმარიტებას. ყველაფერი განსჯის თემა ხდება.
ენერგიას თავი უნდა მოუყარო. ეს ცხოვრების საიდუმლოა. ბატონი ბალზაკისგან ბევრი
რამის სწავლა შეიძლება. ბერის სამოსი აცვია და უთვალავ
ჭიქა ყავას სვამს. ბევრი ძილი გონებას უხშობს. კბილი დაკარგა და ასე იკითხა: „ეს რას უნდა
ნიშნავდეს?“ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს
კითხვები. სანთლიდან ტანსაცმელზე ცეცხლი წაეკიდება, მას კი აინტერესებს, ცეცხლი
კარგის ნიშანია თუ ცუდის. მხიარული ვინმეა ბალზაკი.
„გასლიგჰტ“-ში არაფერი განსაკუთრებულად კარგი არ ხდებოდა, არც სცენის გარშემო არ
იდგა მაგიდები, ან რამე ეგეთი, მაგრამ გახსნიდან
დახურვამდე მაინც სულ გადაჭედილი იყო. ზოგი მაგიდასთან იჯდა, ზოგი ფეხზე იდგა და
კედლის გასწვრივ ჯგუფდებოდნენ ხოლმე – მოშიშვლებული
აგურის კედლები, დაბალი დონის განათება, გაყვანილობის მილებიც კი ჩანდა. ზამთრის
ცივ ღამეშიც კი გარეთ რიგი იდგა, შემოსასვლელ კართან
ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ შეჭეჭყილი. შიგნით ყოველთვის უამრავი ხალხი იყო, იმდენად
ბევრი, რომ სუნთქვა ჭირდა. არ ვიცი, საერთოდ რამდენი კაცი
ეტეოდა, მაგრამ გეგონებოდა, ათი ათასი ან კიდევ უფრო მეტი არისო. სახანძროს უფროსი
დროდადრო შემოივლიდა ხოლმე. სულ რაღაცის მოლოდინში
იყავი, რაღაც ცუდი წინათგრძნობა გიპყრობდა. თავხედებიც ბევრნი იყვნენ.
მე ოცწუთიანი გამოსვლები მქონდა. ფოლკს ვუკრავდი და თან თვალყურს ვადევნებდი
ყველაფერს, რაც იმ მომენტში ხდებოდა. დარბაზში ცხელოდა
კიდეც და შენი გამოსვლის მერე იქ რომ გაჩერებულიყავი, კლაუსტროფობიაც შეგაწუხებდა,
ასე რომ, პერფორმერები უფრო ხშირად ზედა სართულზე,
რომელიმე ოთახში ყურყუტებდნენ. იქ სულ ბანქოს თამაში მიდიოდა, ვენ რონკი, სთუკი,
რომნი, ჰალ უატერსი, პოლ კლეიტონი, ლუკ ფოსტი, ლენ
ჩანდლერი და კიდევ სხვები, მთელი ღამე შეუსვენებლად თამაშობდნენ პოკერს. ყველას
შეეძლო, როცა უნდოდა შესულიყო და გასულიყო. ოთახში
პატარა რადიო დინამიკი იდგა, საიდანაც იგებდნენ, ქვემოთ ვინ გამოდიოდა და ვისი
ჯერი დგებოდა. თამაშის დროს ძირითადად ჩამოდიოდნენ
ხუთცენტიანებს და ათცენტიანებს, თუმცა ვიღაცას შეიძლება ოცი დოლარიც დაედო. მე,
როგორც წესი, კარტს ვხურავდი ხოლმე, თუ წყვილი მაინც არ
მომივიდოდა. ერთხელ ჩანდლერმა მითხრა: „ბლეფობა უნდა ისწავლო. ამ თამაშს ისე ვერ
ითამაშებ, თუ ბლეფობას არ ისწავლი. ხანდახან თავიც
უნდა გამოაჭერინო ბლეფობის დროს. ეს მოგვიანებით დაგეხმარება, როცა კარგი კარტი
მოგივა, რადგან სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისევ
ბლეფობ“.
ქვედა სართულზე დიდხან ვერ ვჩერდებოდი ხოლმე. ძალიან გადაჭედილი იყო და
ვიხუთებოდი. უმეტესად ან კარტის სათამაშო ოთახში ვიჯექი, ან
კიდევ გვერდით ტავერნა „Kettle of Fish“-ში. იქაც, კვირის ნებისმიერ ღამეს, უამრავი ხალხი
იყრიდა თავს. გიჟური ატმოსფერო სუფევდა –
ყველანაირი ტიპები ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდნენ, ჩქარ-ჩქარა დადიოდნენ – ზოგი
თავაზიანი იყო, ზოგი თავგასული. ვიღაც შავწვერა წიგნიერი
ტიპები, დაუნდობელი გამომეტყველების ინტელექტუალები – ეკლექტური გოგონები,
ოჯახის შექმნაზე რომ არ ფიქრობენ. ისეთი ხალხი, ვინც
არსაიდან მოდის და ზუსტად იქ ბრუნდება. ზოგიერთ მათგანს ტიტულიც ჰქონდა:
„კაცი, რომელმაც ისტორიაში სახელი დატოვა“, „რასების
შემაკავშირებელი“ – ასე უნდოდათ, რომ მათთვის მიემართათ. რიჩარდ პრაიორი,
კომედიური შოუს კომიკოსიც ხშირად დადიოდა იქ. ბარის მაღალ
სკამზე რომ დამჯდარიყავი და ფანჯრიდან დათოვლილ ქუჩაში გაგეხედა, შეიძლება ისეთ
სერიოზულ ადამიანს ჩაევლო გვერდით, როგორიც არის დევიდ
ამრამი, გრეგორი კორსო, თედ ჯონსი, ფრედ ჰელერმანი.
ერთ საღამოს, ვიღაც ყმაწვილი, სახელად ბობი ნოივირტი შემოვიდა თავის მეგობრებთან
ერთად და დიდი აყალმაყალი ატეხა. მე და ბობი რაღაც
პერიოდის შემდეგ კიდევ შევხვდებით ფესტივალზე. ნოივირტს ერთი შეხედვით
შეატყობდი, რომ პროვოკაციის მოყვარული და თავისუფალი ბუნების
კაცი იყო, ერთთავად მომართული, ვინმეს დაპირისპირებოდა. მასთან საუბრისას დაძაბული
იყავი. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა, აკრონიდან
იყო, ბანჯოზე უკრავდა და რამდენიმე სიმღერა იცოდა. ბოსტონის ხელოვნების სკოლაში
უვლია და ხატავდა – ასე თქვა, გაზაფხულზე ჩემებთან უნდა
დავბრუნდე ოჰაიოში, ზამთრის ორმაგი ფანჯრები უნდა მოვხსნა და ზაფხულისთვის
ბადიანი გავუკეთოო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ისე, მეც
მეხებოდა. ოღონდ მე უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი. მოგვიანებით მე და ბილი საკმაოდ
დავახლოვდებით და ერთადაც ვიმოგზაურებთ. აი, როგორც
კერუაკმა უკვდავყო ნილ ქესედი თავის რომანში „გზაზე“, ნოივირტის უკვდავყოფაც საჭირო
იყო. ისიც ეგეთი ტიპი იყო. იქამდე შეეძლო ელაპარაკა
ნებისმიერ ადამიანთან, სანამ იმას არაფერი სათქმელი აღარ დარჩებოდა. თავისი ენით კაცს
გაანადგურებდა, ვისაც გინდა, უხერხულ სიტუაციაში
ჩააყენებდა და ყოველთვის დაიძვრენდა თვითონ თავს. ბოლომდე ვერავინ იგებდა, რა კაცი
იყო. თუ ოდესმე მართლა არსებობდა მრავალი სხვადასხვა
ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, ის ნოივირტი იყო. ბულდოგივით შეუპოვარი. მე
პირადად არანაირად არ მაღიზიანებდა. ის კი არა, რასაც
აკეთებდა, ყველაფერი მომწონდა. საერთოდ, ერთნაირი რაღაცები მოგვწონდა, მაგალითად,
ჯუკბოქსის სიმღერებიც ერთი და იგივე მოგვწონდა.
ჯუკბოქსი უმეტესად ჯაზის სიმღერებს გვთავაზობდა. ზუთ სიმსი, ჰემპტონ ჰეივსი, სთენ
გეთსი და ზოგიერთი რიტმ-ენ-ბლუზის ჩანაწერები –
ბაბლ ბი სლიმი, სლიმ გალიარდი, პერსი მეიფილდი. ბიტნიკებისთვის ფოლკი მთლად
აუტანელიც არ იყო, უბრალოდ არ მოსწონდათ. ისინი განურჩევლად
თანამედროვე ჯაზს უსმენდნენ, ბიბოპს. ერთი-ორჯერ მონეტა ჩავაგდე ჯუკბოქსში და
„The Man That Got Away“ დავუკარი, ჯუდი გარლენდის
შესრულებით. ამ სიმღერის მოსმენისას ყოველთვის რაღაც მემართებოდა, კი არ
მასულელებდა, ან უცნაურ მოგონებებს კი არ აღმიძრავდა, უბრალოდ
სასიამოვნო მოსასმენი იყო. ჯუდი გარლენდი გრანდ რაპიდსიდან იყო, მინესოტადან, ჩემი
მშობლიური ქალაქიდან ოცი მილის დაშორებით. ჯუდი
გარლენს რომ მღეროდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მეზობელ გოგოს ვუსმენდი.
ოღონდ, ის ჩემამდე იყო, აი, ელტონ ჯონის სიმღერაში რომ
არის: „კარგი იქნებოდა ერთმანეთი რომ გაგვეცნო, ოღონდ მე მაშინ ბავშვი ვიყავი“. ჰაროლდ
არლენის დაწერილი იყო „The Man That Got Away“
და კოსმიური „Somewhere Over the Rainbow“, კიდევ ერთი სიმღერა ჯუდი გარლენდის
შესრულებით. ჰაროლდს კიდევ ბევრი პოპულარული სიმღერა
ეკუთვნის – ძლიერი „Blues in the Night“ „Stormy Weather“, „Come Rain or Come Shine“, „Get
Happy“. მისი სიმღერებში სოფლის ბლუზი და
ფოლკის მუსიკა მესმოდა. რაღაც ემოციურ სიახლოვეს ვგრძნობდი მასთან. ძნელი
იქნებოდა, ეს რომ არ შემემჩნია. ვუდი გატრის სიმღერები
მართავდნენ ჩემს სამყაროს, მანამდე კი, ჩემი საყვარელი კომპოზიტორი ჰანკ უილიამსი
იყო, რომელიც თავდაპირველად როგორც მომღერალი უფრო
მომწონდა. ჰენკ სნოუც არანაკლები იყო. მაგრამ, ჰაროლდ არლენის ერთდროულად
მწარე და ტკბილ, სევდიან და ემოციებით სავსე სამყაროს
ვერასოდეს დავაღწიე თავი. ვენ რონკს შეეძლო დაეკრა და ემღერა მისი სიმღერები. მეც
შემეძლო, ოღონდ ამაზე არც არასოდეს მიოცნებია. მე არ
მეწერა მათი შესრულება. ჩემს მომავალში ამ სიმღერებს ადგილი არ ჰქონდათ. საერთოდ რა
იყო მომავალი? მომავალი მყარი კედელი იყო, რომელიც
არც არაფერს გპირდებოდა და არც გაფრთხობდა – იყო, რა. არაფრის გარანტიას არ
გაძლევდა, არც იმისა, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობა
აღმოჩნდებოდა.
„Kettle of Fish“-ში შესულმა, არასოდეს იცოდი, იქ რას შეიძლებოდა გადაყროდი. ყველა
თითქოს რაღასაც წარმოადგენდა, არადა, ამავე დროს,
არავინაც არ იყო. ერთხელ მე და კლეიტონი მაგიდას ვუსხედით და ღვინოს ვსვამდით.
ჩვენთან ერთად სხვებიც იყვნენ, ერთ-ერთი ბიჭი რადიო
შოუებში ხმის ეფექტებზე მუშაობდა. რადიო შოუებს ჩემს წარმოსახვაში დიდი ადგილი
ეჭირა. სან ფრანცისკოზე მხოლოდ იმის ცოდნა მჭირდებოდა,
რომ პალადინი იქ, სასტუმროში ცხოვრობდა და მისი თოფის თხოვება შეიძლებოდა.
ვიცოდი, რომ „ქვები“ სამკაულებს ნიშნავდა და დამნაშავეები
კაბრიოლეტებით დადიოდნენ, და თუ ხის დამალვა გინდოდა, ხე ტყეში უნდა
დაგემალა, სადაც ვერავინ იპოვიდა. აი, ასეთ სისულელეებზე
გავიზარდე, აღფრთოვანებული ვუსმენდი ხოლმე რადიო შოუებს. იქიდან ვიგებდი, როგორ
მუშაობდა სამყარო, ისინი ასაზრდოებდნენ ჩემს ოცნებებს
და ჩემს წარმოსახვას უფრო დიდხანს ამუშავებდნენ, ვიდრე სასურველი იყო. რადიო შოუ
უცნაური ხელობა იყო.
სანამ რომელიმე უნივერსალურ მაღაზიაში შევიდოდი, წარმოსახულ კლიენტს
ვთამაშობდი. ვხმარობდი საპონ „ლავას“, წვერს ვიპარსავდი
„ჯილეტით“, თმაზე „ვიტალისს“ ვისვამდი, ვსვამდი სასაქმებელს და „ფინამინტის“ აბებს
გულძმარვისთვის და ვიყენებდი „დოქტორ ლიონის“ კბილის
ფხვნილს. იმ ბიჭს ვკითხე, რადიო შოუსთვის ხმის ეფექტებზე რომ მუშაობდა, ელექტრონის
სკამის ხმის ეფექტს როგორ გამოსცემთ-მეთქი. მითხრა,
ლორს ვაშიშხინებ ხოლმეო. ძვლების მტვრევაზე რას იტყვი-მეთქი? იმან კიდევ
„ლაიფსეივერის“ კამფეტი ამოიღო ჯიბიდან, კბილებს შორის მოიქცია
და გადაამტვრია.
ვერ გეტყვით, როდის მომივიდა თავში აზრად, საკუთარი სიმღერა დამეწერა. მე ჯერ
ახლოსაც ვერ მივიდოდი იმ ავტორებთან, რომელთა დაწერილ
სიმღერებსაც ვასრულებდი, რომ სამყაროსადმი საკუთარი გრძნობები გამომეთქვა. ჩემი
აზრით, ასეთი რამ ნელ-ნელა ხდება. ერთ მშვენიერ დილას
კი არ გაიღვიძებ და გადაწყვეტ, რომ გინდა სიმღერები წერო, მით უმეტეს, თუ მომღერალი
ხარ და უამრავი სიმღერა იცი და უფრო და უფრო მეტს
სწავლობ ყოველდღე. უბრალოდ, შეიძლება მოგეცეს საშუალება, რაღაც შეცვალო – რაღაც,
რაც უკვე არსებობს, შეიძლება შეცვალო იმით, რაც ჯერ არ
არსებობს. შეიძლება ასეთი იყოს დასაწყისი. ხანდახან გინდება რაღაც შენებურად გააკეთო,
გინდა შენს თავს დაანახვო, რა დევს იმ ბურუსით
მოცული ფარდის მიღმა. ისე არ ხდება, თითქოს ხედავ, როგორ მოდის შენთან სიმღერა და
შენც უხმობ მას. არც ასე იოლად არის საქმე. შენ გინდა
სიცოცხლეზე უფრო დიდი სიმღერა დაწერო. გინდა მოჰყვე იმ უცნაურ ამბებზე, რაც
გადაგხდენია და იმ უცნაურ ამბებზე, რაც გინახავს. მე
არასოდეს ვუყურებდი სიმღერებს, როგორც „კარგ“ და „ცუდ“ სიმღერებს, არამედ როგორც
განსხვავებულად კარგებს.
ზოგი სიმღერა შეიძლება ნამდვილ ამბავზე იყოს. ხშირად მესმოდა სიმღერა „I Dreamed I Saw
Joe Hill“ და ვიცოდი, რომ ჯო ჰილი რეალური და
მნიშვნელოვანი ვინმე იყო, ოღონდ არაფერი ვიცოდი მის შესახებ. ამიტომ, იზის
გამოვკითხე ფოლკლორის ცენტრში ყოფნისას. იზიმ თავისი
ოთახიდან პამფლეტები გამოათრია ჯოზე და წასაკითხად მომცა. რაც იქ წავიკითხე,
საკმარისი იქნებოდა კარგი დეტექტივის დასაწერად. ჯო ჰილი
შვედი ემიგრანტი ყოფილა, მექსიკის ომში იბრძოდა, ღარიბულად ცხოვრობდა და
უფერულ ცხოვრებას ეწეოდა, 1910 წელს კავშირის ორგანიზატორი
გახდა, მესიანური ფიგურა იყო, კაპიტალიზმის საგადასახადო სისტემის შეცვლა უნდოდა –
იყო ხელოსანი, მუსიკოსი და პოეტი. მუშათა კლასის
რობერტ ბერნსს ეძახდნენ.
ჯომ დაწერა სიმღერა „Pie in the Sky“, ის ვუდი გატრის წინამორბედი იყო. ამის მეტი
არაფრის ცოდნა მე არ მჭირდებოდა. არაპირდაპირი
სამხილით მკვლელობაში დაადანაშაულეს და იუტას შტატში დახვრიტეს. მძიმეა მისი
ცხოვრების ამბავი. ჯო „ვობლის“ ორგანიზატორი იყო.
გაასამართლეს გასტრონომის გაქურდვისთვის და მაღაზიის მეპატრონისა და მისი ვაჟის
მკვლელობისთვის. თავის დასაცავად ჯომ მხოლოდ ეს თქვა:
„დამიმტკიცეთ!“ მაღაზიის მეპატრონის ვაჟმა, სანამ მოკვდებოდა, გაისროლა, მაგრამ არ
არსებობდა არავითარი დამატკიცებელი საბუთი, რომ
ტყვია ვინმეს მოხვდა. მიუხედავად ამისა, ჯო მაინც დაიჭრა. ეს ყველაფერი ინკრიმირებას
ჰგავდა. იმ ღამით კიდევ ხუთი ადამიანი დაჭრეს,
ყველანი ერთსა და იმავე საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ გამოუშვეს თუ არა,
აორთქლდნენ ყველანი. ჯომ თქვა, იმ დროს მე სხვაგან ვიყავიო,
მაგრამ არ დაასახელა სად და ვისთან ერთად იყო. არავინ არ უმხელია, არც თავისი ტყავის
გადარჩენა უცდია. ფიქრობდნენ, რომ ვიღაც ქალი იყო
გარეული ამ საქმეში და ჯოს არ უნდოდა იმ ქალის შერცხვენა. ყველაფერი უფრო რთულდება
და საიდუმლოებით მოცული ხდება. კიდევ ერთი ბიჭი, ჯოს
მეგობარი, მეორე დღეს გაუჩინარდა.
ძალიან ჩახლართული ამბავია. ჯო მთელი ქვეყნის მუშებს უყვარდათ – მაღაროელებს,
ყასბებს, მღებავებს და მჭედლებს, მლესავებს,
მეტალურგებს – ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, ის ყველას აერთიანებდა და იბრძოდა მათი
უფლებებისთვის. საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ
აყენებდა, რათა გაეუმჯობესებინა ყველა დაბალი კლასის წარმომადგენლისა და
დაზარალებულის ცხოვრება. ჯოს ისტორიას თუ წაიკითხავთ, კარგად
დაინახავთ მის ხასიათს, მიხვდებით, რომ ეს ის კაცი არ იყო, ვისაც შეეძლო ექურდა ან ვინმე
უბრალოდ მოეკლა. არა, ასე არ მოიქცეოდა. ჯო
ღირსეულად და პატიოსნად ცხოვრობდა. პოლიტიკოსებისთვის და
ინდუსტრიალისტებისთვის, ვინც მას ვერ იტანდნენ, ჯო კრიმინალი და
საზოგადოებისთვის სახიფათო იყო. წლების განმავლობაში ელოდნენ ხელსაყრელ
შემთხვევას, ჯო რომ თავიდან მოეცილებინათ. შეიძლება ითქვას, ის
მანამდე ცნეს დამნაშავედ, ვიდრე სასამართლო დაიწყებოდა.
განსაცვიფრებელი ისტორიაა. 1915 წელს, მისი სახელით, გამოსვლები დაიწყო ამერიკის
დიდ ქალაქებში – კლივლენდში, ინდიანაპოლისში, სენტ
ლუისში, ბრუკლინში, დეტროიტში, კიდევ ბევრგან – სადაც კი იყვნენ მუშები და სადაც
კი ჰქონდათ კავშირები. ასე უყვარდათ ჯო. თავად
ამერიკის პრეზიდენტმა, ვუდრო უილსონმა სცადა იუტას ოფიციალურ პირებთან
მოლაპარაკება, მისი საქმისთვის ხელახლა რომ გადაეხედათ, მაგრამ
იუტას გუბერნატორმა ცხვირი აუბზუა პრეზიდენტს. ჯოს უკანასკნელი სიტყვები იყო:
„იუტას გარდა, სადაც გინდათ იქ მოაფრქვიეთ ჩემი ფერფლი“.
ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწერა სიმღერა „Joe Hill“, საპროტესტო სიმღერები
ჩემთვის ნაცნობი იყო. ლიდბელის სიმღერა „Bourgeous
Blues“, ვუდის „Jesus Christ“ და „Ludlow Massacre“, „Strange Fruit“ – ბილი ჰოლიდეის სიმღერა
და კიდევ სხვები – და ყველა ეს სიმღერა
„Joe Hill“-ზე უკეთესია. ძნელია საპროტესტო სიმღერა ისე დაწერო, რომ რაღაც
ქადაგებასავით არ გამოგივიდეს ან ერთ განზომილებიანი არ იყოს. შენ უნდა დაანახვო
ადამიანებს მათი ის მხარე, რომელსაც თავად ვერ ამჩნევენ. თვითონ სიმღერა „Joe Hill“
ახლოსაც ვერ მოვა
ჩამოთვლილ სიმღერებთან, მაგრამ თუ ოდესმე მართლა არსებობდა ვინმე, ვისაც შეეძლო
შთაგონება გაეღვიძებინა, ეს ჯო იყო. ჯოს თვალებში
ცეცხლი ენთო.
წარმოვიდგენდი ხოლმე, მე რომ დამეწერა მასზე სიმღერა, როგორი იქნებოდა. მე
სხვანაირად მინდოდა მისი უკვდავყოფა – უფრო ქეისი ჯონსის,
ან ჯესი ჯეიმზის ტიპი მინდოდა გამომეყვანა. ორ ვარიანტზე ვფიქრობდი. პირველის
სათაურად ავიღებდი „იუტას გარდა, სადაც გინდათ იქ
მოაფრქვიეთ ჩემი ფერფლი“ და ეს ხაზი მისამღერი გახდებოდა. მეორენაირადაც
ვფიქრობდი სიმღერის დაწერას, რომელიც „Long Black Veil“-ის
სტილში იქნებოდა. სიმღერა, რომელშიც კაცი საფლავიდან გელაპარაკება... სიმღერა
საიქიოდან. ეს არის ბალადა, რომელშიც კაცი თმობს
სიცოცხლეს, რომ დამცირება ააროდის ვიღაც ქალს და სხვის დანაშაულს იბრალებს. რაც
უფრო მეტს ვფიქრობდი, მეჩვენებოდა, რომ სიმღერა „Long
Black Veil“ თითქოს ჯო ჰილის დაწერილი იყო საკუთარ თავზე, მისი ბოლო სიმღერა იყო.
ჯო ჰილზე სიმღერა აღარ დავწერე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ საბოლოოდ აღარ დამიწერია.
პირველი სიმღერა, რომელიც მოვაჯახირე და რომელიც,
ასე თუ ისე, რაღაცის მთქმელი იყო, ვუდი გატრისთვის დავწერე.
იმ ზამთარს ყინავდა, ღამღამობით სევდის მომგვრელი ბურუსი ჩამოწვებოდა. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს საუკუნეები გასულიყო იმ დღიდან,
როცა მწვანე ბალახში ვიწექი და ნამდვილი ზაფხულის სუნს ვისუნთქავდი – ტბებიდან
არეკლილი მოცეკვავე ელვარება და ყვითელი პეპლები
გუდრონისგან გაშავებულ გზებზე. დილით ადრე, მანჰეტენში, მე-7 ავენიუზე თუ ჩაივლიდი,
ხანდახან მანქანის უკანა სკამზე მძინარე ადამიანებს
შეამჩნევდი. მე ბედმა გამიღიმა, რომ ღამის გასათევი ადგილი მქონდა – ბევრი, ვინც ნიუ-
იორკში ცხოვრობდა, უბინაოდ იყო. ისე, ბევრი რამ
მაკლდა, არც კონკრეტული იდენტობა მქონია – „მე მოხეტიალე ვარ, მე გემბლერი ვარ, მე
შინიდან შორს ვარ“. მოკლედ, ასე შეიძლებოდა გეთქვა.
მსოფლიოს ახალ ამბებში თქვეს, რომ სამოცდაცხრამეტი წლის პიკასოს თავისი
ოცდათხუთმეტი წლის მოდელი შეურთავს ცოლადო. ვაუ. პიკასო
უქმად არ ყოფილა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ცხოვრებას ფეხს უწყობდა. პიკასომ
ხელოვნების სამყარო დაამსხვრია, ის რევოლუციონერი იყო.
მინდოდა, მეც მისნაირი ვყოფილიყავი.
ვილიჯში მე-12 ქუჩაზე კინოს სახლი იყო, სადაც უცხოურ ფილმებს აჩვენებდნენ –
ფრანგულს, იტალიურს, გერმანულს. მშვენიერი
გადაწყვეტილება იყო, რადგან როგორც თავად ალან ლომაქსმა სთქვა, ფოლკის უდიდესმა
არქივარიუსმა – ამერიკიდან თავის გაღწევა თუ გინდა,
მაშინ გრინვიჩ ვილიჯში უნდა წახვიდეო. ფელინის ერთი-ორი ფილმი ვნახე იქ – ერთს
ერქვა „La Strada“, რაც ქუჩას ნიშნავს, მეორეს კი „La
Dolce Vita“. ფილმი ერთ ბიჭზეა, რომელიც სულს გაყიდის და მერე ჭორებზე მონადირე
ხდება. კარნავალის სარკეში დანახულ ცხოვრებას ჰგავდა, ოღონდ არაფერი უცნაური არ
ხდებოდა, ჩვეულებრივი ხალხის ამბავი ცოტა ექსცენტრიულად იყო წარმოდგენილი.
ყურადღებით ვუყურებდი ფილმს და
ვფიქრობდი, ალბათ ამ ფილმს მეტი აღარ ვნახავ-მეთქი. ერთ-ერთ როლს ევან ჯონსი
ასრულებდა, რომელიც დრამატურგიც იყო და რომელსაც რამდენიმე
წლის შემდეგ ლონდონში შევხვდები და მის პიესაში მივიღებ მონაწილეობას. მეცნო,
როდესაც შევხვდი. საერთოდ, სახეებს კარგად
ვიმახსოვრებ.
ამერიკაში ბევრი რამ იცვლებოდა. სოციოლოგები ამბობდნენ, რომ ტელევიზიას
ბოროტი ზრახვები ჰქონდა და ახალგაზრდების გონებას და
წარმოსახვას დიდ ზიანს აყენებდა – მათ ყურადღებას ადუნებდა. შეიძლება სიმართლე
იყო, თუმცა სამწუთიან სიმღერასაც შეუძლია იგივე
გააკეთოს. სიმფონიები და ოპერები ძალიან გრძელია, მაგრამ მსმენელი ყოველთვის ჰყავს.
სამწუთიანი სიმღერის მოსმენის შემდეგ, მსმენელი არ
არის ვალდებული ახსოვდეს, ოცი ან ათი წუთის წინ რა ხდებოდა. არაფერი იყო
დასამახსოვრებელი. ბევრი ჩემი სიმღერა მართლაც ძალიან
გრძელია... ყოველ შემთხვევაში სიტყვებია ბევრი. „Tom Joad“-ში ყველაზე ცოტა თექვსმეტი
კუპლეტია. „Barbara Allen“ დაახლოებით ოცი. „Fair
Ellender“, „Lord Lovell“, „Little Mattie Groves“ და კიდევ სხვებში უამრავი კუპლეტია და მე
სრულებით არ მიძნელდებოდა მათი
დამახსოვრება და შესრულება.
თვითონ შევეცადე გადავჩვეოდი მოკლე სიმღერების წერას და დავიწყე გრძელი პოემების
კითხვა. თავიდან, მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა
მათ დამახსოვრებას. გონებას ვავარჯიშებდი, მინდოდა ცუდი ჩვევები გადამეგდო და
ვსწავლობდი, თავი როგორ დამემშვიდებინა. ლორდ ბაირონის
„დონ ჟუანი“ წავიკითხე თავიდან ბოლომდე, ყურადღებით. კიდევ წავიკითხე კოლრიჯის
„კუნლა ხანი“. ასე ვიჭედავდი გონებაში ყველანაირ ღრმა
შინაარსის პოემებს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს აქამდე ცარიელ ვაგონს მივათრევდი,
ახლა კი დავიწყე მისი შევსება და უფრო და უფრო მეტი
ძალა მჭირდებოდა მის საზიდად. მე სხვა მხრივაც ვიცვლებოდი. რაც მანამდე ჩემზე
შთაბეჭდილებას ახდენდა, უკვე აღარ მაღელვებდა. ადამიანებს
და მათ მოტივებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ვერავითარ აუცილებლობას ვერ
ვხედავდი, პირველივე შემხვედრთან მომესინჯა ურთიერთობა.
რეიმ მითხრა, ფოლკნერი წაიკითხეო. „რასაც ფოლკნერი აკეთებს, ძნელი საქმეა“, თქვა,
„ძნელია ღრმა გრნობები სიტყვებით გადმოსცე.
„კაპიტალის“ დაწერას რა უნდა“. რეი ოპიუმს ეწეოდა, ბამბუკის ჩიბუხით ეწეოდა ხოლმე.
ერთხელ სამზარეულოში მოამზადეს, იქამდე ადუღეს,
სანამ იქაურობა კატის ფსელის სუნით არ აყროლდა. თიხის ქოთანში ინახავდნენ ხოლმე.
რეი არ ყოფილა წყალწაღებული ნარკომანი, არც იმიტომ
ხმარობდა ნარკოტიკს, რომ სხვებივით თავი ნორმალურად ეგრძნო – ხანდახან კაიფობდა,
შემჯდარიც არ ყოფილა. არ იყო ეგეთი. ისე, მე ბევრი რამ
არ ვიცოდი რეის შესახებ. ვერც ის გამეგო, რატომ არ იჭერდნენ.
ერთხელ, მე და კლეიტონი გვიან ღამით დავბრუნდით სახლში. რეის დიდ სავარძელში
ეძინა – ოთახში სინათლე ენთო და სახეზე შუქი ეცემოდა – თვალის უპეები ამოშავებოდა,
სახეზე ოფლი ასხამდა. გეგონება, რაღაც საშინელ კოშმარს ხედავსო. ისევე გავშრით
ადგილზე. პოლი მაღალი,
შავგვრემანი კაცია, წვერი ვან დეიკივით აქვს მოშვებული, მხატვარ გოგენს ჩამოგავს. პოლმა
ისე ღრმად ჩაისუნთქა, იფიქრებდი, სამუდამოდ
შეიკრა სუნთქვაო და მერე მიტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
რეი სხვადასხვა სტილში იცვამდა. ხანდახან ზოლებიან კოსტიუმში ნახავდით,
ფრთების ფორმის საყელოთი. ხან უბრალოდ სვიტერი ეცვა,
ველვეტის შარვალი და ქანთრის სტილის ჩექმა. ძალზე ხშირად გარაჟის მემანქანესავით
ბრეტელებიან შარვალში გამოეწყობოდა ხოლმე. პალტო
გრძელი ეცვა, მოყვითალო-მოყავისფრო, აქლემის ბეწვის, ყველაფერზე მაგ პალტოს იცვამდა.
იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც ნიუ-იორკში გავატარე, კერუაკის მიერ აღწერილი
ჰიპსტერების მიმართ სრულიად დავკარგე ინტერესი.
არადა, მისი წიგნი – „გზაზე“ ჩემთვის ბიბლიასავით იყო. ახლა უკვე აღარ. მაგრამ მაინც
მომწონდა ერთი ამოსუნთქვით დაწერილი, დინამიური,
ბიბოპის პოეტური ფრაზები ჯეკის კალმიდან რომ მოედინებოდა. ახლა მისი გმირი
მორიარტი უადგილოდ მეჩვენებოდა, არავითარი მიზანი არ ჰქონდა
მის არსებობას – მათი გმირი იყო, ვისაც იდიოტიზმი აღაფრთოვანებდა.
რეი ეგეთი არ ჩანდა. ის არასოდეს ყოფილა ვიღაც, ვინც თავის ნაკვალევს დატოვებს დროის
ქვიშაზე, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ადამიანი
იყო. თვალებში სისხლი აწვებოდა, სახეზე ეწერა, რომ ცუდს არაფერს ჩაიდენდა – არც
გარყვნილი ყოფილა, არც ღვარძლიანი და არც ბოროტი. ისეთი
კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც როცა მოინდომებდა, შეეძლო დაეპყრო და
ებატონა. მაგარი საიდუმლოებით მოცული კაცი იყო.
ვიწრო გასასვლელის გასწვრივ, ბინაში რომ მიიკლაკნებოდა, ორი ვიქტორიანული ტიპის
ოთახი იყო და კიდევ ერთი – ყველაზე ფართო და დიდი
ფანჯრით. ამ სივრცეს სახელოსნოს დანიშნულება ჰქონდა, ყველანაირი ხელსაწყო
დაეხვავებინათ იქ. უმეტესობა ერთ გრძელ მაგიდაზე ეწყო, ან
კიდევ მეორეზე, რომელსაც შიფერის ზედაპირი ჰქონდა. კუთხეში თეთრად შეღებილი
რკინის ყვავილები იყო მიყუდებული. ყველანაირი ხელსაწყობი
ელაგა აქა-იქ – ჩაქუჩები, ლითონის საჭრელი ხერხი, სახრახნისი, ელექტრიკოსის
ბრტყელტუჩა, მავთულის საჭრელი და კბილანა-თვლებით სავსე
ყუთები – და ყველაფერი ეს მზის შუქზე ბრწყინავდა. სარჩილავი ხელსაწყო,
საღებავების ტუბები და ყალიბები, ელექტრო ბურღები –
რაღაც-რაღაცებით სავსე ქილები, რომელთაც შეეძლო ზოგი რამ წყალგამძლე გაეხადა, ზოგი
კიდევ ცეცხლგამძლე.
ყველაფერი ხელისგულზე იყო გადაშლილი. რეის იმდენი ცეცხლსასროლი იარაღი
ჰქონდა, იფიქრებდი, ან პოლიციასთან აქვს საქმე, ან
ლიცენზირებული მესაჭურვლე თუ ვიღაც ეგეთიაო. სხვადასხვანაირი იარაღი ჰქონდა:
პისტოლეტები – დიდებიც, პატარებიც, ჯიბის რევოლვერები,
სასხლეტიანი მექანიზმით, ყველაფერი კომპოსტის გროვასავით ეწყო – გადაკეთებული
თოფები... დამოკლებული ლულით, სხვადასხვა ბრენდის თოფები
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
– რუგერი, ბრაუნინგი, ერთჯერადი მოქმედების სამხედრო-საზღვაო პისტოლეტი. თან
ყველა იარაღი შემართული იყო და ბრწყინავდა. იმ ოთახში შეხვიდოდი და ისეთი გრძნობა
გიჩნდებოდა, რომ ვიღაცის ფხიზელი თვალი გითვალთვალებდა. რეი უცნაური კაცი იყო,
მაგრამ მაჩო ნამდვილად არ
ყოფილა. ერთხელ ვკითხე, რად გინდა ეს ყველაფერი, რისთვის გჭირდება-მეთქი.
„ტაქტიკური პასუხისთვის“ – ასე მიპასუხა.
თოფები ადრეც მინახავს. დიდი ხნის წინ ერთი გოგო მყავდა, ბეკი თეთჩერი, მამამისი კი
სულაც არ ჰგავდა „მოსამართლე თეთჩერს.“ იმასაც
კარგა ბევრი თოფი ჰქონდა, უფრო ირემზე სანადირო თოფები და რამდენიმე
გრძელლულიანი რევოლვერი. მე კი ეს ყველაფერი საკმაოდ მაშინებდა.
ჩემი გოგო მორებისგან აშენებულ სახლში ცხოვრობდა, ქალაქის განაპირას, სადაც უკვე
ასფალტიც აღარ ეგო. იმ სახლში ყოფნა, ცოტა არ იყოს,
სახიფათო იყო, იმიტომ რომ მამას უხასიათო კაცის რეპუტაცია ჰქონდა. არადა, დედამისი
ყველაზე კეთილი ქალი იყო, ვინც ამქვეყნად მინახავს.
მამას ეტყობოდა, რომ მძიმე შრომით გაჰქონდა თავი, გარუჯულ სახეს იშვიათად
იპარსავდა – მონადირის ქუდს ატარებდა, დაკოჟრილი ხელები
ჰქონდა... თუ მუშაობდა, ნორმალურად შეგხვდებოდა, მაგრამ თუ სამუშაო არ ჰქონდა, იმ
დღეებში სიფრთხილე გმართებდა. წინასწარ ვერასოდეს
გათვლიდი, რა ხასიათზე დაგხვდებოდა. ისეთი ტიპის კაცი იყო, ვისაც ჰგონია, რომ
ყველა მისგან გამორჩენას ელოდება. თუ არ მუშაობდა,
ლოთობდა, მერე ხიფათში ეხვეოდა და იწყებოდა უბედურება. შემოვიდოდა ოთახში და
კბილებში რაღაცას გამოსცრიდა ხოლმე. ერთხელ მე და ჩემს
მეგობარს სანადირო თოფით გამოკვეკიდა, სიბნელეში გავრბოდით ხრეშით მოფენილ
გზაზე. მაგრამ სხვა დროს შეეძლო საკმაოდ დელიკატურიც
ყოფილიყო. მოკლედ, მისგან რა გელოდა, ვერ გაიგებდი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იქ
სიარული მიყვარდა, ბავშვური გატაცების გარდა, ის იყო,
რომ სახლში ჯიმი როჯერსის დისკები ჰქონდათ. ვიჯექი ხოლმე და დაჰიპნოზებულივით
ვუსმენდი სიმღერებს. ახლა, რეის თოფებს რომ ვუყურებდი,
ჩემი ძველი გოგო გამახსენდა და ვიფიქრე, ნეტა რას შვრება-მეთქი. როცა უკანასკნელად
ვნახე, დასავლეთში აპირებდა წასვლას. ყველა ბრიჯიტ
ბარდოს ამსგავსებდა. ისე, მართლა ჰგავდა.
ოთახში სხვა ისეთი რამეებიც იყო, რითიც შეიძლებოდა მოხიბლულიყავი. „რემინგტონის“
საბეჭდი მანქანა, საქსაფონი გედის ყელივით მოღუნული
ღეროთი, ალუმინის ბინოკლი, პატარა მაგნიტოფონი, ძველი ფოტოები, ერთზე ფლორენს
ნაითინგეილი იყო გამოსახული, მხარზე ბუ ეჯდა, კიდევ ახალი
საფოსტო ღია ბარათები – ერთ, კალიფორნიიდან გამოგზავნილ ბარათზე პალმის ხე ეხატა.
კალიფორნიაში არ ვიყავი ნამყოფი. მეგონა, რომ იქ მხოლოდ გამორჩეული რასის
წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ვიცოდი, რომ ფილმები იქიდან
მოდიოდა და ლოს-ანჯელესში ერთი ფოლკის კლუბი იყო, სახელწოდებით „Ash Grove“.
ფოლკლორის ცენტრში ვნახულობდი ხოლმე „Ash Grove“-ის
პოსტერებს და ვოცნებობდი იქ დამეკრა. არადა, წარმოუდგენელი მეჩვენებოდა. არც მეგონა,
თუ როდესმე იქ მოვხვდებოდი. მაგრამ საბოლოოდ ისე
გამოვიდა, რომ არა თუ ჩავედი კალიფორნიაში, „Ash Grove“-სსაერთოდ გვერდით ჩავუარე.
ჩემმა სიმღერებმა და სახელმა კალიფორნიაში ჩემზე
ადრე ჩააღწია და როცა ჩავედი, პირდაპირ სანტა მონიკას „Civil Auditorium“-ში გამოვედი. იქ
შევხვდი ყველა სხვა გამომსვლელს, ვინც ჩემს სიმღერებს ასრულებდა – ისეთ
პროფესიონალ მუსიკოსებს, როგორიც ბერდსია, მათ ჩემი „Mr. Tambourine Man“ ჩაწერეს, სანი
და შერიმ „All I
Really Want to Do“ შეასრულეს, თერთლსმა ჩაწერა „It Ain’t Me, Babe“, გლენ კემპბელმა
გამოუშვა ჩემი „Don’t Think Twice“, ჯონი რივერსმა
კი „Positively 4th Steet“.
სხვა დანარჩენ ვარიანტებთან შედარებით, ჩემი სიმღერები ყველაზე მეტად ჯონი
რივერსის შესრულებით მომეწონა. ადვილი შესამჩნევი იყო,
რომ ჩვენ ერთი უბნიდან ვიყავით, ერთსა და იმავე ციტატებს ვკითხულობდით, ერთი
მუსიკალურ ოჯახს წარმოვადგენდით, ერთი ნაჭრიდან
გამოჭრილები. როცა, „Positively 4th Street“-ის ჯონის ვერსია მოვისმინე, ჩემსაზე მეტად
მომეწონა. ვუსმენდი და ვუსმენდი გაუთავებლად.
ჩემი სიმღერების უმეტესობა, რომელთაც სხვები ასრულებდნენ, უფრო ექსპერიმენტული
იყო, მაგრამ ჯონის ვერსიას რაღაც ვალდებულება ჰქონდა,
უფრო სრულყოფილი უნდა გაეხადა განწყობა და მელოდიური შეგრძნება, უფრო
აღმატებულად გადმოეცა ის გრძნობა, რომელიც მე ჩავდე სიმღერაში.
ისე, არც უნდა გამკვირვებოდა, ადრე ხომ იგივე გაუკეთა ჩაკ ბერის ორ სიმღერას, „Memhis“-ს
და „Maybellene“-ს.
ეს რამდენიმე წლით ადრე ხდებოდა, სანამ სანლენდს მივაღწევდი. ოთახს თვალი მოვავლე
და ფანჯრიდან გავიხედე, ბინდდებოდა. გარეთ ყინული
სქლად ედებოდა კიბის მოაჯირს, სახლების სახურავებს გავაყოლე თვალი. ისევ გათოვდა,
ცემენტით დაფარულ მიწა თოვლს დაეფარა. თუ მე ახლებური
ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი, ასე არ უნდა გამეგრძელებინა. ყოველ შემთხვევაში,
მინდოდა რაღაც გამეგო და მერე, მისგან
განვთავისუფლებულიყავი. მჭირდებოდა მესწავლა, როგორ უნდა მომეყარა თავი
აზრებისთვის. ყველაფრის ერთბაშად გაგება ძნელი იყო. მაგრამ თუ
ყველაფერს სწორად გაიგებდი, მერე შეძლებდი ყველაფერი ერთ აბზაცში ან სიმღერის ერთ
კუპლეტში მოგექცია.
ხანდახან ხვდები, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რაღაც შეიცვლება,
ოღონდ შენ მხოლოდ და მხოლოდ გრძნობ ამას – სემ კუკის
სიმღერაში, „Change Is Gonna Come“-ში როგორც არის, მაგრამ არ იცი, რამდენად
მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. ხანდახან უმნიშვნელო
ამბები რაღაცის მომასწავებელია, ოღონდ შენ ან ხვდები, ან ვერა. მერე კი მოულოდნელად
რაღაც მოხდება და შენ სხვა სამყაროში აღმოჩნდები,
უცნობ სამყაროში, და ინსტინქტურად გრძნობ – გათავისუფლდი. არ გჭირდება კითხვების
დასმა, შენ ისედაც იცი ანგარიში. და როცა ეს ხდება,
გეჩვენება, რომ ძალიან სწრაფად ხდება, როგორც სასწაული, მაგრამ სინამდვილეში
სხვაგვარადაა. ისე არ არის, თითქოს მომაბეზრებელი ხმაური
გადაივლის და ის წამი დადგება – თვალები უცებ არ აგეხილება და მოულოდნელად არ
დარწმუნდები რამეში. ყველაფერი უფრო წინდახედულად ხდება.
უფრო იმას ჰგავს, დღის შუქზე რომ იყო დაჩვეული მუშაობას და ერთ დღეს შენიშნო, რომ
ადრე ბნელდება, რომ არა აქვს მნიშვნელობა, სად ხარ –
არც არაფერში გჭირდება. ვიღაცას „სარკე უჭირავს“, კარს გიღებს – რაღაც გიბიძგებს,
შედიხარ და განსხვავებულ ადგილას აღმოჩნდები.
ხანდახან ვიღაც ტიპი უნდა დაგეხმაროს, ამას რომ მიხვდე.
მე პირადად მაიკ სიგერმა გამარკვია. ცოტა ხნის წინ შემხვდა კამილა ადამსთან. კამილა
ეგზოტიკური, შავგვრემანი ქალი იყო, ავა
გარდნერივით ფერ-ხორციანი. გერდის ფოლკ სითიში ვნახულობდი კამილას, ამერიკის
ყველაზე გამორჩეულ ფოლკ კლუბში. გერდი ვილიჯის განაპირას
იყო, დასავლეთ ბროდვეისთან ახლოს, გარეუბნის ტიპის კლუბი, „Blue Angels“ არ ჰგავდა,
არადა ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. იქ ცნობილი
მომღერლები გამოდიოდნენ, ისეთები, ვის ჩანაწერებსაც უკვე იცნობდნენ და იქ რომ
გემუშავა, კავშირის ბარათის გარდა კაბარეს ბარათიც უნდა
გქონოდა. ორშაბათ ღამით, რომელთაც „Hootenanny Nights“ ერქვა, უცნობი მომღერლები
გამოდიოდნენ ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ ღამეს მეც გამოვედი
კლუბში და კამილაც გავიცანი. იმ დღიდან მოყოლებული, შიგადაშიგ ვხვდებოდი. სულ
ისეთ ტიპებთან ერთად დადიოდა, დაქირავებულ დეტექტივებს
რომ გვანან. კამილა შესანიშნავი ქალი იყო, მისი ახლო მეგობრები იყვნენ ჯოშ უაიტი და
სისკო ჰიუსტონი. სისკოს სიმსივნე ჰქონდა, ბოლო
სტადია, მის ბოლო გამოსვლებს ვესწრებოდი ფოლკ სითიში. სისკოს ბევრი სიმღერა მქონდა
მოსმენილი ვუდი გატრის დისკებზე და, რა თქმა უნდა,
მის დისკებზეც – მთელი ის კოვბოური სიმღერები, ტყისმჭრელთა სიმღერები, ბალადები
ცუდ ბიჭებზე. სისკო თავისი დამამშვიდებელი ბარიტონით
შესანიშნავად ეთავსებოდა ვუდის, ისინი დისკებს ერთად უშვებდნენ, მეორე მსოფლიო
ომის დროს სავაჭრო ფლოტის გემით ერთად იმოგზაურეს
ზღვაში. სისკო სიმპათიური და ენერგიული კაცი იყო, ფანქრით დახატულივით თხელი
ულვაში ჰქონდა, ერორ ფლინისა არ იყოს, მდინარის გემის
გემბლერს ჰგავდა. ამბობდნენ, შეეძლო კინოვარსკვლავი გამხდარიყოო, თითქოს ერთხელ
მთავარ როლზე უარი უთქვამს, მირნა ლოის გამო. ბერლ
აივზი, რომელიც მართლა გახდა კინოვარკვლავი და სისკო, დიდი დეპრესიის წლებში,
ერთად თამაშობდნენ ხოლმე ახალმოსახლეების ბანაკებში.
სისკოს თავისი სატელევიზიო შოუ ჰქონდა, ოღონდ ეს ყველაფერი მაკარტის ერაში
ხდებოდა და კომპანია იძულებული გახდა ის გაეშვა. სისკოზე
ყველაფერი ვიცოდი. იმ დღეს, თავის გამოსვლებს შორის, შესვენებაზე, კამილასთან იჯდა
და კამილამ ჩემი თავი წარუდგინა, უთხრა ახალგაზრდა
მომღერალია და ვუდის არაერთ სიმღერას მღერისო. სისკო თავაზიანი კაცი იყო,
ღირსეული, ისე ლაპარაკობდა, როგორც მღეროდა. ბევრი არაფრის
თქმა არც სჭირდებოდა – ყველამ იცოდა, რამდენი რამ ჰქონდა გადატანილი, რამდენი
კარგი საქმე გაეკეთებინა, საქებარი და დასაფასებელი.
ვუყურებდი მის გამოსვლას და რომ არ გცოდნოდა, ცალი ფეხი სამარეში უდგასო,
ვერაფერს იეჭვებდი. იმ კვირის ბოლოს, კამილა მისთვის
გამოსათხოვარი ფართის მოწყობას აპირებდა და მეც დამპატიჟა. მე-5 ავენიუზე
ცხოვრობდა, დიდ აპარტამენტში, ვაშინგტონ პარკთან ახლოს,
რომანული სტილის შენობაში.
მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ მოგვიანებით კამილა ფოლკ სითის მეპატრონეებს, მაიკ
პორკოსს და მის ძმას ჯონს დაიყოლიებს ორი კვირით
მიმიწვიონ. ვინაიდან მცირეწლოვანი ვიყავი, მაიკი თავდებად დამიდგა ჩემთვის კაბარეს
ბარათი მოეცათ, ასე რომ, მამის მაგივრობა გამიწია –
სიცილიელი მამის, რომელიც არასოდეს მყოლია. კამილას ჩემს ერთ გოგოსთან ერთად
ვეწვიე, რომელსაც არც ისე ხშირად ვხვდებოდი ხოლმე. დელორეს დიქსონი ერქვა,
მომღერალი იყო, „ნიუ ვორლდ სინგერსიდან“, ამ ჯგუფთან საკმაოდ ახლოს ვიყავი.
დელორესი ალაბამადან იყო, ადრე
ჟურნალისტობდა და ცეკვავდა.
შევედი თუ არა, შევამჩნიე, რომ ოთახი ხალხით იყო გადავსებული, ბოჰემური ტიპები –
ბევრი ხანშიშესულიც. ჰაერი სუნამოს, სიგარეტის,
ვისკისა და უამრავი ადამიანის სუნს დაემძიმებინა. ვიქტორიანული სტილის აპარტამენტი
ბევრი საყვარელი ნივთით იყო მორთული. ბოზ-არტის
სტილის ლამპები, ბუდუარის სკამები, დივანებზე პლუშის გადასაფარებელი – ბუხარზე
ჯაჭვით მიმაგრებული მძიმე შეშის დასაწყობები. ბუხარში
ცეცხლი გიზგიზებდა. ახლოს მივედი ბუხართან, ჰოთ დოგები და ზეფირები გამახსენა.
დელორესი და მე თავს უხერხულად ან უადგილოდ არ
ვგრძნობდით, ყოველ შემთხვევაში, ძალიან არა. მე სქელი ფლანელის პერანგი მეცვა,
ხაკისფერი შარვალი და მოტოციკლეტისტის ყელიანი
ფეხსაცმელი, ზემოდან ტყავის ქურთუკი და კეპი მეხურა. დელორესს გრძელი ბეწვის
პალტო ეცვა ღამის პერანგზე, რომელიც კაბას ჰგავდა. იქ
ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, ვისაც არც ისე დიდი ხნის შემდეგ, კიდევ შევხვდებოდი,
უმეტესობა ფოლკის წრის იერარქიიდან. იმ დროისთვის,
ისინი საკმაოდ ინდიფერენტულად იყვნენ ჩემდამი განწყობილნი და არავითარ ინტერესს
არ იჩენდნენ. მატყობდნენ, რომ ჩრდილოეთ კაროლინას
მთებიდან არ ვიყავი, არც მაინცდამაინც კომერციული, კოსმოპოლიტი მომღერალი. მე,
შეიძლება ითქვას, მათ წრეს არ მივესადაგებოდი. უბრალოდ,
არ იცოდნენ, რაში შეიძლებოდა ჩემი გამოყენება. პიტ სიგერმა კი იცოდა და გამარჯობაო,
მომესალმა. ჰაროლდ ლევენტალთან ერთად იყო მოსული,
„ვივერსის“ მენეჯერთან. ჰაროლდი დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, თითქმის ჩურჩულებდა.
მისკენ უნდა დახრილიყავი, კარგად რომ გაგეგო რას
ამბობდა. რაღაც პერიოდის მერე, მისი ხელშეწყობით თაუნ ჰოლში კონცერტს გავმართავ.
იყო კიდევ ჰენრი შერიდანი, მეი ვესტის ყოფილი ბოიფრენდი. მომავალში მეი ვესტი
ჩემს სიმღერას ჩაწერს. ვის არ ნახავდით იქ,
ავანგარდისტ ხელოვანებს, ქორეოგრაფს, რომელიც თავისი ცეკვისთვის სპორტის
სახეობებიდან – ჭიდაობიდან და ბეისბოლიდან – იღებდა ილეთებს,
ანდერგრაუნდის რეჟისორ კენ ჯაკობსს და პიტერ შუმანს, თეატრიდან „ბრედ ენდ ფაფეთ“ –
მის სპექტაკლში „საშობაო ამბავი“ მეფე ჰეროდე დიდ
სიგარას ეწეოდა და ერთ მარიონეტს, რომელიც ყველა მოგვის როლს ასრულებდა, სამი
ნიღაბი ჰქონდა. იყო მოე ეში, „ფოლკვეის რექორდის“
დამაარსებელი და ასევე თეოდორ ბიკელი, შერიფის როლს რომ ასრულებდა ფილმში
„გადაჯაჭვულნი“. კიდევ ერთი ნიჭიერი მსახიობიც იყო, რომელიც
ფოლკს მღეროდა უცხო ენებზე. სულ რამდენიმე წლის შემდეგ, მასთან და პიტთან
ერთად მისისიპიში გავემგზავრები, ამომრჩევლების
დასარეგისტრირებელ შეხვედრაზე დასაკრავად. კამილასთან კიდევ ჰარი ჯეკსონს
შევხვდი, მას ჯერ კიდევ ფოლკ სითიდან ვიცნობდი – ჰარი
ვაიომინგიდან იყო, კოვბოი მოქანდაკე, მხატვარი და მომღერალი. ჰარის ბრუმ სთრითზე
სტუდია ჰქონდა. მოგვიანებით ის ჩემს პორტრეტს
დახატავს. ერთი სახელოსნო იტალიაშიც ჰქონდა, სადაც ქალაქის მოედნებისთვის
ქანდაკებებს ძერწავდა. უხეში, უცხვირპირო კაცი იყო – გენერალ გრანტს ჰგავდა, კოვბოურ
სიმღერებს მღეროდა და მაგრად სვამდა.
სისკომ უამრავ, სხვადასხვა ყაიდის ადამიანს მოუყარა თავი. იყვნენ კავშირის წევრები,
კავშირის ყოფილი წევრები, დამსაქმებლები. ცოტა
ხნით ადრე, ახალ ამბებში ითქვა, რომ AFL-CI-ს (ამერიკული შრომისა და ინდუსტრიული
ორგანიზაციების ფედერაციის) საბჭოს შეხვედრა შედგა
პუერტო რიკოში. მაგარი სასაცილო იყო. ეს ამბავი ერთ კვირას გაგრძელდა. ფოტოებზე
აღბეჭდეს, თუ როგორ ქეიფობდნენ კავშირის ბოსები რომით,
დადიოდნენ კაზინოებსა და ღამის კლუბებში – სასტუმროს აუზთან ფუმფულა
პირსახოცის ხალათებში გამოწყობილები, სერფინგით მოცურავეები,
ჰოლივუდურ სათვალეში, როგორ ჭიმავდნენ ყირას აუზში ჩასახტომ დაფაზე. საკმაოდ
დეკადენტურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. იქ ვითომ იმიტომ
იყვნენ ჩასულები, რომ უმუშევრობის პრობლემაზე ემსჯელათ. როგორც ჩანს, არ იცოდნენ,
სურათებს რომ უღებდნენ.
კამილას წვეულებაზე მოსული ყმაწვილები მთლად ასეთები არ ჩანდნენ, ისე ზოგიერთი
მათგანი საბუქსირო გემის კაპიტანს ჰგავდა, ზოგიც
ცირკის მუშას. იყო მაკ მაკენზი, ბრუკლინის პორტის პროფკავშირის ორგანიზატორი. მაკი
და მისი ცოლი გავიცანი, ცოლი ადრე მოცეკვავე იყო,
სახელად მართა გრეჰემი. 28-ე ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მერე მათი ხშირი სტუმარიც გავხდი...
იქაც სასტუმრო ოთახში, დივანზე მეძინა ხოლმე.
ხელოვნების სამყაროდანაც იყვნენ ვიღაც-ვიღაცები, ადამიანები, რომელთაც იცოდნენ და
კომენტარებს აკეთებდნენ იმაზე, თუ რა ხდებოდა
ამსტერდამში, პარიზსა და სტოკჰოლმში. ერთ-ერთი მათგანი, რობინ უაითლოუ,
კანონდამრღვევი ხელოვანი ქალბატონი, ისე დადიოდა, გეგონება
რაღაც ნელ ცეკვას ასრულებსო. ვკითხე – აქ რა პონტში ვართ-მეთქი. – მე პირადად,
საჭმელად ვარ მოსული. – მიპასუხა. რამდენიმე წლის მერე,
რობინს ბინის გატეხვისა და ქურდობისთვის დაიჭერენ. თავი იმით იმართლა, რომ
ხელოვანი იყო, მისი საქციელი კი პერფორმანსი და როგორი
უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბრალდება მოუხსნეს.
სტუმრებს შორის ფოლკის ჟურნალის „სინგ აუთ“-ის რედაქტორიც, ირვინ სილბერიც, ერია.
რამდენიმე წლის მერე, საჯაროდ გამაკრიტიკებს თავის
ჟურნალში, იმის გამო, რომ ფოლკის მოყვარულთა საზოგადოებას ზურგი შევაქციე.
გაბრაზებული წერილი დაწერა. ირვინისადმი სიმპათიით ვიყავი
განწყობილი, მაგრამ ვერ გავუგე. მასე შეიძლება მაილს დევისიც დაედანაშაულებინათ
ალბომისთვის „Bitches Brew“, რადგან თანამედროვე ჯაზის
კანონებს გადაუხვია, ის-ის იყო ბაზარზე დამკვიდრებას რომ აპირებდნენ, ოღონდ ეს
მანამდე ხდებოდა, ვიდრე მაილსის დისკი გამოვიდოდა და
ყველა შანსს დაუსამარებდათ. მაილსი რომ ჯაზის მოყვარულთა საზოგადოებამ
გააკრიტიკა, არა მგონია, თავად მაილსს ეს დიდად გულთან ახლოს
მიეტანა. ლათინოამერიკელებიც არანაკლებ არღვევდნენ კანონებს. ისეთი ხელოვანები,
როგორებიც იყვნენ ჯოან ჟილბერტო, რობერტო მენესკალი და
კარლოს ლაირა, ცდილობდნენ გადაეხვიათ დრამებით გადატვირთული სამბიდან და
ბრაზილიური მუსიკისთვის ახალი ფორმა მიეცათ, მელოდიები
გადაეკეთებინათ და ამას „ბოსა-ნოვას“ ეძახდნენ. მე რაც შემეხება და ჩემს გადახვევას,
ფოლკში უმნიშვნელო ცვლილებები შევიტანე, ახალი წარმოსახვა და დამოკიდებულება
ჩავდე, პოპულარულ გამოთქმებსა და მეტაფორებს ვხმარობდი, რამაც ისეთი განვითარება
ჰპოვა, რაც აქამდე
მოსმენილი არ ჰქონდათ. სილბერმა კი ამის გამო წერილში გამლანძღა, გეგონება, მარტო
თვითონ და კიდევ რამდენიმე ადამიანს ესმოდა რამე. მეც
კარგად მესმოდა, რასაც ვაკეთებდი და არ ვაპირებდი ვინმეს გამო, ერთი ნაბიჯითაც უკან
დამეხია.
კამილასთან ბროდვეის და „ოფ-ბროდვეის“ მსახიობებიც მოვიდნენ – დაიანა სენდსი,
მაგარი ვნებიანი მსახიობი ქალი, რომელიც მგონი ჩუმად
მიყვარდა და კიდევ ვიღაცები. ბევრი მუსიკოსი და მომღერალიც იყო – ლი ჰაიესი, ერიკ
დარლინგი (ერიკს სულ ახალი ჩამოყალიბებული ჰქონდა
ჯგუფი სახელად „რუფთოფ სინგერსი“), მალე ისინი გას ქენონის სიმღერას ჩაწერენ „Walk
Right In“ და ჩარტებს შეარყევენ. სონი ტერი, ბრაუნი
მაკგი, ლოგან ინგლიში, ფოლკ სითიდან ლოგანსაც ვიცნობდი. კენტუკის შტატიდან იყო,
შავ შარფს ატარებდა და ბანჯოზე უკრავდა... ექპერტი
გახლდათ ბასკომ ლამარ ლანფორდის სიმღერების შესრულებაში, ისეთი სიმღერების,
როგორიცაა „Mole in the Ground“ და „Grey Eagle“.
ფსიქოლოგიის პროფესორს ჰგავდა, კარგი პერფორმერი იყო, მაგრამ ორიგინალობა
ნამდვილად აკლდა. ამ კაცში იყო რაღაც ოფიციალური და
ორთოდოქსული. თუმცა ძველი დროის მუსიკოსის ჟინი ჰქონდა და თვალებიც
უციმციმებდა. კარგი აღნაგობის კაცი იყო. როცა არ უნდა გენახა, ხელში
სასმელი ეჭირა, მე „რობერტით“ მომმართავდა. იქ ასევე ნახავდით მილარდ თომასს, ჰარი
ბელაფონტეს გიტარისტს. ჰარი ამქვეყნად საუკეთესო
შემსრულებელი იყო ბალადებისა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ფანტასტიური ხელოვანი
გახლდათ, მღეროდა სიყვარულსა და მონობაზე – ჯაჭვით
გადაბმულ მუშებზე, წმინდანებზე, ცოდვილებსა და ბავშვებზე. მის რეპერტუარში ძველი
ფოლკის უამრავი სიმღერა იყო, მაგალითად, „Jerry the
Mule“, „Tol“, „My Captain“, „Darlin’ Cora“, „John Henry“, „Sinner’s Prayer“ და კიდევ კარიბული
ფოლკიც. მისი ერთ-ერთი დისკი
„Belafonte Sings of the Caribbean“, მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას გარდა, ჰარი
კინოვარსკვლავიც გახდა, ოღონდ ელვისივით არა, ჰარი
ჯიგარი იყო, არ ჰგავდა ბრანდოს, ან კიდევ როდ სტაიგერს. ეკრანზე ძლიერი იყო, ბიჭური
ღიმილი ჰქონდა და მაგარი გაბრაზება იცოდა. ფილმში
„Odds Against Tomorrow“ საერთოდ გავიწყდება, რომ ის მსახიობია, გავიწყდება, რომ ის ჰარი
ბელაფონტეა. მას შეეძლო ერთ დღეს „კარნეგი
ჰოლის“ გადაჭედილ დარბაზში დაეკრა, მეორე დღეს კი მოდის ცენტრში გამართულ
კავშირის შეხვედრაზე, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, ხალხი ხალხი იყო. მეოცნებე ადამიანი გახლდათ და შეეძლო შენთვის თავი
კაცობრიობის ნაწილად ეგრძნობინებინა. თითოეულ ჩვენგანს
მოგვმართავდა, მეტალურგი იქნებოდი თუ ქველმოქმედი, თინეიჯერი გოგო, ან საერთოდ
პატარა ბავშვი. იშვიათი უნარით იყო დაჯილდოებული. ერთხელ
სადღაც უთქვამს, არ მიყვარს ტელევიზიით გამოსვლა, რადგან, ვფიქრობ, ჩემი მუსიკა
პატარა ეკრანზე წარმოსადგენად ძნელი იქნებაო და ალბათ,
მართალი იყო. ყველანაირად დიდებული გახლდათ. ფოლკის პურისტებს მასთან
პრობლემები ექმნებოდათ, არადა ჰარი ყველას ჩახდიდა, უბრალოდ
გულთან ახლოს არ მიჰქონდა ეს ამბავი. ამბობდა, ყველა ფოლკის მომღერალი
ინტერპრეტატორიაო. ისიც უთქვამს, პოპს ვერ ვიტანო, მისი აზრით, პოპი მონარჩენი იყო. მე
ჰარის ყველაფერში ვემხრობოდი. ერთხელ, წარსულში, ჰარი კანის ფერის გამო, ერთ ცნობილ
ღამის კლუბში არ შეუშვეს,
არც ისე დიდი ხნის შემდეგ კი ჰარი იმ კლუბის წამყვანი მომღერალი გახდა. ემოციების
აღძვრის უცნაური ძალა ჰქონდა. როგორი დაუჯერებელიც არ
უნდა მოგეჩვენოთ, ჩემი პირველი პროფესიონალური ჩაწერა ჰარისთან ერთად შედგა,
ჰარმონიკაზე ვუკრავდი მის ერთ-ერთ ალბომში „Midnight
Special“. უცნაურია, მაგრამ ყველაზე დაუვიწყარი ჩაწერა ეს გამოდგა, ჩემი საკუთარი
სესიები ბუნდოვნად მახსოვს. ბელაფონტესთან
ურთიერთობისას ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მისი მადლი მომეცხო. ჰარიმაც იგივე
გააკეთა ჩემთვის, რაც გორჯას ჯორჯმა. იშვიათი ტიპის
ადამიანი იყო ჰარი, სიდიადეს ასხივებდა და იმედს გიტოვებდა, რომ შენც რაღაც
გადმოგეცემოდა. ნამდვილად პატივისცემას იმსახურებს. მას
ცხოვრებაში იოლი გზა არასოდეს აურჩევია, არადა შეეძლო.
გვიანი იყო და მე და დელორესი უკვე წასვლას ვაპირებდით, როცა მოულოდნელად
ოთახში მაიკ სიგერი დავლანდე. რატომღაც ადრე არ
შემინიშნავს. სიგერის დანახვისთანავე გამოვფხიზლდი და იმწამსვე განწყობაც გამოკეთდა.
ადრე მოსმენილი მქონდა მისი დაკვრა „ნიუ ლოსთ სითი
რემბლერებთან“ ერთად. არაორდინარული კაცი იყო, უჩვეულო გრძნობებს გიღვიძებდა.
უპრეცედენტო ვინმე იყო, მეორე „დონ კიხოტი“ ფოლკის
მუსიკოსისისთვის, სამაგალითო ტიპი. შეეძლო დრაკულასთვის მის შავ გულში სარი
გაეყარა და ამავე დროს, რომანტიკოსიც ყოფილიყო,
თანასწორობის მომხრეც და რევოლუციონერიც ერთდროულად – რაინდული სისხლი
ჰქონდა. როგორც მონარქიის რესტავრაციის დროინდელი ფიგურა,
ცდილობდა ეკლესიის განწმენდას. მე ისიც მომისმენია, როგორ უკრავდა მაიკი ალან
ლონაქსის სხვენზე მე-3 ქუჩაზე, სადაც ლომაქსი თვეში ორჯერ
ფოლკის მომღერლებს უყრიდა თავს და წვეულებას მართავდა ხოლმე. წვეულებას ან
კონცერტსაც ვერ დაარქმევდი, უფრო რაღაც... არ ვიცი, საღამო?
იქ შეგეძლოთ გენახათ როსკო ჰოლკომბი ან კლარენს ეშლი, ან დოკ ბოგსი, მისისიპი ჯონ
ჰარტი, რობერტ პიტ უილიამსი, ან სულაც დონ სტუვერი და
„ლილი ბრაზერსი“. ხანდახან ლომაქსს გამოსასწორებელი კოლონიიდან გამოჰყავდა
პატიმრები, ნიუ-იორკში მის სხვენზე მელოდიურად რომ ეკივლათ.
მსმენელთა შორის კი იყვნენ ადგილობრივი ექიმები, ქალაქის წარჩინებული პირები,
ანთროპოლოგები. რაც მთავარია, ყოველთვის პროფესიონალურად
სრულდებოდა ფოლკი.
ერთი-ორჯერ მეც ვყოფილვარ იქ და მინახავს მაიკი „რემბლერსების“ გარეშე რომ მღეროდა
– „The Five Mile Chase“, „Mighty Mississippi“,
„Claude Allen Blues“ და კიდევ სხვა სიმღერები შეასრულა. ყველა ინსტრუმენტზე შეეძლო
დაკვრა, რომელიც კი დასჭირდებოდა – ბანჯოზე,
ვიოლინოზე, მანდოლინაზე, ციტრაზე და გიტარაზე, ჰარმონიკაზეც კი უკრავდა. მაიკს
სულ დაძაბული, პოკერის მოთამაშესავით უემოციო
გამომეტყველება ჰქონდა, ქათქათა თეთრი პერანგი ეცვა ხოლმე და ვერცხლისფერი
სამკლავეები ეკეთა, ყველა ჟანრში უკრავდა, იდიომებს
ოსტატურად არჩევდა. ახლოს რომ გავიცანი, თავში გამიელვა, ისე კარგად უკრავს, ამაზე
უკეთ შეუძლებელია ამ სიმღერების შესრულება-მეთქი. ისე გამიტაცა მისი სიმღერის
მოსმენამ, რომ ჩემი თავი დამავიწყდა. რაზედაც მე მუშაობა მჭირდებოდა, ის მაიკს უკვე
გენებში ჰქონდა.
მანამდეც ჰქონდა სისხლში, ვიდრე ამქვეყნად გაჩნდებოდა. ვერვინ შეძლებდა მასავით
დაკვრა ესწავლა, და მივხვდი, რომ მეც აუცილებლად უნდა
შემეცვალა შინაგანი ხედვა... უნდა მერწმუნა ისეთი შესაძლებლობების, რომელთაც ადრე
არ დავუშვებდი. მივხვდი, რომ აქამდე ჩემი
შემოქმედებითი ხედვა ვიწრო იყო და მისი მართვა შეიძლებოდა.
ვიცოდი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, სწორ გზას ვადექი, ცოდნას
პირველწყაროდან ვიძენდი და სწრაფად ვიმახსოვრებდი სიტყვებს,
მელოდიას, გადასვლებს, მაგრამ, ამავე დროს, იმაშიც ვრწმუნდებოდი, რომ შეძენილი
ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას მთელ დარჩენილ ცხოვრებას
შევალევდი, მაიკს კი ეს არ სჭირდებოდა. მაიკი იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ის
მეტისმეტად კარგი იყო, „მეტისმეტად კარგი“ კი ვერ
იქნები, ყოველ შემთხვევაში, ამ სამყაროში. მასავით კარგი მაშინ შეიძლება ყოფილიყავი,
თუ მაიკ სიგერი გახდებოდი. ფოლკის სიმღერები
ორაზროვანია – სიმართლეს ჰყვებიან ცხოვრებაზე, ცხოვრება კი მეტ-ნაკლებად სიცრუეა,
მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი გვინდა რომ იყოს. სხვა
შემთხვევაში, თავს ხომ ვერ ვიგრძნობთ კომფორტულად. მნიშვნელობა, რომელიც
ფოლკის სიმღერაში დევს, შეიძლება სხვადასხვა მომენტში
განსხვავებული მოგვეჩვენოს. საერთოდ, დიდად არის დამოკიდებული, იმაზე თუ ვინ
მღერის და იმაზეც, თუ ვინ უსმენს.
მოულოდნელად ასეთი აზრი დამებადა: იქნებ მე თვითონ დავწერო სიმღერები, ისეთი,
მაიკს რომ არ ეცოდინება-მეთქი. სახიფათო, მაგრამ
სტიმულის მომცემი აზრი იყო. მანამდე, აქა-იქ ნამყოფი და თითქოს რაღაცებში გარკვეული
ვიყავი, მოულოდნელად კი ისეთი გრძნობა გამიჩნდა,
თითქოს იქ არასოდეს შევსულვარ. შენ აღებ ბნელი ოთახის კარს, რომელშიც თითქოს იცი,
სად რა აწყვია, მაგრამ ვიდრე არ შეაბიჯებ შიგნით,
დანამდვილებით ვერაფერს დაიჩემებ. ვერ ვიტყვი, რამე სულიერი გამოცდილების
მომნიჭებელ პერფორმანს დავსწრებოდი მანამდე, სანამ ლომაქსის
სხვენზე მოვხვდებოდი. სიმღერის დაწერაზე ბევრს ვფიქრობდი. ჯერ მზად არ ვიყავი,
მაგრამ ვგრძნობდი, რომ თუ დაკვრის გაგრძელებას
დავაპირებდი, თავი უკეთ უნდა წარმომეჩინა.
კამილას წვეულებაზე მაიკი მოე ეშს ესაუბრებოდა. იდგნენ და ეტყობოდათ, რომ
იცოდნენ, რაზე საუბრობდნენ. მოემ თავის „ფოლკვეის
რექორდში“ „რემბლერების“ ყველა დისკი გამოუშვა და, სხვათა შორის, ჩემს ყურადღებას
ყველაზე მეტად ეს ხმის ჩამწერი სტუდია იპყრობდა.
ნამდვილად ოცნების ასრულებას დავარქმევდი, მოეს ჩემთან რომ დაეჭირა საქმე.
ამასობაში, ჩემი და დელორესის წასვლის დროც დადგა, სისკოს
დავემშვიდობე, ერთი წუთით გამოველაპარაკე და ვუთხარი – ვუდი გატრისთან
საავადმყოფოში დავდივარ ხოლმე-მეთქი. სისკოს გაეღიმა, მითხრა,
ვუდის არასოდეს უცდია რამე შეენიღბაო და მთხოვა, შემდეგ მისვლაზე მისგან მოკითხვა
გადამეცა. თავი დავუქნიე, დავემშვიდობე, დერეფანში
გავედი და კიბეს ჩავუყევი... გარეთ მისაღებიდან გავედი.
დელორესი და მე ქუჩაში გავჩერდით და მითოლოგიური ცხოველებით გადატვირთულ
რომანულ სვეტებს თვალი ავაყოლეთ. მაგრად ყინავდა. ხელები
ჯიბეში ჩავიწყვე და მე-6 ავენიუსკენ დავაწექით. ქუჩაში დიდი მოძრაობა იყო და ბევრი
ხალხი ირეოდა, ვუყურებდი, როგორ მივლიდნენ გვერდს.
თომას ელიოტს აქვს ერთი ლექსი, თუ როგორ მიდი-მოდის ხალხი და ის, ვინც შენს
საპირისპირო მხარეს ირჩევს, ასე გგონია, რომ გარბის. იმ
ღამითაც ასე მეჩვენებოდა. ნიცშე წიგნში „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ საუბრობს
იმაზე, როგორ შეიძლება ცხოვრების დასაწყისში თავი
მოხუცად იგრძნო. მეც ეგეთი გრძნობა მქონდა. რამდენიმე კვირის თავზე ვიღაცამ მითხრა,
სისკო გარდაიცვალაო.
ამერიკაში ყველაფერი იცვლებოდა. მე ჩემი ბედის მჯეროდა და ცვლილებებს მივყვებოდი.
ნიუ-იორკი სხვა ქალაქებისგან არ გამოირჩეოდა. პოლ
კლეიტონს და რეის ღამე საუბარი უყვარდათ. ამბობდნენ, ნიუ-იორკი მსოფლიოს
დედაქალაქიაო. მიუსხდებოდნენ ხოლმე მაგიდას... ან სკამის
ზურგით კედელს ეყუდებოდნენ, ან იდაყვებით მაგიდას ჩამოეყრდნობოდნენ, სვამდნენ
ყავას და ბრენდის. კლეიტონი, ვენ რონკის მეგობარი, ნიუ
ბედფორდიდან იყო, მასაჩუსეტსიდან, ვეშაპების ჭერით განთქმული ქალაქიდან – ბევრი
მეზღვაურების სიმღერა იცოდა, პურიტანი წინაპრები
ჰყოლია, მაგრამ ზოგიერთი მისი ნათესავი კოლონიური ვირჯინიიდან იყო. კლეიტონს
ერთი პატარა სახლი ჰქონდა შარლოტსვილის გარეუბანში,
დროდადრო ჩადიოდა ხოლმე დასახედად. ერთხელ რამდენიმე კაცი გავყევით და მთელი
კვირა ვიყურყუტეთ მთებში. იმ ადგილებში არც ელექტრობა იყო,
არც წყალსადენის სისტემა, არც არაფერი – ღამე იქაურობას ნავთის ლამპებით ვანათებდით.
რეი ვირჯინიიდან იყო, მისი წინაპრები სამოქალაქო ომის წლებში ორივე მხარეს
იბრძოდნენ. როცა ლაპარაკობდნენ, კედელს მივეყუდებოდი
ხოლმე და თვალებს ვხუჭავდი, მეგონა, მათი ხმა სხვა სამყაროდან მოდიოდა. რაზე არ
ლაპარაკობდნენ – ძაღლებზე, თევზაობაზე, ტყის ხანძრებზე,
სიყვარულზე, მონარქიებზე, სამოქალაქო ომზე. რეის თქმით, ნიუ-იორკმა მოიგო
სამოქალქო ომი და დიდ სიმაღლეზე ავიდა – მტყუანმა მხარემ
წააგო, რადგან მონათმფლობელობა დიდი ცოდვა იყო და ისედაც, ლინკოლნის გარეშეც,
მოისპობოდა. ვუსმენდი, ამას რომ ამბობდა და გავიფიქრე,
უცნაურია და არ არის კარგი ასე ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ, ის რახან ასე ამბობდა, ესე იგი ასე
იყო.
იმ დღეს ცოტა გვიან გავიღვიძე და აღარავინ იყო სახლში. მეც დავტოვე იქურობა, ერთ
ჩემ მომღერალ მეგობარს, მარკ სპოელსტრას უნდა
შევხვედროდი. ბლიქერ სთრითზე გვქონდა დათქმული შეხვედრა ცოტა სახიფათო,
მაგრამ პატარა, მყუდრო ყავის სახლში. ყავის სახლი ვიღაც
„ჰოლანდიელისა“ იყო, რასპუტინს ჩამოჰგავდა, ციმბირელ შეშლილ ბერს. „ჰოლანდიელს“
იჯარით ჰქონდა აღებული ის ადგილი. უფრო ხშირად ყავის
სახლში ჯაზმენები უკრავდნენ, მათ შორის სესილ ტეილორიც. ერთხელ სესილ
ტეილორთან ერთად დავუკარი. „The Water s Wide“ – ძველი ფოლკი
შევასრულეთ. სესილს რომ ნდომებოდა, შეეძლო რეგულარულად დაეკრა იქ. სესილის
გარდა კიდევ ბილი ჰიგინსთან და დონ ჩერითთან ერთადაც
დამიკრავს იმ ყავის სახლში.
მოკლედ, მარკთან შესახვედრად მივიჩქაროდი, კარმინ სთრითი უკან მოვიტოვე, მერე
გარაჟებს, ქიმწმენდებს, საპარიკმახეროებს, ტექნიკის
მაღაზიებს ჩავუარე. კაფეებიდან რადიოს ხმა გამოდიოდა. დათოვლილი ქუჩები ნაგვითა
და სევდით იყო სავსე, ბენზინის სუნი იდგა. ყავის
სახლები და ფოლკის ბარები სულ რაღაც რამდენიმე კვარტლის იქით იყო, მაგრამ
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს გზა აღარასოდეს
გათავდებოდა.
დანიშნულ ადგილზე რომ მივედი, სპოელსტრა უკვე იქ დამხვდა. „ჰოლანდიელიც“ იქ
იყო, ოღონდ მოკლული ეგდო ზღურბლთან. ყინულზე სისხლის
წვეთები შევნიშნე, თოვლზე კი წითელი, ობობას ქსელივით ზოლები იყო. შენობის
პატრონი ელოდებოდა თურმე გარეთ „ჰოლანდიელს“ და დანა
გაუყარა. მოკლულს ჯერ კიდევ ბეწვის ქუდი ეხურა, გრძელი ყავისფერი პალტო ეცვა,
თავი კიბის საფეხურზე ჰქონდა ჩამოდებული. ყველაფერი
იმიტომ მოხდა, რომ „ჰოლანდიელი“ უარს ამბობდა რენტა გადაეხადა, რის გამოც სულ
ჩხუბობდნენ. ის მეპატრონე არაერთხელ გაუგდია და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიუყენებია. კიდევ ბევრი მოუთმინა, ისე, მოხერხებული ყოფილა ეტყობა
ისიც, იმსისქე პალტოში არ იქნებოდა ადვილი დანის
გარჭობა. ვუყურებდი, როგორ იწვა „ჰოლანდიელი“ მიწაზე – გრძელი, თხელი, ყავისფერი
თმა და შეჭაღარავებული წვერი ჰქონდა – გეტისბერგის
ბრძოლაში დაღუპულ დაქირავებულ ჯარისკაცს ჰგავდა. სახლის წინ რამდენიმე
პოლიციელი ირეოდა, ბებერი მეპატრონე ოთახში იჯდა, კარი ღია იყო,
გაუპარსავი, უცნაურად გამოიყურებოდა, დასახიჩრებული გეგონებოდა, თვალებში
სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად
იყო.
ხალხი მიდი-მოდიოდა, ზოგს გვამისკენ არც გამოუხედავს. სპოელსტრა და მე
გავშორდით იქაურობას და სალივან სთრითისკენ გავემართეთ. –
მაგრად შემეცოდა, სამწუხაროა, მაგრამ, რა გინდა, რომ ქნა? – ისე თქვა, ჩემგან პასუხს არც
ელოდა. – ხო, ეგრეა. – მაგრამ, მე არ
შემცოდებია. მაშინ მხოლოდ იმას ვფიქროდი, რომ ყველაფერი არასასიამოვნო და
დამთრგუნველი იყო და რომ, ალბათ, იმ ადგილას მეტი აღარასოდეს
მივიდოდი. მგონი, ასეც მოხდა.
ნანახიდან მიღებული ძლიერი შთაბეჭდილება მაინც გონებას მირევდა – შეიძლება წინა
ღამით მოსმენილი საუბარიც მოქმედებდა, რატომღაც
სამოქალაქო ომის სურათები დამიდგა თვალწინ. განა, რა ბევრი ვიცოდი იმ
კატაკლიზმების შესახებ? დიდი არაფერი. მე სადაც გავიზარდე, იმ
ადგილებში გადამწყვეტი ბრძოლები არ ყოფილა – არც ჩენსელორსვილი, არც ბულ-რანი,
არც ფრედერიკსბერგი და არც ფიჩთრი. თუ რამ ვიცოდი ამ
ომის შესახებ, ის იყო, რომ შტატების უფლებების მოსაპოვებლად დაიწყო და ამ ომთან
ერთად მონათმფლობელობა დასრულდა. უცნაური მეჩვენებოდა
ეს ყველაფერი და სურვილი მქონდა მეტი გამეგო. ამიტომ ვენ რონკს გამოვკითხე. ის,
როგორც ყველა, პოლიტიკაში ერკვეოდა. მაინტერესებდა, რა
იცოდა შტატების უფლებების შესახებ. ვენ რონკი სიამოვნებით ილაპარაკებდა მთელი
დღე სოციალისტურ სამოთხეზე და პოლიტიკურ უტოპიაზე – ბურჟუაზიულ
დემოკრატიაზე, ტროცკისტებზე, მარქსისტებსა და მუშების ინტერნაციონალიზმზე – ამ
ამბებზე ლაპარაკი გაიტაცებდა ხოლმე, მაგრამ
შტატების უფლებებზე რომ მიდგებოდა საქმე, ცოტა იბნეოდა. – სამოქალაქო ომი მონების
გასათავისუფლებლად დაიწყო, – ასე ამბობდა, – არაფერი
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
დიდი საიდუმლოება ამაში არ არის. ერთხელ კიდევ დავწმუნდი, რომ ვენ რონკი ყველაფერს
თავისებურად ხედავდა.
კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება რონკისა ის იყო, რომ არასოდეს თავს არ
მოგაბეზრებდა და არაფერს არ აბუნდოვნებდა. ჩვენ ერთნაირ
სიმღერებს ვმღეროდით და საერთოდ, ასეთი ტიპის სიმღერებს ის მუსიკოსები
ასრულებდნენ, ვინც ბრმად ეძებდნენ სიმღერისთვის ტექსტებს.
ნელ-ნელა ისეთი აზრი მიჩნდებოდა, რომ ენა რაღაცით უკავშირდება ყველა იმ მიზანსა და
იდეალს, რომელიც შესისხლხორცებულია ასი წლის წინ
მომხდარ ამბებთან, და სრულიად მოულოდნელად, მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი არც ისე
დიდი ხნის წინ მოხდა.
ერთხელ, ჩემებს ველაპარაკებოდი ტელეფონით და მამაჩემი ჩაერთო, მკითხა, სად ხარო.
ნიუ-იორკში ვარ, მსოფლიოს დედაქალაქში-მეთქი,
ვუთხარი. კარგი ხუმრობააო, მამამ მიპასუხა. მაგრამ მე არ ვხუმრობდი. ნიუ-იორკი მაგნიტი
იყო, მიზიდულობის ძალა ჰქონდა, ოღონდ მაგნიტს თუ
მოაცილებდი, ყველაფერი ერთბაშად ცალ-ცალკე დაიყრებოდა.
რეი თავის ქერა, ტალღოვან თმას ჯერი ლი ლუისივით და ევანგელისტი ბილი
გრეჰემივით ატარებდა – აი, ისე, მქადაგებლებს რომ ჰქონდათ
ხოლმე და ადრეული როკ-ენ-როლის მომღერლები რომ ბაძავდნენ, იმ სტილში, კულტი რომ
შეიძლება შექმნა. ოღონდ, რეი არ ქადაგებდა, არადა რამე
რომ ყოფილიყო, შეძლებდა და ალბათ, ძალიან სასაცილოც იქნებოდა. უთქვამს კიდეც,
ფერმერებისთვის ქადაგების წაკითხვა რომ შემეძლოს,
ვეტყოდი, მიწა სიყვარულის მარცვლებით გაეფხვიერებინათ და მერე სულიერ შვებას
მოიმკიდნენ. ბიზნესმენებისთვისაც შეძლებდა ექადაგა, ალბათ
ასე ეტყოდათ – დებო და ძმებო, თუ შესცოდებთ, თქვენი საქმიანობა არ იქნება მომგებიანი.
მარადიულ ცხოვრებას ვერც იყიდი და ვერც გაყიდი.
ყველასთვის ჰქონდა სათქმელი. რეი სამხრეთელი იყო და პირფერობა არ სჩვეოდა, ისევე
შეეძლო ყოფილიყო მონობის წინააღმდეგი, როგორც
კავშირისა. – მონათმფლობელობა თავშივე უნდა აეკრძალათ, – ამბობდა რეი, – უკიდურესი
სისასტიკე იყო. მუშა ვერ შეძლებდა, კეთილსინდისიერად
ეცხოვრა. უნდა მოსპობილიყო. რეი პრაგმატული კაცი იყო, ხანდახან ვფიქრობდი, უგულოა,
ან არც სული არ გააჩნია-მეთქი.
ბინაში ხუთი თუ ექვსი ოთახი იყო. ერთ-ერთ ოთახში შესანიშნავი საწერი მაგიდა იდგა,
გადმოსაწევი თავსახურით, ისეთი მაგარი ჩანდა, ასი
წელი გაძლებდა – მუხის იყო, საიდუმლო უჯრებით, თაროზე საათით, რომელსაც ორი
მხარე ჰქონდა და მინერვას მედალიონით – საიდუმლო უჯრები
მექანიკური მოწყობილობით იღებოდა, გვერდებზე მოოქროვილ ბრინჯაოს ორნამენტებზე
მათემატიკური და ასტრონომიული სიმბოლოები გამოესახათ.
ნამდვილი საოცრება იყო. აი, ამ მაგიდას მივუჯექი, ავიღე ფურცელი და ბიძაშვილ რინის,
ერთი ხელის მოსმით, წერილი მივწერე. მე და რინი
ერთად გავიზარდეთ – საერთო ველოსიპედი გვყავდა. ხანდახან, როცა სადმე ვუკრავდი,
ისიც მომყვებოდა. პერანგი მომიქარგა, რომელსაც
გამოსვლების დროს ვიცვამდი ხოლმე, ძალიან მყვირალა გამოვიდა ის პერანგი. კიდევ
შარვლის ტოტებზე ზოლებად ლენტები მიმიკერა.
ერთხელ რინი დაინტერესდა, რატომ ვირქმევდი ხოლმე სხვა სახელს, განსაკუთრებით კი
როცა ახლომახლო ქალაქებში გამოვდიოდი. ვითომ, არ
მინდოდა ხალხს სცოდნოდა, ვინ ვიყავი სანამდვილეში? – ვინ არის ელსტონ განი? –
მეკითხებოდა, – შენ არ ხარ, ხომ ასეა? – აა, – მე კი
ვეუბნებოდი, –ოდესმე გაიგებ. სახელი „ელსტონ განი“ მხოლოდ და მხოლოდ დროებითი
გამოდგა. როგორც კი შინიდან წავიდოდი, ვაპირებდი, რობერტ
ალენი გავმხდარიყავი. ჩვენში რომ ვთქვათ, მშობლებმა ასეც დამარქვეს. შოტლანდიელი
მეფის სახელივით ჟღერდა და მომწონდა. რაღაც ჩემი
იდენტობის ნასახიც ერია ამ სახელში. მოგვიანებით, ჟურნალ „დაუნბითში“ ერთი სტატია
წავიკითხე დასავლეთ სანაპიროს საქსაფონისტზე, დევიდ
ალინზე და ცოტა ავფორიაქდი. ჩემი აზრით, მუსიკოსმა ალენი ალინად გადააკეთა და მე
მშვენივრად ვხვდებოდი რატომაც. ასე უფრო ეგზოტიკურად
და უფრო ამოუცნობად ჟღერდა. გადავწყვიტე, მეც ასე მოვქცეულიყავი. რობერტ ალენის
ნაცვლად, რობერტ ალინი გავხდებოდი. მერე, რაღაც დროის
შემდეგ, შემთხვევით ჩამივარდა ხელში დილან თომასის ლექსები. დილანი და ალინი
თითქმის ერთნაირად გამოითქმოდა. რობერტ დილან, რობერტ
ალინ. ვერ გადამეწყვიტა – ასო „დ“-ს მეტი სიძლიერე ჰქონდა, მაგრამ ჟღერადობით რობერტ
ალინი უფრო მომწონდა. ნაცნობებიდან ზოგი რობერტს
მეძახდა, ზოგი ბობის, მაგრამ ბობი დილანი რაღაც ძალიან არასერიოზული ჩანდა, თანაც
უკვე იყვნენ ბობი დარინი, ბობი ვი, ბობი რაიდელი,
ბობი ნილი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ბობი. სამაგიეროდ, ბობ დილანი უკეთ
ჟღერდა ვიდრე ბობ ალინი. პირველად ვინაობა რომ მკითხეს,
თვინ სითიში ვიყავი და დაუფიქრებლად, ლამის ინსტინქტურად ვუპასუხე – ბობ დილანი.
ახლა უნდა შევჩვეულიყავი, რომ ბობს დამიძახებდნენ. ადრე, ბობით არასოდეს
მოუმართავთ და რაღაც პერიოდი დამჭირდა, დროულად რომ
გამოვპასუხებოდი. რაც შეეხება, ბობი ციმერმანს, რაღაცას მოგიყვებით და შეგიძლიათ
გადაამოწმოთ. ბობი ციმერმანი სან ბერნანდინოს
„ანგელოზების“ ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტი იყო. ის 1964 წელს დაიღუპა ბას
ლეიქთან, როცა მოტოციკლს მაყუჩი მოსძვრა და ბობი 180
გრადუსით შემოტრიალდა მის ასაღებად, უკან მომავალ მოტოციკლისტებს შეეჯახა და
ადგილზე განუტევა სული. ის კაცი წავიდა. იყო და არა იყო
რა.
რინის წერილი დავამთავრე და ბოლოს „ბობი“ მივაწერე. რინი ასე მიცნობდა და
მისთვის ყოველთვის ასე დავრჩებოდი. მართლწერა
მნიშვნელოვანი რამ არის. არჩევანის გაკეთება თუ მომიწევდა რობერტ დილანს და რობერტ
ალინს შორის, რობერტ ალინს ავირჩევდი იმიტომ, რომ
დაბეჭდილი უფრო ლამაზად გამოიყურება. ბობ ალინი არ ივარგებდა – რაღაც ნახმარი
მანქანებით მოვაჭრის სახელივით ჟღერდა. მე მგონი, დილანიც
ერთ დროს დილონი იქნებოდა და თავად გადააკეთა, ოღონდ ამას ვერაფრით ვერ
დავამტკიცებ.
ბობებს მოვაყოლებ და ჩარტებში, ჩემი ძველი მეგობრის, ბობი ვის ახალი სიმღერა იყო „Take
God Care of My Baby“. ბობი ვი ფარგოდან იყო, ჩრდილოეთ დაკოტადან, ჩემს მეზობლად
იზრდებოდა. ‘59 წლის ზაფხულში წარმატებული დისკი გამოუშვა, თავისი ბენდი ჰყავდა –
„შედოუსი“. ავტო
სტოპით ჩავედი მასთან, მინდოდა დავლაპარაკებოდი, რომ ადგილობრივი გამოსვლების
დროს, ერთი ეკლესიის სარდაფში რომ ატარებდნენ ხოლმე,
ჯგუფში ავეყვანე, როგორც პიანისტი. რამდენჯერმე დავუკარი კიდეც მაგრამ სიმართლე
რომ ითქვას, პიანისტი ნამდვილად არ სჭირდებოდა, არც
აწყობილი ფორტეპიანოს შოვნა იყო ადვილი.
მართალია, მოგვიანებით ჩვენი გზები გაიყარა, ბობი ვის და მე ბევრი გვქონდა საერთო –
მუსიკალური ისტორია, დაბადების დრო და ადგილი.
მის ხმაში გაღიზიანებული ტონი ისმოდა, ვერცხლის ზარივით მუსიკალური, ბადი
ჰოლის მსგავსი, ოღონდ უფრო სიღრმიდან მოდიოდა. მე როცა
ვიცნობდი, ქანთრი-როკის დიდი მომღერალი იყო, ახლა კი შეხედულებები შეეცვალა და პოპ
ვარკვლავი გამხდარიყო. „ლიბერთი რექორდში“ წერდა და
საუკეთესო 40 ჰიტში მისი სიმღერა ყოველთვის ერია. მას შემდეგაც კი, რაც „ბითლზმა“
დაიპყრო ქვეყანა, ჩარტებში მისი სიმღერები იყო.
ახლანდელი სიმღერაც „Take Good Care of My Baby“, როგორ ყოველთვის, შთამბეჭდავი იყო,
მაგრამ ორიგინალურს ვერ დარქმევდი.
მომინდა, ერთხელ კიდევ შევხვედროდი. ამიტომ ავდექი და მეტროთი ბრუკლინში
პარამაუნტ თეატრს გავეშურე, სადაც ის ქალების ჯგუფ
„შირელსებთან“, დენისთან და „ჯუნიორებთან“, ჯეკი უილსონთან, ბენ ი. კინგთან, მაქსიმ
ბროუნთან და კიდევ ვიღაცებთან ერთად გამოდიოდა.
ახლა მწვერვალზე იყო. ბევრი რამ გადახდენოდა, თანაც ასეთ მოკლე დროში. ბობი
პრაქტიკული კაცი იყო და გამოვიდა ჩემს სანახავად. აბრეშუმის
კაშკაშა კოსტიუმი ეცვა, ვიწრო ჰალსტუხი ეკეთა, ეტყობოდა, რომ ჩემი ნახვა გულწრფელად
გაუხარდა და თავს არ მაჩვენებდა, თითქოს გაუკვირდა.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ. ნიუ-იორკის ამბები აინტერესებდა. – ბევრი სიარული გიწევს.
ფეხებს უნდა გაუფრთხილდე, – დავარიგე. მერე ვუთხარი,
ფოლკ კლუბებში გამოვდივარ-მეთქი, მაგრამ ალბათ გამიჭირდებოდა ზუსტი
შთაბეჭდილება შემექმნა, მისთვის ავტორიტეტები იყვნენ „კინგსტონ
ტრიო“, „ბრაზერს ფორი“ და ამგვარი ტიპები. ბობი პოპ სამყაროში მსმენელის გულის
მოგებაზე თამაშობდა. მე პირადად, არაფერი მაქვს
საწინააღმდეგო პოპ მუსიკის, უბრალოდ, პოპის განსაზღვრება იცვლებოდა და
ადრინდელივითაც აღარ მომწონდა. არადა, მიყვარდა ის სიმღერები –
„Without a Song“, „Old Man River“, „Stardust“ და კიდევ უამრავი სხვა. ახლებში ყველაზე
მეტად „Moon River“ მომწონდა, ეს სიმღერა
შემეძლო ძილში მემღერა. რეის სახლში ბევრი ფოლკის ჩანაწერი არ ჰქონდა. ფრენკ
სინატრას „Ebb Tide“-ს ვუსმენდი ხშირად და ყოველ ჯერზე
მოწიწების გრძნობა მიჩნდებოდა ხოლმე. სიმღერის ტექსტიც ისეთი საიდუმლოებით
მოცული და შთამბეჭდავი იყო. როცა ფრენკი მღეროდა ამ
სიმღერას, მის ხმაში ყველაფერი ისმოდა – სიკვდილი, ღმერთი, სამყარო, ყველაფერი. ისე,
მე ბევრი სხვა საქმე მქონდა და სიმღერების
მოსმენას დიდ დროს ვერ დავუთმობდი.
ბობის ვესაუბრებოდი, თან არ მინდოდა მისთვის დრო წამერთმია, ამიტომ მალევე
დავემშვიდობე და ერთ-ერთი გვერდითა კარიდან თეატრის შენობა დავტოვე. გარეთ,
სიცივეში ბობის გოგოების ჯგუფი ელოდებოდა. მოკლეზე მოვჭერი გზა, გოგოებს შორის
გავიარე და ისევ მეტროს
სადგურისკენ ავიღე გეზი. იმ დღიდან, ბობი ვის მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ ვნახავ, და
მართალია, ბევრი რამ შეიცვლება, მე მას ყოველთვის
ისე ვუყურებდი, როგორც ჩემს ძმას. თუკი სადმე მის სახელს დავინახავდი, მეგონა, რომ ისიც
ჩემ გვერდით იყო.
გრინვიჩ ვილიჯი სავსე იყო ფოლკ კლუბებით, ბარებით, ყავის სახლებითა და ჩვენისთანა
ხალხით, ვინც ძველ ფოლკს, ბლუზებსა და საცეკვაო
მელოდიებს უკრავდა. საკუთარ სიმღერებს ცოტა წერდა, მაგალითად თომ დიქსტონი და
ლენ ჩენდლერი. ისინი ძველ მელოდიებს იყენებდნენ და იმ
ახალ სიტყვებს არგებდნენ, რაც მიღებული იყო. ორივე, ლენი და თომი, აქტუალურ
თემებზე წერდნენ სიმღერებს – იღებდნენ სტატიებს
გაზეთებიდან, სასაცილო, უჩვეულო ამბებს – ვიღაც მონაზონი რომ გათხოვდა,
მასწავლებელი ბრუკლინის ხიდიდან გადახტა, ტურისტებმა
ბენზინგასამართი სადგური გაქურდეს, ბროდვეის მზეთუნახავი ცემეს და თოვლში
დაგდებული დატოვეს, და ასეთი რამეები. ერთი-ორი ასეთი სიმღერა
მეც შევაპარე რეპერტუარში, მაგრამ, მგონი, არ ღირდა.
არადა, არაერთ საჭირბოროტო თემაზე დაწერილ სიმღერას ვმღეროდი. ნამდვილ ამბებზე
შექმნილი სიმღერა, ყოველთვის საჭირბოროტო თემაზეა.
ყოველთვის შეგიძლია რაღაც განსაკუთრებული მოსაზრება იპოვო ასეთ სიმღერაში და
მიიღო ისეთი, როგორიც არის. მწერალს არ სჭირდება
მეტისმეტად ზუსტი იყოს, შენ ისედაც ყველაფერს დაუჯერებ.
ბილი გეშედს, რომელმაც ჯეს ჯეიმზის ბალადა დაწერა, სურს დაგაჯეროს, რომ ჯესი
მდიდრებს ძარცვავდა და მიტაცებულს ღარიბებს აძლევდა და
რომ ის „მშიშარა ბინძურმა ლაწირაკმა“ მოკლა. სიმღერაში ჯესი ბანკებს ძარცვავს და ფულს
ღატაკებს აძლევს, ბოლოს კი მეგობარი უღალატებს.
სინამდვილეში, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჯეს ჯეიმზი სისხლსმოწყურებული
მკვლელი იყო და არაფერი საერთო არ ჰქონდა რობინ ჰუდთან,
როგორც ეს სიმღერაშია. სამაგიეროდ, ბილი გეშედს საბოლოო სიტყვა ეკუთვნოდა და ეს
ამბავი, როგორც უნდოდა, ისე მოატრიალა.
ამ საჭირბოროტო თემებზე დაწერილ სიმღერებს საპროტესტოს ვერ დაარქმევდი. ტერმინი
„საპროტესტო სიმღერა“ აღარ არსებობდა. მოგვიანებით,
ვცდილობდი ხალხისთვის ამეხსნა, რომ არასოდეს ვმღერი საპროტესტო სიმღერებს. არა
მგონია, ვუდი გატრისა არ იყოს, საერთოდ თუ რამეს
ვაპროტესტებდი. არასოდეს მივიჩნევდი ვუდის მეამბოხე მომღერლად. რასაც იმ პერიოდში
რეგულარულად ვუსმენდი, საპროტესტო სიმღერები იყო. ეს
სიმღერები ნამდვილად მაღელვებდა და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. „კლენსი
ბრაზერსი“ – თომი, პადი და ლიამი – და მათი მეგობარი
თომი მაიკემი სულ ასეთ სიმღერებს მღეროდნენ.
ლიამთან ვმეგობრობდი, როცა საქმეს მოვრჩებოდით, ჰადსონ სთრითზე ტავერნა „თეთრ
ცხენში“, ირლანდიურ ბარში, დავდიოდით. იქ მთელი ღამე
საქეიფო სიმღერებს, ქანთრის ბალადებსა და ამგდებ მეამბოხე სიმღერებს მღეროდნენ და
ლამის ჭერს ხდიდნენ ხოლმე. მეამბოხე სიმღერა სერიოზული რამე იყო, ენა – ვულგარული
და პროვოკაციული. ასეთ სიმღერებს ყოველთვის ჯიგრიანად ასრულებდნენ, თვალები
მხიარულად
უციმციმებდათ და ასეც უნდა ყოფილიყო. მიყვარდა მათი მოსმენა და დიდი ხნის
შემდეგაც თავში მიტრიალებდა ხოლმე. მათ ვერ დაარქმევდი
საპროტესტო სიმღერებს, ეს მეამბოხე ბალადები იყო. ამასობაში, უკვე ვიწყებდი იმაზე
ფიქრს, რომ შეიძლება შევცვლილიყავი. ლურსმნული
დამწერლობა უნდა მეპოვნა, ან ძველი გრაალი, რათა გზა გაენათებინა ჩემთვის. ვიცოდი,
როგორი სიმღერების წერა მინდოდა, ოღონდ ჯერ ვერ
წარმომედგინა, როგორ მოვახერხებდი ამას.
ყველაფერს ჩქარა ვაკეთებდი. ჩქარა ვფიქრობდი, ჩქარა ვჭამდი, ჩქარა ვლაპარაკობდი და
ჩქარა დავდიოდი. ჩემს სიმღერებსაც კი ჩქარა
ვმღეროდი. თუ კომპოზიტორობას ვაპირებდი და რამე მქონდა სათქმელი, პირველ ყოვლისა,
როგორმე გონება უნდა დამემშვიდებინა.
სიტყვით ვერ გადმოვცემ, რას ვეძებდი, მაგრამ, მისი ძებნა ნიუ-იორკის საჯარო
ბიბლიოთეკაში დავიწყე, მარმარილოს იატაკიან და კედლებიან
გრანდიოზულ შენობაში, სადაც შესვლისთანავე იგრძნობ, როგორ ასხივებს დიდებას და
ტრიუმფს. ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში, ზედა სართულზე,
1855 წლიდან 1865 წლამდე მომხდარი ამბების შესახებ დავიწყე სტატიების კითხვა. ისეთი
გრძნობა ნამდვილად არ გრჩებოდა, თითქოს სხვა
სამყაროზე კითხულობდი, მაგრამ იმავე სამყაროში ყველაფერი უფრო აქტუალური იყო და
არც მონათმფლობელობა ჩანდა ერთადერთი პრობლემა. იყო
სტატიები რეფორმებზე, აზარტული თამაშების ამკრძალავ ლიგებზე, სისხლის
სამართლის დანაშაულის ზრდაზე, ბავშვების მუშახელად
გამოყენებაზე, სპირტიანი სასმელისგან თავის შეკავებაზე, ქარხნებზე, სადაც მონები
მუშაობდნენ, ერთგულების ფიცსა და რელიგიურ
აღორძინებაზე. ისეთი გრძნობა გქონდა, რომ გაზეთი ხელში აგიფეთქდებოდა, მეხი
დაგეცემოდა და ყველაფერი განადგურდებოდა. ყველა ერთსა და
იმავე ღმერთს ახსენებდა, ერთი და იმავე ბიბლიიდან თუ ლიტერატურიდან მოჰყავდა
ციტატები. ჩრდილოეთის ქალაქებში უკმაყოფილება ძლიერდებოდა,
ვალები იზრდებოდა და ისეთი პირი უჩანდა, რომ ეს ქალაქები უმართავი გახდებოდა.
არისტოკრატები ისე უვლიდნენ თავიანთ პლანტაციებს, როგორც
ქალაქ-სახელმწიფოებს, რომის რესპუბლიკისა არ იყოს, სადაც ელიტის გარკვეული
ჯგუფი, ყველა დანარჩენის საკეთილდღეოდ, იღებდა თავზე
მმართველობას. მათ ჰქონდათ ხე-ტყის სახერხი ქარხნები, წისქვილები, სპირტის სახდელი
ქარხნები, მაღაზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ქრისტიანული ღვთისმოსაობა და იდუმალი ფილოსოფიები თავდაყირა დადგა. იყვნენ
ასევე მგზნებარე ორატორებიც. იყვნენ უილიამ ლოიდ
გარისონივით, რომელიც მონობის გაუქმების მომხრე გახლდათ ბოსტონიდან და მას
საკუთარი გაზეთი ჰქონდა. მემფისში და ნიუ ორლეანში დიდი
არეულობები იყო. ბუნტი დაიწყო ნიუ-იორკშიც და მეტროპოლიტენის ოპერის წინ ორასი
კაცი მოკლეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ
ამერიკელი მსახიობის ადგილი ინგლისელმა დაიკავა. თუ სამხრეთის შტატებს დართავენ
ნებას ქვეყანა მართონ, მაშინ ჩრდილოეთის ქარხნები
იძულებული გახდებიან მონები უფასო მუშახელად გამოიყენონ. ესეც, რა თქმა უნდა,
იწვევდა არეულობას. ლინკოლნი მხოლოდ გვიან 1850-იანებში გამოჩნდება. ჩრდილოეთის
პრესაში ის გამოყვანილია, როგორც ბაბუინი, ან კიდევ ჟირაფი და მასზე უამრავი
კარიკატურაა შექმნილი. სერიოზულად
არავინ აღიქვამს. თითქმის შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ იმხელა ფიგურა გახდება,
როგორიც დღევანდელ დღესაა. გაკვირვებული რჩები, რომ
გეოგრაფიითა და რელიგიური იდეალებით გაერთიანებული ადამიანები შესაძლოა ასეთი
დაუძინებელი მტრები გახდნენ. ეს ყველაფერი ერთი გრძელი
საპანაშვიდე სიმღერაა. მთელი ეს რიტორიკა რაინდობასა და ღირსებაზე მერე დაემატა.
თუნდაც სამხრეთელი ქალების ამბავი ავიღოთ. სირცხვილია,
რაც იმ ქალებს დაემართათ. მათი უმეტესობა, ბავშვებთან ერთად, მიატოვეს და გაწირეს
შიმშილით დასახოცად. ტანჯვას ბოლო არა აქვს და
დასასჯელიც ყოველთვის დაისჯება. ყველაფერი არარეალისტური, გრანდიოზული და
ფარისევლურია ერთდროულად. მაშინ დროც სხვაგვარად აღიქმებოდა.
სამხრეთელები ცხოვრებას მზის ამოსვლას, შუადღეს, მზის ჩასვლას, ზაფხულსა და
გაზაფხულს უკავშირებენ. ჩრდილოეთში ადამიანები საათის
მიხედვით ცხოვრობენ – ქარხნის საათის, სასტვენისა და ზარის. ჩრდილოელებმა არსად არ
უნდა დაიგვიანონ. რაღაც გაგებით, სამოქალაქო ომი
შეიძლება ორ სხვადასხვა დროს შორის ბრძოლა იყო. ფორტ სამტერში პირველი გასროლის
მიზეზი შეიძლება მონობის გაუქმება არ ყოფილა. ამას თუ
გაიფიქრებ, შიშისგან გაგაჟრჟოლებს. ის დრო რომ გავიხსენოთ – ამერიკა ჯვარს აცვეს,
მოკვდა და მერე მკვდრეთით აღდგა, რაც სრულებით არ
არის არაბუნებრივი. ეს სამწუხარო სიმართლე ყოველთვის იქნება, რაც არ უნდა დავწერო.
ამ ამბებით, რამდენის დატევასაც შევძლებდი, გონება ამოვივსე, მოყუჩებულ ადგილას
გადავინახე და დროებით მივივიწყე. მოგვიანებით,
შესაძლოა, საბარგოთი მიმეკითხა.
* * *
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
ეს სიმღერა დედებზეა, – მეუბნება არჩი, – სხვადასხვა დედებზე, ბიოლოგიურზე,
მოვალეობის უფასოდ შემსრულებელზე... ყველა დედა ერთ დედაშია
თავმოყრილი. – მე ასე არასოდეს მიფიქრია, არადა, სიმართლეს ჰგავდა. მერე ერთი ხაზი
ახსენა ჩემი სიმღერიდან „ჭიშკრის უკან სიკეთე
იმალება“, და მკითხა, მართლა ასე ფიქრობო. მე ვუთხარი, ხანდახან ასე მეჩვენება-მეთქი.
რაღაც მომენტში, მომინდა მისთვის მეკითხა
ჰიპებზე, თავხედ გინსბერგზე, და კერუაკზე რას ფიქრობდა, მაგრამ რატომღაც მომეჩვენა,
რომ უადგილო შეკითხვა იქნებოდა. საფო ან სოკრატე თუ
წაგიკითხავსო, მკითხა. არა, არ წამიკითხავს-მეთქი. დანტეზე და დონზე რას იტყვიო.
ვუთხარი, ბევრი არც მაგათზე ვიცი-მეთქი. ასე მითხრა,
ამ ადამიანებთან დაკავშირებით უნდა გახსოვდეს, ყოველთვის იმ გზით გამოხვალ,
რომლითაც შეხვედი.
მაკლიში მეუბნებოდა, რომ მისი აზრით, სერიოზული პოეტი ვიყავი, ომისშემდგომი
რკინის ხანის პოეტი, მაგრამ გარდასული ხანიდან რაღაც
მეტაფიზიკური გადმომყოლოდა. ჩემი სიმღერები უფრო იმიტომ მოსწონდა, რომ ისინი
საზოგადოების ყოფასთან იყო გადახლართული, ბევრი საერთო
ასოციაციები და თვისებები გვქონდა და კიდევ იმიტომ, რომ განსხვავებულად და
ჩვენებურად არად ვაგდებდით რაღაც-რაღაცებს. მაკლიშმა მითხრა,
ჰომეროსი, „ილიადას“ ავტორი, ბრმა მომღერალი იყო და მისი სახელი „მძევალს“ ნიშნავსო.
კიდევ მითხრა, ხელოვნებასა და პროპაგანდას შორის
გასხვავება არსებობსო, რადგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას იღებო. მკითხა, ფრანგი
პოეტი ფრანსუა ვიიონი თუ წაგიკითხავსო. ვიიონი
წაკითხული მქონდა და ასე მითხრა, ოდნავი გავლენა იგრძნობაო. არჩი მესაუბრობდა თეთრ
ლექსებზე, გარითმულ პოეზიაზე, ელეგიებზე, ბალადებზე,
ლიმერიკებსა და სონეტებზე. მერე მკითხა, რა გაიღე მსხვერპლად, შენს ოცნებას რომ
გაჰყოლოდიო. მითხრა, რაიმეს მისი ღირებულებით კი ვერ
შეაფასებ, არამედ იმით, თუ შენ რა დაგიჯდა მისი მოპოვება, თუ რამე შენს რწმენაზე და
ოჯახზე მეტად გიღირს, მაშ ძალიან ძვირფასი ყოფილაო,
და კიდევ თქვა, არსებობს ისეთი რამ, რაც არასოდეს გაიცვითებაო. მიქელანჯელოზეც
მესაუბრა, ასე მითხრა, მიქელანჯელოს მეგობრები არ
ჰყოლია, არც სურვილი ჰქონდა ვინმეს დალაპარაკებოდაო. არჩი მეუბნებოდა, ბევრი რამ,
რაც მის ახალგაზრდობაში ხდებოდა, ახლა უკვალოდ
გამქრალიყო. შენი ბავშვობის დროინდელი გმირები ვინ იყვნენო, დაინტერესდა. ვუთხარი
– რობინ ჰუდი და წმინდა გიორგი, რომელმაც ურჩხული
განგმირა-მეთქი. – იმათ დღეში ჩავარდნას ალბათ არ ისურვებდი, – ჩაიხითხითა.
პიესა, რომლისთვისაც სიმღერის დაწერას მთავაზობდა, მაგიდაზე იდო. უნდოდა,
სიმღერებს რაღაც განემარტა პიესაში და თან ხლებოდა სცენებს. ხმამაღლა დაიწყო
ნაწყვეტების კითხვა და რამდენიმე სიმღერის სათაურიც შემომთავაზა: „Father of Night“, „Red
Hands“, „Lower
World“ და კიდევ რამდენიმე.
დიდი ყურადღებით ვუსმენდი და ცოტა ხნის შემდეგ, ინტუიტურად მივხვდი, რომ ეს
ჩემთვის არ იყო. რამდენიმე წინადადების მოსმენის მერე,
გამიჭირდა იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლებოდა ჩვენი ბედი გადახლართულიყო. ძალიან
მძიმე პიესა ჩანდა, პარანოიით შეპყრობილი სამყარო იყო
დახატული, დანაშაულებითა და შიშით სავსე – ყველაფერი გამუქებული, ატომური ხანისკენ
მიემართებოდა, უსამართლო თამაშის სუნი ასდიოდა. ვერც
ვერაფერს იტყოდი ამ პიესაზე და ვერც ვერაფერს დაამატებდი. ის სასიკვდილოდ იმეტებდა
საზოგადოებას, კაცობრიობა საკუთარ სისხლში პირქვე
იწვა. მაკლიშის პიესა, აპოკალიფსური გზავნილის გარდა, კიდევ რაღაცას გვაწვდიდა.
რაღაც აი, ასეთი – ადამიანის მისია არის დედამიწის
განადგურება. მაკლიში რაღაცას გვანიშნებდა ცეცხლის ალით და რაც პიესაში იყო
ნაგულისხმევი, მისი გაგება მე არ მინდოდა. მაკლიშს კი
ვუთხარი, მოვიფიქრებ-მეთქი.
1968 წელს „ბითლზი“ ინდოეთში ჩავიდა. ამერიკა მძვინვარებას მოეცვა. უნივერსიტეტის
სტუდენტები ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანებს
ამსხვრევდნენ, ფანჯრებს ამტვრევდნენ. ვიეტნამის ომი ქვეყანას ღრმა დეპრესიისკენ
მიაქანებდა. სტუდენტები ცდილობდნენ სახელმწიფო
უნივერსიტეტებზე კონტროლის მოპოვებას, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები დიდ
აყალმაყალს ტეხდნენ. მაოისტები, მარქსისტები, კასტროისტები –
მემარცხენე ლაწირაკები, ვისაც ჩე გევარას ბუკლეტი ჰქონდა წაკითხული, გარეთ
გამოფენილიყვნენ, ეკონომიკის დასარბევად. პრესა კიდევ უფრო
ამღვრევდა წყალს, ისტერიას აღვივებდა. ტელევიზიით ახალი ამბები რომ გენახათ,
იფიქრებდით, რომ მთელი ქვეყანა ცეცხლის ალში იყო გახვეული.
ყოველდღე ახალ-ახალ ქალაქებში იწყებოდა ბუნტი, უკიდურესად სახიფათო ხდებოდა ეს
ყველაფერი.
მე მოტოციკლით ავარიაში მოვყევი, მაგრად დავშავდი, მაგრამ გამოვკეთდი. სიმართლე
ის იყო, რომ სიმდიდრის, კარიერის თუ პოპულარობის
მოსაპოვებლად ატეხილი ამ გიჟური რბოლიდან თავის დაღწევა მინდოდა. ახლა შვილები
მყავდა და სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი, რაც ხდებოდა,
ყველაფრისგან და ყველასგან იზოლირებული ვიყავი. ჩემი ოჯახის გარდა, ნამდვილ
ინტერესს არაფერი აღმიძრავდა, ყველაფერს სხვა თვალით
ვუყურებდი. თუნდაც იმ დღეების შემზარავი ამბები, კენედების დახოცვა, კინგისა და
მალკოლმ იქსის მკვლელობა... მე ამას ვუყურებდი არა
როგორც ლიდერების, არამედ მამების მკვლელობას, რომელთა ოჯახებს დიდი ტკივილი
მიაყენეს. ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე, თავისუფალ და
დამოუკიდებელ ქვეყანაში, მე ყოველთვის სათუთად ვუფრთხიდებოდი ისეთ
ფასეულობებს, როგორიცაა თანასწორობა და თავისუფლება. მტკიცედ მქონდა
გადაწყვეტილი, შვილები ამ იდეალებზე აღმეზარდა.
რამდენიმე წლით ადრე, რონი გილბერტმა, „ვივერსის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიუპორტის
ფოლკის ფესტივალზე ასე წარმადგინა: „აი, ისიც, თქვენ მას იცნობთ, ის თქვენია“.
რატომღაც ვერ მივხვდი, რომ ამ სიტყვებში იყო რაღაც ავისმომასწავლებელი. ელვისი ასე
არასოდეს წარუდგენიათ.
„აი, ისიც, ის თქვენია!“ რა სიგიჟეა ამის თქმა! ერთი მაგათი. რამდენადაც ვიცოდი,
არასოდეს არავის არ ვეკუთვნოდი. მე ცოლი მყავდა და
შვილები, რომლებიც ამქვეყნად ყველაფერს მერჩივნა. ერთადერთი, რასაც ვცდილობდი,
როგორმე ისინი უზრუნველმეყო, ხიფათისგან დამეცვა, მაგრამ
პრესის ბაღლინჯოები არ იშლიდნენ თავისას და უნდოდათ ქადაგად, ორატორად თუ
საერთოდ თაობის სინდისად გამოვეყვანე. სასაცილო იყო ეს
ყველაფერი. სიმღერის წერის მეტი არასოდეს არაფერი მიკეთებია, მაგრამ, როგორც
ეტყობა, ჩემი სიმღერები ზუსტად არტყამდნენ მიზანში და
ძლიერ და ახალ რეალობას ხატავდნენ. იმ თაობას რაც შეეხება, რომლის ხმაც თითქოს მე
ვიყავი, ბევრი არაფერი მქონდა საერთო მასთან და არც
ბევრი არაფერი ვიცოდი. ჩემი ბედ-იღბალი გზაზე იდო, მზად იყო მიეღო ცხოვრების
ნებისმიერი შემოთავაზება, ჩემი საქმე არ ყოფილა რომელიმე
ცივილიზაცია წარმომედგინა. მთავარი ის არის, შენს თავთან იყო ყოველთვის მართალი. მე
კოვბოი უფრო ვიყავი, ვიდრე გერმანელი ლეგენდარული
მესტვირე, ვირთხებისგან რომ გაათავისუფლებს თავის ქალაქს.
ბევრი დიდებასა და სიმდიდრეს ძალაუფლებასთან აიგივებს, ფიქრობენ, რომ სიმდიდრეს
მოაქვს ბედნიერება, დაფასება და განდიდება. შეიძლება
ასეც იყოს, ოღონდ ყოველთვის არა. მე პირადად, ვუდსტოკში ჩავრჩი, მტკივნეულად
განვიცდიდი ყველაფერს, რაც ხდებოდა და ჩემს ოჯახზე
ვზრუნავდი. იმდროინდელ პრესას თუ გადახედავთ, სულ სხვაგვარად მხატავდნენ.
გასაკვირია, როგორ აბუნდოვნებენ ხოლმე ყველაფერს. ეტყობა,
კაცობრიობას ყველა ეტაპზე სჭირდება განტევების ვაცი – ვიღაც, ვინც რომის იმპერიის
წინააღმდეგ წაუძღვებათ. მე მართლა არასოდეს ვყოფილვარ
იმაზე მეტი, რაც ვიყავი – მუსიკოსი, რომელიც ცრემლით დაბინდული თვალებით
ნაცრისფერ ბურუსს მისჩერებოდა და ისეთ სიმღერებს წერდა,
რომლებიც ნისლეულებზე დაცურავდნენ. ახლა კი ეს ყველაფერი დაიმსხვრა და თავზე
დამემხო. მე არ ვყოფილვარ მქადაგებელი და ვერც სასწაულს
მოვიმოქმედებდი. ჩემს ადგილას, ნებისმიერი ადამიანი გარეკავდა.
თავიდან ვუდსტოკში კარგად მიგვიღეს. უკვე ნაპოვნი მქონდა საცხოვრებელი, სანამ იქ
გადავიდოდით. ერთხელ, სირაკუზიდან მოვდიოდით, შოუზე
გამოვედით და ვუდსტოკს რომ ჩავუარეთ, ჩემმა მენეჯერმა თქვა, სოფელში სახლის ყიდვა
მინდაო. შევიარეთ, შეარჩია სახლი და მერე ერთი მეც
ვიყიდე. ეს ის სახლი იყო, სადაც დღედაღამ არ გვასვენებდნენ და გვივარდებოდნენ. ერთ
დროს ეს ადგილი წყნარი თავშესაფარი იყო, მაგრამ
ახლა, ნურას უკაცრავად. მგონი, ორმოცდაათივე შტატში ყველა უსაქმურს და ნარკომანს
შეეძლო ეშოვნა რუკა, სადაც ჩვენი სახლის
ადგილსამყოფელი იყო აღნიშნული. ბაცაცები პილიგრიმებივით დახეტიალობდნენ
კალიფორნიაში, დაქირავებული ბანდიტებისგან მთელი ღამე მოსვენება
არ გვქონდა. თავიდან, შეიძლებოდა ისე მიგეღო, თითქოს უსახლკარო ადამიანები
არალეგალურად აფარებდნენ თავს შენს სახლს – რაც, ასე თუ ისე,
უწყინარი საქციელი იყო, მაგრამ მერე გამოჩდნენ ნაძირალა რადიკალები – გაუგებარი
ტიპები, მახინჯი გოგოები, საფრთხობელები, გამასპინძლების მოსურნე მაჩანჩალები, ჩემს
საკუჭნაოში რეიდებს რომ აწყობდნენ. პიტერ ლაფარჟმა, ჩემმა მეგობარმა, ფოლკის
მომღერალმა,
ერთი-ორი „კოლტი“ მომცა, მეც მქონდა ჩემი „ვინჩესტერი“, მაგრამ წარმოდგენაც არ
მინდოდა, როგორ შეიძლებოდა მათი გამოყენება.
ხელისუფლებამ და პოლიციის უფროსმა (ვუდსტოკს სამი კოპი ჰყავდა), გამაფრთხილეს,
შემთხვევით თუ ვინმეს დაჭრიდნენ, ან თუნდაც
გამაფრთხილებელი გასროლა იქნებოდა, პირველს მე დამიჭერდნენ. ის კი არა, ჩემს
სახურავზე ვიღაცები რომ დაბლაყუნებდნენ, რომელიმე
შემთხვევით რომ ჩამოვარდნილიყო, იმაზეც თურმე მე ვიყავი პასუხისმგებელი... ეს
ყველაფერი ძალიან მაფრთხობდა და მაღიზიანებდა. მინდოდა
ცეცხლი შემენთო იმ ხალხისთვის. ეს დაუპატიჟებელი სტუმრები, მოჩვენებები, საზღვრის
დამრღვევები, დემაგოგები, ცხოვრებას მინგრევდნენ.
ყოველი დღე და ყოველი ღამე პრობლემებით იყო დამძიმებული. ყველაფერი არასწორად
ხდებოდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა. გამოსავალს ვერ
ვხედავდი, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანებიც კი ვერაფერს მშველოდნენ.
ერთხელ, უკვე სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, მე და რობი რობერტსონი, გიტარისტი,
რომელიც მოგვიანებით ბენდს შექმნის, მანქანით სადღაც
მივდიოდით. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს თავისუფლად შემეძლო მზის სისტემის
რომელიღაც სხვა ნაწილში მეცხოვრა. რობი მეუბნება – როგორ
ფიქრობ, როგორ შეიძლება დაითრიო? – რა დაითრიო? – ვკითხე მე. – რა და, მთელი ეს
მუსიკალური სამყარო. მთელი მუსიკალური სამყარო!
მანქანის ფანჯრის მინა ოდნავ იყო ჩამოწეული, ბოლომდე ჩამოვწიე, ვგრძნობდი, როგორ
მირტყამდა ქარი სახეში და ველოდებოდი, როდის
გადამივლიდა სიბრაზე – გეგონება, შეთქმულების მონაწილე ვხდებოდი. მე არ ვიცი, სხვები
თავიანთ წარმოსახვაში როგორ ცხოვრებას ხატავდნენ,
მე პირადად, ვოცნებობდი ცხრიდან ხუთ საათამდე მემუშავა, ხეებით გარშემორტყმული
სახლი მქონოდა, თეთრი ჭიშკრითა და უკანა ეზოში წითელი
ვარდებით. სულ ეს იყო ჩემი ოცნება. რაც მართლაც მშვენიერი რამ იყო. რაღაც პერიოდის
მერე ხვდები, რომ პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, რაც
შეიძლება გაყიდო, ოღონდ ვეღარასოდეს დაიბრუნებ. ვუდსტოკში ცხოვრება კოშმარს
დაემსგავსა. დროზე უნდა გავცლოდი იქურობას და ასეც
მოვიქეცი. ნიუ-იორკში გადავედით დროებით, მაგრამ არც ამან გაამართლა. იქ კიდევ
უარესი იყო. დემონსტრანტებმა ჩვენს სახლს მოაგნეს და
დაუყვებოდნენ ზევით-ქვევით ქუჩას, თან მღეროდნენ და ყვიროდნენ, მოითხოვდნენ, რომ
მე უნდა გავსულიყავი და წინ გავძღოლოდი, ოღონდ სად,
არავინ იცოდა – არ უნდა გავქცეოდი ჩემს მოვალეობას, ვყოფილიყავი თაობის სინდისი.
დემონსტრანტები ბღაოდნენ და ხორხოცობდნენ, გზები
ბლოკირებული იყო, მეზობლები ვეღარ გვიტანდნენ. მათ თვალში, ალბათ, საკარნავალო
შოუდან გადმოსული ტიპი ვიყავი – საოცრებათა სასახლის
გამოფენიდან. თუ შემხვდებოდნენ, ისე მომაშტერდებოდნენ ხოლმე, როგორც ალბათ
ინდიელების გამომშრალ თავის ქალას შეხედავდნენ, ან კიდევ
გიგანტურ ვირთხას. მე კი თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს სულ არ მენაღვლებოდა.
საბოლოოდ, ნელ-ნელა დასავლეთისკენ დავიწყე გადაბარგება – რამდენიმე ადგილი
გამოვიცვალე. რეპორტიორები ყველგან მაგნებდნენ, იმედი ჰქონდათ რაიმე საიდუმლოს
გამომცინცლავდნენ – ეგება ცოდვა მომენანიებინა კიდეც. ჩვენი მისამართი ადგილობრივ
გაზეთში ქვეყნდებოდა და მერე
იწყებოდა გაუთავებლად ერთი და იგივე. რომც შემომეშვა სახლში ეს რეპორტიორები, ნეტა
რას იპოვიდნენ? უამრავ სისულელეს – სხვადასხვაგვარ
სათამაშოებს, ბავშვების მაგიდებს და სკამებს, დიდ და ცარიელ მუყაოს ყუთებს,
ბავშვების თავსატეხებს, სამეცნიერო მოწყობილობებს და
დოლებს... არავითარი სურვილი არ მქონდა, სახლში ვინმე შემომეშვა. ოჯახში წესები არ
გვქონდა. თუ ბავშვები მოინდომებდნენ სამზარეულოში
კალათბურთი ეთამაშათ, თამაშობდნენ კიდეც. სახლშიც ყველაფერი ყირაზე იდგა და სახლის
გარეთაც.
ჯოან ბაეზმა ჩემზე საპროტესტო სიმღერა დაწერა, მიწვევდა დროისთვის ფეხი ამეწყო –
გამოვსულიყავი და ამეღო ჩემს თავზე ინიციატივა,
გავძღოლოდი მასებს – დამეცვა ისინი, ჯვაროსნებს წინ გავძღოლოდი. რადიოდან ისე
ისმოდა ეს სიმღერა, როგორც სოციალური სარეკლამო
განცხადება. პრესა ხომ არასოდეს მოგასვენებს. დრო და დრო, მიხდებოდა ინტერვიუ
მიმეცა, კარი რომ არ შემოემტვრიათ. რეპორტიორები
დამაყრიდნენ ხოლმე შეკითხვებს, მე კი სულ ერთსა და იმავეს ვუმეორებდი, რომ არა ვარ
ორატორი, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკოსი ვარ. ისე
მიყურებდნენ, თითქოს მამოწმებდნენ, ნასვამი ვიყავი თუ არა, ან ნარკოტიკი ხომ არ
მქონდა მიღებული. წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ რას
ფიქრობდნენ. მერე, სტატიას დაწერდნენ: „ორატორი უარყოფს, რომ ორატორია“. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს ხორცის ნაჭერი ვიყავი,
ძაღლებისთვის გადასაგდებად გამზადებული. „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ჩემი სიმღერის
შარლატანური ინტერპრეტაცია დაბეჭდა. „ემპაიერმა“ თავისი
ჟურნალის ყდაზე ოთხთავიანი ურჩხული დაახატა. მალკოლმ იქსის, კენედისა და
კასტროსთან ერთად ჩემი სახეც იყო გამოსახული. ნეტა, რა
ჯანდაბას ნიშნავდა ეს? ყველაფერი უფსკრულისკენ მიექანებოდა. თუკი ვინმეს საღი
აზრი გააჩნდა და რჩევას სთავაზობდათ, მას არავინ
მიესალმებოდა. ჩემი ცოლი, როცა ცოლად მომყვებოდა, არც კი იცოდა, რაში ყოფდა თავს.
ისე, არც მე ვიცოდი, თქვენ წარმოიდგინეთ. გამოუვალ
სიტუაციაში აღმოვჩნდით.
ის კი მართალია, რომ ჩემი სიმღერის ტექსტებმა ნერვები, როგორც არასდროს, ისე შეატოკა,
მაგრამ, თუ, როგორც ამბობდნენ, ამ სიმღერების
მთავარი ძალა სიტყვებში იდო, მაშინ გიტარისტმა დუეინ ედიმ რატომ ჩაწერა მთელი
ალბომი ჩემს სიმღერებზე შექმნილი ინსტრუმენტალური
მელოდიით? მუსიკოსებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩემი სიმღერები უფრო მეტი იყო,
ვიდრე მარტო სიტყვები, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ხომ
მუსიკოსები არ არიან. ყველაზე მთავარი შექმნილ სიტუაციაში ის იქნებოდა, რომ
როგორმე გარეშე ძალების დადანაშაულებისგან თავის უნდა
შემეკავებინა. მესწავლა, როგორ მომეშორებინა ზედმეტი ტვირთი. რაც არ უნდა ყოფილიყო
კონტრკულტურა, მე აღარ მაინტერესებდა. გული მერეოდა,
როგორ შეეძლოთ ჩემი ლექსების ექსტრაპოლაცია, მათი მნიშვნელობის პოლემიკის საგნად
გახდომა, მე კი რად არ მრაცხავდნენ – წინააღმდეგობის
ბუდად, პროტესტის კორიფედ, დისიდენტების მეფედ, დაუმორჩილებლობის ჰერცოგად,
მუქთამჭამელების ლიდერად, განდგომილების კეისრად, ანარქიის არქიეპისკოპოსად, ვინმე
მნიშვნელოვან პერსონად. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ყველა ეს ტიტული საკოდო სიტყვა
იყო, ავაზაკის მნიშვნელობით.
აღარ შემეძლო სულ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა – მერლ ჰაგარდის სიმღერის
არ იყოს – „დევნილი ვარ, გზა არის ჩემი სახლი“. ვერ
გეტყვით, ჰაგარდიც თუ ყოფილა ჩემს დღეში, მე კი სულ აქეთ-იქით დავატარებდი ოჯახს.
როცა შენ თვითონ გადაგხდება, სხვაგვარად გეჩვენება
ყველაფერი. პრესა არ ჩქარობდა უკან წაეღო თავის განაჩენი და მე კი არ შემეძლო ასე
უბრალოდ დამეტოვებინა, მე თვითონ უნდა ვწვდომოდი ხარს
რქებში და საკუთარი იმიჯი გადამესხვაფერებინა. ეს კი რაღაც ძალიან ახალი იქნებოდა
ჩემთვის, რაზედაც არასოდეს მიფიქრია.
თავდაპირველად უმნიშვნელო ამბებით დავიწყე. მართლა ასეთი სტრატეგია მქონდა,
მოულოდნელი რამეები, მაგალითად თავზე მთელი ბოთლი ვისკი
დავიცალე და უნივერმაღში შევედი. ისე მეჭირა თავი, თითქოს მაგარი მთვრალი ვიყავი.
იმედი მქონდა, ეს ახალი ამბავი მალე მოედებოდა
ქალაქს. ყველაზე მეტად კი ის მინდოდა, რომ ოჯახის მისახედად დრო მქონოდა. მთელ
მსოფლიოს კისერი უტეხია. ხელოვნება ცხოვრების გვერდით
უმნიშვნელოა, და შენ არჩევანი არ გეძლევა. მე აღარ ვიყავი უკვე არაფერზე
დახარბებული. შემოქმედება დამოკიდებულია გამოცდილებაზე,
დაკვირვებასა და წარმოსახვაზე და თუ ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი ამოვარდა,
არაფერი გამოვა. ჩემთვის შეუძლებელი იყო რამეს
დავკვირვებოდი, იმიტომ, რომ უფრო ხშირად მე მაკვირდებოდნენ. პატარა მაღაზიაშიც
რომ შევიდოდი, თუ ვიღაც შემამჩნევდა, იმწამსვე
გაიძურწებოდა, რომ ტელეფონი ეპოვნა. ვუდსტოკში ეზოში გავიდოდი თუ არა, მანქანა
გაჩერდებოდა, იქიდან ვიღაც ყმაწვილი გადმოხტებოდა და
ჩემკენ თითით მიანიშნებდათ, მერე დამთვალიერებლების მთელი ჯგუფი დაეშვებოდა
ბორცვიდან. ხანდახან, რესტორანში როცა ვიჯექი (იმხანად ჩემი
სახელი ფართოდ იყო ცნობილი, მაგრამ სახეზე ბევრი არ მიცნობდა), ერთ-ერთი მჭამელი
ადგებოდა, დახლთან მივიდოდა, თითს ჩემკენ გამოიშვერდა
და მოლარეს ჩასჩურჩულებდა – „ის არის“. მერე მოლარე კიდევ ვიღაცას ეტყოდა და ეს ახალი
ამბავი მაგიდიდან მაგიდას გადაეცემოდა. გეგონება,
მეხი გავარდაო. ყველა კისერს წაიგრძელებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ – „ვითომ, ის
არის?“ „იმაზე ამბობ, ბავშვების ჯოგი რომ ახლავს?“
ჩემს სახლს უტევდნენ, კარებთან ვიღაც ყვავები გამუდმებით დამჩხაოდნენ. ნეტა რა ალქიმია
იყო საჭირო ისეთი სუნამოს მოსაგონებლად, რომელიც
ჩემდამი ინდიფერენტულად განაწყობდა და ინტერესს დაუკარგავდა. მე არც ერთი
თაობის თამადა არ მინდოდა ვყოფილიყავი და ეს აზრი
ძირფესვიანად უნდა აღმომეფხვრა. ჩემი და ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის
თავისუფლება უნდა უზრუნველმეყო. საიდანღაც უნდა დამეწყო.
იერუსალიმში ჩავედი და გოდების კედელთან ფოტო გადავიღე, თავზე კიპა მეხურა.
სურათი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ერთ
ღამეში სიონისტად გადავკეთდი. ამან ცოტა მიშველა. ამერიკაში დაბრუნებულმა მალე
ქანთრი-ვესტერნის სტილში დისკი ჩავწერე და შევეცადე
თავშეკავებული და მორჯულებული ჟღერადობა ჰქონოდა. მუსიკალური პრესა საგონებელში
ჩავარდა. ხო, კიდევ სხვადასხვა ხმაზე ვმღეროდი. ცოტა არ
იყოს, დავაბნიე ხალხი. მერე ჩემი ჩამწერი სტუდიიდან ჭორი გავავრცელე, თითქოს
მუსიკას თავს ვანებებდი და დიზაინის სკოლაში ვაპირებდი სწავლას – რამაც საბოლოოდ
კორესპონდენტების ყურამდე მიაღწია. „ერთი თვეც ვერ გაძლებს“, ზოგი ასე ამბობდა ჩემზე.
„რამ შეცვალა ასე?“ მე
კი ვფიქრობდი, კისერიც უტეხიათ-მეთქი. რაღაც ისტორიებს ბეჭდავდნენ ჩემზე, თითქოს
ჩემი თავის ძიებაში ვიყავი, ან თითქოს რაღაც
მტანჯავდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ორდისკიანი ალბომი გამოვუშვი, ჩავყარე შიგ
ყველაფერი, რაც თავში მომივიდა, რაც ხელთ მომხვდა.
ვუდსტოკში ვერ ჩავედი. ფილმში ვითამაშე, კოვბოურად მეცვა და ცხენს დავაჭენებდი.
ბევრი არაფრის ცოდნა არ იყო საჭირო, ისე, ალბათ ძალიან
გულუბრყვილო ვჩანდი.
ჰერმან მელვილის ნაწარმოები, რომელიც მან „მობი დიკის“ შემდეგ გამოსცა,
შეუმჩნეველი დარჩა. კრიტიკოსების აზრით, მან ლიტერატურის
საზღვრებს გადააბიჯა. სიკვდილის წინ მელვილი თითქმის მივიწყებული მწერალი იყო.
მეც თავში ჩავიდე, როცა კრიტიკოსები ჩემს ნამუშევარს არ მიიღებდნენ, მელვილის ბედი
მეწეოდა, საზოგადოება დამივიწყებდა. განა ეს
სიგიჟე არ არის? საბოლოოდ, დავრჩებოდით მე და მუსიკა – ისევ დავიწყებდი სცენაზე
გამოსვლას – დიდი ხნის ნანატრი, ხმაურიანი, ერთობლივი
ტურები – ბოშების ტურები – როცა იდეოლოგიას ფეხსაცმელივით ან გიტარის სიმივით
იცვლი. მერე რა? მე არავისი არაფერი არ მმართებდა. არავის
გამო თავს არ ავიტკივებდი. ისედაც ტკივილსა და სიბნელეში ვცხოვრობდი. ჩემი სინათლე
ოჯახი იყო და რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამ სინათლეს
შევინარჩუნებდი. ეს იყო პირველი, უკანასკნელი და ყველაფერი მათ შორის, რისთვისაც
ვცხოვრობდი. რითი ვიყავი მსოფლიოსგან დავალებული? არც
არაფრით. პრესა? ჩემი აზრით, პრესა უნდა მოატყუო. ხალხის თვალის ასახვევად, მაღალ
საზოგადოებაშიც ვერეოდი და სოფელშიც. რეალურ
ცხოვრებაში კი იმას ვაკეთებდი, რაც მართლა მიყვარდა – დავდიოდი „მცირე ლიგის“
თამაშებზე, დაბადების დღეებზე, ბავშვები დამყავდა
სკოლაში, ხან კარვებით მივდიოდით სამოგზაუროდ, ნავით საცურაოდ, ან კანოეთი,
ვთევზაობდით... ჰონორარზე ვცხოვრობდი. რეალურ ცხოვრებაში
ერთი შეუმჩნეველი ადამიანი ვიყავი. თუ ადრე ორიგინალური სიმღერები დამიწერია და
სხვებზე გავლენა მომიხდენია, ახლა არც კი ვიცოდი, კიდევ
ასე გავაგრძელებდი თუ არა, და ეს ამბავი დიდად არ მადარდებდა.
ერთხელ მსახიობმა ტონი კერტისმა მითხრა, პოპულარობა თავისთავად პროფესიააო.
ამაზე ზუსტად ვერ იტყოდა. ჩემი ძველი იმიჯი ნელ-ნელა
ქრებოდა, ახლა სხვა ანაქრონიზმებს მაწებებდნენ – ლეგენდა, ხატი, ენიგმა („ევროპულად
ჩაცმული ბუდა“ ყველაზე მეტად მომწონდა) – რაღაც
ეგეთები, მაგრამ ამას არა უშავს. ყველა ეს ტიტული მშვიდი, უწყინარი, გაცვეთილი,
ადვილად შესაგუებელი იყო. რაც შეეხება
წინასწარმეტყველს, მესიას და მხსნელს – ეს უკვე ძალიან მაგარი ჩანდა.
არჩიბალდ მაკლიშის პიესაში „სქრეჩი“ რამდენიმე პერსონაჟი იყო, სათაურად ერთ-
ერთის სახელი ჰქონდა აღებული. სქრეჩი პიესაში ასეთ
სიტყვებს ამბობს: – ვიცი, რომ ამქვეყნად არსებობს ბოროტება, ფესვებგადგმული
ბოროტება, სიკეთის საპირისპირო კი არა, ან კიდევ არასაკმარისად კეთილი, არამედ
საერთოდ სიკეთესთან შეუსაბამო – წარმოსახული. ჩემდენს ვერავინ იცოცხლებს, ვერ
გაიგონებს იმდენს, რამდენიც
მე გამიგია და არ ეცოდინება ის, რაც მე ვიცი. მე ისიც ვიცი – ზუსტად ვიცი – და მზად ვარ
დავიჯერო, რომ ამქვეყნად შეიძლება იყოს რაღაც –
თუ გირჩევნიათ, ვიღაც – რომელიც გეგმავს და მართავს ბოროტებას... ძლიერი ერები
მოულოდნელად, არა შემთხვევით, ყოველგვარი გამოხატული
მიზეზის გარეშე... ნადგურდებიან. შვილები მათ წინააღმდეგ აღსდგებიან. მათი ქალები
ვეღარ ხვდებიან, რომ ქალები არიან. ოჯახები ინგრევა.
– ამის მერე, ცოტა უმჯობესდება. ჩემთვის პიესისთვის სიმღერის დაწერა არ იყო ძალიან
უჩვეულო, უკვე რამდენიმე მოგონილიც მქონდა,
მაინტერესებდა, რა გამომივიდოდა. საერთოდ სცენა ყოველთვის მიყვარდა, განსაკუთრებით
თეატრი. ჩემი აზრით, ყველაზე სრულყოფილი ხელოვნებაა.
როგორიც არ უნდა იყოს გარემო, საცეკვაო დარბაზი თუ ქუჩის ტროტუარი, სოფლის
გრუნტის გზა, მოქმედება ყოველთვის მარადიულ „ახლა“-ში
ხდება.
პირველად, მაყურებლის წინაშე სპექტაკლში მონაწილეობა მშობლიურ ქალაქში მივიღე,
სკოლის სცენაზე. მუსიკალური ზარდახშასავით პატარა კი
არ იყო, კარნეგი ჰოლივით პროფესიონალური საკონცერტო დარბაზი ჰქონდა, აღმოსავლეთ
სანაპიროს მაღაროების ფულით იყო აშენებული, ფარდებიც
ეკიდა, ბუტაფორიებიც ჰქონდა, დასაშვები კარებიც და ორკესტრისთვის ორმო. პირველად
მონაწილეობა მივიღე რელიგიურ დრამაში „Black Hills
Passion Play of South Dakota“, რომელშიც ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები იყო
ასახული. ეს პიესა საშობაო სეზონზე პროფესიონალ
მსახიობებს ჩამოჰქონდათ ხოლმე ჩვენს ქალაქში, გალიებში მტრედები ჰყავდათ,
სახედარი, აქლემი და რეკვიზიტებით დატვირთული საბარგო.
ყოველთვის იყო ისეთი ადგილები, როცა დამატებითი მსახიობები სჭირდებოდათ. ერთ
წელს რომაელი ჯარისკაცის როლი შევასრულე, მუზარადი მეხურა
და ხელში შუბი მეჭირა. მართალია, უსიტყვო როლი იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა
მნიშვნელობა. თავი ვარსკვლავი მეგონა. კოსტიუმიც მომწონდა.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ნამდვილ ისტორიულ ამბებში ვმონაწილეობდი,
ყველაფერი პლანეტის შუაგულში ხდებოდა და მეც უძლეველი ვიყავი.
თითქოს მილიონი წლის წინ ვარსებობდით, მილიონი გადავლილი ბრძოლისა და სიძნელის
წინ.
იმ წუთს თავი უძლეველი აღარ მეგონა. შეიძლება ცოტა თავხედი ვიყავი, მოკლედ,
ყველაფერი ვიყავი კმაყოფილის გარდა. ყოველი მხრიდან
გარშემორტყმული, ვერაფერს ვხედავდი, ჩემი სამზარეულოს გარდა, ვერაფერს, მხოლოდ
ჰოთ დოგებს, ინგლისური ფუნთუშებით და ატრიას,
პუდინგისთვის როგორ ურევდნენ დიდ ჯამში ფქვილს, როგორ ამტვრევდნენ კვერცხებს,
უცვლიდნენ ბავშვებს საფენებს და უსხამდნენ საჭმელს
ბოთლებში. ამ ყველაფრის და კიდევ ჩემს გემოზე სეირნობასა და ძაღლის გაყვანებს
შორის, ხანდახან ვახერხებდი როიალთან მისვლას და
პიესისთვის რამის დაწერას, თან სათაურები სულ თავში მიტრიალებდა. პიესა თავისთავად
რაღაც შემაძრწუნებელ სიმართლეს გადმოგვცემდა, მაგრამ
მე მისგან შორს მინდოდა თავი დამეჭირა. ყველაზე ნაკლებად სიმართლეზე ვფიქრობდი,
თუ საერთოდ არსებობდა ასეთი რამ. ჩემს სახლში მას არ ვისურვებდი. ოიდიპოსიც
სიმართლეს ეძებდა და რაც დაემართა, კარგად მოგეხსენებათ. კარგი, სიმართლეს თავი
დავანებით. მე იძულებული
ვიქნებოდი, პირის ორივე მხრიდან მელაპარაკა, და ვინ რას გაიგებდა, იმაზე იქნებოდა
დამოკიდებული, თავად რომელ მხარეს იდგებოდა. თუ
ოდესმე სიმართლეს გადავეყრებოდი, ზედ დავაჯდებოდი და გავანადგურებდი. ნიუ-
იორკში მომიწია წასვლა, პიესის პროდიუსერს უნდა შევხვედროდი.
ვიდრე ნიუ-იორკში ვიყავი, ცოლთან ერთად როკფელერის ცენტრის რეინბოუ რუმში
უმცროსი ფრენკ სინატრას სანახავად მივედით. ფრენკი
ორკესტრთან ერთად მღეროდა. რატომ მაინცდამაინც მის სანახავად? იმიტომ, რომ იქ
არავინ მომაბეზრებდა თავს და არავინ გამომედევნებოდა...
და შეიძლება, რაღაც სიახლოვეს ვგრძნობდი – თითქმის ერთი ასაკის ვიყავით. რაც უნდა
იყოს, მთავარია, რომ ფრენკი კარგად მღეროდა. მე სულ
არ ვდარდობდი იმაზე, მამამისს გაუტოლდებოდა თუ არა, მისი ხმა მომწონდა და მისი
დიდი და ფეთქებადი ბენდი. ცოტა ხნის შემდეგ,
მოგვიახლოვდა და ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. ალბათ გაუკვირდა, ჩემისთანა კაცი მის
კონცერტზე რომ მივიდა, მაგრამ როცა დარწმუნდა,
მიუზიკლების პოპულარული სიმღერები ნამდვილად რომ მომწონდა, დაძაბულობა
მოეხსნა, დამშვიდდა და მითხრა, შენი ერთი-ორი სიმღერა მეც
მომწონსო, „Blowin’ in the Wind“ და „Don’t Think Twice“. მკითხა, სად და სად უკრავო (მაშინ,
მე განდეგილივით ვცხოვრობდი, არსად არ
ვუკრავდი, მაგრამ არ მითქვამს). მერე სამოქალაქო უფლებებზე ჩამოაგდო საუბარი,
მითხრა, მამაჩემი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო
უფლებების მოძრაობაში, ყოველთვის იბრძოდა დაჩაგრულების მხარდასაჭერად და ისე
აკეთებდა ამას, თითქოს თვითონაც ერთ-ერთი მათგანი იყო.
უმცროსი ფრენკი ჭკუადამჯდარი ყმაწვილი ჩანდა, არავითარი სიყალბე ან თვალთმაქცობა
არ იგრძნობოდა, არც გაპრანჭული არ იყო. ისე იქცეოდა,
როგორც წესი და რიგია და კარგად იცოდა, რასაც წარმოადგენდა. საუბარი განვაგრძეთ.
– როგორ ფიქრობთ, რა გრძნობა დაგეუფლება, – მეუბნება, – თუ აღმოჩნდება, რომ
დაჩაგრული ადამიანი ნაბიჭვარი ყოფილა?
– რა ვიცი, – მივუგე მე, – ალბათ არ უნდა იყოს კარგი გრძნობა.
მინის კედლიდან ქალაქის ხედი შთამბეჭდავად ჩანდა. მესამოცე სართულიდან სამყარო
სხვანაირი იყო.
ცოტა ხნის მერე, ცოლს წითელი ყვავილი ვუყიდე, ამქვეყნად ერთ-ერთ ყველაზე
საყვარელ ადამიანს, შემდეგ ფრენკის დავემშვიდობეთ და
იქაურობა დავტოვეთ.
როგორც იქნა, მაკლიშის პასუხი მომივიდა, რაღაც შეკითხვები ჰქონდა. ასეც ვიცოდი.
ისევ თავისთან მიმიპატიჟა – კომპოზიციებზე უნდა
გვემსჯელა. დიდხანს არ მიყოყმანია, ოთხკარიან სედანში ჩავჯექი და ნიუ ინგლანდის
გავლით სოფლისკენ გავემგზავრე. მართალია, მთელი
ყურადღება გაშლილი გზისკენ მქონდა მიპყრობილი, თავიდან ვერ ამომეგდო ექოსავით
წკრიალა ხმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გალიაში გამომწყვდეული ჩიტი ვიყავი –
თუ ლტოლვილი – ვიღაც, ვისაც შტატის საზღვარზე გვამის გადატანა უნდოდა და
ყოველ წუთს შეიძლება
გაეჩერებინათ.
რადიო ჩავრთე. ჯონი ქეში მღეროდა სიმღერას „Boy Named Sue“. დიდი ხნის წინ ჯონიმ
რენოში კაცი მოკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ენახა,
როგორ მოკვდებოდა. ახლა ვიღაც ბიჭზე მღეროდა, რომელიც განაწყენებული იყო, მამამ
გოგოს სახელი რატომ დამარქვაო. ჯონი საკუთარი იმიჯის
შეცვლასაც ცდილობდა. მაგრამ მე ჩემს სიტუაციას ვერავისთან ვაიგივებდი – საკმაოდ
გარიყულად ვგრძნობდი თავს, ჩემს პატარა ოჯახს
მოჯადოებულ მსოფლიოში ცხოვრება ელოდა.
კრივის სამყაროში ერთი დამაინტრიგებელი რამ მოხდა: ჯერი ქუორი ოკლენდში ჯიმი
ელისს შეხვდა და ამ ამბავმა ყველა შეაფუცხუნა. ჯიმი
ელისი იმ ტიპის ყმაწვილი გახლდათ, აი – „აიღე ფული და წადი სახლში“ – კრივი
მისთვის სამსახური იყო, არც მეტი, არც ნაკლები. ოჯახი
ჰყავდა დასაპურებელი და სულ არ ადარდებდა ლეგენდების შეთხზვა და რეკორდების
მოხსნა. ჯერი ქუორის რაც შეეხება, თეთრკანიანი მოკრივე იყო,
ახალი, დიდი, თეთრი იმედი – ოდიოზური ვალდებულება. ჯერის, რომლის მამა
კალიფორნიიდან სატვირთო ვაგონით ჩამოვიდა, სურვილი არ ჰქონდა ამ
ყველაფერის მონაწილე ყოფილიყო. ვიღაც თეთრების თავგამოდებული ჯგუფები, ვინც მის
მხარდასაჭერად დადიოდნენ, ჯერის სულ არ ადარდებდა. არც
ფანატების ერთგულება სჭირდებოდა და ცდილობდა, თავი აერიდებინა მთელი ამ
სიგიჟისთვის. არც გიმიკები უნდოდა და არც არაფერი. მე ჩემს თავს
ორივესთან ვაიგივებდი, ანალოგიურ სიტუაციებში აღმოვჩდით. ქუორის არ იყოს, არ
მინდოდა მეღიარებინა, თითქოს რაღაცის სიმბოლო ვიყავი,
სიმბოლო თუ მქადაგებელი არ ვიცი, და ელისივით, მეც ოჯახი მყავდა სარჩენი.
შემოდგომის მზიან დღეს მოვაქროლებდი მანქანას, პეიზაჟი ნელ-ნელა ფერმკრთალ
ლაქად იქცა. რაღაც მომენტში მეგონა, რომ წრეებს
ვარტყამდი. ცოტა ხნის შემდეგ, მასაჩუსეტში შევედი და კვლავ არჩის სახლთან აღმოვჩდი.
ყველაფერი ისევ ისე იყო – ხის ხიდზე თანმხლებთან
ერთად გადავედი – ბილიკს ავუყევი – შორიდან ისევ ის გამხმარი ხე გამოჩდა, ტოტები
გამოეღო მთავარი ღეროდან, ყველაფერი მშვიდი და
თვალწარმტაცი იყო. გაუქმებულ არხზე გადავიარე, დამპალი ფოთლებით იყო
ამოვსებული, კლდის ნაპრალში გამოღწეული შუქის სხივები ეცემოდა.
კარისკენ მიმავალი მოტიტვლებული, კლდოვანი ბორცვი გადავიარე. კიდევ მომიწია
ლოდინი, ფანჯრიდან ხეობას გავხედე, მორაკრაკე წყაროს და
ველურ ყვავილებს. ოთახში ისევ ბევრი ყვავილები ეწყო... არჩი შემოვიდა ოთახში და
გულთბილად მომესალმა – როგორც ძველ მეგობარს.
დავფიქრდი, ნეტავი ისევ სერიოზულ თემეს შევეხებით-მეთქი, რაღაც უბრალო ყბედობის
პირი არ უჩანდა.
არჩის აინტერესებდა, რატომ არ იყო სიმღერები უფრო სევდიანი და რაღაც მირჩია...
ხელახლა მიუბრუნდა სათქმელს და ზოგიერთი პერსონაჟი
თავიდან განვიხილეთ, მითხრა, მთავარი გმირი, სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად,
შურიანი, ცილისმწამებელი, წამქეზებელია და კიდევ ალბათ სხვა თვისებებსაც
გამოავლენსო. მე კი ვიჯექი და ვგრძნობდი, რომ გამიჭირდებოდა თავაზიანობა
შემენარჩუნებინა, თითქოს ჩემი სხეული ორად
გაიყო და ერთმანეთს აუმხედრდა. მაკლიშს სურდა გადაჭრით მეპასუხა. თავისი ჭკვიანი
თვალებით მიყურებდა. კაცობრიობისა და მისი ახირებების
შესახებ იმხელა ცოდნა გააჩნდა, რამდენსაც ადამიანთა უმეტესობა მთელი ცხოვრების
განმავლობაში ძლივს მოაგროვებს. მინდოდა მისთვის
გამეზიარებინა, რომ თავგზააბნეული ვიყავი, რომ მეგაფონებით აღჭურვილ ბრბოს ალყა
შემოერტყა ჩემი სახლისთვის, მომიწოდებდნენ
გამოვსულიყავი და გავძღოლოდი კაპიტოლიუმისკენ, უოლ სთრითისკენ... ვიღაც
მითოლოგიური ფიგურები ჩვენს ბედს თხზავდნენ და ჩემი ცხოვრების
ძაფს მიწყვეტდნენ... მინდოდა მეთქვა, რომ ასობით ათასი დემონსტრანტი იყო ვაშინგტონში
და პოლიციამ ავტობუსები ჩაამწკრივა თეთრი სახლის
გარშემო. პრეზიდენტი შიგნით იყო და ფეხბურთს უყურებდა. არასოდეს რომ არ მსმენია
მათ შესახებ, ისეთი ადამიანები მომიწოდებდნენ, რომ იქ
უნდა ვყოფილიყავი და ჩემს თავზე ამეღო ხელმძღვანელობა. ეს ყველაფერი გულს მირევდა.
სიზმარში მესმოდა, როგორ მღეროდა, მომიწოდებდა და
ბღაოდა ბრბო. მინდოდა მეთქვა, ლომი რომ ქურდულად ეპარება ნადავლს, ცხოვრებაც ეს
ყოფილა-მეთქი და რომ მინდოდა გავქცეოდი ამ დავიდარაბას.
ოთახი მოვათვალიერე. თაროზე „ულისე“ მომხვდა თვალში. „ქოლამბია რექორდის“
პრეზიდენტმა, გოდარდ ლიბერსონმა მაჩუქა ეს წიგნი. თავი და
ბოლო ვერ გავუგე. ჯეიმზ ჯოისი ყველაზე ქედმაღალი კაცი იყო ამქვეყნად, კარგადაც
ამჩნევდა ყველაფერს და ენაც კარგად უჭრიდა, მაგრამ რასაც
ის ამბობდა, მე არ მესმოდა. მომინდა მაკლიშისთვის მეთხოვა, ჯეიმზ ჯოისში გამარკვიე-
მეთქი, მომხმარებოდა აზრი გამომეტანა. ვიცოდი, რომ
შეძლებდა კიდეც, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. გულის სიღრმეში ისიც ვიცოდი, რომ მისი
პიესის სათქმელს ჩემგან ვეღარაფერს დავამატებდი. არც
მას სჭირდებოდა დახმარება. უბრალოდ, ჩემთან საუბარი სურდა მისი პიესის სიმღერებზე
და ამიტომაც მიმიწვია. მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ
არავითარი იმედი არ არსებობდა, რაიმე სხვაგვარად გაგვეკეთებინა.
მზე იწვერებოდა და ბრწყინვალე მთვარე იმკვიდრებდა თავს. სადილად მთხოვეს დარჩენა,
მაგრამ თავაზიანი უარი განვაცხადე. მოულოდნელად,
როცა უკვე გამოვდიოდი, გონება წარსულში გადახტა, ის დრო გამახსენდა, „გოგო
ლეოპარდი“ რომ ვნახე. კარნავალზე აუქციონისტმა მითხრა,
დედამისი ორსულად რომ იყო, ჩრდილოეთ კაროლინაში სიბნელეში ლეოპარდი დაინახა და
ცხოველმა დანიშნა უშობელი ბავშვიო. მერე ის გოგოც ვნახე
და ემოციები გამინელდა.
მაინტერესებდა, ნეტა მაკლიში, მე და საერთოდ ყველა ადამიანი თუ მართლა
დანიშნულები ვართ დაბადებამდე, რაღაც საიდუმლო ნიშანი თუ
გვაქვს დასმული. თუ მართლა ასეა, მაშინ ვერავინ ვერაფერს შეცვლის. ყველა გიჟურ
რბოლაში ვართ ჩაბმული. ვთამაშობთ თამაშს, როგორც
ჩაფიქრებულია, ან არ ვთამაშობთ. თუ საიდუმლო ნიშანი მართლა არსებობს, მაშინ ვერავის
საქციელს ვერ გაამტყუნებ... და იმედი მქონდა, არც
მაკლიში გამამტყუნებდა რამეში.
წასვლის დროს დადგა. მაკლიშს შევეკითხე, ისე, ცნობისმოყვარეობის გამო, თქვენ თვითონ
რატომ არ გინდათ დაწეროთ სიმღერა-მეთქი. მითხრა,
მე სიმღერებს არ ვწერო, და თანაც მის პიესას სხვა ხმა სჭირდებოდა. არჩის პიესა ძალიან
მძიმე იყო – სავსე მკვლელობებით. ვერაფრით ვერ
შევძლებდი, გამეზიარებინა მისი მიზანი, მაგრამ მასთან შეხვედრა კი მაგარი იყო, კაცთან,
რომელიც მთვარეს შესწვდა, როცა ჩვენი უმეტესობა
მიწას ვერ ასცდენია. მინდოდა, მადლობა გადამეხადა, მაგრამ გამიძნელდა. შორიდან
ერთმანეთს ხელი დავუქნიეთ, ორივემ ვიცოდით, რომ
აღარასოდეს შევხვდებოდით.
ბობ ჯონსონი მირეკავდა, ჩემი პროდიუსერი. ნეშვილიდან რეკავდა, ისთ ჰემპტონში
დამიკავშირდა. ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით, წყნარ
ქუჩაზე, საოცარი, მრავალწლიანი თელებით გარშემორტყმული კოლონიური სტილის
სახლში, დარაბებიანი ფანჯრებით, დიდი უკანა ეზოთი. ჭიშკრიდან
ატლანტიკის ხელუხლებელ ქვიშიან სანაპიროზე ჩახვიდოდი. ჰენრი ფორდს ეკუთვნოდა
ეს სახლი. ისთ ჰემპტონი, რომელიც თავდაპირველად
ფერმერებითა და მეთევზეებით იყო დასახლებული, ახლა ხელოვანების, მწერლებისა და
მდიდარი ოჯახების თავშესაფარი გახდარიყო. ადგილი კი არა,
„განწყობა“ უფრო ეთქმოდა. ვისაც წონასწორობა ცოტა დარღვეული ჰქონდა, კარგი
გარემო იყო სიმშვიდის მოსაპოვებლად. ისეთი ოჯახებიც
ცხოვრობდნენ, სამსაუკუნოვან თაობებს რომ ითვლიდნენ, ზოგი სახლი 1700 წლით
თარიღდებოდა – როცა ჯადოქართა სამსჯავროები ეწყობოდა.
იქ დავიწყე პეიზაჟების ხატვა. უკვე ხუთი შვილი გვყავდა, ხშირად დავდიოდით
სანაპიროზე, ვსეირნობდით ყურეში ნავით, მოლუსკებს
ვეძებდით, ხანდახან შუადღეს შუქურასთან ვატარებდით, მონტოკთან ახლოს –
ვეძებდით კაპიტან ქიდის დამარხულ განძს – ვსეირნობდით
ველოსიპედებით, საბავშვო ეტლებით, დავდიოდით კინოში. სახლი დედაჩემის
ქალიშვილობის გვარით ვიქირავე და თავისუფლად მივდი-მოვდიოდით.
ხალხი სახეზე იმდენად კარგად არ მიცნობდა. სახელი რომ გაეგოთ, შეიძლება უხერხული
სიტუაცია შექმნილიყო.
იმ კვირის დასაწყისში პრინსტონიდან დავბრუნდით, ნიუ ჯერსიდან, სადაც საპატიო
დოქტორის ხარისხი მომანიჭეს. უჩვეულო თავგადასავალი
გადამხდა. როგორღაც დევიდ ქროზბი დავიყოლიე, წამომყოლოდა. ქროზბი ახალი
სუპერჯგუფის წევრი იყო, მაგრამ, მე იმ დროიდან ვიცნობდი, როცა
„ბერდში“ მღეროდა. ჩემი სიმღერა ჩაწერეს – „მრ. თამბოურინე მან“, და ჩარტების თავში
მოექცნენ. ქროზბი კოლორიტული ვინმე იყო, როდის რას
მოიმოქმედებდა, წინასწარ ვერ გათვლიდი, მანდრეიკის ჯადოქრის ქუდს ატარებდა, ბევრ
ხალხში არ ერეოდა და სასიამოვნო ხმა ჰქონდა – ნამდვილი
ჰარმონიის არქიტექტორი იყო. იმ პერიოდში, ქროზბი სიკვდილის პირას იყო მისული,
შეეძლო, სულ მარტოს ერთი კვარტალი ხალხი ჭკუიდან
გადაეყვანა, მაგრამ მე ძალიან მომწონდა. თუმცა „ბერდში“ მის ადგილს ვერ ვხედავდი.
მგზავრობაში დიდი ხმაურიანი კომპანიონი გამოდგა.
ცხელი და უღრუბლო დღე იყო. უნივერსიტეტი ვიპოვეთ. მალევე ოფიციალურმა პირებმა
გადაჭედილ ოთახში შემიყვანეს, მანტია ჩამაცვეს და მზის
გულზე მსხდარი, მდიდრულად ჩაცმული ხალხის წინაშე აღმოვჩდი. ჩემ გარდა, კიდევ
სხვებიც იღებდნენ საპატიო დიპლომს, ყველას გვჭირდებოდა ხარისხი, ოღონდ სხვადასხვა
მიზნებისთვის. იყვნენ უოლტერ პიფმენი, ლიბერალი ჟურნალისტი, კორეტა სკოტ კინგი,
კიდევ სხვები – მაგრამ
ყველას თვალი ჩემზე ჰქონდა მოპყრობილი. ვიდექი იმ სიცხეში, ვუყურებდი ხალხს, რაღაც
ხილვები დამეწყო, ყურადღების კონცენტრაცია მიჭირდა.
როცა ჩემი ჯერი დადგა, წარდგენისას აღნიშნეს, რომ თითქოს ლექსების დეკლამაციით
გამოვიჩინე თავი და ბოლოს ასე დასძინეს – მართალია,
მას მილიონები იცნობენ, არ უყვარს ხალხში გამოჩენა, ურჩევნია თავის ოჯახთან ერთად
იზოლირებულად იცხოვროს. და მიუხედავად იმისა, რომ
სახიფათო ასაკს, ოცდაათ წელს უახლოვდება, რჩება ურყევ და გულნატკენ სინდისად
ამერიკელი ახალგაზრდობის. – უფალო შემიწყალე! – თითქოს
შემომკრესო. გამაკანკალა, მაგრამ სახეზე არაფერი შემტყობია. ამერიკელი
ახალგაზრდობის გულნატკენი სინდისი. რა, ყველაფერი თავიდან
იწყება? დაუჯერებელია! ერთხელ კიდევ მომატყუეს. არადა, რამდენი რამის თქმა შეეძლოთ,
თუნდაც ცოტა რამ მუსიკაზე.
მზე თვალს მიბნელებდა, მაგრამ მაინც ვარჩევდი, შტერებივით როგორ მომჩერებოდნენ
ყველანი. ისე გავცოფდი, მინდოდა ჩემი თავისთვის
მეკბინა. ნუთუ ვერ ხვდებოდნენ, სინამდვილეში რა ხდებოდა? რუსული გაზეთი
„პრავდაც“ კი ფულზე დახარბებულ კაპიტალისტს მიწოდებდა.
„ვეზერმენმა“, ხელნაკეთი ბომბების დამზადებით სახელგანთქმულმა ჯგუფმა, რომელიც
შენობებს აფეთქებდა და სახელი ჩემი სიმღერიდან აიღო,
მათაც კი გადაირქვეს სახელი და ახლა „ვეზერ ანდერგრაუნდი“ გახდნენ. დიპლომს რაც
შეეხება, კმაყოფილი ვიყავი, რომ ავიღე, გამომადგებოდა.
შესახედავადაც, ხელის შეხებით და სურნელით, თავისი რესპექტაბელურობით
მოგაჯადოებდა, თითქოს სამყაროს სული იდო მასში. სანამ გრაგნილს
გადმომცემდნენ, რაღაცას ჩემთვის ვბურტყუნებდი და ვჩურჩულებდი. ამის მერე დიდ
„ბიუიკში“ ჩავსხედით და წავედით. უცნაური დღე გამოდგა.
„გამოსირებულების თავყრილობა“ – თქვა ქროზბიმ.
ჯონსონმა მკითხა, რამის ჩაწერას თუ ვაპირებდი. რა თქმა უნდა, ვაპირებდი. რადგანაც
ჩემი დისკები ჯერ კიდევ იყიდებოდა, რატომაც არ
უნდა დამეპირებინა ჩაწერა? მთელი ალბომისთვის საკმარისი სიმღერები არ მქონდა,
მაგრამ მაკლიშის ნაწყვეტები გამოდგებოდა – ვფიქრობდი
ისინიც დამემატებინა – სტუდიაშიც ვიმუშავებდი, თუ ჯონსონი მართლაც მზად
იქნებოდა, დაუყოვნებლივ დაგვეწყო ჩაწერა... მასთან ერთად
მუშაობა იცით, რა იყო, მთვრალი მანქანას რომ გააქროლებ, აი, ზუსტად ეგ. ბობი
საინტერესო ტიპი იყო, დასავლეთ ტეხასელი, ტენესიში
ცხოვრობდა, მოჭიდავის აღნაგობა ჰქონდა, მსხვილი მაჯები და კასრის მოყვანილობის
გულ-მკერდი, დაბალი იყო, მაგრამ თავისი ხასიათის
წყალობით ბევრად მაღალი ჩანდა – მუსიკოსი იყო, სიმღერებს წერდა, ერთ-ორი მისი
სიმღერა ელვის პრესლისაც კი უმღერია.
ნეშვილში რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, პირველად 66-ში ჩავწერე იქ. მთელი ქალაქი
ერთი საპნის ბუშტი გეგონებოდა. ალ კუპერი, რობი
რობერტსონი და მე კინაღამ გაგვყარეს, გრძელი თმა რატომ გაქვთო. მაშინდელ
სტუდიებში ძირითადად მთელი სიმღერები ქმრების მოღალატე
ცოლებისა და ცოლების მოღალატე ქმრების თემას ეხებოდა.
ჯონსონს ნელა მიჰყავდა თავისი წითელი „ელდორადო“ ნეშვილის ქუჩებში და გზადაგზა
გამოჩენილი ადამიანების სახლებს მაჩვენებდა. დიდ,
რბილ ტყავის საზურგეზე მიწოლილი, მეც აქეთ-იქით ვიყურებოდი. ჯონსონს თვალებში
ცეცხლი ჰქონდა. ჩვენ რომ „იმპულსს“ ვეძახით, აი, ის.
ყველაფრი სახეზე ეწერა და შენც გიზიარებდა ამ ცეცხლს თუ განწყობას. „ქოლამბიას“
წამყვანი პროდიუსერი ასი წლის დაგვიანებით დაიბადა. მას
ფრთებით მორთული ქუდი უნდა ხურებოდა და ცხენზე ამხედრებულს მაღლა აღმართული
ხმლით უნდა ევლო. არარეალური ვინმე იყო. ამჯერად ნეშვილში
აღარ ჩავწერდით. ჩაწერა ნიუ-იორკში გადავწყვიტეთ და ჯონსონი უკვე უთანხმდებოდა და
ეძებდა მუსიკოსებს.
მაინტერესებდა, ამ ჯერზე ვის მოიყვანდა, იმედი მქონდა, ჩარლი დენიელსი მათ
შორის აღმოჩნდებოდა. ადრე ყოფილა ჩარლი, მაგრამ
რამდენჯერმე მის გარეშეც ჩავწერეთ. ბევრი რამ მქონდა საერთო ჩარლისთან – ფრაზების
აგება, იუმორის გრძნობა, დამოკიდებულება საქმესთან,
რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვა რომ შეეძლო. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს
ერთი ოცნება გვქონდა. ბევრი ჩვენი მოგონება ემთხვევა
ერთმანეთს. მე მაშინ ჩემი ბენდი არ მყავდა და როცა ჩარლი გვერდით იყო, ყოველთვის კარგი
რამე გამოგვდიოდა.
ალ კუპერს რამდენიმე ჩემს საუკეთესო ჩანაწერზე დაუკრავს, ამიტომ ჯონსონს ვთხოვე
ალისთვის დაერეკა. მეტი მე პირადად არავინ
შემითავაზებია ჯონსონისთვის. თანაც ვფიქრობდი, ალი ნიუ-იორკში იქნებოდა. კუპერს
რამდენიმე ინსტრუმენტზე შეეძლო დაკვრა და ყველაზე
ერთნაირად კარგად უკრავდა. კუპერს ისეთი ჯფუფები ჰქონდა შექმნილი, როგორიც,
მაგალითად, „ბლად სვეთ ენდ თიარზ“ იყო, მაგრამ, საბოლოოდ
ყველა ჯგუფიდან მოდიოდა ხოლმე. ისიც ნიჭიერი ყმაწვილი იყო. თეთრი სამყაროს აიკ
თერნერი. ყველაზე მეტად ალს ძლიერი მომღერალი ჩიტუნია
სჭირდებოდა. ჯენის ჯოპლინი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ერთხელ, ალბერტ გროსმანს
გავანდე ჩემი აზრი, გროსმანი ადრე ჩემი მენეჯერი იყო,
მერე კი ჯენისის კარიერას მართავდა. მითხრა, ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ
მომისმენიაო. მე კი სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს იდეა სულელური
იყო, ისე არარეალური კი ჩანდა. სამწუხაროდ, მალე ჯენისი სუნთქვას შეწყვეტს. მე უნდა
ვყოფილიყავი მენეჯერი.
ერთ კვირაში უკვე ნიუ-იორკში ვიყავი, „ქოლამბიას“ სტუდიაში და ჯონსონი საქმეს
შეუდგა. მისი აზრით, რასაც ვუკრავდი, ყველაფერი
ფანტასტიკური იყო. სულ ასე იცოდა. ფიქრობდა ხოლმე, ყველაფერი მაგრად გამოდის და
ყველაფერი მაღალ დონეზე სრულდება. პირიქით. არაფერიც არ
გამოდიოდა. არც ჩაწერის მერე მოსმენილი ვარგოდა. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტისთვის
კუპერმა როიალზე თედი უილსონის რიფი დაუკრა. კიდევ სამი
მომღერალი გოგო იყო ოთახში, იფიქრებდი, გუნდიდან მოწყვიტესო, ერთ-ერთი სკატის
იმპროვიზაციას ასრულებდა. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით
გაკეთდა და სიმღერას ეწოდა „If Dogs Run Free“.
რაღაც ძველები ჩავწერე, მაკლიშის პიესისთვის დაწერილი მელოდიები და მგონი, კარგი
გამოვიდა. ჩემი რეპუტაცია ჩემს ხელთ იყო – რაც
მთავარია, სისხლში ამოსვრილი სათაურები არ ჰქონდა სიმღერებს. გამოდგებოდა თუ არა
გზავნილებად ეს სიმღერები? ნურას უკაცრავად. ალბათ, ბევრი დარჩებოდა
იმედგაცრუებული. ისე, რა კარიერას გავაკეთებდი ამ გზით. მოლოდინი მაინც არსებობდა.
როდის დაბრუნდება ის, ძველი? როდის
გაიღება კარი და შემოაბიჯებს ბატი? დღეს არა. ჩემი ჩანაწერები მაინც ისე კარგად
იყიდებოდა, რომ მეც კი გაკვირვებული დავრჩი. შეიძლება
კარგი სიმღერები ერია, შეიძლება არა – ვინ იცის? განა ნიჭი მაკლდა, უბრალოდ ქარის
მთელ სიძლიერეს ვერ ვგრძნობდი. ვერც ვარსკვლავების
აფეთქებას.
ჯონსონმა ადრევე მკითხა – როგორ ფიქრობ, რას დაარქმევ დისკს? – სათაურები! ყველას
როგორ უყვარს სათაურები. სათაურით ბევრი რამით
თქმა შეიძლება, ოღონდ მე ჯერ არ მქონდა მოფიქრებული. ერთი ის კი ვიცოდი, რომ ყდაზე
ჩემი და ვიქტორია სპაივის ფოტო იქნებოდა. ეს ფოტო
რამდენიმე წლის წინ გადავიღე, პატარა ჩამწერ სტუდიაში. ვიცოდი, რომ ის უნდა ყოფილიყო
ყდაზე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სიმღერების ჩაწერას
დავიწყებდი. ან იქნებ სულაც იმიტომ ჩავწერე ეს დისკი, რომ თავში მისი ყდა მიტრიალებდა
და მჭირდებოდა, რაღაც განაღდებული მქონოდა.
ოთახი მოვათვალიერე, ავდექი, ნერვიულად გავიარ-გამოვიარე, კედლის საათს შევხედე –
მომეჩვენა, რომ დრო უკან მოდიოდა. ისევ დავჯექი,
ვგრძნობდი როგორ მინაოჭდებოდა სახე და როგორ გადამიყვითლდა თვალები. ალ კუპერი
იქვე რაღაცას მასხარაობდა, ჰყვებოდა გრძელ ანეკდოტებს,
რომლებიც სულელურად მთავრდება. მესმოდა, როგორ უკრავდა გამებს დენიელსი
ვიოლინოზე, თან მაგიდაზე დატოვებულ ჟურნალს ვფურცლავდი. რაღაც
სტატიას გადავაწყდი, რადიოს კაცზე იყო, ჯეიმზ ლალიზე, მეორე მსოფლიო ომის დროს
ის და პილოტი ფილიპინებზე ჩამოუგდიათ. ერთი წამით
ყურადღება სტატიაზე გადავიტანე. ისეთი სტატია იყო, გულ-ღვიძლს ამოგიბრუნებდა,
გაუფილტრავი. პილოტი არმსტრონგი ჩამოგდებისას დაიღუპა,
ლალი იაპონელებმა დაიჭირეს, ბანაკში წაიყვანეს და სამურაის ხმლით თავი მოკვეთეს და
მერე მის თავს შუბით სავარჯიშოდ იყენებდნენ. ჟურნალი
მოვისროლე. ჯონსონი შემოვიდა, როგორც ყოველთვის ენერგიული და ხალისიანი იყო,
თანაც ეშხიანი. ცოტას თუ შერჩება ხოლმე ასეთი თვისებები,
მაგრამ მას ულევი მარაგი ჰქონდა, თან არასოდეს თამაშობდა. სიმღერა „New Morning“-ის
ჩანაწერი ახალი მოსმენილი მქონდა, კარგი
გამოსულიყო. შეიძლება სათაურადაც ივარგოს-მეთქი, ვიფიქრე და ჯონსონს აზრი
გავუზიარე, – ბიჭო, ჩემს გულში ზიხარ. პირდაპირ გაშლილ ხელში
ჩაგიდებენ – მოუწევთ გონების გასავარჯიშებელი კურსი გაიარონ, ის რომ გაიგონ, რასაც შენ
ძილში აკეთებ. – ხო, ნამდვილად ასეა. მართლაც,
გონების გასავარჯიშებელი კურსი უნდა გამევლო მე თვითონაც, რომ გამეგო, რისი თქმა
უნდოდა ამ სიტყვებით ჯონსონს. იმ დღეს სტუდიაში ჰარი
ლორეინის წიგნი „გონების ძალის საიდუმლო“ გავიყოლე და დივანზე დავტოვე. ვიფიქრე,
ეს წიგნიც გაგრძელება იქნება იმიჯის შესაქმნელად,
მომეხმარება, ვისწავლო როგორ შევთავაზო ხალხს ჩემი არსების მხოლოდ ჩრდილი და მეტი
არაფერი.
ჰარი ლორეინი შეიძლება მთლად მაკიაველი ვერ იყო. რამდენიმე წლის წინ მაკიაველის
„მთავარი“ წავიკითხე და ძალიან მომეწონა. რასაც ის
ამბობდა, გასაგები და მისაწვდომი იყო, მაგრამ რაღაც არასწორიც გამოეჩრებოდა ხოლმე –
მაგალითად, როდესაც გვთავაზობს ასეთ სიბრძნეს, ჯობია შენი ეშინოდეთ, ვიდრე
უყვარდეთო. ასეთ დროს ფიქრობ, მაკიაველი ამბიციური ხომ არ არისო. ვიცი, რასაც
გულისხმობს, მაგრამ ხანდახან
ცხოვრებაში ადამიანმა, რომელიც გიყვარს, შეიძლება ბევრად დიდი შიში გაჭამოს, ვიდრე
მაკიაველს დაესიზმრებოდა.
დისკს, რომელზედაც ვიმუშავეთ, საბოლოოდ „New Morning“ დავარქვით (რაც მაკლიშის
პიესისთვის დაწერილ ერთ–ერთი სიმღერის სახელი იყო) და
ზედ ჩემი და ვიკის ფოტოც ეხატა. თორმეტსიმღერიანი დისკი გამოვუშვით და
რეცენზიებიც მოზღვავდა. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ალბომი
უსიცოცხლო და სენტიმენტალური იყო, ცოტა სულელურიც. კაი, ბატონო. სხვები
ზეიმობდნენ, რომ ძველი „მე“ დავბრუნდი. როგორც იქნა. დიდი
არაფერი უთქვამთ. მე კი ეს ყველაფერი კარგ ნიშნად მივიღე. მოგვიანებით კრიტიკოსები ამ
ეტაპს „შუალედურ პერიოდს“ დაარქმევენ და ბევრი
შურისძიების ალბომად მიიღებს. ასეც იყო. მას კიდევ ბევრი მოჰყვებოდა.
მაკლიშის სპექტაკლს რაც შეეხება, ბროდვეიზე სენტ ჯეიმზის თეატრში 1971 წლის 6 მაისს
აჩვენეს და ორი დღის შემდეგ დახურეს.
1987 წელი იყო, ხელი, რომელიც სულელურად, მაგრამ უღმერთოდ დავისახიჩრე, ნელ-
ნელა მიშუშდებოდა. ძვალი გადამიტყდა, ჯერ კიდევ მწვავე
პერიოდი იყო – საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ხელი თუ მქონდა. არ ვიცი, ეს რა დამატყდა თავს,
ბედის ერთი უცნაური შემობზრიალება იყო. სულმთლად
დავუძლურდი. გაზაფხულზე ასობით შოუს გამართვას ვაპირებდი, მაგრამ ახლა მეეჭვებოდა,
შევძლებდი თუ არა საერთოდ მონაწილეობას. ჯერ იანვარი
იყო, მაგრამ ჩემს ხელს ალბათ დიდი დრო დასჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის. მინის
კარს მიღმა ბაღს გავყურებდი, სარეველა მომრავლებულიყო.
თაბაშირი თითქმის იდაყვამდე მწვდებოდა. თავში ისეთი აზრებიც მიტრიალებდა, იქნებ
საერთოდ ვეღარ დავუკრა-მეთქი. ერთი მხრივ, შეიძლება
ასეც ყოფილიყო საჭირო, რადგანაც მგონი მანამდე სულ თავს ვისულელებდი, ჩემს ნიჭს,
რაც გამაჩნდა, უსარგებლოდ ვხარჯავდი. ბოლო დროს კი
სურათი შეიცვალა და ახლა მხოლოდ ის მადარდებდა, სიტუაციიდან რა ისტორიულ
დასკვნებს გამოიტანდნენ.
საზოგადოებას არ ვაშიმშილებდი, ყოველწლიურად ვაწვდიდი ჩემს დისკებს. მაგრამ რაც
შეეხება ცოცხალ პერფორმანსებს, მგონი იქ მსმენელს
სიმღერის სულის დაჭერა უძნელდება – მეც მიჭირდა, მთავარი სათქმელი გადმომეცა. იქ
ინტიმურობა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, იკარგება.
მსმენელს ისეთივე გრძნობა დარჩებოდა, რაც მიტოვებულ ბაღში, გამხმარ ბალახში
სეირნობისას შეიძლება დაგეუფლოს. ჩემი მსმენელი ან მომავალი
მსმენელი, ვერასოდეს გაიგებდა, როგორია შეხვიდე ახლად მოხნულ მინდორში, მე რომ ის-
ის იყო ვაპირებდი შესვლას. ბევრი მიზეზი შეიძლება
დაასახელო – ვისკისაც სჭირდება მიზეზი, ბოთლიდან რომ გადმოვიდეს. მე დაკანონებულ
წესებს მივყვებოდი, რაც არ ამართლებდა. რამდენიმე წლით ფანჯრები შევფიცრე, მათ კი
ობობის ქსელი მოედო და მე ეს ყველაფრი ვიცოდი. ბევრჯერ ყოფილა, შოუს დაწყების წინ
მივსულვარ სცენასთან ახლოს
და ჩემი თავი დამიჭერია, როგორ ვფიქრობდი, თითქოს პირობას ვარღვევდი, რაღაცას,
რაც ჩემს თავს აღვუთქვი. ოღონდ რა აღვუთქვი, ის არ
მახსოვდა. ჩემი პერფორმანსის დღეები გადატვირთული მოძრაობის მერე ჭრიალით
გაჩერდა დროებით, ლამის სამუდამოდ. ბევრჯერ, სხვების
დაუხმარებლად გამიფუჭებია ჩემი საქმე. კარგია, როცა გიცნობენ, როგორც ლეგენდას,
ხალხი ფულს იხდის ლეგენდების სანახავად, მაგრამ ბევრი
მის ერთხელ ნახვასაც დასჯერდება. შენ მათ იმედი არ უნდა გაუცრუო, არც შენი დრო
უნდა დაკარგო და არც მათ უნდა დააკარგვინო დრო.
პრინციპში სცენიდან არც გავმქრალვარ, ოღონდ გზა შევიწროვდა, თითქმის ჩაიკეტა,
არადა, ფართოდ გახსნილს ველოდებოდი. ჯერ არსად ვიყავი
წასული, ფეხს ვითრევდი ტროტუარზე. ჩემ შიგნით პიროვნება დაიკარგა და ის მყავდა
მოსაძებნი. ბუნებაში ყველაფრის წამალი შეიძლება იპოვო და
ამიტომ მეც უფრო ბუნებაში ვეძებდი. წყალზე მოტივტივე სახლში მივაგენი ჩემს თავს –
ძალიან ნელა მოძრაობდა – დათვებით, ირმებითა და
ხარ-ირმებით ვიყავი გარშემორტყმული – მოუხელთებელი, ნაცრისფერი მგელიც იქვე იყო,
შორიახლოს და ამ მშვიდი ზაფხულის საღამოს, ვიჯექი და
ვუსმენდი ღორიხვას ძახილს. ვინც არ უნდა ვიყო, მე 60-იანების ტრუბადური ვარ, ფოლკ-
როკის რელიკვია, გარდასულ დღეთა სიტყვის ოსტატი,
არარეალური მმართველი ყველასთვის უცნობი მიწისა. ვიმყოფები მივიწყებული
კულტურის უძირო ორმოში. უსასრულოდ შეიძლება ამის გაგრძელება.
ხალხი მხედავდა, როგორ გამოვედი ტყიდან. ვიცოდი, რასაც ფიქრობდნენ. მე ყველაფერი ისე
უნდა მივიღო, როგორც არის.
თომ პეტისთან და „ჰართბრეიკერებთან“ ერთად თვრამეტთვიან ტურნეში წავედი.
შეიძლებოდა ჩემი ბოლო ტურნე გამომდგარიყო. არავითარი
შთაგონება არ მქონდა. რაც იქ წესით უნდა დაწყებულიყო, ყველაფერი გაქრა და
მნიშვნელობა დაკარგა. თომი იმ პერიოდში თავისი
შესაძლებლობების მწვერვალზე იყო, მე კი ფსკერზე. ვერ გადავძლიეთ რაღაც
უთანხმოებები. ყველაფერი იმსხვერეოდა. ჩემი სიმღერები ჩემთვის
გაუცხოვდნენ. აღარ შემეძლო, ემოცია აღმეძრა, შემეღწია სიმღერის სიღრმეში. ეს
ისტორიული მომენტი აღარ იყო. რაღაც არაგულწრფელი მღეროდა
ჩემს გულში, ერთი სული მქონდა, ეს ყველაფერი დამთავრებულიყო და იქიდან ბარგი
შემეკრა. კიდევ ერთი კარგად ანაზღაურებული დღე პეტისთვის
და საკმარისი იქნებოდა. სარკეში ჩემს მომავალს ვხედავდი – ბებერ მსახიობს, რომელიც,
წარსული ტრიუმფების მომსწრე, თეატრის წინ მდგარ
ნაგვის ურნაში იქექება.
ძალიან ბევრი სიმღერა მქონდა დაწერილი და გამოშვებული, მაგრამ ბევრ მათგანს
შოუზე არ ვასრულებდი. მგონი ოცს თუ რაღაც მაგდენს
ვმღეროდი. დანარჩენი მეტისმეტად საიდუმლოებით მოცული იყო და უკვე აღარც შემეძლო
შემოქმედებითად მივდგომოდი მათ. ისეთი გრძნობა მქონდა,
თითქოს აყროლებული ხორცის ნაჭერი დამქონდა. არც ვიცოდი, საიდან მოვიდა ის
სიმღერები.
ბენმონტ ტენჩი, პეტის ერთ-ერთი მუსიკოსი, გაუთავებლად მეკითხებოდა, ლამის
მეხვეწებოდა, შოუში სხვა სიმღერებიც ჩამერთო. მაგალითად, „Chimes of Freedom“ – ხომ არ
გვეცადა? ან რას იტყვი „My Back Pages“-ზე? ან იქნებ „Spanish Harlem Incident“? მე კი რაღაცას
მოვაბოდიალებდი ხოლმე. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, ვინ პასუხობდა, მე ხომ
საკუთარ თავს მივუკეტე კარი. პრობლემა ის იყო, რომ მთელი
ამდენი ხანი ინსტინქტს და ინტუიციას ვენდობოდი, ახლა ეს ორივე ქალბატონი სვავებად
გადაქცეულიყო და სისხლს მწოვდა. სპონტანურადაც
არაფერი გამომდიოდა. ჩემი თივის ზვინები თოკით არ მქონდა დამაგრებული და ქარის
მოლოდინში უკვე შიში მიპყრობდა.
ტურნე პეტისთან ერთად ნაწილებად იყო დაყოფილი და ერთხელ, მოცლილობის ჟამს,
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ელიოტ რობერტსმა ჩემი და
„გრეითფულ დედ“-ის („მადლიერი მკვდრის“) საერთო შოუ დაგეგმა. შოუმდე რეპეტიცია
იყო საჭირო, ამიტომ სან-რაფაელში გავემგზავრე
„მკვდართან“ შესახვედრად. მეგონა, ადვილად წავიდოდა ყველაფერი, მაგრამ ერთ-ორი
საათის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჯგუფს უფრო მეტი და
განსხვავებული სიმღერების დაკვრა სჭირდებოდა, ვიდრე მე პეტისთან ერთად
ვასრულებდი. ძველი სიმღერების დაკვრა უნდოდათ, რომელიც თვითონ
მოსწონდათ. ყურებში მუხრუჭის ჭრიალის ხმა ჩამესმა. ეს რომ მცოდნოდა, არც არაფერს
დავგეგმავდი. იმ სიმღერების მიმართ არავითარი გრძნობა
აღარ გამაჩნდა და არ ვიცოდი, როგორ მემღერა. უმეტესობა მხოლოდ ერთხელ თუ მიმღერია,
ჩაწერის დროს. შეიძლებოდა სიტყვებიც ამრეოდა.
შტერივით ვგრძნობდი თავს და არც იქ დარჩენა მინდოდა. სადმე უნდა წავსულიყავი,
სადაც სულიერად ავადმყოფები დადიან და ყველაფერი
ამეწონ-დამეწონა. მოვიგონე, თითქოს სასტუმროში რაღაც დამრჩა და ქუჩაში გავედი.
ცრიდა და თავჩაღუნული მივდიოდი. აღარ ვაპირებდი უკან
დაბრუნებას. თუ ტყუილის თქმა გადაწყვიტე, ეს სწრაფად უნდა გააკეთო. ქუჩას
მივუყვებოდი – შეიძლება ოთხი თუ ხუთი კვარტალი გავიარე, უცებ
მომესმა, პატარა საესტრადო ანსამბლი სადღაც ჯაზს უკრავდა. პატარა ბარიდან
გამოდიოდა ხმა, შევიხედე და ოთახის მოპირდაპირე მხარეს
დავინახე, რამდენიმე მუსიკოსი უკრავდა. ერთ-ერთი რაღაცაზე იცინოდა. არსაითკენ
მიმავალი მატარებლის ბოლო გაჩერებას ჰგავდა, ოთახი
სიგარეტის კვამლით იყო გაბუღული. რაღაც მეძახდა ამ ბარიდან და მეც შევედი გრძელ,
ვიწრო ბარში. ოთახის ბოლოს, აგურის კედლის წინ
ამაღლებულ ადგილას, ჯაზის მოყვარულები უკრავდნენ. სცენასთან ახლოს ვიდექი ბართან,
ჯინ-ტონიკი შევუკვეთე, მომღერალს სახეში ვუყურებდი.
ხანშიშესული კაცი იყო, შალის პიჯაკი ეცვა, უბრალო კეპი ეხურა და მყვირალა ფერის
ჰალსტუხი ეკეთა. დრამერს კოვბოური „სტეტსონი“ ეხურა.
ბასისტს და პიანისტს ნორმალურად ეცვათ. ჯაზის ბალადას უკრავდნენ, რაღაც „Time on
My Hands“-ის თუ „Gloomy Sunday“-ის მაგვარს.
მომღერალი ბილი ეკსტინს მაგონებდა. ძლიერი ხმა არ ჰქონდა, მაგრამ არც სჭირდებოდა;
მშვიდად მღეროდა, თუმცა ბუნებრივი სიძლიერე ახლდა მის
სიმღერას. სრულიად მოულოდნელად და ყოველგარი გაფრთხილების გარეშე, ამ ადამიანმა
ჩემს სულში ჩაიხედა. თითქოს მეუბნებოდა, „ასე და ასე
უნდა მოიქცეო“. და სრულიად მოულოდნელად ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად
მივხვდი, ვიდრე ოდესმე მივმხვდარვარ. ახლა ვიცოდი, საიდან იძენდა
ძალას, ვიცოდი, საიდან მოდიოდა მისი ძალა და რომ ძალა მის ხმაში სულაც არ იყო, არადა
სწორედ მისმა ხმამ დაუკითხავად დამაბრუნა საკუთარ თავთან. ვფიქრობდი, ეს ადრეც
მომსვლია-მეთქი, დიდი ხნის წინ. არავის არასოდეს არ უსწავლებია. ტექნიკა ისეთი
ელემენტარული იყო, ისეთი
ადვილი, რომ დამავიწყდა. შარვლის შეკვრა რომ დაგავიწყდეს, დაახლოებით ეგრე იყო.
სარეპეტიციო დარბაზში დავბრუნდი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ერთი სული
მქონდა, როდის დავიწყებდით – მათ რომელიც უნდოდათ, ის
სიმღერა ავიღე, მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა იმ მოხუცი მუსიკოსის მეთოდით
მემღერა. გული მიგრძნობდა, რაღაც მოხდებოდა. თავიდან
ძნელად წავიდა, ბურღი რომ შედის აგურის კედელში, ისე. ჯერჯერობით მხოლოდ
მტვერი შემეყარა. მაგრამ მერე სასწაულით შიგნიდან რაღაცამ
ამომასხა. თავიდან, სისხლი რომ გახრჩობს და ახველებ, ისეთი ბურტყუნი დავიწყე,
ქვემოდან მოდიოდა მთელი ძალით, მაგრამ ტვინშიც გამიარა.
ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. მწვავდა, მაგრამ ფხიზლად ვიყავი. არანორმალურად
უნდა გამემახვილებინა ყურადღება, რომ ერთდროულად
რამდენიმე ხერხით მანევრირება შემძლებოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ნებისმიერ
სიმღერას შევასრულებდი. „მკვდართან“ ერთად შოუზე გამოვედი
და არცერთხელ არაფერზე ორჯერ აღარ დავფიქრებულვარ. შეიძლება, სასმელში რამე
ჩამიყარეს, ვერაფერს გეტყვით. რაც უნდოდათ, ყველაფერი
შევასრულე. იმ ბებერი ჯაზის მომღერლისთვის კი მადლობა უნდა გადამეხადა.
პეტისთან დავბრუნდი, გრძელ და გაწელილ ტურნეს უკვე ამთავრებდნენ და ვუთხარი,
თუ სხვა რამის დაკვრა გინდათ, მითხარით და თანახმა
ვარ-მეთქი. შუა აღმოსავლეთში გავემგზავრეთ, ისრაელში ორი შოუ გვქონდა, ერთი
თელავივში, ერთიც იერუსალიმში, იქიდან შვეიცარიაში და მერე
იტალიაში გამოვიდოდი. ამ პირველ ოთხ შოუზე ოთხმოცი სხვადასხვა სიმღერა დავუკარი,
არცერთი არ გამიმეორებია, მინდოდა დავრწმუნებულიყავი,
რომ თავს გავართმევდი. სულ არ გამძნელებია. ვოკალის ტექნიკას სხვანაირად, ნაცადი
მეთოდით რომ მივუდექი, რამდენ ხანსაც მინდოდა, იმდენ
ხანს შემეძლო დაუღალავად მემღერა.
ყოველ საღამოს დაქოქილივით ვუკრავდი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც
მინდოდა შოუს დატოვება... სცენიდან წასვლა. აღარ
ვაპირებდი გაგრძელებას – არ ვფიქრობდი, რომ ბევრი მსმენელი მყავდა. ტურნეს უამრავი
ხალხი ესწრებოდა, მაგრამ მათ უმეტესობას პეტი
იზიდავდა. მე რაღაც ერთფეროვანი გავხდი. შოუზე ვუყურებდი ადამიანებს და ისინი ტირის
ფიგურებს მაგონებდნენ, მათთან არავითარი კავშირი არ
მქონდა. დავიღალე – აღარ მინდოდა მირაჟში ცხოვრება. დადგა დრო, გამოსვლები
შემეწყვიტა. სცენიდან წასვლა სულ არ მადარდებდა. ხელი
ჩამოვართვი ამ იდეას და უკვე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, დინებას მივყვებოდი.
მერე სრულიად მოულოდნელად, იმ ღამით შვეიცარიაში ვიყავით, ლოკარნოში,
ყველაფერი შეიცვალა. რაღაც ერთი წამით შავ ხვრელში ჩავვარდი.
სცენა ღია ცის ქვეშ იყო და ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, გეგონება ყველაფერის წალეკავსო.
პირი გავაღე, სიმღერა უნდა დამეწყო, მაგრამ ჰაერი
გამკვრივებულიყო და ხმა ჩამეხშო. ვერ ვიჯერებდი, რაც ხდებოდა. ნამდვილად არ არის
სასიამოვნო ასეთ სიტუაციაში მოხვედრა, შეიძლება პანიკაშიც ჩავარდე. ოცდაათი ათასი
მაყურებლის წინაშე დგეხარ, ხალხი მოგჩერებია, შენ კი ხმა არ ამოგდის. ხანდახან ასეთი
სისულელეებიც
ხდება. გადავწყვიტე, დასაკარგი არაფერი მაქვს-მეთქი და ახალი მექანიზმი გამოვიგონე,
იმისათვის, რომ ამემოქმედებინა ის, რაც არ
მუშაობდა. ეს ჩემდა უნებურად მოხდა, შევულოცე, ეშმაკი განდევნილიყო. უცებ
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, თვითონაც გაკვირვებული
დავრჩი. და ყველაფერი კარგად წავიდა. მეტამორფოზა ამდენი ადამიანის თვალწინ მოხდა
და ვერავინ ვერაფერი შენიშნა. ახლა უკვე ენერგიის
მოზღვავებას ვგრძნობდი. რაღაც ახალი ტიპის პერფორმერი გავხდი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი
გაგებით.
პეტის შოუები დეკემბერში დასრულდა. ამბავი რომ დასრულდება და გაურკვეველ
სიტუაციაში ხარ, მეჩეჩზე შერჩენილივით, ისე კი არ ვგრძნობდი
თავს, არამედ, უკვე ახალი ტურნეს მოლოდინში ვიყავი. გადავწყვიტე, სცენიდან წასვლაზე
დროებით არ მეფიქრა. საინტერესო მეჩვენებოდა, ახალი
ტურნე დამეწყო, ხალხის სამსახურში ჩავმდგარიყავი. ისიც ვიცოდი, რომ წლები
დასჭირდებოდა ამ იდიომის დახვეწას, მაგრამ ჩემი რეპუტაციისა
და სახელის წყალობით, შესაძლებელი იყო, განმეხორციელებინა ჩანაფიქრი. ჩემი აზრით,
დროულიც იქნებოდა. ერთხელაც ლონდონში, სენტ ჯეიმზის
კლუბში ვისხედით მე და ელიოტ რობერტსი. ელიოტი პეტის შოუებსაც
ხელმძღვანელობდა და „გრეითფულ დედისაც“. ვუთხარი, მომავალ წელს ორასი
შოუს დაგეგმვა მინდა-მეთქი. ელიოტი პრაგმატული კაცი იყო, მიპასუხა, ჯობია რამდენიმე
წელი დაისვენო და მერე გამოხვიდეო.
– ჯერჯერობით შესანიშნავ სიტუაციაში ხარ, – მითხრა, – გაანებე თავი, იყოს, როგორც არის.
– არა, – მივუგე მე, – ეს სიტუაცია არ არის შესანიშნავი და მე ვალდებული ვარ, შევცვალო.
ლუდის ბოლო ბოთლიდან ორივე ჭიქაში დავასხი, თან ვუსმენდი, როგორ მეუბნებოდა,
უფრო პრაქტიკული იქნება, გაზაფხულამდე მაინც თუ
დაიცდიო. აჯობებდა, მისთვისაც მეტი შანსი მიმეცა, ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა.
– კარგი, – ასე ვუთხარი, – შევთანხმდით.
– იქნებ ბენდიც გიშოვო, – დასძინა ელიოტმა.
– არაფერი მექნება საწინააღმდეგო, – გულში კი ვფიქრობდი, რომ ფანტასტიკური რამე
იქნებოდა. თავშიც არასოდეს მომსვლია, რომ შეიძლებოდა
ვინმე სხვას მოეძებნა ჩემთვის ბენდი. დიდ ტვირთს მომაცილებდა. ელიოტს ვუთხარი, რომ
მომავალი წლისთვის იმავე რაოდენობის შოუები მინდოდა
რომ ყოფილიყო და ისევ იმ ქალაქებში, და ერთი წლის შემდეგ, კიდეც გავიმეორებდით –
სამწლიანი განრიგი მსურდა შეედგინა და რამდენადაც
შესაძლებელი იქნებოდა, ერთსა და იმავე ქალაქებში განმეორებულიყო. ვფიქრობდი, სამი
წელი დამჭირდებოდა, ყველაფერი ისევ თავიდან რომ
დამეწყო – მეპოვნა ჩემი ნამდვილი მსმენელი, ან ნამდვილ მსმენელს ვეპოვნე მე. სამი წელი
იმისთვის მჭირდებოდა, რომ ჩემი აზრით, ასაკოვანი
ხალხი, ვინც პირველ წელს დაესწრება ჩემს შოუს, მეორე წელს ალბათ აღარ მოვა,
ახალგაზრდები კი თავიანთ მეგობრებს წამოიყვანენ, მესამე წელს კი უკვე ისინი
წამოიყვანენ თავიანთ მეგობრებს და ასე ჩამოყალიბდება ჩემი მომავლის მსმენელის ბირთვი.
ფაქტი, რომ ზოგიერთი ჩემი
სიმღერა ოცი წლის წინანდელი იყო, არაფერს აშავებდა. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც
ახალ ჟანრს ვამკვიდრებდი, რაც აქამდე არ არსებობდა და
მთლიანად მე მეკუთვნოდა. აუცილებლად მჭირდებოდა ახალი მსმენელი, რადგან მეტ-
ნაკლებად ჩემი ძველი ჩანაწერებით მიცნობდნენ და ახალ
ხელოვანად ვეღარ აღმიქვამდნენ, რაც ადვილი გასაგები იყო. სახელი განთქმული
მქონდა, ფეხბურთის სტადიონს გავავსებდი, კონცერტი რომ
გამემართა, მაგრამ ეს ჩემი სახელი რაღაც უსარგებლო დიპლომივით იყო, იმით, არც ერთ
კოლეჯში რომ არ მიგიღებდნენ. მაინცდამაინც არც ისინი
მეხმარებოდნენ, ვისაც ხელოვნების ხელშეწყობა ევალებოდა. წარსულში ბევრჯერ
გავაბრაზე და ეტყობა, სიბრაზე ჯერ არ განელებოდათ. ვერც
კრიტიკოსების იმედად ვიქნებოდი, მუსიკის სფეროს ჟურნალისტები საზოგადოებრივი
ურთიერთობის კადრებად გადაიქცნენ. მხოლოდ და მხოლოდ
მითქმა-მოთქმის იმედზეღა ვიყავი, ჩემი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მასზე აღმოჩნდა
დამოკიდებული. მითქმა-მოთქმა კი ხანძარივით ვრცელდება,
მისთვის „არა“ მიუღებელია. ვნატრობდი ოცი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი, მაგრამ
რა შეიცვლებოდა ამით? ცოტა დახმარებაც არ მაწყენდა,
ოღონდ არავისგან ველოდი დახმარებას. ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, როგორც
რობერტსმა მითხრა – ჯობდა, გაზაფხულამდე მოგვეცადა.
ვგრძნობდი, უკვე ზღურბლზე ვიდექი და იქ რაღაც მელოდა – შეიძლება ღვთიურ წვიმასავით
წმინდა არა, მაგრამ რაღაც – ნამდვილად.
გაზაფხული ძალზე შორს მეჩვენებოდა, თუმცა მოთმენა შემეძლო. რამეს წავიკითხავდი.
ჩემი იღბალი ვერცხლივით კაშკაშებდა მზის გულზე.
ცხოვრებამაც თითქოს დაკარგა თავისი მომწამლავი ეფექტი. ვერაფერზე ვერ ვიწუწუნებდი...
და სწორედ ამ დროს, შემემთხვა ის.
გადახვეული ხელით სასწრაფო დახმარების კაბინეტიდან გამოვედი და სკამზე დავესვენე.
გეგონება, შავმა ავაზამ დამგლიჯაო. ცოტა ხნის წინ
რაღაც ნოვატორულის თუ რისკიანი წამოწყების ზღურბლზე ვიდექი, ახლა ყველაფერი
განადგურდა და სიცარიელის პირისპირ აღმოვჩდი. შეიძლება, ეს
ბედის უკანასკნელი შემობრუნება ყოფილიყო. სულ რამდენიმე საათის წინ ყველაფერი
კარგად მქონდა, დალაგებული. გაზაფხულს ველოდებოდი, ერთი
სული მქონდა, სცენაზე გამოვსულიყავი, სადაც ყველაფერი მე ვიქნებოდი – ავტორიც,
შემსრულებელიც, სუფლიორიც, სცენის მენეჯერიც, მსმენელიც
და კრიტიკოსიც. ახლა კი სიბნელეს მივჩერებოდი, საიდანაც ეს ყველაფერი უნდა
დაწყებულიყო. ფოლსტაფისა არ იყოს, ერთი თამაშიდან მეორე
თამაშზე ვერთვებოდი, ვიდრე ბედმა თამაშ-თამაშით მე თვითონ კოშმარული ხრიკი არ
მომიწყო. ფოლსტაფი აღარ ვიყავი. ხალისი დავკარგე,
ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. მხოლოდ კვნესა შემეძლო.
გარდა იმისა, რომ ვოკალის ახალ ტექნიკაზე ძალიან ვიყავი გადართული, კიდევ რაღაც
მჭირდებოდა ჩემი სიმღერების აღსადგენად. სიმღერებს
ყოველთვის გიტარის აკომპანიმენტით ვმღეროდი. ჩვეულებრივად, კარტერების ოჯახის
სტილში ვუკრავდი, მედიატორით. რასაც ვუკრავდი, სუფთა და
გასაგები იყო, მაგრამ შიგ ჩემი სული არ იდო. ისე, არც იყო საჭირო. სტილი პრაქტიკული
იყო, ოღონდ ახლა მინდოდა უფრო გამომეცოცხლებინა და ჩემი თავი მეტად გამომეკვეთა.
სტილი არ მომიგონებია, ადრეულ 60-იანებში ლონი ჯონსონისგან გავიგე. ლონი, 30-იანი
წლების დიდი ჯაზისა და ბლუზის მუსიკოსი იყო.
რობერტ ჯონსონმა მისგან ბევრი ისწავლა. ერთხელ ლონიმ გვერდზე გამიყვანა და მაჩვენა
რაღაც სტილი, რომელიც კენტი ციფრების ნაცვლად ლუწ
ციფრებს ემყარებოდა. მითხრა – შეიძლება, გამოგადგესო. ისეთი გრძნობა დამეუფლა,
თითქოს რაღაც საიდუმლოს მანდობდა, არადა, მაშინ ვერ
გავერკვიე კარგად, რას მიხსნიდა, მაშინ მხოლოდ გიტარის ჩხაკუნს ვჯერდებოდი, ჩემი
აზრების გადმოცემა უფრო მნიშვნელოვანი მეგონა. ეს
ადვილად სამართავი დაკვრის სისტემაა, დაკავშირებულია გამასთან, როგორ შეიძლება
ნოტების შეწყობა ციფრების საშუალებით, როგორ შეიძლება
ტრიოლიდან მელოდიის მიღება. მე ეს სტილი არასოდეს გამომიყენებია, არ მეგონა, თუ
აუცილებელი იყო. ახლა კი, მოულოდნელად გამახსენდა და
ვიფიქრე, ასე თუ დავუკრავდი, ჩემს სამყაროს გამოვაცოცხლებდი. ბევრისთვის საინტერესო
არც იქნებოდა, რადგან ტექნიკასთან საერთო არაფერი
ჰქონდა, მუსიკოსები კი მთელი ცხოვრება ერთმანეთს ტექნიკაში ეჯიბრებიან. მომღერალი
თუ არ იყავით, ამ მეთოდს არ მიაქცევდით ყურადღებას.
ჩემთვის მისი ათვისება არ გამოდგა ძნელი, გავიგე წესები და ის, რაც ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ ლონიმ ნათლად ამიხსნა.
ასე არავინ უკრავდა, ჩემი აზრით, მუსიკის ახალი ფორმა იყო. ზუსტი და
ორთოდოქსული. აქ იმპროვიზება არ შეიძლებოდა. იმპროვიზაციის
საპირისპირო რამ იყო და კიდევ, რაიმე განსაკუთრებული განწყობა არ გჭირდებოდა, როცა
ასე უკრავდი, ემოციებს არ ითხოვდა. ესეც კარგი იყო.
უკვე დიდი ხანია ჩემი სიმღერები დახოცილი კურდღლებიით ეყარა იატაკზე. ეს აღარ
მოხდებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ორი ხელი მჭირდებოდა
დასაკრავად.
* * *
* * *
ერთ საღამოს U2-ს წევრი, მომღერალი ბონო და კიდევ სხვები მყავდნენ სტუმრად
სადილზე. ბონოსთან ურთიერთობა მატარებელში სადილობას
გაგონებს – ისეთი გრძნობა გაქვს, რომ მოძრაობ, სადღაც მიდიხარ. ბონოს ანტიკური პოეტის
სული აქვს, მასთან ფრთხილად უნდა გეჭიროს თავი.
შეუძლია იქამდე იღრიალოს, სანამ მიწა არ იძვრება. ფარული ფილოსოფოსიც გახლავთ.
„გინესის“ მთელი ყუთი გამოაყოლა ხელს. ისეთ რამეებზე ვსაუბრობდით, როგორზეც
ზამთრის დღეების გასაყვანად ლაპარაკობენ ხოლმე – ჯეკ კერუაკზე. ბონო კარგად იცნობს
კერუაკს. სასაცილოა, ბევრ
ამერიკელზე უკეთესადაც კი. ბონო საუკუნის დასაწყისში რომ ჩამოსულიყო ამერიკაში,
ალბათ კოპი გახდებოდა. მართლა ბევრი რამ იცის ამერიკის
შესახებ და რაც არ იცის, უნდა, რომ გაიგოს.
პოპულარობაზე ვისაუბრეთ და ჩვენი აზრები დაემთხვა – ყველაზე მხიარული
პოპულარობაში ისაა, რომ არავის სჯერა, მას რომ ეხება. მერე
ბონო ჰყვებოდა, როგორ ჩამოვიდნენ აქ ინგლისელები და ჯეიმზთაუნში დასახლდნენ და
რომ ირლანდიელებმა ნიუ-იორკი ააშენეს – ლაპარაკობდა
ამერიკის სამართლიანობაზე, სიმდიდრეზე, დიდებაზე, სილამაზეზე, უცნაურობასა და
მშვენიერებაზე. ვუთხარი, ამერიკის დაბადების ადგილის
ნახვა თუ გინდა, ალექსანდრიაში, მინესოტაში უნდა წახვიდე-მეთქი.
ასე ვუსხედით მაგიდას მე და ბონო. დანარჩენები მიმოფანტულები იყვნენ. ჩემი ცოლი
შემოვიდა და მითხრა, დასაძინებლად მივდივარო. – მეც
ახლავე მოვალ, – მივაძახე. „გინესი“ თითქმის დავცალეთ. – ალექსანდრია სად არის? –
მეკითხება ბონო. ვუთხარი, საიდანაც ვიკინგები
შემოვიდნენ და დასახლდნენ 1300 წელს, იქ ვიკინგის ხის ქანდაკებაც დგას, ოღონდ ამერიკის
ღირსეულ მამას არ ჰგავს-მეთქი.
ღამე გაიწელა. ბონომ მკითხა, ახალი სიმღერები ხომ არ გაქვსო. მართლაც, მქონდა.
გავედი მეორე ოთახში, უჯრიდან ამოვიღე ახალი
სიმღერები და ბონოს ვაჩვენე. გადახედა და მითხრა, უნდა ჩაწეროო. მე არ ვიყავი
დარწმუნებული, ბოლო დროს ჩაწერა გართულდა-მეთქი,
ვუპასუხე. მაშინ იყო, დენიელ ლანუა რომ ახსენა, ჩვენთან უმუშავია და ძალიან კარგი
პარტნიორია, შენთან სამუშაოდ ზედგამოჭრილი კაციაო.
ლანუას მუსიკალური იდეები ჰქონდა, ჩემსას რომ კარგად მიესადაგებოდა, ისეთი. ბონომ
ყურმილი აიღო და დაურეკა, დაგვაკავშირა ერთმანეთს,
ჩვენც ცოტა გავისაუბრეთ. მთავარი, რაც ლანუამ მითხრა, ის იყო, რომ ნიუ ორლეანში
მუშაობდა და იქ უნდა მომეძებნა. ეგრე ვიზამ-მეთქი,
ვუთხარი. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ ვჩქარობდი დისკის ჩაწერას. უფრო
გამოსვლაზე ვიყავი გადართული. წინ სუფთა გზა მელოდა და
არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი შანსს, მუსიკალური თავისუფლება დამებრუნებინა.
* * *
* * *
* * *
* * *
ელიოტ რობერტსი, ჩემი ტურნეს დღეები რომ ჰქონდა უკვე დაგეგმილი, ნიუ ორლეანს
ეწვია. მაჩვენა მომავალი ტურნეს განრიგი, რითაც
უკმაყოფილო დავრჩი. სულ არ ჰგავდა იმას, რაზედაც თითქოს შევთანხმდით. შოუები
ევროპაში გაიმართებოდა და ბევრი ის ქალაქი, სადაც გასულ
წელს გამოვედი, აღარ მეორდებოდა. ვუთხარი, ეს ის არ არის, რაზედაც ჩვენ
მოვილაპარაკეთ, და რომ იმ ქალაქებში მინდა დაბრუნება, სადაც
შარშან გამოვედი-მეთქი.
– არ შეიძლება ყოველ წელს ერთი და იმავე ქალაქში გამოხვიდე. ცოტა ხნით დაივიწყე ეგ
ქალაქები. – მითხრა ელიოტმა.
მესმოდა, რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ მიუღებელი იყო ჩემთვის. – მე მჭირდება, ერთსა
და იმავე ქალაქში ჩავიდე ორჯერ, ან სულაც სამჯერ,
მნიშვნელობა არა აქვს.
– უცნაური კაცი ხარ, მითოლოგიური. მოდი, ამაზე ისე იფიქრე, როგორც ჯესი ჯეიმზზე
იფიქრებდი. მაშინ, ბანკის მძარცველების მეტი რა იყო,
რამდენი გარბოდა ციხიდან, რამდენიც გინდა შეიარაღებული ბანდიტი დადიოდა... მაგრამ
ხალხმა მხოლოდ ჯესი ჯეიმზის სახელი დაიმახსოვრა. ის
მითოლოგიური ტიპი იყო. შენ ვერ დაუკრავ ყოველ წელს ერთსა და იმავე ქალაქებში, ერთსა
და იმავე ბანკებს არ ძარცვავენ.
– ბიჭო, ჭკვიანურად ჟღერს, ხომ იცი, – ვუთხარი ელიოტს. მისი არგუმენტი არ იყო
მაინცდამაინც ეფექტური, მაგრამ არც ჩაღრმავებას ჰქონდა
აზრი.
რობერტსი სტუდიაში წავიყვანე, სადაც ლანუას როქინ დიპსისთვის და მისი კაჯუნების
ბენდისთვის დიდი სასტუმრო ოთახი გაემზადებინა. ცხრა საათისათვის „დიგნიტყ“-ს
ჩაწერა დავიწყეთ. მაგრამ როგორც კი დავიწყეთ, თითქოს სიმღერას ყელში
ვწვდითმოსახრჩობად. ხვნეშისმაგვარი რიტმი
ლექსებს გასაქანს არ აძლევდა. ეს სტილი მათთვის გაუგებარი იყო. დენიც და მეც
საგონებლში ჩავვარდით. თითოეული პერფორმანსი დიდ ენერგიას
გვართმევდა. ბევრჯერ ჩავწერეთ, ვცვლიდით ტემპს და გასაღებებსაც კი, მაგრამ
ჯოჯოხეთიდან ვერ გამოვაღწიეთ. მხოლოდ ჩემი, უილისა და
ბრაიენის ჩანაწერის „დემო“ ჩანდა შედარებით ძალდაუტანებელი, მშვიდად
მიედინებოდა. მართალი იყო, რასაც დენი ამბობდა, დაუმთავრებლად
ჟღერსო, მაგრამ მგონი ყველა ჩანაწერზე შეიძლება ამის თქმა, არა? დოპსიც, ჩემი არ
იყოს, გულგატეხილი ჩანდა. რაღაც უცნაურ ხარს
დავაჭენებდით. დილის სამ საათზე უკვე ყველას ძალა გამოგვეცალა და ისეთი სიმღერების
მღერა დავიწყეთ, როგორიცაა – „Jambalaya“, „Cheatin’
Heart“, „There Stands the Glass“ – ქანთრის კლასიკა. უბრალოდ, თავს ვისულელებდით,
გემით საქეიფოდ გასული ტიპებივით ვუკრავდით.
ფლანელის პერანგი მეცვა და სულ გასაწური ვიყავი, სახეზეც ოფლი მასხამდა. და
სწორედ ამ დროს, ერთი ახალი სიმღერა „Where Teardrops
Fall“, დავუკარი. მე და დოპსიმ ჩქარ-ჩქარა ჩავწერეთ. სულ რაღაც ხუთი წუთი დაგვჭირდა,
არც რეპეტიცია გაგვივლია. სიმღერის ბოლოს, დოპსის
საქსაფონისტმა, ჯონ ჰარტმა, ქვითინივით სოლო დაუკრა. ისე დაუკრა, რომ კინაღამ
სუნთქვა შემეკრა. დავიხარე, მინდოდა, მუსიკოსის სახე
შემეთვალიერებინა. მთელი ღამე სიბნელეში იჯდა და არც კი შემიმჩნევია. გამოცხადებული
ბრმა გარი დევისი იყო, მომღერალი მღვდელი, რომელსაც
დიდი ხნის წინ ვიცნობდი და მივდევდი. აქ რას აკეთებდა? ეს უკვე რაღაც ცრურწმენა
იყო. გარი დევისი, თანამდროვე მუსიკის ერთ-ერთი
ჯადოქარი... გეგონება, მკვდრეთით აღსდგა და ყველაფერს, რაც ხდება, თვალყურს
ადევნებსო. უცნაურად გადმომხედა ოთახის მეორე ბოლოდან,
თითქოს თოკი გადმომიგდო, მოსაჭიდებლად. მოულოდნელად, მივხვდი, რომ ზუსტად იქ
ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ზუსტად იმას ვაკეთებდი,
რაც უნდა მეკეთებინა და ლანუაც, როგორც საჭიროა, ისე ერკვეოდა მუსიკაში. ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს მოსახვევში შევუხვიე და
ღმერთის სახე ვიხილე.
მეორე ღამით, „Dignity“-ს ყველა განსხვავებული ვარიანტი მოვისმინეთ. ლანუას ყველა
შეენახა. ალბათ ოცზე მეტი იქნებოდა. როგორი
იმედისმომცემი რამეც არ უნდა გაეგონა მაშინ დენს, ჯერ მაინც დაულაგებელი იყო
ყველაფერი. საიდანაც დავიწყეთ, იქ ვეღარასოდეს
დავბრუნდებოდით, თევზსაჭერი ექსპედიცია არსაით მიდიოდა. სულ უფრო და უფრო
ვიბნეოდით.
მერე ამ დავიდარაბაში მოულოდნელად მოვიდა სიმღერა „Where Teardrops Fall“.
სამწუთიანი ბალადა იყო, მაგრამ რომ უსმენდი, მოგინდებოდა,
სადაც იყავი, წელში გამართული მდგარიყავი. როგორც იმ დროს, ვიღაც მატარებლის
გასაჩერებლად ბაწარს რომ ჩამოქაჩავს. ლამაზი და მაგიური
სიმღერა იყო, სრულყოფილი. მაინტერესებდა, დენიც იმას ფიქრობდა, რასაც მე და ასეც
იყო. – ამ სიმღერას საერთოდ ვერ ვიხსენებ, – ასე
მითხრა. კაი, ბატონო, გადავწყვიტეთ „Dignity“ ცოტა ხნით მიგვევიწყებინა (აღარც
არასოდეს მივბრუნებივართ). ლანუამ მითხრა, რომ ბალადა მოსწონდა, ოღონდ – და ეს
იყო დიდი „ოღონდ“ – ასე თქვა, უკეთესად შემიძლია მისი გაკეთებაო. როგორ-მეთქი,
რომ ვკითხე, მითხრა,
სინქრონულობა დარღვეული იყო და მერყეობა იგრძნობოდაო. ხო, ალბათ... უკვე დილის
სამი საათი იყო. მართალი ხარ-მეთქი, ვუთხარი და სტუდია
უკანა კარიდან დავტოვე, შიდა ეზოდან სანაყინეში შევედი და იქ ცოტა ხანი დავყავი, მარტო
მომინდა ყოფნა – კომუტატორი გამოვრთე.
მაგიდაზე ადგილობრივი მუსიკალური გაზეთი იდო, გადავფურცლე და წავიკითხე,
რომ მიკ ჯონსი, კვინტესენციური გიტარისტი „ქლეშიდან“,
ფილტვების ანთების მერე გამოჯანმრთელებულიყო. სტატიაში ეწერა, სიკვდილს ძლივს
გადარჩაო. ვინატრე, მისნაირი გიტარისტი მყოლოდა ჯგუფში.
შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევი იყო. მარიან ფეითფული ახალ
დისკს წერდა. ის გრანდ დამა გახლდათ, ვიცნობდი,
ოღონდ ბოლო დროს არ მინახავს. გაზეთში ეწერა, მინესოტას კლინიკაში რეაბილიტაციის
შემდეგ ახალი თვალით უყურებს ცხოვრებასო. კარგია, თუ
ასეა. ელტონ ჯონი აუქციონზე ყიდდა მთელ თავის ავეჯს და კოსტიუმებს. გაზეთის
გვერდზე მისი პინბოლის სათამაშო აპარატი ეხატა.
ფანტასტიკური შესახედაობისა იყო, მომინდა აუქციონში მონაწილეობის მიღება.
სანაყინედან გამოვედი, სველი ქარი მცემდა სახეში. მთვარის შუქზე ფოთლები
ბრწყინავდნენ, ჩემმა ფეხის ხმამ ეზოს კატები შეაწუხა.
ნაჭედი რკინის ღობის იქით ძაღლი ბრაზიანად იღრინებოდა. შავმა „სედანმა“ ჩამიარა, შიგ
ვიღაც ლოთები ისხდნენ – მანქანის ფანჯრები ღია იყო
და დინამიკებიდან პაულა აბდული გაჰკიოდა. ქუჩა გადავჭერი და ოდიუბონის პარკისკენ
გამოვბრუნდი. მართალია, ნიუ ორლეანში ამდენი ტაძარი და
სასაფლაოა, მაინც წმინდა ადგილის განწყობას არ გიქმნის. ეს ცივი და მშრალი ფაქტია.
დიდი დრო არ გჭირდება ამის მისახვედრად. არის ისეთი
ადგილები, დროსთან ერთად რომ უნდა შეიცვალოს. აქ ეს არ იყო საჭირო. შინ
დავბრუნდი, სამზარეულოში შევედი და ცოტა ხნით ბრაუნ შუგერს
მოვუსმინე. ლითლ ჯუნიორ პარკერის „Dangerous Women“-ს უკრავდა. მერე ზევით ავედი და
ლოგინში შევძვერი.
* * *
რამდენიმე დღეში ოჯახის წევრები მეწვეოდნენ სტუმრად და, რა თქმა უნდა, ცნობილ
„ანტუანის“ რესტორანში ენდომებოდათ სადილად წასვლა.
ასეც მოხდა. რესტორანში რომ დავსხედით, პრინცესა მარგარეტის პორტრეტის ქვეშ და
იმ სკამზე აღმოვჩნდი, რომელზედაც თურმე ფრანკლინ
დელანო რუზველტი იჯდა ხოლმე. კუს სუპი შევუკვეთე. არ მინდოდა, რამე მძიმე მეჭამა.
მოგვიანებით, ლანუასთან უნდა მივბრუნებულიყავი. ადრე
წამოვედი, გარეთ კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი. მინდოდა, ჩემი
თვალით მენახა იქაურობა.
სამი-ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა. იმ დღესაც წვიმდა. დენის ყველაფერი
მომზადებული ჰქონდა „Where Teardrops Fall“-ის ჩასაწერად.
ისევ იმ სასტუმრო ოთახში შევიკრიბეთ, ოთხნი თუ ხუთნი ვიყავით. შევარჩიეთ ის
ფონოგრამა, რომელიც მუსიკალურად შედარებით კარგად ჟღერდა.
მაგრამ მე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, მიძნელდებოდა სიმღერა, მეჩვენებოდა,
თითქოს წინა ვერსიასთან შედარებით მას მომხიბვლელობა
აკლდა. მხრები ავიჩეჩე, არ გამომდიოდა, არ მიმართლებდა. მერე ვიფიქრე, ვითომ რატომ არ
შეიძლება სხვა ფონოგრამა მოვსინჯოთ? დანარჩენებს
რას ვუწუნებთ? დენი და მე ვუგებდით ერთმანეთს, საბოლოოდ დოპსის ვერსიას
მოვუსმინეთ და ის გამოვიყენეთ.
ჩავწერეთ „Series of Dream“. ლანუას ეს სიმღერა მოსწონდა, ყველაზე მეტად კი ერთი
გადასვლა ხიბლავდა და უნდოდა, რომ მთელი სიმღერა
ეგეთი ყოფილიყო. ვიცოდი, რასაც გულისხმობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მე ასეთი
მომწონდა და ბევრი რამის შეცვლა არ მინდოდა. დენი
იბრძოდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ დამხმარებოდა სიმღერა კარგი გამოსულიყო, თან
დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ეცადა.
ძალიან ახლოს მიჰქონდა გულთან. ხანდახან ვფიქრობდი, რომ მეტისმეტად ახლოს
მიჰქონდა გულთან ყველაფერი. რას არ გააკეთებდა, რომ სიმღერა
გამოსულიყო – იატაკს დაგვიდა, ჭურჭელს გარეცხავდა. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა,
მთავარია, აღწევდა თავისას და მე მისი კარგად
მესმოდა.
ლანუა იანკი გახლდათ, წარმოშობით ტორონტოს ჩრდილოეთიდან – თხილამურების
ქვეყნიდან. აბსტრაქტულად აზროვნებდა. როცა გცივა, არ
ნერვიულობ, იმიტომ რომ იცი, ისევ დათბება... და როცა თბილა, არც მაშინ დარდობ, იმიტომ
რომ იცი, ისევ აცივდება. იქ ისე არ არის, როგორც
იმ ადგილებში, სადაც სულ ცხელა და სულ ერთი ამინდია, სადაც ცვლილებებს არ ელიან.
მომწონდა, როგორც აზროვნებდა. მეც აბსტრაქტულად
ვფიქრობ. ლანუა ტექნიკაში კარგად ერკვეოდა და თან მუსიკოსი იყო, ყველა დისკზე
უკრავდა, რომლის პროდიუსერიც ყოფილა. სხვადასხვა იდეები
მოსდიოდა თავში, როგორ შეიძლება ერთ ჩანაწერს დაადო მეორე ჩანაწერი. ჩანაწერით
მანიპულირების თეორიები ინგლისელ პროდიუსერთან, ბრაიენ
ენოსთან ერთად განავითარა. თავის თავში ძალიან დარწმუნებული იყო. მაგრამ მეც
საკმაოდ დამოუკიდებელი კაცი ვარ და არ მიყვარს, როდესაც
მეუბნებიან, ასე და ასე გააკეთეო, თუ, მით უმეტეს, არ მესმის, რატომ უნდა გავაკეთო ასე.
მოკლედ, სერიოზული პრობლემა უნდა გადაგველახა.
ლანუასი ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ მას ზედაპირზე ტივტივი არ უყვარდა. არც
ცურვა უნდოდა. უნდოდა პირდაპირ ჩამხტარიყო და
სიღრმისკენ დაშვებულიყო. უნდოდა, ქალთევზა შეერთო ცოლად. მეც არაფერი მქონდა
საწინააღმდეგო. როცა „Series of Dreams“ ვწერდით, ასეთ
რამეს მეუბნებოდა ხოლმე, იცი როგორი სიმღერა გვჭირდება, აი, „Masters of Wars“, ან „Girl
from the North Country“, ან „With God on Our
Side“ რომ არის. მე თავს ვუქნევდი, ვიცოდი, რომ გვჭირდებოდა, მაგრამ მე ასეთი სიმღერები
არ მქონდა.
გავიგე, თურმე ტენესი უილიამსის ფესტივალი მიდიოდა, ბოლო ერთი თუ ორი კვირა
იყო. მომინდა, მიმესწრო და მენახა, აღმომეჩინა, რა არაჩვეულებრივი სიმართლეა მის
პიესებში. წასაკითხად ყოველთვის ცივი და მოუხეშავი მეჩვენებოდა. ამიტომ ყოველთვის
სჯობია სცენაზე ნახო,
რომ ბოლომდე იკაიფო. 60-იან წლებში შევხვდი ერთხელ უილიამსს, ნამდვილი გენიოსის
გარეგნობა ჰქონდა. მე რომ მივედი, საზოგადოების მიერ
დასპონსორებული ლექცია მთავრდებოდა და ხალხი უკვე გარეთ გამოდიოდა. ასე რომ,
მეც გამოვბრუნდი და ჩამწერი სტუდიისკენ გავემართე.
ლაფაეტის სასაფლაოს რომ ჩავუარე, სუსტი წვიმა დაიწყო. ტელეფონის ბოძთან ვირთხები
ირეოდნენ.
იმ ღამით, გვიან „Ring Them Bells“-ის ჩაწერა დავიწყეთ. იქ ერთი ხაზი იყო, რომელიც
მინდოდა, ჩამესვა... ბოლო ხაზი... „ამსხვრევენ
მანძილს მართალს და მცდარს შორის“. სიტყვები მოერგო, მაგრამ ისინი არ ამბობდნენ
ზუსტად იმას, რასაც მე ვგრძნობდი. მართალი თუ მცდარი.
ქვეცნობიერად წარმოდგენა არ მაქვს, არსებობს ასეთი რამ თუ არა. ყოველთვის ვიბნეოდი
ხოლმე, ჩემთვის წარმოდგენა მორალურად მართალსა და
მორალურად მცდარზე არასწორი სიხშირით გადმოიცემოდა. თუ ვიღაც ტყავს იპარავს
იმისათვის, რომ ღარიბებს ფეხსაცმელი შეუკეროს, ეს მორალური
აქტია, მაგრამ კანონით არ არის გამართლებული, ესე იგი, მცდარია. კანონიერებისა და
მორალის ასპექტები ჩემთვის ყოველთვის პრობლემა იყო.
კარგი კაცი შეიძლება ცუდად მოიქცეს, ცუდი კაცი კი კარგად. დავანებოთ ამას თავი,
მთავარია, დენმა სიმღერის არსი დაიჭირა, და რაღაც
სასწაულით გულის ფეთქვა და პულსაცია შესძინა. სიმღერა ზუსტად ისეთი გამოვიდა, მე
რომ წარმომედგინა... დენიმ ნამდვილად დაიჭირა მომენტი.
მას შეეძლო მომენტი კი არა, მთელი ხანა დაეჭირა. ერთხელ ვკითხე – დენი, შენ
შემთხვევით ექიმი ხომ არ ხარ? – კი, ოღონდ სამედიცინო
განხრით არა. – მითხრა და გაეღიმა.
* * *
* * *
ჩემი ცოლი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეზოში რომ იჯდა და ჯონ ლე კარეს წიგნს
კითხულობდა, ახლა შემოსულიყო და თვალზე ფანქარს
ისვამდა. სან პიმ იცოდა, ჩემთან ერთად რომ იყო და მკითხა – რას აპირებთ? ხომ არ
გინდათ, ვახშმად დარჩეთ? – შორიდან მატარებლის ხმა
მომესმა და გამოვფხიზლდი. რატომღაც მესიამოვნა მისი ხმის გეგონება. ვუთხარი, რომ არ
ვიყავი დარწმუნებული, შევძლებდით თუ არა დარჩენას.
სან პის ოქროს ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და წამდაუწუმ, როცა კი მზის სხივი
მოხვდებოდა, ნაპერწლებს ისროდა – თითქოს კომეტები ცვიოდა
ჩაბნელებული ციდან.
– ქანთრის დედოფალმა შემოიარა ჩემთან, ამას წინათ, ბრინჯაოს ლანგარი იყიდა.
– ვინ შემოიარა?
– ტკბილმა ქითი უელსმა.
– აა, ხო, რა თქმა უნდა.
სან პის ოდნავ შესამჩნევად განწყობა შეეცვალა. მაოს პლაკატს გახედა. – ომი არ არის ცუდი.
პოპულაციას ათხელებს. არ უნდა შეუშალო ხელი
ზედაპირზე ამოვიდეს. სისხლისღვრისა და ძალადობის სურათი დამიდგა თვალწინ. არ
ვიცი, რას გულისხმობდა, მაგრამ მე ამის არ მჯეროდა. – შენ
რა, სინდისი გაწუხებს? რა მნიშვნელობა აქვს, კაცის სინდისი უსარგებლო რამაა, გინდა
სუფთა იყოს და გინდა გასვრილი, ყველა შემთხვევაში
ცოცხალი ადამიანის სინდისია. – ეს სიტყვები რატომღაც გონებაში ჩამებეჭდა.
ბამპერისთვის მისაწებებლის ყიდვა მომინდა, მაგრამ ფული არ გადამახდევინა. ის
ავიღე, „მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა“ რომ ეწერა.
რამდენიმე წლის მერე გამომადგებოდა. სან პის შთაგონების გაღვიძება შეეძლო, უბრალო,
ბავშვურ თამაშებს არ თამაშობდა. ალბათ, ამ დროს,
ზუსტად ასეთ კაცს უნდა გადავყროდი, კაცს, რომელსაც თავი რისკის ფასად გაჰქონდა.
– რაც გჭირდება, ყველაფერი გქონია? – მკითხა.
– ხო, ოღონდ კიდევ ცოტა რამ მინდა.
გაიცინა და მეცო, მითხრა. გარეთ გამომაცილა, ცისფერ „ჰარლეიმდე“. მზე აცხუნებდა და
მეტალი გავარვარებულიყო. შემოვჯექით ბაიკზე –
საყვირის მაგვარი სიგნალი მივეცი, დგუში ზედა პოზიციაში დავაყენე და სანამ სენტ
ჩარლზის ავენიუზე დავბრუნდებოდით, გზად მხოლოდ ერთხელ
გავჩერდი.
ნიუ ორლეანში ნათელი გონებით ჩავედი. ლანუასთან ერთად რაც დავიწყე, იმას ბოლომდე
მივიყვანდი. ის კი არა, ერთი-ორი სიმღერა დავუწერე,
„Man in the Black Coat“ და „Shooting Star“. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მქონდა ადრე
ჩადენილი – მაშინ პროდიუსერ არტურ ბეიკერთან ერთად
ვმუშაობდი. ბეიკერი, რამდენიმე წლით ადრე ნიუ-იორკში დამეხმარა ალბომი „Empire
Burlesque“-ს ჩაწერაში. ყველა სიმღერა უკვე დამუშავებული
და თითქმის დამთავრებული მქონდა, ოღონდ ბეიკერი სულ მიჩიჩინებდა, დისკი
აუცილებლად აკუსტიკური სიმღერით უნდა დავამთავროთ, რაც
ყველაფერს თავის ადგილზე დასვამსო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი იყო,
მაგრამ აღარ მქონდა სიმღერა. იმ ღამით, ალბომს რომ
ვამთავრებდით, ვუთხარი, ვცდი თუ რამე შემიძლია გავაკეთო-მეთქი. 59-ე ქუჩაზე,
სასტუმრო „პლაზაში“ ვცხოვრობდი. შუაღამე იყო, რომ
დავბრუნდი, ფოიე გავიარე და ნომერში ლიფტით ავედი. დერეფანში ჩემკენ მომავალი
„გოგონა გამოძახებით“ შევნიშნე – ქერათმიანი, მელიის
ქურქი ეცვა. თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, სულ ჩაშავებოდა. ეტყობა ვიღაცამ სცემა. ისე
მომეჩვენა, თითქოს ეშინოდა, კიდევ ვინმეს არ ეცემა.
ხელში ჭიქა ეჭირა, წითელი ღვინო ესხა. – ვკვდები, ისე მინდა დალევა,– თქვა,
გვერდით რომ ჩამიარა. ლამაზი იყო, ოღონდ რაღაც არაამქვეყნიური. საცოდავი, კიდეც
ათასი წელი რომ ეცოცხლა, განწირული იყო, სულ ასე ევლო დერეფანში.
* * *
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
შეიძლება უკეთ გავეცანი, მაგრამ ეს შეუძლებელია და მგონი, ბოლოს, თვითონაც ხელი
ჩაიქნია. გულით მინდოდა მისთვის მიმეცა ისეთი
სიმღერები, როგორიცაა „Masters of War“, „Hard Rain“, „Gates of Eden“, მაგრამ ის
სიმღერები სულ სხვა ვითარებაში დავწერე, ხოლო
ვითარებები არასოდეს მეორდება. ან, არ ვიცი, შეიძლება, მთლად ასეც არ არის საქმე.
მოკლედ, ვერც მისთვის და ვერც ვერავინ სხვისთვის,
ასეთ სიმღერებს ვეღარ შევქმნიდი. ეს რომ შეგძლებოდა, ადამიანთა განწყობაზე
გებატონა. ერთხელ ხომ მოვახერხე უკვე ეს, ხოდა ერთხელ
საკმარისია. მოვა კიდევ ვინმე და შეძლებს ამას, ის, ვინც ყველაფერს გაგიგებს, ვინც
სიმართლეს ჩასწვდება – მეტაფორულად არ ვამბობ – ვინც
მართლა დაინახავს სიმართლეს, რკინაშიც რომ იყოს დამალული და აიძულებს რკინას
გადნეს, გაიგებს, რა იდო შიგნით და რისთვის იდო, იმასაც
გამოამჟღავნებს და ამას ტკბილი სიტყვით არ გეტყვით და არც იმიტომ, რომ გასიამოვნოთ.
დენიმ მკითხა, ახლა ვის უსმენო. ვითხარი, Ice-T-ს-მეთქი და გაუკვირდა. ჩემი აზრით,
არაფერი ამაში გასაკვირი არ იყო. რამდენიმე წლით
ადრე, კერტის ბლოუმ, ბრუკლინელმა რეპერმა, რომელმაც ჰიტი გამოუშვა, სახელწოდებით
„The Breaks“, მთხოვა მის ერთ-ერთ ალბომზე დამეკრა და
მაშინ გავიცანი ყველანი: Ice-T, Public Enemy, N. W. A., Run-D. M. C . ის ბიჭები
ტყუილად ნამდვილად არ დაყიალობდნენ. პირდაპირ
ამტვრევდნენ, ისე ურტყამდნენ დრამებზე, კლდიდან ცხენებით მოჰქროდნენ, ყველანი
პოეტები იყვნენ და იცოდნენ, რა ხდებოდა მათ ირგვლივ. ადრე
თუ გვიან ვიღაც განსხვავებული მოვა, ვინც ამ სამყაროს გაუგებს, მთელი არსებით მას
ემსახურება და უფრო მეტსაც გააკეთებს. მსმენელი მას
გაჰყვება და ვერ გავამტყუნებ. ის, რაც მე და ლანუამ ჩავწერეთ, უკვე მოძველებული იყო,
ოღონდ, მისთვის არ მითქვამს, გულწრფელად კი
მჯეროდა, რომ ასე იყო. Ice-T-ში, ან Public Enemy-ში ახალი პერფორმერი გამოჩნდებოდა,
რომელიც ელვისს არ დაემსგავსებოდა, არ დაიწყებდა
თეძოების ქნევას და თავის მოწონებას. ის უხეში სიტყვებით ილაპარაკებდა და დღეში
თვრამეტ საათს იმუშავებდა. სან პიმ ახსენა ჩემთან
ელვისი, მითხრა ის ამორძალი იყო, დემოკრატიის მტერიო. იმ წუთას, მომეჩვენა
თითქოს სულელივით ლაპარაკობდა, მაგრამ არც ბოლომდე
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასე იყო.
* * *
* * *
* * *
* * *
ნიუ-იორკ სითი, შუა ზამთარი, 1961 წელი. რასაც ვაკეთებდი, თითქოს გამომდიოდა
და გადავწყვიტე, ასეც გამეგრძელებინა. ვილიჯის
„Gaslight“-ში ვუკრავდი, სადაც ფულს რეგულარულად მიხდიდნენ. როცა იქ მუშაობა
დავიწყე, „Gaslight“ ჯონ მიჩელის საკუთრება იყო,
ბრუკლინელი რენეგატის. სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ. დიდი უჟმური და აგრესიული
კაცი იყო, ეგზოტიკური გარეგნობის მეგობარი გოგო ჰყავდა,
ისეთი, ჯეკ კერუაკმა თავისი რომანი რომ მიუძღვნა. მიჩელი ლეგენდარული ტიპი იყო.
ვილიჯში იტალიელები ბლომად იყვნენ, მიჩელი მაფიასთან
არც ერთხელ არ წასულა დათმობაზე. ყველამ იცოდა, რომ პრინციპულად არ უხდიდა
გამომძალველებს. სახანძროს უფროსი, პოლიცია და ჯანდაცვის
ინსპექტორები დროდადრო დააცხრებოდნენ ხოლმე, მაგრამ მიჩელს ადვოკატები ჰყავდა
და სითი ჰოლში ბრძოლებს იგებდა. როგორღაც ახერხებდა,
კლუბი არ დაეკეტათ. რევოლვერს და დანას ატარებდა. მერე, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში,
ისე მიჰყიდა კლუბი ვიღაც მისისიპელებს, არავის
გაუგია. არავისთვის უთქვამს, კლუბს რომ ყიდდა და მეპატრონე რომ შეიცვლებოდა. გაყიდა
თუ არა კლუბი, ადგა და საერთოდ წავიდა ქვეყნიდან.
ამ ბარბაროსულ ფოლკ კლუბში, რომელიც სარდაფში იყო მოწყობილი, ექვსი თუ რვა
მთავარი პერფორმერი გამოდიოდა, დაღამებიდან განთიადამდე.
კვირაში სამოც დოლარს გვიხდიდნენ ხელზე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიხდიდნენ.
შეიძლება, ზოგიერთ პერფორმერი მეტს იღებდა. გრინვიჩ
ვილიჯის კალათების მერე დიდი წინ გადაგმული ნაბიჯი იყო იქ გამოსვლა.
ნოელ სტუკი, რომელიც მოგვიანებით „პიტერ, პოლ და მერის“ წევრი გახდა, კლუბის
კონფერანსიე გახლდათ. ნოელი იმპრესიონისტი იყო,
კომიკოსი და გიტარისტი. დღისით ფოტო მაღაზიაში მუშაობდა, საღამოს კი მოხდენილ
კოსტიუმში გამოეწყობოდა და კლუბში მოდიოდა. ნამდვილად
უნაკლოდ გამოიყურებოდა, მოკლე წვერს ატარებდა. მაღალს და გამხდარს,
რომაულიცხვირი ამშვენებდა. ზოგის დახასიათებით, გარიყული ტიპი იყო.
სტუკი ვიღაც ისეთს ჰგავდა, ძველი ჟურნალიდან ამოხეულ ფურცელზე რომაა
გამოსახული. აბსოლუტურად ყველაფრის იმიტაცია შეეძლო – ტუალეტში
წყალს რომ ჩამოუშვებ, იმ ხმის, კიდევ გემის, ხერხის, ვიოლინოსი და ტრომბონის.
შეეძლო მიებაძა მუსიკოსებისთვის, რომლებიც სხვა
მუსიკოსებს ბაძავდნენ. სასაცილო ვინმე იყო. დინ მარტინი რომ ლითლ რიჩარდს ბაძავდა,
იმის იმიტაცია გამოსდიოდა ყველაზე მაგრად.
ჰიუ რომნიც, რომელიც მოგვიანებით ფსიქოდელიკი კლოუნი, სახელად ვეივი გრეივი
გახდა, გამოდიოდა ხოლმე კლუბში. სანამ ჰიუ რომნი იყო,
წესიერად ეცვა, ჩვეულებისამებრ ბრუკს ბრაზერსის ღია ნაცრისფერი კოსტიუმები. რომნი
გრძელ მონოლოგებს წარმოთქვამდა. ელამი იყო, ვერ
გაიგებდი თვალები ღია ჰქონდა თუ დახუჭული. გამოვიდოდა სცენაზე, ცისფერ
განათებას ცერად გახედავდა და იწყებდა ლაპარაკს, გეგონება
ეს-ესაა შორი მოგზაურობიდან დაბრუნდა – კონსტანტინოპოლიდან ან კაიროდან – და
რაღაც უძველესი საიდუმლო უნდა გაგანდოსო. რას ამბობდა,
იმას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო, როგორ ამბობდა. რომნივით ბევრი
თამაშობდა, მაგრამ მას დიდი სახელი ჰქონდა დაგდებული. ლორდ
ბაკლის გავლენის ქვეშ კი იყო, მაგრამ არც არაფერით ჩამოუვარდებოდა.
„Gaslight“-ში იყვნენ კიდევ სხვა მუსიკოსები – ჰალ უოტერსი, ინტერპრეტატორი,
რომელიც დახვეწილად უკრავდა ფოლკს. ჯონ ვაინი კლასიკურ
გიტარაზე უკრავდა და საოპერო ხმით მღეროდა. ხასიათით ყველაზე მეტად ლიუკ ფოსტი
მომწონდა, ხუთსიმიან ბანჯოზე უკრავდა და აპალაჩების
ბალადებს მღეროდა. კიდეც ლიუკ ეკიუ, რომელიც მერე ჰოლივუდის მსახიობი გახდა.
ლიუკი ჯორჯიიდან იყო და მადის და ვულფის და ჯიმი რიდის
სიმღერებს მღეროდა. თვითონ გიტარაზე არ უკრავდა, დამკვრელი ჰყავდა. თეთრკანიანი
იყო, მაგრამ ბობი ბლუ ბლანდის ხმა ჰქონდა.
„Gaslight“-ში ლენ ჩენდლერიც უკრავდა. ლენი სერიოზული მუსიკოსი იყო, ოჰაიოში
ორკესტრში უკრავდა ჰობოიზე. შეეძლო წაეკითხა, დაეწერა
და არანჟირება გაეკეთებინა კლასიკური მუსიკისთვის. ვითომ-ფოლკს მღეროდა,
ენერგიული ტიპი იყო და ქარიზმას რომ ეძახიან, ის ჰქონდა
ნამდვილად. ხანდახან პოლ კლეიტონიც უკრავდა ხოლმე ჩვენთან. ასობით სიმღერა
იცოდა, როგორც ეტყობა, ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჰქონდა.
კლეიტონი უნიკალური იყო – ელეგიური, კეთილშობილი – რაღაცით იანკი ჯენტლმენსაც
ჰგავდა და სამხრეთელ დაუდევარ დენდისაც. სულ შავები ეცვა
და შექსპირის ციტატები მოჰყავდა ხოლმე. კლეიტონი სულ აქეთ-იქით დადიოდა,
ვირჯინიიდან ნიუ-იორკში და იქიდან უკან, ნიუ-იორკში
ბრუნდებოდა. ვმეგობრობდით. გარეუბანში ჰყავდა კომპანიონები, ისინიც გამაცნო და
ხშირად, როცა ღამის გასათევი არ მქონდა, მეუბნებოდნენ
ხოლმე – არა უშავს, შეგიძლია ჩვენს ბინაში დარჩეო.
კლეიტონი ვენ რონკის ახლო მეგობარი გახლდათ. დეივ ვენ რონკი იყო ერთადერთი
პერფორმერი, რომლის თავისებურებების სწავლა სიგიჟემდე
მინდოდა. დისკებზე რომ უსმენდი, ისეც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ პერფორმანსის დროს
კიდევ უკეთესი. ბრუკლინიდან იყო, მეზღვარის მოწმობა
ჰქონდა, განიერ, ლომ-ვეშაპის ულვაშს ატარებდა და გრძელი, სწორი თმა ნახევარ სახეს
უფარავდა. შეეძლო ნებისმიერი სიმღერა სიურეალურ
მელოდრამად ექცია. დეივს სურდა ყველაფერს ბოლომდე ჩაწვდომოდა. საწამლავის
ულევი მარაგი ჰქონდა და მინდოდა ცოტა ჩემთვისაც მოეცა...
ეტყობა, იმის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ვენ რონკი ომგამოვლილ მოხუცს ჰგავდა.
ყოველ საღამოს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემ წინ
ანტიკური ძეგლი აღიმართებოდა. დეივი მღეროდა ფოლკს, ჯაზს, დიქსილენდს და
ბლუზის ბალადებს, ოღონდ არა რაიმე განსაკუთრებული
თანმიმდევრობით. რეპერტუარს არასოდეს არ ცვეთდა. მისი სიმღერები იყო
დელიკატური, ექსპანსიური, პირადული, ისტორიული, არაამქვეყნიური.
შეგიძლიათ, თქვენ გააგრძელოთ. ყველაფერს ერთად ქუდში ჩააწყობდა და – პრესტო –
იქიდან სულ ახალი რაღაც ამოჰქონდა. ჩემზე დიდი გავლენა
მოახდინა დეივმა. მოგვიანებით, როცა ჩემს პირველ ალბომს ჩავწერ, სიმღერების ნახევარზე
მეტს ვენ რონკის გავლენა შეეტყობა. ეს თავისთავად
მოხდა, მე სულაც არ მინდოდა. ეტყობა, ქვეცნობიერად დეივს უფრო ვენდობოდი, ვიდრე
საკუთარ თავს.
ვენ რონკს დაჟანგული შრაპნელის ხმა ჰქონდა და ეშმაკურად შეეძლო ხმის თავისი
სურვილისამებრ გამოყენება – იყო დელიკატური, ნაზი,
უხეში, ფეთქებადი, ხანდახან ყველაფერს ერთ სიმღერაში ატევდა. ამას გარდა,
ექსპერტივით უკრავდა გიტარაზე და ცინიკოსიც იყო. მე კიდევ სხვა გრძნობები მქონდა
მის მიმართ, ვენ რონკი იყო კაცი, ვინც მე იმ სამრევლოში მიმიყვანა და დიდი სიხარულს
მანიჭებდა ყოველ საღამოს
მასთან ერთად „Gaslight“-ში დამეკრა. ის ნამდვილი სცენა იყო, ნამდვილი მოქმედების
ადგილი და ჩვენ ნამდვილი მაყურებელი გვყავდა. ვენ
რონკი სხვა რამეშიც მეხმარებოდა ხოლმე. როცა ღამის გასათევი არ მქონდა, შემეძლო
მასთან დავჩენილიყავი და კიდევ, გრინვიჩ ვილიჯის სხვა
კლუბებშიც დავყავდი და იქურობას მაცნობდა. ვენ რონკს, როგორც პერფორმერს, კიდევ
ერთი დამახასიათებელი თვისება ჰქონდა, რაც ძალიან
დამაინტრიგებელი იყო ჩემთვის. მისი ერთი დაპატენტებული თეატრალური ეფექტი ის
იყო, რომ ხალხში ვიღაცას მიაშტერდებოდა ხოლმე, თვალს არ
აშორებდა, გეგონება მხოლოდ მისთვის მღეროდა, თითქოს მხოლოდ მას ანდობდა
ჩურჩულით საიდუმლოს. კიდევ, არასოდეს არც ერთ ფრაზას ერთნაირად
არ გამოთქვამდა. ხანდახან უსმენდი მის ნამღერ იმავე სიმღერას, რომელიც წინა
გამოსვლაზე შეასრულა და გიჟდებოდი, იმიტომ, რომ სულ
სხვანაირად მღეროდა. ისე მღეროდა, იფიქრებდი, ეს ადრე არასოდეს მომისმენიაო. შეეძლო,
როცა კი მოისურვებდა, მაყურებელი დაეჰიპნოზებინა,
ან გაეოგნებინა, ან ეიძულებინა ეკივლა და ეწივლა. აღნაგობით ხის მჭრელს ჰგავდა, ბევრს
სვამდა, ცოტას ლაპარაკობდა და თავისი ტერიტორია
მონიშნული ჰქონდა. არ ილტვოდა პოპულარობა მოეხვეჭა. დიდების მწვერვალზე ვერ
წარმოედგინა საკუთარი თავი. არც ის უნდოდა, ძალიან
დახარჯულიყო. დიდი იყო, ცამდე მაღალი და მე ქვემოდან შევცქეროდი. გოლიათების
ქვეყნიდან იყო მოსული.
* * *
* * *
* * *
* * *
https://www.facebook.com/groups/ELLIB/
მოხსენიებული არ არის. შეიძლება, იმიტომ, რომ ჩანაწერი არასოდეს გამოუშვია. როგორც
ჩანს, სასწაული მასწავლებელი იყო. თვითმხილველები
ამბობდნენ, აიკმა ჯონსონს გიტარაზე დაკვრის მარტივი და არსებითი მეთოდები ასწავლა
და მერე უკვე თავისით გაქაჩაო. სულ უსმენდა სხვების
ჩანაწერებს და ასე სწავლობდაო. ეს უფრო სიმართლეს ჰგავს. ჯონ ჰამონდმა მითხრა,
ჯონსონი უოლტ უიტმენს კითხულობდაო, მაგრამ ამით რა გინდა
დაამტკიცო. მისი გონება ისე თავისუფლად მიდი-მოდის ყველგან, სადაც უნდა და როცა
საჭიროდ მიაჩნია, კონფუცივით საუბრობს. არც სიმარტოვე,
არც უმწეობა, არც ბორკილები – არაფერი მას არ აფერხებს. როგორც ყველა დიდი ადამიანი,
ისიც ერთი ნაბიჯით წინ გვისწრებს.
ოცდაათზე მეტი წლის მერე ჯონსონს ჩემი თვალით ვნახავ მისისიპიზე გადაღებულ 8-
მილიმეტრიან ფილმში, რომელშიც ჯონსონი სულ რვა წამი ჩანს. ვიღაც გერმანელს
გადაუღია 30-იან წლებში. ბევრი ეჭვობდა, მართლა ის იყო თუ არა, მაგრამ შენელებულ
კადრებს რომ უყურებ, რწმუნდები,
ნამდვილად ჯონსონია, ან უფრო სწორედ, ის უნდა იყოს, სხვა ვერაფრით იქნება. დიდ,
ობობასავით ხელებს ჯადოქარივით ამოძრავებს გიტარის
სიმებზე. კისერზე ჰარმონიკის დასამაგრებელი უკეთია. მგზნებარე ტემპერამენტი არ
იგრძნობა, ლამის ბავშვურად გამოიყურება, ანგელოზის
გარეგნობა აქვს, როგორც შეიძლება უცოდველი ადამიანი წარმოიდგინო. თეთრი ბამბის
ჯემპრი აცვია, კომბინიზონი და უჩვეული, მოოქროვილი კეპი
ახურავს. სულ არ ჰგავს კაცს, რომელსაც კუდში ცერბერი მოსდევს. ისე გამოიყურება,
თითქოს ადამიანური უბედურებები არ ეკარება და შენც ცოტა
დაეჭვებული უყურებ მის გამოსახულებას.
* * *
რამდენიმე წლის მერე დავწერ ისეთ სიმღერებს, როგორიცაა „It’s Alright Ma (I’m Only
Bleeding)“, „Mr. Tambouring Man“, „Lonesome
Death of Hattie Carroll“, „Who Killed Davey Moore“, „Only a Pawn in Their Game“, „A Hard
Rain’s Gonna Fall“ და კიდევ სხვებს,
მათდაგვარს. მე რომ იმ დღეს თეატრში არ წავსულიყავი სიუზისთან და ბალადა „Pirate
Jenny“ არ მომესმინა, შეიძლება ამ სიმღერების
დასაწერად შთაგონება არ მსტუმრებოდა. 1964 და ’65 წლებში ჯონსონის დაახლოებით
ხუთი ან ექვსი სიმღერის ფორმას ვიყენებდი,
გაუცნობიერებლად. რობერტ ჯონსონის ჩანაწერი რომ არ მომესმინა მაშინ, ალბათ
ასობით საკუთარ სტრიქონს არ დავწერდი – ისე ვერ
გავთამამდებოდი, ვერ ვიგრძნობდი თავს საკმარისად თავისუფლად, რომ დამეწერა. მე არ
ვიყავი ერთადერთი, ვინც ჯონსონის კომპოზიციებიდან
ბევრი ისწავლა. ჯონი უინტერმა, ტეხასელმა მეტისმეტად თვალშისაცემმა გიტარისტმა,
ჩემზე ცოტა უმცროსმა, ხელახლა დაწერა ჯონსონის სიმღერა
გრამოფონზე და გადააკეთა სიმღერად ტელევიზორზე. შეიძლება, ჯონსონს
მოსწონებოდა. სხვათა შორის, ჯონიმ ჩემი სიმღერა „Highway 61
Revisited“-იც ჩაწერა, რომელიც ჯონსონის გავლენით იყო დაწერილი. უცნაურია, წრე
თავისით როგორ იკვრება ხოლმე. რობერტ ჯონსონის ენის
კოდები ისეთი რამ იყო, რაც არასოდეს გამეგო. სხვა ყველაფერთან ერთად, სიუზიმ ფრანგი
სიმბოლისტი პოეტის არტურ რემბოს პოეზია გამაცნო.
ერთხელ, ასეთი სიტყვები მომხვდა თვალში „Je est un autre“, რაც ნიშნავს: „მე“ „სხვა“ არის“.
ეს რომ წავიკითხე, მოულოდნელად მივხვდი,
რომ გარდამავალი ეტაპი დამდგარიყო, ალაყაფის კარს მივდგომოდი და მალე,
დატვირთული, გამოცოცხლებული და აფორიაქებული შიგნით შევაბიჯებდი.
ოღონდ, არც ისე მალე.
* * *
* * *
ლუმ ჩემი, გატრიზე დაწერილი, სიმღერა რომ მოისმინა მკითხა, ოდესმე ბეისბოლის
მოთამაშეზეც ხომ არ დაგიწერია სიმღერაო. ვუთხარი
არა-მეთქი, მან კი თქვა, ზოგიერთი მათგანი ნამდვილად იმსახურებსო. ლუ ბეისბოლის
ფანატი იყო, რა არ იცოდა მოთამაშეებზე. კაბინეტში ერთი
ფოტო ეკიდა, გვერდიგვერდ იდგა ბეისბოლის კომისართან, ფორდ ფრეკთან. მერე,
მკითხა, პოლ ვანერი თუ გაგიგიაო. ბევრი არაფერი მსმენოდა,
მაგრამ თუ ვინმე მინესოტადან იყო, ნათესაური გრძნობა მიჩნდებოდა ხოლმე. ასეთი ცოტა
არ იყვნენ. ჩარლზ ლინდბერგი, ავიატორი, რომელმაც
პირველმა გადაიფრინა ატლანტის ოკეანეზე ლითლ ფოლიდან, მინასოტას შტატიდან იყო.
ფ. სკოტ ფიცჯერალდი – ფრენსის სკოტ ქეის შთამომავალი,
რომელმაც ამერიკის ჰიმნის ტექსტი დაწერა – „დიდი გეტსბის“ ავტორი რომ გახლავთ, ისიც
მინესოტას შტატში, სენტ პოლში დაიბადა. ფიცჯერალდს
„ჯაზის საუკუნის წინასწარმეტყველს“ უწოდებდნენ. სინკლერ ლუისი, პირველი
ამერიკელი, რომელიც ლიტერატურაში ნობელის პრემიით დაჯილდოვეს,
მინესოტას ქალაქ სოკ სენტერიდან იყო წარმოშობით. და კიდევ, ძველი როკ-ენ-როლის
ერთ-ერთი გენიოსი ედი კოკრანი ალბერ ლიში, მინესოტაში
დაიბადა. ერის შვილები – თავგადასავლების მაძიებლები, წინასწარმეტყველები, მწერლები
და მუსიკოსები, ისინი ყველანი ქვეყნის ჩრდილოეთიდან
იყვნენ. თითოეულ მათგანს თავის ხედვა ჰქონდა და მას მიჰყვებოდა, არ აინტერესებდა,
გარშემო რა ხდებოდა. ნებისმიერი მათგანი გაიგებდა ჩემს, ენით გამოუთქმელ ოცნებას.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ან ყველანი ერთნი
ვიყავით.
ფოლკ მუსიკის სცენა სამოთხე იყო, რომელიც, ადამისა არ იყოს, უნდა დამეტოვებინა.
უბრალოდ, მეტისმეტად სრულყოფილი ჩანდა ჩემთვის.
რამდენიმე წლის მერე, ქაოსი იმძლავრებს. ყველაფრის დაწვას დაიწყებენ – ლიფების,
ჯარში გაწვევის შეტყობინებების, ამერიკის დროშების,
ხიდებისაც. ეროვნული განწყობა შეიცვლება და ცხოვრება საშინელებათა ფილმ
„ცოცხალი მკვდრების ღამეს“ დაემსგავსება. იქიდან
გამოსავალი არ იყო საიმედო გზა, არ იცოდი სად წაგიყვანდა, მაგრამ მე მაინც დავადექი ამ
გზას. წინ უცნაური სამყარო მელოდა, ჭექა-ქუხილის
მომასწავებელი ღრუბელი, რომელიც უნდა გახსნილიყო. ბევრს მცდარი წარმოდგენა
შეექმნა ამ სამყაროზე და ვეღარც შეცვალა. მე პირდაპირ
შევაბიჯე. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: სამყაროს ღმერთის
ხელი არ მართავს, ოღონდ არც.
https://www.facebook.com/groups/ELLIB/