You are on page 1of 7

ხილვისა1 და გამოცანის შესახებ

როდესაც მეზღვაურებს შორის ხმა გავრცელდა, რომ ზარათუსტრა გემზე იყო, –


რადგან მასთან ერთად ხომალდზე ასულიყო ერთი კაცი, რომელიც ნეტარი
კუნძულებიდან მოდიოდა – გაჩნდა დიდი ცნობისმოყვარეობა და მოლოდინი. ხოლო
ზარათუსტრა დუმდა ორი დღე და იყო ცივი და სმენადაკარგული მწუხარებით, ისე,
რომ არც მზერაზე პასუხობდა და არც კითხვაზე. მაგრამ მეორე დღის საღამოს კვლავ
გახსნა ყურნი თვისნი, კვლავ კი დუმდა: რამეთუ ბევრი უჩვეულოსა და სახიფათოს
გაგონება შეიძლებოდა ამ გემზე, რომელიც შორიდან მოდიოდა და კიდევ უფრო
შორით მიილტვოდა. ზარათუსტრა კი მეგობარი იყო იმათი, რომელნიც შორით
მოგზაურობენ და არა სწადიათ უხიფათოდ ცხოვრება. და აჰა, სხვათა ყურისგდებისას
გაეხსნა მას ბოლოს ენა და დაუდნა ყინული გულის: – და დაიწყო ამგვარად თქმა:

თქვენ, გულად მაძიებელთ, მცდელთ და ყველას, ვისაც ვერაგი აფრებით საშინელ


ზღვაში შეგიცურავთ, –

თქვენ, გამოცანებით მთვრალთ, ბინდბუნდით მხიარულთ, რომელთა სულსაც


სალამურით იზიდავს ყოველი მაცდური წიაღი ზღვის:

– რადგან არა გსურთ მხდალი ხელით ძაფის მოსინჯვა; და იქ, სადაც გამოცნობა
შეგიძლიათ, უკადრისობთ გამორკვევას –

– მხოლოდ თქვენ მოგიყვებით გამოცანას, რომელიც ვნახე – ხილვა უმარტოვესისა2.

1
Gesicht, რომელიც დღევანდელ გერმანულში სახეს ნიშნავს, შუასაუკუნეებში სწორედ ხილვას ან
ჩვენებას აღნიშნავდა (ინგ. Vision).
2
Gesicht des Einsamsten – შეიძლება ასევე ითარგმნოს როგორც „უმარტოვესის/უმარტოსულესის სახე“.
პირქუშად მივაბიჯებდი ამას წინედ ცხედრისფერ ბინდში, – პირქუშად და ცივად,
მოკუმული ტუჩებით. არა ერთი მზე ჩავიდა ჩემზედ.

ბილიკი, რომელიც ქვა-ღორღს შორის ჯიუტად მიძვრებოდა მაღლა, ბოროტი, ეული,


რომელსაც აღარც ბალახი და აღარც ჯაგნარი ამკობდა: მთის ბილიკი ღრჭიალებდა
ჩემი ფეხის სიჯიუტის ქვეშ.

უხმოდ ვაბიჯებდი ქვიშის დამცინავ ხმაურობაზე, ვსრესდი ქვას, რომელიც აცურებდა


ფეხს: ასე იკვალავდა ჩემი ფეხი გზას ზევით.

ზევით: – შეუპოვრად სულისა, რომელიც მას ქვემოთ წევდა, უფსკრულისკენ წევდა;


შეუპოვრად სიმძიმის სულისა, ჩემი ეშმაკისა და მოსისხლე მტრისა.

ზევით: – თუმცა ზედ მეჯდა, ნახევრად ჯუჯა, ნახევრად თხუნელა; კოჭლი,


მაკოჭლებელი; ტყვიის ყურში, ტყვია-აზრების ტვინში ჩამწვეთებელი.

“ო3, ზარათუსტრა, მარცვალ-მარცვალ ჩამჩურჩულებდა იგი დამცინავად, შენ


სიბრძნის ქვაო4! მაღლა ისროდი თავს, მაგრამ ყოველი ასროლილი ქვა უნდა – დაეცეს!“

„ო, ზარათუსტრა, შენ სიბრძნის ქვაო, შენ შურდულის ქვაო, შენ ვარკვლავთა
ცამტვერად მქცევო! ასე მაღლა ისროდი საკუთარ თავს, – მაგრამ ყოველი ასროლილი
ქვა, – უნდა დაეცეს!“

“საკუთარ თავსა და საკუთარ ჩაქვავებას5 მისჯილო: ო, ზარათუსტრა, როგორ შორს


ისვრი ქვას, – მაგრამ შენვე დაგეცემა იგი.“

აქ დადუმდა ჯუჯა და დიდხანს გასტანა ასე. ხოლო მისი დუმილი მაწვებოდა: და


ჭეშმარიტად, ასე ტყუპად უფრო მარტოსულია ადამიანი, ვიდრე მარტო!

3
ტატიშვილის თარგმანში გამოყენებული „ჰე, ზარათუსტრა“ უფრო მოხდენილად და ქართულად
ჟღერს, მაგრამ „ო, ზარათუსტრა“ უფრო ირონიული და დამცინავია, რაც სცენასაც შეესაბამება.
4
Stein der Weisheit – იგივე ფილოსოფიური ქვა.
5
Steinigung – იგივე ქვებით ჩაქოლვა.
ავდიოდი, ავდიოდი, მეზმანებოდა, ვფიქრობდი, – მაგრამ ყოველივე მაწვებოდა მე.
სნეულს ვგავდი, რომელსაც თვისი უგვანი ტანჯვა ღლის და რომელსაც ძილიდან
კვლავ კიდევ უფრო უგვანი სიზმარი აღვიძებს.

მაგრამ არის ჩემში რაღაც, რასაც გულადობას ვუწოდებ: რომელიც ბოლოს უღებდა
აქამდე ჩემს ყოველ გულგატეხილობას. ამ გულადობამ მიკარნახა ბოლოს შედგომა და
თქმა: „ჯუჯავ! შენ! ან მე!“

რამეთუ გულადობა უკეთესი სასიკვდილო იარაღია: – გულადობა, რომელიც თავს


ესხმის: რადგან ყოველ თავდასხმაში გამარჯვების მუსიკაა6.

ხოლო ადამიანი უგულადესი ცხოველია: ამით გადაძლია მან ყოველი ცხოველი.


გამარჯვების მუსიკით გადაძლია მან ყოველი ტკივილიც; ადამიანური ტკივილი კი
უღრმესი ტკივილია.

გულადობა უღებს ბოლოს თავბრუსაც უფსკრულის კიდეზე: ან როდის არ იდგა


ადამიანი უფსკრულთა შორის. განა თავად დანახვა – უფსკრულთა დანახვა არაა?

გულადობა უკეთესი სასიკვდილო იარაღია: გულადობა უღებს ბოლოს


თანაგრძნობასაც. თანაგრძნობა კი უღრმესი უფსკრულია: რამდენად ღრმადაც იხედება
ადამიანი ცხოვრებაში, იმდენად ღრმად იხედება ტანჯვაში.

ხოლო გულადობა უკეთესი სასიკვდილო იარაღია, გულადობა, რომელიც თავს


ესხმის: რომელიც სიკვდილსაც კლავს, რადგან ამბობს: „ეს იყო ცხოვრება? მაშ, კიდევ
ერთხელ!“

ამ თქმაში ბევრი გამარჯვების მუსიკაა. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! –

6
Klingendes Spiel – იგივე სამხედრო მუსიკა/მარში.
2

„შესდექი! ჯუჯავ! ვთქვი მე. მე! ან შენ! ჩვენ ორს შორის კი მე ვარ უძლიერესი – : შენ
არ იცნობ ჩემს უფსკრულისებრ აზრს! შენ – მას ვერა ზიდავდი!“ –

და მოხდა ის, რამაც შემამსუბუქა: რადგან ჩემი მხრებიდან ჩამოხტა ჯუჯა,


ცნობისმოყვარე! და დასკუპდა ერთ ქვაზე ჩემ წინ. ხოლო კარიბჭე იყო იქ, სადაც
შევჩერებულიყავით.

„შეხედე ამ კარიბჭეს! ჯუჯავ! განვაგრძე თქმა: მას ორი სახე აქვს. აქ ორი გზა შეეყრება
ერთმანეთს: რომელნიც ბოლომდე არავის გაუვლია.

ეს გრძელი გზა უკან: იგი მთელი მარადისობა გრძელდება. და ის გრძელი გზა წინ –
იგი მეორე მარადისობაა.

ეწინააღმდეგებიან ერთურთს, ეს გზები; თავით ეხლებიან ერთმანეთს: – და აქ, ამ


კარიბჭესთან, ერთდებიან ისინი. კარიბჭის სახელი წერია მაღლა: „წამი“.

და თუ ვინმე დაადგებოდა გზას რომელიმეს – და უფრო შორსა და შორს ვლიდა მას:


გჯერა შენ, ჯუჯავ, რომ ეს გზები ერთმანეთს მარადიულად შეეწინააღმდეგებოდნენ?“

„ყოველივე სწორი იტყუება, ზიზღით წაიბუტბუტა ჯუჯამ. ყოველი ჭეშმარიტება


მრუდეა, თვით დროც წრეა ერთი.“

„შენ სიმძიმის სულო! ვთქვი ბრაზით, ნუ იმსუბუქებ და ნუ იადვილებ! თორემ


დაგტოვებ დასკუპებულს, სადაც დასკუპებულხარ, კოჭლფეხავ, – და მე შენ ასე მაღლა
გატარე!

შეხედე, განვაგრძე მე, ამ წამს! ამ კარიბჭე-წამიდან გრძელი, მარადი გზა რბის უკუ:
ჩვენს უკან მარადისობა ძევს.
განა ყოველივეს, რასაც ვლა ძალუძს, უკვე ერთხელ გავლილი არ უნდა ქონდეს ეს გზა?
განა ყოველივე, რასაც მოხდენა ძალუძს, უკვე ერთხელ მომხდარი, გაკეთებული,
ჩავლილი არ უნდა იყოს?

და თუ ყოველივე უკვე ნამყოფია: რას ფიქრობ, ჯუჯავ, ამ წამზე? განა ეს ჭიშკარიც უკვე
– ნამყოფი არ უნდა იყოს?

და განა ყოველნი იმგვარად მჭიდროდ გადახლართულნი არ არიან, რომ ეს წამი ყოველ


მომავალს თავისკენ იზიდავს? მაშ – – თვით საკუთარ თავსაც?

რამეთუ, ყოველივე რასაც ვლა ძალუძს: ამ გრძელ წინმავალ გზაზე – უნდა კვლავ
გაიაროს! –

და ეს ნელი ობობა, რომელიც მთვარის ნათელში მიიკლაკნება, და თავად მთვარის ეს


ნათელი, და მე და შენ კარიბჭესთან, ერთად მოჩურჩულენი, მარადიულ საგნებზე
მოჩურჩულენი – განა ჩვენ ყველა უკვე აქ ნამყოფი არ უნდა ვიყოთ?

– და განა კვლავ არ უნდა დავბრუნდეთ და იმ სხვა გზით გავიაროთ, ჩვენ წინ რომაა,
იმ გრძელი, საშინელი გზით – განა ჩვენ მარადიულად არ უნდა დავბრუნდეთ? –„

ასე ვამბობდი და უფრო და უფრო ჩუმად: რამეთუ მეშინოდა ჩემი საკუთარი აზრების
და ფარულ-აზრების. უცებ ახლოს მომესმა ძაღლის ყმუილი.

მსმენია მე ოდესმე ძაღლის ასე ყმუილი? ფიქრით უკუვიქეცი. კი! როდესაც ბავშვი
ვიყავი, შორეულ ბავშვობაში:

– მაშინ გავიგონე ერთხელ ძაღლის ასე ყმუილი. და ვნახე კიდევაც იგი, ბალან აყრილი,
ზევით აწეული თავით, მოცახცახე, უჩუმეს შუაღამეში, როდესაც ძაღლებსაც სჯერათ
მოჩვენებების:

– და შემეცოდა იგი. სწორედ მაშინ სავსე მთვარე ამოდიოდა, სიკვდილისავით


მდუმარე, სახლს ზედა და შედგა მრგვალი ნათება, - გაყუჩდა ბრტყელ სახურავზე,
თითქოსდა უცხო საკუთრებაზე:–
ამიტომ შეძრწუნდა მაშინ ძაღლი: რამეთუ ძაღლებს სჯერათ ქურდების და
მოჩვენებების. და როდესაც კვლავ ასე ყმუილი გავიგონე, ისევ შემეცოდა მე იგი.

საითღა იყო ახლა ჯუჯა? და კარიბჭე? და ობობა? და ყოველი ჩურჩული? მაშ,


მეზმანებოდა? თუ ვიღვიძებდი? ველურ, ზღვის კლდეებთან გავჩნდი მეყსეულად,
მარტო, უდაბური, მთვარის უდაბურ შუქში.

და იქ იწვა ადამიანი! და იქ! ძაღლი, მხტომარე, ბალან აყრილი, მოწკმუტუნე, – ახლა


კი დამინახა მე მომავალი – და აყმუვლდა იგი კვლავ, დაიძახა: – გამიგონია ოდესმე
ძაღლს ასე დაეძახოს დახმარებისთვის?

და, ჭეშმარიტად, რაც დავინახე, მისი მსგავსი არასდროს მინახავს. ახალგაზრდა


მწყემსი დავინახე მე, იკლაკნებოდა, იხრჩობოდა, იკრუნჩხებოდა, სახე შეშლოდა, მისი
პირიდან შავი მძიმე გველი გადმოკიდებულიყო.

მენახა ოდესმე ამდენი ზიზღი და ფერწასული ძრწოლა სახეზე? ალბათ ჩაძინებული


იყო? მაშინ გველი შეუძვრა სასაში – და მყარად მოეკიდა იქ.

ჩემი ხელი გლეჯდა და გლეჯდა გველს: – ამაოდ! ვერ ამოგლიჯა გველი სასიდან. მაშინ
დაიძახა ჩემიდან: „მოკვნიტე! მოკვნიტე!

თავი მოჰგლიჯე! მოკვნიტე!“ – დაიძახა ჩემიდან ჩემმა ძრწოლამ, ჩემმა სიძულვილმა,


ჩემმა ზიზღმა, ჩემმა სიბრალულმა, ყოველივე ჩემმა კეთილმა და უკეთურმა ერთი
ძახილით დაიძახა ჩემიდან.

თქვენ, გაბედულნო, ჩემს ირგვლივ! თქვენ, მაძიებელნო, მცდელნო, ვისაც ვერაგი


აფრებით შეგიცურავთ უკვალავ ზღვებში! თქვენ, გამოცანებით მოხარულნო!

მაშ ამოიცანით გამოცანა, მე რომ მაშინ ვნახე; მაშ განმარტეთ ხილვა უმარტოვესისა.

რამეთუ ხილვა იყო იგი და წინათგრძნობა: – რა ვნახე მე მაშინ იგავურად? და ვინ არის,
ვინც კიდევ ერთხელ უნდა მოვიდეს?
ვინ არის მწყემსი, რომელსაც გველი სასაში შეუძვრა? ვინ არის ადამიანი, რომელსაც
ყოველი უმძიმესი და უშავესი სასაში შეუძვრება?

– ხოლო მწყემსმა მოაკვნიტა, როგორც ჩემმა ძახილმა ურჩია; კარგად უკბინა და


მოაკვნიტა! შორს გადააფურთხა გველის თავი–: და წამოხტა. –

უკვე აღარც მწყემსი, უკვე აღარც ადამიანი, – გარდასახული, ნათელმოსილი,


რომელიც იცინოდა. არასოდეს გაუცინია ადამიანს დედამიწის ზურგზე ისე, როგორც
იგი იცინოდა!

ჰე, ძმებო, მესმა სიცილი, რომელიც არა ადამიანისა იყო სიცილი, – – და აწ მაწვალებს
წყურვილი, ლტოლვა, რომელიც არასოდეს განელდება.

ჩემი წყურვილი ამ სიცილისა მაწვალებს მე: ო, როგორ ავიტანო, რომ დავრჩე ცოცხალი!
და როგორ ავიტანდი მე აწ სიკვდილს!7 –

ასე იტყოდა ზარათუსტრა.

7
შდრ. ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდა“-ს მესამე მოქმედებიდან: „Sehnen! Sehnen!
Im Sterben mich zu sehnen,
vor Sehnsucht nicht zu sterben!“
„ლტოლვა! ლტოლვა!
რომ ვილტვოდე სიკვდილში,
რომ ლტოლვისგან არ ვკვდებოდე!“

You might also like