You are on page 1of 14

ავტობუსის მოჩვენება

ფსიქოლოგი

ადრე, როდესაც რაიმე მენტალური პრობლემა მქონდა, ყოველთვის ჩემით


ვმკურნალობდი საკუთარ თავს. მწვავე დეპრესია იქნებოდა? ჰაჰ... "შენ ეს
შეგიძლია, ოდესმე მაინც დასრულდება... არაფერი სისულელე გააკეთო,
მერე ინანებ"... პესიმიზმი შემომიტევდა? მაშინ "ეს თუ სხვამ შეძლო, შენ
რატომ ვერ შეძლებ?" ანდა "ბევრ ცნობად სახეს ჰქონია მსგავსი პესიმიზმის
განცდა, მაგრამ საქმე არასოდეს მიუტოვებიათ"...

და მაინც, ვერასოდეს წარმომედგინა, თუკი ოდესმე ფსიქოლოგი


დამჭირდებოდა. თანაც სახლში მოკითხვით...

ბოლო პერიოდი გარეთ, შორს გასვლა მტანჯავდა... როდესაც ამას ცხოვრება


მავალდებულებდა, მუდმივად ვცდილობდი, მეპოვა მიზეზი ამასთან
შესაწინააღმდეგებლად. რა კუთხიდან არ მივუდგებოდი, ოღონდაც ჩემი
სახლის კარებიდან ფეხი არ გამედგა.

არა... არ მეზარებოდა... ადრე სეირნობაც კი საკმაოდ მიზიდავდა. ახლა კი...


ყოველწამს ჩემს შიდა სამყაროზე მეფიქრება... საცხოვრებლის გარეთ
უსუსური ვარ. ვერ ვიმორჩილებ ემოციებს, სამყაროში ვერ ვრეალიზდები...
მეწყება შიშები, მტკივდება მუცელი... თითქოს შიგნიდან რაღაც მჭამს...
ვიწყებ ღრმად სუნთქვას... ვაკეთებ გათვლებს, რომ ყურადღება სხვა რამეზე
გადავიტანო... პანიკები აღარ მაქვს, მაგრამ მუცელი ისევ მტკივა... რატომ?
რეფლექსები...?

განა არ მიცდია ამის დაძლევა? განა ჩემი ჯიუტი ბუნებიდან გამომდინარე


ძალით არ გამიგდია საკუთარი თავი ეზოში? დიახ... თანაც ხშირად. მაგრამ
ეს მუდმივად მეორდება, ისევ და ისევ... ისევ და ისევ... პროგრესი? ძალიან
ძალიან ძალიან მცირეა იმასთან შედარებით... შეუმჩნეველიც კი... იქნებ
საერთოდ არც არაფერი იცვლება და უბრალოდ ახლა ამ მცირედითაც
საკუთარ თავს ვანუგეშებ? თითქოს ყოველდღე კედელზე დაკიდებულ საათს
ვუყურებდე და ველოდებოდე მეორე დღეს, როდის გათენდება, რომ ისევ
შევხედო უწინდელივით როგორ ჩაივლის საათის ისარი იგივე ციფრებს,
იგივე მანძილს.
მოვიხელთე და ნაცნობობის წყალობით ისეთი ფსიქოლოგი მოვძებნე,
რომელიც თანახმა იქნებოდა თავად მსტუმრებოდა სახლში...

ვიცოდი... ვიცოდი, რომ ის უნდა მოსულიყო... არ ვიცი რა დამემართა...


ჩვეულებრივ მაღაზიაშიც კი გამოპრანჭული გავდივარ... მე კი ჩემს
ფსიქოლოგს, რომელიც საერთო ნაცნობების მიუხედავად მაინც სრულებით
უცხო იყო ჩემთვის, პიჟამოსა და გაზზე მიმწვარი თეთრი ხალათის ამარა
დავხვდი... ხალათიც კი არ შემეკრა ბოლომდე... გავუღე კარები... საშუალო
ასაკის კაცი იყო, სათვალეებით... დიახ, დიახ, მეც ვიცი, რომ ემოციურად
ქალი უფრო გამიგებდა, რადგან მეტი საერთო მექნებოდა. უფრო
შეეცდებოდა ჩემს ბოლომდე შესწავლას, ადამიანად აღქმას. თანასწორად
ჩამთვლიდა... მაგრამ, ეს განგებ არ გავაკეთე... გვერდში ისეთი უცხო
ადამიანი მინდოდა, ვინც უხეშად ჩამიკვეხებდა თავის სიტყვებს და
მაგრძნობინებდა, რომ ეს ჩემი შფოთვა სისუსტეა, თუნდაც ქალური სისუსტე
ეწოდებინა, რადგან იქნებ სირცხვილის გამო მაინც გადამელახა ეს შიშები...
ან თუნდაც არაფერს მეტყოდა, უბრალოდ მომისმენდა და მოსმენაში
აიღებდა ფულს, რადგან საშინლად არ მინდოდა ახალი ხალხი, რომელიც
ჩემს სულში ჩაძვრებოდა, მომაჩვენებდა, რომ ვადარდებდი, ჩემს ნდობას
მოიპოვებდა და გაქრებოდა. მე მინდოდა ადამიანი, ვისაც კონკურენტად
უფრო აღვიქვამდი, ვინც ამას სხვა, მკაცრი, კუთხიდან დამანახებდა... მაგრამ
ეს კაცი... სათვალეც კი არ ეკეთა ისეთი, რომ თუნდაც ძალით ჭკვიანი
გამოჩენილიყო... ისე მორიდებით მომესალმა, ვერ წარმომედგინა, ამას თუ
ოდესმე ვინმესთან ნაჩხუბარი ექნებოდა. ნაცრისფერი მუქად დაზოლილი
შარვალ-კოსტუმი ეცვა. მუქი ნაცრისფერი ჰალსტუხით. ვერ ვცნობ მოდას,
ძვრიფასს თუ იაფასიან ნაჭერს, თორემ ალბათ მისი სამოსის მწარმოებელ
კომპანიასაც გეტყოდით, მაგრამ ისიც კი არ ვიცოდი რა დაუჯდებოდა ამის
შეძენა. თმაში ჭაღარა ერია. მარჯვენა ხელზე მბზინავი საქორწილო ბეჭედი
ეკეთა. თვალის ფერს სათვალის ანარეკლი ფარავდა.

- შემობრძანდით - ვუთხარი მას. ცოტათი ისიც კი შემრცხვა რომ ასეთი


აძეძილი დავხვდი...

უარესი, სახლიც არეული მქონდა... საშინლად... ისედაც ძველებური ყაიდის


მისაღებ ოთახში მაგიდა კედელთან 45 გრადუსიან კუთხეს ქმნიდა,
ფაქტობრივად ეგდო. ზედ უამრავი ქაღალდი, წიგნი, სახატავი თუ საწერი
საშუალება ეყარა... ბოლოს არ შემიმოწმებია, თორემ ალბათ რომელიმე
მონაკვეთში ხელი რომ მოგესვა ტონობით ფერს შეიზილავდით. სკამი
მაგიდასა და კედელს შორის იყო გაჩხერილი, ისე, რომ დაჯდომა რომ
გდომებოდა, ვერც კი შეაძვრენდი შენს საჯდომს ასეთ ვიწრო ადგილას. იქ
კიდევ სავარაუდოდ ტანსაცმელი მექნებოდა გადაკიდებული, თუმცა
შორიდან ამხელა არეულობაში ნაკლებად შეიმჩნეოდა, ბოლოსდაბოლოს
მაგიდა ეფარებოდა.

მაგიდის გვერდით, ოთახის კუთხეში ფანჯრის მხარეს დიდი კარადა მქონდა


ჩაკვეხებული, სადაც ასევე წიგნები, ქაღალდები, სარკე, სახატავი
საშუალებები, ნახევრად სავსე რვეულები, ეყარა... მტვერიც ბლომად ედო,
ანუ კაიხანი იყო გასული, რაც იქიდან ხელი არაფრისთვის მომიკიდებია.

კარადასა და მაგიდას შორის გიტარის შალითა იდო... მისი ნახევრად


გადახსნილი ელვაშესაკრავიდან ამოყოფილი გიტარის თავიდან
შეამჩნევდით, რომ ეს მაინც არ ყოფილა უფუნქციოდ მიგდებული...
პირიქით... ყველაზე ხშირად ეს ბოლო პერიოდი მუსიკას ვემეგობრებოდი,
რადგან საშინელი დეპრესიის დროს სატირლად გამზადებული ხმა ახალ
მელოდიას მაწერინებდა.

კარადის პირდაპირ ფანჯარასთან ახლოს ერთი კაცისთვის განკუთვნილი


სავარძელი მედგა. ზედ გადასაფარებელს ვერ ვგუობდი, რადგან ხშირად
მივარდებოდა იატაკზე, ამიტომაც მისგან მოშორებით 90 გრადუსით
შეტრიალებულ სამადგილიან დივანზე მიმეგდო. არა მარტო
გადასაფარებელი, არამედ ჩემი სარეცხიც მანდ ეყარა... ტანსაცმელიც,
რომელიც წესით ფსიქოლოგის მოსვლის დროს უნდა მცმოდა... დივანსა და
სავარძელს შორის კი პატარა მრგვალი მინის მაგიდა მედგა, სადაც ჩემი
მოხატული ჭიქა დამედო, შიგნით ყავა ესხა... ყავა არ მიყვარს, არ ვსვამ
ხოლმე, მაგრამ ხომ ხდება ხოლმე, რომ ძალიან წამოგივლის რაღაც ისეთის
კეთების სურვილი, რაც ჩვეუელებრივ არ გახასიათებს. ხოდა მეც ჩაის
ნაცვლად ყავა დავიდგი...

ფანჯარა, ჩემი საყვარელი ფანჯარა. ერთადერთი რამ, რაც გარესამყაროსთან


გამჭირვალედ მაკავშირებს, ცოტათი გასაწმენდიც კი იყო. ფარდაც არ
გამესწორებინა. იატაკზე ფორთხიალობდა, ცოტას ფრიალებდა. თითქმის
ბოლომდე გამომეღო ორივე მხარე. ეს ესთეტიკა გამისწორდა კიდეც,
სიტუაციას მოუხდა... დივანზე ტონა ნაგავში მოთავსებულ ფსიქოლოგს
პირდაპირ, გვერდულად მდგარ სავარძელში პროფილით ჩამოვუჯექი,
სადაც სახე გამოღებული ფანჯრისაკენ მქონდა მიმართული და ყავას
ვწრუპავდი. ფარდის ფრიალი კი ამას ძალიან ადრამატულებდა. ერთი სული
მქონდა როდის დავიწყებდი ამბის მოყოლას... ვნატრობდი, ნიავი არ
შეწყვეტილიყო და ისევ ასე ეფარფატა ფანჯარაზე ჩამოკიდებულ
ვეებერთელა მოყავისფრო ნაჭერს.

მგონი, რომ ფსიქოლოგს განგებ დავახვედრე ასეთი ოთახი?! ალბათ ვაჩვენე,


ფეხებზე მკიდიხართქო... ალბათ ჩემმა მოლოდინებმა არასწორ ადამიანთან
დამაპირისპირა. იქნებ ქალ ფსიქოლოგთან მეტი თავაზიანობა გამომეჩინა და
პროფილში მაინც არ დავჯდომოდი და ყავის წრუპვა არ დამეწყო? კი
ვიცოდი, რომ ამ მომენტიდან ამ კაცისთვის უფრო მეტი ადამიანურობა უნდა
მქონოდა, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი მომენტის გაფუჭება არ მსურდა...

- ალბათ ჩემზე თქვენმა ახლობლებმა გიამბეს. - ღიმილით დაიწყო


ფსიქოლოგმა საუბარი.

"თქვენმა ახლობლებმაო"????? როგორ??? თქვენობით მესაუბრებოდა? არ


ველოდი ამხელა თავაზიანობას... მართლა შემრცხვა, ლამის ხმაც კი
ჩამივარდა...

- დიახ, ბატონო თორნიკე. - მივუგე მე, ამჯერად ცოტა მორიდებით...

- თავიდან ვიფიქრე, რომ ამ დილაადრიან მოსვლით ძალიან შეგაწუხებდით,


მაგრამ ბოდიშით, სხვა დროს თავისუფალი ადგილი არ მქონდა... ჩემმა
ცოლმა მთხოვა, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა და აქ მოვსულიყავი...

- ბატონო? - გამიკვირდა... რა შანსი? ვერაფერი გამეგო... თან ამავდროულად


იმაზე ვფიქრობდი, თუ რაოდენ შეიძლებოდა ყვარებოდა კაცს თავის ცოლი,
რომ მისი ხათრით ვიღაც ჩემნაირი გიჟის ფსიქოლოგობაზე
დათანხმებულიყო. ალბათ იდეალური წყვილიც კი იყვნენ.

- ამმ - ჩაფიქრდა, ცოტაც გაიჭედა, მოერიდა - თქვენი შიშები, სტრესი...


მსგავსი რამ ჩემს ცოლსაც სჭირდა, მაგრამ სავარაუდოდ თქვენ ბევრად
განსხვავებული მიზეზი გექნებათ... მან იცის, თუ რაოდენ მწარეცაა თქვენი
სიტუაცია...
- გასაგებია... იმკურნალა?

- დიახ, თუმცა ცოტა კვალი მაინც დარჩა... ეს უფრო საყვარელი ადამიანის


დაკარგვის ბრალია...

- ვინმე დაკარგა? - მივაყარე კითხვა...

ფსიქოლოგი გაჩუმდა, თავი ჩარგო... მივხვდი პირადში შევიჭერი... ეს


ზედმეტი იყო... მაგრამ თავად ფსიქოლოგებიც ხომ ჩვენს პირადში იჭრებიან?

- უკაცრავად, არ მინდოდა... - ვუპასუხე სინდისშეწუხებულმა.

- არაუშავს, ცუდი არაფერი გიქნიათ... - ამოთქვა წყნარად... - და თქვენ?


ბოლოს როდის იყავით კარგად?

- არ ვიცი... არც კი მახსოვს ზუსტი დრო, მაგრამ მგონი დაახლოებით ორი


წლის წინ...

- რაიმე გადამწყვეტი მოხდა თქვენს ცხოვრებაში?

ამაზე სიცილი ამიტყდა... ყავა ლამის გადმოვაფურთხე... ჭიქა ეგრევე


მაგიდაზე დავდე და პირზე მივიფარე ხელი... თუმცა სიცილს ვერ
ვიკავებდი... განა იმაზე, რომ სასაცილო იყო რამე... არამედ იმაზე, რომ
რეალურად იმაზე ბევრად მეტი გადამწყვეტი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში,
ვიდრე მას წარმოედგინა... არათუ მას, არამედ მეც კი ამრეოდა სათვალავი.

- იცით რა? - ამოვთქვი მხრიარული, თუმცა დრამატული ხმით...


ვლუღლუღებდი, რადგან პირში ისევ ვგრძნობდი ცივი ყავის გემოს... დიახ,
იმდენიხანი მედო, ცხელი ყავაც გაციებულიყო... - მთელი ისტორია უნდა
მოგიყვეთ... არც კი ვიცი საიდან დავიწყო...

- იმდენი დრო გამოიყენეთ, რამდენიც გსურთ... - მიპასუხა მან... ასე მეგონა ის


ბაბუაჩემი იყო და მე მისი შვილიშვილი, რადგან დაახლოებით ოცდახუთი
წლის სხვაობის მიუხედავად, მაინც მსგავს შთაბეჭდილებას მიტოვებდა.
გამოხედვაც... თითქოს ორი თაობით მეტიაო.
- ადრე ხშირად მიწევდა სამსახურში ტრანსპორტით სიარული... უმეტესად
სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობდი ხოლმე, რადგან თითქოს სწრაფად
დადიოდა... თუმცა, თუ სასწაული მოხდებოდა და ავტობუსი უფრო ადრე
მოვიდოდა, მაშინ მას მივყვებოდი ხოლმე... სიმართლე გითხრათ,
სამარშუტო ტაქსი მარტო სკამების გამო მომწონდა... დანარჩენი ნაგავი იყო..
ზაფხულში არც კონდიციონერს რთავდნენ... სულ ხალხი მედგა თავზე.. ხან
ვიღაცის მუხლს ვგრძნობდი, ხან კი მათ საჯდომს... რამდენჯერმე ისეთ
სიტუაციაშიც ვყოფილვარ, რომ ფაქტობრივად მხარზე მეჯდა ვიღაც...

ავტობუსში მეტი სივრცე იყო... საშინელი სკამები და მოხუცი ხალხი,


რომელიც მუდმივად ადგილის დათმობას მოითხოვდა ჩემგან... ეს ალბათ
ჩემი ბავშვური შეხედულების გამო... მუდმივად სკოლის მოსწავლე ვეგონე
ხალხს... ახლაც... მაგრამ სამაგიეროდ ავტობუსი ბევრად ნათელი იყო, მეტი
სივრცით, ექსტერიერიც უფრო მოჩანდა ვრცელი ფანჯრებიდან და
გაჩერებაზე მისულს ფეხზეც მარტივადაც შემეძლო წამოხტომა...

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ავტობუსი უფრო მალე მოვიდა, ვიდრე მაშურტკა...
ამიტომაც ავტობუსში შევაჭერი... ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენდი
ხოლმე... იმ ავტობუსის ნომერი კარგად მახსოვს, ნაწილ ინფორმაციას
დაფარულს დავტოვებ, მარტო ციფრებს დაგისახელებთ... მოკლედ ე.წ. 235
მანქანის ნომრით... არა თუ ავტობუსის ნომერი, არამედ მის აბრაზე
გამოჭენებული კონკრეტული დამახასიათებელი ნომერი, რომელიც ყველა
მანქანას ინდივიდუალური აქვს...

235-ში ასეთი რამ დამხვდა... უკან მიყვარდა ხოლმე დაჯდომა, რადგან იქ


მოხუცები ადგილის დათმობას არ მთხოვდნენ... შედეგად უკანა სკამებისკენ
მივაჭერი... იქ კი, კუთხეში, სადაც ყველაზე რთული იყო გადასვლა სკამზე
დიდი რაოდენობით სითხე დამხვდა. ვიფიქრე ალბათ ვინმე ლოთმა მიაფსა
ზედთქო. კი შევიცხადე, მაგრამ რას ვიზამდი, ამაზე თავს არავინ იწუხებდა,
ამიტომ სხვა მხარეს გადავხტი...

ის დღე ჩვეულებრივად ვიმგზავრე... გუნება კი მქონდა გაფუჭებული, მაგრამ


ისეთი არაფერი მომხდარა...

არ მახსოვს მას მერე რამდენი სამარშუტო ტაქსი გამოვიარე ან რამდენ


ავტობუსში მიმგზავრია... მაგრამ არცისე შორი დაშორებით, კიდევ მომიწია
იგივე ავტობუსში მგზავრობა... კი იფიქრებთ, რა იცის რომ იგივე ნომერი
იყო... ამას მალე გაიგებთ საიდანაც ვივარაუდე... ჰოი საოცრებავ... უკან
დაჯდომა გადავწყვიტე... ამჯერადაც საშინლად გამიცრუვდა იმედი... თან
პიკის საათი იყო და მარტო ეგ სკამი იყო თავისუფალი... დაჯდომას რომ
ვაპირებდი, გამაფრთხილეს, არ გინდა, ტონა ნაგავი ყრიაო... საბედნიეროდ
ამას მეც ვხედავდი... იქ რა არ ეყარა... სიგარეტის კოლოფი, ხელსახოცები...
მზესუმზირის ნაფრცქვენები... ეტყობოდა რომ ცოტა სველიც იყო...
წამოვიწუწუნე, ამას ვინ სჩადის, რატომ არაფერს ეუბნებითთქო...

იმ დროს იმ ავტობუსის მოდელში კამერებიც კი არ ეყენა ხოლმე... ამას ვერც


გაიგებდი ვინ რა ჩაიდინა... არც არავინ ცდილობდა რამეზე თავის
შეწუხებას... მგონი არც მე შემიწუხებია აშკარად თავი... ამისთვის სად ეცალა
ხალხს.. ყველას თავისი დარდი ჰქონდა.

კვლავაც ჩაიქროლა რამდენიმე დღემ ამ ავტობუსის გარეშე... ჰოი


საოცრებავ... ისევ იქ აღმოვჩნდი... ძალიან გავბრაზდი... იგივე სკამი...
დასვრილი, მინაგავებული... თან მაგრად მაღიზიანებდა, თან მაგრად
მაინტერესებდა, ამას ვინ ჩადიოდა... ერთი სული მქონდა ამის ჩამდენი
ხელში ჩამეგდო და იქვე საჯაროდ სულის მოუთქმელად მეცემა...

- ეს ვინ ჩაიდინა? - ვიყვირე... მაგრამ არავინ მაგონებდა...

გესმით? არავის აწუხებდა ამდენი ნაგავი.. ჭკუიდან ვიშლებოდი...

იმ დღეს მიზნად დავისახე, რომ ყოველდღე ამ ავტობუსით მემგზავრა..." -


ვყვებოდი ისტორიას... ფსიქოლოგი გამალებით მისმენდა... გულში კი
ვფიქრობდი, ნუთუ არ დაიღალა ამხელა დიალოგით... გაწელილი
ისტორიით... თუმცა, მეც მსმენელი მინდოდა... მოყოლა განვაგრძე:

"ყოველდღე ამ ავტობუსით ვმგზავრობდი იმ იმედით, რომ ამის ჩამდენს


დავიჭერდი და სამაგალითოდ დავსჯიდი... ხშირად 235-ის ლოდინში ორი
საათიც კი დამიკარგავს. უკვე ავტობუსის გაჩერებაზე წიგნებიც კი მიმქონდა,
რომ იქვე წამეკითხა და დრო გამეყვანა... ნახევრად კი თვალს ვაპარებდი,
იქნებ ჩემმა რჩეულმა ჯართმა გამოიაროსთქო... მალევე დავუმუღამე რის
მიხედვით დადიოდა, თუ რომელ დღეს რა დროს... მეც გამიხარდა და უფრო
მეტად შევედი აზარტში...
ერთ დღესაც ავტობუსში ავედი... იმ სკამის გვერდით თავისუფალ ადგილას
დავჯექი... იმდენად მივეჩვიე ამას, რომ ნაგვის გვერდით ჩამოვჯექი...
ფანჯარაში დავიწყე ცქერა, თან მუსიკის ხმასაც ავუწიე, რადგან ავტობუსის
ძრავის ხმა უკანა მხარეს უფრო მძაფრად ისმოდა და ყურსასმენებში
მუსიკასაც მიფარავდა ხოლმე...

ვიყურებოდი გარეთ, ვტკბებოდი ხედით, ნაგავი სულ მიმავიწყდა...


მელოდიას თავს ვაყოლებდი, სიტყვებს პირს, მაგრამ თან ბგერებს არ
გამოვცემდი, რადგან არ მინდოდა ხალხი დამეფრთხო... თუმცა ალბათ ამას
ბოლომდე ვერ ვიაზრებდი და ოდნავ ჩურჩულით მაინც ვღიღინებდი... ვიყავ
ასე შუა კონცერტში და უეცრად ავტობუსმა დაატორმოზა... ვიგრძენი... განა
დატორმუზება... ვიგრძენი, როგორ დამეცა ზედ ვიღაც... ადამიანი...
ვიფიქრე, ალბათ ვიღაც იყო, ვინც გაჩერებაზე ჩადიოდა... მაგრამ რომ
გავიხედე, არავინ იყო... მე კი ვიგრძენი ეს სიმძიმე... ფეხებიც კი დამეჟეჟა...
მთელი გზა მტკიოდა... ვერაფერი გამეგო... შემეშინდა... ყურსასმენი
მოვიხსენი... თუმცა მალევე ჩემი შიში მძღოლის გინებამ გაფანტა... თურმე
იმიტომ დაატორმუზა ასე მკაცრად, რომ ვიღაც უცოდინარმა მუტრუკმა გზა
ცუდად გადაუჭრა და ლამის ავარია მოახდინა... კი მაწუხებდა დილაადრიან
უშვერი სიტყვების მოსმენა, მაგრამ ყურსასმენებს მაინც არ ვიკეთებდი...
იცით რატომ? მეშინოდა... მეშინოდა ყურსასმენებს არ გავეყვანე სადმე
ასტრალში... ან ეს ფხიზლად ძილი არ ყოფილიყო... განა მთვარეული ვიყავი?
ნუთუ არ მომეჩვენა?

ამის გამო რამდენიმე დღე იმ ავტობუსით აღარ მიმგზავრია... ძილითაც კი


ოთახში დენანთებულში მეძინა, რადგან ძალიან მეშინოდა... რამდენჯერმე
ჩემს დასაც კი ვთხოვე ჩემთან სახლში დარჩენა. ვერ ვისვენებდი... მგონი რომ
მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ ავტობუსში ასვლა ჩემთვის უსაფრთხო აღარ
იყო... არათუ ავტობუსში, არამედ ტრანსპორტშიც..."

- მას შემდეგ ურთიერთობებში რაიმე შეიცვალა? მაგალითად, ხალხში


გასვლა იმ დროიდან უკვე გაწუხებდათ? - მკითხა ფსიქოლოგმა... თუმცა
ისტორია ჯერ დასრულებული არ მქონდა...

თავიდან ვიფიქრე ჩემი მოსმენა მოსწყინდათქო, მაგრამ აშკარად დიდი


ინტერესითა და ჩართულობით მისმენდა... არეულობაც კი არ უშლიდა
ხელს... ვნატრობდი დივანზე ხელი რამე ტანსაცმელს არ გამოედოს და ან
ჩემი საცვალი არ ამოყვეს, ან კიდევ გასარეცხი ნასკითქო. ამ ადამიანს
როგორც ბაბუას, ისე ვუყურებდი... მიუხედავად ჩემი სითამამისა, ძალიან
მრცხვენოდა.

- სიმართლე გითხრათ, კარგი ურთიერთობებით არასოდეს გამოვირჩეოდი...


ხალხში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ
მიყვარდა ახალი ადამიანების გაცნობა, თუმცა გაცნობამდე მათზე უკვე
ხელი მქონდა ჩაქნეული... არ ვიცი რატომ ვიყავი ასე... ალბათ ძალიან ბევრმა
გამიცრუა იმედი... კარგი მეგონა, ცუდი აღმოჩნდა? თუმცა მაინც უფრო
ვხვდებოდი, რომ საზოგადოებას არ ვეკუთვნოდი...

- იქნებ სხვებიც შენსავით ფიქრობენ? რომ საზოგადოებას არ ეკუთვნიან?


იქნებ ჰგონიათ, რომ მათ ვერ გაუგებ?

- ალბათ მართლა ვერ გავუგებ... რადგან... არ მესმის, რატომ არის ზოგი ასე
უდარდელი...

- უდარდელები ჩანან... მაგრამ ბევრი არ არის. - მომიგო ფსიქოლოგმა...


თითქოს ვიღაც ახლობელი გაახსენდაო...

- არა, აი... - ხმაში წუწუნი შემერია. შემეტყო, როგორ მეწვოდა ორგანიზმი


შიგნიდან, რადგან სათქმელს არასწორად გადმოვცემდი... თითქოს სიტყვები
ენაზე მქონდა მომდგარი, თითქოს ისიც იყო ახსნას ვუპოვიდი... მაგრამ
ვერა... გონება ვერ ალაგებდა საქთმელს. ლამის თვალები გადმომიცვივდა,
ისე მაწუხებდა... ჩემი აძეძილი თმა, რომელიც ნახევრად შეკრული მქონდა,
თავის გაქნევისას ჰაერში აფრიალდა და სახეზე უფრო ჩამომეფარა... გიჟს
ვგავდი... - არა... იმას ვგულისხმობ, რომ მათ ის არ ესმით, რაც თითქოს
ყველას უნდა ესმოდეს...

განვაგრძე:

- მაგალითად თუ რატომ ვშრომობ ამდენს... თუ რატომ მიყვარს ჩემი საქმე...


ის რომ შეიძლება გართობაზე უარი თქვა და სახლში გამოიკეტო რამის
გასაკეთებლად... ეს არ ესმით. ამას ვეძახი უდარდელობას, თითქოს
ყველაფერი მარტივად მოდიოდეს... ისე იქცევიან, თითქოს მუდმივად
ახალგაზრდები იქნებიან და მუდმივად ექნებათ შემოსავალი... თითქოს
მაგარი არ ადარდებთ რამეს დატოვებენ თუ არა ამქვეყნად... მაგრამ
სიმართლე გითხრა, უბრალოდ მე ვაჯერებ ჩემს თავს, რომ სახლში ჯდომით
სამყაროს შევცვლი... თორემ ალბათ ისინიც შრომობენ... უბრალოდ ვიცი,
რაღაც, რაც ჩემშია, ეგაა პრობლემა, მაგრამ ძალიან მიშლის ხელს.. აზრები
ნაწევრდება... ვერ ვალაგებ... ხან ვიღაცის საწყენს ვამბობ... ხან პირიქით... ასე
ვარ ხალხშიც... ვერ მიგებენ... ვერც მე ვუგებ საკუთარ თავს... ბევრი
მოლაყბედ მიცნობს... არ ვარ მოლაყბე... ხშირად გამიჩუმებია ხალხი, რადგან
უაზროდ საუბარი მეზარება ხოლმე... დიახ... მეზარება ხოლმე... რადგან
ვიღლები...

- საუბარი კარგია... ემოციებისგან იცლები... - ეცადა პოზიტიურად


მომდგომოდა...

- სიმართლე გითხრათ... უბრალოდ ხალხი სხვანაირია... სხვა სამყარო


დამხვდა... ის რასაც ოჯახში მასწავლიდნენ, რა იყო მეგობრობა, როგორი
ყურადღებით უნდა იყო თუნდაც უცხოს მიმართ... როგორ უნდა უწილადო
სხვას საკვები, რადგან შეიძლება იგი მშიერი იყოს და შენ კი ის ერთი ნაჭერი
პური არაფერს გაკლებდეს... სულ ამას მასწავლიდნენ... მუდმივად ამას
ვხედავდი ოჯახში... რომ სიკეთე გამოსავალია... თუნდაც ელემენტარული
ყურადღება... შეიძლება საერთოდ არ მსურდეს რაღაცის მოსმენა, მაგრამ
როდესაც ვიღაცას რაღაც აწუხებს სულ ვუსმენ... ვცდილობ გამოსავალი
ვაპოვნინო... ვცდილობ თავი მარტოდ არ ვაგრძნობინო... მაგრამ... აი რა
დამხვდა გარეთ: ეგოიზმი, სხვებისადმი უპატივისცემლობა,
თვითგადარჩენა თუნდაც სხვების ხარჯზე... ამისათვის მზად არ
ვყოფილვარ...

- შენ ამბობ რომ იქ შენნაირები ვერ იპოვე? იქნებ არასწორ ადგილას ეძებდი?
იქნებ უბრალოდ ხალხს სხვანაირად ხედავ?

- ჩემნაირები ვიპოვე... ამას არ ვუჩივი და მადლობელი ვარ... უბრალოდ


ისინი ისეთი ცოტანი იყვნენ... ძალიან ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ...
იქიდან კი ორი-სამ მათგანში ვიპოვე ის, რაც ჩემი აზრით, დასაფასებელია...
სხვები კი... სხვები არ მისმენენ... ხშირად უთქვამთ, რომ მეგობრები არიან...
ხშირად ვუქივარ უცხოსაც კი... მაგრამ ქცევაში ეტყობოდათ რომ ყალბები
იყვნენ... სინამდვილეში მგონი ვერ მიტანდნენ... ალბათ ახლაც ჩემს
ლანძღვასა და დაცინვაში ხარჯავენ დროს... რანდენჯერ დამიჭერია
სიტყვაში რაღაც ცინიკურად ნათქვამი... არადა მართლა გულით მინდოდა
მათთან მეგობრობა... მართლა გულით მინდოდა საერთო ენა მეპოვა
ზოგთან... მაგრამ... მგონი ჩემი ბრალიცაა, რადგან მათი მტერი ვგონივარ...
ალბათ ეჩვენებათ რომ ზემოდან ვუყურებ და მდაბიო ხალხად აღვიქვამ,
რადგან პირდაპირობა მჩვევია და ზოგჯერ უხეშადაც მომსვლია... შესაძლოა
ამიტომაც ვერ მიტანენ... ადამიანის დაკარგვა მანადგურებს...
იმედგაცრუება... ისე, რომ ჩემი სხვა, თან ძალიან ახლო მეგობრები, აღარ
მახსენდებიან... იმიტომ რომ დანაკარგზე მაქვს ყურადღება... ამ დანაკარგის
გამო კი თავს სრულებით მარტო ვგრძნობ... ეს უბრალოდ არ მაძლევს იმაზე
ფიქრის საშუალებას, რომ რეალურად მარტო არ ვარ... რადგან აშკარად
სულში რაღაც ადგილი გამომითავისუფლდა, მე კი ოდნავ სიცარიელესაც კი
არა ნახევრად სავსედ არამედ ნახევრად დაცლილად აღვიქვამ...

- შესაძლოა შენ ცდები... ან მართლაც ძალიან განსხვავდებიან... ზოგჯერ


საზოგადოებას თავისგან განსხვავებული არ უყვარს. თუნდაც თავადაც
უმცირესობაში იყვნენ... ეს ჩვეულებრივი ამბავია... - ისე თქვა ფსიქოლოგმა,
ლამის მთელ ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე...

- სამსახურშიც არ მქონდა სახარბიელო სიტუაცია... თავად ცდილობდნენ


ჩემი ნაჭუჭიდან გამოვეყვანე, მაგრამ ვიცოდი, რომ რეალობაში იმ ხალხს
გულზე არ ვეხატებოდი... უბრალოდ სამუშაო გარემო მოითხოვდა
მეგობრობას. მინდოდა იმათთან ურთიერთობა, არ მოგატყუებთ, მაგრამ
სამწუხაროდ საკმაოდ კარგად ვიცნობდი. ვიცოდი, ვერ გავუგებდი...
ვმეგობრობდი, მაგრამ სიცარიელეს ვერასოდეს მივსებდნენ, რადგან თავს
ვგრძნობდი, როგორც თევზი მიწაზე. თუმცა გულწრფელად გითხრათ, იმ
პერიოდში ჯერ კიდევ ერთ დაკარგულ მეგობარს მივსტიროდი...

- ანუ ხალხში ყოფნა ენერგიას გაცლის... ამას იმით ვხვდები, რომ ბევრს
ფიქრობ... ეს ბევრი ფიქრი, ჩემი აზრით, პლიუსია... თუმცა ამავდროულად
საკუთარი თავის ტანჯვა. სამაგიეროდ მეტად გეხმარება სიტუაციის
ვრცლად დანახვაში, ისეთ რამეს მიხვდები, რასაც სხვები ვერ გაიგებენ,
რადგან დაეზარებათ. ან ამდენს არც მოგისმენენ. შენ კი ამ ყველაფრის
საკუთარ თავთან გადალახვა მოგიწევს. თუმცა სიტუაცია შესაძლოა იმაზე
ადრე გქონდეს გააზრებული, ვიდრე სხვებს. უმეტესობა სწორი იქნება,
მაგრამ მინდა იცოდე, რომ ზოგჯერ მცდარ დასკვნამდეც შესაძლოა მიხვიდე.
- მშვიდად ამიხსნა ფსიქოლოგმა. თითქოს ჯერ ჩემი გულის მოსაგები
ილაპარაკა, მერე უარყოფითიც მოაყოლა და ასე თამაშობდა. მგონი ეს ერთ-
ერთი ფსიქოლოგიური ხრიკი უნდა იყოს, რომ პაციენტს ნაწილობრივ
ტკბილად აუხსნა მწარე თემა, რადგან გული არ ატკინო.

- დიახ... ზუსტად... - გამიხარდა მე... - მაგრამ ეს თემა რა შუაშია ჩემი


ავტობუსის ისტორიასთან? - ფაქტობრივად თემის მიწურულს ეს კითხვა
დამებადა.

- შიშებთან შესაძლოა იყოს კავშირში... შენ ხომ საზოგადოებაში ყოფნაც


გაწუხებს. - სათვალე გაისწორა. თითები ერთმანეთში გადააჭდო და მოსმენა
გააგრძელა.

- საქმე იმაშია, რომ ეს გარეთ გასვლაში დისკომფორტს არ მიქმნიდა.


პირიქით, იმდენად შეჩვეული ვიყავი მარტოობას და იმას, რომ ხალხი
ისეთად არ მიღებდა, როგორიც ვარ, მათი აზრიც მარტივად შემომეკიდა
ფეხებზე... არ მადარდებდა მათთან რა დამემართებოდა.. თუნდაც
შფოთვები... არც ვინმეს გულის მოგება მიცდია... რამდენჯერ დასვრილი
ტანსაცმელი მეცვა...

- ხო მაგრამ, ყველასთან მასე ხომ არ ხარ?

- აააჰააააააა, მართალი ბრძანდებით - ჩავფიქრდი... ნიკაპზე ხელი მივიტანე


და ძირს დავიწყე ყურება - მგონი რომ ეგეც გარეულია ამ თემაში... კარგი...
მაშინ ავტობუსის თემას დავუბრუნდები:

"რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, მაშინ, როდესაც უკვე სამსახურშიც


შვებულება ამეღო და ეს შვებულებაც ამომეწურა, გადავწყვიტე ავტობუს 235-
ში ფეხი მეორედ შემედგა... ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სხვა
ფსიქოლოგმა მირჩია, ავსულიყავი და შემემოწმებინა თუ იყო ვინმე იქ,
ჰაერის სიცარიელეში, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ჰაერში არაფერი არ
ბინადრობს.

მეც ასე მოვიქეცი, აკანკალებული ავედი ტრანსპორტში... ცივმა ოფლმა


დამასხა, მაგრამ მაინც თავს ვანუგეშებდი... ბოლოსდაბოლოს იქ მარტო არ
ვიყავი, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ. ერთს დავიკივლებდი და ყველა იქ
გაჩნდებოდა...
ავედი ტრანსპორტში... სამწუხაროდ ჩვეულებრივზე ბევრად ცოტა ადამიანი
იყო, ალბათ იმიტომ, რომ საშობაო არდადეგები იწყებოდა და ყველა სახლის
თემებში გაერია. მოვკალათდი დანაგვიანებული სკამის გვერდით...
უცნაური ის იყო, რომ ეს ახალთახალი ნაგავი ისევ იქ დამხვდა. ცოტათი იმის
დამყრელი შემეცოდა კიდეც, რადგან აშკარად საშობაო მზადება მასაც არ
უხაროდა... ისიც იმ დღეს სახლში ყოფნის ნაცვლად სამსახურში მიდიოდა...
ან იქნებ სამსახური სულაც არ ჰქონდა... ამაზე უფრო მეტად შემეცოდა.

ავწიე ხელი... ჩემს პირდაპირ ჰაერი მოვსინჯე... მოშორებით მჯდომმა ისე


შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი... იმ მომენტში გამიხარდა კიდეც,
რადგან ვიცოდი, რომ რამე მომსვლოდა, ვიღაცა მაინც შემამჩნევდა. ძალიან
ვიოფლებოდი, რადგან ჰაერში მაინც რაიმეს პოვნის მოლოდინი მქონდა,
რისაც სიკვდილამდე მეშინოდა.

მალევე ჩემში სიმშვიდემ დაისადგურა... ვერაფერი ვიგრძენი... ისევ


დაუბრუნდა ცხოვრებას ფერები... ვიგრძენი რაოდენ სასიამოვნო იყო ხედი
ტრანსპორტიდან... როგორ ელავდა ქუჩები საახალწლო განათებებით. თან
დილის რვა საათი იყო, ზამთარში ამ დროს ბოლომდე გათენებული არც კი
არის ხოლმე... ძალიან მიხაროდა...

მივაშტერდი ფანჯარას, ყურსასმენების ამოღება და გაკეთება დამეზარა,


რადგან მინდოდა ეს საოცარი მომენტი მუსიკით სხვა ემოციებში არ
გადამსვლოდა... ვიყურებოდი გარეთ და ვაყოლებდი თვალს ხან ერთ
ლამპიონზე ჩამოკიდებულ ნაძვისხის ფორმის ბრჭყვიალა სანათებს, ხანაც
ბრჭყვიალა ანგელოზებსა თუ ფიფქებს... როგორ მიდიოდა ქალაქის ხედი
ჩემს უკან... როგორ ირეკლებოდა სხვადასხვა მაღაზიისა თუ რესტორნის
საახალწლოდ მორთული ვიტრინები... ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას
მგვრიდა.

წამით ჩავფიქრდი, არ ვიცი რამ მიბიძგა ამ გადაწყვეტილებისაკენ... უეცრად


მომინდა, რომ ხელი იმ ნაგვით სავსე სკამისკენ გამეწია... შემეშინდა კიდეც...
ისევ ცივმა ოფლმა დამასხა... ხელებიც კი გადავაჯვარედინე, რომ ასე არ
გამერისკა... კაიხანი ვიცდიდი, ვნატრობდი მალე მოსულიყო ჩემი ჩასვლის
დრო... ვნატრობდი ამაზე... რამდენიმე წუთი სიმწრით საკუთარ ორგანიზმს
ვაწყნარებდი... მიჭირდა, თანაც საშინლად. და აი ერთი გაჩერებაც დარჩა...
ჩემი ჩასვლის ჯერიც მოდიოდა... დრო დაახლოებით სამი წუთი მქონდა.
გავხსენი გადაჯვარედინებული ხელები, რადგან მინდოდა ზურგჩანთა
მხრებზე მომეკიდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ზურგჩანთა ისე
მოვიკიდე მხრებზე, რომ ხელები რაც შეიძლება დიდზე გადავშხლართე, იმ
სკამსაც გადავწვდი... აი ჩემი დანაშაული, ჩემი ცნობისმოყვარეობა... მე იმ
ადგილას ვიღაცის არსებობა ვიგრძენი. მე იქ ვიღაცას შევეხე, მაგრამ არ ვიცი
ვის... ტანში ჟრუანტელმა დამიარა... არ მეჩვენებოდა... ის რაღაც თუ ვიღაც
გვერდზეც კი გაიწია... მისი მოძრაობა ვიგრძენი... აშკარად არ სურდა მისი
არსებობა შემეტყო. მივხვდი, რომ სავარაუდოდ ავტობუსის ფანჯარას აეკრა,
რადგან ფანჯარა ღრმა სუნთქვისაგან დაიორთქლა. კივილი მინდოდა...
მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ისევ მელანდებოდა... ავტობუსი
უკვე ჩემს გაჩერებაზე მისულიყო, კარებიც გაეღო და ჩასვლა მიწევდა...
გულაჩქარებულმა ადგილიდან წამებში მოვხიე. გავიქეცი, იმწამს
გადამეწყვიტა, სამუდამოდ დამევიწყებინა 235 ავტობუსის არსებობა.
არასოდეს გავკარებოდი ამ წყეულ ადგილს... იმ დღეს ბუნდოვნად მახსოვს
რა მოხდა. მარტო ის ვიცი, რომ სამსახურში გახშირებული და ღრმა
სუნთქვის ხარჯზე ვცდილობდი ამ სტრესის გადატანას. ცოტახანი ოფისის
ტუალეტშიც კი ვიყავი ჩაკეტილი... ან იქნებ დიდიხანი... მახსოვს როგორ
ვიჯექი დახურულ უნიტაზზე კარგად შეფუთული, მხოლოდ იმის გამო რომ
განმარტოებულს ღრმად მეფიქრა. კარებს ხელებით ვკაწრავდი... ხან თითებს
ვაკაკუნებდი... ვინ იცის იქ ყოფნისას რამდენი ბოროტი ბაქტერია ავხვეტე
ყოველი კუთხე კუნჭულიდან... ჩვეულებისამებრ გონებაში ჩარჩენილი
მქონდა ფილმებში ნაჩვენები ის ესთეტიკა, თუ როგორ ეწევა ხალხი
სიგარეტს სტრესის დროს და თითქოს როგორ ეხმარება მათ ეს... მე გულის
სიღრმეში ამის არ მჯერა... თუმცა... მაინც მომენტებში ვინატრე, ახლა იქნებ
როგორ ეშველა ამ მოცუცქნულ უსარგებლო, ჯანმრთელობის დამანგრეველ
ნაგავსთქო, მაგრამ მერე ამაზე გამეცინა კიდეც, რადგან მოწევა ყოველთვის
ყველაზე დიდ უაზრობად მიმაჩნდა და მიმაჩნია ამქვეყნად. იმქვეყნადაც...
ალბათ მოსაწევისკენ გონება ავტობუსში დაყრილ ნაგავზე ფიქრმა წაიყვანა...
არ ვიცი... მაგრამ სასაცილოც კია, რამდენად ბევრ და ახალ უცნაურობას
ვიგებთ ადამიანები საკუთარი ფსიქოლოგიის შესახებ.

You might also like